გულმან რა ჰქმნას საბრალომან, ტყვედ მიეცა საწყალია,
ისარს ისვრინ წამწამთაგან, ხელთ უჭირავს საძალია,
უღონო და ფერმიხდილი, გზა არსით აქვს სავალია.
წარჰხდა ღონე კურნებისა, არსით უჩანს წამალია;
დაემონა, არვინ ემწო, ღადარი სწვავს და ალია,
ეს ლამპარი უშრეტელი არ ძველი არს, ახალია.
ჰსაჯეთ, კაცთა, გონიერთა მოთმენა აქვს მრავალია,
ეპატრონეთ უღონო ქმნილს, ღმერთსა თქვენსა ავალია,
დარჩა სასო წარჰკვეთილი, ვერა ჰპოვა წამალია,
თვალთა მდუღარს წყაროთაგან ღაწვნი დანასოვალია,
სიხარული ჩემგან მისთვის სატანჯველი ყოველია.
საყვარლისა გონებამან დამადუმა, დამასულა,
ნახვა მკლავს და ნახვა მალხენს, ვის ვიგონებ ამას სულა.
მოშორება სიკვდილს მიმცემს, ნახვით სიბრძნე დაკარგულა.
თვალი, წარბი, ღაწვი, ბაგე შვენიერად დასახულა.
სიკვდილი მაქვს სიხარულად, გულმან მტკიცედ განიგულა;
იგ ამაყი გულთა მკვლელი ჩემთვის ტანჯვად დანახულა,
თუ ვეწივე საწადელსა, რა ჩემგამო განძრახულა,
არა მგამა განშორება, სულთა ხორცთა ანაკვსულა.
გული კუბოს დაკოდილი, რომელ სისხლით გაბასრულა,
შვებულ იქმნა საუკუნოდ, დასამარხად მიწა ყრულა,
სურვილითა მოცამკვდარი, სახელოვნად დამარხულა.