თავი 1

გენეალოგია
(ლკ. 3,23-38.)

   1. წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.

   2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი
   ძმები;

   3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი;
   ესრომმა შვა არამი;

   4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი;

   5. სალმონმა შვა ბოოსი რექაბისგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისგან; იობედმა
   შვა იესე; იესემ შვა დავით მეფე;

   6. დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან;

   7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა;

   8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია;

   9. ოზიამ შვა იოათამი; იოათამმა შვა ამონი; ამონმა შვა ეზეკია;

   10. ეზეკიამ შვა მანასე; მანასემ შვა ამონი; ამონმა შვა იოსია;

   11. იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობაში;

   12. ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ იექონიამ შვა სალათიელი; სალათიელმა
   შვა ზორობაბელი;

   13. ზორობაბელმა შვა აბიუდი; აბიუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა აზორი;

   14. აზორმა შვა სადოკი; სადოკმა შვა აქიმი; აქიმმა შვა ელიუდი;

   15. ელიუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათტანი; მატთანმა შვა იაკობი;

   16. ხოლო იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, ვისგანაც იშვა იესო,
   რომელსაც ჰქვია ქრისტე.

   17. ყველა თაობა აბრაამიდან დავითამდე - თაობა თოთხმეტი, და დავითიდან
   ბაბილონის ტყვეობამდე - თაობა თოთხმეტი, და ბაბილონის ტყვეობიდან
   ქრისტემდე - თაობა თოთხმეტი.

- .:. -
ხარება ზაქარიასი, იოანე ნათლისმცემლის მამისა (ლკ. 1,5-23.)
ხარება ყრმა მარიამისა (ლკ. 1,26-38.)
შობა იოანე ნათლისმცემლისა (ლკ. 1,57-80)
- .:. -

ხარება იოსებისა

   18. ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო: დაწინდული იყო დედა მისი, მარიამი,
   იოსებზე, და მათ შეუღლებამდე აღმოჩნდა იგი მუცლადღებული სულიწმიდისგან.

   19. ხოლო იოსები, ქმარი მისი, მართალი იყო და არ უნდოდა მისი გამხელა,
   განიზრახა ფარულად გაშვება მისი.

   20. და როდესაც ამას ფიქრობდა, აჰა, ანგელოზი უფლისა ჩვენებით გამოეცხადა
   მას და უთხრა: იოსებ, ძეო დავითისაო, ნუ შიშობ, მოიყვანო მარიამი, ცოლი
   შენი, რადგან მასში დაბადებული სულიწმიდისგან არის.

   21. შობს ძეს და უწოდე სახელი მისი იესო, რადგან ის იხსნის თავის ერს მისი
   ცოდვებისგან.

   22. ხოლო ეს ყოველივე მოხდა, რათა აღსრულდეს ნათქვამი უფლისა
   წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

   23. აჰა, ქალწული მუცლად იღებს და შობს ძეს, და უწოდებენ მის სახელს,
   ემანუელს, რაც ითარგმნება: ჩვენთან არს ღმერთი. (ეს. 7,14)

   24. და გამოიღვიძა იოსებმა ძილისგან და მოიქცა ისე, როგორც უბრძანა მას
   უფლის ანგელოზმა, და მიიღო თავისი ცოლი.

   25. და არ იცოდა იგი, ვიდრე შვა ძე თავისი, პირმშო, და უწოდა სახელი მისი
   იესო.


                                 თავი 2

- .:. -
შობა იესო ქრისტესი (ლკ. 2,1-7)
თაყვანისცემა მწყემსებისგან (ლკ. 2,8-20)
წინადაცვეთა და მირქმა იესო ქრისტესი (ლკ. 2,21-38)
- .:. -

თაყვანისცემა მოგვებისგან

   1. ხოლო იესოს შობისას ჰურიასტანის ბეთლემში, ჰეროდე მეფის დროს, აჰა,
   მოგვები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ იერუსალიმში და თქვეს:

   2. სად არის ახლადშობილი მეუფე ჰურიათა? რადგან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი
   აღმოსავლეთში და მოვედით, რომ თაყვანი ვცეთ მას.

   3. ეს რომ გაიგო ჰეროდე მეფემ, შეძრწუნდა და მთელი იერუსალიმი მასთან
   ერთად.

   4. და შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარი და გამოიკითხა
   მათგან, სად უნდა შობილიყო ქრისტე.

   5. ხოლო მათ უთხრეს: ჰურიასტანის ბეთლემში, რადგან ასეა დაწერილი
   წინასწარმეტყველის მიერ:

   6. და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანავ, არაფრით ხარ უმცირესი
   იუდას მთავართა შორის, რადგან შენგან გამოვა წინამძღვარი, რომელიც
   დამწყემსავს ჩემს ერს, ისრაელს. (მიქ. 5,2)

   7. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუხმო მოგვებს და გამოჰკითხა მათ დრო
   ვარსკვლავის გამოჩენისა.

   8. და გაგზავნა ისინი ბეთლემში და უთხრა: მიდით და ზედმიწევნით
   გამოიკითხეთ ყრმის შესახებ, და როცა იპოვით, მაცნობეთ მე, რომ მეც მივიდე
   და თაყვანი ვცე მას.

   9. ხოლო ისინი, როდესაც მოუსმინეს მეფეს, წავიდნენ. და აჰა, ვარსკვლავი,
   რომელიც იხილეს აღმოსავლეთში, წინ უძღოდა მათ, ვიდრე მივიდა და დაადგა იმ
   ადგილს, სადაც იყო ყრმა.

   10. ხოლო მათ, როდესაც იხილეს ვარსკვლავი, ფრიად გახარეს დიდი სიხარულით.

   11. და როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, მის დედასთან;
   დავარდნენ და თაყვანის სცეს მას; და გახსნეს თავისი საგანძურები და
   მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.

   12. და მიიღეს ბრძანება ჩვენებით, რომ არ მიბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, და
   სხვა გზით წავიდნენ თავის ქვეყანაში.

ლტოლვა ეგვიპტეში

   13. ხოლო როდესაც გაშორდნენ ისინი, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა
   ჩვენებით იოსებს და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მისი და
   გაიქეცი ეგვიპტეში, და იყავი იქ, ვიდრე გეტყვი შენ, რადგან სურს ჰეროდეს
   მოძებნა ყრმისა და დაღუპვა მისი.

   14. ხოლო იგი ადგა და წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით და წავიდა
   ეგვიპტეში.

   15. და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე, რათა აღსრულდეს ნათქვამი უფლისა
   წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ეგვიპტიდან მოვუწოდე ჩემს ძეს.
   (ოს. 2,1)

ჩვილთა ამოწყვეტა ბეთლემში

   16. მაშინ ჰეროდემ ნახა, რომ შერცხვენილი აღმოჩნდა მოგვებისგან, განრისხდა
   ძლიერ, გაგზავნა და ამოწყვიტა ყველა ყრმა ბეთლემსა და მთელს მის
   საზღვრებში, ორი წლისა და უმცროსი, იმ დროის მიხედვით, როგორც გამოკითხა
   მოგვებისგან.

   17. მაშინ აღსრულდა ნათქვამი იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც
   ამბობს:

   18. ხმა გაისმა რამაში, გოდება, ტირილი და გლოვა დიდი; რაქილი დასტირის
   თავის შვილებს და არ უნდა ნუგეშისცემა, რადგან აღარ არიან. (იერ. 31,15.)

დაბრუნება ეგვიპტიდან

   19. ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა ჩვენებით
   გამოეცხადა იოსებს ეგვიპტეში

   20. და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედა მისი და წადი ისრაელის
   ქვეყანაში, რადგან დაიხოცნენ, რომლებიც ეძებდნენ ყრმის სულს.

   21. ხოლო იგი ადგა და წაიყვანა ყრმა და დედა მისი და მივიდა ისრაელის
   ქვეყანაში.

   22. და როდესაც გაიგო, რომ არქელაოსი მეფობდა ჰურიასტანში, თავისი მამის,
   ჰეროდეს, ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა, ბრძანება მიიღო ჩვენებით, გაშორდა
   და წავიდა გალილეის მხარეში.

   23. და მივიდა და დამკვიდრდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა
   აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველთა მიერ, რომ ნაზარეველი ეწოდება. (მსჯ.
   13,5; ეს. 11,1-2.)

- .:. -
თორმეტი წლის იესო ტაძარში (ლკ.2, 40-52.)
- .:. -


                                 თავი 3

იოანე ნათლისმცემლის ქადაგება უდაბნოში
(მკ. 1,2-8; ლკ. 3,1-18; ინ. 1,19-28.)

   1. იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა ჰურიასტანის
   უდაბნოში

   2. და ამბობდა: შეინანეთ, რადგან მოახლოებულია სასუფეველი ცათა.

   3. რადგან ეს არის, რაც ითქვა ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც
   ამბობს: ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაამზადეთ გზა უფლისა და გამართეთ
   მისი ბილიკები. (ეს. 40,3.)

   4. ხოლო თავად იოანეს სამოსად ჰქონდა აქლემის ბეწვი და წელზე - ტყავის
   სარტყელი; და საზრდო მისი იყო კალია და ველური თაფლი.

   5. მაშინ გამოდიოდა მასთან იერუსალიმი და მთელი ჰურიასტანი და იორდანის
   შემოგარენი.

   6. და ნათელს იღებდეს იორდანეში და აღიარებდნენ თავის ცოდვებს.

   7. და როდესაც იხილა მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, მომავალი ნათლის
   მისაღებად მისგან, უთხრა მათ: იქედნეთა ნაშობნო, ვინ გიჩვენათ თქვენ
   გაქცევა მომავალი რისხვისაგან?

   8. გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა.

   9. და ნუ გგონიათ, რომ ეტყვით თქვენს თავს: მამა გვყავს, აბრაამი, რადგან
   გეუბნებით თქვენ, რომ შეუძლია ღმერთს, ამ ქვათაგან აღუდგინოს შვილები
   აბრაამს;

   10. რადგან ცულიც უკვე ხეების ძირთან დევს; და ყოველი ხე, რომელიც არ
   გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.

   11. მე ნათელს გცემთ თქვენ წყლით სინანულისთვის; ხოლო ვინც ჩემ შემდეგ
   მოდის, ჩემზე უძლიერესია, რომლის ხამლთა ტვირთვის ღირსიც არა ვარ; იგი
   თქვენ ნათელს გცემთ სულიწმიდით და ცეცხლით.

   12. მისი ნიჩაბი მის ხელთ არის; განწმენდს თავის კალოს და შეკრებს ხორბალს
   ბეღელში, ხოლო ბზეს დაწვავს უშრეტი ცეცხლით.

ნათლისღება
(მკ. 1,9-11; ლკ. 3,21-22; ინ. 1,29-34.)

   13. მაშინ მოვიდა იესო გალილეიდან იორდანეზე იოანესთან ნათლის მისაღებად
   მისგან.

   14. ხოლო იოანე აჩერებდა მას და ეუბნებოდა: მე მმართებს შენგან ნათლის
   მიღება და შენ ჩემთან მოდიხარ?

   15. მაგრამ იესომ მიუგო და უთხრა მას: დამითმე ახლა, რადგან ასე გვმართებს
   აღვასრულოთ ჩვენ ყოველი სიმართლე. მაშინ დაუთმო მას.

   16. და ნათელიღო იესომ და ამოვიდა მყისვე წყლიდან; და აჰა, გაეხსნა მას
   ცანი, და იხილა სული ღვთისა, გადმომავალი, როგორც მტრედი, რომელიც
   ეშვებოდა მასზე.

   17. და აჰა, ხმა იყო ცათაგან მეტყველი: ეს არის ძე ჩემი საყვარელი,
   რომელიც სათნოა ჩემთვის.


                                 თავი 4

იესო ქრისტეს გამოცდა უდაბნოში
(მკ. 1,12-13; ლკ. 4,1-13.)

   1. მაშინ იესო აიყვანა უდაბნოში სულმა გამოსაცდელად ეშმაკისაგან.

   2. და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.

   3. მოვიდა მასთან გამომცდელი და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, თქვი, რომ ეს
   ქვები პურებად იქცეს.

   4. ხოლო მან მიუგო და უთხრა: წერია, რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი,
   არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღვთის პირიდან. (2 შჯ. 8,3.)

   5. მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმინდა ქალაქში და დააყენა იგი ტაძრის
   სახურავზე

   6. და უთხრა მას: თუ ძე ხარ ღვთისა, გადაიგდე თავი ქვევით, რადგან წერია,
   რომ: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენთვის, და ხელში აგიყვანენ შენ, რომ
   არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი. (ფს. 90,11-12.)

   7. უთხრა მას იესომ: ასევე წერია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. (2 შჯ.
   6,16.)

   8. კვლავ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ამ
   სოფლის ყველა სამეფო და დიდება მისი.

   9. და უთხრა მას: ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დავარდები და თაყვანს მცემ
   მე.

   10. მაშინ უთხრა მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგან წერია: უფალ ღმერთს
   შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. (2 შჯ. 6,13.)

   11. მაშინ დატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მივიდნენ და
   ემსახურებოდნენ მას.

                                   - .:. -
იესო ქრისტეს პირველი მიმდევრები (ინ. 1,35-51.)
იესო ქრისტეს პირველი სასწაული გალილეის კანაში (ინ. 2,1-11.)
იესო ქრისტეს პირველი ასვლა იერუსალიმში; ვაჭრების გამოდევნა ტაძრიდან (ინ.
                                  2,13-22.)
საუბარი ნიკოდიმოსთან (ინ. 3,1-21.)
                                   - .:. -

   12. ხოლო როდესაც გაიგო იესომ, რომ იოანე შეიპყრეს, გაშორდა და წავიდა
   გალილეაში.

- .:. -
იესო ქრისტეს საუბარი სამარიელ დედაკაცთან (ინ. 4,1-43.)
იესო ქრისტეს პირველი უარყოფა ნაზარეთში (ლკ. 4,14-30.)
- .:. -
იესო ქრისტეს დამკვიდრება კაპერნაუმში (მკ. 1,14-15.)
- .:. -

   13. და დატოვა ნაზარეთი, მივიდა და დამკვიდრდა ზღვისპირა კაპერნაუმში,
   ზაბულონისა და ნეფთალემის საზღვრებში;

   14. რათა აღსრულდეს ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც
   ამბობს:

   15. ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანის
   გაღმა, გალილეა წარმართთა;

   16. ერმა, რომელიც იჯდა ბნელში, იხილა ნათელი დიდი და რომლებიც ისხდნენ
   ბნელსა და სიკვდილის ჩრდილში, ნათელი ამოუბრწყინდა მათ. (ეს. 9,1-2.)

   17. ამიერიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: შეინანეთ, რადგან
   მოახლოებულია სასუფეველი ცათა.

პეტრეს, ანდრიას, იაკობისა და იოანეს მოწოდება
(მკ. 1,16-20.)

   18. და როდესაც მიდიოდა იესო გალილეის ზღვის პირას, იხილა ორი ძმა:
   სიმონი, რომელსაც ეწოდა პეტრე, და ანდრია, მისი ძმა, ისროდნენ ბადეებს
   ზღვაში, რადგან იყვნენ მებადურები;

   19. და უთხრა მათ: მოდით, შემომიდექით მე, და გაქცევთ თქვენ კაცთა
   მებადურებად.

   20. ხოლო მათ მყისვე დატოვეს თავისი ბადეები და გაჰყვნენ მას.

   21. როდესაც  იქიდან წამოვიდა, იხილა სხვა ორი ძმა: იაკობ ზებედესი და
   იოანე, მისი ძმა, ნავში, ზებედესთან, მათს მამასთან ერთად, რომლებიც
   ბადეებს ამზადებდნენ, და უხმო მათ.

   22. ხოლო მათ მყისვე დატოვეს ნავი და თავისი მამა და გაჰყვნენ მას.

სასწაულები და კურნებანი გალილეაში
(ეშმაკეულის, პეტრეს სიდედრის, კეთროვნის, განრღვეულისა და სხვა მრავალთა
განკურნება)
(მთ. 8,2-4; 14-18; მკ. 1,21-2,12; ლკ. 4,31-5,26; ინ. 4,46-54.)

   23. და დადიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათს შესაკრებლებში და
   ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყველა სენსა და ყველა
   უძლურებას ერში.

   24. და განითქვა მისი ამბავი მთელს ასურეთში, და მოჰყავდათ მასთან ყველა
   ავადმყოფი, სხვადასხვა სენით და სატკივარით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი,
   მთვარეულნი და დავდრომილნი, და განკურნა ისინი.

   25. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან,
   იერუსალიმიდან და ჰურიასტანიდან და იორდანის გაღმიდან.

- .:. -
მათეს მოწოდება (მთ. 9,9-13; მკ. 2,13-17; ლკ. 5,27-32.)
განრღვეულის განკურნება ბეთეზდაში (ინ. 5, 2-18.)
- .:. -


                                 თავი 5

ქადაგება მთაზე
(ლკ. 6,20-49.)

   1. როდესაც იხილა ხალხი, ავიდა მთაზე, დაჯდა იგი და მივიდნენ მასთან მისი
   მოწაფეები.

   2. და გახსნა თავისი პირი, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:

ცხრა ნეტარება
(ლკ. 6,20-23.)

   3. ნეტარნი არიან გლახაკნი სულით, რადგან მათია სასუფეველი ცათა.

   4. ნეტარნი არიან მგლოვიარენი გულით, რადგან იგინი ნუგეშცემულნი იქნებიან.

   5. ნეტარნი არიან მშვიდნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.

   6. ნეტარნი არიან, რომელთაც შიათ და სწყურიათ სიმართლე, რადგან ისინი
   გაძღებიან.

   7. ნეტარნი არიან მოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.

   8. ნეტარნი არიან წმინდანი გულით, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.

   9. ნეტარნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღვთის ძეებად
   იწოდებიან.

   10. ნეტარნი არიან დევნილნი სიმართლისათვის, რადგან მათია სასუფეველი
   ცათა.

   11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ და გდევნიან და სიცრუით ამბობენ
   ყოველგვარ ბოროტს თქვენ მიმართ ჩემ გამო;

   12. გიხაროდეთ და მხიარულნი იყავით, რადგან საზღაური თქვენი დიდია ცაში,
   რადგან ასევე დევნეს წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.

მოციქულთა წოდების ღირსების შესახებ

   13. თქვენ ხართ მარილი ქვეყნისა. ხოლო თუ მარილი გამტკნარდა, რითღა
   დამარილდება? აღარფრად გამოდგება მერე, თუ არ გადასაყრელად გარეთ და
   გასათელად კაცთაგან.

   14. თქვენ ხართ ნათელი სოფლისა. არ შეუძლია დაფარვა ქალაქს, მთაზე
   გაშენებულს.

   15. არც ანთებენ სანთელს და დგამენ მას საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე,
   და უნათებს იგი ყველას, ვინც სახლში არის.

   16. ასე ბრწყინავდეს ნათელი თქვენი კაცთა წინაშე, რათა იხილონ თქვენი
   კეთილი საქმეები და ადიდონ მამა თქვენი ზეცათა.

სჯულის მცნებათა უცვლელობის შესახებ

   17. ნუ გგონიათ, რომ მოვედი დასარღვევად სჯულისა ან წინასწარმეტყველთა;
   მოვედი არა დასარღვევად, არამედ აღსასრულებლად.

   18. ამინ გეუბნებით თქვენ: ვიდრე არ გადავა ცა და ქვეყანა, ერთი იოტა ან
   წერტილი ერთი არ გადავა სჯულისგან და წინასწარმეტყველთაგან, ვიდრე
   ყოველივე არ აღსრულდება.

   19. თუ ვინმე დაარღვევს ერთ ამ მცნებათაგან უმცირესს და ასე ასწავლის
   ადამიანებს, უმცირესი ეწოდება მას ცათა სასუფეველში. ხოლო ვინც შეასრულებს
   და ასწავლის, მას დიდი ეწოდება ცათა სასუფეველში.,

   20. რადგან გეუბნებით თქვენ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა
   და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

ძველი სჯულის მცნებათა სულიერი განმარტება

   21. გსმენიათ, რომ ითქვა ძველთა მიმართ: არ მოკლა; ხოლო ვინც მოკლავს,
   ღირსია სასჯელისა.

   22. ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ ყველა, ვინც განურისხდება თავის ძმას
   უმიზეზოდ, ღირსია სასჯელისა. და ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა,
   განსასჯელია სამსჯავროზე; და ვინც ეტყვის: უგუნურო, ღირსია გეენის
   ცეცხლისა.

   23. ამიტომ, თუ მიგაქვს შენი ძღვენი სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება,
   რომ შენი ძმა გულძვირად არის შენზე,

   24. დატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წადი და პირველად შეურიგდი
   შენს ძმას, და მაშინ მიდი და მიიტანე შენი ძღვენი.

   25. იყავი კეთილმცნობელი შენი მომჩივნისა უმალ, ვიდრე ხარ გზაზე მასთან
   ერთად, რომ არ გადაგცეს შენ მომჩივანმა მსაჯულს და მსაჯულმა - მსახურს; და
   საპყრობილეში არ ჩავარდე.

   26. ამინ გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე არ მისცემ უკანასკნელ
   კოდრანტს.

   27. გსმენიათ, რომ ითქვა ძველთა მიმართ: არ იმრუშო;

   28. ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ ყოველმა, ვინც გულისთქმით შეხედა
   დედაკაცს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.

   29. თუ თვალი შენი მარჯვენა გაცდუნებს შენ, ამოიღე იგი და განაგდე შენგან,
   რადგან უმჯობესია შენთვის, წარწყმდეს ერთი შენი ასოთაგანი და არა მთელი
   შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.

   30. და თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე
   შენგან, რადგან უმჯობესია შენთვის, წარწყმდეს ერთი შენი ასოთაგანი და არა
   მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.

   31. ნათქვამია: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, მისცეს მას განტევების წერილი;

   32. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც გაუშვებს თავის ცოლს, სიძვის
   მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას; და ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.

   33. კიდევ გსმენიათ, რომ ითქვა ძველთა მიმართ: არ დაიფიცო ტყუილად, არამედ
   შეუსრულე უფალს შენი ფიცი.

   34. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ დაიფიცებთ სრულიად: ნურც ცას, რადგან
   ტახტია ღვთისა;

   35. ნურც ქვეყანას, რადგან კვარცხლბეკია მის ფეხთა; ნურც იერუსალიმს,
   რადგან ქალაქია დიდი მეუფისა;

   36. ნურც შენს თავს დაიფიცებ, რადგან არ შეგიძლია არც ერთი თმის გათეთრება
   ან გაშავება.

   37. არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო - ჰო და არა - არა. ხოლო ამაზე მეტი
   უკეთურისგან არის.

   38. გსმენიათ, რომ ითქვა: თვალი თვალის წილ და კბილის კბილის წილ.

   39. ხოლო მე გუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ თუ ვინმე
   გაგარტყამს შენ მარჯვენა ყვრიმალში, მიუშვირე მას მეორეც.

   40. და ვინც მოინდომებს შენთვის მსჯავრის დადებას და შენი პერანგის
   წართმევას, დაუტოვე მას სამოსიც.

   41. და ვინც გაიძულებს შენ, წაჰყვე ერთ მილზე, გაჰყევი მას - ორზე;

   42. ვინც გთხოვს შენ, მიეცი; და ვისაც უნდა სესხება შენგან, პირს ნუ
   იბრუნებ.

   43. გსმენიათ, რომ ითქვა: შეიყვარე მოყვასი შენი და მოიძულე მტერი შენი.

   44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტრები; აკურთეთ თქვენი
   მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც
   მძლავრობს თქვენზე და გდევნით თქვენ;

   45. რათა იყოთ თქვენ შვილები თქვენი ზეცათა მამისა; რადგან თავისი მზე
   ამოჰყავს ბოროტებსა და კეთილებზე და აწვიმებს მართლებსა და ცრუებზე.

   46. რადგან თუ გეყვარებათ მხოლოდ თქვენი მოყვარენი, რა საზღაური გაქვთ?
   განა მეზვერეებიც ამას არ აკეთებენ?

   47. და თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მეგობრებს, განსაკუთრებულს რას
   აკეთებთ? განა წარმართებიც ასე არ აკეთებენ?

   48. იყავით თქვენ სრულნი, როგორც სრულია მამა თქვენი ზეცათა.


                                 თავი 6

ქველმოქმედების შესახებ

   1. ერიდეთ, თქვენი კეთილი საქმე არ აკეთოთ კაცთა წინაშე მათ დასანახად, თუ
   არა, საზღაური არ გექნებათ თქვენი ზეცათა მამისაგან.

   2. ამიტომ როცა აკეთებ კეთილ საქმეს, ნუ გაახმაურებ შენ გარშემო, როგორც
   თვალთმაქცნი აკეთებენ შესაკრებლებსა და უბნებში, რათა იდიდონ კაცთაგან.
   ამინ გეუბნებით თქვენ: იღებენ თავის საზღაურს.

   3. ხოლო შენ, როცა აკეთებ კეთილ საქმეს, ნუ ეცოდინება შენს მარცხენას, რას
   აკეთებს შენი მარჯვენა.

   4. რათა იყოს შენი კეთილი საქმე ფარული; და მამა შენი, რომელიც ხედავს
   დაფარულად, მოგაგებს შენ ცხადად.

ლოცვის შესახებ

   5. და როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რადგან უყვართ
   შესაკრებლებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა კაცთა დასანახად. ამინ
   გეუბნებით თქვენ: იღებენ თავის საზღაურს.

   6. ხოლო შენ, როცა ლოცულობ, შედი შენს საგანძურში, დახურე შენი კარი და
   ილოცე შენი მამის მიმართ, რომელიც არის დაფარული. და მამა შენი, რომელიც
   ხედავს დაფარულად, მოგაგებს შენ ცხადად.

   7. ხოლო ლოცვისას მრავალს ნუ იტყვით, როგორც წარმართნი, რადგან ჰგონიათ,
   რომ თავისი მრავალმეტყველებით იქნებიან შესმენილნი.

   8. ამიტომ ნუ ემსგავსებით მათ, რადგან იცის მამამ თქვენმა, რა გჭირდებათ,
   ვიდრე ითხოვთ თქვენ მისგან.

   9. ხოლო თქვენ ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმინდა
   იყოს სახელი შენი;

   10. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი როგორც ცაში, ასევე ქვეყანაზე;

   11. პური ჩვენი არსობისა მოგვეცი ჩვენ დღეს;

   12. და მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს
   მოვალეებს;

   13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენი ჩვენ ბოროტისაგან.
   რადგან შენია სუფევა, ძალა და დიდება საუკუნეთა მიმართ; ამინ.

   14. რადგან თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, მოგიტევებთ თქვენც
   მამა თქვენი ზეცათა.

   15. ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც მამა თქვენი
   მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

მარხვის შესახებ

   16. და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, მჭმუნვარე,
   რადგან იმწუხრებენ თავის სახეებს, რომ ეჩვენონ ადამიანებს მმარხველად.
   ამინ გეუბნებით თქვენ: იღებენ თავის საზღაურს.

   17. ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი შენი,

   18. რომ არ ეჩვენო ადამიანებს მმარხველად, არამედ მამას შენსას, რომელიც
   არის დაფარული; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულად, მოგაგებს შენ
   ცხადად.

უანგარობის შესახებ

   19. ნუ შეკრებთ თქვენთვის საუნჯეს ქვეყანაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი
   სპობს, და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.

   20. არამედ შეკრიბეთ თქვენთვის საუნჯე ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი, არც
   ჟანგი სპობს და არც ქურდები თხრიან და იპარავენ.

   21. რადგან სადაც არის თქვენი საუნჯე, იქ იქნება თქვენი გულიც.

   22. სანთელი სხეულისა არის თვალი. ამიტომ თუ თვალი შენი წრფელი იქნება,
   მთელი შენი სხეული ნათელი იქნება.

   23. ხოლო თუ თვალი შენი ბოროტი იქნება, მთელი შენი სხეული ბნელი იქნება.
   ამიტომ თუ ნათელი, რომელიც შენშია, ბნელია ბნელი რამდენიღა იქნება?

   24. არავის შეუძლია ორი ბატონის მონობა: ან ერთს მოიძულებს და მეორეს
   შეიყვარებს, ან ერთს დაემორჩილება და მეორეს შეურაცხყოფს. არ შეგიძლიათ
   ღმერთის მონობა და მამონასი.

   25. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ და
   რა სვათ; ნურც თქვენი სხეულისათვის, რა შეიმოსოთ. განა სული უფრო მეტი არ
   არის საზრდოზე და სხეული - სამოსელზე?

   26. შეხედეთ ცის ფრინველებს, რადგან არ თესენ, არც მკიან, არც აგროვებენ
   ბეღლებში და მამა თქვენი ზეცათა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე
   უმჯობსენი არა ხართ?

   27. რომელი თქვენგანი იზრუნებს და შეძლებს მოუმატოს თავის სიმაღლეს ერთი
   წყრთა?

   28. და სამოსისთვის რას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორც
   იზრდებიან: არ შრომობენ, არც ართავენ.

   29. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ არც სოლომონი შემოსილა მთელი თავისი
   დიდებისას, როგორც ერთი ამათგანი.

   30. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეში ჩააგდებენ,
   ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედმორწმუნენო?

   31. ამიტომ ნუ ზრუნავთ და ამბობთ: რა ვჭამოთ ან რა ვსვათ, ან რა
   შევიმოსოთ?

   32. რადგან ყოველივე ამას წარმართები ეძიებენ. რადგან იცის თქვენმა
   ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.

   33. ხოლო ეძიეთ პირველად სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი, და ეს
   ყოველივე შეგემატებათ თქვენ.

   34. ამიტომ ნუ ზრუნავთ ხვალისათვის, რადგან ხვალე იზრუნებს თავისთვის.

   35. საკმარისია დღისთვის ბოროტება მისი.


                                 თავი 7

განკითხვის შესახებ

   1. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ.

   2. რადგან რა განკითხვითაც განიკითხავთ, იმითვე განიკითხებით, და რა
   საწყაოთიც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვებათ თქვენ.

   3. რად ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში და შენს თვალში დირეს არ განიცდი?

   4. ან როგორ ეტყვი შენს ძმას: მაცალე და ამოვიღებ ბეწვს შენი თვალიდან, და
   აჰა, დირეა შენს თვალში?

   5. თვალთმაქცო, ამოიღე პირველად დირე შენი თვალიდან, და მაშინ დაინახავ,
   როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.

დარიგება სიწმინდის დაცვაზე,
ჭეშმარიტების ძიებასა და რწმენით ცხოვრებაზე

   6. ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს, ნურც წინ დაუფენთ თქვენს მარგალიტებს
   ღორებს, რომ არ გათელონ ისინი თავისი ფეხებით და მოგიბრუნდნენ და დაგლიჯონ
   თქვენ.

   7. ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ; ეძიეთ და იპოვეთ; აკაკუნეთ და გაგეღებათ
   თქვენ.

   8. რადგან ყველა, ვინც ითხოვს, იღებს; და ვინც ეძიებს, პოულობს; და ვინც
   აკაკუნებს, გაეღება.

   9. ან ვინ არის თქვენ შორის კაცი, რომელიც, თუ სთხოვს თავისი ძე პურს,
   განა ქვას მისცემს მას?

   10. და თუ თევზს სთხოვს, განა გველს მისცემს მას?

   11. თუ თქვენ, უკეთურებმა იცით კეთილი მისაცემის მიცემა თქვენი
   შვილებისათვის, რამდენად უფრო მამა თქვენი ზეცათა მისცემს კეთილს იმათ,
   ვინც სთხოვს მას?

   12. ყოველივე, რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ თქვენ ადამიანებმა, ასევე თქვენც
   გაუკეთეთ მათ, რადგან ეს არის სჯული და წინასწარმეტყველნი.

ვიწრო და ფართო გზის შესახებ

   13. შედით ვიწრო ბჭით, რადგან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც
   მიჰყავს წარსაწყმედად, და მრავალნი არიან, რომლებიც დადიან მასზე.

   14. რა ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მიჰყავს ცხოვრებისაკენ, და
   მცირედნი არიან, რომლებიც პოულობენ მას.

სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევის შესახებ

   15. ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც მოდიან თქვენთან ცხვრის
   სამოსით, ხოლო შინაგანად არიან მტაცებელი მგლები.

   16. თავისი ნაყოფით შეიცნობთ მათ. განა კრეფენ ეკლისგან ყურძენს ან
   ნარისგან ლეღვს?

   17. ასევე ყოველი კეთილი ხე კარგ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო უვარგისი ხე
   უკეთურ ნაყოფს გამოიღებს.

   18. არ შეუძლია კეთილ ხეს უკეთური ნაყოფის გამოღება, არც უვარგის ხეს
   კარგი ნაყოფის გამოღება.

   19. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კარგ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს
   მიეცემა.

   20. ასე რომ, მისი ნაყოფით შეიცნობთ მათ.

ღვთის ნებასთან თანხმობის აუცილებლობა ცხონებისათვის

   21. ყველა, ვინც მეუბნება მე: უფალო, უფალო, არ შევა ცათა სასუფეველში,
   არამედ ვინც ასრულებს ჩემი ზეცათა მამის ნებას.

   22. მრავალი მეტყვის მე იმ დღეს: უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ
   ვწინასწარმეტყველებდით, და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?

   23. და მაშინ გამოვუცხადებ მათ, რომ არასდროს გიცნობდით თქვენ. გამშორდით
   მე ყველა უსჯულოების მოქმედი.

გონიერებისა და უგუნურების საზომი

   24. ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ,
   ვამსგავსებ მას გონიერ კაცს, რომელმაც ააშენა თავისი სახლი კლდეზე.

   25. და წამოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარეები, დაჰბერეს ქარებმა და
   ეკვეთნენ იმ სახლს, და არ დაეცა, რადგან დაფუძნებული იყო კლდეზე.

   26. და ყველა, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ ასრულებს მათ,
   ემსგავსება უგუნურ კაცს, რომელმაც ააშენა თავისი სახლი ქვიშაზე.

   27. და წამოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარეები, დაჰბერეს ქარებმა და
   ეკვეთნენ იმ სახლს და დაეცა. და იყო მისი დაცემა დიდი.

   28. და იყო, როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, განცვიფრებული იყო ხალხი
   მისი მოძღვრებით.

   29. რადგან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ძალაუფლების მქონე,

   30. და არა როგორც მათი მწიგნობრები და ფარისევლები.


                                 თავი 8

კეთროვნის განკურნება
(მკ. 1, 40-45; ლკ. 5, 12-16)

   1. და როდესაც ჩამოდიოდა იგი მთიდან, გამოჰყვა მას მრავალი ხალხი.

   2. და აჰა, კეთროვანი მივიდა, თაყვანს სცემდა მას და ეუბნებოდა: უფალო, თუ
   გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

   3. და გაიწოდა იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე
   განიწმინდა იგი კეთრისაგან.

   4. და უთხრა მას იესომ: იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და უჩვენე შენი
   თავი მღვდელს და შესწირე ძღვენი, რომელიც ბრძანა მოსემ მათთვის
   დასამოწმებლად.

ასისთავის მსახურის განკურნება კაპერნაუმში
(ლკ. 7, 1-10.)

   5. და როცა შევიდა იგი კაპერნაუმში, მივიდა მასთან ასისთავი, ევედრებოდა
   მას

   6. და ეუბნებოდა: უფალო, ჩემი მსახური წევს სახლში, დავრდომილი, და ძლიერ
   იტანჯება.

   7. უთხრა მას იესომ: მე მოვალ და განვკურნავ მას.

   8. მიუგო ასისთავმა და უთხრა: უფალო, არა ვარ ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ
   შემოხვიდე, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.

   9. რადგან მეც კაცი ვარ ძალაუფლების ქვეშ მყოფი და მყავს ჩემს ხელქვეით
   მეომრები და ვეუბნები ამას: წადი! და მიდის. და სხვას: მოდი! და მოდის; და
   ჩემს მონას: გააკეთე ეს! და აკეთებს.

   10. და როცა გაიგონა იესომ, გაუკვირდა და უთხრა მათ, ვინც
   მიჰყვებოდა: ამინ გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვიპოვე ასეთი რწმენა.

   11. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და
   დასავლეთიდან და ინახით დასხდებიან აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ცათა
   სასუფეველში.

   12. ხოლო სასუფევლის ძენი გაიყრებიან ბნელ გარესკნელში. იქ იქნება ტირილი
   და კბილთა ღრჭენა.

   13. და უთხრა იესომ ასისთავს: წადი და, როგორც ირწმუნე, მოგეგოს შენ. და
   განიკურნა მისი მსახური იმ დროიდან.

პეტრეს სიდედრისა და სხვათა განკურნება
(მკ. 1, 29-34; ლკ. 4, 38-41.)

   14. და მივიდა იესო პეტრეს სახლში და იხილა მისი სიდედრი, დავრდომილი
   ცხელებისკენ;

   15. შეეხო მის ხელს, და დატოვა იგი ცხელებამ, ადგა და ემსახურებოდა მას.

   16. ხოლო როცა მოსაღამოვდა, მოჰგვარეს მას მრავალი ეშმაკეული, და განდევნა
   სულები სიტყვით და ყველა ავადმყოფი განკურნა;

   17. რათა აღსრულდეს ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც
   ამბობს: მან უძლურებანი ჩვენი თავს იდო და სნეულებანი იტვირთა. (ეს. 53,
   4.)

   18. როდესაც იხილა იესომ მრავალი ხალხი თავის გარშემო, უბრძანა გაღმა
   გასვლა.

- .:. -
ქვრივი დედაკაცის ძის აღდენა ნაინში (ლკ. 7, 11-17)
იოანე ნათლისმცემლის მიერ მოწაფეების გაგზავნა იესოსთან (მთ. 11, 2-19; ლკ. 7,
18-35)
იესო სიმონ ფარისევლის სახლში (ლკ. 7, 36-50)
- .:. -

უფალთან ერთად სვლის შესახებ
(ლკ. 9, 57-62)

   19. და მივიდა ერთი მწიგნობარი და უთხრა მას: მოძღვარო, გამოგყვები შენ,
   სადაც წახვალ.

   20. უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს - ბუდეები,
   ხოლო ძეს კაცისას არა აქვს, სად მოიდრიკოს თავი.

   21. ხოლო სხვა მისმა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მომეცი მე, ჯერ
   წავიდე და დავმარხო მამა ჩემი.

   22. ხოლო იესომ უთხრა მას: გამომყევი მე და აცალე მკვდრებს დამარხვა
   თავისი მკვდრებისა.

   23. და ავიდა იგი ნავზე, და გაჰყვნენ მას მისი მოწაფეები.

ზღვისა და ქარის დამორჩილება იესოს მიერ
(მკ. 4, 35-41; ლკ. 8, 22-25.)

   24. და აჰა, დიდი ღელვა იყო ზღვაზე, ისე რომ ნავი იფარებოდა ტალღებით;
   ხოლო მას ეძინა.

   25. და მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს იგი და უთხრეს: უფალო,
   გვიხსენი ჩვენ, ვიღუპებით.

   26. და უთხრა მათ: რა სულმოკლენი ხართ, მცირედმორწმუნენო? მაშინ ადგა და
   შერისხა ქარები და ზღვა, და დადგა დიდი მყუდროება.

   27. ხოლო ადამიანები გაოცდნენ და თქვეს: ვინ არსი ეს, რომ ქარებიცა და
   ზღვაც ემორჩილებიან მას?

გერგესელი (გადარინელი) ეშმაკეულის განკურნება
(მკ. 5, 1-20; ლკ. 8, 26-39)

   28. და როდესაც გავიდა იგი გაღმა, გერგესელთა მხარეში, შეხვდა მას ორი
   ეშმაკეული, რომლებიც საფლავებიდან გამოვიდნენ, მეტად საზარელნი, ისე რომ
   არავის შეეძლო ამ გზით გავლა.

   29. და აჰა, შეჰღაღადეს და თქვეს: რა გინდა ჩვენგან შენ, იესო, ძეო
   ღვთისაო? მოხვედი აქ დროზე ადრე ჩვენს სატანჯველად?

   30. და მათგან შორს ღორების დიდი კოლტი ძოვდა.

   31. ხოლო ეშმაკები ევედრებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: თუ განგვდევნი ჩვენ,
   გვიბრძანე, შევიდეთ ღორების კოლტში.

   32. და უთხრა მათ: წადით! ხოლო ისინი გავიდნენ და შევიდნენ ღორების
   კოლტში; და აჰა, გადაეშვა ღორების მთელი კოლტი კბოდედან ზღვაში და
   შთაინთქა წყალში.

   33. ხოლო მწყემსები გაიქცნენ, და როცა მივიდნენ ქალაქში, აუწყეს ყველაფერი
   და ეშმაკეულებზეც.

   34. და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად, და როცა ნახეს იგი,
   შეევედრნენ, რომ წასულიყო მათჲ საზღვრებიდან.


                                 თავი 9

დავრდომილის განკურნება კაპერნაუმში
(მკ. 2, 1-12; ლკ. 5, 17-26.)

   1. და ავიდა ნავზე, გავიდა გაღმა და მივიდა თავის ქალაქში.

   2. და აჰა, მიუყვანეს მას დავრდომილი, სარეცელზე მდებარე. და იხილა იესომ
   მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: განხნევდი, შვილო, მიგეტევა შენი
   ცოდვები.

   3. და აჰა, ზოგმა მწიგნობართაგანმა თქვა თავისთვის: ეს გმობს.

   4. და იცოდა იესომ მათი ზრახვები და უთხრა: რატომ ფიქრობთ თქვენ ბოროტს
   თქვენს გულში?

   5. რადგან რა უფრო ადგილია, თქმა: მოგეტევა შენი ცოდვები, თუ თქმა: ადექი
   და იარე?

   6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძალაუფლება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე ცოდვების
   მიტევებისა, - მაშინ უთხრა დავრდომილს: ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი
   შენს სახლში.

   7. და ადგა და წავიდა თავის სახლში.

   8. ამის მხილველი ხალხი გაოცდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი
   ძალაუფლება მისცა ადამიანებს.

იესოს მიერ მათე მეზვერის მოწოდება
(მკ. 2, 13-17; ლკ. 5, 27-32.)

   9. და წამოვიდა იესო იქიდან, და იხილა კაცი, რომელიც იჯდა საზვერეში,
   მათედ წოდებული, და უთხრა მას: გამომყვევი მე. და ადგა და გაჰყვა მას.

   10. და იყო, როდესაც იგი ინახით იჯდა სახლში, აჰა, მრავალი მეზვერე და
   ცოდვილი მივიდა და დაჯდა თანამეინახედ იესოსთან და მის მოწაფეებთან.

   11. და როდესაც ნახეს ფარისევლებმა, უთხრეს მის მოწაფეებს: რატომ ჭამს
   მეზვერეებთან და ცოდვილებთან თქვენი მოძღვარი?

   12. ხოლო როდესაც იესომ გაიგონა, უთხრა მათ: არ სჭირდებათ ჯანმრთელებს
   მკურნალი, არამედ - ავადმყოფებს.

   13. ხოლო თქვენ წადით და ისწავლეთ, რა არის: წყალობა მნებავს და არა
   მსხვერპლი, რადგან მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ - ცოდვილთა
   სინანულისთვის.

იოანეს მოწაფეების შეკითხვა მარხვის შესახებ
(მკ. 2, 18-22; ლკ. 5, 33-39.)

   14. მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ
   ჩვენ და ფარისევლები ბევრს, ხოლო შენი მოწაფეები არ მარხულობენ?

   15. და უთხრა მათ იესომ: განა შეუძლიათ სიძის ძეებს გლოვა, ვიდრე მათთან
   არის სიძე? მოვა დღეები, როვა ამაღლდება მათგან სიძე, და მაშინ
   იმარხულებენ.

   16. არავინ ადებს ახალი ნაჭრის სადგმელს ძველ სამოსს, რადგან დაირღვევა
   სამოსის მთლიანობა და უფრო დაიხევა.

   17. არც ასხამენ ახალ ღვინოს ძველ თხიერებში, თორემ დასკდება თხიერები, და
   ღვინო დაიღვრება და თხიერები უვარგისი გახდება. არამედ ასხამენ ახალ
   ღვინოს ახალ თხიერებში, და ორივე ინახება.

იაიროსის ასულის აღდგენა და სისხლმდინარე დედაკაცის განკურნება
(მკ. 5, 21-43; ლკ. 8, 40-56.)

   18. და როდესაც იგი ამას ეუბნებოდა მათ, აჰა, ერთი მთავარი მივიდა,
   თაყვანს სცემდა მას და ამბობდა: ჩემი ასული ახლახან აღესრულა; მაგრამ მოდი
   და დაადე შენი ხელი მას და გაცოცხლდება.

   19. და ადგა იესო და გაჰყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც.

   20. და აჰა, დედაკაცი, რომელსაც  ჰქონდა სისხლდენა თორმეტი წელი, მივიდა
   უკნიდან და შეეხო მისი სამოსის კიდეს,

   21. რადგან ამბობდა თავის გულში: მხოლოდ მის სამოსსაც რომ შევეხო,
   განვიკურნები.

   22. ხოლო იესო მიბრუნდა, იხილა იგი და უთხრა: გამხნევდი, ასულო, შენმა
   რწმენამ განგკურნა შენ. და განიკურნა დედაკაცი იმ დროიდან.

   23. და როდესაც მივიდა იესო მთავრის სახლში და იხილა იქ მესაკრავენი და
   შეშფოთებული ხალხი, უთხრა მათ:

   24. გაშორდით, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს; და
   დასცინოდნენ მას.

   25. და როდესაც გაიყვანეს ხალხი, შევიდა და მოჰკიდა ხელი მას, და ადგა
   გოგონა.

   26. და გავრცელდა მისი ამბავი მთელს იმ ქვეყანაში.

ორი ბრმის და მუნჯი ეშმაკეულის განკურნება
(ლკ. 11, 14-15.)

   27. და როდესაც წამოვიდა იქიდან იესო, მოსდევდა მას ორი ბრმა, ღაღადებდნენ
   და ამობდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, ძეო დავითასაო.

   28. და როდესაც შევიდა სახლში, მივიდნენ მასთან ბრმები, და უთხრა მათ
   იესომ: გწამთ, რომ შემიძლია ამის გაკეთება? უთხრეს მას: ჰო, უფალო.

   29. მაშინ შეეხო მათს თვალებს და უთხრა: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ
   თქვენ.

   30. და აეხილათ მათ თვალები; და მკაცრად მიმართა მათ იესომ და უთხრა:
   იცოდეთ, არავინ გაიგოს.

   31. ხოლო ისინი გამოვიდნენ და გაუვრცელეს ეს ამბავი მთელს იმ ქვეყანაში.

   32. და როდესაც გამოვიდნენ ისინი, აჰა, მოჰგვარეს მას კაცი მუნჯი და
   ეშმაკეული.

   33. და როცა განდევნა ეშმაკი, ამეტყველდა მუნჯი, და გაოცდა ხალხი და
   ამბობდა: არასდროს არ ყოფილა ამგვარი რამ ისრაელში.

   34. ხოლო ფარისევლები ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით განდევნის ეშმაკებს.

   35. და დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათს
   შესაკრებლებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყველა სენსა
   და ყველა უძლურებას ერში.

   36. და როდესაც იხილა ხალხი, შეებრალა ისინი, რადგან იყვნენ დამაშვრალნი
   და დაცემულნი, როგორც ცხვრები, რომელთაც არა ჰყავთ მწყემსი.

   37. მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: სამკალი ბევრია, ხოლო მუშაკი - ცოტა;

   38. ევედრეთ სამკალის პატრონს, რომ გამოიყვანოს მუშაკები თავის სამკალში.


                                თავი 10

თორმეტი მოწაფის გამორჩევა და გაგზავნა საქადაგებლად
(მკ. 6, 6-13; ლკ. 9, 1-6.)

   1. და მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ძალაუფლება არაწმინდა
   სულებზე, რათა განედევნათ ისინი და განეკურნათ ყველა სენი და ყველა
   უძლურება.

   2. ხოლო თორმეტი მოციქულის სახელები ესენია: პირველი - სიმონი, რომელსაც
   ეწოდა პეტრე, და ანდრია, ძმა მისი; იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი;

   3. ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მეზვერე, იაკობ ალფესი და ლებეოსი,
   რომელსაც ეწოდა თადეოსი.

   4. სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.

თორმეტი მოწაფის დარიგება

   5. ეს თორმეტი გაგზავნა იესომ და ამცნო მათ და უთხრა: წარმართთა გზაზე ნუ
   წახვალთ და სამარიელთა ქალაქში ნუ შეხვალთ;

   6. არამედ მიდით უპირატესად ისრაელის სახლის წარწყმედილ ცხვრებთან.

   7. ხოლო როცა მიხვალთ, უქადაგეთ და უთხარით, რომ მოახლოებულია სასუფეველი
   ცათა.

   8. უძლურნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვნები განწმინდეთ,
   ეშმაკები განდევნეთ; უსასყიდლოდ მიგიღიათ, უსასყიდლოდ გაეცით.

   9. ნუ გექნებათ ოქრო, ნურც ვერცხლი, ნურც რვალი თქვენ სარტყელებში,

   10. ნურც აბგა გზაზე, ნურც ორი პერანგი, ნურც ხამლი, ნურც კვერთხი, რადგან
   ღირსია მუშაკი თავისი საზრდოსი.

   11. რომელ ქალაქშიც და სოფელშიც შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის მასში
   ღირსი და იქ გაჩერდით, სანამ გამოხვალთ.

   12. ხოლო როცა შეხვალთ სახლში, მოიკითხეთ იგი და თქვით: მშვიდობა ამ
   სახლს.

   13. და თუ იქნება ის სახლი ღირსი, მივა თქვენი მშვიდობა მასზე; ხოლო თუ არ
   იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე მოგიბრუნდებათ.

   14. და თუ არავინ მიგიღებთ თქვენ და არც ისმენს თქვენს სიტყვებს, როცა
   გამოხვალთ, დაიბერტყეთ მტვერი თქვენი ფეხებიდან.

   15. ამინ გეუბნებით თქვენ, უფრო შვება ექნება სოდომისა და გომორის
   ქვეყანას განკითხვის დღეს, ვირე იმ ქალაქს.

   16. აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს, მგლებს შორის; ამიტომ იყავით
   გონიერნი, როგორც გველნი და უმანკონი, როგორც მტრედნი.

   17. უფრთხილდით ადამიანებს, რადგან გადაგცემენ თქვენ საკრებულოს და თავის
   შესაკრებლებში დაგტანჯავენ თქვენ;

   18. და მთავართა და მეფეთა წინაშე მიგიყვანენ ჩემ გამო, მათთვის და
   წარმართთათვის დასამოწმებლად.

   19. და როცა გადაგცემენ თქვენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ან რა თქვათ, რადგან
   მოგეცემათ თქვენ იმ დროს, რა თქვათ.

   20. რადგან არა თქვენ იქნებით მეტყველნი, არამედ სული თქვენი მამისა,
   რომელიც იმეტყველებს თქვენში.

   21. რადგან გადასცემს ძმა ძმას სასიკვდილოდ და მამა - შვილს; და აღდგებიან
   შვილები მშობლებზე და დახოცავენ მათ.

   22. და იქნებით მოძულებულნი ყველასაგან ჩემი სახელის გამო. ხოლო ვინც
   მოითმენს ბოლომდე, ის ცხონდება.

   23. როცა დევნას დაგიწყებენ თქვენ ამ ქალაქში, გაიქეცით სხვაში. რადგან,
   ამინ გეუბნებით თქვენ, ვერ დაასრულებთ ისრაელის ქალაქებს, ვიდრე მოვა ძე
   კაცისა.

   24. არ არის მოწაფე თავის მოძღვარზე მეტი, არც მონა - თავის ბატონზე მეტი.

   25. საკმარისია მოწაფისათვის, რომ იყოს, როგორც თავისი მოძღვარი, და
   მონისათვის - როგორც თავისი ბატონი. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს,
   რამდენად უფრო - მის სახლეულს?

   26. ნუ გეშინიათ მათი, რადგან არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება,
   და არც საიდუმლო, რომელიც ცნობილი არ გახდება.

   27. რასაც გეუბნებით თქვენ ბნელში, თქვით ნათელში, და რასაც ყურით ისმენთ,
   იქადაგეთ ერდოებზე.

   28. და ნუ გეშინიათ მათი, რომლებიც კლავენ სხეულს, ხოლო სულის მოკვლა არ
   შეუძლიათ; არამედ გეშინოდეთ უფრო იმისი, ვისაც შეუძლია სულიც და სხეულიც
   წარწყმიდოს გეენაში.

   29. განა ორი ჩიტი ასარად არ იყიდება? და ერთი მათგანიც არ დავარდება
   მიწაზე თქვენი მამის გარეშე.

   30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი თმაც კი დათვლილია.

   31. ნუ გეშინიათ, რადგან მრავალ ჩიტზე უმჯობესნი ხართ თქვენ.

   32. ყველას, ვინც მაღიარებს მე კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ მას ჩემი
   ზეცათა მამის წინაშე.

   33. ხოლო ვინც უარმყოფს მე კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მას ჩემი ზეცათა
   მამის წინაშე.

   34. ნუ გგონიათ, რომ მოვედი მშვიდობის მოსაფენად ქვეყანაზე. მოვედი არა
   მშვიდობის მოსაფენად, არამედ - მახვილისა.

   35. რადგან მოვედი გასაყოფად კაცისა თავისი მამისაგან და ასულისა - თავისი
   დედისაგან და რძლისა - თავისი დედამთილისაგან.

   36. და მტერი კაცისა იქნება მისი სახლეული.

   37. ვისაც უყვარს მამა ან დედა ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც
   უყვარს ძე ან ასული ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი.

   38. და ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და შემომიდგება მე, არ არის ჩემი
   ღირსი.

   39. ვინც მოიპოვებს თავის სულს, წარწყმედს მას; და ვინც წარწყმედს თავის
   სულს ჩემ გამო, იპოვის მას.

   40. ვინც შეგიწყნარებთ თქვენ, მე შემიწყნარებს; და ვინც მე შემიწყნარებს,
   შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.

   41. ვინც შეიწყნარებს წინასწარმეტყველს წინასწარმეტყველის სახელით,
   წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც შეიწყნარებს მართალს მართლის
   სახელით, მართლის საზღაურს მიიღებს.

   42. და ვინც დაალევინებს ერთ ამ მცირეთაგანს ერთ სასმისს ცივ წყალს
   მოწაფის სახელით, ამინ გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური.


                                თავი 11

   1. და იყო, როცა დაასრულა იესომ დარიგება თავისი თორმეტი მოწაფისა, წავიდა
   იქიდან დასამოძღვრად და საქადაგებლად მათს ქალაქებში.

იოანე ნათლისმცემლის მიერ თავისი მოწაფეების გაგზავნა იესოსთან
(ლკ. 7, 18-35.)

   2. ხოლო როცა იოანემ გაიგო საპყრობილეში ქრისტეს საქმეები, გაგზავნა
   თავისი ორი მოწაფე

   3. და უთხრა მას: შენ ხარ, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას ველოდოთ?

   4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: მიდით და აუწყეთ იოანეს, რაც გესმით და
   ხედავთ:

   5. ბრმები ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმინდებიან და ყრუებს
   ესმით, მკვდრები აღდგებიან და გლახაკებს ეხარებათ;

   6. და ნეტარია, ვინც არ დაბრკოლდება ჩემ მიმართ.

   7. და როდესაც ისინი წავიდნენ, დაიწყო იესომ საუბარი ხალხთან იოანეზე: რის
   სანახავად გამოხვედით უდაბნოში? ლერწმისა, ქარისაგან შერხეულისა?

   8. ან რის სანახავად გამოხვედით? კაცისა, ნატიფი სამოსით შემოსილისა? აჰა,
   რომლებიც ნატიფ სამოსს ატარებენ, მეფეთა სახლებში არიან.

   9. ან რის სანახავად გამოხვედით, წინასწარმეტყველისა? ჰო, გეუბნებით
   თქვენ: და წინასწარმეტყველზე უმეტესისა.

   10. რადგან ეს არის, რომლის შესახებ წერია: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს
   შენი პირის წინაშე, რომელიც გაამზადებს შენს გზას შენ წინაშე.

   11. ამინ გეუბნებით თქვენ: არ აღმდგარა დედაკაცის ნაშობთა შორის იოანე
   ნათლისმცემელზე უდიდესი, ხოლო უმცირესი ცათა სასუფეველში უდიდესია მასზე.

   12. და იოანე ნათლისმცემლის დღეებიდან აქამდე ცათა სასუფეველი იძულებით
   მიიღწევა, და რომლებიც აიძულებენ თავს, მიიტაცებენ მას;

   13. რადგან ყველა წინასწარმეტყველმა და სჯულმა იოანემდე
   იწინასწარმეტყველეს;

   14. და თუ გინდათ მიღება, ის არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.

   15. ვისაც აქვს ყური სასმენად, ისმინოს.

   16. ხოლო ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? მსგავსია ყრმებისა, რომლებიც სხედან
   მოედნებზე და უხმობენ თავის მეგობრებს

   17. და ეუბნებიან: გიკრავდით თქვენ და არ ცეკვავდით; ვგოდებდით თქვენთვის
   და არ გლოვობდით. (ეკ.3,4.)

   18. რადგან მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკეულია;

   19. მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და
   ღვინის მსმელი, მეგობარი მეზვერეთა და ცოდვილთა. და გამართლდა სიბრძნე
   თავის შვილთაგან.

ქალაქების გაკიცხვა
(ლკ. 10, 13-15.)

   20. მაშინ დაიწყო იესომ გაკიცხვა იმ ქალაქებისა, რომლებშიც ყველაზე მეტად
   გამოვლინდა მისი ძალები, რადგან არ შეინანეს;

   21. ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდა; რადგან ტვიროსსა და სიდონში
   რომ გამოვლენილიყო ძალები, რომლებიც თქვენში გამოვლინდა, დიდი ხანია,
   ძაძაში და ნაცარში მსხდომარენი შეინანებდნენ.

   22. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ ტვიროსსა და სიდონს უფრო შვება ექნებათ
   განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ.

   23. ხოლო შენ, კაპერნაუმო, ცამდე არ ამაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე
   ჩაინთქმები, რადგან სოდომში რომ გამოვლენილიყო ძალები, რომლებიც შენში
   გამოვლინდა, დღემდე იდგებოდა;

   24. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოდომის ქვეყანას უფრო შვება ექნება
   განკითხვის დღეს, ვიდრე შენ.

   25. იმ დროს ამბობდა იესო და თქვა: გაღიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და
   ქვეყანისაო, რადგან დაფარე ეს ბრძენთაგან და სწავლულთაგან, და გამოუცხადე
   ეს ჩვილებს.

   26. ჰო, მამაო, რადგან ასე იყო სათნო შენ წინაშე.

   27. ყოველივე მომეცა მე ჩემი მამის მიერ. და არავინ იცის ძე, გარდა
   მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ინებებს
   ძე გამოცხადებას.

   28. მოდით ჩემთან ყველა მაშვრალი და ტვირთმძიმე, და მე მოგასვენებთ თქვენ.

   29. აიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და
   მდაბალი გულით, და იპოვით თქვენი სულების მოსვენებას,

   30. რადგან უღელი ჩემი ტკბილია და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.


                                თავი 12

თავთავების მოწყვეტა და სიტყვა შაბათის შესახებ
(მკ. 2, 23-28; ლკ. 5, 1-5.)

   1. იმ დროს, შაბათს, მიდიოდა იესო ნათესებში; ხოლო მის  მოწაფეებს
   მოშივდათ და დაიწყეს თავთავების წყვეტა და ჭამა.

   2. ფარისევლებმა რომ დაინახეს, უთხრეს მას: აჰა, შენი მოწაფეები იმას
   აკეთებენ, რისი კეთებაც არ შეიძლება შაბათს.

   3. ხოლო მან უთხრა მათ: არ ამოგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როდესაც მოშივდა
   და მათ, ვინც მასთან იყო;

   4. როგორ შევიდა ღვთის სახლში და შესაწირავი პურები შეჭამა, რომელთა ჭამა
   არ შეიძლებოდა მისთვის და არც მათთვის, ვინც მასთან იყო, არამედ მხოლოდ
   მღვდლებისთვის?

   5. ან არ ამოგიკითხავთ სჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში შაბათს
   შეურაცხყოფენ და უდანაშაულონი არიან?

   6. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ: ტაძარზე უდიდესი არის აქ.

   7. რომ გცოდნოდათ, რა არის: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, არ
   განსჯიდით უდანაშაულოებს.

   8. რადგან ძე კაცისა არის უფალი შაბათისაც.

   9. და წამოვიდა იქიდან და მივიდა მათ სინაგოგაში;

   10. და აჰა, იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი გამხმარი ჰქონდა; ჰკითხეს მას და
   უთხრეს: თუ შეიძლება შაბათს განკურნება? რათა დაესმინათ იგი.

   11. ხოლო მან უთხრა მათ: ვინ არის თქვენ შორის კაცი, რომელსაც ეყოლება
   ერთი ცხვარი, და თუ ჩაუვარდება იგი შაბათს ორმოში, არ მოჰკიდებს მას და არ
   ამოიყვანს?

   12. რამდენად უმჯობესია კაცი ცხვარზე? ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის
   კეთება.

   13. მაშინ უთხრა იმ კაცს: გაშალე შენი ხელი, და გაშალა და გაუმრთელდა,
   როგორც მეორე.

   14. გამოვიდნენ ფარისევლები და ბჭობა გამართეს მის წინააღმდეგ, როგორ
   დაეღუპათ იგი; ხოლო იესომ გაიგო და გაშორდა იქაურაობას;

   15. და გაჰყვა მას მრავალი ხალხი, და განკურნა ისინი ყველა.

   16. და უბრძანა მათ, რომ არ გაეცხადებინათ იგი,

   17. რათა აღსრულდეს ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც
   ამბობს:

   18. აჰა, ყრმა ჩემი, რომელიც გამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც სათნოა
   ჩემი სულისთვის. დავდებ ჩემს სულს მასზე, და სამართალს აუწყებს
   წარმართებს;

   19. არ იკამათებს, არც იღაღადებს, არც გაიგონებს ვინმე მოედნებზე მის
   ხმას;

   20. შემუსვრილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე
   ძლევამდე არ მიიყვანს სამართალს.

   21. და მისი სახელის მიმართ სასოება ექნებათ წარმართებს. (ეს.42,1-4.)

ბრმა და მუნჯი ეშმაკეულის განკურნება და იესოს მიერ ფარისეველთა მხილება
(მკ. 3, 20-30; ლკ. 11, 14-36.)

   22. მაშინ მოჰგვარეს მას ეშმაკეული ბრმა და მუნჯი, და განკურნა იგი, ისე
   რომ ბრმა და მუნჯი მეტყველებდა და ხედავდა;

   23. და გაოგნებული იყო მთელი ხალხი და ამბობდა: ნუთუ ეს არის ქრისტე, ძე
   დავითისა?

   24. ხოლო როცა ფარისევლებმა გაიგონეს, თქვეს: ეს ვერ განდევნის ეშმაკებს,
   თუ არა ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით.

   25. იცოდა იესომ მათი ზრახვები და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, რომელიც
   თავის წინააღმდეგ გაიყო, მოოხრდება; და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი,
   რომელიც თავის წინააღმდეგ გაიყო, ვერ განმტკიცდება;

   26. და თუ ეშმაკი ეშმაკს განდევნის, თავის თავში გაიყო; როგორღა
   განმტკიცდება მისი მეფობა?

   27. და თუ მე ბელზებულით განვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძეები რითღა
   განდევნიან? ამიტომ ისინივე იქნებიან თქვენი მსაჯულები.

   28. ხოლო თუ მე ღვთის სულით განვდევნი ეშმაკებს, მაშასადამე, მოიწია
   თქვენზე სასუფეველი ღვთისა.

   29. ან როგორ შეძლებს ვინმე შესვლას ძლიერის სახლში და მისი ქონების
   გატაცებას, თუ პირველად არ შეკრავს ძლიერს? და მაშინღა გაძარცვავს მის
   სახლს.

   30. ვინც არ არის ჩემთან, ჩემ წინააღმდეგ არის; და ვინც არ შეკრებს
   ჩემთან, განაბნევს;

   31. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს,
   ხოლო სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ ადამიანებს.

   32. და ვინც იტყვის სიტყვას წინააღმდეგ ძისა კაცისა, მიეტევება მას, ხოლო
   ვინც იტყვის წინააღმდეგ სულიწმიდისა, არ მიეტევება მას არც ამ საუკუნეში
   და არც მომავალში.

   33. ან სცანით, რომ ხე კეთილია და ნაყოფი მისი კეთილია; ან სცანით, რომ ხე
   უვარგისია და ნაყოფი მისი უვარგისია, რადგან ნაყოფით იცნობა ხე.

   34. იქედნეთა ნაშობნო, როგორც შეგიძლიათ კეთილის თქმა, როდესაც ბოროტები
   ხართ? რადგან გულის სისავსისაგან ამბობს პირი.

   35. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისაგან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს ბოროტი
   საუნჯისაგან გამოაქვს ბოროტი.

   36. ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი უქმი სიტყვისათვის, რომელსაც
   იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ მის გამო განკითხვის დღეს.

   37. რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენი სიტყვებით დაისჯები.

   38. მაშინ მიუგო მას ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა და უთხრა:
   მოძღვარო, გვინდა შენგან სასწულის ხილვა.

   39. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: მოდგმა ბოროტი და მრუში სასწაულს ეძებს,
   და სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა,

   40. რადგან, როგორც იონა იყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე,
   ასევე იქნება ძე კაცისა მიწის გულში სამი დღე და სამი ღამე.

   41. ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და
   განსჯიან მას, რადგან შეინანეს იოანას ქადაგებით; და აჰა, იონაზე მეტი
   არის აქ.

   42. სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ მოდგამასთან ერთად და
   განსჯის მას, რადგან მოვიდა ქვეყნის კიდიდან სოლომონის სიბრძნის
   მოსასმენად; და აჰა, სოლომონზე მეტი არის აქ.

   43. ხოლო როცა არაწმიდა სული გადის კაცისგან, მოივლის უწყლო ადგილებს და
   ეძებს მოსვენებას, და ვერ პოულობს.

   44. მაშინ იტყვის: მივბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. და როცა
   მივა, იპოვის მას ცარიელს, დასუფთავებულს და შემკულს;

   45. მაშინ წავა და თან მოიყვანს სხვა შვიდ სულს, თავისზე უბოროტესს, და
   შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. და იქნება იმ კაცისთვის უკანასკნელი
   პირველზე უარესი. აქ იქნება ამ უკეთური მოდგმისთვისაც.

იესოს დედისა და ძმების მოსვლა სასაუბროდ იესოსთან
(მკ. 3, 31-35; ლკ. 8, 19-21.)

   46. როცა იგი ჯერ კიდევ ესაუბრებოდა ხალხს, აჰა, დედა მისი და მისი ძმები
   იდგნენ გარეთ, და ეძებდნენ მას სიტყვის სათქმელად.

   47. მაშინ უთხრა მას ვიღაცამ: აჰა, დედა შენი და შენი ძმები დგანან გარეთ
   და გეძებენ, რომ დაგელაპარაკონ შენ.

   48. ხოლო მან მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: ვინ არის დედა ჩემი და ვინ
   არიან ჩემი ძმები?

   49. და გაიწოდა თავისი ხელი მოწაფეებისკენ და თქვა: აჰა, დედა ჩემი და
   ჩემი ძმები,

   50. რადგან ვინც აღასრულებს ნებას ჩემი ზეცათა მამისას, ის არის ძმა და
   და, და დედა ჩემი.


                                თავი 13

   1. იმ დღეს გამოვიდა იესო სახლიდან და დაჯდა ზღვის პირას.

   2. და შეიკრიბა მასთან მრავალი ხალხი, ისე რომ იგი ნავზე ავიდა და დაჯდა,
   და მთელი ხალხი ზღვის პირას იდგა.

იგავი მთესველზე
(მკ. 4, 2-9; ლკ. 8, 4-9.)

   3. და ეუბნებოდა მათ მრავალს იგავებით და უთხრა: აჰა, გამოვიდა მთესველი
   დასათესად.

   4. და როცა თესავდა იგი, ზოგი დავარდა გზასთან, და მივიდნენ ცის
   ფრინველები და შეჭამეს იგი.

   5. და სხვა დავარდა კლდოვანზე, სადაც არ იყო ბევრი მიწა, და მყისვე
   აღმოცენდა, რადგან არ ჰქონდა მიწას სიღრმე.

   6. და როდესაც მზე ამოვიდა, დაჭკნა, და რადგან არ ჰქონდა ფესვი, გახმა.

   7. და სხვა ჩავარდა ეკლებში, და ამოვიდა ეკლები და მოაშთო იგი.

   8. და სხვა დავარდა კარგ მიწაზე და გამოიღო ნაყოფი: ზოგმა - ასი, ზოგმა -
   სამოცი და ზოგმა - ოცდაათი.

   9. ვისაც აქვს ყური სასმენად, ისმინოს.

   10. და მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ
   იგავებით?

   11. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: რადგან თქვენ მოგეცათ, შეიცნოთ ცათა
   სასუფევლის საიდუმლო, ხოლო მათ არ მიეცათ;

   12. რადგან ვისაც აქვს, მიეცემა მას და მიემატება; ვისაც არა აქვს, რაც
   აქვს ისიც წაერთმევა მას.

   13. ამიტომ იგავებით ველაპარაკები მათ, რადგან ხედავენ და არ ხედავენ,
   ესმით და არ ესმით, ვერც იგებენ.

   14. და სრულდება მათზე წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს:
   სმენით გესმოდეთ და ვერ გაიგოთ, ხედვით ხედავდეთ და ვერ იხილოთ;

   15. რადგან გაქვავდა ამ ხალხის გული, და ყურით ძნელად ისმინეს და თვალები
   დახუჭეს, რომ არასდროს იხილონ თვალით და ისმინონ ყურით და გაიგონ გულით და
   მოიქცნენ, და განვკურნო ისინი. (ეს. 6, 9-10.)

   16. ხოლო ნეტარია თქვენი თვალები, რადგან ხედავენ და თქვენი ყურები,
   რადგას ესმით.

   17. ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველს და მართალს სურდა,
   ეხილა, რასაც ხედავთ, და ვერ იხილა; და ესმინა, რასაც ისმენთ, და ვერ
   ისმინა.

განმარტება იგავისა მთესველზე
(მკ. 4, 14-20; ლკ. 8, 11-15.)

   18. ამიტომ თქვენ ისმინეთ იგავი მთესველისა.

   19. ყველასთან, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას და არ გაიგებს, მივა
   უკეთური და მოიტაცებს დათესილს მისი გულიდან. ეს არის, რომელიც გზასთან
   დაითესა.

   20. ხოლო კლდოვანზე დათესილი, ეს არის: ვინც ისმენს სიტყვას და მყისვე
   სიხარულით იღებს მას;

   21. და რადგან ფესვი არა აქვს თავის თავში, არამედ დროებითია, და როდესაც
   იქნება გაჭირვება ან დევნა ამ სიტყვის გამო, მყისვე დაბრკოლდება.

   22. ხოლო ეკლებში დათესილი, ეს არის: ვინც სიტყვას ისმენს და ამ სოფლის
   საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობს სიტყვას და უნაყოფო ხდება.

   23. ხოლო კარგ მიწაზე დათესილი, ეს არის: ვინც სიტყვას ისმენს და გაიგებს;
   ვინც გამოიღებს ნაყოფს და აქცევს ზოგი ასად, ზოგი - სამოცად, ზოგი -
   ოცდაათად.

იგავი ხორბალსა და ღვარძლზე
(მკ. 4, 26-29.)

   24. სხვა იგავი შესთავაზა მათ და თქვა: ემსგავსა სასუფეველი ცათა კაცს,
   რომელმაც დათესა კარგი თესლი თავის ყანაში;

   25. და როცა კაცებს ეძინათ, მოვიდა მისი მტერი და ჩათესა ღვარძლი ხორბალს
   შორის და წავიდა;

   26. ხოლო როდესაც აღმოცენდა ჯეჯილი და ნაყოფი გამოიღო, მაშინ გამოჩნდა
   ღვარძლიც.

   27. და როცა მივიდნენ სახლის პატრონის მონები, უთხრეს მას: ბატონო, განა
   კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდან არის ღვარძლი?

   28. ხოლო მან უთხრა მათ: მტერმა კაცმა გააეკთა ეს. მონებმა უთხრეს მას:
   გნებავს, რომ მივიდეთ და გამოვარჩიოთ იგი?

   29. ხოლო მან უთხრა: არა, ვაითუ ღვარძლის შეგროვებისას ამოგლიჯოთ მასთან
   ერთად ხორბალიც.

   30. აცალეთ, გაიზარდოს ორივე ერთად მკამდე, და მკის დროს ვეტყვი
   მომკალებს: შეაგროვეთ პირველად ღვარძლი და შეკარით ძნებად, რომ დაიწვას
   იგი, ხოლო ხორბალი შეკრიბეთ ჩემს ბეღელში.

იგავები მდოგვის მარცვალსა და საფუარზე
(მკ. 4, 30-34)

   31. სხვა იგავი შესთავაზა მათ და უთხრა: მსგავსია სასუფეველი ცათა მდოგვის
   მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში;

   32. უმცირესია ყველა თესლზე, ხოლო როცა გაიზრდება, ყველა მხალზე დიდი
   იქნება და იქცევა ხედ, ისე რომ მოვლენ ცის ფრინველები და მის რტოებში
   დაიბუდებენ.

   33. სხვა იგავიც უთხრა მათ: მსგავსია სასუფეველი ცათა საფუარისა, რომელიც
   აიღო დედაკაცმა და შეურია სამ საწყაო ფქვილს, ვიდრე მთლიანად არ აფუვდა.

   34. ყველაფერ ამას იესო იგავებით ეუბნებოდა ხალხს და იგავის გარეშე
   არაფერს ეუბნებოდა მათ.

   35. რათა აღსრულდეს ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
   გავხსნი იგავით ჩემს პირს და ვიტყვი დაფარულს სოფლის დასაბამიდან. (ფს.
   78, 2.)

განმარტება იგავისა ხორბალსა და ღვარძლზე

   36. მაშინ დატოვა იესომ ხალხი და შევიდა სახლში; მივიდნენ მასთან მისი
   მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ჩვენ იგავი ყანის ღვარძლისა.

   37. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: ვინც თესავს კარგ თესლს, არის ძე
   კაცისა;

   38. ხოლო ყანა არის ეს სოფელი; კარგი თესლი, ეს არის სასუფევლის ძეები,
   ღვარძლი კი არის უკეთურის ძეები;

   39. ხოლო მტერი, რომელმაც დათესა იგი, არის ეშმაკი, მკა არის დასასრული
   საუკუნეთა, ხოლო მომკალნი არიან ანგელოზები;

   40. ამიტომ, როგორც გამოარჩევენ ღვარძლს და ცეცხლში დაწვავენ, ასევე
   იქნება დასასრული საუკუნეთა"

   41. გამოგზავნის ძე კაცისა თავის ანგელოზებს, და შეკრებენ მისი სამეფოდან
   ყველა საცდურს და უსჯულოების მოქმედთ;

   42. და შეყრიან მათ ცეცხლიან ღუმელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.

   43. მაშინ მართლები მზესავით გაბრწყინდებიან თავისი მამის სასუფეველში.
   ვისაც აქვს ყური სასმენად, ისმინოს.

სხვა იგავები ცათა სასუფეველზე

   44. კიდევ, მსგავსია სასუფეველი ცათა საუნჯისა, რომელიც ყანაშია დაფლული,
   და რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და სიხარულით წავიდა, გაყიდა ყველაფერი,
   რაც ჰქონდა, და იყიდა ის ყანა.

   45. კიდევ, მსგავსია სასუფეველი ცათა ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს კარგ
   მარგალიტებს;

   46. და რომელმაც იპოვა ერთი ძვირფასი მარგალიტი, წავიდა და გაყიდა
   ყოველივე, რაც ჰქონდა, და იყიდა იგი.

   47. კიდევ, მსგავსია სასუფეველი ცათა მოსასმელი
   ბადისა, რომელიც ზღვაშია ჩაგდებული და რომელმაც ყველა სახეობიდან შეკრიბა.

   48. და როდესაც აივსო, ამოიტანეს იგი ნაპირზე, და როცა დასხდნენ,
   შეაგროვეს კარგები ჭურჭელში, ხოლო უვარგისები გარეთ გადაყარეს.

   49. ასე იქნება საუკუნეთა დასასრულს: მოვლენ ანგელოზები და გამოარჩევენ
   უკეთურებს მართლებისაგან.

   50. და ჩაყრიან მათ ცეცხლიან ღუმელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.

   51. უთხრა მათ იესომ: გაიგეთ ეს ყველაფერი? უთხრეს მას: ჰო, უფალო.

   52. და უთხრა მათ: ამიტომ ყველა მწიგნობარი, ცათა სასუფეველს
   დამოწაფებული, მსგავსია კაცისა, სახლის პატრონისა, რომელსაც გამოაქვს
   თავისი საუნჯიდან ახალი და ძველი.

   53. და იყო, როდესაც დაასრულა იესომ ეს იგავები, წავიდა იქიდან.

   54. და როცა მოვიდა თავის მამულში, ასწავლიდა მათს შესაკრებელში, ისე რომ
   განცვიფრებულნი იყვნენ ისინი და ამბობდნენ: საიდან აქვს ამას ეს სიბრძნე
   და ძალა?

   55. განა ეს არ არის ძე ხუროსი? განა მის დედას არ ჰქვია მარიამი? და მისი
   ძმები არ არიან იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა?

   56. და მისი დები, ყველანი ჩვენთან არ არიან? საიდან აქვს მას ეს
   ყველაფერი?

   57. და ბრკოლდებოდნენ მის მიმართ. ხოლო იესომ უთხრა მათ: არსად არის
   წინასწარმეტყველი შეურაცხყოფილი, გარდა თავისი მამულისა და სახლისა.

   58. და არ მოახდინა იქ მრავალი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.


                                თავი 14

იოანე ნათლისმცემლის შეპყრობა და თავის მოკვეთა
(მკ. 6, 14-29; ლკ. 9, 7-9.)

   1. იმ დროს გაიგო ჰეროდე ტეტრარქმა იესოს ამბავი

   2. და უთხრა თავის მსახურებს: ეს არის იოანე ნათლისმცემელი. იგი აღდგა
   მკვდრეთით, და ამის გამო ძალები მოქმედებენ მის მიერ.

   3. რადგან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა იგი და საპყრობილეში ჩასვა
   ჰეროდიას, თავისი ძმის, ფილიპეს, ცოლის გამო.

   4. რადგან ეუბნებოდა მას იოანე: არ შეიძლება, რომ გყავდეს შენ იგი.

   5. და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ეშინოდა ხალხისა, რადგან როგორც
   წინასწარმეტყველს, აღიარებდნენ მას.

   6. ხოლო როცა ჰეროდეს დაბადების დღე იყო, როკავდა ჰეროდიას ასული წვეულთა
   შორის და მოეწონა ჰეროდეს;

   7. რის გამოც ფიცით აღუთქვა მას, რომ მისცემდა, რასაც ითხოვდა.

   8. ხოლო იგი წინასწარ იყო დარიგებული თავისი დედისგან და უთხრა: მომეცი მე
   აქ ლანგრით თავი იოანე ნათლისმცემლისა.

   9. და შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა გამო ბრძანა, მიეცათ
   მისთვის.

   10. და გაგზავნა და თავი მოჰკვეთა იოანეს საპყრობილეში.

   11. და მოიტანეს მისი თავი ლანგრით და მისცეს ასულს, და მიუტანა თავის
   დედას.

   12. და მივიდნენ მისი მოწაფეები, აიღეს გვამი და დამარხეს იგი, და
   მოვიდნენ და უთხრეს იესოს.

   13. ეს რომ გაიგო იესომ, გაშორდა და წავიდა იქიდან ნავით უდაბურ ადგილას
   მარტო; და როცა გაიგო ხალხმა, გაჰყვა მას ფეხით ქალაქებიდან.

ხუთი ათასი კაცის დაპურება
(მკ. 6, 32-44; ლკ. 9, 10-17; ინ. 6, 1-14.)

   14. და გამოვიდა იესო, იხილა მრავალი ხალხი და შეებრალა ისინი და განკურნა
   მათი სნეულები.

   15. როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს:
   უდაბურია ეს ადგილი და დრო უკვე გასულია; გაუშვი ხალხი, რომ წავიდნენ
   გარშემო სოფლებში და იყიდონ თავისთვის საჭმელი.

   16. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ სჭირდებათ წასვლა; თქვენ მიეცით მათ
   საჭმელი.

   17. ხოლო მათ უთხრეს მას: არაფერი გვაქვს აქ, გარდა ხუთი პურისა და ორი
   თევზისა.

   18. და უთხრა მათ: მომიტანეთ მე ისინი აქ.

   19. და უბრძანა ხალხს დაჯდომა ბალახზე, აიღო ხუთი პური და ორი თევზი,
   აიხედა ცისკენ, აკურთხა და გატეხა და მისცა მოწაფეებს პურები, ხოლო
   მოწაფეებმა - ხალხს.

   20. და ჭამა ყველამ და გაძღა; და აიღეს დარჩენილი ნატეხები თორმეტი გოდორი
   სავსე.

   21. ხოლო ვინც ჭამა, იყო ხუთი ათასამდე მამაკაცი, გარდა დედაკაცებისა და
   ბავშვებისა.

   22. და მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები, ასულიყვნენ ნავში და
   გასულიყვნენ მასზე ადრე გაღმა, ვიდრე გაუშვებდა ხალხს.

   23. და როცა გაუშვა ხალხი, ავიდა მთაზე სალოცავად განმარტოებით. და
   როდესაც მოსაღამოვდა, მარტო იყო იქ.

ზღვაზე სვლა
(მკ. 6, 45-52; ინ. 6, 15-21.)

   24. ხოლო ნავი უკვე გაშორებული იყო ხმელეთს მრავალ უტევანზე და ირყეოდა
   ტალღებისაგან, რადგან იყო საპირისპირო ქარი.

   25. და ღამის მეოთზე სახმილავზე მივიდა მათთან იესო ზღვაზე სვლით.

   26. ხოლო როდესაც მოწაფეებმა დაინახეს იგი ზღვაზე მავალი, შეძრწუნდნენ და
   თქვეს: მოჩვენებაა, და შიშისაგან შეჰყვირეს.

   27. მაშინვე დაელაპარაკა მათ იესო და უთხრა: გამხნევდით, მე ვარ, ნუ
   გეშინიათ.

   28. მიუგო მას პეტრემ და უთხრა: უფალო, თუ შენ ხარ, მიბრძანე მე, მოვიდე
   შენთან წყალზე სვლით.

   29. ხოლო მან უთხრა: მოდი. და გადავიდა ნავიდან პეტრე და წყალზე სვლით
   წავიდა იესოსკენ;

   30. მაგრამ როდესაც იხილა ძლიერი ქარი, შეშინდა, და დაიწყო ჩაძირვა,
   შეჰყვირა და თქვა: უფალო, მიხსენი მე.

   31. და მყისვე გაუწოდა იესომ ხელი, მოჰკიდა მას და უთხრა:
   მცირედმორწმუნევ, რად დაეჭვდი?

   32. და როდესაც ავიდნენ ისინი ნავში, დაცხრა ქარი.

   33. ხოლო რომლებიც ნავში იყვნენ, მივიდნენ, თაყვანი სცეს მას და უთხრეს:
   ჭეშმარიტად ძე ღვთისა ხარ შენ.

   34. და გავიდნენ გაღმა და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში.

   35. და იცნეს იგი იმ მხარის კაცებმა, გაგზავნეს მთელს იმ შემოგარენში და
   მიუყვანეს მას ყველა ავადმყოფი.

   36. და ევედრებოდნენ მას, რომ მხოლოდ შეხებოდნენ მისი სამოსის კიდეს; და
   რამდენიც შეეხო, განიკურნა.

- .:. -
იესოს სიტყვა ზეციდან გადმოსულ პურზე (ინ. 6, 24-69.)
- .:. -


                                თავი 15

კაცთა სწავლება და ღვთის მცნება
(მკ. 7, 1-23)

   1. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმიდან ფარისევლები და მწიგნობრები და
   უთხრეს:

   2. რატომ არღვევენ შენი მოწაფეები ხუცესთა გადმოცემას? რადგან არ იბანენ
   ხელებს, როცა პურს ჭამენ.

   3. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: თქვენ რატომღა არღვევთ ღვთის მცნებას
   თქვენი გადმოცემით?

   4. რადგან ღმერთმა თქვა: პატივი ეცი მამას და დედას; და ვინც ბოროტს
   იტყვის მამაზე ან დედაზე, სიკვდილით აღესრულოს. (გამ. 20,12; 21,16.)

   5. ხოლო თქვენ ამბობთ: ვინც ეტყვის მამას ან დედას, ძღვენია, (ძღვენი -
   იგულისხმება შესაწირავი, რომელსაც ებრაელები ტაძარს სწირავდნენ და ამით
   თავიდან იცილებდნენ მშობლებზე მზრუნველობას) რითაც ჩემგან უნდა
   გესარგებლა,

   6. და პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას, - ამით აუქმებთ ღვთის
   სიტყვას თქვენი გადმოცემით.

   7. თვალთმაქცნო, კარგად იწინასწარმეტყველა თქვენზე ესაიამ, რომელიც
   ამბობდა:

   8. მიახლოვდება მე ეს ერი თავისი პირით და ბაგით პატივს მცემს მე, ხოლო
   გული მათი შორს არის განშორებული ჩემგან.

   9. ამაოდ მემსახურებიან მე, რადგან ასწავლიან კაცთა მოძღვრებას და
   მცნებას. (ეს. 29,13.)

   10. და მოუწოდა ხალხს და უთხრა მათ: ისმინეთ და გაიგეთ:

   11. პირიდან შემავალი არ შეაგინებს კაცს, არამედ პირიდან გამომავალი
   შეაგინებს კაცს.

   12. მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: იცი, რომ ფარისევლები, როცა
   ისმენდნენ ამ სიტყვას, დაბრკოლდნენ?

   13. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ყოველი ნერგი, რომელიც არ დანერგა ჩემმა
   ზეციერმა მამამ, აღმოიფხვრება.

   14. აცალეთ მათ; ბრმები არიან ბრმათა წინამძღვრები; ხოლო თუ ბრმა ბრმას
   წინ უძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება.

   15. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: განგვიმარტე ჩვენ ეს იგავი.

   16. ხოლო იესომ უთხრა: თქვენც ისევ უგულისხმონი ხართ?

   17. არ იცით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელში ჩადის და გასავალში
   გადის?

   18. ხოლო პირიდან გამომავალი გულიდან გამოდის, და ის შეაგინებს კაცს.

   19. რადგან გულიდან გამოდის ბოროტი გულისზრახვა, მკვლელობა, მრუშობა,
   სიძვა, პარვა, ცილისწამება, გმობა.

   20. ესენი არიან, რომლებიც შეაგინებენ კაცს, ხოლო დაუბანელი ხელით ჭამა არ
   შეაგინებს კაცს.

ქანანელი დედაკაცის ასულის განკურნება
(მკ. 7, 24-30.)

   21. და გამოვიდა იქიდან იესო, გაშორდა და წავიდა ტვიროსისა და სიდონის
   მხარეს.

   22. და აჰა, ქანანელი დედაკაცი გამოვიდა იმ საზღვრებიდან, ღაღადებდა და
   ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისაო, ასული ჩემი ბოროტად
   ეშმაკეულია.

   23. ხოლო მან სიტყვაც არ მიუგო მას; და მივიდნენ მასთან მოწაფეები,
   სთხოვეს მას და უთხრეს: გაუშვი იგი, რადგან ღაღადებს და მოგვდევს ჩვენ.

   24. მან მიუგო და უთხრა: არა ვარ მოვლინებული სხვებისთვის, არამედ -
   მხოლოდ ისრაელის სახლის წარწყმედილი ცხვრებისთვის.

   25. ხოლო იგი მივიდა, თაყვანს სცემდა მას და ეუბნებოდა: უფალო, შემეწიე
   მე.

   26. მან მიუგო და უთხრა: არ არის კარგი პურის აღება შვილებისგან და
   ძაღლებისთვის დაგდება.

   27. ხოლო მან უთხრა: ჰო, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ჭამენ ნამცეცებს,
   რომლებიც ცვივა მათი ბატონების ტაბლიდან.

   28. მაშინ მიუგო იესომ და უთხრა მას: ო, დედაკაცო, დიდია შენი რწმენა,
   მოგეგოს შენ, როგორც გინდა. და განიკურნა მისი ასული იმ დროიდან.

   29. და წამოვიდა იქიდან იესო, მივიდა გალილეის ზღვის პირას და ავიდა მთაზე
   და დაჯდა იქ.

   30. და მივიდა მასთან მრავალი ხალხი, რომლებსაც თან ჰყავდათ კოჭლები,
   ბრმები, მუნჯები, საპყრები და სხვა მრავალი. დასხეს ისინი მის ფეხთით, და
   განკურნა ისინი,

   31. ისე რომ უკვირდა ხალხს, როცა ხედავდნენ, რომ მუნჯები მეტყველებდნენ,
   კოჭლები დადიოდნენ, საპყრები იკურნებოდნენ, ბრმები ხედავდნენ; და
   ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.

ოთხი ათასი კაცის დაპურება
(მკ. 8, 1-9.)

   32. ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მებრალება ეს ხალხი,
   რადგან უკვე სამი დღეა, მელოდება მე და არაფერი აქვთ, რა ჭამონ; და მათი
   გაშვება უჭმელად არ მინდა, ვაითუ დაუძლურდნენ გზაში.

   33. და უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: საიდან გვაქვს ჩვენ უდაბნოში ამდენი
   პური, რომ გავაძღოთ ამდენი ხალხი?

   34. უთხრა მათ იესომ: რამდენი პური გაქვთ? ხოლო მათ უთხრეს: შვიდი, და
   ცოტა თევზი.

   35. და უბრძანა ხალხს დაჯდომა მიწაზე.

   36. და აიღო შვიდი პური და თევზები, მადლობდა, გატეხა და მისცა მოწაფეებს,
   ხოლო მოწაფეებმა - ხალხს.

   37. ჭამა ყველამ და გაძღა; და აიღეს დარჩენილი ნატეხები შვიდი კალათი
   სავსე.

   38. ხოლო ვინც ჭამა, იყო ოთხი ათასი მამაკაცი, გარდა დედაკაცებისა და
   ბავშვებისა.

   39. და როცა გაუშვა ხალხი, ავიდა ნავში და მივიდა მაგდალას საზღვრებთან.


                                თავი 16

ჟამთა ნიშნების გამოცნობის შესახებ
(მკ. 8, 10-12.)

   1. და მივიდნენ ფარისევლები და სადუკევლები, ცდიდნენ მას და მოითხოვდნენ,
   ზეციდან ნიშანი ეჩვენებინა მათთვის.

   2. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: როცა მოსაღამოვდება, ამბობთ: დარი
   იქნება, რადგან წითელია ცა;

   3. და განთიადისას - დღეს ავდარი იქნება, რადგან წითელია მოქუფრული ცა.
   თვალთმაქცნო, ცის სახის ცნობა იცით, ხოლო ჟამთა ნიშნების გამოცნობა არ
   შეგიძლიათ.

   4. მოდგმა ბოროტი და მრუში სასწაულს ეძებს და სასწაული არ მიეცემა მას,
   გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. და დატოვა ისინი და წავიდა.

ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარის შესახებ
(მკ. 8, 13-21.)

   5. და როცა გავიდნენ მისი მოწაფეები გაღმა, დაავიწყდათ პურის წაღება.

   6. იესომ უთხრა მათ: უფრთხილდით და ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა
   საფუარს;

   7. ისინი კი თავისთვის ფიქრობდნენ და ამბობდნენ: რადგან პური არ
   წამოვიღეთ;

   8. გულისხმაყო იესომ და უთხრა მათ: რატომ ფიქრობთ თქვენთვის,
   მცირედმორწმუნენო, რომ პური არ წამოიღეთ?

   9. ვერ ხვდებით, არც გახსოვს ხუთი პური ხუთი ათასისა? და რამდენი გოდორი
   აიღეთ?

   10. არც შვიდი პური ოთხი ათასისა? და რამდენი კალათი აიღეთ?

   11. როგორც ვერ ხვდებით, რომ პურის გამო არ გითხარით თქვენ: ერიდეთ
   ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?

   12. მაშინ მიხვდნენ, რომ არ უთხრა მათ, მორიდებოდნენ პურის საფუარს,
   არამედ - ფარისეველთა და სადუკეველთა  მოძღვრებას.

იესო ქრისტეს ძედ ღვთისად აღიარება
(მკ. 8, 27-30; ლკ. 9, 18-21.)

   13. და როცა მივიდა იესო ფილიპეს კესარიის მხარეში, ეკითხებოდა თავის
   მოწაფეებს და ეუბნებოდა: რას ამბობენ ჩემზე ადამიანები, ვინ არის ძე
   კაცისა?

   14. ხოლო მათ უთხრეს: ზოგი ამბობს - იოანე ნათლისმცემელი, ხოლო სხვები -
   ელია, და სხვები - იერემია, ან ერთი წინასწარმეტყველთაგანი.

   15. უთხრა მათ: ხოლო თქვენ რას ამბობთ ჩემზე, ვინ ვარ?

   16. და მიუგო სიმონ-პეტრემ და უთხრა: შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი
   ღმერთისა.

   17. ხოლო მიუგო იესომ და უთხრა მას: ნეტარი ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა (ბარ
   იონა - არამ. იონას ძე), რადგან ხორცმა და სისხლმა არ გამოგიცხადა შენ,
   არამედ - ჩემმა ზეცათა მამამ.

   18. და მე გეუბნები შენ, რომ: შენ ხარ პეტრე (პეტრე - ფუძით უკავშირდება
   მომდევნო სიტყვას, კლდეს; აზრობრივად კი კლდეში იგულისხმება პეტრეს
   აღიარება, ანუ ჭეშმარიტი რწმენა, რომელზედაც არის აშენებული ეკლესია), და
   ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან მას.

   19. და მოგცემ შენ ცათა სასუფევლის კლიტეებს, და რასაც შეკრავ ქვეყანაზე,
   შეკრული იქნება ცაში; და რასაც გახსნი ქვეყანაზე, გახსნილი იქნება ცაში.

   20. მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთვის ეთქვათ, რომ ის არის
   ქრისტე.

განგება ღვთისა და განზრახვა კაცისა
(მკ. 8, 31-9, 1.)

   21. ამიერიდან დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისთვის, რომ ჰმართებს
   მას იერუსალიმში ასვლა და მრავალი ვნება უხუცესების, მღვდელმთავრებისა და
   მწიგნობრებისაგან, და მოკვლა მათგან, და მესამე დღეს აღდგომა.

   22. და გაიყვანა იგი პეტრემ, დაუწყო მას შეპასუხება და უთხრა: შეიწყალე
   შენი თავი, უფალო, ნუ იქნება ეს შენთვის.

   23. ხოლო იგი მიუბრუნდა და უთხრა პეტრეს: გამშორდი, სატანა, საცდური ხარ
   ჩემთვის, რადგან არ ფიქრობ ღვთისას, არამედ - კაცისას.

   24. მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: თუ ვინმეს უნდა, შემომიდგეს მე,
   უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.

   25. რადგან ვისაც უნდა თავისი სულის გადარჩენა, წარწყმედს მას; ხოლო ვინც
   წარწყმედს თავის სულს ჩემთვის, ის იპოვის მას.

   26. ან რა სარგებელი ექნება კაცს, თუ მთელს სოფელს შეიძენს, ხოლო თავის
   სულს ავნებს? ან რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?

   27. რადგან უნდა მოვიდეს ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის
   ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიაგებს თითოეულს მისი საქმისამებრ.

   28. ამინ გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ
   იგემებენ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს თავისი
   სუფევით.


                                თავი 17

ფერისცვალება
(მკ. 9, 2-13; ლკ. 9, 28-36.)

   1. და ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, ძმა
   მისი, და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.

   2. და ფერი იცვალა მათ წინაშე, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე; ხოლო
   მისი სამოსი გახდა თეთრი, როგორც ნათელი.

   3. და აჰა, ეჩვენათ მათ მოსე და ელია, რომლებიც საუბრობდნენ მასთან.

   4. მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: უფალო, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ
   გნებავს, გავაკეთებთ აქ სამ კარავს: ერთს - შენთვის, ერთს - მოსესთვის და
   ერთს - ელიასთვის.

   5. და ვიდრე იგი ამას ამბობდა, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი, და
   აჰა, ხმა იყო ღრუბლიდან მეტყველი: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც
   სათნოა ჩემთვის, მაგისი ისმინეთ.

   6. და როცა გაიგონეს მოწაფეებმა პირქვე დაემხნენ და შეშინდნენ ძლიერ.

   7. და მივიდა იესო და შეეხო მათ და უთხრა: ადექით და ნუ გეშინიათ.

   8. და როცა გაახილეს თავისი თვალები, ვერავინ ნახეს იესოს გარდა.

   9. და როდესაც ჩამოდიოდნენ მთიდან, უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ნურავის
   ეტყვით ამ ხილვის შესახებ, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება.

   10. და ჰკითხეს მას მისმა მოწაფეებმა და უთხრეს: რატომ ამბობენ
   მწიგნობრები, რომ ელიას მართებს პირველად მოსვლა?

   11. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: ელია მოვა პირველად და აღადგენს
   ყოველივეს.

   12. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი,
   არამედ მოექცნენ მას, როგორც უნდოდათ; და ასევე ძეს კაცისასაც ელის ვნება
   მათგან.

   13. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე უთხრა მათ.

მთვარეულის განკურნება
(მკ. 9, 17-29; ლკ. 9, 38-42.)

   14. და როდესაც მივიდნენ ისინი ხალხთან, მოვიდა მასთან ერთი კაცი, მუხლი
   მოუდრიკა მას და უთხრა:

   15. უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, რადგან მთვარეულია და საშინლად იტანჯება;
   ხშირად ვარდება ცეცხლში და ხშირად - წყალში.

   16. და მოვუყვანე იგი შენს მოწაფეებს, და ვერ შეძლეს მისი განკურნება.

   17. ხოლო მიუგო იესომ და უთხრა: ო, მოდგმავ ურწმუნო და უკუღმართო, როდემდე
   ვიქნები თქვენთან? როდემდე გიტვირთავთ თქვენ? მომგვარეთ მე იგი აქ.

   18. და შერისხა იგი იესომ, და გავიდა მისგან ეშმაკი, და განიკურნა ყრმა იმ
   დროიდან.

   19. მაშინ მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და განმარტოებით უთხრეს: რატომ ვერ
   შევძელით ჩვენ მისი განდევნა?

   20. ხოლო იესომ უთხრა მათ: თქვენი მცირედმორწმუნეობის გამო; რადგან, ამინ
   გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა მდოგვის მარცვლისოდენა, და ეტყვით ამ
   მთას: გადადექი აქედან იქით, გადადგება, და არაფერი იქნება შეუძლებელი
   თქვეთვის.

   21. ხოლო ეს მოდგმა არ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით.

   22. და როცა იმყოფებოდნენ ისინი გალილეაში, უთხრა მათ იესომ: ელის ძეს
   კაცისას გადაცემა კაცთა ხელში.

   23. და მოკლავენ მას, და მესამე დღეს აღდგება. ხოლო ისინი შეწუხდნენ
   ძლიერ.

ტაძრის ხარკის სასწაულებრივი გადახდა

   24. და როდესაც მივიდნენ ისინი კაპერნაუმში, მოვიდნენ დიდრაქმის (დიდრაქმა
   - ორდრაქმიანი; დრაქმა - ვერცხლის ბერძნული მონეტა. ტაძრისთვის დადგენილი
   გადასახადი ყოველ პირმშოზე) ამკრეფნი პეტრესთან და უთხრეს: თქვენი
   მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას?

   25. ხოლო მან თქვა: ჰო. და როცა შევიდა სახლში, დაასწრო მას იესომ და
   უთხრა: რას ფიქრობ შენ, სიმონ, ამ ქვეყნის მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან
   გადასახადს, თავისი შვილებისგან თუ უცხოებისგან?

   26. უთხრა მას პეტრემ: უცხოებისგან. მიუგო მას იესომ: ამიტომ თავისუფლები
   არიან შვილები;

   27. ხოლო რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, მიდი ზღვასთან, ჩააგდე ანკესი და
   თევზი, რომელიც პირველად ამოჰყვება, აიღე და გაუღე მას პირი და იპოვი
   სტატირს (სტატირი - ოთხი დრაქმა), მოიტანა ის და მიეცი მათ შენთვის და
   ჩემთვის.


                                თავი 18

ცათა სასუფეველში უპირატესობის შესახებ
(მკ. 9, 35-37.)

   1. იმ დროს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს: ვინ არის უფრო დიდი
   ცათა სასუფეველში?

   2. და მოუხმო იესომ ყრმას და დააყენა იგი მათ შორის

   3. და უთხრა: ამინ გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით,
   როგორც ყრმები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

   4. რადგან ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ყრმა, იგი უფრო დიდი იქნება
   ცათა სასუფეველში;

   5. და ვინც შეიწყნარებს ერთ ასეთ ყრმას ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს;

   6. ხოლო ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს ჩემი,
   უმჯობესია მისთვის, რომ დაეკიდოს წისქვილის დოლაბი მას ქედზე და დაინთქას
   ზღვის უფსკრულში.

   7. ვაი ამ სოფელს საცდურთაგან, რადგან გარდაუვალია საცდურთა მოსვლა;
   მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური.

   8. თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე
   შენგან: უმჯობესია შენთვის, შეხვიდე საუკუნო ცხოვრებაში ხეიბარი ან კოჭლი,
   ვიდრე ორი ხელი და ორი ფეხი გქონდეს და ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.

   9. და თუ შენი თვალი გაცდუნებს შენ, ამოიღე იგი და განაგდე შენგან:
   უმჯობესია შენთვის, ერთი თვალით შეხვიდე საუკუნო ცხოვრებაში, ვიდრე ორი
   თვალი გქონდეს და ჩავარდე ცეცხლის გეენაში.

   10. იცოდეთ, არ შეურაცხყოთ ერთი ამ მცირეთაგანი, რადგან გეუბნებით თქვენ,
   რომ მათი ანგელოზები ცაში მარად ხედავენ ჩემი ზეცათა მამის პირს;

   11. რადგან მოვიდა ძე კაცისა საცხონებლად წარწყმედილისა.

- .:. -
სამოცდაათი მოწაფის გამორჩევა და წარგზავნა საქადაგებლად
(ლკ.10, 1-16.)
იესო კარვობის დღესასწაულზე
(ინ. 7, 2-52.)
იგავი მოწყალე სამარიელზე
(ლკ. 10, 25-37.)
იესო ბეთანიაში მართასა და მარიამის სახლში
(ლკ. 10, 38-42.)
ბრმად შობილის განკურნება
(ინ. 9, 1-38.)
- .:. -

იგავი დაკარგულ ცხვარზე
(ლკ. 15, 3-7.)

   12. რას ფიქრობთ თქვენ: რომ ჰყავდეს ერთ კაცს
   ასი ცხვარი და დაიკარგოს ერთი მათგანი, არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს
   მთაში, არ წავა და არ მოძებნის დაკარგულს?

   13. და როცა იპოვის მას, ამინ გეუბნებით თქვენ, რომ უფრო გაიხარებს მის
   გამო, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტისა, რომლებიც არ დაკარგულან.

   14. ასევე, არ არის ნება თქვენი ზეციერი მამისა, რომ წარწყმდეს ერთი ამ
   მცირეთაგანი.

- .:. -
იგავი დაკარგულ დრაქმაზე, უძღებ შვილზე
(ლკ. 15, 8-32.)
იგავი ბატონის ქონების მფლანგველ მნეზე
(ლკ. 16,1-15.)
იგავი მდიდარსა და ლაზარეზე
(ლკ. 16, 19-31.)
- .:. -

შემცოდეთა შენდობის შესახებ
(ლკ. 17, 3-4.)

   15. ხოლო თუ შეგცობდებს შენი ძმა, მიდი და ამხილე იგი, როცა შენ და ის
   იქნებით მარტო. თუ შეისმინა შენი, შეიძინე შენ ძმა;

   16. ხოლო თუ არ ისმინა, მიიყვანე შენთან ერთად კიდევ ერთი ან ორი, რომ ორი
   ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა.

   17. ხოლო თუ მათიც არ ისმინა, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ ეკლესიისაც არ
   ისმინა, იყოს შენთვის, როგორც წარმართი და მეზვერე.

   18. ამინ გეუბნებით თქვენ: რამდენსაც შეკრავთ ქვეყანაზე, შეკრული იქნება
   ცაში; და რამდენსაც გახსნით ქვეყანაზე, გახსნილი იქნება ცაში.

   19. კვლავ ამინ გეუბნებით თქვენ, რომ თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება
   ქვეყანაზე ყველა საქმეში, რასაც ითხოვენ, ექნებათ მათ ჩემი ზეცათა
   მამისგან;

   20. რადგან სადაც არის ორი ან სამი შეკრებილი ჩემი სახელით, იქ ვარ, მათ
   შორის.

   21. მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენგზის შემცოდოს მე
   ჩემმა ძმამ და მივუტევო მას? შვიდგზის?

   22. უთხრა მას იესომ: არ გეუბნები შენ შვიდგზის, არამედ - სამოცდაათჯერ
   შვიდგზის.

იგავი მოწყალე მეფეზე და უმოწყალო მონაზე

   23. ამიტომ ემსგავსა სასუფეველი ცათა კაცს, მეფეს, რომელმაც ინება
   ანგარიშის გასწორება თავის მონებთან.

   24. და როდესაც დაიწყო მან ანგარიშის გასწორება, წარუდგინეს მას ერთი
   მოვალე ათი ათასი ტალანტისა (ტალანტი - ებრაული მონეტა, რომელიც უდრიდა
   6000 დრაქმას).

   25. და რადგან არ ჰქონდა მას, რომ გადაეხადა, უბრძანა მას ბატონმა,
   გაეყიდა თავისი ცოლი, შვილები და ყველაფერი, რაც ჰქონდა, და გადაეხადა.

   26. მაშინ დავარდა მონა, თაყვანს სცემდა მას და ეუბნებოდა: სულგრძელი
   იყავი ჩემ მიმართ, ბატონო, და ყველაფერს გადაგიხდი შენ.

   27. შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა იგი და ვალიც აპატია მას.

   28. და როცა გავიდა ის მონა, ნახა ერთი თავისნაირი მონა, რომელსაც ემართა
   მისი ასი დინარი (დინარი - ძველ ქართულად დრაჰკანი - ოქროს რომაული
   მონეტა, იწონიდა ოთხ გრამს). შეიპყრო იგი, ახრჩობდა და ეუბნებოდა:
   გადამიხადე, რაც გმართებს.

   29. ფეხებში ჩაუვარდა მას თავისნაირი მონა, ევედრებოდა მას და ეუბნებოდა:
   სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდი შენ;

   30. ხოლო მან არ ისურვა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე
   არ გადაუხდიდა ვალს.

   31. და როცა ნახეს მისნაირმა მონებმა, რაც მოხდა, ძლიერ შეწუხდნენ,
   მივიდნენ და აუწყეს თავის ბატონს ყველაფერი, რაც მოხდა.

   32. მაშინ უხმო მას მისმა ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო მონავ, მთელი ის
   ვალი გაპატიე შენ, რადგან მევედრებოდი მე;

   33. არ გმართებდა, შენც შეგეწყალებინა შენნაირი მონა, როგორც მე შენ
   შეგიწყალე?

   34. და განურისხდა მისი ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე არ
   გადაუხდიდა მთელს ვალს.

   35. ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეცათა მამა, თუ არ მიუტევებთ თითოეული
   მთელი თქვენი გულით თქვენს ძმას მის შეცოდებებს.

- .:. -
ათი კეთროვნის განკურნება
(ლკ. 17,11-19.)
იგავი უსამართლო მსაჯულზე, მეზვერესა და ფარისეველზე
(ლკ. 18,1-14.)
- .:. -


                                თავი 19

   1. და იყო, როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, წავიდა გალილეიდან და მივიდა
   ჰურიასტანის საზღვრებთან იორდანის გაღმა.

   2. და გაჰყვა მას მრავალი ხალხი, და განკურნა ისინი იქ.

- .:. -
ლაზარეს აღდგენა
(ინ. 11, 1-46.)
- .:. -

ცოლთან გაყრის შესახებ
(მკ. 10, 2-12.)

   3. და მივიდნენ მასთან ფარისევლები, ცდიდნენ მას და ეუბნებოდნენ: თუ
   შეიძლება კაცისთვის გაშვება თავისი ცოლისა ნებისმიერი მიზეზით?

   4. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ ვინც დაჰბადა,
   დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? (დაბ. 1,27.)

   5. და თქვა: ამის გამო დატოვებს კაცი მამას და დედას და შეუერთდება თავის
   ცოლს; და იქნებიან ორივენი ერთხორცნი. (დაბ. 2,24.)

   6. ასე რომ, აღარ არიან ორნი, არამედ - ერთხორცნი. ამიტომ, ვინც ღმერთმა
   შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს.

   7. უთხრეს მას: რატომღა ბრძანა მოსემ განტევების წერილის მიცემა და
   გაშვება?

   8. უთხრა მათ იესომ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო დაგრთოთ თქვენ ნება,
   გაგეშვათ თქვენი ცოლები, ხოლო დასაბამიდან არ იყო ასე.

   9. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის
   გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც გაშვებულს შეირთავს, ისიც
   მრუშობს.

   10. უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: თუ ასეთია მამაკაცის დანაშაული
   დედაკაცის მიმართ, უმჯობესია, არ დაქორწინდეს.

   11. ხოლო მან უთხრა მათ: ყველა ვერ იტყვის ამ სიტყვას, არამედ - რომელთაც
   მიცემული აქვთ.

   12. რადგან არიან საჭურისები, რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ ასე; და
   არიან საჭურისები, რომლებიც დასაჭურისდნენ კაცთაგან; და არიან საჭურისები,
   რომლებმაც დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისთვის. ვისაც შეუძლია დატევა,
   დაიტიოს.

იესოს მიერ ბავშვების დალოცვა
(მკ. 10, 13-16; ლკ. 18, 15-17.)

   13. მაშინ მიუყვანეს მას ბავშვები, რომ ხელები დაედო მათთვის და
   ეკურთხებინა, ხოლო მოწაფეები კიცხავდნენ მათ.

   14. ხოლო იესომ უთხრა მათ: აცადეთ ბავშვებს და ნუ აბრკოლებთ მათ, რომ
   მივიდნენ ჩემთან, რადგან ასეთების არის სასუფეველი ცათა.

   15. და დაადო მათ ხელები და წავიდა იქიდან.

საუკუნო ცხოვრების მსურველი მდიდარი ჭაბუკი
(მკ. 10, 17-31; ლკ. 18, 18-30.)

   16. და აჰა, მივიდა ვიღაც და უთხრა: მოძღვარო სახიერო (სახიერი - კეთილი,
   მოწყალე, სათნო - ჩვეულებრივ იხმარებოდა ღვთის ეპითეტად), რა სიკეთე
   გავაკეთო, რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება?

   17. ხოლო მან უთხრა მას: რატომ მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი,
   არამედ მხოლოდ ღმერთი, ხოლო თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი
   მცნებები.

   18. უთხრა მას: რომლები? ხოლო იესომ უთხრა: არ მოკლა, არ იმრუშო, არ
   მოიპარო, ცილი არ დასწამო,

   19. პატივი ეცი მამას და დედას, და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი
   შენი.

   20. უთხრა მას ჭაბუკმა: ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი სიყრმიდან; რაღა
   მაკლია?

   21. უთხრა მას იესომ: თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება
   და მიეცი გლახაკებს, და გექნება საუნჯე ცაში; და მოდი და გამომყევი მე.

   22. და როცა გაიგონა ჭაბუკმა ეს სიტყვა, წავიდა დამწუხრებული, რადგან იყო
   დიდი ქონების მფლობელი.

   23. ხოლო იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მდიდარი
   ძნელად შევა ცათა სასუფეველში;

   24. და კვლავ გეუბნებით თქვენ: უფრო ადვილია აქლემის გასვლა ნემსის
   ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში.

   25. როდესაც გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა, განცვიფრდნენ ძლიერ და
   ამბობდნენ: ვიღას შეუძლია ცხონება?

   26. შეხედა იესომ და უთხრა მათ: კაცთათვის ეს შეუძლებელია, ხოლო
   ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია.

   27. მაშინ მიუგო პეტრემ და უთხრა მას: აჰა, ჩვენ დავტოვეთ ყველაფერი და
   გამოგყევით შენ; რა იქნება ჩვენთვის?

   28. ხოლო იესომ უთხრა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ რომლებიც გამომყევით
   მე, მომავალი შობისას, როცა დაჯდება ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე,
   დასხდებით თქვენც თორმეტ ტახტზე და განსჯით ისრაელის თორმეტ ტომს;

   29. და ყველა, ვინც დატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა,
   ან ცოლი, ან შვილები, ან მამულები ჩემი სახელისათვის, ასწილად მიიღებს და
   საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებს.

   30. ხოლო მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი.


                                თავი 20

   იგავი ვენახის მუშაკებზე და მათ საზღაურზე

   1. რადგან მსგავსია სასუფეველი ცათა კაცისა, სახლის პატრონისა, რომელიც
   გამოვიდა განთიადისას მუშაკების დასაქირავებლად თავის ვენახში.

   2. და შეუთანხმდა მუშაკებს დინარზე დღეში და გაგზავნა ისინი თავის
   ვენახში.

   3. და გავიდა მესამე ჟამნზე (ჟამნი - ერთი საათის ხანგრძლივობის დროის
   მონაკვეთი. დღე, რომელიც გრძელდებოდა დილის 6 საათიდან საღამოს 6
   საათამდე, იყოფოდა 12 ჟამად) და ნახა სხვები, უქმად მდგარნი მოედანზე,

   4. და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში და სამართლიანად მოგცემთ
   თქვენ; ხოლო ისინი წავიდნენ.

   5. შემდეგ გავიდა მეექვსე და მეცხრე ჟამზე და ასევე მოიქცა.

   6. ხოლო მეთერთმეტე ჟამზე გავიდა და იპოვა სხვები, უქმად მდგარნი, და
   უთხრა მათ: რას დგახართ აქ მთელი დღე უქმად?

   7. უთხრეს მას: იმიტომ რომ არავინ დაგვიქირავა ჩვენ. უთხრა მათ: წადით
   თქვენც ჩემს ვენახში, და სამართლიანად მიიღებთ.

   8. და როდესაც მოსაღამოვდა, უთხრა ვენახის პატრონმა თავის მოურავს:
   დაუძახე მუშაკებს და მიეცი მათ საზღაური; დაიწყე უკანასკნელიდან
   პირველამდე.

   9. და მივიდნენ მეთერთმეტე ჟამისანი და მიიღეს თითო დინარი;

   10. მივიდნენ პირველებიც და ეგონათ, რომ მეტს მიიღებდნენ, და მიიღეს მათაც
   თითო დინარი.

   11. და როცა მიიღეს, დრტვინავდნენ სახლის პატრონზე

   12. და ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა ერთი ჟამი იღვაწეს, და გაგვითანაბრე
   ისინი ჩვენ, რომლებმაც ვიტვირთეთ დღის სიმძიმე და სიცხე.

   13. ხოლო მან მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მოყვასო, უსამართლოდ არ გექცევი
   შენ; განა დინარზე არ შემითანხმდი მე?

   14. აიღე შენი და წადი. ხოლო მე მინდა, ამ უკანასკნელსაც მივცე, როგორც
   შენ.

   15. განა არ შეიძლება, როგორც მინდა, ისე მოვექცე ჩემსას? თუ თვალი შენი
   ბოროტია, იმის გამო, რომ მე კეთილი ვარ?

   16. ასე იქნებიან უკანასკნელები პირველები და პირველები - უკანასკნელები,
   რადგან ბევრია მოწოდებული და ცოტა - რჩეული.

იესოს მიერ წინასწარი უწყება თავის სიკვდილზე და
ცათა სასუფეველში უპირატესობის შესახებ
(მკ. 10, 32-45; ლკ. 18, 31-34.)

   17. და როდესაც ადიოდა იესო იერუსალიმში, წაიყვანა თორმეტი მოწაფე
   განმარტოებით და გზაში უთხრა მათ:

   18. აჰა, ავდივართ იერუსალიმში, და ძე კაცისა გადაეცემა მღვდელმთავრებსა
   და მწიგნობრებს, და მიუსჯიან მას სიკვდილს.

   19. და გადასცემენ მას წარმართებს, რათა დასცინონ, გვემონ და ჯვარს აცვან,
   და მესამე დღეს აღდგება.

   20. მაშინ მივიდა მასთან დედა ზებედეს ძეებისა თავის ძეებთან ერთად,
   თაყვანი სცა და ითხოვა რაღაცა მისგან.

   21. ხოლო მან უთხრა მას: რა გინდა? უთხრა მას: თქვი, რომ დაჯდეს ეს ჩემი
   ორი ძე ერთი შენ მარჯვნივ და ერთი შენ მარცხნივ შენს სასუფეველში.

   22. მიუგო იესომ და უთხრა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ, შესვათ
   სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა, ან ნათლისღებით, რომლითაც მე ნათელს
   ვიღებ, ნათელიღოთ? უთხრეს მას: შეგვიძლია.

   23. და უთხრა მათ იესომ: ჩემს სასიმსს შესვამთ და ნათლისღებით, რომლითაც
   მე ნათელვიღებ, ნათელსიღებთ, ხოლო დაჯდომა ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ არ
   არის ჩემი მისაცემი, არამედ - ვისთვისაც გამზადებულია ჩემი მამის მიერ.

   24. და როცა გაიგონა იმ ათმა, განრისხდა ორ ძმაზე.

   25. ხოლო იესომ მოუხმო მათ და უთხრა: იცით, რომ წარმართთა მთავრები
   ხელმწიფობენ მათზე?

   26. ხოლო ასე ნუ იქნება თქვენ შორის, არამედ რომელსაც უნდა თქვენ შორის,
   დიდი იყოს, იყოს თქვენი მსახური;

   27. და რომლასც უნდა თქვენ შორის, იყოს პირველი, იყოს თქვენი მონა;

   28. როგორც ძე კაცისა არ მოვიდა, რომ ემსახურონ, არამედ - ემსახუროს და
   მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად.

ორი ბრმის განკურნება იერიქოში
(მკ. 10, 46-52; ლკ. 18, 35-43.)

   29. და როცა გამოვიდნენ ისინი იერიქოდან, გამოჰყვა მას მრავალი ხალხი.

   30. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას, და როდესაც გაიგონეს, რომ იესო
   მოდიოდა, შეჰღაღადეს და თქვეს: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისაო;

   31. ხოლო ხალხი რისხავდა მათ, რათა გაჩუმებულიყვნენ; მაგრამ ისინი უფრო
   მეტად ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისაო.

   32. და შეჩერდა იესო, მოუხმო მათ და უთხრა: რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ
   თქვენ?

   33. უთხრეს მას: უფალო, რომ აგვეხილოს ჩვენ თვალები.

   34. და შეებრალა იესოს, შეეხო მათს თვალებს, და მაშინვე აეხილათ მათ
   თვალები, და გაჰყვნენ მას.

- .:. -
ზაქეს მოქცევა
(ლკ. 19, 1-10.)
იესო ბეთანიაში, ლაზარეს სახლში და მარიამის მიერ ნელსაცხებლის ცხება
(მთ. 26, 6-13; მკ. 14, 3-9; ინ. 12, 2-11.)
- .:. -


                                თავი 21

იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში
(მკ. 11, 1-11; ლკ. 19, 28-44; ინ. 12, 12-19.)

   1. და როდესაც მიუახლოვნენ იერუსალიმს და მივიდნენ ბეთბაგეში ზეთისხილის
   მთასთან, მაშინ იესომ გაგზავნა ორი მოწაფე

   2. და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც არის თქვენ პირდაპირ, და მაშინვე
   იპოვით დაბმულ ვირს და კვიცს მასთან ერთად; ახსენით და მომიყვანეთ მე.

   3. და თუ ვინმე გეტყვით თქვენ რამეს, უთხარით, რომ მათს უფალს სჭირდება,
   და მაშინვე გამოგზავნის მათ.

   4. ხოლო ეს ყოველივე მოხდა, რათა აღსრულდეს ნათქვამი წინასწარმეტყველის
   მიერ, რომელიც ამბობს:

   5. უთხარით სიონის ასულს: აჰა, მეუფე შენი მოდის შენთან, მშვიდი, და ზის
   ვირზე და კვიცზე, სახედრის ნაშობზე. (ეს. 72,11; ზაქ. 9,9.)

   6. ხოლო მოწაფეები წავიდნენ და გააკეთეს, როგორც უბრძანა მათ იესომ,

   7. მიუყვანეს ვირი და კვიცი, და დააგეს მათზე თავისი სამოსი, და დაჯდა
   მასზე.

   8. და დიდძალი ხალხი უფენდა თავის სამოსს გზაზე, ხოლო სხვები ჭრიდნენ
   რტოებს ხეებიდან და უფენდნენ გზაზე;

   9. ხოლო ხალხი, რომელიც წინ უძღოდა და რომელიც მიჰყვებოდა, ღაღადებდა და
   ამბობდა: ოსანა დავითის ძეს; კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით. ოსანა
   მაღალთა შინა.

   10. და როდესაც შევიდა იგი იერუსალიმში, შეიძრა მთელი ქალაქი და ამბობდა:
   ვინ არის ეს?

   11. ხოლო ხალხი ამბობდა: ეს არის იესო წინასწარმეტყველი, გალილეის
   ნაზარეთიდან.

იესოს მიერ ვაჭრების მეორედ განდევნა ტაძრიდან
(მკ. 11,15-18; ლკ. 20, 45-47.)

   12. და შევიდა იესო ღვთის ტაძარში, და გამოყარა ყველა, ვინც ყიდდა და
   ყიდულობდა ტაძარში; და მეკერმეთა (მეკერმე - მოვაჭრე, ფულის
   გადამხურდავებელი) მაგიდები და მტრედის გამყიდველთა დასასხდომლები დაამხო,

   13. და უთხრა მათ: წერია: ჩემს სახლს სალოცავი სახლი ეწოდოს, ხოლო თქვენ
   იგი გიქცევიათ ავაზაკთა გამოქვაბულად. (ეს. 56, 7; ირ. 7,11.)

   14. და მივიდნენ მასთან ბრმები და კოჭლები ტაძარში, და განკურნა ისინი.

   15. და როცა ნახეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სასაწაულები, რომლებიც
   მოახდინა და ბავშვები, რომლებიც ღაღადებდნენ ტაძარში და ამბობდნენ: ოსანა
   დავითის ძეს, განრისხდნენ

   16. და უთხრეს მას: გესმის, ესენი რას ამბობენ? ხოლო იესომ უთხრა მათ: ჰო,
   არასდროს წაგიკითხავთ, რომ ჩვილთა და მეძუძურ ყრმათა პირით დაამტკიცე
   ქება? (ფს. 8,3.)

   17. და დატოვა ისინი, და გავიდა ქალაქის გარეთ, ბეთანიაში, და დარჩა იქ.

უნაყოფო ლეღვის ხის გახმობა
(მკ. 11, 12-14.)

   18. და განთიადისას, როცა ბრუნდებოდა ქალაქში, მოშივდა;

   19. და დაინახა ერთი ლეღვის ხე გზაზე, მივიდა მასთან, და ვერაფერი იპოვა
   მასზე, არამედ - მარტო ფოთლები, და უთხრა მას: ნუღარ გამოვა შენგან ნაყოფი
   საუკუნოდ; და გახმა უცბად ლეღვის ხე.

   20. და როდესაც ნახეს მოწაფეებმა, გაუკვირდათ და თქვეს: როგორ უცბად გახმა
   ლეღვის ხე.

   21. ხოლო მიუგო იესომ და უთხრა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ
   რწმენა და არ დაეჭვდებით, არა მხოლოდ ლეღვის ხის გახმობას შეძლებთ, არამედ
   ამ მთასაც თუ ეტყვით: აღმოიფხვერი და ჩავარდი ზღვაში, იქნება ასე;

   22. და ყველაფერი, რასაც ითხოვთ ლოცვისას რწმენით, მოგეცემათ.

იესო ქრისტეს მიერ მღვდელმთავართა და უხუცესტა მხილება
(მკ. 11, 27-33; ლკ. 20, 1-8.)

   23. და როცა მოვიდა იგი ტაძარში და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან
   მღვდელმთავრები და ერის უხუცესები, და უთხრეს: რომელი ძალაუფლებით აკეთებ
   ამას, და ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?

   24. მიუგო იესომ და უთხრა მათ: გკითხავთ მეც თქვენ ერთ სიტყვას და თუ
   მეტყვით მე, მეც გეტყვით თქვენ, რომელი ძალაუფლებით ვაკეთებ ამას.

   25. ნათლისცემა იოანესი საიდან იყო, ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი
   ბჭობდნენ თავისთვის და ამბობდნენ: თუ ვიტყვით - ზეციდან, გვეტყვის ჩვენ:
   რატომ არ ირწმუნეთ მისი?

   26. ხოლო, თუ ვიტყვით - კაცთაგან, გვეშინია ხალხისა, რადგან ყველამ აღიარა
   იოანე, როგორც წინასწარმეტყველი.

   27. და მიუგეს იესოს და უთხრეს: არ ვიცით. უთხრა მათ მანაც: არც მე
   გეტყვით თქვენ, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.

იგავი ორ შვილზე

   28. როგორ გგონიათ თქვენ? ერთ კაცს ჰყავდა ორი შვილი; მივიდა პირველთან და
   უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ჩემს ვენახში.

   29. ხოლო მან მიუგო და უთხრა: არ მინდა; ბოლოს კი ინანა და წავიდა.

   30. და მივიდა მეორესთან და უთხრა ასევე; ხოლო მან მიუგო და უთხრა:
   მივდივარ, ბატონო; და არ წავიდა.

   31. ამ ორთაგან რომელმა შეასრულა მამის ნება? უთხრეს მას: პირველმა. უთხრა
   მათ იესომ: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მეზვერეები და მეძავები წინ
   წაგიძღვებიან თქვენ ღვთის სასუფეველში.

   32. რადგან მოვიდა იოანე თქვენთან სიმართლის გზით, და არ ირწმუნეთ მისი;
   მეზვერეებმა და მეძავებმა კი ირწმუნეს მისი. ხოლო თქვენ იხილეთ და არ
   შეინანეთ ბოლოსაც, რომ გერწმუნათ მისი.

იგავი ბოროტ მევენახეებზე
(მკ. 12, 1-12; ლკ. 20, 9-19.)

   33. სხვა იგავი ისმინეთ: ერთი კაცი იყო, სახლის პატრონი, რომელმაც გააშენა
   ვენახი და ღობე შემოავლო მას და ამოთხარა მასსი საწნახელი, ააშენა გოდოლი,
   გადასცა იგი მიწათმოქმედებს და გაემგზავრა.

   34. ხოლო როდესაც მოახლოვდა ჟამი ნაყოფისა, გაგზავნა თავისი მონები
   მიწათმოქმედებთან თავისი ნაყოფის ასაღებად.

   35. და შეიპყრეს მიწათმოქმედებმა მისი მონები; ზოგს სცემეს, ზოგი მოკლეს,
   ხოლო ზოგი ჩაქოლეს.

   36. კვლავ გაგზავნა სხვა მონები, პირველებზე მეტი, და მოექცნენ მათაც
   ასევე.

   37. და ბოლოს გაუგზავნა მათ თავისი ძე და თქვა: მოერიდებათ ჩემი ძისა.

   38. ხოლო მიწათმოქმედებმა, როდესაც დაინახეს ძე, თქვეს თავისთვის: ეს არის
   მემკვიდრე; მოდი, მოვკლათ იგი და დავეუფლოთ მის სამკვიდრებელს.

   39. და შეიპყრეს იგი, გაიყვანეს ვენახის გარეთ და მოკლეს.

   40. როდესაც მივა ვენახის პატრონი, რას უზამს იმ მიწათმოქმედებს?

   41. უთხრეს მას: ბოროტებს ბოროტად ამოწყვეტს და ვენახს გადასცემს სხვა
   მიწათმოქმედებს, რომლებიც მისცემენ მას ნაყოფს თავის დროზე.

   42. უთხრა მათ იესომ: არასდროს წაგიკითხავთ წერილში (წერილი - იგულისხმება
   საღმრთო წერილი, ბიბლია): ლოდი, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, იგი იქცა
   თავკიდურად, უფლის მიერ იყო ეს და საკვირველია ჩვენს თვალში. (ფს. 11,22;
   ეს. 28,16; 8,14.)

   43. ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ თქვენ სასუფეველი ღვთისა და
   მიეცემა მოდგმას, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს (მის ნაყოფს - იგულისხმება
   სასუფევლის ნაყოფი, ანუ უფლისადმი მორჩილება და მასთან ერთობა).

   44. და ვინც დაეცემა ამ ლოდზე, შეიმუსრება; და ვისაც დაეცემა, გასრესს
   მას.

   45. და როცა გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მისი იგავები,
   მიხვდნენ, რომ მათზე თქვა;

   46. და ეძებდნენ მას შესაპყრობად და ეშინოდათ ხალხისა, რადგან
   წინასწარმეტყველად აღიარებდნენ მას.


                                თავი 22

იგავი მეფის ძის ქორწილზე
(ლკ. 14, 16-24)

   1. და მიუგო იესომ, კვლავ იგავებით უთხრა მათ და თქვა:

   2. ემსგავსა სასუფეველი ცათა კაცს, მეფეს, რომელმაც გაუმართა ქორწილი
   თავის ძეს.

   3. და გაგზავნა თავისი მონები, რათა მოეწვიათ ქორწილში წვეულნი, და არ
   ინებეს მოსვლა.

   4. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა: უთხარით წვეულებს: აჰა, სადილი
   ჩემი მზად არის, ზვარაკები ჩემი და ნასუქი საქონელი დაკლულია, და
   ყველაფერი მზად არის; მოდით ქორწილში.

   5. მაგრამ ისინი უგულისხმოდ მოიქცნენ და წავიდნენ: ზოგი საკუთარ ყანაში,
   ზოგი თავის სავაჭროში.

   6. ხოლო დანარჩენებმა შეიპყრეს მისი მონები, აგინეს და დახოცეს.

   7. და როცა გაიგო იმ მეფემ, განრისხდა; გაგზავნა თავისი ჯარი და ამოწყვიტა
   ის მკვლელები და მათი ქალაქი გადაწვა.

   8. მაშინ უთხრა მონებს: ქორწილი მზად არის, ხოლო წვეულები არ იყვნენ
   ღირსნი.

   9. წადით გზათა გასაყარებზე, და რამდენსაც იპოვით, მოიწვიეთ ქორწილში.

   10. და გავიდნენ ის მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, რამდენიც იპოვეს,
   ბოროტი და კეთილი; და გაივსო ქორწილი მეინახეებით.

   11. ხოლო როცა შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად, იხილა იქ კაცი, რომელსაც
   არ ემოსა საქორწილო სამოსი;

   12. და უთხრა მას: მოყვასო,  როგორ შემოხვედი აქ, რადგან არ გაქვს
   საქორწილო სამოსი? ხოლო იგი დუმდა.

   13. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: შეუკარით მაგას ფეხები და ხელები
   და გააგდეთ იგი ბნელ გარესკნელში; იქ ინება ტირილი და კბილთა ღრჭენა.

   14. რადგან მრავალი არის მოწვეული, და ცოტა - რჩეული.

ფარისეველთა მზაკვრული შეკითხვა კეისრისთვის ხარკის მიცემის შესახებ
(მკ. 12, 13-17; ლკ. 20, 20-26)

   15. მაშინ წავიდნენ ფარისევლები და შეთანხმდნენ, როგორ დაეგოთ მახე
   მისთვის სიტყვით.

   16. და მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანელებთან ერთად და უთხრეს:
   მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ღვთის გზას ჭეშმარიტებით ასწავლი,
   და არ პირმოთნეობ შენ არავისთან, რადგან არ უყურებ კაცის სახეს.

   17. ამიტომ გვითხარი ჩვენ: რას ფიქრობ შენ, მართებულია ხარკის მიცემა
   კეისრისათვის თუ არა?

   18. მიხვდა იესო მათს უკეთურებას და თქვა: რად მცდით მე, თვალთმაქცნო?

   19. მაჩვენეთ მე ხარკის მონეტა; ხოლო მათ მიუტანეს მას დინარი.

   20. და უთხრა მათ: ვისია ეს სახე და წარწერა?

   21. უთხრეს მას: კეისრისა. მაშინ უთხრა მათ: მიეცით კეისრისა კეისარს და
   ღვთისა - ღმერთს.

   22. და როცა გაიგონეს, გაუკვირდათ, და დატოვეს იგი და წავიდნენ.

სადუკეველთა შეკითხვა მკვდრეთით აღდგომის შესახებ
(მკ. 12, 18-27; ლკ. 20, 27-38)

   23. იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკევლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ
   არის აღდგომა, და ჰკითხეს მას

   24. და უთხრეს: მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ ვინმე მოკვდება, ვისაც არ
   ეყოლება შვილები, შეირთოს მისმა ძმამ მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის
   ძმას. (2შჯ.25)

   25. იყო ჩვენ შორის შვიდი ძმა; და პირველმა იქორწინა და მოკვდა, და არ
   დარჩა თესლი, და დაუტოვა თავისი ცოლი თავის ძმას;

   26. ასევე მეორემ და მესამემ - მეშვიდემდე.

   27. ხოლო ყველაზე ბოლოს მოკვდა დედაკაციც.

   28. აღდგომისას შვიდთაგან რომლის ცოლი იქნება, რადგან ყველას ჰყავდა იგი?

   29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ცდებით, რადგან არ იცით წერილი, არც ძალა
   ღვთისა.

   30. რადგან აღდგომისას არც ქორწინდებიან და არც თხოვდებიან, არამედ -
   როგორც ღვთის ანგელოზები - ცაში არიან.

   31. ხოლო მკვდართა აღდგომის შესახებ არ წაგიკითხავთ თქვენთვის თქმული
   ღვთის მიერ, რომელიც ამბობს:

   32. მე ვარ ღმერთი აბრაამისა და ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. არ
   არის ღმერთი, ღმერთი მკვდართა, არამედ - ცოცხალთა. (გამ.3,6)

   33. და როცა გაიგონა ხალხმა, განცვიფრდა მისი მოძღვრებით.

ფარისეველთა შეკითხვა უდიდესი მცნების შესახებ
(მკ. 12, 28-34.)

   34. ხოლო როცა ფარისევლებმა გაიგონეს, რომ გააჩუმა სადუკევლები,
   შეიკრიბნენ ერთად,

   35. და ჰკითხა ერთმა მათგანმა, სჯულის მოძღვარმა, ცდიდა მას და ეუბნებოდა:

   36. მოძღვარო, რომელი მცნებაა უდიდესო სჯულში?

   37. ხოლო იესომ უთხრა მას: შეიყვარე უფალი ღმერთი მთელი შენი გულით და
   მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. (2შჯ.6,5)

   38. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.

   39. და მეორე - მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
   (ლევ.19,18)

   40. ამ ორ მცნებაზეა მთელი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული.

იესოს შეკითხვა ქრისტეს ძეობის შესახებ
(მკ. 12, 35-37; ლკ. 20, 41-44.)

   41. ხოლო როდესაც შეიკრიბნენ ფარისევლები, ჰკითხა მათ იესომ

   42. და უთხრა: რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე, ვისი ძე არის? უთხრეს მას:
   დავითისა.

   43. უთხრა მათ: როგორღა უწოდებს დავითი მას სულით უფალს და ამბობს:

   44. უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავცემ შენს
   მტრებს შენს ფეხქვეშ? (ფს.110,1)

   45. თუ დავითი უწოდებს მას უფალს, როგორ არის მისი ძე?

   46. და არავის შეეძლო მისთვის სიტყვის მიგება; ვეღარც გაბედა ვინმემ იმ
   დღიდან რამის კითხვა მისთვის.


                                თავი 23

ფარისეველთა და მწიგნობართა უკანასკნელი მხილება
(მკ. 12, 38-40; ლკ. 20, 45-47.)

   1. მაშინ იესო ეუბნებოდა ხალხს და თავის მოწაფეებს

   2. და უთხრა: მოსეს დასაჯდომელზე დასხდნენ მწიგნობრები და ფარისევლები.

   3. ყოველივე, რასაც გეტყვიან თქვენ, რომ დაიცვათ, დაიცავით და გააკეთეთ,
   მაგრამ მათი საქმეებისამებრ ნუ გააკეთებთ, რადგან ამბობენ და არ აკეთებენ.

   4. რადგან კრავენ ტვირთს მძიმეს და ძნელად სატვირთველს და დებენ კაცთა
   მხრებზე, ხოლო თავად თითითაც არ სურთ დაძვრა მისი.

   5. და თავის ყველა საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახად, რადგან იფართოებენ
   თავის საცავებს და იდიდებენ თავისი სამოსლის ფოჩებს, (საცავები და
   სამოსლის ფოჩები - სჯულით განსაზღვრული სამოსლის ნაწილები, რომლებიც
   ახსენებდნენ ებრაელებს ღვთის მცნებებს, სიტყვას, სასწაულებს. საცავებს
   აქვს კოლოფის ფორმა, ატარებენ შუბლზე და მარცხენა ხელზე)

   6. უყვართ ინახით წინ სხდომა (ინახით სხდომა - მხართეძოზე წამოწოლა. ძველ
   აღმოსავლეთში ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში სადილობდნენ, რადგან
   დაბალი მაგიდები იყო) ნადიმებზე და წინ დასხდომა შესაკრებლებში

   7. და მისალმება მოედნებზე, და რომ უწოდონ ადამიანებმა: რაბი, რაბი! (რაბი
   - ებრ. მოძღვარი, მასწავლებელი)

   8. ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე;
   ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.

   9. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი,
   რომელიც არის ზეცაში.

   10. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი -
   ქრისტე.

   11. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური.

   12. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს,
   ამაღლდება.

   13. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან ჭამთ
   ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად ხანგრძლივად ლოცულობთ; ამის გამო
   მიიღებთ უმეტეს სასჯელს.

   14. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან კეტავთ
   ცათა სასუფეველს კაცთა წინაშე; თქვენ არ შედიხართ და არც შემსვლელებს
   ანებებთ შესვლას.

   15. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან მოივლით
   ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ; და როცა ეს მოხდება,
   აქცევთ მას გეენას ძედ, თქვენს ორჯერ მეტად.

   16. ვაი თქვენ, წინამძღვარნო ბრმანო, რომლებიც ამბობთ: ვინც დაიფიცებს
   ტაძარს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ტაძრის ოქროს, ვალდებულია.

   17. უგუნურებო და ბრმები, რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც
   განსწმენდს ოქროს?

   18. და ამბობთ: ვინც დაიფიცებს საკურთხეველს, არაფერია; ხოლო ვინც
   დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ვალდებულია.

   19. უგუნურებო და ბრმებო, რა უფრო დიდია: ძღვენი თუ საკურთხეველი, რომელიც
   განსწმენდს ძღვენს?

   20. რადგან ვინც დაიფიცებს საკურთხეველს, იფიცებს მას და ყოველივეს, რაც
   მასზეა.

   21. და ვინც დაიფიცებს ტაძარს, იფიცებს მას და ვინც დამკვიდრებულია მასში.

   22. და ვინც დაიფიცებს ცას, იფიცებს ღვთის ტახტს და ვინც ზის მასზე.

   23. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან იხდით
   მეათედს პიტნისასა, ცერეცოსი და ძირასი, და დაგიტოვებიათ უმთავრესი
   სჯულისა: სამართალი, წყალობა და რწმენა. ამის გაკეთება გმართებდათ და იმის
   დატოვება - არა.

   24. წინამძღვარნო ბრმანო, რომლებიც წურავთ კოღოს, ხოლო აქლემს შთანთქავთ.

   25. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან წმენდთ
   გარედან სასმისს და ლანგარს, ხოლო შიგნიდან სავსეა ნაძარცვით და
   უსამართლობით.

   26. ფარისეველო ბრმაო, გაწმინდე პირველად შიგნიდან სასმისი და ლანგარი,
   რომ იყოს იგი გარედანაც წმინდა.

   27. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან მსგავსნი
   ხართ შელესილი საფლავებისა, რომლებიც გარედან ჩანან მშვენიერნი, ხოლო
   შიგნით სავსე არიან მკვდრების ძვლებით და ყოველგვარი უწმინდურებით.

   28. ასევე თქვენც გარედან ჩანხართ კაცთათვის მართალნი, ხოლო შიგნით სავსე
   ხართ თვალთმაქცობით და უსჯულოებით.

   29. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან აშენებთ
   წინასწარმეტყველთა საფლავებს და ამკობთ მართალთა სამარეებს,

   30. და ამბობთ: რომ ვყოფილიყავით ჩვენი მამების დროს, არ ვიქნებოდით მათი
   თანაზიარნი წინასწარმეტყველთა სისხლში;

   31. რითიც ემოწმებით საკუთარ თავს, რომ ძეები ხართ წინასწარმეტყველთა
   მკვლელებისა;

   32. და თქვენც აავსეთ საწყაო თქვენი მამებისა.

   33. გველებო, იქედნეთა ნაშობნო, როგორ გაექცევით გეენას სასჯელს?

   34. ამის გამო, აჰა, მე გიგზავნით თქვენ წინასწარმეტყველებს, ბრძნებს და
   მწიგნობრებს, ზოგ მათგანს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, და ზოგ მათგანს
   გაშოლტავთ თქვენს შესაკრებლებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში;

   35. რათა მოიწიოს თქვენზე ყოველი მართალი სისხლი, დათხეული ქვეყანაზე
   სისხლიდან აბელ მართლისა, ზაქარიას, ბარუქის ძის, სისხლამდე, რომელიც
   მოკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის.

   36. ამინ გეუბნებით თქვენ: მოიწევა ეს ყოველივე ამ მოდგმაზე.

   37. იერუსალიმო, იერუსალიმო, რომელმაც დახოცე წინასწარმეტყველნი და ჩაქოლე
   შენთან მოვლინებულნი; რამდენჯერ მსურდა შეკრება შენი შვილებისა, როგორც
   შემოიკრებს ფრინველი თავის მართვეებს ფრთების ქვეშ, და არ ისურვეთ.

   38. აჰა, გრჩებათ თქვენ თქვენი სახლი ოხრად,

   39. რადგან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ მე ამიერიდან, ვიდრე არ
   იტყვით: კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით. (ფს.118,26)


                                თავი 24

იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება იერუსალიმის ტაძრის დანგრევისა და მეორედ
მოსვლის შესახებ
(მკ. 13, 1-37; ლკ. 21, 5-36.)

   1. და გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; და მივიდნენ მასთან მისი
   მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ მისთვის ტაძრის ნაგებობები.

   2. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: ვერ ხედავთ ყოველივე ამას? ამინ
   გეუბნებით თქვენ: არ დარჩება აქ ქვა ქვაზე, რომელიც არ დაირღვევა.

   3. და როცა დაჯდა იგი ზეთისხილის მთაზე, მივიდნენ მასთან მოწაფეები
   განმარტოებით და უთხრეს: გვითხარი ჩვენ, როდის იქნება ეს, და რა არის
   ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნო დასასრულისა?

   4. მიუგო იესომ და უთხრა მათ: გაფრთხილდით, ვინმემ არ გაცდუნოთ თქვენ;

   5. რადგან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარ ქრისტე, და
   მრავალს აცდუნებენ.

   6. და გაიგებთ ომებზე და ომების ამბებს; იხილეთ და ნუ შეძრწუნდებით,
   რადგან ეს ყოველივე უნდა იყოს, მაგრამ ჯერ არ არის აღსასრული.

   7. რადგან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და
   იქნება შიმშილი, ჭირი და მიწისძვრები ადგილ-ადგილ.

   8. ხოლო ეს ყოველივე ტკივილების დასაწყისია.

   9. მაშინ ჩაგაგდებენ თქვენ გასაჭირში და დაგხოცავენ თქვენ, და იქნებით
   მოძულებულნი ყველა წარმართისაგან ჩემი სახელის გამო.

   10. და მაშინ შეცდება მრავალი და ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ
   ერთმანეთს.

   11. და მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს;

   12. და უსჯულების გამრავლებით განელდება სიყვარული მრავალთა შორის.

   13. ხოლო ვინც მოითმენს ბოლომდე, ის ცხონდება.

   14. და იქადაგება ეს სახარება სასუფევლისა მთელს ქვეყანაზე დასამოწმებლად
   ყველა წარმართისათვის, და მაშინ დადგება აღსასრული.

   15. ამიტომ როდესაც იხილავთ მოოხრების სისაძაგლეს, თქმულს დანიელ
   წინასწარმეტყველის მიერ, - წმინდა ადგილზე მდგომარეს - ვინც წაიკითხავს,
   მიხვდეს. (დან.9,27; 11,31; 12,11.)

   16. მაშინ ჰურიასტანში მყოფნი გაიქცნენ მთაში,

   17. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა რამის ასაღებად თავისი სახლიდან,

   18. და ველზე მყოფი ნუ მობრუნდება უკან თავისი სამოსის ასაღებად.

   19. ხოლო ვაი ორსულებს და ვინც აწოვებს იმ დღეებში.

   20. არამედ ილოცეთ, რომ არ მოხდეს თქვენი გაქცევა ზამთარში, არც შაბათს;

   21. რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნის
   დასაბამიდან აქამდე, და არც იქნება.

   22. და რომ არ შემოკლებულიყო ის დღეები, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი
   ხორციელი; ხოლო რჩეულთათვის შემოკლდება ის დღეები.

   23. მაშინ თუ ვინმე გეტყვით თქვენ: აჰა, აქ არის ქრისტე, ან - იქ, არ
   ირწმუნოთ;

   24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ
   დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რომ აცდუნონ, თუ შეძლებენ, რჩეულებიც.

   25. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.

   26. თუ გეტყვიან თქვენ: აჰა, უდაბნოშია, არ გახვიდეთ; აჰა, საიდუმლო
   ოთახებშია, არ ირწმუნოთ.

   27. რადგან როგორც ელვა გამოჩნდება აღმოსავლეთიდან და ანათებს
   დასავლეთამდე, ასე იქნება მოსვლად ძისა კაცისა.

   28. რადგან სადაც იქნება მძორი, იქ შეიკრიბებიან ორბები.

   29. და მაშინვე, იმ დღეების გაჭირვების შემდეგ, მზე დაბნელდება, და მთვარე
   არ გამოსცემს თავის ნათელს, და ვარსკვლავები ჩამოცვივდება ზეციდან, და
   ცათა ძალები შეიძვრება.

   30. და მაშინ გამოჩნდება ნიშანი ძისა კაცისა ცაზე, და მაშინ მოჰყვებიან
   გოდებას ყოველი ტომი ქვეყნისა და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ცის
   ღრუბლებზე მრავალი ძალითა და დიდებით.

   31. და წარგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით, და შეკრებენ მის
   რჩეულებს ოთხ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე.

   32. ხოლო ლეღვის ხის მაგალითით ისწავლეთ: როცა უკვე მისი რტო დარბილდება
   და ფოთლები გამოვა, იცოდეთ, რომ ახლოს არის ზაფხული.

   33. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ ახლოს არის,
   კარებთან.

   34. ამინ გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ეს ყოველივე არ
   იქნება.

   35. ცა და ქვეყანა გადავა, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავა.

   36. ხოლო იმ დღისა და დროის შესახებ არავინ იცის, არც ცათა ანაგელოზებმა,
   არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.

   37. როგორც ნოეს დღეები, ისე იქნება მოსვლაც ძისა კაცისა.

   38. რადგან როგორც იყვნენ წარღვნის წინა დღეებში: ჭამდნენ და სვამდნენ,
   ქორწინდებოდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე შევიდა ნოე კიდობანში,

   39. და ვერ მიხვდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყოველივე. ასევე
   იქნება მოსვლა ძისა კაცისა.

   40. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთს წაიყვენენ და ერთი დარჩება;

   41. ორნი დაფქვავენ წისქვილში: ერთს წაიყვანენ და ერთი დარჩება.

   42. ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი
   უფალი.

   43. ხოლო ეს იცოდეთ: რომ სცოდნოდა სახლის პატრონს, რომელ სახმილავზე
   მოვიდოდა ქურდი, იფხიზლებდა და არ დაუშვებდა თავისი სახლის მოთხრას.

   44. ამიტომ თქვენც იყავით მზად, რადგან რა დროსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა
   ძე კაცისა.

   45. ვინ არის სარწმუნო მონა და გონიერი, რომელიც დაუდგინა ბატონმა თავის
   სახლეულს, რომ მიეცა მათთვის საზრდო დროულად?

   46. ნეტარია ის მონა, რომელთანაც მოვა მისი ბატონი და იპოვის მას ამგვარად
   მოქმედს.

   47. ამინ გეუბნებით თქვენ, რომ მთელს თავის ქონებაზე დაადგენს მას.

   48. ხოლო თუ იტყვის ის უკეთური მონა თავის გულში: აყოვნებს ჩემი ბატონი
   მოსვლას,

   49. და დაიწყებს ცემას თავისი მსგავსი მონებისა, და ჭამასა და სმას
   ლოთებთან ერთად,

   50. მოვა ბატონი იმ მონისა იმ დღეს, რომელსაც არ ელის და დროს, რომელიც არ
   იცის,

   51. და ორად გაკვეთს მას და მის ნაწილს თვალთმაქცებთან დადებს; იქ იქნება
   ტირილი და კბილთა ღრჭენა.


                                თავი 25

იგავი ათ ქალწულზე

   1. მაშინ ემსგავსება სასუფეველი ცათა ათ ქალწულს,
   რომლებმაც აიღეს თავისი ლამპრები და გავიდნენ სიძის მისაგებებლად.

   2. ხოლო ხუთი მათგანი იყო სულელი და ხუთი - გონიერი.

   3. სულელებმა აიღეს თავისი ლამპრები და არ წაიღეს თან ზეთი;

   4. ხოლო გონიერებმა თან წაიღეს ზეთი ჭურჭლებით თავის ლამპრებთან ერთად.

   5. და რადგან იგვიანებდა სიძე, მიერულა ყველას და დაიძინეს.

   6. და შუაღამისას ძახილი იყო: აჰა, სიძე მოდის, გამოდით მის მისაგებებლად.

   7. მაშინ ადგა ყველა ის ქალწული და მოამზადა თავისი ლამპრები.

   8. ხოლო სულელებმა გონიერებს უთხრეს: მოგვეცით ჩვენ თქვენი ზეთიდან,
   რადგან ჩვენი ლამპრები ქრება.

   9. მიუგეს გონიერებმა და თქვეს: ვაითუ არ გვეყოს ჩვენც და თქვენც;
   უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.

   10. და როდესაც წავიდნენ ისინი საყიდლად, მოვიდა სიძე და ვინც მზად იყო,
   შევიდა მასთან ერთად ქორწილში, და დაიხშო კარი.

   11. ბოლოს მოვიდნენ სხვა ქალწულებიც და ამბობდნენ: უფალო, უფალო, გაგვიღე
   ჩვენ.

   12. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ამინ გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ თქვენ.

   13. ასე რომ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც ჟამი, როცა ძე კაცისა
   მოვა.

იგავი მოცემულ ტალანტებზე
(ტალანტი - ძველ ქართულ თარგმანში არის ქანქარი).

   14. რადგან როგორც კაცი, რომელმაც წასვლისას მოუხმო თავის მონებს და მისცა
   მათ თავისი ქონება:

   15. და რომელიღაცას მისცა ხუთი ტალანტი, რომელიღაცას - ორი, ხოლო
   რომელიღაცას - ერთი, თითოეულს თავისი ძალის მიხედვით, და მაშინვე წავიდა.

   16. ხოლო წავიდა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, ასარგებლა იგი და შეჰმატა სხვა
   ხუთი ტალანტი;

   17. ასევე, ვინც ორი მიიღო, შეჰმატა სხვა ორიც.

   18. ხოლო ვინც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის
   ვერცხლი.

   19. დიდი ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და პასუხი მოსთხოვა მათ.

   20. და წარუდგა, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, და მიართვა სხვა ხუთი ტალანტი
   და თქვა: ბატონო, ხუთი ტალანტი მომეცი მე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი შევმატე
   მას.

   21. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე
   სარწმუნო იყავი, და მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში.

   22. მოვიდა ისიც, ვინც ორი ტალანტი მიიღო, და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი
   მომეცი მე, აჰა, სხვა ორი ტალანტი შევმატე მას.

   23. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავ კეთილო და სარწმუნო, მცირედზე
   სარწმუნო იყავი, და მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში.

   24. მოვიდა ისიც, ვინც ერთი ტალანტი მიიღო, და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ
   სასტიკი კაცი ხარ შენ: იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრებ, სადაც არ
   დაგიბნევია;

   25. და შემეშინდა, წავედი და დავფალი შენი ტალანტი მიწაში; აჰა, შენი
   შენთან არის.

   26. მიუგო მისმა ბატონმა და უთხრა მას: ბოროტო მონავ და ზარმაცო, იცოდი,
   რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია.

   27. ამიტომ უნდა მიგეცა შენ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის, და როცა მოვიდოდი,
   ავიღებდი ჩემსას მონაგებითურთ.

   28. ამიტომ წაართვით მაგას ეგ ტალანტი და მიეცით, ვისაც აქვს ათი ტალანტი.

   29. რადგან ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება; ხოლო ვისაც არა
   აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას.

   30. და ეგ ურგები მონა გააგდეთ ბნელ გარესკნელში; იქ იქნება ტირილი და
   კბილთა ღრჭენა.

საყოველთაო აღდგომისა და სამსჯავროს შესახებ

   31. ხოლო როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა მისი ანგელოზი
   მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.

   32. და შეიკრიბება მის წინაშე ყოველი მოდგმა, და გამოარჩევს მათ
   ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი არჩევს ცხვრებს თიკნებისგან.

   33. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თიკნებს - მარცხნივ.

   34. მაშინ ეტყვის მეუფე, ვინც მის მარჯვნივ არის: მოდით, კურთხეულნო
   მამისა ჩემისა, დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული, ქვეყნის
   დასაბამიდან.

   35. რადგან მშიოდა და მომეცით მე საჭმელი; მწყუროდა და მასვით მე; უცხო
   ვიყავი და შემიწყნარეთ მე;

   36. შიშველი ვიყავი და შემმოსეთ მე; უძლური ვიყავი და მომხედეთ მე;
   საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან.

   37. მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: უფალო, როდის გნახეთ შენ
   მშიერი და გაჭამეთ, ან მწყურვალი და გასვით?

   38. როდის გნახეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ, ან შიშველი და შეგმოსეთ?

   39. როდის გნახეთ შენ უძლური ან საპყრობილეში, და მოვედით შენთან?

   40. და მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ამინ გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ
   ერთს, ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.

   41. მაშინ ეტყვის მათაც, ვინც მარცხნივ არის: წადით ჩემგან, წყეულნო,
   საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის.

   42. რადგან მშიოდა და არ მომეცით მე საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით მე;

   43. უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ მე; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ მე;
   უძლური ვიყავი და საპყრობილეში, და არ მომხედეთ მე.

   44. მაშინ მიუგებენ ისინიც და ეტყვიან: უფალო, როდის გნახეთ შენ მშიერი,
   ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან უძლური, ან საპყრობილეში, და არ
   გემსახურეთ შენ?

   45. მაშინ მიუგებს მათ და  ეტყვის: ამინ გეუბნებით თქვენ: რაც არ გაუკეთეთ
   ერთ ამ მცირეთაგანს, მე არ გამიკეთეთ.

   46. და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართლები - საუკუნო
   ცხოვრებაში.


                                თავი 26

   1. და იყო, როცა დაასრულა იესომ ყველა ეს სიტყვა, უთხრა თავის მოწაფეებს:

   2. იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი იქნება, და ძე კაცისა გადაეცემა
   ჯვარზე საცმელად?

   3. მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები და ერის უხუცესები
   მღვდელმთავარის ეზოში, რომელსაც ერქვა კაიაფა,

   4. და განიზრახეს, რომ იესო მზაკვრობით შეეპყრათ და მოეკლათ.

   5. და ამბობდნენ: დღესასწაულზე არა, რომ შფოთი არ იყოს ერში.

იესოსთვის ნელსაცხებლის ცხება ბეთანიაში
(მკ. 14, 3-9; ინ. 12, 3-8.)

   6. ხოლო როდესაც იესო იყო ბეთანიაში, სიმონ კეთროვნის სახლში,

   7. მივიდა მასთან დედაკაცი, რომელსაც ჰქონდა ალაბასტრი (ალაბასტრი -
   ჭურჭელი ნელსაცხებლისათვის) ძვირფასი ნელსაცხებლით, და თავზე დაასხა მას,
   ინახით მჯდომს.

   8. და როცა დაინახეს მოწაფეებმა, განრისხდნენ და თქვეს: რისთვის იყო ეს
   ხარჯი?

   9. რადგან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა ძვირად და მიცემა
   გლახაკებისთვის.

   10. ხოლო იესომ გულისხმაყო და უთხრა მათ: რატომ აწუხებთ ამ დედაკაცს? მან
   კეთილი საქმე გააკეთა ჩემთვის.

   11. რადგან გლახაკები ყოველთვის თქვენთან არიან, ხოლო მე არა ვარ
   ყოველთვის თქვენთან.

   12. რადგან ეს ნელსაცხებელი რომ დაასხა მან ჩემს სხეულს, ჩემს დასამარხად
   გააკეთა.

   13. ამინ გეუბნებით თქვენ: სადაც იქადაგება ეს სახარება მთელს ქვეყანაზე,
   ითქმება, რაც გააკეთა მან თავის მოსახსენებლად.

იუდას გარიგება მღვდელმთავრებთან
(მკ. 14, 10-11; ლკ. 22, 3-6)

   14. მაშინ წავიდა ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა იუდა ისკარიოტელი,
   მღვდელმთავრებთან და უთხრა:

   15. რის მოცემას ინებებთ ჩემთვის, თუ მე თქვენ გადმოგცემთ მას? ხოლო მათ
   დაუდგინეს მას ოცდაათი ვერცხლი.

   16. და ამიერიდან ეძებდა ხელსაყრელ დროს, რომ გადაეცა იგი მათთვის.

საიდუმლო სერობა
(მკ. 14, 12-21; ლკ. 22, 7-16.)

   17. ხოლო უფუარობის პირველ დღეს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და უთხრეს
   მას: სად გინდა, რომ მოგიმზადოთ შენ საჭმელად პასექი?

   18. ხოლო მან უთხრა: წადით ქალაქში, ამა და ამ კაცთან და უთხარით მას:
   მოძღვარი ამბობს: ჟამი ჩემი ახლოს არის, შენთან აღვასრულებ პასექს ჩემს
   მოწაფეებთან ერთად.

   19. და გააკეთეს მოწაფეებმა, როგორც უბრძანა მათ იესომ, და მოამზადეს
   პასექი.

   20. და როცა მოსაღამოვდა, ინახით იჯდა თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად.

   21. და როდესაც ჭამდნენ ისინი, უთხრა: ამინ გეუბნებით თქვენ: ერთი
   თქვენგანი გამცემს მე.

   22. ხოლო ისინი ძლიერ შეწუხდნენ. და ამბობდა თითოეული მათგანი: ნუთუ მე
   ვარ, უფალო?

   23. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ვინც ჩაყოფს ჩემთან ერთად ხელს ჯამში, ის
   გამცემს მე.

   24. ძე კაცისა კი მიდის, როგორც წერია მის შესახებ, ხოლო ვაი იმ კაცს, ვის
   მიერაც ძე კაცისა გაიცემა. უმჯობესი იყო მისთვის, რომ არ შობილიყო ის
   კაცი.

   25. მიუგო იუდამ, რომელმაც გასცა იგი, და უთხრა: ნუთუ მე ვარ, რაბი? უთხრა
   მას იესომ: შენ თქვი.

პურისა და ღვინის კურთხევა სისხლად და ხორცად - ზიარების საიდუმლოს დადგენა
(მკ. 14, 22-25; ლკ. 22, 17-20.)

   26. და როდესაც ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური და აკურთხა, გატეხა და
   მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი.

   27. და აიღო სასმისი და მადლობდა, მისცა მათ და თქვა: სვით ამისგან
   ყველამ,

   28. რადგან ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული
   მისატევებლად ცოდვათა.

   29. ხოლო გეუბნებით თქვენ, რომ აღარ შევსვამ ამიერიდან ვენახის ამ
   ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა შევსვამ თქვენთან ერთად ახალს ჩემი მამის
   სასუფეველში.

- .:. -
საუბარი საიდუმლო სერობაზე
(ლკ.22, 21-30; 35-38; ინ. 13, 31-17, 26.)
- .:. -

   30. და იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.

წინასწარი უწყება პეტრეს მიერ იესოს უარყოფის შესახებ
(მკ. 14, 26-31; ლკ. 22, 31-34.)

   31. მაშინ უთხრა მათ იესომ: თქვენ ყველანი დაბრკოლდებით ჩემ მიმართ ამ
   ღამეს, რადგან წერია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან სამწყსოს ცხვრები.
   (ზაქ.13,7.)

   32. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით თქვენ გალილეისკენ.

   33. მიუგო პეტრემ და უთხრა მას: თუნდაც ყველა დაბრკოლდეს შენ მიმართ, მე
   არასდროს დავბრკოლდები.

   34. უთხრა მას იესომ: ამინ გეუბნები შენ, რომ ამ ღამეს, მამლის ყივილამდე,
   სამგზის უარმყოფ მე.

   35. უთხრა მას პეტრემ: თუნდაც მომიწიოს მე შენთან ერთად სიკვდილი, არ
   უარგყოფ შენ. და ამგვარად ამბობდა ყველა მოწაფე.

იესოს ლოცვა გეთსიმანიაში
(მკ. 14, 32-42; ლკ. 22, 39-46.)

   36. მაშინ მივიდა მათთან ერთად იესო ადგილზე, რომელსაც ეწოდება
   გეთსიმანია, და უთხრა მოწაფეებს: დასხედით მანდ, ვიდრე მივალ და ვილოცებ
   იქ.

   37. და წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორი ძე და დაიწყო წუხილი და ურვა.

   38. მაშინ უთხრა მათ იესომ: შეწუხებულია ჩემი სული სიკვდილამდე. გაჩერდით
   აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად.

   39. და წავიდა ცოტა წინ და დავარდა პირქვე, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო
   ჩემო, თუ შესაძლებელია, ამერიდოს მე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე
   მსურს, არამედ როგორც შენ.

   40. და მივიდა მოწაფეებთან და ნახა ისინი მძინარე, და უთხრა პეტრეს: ეს
   ვერ შეძელით, ერთხანს გეფხიზლათ ჩემთან ერთად?

   41. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში; სული მხნეა, ხოლო
   ხორცი - უძლური.

   42. კვლავ წავიდა მეორედ, ილოცა და ამბობდა: მამაო ჩემო, თუ არ არის
   შესაძლებელი, ამერიდოს მე ეს სასმისი, რათა არ შევსვა იგი, იყოს ნება
   შენი.

   43. და მივიდა და ნახა ისინი კვლავ მძინარე, რადგან მათი თვალები
   დამძიმებული იყო.

   44. და დატოვა ისინი, კვლავ წავიდა, ილოცა მესამედ და იგივე სიტყვა თქვა.

   45. მაშინ მივიდა თავის მოწაფეებთან და უთხრა მათ: დაიძინეთ ცოტა კიდევ და
   დაისვენეთ: აჰა, მოახლოვდა ჟამი, და ძე კაცისა გადაეცემა ცოდვილთა ხელში.

   46. ადექით, წავიდეთ; აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.

იესოს გაცემა და შეპყრობა
(მკ. 14, 43-52; ლკ, 22, 47-53; ინ. 18, 3-12.)

   47. და ვიდრე იგი ამას ამბობდა, აჰა, იუდა, ერთი თორმეტთაგანი, მივიდა და
   მასთან ერთად მრავალი ხალხი მახვილებითა და კეტებით, მღვდელმთავრებისა და
   ერის უხუცესებისგან;

   48. ხოლო მისმა გამცემმა მისცა მათ ნიშანი და უთხრა: ვისაც მე ვეამბორები,
   ის არის, შეიპყარით იგი.

   49. და მაშინვე მივიდა იესოსთან და უთხრა: გიხაროდეს, რაბი, და ეამბორა
   მას.

   50. ხოლო იესომ უთხრა მას: მოყვასო, რისთვის მოხვედი? მაშინ მივიდნენ და
   დაადეს ხელი იესოს და შეიპყრეს იგი.

   51. და აჰა, ერთმა იესოსთან მყოფმა აღმართა ხელი, იშიშვლა თავისი მახვილი,
   და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მოჰკვეთა მას ყური.

   52. მაშინ უთხრა მას იესომ: დააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან
   ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილით მოკვდება.

   53. თუ გგონია, რომ არ შემიძლია, შევევედრო ჩემს მამას, და წარმომიდგინოს
   მე აქ ახლა ანგელოზთა თორმეტ გუნდზე უმრავლესი?

   54. და როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს?

   55. იმ დროს უთხრა იესომ ხალხს: როგორც ავაზაკზე, გამოხვედით მახვილითა და
   კეტებით ჩემს შესაპყრობად; ყოველდღე თქვენთან ვიჯექი და გასწავლიდით
   ტაძარში, და არ შემიპყარით მე.

   56. ხოლო ეს ყოველივე მოხდა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა.
   მაშინ ყველა მოწაფემ დატოვა იგი და გაიქცა.

იესო სინედრიონის სამსჯავროზე
(მკ. 14, 53-65; ლკ. 22, 54; ინ. 18, 13-15; 19-24.)

   57. ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს კაიაფა მღვდელმთავართან, სადაც
   მწიგნობრები და უხუცესები შეკრებილიყვნენ.

   58. ხოლო პეტრე მიჰყვებოდა მას მოშორებით, მღვდელმთავრის ეზომდე, და
   შევიდა შიგნით და დაჯდა მსახურებთან, რომ ენახა დასასრული.

   59. ხოლო მღვდელმთავრები და უხუცესები და მთელი საკრებულო ეძებდნენ
   ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი,

   60. და ვერ პოულობდნენ. და მრავალი ცრუმოწმე იყო მოსული, მაგრამ ვერ
   იპოვეს, და ბოლოს მოვიდნენ ორნი

   61. და თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია დავანგრიო ღვთის ტაძარი და სამ დღეში
   ავაშენო იგი.

   62. და ადგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: არაფერს მიუგებ, რასაც ესენი შენ
   წინააღმდეგ მოწმობენ?

   63. ხოლო იესო დუმდა. მღვდელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ შენ ცოცხალ
   ღმერთს, რომ გვითხრა ჩვენ, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღვთისა?

   64. უთხრა მას იესომ: შენ თქვი. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ამიერიდან
   იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ცის
   ღრუბლებზე.

   65. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია თავისი სამოსი და თქვა: დაგმო, რაღად
   გვინდა მოწმეები? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა მისგან.

   66. თქვენ რას ფიქრობთ? ხოლო მათ მიუგეს და თქვეს: ღირსია სიკვდილისა.

   67. მაშინ აფურთხებდნენ მას სახეში და მუშტებს ურტყამდნენ, და ზოგი
   ყვრიმალში სცემდა

   68. და ეუბნებოდა: გვიწინასწარმეტყველე ჩვენ, ქრისტე, ვინ არის, ვინც
   დაგარტყა შენ?

პეტრეს მიერ იესოს უარყოფა
(მკ. 14, 66-72; ლკ. 22, 55-62; ინ. 18-16-18; 25-27.)

   69. ხოლო პეტრე იჯდა გარეთ, ეზოში. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა:
   შენც იყავი იესო გალილეველთან.

   70. ხოლო მან უარყო ყველას წინაშე და თქვა: არ ვიცი, რას ამბობ.

   71. და როდესაც გამოდიოდა იგი კარიბჭეში, დაინახა იგი სხვამ და უთხრა იქ
   მყოფთ: ესეც იყო იესო ნაზარეველთან.

   72. და ისევ უარყო ფიცით და თქვა: არ ვიცნობ იმ კაცს.

   73. ხოლო ცოტა ხნის შემდეგ მივიდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს:
   ჭეშმარიტად შენც მათგანი ხარ, რადგან შენი ლაპარაკიც გამჟღავნებს შენ.

   74. მაშინ დაიწყო შეჩვენება და ფიცი: არ ვიცნობ იმ კაცს; და მყისვე
   მამალმა იყივლა.

   75. და გაახსენდა პეტრეს იესოს სიტყვა, რომელიც უთხრა მას, რომ მამლის
   ყივილამდე სამგზის უარმყოფ მე. და გამოვიდა გარეთ და ტიროდა მწარედ.


                                თავი 27

   1. და როდესაც გათენდა, ბჭობა გამართა ყველა მღვდელმთავარმა და ერის
   უხუცესმა იესოს წინააღმდეგ, რომ მოეკლათ იგი.

   2. და შეკრეს იგი, წაიყვანეს და გადასცეს პონტოელ პილატეს, მმართველს.

იუდას აღსასრული (საქ. 1, 16-20.)

   3. მაშინ, როდესაც ნახა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, ინანა
   და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესებს

   4. და თქვა: შევცოდე, რადგან გავეცი უდანაშაულო სისხლი. ხოლო მათ უთხრეს:
   ჩვენ რა? შენ ნახე.

   5. და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გაშორდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.

   6. ხოლო მღვდელმთავრებმა აიღეს ვერცხლი და თქვეს: არ შეიძლება ამის დადება
   საგანძურში, რადგან სისხლის საფასურია.

   7. და ბჭობა გამართეს და იყიდეს იმით მექოთნის მიწა უცხოთა დასამარხად.

   8. ამიტომ ეწოდა იმ მიწას სისხლის მიწა დღევანდელ დღემდე.

   9. მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც
   ამბობს: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, ფასი შეფასებულისა, რომელიც შეფასდა
   ისრაელის ძეების მიერ.

   10. და მისცეს იგი მექოთნის მიწაში, როგორც მიბრძანა მე უფალმა. (იერ.
   18,2; 32,7-9; ზაქ. 11,13.)

იესო პილატეს სამსჯავროზე
(მკ. 15, 2-15; ლკ. 23, 2-25; ინ. 18, 29-19, 16.)

   11. ხოლო იესო დადგა მმართველის წინ; და ჰკითხა მას მმართველმა და უთხრა:
   შენ ხარ მეუფე ჰურიათა? ხოლო იესომ უთხრა მას: შენ ამბობ.

   12. და როდესაც ბრალს სდებდნენ მას მღვდელმთავრები და უხუცესები, არაფერი
   მიუგო.

   13. მაშინ უთხრა მას პილატემ: არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენ
   წინააღმდეგ?

   14. და არ უპასუხა მას არცერთ სიტყვაზე, ისე რომ ძლიერ უკვირდა მმართველს.

- .:. -
საუბარი საიდუმლო სერობაზე
(ლკ.22, 21-30; 35-38; ინ. 13, 31-17, 26.)
- .:. -

   15. ხოლო დღესასწაულზე ჩვეულება ჰქონდა მმართველს: ათავისუფლებდა
   ხალხისთვის ერთ პატიმარს, რომელსაც ისურვებდნენ.

   16. და ჰყავდათ მაშინ ერთი ცნობილი პატიმარი, რომელსაც ერქვა ბარაბა.

   17. და როდესაც შეკრებილები იყვნენ ისინი, უთხრა მათ პილატემ: ვინ გინდათ,
   რომ გაგითავისუფლოთ თქვენ: ბარაბა თუ იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე?

   18. რადგან იცოდა, რომ შურის გამო გასცეს იგი.

   19. და როდესაც დაჯდა იგი მსაჯულის ტახტზე, გაგზავნა მასთან მისმა ცოლმა
   და უთხრა: ნურაფერი იქნება შენსა და მაგ მართალს შორის, რადგან ბევრი
   ვიტანჯე დღეს სიზმარში მის გამო.

   20. ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რათა
   გამოეთხოვათ ბარაბა, ხოლო იესო დაეღუპათ.

   21. მიუგო მმართველმა და უთხრა მათ: ვინ გინდათ ამ ორთაგან, რომ
   გაგითავისუფლოთ თქვენ? ხოლო მათ უთხრეს: ბარაბა.

   22. უთხრა მათ პილატემ: და რა ვუყო იესოს, რომელსაც ჰქვია ქრისტე? უთხრა
   მას ყველამ: ჯვარს ეცვას!

   23. ხოლო მმართველმა უთხრა მათ: და რა ბოროტება ჩაიდინა? ხოლო ისინი უფრო
   მეტად ყვიროდნენ და ამბობდნენ: ჯვარს ეცვას!

   24. როდესაც ნახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა, არამედ უფრო მატულობდა
   შფოთი, აიღო წყალი, და დაიბანა ხელები ხალხის წინაშე და თქვა: უდანაშაულო
   ვარ ამ მართლის სისხლისაგან, თქვენ ნახეთ.

   25. და მიუგო მთელმა ერმა და უთხრა: სისხლი მაგისი ჩვენზე და ჩვენს
   შვილებზე.

   26. მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესოს შოლტით სცემა და გადასცა,
   რათა ჯვარცმულიყო.

იესო ქრისტეს დამცირება პრეტორიუმში
(მკ. 15, 16-20)

   27. მაშინ მმართველის ჯარისკაცებმა წაიყვანეს იესო პრეტორიუმში და
   შეკრიბეს მის წინააღმდეგ მთელი მხედრობა;

   28. და გახადეს მას და შემოსეს მეწამული ქლამიდი (ებრ. სამეფო
   წამოსასხმელი, ფილონის მსგავსი, უსახელო),

   29. და დაწნეს გვირგვინი ეკლისგან და დაადგეს მას თავზე და ლერწამი მისცეს
   მარჯვენა ხელში, და მუხლი მოიყარეს მის წინაშე, დასცინოდნენ მას და
   ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეუფე ჰურიათა.

   30. და აფურთხებდნენ მას და აიღეს ლერწამი და ურტყამდნენ მას თავში.

   31. და როდესაც შეურაცხყვეს იგი, გახადეს მას ქლამიდი და შემოსეს თავისივე
   სამოსით, და წაიყვანეს იგი, რათა ჯვარს ეცვათ.

სვლა გოლგოთისკენ და ჯვარცმა
(მკ. 15, 21-33; ლკ. 23, 26-44; ინ. 19, 17-27.)

   32. ხოლო როცა გამოვიდნენ, ნახეს კაცი კვირინელი, სახელად სიმონი; იგი
   აიძულეს, რომ აეღო მისი ჯვარი.

   33. და მივიდნენ ადგილზე, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რომელიც თხემის ადგილს
   ნიშნავს.

   34. მისცეს მას სასმელად ძმარი, ნაღვლით შეზავებული; და როცა იგემა, არ
   ისურვა დალევა.

   35. ხოლო ჯვარს აცვეს იგი და გაიყვეს მისი სამოსი და იყარეს წილი, რათა
   აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: გაიყვეს სამოსი
   ჩემი ერთმანეთში, და ჩემს კვართზე იყარეს წილი. (ფს. 21,18.)

   36. და ისხდნენ და დარაჯობდნენ მას იქ.

   37. და დადეს მის თავს ზემოთ მისი ბრალდება დაწერილი: ეს არის იესო, მეუფე
   ჰურიათა.

   38. მაშინ ჯვარს აცვეს მასთან ერთად ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და ერთი
   მარცხნივ.

   39. ხოლო გამვლელები გმობდნენ მას, აქნევდნენ თავებს

   40. და ამბობდნენ: რომელიც ანგრევ ტაძარს და სამ დღეში აშენებ, იხსენი
   შენი თავი; თუ ძე ხარ ღვთისა, გადმოდი ჯვრიდან.

   41. ასევე მღვდელმთავრებიც დასცინოდნენ მწიგნობრებთან და უხუცესებთან და
   ფარისევლებთან ერთად და ამბობდნენ:

   42. სხვები იხსნა, თავისი თავის ხსნა კი არ ძალუძს; თუ მეუფეა ისრაელისა,
   გადმოვიდეს ახლა ჯვრიდან და ვირწმუნებთ მას.

   43. თუ ღმერთს იყო მინდობილი, იხსნას ახლა იგი, თუ სურს იგი, რადგან თქვა,
   რომ: ღვთის ძე ვარ.

   44. ასევე ავაზაკებიც, მასთან ერთად ჯვარცმულნი, კიცხავდნენ მას.

   45. ხოლო მეექვსე ჟამიდან დაბნელდა მთელს ქვეყანაზე მეცხრე ჟამამდე.

იესოს ბოლო სიტყვები ჯვარზე და სიკვდილი
(მკ. 15, 34-41; ლკ. 24, 45-49; ინ. 19, 28-37.)

   46. და დაახლოებით მეცხრე ჟამზე შეჰღაღადა იესომ დიდი ხმით და თქვა: ელი,
   ელი, ლამა საბაქთანი? ეს არის: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად დამტოვე მე?
   (ფს. 21,1.)

   47. და ზოგიერთმა იქ მდგომმა გაიგონა და ამბობდა: ელიას უხმობს ეს.

   48. და მაშინვე გაიქცა ერთი მათგანი და აიღო ღრუბელი, აავსო ძმრით და
   დააგო ლერწამზე და ასმევდა მას.

   49. ხოლო დანარჩენები ამბობდნენ: აცალეთ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის
   სახსნელად.

   50. ხოლო იესომ კვლავ შეჰღაღადა დიდი ხმით და განუტევა სული.

   51. და აჰა, კრეტსაბმელი ტაძრისა გაიპო ორად, ზემოდან ქვემოთ, და მიწა
   შეიძრა და კლდეები დასკდა,

   52. და საფლავები გაიხსნა და მრავალი სხეული განსვენებულ წმინდანთა აღდგა.

   53. და გამოვიდნენ საფლავებიდან მისი აღდგომის შემდეგ, შევიდნენ წმინდა
   ქალაქში და გამოეცხადნენ მრავალთ.

   54. ხოლო ასისთავი და ვინც მასთან ერთად დარაჯობდნენ იესოს, როცა ნახეს
   მიწისძვრა და რაც მოხდა, შეშინდნენ ძლიერ და თქვეს: ჭეშმარიტად ღვთის ძე
   იყო ეს.

   55. ხოლო იყო იქ მრავალი დედაკაცი, რომლებიც შორიდან უყურებდნენ და
   რომლებიც გაჰყვნენ იესოს გალილეიდან და ემსახურებოდნენ მას;

   56. რომელთა შორის იყვნენ: მარიამ მაგდალინელი და მარიამი, იაკობისა და
   იოსეს დედა, და დედა ზებედეს ძეთა.

იესოს დაკრძალვა
(მკ. 15, 42-47; ლკ. 23, 50-56; ინ. 19, 38-42.)

   57. ხოლო როდესაც მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად
   იოსები, რომელიც თვითონაც დამოწაფებოდა იესოს.

   58. ის მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს სხეული. მაშინ პილატემ
   უბრძანა, მიეცათ.

   59. და აიღო სხეული იოსებმა და გაახვია იგი წმინდა სუდარაში,

   60. და დადო იგი თავის ახალ საფლავში, რომელიც გამოეკვეთა კლდეში; და
   მიაგორა დიდი ლოდი საფლავის კართან და წავიდა.

   61. ხოლო იყო იქ მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამი, რომლებიც ისხდნენ
   საფლავის წინ.

იესოს საფლავის დაცვა

   62. ხოლო მომდევნო დღეს, რომელიც არის პარასკევის შემდეგ, შეიკრიბნენ
   მღვდელმთავრები და ფარისევლები პილატესთან

   63. და ეუბნებოდნენ: ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მაცდურმა თქვა, სანამ
   ცოცხალი იყო: სამი დღის შემდეგ აღვდგები.

   64. ამიტომ ბრძანე, დაიცვან საფლავი მესამე დღემდე, რომ არ მოვიდნენ მისი
   მოწაფეები ღამით მის მოსაპარად და არ უთხრან ხალხს: აღდგა მკვდრეთით. და
   იქნება უკანასკნელი საცდური პირველზე უარესი.

   65. უთხრა მათ პილატემ: გყავთ თქვენ მცველები; წადით და დაიცავით, როგორც
   იცით.

   66. ხოლო ისინი წავიდნენ და დაიცვეს საფლავი და დაბეჭდეს ლოდი მცველებთან
   ერთად.


                                თავი 28

ანგელოზის ხარება იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ
(მკ. 16, 1-8; ლკ. 24, 1-10; ინ. 20, 1.)

   1. ხოლო შაბათს, გვიან, როდესაც თენდებოდა ერთშაბათი
   (ერთშაბათი - ებრაული კალენდრის მიხედვით ასე ეწოდება შაბათის შემდგომ
   დღეს. ქრისტიანები მას ვუწოდებთ კვირას - უფლის დღეს, რადგან ამ დღეს უესო
   ქრისტე აღდგა მკვდრეთით), მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამი
   საფლავის სანახავად.

   2. და აჰა, იყო დიდი მიწისძვრა, რადგან უფლის ანგელოზი გადმოვიდა ზეციდან,
   მივიდა და გადააგორა ლოდი  საფლავის კარიდან და დაჯდა მასზე.

   3. და იყო სახე მისი, როგორც ელვა, და სამოსი მისი თეთრი, როგორც თოვლი.

   4. და მისი შიშით შეძრწუნდნენ მცველები და გახდნენ როგორც მკვდრები.

   5. მიუგო ანგელოზმა და უთხრა დედაკაცებს: ნუ გეშინიათ თქვენ, რადგან ვიცი,
   რომ იესოს, ჯვარცმულს, ეძებთ.

   6. არ არის აქ, რადგან აღდგა, როგორც თქვა. მოდით და იხილეთ ადგილი, სადაც
   ესვენა უფალი;

   7. და სწრაფად წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ აღდგა მკვდრეთით, და
   აჰა, წინ გიძღვით თქვენ გალილეაში; იქ იხილავთ მას; აჰა, გითხარით თქვენ.

   8. ხოლო გამოვიდნენ სწრაფად საფლავიდან შიშით და დიდი სიხარულით, და
   მირბოდნენ, რომ ეუწყებინათ მისი მოწაფეებისათვის.

იესოს პირველი გამოცხადება აღდგომის შემდეგ
(მკ. 16, 9.)

   9. და როდესაც მიდიოდნენ საუწყებლად მისი მოწაფეებისათვის, აჰა, იესო
   შეხვდა მათ და უთხრა: გიხაროდეთ. ხოლო ისინი მივიდნენ და მოეხვივნენ
   ფეხებზე და თაყვანი სცეს მას.

   10. მაშინ უთხრა მათ იესომ: ნუ გეშინიათ; წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ
   წავიდნენ გალილეაში, და იქ მიხილავენ მე.

მცველების უწყება იესოს აღდგომის შესახებ და მათი მოსყიდვა

   11. და როდესაც ისინი წავიდნენ, აჰა, ზოგიერთი მის მცველთაგან შევიდა
   ქალაქში და აუწყა მღვდელმთავრებს ყოველივე, რაც მოხდა.

   12. ხოლო ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან და ბჭობა გამართეს, და დიდძალი
   ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს

   13. და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები ღამე მოვიდნენ და მოიპარეს იგი,
   ვიდრე ჩვენ გვეძინა;

   14. და თუ გაიგო ეს მმართველმა, ჩვენ დავარწმუნებთ მას და თქვენ საზრუნავი
   არ გექნებათ.

   15. ხოლო მათ აიღეს ვერცხლი და გააკეთეს ისე, როგორც იყვნენ დამოძღვრილნი.
   და გავრცელდა ეს სიტყვა ჰურიათა შორის დღემდე.

- .:. -
მარიამ მაგდალინელის დაბრუნება საფლავთან პეტრესთან და იოანესთან ერთად
(ლკ. 24, 12; ინ. 20, 3-10.)
იესოს გამოცხადება მარიამ მაგდალინელთან
(ინ. 21, 11-18.)
იესოს გამოცხადება ემაუსის გზაზე
(მკ. 16, 14; ლკ. 24, 36-49; ინ. 20, 19-23.)
იესოს გამოცხადება თომა მოციქულთან და სხვა მოწაფეებთან
(ინ. 21, 24-29.)
იესოს გამოცხადება გალილეის ტბაზე
(ინ. 21, 1-23.)
იესოს მიერ პეტრეს მოწოდება მომავალი სამღვდელმთავრო მსახურებისთვის
(ინ. 21, 15-22.)
- .:. -

იესო ქრისტეს ბოლო დარიგება ზეთისხილის მთაზე
(მკ. 16, 15-18.)

   16. ხოლო თერთმეტი მოწაფე წავიდა გალილეაში, იმ მთაზე, სადაც უბრძანა მათ
   იესომ.

   17. და იხილეს იგი და თაყვანი სცეს მას, ხოლო ზოგი დაეჭვდა.

   18. და მივიდა იესო, ეუბნებოდა მათ და უთხრა: მომეცა მე მთელი ძალაუფლება
   ცაში და ქვეყანაზე.

   19. წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი, და ნათელი ეცით მათ სახელითა
   მამისა და ძისა და წმიდისა სულისა.

   20. და ასწავლეთ მათ, დაიცვან ყოველივე, რაც გამცნეთ თქვენ. და აჰა, მე
   თქვენთან ვარ ყოველდღე, საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

- .:. -
იესო ქრისტეს ამაღლება
(მკ. 16, 19-20; ლკ. 24, 50-53.)
- .:. -