ლ. მაღალაშვილს


კვლავ ჩემ-წინ მტკვარი მორბის ქუხილით,

ამ ქუხილში ვცნობ მშობლიურ გრგვინვას,

კვლავ ჩემი გული იმავ წუხილით

შეჰკვნესს მღვრიე ზვირთთ მღერითა დენას.


კვლავ განიღვიძეს ჩვეულთა ფიქრთა

და აღმეშალა დიდის ხნის წყლული...

შევკვნეს, შევსტირი მე ამა ზვირთთა,

თითქო მათ შთანთქეს ჩვენი წარსული.


წაგშლიან კვალნი, დროო ნეტარო!

მტვრად აღუგვიხარ საუკუნესა...

მისმინე აჯა, მისმინე, მტკვარო,

იმ დროთ გარდაეც ეს ჩემი კვნესა


3 ოკტომბერი [1859წ.]

ტფილისი.