(”შვიდი მთიები”)
შესავალი
1
უმჯობესი არს ყოველთა, რაცა თქვას ტურფა ენამან,
მუნ ტურფა, მსგავსი მის მზისა, რამც ნახოს თვალთა ჩენამან?
თუმც ნახოს წლისა სნეულმან, პირი ქნას მისკენ ლხენამან,
მოგვმადლა მისით ხლებითა წყალობა ღმერთმან ზენამან.
2
მისსა ვით იტყვის ქებასა პლატონ ან სოგრატ ბრძნობილი?
უნაკლულოა ყოვლითა, საღვთოთ საქმითა ცნობილი,
წმიდათა მიმსგავსებული, ქალწულთა თანახმობილი,
ეშმაკთ მიმდეგი ყოველი არს მის წინაშე გმობილი.
3
ვახლავ მათი ფერხთა მტვერი, ქნადცა მმართებს მათი ნება;
ხამს დიდება პატრონისა, ვის აქვს ლექსთა თქმის შეძლება.
სიბრძნე მქონდეს ათინელთა, მუნ მათივე ანუ ცნება,
ვით ვთქვა ქება შესაფერი, ვინ ბრძენთაგან არ იქნება?
4
ქება ვთქვი მათი უგბილმან, არ ღირს ვარ თუმც ხსენებასა;
მათმან ქებამან დამმართა სიბრძნეს, ჭკუას და ცნებასა;
მათითა ქებით მივეცი კვალად ლხინსა და შვებასა,
ხამს, ენით, ჭკუით, გონებით ვიქმოდე მათსა თნებასა.
5
წინაშე მათსა დავირქვი სახელი შაირობისა,
მე მათად ქებად მომეცნეს მცირენი დარგნი ბრძნობისა;
შოთას აქებდეს, აწ რიგი მე მომხვდა მელექსობისა,
სხვას არას ვნუკევ, მიჯნურ ვარ ოდენ მათისა ყმობისა.
6
რუსთველს არ დარჩა უთქმელი, რაც ოდენ მისწვდა გონებას,
მისის ლექსების მკითხველსა სხვა რადმცა მოეწონება?
ტარიელისთვის საქებრად მას ენა ეადონება,
მისთა ამბავთა უამე კაცს რამცა გაეგონება?
7
თეიმურაზ თქვა ამბავი იოსებ-ზილიხანისი,
ლეილის ქება, სიტურფე და მეჯნუნისა ჯანისი;
თქვა ხელმწიფური ლექსები, თვით რუსთვლის მოსაწონისი,
ლექსთა მკითხველთა მელექსედ ხან ის აქეს და ხან ისი.
8
სხვა მელექსე, ვინცა ვინა, მათად სწორად არ იქების;
თუ ვინ თავსა მათ ადარებს, ცუდ-მაშვრალობს, ცუდად სცდების;
თუ ვინ იტყვის ”ჩემი სჯობსო”, ცუდ-სასჯელი წაუხდების,
ვინ სხვათ ლექსთა მათ ადარებს, თურე ლექსთა ვერ მიხვდების.
9
თუ არ შესწევს ძალი ღვთისა და მათ ორთა მელექსობა,
ლექსთა თქმაცა ვით გაბედა ნოდარ, ანუ შაირობა?
ვით დავატკბო მათებრ ენა, თვითცა მქონდეს ქვეყნის ბრძნობა?
მაგრამ მართებს, ოდეს კაცსა გაუჭირდეს, გულოვნობა.
10
სიბრძნე ბაღია კაცისა, ხე-ხშირი, მსხმოვიარები,
ბაღისა ვარდი ლექსია, მკითხველნი — მობაღნარები;
იტყვის ყოველი მოლხინე, ყრმა ვინ არს, თუნდა ბერები:
”ბაღჩათა შიგან ამოვა ყვავილი ფერად-ფერები”.
11
ვპოვე უცხო მოსასმენი, ამად ენა გავაყბედე,
ხელად-ვიღე საქმე ძნელი, თქმაც მისი ვით გავბედე?
ღმერთო შენი მოწყალება გულსა ჩემსა უმიედე,
ყოვლი ძნელი გაადვილდეს, თუ წყალობით შემომხედე!
12
ესე ამბავი სპარსულებრ, გონება-მიუწვდომელი,
ნიზამის უთქვამს განჯელსა, ბრძენთა ბრძენია რომელი;
მას ჰბაძავს ხოსრო დეჰლევი, მუნ ენა-დაუშრომელი,
მას ხოსრო სჯობს თუ ნიზამი, ვართ მისი მიუხვდომელი.
13
ნავაის ესე ამბავი ჩაღათურისა ენითა
უთქვამს, და მისებრ მელექსე სხვა ვინმცა ვიაზრენითა?
კვლა ჯამის უთქვამს სპარსულად მუნვე ჭკუითა ბრძენითა,
ილხენს ყოველი მკითხველი მათ ოთხთა ლექსთა სმენითა.
14
ვით გავაგო მიუმხვდარმან მათ ოთხთავე ლექსთა ქება?
მათსა ლექსსა მიასწავებს მათი სიბრძნით აღსავსება;
მწადს ქართულებრ მათთა ლექსთა გამოთარგმნა, გალექსება,
ღვთით გავბედე საქმე ძნელი, თქმაცა ჩემგან ვით ეგება?
15
რას ვაგრძელებ? არას მარგებს მელექსეთა ცუდთა დევნა,
რადგან ვსთხოვე შემოქმედსა ლექსთა თქმისა მე შეწევნა,
აწღა უნდა ენა-ტკბილად მრავალ-გვართა ლექსთა ლევნა,
ამო არის სასმენელად მიჯნურთ შეყრა, კოცნა, ხვევნა.
16
ისმინეთ, ვიწყებ ამბავსა, კაცთათვის გასაგონარსა,
სპარს ხელმწიფეთა ქებასა, ბრძენთაგან მოსაწონარსა.
სპარსთ ენა-მრავლად უქია, მეცა ვსცდი ჩემსა ონარსა,
ვაფრქვევ გოარსა ურიცხვსა, თვით ლიტრით ასაწონარსა.
I
ამბავი ეზდიჯირდ ხელმწიფისა და მისის შვილის
ბარამისა, რომელსა სპარსულად ბარამ-გურს უხმობენ.
17
ერანს ეზდიჯირდ ხელმწიფე, ღვთისაგან გამდიდრებული,
სრულად ქვეყნისა მპყრობელი, თვით ცამდის ამაღლებული,
უხვი, გამცემი, სვიანი, საღვთო-საკაცოდ ქებული,
გმირი, ლომ-გული, უკადრი, მტერზედან გამარჯვებული,
18
თავმდაბალი და მლოცავი, თვით ღვთისა მადიდებელი,
ჭკვიანი, სამართლიანი, გლახაკთა ხელთ-ამპყრობელი,
ბრძენი, წყნარი და ზნე-სრული, მტერთაგან დაუგმობელი,
პირ-მხიარული, მოლხინე, სმა-ჭამა დაუკლებელი.
19
ხელმწიფესა ტახტად ჰქონდა ბაღდადი და ისპაჰანი,
ხათაი და ჩინ-მაჩინი, მას ჰმონევდა ჰინდუსტანი,
სოყლაბი და თურქისტანი, მსახურებდა ხორასანი,
ურუმი და ლეჰი, რუსი, სრულ ხელთ ჰქონდა ფრანგისტანი.
20
გაზაფხულ მათი ხარაჯა მოვიდის, — ოქროს მილები,
ხარაჯა ვერვინ დააკლის, დიდნი იყვნეს თუ წვრილები;
სამ თვე მწერალნი სწერდიან, მათ გაუარმდის ძილები,
კვლა მასდა, გარდა მეფეთა, გვერდს ახლდა თვითო შვილები.
21
ძე არა ჰყვანდა მეფესა, მით თავი ებრალებოდა,
ტახტ-გვირგვინისა დაკარგვა ხელმწიფეს ეძნელებოდა;
რაც კარგი სჭირდა ღვთისაგან, ყველაი ემწარებოდა,
მოსძულვებოდა სიცოცხლე, სიკვდილი ენატრებოდა.
22
მეფესა ჰყავდა ვაზირი, თვით მასვე ეგვარებოდა,
მას თარა ერქვა სახელად, ჭკვით პლატონს ედარებოდა;
შინათ ეახლის მეფესა, მას გაყრა ეზარებოდა,
სრულად ქვეყანა მეფისა მუნ ვაზირს ებარებოდა.
23
დღესა ერთსა გონიერი თარა იჯდა მეფეს წინა,
ორნი იყვნეს, პატრონ-ყმაი, მათ იახლნეს სხვა არვინა;
მეფემ სულთქმით ოხრა, ახა, საწუთროსა შეაგინა,
კვლა უბრძანა: “ჰე ვაზირო, მე სიცოცხლე მომეწყინა!”
24
“შვიდთა იყლიმთა მეფეთა შვილნი მახლავან ასისა,
თვალ-მარგალიტი ურიცხვი მე მაქვს ძვირისა ფასისა;
ჯართა და თავად პატრონი თვით მე ვარ ბევრ-ათასისია,
მაგრამ მამული მტერს დარჩეს შვილ-უყოლელი კაცისა.”
25
კვლაცა უბრძანა ვაზირსა: “მე დღენი დამსრულებია,
უძეოდ სოფელს რას ხელს ვჰხდი, სიკვდილი მომსურვებია;
შენ მოგაბარებ მამულსა, ანუ ვინცაღა მხლებია,
ვადიდებ ღმერთსა, გარდვიხდი, რაც მისგან ვალი მდებია.”
26
ვაზირმან ცნა, გაუკვირდა, ერთობ გული შეუწუხდა,
ატირდა და თავსა იცა, თვალთათ ცრემლი გადმოჰქუხდა;
წვერთა გლეჯით, ღაწვთა ხოჭვით ზოგჯერ უშდა, ზოგჯერ უხდა,
მეფემ ნახა ყმა მტრიალი, აქებდა და არ უძრახდა.
27
მუხლთ-მოხვევით თარა ბრძენმან ხელმწიფესა ქება ჰკადრა:
“ხელმწიფეო, შენგან კიდე ღმერთმან ვინმცა გაამდიდრა,
ყოვლი თქვენი სახელმწიფო იქნებისმცა უთქვენოდ რა,
მელი ლომთა სამკვიდროსა ზედან ვითმცა დაემკვიდრა?
28
ვიხმნეთ ყოვლგნითა გლახაკნი, მათ მივსცეთ ბევრი ლარია,
ჩვენ ღვთის სახელზე გავსცემდეთ, გავხვნათ სალაროს კარია;
ყოველნი შენნი მხლებელნი ღმერთს წინ თვით მემუდარია,
ვეჭვ, შემოქმედმან შემოგზღოს შენ შვილი, მზისა დარია.”
29
მოუწონა ხელმწიფემან გონიერსა მისგან თქმული;
მეფემ ბრძანა, იხმეს ყოვლგნით გლახაკთაგან ყოვლი რჯული;
თვითოს მისცა ხელმწიფემან თვითო ლიტრა ოქრო-სრული,
შეიწირა შემოქმედმან, გაუმთელა ძველი წყლული.
30
გამკითხველმან გაიკითხა ხელმწიფე და მისი ჯარი,
შინათ ქალი დაორსულდა, ლმობიერი, ერთობ წყნარი;
რა გათავდა თვე და ჟამი, ვაჟი შობა მზისა დარი,
ახარებდეს ხელმწიფესა, თქვი: “გაცოცხლდა, იყო მკვდარი!”
31
მასვე დღესა ხელმწიფემან სმა და ლხინი მოინდომა,
მოაწვივნა დიდებულნი, შვიდ დღე-ღამე სმად იჯდომა;
რაც გაეცა გლახაკთ ზედან, კვლა მათ მისცა ასი ზომა,
ვინ რაც სთხოვა, მიუბოძა, აღუსრულა მათი ნდომა.
32
მონათლეს, ვაჟსა დაარქვეს სახელად ბარამ სვიანი,
ზრდიდეს გამზრდელნი მთვარესა, ტურფანი, პირად-მზიანი;
მუნ იზრდებოდა სათუთად ვაჟი ჯომარდი, წყლიანი,
კვლა გამოცდილთა სპათაგან აახლნეს კაცნი ხმლიანი.
33
ასწავლეს ყოვლი ზნეობა, რაც კაცთა სამართალია,
მან ნადირობა დაიწყო, მინდორს კანჯარი დალია;
ხშირად დაჰხოცდის ლომ-ვეფხსა, და ბაბრი მისგან მკრთალია,
ვერ დაუდგების ისარსა მისსა სპილოცა მთვრალია.
34
ილხენდეს მისნი მხლებელნი მის ყმისა პირთა ჭვრეტითა,
სწვავს გულსა მისსა ვერ-მჭვრეტსა ცეცხლითა დაუშრეტითა;
მისნი მტერნი და მებრძოლნი იყვნეს ჭკუითა რეტითა,
სიკვდილს ჰნატრობდეს უდღეოდ შიშითა მეტის-მეტითა.
35
ყოვლგნით გაითქვა სახელი მის ყმისა შვენიერისა,
შორით მოსრულნი მნახველნი ჯარად დგეს, ყრმა და ბერისა;
თქვეს: “მისგან ნათობს საწუთრო, ცად მქნელი არის მზე რისა?
ხამს, მსახურებდეს მას შვილნი მეფეთ და შარიერისა.”
36
ილხენდეს მისით ხლებითა ყოველნი მეფეთ შვილები,
მას გაუყრელად ეახლნის, ვით ყმანი თანშეზრდილები;
ნადირობდეს და ლხინობდეს ერთად, ვით ძმანი ტკბილები,
ნადიმად ისხდეს ნიადაგ, მათ გაუარმდის ძილები.
37
ეზდიჯირდს მისი სიკეთე გულს უნათლებდა, უდებდა,
შვილისა მჭვრეტი ხელმწიფე გულს სევდას არ იბუდებდა;
აწცა ცნა, ბოლოდ სოფელი მას ლხინს არ გაუცუდებდა,
ვით შვილსა მისი მშობელი, უდედებდა და უდებდა.
38
დღესა ერთსა მეფე შვილსა ლხინთა ზმასა შეეკადრა,
მოაწვივნა დიდებულნი, მას დღეს ყველა დაიხვედრა:
შვილს უბოძა ტახტ-გვირგვინი, იგი მათვე შეავედრა;
მე ვითა ვთქვა მათი ლხინი, რომე ნახეს ზედი-ზედ რა?
39
შვილს უჭვრეტდა ტახტზედ მჯდომსა, მით ილხენდა მეფე წყნარი;
მათ ხედვიდა მხიარულად, იხარებდა სრულად ჯარი;
ყმას შვენოდა ღაწვთა ელვა, კბილთა ღელვა, საუბარი,
მან უბოძა დიდებულთა საბოძვარი მრავალ-გვარი.
40
ოდეს შვილსა სამეფო და ტახტ-გვირგვინი მიაბარა,
კვლა ხელმწიფე დაუძლურდა, სიბერემან შეაზარა;
ეს სოფელი სისხლის მსმელი ესათნოა მას აღარა,
რაც აჩვენა პირველ ლხინი, ბოლოს ყველა გაუმწარა.
41
კვლა არ დაიშლის სოფელი მისგანვე დანაწესებსა,
არ ესათნოვოს მდიდართა და არცა მათგან ნასებსა;
ერთ-გვარად მოჰკლავს ორთავე დღიურად ბევრ-ათასებსა,
ტახტ-გვირგვინისა პატრონსა დაამხობს ბერვჯელ ასებსა.
II
ეზდიჯირდ ხელმწიფისა ამიერით მიცვალება და
ბარამისაგან ტირილი და გლოვა მამისა თვისისა.
42
ბარამს მამისა სიკვდილი გულს ცეცხლად მოედებოდა,
სცის თავი ქვასა საკვდავად, თვით მასთანავე კვდებოდა;
ტიროდა ცხელის ცრემლითა, ხმა ყმისა ცას მისწვდებოდა,
წლამდის ნიადაგ ცეცხლი სწვავს, აროდეს დაევსებოდა.
43
წლამდის იჯდა გულ-მწუხარე ბარამ მეფე ბნელსა შინა,
მას ზაფრანად გადაექცა ღაწვი ვარდი, სათი-მინა;
ტანნი მათნი მოეძაძნენ, დიდებულნი ვინცა ვინა,
გლოვა იყო სრულად ქვეყნად, წლამდის ლხინსა დაეძინა.
44
რა გათავდა წელი ერთი, შეკრბეს ერთად დიდებულნი,
ბარამს მუხლსა მოეხვივნეს, თავთა, პირთა მიწად ქმნულნი;
კვლა ეაჯნეს მეფეთ შვილნი, თვით მასთანვე ლხინთა ზმულნი:
“ჟამიაო გამოსვლისა, დაიჯერე ჩვენგან თქმულნი”.
45
ოდეს ესმა მათგან თქმული, ბარამ მეფე აუტირად,
მათ უბრძანა: “ეჰა, ძმანო, გლოვით არ თუ მე მიმჭირდა,
მიმძიმს მისსა ვერამჭვრეტსა, მე სიკვდილი დამიძვირდა,
რად მითქს სული მე უმისოდ, ძმანო, რადმცა არ გიკვირდა?”
46
არ მოეშვნეს დიდებულნი, ქებად მორთეს კვლაცა ენა:
“შენ გიჭვრეტდეს შენნი ყმანი, ამად უნდა თვალთა ჩენა,
მას არ არგებს, ვისცა იგლოვ, მიწყივ თვალთათ ცრემლთა დენა,
კვლაცა კაცი თავის მკვლელი, უწყი, ღმერთმან შეაჩვენა.”
47
“ჰე, მეფეო, კმარის შენგან ესოდენი ვაგლახება,
არ არს წესი ხელმწიფეთგან ტახტ-გვირგვინთა მოშორება;
თქმულა: ყოვლი ეშმაკთ საქმე კაცთა ენით არ იქება,
ამას იტყვის ყოვლი ბრძენი: ჭირსა ახლავს ბოლოს შვება.”
48
მუხლთ-მოხვევით დიდებულნი ყმას აწვევდეს აბანოსა:
“კმარის ბნელსა მალვა მზისა, აწ ცად შუქი აბანოსა,
ნარგისთაგან მონაბუქმან ვარდსა ფერი აბანოსა;
მოსთქვამს ტკბილსა მოსასმენსა ხმას ბულბული აბანოსა.”
49
ნება ქნა მათი მეფემან, თუცა არ იამებოდა,
ყმას უბე, კალთა უწყვეტლად ცრემლითა აევსებოდა,
ღაწვთა ცრემლისა ნაბანსა ელვა მიდამო კრთებოდა,
ვით ვარდსა ზედან ბულბული, მნახველი მაზედ კრთებოდა.
50
აბანოსა ვარდის წყლითა დაიბანა ტანი მჭევრი,
თქვეს მჭვრეტელთა: “მოკაზმული ქვეყნის მზეა, არ ნადევრი;”
მას შვენოდა ვარდსა ზედან ნარგისთ გარე გიშრის ტევრი,
მას დღეს მისთა შემხედველთა მას შეასხეს ქება ბევრი.
III
ბარამ ხელმწიფის მგლოვიარობიდამ გამოსვლა და
მამისა ტახტზედ დაჯდომა
51
სრა მოჰფინეს სახელმწიფო, ოქროს მელნით დახატული,
ტახტზედ დაჯდა მეფე ლაღი, ლომთა მკვლელი, ჯავარ-სრული,
ვისცა ვისგან უსამართლო სჭირდა ჟამთა გარდასრული,
უსამართლა, ვითა ხამდა, მოიმადლა ყოვლი რჯული.
52
ოდეს სრულ ქმნა სამართალი, მადლი ღვთისა მიითვალა,
მოაწვივნა დიდებულნი, წინ ნადიმი გაიშალა;
მეფემან და დიდებულმან მას დღეს მისცეს ლხინსა ძალა,
პატრონისა კარგის მჭვრეტსა ლხინი რადმცა მოეშალა?
53
ვაზირს უბრძანა მეფემან: “გახსენ სალარო ძველია,
ხედავ, სოფელი დიდთა და მცირეთა სისხლთა მსმელია?
უხვთათვის ძველი სალარო ვითა მკბენარი გველია,
ვის დარჩეს, თუცა არ გასცემს, ის უფრო მეტად ხელია.”
54
უბრძანა და მოიტანეს მუნ სალარო მეფის წინა,
ლალ-გოარი გაუთლელი ზანდუკებით მოედინა,
სტავრა-ნახლი, სარასარი ცის კიდემდის მოეფინა,
უხვად გასცა, საბოძვრისა მათ წაღება მოეწყინა.
55
კვლავ მეფეთაგან ყოველგნით მოვიდა მოსალოცავი:
თვალ-მარგალიტი ურიცხვი და იაგუნდი არ ავი,
ქალ-ვაჟნი, მზეებრ მნათობნი, სევდისა გამაქარავი,
აქლემი, ჯორის ყათარი, კაცთაგან დაუთვალავი.
56
მეფე დახვდა მხიარულად მუნ სტუმართა გონიერთა,
მოიკითხის, უბრძანებდის მათ სიტყვათა შვენიერთა;
ჰკადრეს ქება შესაფერი ენა-ტკბილთა, ლმობიერთა,
ხამს, სიახლე ენატროსმცა გლახ-მეფეთა, ყრმათ და ბერთა:
57
შვიდ დღეს ასრე, რომე გკადრე, მეფე მათთან ლხინსა ზმიდა,
მათ ალხენდის მისით ჭვრეტით, ლხინობდა და ღვინოს სმიდა,
მას დღეს მათთა ლხინთა ქება კაცთა ენით ვით ითქმიდა?
კვლაცა ბარამ შარიერთა ტკბილად მადლსა შეუთვლიდა.
58
რას ვაგრძელებ? ბარამ მეფე ბურთობდის და ნადირობდის,
შემოიქცის, დარბაზს დაჯდეს, დიდებულთა სმად იხმობდის,
სვის, წართის და მათ ალხენდის, დიდებულნი ვინ რომ ჰყმობდის,
ინატრიდის სიახლესა, მათსა ლხინსა ვინცა სცნობდის.
59
დღესა ერთსა ნადირობდა, დაეხოცა ყმას ნადირი,
შემოიქცა, მას სალხინოდ მოეწონა წყლისა პირი;
გვერდს ეახლნეს დიდებულნი, ლხინსა ზმიდა ბარამ გმირი,
კაცსა ლხინი არ ეტკბობის, არ უნახავს თუცა ჭირი.
IV
მანი მხატვრის მოსვლა ჩინეთით ბარამ ხელმწიფეს წინაშე
და დილარამ-ჩანგის სახის მოტანა;
გაგზავნა კაცისა ჩინეთს და შოვნა მის მზისა.
60
მეფე იჯდა, ვითა მთვარე, პირ-გავსილი, არა მცხრალი,
მან შორს კაცი დაინახა, უცხო ვინმე მომავალი;
ბრძანა: “უცხო მოჩივარი არსო, ჩვენგან შესაწყალი;”
მიჰხვდა მისსა საწადელსა, აწ იხილეთ ღვთისა ძალი.
61
მიიყვანეს ბარამს წინა იგი მოყმე, სიბრძნით სრული,
მასვე მიჰხვდა მუნა მგზავრი, რისაც იყო მონატრული;
ოდეს ნახა ბრძენმან მეფე, გაუმთელდა ძველი წყლული,
ჰქონდა ბრძენსა გულსა მისსა ბევრი კარგი დამალული.
62
მას უბრძანა:”ბერო კაცო, ვინ ხარ ანუ სადკენ წახვალ,
სადაური, გვარად ვინ ხარ, ეგზომ ჩქარად ვისთან მიხვალ?”
ჰკადრა ბრძენმან: “ჩინელი ვარ, ბარამ მეფეს წინა მივალ,
ექვსი თვეა, გზა მივლია, ვეახლები ან დღეს, ან ხვალ.”
63
კვლა უბრძანა: “ახლოს გახლავს, ეჰა კაცო, ეძებ ვისცა!”
მეფე იცნა, ეთაყვანა, მეუფესა მადლი მისცა;
ბრძენი იყო ფერხზედ მდგომი, მეფე ტკბილად ეუბნისცა,
რაც არ ჰკითხეს გონიერსა, მან არ უთხრა არავისცა.
64
ბერმან კაცმან ბარამ მეფე თვით დალოცა მაღლის ღვთითა,
ჰკადრა: “ეჰა ხელმწიფეო, მე ვარ მანი, სრული ზნითა,
შენ გეახელ ჩინეთითგან, მოვალ დიდი იმედითა,
მხატვარი ვარ, ვერ მედრების ქვეყნად კაცი დახატვითა.”
65
“ქალი ჰყავთ ჩინეთს ვაჭარსა, ხელმწიფეს ეკადრებისა,
ხაყან ჩინელი მრავალსა აძლევს და ევაჭრებისა;
არ აძლევს ქალსა ვაჭარი, არც იგი მას ედრებისა,
მას თუ ხელმწიფე იშოვნის, სამოთხეს შეეყრებისა.”
66
დილარამ ჰქვიან სახელად მას, მზესა დაუწუნარსა,
მნათობად მზეს და მთვარესა ჰგავს, მისი შუქი მუნ არსა;
ჩანგს უკრავს, მაზედ ხმას ატკბობს, ბულბულებრ დაუჩუმარსა,
კაცი ვერ იტყვის ენითა მის მზისა ხელის უნარსა.”
67
“სატურფალი, მზისა დარი, ანგელოზი ქვეყნიერი,
ჩანგს უკრავს და ზედ დაეტყვის ხმა-ბულბული შვენიერი;
კარს უდგანან დიდ-ვაჭარსა ხელმწიფე და სრულად ერი,
მას ვაჭრობენ ყოვლი რჯული, ყმა ვინმეა თუნდა ბერი.”
68
“ვისცა ესმა ხმა მის მზისა, მიწყივ ტირს და ოხრავს, ახავს,
თუ ვინ ნახავს სახეს მისსა, ხატად თვისად გამოსახავს,
ზოგთა ჭკუა არ შერჩების, თუცა ახლოს დაინახავს,
ყოვლი თემი მომივლია, მისებრ ქალი არ მინახავს.”
69
უბიდაღმან ამოიღო, ბარამს მისცა მისი სახე,
ყმასა ჰკადრა: “ერთხელ ნახვით მისი სახე გამოვსახე,
და მოსრულვარ შენს წინაშე, ესე სახე შენცა ნახე,
აწღა ლხინზედ შემეცვალნეს, რაც რომ ჭირნი მოვინახე.”
70
“ჩინეთისა ხარაჯა არს, ქალის ფასი ართუ ძვირსა,
მე რომ ვნახე იგი პირ-მზე, მისთვის ფასად არ მიკვირსა;
შენ მოგხდების სიხარული, თუცა მისცემ დანაპირსა,
ვარდსა მოჰკრებ უეკლოსა, მასთან ნახავ ლხინსა ხშირსა.”
71
ბარამ ნახა, გაუკვირდა ქალის სახე შვენიერი;
“ამ სახისა ვის ასმია? თურმე მზეა ქვეყნიერი,
ან ქვეყანად ჩამოსული ანგელოზი ზეციერი,
მე არ ვგულობ, ქვეყნად იყოს ამ სახისა კაცი, ერი.”
72
ბარამ ბრძანა, მოიყვანეს მოყმე მისი თანშეზრდილი,
ჭკვიანი და გონიერი, თავმდაბალი, ენა-ტკბილი;
უბრძანა თუ: “ჩინეთს წადი, გამოართვი წლისა მალი,
სრულად მიეც დიდ-ვაჭარსა, მოიყვანე სწრაფად ქალი.”
73
ყმამან მადლი გარდიხადა, თავს შეიდვა ჩინეთს წასვლა,
ზოგჯერ წყნარად გაიარნა დიდნი გზანი, ხან წაქუსლა;
გავლო გზანი შორიელნი, მუნ, სად ხამდა მისგან მისვლა,
მუნ მივიდა, მეფეს წინა ესწრაფოდა დარბაზს შესვლა.
74
ყმა მივიდა, ეთაყვანა, მეფე დახვდა ერთობ ტკბილად,
რაც იცოდა ბარამისგან, მეფეს ჰკადრა ყველა წვრილად:
“ქალი უქეს დიდ-ვაჭრისა, ამას გკადრებ, თუცა წბილად,
უნდა მისცე წლისა მალი მისად ფასად, არ ნაკლულად.”
75
რა შეესმა ხელმწიფესა, გაადვილდა საქმე ძნელი;
ვაჭარს მისცა, — ჩინეთისა ხარაჯა და მოსცა ქალი;
თვით გაზითვა ხელმწიფემან, გაისტუმრა, ვითა შვილი,
მან აავსო საბოძვრითა მოციქული ენა-ტკბილი.
76
წამოვიდეს ჩქარა გზასა მუნ ქალ-ვაჟი მხიარულად,
მუნით იგი ტურფა მგზავრნი არსად იყვნეს ხან-დაზმულად;
მათ დალივნეს ჩინეთისა სამძღვარნი და გზანი სრულად,
მას დღეს ყმასა მთვარეს წინა მზე მიჰყვანდა უფლისწულად.
77
მათ გამოვლნეს ჩინეთისა შორნი გზანი ერთობ ჩქარად,
თვით ისპაჰანს მოახლოვდეს მოციქულნი სრულად ჯარად;
მუნ აცნობეს ბარამ გმირსა მოციქულთა მოსვლა წყნარად,
მოახსენეს: “მათ მოჰყავსო ტანი-ალვა მზისა დარად.”
78
რა შეიგნო მათი მოსვლა, მეფეს ერთობ გაეხარნეს,
ყმას შვენოდა კბილთა ღელვა, ღაწვნი ვარდსა დაედარნეს;
ხამს თუ მისსა ვერამჭვრეტსა მეფეს ლხინნი გაემწარნეს,
მას დღეს ორნი, მზე და მთვარე, ერთმანერთსა შეეყარნეს.
79
მიაგება ქალთა ჯარი, პირად მზე და ტანად ალვა;
საწოლს დაჯდა ბარამ გმირი, უცხოთაგან იყო ხალვა,
მოელოდა სატურფალსა, ვისგან ჰქონდა გულსა ალვა,
ვერ ძალ-ედვა უნახავად სიყვარულთა მისთა მალვა.
80
მოვიდა და გაანათლა მზემან იგი არე-მარე,
სახლსა შიგან მოეფინა შუქი მზისა, ვითა გარე;
ბარამ ნახა მომავალი იგი ტურფა, მზისა დარე,
აშვენებდეს სრა-საჯდომთა ერთად მსხდომნი მზე და მთვარე.
81
გულსა ნათლად სიხარული ჩაესახა ბარამ გმირსა;
თქვა თუ: “ღმერთო, შეწყალება შენგან ჩემი არ მიკვირსა,
ეგზომ შენსა წყალობასა ხორციელი თვით ვინ ღირსა?
ვერაოდეს ვერ გადვიხდი, რაც რომ კარგი შენგან მჭირსა.”
V
ბარამ ხელმწიფეს წინაშე მისვლა
დილარამ-ჩანგისა და მათი ერთად შეყრა.
82
გაანათლა იგი არე მზეებრ შუქთა მონაფენით,
დაატკბობდა იგი პირ-მზე მუნ მეჯლისსა ჩანგთა ჟღერით,
წლისა მკვდარი აღდგებოდა მის მზისავე ხმისა სმენით;
მას ღამესა მათი ლხინი ვით იქების კაცთა ენით?
83
გული მისცა საყვარელსა, თუცა სრულად არ ეყმობის,
გაუერთა გული მზესა,მათ გაყრაცა ვით ეტყობის?
“ამო არის ლხინი, ოდეს გული გულსა გაეწყობის;”
მათ ორთავე ერთად მჭვრეტსა ჭირი ყველა დაეთმობის.
84
ყმასა სწადდა მასთან ჯდომა, თუცა ქალმან არა ჰკადრა,
თქვა თუ: “მზესთან მთვარე მცხრალი იქნებისმცა არა სადრა;
შორით მჭვრეტსა მზის შუქითა მთვარეს პირი მოებადრა,
ყორანთაგან თეთრთა ქორთა უმსგავსოა თავისა დრა.”
85
პირველ მართებს, რომე ვიდგე სამსახურად მეფეს წინა,
ვით წესია საყიანთა, ხელთა მქონდეს ბროლის მინა,
ჩანგს უკრევდე, მით ვალხენდე მეფეს, ოდეს მოეწყინა,
ხამს თუ ყმასა პატრონისთვის ყოვლი ჭირი მოეთმინა.”
86
ბარამს ღმერთმან აღუსრულა საწადელი, რაც ეთხოვნა;
თქვა: “კაცთაგან ვერვის ძალ-უც ჩემგან კიდე მზისა შოვნა;
მზეო, შენსა ვერამჭვრეტსა, მე მმართებდა ველთა ყოვნა,
აწ მე, შენთან ლხინთა მზმელსა, არა მმართებს ჭირთა ხსოვნა.”
87
კვლაცა ბრძანა: “სჯობს ათასჯერ, რაც რომ ქება გამეგონა;”
დაწვნეს ერთად, მოისვენეს, მეფე ქალსა დაემონა;
ქალი დახვდა ხელმწიფესა გაუშლელი ვარდის კონა,
ყოვლად-ფერად მოსაწონმან თავი მითცა მოაწონა.
88
გული მისცა გულისათვის საყვარელსა, ამო სული,
აწღა მიხვდა ბარამ მეფე, რისაც იყო მონატრული;
თუცა იყო ბარამ მეფე ალვა, ედემს დანერგული,
მთვარე ქალსა ვერ ედრების, ქვეყნად მზეა ამოსული.
89
ერთსა სწორსა ვერვინ ნახა მეფე გარეთ გამოსრული,
დღივ და ღამე მოემატა ბარამს მისი სიყვარული;
ლხინობდეს და ნადიმობდეს მზე და მეფე ჯავარ-სრული,
არ სწუნობდეს ერთმანეთსა ყმა და ქალი მხიარული.
90
ბარამ მეფე წამ ერთ, თუ სთქვა, უმისობას ვერ გასძლებდა,
სრას იყვის თუ ნადირობდის, ქალსა მასთან იახლებდა.
ქალი ჰკრევდის ტკბილად ჩანგსა, ლხინობდის და ნადიმობდა,
ენატრისმცა მათი ხლება, მათსა ლხინსა ვინცა სცნობდა.
91
ერთს წელს იყვნეს ასრე, რომე მოგახსენე, მხიარულნი;
ვის ასმია მათებრ კაცნი ერთმანერთის მოყვარულნი?
ვერ მოშორდის წამ ერთ მზესა, მისი იყო სული, გულნი,
ტრფიალობდეს ერთმანერთსა, მუნ არ იყვნეს გულ-ნაკლულნი.
VI
ბარამ ხელმწიფის სანადიროდ წასვლა, დილარამ-ჩანგის
გვერდსა ხლება და გაწყრომა მისი ბარამისაგან.
92
დღე ერთ ბარამ ნადირობდა, ზედ წაადგა დიდსა გორსა,
შორს კანჯარნი დაინახნა, რომ ეძინნეს, ერთად ორსა;
ქალს უბრძანა: “რას ალაგს ვჰკრა? ჰხედავ თუცა ერთობ შორსა;”
ქალმან ჰკადრა: “ისპად გაქებ, რომ მიუბა ყური ყურსა.”
93
ყმამ ესროლა, ყური ყურსა მიუბა და არც ასცილდა,
მეორეს ჰკრა სასისხარსა, დაეცა და სისხლი მილდა;
ქალმან ჰკადრა: “ბევრის ქმნითა ყოვლი საქმე გაადვილდა;”
ქალმან ლაღმან უკადრისი ჰკადრა, მეფე უკუწბილდა.
94
ქალმან სიტყა წაიცდინა უგუნურმან დიაცურად;
რა შეესმა ბარამ მეფეს, გაგულისდა ხელმწიფურად,
მას სიკვდილი გაუბედა, სისხლის დაღვრა მესისხლურად,
თვით არ მოკლა, ჩამოაგდო, სცა, გახადა უცნებურად.
95
მან უბრძანა ყმასა ვისმე: “ეს დიაცი გამაცალე,
ტკბილნი მისნი სიცოცხლენი სიკვდილს ზედა შეუცვალე,
მინდორს მხეცთა შესაჭმელად გააგდე და მოდი მალე,
ნუ იყოვნი ხანსა რასმე, წაიყვანე, წადი, გვალე!”
96
მას მტირალსა, ცრემლიანსა, ვერ ნახევდა ავი თვალი,
ყმამან ფიცხლად წაიყვანა მუნ მტირალი პირ-მზე ქალი;
ქალმან უძღვნა ყელსაბამი, ქვეყნის ფასი, ათი ლალი,
ჰკადრა: “ღმერთმან კვლა შემოგზღოს, თუცა დამდვა შენ მე ვალი.”
97
კვლა ეუბნების იგი მზე ყმას თვალთათ ცრემლთა მდინარე:
“ვიცი ვერ დამთმობს იგი ყმა ვერ ცხადად, ვერცა მძინარე;
ინანის ჩემსა სიკვდილსა, მქმენ თვალთა მე უჩინარე,
ცნა თუ გწადს ამა საქმისა, ხვალ მიდი მეფეს წინარე.”
98
“თუცა გკითხოს, ჰკადრე ვითა: “გამთავე ვარ ბრძანებისა;”
თუ არ უმძიმს, მოდი, მომკალ, კვლა ათავე წესი ყმისა,
თუ შეატყო სიმძიმილი, ცნა, სოფელი სხვაფერ ზმისა,
დამდევ ვალი, ჩემგან ირგე, ვით წესია და-ძმობისა.”
99
ქალი ყმასა ეუბნების ნაზად სიტყვას შესაწყალსა;
ყმამან უთხრა: “თვით ვინ მოგკლავს? შენ მიენდევ ღვთისა ძალსა;”
ფიცით უთხარ: “არ მოგკლავო”, მით დაედვა გული ქალსა,
ნუგეშის სცემს იგი მოყმე ქალსა, გზაზედ მიმავალსა.
100
სარჰანგს ჰქონდა ტურფა ბაღი, ვით სამოთხე, სახლზედ შორი,
ბაღსა შუა კოშკი იდგა, სიმაღლითა ცათა სწორი;
მას ას-ფერხი კიბე ჰქონდა, ასავალი ორგნით ორი,
ჩნდის ქალაქი შიგან-გარე, მუნ ყოვლი მთა და გორი.
101
ყმამან ქალი მიიყვანა, თან აახლო დედა ქალსა,
შინათ ჰყვანდა ზვარა წლისა დედასა და მისსა რძალსა;
მას დილარამ აიყვანდის დღიურ ორჯელ ასავალსა,
შვიდს წელს იყო წესი მისი, აწ უყურე ღვთისა ძალსა!
102
ბარამ მეფე გულ-გამწყრალი დაბრუნდა და გულისობდა,
პირმოქუშვით მოვიდოდა, სხვას არასა არ უბნობდა;
ჰგმობდეს მისნი გვერთ-მხლებელნი, დიდებულნი, ვინცა ჰყმობდა,
მათ, რომელთა გაგეგონნეს, მუნ შორს მყოფთა, ისიც ჰგმობდა.
103
კვლა მივიდა ბარამ მეფე საწოლს, ნახა მისი ჩანგი,
მოაგონდა, თქვა: “დავკარგე იგი მზე და პირი მანგი,
ნუ თუ ჭკუა შემეცვალა, ანუ ვიყავ მეტად ბანგი?”
თავს, პირს იცა, დაილება, მუნვე გახდა, ვითა ზანგი.
104
მოაგონდის მასთან ლხინი, მუნ ლამოდა თვით შეცვლასა;
თქვა: “უმისოდ რას ხელსა ვჰხდი სიმდიდრესა ანუ სრასა?”
თავს ცემით და ღაწვთა გლეჯით კვლა მოსთქვემდა სხვადასხვასა,
მან სიცოცხლე გაიარმა, ცას აწვდენდა ვაგლახვასა.
105
მოსთქვემდა თუ: “აჰი, ჰაი, მზევ უშენოდ ნუ დავრჩები,
რას ხელსა ვჰხდი სიცოცხლესა, ამ სოფელსა რას ვეთნები?
არად მიღირს მე საწუთრო, ტახტ-გვირგვინსა გავეყრები,
ვით მაჯნუნი, ველთა ყოვნად წავალ, მხეთცა შევეყრები.”
106
თქვა: “მზეო, შენთა ვერ-მჭვრეტთა, ხამს, არა შერჩეს სულები,
შენთა სახმილთა ნადაღი გულსა მაჩნია სულები,
შენგან დაჭრილი ლახვრითა ვწევარ. მიგია სულები,
გულო, შეგიპყრა სევდამან, ნუ აეხსნები, სულ ები!”
107
თქვა თუ: “მზეო, მე უშენოდ არმად რამცა მიამოსა,
მე კვლა ვარდი არ მევარდოს და სუმბული არ მეთმოსა,
ცეცხლი, შენგან მოდებული, არაოდეს დამევსოსა,
შემომყაროს კაეშანი, გული სევდით ამევსოსა.”
108
ღაწვი-ვარდი, სათი-მინა შეეცვალნეს, ვით ზაფრანად,
ვარდსა ზედან მელნის ტბამან ღარი დაქნა მოსადენად,
რაც რომ ლხინი მასთან ნახა, აწ გარდექცა გულსა სენად,
გულს უკლევდა მისი სევდა, ვერ ძალ-ედვა მოსათმენად.
109
მოსთქვამდა: “მზე, უშენოდ მე რა ვქნა გულ-დადაგულმან?
შევსცვალე ლხინი ჭირზედან საწუთრო-გაარმებულმან;
მე შენი გაყრა, შორს ყოფნა ვით გავძლო, შენთან ხლებულმან,
აწ შენად ნაცვლად, ჰე მზეო, რა ვპოვე დღე-დაკლებულმან?”
110
თვით შეიცვალა ხელმწიფე, შეცვლილი ველად გავარდა,
გაჭრილი მუნვე მივიდა, სად მზემან მიწა დავარდა;
დიდხანს თავს იცა, დაცაბნდა, ვერ გულს-ხმასა ჩავარდა,
“შეიცვალაო ხელმწიფე,” თემზედ ამბავი დავარდა.
111
კვლა შეესმა თარა ბრძენსა, გახდა რეტად ჭკუა სრული,
სამდღე ძებნა, კვლაცა პოვა გლახ-ხელმწიფე დაკარგული;
მან იხილა, რომე ბარამ გდია სისხლით გაბასრული,
იგი მკვდარსა დაადარა, თუცა ედგა ოდნად სული.
112
რა ვაზირმან ისრე მყოფი ბარამ მეფე დაინახა,
თვით გარდახდა ცხენის ზურგით, თავს იცა და ივაგლახა,
ფერხთა მისთა მოეხვია, თავი მკვდარსა დაასახა,
მოიტირა ოდეს ცრემლით, კვლაცა სულთქმით ოხრა, ახა.
113
მოგროვდეს სრულად თავადნი, გარს-შემოადგეს მეფესა,
ტიროდეს ცხელის ცრემლითა, ღაწვთ სისხლი გარდიჩქეფესა:
კვლა დიდებულნი მუხლთ-მოყრით მეფეს აწვევდეს სეფესა,
იდუმალ, მტერთა ნამალად, შინათკენ გაუსწრაფესა.
114
შეკრბეს სრულად დიდებულნი, თავი ყმასა დაამონეს,
სწვართეს ბევრი პატრონ-ყმურად, თუცა ძლივღა გააგონეს;
როცა ჰკადრეს დიდებულთა, ყმას ვერარა შეასმინეს,
ძალ-უნებრივ მუაბითა, ვითა მკვდარი, წაასვენეს.
115
რას ვაგრძელებ? დიდებულთა მიიყვანეს ბარამ შინა,
ჰაქიმნი და დასტაქანნი მათ მოასხეს მეფეს წინა;
გაუძნელდა განკურნება, მათ წამლობა მოეწყინა,
თქვეს: “აქამდის ამ სევდამან სული რადმცა შეირჩინა?”
116
ერთ წელს იყო ისრე რეტად, რომე კაცსა ვერ იცნობდა,
მისი ცეცხლი მისსა მჭვრეტსა, ვითა ცვილსა, დაადნობდა;
მანი მუდმად გვერდს ეახლის, უცხოს რასმე უამბობდა;
მოჯობდა და კაცი იცნა, მაგრამ ტირილს ვერა სთმობდა.
117
ვაზირმან ჰკადრა: “მეფეო, რად მიჰყოლიხარ შენ ავსა,
რა მოეგვრების თვით მკვდარსა, ღვთისაგან განაწირავსა,
უღვთოდ თავისა სიკვდილი, ბრძანე, ვის გაუბედავსა,
რად არ უკვირდეს ხელობა, თვით შენი შენსა მხედავსა?”
118
“ხამს, ჭკვიანმან გონებანი ეშმა ბილწსა არ ადევნოს,
მას დასჯერდეს, რაცა ღმერთმან მისცეს, ნდომა არა დევნოს,
ჭკუას მიჰყვეს გონიერი, ბედს არ მიჰყვეს, არად ევნოს,
ჭკუას აქებს ყოვლი ბრძენი, ბედს არ აქებს, არ იდევნოს.”
119
“აწ იგი მოკვდა, ვერ ძალ-გვიც ჩვენ მისი აღადგინება,
მას ვერას ვარგებთ, ჩვენ ჩვენი თავს ცემა მოგვეწყინება;
ღვთის განგებასა, წერილსა, ჩვენგან არ შეეგინება,
კაცისა თავსა გარდაჰხდეს, რაც ღმერთმან მისთვის ინება.”
120
მეფემ უბრძანა ვაზირსა, თვით ბრძენსა ჭკუა-ქებულსა:
“მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს შენ, ჩემთვის თავ-წამებულსა,
სევდას მიახლებ საწყალსა, საწუთრო-გაარმებულსა,
რა ეწამლების თვით ხელსა, დამწვარსა, გულ-დადაგულსა?”
121
ვაზირმან ჰკადრა: “გეკრძალვი, მე რომე გკადრებ ამასა:
ჰყმობდეს ყოველნი მეფენი პატრონსა თქვენსა მამასა,
აწღა თქვენ გაძლევს ყოველი ხარაჯასა და დრამასა,
მათ აქნევ შენსა წადილსა, რა რომ გწადს ერთსა წამასა.”
122
“შვიდთა იყლიმთა მეფენი დღეს სრულად შენ გემონება,
მათ შენებრ ქვყნის-მპყრობელი მეფედ სხვა არ ეხსონება;
მათ ქალი ვსთხოვოთ შვიდთავე, ვიცი, მათ მოეწონება,
ვეჭვ, სიხარულსა მიეცნენ, თუმც ამბად გაეგონება.”
123
ჰკადრა: „არა ხამს აწ შენგან სევდისა გადიადება,
შეყრა მათ შვიდთა მნათობთა ღმერთს შენთვის მოეწადება,
შენი სიამე იქნების ჩვენთვის გულისა დადება,
კვლა აჭაბუკებს ნიადაგ კაცსა ლხინისა ქადება.”
124
კვლაცა უბრძანა მეფემან ვაზირსა ვალ-დადებულსა:
“აწ ჩემებრ მყოფსა გიგონებ შენ, ჩემთვის შეჭირვებულსა,
რაც ეწამლების, უწამლე ამ გულსა, ცეცხლ-მოდებულსა,
აწ ვაი მისსა გაყრილსა, აქამდის მასთან ხლებულსა.”
125
ვაზირმან ბრძანა, მოასხეს შვიდი ყმა ჭკუა-ქებული,
სიყმითგან პატივცემულნი, ხელმწიფეთ თანახლებულნი,
თვით გამოცდილნი, ნახულნი, დიდებულთანა ვლებულნი;
წიგნნი მისწერნა შვიდთავე მეფეთა, არ დაკლებულნი.
VII
ბარამ ხელმწიფისაგან შვიდთა იყლიმთა ხელმწიფეთ
წინაშე მოციქულთ გაგზავნა და ქალის თხოვნა.
126
რაცა ხამდა ბარამისგან, ხელმწიფეთა ქება ჰკადრა,
მათ შვიდთავე ქალი სთხოვა, სიძობასა შეეკადრა,
გაისტუმრნა მოციქულნი, დააბარნა არ ავად რა;
სწრაფად განვლნეს შორნი გზანი, ხან დაყვნეს მათ არსად რა.
127
შვიდთავე მეფეთ წინაშე მივიდნენ მოციქულები,
მათ ჰკადრეს დავედრებულნი, სიტყვანი ერთობ ტკბილები;
თვით გაეხარნეს მეფეთა ხელმწიფის შემოთვლილები,
კვლა სიხარულსა მიეცნეს ყმანი დიდნი და წვრილები.
128
კვლა მადრიელნი მეფეთა გამოისტურმეს სტუმარნი.
ხელმწიფეს უძღვნეს ურიცხვი, გონება-მიუწდომარნი
თვალ-მარგალიტნი, გოარი, ამბარი ასი სომარნი,
უცხო-ნაქსოვი მრავალი, კაცთაგან მიუხვდომარნი.
129
მათცა თვითო მოციქული თან აახლეს მოციქულთა,
ხელმწიფესა ქება ჰკადრეს მუნ მეფეთა ჭკუა-სრულთა;
“ბრძანებაა ხელმწიფისა, თვით ვაახლებთ ჩვენ ასულთა,
შარიერო, ვერ უარ-ჰყოფს ხორციელი თქვენგან თქმულთა.”
130
ერთობილნი მოციქულნი თვით მოვიდნენ მეფეს წინა,
კვლაცა ჰკადრეს, ხელმწიფესა მათი მოსვლა არ ეწყინა;
თვით სალხინოდ მოეკაზმა, ტახტზედ მზეებრ მოეფინა,
აწცა ლხინად გარდაექცა, რაც რომ ჭირნი მოეთმინა.
131
ბარამ დაჯდა ტახტსა ზედან, მოაწვივნა მოციქულნი,
მათ თავმდაბლად უსალმანეს, ბარამს ჰკადრეს ქება სრულნი,
რაცა ჰკადრეს, ხელმწიფესა მოეწონა მათგან თქმულნი,
შვიდ დღე-ღამე ლხინი ნახა, გაუმთელდა ძველნი წყლულნი.
132
რა სმა და ლხინი გათავდა და შეყრილობა ერისა,
უბრძანა მოსხმა ოსტატთა, ყმაწვილისა და ბერისა;
კვლა მათ უბრძანა, ააგეს შვიდი სრა შვიდის ფერისა,
შვიდგანვე ვარდი ყვაოდა მხატვართა დანაწერისა.
133
შვიდი სრა და შვიდი ბაღი შვიდთა ცათა იყო მსგავსი;
მანი იყო ზედამდგომი, მისებრ სხვანი იყვნეს ასი,
მათ ასაქმეს ოქრო-მყარი, თვალი ძვირად დანაფასი,
ხამს, თუ სცევდეს, ვით ედემსა, ანგელოზი ბევრ-ათასი.
134
მრავალგვარნი ხელოსანნი ხელოვნობდეს გონიერნი,
შვიდი სრა და შვიდი ბაღი ააშენეს შვენიერნი;
თუმც ეღირსის ნახვა მისი, მუნვე გაყმდის კაცნი ბერნი,
მსგავსი იყო სამოთხისა, ხელმწიფეთა შესაფერნი.
135
კვლა იქით შვიდთა მეფეთა გამოისტუმრეს ასულნი,
მათ სეფე-ქალნი აახლნეს, თვით კალმით გამოსახულნი,
თვალ-მარგალიტი ურიცხვი, კაცთაგან ძვირად ფასულნი,
მაყრად აახლნეს მდიდარნი, ჭკვიანნი, ბევრ-მონახულნი.
136
მათ არსად დაუგვიანდა მუნითგან წამომავალსა,
ხან-დაუზმელად ხუთს თვესა მივიდნენ წლისა სავალსა;
მათ მოელოდა ხელმწიფე, ვით მზესა ამომავალსა,
ამოა, კაცი ჭირთ ნაცვლად ელოდეს ლხინსა მრავალსა.
137
მათ ხელმწიფესა აახლნეს კაცნი ჭკუისა მცნობელნი,
დღივ და ღამ სწორად იარნეს, იყვნეს ძილისა მთმობელნი;
იქ ბარამ მეფე სმად იჯდა და მისნი რაზმთა მწყობელნი,
ხშირი სმა იყო ღვინისა, მივიდნენ მახარობელნი.
138
გამხიარულდა ხელმწიფე, რაც მას დღეს ტანსა ემოსნა,
ხელმწიფურისა კაბითა მახარობელნი შემოსნა;
თვით შაქრის პურსა აჭმევდა, მათ პირნი გაუგემოსნა,
ყოვლგნით გაგზავნა სპათათვის, ამბავი გაათემოსნა.
139
თარა ვაზირი ჭკვიანი, ლაშქრითა ბევრ-ათასითა
წინ მიაგება მათ მზეთა ოცჯერ ათასის კაცითა;
მას დღესა ყურნი დაყრუვდეს ქოსთა დაბდაბთ ტკაცითა,
სრულად ქვეყანა აივსო კაცით და თვით დიაცითა.
140
თვით აემზადა ხელმწიფე მათ მზეთა მისაგებელად,
კვლა მიაგება მშობელი მათ გულთა დასადებელად,
მას წაატანნა თავადთა ხათუნნი თანამხლებელად,
ათასი თავი თავადთა აახლო წინამვლებელად.
141
მასვე დღესა მიეგებნეს ხელმწიფე და მისი ჯარი,
წლის სავალსა გაისმოდა გულოვანთა ჯართა თქარი;
შავს ტაიჭსა ზედან მჯდომი, ბარამ ნახეს მზისა დარი,
თქვეს: “სულდგმული არნახულა ბარამისებრ კაცთა გვარი.”
142
მოეგებნეს კვლა მაყარნი, ხელმწიფესა თაყვანი სცეს,
“გვეღირსაო ხლება თქვენი,” შემომქმედსა მადლი მისცეს;
თქვეს: “უხარის ამ სოფელსა, ხელმწიფედ ჰყავს თვით მას ვისც ეს!”
ეუცხოვნეს ხელმწიფისა სიტურფე და ხელი ხელს სცეს.
143
შეეყარა მთვარე მზეთა, ლმობიერი, ერთობ წყნარი;
წინ მიუძღვის ბარამ გმირსა მუშათნი მრავალგვარი,
მეჩანგე და მედაფენი, მათ თან ახლდეს ერით ჯარი,
ზოგნი ჰკრევდეს მუყამასა და ზოგთა ჰკრეს არაზბარი.
144
მეფემან ბრძანა, მოჰფინეს შვიდი სრა ფარდაგებითა,
შვიდნივე მზეებრ მნათობნი მუნ დააყენეს ნებითა;
ბაღი, დაღჩა და სასახლე განათლდა მათი ხლებითა,
ია და ვარდი დაჩაგრეს, სუმბული, გიშრის თმებითა.
145
ყოვლგნით მოადგეს მჭვრეტელნი კაცთა და დედაკაცისა,
მათ შორს უვლიდეს სარჰანგნი, ხმა ისმის ჯორხთა ტკაცისა;
ბუკ-დაბდაბ-ქოსთა ხმისაგან, ვეჭვ, ზურგი ჩამოდრკა ცისა,
სრულად ქვეყანა, იშვებდეს ნაშობნი მუნ დიაცისა.
146
იხარებდეს და იშვებდეს ყოველნი მისნი მხედველნი,
მათ ტრფიალობდეს მეფისა გამზრდელნი, კვლა გამძიძველნი,
მას დღეს ყოველნი მგლოვარნი იყვნეს ლხინისა მბედველნი,
ხმას სცემს სალხინოდ მთა, ბორცვი, ხევნები, ბარნი, ტყე, ველნი...
XXIII
სარჰანგის სახლში ბარამ ხელმწიფეს წინაშე მისვლა
დილარამ-ჩანგისა და სპილოსა-ოდენის
ხარის მხრით აყვანა კოშკზედ.
1746
მივიდა, მისთა მნახველთა თქვეს თუ ალვაა მარები,
ბროლ-ვარდთა ბაღსა მელნისა გაუბეს ათქს გიშრის სარები;
სცვენ ყაღსა შავნი მონები, ჰინდოთა მოისარები,
ესვრის, გულსა ჰკრავს მჭვრეტელთა სისხლისა მუნა მშარები.
1747
ზე მოებრუნეს რიდითა ვისგან მზე საწუნელია,
გაღიმდა, მორცხვად შეეძრნეს ორგნით მოწნულნი გველია;
კბილნი ღიმილსა აშვენებს, ბაგე-ბალახშთა ქველია,
პირს მზისებრ შუქი ჰკრთებოდა, მცხინვარე სხივი ცხელია.
1748
დგას ნაზი ნაზად, გვერდსა უდგს სპლოსა მსგავსი ხარია,
ელის მეფისა ფარმანსა მუნ მზისა დასადარია;
სჭვრეტს განკვირვებით ხელმწიფე, სხვად არად მოუბნარია,
თქვა: “ვითა ვჰკადრო უგვანო სიტყვა, რა საუბარია?”
1749
მედგრად შეჰხდა, ვითა ლომი, ქვეშ შეუჯდა ქალი ხარსა,
არ დაჰრიდა სიმძიმესა, მსწრაფლ შეისვა იგი მხარსა:
მუნ კოშკისა ასავალსა შეჰხდა, ჰგავს არ დანაზარსა,
ქნა ჩამოსვლა მუნვე, სად სმა ჰქონდა ყმას და მისსა ჯარსა.
1750
მჭვრეტელთ ეოცნეს მის მზისა სიმხნე და ხელოვანება,
კაცსა ეგზომნი უვიცნი სიზმრადაც ვით ეზმანება?
შაბაშ, ტურფავე ნაქმარი მისი მას მიეგვანება,
ხამს, ვიქოთ მისთა მჭვრეტელთა სიმხნე მის მზისა, ჯანება!
1751
მეფემან ბრძანა: “მაუწყე, თქმადცა ეგზომცა ძნელია,
თუ რაზომნიცა ხანია ქალი ამ საქმის მქნელია?”
სუხლ-მოყრით ჰკადრა მეფესა მზემან: “შვიდნიღა წელია;
მცირე ხბო იყო, ოდითგან მით გავიმართე წელია;”
1752
“ხბოღა იყო ოდეს ჩვილი, დღე კოშკს ორჯერ ავიყვანდი,
ის მიმაჩნდა ჩემად ლხინად, არ თუ ჭირსა დავინანდი;
იზრდებოდა ხბო, ვით ხამდა, კვლა მე ძალით გმირსა ვჰგვანდი,
იგი მყვანდა გულს სალხენლად, ტვირთთა მზიდლად მე მას
ვჰყვანდი.”
1753
მეფემან ბრძანა: “ყოველი საქმე ქნით გაადვილდების,
ხან-გამოსვლითა საქმისა კაცსა ქვა გაუცვილდების;”
თქვა: “გამოცდილი ჟამ-პირველ ბოლოს არ უკუწბილდების,
იქს ვინცა რასმე კეთილსა, სწავლა მას არ ასცილდების.”
1754
მზემ აიხადა პირს ფეჩა, მუხლ-მოყრით ეუბნებისა:
“თუცა ნადირთ სრვა ქნითა და ნახვით არ ისწავლებისა,
სხვა საქმე ბევრის ქნით, ბრძანე, ადვილი ვით იქნებისა?
მან ქალმან შავმან რა გკადრა, დასთმე მიხდილი ცნებისა?”
1755
მეფემან ნახა პირი მზისა, რომე შუქი შეაყენა,
ფიცხლად ყელსა მოეხვია, დაბნდეს, ამად შექმნეს წყენა;
დიდხანს იყვნენ ფერ-მიხდილნი, მათ დაებნეს მკვდრისებრ ენა,
მათ ასხურნეს გულს სურნელნი, კვლა მოეცნეს თვალთა ჩენა.
1756
ჰკადრა: “მზეო, ჩემგან მკვდარსა ახლად გხედავ დანაბადსა,
აწ ანათლებ შუქით შენით გულსა შენგან დანაბადსა,
მსწრაფლად იხსნი გულსა კრულსა, ბადით შენით დანაბადსა,
მე უშენოდ რას ხელსა ვჰხდი ან ოხერსა და ნაბადსა?”
1757
ყელი ყელსა გარდააჭვდეს, თმა-გიშერი გარდაებნეს,
ვარდსა ლალი შენათხზებით ბროლ-ფიქალნი შეეწებნეს;
კვლა გააძეს გულით სევდა, ვაშად ლხინი მათ მოძებნეს,
მოექარვნეს კაეშანი, მოღმა ლხინი მოეგებნეს.
1758
ცანი განიხვნეს, მუნ ლხინთა მზემელთათვის წაღმა მბრუნავი,
მათ ვაშად ლხინი მოიმკეს, იყვნეს არ თურმე მჭმუნავი;
ჩანგს უკრავს მათად სალხინგდ ქალი არ დასამგუნავი,
ქალი ყმას უჩნა ლხინად და ქალს მეფე ღვთად საესავი.
1759
შვიდ-დღე სუფრა-აუღებლად სვეს, წართეს და ლხინი ნახეს,
ყმა ქალსა და ქალი ყმასა გულსა ხატად ჩაესახეს;
სარჰანგს სწყალობს, ვითა ძმასა, არ თუ პირი მოუმჭახეს,
მუქფად რეი შარიერმა მისცა, ხამს თუ არ იახეს.
1760
ყოს ღმერთმან ოდეს წყალობა კაცზედ მზებრ დაუფარავი,
ორსავე სოფელს თვინიერ მისცეს მეფობა არ ავი;
ხამს, ღმერთს მიენდოს ურიდლად, ვინ ღვთისა არს უწვალავი,
მიჰხვდეს გულისა წადილსა კაცი თავისა მკრძალავი.
1761
კვლა ბარამს ლხინთა მიზეზი მიჰხვდა ღვთივ ზეცით ზენანი,
მას გაუმთელდა გულისა წყლულება, სისხლთა დენანი;
მიჰბერნა ქარმან არავმან წყალობით ბუქნი ქვენანი,
მათთა ეგზომთა ლხინთ ზმასა ვით იტყვის ბრძენთა ენანი?
1762
დღე ერთ შვიდთაგან ერთი მზე დაჰხვდის, მუნ იყვნეს შვებულნი,
იყვის მუტრიბთა ჩანგთა ხმა, ქალნი მათ თანა ხლებულნი;
ღამემდის ჰქონდის ნიშატნი, სმა იყვის არ დაკლებულნი,
დილა გათენდის, კვლა სხვისა მზისასა იყვნეს ვლებულნი.
1763
ესრეთ ლხინით მოიარნის დაუკლებლად თვე და კვირა,
ლაშქართა და დიდებულთა მისი ხლება დაუძვირა;
მნახველთათვის იყო ლხინი, ვერ-მნახველთა გულსა ჰგმირა,
სხდეს ნადიმად ხმალ-შემოხსნით, მტერთა მკლავნი გაეგმირა.
1764
გაჰხდა ხმა ქვეყნად, მის ყმისა შვება-ლხინ-ნადიმ-გრძელობა,
არ უხვად ლართა გაცემა, ჯართ მდურავა, უნაღვლელობა;
არცაღა ბურთობს, არც მისებრ ეთქმის ნადირთა მკვლელობა,
ახლოს ეს ესმა მსმენელთა, შორს ითქვა მისი ხელობა.