წიგნი იობისაჲ


1

1. კაცი ვინმე იყო სოფელსა მას შინა ავსიტისსა, რომელსა სახელი ერქუა იობ. და იყო კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა.

2. და იყვნეს ძენი მისნი შჳდ და ასულნი მისნი სამ.

3. და იყო საცხოვარი მისი ცხოვარი შჳდ ათას, აქლემები სამ ათას, უღლეული ჴარი ხუთას, ვირი ჴდალი მძოვარი ხუთას, და მსახურთა სიმრავლე ფრიად. და საქმენი მისნი დიდ იყვნეს ქუეყანასა ზედა. და იყო კაცი იგი აზნაური მზისა აღმოსავალისათაგანი.

4. და შეკრბიან ძენი მისნი ერთად ურთიერთას და ყვიან ტაძრობაჲ დღითი დღედ. და მიიყვანნიან სამნიცა იგი დანი მათნი ჭამად და სუმად მათ თანა.

5. და ვითარცა აღესრულნიან დღენი იგი სუმისა მათისანი, მიავლინის იობ და განწმიდნის იგინი და აღდგის განთიად და შეწირის მათთჳს მსხუერპლი რიცხჳსაებრ მათისა და ზუარაკი ერთი ცოდვათათჳს სულთა მათთასა, რამეთუ თქჳს იობ: ნუსადა ძეთა ჩემთა გონებასა მათსა ბოროტი მოიჴადეს უფლისათჳს. და ამას ჰყოფდა იობ ყოველთა დღეთა მისთა.

6. და ვითარცა იქმნა დღე ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე ღმრთისა, და ეშმაკიცა მოვიდა და დადგა მათ თანა.

7. და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინა მოხუალ შენ? მიუგო ეშმაკმან მან და ჰრქუა: მომივლიეს ყოველი ქუეყანაჲ და განმივლიეს ცასა ქუეშე და აწ აქა ვარ.

8. და ჰრქუა მას უფალმან მიჰხედეა გონებითა შენითა მონასა ჩემსა იობს, რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბრალო, ჭეშმარიტ, ღმრთისმსახურ, განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა.

9. მიუგო ეშმაკმან და თქუა წინაშე უფლისა: ნუუკუე მედად ჰმსახურებსა იობ უფალსა?

10. ანუ არა შენ მოზღუდეა გარემო მისა და შინაგანი სახლისა მისისაჲ? და გარეშე ყოველივე რაჲ არს მისი, მოიცევ, საქმენი ჴელთა მისთანი აკურთხენ და საცხოვარი მისი მრავალ-ჰყავ,

11. არამედ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ყოველსა, რავდენი-რაჲ აქუს. პირითა ღათუ გაკურთხევდეს.

12. მაშინ ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ეგერა, ყოველი, რაცა არს მისი, მიგეც ჴელთა შენთა, არამედ მას ნუ შეახებ. და გამოვიდა ეშმაკი პირისაგან უფლისა.

13. და იყო დღე ესევითარი და ძენი იობისნი და ასულნი მისნი სუმიდეს სახლსა შინა ძმისა მათისა უხუცესისასა.

14. და აჰა ესერა, ღაღადისი მოვიდა იობისა და ჰრქუა მას: უღლეული იგი ჴართა ჴნვიდა და რემაკი იგი ვირთა მათ ჴდალთა ძოვდა მახლობელად მათსა.

15. და მოვიდეს მტყუენველნი და წარიტყუენვეს იგი, და მონანი იგი მოსრნეს მახჳლითა და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

16. ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ცეცხლი გარდამოვარდა ზეცით და დაწუა ცხოვარი იგი, მწყემსნი იგი შეჭამნა, ეგრევე მე განვერი მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

17. და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: მჴედრები განიყო სამად გუნდად და გარემოადგეს აქლემებსა მას და წარტყუენეს იგი და მონანი იგი მოსწყჳდნეს მახჳლითა და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

18. და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ძენი შენნი და ასულნი შენნი ჭამდეს და სუმიდეს ძმისა მათისა თანა უხუცესისა.

19. და მეყსეულად ქარი დიდი მოჴდა უდაბნოჲთ და ეკუეთა ოთხთავე კიდეთა სახლისათა. და დაეცა სახლი იგი ყრმათა შენთა ზედა და მოწყდეს. განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა.

20. და ესრეთ აღდგა იობ და დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა ზედა და აღდგა და თაყუანის-სცა უფალსა პირსა ზედა თჳსსა.

21. და თქუა: მე შიშუელი გამოვედ მუცლისაგან დედისა ჩემისა, შიშუელივე მივიქცე მუნვე ქუეყანად, უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ.

22. ამას ყოველსა ზედა, რომელი შეემთხჳა მას, არარაჲ შესცოდა იობ წინაშე უფლისა და არარაჲ თქუა უგნურებაჲ ღმრთისა მიმართ.


2

1. და იყო დღე ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე უფლისა. და ეშმაკი შორის მათსა წარდგომად წინაშე უფლისა.

2. და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინა მოხუალ შენ? მაშინ თქუა ეშმაკმან წინაშე უფლისა: გამივლიეს ცასა ქუეშე და მომიხილავს ყოვლითურთ და აწ შენ წინაშე ვარ.

3. ჰრქუა მას უფალმან: იხილე სამე აწ მსახური ჩემი იობ, რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბიწო, ჭეშმარიტ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მერმე აქუსღავე უმანკოებაჲ, ხოლო შენ სთქუ მონაგები მისი ცუდად წარწყმედად.

4. მიუგო ეშმაკმან და ჰრქუა უფალსა: ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისა, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის.

5. ხოლო აწ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ძუალთა მისთა, უკუეთუ განმარტებულად თაყუანის-გცეს, გინა თუ გაკურთხევდეს შენ.

6. და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ესერა, მოგცემ შენ, გარნა სულსა მისსა ერიდე.

7. და გამოვიდა ეშმაკი იგი უფლისაგან და დასდვა იობს წყლულებაჲ ბოროტი ფერჴითგან ვიდრე თავადმდე და შეჭურა იგი ფაქლითა.

8. და მოიღო იობ კეცი, რათა წუთხსა იხუეტდეს. და დაჯდა იგი სკორესა ზედა გარეშე ქალაქსა. და ვითარცა ჟამი მრავალი წარჴდა,

9. ჰრქუა მას ცოლმან მისმან: ვიდრე დაგითმენიეს და იტყჳ, აჰა ესერა, მოველი ჟამსა მცირედღა და მოიწიოს სასოებაჲ მაცხოვარებისა ჩემისაჲ? აჰა ესერა, წარწყმდა საჴსენებელი შენი ქუეყანით, ძენი და ასულნი იგი მუცლისა ჩემისანი, ტკივილნი ჩემნი და სალმობანი, რომელთათჳს ცუდად დავშუერ რუდუნებითა შენ, ეგერა, თჳთ მყრალობასა მატლთასა ჰზი და ღამეთა ათევ ჰაერთა ქუეშე. მე, შეცთომილი მსახური შენი, ადგილითი ადგილად და სახლითი სახლად მოველოდი მზესა, ოდესმე დაჰჴდეს, რათა განვისუენო შრომათა ჩემთაგან და სალმობათა, რომელთა მოუცავ, არამედ აწ თქუ ნურაჲ სიტყუა უფლისა მიმართ და მოჰკუდე.

10. ხოლო იობ მიჰხედა მას და ჰრქუა: რაჲსათჳს ვითარცა ერთი უგუნურთაგანი დედათასა იტყჳ? უკუეთუ კეთილი იგი მოვიღეთ ჴელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა? ამას ყოველსა ზედა რავდენი შეემთხჳა მას, არა რაჲ ცოდა იობ ბაგითა თჳსითა წინაშე უფლისა.

11. და ვითარცა ესმა სამთა მათ მეგობართა მისთა ყოველი ესე ბოროტი, რომელი მოიწია მის ზედა, მოვიდეს კაცად-კაცადი სოფლისაგან თჳსისა ხილვად, რაჲ-იგი შეემთხჳა მას. ელიფას, თემანელთა მეფე, ბალდას, სავქელთა მთავარი, სოფარ, მინეველთა მეფე. და მოვიდეს მისა ერთბამად ნუგეშინისცემად და ხილვად მისა.

12. ვითარცა იხილეს შორით, ვერ იცნეს იგი და ღაღად-ყვეს ჴმითა მაღლითა და ტიროდეს. და გარდაიპო კაცად-კაცადმან სამოსელი თჳსი და მიწა გარდაისხეს თავსა.

13. და დასხდეს მის თანა შჳდ დღე და არავინ მათგანი იტყოდა არას, რამეთუ ხედვიდეს წყლულებასა მისსა ბოროტსა და დიდსა ფრიად


3

1. და ამისა შემდგომად აღაღო იობ პირი თჳსი და სწყევდა დღეთა თჳსთა

2. და თქუა:

3. წარწყმდინ დღე იგი, რომელსა მე ვიშევ და ღამე იგი, რომელსა თქუეს, ვითარმედ: წული არს.

4. ღამე იგი იყავნ ბნელ და ნუ გამოიძიოს უფალმან ზეგარდამო, ნუცა მოვალნ მას ზედა ნათელი.

5. და იპყარნ იგი ბნელმან და აჩრდილმან სიკუდილისამან. და მოვიდეს მას ზედა ნისლი და წყევა დღისა და ღამემან მოაწიოს ბნელი.

6. ნუ იყოფინ იგი დღედ წელიწადისად, ნუცა შეერაცხებინ დღეთა თთუეთასა.

7. არამედ ღამე იგი იყავნ სალმობით და ნუ მოვალნ მას ზედა სიხარული და ნუცა მხიარულებაჲ.

8. არამედ წყევენ იგი, რომელმან წყეოს დღე იგი, რომელი-იგი ჴელთდებად ვალს ვეშაპსა მას დიდსა.

9. დაბნელდედ ვარსკულავნი მის ღამისანი და ნუ დაადგრებინ და ნუცა განათლებად მოვალნ და ნუ იხილავნ მთიებსა აღმომავალსა.

10. რამეთუ არა დაჰჴშნა ბჭენი საშოსა დედისა ჩემისანი. და განმაშორა სალმობაჲ თუალთაგან ჩემთა.

11. რაჲსათჳს მუცელსავე შინა არა მოვჰკუედი? საშოთ რაჲ გამოვედ და არა მეყსეულად წარვწყმდი?

12. ანუ რაჲსათჳს შემემთხჳნეს მუჴლნი? ანუ რასათჳს ძუძუთა განმზარდეს მე ?

13. აწმცა დაწოლილ ვარ და დაყუდებულ, და-მცა-ვიძინე, და განვისუენე.

14. მეფეთა თანა მზრახვალთა ქუეყანისათა, რომელნი იზახებდეს მახჳლებითა მათითა,

15. ანუ მთავართა, რომელთა თანა იყო ოქროჲ ფრიად, რომელთა აღევსნეს სახლნი მათნი ვეცხლითა.

16. ანუ ვითარცა მორყუნილი რაჲ გამოჴდის საშოთ, ანუ ვითარცა ჩჩჳლნი, რომელთა არა იხილეს ნათელი.

17. მუნ უღმრთოთა თანა აღაგზნეს გულისწყრომაჲ რისხვისა. მუნ განისუენეს მაშურალთა ჴორცითა,

18. ერთბამად, საუკუნეთა მათ არა ესმის მათ ჴმაჲ ხარკისმკრებელთა.

19. მცირე და დიდი მუნ არს და მსახური უშიშად უფლისა თჳსისა.

20. რაჲსათჳსმე მოეცა განმწარებულთა ნათელი და ცხორებაჲ, რომელნი სალმობასა შინა არიან, სულნი,

21. რომელთა სწადის სიკუდილი და ვერ მიემთხჳნიან და ეძიებენ მას, ვითარცა საფასესა.

22. და მხიარულ იქმნიან, რაჟამს მიემთხჳნიან,

23. რამეთუ სიკუდილი კაცისა განსუენებაჲ არს, და შეაყენა ღმერთმან მათ ზედა.

24. უწინარეს საზრდელისა ჩემისა სულთქმანი მოიწევიან. ვცრემლოვი შეყენებული შიშისა,

25. რომლისათჳს ვზრუნევდი, მოიწია ჩემ ზედა და რომელსა ვეჭუდი, შემემთხჳა მე.

26. ვერცა მშჳდობით ვიყავ, ვერცა მყუდროებით და ვერცა განვისუენებდ. და მოიწია ჩემ ზედა რისხვა.


4

1. მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა:

2. ნუუკუე მრავალგზის თქმულ არიან შენდამი? შრომით ძალსა მაგას სიტყუათა შენთასა ვინ დაუთმოს?

3. დაღათუ შენ განსწავლენ მრავალნი და ჴელსა უძლურთასა ნუგეშინის-გეცა.

4. და სნეულნი აღგედგინნეს და მუჴლთა უძლურთასა კადნიერებაჲ გეცა.

5. აწმცა მოწევნულ არს შენ ზედა სალმობაჲ. და შეგეხო შენ, ხოლო შენ ისწრაფე!

6. ანუ არა აწ შიში ეგე შენი არს უგუნურებით და სასოებაჲ შენი და უკეთურებაჲ გზათა შენთა?

7. აწ მოიჴსენე: ვინმე წმიდა იყო და წარწყმდა, ანუ ოდეს სადა ჭეშმარიტნი ძირითურთ აღიფხურნეს,

8. ვითარცასახედ ვიხილენ, რომელნი-იგი უჯეროსა ჴნვიდეს, ხოლო რომელნი სთესვენ მას, სალმობაჲ მოიმკონ.

9. ბრძანებითა ღმრთისაჲთა წარწყმდენ და სულითა რისხვისა მისისათა განირყუნეს.

10. ძალი ლომისაჲ და ჴმაჲ ლომისა ძუვისაჲ, ზახებაჲ ვეშაპთაჲ დაშრტა.

11. ჯინჭველლომი მოისპო, რამეთუ არა იყო მისა საზრდელ. ლეკუთა ლომისათა დაუტევეს ერთმანერთი.

12. უკუეთუმცა სიტყუაჲ რაჲმე ჭეშმარიტი ყოფილ იყო თქმულთა შინა შენთა, არამცა რაჲ ბოროტი შემთხუეულ იყო შენდა. აწ არა ნუ უფალი არს, რომელმან ასწავის გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ.

13. შიშითა და ოხრითა ღამისათა დაეცის შიში კაცთა ზედა.

14. ზარი შემემთხჳა მე და შიში და დიდად ძუალნი ჩემნი შეაძრწუნნეს

15. და სული პირად ჩემდა მოიწია. შეძრწუნდეს თმანი ჩემნი და ჴორცნი.

16. და აღვდეგ და არა ვიცან თავი ჩემი. ვიხილე და არა იყო ხატი წინაშე თუალთა ჩემთა, არამედ ნიავი და ჴმაჲ ხოლო მესმოდა.

17. აწ რაჲ? ნუუკუე წმიდა სადამე იყოს კაცი წინაშე უფლისა, ანუ საქმეთა თჳსთაგან უბიწო იყოს კაცი?

18. ანუ მონათა თჳსთა არამე არწმუნოს და ანგელოზთათჳს დრკუდ რამე განიზრახა?

19. ხოლო დამკჳდრებულნი იგი სახლსა შინა თიჴისასა, რომელნი-ესე მისვე თიჴისაგანნი ვართ, რავდენ დასცნა იგინი მღილისსახედ.

20. და განთიადითგან მწუხრადმდე არღარა არიან,

21. რამეთუ ვერ ეძლო მათ თავთა თჳსთა შეწევნად და წარწყმდეს.

22. მოჰბერა მათ ზედა და განჴმეს და წარწყმდეს, რამეთუ არა აქუნდა მათ სიბრძნე.


5

1. ხადოდეღა შენ, უკუეთუ ვინმე გერჩდეს, გინათუ ანგელოზთაგანი, წმიდათა იხილო.

2. და რამეთუ უგნური იგი რისხვამან მოკლის, ხოლო შეცთომილი იგი მოაკუდინის შურმან.

3. მე ვიხილენ უგნურნი, რომელთა ძირნი დაებნეს, არამედ მეყსეულადვე შეიჭამა როჭიკი მათი.

4. განეშორნეს ძირნი მათნი ცხორებისაგან და იქენჯნებოდენ იგინი კართა ზედა უნაკლულევანესთანა და არავინ იყოს განმრინებელ მათდა.

5. რამეთუ, რაჲ-იგი მათ შეიკრიბეს, მართალთა შეჭამონ და იგინი ბოროტისაგან ვერ განერნეს. გამოიწოვენ ძალი მათი,

6. რამეთუ არა გამოჴდის ქუეყანით ბნელი, არცა მთათაგან აღმოსცენდის სალმობაჲ.

7. არამედ კაცი იშვების სალმობად, მართუენი ყანჩისანი მაღალსა ფრინვენ.

8. არა ეგრე, არამედ მე უფალსა ვევედრებოდე და უფალსა ღმერთსა, ყოვლისა მპყრობელსა ვხადოდე,

9. რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკლეველნი დიდებულნი და საკჳრველნი, რომელთა არა არს რიცხჳ, რომელმან მოსცის წჳმაჲ ქუეყანასა და მოავლინის წყალი ცასა ქუეშე.

11. რომელმან ქმნნის მდაბალნი მაღალ და წარწყმედულნი აღმართნის,

12. და აგნის ზრახვანი წარმართთანი და არა ქმნის ჴელთა მათთა ჭეშმარიტებაჲ.

13. რამეთუ წარეწიის ბრძენთა გონიერებითა და ზრახვა იგი მრავალმთხზველთა განაქარვა.

14. დღისი შეემთხჳოს მათ ბნელი და შუვასამხრის ეჩქუეფებოდიან, ვითარცა ღამე. წარწყმდედ იგინი ბრძოლასა შინა.

15. უძლური იგი განერის ჴელისაგან ძლიერისა.

16. იყავნ უძლურისა მის სასოებაჲ და ცრუისა მის პირი დაიყავნ.

17. ხოლო ნეტარ არს კაცი, რომელსა ამხილა უფალმან. სწავლასა ყოვლისა მპყრობელისასა ნუ განიშორებ,

18. რამეთუ მან ალმის და მერმე კუალად მოაგის, დასცა და ჴელთა მისთა განკურნეს.

19. ექუსგზის ბოროტისაგან გიჴსნეს შენ და მეშჳდესა მას არა შეგეხოს შენ ბოროტი.

20. სიყმილსა გიჴსნეს შენ სიკუდილისაგან, ბრძოლასა შინა ჴელისაგან მახჳლისა განგარინოს შენ.

21. გუემისაგან ენისა დაგიფაროს შენ და არა გეშინოდის შენ ბოროტისაგან მომავალისა.

22. ცრუთა და უსჯულოთა ეკიცხევდე და მჴეცთაგან ველურთა არა გეშინოდის.

23. რამეთუ მჴეცნი ველისანი დაგიმშჳდნენ შენ.

24. მაშინ სცნა, რამეთუ მშჳდობა არს სახლსა შენსა და წესმან საყოფლისა შენისამან არა ცოდოს.

25. მაშინ სცნა, რამეთუ მრავალ არს ნათესავი შენი და შვილნი შენი, ვითარცა ყოველი მწუანვილი ველისაჲ.

26. და მოხჳდე საფლავად, ვითარცა იფქლი ჟამისაჲ ჟამსა თჳსსა მომკილი, ანუ ვითარცა ზჳნი კალოსაჲ ჟამად-ჟამად შეკრებილი.

27. აჰა, ესე ესრეთ გამოვიკულიეთ და ესე არს, რომელი გუასმიეს, ხოლო შენ ცან თავისაჲ, რაჲ-იგი შენ გიქმნიეს.


6

1. მიუგო იობ და თქუა:

2. უკუეთუმცა ვინმე წონით აღწონნა რისხვანი ჩემნი და სალმობანი ჩემნი და აღიხუნა სასწორითა ერთბამად,

3. ქჳშისამცა ზღჳსკიდისა უმძიმეს იპოვა, არამედ, ვითარ საგონებელ არს, სიტყუანი ჩემნი ვიდრემე არიან ბოროტ.

4. რამეთუ ისარნი უფლისანი ჴორცთა ჩემთა განწონილ არიან, რომელთა გულისწყრომაჲ მათი გამოსწოვს სისხლთა ჩემთა, რაჟამს სიტყუად ვიწყე, დამწერტედ მე.

5. აწ უკუე რაჲმე არს? ცუდადმე რას ჴმობსა ვირი ველური, არამედ საზრდელსა ეძიებნ? ანუ თუ აუტევის ჴმაჲ ჴარმან, ბაგასა ზედა წინაშე რაჲ უცნ საჭმელი?

6. ანუ იჭამოს პური თჳნიერად მართლისა? ანუ თუ არს გემოჲ სიტყუათა შინა ცუდთა?

7. რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების დაცხრომად სულსა ჩემსა. მყრალად ვხედავ საზრდელსა ჩემსა, ვითარცა სულმყრალობასა ლომისასა.

8. უკუეთუ მომცეს მე უფალმან, და მოვიდეს თხოვაჲ ჩემი, და სასოებაჲ ჩემი მომცეს ღმერთმან.

9. იწყო უფალმან და დამწყლა მე. და სრულიად ნუ მომსპოლავნ მე.

10. იყავნ ჩემდა ქალაქი ესე საფლავ, რომლისა ზღუდეთა ზედა ვიქცეოდე, არა ვერიდო, რამეთუ არა ვიცრუე სიტყუათა წმიდათა ღმრთისა ჩემისათა.

11. რაჲმე არს ძალი ჩემი, რამეთუ დავითმინო? ანუ რავდენ არს ჟამი ჩემი, რამეთუ თავს-იდვას სულმან ჩემმან.

12. ნუუკუე ძალი კლდისა არსა ძალი ჩემი? ანუ ჴორცნი ჩემნი არიან რვალისანი? ანუ მე არა მას ვესევდ? შეწევნაჲ ჩემი მისგან განმეშორა.

13. განმწუართა მე წყალობაჲ მისი. მოღუაწებამან უფლისამან უგულებელს-მყო მე.

14. არა მომხედეს მე მახლობელთა ჩემთა,

15. ვითარცა ჴევი ღუარისაჲ, მოვაკლდი და, ვითარცა ელვაჲ, წარვჴედი.

16. რომელთა-იგი ჩემდა ეშინოდა, აწ ზედა დამესხმიან,

17. ვითარცა თოვლი, გინა მყინვარი დაყინებული რაჲ დადნის სიცხისაგან და არა საცნაურ არნ, სადა იგი იყო.

18. ეგრეცა მე დავშთი, ყოველთა მიერ წარვწყმდი და სახლისაგან განვარდი.

19. იხილენით გზანი თემანელთანი და ალაგნი ესებონელთანი, რომელნი-იგი ეზღუანნიან.

20. და სირცხჳლის თანამდებ იყვნენ, რომელნი-იგი ქალაქებსა და საფასებთა მოსავ არიან.

21. ხოლო აწ თქუენცა, ეგერა, მეტად მექმნენით მე უწყალო მის წილ, რამცა იხილეთ წყლულებაჲ ესე ჩემი და შეგეშინა.

22. აწ უკუე რაჲ? ნუ თქუენგან რასმე ვითხოვ,

23. ანუ ძალისა თქუენისა მოქენე რას ვარ? რათამცა განმარინეთ მე ჴელთაგან მტერთასა, ანუ ჴელისაგან ძლიერთასა მიჴსნეთ მე?

24. მასწავეთ მე და მე დავდუმნე. უკუეთუ რას ცთომილ ვარ, მითხართ მე ?

25. არამედ მსგავს არიან ამათსა ჭეშმარიტისა სიტყუანი, არა თუ თქუენგან ძალსა რასმე ვითხოვ.

26. არცაღა მხილებამან სიტყუათა თქუენთამან დამაცხროს მე, არცა თქმული ეგე სიტყუათა თქუენთაჲ თავს-ვიდვა.

27. გარნა ესე, რამეთუ, ვითარცა ობოლსა, ზედა დამესხმით მე და ზედამომივალთ მეგობარსა თქუენსა.

28. აწ, ესერა, მივხედო პირსა თქუენსა და არა ვტყუო. დასხედით და ნუ იყოფინ სიცრუე.

29. და მერმე კუალად სამართალს ვიდრე შეერთენით,

30. რამეთუ არა არს ენასა ჩემსა სიცრუე, ანუ არა სასა ჩემი გულისჴმის-ყოფასა იწურთის?


7

1. აწ არამე განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა და ვითარცა მორეწისა მდევრისა ჟამი მისი?

2. ანუ ვითარცა მსახური, რომელი მოშიშ არს უფლისა თჳსისა და ძრწინ აჩრდილისა მისისაგან და ვითარცა მოსასყიდლე, რომელი მოელინ სასყიდელსა თჳსსა,

3. ეგრეცა მე დავითმინენ თთუენი ცუდნი და ღამენი სალმობათანი მოცემულ არიან ჩემდა.

4. ოდეს დავწვი, ვთქჳ: ოდესმე იყოს დღე? და აღ-რა-ვდგი, კუალად: ოდესმე მწუხრი? რამეთუ აღვივსი სალმობითა მწუხრითგან ვიდრე განთიადმდე.

5. შესუარულ არიან ჴორცნი ჩემნი საძაგელებითა მატლთათა, დავადნობ მძორთა ქუეყანისათა წუთხისა ხუეტითა.

6. ხოლო ცხორებაჲ ჩემი არს უსულმცირე სიტყჳსა, წარწყმდა ცუდითა სასოებითა.

7. მო-უკუე-იჴსენე, რამეთუ სული არს ცხორებაჲ ესე ჩემი და არღარა მოქცევად არს თუალი ჩემი ხილვად კეთილისა.

8. ვერ განმიცდის მე თუალი ჩემი ხილვად ჩემდა, თუალნი შენნი ჩემზედა, და არღარა ვარ,

9. ვითარცა ღრუბელი რა გარდაწმდის ცით. უკუეთუ შთავიდეს კაცი ჯოჯოხეთად, არღარა აღმოჴდეს.

10. არცა მოიქცეს სახლსა თჳსსა მერმე, არცაღა იცნას იგი ადგილმან თჳსმან.

11. აწ უკუე არცაღა მე ვერიდო პირითა ჩემითა, არამედ ვიტყოდე, რამეთუ ურვასა შინა ვარ, აღვაღო სიმწარითა სულისა ჩემისათა პირი ჩემი.

12. აწ უკუე ზღუაჲ მე ვარ ანუ ვეშაპი, რამეთუ დააწესე ჩემ ზედა საცოჲ?

13. ვთქუ, ვითარმედ: ნუგეშინის-მცეს მე ცხედარმან ჩემმან. და აღვიხუნე თავით ჩემით თჳსაგან სიტყუანი სასუენებელსა ჩემსა ზედა.

14. მაშინებ მე ძილსა შინა და საჩუენებელითა მწყლავ მე.

15. განმაშორებ სულისაგან ჩემისა საშუმინველსა ჩემსა და სიკუდილითა ძუალთა ჩემთა.

16. არა უკუე ცხოველ-ყოფად ვარ, რათამცა დავითმინე განმეშოვრე ჩემგან, რამეთუ ცუდ არს ცხორებაჲ ჩემი.

17. რა არს კაცისა, რამეთუ განადიდე იგი, ანუ რამეთუ ერჩი გონებასა მისსა?

18. ანუ მოხედვაჲ მისი ჰყოა განთიადმდე და განსუენებად მოიყვანო იგი?

19. ვიდრემდე არა მიტევებ მე, არცა მაცადებ მე, ვიდრემდე შთავნთქნე ნერწყუანი ჩემნი სალმობით?

20. უკუეთუ მე ვცოდე, რაჲმე ძალ-მიც შენდა ყოფად, რომელმან-ეგე იცნი გონებანი კაცთანი. რაჲსათჳს მყავ მე მოქენე შენდა? და ვარ შენდა ტჳრთად!

21. ანუ რად არა ჰყვენ უსჯულოებათა ჩემთა დავიწყებანი და განწმედაჲ ცოდვათა ჩემთაჲ? აწ, ესერა, მიწად მივიქცევი განთიადმდე და არღარა ვიყო.


8

1. მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:

2. ვიდრემე იტყოდი მაგას სულითა მრავლისმეტყუელითა პირითა შენითა?

3. ნუუკუე უფალმან ნაწილი საჯოს. ანუ, რომელმან ყოველივე შექმნა, ცვალოს სამართალი?

4. უკუეთუ ძეთა შენთა ცოდეს წინაშე მისსა, მოუვლინა ჴელითა უსჯულოებისა მათისათჳს.

5. ხოლო შენ აღიმსთუე უფლისა მიმართ, ყოვლისა მპყრობელისა, ვედრებით.

6. უკუეთუ წმიდა იყო და ჭეშმარიტ, ვედრებისა შენისა ისმინოს და მოგაგოს ნაყოფი სიმართლისა.

7. და იყოს პირველი იგი შენი მცირედ, ხოლო უკუნასკნელი შენი ურიცხჳ.

8. ჰკითხეღა ნათესავსა მას პირველსა და გამოიძიე ნათესავითა ნათესავად მამათა,

9. რამეთუ საწუთონი ვართ და არა ვიცით, რამეთუ აჩრდილ არს ცხორებაჲ ჩუენი ქუეყანასა ზედა.

10. ანუ არა ამათ გასწაონ და გითხრან შენ და გულისაგან გამოიხუნენ სიტყუანი?

11. ნუუკუე აღმოსცენდის ჭილი თჳნიერად წყლისა, ანუ აღმაღლდის ბანჯარი ურწყუელად? ძირთა ზედაღა იყოს

12. და ვერ მოითიბოს პირველ, ვიდრე არა მოირწყოს ყოველივე მწუანვილი, გაჴმეს იგი.

13. ესრე იყოს აწ აღსასრული ჟამთაჲ, რომელთა დაჰვიწყებიეს უფალი, რამეთუ სასოებაჲ უღმრთოთა წარწყმდეს.

14. და უმკჳდრო იყვნენ სახლნი მათნი, დედაზარდლის ქსელ იყვნენ სახლნი მათნი.

15. და-ღათუ-მტკიცნენ სახლნი მათნი. ვერვე დგენ, შე-ღათუ-იკრძალონ იგი, ვერვე დაუთმოს,

16. რამეთუ ნედლ არს იგი მზისაგან და სიხენეშისაგან მისისა მორჩი მისი გამოჴდეს.

17. შესაკრებელსა ქვათასა დაწვეს და შორის ღჳნჭათა ცხონდეს.

18. უკუეთუ შთანთქას, ადგილი იგი უარის-ყოფად დგეს მისა, არა გიხილავსა ესევითარი?

19. რამეთუ დაქცევაჲ უღმრთოთა ესე არს, ხოლო ქუეყანით სხუაჲ აღმოაცენის,

20. რამეთუ უფალმან არა განიშოროს უბიწოჲ იგი, ხოლო ყოველი ძღუენი უღმრთოთაჲ არა შეიწიროს.

21. და პირნი ჭეშმარიტთანი აღავსნეს სიცილითა და ბაგენი მათნი აღსარებითა.

22. ხოლო მტერთა მათთა შეიმოსონ სირცხვილი და ნაწილი უღმრთოთა არა იყოს.


9

1. მიუგო იობ და ჰრქუა:

2. ჭეშმარიტად უწყი, რამეთუ ეგე ეგრე არს. ვითარმე უკუე იყოს კაცი მართალი წინაშე უფლისა?

3. დაღათუ უნდეს სასჯელად მისა, არავე ისმინოს მისი, რათა არა სიტყუაუგოს მას ერთისა წილ სიტყჳსა მისისა ათასისაგან,

4. რამეთუ ბრძენ არს გონებითა, ძლიერ არს და დიდ. ვინმე უკუე ფიცხელ იქმნა მის წინაშე და დაუთმო?

5. რომელი დააძუელებს მთათა და არა იციან, რომელმან დააქცინის იგინი რისხვითა.

6. რომელმან შეძრის ცაჲ ქუეშე საფარველითურთ და სუეტნი მისნი იძრვიედ.

7. რომელმან უბრძანოს მზესა და არა აღმოჰჴდეს და ვარსკულავთა ზედა დაჰბეჭდოს.

8. რომელმან გარდაართხნა ცანი მხოლომან და ვალს იგი ზღუასა ზედა, ვითარცა ჴმელსა.

9. რომელმან შექმნა ჴომნი და მწუხრისა ვარსკვლავი და ურემ-ჴარნი და საუნჯე სამხრისაჲ.

10. რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკულეველნი დიდებულნი და საკჳრველნი, რომელთა არა არს რიცხჳ.

11. უკუეთუ ზედაგარდამჴდეს, მე ვერ ვიხილო, ანუ თუ თანაწარმჴდეს მე, ვერცა ეგრეთ ვცნა.

12. უკუეთუ გარემიიქცეს, ვინ მოაქციოს? ანუ ვინ ჰრქუას მას ვითარმედ: რაჲ ეგე ჰყავ?

13. რამეთუ მან თავადმან გარემიიქციოს რისხვაჲ და მის მიერ დამდაბლდეს ვეშაპნი იგი ცასა ქუეშე.

14. უკუეთუ ისმინოს ჩემი უფალმან. ანუ თუ განსაჯნეს სიტყუანი ჩემნი?

15. ვიყოღა თუ მართალ, არავე ისმინოს ჩემი, სამართალთა მისთა ვევედრებოდი.

16. უკუეთუ ვხადოდი და ისმინოს, არავე მრწმენეს, ვითარმედ ისმინა ჩემი.

17. ნუ წყუდიადითა შემმუსროს მე? რამეთუ მრავალი შემუსრვაჲ ყო ჩემ ზედა ცუდად.

18. არა მიტევებს მე სულისა აღმოტევებად, რამეთუ აღმავსო მე სიმწარითა,

19. და რამეთუ ძალითა ძლიერ არს, ვინმე უკუე განკითხვათა მისთა წინააღუდგეს?

20. დაღათუ ვარ მართალ, პირი ჩემი უსჯულოვე არს, დაღათუ უბიწო ვარ, ეგრეთცა დრკუდვე გამოვჩნდე?

21. უღმრთო თუ რაჲ ვქმენ, არა ვიცი სულითა ჩემითა, გარნა რამეთუ მიღებულ არს ცხორებაჲ ჩემი.

22. ამისთჳს ვთქუ: დიდი და ძლიერი წარწყმიდის რისხვამან.

23. რამეთუ უკეთურნი იგი სიკუდილითა განსაკჳრვებელითა მოისრნენ, რამეთუ მართალნი საცინელ იქმნეს.

24. მიცემულ არიან იგინი ჴელთა უღმრთოთასა, პირი მსაჯულთა მისთაჲ დაფაროს, უკუეთუ არა, იგივე თავადი არს?

25. ხოლო ცხორებაჲ ჩემი უმალეს არს მსრბოლისა, წარივლტოდეს და არა იხილეს.

26. ანუ არს ნავისა კუალი გზისაჲ, ანუ თუ ორბისა მფრინვალისაჲ, რომელი ეძიებნ საჭმელსა?

27. დაღათუ ვიტყოდე, და-ვე-მავიწყდის სიტყუად, დავიკიდო პირი ჩემი და სულთვითქუნე.

28. და ვძრვიდე ყოველთა ასოთა ჩემთა. ვიცი, რამეთუ არა უბრალოდ განმიტეო მე.

29. და რამეთუ ვარ მე უღმრთოჲ, რაჲსა არა მოვკუედი?

30. გინა ღათუ ვიბანო თოვლითა და განვწმიდნე ჴელითა წმიდითა, ეგრეცა

31. დიდად მწინკულითა შემღებე მე, მომიძაგა მე სამოსელმან ჩემმან,

32. რამეთუ არა ხარ კაცი ჩემებრი, რომელსამცა სიტყუა-უგე, რათა მოვიდეთ ერთბამად სასჯელად.

33. იყო ხოლო თუმცა ვინ შუამდგომელ და მამხილებელ და რომელმანცა ისმინა შორის ჩუენსა,

34. განმაშორენ ჩემგან კუერთხი მისი და შიში მისი ნუ შემაძრწუნებნ მე.

35. და არა მეშინოდის, არამედ ვიტყოდი, არა ეგრე შემიცნობიეს თავსა ჩემსა, რავდენ ესე.


10

1. და ვშურები სულითა ჩემითა, იწროებით აღმოუტევნე მის ზედა სიტყუანი ჩემნი, ვიტყოდი სიმწარითა სულისა ჩემისათა ურვით.

2. და ვჰრქუა უფალსა: ნუ უღმრთოებასა მასწავებ მე, და რასათჳს ესრეთ დამსაჯე მე?

3. ანუ კეთილ არს შენდა, უკუეთუ შეგცოდო, რამეთუ განიშორე ქმნილი ჴელთა შენთა და ზრახვასა უღმრთოთასა მოჰხედე.

4. ანუ ვითარცა კაცი ხედავნ, ეგრე ხედავ შენ, ანუ კაცისა ხილვისაებრ იხილო შენ, ანუ ცხოვრებაჲ შენი კაცობრივი არს,

5. ანუ წელნი შენნი კაცისანი,

6. რამეთუ გამოიძიენ უსჯულოებანი ჩემნი და ცოდვანი ჩემნი გამოიკულიენ.

7. ვიცი, რამეთუ არა უღმრთო ვიქმენ, არამედ ვინმე არს, რომელმან ჴელთაგან შენთა განმარინოს მე.

8. ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე და ამისსა შემდგომად მიმაქციე და დამეც მე.

9. მოიჴსენე, რამეთუ თიჴაჲ დამბადე მე და მერმე კუალად მიწადვე მიმაქცევ მე.

10. ანუ არა ვითარცა სძე, მომწუელე მე? და შემყავ მე, ვითარცა ხაჭუაჲ,

11. ტყავი და ჴორცი შემმოსე მე, ძუალითა და ძარღჳთა შემამაგრე მე.

12. ცხორებაჲ და წყალობაჲ დასდევ ჩემ ზედა და მოღუაწებაჲ შენი სცვიდა სულსა ჩემსა.

13. ესე მაქუს შენ მიერ და ვიცი, რამეთუ ყოველივე, რომელ გიც, და უძლურებაჲ არარაჲ არს შენ თანა.

14. დაღათუ ვცოდე, და-ვე-მიცევ მე და უსჯულოებისაგან არა უბრალომყავ მე.

15. უკუეთუ უღმრთო ვიქმნე, ვაჲ მე. დაღათუ მართალ ვიყო, ეგრეცა ვერვე ძალ-მიც მე აღხილვად, რამეთუ სავსე ვარ გინებითა.

16. და მონადირებულ ვარ, ვითარცა ლომი კლვად, და მიმაქცევ და კუალად ბოროტად მტანჯავ მე.

17. და განაახლებ ჩემ ზედა განკითხვათა ჩემთა, და რისხვითა დიდითა მრისხავ მე და მოაწიენ ჩემ ზედა განსაცდელნი.

18. ანუ რაჲსათჳს მუცლითვე დედისა ჩემისათ გამომიყვანე მე და მუნვე არა მოვკუედი მე, თუალმანცა არა მიხილა მე?

19. და ვითარცა არაყოფილიმცა შევიქმენ, ანუ რაჲსათჳს საშოთვე საფლავად არა მივიქეც?

20. ანუ არა მცირედ არს ჟამი ცხორებისა ჩემისა? მაცადე მე და განვისუენო მცირედ,

21. ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, ვინაჲ არღა მოქცევად ვარ ქუეყანად ბნელისა,

22. ქუეყანასა უკუნსა საუკუნისასა, და არა არს ნათელი, არცა ხილვად ცხორებაჲ კაცთაჲ.


11

1. მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა:

2. რომელი მრავალსა იტყჳნ, მან კუალადცა ისმინისვე სიტყუაჲ. ანუ კეთილად მეტყუელი იგი ჰგონებნმე, ვითარმედ მართალ იყოს?

3. კურთხეულ არს ნაშობი დედათა მცირედ ცხორებული, ნუ ფრიად სიტყუასა შინა ხარ, რამეთუ არავინ არს სიტყჳს-მგებელ შენდა.

4. ნუ ეგრე იტყჳ, ვითარმედ წმიდაჲ ვარ მე საქმითა და უბრალოჲ წინაშე უფლისა,

5. არამედ ვითარძი უფალი იტყოდის შენდამი და აღახუნეს ბაგენი მისნი შენ თანა.

6. მაშინ გეთხრას შენ ძალი სიბრძნისა, რამეთუ ორ წილ იყოს შენსა და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ ღირსად შეგემთხჳა შენ უფლისა მიერ, რაჲ-იგი შესცოდე მას.

7. ანუ კუალი უფლისაჲ ჰპოვემე, ანუ დასასრულსა მისწუდეა, რომელი-იგი ქმნა ყოვლისა მპყრობელმან?

8. მაღალ არიან ცანი და შენ რაჲმე ჰყო?, ანუ უღრმესი ჯოჯოხეთს შიდა რაჲ იცი?

9. ანუ უგრძესი საზომისა მის ქუეყანისაჲ, ანუ სივრცე ზღჳსა?

10. უკუეთუ დააქციოს ყოველი ერთბამად, ვინ ჰრქუას მას: რა-ეგე ჰყავ?

11. რამეთუ მან იცნის საქმენი უსჯულოთანი, იხილა უჯეროებაჲ და არა უგულებელს-ჰყო.

12. ხოლო კაცი სხუად სახედ აქცევს სიტყუასა, კაცი შობილი დედაკაცისაჲ. სწორ არს კანჯრისა მის უდაბნოჲსა.

13. უკუეთუ შენ წმიდა-ჰყავ გული შენი და განიპყრნე ჴელნი შენნი მისა მიმართ,

14. უკუეთუ უსჯულოებაჲ რაჲმე არს ჴელთა შენთა, შორად განიშორე შენგან და სიცრუე საყოფელსა შენსა ნუ იქცევინ.

15. და ესრეთ გამობრწყინდეს პირი შენი, ვითარცა წყალი წმიდაჲ. განიძარცო მწიკულევანებაჲ და არა გეშინოდის.

16. და შრომანი დაივიწყნე, ვითარცა ღელვანი წარჴდენ და არა შესძრწუნდე,

17. ხოლო ლოცვაჲ შენი, ვითარცა მთიები, იყოს და შუასამხრის გამოგიბრწყინდეს შენ ცხორებაჲ. და გულპყრობილ იყო, ვითარმედ არს შენდა სასოება, გულისსიტყჳსაგან და ზრუნვისა გამოგიჩნდეს შენ მშჳდობაჲ.

18. დაეყუდო და არავინ იყოს მბრძოლ შენდა,

19. მოაქციოს და მრავალნი გევედრებიან შენ და ცხორებაჲ მათ მოაკლდეს,

20. რამეთუ სასოებაჲ მათი წარწყმედაჲ არს, ხოლო თუალნი უღმრთოთანი დადნენ.


12

1. მიუგო იობ და თქუა:

2. აწ თქუენცა სამე კაცნივე ხართა, ანუ თქუენ თანა აღესრულოს სიბრძნე?

3. რამეთუ ჩემიცა გული თქუენებრივე არს და არა უუგნურეს ვარ თქუენსა,

4. რამეთუ მართალი კაცი და უბრალოჲ იქმნა საკიცხელ,

5. რამეთუ ჟამად დაწესებულად განმზადებულ იყო დაცემად სხუათაგან და სახლნი მათნი გამოტყუენვად უსჯულოთაგან,

6. ხოლო ნუვე ვინ ესავნ, რომელი-იგი უკეთური იყოს, ვითარმცა უბიწოჲ იყო, რომელნი-იგი განარისხებენ უფალსა, ვითარმცა განკითხვაჲ მათი არა იყო,

7. არამედ ჰკითხეთა ოთხფერჴთა, უკუეთუ რაჲმე გითხრან შენ, ანუ მფრინველთა ცისათა, უკუეთუ რაჲმე გაუწყონ შენ?

8. მიუთხარ ქუეყანასა, უკუეთუ თქუას რაჲმე, გინათუ გამო-რაჲ-გითხრან შენ თევზთა ზღჳსათა.

9. ვინმე არა უწყის ამათ ყოველთა შორის, რამეთუ ჴელმან უფლისამან შექმნა ესე ყოველი?

10. არამე ჴელსა შინა მისსა არს სული ყოველთა ცხოველთაჲ და სული ყოვლისა კაცისაჲ?

11. რამეთუ გონებამან სიტყუანი განიკითხნის და სასამან გემოჲ ცნის ჭამადისაჲ.

12. მრავალთა ჟამისათა სიბრძნე პოვიან და მრავალსა შინა ცხორებასა მეცნიერებაჲ.

13. მის მიერ არს სიბრძნე და ძალი მისი არს ზრახვაჲ და გულისჴმისყოფაჲ.

14. უკუეთუ მან დაამჴუას, ვინმე აღაშენოს? ანუ დაჴშას კაცთათჳს ვინმე, სხუამან განაღოს?

15. უკუეთუ დააყენოს წყალი, განაჴმოს ქნეყანაჲ, უკუეთუ მიუტეოს ერთბამად, წარწყმიდოს იგი და დააქციოს.

16. მის მიერ არს სიმტკიცე და ძალი, მისი არს მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ.

17. წარსცის მზრახვალნი ტყუედ. და მსაჯულნი ქუეყანისანი განაკჳრნის.

18. დასცნის მეფენი საყდართა ზედა და შეარტყის სარტყელი ძლიერებისა მათისა.

19. განავლინნის მღდელნი ტყუედ და ძლიერნი ქუეყანისანი დაამჴუნა.

20. დააგნის ბაგენი მორწმუნეთანი და გულისჴმის-ყოფაჲ მოხუცებულთა იცის.

21. მიჰფინის უპატიობაჲ მთავართა და მდაბალნი განკურნნა.

22. გამოაცხადნის სიღრმენი ბნელისაგან და გამოიყვანნის ნათლად აჩრდილთაგან სიკუდილისათა.

23. შეაცთუნნის წარმართნი და განუტევნის იგინი, გარნა მოიყვანნის ძენი ნათესავთანი და წარმოუძღჳს მათ.

24. დააგნის გულნი მთავართა ქუეყანისათანი და შეაცთუნნა იგინი გზასა, რომელ არა იცოდეს.

25. ჰრევდედ იგინი ბნელსა და ნუ ნათელსა, შესცთედ იგინი ვითარცა მართალნი.


13

1. აჰა, ესერა, ესე ყოველი იხილა თუალმან ჩემმან და ესმა ყურთა ჩემთა

2. და ვიცი, რავდენიცა თქუენ გიცნობიეს და არა უუგულისჴმოეს ვარ თქუენსა.

3. არა ხოლო ეგრე, არამედ მე უფლისა მიმართ ვიტყოდი და ვამხილო მის წინაშე, უკუეთუ ინებოს.

4. ხოლო თქუენ ხართვე მკურნალნი ცრუნი და მლხინებელ ბოროტ ყოველნი,

5. იყავნ თქუენდა დუმილი და შეგერაცხოს თქუენ სიბრძნედ.

6. ისმინენით მხილებანი პირისა ჩემისანი. და საშჯელსა ბაგეთა ჩემთასა მხედევდით,

7. ვითარმე არს ესე, ანუ არა წინაშე უფლისა იტყჳთ და მის წინაშე ჰზრახავთ ზაკუასა,

8. ანუ თუ მერიდებით თქუენ? და თჳთ მსაჯულ იქმნებით.

9. კეთილმე არსა, უკუეთუ გამოიკულიოს თქუენიცა, დაღათუ ყოველივე ჰყოთ და შეეძინნეთ მას?

10. არა ვერაჲ ნაკლულად გამხილოს თქუენ, დაღათუ ფარულითა პირითა თუალ-გახუნეს.

11. არამეა შიშმან მისმან შეგაძრწუნნეს თქუენ და ზარი მისი დაგეცეს თქუენ ზედა?

12. და გექმნეს თქუენ ეგე ზახებაჲ სწორ ნაცრისა, ხოლო ჴორცნი თქუენნი თიჴისანი.

13. დადუმენით, რათა ვიტყოდი და განვისუენო გულისწყრომისაგან.

14. ვიპყრნე ჴორცნი ჩემნი კბილითა ჩემითა და სული ჩემი დავდვა ჴელსა ზედა ჩემსა.

15. უკუეთუ ჴელთ-მიდვას მე ძლიერმან მან, ვითარცა-ესე უწყიეს, ანუ ვიტყოდი და ვამხილო წინაშე მისსა.

16. და ესე გეყოს თქუენ საცხორებელად, რამეთუ მის წინაშე ზაკუა არა შევიდეს.

17. ისმინენით სიტყუანი ჩემნი, ისმინენით. რამეთუ გითხრა თქუენ, ისმენდეთ თუ:

18. აჰა, ესერა, მიახლებულ ვარ მე სამართალსა ჩემსა მე ვიცი, რამეთუ მართლად გამოჩინებად ვარ.

19. ვინ არს მოსაჯული ჩემი? რამეთუ აწ დავდუმნე და მოვაკლდე.

20. ორნი რაჲმე ჯერ არს ჩემდა და მაშინ პირისა შენისაგან არა დაგემალო

21. ჴელი შენი ჩემგან განმაყენე და შიში შენი ნუ განმაკრთობნ მე.

22. და მაშინ მიწოდე მე და მე ვისმინო შენი, მეტყოდი და მე მიგაგებო შენ სიტყუაჲ.

23. რავდენ არიან ცოდვანი ჩემნი და უსჯულოებანი ჩემნი, მასწავე მე, ვინ არიან.

24. რაჲსათჳს ჩემგან მეფარვი და შეგირაცხე მე ვითარცა წინააღმდგომი შენი,

25. ანუ ფურცლისა ქარისაგან აღძრულისა გეშინოდისმე, ანუ თივაჲ რომელი მოაქუნ ნიავქარსა? წინააღმიდგები მე.

26. რამეთუ აღსწერენ ჩემ ზედა ყოველნი ძჳრნი და გარემომადგინენ მე სიჭაბუკისა ჩემისა ცოდვანი.

27. და დასხენ ფერჴნი ჩემნი დაბრკოლებასა შინა და დამიმარხენ მე ყოველნი საქმენი ჩემნი და ძირსა ფერჴთა ჩემთასა მისწუედი,

28. რომელი დაძუელებად არს, ვითარცა თხიერი, ანუ ვითარცა სამოსელი მღილთა დაჭმული.


14

1. რამეთუ კაცი ნაშობი დედათაჲ, მცირედ ცხორებული და სავსე რისხვითა,

2. გინა თუ ვითარცა ყუავილითა ყუავინ და დასცჳვის, წარჴდა, ვითარცა აჩრდილი.

3. ანუ არა მისთჳსცა სიტყუაჲვე ჰყავ და ესე შეიყვანე წინაშე სასჯელსა შენსა?

4. ვინმე უკუე წმიდაჲ იყოს მწინკულევანებისაგან? არამედ არავინ, დაღათუ ერთ დღე იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა.

5. და აღრაცხილ თთუენი მისნი მის მიერ, ჟამადმდე დასდევ და არა გარდაჴდეს.

6. განეშორე მისგან, რათა დაყუდნეს და სათნო იყოს ცხორებაჲ თჳსი ვითარცა მორეწემან,

7. რამეთუ არს ხისა სასოება, უკუეთუ მოიკუეთის, კუალად აღმოსცენდის და მორჩი მისი არა მოაკლდეს.

8. და-ღა-თუ-ბერდეს ქუეყანასა ზედა ძირი მისი და კლდესა ზედა დაეცეს ძირი იგი მისი,

9. სულისაგან წყლისა ყუაოდისვე და ყოს ფურცელი, ვითარცა ახალნერგმან.

10. ხოლო კაციღა აღესრულა, წარჴდა, დაეცა კაცი და არღა რა იყოს,

11. რამეთუ ჟამით მოაკლდების ზღუასა, ხოლო მდინარეღა განირყუნა, განჴმა.

12. კაცმან რაჲ დაიძინა, არღარა აღდგეს, ცაჲ იყოსღა, არა შეიმოსოს და არცა განიღჳძონ ძილისაგან მათისა,

13. უკუეთუმცა ჯოჯოხეთს შიდა დამმარხე და დამფარე მე, ვიდრემდე წარჴდეს რისხვაჲ შენი და განმიჩინო მე ჟამი, ოდეს მოჴსენებაჲ ჩემი ჰყო,

14. უკუეთუ მოკუდეს კაცი, ცხონდა, რამეთუ აღასრულნა დღენი ცხორებისა მისისანი, დავითმინო ვიდრემდე კუალად ვიშვე.

15. და მერმე მიწოდე და მე ვისმინო შენი და ქმნილსა ჴელთა შენთასა ნუ განაშორებ,

16. რამეთუ აღრაცხენ გზანი ჩემნი და არარაჲ დაგავიწყდა შენ ცოდვათა ჩემთაგანი.

17. დაჰბეჭდდე უშჯულოებათა ჩემთა ვაშკარანსა შიდა და დაისწავენ იგინი, რომელნი უნებლებით გარდაჰჴდეს.

18. ხოლო მთაჲ დაცემით დაეცეს და კლდე დაძუელდეს ადგილით თჳსით.

19. ლოდნი მოაწრფელნეს წყალთა და წარღუნეს წყალთა ვრცელთა მიწაჲ ქუეყანისაჲ და მოთმინებაჲ კაცისაჲ წარსწყმიდე.

20. აჭენე მას სრულიად და წარწყმდა, მიაქციე მას პირი შენი და განავლინე.

21. გან-ღა-თუ-მრავლდეს ძენი მისნი, არავე იცის, გინა თუ შემცირდეს, ეგრეცა არავე უწყის,

22. ეგრეცა ჴორცნი მისნი ელმოდეს, ხოლო სული მისი ეგლოვდა.


15

1. მიუგო ელიფას თემანელმან და თქუა:

2. აწ უკუე ბრძენმან სიტყუაჲ მოუბის გულისჴმის-ყოფისა სულისაჲ და აღავსო სალმობითა მუცლისათა.

3. ამხილებ სიტყჳთა, რომელ არა ჯერ-იყო სიტყჳთა, რომელ არა სარგებელ?

4. და აღასრულენ სიტყუანი ესევითარნი წინაშე უფლისა. თანამდებ ხარ სიტყუათა პირისა შენისათა,

5. არარაჲ განიკითხენ სიტყუანი ძლიერთანი.

6. გამხილენ შენ პირმანვე შენმან და ნუმედა ბაგეთა შენთა შეგწამონ შენ.

7. აწ რაჲ? ნუ უწინარეს კაცთა შენ იყავ? ანუ უწინარეს მთათა დაებადე?

8. ანუ პირველად ბრძანებაჲ უფლისაჲ შენ გესმა? ანუ შენ ზედა ხოლო მოიწია სიბრძნე?

9. ანუ შენ რაჲ იცი, რომელი ჩუენ არა ვიცით? ანუ შენ რაჲმე გულისჴმა-გიყოფიეს, რომელ ჩუენ არა?

10. და მოხუცებულ და უძუელეს ჩუენსა და უმრავლეს ჩუენსა და უმრავლეს მამისა დღითა.

11. მცირედ რავდენ-იგი სცოდე, იტანჯები, არამედ დიდძალად და გარდარეულად იტყოდე:

12. ვითარ იკადრა გულმან შენმან, ანუ რაჲ იხილეს თუალთა შენთა,

13. რამეთუ გულისწყრომაჲ აღმოსთქუ წინაშე უფლისა და პირისაგან წარმოიხუენ ესევითარნი სიტყუანი?

14. ვინმე უკუე არს კაცთაგანი, რომელიმცა იყო უბრალო. ანუ ყოფილმე ვინ არს მართალ ნაშობი დედაკაცისაჲ?

15. უკუეთუ წმიდათა მიმართ არა ჰრწამს და ცაჲ არაწმიდაჲ არს მის წინაშე.

16. აცადეთ საძაგელი და არაწმიდაჲ კაცი, რომელი სუამს სიცრუესა სწორად სასუმლისა.

17. ხოლო გითხრა შენ და ისმინე ჩემი და, რაჲ-იგი ვიხილე, გაუწყო შენ,

18. რაჲ-იგი ბრძენთა თქუან და არა დაუმალეს მამათა მათთა,

19. მათ ხოლო მოეცა ქუეყანაჲ და არა მოვიდა უცხოთესლი მათ ზედა.

20. ყოველივე ცხორებაჲ უღმრთოთა ზრუნვით, წელნი რიცხჳთ მოცემულ არიან ძლიერისა მისგან;

21. ხოლო შიში მისი ყურთა მისთა, რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ მშჳდობით არს, მაშინღა მოიწიოს მის ზედა დაქცევაჲ.

22. ნუ ჰრწამნ მას გარემოქცევად ბნელისაგან, რამეთუ ბრძანებულ არს მის მიერვე ჴელთა მახჳლისათა მიცემად.

23. და განჩემებულ არს საჭმლად ორბთა და იცის თავისა თჳსისაჲ, რამეთუ ელის დაცემად, და დღემან ბნელისამან შეაძრწუნოს იგი.

24. ურვამან და ჭირმან შეიპყრას იგი, ვითარცა ერისთავი მთავრად მდგომარე რაჲ დაეცის,

25. რამეთუ აღიპყრნა ჴელნი მისნი წინაშე ღმრითისა და წინაშე ყოვლისა მპყრობელისა.

26. ქედი აღმართა და იქცეოდა წინაშე მისსა გინებით სიზრქითა საჭურველისა მისისათა,

27. რამეთუ დაჰფარა პირი მისი ცმელსა თჳსსა და ქონსა ყელე მისი ბარკალსხვილით.

28. იქცეოდენ იგი ქალაქთა ოჴერთა და შევედინ სახლსა უმკჳდროთა და, რაჲ-იგი განიმზადეს, სხუათა წარიღონ.

29. არცა განმდიდრდეს, არცა დაადგრეს ნაყოფი მისი, არა დაადგრეს ქუეყანასა ზედა აჩრდილი მისი,

30. არცა განერეს ბნელსა, მცენარე მისი დააჭნვენ ხორშაკმან და დასცჳვენ ყუავილი მისი.

31. ნუ ჰრწამნ, ვითარმედ დათმოს, რამეთუ ცუდი ცუდად გარდაექცეს მას.

32. მოკაფული მისი უწინარეს ჟამისა განირყუნეს და მორჩი მისი არა განედლდეს.

33. და მოისთულონ იგი, ვითარცა კაწახი ნჟამოდ და დასცჳვენ, ვითარცა ყუავილი ზეთისხილისა,

34. რამეთუ საწამებელი უღმრთოთა სიკუდილი არს, ხოლო ცეცხლმან დაწუნეს სახლნი მოქრთამეთანი.

35. და მუცლად-იღენ სალმობანი, შეემთხჳენ მას ცუდი ცუდსა ზედა და მუცელმან მისმან შთაიკრიბოს ზაკუაჲ.


16

1. მიუგო იობ და ჰრქუა:

2. მესმეს ეგევითარი მრავალი, ნუგეშინის-მცემელნო უკეთურნო ყოველნო.

3. აწ რაჲ? ნუუკუჱ დაწესებულებაჲ რაჲ არს სიტყუათა შინა სულისათა? ანუ რაჲ შეგაურვა შენ, რამეთუ სიტყუას-მიგებ?

4. მეცა თქუენ ზედა ვიტყოდე, უკუეთუმცა ამას შინა იყო სული თქუენი სულისა ჩემისა წილ.

5. და მერე ზედამიგიჴდე თქუენ სიტყჳთა და შევყარო თქუენ ზედა თავი ჩემი;

6. იყავნ ძალი პირსა ჩემსა და განძრვად ბაგეთა ჩემთა არა ვერიდო.

7. ვიტყოდი: ღათუ არა მელმოდის წყლულებაჲ ჩემი, და-ღათუ-ვდუმნე, რაჲმე უმცირეს ვიწყლა,

8. ხოლო აწ შრომა-მცა მე განცჳბრებულსა და დამპალსა, და შემიცევ მე, და აღდგეს ჩემ ზედა სიცრუენი ჩემნი წინაშე პირისპირ.

9. კუალად მომიგო, რისხვაჲ მოაწია და დამამჴუა მე,

10. და დაიღრჭინნა ჩემ ზედა კბილნი მისნი, ისარნი განსაცდელთანი ჩემ ზედა დამსჭუალნა, ისრისპირნი მისნი თუალთა ჩემთა განმაწონნა,

11. მახჳლი მცა მუჴლთა ჩემთა, და ერთბამად მეწინეს მე.

12. მიმცა მე უფალმან ჴელთა ცრუსათა და უღმრთოთა შემაგდო მე.

13. მშვიდობასა შინა განმაქარვა მე, მიპყრნა თმანი ჩემნი და დამფხურნა მე, დამადგინა მე ვითარცა მსტოარი.

14. გარემომადგეს მე ლახუროსანნი და განმწონნეს თირკუმელთა ჩემთა,

15. ურიდად დასთხიეს ქუეყანასა ზედა ნავღელი ჩემი, დამცეს მე დაცემაჲ დაცემასა ზედა, მოარბიეს ჩემ ზედა მძლავრთა.

16. ძაძაჲ შემაკერეს ტყავსა ჩემსა, ხოლო ძალი ჩემი ქუეყანასა ზედა დაშრტა;

17. მუცელი ჩემი შეიწუების ტირილითა და წარბთა ჩემთა ზედა აჩრდილი სიკუდილისა.

18. სიცრუე არარაჲ იყო ჴელსა ჩემსა, ლოცვაჲ ჩემი წმიდაჲ იყო.

19. ქუეყანაო, ნუ დაჰფარავ სისხლთა ზედა ჴორცთა ჩემთასა, ნუცა იყოფინ ადგილი ღაღადებისა ჩემისაჲ.

20. და აწ, ესერა, ცათა შინა არს მოწამე ჩემი და რომელმან იცის ჩემი მაღალთა შინა!

21. მიიღენ ლოცვაჲ ჩემი უფლისა და წინაშე მისსა წთოდენ თუალნი ჩემნი.

22. იყავნ მამხილებელ კაცისა წინაშე უფლისა და ძე კაცისა მოყუსისა თჳსისა.

23. წელნი რიცხუთანი მოწევნულ არიან და გზასა მას, რომელსა არღარა მოქცევად ვარ, მოვალ მე.


17

1. მოვისპები მე სულითა მიმოტაცებულითა, ვევედრები დაფლვად და ვერ მივემთხუევი.

2. ვიურვი და დავშრები და რაჲ ვყო, რამეთუ მიმპარეს მონაგები ჩემი უცხოთა.

3. ვინ არს ესე? ჴელი მომეცინ მე!

4. რამეთუ გული მათი დამალეს გონიერებისაგან, ამისთჳს არა აღამაღლნე იგინი?

5. ნაწილი მიუთხრას უკეთურებისა. თუალნი მისნი ძეთა მისთა ზედა დადნეს.

6. დამდევ მე სასიტყუელად თესლებსა შორის და საცინელ მათდა ვიქმენ.

7. დაბრმობილ არიან რისხვისაგან თუალნი ჩემნი, მოცვულ ვარ მე დიდძალად ყოველთა მიერ.

8. უკჳრდინ ჭეშმარიტთა ამათ ზედა და მართალი უსჯულოსა ზედა აღდეგინ!

9. აქუნდინ მორწმუნესა გზაჲ თჳსი და წმიდამან ჴელითა მოიღენ ნუგეშინის-ცემაჲ.

10. არა ეგრე, არამედ ყოველნი ჰჴდებოდეთ და მოვედით, რამეთუ არა ვპოებ თქუენ თანა ჭეშმარიტებასა.

11. დღენი ჩემნი წარჴდეს მყრალობასა შინა და განსთქდა აპკაჲ გულისა ჩემისაჲ.

12. ღამე იგი დღედ დავდევ; ნათელი ახლოს არს პირსა წინაშე ბნელისასა.

13. და-ღა-თუ-ვითმინო, ჯოჯოხეთივე არს სახლ ჩემდა და წყუდიადსა შინა დარეცილ არს სარეცელი ჩემი.

14. სიკუდილსა ვხადე მამად ჩემდა და დედად და დად ჩემდა საძაგელებასა.

15. სადა უკუე არს სასოებაჲ ჩემი? ანუ კეთილი ჩემი ოდესმე ვიხილო?

16. ანუ ჩემ თანა ჯოჯოხეთად შთავიდენ, გინა თუ ერთბამად მიწად დაჰჴდეთ


18

1. მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:

2. ვიდრემდე არა დასცხრები? დადუმენ, რათა ჩუენცა ვიტყოდით:

3. რაჲსა ვითარცა პირუტყუნი დადუმებულ ვართ შენ წინაშე?

4. და გიჴმევიეს შენ რისხვაჲ! აწ რაჲ? უკუეთუ შენ მოჰკუდე, უშენი დაშთესა ცასა ქუეშე, ანუ დაიქცენ მთანი საფუძვლითურთ?

5. და ნათელი უღმრთოთა დაშრტეს, ანუ არა შეემთხჳოს მათ.

6. ნათელი მათი ბნელად გარდაიქცეს საყოფელსა მათსა, ხოლო ნათელი იმათი დაშრტეს მათ ზედა.

7. წარიღეთ უმწემესთა ნაყოფი მათი; ცთომილ იყუნედ ზრახვანი მათნი.

8. შევრდომილ არს ფერჴი მათი საბრჴესა და მახესა წარეგრაგნენ.

9. მოვიდენ საბრჴენი მის ზედა, განძლიერდედ მის ზედა წყურილნი; დარწყულ არს ქუეყანასა ზედა საბელი მისი ალაგთა ზედა.

11. გარემოადგედ მას სალმობანი მრავალნი, საბრჴე მოიწიოს მის ზედა.

12. მიეცეს იწროსა სიყმილსა, დაცემაჲ განმზადებულ არს მის ზედა განსაკჳრვებელი, შეიჭამოს ძალი ფერჴთა მისთა.

13. შეიჭამნედ წყჳლნი, განლიენ შუენიერებაჲ მისი სიკუდილმან.

14. განეშორენ საყოფელთა მისთა განკურნებაჲ, შეემთხჳენ მას ჭირი და ბრალი სამეუფოჲ.

15. დაიმკჳდროს საყოფელსა მისსა ღამემან, დაეთესნედ შუენიერნი წუნწუბით.

16. და ქუეშე კერძო ძირნი მისნი განჴმელ და ზედა კერძო ნაყოფი მისი დასცჳვეს.

17. საჴსენებელი მისი წარწყმდინ ქუეყანით და არა იყოს სახელი მისი პირსა წინაშე სხუათაგან.

18. ეჭენენ მას სანთლისაგან ბნელად და არა იყოს საცნაურ ერსა შორის მისსა.

19. და არცა განრინებულ ცასა ქუეშე სახლი მისი, არამედ მისთა მათ შინა ცხონდებოდიან უცხონი.

20. მის ზედა სულთ-ითქუმიდეს უკანასკნელი, ხოლო პირველთა მათ უკჳრდა.

21. ესენი არიან სახლნი ცრუთანი და ესე არს ადგილი მათი, რომელთა არა იციან უფალი.


19

1. მიუგო იობ და ჰრქუა:

2. ვიდრემდე დააშთობდეთ სულსა ჩემსა და დამჴსნიდეთ მე სიტყჳთა?

3. ცანთ ხოლო, რამეთუ უფალმან მიყო მე ესრეთ. ძჳრსა მიზრახავთ და არა გრცხუენის ჩემდა და ზედადამესხმით მე.

4. ესე ნანდჳლვე მე შეცთომილ ვარ და ჩემ წინაშე იქცევის საცთური და ვიტყოდე სიტყუასა, რომელ არა ჯერ-იყო და სიტყუანი ჩემნი სცთებიან და არა ჟამსა.

5. აცადეთ, რამეთუ ჩემ ზედა განსიტყუდებით და ზედამომივალთ მე ყუედრებით.

6. გულისჴმა-ყავთ, რამეთუ უფალი არს, რამეთუ ესე ესრეთ ყო და ძნელოვანნი მისნი ჩემ ზედა აღამაღლნა,

7. აჰა ესერა, ვეცინი ყუედრებასა და არა ვიტყოდე, ვღაღადებ. არა ვინა არს საშჯელი ჩემი.

8. გარემოზღუდვილ არს ჩემსა და ვერ გარდავალ, წინაშე პირსა ჩემსა ბნელი დადვა.

9. და დიდებაჲ ჩემი განმძარცუა ჩემგან. მიმიღო გჳრგჳნი თავისაგან ჩემისა.

10. დამარღჳა მე გარემოჲს და წარვჴედი, მოეკუეთა ვითარცა ხე სასოებაჲ ჩემი.

11. და ბოროტად ჩემ ზედა რისხვა მოაწია, შეურაცხიე მე ვითარცა მტერი

12. ერთბამად მოიწინეს განსაცდელნი მისნი ჩემ ზედა, გზათა ჩემთა გარემომიცვეს მე მზირთა ჩემთა.

13. ძმანი ჩემნი განმეშორნეს ჩემგან, იცნეს უცხოჲ ვიდრეღა მე.

14. მეგობარნი ჩემნი უწყალო მექმნეს მე, არად შემრაცხეს მე მახლობელთა ჩემთა, და რომელთა იცოდეს სახელი ჩემი, დამივიწყეს მე.

15. მოძმეთა სახლისა მსახურთა ჩემთა უცხო ვეყავ მე წინაშე მათსა.

16. მსახურსა ჩემსა უწოდე და არა ისმინა ჩემი, პირი ჩემი ევედრებოდა.

17. და ვექენებოდე ცოლსა ჩემსა, მოვხადე ქენებით ძეთა ხარჭთა ჩემთასა,

18. ხოლო მათ უკუე განმწირეს მე, რაჟამს აღვიდე, იგინი ჩემთჳს ძჳრსა ზრახვიდიან.

19. მომიძაგეს, რომელთა მიცოდეს მე და რომელთა ვჰყუარობდ, ჩემ ზედა აღდგომილ არიან.

20. ტყავსა შინა ჩემსა დალპეს ჴორცნი და ძუალნი ჩემნი კბილთა შინა თქუენთა გქონან.

21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.

22. რაჲსათჳს მდევნით მე, ვითარცა-იგი უფალი და ჴორცთა ჩემთაგან ვერ განსძღებით?

23. ვინ მომცნეს მე დაწერად სიტყუანი ჩემნი და დაგებად იგინი წიგნთა შინა უკუნისამდე

24. საწერელითა რკინისათა და ბრპენისათა, გინა თუ კლდესა შინა გამოწერად?

25. ვიცი, რამეთუ საუკუნე არს, რომელსა დაჴსნა ჩემი ეგულების, ქუეყანით აღდგინებად

26. ტყავი ჩემი, რომელმან თავს-ისხნა ესენი, რამეთუ უფლისა მიერ აღესრულნეს ესენი ჩემ ზედა,

27. რომელნი მე თჳთ თავით ჩემით მიცნობიან; რომელნი თუალმან ჩემმან იხილა და არავინ სხუამან, ყოველნივე აღსრულებულ არიან წიაღთა ჩემთა.

28. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: რასამე ვიტყოდით წინაშე მისსა? და ძირნი სიტყუათანი ჰპოვნე მას შინა.

29. გეშინოდენ თქუენცა დაფარულისა მისთჳს, რამეთუ გულისწყრომაჲ უსჯულოთა ზედა მოიწიოს და მაშინ ცნან, სადა არს მათი იგი სიმართლე.


20

1. მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა:

2. არა ეგრეთ ვჰგონებდ წინააღდგომასა შენსა და არა გულისჴმა-გიყოფიეს უფროს თქუენ, ვითარცა-ესე მე.

3. სწავლაჲ კდემულებისა ჩემისაჲ ვისმინო და სულმან გულისჴმის-ყოფისაგან მიუგოს მას.

4. ნუ ესე გიცნობიესა ამიერითგან და მიმართ, ვინაჲთგან შეიქმნა კაცი ქუეყანასა ზედა?

5. რამეთუ სიხარული უღმრთოთა დაცემა განსაკჳრვებელ და მხიარულებაჲ უსჯულოთაჲ წარწყმედა არს,

6. დაღათუ მიიწიოს ზეცად მსხუერპლი მისი და შესაწირავი მისი ღრუბელთა მიეახლოს.

7. და რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ დამტკიცებულ არს, მაშინ სრულიად წარწყმდეს, ხოლო რომელთა ცოდეს იგი, თქუან: ვითარმედ აწ სადა არს იგი?

8. ვითარცა სიზმარი განფრინებული ვერ იპოვა, აღფრინდა ვითარცა საოცარი ღამისაჲ.

9. თუალმან იხილა და არღარა შესძინა. არცა იცნას იგი ადგილმან თჳსმან.

10. შვილნი მისნი მოსრნენ უდარესთა და ჴელთა მისთა ცეცხლებრ შეიკრიბონ სალმობაჲ.

11. ძუალნი მისნი აღივსნენ სიჭაბუკითა მისითა და მის თანა მიწასა ზედა დაისხნენ.

12. უკუეთუ დატკბნეს პირსა მისსა უკეთურებაჲ [!], დაიფაროს იგი ქუეშე ენასა მისსა,

13. არა ჰრიდოს მას და არცა დაუტეოს იგი ქუეშე ენასა მისსა.

14. და ვერ უძლოს შეწევნად თავისა თჳსისა, ნავღელი ასპიდისაჲ მუცელსა მისსა.

15. სიმდიდრე, სიცრუვით შეკრებული, წარუთხიოს სახლისა მისისაგან; გამოიღოს იგი ანგელოზმან.

16. გულისწყრომამან ვეშაპთამან გამოწოვენ; მოკალნ იგი ენამან გუელისამან.

17. ნუ იხილოს წუელაჲ მძოვართაჲ, ნუცა ნაყოფი თაფლისა და ერბოჲსაჲ

18. ცუდად და ამაოდ დაშურა სიმდიდრესა, რომლისაგან გემო არა იხილოს, ვითარცა ხეკერი განუცოხნელი და შთაუთქამი.

19. რამეთუ მრავალთა უძლურთა სახლნი დაარღჳნა, როჭიკი მისტაცა და არა მისცა;

20. არა არს განრინებაჲ მონაგებთა მისთა, გულისთქმითა თჳსითა ვერ ცხონდეს იგი.

21. არცა არს ნეშტ საზრდელთა მისთა, ამისთჳს არა ყუაოდის მტილი იგი მისი.

22. ოდესღა ჰგონებდეს დასრულებასა, მაშინ იჭირვოდეს და ყოველივე ურვაჲ მის ზედა მოიწიოს.

23. უკუეთუ ვითარ გან-ოდენ-იძღოს მუცელი თჳსი, მოივლინენ მის ზედა გულისწყრომაჲ რისხვისაჲ, სწჳმდინ მას ზედა სალმობაჲ.

24. და ვერ განერეს ჴელსა მახჳლისასა, წყლულნი იგი მშჳლდისა რვალისანი.

25. განვედინ გულსა მისსა ისარი; ვარსკულავნი საყოფელთა მისთა იქცეოდედ; მოვიდენ მის ზედა შიში.

26. და ყოველი ბნელი მის ზედა იყავნ; შეჭამენ იგი ცეცხლმან უშრეტმან; ბოროტი უყავნ მწირმან სახლსა მისსა.

27. გამოაცხადენ ცამან უსჯულოებაჲ მისი, ქუეყანაჲ აღიძარნ მის ზედა.

28. მიიზიდენ წარსაწყმედელმან სახლი მისი სრულიად; დღე რისხვის, მოვედინ მის ზედა.

29. ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ და მონაგები ნაყოფთა მისთაჲ ყოველთა მხედველისაგან.


21

1. მიუგო იობ და ჰრქუა:

2. ისმინეთ, ისმინეთ სიტყუათა ჩემთა, ნეტარ თუმცა არა იყოს თქუენ მიერ ესე ჩემდა ნუგეშინის-ცემაჲ?

3. მაცადეთ მე და ვიტყოდი, უკუეთუ არა მეკიცხევდეთ მე.

4. აწ რაჲ? კაცისა მიერ ნუ არსა მხილებაჲ ესე ჩემი? ანუ ვითარ არა განვრისხნე?

5. მხედევდით მე და გიკჳრდინ, ჴელნი დაისხენით პირსა

6. უკუეთუ მოვიჴსენენ, ვისწრაფო, ეგრე ჰქონან ჴორცნთა [?] ჩემთა სალმობანი.

7. აწ რასათჳს უღმრთონი ცხოველ არიან და დაძუელებულ არიან სიმდიდრესა ზედა?

8. თესლი მათი ნებისაებრ მათისა, შვილნი მათნი წინაშე თუალთა მათთა.

9. სახლნი მათნი სავსე არიან, შიში არავინაჲ არს მათა, ტანჯვაჲ უფლისა მიერ არა არს მათ შორის.

10. ფურმან მათმან არა მოაგდო, განერა მაკე იგი მათი და არა შეეცოდა.

11. ჰგიან იგინი ვითარცა ცხოვარნი საუკუნენი და ყრმანი მათნი იმღერიან.

12. აუღებიეს ებანი ღა ქნარი და იხარებენ ჴმითა სახიობისათა,

13. რათა აღასრულნენ კეთილსა შინა დღენი მათნი და განსასუენებელსა ჯოჯოხეთისასა დაიძინეს.

14. ჰრქჳს უფალსა: გარეიქეცი ჩემგან, გზათა შენთა ცნობადვე არა მნებავს.

15. რაჲ სარგებელ, რამეთუ ვჰმონებდეთ მას? და ანუ რაჲ შესაძინელ, რამეთუ მივეგებვოდეთ მას?

16. რამეთუ ჴელთა მათთა შინა იყო კეთილი იგი მათი. და საქმეთა უღმრთოთა იგი არა ხედავს.

17. არა ხოლო ეგრე, არამედ უღმრთოთაცა სანთელი და-ვე-შრტეს და მოიწიოს მათ ზედა დაქცევაჲ და სალმობამან შეიპყრნეს იგინი რისხვისაგან.

18. და იყვნენ იგინი ვითარცა ბზენი წინაშე ქარსა, ანუ ვითარცა მტუერი, რომელი აღიღის ნიავქარმან.

19. მოაკლდეს ძეთა მისთა ნაყოფი მისი, მიაგოს მათ და ცნას.

20. იხილედ თუალთა მისთა კლვაჲ თჳსი და უფლისა მიერ ნუ განერებინ,

21. რამეთუ ნებაჲ მისი სახლსა შინა მისსა იყო მის თანა და რიცხუნი თუეთა მისთანი განიყუნეს,

22. ვითარ უკუე აწ არამე უფალი არს, რომელმან ასწავის გულისჴმისყოფაჲ და მეცნიერებაჲ? და იგი თავადი კაცისმკლველთა განიკითხავს.

23. ესე მოკუდეს სიმტკიცითა უგნურებისა მისისათა, რამეთუ ყოვლადვე ფუფუნეულ და წარმომართებულ იყო.

24. და ნაწლევნი მისნი სავსე იყვნეს ცრემლითა. ტჳნი მისი განფენილ იყო.

25. ხოლო ესე აღესრულა სიმწარითა სულისაჲთა. არარაჲ ჭამა არცა ერთ რაჲ კეთილ.

26. და ერთბამად მიწასა ზედა დაიძინეს და მყრალობამან იგინი დაფარნა

27. ვითარ-ესე გიცნი თქუენ, კადნიერად ზედამომივალთ მე,

28. ვითარმედ სთქუათ სამე, ვითარმედ: სადა არს სახლი იგი მთავრისა? და სადა არს საყოფელი იგი უღმრთოთა?

29. ჰკითხეთღა თანაწარმავალთ გზისათა და სასწაული იგი მათი არა უცხო იყოს,

30. რამეთუ დღედ წარწყმედისა მიეცემის უკეთური იგი, დღედ რისხვისა მისისა მიიყვანენ.

31. ვინმე უთხრას წინაშე პირსა მისსა გზაჲ მისი? და მან ქმნა და ვინმე კუალად მოაგოს მას?

32. და იგი თავადი საფლავად მიეცა და სამარესა შინა იღჳძებდა.

33. დასტკბნეს მას ღჳნჭანი ჴევისანი და შემდგომად მისა ყოველი კაცი მივიდეს და უწინარეს მისსა ურიცხუნი.

34. ვითარ ნუ გეშინის-მცემთ მე ცუდსა ნუგეშინის-ცემასა? ხოლო დაცხრომაჲ თქუენგან არა არს.


22

1. მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა:

2. აწ არამე უფალი არსა, რომელმან ასწავის გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ?

3. რაჲმე უკუე ხარკ უფლისაჲ, შენ თუ იყავ საქმითა შენითა უბიწო? ანუ რაჲ სარგებელ, რამეთუ წრფელ იყავ გზათა შენთა?

4. ანუ სიტყუაჲმე ყოსა შენდა მიმართ და გამხილოს შენ და შენ თანა შევიდეს საშჯელად?

5. აწ არამეა უკეთურებანი შენნი მრავალ არიან? და ურიცხუ არიან ცოდვანი შენნი?

6. მო-სამე-იხუთევდ ძმათა შენთა ცუდად, სამოსელი შიშუელთა მოუღე,

7. არცა წყალი წყურიელთა ასუ, არამედ მშიერთა მოუღე პური.

8. თუალთვეამე-აღებ პირთა მათთა და მსხემ ჰქმნენ ქუეყანისანი,

9. ქურივნი განავლინენ ცალიერნი და ობოლთა ბოროტსა უყოფდ.

10. აწ უკუე გარემოგადგეს შენ საფრჴენი და მოიწია შენ ზედა ბრძოლაჲ განსაკჳრვებელი.

11. ნათელი შენი ბნელად გარდაგექცა და ძილსა შინა შენსა წყალმან დაგფარა შენ.

12. ანუ არა, რომელი- იგი მაღალთა მსტოარ არს, იგი ხედავს, და რომელნი-იგი გინებით იქცევიან, დაამდაბლნა?

13. ჩას თუ რაჲმე ცნა ძლიერმან მან, ანუ წყუდიადით სჯიდეს.

14. ღრუბელი არს საფარველ მისა და ვერ იხილა ვინ და გარემოჲს ცათა ვიდოდის.

15. ანუ ალაგნი საუკუნენი დაიცვნე, რომელსა-იგი ვიდოდეს კაცნი მართალნი,

16. რომელ-იგი შეიპყრეს უჟამოდ? მდინარე მოდინებულ საფუძველნი მათნი.

17. რომელთა თქჳან: უფალმან რაჲ მიყოს ჩუენ? ანუ რაჲ მოაწიოს ჩუენ ზედა ყოვლისა მპყრობელმან,

18. რომელმან აღავსნა სახლნი მათნი კეთილითა? ზრახვანი უღმრთოთანი შორს არიან მისგან.

19. იხილეს მართალთა და განიცინნეს, ხოლო უმანკომან შეურაცხ-ყო;

20. რამეთუ განირყუნა ძალი მათი. და ნეშტი მათი შეჭამა ცეცხლმან.

21. იქმენღა ფიცხელ, უკუეთუ და-ვითარ-უთმო, გინათუ ნაყოფი შენი იყოს კეთილთა შინა.

22. გამოიხუენ პირისაგან მისისა სიტყუანი და დაიკრიბენ სიტყუანი მისნი გულსა შენსა.

23. უკუეთუ მოიქცე და დაიმდაბლო თავი შენი წინაშე უფლისა, მაშინ განიშორენ საყოფელთაგან შენთა სიცრუენი.

24. დაემტკიცე მიწასა ზედა კლდესა შინა, ვითარცა ჴევსა სოფირისასა.

25. და იყოს შენდა შემწე ყოვლისა მპყრობელი მტერთაგან შენთა. და წმიდად მოგაგოს შენ ვეცხლი გამოჴურვებული.

26. და მაშინ განცხადებულებაჲ ჰპოვო წინაშე უფლისა და აღიხილნე თუალნი ზეცად მხიარულებით.

27. ილოცვიდე რაჲ შენ მისსა მიმართ, ისმინოს შენი და მობცნეს შენ კუალად-გებად ლოცვანი შენნი.

28. და მოგაგოს შენ სასყიდელი სიმართლისა და გზათა შენთა შენ თანა იყოს ნათელი,

29. რამეთუ დაამდაბლა იგი და სთქუა: ამპარტავანებდა. და მდაბალი იგი თუალითა აცხოვნოს,

30. იჴსნას უბიწოჲ იგი და განერეს წმიდითა ჴელითა შენითა.


23

1. მიუგო იობ და ჰრქუა:

2. და აწ, ესერა, მე თჳთ უწყი, რამეთუ ჴელთა ჩემთაგან არს მხილებაჲ ჩემი და ჴელი მისი მძიმე იქმნა ჩემ ზედა სულთქმითა.

3. ვინმე უკუე ცნას, ვითარმედ ვპოვო იგი და მოვიდეს სრულიად?

4. და მითხრას თავისა ჩემისა სასჯელი და პირი ჩემი აღავსოს მხილებითა.

5. და ვცნა მხილებაჲ იგი, რომელი მრქუა მე და ვაბრძნე, რაჲ-იგი მითხრას მე.

6. და მრავლითა ძალითა ზედამომიჴდეს მე და მერმე თუ თქმითა არა მიჴმიოს მე,

7. რამეთუ ჭეშმარიტებაჲ და მხილებაჲ მის მიერ არს და გამოიღოს სრულიად სასჯელი ჩემი.

8. და მძღურად წარვიდე და არღარა ვარ, ხოლო უკუანასკნელი მისი ვინმე იცის?

9. მარცხენე მისი მოყო და ვერ დავემტკიცე. შემახოს მარჯუენე და ვერ ვიხილო,

10. რამეთუ იცნის მან გზანი ჩემნი და გამომიძინა მე, ვითარცა ოქროჲ

11. და გამოვიდე მე მცნებითა მისითა, რამეთუ გზანი მისნი დავიმარხენ და არა გარდავაქციო,

12. რამეთუ მცნებათა მისთა არა გარდავჴდე, რამეთუ წიაღთა ჩემთა დავიფარენ სიტყუანი მისნი.

13. უკუეთუ მან თავადმან ესრეთ საჯა, ვინ არს სიტყჳსმგებელ მისა? და რაჲცა-იგი მას უნდა და ქმნა.

14. ამისთჳს მისა მიმართ ვისწრაფე და სწავლასა შინა მისსა ვიზრუნე

15. მისთჳს ამას ზედა. პირისა მისისაგან ვიწყო, განვიცადო და შეგზრუნდე მისგან.

16. უფალმან მოაჩჩო გული ჩემი და ყოვლისა მპყრობელმან მოსწრაფებაჲ მცა მე.

17. არა ვჰგონებდ, ვითარმედ მომიჴდეს მე ბნელი და წინაშე პირსა ჩემსა დაფარა წყუდიადმან.


24

1. რაჲსათჳსმე უფალი დაავიწყდა ზუავთა.

2. და უღმრთონი საზღვართა გარდაჴდეს, სამწყსოჲ [!] მწყემსითურთ წარიტაცეს.

3. და კარაული ობლისაჲ წარიბეს და ჴარი ქურივისაჲ დაიჴუთეს.

4. გარდაადგინეს უძლურნი გზისაგან სიმართლისა. და ერთბამად დაეფარნეს მშჳდნი ქუეყანისანი.

5. და იქმნნეს იგინი, ვითარცა კანჯარნი ველსა. ჩემთჳს გამოვიდეს მათნი იგი საქმენი; დასტკბნა მას პური ჭაბუკთა მიმართ.

6. ყანაჲ უწინარეს ჟამისა, რომელ არა მათი იყო, მოიმკეს. უძლურნი იგი უღმრთოთა მათ ვენაჴსა უსასყიდლოდ და უზომობით იქმნევდეს.

7. და მრავალნი შიშუელნი დააწვინნეს თჳნიერ სამოსლისა და საფარველი გუამისა მათისაჲ მოუღეს.

8. ცუარისაგან მთათასა დაელტნენ და, რამეთუ არა აქუნდა მათ საფარველი, კლდეთა შინა დაეყუდნეს.

9. წარიტაცნეს ობოლნი ძუძუთაგან და დავრდომილნი დაამდაბლნეს,

10. შიშუელნი დააწვინნეს იგინი სიცრუვით, მშიერთა პური მოუღეს.

11. იწროთა შინა სიცრუვით უმზირდეს და გზაჲ სიმართლისაჲ არა იცოდეს.

12. რომელნი ქალაქთაგან და სახლთაგან გამოასხნეს, სულთა ყრმათა ჩჩჳლთ სულ-შეითქუნეს დიდად და თავადმან რასათჳს ამათი მოხედვა არა ყო?

13. ქუეყანასა ზედა ვიდრე იყვნეს იგინი და არა იცნნეს გზანი სიმართლისანი, არცა ალაგთა მისთა ვიდოდეს.

14. იცნოდა საქმენი მათნი და მისცნა იგინი ბნელსა. და ღამე იყოს ვითარცა მპარავი.

15. და თუალთა მრუშეთამან იხილოს ბნელი, თქუას: არამე იხილოსმე თუალმან, რამეთუ საფარველი პირისაჲ დადვა?

16. დათხარა ღამე გუერდი სახლისა, დღისი დაჰბეჭდნეს თავთა თჳსთა, ვერ გულისჴმა-ყვეს ნათელი,

17. რამეთუ ერთბამად განთიად მათ ზედა მოიწია აჩრდილი სიკუდილისაჲ.

18. სულმცირე არს იგი წინა პირსა წყლისასა. წარწყმედილ იყავნ ნაწილი მისი ქუეყანასა ზედა გამოჩნდინ ნერგი მათი ქუეყანასა ზედა განჴმელი,

19. რამეთუ მჭელეული ობლისაჲ მისტაცეს, ამისთჳს მოიჴსნნეს ცოდვანი მათნი და, ვითარცა არმური ცუარისაჲ უჩინო იქმნა.

20. მოეგენ მას, რაჲცა-იგი ქმნა, შეიმუსრენ ყოველნი ცრუჲ, ვითარცა ხე, უკურნებელად,

21. რამეთუ ბერწსა მას არა კეთილი უყვეს და უცოლოჲ იგი არა შეიწყალეს.

22. გულისწყრომით დაამჴუნა უძლურნი იგი, აღ-ღა-თუ-დგეს, ნუვე ჰრწამნ ცხორებაჲ თჳსი.

23. და-რაჲ-სნეულდეს, ნუ ესავნ სიცოცხლესა, არამედ დაეცნეს სენითა, რამეთუ მრავალთა ბოროტი უყო სიმაღლემან მისმან.

24. და დაჭნა, ვითარცა მოლოქი სიცხესა და ვითარცა თავი ჴუვილისაჲ წუელისაგან, რომელი თჳთ დავარდეს.

25. უკუეთუმცა იყოს, რომელმან ჰრქუას, ვითარმედ: ნაცილად ვიტყოდე მე ამას, და დასხენინ ცუდად სიტყუანი ჩემნი.


25

1. მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:

2. რაჲმე უკუე აწ წინასწარ იგავ, ანუ შიში მის მიერ სამე, რომელმან ქმნა ყოვლითურთ ყოველი მაღალთა შინა?

3. ნუ ვინ ჰგონებნ, ვითარმედ დროებაჲ არს განსაცდელთაჲ? ვიეთ ზედამე არა მოიწევის მზირი ეგევითარი მის მიერ?

4. ვითარმე უკუე იყოს მართალ კაცი წინაშე უფლისა? ანუ ვინმე განიწმიდოს თავი თჳსი ნაშობმან დედათამან?

5. უკუეთუ მთოვარესა უბრძანოს და არა გამობრწყინდეს, ვარსკულავნი არავე წმიდა არიან მის წინაშე.

6. აცადე, კაცი ხენეში და ძე კაცისაჲ მატლი.


26

1. მიუგო იობ და ჰრქუა:

2. ვის კერძო ხარ, ანუ ვისა შეწევნაჲ გეგულების? არამეა, რომელი მრავლითა ძალითა და მკლავი მისი ძლიერ არს?

3. ანუ ვის აზრახო, არამეა, რომლისა მიერ არს ყოველი სიბრძნე?

4. ანუ ვისმე შეუდგე, არამეა, რომლისა მიერ არს სიმდიდრე ძლიერებისაჲ? ვისმე უთხრენ სიტყუანი, სული ეგე ვისი არს, რომელი გამოვალს შენგან?

5. ნუ გმირთა მაჭენონ მე ქუეშე კერძო წყალთა და მოძმეთა მისთა?

6. შიშუელ არს ჯოჯოხეთი წინაშე მისსა და არა არს საფარველ წარსაწყმედელისა.

7. განჰმარტეს ბღუარი არარასა ზედა და დამოჰკიდა ქუეყანაჲ არავერასა ზედა.

8. შეაყენნის წყალნი ღრუბელთა მისთა. და ვერ განსთქდეს ღრუბელნი ქუეშე მისსა,

9. რომელსა უპყრიეს პირი საყდრისაჲ და გარდაართხნის მას ზედა ღრუბელნი მისნი.

10. ბრძანებითა მოამრგუალო წინაშე პირსა წყლისასა აღსრულებამდე ნათელი ბნელსა თანა,

11. და სუეტნი ცათანი აღფრინდეს და განჰკრთეს შერისხვითა მისითა.

12. ძალითა დააცხრვო ზღუაჲ და მეცნიერებითა მისითა დარეცილ არიან ღელვანი.

13. და კლიტეთა ცისათა ეშინის მისა, ბრძანებითა მოაკუდინა ვეშაპი იგი განდგომილი,

14. აჰა, ესერა, ესე არს ნაწილი გზათა მისთაჲ და მერმე კუალად სიღრმე სიტყუათაჲ ვისმინო მას შინა და ძალი იგი ქუხილისა მისისაჲ ვინ იცის, ოდეს სადა ყოს?


27

1. მერმე შესძინა იობ იგავით და თქუა:

2. ცხოველ არს უფალი, რომელმან დამსაჯა ესრეთ და ყოვლისა მპყრობელი, რომელმან განამწარა სული ჩემი,

3. ვიდრემდე საშუმინველი ესე ჩემი თანაღა იყოს და სული საღმრთოჲ, რომელ არს ცხჳრთა შინა ჩემთა.

4. ნუ იტყჳედ ბაგენი ჩემნი უსჯულოებასა, არცა სული ჩემი იტყოდის სიცრუესა.

5. ნუ იყოფინ, ვითარმცა მართლად გამოგაჩინენ თქუენ, ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა, რამეთუ არა განვიშორო უმანკოებაჲ ჩემი.

6. სიმართლესა ვერჩდე და არა გარდავაქციო, რამეთუ არა შემიცნობიეს თავსა ჩემსა უსჯულოებაჲ საქმედ,

7. არა ეგრე, არამედ დაღათუმცა იყუნეს მტერნი ჩემნი, ვითარცა დაქცევაჲ უღმრთოთაჲ და, რომელნი ჩემ ზედა აღდგომილ არიან, ვითარცა წარწყმედა უსჯულოთაჲ.

8. და რაჲმე არს სასოებაჲ უღმრთოთაჲ, რამეთუ გულპყრობილ არს? ესვიდეს თუ უფალსა, გან-მე-ერესა?

9. ანუ ვედრებაჲ მისი ისმინოს უფალმან? ანუ მო-ღა-უჴდეს მას ურვაჲ?

10. აქუნდესმე რაჲ კადრებაჲ წინაშე მისა? გინათუ ხადოდის რაჲ მას, ისმინოს მისი?

11. არამედ აწ გითხრა თქუენ, რაჲ-იგი ჴელსა შინა უფლისასა და რაჲ-იგი არს ყოვლისა მპყრობელისა თანა, არა ვტყუო.

12. აჰა, ესერა, ყოველთა იცით, რამეთუ ცუდად და ამაოდ ზედადამესხმით მე.

13. ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ, და მონაგები ძლიერთაჲ მოიწიოს ყოვლისა მპყრობელისა მიერ მათ ზედა.

14. დაღათუ განმრავლდეს ძენი მათნი, საკლავადვე მიეცნენ, გინათუ განმწჳსნენ, პურისმთხოელ იქმნენ.

15. ხოლო, რომელნი ცოცხალღა იყვნენ მათი, სიკუდილითა მოესრულნენ. ქურივნი მათნი არავინ შეიწყალოს,

16. დაღათუ შეიკრიბოს ვითარცა მიწაჲ ვეცხლი და ზედა თიჴაჲ შეიკრიბოს ოქროჲ.

17. ესე ყოველი მართალთა შეიკრიბონ და ფასი იგი მათი ჭეშმარიტად დაიპყრან.

18. და იქმნა სახლი მისი ვითარცა მღილი და ვითარცა დედაზარდლი. მდიდარმან დაიძინა და არღარა შესძინოს, თუალნი მისნი აღიხილნა და არღარა არს,

19. რამეთუ შეემთხჳნეს ვითარცა წყალნი სალმობანი და ღამე წარიღო იგი არმურმან.

20. აღიღოს იგი სიცხემან და წარიღოს.

21. და განაბნიოს იგი ადგილით თჳსით.

23. და დაესხას მათ ზედა. და არა ერიდოს ჴელისაგან მისისა, სივლტოლით ივლტოდის, და იტყუელნეს მის ზედა ჴელნი მისნი და წარიღოს იგი ადგილით მისით.


28

1. რამეთუ არს ადგილი ვეცხლისაჲ, ვინაჲ იქმნების, და ადგილი ოქროჲსაჲ, ვინაჲ გამოვალს,

2. რამეთუ რკინაჲ ქუეყანით იქმნების და სპილენძი, ვითარცა ქვაჲ გამოიკუერვის.

3. წესი დაუდვა ბნელსა და ყოველი დასასრული მან გამოიკითხოს, ლოდი ბნელისაჲ და აჩრდილი სიკუდილისაჲ.

4. განკუეთაჲ ჴევისაჲ მტუერისაგან, ხოლო რომელთა დაივიწყნეს გზანი მართალნი, მოუძლურდეს კაცთაგან.

5. ქუეყანისაგან გამოვიდეს პური, ქუეშე მისსა იქცევის, ვითარცა ცეცხლი.

6. ადგილი საფირონისაჲ ქვანი მისნი და მიწად ოქროჲ მისი.

7. ალაგნი მისნი არა იცნის მფრინველმან და არა იხილა იგი თუალმან ორბისამან.

8. არა დათრგუნეს იგი ძეთა ლაღთათა, არა წარვლო ლომმან.

9. კლდისა მწუერვალთა ზედა განიპყრნა ჴელნი მისნი და დააქცინა საფუძველითგან მთანი ძნელნი.

10. მოქცევნი მდინარეთანი განხეთქნა, ყოველი პატიოსანი იხილა.

11. და სიღრმენი მდინარეთანი გამოაჩინნა და გამოაცხადა ძალი თჳსი ნათლად.

12. ხოლო სიბრძნე ვინაჲ იპოვა? ანუ რომელი ადგილი არს მეცნიერებისა?

13. არა იცის კაცმან გზაჲ მისი, არცა იპოების კაცთა შორის.

14. უფსკრულმან თქუა: არა არს ჩემ შორის, და ზღუამან თქუა: არა არს ჩემ თანა.

15. არა სცეს შეყენება მის წილ, ვერცა ესწორების მას ვეცხლი ნაცვალად მისა,

16. ვერცა ესწოროს მას ოქროჲ ოფაზისაჲ: ფრცხილი, ანთრაკი და საფირონი,

17. ვერცა ესწოროს მას ოქროჲ და მანი და ნაცვალად მისა ჭურჭელი ოქროჲსაჲ,

18. განსაცხრომელი და მდაბალი არა მოიჴსენოს, და მოიზიდე სიბრძნე უფროს შინაგანისა.

19. არა ესწოროს მას პაზიონი ჰინდოეთისა, ოქროსა თანა წმიდისა ვერ შეესწოროს.

20. ხოლო სიბრძნე ვინაჲ იპოვა? ანუ სადა იყოს ადგილი გულისჴმისყოფისა?

21. დაავიწყდა ყოველსა კაცსა და მფრინველთაგან ცისათა დავფარა.

22. წარსაწყმედელმან და სიკუდილისამან თქუეს, ვითარმედ: გუასმიეს მისი სიკეთე.

23. უფალმან კეთილად დაამტკიცა გზაჲ მისი.

24. და მან თავადმან იცის ადგილი მისი, რამეთუ იგი ყოველსავე, რაჲ-არს ცასა ქუეშე, ხედავს და იცის ყოველივე,

25. რავდენი ქმნა ქუეყანასა ზედა ქართა სასწორი და წყალთა საწყევო,

26. ოდეს ქმნა ესრეთ, იხილა და განრაცხნა და გზაჲ განმარტებით ჴმითა

27. მაშინ იხილა და გამოთქუა იგი, გაჰმზადა, გამოიკულია იგი,

28. და ჰრქუა კაცსა: აჰა, ესერა, ღმრთისმსახურება არს სიბრძნე, ხოლო განშორებაჲ ბოროტისაგან არს მეცნიერებაჲ.


29

1. მერმე კუალად შესძინა იობ და თქუა იგავით:

2. ვინმე მყოს მე თუეთა მათებრ პირველთა დღეთა მათ, რომელთა მცვიდა უფალი?

3. ოდეს-იგი ბრწყინვიდა ნათელი მისი ზედა თავსა ჩემსა, ოდეს-იგი ნათელითა მისითა ვიდოდე ბნელსა შინა,

4. ოდეს-იგი ვიყავ დიდად შუებულ გზათა, ოდეს-იგი უფალი მოღუაწებასა ჰყოფდა სახლისა ჩემისასა,

5. ოდეს-იგი ვიყავ სიმართლითა დიდ ფრიად. და გარემოს ჩემსა მონანი ჩემნი,

6. ოდეს-იგი გამოდიოდა გზათა ჩემთა ერბოჲ და მთათა ჩემთა გამოეცემოდა სძე.

7. რაჟამს-იგი განვიდოდი ქალაქად მსთუად და უბანთა ზედა დაიდგმოდეს სავარძელნი ჩემნი,

8. მიხილეს მე ჭაბუკთა და დამემალნეს, მოხუცებულნი ყოველნი ზეაღმიდგიან;

9. მთავარნი დადუმნეს სიტყჳსაგან ჩემისა და ჴელი დაიდვეს პირსა მათსა.

10. ხოლო რომელთა ესმოდა ჩემი, მნატრიდეს მე და ენაჲ მათი სასასა მათსა აექუა,

11. რამეთუ ყურსა რომელსა ესმა, მნატრა, თუალმან, რომელმან მიხილა, მიმრიდა,

12. რამეთუ განეარინე გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა, და ობოლსა, რომელსა არა აქუნდა მწე, შევეწიე.

13. კურთხევაჲ წარწყმედულისაჲ ჩემ ზედა მოვიდოდა და პირი ქურივისა მაკურთხევდა მე.

14. სიმართლე შემემოსა და შევიმკუე სამართალი, ვითარცა სამოსელი.

15. თუალი ვიყავ ბრმათაჲ და ფერჴი მკელობელთაჲ,

16. რამეთუ ვიყავ მამაჲ ობოლთა, უძლურთაჲ; სასჯელი, რომელი არა ვიცოდე, გამოვიძიე.

17. შევმუსრენ შუანი ცრუთანი და შორის კბილთა მათთა ნატაცები გამოუღე.

18. ვთქუ: ვითარმედ ჰასაკი ჩემი დაბერდეს, ვითარცა ხე დანაკისკუდისაჲ მრავალ ჟამ ვცხონდე.

19. ძირნი განვირთხნე წყალთა ზედა და ცუარი იქცეოდის სამკალსა ჩემსა ზედა.

20. დიდებაჲ ჩემი ცუდად იქმნა ჩემ თანა და მშჳლდი ჩემი ჴელთა შინა ჩემთა არს.

21. ჩემი ესმოდა და მერჩდეს, დადუმნეს ზრახვასა ჩემსა

22. და სიტყუათა ჩემთა ზედა არღარა შესძინეს. და მხიარულ იქმნიან, უკუე სადა ვეტყოდი მათ,

23. ვითარცა ქუეყანაჲ წყურიელი, რომელი მოელინ წჳმასა, ეგრეცა ესენი სიტყუათა ჩემთა.

24. უკუეთუ განვიცინნი მათდა მიმართ, არა ჰრწამნ და ნათელი პირისა ჩემისაჲ არა დავარდებოდა.

25. გამოვიძიენ გზანი მათნი და დავჯედ მთავრად და დამკჳდრებულ ვიყავ, ვითარცა მეფე შორის ახოვანთა, ვითარცა ვნებულთა ნუგეშინის-ვსცემდ.


30

1. აწ, ესერა, მეცინიან. უნაკლულევანესნი აწ, ესერა, მასწავებენ მე ზოგს-რასმე, რომელთანი შეურაცხ-მეყუნეს მამანი მათნი, რომელნი არა შემერაცხნეს სწორად ძროხათა მძოვართა ჩემთასა.

2. და ძალი იგი ჴელთა მათთა რავდენ არს ჩემდა? მათ ზედა წარწყმდა აღსასრული.

3. ნაკლულევანებასა და სიყმილსა შინა იყვნეს, რომელნი ივლტოდეს ურწყულსა გუშინ იწროებისაგან და უბადრუკებისა,

4. რომელნი მდელოსა კრებდეს მთათა შინა, რომელთაჲ მხალი იყო მათა საზრდელად, უპატიონი და განქარვებულნი, ნაკლულევანნი ყოვლისაგან კეთილისა,

5. რომელნი ძირსაცა ხეთასა იცოხნიდეს სიყმილისაგან დიდისა, ჩემ ზედა აღდგომილ არიან მპარავნი,

6. რომელთანი სახლნი მათნი იყვნეს ჴურელნი კლდეთანი, შორის საოხრელთა ღაღადებდეს.

7. რომელნი ქარქუეტითა ველისათა იზარდებოდეს, უგუნურთა.

8. შვილთაგან უპატიოჲ სახელი და მორჩილებაჲ დაშრეტილი ქუეყანით.

9. აწ, ესერა, ქნარი მათი მე ვარ, და მე სასიტყუელად ვაქუ.

10. მომიძაგეს მე და განდგეს ჩემგან შორად, და პირსა წინაშე ჩემსა არა მერიდნეს ნერწყუად;

11. აღახუნა კაბარჭთა მისთა და განმაბოროტა მე, და აღჳრნი ამასხნა პირსა ჩემსა.

12. მარჯუენით მცენარისა აღდგომილ არიან. ფერჴი მისი განირთხა და გზა-უყო ჩემდამო ალაგთა წარსაწყმედელთა მისთა.

13. შეიმუსრნეს ალაგნი ჩემნი, განმძარცუა სამოსელი ჩემი, რამეთუ ისარნი მისნი დამასრინა მე.

14. და მიზამს მე, რაჲცა უნებს, სალმობათა შინა შებღალულ ვარ,

15. კუალად მომექცევიან მე სალმობანი ჩემნი: წარჴდა სასოებაჲ ჩემი, ვითარცა ქარი და ვითარცა ღრუბელი, ცხორებაჲ ჩემი.

16. და აწ ჩემგან განვიდეს სული ჩემი. მოცემულ არიან ჩემდა დღენი სალმობისანი.

17. ღამე ძუალნი ჩემნი შეიწუიან და ძარღუნი ჩემნი დაჴსნილ არიან.

18. დიდითა ძალითა შებმა-უყო სამოსელსა ჩემსა, ვითარცა საყელე კუართისა ჩემისაჲ გარემომადგეს მე.

19. შემრაცხა მე სწორად თიჴისა, მიწისა თანა და ნაცრისა დადვა ნაწილი ჩემი.

20. ვღაღადებ შენდამი და არა ისმენ ჩემსა, დავდეგ და არა განმიცადეს მე.

21. და ზედამომიჴდეს მე უწყალოდ, ჴელითა მტკიცითა მტანჯავ მე.

22. და განაწესენ ჩემ ზედა სალმობანი და განმაგდე მე ცხორებისაგან.

23. ვიცი, რამეთუ სიკუდილმან შემმუსროს მე, რამეთუ სახლ ყოვლისა მოკუდავისა მიწაჲ არს.

24. უკუეთუმცა ვითარ ძალ-მედვა თავსა ჩემსა ჴელისა შეყოფა, გინათუმცა ვის ვევედრე სხუასა და მიყო ესე,

25. რამეთუ მე ყოველთა ზედა უძლურთა ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ, ვიხილე კაცი ურვასა შინა.

26. მოველოდე კეთილსა და აჰა, ესერა, შემემთხჳნეს მე დღენი ბოროტნი.

27. მუცელი ჩემი დუღს და არა დადუმნეს; მომეწიფნეს მე დღენი სიგლახაკისანი,

28. სულთქმით ვალ მე თჳნიერ ჭირისა. და ვდგა მე კრებულსა შორის და ვღაღადებ.

29. ძმაჲ ვიქმენ ურჩხულთა და მოყუას სირთა.

30. ტყავი ჩემი დაბნელებულ არს დიდძალად და ძუალნი ჩემნი სიცხისაგან.

31. გარდამექცა სიხარული ჩემი გლოვად და მხიარულებაჲ ჩემი ტირილად.


31

1. აღთქმაჲ აღუთქუ თუალთა ჩემთა და არა გულისჴმა-ვყო ქალწულსა ზედა.

2. და გან-რა-უყო უფალმან ზეგარდამო და სამკჳდრებელი უნაკლულოჲ მაღლით გამო.

3. ვაჲ წარწყმედასა ცრუსასა და უცხოსა საქმესა, რომელნი იქმან უსჯულოებასა.

4. ანუ არა თავადმან იხილნეს გზანი ჩემნი და ყოველნი გზანი ჩემნი აღრაცხნეს?

5. უკუეთუ სრულ ვიყავ მე მლაღობელთა თანა, გინათუ ისწრაფა ფერჴმან ჩემმან ზაკუასა?

6. რამეთუ ვდეგ უღელსა ზედა მართალსა, და იცის უფალმან უმანკოებაჲ ჩემი.

7. უკუეთუ გარდა-სადა-აქცია ფერჴმან ჩემმან გზისაგან მისისა, გინათუ მისდევდა თუალთა ჩემთა გული ჩემი, ანუ თუ ჴელითა ჩემითა შევახე ქრთამსა?

8. მითესავსმცა და სხუანი ჭამენ, და უძირომცა ვარ ქუეყანასა ზედა.

9. უკეთუ მისდევდა გული ჩემი ცოლსა სხჳსასა, ანუ თუ და-სადა-ვჯედ მზირად კართა მისთა?

10. სათნომცა ეყოფის ცოლიცა ჩემი სხუათა და ყრმანი ჩემნი დამდაბლდენ,

11. რამეთუ გულისწყრომაჲ რისხვისაჲ არს დაუპყრობელი შეგინებაჲ ქმრისცოლისაჲ.

12. რამეთუ ცეცხლი არს აღგზებული ყოვლით კერძოვე, ვიდრეცა ვიდეს, რამეთუ, რომელმან თუალ-აგნეს ქალწულსა, ძირითურთ წარწყმიდა,

13. ანუ თუ ვდრიკე სასჯელი მონისა ჩემისაჲ და მჴევლისა ჩემისაჲ, იშჯიედ რაჲ ჩემ წინაშე?

14. რაჲმე ვყო, უკუეთუ განკითხვასა ჩემსა ჰყოფდეს უფალი? გინათუ მოხედვას ჰყოფდეს, რაჲმე სიტყუა-უგო?

15. ანუ არა, ვითარცა მე, ეგრეცა იგინი იყუნეს საშოსა შინა? ვიყუენით მასვე შინა მუცელსა.

16. უძლურთა, ოდეს სადა რაჲ უჴმდა, არარაჲ დააკლდა, და თუალნი ქურივთანი არა დავაურვენ.

17. აღვიღე პური ჩემი, ვჭამე მარტომან და ობოლსა არა ვეც,

18. რამეთუ სიჭაბუკითგან ჩემით ვზრდი მათ, ვითარცა მამაჲ და დედის მუცლითგან უძღოდე მათ.

19. ანუ თუ უგულებელს-ვყავ შიშუელი და დავრდომილი და არა შევმოსე?

20. უძლურნი მაკურთხევდეს მე, რამეთუ ნარისუევითა ტარიგთა ჩემთათა განტფებოდეს ბჭენი მათნი.

21. ანუ გან-სადა-ვირთხ ობოლსა ზედა ჴელი ჩემი გულპყრობით, ვითარმედ მრავალი შეწევნაჲ არს ჩემ თანა?

22. წარ-მცა-ვარდების მკლავი ჩემი მჴრითგან, და ჴელი ჩემი იდაყჳთგან შეიმუსრენ,

23. რამეთუ შიშსა უფლისასა შევეპყარ მე, და სიტყუათა მისთა ვერ დაუთმო.

24. გინათუ დავფალ ოქროჲ ჩემი მიწასა ქუეშე, ანუ ანთრაკთა პატიოსანთა ვესევდ?

25. ანუ თუ ვიხარებდ დიდძალსა ზედა სიმდიდრესა ჩემსა, ანუ ურიცხუთა ზედა დავსდევ ჴელი ჩემი?

26. ანუ ვხედევდ მზესა აღმოსავალსა და დამავალსა, მთუარესა აღსავსესა და მოკლებულსა?

27. რამეთუ არა ამათ ზედა არს, ანუ თუ სცთა სადა იდუმალ გული ჩემი, ანუ თუ ჴელი ჩემი დავიდევ პირსა ჩემსა და ვაკოცე?

28. და ესეცამცა უსჯულოებად დიდად შემერაცხების, რამეთუ ვტყუე წინაშე უფლისა მაღლისა.

29. ანუ თუ მომცხრებოდა მე დაცემაჲ მტერთა ჩემთაჲ და თქუა გულმან ჩემმან: ვაშა?

30. ესმისმცა ყურთა ჩემთა წყევაჲ ჩემი, სათხრობელმცა ვარ ერისაგან ძჳრ-ძჳრად.

31. უკუეთუმცა მრავალგზის თქუეს სადამე მჴევალთა ჩემთა: ვინ მომცეს ჩუენ ჴორცთაგან მისთა განძღებად? რამეთუ ფრიად ტკბილ ვიყავ მე.

32. გარეშე უცხოჲ არა სადა დაადგრა სახლსა ჩემსა და კარი ჩემი ყოვლისათჳს მომავალისა განღებულ იყო.

33. გინათუ ვცოდე სადამე არა ნებსით და დავმალე ცოდვა ჩემი?

34. რამეთუ არა შევიკდიმე სიმრავლესა წინაშე ერისასა, ვითარმცა არა აღვიარე წინაშე [!] მათსა, ანუ თუ უძლური განუტევე განსლვად წიაღითა ცალიერითა?

35. ვინმცა მასმინა მე ესე? რამეთუ ჴელისათჳს უფლისა მე შენდა ჴელითწერილი თუ ვისიმე მაქუნდა,

36. მჴართა ჩემთა ზედა დავიდევ, ვითარცა გჳრგჳნი და აღმოვიკითხე.

37. და განვხეთქე იგი და მივსცი. და არარაჲ მოვიღო თანამდებისაგან.

38. არცა ქუეყანამან სადამე სულთ-ითქუნა ჩემ ზედა, ანუ თუ ორნატნი მისნი ტიროდეს ერთბამად?

39. გინა თუ ძალი მისი შევჭამე მარტომან, ანუ თუ და-ვისი-ვიპყარ ქუეყანაჲ, და სული მის უფლისა ქუეყანისაჲ შევაწუხე?

40. იფქლისა წილმცა აღმომიცენდების ჯინჭარი და ქრთილისა წილ მაყუალი.


32

1. და დასცხრა იობ სიტყუად მათგან. დასცხრეს სამნიცა იგი მეგობარნი მისნი სიტყჳს-გებად იობისა, რამეთუ იყო იობ მართალ წინაშე მათსა.

2. განრისხნა ელიუს ბარაქეელისი ბუზელი, ნათესავისაგან არამისა, ევსიტელთა სოფლისა. განურისხნა იობს ფრიად, რამეთუ გამოიჩინებდა თავსა მართლად წინაშე უფლისა.

3. და სამთა მათცა ზედა მეგობართა მისთა განრისხნა ფრიად, რამეთუ ვერ უძლეს სიტყჳს-მიგებად იობისა და შეჰრაცხეს იგი, ვითარცა უღვთოჲ.

4. ხოლო ელიუს დაითმენდა სიტყჳს-მიგებად იობისა, რამეთუ უხუცეს მისსა იყვნეს დღითა. ბ

5. და იხილა ელიუს, რამეთუ არა იყო სიტყჳს-გებაჲ პირისაგან სამთა მათ კაცთასა, და განურისხნა მათ გულისწყრომით.

6. მიუგო ელიუს ბარაქეელისამან ბუზელმან და ჰრქუა: უჭაბუკეს ვარ მე თქუენსა ჟამითა, ხოლო თქუენ მოხუცებულნი ხართ. ამისთჳს დავდუმენ და მეშინოდა თხრობად თქუენდა სწავლულებისა ჩემისა.

7. და ვთქუ, ვითარმედ: ჟამი სამე არს, რომელი იტყჳნ, და მრავლისა წლისათა იციან სიბრძნე.

8. არამედ სული ვიდრემე არს კაცთა შორის, და იგი სული ყოვლისა მპყრობელისა არს, რომელი ასწავებს მათ.

9. არა თუ მრავლისა ჟამისანი არიან ბრძენ, არცა ბრძენთა იციან სამართალი.

10. ამისთჳს ვთქუ: ისმინეთ ჩემი და გითხრა თქუენ, რავდენი-რაჲ ვიცი.

11. და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, ისმინოთ თუ თქუენ, ვიდრემდე განიკითხნეთ სიტყუანი, და ვიდრე თქუენდამდე გულისჴმა-ვყო.

12. და, აჰა, ესერა, არა ვინ არს იობისა მამხილებელ და სიტყჳს-მიმგებელ სიტყუათა მისთა წილ თქუენგანი,

13. რათა არა სთქუათ: ვპოეთ სიბრძნე, შე-რაჲ-ვეძინენით უფალსა.

14. და კაცსა უტევეთ სიტყუად ესევითართა სიტყუათა.

15. შეძრწუნდეს და არღარა მიუგეს მას. და დააცადნეს მათგან სიტყუანი.

16. დადუმნეს და არღარა იტყოდეს, დადგეს და არა რაჲ მიუგეს.

17. მიუგო ელიუს და ჰრქუა: მერმე ვიტყოდივე,

18. რამეთუ სავსე ვარ სიტყჳთა, განვსთქდები სულითა მუცლისათა,

19. ხოლო მუცელი ჩემი, ვითარცა თხიერი ტკბილითა სავსე შეკრული, და ვითარცა საბერველი მჭედლისაჲ რაჲ განსთქდებინ.

20. ვიტყოდი, რათა განვისუენო და აღვახუნე ბაგენი ჩემნი.

21. კაცისა არა შევირცხჳნო, არცაღა ჴორციელისა შევიკდიმო,

22. რამეთუ არა ვიცი თუალთ-ღებაჲ პირისაჲ, უკუეთუ არა, მეცა მღილთა შემჭამონ.


33

1. არა ხოლო ეგრე, არამედ ისმინენ, იობ, სიტყუანი ჩემნი. ყურად-იხუენ თქმულნი ჩემნი.

2. აჰა, ესერა, აღვაღე პირი ჩემი და იტყოდეს ენაჲ ჩემი, წმიდა არს გული ჩემი სიტყუათაგან, და გულისჴმის-ყოფამან ბაგეთა ჩემთამან წმიდად ცნას.

4. სული საღმრთოჲ არს, რომელმან შემქმნა მე და სული ყოვლისა მპყრობელისაჲ, რომელი მასწავებს მე.

5. უკუეთუ ძალ-გიც, მომიგეთ მე სიტყუაჲ ამას ზედა, უკუეთუ არა, დამითმეთ მე.

6. დადეგ შენ ჩემდამო და მე შენდამი. თიჴისაგან შექმნილ ვართ მეცა და შენცა, მისვე თიჴისაგან დაბადებულ ვართ.

7. არა შიშმან ჩემმან შეგაძრწუნოს შენ, არცა ჴელმან ჩემმან დაგამძიმოს შენ.

8. ვითარმედ სთქუ ყურთა ჩემთა, ჴმაჲ სიტყუათა შენთაჲ მესმა.

9. რამეთუ იტყჳ: წმიდაჲ ვარი მე, და არა რაჲ მიცოდავს მე, უბრალო ვარ მე საქმითა, არა რაჲ უსჯულოჲ მიქმნიეს.

10. ბრალი ჩემ ზედა პოვა და შემრაცხა მე, ვითარცა მტუერი.

11. დაასხნა ჴუნდსა შინა ფერჴნი ჩემნი. დამიმარხნა ყოველნი გზანი ჩემნი.

12. რამეთუ აწ სთქუა: უკუეთუ მართალ ვარი მე და არა ისმინა? რამეთუ საუკუნე არს, რომელ-იგი კაცთა ზედა არს.

13. და იტყჳ: რასათჳს სასჯელისა ჩემისა სიტყუანი არა ისმინნა?

14. ერთჯერღა თქუა უფალმან, ხოლო მეორედ ჩუენებით,

15. ანუ სწავლასა ღამისასა, ვითარ-იგი მას ჟამსა დაეცის კაცთა ზედა ბოროტი შიში ძილსა შინა, საწოლსა ზედა.

16. მაშინ გამოაცხადნეს გონებანი კაცთანი, სახითა შიშისაჲთა ესევითარითა შეაშინა იგინი,

17. რათა მოაქციოს კაცი სიცრუვისაგან, და ჴორცნი მისნი დაცემისაგან იჴსნნა

18. და ჰრიდა სულსა მისსა სიკუდილისაგან, რათა არა დაეცეს იგი ბრძოლასა შინა.

19. მერმე კუალად ამხილა მას სნეულებითა სარეცელთა ზედა. და სიმრავლე ძუალთა მისთა დააბუშვა,

20. უკუეთუ საჭმელი საზრდელისა ვერ ჴელ-ეწიფების მიღებად და სულსა მისსა საზრდელისა გული უთქმიდეს,

21. ვიდრემდე დალპენ ჴორცნი მისნი და გამოაჩინნეს ძუალნი მისნი ცუდნი.

22. მიეახლა სული მისი სიკუდილსა და ცხორებაჲ მისი ჯოჯოხეთსა.

23. იყვნენღა თუ ათასნი ანგელოზნი მაკუდინებელნი, ერთმანცა მათგანმან ვერ წყლას იგი.

24. უკუეთუ ცნას გულითა თჳსითა მოქცევად უფლისა, და უთხრას კაცსა ბრალი თჳსი, და გონებაჲ თჳსი აჩუენოს და თავს-იდვას, რათა არა შევარდეს იგი სიკუდილსა.

25. და განაახლნეს ჴორცნი მისნი, ვითარცა საგოზლითა კედელი, და ძუალნი მისნი აღავსნეს ტჳნითა. და მოაჩჩუნეს სხეულნი მისნი, ვითარცა ყრმისა ჩჩჳლისანი, და კუალად მოაგოს იგი განმამაკაცებული კაცთა შორის.

26. ილოცოს უფლისა მიმართ, და შეისმინოს მისი, და შევიდეს იგი მხიარულითა პირითა აღსაარებით, და მიაგოს კაცთა სიმართლე.

27. მაშინ აბრალებდეს კაცი თჳთ თავსა თჳსსა და იტყოდის: რასა-ესე ვიქმოდე, და არა, ვითარ-იგი ვღირდი, მტანჯა მე, რავდენ-იგი შევსცოდე.

28. იჴსენ სული ჩემი, რათა არა შევიდეს განსარყუნელად, და ცხორებამან ჩემმან ნათელი იხილოს,

29. აჰა, ესერა, ყოველი ესე უქმნიეს ძლიერსა მას, სამი გზაჲ არს კაცისა თანა,

30. არამედ იჴსნა სული ჩემი სიკუდილისაგან, რათა ცხორებაჲ ჩემი ნათელსა შინა აქებდეს მას.

31. ყურად-იღე, იობ, და ისმინე ჩემი. დადუმენ და მე ვიტყოდე:

32. უკუეთუ არიან სიტყუანი, მომიგე მე, იტყოდე, მნებავს განმართლებაჲ შენი!

33. უკუეთუ არა, შენ ისმინე ჩემი, დადუმენ და მე გასწაო შენ სიბრძნე.


34

1. მიუგო ელიუს და ჰრქუა:

2. ისმინეთ ჩემი ბრძენთა, რომელნი მეცნიერნი ხართ.

3. ყურად-იღეთ, რამეთუ სასმენელმან სიტყუანი განიკითხნის, და სასამან გემოჲ იხილის ჭამადთაჲ.

4. საშჯელი გამოვიძიოთ თავისა თჳსისა, და ვცნათ შორის ურთიერთას, რაჲ-იგი კეთილ,

5. რამეთუ თქუა იობ, ვითარმედ: მართალ ვარო. უფალმან თანაწარმხადა მე სამართალი ჩემი,

6. ეცრუვა სასწაულსა ჩემსა, რომლითა გამწონნა ისარნი ჩემნი თჳნიერ ცოდვისა.

7. ვინ არს კაცი, ვითარ იობ, რომელი სუამს შეურაცხებასა ვითარცა წყალსა?

8. არა რაჲ უცოდავს, არცა უღმრთოობაჲ რაჲ უქმნიეს, არცა გზასა ზიარებულ არს მოქმედთა თანა უსჯულოებისათა და მისრულ უღმრთოთა თანა?

9. ნუ იტყჳ, ვითარმედ: არა იყოს მოხედვაჲ კაცისაჲ და მოხედვაჲ მათი უფლისა მიმართ.

10. ამისთჳს გულითა სიბრძნის-მყოფელთა, გულითა ისმინეთ ჩემი. ნუ იყოფინ ჩუენდა წინაშე უფლისა უღმრთო-ყოფაჲ და წინაშე ყოვლისა მპყრობელისა ქცევაჲ სამართლისაჲ,

11. არამედ მიაგენ კაცსა, ვითარცა იქმს კაცად-კაცადი მათი და ალაგთა ზედა, კაცისათა პოვოს იგი.

12. ანუ ჰგონებ უფალსა უჯეროჲს-მოქმედ? ანუ ყოვლისა მპყრობელმან განდრიკოს სასჯელი?

13. რომელმან შექმნა ქუეყანაჲ. ვინ არს, რომელმან შექმნა ცასა ქუეშე და ყოველი, რაჲ არს მას შინა?

14. უკუეთუ უნდეს შეპყრობად. და სულისა მის თანა დაყენებად,

15. აღესრულოს ყოველი ჴორციელი ერთბამად და ყოველი კაცი მიწად მიიქცეს, ვინაცა დაებადა.

16. უკუეთუ არა ისწავებ, ისმინე ესე და ყურად-იღე ჴმაჲ სიტყუათა ჩემთა,

17. უკუეთუ შენ მოძულე უსჯულოჲსაჲ და მომსრველი უკეთურებისაჲ, საუკუნო არს მართალი. უღმრთო არს,

18. რომელმან ჰრქუას მეფესა: უსჯულოსა იქმ, უღმრთო არიან, რომელთა მთავართა პირისათჳს არა შეიკდიმონ,

19. და პატიოსანთა, არცა იცის პატივის-პყრობაჲ დიდთაჲ და თუალთ-ღებაჲ პირთა მათთაჲ.

20. ცუდი და ამაოჲ შეემთხჳოს მათ. ღაღადებაჲ იგი და მორცხჳნებაჲ კაცისაჲ, რამეთუ უსჯულოდ გარდააქცევდეს უძლურთა,

21. რამეთუ იგი თავადი არს, რომელი ხედავს საქმესა კაცთასა, და არა დაავიწყდა მას, რასა-იგი იქმან.

22. არცა იყოს ადგილი დაფარვად მოქმედთა უსჯულოებისათა,

23. რამეთუ არღარა განმამაკაცნეს, რამეთუ უფალი ყოველსა ხედავს,

24. რომელი წარეწევის გამოუკულეველთა დიდებულთა და საკჳრველთა, რომელთა არა არს რიცხჳ,

25. რომელმან იცნის საქმენი მათნი და გარდააქციოს ღამე, და დაამდაბლნეს.

26. დაშრიტნა უღმრთონი, და სახილველ წინაშე მტერთა მათთა იქმნნეს.

27. რამეთუ გარდაჰჴდეს სჯულისაგან ღმრთისა, და სამართალნი მისნი ვერ იცნნეს ყოფად.

28. და მოაწია მათ ზედა ღაღადებაჲ გლახაკთა, და ჴმაჲ დავრდომილთა ისმინოს.

29. და მან თავადმან დუმილი მოსცეს, და ვინმე დასაჯოს? დაიფაროს პირი, და ვინმე იხილოს იგი? და თესლთათჳს და კაცისათჳს ერთბამად.

30. მეუფებს კაცი ორგული სიძნელისაგან ერისა,

31. რამეთუ რომელმა ჰრქუას ძლიერსა: მოვიღე და არა ვიჴუთე თჳნიერ თავისა ჩემისა.

32. ვიხილო, ხოლო შენ მიჩუენე მე, უკუეთუ სიცრუე რაჲმე ვქმენ, არღარა შევსძინო.

33. ნუ შენგან მოიზღოს იგი? რამეთუ განიშორე და შენ მო-ვე-ელი, და არა მე და, რაჲ-იგი სცან, იტყოდე.

34. ამისთჳს გონიერთა გულითა თქჳან ესე, ხოლო კაცმან ბრძენმან ისმინა სიტყუაჲ ჩემი.

35. ხოლო იობ არა გულისჴმის-ყოფით იტყოდა და სიტყუანი მისნი არა მეცნიერებით იყვნეს.

36. არა აგრე, არამედ ისწავე, იობ. ნუღარა ჰყოფ სიტყჳს-გებასა, ვითარცა უგნურნი,

37. რათა არა შევძინოთ ცოდვასა ჩუენსა ზედა ცოდვაჲ. და უსჯულოებად შემერაცხოს ჩუენ ფრიად, რაჲ ვიტყოდით ჩუენ წინაშე ღმრთისა.


35

1. მიუგო ელიუს და ჰრქუა:

2. რასათჳს ესრეთ განიზრახე სასჯელსა შინა? შენ ვინ ხარ, სთქუ, ვითარმედ: მართალ ვარ წინაშე უფლისა?

3. ანუ ესემე სთქუა: ერთვე ვცოდე, აწ რა ვყო?

4. მე მოგიგო შენ სიტყუაჲ და სამთა მაგათ მეგობართა შენთა.

5. აღიხილენ ზეცად და იხილენ და განიცადენ ღრუბელნი, რავდენ მაღალ არიან შენგან.

6. უკუეთუ სცოდე, აწ რაჲ ჰყო? ანუ თუ ფრიად უსჯულოებაჲ გიქმნიეს, რაჲ ჴელ-გეწიფების ყოფად?

7. ღაღათუ მართალ ხარ, რაჲმე მისცე მას? ანუ რამე მიიღოს ჴელთაგან შენთა?

8. კაცისა მსგავსისა შენისაებრ უსჯულოებაჲ შენი და ძისაგან კაცისა სიმართლე შენი.

9. სიმრავლისაგან ცილისწამებისა ღაღადებდენ და ვალალებდენ მკლავისა მაგრისაგან მრავალთასა.

10. და არა თქუან: სადა არს ღმერთი, რომელმან შემქმნა მე, რომელმან დააწესნა საცონი ღამისანი,

11. რომელმან გამომარჩია მე ოთხფერჴთაგან ქუეყანისათა და მფრინველთაგან ცისათა.

12. მუნ ღაღადებდენ და არა ისმინოს მათი და გინებისაგან უკეთურთასა,

13. რამეთუ უჯერო არს. ჰნევას ხილვად უფალსა, რამეთუ თავადი ყოვლისა მპყრობელი მსტუარ არს მოქმედთა უსჯულოებისათა და მიჴსნნეს ჩუენ.

14. ესაჯეღა წინაშე მისსა, უკუეთუ ვითარ შეუძლო ქებად მისა, რავდენ-იგი არს.

15. და აწ არა ვინ არს, რომელმანცა მოხედა რისხვასა მისსა, და არა ცნა იგი ფრიად შეცოდებითა მით. და იობ ამაოდ აღაღო პირი მისი და უცნობელებით სიტყუათა დაამძიმებს.


36

1. მიუგო ელიუს და ჰრქუა:

2. მგებდ მცირედღა, და გასწაო შენ, რამეთუ არიანღა მერმეცა ჩემ თანა სიტყუანი.

3. და აღვიღო მეცნიერებაჲ ჩემი შოვრად საქმითა ჩემითა, სამართალი ვთქუა.

4. ჭეშმარიტებით, არა სიცრუვისა სიტყჳთა, ხოლო შენ ნაცილად გულისჴმა-ჰყოფ.

5. ესე უწყოდე, რამეთუ უფალმან არა განიშოროს უბიწოჲ იგი, ძლიერმან მან ძალითა.

6. გულითა უღმრთოჲ იგი არა აცხოვნოს და სასჯელი გლახაკსა გამოსცეს.

7. არა გამოაშორნეს მართალსა თუალნი მისნი და მეფეთა თანამოსაყდრედ დასცნეს იგინი მძლედ, და აღმაღლდენ.

8. და კრულნი იგი ჴელბორკილითა შეიკრნეს საბლითა სიგლახაკისათა.

9. და უთხრნეს მათ საქმენი მათნი და შეცოდებანი მათნი, რამეთუ განძლიერდენ.

10. და მართლისა მის ისმინოს და თქუას, ვითარმედ: მოიქცენ სიცრუვისაგან.

11. უკუეთუ ისმინონ, ჰმონებდენ. აღასრულნენ დღენი მათნი კეთილსა შინა და წელნი მათნი შეუნიერებით.

12. ხოლო უღმრთონი ვერ განერნენ, რამეთუ არა ჰნებავს მათ ცნობად ღმერთი და რამეთუ სწავლასა შინა ურჩ იყვნეს.

13. და ორგულთა გულითა დაამტკიცონ გულისწყრომაჲ. ვერცა დაღადყონ, რამეთუ შეკრნა იგინი.

14. მოკუედინ სიჭაბუკესა სული მათი და ცხორებაჲ მათი იწყალნ ანგელოზთაგან.

15. ამისთჳს, რამეთუ აჭირებდეს ჭირვეულთა და უძლურთა. და სამართალი მშჳდთა გამოსცეს.

16. და ამას თანა შეგაცთუნა შენ პირისაგან მტერისა უფსკრულისა მოფენაჲ ქუეშე მისსა. და დაემჴუა ტაბლაჲ შენი სავსე სიპოხითა.

17. ხოლო არა მოაკლდეს მართალთაგან სამართალი, ხოლო გულისწყრომაჲ იყოს უღმრთოთა ზედა.

18. უღმრთოებით, რომელ ქრთამსა მიიღებდეს ნაწილად.

19. ნუ სადა გარდაგაქცევნ ნებსით გონებაჲ შენი ვედრებასა ჭირსა შინა მყოფთა უძლურთასა, და ყოველთაგან, რომელნი მტკიცე იყუნენ ძალითა.

20. ნუ გამოიყვანებ ღამე ერსა აღსლვად მათ წილ.

21. ეკრძალე, ნუ იქმ უჯეროსა, რამეთუ ამათგან განერე გლახაკებასა,

22. აჰა, ესერა, ძლიერმან განამტკიცოს იგი ძალითა თჳსითა. ვინმე უკუე არს ძლიერ მისებრ?

23. ანუ ვინმე არს განმკითხველ საქმეთა მისთა? ანუ ვინ არს მეტყუელ მისა, ვითარმედ: ქმნა რაჲმე სიცრუით?

24. მოიჴსენე, რამეთუ დიდ არიან საქმენი მისნი, რომელთა ზედა მთავრობდეს კაცნი მართალნი.

25. ყოველმან კაცმან იხილა მას შინა, ვითარცა წყლულნი არიან ყოველნი კაცნი,

26. აჰა, ესერა, ძლიერი იგი დიდ არს და ვერ გჳცნობიეს რიცხჳ წელთა დაუსრულებელ.

27. აღრაცხილ არიან მისა ნაწუეთნი წჳმისანი და მოჰფინედ წჳმად ღრუბელთა.

28. და დიოდიან დაძუელებად, დაწყჳდიან, ექმნენ მრავალთა ზედა კაცთა, და აჩრდილობდეს ღრუბელი ურიცხუთა ზედა კაცთა. ჟამი განუწესა პირუტყუთა და იციან საწოლისა წესი. ამას ყოველსა ზედა არა განუკჳრდებისა გონებასა შენსა, არცა დაგეგების გული შენი ჴორცთაგან შენთა?

29. და უკუეთუ გულისჴმა-ჰყო განწესებაჲ ღრუბელთაჲ და სწორებაჲ საყოფელისა მისისაჲ,

30. აჰა, ესერა, განმარტის მას ზედა გზაჲ და ძირნი ზღჳსანი დაჰფარნა,

31. რამეთუ მათ შინა განსაჯნეს ერნი, და მოსცეს საზრდელი ძლიერსა.

32. ჴელითა დაფარა ნათელი და ამცნო მისთჳს, რომელი მოეგებვოდის მას,

33. უთხრას მისთჳს მეგობართა თჳსთა და მონაგებთა სიცრუვისათჳს.


37

1. და ამას ზედა შემიძრწუნდა გული ჩემი და განვარდა ადგილით თჳსით.

2. ისმინე სმენაჲ რისხვისა გულისწყრომისა უფლისაჲ და სიტყუაჲ პირისა მისისაგან გამოვიდეს.

3. ქუეშე ყოველსა ცასა დასაბამი მისი და ნათელი მისი ფრთეთა ზედა ქუეყანისათა.

4. კუალსა მისსა შემდგომად დაღადებდეს ჴმითა და იქუხოს ჴმითა რისხვისა მისისაჲთა. და არა ცვალნეს იგინი, რამეთუ გესმეს ჴმაჲ მისი.

5. იქუხოს ძლიერმან მან ჴმითა თჳსითა საკჳრველად, რომელნი ქმნნა საქმენი დიდ-დიდნი, რამეთუ არა ვიცოდეთ.

6. უბრძანოს თოვლსა ყოფად ქუეყანასა ზედა და ზამთარი წჳმათა ძლიერებისა მისისათაჲ.

7. ჴელთა ყოვლისა კაცისათა დაჰბეჭდოს, რათა ცნას ყოველმან კაცმან თჳსი იგი უძლურებაჲ.

8. შევიდენ მჴეცნი ქუეშე საფარველსა, და იყოფოდეს საწოლსა მათსა ზედა.

9. საუნჯეთაგან მოუჴდენ სალმობანი, მთათა მწუერვალთაბან ყინელი,

10. და ქარისაგან ძლიერისა მოსცეს ნეფხუაჲ, შეკრიბნეს წყალნი, ვითარცა ჰნებავნ.

11. და რჩეულთა მისთა მოჰფინის ღრუბელი, განაბნიის ღრუბელი ნათლითა მისითა.

12. და თავადმან სიმრგულე მისი გარემოაქციის ენთიებულათოთ საქმედ მათა ყოველივე, რავდენი ამცნო მათ, ესენი ბრძანებულ არიან მის მიერ ქუეყანასა ზედა,

13. გინათუ ველსა, გინათუ ქუეყანასა მისსა, გინათუ წყალობად პოოს იგი.

14. ყურად-იღე ესე, იობ, დადეგ და ისწავე ძალი უფლისაჲ,

15. ხოლო ესე უწყი, რამეთუ ღმერთმან დაამტკიცნა საქმენი თჳსნი: ნათელი შექმნა ბნელისაგან.

16. და იცის განკითხვაჲ ღრუბელთაჲ, განსაკჳრვებელი დაცემაჲ მრავალთაჲ.

17. ხოლო სამოსელი შენი ტფილ, და დაყუდნეს ქუეყანასა ზედა.

18. სიმტკიცე მის თანა სიძუელედ, ძლიერ არიან, ვითარცა ხილვაჲ მოფენისა წყალთაჲ.

19. აწ რაჲსათჳს არს ესე? მასწავე მე, რა ვჰრქუათ მას, და დავდუმნეთ მრავალისაგან სიტყჳსა.

20. ანუ წიგნი, ნუ და მიწგნობარი წინამიდგს მე, რათა კაცისათჳს წინამდგომელისა დავდუმნე?

21. ხოლო ყოველთა ვერსახილველ არს ნათელი, ბრწყინვალე არს დაძუელებადთა შორის, ვითარცა-იგი მის წინაშე ღრუბელთა ზედა.

22. ჩრდილოთ ღრუბელნი ოქროფერნი, ამათ ყოველთა ზედა დიდ არს დიდებაჲ და პატივი ყოვლისა მპყრობელისაჲ.

23. და არა ვის ვპოებთ სხუასა მსგავსსა მისსა ძლიერებითა, რომელი-იგი სიმართლისა მსაჯული არს. არა ჰგონება, ვითარმცა ისმინა მისი?

24. ამისთჳს ეშინოდის მისა კაცთა და ეშინოდის მისა ბრძენთა გულითა. შემდგომად დადუმებისა მის ელიუსისა სიტყუათა ამათ.


38

1. ჰრქუა უფალმან იობს არმურით გამო და ღრუბლით:

2. ვინ არს ესე, რომელი მიმალავს სიტყუათა, და შეუკრებიან ზრახვანი გულსა თჳსსა, და ჩემგან ჰგონებს დაფარვასა?

3. შეირტყენ ვითარცა მამაკაცმან წელნი შენნი, მე გკითხვიდე და შენ მომიგებდ მე.

4. სადა იყავ, რაჟამს დავაფუძნებდ მე ქუეყანასა? მითხარ მე, უკუეთუ იცი გულისჴმის-ყოფაჲ.

5. ვინ დადვა საზომი მისი, უკუეთუ იცი? ან ვინ მოიღო საზომი მის ზედა?

6. ანუ რასა ზედა კარშიკნი მისნი დამსჭუალულ არიან? ანუ ვინ არს, რომელმან დადვა ლოდი იგი საკიდური მის ზედა?

7. ოდეს იქმნნეს ვარსკულავნი, მიქებდეს მე ჴმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი.

8. და-უკუე-ვჰჴაშ ზღუაჲ ბჭეებითა, რაჟამს-იგი იშუებოდა, დედის მუცლით გამო-რა-ვიდოდა.

9. დავსდევ მას ზედა ღრუბელი სამოსლად და ნისლითა წარვგრაგნე იგი.

10. დავსცენ მას ზედა საზღვარნი და დავაგენ მას კლიტენი და ბჭენი.

11. და ვარქუ: აქამომდე მოხჳდე და არა გარდაჰჴდე, არამედ შენ ზედვე შეიმუსრნენ ღელვანი შენნი.

12. ანუ შენ ზედა დავაწესე ნათელი განთიადისა, და მთიებმან იცნა თჳსი იგი წესი

13. მიწევნად ფრთეთა ქუეყანისათა, და განბნევად უღელნი მისგან?

14. ანუ შენ მოიდე მიწაჲ ქუეყანით და თიჴაჲ შეჰქმენ ცხოვლად და პირმეტყუელად და დაადგინე ქუეყანასა ზედა?

15. ანუ შენ მოუღე ნათელი უღმრთოთა, და მკლავნი ამპარტავანთანი შენ შეჰმუსრენ?

16. მი-მე-სრულ ხარა წყაროსა მას ზღჳსასა, ანუ კუალსა უფსკრულთასა სრულ ხარა?

17. გან-მე-გეხუნენა შიშით ბჭენი სიკუდილისანი, ანუ მეკარეთა ჯოჯოხეთისათა გიხილონ და შეძრწუნდენ?

18. ანუ სწავლულ ხარა სივრცესა ცასა ქუეშე? მითხარ მე: ვითარმე, ანუ რაბამ არს?

19. რომელსა ადგილსა იქცევის ნათელი, ანუ რომელი ადგილი არს ბნელისაჲ?

20. მი-ხოლო-თუ-მიიყვანო საზღვართა მისთა, გინათუ იცნი ალაგნი მისნი?

21. მეცნიერმე ხარა? ვინ უწყის, მაშინ შობილ იყო და რიცხუნი წელთა შენთანი ფრიად იყუნეს?

22. მი-მე-სრულ ხარა საუნჯეთა თოვლისათა, გიხილვანა საუნჯენი სეტყუათანი?

23. რამეთუ დაუუნჯებულ არიან დღედ მტერთა, დღედ ბრძოლისა და ლალვისა.

24. ანუ ვინაჲ გამოვალს თრთჳლი, რომელი განეფინების სამხრით ცასა ქუეშე? მითხარღა მე!

25. ანუ ვინ განუმზადა წჳმისა სასტიკისა დინებაჲ, და გზაჲ ნადირთა?

26. სადა არს კაცი, უდაბნოთა უკაცურთა

27. განაძღოს დაუთრგუნავნი და უშენნი. და აღმოაცენოს მცენარენი?

28. ვინ არს წჳმისა მამაჲ? ანუ ვინ არს, რომელმან შვნა შანთნი ცუარისანი?

29. ვისისა მუცლისაგან გამოვალს მყინვარი? ანუ ნეფხუაჲ ცასა ქუეშე ვინ შვა?

30. რომელი გარდამოვალს, ვითარცა წყალი მდინარე? ანუ პირნი ცისანი ვინ დაადნო?

31. გულისჴმა-გიყოფიან საკჳრველნი ხომთანი, ანუ ზღუდენი ორიონთანი შენ განახუენ?

32. შენ აღმოაბრწყინეა მთიები ჟამსა მისა და აფროდიტე შვილი ზედა ქუეყანისა?

33. ანუ ცანი ქუეშე ერთბამად რავდენნი ქმნილ არიან?

34. უწოდემეა ღრუბელთა ჴმითა და ძრწოლით, წყლითა მძაფრითა გერჩდენ შენ?

35. ანუ წარ-მე-ავლინნე მეხის-ტეხანი და წარვიდენ და გრქუან შენ, ვითარმედ: რა უკუე არს?

36. ანუ ვინ მოსცა დედათა ქსლისა სიბრძნე, ანუ ჭრელობისა მეცნიერებაჲ?

37. ანუ ვინ აღრაცხნა ღრუბელნი სიბრძნითა თჳსითა, და ცანი ქუეყანად მოდრიკნა?

38. განფენილ არს, ვითარცა მიაწჲ მტუერი, შევამტკიცო იგი, ვითარცა ლოდსა კუბაჲ?

39. ანუ შენ უნადირეა ლომთა საზრდელი, ანუ სულნი ვეშაპთანი შენ განაძღენ?

40. და შეშინებულ არიან იგინი საწოლსა თჳსსა ზედა, სხენან იგინი მაღნართა შინა და მზირიან.

41. ანუ ვინ განუმზადა ყორანსა საზრდელი? რამეთუ მართუენი მისნი უფლისა მიმარი, ღაღადებენ შეცთომილნი, საზრდელსა ეძიებედ.


39

1. უკუეთუ სცნა ჟამი შობისაჲ ირემვაცთაჲ შინა, ანუ შენ დაუმარხეა სალმობაჲ ირემთა?

2. და აღრაცხენ თთუენი შობისა მათისანი სავსებით, ანუ სალმობანი მათნი შენ განჰჴსნენა?

3. და განჰზარდენ მართუენი მათნი თჳნიერ შიშისა? და სალმობანი მათნი მოუვლინენ?

4. დასთხინენ შვილნი მათნი და განმრავლდენ შობითა. განვიდენ და არღარა მოიქცენ თავით თჳსით.

5. ანუ ვინ განუტევა კანჯარი თავისუფლად, და საკრველნი მათნი ვინ განჴსნა?

6. ვყავ საყოფლად მათდა უდაბნოჲ და საძოვარად მათდა ქუეყანაჲ მარილოვანი.

7. ეკიცხენ სიმრავლესა ქალაქისასა და ბრძოლაჲ ხარკის-მკრებელთაჲ არა ესმინ მათ.

8. განიმსტურნიან მთანი საძოვრად მათდა და შემდგომად კუალსა ყოვლისა მდელოჲსასა ეძიებედ.

9. ანუ ინებოსმეა მარტორქამან მონებად შენდა, ანუ დაწოლად ბაგასა შენსა?

10. ანუ შე-მე-უკრა საბლითა უღელი მისი, ანუ ზიდვიდესმეა ორნატსა შენსა ველსა ზედა?

11. გინათუ ესვიდე მას, რამეთუ დიდ არს ძალი მისი. და მიუტეო მას საქმე შენი.

12. გრწამსა, ვითარმედ მოგაგოს შენ თესლი შენი და შემოიღოს კალოსა შენსა?

13. ფრთითა განსცხრებინ მჭურინავი, უკუეთუ მიუდგეს სირაქლემი და იხჳ,

14. რამეთუ დაუტევნეს ქუეყანასა ზედა კუერცხნი მისნი და მიწასა ზედა აცხობნ მათ,

15. და დაავიწყდეს, სადა-იგი დააბნინა, და მჴეცთა ველისათა დათრგუნნეს იგინი.

16. განფიცხნეს შვილნი მისნი, ვითარცა არა მისნი, ცუდად დაშურა თჳნიერად შიშისა,

17. რამეთუ დაადუმა უფალმან მისმან სიბრძნე მისი და არა განუწილა მას გულისჴმის-ყოფაჲ.

18. ჟამად-ჟამად სიმაღლისა აღიმაღლის, ეკიცხევნ ცხენზედა და ზედამჯდომელსა.

19. ანუ შენ შეჰმოსეა ძალი ცხენსა და შეარტყ ქედსა მისსა შაში?

20. და შეჰმოსე საჭურველი და დიდებაჲ მკერდსა მისსა და კადნიერებაჲ?

21. აღმოითხრინ ფერჴითა და იბეკნ ველსა ზედა, იზახებნ და განვალნ ველად.

22. შემთხუევასა ისრისასა ეკიცხევნ და არა გარემიიქცის მახჳლისაგან.

23. მის ზედა ოხრინ რაჲ მშჳლდი და მახჳლი, ლახურისა და ჰოროლისა ძრვაჲ.

24. და რისხვითა განჰრყუნინ ქუეყანასა და არა ჰრწამნ, ვიდრემდე დაჰბერონ. ნესტუმაღა ჴმა-ყვის.

25. მან თქჳს: ვაშა, ვაშა! შორითავე სული ეცის ბრძოლისაჲ და ზედამისლვა და ღაღადებაჲ.

26. ანუ შენითა სწავლითა დადგის ქორი? განიპყრნის ფრთენი თჳსნი და შეუძრველად დგან და იხედავნ ჩრდილოჲთ კერძო.

27. ანუ შენითა ბრძანებითა აღმაღლდის ორბი და ყანჩი დაჯდის მართუეთა ზედა?

28. და იქცევინ მწუერვალთა ზედა კლდისათა ფარულად,

29. მუნ არნ და ეძიებნ საზრდელსა, შორით თუალნი მისნი ხედვენ,

30. მართუენი მისნი შეიბღალნიან სისხლითა, სადაცა არს მძორი, მეყსეულად მუნ იპოვნიან.

31. და მიუგო უფალმან ღმერთმან იობს და ჰრქუა:

32. აწ ნუუკუე შენ სასჯელსა შემძლებელისა თანა ერიდები, რომელი ამხილებდეს ღმერთსა, მიეგოს მას სიტყუაჲ.

33. მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა:

34. რასაღამე ვისაჯები სწავლასა შინა და ვამხილებ უფალსა და მესმნეს ესოდენნი ესე არარასა ამას?

35. და მე რაჲ სიტყუაჲ უპოო ესოდენისა მიმართ, ჴელი დავიდვა პირსა ჩემსა?

36. ერთგზის ვიტყოდი და მერმე არღარა შევსძინო.


40

1. მერმე მიუგო უფალმან იობს და ჰრქუა ღრუბლით გამო:

2. ნუ ეგრე, არამედ შეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი. მე გკითხვიდე და შენ მომიგებდე მე.

3. ნუ განაგდებ სასჯელსა ჩემსა, ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რადმე გამოგეცხადე შენ? არამედ, რათა გამოსჩნდე მართლად.

4. აწ მკლავი შენი ნუ არსა უფლისა მიერ, ანუ ჴმისა მისებრ ჰქუხდე?

5. აღიღე სიმაღლე და ძალი, დიდებაჲ და პატივი შეიმოსე.

6. და წარავლინენ ანგელოზნი რისხვისანი, დაშრიტე, მაგინებელნი დაამდაბლენ და ამპარტავანი დაშრიტე.

7. დაალპენ უღმრთონი მეყსეულად,

8. დაჰფარენ ქუეყანასა მას გარესკნელსა ერთბამად, და პირნი მათნი გინებითა აღავსენ.

9. აღმიაროსა, ვითარმედ ძალ-უც მარჯუენესა შენსა?

10. არამედ, აჰა, ეგერა, მჴეცნიცა შენ წინაშე თივასა, ვითარცა ზროხანი, ჭამენ.

11. აჰა, ეგერა, ძალი მისი წელთა მისთა და ძლიერებაჲ მისი უპესა მუცლისასა

12. აღჰმართა ბოლოჲ მისი, ვითარცა საროჲ. ხოლო ძარღუნი მისნი შეთხზულ არიან.

13. გუერდნი მისნი გუერდნი რვალისანი და ზურგისძუალი მისი რკინაჲ დასხივებული,

14. ესე იგი არს დასაბამად დაბადებისა უფლისა, და შექმნული სამღერელად ანგელოზთა მისთა.

15. მოვიდეს მთასა მყარსა მწუერვალსა, ყვის მხიარულებაჲ ოთხფერჴთაჲ. ტარტაროსსა შიდა.

16. ქუეშე თითოფერთა ხეთა დაწჳს ჭილსა თანა ლერწამსა და ლელსა.

17. აგრილობედ მას ხენი დიდ-დიდნი მორჩითურთ და რტონი აგნისანი ნუ იყოს ღათუ.

18. წყლით-რღუნაჲ ვერ აგრძნეს, ესავნ თავსა თჳსსა მი-ღა-თუ-ჰმართის იორდანემან პირსა მისსა.

19. თუალსა მისსა შთაიწრიდოს იგი, განდრეკასა მას მისსა განუჴურიტოს ცხჳრი მისი.

20. მო-მე-ითრიოა ვეშაპი სამჭედურითა და განიღო ხრატუკი ნიღრსა მისსა?

21. ანუ ამოაცუა გრკალი ნიჩურსა მისსა და გრგოლითა განუჴურიტო ბაგე მისი?

22. და გეტყოდის შენ ვედრებით, მოქენებით ქუემო? ანუ დადვას აღთქმაჲ შენ თანა.

23. და მოიყვანთ იგი მონად საუკუნოდ?

24. და ემღერდე მას, ვითარცა მფრინველსა, ანუ შეუკრა იგი ვითარცა სირი ყრმასა?

25. განძღენ მით წარმართნი და განიყონ იგი ზღჳსკიდისა ნათესავთა?

26. ყოველნი ღათუ მენავენი შეკრბენ, ვერ მოიღონ ერთი ქეცი ბოლოჲსა მისისაჲ და ნავებითა მესათხევლეთათა თავი მისი.

27. ანუ დასდვა ჴელი შენი მას ზედა და მოიჴსენო ბრძოლაჲ იგი, რომელი იყო ჴორცთა მისთა ზედა. და ნუღარა იყოფინ.

28. არა გიხილავსა იგი და არცა სიტყუათა ამათ ზედა დაგიკჳრდების?


41

1. ანუ არა ჰგონებ, რამეთუ განმზადებულ არს ჩემდა? ვინმე უკუე არ წინაადმდგომ? ანუ ვინ წინააღმიდგეს მე და დამითმოს?

2. რამეთუ ყოველივე ცასა ქუეშე ჩემი არს?

3. არა დავდუმნე მისთჳს, და სიტყუამან ძლიერებისამან შეიწყალოს სწორი მათი.

4. ვინმე გამოაცხადოს პირი შემოსილებისა მისისაჲ? და შეწებულთა მკერდისა მისისათა ვინმე შევიდეს?

5. ანუ ბჭენი პირისა მისისანი ვინმე განახუნეს? გარემო კბილთა მისთა შიში.

6. ნაწლევნი მისი ასპიდი რვალისანი ნაწევარი მისი, ვითარცა მყარი ლოდი.

7. ერთი ერთსა შეყოფილ, სული ვერ განვიდეს მას. კაცი ძმასა თჳსსა შეეყოს.

8. შეეყუნენ და არა განაშორნენ.

9. კცენასა მისსა გამოჰკრთებიან ნათელნი, ხოლო თუალნი მისნი, ვითარცა ხილთაჲ მთიებისაჲ.

10. პირისა მისისაგან გამოვლენ ლამპარნი მგზებარენი, და გამოსცჳვიან შანთნი ცეცხლისანი.

11. ცხჳრთა მისთაგან გამოვალს საჴმილი აღგზებული ცეცხლისა ნაკუერცხალისაჲ.

12. სული მისი ნაკუერცხალ არს. ალი პირისა მისისაგან გამოვალს.

13. ქედსა მისსა ზედა დადგრომილ არს ძალი, წინაშე მისსა რბინ წარსაწყმედელი.

14. ჴორცნი გუამისა მისისანი შეყოფილ არიან, წარმო-თუ-ეცეს მის ზედა დარღუნაჲ.

15. არა შეიძრნენ, გული მისი დამყარებულ არს, ვითარცა ლოდი და ჰგიეს იგი, ვითარცა გურდემლი განუჭედელი.

16. გარემოქცევასა მისსა შიში მჴეცთა ოთხფერჴთაჲ, ქუეყანასა მავალთაჲ.

17. უკუეთუ შეემთხჳნენ მას ლახუარნი, რაჲ უყონ მას

18. სათხედი და თორნი? (!) შეურაცხიეს მას რკინაჲ გზედ, ხოლო რვალი ვითარცა ძელი.

19. ვერ მოწყლას იგი მშჳლდმან რვალისამან, შეურაცხიეს მას კლდეთაგან ქვაჲ თივად.

20. და ვითარცა ლერწამი შეურაცხია მას ურონი. ეკითხევნ იგი ძრვასა ცეცხლშემოსილსა.

21. სარეცელნი მისნი, ისრისპირნი, მახჳლნი და ყოველნი ოქრონი ზღჳსა მის ქუეშე, ვითარცა თიჴა ურიცხჳ.

22. აღადუღის უფსკრული, ვითარცა ქუაბი. შეურაცხიეს ზღუაჲ საცხებელად ოდენ.

23. ხოლო ტარტაროსი უფსკულისაჲ, ვითარცა ტყვე, შერაცხა უფსკრული სამოთხველად.

24. და არარაჲ არს არცაღა ერთ მსგავსი მისი ქუეყანასა ზედა. და შექმნილ არს იგი სამღერელად ანგელოზთა ჩემთათჳს.

25. ყოველსა მაღალსა ხედავს, და იგი არს მეუფე ყოველთა, რაჲ არიან წყალთა შინა.


42

1. მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა:

2. ვიცი, რამეთუ ყოველივე ძალ-გიც და შეუძლებელ არა რაჲ არს შენ მიერ.

3. ვინმე არს, რომელი გიმალავს შენ ზრახვასა? ერიდებოდის სიტყუათა და შენგან ჰგონებდეს დაფარვას? ვინ მომითხრას მე, რომელმან არა ვიცოდე დიდ-დიდნი და საკჳრველნი, რომელ არა უწყოდე.

4. ისმინე ჩემი, უფალო! რათა მეცა ვიტყოდე. მე გკითხო შენ და შენ მასწაო მე.

5. ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ.

6. ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად.

7. შემდგომად სიტყჳსა მის უფლისა ყოველთა ამათ სიტყუათა იობის მიმართ ჰრქუა უფალმან ელიფას თემნელსა: სცოდე შენ და ორთა მათ მეგობართა შენთა, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტსა ჩემ წინაშე არცა ერთსა რას, ვითარ-იგი მსახური ჩემი იობ.

8. ხოლო აწ მოიბთ შჳდი ზუარაკი და შჳდნი ვერძნი. და მივედით მსახურისა ჩემისა იობისა. და შეწიროს მსხუერპლი თქუენთჳს. ხოლო იობ, მსახურმან ჩემმან, ილოცოს თქუენთჳს, რამეთუ პირსა მისსა თუალსა ვაღებ, უკუეთუმცა არა მივხედე, წარ-მცა-გწყმიდე თქუენ, რამეთუ არა იტყოდეთ ჭეშმარიტსა მსახურისა ჩემისა იობისათჳს.

9. წარვიდა ელიფას თემანელი, და ბალდად სავაქელი, და სოფან მინეველი და ყვეს ეგრე, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან, და მიუტევა მათ ცოდვანი მათნი იობისთჳს,

10. ხოლო უფალმან აღაორძინა იობ. და ილოცა მან მეგობართა მისთათჳს და მიუტევნა უფალმან ცოდვანი მათნი. და მოსცა უფალმან მრჩობლი, რავდენ-იგი იყვნეს პირველად იობისი, ორწილად

11. ხოლო ესმა ყოველთა ძმათა მისთა ყოველი, რაჲ-იგი შეემთხჳა მას. და ყოველი, რომელთა იცოდეს იგი პირველითგან, ჭამდეს და სუმიდეს მის წინაშე და ნუგეშინის-სცეს მას და უკჳრდა მათ ყოვლისა მისთჳს, რომელი-იგი მოაწია უფალმან მის ზედა და მოსცა მას კაცად-კაცადმან თჳთო ტარიგი. და ოთხსატირი ოქროსაჲ, ოქროსა უქმნელი თითოჲ.

12. ხოლო აკურთხა უფალმან უკუანაჲსკნელი იობისი უფროს, ვიდრე პირველი და იყო საცხოვარი მისი ცხოვარი ბევრი და ოთხ ათას, და აქლემები ექუს ათას, უღლეული ჴართა ათას, ვირი მძოვარი ჴდალი ათას.

13. და ესხნეს მას შჳდ ძე და სამ ასულ.

14. და უწოდა სახელი პირველსა მას დღე და მეორესა კასია და მესამესა მას მხიარულებისა რქაჲ.

15. და არა იპოვნეს ასულთაებრ იობისთა და ძეთა უმჯობესნი ცასა ქუეშე და მისცა იობ ასულთა თჳსთა სამკჳდრებელი ძმათა მათ თანა.

16. და ცხონდა შემდგომად წყლულებისა ასსამეოცდაათ წელ, ხოლო ყოველნი, რავდენ ცხონდა, იყუნეს ორასორმეოცდარვა წელ. და იხილა იობ ძენი თჳსნი და ძენი ძეთა მისთანი, მეოთხე ნათესავი და აღესრულა იობ მოხუცებული და სავსე დღითა (დაწერილ არს იგი კუალად აღდგინებად მათ თანა, რომელნი-იგი უფალმან აღადგინნეს. ესე ითარგმანა ასურეთისაგან წიგნისა. ხოლო მკჳდრ იყო იგი ქუეყანასა ავსიტელთასა, საზვართა იდუმიასათა და არაბიასათა, პირველად იყო სახელი მისი იობაბ. და მოიყვანა ცოლი არაბიელი. და ესვა ძე, რომლისა სახელი ენონ, ხოლო იყო ესე მამისა ზარესი, ესავის ძეთა ძე და დედით ბოსორელი. ვითარმედ იყო ესე აბრაჰამისითგან მეოთხე ნათესავი).