„ადამიანი იმით ფასდება, აზრს ვინ ატარებს რამდნად ფრთიანსა“.
„ადვილ ვერ იცნობ ვაჟკაცსა მის ვაჟკაცური რჯულითა“.
„ავი დატანჯე და დაამონე, კეთილის მქნელსა შეასხი ფრთები“.
„ავი კაცის პურ-მარილიც მოსარიდებელია დაცნობა-მეგობრობაც“.
„ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი“.
„აზრი სწორი და შრომა მედგარი, ბედნიერების მოსაპოვებლად ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი“.
„აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია“.
„აზრი დარბაისელი, დიდად გამოცდილი, დინჯი მოხუცია; ყველაფერს სარგებლობის, სიმართლისა და ჭეშმარიტების თვალით უცქერის, საბოლოოდ რა გამოვა და რა არა“.
„აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცე და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა რჯულის აზრი, სოციალური თუ საწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან“.
„ათი ათას სჯობს მტრედს, კაკაბს, მარტო არწივის თვალები“.
„ათასი რამე მოხდება სიცოცხლით კაცის თავზედა“.
„ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა, – პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს, ვეტევებით თოფით და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯულის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით“.
„ან უსამშობლომ, კაცმა ბოგანომ, რა იცის, რაა სამშობლოს ტრფობა?!“
„ან უშურველი კარგად ვინ ვიცნოთ, თუ კი არ იყო შური და მტრობა?“
„არ ვარგა ერთურთიკილვა, უგზოდ სიტყვების რახუნი“.
„არ დაეკარგვის ამაგი, ვინც სამშობლოსა უვლისა“.
„არ ვაქელინოთ სამშობლო მეტოქეს ათასგვარასა“.
„არ მომწონს ფაცი ფუცობა სულ-სწრაფთ, უმეცართ ხელობა“.
„არ ვუღალატებ სიცოცხლით გზას ჩემს ეკლიანს სავალსა“.
„არ ესმის სხვისა ტკივილი სხვასაო“.
„არ მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რით გავს ენა მდინარეს? იმითი, რომრაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნულად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს, მიმდინარეობას იმ ჟამით ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგეუბება ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს“.
„არა მოგცა რა ლამაზის სიტყვებით ამაყობამა“.
„არც თქვენ შეგჩებათ ერთი დრო, ვინც ხმა-მაღლა ჰყივითა“.
„ახალთაობის წესიერად აღზრდისათვის საჭიროა დედაენაზე სწავლება, დრომდის მაინც აუცილებლად, სამშობლოს ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა“.
„ბავშვი მანამ მოლაშქრეობას შეძლებს, ჯერ ყბედობს და სახელიც მაშინ ერქმევა“.
„ბედნიერი ვარ ორომც კი ქვეყანამ მიცნოს კაცადა“.
„მღვდლებო–სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ, თქვენს წოდების გარეშე ბევრს სხვასაც, მე პირადად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ… გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება… თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს"...
„თუ სამღთო წესების ასრულებას არავინ სთხოვს, მაინც ამით მართლულობენ მუდამ მღვდლები თავსა, საპოლიტიკო მოღვაწეობა ხომ ფართოა“.
„ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ სულიერი მამები არიან „მიიღე ჯამაგირის“ პარტიისა“...
„ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვას მაინც ზღვა ჰქვიან და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს, ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა ჰკარგავს“.
„ადამიანის ფიქრის ერთი საქებური თვისება – მოვლენათა მიზეზების ძიებაა“.
„ადამიანის გონება ყველას და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა“.
„ადვილ ნუ იტყვით ვაჟკაცზე არა ვარგაო, იმასა“.
„ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია“.
„თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა“.
„მწერლობა მაშინ ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, როცა უკეთესად ემსახურება ქვეყანას“.
„განა ყველა რაც ხმელია, კაცთაგან საწუნარია? ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია“.
„ყვავილი ყვავილთან ჰყვავის“.
„სამშობლოს არვის წავართმევთ, სხვაც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით მკვდარასაც კი გაეცინება“.
„მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის“.
„მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა“.
„დედაა გადამწყვეტი შვილების ბედიღბლისა, შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღმბეჭდი გული და გონება. ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს კეთილისა, დიახ, ესმოდეს დედაკაცს, შვილი როგორ აღზარდოს შინ, ოჯახში, და გარეთ საზოგადოებაში რა აზრები გაავრცელოს, რას ემსახუროს, ვინაიდან მას შეუძლიან დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს“.