ვწევარ ორპირში... ბავშვი სიცხეში.
და უმღერიან წითელ ბატონებს.
ვარდი და ია მოუსხამს ჩონგურს,
დედის ცრემლები სიმებს ათრთოლებს.
თავზე მადგანან ძმები და დები,
ვეღარ მალავენ გულში სიხარბეს,
იმდენს პირდება დედა ბატონებს
ძღვენს და საჩუქარს - რა გინდა რა ფერს.
დადგა და დადგა ვაშლების ზვინი,
მოაქვთ და მოაქვთ მეზობლებს ხილი;
ალუჩა, ბალი, მარწყვი და ხენდრო,
შაქრის ყინული გადაგრეხილი.
გახვეული ვარ თავით ფოჩებში,
ვარდის გამოხდილ წვიმაში ვცურავ,
ეს საბანია ასე ლამაზი
თუ ანგელოსის ფრთები მახურავს?
ებრძოდა ქარი ჭალადიდიდან
აბრიალებულ ატმების ტოტებს.
გადაულოცეს, როცა ბატონებს
დიდი მადლობით, რომ შემიცოდეს.
არ დავფიქრდები არც ერთი წამი,
ასე ჩავიცემ მე გულში დანას,
თუ ამ სინაზის და ჟრუანტელის
ერთხელ მიმღერებ ბავშვობის ნანას.
ამხანაგო და ძმაო მკითხველო,
რომ ჩემზე უფრო გსურდეს მოსმენა
ჩემი ლექსების - მე აღარა მწამს,
მაშ იქონიე, ცოტა მოთმენა...
მჯერა, გულშიაც გამკრავს წელკავი
და ლექსი თვითონ ამოდუღდება.
ხბო რომ აწვალებს რძეგამშრალ ძროხას,
პოეტს და მკითხველს ეს არ უხდება!..