წინასწარმეტყველება სოფონიასი

1

1. სიტყუა უფლისაჲ, რომელი იქმნა სოფონიას მიმართ ხუსისისა, ძისა გოდოლიასსა, ძისა ამარიანისა, ძისა ეზეკიანისა - დღეთა შინა იოსიაჲსთა, ძისა ამმონისთა, მეფისა იუდაჲსთა.

2. მოკლებით მოაკლდინ პირისაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი.

3. მოაკლდინ კაცი და საცხოვარი. მოაკლდინ მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი და მოუძლურდენ უთნონი და აღვიხუამ უსჯულოთა პირისაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი.

4. და განვიპყრა ჴელი ჩემი იუდას ზედა და ყოეელთა დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა და აღვიხუნე ადგილისა ამისგან სახელნი ბაალისნი და სახელნი მღდელთანი.

5. და რომელნი თაყუანის-სცემენ ბანებსა ზედა ძალსა ცისასა და რომელნი ფუცვენ სახელსა უფლისაჲსა მეფისა მიმართ მათისა და რომელნი მიდრკებიან უფლისაგან,

6. და რომელნი არ გამოეძიებენ უფალსა და რომელნი არა შეუდგან უფალსა.

7. შეშინდით პირისაგან უფლისა ღმრთისა მით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ, რამეთუ განჰმზადა უფალმა მსხუერპლი თჳსი. წმიდა-ყუნა ჩინებულნი თჳსნი.

8. და იყოს დღესა შინა მსხუერპლისა უფლისასა და შურ-ვიგო მთავართა ზედა და სახლსა ზედა მეფისასა და ყოველთა შემოსილთა ზედა სამოსლებითა უცხოჲთა.

9. და შურ-ვიგო ყოველთა ზედა საჩინოქმნილთა წინაბჭეებთა ზედა მას დღესა შინა, აღმავსებელთა სახლისა უფლისა ღმრთისა მათისა უთნოობითა და ზაკჳთა.

10. და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ჴმაჲ ღაღადებისა ბჭისაგან მწერტელთაჲსა და ვალალაებისა მეორისაგან, და შემუსრვაჲ დიდი ბორცუთაგან.

11. გოდებდით დამამკჳდრებელნი დაჭრილსა, რამეთუ ემსგავსა ყოველი ერი ქანაანს, მოისპნეს ყოველნი აღმაღლებულნი ვეცხლითა.

12. და იყოს, მას დღესა შინა გამოვიძიო იერუსალჱმი ბაზმაკითა, და შურ-ვიგო მამაკაცთა ზედა შეურაცხისმყოფელთა ნამარხევთა ზედა მათთა, რომელნი იტყჳან გულთა შინა მათთა: არა კეთილი უყოს უფალმან, არცა უბოროტოს.

13. და იყოს ძალი მათი დასატაცებლად და სახლნი მათნი უჩინოსაქმნელად და აშენებდენ სახლებსა და არა დაიმკჳდრონ მათ შინა. დაჰნერგვიდენ ვენაჴებსა და არა სუან ღჳნოჲ მათი.

14. ახლოს არს დღე უფლისაჲ დიდი, ახლოს და მოსწრაფე ფრიად. ჴმაჲ დღისა უფლისაჲ მწარედ და ფიცხლად დაწესებულ არს ძლიერ.

15. დღე რისხვისა დღე იგი, დღე ჭირისა და სალმობისა. დღე საარებისა და უჩინოქმნისა, დღე ალმურისა და ბნელისა, დღე ღრუბლისა და ნისლისა,

16. დღე საყჳრისა და ღაღადებისა ქალაქთა ზედა მაგართა და ყურეთა ზედა მაღალთა.

17. და ვაჭირვო კაცთა და ვიღოდინ ვითარცა ბრმანი, რამეთუ შესცოდეს უფალსა და დასთხიოს სისხლი მათი მიწად, და დასთხიოს სისხლი მათი ქუეყანასა, და ჴორცნი მათნი ვითარცა სკორე.

18. და ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ვერ შემძლებელ არს განრინებად მათდა დღესა შინა რისხვისა უფლისასა.

19. და დღესა ცეცხლითა შურისა მისისასა აღისპოს ყოველი ქუეყანაჲ მით, რამეთუ მოსრულებაჲ და სიმსწრაფლე ყოს ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა.


2

1. შეკერბით და თან შეიკრენით ნათესავი უწურთელი.

2. უწინარეს ქმნისა თქუენისა, ვითარცა ყუავილი თანაწარმვლელი დღისაჲ, პირველ მოსლვისა თქუენ ზედა დღისა მის რისხვისა გულისწყრომისა უფლისსა.

3. იძიეთ უფალი ყოველთა მდაბალთა ქუეყანისათა, მსჯავრსა იქმოდეთ, სამართალი მოიძიეთ და მიუგებდით მათ, რათა დაიფარნეთ დღესა შინა რისხვისა უფლისსა

4. მით, რამეთუ ღაზაჲ დატაცებული იყოს და ასკალონი უჩინოსაქმნელად და აზოტი შუადღე განიგდოს და აკარონი აღმოიძიროს.

5. ვაჲ დამამკჳდრებელთა თანა ნაწილის საზომსა ზღჳსასა, მსხემთა კრიტელთა სიტყუა უფლისაჲ თქუენ ზედა. ქანაან, ქუეყანაჲ უცხო ტომითაჲ და წარგწყმედ თქუენ მკჳდრობისაგან.

6. და იყოს კრიტი საძოვარ სამწყსოთა და ბაკ ცხოვართა.

7. და იყოს წილისსაზომი ზღჳსაჲ დაშთომილთა სახლისა იუდაჲსთად. მათ ზედა ძოვდენ სახლთა შორის ასკალონისათა, მიმწუხრი დაივანებენ პირისაგან ძეთა იუდაჲსთაჲსა, რამეთუ მოიხილა მათ ზედა უფალმან ღმერთმან და მოაქცია ტყუეობა მათი.

8. მესმნეს ყუედრებანიცა მოაბისნი და ჴუედნანი ძეთა ამმონისთანი, რომელთა მიერ ჰყუედრიდეს ერსა ჩემსა და განდიდნებოდეს საზღუართა ზედა ჩემთა.

9. ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისაჲ, - მით, რამეთუ მოაბი ვითარცა სოდომაჲ იყოს. და ძენი ამმონისნი ვითარცა გომორრაჲ და დამასკოჲ განფიწლულ, ვითარცა ხუავი კალოჲსა ზედა უჩინოქმნილი საუკუნოდ და ნეშტნი ერისა ჩემისანი ჰბასრობდენ მას და ნეშტთა ნათესავისა ჩემისათა დაიმკჳდრნენ იგინი.

10. ესე მათ გინებისა წილ მისისა მით, რამეთუ აყუედრეს და განდიდნეს უფლისა ზედა, ყოვლისა მპყრობელისა.

11. საჩინო იქმნეს მათ ზედა უფალი. და მოასრულნეს ყოველნი ღმერთნი წარმართთა ქუეყანისათანი და თაყუანის-სცეს მას თითოეულმან ადგილისაგან თჳსისა, ყოველნი ჭალაკნი წარმართთანი.

12. და თქუენცა, ეთიოპნი, წყლულებ მახჳლისა ჩემისა იყვნეთ.

13. და განვირთხამ ჴელსა ჩემსა ბღუარსა ზედა და წარვსწყმედ ასსურასტანელსა და დავდვა ნინევი ურწყულად ვითარცა უდაბნოჲ.

14. და ძოვდენ საშუალ მისსა სამწყოსნი და ყოველნი მჴეცნი ქუეყანისანი, და მიწისლომნი, და ექინნი ბაგოვნებისა შორის მისისა დაწვენ. და მჴეცნი ჴმობდენ ნათხართა შორის მისთა, ყორანნი ბჭოოვნებისა შორის მისისა მით, რამეთუ ნაძჳ აღსადგომელ მისსა.

15. ესე ქალაქი ხენეშაჲ, დამკჳდრებული სასოებით, მეტყუელი შორის გულისა თჳსისა: მე ვარ და არა იყოს ჩემ თანა მერმე, ვითარ იქმნა უჩინოსაქმნელად საძოარ მჴეცთა. ყოველმან თანწარმავალმან მის მიერ დაისტჳნოს და შეძრნეს ჴელნი თჳსნი.


3

1. ეჰა, საჩინო და გამოჴსნილი ქალაქი. ტრედმან

2. არა ისმინა ჴმისა, არ შეიწყნარა წურთაჲ, უფლისა მიმართ არა ესვიდა და ღმრთისა მიმართ მისისა არ მიეახლა.

3. მთავარნი მისნი მის შორის, ვითარცა ლომნი მყჳრალნი. მსაჯულნი მისნი, ვითარცა მგელნი არაბიაჲსნი, არა მოაკლდებოდეს განთიადმი.

4. წინაწარმეტყუელნი მისნი, სულშემოსილნი მამრნი, შეურაცხისმყოფელნი. მღდელნი მისნი შეაბილწებენ წმიდათა და აუთნოებენ შჯულსა.

5. ხოლო უფალი მართალი საშუალ მისსა და არა ყოს უსამართლოჲ. განთიად-განთიად მოსცეს მსჯავრი თჳსი ნათლად. და არ დაიმალა და არა ცნა უსამართლოება მიჴდასა შინა.

6. და არა ძლევისა მიმართ უსამართლოება, დავამჴუენ ამპარტავანნი; უჩინო იქმნნეს ყურენი მათნი. მოვაოჴრენ გზანი მათნი, რაჲთურთით არ წარსავლელად მოაკლდეს ქალაქნი მათნი. ამისთჳს არცა ერთისა ვის ყოფისა, არცა დამკჳდრებითა.

7. ვთქუ: გარნა შეშინდით ჩემგან, და შეიწყნარეთ წურთაჲ, და არ მოესრულნეთ თუალთაგან მისთა ყოველნი, რაოდენნი შურ-ვიგენ მის ზედა. განემზადე, აღიმსთუე, განხრწნილ არს ყოველი მოკუფხლვაჲ მათი.

8. ამისთჳს დამითმე მე, - იტყჳს უფალი, - დღედ მიაღდგომისა ჩემისა საწამებელად ჩემდა მით, რამეთუ მსჯავრი ჩემი შესაკრებელისა მიმართ ნათესავთაჲსა შეწყნარებად მეფეთა გარდაცემად მათ ზედა რისხვაჲ ჩემი, ყოველივე რისხვა გულისწყრომისა ჩემისა მით, რამეთუ ცეცხლისა მიერ შურისა ჩემისაჲსა განილიოს ყოველი ქუეყანაჲ.

9. რამეთუ მაშინ მოვაქციო ერთა ზედა ენათასა ნათესავადმი მისსა, ხდად ყოველთა სახელი უფლისაჲ. მონებდენ იგინი მას ერთსა ქუეშე უღელსა.

10. კიდეთაგან მდინარეთა ეთიოპიისათა, შეიწყნარნე განთესულთა შორის ჩემთა. მომართუმიდენ მე მსხუერპლთა ჩემთა.

11. მას დღესა შინა არსირცხჳლეულ იქმნე ყოველთაგან სიმარჯუეთა შენთა, რომლითა იუთნოე ჩემდამო, რამეთუ მაშინ მოგძარცუნე შენგან სიხენეშენი გინებისა შენისანი და არღა მერმე შესძინო დიდმოქადულობად მთასა ზედა წმიდასა ჩემსა.

12. და დაუტეო შენ შორის ერი მშჳდი და მდაბალი და მკრძალობდენ სახელისაგან უფლისა

13. ნეშტნი ისრაჱლისანი და არა იქმოდიან უსამართლოსა, არცა იტყოდიან ამაოთა. და არა იპოოს პირსა შინა მათსა ენაჲ მზაკვარი მით, რამეთუ ძოვდენ და დაწვებოდიან და არა იყოს შემაშინებელი მათი.

14. იხარებდ ფრიად ასული სიონისაჲ! ქადაგებდ ასული იერუსალჱმი. იშუებდ და ძნობდინ ყოვლით გამო გულით შენით ასული იერუსალჱმისაჲ!

15. მოგძარცუნა უფალმან უსამართლოებანი შენნი, გიჴსნა შენ ჴელისაგან მტერთა შენთასა. მეფობდეს უფალი შორის შენსა. არა იხილნე ბოროტნი არღა მერმე.

16. მას ჟამსა შინა ჰრქუას უფალმან იერუსალჱმსა: მინდობით იყავ, სიონ, ნუ დაჰჴსნდებიედ ჴელნი შენნი,

17. უფალი ღმერთი შენი შენ შორის ძლიერი ჴსნად შენდა და მოაწიოს შენ ზედა შუებაჲ და განგაახლოს შენ შეყუარებისა მიერ მისისა. და იშუებდეს შენ ზედა ძნობისა მიერ, ვითარცა დღესა დღესასწაულისასა.

18. და შეკრიბნეს შემუსრვილნი. ვაჲ, ვინ მოიღო მის ზედა ყუედრებაჲ?

19. აჰა, ესერა, მე ვჰყოფ შენ შორის შენთჳს. მას ჟამსა შინა იტყჳს უფალი: და აცხოვნეს განრწმუნებული, და განგდებული შევიწყნარო, და დავსხნე მე იგინი საქადულად, და სახელოვნად ყოველსა ზედა ქუეყანასა.

20. და არა ჰრცხუენოდისყე მას ჟამსა შინა, ოდეს კეთილი გიყო თქუენ და ჟამსა შინა, ოდეს შეგიწყნარნე თქუენ მით, რამეთუ მიგცნე თქუენ სახელდებულად და საქადულად ყოველთა შორის ერთა ქუეყანისათა მოქცევასა ჩემგან ტყუეობისა თქუენისასა წინაშე თქუენსა, - იტყჳს უფალი.