წიგნი ესთერისი


1

1. იყო შემდგომად სიტყუათა ამათ დღეთა ასვირეოს დიდისა, ესე იგი არს არტაქსექს მეფე, რომელმან დაიპყრა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე ასოცდაშვიდი სოფელი.

2. მათ დღეთა შინა, რაჟამს დაჯდა საყდარსა შუშანს შინა, ქალაქსა, საყდარსა სამეუფოთა,

3. წელსა მესამესა მეფობისა მისისათა უყო სუმა ყოველთა ერთა სპარსთა და უჟიკთა მთავართა სოფლებისათა წინაშე პირსა მისსა.

4. რათა უჩვენოს მათ სიმდიდრე დიდებისა მისისა და პატივი სიქველისა სიხარულითა და შვებითა, რათა დასხდენ დედანიცა უცხოთესლნი,

5. რამეთუ ესე დღენი არიან ქორწინებისა მეფისანი და ამისა შემდგომად უჩუენა მათ სიმდიდრე სუფევისა მისისა. და ყო მეფემან სმა ყოველთათჳს, რომელნი იპოვნეს. შუშანს შინა ქალაქსა მცირითგან დიდადმდე ვიდრე შვიდ დღე ეზოსა სამეუფოსასა,

6. დარეცილი ზეზითა და ცისსხეულითა და მეწამულითა და იაკინთითა ჭრელებულითა ყვავილოვნად თჳთოფერითა და კარვები აღმართებულ საბლებითა ბისონისა და ძოწეულისათა და ტორანტოსები ვეცხლისა და სვეტები ბრინჯისა ოქროლესულითა, ტახტები ოქროჲსი და ვეცხლისა და ანთრაკ ფენილი ზედა ზმარაგდოსა ქვათა, და კაპოეტის ქვით დასაგებელნი თჳთოფერად ჭრელებულად ყვავილოვნად და გარემოს ვარდი მოფენილ

7. სმანი დღეთა მრავალთა ვიდრე ასოთხმეოც დღე და ოდეს აღესრულნეს დღენი მრავალნი სმისანი, ყო მეფემან ყოველთათჳს, რაოდენი იპოეს ქალაქსა შინა მცირითგან მდიდრამდე ექუს დღე სახლისა მის მეფისანი, ნერგოანისა შემკულისა, ბისონისა და ბარძიმებისა, ოქროჲთა თჳთოსახე ანთრაკი განწონილნი ტაკუკები წინა დაგებულნი ტალანტთა სამთა ბევრთა და ღვინო,ფრიად კეთილი და წყალი სასმელად მეფისა

8. ხოლო ქორწილი ესე არა განწესებულსა სჯულსა იყო, რამეთუ ეგრეთ ინება მეფემან ბრძანება მნებავთა, რათა ყონ ნებაჲ მისი.

9. და ვასტიანეცა დედოფალმან ყო პური დიდი სამეფოთა შინა აზნაურთა დედათა, რომელნი იყვნეს სამეფოსა არტაქსესისასა.

10. დღესა მეშჳდესა უბრძანა მეფემან მწდესა არავინ იძულებით კაცად-კაცადისა შენდობად. უბრძანა მონათა თჳსთა ამანს, და მალანს, და თარას, და გორზეს, და ტოთას, და აბატაზას, და თარბას, და გამომას, დარბოს, და აგაბ, და ზათა, და ქაიდა, და თარი, და თურაქთა - შვიდთა მათ საჭურისთა, მსახურთა მეფისა არტაქსესისათა

11. და ბრძანა შემოყვანებად ვასტიანე დედოფლისა კრებულსა მას სმისასა შარავანდითა სადედოფლოსა მისისათა. დედოფალ-ყო იგი და დაადგა მას შარავანდი, რათა უჩუენოს ყოველთა თავადთა სიკეთე მისი, რამეთუ ქმნულკეთილ იყო ფრიად.

12. და ვასტიანე დედოფალმან არა ისმინა მისი შესლვად მის წინაშე საჭურისთა მათ თანა ტაძრად, სადა-იგი იყო სუმა. ვითარცა ესმა მეფესა, რამეთუ შეურაცხ-ყო ვასტიანემ ნება მისი, შეწუხნა ფრიად.

13. ჰრქუა მეფემან ყოველთა ბრძენთა: ამას იტყოდა ვასტიანე. ამისთჳს ზრახეთ, რაჲ უყოთ ვასტიანე დედოფალსა.

14. მიუჴდეს მეფესა არკესიოს და სართეოს, და მალერ, და მუქეოზ; მთავარნი სპარსთანი და უჟიკთანი და წინაშემდგომელნი მეფისანი, რომელნი სხდეს პატივით მახლობელად მეფისა.

15. და უთხრეს მას სჯულისა მისებრ, ვითარცა-იგი ჯერ-არს, ვასტიანე დედოფალსა, რამეთუ არა ისმინა მეფისა მიერ ბრძანებული საჭურისთაგან.

16. და ჰრქუა ამუქეოზ მეფესა და მთავართა: არა თუ მხოლოდ მეფესა შესცოდა ვასტიანე დედოფალმან, არამედ ყოველთა მთავართა სპარსთასა და შერაცხილთა და უჟიკთასა. და ყოვლისა მიმართ ერისა შეცოდებაჲ განითქუა, რამეთუ შეურაცხ-ყო ბრძანებაჲ მეფისა არტაქსერისა. ესე სიტყუა-უგო ასვირეოს მეფესა

17. ეგრეთვე დღესითგან მძლავრებდეს სხუანიცა ცოლნი მთავართა სპარსთანი და უჟიკთანი, და იკადრონ მათცა.

18. უკუეთუ ჯერ-უჩნდეს უფალსა ჩუენსა მეფესა სათნოდ მისა, ბრძანენ სამეფო სჯულისა მისებრ სპარსთა და უჟიკთასა. ნუვინ აქცევნ ერთი.

19. ვითარ-იგი სიტყვა-უგო წინაშე თუალთა მისთა, რამეთუ თქვეს: ვასტიანე დედოფალმან სიტყუა-უგო მეფესა არტაქსეს შესლვად სახლსა სასმურსა მის წინაშე. ნუმცა შევალს მიერითგან დედოფალი ვასტიანე მეფისა და დედოფლობა მისი მისცეს უმჯობესსა მისსა,

20. რომელთა ისმინონ სჯული სამეუფო, რომელი უბრძანო. და პატივსცემდენ ცოლნი ქმართა თჳსთა პატივითა დიდითა გლახაკითგან ვიდრე მდიდართამდე.

21. და სათნო-უჩნდა მეფესა და ყოველთა მთავართა სიტყუაჲ ესე. და ყო, ვითარცა იტყოდა ამუქეოზ.

22. და წარავლინა ყოველთა სოფელთა და სოფლითი სოფლად სიტყჳსაებრ მისისა. და იყო წერილი წიგნსა მისსა, რომელი მიუძღვანა: მეფე დიდი ასვირეოს, მთავართა და ჴელმწიფეთა, ასოცდაშჳდთა ნათესავთა ინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე: ჰმთავრობდინ ცოლსა თჳსსა ყოველი მამაკაცი!


2

1. შემდგომად სიტყუათა ამათ დასცხრა მეფე გულისწყრომისაგან და არღარა მოეჴსენა ვასტიანე. და დაეხსოვნა მას, რაოდენს-იგი იტყოდა, და ვითარ-იგი დასაჯა. და არასადა დედოფალ-ყო ფრიად.

2. და თქვეს მსახურთა მათ მეფისათა: უძიოთ უფალსა ჩუენსა მეფესა ქალები ქალწულაები ქმნილკეთილ.

3. და დაადგინა მეფემან დაბნებისა მთავარნი ყოველსა სოფელსა სუფევისა მისისათა და გამოირჩიონ შუშანს ქალაქსა საქალოსა შინა ქალი ქმნულკეთილი. და მიეცნედ საჭურისსა მეფისასა, მცველსა დედათასა, და იღუწოდენ და მიეცემოდენ მათგან საწადელი, რომელთა განიბანნენ.

4. და დედაკაცი იგი, რომელიცა სთნდეს მეფესა, დედოფალ-ყოს იგი ვასტიანესა წილ. და სთნდა მეფესა.

5. და იყო კაცი ჰურია დამკჳდრებული შუშანს ქალაქსა და სახელი მისი მარდოქეოს, ძე იაირისა, ძისა სემეისი, ძისა კესეანისი, ტომისაგან ბენიამენისა,

6. რომელ წარტყვენილ იყო იერუსალიმით წარტყუენასა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნელისასა ჟამთა იექონია, ძისა იოსიასა, მეფისა იუდასა.

7. და იყო მისა ყრმაჲ ქალი განზრდილი, ასული ამინადაბისა, მამისა ძმისა მისისა. და სახელი მისი ესთერ. ოდეს აღესრულნეს მამა-დედანი მისნი, განსწავლა იგი და განზარდა თავისა თჳსისა ცოლად. და ზრდიდა მას მორწმუნედ, რამეთუ იყო ყრმაჲ იგი შუენიერ ხილვითა და კეთილ პირითა

8. ოდეს განისმა ბრძანება მეფისა, შეკრიბეს ქალები მრავალი შუშანს ქალაქსა, ჴელთა გოგესათა. და მოიყვანეს ესთერცა ბოგე საჭურისისა და მცველისა მის დედათასა.

9. და შეიყვანეს იგი ტაძრად მეფისა; იხილა რაჲ გოგე საჭურისმან და სთნდა იგი უფროს ყოველთა დედათა. და პოვა ესთერ მადლი და წყალობა წინაშე საჭურისისა მის. და ისწრაფდა ზედდგომად მისსა და მიცემად მას საცხებელსა განსაწმედელსა და როჭიკსა. და შვიდნი იგი ქალნი, რომელნი განჩინებულ იყვნეს მისა მეფისაგან, ჰმსახურებდენ მას კეთილად

10. და არა უჩვენა მათ ესთერ ნათესავი, არცა სოფელი, რამეთუ მარდოქეოს ამცნო მას, რათა არა უთხრას.

11. და დღითი დღე გარეუვლიდა მარდოქეოს სახლთა მათ ქალწულთასა, რაჲ-ძი შეემთხჳოს ესთერს.

12. და იყო ჟამი ქალისა შეყვანებად წინაშე მეფისა, რაჟამს აღესრულნენ თთვენი ათორმეტნი, რამეთუ ესრეთ აღასრულებდენ დღეთა მათ მსახურებისათა: ექუს თთვე სცხებდენ მუროვანსა ზეთსა და ექუს თთვე ნელსაცხებელსა განსაწმედელსა.

13. და მაშინღა მოიყვანებდიან მეფისა, რომლისათჳსცა მისცემდა შეყვანებად მას სადედოთა.

14. მიმწუხრი შევიდის და განთიად გამოიყვანიან და მიიყვანიან, სადა-იგი არს გოგე, საჭურისი მეფისა, მცველი იგი დედათა. და არღარა შევიდის მეფისა, უკუეთუ არა უწესს სახელითა.

15. და ოდეს მოიწია ჟამი შესლვისა ესთერისი მეფისად, არა უგულებელს-ყო საჭურისმან, მცველმან დედათამან, რომელ ამცნო ესთერს. რამეთუ პოვა მადლი ესთერ ყოველთაგან, რომელთა იხილიან იგი.

16. და შევიდა ესთერ წინაშე არტაქსეს მეფისა მეათორმეტესა თთვესა, რომელ არს ადარი, მეშვიდესა წელსა მეფობისა მისისასა.

17. სთნდა მეფესა ესთერ და პოვა მადლი უფროს ყოველთა მათ ქალწულთა, რამეთუ იყო იგი წარჩინებულ წინაშე მისსა.

18. და ყო მეფემან სმა ყოველთა თანა მეგობართა თჳსთა შვიდ დღე და ადამაღლა ქორწილი ესთერისი და განცხრომა ყო და ყოველთა მიანიჭა საბოძვარნი მრავალნი, ვითარცა შვენოდა დიდებულებასა მისსა.

19. და შეკრიბნა ქალწულნი და დაადგინა მარდოქე მეკარედ ეზოსა მეფისასა.

20. ხოლო ესთერ არა უთხრა მეფესა სოფელი თჳსი, ვინა არს, რამეთუ ესრეთ ამცნო მარდოქეოს, რათა ეშინოდეს ღმრთისა და ჰყოფდეს ბრძანებასა მისსა, რომელი-იგი მოსეს მიერ ამცნო ისრაჱლთა, და ესთერ არა ცვალა წესი თჳსი.

21. ხოლო შეწუხნეს ორნი საჭურისნი მეფისანი, რომელნი იყვნეს მთავარნი მჴმილავთანი ამისთჳს, რამეთუ შური დიდი ჰქონდათ მარდოქესი წარჩინებისათჳს მისისა მეფისა მიერ და ამისთჳს განიზრახეს მოკლვა მეფისა ასვირეოსისა.

22. ხოლო ცნა მარდოქე განზრახვა ესე და აუწყა ესთერს, ხოლო ესთერ მიუთხრა მეფესა განზრახვა იგი სიკუდილისა მისისა.

23. ხოლო მეფე აღივსო გულისწყრომითა და ბრძანა შეპყრობა მათ ორთავე და დამოჰკიდა იგინი ძელსა. და ბრძანა წიგნთა მოსაჴსენებელთა, ვითარმედ სარწმუნო ექმნა მეფესა მარდოქეოს.


3

1. და განადიდა მეფემან არტაქსეს ამან მაკიდონელი, ადამასი ბუგანი, და აღამაღლა იგი და დაუდგნა საყდარნი უფროს ყოველთა მეგობართა მისთა.

2. და ყოველნი თაყუანი-სცემდეს, რამეთუ მეფესა ებრძანა, რათა მოდრკებოდიან და თაყუანის-ცემდენ, რომელნი იყვნეს ქუეშე მეფობისა მისისასა ქუეყანასა ზედა, ხოლო მარდოქე არა თაყუანი-სცემდის.

3. და ეტყოდეს მარდოქეს, რასათჳს არა ისმენს მეფის ბრძანებათა და არა თაყუანი-სცემს?

4. უთხრა მარდოქემ, რამეთუ ჰურია ვარ და არა ჯერ-არს თაყუანის-ცემა ჩემდა. ხოლო მათ უთხრეს ამანს ვითარმედ მარდოქე წინააღუდგების ბრძანებასა მეფისასა.

5. ოდეს გულისხმა-ყო ამან, რამეთუ მარდოქე ჰურია არს და არა თაყუანის-სცემს, განიზრახა ფარულად

6. და მოინება აღჴოცა ყოველთა ჰურიათა ერთსა დღესა, რომელნი იყვნეს სამეფოსა ქუეშე. და შეაშურა რისხვით და განწითნა პირი მისი და განიმრუდა თუალნი და ჴელნი შეიტყველნა და იტყოდა: მარდოქე და ნათესავი მისი მე წარვწყმიდო.

7. და ყო წელსა მეათორმეტესა მეფობასა არტაქსესისასა და წილს-აგებდა დღითი დღე და თთჳთ თთვე, რათა წარსწყმიდოს ტომი მარდოქესი და ისრაილი. და განჰჴდა წილი მეათოთხმეტესა თთვესა მის ადარისასა, რომელ არს იგრიკისა.

8. და ეტყოდა ამან მეფესა არტაქსექს მარდოქესთჳს და ისრაილთათჳს და თქუა: არს ერთი ნათესავი განთესული ყოველთა შორის სამეფოთა შენთა - ერი მბრძოლი და ურჩი. ხოლო სჯულნი მათნი უცხო არიან სხვათა ნათესავთასა და სჯულსა შენსა, მეფე, არა ისმენენ და არცა ერჩიან, რაჲ-იგი იგი შენ უბრძანე მათ, შეურაცხ-ჰყოფენ სჯულსა და ბრძანებასა სპარსთა, უჟიკთასა საჴსენებელად დიდებისა შენისა, მეფე, გაუწყებთ შენ, ყოველთა შორის თესლთა არა შეჰგავს მეფესა დატევება მათი

9. აწ, უკუეთუ ჯერ-უჩნდეს უფალსა ჩუენსა და კეთილ არს სასჯელი ესე გულსა მისსა, ბრძანენ მეფემან წარწყმედა მათი და მომეც მე ნათესავი იგი წარწყმედად. და მე დავსწერო ფასისსაცავსა მეფისათჳს ჩემი ვეცხლი ბევრი ტალანტი.

10. და წარიჴადა მეფემან ბეჭედი თჳსი ჴელთაგან თჳსთა და მისცა ამანს და ჰრქუა: მიწერდი ყოველსა სოფელსა და ქალაქებსა. და დაბეჭდევდი ბეჭდითა ჩემითა წერილთა ჰურიათათჳს, რამეთუ არავინ არს გარე-მიმაქცეველ ბეჭდისა მაგის.

11. და ჰრქუა მეფემან ამანს: ვეცხლი შენი შენდა გეყავნ, ხოლო ნათესავი იგი იჴმიე, ვითარცა სათნო არს შენდა. და გამოვიდა ამან მეფისაგან და შევიდა კერპთა თჳსთა თანა, რათა უწყოდის დღე სიკუდილისა მათისა. და განაგდო წილი მეათსამეტესა თთჳსასა მოწყვედად ყოველთა ჰურიათა წულით ვიდრე ქალადმდე და მოტაცებად მწოვართა ჩჩჳლთა ყრმათა

12. ამისსა შემდგომად იწოდნეს მწიგნობარნი მეფისანი თთვესა მას პირველსა, მეათსამეტესა მის თთჳსასა, და მისწერეს, ვითარ-იგი უბრძანა ამან მეფისა მიერ ერისთავთა და მთავართა ყოველსა სოფელსა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპამდე, ასოცდაშჳდსა მას სოფელსა მათ სიტყჳსაებრ ასვირეოსის მეფის მიერ

13. და წარუძღვანეს წიგნები იგი ჴელითა მალედმსრბოლთაგან არტაქსექსისა სამეფოსა განრყვნად ყოველი ნათესავი ჰურიათა მეათოთხმეტესა თთვესა ადარისასა, რომელ არს იგრიკა, და იავარის-ყოფად ნაყოფთა მათთა.

14. ხოლო მიწერილი წიგნისა ესე არს: ყოველი ქალაქი და ყოველი ადგილი მზა იყვნენ დღისა მისთჳს.

15. და შეშფოთნეს ყოველნი შუშანს ქალაქსა შინა, ხოლო მეფე და ამან განეწყობოდეს, და შეიძრა იგი.


4

1. ხოლო მარდოქე ვითარ გულისხმა-ყო აღსასრული ესე, შევიდა სახლსა შინა თჳსსა და დაიპო სამოსელი თჳსი, და შეიმოსა ძაძა და გარდაისხა ნაცარი და გამოვარდა უბანთა ქალაქისათა, ღაღადებდა და იტყოდა: აღიჴოცების ნათესავი შეუცოდებელი!

2. და მოვიდა ვიდრე მეფისამდე და დადგა ბჭეთა წინაშე, რამეთუ არა ჯერ-იყო შესლვად მისი ძაძაშემოსილისა და ნაცარგარდასხმულისა.

3. და ყოველსა სოფელსა და ადგილსა, ვიდრეცა მიაქუნდა ბრძანება იგი მეფისა, იყო ღაღადება, ტყება და გლოვა დიდი ჰურიათა. იმარხვიდეს და ნაცარსსა ირეცდეს ძაძამორტყმულნი.

4. შევიდეს შიმუნვარნი და საჭურისნი დედოფლისანი და უთხრეს ესთერს. და შეძრწუნდა ესთერ, იკითხა და მიავლინა შემოსად მარდოქესა. და განსძარცვა მას ძაძა, ხოლო მან არა ინება.

5. ხოლო ესთერ მოუწოდა არქათენს, საჭურისსა თჳსსა, რომელი მის წინაშე დგა, და მიავლინა კითხვად მისა ჭეშმარიტად, რაჲ-ძი არს მიზეზი იგი მწუხარებისა.

6. და განვიდა არქათენ მარდოქეს თანა პალატით ქალაქისად, რომელი იყო პირისპირ ბჭისა მის მეფისათა.

7. ხოლო მარდოქე უთხრა მას ჭეშმარიტად საქმე იგი და აღთქუმა იგი, რომელი აღუთქუა ამან მეფესა საფასე ბევრი ქანქარისა, რათა წარწყმიდნეს ჰურიანი,

8. და პაჭენისნი წიგნისა მის შუშანს შინა განმარტნეს წარწყმედისა მათისათჳს. და მისცა მას სიტყუაჲ ესე, რათა აუწყოს ესთერს, და აწყინებდა თავსა, რათა შევიდეს მეფისა და ევედროს ერისა თჳსისათჳს.

9. და შევიდა არქათენ და უთხრა ესთერს ყოველივე ესე სიტყუაჲ და ძვირი იგი ნათესავისა მისისა.

10. და ჰრქუა ესთერ არქათენს: მივედ და უთხარ მარდოქეს:

11. ნათესავთა ყოველთა სამეფოთა უწყიან და შენ ყოველი იცი, რამეთუ ყოველივე მამაკაცი, გინა დედაკაცი, რომელი შევიდეს უწოდებელას მეფისა ეზოსა შინაგან, არა არს მისი ცხოვრება, გარდა თუ მიუპყრას მას მეფემან ოქროჲსა კვერთხი, ესე ხოლო ცხონდეს და მე არა ვწოდებულვარ შესლვად მეფისა, აჰა, არიან დღენი ესე ოცდაათ. და ვითარ შევიდე უწოდებელად და მოვჰკუდე

12. და უთხრა არქათენ ყოველნი ყსყ სიტყუანი ესთერისნი მარდოქეს.

13. და ჰრქუა მარდოქე არქათენს: მივედ და არქუ მას: ესთერ, ნუთუ სთქუა გულსა შენსა, ვითარმედ განვერე მე მარტო დედოფლობით უმეტეს, ყოველთა ჰურიათა?

14. უკუეთუ არა ისმინო ჟამსა ამას და უკუეთუ უგულებელს-ჰყო ნათესავი ესე, ვითარცა არა შეეწიო და სხვით, კერძო იყოსვე შეწევნა ჰურიათათჳს და საფარველი ცხორებისა, ხოლო შენ და სახლი მამისა შენისა წარსწყმდეთ, ხოლო ვინ უწყის, ნუუკუე ამისა ჟამისათჳს დედოფალ იქმენ?

15. და მიავლინა მოციქული იგი, რომელი მოსრულ იყო მისსა, ვითარმედ არქუ მარდოქეს:

16. წარვედ და შეჰკრიბენ ჰურიანი, რომელნი არიან შუშანს შინა ქალაქსა და იმარხევდით ჩუენთჳს. ნუ სჭამთ პურს, ნუცა სუამთ რასა სამ დღე და ღამე და ევედრებოდით ღმერთსა, ყოვლითა გულითა იმარხვიდეთ. და მაშინ შევიდე მეფისა თჳნიერ სჯულისა, დაღათუ იყოს წარწყმედა ერისათჳს ისრაჱლისა

17. და წარვიდა მარდოქე და ყო ეგრე, ვითარცა ჰრქუა მას ესთერ.


5

1. და დღესა მესამესა, შემკული სამოსლითა დიდებისა თჳსისათა, ესთერ შევიდა მეფესა და დადგა ქორისა მის, სადა პირისპირ იყო ტაძარსა მეფისასა, და იგი ჯდა საყდართა ზედა დიდებულთა თანა მისთა.

2. ვითარცა იხილა მეფემან ესთერ მდგომარე, განიხარა და შეუყვარდა ფრიად, და აღიღო კვერთხი მისი ოქროჲსი, რომელი აქუნდა ჴელთა და განმარტა კვერთხი მისი. და ესთერ ამბორს-უყო კვერთხისა წვერსა ზედა.

3. და ჰრქუა მეფემან: დედოფალო ესთერ, რაჲ არს თხოვა შენი, მითხარ მე და მიგცე შენ ვიდრე ზოგადმდე სამეფოსა ჩემისა.

4. მიუგო ესთერ მეფესა და ჰრქუა: დღე არს ჩემი პატიოსანი. უკუეთუ ჯერ-უჩნდეს მეფესა, მოვედინ იგი ამან, მეგობარი შენი, სმასა მას, რომელი მეგულვების მე ხვალე ყოფად.

5. და ჰრქუა მეფემან: ყავ ნებისაებრ შენისა! და მერმე თქუა: აუწყეთ ამანს, რათა ვყოთ სიტყუაჲ ესთერისა და უთხრეს ამანს ამის სიტყჳსაებრ და დაუკვირდა მას. და მივიდეს ორნივე სმასა მას, ვითარცა-იგი თქუა ესთერ.

6. ვითარცა დაეგნეს პირსა სმასა ზედა, ჰრქუა მას მეფემან: რაჲ არს, დედოფალო ესთერ? და ვყო სიტყვა შენი ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. და გეყოს შენ, რომლისათჳსცა მევედრები.

7. და თქვა ესთერ: თხოვა ჩემი და ვედრება ჩემი ესე არს:

8. უკუეთუ ვპოე მადლი წინაშე მეფისა, და უკუეთუ ჯერ-უჩნს უფალსა ჩემსა, რათა სჭამო პური ჩემი შენ და ამან, მეგობარმან შენმან, ჩემ თანა ხვალე, რომელ გიყო თქუენ სმა. და თქვა მეფემან: ყავ, რაჲცა გნებავს. და უთხრეს ესე ამანს. და მეფე შევიდა და განისუენა.

9. და გამოვიდა ამან მეფისაგან განმხიარულებული სიხარულითა ფრიად. და ოთხასი კაცი მის თანა იმიერ და ამიერ, ხოლო ვითარცა იხილა ამან მარდოქე ჰურია ეზოსა მეფისასა, განრისხნა ფრიად.

10. და შევიდა სახლსა თჳსსა და შეკრიბნა მეგობარნი მისნი და ზოსარა, ცოლი თჳსი, და ათნი ძენი მისნი:

11. და უჩვენა მათ სიმდიდრე მისი და დიდებაჲ იგი, რომელი მეფემან დაადგა მას პატივი. და ვითარ ყო იგი უფროს ყოველთა და წინამძღვარ სამეფოსა ზედა მისსა.

12. იქადოდა და იტყოდა, ვითარმედ: არავის ხადა დედოფალმან დღესა შვებისა მისისასა, გარნა მეფესა და მე ხოლო. და ხვალისაცა ჩინებულ ვარ.

13. ესე ხოლო არა მთნავს მე და მწუხარე ვარ, რაჟამს ვიხილი მარდოქე ჰურია ეზოსა შინა მეფისასა და არა თაყვანი-მცის.

14. ჰრქუა მას ზოსარა, ცოლმან მისმან, და მეგობართა მისთა: უკუეთუ ნათესავისაგან ჰურიათასა არს, მოგიტევა შენ მეფემან მოწყვეტად ყოველნი ჰურიანი. და მოგცეს შენ ღმერთთა შურის-გებად მათა. მოკვეთად-ეც ხე ერგასის წყრთა, და დაიდევინ, განთიად არქუ მეფესა და დამოჰკიდე მას მარდოქე. და მაშინ შევედ მეფეს თანა პურად და მის თანა იხარებდ. და სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე ამანს, და ყო ეგრე, და მზა-ყვეს ძელი იგი და დადვეს სახლსა ამანისასა.


6

1. ხოლო ძლიერმან ღმერთმან მიაქცია ბოროტი ამანის თავსავე მისსა და განაშორა ძილი მეფისაგან მას ღამესა და ეღვიძა. და ჰრქუა მოსაჴსენებელთმწერალსა მისსა შემოღებად წიგნები მოსაჴსენებელი დღეთა, რათა იკითხვიდეს მათ; და მოუწოდეს წიგნისმკითხველსა და მწიგნობართა და მოიღეს წიგნები

2. და აღმოიღო წიგნი იგი მარდოქესთჳს დაწერილი მეფისათჳს სპარსთასა და უჟიკთა და უკითხვიდა მეფესა დაწერილსა მას მარდოქესთჳს, ვითარ-იგი უთხრა მეფესა ორთა მათ საჭურისთათჳს, რომელნი სცვიდეს მას. ეგულვებოდათ დასხმად ჴელთა არტაქსექს მეფისა ზედა და მოკლვად მისა, და რომელი ქმნა მარდოქე ქველისსაქმე და განარინა მეფე, და დაიდვა იგი გონებასა

3. და თქუა მეფემან: რაჲ მადლი და დიდებაჲ მიმიცემიეს მარდოქესთჳს? ჰრქვეს მსახურთა მეფისათა: არარა, არცა ერთი, რომლისა მიერ იხილე სარწმუნო-ყოფა შენდა, ვითარ-იგი იზრუნა შენთჳს. და მოიწია განთიადი

4. თქუა მეფემან: ვინ არს ეზოსა? ხოლო ამან მოსრულ იყო ბრძანების მოღებად მეფისაგან, რათა დამოჰკიდოს მარდოქე ძელსა მას, რომელი განმზადა.

5. ჰრქვეს მსახურთა მეფესა:

6. ამან აქა არს გარემდგომარე და ჰრქუა მეფემან: შემოუწოდეთ! და ჰრქუა მეფემან ამანს: რაჲ უყო მე კაცსა, რომლისა მნებავს დიდ-ყოფა მისი? განიზრახა ამან გულსა თჳსსა, -- ვისიმე ჰნებავს მეფესა განდიდება, არა თუ ჩემი?

7. მიუგო ამან: კაცი, რომლისა ჰნებავს მეფესა განდიდება...

8. მოიღონ სამოსელი სამეფო და საჴედარი, რომელსა მეფე აღჯდებოდეს, და მისცენ კაცსა მეფისა საყვარელსა, დიდებულსა მას.

9. და შეჰმოსონ სამოსელი იგი კაცსა მას, რომელი შეიყვანა მეფემან და აღსვან იგი საჴედარსა სამეფოსა და ქადაგი იზახდეს უბანთა შორის ქალაქისათა და იტყოდეს: ესრეთმცა არნ ყოველი კაცი, რომელი იყოს მეფისათჳს ერთგული და პატივის-მცემელი და უნდეს მეფესა დიდ-ყოფა მისი

10. და ჰრქუა მეფემან ამანს: კეთილ არს სიტყვა ეგე, ადრე ყავ, რბიოდე! და მოიბ ცხენი და სამოსელი, ვითარცა სთქუ, ყავ ეგრეთ. მარდოქე ჰურია, რომელი არს ეზოსა მეფისა შენისასა, ნუმცა რაჲ დავარდების სიტყუათა შენთაგანი, რომელსა იტყოდე ჩემ წინაშე. ვითარცა გულისხმა-ყო ამან, რამეთუ არა იგი არს, რომელი-იგი დიდებულ-ყო ფრიად, არამედ მარდოქე, შეიშთო გული მისი

11. და მოიღო ამან სამოსელი იგი და ცხენი სირცხჳლეულმან და ჰრქუა მარდოქეს: განიძარცვე ძაძა შენი. ხოლო მარდოქე შეძრწუნდა, ვითარცა მოსიკუდიდი, და ჰრქუა: ჵ უკეთურო! გვეკიცხვა ჩვენთა ბოროტთა ზედა. და განსძარცვა ძაძა იგი ძალით და შეჰმოსა მას სამოსელი დიდებისა. ხოლო მარდოქეს ეგონა, ვითარმედ სასწაულსა რასამე ჰხედავს. და გული მისი იყო ღმრთისა თანა. ხოლო შეძრწუნებულ იყო ფრიად, განკჳრვებულ იყო უზომოდ. და ისწრაფა ამან აღსმად მისა ცხენსა და გამოვიდა და წინაუძღოდა მას. და ქადაგებდა უბანთა ქალაქისათა და იტყოდა: ესრეთ ეყოს ყოველსა კაცსა, რომელმან მეფესა პატივ-სცეს, რომლისა უნდეს მეფესა დიდებად

12. ხოლო ამან თავდაკიდებული წარვიდა თჳსთა მისთა თანა მწუხარე. და მარდოქე მოიქცა ეზოდ მეფისა და აკურთხევდა ღმერთსა.

13. და უთხრა ამან ზოსარას, ცოლსა თჳსსა, და მეგობართა ყოველი ესე, რაჲცა შეემთხჳა მას. და ჰრქუეს ამანს ცოლმან თჳსმან და მეგობართა თჳსთა (ვინათგან იტყოდე მათთჳს ბოროტსა, ბოროტიცა წინაწარგიძღვა შენ. დუმენ აწ უკუე, ნუ იტყჳ მათთჳს ბოროტსა); უკუეთუ ნათესავისაგან ჰურიათასა არს მარდოქე, და იწყე დამდაბლებად წინაშე მათსა. დაცემით ეც, და ვერ ერეოდე მათ, რამეთუ უფალი ღმერთი ცხოველი არს მათ ზედა და სძულს ამპარტავანება

14. და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოიწივნეს ორნი საჭურისნი და ასწრაფებდეს ამანს მისლვად სმასა მას, რომელი მზა-ეყო ესთერს. და ესთერ გულდებულ იქმნა და განმხიარულდა.


7

1. წარვიდა და ინაჴ-იდგა ჟამსა მეფისა და ესთერს თანა, ვითარცა მოვიდოდა. და იყო სუმა.

2. და ჰრქუა მეფემან ესთერს მეორესაცა დღესა მის სუმისასა: რაჲ არს, ესთერ დედოფალო, ურვა შენი? ანუ რაჲ არს თხოვა შენი? ანუ რასათჳს არს ვედრება შენი? და გეყოს შენ ვიდრე ზოგადმდე სამეფოსა ჩემისა. ხოლო ესთერ ღვაწლსა შინა იყო და ვერ იკადრებდა თხრობად, რამეთუ მოსაჯული მისი წინაშე თუალთა მისთა იყო. და ღმერთმან მისცა მას კადნიერება ვედრებით, რომელი-იგი ხადოდა მას

3. მიუგო და ჰრქუა მეფესა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე მეფისა. და უკუეთუ ჯერ-უჩნდეს, კეთილ არს სასჯელი ესე გულსა მისსა, მოემადლენ სული ჩემი სისხლთა, და სიტყუაჲ ჩემი ვედრებასა, და ერი ჩემი თხოვასა ჩემსა, და ნათესავი ჩემი ცხორებასა ჩემსა,

4. რამეთუ განვიფრდენით მე და ერი ჩემი წარწყმედულად. და ჩჩჳლნი მათნი აღსაჭრელად და ჭაბუკნი მათნი მონებად და ცოლნი მათნი მჴევლებად. და ვერ ვიკადრე თხრობად, რათა არა შევაწუხო უფალი ჩემი მეფე და არა ვისმინე, რამეთუ იქმნა განვრდომილ ბოროტისმყოფელი ჩემი, რამეთუ არა ღირს არს მსმენელი ეზოსა მეფისასა

5. და განრისხნა მეფე და თქუა: ვინ არს, რომელმან იკადრა საქმე ეგე ყოფად და აღდგა დამდაბლებად, ვითარმცა თანაწარჴდა შიშსა შენსა?

6. და თქუა ესთერ: კაცმან მტერმან ამან, მეგობარმან შენმან, მტყუარმან და უკეთურმან მაგან. ხოლო ამან შეძრწუნებულ იყო სიტყუათა მათ ზედა მეფისა და დედოფლისათა. და გული განუწყრა მეფესა.

7. და ზე ახლდნა სმისაგან, განვიდა მტილად. ხოლო ამანს შეეშინა და შეუვრდა ფერჴთა დედოფლისათა. და დავარდა ცხედარსა მისსა ზედა. და ევედრებთდა დედოფალსა, რამეთუ ჰხედვიდა თავსა თჳსსა ბოროტსა შინა.

8. ხოლო მეფემან მოაქცია მიერ მტილით სასმურადვე და იხილა ამან ცხედარსა ზედა დავრდომილი და ევედრებოდა დედოფალსა. ჰრქუა მეფემან: ვერ კმა-გეყოა შენ შეცოდება მეფისა, არამედ ცოლსაცა ჩემსა ჰმძლავრებ ჩემ წინაშე სახლსა შინა ჩემსა? ამანს რაჲ ესმა ესე; ჰრცხვენა პირსა წინაშე

9. და თქუა ბუგათან, ერთმან მონათგანმან მისმან, საჭურისმან: აჰა, ძელი ეზოსა შინა მისსა, რომელი მომზადა ამან ერგასის წყრთა, რამეთუ მოეკვეთა იგი, რათა აღაგოს მარდოქე, რომელი იტყოდა მეფისათჳს კეთილსა. და თქუა მეფემან: დამოჰკიდეთ იგი მას!

10. და მოაბეს ამან მასვე ძელსა, რომელიცა მზა-ეყო მარდოქესთჳს. და მიაქცია ღმერთმან ზრახვა მისი მისავე და სახლსა ზედა მისსა. და წარიჴადა მეფემან ბეჭედი თჳსი ჴელისაგან მისისა და დაბეჭდეს ყოველსა საცხორებელსა ამანისასა. და მაშინ დასცხრა მეფე გულისწყრომისა მისისაგან.


8

1. მას დღესა შინა მიანიჭა ასვირეოს მეფემან ესთერს, რაოდენი მიენიჭა ამანისთჳს, და ყოველი მონაგები ამანისი. და ჰრქუა მეფემან ესთერს და მარდოქეს: რომელმან განმარინე მე ჴელთაგან მათ საჭურისთასა, და მისი ეზრახა წარწყმედა და არა იცოდა, რამეთუ მამა ჩემი არს. და მოუწოდა მარდოქეს მეფემან, რამეთუ უთხრა ესთერ მეფესა, ვითარმედ თჳსი მისი არს

2. და მოიღო ბეჭედი მეფემან იგი, რომელი მიეღო ამანს, და მისცა იგი მარდოქეს. და დაადგინა ესთერ მარდოქე ყოველსა ზედა ხვასტაგსა ამანისასა.

3. ხოლო მეფემან მოიყვანა მარდოქე. და დაადგინა ყოველსა ეზოსა თჳსსა. ხოლო ესთერ და მარდოქე ეტყოდეს მეფესა და შეუვრდეს ფერჴთა. და ევედრებოდეს, რათა მოისპოს ბოროტი იგი ამანისი და რაოდენი-იგი უყო ჰურიათა.

4. და განირთხა მეფემან კვერთხი იგი და ოქროჲსა ქედსა ზედა ესთერისასა. და აღდგა ესთერ და წარდგა წინაშე მეფისა და ითხოა მისგან.

5. და თქუა ესთერ: უკუეთუ ჯერ-უჩნდეს მეფესა და უკუეთუ ვპოე მადლი წინაშე შენსა, მიავლინე და მოაქციე როარტაგები, რომელი წარსცა ამან დაწერილი წარწყმედისათჳს ჰურიათასა, რომელნი არიან სამეფოსა შენსა,

6. ვითარმედ უკუე ვიხილო ძჳრი ერისა ჩემისა და ვითარ ძალ-მედვას. ცხორებად წარწყმედისა მამულისა ჩემისა?

7. და ჰრქუა მეფემან ესთერს: უკუეთუ ყოველივე მონაგები ამანისა მიგანიჭე თქუენ და იგი აღვაბი ძელსა, რამეთუ ჴელნი მისნი განყვნა ჰურიათა ზედა (რაღასა ეძიებთ?)

8. მისწერეთ თქუენცა სახელითა ჩემითა, ვითარცა გნებავსთ, დაბეჭდეთ ბეჭდითა ჩემითა, და არარა არს მათი სიტყჳს-გება.

9. და მოუწოდეს მწიგნობარსა პირველსა მას თთვესა ნისანსა, რომელ არს ვარდობისა, ოცდასამსა მის თთჳსასა და მიუწერეს ჰურიათა, რაოდენი უბრძანა მეფემან მნეთა და მთავართა სოფლებისათა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპამდე, ასოცდაშვიდთა მათ სამთავროთა სოფლად და სოფლად მათისაებრ ენად-ენადისა

10. და დაიწერა ბრძანებითა მეფისათა და დაბეჭდეს ბეჭდითა მისითა და მიუძღვანეს წიგნები იგი მალემსრბოლთაგან, რამეთუ იდგნენ ჰურიანი მტკიცედ და უბიწოდ

11. ყოფად სჯულითა მათითა. და შეეწიენით მათ და იჴმიენით წინა-აღმდგომნი მათნი და მბრძოლნი, ვითარცა მათ უნდეს, ერთსა შინა დღესა ყოველსა სამეფოსა ასვირეოს მეფისასა.

12. მეათსამეტესა დღესა თთჳსა მის მეათერთმეტისასა, თთვესა ადარსა, რომელ არს იგრიკა, დაწერეს ქუემოდაწესებული იგი წიგნი, რომლისა სახე ესე არს.

13. და ესე წიგნები მიმოედევინ თუალთა აღხილულად წინაშე ყოველთა ადგილთა სამეფოთა. და განმზადებულ იყუნედ ყოველნი ჰურიანი ამის დღისა ბრძოლისად მათდა, რომელნი-იგი წინააღუდგეს მათ ბრძოლად.

14. და მივლინებულნი იგი მიიწივნეს სწრაფად, რომელნიცა მეფისა მიერ განწესებულ იყვნეს, ეგრეთვე მსგავსად შუშანსაცა შინა მიმოსდვეს ბრძანება ესე.

15. ხოლო აღმჴედრებულნი იგი განვიდეს მსწრაფლ მეფისა ბრძანებასა აღსრულებად. და მარდოქე გამოვიდა სამეუფოთა შემოსილი სამოსლითა ძოწეულითა და გვირგვინი ოქროსი თავსა მისსა. ვითარცა იხილეს იგი რომელნი იყვნეს შუშანს შინა, განიხარეს ჰურიათა.

16. და იყო ნათელ დიდ და მხიარულება ქალაქებსა და დაბნებსა,

17. ვიდრეცა მიეცა ბრძანება იგი, იყო სიხარულ და სუმა და განცხრომა ჰურიათა. და მრავალნი წარმართთაგანნი წინადაიცვეთდეს და ჰურია იქმნებოდეს. და არავინ წინაღუდგებოდა მათ, რამეთუ ეშინოდათ ჰებრაელთაგან.


9

1. მეათერთმეტესა თთვესა, ათსამეტსა ადარისასა, რომელ არს იგრიკა, მიიწია წიგნები იგი მიწერილი მეფისაგან: მას დღესა შინა წარწყმდენ მტერნი ჰურიათანი.

2. და ყოვლისა ქალაქებისაგან და სოფლებისაგან შეკრბენ ყოველნი ჰურიანი შურის-ძიებად მტერთა მათ თჳსთა და წინააღდგომად. და არავის ძალ-ედვა დაყენებად მათდა ამისთჳს, რამეთუ ეშინოდათ ყოველთა ერთა ჰურიათა სიმრავლისაგან.

3. ამისთჳსცა ყოველნი მსაჯულნი და სპასპეტნი და მთავარნი სათნოეყვნეს ჰურიათა, რამეთუ იცოდენ დიდებაჲ მარდოქესი, ეშინოდათ მისგან, რამეთუ მეფისა პალატისა მთავარი იყო და პატივსა უყოფდეს მისთჳს.

4. ..და აქებდენ სახელსა მარდოქესასა ყოველთა დღეთა და აღემატებოდა და ყოველთა ენა მეტყუელებდა...

5. ამისთჳსცა ჰურიათა ჰგუემეს და მოსრეს მტერნი თჳსნი, ვინათგანრაჲ უნდოდათ მტერთა მათთა მათთჳს.

6. და ამისა შემდგომად მოსრეს ჰურიათა შუშანს ქალაქსა მბრძოლთაგანი ხუთასი კაცი.

7. ფარასან და ნესტაინ, და დელფონ, და ფაგაფარ,

8. ნანაფარ, ათაბარას, და საბაქარ, და მარმასემ,

9. რუფეონ, არსეონ, და ზაბუფუთან,

10. ძენი ამანისნი, ძისა ამადოთელისა, ძისა ბარდაიასა, მტერნი ჰურიათანი, მოსწყჳდნეს.

11. და იავარ-ყვეს ყოველი ნაყოფი მათი მას დღესა შინა. მიეცა რიცხჳ მეფესა წარწყმედისა მათისა შუშანს ქალაქსა შინა.

12. მაშინ ჰრქუა მეფემან ესთერს: მოსწყჳდეს ჰურიათა შუშანს შინა ხუთასი კაცი, ხოლო გარეთ სოფელთა, რაოდენთა ვჰგონებ, რაოდენი მოსრნეს. აწ რაღასა მევედრები და გიყო შენ?

13. და ჰრქუა ესთერ მეფესა: მიეცნედ ჰურიათა გუამნი იგი ძეთა ამანისათა, რათა დამოჰკიდონ ძელსა ვიდრე მზისდასლვადმდე მსგავსად სჯულისა მათისა.

14. და უბრძანა ეგრე ყოფად მეფემან. და მისცნეს გვამნი იგი და დამოჰკიდეს ბჭეთა ზედა შუშანისა მზისა დასლვადმდე.

15. და შეკრბეს ჰურიანი შუშანს ქალაქსა მეათორმეტესა ადარისასა. მოსრეს ჰურიათა სამასი კაცი და იავარ არარაჲ ყვეს.

16. სხვათა მათ ებრაელთა, რომელნი იყვნეს სამეფოსა მისსა ქუეშე. თავთა თჳსთა შეეწეოდეს და მოსრნეს მტერნი მათნი შვიდი ათასი კაცი და ასი.

17. მეათოთხმეტესა ადარისასა, და განისუენოს მისვე თთჳსა მეათოთხმეტესა და განაწესეს დღე იგი დღესასწაულად სიხარულად და მხიარულებად.

18. და ყოველნი ჰურიანი, რომელნი იყვნეს ასოცდაშვიდთა სამთავროთა და შუშანს შინა, და ყვეს დღესასწაული მეათხუთმეტესაცა მისვე თთვისასა.

19. და უძღუნობდენ ძღუენსა კაცად-კაცადი მოყუასსა თჳსსა, რომელნი იყვნეს დაბნებსა, და რომელნი მკჳდრ იყვნეს დედაქალაქსა, და სადა ვინ დაკლებულ იყვნეს, და ჰყოფდესვე მას დღესასწაულად ვიდრე დღეინდელად დღედმდე და მიმდემ.

20. და დაწერა მარდოქე სიტყუანი ესე წიგნსა საჴსენებელსა და მიუძღვანეს ყოველთა ჰურიათა, რომელნი იყვნეს სამეუფოსა ასვირეოს მეფისასა, რომელი არს არტაქსექს, რომელნი იყვნეს შორს და რომელნი იყვნეს მახლობელ,

21. დაწესებად წესნი ესე საგალობელად, სიხარულად, გოდებისა წილ და გლოვისა ყოფად მეათოთხმეტე და მეათხუთმეტე დღე თთჳსა მის ადარისა.

22. დღესასწაულად უფლისა, რამეთუ ამათ დღეთა შინა განისუენეს მტერთაგან მათთა. და თთვესა, რომელსა მიწერა ადარსა, რომელ არს იგრიკა, და უბრძანა ყოვლად ყოფა კეთილისა - დღედ ქორწილთა და სიხარულისა, რომელთა უძღუნობდეს ძღვენსა მეგობართა და გლახაკთა.

23. და შეიწყნარეს ჰურიათა, ვითარცა-იგი მიწერა მათ მარდოქე.

24. ვითარ-იგი ამან ამადათისი მაკედონელი ჰბრძოდა მათ და მოსცა რიცხვი და წილი განრყუნად მათდა.

25. ვითარ-იგი შევიდა მეფისა გამოთხოვად მარდოქესა, რათა აღაბას ძელსა და რაოდენს ჴელი შეჰყო ჰურიათა ზედა მოწევნად ბოროტისა, და ვითარ-იგი მიაქცია ღმერთმან მის ზედავე. და დამოჰკიდეს ძელსა იგი და შვილნი მისნი.

26. ამისთჳს ეწოდა დღეთა ამათ ფრურენ წელთათჳს, რამეთუ სიტყჳთა მათითა ნაწილთა ფრურე ჰრქვიან, სიტყუათა მათთჳს ამის წიგნისათა, რაოდენი ევნო ამისგან, და რაოდენი შეემთხვია მათ.

27. და ვითარ-იგი მოელოდეს ჰურიანი მოსრვასა მათ ზედა ნათესავისა მათისასა გამოსრულისა მის ბრძანებისა მათისათჳს. ამის გამო იყვნენ მათა.

28. დღენი ესე დღესასწაული თთვესა ადარისა, თოთხმეტსა მისვე თთჳსასა, კრებითა და სიხარულითა და მხიარულებითა ღმრთისაჲთა თესლითი თესლად ერსა შორის მისსა ისრაჱლისასა ჴსენებულად. საუკუნოდ აღესრულებოდენ თესლითი თესლამდე ქალაქსა შინა, სოფლებსა და დაბნებსა, და იმარხონ ყოველთა ჟამთა და ჴსენება მათი არა მოაკლდეს ნათესავისაგან მათის

29. და დაწერეს ესთერ დედოფალმან, ასულმან აბიაილისამან. და მარდოქე ჰურიამან წიგნი მეორე: ფრურე დიდი დღესასაწული არს.

30. დაწერილი იგი წარსცეს ყოველთა ჰურიათა ასოცდაშჳდთა სოფელთა ასჳრეოს მეფისათა, რამეთუ მშჳდობა არს.

31. და ესე დღე იპყრეს დღესასწაულად - დღედ მხიარულებისა. მარდოქე და ესთერ დედოფალმან დაამტკიცეს თავისა თჳსისა, რათა ყოველთა ჰურიათა იმარხონ დღე იგი სრულიად მარხვით და დაღადებით, რომელ არს ფრურე აღწერილი.

32. და ყოველივე აღწერილ არიან წიგნსა მას შინა, რომელ არს ესთერისა.


10

1. და დაწერა მეფემანცა ასჳრეოს დასასრული ქუეყანისა და ჭალაკთა ზღჳსათა ჴელმწიფებისაებრ მისისა.

2. სიმდიდრე სუფევისა მისისა და სიმჴნე ბრძოლათა მისთა... და მარდოქეოსთჳს და ორთა მათ საჭურისთა და ამანისთჳს ძჳრისმზრახველისა ჰურიათასა და ესთერისთჳს, და ვითარ-იგი იდიდა მარდოქე. ესე ყოველი წერილ არს წიგნსა სპარსთა და უჟიკთასა, წიგნისსამარხავთა შინა შუშანს, ქალაქსა სამეუფოსა სპარსთა და უჟიკთასა, ასოცდაშვიდთა სოფელთა მისთასა

3. ხოლო მარდოქე იპყრობდა ასჳრეოს მეფესა სპარსთა და უჟიკთასა, რომელ არს არტაქსექს. და იყო იგი წინაშე სპარსთა და უჟიკთა მეფობასა ასჳრეოსისასა და საყვარელ ყოველთა.

4. და წინამძღვარ ჰურიათა და დიდებასა ყოველთა ნათესავთა მისთა მოატყუებდა.

5. და თქუა მარდოქე: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რამეთუ მის მიერ არს ესე ყოველი,

6. რამეთუ მომეჴსენა მე ჩვენებისა მის, რომელი ვიხილე, სიტყვათა ამათთჳს. და არა დააკლდა მათგანი სიტყვა ერთიცა,

7. რამეთუ მცირე იგი წყარო, რომელი იქმნა მდინარე დიდ - ესთერ, რომელი შეირთო მეფემან. ხოლო ჴმანი იგი შფოთნი და ქუხილნი და ძრვანი და შეძრწუნებულნი ქუეყანასა ზედა წარმართთანი იგი არიან, რომელნი შეკრებილ იყვნეს ჩუენ ზედა წარწყმედად ჩუენდა. ხოლო ნათელი, რომელი გამობრწყინდა ჩუენ ზედა, და მდაბალთა შთანთქნეს დიდებულნი. სასჯელი ღმრთისაჲ არს, რომელი მიყო ჩუენ საუკუნემან, ოდეს-იგი შეკრბეს ჩუენ ზედა წარწყმედად სახელისა ჩუენისა წარმართნი. ხოლო ნათესავი ჩემი არს ისრაჱლი, რომელმან ღაღად-ყო ღმრთისა მიმართ და ცხონდა

8. ხოლო ორნი იგი ურჩხულნი - დევნა - მე ვარ მარდოქე და ამან, ნათესავისა ჩუენისა მბრძოლი, ოდეს-იგი იზრახა დამოკიდება ჩემი ძელსა, ხოლო ღმერთმან მიაქცია ბოროტი მისი მისავე ვიდრე აქა დღედმდე.

9. და იჴსნა ღმერთმან ერი თჳსი და განმარინა ჩუენ უფალმან ყოველთა მათგან ბოროტთა. და განამართლა ღმერთმან სამკჳდრებელი თჳსი. და განარინა უფალმან ებრაელი, ერი თჳსი, რომელი გამოიყვანა ეგჳპტით ნათესავისაგან მაჭირვებელისა. ესე სასჯელი ღმრთისაგან იყო ჩუენდა მიმართ. და ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები დიდ-დიდნი, რომელი არასადა ექმნა ნათესავთა შორის ქუეყანისათა

10. და ყვნა ნაწილნი ორნი: ერთი ერსა ღმრთისასა, და ერთი ყოველთა შორის წარმართთა.

11. და გამოჰჴდეს, ორნი ესე წელნი ჟამად და დღედ სასჯელისა საუკუნისა ყოველთა შორის წარმართთა.

12. მოიჴსენა უფალმან ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი: და ყოველმან ერმან ღაღად-ყო ღმრთისა მიმართ და თქვეს ჴელითა დიდითა და იტყოდეს: კურთხეულ ხარ, უფალო, რომელმან მოიჴსენე აღთქუმა მამათა ჩუენთა მიმართ, ამინ.


11

1. წელსა მეოთხესა მეფობასა პტოლემეოსისასა და კლეოპატრასსა შემოიღო დოსითეოს, რომელი იტყოდა ყოფად თავსა მღდელად და ლევიტელად, და პტოლემეოს, ძემან მისმან, წინაშე ესე ეპისტოლე ფრურეთა, რომელ არს ნაწილთა, რომელი თქუეს თარგმანებულად ლუსიმაქოსისაგან, რომელი იყო იერუსალიმს

2. წელსა მეორესა მეფობასა ასვირეოსისა დიდისა, რომელ არს არტაქსექს, ერთსა მას თთვესა ნისანისასა, ესე არს თთვე ვარდობისა, ჩუენება იხილა მარდოქე, ძემან იაირისამან, ძისა სემეისამან, ძისა კისანისამან, ტომისაგან ბენიამენისამან,

3. კაცმან ჰურიამან, რომელი მყოფ იყო შუშანსა ქალიქსა და მსახურებდა ეზოსა შინა მეფისასა. და კაცი იგი დიდ იყო და სარწმუნო.

4. და ნატყუენავისაგან იყო, რომელი წარეტყვენა ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილონელთასა იერუსალიმით იექონიას თანა, ძისა იოსია მეფისა ჰურიასტანისა.

5. და ესე იყო ჩუენება მისი, რომელი იხილა, აჰა ესერა, ჴმანი შფოთისანი და ძრვა და შეძრწუნება დიდი ქუეყანასა ზედა.

6. აჰა ესერა, ორნი ურჩხულნი დიდნი განმზადებულ იყვნეს განსლვად და მოვიდნენ ურთიერთს მბრძოლად.

7. და იყო ჴმაჲ მათი და ჴმაჲ სიტყჳსა მათისა განმზადებად ყოველთა ნათესავთა ბრძოლად.

8. და იყო დღე იგი ბნელ და წყუდიადისა, ჭირი და იწროება ბოროტი, შეძრწუნება დიდი ქუეყანასა ზედა.

9. და შეძრწუნდა ყოველი ნათესავი მართალი და ეშინოდა ბოროტისათჳს მათისა და განემზადნეს წარწყმედად და ღაღად-ყვეს ღმრთისა მიმართ.

10. და ჴმანი მათნი იქმნეს ვითარცა მცირის წყაროსაგან მდინარე დიდი და კამკამებული.

11. და გამობრწყინდა ნათელი და მდაბალნი აღმაღლდეს და შეჭამნეს მდიდარნი.

12. და აღდგა მარდოქე ძილისა მისგან, რომელმან-იგი იხილა ჩუენება ესე, და ზრუნვიდა, ვითარმედ: რაჲმე ჰნებავს ღმერთსა? ჩუენება იგი დაემარხა გულსა თჳსსა და გამოეძიებდა მას, რაჲძი უკუე იყოს ჩუენება იგი, რომელ იხილა.


12

1. და დადუმნა მარდოქე და იყო ეზოსა მეფისასა გაბათანსა და თარს თანა, ორთა მათ საჭურისთა მეფისათა, რომელნი იყვნეს მცველნი ეზოსა შინა მეფისასა.

2. და ესმეს სიტყუანი მათ საჭურისთანი და ზრუნვანი მათნი მარდოქეს, და გამოიკითხა და გულისხმა-ყო, რომელ განმზადეს ჴელნი მათნი დასხმად ასვირეოსის ზედა მეფისა. და კეთილი განიზრახა და უთხრა მეფესა მათი ძჳრისზრახვა.

3. და განიკითხა მეფემან ორნი იგი საჭურისნი და პოვა, ვითარმედ ჭეშმარიტ იყვნეს სიტყუანი იგი მარდოქესნი, აღიარეს და აღაბეს სიკუდიდ.

4. და დაწერა მეფემან ასვირეოს სიტყუანი ესე მარდოქესი მოსაჴსენებელად და მარდოქემაცა დაწერა მოხსენებისათჳს.

5. და უბრძანა მეფემან მარდოქეს, რათა მსახურებდეს ეზოსა შინა მეფისასა. და ანიჭა ნიჭი დიდი. 6. და ამან ამადოთელი ბუგანი დიდ იყო წინაშე მეფის და ენება მარდოქესი და ნათესავისა მისისა მოსრვა და უმზირდა მათ, რამეთუ უმძიმდა მოწყვედა საჭურისთა მათ.
13

1. მეფე დიდი ასვირეოს, რომელ არს არტაქსექს, სპარსთა და უჟიკთა, რომელნი ხართ ინდოეთითგან ეთიოპამდე ასოცდაშვიდთა სოფელთა, მთავართა და ადგილის ნახპეტთა, მორჩილთა ჩუენთა, ამას მიგიწერთ: მრავალთა ზედა ვეუფლე თესლთა და დავიპყარ

2. ყოველი სოფელი. ესრეთ მენება, რათა არა სასტიკებასა ჴელმწიფებისასა, არამედ უსახიერეს და უმდოვრესად მარადის ყოფად დამორჩილებულთა მათ ზედა, უშფოთველად ოდესვე დაწყნარებულებით ცხორება და მეფობა მშჳდობით და განგებულებით სლვად, ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა მოცემად განახლებად და სასურველი იგი ყოველთა კაცთა მშჳდობისა

3. ვიკითხე მე თანამზრახველთა, ვითარძი გარდაჴდეს ესე სრულიად, რომელ-იგი ღირსებით ჩუენს წინაშე იქცევის და ერთგულებით უცვალებელად სარწმუნოება მტკიცე უჩუენებიეს? შემდგომი მეფისა პატივი მიუღებიეს ამანს.

4. რომელნი შჯულთა ჩუენთა აღუდგებიან, უფროსად ყოველთა მიმართ თესლთასა მეფეთა ბრძანებასა გარდავლენ მარადის. არა თავს-ვიდე ჩუენმიერი განგებული მეფობისა დაწყნარება მათ მიერ ყოფად.

5. ხოლო ნათესავი მჴდომი ყოველთა კაცთა შჯული მისი უცხო ცვალებით და ძნიად საცნაურით საქმეთა ჩუენთა მარადის უძვირეს იქმან ბოროტსა, რათა მეფობა ესე ჩუენი არასადა მშჳდობით იყოს, არცა ბრძოლა ჩანს წარმართებული.

6. მარტოდ მთავრობისა თქუენდა მიწერილმან გაუწყოს ამანისმიერმან, რომელი განწესებულ არს საქმეთა ზედა მეორედ ჩუენსა შემდგომად მამისა ყოველთა ძირითურთ: ცოლით, შვილით, ტომითურთ, წარწყმედად მახჳლითა მტერთა თჳნიერ რომლისავე წყალობისა და რიდობისა. შუშანს ქალაქსა. საყოფელსა მეფისასა, განჰფინეს სახე ამის წერილისა. და აღმოიკითხა წერილი იგი მეათოთხმეტესა დღესა ადარისასა, რომელ არს იგრიკა

7. მოსლვასა მის წელიწადისასა მოსრვიდა ყოველთა ჰურიათა მოტაცებად ჩჩჳლთა ყრმათა, რათა ჟამთა დაწყნარება იყოს თჳნიერ შფოთისა და მეფობა ესე ჩუენი მყუდროებით იყოს, და ცოცხლებით იყვენით.

8. ხოლო დაწერილი იგი პაჭენისსა მიეცემოდა სოფლად და სოფლად და ბრძანება მიეცა ყოველსა თესლებსა და ასწავებდეს საქმესა შუშანს შინა ქალაქსა, ხოლო მეფე და ამან განსცხრებოდეს. და შეშფოთებულ იყო ქალაქსაცა ზედა. და იყო გლოვა დიდი და სიმწარე ყოველსა ქალაქსა შინა, სადაცა დამკჳდრებულ იყვნეს ჰურიანი და მარდოქე, ევედრებოდეს უფალსა და მოახსენებდეს ყოველთა საქმეთა მისთა მათთჳს და იტყოდეს

9. უფალო ღმერთო, მეუფეო მეუფებათაო: მფლობელო, ყოვლისა მპყრობელო! რამეთუ ჴელმწიფებასა შენსა ქუეშე არს ყოველი და არავინ არს, რომელი წინააღდგიდგეს შენ, გინდეს თუ ჴსნა სახლისა ისრაჱლისა,

10. რამეთუ შენ, უფალო, შეჰქმენ ცანი და ქუეყანა და ყოველი განსაკჳრვებელი ცასა ქუეშე.

11. უფალი ხარ ყოველთა და არავინ არს წინააღმდგომ შენ უფლისა,

12. რამეთუ შენ ყოველი იცი და ნათესავი ისრაჱლისა შენ უწყი, უფალო, რამეთუ არა ამპარტავანებით, არცა გინებით, არცა დიდებისმოყუარებით ვყავ არცა თაყუანის-ცემა წინადაუცვეთელისა ამანისი,

13. რამეთუ ჯერმცა-მიჩნდა ამბორის-ყოფა ბრჭალთა ფერჴთა მისთა ცხორებისათჳს სახლისა ისრაჱლისა,

14. არამედ ვყავ ესე, რათა არა მივსცე დიდებაჲ კაცსა უწინარეს დიდებისა შენისა, ღმრთისა ჩემისა. არავის თაყუანის-ვეც შენსა გარეშე, უფლისა ჩემისა ჭეშმარიტისა, და არა თუ ვყავ იგი ამპარტავანებით.

15. და აწ, უფალო ღმერთო, რომელმან აღუთქუ აღთქუმა აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, ჰრიდე ერსა შენსა ისრაჱლსა, რამეთუ განუჩინებიეთ ჩუენ განსარყუნელად და გული უთქუამსთ აღღებად და განრყვნად დასაბამითგან სამკჳდრებელი შენი.

16. ნუ უგულებელს-ჰყოფ ნაწილსა შენსა, რომელი იჴსენ თავისა შენისა ქუეყანით ეგჳპტით.

17. შეგესემინ ვედრება ჩუენი და ლხინება-ყავ სამკჳდრებელისა შენისა, და ნუ განირყუნებიან პირნი მაქებელთა შენთა.

18. და ყოველმან ისრაჱლმან ძალითურთ მათით ღაღად-ყვეს ესე, რამეთუ სიკუდილსა ჰხედვიდეს წინაშე გულთა მათთა.


14

1. და ესთერცა დედოფალი შეევედრა უფალსა ღვაწლითა სიკუდილისათა შეძრწუნებული.

2. და განიძარცვა სამოსელი დიდებისა მისისა თავისაგან მისისა და ყოველი სამკაული წარჩინებულებისა თჳსისა და შეიმოსა სამოსელი იწროებისა და გლოვისა, და დიდად წარჩინებულთა სუნელთა წილ ნაცარი და სკორე გარდაისხა თავსა თჳსსა, და ჴორცნი თჳსნი დაიმდაბლა ფრიად და ყოველი ადგილი სიხარულისა მისისა აღავსო თხზულითა მით თმითა მისისათა

3. და ევედრებოდა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ისრაჱლისასა და იტყოდა: უფალო ღმერთო ჩუენო და მეუფეო ჩუენო, შენ ხარ ღმერთი მხოლო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. შემეწიე მე, მდაბალსა ამას მარტოსა, რომელსა არავინ მაქუს შემწე შენსა გარეშე,

4. რამეთუ ჭირი ჩემი ჴელთა შინა ჩემთა არს.

5. მე მასმიეს, უფალო, ნათესავისაგან მამათა ჩემთასა მამულთაგან წიგნთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, რომელმან იჴსენ სხვათაგან თესლთა, რომელნი განიყოფდენ მათ სამკჳდრებელად, და ყავ მათ თანა, რაოდენსაცა იტყოდე. და აწ ვსცოდეთ წინაშე შენსა და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა ჩუენთასა

7. ამისთჳს, რამეთუ ვადიდენით კერპნი მათნი. მართალ ხარ შენ, უფალო!

8. და აწ ვერა სარგებელ გუეყუნეს ჟამსა განმწარებულად კირთებისა ჩუენისასა, არამედ დაასხნეს ჴელნი მათნი ჴელთა მტერთა მათთასა,

9. რათა აღიღონ ბრძანებული პირისა შენისა. და გარყვნენ სამკჳდრებელი შენი და დაუყონ პირი მაქებელთა შენთა. და დაშრიტონ დიდებაჲ სახელისა შენისა და საკურთხევლისა შენისა.

10. და აღაღონ პირი წარმართთა სათნო-ყოფად ამაოთა და საკჳრველყოფად მეფე ჴორციელსა სწორად საუკუნოჲსა მის.

11. და ნუ მისცემ, უფალო, სამკჳდრებელსა შენსა, რომელნი-იგი არა არიან ღმერთ. და ნუცა მეცინიედ ჩუენ დაცემასა ჩუენსა, არამედ მიაქციე ზრახვანი მათნი მათთავე და რომელმან ესე ყო ჩუენ ზედა, განაოტე.

12. მოიჴსენე წყალობა შენი, უფალო, და გამოგჳჩნდი და გამოგჳცხადე ჩუენ ჟამსა ჭირისა ჩუენისასა. და ნუმცა მოვისრვით ჩუენ და მე კადნიერ მქმენ, მეუფეო ღმერთთაო და ყოვლისა მთავრობისა მპყრობელო,

13. მოეც სიტყუაჲ მარჯუჱ პირსა ჩემსა და მოეც მადლი სიტყუათა ჩემთა წინაშე ლომისა ამის და გარდააქციე გული მისი სიძულილად მბრძოლისა ამის ჩუენისა აღსასრულად მის თანა შეთქმულთა მისთა.

14. ხოლო ჩუენ მიჴსნენ ჴელითა შენითა მტკიცითა და შემეწიე მე, მარტოსა, რომელსა არა მაქუს შემწე, არამედ შენ მხოლო, უფალო!

15. უფალო, შენ ყოველნი იცნი და უწყი, რამეთუ მძაგს საწოლი წინადაუცვეთელისა და მძულს დიდებაჲ უსჯულოჲსა.

16. შენ იცი უნებელი ჩემი, რამეთუ მძაგს სახე ამპარტავანებისა. და აწ, უფალო, შენ ხარ ძლიერი ყოველთა ზედა, შეისმინე ჴმაჲ განწირულთა ღა მიჴსენ მე ჴელთაგან ბოროტისა!

17. რომელმან არა ვჭამე ამანისა თანა და მეფისა სუმასა ზედა არა განვიხარე. და არცა ვსვი ღჳნო ნაზორევისაგან...

18. და მჴევალი შენი მარადის არა განვსცხრებოდი მათ თანა, არამედ მხოლოდ შენ ღმერთსა ჩემსა ზედა ვიხარებდი...

19. ღმერთო, ყოველთა ზედა ძლიერო. ვისმინე ჴმისა მათისა, რომელთა არა აქუს სასოება სხვა. ჩვენ გვიჴსენ ჴელთაგან ბოროტთასა. და მე შიშისა ჩემისაგან გამომიჴსენ.


15

1. და ჰრქუა მას: ამცენ და ეტყოდე, რათა შევიდეს მეფისა და ევედროს მას ერისა ჩუენისათჳს.

2. მოიჴსენენ დღენი იგი სიმდაბლისა შენისანი, რომელთა შინა აღიზარდე ჴელითა ჩემითა, რამეთუ ამან, რომელი შემდგომობს მეფისა, ეტყოდა მეფესა ჩუენთჳს მოსიკუდიდ ჩუენდა.

3. აწ ევედრე უფალსა და ეტყოდე ჩუენთჳს მეფესა, მიჴსნენ ჩუენ სიკუდილისაგან.

4. დღესა მესამესა დასცხრა იგი ლოცვისაგან და განიძარცვა სამოსელი სიმდაბლისა და შეიმოსა სამოსელი დიდებისა. და იქმნა იგი განშვენებულ ფრიად.

5. და ხადა სახელსა ყოველთა მცნობელთასა, ღმერთსა მაცხოვარსა, და წარიყვანა მის თანა ორნი შიმუნვარნი.

6. ერთსა მას მისდევდა და ჴელი დაეყრდნა,

7. და მეორე იგი აღუმცირებდა სამოსელსა მისსა, ხოლო იგი მეწამულ იყო შვენიერებითა სიკეთისა მისისათა და პირი მისი მხიარულ იყო,

8. ხოლო გული მისი შეძრწუნებულ იყო.

9. და განვლნა ყოველნი კარნი სამეფოსანი და დადგა წინაშე ასვირეოსის მეფისა; ხოლო იგი ჯდა საყდარსა ზედა სამეუფოსა მისსა და ყოველი სამოსელი წარჩინებული ემოსა ოქროჲთა ქსოვილი და ანთრაკი პატიოსანი.

10. და აღიპყრა პირი მისი განჴურვებული დიდებითა და მიჰხედნა გულისწყრომითა მისითა; და შეეშინა დედოფალსა და ექცა ფერი პირისა მისისა. და დაიჴსნეს ძარღუნი, დაიფარა პირი თჳსი მჴევლისა ზურგითა.

11. ხოლო ღმერთმან და უფალმან ყოვლისა დამბადებელმან რისხვა იგი მეფისა წყალობად გარდააქცია და ცვალა გულისწყრომა მისი მშჳდობად. და ნუგეშინის-სცემდა მას სიტყჳთა მშჳდობისათა და ეტყოდა მას:

12. რაჲ არს, ესთერ დედოფალო? მე ვარ ძმა შენი, ნუ გეშინინ.

13. არა მოჰკვდე, რამეთუ ზოგადთა არს ბრძანება ჩუენი და არა შენდა მიმართ, აჰა ესერა, კვერთხი ჴელთა შენთა.

14. და აღიღო კვერთხი იგი ოქროჲსა და დასდვა ქედსა მისსა და ამბორსუყოფდა მას.

15. და ჰრქუა: მეტყოდე მე, დედოფალო.

16. და ჰრქუა მას ესთერ: გიხილე შენ, უფალო ჩემო, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ და შემიძრწუნდა გული ჩემი შიშითა დიდებისა გულისწყრომისა შენისათა,

17. რამეთუ პირი შენი მადლითა სავსე არს.

18. და ამას რაჲ იტყოდა იგი, ფერი პირისა მისისა გარდაეცვალა ყვითლად. და ესე იყო ღვაწლისაგან შიშისა მისისა და აღივსო პირი მისი ოფლითა, რაჟამს ეტყოდა იგი ამას, დაჴსნდა და მოაკლდა.

19. და მეფე ასჳრეოს შეძრწუნებულ იყო ფრიად და ყოველნი მსახურნი მისნი.


16

1. მეფე დიდი არტაქსექს ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე ასოცდაშვიდთა სოფელთა და ჴელმწიფეთა, რომელნი ჩუენ კერძოსა ზრახავთ სიხარულით

2. და მრავალთა უფროსითა ქველის-მოქმედთა სიტკბოებითა ზედასაზედა პატივ-ცემულნი უდიდესად განლაღნეს.

3. არა ხოლო დამორჩილებულთა ჩუენთა ეძიებდეს ბოროტის-ყოფად, რამეთუ სიმაძღრე ვერ უძლეს დათმენად, არამედ ქველისმყოფელთაცა მათთა შეჰყავს მანქანებით ბოროტის-ყოფად.

4. მადლობა არა ხოლო კაცთაგან დააკლდეს, არამედ კეთილის უმეცრებისათჳს მონებით ამაღლდეს და ყოვლისმყოფელისა მარადის ღმრთისა წინაწარცნობისა საჯეს და ბოროტის სიძულილი განრინებად ვერ უძლეს,

5. რომელნი მრავალგზის მრავალთაცა ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებულთა მეგობართა საქმეთა ზედა დადგინებულთა საგენცობელად მათა ბრალეულ-ყვეს უბრალონი დათხევად სისხლამდე.

6. და შეამთხვივეს ბოროტი მიუწდომელი ბოროტისა ჩვენებისა ტყუვილითა, რამეთუ შეურაცხ-ყვეს თჳთმპყრობელთა უმანკო და სახიერი გონიერება, ხოლო განზარხვა ჯერ-არს.

7. არა ხოლო ესოდენ მიცემულთაგან ჩემ მიერ მიცემულთა ძველთა უწყებულთა, რაოდენ შემდგომთაგან არაღირსად აღსრულებული საქმისა, რომელნი უღირსად ჰმძლავრობდეს და ესევითართაგან უკეთურებისა მორჩილებად ამისა შემდგომად ბოროტის-ყოფადცა,

8. არამედ სამეუფოსა დაწყნარება და ყოველთა კაცთა იყოს მშჳდობა. არღარა გვიჴმს უკეთურთა შესმენა; ხოლო პირსა წინაშე მხიარულსა სახიერებით ვსჯით მარადის.

9. ნუ ჰგონებთ, რამეთუ გონება ჩემი ცვალებადი იყოს, არამედ ჟამი ცვალებადი არს, და განვაჩინებ წყალობასა.

10. ხოლო უცხოქმნილი ჩუენგან ამან ამადოთესი ბუგანი მაკედონელი უცხო სპარსთა სისხლისაგანი იყო და ფრიად, განშორებული ჩუენგან. სიტკბოებასა მიემთხვივა ჩუენ კაცთმოყვარებისა

11. ესეოდენ, ვიდრე მამადცა ჩუენდა სახელის-დებად და ყოველთა მიერ თაყუანის-იცემებოდა და შემდგომი სამეუფო საყდარი დაეპყრა.

12. რამეთუ ვერ თავს-იდვა სიმაძღრე და ჴელი შეჰყო მთავრობისაცა ჩუენისა დაკლებად ჩუენგან და ცხორებისაგან განშორება ჩუენი.

13. ხოლო ჩუენისა მაცხოვრისა და მარადის ქველისმოქმედისა მარდოქესი და უბიწოსა მეფობისა ჩუენისა ესთერისა და ყოვლითურთ ნათესავით მათით მრავლითა სახითა მანქანებისა ზრახვათაგან ითხოვა წარწყმედისა მიცემად.

14. რამეთუ ამათ სახეთაგან ჰგონებდა ყოფად ჩუენდა ოჴრად და უცხო საქმედ სპარსთა სიმტკიცისაგან მიქცევად იგი მაკედონიად.

15. ხოლო ჩუენ სამგზის უბადრუკისა მის მიერ მიცემულთა თქუენდა ჰურიათა განსარყვნელად არა ვჰპოებთ ძჳრის-მოქმედად, არამედ სიმართლისა სჯულთა შინა მყოფ არიან.

16. და ძენი არიან მხოლოსა და ჭეშმარიტისა მაღლისანი და დიდისა და მარადის ცხოვლისა ღმრთისანი, რომელმან წარგვიმართა მეფობა ჩუენი აქამომდე.

17. კეთილთა აღთქმითა მამათა ჩუენთათა კეთილად უკუე ყავთ და ნუ ერჩით პირველ წარმოძღვანებულთა მათ თქუენდა წიგნთა ამანისმიერთა,

18. რომლისათჳს იგიცა თჳთ ამის მოქმედებისათჳს ბჭეთა წინაშე შუშანისა ქალაქისათა დამოკიდებულ არს ძელსა, რამეთუ ადრე კუალად სასყიდელი მიაგო მას ყოვლისა მპყრობელმან და ბოროტისმოძულემან ღმერთმან.

19. ხოლო სახე ესე წიგნისა ამის მიმოდვეს ყოველთა ადგილთა, ვითარმედ კადნიერად უტევეთ ჰურიანი მსახურებად თჳსთა სჯულთა.

20. და თანაშეეწეოდეთ მათ, რათა, რომელნი-იგი ჟამსა ჭირისასა დაესხმოდენ მათ ზედა დღესა მეათსამეტესა თჳსა მის მეათორმეტისა, რომელ არს ადარი,

21. მასვე დღესა, რამეთუ ამას შინა ყოველთა ძლიერმან ღმერთმან მოსრვისა წილ რჩეულისა ნათესავისა ებრაელთასა ყო სიხარული.

22. და თქუენ სახლისა თქუენისათჳს განჩინებული ესე დღე და წელიწადი ყოველთა სიხარულითა გეპყრენ,

23. რამეთუ აწ და ამისა შემდგომად ცხორება იყოს თქუენი საუკუნოდ ებრაელთა და ქველისმეტყველთა მათთჳს სპარსთა.

24. ხოლო ყოველმან ქალაქმან გინა სოფელმან, რომელნი არიან ქუეშე სამეფოსა ჩემსა ყოვლითურთ, რომელმან არა ყოს ამის ბრძანებისაებრ, ლახურითა და ცეცხლითა განილიოს რისხვით; და იყოს იგი არა ხოლო კაცთაგან უვალ, არამედ მჴეცთაგანცა და ფრინველთა მიმდემად ყოველთა ჟამთა გარდარეულებისაგან ოჴრებისა.