მე შენ დაგყურებ
მშვიდ მძინარესა
და დავსტრფიალებ
შენს ბროლის მკერდსა;
მესმის მის რხევა
შუქ - შესხმულისა
და ნელი ღელვა
წრფელის გულისა.
აგწითლებიან ნაზი ლოყები,
ღიმილით თრთიან
ტუჩთა ლალები.
წრფელი გაქვს ძილი,
ვით ხილვა ცისა,
ზედ გადგა ჩრდილი
ანგელოზთ ფრთისა.
შენ თითონ წრფელსა
წრფელიც გაქვს ფშვენა,
ნეტა მის ბედსა,
ვისიც ხარ შენა!..
1860 წ.