თავი 1
- .:. -
წარმოშობა იესო ქრისტესი (მთ. 1,1-7; ლკ. 3,23-38)
ხარება ზაქარიასი, იოანე ნათლისმცემლის მამისა (ლკ. 1,5-23)
ხარება ყრმა მარიამისა (ლკ. 1,26-38)
შობა იოანე ნათლისმცემლისა (ლკ. 1,57-80)
ხარება იოსებისა (მთ. 1,18-25)
შობა იესო ქრისტესი (ლკ. 2,1-7)
თაყვანისცემა მწყემსებისაგან (ლკ. 2,8-20)
წინადაცვეთა და მირქმა იესო ქრიტესი (ლკ. 2,21-38)
თაყვანისცემა მოგვებისაგან (მთ. 2,1-12)
გაქცევა ეგვიპტეში (მთ. 2,13-15)
ჩვილთა ამოწყვეტა ბეთლემში (მთ. 2,16-18)
დაბრუნება ეგვიპტიდან (მთ. 2,19-23)
თორმეტი წლის იესო ტაძარში (ლკ. 2,40-52)
- ·:· -
იოანე ნათლისმცემლის ქადაგება უდაბნოში
(მთ. 3,1-12; ლკ. 3,1-18; ინ. 1,19-28)
1. დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ძისა ღვთისა.
2. როგორც წერია წინასწარმეტყველებთან: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს
შენი პირის წინაშე, რომელიც გაამზადებს შენს გზას შენ წინაშე (მალაქ.
3,1).
3. ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: გაამზადეთ გზა უფლისა და გამართეთ მისი
ბილიკები (ეს. 40,3).
4. იყო იოანე და ნათელსცემდა უდაბნოში და ქადაგებდა ნათლისღებას
სინანულისას ცოდვათა მისატევებლად.
5. და გადიოდა მასთან ჰურიასტანის მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი და
ნათელს იღებდნენ ყველანი მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავის
ცოდვებს.
6. და იყო იოანე შემოსილი აქლემის ბეწვით და ტყავის სარტყელი ჰქონდა მას
წელზე და ჭამდა კალიასა და ველურ თაფლს;
7. და ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემზე ძლიერი ჩემ შემდეგ, ვის წინაშეც
არა ვარ ღირსი, მოვიდრიკო და გავხსნა მის ხამლთა თასმები.
8. მე ნათელგეცით თქვენ წყლით, ხოლო იგი ნათელგცემთ თქვენ სულიწმიდით.
ნათლისღება იესო ქრისტესი
(მთ. 3,13-17; ლკ. 3,21-22; ინ. 1,29-34)
9. და იყო, იმ დღეებში მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და ნათელიღო
იოანესგან იორდანეში.
10. და მყისვე, წყლიდან ამოსვლისას, იხილა გახსნილი ცანი და სული, როგორც
მტრედი, გადმომავალი მასზე.
11. და ხმა იყო ზეციდან: შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო ხარ
ჩემთვის.
იესო ქრისტეს გამოცდა უდაბნოში
(მთ. 4,1-11; ლკ. 4,1-13)
12. და მაშინვე გაიყვანა სულმა იგი უდაბნოში.
13. და იყო იქ ორმოცი დღე და გამოიცდებოდა სატანისაგან და იყო მხეცებთან
და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას.
- .:. -
იესო ქრისტეს პირველი მიმდევრები (ინ. 1,35-51)
იესო ქრისტეს პირველი სასწაული გალილეის კანაში (ინ. 2,1-11)
იესო ქრისტეს პირველი ასვლა იერუსალიმში; ვაჭრების გამოდევნა ტაძრიდან (ინ,
2,13-22)
იესო ქრისტეს საუბარი ნიკოდიმოსთან (ინ. 3,1-21)
იესო ქრისტეს საუბარი სამარიელ დედაკაცთან (ინ. 4,1-43)
- ·:· -
14. ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ, მივიდა იესო გალილეაში და ქადაგებდა
სახარებას ღვთის სასუფევლისას
15. და ამბობდა: აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა სასუფეველი ღვთისა, შეინანეთ
და გწამდეთ სახარება.
- .:. -
იესო ქრისტეს პირველი უარყოფა ნაზარეთში (ლკ. 4,14-30)
- ·:· -
იესო ქრისტეს დამკვიდრება კაპერნაუმში (მთ. 4,13-17)
სიმონ-პეტრესა და ანდრიას, იაკობისა და იოანეს მოწოდება (მთ. 4,18-22)
16. და როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, იხილა სიმონი და ანდრია,
ძმა მისი, რომლებიც ისროდნენ ბადეს ზღვაში, რადგან იყვნენ მებადურები.
17. და უთხრა მათ იესომ: მოდით და შემომიდექით მე და გაქცევთ თქვენ კაცთა
მებადურებად.
18. და მყისვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.
19. და ცოტა რომ გაიარა, იხილა იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი; ისინიც
ამზადებდნენ ბადეებს ნავში;
20. და მაშინვე უხმო მათ. და მათ დატოვეს თავისი მამა, ზებედე, ნავში
მუშებთან და გაჰყვნენ მას.
21. და შევიდნენ კაპერნაუმში; და მაშინვე, შაბათს, შევიდა შესაკრებელში და
ასწავლიდა.
22. და განცვიფრებული იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ,
როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მწიგნობრები.
იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნება
(ლკ. 4,33-36)
23. და იყო მათს შესაკრებელში კაცი, არაწმინდა სულით შეპყრობილი, და
შეყვირა
24. და თქვა: ეჰა, რა გინდა ჩვენგან შენ, იესო ნაზარეველო? მოხვედი ჩვენს
წარსაწყმედად? გიცნობთ შენ, ვინ ხარ, წმინდა ღვთისა.
25. და შერისხა იგი იესომ და უთხრა: გაჩუმდი და გადი მაგისგან!
26. და დაანარცხა იგი არაწმინდა სულმა და იყვირა დიდი ხმით და გავიდა
მისგან.
27. და გაოცდა ყველა, ისე რომ, კამათობდნენ ერთმანეთში და ამბობდნენ: ვინ
არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალაუფლებით არაწმინდა სულებსაც
უბრძანებს და ემორჩილებიან მას?
28. და გავრცელდა მისი ამბავი მაშინვე გალილეის მთელ შემოგარენში.
იესო ქრისტეს მიერ სიმონ-პეტრეს სიდედრის და სხვათა განკურნება
(მთ. 8,14-17; ლკ. 4,38-41)
29. და მაშინვე გამოვიდა შესაკრებლიდან და მივიდა სიმონისა და ანდრიას
სახლში იაკობთან და იოანესთან ერთად.
30. ხოლო სიმონის სიდედრი იწვა ცხელებით და მაშინვე უთხრეს მას მის
შესახებ.
31. და მივიდა და მოჰკიდა ხელი და ააყენა იგი; და მყისვე დატოვა იგი
ცხელებამ და ემსახურებოდა მათ.
32. ხოლო როცა საღამოვდებოდა, მზე რომ ჩადიოდა, მოჰყავდათ მასთან ყველა
ავადმყოფი და ეშმაკეული;
33. და მთელი ქალაქი შეკრებილი იყო კარების წინ.
34. და განკურნა მრავალი ავადმყოფი სხვადასხვა სენისგან და მრავალი ეშმაკი
განდევნა; და არ ანებებდა ეშმაკებს თქმას, რომ იცოდნენ, რომ იგია ქრისტე.
იესო ქრისტეს ქადაგება გალილეაში
(ლკ. 4,42-44)
35. და განთიადისას, რიჟრაჟზე, ადგა და გამოვიდა და მივიდა უდაბურ ადგილას
და იქ ლოცულობდა.
36. და მისდევდნენ მას სიმონი და ვინც მასთან იყო,
37. და იპოვეს იგი და უთხრეს მას: ყველანი გეძებენ შენ.
38. და უთხრა მათ: მოდით, წავიდეთ მახლობელ დაბა-ქალაქებში, რომ იქაც
ვიქადაგო, რადგან ამისთვის მოვედი.
39. და ქადაგებდა მათს შესაკრებლებში მთელ გალილეაში და ეშმაკებს დევნიდა.
კეთროვნის განკურნება
(მთ. 8,2-4; ლკ. 5,12-14)
40. მივიდა მასთან კეთროვანი და ევედრებოდა მას მუხლმოდრეკილი და
ეუბნებოდა: თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
41. ხოლო იესოს შეებრალა და გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: მნებავს,
განიწმინდე!
42. და როდესაც ეს თქვა, მაშინვე მოშორდა მას კეთრი და განიწმინდა.
43. და მკაცრად მიმართა მას და მაშინვე გააგდო იგი
44. და უთხრა მას: იცოდე, არავის არაფერი უთხრა, არამედ წადი და უჩვენე
თავი შენი მღვდელს და მიართვი შენი განწმენდისათვის, რაც ბრძანა მოსემ
მათთვის დასამოწმებლად.
45. ხოლო როდესაც იგი გამოვიდა, დაიწყო ბევრი ქადაგება და გავრცელება
სიტყვისა, ისე რომ, აღარ შეეძლო მას ცხადად ქალაქში შესვლა, არამედ გარეთ,
უდაბურ ადგილებში, იმყოფებოდა; და მიდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან.
თავი 2
1. და შევიდა კვლავ კაპერნაუმში რამდენიმე დღის შემდეგ; და გაიგეს, რომ
სახლშია.
2. და მაშინვე შეიკრიბნენ ბევრნი, ისე რომ, აღარ იყო ტევა კარის წინაც კი,
და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
დავრდომილის განკურნება კაპერნაუმში
(მთ. 9,2-8; ლკ. 5,18-26)
3. და მივიდნენ მასთან და მიიყვანეს დავრდომილი, რომელიც მოჰყავდა ოთხს.
4. და რადგან ვერ შეძლეს მიახლოება მასთან ხალხის გამო, მოხადეს სახურავი
სახლს, სადაც იყო იგი, გათხარეს და ჩაუშვეს საწოლი, რომელზეც იწვა
დავრდომილი.
5. და იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტეოს შენ
შენი ცოდვები.
6. ხოლო იყო ზოგი მწიგნობართაგანი იქ მჯდომარე და ბჭობდა თავის გულში:
7. რად ამბობს ეს ასე? გმობს; ვის შეუძლია ცოდვების მიტევება, თუ არა
მხოლოდ ღმერთს?
8. და მყისვე გულისხმაყო იესომ თავისი სულით, რომ ასე ბჭობდნენ თავის
გულში და უთხრა მათ: რად ბჭობთ მაგას თქვენს გულში?
9. რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის: მოგეტევა შენ ცოდვები, თუ
თქმა: ადექი, აიღე შენი საწოლი და იარე?
10. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძალაუფლება აქვს ძეს კაცისას ქვეყანაზე
ცოდვების მიტევებისა, - უთხრა დავრდომილს:
11. შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!
12. და ადგა და მაშინვე აიღო საწოლი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ,
გაოგნდა ყველა და ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: ამგვარი რამ არასოდეს
გვიხილავს.
იესოს მიერ მათე მეზვერის მოწოდება
(მთ. 9,9-13; ლკ. 5,27-32)
13. და გავიდა კვლავ ზღვის პირას და მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და
ასწავლიდა მათ.
14. და როდესაც გაიარა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზვერეში, და უთხრა
მას: გამომყევი მე. და ადგა და გაჰყვა მას.
15. და იყო, როდესაც ინახით იჯდა იგი მის სახლში, მრავალი მეზვერე და
ცოდვილი იჯდა თანამეინახედ იესოსთან და მის მოწაფეებთან, რადგან იყვნენ
ბევრნი და მიჰყვებოდნენ მას.
16. და მწიგნობრებმა და ფარისევლებმა, როდესაც ნახეს იგი, რომ
მეზვერეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, უთხრეს მის მოწაფეებს: რატომ ჭამს და
სვამს მეზვერეებთან და ცოდვილებთან?
17. და გაიგონა იესომ და უთხრა მათ: არ სჭირდებათ მკურნალი ჯანმრთელებს,
არამედ ავადმყოფებს; არ მოვსულვარ მოსაწოდებლად მართალთა, არამედ
ცოდვილთა.
იოანეს მოწაფეების შეკითხვა მარხვის შესახებ
(მთ. 9,14-17; ლკ. 5,33-39)
18. და როდესაც მარხულობდნენ იოანეს და ფარისეველთა მოწაფეები, მივიდნენ
და უთხრეს მას: რატომ მარხულობენ იოანეს და ფარისეველთა მოწაფეები, ხოლო
შენი მოწაფეები არ მარხულობენ?
19. და უთხრა მათ იესომ: განა შეუძლიათ ქორწილის ძეებს მარხვა, ვიდრე სიძე
არის მათთან? ვიდრე სიძე არის მათთან, არ შეუძლიათ მარხვა.
20. ხოლო მოვა დღეები, როცა წაიყვანენ მათგან სიძეს და მაშინ იმარხულებენ,
იმ დღეებში.
21. არავინ ადებს ახალი ნაჭრის საკერებელს ძველ სამოსს, თორემ დაარღვევს
ახალი ძველის მთლიანობას და უფრო დაიხევა.
22. და არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ თხიერებში, თორემ გახეთქავს ახალი
ღვინო თხიერებს და ღვინო დაიღვრება და თხიერები უვარგისი გახდება; არამედ
ახალ ღვინოს ახალ თხიერებში ასხამენ.
თავთავების მოწყვეტა და სიტყვა შაბათის შესახებ
(მთ. 12,1-8; ლკ. 6,1-5)
23. და იყო, როდესაც მიდიოდა იგი შაბათს ნათესებში, მისმა მოწაფეებმა
დაიწყეს გზად თავთავების წყვეტა.
24. და ფარისევლებმა უთხრეს მას: ნახე, იმას აკეთებენ შაბათს, რაც არ არის
მართებული?
25. და მან უთხრა მათ: არასოდეს ამოგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როდესაც
დასჭირდა, როცა მოშივდა მას და ვინც მასთან იყო?
26. როგორ შევიდა ღვთის სახლში, აბიათარის მღვდელმთავრობისას და
შესაწირავი პურები შეჭამა, რომელთა ჭამაც არ იყო მართებული არავისთვის,
მღვდლების გარდა, და მისცა მათაც, ვინც მასთან იყო?
27. და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა და არა კაცი - შაბათისათვის.
28. ასე რომ, ძე კაცისა უფალი არის შაბათისაც.
თავი 3
გამხმარი ხელის მქონე კაცის განკურნება შაბათის სინაგოგაში
(მთ. 12,10-14; ლკ. 6, 6-11)
1. და შევიდა კვლავ შესაკრებელში; და იყო იქ კაცი, რომელსაც გამხმარი
ჰქონდა ხელი.
2. და უთვალთვალებდნენ მას, შაბათს თუ განკურნავდა, რათა დაესმინათ იგი.
3. და უთხრა კაცს, რომელსაც გამხმარი ჰქონდა ხელი: ადექი და დადექი შუაში!
4. და უთხრა მათ: მართებულია შაბათს სიკეთის კეთება, თუ ბოროტების კეთება,
სულის ცხონება, თუ დაღუპვა? ხოლო ისინი დუმდნენ.
5. და შეხედა მათ რისხვით და შეწუხებულმა მათი გულქვაობით, უთხრა კაცს:
გაშალე შენი ხელი! და გაშალა და აღუდგა მას ხელი.
6. და როდესაც გამოვიდნენ ფარისევლები, მაშინვე ჰეროდიანებთან ბჭობა
გამართეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.
7. ხოლო იესო თავის მოწაფეებთან ერთად გაშორდა მათ და წავიდა ზღვისკენ; და
მრავალი ხალხი გაჰყვა მას გალილეიდან და ჰურიასტანიდან
8. და იერუსალიმიდან და იდუმეიდან და იორდანის გაღმიდან და ტვიროსისა და
სიდონის მხარიდან; და ძალიან ბევრი, ვინც გაიგო, რასაც აკეთებდა, მივიდა
მასთან.
9. და უთხრა თავის მოწაფეებს, რომ ნავი გაემზადებინათ მისთვის, ხალხის
გამო, რათა არ შეევიწროებინათ იგი;
10. რადგან მრავალი განკურნა, ამიტომ ზედ აწყდებოდნენ მას, რათა
შეხებოდნენ, ვინც უძლურებაში იყო.
11. და არაწმინდა სულები, როცა ხედავდნენ მას, ვარდებოდნენ მის წინ,
ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შენ ხარ ძე ღვთისა.
12. და ძლიერ შერისხა ისინი, რათა არ გაეცხადებინათ იგი.
თორმეტი მოწაფის გამორჩევა სამოციქულო მოღვაწეობისთვის
(მთ. 10,1-42; ლკ. 9,1-6)
13. და ავიდა მთაზე და მოუწოდა მათ, ვინც მას უნდოდა, და მივიდნენ მასთან.
14. და დაადგინა თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და გაეგზავნა ისინი
საქადაგებლად
15. და ჰქონოდათ ძალაუფლება ეშმაკთა განდევნისა;
16. და დაარქვა სახელი სიმონს, პეტრე;
17. და იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას, დაარქვა მათაც სახელები,
ბანერგესი, რაც არის ძენი ქუხილისა.
18. ანდრიას და ფილიპეს, ბართლომეს და მათეს, თომას და იაკობ ალფესას,
თადეოზსა და სიმონ კანანელს
19. და იუდა ისკარიოტელს, რომელმაც მისცა იგი.
- .:. -
ქადაგება მთაზე (მთ. 5,1-8,1; ლკ. 6,20-49)
ასისთავის მსახურის განკურნება კაპერნაუმში (მთ. 8,5-13; ლკ. 7,1-10)
ქვრივი დედაკაცის გარდაცვლილი ძის აღდგენა ნაინში (ლკ. 7,11-17)
იოანე ნათლისმცემლის მიერ მოწაფეების გაგზავნა იესოსთან (მთ. 11,2-19; ლკ. 7,18-35)
იესო სიმონ ფარისევლის სახლში (ლკ. 7,36-50)
- ·:· -
20. და მივიდნენ სახლში და შეიკრიბა კვლავ ხალხი, ისე რომ, ვერ შეძლეს მათ
პურის ჭამაც.
ფარისეველთაგან იესოსთვის სახელის გატეხის მცდელობის მხილება
(მთ. 12,24-37; ლკ. 11,14-26)
21. და გაიგეს მისიანებმა და გამოვიდნენ მის შესაპყრობად, რადგან
ამბობდნენ, რომ შეიშალა.
22. და მწიგნობრები, რომლებიც იერუსალიმიდან იყვნენ ჩამოსულნი, ამბობდნენ:
ბელზებული არის მასთან და ეშმაკთა მთავრით განდევნის ეშმაკებს.
23. და მოუხმო მათ და იგავებით ეუბნებოდა: როგორ შეუძლია სატანას სატანის
განდევნა?
24. და თუ სამეფო თავის თავში გაიყოფა, ვერ შეძლებს დგომას ის სამეფო.
25. და თუ სახლი თავის თავში გაიყოფა, ვერ შეძლებს ის სახლი დგომას;
26. და თუ სატანა აღუდგა თავის თავს და გაიყო, ვერ შეძლებს დგომას, არამედ
აღსასრული დაუდგა.
27. არავის შეუძლია შესვლა ძლიერის სახლში და მისი ქონების გატაცება, თუ
ჯერ ძლიერს არ შეკრავს, და მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.
28. ამინ გეუბნებით თქვენ, რომ ყველაფერი მიეტევებათ ადამიანთა ძეებს,
ცოდვა და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ;
29. ხოლო ვინც დაგმობს სულიწმიდას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ
ღირსია საუკუნო სასჯელისა;
30. რადგან თქვეს: არაწმინდა სული არის მასთან.
იესოსთან დედის და ძმების მისვლა სასაუბროდ
(მთ. 12,46-50; ლკ. 8,19-21)
31. და მივიდნენ დედა მისი და ძმები და გარეთ დადგნენ და შეაგზავნეს
მასთან და უხმობდნენ მას.
32. და ისხდა მის გარშემო ხალხი და უთხრეს მას: აჰა, დედა შენი და შენი
ძმები გარეთ გეძებენ შენ.
33. და მიუგო მათ და უთხრა: ვინ არის დედა ჩემი ან ძმები ჩემი?
34. და გადახედა თავის გარშემო მსხდომთ და უთხრა: აჰა, დედა ჩემი და ჩემი
ძმები.
35. რადგან, ვინც აღასრულებს ღვთის ნებას, ის არის ძმა ჩემი და და ჩემი და
დედა ჩემი.
თავი 4
1. და კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას; და შეიკრიბა მასთან უამრავი
ხალხი, ისე რომ, იგი ავიდა და ჩაჯდა ნავში, ზღვაზე და მთელი ხალხი ზღვის
პირას, მიწაზე იდგა.
იგავი მთესველზე
(მთ. 13,3-17; ლკ. 8,4-9)
2. და ასწავლიდა მათ იგავებით ბევრს და ეუბნებოდა მათ თავისი სწავლებისას:
3. ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
4. და იყო, თესვისას ზოგი დავარდა გზასთან და მივიდნენ ფრინველები და
შეჭამეს იგი;
5. და სხვა დავარდა კლდოვანზე, სადაც არ იყო ბევრი მიწა, და მყისვე
აღმოცენდა, რადგან არ ჰქონდა მიწას სიღრმე;
6. და როდესაც ამოვიდა მზე, დაჭკნა და, რადგან არ ჰქონდა ფესვი, გახმა;
7. და სხვა ჩავარდა ეკლებში და ამოვიდა ეკლები და მოაშთო იგი და ნაყოფი
ვერ გამოიღო;
8. და სხვა დავარდა კარგ მიწაზე და იძლეოდა ნაყოფს, რომელიც აღმოცენდებოდა
და იზრდებოდა, და გამოჰქონდა ერთი ოცდაათად და ერთი - სამოცად და ერთი -
ასად;
9. და ეუბნებოდა: ვისაც აქვს ყურები სასმენად, ისმინოს.
10. და როდესაც იყო მარტო, ჰკითხეს მას, ვინც მის გარშემო იყო იმ
თორმეტთან ერთად, იგავებზე;
11. და ეუბნებოდა მათ: თქვენთვის მოცემულია საიდუმლო ღვთის სასუფევლისა,
ხოლო მათთვის, გარეშეთათვის, ყველაფერი იგავებით ითქმება.
12. ისე რომ, ხედვით ხედავენ და არ ხედავენ და სმენით ისმენენ და არ
ესმით, რომ არ მოიქცნენ და არ მიეტეოთ მათ ცოდვები (ეს. 6,9).
13. და უთხრა მათ: არ იცით ეს იგავი? და როგორ გაიგებთ ყველა იგავს?
განმარტება იგავისა მთესველზე
(მთ. 13,18-23; ლკ. 8,11-15)
14. მთესველი სიტყვას თესავს.
15. ხოლო ესენი არიან, რომლებიც გზასთან არიან, სადაც ითესება სიტყვა და,
როდესაც ისმენენ, მყისვე მოდის სატანა და ართმევს სიტყვას, დათესილს მათს
გულში.
16. და ესენი არიან კლდოვანზე დათესილნი, რომლებიც, როდესაც ისმენენ
სიტყვას, მყისვე სიხარულით იღებენ
17. და არა აქვთ ფესვი თავის თავში, არამედ დროებითნი არიან; როცა იქნება
გაჭირვება ან დევნა ამ სიტყვის გამო, მყისვე დაბრკოლდებიან.
18. და ესენი არიან ეკლებში დათესილნი, რომლებიც სიტყვას ისმენენ,
19. და ამსოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმები
შედიან და აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება.
20. და ესენი არიან კარგ მიწაზე დათესილნი, რომლებიც ისმენენ სიტყვას და
იღებენ და გამოაქვთ ნაყოფი: ერთი - ოცდაათად და ერთი - სამოცად და ერთი -
ასად.
21. და უთხრა მათ: განა მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოს ქვეშ დადგან ან
სარეცლის ქვეშ? განა სასანთლეზე არ დგამენ?
22. რადგან არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდება, არც იქნება
დაფარული, არამედ მოვა გაცხადებულად.
23. თუ ვინმეს აქვს ყურები სასმენად, ისმინოს.
24. და ეუბნებოდა მათ: იხილეთ, რაც გესმით: რა საწყაოთიც მიუწყავთ,
მოგეწყვებათ თქვენ და შეგემატებათ თქვენ, რომლებიც ისმენთ.
25. რადგან, ვისაც აქვს, მიეცემა მას და, ვისაც არა აქვს, რაც აქვს,
წაერთმევა მას.
ღვთის სასუფევლის საიდუმლო
26. და ეუბნებოდა: ისეა სასუფეველი ღვთისა, კაცი რომ აგდებს თესლს მიწაში
27. და იძინებს და დგება ღამით და დღისით და თესლი აღმოცენდება და იზრდება
ისე, რომ არ იცის მან,
28. რადგან მიწას თავისთავად გამოაქვს ნაყოფი: პირველად - ღერო, შემდეგ -
თავთავი, შემდეგ - სავსე ხორბალი თავთავში.
29. ხოლო როცა დამწიფდება ნაყოფი, მაშინვე გზავნის ნამგალს, რადგან დადგა
მკა.
იგავი მდოგვის მარცვალზე
(მთ. 13, 31-32)
30. და ამბობდა: რას ვამსგავსოთ სასუფეველი ღვთისა? რომელი იგავი
მივუსადაგოთ მას?
31. როგორც მდოგვის მარცვალი, რომელიც, როცა ითესება მიწაზე, მცირეა
ყველა თესლზე, რაც არის ქვეყანაზე,
32. და როდესაც ითესება, ამოდის და ხდება ყველა მხალზე უფრო დიდი და
გამოიღებს დიდ რტოებს, ისე რომ, შეეძლებათ მის ჩრდილქვეშ ცის ფრინველებს
დაბუდება.
33. და მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა მათ სიტყვას, როგორც შეეძლოთ
მოსმენა.
34. და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა მათ, ხოლო თავის მოწაფეებს ცალკე
განუმარტავდა ყველაფერს.
35. და უთხრა მათ იმ დღეს, როდესაც მოსაღამოვდა: გავიდეთ გაღმა.
იესოს მიერ ზღვისა და ქარის დამორჩილება
(მთ. 8,24-27; ლკ. 8,22-25)
36. და გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი, როგორც იყო ნავში, და სხვა
ნავებიც, რომლებიც იყო მასთან.
37. და იყო დიდი ქარიშხალი და ტალღები ვარდებოდა ნავში, ისე რომ, უკვე
ივსებოდა ნავი.
38. და იყო თვითონ კიჩოზე და ნავის თავში ეძინა. და გააღვიძეს იგი და
უთხრეს მას: მოძღვარო, არ გაწუხებს შენ, რომ ვიღუპებით?
39. და გაიღვიძა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: დადუმდი, დაწყნარდი! და
დაცხრა ქარი და დადგა დიდი მყუდროება.
40. და უთხრა მათ: რატომ ხართ ასე სულმოკლენი? როგორ არა გაქვთ რწმენა?
41. და შეეშინდათ დიდი შიშით და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: ვინ არის ეს, რომ
ქარიც და ზღვაც ემორჩილებიან მას?
თავი 5
გერგესეველი ეშმაკეულის განკურნება
(მთ. 8,28-34; ლკ. 8,26-39)
1. და გავიდა ზღვის გაღმა, გერგესეველთა მხარეში.
2. და როდესაც გადმოვიდა იგი ნავიდან, მაშინვე მიეგება მას საფლავებიდან
კაცი, ვისთანაც იყო არაწმიდა სული,
3. რომელსაც სამყოფელი ჰქონდა საფლავებში, და ჯაჭვებითაც არავის შეეძლო
მისი შეკვრა.
4. რადგან იგი მრავალგზის იყო ბორკილებითა და ჯაჭვებით შეკრული; და
იგლეჯდა ჯაჭვებს და ბორკილებს ამსხვრევდა და არავის შეეძლო მისი მოთოკვა;
5. და ყოველთვის, ღამე და დღე, საფლავებსა და მთებში იყო და ყვიროდა და
იცემდა ქვებს.
6. და როდესაც დაინახა იესო შორიდან, გამოიქცა და თაყვანი სცა მას
7. და შეღაღადა დიდი ხმით და უთხრა: რა გინდა ჩემგან შენ, იესო, ძეო
ღვთისა მაღლისაო? გაფიცებ შენ ღმერთს, ნუ მტანჯავ მე.
8. რადგან ეუბნებოდა მას: გადი, სულო არაწმინდაო, მაგ კაცისგან.
9. და ჰკითხა მას: რა არის შენი სახელი? და მიუგო და უთხრა: ლეგეონია ჩემი
სახელი, რადგან ბევრნი ვართ.
10. და ევედრებოდა მას ძლიერ, რათა არ განედევნა ისინი იმ მხარიდან.
11. და იყო იქ, მთასთან, ღორების დიდი კოლტი, მძოვარი.
12. და ევედრებოდა მას ყველა ეშმაკი და ეუბნებოდა: გაგვიშვი ჩვენ
ღორებთან, რომ მათში შევიდეთ.
13. და უბრძანა მათ და გავიდნენ არაწმინდა სულები და შევიდნენ ღორებში; და
გადაეშვა კოლტი კბოდედან ზღვაში - და იყო დაახლოებით ორი ათასამდე - და
შთაინთქა ზღვაში.
14. ხოლო მათი მწყემსები გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს; და
გამოვიდნენ, რათა ენახათ, რა მოხდა.
15. და მივიდნენ იესოსთან და ნახეს ეშმაკეული, რომელთანაც იყო ლეგეონი,
მჯდომარე, შემოსილი და გონსმოსული, და შეეშინდათ.
16. და უამბობდნენ მათ, ვინც ნახა, რა შეემთხვათ ეშმაკეულს და ღორებს.
17. და დაუწყეს ვედრება მას, რომ წასულიყო მათი საზღვრებიდან.
18. და როცა ავიდა იგი ნავში, ევედრებოდა მას, ვინც ადრე ეშმაკეული იყო,
რომ მასთან ყოფილიყო.
19. და ნება არ დართო, არამედ უთხრა მას: წადი შენს სახლში, შენიანებთან
და შეატყობინე მათ, რაც უფალმა შენ გაგიკეთა და შეგიწყალა შენ.
20. და წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში იმისა, რაც გაუკეთა მას
იესომ, და ყველას უკვირდა.
იაიროსის გარდაცვლილი ასულის აღდგენა და
სისხლმდინარე დედაკაცის განკურნება (მთ. 9,18-26; ლკ. 8,40-56)
21. და გავიდა იესო ნავით კვლავ გაღმა და შეიკრიბა მრავალი ხალხი მასთან,
და იყო ზღვის პირას.
22. და აჰა, მოვიდა ერთი შესაკრებელის მთავართაგანი, სახელად იაიროსი, და
დაინახა იგი და ჩაუვარდა მას ფეხებში
23. და ევედრებოდა მას ძლიერ და ეუბნებოდა: ჩემი ასული აღესრულება, გთხოვ,
მოდი და ხელი დაადე მას, რათა გადარჩეს და იცოცხლოს.
24. და წავიდა იესო მასთან. და მიჰყვებოდა მას მრავალი ხალხი და
ავიწროებდნენ მას.
25. და ვიღაც დედაკაცს ჰქონდა სისხლდენა თორმეტი წელი,
26. და ბევრი იტანჯა მრავალი მკურნალისაგან და დახარჯა, რაც ჰქონდა,
ყველაფერი და არაფერმა არგო, არამედ უფრო უარესად გახდა.
27. და როდესაც გაიგონა იესოს შესახებ, მივიდა მასთან ხალხში, უკნიდან და
შეეხო მის სამოსს,
28. რადგან ამბობდა თავის გულში: მის სამოსსაც რომ შევეხო, გადავრჩები.
29. და როდესაც შეეხო, მყისვე გაუშრა მას სისხლის წყარო და იგრძნო
სხეულით, რომ განიკურნა სატკივარისაგან.
30. ხოლო იესომ მყისვე გულისხმაყო თვითონ თავისგან გასული ძალა, მიბრუნდა
ხალხში და თქვა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს?
31. და ეუბნებოდნენ მას მისი მოწაფეები: ხედავ ხალხს, რომელიც გავიწროებს
შენ, და ამბობ: ვინ შემეხო მე?
32. და მიმოიხედა გარშემო, რომ დაენახა, ვინ გააკეთა ეს.
33. ხოლო დედაკაცი შეშინდა და აკანკალდა; იცოდა, რაც მოხდა, მივიდა და
დავარდა მის წინაშე და უთხრა მთელი სიმართლე.
34. ხოლო მან უთხრა მას: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა შენ; წადი
მშვიდობით და იყავი განკურნებული შენი სატკივარისაგან.
35. და როდესაც იგი ჯერ კიდევ ამას ამბობდა, მოვიდნენ შესაკრებლის
მთავრისგან და უთხრეს: შენი ასული მოკვდა, რაღას აწუხებ მოძღვარს?
36. ხოლო იესომ, როცა გაიგონა ეს სიტყვა, უთხრა შესაკრებლის მთავარს: ნუ
გეშინია, მხოლოდ გწამდეს.
37. და არავის დართო ნება, რომ მას გაჰყოლოდა, გარდა პეტრესი და იაკობისა
და იოანესი, იაკობის ძმისა.
38. და მივიდა შესაკრებლის მთავრის სახლში და იხილა შფოთი, და ტიროდნენ და
ყვიროდნენ ძლიერ.
39. და შევიდა და უთხრა მათ: რად შფოთავთ და ტირით? ბავშვი არ მომკვდარა,
არმაედ სძინავს.
40. და დასცინოდნენ მას. ხოლო მან გამოყარა ყველა და შეიყვანა მამა
ბავშვისა და დედა და თავისთან მყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა.
41. და მოჰკიდა ხელი ბავშვს და უთხრა: ტალითა, კუმი! - რაც ითარგმნება,
შენ გეუბნები, ადექი!
42. და მყისვე ადგა გოგონა და გაიარა, რადგან იყო თორმეტი წლისა. და
გაოგნდნენ დიდი გაოგნებით.
43. და უბრძანა მათ მრავალგზის, რათა არავის გაეგო ეს; და უთხრა, რომ
მიეცათ მისთვის საჭმელი.
თავი 6
იესო ნაზარეთის შესაკრებელში
(მთ. 13,54-58; ლკ. 4,16-30)
1. და გამოვიდა იქიდან და მივიდა თავის მამულში და მიჰყვებოდნენ მას
თავისი მოწაფეები.
2. და იყო შაბათი და დაიწყო სწავლება შესაკრებელში; და მრავალი, ვისაც
ესმოდა, განცვიფრებული ამბობდა: საიდან აქვს ამას ეს? და რა სიბძნეა
მოცემული მისთვის და ასეთი ძალები, რომლებიც მისი ხელით იქმნება?
3. განა ეს არ არის ხურო, ძე მარიამისა და ძმა იაკობისა და იოსესი და
იუდასი და სიმონისა? და მისი დები ყველანი აქ, ჩვენთან, არ არიან? - და
ბრკოლდებოდნენ მის მიმართ.
4. და ეუბნებოდა მათ იესო: არ არის წინასწარმეტყველი უპატიოდ, გარდა
თავისი მამულისა და თავისი ნათესავებისა და თავისი ხალხისა.
5. და ვერ შეძლო იქ აღსრულება ვერც ერთი სასწაულისა, მხოლოდ მცირერიცხოვან
სნეულებს დაადო ხელი და განკურნა;
6. და უკვირდა ურწმუნოება მათ. და დადიოდა გარშემო დაბებში და ასწავლიდა.
თორმეტი მოწაფის გაგზავნა საქადაგებლად
(მთ. 10,1-42; ლკ. 9,1-6)
7. და მოუწოდა თორმეტს და დაიწყო მათი გაგზავნა ორ-ორად და აძლევდა მათ
ძალაუფლებას არაწმიდა სულებზე;
8. და ამცნებდა მათ, რომ არაფერი წაეღოთ გზაში, არამედ მხოლოდ კვერთხი;
არც პური, არც აბგა, არც სარტყელში რვალი,
9. არამედ ჩაეცვათ სანდლები და არ შეემოსათ ორი კვართი.
10. და ეუბნებოდა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქ გაჩერდით, ვიდრე არ
გამოხვალთ იქიდან.
11. და ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც ისმენს თქვენსას, როცა გამოხვალთ
იქიდან, დაიბერტყეთ მტვერი, რომელიც თქვენს ფეხქვეშ არის, მათზე
დასამოწმებლად. ამინ გეუბნებით თქვენ: მეტი შვება ექნება სოდომსა და
გომორს განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.
12. და გამოვიდნენ და უქადაგებდნენ, რათა შეენანათ;
13. და მრავალი ეშმაკი განდევნეს და სცხებდნენ ზეთს მრავალ სნეულს და
კურნავდნენ.
ჰეროდე მეფის წარმოდგენა იესო ქრისტეზე (მთ. 14,1-2; ლკ. 9,7-9)
14. და გაიგო ჰეროდე მეფემ - რადგან გაცხადდა მისი სახელი - და ამბობდა:
იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამის გამო მოქმედებენ ძალები
მის მიერ.
15. სხვები ამბობდნენ: ელია არის, სხვები კი ამბობდნენ:
წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი.
16. ხოლო როდესაც გაიგო ჰეროდემ, თქვა: ვისაც მე თავი მოვკვეთე, იოანეს,
იგი აღდგა მკვდრეთით.
ჰეროდე მეფის მიერ იოანე ნათლისმცემლისთვის თავის მოკვეთა (მთ. 14,3-12)
17. რადგან ამ ჰეროდემ გაგზავნა და შეიპყრო იოანე და ჩაკეტა იგი
საპყრობილეში ჰეროდიას - თავისი ძმის, ფილიპეს, ცოლის - გამო, რადგან იგი
შეირთო ცოლად.
18. რადგან ეუბნებოდა იოანე ჰეროდეს: არ არის მართებული შენთვის, რომ
ცოლად გყავდეს შენი ძმის ცოლი.
19. ხოლო ჰეროდია გულმოსული იყო მასზე და უნდოდა მისი მოკვლა და ვერ
შეძლო;
20. რადგან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, იცოდა, რომ იგი მართალი და წმინდა
კაცი იყო, და იცავდა მას და ისმენდა რა მისას, ბევრს უკეთებდა და
სიამოვნებით უსმენდა მას.
21. და იყო ხელსაყრელი დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ნადიმი
გაუმართა თავის დიდებულებსა და ათასისთავებს და გალილეის წარჩინებულებს.
22. და შევიდა ასული ჰეროდიასი და როკავდა; და მოეწონა ჰეროდეს და მის
თანამეინახეებს და უთხრა მეფემ ქალიშვილს: მთხოვე მე, რაც გინდა, და
მოგცემ შემ.
23. და შეჰფიცა მას: რასაც ითხოვ ჩემგან, მოგცემ შენ, ჩემი სამეფოს
ნახევარსაც კი.
24. ხოლო იგი გავიდა და უთხრა თავის დედას: რა ვთხოვო? ხოლო მან უთხრა:
თავი იოანე ნათლისმცემლისა.
25. და შევიდა მაშინვე სწრაფად მეფესთან და სთხოვა და უთხრა: მსურს, რომ
ახლავე მომცე მე ლანგრით თავი იოანე ნათლისმცემლისა.
26. და შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა გამო არ ინება,
უარის თქმა მისთვის.
27. და მაშინვე გაგზავნა მეფემ მცველი და უბრძანა მისი თავის მოტანა.
28. და წავიდა და მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში და მოიტანა მისი თავი
ლანგრით და მისცა იგი ქალიშვილს და ქალიშვილმა მისცა იგი თავის დედას.
29. და გაიგეს მისმა მოწაფეებმა და მივიდნენ და აიღეს მისი ცხედარი და
დადეს იგი საფლავში.
თორმეტი მოწაფის დაბრუნება (ლკ. 9,10-11)
30. და შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და აუწყეს მას ყველაფერი, რაც
გააკეთეს და რაც ასწავლეს.
31. და უთხრა მათ: მოდით თქვენ თვითონ, მარტო, უდაბურ ადგილას და
დაისვენეთ ცოტა; რადგან იყო მრავალი მომსვლელი და წამსვლელი და ჭამის დროც
არ ჰქონდათ.
32. და წავიდნენ ნავით უდაბურ ადგილას მარტო.
33. და დაინახეს ისინი, რომ მიდიოდნენ, და იცნო ბევრმა და ყველა ქალაქიდან
ფეხით მირბოდნენ იქ და მივიდნენ მათთან.
ხუთი ათასი კაცის დაპურება
(მთ. 14,14-21; ლკ. 9,12-17; ინ. 6,1-14)
34. და გამოვიდა იესო და იხილა მრავალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგან
იყვნენ, როგორც ცხვრები, რომელთაც არა ჰყავთ მწყემსი, და დაიწყო და ბევრს
ასწავლიდა მათ (რიცხვ. 27,17).
35. და დიდი დრო გავიდა და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და
ეუბნებოდნენ: უდაბურია ეს ადგილი და უკვე დიდი დროა გასული;
36. გაუშვი ესენი, რომ წავიდნენ გარშემო სოფლებში და დაბებში და იყიდონ
თავისთვის საჭმელი, რადგან არაფერი აქვთ, რომ ჭამონ;
37. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: მიეცით მათ თქვენ საჭმელი. და უთხრეს
მას: წავიდეთ და ვიყიდოთ ორასი დინარის პური და მივცეთ მათ, რომ ჭამონ?
38. ხოლო მან უთხრა მათ: რამდენი პური გაქვთ? მიდით და ნახეთ. - და ნახეს
და უთხრეს: ხუთი პური და ორი თევზი.
39. და უბრძანა მათ, დაესხათ ყველა ჯგუფ-ჯგუფად მწვანე ბალახზე.
40. და დასხდა რიგ-რიგად ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი.
41. და აიღო ხუთი პური და ორი თევზი და აიხედა ცისკენ და აკურთხა და
გატეხა პურები და აძლევდა თავის მოწაფეებს, რათა დაერიგებინათ მათთვის, და
ორი თევზიც გაუყო ყველას.
42. და ჭამა ყველამ და გაძღა.
43. და აიღეს ნატეხები თორმეტი გოდორი, სავსე, და თევზიც.
44. და იყო, ვინც ჭამა, ხუთი ათასამდე კაცი.
45. და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ასულიყვნენ ნავზე და ადრე
გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე იგი გაუშვებდა ხალხს.
46. და გაშორდა მათ და ავიდა მთაზე სალოცავად.
იესოს სვლა ზღვაზე (მთ. 14,23-34; ინ. 6,16-21)
47. და როდესაც მოსაღამოვდა, იყო ნავი შუა ზღვაში და თვითონ მარტო იყო
მიწაზე.
48. და იხილა ისინი, რომ უჭირდათ ცურვისას, რადგან იყო ქარი მათ
საპირისპიროდ. და ღამის მეოთხე სახმილავზე მოვიდა მათთან ზღვაზე სვლით და
უნდოდა გვერდის ავლა მათთვის.
49. ხოლო მათ, როცა იხილეს იგი, ზღვაზე მავალი, ეგონათ, რომ მოჩვენებაა,
და შეყვირეს,
50. რადგან ყველამ იხილა იგი და შეძრწუნდა; და მაშინვე დაელაპარაკა მათ და
უთხრა მათ: გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ.
51. და ავიდა მათთან ნავში და დაცხრა ქარი; და უფრო მეტად გაოგნდნენ და
უკვირდათ თავის გულში,
52. რადგან ვერ მიხვდნენ პურებით, იმიტომ რომ მათი გული გაქვავებული იყო.
53. და გავიდნენ გაღმა და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში.
54. და როდესაც გამოვიდნენ ისინი ნავიდან, მაშინვე იცნეს იგი.
55. და შემოირბინეს მთელი ის მხარე და დაიწყეს საწოლებით ავადმყოფების
მოყვანა, სადაც იგებდნენ, რომ იქ არის.
56. და როდესაც შედიოდა დაბებში ან ქალაქებში, ან სოფლებში, მოედნებზე
აწვედნენ უძლურებს და ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კიდეს მაინც
შეხებოდნენ; და რამდენიც შეეხო მას, გადარჩა.
თავი 7
სიტყვა კაცთა სწავლების და ღვთის მცნების ურთიერთმიმართების შესახებ ფარისეველთა
სამხილებლად (მთ. 15,1-20)
1. და შეიკრიბნენ ფარისევლები და ზოგიერთი მწიგნობარი, მოსულები
იერუსალიმიდან;
2. და დაინახეს ზოგიერთი მისი მოწაფე არაწმინდა ხელებით, ესე იგი,
დაუბანელით, ჭამდა პურს, და კიცხავდნენ,
3. რადგან ფარისევლები და ყველა იუდეველი, თუ გულმოდგინედ არ დაიბანენ
ხელებს, არ ჭამენ, იცავენ რა ხუცესთა გადმოცემას.
4. და სავაჭროდან როცა მოდიან, თუ არ დაიბანენ, არ ჭამენ; და სხვაც
მრავალია, რაც მიიღეს დასაცავად: გარეცხვა სასმისებისა და ქილებისა და
ქვაბებისა და ტახტებისა.
5. მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ მისდევენ
შენი მოწაფეები ხუცესთა გადმოცემას, არამედ დაუბანელი ხელებით ჭამენ პურს?
6. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: კარგად იწინასწარმეტყველა ესაიამ
თქვენზე, თვალთმაქცებზე, როგორც წერია: ეს ერი ბაგით პატივს მცემს მე,
ხოლო გული მათი შორს არის განშორებული ჩემგან;
7. ამაოდ მემსახურებიან მე, რადგან ასწავლიან კაცთა მოძღვრებებსა და
მცნებებს (ეს. 29,13).
8. რადგან დაგიტოვებიათ მცნება ღვთისა და იცავთ კაცთა გადმოცემას -
რეცხავთ ქილებსა და სასმისებს და სხვა მრავალ ამის მსგავსს აკეთებთ.
9. და ეუბნებოდა მათ: უარს კარგად ამბობთ ღვთის მცნებებზე, რომ თქვენი
გადმოცემა დაიცვათ;
10. რადგან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და:
ვინც იტყვის ბოროტს მამაზე ან დედაზე, სიკვდილით აღესრულოს (გამ. 20,12;
21,1).
11. ხოლო თქვენ ამბობთ: თუ ეტყვის კაცი მამას ან დედას: კორბანი, რაც არის
ძღვენი, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, -
12. და უშვებთ, რომ მან არაფერი გაუკეთოს მამას ან დედას, -
13. აუქმებთ ღვთის სიტყვას თქვენი გადმოცემით, რომელსაც ასწავლით; და ამის
მსგავს მრავალს აკეთებთ.
14. და მოუხმო მთელ ხალხს და ეუბნებოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყველამ და
გაიგეთ.
15. არაფერია კაცის გარეთ, შემავალი მასში, რასაც შეუძლია მისი შეგინება,
არამედ, რაც გამოდის მისგან, ის არის, რაც შეაგინებს კაცს.
16. თუ ვინმეს აქვს ყურები სასმენად, ისმინოს.
17. და როდესაც შევიდა სახლში ხალხთან, ეკითხებოდნენ მას მისი მოწაფეები
იგავზე.
18. და უთხრა მათ: თქვენც ასევე უგულისხმონი ხართ? არ იცით, რომ არაფერს,
გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შეგინება?
19. რადგან არ შედის იგი გულში, არამედ მუცელში და გასავალში გადის და
გაწმენდს მთელ საჭმელს;
20. და ამბობდა: რაც კაცისგან გამოდის, ის შეგინებს კაცს,
21. რადგან კაცთა გულის შიგნიდან ბოროტი გულისზრახვები გამოდის: მრუშობა,
სიძვა, მკვლელობა,
22. პარვა, ანგარება, უკეთურება, მზაკვრობა, გარყვნილება, ავთვალობა,
გმობა, ამპარტავნება, უგუნურება;
23. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და შეაგინებს კაცს.
ასურელი ფინიკიელი (ქანანელი) დედაკაცის ასულის განკურნება (მთ. 15,21-28)
24. და იქიდან ადგა და წავიდა ტვიროსისა და სიდონის საზღვრებთან და შევიდა
სახლში და არ უნდოდა, რომ გაეგო ვინმეს, და ვერ შეძლო დამალვა;
25. რადგან მაშინვე გაიგო მის შესახებ ვიღაც დედაკაცმა, რომლის ასულიც
არაწმინდა სულით იყო შეპყრობილი, მივიდა და ფეხებში ჩაუვარდა მას;
26. ხოლო დედაკაცი იყო წარმართი, წარმოშობით ასურელი ფინიკიელი; და
სთხოვდა მას, რათა განედევნა ეშმაკი მისი ასულისგან.
27. და იესომ უთხრა მას: აცალე, ჯერ გაძღნენ შვილები, რადგან არ არის
კარგი პურის აღება შვილებისგან და ძაღლებისთვის დაგდება.
28. ხოლო მაინ მიუგო და უთხრა მას: ჰო, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ჭამენ
ტაბლის ქვეშ შვილების ნამცეცებს.
29. და უთხრა მას: მაგ სიტყვის გამო წადი, გავიდა ეშმაკი შენი ასულისგან.
30. და წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ ბავშვი იწვა სარეცელზე და ეშმაკი
გასულიყო.
ყრუ და ენაბრგვილი კაცის განკურნება (მთ. 15,29-31)
31. და კვლავ გამოვიდა ტვიროსისა და სიდონის საზღვრებიდან და მივიდა
გალილეის ზღვასთან, ათქალაქის საზღვრებს შორის.
32. და მოუყვანეს მას ყრუ და ენაბრგვნილი და ევედრებოდნენ მას, რომ დაედო
მისთვის ხელი.
33. და გაიყვანა იგი ხალხიდან განმარტოებით და დაადო თავისი თითები მას
ყურებზე და დაანერწყვა და შეახო მის ენას,
34. და ახედა ცას, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! - რაც არის: გაიხსენი!
35. და მაშინვე გაეხსნა მას სასმენელი და აეხსნა მას ბორკილი ენისა და
ამეტყველდა გამართულად.
36. და უბრძანა მათ, რომ არავისთვის ეთქვათ, და რაც უფრო მეტს უბრძანებდა
მათ, მით უფრო მეტს ქადაგებდნენ;
37. და კიდევ უფრო განცვიფრებულები ამბობდნენ: ყველაფერს კარგს აკეთებს:
ყრუებს ანიჭებს სმენას და მუნჯებს - მეტყველებას.
თავი 8
ოთხი ათასი კაცის დაპურება (მთ. 15,32-39)
1. იმ დღეებში კვლავ ბევრი ხალხი იყო და არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ;
მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ:
2. მებრალება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, მელოდებიან და არაფერი
აქვთ, რომ ჭამონ;
3. და თუ გავუშვებ მათ უჭმელებს თავის სახლში, დაუძლურდებიან გზაში,
რადგან ზოგი მათგანი შორიდან არის მოსული.
4. და მიუგეს მას მისმა მოწაფეებმა: საიდან შეგვიძლია ამდენი ხალხის
გაძღომა პურით აქ, უდაბნოში?
5. და ჰკითხა მათ: რამდენი გაქვთ პური? ხოლო მათ უთხრეს: შვიდი.
6. და უბრძანა ხალხს დასხდომა მიწაზე; და აიღო შვიდი პური, მადლობდა,
გატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რათა დაერიგებინათ; და დაურიგეს ხალხს.
7. და ჰქონდათ ცოტა თევზი; ისიც აკურთხა და უთხრა, დაერიგებინათ ისიც.
8. და ჭამეს და განძღნენ და აიღეს დარჩენილი ნატეხები შვიდი კალათი.
9. ხოლო იყო, ვინც ჭამა, ოთხი ათასამდე; და გაუშვა ისინი.
ფარისეველთაგან სასწაულის მოთხოვნა (მთ. 16,1-4)
10. და მაშინვე ავიდა ნავზე თავის მოწაფეებთან ერთად და მივიდა დალმანუთის
მხარეში.
11. და გამოვიდნენ ფარისევლები და დაუწყეს კამათი და მოითხოვდნენ მისგან
სასწაულს ზეციდან და ცდიდნენ მას.
12. და ამოიოხრა თავისი სულით და თქვა: რისთვის ეძებს ეს მოდგმა სასწაულს?
ამინ გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა ამ მოდგმას სასწაული.
ფარისეველთა და ჰეროდიანთა საფუარის შესახებ (მთ. 16,5-12)
13. და დატოვა ისინი და კვლავ ავიდა ნავზე და გავიდა გაღმა.
14. და დაავიწყდათ პურის წაღება და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ თან ნავში.
15. და უბრძანა მათ და უთხრა: უფრთხილდით და ერიდეთ ფარისეველთა საფუარს
და ჰეროდიანთა საფუარს.
16. ხოლო ისინი ბჭობდნენ ერთმანეთში და ამბობდნენ: პური არა გვაქვს.
17. და გულისხმაყო იესომ და უთხრა მათ: რატომ ბჭობთ თქვენს გულში,
მცირედმორწმუნენო, რომ პური არა გაქვთ? კიდევ არ იცით, ვერც ხვდებით?
გაქვავებული გაქვთ თქვენ გულები?
18. თვალები გაქვთ და არ ხედავთ და ყურები გაქვთ და არ გესმით? და არ
გახსოვთ (იერ. 5,21; ეზ. 12,2),
19. როდესაც ხუთი პური გავტეხე ხუთ ათასისთვის და რამდენი გოდორი აიღეთ
ნატეხებით სავსე? უთხრეს მას: თორმეტი;
20. ხოლო როდესაც შვიდი - ოთხი ათასისთვის, რამდენი კალათი აიღეთ
ნატეხებით სავსე? ხოლო მათ უთხრეს: შვიდი.
21. და ეუბნებოდა მათ: როგორ ვერ ხვდებით?
ბრმის განკურნება ბეთსაიდაში
22. და მივიდა ბეთსაიდაში. და მიუყვანეს მას ბრმა და ევედრებოდნენ მას,
რათა შეხებოდა მას.
23. და მოჰკიდა ხელი ბრმას და გაიყვანა იგი დაბის გარეთ და დაანერწყვა მის
თვალებს, დაადო ხელები მას და ჰკითხა მას: თუ ხედავ რამეს?
24. და აიხედა და თქვა: ვხედავ ადამიანებს, როგორც მიმომავალ ხეებს.
25. შემდეგ კვლავ დაადო ხელები მის თვალებს და აუხილა; და აღუდგა მას და
ხედავდა ნათლად ყველაფერს.
26. და გაგზავნა იგი მის სახლში და უთხრა: წადი შენს სახლში და ნურავის
ეტყვი დაბაში.
იესოს აღიარება ქრისტედ (მთ. 16,13-20; ლკ. 9,18-21)
27. და გამოვიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის დაბებში; და
გზაში ეკითხებოდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა მათ: რას ამბობენ ჩემზე
ადამიანები: ვინ ვარ?
28. ხოლო მათ მიუგეს და უთხრეს: იოანე ნათლისმცემელი და სხვები ამბობენ:
ელია, ხოლო სხვები - ერთი წინასწარმეტყველთაგანი.
29. და მან უთხრა მათ: ხოლო თქვენ რას ამბობთ ჩემზე: ვინ ვარ? და მიუგო
მას პეტრემ და უთხრა: შენ ხარ ქრისტე.
30. და უბრძანა მათ, რომ არავისთვის ეთქვათ მის შესახებ.
განგება ღვთისა და განზრახვა კაცისა (მთ. 16,21-28)
31. და დაიწყო სწავლება მათი, რომ მართებს ძეს კაცისას მრავალი ვნება და
შეურაცხყოფა უხუცესებისაგან, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან და
მოიკვლება და სამი დღის შემდეგ აღდგება;
32. და ცხადად ამბობდა ამ სიტყვას. და გაიყვანა იგი პეტრემ და დაუწყო მას
შეპასუხება.
33. ხოლო იგი მიბრუნდა და შეხედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და
უთხრა: გამშორდი, სატანა, რადგან არ ფიქრობ ღვთისას, არამედ კაცისას.
34. და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: თუ ვინმეს
უნდა, შემომიდგეს მე, უარყოს თავისი თავი და აიღოს თავისი ჯვარი და
გამომყვეს მე.
35. რადგან, ვისაც უნდა თავისი სულის გადარჩენა, წარწყმედს მას; ხოლო ვინც
წარწყმედს თავის სულს ჩემთვის და სახარებისთვის, გადაარჩენს მას.
36. რადგან რა სარგებელი აქვს კაცს, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას და ავნებს
თავის სულს?
37. რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?
38. რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ
მოდგმაში, ძეს კაცისასაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამის დიდებით
წმინდა ანგელოზებთან ერთად.
თავი 9
1. და ეუბნებოდა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ არიან ზოგიერთები აქ
მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, ვიდრე არ იხილავენ ღვთის
სასუფეველს, მომავალს ძალით.
იესო ქრისტეს ფერისცვალება (მთ. 17,1-13; ლკ. 9,38-42)
2. და ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე და
აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით და ფერი იცვალა მათ წინაშე;
3. და მისი სამოსი გახდა ბრწყინვალე და თეთრი ძლიერ, როგორც თოვლი, ისე
რომ, არ შეუძლია ქვეყანაზე არც ერთ მათეთრებელს ასე გათეთრება.
4. და ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და იყვნენ იესოსთან და საუბრობდნენ.
5. და მიუგო პეტრემ და უთხრა იესოს: რაბი, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა,
გავაკეთოთ სამი კარავი: შენთვის - ერთი, მოსესთვის - ერთი და ელიასთვის -
ერთი, -
6. რადგან არ იცოდა, რა ეთქვა, რადგან შეშინებული იყვნენ.
7. და იყო ღრუბელი და დაჩრდილა ისინი და ხმა იყო ღრუბლიდან: ეს არის ძე
ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ.
8. და მყისვე მიმოიხედეს და ვერავინ დაინახეს, არამედ მხოლოდ იესო იყო
მათთან.
9. და როდესაც ჩამოდიოდნენ ისინი მთიდან, უბრძანა მათ, რომ არავის უთხრან,
რაც იხილეს, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება.
10. და ეს სიტყვა დაიმარხეს თავის თავში და კამათობდნენ: რა არის ვიდრე
მკვდრეთით არ აღდგება?
11. და ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ
ელიას მართებს პირველად მოსვლა? (მალ. 3,24)
12. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: ელია მოვა პირველად და აღადგენს
ყოველივეს; და როგორ წერია ძე კაცისაზე, რომ ფრიად ივნება და
შეურაცხყოფილი იქნება?
13. არამედ გეუბნებით თქვენ, რომ ელიაც მოვიდა, და გაუკეთეს მას, რაც
უნდოდათ, როგორც წერია მასზე.
14. და მივიდა თავის მოწაფეებთან და ნახა მრავალი ხალხი მათ გარშემო და
მწიგნობრები კამათობდნენ მათთან.
15. და მაშინვე მთელმა ხალხმა დაინახა იგი და გაოცდა; და მირბოდნენ და
ესალმებოდნენ მას.
16. და ჰკითხა მწიგნობრებს: რას ეკამათებოდით მათ?
უტყვი სულით შეპყრობილის (მთვარეულის) განკურნება
(მთ. 17,14-21; ლკ. 9,38-42)
17. და მიუგო მას ერთმა იმ ხალხიდან და უთხრა: მოძღვარო, მოვიყვანე შენთან
ჩემი ძე, რომელიც არის უტყვი სულით შეპყრობილი;
18. და სადაც მას შეიპყრობს, დასცემს; და დუჟი გადმოსდის და აღრჭენს
კბილებს და შეშდება; და ვუთხარი შენს მოწაფეებს, რომ იგი განედევნათ, და
ვერ შეძლეს.
19. და მიუგო მათ და უთხრა: ო, მოდგმავ ურწმუნო, როდემდე ვიქნები
თქვენთან? როდემდე გიტვირთავთ თქვენ? მოიყვანეთ იგი ჩემთან.
20. და მიიყვანეს იგი მასთან. და როცა იხილა იგი არაწმინდა სულმა, მყისვე
შეარყია იგი, და დავარდა მიწაზე, გორავდა და დუჟი გადმოსდიოდა.
21. და ჰკითხა მის მამას: რამდენი ხანია, რაც ეს დაემართა მას? ხოლო მან
უთხრა: სიყრმიდან;
22. და მრავალგზის ცეცხლშიც ჩააგდო იგი და წყალშიც, რათა დაეღუპა იგი;
მაგრამ თუ რამე შეგიძლია, შეგვეწიე ჩვენ და შეგვიწყალე ჩვენ.
23. ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია, ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია
მორწმუნისათვის.
24. და მყისვე შეღაღადა ყრმის მამამ და აცრემლებულმა უთხრა: მწამს, უფალო,
შეეწიე ჩემს ურწმუნოებას.
25. ხოლო როცა იხილა იესომ, რომ სწრაფად იკრიბებოდა ხალხი, შერისხა
არაწმიდა სული და უთხრა მას: უტყვო და ყრუ სულო, მე გიბრძანებ შენ: გამოდი
მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში!
26. და შეყვირა და ძლიერ დასცა და გავიდა მისგან; და იყო როგორც მკვდარი,
ისე რომ, ბევრი ამბობდა: მოკვდა.
27. ხოლო იესომ მოჰკიდა მას ხელი და ააყენა იგი, და ადგა.
28. და როდესაც შევიდა იგი სახლში, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს
მას: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა?
29. და უთხრა მათ: ამ მოდგმის გასვლა არაფრით შეიძლება, თუ არა ლოცვითა და
მარხვით.
30. და იქიდან გამოვიდნენ და გამოიარეს გალილეა და არ უნდოდა, რომ ვინმეს
გაეგო;
31. რადგან ასწავლიდა თავის მოწაფეებს და ეუბნებოდა მათ: ძე კაცისა
გადაეცემა კაცთა ხელში და მოკლავენ მას და, როცა მოკვდება, მესამე დღეს
აღდგება.
32. ხოლო მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა და ეშინოდათ, მისთვის ეკითხათ.
ცათა სასუფეველში უპირატესობის შესახებ
(მთ. 18,1-5; ლკ. 9,46-48)
33. და მივიდა კაპერნაუმში. და როდესაც იყო სახლში, ეკითხებოდა მათ: რაზე
ბჭობდით ერთმანეთში გზაში?
34. ხოლო ისინი დუმდნენ, რადგან ერთმანეთს ედავებოდნენ გზაში: ვინ არის
უფრო დიდი.
35. და დაჯდა და მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: თუ ვინმეს უნდა, პირველი
იყოს, იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური.
36. და მოიყვანა ყრმა და დააყენა იგი მათ შორის და მოეხვია მას და უთხრა
მათ:
37. ვინც ერთ ასეთ ყრმას შეიწყნარებს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; და
ვინც მე შემიწყნარებს, შემიწყნარებს არა მე, არამედ მომავლინებელს ჩემსას.
სამართლის და ცდუნების საზღაური (მთ. 18,6-11; ლკ. 9,49-50)
38. მიუგო მას იოანემ და უთხრა: მოძღვარო, ვნახეთ ვიღაც, ვინც შენი
სახელით დევნიდა ეშმაკებს და ჩვენ არ მოგვყვება; და ვუშლიდით მას, რადგან
არ მოგვყვება ჩვენ.
39. ხოლო იესომ უთხრა: ნუ დაუშლით მას, რადგან არავინ არის, ვინც მოახდენს
სასწაულს ჩემი სახელით და შეძლებს ცუდი თქვას ჩემზე;
40. რადგან, ვინც არ არის ჩვენ წინააღმდეგ, ის ჩვენსკენ არის.
41. ვინც გასმევთ თქვენ სასმის წყალს ჩემი სახელით - რადგან ქრისტესნი
ხართ - ამინ გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური.
42. ხოლო ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს ჩემი,
უმჯობესია მისთვის, რომ მოიბას წისქვილის დოლაბი თავის ქედზე და ჩავარდეს
ზღვაში.
43. და თუ გაცდუნებს შენ ხელი შენი, მოიკვეთე იგი; უმჯობესია შენთვის,
ხეიბარი შეხვიდე საუკუნო ცხოვრებაში, ვიდრე ორი ხელი გქონდეს და შეხვიდე
გეენიაში, უშრეტ ცეცხლში,
44. სადაც მათი მატლი არ ილევა და ცეცხლი არ იშრიტება. (ეს. 66,24)
45. და თუ ფეხი შენი გაცდუნებს შენ, მოიკვეთე იგი; უმჯობესია შენთვის,
შეხვიდე საუკუნო ცხოვრებაში კოჭლი, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჩავარდე
გეენაში, უშრეტ ცეცხლში,
46. სადაც მათი მატლი არ ილევა და ცეცხლი არ იშრიტება.
47. და თუ თვალი შენი გაცდუნებს შენ, ამოიგდე იგი; უმჯობესია შენთვის,
ერთი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და
ჩავარდე ცეცხლის გეენაში,
48. სადაც მათი მატლი არ ილევა და ცეცხლი არ იშრიტება;
49. რადგან ყოველივე ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით
დამარილდება.
50. კარგია მარილი. ხოლო თუ მარილი უმარილო გახდება, რითღა შენელდება?
არის თქვენში მარილი და მშვიდობით იყავით ერთმანეთში.
- .:. -
სამოცდაათი მოწაფის გამორჩევა და გაგზავნა საქადაგებლად და მათი დაბრუნება (ლკ.
10,1-24)
იესო კარვობის დღესასწაულზე (ინ. 7,2-52)
მრუშობისათვის დაკავებული ქალის განსჯა (ინ. 8,2-11)
იგავი მოწყალე სამარიელზე (ლკ. 10,25-37)
იესო ბეთანიაში მართასა და მარიამის სახლში (ლკ. 10,38-42)
ბრმად შობილის განკურნება (ინ. 9,1-38)
- ·:· -
თავი 10
1. და ადგა იქიდან და მივიდა ჰურიასტანის საზღვრებთან, იორდანის გაღმა, და
კვლავ შეიკრიბა ხალხი მასთან და, როგორც ჩვეულება ჰქონდა, კვლავ ასწავლიდა
მათ.
- .:. -
იგავი დაკარგულ ცხვარზე (მთ. 18,12-14; ლკ. 15,3-7)
იგავი დაკარგულ დრაქმაზე, იგავი უძღებ შვილზე (ლკ. 15,8-32)
იგავი ბატონის ქონების მფლანგველ მნეზე (ლკ. 16,1-15)
იგავი მდიდარსა და ლაზარეზე (ლკ. 16,19-31)
იგავი მოწყალე მეფეზე და უმოწყალო მონაზე (მთ. 18,23-35)
ათი კეთროვნის განკურნება (ლკ. 17,11-19)
იგავი უსამართლო მსაჯულზე, იგავი მეზვერესა და ფარისეველზე (ლკ. 18,1-14)
ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა (ინ. 11,1-46)
იესოს წასვლა ეფრაიმში (ინ. 11,47-54)
- ·:· -
ქმრის მიერ ცოლის გაშვების შესახებ (მთ. 19,3-11)
2. და მივიდნენ ფარისევლები და ეკითხებოდნენ მას: მართებულია, რომ კაცმა
ცოლი გაუშვას? - და ცდიდნენ მას.
3. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: რა გამცნოთ თქვენ მოსემ?
4. ხოლო მათ უთხრეს: მოსემ ბრძანა განტევების წერილის დაწერა და გაშვება.
5. და მიუგო იესომ და უთხრა მათ: თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ თქვენ
ეს მცნება.
6. ხოლო დასაბამიდან შექმნისა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი
ღმერთმა; (დაბ. 1,27)
7. ამიტომ დატოვებს კაცი თავის მამას და დედას და შეუერთდება თავის ცოლს.
8. და იქნება ორივე ერთხორცი; ასე რომ, აღარ არიან ორნი, არამედ ერთხორცი.
(დაბ. 2,24)
9. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებს.
10. და როცა სახლში იყო, მოწაფეებმა ამის შესახებ კვლავ ჰკითხეს მას.
11. და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მრუშობს
მასთან;
12. და თუ ცოლი გაშორდება ქმარს და გაჰყვება სხვას, მრუშობს.
იესოს მიერ ბავშვების დალოცვა (მთ. 19,13-15; ლკ. 18,15-17)
13. და მიუყვანეს მას ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, ხოლო მოწაფეები
რისხავდნენ მათ, ვისაც მოჰყავდათ.
14. როდესაც იხილა იესომ, განრისხდა და უთხრა მათ: აცადეთ ბავშვებს ჩემთან
მოსვლა და ნუ აბრკოლებთ მათ, რადგან ასეთების არის სასუფეველი ღვთისა.
15. ამინ გეუბნებით თქვენ, ვინც არ შეიწყნარებს ღვთის სასუფეველს როგორც
ბავშვი, ვერ შევა მასში.
16. და მოეხვია მათ, დაადო ხელი და აკურთხა ისინი.
საუკუნო ცხოვრების მსურველი მდიდარი ჭაბუკი (მთ. 19,16-26; ლკ. 18,18-30)
17. და როცა გამოვიდა გზაზე, მიირბინა ვიღაც მდიდარმა, მუხლი მოუყარა მას
და ჰკითხა მას: მოძღვარო სახიერო, რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება
დავიმკვიდრო?
18. ხოლო იესომ უთხრა მას: რად მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი,
არამედ მხოლოდ ღმერთი.
19. მცნებები იცი: არ მოკლა, არ იმრუშო, არ მოიპარო, ცილი არ დასწამო, არ
დაჩაგრო, პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას. (გამ. 12,17)
20. ხოლო მან მიუგო და უთხრა მას: მოძღვარო, ამ ყველაფერს ვიცავდი ჩემი
სიჭაბუკიდან.
21. ხოლო იესომ შეხედა და შეუყვარდა იგი და უთხრა მას: ერთიღა გაკლია შენ;
წადი, რაც გაქვს, გაყიდე და მიეცი გლაკახებს და გექნება საუნჯე ცაში; და
მოდი და გამომყევი მე და აიღე შენი ჯვარი.
22. ხოლო იგი დაღონდა ამ სიტყვის გამო და წავიდა დამწუხრებული, რადგან
დიდი ქონება ჰქონდა.
23. და მიმოიხედა იესომ და უთხრა თავის მოწაფეებს: როგორი ძნელია მათთვის,
ვისაც სიმდიდრე აქვს, ღვთის სასუფეველში შესვლა!
24. ხოლო მოწაფეები გაოცდნენ მის სიტყვებზე და იესომ კვლავ მიუგო და უთხრა
მათ: შვილებო, როგორი ძნელია მათთვის, ვინც სიმდიდრეს არის მინდობილი,
ღვთის სასუფეველში შესვლა!
25. უფრო ადვილია, აქლემი ნემსის ყუნწში გავიდეს, ვიდრე მდიდარი ღვთის
სასუფეველში შევიდეს.
26. ხოლო ისინი უფრო მეტად განცვიფრდნენ და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: და ვის
შეუძლია ცხონება?
27. შეხედა მათ იესომ და უთხრა: კაცთათვის შეუძლებელია, მაგრამ არა
ღვთისათვის, რადგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისათვის.
28. დაიწყო პეტრემ საუბარი მასთან: აჰა, ჩვენ დავტოვეთ ყველაფერი და
გამოგყევით შენ.
29. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ, არავინ არის, ვინც
დატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები,
ან მამულები ჩემთვის და სახარებისთვის,
30. რომ არ მიიღოს ასწილად ახლა, ამ დროს, სახლი და ძმები და დები და მამა
და დედა და შვილები და მამულები დევნის შემდეგ, და მომავალ საუკუნეში -
ცხოვრება საუკუნო.
31. ხოლო მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი და უკანასკნელი - პირველი.
- .:. -
იგავი ვენახის მუშაკებზე და მათს საზღაურზე (მთ. 20,1-16)
- ·:· -
იესოს მიერ წინასწარი უწყება თავის სიკვდილზე და ცათა სასუფეველში უპირატესობის
შესახებ (მთ. 17-28; ლკ. 18,31-34)
32. და როცა იყვნენ გზაში და ადიოდნენ იერუსალიმში, წინ უძღოდა მათ იესო,
და გაოცებულნი იყვნენ; ხოლო ვინც მიჰყვებოდა, ეშინოდა. და წამოუყვანა
კვლავ თორმეტნი და დაუწყო მათ საუბარი იმაზე, რაც მას უნდა შემთხვეოდა:
33. აჰა, ავდივართ იერუსალიმში და ძე კაცისა გადაეცემა მღვდელმთავრებს და
მწიგნობრებს და მიუსჯიან მას სიკვდილს და გადასცემენ მას წარმართებს;
34. და დასცინებენ მას და გვემენ მას და აფურთხებენ მას და მოკლავენ და
მესამე დღეს აღდგება.
35. და მივიდნენ მასთან იაკობი და იოანე, ზებედეს ძეები, და უთხრეს მას:
მოძღვარო, გვინდა, რომ, რასაც გთხოვთ, გაგვიკეთო ჩვენ.
36. ხოლო მან მიუგო მათ: რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ თქვენ?
37. ხოლო მათ უთხრეს მას: მოგვეცი ჩვენ, რომ ერთი შენ მარჯვნივ და ერთი
შენ მარცხნივ დავსხდეთ შენს დიდებაში.
38. ხოლო იესომ უთხრა მათ: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ, შესვათ
სასმისი, რომელსაც მე ვსვამ ან ნათელიღოთ ნათლისღებით, რომლითაც მე
ნათელვიღებ?
39. ხოლო მათ უთხრეს მას: შეგვიძლია. ხოლო იესომ უთხრა მათ: სასმისს,
რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლისღებით, რომლითაც მე ნათელვიღებ,
ნათელიღებთ,
40. ხოლო დაჯდომა ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ არ არის ჩემი მისაცემი, არამედ
ვისთვისაც გამზადებულია.
41. და როცა გაიგონა იმ ათმა, დაიწყო შერისხვა იაკობისა და იოანესი.
42. ხოლო იესომ მოუხმო და უთხრა მათ: იცით, ვიზეც ფიქრობენ, რომ მთავარია
წარმართთა, ბატონობს მათზე და მათი დიდებულები ხელმწიფობენ მათზე.
43. ხოლო ასე ნუ იქნება თქვენ შორის, არამედ, ვისაც უნდა დიდი იყოს თქვენ
შორის, იყოს თქვენი მსახური,
44. და ვისაც უნდა, თქვენ შორის იყოს პირველი, იყოს ყველას მონა;
45. რადგან ძე კაცისა არ მოვიდა, რომ ემსახურონ, არამედ ემსახუროს და
მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად.
ბრმა ბარტიმეოსის განკურნება იერიქოში (მთ. 20,29-34; ლკ. 18,35-43)
46. და მივიდნენ იერიქოში. და როცა გამოდიოდა იგი თავის მოწაფეებთან ერთად
იერიქოდან და დიდძალი ხალხი მათთან ერთად, ძე ტიმესი, ბარტიმეოსი, ბრმა,
იჯდა გზის პირას სამათხოვროდ.
47. და როცა გაიგონა, რომ იესო ნაზარეველია, დაიწყო ღაღადება და ამბობდა:
იესო, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე.
48. და რისხავდა მას ბევრი, რათა დადუმებულიყო; ხოლო ის უფრო მეტად
ღაღადებდა: ძეო დავითისაო, შემიწყალე მე.
49. და შეჩერდა იესო და თქვა: მოუმხეთ მას. და მოუხმეს ბრმას და უთხრეს
მას: გამხნევდი, ადექი, გიხმობს შენ.
50. ხოლო მან დააგდო თავისი სამოსი, ადგა და მივიდა იესოსთან.
51. და მიუგო მას იესომ და უთხრა: რა გინდა, რომ გაგიკეთო შენ? ხოლო ბრმამ
უთხრა მას: რაბუნი, რომ ამეხილოს თვალები.
52. და იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ. და მაშინვე
აეხილა და გაჰყვა მას გზაზე.
- .:. -
იგავი ათ მნეზე (ლკ. 19,11-28)
ზაქეს მოქცევა (ლკ. 19,1-10)
იესო ბეთანიაში, ლაზარეს სახლში და მარიამის მიერ ნელსაცხებლის ცხება (მთ. 26,6-13;
ლკ. 14,3-9; ინ. 19,2-11)
- ·:· -
თავი 11
იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში
(მთ. 21,1-11; ლკ. 19,28-44; ინ. 12,12-19)
1. და როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას ზეთისხილის
მთასთან, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე
2. და უთხრა მათ: წადით დაბაში, რომელიც არის თქვენ პირდაპირ და, როგორც
კი შეხვალთ მასში, იპოვით დაბმულ კვიცს, რომელზეც კაცთაგან არავინ მჯდარა;
ახსენით იგი და მომიყვანეთ.
3. და თუ ვინმე გეტყვით თქვენ: რას აკეთებთ ამას? უთხარით: უფალს
სჭირდება. - და მაშინვე გამოგზავნის მას აქ.
4. და წავიდნენ და იპოვეს კვიცი, დაბმული კართან, გარეთ, ქუჩაში და ახსნეს
იგი.
5. და ზოგიერთები, იქ მდგომთაგან, ეუბნებოდნენ მათ: რას აკეთებთ, რატომ
ხსნით კვიცს?
6. ხოლო მათ უთხრეს, როგორც უბრძანა იესომ, და გაუშვეს ისინი.
7. და მიიყვანეს კვიცი იესოსთან და დადეს მასზე თავისი სამოსი და დაჯდა
მასზე.
8. და ბევრი თავის სამოსს უფენდა გზაზე, ხოლო სხვები ჭრიდნენ რტოებს
ხეებიდან და უფენდნენ გზაზე.
9. და ვინც წინ უძღოდა და ვინც უკან მიჰყვებოდა, ღაღადებდა და ამბობდა:
ოსანა, კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! (ფს. 118,25)
10. კურთხეულია ჩვენი მამის, დავითის, უფლის სახელით მომავალი მეუფება;
ოსანა მაღალთა შინა! (ფს. 148,1; იობ. 16,19)
11. და შევიდა იესო იერუსალიმში, ტაძარში, და გადახედა ყველაფერს. უკვე
საღამო ხანი იყო და გავიდა ბეთანიაში თორმეტთან ერთად.
უნაყოფო ლეღვის ხის გახმობა (მთ. 21,18-22)
იესოს მიერ ვაჭრების ტაძრიდან განდევნა (მთ. 21,12-17; ლკ. 20, 45-47)
12. და მომდევნო დღეს, როცა გამოდიოდნენ ისინი ბეთანიიდან, მოშივდა.
13. და დაინახა შორიდან ლეღვის ხე, რომელსაც ჰქონდა ფოთლები. მივიდა, რომ
იქნებ რამე ეპოვა მასზე და, როცა მივიდა მასთან, ვერაფერი იპოვა, გარდა
ფოთლებისა, რადგან არ იყო ლეღვის დრო;
14. და უთხრა მას და თქვა: ნუღარავინ შეჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფს. და
ესმოდათ მის მოწაფეებს.
15. და მივიდნენ იერუსალიმში. და შევიდა იესო ტაძარში და დაიწყო გამოყრა,
ვინც ყიდდა და ყიდულობდა ტაძარში; და მეკერმეთა მაგიდები და მტრედის
გამყიდველთა დასასხდომლები დაამხო;
16. და არ უშვებდა, რომ ვინმეს გამოეტარებინა ნივთი ტაძრის გავლით.
17. და ასწავლიდან და ეუბნებოდა მათ: არ წერია, რომ ჩემს სახლს სალოცავი
სახლი ეწოდოს ყველა წარმართის მიერ? ხოლო თქვენ გიქცევიათ იგი ავაზაკთა
გამოქვაბულად. (ეს. 56,7; იერ. 7,11)
18. და ესმოდათ მღვდელმთავრებს და მწიგნობრებს და ეძებდნენ, როგორ
დაეღუპათ იგი; და ეშინოდათ მისი, რადგან მთელი ხალხი განცვიფრებული იყო
მისი მოძღვრებით.
19. და როცა მოსაღამოვდა, გავიდა ქალაქგარეთ.
20. და როდესაც ჩაიარეს, განთიადისას, ნახეს ლეღვის ხე, გამხმარი ძირიდან.
21. და გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი, აჰა, ლეღვის ხე, რომელიც
დაწყევლე, გახმა.
22. და მიუგო იესომ და უთხრა მათ:
23. თუ გაქვთ რწმენა ღვთისა, ამინ გეუბნებით თქვენ, რომ, ვინც ეტყვის ამ
მთას: აღმოიფხვერი და ჩავარდი ზღვაში, - და არ დაეჭვდება თავის გულში,
არამედ ირწმუნებს, რომ, რასაც ამბობს, მოხდება, იქნება ისე.
24. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყველაფერს, რასაც ლოცვისას ითხოვთ, გწამდეთ,
რომ მიიღებთ, და იქნება თქვენთვის.
25. და როდესაც დგეხართ და ლოცულობთ, მიუტევეთ, თუ გაქვთ რამე ვინმეს
წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც მოგიტეოთ თქვენ თქვენი
შეცოდებები.
26. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ
თქვენს შეცოდებებს.
იესო ქრისტეს მიერ მღვდელმთავართა და უხუცესთა მხილება (მთ. 21,23-27; ლკ. 20,1-8)
27. და მივიდნენ კვლავ იერუსალიმში. და როდესცა დადიოდა იგი ტაძარში,
მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და მწიგნობრები და უხუცესები
28. და ეუბნებოდნენ მას: რომელი ძალაუფლებით აკეთებ ამას? ან ვინ მოგცა
შენ ეს ძალაუფლება, რომ ამას აკეთებ?
29. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: გკითხავთ მეც თქვენ ერთ სიტყვას და
მიპასუხეთ მე და გეტყვით თქვენ, რომელი ძალაუფლებით ვაკეთებ ამას:
30. ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ მე.
31. ხოლო ისინი ბჭობდნენ თავისთვის და ამბობდნენ: თუ ვიტყვით: ზეციდან,
გვეტყვის: რატომ არ ირწმუნეთ მისი?
32. მაგრამ თუ ვიტყვით: კაცთაგან, გვეშინია ხალხისა, რადგან ყველამ იცის,
რომ იოანე ჭეშმარიტად წინასწარმეტყველი იყო.
33. და მიუგეს და უთხრეს იესოს: არ ვიცით. და მიუგო იესომ და უთხრა მათ:
არც მე გეტყვით თქვენ, რომელი ძალაუფლებით ვაკეთებ ამას.
- .:. -
იგავი ორ შვილზე (მთ. 21,28-32)
- ·:· -
თავი 12
იგავი ბოროტ მევენახეებზე (მთ. 21,33-46; ლკ. 20,9-19)
1. და დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა გააშენა ვენახი და
შემოავლო ღობე, ამოთხარა საწნახელი და ააშენა გოდოლი და გადასცა იგი
მოწათმოქმედებს და წავიდა.
2. და დრო რომ მოვიდა, გაგზავნა მიწათმოქმედებთან მონა, რათა
მიწათმოქმედთაგან მიეღო ვენახის ნაყოფი.
3. ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და გაუშვეს ცარიელი.
4. და კვლავ გაგზავნა მათთან სხვა მონა; და მასაც ქვით გაუტეხეს თავი და
გაუშვეს შეურაცხყოფილი.
5. და სხვა გაგზავნა და ისიც მოკლეს; და ბევრ სხვასაც - ზოგს სცემდნენ,
ხოლო ზოგს კლავდნენ.
6. ერთი ძე ჰყავდა, საყვარელი; ბოლოს გაგზავნა იგიც მათთან და თქვა:
მოერიდებათ ჩემი ძისა.
7. ხოლო იმ მიწათმოქმედებმა უთხრეს ერთმანეთს: ეს არის მემკვიდრე; მოდით,
მოვკლათ იგი და ჩვენი იქნება მემკვიდრეობა.
8. და შეიპყრეს და მოკლეს იგი და გადააგდეს იგი ვენახის გარეთ.
9. ახლა რას იზამს ვენახის პატრონი? მივა და ამოწყვეტს მიწათმოქმედებს და
მისცემს ვენახს სხვებს.
10. არც ეს დაწერილი ამოგიკითხავთ: ლოდი, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა,
იგი იქცა თავკიდურად;
11. უფლის მიერ იყო ეს და საკვირველია ჩვენს თვალში? (ფს. 117,22-23)
12. და ცდილობდნენ მის შეპყრობას და ეშინოდათ ხალხისა, რადგან იცოდნენ,
რომ მათთვის თქვა იგავი. და დატოვეს იგი და წავიდნენ.
- .:. -
იგავი მეფის ძის ქორწილზე (მთ. 22,1-14; ლკ. 14,16-24)
- ·:· -
ფარისეველთა მზაკვრული შეკითხვა კეისრისათვის ხარკის მიცემის შესახებ (მთ.
22,15-22; ლკ. 20,20-26)
13. და გაგზავნეს მასთან ზოგიერთი ფარისეველთაგან და ჰეროდიანთაგან, რათა
დაეჭირათ იგი სიტყვაში.
14. ხოლო ისინი მივიდნენ და უთხრეს მას: მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი
ხარ და არ პირმოთნეობ შენ არავისთან; რადგან არ უყურებ კაცის სახეს,
არამედ ჭეშმარიტად ღვთის გზას ასწავლი. მართებულია ხარკის მიცემა
კეისრისთვის თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?
15. ხოლო მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: რად მცდით მე?
მომიტანეთ მე დინარი, რომ ვნახო.
16. ხოლო მათ მიუტანეს. და უთხრა მათ: ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?
ხოლო მათ უთხრეს მას: კეისრისა.
17. და მიუგო იესომ და უთხრა მათ: კეისრისა მიეცით კეისარს და ღვთისა -
ღმერთს. და უკვირდათ მისგან.
სადუკეველთა შეკითხვა მკვდრეთით აღდგომის შესახებ (მთ. 22,23-33; ლკ. 20,27-38)
18. და მივიდნენ მასთან სადუკევლები, რომლებიც ამბობდნენ: აღდგომა არ
არის, - და ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ:
19. მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა ჩვენ: თუ ვინმეს ძმა მოუკვდება და დარჩება
ცოლი და შვილი არ დარჩება, მოიყვანოს მისმა ძმამ მისი ცოლი და აღუდგინოს
თესლი თავის ძმას. (2სჯ. 25,5)
20. შვიდი ძმა იყო; და პირველმა მოიყვანა ცოლი და მოკვდა და არ დატოვა
თესლი;
21. და მეორემ მოიყვანა იგი და მოკვდა და არც მან დატოვა თესლი; და
მესამემაც - ასევე;
22. და მოიყვანა იგი შვიდივემ და არ დატოვეს თესლი. ყველაზე ბოლოს მოკვდა
დედაკაციც.
23. აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, რადგან
შვიდივეს ჰყავდა იგი ცოლად?
24. და მიუგო იესომ და უთხრა მათ: განა იმიტომ არ ცდებით, რომ არ იცით
წერილი, არც ძალა ღვთისა?
25. რადგან, როცა მკვდრეთით აღდგებიან, არც ქორწინდებიან, არც თხოვდებიან,
არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.
26. ხოლო იმის შესახებ, რომ მკვდრები აღდგებიან, არ ამოგიკითხავთ მოსეს
წიგნში, მაყვლოვანთან როგორ უთხრა მას ღმერთმა და თქვა: მე ვარ ღმერთი
აბრაამისა და ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა? (გამ. 3,6)
27. არ არის ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა; ხოლო თქვენ ძლიერ ცდებით.
მწიგნობრების შეკითხვა პირველი მცნების შესახებ (მთ. 22,34-40)
28. და მივიდა მასთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელსაც ესმოდა მათი კამათი.
როცა ნახა, რომ კარგად უპასუხა მათ, ჰკითხა მას: რომელია ყველაზე პირველი
მცნება?
29. ხოლო იესომ მიუგო მას: ყველაზე პირველი მცნება არის: ისმინე, ისრაელო,
უფალი ღმერთი თქვენი უფალი ერთია;
30. და შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით
და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით. ეს არის პირველი მცნება (2სჯ.
6,5)
31. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
ამაზე დიდი სხვა მცნება არ არის. (ლევ. 19,18)
32. და უთხრა მას მწიგნობარმა: კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტად თქვი, რომ
ერთია ღმერთი და არ არის სხვა მის გარდა; (ეს. 45,21)
33. და რომ გიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი გონებით და მთელი სულით და
მთელი ძალით; და რომ გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი, მეტია
ყოველგვარ ყოვლადდასაწველზე და შესაწირავზე.
34. და ნახა იესომ, რომ გონივრულად მიუგო და უთხრა მას: არა ხარ შორს
ღვთის სასუფევლისაგან. და ვერავინ ვეღარ იკადრა, ეკითხა მისთვის.
იესოს შეკითხვა ქრისტეს ძეობის შესახებ (მთ. 22,41-46; ლკ. 20,41-44)
35. და მიუგო იესომ და უთხრა, როცა ასწავლიდა ტაძარში: როგორ ამბობენ
მწიგნობრები: ქრისტე ძე არის დავითისა?
36. რადგან თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს:
დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე დავცემ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ. (ფს. 109,1)
37. თვით დავითი ეძახის მას უფალს და როგორ არის მისი ძე? და ბევრი ხალხი
უსმენდა მას სიამოვნებით.
იესოს მიერ ფარისეველთა და მწიგნობართა უკანასკნელი მხილება (მთ. 23,1-39; ლკ.
20,45-47)
38. და ეუბნებოდა მათ თავისი სწავლებისას: უფრთხილდით მწიგნობრებს,
რომლებსაც სურთ შესამოსლებით სიარული და მისალმება მოედნებზე
39. და წინ დასხდომა შესაკრებლებში და ინახით სხდომა ნადიმებზე.
40. ვინც ჭამს ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად ხანგრძლივად ლოცულობს, ის
მიიღებს უმეტეს სასჯელს.
ქვრივის ორი ლეპტა (ლკ. 21,1-4)
41. და დაჯდა იესო განძის საცავის წინ და უყურებდა, როგორ დებდა ხალხი
რვალს განძის საცავში. და მრავალმა მდიდარმა დადო ბევრი.
42. და მოვიდა ერთი გლახაკი ქვრივი და დადო ორი ლეპტა, რომელიც არის
კოდრანტი.
43. და მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ამინ გეუბნებით თქვენ, რომ
ამ გლახაკმა ქვრივმა ყველაზე მეტი დადო განძის საცავში;
44. რადგან ყველამ თავისი მომეტებულიდან დადო, ხოლო ამან თავისი
ნაკლულევანებიდან ყველაფერი, რაც ჰქონდა, დადო - მთელი თავისი
საცხოვრებელი.
თავი 13
იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება იერუსალიმის ტაძრის დანგრევისა და მეორედ
მოსვლის შესახებ (მთ. 24,1-51; ლკ. 21,5-36)
1. და როდესაც გამოდიოდა იგი ტაძრიდან, უთხრა მას ერთმა თავისმა
მოწაფეთაგანმა: მოძღვარო, ნახე, როგორი ქვებია და როგორი ნაგებობები.
2. და მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდ ნაგებობებს? არ დარჩება აქ
ქვა ქვაზე, რომელიც არ დაირღვევა.
3. და როცა დაჯდა იგი ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ, ეკითხებოდნენ
მას განმარტოებით პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია:
4. გვითხარი ჩვენ, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, როდესაც ეს
ყოველივე უნდა აღსრულდეს?
5. ხოლო იესომ მიუგო და დაიწყო საუბარი მათთან: გაფრთხილდით, ვინმემ არ
გაცდუნოთ თქვენ;
6. რადგან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარ. - და მრავალს
აცდუნებენ.
7. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებზე და ომების ამბებს, ნუ შეძრწუნდებით,
რადგან ეს უნდა იყოს, მაგრამ ჯერ არ არის აღსასრული.
8. რადგან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ და
იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და იქნება შიმშილი და არეულობა; ეს არის
ტკივილების დასაწყისი.
9. ხოლო გაუფრთხილდით თქვენ თქვენს თავებს, რადგან გადაგცემენ თქვენ
საკრებულოს და თავის შესაკრებლებში დაგტანჯავენ თქვენ და მთავართა და
მეფეთა წინაშე წარდგებით ჩემ გამო მათთვის დასამოწმებლად,
10. და ყველა წარმართისათვის ჯერ უნდა იქადაგოს სახარება.
11. ხოლო როდესაც მიგიყვანენ თქვენ და გადაგცემენ, წინასწარ ნუ ზრუნავთ და
ნუ უღვწით, რა თქვათ, არამედ, რაც მოგეცემათ თქვენ იმ დროს, ის თქვით;
რადგან არა თქვენ იქნებით მეტყველნი, არამედ სულიწმიდა.
12. და გადასცემს ძმა ძმას სასიკვდილოდ და მამა - შვილს და აღდგებიან
შვილები მშობლებზე და დახოცავენ მათ.
13. და იქნებით მოძულებულნი ყველასგან ჩემი სახელის გამო. და ვინც
მოითმენს ბოლომდე, ის ცხონდება.
14. ხოლო როდესაც იხილავთ მოოხრების სისაძაგლეს, თქმულს დანიელ
წინასწარმეტყველის მიერ - მდგომარეს, სადაც არ არის მართებული - ვინც
წაიკითხავს, მიხვდეს. მაშინ ჰურიასტანში მყოფნი, გაიქცნენ მთაში
(დან.9,27).
15. ხოლო ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა სახლში, ნურც შევა რამის ასაღებად თავისი
სახლიდან;
16. და ველზე მყოფი ნუ მობრუნდება უკან თავისი სამოსის ასაღებად.
17. ხოლო ვაი ორსულებს და ვინც აწოვებს იმ დღეებში.
18. არამედ ილოცეთ, რომ არ მოხდეს თქვენი გაქვევა ზამთარში;
19. რადგან იქნება ის დღეები გაჭირვებისა, რომლის მსგავსი არ ყოფილა
დასაბამიდან შექმნისა - როცა შექმნა ღმერთმა - აქამდე, და არც იქნება.
20. და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი
ხორციელი; არამედ რჩეულთათვის, რომლებიც გამოირჩია, შეამოკლა დღეები.
21. და მაშინ თუ ვინმე გეტყვით თქვენ: აჰა, აქ არის ქრისტე, ან აჰა, - იქ,
- ნუ ირწმუნებთ;
22. რადგან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ
სასწაულებს და ნიშებს, რომ აცდუნონ, თუ შეძლებენ, რჩეულებიც.
23. ხოლო თქვენ გაფრთხილდით; აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ ყველაფერი.
24. არამედ იმ დღეებში, იმ გაჭირვების შემდეგ, მზე დაბნელდება და მთვარე
არ გამოსცემს თავის ნათელს.
25. და ვარსკვლავები ჩამოცვივა ზეციდან და ძალები, რომლებიც იქნება ცაში,
შეიძვრება (ეს.13,10; ეზეკ.32,7).
26. და მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ღრუბლებზე მრავალი ძალითა და
დიდებით (დან.7,13).
27. და მაშინ გაგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს ოთხ
ქართაგან, ქვეყნის კიდიდან ცის კიდემდე.
28. ხოლო ლეღვის ხის მაგალითით ისწავლეთ: როცა უკვე მისი რტო დარბილდება
და გამოვა ფოთოლი, იცოდეთ, რომ ახლოს არის ზაფხული;
29. ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა, იცოდეთ, რომ
ახლოს არის, კარებთან.
30. ამინ გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ეს ყოველივე არ
იქნება.
31. ცა და ქვეყანა გადავა, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავა.
32. ხოლო იმ დღის ან ჟამის შესახებ არავინ იცის: არც ანგელოზებმა ცაში,
არც ძემ, არამედ მამამ.
33. გაფრთხილდით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის იქნება ჟამი.
34. როგორც კაცი, გზად მიმავალი, ტოვებს თავის სახლს და აძლევს თავის
მონებს ძალაუფლებას და თითოეულს მის საქმეს და მეკარეს უბრძანებს, რომ
იფხიზლოს.
35. ასე რომ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი -
საღამოს თუ შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას.
36. ვაითუ მოვიდეს უეცრად და გიპოვოთ თქვენ მძინარენი.
37. ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას გეუბნებით: იფხიზლეთ!
- .:. -
იგავი ათ ქალწულზე; იგავი მოცემულ ტალანტებზე; საყოველთაო აღდგომისა და
სამსჯავროს შესახებ (მთ. 25,1-46)
- ·:· -
თავი 14
1. ხოლო იყო პასექი და უფუარობა ორი დღის შემდეგ. და ეძიებდნენ
მღვდელმთავრები და მწიგნობრები იესოს, როგორ შეეპყოთ იგი მზაკვრობით და
მოეკლათ;
2. და ამბობდნენ: არა დღესასწაულზე, რათა არ იყოს შფოთი ერში.
იესოსთვის ნელსაცხებლის ცხება ბეთანიაში (მთ. 26,6-13; ინ. 12,3-8)
3. და როდესაც იყო იგი ბეთანიაში, სიმონ კეთროვნის სახლში, და ინახით იჯდა
იგი, მივიდა დედაკაცი, რომელსაც ჰქონდა ალაბასტრი სუფთა ნარდის
ნელსაცხებლით, ძვირფასი; და გატეხა ალაბასტრი და დაასხა მას თავზე.
4. ხოლო იყვნენ ზოგიერთები, რომლებიც მრისხანებდნენ თავისთვის და
ამბობდნენ: რისთვის დაიხარჯა ეს ნელსაცხებელი?
5. რადგან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა სამას დინარზე მეტად და
მიცემა გლახაკებისთვის, - და კიცხავდნენ მას.
6. ხოლო იესომ უთხრა: აცადეთ მაგას; რატომ აწუხებთ მას? კეთილი საქმე
გააკეთა ჩემთვის;
7. რადგან გლახაკები ყოველთვის თქვენთან არიან და, როცა მოინდომებთ,
შეგიძლიათ სიკეთე გაუკეთოთ მათ; ხოლო მე არა ვარ ყოველთვის თქვენთან.
8. რაც ჰქონდა მას, გააკეთა - წინასწარ სცხო ნელსაცხებელი ჩემს სხეულს
დასამარხავად.
9. ამინ გეუბნებით თქვენ: სადაც იქადაგება ეს სახარება, მთელ ქვეყანაზე,
რაც გააკეთა მან, ითქმება მის მოსახსენებლად.
იუდას გარიგება მღვდელმთავრებთან (მთ. 26,14-16; ლკ. 22,3-6)
10. და იუდა ისკარიოტელი, ერთი თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან,
რომ გადაეცა იგი მათთვის.
11. ხოლო მათ, როდესაც გაიგონეს, გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის
მიცემა. და ეძებდა, როგორ გადაეცა იგი ხელსაყრელ დროს.
საიდუმლო სერობა (მთ. 26,17-25; ლკ. 22,7-16)
12. და უფუარობის პირველ დღეს, როდესაც პასექს კლავდნენ, უთხრეს მას მისმა
მოწაფეებმა: სად გინდა, წავიდეთ და მოგიმზადოთ, რომ ჭამო პასექი?
13. და გაგზავნა ორნი თავის მოწაფეთაგან და უთხრა მათ: წადით ქალაქში და
შეგხვდებათ თქვენ კაცი, რომელსაც დოქით წყალი მიაქვს; და გაჰყევით მას.
14. და სადაც შევა, უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი ამბობს: სად არის
ჩემი სავანე, სადაც პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად შევჭამ?
15. და ის თქვენ გიჩვენებთ დიდ ზედა ოთახს, მოფარდაგებულს და გამზადებულს;
და იქ მოამზადეთ ჩვენთვის.
16. და გამოვიდნენ მისი მოწაფეები და მივიდნენ ქალაქში და იპოვეს, როგორც
უთხრა მათ, და მოუმზადეს პასექი.
17. და როდესაც მოსაღამოვდა, მივიდა თორმეტთან ერთად.
18. და როცა ინახით ისხდნენ ისინი და ჭამდნენ, უთხრა იესომ: ამინ
გეუბნებით თქვენ, რომ ერთი თქვენგანი გამცემს მე, ვინც ჭამს ჩემთან ერთად.
19. ხოლო მათ დაიწყეს წუხილი და ეუბნებოდა მას თითოეული: ნუთუ მე ვარ? და
სხვა: ნუთუ მე ვარ?
20. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: ერთი თორმეტთაგანი, რომელიც ჩაყოფს ხელს
ჩემთან ერთად ჯამში, ის გამცემს მე.
21. ძე კაცისა კი მიდის, როგორც წერია მის შესახებ, ხოლო ვაი იმ კაცს, ვის
მიერაც ძე კაცისა გაიცემა; უმჯობესი იქნებოდა მისთვის, რომ არ შობილიყო ის
კაცი.
პურისა და ღვინის კურთხევა სისხლად და ხორცად - ზიარების საიდუმლოს დადგენა (მთ.
26,26-29; ლკ. 22,17-20)
22. და როდესაც ჭამდნენ ისინი, აიღო იესომ პური და აკურთხა, გატეხა და
მისცა მათ და უთხრა: მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ხორცი ჩემი.
23. და აიღო სასმისი და მადლობდა, მისცა მათ და დალია მისგან ყველამ,
24. და უთხრა მათ: ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის
დათხეული.
25. ამინ გეუბნებით თქვენ, რომ აღარ შევსვამ ვენახის ნაყოფისაგან იმ
დღემდე, როცა შევსვამ მას, ახალს, ღვთის სასუფეველში.
- .:. -
საუბარი საიდუმლო სერობაზე (ლკ. 22,21-30; 35-38; ინ. 13,31-17,26)
- ·:· -
26. და იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილი მთაზე.
- .:. -
წინასწარი უწყება პეტრეს მიერ იესოს უარყოფის შესახებ (მთ. 26,31-35; ლკ. 22,31-34)
- ·:· -
27. და უთხრა მათ იესომ: ყველანი დაბრკოლდებით ჩემ მომართ ამ ღამეს,
რადგან წერია: დავცემ მწყემსს და განიბნევიან სამწყსოს ცხვრები
(ზაქ.13,7).
28. მაგრამ ჩემი აღდგომის შემდეგ წაგიძღვებით თქვენ გალილეისკენ.
29. ხოლო პეტრემ უთხრა მას: თუნდაც ყველა დაბრკოლდეს, მაგრამ მე არა.
30. და უთხრა მას იესომ: ამინ გეუბნები შენ, რომ შენ დღეს, ამ ღამეს,
მამლის მეორედ ყივილამდე, სამგზის უარმყოფ მე.
31. ხოლო პეტრე უფრო მეტს ეუბნებოდა: თუნდაც მომიწიოს მე სიკვდილი შენთან
ერთად, არ უარგყოფ შენ. და ამგვარად ამბობდა ყველა.
იესოს ლოცვა გეთსიმანიაში (მთ. 26,36-46; ლკ. 22,39-46)
32. და მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელია გეთსიმანია, და უთხრა თავის
მოწაფეებს: დასხედით აქ, ვიდრე ვილოცებ.
33. და თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე და დაიწყო ძრწოლა და ურვა.
34. და უთხრა მათ: მწუხარეა ჩემი სული სიკვდილამდე; გაჩერდით აქ და
იფხიზლეთ.
35. და წავიდა ცოტა წინ და დავარდა მიწაზე და ლოცულობდა, რომ თუ
შეიძლებოდა, არიდებოდა მას ეს ჟამი;
36. და ამბობდა: აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელია შენთვის; ამარიდე ეს
სასმისი მე. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ რაც - შენ.
37. და მივიდა და ნახა ისინი მძინარე და უთხრა პეტრეს: სიმონ, გძინავს?
ვერ შეძელი, ერთხანს გეფხიზლა?
38. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში; სული მხნეა, ხოლო
ხორცი - უძლური.
39. და კვლავ წავიდა და ლოცულობდა და იგივე სიტყვა თქვა.
40. და მობრუნდა და ნახა ისინი კვლავ მძინარე, რადგან მათ თვალები
დამძიმებული ჰქონდათ, და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის.
41. და მივიდა მესამედ და უთხრა მათ: დაიძინეთ ცოტა კიდევ და დაისვენეთ;
მოახლოვდა დასასრული და მოვიდა ჟამი. აჰა, გადაეცემა ძე კაცისა ცოდვილთა
ხელში.
42. ადექით, წავიდეთ; აჰა, გამცემი ჩემი მოახლოვდა.
იესოს გაცემა და შეპყრობა (მთ. 26,47-56; ლკ. 22,47-53; ინ. 18,3-12)
43. და მაშინვე, ვიდრე იგი ამას ამბობდა, მივიდა იუდა ისკარიოტელი, ერთი
თორმეტთაგანი, და მასთან ერთად მრავალი ხალხი მახვილებითა და კეტებით
მღვდელმთავრებისაგან, მწიგნობრებისა და ერის უხუცესებისაგან.
44. და მისცა მათ ნიშანი მისმა გამცემმა და უთხრა: ვისაც ვეამბორები, ის
არის; შეიპყარით იგი და წაიყვანეთ დაცვით.
45. და მაშინვე მივიდა და მიუახლოვდა მას და უთხრა: რაბი, რაბი. - და
ეამბორა მას;
46. ხოლო მათ დაადეს მას ხელი და შეიპყრეს იგი.
47. ხოლო ერთმა, წინ მდგომმა, იშიშივლა მახვილი და დაარტყა მღვდელმთავრის
მონას და მოჰკვეთა მას ყური.
48. და მიუგო იესომ და უთხრა მათ: როგორც ავაზაკზე, მახვილებითა და
კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად?
49. ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში, გასწავლიდით და არ შემიპყარით მე;
არამედ აღსრულდეს წერილი.
50. და ვიღაც ერთი ჭაბუკი, რომელსაც შეემოსა ტილო შიშველ სხეულზე,
მისდევდა მას; და შეიპყრეს იგი სხვა ჭაბუკებმა;
51. ხოლო მან შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა.
იესო სინედრიონის სამსჯავროზე (მთ. 26,57-58; ლკ. 22,54-61; 63-65; ინ. 18,13-15;
19-24)
53. და მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან და შეიკრიბა მასთან ყველა
მღვდელმთავარი და უხუცესი და მწიგნობარი.
54. და პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას მღვდელმთავრის შიდა ეზომდე და
დაჯდა მსახურებთან და თბებოდა ცეცხლთან.
55. ხოლო მღვდელმთავრები და მთელი საკრებულო ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ
მოწმობას, რათა მოეკლათ იგი, და ვერ პოულობდნენ;
56. რადგან მრავალი ცრუდ მოწმობდა მის წინააღმდეგ და ერთნაირი მოწმობები
არ იყო.
57. და ზოგიერთები დგებოდნენ და ცრუდ მოწმობდნენ მის წინააღმდეგ და
ამბობდნენ:
58. ჩვენ გავიგონეთ მაგის ნათქვამი: მე დავანგრევ ამ ხელით ქმნილ ტაძარს
და სამ დღეში სხვას, ხელთუქმნელს, ავაშენებ.
59. და არც მათი მოწმობა იყო ერთნაირი.
60. და დადგა მღვდელმთავარი შუაში, ჰკითხა იესოს და უთხრა: არაფერს მიუგებ
იმაზე, რასაც ესენი შენ წინააღმდეგ მოწმობენ?
61. ხოლო იგი დუმდა და არაფერი მიუგო. კვლავ ჰკითხა მღვდელმთავარმა მას და
უთხრა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?
62. ხოლო იესომ უთხრა: მე ვარ; და იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის
მარჯვნივ და მომავალს ცის ღრუბლებზე (დან. 7,13; ფს. 110,1).
63. ხოლო მღვდელმთავარმა შემოიხია თავისი კვართი და თქვა: რაღად გვჭირდება
მოწმეები?
64. გაიგონეთ ყველამ გმობა მაგისგან; თქვენ როგორ გგონიათ? და ყველამ
მსჯავრი დასდო მას, რომ ღირსი იყო სიკვდილისა.
65. და დაუწყეს ზოგიერთებმა ფურთხება მას და აფარებდნენ მას სახეზე და
მუშტით სცემდნენ მას და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე ჩვენ, ქრისტე,
ვინ არის, ვინც დაგარტყა შენ? და მსახურები ყვრიმალში სცემდნენ მას.
პეტრეს მიერ იესოს უარყოფა (მთ. 26,69-75; ლკ. 22,55-62; ინ. 18,16-18; 25-27)
66. და როცა იყო პეტრე ქვემოთ, ეზოში, მივიდა მღვდელმთავრის ერთი
მხევალთაგანი
67. და როდესაც ნახა პეტრე, რომელიც თბებოდა, შეხედა მას და უთხრა: შენც
იყავი იესო ნაზარეველთან.
68. ხოლო მან უარყო და უთხრა: არ ვიცი, არც მესმის, რასაც შენ ამბობ. და
გამოვიდა გარეთ, წინა ეზოში, და მამალმა იყივლა.
69. და კვლავ ნახა მხევალმა იგი და დაუწყო საუბარი იქ მდგომთ; ესეც
იმათგანია.
70. ხოლო მან უარყო. და ცოტა ხნის შემდეგ, ვინც გარშემო იდგა, კვლავ
ეუბნებოდნენ პეტრეს: ჭეშმარიტად იმათგანი ხარ, რადგან გალილეველი ხარ და
შენი ლაპარაკითაც ჰგავხარ.
71. ხოლო მან დაიწყო შეჩვენება და ფიცი: არ ვიცნობ ამ კაცს, რომელზეც
ამბობთ. -
72. და მყისვე მამალმა მეორედ იყივლა. და გაახსენდა პეტრეს სიტყვა,
რომელიც უთხრა მას იესომ: მამლის მეორედ ყივილამდე სამგზის უარმყოფ მე. -
და დაიწყო ტირილი.
თავი 15
იესო პილატეს სამსჯავროზე (მთ. 27, 11-14)
1. და მაშინვე, განთიადისას, ბჭობა გამართეს მღვდელმთავრებმა უხუცესებთან
და მწიგნობრებთან ერთად და მთელმა საკრებულომ; და შეკრეს იესო და
წაიყვანეს და გადასცეს იგი პილატეს.
2. და ჰკითხა მას პილატემ: შენ ხარ მეუფე ჰურიათა? ხოლო მან მიუგო და
უთხრა მას: შენ ამბობ.
3. და ბევრს აბრალებდნენ მას მღვდელმთავრები.
4. ხოლო პილატემ კვლავ ჰკითხა მას და უთხრა: არაფერს მიუგებ? აჰა, რამდენს
გაბრალებენ შენ.
5. ხოლო იესომ აღარაფერი მიუგო, ისე რომ, უკვირდა პილატეს.
- .:. -
იუდას აღსასრული (მთ. 27,3-10; საქ. 1,16-20)
იესოს გაგზავნა ჰეროდე მეფესთან (ლკ. 23,6-12)
- ·:· -
6. და ყოველ დღესასწაულზე ათავისუფლებდა მათთვის ერთ პატიმარს, რომელსაც
სთხოვდნენ.
7. ხოლო იყო ვინმე, რომელსაც ერქვა ბარაბა, მეამბოხეებთან ერთად
შეპყრობილი, რომელსაც ამბოხებისას მკვლელობა ჩაედინა.
8. და აყვირდა ხალხი და დაიწყო თხოვნა იმისა, რასაც მუდამ აკეთებდა
მათთვის.
9. ხოლო პილატემ მიუგო მათ და უთხრა: გინდათ, გაგითავისუფლოთ თქვენ მეუფე
ჰურიათა? -
10. რადგან იცოდა, რომ შურის გამო გადასცეს იგი მღვდელმთავრებმა.
11. ხოლო მღვდელმთავრებმა წააქეზეს ხალხი, რომ უმჯობესი იყო, ბარაბა
გაეთავისუფლებინა მათთვის.
12. ხოლო პილატემ კვლავ მიუგო და უთხრა მათ: რა გინდათ, რომ ვუყო, ვისაც
უწოდებთ ჰურიათა მეუფეს?
13. ხოლო მათ კვლავ იყვირეს: ჯვარს აცვი იგი!
14. ხოლო პილატე ეუბნებოდა მათ: რა ბოროტება ჩაიდინა? ხოლო ისინი უფრო
მეტად ყვიროდნენ: ჯვარს აცვი იგი.
15. ხოლო პილატეს სურდა ხალხის მომადლიერება და გაუთავისუფლა მათ ბარაბა
და იესოს შოლტით სცემა და გადასცა, რათა ჯვარმულიყო.
იესო ქრისტეს დამცირება პრეტორიუმში (მთ. 27,27-31)
16. ხოლო ჯარისკაცებმა წაიყვანეს იგი შიდა ეზოში, რომელიც არის
პრეტორიუმი, და მოუხმეს მთელ მხედრობას.
17. და შემოსეს იგი ძოწეულით და დაადგეს მას დაწნული ეკლის გვირგვინი;
18. და დაუწყეს მისალმება მას: გიხაროდეს, მეუფე ჰურიათა;
19. და ურტყამდნენ მას თავში ლერწამს და აფურთხებდნენ მას და მუხლს
იყრიდნენ და თაყვანს სცემდნენ მას.
20. და როდესაც შეურაცხყვეს იგი, გახადეს მას ძოწეული და შემოსეს იგი
თავისივე სამოსით და გაიყვანეს იგი, რათა ჯვარსეცვათ.
სვლა გოლგოთისკენ და ჯვარცმა (მთ. 27,32-45; ლკ. 23,26-44; ინ. 19,17-27)
21. და აიძულეს ვინმე გამვლელი, სიმონ კვირინელი, მომავალი მინდვრიდან,
მამა ალექსანდრესი და რუფესი, რომ აეღო მისი ჯვარი.
22. და მიიყვანეს იგი გოლგოთაზე, ადგილზე, რომელიც ითარგმნება: თხემის
ადგილი.
23. და აძლევდნენ მას შემურვილ ღვინოს; ხოლო მან არ მიიღო.
24. და ჯვარს აცვეს იგი და იყოფდნენ მის სამოსს და წილს იყირდნენ იმაზე,
ვის რა აეღო (ფს. 21,18).
25. ხოლო იყო ჟამი მესამე და ჯვარს აცვეს იგი.
26. და იყო წარწერა მისი ბრალდებისა, დაწერილი: მეუფე ჰურიათა.
27. და მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და ერთი
- მარცხნივ.
28. და აღსრულდა დაწერილი, რომელიც ამბობს: უსჯულოებთან შეირაცხა.
29. და გამვლელები გმობდნენ მას, აქნევდნენ თავებს და ამბობდნენ: ეჰა,
რომელიც ანგრევ ტაძარს და სამ დღეში აშენებ.
30. იხსენი შენი თავი და გადმოდი ჯვრიდან.
31. ასევე, მღვდელმთავრებიც დასცინოდნენ ერთმანეთში, მწიგნობრებთან ერთად
და ამობდნენ: სხვები იხსნა, ხოლო თავისი თავის ხსნა არ ძალუძს.
32. ქრისტე, მეუფე ისრაელისა, გადმოვიდეს ახლა ჯვრიდამ, რომ ვნახოთ და
ვირწმუნოთ იგი. და მასთან ერთად ჯვარცმულნიც კიცხავდნენ მას.
33. და როცა იყო ჟამი მეექვსე, დაბნელდა მთელ ქვეყანაზე მეცხრე ჟამამდე.
იესოს ბოლო სიტყვები ჯვარზე და სიკვდილი (მთ. 27,46-54; ლკ. 24,45-49; ინ.
19,28-37)
34. და მეცხრე ჟამზე, შეღაღადა იესომ დიდი ხმით და თქვა: ელოი, ელოი, ლამა
საბაქთანი? რაც ითარგმნება: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად დამტოვე მე?
(ფს. 21,1)
35. და ზოგიერთმა წინ მდგომმა გაიგონა და ამბობდა: აჰა, ელიას უხმობს.
36. ხოლო გაიქცა ვიღაცა და აავსო ღრუბელი ძმრით, დააგო ლერწამზე, ასმევდა
მას და ამბობდა: აცალეთ, ვნახოთ, თუ მოვა ელია, რომ გადმოხსნას იგი.
37. ხოლო იესომ შეღაღადა დიდი ხმით და განუტევა სული.
38. და კრეტსაბმელი ტაძრისა გაიპო ორად, ზემოდან ქვემოთ.
39. როდესაც იხილა ასისთავმა, რომელიც იდგა მის პირდაპირ, რომ ასე
შეღაღადა და განუტევა სული, თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი ძე ღვთისა იყო.
40. ხოლო იყვნენ დედაკაცებიც, რომლებიც შორიდან უყურებდნენ და რომლებთანაც
იყო მარიამ მაგდალელი და მარიამ იკობ მცირისა და იოსეს დედა და სალომე.
41. რომლებიც, როდესაც იყო გალილეაში, გაჰყვნენ მას და ემსახურებოდნენ
მას, და სხვაც მრავალი, ვინც მასთან ერთად ავიდა იერუსალიმში.
იესოს დაკრძალვა (მთ. 27,57-61; ლკ. 23,50-56; ინ. 19,38-42)
42. როდესაც მოსაღამოვდა - რადგან პარასკევი იყო, რომელიც არის შაბათზე
წინ -
43. მოვიდა იოსები არიმათიიდან, ჩინებული მრჩეველი, რომელიც ასევე მოელოდა
ღვთის სასუფეველს, და გაბედა შესვლა პილატესთან და გამოითხოვა სხეული
იესოსი.
44. ხოლო პილატეს გაუკვირდა, რომ უკვე მომკვდარიყო და მოუხმო ასისთავს და
ჰკითხა მას: დიდი ხანია, რაც მოკვდა?
45. და როცა გაიგო ასისთავისგან, უბოძა სხეული იოსებს.
46. და იყიდა სუდარა და გადმოხსნა იგი, შემოახვია სუდარა და დადო იგი
საფლავში, რომელიც გამოკვეთილი იყო კლდეში, და მიაგორა ლოდი საფლავის
კართან.
47. ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი უყურებდნენ, სად დადეს.
თავი 16
მენელსაცხებლე დედები იესოს საფლავთან (მთ. 28,1-8; ლკ. 24,1-9; ინ. 20,1-2)
1. და როდესაც გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა და მარიამ იაკობისამ და
სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.
2. და ადრე განთიადისას, ერთშაბათს, მივიდნენ საფლავზე მზის ამოსვლისას
3. და ეუბნებოდნენ ერთმანეთს: ვინ გადაგვიგორებს ჩვენ ლოდს საფლავის
კარიდან?
4. და შეხედეს და დაინახეს, რომ გადაგორებული იყო ლოდი, რომელიც იყო
ძალიან დიდი.
ხარება ანგელოზის მიერ იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ (მთ. 28,2-7; ლკ. 24,1-10;
ინ. 20,1)
5. და როცა შევიდნენ საფლავში, იხილეს ჭაბუკი, მჯდომარე მარჯვნივ,
შემოსილი თეთრი სამოსლით, და გაოცდნენ.
6. ხოლო მან უთხრა მათ: ნუ გაოცდებით; იესოს ეძებთ, ნაზარეველს,
ჯვარცმულს? აღდგა, არ არის აქ; აჰა, ადგილი, სადაც დადეს იგი.
7. არამედ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს, რომ წინ გიძღვით თქვენ
გალილეაში; იქ იხილავთ მას, როგორც გითხრათ თქვენ.
8. და გამოვიდენენ და გაიქცნენ საფლავიდან, რადგან იყვნენ აკანკალებულნი
და გაოგნებულნი და არავის არაფერი უთხრეს, რადგან ეშინოდათ.
იესოს პირველი გამოცხადება აღდგომის შემდეგ (მთ. 29,9-10)
9. ხოლო როცა აღდგა განთიადისას, პირველ შაბათს, გამოეცხადა პირველად
მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც განდევნილი ჰყავდა შვიდი ეშმაკი.
10. და იგი წავიდა და აუწყა მათ, ვინც მასთან იყო, რომლებიც გლოვობდნენ და
ტიროდნენ;
11. და მათ, როცა გაიგეს, რომ ცოცხალია და ეჩვენა მათ, არ ირწმუნეს.
- .:. -
მცველების მიერ უწყება იესოს აღდგომის შესახებ და მათი მოსყიდვა (მთ. 28,11-15)
მარიამ მაგდალელის დაბრუნება საფლავთან პეტრესთან და იოანესთან ერთად (ლკ. 24,12;
ინ. 20,3-10)
იესოს გამოცხადება მარიამ მაგდალელთან (ინ. 20,11-18)
- ·:· -
იესოს გამოცხადება ემაუსის გზაზე (ლკ. 24,13-35)
12. ხოლო ამის შემდეგ ორ მათგანს, მიმავალს, გამოეცხადა სხვა სახით,
როდესაც მიდოდნენ სოფელში;
13. და ისინი მივიდნენ და აუწყეს დანარჩენებს, და არც მათი ირწმუნეს.
იესოს გამოცხადება მოწაფეებთან (ლკ. 24,36-49; ინ. 20,19-23)
14. ბოლოს ინახით მჯდომ იმ თერთმეტს გამოეცხადა და გაკიცხა მათი
ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან, ვინც იხილა იგი აღმდგარი, მათი არ
იწმუნეს.
- .:. -
იესოს გამოცხადება თომა მოციქულთან და სხვა მოწაფეებთან (ინ. 21,24-29)
იესოს გამოცხადება გალილეის ტბაზე (ინ. 21,1-13)
იესოს მიერ პეტრეს მოწოდება მომავალი სამღვდელმთავრო მსახურებისთვის (ინ. 21,15-22)
- ·:· -
იესო ქრისტეს ბოლო დარიგება ზეთისხილის მთაზე (მთ. 16-20)
15. და უთხრა მათ: წადით მთელ ქვეყანაზე და უქადაგეთ სახარება ყოველ
ქმნილებას.
16. ვინც ირწმუნებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს,
დაისჯება.
17. ხოლო ვინც ირწმუნა, მათ თან სდევთ სასწაულები: ჩემი სახელით ეშმაკებს
განდევნიან, ახალ ენებზე ამეტყველდებიან,
18. გველებს აიყვანენ და, თუ სასიკვდილო რამეს დალევენ, არ ავნებს მათ;
სნეულებს ხელს დაადებენ და კარგად გახდებიან.
იესო ქრისტეს ამაღლება (ლკ. 24,50-53)
19. ხოლო უფალი, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით
ღვთისა.
20. ხოლო ისინი გამოვიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით და
სიტყვას ამტკიცებდნენ სასწაულებით, რომლებიც თან სდევდა მას. ამინ.