წიგნი მესამე მეფეთა ებრაელთა შორის პირველი მალაქიმ


1

1. და დავით მეფე დაბერდა და მიიწია წესსა ჟამთა თჳსთასა და შემოსიან იგი სამოსლითა და ვერ განტფის.

2. მაშინ ჰრქუეს მას მონათა მისთა: მოვგვაროთ უფალსა ჩუენსა ქალწული ერთი მცირე და დადგეს იგი წინაშე მეფისა, და იყოს იგი მისა მოღუაწედ, და განატფობდეს მეფესა მარადის.

3. და მოიძიეს ქალი ერთი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა და პოვეს აბისაკ სომანიტელი ქმნულკეთილი ფრიად და მოიყვანეს მეფისა თანამწოლ და მსახურად.

4. და იყო ქალი იგი შუენიერ ფრიად და ატფობდის მეფესა და მსახურებდა მას, და მეფემან არა რა იცოდა მის თანა.

5. ადონია აგითასმან აღიღო თავი თჳსი მეფედ დავითის წილ და მოიგო ეტლები და მჴედრები და წინამცორვალები ერგასის ოდენ.

6. და მამამან არასადა შერისხნა, ვითარმედ: რად ეგრე ჰყავ, ანუ რად იქმ მაგასა? და იყო იგი ქმნულკეთილ პირითა, რამეთუ აბესალომის შემდგომად შობილ იყო.

7. და ზრახვა მისი იყო იოაბის თანა ძისა შარუასსა, და აბიათარცა მღდელი შემწე იყო მისა.

8. და სადუკ მღდელი და ბანეა, ძე იოადისი, და ნათან წინაწარმეტყუელი და სემეი და რეი და ძენი ძლიერებისა დავითისანი არა იყუნეს ადონიასა თანა.

9. ხოლო იყუნეს ადონიასნი ცხოვარნი, ზროხანი და კრავნი ფრიად ლოდსა მას თანა სელათისასა, რომელი-იგი არს მახლობელად ჰრობელსა, და უწოდა ყოველთა ძმათა მისთა, ძეთა მეფისათა, ყთველსა კაცსა იუდასასა, მსახურთა მეფისათა.

10. და ნათან წინაწარმეტყუელსა და ბანასე და ძლიერთა დავითისთა და სოლომონს, ძმასა თჳსსა, არა მიჰხადა.

11. და მოვიდა ნათან ბერსაბესა, დედისა სოლომონისა, და ჰრქუა: არა გასმიესა ესე შენ, რამეთუ მეფედ დადგა ადონია, ძე აგითაისი, და უფალმან ჩემმან, დავით მეფემან, არა იცოდა.

12. აწ ისმინე სიტყუაჲ ესე ჩემი, რომლითა სცხონდე შენ და ძე შენი სოლომონ.

13. და შევედ შენ წინაშე მეფისა და არქუ მას, ვითარმედ: შენ, უფალი ჩემი მეფე, ეფუცე მჴევალსა შენსა ღმრთისა მიმართ და სთქუ, ვითარმედ: ძე შენი, სოლომონ, მეფობდეს ჩემსა შემდგომად, და იგი დაჯდეს საყდართა ჩემთაო, და აწ, ესერა, მეფე არს ადონია.

14. და ვიდრე შენ მაგასა იტყოდი ოდენ, მე შემოვიდე შენ თანა და დავამტკიცო სიტყუაჲ შენი.

15. და შევიდა ბერსაბე წინაშე მეფისა. და მეფე მოხუცებულ იყო ფრიად და აბისაქ სომანიტელი დგა წინაშე მეფისა მსახურად.

16. დავარდა ბერსაბე და დამხედ თაყუანი-სცა მეფესა. და ჰრქუა მეფემან: რა გიჴმს შენ?

17. მიუგო ბერსაბე მეფესა და ჰრქუა: უფალო ჩემო მეფე, შენ ჰფუცე უფლისა მიმართ ღმრთისა და სთქუ, ვითარმედ: ძე შენი, სოლომონ, მეფობდესო შემდგომად ჩემსა, და იგი დაჯდესო საყდართა ჩემთა.

18. და აწ, ეგერა, ადონია მეფედ დადგა და შენ, უფალმან ჩემმან, მეფემან, არა უწყი.

19. და დაუკლავს მას ზროხა და ცხოვარი და ტარიგნი დიდძალი და მოუხადიან ყოველნი ძენი მეფისანი და აბიათარ მღდელი და იოაბ სპასპეტი, და სოლომონ, მონა შენი, არა მიხადეს.

20. და შენ მიერ თუ არს სიტყუაჲ ესე, უფალო ჩემო, მეფე, განცხადებულ იყავნ, ვინ დაჯდეს საყდართა უფლისა ჩემისა მეფისათა შემდგომად მისა.

21. და იყოს, რაჟამს შეისუენოს უფალმან ჩემმან, მეფემან, ვიპოვნეთ მე და სოლომონ შეცოდებულ.

22. და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მი-ხოლო-ვიდა ნათან წინაწარმეტყუელი კართა ზედა.

23. და უთხრეს დავითს, ვითარმედ: ნათან წინაწარმეტყუელი კართა დგას. და ვითარცა შევიდა ნათან წინაშე დავითისა და დამხედ თაყვანი-სცა მეფესა.

24. და ჰრქუა ნათან: უფალო ჩემო, მეფე, შენ ესრეთ ბრძანეა, ვითარმედ ჩემსა შემდგომად მეფობდეს ადონია და დაჯდეს საყდარსა ჩემსა?

25. რამეთუ შთამოვიდა დღეს და დასწყჳდნა ზროხა და ცხოვარი და კრავები ფრიად, და უხდიან ყოველნი ძენი მეფისანი და იოაბ სპასპეტი შენი და აბიათარ მღდელთმოძღუარი და მთავარნი შენნი, იშუებენ და იხარებენ წინაშე მისა და იტყჳან, ვითარმედ: ცხოვნდინ მეფე ადონია.

26. და მე, მონა შენი, და სადუკ მღდელთმოძღვარი და ბანეა, ძე იოადისი, და სოლომონ, ძე შენი, არა მიუყვანებიან.

27. და შენ მიერ თუ იყო ესე, რასა არა მაუწყე ჩუენ, მონათა შენთა, ვინ დაჯდეს საყდართა მათ უფლისა ჩუენისათა შენსა შემდგომად?

28. მიუგო დავით და ჰრქუა: შემოუწოდეთ ბერსაბეს! და შემოვიდა ბერსაბე წინაშე მეფისა.

29. ფიცად იწყო მეფემან და თქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, რომელმან მიჴსნა მე ყოველთაგან ჭირთა ჩემთა.

30. რამეთუ, ვითარცა-იგი პირველად ვეფუცე უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, ვითარმედ სოლომონ, ძე ჩემი, მეფობდეს ჩემსა შედეგად და იგი დაჯდეს საყდართა ჩუენთა, ეგრეცა ვყო დღეს დღე.

31. და ბერსაბე დამხედ თაყუანი-სცა მეფესა და თქუა: უკუნითი [უკუნისამდე] ცხონდი, მეფე დავით.

32. და მოუწოდა მეფემან სადუკს მღდელსა და ნათანს წინაწარმეტყუელსა და ბანეას, ძესა იოადისასა, და შემოვიდეს იგინი წინაშე მეფისა.

33. და ჰრქუა მათ: წარიყვანენით თქუენ თანა მონანი უფლისა თქუენისანი და აღსვით სოლომონ, ძე ჩემი, საყდარსა ჩემსა და შთავედით გეონად.

34. და სცხედ მას მეფედ კურთხევად სადუკ მღდელმან და ნათან წინაწარმეტყუელმან ყოველსა ზედა ისრაჱლსა, და ნესტუსა დაბერეთ და თქუთ: უკუნისამდე ცხოვნდინ მეფე სოლომონ!

35. და აღმოვედინ აქავე და თქუენ მის თანა, და შემოვიდეს იგი და დაჯდეს იგი საყდართა ჩემთა. და იგი მეფობდეს ჩემ წილ და მას მივსცე ბრძანება, რათა მეფობდეს იგი ყოველსა ზედა იუდასა და ისრაჱლსა.

36. სიტყუად იწყო ბანეა, ძემან იოადისამან, მეფისა და ჰრქუა: იყავნ ეგრე! და დაამტკიცა უფალმან ღმერთმან უფლისა ჩუენისა, მეფისა.

37. და ვითარცა იყო უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა, მეფისა თანა, ეგრეცა სოლომონის თანა. და დაამტკიცენ საყდარი მისი, ვითარცა დაამტკიცა უფალმან საყდარი შენი უფლისა ჩემისა, მეფის დავითისი.

38. და შთავიდა სადუკ მღდელი და ნათან წინაწარმეტყუელი და ქერეთი და ოფელეთი. და აღსვეს სოლომონ ზედა საჴედარსა მეფისა დავითისასა და შთავიდეს გეონად.

39. და მოიღო სადუკ ამპოლი ზეთისა კარვით და სცხო სოლომონს და დაბერეს ნესტუსა რქისასა და თქუა ყოველმან ერმან: უკუნისამდის ცხოვნდინ სოლომონ მეფე!

40. და მსახურნი იგი მეფისანი სცემდეს ნესტუსა და როკვიდეს და ძნობდეს წინაშე მეფისა და იხარებდეს სიხარულითა დიდითა. და ოხრიდა ქუეყანა ჴმითა მით ღაღადებისათა.

41. და ესმა ადონიას და ყოველსა ერსა, რომელ-იგი მის თანა იყო და დასცეს შვება იგი მათი და ესმა იოაბს და თქუა: რა არს ჴმაჲ ესე ოხრისა ქალაქსა ამას შინა?

42. და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა ოდენ, მი-ხოლო-ვიდა იონათან, ძე აბათაქ მღდელთმოძღურისა, და ჰრქუა მას: ადონია, შემოვედ შინა, რამეთუ კაცი კეთილი ხარ და სიტყუაჲ კეთილი მოგაქუს.

43. მიუგო იონათან და ჰრქუა ადონიას: უფალმან ჩემმან, დავით მეფემან, მეფედ დაადგინა სოლომონ.

44. და მიავლინა მის თანა სადუკ მღდელი და ნათან წინაწარმეტყუელი და ბანეა, ძე იოადისი, და ქერეთი და ოფელტი. და აღსვეს იგი საჴედარსა მეფისასა.

45. და სცხეს მას მეფედ სადუკ მღრდელმან და ნათან წინაწარმეტყუელმან გეონსა შინა, და აღმოვიდენ მუნით, სიხარულითა და ოხრიდა ქუეყანა განცხრომით. ესე იგი ჴმა არს, რომელი გესმოდა თქუენ.

46. და დაჯდა სოლომონ საყდართა მათ მეფისათა.

47. და შევიდა ერი იგი და აკურთხევდეს უფალსა ჩუენსა დავითს და ჰრქვეს მას: დიდებულ-ყავნ უფალმან სახელი ძისა შენისა სოლომონისი უფროს სახელისა შენისა და აღიმაღლენ საყდარი მისი უფროს საყდრისა მაგის შენისა. თაყუანი-სცა მეფემან ცხედართა თჳსთა ზედა.

48. და ესე თქუა მეფემან: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან მომცა მე დღეს ნაშობისაგან მუცლისა ჩემისა დაჯდომად საყდართა ჩუენთა და მიჩუენა თუალთა ჩემთა მხილვარეთა.

49. და ვითარცა ესმა ესე მათ ყოველთა, განკრთეს და აღდგეს ყოველნი, რომელნი პურად სხდეს ადონიასა თანა, და წარვიდეს თჳთოეულად გზასა თჳსსა.

50. და ადონიას შეეშინა სოლომონ მეფისაგან, აღდგა და შევიდა კარავსა მას უფლისასა და მოეხვია საკურთხეველსა მას უფლისასა.

51. და უთხრეს სოლომონს, ვითარმედ შეეშინდა ადონიას მეფისაგან სოლომონისა და მოხვეულ არს საკურთხეველსა უფლისასა და იტყჳს: მეფუცენ მე დღეს მეფე სოლომონ, რათა არა მომკლას მახჳლითა მონა ესე თჳსი.

52. მიუგო სოლომონ და ჰრქუა: უკუეთუ ბრძენი იყოს იგი სიტყჳთა და მართალი დგეს ჩემ თანა, არა მოკუდეს იგი, უკუეთუ ბოროტი რამე ყოს ჩემ თანა, მოკუდეს.

53. და მიავლინა მეფემან სოლომონ მოციქულნი და მოიყვანეს საკურთხეველისა მისგან და შევიდა ადონია წინაშე მეფისა და თაყუანი-სცა მას და ჰრქუა სოლომონ: გვალე, მივედ სახიდ შენდა!


2

1. და მოვიდეს დღენი სიკუდილისა დავითისნი, და ამცნო ძესა თჳსსა სოლომონს და ჰრქუა:

2. მე მივალ გზასა ყოველთა კაცთასა, ხოლო შენ განძლიერდი და იყავ მამაკაც ძლიერ.

3. და დაიცვენ გზანი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისანი, რათა ხჳდოდი ყოველთა ბრძანებათა მისთა და ყოველთა მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა და წამებათა მისთა, რომელ-იგი წერილ არიან სჯულსა მას მოსესასა, რათა წარგემართოს ყოველი, რასაცა იქმოდი და რასაცა მიჰხედო.

4. რათა დაამტკიცოს უფალმან ყოველივე სიტყუაჲ იგი, რომელსაცა მეტყოდა მე და თქუა: უკუეთუ დაიმარხნენ შვილთა შენთა გზანი ჩემნი და ვიდოდიან წინაშე ჩემსა ჭეშმარიტებითა, არა მოვაკლო ნაშობი შენი საყდართა შენთა და ძეთა შორის ისრაჱლისათა.

5. და აწ შენ თჳთ უწყი, რა მიყო მე იოაბ, ძემან შარუელისამან, რა-იგი უყო ორთა მათ ერისთავთა ისრაჱლისათა: აბენეზერს, ძესა მას ნერისასა, და ამესას, ძესა მას იეთერისასა, ერისთავსა მას იუდასასა, რამეთუ მოსწყჳდნა იგინი, იძია სისხლი ღუაწლისა ჟამსა მშჳდობისასა და დასთხია სისხლი უბიწო ცხორებასა შინა თჳსსა და ჴამლთა მისთა, რომელ ესხნეს ფერჴთა მისთა.

6. აწ ყავ შენ მისთჳს სიბრძნითა შენითა და ნუ შთაავლინებ სიბერესა მისსა მშჳდობით ჯოჯოხეთად.

7. და ძეთა ბერზელის გალადელისათჳს ყავ წყალობა და პურისმტე-ყვენ იგინი ტაბლასა შენსა, რამეთუ ესე ფრიად მსახურებდა წინაშე ჩემსა, რაჟამს ვივლტოდე მე პირისაგან აბესალომისა, ძმისა შენისა.

8. და სემეი, ძე გერასი იემენელისა, რომელი ბავრიმეველი იყო, იგიცა მწყევდა მე წყევასა სიმწარისასა დღესა მას, რომელსა წარმოვიდოდე მე მეოტებით ბანაკითურთ და მომეგებოდა მე კიდემდე იორდანისა და ვეფუცე მას უფალსა და ვთქუ, ვითარმედ: არა მოგკლა შენ მახჳლითა.

9. ხოლო შენ ნუ განამართლებ მას, რამეთუ კაცი ბრძენი ხარ შენ და გულისხმა-ყო, რა უყო მას და შთაჴადო სიბერე მისი სისხლით ჯოჯოხეთად.

10. და დაიძინა დავით მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა თჳსსა.

11. და რიცხჳ დღეთა დავითისათა, რაოდენ მეფობდა ისრაჱლსა ზედა, ორმეოც წელ, რამეთუ ქებრონს მეფობდა შჳდ წელ და იერუსალჱმს მეფობდა ყოველსა ზედა ისრაჱლსა ოცდაცამეტ წელ.

12. სოლომონ დაჯდა საყდარსა დავითის, მამისა თჳსისასა, და იყო იგი ათორმეტისა წლისა. და განემზადა მეფობა მისი ფრიად.

13. და შევიდა ადონია, ძე აგითასი, ბერსაბესა, დედისა სოლომონისა და თაყუანი სცა მას. ხოლო მან ჰრქუა მას: მშჳდობითა შემოსულა შენი? და მან თქუა: მშჳდობით.

14. და ჰრქუა: სიტყუაჲ არს ჩემი შენდა. ჰრქუა მას ბერსაბე: იტყოდე!

15. და ჰრქუა მას: შენ იცი, რამეთუ ჩემი იყო მეფობა და ჩემ ზედა იყო პირი ყოვლისა ისრაჱლისა მეფობად. და იქცა მეფობა და იქმნა ძმისა ჩემისა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო.

16. და აწ თხოვასა ერთსა მცირესა ვითხოვ შენგან, ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა. და ჰრქუა მას ბერსაბე: იტყოდე!

17. და ჰრქუა მას: არქუ სოლომონს მეფესა, რამეთუ არა გარემიიქციოს პირი მისი შენგან და მომეცინ მე აბესკა სომანიტელი ცოლად.

18. და ჰრქუა მას ბერსაბე: კეთილ, და მე ვეტყოდი მეფესა შენთჳს.

19. და შევიდა ბერსაბე მეფისა სოლომონისა სიტყუად მისა ადონიასთჳს. და ზეაღდგა მეფე სოლომონ და მიეგებოდა დედასა თჳსსა და ამბორს-უყო მას და დაჯდა საყდარსავე თჳსსა და დაუდგეს საყდარი დედასა მეფისასა. და დაჯდა მარჯუენით მისა.

20. და ჰრქუა ბერსაბე: თხოვასა ერთსა მცირესა ვითხოვ შენგან და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა. ჰრქვა მას მეფემან: ითხოვე, დედაო ჩემო, რამეთუ არა გარემივიქციო პირი ჩემი შენგან.

21. და ჰრქუა მას ბერსაბე: მიეც აბესაკ სომანიტელი ადონიას, ძმასა შენსა, ცოლად.

22. მიუგო მას მეფემან სოლომონ და ჰრქუა დედასა თჳსსა: რად ითხოვ აბისაკს სომანიტელსა ადონიასათჳს? არამედ მოუთხოე მას მეფობა ესე, რამეთუ იგი არს ძმა უხუცესი, რამეთუ მის თანა არს აბიათარ მღდელი და იოაბ, ძე შარუელისი, სპასპეტი და მეგობარი მისი.

23. და ფუცა მეფემან სოლომონ უფლისა სახელი და თქუა: ესე მიყავნ მე ღმერთმან და ესე შემძინენ, რამეთუ სავნებელად თავისა თჳსისა თქუა ადონია სიტყუაჲ ეგე.

24. აწ ცხოველ არს უფალი, რომელმან განმამზადა მე და დამსვა მე საყდარსა ზედა დავითის, მამისა ჩემისასა, და ყო სახელი ჩემი, ვითარცა მეტყოდა მე უფალი, რამეთუ დღეს სიკუდილით მოკუდეს ადონია.

25. და წარავლინნა სოლომონ მეფემან ბანეას, ძე იოადასი, და მოკლა ადონია მას დღესა შინა.

26. და აბიათარ მღდელსა ჰრქუა მეფემან სოლომონ: წარვედ ანათოთად, აგარაკსა მას შენსა, სახიდ შენდა, რამეთუ კაცი მოსაკლავი ხარ შენ დღეს და არა მოგაკუდინო შენ, რამეთუ იტჳრთე კიდობანი იგი სჯულისა მის უფლისა წინაშე მამისა ჩემისა და რამეთუ იჭირვე ყოველსავე ადგილსა, სადაცა შურებოდა მამა ჩემი.

27. და განაძო სოლომონ მეფემან აბიათარ, რათა არღარა იყოს მღდელი უფლისა აღსრულებად სიტყჳსა მის უფლისა, რომელ თქუა სახლსა მას იჰელისასა სელომს შინა.

28. და მიესმა იოაბს, ძესა შარუელისასა, რამეთუ იოაბ მიდრეკილ იყო კვალსა ადონიასასა და არა კვალსა სოლომონისასა და შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და მობმა-უყო რქათა მათ საკურთხეველისათა.

29. და უთხრეს სოლომონს და ჰრქუეს: შეივლტოდა იოაბ კარავსა მას უფლისასა და, აჰა, მობმა-უყოფიან რქათა მათ საკურთხეველისათა. და წარავლინა სოლომონ იოაბისა და ჰრქუა: რა გექმნა შენ, რამეთუ შეივლტოდე საკურთხეველსა მაგას? და ჰრქუა იოაბ: რამეთუ შემეშინა პირისაგან შენისა და მოვივლტოდე უფლისა. და წარავლინა სოლომონ მეფემან ბანეა, ძე იოადისი, და ჰრქუა: მივედ და მოკალ იგი და დაფალ იგი!

30. მივიდა ბანეა, ძე იოადისი, იოაბისათჳს კარავსა მას უფლისასა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს მეფე: გამოვედ! და ჰრქუა იოაბ: არა გამოვიდე ამიერ, არამედ აქავე მოვკუდე. და მიიქცა ბანეა, ძე იოადისი, უთხრა მეფესა და ჰრქუა: ესრე თქუა იოაბ და ესრე მომიგო.

31. ჰრქუა მას მეფემან: მივედ და უყავ მას, ვითარცა-იგი თქუა, და მოკალ და დაფალ იგი, და აღვჴოცო დღეს სისხლი იგი, რომელსა დასთხევდა იოაბ მედად ჩემგან და სახლისაგან მამისა ჩემისა.

32. მიაქცია უფალმან სისხლი იგი მისი უსამართლო თავსავე ზედა მისსა, ვითარცა შეემთხჳა ორთა მათ კაცთა მართალთა და უსახნიერესთა მისთა, და მოსწყჳდნა იგინი მახჳლითა და მამამან ჩემმან არა უწყოდა სისხლი იგი. აბენერ, ძე ნერისი, ერისთავი ისრაჱლისა, და ამესა, ძე იეთერისი, ერისთავი იუდასი.

33. დააკრბედ სისხლნი მათნი თავსა მაგისსა და თავსა ნათესავისა მაგისისა უკუნისამდე, და დავითისა და ნათესავისა მისისა და სახლისა მისისა და საყდრისა მისისა იყავნ მშჳდობაჲ უკუნისამდე უფლისა მიერ.

34. და აღჴდა ბანეა, ძე იოადისი, და შეემთხჳა მას და მოკლა იგი და დაფლა იგი საფლავსა მას უდაბნოსასა.

35. და მისცა მეფემან სოლომონ ბანია, ძე იუდასი, იოაბის წილ ერსა მას ზედა და მეფობა წარემართებოდა.

36. და წარავლინა მეფემან და მოუწოდა სემეის, ძესა გერასისა, და ჰრქუა მას: იქმენ შენდა სახლი იერუსალჱმს, და დაეშენე მუნ და ნუ ვიდრე განხვალ მუნით.

37. და იყოს დღესა მას მოსულისა შენისასა, და ნუ წიაღჴდენ ნაღვარევსა მას კედრონისასა. უწყებით უწყოდე, რამეთუ მოჰკუდე და სისხლი შენი იყავნ თავსა შენსა ზედა. და აფუცა იგი მეფემან მას დღესა შინა.

38. და ჰრქუა სემეი: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ, უფალო ჩემო მეფე, ეგრე ყოს მონამან შენმან. და დაჯდა სემეი იერუსალჱმსა შინა სამ წელ.

39. და იყო, შემდგომად სამისა წლისა ივლტოდენ ორნი მონანი სემეისნი და მივიდეს ანქუშის, ძისა მაქიასა, მეფისა გეთელთასა, და უთხრეს სემეის და ჰრქუეს: აჰა, ორნი იგი მონანი შენნი გეთს არიან.

40. და აღდგა სემეი და დაასხნა კარაულსა თჳსსა და მივიდა გეთად ანქუშისა, მეფისა გეთელთასა, თხოვად მონათა მათ თჳსთა და მივიდა სემეი და მოიყვანა მონანი იგი თჳსნი გეთით.

41. და უთხრეს სოლომონს და ჰრქუეს: მივიდა სემეი იერუსალჱმით გეთად და მოიყვანნა მონანი იგი თჳსნი.

42. და მიავლინა მეფემან და მოუწოდა სემეის და ჰრქუა: არა გაფუცე შენ უფლისა და დავდევ შენ ზედა აღთქმა და ვთქუ: დღესა, რომელსა განხჳდე იერუსალჱმით და მიხჳდე მარჯულ ანუ მარცხლ, უწყებით უწყოდე, რამეთუ სიკუდილით მოჰკუდე, და მარქუ მე: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ მესმა.

43. და აწ რად არა იმარხე ფიცი იგი უფლისა და მცნება იგი, რომელ გამცენ?

44. და ჰრქუა მეფემან სემეის: შენ თჳთ იცი ყოველი სიბოროტე შენი, რომელ უწყის გულმან შენმან, რაოდენი-რა უყავ დავითს, მამასა ჩემსა, და მიგაგო უფალმან უფალმან უკეთურება იგი შენი თავსა შენსა.

45. და მეფე სოლომონ კურთხეულ არს და საყდარი დავითისი ჰგიეს წინაშე უფლისა უკუნისამდე.

46. და უბრძანა მეფემან სოლომონ ბანეას, ძესა იოადისასა, და განვიდა და მოკლა იგი და მოკუდა სემეი.


3

1. დამტკიცებასა მეფობისა მის სოლომონისა, მზახობა-ყო სოლომონ ფარაოს მიმართ მეფისა მის მიმართ ეგჳპტელთასა. და მოითხოვა ასული იგი მისი და მოიყვანა ქალაქად დავითისა ვიდრე აღშენებადმდე სახლისა მის თჳსისა და ტაძრისა მის უფლისა და ზღუდისა მის გარემო იერუსალჱმისა.

2. უკმევდა ერი იგი საკმეველსა ზედა მაღალთა მათ, რამეთუ არღა შენებულ იყო ტაძარი იგი სახლისა უფლისა მიმუნდღედმდე.

3. და შეიყუარა სოლომონ უფალი სლვად მცნებათა მათ დავითის, მამისა თჳსისათა, ხოლო მაღალთა მათ ზედა იგიცა შესწირვიდა მსხუერპლსა და უკმევდა საკუმეველსა.

4. და აღდგა, წარვიდა მეფე გაბაონად შეწირვად მუნ, რამეთუ იგი უმაღლეს და უდიდებულეს არს, და ათასი მსხუერპლი შესწირა ზედა საკურთხეველსა მას გაბაონსა.

5. და ეჩუენა უფალი სოლომონს ძილსა შინა ღამე. და ჰრქუა უფალმან სოლომონს: ითხოვე რა შენ თხოვა თავისა შენისა.

6. და ჰრქუა სოლომონ: შენ ჰყავ მონისა შენისა თანა, დავითის, მამისა ჩემისა, წყალობაჲ დიდი, ვითარცა ვიდოდა შენ წინაშე ჭეშმარიტებით და სიმართლით და სიწრფოებითა გულისათა შენდამი, და დაუმარხე მას წყალობა ესე დიდი - დაჯდომად ძე მისი საყდარსა მისსა, ვითარცა-ესე დღეს-დღე.

7. და აწ, უფალო ღმერთო ჩემო, შენ მიეც ერსა ამას შენსა დავითის წილ, მამისა ჩემისა, და მე ვარ ყრმა მცირე და არა ვიცი გასულა ჩემი და გამოსულა ჩემი.

8. და მონა შენი შორის ერსა შენსა არს, რომელ გამოირჩიე ერი შენი სიმართლითა ურიცხუ, ვითარცა ქჳშა ზღჳსა.

9. და მისცე მონასა შენსა გული გულისხმის-ყოფისა სმენად და სჯად ერისა შენისა სიმართლით, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რამეთუ ვინ არს შემძლებელ შჯად ერისა მის შენისა მძიმისა?

10. და სათნო-უჩნდეს სიტყუანი ესე წინაშე უფლისა, რამეთუ ითხოვა სოლომონ სიტყუაჲ ესე.

11. და ჰრქვა მას უფალმან: ამისთჳს, რამეთუ ითხოვე შენ სიტყუაჲ ესე ჩემგან, და არა ითხოვე თავისა შენისა დღენი მრავალნი, და არა ითხოვე სიმდიდრე და არცა ითხოვე თავნი მტერთა შენთანი, არამედ ითხოვე თავისა შენისა გულისხმის-ყოფაჲ სმენად სიმართლისა,

12. აჰა, ვყავ მსგავსად სიტყჳსა შენისა და მიგცე შენ გული გონიერი და ბრძენი და შენებრ არა ვინ იყო უწინარეს შენსა, და შენსა შემდგომად არა აღდგეს მსგავსი შენსა.

13. და რომელღა არა ითხოვე, მი-ვე-გცე შენ და სიმდიდრე და დიდებაჲ შენ ვითარ კაცი არა ვინ იყო მეფეთა შორის შენებრივ.

14. და უკუეთუ ხჳდოდი გზათა ჩემთა დამარხვად მცნებათა ჩემთა, ვითარცა ვიდოდა დავით, მამა შენი, განვაგრძნე დღენი შენნი.

15. და განიღჳძა სოლომონ და იყო ჩუენება, და აღდგა და შევიდა იერუსალჱმად. და წადგა წინაშე პირსა კიდობნისა შჯულისა უფლისა სიონს შინა და შესწირა მსხუერპლი დასამშჳდებელი და ყო სიხარული დიდი თავისა თჳსისა და ყოველთა მონათა მისთა.

16. მას ჟამსა წარმოდგეს სოლომონ მეფისა ორნი დედანი მეძავნი და დადგეს წინაშე მისა.

17. და თქუა ერთმან დედაკაცმან: ჩემდა მოიხილე, უფალო, მე და დედაკაცი ესე ვიყოფოდეთ სახლსა ერთსა და ვშევ სახლსა მას შინა.

18. და იყო, მესამესა დღესა შობითგან ჩემით შვა დედაკაცმანცა ამან ძე, და ვიყვენით სახლსა მას შინა ორნივე ჩუენ ხოლო და სხვა არა ვინ იყო ჩუენ თანა სახლსა მას.

19. და მოკუდა ძე იგი ამის დედაკაცისა ღამე, რამეთუ დააწვა მას ზედა.

20. და აღდგა შუაღამესა ოდენ და მიმპარა ყრმა იგი ჩემი მჴართაგან ჩემთა და მჴევალსა შენსა მეძინა და დააძინა უბესა თჳსსა და ყრმა იგი მისი მომკუდარი შემოაწვინა უბესა ჩემსა.

21. და აღვდეგ, რათამცა ვაწოე ყრმასა მას ჩემსა და იგი იყო მომკუდარი, და ვიხილე განთიად და არა იყო ყრმა იგი ჩემი, რომელ მეშვა მე.

22. და სხუაჲ იგი დედაკაცი ეტყოდა: არა, ესე ჩემი არს და ცოცხალ არს, მომკუდარი იგი არს შვილი შენი. და ერთმან თქუა: არა, არამედ მომკუდარი იგი შენი არს და ცოცხალი ეგე ჩემი არს.

23. და ესე წართქუეს წინაშე მეფისა და ჰრქუა მეფემან: შენ იტყჳ, ვითარმედ: შვილი ჩემი ცოცხალი ესე არს და შვილი მაგისი მომკუდარი იგი არს? და შენ იტყჳ: არა, არამედ შვილი შენი მომკუდარი იგი არს და ჩემი შვილი ცოცხალი ესე არს?

24. და თქუა მეფემან: მომართუთ მე მახჳლი! და მოიღეს მახჳლი წინაშე მეფისა.

25. და თქუა მეფემან: განკუეთეთ ყრმა იგი მწოვარი ცოცხალი ორგან და მიეცით ზოგი მისი მას და ზოგი მისი მას.

26. მიუგო დედაკაცმან, რომლისა იყო ყრმა იგი ცოცხალი, და ჰრქუა მეფესა (რამეთუ შეელმა მუცელი მისი ზედა შვილსა მას თჳსსა) და თქუა: ჩემდა მოიხილე, მეფე, მიეცით მაგას ყრმა იგი ცოცხალი და სიკუდილით ნუ მოაკუდინებთ და ერთი იგი იტყოდა: ნუცამცა ჩემდა არს, ნუცა მაგისა, განკვეთეთ ორგან!

27. და მიუგო მეფემან და თქუა: მიეცით მაგას დედაკაცსა ყრმა ეგე ცოცხალი, რომელმან თქუა, ვითარმედ: ეგე მიეცით მაგას და სიკუდილით ნუ მოაკუდინებთ, რამეთუ ეგე არს დედა მაგისი.

28. და ესმა ყოველსა ისრაჱლსა სასჯელი ესე, რომელ საჯა მეფემან, და შეეშინა ერსა მას პირისაგან მეფისა, რამეთუ იხილეს, ვითარმედ სიბრძნე ღმრთისა არს მის თანა ყოფად სიმართლისა.


4

1. და იყო მეფე სოლომონ მეფედ ისრაჱლსა ზედა.

2. და ესე არიან მთავარნი მისნი: აზარა, ძე სადუკისი, მღდელისა,

3. ელიაბ და აქია, ძენი სისასნი, მწიგნობარნი, და იოსაფატ, ძე აქილიდისი, ზედამდგომელი მოსაჴსენებელთა.

4. და ბანეა, ძე იოადისი, სპასპეტი, და სადუკ და აბიათარ-მღდელნი.

5. და აზარია, ძე ნათანისი, ზედა საქმისა მაწვეველად და ზაბოთ, ძე ნათანისი, მღდელი-საყუარელი მეფისა.

6. და აქიელ, მოღუაწე და ელიაბ, ძე იოასი, ერსა ზედა და ადონირამ, ძე ედრამისი, - ხარკთა ზედა.

7. და დაედგინნეს სოლომონს ათორმეტნი მბრძანებელნი ისრაჱლსა ზედა მოღუაწედ და წინამძღუარად და როჭიკისა მიმცემელად სახლსა მას სამეუფოსა, რომელთა ხუდის წელიწადსა შინა როჭიკისა მიცემა თჳთო თჳთოს თვესა მას.

8. ესე არიან სახელები მათი: ბენიამენ, ძე იოვრასი, მთისაგან ეფრემისა,

9. ძე რექაბისი მაქმასს და ზალამინს და ბეთსამუს და ედომს ვიდრე ბეთნამდე.

10. იაქირ, ძე ექორებისი, ბეთნამს, ლუზას და ამექსას და ფარაქიმს, ანადაბს და მათსასას და ფატის კაცი ერთი, რომლისა ტაბაათ, ასული სოლომონისი, იყო ცოლად მისა.

12. ბაქსას, ძე აქაბისი, ეთამას და მაგედონს და ყოველთა მათ მკჳდრთა სასართანისათა ქვე აღეზრაესსა ბეთსანითგან ვიდრე აბელაულამდე და მაებერდამდე.

13. ოკამ, ძე გამერისი, გალადიტელისა, მისი იგი ნაწილი რაგაბანს ბასანს, სამეოცი ქალაქი დიდ-დიდი და შეზღუდვილი და მოქლონები რვალისა.

14. აქინადაბ, ძე აქაბისი, მაქილამს.

15. აქიმაას - ნეფთალიმს, და მან მიიყვანა ბასემად, ასული სოლომონისი, ცოლად.

16. განეა, ძე ქუსისი, ქუეყანასა გალაადისასა.

17. სამაა, ძე ჰელასი, ქუეყანასა მას ბენიამენისასა.

18. გამერ, ძე სადადესი, ქუეყანასა მას გაადისასა, ქუეყანასა მას სეონისასა, მეფესა მას ზედა ესებონისასა, და ოგს, მეფესა მას ზედა ბასანისასა. და ნასიბ ქუეყანასა მას იუდასასა.

19. და იოსაფატ, ძე ფარასუქისი, ისაქარს და მსახურებდეს სოლომონ მეფესა, რომელნი დაედგინნეს ჴელმწიფენი, ყოველთავე რა განწესებულად იყო ტაბლად სამეუფოდ, კაცად-კაცადი თთუესა თჳსსა, და არა გარდააქცევდეს სიტყუასა. და ქრთილი და ბზე საჴედართათჳს და საეტლეთათჳს მოაქუნ ადგიდ, სადაცა არიან მეფე კაცად-კაცადი საბრძანებელით თჳსით.

20. და ისრაჱლი ურიცხუ იყო, ვითარცა ქჳშა ზღჳსა კიდისა სიმრავლითა, ჭამდეს და სუმიდეს და იხარებდეს.

21. და სოლომონ უფლებდა შარავანდედთა მათ ზედა მდინარითგან ქუეყანისა მისგან უცხოთესლთასა ვიდრე საზღვრამდე ეგჳპტისა. და მოართმიდეს ძღუენსა და ჰმონებდეს სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

22. და ესე როჭიკი იყო სოლომონისი, - დღესა შინა ოცდაათი სათუელი სამინდო და ორმოცი სათუელი ფქვილი გერმაკი,

23. და ათი ზვარაკი და ოცი ფური და ასი ცხოვარი და ნადირი, ირემი და ქურციკი და რჩეულ-რჩეული მფრინველთა.

24. რამეთუ ჴელმწიფე იყო ყოველსა ზედა წიაღ მდინარით თაფსაით ვიდრე გაზადმდე ყოველსა მას მეფობასა ვიდრე წიაღ მდინარედმდე, და იყო მისა მშჳდობაჲ ყოველთაგან გარემოთა.

25. დამკჳდრებულ იყო იუდა და ისრაჱლი სასოებით კაცად-კაცადი ვენაჴსა თჳსსა და ლეღოვანსა ჭამდეს და სუმიდეს დანითგან ვიდრე ბერსაბემდე ყოველთა დღეთა სოლომონისათა.

26. და იყო სოლომონისი ორმეოც ათასი ჴრდალი საეტლეთა და ათორმეტ ათასი საჴედართა.

29. და მისცა უფალმან სოლომონს სიბრძნე და მეცნიერება დიდად ფრიად და გულისხმის-ყოფა, ვითარცა ქჳშა ზღჳსა.

30. და განმრავლდა სიბრძნე სოლომონისი უფროს წინანდელთა კაცთასა და უმეტეს მეცნიერთა ეგჳპტისათა.

31. და განბრძნდა უფროს ყოველთა კაცთა და უბრძენე ეთამ იზრაიტელისა და ზამბრისა და ეთამისა და ქალქაკისა და დარდაესა, ძეთა მალაისათა, და იყო სახელოვან ყოველთა თესლთა გრემოთა.

32. და თქუა სოლომონ სამ ათასი იგავი და იყუნეს ქებანი მისნი ხუთ ათას.

33. და თქუა ძელთათჳს ფიჭუთაგან ლიბანისათა მი-ჯეჯილამდე, რომელ ზღუდესა ზეცა აღმოსცენდის და თქუა პირუტყუთათჳს და ფრინველთათჳს და ქვეწარმავალთათჳს და თევზთათჳს.

34. და მოვიდეს ყოველნივე ნათესავნი სმენად სიბრძნისა მის სოლომონისა, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რომელთა ესმოდა სიბრძნე მისი.


5

1. და მოუვლინა ქირიმ, მეფემან ტჳროსისამან, მონანი თჳსნი სოლომონს, რამეთუ ესმა, ვითარმედ სცხეს სოლომონს მეფედ დავითის წილ, მამისა თჳსისა, რამეთუ ჰყვარობდა ქირამ დავითს ყოველთა დღეთა.

2. და მოუვლინა სოლომონ ქირამისა და ჰრქუა:

3. შენ თჳთ უწყოდე დავითის, მამისა ჩემისა, რამეთუ ვერ აშენა ტაძარი სახელად უფლისა ღმრთისა თჳსისა პირისაგან მებრძოლთასა, რომელ იყუნენ გარემოს მისა, ვიდრემდე მისცნა იგინი უფალმან ქუეშე ფერჴთა მისთა.

4. და აწ დაამშჳდა უფალმან ღმერთმან ჩემმან გარემო ჩემსა და არავინ არს მავნებელ და არცა შემთხუევა ბოროტისა.

5. და, აჰა, მე ვიტყჳ შენებად ტაძრისა სახელად უფლისა ღმრთისა ჩემისა, ვითარცა ეტყოდა უფალი ღმერთი დავითს, მამასა ჩემსა, და ჰრქუა: ნიშები შენი, რომელ მისცე შენ წილ საყდარსა შენსა, მან აღაშენოს ტაძარი სახელისა ჩემისა.

6. და აწ ბრძანე, და, კაფონ ძელი მონათა შენთა ლიბანეს და, აჰა, მონანიცა ჩემნი მოვიდენ მონათა შენთა თანა და ნაშრომი მონათა შენთა მიგცე შენ ყოველივე, რაცა სთქვა შენ. თჳთ უწყი, რამეთუ არა არს აქა კაცი, რომელმანცა იცოდა კაფა ძელისა, ვითარ-ეგე სიდონელთა.

7. და იყო, ვითარცა ესმა სიტყვა ესე სოლომონისი ქირამს, განიხარა ფრიად და თქვა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი, რომელმან მოსცა დავითს შვილი ბრძენი ერსა ამას ზედა დიდსა.

8. და მიავლინა ქირამ სოლომონისა და ჰრქუა: მესმა ყოველივე, რა გებრძანა ჩემდა; მე ვყო ნება შენი. ფიჭვი და ნაძვი

9. მონათა ჩემთა მოიღონ ლიბანით ზღჳსკიდედ, და შევდგა ხვეულად და მოვიღო ზღჳთ და მოვაწიო ადგილად, სადაცა ბრძანო შენ და შენ მიიღო და ჰყო ნიში ჩემი და სცე პური სახლსა ჩემსა.

10. და უძღუანებდა ქირამ სოლომონს ფიჭუსა და ნაძუსა და ყოველსა ნებასა მისსა.

11. და სოლომონ სცის ქირამს ოც ათას სათუელი იფქლი და ოცათი საწყაული ზეთი. ამას მისცემდა სოლომონ ქირამს წლითი წლად.

12. და უფალმან მისცა სიბრძნე სოლომონს, ვითარცა აღუთქვა მას და იყო მშჳდობა შორის ქირამისა და სოლომონისა და აღთქმა-ყვეს ურთიერთას.

13. და გამოიყვანა მეფემან სოლომონ მოქმედი ყოვლისაგან ისრაჱლისა. და იყო მოქმედი იგი ოცდაათი ათას მამაკაც.

14. და განაწესა მიმავალი ლიბანედ, ათი ათასმან თთუე ერთი დაყვეს ლიბანეს, ორი თთუე სახლსა თჳსსა. და ადონირამ იყო მოქმედსა მას ზედა.

15. და იყო სოლომონისი მოტჳრთე სამეოცდაათ ათას და ოთხმეოც ათას ქვისმჴდელნი მთასა შინა.

16. და უხუცესნი მბრძანებელნი, რომელ დაედგინნეს სოლომონს, ზედა საქმესა მას მოძღურად სამ ათას და ხუთას ზედა ერსა მას მოქმედსა.

17. და უბრძანა მეფემან და მოიხუნეს ლოდნი დიდნი ქვათა მათგან პატიოსანთა საძირკველად ტაძრისა მის ქვანი გამოკვერვილნი.

18. და გამოკვერნეს ძეთა მათ სოლომონისათა და ძეთა მათ ქირამისათა და ბიბლელთა და დაამზადეს ძელი და ქვა საშენებელად ტაძრისა მის სამ წელ.


6

1. და იყო, წელსა მას ოთხას და მეორმოცესა შემდგომად გამოსლვისა მის ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანით ვგჳპტით, წელსა მეოთხესა თთვესა მეორესა, სუფევასა სოლომონ მეფისასა ისრაჱლსა ზედა, იწყო საქმედ ტაძრისა მის უფლისა.

2. და ტაძარი იგი, რომელ აღუშენა სოლომონ მეფემან უფალსა, სამეოც წყრთა - სიგრძე მისი და ოც წყრთა - სივრცე მისი და ოც წყრთა - სიმაღლე მის ტაძრისა.

3. და კამარა ერთ პირისპირ მის ტაძრისასა - ოც წყრთა, სიმაღლე მის სწორად სიმაღლისა მის ტაძრისა, და ათ წყრთა - სივრცე მისი პირისპირ ტაძრისა მის და აღქმნა და აღასრულა ტაძარი იგი.

4. და უქმნნა ტაძარსა მას სარკმელნი კანკლედნი და ფრიალნი.

5. და მოადგა არდაბაგი გარემო ზღუდესა მას მის ტაძრისასა და დაბირსა და მოაქმნა კედლისკედელ გარემო კედელთა მათ.

6. კედელი იგი შინაგანი - ხუთ წყრთა სივრცე მისი, და კედელი იგი მეორე - ექუს წყრთა - სივრცე მისი და მესამისა მის - შჳდ წყრთა - სივრცე მისი და განამარტა მოტიხურით გარემო ზღუდეთა მათ ტაძრისათა, რათა არა ევნებოდის კედელთა მის ტაძრისათა.

7. და აღიშენა ტაძარი იგი ქვითა უთლელითა და ჴმაჲ ჭურჭლისა და რკინისა ყოვლადვე არა ისმა შენებასა მის ტაძრისასა.

8. და ბჭე გუერდით შინაგან მარჯუენით მჴარსა მას მის ტაძრისასა და აღსავალი მისი გარემოთ საშუალადმდე საშუალითგან ვიდრე მესამედ სართულადმდე.

9. და აღქმნა ტაძარი იგი და აღასრულა და განარჩუნა ტაძარი იგი ფიცრითა შედგმულითა და ძელითა ფიჭვისათა.

10. და აღაშენა კედელთა მათ თანა მის ტაძრისათა სვეტებს ქვეშე კამარათა მათ ხუთ წყრთა სიმაღლით და აღრჩუნნა სუეტნი იგი ძელითა ფიჭვისათა.

11. და იყო სიტყუაჲ უფლისა სოლომონის მიმართ და თქუა:

12. სახლსა მაგას, რომელსა მიშენებ მე, უკუეთუ ბრძანებათა ჩემთა ხჳდოდი და სამართალნი ჩემნი ჰყვნე და დაიცვნე ყოველნი მცნებანი ჩემნი სლვად მათ შინა, და დავამტკიცნე სიტყუანი ჩემნი შენ თანა, რომელსა ვეტყოდე დავითს, მამასა შენსა.

13. და დავემკჳდრო შორის ძეთა ისრაჱლისათა და არა უგულებელს-ვყო ერი ჩემი ისრაჱლი.

14. და ქმნა სოლომონ ტაძარი იგი და აღასრულა.

15. და აღრჩუნნა კედელნი იგი მის ტაძრისანი ძელითა ფიჭჳსათა იატაკითგან ვიდრე თავამდე და ვიდრე მოსლებამდე და მორჩუნა ძელითა შინათგან და განრჩუნა შინაგანი გუერდი ერთი ტაძრისა მის ძელითა ნაძჳსათა.

16. და შემოაქნა ტაძარსა მას გუერდი ერთი, ოც წყრთა სიმაღლე მისი იატაკითგან ვიდრე მოსლამდე, და შემოაქნა კედელი იგი დაბირსა წმიდასა მას წმიდათასა.

17. ორმეოც წყრთა იყო ტაძარი იგი შინაგანი.

18. და განრჩუნა ტაძარი იგი შინაგანი ძელითა ფიჭჳსათა, კამარები მისნი და სვეტნი მისნი გამოქანდაკებულნი ყოველი ძელითა ფიჭუთა და არა ჩნდა ქვა

19. პირისპირ დაბირისა შორის ტაძარსა მას შინაგან და განმზადა მუნ ადგილი დასადგმელი კიდობნისა მის აღთქმისა უფლისა.

20. და პირსპირ დაბირსა - ოც წყრთა სიგრძო მისი და ოც წყრთა - სივრცე მისი და ოც წყრთა - სიმაღლე მისი, და განრჩუნა იგი ოქროთა მყარითა და ქმნა საკურთხეველი ძელისაგან ფიჭჳსა.

21. და განრჩუნა სოლომონ ტაძარი იგი შინაგან ოქროთა რჩეულითა და დამსჭვალა ოქროსა სამშჭულებითა პირისპირ დაბირისა და შემოსა იგი ოქროთა.

22. და ყოველსა მას ტაძარსა შესცხო თქრო და შინაგან დაბირსა მას ქმნნა პეპელნი ოქროსანი.

23. და ქმნნა შინაგან დაბირსა მას ორნი ქერობინნი ძელისა ურთხელისაგან, ათ წყრთით სწორად სიდიდე მისი.

24. ხუთ წყრთა ერთი ფრთე მისი, ხუთ წყრთა მეორე ფრთე მისი და ათ წყრთა ფრთით ფრთედ ფრთეთა მისთა,

25. ეგრეცა მეორისა მის ქერობინისა ერთითა სწორითა ერთ სწორება ქერობინთა მათ.

26. და სიმაღლე ერთისა მის ქერობინისა ათ წყრთა, ეგრეცა მეორისა მის ქერობინისა.

27. და დადგნა ორნივე იგი ქერობინნი საშუალ ტაძარსა მას შინაგანსა და განუფინნა ფრთენი მათნი და მისწუდებოდა ფრთე ერთისა მის ქერობინისა ერთკერძო კედელსა მის ტაძრისასა და მისწუდებოდა ფრთე ქერობინისა მის მეორისა კედელსა მას მეორესა და ფრთენი მათნი საშუალ ტაძარსა მას შესწორდებოდეს ერთიერთსა ფრთე ფრთესა.

28. და შემოსნა ქერობინნი იგი ოქროთა.

29. და ყოველნი კედელნი ტაძრისანი მის გარემოს ქანდაკებით მოწერნა ქერობინისსახედ და დანაკისკუდისსახედ და გამოხატულნი სახილველნი შინაგან და გარეშე ქერობინთა მათ.

30. და იატაკი ტაძრისა მის შინაგანისა და გარეშისა მორჩუნა ოქროთა.

31. და კარები დაბირისა მისი ქმნა ძელისაგან ღვივის და ზღურბლნი მისნი ხუთნაკეცითა.

32. და ორნი კარნი ძელთაგან ნაძჳსათა და ქანდაკნი და ჭედილნი ქერობინისსახედ და დანაკისკუდისსახედ და პეპელნი აღფრინვებულნი და შემოსნა იგინი ოქროთა და მოძერწა გარემოს ქერობინთა მათ და დანაკისკუდთა ოქრო.

33. ეგრევე სახედ აქმნა ბჭეთა მათ ტაძრისათა ზღრუბლნი ოთხნაკეცად ძელთაგან ღვივისათა,

34. და ორნივე იგი ბჭენი ძელთაგან ნაძუთასა ორკერძო განღებით და ქსულნი მათნი იმერ-ამიერ.

35. და ბჭე იგი მეორე გარემოქცევით და ქანდაკნი ბჭეთანი მათ ქერობინისსახედ და დანიკისკუდისსახედ და პეპელნი აღფრინვებულნი და შემოსა ოქროთა მოძერწვით გარემოს ქმნულება იგი.

36. და აღაშენა ეზო იგი შინაგანი სამნაკეცად და მოფეტნა ძელითა ფიჭჳსათა.

37. წელსა მას მეოთხესა და დადვა საძირკველი ტაძრისა მის უფლისა თთვესა მას იუსსა წელსა მას მეათერთმეტესა სუფევისა თვისისასა თვესა მას იბულს (რამეთუ იგი არს თვე მერვე). აღესრულა ტაძარი იგი მსგავსად ყოვლისა სიტყჳსა მისისა და მსგავსად ყოვლისა განგებისა მისისა და აღასრულა ტაძარი იგი შვიდსა წელსა.


7

1. და თჳსი იგი ტაძარი აღასრულა სოლომონ ათცამეტსა წელსა და აღასრულა ყოველივე საქმე ტაძრისა მის თჳსისა.

2. და აღაშენა ტაზარი იგი მაღნარისა მისგან ლიბანისა ას წყრთა - სიგრძო მისი და ერგასის წყრთა - სივრცე მისი და ოცდაათ წყრთა - სიმაღლე მისი და სამნაკეცად გარემო სვეტთა მათ ძელითა ფიჭჳსათა და სამჴარნი სვეტთა მათ ფიჭჳსანი.

3. და დართვა ტაძარი იგი ზედა კედელთა მათ და სვეტთა მათ რიცხჳ სვეტებისა მის ორმეოცდახუთ და ათხუთმეტგან განკარულ შინაგან.

4. გარემო და ზედა მოტიხრულ სამნაკეცლად განწვალვით.

5. და ყოველი იგი ბჭეები და ყოველი ფოლოცები ტაძრისა მის ოთხნაკეცლად განწვალა და ბჭითი ბჭედ სამნაკეცლად.

6. და კამარები სვეტებისა მის იქმნა, ერგასის წყრთა, - სივრცე მისი, შედგმულ კამარანი იგი პირისპირ ურთიერთას და სუეტნი იგი ხარისხნი პირისპირ კამარათა მათ.

7. და კამარა იგი საყდრისა მის, სადა დაჯდის შჯად შინა კამარისა მის აქმნა სართული ძელთაგან ფიჭჳსათა კიდით კიდედ.

8. და სახლსა მას საყოფელსა თჳსსა ქმნა ეზო ერთი კამარედი მსგავსად მისივე ქმნულებისა და ტაძარი იგი ასულისა ფარაოსისა, რომელ მოიყვანა სოლომონ ცოლად თჳსა, მსგავსად მათვე კამარათა.

9. ქვათაგან პატიოსანთა უთლელთა შებრძვინვით ურთიერთას სიგრძით შინაგან და გარეშე საძირკველთაგან ვიდრე სართულადმდე.

10. და გარეშე ეზოსა მის დიდისა მომტკიცებულ ქვითა დიდითა ათ წყრთით და რვა წყრთით.

11. და ზეშთა ქვითა პატიოსნითა უთლელითა მსგავსად მისვე საზომთა და ძელითა ფიჭვისათა.

12. ეზო, რომელი-იგი დიდი გარემო სამნაკეცლად უთლელითა და ჯერი ერთი ფიცრითა შედგმულითა მოადგა ძელითა ფიჭუთა და აღაშენა ეზო იგი ტაძრისა მის უფლისა შინაგან კამარათა მათ პირისპირ ტაძრისა მის.

13. და მიავლინა მეფემან სოლომონ და მოიყვანა ქირამ ტჳროსით,

14. ძე დედაკაცისა ერთისა ქურივისა, რამეთუ იყო იგი ნათესავისაგან ნეფთალიმისა, და მამა მისი კაცი ტჳრელ ჴელოვანთმოძღუარ სპილენძისა და სავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, გულისხმისმყოფელ ყოველსა საქმესა სპილენძისასა, და მოვიდა სოლომონ მეფისა და უქმნა ყოველივე იგი საქმე.

15. და შექმნნა დასხმით ორნივე იგი სუეტნი კამარას მის ათრვამეტ წყრთა - სიმაღლე სუეტისა მის, საზომითა ათოთხმეტ წყრთა სიმსხო სვეტისა და ოთხ - ოთხთით შუა კარები მისი, ეგრეცა მეორე იგი სუეტი.

16. და ორნი სუეტისთავნი ზედა სუეტთა მათ დასხმითნი სპილენძისანი, ხუთ წყრთა - სიმაღლე ერთისა მის სუეტისა თავისა და მეორისა მის სუეტისა - ხუთ წყრთა.

17. და ქმნა ორნი სატიხარნი დასაფარველად ერთისა მის სუეტისთავისა და ორნი სატიხარნი დასაფარველად მეორისა მის სუეტისთავისა, ქმნილი დამოკიდებით

18. და ორთავე მათ სუეტთა ბროწეულისსახედ სპილენძისა გარემო სატიხარსა მას მოაქმნა დამოკიდებით შემდგომით შემდგომად, ეგრევე სახედ იქმნა მეორესა მას სუეტისთავსა.

19. და ორთავე მათ სუეტისთავთა მოაქმნა შროშნისსახედ კამარასა მას თანა საზომითა ოთხ წყრთა.

20. სატიხართა მათ ზედა ორთავე სუეტთასა ბროწლის სახედ ორასი გარემო მოდგომილი ორთავე მათ სუეტისთავთა.

21. და აღუდგინა სუეტნი იგი კამარასა მას ტაძრისასა და აღმართა სუეტი იგი ერთი მარჯულ და უწოდა სახელი მისი იაქუმ, და აღმართა სუეტი იგი მეორე მარცხულ, და უწოდა სახელი მისი ბოოზ.

22. და ზედ სუეტისთავთა მათ მოაქმნა შროშნისსახედ და აღასრულა საქმე იგი სუეტთა მათ.

23. და ქმნა ზღუაჲ იგი რვალისა ათ წყრთა ყურით, ყურ მრგვალ გარემო და სიფართე მისი იყო ოცდაათსამმეტ წყრთა და ხუთ წყრთა სიმაღლე მისი.

24. და სამყაროთა ზედა, რომელთა დგა საზომით გარემო ათ წყრთა და მოადგა სამყაროთა მათ ზედა და დასხმით დასამტკიცებელად.

25. და ათორმეტი კურო ქვეშე ზღუასა მას, სამნი იგი ხედვიდეს სამხრად კერძო და სამნი იგი ხედვიდეს ჩრდილოდ კერძო და სამნი იგი ხედვიდეს ზღუად მიმართ და სამნი იგი ხედვიდეს აღმოსავალად, და ზღუაჲ იგი მათ ზედა და ბჭენი ყოველთანი შემართ.

26. და სიზრქო მისი მტკაველითა და ბაგენი მისნი, ვითარცა წედისანი, და სახე შროშანისა გარემო და შთაისხის ვითარ ორ ათას ოდენ მარი.

27. და ქმნნა მექონოთნი ათნი სპილენძისანი, ხუთ წყრთა სიგრძო ერთისა მის მექონოთისა და ოთხ წყრთა სივრცე მისი და ექუს წყრთა სიმაღლე მისი.

28. და ესე ქმნილებაჲ იყო მექონოთთა მათ ხორშად ქმნულ ზედა და ხორშად ქმნულ გარემო წარსავალთა მათ და ზედ

29. ხორშთა მათ წარსავალთასა ლომისსახენი და კურონი და ქერობინნი და ზედა გარემოსავალთა მათ ეგრევე სახედ და ზედ ლომთა მათ და კუროთა მათ ქმნულებაჲ დამოსლვითა.

30. ოთხნი ურმისთუალნი სპილენძისანი ერთისა მის მექონოთისა და განსაცმელნი სპილენძისანი ოთხკერძოვე, ბეჭნი მათნი ქუეშე ავაზანთა მათ და ბეჭნი კაცისსახენი ჩასხმულნი ატყირბულნი მათ თანა.

31. და პირი მისი სუეტისთავითგან აღმართ წყრთა ერთ; და იყო პირი მისი მრგუალ, ეგრესახედვე წყრთა და კერძო სიზრქო მისი და გარემო ბჭენი მისნი წახნაგისსახედ მოქმულ ოთხ კედლად და არა მრგულად.

32. და ოთხნი ურმისთვალნი ქუეშე სამყაროთა მათ და ჴელნი მისნი ურმისთვალთა მათ მიმართ და მექონოთთა და სიმაღლე ურმისთვალთა მათ წყრთა და კერძო.

33. და ქმნილებაჲ ურმისთვალთა საეტლეთა და ჴელნი მათნი და ქედნი მათნი და ბეჭნი მათნი და ყოველი ქმნილებაჲ მათი დასხმითი რვალისა.

34. და ოთხნი მჴარნი ზედა ოთხთა მათვე კიდეთა მექონოთისათა, მუნვე შემართ მექონოთად ბეჭნი მათნი.

35. ზედა თავსა მას მექონოთისასა წყრთისა ერთისა კერძო სიდიდით მრგულად გარემო ზედა თავსა მის მექონოთისასა და ჴელნი მისნი გამოდგმითნი მისგანვე.

36. და განეღებოდეს შედგმულსა ზედა ჴელთა მისთასა და ხორშთა მისთა ქერობინნი და ლომნი და დანაკისკუდნი გამოქმნულნი მისგან პირისპირ ურთიერთსა შინაგან და გარეშე.

37. და მისსახედვე ქმნა ყოველი იგი ქმნილებაჲ ათთა მათ მექონოთთა. ერთი საზომი და ერთი სწორება და ერთი სახე იყო ყოველთა მათ.

38. და ქმნა ათნი ქოთნისსახენი ქვაბნი სპილენძისანი და შთაისხის ერთმან ქვაბმან ორმეოცი მარი და იყო ოთხ წყრთა საზომი ქვაბთა მათ და ქვაბი ერთი თითოეულად ზედა ათთა მათ მექონოთთა.

39. და დადგნა მექონოთნი იგი ხუთნი მჴარით კერძო ტაძრისა მის მარჯვენით და ხუთნი მჴრით ტაძრისა მის მარცხენით და ზღუაჲ იგი დადგა მჴრით მარჯვენით კერძო მზისა აღმოსავალით და ბღუარით.

40. და ქმნა ქირამ სიავ-ქვაბნი, სიავ-ქვაბნი იგი გამატფობელად და ტასტები იგი და აღასრულა ქირამ ყოველი იგი საქმე, რომელ უქმნა მეფესა სოლომონს ტაძარსა მას უფლისასა.

41. და სუეტნი ორნი გარე-მოდგმით ქანდაკებული ზედა ორთა მათ სუეტისთავთა და ორ-ორი მოტიხრული დასაფარველად გარემოქანდაკებულთა მათ ქმნილთა ზედა სუეტისთავთა.

42. და ოთხასნი ბროწეულისსახენი ორთა მათ სატიხართა და ოთხნაკეცად მოდგმული ბროწეულისსახედ მათვე საქციელთა მექონოთისათა ზედა ორთა მათვე სუეტთა.

43. და ქოთნისსახენი იგინი ქვაბნი ათნივე ზედა მექონოთთა მათ.

44. ზღუაჲ იგი ერთი და ათორმეტნი იგი კურონი ქუეშე ზღუასა მას.

45. და სიავნი იგი განმატფობელნი სამნი და ტასტები იგი და ყოველივე იგი ჭურჭელი, რომელნი უქმნა ქირამ მეფეს სოლომონს ტაძარსა მას უფლისასა და სუეტები ორმეოცდარვა ტაძარსა მას უფლისასა და ტაძარსა მას მეფისასა და ყოველი იგი საქმე, რომელ ქმნა მეფემან ქირამ, სპილენძისაგან ხოლო, და არა იყო სწორი სპილენძისა მის, რომლისაგან ქმნა ყოველი იგი საქმე მრავალი და დიდი, და არა იყო სწორ ბრწყინვალებისა მის სპილენძისა.

46. კიდესა იორდანისასა ოდენ უქმნა მეფესა დასხმითი და სპილენძისა სიზრქესა მის მიწისასა, შთასხა ყოველი საშუალ სოკაქოთსა და სირთანსა.

47. და მისცა მეფემან სოლომონ ყოველი იგი საქმარი, რამეთუ დიდად ფრიად იყო სიმრავლითა და არა იყო რიცხჳ სპილენძისა მის.

48. და ქმნა სოლომონ ყოველი იგი სამსახურებელი ტაძრისა მის უფლისასა და საზორველი იგი ოქროსანი და ტაბლა იგი, რომელსა ზედა პური იგი შესაწირავისა დაიდებოდა, ოქროსა.

49. და სასანთლენი იგი ოქროსანი ხუთნი მარჯუენით და ხუთნი მარცხენით პირისპირ დაბირისა, რჩეულისა ოქროსა, და ლამპარნი იგი და სასანთლენი და მოსაწმენდელნი იგი ოქროსანი.

50. და წირთხლები იგი და სამსჭვალები და ტაბლები იგი და პინაკები იგი და საგლელნი ოქროსაგან რჩეულისა და კარები სახლისა მის შინაგანისა წმიდასა მას წმიდათასა და კარები ტაძრისა მის ოქრო რჩეულ.

51. და აღასრულა ყოველი იგი საქმე, რომელი ქმნა მეფემან სოლომონ ტაძარსა მას უფლისასა, და შეიღო სოლომონ სიწმიდე იგი დავითის მამისა თჳსისა და ყოველი იგი სიწმიდე სოლომონისი: ვეცხლი და ოქრო და ყოველი ჭურჭელი იგი მისცა საფასედ ტაძარსა მას უფლისასა.


8

1. მას ჟამსა შინა შეკრიბნა მეფემან სოლომონ ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაჱლისანი ყოვლით მთავრითურთ მსგავსად განნაწილებისა მის მამათასა ძეთა ისრაჱლისათა მიღებად სიონად კიდობნისა მის უფლისა ქალაქით დავითისათა.

2. და მოკრბეს სოლომონ მეფისა ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი თთვესა მას ანთანიმსა, რამეთუ იგი არს თთვე მეშჳდე.

3. და გამოვიდეს ყოველნი იგი მოხუცებულნი ისრაჱლისანი და აღიღეს მღდელთა მათ კიდობანი იგი უფლისა.

4. და კარავი იგი წამებისა და ყოველი იგი სამსახურებელი სიწმიდისა, რომელ-იგი იყო კარავსა მას შინა საწამებელისასა, და აღიღეს მღდელთა მათ ლევიტელთა.

5. და მეფე სოლომონ და ყოველი იგი ერი ძეთა მათ ისრაჱლისათა მოკრებილ იყუნეს წინაშე კიდობნისა მის და სწყუედდეს ზროხასა და ცხოვარსა ურიცხუსა სიმრავლითა.

6. და შეიღეს შინა მღდელთა მათ კიდობანი იგი აღთქმისა ადგილად თჳსა დაბირსა, სახლსა მას წმიდასა წმიდათასა ფრთეთა ქუეშე ქერობინთა მათ.

7. რამეთუ ქერობინთა მათ განეფინნეს ფრთენი ზედა ადგილსა მას კიდობნისასა და დაფარეს ქერობინთა მათ კიდობანი იგი და სიწმიდენი მისნი ზეშთა.

8. და დადგეს ზედა სიწმიდეთა მათ და ხედვიდეს თავნი განწმედილთა მათ სიწმიდესა მას პირისპირ დაბირისა და გამომართ და არა გამოჩნდეს. და იყო მუნ ესრეთ ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

9. და არა იდვა კიდობანსა მას შინა, გარნა ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, ფიცარნი აღთქმისანი, რომელნი დასხნა მას შინა მოსე ქორებს, რომელ აღუთქუა უფალმან ძეთა ისრაჱლისათა შემდგომად გამოსლვისა მის მათისა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.

10. და იყო, ვითარცა გამოვიდეს მღდელნი იგი სიწმიდეთა მათგან და ღრუბლითა აღივსო ტაძარი იგი უფლისა.

11. და ვერ დგეს მღდელნი იგი მსახურებასა მას ღრუბლისა მისგან, რამეთუ დიდებითა უფლისათა აღივსო ტაძარი იგი.

12. მას ჟამსა სიტყუად იწყო სოლომონ და თქუა: უფალმან თქუა მფარველ-ყოფად ნისლითა.

13. და აღვაშენე მისი ტაძარი სამკჳდრებელად და დასამტკიცებლად საყდრისა მისისა უკუნისამდე. და მიექცა მეფე და აკურთხა ყოველი ისრაჱლი და ყოველი იგი ერი ისრაჱლისა დგა.

15. და თქუა სოლომონ: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა დღეს, რომელი იტყოდა პირითა თჳსითა დავითისთჳს, მამისა ჩემისა, და ჴელითა თჳსითა აღასრულა და თქუა:

16. რომლით დღითგან გამოვიყვანე ერი ჩემი ისრაჱლი ქუეყანით ეგჳპტით, არასადა გამოვირჩიე ქალაქისაგან ისრაჱლისა ერისა შენებად ტაძარი სახელისა ჩემისა, გამოვირჩიე დავით წინამძღურად ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

17. და იყო გულსა დავითისა, მამისა ჩემისსა, ვითარმცა უშენა ტაძარი სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.

18. და ჰრქუა უფალმან დავითს, მამასა ჩემსა, ამისთჳს; რამეთუ მოგიჴდა გულსა შენსა შენებად ტაძარი სახელისა ჩემისა, კეთილ არს, რამეთუ მოგიჴდა გულსა შენსა.

19. ხოლო არა შენ ჰქმნე ტაძარი იგი, არამედ შვილმან შენმან, რომელი გამოსლვად არს წყვილთაგან შენთა, მან მიქმნეს სახლი სახელისა ჩემისა.

20. და წარმართა უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელსა იტყოდა და აღმმართა მე დავითის წილ, მამისა ჩემისა, და დამსვა მე საყდარსა ისრაჱლისასა, ვითარცა თქუა უფალმან, და აღვაშენე სახლი სახელისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

21. და განუმზადე მუნ ადგილი დასადგმელად კიდობნისა მის სჯულისა უფლისა, რომელ აღუთქვა უფალმან მამათა ჩუენთა გამოყვანებასა მათსა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა.

22. და დადგა სოლომონ პირისპირ წინაშე საკურთხეველისა უფლისა და წინაშე ყოვლისა მის ერისა ისრაჱლისა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად.

23. და თქუა: უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, არავინ არს შენებრ ღმერთი ცათა შინა და არცა ქუეყანათა ზედა, რომელმან დაუმარხე აღთქმა და წყალობაჲ მონასა შენსა, რომელი ვიდოდა წინაშე შენსა ყოვლითა გულითა თჳსითა.

24. რომელ დაუმარხენ მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ პირითა შენითა და ჴელითა შენითა აღასრულნე, ვითარცა-ესე დღეს დღე.

25. და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ: არა მოაკლდეს შენგან კაცი წინაშე პირსა ჩემსა, რომელი ჯდეს საყდარსა ისრაჱლისასა, გარნა ეკრძალნედ შვილნი შენნი გზათა თჳსთა სლვად წინაშე ჩემსა, ვითარცა შენ ხჳდოდი წინაშე ჩემსა.

26. და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სარწმუნო იყავნ სიტყუაჲ შენი, რომელსა ეტყოდე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა.

27. და თუ ჭეშმარიტად დაიმკჳდროს ღმერთმან კაცთა შორის ქუეყანასა ზედა, უკუეთუ ცანი ცათანი ვერ შემძლებელ არიან შენდა, აწ ვითარმე სახლი ესე, რომელ აღვაშენე სახელისა შენისა, იყოს საყოფელად შენდა?

28. აწ მოხედე ლოცვასა მონისა შენისასა, ვედრებასა ჩემსა, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სმენად ლოცვისა მონისა შენისასა, რომელი დგეს წინაშე შენსა შენ თანა დღეს.

29. იყუნედ თუალნი შენნი მოხედვად დღე და ღამე ადგილსა ამას, რომელსა სთქუ, ვითარმედ: იყავნ სახელი ჩემი მას შინა სმენად ლოცვისა, რომელსა გევედრებოდის მონა შენი ადგილსა ამას დღე და ღამე და ისმინო ჴმა მონისა შენისა და ერისა შენისა ისრაჱლისა, რომელნი თაყუანის-გცემდენ ადგილსა ამას.

30. და შენ ისმინო ადგილსა მკჳდრობისა შენისასა ცათა შინა და შენ ჰყო მიტევება,

31. რათაცა ვინ შეცოდებულ იყოს კაცი მოყუსისა მიმართ, და თუ ვინმე აღიღოს წყევა წყევად ვისამე და აღიაროს წინაშე საკურთხეველსა ტაძრისა ამის,

32. და შენ ისმინო ზეცით და ჰყო. და სჯიდე ერსა შენსა ისრაჱლსა უსჯულოებისა უსჯულოსასა მიგებად მსგავსად გზათა მისთა მისაგებელი თავსა მისსა და განმართლებასა მართლისასა მიგებად მას მსგავსად სიმართლისა მისისა. 33. და მოუძლურებასა ერისა შენისა ისრაჱლისასა წინაშე მტერთა, რაჟამს ცოდონ შენდა მიმართ და მოიქცენ შენდა და აღუარონ სახელსა შენსა და ილოცვიდენ და გევედრებოდენ შენ ტაძარსა ამას.

34. და შენ ისმინო ზეცით და მიუტევენ ცოდვანი ერსა შენსა ისრაჱლსა და მოიქცენ იგინი ქუეყანასა ამასვე, რომელ მიეც მამათა მათთა.

35. დაყენებასა წჳმისასა არა ყოფად წჳმისა, რაჟამს ცოდონ შენდა მიმართ და ილოცვიდენ ადგილსა ამას და აღუარონ სახელსა შენსა და მოიქცენ ცოდვათაგან თჳსთა, რაჟამს მოუძლურდენ იგინი. 36. ისმინო ზეცით და მიუტევნე ცოდვანი მონათა შენთა და ერსა შენსა ისრაჱლსა და გამოუცხადენ მათ გზანი კეთილნი სლვად მათ შინა და მოსცე წჳმა ქუეყანასა შენსა, რომელ მიეც ერსა შენსა სამკჳდრებელად.

37. და თუ სიყმილი იყოს ქუეყანასა ზედა, გინა თუ სიკუდილი, ანუ თუ ცეცხლითა მოწვაჲ, ანუ თუ მგრაგნელი, გინა თუ მკალი, ანუ თუ გესლი, ანუ თუ აჭირვებდეს მტერი ერთსა ქალაქთაგანსა და ყოველი განსაცდელი და ყოველი სალმობაჲ და ყოველი შესამთხუეველი და ყოველი თხოვა

38. და ყოველი ლოცვა, რომელ იყოს ყოვლისა კაცისა, ყოვლისა ერისა შენისა ისრაჱლისა, ვითარ-რა ცნან კაცად-კაცადმან სალმობაჲ იგი გულისა თჳსისა და აღიპყრნენ ჴელნი ტაძარსა ამას,

39. და შენ ისმინო ზეცით განმზადებულით სამკჳდრებელით შენით და მიუტეო და განამართლო მსგავსად გზათა მისთა, ვითარ სცნა გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან იცნი გულნი ყოველთა ძეთა კაცთანი.

40. და ეშინოდის შენგან ყოველთა დღეთა, რაოდენ ცხონდენ ზედა პირსა ქუეყანისასა, რომელ მიეც მამათა მათ ჩუენთა.

41. და უცხო იგი, რომელ არა იყოს ერისა შენისაგან ისრაჱლისა და იგი მოსრულ იყოს ქუეყანით შორიელით,

42. სადაცა მისმენილ იყოს სახელი შენი დიდი და ჴელისა შენისა ძლიერისა და მკლავისა შენისა განრთხმულისა, და მოვიდეს და თაყუანი-სცეს ადგილსა ამას,

43. და შენ ისმინო ზეცით, განმზადებულით სამკჳდრებელით შენით და ჰყო მსგავსად ყოვლისავე, რომელსაცა ილოცვიდეს შენდამი უცხოთესლი იგი, რათა სცნან ყოველთავე ნათესავთა ქვეყანისათა სახელი შენი და ეშინოდის შენგან ერსა შენსა ისრაჱლსა და სცნან, რამეთუ სახელი შენი წოდებულ არს ზედა ტაძარსა მას, რომელ აღვაშენე.

44. და თუ განვიდეს ერი შენი ბრძოლად მტერთა თჳსთა გზასა, რომელსა მივავლინე იგინი და ლოცვიდენ სახელისა მიმართ უფლისა გზასა ამას ქალაქისასა, რომელი გამოირჩიე და ტაძარსა, რომელ აღვაშენე სახელისა შენისა.

45. და ისმინო ზეცით ლოცვისა და თხოვისა მათისა და ჰყო მათდა სამართალი და შენდობაჲ,

46. რამეთუ შეგცოდონ შენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელმან არა ცოდოს, და თუ მოავლინო მათ ზედა, და მოსცნე იგინი წინაშე მტერთა, წარტყუენენ იგინი წარმტყუენველთა თჳსთა ქუეყანად მტერთასა შორიელთა, გინა თუ მახლობელთა;

47. და მოაქცინენ გულნი თჳსნი ქუეყანასა ამას, რომელსა მიიტყუენნეს და მოიქცენ და გევედრებოდიან შენ ქვეყანასა მას ტყუეობისასა და თქუან: ვცოდეთ, უსჯულო-ვყავთ, უწესო-ვყავთ;

48. და მოიქცენ ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა თჳსითა ქუეყანასა მას მტერთასა, რომელსა მიიტყუენნეს იგინი და ილოცვიდენ შენდა მიმართ კუალად-გებისათჳს ქუეყანადვე თჳსა, რომელ მიეც მამათა მათთა, და ქალაქისა მისთჳს, რომელი გამოირჩიე, და ტაძრისა ამისთჳს, რომელი აღვაშენე სახელისა შენისათჳს,

49. და ისმინო ზეცით განმზადებულით სამკჳდრებელით შენით ლოცვისა და თხოვისა მათისა და ჰყო მათდა სამართალი.

50. და მოუტევნე უკეთურებანი მათნი, რომელ ცოდეს შენდა მიმართ, და ყოველი იგი შეურაცხებაჲ, რომელ შეურაცხ-გყვეს შენ, და შეიწყალნე იგინი წინაშე წარმტყვენველთა მათთა და ჰყო მათთჳს წყალობაჲ,

51. რამეთუ ერი შენი და სამკჳდრებელი შენი არს, რომელნი გამოიყვანნეს ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა შუა ბრძმედისა მისგან რკინისა განმადნობელისა.

52. და იყუნედ თუალნი შენნი მორჩილ ლოცვასა მონისა შენისასა და ლოცვასა ერისა შენისა ისრაჱლისასა სმენად მსგავსად ყოვლისა ვედრებისა მათისა.

53. რამეთუ შენ გამოირჩიე შენდა სამკჳდრებელად ყოვლისაგან ერისა ქუეყანისასა, ვითარცა ეტყოდე მოსეს, მონასა შენსა, გამოყვანებასა მას მამათა ჩუენთასა ეგჳპტით, უფალო ღმერთო.

54. და იყო, ვითარცა აღასრულა სოლომონ უფლისა მიმართ ყოველი იგი ლოცვა და აღდგა წინაშე სამკჳდრებელსა მას უფლისასა, სადა-იგი მუჴლდადგმით დგა ზედა მუჴლთა თჳსთა და ჴელნი თჳსნი ზეცად აღყარნეს,

55. და აღდგა, მიექცა და აკურთხა ყოველი იგი ერი ისრაჱლისა ჴმითა მაღლითა და თქუა:

56. კურთხეულ არს უფალი ღმერთი დღეს, რომელმან მოსცა განსვენებაჲ ერსა ამას თჳსსა ისრაჱლსა მსგავსად ყოვლისა მის სიტყჳსა თჳსისა, რომელსა ეტყოდა და არა გარეწარჴდა სიტყუაჲ ერთი ყოვლისაგან სიტყუათა მისთა კეთილთა, რომელთა ეტყოდა მოსეს, მონასა თჳსსა.

57. იყავნ უფალი ღმერთი ჩუენ თანა, ვითარცა მამათა ჩუენთა თანა, ნუ დამაგდებ ჩუენ.

58. არამედ მოგვაქციე ჩუენ არა განდრეკასა გულთა ჩუენთასა მისგან, სლვად ყოველთა გზათა მისთა და დაცვად ყოველთა მცნებათა მისთა და ბრძანებათა მისთა და სამართალთა მისთა, რომელ ამცნო მამათა მათ ჩუენთა.

59. და იყუნედ სიტყუანი ესე ჩუენნი, რომელთა ვლოცევდ წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე ყოფად სამართალი ჩემი მონისა ამის შენისა და ყოფად სამართალი ერისა შენისა ისრაჱლისა დღითი დღედ.

60. რათა სცნას ყოველმან ერმან ქუეყანისამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი და არავინ არს სხუა შენსა გარეშე.

61. იყუნედ გონებანი ჩუენნი განსრულებულ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა უბიწოებით სლვად მსგავსად ბრძანებათა მისთა და დაცვად სამარ- თალთა, ვითარცა-ესე დღეს დღე.

62. და მეფე და ყოველი ისრაჱლი მის თანა შესწირვიდეს შესაწირავსა წინაშე უფლისა.

63. და შესწირა მეფემან სოლომონ შესაწირავი სამშჳდებელთა, რომელ შესწირა უფლისა, ზროხა ოცდაორ ათას და ცხვარი ას და ოც ათასი, და ყო სატფური სახლისა მის უფლისა მეფემან და ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა.

64. მას დღესა შინა განწმიდა მეფემან ეზო იგი, რომელ იყო პირისპირ ტაძარსა მას უფლისასა, რამეთუ მუნ ყუნა მრგულიადდასაწველნი იგი და შესაწირავნი იგი და ცმელი იგი სამშჳდებელთა, რამეთუ ტაბლა სპილენძისა, რომელ დგა წინაშე უფლისა, მცირე იყო, რამეთუ ვერ დაიტია მრგულიადდასაწველნი იგი და შესაწირავნი სამშჳდებელთანი.

65. და ყო სოლომონ მას დღესა შინა დღესასწაული და ყოველმან ისრაჱლმან მისმან მის თანა კრება დიდი და გამოსავლითგან ემათისათ ვიდრე მდინარემდე ეგჳპტისა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა ტაძარსა მას, რომელ აღაშენა, ჭამდეს და სმიდეს და იხარებდეს წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა შჳდ დღე და შჳდ დღეთა, ათოთხმეტთა.

66. და დღესა მას მერვესა განუტევა ერი იგი და აკურთხეს მეფე, და წარვიდეს თჳთვეულად სამკჳდრებელსა თჳსსა სიხარულითა გულისათა განმხიარულებულნი ყოველთა მათ ზედა კეთილთა, რომელ ყო უფალმან დავითისთჳს, მონისა თჳსისა, და ერისა თჳსისა ისრაჱლისა.


9

1. და იყო, ვითარცა აღასრულა სოლომონ შენება ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისა და ყოვლისა მის ქმნილებისა, რომელ ინება სოლომონ მიღებად,

2. და ვითარცა-იგი გამოეცხადა უფალი სოლომონს მეორედ, ვითარცა-იგი გამოეცხადა მას გაბაონს,

3. და ჰრქუა მას უფალმან: ვისმინე ჴმისა შენისა ლოცვათა შენთა და თხოვათა შენთა, რომელ ითხოვე წინაშე ჩემსა, ვყავ შენთჳს მსგავსად ყოვლისა ლოცვისა შენისა, განვსწმინდე ტაძარი ეგე, რომელ აღაშენე დადებად სახელი ჩემი მას ზედა უკუნისამდე და იყუნედ თუალნი ჩემნი და გული ჩემი მას შინა ყოველთა დღეთა.

4. და შენ ხჳდოდი თუ წინაშე ჩემსა, ვითარცა ვიდოდა დავით, მამა შენი, სიწმიდითა გულისათა და სიწრფოებითა ყოფად ყოველივე, რაჲცა ვამცენ მას ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიმარხენ.

5. და აღუმართო საყდარი სუფევისა შენისა ზედა იერუსალჱმსა უკუნისამდი, ვითარცა ვეტყოდე დავითს, მამასა შენსა, და ვთქუა: არ მოაკლდეს შენი კაცი წინამძღურად ისრაჱლსა.

6. უკუეთუ უკუნქცევით უკუნიქცე, თქუენ და შვილნი თქუენნი ჩემგან და არა დაიმარხნეთ მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი, რომელ მოგცნა მოსემ წინაშე თქუენსა, მიხჳდეთ და მონოთ ღმერთთა უცხოთა და თაყუანის-სცეთ მათ,

7. აღვიღო ისრაჱლი ქუეყანისაგან, რომელ მივეც მათ, და სახლი ეგე, რომელ განვწმიდე სახელისა ჩემისათჳს, განვაგდო პირისაგან ჩემისა და იყოს ისრაჱლი განსარყუნელ და სასიტყუჱლ ყოველთა ერთა.

8. და ტაძარსა მაგას მაღლად ქმნულსა ყოველნი, რომელნი გარეწარვიდოდიან, დაუკჳრდეს და ისტჳნონ და თქუან: რასმე ეგრე უყო უფალმან ამას ქუეყანასა და ტაძარსა ამას?

9. და თქუან: ამისთჳს, რამეთუ დაუტევეს უფალი ღმერთი მათი, რომელმან გამოიყვანნა მამანი მათნი ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისასა, და შეუდგეს ღმერთთა უცხოთა და თაყუანი-სცეს მათ და მონეს მათ. ამისთჳს მოავლინა უფალმან მათ ზედა ყოველი ძჳრი (მას ჟამსა გამოიყვანა სოლომონ ასული იგი ფარაოსი ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელი-იგი აშენა თავისა თჳსისა).

10. და იყო, მათ დღეთა შინა ოცსა წელსა აღაშენა სოლომონ ორნი იგი ტაძარნი: ტაძარი იგი უფლისა და ტაძარი იგი მეფისა.

11. და ქირამ, მეფე ტჳროსისი, შეეწეოდა სოლომონს ძელითა ფიჭუთა და ძელითა ნაძუთა და ოქროთა და ყოვლითავე, რაც ნება იყო მისა. მას ჟამსა სცა მეფემან სოლომონ ქირამს ოცი ქალაქი გალილეისა.

12. და განვიდა ქირამ ტჳროსით და მივიდა გალილეად ხილვად ქალაქთა მათ, რომელნი მისცნა მას სოლომონ და არა სთნდეს მას.

13. და თქუა: რა არიან ქალაქნი ესე, რომელ მომცენ მე, ძმაო? და უწოდა მათ საზღვარი მოდღენდელად დღემდე.

14. მოართვა ქირამ სოლომონს ას და ოცი სასწორი ოქროსა.

15. ესე არს ხარკი, რომელსა მოჰჴდიდა მეფე საშენებელად ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისასა და მელონისა და მაღალთა მათ და აღადგინა ზღუდენი იგი დარღუეულნი ქალაქისა მის დავითისანი, ასური და მაიდანი და ზღუდე იგი იერუსალჱმისა და ესერი და მაგედონი და გაზერი.

16. ფარაო, მეფე ეგჳპტელთა, გამოვიდა, წარტყუენა გაზერი და მოწვა იგი ცეცხლითა და ქანანელი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყო ქალაქსა მას, მოსრა და მისცა იგი ზითვად ასულსა თჳსსა, ცოლსა მას სოლომონისასა.

17. და აღაშენა სოლომონ გაზერი და ბეთრონი ქვენა.

18. და ბალათი და დერმოთი, უდაბნო იგიცა და შენიცა,

19. ყოველნი ქალაქნი სამკჳდრებელად, რომელ იყუნეს სოლომონისა, და ქალაქნი მეეტლეთანი და მეცხენეთანი და ყოველი იგი საქმე, რომელი ქმნა იერუსალჱმს, და ლიბანეს და ყოველსა მას ქუეყანასა.

20. ჰრიდა ყოველსა მას ნათესავსა დაშთომილსა ამორეველისასა და ქეტელისასა და ფერეზელისასა და ეველისასა და ქანანელსა და იებოსელისასა და გერგესეველისასა, რომელნი არა იყუნეს ძეთა მათგან ისრაჱლისათა.

21. ძენი მათნი, რომელნი დაშთომილ იყუნეს შემდგომად მათსა ქვეყანა- სა მას, რომელთა ვერ შეუძლეს ძეთა მათ ისრაჱლისათა მოსრვად მათა და შეადგინნა იგინი სოლომონ ხარკსა მონებისასა მოდღენდელად დღემდე.

22. და ძენი იგი ისრაჱლისანი არა შეადგინნა სოლომონ ხარკსა მძიმესა, რამეთუ კაცნი მოღუაწენი იყუნეს და მონა მისა და წინამღუარნი მისნი ძენი მათგან აღჭურვილნი და მჴედარნი.

23. და ესე იყუნეს მთავარნი, რომელნი დაედგინნეს ზედა, რიმელნი იქმოდეს საქმესა მას სოლომონისასა ხუთასერგასისი, რომელთა აქუნდათ საქმარნი.

24. ხოლო ასული იგი ფარაოსი განვიდა ქალაქით დავითისით სახიდ თჳსა, რომელი-იგი უშენა მას ჟამსა, რომელ აღაშენა მელონი.

25. და შეწიროს სოლომონ სამგზის წელიწადსა მგურგულიადდასაწველნი და სამშჳდებელნი ზედა საკურთხეველსა მას, რომელ უშენა უფალსა, და უკმევდა საკუმეველთა წინაშე უფლისა და აღასრულა საქმე ტაძრისა მის.

26. და ქმნა ნავი მეფემან სოლომონ გასიონგაბერს, რომელი-იგი იყო მახლობელად ევლათს, კიდესა შემდგომისა მის ზღჳსასა, და ქვეყანასა მას იდუმისასა.

27. წარავლინა ქირამ ნავსა მას თანა მონათა თჳსთაგანნი მენავენი ჴელოვანნი ნავისმსახურნი ზღუასა შინა მონათა მათ თანა სოლომონისათა.

28. და მივიდეს სოფერად და წარმოიღეს მიერ ოქრო ოთხას და ოცი ტალანტი და მოართვეს მეფესა სოლომონს.


10

1. დედოფალსა მას საბიასსა ესმა სახელი სოლომონისი და სახელი უფლისა და წარმოვიდა გამოცდად მისა იგავითა.

2. და მოვიდა იერუსალჱმდ ძალითა დიდითა და აქლემებითა, რომელთა ეკიდა საკუმეველი და ოქრო დიდად ფრიად და თვლები პიტიოსნები და შევიდა სოლომონისა და ეტყოდა მას ყოველსავე, რაცა იყო გულსა მისსა.

3. და განუმარტნა მას სოლომონ ყოველნი სიტყუანი მისნი და არა იყო სიტყუაჲ დამალულ მეფისაგან, რომელი არა განუმარტა მას.

4. და იხილა დედოფალმან მან საბასამან ყოველი იგი სიბრძნე სოლომონისი და ტაძარი იგი, რომელ აღაშენა.

5. და სანოაგე იგი სოლომონისი და სასხდომელი მონათა მისთა და წესი მსახურთა და სამკაული მისი და მწდენი მისნი და საჭურისნი მისნი და შესაწირავნი მისნი, რომელსა შესწირვიდა სახლსა მას უფლისასა, და უკჳრდა.

6. და ჰრქუა მეფესა სოლომონს: ჭეშმარიტ იყო სიტყუაჲ იგი, რომელ მესმა ქუეყანასა მას ჩემსა სიტყუათა შენთათჳს და სიბრძნისა შენისათჳს.

7. და არა მრწმენა მთხრობელთა მათ, ვიდრემდე მე თჳთ მოვედ და იხილეს თუალთა ჩემთა და, აჰა, ზოგიცა არა იყო, რომელსა მითხრობდეს მე სიბრძნისა შენისასა, რამეთუ შესძინე კეთილი ყოველსა მას სმენილსა, რომელ მესმა ქუეყანასა მას ჩუენსა.

8. სანატრელ არიან ცოლნი შენნი და სანატრელ არიან მონანი შენნი, რომელნი დგანან შენს წინაშე და მარადის ესმის ყოველი ეგე სიბრძნე შენი.

9. და იყავნ უფალი ღმერთი შენი კურთხეულ, რომელსა სათნო-უჩნდი შენ მიცემად საყდრისა ისრაჱლისასა, რამეთუ შეიყუარა უფალმან ისრაჱლი სამკჳდრებელად უკუნისამდე და დაგადგინა შენ მეფედ მათ ზედა და ყოფად სასჯელისა და სამართლისა მათ ზედა.

10. და მიუპყრა სოლომონს ას და ოცი ტალანტი ოქროსა და საკმეველი დიდად ფრიად და თვლები პატიოსანი, რამეთუ არა მოღებულ იყო მუნ საკუმეველი სურნელი უფროს მისა, რომელი-იგი მოართვა დედოფალმან მან მეფესა სოლომონს.

11. და ნავი იგი ქირამისი, რომელსა მოაქუნდა ოქრო სოფერით, მოიღო ძელიცა უთლელი ფრიად და თვალები პატიოსანი.

12. და შექმნა მეფემან სოლომონ ძელი იგი უთლელი სამყაროდ ტაძრისა მის უფლისა და ტაძრისა მის მეფისა და ნესტუად და ქნარად შემასხმელთა მათთჳს და არავინა მოღებულ იყო ეგევითარი ძელი უთლელი ქუეყანასა მას მოდღენდელად დღემდე.

13. და მეფემან სოლომონ სცა დედოფალსა მას საბასსა ყოვლისაგან, რაცა უნდა და სთხოვა, გარნა მისგანი არარომელი მოართვა მას მეფესა სოლომონს, და მიიქცა და წარვიდა ქუეყანადვე თჳსა იგი და ყოველნი მონანი მისნი.

14. და იყო სასწორი ოქროსა მის ძღუენთა, რომელ მოართვეს სოლომონს წელიწადსა მას ერთსა შინა ექუსასსამეოცდაექუს სასწორი ოქროსა,

15. გარეშე ხარკთა მათ, რომელ განაწესნეს და ვაჭართა მათ, რომელნი აქცევდეს და მეფეთა მათ წიაღ მდინარეთა და მთავართა მათ მის ქვეყანისათა.

16. და ქმნა მეფემან სოლომონ სამასი ჰოროლი ოქროსი ჭედილი და სამას-სამასი დრაჰკანი ზედა თჳთეულად ოროლებსა მას.

17. და სამასი ყორი ქმნა ჭედითი და სამნაკეცლად გარემოწმასვითი ოქრო თჳთეულად ფარებსა მას და მისცა იგი მეფემან სახლსა მას მაღნარისასა ლიბანედ.

18. და ქმნა მეფემან საყდარი პილოსძვალისა დიდი და შემოსა იგი ოქროთა რჩეულითა.

19. და ექუს მენაკ აღსავალი საყდრისა და თავნი კუროთანი ზედა საყდარსა მას ზურგით კერძო და ჴელნი იმიერ და ამიერ ზედა საყდარსა მას და ორნი ლომნი იმიერ და ამიერ ჴელთა მათ თანა.

20. და ათორმეტი ლომი დგა ზედა აღსავალთა მათ მენაკთა იმიერ და ამიერ და არა იპოვა ესევითარი სახე ყოველთა შარავანდთა თანა.

21. და ყოველი ჭურჭელი და სამსახურებელი სოლომონისი იყო ოქროსაგანი და ავაზანი ოქროსი და ყოველი ჭურჭელი სახლისა მის ლიბანისა ოქროთა შემოსილი და არა იყო ვეცხლი, რამეთუ არად შერაცხილ იყო ვეცხლი დღეთა სოლომონისათა, ვითარმედ არს რამე.

22. რამეთუ ნავი თარშისა იყო მეფისა სოლომონისა ზღუასა შინა ნავთა თანა ქირამისათა და მესამესა წელსა მოიწიის მეფისა ნავი თარშით და მოართვეს ოქრო და ვერცხლი, ანთრაკი წახნაგებული და უთლელი და შუა პილოთა და ქია და ფარშამანგები.

23. და განდიდნა სოლომონ უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა სიმდიდრითა და სიბრძნითა.

24. და ყოველნი მეფენი ქუეყანისანი ეძიებდეს ხილვად პირსა სოლომონისასა და სმენად მისგან სიბრძნისა მისისა, რომელ მოსცა უფალმან გულსა მისსა.

25. და იგინი მოართუმიდეს მას თჳთვეულად ძღუენსა ჭურჭელსა ოქროსასა და ვეცხლისასა, სამოსელსა და შტახსებსა, საკმეველსა, ცხენთა და ჯორთა წლითი წლად.

26. და ქმნა სოლომონ ეტლები და განაწესა მჴედრები და იყო სოლომონისი ორმეოც ათას ჴდალი მეზვები საეტლედ და თორმეტ ათას საჴედართა. და განაწესნა იგინი ქალაქთა საეტლეთა და მეფისა თანაცა იერუსალჱმს.

27. და დადვა მეფემან სოლომონ ოქრო და ვეცხლი იერუსალჱმს, ვითარ ქჳშა, და ფიჭჳ, ვითარცა თჳთმავალი ლეღოვანი ველთა სიმრავლითა,

28. და გამოსავალნი საჴედართა სოლომონისთანი ეგჳპტით და თეკვათ დამასკეთ, რომელთა მოგურიდეს ვაჭარნი მეფისანი სასყიდლითა.

29. და მოვიდოდა ეტლები ეგჳპტით ეტლი ერთი ასის სასწორისა ვერცხლისა და ცხენი ერთი ერგასის სასწორის ვერცხლისა, ეგრეცა ყოველთა მათ მეფეთა ქეტელისა და მეფეთა მათ ასურასტანისათ ზღჳთ კერძო აღმოსავალისათ.


11

1. და მეფე სოლომონ იყო დედათმოყუარე და მოიყვანნა ცოლნი უცხოთესლთაგან მრავალნი და ასული იგი ფარაოსი და მოაბელთა და ამანიტელთა და იდუმელთა და ასურასტანით და ქეტელთა და ამორეველთა.

2. ნათესავთა მათ, რომელთა ამცნო უფალმან ძეთა მათ ისრაჱლისათა არა შესლვად მათა და არცა მოყვანებად მათგან ცოლი, ნუუკუე განდრიკნენ გულნი თქუენნი შედგომად კვალსა კერპთა თჳსთასა, მათა მიდრკა სოლომონ და შეიყუარნა.

3. და იყუნეს მისნი ცოლნი შვიდას და ხარჭნი სამას. და განდრიკნეს ცოლთა მისთა გული მისი.

4. და იყო, ჟამსა სიბერისა სოლომონისა და ცოლთა მისთა განდრიკნეს გული მისი კვალსა ღმერთთა უცხოთასა და არა იყო გული მისი სრულ უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა, ვითარცა გული დავითისი, მამისა მისისა.

5. და შეუდგა სოლომონ კვალსა ასტარეთისასა საძაგელისა სიდონელთასა, კვალსა მოლოქისა საძაგელისა ძეთა ამონისთასა.

6. და ქმნა სოლომონ ბოროტი წინაშე უფლისა და არა შეუდგა უფალსა, ვითარცა დავით, მამა მისი.

7. მას ჟამსა აღაშენა სოლომონ მაღალი იგი ქამოსის, კერპისა მის მოაბელთასა, მთასა მას, პირისპირ იერუსალჱმისა და მოლოქ კერპსა მას ძეთა ამონისთასა.

8. და ესრესახედ უქმნა ყოველთა მათ ცოლთა თჳსთა უცხოთესლთაგანსა და უკმევდეს საკმეველსა და უზორვიდეს კერპთა მათ თჳსთა.

9. და განრისხნა უფალი სოლომონისთვს, რამეთუ განდრკა გული მისი უფლისაგან ღმრთისა ისრაჱლისა, რომელი ეჩუენა მას ორგზის.

10. და ამცნო მას სიტყჳსა მისთჳს ყოვლადვე არა შედგომად კვალსა ღმერთთა უცხოთესლთასა და დამარხვად და ყოფად, რომელ ამცნო მას უფალმან ღმერთმან.

11. და ჰრქვა უფალმან სოლომონს: მაგისთჳს, რომელ იქმნა ეგე შენ თანა და არა იმარხენ ბრძანებანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი, რომელ გამცენ შენ, განხეთქით განვხეთქო მეფობა შენი ჴელთაგან შენისა და მივსცე ეგე მონასა შენსა.

12. ხოლო დღეთა შენთა არა ვყო ესე დავითისათჳს, მამისა შენისა, არამედ ჴელისაგან ძისა შენისა მოვიღო ეგე.

13. ხოლო არა თუ ყოველი ეგე მეფობა აღვიღო, არამედ ნაწილი ერთი მივსცე ძესა შენსა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, და იერუსალჱმისათჳს ქალაქისა, რომელ გამოვირჩიე.

14. და აღუდგინა უფალმან მჴდომი სოლომონს ადერი იდუმელი, რომელი-იგი იყო ნათესავისა მისგან მეფეთა იდუმელთასა. 15. და იყო, რაჟამს მოსრვიდა დავით იდუმელსა მისლვასა მას იოაბისასა, ერისთავისა მისისა, მოსრეს ყოველი მამაკაცი იდუმიასი.

16. რამეთუ ექუს თუე გარემოადგა იოაბ და ყოველი ისრაჱლი იდუმეასი. ვიდრე მოსრეს ყოველი მამაკაცი იდუმეასა შინა.

17. და ივლტოდა ადერ და ყოველნი კაცნი იდუმელნი და მონანი მამისა მისისანი მის თანა და შევიდეს ეგჳპტედ. და ადერ ყრმა მცირე იყო.

18. და აღდგეს კაცნი ქალაქით მადიამით და მივიდეს ფარანად და თანაწარიყვანნეს კაცნი ფარანით და შთავიდეს ეგჳპტედ ფარაოსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა, და შეემთხჳა ადერ ფარაოს, და სცა მას ფარაო სახლი და განუწესა როჭიკი და სცა მას ქუეყანა.

19. და პოვა ადერ მადლი წინაშე ფარაოს და მოსცა მას ცოლად ცოლისდაჲ მისი, დაჲ თეკემენისი, უხუცესი.

20. და უშვა დამან თეკემენისამან ადერს ძე, სახელით განებათ, და განზარდა იგი თეკემენა ძეთა მათ თანა ფარაოსთა. და იყო განებათ სახლსა მას ფარაოსასა შორის ძეთა მათ ფარაოსთა.

21. და ესმა ადერს ეგჳპტეს, ვითარმედ დაიძინა დავით მამათა თჳსთა თანა და მოკუდა იოაბ, ერისთავი ერისა მისისა. ჰრქუა ფარაოს: განმიტევე მე და მივიქცე ქუეყანასა მასვე ჩემსა.

22. და ჰრქვა ფარაო ადერს: რა ნაკლულევანება არს შენდა ჩემ თანა, რამეთუ ეძიებ მისლვად ქუეყანასა მას შენსა? და ჰრქუა მას ადერ: განტევებით განმიტევე მე. და მოიქცა ადერ ქუეყანასა მას თჳსსა.

23. და აღუდგინა უფალმან სოლომონს მჴდომად ადერ იდუმელი და რაზონ, ძე ელიადათისი, რომელი-იგი ელტოდა და ადრაზარ მეფისა მისგან სუბელთასა, უფლისა თჳსისა.

24. და შეკრბეს მას ზედა კაცნი მთავარნი ერად ნეშტთა მათგანნი, რომელ მოსწყჳდნა დავით, და მივიდეს დამასკედ და დადგა ადერ მეფედ დამასკესა.

25. და იყო მჴდომ ისრაჱლისა ყოველთა დღეთა სოლომონისათა. ესე არს ძჳრი, რომელ ქმნა ადერ, და განადიდა გულისწყრომად ისრაჱლსა შორის და მეფობდა ქუეყანასა მას ედომელთასა.

26. და იერობუამ, ძე ნაბატისი, ეფათელი სარირაჲთ, სახელი დედისა მისისა სარუა, დედაკაცი ქურივი. და იგი იყო ძე დედაკაცისა მის ქურივისა, მონა სოლომონისი, და აღიღო ჴელი მისი სოლომონის ზედა.

27. და ესე სახე იყო, რომლითა-იგი აღიღო ჴელი თჳსი სოლომონ მეფისა ზედა, აღაშენა მაღალნი იგი და აღაგნა ზღუდენი იგი დავითის, მამისა მისისა.

28. და კაცი იერობუამ ძლიერ იყო ძალითა. ვითარცა იხილა იგი სოლომონ, რამეთუ კაცი საქმისა არს, დაადგინა იგი მოტჳრთეთა ზედა სახლსა მის იოსეფისასა.

29. და იყო, მას ჟამსა შინა განვიდა იერობუამ იერუსალჱმით და იხილა იგი აქია წინაწარმეტყუელმან სელონიტელმან, გან-რე-იყვანა იგი გზისა მისგან ველად. და აქია მოსილ იყო სამოსლითა ახლითა და ორნი იგი ხოლო იყუნეს ველსა მას.

30. და მიჰყო ჴელი აქია სამოსელსა მას თჳსსა ახალსა და დააპო იგი ათორმეტად ნახევად.

31. და ჰრქუა იერობუამს: მიიღე შენდად ათი ეგე ნახევი, რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე განვხეთქო მეფობა იგი ჴელისაგან სოლომონისა და მიგცე შენ ათი იგი ნაწილი.

32. და ორი იგი ნაწილი იყავნ მისა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, და იერუსალჱმისათჳს ქალაქისა, რომელ გამოვირჩიე ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა.

33. და მისთჳს, რამეთუ დამიტევა მე და თაყუანი-სცა ასტაროთს, საძაგელსა მას სიდონელთასა, და ქამოსსა, კერასა მოაბისასა, და მოლოქს, სარუვანელსა ძეთა მათ ამონისთასა, და არა შე-ვე-უდგა გზათა ჩემთა ყოფად სამართლისა წინაშე ჩემსა და ჭეშმარიტებისა და სიწრფოებისა, ვითარცა დავით, მამა მისი.

34. და არა აღვიღო ყოვლადვე მეუფება იგი ჴელისაგან მისისა დავითისთჳს, მონისა ჩემისა, რომელი გამოვირჩიე, რომელმან დაიცუნა მცნებანი ჩემნი და ჭეშმარიტება ჩემი, და ჴდომით ჴდომ ვექმნე სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა.

35. და აღვიღო მეუფება ჴელისაგან მისისა და მიგცე შენ ათი იგი ნაწილი.

36. და ძესა მისსა მივსცე ორი ნაწილი, რამეთუ ეგოს სანთელი მონისა ჩემისა დავითისი ყოველთა დღეთა წინაშე ჩემისა იერუსალჱმს ქალაქსა, რომელი გამოვირჩიე სახელად ჩემდა.

37. და შენ აღგიღო და მეფობდე, რომელთა ზედაცა უნდეს გულსა შენსა და იყო შენ მეფე ისრაჱლსა ზედა.

38. და იყოს, და-თუ-იმარხნე შენ ყოველნი მცნებანი ჩემნი, რომელთა გამცნებ შენ, და ხჳდოდი გზათა ჩემთა და ჰყო სამართალი წინაშე ჩემსა, ვითარცა ყო დავით, მონამან ჩემმან, და ეკრძალო მცნებათა ჩემთა და ბრძანებათა ჩემთა, ვიყო შენ თანა და გიშენო შენ სახლი სარწმუნო, ვითარცა უშენე დავითს, და მიგცე შენ ისრაჱლი.

39. და ვაჭირო ნათესავსა მას დავითისსა ამისთჳს, ხოლო არა ყოველთა დღეთა.

40. და ეძიებდა სოლომონ მოკლვად იერობუამს, და აღდგა იერობუამ და ივლტოდა ეგჳპტედ სუსაკიმო მეფისა მის ეგჳპტელთასა და იყო ეგჳპტეს ვიდრე სიკუდიმდე სოლომონისა.

41. და ნეშტნი სიტყუათა სოლომონისთანი და ყოველივე, რა ქმნა და ყოველი სიბრძნე მისი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა სოლომონისთასა.

42. და რიცხჳ დღეთა მეფობისა სოლომონისთა იერუსალჱმსა ზედა ყოველსა ისრაჱლსა ორმეოც წელ.

43. და დაიძინა სოლომონ მამათა თჳსთა თანა და დაფლეს იგი ქალაქსა მას დავითის, მამისა თჳსისასა, და მეფობდა რობუამ, ძე მისი, მის წილ.


12

1. და მივიდა მეფე რობუამ სიკიმად, რამეთუ სიკიმად მიკრბა ყოველი ისრაჱლი დადგინებად მისა მეფედ მათ ზედა.

2. და იყო, ვითარცა ესმა იერობუამს, ძესა ნაბატისასა, ვიდრე იყო იგი ეგჳპტეს, ვინათგან იგი ლტოლვილ იყო პირისაგან სოლომონისა, და მოიქცა იერობუამ ეგჳპტით.

3. და წარავლინეს და მოხადეს იერობუამს ყოველმან ნათესავმან ისრაჱლისამან, სიტყუად იწყო ყოველმან ერმან ისრაჱლისამან და ჰრქუეს მეფესა რობუამს:

4. მამამან შენმან დაამძიმა ჩუენ ზედა უღელი და შენ აღამცირე ფიცხელად იგი მონება მამისა შენისა და მძიმე იგი უღელი, რომელ იყო ჩუენ ზედა, და გმონო შენ.

5. და ჰრქუა მათ მეფემან: წარვედით ჩემგან და მესამესა დღესა მოიქეცით ჩემდა! და წარვიდეს.

6. და ზრახვა-ყო მეფემან რობუამ მოხუცებულთა მათ თანა, რომელნი დგეს წინაშე სოლომონისა, მამისა მისისა, ვიდრე ცოცხალღა იყო, და ჰრქუა: მაზრახეთ, რა სიტყუა-უგო ერსა მას?

7. სიტყუად იწყეს მისა და ჰრქუეს: ამას დღესა თუ დაემორჩილო ერსა ამას და ეტყოდე მათ სიტყუათა კეთილთა, იყუნენ მონად შენდა ყოველთა დღეთა.

8. და მიუტევა ზრახვა იგი მოხუცებულთა მათ, რომელ აზრახეს მას და აზრახა ყრმებსა ზრდილთა მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა.

9. და ჰრქუა მათ: თქუენ რათა მაზრახით? და მიუგო ერსა მას, რომელსა მეტყოდეს მე და თქუეს, ვითარმედ: აღამცირე უღელი მძიმე, რომელი დადვა მამამან შენმან ჩუენ ზედა?

10. და სიტყუად იწყეს ყრმებმან და თანაზრდილთა მისთა, რომელნი დგეს წინაშე მისსა, და ჰრქუეს: ესრე არქვა ერსა მას, რომელნი გეტყოდეს შენ, ვითარმედ: მამამან შენმან დაამძიმე უღელი ჩუენ ზედა და შენ აღამცირე ურჩთაგან. ესრე ჰრქუა მათ: ნეკი ჩემი უმახჳლეს არს წელთა მამისა ჩემისათა.

11. ხოლო მამამან ჩემმან დადვა თქუენ ზედა უღელი იგი მძიმე და მე დავსძინო მას ზედა, მამა ჩემი გასწავლიდა თქუენ კვერთხითა და მე გასწავლნე თქუენ გველითა და ღრიანკალითა.

12. და მოვიდა ყოველი ისრაჱლი რობუამ მეფისა დღესა მას მესამესა, ვითარცა ჰრქვა მათ მეფემან, ვითარმედ: მოდით ჩემდა დღესა მესამესა.

13. და მიუგო მეფემან ერსა მას ფიცხლად და დაუტევა ზრახვა იგი მოხუცებულთა მათ, რომელი აზრახეს მას.

14. და ეტყოდა მათ მსგავსად ზრახვისა მის ყრმებისასა და ჰრქვა: მამამან ჩემმან დაამძიმა უღელი თქუენ ზედა და მე დაურთო მას ზედა, მამამან ჩემმან გასწავლნა თქვენ კუერთხითა და მე გასწავლნე თქუენ გველითა და ღრიანკალითა.

15. და არა ისმინა მეფემან ერისა მის, რამეთუ უფლისა მიერ იყო განდრეკა იგი, რათა დაამტკიცოს უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელსა ეტყოდა ჴელითა აქია წინაწარმეტყუელისათა სილონიტელისათა იერობუამს, ძესა ნაბატისასა.

16. ვითარცა იხილა ყოველმან ისრაჱლმან, რამეთუ არა ისმინა მათი მეფემან, მიუგეს ყოველმან ერმან და ჰრქვეს მეფესა: რა ნაწილი ძეს ჩუენი დავითის თანა და არცა სამკჳდრებელ ძისა თანა იესესისა? ისწრაფე სამკჳდრებელად შენდა, ისრაჱლ! და აწ შენ მწყისიდი სახლსა დავითისასა! და წარვიდა ყოველი ისრაჱლი სამკჳდრებელად თჳსა.

17. და ძეთა მათგანთა ისრაჱლისათა, რომელნი სხდეს ქალაქთა მათ იუდასთა, მეფობდა მათ ზედა რობუამ.

18. და წარავლინა მეფემან რობუამ ადონირამ ხარკის-მოჴდად და დაქოლეს იგი ყოველმან ისრაჱლმან ქვითა და მოკლა. და მეფემან რობუამ ისწრაფა და აღჴდა ეტლთა და მიივლტოდა იერუსალჱმდ.

19. და შეურაცხ-ყო ისრაჱლმან სახლი დავითისი მოდღენდელად დღემდე.

20. და იყო, ვითარცა ესმა ყოველსა ისრაჱლსა, ვითარმედ მოიქცა იერობუამ, მიავლინეს და მოიყვანეს იგი ერმან და დაადგინეს იგი მეფედ ისრაჱლსა ზედა, და არა ვინ შეუდგა სახლსა მას დავითისსა, გარნა ნაწილი იგი ხოლო იუდასი და ბენიამენისი.

21. და რობუამ მივიდა იერუსალიმდ. და შეიკრიბა ერი იგი იუდასი და ნაწილი იგი ბენიამენისი ას და ოთხმეოც ათას მამაკაცი ჭაბუკი მბრძოლი წყობად სახლსა მას ისრაჱლისასა, რათა მოაქციოს რობუამ მეფობაჲ თჳსი, ძემან სოლომონისმან.

22. და იყო სიტყვა უფლისა სამესა მიმართ, კაცისა მის ღმრთისა, და ჰრქუა:

23. ეტყოდე რობუამს, ძესა სოლომონისსა, მეფესა იუდასსა, და ყოველსა მას სახლსა იუდასსა და ბენიამენისასა და ნეშტთა მათ ერისათა და ჰრქუა.

24. ესრე იტყჳს უფალი: ნუ განხვალთ და ნუ სცემთ წყობასა ძმათა მათ თქუენთა, ძეთა ისრაჱლისათა, და მოიქეცით თჳთეულად სახიდ თჳსა, რამეთუ ჩემგან იყო საქმე იგი. და ისმინეს სიტყუაჲ იგი უფლისა და დააცადეს ზედამისლვა იგი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა.

25. და აღაშენა იერობუამ სიკიმი მთათა მათ ეფრემისათა და დამკჳდრებულ იყო მას შინა და გამოვიდა მიერ და აღაშენა ფანუველი.

26. და თქუა იერობუამ გულსა თჳსსა: აჰა, აწ მიიქცეს მეფობაჲ ჩემი სახლსა მას დავითისასა.

27. უკუეთუ აღვიდეს ერი ესე შეწირვად შესაწირავისა სახლსა მას უფლისასა იერუსალჱმდ და მოიქცეს გული ერისა ამის ღმრთისა და უფლისა მიმართ თჳსისა, რობუამ მეფისა იუდასა, და მომკლან მე და მიიქცენ რობუამ მეფისა იუდისასა.

28. და იზრახა მეფემან და მივიდა და ქმნნა ორნი დიაკეულნი ოქროსანი და ჰრქუა ერსა მას: კმა იყავნ თქუენდა აღსლვა იერუსალემად. აჰა, ღმერთნი შენნი, ისრაჱლ, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა!

29. და დადგა ერთი იგი ბეთელს და ერთი იგი დადგა დანსა.

30. და ექმნა სიტყუაჲ ესე ცოდვად და მივიდოდა ერი იგი წინაშე ერთისა მის ვიდრე დანად.

31. და ქმნა იერობუამ სახლნი ზედა მაღალთა მათ და დაადგინნა ქურუმნი, ნაწილი ერთი ერთისა მისგან, რომელნი არა იყუნეს სახლისა მისგან ლევისა.

32. და ყო იურობუამ დღესასწაული თთვესა მას მერვესა, დღესა მეათხუთმეტესა მისვე თთჳსასა, და აღჴდა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა ბეთელს, შეწირვად დიაკეულთა მათ მიმართ, რომელ ქმნნა და დაადგინნა ბეთელს ქურუმნი მაღალთა მათ, რომელ ქმნნა.

33. და აღჴდა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა ბეთელს, დღესა მეთხუთმეტესა, თვესა მერვესა, მის დღესასწაულისასა, რომელ იზრახა გულით თჳსით და უყო დღესასწაული ძეთა მათ ისრაჱლისათა და აღჴდა საკურთხეველსა მას ზედა შეწირვად.


13

1. და, აჰა, კაცი ღმრთისა მიიწია იუდათ სიტყჳთა უფლისათა ბეთელად, და იერობუამ დგა ზედა საკურთხეველსა მას შეწირვად.

2. და ჴმა-უყო საკურთხეველსა მას სიტყჳთა უფლისათა და თქუა: საკურთხეველო, საკუთრხეველო, ესრე იტყჳს უფალი: აჰა, ძე იშვეს სახლსა მას დავითისასა, იოსია სახელი მისი. და შეიწირნეს შენ ზედა ქურუმნი ეგე მაღალთა მათგან, რომელნი შესწირვენ შენ ზედა და ძვალნი კაცთანი დაწუნენ შენ ზედა.

3. და მისცა მას დღესა სასწაული და თქუა: ესე სასწაული იყოს, რომელსა იტყოდა უფალი და თქუა: აჰა, საკურთხეველი ეგე განიპოს და დაინთხიოს სიპოხე ეგე, რომელ არს მაგისა ზედა.

4. და იყო, ვითარცა ესმა მეფესა იერობუამს სიტყუაჲ იგი და ჴმაჲ კაცისა მის ღმრთისა ზედა საკურთხეველსა მას ბეთელს, მიჰყო მეფემან ჴელი თჳსი საკურთხეველისა მისგან და თქუა: შეიპყართ ეგე! და განჴმა ჴელი იგი, რომელ მიეყო მისა და ვერ უკუნიდრიკა თჳსვე.

5. და საკურთხეველი იგი განიპო და დაითხია სიპოხე იგი, რომელ იყო ზედა საკურთხეველსა მას მსგავსად სასწაულისა მის, რომელ მოასწავა კაცმან ღმრთისამან სიტყჳთა უფლისათა.

6. და ჰრქუა მეფემან იერობუამ კაცსა მას ღმრთისასა: ევედრე პირსა უფლისა ღმრთისა შენისასა და ილოცე ჩემთჳს, და მოაქციოს ჴელი ჩემი ჩემდავე. და ილოცა კაცმან მან ღმრთისამან წინაშე უფლისა და მოიქცა ჴელი მეფისა მისავე და იქმნა, ვითარცა-იგი პირველ.

7. და ეტყოდა მეფე კაცსა მას ღმრთისასა და ჰრქვა: შემოვედ ჩემ თანა სახიდ და ჭამე და მიგცე შენ ნიჭი.

8. და ჰრქუა კაცმან მან ღმრთისამან მეფესა: დაღათუ მომცე ზოგი სახლისა შენისა, არა შევიდე შენ თანა და არა ვჭამო პური და არცა ვსუა წყალი ადგილსა ამას.

9. რამეთუ ესრე მამცნო მე უფალმან სიტყჳთა და მრქვა: არა სჭამო პური და არცა სუა წყალი და არცა მიიქცე მასვე გზასა, რომელსაცა მიხვედ.

10. და წარვიდა სხჳთ გზით და არა მიიქცა მასვე გზასა, რომელსაცა მივიდა ბეთელად.

11. და წინაწარმეტყუელი ერთი მოხუცებული დამკჳდრებულ იყო ბეთელს. და შევიდეს და უთხრეს მას ძეთა მისთა ყოველი იგი საქმე, რომელ ყო კაცმან მან ღმრთისამან მას დღესა შინა ბეთელს და სიტყუანი იგი, რომელთა ეტყოდა მეფესა, და მოაქციეს პირი მამისა მის თჳსისა.

12. და ეტყოდა მათ მამა იგი მათი და ჰრქვა: რომელსა გზასა წარვიდა? და უჩუენეს მას ძეთა მათ მისთა გზა იგი, რომელსა წარვიდა კაცი იგი ღმრთისა, რომელ მოსრულ იყო იუდად.

13. და ჰრქუა ძეთა მათ: დასხენით ვირსა. და დასხნეს ვირსა და დაჯდა მას ზედა.

14. და წარვიდა კვალსა კაცისა მის ღმრთისა და პოვა იგი მჯდომარე მუხასა ქუეშე და ჰრქუა მას: შენ ხარ კაცი იგი ღმრთისა მოსული იუდაჲსით? და თქუა: მე ვარ.

15. და ჰრქუა მას: მოვედ ჩემ თანა სახიდ და ჭამე პური.

16. და ჰრქუა მას: ვერ მივიქცე და ვერცა მივიდე შენ თანა და არა ვჭამო პური და არცა ვსვა წყალი ადგილსა ამას.

17. რამეთუ ეგრეთ ბრძანებულ არს ჩემდა სიტყჳთა უფლისათა და მრქუა: არა სჭამო მუნ პური და არცა სუა წყალი და არცა მიაქციო მასვე გზასა, რომელსაცა მიხჳდე.

18. და ჰრქუა მას: მეცა წინაწარმეტყუელივე ვარ, ვითარცა-ეგე შენ და ანგელოზი უფლისა მეტყოდა მე სიტყჳთა უფლისათა და მრქუა: მოაქციე ეგე შენ თანა სახიდ შენდა, ჭამოს პური და სვას წყალი. და უტყუა მას.

19. და მიაქცია იგი და ჭამა პური მისსა სახლსა და სუა წყალი.

20. და იყო, ვიდრე სხდეს იგინი ტაბლასა მას ზედა, იყო სიტყუაჲ უფლისა წინაწარმეტყუელისა მის, რომელმან მიაქცია იგი.

21. და ეტყოდა კაცსა მას ღმრთისასა, მოსრულსა იუდით, და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ განამწარე შენ სიტყუაჲ იგი უფლისა და არა დაიმარხე შენ მცნება იგი, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან,

22. და მიიქეც და სჭამე პური და სვი წყალი ადგილსა მაგას, რომლისა გრქვა შენ: არა სჭამო პური და არა სვა წყალი, არა დაისხნენ ჴორცნი შენნი საფლავსა მამათა შენთა თანა.

23. და იყო, შემდგომად ჭამისა მის პურისა და წყლისა სმისა დასხნა ვირსა წინასწარმეტყუელისასა მის და მიიქცა და წარვიდა.

24. და პოვა იგი ლომმან გზასა მას და მოკლა იგი და იყუნეს ჴორცნი მისნი დაგდებულ გზასა მას, და ვირი იგი დგა მის თანა და ლომი იგი დგა ჴორცთა მათ მისთა თანა.

25. და, აჰა, კაცთა წარმავალთა იხილეს მკუდარი იგი დაგდებული გზასა მას, და ლომი იგი დგა მკუდარსა მას თანა, და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა მას, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო წინაწარმეტყუელი იგი მოხუცებული.

26. ვითარცა ესმა, რომელმან მიაქცია იგი გზისა მისგან, თქუა: იგი კაცი ღმრთისა არს, რომელმან განამწარა სიტყუაჲ იგი უფლისა და მისცა უფალმან ლომსა მას და განტეხა იგი და მოაკუდინა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა ეტყოდა მას.

27. და ჰრქუა ძეთა მათ თჳსთა: დასხენით ვირსა მას! და დასხნეს.

28. და წარვიდა და პოვნა ჴორცნი მისნი დაგდებულ გზასა მას, და ვირი იგი, და ლომი დგა ჴორცთა მისთა თანა, და არა შეახო ლომმან მან ჴორცთა მათ კაცისა მის ღმრთისათა და არცა განხეთქა ვირი იგი.

29. და აღიხუნა წინაწარმეტყუელმან ჴორცნი იგი კაცისა მის ღმრთისანი და დადვა იგი ზედა ვირსა მას, და წარიღო იგი ქალაქად თჳსა მოხუცებულმან მან წინაწარმეტყუელმან ტყებად და დაფლვად იგი.

30. და დადვა საფლავსა თჳსსა და დააყუდა მძორი მისი. და ეტყებდეს მას და იტყოდეს: ვაჲ, ძმაო.

31. და იყო, შემდგომად ტყებისა მის ეტყოდა ძეთა მათ თჳსთა და ჰრქუა: ოდეს მოვკუდე, დამმარხეთ მე საფლავსა ამას, სადა დაეფლა კაცი ესე ღმრთისა, ძვალთა მაგისთა თანა დამდევით მე, რამეთუ ყოფით იყოს, რათა განერნენ ძვალნი ჩემნი ძვალთა მაგისთა თანა.

32. რამეთუ აღესრულოს ყოველი იგი, რომელსა იტყოდა სიტყჳთა უფლისათა ზედა საკურთხეველსა მას ბეთელსა და ზედა სახლთა მათ მაღალთასა, რომელ არიან სამარიას.

33. და შემდგომად ამათ სიტყუათა არა მოაქცია იერობუამ უკეთურებათაგან თჳსთა და მერმეცა განნაწილნა ერისა მისგან ქურუმნი მაღალთა მათ და რომელსა უნებნ, აღივსნის ჴელნი მისნი და იქმნის ქურუმ მაღალთა მათ.

34. და ექმნა სიტყუაჲ იგი ცოდვა სახლსა მას იერობუამისსა მოსასრველად და განსარყუნელად პირისაგან ქუეყანისა.


14

1. მას ჟამსა დასნეულდა აბია, ძე იერობუამისა.

2. და ჰრქვა იერობუამ ცოლსა მას თჳსსა: უცნაურ იყავნ თავი შენი და ნუმცა ვინ გიცნობს შენ, ვითარმედ ცოლი იერობუამისი ხარ, და მიხჳდე სელომად და, აჰა, მუნ არს აქია წინაწარმეტყუელი, იგი იტყოდა ჩემთჳს მეფედ ზედა ერსა ამასა.

3. და მიართუ კაცსა მას ღმრთისასა პურნი და კვერნი ყრმათა მისთა და სკიჭი და სტამნითა თაფლი, და მიხჳდე მისა და გითხრას შენ, რა ყოფად არს ყრმისა მაგისთჳს.

4. და ყო ეგრე ცოლმან მან იერობუამისმან და აღდგა და წარვიდა სელომად და შევიდა სახლსა მას აქიასასა. და კაცი იგი მაშურალ იყო სიბერითა და თუალნი მისნი დამძიმებულ.

5. და ჰრქუა უფალმან აქიას: აჰა, ცოლი იერობუამისი მოვალს კითხვად შენდა ძისა თჳსისათჳს, რამეთუ სნეულ არს ესე და ესე ჰრქუა მას.

6. და იყო, შესლვასა მას მისსა და თავი უცნაურ-ყო, და იყო, ვითარცა ესმა აქიასა განხმა კართა და ბგერა ფერჴთა მისთა შესლვასა მას მისთა და თქუა: შემოვიდა ცოლი იერობუამისა. რა არს ეგე, რამეთუ უცნაურქმნილ ხარ და მე მოვლინებულ ვარ შენდა სიფიცხლით?

7. მივედ და არქუ იერობუამს: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: ამისთჳს, რამეთუ აღგამაღლე შენ შორის ერსა მაგას და მიგეც შენ წინამძღუარად ერსა მაგას ჩემსა ისრაჱლსა.

8. და განვხეთქე მეფობაჲ ეგე სახლისაგან დავითისა, მიგეც შენ და არა იქმენ, ვითარცა მონა ჩემი დავით, რომელმან დაიცუნა მცნებანი ჩემნი და შემიდგა ყოვლითა გულითა თჳსითა ყოფად სამართალი წინაშე ჩემსა.

9. და განსძვინდი უფროს ყოველთასა, რომელ იყუნეს წინა შენსა და იქმნენ შენსა ღმერთნი უცხონი დასხმითნი განსარისხებელად ჩემდა და მე განმიშორენ პირისაგან შენისა.

10. ამისთჳს მოვავლინო მე ძჳრი ზედა სახლსა მას იერობუამისსა და მოვსპო იერობუამისი, რომელი აფსმიდეს კედელსა, შეღრეკილ და დაჴსნილ შორის ისრაჱლისა და შევკრიბო შემდგომად სახლისა მის იერობუამისი, ვითარცა ვინ შეკრების ნაგევი ვიდრე მოსრულებადმდე მისა.

11. მძორები იერობუამისი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა და მკუდარნი ველთა შეჭამნენ ფრინველთა ცისათა, რამეთუ უფალი იტყოდა.

12. და შენ აღდეგ და წარვედ სახიდ შენდა და შესლვასა ოდენ შენსა ქალაქად მოკუედინ ყრმა იგი.

13. და იტყებედ იგი ყოველმან ისრაჱლმან და დაფლედ იგი, რამეთუ იგი ხოლო იერობუამისი დაიდვის სამარესა, რამეთუ იპოვა მის თანა სიტყუაჲ კეთილი უფლისათჳს ღმრთისა ისრაჱლისა სახლსა იერობუამისსა.

14. და აღადგინოს უფალმან თჳსა მეფედ ზედა ისრაჱლსა, რომელმან დასცეს სახლი იერობუამისი მას დღესა შინა.

15. და აწ რადღამე დასცეს უფალმან ისრაჱლი? რამეთუ ირყევის ვითარცა ლერწამი წყალსა და აღჴვარდოს უფალმან ისრაჱლი ქუეყანისა ამისგან შვებისა, რომელ მისცა მამათა მათთა და განიქარვნეს იგინი წიაღ მდინარესა მას ამისთჳს, რამეთუ იქმნეს თჳსა მაღალნი განსარისხებელად უფლისა.

16. და მისცეს უფალმან ისრაჱლი ცოდვათათჳს იერობუამისთა, რომელ ცოდა, და აცოდვა ისრაჱლი.

17. და აღდგა ცოლი იერობუამისი და წარვიდა სარირად. და იყო, ვითარცა შევიდოდა ბჭეთა მათ ტაძრისათა, მოკუდა ყრმა იგი.

18. და იტყებდეს იგი და დაფლეს იგი ყოველმან ისრაჱლმან მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა აქია წინაწარმეტყუელისათა.

19. და ნეშტნი სიტყუათა იერობუამისნი, რაოდენ ვის ბრძოდა, რაოდენ მეფობდა, აჰა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.

20. და დღენი, რაოდენ მეფობდა იერობუამ, ოცდაორ წელ. და დაიძინა მამათა თჳსთა თანა. და მეფობდა ნაბატ, ძე მისი, მის წილ.

21. და რობუამ, ძე სოლომონისი, მეფობდა ზედა იუდასა. ძე ორმეოცდაერთისა წლისა იყო რობუამ დადგომასა მას მისა მეფედ, და ათჩჳდმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს ქალაქსა, რომელი გამოირჩია უფალმან დადებად სახელი მისი მას ზედა ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა, და სახელი დედისა მისისა ნაამა ამანიტელი.

22. და ქმნა რობუამ ბოროტი წინაშე უფლისა და აღიშურა ყოფად ყოველივე, რაცა ქმნეს მამათა მისთა და მსგავსად ცოდვათა მათთა, რომელ ცოდეს.

23. და აღაშენნეს მათცა თჳსა მაღალნი და მაღნარნი ზედა ყოველსა ბორცუსა მაღალსა ქუეშე ყოველს ხესა მაგრილობელსა.

24. და ზმნა იყო ქუეყანასა მათსა და ქმნეს საძაგელები ყოველთა მათ ნათესავთა, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

25. და იყო, წელსა მას მეხუთესა სუფევასა რობუამისასა აღმოვიდა სუსაკიმ, მეფე ეგჳპტისა, იერუსალჱმად.

26. და წარიღო ყოველი ფასი სახლისა მის უფლისა და ფასი სახლისა მის მეფისა და ოროლნი იგი ოქროსანი, რომელ ქმნა სოლომონ.

27. და ქმნა მეფემან რობუამ მის წილ ჯაჭუ-ჭური სპილენძისა და აღიღიან მთავართა მათ წინამცურვალთა, რომელნი სცვედ ბჭეთა სახლისა მეფისათა.

28. და რაჟამს შევალნ მეფე სახლსა მას უფლისასა, აღიღიან იგი წინამცურვალთა მათ და დააყრდიან იგი თავეთ წინამცურვალთასა.

29. და ნეშტნი სიტყუათა რობუამისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასთასა.

30. და ბრძოლა იყო შორის რობუამისა და შორის იერობუამისა ყოველთა დღეთა.

31. დაიძინა რობუამ მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისასა და სახელი დედისა მისისა ნამა ამანიტელი და მეფობდა აბიუ, ძე მისი, მის წილ.


15

1. და წელსა მას მეათურამეტესა სუფევასა იერობუამისსა, ძისა ნაბატისასა, მეფობდა აბია, ძე რობუამისი, ზედა იუდასა.

2. და ექუს წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა მააქა, ასული აბესალომისი.

3. და ვიდოდა ცოდვასა მამისა თჳსისასა, რომელ ქმნა წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და არა იყო გული მისი სრულ უფლისა ღმრთისა თჳსისა, ვითარცა გული დავითისი, მამისა მისისა.

4. რამეთუ ჴელითა დავითისითა მისცა უფალმან ღმერთმან ნეშტი იერუსალჱმსა, რათა დაადგინნეს ძენი მისნი შემდგომად მისა და დაამტკიცოს იერუსალჱმი.

5. ვითარცა ქმნა დავით სამართალი წინაშე უფლისა და არა გარდააქცია ყოვლისაგანვე, რომელ ამცნო მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, გარნა სიტყჳთა მით ჰურია ქეტელისათჳს.

6. და ბრძოლა იყო შორის აბიასა და შორის იერობუამისა ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა.

7. და ნეშტნი სიტყუათა აბიასთანი და ყოველი, რაცა ქმნა, აჰა ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა მათ იუდასთა. და ბრძოლა იყო შორის აბიასა და შორის იერობუამისა.

8. და დაიძინა აბია მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისსა. და მეფობდა ასა, ძე მისი, მის წილ.

9. და წელსა მას მეოცესა იერობუამ მეფისა ისრაჱლისა მეფობდა ასა ზედა იუდასა.

10. და ორმეოცდაერთ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა მააქა, ასული აბესალომისი.

11. და ქმნა ასამ სიმართლე წინაშე უფლისა, ვითარცა დავით, მამამან მისმან.

12. და დაამჴუა ძეგლები მის ქუეყანისა და აღჴოცა ყოველი იგი შერეულები, რომელ ქმნეს მამათა მისთა.

13. და მააქა, დედა თჳსი, განიშორა დედოფლობისაგან თჳსისა, რამეთუ კრება-ყო მაღნარსა მას თჳსსა; და მოკაფა ასამ ძნელოვანნი მისნი და დაწვა ცეცხლითა ნაღვარევსა მას კედროვნისასა.

14. და მაღალნი იგი არა მოსპნა; ხოლო გული მისი სრულ იყო უფალსა თანა ყოველთა დღეთა თჳსთა.

15. და მოიხუნა სუეტნი იგი მამისა თჳსისანი და სუეტნი იგი თჳსნი ოქროსა და ვერცხლისანი და შეიხუნა სახლსა მას უფლისასა.

16. და წყობა იყო შორის ასასა და შორის ბაასა და მეფესა ისრაჱლისასა ყოველთა დღეთა მათთა.

17. და გამოვიდა ბაას, მეფე ისრაჱლისა ზედა იუდასა და აღაშენა რამა, რათა არა იყოს გამოსლვა და შესულა ასა, მეფისა იუდასი.

18. და მოიღო ასამ ყოველი იგი ოქრო და ვერცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა უფლისასა და საფასესა სახლისა მის სამეუფოისასა და მისცა იგი ჴელთა მონათა თჳსთასა და წარავლინნა იგინი ასა მეფემან ძისა მის ადერისი, ძისა აბენერისა, რამასა, ძისა იაბელისა, მეფისა ასურთასა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო დამასკეს, და ჰრქუა:

19. აღთქუა აღთქმა ჩემდა და შენ შორის და შორის მამისა ჩემისა და მამისა შენისა. აჰა, ეგერა, მიგიძღვანე შენ ძღვენი ოქრო და ვერცხლი. განაქარვე აღთქმა შენი, რომელ არს ბაას მეფისა თანა ისრაჱლისასა, რათა წარვიდეს დღეს ჩემგანცა.

20. და ისმინა ძემან ადერ მეფისამან ასაისი და წარავლინნა მთავარნი იგი ერისა თჳსისანი ქალაქთა მათ ისრაჱლისათა, და დასცეს ნაინი და დანი და აბელმო სახლისა მის მააქასი და ყოველივე ქენერეთი და ყოველი ქუეყანა ნეფთალიმისი.

21. და იყო, ვითარცა ესმა ბაასას, დააცადა შენება იგი რამასი და მიიქცა თერსად.

22. და მეფემან ასამ ამცნო ყოველსა იუდასა, რომელ იყუნეს ენაკიმს, რათა წარმოიხუნენ ქვანი იგი რამაასნი და ძელი მისი, რომელ აშენა ბაას. და აშენა მით მეფემან ასამ ყოველნი იგი ბორცუნი ბეინამენისნი და საებგურონი იგი.

23. და ნეშტნი სიტყუათა ასაისთანი და ყოველი ძალი მისი და ყოველი, რაცა ქმნა, და ქალაქნი იგი ყოველნი, რომელ აღაშენნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთასა, ხოლო ჟამსა მას სიბერისა მისისასა ელმოდეს ფერჴნი მისნი.

24. და დაიძინა ასამ მამათა თჳსთა თანა და დაეუფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა მას დავითისასა და მეფობდა იოსაფატ, ძე მისი, მის წილ.

25. და ნაბატ, ძე იერობუამისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა წელსა მას მეორესა ასაის, მეფისა იუდასსა, და მეფობდა ისრაჱლსა ზედა ორ წელ.

26. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა მამისა თჳსისასა და ცოდვასა თჳსსა, რომლითა აცთუნა ისრაჱლი.

27. და გარემოადგა ბაასა, ძე აქიასი, სახლსა მას ისაქარისასა და დასცა იგი ბაასა გაბათონს უცხოთესლთასა. და ნაბატ და ყოველი ისრაჱლი სხდეს გაბათონს.

28. და მოკლა იგი ბაასა წელსა მას მეორესა ასა მეფისა იუდასსა და მეფობდა მის წილ.

29. და იყო, მეფობასა მას მისსა მათ ზედა დასცა ყოველი იგი სახლი იერობუამისი ვიდრე მოსრვადმდე მისა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა აქია სელონიტელისათა.

30. ყოველთა მათთჳს ცოდვათა იერობუამისათა, რომელმან ცოდა და აცთუნა ისრაჱლი და განარისხა უფალი ღმერთი ისრაჱლისა,

31. და ნეშტნი სიტყუანი ნაბატისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა მეფეთა ისრაჱლისათა.

32. და იყო ბრძოლა შორის ასას და შორის ნაბატისსა, მეფისა ისრაჱლისა, ყოველთა დღეთა მათთა.

33. და წელსა მას მესამესა ასა მეფისა იუდასსა მეფობდა ბაასა, ძე აქიასი, ზედა ყოველსა ისრაჱლსა, თერსას, ოცდაოთხ წელ.

34. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა იერობუამისთა, ძისა ნაბატისასა, და ცოდვასა თჳსსა, რომლითა აცთუნა ისრაჱლი.


16

1. და იყო სიტყუაჲ უფლისა იუას, ძისა ანანიასა, და ჰრქვა: ესრე ეტყოდე შენ ბაასას, მეფესა ისრაჱლისასა, და არქვა:

2. ამისთჳს, რამეთუ აღგამაღლე შენ ქუეყანასა ზედა და მიგეც შენ წინამძღურად ზედა ერსა ჩემსა ისრაჱლსა, ხჳდოდე შენ გზათა მათ იერობუამისთა და აცთუნე ერი ჩემი ისრაჱლი განრისხებად ჩემდა ამაოებითა მით თჳსითა.

3. და აჰა, მე აღვადგინო შემდგომად ბაასისსა ზედა სახლისა მისისა და მივსცე სახლი მისი ვითარცა იერობუამისი, ძისა ნაბატისნი.

4. მომკუდარნი ბაასნი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა, რომელი მოკუდეს მისი ველსა, შეჭამნენ ფრინველთა ცისათა.

5. და ნეშტნი სიტყუათა ბაასისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ძლიერებანი მისნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა.

6. და დაიძინა ბაას მამათა თჳსთა თანა, დაეფლა თარსას და მეფობდა ელა, ძე მისი, მის წილ.

7. ჴელითა იუს, ძისა ანანიას, წინაწარმეტყუელისათა იტყოდა უფალი ზედა ბაასისა და ზედა სახლსა მისსა ყოვლისა მის უკეთურებისა, რომელ ქმნა წინაშე უფლისა განსარისხებელად მისა საქმითა ჴელთა თჳსთათა ყოფად და მსგავსად, ვითარცა სახლი იგი იერობუამისი დასაცემელად მისა.

8. წელსა ოცდამეექუსესა [ასა] მეფისა იუდასასა ელა, ძე ბაასისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა თერსას ორ წელ.

9. და აღდგა ზამბრი მის ზედა, მონა თჳსი, რომელ-იგი იყო მთავარ ზოგთა ზედა ჭურჭელთა მისთა და იგი სუმეულ იყო სახლსა მას ასარისსა ეზოსმოძღურისა თესარისას.

10. და შევიდა ზამბრი, სცა და მოკლა წელსა მას ოცდამეშჳდესა ასა მეფისა იუდასსა, მეფობდა ზამბრი ელას წილ.

11. და იყო მეფობასა მას მისსა და დაჯდომად საყდარსა თჳსსა დასცა ყოველი იგი სახლი ბაასისი და არა დაუტევა მისი, რომელი აფსმიდისმცა კედელსა და მახლობელნიცა მისნი და მეგობარნი მისნი.

12. და აჴოცა ზამბრი ყოველი იგი სახლი ბაასისი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ზედა სახლსა ბაასისასა ჴელითა იუ წინაწარმეტყუელისათა

13. ყოველთა მათთჳს ცოდვილთა ბაასისთა და ელას, ძისა მისისა, რომელ სცოდა და ვითარ-იგი აცთუნა ისრაჱლი განსარისხებელად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ამაოებითა თჳსითა.

14. და ნეშტნი სიტყუათა ელასთანი და ყოველივე, რაცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მათ მეუფეთა ისრაჱლისათა.

15. წელსა ოცდამეშჳდესა ასა, მეფისა იუდასსა მეფობდა ზამბრი შჳდ დღე თერსას, და ბანაკი იგი ისრაჱლისა იყო გაბაონს უცხოთესლთასა.

16. და ესმა ერსა მის ბანაკისასა და თქუეს: მიეტევა ზამბრი ელას ზედა და მოკლა იგი, დაიდგინა მეფედ ისრაჱლმან ზამბრი ერისთავი იგი ისრაჱლისა მას დღესა შინა ბანაკსა მას.

17. და განვიდა ზამბრი და ყოველი ისრაჱლი მის თანა გაბათონით და გარემოადგა თერსას.

18. და იყო, ვითარცა იხილა ზამბრი, ვითარმედ გამოაქუს ქალაქი იგი, შევიდა სენაკსა ერთსა სახლისა მის მეფისასა და დაიწვა ზედა თავსა თჳსსა სახლი იგი მეფისა და მოკუდა

19. ცოდვათა თჳსთათჳს, რომელ ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა სლვად გზათა იერობუამისთა, ძისა ნაბატისთასა, და ცოდვასა მისსა, რომელ ქმნა, და ვითარ-იგი აცთუნა ისრაჱლი.

20. და ნეშტნი სიტყუათა ზამბრისათანი და კრება, რომელ შეკრბა მისა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

21. მას ჟამსა განიყო ერი იგი ისრაჱლისა და ზოგი ერისა შეუდგა თაბენის, ძესა გინოთისასა, დადგინებად მისა მეფედ და ზოგი ერისა მის შეუდგა ამრის.

22. და სძლო ერმან მან, რომელ შეუდგა ამრის, და მოუძლურდა ერი იგი, რომელი შეუდგა თამნის, ძესა გონოთისასა, და მოკუდა თამნი (და იორამ, ძმა მისი, მას ჟამსა), და მეფობდა ამბრი შემდგომად თამნისა.

23. წელსა მას მეოცდათერთმეტესა ასა მეფისა იუდასსა მეფობდა ამბრი ზედა ისრაჱლსა ათორმეტ წელ და თერსას მეფობდა ექუს წელ.

24. და მოიგო ამბრი მთა იგი სომოროისი სემერესგან, მეფისა მის მთისასა, ორითა სასწორითა ვერცხლითა და აღაშენა მთა იგი და უწოდა მთასა მას სახელი, რომელ აღაშენა, სახელსა მას სემერასსა, უფლისა მის მთისასა, სომორონ.

25. და ქმნა ამრი ბოროტი წინაშე უფლისა და განბოროტნა უფროს ყოველთასა, რომელნი წინაიყუნეს მისა.

26. და ვიდოდა ყოველთა გზათა მათ იერობუამისათა, ძისა ნაბატისთასა, და ცოდვასა თჳსსა, რომლითა აცთუნა ისრაჱლი განსარისხებელად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ამაოებითა თჳსითა.

27. და ნეშტნი სიტყუათა ამრისთანი და ყოველი, რაცა ქმნა, ყოველი ძლიერებანი მისნი, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მათ მეფეთა ისრაჱლისათა.

28. დაიძინა ამრი მამათა თჳსთა თანა და დაეფლა სამარიას. და მეფობდა ძე მისი მის წილ - აქაბ.

29. და აქაბ, ძე ამრისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა წელსა მას ოცდამეათურამეტესა ასა მეფისა იუდასსა. მეფობდა აქაბ, ძე ამრისი, ზედა ისრაჱლსა და სამარიას ოცდაორ წელ.

30. და ქმნა აქაბ, ძემან ამრისმან, ბოროტი წინაშე უფლისა უმეტეს ყოველთა წინანდელთასა.

31. და არა მოაკლო სლვად ცოდვასა მას იერობუამისასა, ძისა ნაბატისასა, და მოიყვანა ცოლად იეზაბელ, ასული იობათასი, მეფისა სიდონელთასა, და წარვიდა აქაბ და ჰმონა ბალას და თაყუანი-სცა მას.

32. და აღუშენა საკურთხეველი ბაალასა სახლსა საძაგელთასა მისთა, რომელ აშენა სამარიას.

33. და აშენნა მაღნარნი და შესძინა აქაბ განრისხებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა უმეტეს ყოველთა მათ მეფეთა ისრაჱლისათა, რომელ იყუნეს წინა მისა.

34. დღეთა მისთა აღაშენა აქელ ბეთელელმან იერიქო აბირონით, პირმშოთ მით მისით, დააბა საძირკველი მისი სეგობაჲთ, მრწემით მით, და აღმართნა ბჭენი მისნი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა ისუს, ძისა ნავესითა.


17

1. და ჰრქუა ელია წინაწარმეტყუელმან, რომელი-იგი იყო თეზიბით გალადისაჲთ, აქაბს: ცხოველ არს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა, რომლისა წინაშე ვდგა მე, უკუეთუ იყოს ცვარი გინა წვიმა ამათ წელთა თჳნიერ სიტყუათა პირისა ჩემისათა.

2. და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიასსა და ჰრქუა:

3. წარვედ ამიერ მზისა აღმოსავალად კერძო და დაიმალე ნაღვარევსა მას ქორათისასა, რომელ არს პირისპირ იორდანესა.

4. და იყოს შენდა სუმა წყლისა ნაღვარევისა მისგან და ყორანთა უბრძანო და გზრდიდენ შენ მუნ.

5. და წარვიდა ელია ბრძანებითა უფლისათა, მივიდა და დაჯდა ნაღვარევსა მას ქორათისასა, პირისპირ იორდანესა.

6. და ყორანნი მოართუმიდეს მას პურსა და ჴორცსა. განთიად - პურსა და ჴორცსა - მწუხრად, და ნაღვარევისა მისგან სუმიდა წყალსა.

7. და იყო შემდგომად დღეთა მათ და განჴმა ნაღვარევი იგი.

8. და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიას მიმართ და ჰრქუა:

9. აღდეგ და წარვედ სარეფთად სიდონიისსა და დასჯდე მუნ და, აჰა, მიმცნებიეს მე დედაკაცისა ერთისა ქურივისა გამოზრდად შენი.

10. და აღდგა და წარვიდა სარეფთად ბჭეთა მათ მის ქალაქისათა და, აჰა, მუნ დედაკაცი ერთი ჰკრეფდა შეშასა და ჴმა-უყო ელია და ჰრქუა მას: მომართუ მცირედ ჭურჭლითა წყალი და ვსუა.

11. და წარვიდა მოღებად და ჴმა-უყო მას უკანა ელია და ჰრქვა: მომართუ მე კოტორი ერთ პურიცა ჴელითა შენითა.

12. ჰრქუა მას დედაკაცმან: ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა და აჰა, შევკრებ შეშასა ამას, შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ.

13. და ჰრქუა მას ელია: ისწრაფე და შევედ და შეჰქმენ სიტყჳსაებრ შენისა და ჰქმნე მისგან პირველად ჩემდა ჴუეზა ერთი მცირე და მომართუ მე, და მერმე ჰქმნე შენდა და ყრმათა შენთათჳს.

14. რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: საფქვილესა შენსა არა მოაკლდეს ფქვილი და საზეთესა შენსა არა მოაკლდეს ზეთი ვიდრე ყოფად წჳმისა უფლისა მიერ პირსა ზედა ქუეყანისასა.

15. და წარვიდა დედაკაცი იგი სიტყჳსა მისებრ ელიაჲსისა, მოართვა და ჭამა მან და შვილთა მისთა.

16. და მიერ დღითგან არა მოაკლდა საფქვილესა ფქვილი და საზეთესა მას არა მოაკლდა ზეთი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა ელიასითა.

17. და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ დასნეულდა ძე დედოფლისა მის სახლისა. და იყო სენი იგი ძნელ ფრიად, ვიდრე არა დაშთა სამშჳნველიცა მის თანა.

18. და ჰრქუა ელიას: რა ძეს შენი და ჩემი, კაცო ღმრთისაო, შემოხუედ ჩემდა აღჴსნებად უწესობათა ამათ ჩემთა და მოკუდინებად ძისა ამის ჩემისა.

19. და ჰრქუა ელია დედაკაცსა მას: მომეც აქა შვილი ეგე შენი! და მოიქვა იგი მჴართაგან მისთა და აღიყვანა ქორსა მას, რომელსა იყოფოდა იგი, და დადვა ცხედარსა მას თჳსსა.

20. და ღაღად-ყო ელია და თქუა: ჵ უფალო, მოწამეო ამის ქურივისაო, რომლისა თანა მე დამკჳდრებულ ვარ, შენ ჰგუემე ძე მაგისი სიკუდილითა?

21. და დაჰბერა სამგზის ყრმასა მას და ხადოდა უფალსა და თქუა: უფალო, ღმერთო ჩემო, მოიქეცინ სამშჳნველი ყრმისა ამის ამისავე! და იყო ეგრე.

22. და ისმინა უფალმან ღაღადებაჲ ელიასი და მოიქცა სამშჳნველი ყრმისა მის გვამადვე მისა და განცოცხლდა.

23. და გარდმოიყვანა ელია ყრმა იგი ქორისა მისგან სახიდ და მისცა დედასა თჳსსა და ჰრქუა ელია: იხილე, რამეთუ ცოცხალ არს ძე ეგე შენი.

24. და ჰრქუა ელიას დედაკაცმან: აწ უწყი, რამეთუ კაცი ღმრთისა ხარი შენ და სიტყუაჲ ღმრთისა ჭეშმარიტ არს პირსა შენსა.


18

1. და იყო, შემდგომად დღეთა მრავალთა და სიტყუაჲ უფლისა იყო ელიასსა წელსა მას მესამესა და ჰრქუა: მივედ და ეჩუენე აქაბს და მივსცე წჳმა პირსა ზედა ქუეყანისასა.

2. და წარვიდა ელია ჩუენებად აქაბისა. და სიყმილი იგი განსასტიკებული იყო სამარიას.

3. და მოუწოდა აქაბ აბდიას, ეზოსმოძღუარსა თჳსსა, და აბდია იყო მოშიშ უფლისა ფრიად.

4. და იყო, მოსრვასა მას იეზაბელისასა წინაწარმეტყუელთა მათ უფლისათა დამალა აბდია ასი კაცი წინაწარმეტყუელთაგანი ერგასის - ერგასისი თითოსა ქვაბსა და ზრდიდა მათ პურითა და წყლითა.

5. და ჰრქუა მეფემან აქაბ აბდიას: მოვედ და ვიქცეოდით ყოველსა მას ქუეყანასა წყაროსთავთა წყალთასა და ნაღვარევთა და, ჰე, თუმცა ვპოოთ საძოვარი და გამოვზარდნეთ ცხენნი და ჯორნი, რათა არა აღიჴოცნენ ჩუენგან ყოვლადვე საცხოვარნი.

6. და განიყვნენ სლვად გზათა და აქაბ წარვიდა გზასა ერთსა მარტო და აბდია სხუასა გზასა მარტო.

7. და აბდიას გზასა ზედა შეემთხჳა ელია წინა მისა მარტო და ისწრაფა აბდია და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თქუა: შენ ხარა, უფალო ჩემო ელია?

8. და ჰრქუა ელია: მე ვარ, მივედ და არქუ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს ელია.

9. და ჰრქუა აბდია: რა შეგცოდე, რამეთუ შემაგდებ მე, მონასა შენსა, ჴელთა აქაბისთა მოკულად?

10. ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, რამეთუ არა არს ნათესავი და არცა მეუფებაჲ, რომელსა არა მიავლინა უფალმან ჩემმან ძიებად შენდა.

11. და ჰრქუეს, ვითარმედ: არასადა არს, და მოწვა მეუფებაჲ იგი და სოფელი მათი, რამეთუ არა გპოვეს შენ.

12. და აწ შენ იტყჳ, ვითარმედ: მივედ და უთხარ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს ელია.

13. და თუ წარვიდე მე შენგან და სულმან უფლისამან აღგიღოს შენ ქუეყანით, რომელ არა ვიცოდე, მოვიდე და უთხრა აქაბს და არა გპოო შენ, მომკლას მე, და მონა შენი მოშიში უფლისა არს სიყრმითგან თჳსით.

14. და არა მიეთხრა უფალსა ჩემსა, რა-იგი ვყავ მე მოწყუედასა მას იეზაბელისასა წინაწარმეტყუელთა მათ უფლისათა? მე დავმალე წინაწარმეტყუელთაგან მათ უფლისათა ასი კაცი ერგასის-ერგასისი თჳთოსა ქვაბსა და გამოვზარდენ იგინი პურითა და წყლითა.

15. და აწ შენ მეტყჳ მე, ვითარმედ: მივედ და უთხარ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ელია არს და მომკლას მე.

16. და ჰრქუა ელია: ცხოველ არს უფალი ძალთა, რომლისა ვდეგ წინაშე მისა, რამეთუ დღეს ვეჩუენო მას.

17. და წარვიდა აბდია და მიეგებოდა აქაბს და უთხრა მას. აღირბინა აქაბ და მიეგებოდა ელიას და იყო, ვითარცა იხილა აქაბ ელია, ჰრქუა აქაბ ელიას: შენ ხარა ამრღუე ისრაჱლისა?

18. ჰრქუა ელია: არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა.

19. და აწ წარავლინე და მოკრიბე ჩემდა ყოველი ისრაჱლი მთასა მას კარმელსა და წინაწარმეტყუელნი იგი ბაალისნი ოთხასდაერგასისნი, წინაწარმეტყუელნი იგი მაღნარისანი ოთხასნი, რომელნი ჭამენ ტაბლისა მისგან იეზაბელისა.

20. და წარავლინა აქაბ ყოველსა ისრაჱლსა და შეკრიბნა წინაწარმეტყუელნი იგი მთასა მას კარმელსა.

21. და მიიკრიბნა ელია ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა? უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა. და არა მიუგო მას ერმან მან სიტყუაჲ.

22. და ჰრქუა ელია ერსა მას: მე მარტო დაშთომილ ვარ წინაწარმეტყუელი უფლისა და წინაწარმეტყუელნი ეგე ბაალისნი კაცნი ოთხასდაერგასისნი და წინაწარმეტყუელნი მაღნართანი ოთხასნი.

23. და აწ მოგუცენით ჩუენ ორნი ზუარაკნი და გამოირჩიონ ერთი იგი მათ და განაგონ ასოეულად და დადვან ზედა შეშასა და ცეცხლსა ნუ შეახებედ. და მე ვყო ერთი იგი ზუარაკი და დავდვა ზედა შეშასა და ცეცხლი არა მივახო.

24. და ხადოდეთ სახელსა ღმერთთა თქუენთასა და მე ვხადო სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა და იყოს ღმერთი, რომელმან ისმინოს ცეცხლითა, იგი არს ღმერთი. მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ.

25. და ჰრქუა ელია წინაწარმეტყუელთა მათ სირცხჳლისათა: გამოირჩიეთ თქუენდად ზვარაკი ერთი და ჰყავთ პირველ, რამეთუ თქუენ უმრავლეს ხართ და ხადოდეთ სახელსა მას ღმერთთა თქუენთასა და ცეცხლსა ნუ შეახებთ.

26. და მიიბეს ზვარაკი იგი, რომელ მისცა მათ, და ყვეს ეგრე და ხადოდეს სახელსა ბაალისასა ცისკრითგან ვიდრე სამხრადმდე და იტყოდეს: ისმინე ჩუენი, ბაალ, ისმინე ჩუენი! და არა იყო მათ თანა ჴმაჲ და არცა სმენა, და რბიოდეს გარემო საკურთხეველსა მას, რომელ ქმნეს.

27. და იყო სამხრისა ოდენ, და განბასრნა იგინი ელია თეზბიტელმან და ჰრქუა: მაღლადრე უჴმეთ, რამეთუ ღმერთი არს; ანუ თუ განსცხრებოდეს რასამე, ანუ არა რამე სცალდეს, ანუ ეძინოს და ადგეს.

28. და უჴმობდეს ჴმითა დიდითა და იზახდეს მსგავსად სჯულისა მათისა მახჳლითა და დანაკითა ვიდრე დათხევადმდე სისხლისა მათ ზედა.

29. და იყო, ვითარ გარდაჴდა სამხარი და წინაწარმეტყუელებდეს ვიდრე ჟამადმდე მსხუერპლის შეწირვისა და არა იყო მუნ ჴმაჲ, და ეტყოდა ელია წინაწარმეტყუელთა მათ საძაგელებისათა და ჰრქუა: გა-რე-მიდეგით და აწ მე ვყო შესაწირავი იგი ჩემი. და გან-რე-დგეს და წარვიდეს.

30. და ჰრქუა ელია ერსა მას: მომეახლენით მე! და მიეახლნეს ყოველი ერი მისა და აღმართა საკურთხეველი იგი უფლისა დამჴობილი.

31. და მოიხუნა ელია ათორმეტნი ქვანი მსგავსად რიცხჳსა მის ძეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა ვტყოდა მას უფალი და ჰრქუა: ისრაჱლ იყავნ სახელი შენი.

32. და აღაშენნა ქვანი იგი სახელად უფლისა და ქმნა ტაბლაჲ, რომელმანცა შთაიტია ორი გრივი თესლი გარემოს საკურთხეველსა მას.

33. და დააზვინა შეშა იგი ზედა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა და განაგო ასოეულად ზვარაკი იგი და დადვა ზედა შეშასა მას და აღზვინა ზედა საკურთხეველსა მას.

34. და ჰრქუა: მომართუთ მე ოთხითა ლაგჳნითა წყალი და დაასხით ზედა შესაწირავსა მაგას და შეშასა. და ჰრქუა: დაასხით! და დაასხეს და თქუა მეორედ: დაასხით! და დაასხეს; თქუა მესამედ: დაასხით! და დაასხეს.

35. და მოვიდოდა წყალი იგი გარემო საკურთხეველსა მას და აღავსეს ტბა იგი წყლითა.

36. და იყო, ჟამსა ოდენ შეწირვისასა მსხუერპლისა მის ღაღად-ყო ელია ზეცად და თქუა: უფალო, ღმერთო აბრაჰამისო, ისაკისო და ისრაჱლისაო, დღეს ცნედ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი ისრაჱლისა და მე მონა შენი. მე ვქმენ საქმე ესე.

37. ისმინე ჩემი, უფალო, ისმინე ჩემი ცეცხლითა და სცნას ერმან ამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი და შენ გარემოაქციე გული ერისა ამის მართლუკუნ.

38. და გარდამოვარდა ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით და შეჭამა მსხუერპლი იგი და შეშა იგი და მიწა იგი. და წყალი იგი, რომელ დგა ტბასა მას, აღწბა ცეცხლმან მან.

39. ვითარცა იხილა ყოველმან ერმან, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თქუეს: ნანდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი.

40. და ჰრქუა ელია ერსა მას: შეიპყრენით წინაწარმეტყუელნი იგი ბაალისნი და ნუმცა ვინ განმერების მათგანი, ნუცა ერთი. და შეიპყრეს იგინი და შთაიყვანნა იგინი ელია ნაღვარევსა მას კიშონისასა და მოსრნა იგინი მუნ.

41. და ჰრქუა ელია აქაბს: აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ჴმაჲ ბგერისა წვიმისა არს.

42. და აღვიდა აქაბ ჭამად და სუმად და ელია აღჴდა თავსა მთისა მის კარმელისასა და დადრკა ქუეყანად და დადვა პირი თჳსი ზედა მუჴლთა თჳსთა.

43. და ჰრქუა ყრმასა მას თჳსსა: აღდეგ და მიხედენ გზასა მას ზღჳთ კერძო! აღჴდა და მიხედნა ყრმამან და ჰრქუა: არარა არს. და ჰრქუა ელია ყრმასა მას: მოიქეც და მიხედენ შჳდგზის! და მიიქცა ყრმა იგი შჳდგზის.

44. და იყო მეშჳდესა მას ჯერსა, და აჰა, ღრუბელი ერთი მცირე, ვითარცა ნები კაცისა, და აღმოაქუნდა წყალი ზღჳთ და ჰრქუა: მივედ და არქუ აქაბს: აღიმზადენ ეტლნი შენნი და შთავედ, ნუუკუე გეწიოს შენ წჳმაჲ.

45. და იყო, ვითარცა იგი მიმოიქცეოდა, ცა დაბნელდა ღრუბლითა და ქა- რითა, და იყო წვიმა ძლიერი და ტიროდა აქაბ. და მივიდოდა იეზრაელად.

46. და ჴელი უფლისა იყო ელიასა ზედა და მოიმტკიცნა წელნი თჳსნი და რბიოდა წინა აქაბისასა ვიდრე შესლვადმდე მისა იეზრაელად.


19

1. და უთხრა აქაბ იეზაბელს, ცოლსა თჳსსა, ყოველი იგი, რაცა ყო ელია და ვითარ მოსწყჳდნა ყოველნი იგი წინაწარმეტყუეელნი მახჳლითა.

2. და წარავლინა იეზაბელ ელიასა მოციქულნი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ელია ხარ და მე იეზაბელ, ესე და ესე მიყავნ მე ღმერთთა და ესე შემძინენ, უკუეთუ არა, ხვალე ამასვე ჟამსა დავდვა თავი შენი, ვითარცა თავი ერთისა მათგანისა.

3. და შეეშინა ელიას, აღდგა და წარვიდა გულისსიტყჳთა და მივიდა ბერსაბედ ქუეყანასა მას იუდასსა და დაუტევა მუნ ყრმა იგი თჳსი.

4. და იგი წარვიდა დღისა ერთისა სავალსა უდაბნოდ, მივიდა და დაჯდა ბელეკუნსა ვრთსა ქუეშე და ითხოვა სიკუდილი თავისა თჳსისა და თქუა: კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა.

5. დაწვა და დაიძინა ნერგსა ერთსა ქუეშე და, აჰა, შე-ვინმე-ახო მას და ჰრქუა: აღდეგ და ჭამე.

6. და აღიხილნა ელია და, აჰა, სათუელით მისით ჴუეზა ერთი ასლისა და წყალი სტამნითა და აღდგა, ჭამა და სვა და მიიძინა მუნვე.

7. და მიეახლა კუალად ანგელოზი უფლისა და ჰრქუა: აღდეგ და ჭამე. რამეთუ გრძელ არს შენდა გზა იგი.

8. და აღდგა, ჭამა და სვა და წარვიდა ძალითა მით ჭამადისათა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ვიდრე მიწევნადმდე მთასა მას ღმრთისასა ქორებად.

9. და შევიდა მუნ ქვაბსა მას და დაადგრა და, აჰა, სიტყუაჲ უფლისა იყო მისა და ჰრქუა: რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?

10. და ჰრქუა ელია: შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაჱლისათა, საკურთხეველნი შენნი დაამჴუნეს და წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.

11. და ჰრქუა: გამოხჳდე შენ ხვალე და დასდგე მთასა მაგას წინაშე უფლისა და, აჰა, უფალი წარვიდოდის და ქარი დიდი ძლიერი, რომელი დაარღუევდეს მთათა და შემუსრვიდეს კლდეთა წინაშე უფლისა, და არა ქარსა მას უფალი, და შემდგომად ქარისა მის ძრვა, და არა ძრვასა მას უფალი.

12. და შემდგომად ძრვისა მის ცეცხლი, და არა ცეცხლსა მას უფალი, და შემდგომად ცეცხლისა მის ჴმაჲ წულილისა ნიავისა.

13. და მას შინა უფალი, და იყო, ვითარცა ესმა ელიას, დაიფარა პირი თჳსი ხალენითა მით და გამოვიდა და დადგა ქვაბსა მას თანა და, აჰა, იყო ჴმაჲ მისა და ჰრქუა: რასა ხარ შენ აქა, ელია?

14. და თქუა ელია: შემშურდა შური უფლისა ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ დაუტევეს აღთქმა შენი ძეთა ისრაჱლისათა, საკურთხევვლნი შენნი დაარღჳნეს და წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.

15. და ჰრქუა მას უფალმან: წარვედ და მიიქეც გზასა შენსა და მივედ გზასა უდაბნოსასა დამასკეთ კერძო და სცხო აზაელს მეფედ ასურასტანსა ზედა.

16. და ეუს, ძესა ამესისასა, მეფედ ისრაჱლსა ზედა და ელისეს, ძესა საფატისსა, აბელმაულელსა უცხო წინაწარმეტყუელად შენ წილ.

17. და იყოს, რომელი განერეს მახჳლსა აზაელისასა, მოკლას იგი ეუ. რომელი განერეს მახჳლსა ეუსასა, მოკლას იგი ელისე.

18. და დაუტეო ჩემდა ისრაჱლისაგან შჳდ ათასი მამაკაცი ყოველთავე მათ, რომელთა არა შეუდრკიან მუჴლნი მათნი ბაალისა და ყოველი პირი, რომელმან არა თაყუანი-სცეს მას.

19. და წარვიდა მიერ ელია და პოვა ელისე, ძე საფატისი, და იგი ჴნვიდა ათორმეტითა დაუღლვილითა და შეუდგა იგი ათორმეტთა მათ ჴართა და მიიწია ელია მისა და დააგდო ხალენი იგი მისი მის ზედა.

20. და დაუტევნა ელისე ჴარნი იგი და მიისწრაფა ელიასა და ჰრქუა: ამბორს-უყო მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა და შეგიდგე შენ. და ჰრქუა მას: მიიქეც მუნვე, რა გიყავნ შენ?

21. და უკუნიქცა მისგან და მოიბა სწორ-სწორი ზოგი ჴართა მათ და დაწყჳდნა საქრმითა მით ჴართათა და მოამზადა, და მისცა ერსა მას და ჭამეს და აღდგა ელისე და შეუდგა და მსახურებდა მას.


20

1. და ძემან ადერისმან, მეფემან ასურასტანისამან, შეიკრიბა ყოველი ერი თჳსი და მოვიდა და გარემოადგა სამარიასა და ოცდაათორმეტნი მეფენი მის თანა და ყოველნი საჴედარნი მის თანა და ეტლნი. და წარვიდეს სამარიად და ბრძოდეს მას.

2. და წარავლინნა მის თანა მოციქულნი აქაბ მეფისა ისრაჱლისა ქალაქსა ამას.

3. და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს ძე ადერისი: ვეცხლი შენი და ოქრო შენი თჳთ ჩემი არს და ცოლნი შენნი და შვილნი ქმნულკეთილნი თჳთ ჩემნი არიან.

4. მიუგო მეფემან ისრაჱლთამან და ჰრქუა: ვითარცა სთქუ, უფალო ჩემო, მეფე, შენი ვარ მე და ყოველივე ჩემი შენი არს.

5. და მიიქცეს მოციქულნი იგი, მიუთხრეს და მოიქცეს აქაბისავე და ჰრქუეს: ესრე იტყჳს ძე ადერისი: მე მივავლინე, რათამცა ვეცხლი შენი და ოქრო შენი და ცოლნი შენნი, შვილნი შენნი მომიძღვანნე.

6. ხოლო ხვალე ამასვე ჟამსა მივავლინნე მონანი ჩემნი და აღიხილონ სახლი შენი და სახლნი მონათა შენთანი, და იყოს, რა სათნო-უჩნდეს წინაშე თუალთა მათთა, მიჰყონ ჴელნი თჳსნი და მოიღონ.

7. და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან ყოველთა მათ მოხუცებულთა მის ქუეყანისათა და ჰრქუა: უწყოდეთ, რამეთუ ძჳრსა რასმე ეძიებს იგი და მოავლინა ჩემდა ძეთა ჩემთათჳს და ასულთა ჩემთათჳს, რამეთუ ვეცხლი ჩემი და ოქრო ჩემი არა დავაყენე მისგან.

8. ჰრქუეს მას მოხუცებულთა და ყოველმან ერმან: ნუ ისმენ და ნუცა თავსა იდებ.

9. და ჰრქუა მოციქულთა მათ ძისა ადერისათა: არქუთ უფალსა მას თქუენსა მეფესა: ყოველივე, რა მარქუ მონასა შენსა, ვყო პირველსა მას ჯერსა, ხოლო ეგე სიტყუაჲ ვერა ვყო. და მიიქცეს კაცნი იგი და მიუთხრეს სიტყუაჲ იგი.

10. და მიავლინა მისა ძემან ადერისამან და ჰრქუა: ესე და ესე მიყავნ მე ღმერთთა მათ ჩემთა, და ესე და ესე შემძინონ, უკუეთუ ეყოს მიწა ქუეყანისა შენისა ჴელთა ერისა ჩემისა მკურცხლისათა.

11. მიუგო მეფემან ისრაჱლისამან და ჰრქუა: კმა არს, აწ ნუღარა იქადინ მღუნავი იგი, ვითარცა მართალი.

12. და იყო, ვითარცა მიუგო მას სიტყუაჲ ესე და იგი შე-ოდენ-ღვინებულ იყო და ყოველნი იგი მეფენი მის თანა კარავსა შინა, ჰრქუა მონათა თჳსთა: მოადგთ პატნეზი! და მოადგეს პატნეზი გარემო ქალაქსა მას.

13. და, აჰა, წინაწარმეტყუელი ერთი მივიდა აქაბ მეფისა ისრაჱლისა და ჰრქუა: ესრეთ იტყჳს უფალი: იხილე აწ დიდი ესე ამბოხი და, აჰა, მე მივსცნე იგინი ჴელთა შენთა დღეს და უწყოდე, რამეთუ მე ვარ უფალი.

14. და თქუა აქაბ: რათამე? და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: ყრმებითა სოფლისა მის მთავართათა. და ჰრქუა აქაბ: ვინ მიეტეოს პირველ ღუაწლსა ამას?

15. და ჰრქუა: შენ აღრაცხენ მონანი იგი მთავართანი! და იპოვნეს ორასოცდაათ. და მერმე აღრაცხნა ყოველი იგი ერი და ყოველნი ძენი ძლიერებისანი და იყუნეს შჳდ ათას.

16. და განვიდეს შუა სამხრის ოდენ და ძე იგი ადერისი შე-ოდენ-ღვინებულ იყო და დამთურალ სოკქოთს, იგი თავადი და ათორმეტნი მეფენი, შემწენი მისნი.

17. და განვიდეს პირველ ყრმანი იგი მთავართა მათ სოფლებისათანი და უთხრეს ძესა ადერისსა და ჰრქუეს, ვითარმედ: კაცნი გამოვიდეს სამარიათ.

18. და ჰრქუა მათ: მშჳდობით თუ გამოვლენ, შეიპყრენით იგინი ცოცხალნი, და თუ ბრძოლად გამოვლენ, შეიპყრენით იგინი ცოცხალნი.

19. და განვიდეს ქალაქისა მისგან ყრმები მთავართა მათ სოფლებისათა, და ერი იგი შეუდგა მათ.

20. და სცეს თჳთეულად, ვისცა შეემთხუეოდეს. და სივლტოლად იქცეს ასურასტანელნი იგი ისრაიტელთა მათგან და განერა ძე ადერისი, მეფე ასურასტანისა, აღმჴედრებული სამითა მჴედრითა.

21. და გამოვიდა მეფე იგი ისრაჱლისა და დააყარა ეტლები მათი და საჴედარნი მათნი და დასცა ასურასტანელნი იგი დაცემითა დიდითა.

22. (და მივიდა წინაწარმეტყუელი მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა მას: განძლიერდი და უწყოდე და იხილე, რა ყო. რამეთუ შემდგომად ამის წელიწდისა ძე ადერისი, მეფე ასურასტანისა, გამოსლვად არს შენ ზედა).

23. და მონანი მეფისა მის ასურასტანელისანი ეტყჳან მას: ღმერთი მთათა არს ღმერთი იგი ისრაჱლისა და არა ღმერთი ველთა, და მისთჳს გუძლეს ჩუენ; უკუეთუ ვეწყუნეთ მათ, ადვილცა ვსძლოთ მათ.

24. და აწ ყო მსგავსად სიტყჳსა ამის: გარდაადგინენ მეფენი ეგე ადგილით თჳსით და დაადგინენ მათ წილ მთავარნი.

25. და აღგედგინოს შენ ერი ერისა ამის წილ, რომელ განგეჴვა შენ და საჴედარნი საჴედართა მათ წილ და ეტლნი ეტლთა მათ წილ და სცე მათ ბრძოლად ველსა, სძლო მას. და მიერჩდა ჴმასა მისსა. და ყო ეგრე.

26. და იყო შემდგომად მის წლისა ახილვა-ყო ძემან ადერისამან ასურასტანისა და გამოვიდა აფეკად წყობად ისრაჱლისა.

27. და ძეთა მათ ისრაჱლისათა ახილვა-ყვეს და განგუნდნეს ორგან და მიეგებოდეს წინა მათსა ბრძოლად და ძენი იგი ისრაჱლისანი იყუნეს წინა მათსა, ვითარცა ორნი სამწყსონი თხათანი, ხოლო ასურთა მათ აღავსეს ქუეყანა იგი.

28. და მივიდა კაცი იგი ღმრთისა და ჰრქუა მეფესა ისრაჱლისასა: ესრე იტყჳს უფალი ამისთჳს, რამეთუ თქუეს ასურთა მათ, ვითარმედ: ღმერთი მთათა არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა და არა ღმერთი ველთა. მე მიგცე დღე იგი დიდი ჴელთა შენთა და უწყოდე, რამეთუ მე ვარ უფალი.

29. და დაიბანაკეს მათ პირისპირ მთასა შჳდ დღე. და იყო, შემდგომად შჳდისა მის დღისა განეწყუნეს ბრძოლად და დასცა ისრაჱლმან ასურასტანელთა მათ ასი ათასი მკჳრცხლთა ერთსა შინა დღესა.

30. და ნეშტნი იგი მიივლტოდეს აფეკად, ქალაქსა თჳსსა, და დაეცა ზღუდე იგი ოცდაშჳდი ათასთა მათ ზედა კაცთა ნეშტთა და ძე იგი ადერისი ივლტოდა და შეივლტოდა სახიდ თჳსა სენაკით სენაკად.

31. და ჰრქუეს მონათა მათ თჳსთა. აჰა, ესერა, უწყით, რამეთუ მეფენი სახლისა მის ისრაჱლისანი მოწყალენი არიან. აწ შთავიცვათ ძაძა და მოვიდვათ საბელი თავსა და განვიდეთ მეფისა მის ისრაჱლისა, გან-ხოლო-თუ-არინნეს თავნი ჩუენნი.

32. და შთაიცვეს ძაძა და მოიდვეს საბელი თავსა თჳსსა და ჰრქუეს მეფესა მას ისრაჱლისასა: მონა შენი, ძე ადერისი. ესრეთ იტყჳს: ცხოვნდინ თავი ჩემი და ჰრქუა აქაბ: ცოცხალღა თუ არს? ძმა ჩემი არს.

33. და კაცთა მათ დაიზმნეს და გულისხმა-ყვეს და მოისმინეს სიტყუაჲ პირისაგან მისისა და ჰრქუეს: ძმა შენი, ძე ადერისი, აქა არს. და ჰრქუა აქაბ: შევედით, გამოიყვანეთ იგი. და გამოვიდა მისა ძე ადერისი და აღსვა იგი ეტლთა მათ მისთა თანა.

34. და ჰრქუა: ქალაქნი იგი დაიპყრნა მამამან ჩემმან მამისაგან შენისა, კუალად გააგო შენდავე და დასდვა ხარკი დამასკესა, ვითარცა დასდვა მამამან ჩემმან ხარკი სამარიას და მე აღთქმა-ვყო შენ თანა და დავდვა აღთქმა მის თანა. და განუტევა იგი და წარვიდა.

35. და კაცმან ერთმან ძეთა მათ წინაწარმეტყუელთაგანმან ჰრქვა მოყუასსა თჳსსა სიტყჳთა უფლისათა: მომკალ მე და არა ინება მან მოკლვად მისა.

36. ხოლო ჰრქუა მას: ამისთჳს, რამეთუ არა ისმინე ჴმაჲ უფლისა, აჰა, ვითარცა წარხჳდე ჩემგან, განგბძაროს შენ ლომმან. და ვითარცა წარვიდა იგი მისგან, პოვა იგი ლომმან და მოკლა იგი.

37. და მიემთხჳა მას სხუაჲ კაცი და ჰრქუა მას: მომკალ მე და დასცა მას კაცმან მან და დალეწა.

38. და მოვიდა წინაწარმეტყუელი და დადგა წინაშე მეფისა მის გზასა ზედა და დაიხურნა თუალნი თჳსნი.

39. და იყო, ვითარცა წარმოვიდოდა მეფე და მან ღაღად-ყო მეფისა მიმართ და თქუა: მონა შენი განვიდა ერსა თანა ღუაწლსა და, აჰა, კაცმან ერთმან მოიყვანა ჩემდა კაცი და მრქვა: დამიმარხე კაცი ეგე, უკუეთუ განრინებით განგერეს, იყოს თავი შენი თავისა მისისა წილ, ანუ ტალანტი ერთი ვეცხლისა მომიწონო მე.

40. და იყო ვიდრე მონა შენი იქი და აქა, ვხედევდ და იგი არა უწყი, ვიდრე ჴდა. და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან მას: აჰა, შენცა სტყუი ჩემდა მომართ, მო-სამე-ჰკალ.

41. და ისწრაფა და უკანაიჴადა საბურველი იგი თუალთაგან მისთა. და იცნა იგი მეფემან ისრაჱლისამან, ვითარმედ წინაწარმეტყუელთაგანი არს იგი.

42. და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს უფალი: ამისთჳს, რამეთუ განუტევე შენ კაცი წინაწარმეტყუელი ჴელთაგან შენთა, იყავნ თავი შენი თავისა მისისა წილ და ერი შენი ერისა მისისა წილ.

43. და წარვიდა მეფე ისრაჱლისა სახიდ თჳსა მწუხარე და დაჴსნილი და მივიდა სამარიად.


21

1. და იყო, შემდგომად ამათ სიტყუათა იყო ვენაჴი ერთი ნაბუთესი იეზრაიტელისა მახლობელად კალოსა მას აქაბისსა, მეფისა მის სამარიტელთასა.

2. და ეტყოდა მეფე ნაბუთეს და ჰრქუა: მომეც მე ვენაჴი შენი, რათა იყოს მტილად ჩემდა სამხლედ, რამეთუ მახლობელიცა არს ჩემდა სახლსა და მიგცე შენ სხუაჲ ვენაჴი უმჯობესი მაგისსა, უკუეთუ კულა გნებავს, შენ მიგცე ვეცხლი სასყიდელად მაგისსა (და იყოს მტილად ჩემდა სამხლედ).

3. და ჰრქუა ნაბუთე მეფესა: ნუ იყოფინ ჩემდა უფლისაგან ჩემისა, ვითარცა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა?

4. და შევიდა აქაბ მწუხარე და გულმწყრალ სიტყუათა მათთჳს ნაბოთესთა იზრაიტელისა, რამეთუ ჰრქუა მას: არა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა. და მიწვა იგი ცხედარსა თჳსსა და დაიხურა პირი თჳსი და არა ჭამა პური.

5. და შევიდა მისა იეზაბელ, ცოლი თჳსი, ეტყოდა მას და ჰრქუა: რაჲსა მწუხარე არს სული შენი და არა სჭამ პურსა?

6. და თქუა: ამისთჳს, რამეთუ ვეტყოდე ნაბოთეს იზრაიტელსა, ვითარმედ, მომეც ვენაჴი შენი ვეცხლად სასყიდლად და, უკუეთუ გნებავს, მოგცე შენ სხუაჲ ვენაჴი მაგისა წილ. და თქვა: არა მიგცე შენ სამკჳდრებელი მამათა ჩემთა.

7. და ჰრქუა მას იეზაბელ, ცოლმან მისმან: აწ ეგრეთ ჰყოა შენ მეფობა ეგე შენი ისრაჱლსა ზედა? აწ აღდეგ და ჭამე პური და განიფრთხუე და მე მიგცე შენ ვენაჴი იგი ნაბოთესი იეზრაიტელისა.

8. და მიწერა როარდაგი სახელად აქაბისა და დაბეჭდა ბეჭდითა მისითა და მიუძღვნა მოხუცებულთა მათ და აზნაურთა მის ქალაქისათა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ნაბუთეს თანა.

9. და დაწერილ იყო ჰროარდაგსა მას ესრეთ: იმარხეთ მარხვა და დასუთ ნაბუთე მთავრად ერსა მაგას.

10. და დასხენით ორნი კაცნი, ძენი უსჯულოებისანი, პირისპირ მისა და შესწამონ მას და ჰრქუან, ვითარმედ: აკურთხე, ნაბოთე, ღმერთი და მეფე და განიყვანეთ იგი, დაკრიბეთ ქვა და მოკუედინ.

11. და ყვეს მოხუცებულთა მის ქალაქისათა და აზნაურთა, რომელნი სხდეს ქალაქსა მას შინა, ვითარცა მიევლინა მათა იეზაბელს, და ვითარცა წერილ იყო ჰროარდაგსა მას.

12. და განუწესეს მარხვა და დასვეს ნაბუთე მთავრად ერსა მას.

13. და მივიდეს ორნი კაცნი, ძენი უსჯულოებისანი, და დასხდეს პირისპირ მისა და შესწამეს კაცთა მათ განდგომილთა ნაბუთეს წინაშე ყოვლისა ამის ერისა და ჰრქუეს: აკურთხე, ნაბუთე, ღმერთი და მეფე. და განიყვანეს იგი გარეშე ქალაქსა მას და დაკრიბეს მას ქვა და მოკუდა.

14. და წარავლინეს იეზაბელისა და ჰრქუეს: დაიქოლა ნაბუთე ქვითა და მოკუდა.

15. და იყო, ვითარცა ესმა იეზაბელს, რამეთუ ქვადაკრებულ იქმნა ნაბოთე და მოკუდა, ჰრქუა იეზაბელ აქაბს: აღდეგ და დაიმკჳდრე ვენაჴი იგი ნაბუთესი იეზრაიტელისა, რომელი არა მოგცა შენ ვეცხლად, რამეთუ არა არს ნაბუთე ცოცხალ, არამედ მოკუდა.

16. და იყო, ვითარცა ესმა აქაბს, ვითარმედ მოკუდა ნაბოთე იეზრაიტელი დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცვა ძაძა, და იყო შემდგომად ამისა და აღდგა აქაბ და შთაჴდა ვენაჴსა მას ნაბუთეს იეზრაიტელისასა დაპყრობად მას.

17. და ეტყოდა უფალი ელიას თეზაბიტელსა და ჰრქუა:

18. აღვედ, შთავედ და მიეგებოდე აქაბს, მეფესა ისრაჱლისასა, რომელ არს სამარიასა, რამეთუ შთასრულ არს იგი ვენაჴსა მას ნაბოთესასა დაპყრობად მისა.

19. და ეტყოდე მას და არქუ: ესრეთ იტყჳს უფალი, ვითარმედ: მოჰკალ და დაიმკჳდრე, ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი: ადგილსა, რომელსა აღწბეს ძაღლთა და ღორთა სისხლი ნაბოთესი, მუნ აღწბან სისხლი შენი ძაღლთა და როსპიკნი იბანნენ სისხლითა შენითა.

20. და მოვიდა ელია აქაბისა და ეტყოდა მსგავსად სიტყჳსა მის და ჰრქუა აქაბ ელიას: მპოე მეა, მტერო ჩემო? და ჰრქუა ელია: გპოვე, რამეთუ ცუდად აღილაღე და ქმენ ბოროტი წინაშე უფლისა განრისხებად მისა.

21. აჰა, მე მოვავლინო შენ ზედა ძჳრი და აღატყდეს შემდგომად შენსა, და მოვსპო აქაბისი და არა დაუტეო, რომელი აფსმიდეს კედელსა და ჭირვეული იგი და დაცემული ისრაჱლისა.

22. და მივსცე სახლი შენი, ვითარცა სახლი იერობუამისი, ძისა ტაბატისა, და ვითარცა სახლი ბაასისი, ძისა აქიასი, განრისხებათა მაგათთჳს, რომელ განმარისხე მე და აცთუნე ისრაჱლი.

23. და იეზაბელისთჳს იტყჳს უფალი: ნაცულად ნაბოთესა ძაღლთა შეჭამონ იგი ზღუდესა მას თანა იეზრაიტელისასა.

24. მომკუდარნი აქაბისნი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა და მომკუდარნი მისნი ველსა შეჭამნენ ფრინველთა ცისათა.

25. რამეთუ ცუდად აჰყვა აქაბ ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა, რამეთუ შესულიბა იგი იეზაბელ, ცოლმან თჳსმან.

26. და მოიძაგა ფრიად შედგომად კვალსა მას საძაგელთასა მსგავსად ყოვლისა მის, რაჲცა ქმნა ამორეველმან, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა მათ ისრაჱლისათა.

27. და სიტყჳსა მისთჳს, რომელ შეიკდიმა მეფემან პირისაგან უფლისა, და მივიდოდა ტირილით და დაიპო სამოსელი თჳსი და შთაიცვა ძაძა ჴორცთა მისთა და დაიმარხა დღესა მას, რომელსა მოკუდა ნაბუთე იეზრაიტელი და ძე მისი მივიდოდა მღუნარედ.

28. და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიასა აქაბისთჳს და ჰრქუა უფალმან:

29. იხილე, ვითარ შეიკდიმა აქაბ პირისაგან ჩემისა და შეინანა და თქუა უფალმან: არა მოვავლინო ძჳრი დღეთა მაგისთა, არამედ დღეთა ძისა მაგისისათა მოვავლინო ძჳრი ზედა სახლსა მაგისსა.


22

1. და დასხდეს სამ წელ, და არა იყო ბრძოლა შორის ასურასტანელთა და შორის ისრაიტელთა.

2. და იყო, წელსა მას მესამესა შთავიდა იოსაფატ, მეფე იუდასი, მეფისა მის ისრაჱლისა.

3. და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან მონათა თჳსთა: არა უწყით, რამეთუ ჩუენი არს რამათ გალაიდი? და ჩუენ დადუმებულ ვართ მოღებად ჴელთაგან მეფისა ასურთასა?

4. და ჰრქვა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: გამოვედ ჩემ თანა ბრძოლად რამათდ გალადიისა. და ჰრქვა იოსაფატ მეფესა ისრაჱლისასა: ვითარცა შენ, ეგრეთცა მე, ვითარცა ერი შენი - ერი ჩემი და ვითარცა საჴედარნი შენნი - ეგრეთცა და საჴედარნი ჩემნი.

5. და ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდისმან მეფესა ისრაჱლისასა: მო და ვკითხოთ დღეს უფალსა.

6. და შეკრიბნა მეფემან ისრაჱლისამან ყოველნი წინაწარმეტყუელნი თჳსნი, ვითარ ოთხას ოდენ კაცი და ჰრქუა მათ მეფემან: მივიდე რამათ გალადისა ზედა ბრძოლად, ანუ ადგილ-ვიპყრა? და ჰრქუეს: აღდეგ და მოცემით მოსცეს უფალმან ჴელთა მეფისათა.

7. და ჰრქუა იოსაფატ მეფესა მას ისრაჱლისასა: არს ვინ აქა წინაწარმეტყუელი უფლისა, ანუ არა? და ვკითხოთ მის მიერ უფალსა.

8. და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს: არს აქა კაცი ერთი ღმრთისა, რომლისა მიერ ვკითხემცა უფალსა და მე მოვიძულე იგი, რამეთუ არა იტყჳს ჩემთჳს კეთილსა, არამედ ძჳრსა, მიქეა, ძე იემლაისი. და ჰრქუა იოსაფატ, მეფემან იუდასმან: ნუ ეგრე იტყჳ, მეფე.

9. და მოუწოდა მეფემან ისრაჱლისამან საჭურისსა ერთსა და ჰრქუა: ადრე მოიყვანე მიქეა, ძე იემლაჲსი.

10. და მეფე ისრაჱლისი და იოსაფატ, მეფე იუდასი, სხდეს თჳთვეულად, სავარძელთა ზედა ჭურვილნი ბჭეთა მათ თანა სამარიასათა და ყოველნი იგი ქურუმნი მისნობდეს წინაშე მათსა.

11. და ქმნნა სედეკია, ძემან ქანანისამან, რქანი რკინისანი და თქვა: ესრეთ იტყჳს უფალი: ამით ერქენდე და მოსპო ასურასტანელი სრულიად.

12. და ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი წინაწარმეტყუელებდეს ეგრეთვე და იტყოდეს: აღვედ რამათად გალადისად, და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა მეფე იგი ასურასტანელთა.

13. და მოციქული იგი, რომელ მივიდა წოდებად მიქეასა, უთხრა მას და ჰრქუა: აჰა, ეგერა, ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი იტყჳან, ვითარცა ერთითა პირითა კეთილსა მეფისათჳს. აწ იყავნ სიტყუაჲ შენი, ვითარცა ერთისა მათგანისა და იტყოდე კეთილსა.

14. და თქუა მიქეა: ცხოველ არს უფალი, რამეთუ, რაჲცა მრქვის მე უფალმან, მასცა ვიტყოდი.

15. და მოვიდა მეფისა და ჰრქუა მას მეფემან: მიქეა, აღვიდეა რამათ გალადისა ბრძოლად, ანუ ვდგე აქა? მიუგო და ჰრქუა: აღვედ და წარგემართოს და მოგცეს უფალმან ჴელთა შენთა.

16. ჰრქუა მას მეფემან მერმე: გაფუცებ შენ, რათა სთქუა ჭეშმარიტი სახელითა უფლისათა.

17. და ჰრქვა მიქეა: არა ეგრე, ვიხილე ყოველი ისრაჱლი განბნეული მთათა, ვითარცა სამწყსო, რომლისა არა არიან მწყემს. და თქუა უფალმან: არა ვინ არს მაგათა უფალ, მიიქცედ თჳთეულად სახიდ თჳსა მშჳდობით.

18. და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს, მეფესა იუდისასა: არა გარქვა შენ, ვითარმედ არა წინაწარმეტყუელებენ ჩემთჳს კეთილსა, არამედ ძჳრსა?

19. და ჰრქუა მიქეა: არა ეგრე, არა თუ მე რაჲმე, არამედ ისმინე სიტყუაჲ უფლისა, რამეთუ ვიხილე უფალი ღმერთი ისრაჱლისა მჯდომარე ზედა საყდართა თჳსთა და ყოველნი ერნი ზეცისანი დგეს გარემო მისა მარჯულ და მარცხლ.

20. და თქუა უფალმან: ვინ შეიტყუოს აქაბ, მეფე ისრაჱლისა, და აღვიდეს და დაეცეს რამათ გალადსა? და თქვეს ვინმე ესრე და ვინმე ეგრე.

21. და წარვიდა სული წინაშე უფლისა და თქუა: მე შევიტყუო იგი. და ჰრქუა მას უფალმან: რათა?

22. და ჰრქუა მას: მივიდე და ვექმნე სული ცრუ პირსა ყოველთა მათ წინაწარმეტყუელთა მისთასა. და ჰრქუა: შეიტყუე, და შეუძლო, განვედ და ყავ ეგრე.

23. და აწ, აჰა, მოსცა უფალმან სული სიცრუსა პირსა ყოველთა მათ წინაწარმეტყუელთასა და უფალი იტყოდა შენ ზედა ძჳრსა.

24. და მიუდგა თანა სედეკია, ძე ქანანისი, და სცა ღაწუსა მიქეასსა და ჰრქუა: რომელი სული უფლისა არს იგი, რომელ განმეშორა ჩემგან და გეტყოდა შენ?

25. და ჰრქუა მიქეა: აჰა, შენ თჳთ იხილო მას დღესა შინა, რაჟამს შეივლტოდი სენაკით სენაკად დამალვად.

26. და თქუა მეფემან ისრაჱლისამან: შეიპყართ მიქეა და მიეცით ამნონს, ქალაქაპეტსა, და იოასს, ძესა მეფისასა.

27. და არქუთ: ესრე იტყჳს მეფე, შესვით ეგე საპყრობილესა და ჭამოს პური ჭირისა და წყალი იწროებისა, ვიდრემდე მოვიქცე მშჳდობით.

28. და ჰრქუა მიქეა: და უკუეთუ მოქცევით მოიქცე მშჳდობით უკუე. ვიდრე არა მეტყოდა მე უფალი. და თქუა მეფემან: აწ ისმინეთ ყთველმან მაგან ერმან.

29. და განვიდა მეფე იგი ისრაჱლისა და იოსაფატ, მეფე იუდასი, მის თანა რამად გალადისა.

30. და ჰრქუა მეფემან ისრაჱლისამან იოსაფატს, მეფესა იუდასასა: შევიმოსო სხვად და შევიდე ბრძოლად და შენ შეიმოსო ჩემი სამოსელი. და უცნაურ იქმნა თავი მეფემან ისრაჱლისამან და შევიდა ღუაწლსა მას.

31. და მეფემან ასურასტანისამან ამცნო მეეტლეთა მათ თჳსთა და ჰრქუა: ნუ შეახებთ ნუცა დიდსა, ნუცა მცირესა, არამედ მეფესა ხოლო ისრაჱლისასა.

32. და იყო, ვითარცა იხილეს მეეტლეთა მათ იოსაფატ, მეფე იუდასი, და თქუეს ურთიერთას: ვგონებთ, თუ ესე არს მეფე იგი ისრაჱლისა. და გარე-შეიცვეს იგი და ღაღად-ყო იოსაფატ.

33. და იყო, ვითარცა იხილეს მეეტლეთა მათ, რამეთუ არა იგი იყო მეფე ისრაჱლისა, მიაქციეს მისგან.

34. და მოირთხა ერთმან ვინმე მოისართაგანმან და სცა მეფესა ისრაჱლისასა ჯაჭუსა ზედა და განაწონა ფილტუსა. და ჰრქუა მეეტლესა მას თჳსსა: მოაქციე ეტლი ეგე და უკუნმაქციე ღვაწლისა ამისგან, რამეთუ წყლულ ვარ.

35. და განძლიერდა ღუაწლი იგი მას დღესა შინა და მეფე დგა ზედა ეტლთა მათ პირისპირ ასურასტანელთა მათ დღითგან მიმწუხრამდე. და გარდამოექანებოდა სისხლი იგი წყლულისა მისგან და აღავსებდა უბესა მის ეტლისასა. და ვითარცა დამწუხრდა, აღმოჴდეს სულნი.

36. და შთასულასა ოდენ მზისასა ჴმობდა ქადაგი ერისა მის და თქუა: მოიქეცით თჳთეულად ქალაქსა თჳსსა, ქუეყანად თჳსა.

37. რამეთუ მოკუდა მეფე. და მოვიდეს სამარიად და დაფლეს იგი სამარიას.

38. და განრცხნეს ეტლნი იგი სისხლისა მისგან წყალთა მათ სამარიასათა. და ლოკდეს ღორნი და ძაღლნი სისხლსა მისსა და როსპიკნი იბანნეს სისხლსა მას მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა პირითა ელიასითა.

39. და ნეშტნი სიტყუათა აქაბისთანი და ყოველი, რაცა ქმნა და სახლი იგი პილოსძვალისა, რომელი ქმნა, და ყოველნი იგი ქალაქნი, რომელ აღაშენნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა.

40. და დაიძინა აქაბ მამათა თჳსთა თანა და მეფობდა ოქოზია, ძე მისი, მის წილ.

41. და იოსაფატ, ძე ასასი, მეფობდა ზედა იუდასა წელსა მეოთხესა აქაბ მეფისა ისრაჱლისა.

42. და ოცდა ათხუთმეტისა წლისა იყო იოსაფატ დადგომასა მას მისსა მეფედ და ოცდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა ასუბა, ასული სალსალასი.

43. და ვიდოდა ყოველთა გზათა ასას, მამისა თჳსისათა და არა გარდააქცია მათგან და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა.

44. გარნა მაღალნი იგი, რამეთუ მოსპნა; ერი იგი უზორვიდავე და უკმევდა საკუმეველსა ზედა მაღალთა მათ.

45. და მშვდობაჲ იყო შორის იოსაფატისა და მეფისა მიმართ ისრაჱლისა.

46. და ნეშტნი სიტყუათა იოსაფატისთანი და ძლიერებანი მისნი, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასათა.

47. და შეწირულნი, რომელ დაშთომილ იყუნეს დღეთა მათ მამისა მისისათა, მოსპნა ქუეყანით.

48. და მეფე არა დგა ედომს დამტკიცებულად.

49. და მეფემან იოსაფატ ქმნნა ნავნი მიმავალნი თარსით და სოფირად, რომელთა მოაქუნდა ოქრო და არღარა ვიდოდეს, რამეთუ დაიმუსრნეს ნავნი იგი გასიონ გაბერს.

50. მიერ ჟამსა ჰრქუა ოქოზია, ძემან აქაბისამან, იოსაფატს: მოვიდენ მონანი შენნი მონათა ჩუენთა თანა და ნავნი შენნი ნავთა ჩემთა თანა და არა ინება იოსაფატ.

51. და დაიძინა იოსაფატ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისასა და მეფობდა იორამ, ძე მისი, მის წილ.

52. და ოქოზია, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიას წელსა მას მეჩჳდმეტესა იოსაფატისასა, მეფისა იუდასასა, მეფობდა ისრაჱლსა ზედა ორ წელ.

53. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და ვიდოდა გზათა აქაბის, მამისა თჳსისათა, და გზათა იეზაბელის, დედისა თჳსისათა, სახლისა მის იორობოამისა, ძისა ნაბატისასა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი,

54. და ამონა კერპთა მათ, თაყუანი-სცა მათ და განარისხა უფალი ღმერთი ისრაჱლისა უმეტეს ყოველთა მათ წინანდელთა მისთა.