წიგნი იგავთა, რომელსა ებრაულად ეწოდების მისლე


1

1. იგავნი სოლომონისნი, ძისა დავითისა, რომელი მეფობდა ისრაჱლსა ზედა,

2. ცნობად სიბრძნისა და სწავლულებისა, ცნობად სიტყუათა გონიერებისათა,

3. შეწყნარებად ქცევითა სიტყუათა, ცნობად სიმართლისა ჭეშმარიტებით და სასჯელისა წარმართებად,

4. რათა მისცეს უმანკოთა მეცნიერებაჲ და ყრმათა ჩჩჳლთა ცნობაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ.

5. რომელთა ესმეს ბრძენსა და უბრძნეს იყოს; მენავეთმოძღურობაჲ მოიპოოს, ხოლო მეცნიერმან მოღუაწებაჲ მოიპოოს,

6. ცნას იგავი და დაფარული სიტყუაჲ, თქმული ბრძენთაჲ, და უწყებანი მათნი.

7. და დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა. გულისჴმა კეთილ ყოველთა, რომელთა ყონ იგი, ხოლო კუალად მსახურებაჲ ღმრთისამიმართი, დასაბამ ცნობისა - სიბრძნე და სწავლულებაჲ უღმრთოთა შეურაცხ-ყვიან.

8. ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისაჲ, და ნუ განეშორები შჯულსა დედისა შენისასა,

9. რამეთუ გჳრგჳნი მადლისა დაიდგა თავსა შენსა, და მანიაკი ოქროჲსაჲ ყელსა შენსა.

10. შვილო, ნუსადა გაცთუნებენ შენ კაცნი უღმრთონი, ნუცა ინებებ სლვად გზათა მათთა.

11. გილოცვიდენ ღათუ და გეტყოდიან: მოედ ჩუენ თანა და მეზიარე სისხლსა დავარწყოთ ქუეყანად კაცი მართალი სიცრუვით,

12. და შთავნთქათ იგი, ვითარცა ჯოჯოხეთმან ცხოველი, და აღვიღოთ ქუეყანით საჴსენებელი მისი.

13. და მონაგები მისი მრავალსასყიდლისაჲ დავიპყრათ და აღვავსნეთ სახლნი ჩუენნი ნატყუენავითა.

14. ნაწილი შენ შემოჰრთე ჩუენ თანა და ზოგად პავასიკი მოვიგოთ ყოველთა და ვაშკარანი ერთი იყავნ ჩუენ ყოველთაჲ.

15. შვილო, ნუ ხვალ გზასა მათ თანა. მოაქციენ ფერჴნი შენნი ალაგთაგან მათთა,

16. რამეთუ ფერჴნი მათნი ბოროტისა მიმართ რბიან და მოსწრაფე არიან დათხევად სისხლისა,

17. რამეთუ არა ცუდად დაურწყიან მახე მფრინველსა,

18. რამეთუ იგინი, რომელნი კაცის-კლვასა თანამდებ არიან, იუნჯებენ თავისა თჳსისა ძჳრსა, ხოლო დაქცევაჲ კაცთა უშჯულოთაჲ ბოროტ არს.

19. ესე გზანი არიან ყოველთანი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რამეთუ უღმრთოებითა სულნი მათნი წარიწყმიდნიან.

20. სიბრძნე გამოსავალთა იქებინ და უბანთა ზედა განცხადებულად იქცევის,

21. ზედა წუერთა ზღუდეთასაჲ იქადაგების, ბჭეთა ზედა ძლიერთასა დაადგრების, ბჭეთა ზედა ქალაქისათა კადნიერად იტყჳნ.

22. რაოდენ ჟამ უმანკონი იყვნენ, სიმართლესა შინა არა ჰრცხუენოდის, ხოლო უგუნურნი იგი გინებისა არიან გულისმთქუმელ: უღმრთო იქმნეს და მოიძულეს მეცნიერებაჲ,

23. და თანამდებ იქმნეს მხილებისა; აჰა, ესერა, მე წინაგიყოფ თქუენ სულისა ჩემისა თქუმულთა და გასწავლნე თქუენ სიტყუანი ჩემნი.

24. რამეთუ გიწოდე თქუენ და არა ისმინეთ ჩემი. და განვაგრძვენ სიტყუანი ჩემნი და არა მერჩდით მე.

25. არამედ შეურაცხ-ჰყვენით ზრახვანი ჩემნი და მხილებათა ჩემთა არა მომხედეთ.

26. აწ უკვე წარწყმედასა თქუენსა მეცა გეცინოდი და მომცხრებოდის.

27. რაჟამს მოიწიოს თქუენ ზედა ჭირი მომსრველი და ოდეს იგლოვდეს თქუენ ზედა მეყსეულად შფოთი, ხოლო დაქცევაჲ მსგავსად ნიავქარისა მოვიდეს, ანუ რაჟამს მოგიჴდეს თქუენ ჭირი და გარემოდგმაჲ.

28. რამეთუ იყოს, ოდეს მხადოდით მე, ხოლო მე არა ვისმინო თქუენი; მეძიებდენ მე უკეთურნი და არა მპოონ,

29. რამეთუ მოიძულეს სიბრძნე და შიში ღმრთისაჲ არა გამოიძიეს,

30. და არცა ინებეს ჩემთა ზრახვათა კრძალვაჲ და შეურაცხ-ყვნეს მხილებანი ჩემნი.

31. აწ უკუე ამიერითგან ჭამდენ თავისა თჳსისა გზისა ნაყოფსა და გულისთქუმითა თჳსითა განძღენ.

32. ამისთჳს, რამეთუ ავნებდეს ჩჩჳლთა და მოსწყუედდეს, და განკითხვამან უღმრთონი მოსრნეს,

33. ხოლო რომელმან ისმინოს ჩემი, და დაემკჳდროს სასოებით, და დაადგრეს უშიშად ყოვლისაგან ბოროტისა.


2

1. შვილო, უკუეთუ შეიწყნარნე სულისა ჩემისა თქუმულნი მცნებანი და დაიფარნე შენ თანა,

2. ერჩდეს სიბრძნესა ყური შენი და მისცე გული შენი გულისხმის-ყოფასა და წინაუყუნე იგინი სასწავლელად ძესა შენსა.

3. უკუეთუ ხადო სიბრძნესა და გულისჴმის-ყოფასა მისცე ჴმაჲ შენი,

4. და უკუეთუ გამოეძიებდე მას, ვითარცა ვეცხლსა რჩეულსა, და, ვითარცა საფასესა, გამოიკულევდე,

5. მაშინ გულისჴმა-ჰყო შიში ღმრთისა და მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ ჰპოო,

6. რამეთუ უფალმან მოსცეს სიბრძნე და პირისა მისისაგან მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ

7. და დაუუნჯის ცხორებაჲ, რომელთა წარიმართნიან, შეეწევის სლვასა მათსა

8. დაცვად გზათა სიმართლისათა და გზაჲ მოშიშთა მისთა დაიცვის.

9. მაშინ გულისჴმა-ჰყო სიმართლე და მშჯავრი და წარმართნე ყოველნი ალაგნი კეთილისანი,

10. რამეთუ უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს,

11. ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ,

12. რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა.

13. ვაჲ, რომელთა დაუტევნეს გზანი წრფელნი და ვიდოდეს გზათა ბნელისათა,

14. რომელნი იხარებენ უკეთურებას ზედა და უხარის გულარძნილებასა ზედა ბოროტსა;

15. რომელთა გზანი დრკუ არიან და გულარძნილ ალაგნი მათნი,

16. რათა განგაშორონ შენ გზისაგან წრფელისა და უცხო-გყონ სიმართლისაგან გონებისა. შვილო, ნუ გეწევინ შენ ზრახვაჲ ბოროტი.

17. რომელმან-იგი დაუტევის მოძღურებაჲ სიჭაბუკესა და შჯული საღმრთოჲ დაივიწყის,

18. რამეთუ დაუდგა სიკუდილსა თანა სახლი თჳსი და ჯოჯოხეთს შინა ნაშობთა თანა ქუეყანისათა ალაგნი მისნი.

19. ყოველნი, რომელნი ვლენან მას შინა, არა მოიქცენ, არამედ ინანდენ და ვერ ეწინენ ალაგთა სიწრფოებისათა, რამეთუ ვერ ეწიფოს მათ წელიწადი ცხორებისაჲ.

20. უკუეთუმცა სრულ იყვნეს იგინი ალაგთა კეთილთა, ეპოვნესმცა გზანი სიმართლისანი წრფელნი,

21. რამეთუ წრფელთა დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ და უმანკონი დაშთენ მას ზედა.

22. გზანი უღმრთოთანი წარწყმდეს ქუეყანით და უსჯულონი უჩინო იქმნეს მისგან.


3

1. შვილო, სჯულსა ჩემსა ნუ დაივიწყებ და სიტყუანი ჩემნი დაიმარხენინ გულმან შენმან.

2. რამეთუ სიგრძე ჟამთა და წელიწადნი ცხორებისანი და მშჳდობაჲ შეგეძინოს შენ.

3. მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ; შეიბენ იგინი ყელსა შენსა და დაწერენ იგინი ფიცართა გულისა შენისათა.

4. და ჰპოო მადლი წინაწარგანზრახვად კეთილისა წინაშე ღმრთისა და კაცთა.

5. იყავ შენ მოსავ ყოვლითა გულითა შენითა უფლისა მიმართ და სიბრაძნესა შენსა ნუ აჰყვები.

6. ყოველთა შინა გზათა შენთა იცან იგი, რათა წარჰმართნეს გზანი შენნი და ფერჴი შენი არა წარჰკუეთო.

7. ნუ იქმნები შენ ბრძენ თავით თჳსით; გეშინოდენ უფლისა და მოიქეც ყოვლისაგან ბოროტისა.

8. მაშინ კურნებაჲ იყო ჴორცთა შენთაჲ და მოღუაწებაჲ ძუალთა შენთა.

9. პატივ-ეც უფალსა ნაშრომთაგან შენთა სიმართლისათა და შეწირე მისსა პირველთა ნაყოფთაგან შენთა სამართალთა.

10. რამეთუ აღივსნენ საუნჯენი შენნი სიმაძღრითა იფქლისათა, და ღჳნითა საწნეხელნი შენნი გარდამოეცემოდიან.

11. შვილო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა; ნუცა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა,

12. რამეთუ, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის.

13. ნეტარ არს კაცი, რომელმან პოვა სიბრძნე და მოკუდავმან, რომელმან იხილა გონიერებაჲ,

14. რამეთუ უმჯობეს არს იგი მოგებად, ვიდრე ოქროჲსა და ვერცხლისა საუნჯეთა,

15. და უპატიოსნეს არს იგი ანთრაკთა პატიოსანთა; არა რაჲ ჰჴდების მას, არცა ერთი ბოროტი. კეთილად ცხად არს იგი ყოველთა, რომელნი მიეახლებიან მას,

16. რამეთუ სიგრძე ჟამთაჲ და წელნი ცხორებისანი მარჯუენით მისსა, ხოლო მარცხენით მისსა დიდებაჲ და სიმდიდრე; პირისა მისისაგან გამოვალს სიმართლე; შჯული და წყალობაჲ ენასა მისსა ჰმოსიეს.

17. გზანი მისნი - გზაჲ კეთილ და ყოველნი ალაგნი მისნი მშჳდობით.

18. ხე ცხორებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი, და რომელნი შევედრებულ არიან მას, ვითარცა უფლისა მიმართ, უცთომელ.

19. ღმერთმან სიბრძნითა თჳსითა დააფუძნა სოფელი და განჰმზადნა ცანი გონიერებით.

20. მეცნიერებითა უფსკრულნი გამოეცნეს და ღრუბელნი ადინებდეს ცუარსა. შვილო,

21. ნუ მოჰმედგრდები, დაიცვენ ზრახვანი ჩემნი და მცნებანი,

22. რათა ცხონდეს სული შენი, და მადლი იყოს თავსა შენსა, და იყოს კურნებაჲ ჴორცთა შენთა, და მოღუაწებაჲ ძუალთა შენთაჲ,

23. რათა ხჳდოდი სასოებით, მშჳდობით ყოველთა გზათა შენთა და ფერჴი შენი არა წარსცე.

24. უკუეთუ შჯდე, უშიშად შჯდე; და, უკუეთუ გეძინოს, განსუენებით გეძინოს

25. და არა გეშინოდის შენ შეძრწუნებისაგან მომავალისა, არცა ზედამოსლვისა უღმრთოთაგან მოწევნულისა,

26. რამეთუ უფალი იყოს ყოველთა გზათა შენთა და დაამტკიცნეს ფერჴნი შენნი, რათა არა შეიძრა.

27. ნუ დააყენებ კეთილის-ყოფად ნაკლულევანისასა, რაჟამს აქუნდეს ჴელსა შენსა შეწევნა.

28. ნუ ეტყჳ - წარვედ აწ და მოვედ და ხვალე გცე: ძალ-თუ-გედვას კეთილის-ყოფად, რამეთუ არა უწყი, რაჲ შვეს ხვალემან.

29. ნუ ზრახავ მეგობრისა შენისათჳს ძჳრსა, რომელი შეყოფილ და მოსავ იყოს შენდა.

30. ნუ მტერ-მოყუარე ექმნები კაცსა ამაოსა, ნუუკუე ბოროტი რაჲმე გიყოს შენ. ნუ მოიგებ კაცთა ბოროტთა მაყუედრებელად,

31. ნუცა ჰბაძავ გზათა მათთა;

32. რამეთუ არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე უშჯულოჲ და მართალთა თანა არა დაადგრეს იგი.

33. წყევაჲ უფლისა სახლთა შინა უღმრთოთასა და საყოფელნი მართალთანი იკურთხნეს უფლისა მიერ.

34. უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.

35. დიდებაჲ ბრძენთა დაიმკჳდრონ, ხოლო უღმრთოთა აღამაღლეს გინებაჲ.


4

1. ისმინეთ ყრმათა სწავლაჲ მამისაჲ და ერჩდით ცნობად გულისჴმის-ყოფასა,

2. რამეთუ ნიჭსა კეთილსა მიგანიჭებ თქუენ, შჯულსა ჩემსა ნუ დაუტეობთ,

3. რამეთუ შვილი ვიყავ მეცა მამისა მორჩილი, და საყუარელ წინაშე პირსა დედისასა.

4. რომელნი მასწავებდეს მე და მეტყოდეს: დაჰჯერდინ სიტყუაჲ ჩუენი გულსა შენსა; დაიცვენ მცნებანი ჩემნი და ნუ დაივიწყებ და ნუცა უგულებელს-ჰყოფ სიტყუათა პირისა ჩემისათა,

5. ნუცა გარდააქცევ თქუმულთაგან პირისსა ჩემისათა,

6. ნუცა დაუტეობ მას და შეგეწიოს შენ; ეტრფიალე მას და დაგიცვას შენ.

7. დასაბამად სიგრძნისა მოიგე სიბრძნე და ყოველთა საუნჯეთა წილ მოიგე გონიერებაჲ.

8. გარემოიზღუდე იგი და აღგამაღლოს შენ; პატივ-ეც, რათა შეგიტკბოს შენ,

9. რათა მოსცეს თავსა შენსა გჳრგჳნი მადლისაჲ და გჳრგჳნითა საშუებელისათა შეგეწიოს შენ.

10. ისმინე, შვილო, და შეიწყნარენ სიტყუანი ჩემნი, და განმრავლდენ წელნი ცხორებისა შენისანი, რათა იყუნენ შენდა მრავალ გზაჲ ცხორებისაჲ,

11. რამეთუ გზანი ცხორებისანი გასწავენ შენ და გულისჴმა-გიყვენ შენ ალაგნი მართალნი.

12. უკუეთუ ხჳდოდი, არა დაიჴსნენ სლვანი შენნი, და ჰრბიოდი თუ, არა დაჰშურე.

13. შეეკრძალე სწავლასა ჩემსა და ნუ დაუტეობ, არამედ დაიმარხე თავისა შენისა ცხორებად იგი შენდა.

14. გზასა უღმრთოთასა ნუ მიხუალ, ნუცა ჰბაძავ ალაგთა უშჯულოთასა.

15. რომელსა ადგილსა განეწყვებოდიან, ნუ მიხუალ მუნ. მიაქციენ მისგან ფერჴნი შენნი და დაუტევე იგი,

16. რამეთუ არა დაიძინიან, ვიდრე არა ბოროტი ქმნიან. მიღებულ არს ძილი მათგან და არა დაიძინიან,

17. რომელნი იზარდებიან საჭმლითა უღმრთოებისათა, და ღჳნითა უშჯულოებისათა დაითრვნიან.

18. ხოლო გზანი მართალთანი, ვითარცა ნათელნი, ბრწყინვიდენ; წინაუძღოდიან და განანათლებდენ, ვიდრე წარმოემართოს დღე.

19. ხოლო გზანი უღმრთოთანი ბნელ არიან და არა უწყიან, სადა წარახეთქონ ფერჴი.

20. შვილო, თქუმულთა ჩემთა ეკრძალე, და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი,

21. რათა არა მოგაკლდენ შენ წყარონი ცხორებისანი, დაიმარხენ იგინი გულსა შენსა,

22. რამეთუ ცხორებაჲ არს, რომელთა პოონ იგი, და ყოველთა ჴორცთა მათთა ლხინებაჲ.

23. და ყოველი საცოჲ დაიმარხე გულსა შინა, რომლისაგან არიან გამოსავალნი ცხორებისანი.

24. მოისპე შენგან პარვაჲ ზაკული და ცრუნი ბაგენი განიშორე შენგან.

25. თუალნი შენნი მართლ ხედვენ და წამნი შენნი სიმართლესა წამებენ.

26. მართალ-ყვენ ალაგნი ფერჴთა შენთანი და გზანი შენნი წარიმართენ.

27. ნუ მიაქცევ მარჯუენით, გინა თუ მარცხენით; მოაქციე ფერჴი შენი გზისაგან ბოროტისა, რამეთუ გზანი იგი მარჯუენითნი იცნის უფალმან, ხოლო გულარძნილ არიან გზანი იგი მარცხენითნი, და მან მართალ-ყვნეს ალაგნი შენნი და სლვანი შენნი მშჳდობით წარგემართნენ.


5

1. შვილო, სიბრძნესა ჩემსა ერჩდი და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი,

2. რათა დაიცვა გონიერებაჲ კეთილი. და მეცნიერებასა ბაგეთა ჩემთას გამცნებ შენ. ნუ ხედავ დედაკაცსა ბოროტსა,

3. რამეთუ თაფლი გარდამოსწუეთინ ბაგეთა დედაკაცისა მეძვისათა, რომელმან წუთ ერთ დაატკბოს სასაჲ შენი,

4. ხოლო უკუანაჲსკნელ უმწარეს ნავღლისა ჰპოო და უმახჳლეს მახჳლის ორპირისა,

5. რამეთუ უგუნურებისა ფერჴთა შთაიყუნიან, რომელნი იჴუმევდენ მას, შემდგომად სიკუდილისა ჯოჯოხეთად შთაცჳვიან.

6. და კუალნი მისნი არა მტკიცე არიან, რამეთუ გზასა ცხორებისასა იგი არა მივიდეს; ცთომილ არიან ალაგნი მისნი და არა საცნაურ.

7. აწ, შვილო, ისმინე ჩემი და ნუ უგულებელს-ჰყოფ თქუმულთა ჩემთა.

8. შორს-ყვენ მისგან გზანი შენნი და ნუ მიეახლები კართა სახლისა მისისათა,

9. რათა არა წინაუყო უცხოთა ცხორებაჲ შენი და მონაგები შენი უწყლოთა,

10. რათა არა აღივსნენ უცხონი ძალითა შენითა და არა ნაშრომი შენ შევიდეს სახლსა სხუათასა.

11. და ინანდე უკუანაჲსკნელ, რაჟამს განჰკაფდენ ჴორცნი ძუალთა შენთანი.

12. და სთქუა, ვითარმედ: რად მოვიძულე სწავლულებაჲ და მხილებას მიჰრიდა გულმან ჩემმან.

13. არა მესმოდა ჴმაჲ მასწავლელისა ჩემისაჲ და მოძღუარსა ჩემსა არ მიუპყარ ყური ჩემი,

14. მცირედღადა ვიპოვემცა, ვიდრე მე ყოველსა შინა ბოროტსა შორის კრებულსა და შესაკრებელსა.

15. სუ წყალი ჯურღმულთაგან შენთა წყაროჲსა.

16. გარდამოეცემოდენ გარე წყალი შენისაგან წყაროჲსა და შენთა უბანთა შინა დიოდენ წყალნი შენნი.

17. იყავნ შენდა ხოლო მონაგებად და ნუ ვინ უცხოჲ გეზიარებინ შენ.

18. წყაროჲ იგი წყლისაჲ იყავნ შენდა თჳსად და თავად იხარებნ დედაკაცი სიჭაბუკესა შენსა.

19. ირემ სიყუარულის და ნუკრ მადლთა გზრახევდინ შენ და შენ თანა იყავნ ყოველსა ჟამსა, რამეთუ სიყუარულითა რაჲ მისითა მის თანა იქცეოდი, მრავალ იყო.

20. ნუ დაიყოვნებ უცხოსა თანა დედაკაცისა, ნუცა მოახუევ მკლავთა შენთა, რომელი არა შენი იყოს,

21. რამეთუ თუალთა წინაშე ღმრთისათა არიან გზანი კაცისანი და ყოველთა ალაგთა მისთა ხედავს.

22. უშჯულოებამან მოინადირის კაცი, და საბლითა ცოდვისა თჳსისათა კაცად-კაცადი შეიკრვის.

23. ესევითარი აღესრულოს უსწავლელთა თანა, და სიმართლისაგან სიპოხისა თჳსისა განვარდა და წარწყმდა უგუნურებითა თჳსითა.


6

1. შვილო, უკუეთუ თავს-იდვა მეგობარი შენი, მისცე ჴელი შენი მტერსა შენსა,

2. რამეთუ საფრჴე ძლიერ არიან კაცისა თჳსნი ბაგენი და შეიპყრობის სიტყჳთა პირისა მისისათა.

3. ჰყოფდ, შვილო, რომელსა მე გამცნებ და სცხოვნდე, რამეთუ შეჰვარდე ჴელთა ბოროტისათა მეგობრისა შენისათჳს, იყავ შენ განკრძალულ და ნუ დაჰჴსნი, განჰმზადე მეგობარიცა იგი შენი, რომელი თავს იდევ.

4. ნუ სცემ ძილსა თუალთა შენთა, ნუცა ჰრულის წამსა შენსა,

5. რათა განერე, ვითარცა ქურციკი საფრჴესა და ვითარცა მფრინველი მახესა.

6. იქმენ, ვითარცა ჯინჭველი, ჵ, მცონარო, და ჰბაძევდ გზათა მისთა და იქმენ უბრძნეს მისსა,

7. რამეთუ მას ქუეყანაჲ არა უც, არცა მაწუეველი უვის და არცა უფლისა ვის ქუეშე არს,

8. რომელმან განჰმზადის საზრდელი ზაფხულის და ფრიადი უნჯი შეიკრიბის კალოთა ზედა; ანუ მივედ ფუტკრისა და ისწავე, ვითარ-იგი მოქმედ არს და ნაშრომი იგი მისი ვითარ კეთილად ქმნის, რომლისა ნაშრომსა მეფენი და გლახაკნი სიცოცხლედ მიიღებენ. სასურველ არს ყოველთა და დიდებულ, დაღაცათუ არს ძალითა უძლურ, სიბრძნესა პატივ-სცა და წარმოჴდა.

9. ვიდრემდის სწვე, ჵ, მცონარო, ანუ ოდეს ძილისაგან განიღჳძო?

10. მცირედ გეძინოს, მცირედ გრულოდის, მცირედღა და დაისხნე ჴელნი მკერდსა ზედა.

11. მაშინ მოიწიოს შენ ზედა, ვითარცა ბოროტი მოგზაური, სიგლახაკე და ნაკლულევანებაჲ, ვითარცა კეთილი მსრბოლი. უკუეთუ უცონო იყო, მოვიდეს, ვითარცა წყაროჲ, ნაყოფი შენი, ხოლო ნაკლულევანებაჲ, ვითარცა ბოროტი კაცი, გევლტოდის.

12. კაცი უგუნური და უშჯულო ვალნ გზათა გულარძნილთა.

13. და ეგევითარი ეგე წამს-უყოფნ თუალითა, და აუწყებნ ფერჴითა და მოასწავებნ ხრითა თითთათა,

14. გულარძნილითა გულითა იქმნ ბოროტსა ყოველსა ჟამსა. ესევითარი იგი შფოთსა იქმნ ქალაქსა შინა.

15. ამისთჳს მოიწიოს მეყსეულად წარსაწყმედელი მისი, განკუეთა და შემუსრვაჲ უკურნებელი,

16. რამეთუ უხარინ ყოველსა ზედა, რომელი სძულს ღმერთსა, და შეიმუსრვის არაწმიდებითა სულისა თჳსისათა.

17. თუალნი მაგინებელნი და ენაჲ ცრუ, ჴელნი, რომელნი სთხევენ სისხლსა მართალისასა,

18. და გული, რომელი ზრახავნ გულისსიტყუათა ბოროტთა, და ფერჴნი, რომელნი ისწრაფიან ბოროტის-ყოფად, მოისრნენ.

19. ხოლო აღაგზნის ტყუვილი მოწამემან ცრუმან და მოავლინის საშჯელი შორის ძმათა.

20. შვილო, დაიმარხენ შჯულნი მამისა შენისანი და წესთა დედისა შენისათა ნუ განიშორებ.

21. და დაიდგენ იგინი თხემსა შენსა ზედა მარადის და შეიბენ ყელსა შენსა,

22. რაჟამს ხჳდოდი, წარიხუენ იგინი, და შენ თანა იყუნენ და, რაჟამს გეძინოს, გცვიდენ შენ და რათა, რაჟამს აღსდგე, თანაგზრახვიდეს შენ,

23. რამეთუ სანთელი - მცნებაჲ, ხოლო შჯული - ნათელი და გზაჲ ცხორებისა - მხილებაჲ და სწავლაჲ,

24. რათა დაგიცვას შენ დედაკაცისაგან ქმრისცოლისა და ზრახვისაგან ენისა უცხოჲსა.

25. შვილო, ნუ გარევინ სიკეთე გულისთქუმისა, ნუცა მოინადირებ თუალთაგან შენთა, ნუცა შესცთები წამთაგან მისთა.

26. რაჟამს სასყიდელი მეძვისაჲ, ვითარცა ერთის ჴუეზის პურის, რამეთუ დედაკაცმან უკეთურმან პატიოსანნი სულნი მამათანი მოინადირნის.

27. გამო-მე-ვის-ეკრისა ცეცხლი წიაღთა და სამოსელი მისი არა დაიწჳს?

28. ანუ ვალნმე ვინ ნაკუერცხალსა ზედა ცეცხლისასა და ფერჴი მისი არა მოიწუას?

29. ეგრეთვე, რომელი შევიდეს დედაკაცისა თანა ქმრისცოლისა, არა განერეს ტანჯვასა ძჳრსა, ეგრეთვე არა უბრალო იყოს ყოველი, რომელი შეეხოს მას.

30. არა საკჳრველ არს, უკუეთუ ვინმე დაეპყრას პარვასა, იპარავნ რაჲ, განიძღოს სული თჳსი მშიერი.

31. უკუეთუ დაეპყრას, შჳდწილად იზღჳოს და შემდგომად ყოველი ნაყოფი მისცეს, რათა იჴსნეს სული თჳსი.

32. ხოლო მემრუშემან ნაკლულევანებითა გონებისათა წარწყმედაჲ თავსა თჳსსა მოატყუას.

33. სალმობაჲ ხოლო და გინებაჲ დაითმინის, ხოლო ყუედრებაჲ მისი არა აღიჴოცოს უკუნისამდე,

34. რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი; არა ერიდოს დღესა სასჯელისასა.

35. ვერ გამოიჴსნეს რავდენითავე საჴმრითა მტერობისა მისგან, არცა დასცხრების მრავლითა ძღუნითა.


7

1. შვილო, დაიმარხენ სიტყუანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიფარენ შენ თანა.

2. შვილო, პატივ-ეც უფალსა და განსძლიერდე და მისსა გარეშე ნურავისსა გეშინის სხჳსა. დაიცვენ მცნებანი ჩემნი და სცხონდე და სიტყუანი ჩემნი, ვითარცა გუგანი თვალთანი.

3. და იგინი გამოიწერენ თითითა შენითა ფიცართა გულისა შენისათა.

4. მოხადე სიბრძნესა დად-ყოფად შენდა, და მოუწოდე გულისხმის-ყოფასა შემეცნებად შენდა.

5. შეიკრძალე თავი შენი დედაკაცისა უცხოსაგან და ბოროტისა, რაჟამს სიტყვითა საცთურსა შთაგთხევდეს.

6. არდაბაგითა სახლისათა იხედავნ უბანთა მიმართ,

7. რათამცა მოიხილნეს ჭაბუკნი უთმინონი და ყრმანი უგულისხმონი,

8. რომელნი ვლიედ უბანთა მიერ სიახლესა სახლისა მისისათა და ზრახავნ,

9. სიბნელესა ღამისასა, ოდესცა არღარა განსცხრებოდიან სიჴშოსაგან ბინდისა,

10. დედაკაცი იგი შეემთხვევა პირითა საროსკიპოთა, რომელმან შესულიბნის გულნი ჭაბუკთანი, ეითარცა მთრვალთა მოუძლურებულთანი,

11. ფრინვალობს უძღებად და სახლსა შინა თვისსა არა დააცადნის ფერჴნი თვისნი,

12. არამედ ოდესმე ვალნ უბანთა და ოდესმე ყოვლით კერძო იმსტრობნ,

13. რათამცა პოვა ჭაბუკი და დაიპყრას, აკოცებს ურცხვინოდ და ლიქნით ეტყჳნ:

14. მზეგრძელობისა შენისათვის მსხვერპლისა შეწირვად პაემანი და მეც აწ დღეს აღვასრულე პაემანი.

15. ამისთვის მოგეგებვი შენ ტრფიალი პირისა შენისა და სანატრელი გპოვე.

16. შემითხზნავს ცხედარი ჩემი და გარდამიგია ფიჩვითა ეგვიპტურებ ჭრელებულითა.

17. საგებელთა ჩემთა უკმიე მური, შტახსი და კასია.

18. მოვედ და ვიშვებდეთ სიყვარულითა განთიადამდე; მოვედ და განვსცხრებოდეთ ტრიობითა.

19. რამეთუ არა არს ქმარი ჩემი სახლსა შინა, არამედ წარსრულ არს გზასა შორესა.

20. ვაშკარანი ვეცხლითა წარიღო, აღიღო ჴელითა და შემდგომად დღეთასა მომავალ არს სახიდ თვისად.

21. მრავალმეტყველებითა და მაცთურითა ბაგითა რა შეაცთუნის,

22. შეუდგის, ვითარცა უსხი საკლველი და ვითარცა ვერძი მნერბავი და ვითარცა სულელი უმეცარი,

23. და იწყლა, ვითარცა ირემი ღვიძლგანგვრემული, და მოიფრინვა, ეითარცა ფრინველმან, მახედ და არა უწყის, წარწყმედად სულისა თჳსისად ვალს.

24. აწ, შვილო ჩემო, ისმინე ჩემი და ყურად-იხვენ სიტყვანი პირისა ჩემისანი.

25. ნუ მოსდრეკ გულსა შენსა გზათა მისთა, და ნუცა შეუდგები კვალთა მისთა,

26. ვინადგან მრავალნი იგვემნეს და მოიწყლნეს და უამრავნი მჴნენი შეიმუსრნეს მის მიერ,

27. რამეთუ სახლი მისი გზა არს ჯოჯოხეთისა, რომელი შთაიყვანებს საუნჯედ სიკუდილისად.


8

1. ამისთჳს შენ სიბრძნესა ქადაგებდ, რათა გონიერებაჲ გერჩდეს შენ.

2. რამეთუ მაღალთა ზედა მწუერვალთა დგას და შორის ალაგთა იპოების.

3. ბჭეთა თანა ძლიერთასა დადგრომილ არს და შესავალთა გზათასა იქების.

4. თქუენ გლოცავ, ჵ, შვილნო, და წინაგიყოფ ჴმასა ჩემსა ძეთა კაცთა.

5. სცანთ უმანკოთა მეცნიერებაჲ და უსწავლელთა დაიდევით გულსა თქუენსა.

6. ისმინეთ ჩემი, რამეთუ კეთილსა გეტყჳ და აღვაღებ ბაგეთა ჩემთა მართლ,

7. რამეთუ ჭეშმარიტსა იწურთის პირი ჩემი; საძაგელ არიან წინაშე ჩემსა ბაგენი მტყუარნი.

8. სიმართლით არიან ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი და არა არს მათ შინა გულარძნილ, არცა დრკუ.

9. ყოვლადვე წრფელ არს იგი, რომელთა უცნობიეს და მართალ, რომელთა უპოვნიეს მეცნიერებაჲ.

10. მიიღეთ სწავლაჲ და ნუ ვეცხლი და მეცნიერებაჲ უფროჲს ოქროჲსა რჩეულისა,

11. უმჯობეს არს სიბრძნე უფროჲს ანთრაკთა პატიოსანთა; ყოველივე პატიოსანი ვერ არს ღირს მისა.

12. მე, სიბრძნემან, დავიმკჳდრე მეცნიერებაჲ ზრახვისაჲ და გონიერებისაჲ და ცნობისა მოვხადე.

13. შიშსა უფლისასა სძულს უკეთურებაჲ, გინებაჲ და ამპარტავნებაჲ; და გზაჲ უკეთურთა და გულარძნილთანი და პირი ურწმუნოჲ მე მოვიძულენ.

14. ჩემი არს ზრახვაჲ, ჩემი არს კრძალულებაჲ, ჩემი არს გონიერებაჲ, ჩემი არს ძალი.

15. ჩემ მიერ მეფენი მეფობენ და ძლიერნი წერენ სიმართლესა.

16. ჩემ მიერ დიდ-დიდნი განდიდნებიან და მძლავრნი ჩემ მიერ იპყრობენ ქუეყანასა.

17. და მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან და, რომელნი მეძიებენ, მე მპოონ.

18. სიმდიდრე და დიდებაჲ ჩემი არს. და მონაგები მრავალი შეწირვად ჩემდა.

19. უმჯობეს არს უფროს ოქროსა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა, ხოლო სიტყუანი ჩემნი უფროს ოქროჲსა რჩეულისა.

20. გზათა სიმართლისათა ვალ და შორის ალაგთა სიმართლისათა ვიქცევი,

21. რათა განუყო მოყუარეთა ჩემთა ნაყოფი და საუნჯენი მათნი აღვავსნე კეთილითა.

22. უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე,

23. დასაბამსა უწინარეს ქუეყანისა შესაქმისა,

24. და უწინარეს უფსკრულთა ყოფისა, ვიდრე გამოსლვადმდე წყაროჲსა წყალთასა,

25. ვიდრე მთათა დაფუძნებადმდე, უწინარეს ყოველთა ბორცუთა მშვა მე.

26. უფალმან შექმნა სოფელი და უბენი და კიდენი სოფლისანი და რომელნი არიან ცასა ქუეშე,

27. რაჟამს განჰმზადებდა ცათა, მე მის თანა ვიყავ, და ოდეს განაჩინებდა საყდართა თჳსთა ქართა ზედა.

28. და ოდეს განაძლიერებდა ზესკნელთა ღრუბელთა ზედა, ვითარ-იგი კრძალულად დასდებდა წყაროთა ცასა ქუეშე,

29. ოდეს-იგი დაუდვა ზღუასა წესი მისი, რათა არა გარდაჴდენ წყალნი ზედა პირსა მისსა. და ოდეს დაამტკიცებდა საფუძველთა ქუეყანისათა,

30. ვიყავ მის თანა მომზავებელ, მე ვიყავ, რომლისა თანა უხაროდა უფალსა და დღითი დღედ ვიხარებდი წინაშე პირსა მისსა ყოველსა ჟამსა.

31. ოდეს იშვებდა ქუეყანისა განსრულებასა ზედა, შვებულ იქმნა ძე კაცისაცა.

32. შვილო, ისმინე ჩემი და ნეტარ იყვნენ, რომელთა გზანი ჩემნი დაიცვნენ.

33. ისმინეთ სწავლა, რათა ბრძენ იყვნეთ, და ნუ დაიყოფთ სასმენელთა.

34. ნეტარ არს კაცი, რომელმან ისმინოს ჩემი, და კაცი, რომელმან გზანი ჩემნი დაიმარხნეს და იღჳძებდეს კართა ჩემთა ზედა მარადის, და სცვიდეს შესავალთა ზღურბლთა ჩემთასა,

35. რამეთუ გამოსავალნი ჩემნი გამოსავალ ცხორებისა, და განემზადების ნებაჲ უფლისა მიერ.

36. ხოლო რომელნი ცოდვენ ჩემდამო, უღმრთოებენ თავისა თჳსისა სულთა და რომელნი მე მძულობენ, უყუარს მათ სიკუდილი.


9

1. სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი, და ქუეშე შეუდგნა მას შჳდნი სუეტნი,

2. და დაკლა თჳსი იგი საკლველი, და განზავა ტაკუკთა თჳსი იგი ღჳნოჲ და განმზადა თავისა თჳსისა ტაბლაჲ,

3. და წარავლინნა თჳსნი მონანი მოწოდებად მაღლითა ქადაგებითა ტაკუკთა ზედა

4. და ჰრქუა: რომელი არს უგუნურთაგანი, მოაქციენ ჩემდა; და ნაკლულევანთა გონებითა ჰრქუა:

5. მოედით, ჭამეთ პური ჩემი და ჰსუთ ღჳნოჲ, რომელი განგიზავე თქუენ.

6. დაუტევეთ უგუნურებაჲ და სცხონდეთ (მოიძიეთ გონიერებაჲ, რაჲთა ცხოველ იყვნეთ, წარიმართეთ მეცნიერებით გულისჴმის-ყოფაჲ),

7. რომელი ასწავებდეს უკეთურთა, მოიღოს თავისა თჳსისა გინებაჲ, და რომელი ამხილებდეს უღმრთოსა, შეიბილწოს თავი, და რომელი ამხილებდეს უღმრთოსა, სწყლავს მას.

8. ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ; ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ; ეც ბრძენსა მიზეზ და უბრძნეს იყოს.

9. აუწყე მართალსა და შესძინოს შეწყნარებად.

10. დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა და ზრახვაჲ წმიდაჲ გონიერებაჲ (ხოლო ცნობაჲ შჯულისა გონებისაგან არს კეთილისა).

11. რამეთუ ამით სახითა მრავალ ჟამ სცხონდე და შეგეძინნენ წელნი ცხორებისა შენისანი.

12. შვილო, უკუეთუ ბრძენ იყო, თავისა შენისა ბრძენ იყო და მოყუასიცა, ხოლო უკუეთუ ბოროტ იყო, თავისა შენისა აღმოივსო ძჳრი მარტოდ. (შვილი წურთილი ბრძენ იყოს, ხოლო უგუნური მსახურად იჴუმიოს, რომელი ჰჴდებოდის სიცრუვესა, ესევითარი იგი ჰმწყსის ქართა და სდევს იგი მფრინველსა ფრთოვანსა, რამეთუ დაუტევნა გზანი თჳსისა ვენაჴისანი და ალაგთა თჳსისა ქუეყანისა საქმეთასა შესცთა და ვალს იგი ურწყულსა უდაბნოსა და ქუეყანასა განჩემებულსა წყურილითა და შეიკრებს იგი ჴელითა თჳსითა უნაყოფოებასა).

13. დედაკაცი უგუნური და ცხარი ნაკლულევან იყოს პურითა, რომელმან არა იცის სირცხჳლი,

14. რამეთუ დაჯდა იგი კართა ზედა სახლისა თჳსისათა, სავარძელთა ზედა განცხადებულად უბანთა ზედა

15. და მოუწესნ თანაწარმავალთა გზისათა, რომელთა წარუმართებიეს გზასა თჳსსა.

16. რომელი არს უგუნურ თქუენგანი, მოაქციენ ჩემდა. და ნაკლულევანთა გონებითა უბრძანებ, და ვეტყჳ:

17. პური ფარული ჯეროვნად ჭამეთ და წყალი ფარული ტკბილად სუთ.

18. ხოლო მან არა იცის, რამეთუ ქუეყანისა ნაშობნი მის მიერ მოისრვიან და ფსკერსა ჯოჯოხეთისასა მიიწევიან (არამედ ივლტოდე და ნუ დაჰყოვნი ადგილსა მას და ნუცა მიადგამ თუალთა შენთა მისსა მიმართ, რამეთუ ესრეთ თანაწარჰვლო ჴევი უცხოჲ და წიაღჰჴდე მდინარესა სხჳსასა, წყლისაგან უცხოჲსა განეშორე და წყაროჲსგან უცხოჲსა ნუ ჰსუამ, რათა მრავალ ჟამ სცხონდე და შეგეძინნენ შენ წელნი ცხორებისა შენისანი).


10

1. ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო ძე უგუნური მწუხარებაჲ დედისა.

2. ვერ სარგებელ იყუნენ საუნჯენი უსჯულოთა, ხოლო სიმართლემან სიკუდილისაგან იჴსნას.

3. არა მოაკუდინოს სიყმილითა უფალმან სული მართლისაჲ, ხოლო ცხორებაჲ უღმრთოჲსა დაამჴჳს.

4. სიგლახაკემან კაცი დაამდაბლის, ხოლო ჴელთა მჴნეთა განამდიდრიან.

5. შვილი სწავლული ბრძენ იყოს, ხოლო უგუნური, ვითარცა მონაჲ, იმსახუროს. განერა სიცხისაგან შვილი გონიერი, ხოლო ხორშაკეულ იქმნა კალოთა ზედა შვილი უსჯულოჲ,

6. კურთხევაჲ უფლისა თავსა ზედა მართალთასა, ხოლო პირი უღმრთოთა დაფაროს გლოვამან უჟამომან.

7. ჴსენებაჲ მართლისა ქებით იყოს, ხოლო სახელი უღმრთოჲსა დაშრტეს.

8. ბრძენმან გულითა შეიწყნარნის მცნებანი, ხოლო უთმინოჲსა ბაგითა ბრკუმით შეუბრკუმეს.

9. რომელი ვიდოდის სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით, ხოლო რომელი განსდრეკდეს გზასა თჳსსა, საცნაურ იყოს.

10. რომელი წამ-უყოფნ თუალითა ზაკვით, იგი შეუკრბნ კაცთა მწუხარებასა, ხოლო რომელი ამხილებნ განცხადებულად, იგი მშჳდობასა ჰყოფნ.

11. წყაროჲ ცხორებისა ჴელსა შინა მართლისასა, ხოლო პირი უღმრთოთა დაფაროს წარსაწყმედელმან.

12. სიძულილმან აღადგინოს ძლევა, და ყოველნი, რომელნი არა მახლობელ იყვნენ, დაფარნეს სიყუარულმან.

13. რომელი ბაგეთაგან წარმოიღებნ სიბრძნესა, კუერთხითა ჰგუემნ კაცსა უგულოსა.

14. ბრძენთა დაიფარიან მეცნიერებაჲ, ხოლო პირი წარმდებთა მიეახლოს შემუსრვასა.

15. მონაგები მდიდართა ქალაქი ძლიერი, ხოლო შემუსრვაჲ უძლურთა სიგლახაკე.

16. საქმემან მართალმან ცხორებაჲ ყვის, ხოლო ნაყოფ უღმრთოთა - ცოდვაჲ.

17. გზათა ცხორებისათა სცავს უფალი და სწავლულებაჲ უმხილებელი სცთების.

18. მტერობაჲ დაფარიან ბაგეთა მართალთა, ხოლო რომელნი წარმოიღებდენ გინებასა, იგინი უგუნურ არიან.

19. მრავლისმეტყუელებისაგან ვერ განერე ცოდვასა, ხოლო ერიდებოდი თუ ბაგითა, გონიერ იყო.

20. ვეცხლი არს გამოჴურვებული ენაჲ მართალი, ხოლო გულთა უღმრთოთასა მოაკლდეს.

21. ბაგეთა მართალთა იციან სიმართლე, ხოლო უგუნურნი ნაკლულევანებასა შინა აღესრულნენ.

22. კურთხევაჲ უფლისა თავსა ზედა მართლისასა და მან განამდიდროს და არღარა დაერთოს მას მწუხარებაჲ გულისა.

23. სიცილით იქმნ უგუნური ძჳრსა, ხოლო ბრძენი კაცი ზრახავნ გულისჴმის-ყოფასა.

24. წარსაწყმედელად იქცევინ უღმრთოჲ, ხოლო გულისთქუმაჲ მრავალთა სათნო არს.

25. მობერვასა ნიავქარისასა წარსწყმედს უღმრთოჲ, ხოლო მართალმან მოჰრიდოს და ცხონდეს უკუნისამდე.

26. ვითარცა კაწახი ავნებნ კბილთა და კუამლი თვალთა, ეგრეთვე უსჯულოებამან ავნის, რომელნი მას ზედა ვალნ.

27. შიშმან უფლისამან შესძინოს დღეთა, ხოლო წელნი უღმრთოთანი შემცირდენ.

28. ყოვნის სიხარულმან მართალთა ზედა, ხოლო სასოებაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს.

29. ზღუდე წმიდათა შიში უფლისაჲ, ხოლო შემუსრვაჲ მოქმედთა ძჳრისათა.

30. მართალი უკუნისამდე არა შეირყიოს, ხოლო უღმრთოთა ვერ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.

31. პირსა მართლისასა გამოვალს სიბრძნე, ხოლო ენაჲ უწესოჲ შეიმუსროს.

32. ბაგეთა მართლისათა აღმოადინონ მადლი და პირნი უღმრთოთანი დაიყვნენ.


11

1. უღელი ზაკული საძაგელ არს წინაშე უფლისა, ხოლო სასწორი სიმართლისა სათნო არს მისსა.

2. სადა შევიდეს გინებაჲ, მუნცა უპატიოებაჲ, ხოლო პირი ბრძენთა იწურთიდეს სიბრძნესა.

3. სიმართლე უძღოდის მართალთა მათ და დაბრკოლებამან თავისმოთნენი დაამჴუნის.

4. არად სარგებელ-ეყოს მონაგები დღესა რისხვისასა, ხოლო სიმართლემან იჴსნეს სიკუდილისაგან. (მოკუდა მართალი და დაუშთა სინანული. ხოლო ჴელთ-დებაჲ და მოსაცხრომელ იქმნეს უღმრთოთა წარწყმედა).

5. ხოლო სიმართლემან უბიწოსამან წარიმართმეს გზანი, ხოლო უღმრთოებაჲ დაეტეოს ცრუთა ზედა.

6. სიმართლემან კაცთა მართალთამან იჴსნნეს იგინი, ხოლო უღმრთოებითა თჳსითა მოისრვიან უშჯულონი.

7. აღსრულებასა კაცისა მართლისასა არა მოაკლდეს სასოებაჲ, ხოლო სიქადული უღმრთოთა მოისპოს.

8. მართალი მჴეცისაგან განერეს და მის წილ მიეცეს უღმრთოჲ.

9. პირსა უღმრთოთასა საფრჴე მოქალაქეთა, ხოლო ცნობამან მართლისამან განაგის იგი.

10. მართალმან კეთილსა შინა წარჰმართოს ქალაქი და წარწყმედა უღმრთისა სიხარული.

11. კურთხევითა წრფელთათა აღემართოს ქალაქი, ხოლო პირითა უღმრთოთათა დაიქცეს.

12. შეურაცხ-ყვნის მოქალაქენი ნაკლულევანმან გონებითა, ხოლო კაცი გონიერი მყუდროებით იქცევინ.

13. კაცი ორენა განაცხადებს მოყუსისა ხუაშიადსა, ხოლო სარწმუნომან დაფაროს იგი.

14. რომელთა არა აქუნდეს განკარგვა, დაცჳვეს ვითარცა ფურცელი, ხოლო ცხორება არა იპოოს მრავალთა განმზრახთა თანა.

15. ბოროტი ცდილობს, ბოროტი სადა შეამთხვიოს მართალსა და სძულან ჴმანი კეთილნი.

16. უღონონი მცირედ მდიდარ იქმნებიან, ხოლო მჴნეთა დაიმკვიდრონ სიმდიდრე.

17. სულსა თჳსსა კეთილი უყვის კაცმან მოწყალემან, ხოლო განხრწნის ჴორცნი თჳსნი უწყალომან.

18. უღმრთომან ქმნის საქმე სიცრუვისა, ხოლო თესლი მართალთა სასყიდელი ჭეშმარიტებისა.

19. შვილი მართალი იშვის ცხორებად, ხოლო დევნულებაჲ უღმრთოთა სიკუდიდ.

20. საძაგელ უფლისა გულარძნილნი გზანი; შეწყნარებულ მისსა ყოველნი უბიწონი,

21. რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, არა უტანჯველ იყოს; ხოლო, რომელი სთესვიდეს სიმართლესა, მოიღოს სასყიდელი სარწმუნო.

22. ვითარცა საყური ყელსა ღორისასა - დედაკაცსა სახებოროტსა - სიკეთე.

23. გულისთქუმაჲ მართლისაჲ ყოველივე კეთილ, ხოლო სასოებაჲ უღმრთოთა წარწყმდეს.

24. არიან, რომელნი თესლსა სთესვენ და უფროჲსსა შეიკრებენ, და არიან, რომელნი შეიკრებენ სხუათასა და მოაკლდების.

25. სული კურთხეული ყოველივე წრფელ, ხოლო კაცი გულმწყრალი არა შუენიერ.

26. რომელმან შეიკრძალოს იფქლი, დაუშთის იგი წარმართთა, და რომელნი ძნელად ჰყოფდენ იფქლსა, ერის წყეულ იყავნ, ხოლო კურთხევაჲ უფლისაჲ თავსა ზედა უხჳსასა.

27. რომელი იქმოდის კეთილსა, ეძიებს მადლსა კეთილსა, ხოლო რომელი გამოეძიებს ბოროტსა, ეწიოს მასვე.

28. რომელი ესვიდეს სიმდიდრესა, დაეცეს, ხოლო, რომელი ეწეოდის მართალსა, იგი განბრწყინდეს.

29. რომელი არა შეეზავებოდის სახლსა თჳსსა, მან დაიმკჳდრნეს ქარნი, და ჰმონებდეს უგუნური ბრძენსა.

30. ნაყოფისაგან სიმართლისა აღმოსცენდეს ხე ცხორებისა; მიეხუნენ უჟამოსა სულნი უშჯულოთანი.

31. უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადაღამე იპოოს?


12

1. რომელსა უყუარდეს სწავლაჲ, უყუარს მას ბრძნულებაჲ, ხოლო, რომელსა სძულდეს მხილებაჲ, უგუნურ არს.

2. უმჯობეს არს, რომელმან პოვა მადლი უფლისა მიერ ღმრთისა, ხოლო კაცი უშჯულოჲ დაიდუმოს.

3. ვერ წარემართოს კაცსა უსჯულოებისაგან, ხოლო ძირნი მართალთანი არა აღიფხურნენ.

4. დედაკაცი მჴნე და გონიერი გჳრგჳნი არს ქმრისა თჳსისა, ხოლო, ვითარცა ძელსა მღილი, ეგრეთ წარწყმიდის ქმარი თჳსი დედაკაცმან ბოროტისმოქმედმან.

5. გულისსიტყუანი მართალთანი სამშჯავროჲ, ხოლო უღმრთონი იღუწიდენ ზაკვასა.

6. სიტყუანი უშჯულოთანი ზაკვენ სისხლთა სისხლვად, ხოლო პირმან მართალთამან იჴსნეს იგინი.

7. ვიდრეცა მიიქცეს უღმრთოჲ, განიხრწნეს; სახლნი მართალთანი დაადგრეს.

8. პირი გონიერისა იქებოდის კაცისაგან, ხოლო გულსნეული იგი შეურაცხ იქმნეს.

9. უმჯობეს არს კაცი, რომელი შეურაცხებასა შინა ჰმონებდეს თავსა თჳსსა, ვიდრე რომელი პატივსა ეძიებდეს თავისა თჳსისასა და ნაკლულევან იყოს პურითა.

10. სწყალობნ მართალი სულსა საცხოვართა თჳსთასა, ხოლო ნაწლევნი უღმრთოთანი უწყალოჲ.

11. რომელი იქმოდის თჳსსა ქუეყანასა, განძღეს პურითა, ხოლო, რომელნი შეუდგენ ამაოებასა, უგუნურ არიან; რომელთა ტკბილ-ეყოს შეყოფა ღჳნისა, საყოფელთა შინა თჳსთა დაუტევიან უპატიოებაჲ.

12. გულისთქუმაჲ უღმრთოთა ბოროტ, ხოლო ძირნი ღმრთისმსახურებისანი ძლიერებასა შინა.

13. ცოდვისაგან ბაგეთასა შევარდეს საფრჴესა ცოდვილი, ხოლო მართალი განერეს მისგან; რომელი ხედვიდეს წრფელად, შეწყალებულ იქმნას, ხოლო რომელი შეემთხჳოს ბჭეთა ზედა, მან შეაწუხნეს სულნი.

14. ნაყოფისაგან პირისა კაცისა აღივსოს კეთილითა სული მისი და განძღეს; მისაგებელი ბაგეთა მისთა მიეცეს მას.

15. გზანი უგუნურთანი მართლიად ჩანედ წინაშე მათსა, ხოლო ერჩინ ზრახვასა ბრძენი.

16. უგუნური იგი დღითი დღე მიუთხრობნ ზრახვასა თჳსსა, ხოლო იფარავნ უპატიოებასა გონიერი.

17. საჩინოჲ სარწმუნოებაჲ მიუთხრის მართალმან, ხოლო მოწამე ცრუთა ზაკულ არნ.

18. რომელნი იტყჳედ - მომწყლველ, განმკუეთელ, ვითარცა მახჳლი, ხოლო ენამან ბრძენთამან განკურნა.

19. ბაგეთა მართალთა წარჰმართიან წამებაჲ, ხოლო მოწამესა მოსწრაფესა აქუს ენაჲ ცრუჲ.

20. ზაკვაჲ გულსა შინა მოქმედსა ბოროტისასა, ხოლო რომელთა ჰნებავს მშჳდობის-ყოფაჲ, იხარებდენ.

21. არა სთნავს მართალსა არა რაჲ ცრუჲ, ხოლო უღმრთონი განძღენ ბოროტითა.

22. საძაგელ უფლისა ბაგენი მზაკვარნი; ხოლო, რომელმან ყვის სარწმუნოებაჲ, შეწყნარებულ მისსა.

23. კაცი გულისჴმის-მყოფელი საყდარი არს მეცნიერებისა, ხოლო გული უგუნურთა შეემთხჳოს წყევასა.

24. ჴელმან რჩეულმან დაიპყრას ადვილად, ხოლო ზაკულნი იგი იყვნენ წარსატყუენველ.

25. სიტყუამან საშინელმან შეაძრწუნის გული კაცისა მართლისა, ხოლო სახარებამან კეთილმან ახარის მას.

26. რომელი ცოდვიდეს, მას ეწიოს ძჳრი; ხოლო გზასა უღმრთოთასა შეაცთუნონ იგი.

27. ვერ მიემთხჳოს ზაკული ნადირსა, ხოლო მონაგებ პატიოსან არს კაცი წმიდა.

28. გზათა შინა სიმართლისათა ცხორებაჲ არს, ხოლო გზანი ძჳრმოჴსენეთანი სასიკუდინე.


13

1. შვილი გონიერი რჩეული არს მამისა, ხოლო ურჩი წარსაწყმედელსა მიეცეს.

2. ნაყოფისაგან სიმართლისა ჭამდეს შვილი სახიერი, ხოლო სულნი უშჯულოთანი მოისრნენ უჟამოსა.

3. რომელი ეკრძალებოდის პირსა თჳსსა, დაიცვას სული თჳსი; ხოლო წარმდებმან ბაგითა შეაძრწუნოს თავი თჳსი.

4. გულისთქუმათა შინა არს ყოველი უქმი, ხოლო ჴელნი მჴნეთანი მოღუაწებათა შინა.

5. სიტყუაჲ ცილისა სძულს მართალსა, ხოლო უღმრთოსა ჰრცხუენეს და არა ეცეს კადნიერებაჲ.

6. სიმართლემან დაიცვნის უმანკონი სლვასა შინა, ხოლო უღმრთონი განაქიქნის ცოდვამან.

7. არიან, რომელნი მდიდრად გამოაჩინებენ თავთა თჳსთა და არა რაჲ აქუნ, და არიან, რომელთა დაიმდაბლიან თავნი თჳსნი მრავალსა შინა სიმდიდრესა.

8. საჴსარ სულისა კაცისა თჳსი სიმდიდრე; ხოლო გლახაკმან ვერ დაუთმოს რისხვასა.

9. ნათელი მრავალთა მარადის, ხოლო ნათელი უღმრთოთა დაშრტეს; სულნი მზაკვარნი შესცთენ ცოდვასა შინა, ხოლო მართალთა ეწყალინ და სწყალობნ.

10. უგუნური იქმს მტერობით ბოროტსა, ხოლო სიმართლისა მზრახველი თავით თვისით ბრძენ არნ.

11. სიმდიდრე უშჯულოებით შეკრებული მოაკლდეს, ხოლო სარწმუნოებით შემყარებულნი განუმრავლებენ თავთა თვისთა; მართალი დგეს სასოებით, ეწყალინ და ავასხის.

12. რომელი შეეწიოს გლახაკსა, გულკეთილ-ჰყოფს და სასოდ აღადგენს.

13. შეურაცხის-მყოფელნი შეურაცხ იქმნენ, და რომელთა ეშინის მცნებისა ღმრთისა, ლხინებულ იყოს; ძესა მზაკვარსა ნუ რამე კეთილი იყოს, ხოლო მონასა ბრძენსა განემარჯოს საქმენი და წარემართნეს გზანი მისნი.

14. შჯული ბრძნისა წყარო არს ცხოვრებისა, ხოლო უმეცარი საბრჴითა მოკვდეს.

15. სიბრძნემან კეთილმან მოსცის მადლი, და მეცნიერებამან შჯულისამან - გონება კეთილი, ხოლო გზა შეურაცხის-მყოფელთა წარწყმდეს.

16. ყოველნი მოჰაზრენი იქმენ სიბრძნითა, ხოლო უმეცართა განახვნეს სიბოროტენი თვისნი.

17. მეფე ამპარტავანი შთავარდების მახესა, ხოლო ანგელოზმან ბრძენმან გამოიჴსნას იგი.

18. სიგლახაკე და შეურაცხება წარდევნოს წვრთილებამან, ხოლო რომელმან დაიმარხოს მხილება, დიდებულ იქმნეს.

19. გულისთქუმანი ღმრთისმსახურთანი დაატკბობენ სულსა, ხოლო საქმენი უღმრთოთანი შორს არიან მეცნიერებისაგან.

20. რომელი თანაუვიდოდის ბრძენთა, ბრძენ იყოს, ხოლო რომელი თანაგურიობდეს უგუნურთა - საცნაურ იყოს.

21. რომელნი ცოდვიდენ, უკუანა სდევდეს ბოროტი, ხოლო მართალთა ეწიოს კეთილი.

22. სახიერმან კაცმან დაიმკჳდრნის შვილისშვილნი, ხოლო დაეუნჯოს მართალთა სიმდიდრე უღმრთოთა;

23. მართალთა დაყუნენ სიმდიდრესა შინა წელნი მრავალნი, ხოლო ცრუნი იგი მსწრაფლ წარწყმდენ.

24. რომელი ერიდებოდის კუერთხითა ძესა თჳსსა, სძულს იგი, ხოლო რომელსა უყვარდეს, გულსმოდგინედ სწავლინ.


14

1. დედათა ბრძენთა აღაშენნეს სახლნი, ხოლო, რომელი უგუნურ იქმნა, დაარღჳა ჴელითა თჳსითა.

2. რომელი ვიდოდის მართლ, ეშინის უფლისა, ხოლო რომელი გარდაჰგულარძნიდეს გზასა თჳსსა, გზასა თჳსსა უპატიო იქმნას.

3. პირისაგან უგუნურთასა კუერთხი გინებისაჲ, ხოლო ბაგეთა მართალთა დაიცვნეს იგინი.

4. სადა არა არიან ქარნი, მუნ ბაგანი წმიდა არიან, ხოლო სადა ქარისა ნაყოფი ფრიად, მუნ ცხად არს ქარისა ძალი.

5. მოწამე სარწმუნოჲ არა ტყუინ; ხოლო აღაგზნის ტყუილი მოწამემან ცრუმან.

6. ეძიებდე სიბრძნესა უკეთურთა თანა და არა ჰპოვო, ხოლო ცნობაჲ გონიერთა თანა ადვილ არს.

7. ყოველნი წინააღმდეგ არიან კაცისა უგუნურისა, ხოლო საჭურველი მეცნიერებათა ბაგენი ბრძენთანი.

8. სიბრძნემან გულისხმიერთამან იცნას გზანი თვისნი, ხოლო უმეცრება უგუნურთანი სცთებიან.

9. სახლთა უსჯულოთასა არა აქვნ სიწმიდე, ხოლო საყოფელნი მართალთანი სანატრელ არიედ.

10. გული კაცისა მჭმუნვარე შემაწუხებელ არს სულისა თვისისა, ხოლო ოდეს მხიარულ იქმნას, არა ზიარ იქმნას მტერობისა.

11. სახლი უღმრთოთა დაემჴვას, ხოლო სავანენი მართალთანი იკურთხნეს.

12. გზა არს რამე, რომელი წინაშე თვალთა კაცთასა წრფელ იყოს, ხოლო დასასრული მისი მიმყვანებელი მთხრებლად ჯოჯოხეთისად.

13. მხიარულებასა თანა ჰყვებიან მწუხარებანი და სიხარულსა შეუდგეს გლოვა.

14. გულფიცხელი განძღეს გზისაგან თვისისა, ხოლო კაცი კეთილი გონებისაგან თვისისა.

15. უმანკოსა ჰრწამნ ყოველი სიტყუაჲ, ხოლო გონიერი იგი მოვიდეს სინანულად.

16. ბრძენსა შეეშინა და მოაქცია ბოროტისაგან, ხოლო უგუნური აღერია მოსავად.

17. გულმწყრალი იქმნ განუზრახველად, ხოლო კაცი გონიერი ფრიად მოითმენნ.

18. განიყონ უგუნურთა ბოროტი, ხოლო ბრძენთა დაიპყრნენ კარნი გულისჴმის-ყოფისანი.

19. უბრკუმეს უკეთურთა - წინაშე კეთილთასა და უღმრთონი ჰმსახურებდენ კართა მართალთასა.

20. მეგობართა მოიძულიან მეგობარი გლახაკი, ხოლო მეგობარნი მდიდარნი ფრიად.

21. რომელი შეურაცხ-ჰყოფდეს გლახაკსა, იგი ცოდავს, ხოლო, რომელი სწყალობდეს გლახაკთა, იგი სანატრელ იყოს.

22. შეცთომილნი ცრუნი იქმედ ბოროტსა, ხოლო წყალობასა და ჭეშმარიტებასა იქმედ სახიერნი (არა იციან წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ მოქმედთა ბოროტისათა, ხოლო მოქმედთა კეთილისათა).

23. ყოველსა შინა ზრუნვასა ერთი არს მეტი სიბრძნე, ხოლო ტკბილი იგი და ულმობელი ნაკლულევანებასა შინა იყოს.

24. გჳრგჳნ ბრძენთა სიმდიდრე მათი, ხოლო სლვაჲ უგუნურთა ბოროტ არს.

25. იჴსნეს სულნი ბოროტისაგან მოწამემან სარწმუნომან, ხოლო აღატყინის ტყუილი მზაკვარმან.

26. შიშსა უფლისასა არს სასოებაჲ ძლიერი და შვილთა თჳსთა დაუტევის შური მშჳდობისაჲ.

27. შიში უფლისა - წყარო ცხორებისა და ყვის მოქცევაჲ საბრჴისაგან სიკუდილისა.

28. მრავალთა შორის თესლთა დიდებაჲ მეფისა, ხოლო მოკლებასა ერისასა შემუსრვაჲ ძლიერთაჲ.

29. სულგრძელი კაცი დიდ არს გონებითა, ხოლო სულმოკლე ძლიერად უგუნურ

30. და მღილ; მშჳდი კაცი გულისა მკურნალი არს და კურნებაჲ ძუალთა გული მეცნიერებისაჲ.

31. რომელი ცილსა სწამებდეს გლახაკსა, განარისხებს შემოქმედსა თჳსსა, ხოლო რომელი პატივ-სცემდეს უფალსა, სწყალობდეს გლახაკთა.

32. უკეთურებითა თჳსითა წარწყმდეს უღმრთოჲ, ხოლო რომელი ესვიდეს სიწმიდითა თჳსითა მართალ.

33. გულსა შინა კეთილსა განისუენოს სიბრძნემან, ხოლო გულსა შინა უგუნურთასა ვერ საცნაურ იყოს.

34. სიმართლემან აღჰმართნის ნათესავნი, ხოლო შეამცირნის თესლნი ცოდვამან.

35. სათნო მეფისა მსახური გონიერი, რამეთუ თჳსითა მით კეთილითა ქცევითა მოისპის შეურაცხებაჲ.


15

1. ხოლო სიტყჳს-გებითა შევრდომილითა გარემიიქცეს რისხვაჲ, სიტყუამან ფიცხელმან აღადგინნის რისხვანი.

2. ხოლო ენამან ბრძენთამან კეთილი იცის, ხოლო პირმან უგუნურთამან მიუთხრის ძჳრი.

3. ყოველთა ადგილთა თუალნი უფლისანი ხედვენ კეთილთა და ბოროტთა.

4. კურნებაჲ ენისა ხე ცხორებისაჲ, ხოლო რომელმან დაიმარხოს იგი, განძღეს სულითა.

5. უგუნურმან შეურაცხ-ყვის სწავლაჲ მამისა, ხოლო, რომელი იმარხვიდეს მხილებასა, უბრძნეს იყოს. განმრავლებასა სიმართლისასა არნ ფრიად ძლიერებაჲ, ხოლო უკეთურნი ყოვლად წარწყმდენ ქუეყანით.

6. სახლსა შინა მართალთასა ძალი მრავალი, ხოლო ნაყოფნი უღმრთოთანი წარწყმდენ.

7. ბაგეთა ბრძენთა ჰმოსია მეცნიერებაჲ, ხოლო გულნი უკეთურთანი არა კრძალულ.

8. მსხუერპლნი უღმრთოთანი საძაგელ უფლისა, ხოლო ლოცვანი მართალთანი შეწირულ მისა.

9. საძაგელ უფლისა გზანი უღმრთოთანი, ხოლო რომელნი ხედვიდენ სიმართლესა, იგინი უყუარან.

10. სწავლულებაჲ უმანკოჲსა საცნაურ იყოს თანაწარმავალთაგან, ხოლო, რომელთა სძულს მხილებაჲ, აღესრულნენ საძაგელად.

11. ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელი ცხად არიან წინაშე უფლისა, რაოდენ უფროჲს გულნი კაცთანი.

12. ვერ შეიყუაროს უსწავლელმან მამხილებელი თჳსი და ბრძენთა თანა არა ზრახვიდეს.

13. გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ; ხოლო რომელნი მწუხარებასა შინა არიედ, მათი პირიცა მწუხარე არნ.

14. გული მართალი ეძიებს ცნობასა, ხოლო პირმან უსწავლელმან ცნას ბოროტი; ყოველსა ჟამსა თუალნი უკეთურნი მიელიან ბოროტსა, ხოლო სახიერნი დაყუდნიან მარადის.

15. შჯობს მცირედი ნაწილი შიშითა ღმრთისათა, ვიდრე საუნჯეთა დიდთა უშიშოებით.

16. შჯობს სტუმრობაჲ მხლითა სიყუარულითა და მადლობითა, ვიდრე ზუარაკთა ბაგათაგან დაკლულთა მტერობით.

17. კაცი გულმწყრალი განემზადების კლვად, ხოლო სულგრძელმან ყოფადიცა იგი დაამშჳდის.

18. სულგრძელმან კაცმან დაშრიტის საშჯელი, ხოლო უღმრთომან - აღაგზნის უფროჲს.

19. გზანი უღმრთოთანი დაფენილ არიან ეკლითა, ხოლო მჴნეთანი წყლტუ არიან.

20. ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო შვილმან ურჩმან შეურაცხყვის დედაჲ თჳსი.

21. უცნობელი გულითა ნაკლულევან იქმნის ცნობითა, ხოლო კაცი გონიერი წარმართებულად ვალნ.

22. დროებედ სიტყუასა, რომელნი არა პატივს-სცემენ კრებულსა; ხოლო გულსა მზრახვალთასა დაადგრეს ზრახვაჲ.

23. არა ერჩდეს მას უკეთური, არცა თქუას სრული რამე და შუენიერი ზოგადი,

25. სახლნი მაგინებელთანი დაამჴუნეს უფალმან; დაამტკიცნა საზღვარნი ქვრივთა და ობოლთანი.

26. საძაგელ უფლისა გულისსიტყუანი ცრუნი, ხოლო წმიდა და პატიოსან გულისსიტყუანი უბიწონი.

27. წარიწყმიდის თავი, რომელმან მიიღის ქრთამი; ხოლო რომელსა სძულდეს ქრთამი - იგი ცხონდეს. მოწყალებითა და სარწმუნოებითა განწმდებიან ცოდვანი, ხოლო შიშისათჳს უფლისა მოაქციოს ყოველმან ბოროტისაგან.

28. გულითა მართალთა უყუარს სარწმუნოებაჲ, ხოლო პირმან უღმრთოთამან მოიღოს ბოროტი. შეწყნარებულ უფლისა მიერ გზანი კაცთა მართალთანი და მათ მიერ მტერნიცა მოყუარე იქმნებიან.

29. შორად განშორებულ არს უფალი უღმრთოთაგან, ხოლო ლოცვანი მართალთანი ისმინნეს. უმჯობეს არს მცირედი მისაგებელი სიმართლით, ვიდრე ფრიადი ნაყოფი სიცრუვით. გული კაცისა ზრახევდინ სიმართლესა, რომელთა ღმრთისა მიმართ წარემართნენ სლვანი მათნი.

30. ჰხედავ რაჲ თუალი კეთილსა, ახარის გულსა, ჰამბავმან კეთილმან დააპოხნის ძუალნი.

31. რომელმან ისმინოს მხილებაჲ ცხორებისაჲ, შორის ბრძენთასა განისუენოს მან.

32. ხოლო რომელი განიშორებდეს სწავლასა, სძულს მას თავი თჳსი, ხოლო რომელი იმარხვიდეს მხილებასა, უყვარს მას სული თჳსი.

33. შიში უფლისაჲ სწავლულებაჲ და სიბრძნე. და მთავრობაჲ დიდებისა მოიგოს მან და წინაშე მდაბლისა ვიდოდის დიდებაჲ.


16

1. კაცისა მიერ წარმართებაჲ გულისაჲ, ხოლო უფლისა მიერ მიგებაჲ ენისაჲ (რაოდენცა დიდ იყო, ესოდენ დაიმდაბლე თავი თჳსი და წინაშე უფლისა ღმრთისა ჰპოო მადლი).

2. ყოველნი საქმენი მდაბლისანი ცხად არიან წინაშე ღმრთისა და განამტკიცნის სულნი მათნი უფალმან.

3. მიაგორვენ და მიაქციენ უფლისა მიმართ საქმენი შენნი, რათა დაემტკიცნენ გულისსიტყუანი შენნი.

4. ყოველივე ქმნა უფალმან თავით თჳსით, ხოლო უღმრთონი დღესა ბოროტსა წარწყმდენ.

5. არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა; რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, არა უბრალო იყოს, დასაბამი გზისა კეთილისა საქმე სიმართლისა და სათნო არს წინაშე უფლისა უფროჲს ვიდრე შეწირვაჲ მსხუერპლისაჲ.

6. რომელი ეძიებდეს ღმერთსა, პოოს მეცნიერებაჲ სიმართლესა თანა და, რომელი მართლ ეძიებდეს მას, პოოს მშჳდობაჲ.

7. ყოველნი საქმენი ღმრთისანი სიმართლით არიან; ხოლო დაიმარხი უღმრთოჲ დღედ ბოროტისა.

8. უმჯობეს არს მცირედი მისაღებელი სიმართლით, ვიდრე მრავალ ნაყოფი სიცრუჲთ.

9. გული კაცისა ზრახევდინ სიმართლესა, რათა ღმრთისა მიერ სლვანი მისნი წარემართნენ.

10. მეცნიერებაჲ არს ბაგეთა მეფისათა და სარჩელსა შინა არა სცთეს პირი მისი.

11. წამი სასწორი უფლისა მიერ, რამეთუ საქმენი მისნი სასწორ სიმართლისაჲ.

12. საძაგელ არს მეფისა მოქმედი ბოროტისა, რამეთუ სიმართლით განემზადების საყდარი მთავრობისა მისისა.

13. სათნო არიან წინაშე მეფისა ბაგენი მეცნიერნი და სიტყუანი მართალნი უყუარან.

14. გულისწყრომაჲ მეფისა ანგელოზი მაკუდინებელი, ხოლო კაცმან გონიერმან ულხინოს მას.

15. ნათელსა შინა ცხორებისასა ძე მეფისაჲ; ხოლო რომელნი სათნო არიან მისა, ვითარცა ღრუბელი მცხუედი.

16. მართუენი სიბრძნისანი უფროჲს და უმეტეს ოქროჲსაჲ, ხოლო მართუენი გონიერებისანი ურჩეულეს უფროჲს ვეცხლისა.

17. ალაგთა ცხორებისათა მოაქციიან ბოროტისაგან, ხოლო სიგრძე ჟამთა (გზანი სიმართლისანი, რომელმან შეიწყნარის სწავლაჲ იგი, კეთილსა შინა იყოს, და, რომელმან დაიმარხოს მხილება, იგი განბრძნდეს, რომელმან დაიმარხნეს გზანი უფლისანი, მან დაიცვნეს სულნი თჳსნი, და, რომელსა უყუარდეს ცხორებაჲ, იგი ერეოდის პირითა თჳსითა);

18. უწინარეს შემუსრვისა ძღჳს გინებაჲ, უწინარეს დაცემისა სახე ბოროტებაჲ.

19. უმჯობეს არს მშჳდი გონებითა სიმდაბლესა თანა, ვიდრე რომელი განიყოფდეს ნატყუენავსა მაგინებელთა თანა.

20. გულისხმის-მყოფელი საქმეთა შინა მპოვნებელი არს კეთილისაჲ, ხოლო, რომელი ესვიდეს უფალსა, სანატრელ იყოს.

21. ბრძენთა და გონიერთა გულისხმის-მყოფელ ჰრქჳან, ხოლო ტკბილნი იგი სიტყჳთა უმეტეს სასმენელღა იყვნენ.

22. წყაროჲ ცხორებისა გონიერებაჲ, რომელთა მოუგიეს იგი; ხოლო სწავლაჲ უგუნურთა - ბოროტ.

23. გულმან ბრძნისამან ცნის თჳსისაგან პირისა და ბაგეთა ჰმოსიეს მეცნიერებაჲ.

24. გოლი თაფლისაჲ სიტყუანი კეთილნი, ხოლო სიტკბოებაჲ მისი სმენაჲ და კურნებაჲ სულისაჲ.

25. არიან გზანი, რომელნი მართალ საგონებელ არიან წინაშე კაცთა, ხოლო უკუანაჲსკნელი მათი ჰხედავს ფსკერსა ჯოჯოხეთისასა.

26. კაცი სალმობათა შინა შურებინ თავით თჳსით და აიძულებს წარწყმედასა თჳსსა, ხოლო გულარძნილსა მას პირსა თჳსსა ჰმოსიეს წარსაწყმედელი თჳსი.

27. კაცმან უგუნურმან ითხარის თავისა თჳსისა წარსაწყმედელი და ბაგეთაგან თჳსთა ცეცხლი დაიუნჯის.

28. კაცი გულარძნილი გამოიღებნ ბოროტსა და ნაბერწყალი ზაკვისა ცეცხლებრ შეუდვის უკეთურთა და განაშორნის მეგობარნი.

29. კაცი უშჯულო გამოცდილ იქმნის მეგობართაგან და მიიყვანნის იგინი გზასა არაკეთილსა.

30. განიმტკიცებნ თუალთა თჳსთა და განიზრახავნ გულარძნილსა და მოიახლის ბაგეთა თჳსთა და იტყჳნ ყოველსა ბოროტსა; ესე საჴუმილი არს უკეთურებისაჲ.

31. გჳრგჳნ სიქადულისა სიბერე, ხოლო გზათა შინა სიმართლისათა იპოების.

32. უმჯობეს არს კაცი სულგრძელი ძლიერებისაგან, ხოლო რომელმან დაითმინის გულისწყრომაჲ, უფროჲს მისსა არს, რომელმანცა დაიპყრას ქალაქი ძნელი.

33. წიაღადვე თჳსად მიუჴდეს ყოველი ცრუთა მათ, ხოლო უფლისა მიერ ყოველი სამართლად.


17

1. უმჯობეს არს ლუკმა ერთი ტკბილი სიმშვიდით უფროს, ვიდრეღა სახლსა სავსესა სანოვაგეთა, და შფოთითა.

2. მონა ბრძენი დაიპყრობს უფალსა უგულისხმოსა და, ვითარცა ძმანი, მიიღებნ ნაწილთა.

3. ვითარცა გამოსცადნის ვეცხლი და ოქრო ბრძმედმან, ეგრეთვე იცნის ღმერთმან გულნი კაცთანი.

4. ძჳრი მორჩილ არს ენისა ცრუჲსა, ხოლო მართალი არა მიხედავს ბაგეთა მტყუართა.

5. რომელმან განკიცხოს გლახაკი, განარისხებს შემოქმედსა მისსა, ხოლო, რომელი იხარებდეს შეჭირვებასა ზედა სხვისასა, მას მიუვლინოს ღმერთმან.

6. გვირგვინი მოხუცებულისა არს შვილისშვილი; ხოლო ქება შვილთა მამა მათი. მორწმუნეთათვის ქვეყანა უნჯ არს, ხოლო ურწმუნოთათვის არცაღა ფოლი ერთი.

7. არა შვენის უგუნურსა ბაგენი მართალი და არცა მართალსა ბაგენი ცრუნი.

8. უსასყიდლო მადლი არს წურთილება და, რომელნი ვლენან მაზედ, წარემართოს.

9. რომელმან დაფაროს ბოროტი სხვისა, განამრავლებს მეგობრობასა, ხოლო, რომელმან განაცხადოს, დაჴსნის მშვიდობასა.

10. ტუქსვამან შემუსრის გულნი ბრძენთანი, ხოლო უგულისხმონი პატიჟმან ვერ მოაქცივნის.

11. მჴდომმან აღადგინნის ყოველი ბოროტი და უფალმან მოუვლინის ანგელოზი უწყალო.

12. ზრუნვა კაცისა ბრძნისა მოიგებს კეთილსა, ხოლო უგუნური იგონებს ბოროტსა.

13. რომელმან ყოს კეთილისათვის ბოროტი, არ მოაკლდეს სახლსა მისსა ძვირი.

14. რომელმან მიუშვას წყალი დინებად, დამწყებელი არს შფოთისა, ხოლო პირველ გონებისა პყრობადმდე ბრძანებანი ლტოლვილ იქმნეს.

15. რომელმან შერაცხოს კეთილი ბოროტად და ბოროტი კეთილად, ორნივე საძაგელ იყოს წინაშე უფლისა.

16. რა სარგებელ არს უგუნურთათვის საუნჯე ფრიადი, ვინათგან ვერა მიჴდეს სიბრძნესა მცირესა.

17. ძმანი ჭირსა შინა საჴმარ არიან, ამისთჳსცა იშვნიან.

18. კაცი უგუნური ტყუელავნ და მოსცხრებინ თავისა თჳსისა, რაჟამს თავს-იდებნ თავს-დებასა თჳსთა მეგობართასა,

19. ხოლო ცოდვისმოყუარესა უხარინ ლალვაჲ,

20. ხოლო გულფიცხელი არა შეემთხჳოს კეთილსა; კაცი, რომელი გარდაიქცეოდის ენითა თჳსითა, შევარდეს იგი ძჳრსა.

21. გული უგუნურთა სალმობაჲ მომგებელისა თჳსისაჲ; არა იხარებნ მამაჲ ძესა ზედა უსწავლელსა; ხოლო შვილმან ბრძენმან მხიარულ-ყვის დედაჲ თჳსი.

22. გულმან მხიარულმან კეთილ და ბრწყინვალე ქმნის, ხოლო კაცისა მწუხარისაგან ჴმებიან ძუალნი.

23. რომელი მიიღებდეს ქრთამსა წიაღთა სიცრუვით, არა წარემართნენ მას გზანი, რამეთუ გარდაჰგულარძნის გზანი სიმართლისანი.

24. პირი კაცისა გულისჴმის-მყოფელისა ბრძენ, ხოლო თუალნი უგუნურთანი კიდეთა ქუეყანისათა.

26. ზღუევაჲ კაცისა მართლისა არა კეთილ არს, არცა ღირს ძჳრისხრახვაჲ ძლიერთა მართალთათჳს.

27. რომელი ერიდებოდის სიტყუასა ფიცხელსა წარმოღებად, იგი გონიერ არს და სულგრძელ კაცი ბრძენ.

28. ჰკითხეს რაჲმე უგუნურსა სიბრძნე, სიბრძნედ შეირაცხის, რამეთუ გონებაჲ მოკჳრნედ თავი თჳსი ყო და ჰგონია, ვითარმედ ბრძენ არს.


18

1. მიზეზსა ეძიებნ კაცი, რომელსა ეგულებინ განშორებაჲ მეგობართაგან თჳსთა, ხოლო ყოველსა ჟამსა საყუედრელ იყოს.

2. არა რაჲ უჴმს სიბრძნე ნაკლულევანსა გონებითა, რამეთუ უფროჲსღა ირთავნ უგუნურებასა.

3. რაჟამს მიიწიის უღმრთოჲ სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ შეურაცხყვის. ხოლო მოუჴდეს მას შეურაცხებაჲ და ყუედრებაჲ.

4. წყალი ღრმაჲ არს სიტყუაჲ გულსა კაცისასა, ხოლო მდინარე გამომცენარე წყაროჲ სიბრძნისაჲ.

5. თუალ-ღებაჲ უღმრთოჲსა არა კეთილ, არცა ღირს განდრეკად სამართალისა საშჯელსა შინა.

6. ბაგენი უგუნურთანი მოიწევენ ბოროტსა და პირი მისი უთმინო მოიზიდავს სიკუდილსა.

7. პირი უგუნურისა შემმუსრველ მისდავე და ბაგენი მისნი საბრჴე სულისა მისისა.

8. სიტყუანი ორენათანი თუცა წრფელ, შთამჭრელ სწრაფ, მუცელთა შინა მცონარსა ერევინ შიში, სულთა ლირწთასა შიოდისყე.

9. რომელთა არა განიკურნონ სული თჳსი, საქმეთაგან თჳსთა ძმა არიედ ჩუენთა.

10. დიდისა ზრახვისაგან ძლიერებისა განცხადებულ არს სახელი ღმრთისა; მას მოუჴდენ მართალნი და ამაღლდენ.

11. მონაგები კაცისა მდიდრისა, ვითარცა ქალაქი მოზღუდვილი, ხოლო დიდებაჲ მისი ფრიად ჰფარავს მას.

12. უწინარეს სიმდაბლისა ამაღლდის გული კაცისა და უწინარეს დიდებისა დამდაბლდის,

13. რომელი მიუგებდეს სიტყუასა ვიდრე სმენად, რომლისა უგუნურება არს ამისა და საყუედრელ.

14. გულისწყრომაჲ კაცისა დაამშჳდის მსახურებამან გონიერმან, ხოლო სულმოკლესა კაცსა ვინმე დაუთმოს.

15. გულმან გონიერისამან მოიპოვოს ცნობაჲ. და ყურნი ბრძენნი ეძიებედ გულისხმის-ყოფასა.

16. საცემელმან კაცისამან განავრცის იგი და ძლიერთა თანა დასვის იგი.

17. მართალი იგი თავისა თჳსისა შემასმენელ იქმნის, პირველსავე სიტყუასა, ვითარცა-რაჲ დადვას მოსაჯულმან მან, ემხილოს.

18. სიტყჳს-გებაჲ დააცხრვის კაცმან გონიერმან და ძლიერთა თანა განაწესის.

19. ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა სამეუფოჲ მოზღუდვილი.

20. ნაყოფისაგან პირისა კაცმან განაძღოს მუცელი თჳსი - და ნაყოფისაგან ბაგეთა თჳსთასა განაძღოს იგი.

21. სიკუდილი და ცხორებაჲ ჴელთა შინა ენისათა, ხოლო რომელთა შეიწყნარონ, იგინი ჭამდენ ნაყოფსა მისგან.

22. რომელმან პოვა ცოლი სახიერი, პოვა მან მადლი და მოიღო ღმრთისაგან მხიარულებაჲ; რომელმან განაძოს ცოლი სახიერი, განჴადოს მან კეთილი თჳსი; ხოლო, რომელმან დაიყენოს მემრუშე, უგუნურ და უღმრთო არს.

23. გლახაკი ითხოვნ ვედრებით, ხოლო მდიდარი მიუგებნ ყბედებრ.

24. კაცი მოყვარული მოყვარისა უფროსად საყუარელ იყოს, ვიდრეღა ძმაჲ.


19

1. უმჯობეს არს უმეცარი, რომელი ვლიდეს ერთგულად, ვიდრეღა ორგულებით ბაგეთა ხრიდეს.

2. უმეცრება სულისა თვისასა არა კეთილ, ხოლო დაუდგრომელობა ფერჴთა ცოდვათა შეიმთხვევს.

3. უგუნურებაჲ კაცისა განრყუნის ზრახვითა მისითა და ღმერთსა აბრალებნ გულითა.

4. სიმდიდრემან შესძინის მეგობარნი მრავალნი, ხოლო გლახაკსა მას, რომელცა უვინ, გან-ვე-ეშორის.

5. მოწამე მტყუარი არა უტანჯველი იყოს, ხოლო რომელი აბრალებდე ნაწილად, იგი ვერ განერეს საშჯელსა.

6. მრავალნი მსახურებენ პირსა მეფისასა, ხოლო ყოველივე უკეთურ იქმნის მიცემასა მისსა და მაყუედრებელ კაცისა არნ.

7. ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაჲ გლახაკი, ესევითარი სიყუარულისაგანცა შორს იყოს განზრახვაჲ კეთილი, რომელთა იციან იგი, მათა მახლობელ არს, ხოლო კაცმან ბრძენმან პოოს იგი. რომელი მრავალსა ბოროტსა იქმს, აუვარებს უკეთურებასა და რომელი აღაზრზენდეს სიტყუასა, იგივე ცხონდეს.

8. რომელმან მოიპოვა გონიერებაჲ, უყუარს მას თავი თჳსი და, რომელმან დაიმარხოს სიბრძნე, პოოს მან კეთილი.

9. მოწამე ცრუჲ არა უცოდველ იყოს; რომელმან აღაგზნეს ბოროტი, იგივე წარწყმდეს.

10. არა შეჰგავს უგუნურსა შუებაჲ; ეგრეთვე, უკუეთუ მონაჲ მთავრობდეს უფალთა, გინებით იდევნენ.

11. მოწყალე კაცი სულგრძელ არნ, ხოლო სიქადული მისი მიუჴდეს უღმრთოთა.

12. მეფისა ბრძანებაჲ მსგავს არს ბრდღუენისა ლომისასა და, ვითარცა ცუარი მწუანვილსა ზედა, ეგრეცა მხიარულებაჲ მისი.

13. სირცხჳლ მამისა შვილი უგუნური და არაწმიდა არიან ლოცვანი მისნი სასყიდლისაგან უცხოჲსა.

14. სახლი და მონაგები განუყვიან მამათა შვილთა, ხოლო უფლისა მიერ შეემთხჳოს ცოლი სახიერი ქმარსა.

15. შიშსა შეუპყრიედ მემრუშეთა გული და სულსა უქმთასა შიოდეს.

16. რომელი იმარხვიდეს მცნებასა, დაიცვას სული თჳსი, ხოლო, რომელი უდებ-იყოს გზათა თჳსთა, იგი წარწყმდეს.

17. ავასხის უფალსა, რომელი სწყალობნ გლახაკთა, და მისაცემელისაებრ მისისა მიეგოს მას.

18. განსწავლე ძე შენი და ესრეთ იყოს სასოჲ კეთილ და გინებასა ნუ აღაყვანებ სულსა მისსა (უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს, არამედ სული მისი სიკუდილისაგან იქსნე).

19. სახე ბოროტებისათა კაცი ფრიად იზღჳოს, ხოლო უკუეთუ უსჯულოებდესღა, სულიცა თჳსი დაჰრთოს.

20. ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისა, რათა ბრძენ იყო სიბერესა შენსა.

21. მრავალნი ზრახვანი არიან გულსა კაცისასა, ხოლო ზრახვაჲ უფლისა ჰგიეს უკუნისამდე.

22. ნაყოფ კაცისა მოწყალებაჲ არს, უმჯობეს გლახაკი მართალი, ვიდრე მდიდარი მტყუანი.

23. შიში უფლისა საცხორებლად კაცისა, ხოლო უშიში იგი ბჭეთა ზედა იქცეოდის შეცთომილად და ადგილთა მათ, სადა-იგი არა მიხედავს საუკუნოჲ.

24. რომელმან დაიმალნეს ჴელნი სიცრუით, ვერცაღა პირად მიყუნეს იგინი.

25. სატანჯველსა უგუნური უვერაგეს იქმნეს, ხოლო უკუეთუ ამხილო კაცსა გონიერსა, გულისჴმა-ყოს მეცნიერებაჲ.

26. რომელმან შეურაცხ-ყოს მამა და განაძოს დედა თვისი, სირცხვილეულ და საყვედრელ იქმნეს.

27. შვილო, ნუ დაუტევებ სმენასა წვრთილებისასა და ნუცა უგულებელს-ჰყოფ სიტყვასა კეთილსა.

28. რომელმან თავს-მდებად ყოს ყრმა ჩჩვილი, მტერ იქმნეს სამართლისა, ხოლო პირი უღმრთოთა შთანთქამს სასჯელსა.

29. განიმზადონ უწვრთელთა გვემანი და უგუნურთა პატიჟნი.


20

1. უძღებ არს ღვინო და შემაგინებელ სიმთრვალე, ხოლო ყოველნი უგუნურნი ეთანადებიან.

2. ზახილი ლომთა აშინებს პირუტყვთა და რისხვა მეფისა კაცთა, ხოლო რომელმან გახარისხოს, ავნოს სულსა თვისსა.

3. დიდება კაცისა არს შორს-ყოფა შფოთთაგან, ხოლო უგუნურნი ყოველნი აღერევიან.

4. მცონარი კაცი არა შვრებინ ჴნულსა. და გაზაფხულ ითხოვნ იფქლსა და არავინ მისცის.

5. წყალი ღრმა არს გონება კაცისა, ხოლო ბრძენმან კაცმან აღმოწბას იგი.

6. დიდ არს კაცი და პატიოსან კაცი მოწყალე, ხოლო კაცი სარწმუნო ძნიად იპოოს.

7. რომელი იქცევინ სამართალსა უბიწოდ, სანატრელნი შვილნი დაუტევნის;

8. რამეთუ, რაჟამს მეფჱ მართალი დაჯდეს საყდართა სასჯელისათა, არა დამდგომ არს წინაშე თუალთა მისთა ყოველი უკეთური.

9. ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად? ანუ ვინმე იკადროს თქმად, ვითარმედ: წმიდა ვარ ცოდვისაგან?

10. სასწორი დიდი და მცირე და საწყაული ორი საძაგელ არს წინაშე უფლისა (და რომელთა ყონ იგი, მითვე უბრკუმეს და შებრკოლდეს კაცი).

11. ჭაბუკი, რომელი სიწმიდით ხოლო ვალნ, მართალ არიედ ეზონი მისნი.

12. ყურთა ესმინ, თუალთა ხედავნ. და უფალსა შეუქმნიან ორნივე.

13. ნუ გიყუარნ ძჳრისსიტყუაჲ, რათა არა შეიმუსრო; აღიხილენ თუალნი შენნი და განსძღე პურითა.

14. ძჳრსა უკეთურად იტყჳნ, რომელი ვალნ მას შინა, და წარმდებებით იქადინ.

15. არს ოქროჲ სიღრმე უფსკრულთა, ხოლო ჭურ პატიოსან არიან ბაგენი მეცნიერნი.

16. განეშორე მისგან, რომელი თავს-მდებ ექმნეს უცხოსა და სტუმართათჳს დაწინდულ იქმნას.

17. დაუტკბნა კაცსა პურნი სიცრუვისანი და აღავსო პირი მისი შანთითა მჴურვალითა.

18. გულისზრახვანი შეკრებულთაგან განირჩევიან და ბრძოლანი სიბრძნით განემზადებიან.

19. რომელი განმცხადებელ არს ხვაშიადთა, ზაკვით ვალს და მაცთურობით აღახვამს ბაგეთა, ხოლო შენ ნუ მიახლები.

20. რომელმან განგმოს მამა-დედანი, დაუშრტეს ნათელი და გუგანი თვალთანი დაუბნელდეს.

21. ხვედრი, სურვილით აღებული, აღსასრულსა არა იკურთხოს.

22. ნუ იტყვი: რათა შურ-ვაგო მტერსა, არამედ მოითმინე უფლისათჳს, რათა შემწე გეყოს.

23. ბილწ არიან წინაშე უფლისა საწყავნი ორრიგნი და სასწორი ზაკული არა კეთილ მის წინაშე.

24. უფლისაგან არს წარმართება - სლვა კაცისა, ხოლო მოკვდავთა ვითარ ცნან გზანი თვისნი?

25. მახე იჩქითი არს განმწარება წმიდათა, ხოლო შემდგომად შეწირონ და ინანონ.

26. განბნევა უღმრთოთა არს მეფე ბრძენი, რომელი ავლინებს მათ ზედა ურმისთვალთა.

27. ნათელი უფლისა ბრწყინავს კაცთა ზედა, რომელი გამოიკვლევს საუნჯეთა გულისათა.

28. წყალობა და ჭეშმარიტება მცველ არს მეფეთა და გარეშემზღუდველ საყდართა მისთა სიმართლე.

29. სამკაული ჭაბუკთა - სიბრძნე თჳსი და დიდება მოხუცებულთა - მჴცოვანებანი.

30. კვეთა და წყლვა შეემთხვიოს ბოროტსა, ხოლო ტანჯვანი საუნჯეთა მუცლისა მისისათა.


21

1. ვითარცა ნაკადელნი წყალთანი, ეგრეთვე გულნი მეფისანი - ჴელთა შინა ღმრთისათა, სადა ნებავს მიხედვად, მიაქციოს მუნით.

2. ყოველსა კაცსა ჰგონიეს თავი თჳსი განმართლებულად, ხოლო წარმმართებელი გულთაჲ ღმერთი არს.

3. საქმე სიმართლისა და ჭეშმარიტებისა სათნო არნ წინაშე უფლისა უფროჲს, ვიდრეღა მსხუერპლთა სისხლნი.

4. გონება დიდ გინებასა შინა კაცი გულფიცხელი, ხოლო ბრწყინვალებაჲ უღმრთოთა ცოდვაჲ.

5. ზრახვამოკლედ სიწრფოებაჲ არს, ხოლო ყოველი დაუდგრომელი მომედგრეს.

6. რომელი შეიკრებდეს საუნჯეთა ენითა ტყუილისათა, ამაო არს, და მისდევს იგი საფრჴეთა სიკუდილისათა.

7. მოსრვაჲ უღმრთოთა ზედა მოიწიოს, რამეთუ არა ჰნებავს საქმედ სიმართლისა.

8. გულარძნილთა მათ გულარძნილნი გზანი მოუვლინნის უფალმან ღმერთმან, ხოლო წმიდა და მართალ საქმენი მისნი.

9. უმჯობეს არს ყოფაჲ ყურეთა ჰაერსა ქუეშე, ვიდრე მოპიტალებულთა სიცრუვით და სახლსა შინა შეგინებულსა ზოგებით.

10. სულსა უღმრთოთასა გული უთქუამნ უკეთურებასა და არავისგან შეწყნარებულ იქმნას კაცთაგანისა.

11. ზღუევასა ბილწისასა უგონიერეს იქმნას უმანკოჲ ხოლო გულისჴმა-ყოს ბრძენმან და შეიწყნაროს მეცნიერებაჲ.

12. გულისხუმა-ყვნეს მართალმან სულნი უღმრთოთანი, რამეთუ განირყუნიან უღმრთონი ბოროტსა შინა.

13. რომელმან დაიყუნეს ყურნი არა სმენად უძლურისა, იგიცა ხადოდის უფალსა და არა ვინ იყო, რომელმანცა ისმინა მისი.

14. მისაცემელმან იდუმალმან გარემიაქციოს რისხვაჲ, ხოლო რომელი ქრთამსა ძჳრობს, გულისწყრომაჲ აღადგინის ძლევად.

15. მხიარულებაჲ მართალთა საქმე სიმართლისაჲ, ხოლო ღირსი არაწმიდა არს უკეთურთა წინაშე.

16. კაცი, რომელი შეცთომილ იყოს გზათა სიმართლისათა, შესაკრებელსა გმირთასა განისუენოს.

17. კაცსა ნაკლულევანსა უყვარს საშუებელი, ხოლო, რომელსა უყვარდეს ღჳნოჲ და ზეთი, არა განმდიდრდეს.

18. ნარჩევ მართლისა უსჯულოჲ და წრფელისა წილ დაუდგრომელი.

19. უმჯობეს არს ყოფაჲ ქუეყანასა უდაბნოსა, ვიდრე დედაკაცისა თანა მოლალისა და ენოვნისა და გულმწყრალისა.

20. საუნჯე გულისსათქუმელი განუსუენებს პირსა ბრძენთასა, ხოლო კაცთა უგუნურთა შთანთქან იგი.

21. გზათა სიმართლისა და წყალობისათა პოონ ცხორებაჲ, შეწყალებაჲ და დიდებაჲ.

22. ბრძენმან მიმართა ქალაქთა მაგართა და შემუსრა სიმაგრე, რომელ სასო იყო უღმრთოთა.

23. რომელმან დაიცვას პირი თჳსი და ენაჲ თჳსი დაიმარხოს, იჴსნას ჭირისაგან სული თჳსი.

24. ფიცხელსა და კადნიერსა და ლაღსა ბილწ ეწოდების, ხოლო რომელი ძჳრსა იჴსენებდეს - უშჯულოჲ.

25. გულისთქუმათა მოაკუდინიან მცონარი, რამეთუ არა რაჲ უნებნ ჴელითა მისითა საქმედ.

26. უღმრთოსა გული უთქუმნ ყოველთა დღეთა გულისთქუმასა ბოროტსა, ხოლო მართალსა ეწყალინ და სწყალობნ ურიდად.

27. მსხუერპლნი უღმრთოთანი საძაგელ უფლისა, რამეთუ უშჯულოებით შესწირვენ მას.

28. მოწამე მტყუარი წარწყმდეს, ხოლო კაცი მორჩილი კრძალულად იტყჳნ.

29. კაცი უღმრთოჲ ურცხჳნოდ წინააღუდგეს პირსა, ხოლო წრფელმან თჳთ გულისხმა-ყუნის საქმენი მისნი.

30. არა არს კაცისა სიბრძნე, არა არს სიმჴნე, არა არს ზრახვაჲ მჴდომ უფლისა.

31. ცხენი განემზადებინ დღედ ბრძოლისა, ხოლო უფლისა მიერ არს შეწევნაჲ.


22

1. უმჯობეს არს სახელი კეთილი ვიდრე სიმდიდრესა მრავალსა, ხოლო უფროჲს ოქროჲსა და ვეცხლისა მადლი კეთილი;

2. მდიდარი და გლახაკი შეემთხჳნეს ურთიერთას, ხოლო ორნივე უფალმან შექმნა.

3. ბრძენმან იხილა უკეთური ტანჯვასა შინა და თქუა: ძლიერად ისწავების, ხოლო უგუნურნი თანაწარჰჴდეს და იზღჳნეს.

4. დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა და სიმდიდრე და დიდებაჲ და ცხორებაჲ.

11. უყუარან უფალსა გულითა წმიდანი და შეწყნარებულ არიან მისა უბიწონი, ბაგითა მწყსინ მეფჱ.

12. და თუალნი უფლისანი მცველ არიან გზათა მისთა, განგასრნის სიტყუანი კეთილნი უშჯულომან.

13. მიზეზობნ მედგარი და თქჳს: ლომთა დაუპყრიან გზანი და წარსავალნი ურაკპარაკთანი მკლველთა.

14. მთხრებლ ღრმა არს პირი უშჯულოჲსაჲ და უფლისაგან განვრდომილი შთავარდეს მას (არიან გზანი უკეთურნი წინაშე კაცთა და ჰნებავს მოქცევაჲ მათგან, ხოლო მოქცევაჲ ჯერ-არს დრკუთაგან და უკეთურთა გზათა),

15. უგუნურებაჲ აღგზებულ არს გულსა ჭაბუკთა უსწავლელთასა, კუერთხი და სწავლა განშორებულ არს მათგან.

16. რომელი მოხუეჭნ გლახაკსა, განამრავლის თავისა თჳსისა ძჳრი და შესძინის იგი მდიდარსა, ვითარცა საწადელი.

17. სიტყუას ბრძენთასა მიუპყარ ყური შენი და ისმინენ სიტყუანი პირისა ჩემისანი და დაიმარხენ იგინი გულსა შენსა.

18. რათა სცნა, რამეთუ კეთილ არიან.

22. ნუ ჰმძლავრობ დავრდომილსა, რამეთუ გლახაკ არს და ნუ შეურაცხ-ჰყოფ უძლურსა ბჭეთა ზედა.

23. რამეთუ უფალმან საჯოს საშჯელი მისი. და იჴსნე უზღვეველად სული შენი.

24. ნუ ექმნები მოყუას კაცსა გულმწყრალსა და მეგობარსა მრისხანესა ნუ თანაექცევი.

25. ნუუკუე ისწავნე გზანი მისნი და მიიღო მახე სულისა შენისაჲ.

26. ნუ მისცემ თავსა შენსა თავს-მდებად სირცხჳლთა პირისათა.

27. უკუეთუ არა აქუნდეს, რაჲ მისცეს, განიღონ სარეცელი შენი გუერდთაგან შენთა.

28. ნუ სცვალებ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დადვეს მამათა შენთა.

29. შუენიერი კაცი და მალე საქმითა თჳსითა მეფეთა წინაშე ღირს დგომად, არა წინაშე კაცთა გულკლებულთა.


23

1. უკუეთუ დასჯდე სერობად ტაბლასა ძლიერისასა, ცნობით ცან წინადაგებული შენი და ეგრეთ მიყავ ჴელი შენი.

2. უწყოდე, რამეთუ ეგრეთ გიღირს განმზადებად, უკუეთუ უძღებ ხარ.

3. ნუ გული გითქუამნ საჭმელთა მისთა, რამეთუ ესენი ჰქონან ცხორებად ტყუვილისა.

4. ნუ წარსწუდები, გლახაკ თუ ხარ, მდიდრისა, არამედ გონებითა შენითა განეშორე.

5. უკუეთუ მიადგნე თუალნი, არასადა ჩნდეს იგი, რამეთუ განმზადებულ არიან მისა, ვითარცა ფრთენი ორბისანი, და მიიქცეს სახიდ ზედამადგინებელისა თჳსისა.

6. ნუ სჭამ კაცისა თანა მოშურნისა, ნუცა გული გითქუამნ საჭმელთა მისთა.

7. რამეთუ, ვითარცა-იგი ვინ შთანსთქამნ თმასა, ეგრეთ ჭამდეს და სუმიდეს შენ თანა.

8. ნუცა შეიყვანებ შენ თანა და ნუცა სჭამ პურსა მის თანა, რამეთუ წარმოსთხიოს იგი და ჰგმობდეს სიტყუათა შენთა კეთილთა.

9. ყურთა მიმართ უგუნურთასა ნურას იტყჳ; ნუუკუე შეურაცხ-ყუნენ სიტყუანი შენნი გონიერნი.

10. ნუ გარდასცვალებ საზღვართა საუკუნეთა და მონაგებსა ობოლთასა ნუ შეხუალ, რამეთუ მჴსნელი მათი უფალი ძლიერი არს და საჯოს სასჯელი მართალი შენ თანა.

12. მიეც გული შენი სწავლასა და სასმენელნი შენნი განჰმზადენ სიტყუათა მეცნიერებისათა.

13. ნუ განაყენებ ჩჩჳლთა ყრმათა სწავლასა; უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს.

14. შენ სამე სცე კუერთხითა, ხოლო სული მისი იჴსნე სიკუდილისაგან.

15. შვილო, უკუეთუ ბრძენ იყოს გული შენი, ახარო გულსაცა ჩემსა.

16. და იყვნენ ბაგეთა შინა ჩემთა სიტყუანი პირისა ჩემისანი, უკუეთუ მართალ იყვნენ.

17. ნუ ჰგაძავ გულითა შენითა ცოდვილთა, არამედ შიშსა შინა უფლისასა იყავ ყოველსა დღესა,

18. რამეთუ, უკუეთუ დაიმარხო, ესე გექმნეს შენ ნაშობ და სასოებაჲ შენი არა განგეშოროს.

19. ისმინე, შვილო ჩემო, და ბრძენ იქმენ და წარჰმართო გონიერება გულისა შენისაჲ.

20. და ნუ იყოფი მეღჳნე და ნუცა ხედავ ზიარებასა სხუათასა ჴორცისა სყიდასა,

21. რამეთუ ყოველი მემთრვალე და მეძავი დაგლახაკნეს და შეიმოსო დაბებკული ყოველმან მოძილემან.

22. ისმინე შვილო, მამისა, რომელმან გშვა შენ და ნუ შეურაცხ-ჰყოფ, რამეთუ დაბერდა დედა შენი.

23. მოიგე ჭეშმარიტებაჲ და ნუ განიშორებ სწავლულებასა.

24. კეთილად ზრდინ მამაჲ მართალი და ძესა ზედა ბრძენსა იხარებნ გული მისი.

25. იხარებდინ მამაჲ შენი და დედაჲ შენი და შენ ზედა და მხიარულ-ყვენ მშობელნი შენნი.

26. მომეც მე, შვილო, გული შენი და თუალნი შენნი გზათა ჩემთა ხედვასა.

27. ჭური განჴურეტილი არს სხჳსა სახლი და ჯურღუმული იწროჲ უცხოჲ.

28. და ესე მოსწრაფედ წარწყმდეს და ყოველი უშჯულოჲ მოიჴოცოს.

29. ვისსა ვაჲ? ვისსა შფოთი? ვისსა სასჯელი? ვისსა დაუწყუედელნი უძრვანი? ვისსა შემუსრვანი ამაონი? ვისნი ლბილ არიან თუალნი?

30. ანუ არა მათთა, რომელთა დაიყოვნიან ღჳნოსა ზედა? და რომელნი იმსტურობენ, სადაძი სუმანი არიან?

31. ნუ დაითრვებით ღჳნითა, არამედ ზრახევდით კაცთა მართალთა და ზრახევდით ურთიერთსა სლვასა შინა, რამეთუ, უკუეთუ ფიალებსა და სასუმელებსა მისცნე თუალნი შენნი, უკუანაჲსკნელ ხჳდოდი უშიშულეს საცეხულისთავისა,

32. ხოლო დასასრულსა, ვითარცა გუელი, განისხირპო და, ვითარცა რქოსანისა მის, განგეზაოს გესლი.

33. თუალთა შენთა რაჟამს იხილონ დედაკაცი უცხოჲ, მაშინ პირი შენი იტყოდის გულარძნილსა.

34. და დაადნვის, ვითარცა გულსა შინა ზღჳსასა და ვითარცა ნავისმავლინებელი შორის მრავალთა ღელვათა.

35. და მაშინ სთქუა: მცეს მე და არა მტკიოდა, მეკიცხევდეს მე და არა ვცან, ოდესმე ცისკარი იყოს, რათა განვიდე და ვიძიო, რომელთა თანა ვიდოდი?


24

1. შვილო, ნუ ჰბაძავ კაცთა უგუნურთა, ნუცა გული გითქუამნ ყოფად მათ თანა,

2. რამეთუ სიცრუვესა იწურთის ენაჲ მათი, და სალმობასა იტყჳან ბაგენი მათნი.

3. სიბრძნით იშენების სახლი და გულისჴმის-ყოფით აღემართების.

4. და მეცნიერებით აღივსებიან საუნჯენი ყოვლითა სიმდიდრითა პატიოსნითა და კეთილითა.

5. უმჯობეს არს ბრძენი ძლიერისა და კაცი, რომელსა გონიერებაჲ აქუნდეს, ქუეყანისმოქმედისა დიდისა.

15. ნუ მოიყვანებ უღმრთოსა საყოფლად მართლისაჲ, ნუ სცთები მაძღრობითა გულისათა,

16. შჳდგზის ღათუ დაეცეს მართალი, აღ-ვე-დგეს, ხოლო უღმრთონი მოუძლურდნენ ბოროტსა შინა.

17. უკუეთუ დაეცეს მტერი შენი, ნუ მოგცხრებინ და შებრკოლებასა მისსა ნუ აჰმაღლდები.

18. ნუუკუე იხილოს იგი უფალმან და არა სთნდეს და გარეწარიქციოს გულისწყრომაჲ თჳსი მისგან.

19. ნუ გიხარინ ბოროტისმოქმედთა ზედა, ნუცა ჰბრძავ ცოდვილთა ზედა,

20. რამეთუ არა ესუას ნაშობი უკეთურთა და ბრწყინვალებაჲ უღმრთოთა დაშრტეს.

21. გეშინოდენ, შვილო, ღმრთისა და მეფისა და ნუ ურჩ ექმნები ორთავე მათ,

22. რამეთუ მეყსეულად იჴმინიან უღმრთონი, ხოლო ტანჯვაჲ ორთავე ამათ ვინმე ცნას.

23. რომელი შვილი სხუასა ეკრძალებოდის წარწყმედასა, მსწრაფლ და ადრე განერეს; შეწყნარებით შეიწყნაროს იგი უფალმან, და რამეთუ არარაჲ ტყუვილი პირისა მისისაგან გამოვიდეს.

24. ამას გეტყჳ თქუენ: გონიერთა ცნობად სამართლისა ნუ გრცხუენინ, თუალთ-ღებაჲ სასჯელსა შინა არა კეთილ არს.

25. რომელმან ჰრქუას უღმრთოსა მართალ, წყეულ იყავნ ერისაგან და საძაგელ ნათესავთა შორის.

26. ხოლო რომელთა შეატყვან იგინი, უმჯობესად გამოჩნდენ და მათ ზედა მივიდეს კურთხევაჲ.

28. ნუ იყოფი ცრუმოწამე მოქალაქისა შენისათჳს, ნუცა განჰვრცნები ბაგითა შენითა.

29. ნუ იტყჳ ვითარმედ: ვითარცა მიყო, უყო მეცა. და მივაგო მას, რაოდენი მავნო მე.

30. ქუეყანაჲ საქმარი არს კაცი უგუნური და, ვითარცა ვენაჴი, კაცი ნაკლული გონებითა.

31. უკეთუ დაუტეო იგი, მოოჴრდეს და თივაჲ აღმოცენებულ იქმნეს და ყოვლადვე მოოჴრდეს. და ზღუდენი ქვათა მისთანი დაირღუენ.

32. უკუანასკნელ სთქუა: მე შევინანე და მოვიხილე გამორჩევად სწავლულებისა.

33. მცირედ დავიძინო და მცირედ დავისხნე ჴელნი მკერდსა ჩემსა. უკეთუ ესე ჰყო,

34. მოიწიოს, ვითარცა წინამორბედი სიგლახაკე შენი და ნაკლულევანებაჲ შენი, ვითარცა კეთილმსრბოლი.


25

1. იგავნი სოლომონისნი, მეფისა ისრაჱლისანი, გამოუკულეველნი, რომელ აღწერნეს მეგობართა ეზეკია მეფისა ურიასტანისათა.

2. დიდებაჲ ღმრთისა ჰფარავს სიტყუათა, ხოლო დიდებაჲ მეფისა პატივ-სცემს მეფესა.

3. ცაჲ მაღალ არს და ქუეყანაჲ ღრმა, ხოლო გული მეფისა გამოუკუველ.

4. განჭედე გამოუცდელი ვეცხლი და განწმიდნეს ყოვლად წმიდად.

5. და მოისპნენ წარმართნი პირისაგან მეუფისა და წარემართოს სიმართლით საყდარი მისი.

6. ნუ ლაღად იქცევი წინაშე მეფისა, ნუცა ადგილსა ძლიერსა დასჯდები.

7. უმჯობეს არს შენდა, რათა გრქუან: აღმორე ზემო, ვიდრე დამდაბლებასა შენსა წინაშე ძლიერისა.

8. რაჲ-იგი იხილეს თუალთა შენთა, თქუ: ნუ წარმდებ იქმნები ლალვასა, რათა არა ინანდე უკუანასკნელ, რაჟამს გაყუედროს მეგობარმან.

9. გარემიიქცევ მისგან, ნუუკვე შეურაცხ-გყოს.

10. ნუუკვე გაყუედროს მეგობარმან და ლალვა და მტერობაჲ არა განგეროს შენ, არამედ იყოს სწორ სიკუდილისა; მადლი და მეგობრობაჲ განგააზნაურებს. დაიმარხე თავისა შენისა, რათა არა საყუედრელ იქმნე, არამედ დაიმარხენ გზანი შენნი კეთილად,

11. ბირთჳ ოქროჲსა მძივსა სარდიონისასა თქუმად სიტყუაჲ;

12. საყურსა ოქროჲსასა და ანთრაკითა პატიოსნითა შემკული არს სიტყუაჲ სიბრძნისა ყურთა მორჩილთასა.

13. ვითარცა გამოსლვაჲ თოვლისა მკათა ზედა სიცხესა საგრილობელ, ეგრევე მოციქული სარწმუნოჲ, რომელთა წარავლინონ იგი, რამეთუ გულთა, რომელთა იჴსენონ იგი - სარგებელ არს იგი.

14. ვითარცა ქარნი და წჳმანი და ღრუბელნი სასტიკნი, ეგრეთვე რომელნი იქადიან საცემელსა ტყუელვით.


28

10. რომელმან შეაცთუნნეს წრფელნი გზასა ბოროტსა, განსარყუნელად მიეცეს იგიცა და უბიწოთა განიყონ კეთილნი მათნი, ხოლო ურჩულონი თანაწარჰჴდენ კეთილსა და ვერ შევიდენ მას.

11. ბრძენ ჩანნ თავით თჳსით მდიდარი, ხოლო გლახაკმან გონიერმან განგმოს იგი.

12. შეწევნითა მართლისათა მრავალი იქმნის დიდებაჲ, ხოლო ადგილსა უღმრთოთასა მოისრნენ კაცნი.

13. რომელი იფარვიდეს ურჩულოებასა თჳსსა, არა წარემართოს, ხოლო რომელი მიუთხრობდეს და იმხილებდეს, საყუარელ იყოს.

14. ნეტარ არს კაცისა მის, რომელსა ეშინოდის ყოველთაგან ღმრთისმოშიშებით, ხოლო გულფიცხელი იგი შევარდეს ძჳრსა.

15. ლომი მშიერი და მგელი წყურიელი - ეგრეცა, რომელი მთავრობდეს მოკუდავი ნათესავსა გლახაკსა.

16. მეფე, ნაკლულევანი ფასითა, დიდის ცილისშემწამებელი; ხოლო, რომელთა სძულდეს სიცრუე, მრავალ ჟამ ცხონდენ.

17. კაცსა, რომელსა ბრალი კაცის-კლვისა ზედა ედვას, და თავს-ვინ-მე-იდვას იგი, და იგი მეოტ იყოს და არა მტკიცე, შევარდეს იგი ბოროტსა. განსწავლე ძე შენი და განგისუენოს შენ და მოსცეს სამკაული სულსა შენსა და არა ერჩდეს ნათესავსა უსჯულოსა.

18. რომელი ვიდოდის სამართალსა, შეწევნა-სცეს მას, ხოლო, რომელი გულარძნილთა გზათა ვიდოდის, შეებას მათვე.

19. რომელი იქმოდის ქუეყანასა თჳსსა, განძღეს იგი პურითა, ხოლო რომელი მიუდგეს მოცალებასა, აღივსოს იგი სიგლახაკითა.

20. კაცი ღირსი სარწმუნოებისა ფრიად იკურთხოს, ხოლო ბოროტისმოქმედი იგი არა უტანჯველ იყოს; რომელმან არა შეიკდიმოს პირისაგან მართლისა, არა კეთილ არს.

21. რომელმან მიხედოს ცრუთასა, არა იქებოდინ. და ამან კოტრისა პურისათჳს განსცეს კაცი.

22. იწრაფინ განმდიდრებად კაცი მოშურნე და არა უწყინ, რამეთუ კაცმან მოწყალემან დაიპყრას იგი,

23. რომელი ამხილებდეს გლახაკსა გზათა ღმრთისათა, მადლი აქუნდეს უფროსღა, რომელი ენითა მოიმადლებნ.

24. რომელი განჴდიდეს მამასა, გინა დედასა და ჰგონეგდეს, ვითარმედ არა ცოდავს, ესე ზიარი არს კაცისა უღმრთოთასა.

25. უძღები კაცი შჯინ ცუდად.

26. რომელი ესვიდეს სიფიცხლესა გულისა თჳსისასა, იგი უგუნური არს, რომელი ვიდოდის სიბრძნით, იგი ცხოვნდეს.

27. რომელი მისცემდეს გლახაკთა, არა ნაკლულევან იყოს, ხოლო, რომელმან გარემიიქციოს პირი მისი გლახაკისაგან, მრავალსა უპოვარებასა შინა იყოს.

28. ადგილსა უღმრთოთასა სულთ-ითქმენ გლახაკნი და მათსა მას წარწყმედასა განმრავლდენ მრავალნი.


29

1. უმჯობეს არს კაცი მამხილებელი კაცსა ქედფიცხელსა, მეყსეულად რაჲ აღეგზნას, მისსა არა იყოს კურნება.

2. ქებასა მართალთასა იხარებდენ ერნი და მთავრობასა უღმრთოთასა კუნესიედ კაცნი.

3. კაცსა, რომელსა უყვარნ სიბრძნე, მხიარულ არნ მამაჲ მისი, ხოლო, რომელი სდევნ მეძავთა, წარწყმიდის სიმდიდრე.

4. მეფემან მართალმან ჰმართის სოფელი, ხოლო კაცმან უსჯულომან დაამჴჳს იგი.

5. რომელი განემზადოს ბრძოლად პირსა მეგობრისა თჳსისასა, შეიბლარდნენ, ვითარცა საბლარდნელითა, ფერჴნი მისნი.

6. კაცი ცოდვილი მრავალსა მახესა შეებას, ხოლო მართალი შუებასა და სიხარულსა შინა იყოს.

7. იცის მართალმან სასჯელი გლახაკისა, ხოლო უღმრთომან არა იცის მეცნიერება და გლახაკსა არა აქუს ბუნება მეცნიერებისა.

8. კაცთა უსჯულოთა ადვეს ცეცხლი ქალაქსა, ხოლო ბრძენთა გარეწარაქციეს რისხვა.

9. კაცმან ბრძენმან განსაჯნეს ნათესავნი, ხოლო კაცსა უგუნურსა განრინებასა შინა ეკიცხევედ, და არა შეიკდიმის.

10. კაცთა მოსისხლეთა სძულს კაცი ღმრთისაჲ, ხოლო წრფელნი გამოეძიებედ სულსა მისსა.

11. ყოელი გულისწყრომა თჳსი გამოიცადის უგუნურმან, ხოლო ბრძენი იგი იუნჯებნ ჟამად-ჟამად.

12. მეფჱ რომელი ერჩდეს სიტყუასა ცრუსა, ყოველნი მის წინაშე უსჯულო არიან.

13. მასესხებელი და მოსესხე ურთიერთას შეიმთხჳნეს, ხოლო მოხედვა მათ ორთავე ყოს უფალმან.

14. მეფე, რომელი ჭეშმარიტებით შჯიდეს გლახაკთა, საყდარი მისი საწამებელად აღემართოს.

15. გუემათა და მხილებათა მოსციან სიბრძნე, ხოლო შვილმან უგუნურმან არცხჳნის მამა-დედათა თჳსთა.

16. მრავალ-ღათუ იყვნენ უღმრთონი, მრავალნი ქმნნენ ცოდვანი, ხოლო მართალნი დაცემასა შიშნეულ იქმნნენ...

19. სიტყჳთა მიერ ვერ განისწავლის მონა ფიცხელი. დაღათუ ცნას, არავე ერჩდეს.

20. უკუეთუ იხილო კაცი მოსწრაფე სიტყჳთა, უწყოდე, რამეთუ სასოება აქუს უგუნურსა უფროს, ვიდრეღა მას.

21. რომელი იშუებდეს სიყრმითგან, იგი მონა იქმნეს და უკანასკნელ ჰგოდებდეს თავსა ზედა თჳსსა.

22. კაცმან გულმწყრალმან აღმოითხარის ძლევა, ხოლო კაცმან მრისხანემან აღმოითხარის ცოდვა.

24. რომელი თანაეყოფოდის მპარავსა, სძულს მას თავი თჳსი, უკუეთუ ფიცი შუა შემოიღონ, შეძრწუნდენ და არღარა მიუთხრან.

25. რომელთა ეშინოდის და ჰრცხუენოდის კაცთათჳს, ამას უბრკუმეს ღმრთისა მიერ, ხოლო, რომელი ესვიდეს უფალსა, იგი იხარებდეს საუკუნოდ; უღმრთოებამან კაცსა შეამთხჳვის საცთური, ხოლო რომელი ესვიდეს უფალსა, იგი ცხოვნდეს.

26. მრავალნი მსახურებდეს პირსა წინაშე მთავართასა, ხოლო უფლისა მიერვე არს მართალი კაცისა.

27. საძაგელ არნ კაცი მართალი კაცისა თანა ცოდვილისა და საძაგელ უსჯულოთა შორის, რომელსა წარუმართებიეს გზასა კეთილსა.


30

1. ესრეთ ჰრქჳს კაცმან მორწმუნეთა ღმრთისათა, ვითარმედ: ვდუმნე. რამეთუ უსულელჱს ვარ ყოველთა კაცთა

2. და სიბრძნე კაცობრივი არა არს ჩემ თანა.

3. ღმერთმან მასწავა მე სიბრძნე და მეცნიერება წმიდათა გულისჴმა-ვყავ და ვიცი სიწმიდჱ.

4. ვინ აღჴდა ცად და გარდამოჴდა? ვინ შვკრიბნა ქარნი უბეთა თჳსთა, ანუ ვინ შეიკრძალნა წყალნი სამოსელსა თჳსსა? ვინ დაიპყრნა კიდენი ქუეყანისანი? რა არს სახელი მისი, ანუ რა არს სახელი ძისა მისისა, რათა უწყოდი?

5. რამეთუ ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი რჩეულ არიან და მგულებელ არს იგი მოშიშთა მისთა,

6. რათა არა შეგატყუას შენ და ცრუდ იპოო შენ.

7. ორსა ამას ვითხოვ შენგან: ნუ მიმიღებ ჩემგან მადლსა, ვიდრე არა მომკუდარ ვარ.

8. სიტყუათა ცრუთა, ამაოთა განმაშორე ჩემგან, სიმდიდრესა და უპოვარებასა ნუ მომცემ მე, არამედ აღწონით ყავ წესი,

9. რათა არა განვმდიდრდე და განვცრუვდე და თუ უპოვარი ვიყო, ვიპარო და ცილი ვფუცო სახელსა ღმრთისა ჩემისასა,

10. ნუ მისცემ მონასა ჴელთა უფლისა თჳსისათა, რათა არა გწყეოს შენ და განირყუნეს.

11. ნაშობი უკეთური მამასა თჳსსა სწყევნ და დედასა თჳსსა არა აკურთხევნ.

12. ნაშობსა უკეთურსა მართალთა თანა შეურაცხიეს თავი თჳსი და საგმობელობა მისი არა განიწმიდის.

13. ნაშობსა უკეთურისანი ამპარტავან არიან თვალნი მისნი და წამწამითა თჳსითა მაღლოინ.

14. ნაშობისა უკეთურისანი, ვითარცა ჴრმალნი, ლესულ არიან კბილნი მისნი და შუანი მისნი, ვითარცა მკუეცელნი, შემუსრვად და შეჭმად მდაბალთა ქუეყანისათა და კაცთა გლახაკთა.

15. წურბელსა სამ ასულ ესხნეს სიყვარულითა, საყუარელნი და სამთავე მათ ვერ განაძღეს იგი, და მეოთხესა მას ვერ კმა-ეყო თქუმად, ვითარმედ: კმა არს.

16. ჯოჯოხეთი და ტრფიალება დედათა, და ტარტაროზი და ქუეყანა ვერ განმაძღარი წყლითა. წყალმან და ცეცხლმან არა თქუეს, ვითარმედ: კმა არს.

17. თვალნი, რომელნი ეკიცხევედ მამასა და შეურაცხ-ჰყოფედ სიბერე დედისასა აღმოჰჴადნედ იგინი ყორანთა ჴევისათა და შეჭამნედ იგინი მართუეთა ორბისათა.

18. სამ არს შეუძლებელი ჩემდა და მეოთხე იგი ვერ გულისჴმა-ვყავ:

19. კუალი ორბისა მფრინველისა, და გზა გუელისა კლდესა ზედა, ალაგნი სლვისა ნავისანი და გზანი კაცისანი სიჭაბუკესა შინა.

20. ესევითარი გზა არს დედაკაცისა მომრუშისა, რომელმან-იგი, რაჟამს ქმნის, დაიბანის და ეგრეთ თქჳს, ვითარმედ: არა უჯერო ვქმენ.

21. სამისაგან იძლევის ქუეყანა და მეოთხესა მას ვერ შემძლებელ ვარ დათმენად.

22. უკუეთუ მეფობდეს მონა, და უგუნური თუ განძღეს პურითა,

23. და მჴევალმან თუ გამოაძოს დედოფალი და საძულელი თუ ცოლი შეემთხჳოს ქმარსა კეთილსა.

24. ოთხი არს უმცირეს ქუეყანასა ზედა და იგინი არიან უბრძნეს ბრძენთასა.

25. ჯინჭველთა, რომელთა არა აქუს ძალი და განიმზადიან ზაფხულის საზრდელ,

26. და მაჩუთა ნათესავი უძლური, რომელთა შინა იქმნიან კლდეთა ბუდენი თჳსნი;

27. უმეფო არს მკალი და მრავალი განეწყობის, ვითარცა ერთისაგან ბრძანებისა წესიერად.

28. მსუენი ჴელითა ემტკიცებინ კედელსა, დაღათუ ადვილად შესაპყრობელ არს, არამედ დამკჳდრებულ არს იგი ტაძართა შინა სამეუფოთა.

29. სამი არს, რომელი კეთილად ვალს, და მეოთხე იგი კეთილად თანაწარჰვალს.

30. ლეკჳ ლომისა უძლიერესი მჴეცთა, რომელი არა გარემოიქცვვის, არცა შეძრწუნდების ნადირისაგან,

31. მამალი, რომელი იქცევინ დედალთა შორის განსუენებულად, და ვაცი, წინამძღუარი სამწყსოთა, და მეფე, რომელი იზახებნ თესლთა ზედა.

32. უკუეთუ მისცე თავი შენი შუებასა და მიჰყო ჴელი შენი ლალვით პირად შენდა, შეურაცხ იქმნე.

33. მოიწუელე სძე და იქმნეს ერბო, უკუეთუ გამოზიდვიდე დრყილსა, გამოჰჴდეს სისხლი, უკუეთუ დამოჰზიდვიდე სიტყუათა ამაოთა, გამოვიდენ სასჯელნი და ლალვანი.


31

1. სიტყუანი თქმულნი არიან ღმრთისა მიერ მეუფისა, ბრძანება გასწავა დედამან თჳსმან.

2. რა არს, შვილო, დამარხვა უფლისაჲ? პირველად გეტყჳ შენ, შვილო: რა არს, შვილო მუცლისა ჩემისაო? რა არს, შვილო ლოცვათა ჩუენთაო.

3. ნუ მისცემ დედათა სიმდიდრესა შენსა და გონებასა შენსა და ცხორებასა შენსა ნაკლულევანსა ზრახვასა. ზრახვით ყოველსავე იქმოდე, ზრახვით ღჳნოსა სუემდ.

4. ძლიერნი გულმწყრალ არიან ღჳნოსა სუმად,

5. რათა არა სუან და დაავიწყდეს სიბრძნე და მართლ შჯად ვერ უძლონ უძლურთა.

6. და მიეცემის სიმთრვალე მწუხარეთა და ღჳნო სუმად ლმობიერთა.

7. რათა სუან და დაივიწყონ გლახაკება და სალმობანი არა მოიჴსენნენ.

8. აღაღე პირი შენი სიტყუასა ღმრთისასა და შჯიდ ყოველთა ცოცხლად.

9. აღაღე პირი შენი და შჯიდ სიმართლით გლახაკთა და უძლურთა.

10. დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს, რამეთუ უპატიოსნეს არს ანთრაკთა მრავალსასყიდლისათა ეგევითარი იგი.

11. მოსავ არნ მის ზედა გული ქრმისა მისისა, ესევითარისა ნატყუენავსა არარათ დააკლდეს;

12. რამეთუ შეეწვის ქმარს თჳსსა ყოველსა კეთილსა, არა ბოროტსა, ყოველსა ცხოვრებასა მისსა,

13. მოიგო მატყლი და სელი და ქმნა საქმრად ჴელითა თჳსითა,

14. იქმნა იგი, ვითარცა ნავი მომავალი შორით. შეიკრიბა მან თავისა თჳსისა სიმდიდრე.

15. და აღდგის ღამითგან და მისცის საზრდელი სახლეულთა თჳსთა. და მუშაკთა და მჴნველთა,

16. იხილა ქუეყანა საქმარი და მოიყიდა, ნაყოფთაგან ჴელთა თჳსთასა დაჰნერგა ფუზე,

17. მოირტყნა ძლიერად წელნი მისნი და დაიძრვნა მკლავნი მისნი საქმედ,

18. და იხილა გემო, რამეთუ კეთილ არს საქმე, და არა დაშრტებინ ღამე ყოელ ნათელი მისი.

19. ჴელნი მისნი განმარტნა უმჯობესსა და ნებნი მისნი მიყუნა ტარსა სთვად ნივთისა,

20. ხოლო ჴელნი მისნი განუხუნა გლახაკთა და ნაყოფი მიუპყრა დავრდომილთა.

21. არას ზრუნავნ სახლსა შინა ქმარი მისი, უკუეთუ სადა ყოვნის, რამეთუ ყოველნი მისთანანი შემოსილ იყვნენ მრჩობლი სამოსელი და ქლამინდი

22. უქმნა ქმარსა თჳსსა ბისონისაგან და ძოწეულისა თავისა თჳსისა სამოსელი.

23. სახედავ არნ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რაჟამს დაშჯდის კრებულსა შორის მოხუცებულთა და მკჳდრთა ქუეყანისათა.

24. არდაგები ქმნა და განუყო ფინიკიელთა, ხოლო სარტყლები ქანანელთა,

25. პირი თჳსი აღაღო კრძალულებით და წესი განუჩინა ენასა თჳსსა,

26. ძალი და შუენიერება შეიმოსა და იხარა უკანასკნელთა დღეთა.

27. მშრალ არიედ ალაგნი სახლისა მისისანი, ხოლო საზრდელი სიცონილისა არა ჭამა, პირი მისი აღაღო მეცნიერებითა და წესიერებითა.

28. და წყალობამან მისმან დაამტკიცნა ძენი მისნი და ქმარმანცა მისმან აქო იგი და თქუა:

29. მრავალთა ასულთა ყვეს ძლიერება, მრავალთა მოიგეს სიმდიდრე, ხოლო შენ გარდაჰრიე და გარდაჰმატე უფროს ყოველთასა.

30. ტყუილით სათნოებანი და ამოებით სიკეთე დედათა არა არს შენ თანა, რამეთუ დედაკაცი გონიერი იკურთხოს და მოშიშნი უფლისანი აქებდენ მას.

31. მოაგეთ მას ნაყოფთაგან ბაგეთა მისთასა და იქებოდენ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რამეთუ გზანი კაცისანი წინაუძღოდიან მას და წარემართნენ უკუნითი უკუნისამდე.