დავემონე კაეშანსა, სევდა მომხვდა მისთვის წამლად,
მელნად ნაღველს მოვიხმარებ, აღმოვაწებ გულსა კალმად;
ლხინის ბაღის მოსარწყავად ცრემლი მიმდის გასალამად,
ველი, სამე გამომიჩნდეს გამომყვანი დასამალმად.
სწავლა გავს წყალსა წმიდასა რუულად მომდინარესა,
რა მიხვდეს კარგსა სათესსა დროსა, ჟამსა და არესა,
აღმოაცენებს ნაყოფსა ასწილად შესაწყნარესა.
მორწყული ქვიშა ანასდად გაიდენს, გაიტარესა.
მიაგავს ჩვენი სიცოცხლე რუსთა წალკოტის წესებსა,
რა გამოჩნდება ნაყოფი, ჭია სჭამს ბევრ ათასებსა,
სისრულეშია სიცივე დაჟრის და დააკვნესებსა.
დანამწიფარსა ყინული ფოლადებრ დააკვესებსა.
მიხედე, ჟამმა რა მიყო ცრუმა და ანასდეულმა,
დასწყნარდი, ბოლო მოუღე სიჩქარით ანასდეულმა,
სიგლისპისაგან სიმკვახე ამწიფე ანასდეულმა,
აწ სვიანობა მოიღე, სიავის ა ნას დეულმა.
რადგან სჩქარობ, დავსწყნარდები, მოგითმენ და მოგიჭირვებ,
რაცა მოგყავს მოსავალი, არა რადმე გავიკვირებ,
დამადლებით დაგიმადლებ, რასაც რასმე მომიძვირებ.
სხვა ადგილი მოსახმარი მიმაჩნია, მივაშურებ.
ყრმათა ატყუებ უგბილთა, ვაჟთა სილაღით დარევ და,
შუაკაცს გამოუცდელსა ხელსა სიჯაბნით დარევ და,
მიკვირს, ბერ-კაცსა რაღა სწადს, ისიც იმათვე დარევდა!
ქვე დავრჩებით და გაცვდები, თუ იქღა ჩვენთვის დარევდა.
ცუდ უბადობით ვაშრომებ დღესა, დროსა და ჟამებსა,
რუსთა ზაფხულებრ გაივლით მოსოფლიოსა წამებსა,
რა გამყვეს, ანუ რა დამრჩეს, ვით რამე დამიამებსა?
უნაყოფოსა ვემსგავსე ხისა რისამე გვამებსა.
რა არის ზრუნვა კაცისა, დროთასა ვხედავ ქცევასა,
მიწყივ ბორბლისა ბრუნვასა, სხვადასხვა-რიგა ზევასა,
ეგებ მობრუნდეს შენთვის ცა, მორჩე ჟამისა რევასა,
მზეს შეხვდეს დია ხუთ კუთხად, მოგცემსცა მტერზედ ძლევასა.
წყალმან არა ქნას სისველე, რითღა ეწოდოს წყალია?
ცეცხლმან არ დასწვას ნივთები, სად გამოჩნდება ალია?
აგრევ სოფელმან ცქაფობა, მითხარ, რა მოსაკრძალია?
ბუნების საქმეს იქმონენ უცვლელად, დაუმალია.
სიბრძნით აღაგო ყოველი, საქმით ა განასრულითა,
წესიერებით შეამკო, საზომი განა სრულითა,
არვინ დააგდო წყალობის კარითა განასრულითა,
უსხეულონი მსახურად ზოგნი ყო, განა სრულითა.