წინასწარმეტყველება იოველისა
1
1. სიტყუა უფლისა, რომელი იქმნა იოილის მიმართ, ძისა ბათოელისისა:
2. ისმინეთ ესე მოხუცებულთა და ყურად-იღედ ყოველთა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა: უკუეთუ იქმნეს ესევითარნი დღეთა შინა თქუენთა, ანუ შორის დღეთა მამათა თქუენთასა?
3. მათ ძლით შვილთა თქუენთა უთხრობდით, და შვილნი თქუენნი შვილთა მათთა და შვილნი მათნი ნათესავსა სხუასა.
4. ნეშტნი მგრაგნილისანი შეჭამნა მკალმან, და ნეშტნი მკლისანი შეჭამნა ბუზმან, და ნეშტნი ბუზისანი შეჭამნა გესლმან.
5. განიფრთხვეთ დამთრვალთა და ტიროდეთ, გოდებდით ყოველნი მსუმელნი ღჳნოსა სიმთრვალედ, რამეთუ მოღებულ არს პირისაგან თქვენისა შუება და მხიარულება,
6. რამეთუ ნათესავი აღვიდა ქუეყანასა ზედა ჩემსა ძლიერი და აღურაცხელი; კბილნი მისნი კბილნი ლომისანი და შუანი ლეკჳსა მისისანი.
7. დადვა ვენაჴი ჩემი უჩინოსაქმნელად და ლეღოანი ჩემი შესამუსრველად. გამომეძიებელმან გამოიძია იგი და განაგდო, განასპეტაკებდა რტოთა მისთა
8. გოდებად ჩემდამო სძლისათჳს, გარემორტყმულისა ძაძითა ქმარსა ზედა მისსა ქალწულებითგანსა.
9. აღებულ არს მსხუერპლი და შესაწირავი სახლსა შინა უფლისასა, იგლოვდით მღდელნი, მსახურნი საკურთხეველისანი,
10. რამეთუ საარებულ იქმნეს ველნი. გოდებდინ ქუეყანაჲ, რამეთუ მოუსუსურდა იფქლი, განჴმა ღჳნოჲ აღრეული, შემცირდა ზეთი.
11. განჴმეს მუშაკნი, იგლოვდით აგარაკნი დიკისა ძლით და ქრთილისა, რამეთუ წარწყმდა მსთულებელი ველისაგან.
12. ვენაჴი განჴმა და ლეღოვანი შემცირდეს, ბროწეული და ფინიკი და ვაშლი და ყოველნი ხენი ველისანი განჴმეს, რამეთუ არცხვენენ სიხარულსა ძენი კაცთანი.
13. გარემოირტყთ და იტყებდით მღდელნი, გოდებდით მსახურნი საკურთხეველთანი. დაიძინეთ ძაძათა ზედა, რომელნი ჰმსახურებთ ღმერთსა, რამეთუ განეყენა სახლისაგან ღმრთისა თქუენისა შესაწირავი და მსხუერპლი.
14. წმიდა-ყავთ მარხვაჲ, ქადაგეთ კურნებაჲ, შემოკრიბენით მოხუცებულნი ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა სახიდ უფლისა ღმრთისა ჩუენისა. ღაღაღდ-ყავთ უფლისა მიმართ შევრდომით:
15. ვაჲ მე, ვაჲ მე, ვაჲ მე დღისათჳს, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ და ვითარცა საარება საარებისაგან მოიწიოს.
16. წინაშე თუალთა თქუენთა ჭამადნი მოაკლდეს, სახლისაგან ღმრთისა ჩუენისა - შუება და სიხარული,
17. ჰკრთებოდეს დიაკეულნი ბაგათა ზედა მათთა, უჩინო იქმნეს საუნჯენი, დაითხარნეს საწნეხელნი, რამეთუ განჴმა იფქლი.
18. რაჲ დაუმარხოთ თავთა თჳსთა? ტიროდეს მროწეულნი ზროხათანი, რამეთუ არა იყო საძოარი მათი და სამწყსონი ცხოვართანი უჩინო იქმნეს.
19. შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო, რამეთუ ცეცხლმან განლინა შუენიერნი უდაბნოსანი, და ცეცხლმან აღანთნა ყოველნი ხენი ველისანი, და საცხოვართა ველისათა აღიხილეს შენდამი,
20. რამეთუ განჴმეს მოსატევებელნი წყალთანი და ცეცხლმან შეჭამა შუენიერება უდაბნოსაჲ.
2
1. დაჰბერეთ ნესტუსა სიონს შინა. ქადაგეთ მთასა შორის წმიდასა ჩემსა და შეიძინედ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა, რამეთუ წარმოდგა დღე უფლისა,
2. რამეთუ ახლოს არს დღე ბნელისა და ალმურისა. დღე ღრუბლისა და ნისლისაჲ, ვითარცა ცისკარი, მოეფინოს მთათა ზედა, ერი მრავალი და ძლიერი, მსგავსი მისი არა იქმნა საუკუნითგან და შემდგომად მისსა, არა შეიძინოს ვიდრე წელიწადთამდე ნათესავთა მიმართ ნათესავთასა,
3. წინაშეთა მისთა ცეცხლი განმლეველი და უკანათა მისთა აღმაგზებელი ალი, ვითარცა სამოთხე საშვებელისა ქუეყანაჲ პირისაგან მისისა და უკანანი მისნი ველი უჩინოქმნისაჲ, და განრომილი არა იყოს მისსა,
4. ვითარცა ხილვაჲ ცხენთაჲ, ხილვაჲ მათი. და ვითარცა მჴედარნი, ეგრეთ სდევდენ,
5. ვითარცა ჴმა ეტლებისა, თხემებსა ზედა მთათასა ვლდებოდიან და ვითარცა ჴმა ალისა ცეცხლისაჲ, რომელი შესჭამნ ლერწამსა. და ვითარცა ერი მრავალი, ძლიერნი განწყობილნი მბრძოლობად.
6. პირისაგან მისისა შეიმუსრნენ ერნი ყოველნი; პირი, ვითარცა უჭოჲ ქოთნისაჲ,
7. ვითარ მბრძოლნი, ჰრბოდიან და ვითარცა მამაკაცნი მებრძოლნი, აღდგენ ზღუდეთა ზედა, და თითოეული გზასა თჳსსა ვიდოდენ და არა მისდრკენ ალაგთაგან მათთა.
8. და თითოეული მოყუსისაგან თჳსისა არ განეყენოს. დამძიმებულნი საჭურველთა მიერ მათთა ვიდოდიან, და ისართა მიერ მათთა დაეცნენ და არა მოესრულნენ.
9. ქალაქი გამოიღონ და ზღუდეთა ზედა რბიოდიან. სახლებსა ზედა აღვიდენ და სარკუმელთა მიერ შევიდენ, ვითარცა მპარავნი.
10. პირისაგან მათისა შეირყიოს ქუეყანაჲ და შეირყიოს ცაჲ: მზე და მთოვარე დაბნელდენ და ვარსკულავთა არა მოსცენ ნათელი მათი.
11. და უფალმან მოსცეს ჴმაჲ თჳსი წინაშე პირსა მისსა, რამეთუ მრავალ არს ფრიად ბანაკი მისი, რამეთუ ძლიერ საქმენი სიტყუათა მისთანი მით, რამეთუ დიდ არს დღე უფლისაჲ, დიდ არს და მჩენ ფრიად და ვინ იყოს კმაჲ მისსა?
12. და აწ იტყჳს უფალი ღმერთი ჩუენი: მოიქეცით ჩემდა ყოვლითა გულითა თქუენითა მარხვისა მიერ, ტირილისა და ტყებისა.
13. და დაიპენით გულნი თქუენნი და ნუ სამოსელნი თქუენნი და მოიქეცით უფლისა მომართ ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოწყალე და მწყალობელ არს, სულგრძელ და მრავალწყალობა, და შემნანებელ ბოროტებათა ზედა.
14. ვინ უწყის, მო-თუ-იქცეს და შეინანოს და მოიღოს შემდგომად მისსა კურთხევაჲ, მსხუერპლი და შესაწირავი უფალსა ღმერთსა ჩუენსა.
15. და ჰნესტუეთ ნესტუსა სიონს შინა, წმიდა-ყავთ მარხვაჲ, ქადაგეთ მსახურება,
16. შეკრიბეთ ერი, წმიდა-ყავთ ეკლესიაჲ, გამოირჩიენით მოხუცებულნი, შეკრიბენით ჩჩჳლნი, მწოარნი ძუძუთანი. გამოვედინ სიძე სასუენებელისაგან მისისა და სძალი სასძლოსაგან თჳსისა.
17. საშუალ ხარისხსა მსხუერპლისსაცავისასა ტიროდენ მღდელნი და რომელნი ჰმსახურებენ უფალსა, და იტყოდედ: ულხინე, უფალო, ერსა შენსა და ნუ მისცემ სამკჳდრებელსა შენსა საყუედრელად მათ წარმართთა, რაჲთა არა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?
18. და შეიშურვა უფალმან ქუეყანა ერისა თჳსისა და ჰრიდა მას.
19. და მიუგო უფალმან და ჰრქუა ერსა თჳსსა: აჰა, მე გამოვავლენ თქუენდა იფქლსა, და ღვინოსა, და ზეთსა და განსძღეთ მათგან და არა მიგცნე თქუენ არღარა მერმე საყუედრელად წარმართთა შორის.
20. და ჩრდილოთ გამო წარვდევნო თქუენგან, და განვჰჴადო იგი ქუეყანად ურწყულად, და უჩინო-ვყო პირი მისი ზღუად მიმართ პირველად და უკანანი მისნი ზღუად მიმართ უკანასკნელად და აღვიდეს სიხენეშე მისი და აღვიდეს მყრალობა მისი, რამეთუ განდიდნეს საქმენი მისნი.
21. მინდობილ-იყავ, ქუეყანაო, იხარებდ და იშუებდ, რამეთუ განგადიდა უფალმან ყოფად.
22. მინდობილ-იყვენით საცხოვარნი ველისანი, რამეთუ იმორჩეს ველთა უდაბნოსათა, რამეთუ ხემან გამოიღო ნაყოფი თჳსი. ვენაჴმან და ლეღუმან მოსცეს ძალი მისი.
23. და შვილნო სიონისანო, იხარებდით და იშუებდით უფლისა მიმართ ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოგცნა თქუენ ჭამადნი სიმართლედ და გიწჳმოს თქუენ წჳმაჲ, მსთუაჲ და მცხუედი, ვითარცა წინასწარ.
24. და აღივსნენ კალონი იფქლითა და ზეშთა გარდაეცნენ საწნეხელნი ღჳნითა და ზეთითა,
25. და ნაცვლად მოგაგო თქუენ წელიწადთა წილ, რომელნი შესჭამნა მკალმან, და ბუზმან, და ერვისივმან, და მგრაგნელმან, ძალმან ჩემმან დიდმან, რომელი გამოვავლინე თქუენდამი.
26. და სჭამოთ მჭამელთა და განსძღეთ და აქოთ სახელი უფლისა ღმრთისა თქუენისა, რომელნი ქმნნა თქუენ თანა საკჳრველებანი და არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა საუკუნომდე.
27. და სცნათ, ვითარმედ საშუალ ისრაჱლისა ვარ. და მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი. და არა არს ღმერთი თჳნიერ ჩემსა. და არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა საუკუნოდმდე.
28. და იყოს, ამათსა შემდგომად მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორცსა და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი, და ასულნი თქუენნი, და მოხუცებულნი თქუენნი ძილისშორისსა იძილისშორისებდენ, და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ.
29. და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაწარმეტყუელებდენ,
30. და ვსცე ნიშები ცასა შინა ზე და სასწაულებ ქუეყანასა ზედა ქუე, სისხლი და ცეცხლი და ალმური კუამლისა.
31. მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ მოსლვადმდე დღე უფლისაჲ დიდისა და მჩენი.
32. და იყოს, ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს, რამეთუ შორის მთასა სიონსა და იერუსალჱმსა შინა იყოს ცხოვნებული, ვითარცა თქუა უფალმან, და მახარებელნი, რომელთა უფალმან უწოდოს.
3
1. რამეთუ აჰა, მე მათ დღეთა შინა, და მას ჟამსა შინა, ოდეს მოვაქციო ტყუეობა იუდაჲსი და იერუსალჱმისა.
2. და შევკრიბნე ყოველნი, ნათესავნი, და შთავიყუანნე იგინი, ღელესა იოსაფატისსა და ვესაჯოდე მათდა მიმართ მუნ ერისათჳს ჩემისა და სამკჳდრებელისა ჩემისა ისრაჱლისა, რომელნი განითესნეს წარმართთა შორის და ქუეყანა ჩემი განიყუეს.
3. და ერსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი და მისცნეს ყრმანი მეძავთა, და ქალებსა განყიდდეს ღჳნსა წილ და სუმიდეს.
4. და რად თქუენცა ჩემდა ტჳროს და სიდონ და ყოველი გალილეაჲ უცხოტომთა ნუ მოსაგებელსა მომაგებთ მე თქუენ, ანუ ძჳრის-ჰმოჴსენეობთ თქვენ ჩემდა, მახჳლად და მსწრაფლ მოვაგო მოსაგებელი თქუენი თავთა მომართ თქუენთა
5. მის წილ, რომელ ვეცხლი ჩემი და ოქროჲ ჩემი მიიღეთ და გამორჩეულებანი ჩემნი და კარნი შეიხუენით სახლთა მათ თქუენთა.
6. და ძენი იუდაჲსნი და ძენი იერუსალჱმისანი განსცენით ძეთა ელლინთასა, რათა განაგარევნეთ იგინი საზღუართაგან მათთა,
7. რამეთუ, აჰა, მე აღვადგინნე იგინი ადგილისაგან, სადა განსცენით იგინი მუნ. და მოვაგო მოსაგებელი თქუენი თავთა მომართ თქუენთა.
8. და უკუნვსცნე ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი ჴელებსა ძეთა იუდასთასა და განსცემდენ მათ ტყუეობად ნათესავისა მიმართ შორს მყოფისა, რამეთუ უფალი იტყოდა:
9. ქადაგენით ესენი წარმართთა შორის, წმიდა-ყავთ ბრძოლაჲ, აღადგინენით მბრძოლნი, მოიყვანენით და აღვედით ყოველნი მამაკაცნი მბრძოლნი.
10. დაჭრენით საჴნისნი თქუენნი ჴრმლებად, და მანგალნი თქუენნი მაზრაკებად. უძალო იტყოდედ, ვითარმედ: ძალ-მიც მე.
11. შეკერბით და შევედით ყოველნი ნათესავნი გარემოჲთ და კრება-ყავთ მუნ, მშჳდი იყავნ მებრძოლი.
12. აღდგედ და აღვიდოდედ ყოველნი ნათესავნი ღელედ მიმართ იოსაფატისსა, რამეთუ მუნ დავსჯდე განსჯად ყოველთა ნათესავთა გარემოთა.
13. განავლინენით მანგალნი, რამეთუ წარმოდგა მსთულებელი. შევედით, დასწნიხეთ, რამეთუ სავსე არს საწნახელი. გარდაეცემიან ტაგარნი, რამეთუ განმრავლდეს ძჳრნი მათნი.
14. ოხრანი იოხრნეს ღელესა შინა სასჯელისასა, რამეთუ მახლობელ არს დღე უფლისაჲ ღელესა შინა სასჯელისასა.
15. მზე და მთოვარე დაბნელდენ და ვარსკულავთა ავლინონ ნათელი მათი.
16. ხოლო უფალმან სიონით ღაღად-ყოს და იერუსალჱმით მოსცეს ჴმაჲ თჳსი, და შეიძრას ცაჲ და ქუეყანაჲ, ხოლო უფალმან ჰრიდოს ერსა თჳსსა და განაძლიერნეს ძენი ისრაჱლისანი.
17. და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, დაკარვებული მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, სიონს შინა. და იყოს იერუსალჱმი წმიდაჲ და სხუაჲ ნათესავნი არღა შევიდენ მას შინა არა მერმე.
18. და იყოს მას დღესა შინა და მოაწთონ მთათა სიტკბოება და ბორცუნი ადენდენ სძესა. და ყოველნი გამოსატევებელნი იუდაჲსნი ადინებდენ წყალთა. და წყაროჲ სახლისაგან უფლისა გამოვიდეს და მოჰრწყვიდეს ნაღუარევსა ეკალთასა.
19. ეგჳპტე განსარყუნელად იყოს და იდუმიაჲ ველად განრყუნილებისად იყოს მძლავრებათათჳს ძეთა იუდაჲსთასა მის წილ, რომელ დასთხიეს სისხლი მართალი ქუეყანასა შინა მათსა.
20. ხოლო ჰურიასტანი საუკუნოდ დამკჳდრებულ იქმნეს და იერუსალჱმი ნათესავთამდე ნათესავთასა.
21. და გამოვიძიო სისხლი მათი და არ ვაუბრალოო, და უფალმან დაიმკჳდროს სიონს შინა.