წინასწარმეტყველება ამოსისი


1

1. სიტყუანი ამოსისნი, რომელნი იქმნნეს კარევარიმს შინა თეკუეთ გამო, რომელნი იხილნა იერუსალჱმისათჳს შორის დღეთა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, და შორის დღეთა იერობოამ, ძისა იოასიისისა, მეფისა ისრაჱლისათაჲსა, პირველ ორითა წლითა ქუეყანისა ძრვისა.

2. და თქუა: უფალმან სიონით ჴმა-ყო და იერუსალიმით მოსცა ჴმაჲ თჳსი და იგლოვდეს საძოვარნი მწყემსთანი და განჴმა თხემი კარმელისაჲ

3. და თქუა უფალმან: სამთა ზედა უთნოებათა დამასკისათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ მით, რამეთუ განჰხერხვიდეს ხერხითა რკინისათა მუცელქუმულთა გალაადთასა.

4. და მივავლინო ცეცხლი სახიდ აზაელისა და შეჭამნეს საფუძველნი ძისა ადერისნი.

5. და შევმუსრნე მოქლონნი დამასკოსანი, და მოვსრნე დამკჳდრებულნი ველისაგან ონისსა, და მოვჭრა ტომი კაცთაგან ქარრანისათა. და წარმოიტყუენოს ერი ასურეთისაჲ, ურჩეულესი წოდებული, -- იტყჳს უფალი.

6. ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ღაზისათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ ტყუექმნისათჳს მათგან ტყუესა სალომისსა, შეყენებად იდუმიაჲსსა.

7. გამოვავლინო ცეცხლი ზღუღეთა ზედა ღაზისათა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი.

8. და მოვსრნე დამკჳდრებულნი აზოტით. და აღებულ იქმნეს ტომი ასკალონისაგან და მივაწიო ჴელი ჩემი აკკარონს ზედა. და წარწყმდენ ნეშტნი უცხოთესლთანი, იტყჳს უფალი,

9. ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ტჳროსისაჲთა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ მის წილ, რომელ შეაყენეს ტყუეობაჲ სალმონისი იდუმეას და არ მოიჴსენეს აღთქმისა ძმათაჲსა

10. და გამოვავლინო ცეცხლი ზღუდეთა ზედა ტჳრისისათა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი ლ

11. ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა იდუმეაჲსათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ დევნისათჳს მათისა მახჳლითა ძმასა თჳსსა, და განრყუნა საშო ქუეყანისაგან და განჰმზადა საწამებელად კართობაჲ მისი და მემართებაჲ მისი დაიცვა საძლეველად.

12. და გამოვავლინო ცეცხლი თემანისად და შეჭამნეს საფუძველნი ზღუდეთა მისთანი

13. ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ძეთა ამმონისთა, და ოთხთა ზედა არ მარემივექცე მათ მის წილ, რომელ განაპებდეს მუცელქმნულთა გალადელთასა, რათა განივრცნენ საზღუარნი მათნი.

14. და აღვაგზნა ცეცხლი ზღუდეთა ზედა რავვაჲსათა და შეჭამნეს საფუძველნი მისნი ღაღადებისა თანა დღესა ბრძოლისასა და შეიძრას დღესა შინა დასასრულისა მისისასა.

15. და წარვიდენ მეფენი მათნი ტყუეობად, მღდელნი მათნი და მთავარნი მათნი ერთბამად,-იტყჳს უფალი.


2

1. ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა მოაბისთა და ოთხთა ზედა არა გარემივექცე მას მის წილ, რომელ განსცემდეს ვეცხლად მართალსა მეიასნი მტუერად.

2. და გამოვავლინო ცეცხლი მოაბსა ზედა და შეჭამნეს საფუძველნი ქალაქთა მისთანი და მოკუდეს უძალობასა შინა მოაბი ღაღადებასა თანა და ჴმასა თანა საყჳრისასა.

3. და მოვსპო მსაჯული მისგან და ყოველნი მთავარნი მისნი მოვაკუდინნე, - იტყჳს უფალი

4. ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ძეთა იუდაჲსთასა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ განშორებისათჳს მათგან შჯულსა უფლისასა და ბრძანებანი მისნი არა დაიმარხნეს. და შეაცთუნნეს იგინი ამაოთა მათთა, რომელთა შეუდგეს მამანი მათნი უკანა მათსა.

5. და გამოვავლინო ცეცხლი იუდას ზედა და შეჭამნეს საფუძველნი იერუსალიმისანი

6. ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ისრაილისათა და ოთხთა ზედა არა გარემივექცე მას მის წილ, რომელ განსცემდეს ვეცხლად მართალსა და დავრდომილსა ფერჴთშესასხმელთათჳს

7. მთრგუნველთა მტუერსა ზედა ქუეყანისასა, და დაჰჴუერთნიდეს თავებსა გლახაკთასა და გზასა მდაბალთასა განსდრეკდეს. და ძე და მამაჲ მისი შევიდოდეს მისვე მჴევლისა მიმართ, რათა შეაბილწონ სახელი ღმრთისაჲ მათისა

8. და შესამოსელთა მათთა მომბმელნი საბლებისანი კრეტსაბმელებად ჰყოფდეს მახლობელად საკურთხევლისა და ღჳნოსა ცილისწამების გამო სუმიდეს სახლსა შინა ღმრთისა მათისასა

9. ხოლო მე აღვიღე ამორრეველი პირისაგან მათისა, რომლისა იყო, ვითარცა სიმაღლე ნაძჳსაჲ, სიმაღლე მისი. და ძლიერ იყო ვითარცა მუხა. და განვაჴმე ნაყოფი მისი ზენაჲთ და ძირნი მისნი ქუენაჲთ

10. და მე აღმოგიყუანენ თქუენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა. და მიმოგიყუანენ თქუენ უდაბნოს ზედა ორმეოც წელ დამკჳდრდებად ქუეყანასა ამორრეველთასა.

11. და მოვიხუენ ძეთაგან თქუენთა, ვითარცა წინაწარმეტყუელნი, და ჭაბუკთაგან თქუენთა სიწმიდედ. ნუ არა არიანა ესენი ძეთა ისრაჱლისათად? - იტყჳს უფალი

12. და ასუემდით განწმედილთა ღჳნოსა და წინაწარმეტყუელთა ამცნებდით მეტყუელნი: არა წინაწარმეტყუელებდეთ

13. ამისთჳს, აჰა, მე ავაგორვებ ქუეშე კერძო თქუენსა, ვითარსახედ გორავს ურემი სავსე ლელწმითა

14. და წარწყმდეს სივლტოლაჲ მსრბოლისაგან და ძლიერმან ვერ დაიპყრას ძალისა თჳსისაჲ და მბრძოლმან ვერ აცხოვნოს სული თჳსი.

15. და მშჳლდოსანმან ვერ უძლოს წინააღგომად და ქუეითი ვერ განერეს ფერჴითა თჳსითა და ვერცა განარინოს ლაშქარნი.

16. და იპოოს გული მისი ძლიერთა შორის შიშუელი, სდევნიდეს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი.


3

1. ისმინეთ სიტყუაჲ ესე, რომელი თქუა უფალმან თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო, და ყოვლისა ტომისა, რომელი აღმოვიყუანე ქუეყანისაგან მეტყუელმან:

2. გარნა თქუენ გიცნენ ყოველთაგან ტომთა ქუეყანისათა, ამისთჳს შური ვიძიო თქუენ ზედა ყოველთა უკეთურებათა ქუეყანისათაჲ

3. უკეთუ ვიდოდიან ორნი თქუენნი ერთბამად, ყოვლითურთ არა თუ ცნობდენ თავთა თჳსთა

4. უკეთუ იზახოს ლომმან მაღნარით მისით ნადირისა არმქონებელმან? უკეთუ მოსცეს ლეკუმან მისმან ჴმაჲ ბაკისაგან თჳსისა, ყოვლითურთ არა თუ იტაცოს რამე?

5. უკუეთუ დავარდეს მფრინველი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მემახყრისა? უკუეთუ დაერწყუეს მახე ქუყანასა ზედა თჳნიერ შეპყრობისა რაჲსამე?

6. უკუეთუ ჴმა-ყოს საყჳრმან ქალაქსა შინა და ერი არა შეშინდეს? ანუ იყოს სიბოროტე ქალიქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა?

7. მით, რამეთუ არა ქმნას უფალმან ღმერთმან საქმე, არა თუ გამოაცხადოს სწავლაჲ მისი მონათა მიმართ თჳსთა წინაწარმეტყუელელთა

8. ლომმან იზახა და ვინ არა შეშინდეს? უფალი ღმერთი იტყოდა და ვინ არა იწინაწარმეტყუელოს?

9. მიუთხართ სოფლებსა ასსურასტანელთა შორის და სოფლებისა მიმართ ეგჳპტეს შინა და არქუთ: შეკერბით მთასა ზედა სამარიაჲსასა და იხილენით საკჳრველნი მრავალნი შორის მისსა და მძლავრებაჲ მისშორისი.

10. და არა ცნა, რანი იყუნეს წინაშე მისსა, - იტყჳს უფალი, - რომელნი იუნჯებენ სიცრუესა და საარებულებასა სოფლებთა შორის მათთა.

11. ამისთჳს ამათ ეტყჳს უფალი ღმერთი ტჳროსსა: გარემო ქუეყანაჲ შენი მოოჴრდეს და დაჰჴსნას შენგან ძალი შენი და დაიტაცნეს სოფლებნი შენნი.

12. ამათ იტყჳს უფალი: ვითარსახედ ოდეს გამოსტაცის მწყემსმან პირისაგან ლომისა ორნი წჳვნი, ანუ ნაჴლესი ყურისაჲ, ეგრეთ გამოტაცებულ იქმნენ ძენი ისრაილისანი, დამკჳდრვბულნი სამარიას შინა წინაშე ტომისა და დამასკოს შინაცა.

13. მღდელთ ისმინეთ და უწამეთ სახლსა იაკობისსა, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი,-

14. მით, რამეთუ მას დღესა შინა, ოდეს შურ-ვიგო უთნოობისა ისრაჱლისა მის შორის და შურ-ვიგო საკურთხეველთა ზედა ბეთილისათა, და დაითხარნენ რქანი საკურთხეველისანი და დაეცნენ ქუეყანასა ზედა.

15. და შევმუსრო სახლი გარემოფრთედი სახლსა ზედა საზაფხულოსა და წარწყმდენ სახლნი პილოსძუალედნი და შეეძინნენ სახლნი სხუანი მრავალნი, - იტყჳს უფალი.


4

1. ისმინეთ სიტყუა ესე, დიაკეულთა ბასანისათა, შორის მთასა სამარიაჲსსა, რომელნი მიჰხუეჭთ გლახაკთა და დასთრგუნავთ დავრდომილთა, მეტყუელნი უფალთა მათთანი: მომეცით ჩუენ ღჳნოჲ, რათა ვსუათ

2. ფუცავს უფალი წმიდათა მიმართ მისთა, ვითარმედ: აჰა, დღენი მოვლენან თქუენ ზედა და მოგიყუანნე თქუენ საჭურველთა მიერ და თქუენთანანი სიავებად და ქუეშე მგზებარეებად შევქმნნე.

3. და განყუანებულ იქმნეთ შიშუელნი წინაშეცა ერთმანერთისა და განვარდეთ მთისა მიმართ არმონაჲსა, - იტყჳს უფალი.

4. და შევედით ბეთილად და იუშჯულოეთ და გალგალას განამრავლეთ უთნოობაჲ. და მოიხუენით განთიად მსხუერპლნი თქუენნი შორის სამდღეობისა ათეულნი თქუენნი.

5. და აღმოიკითხეს გარეშე სჯული და უწოდეს აღსაარებისაჲ. მიუთხრათ მით, რამეთუ ესენი შეიყუარნეს ძეთა ისრაჱლისათა, - იტყჳს უფალი.

6. და მე მიგცე თქუენ მოლბობა კბილთაჲ შორის ყოველთა ქალაქთა თქუენთა და ნაკლულევანება პურისაჲ შორის ყოველთა ადგილთა თქუენთა და არ მოიქეცით ჩემდა, -- იტყჳს უფალი.

7. და მე აღვიღო თქვენგან წჳმაჲ უწინარეს სამთა თთუეთა მკათასა. და ვწუმო ქალაქსა ერთსა ზედა, ხოლო ქალაქსა ერთსა ზედა არა ვწჳმო, და ნაწილი ერთი დაილტოს და ნაწილი, რომელსა ზედა არა ვწჳმო, განჴმეს.

8. და შეკრბენ ორნი და სამნი ქალაქნი, ქალაქად ერთად, სუმად წყლისა და ვერ განძღენ. და რა მოიქცეთ ჩემდამო, - იტყჳს უფალი

9. და დაგცენ თქუენ ჴურვებისა მიერ და გჳნისა მიერ; განამრავლენით მტილნი თქუენნი, ვენაჴოანნი თქუენნი, ლეღოანნი თქუენნი და ზეთისხილნი თქუენნი შეჭამნა მგრაგნელმან და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი.

10. გამოვავლინე თქუენდა მე სიკუდილი გზასა ზედა ეგჳპტისასა და მოვჰკლევდ ჭაბუკთა თქვენთა ტყუეობისა თანა ჰუნეთა შენთაჲსა და აღნოვიყუანენ შორის ცეცხლისა ბანაკნი თქუენნი რისხვისა მიერ თქუენისა და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი.

11. დაგაქციენ თქუენ, ვითარცა დააქცია ღმერთმან სოდომაჲ და გომორრაჲ, და იქმნენით, ვითარცა მუგუზნი, გამოტაცებულნი ცეცხლისაგან, და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო,- იტყჳს უფალი

12. ამისთჳს ესრეთ გიყთ შენ, ისრაჱლ. ამისთჳს ესრეთ გიყო შენ, განემზადე ცხადად ღმრთისა შენისა, ისრაილ,

13. მით, რამეთუ, აჰა, მტკიცემყოფელი მთათა და მყოფელი ქუხილსა და მიმთხრობი კაცთამი ცხებულსა მისსა, მოქმედი ცისკარსა და ნისლსა ზედ აღმავალი სიმაღლესა ზედა ქუეყანისასა, უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.


5

1. ისმინეთ სიტყუა უფლისა ღმრთისაჲ: ესე, რომელ მე მომაქუს თქუენ ზედა გოდებაჲ: სახლი ისრაჱლისაჲ დაეცა. არღა მერმე ნუ შესძინოს აღდგომად.

2. ქალწულმან ცთომა-ყო თჳთ მას ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა. არა არს აღმადგინებელი მის

3. მით, - რამეთუ ამათ იტყუს უფალი, უფალი: ქალაქი, რომლისაგან გამოვიდოდეს ათასნი, დაშთეს ასნი, და რომლისაგან გამოვიდოდეს ასნი, დაშთეს ათნი სახლსა ისრაილისასა

4. მით, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი სახლისა მიმართ ისრაჱლისა: გამომიძიეთ მე და სცხონდეთ.

5. და ნუ გამოეძიებთ ბეთილსა და გალგალად მიმართ ნუ შეხუალთ. და ჯურღმულსა ზედა ფიცისასა ნუ აღხუალთ, რამეთუ გალგალაჲ დატყუევებული ტყუე იქმნეს. და ბეთელ იყოს, ვითარცა არაყოფილი.

6. გამოიძიეთ უფალი და ცხონდით, რათა არა აღენთოს, ვითარცა ცეცხლი, სახლი იოსებისი და შეჭამოს იგი. და არა იყოს დამშრეტელ სახლსა ისრაჱლისას,

7. რომელი იქმს სიმაღლედ მსჯავრსა და სიმართლე ქუეყანასა ზედა დადვა

8. რომელი იქმს ყოველთა და გარდაჰმზადებს და ქცეულ-ჰყოფს ცისკრად, აჩრდილსა სიკუდილისასა და დღისა ღამეებად გარდამზადი, რომელი მოუწოდს წყალსა ზღჳსასა და მიჰფენს მას პირსა ზედა ქუეყანისასა, უფალი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.

9. განმყოფელი შემუსრვისაჲ ძალსა ზედა და სისუსტისა სიმაგრესა ზედა მომწევნელი

10. მოიძულეს ბჭეთა ზედა მამხილებელი და სიტყუა ღირსი მოიძაგეს.

11. ამისთჳს მის წილ, რომელ დაჰქენჯნიდეს გლახაკთა და ძღუენთა რჩეუთა შეიწყნარებდით მათგან, სახლნი ხუეწილნი აშენენით და არ დაემკჳდრნეთ მათ შინა; ვენაჴოვანნი გულისსათქმელნი დაჰნერგენით და არა ჰსუათ ღჳნოჲ მათი,

12. რამეთუ ვცნენ მრავალნი უთნოობანი თქუენნი და ძლიერ არიან ცოდვანი თქუენნი, დამთრგუნველნი მართლისანი, მიმხუმელნი საცვალებელთანი და დავრდომილთანი შორის ბჭისა მიმდრეკელნი

13. ამისთჳს, რომელი გულისჴმა-ჰყოფდეს, მას ჟამსა შინა დადუმნეს, რამეთუ ჟამი ბოროტი არს

14. გამოიძიეთ კეთილი და ნუ ბოროტი, რათა სცხონდეთ და იყოს ესრეთ უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, თქვენ თანა, ვითარსახედ სთქუთ.

15. უკუეთუ მოვიძულენით ბოროტნი და შევიყუარენით კეთილნი და დაემტკიცოს ბჭეთა ზედა მსჯავრი, რათა შეიწყალნეს უფალმან ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან დაშთომილნი იოსებისნი.

16. ამისთჳს, - ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი, შორის ყოველთა უბანთა ტყება, და შორის ყოველთა გზათა ითქუას: ვაჲ, ვაჲ. წოდებულ იქმნეს მუშაკი გლოვად და ტყებად და მეცნიერთადმი გოდებისათა,

17. და ყოველთა ზედა გზათა ტყება, რამეთუ განვვლო საშუალ შენსა, თქუა უფალმან.

18. ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა. რასათვის თქუენდა დღე იგი უფლისაჲ? და იგი არს ბნელ და არა ნათელ.

19. ვითარსახედ უკუეთუ ივლტოდის კაცი პირისაგან ლომისა და დაემთხჳოს მას დათჳ და ივლტოდეს სახიდ მიმართ და დადგნეს ჴელნი მისნი კედელსა და უკბინის მას გუელმან.

20. არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა

21. მოვიძულენ და განვიშორებ დღესასწაულთა თქუენთა და არა ვიყნოსო კრებათა შინა თქუენთა

22. მით, რამეთუ, უკუეთუ მომართუნეთ მე ყოვლადდასაწუელნი და მსხუერპლნი თქუენნი, არ შევილწყნარე და სამაცხოვარობოსა ზედმჩენისა თქუენისასა არა მივჰხედნე.

23. გარდაადგინე ჩემგან ოხრაჲ საგალობელთა შენთაჲ და ფსალმუნი ორღანოთა შენთაჲ არა ვისმინო

24. და აღგორდეს, ვითარცა წყალი, საშჯელი და სიმართლე, ვითარცა მდინარე წიაღუვალი

25. ნუ საკლველებსა და მსხუერპლებსა მომართუემდით მე, სახლო ისრაჱლისაო, ორმეოცთა წელთა უდაბნოსა ზედა?

26. და აღიღეთ კარავი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲასი, სახენი მათნი, რომელნი ჰქმნენით თავთა თჳსთათჳს.

27. და გარდაგასახლნე თქვენ მიერ, კერძო დამასკისა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.


6

1. ვაჲ, რომელნი შეურაცხ-ყოფენ სიონსა და მოსავ არიან მთისა მიმართ სამარიისაჲსა. მოისთულნეს დასაბამნი წარმართთანი და შევიდა მათდა სახლი ისრაჱლისაჲ

2. გარდავედით ყოველნი ქანანად და იხილეთ და განვლეთ მიერ დიდად ემათ, რავვად მიმართ და შთავედით გეთდ და უცხოტომთად, უმტკიცესთა ყოველთაგან მეფობათა მათთასა, უკუეთუ უმრავლეს არიან საზღუარნი მათნი საზღუართა თქუენთა

3. რომელნი მოვლენ დღედ ბოროტად, რომელნი მიეახლებიან და შეეხებიან შაბათთა ნაცილთა

4. მძინარნი ცხედართა ზედა პილოჲძუალედთა. და მშუებელნი სარეცელთა ზედა მათთა და მჭამელნი თიკანთანი სამწყსოთაგან და ჴბოებსა შორის სამროწლისა მწუარებსა

5. რომელნი მტყუელვარეობენ ჴმისა მიმართ ორღანოთასა, ვითარცა მდგომარენი შეჰრაცხნეს და არა ვითარცა მლტოლვარენი

6. მსუმელნი წურვილსა ღჳნოსა და პირველთა მიჰრონთა მცხებელნი და არა ივნებდეს არარას შემუსრვასა ზედა იოსებისასა.

7. ამისთჳს აწ ტყუენი იყვნენ დასაბამსა ძალთასა და აღებულ იქმნეს ჴუვილი ცხენთა ეფრემისგან

8. რამეთუ ფუცა უფალმან თავისა მიმართ თჳსისა და თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან, ვითარმედ: მძაგს მე ყოველი გინებაჲ იაკობისი და ქუეყანანი მისნი მოვიძულენ და აღვიღო ქალაქი ყოველთა თანა დამკჳდრებულთა მისთა

9. და იყოს, უკეთუ დაშთენ ათნი მამაკაცნი ერთსა შინა სახლსა და მოკუდენ

10. და დაშთენ ნეშტნი და მოიხუნენ სახლეულთა მათთა და იძულებოდიან გამოხუმად ძუალთა მათთა სახლისაგან. და ჰრქუას ზედამდგომელთა სახლისათა: უკუეთუ არსღა შენ თანა?

11. და თქუას: არღარა. და ჰრქუას: დუმენ არღა სახელის-დებისათჳს სახელსა უფლისასა

12. მით, რამეთუ, აჰა, უფალი ამცნებს და დასცეს სახლი დიდი წყლვითა და სახლი მცირე განხეთქითა

13. უკეთუ სდევდენ კლდეთა შორის ცხენნი, ანუ დუმდენ დედალთა შორის, რამეთუ თქუენ გარდააქციეთ გულისწყრომად მსჯავრი და ნაყოფი სიმართლისაჲ სიმწარედ

14. მოხარულთა არა რას ზედა, სიტყვისა მეტყუელთა: არა ძალითა ჩუენითა გუქონან რქანი

15. მით, რამეთუ აჰა, მე აღვადგინო თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს უფალი ღმერთი, - მოლაშქრეთა ნათესავი და გაჭირვებდენ თქუენ არა შესლვად ემათად და ვიდრე ნაღუარევისამდე დასავალთაჲსა.


7

1. ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან: და, აჰა, აღმოფუილი მკალთაჲ, მომავალი ცისკრეული და, აჰა, ბუზი გოგისსა მიმართ მეფე.

2. დაიყოს, და-თუ-ასრულოს ჭამაჲ თივასა ქუეყანისას და ვთქუ: უფალო, უფალო, მხილებელ იქმენ. ვინ აღადგინოს იაკობი, რამეთუ შემცირებულ არს?

3. შეინანე, უფალო, ამას ზედა. და ესე არა იყოს, -თქუა უფალმან.

4. ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან. და, აჰა, უწოდა სასჯელსა ცეცხლისა მიერ უფალმან, უფალმან. და შეჭამა უფსკრული მრავალი და შეჭამა ნაწილი.

5. და ვთქუ: უფალო, უფალო, დააცხრვე! ვინ აღადგინოს იაკობი, რამეთუ შემცირებულ არს?

6. შეინანე, უფალო, ამას ზედა და ესე არა იქმნეს -იტყვის უფალი, უფალი.

7. ესრეთ მიჩუენა უფალმან, უფალმან: და, აჰა, კაცი ერთი მდგომარე ზღუდესა ზედა ადამანტისასა და ჴელსა შინა მისსა ადამასი.

8. და თქუა უფალმან ჩემდამო: რასა ხედავ შენ, ამოს? და ვთქუ: ადამასსა. და თქუა უფალმან: აჰა, მე დავამტკიცე ადამანტი საშუალ ერისა ჩემისა ისრაჱლისასა, არღა მერმე შევსძინო თანაწარსვლად მისსა.

9. და უჩინო იქმნნენ ბომონნი სიცილისანი და საზორველნი ისრაჱლისანი მოოჴრდენ და აღვდგე სახლსა ზედა იერობოამისსა მახჳლით.

10. და განავლინა ამასია მღდელმან ბეთელისამანი ერობოამის მიმართ, მეფისა ისრაილისა, მეტყუელმან: მიმოქცეულებათა ჰყოფს ძჳნად შენდა ამოსს შორის სახლსა ისრაჱლისსა. ვერ შემძლებელ არს ქუეყანა დათმენად ყოველთა ამათ სიტყუათა

11. მით, რამეთუ ამათ იტყჳს ამოს: მახჳლითა აღესრულოს იერობოამ, ხოლო ისრაჱლი ტყუედ წარიქციოს და წარიყვანოს ქუეყანით მისით.

12. და თქუა ამასია ამოსის მიმართ: მხედველო, ვიდოდე, განეშორე შენ ქუეყანად იუდაჲსსა და მუნ წინაწარმეტყუელებდე.

13. ბეთილს. არა მერმე შესძინო წიმაწარმეტყუელებად, რამეთუ სიწმიდე მეფისა არს.

14. მიუგო ამმოს და თქუა ამასიაჲს მიმართ: არა ვიყავ წინაწარმეტყუელი მე, არცა ძე წინაწარმეტყუელისაჲ, არამედ თხათ მეკოლტე ვიყავ, მსხეპელი ლეღუსულელთა.

15. და აღმიღო მე უფალმან ცხოვართაგან და თქუა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე, წინაწარმეტყუელებდ ერსა ზედა ჩემსა, ისრაჱლსა.

16. და აწ ისმინე სიტყუაჲ უფლისა - შენ იტყჳ: ნუ წინაწარმეტყუელებდ სახლსა ზედა ისრაჱლისასა და ნუ ერისკრება-ჰყოფ სახლსა ზედა იაკობისსა.

17. ამოსთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ცოლი შენი შორის ქალაქისა ისძვიდეს. და ძენი შენნი და ასულნი შენნი მახჳლისა მიერ დაეცნენ. და ქუეყანაჲ შენი საბლითა განიზომოს და შენ ქუეყანასა არაწმიდასა აღესრულო, ხოლო ისრაჱლი ტყუედ წარიქციოს ქუეყანისაგან თჳსისა.


8

1. ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან: და, აჰა, ჭურჭელი მემახურისა

2. და თქუა: რასა ხედავ შენ, ამოსს? და ვთქუ: ჭურჭელსა მემახურისასა. და თქუა უფალმან ჩემდამო: მოიწია აღსასრული ერსა ზედა ჩემსა ისრაჱლსა, არა შევსძინო მერმე თანაწარსლვად მისა.

3. და ვალალებდენ სართულნი ტაძრისანი. და მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - მრავალი დაცემული ყოველსა ზედა ადგილსა, ზედა მივაგდო დუმილი.

4. ისმინეთ ესენი, რომელნი შეჰმუსრავთ განთიად დავრდომილსა და ჰმძლავრობთ გლახაკთა მიმწუხრი

5. მეტყუელნი: ოდეს გარდახდეს თთუე და განვყიდოთ, და შაბათნი და განვახუნეთ საუნჯენი ქმნად მცირე საწყეოჲ, და განდიდებად საწონი და ქმნად სასწორი უსამართლოჲ

6. მოსყიდად გლახაკნი ვეცხლითა და დავრდომილნი ფერჴთშესასხმელთა წილ, და ყოვლისაგან საქმისა ვივაჭროთ.

7. ფუცავს უფალი ამპარტავანებისათჳს იაკობისსა: უკეთუ დაივიწყნენ ძლევად ყოველნი საქმენი თქუენნი.

8. და ამათ ზედა არა აღშფოთნეს ქუეყანაჲ. და იგლოოს ყოველმან დამკჳდრებულმან მას ზედა და აღვიდეს, ვითარცა მდინარე, აღსასრული და შთავიდეს, ვითარცა მდინარე ეგჳპტისაჲ.

9. და იყოს მას დღესა შინა,- იტყჳს უფალი, უფალი. -დაჰჴდეს მზე შუადღე და დაბნელდეს ქუეყანასა ზედა დღესა ნათელი.

10. და გარდავაქცინე დღესასწაულნი თქუენნი გლოად, და ყოველნი გალობანი თქუენნი გოდებად, და აღვიღო ყოველსა წელსა ზედა ძაძაჲ, და ყოველსა თავსა ზედა სიმტიერე, და დავდვა მე იგი, ვითარცა გლოვაჲ საყუარელისაჲ, და მისთანანი, ვითარცა დღე სალმობისაჲ.

11. აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, უფალი, - და გამოვავლინო სიყმილი ქუეყანასა ზედა, არა სიყმილი პურისაჲ, არცა წყურილი წყლისაჲ, არამედ ანუ სიყმილი სმენად სიტყუა უფლისაჲ.

12. და შეიძრნენ წყალნი ზღჳთგან ვიდრე ზღუამდე. და ჩრდილოთგან ვიდრე აღმოსავალთამდე მიმორბიოდიან მეძიებელნი სიტყჳსა უფლისასა და არა პოონ.

13. მას დღესა შინა მოაკლდენ ქალწულნი შუენიერნი და ჭაბუკნი წყურილითა

14. მფუცავნი სალხინებელსა ზედა სამარიაჲსასა და მეტყუელნი: ცხოველ არს უფალი შენი დან; ცხოველ არს უფალი შენი ბერსაბედ. და დაეცნენ და არა აღდგენ მერმე.


9

1. ვიხილე უფალი მდგომარე საკურთხეველსა ზედა და თქუა: ეც სალხინებელსა ზედა და შეიძრნედ წინაბჭენი და განკუეთილებისა მიმართ ყოველთასა და დაშთომილთა მათთა მახჳლითა მოვსწყუედ. არა განერეს მათგანი მტოლვარე და არა ცხოვნდეს მათგანი ცხოვნებული.

2. და-ღათუ-ეფლნენ ჯოჯოხეთსა, მიერ ჴელმან ჩემმან აღმოიტაცნეს იგინი; და-ღა-თუ-ვიდენ ცად მიერ, გამოვიძიო და მოვიყუანნე იგინი.

3. უკუეთუ დაჰჴდენ თუალთაგან ჩემთა სიღრმეთა შინა ზღჳსათა, მუნ ვამცნებ ვეშაპსა და შესთქრეს მათ.

4. და უკუეთუ წარვიდენ ტყუეობად წინაშე პირსა მტერთა მათთასა და ვამცნებ მახჳლსა და მოჰკლჳდეს მათ. და განვიმტკიცებ თუალთა ჩემთა მათ ზედა საბოროტოდ და არ საკეთილოდ.

5. და უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, არს შემხებელი ქუეყანისა და შემძრველი მისი. და იგლოვდენ ყოველნი დამკჳდრებულნი მისნი. და აღვიდეს, ვითარცა მდინარე, აღსასრული მისი და შთამოვიდეს, ვითარცა მდინარე ეგჳპტისაჲ.

6. აღმაშენებელი ცად მიმართ აღსავალსა მისსა და აღთქმასა მისსა ქუეყანასა ზედა დამაფუძნებელი, მიმწოდებელი წყალსა ზღჳსასა. და მიმფენელი მისი პირსა ზედა ქუეყანისასა უფალი ყოვლისა მპყრობელი - სახელი მისი.

7. და ვითარცა ძენი ეთიოპელთანი ხართ თქუენ ჩემდა ძენი ისრაჱლისანი? - იტყჳს უფალი. არა ისრაჱლი აღმოვიყუანე ქუეყანისაგან ეგჳპტისა, და უცხოტომნი კაპპადოკიაჲთ და ასური მთხრებლით?

8. აჰა, თუალნი უფლისა ღმრთისანი მეფობასა ზედა ცოდვილთასა და აღვიღო იგი პირისაგან ქუეყანისა, გარნა რამეთუ არა სრულიად აღვიღო სახლი იაკობისი. - იტყჳს უფალი, -

9. მით, რამეთუ, აჰა, მე ვამცებ და განვფიწლო ყოველთა შორის სახლი ისრაჱლისა. ვითარსახედ განიფიწვლის ფიწვლასა და არა დავარდეს ნამუსრი ქუეყანასა ზედა.

10. მახჳლისა მიერ აღესრულნენ ყოველნი ცოდვილნი ერისა ჩემისანი მეტყუელნი: არ მოგუეახლოს, არც მოვიდენ ჩუენ ზედა ძჳრნი.

11. მას დღესა შინა აღვადგინო კარავი დავითისი დაცემული და აღვაშენნე დარღვეულნი მისნი და დათხრილნი მისნი აღვადგინნე და აღვაშენო იგი, ვითარცა დღენი საუკუნისანი,

12. რათა გამომიძიონ მე ნეშტთა კაცთასა და ყოველთა ნათესავთა, რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი, - იტყჳს უფალი, მოქმედი ამათი.

13. აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და ეწიოს მლეწავი მსთულებელსა. და მომწიფდეს ყურძენი თესლსა შინა. და დამოაწთონ მთათა სიტკბოება და ყოველნი ბორცუნი ნერგოან იყუნენ.

14. და მოვაქციო ტყუეობა ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲ. და აღაშენნენ ქალაქნი უჩინოქმნილნი და დაიმკჳდრნენ და დაჰნერგნენ ვენაჴნი და სუმიდეს ღჳნოსა მათსა და შექმნენ მტილნი და ჭამდენ ნაყოფსა მათსა.

15. და დავჰნერგე იგინი ქუეყანასა ზედა მათსა და არა აღიფხუერნენ არა მერმე ქუეყანისაგან მათისა, რომელი მივეც მათ, - იტყჳს უფალი, ყოვლისამპყრობელი.