თავი პირველი
1. ეს არის სახელები ისრაელიანთა, რომლებიც იაკობთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში. თითოეული თავისი სახლითურთ ჩავიდა.
2. რეუბენი, სიმონი, ლევი და იუდა.
3. ისახარი, ზებულონი და ბენიამინი.
4. დანი, ნაფთალი, გადი და აშერი.
5. სულ სამოცდაათი სული იყო იაკობის საზარდულიდან გამოსული. ხოლო იოსები ეგვიპტეში იყო.
6. აღესრულა იოსები, მისი ყველა ძმა და მთელი ის თაობა.
7. ინაყოფიერეს ისრაელიანებმა, გაფუფუნდნენ, მრავალრიცხოვანი შეიქნენ და მეტისმეტად გაძლიერდნენ. აავსეს მთელი ქვეყანა.
8. დადგა ეგვიპტეში ახალი მეფე, რომელსაც არ გაეგონა იოსები.
9. უთხრა თავის ხალხს: ხედავთ, ჩვენზე მრავალრიცხოვანია და ძლიერი ისრაელიანთა ხალხი.
10. მოდით, როგორმე ვაჯობოთ ჭკუით, რომ არ გამრავლდეს. თუ ომი ატყდა, შეუერთდება ჩვენს მტრებს, აგვიმხედრდება და გავა ქვეყნიდან.
11. დაუნიშნეს მას ბეგრის უფროსები, რომ მძიმე შრომით დაეჩაგრათ იგი. აუშენა მან ფარაონს მარაგისათვის ქალაქები - ფითომი და რამსესი.
12. მაგრამ რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა და ვრცელდებოდა ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელიანთა წინაშე.
13. უწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელიანებს ეგვიპტელები.
14. სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხის ზელით და აგურების კეთებით, მინდორში მუშაობით, ყველა სამუშაოთი, რაზედაც უწყალოდ ამუშავებდნენ.
15. უთხრა ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, რომელთაგან ერთს სახელად ერქვა შიფრა, მეორეს - ფუაყი.
16. უთხრა: როცა მოამშობიარებთ ებრაელ ქალებს, ნახეთ, თუ ვაჟი იყოს, მოკალით, თუ ქალი - ცოცხალი დარჩეს.
17. ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას: ცოცხალს ტოვებდნენ ვაჟებს.
18. იხმო ეგვიპტის მეფემ ბებიაქალები და უთხრა: ამას რატომ შვრებით, ცოცხალს რატომ ტოვებთ ვაჟებს?
19. უთხრეს ბებიაქალებმა ფარაონს: არ ჰგვანან ეგვიპტელ ქალებს ებრაელი ქალები, ამტანები არიან. სანამ ბებიაქალი მივიდოდეს, ნამშობიარები არიან უკვე.
20. წყალობდა ღმერთი ბებიაქალებს, ხალხი კი მრავლდებოდა და მეტად ძლიერდებოდა.
21. ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და ღმერთმაც ააშენა ისინი.
22. მაშინ უბრძანა ფარაონმა მთელს თავის ხალხს: ნილოსში ჩააგდეთ ყოველი ახალშობილი ვაჟი, ხოლო ქალი ცოცხალი დატოვეთ.
თავი მეორე
1. წავიდა ლევის ტომის კაცი და ითხოვა ცოლად ასული ლევის ტომიდან.
2. დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი; დაინახა, რომ კარგი იყო, და სამ თვეს მალავდა.
3. როცა დამალვა ვეღარ შეძლო, აიღო ლერწმის კიდობანი, შეგოზა ფისითა და კუპრით, ჩასვა შიგ ბავშვი და დადო ლელიანში ნილოსის ნაპირას.
4. ხოლო ბავშვის და მოშორებით დადგა, რომ გაეგო, რა მოუვიდოდა.
5. ჩავიდა ფარაონის ასული ნილოსზე საბანაოდ, მისი მხევლები კი ნილოსის პირას მიმოდიოდნენ. დაინახა ლელიანში კიდობანი. გაგზავნა მხევალი და მოატანინა.
6. გახსნა და ნახა შიგ ბავშვი; აჰა, ტირის ბიჭი, შეეცოდა და თქვა ებრაელის ბავშვი იქნება.
7. უთხრა ბავშვის დამ ფარაონის ასულს: ხომ არ წავიდე და ებრაელი ქალი მოვიყვანო ძიძად? ძუძუს მოგიწოვებს მაგ ბავშვს.
8. უთხრა ფარაონის ასულმა: წადი. წავიდა ყმაწვილი ქალი და დაუძახა ბავშვის დედას.
9. უთხრა მას ფარაონის ასულმა: წაიყვანე ეს ბაეშვი და ძუძუ მიწოვე; გასამრჯელოს მოგცემ. წაიყვანა ქალმა ბავშვი და აწოვებდა ძუძუს.
10. წამოიზარდა ბავშვი და მიუყვანა ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა, და დაარქვა სახელად მოსე. თქვა: რადგან წყლიდან მყავს ამოყვანილი.
11. როცა გაიზარდა მოსე, მივიდა თვისტომებთან და ნახა მათი მძიმე შრომა. ხედავს, სცემს ეგვიპტელი კაცი ერთ ებრაელს, მის თვისტომთაგანს.
12. მიიხედ-მოიხედა და როცა დაინახა, რომ არავინ იყო, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა.
13. გამოვიდა მეორე დღეს და ხედავს, ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს. უთხრა დამნაშავეს: რად სცემ შენიანს?
14. მიუგო: ვინ დაგაყენა ჩვენს თავკაცად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ, როგორც ის ეგვიპტელი მოკალი? შეეშინდა მოსეს და თქვა: ნამდვილად გამჟღავნებულა ამბავი.
15. შეიტყო ფარაონმა ამბავი და მოსაკლავად ეძებდა მოსეს. მაგრამ მოსე გაექცა ფარაონს და მიდიანის ქვეყანაში გაჩერდა; დაჯდა იქ ერთ ჭასთან.
16. შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოსულიყვნენ და წყალს იღებდნენ, ავსებდნენ გეჯებს მამისეული ფარის დასარწყულებლად.
17. მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე და გამოესარჩლა მათ, დაურწყულა კიდეც ფარა.
18. მივიდნენ ქალები რეღუელთან, თავიანთ მამასთან. უთხრა მამამ: რატომ მოხვედით დღეს ასე ადრე?
19. უთხრეს: ერთმა ეგვიპტელმა კაცმა მწყემსებისგან დაგვიცვა, წყალიც ამოგვიღო და ფარაც დაგვირწყულა.
20. უთხრა თავის ასულებს: სად არის? რატომ მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ.
21. გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა, და მიათხოვა კაცმა მოსეს თავისი ასული, ციფორა, ცოლად.
22. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რადგან თქვა: მდგმურად ვიყავი უცხო ქვეყანაში.
23. გამოხდა მრავალი ხანი და მოკვდა ეგვიპტის მეფე. აკვნესდნენ მძიმე შრომისაგან ისრაელიანები, გაჰკიოდნენ და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს.
24. მოესმა ღმერთს მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა.
25. მოხედა ღმერთმა ისრაელიანებს და იცნო ღმერთმა ისინი.
თავი მესამე
1. მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს, ცხვარს. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს.
2. გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი.
3. თქვა მოსემ: მივალ და ვნახავ ამ დიდებულ სანახავს, რატომ არ იწვის მაყვლოვანი.
4. დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა ღმერთმა შუაგულ მაყვლოვანიდან: მოსე! მოსე! მიუგო: აქა ვარ.
5. უთხრა: ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა.
6. უთხრა: მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა.
7. თქვა უფალმა: ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი. რაკი გავიგე მისი გასაჭირი,
8. ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში.
9. აჰა, მოაწია ჩემამდე ისრაელიანთა ღაღადმა და ვიხილე მათი ჩაგვრა, როგორ ჩაგრავენ მათ ეგვიპტელები.
10. ახლა გაგგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ერი, ისრაელიანები.
11. უთხრა მოსემ ღმერთს: მე ვინ ვარ, ფარაონთან რომ წავიდე და გამოვიყვანო ისრაელიანები ეგვიპტიდან?
12. უთხრა: მე ვიქნები შენთან. ეს გქონდეს იმის ნიშნად, რომ ჩემი გაგზავნილი ხარ: როცა ეგვიპტიდან გამოიყვან ჩემს ერს, თაყვანი ეცით ღმერთს ამ მთაზე.
13. უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო?
14. უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან.
15. კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
16. წადი, შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამა-პაპის ღმერთი, გამომეცხადა, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი და იაკობის ღმერთი, და მითხრა: მოგხედავთ თქვენ და თქვენს გასაჭირს ეგვიპტეში.
17. ვთქვი: გამოგიყვანთ ეგვიპტის სატანჯველიდან და წაგიყვანთ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი.
18. ერწმუნებიან შენს სიტყვას და მიხვალ ისრაელის უხუცესებითურთ ეგვიპტის მეფესთან; ეტყვით: უფალი, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. ახლა უდაბნოში გავალთ სამი დღის სავალზე, რომ მსხვერპლი შევწიროთ უფალს, ჩვენს ღმერთს.
19. ვიცი, არ გაგიშვებთ ეგვიპტის მეფე, თუ მაგარმა ხელმა არ აიძულა.
20. მოვიღერებ ხელს და დავსჯი ეგვიპტეს მთელი ჩემი სასწაულებით, რომლებსაც მოვახდენ მის შუაგულში. მხოლოდ ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი.
21. მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში ამ ხალხს და როცა წასვლის დრო დაგიდგებათ, ხელცარიელი არ წახვალთ.
22. ინათხოვრებს თქვენი დედაკაცი თავის მეზობლისგან და თავისი მდგმურისგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელს, სამოსელს და აჰკიდებთ თქვენს ვაჟებსა და ასულებს. ასე გაეცლებით ეგვიპტეს.
თავი მეოთხე
1. მიუგო მოსემ და უთხრა: არ დამიჯერებენ, არ შეისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი?
2. უთხრა უფალმა: რა გიჭირავს ხელში? მიუგო: კვერთხი.
3. უთხრა: მიწაზე დააგდე! დააგდო მიწაზე და გველად იქცა. და გაერიდა მას მოსე.
4. უთხრა უფალმა მოსეს: გაიწოდე ხელი და კუდზე მოკიდე. გაიწოდა ხელი და მოჰკიდა, და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში.
5. ამით დაგიჯერებენ, რომ გამოგეცხადა უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი.
6. კვლავ უთხრა მას უფალმა: უბეში ჩაიყავი ხელი! მანაც ჩაიყო უბეში ხელი. უკან გამოიღო და, აჰა, ხედავს, თოვლივით გასთეთრებია კეთრისგან ხელი.
7. უთხრა: ისევ ჩაიყავი ხელი უბეში! ისევ ჩაიყო ხელი უბეში. უკან გამოიღო უბიდან და, აჰა, ხედავს ხორცისფერი დაბრუნებია ხელს.
8. თუ არ დაგიჯერეს და არ გერწმუნენ პირველ სასწაულზე, ამ მეორე სასწაულზე მაინც გერწმუნებიან.
9. თუ ამ ორ სასწაულზეც არ გერწმუნენ და არ შეისმინეს შენი სიტყვა, ამოიღე წყალი ნილოსიდან და ხმელეთზე დაღვარე. წყალი, რომელსაც ნილოსიდან ამოიღებ, სისხლად იქცევა ხმელეთზე.
10. უთხრა მოსემ უფალს: გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.
11. უთხრა უფალმა: ვინ მისცა ბაგე ადამიანს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?
12. ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან: გასწავლი, რა უნდა თქვა.
13. უთხრა მოსემ: გევედრები, უფალო, სხვა ვინმე გაგზავნე.
14. განურისხდა უფალი მოსეს და უთხრა: განა შენი ძმა არ არის ლევიანი აარონი? ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს. აჰა, მზად არის იგი შენს შესახვედრად, დაგინახავს და გულით გაიხარებს.
15. ელაპარაკე და ბაგეში ჩაუდე სიტყვები; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან. გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ.
16. ის ილაპარაკებს ხალხთან შენს ნაცვლად, ის იქნება შენთვის ბაგე, ხოლო შენ ღმერთი იქნები მისთვის.
17. ხელში გეჭიროს ეგ კვერთხი, რომლითაც სასწაულებს მოახდენ.
18. წავიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და უთხრა: წავალ, დავბრუნდები ჩემს ძმებთან ეგვიპტეში, ვნახავ, ცოცხლები არიან თუ არა. უთხრა ითრომ მოსეს: მშვიდობით იარე.
19. უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც მოკვლას გიპირებდა.
20. შესხა მოსემ სახედრებზე თავისი ცოლი და შვილები და წავიდა ეგვიპტის ქვეყანაში. ხელში დაიჭირა მოსემ ღვთიური კვერთხი.
21. უთხრა უფალმა მოსეს: ახლა მიდიხარ და, იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელში ჩაგიდევი. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გაუშვებს ხალხს.
22. უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ჩემი პირმშო შვილია ისრაელი.
23. გეუბნება, გაუშვიო ჩემი შვილი, რათა თაყვანი მცეს. თუ არ გაუშვებ, მოგიკლავ შვილს, შენს პირმშოს.
24. გზაზე, ღამეს რომ ათევდნენ, დაუხვდა მას უფალი და მოკვლა დაუპირა.
25. აიღო ციფორამ კაჟი და ჩუჩა წააჭრა შვილს, ფეხებთან დაუგდო და თქვა: სისხლის სიძე ხარ ჩემი.
26. გაეცალა მას უფალი. მაშინ თქვა ციფორამ: სისხლის სიძე წინდაცვეთით.
27. უთხრა უფალმა აარონს: წადი, შეეგებე უდაბნოში მოსეს. წავიდა და შეხვდა მას ღვთის მთასთან, და აკოცა.
28. ამცნო მოსემ აარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც გამოგზავნა იგი, და ყველა სასწაული, რომლის აღსრულებაც უბრძანა.
29. წავიდნენ მოსე და აარონი და შეკრიბეს ისრაელიანთა უხუცესები.
30. თქვა აარონმა ყოველი სიტყვა, რაც უფალმა უთხრა მოსეს. და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ.
31. დაიჯერა ხალხმა და ირწმუნა, რომ მოხედა უფალმა ისრაელიანებს და დაინახა მათი ჩაგვრა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.
თავი მეხუთე
1. მერე მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: ასე ამბობს უფალი ღმერთი ისრაელისა: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში.
2. უთხრა ფარაონმა: ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ.
3. უთხრეს: ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლს შევწირავთ ჩვენს ღმერთს, თორემ გაგვწყვეტს ჭირით ან მახვილით.
4. უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: რატომ აცდენთ, მოსე და აარონ, ხალხს საქმეს? წადით, შეუდექით თქვენს სამუშაოს.
5. კვლავ უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: მრავალრიცხოვანია ახლა ეს ხალხი, თქვენ კი გინდათ, მოაცდინოთ სამუშაოს.
6. უბრძანა იმავე დღეს ფარაონმა ხალხის ზედამხედველებსა და თავდგმურებს და უთხრა:
7. აღარ მისცეთ ხალხს ბზე ალიზის მოსაზელად, როგორც გუშინ და გუშინწინ აძლევდით. წავიდნენ და თავად მოაგროვონ ბზე.
8. ხოლო აგურების რაოდენობა, რამდენსაც გუშინ და გუშინწინ აკეთებდნენ, იმდენივე დაუწესეთ, არ მოუკლოთ, რადგან ზარმაცები არიან და ამიტომაც გაჰყვირიან, წავალთ, ჩვენს ღმერთს მსხვერპლს შევწირავთო!
9. გაუძნელდება შრომა მაგ ხალხს, საზრუნავი გაუჩნდება და ვეღარ მიუგდებს ყურს მაცთუნებელ სიტყვებს.
10. გავიდნენ ხალხის ზედამხედველები და თავდგმურები და გამოუცხადეს ხალხს: ასე თქვა ფარაონმა, აღარ მოგცემთო ბზეს,
11. წადით და თავად მოაგროვეთ ბზე, სადაც იპოვით. მოკლებით კი არაფერი მოაკლდება თქვენს სამუშაოს.
12. მოეფინა ხალხი მთელს ეგვიპტის ქვეყანას, რომ ბზის სანაცვლოდ ნამჯა შეეგროვებინათ.
13. ზედამხედველები კი აიძულებდნენ, ეუბნებოდნენ: ყოველდღიურად შეასრულეთ ის სამუშაო, რასაც მაშინ ასრულებდით, როცა ბზე გეძლეოდათ.
14. სცემდნენ ისრაელიანთა გზირებს, რომლებიც მიჩენილი ჰყავდათ მათთვის ფარაონის მოხელეებს, და ეუბნებოდნენ: რატომ არ გაგიკეთებიათ დაწესებული რაოდენობის აგური, როგორც გუშინ და გუშინწინ, როგორც დღემდე აკეთებდით?
15. მივიდნენ ისრაელიანთა გზირები და შეჰბღავლეს ფარაონს: ასე რად ექცევი შენს მორჩილთ?
16. ბზე აღარ ეძლევათ შენს მორჩილთ და მაინც გვეუბნებიან, აგურები აკეთეთო. აჰა, სცემენ შენს მორჩილთ. შენს ხალხს აწევს ცოდვა.
17. მიუგო: ზარმაცები ხართ, ზარმაცები. ამიტომ ამბობთ, წავალთ, მსხვერპლს შევწირავთო ჩვენს უფალს.
18. ახლა წადით და იმუშავეთ! ბზე არ მოგეცემათ, აგური კი იმდენივე უნდა მოგვცეთ.
19. დაინახეს ისრაელიანთა გზირებმა, რა ჭირშიც ჩაცვივდნენ, როცა ებრძანათ, არაფერი დააკლოთო ყოველდღიურად დასამზადებელი აგურების რაოდენობას.
20. როცა ფარაონისგან გავიდნენ, შეეყარნენ მოსეს და აარონს, რომლებიც მათ შესახვედრად გამოსულიყვნენ.
21. უთხრეს: უფალმა დაგინახოთ და განგსაჯოთ, რომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონს და მის მსახურებს, და ჩვენს ამოსახოცად მახვილი მიეცით ხელში.
22. მიბრუნდა უფლისკენ მოსე და თქვა: უფალო, რატომ უბოროტე ამ ხალხს? რატომ გამომგზავნე?
23. მას შემდეგ, რაც ფარაონთან მივედი, რომ შენი სახელით მელაპარაკნა, ბოროტად ექცევა ამ ხალხს ფარაონი. ხსნით კი, არ იხსენი შენი ხალხი.
თავი მეექვსე
1. უთხრა უფალმა მოსეს: ახლა დაინახავ, რას დავმართებ ფარაონს, რადგან მაგარი ხელი აიძულებს მას გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს გაყაროს მისი ქვეყნიდან.
2. ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: მე ვარ უფალი.
3. მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი (ელ შადაი). ხოლო ჩემი სახელი - უფალი - არ გამიმხელია მათთვის.
4. აღთქმაც დავუდევი, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი მდგმურობის ქვეყანას, სადაც მდგმურობდნენ.
5. მევე ვისმინე ისრაელიანთა კვნესა, რომლებიც ეგვიპტელებს ჰყავთ დამონებული, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.
6. ამიტომ ამცნე ისრავლიანებს: მე ვარ უფალი, მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა კირთებისგან, მე გაგათავისუფლებთ მათი მონობისგან, მე გიხსნით შემართული მკლავით და დიდი სასჯელების ძალით.
7. მიგიღებთ ჩემს ერად და ვიქნები თქვენი ღმერთი. გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტელთა კირთებისგან თქვენი გამომხსნელი.
8. მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი აბრაამს, ისაკს და იაკობს. ახლა თქვენთვის მომიცია იგი დასამკვიდრებლად. მე ვარ უფალი.
9. ასე ელაპარაკა მოსე ისრაელიანებს, მაგრამ არ უსმინეს მოსეს, რადგან სულმოკლენი იყვნენ და შრომისაგან გატანჯულნი.
10. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
11. მიდი, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, გაუშვას ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან.
12. ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე და თქვა: აჰა, არ მისმინეს ისრაელიანებმა. როგორღა მომისმენს ფარაონი, მე ხომ ენაბრგვილი ვარ?
13. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და ათქმევინა ფარაონისთვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გაეშვა ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან.
14. ესენი არიან თავ-თავიანთ მამისსახლთა უფროსები: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და მარმი. ესენია რეუბენის საგვარეულოები.
15. სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და საული, ქანაანელი დედაკაცის შვილი. ესენია სიმონის საგვარეულოები.
16. ესენია ლევის ძეთა სახელები თაობების მიხედვით: გერშონი, კეჰათი და მერარი. ლევის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი.
17. გერშონის ძენი: ლიბნი და შიმყი თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით.
18. კეჰათის ძენი: ყამრამი, ხებრონი და ყუზიელი. ხოლო კეჰათის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაცამეტი წელი.
19. მერარის ძენი: მახლი და მუში. ესენია ლევის საგვარეულოები თაობათა მიხედვით.
20. შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად და უშვა ქალმა აარონი და მოსე. ყამრამის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი.
21. იცჰარის ძენი: კორასი, ნეფეგი და ზიქრი.
22. ყუზიელის ძენი: მისაელი, ელცაფანი და სითრი.
23. შეირთო აარონმა ცოლად ელისაბედი, ამინადაბის ასული, ნახშონის და; უშვა ქალმა ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.
24. კორახის ძენი: ასირი, ელკანა, და აბიასაფი. ებენია კორახიანთა საგვარეულოები.
25. ითხოვა ელიაზარმა, აარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ერთ-ერთი ასული და უშვა ქალმა ფინხასი. ესენი არიან ლევიანთა მამამთავარნი თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით.
26. ეს ის აარონი და მოსეა, რომელთაც უბრძანა უფალმა: გაიყვანეთ ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან მწყობრად.
27. ესენი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაეყვანათ ისრაელიანები ეგვიპტიდან. ესენი იყვნენ მოსე და აარონი.
28. მაშინ იყო, რომ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში.
29. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: მე ვარ უფალი. რასაც გეუბნები, ყველაფერი უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს.
30. თქვა მოსემ უფლის წინაშე. მე ხომ ენაბრგვილი ვარ, როგორ მომისმენს ფარაონი?
თავი მეშვიდე
1. უთხრა უფალმა მოსეს: იცოდე, ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; შენი ძმა აარონი კი შენი ქადაგი იქნება.
2. შენ იტყვი ყველაფერს, რასაც მე გიბრძანებ; ხოლო შენი ძმა აარონი ფარაონს ეტყვის, რომ გაუშვას ისრაელიანები ეგვიპტიდან.
3. გულს გავუსასტიკებ ფარაონს, გავამრავლებ ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყნად.
4. არ მოგისმენთ ფარაონი; მაშინ ხელს მოვუჭერ ეგვიპტეს და დიდი სასჯელების ძალით გამოვიყვან ჩემს კრებულს, ჩემს ერს, ისრაელიანებს ეგვიპტის ქვეყნიდან.
5. გაიგებს ეგვიპტე, რომ უფალი ვარ, როცა მოვუღერებ ხელს ეგვიპტეს და გამოვიყვან იქიდან ისრაელიანებს.
6. ასეც მოიქცნენ მოსე და აარონი; როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს, ისე მოიქცნენ.
7. ოთხმოცი წლის იყო მოსე და ოთხმოცდასამი წლისა აარონი, როცა ლაპარაკი დაუწყეს ფარაონს.
8. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:
9. თუ გეტყვით ფარაონი, სასწაული მოახდინეთო, უთხარი აარონს: აიღე შენი კვერთხი და წინ დაუგდე ფარაონს! გველად იქცევა კვერთხი.
10. მივიდნენ ფარაონთან მოსე და აარონი და ისე მოიქცნენ, როგორც უფალს ჰქონდა მათთვის ნაბრძანები. წინ დაუგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონს და მის მსახურებს, და იქცა გველად.
11. უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს. და მათაც, ეგვიპტის გრძნეულებმა, თავიანთი ჯადოსნობით იგივე გააკეთეს.
12. მოისროლეს თავ-თავიანთი კვერთხები და იქცნენ გველებად. მაგრამ შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები.
13. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
14. უთხრა უფალმა მოსეს: გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.
15. წადი დილით ფარაონთან; წყალზე გამოვა და შენც დახვდი ნილოსის პირას. კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს.
16. უთხარი: უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, გამომგზავნა-თქო შენთან; გეუბნება, გაუშვი ჩემი ხალხი, რომ უდაბნოში თაყვანი მცენ. აჰა, ყურს არ მიგდებდი აქამდე.
17. ასე თქვა უფალმა: ამით მიხვდები, რომ უფალი ვარ: აჰა, ამ კვრთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ ნილოსის წყალს და სისხლად იქცევა.
18. გაწყდება თევზი ნილოსში, აყროლდება ნილოსი და ვეღარ დალევენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს.
19. უთხრა უფალმა მოსეს: ასე უთხარი აარონს, აიღეთქო შენი კვერთხი და მოუღერე ხელი ეგვიპტის წყალს. მდინარეზე და ნაკადულებზე, ჭაობებზე და წყალთა ყოველ შესაკრებელზე, და იქცევიან სისხლად, სისხლი ჩადგება-თქო მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, ხეში თუ ქვაში.
20. ისე მოიქცნენ მოსე და აარონი, როგორც უფლისაგან ჰქონდათ ნაბრძანები. მოიქნია კვერთხი და დაჰკრა ნილოსის წყალს ფარაონისა და მისი მსახურების თვალწინ, და იქცა სისხლად ნილოსის წყალი.
21. ამოწყდა თევზი ნილოსში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს. სისხლი ჩადგა მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.
22. იგივე მოიმოქმედეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
23. პირი იბრუნა ფარაონმა და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული.
24. იწყეს თხრა ეგვიპტელებმა ნილოსის გასწვრივ, სასმელი წყალი რომ ეპოვათ, რადგან ვეღარ სვამდნენ ნილოსის წყალს.
25. შვიდმა დღემ განვლო მას მერე, რაც უფალმა დაჰკრა ნილოსს.
თავი მერვე
1. და უთხრა უფალმა მოსეს: მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა თაყვანი მცენ.
2. თუ უარს იტყვის გაშვებაზე, გომბეშოებით მოვწყლავ მთელს შენს ქვეყანას.
3. გომბეშოები აფუთფუთდებიან ნილოსში, ამოვლენ და შეესევიან შენს სახლს, შენს საძილე ოთახს, შენს საწოლს, შენს მორჩილთა სახლებს, შენს ხალხს, შენს თონეებსა და შენს ვარცლებს.
4. შემოგახტებათ გომბეშოები თავად შენ, შენს ხალხს და ყველა შენს მორჩილს.
5. უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს: მოუღერე კვერთხიანი ხელი მდინარეებს, ნაკადულებს და ჭაობებს და ამოასხი გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად.
6. მოუღერა ხელი აარონმა ეგვიპტის წყლებს და ამოვიდნენ გომბეშოები და დაფარეს ეგვიპტის ქვეყანა.
7. იგივე მოიმოქმედეს გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით: ამოასხეს გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად.
8. იხმო ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: შეევედრეთ უფალს, რომ მოგვაცილოს გომბეშოები მე და ჩემს ხალხს. მაშინ გავუშვებ თქვენს ხალხსაც და შესწირონ მსხვერპლი უფალს.
9. უთხრა მოსემ ფარაონს: მიბრძანე, როდის შევევედრო შენთვის და შენს მორჩილთათვის, შენი ხალხისთვის, რომ მოგაშოროს გომბეშოები შენ და შენს სახლებს, და მხოლოდ ნილოსში დარჩნენ?
10. უთხრა: ხვალ. უთხრა მოსემ: შენი სიტყვისამებრ იყოს! რათა იცოდე, რომ ვერავინ შეედრება ჩვენს უფალ ღმერთს.
11. მოგცილდებიან გომბეშოები შენ და შენს სახლებს, შენს მორჩილთ და შენს ხალხს; მხოლოდ ნილოსში დარჩებიან.
12. გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. შეჰღაღადა უფალს მოსემ გომბეშოების გამო, ფარაონისთვის რომ ჰყავდა მისეული.
13. აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და ამოწყდნენ გომბეშოები სახლებში, ეზოებში და მინდვრებში.
14. გროვებად დაყარეს და აქოთდა ქვეყანა.
15. დაინახა ფარაონმა, სული რომ მოითქვა ქვეყანამ და გაისასტიკა გული: არ მოუსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
16. უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, მოიღერე კვერთხი და დაჰკარი მიწას და მუმლი მოედება მთელს ეგვიპტეს.
17. ასეც მოიქცა: მოიღერა აარონმა კვერთხიანი ხელი და დაჰკრა მიწას, და მოედო მუმლი კაცსა და პირუტყვს, მთელი მიწა მუმლად იქცა ეგვიპტის ქვეყანაში.
18. იხმარეს თავიანთი ჯადოსნობა გრძნეულებმა, რომ გამოედევნათ მუმლი, მაგრამ ვერ შეძლეს, და ეხვია მუმლი მიწას და პირუტყვს.
19. უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: ეს ღვთის ხელია! გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ შეისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
20. უთხრა უფალმა მოსეს: წადი დილაადრიანად და წარუდექი ფარაონს, როცა წყალზე ჩამოვა; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ თაყვანი მცეს.
21. თუ არ გაგიშვია ჩემი ხალხი, ბუზანკალს მოგისევ შენ და შენს მსახურებს, შენს ხალხს, შენს სახლებს და აივსება ბუზანკალით ეგვიპტელთა სახლები და ის მიწაც, სადაც ისინი არიან.
22. გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის მხარეს, სადაც დგას ჩემი ხალხი, რომ არ შეაღწიოს იქ ბუზანკალმა, ვინძლო დარწმუნდე, რომ ქვეყნის შუაგულში ვარ მე, უფალი.
23. გამოვარჩევ ჩემს ხალხს შენი ხალხისგან. ხვალ მოხდება ეს სასწაული.
24. ასეც გააკეთა უფალმა. შეესია უთვალავი ბუზანკალი ფარაონის სახლს, მის მორჩილთა სახლებს, მთელ ეგვიპტის ქვეყანას. იღუპებოდა ქვეყანა ბუზანკალისგან.
25. უხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს ჩემს ქვეყანაში.
26. უთხრა მოსემ: ვერ ვიზამთ ამას, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ჩვენი მსხვერპლშეწირვა უფლის, ჩვენი ღმერთისადმი. ხომ ჩაგვქოლეს, თუ შევწირეთ ეგვიპტელთათვის საძაგელი მსხვერპლი მათ თვალწინ!
27. სამი დღის სავალზე გავალთ უდაბნოში და იქ შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც თავად გვიბრძანებს.
28. უთხრა ფარაონმა: გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს უდაბნოში, ოღონდ შორს ნუ წახვალთ. ილოცეთ ჩემთვის.
29. უთხრა მოსემ: აჰა, გავდივარ შენგან და შევევედრები უფალს, რომ ხვალვე მოაშოროს ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს. ოღონდ აღარ მოიტყუოს ფარაონმა და გაუშვას ხალხი უფლისათვის მსხვერპლის შესაწირად.
30. გავიდა მოსე ფარაონისგან და შეევედრა უფალს.
31. შეიწყნარა უფალმა მოსეს ვედრება და მოაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მორჩილთ და მის ხალხს. ერთიც არ დარჩენილა.
32. გაისასტიკა გული ფარაონმა ამჯერადაც და არ გაუშვა ხალხი.
თავი მეცხრე
1. უთხრა უფალმა მოსეს: წადი ფარაონთან და ელაპარაკე. ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ.
2. თუ უარს იტყვი მათ გაშვებაზე და კიდევ დააკავებ,
3. დაჰკრავს უფლის ხელი შენს საქონელს, მინდვრად რომ გყავს - ცხენებს, სახედრებს, აქლემებს, ცხვარ-ძროხას. გაჩნდება საშინელი ჭირი.
4. გამოარჩევს უფალი ისრაელიანთა საქონელს ეგვიპტელთა საქონელისაგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელიანებს.
5. დანიშნა დრო უფალმა და თქვა: ხვალ აღასრულებს ამ საქმეს უფალი ქვეყანაში.
6. აღასრულა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს და გაწყდა ეგვიპტელთა საქონელი, ხოლო ისრაელიანთა საქონელში არც ერთი სული არ დაღუპულა.
7. გაგზავნა ამბის გასაგებად ფარაონმა და, აჰა, არც ერთი სული არ იყო დაღუპული ისრაელის საქონელში. გაისასტიკა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი.
8. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: აიღეთ სავსე პეშვი ქურის ნაცარი და ცისკენ ააფრქვიოს მოსემ ფარაონის თვალწინ.
9. მტვრად მოეფინება იგი მთელს ეგვიპტის ქვეყანას და ყვავილის მუწუკებად გამოეყრება კაცსა და პირუტყვს მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.
10. აიღეს ქურის ნაცარი და წარუდგნენ ფარაონს. ააფრქვია მოსემ ნაცარი ცისკენ და გამოეყარა კაცსა და პირუტყვს ყვავილის მუწუკები.
11. ვერაფერს გახდნენ გრძნეულები მოსესთან, რადგან გამონაყარი ჰქონდათ გრძნეულებსაც და მთელს ეგვიპტეს.
12. გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ უსმინა მათ ფარაონმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.
13. უთხრა უფალმა მოსეს: ადექი დილაადრიანად, წარუდექი ფარაონს და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს.
14. თორემ ამჯერად ყოველგვარ სენს შევყრი შენს გულს, შენს მორჩილთ და შენს ხალხს, რათა გეცოდინოთ, რომ არავინ არის ჩემი სწორი მთელს ქვეყანაზე.
15. აი, ახლავე მოვიღერებდი ხელს და მოგსპობდით შავი ჭირით შენ და შენს ხალხს, და წარიხოცებოდით ამ ქვეყნიდან.
16. მაგრამ მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა და ემცნოს ჩემი სახელი მთელს ქვეყანას.
17. აქამდე აბუჩად იგდებ ჩემს ერს და არ უშვებ.
18. აჰა, ჩამოვყრი ხვალ ამ დროს მაგარ სეტყვას, რომლის მსგავსი არ უნახავს ეგვიპტის ქვეყანას მისი დაფუძნებიდან დღემდე.
19. ახლა მიხედე შენს საქონელს და ყველაფერს, რაც მინდვრადა გყავს; ყოველი კაცი და პირუტყვი, რაც კი გარეთ დარჩება და ჭერს არ შეეფარება, დაისეტყვება და მოისპობა.
20. ვინც შეუშინდა ფარაონის მორჩილთაგან უფლის სიტყვას, ჭერქვეშ შეაფარა თავისი ყმები და საქონელი.
21. ხოლო ვინც არად ჩააგდო უფლის სიტყვა, მინდორში დატოვა თავისი ყმები და საქონელი.
22. უთხრა უფალმა მოსეს: ცისკენ მოიღერე ხელი და დაისეტყვება მთელი ეგვიპტე, კაცი, პირუტყვი და მინდვრის ბალახი ეგვიპტის ქვეყანაში.
23. ცისკენ მოიღერა მოსემ თავისი კვერთხი და გამოსცა უფალმა გრგვინვა და სეტყვა. ცეცხლმა დაუარა დედამიწას და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა.
24. მოდიოდა სეტყვა და ცეცხლი გიზგიზებდა სეტყვაში, ძალზე მაგარი იყო სეტყვა, მისი მსგავსი არ მოსულა ეგვიპტის ქვეყანაში, რაც იქ ხალხი სახლობს.
25. ყველაფერი გაანადგურა სეტყვამ ეგვიპტის ქვეყნად, რაც კი გარეთ დარჩა, კაციდან პირუტყვამდე; მინდვრის მთელი ბალახი გაანადგურა სეტყვამ და მინდორში მდგარი ყველა ხე დალეწა.
26. მხოლოდ გოშენის მხარე არ დასეტყვილა, სადაც ისრაელიანები ცხოვრობდნენ.
27. დაიბარა ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: ახლა კი ვხედავ, რომ შემიცოდავს; მართალია უფალი - დავაშავეთ მე და ჩემმა ხალხმა.
28. შეევედრეთ უფალს, შეწყდეს ღვთის გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ; მეტს აღარ დაყოვნდებით.
29. უთხრა მოსემ: როგორც კი გავალთ ქალაქიდან, ხელს გავიწვდი უფლისკენ და შეწყდება გრგვინვა და გადიღებს სეტყვაც, ვინძლო მიხვდე, რომ უფლისაა ეს ქვეყანა.
30. მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მორჩილნი.
31. განადგურდა სელი და ქერი, რადგან ქერი ათავთავებული იყო და სელი ყვაოდა.
32. ხორბალი და ასლი არ განადგურებულა, რადგან საგვიანო იყო.
33. გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქის გარეთ და გაიწოდა ხელი უფლისაკენ. შეწყდა გრგვინვა და სეტყვა და წვიმის წვეთიც აღარ დაცემულა მიწაზე.
34. დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა, გრგვინვაც და სეტყვაც, და კვლავ შესცოდა. გაიქვავეს გული მან და მისმა მორჩილებმა.
35. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელიანები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.
თავი მეათე
1. უთხრა უფალმა მოსეს: მიდი ფარაონთან, რადგან ეს მე ვიყავი, გული რომ გავუქვავე ფარაონს და მის მორჩილებს, რომ მომეხდინა ეს ჩემი სასწაულები მათ ქვეყანაში,
2. რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილთაშვილისთვის, როგორ გავუსწორდი ეგვიპტეს და რა სასწაულები მოვუვლინე მას, რომ გცოდნოდათ, რომ უფალი ვარ.
3. მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: ასე თქვა უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: როდემდის უნდა მეურჩებოდე? გაუშვი ჩემი ერი, რომ მემსახურონ.
4. თუ კიდევ იურჩებ და არ გაუშვებ ჩემს ერს, ხვალვე კალიას მივუსევ შენს სამფლობელოს.
5. დაფარავს მიწის პირს და შეუძლებელი გახდება მიწის ხილვა; შეგიჭამთ ყველაფერს, რაც სეტყვას გადაურჩა, ხეებს, მინდვრად რომ გეზრდებათ.
6. აავსებენ შენს სახლებს, შენს მორჩილთა სახლებს, ყველა ეგვიპტელის სახლს, - რასაც არ მოსწრებია შენი მამა-პაპა იმ დღიდან, რაც არსებობენ ამქვეყნად. გაბრუნდა მოსე და გავიდა ფარაონისგან.
7. უთხრეს ფარაონს მისმა მორჩილებმა: როდემდის ვითმინოთ ეს სატანჯველი? გაუშვი ეგ ხალხი და ემსახურონ თავიანთ უფალ ღმერთს. ვეღარ მიხვდი, რომ იღუპება ეგვიპტე?
8. დააბრუნეს მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრა მათ ფარაონმა: წადით და ემსახურეთ თქვენს უფალ ღმერთს. ვინ და ვინ წავა?
9. უთხრა მოსემ: ჩვენი ბავშვებითა და მოხუცებითურთ წავალთ. ჩვენი ქალ-ვაჟებითა და ცხვარ-ძროხითურთ წავალთ, რადგან საუფლო დღესასწაული გვაქვს.
10. უთხრა მათ ფარაონმა: ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე თქვენ ბავშვებიანად გაგიშვათ. იცოდეთ, ბოროტს ეპირებით!
11. ასე არ იქნება. მხოლოდ მამაკაცები წადით და ემსახურეთ უფალს, რაკი ამას ესწრაფით. და გაყარეს ისინი ფარაონისგან.
12. უთხრა უფალმა მოსეს: მოუღერე ხელი ეგვიპტის ქვეყანას კალიის გამოსახმობად და შეესიოს კალია ეგვიპტის ქვეყანას; გადაჭამოს ქვეყნის მთელი ბალახი, რაც სეტყვას გადაურჩა.
13. მოუღერა კვერთხი მოსემ ეგვიპტის ქვეყანას და მოდენა უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყნად; ქროდა ქარი მთელს დღესა და მთელს ღამეს. დადგა დილა და მოასია აღმოსავლეთის ქარმა კალია.
14. შეესია უთვალავი კალია ეგვიპტის ქვეყანას და მოეფინა მის ყოველ კუთხეს. არც მანამდე და არც მას მერე გამოჩენილა ამდენი კალია.
15. დაფარა მთელი მიწის პირი და გადაშავდა მიწა; გადაჭამა ქვეყნის მთელი ბალახი და ხის ყველა ნაყოფი, რაც სეტყვას გადაურჩა. არ შერჩენია სიმწვანე არც ხეს, არც მინდვრის ბალახს მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.
16. სასწრაფოდ მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: ცოდვილი ვარ უფლის, თქვენი ღვთისა და თქვენს წინაშე.
17. ერთხელ კიდევ მომიტევეთ ცოდვა, შეევედრეთ თქვენს უფალ ღმერთს, ოღონდაც ამარიდოს ეს სიკვდილი.
18. გამოვიდა მოსე ფარაონისგან და შეევედრა უფალს.
19. შემოაქცია უფალმა აღმოსავლეთის ძლიერი ქარი და წაიღო ქარმა კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. ერთი კალიაც არ დარჩენილა ეგვიპტის მხარეში.
20. გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა ფარაონმა ისრაელიანები.
21. უთხრა უფალმა მოსეს: ცისკენ შემართე ხელი და ჩამოწვება წყვდიადი ეგვიპტის ქვეყანაში, ხელით შესაგრძნობი წყვდიადი.
22. ცისკენ შემართა ხელი მოსემ და ჩამოწვა უკუნი წყვდიადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, და იდგა სამ დღეს.
23. ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, სამ დღეს არავინ დაძრულა ადგილიდან; ხოლო ისრაელიანებს სინათლე ჰქონდათ თავიანთ სამყოფელში.
24. უხმო ფარაონმა მოსეს და უთხრა: წადით და ემსახურეთ უფალს, ოღონდ ცხვარ-ძროხა დარჩეს, ბავშვები კი თან წაიყოლეთ.
25. უთხრა მოსემ: შენც უნდა მოგვცე საკლავი და აღსავლენი, რომ ჩვენს უფალს, ღმერთს შევწიროთ.
26. ჩვენი საქონელიც უნდა წამოგვყვეს, ერთი ჩლიქიც არ უნდა დარჩეს; მათგან გამოვარჩევთ შესაწირავს უფლის, ჩვენი ღვთისათვის. სანამ იქ არ მივსულვართ, არ ვიცით, როგორ უნდა ვემსახუროთ უფალს.
27. გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ ინება მათი გაშვება ფარაონმა.
28. უთხრა ფარაონმა: მომწყდი თავიდან! ფრთხილად იყავი, თვალით აღარ დამენახო, თორემ იმდღესვვ მოკვდები, რა დღესაც დამენახვები.
29. მიუგო მოსემ: სწორს ამბობ: მეტს აღარ დაგენახვები.
თავი მეთერთმეტე
1. უთხრა უფალმა მოსეს: კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტეს და მერე გაგიშვებთ აქედან ფარაონი. არათუ გაგიშვებთ, საბოლოოდ გაგყრით აქედან.
3. დაარიგე ხალხი, რომ ინათხოვროს ყოველმა კაცმა თავისი მეზობელი კაცისგან და ყოველმა ქალმა თავისი მეზობელი ქალისგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი.
3. მადლი აპოვნინა უფალმა ერს ეგვიპტელთა თვალში; მოსეც დიდ კაცად იყო შერაცხილი ეგვიპტის ქვეყნად ფარაონის მორჩილთა და ხალხის თვალში.
4. თქვა მოსემ: ასე ამბობს უფალი: შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში.
5. მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყნად ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავებს რომ უზის; მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული.
6. ატყდება დიდი გლოვა მთელს ეგვიპტეში, რომლის მსგავსი არ ყოფილა და არც იქნება.
7. ხოლო ისრაელიანებს - კაციდან პირუტყვამდე - ძაღლიც არ შეუყეფს, რათა გეცოდინოთ, რომ ზღვარი დასდო უფალმა ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის.
8. ჩამოვლენ ჩემთან ეგ შენი მორჩილნი, თაყვანს მცემენ და მეტყვიან: გადით შენ და მთელი შენი ხალხი, შენს კვალზე მავალი. მხოლოდ ამის მერე გავალ. და გავიდა ფარაონისგან მოსე, განრისხებული.
9. უთხრა უფალმა მოსეს: იმიტომ არ მოგისმენთ ფარაონი, რომ გამრავლდეს ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყნად.
10. მოახდინეს ეს სასწაულები მოსემ და აარონმა ფარაონის თვალწინ, მაგრამ გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა მან ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან.
თავი მეთორმეტე
1. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ეგვიპტის ქვეყანაში:
2. თვეთა დასაბამი იყოს თქვენთვის ეს თვე, პირველი თვე იყოს იგი თქვენთვის წელიწადის თვეებში.
3. ასე უთხარით ისრაელის მთელს საზოგადოებას: ამ თვის მეათე დღეს მამისსახლზე თითოეულმა თითო კრავი ან თიკანი დაიგულოს. ერთი კრავი ან თიკანი სახლზე.
4. თუ კრავის შესაჭმელად მცირეა სახლი, შეუამხანაგდნენ ერთმანეთს კარის მეზობლები და სულადობის მიხედვით აიყვანონ კრავი. ვარაუდი იქონიეთ, ვის რამდენის შეჭმა შეუძლია.
5. საღი, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.
6. ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს.
7. აიღონ მისი სისხლი და სცხონ იმ სახლის ორთავე წირთხლსა და კარისთავს, სადაც შეუდგებიან ჭამას.
8. იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი; მწარე ბალახი შეატანონ.
9. ნუ შეჭამთ ნახევრადშემწვარს ან წყალში მოხარშულს; მხოლოდ ცეცხლზე შემწვარი ჭამეთ თავფეხიანად და შიგნეულიანად.
10. დილისთვის ნუ მოირჩენთ; რაც მოგრჩებათ, ცეცხლში დაწვით.
11. ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გიცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.
12. მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე, და განვსჯი ყველა ეგვიპტელ ღმერთს. მე ვარ უფალი.
13. სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ.
14. სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული.
15. შვიდ დღეს ჭამეთ ხმიადი; პირველი დღიდანვე აღიკვეთეთ საფუარი სახლებში, რადგან ვინც კი შეჭამს საფუარიანს პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე, მოიკვეთება იგი ისრაელიდან.
16. პირველ დღეს წმიდა წვეულება გქონდეთ, მეშვიდე დღესაც წმიდა წვეულება გქონდეთ; ამ დღეებში არა საქმე არ გაკეთდეს; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.
17. დაიცავით უფუარობა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი მხედრობა ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში სამარადისო წესად.
18. ამ თვეში მეთოთხმეტე დღის საღამოდან ოცდამეერთე დღის საღამომდე ხმიადი ჭამეთ.
19. შვიდ დღეს არ უნდა იპოვებოდეს თქვენს სახლებში საფუარი, რადგან ვინც კი საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის საზოგადოებიდან, როგორც მდგმური, ისე ქვეყნის მკვიდრი.
20. საფუარიანი არაფერი ჭამოთ; ყველგან, სადაც კი მოგიხდებათ ცხოვრება, მხოლოდ ხმიადი ჭამეთ.
21. უხმო მოსემ მთელი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: წამოასხით ცხვარი თქვენ-თქვენი საგვარეულოსთვის და დაკალით პასექი.
22. აიღეთ უსუპის კონა, ამოავლეთ სისხლიან თასში და სცხეთ სისხლი კარისთავსა და ორთავე წირთხლს სისხლიანი თასიდან. დილამდე არავინ გახვიდეთ კარში.
23. ჩამოივლის უფალი ეგვიპტის შესამუსრავად, დაინახავს სისხლს კარისთავზე და ორთავე წირთხლზე და გვერდს აუვლის უფალი თქვენს კარს, არ შეუშვებს დამღუპველს თქვენს სახლებში თქვენს შესამუსრავად.
24. წესად დაიცავით ეს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, სამარადისოდ.
25. როდესაც მიხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი მოგცემთ თავისი სიტყვისამებრ, იქაც დაიცავით ეს მსახურება.
26. თუ შეგეკითხნენ თქვენი შვილები, ეს რა მსახურება გაქვთო,
27. ეტყვით: პასექის მსხვერპლია-თქო უფლისადმი, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელიანთა სახლებს ეგვიპტეში, როცა მუსრავდა ეგვიპტეს, და იხსნა-თქო ჩვენი სახლები. მუხლი მოიყარა ხალხმა და თაყვანი სცა.
28. წავიდნენ ისრაელიანები და აღასრულეს; როგორც უბრძანა უფალმა - მოსეს და აარონს, ისე აღასრულეს.
29. შუაღამისას მოაკვდინა უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან დილეგში მჯდარი პატიმრის პირმშომდე და პირუტყვის ყოველი პირველმოგებული.
30. ფეხზე დადგნენ იმ ღამით ფარაონი, მისი მორჩილები და მთელი ეგვიპტე; შეიქნა დიდი გლოვა ეგვიპტეში, რადგან არ იყო სახლი, სადაც მკვდარი არ ჰყოლოდათ.
31. იხმო ფარაონმა მოსე და აარონი ღამითვე და უთხრა: ადექით და გაეცალეთ ჩემს ხალხს შენც და ისრაელიანებიც. წადით, ემსახურეთ უფალს, როგორც ამბობდით.
32. თქვენი ცხვარ-ძროხაც წაიყვანეთ, როგორც ამბობდით, წადით და მეც დამლოცეთ.
33. აიძულეს ეგვიპტელებმა ხალხი, სწრაფად გასულიყვნენ ქვეყნიდან, რადგან ფიქრობდნენ, ამოვწყდებითო ყველანი.
34. წაიღო ხალხმა ჯერ კიდევ უფუარი ცომი; ვარცლები სამოსლით შეკრეს და ზურგზე მოიკიდეს.
35. მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელიანები: ინათხოვრეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი.
36. მადლი აპოვნინა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მათაც ათხოვეს. ასე გაძარცვეს მთელი ეგვიპტე.
37. დაიძრნენ ისრაელიანები რამსესიდან სუქოთისკენ - ბავშვებს გარდა ექვსასი ათასამდე ქვეითი კაცი.
38. თან გაჰყვა მათ უამრავი ჭრელი ხალხი, ცხვარ-ძროხა, ურიცხვი საქონელი.
39. დააცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომისაგან ხმიადის კოკრები; ვერ მოასწრო ცომმა აფუება, რადგან არ დააყენეს ისინი და გამოყარეს ეგვიპტიდან, ისე რომ საგზალიც არ გაუმზადებიათ.
40. ოთხას ოცდაათი წელი ცხოვრობდნენ ისრაელიანები ეგვიპტეში.
41. გასრულდა ოთხას ოცდაათი წელი და სწორედ ამ დღეს გამოვიდა უფლის მთელი მხედრობა ეგვიპტიდან.
42. საუფლო დღესასწაულის არის ეს ღამე, როცა გამოიყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან; უნდა იდღესასწდლონ ეს ღამე ისრაელიანებმა თაობიდან თაობაში.
43. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: ასეთია პასექის წესი: უცხოთესლმა არ უნდა ჭამოს იგი.
44. ვერცხლით ნაყიდმა ყოველმა ყმამ, თუ წინდაცვეთილია, ჭამოს.
45. ხიზანმა და ქირისკაცმა არ უნდა ჭამოს.
46. ერთ ჭერქვეშ უნდა შეიჭამოს; ხორცი სახლიდან გარეთ არ უნდა გაიტანოთ, არც ძვლები არ უნდა დაამტვრიოთ.
47. ისრაელის მთელმა საზოგადოებამ უნდა შეასრულოს ეს.
48. თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და დააპირა საუფლო პასექის გამზადება, წინდააცვეთინე მის ყოველ მამაკაცს, და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულოს წესი და ქვეყნის მკვიდრად შეირაცხება იგი. წინადაუცვეთელმა არ უნდა ჭამოს.
49. ერთი რჯული ექნეს მკვიდრსა და მდგმურს, თქვენ შორის რომ დგას.
50. აღასრულეს ისრაელიანებმა; როგორც უფალმა უბრძანა მოსეს და აარონს, ისე აღასრულეს.
51. სწორედ ამ დღეს გამოიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან მწყობრად ისრაელიანები.
თავი მეცამეტე
1. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2. წმიდა ჰყავი ჩემთვის ისრაელიანთა ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან პირუტყვამდე. ჩემია იგი.
3. უთხრა მოსემ ხალხს: გახსოვდეთ ეს დღე, რა დღესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანათ იქიდან უფალმა; საფუარიანი არაფერი ჭამოთ.
4. დღეს გამოდიხართ - გაზაფხულის თვეში.
5. როცა მიგიყვანს უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში, შენთვის რომ აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას, ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი, ამ თვეს აღასრულე ეს მსახურება.
6. შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს საუფლო დღესასწაული გქონდეს.
7. ხმიადი შვიდ დღეს უნდა იჭამოს; არ გაიჩერო საფუარი შენს საზღვრებში.
8. ასე გამოუცხადე ამ დღეს შენს შვილს: ეს იმის გამოა, რაც გამიკეთა უფალმა, როცა ეგვიპტიდან გამოვდიოდი-თქო.
9. გქონდეს ნიშნად ხელზე და თვალებს შორის სამახსოვროდ, რათა უფლის სჯული იყოს შენს ბაგეებში, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.
10. იცავდე ამ წესს მისთვის განკუთვნილ დროს, წლიდან წლამდე.
11. როცა მიგიყვანს უფალი ქანაანელთა ქვეყანაში, მოგცემს ამ ქვეყანას, როგორც აღგითქვათ უფალმა შენ და შენს მამა-პაპას,
12. განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს შესწირე.
13. ყოველი პირველმოგებული ვირი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, კისერი გადაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილთა შორის გამოისყიდე.
14. როცა შეგეკითხება თავის დროზე შენი შვილი, ეს რა არისო? უთხარი, მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
15. როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა-თქო უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომაც ვწირავ-თქო უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამრს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი.
16. გქონდეს ხელზე ნიშნად და თვალებს შორის ბეჭდად, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.
17. როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, არ წაუყვანია იგი უფალს ფილისტიმელთა ქვეყნის გზით, თუმცა მოკლე იყო ეს გზა. რადგან იფიქრა ღმერთმა, სინანულს არ შეეპყრო ხალხი ომის დანახვისას და ეგვიპტეში არ დაბრუნებულიყო.
18. შემოატარა ღმერთმა ხალხი უდაბნოს გავლით მეწამული ზღვისკენ; დარაზმულნი ამოვიდნენ ისრაელიანები ეგვიპტიდან.
19. თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან ფიცით ჰყავდა დაფიცებული იოსებს ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, წაიყოლეთო აქედან ჩემი ძვლები.
20. დაიძრნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ეთამში, უდაბნოს ბოლოს.
21. წინ მიუძღოდა მათ უფალი, დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით.
22. არ მიჰფარებია ხალხის თვალს დღისით ღრუბლის სვეტი და ღამით ცეცხლის სვეტი.
თავი მეთოთხმეტე
1. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2. უთხარი ისრაელიანებს, გაემართონ ფი-პეხიროთისკენ და დაიბანაკონ მიგდოლსა და ზღვას შორის, ბაალცაფონის წინ. მის გასწვრივ, ზღვასთან დაიბანაკეთ.
3. იფიქრებს ფარაონი ისრაელიანებზე, გზა აებნათო ამ ქვეყანაში, უდაბნომ მოიმწყვდიაო.
4. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და უკან დაგედევნებათ; გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელს მის ჯარზე და მიხვდებიან ეგვიპტელები, რომ უფალი ვარ. ასეც მოიქცნენ.
5. ემცნო ეგვიპტის მეფეს, რომ გაიქცა ხალხი. შეეცვალათ გუნება ფარაონს და მის მორჩილთ ამ ხალხზე და თქვეს: ეს რა ვქენით, რომ გავათავისუფლეთ ისრაელიანები ჩვენი მორჩილებისგან?
6. შეკაზმა ფარაონმა თავისი ეტლი და იახლა თავისი ხალხი.
7. წაიყვანა ექვსასი რჩეული ეტლი, ეგვიპტის ყველა ეტლი და მათი მეთაურები.
8. გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და დაედევნა იგი ისრაელიანებს. ხოლო ისრაელიანები მაღალი ხელის შემწეობით გადიოდნენ.
9. უკან დაედევნა მათ ეგვიპტე და მიეწივნენ ფი-პახიროთთან, ბაალ-ცაფონის გასწვრივ, ზღვის პირას დაბანაკებულთ ფარაონის ეტლები, მხედრები და ჯარი.
10. მოახლოვდა ფარაონი, გაიხედეს ისრაელიანებმა და, აჰა, მოსდევს მათ მთელი ეგვიპტე; ძლიერ შეეშინდათ და შეჰბღავლეს უფალს.
11. უთხრეს მოსეს: განა ეგვიპტეში ვერ დავიმარხებოდით, უდაბნოში რომ მოგვიყვანე სასიკვდილოდ? ეს რა გვიყავი, რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან?
12. განა ამას არ გეუბნებოდით ეგვიპტეში: დაგვანებე თავი და დავემორჩილებით ეგვიპტელებს, რადგან უდაბნოში სიკვდილს ეგვიპტის მორჩილებაში ყოფნა გვირჩევნია?
13. უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი. დღეს ხედავთ ეგვიპტელებს, მაგრამ ამიერიდან აღარასოდეს იხილავთ.
14. უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ მშვიდად იყავით.
15. უთხრა უფალმა მოსეს: რას შემომბღავით? უთხარი, დაიძრან, ისრაელიანებს.
16. შენ კი კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი და მშრალად შევლენ ისრაელიან შუაგულ ზღვაში.
17. ხოლო მე გულს გავუსასტიკებ ეგვიპტელებს და დაგედევნებიან. მაშინ გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე, მთელს მის ჯარზე, მის ეტლებზე და მხედრებზე.
18. მიხვდება ეგვიპტე, რომ უფალი ვარ, როცა გამოვაჩენ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებზე და მხედრებზე.
19. დაიძრა ისრაელის ბანაკის წინ მავალი ღვთის ანგელოზი და უკან გაჰყვა მათ; დაიძრა ღრუბლის სვეტი და უკან შეუდგა მათ.
20. ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკებს შორის იყო ღრუბლად და წყვდიადად ეგვიპტელთათვის, ისრაელს კი ღამეს უნათებდა. მთელი ღამის მანძილზე არ მიახლოვებიან ერთმანეთს.
21. დააღირა ხელი ზღვას მოსემ და მთელი ღამე მოდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით. ხმელეთად აქცია ზღვა და გაიპო წყალი.
22. მშრალად შევიდნენ ისრაელიანები შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ.
23. დაედევნენ ეგვიპტელები, შეჰყვნენ შუაგულ ზღვაში ფარაონის ცხენები, მისი ეტლები და მხედრები.
24. დაჰხედა დილის სახმილავზე უფალმა ცეცხლისა და ღრუბლის სვეტიდან ეგვიპტელთა ბანაკს და არივ-დარია ეგვიპტელთა ბანაკი.
25. დააძრო ბორბლები მათ ეტლებს და გაუძნელა სვლა. თქვეს ეგვიპტელებმა: გავერიდოთ ისრაელს, რადგან მისი გულისთვის ებრძვის უფალი ეგვიპტელებს.
26. უთხრა უფალმა მოსეს: დააღირე ზღვას ხელი და მიიქცევა წყალი ეგვიპტელებისკენ, მათი ეტლებისა და მხედრობისკენ.
27. დააღირა ხელი ზღვას მოსემ და განთიადამდე მიიქცა ზღვა თავის ადგილას. უკან მიბრუნებული ეგვიპტელები მიაწყდნენ ზღვას და ჩაყარა ისინი უფალმა შუაგულ ზღვაში.
28. მიიქცა წყალი და დაფარა ეტლები, მხედრები დ ფარაონის მთელი ლაშქარი, ზღვაში რომ შეჰყვნენ მათ; ერთიც არ გადარჩენილა.
29. ხოლო ისრაელიანები მშრალად გადიოდნენ შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ.
30. იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი ეგვიპტელთაგან და იხილა ისრაელმა დახოცილი ეგვიპტელები ზღვის ნაპირზე.
31. იხილა ისრაელმა მაგარი ხელი, რომელიც აღმართა უფალმა ეგვიპტელებზე. შეეშინდა ხალხს უფლისა და ირწმუნეს უფალი და მისი მორჩილი მოსე.
თავი მეთხუთმეტე
1. მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი.
2. ჩემი ძალი და დიდებაა უფალი, მხსნელად მყავდა იგი; ჩემი ღმერთია და მას ვაქებ; მამაჩემის ღმერთია და მას ვადიდებ.
3. მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.
4. ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი, მისი რჩეული მხედართმთავრები დაიღრჩვნენ მეწამულ ზღვაში.
5. მორევმა ჩაიხვია ისინი, ქვებივით ჩაიძირნენ ღურღუმელში.
6. შენი მარჯვენა, უფალო, განთქმულია ძალით; შენი მარჯვენა, უფალო, ლეწავს შენს მტრებს.
7. შენი უსაზომო დიდებით ამხობ შენს წინააღმდგომთ, გზავნი შენს რისხვას და ჩალასავით გადაბუგავ მათ.
8. შენი ნესტოების ქარით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ზვირთები, შენივთდა მორევი შუაგულ ზღვაში.
9. თქვა მტერმა: დავედევნები, მივეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ვიყრი მათზე, მახვილს ვიშიშვლებ და მუსრს გაავლებს მათ ჩემი ხელი.
10. სული შეუბერე და ზღვამ დაფარა ისინი; ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში.
11. ვინ არს შენი მსგავსი, უფალო, ღმერთთა შორის? ვინ არის, შენს მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმიდით, ქებათა ღირსი, სასწაულმოქმედი?
12. მოიღერე მარჯვენა და მიწამ ჩაყლაპა ისინი.
13. ატარე შენი მადლით ეს ხალხი და გამოიხსენი; მიიყვანე შენი ძლიერებით შენი სიწმიდის სამკვიდრებელში.
14. გაიგონეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ, აცახცახდნენ ფელაშეთის მკვიდრნი.
15. მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთავრები, მოაბის ბელადები შეიპყრო შიშმა; დაღონდნენ ქანაანის მკვიდრნი.
16. დაეცათ თავზარი შენი ძლიერი მკლავისაგან. ქვასავით იდუმონ ვიდრე ჩაივლიდეს, უფალო, შენი ერი, ვიდრე ჩაივლიდეს ეს ხალხი, შენ რომ დაიხსენი.
17. შეიყვანე და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილას, შენს დასავანებლად რომ შეჰქმენი, უფალო! იმ საწმიდარში, შენი ხელით რომ დაამყარე, მეუფევ!
18. იმეფებს უფალი უკუნითი უკუნისამდე!
19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში.
20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული.
21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში.
22. დაძრა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. სამ დღეს იარეს უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
23. მიადგნენ მარას, მაგრამ მარაში წყალი ვერ დალიეს, მწარე იყო. ამიტომაც ეწოდება სახელად მარა (მწარე).
24. შესჩივლა ხალხმა მოსეს და უთხრა: რა დავლიოთ?
25. შეჰღაღადა მოსემ უფალს და დაანახვა უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა უფალმა ხალხს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი.
26. თქვა: თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არცერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი.
27. მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე. იქ დაიბანაკეს, წყლებთან.
თავი მეთექვსმეტე
1. დაიძრა ელიმით და ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის მთას შორის მდებარეობს.
2. შესჩივლა ისრაელიანთა მთელმა საზოგადოებამ მოსეს და აარონს უდაბნოში.
3. უთხრეს ისრაელიანებმა: ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტო მთელი კრებული!
4. უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, პურს გაწვიმებთ ციდან, გამოვიდეს ხალხი და ყოველდღე აკრიფოს დღიური სამყოფი. უნდა გამოვცადო, მისდევს თუ არა ჩემს რჯულს.
5. მეექვსე დღეს დაამზადებენ მოტანილს და იმაზე ორჯერ მეტი გამოუვათ, რასაც ყოველდღიურად აგროვებენ.
6. უთხრეს მოსემ და აარონმა ყველა ისრაელიანს: საღამო ხანს გაიგებთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.
7. გათენდება და იხილავთ უფლის დიდებას. ისმინა მან თქვენი ჩივილი უფლისადმი. ჩვენ ვინა ვართ, ჩვენ რომ შემოგვჩივით?
8. თქვა მოსემ: საღამოხანს ხორცს მოგცემთ საჭმელად და დილით პურს გაძღომამდე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩიოდით.
9. უთხრა მოსემ აარონს: უთხარი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას: წარუდექით უფალს, რადგან ისმინა მან თქვენი ჩივილი.
10. როდესაც ელაპარაკებოდა აარონი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას, გაჰხედა უდაბნოს და, აჰა, გამოჩნდა ღრუბელში უფლის დიდება.
11. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
12. ვისმინე ისრაელიანთა ჩივილი. ასე უთხარი მათ: საღამოხანს ჭამეთ ხორცი და დილით დაძეხით პურით, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
13. საღამოხანს მოფრინდა მწყერი და დაფარა მთელი ბანაკი; დილით კი ცვრით იყო მოფენილი მთელი ბანაკი.
14. დადნა ცვარი და აჰა, ყრია უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი, წვრილი როგორც ჭირხლია ხოლმე მიწაზე.
15. დაინახეს ისრაელიანებმა და ეკითხებოდნენ ერთმანეთს, ეს რა არისო, რადგან არ იცოდნენ რა იყო. უთხრა მათ მოსემ: ეს არის პური, საჭმელად რომ მოგცათ უფალმა.
16. ასე აქვს ნაბრძანები თქვენთვის უფალს: თითოეულმა იმდენი შეაგროვეთ, რამდენიც საჭმელად გჭირდებათ; კაცზე თითო გომერი, სულადობის კვალობაზე; ყველამ თქვენ-თქვენს კარავში მყოფთათვის შეაგროვეთ.
17. ასე მოიქცნენ ისრაელიანები: შეაგროვეს, ვინ ბევრი, ვინ ცოტა.
18. არწყეს გომერით; არც ბევრის შემგროვებელს აღმოაჩნდა ზედმეტი და არც მცირეს შემგროვებელს კლებია რამე. თითოეულს იმდენი ჰქონდა შეგროვილი, რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა.
19. უთხრა მათ მოსემ: დილისთვის არვინ მოიტოვოს ნარჩენები.
20. არ დაუჯერეს მოსეს. და დილისთვის მოიტოვეს ნარჩენები. გაუჩნდა მატლი და ამყრალდა, და გაურისხდა მათ მოსე.
21. აგროვებდნენ დილაობით რამდენიც სჭირდებოდათ საჭმელად; მზის მცხუნვარებაში კი დნებოდა.
22. მეექვსე დღეს ორჯერ მეტი შეაგროვეს პური, ორი გომერი თითო სულზე, მივიდნენ მოსესთან საზოგადოების თავკაცები და შეატყობინეს.
23. უთხრა მათ მოსემ: ასე აქვს ნაბრძანები უფალს: ხვალ უქმეა. უფლის წმიდა შაბათი; რის გამოცხობასაც აპირებთ, გამოაცხვეთ, რის მოხარშვასაც აპირებთ, მოხარშეთ; რაც მოგრჩებათ, დილისთვის შეინახეთ.
24. მათაც მოიტოვეს დილამდე, როგორც ბრძანა მოსემ; არც ამყრალებულა და არც მატლი გასჩენია.
25. უთხრა მოსემ: დღეს ჭამეთ, რადგან დღეს უფლის შაბათია; ვერაფერს იპოვით დღეს ველზე.
26. ექვს დღეს აგროვეთ იგი; მეშვიდე დღეს კი შაბათია; არაფერი იქნება ამ დღეს.
27. გავიდნენ მეშვიდე დღეს ზოგიერთები შესაგროვებლად და ვერაფერი იპოვეს.
28. უთხრა უფალმა მოსეს: როდემდის უნდა მირღვევდეთ მცნებებს და სჯულდებებს?
29. გახსოვდეთ, შაბათი მოუცია თქვენთვის უფალს. ამიტომაც მოგცათ მან მეექვსე დღეს ორი დღის სამყოფი პური; დარჩით თქვენ-თქვენს ადგილზე და არსად გახვიდეთ მეშვიდე დღეს.
30. და უქმობდა ხალხი მეშვიდე დღეს.
31. დაარქვა მას ისრაელის სახლმა სახელად მანანა ქინძის თესლის ოდენა იყო, თეთრი, თაფლიანი პურის გემო ჰქონდა.
32. თქვა მოსემ: ასე აქვს ნაბრძანები უფალს: აავსე მანანით გომერი შესანახად თაობიდან თაობაში, რათა იხილონ პური, რომელსაც გაჭმევდით უდაბნოში, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.
33. უთხრა მოსემ აარონს: აიღე ერთი ბადია, ჩადე შიგ სრული გომერი მანანა და დადგი უფლის წინაშე თაობიდან თაობაში შესანახად.
34. დადგა აარონმა იგი შესანახად აღთქმის კიდობნის წინ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
35. ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელიანები მანანას, ვიდრე თავიანთ სამკვიდრებელში მივიდოდნენ; მანანას ჭამდნენ, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე მივიდოდნენ.
36. გომერი კი ეფას მეათედია.
თავი მეჩვიდმეტე
1. დაიძრა მწყობრად ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში, სადაც ხალხისთვის სასმელი წყალი არ იპოვებოდა.
2. შესჩიოდა ხალხი მოსეს და ეუბნებოდა: მოგვეცით სასმელი წყალი! უთხრა მათ მოსემ: რატომ მეჩხუბებით, რატომ სცდით უფალს?
3. ხალხს წყალი სწყუროდა. უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: რისთვისღა ამოგვიყვანე ეგვიპტიდან, თუ წყურვილით დაგვხოცავდით ჩვენც, ჩვენს ბავშვებსაც და საქონელს?
4. ასე შეჰღაღადა მოსემ. უფალს: რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ.
5. უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიარე ხალხის წინ, და თან ისრაელის უხუცესთაგანნი იახლე; ხელში გეჭიროს კვერთხი, რომელსაც სცემდი ნილოსს, და იარე.
6. მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გამოვა წყალი, და დალევს ხალხი. ასეც გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
7. უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა ისრაელიანთა შუღლის გამო და იმის გამო, რომ უფალი გამოცადეს, როცა თქვეს: არის თუ არა ჩვენს შორის უფალი?
8. მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.
9. უთხრა მოსემ იესოს: გამოარჩიე კაცები და გადი ყამალეკთან საბრძოლველად. ხვალ ბორცვის თავზე ვიდგები და ღვთიური კვერთხი მეჭირება ხელში.
10. ისე მოიქცა იესო, როგორც უბრძანა მოსემ: წავიდა ყამალეკთან საბრძოლველად, ხოლო მოსე, აარონი და ხური ბორცვზე ავიდნენ.
11. როცა ხელს აღმართავდა მოსე, ძლევდა ისრაელი. როცა დაუშვებდა ხელს, ყამალეკი ძლევდა.
12. დაუმძიმდა ხელები მოსეს; მოუტანეს ქვა, ქვეშ დაუდეს და ჩამოჯდა ქვაზე მოსე. ხოლო აარონსა და ხურს მისი ხელები ეჭირათ, ერთს ერთი მხრიდან, მეორეს მეორე მხრიდან. არ ჩამოშვებია ხელები მზის ჩასვლამდე.
13. სძლია იესომ ყამალეკს და მის ხალხს მახვილით.
14. უთხრა უფალმა მოსეს: სამახსოვროდ ჩასწერე ეს წიგნში და ჩააგონე იესოს, რომ აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან.
15. ააგო მოსემ სამსხვერპლო და უწოდა სახელად ადონაი-ნისი (უფალი - ალამი ჩემი).
16. თქვა: რადგან ხელი უფლის ტახტზეა: ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.
თავი მეთვრამეტე
1. შეიტყო მიდიანელმა მღვდელმა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ყველაფერი, რაც გაუკეთა ღმერთმა მოსეს და ისრაელს, თავის ერს, როდესაც გამოჰყავდა უფალს ისრაელი ეგვიპტიდან.
2. წამოიყვანა ითროშ, მოსეს სიმამრმა, ციფორა, მოსეს ცოლი, რომელიც გაშვებული ჰყავდა მოსეს.
3. მისი ორი ვაჟიშვილი, რომელთაგან ერთს ერქვა სახელად გერშომი, რადგან თქვა: მდგმური ვიყავიო უცხო ქვეყანაში.
4. ხოლო მეორეს - ელიაზარი, რადგან თქვა: მამაჩემის ღმერთი შემწედ მყავდაო და მიხსნა ფარაონის მახვილისგან.
5. და მივიდა ითრო, მოსეს სიმამრი, მოსეს ცოლითა და მისი შვილებითურთ, მოსესთან უდაბნოში, სადაც ბანაკად იდგა იგი ღვთის მთასთან.
6. შეატყობინა მოსეს: შენი სიმამრი მოვედი შენთან, შენი ცოლითა და მისი ორი ვაჟიშვილითურთ.
7. მიეგება მოსე თავის სიმამრს, თაყვანისცა და გადაკოცნა; მოიკითხეს ერთმანეთი და შევიდნენ კარავში.
8. უამბო მოსემ თავის სიმამრს ყველაფერი, ისრაელის გამო რაც დამართა უფალმა ფარაონს და ეგვიპტელებს, ყველა გასაჭირი, რაც გზაში შეხვდათ და როგორ იფარავდა მათ უფალი.
9. გაიხარა ითრომ ყველა იმ სიკეთით, რაც უყო უფალმა ისრაელს, როცა იხსნა იგი ეგვიპტელთა და ფარაონის ხელიდან.
10. თქვა ითრომ: კურთხეულია უფალი, რომელმაც გიხსნათ ეგვიპტელთა და ფარაონის ხელიდან, რომელმაც იხსნა ერი ეგვიპტელთა მონობისგან.
11. ახლა კი ვიცი, რომ ყველა ღმერთზე დიდია უფალი, რადგან იხსნა ხალხი ეგვიპტელთა ხელიდან, როდესაც მზვაობრობდნენ მასზე.
12. მიუტანა ითრომ, მოსეს სიმამრმა, ღმერთს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავი. მივიდნენ აარონი და ისრაელის მთელი უხუცესობა, რათა უფლის წინაშე ეჭამათ პური მოსეს სიმამრთან ერთად.
13. მეორე დღეს დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად; დილიდან საღამომდე იდგა ხალხი მოსეს წინაშე.
14. დაინახა მოსეს სიმამრმა ყველაფერი, როგორ ექცეოდა იგი ხალხს და ჰკითხა: როგორ ექცევი ხალხს? რატომ ზიხარ მარტო, როცა მთელი ხალხი დილიდან საღამომდე ფეხზე დგას შენს წინაშე?
15. უთხრა მოსემ სიმამრს: იმიტომ, რომ ჩემთან მოდის ხალხი ღვთის ნების საკითხავად.
16. როცა რაიმე საქმე გაუჩნდებათ, ჩემთან მოდიან და მეც განვსჯი მათ სამართალს, ვუცხადებ ღვთის წესებსა და რჯულს.
17. უთხრა სიმამრმა მოსეს: არ არის კარგი, რასაც შენ აკეთებ.
18. გაიტანჯებით შენც და ეს ხალხიც, შენთან რომ არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე. მარტო შენ ვერ აუხვალ მას.
19. ახლა გაიგონე ჩემი სიტყვა, რჩევას მოგცემ და შენთან იქნება ღმერთი. იყავი ხალხის შუამავალი ღმერთთან და წარუდგინე ღმერთს მათი სარჩელი.
20. ასწავლე მათ წესები და რჯული, უჩვენე გზა, რითაც უნდა იარონ, და საქმეები, რაც უნდა აკეთონ.
21. გამონახე ერში მაგარი ხალხი, ღვთისმოშიშნი, ანგარების მოძულენი, წრფელი ხალხი და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუდგნენ ერს.
22. მათ განსაჯონ ერი ყოველ დროს; დიდი საქმეები შენ მოგახსენონ, ხოლო წვრილმანი თავად გადაწყვიტონ, შემოგეშველონ, რომ შეგიმსუბუქდეს ტვირთი.
23. თუ ასე მოიქცევი, და ღმერთიც მოგცემს დარიგებებს, მაშინ გაუძლებ და ეს ხალხიც მშვიდობით დაბრუნდება თავის ადგილზე.
24. ისმინა მოსემ თავისი სიმამრის სიტყვა და შეასრულა ყოველი მისი ნათქვამი.
25. გამოარჩია მოსემ მაგარი ხალხი მთელი ისრაელიდან და დანიშნა ისინი ერის თავკაცებად - ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.
26. სჯიდნენ ისინი ერს ყოველ დროს; მძიმე საქმეს მოსეს მოახსენებდნენ, ხოლო წვრილმან საქმეებს თავად წყვეტდნენ.
27. გაისტუმრა მოსემ სიმამრი და ისიც წავიდა თავისთვის თავის ქვეყანაში.
თავი მეცხრამეტე
1. ეგვიპტიდან გამოსვლის მესამე თვეს, ამ დღეს მიადგნენ ისრაელიანები სინაის უდაბნოს.
2. დაიძრნენ რეფიდიმიდან და მიადგნენ სინაის უდაბნოს და დაიბანაკეს უდაბნოში; მთის გასწვრივ დაბანაკდა ისრაელი.
3. ავიდა ღმერთთან მოსე და მთიდან ჩამოსძახა მას უფალმა: ასე უთხარი იაკობის სახლს და ამცნე ისრაელიანებს:
4. თქვენ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტეს, როგორ აგიტაცეთ არწივის ფრთებით და ჩემთან მოგიყვანეთ.
5. ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.
6. მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით. აი, სიტყვები, რაც უნდა უთხრა ისრაელიანებს.
7. მივიდა მოსე და მოუხმო ერის უხუცესობას, და მოახსენა ყველაფერი, რაც უფალმა უბრძანა.
8. ერთხმად მიუგო ერმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც ბრძანა უფალმა. წაუღო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი.
9. უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, გამოგეცხადები ზრქელ ღრუბელში, რათა მოისმინოს ერმა ჩემი ლაპარაკი შენთან, და სამუდამოდ გერწმუნოს. ამცნო მოსემ უფალს ხალხის ნათქვამი.
10. უთხრა უფალმა მოსეს: წადი ხალხში და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, სამოსელი გაირეცხონ.
11. განემზადონ ზეგისათვის, რადგან ზეგ ჩამოვა უფალი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
12. ირგვლივ საზღვარი შემოუწერე ხალხს და უთხარი: მოერიდეთ მთაზე ასვლას და ნუ მიეკარებით მის კალთებს; ვინც კი მთას მიეკარება, ვერ გადაურჩება სიკვდილს.
13. ხელი არავინ მიაკაროს მას, რადგან ჩაიქოლება იგი, ან შუბით განიგმირება; გინა პირუტყვი იყოს, გინა კაცი, არავინ გადარჩება ცოცხალი. როცა ბუკის ხმა გაისმება, მხოლოდ მაშინ შეეძლებათ მთაზე ასვლა.
14. ჩამოვიდა მოსე მთიდან და განწმიდა ხალხი; გაირეცხეს მათ სამოსელი.
15. უთხრა ხალხს: ზეგისათვის გაემზადეთ, დედაკაცს არ მიეკაროთ.
16. მესამე დღეს, გათენებისას, შეიქნა გრგვინვა და მეხის ტეხა, ჩამოწვა მთაზე ზრქელი ღრუბელი და გაისმა საყვირის ხმა, ძალზე ძლიერი. შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი.
17. გამოიყვანა ბანაკიდან ხალხი მოსემ ღვთის შესახვედრად და დადგნენ მთის ძირას.
18. ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.
19. თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა; ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი.
20. ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ, და ავიდა მოსე.
21. უთხრა უფალმა მოსეს: ჩადი და დააფიცე ხალხი, არ მოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა ბევრი მათგანი.
22. მღვდელმსახურნიც, რომელნიც მოეახლებიან უფალს, უნდა განიწმიდონ, რომ არ გაწყვიტოს ისინი უფალმა.
23. უთხრა მოსემ უფალს: ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან გაფრთხილებული გყავართ, საზღვარი შემოავლე მთას და განწმიდეო იგი.
24. უთხრა მას უფალმა: ჩადი და ამოიყვანე აარონი; მღვდელმსახურნი და ხალხი ნუ ეცდებიან უფალთან ამოსვლას, რომ არ გაწყვიტოს ისინი.
25. ჩავიდა მოსე ხალხთან და უთხრა ყველაფერი.
თავი მეოცე
1. თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
2. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
3. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები.
4. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.
5. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.
6. ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის.
7. არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი.
8. გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი.
9. ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები;
10. მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს.
11. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
12. პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.
13. არა კლა.
14. არ იმრუშო.
15. არ იქურდო.
16. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ.
17. არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან.
18. ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა.
19. უთხრეს მოსეს: შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.
20. უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ.
21. მოშორებით იდგა ხალხი, ხოლო მოსე მიადგა ნისლს, სადაც ღმერთი იყო.
22. უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: თქვენ დაინახეთ, როგორ გელაპარაკებოდათ ციდან.
23. ნუ გაიკეთებთ ვერცხლისა და ოქროს კერპებს.
24. მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა. ყოველ ადგილას, სადაც კი დავთქვამ ჩემი სახელის ხსენებას, გამოგეცხადები და დაგლოცავ.
25. თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისაგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა კვერს, წაიბილწება იგი.
26. საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.
თავი ოცდამეერთე
1. აჰა, კანონები, რომლებიც უნდა დაუდგინო მათ:
2. თუ ებრაელ ყმას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს.
3. თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, ცოლიც თან წაიყოლოს.
4. თუ პატრონმა უთხოვა ცოლი და ცოლმა ვაჟები და ასულები უშვა, ცოლიც და მისი შვილებიც პატრონისაა; თავად მარტო წავიდეს.
5. თუ ყმა იტყვის: მიყვარს ჩემი პატრონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო,
6. მოიყვანოს მისმა პატრონმა ღვთის სამსჯავროზე, მიაყენოს იგი კართან ან წირთხლთან და სადგისით გაუხვრიტოს ყური; მისი ყმა იქნება სამუდამოდ.
7. თუ კაცი ვინმე მხევლად გაყიდის თავის ქალიშვილს, ყმასავით არ უნდა წავიდეს იგი.
8. თუ თვალში არ მოუვიდა პატრონს, რომლის დანიშნულიც არის, თავი მაინც გამოასყიდვინოს; უფლება არა აქვს, უცხოს მიჰყიდოს, რადგან პირი უშალა.
9. თუ თავის ვაჟიშვილზე დანიშნავს, როგორც ქალიშვილს, ისე უნდა მოექცეს.
10. თუ სხვა ქალს შერთავს მას, საკვების, სამოსელის და სარეცელის უფლება არ უნდა წაერთვას.
11. თუ ამ სამი რამით არ უზრუნველჰყო, ქალს შეუძლია გამოსასყიდის გარეშე წავიდეს.
12. თუ კაცმა ცემით მოკლა კაცი, თავადაც უნდა მოკვდეს.
13. თუ განზრახვა არ ჰქონია და ღმერთმა შეამთხვია, მე დავუნიშნავ ადგილს, სადაც უნდა შეაფაროს თავი.
14. თუ კაცს თვისტომის ჯავრი სჭირდა და მზაკვრულად მოკლა იგი, ჩემი სამსხვერპლოდან წაიყვანე მოსაკლავად.
15. ვინც ხელს შემოჰკრავს თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
16. ვინც კაცს მოიპარავს და გაყიდის, ან მის ხელში აღმოჩნდება, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
17. ვინც დასწყევლის თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
18. თუ კაცები ერთმანეთს წაეკიდნენ, ერთმა მეორეს ქვა ან მუშტი დაჰკრა, კაცი გადარჩა, მაგრამ ლოგინად ჩავარდა,
19. მერე თუ ფეხზე წამოდგა და ჯოხით გარეთ სიარული შეძლო, მისი მცემელი არ დაისჯება; მხოლოდ გაცდენილ დროს აუნაზღაურებს და უმკურნალებს.
20. თუ კაცი კეტით სცემს თავის ყმას ან მხევალს და შემოაკვდება, პასუხი უნდა აგოს.
21. ოღონდ თუ ერთს ან ორ დღეს გააწია, პასუხი არ მოეთხოვება, რადგან მისი ვერცხლია იგი.
22. თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ, რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ.
23. თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ.
24. თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ფეხი ფეხის წილ.
25. დამწვრობა დამწვრობის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ, ნატკენი ნატკენის წილ.
26. თუ კაცი თვის ყმას ან მხევალს თვალში ჩაარტყამს და გაუფუჭებს, თვალის წილ უნდა გაათავისუფლოს.
27. თუ ყმას ან მხევალს კბილს ჩაუმტვრევს, კბილის წილ უნდა გაათავისუფლოს.
28. თუ ხარი კაცს ან ქალს ურქენს და მოკლავს, ხარი უნდა ჩაიქოლოს; მისი ხორცი არ იჭმება; ხარის პატრონი უბრალოა.
29. თუ ხარი გუშინ და გუშინწინაც მორქენალი იყო და პატრონიც გაფრთხილებული ჰყავდათ, მაგრამ არ დააბა და ხარმა მოკლა კაცი ან ქალი, უნდა ჩაიქოლოს და მისი პატრონიც უნდა მოკვდეს.
30. თუ გამოსასყიდს დაუწესებენ, გადაიხადოს სიცოცხლის გამოსასყიდად, რასაც დაუწესებენ.
31. თუ ვაჟიშვილს ურქენს, ან ქალიშვილს ურქენს, ამ კანონის მიხედვით მოექცნენ.
32. თუ ყმას ურქენს ხარი ან მხევალს, ოცდაათი შეკელი ვერცხლი გადაუხადოს მათ პატრონს, ხარი კი ჩაქოლონ.
33. თუ კაცი ვინმე თავს ახდის ორმოს ან თუ ამოიღებს ორმოს და არ გადახურავს და შიგ ხარი ან ვირი ჩავარდება,
34. ორმოს პატრონმა ვერცხლით უნდა აუნაზღაუროს საქონლის პატრონს; მკვდარი პირუტყვი კი მას დარჩება.
35. თუ ვინმეს ხარი მეზობლის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და მისი ფასი თანასწორად გაინაწილონ; მოკლულიც თანასწორად გაინაწილონ.
36. თუ ხარი ადრეც მორქენალი იყო და პატრონს დაბმული არ ჰყავდა, ხარის წილ ხარი უნდა უზღოს; მევდარი კი მას დარჩეს.
37. თუ ვინმე ხარს ან ცხვარს მოიპარავს და დაკლავს ან გაყიდის, ხარის წილ ხუთი ხარი და ცხვრის წილ ოთხი ცხვარი უნდა ზღოს.
თავი ოცდამეორე
1. თუ ქურდს ხვრელის თხრისას წაასწრეს და ისე სცემეს, რომ მოკვდა, სისხლი არ მოიკითხება.
2. თუ ეს ამბავი მზისით მოხდა, სისხლი მოეკითხება მას. მპარავმა უნდა ზღოს. თუ არაფერი აქვს, ქურდობის გამო უნდა გაყიდონ იგი.
3. თუ ხელზე ცოცხლად უპოვნიან ნაქურდალს, ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, ორმაგად უნდა ზღოს.
4. თუ ვინმე მიუშვებს თავის პირუტყვს და სხვის ყანას ან ვენახს გადააძოვინებს, საკუთარი ყანიდან და საკუთარი ვენახიდან საუკეთესო ნაყოფით უნდა ზღოს.
5. თუ ცეცხლი გაჩნდება, ძეძვს მოედება, ზვინს ან პურის ყანას ან მინდორს გადაწვავს, ხანძრის გამჩენელმა უნდა ზღოს.
6. თუ ვინმე თვისტომს ვერცხლს ან რაიმე ნივთს შესანახად მიაბარებს და ამ კაცის სახლიდან მოიპარავენ, ქურდმა, თუ იპოვეს, ორმაგად უნდა ზღოს.
7. თუ ქურდი ვერ იპოვეს, სახლის პატრონი ღვთის სამსჯავროზე უნდა წარდგეს და დაიფიცოს რომ ხელი არ უხლია თავისი თვისტომის ქონებისთვის.
8. ყოველგვარ დანაშაულზე, ხარის საქმე იქნება ეს, სახედრის, ცხვრის თუ ტანისამოსის, ყოველ დაკარგულ ნივთზე, რომელზეც ითქმის ვინმეს მიერ, ჩემი არისო, ამ ორის საქმე ღვთის სამსჯავრომდე უნდა მივიდეს და ვისაც ღვთის სამსჯავრო გაამტყუნებს, მან ორმაგად უნდა უზღოს თვისტომს.
9. თუ ვინმე თვისტომს შესანახად მიაბარებს ვირს, ხარს, ცხვარს ან სხვა პირუტყვს, სიკვდილის ან დამტვრევის შემთხვევაში, თუ მოწმე არ არის,
10. უფლის წინაშე უნდა დაიფიცოს, რომ ხელი არ უხლია თვისტომის საქონელისთვის. პატრონი ფიცს მიიღებს და არაფერს ზღავს.
11. თუ მოჰპარეს, უნდა უზღოს მის პატრონს.
12. თუ მხეცმა დაგლიჯა, უნდა დაამტკიცოს და ნამხეცავ პირუტყვს არ ზღავს.
13. თუ ვინმე თვისტომისგან პირუტყვს ინათხოვრებს და დაუსახიჩრდება ან მოუკვდება, თუ პატრონი იქ არ იყო, უნდა ზღოს.
14. თუ პატრონი იქ იყო, არ უნდა ზღოს; თუ ქირის კაცია, ქირიდან გამოექვითება.
15. თუ ვინმე დაუნიშნავ ქალწულს შეაცდენს და დაწვება მასთან, ურვადი უნდა გადაიხადოს მისთვის, რომ ცოლად ჰყავდეს.
16. თუ ქალის მამა წინააღმდეგი შეიქნა და არ მიათხოვა, საქალწულო ურვადის საფასური ვერცხლი უნდა გადაიხადოს.
17. ჯადოქარი ცოცხალი არ დატოვო.
18. პირუტყვთან კავშირის დამჭერი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
19. ვინც უფლის გარდა სხვა ღმერთებს სწირავს მსხვერპლს, უნდა მოიკვეთოს.
20. მდგმურს ნუ შეავიწროვებ, ნუ დაჩაგრავ, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში.
21. ქვრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ.
22. თუ დაჩაგრავ, მე შემომჩივლებენ და შევისმენ მათ ჩივილს.
23. რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ.
24. თუ ვინმეს, ჩემ ერისაგანს, ღარიბ-ღატაკს, ვერცხლს ასესხებ, მევახშესავით ნუ მოექცევი, სარგებელს ნუ დაუწესებ.
25. თუ შენი თვისტომისგან ტანსაცმელს დაიგირავებ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე.
26. რადგან იგი მისი ერთადერთი საფარველია, მისი ხორცის შესამოსელია; რაში გამოეხვიოს ძილის დროს? როცა შემომჩივლებს, შევისმენ, რადგან გულმოწყალე ვარ.
27. ღვთის მსაჯულებს ნუ შეურაცხყოფ და თავკაცს შენს ხალხში ნუ დასწყევლი.
28. პირველი თაველი და პირველდაწურული არ დამიგვიანო; შენს შვილებში პირმშო მე უნდა მომცე.
29. ასევე ძროხისა და ცხვრის პირველმოგებულიც; შვიდ დღეს დედასთან იყოს, მერვე დღეს მე უნდა მომცე.
30. წმიდა ერი უნდა იყოთ ჩემთვის; ველზე დაგდებული ნამხეცავი არ ჭამოთ, ძაღლებს გადაუგდეთ.
თავი ოცდამესამე
1. ცრუ ხმები არ დაყარო, ბოროტმოქმედს არ დაუჭირო მხარი ცრუ მოწმობით.
2. უმრავლესობას ნუ აჰყვები ბოროტ საქმეში, ნუ გადაიხრები უმრავლესობისაკენ და ნუ გაამრუდებ სამარალს.
3. შეღავათს ნუ გაუწევ გაჭირვებულს მის სადავო საქმეში.
4. თუ შენი მტრის დაკარგულ ხარს ან სახედარს წააწყდები სადმე, დაუბრუნე პატრონს.
5. თუ შენი მტრის სახედარს ტვირთის ქვეშ მოყოლილს დაინახავ, ნუ მიატოვებ, გამოხსნაში დაეხმარე.
6. ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.
7. ერიდე სიცრუეს; უდანაშაულოს და მართალ კაცს ნუ მოკლავ, რადგან ბოროტმოქმედს არ გავამართლებ.
8. ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულს და ასხვაფერებს მართალთა საქმეებს.
9. მდგმურს ნუ შეავიწროვებ; თავად იცით მდგმურის ყოფა, რადგან მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში.
10. ექვს წელიწადს თესე მიწა და აიღე მისი მოსავალი.
11. მეშვიდე წელს არ დაამუშავო, მიაგდე იგი, რომ საზრდო ჰქონდეთ შენი ერის ღარიბ-ღატაკებს, და რომ მისი ნარჩენები გარეულმა პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ.
12. ექვს დღეს აკეთე შენი საქმეები, ხოლო მეშვიდე დღეს იუქმე, რათა შეისვენოს შენმა ხარმა და სახედარმა, სული მოითქვან შენი მხევლის შვილმა და მდგმურმა.
13. რაც გითხარით, ყველაფერი დაიცავით; სხვა ღმერთების სახელი არ ახსენოთ, არ დასცდეს თქვენს ბაგებს.
14. სამჯერ გამიმართე დღესასწაული წელიწადში.
15. უფუარობის დღესასწაული დაიცავი: შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, განკუთვნილ დროს, აბიბის თვეში, როგორც გიბრძანე, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან. ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.
16. იზეიმე დღესასწაული შენი შრომის პირველნაყოფთა მოწევისა, რაც კი ყანაში დაგითესავს; და დღესასწაული კრეფისა წლის დამლევს, როცა შეუდგები ყანაში შენი ნამუშაკევის აკრეფას.
17. წელიწადში სამჯერ ეჩვენოს უფალ ღმერთს ყოველი მამაკაცი.
18. საფუარზე არ დაგეღვაროს ჩემი საკლავის სისხლი, არ დარჩეს დილამდე ჩემი სადღესასწაულო ცხიმი.
19. შენი მიწის პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში; არ მოხარშო თიკანი თავისი დედის რძეში.
20. აჰა, წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარვდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე.
21. უფრთხილდი, ისმინე მისი სიტყვა, ნუ გააჯავრებ, არ გაპატიებთ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი ხელი.
22. თუ დაუჯერებ და ყველაფერს აღასრულებ, რასაც გეუბნები, მტრად მოვეკიდები შენს მტრებს და შევავიწროვებ შენს შემავიწროებლებს.
23. როდესაც წაგიძღვება ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხივიელებთან, იებუსეველებთან და მე მოვსპობ მათ,
24. თაყვანი არა სცე მათ ღმერთებს და არ ემსახურო, არ აკეთო მათებური საქმეები, არამედ ჩაშალე ისინი და დალეწე მათი სვეტები.
25. ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს და გიკურთხებთ იგი პურსა და წყალს. არ გავაჭაჭანებ სნეულებას თქვენს შორის.
26. არ იქნება შენს ქვეყანაში მუცელმომწყდარი და ბერწი; ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს.
27. წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშსა და ზარს, შევაძრწუნებ ყოველ ხალხს, ვისთანაც კი მიხვალ. ზურგს შევაქცევინებ შენთვის შენს მტრებს.
28. კრაზანებს გავგზავნი თქვენს წინ და მოგაშორებენ ისინი ხივიელებს, ქანაანელებს და ხეთელებს.
29. არ მოგაშორებ მათ ერთ წელიწადს, რომ არ გაუკაცრიელდეს ქვეყანა და არ მოგეძალონ გარეული მხეცები.
30. თანდათანობით მოგაშორებ მათ, რომ მოასწრო გამრავლება და დაიმკვიდრო ქვეყანა.
31. დაგიდებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, უდაბნოდან მდინარემდე, როდესაც ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და მოიშორებ მათ.
32. ნუ შეეკვრები ნურც მათ და ნურც მათ ღმერთებს.
33. არ უნდა იმკვიდრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემს მიმართ, რადგან თუ ემსახურე მათ ღმერთებს, მახეში გაებმები.
თავი ოცდამეოთხე
1. უთხრა მოსეს: ადით უფალთან შენ, აარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი, და შორიდან ეცით თაყვანი.
2. მხოლოდ მოსე მიუახლოვდეს უფალს, დანარჩენები არ მიუახლოვდნენ; ხალხი არ ავიდეს მასთან ერთად.
3. მივიდა მოსე და შეატყობინა ხალხს უფლის ნათქვამი, და ყველა სჯულდება; ერთხმად უპასუხა ხალხმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც უბრძანებია უფალს.
4. დაწერა მოსემ უფლის სიტყვები; ადგა დილაადრიანად და აღმართა მთის ძირას სამსხვერპლო და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი შტოს მიხედვით.
5. გაგზავნა ისრაელიანთაგან ყმაწვილი კაცები და მათაც მიიტანეს აღსავლენი და შესწირეს უფალს ხარები სამადლობელ მსხვერპლად.
6. აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და თასებში ჩაასხა, ხოლო ნახევარი სამსხვერპლოს ასხურა.
7. აიღო აღთქმის წიგნი და წაუკითხა ხალხს, თქვა ხალხმა: ყველაფერს აღვასრულებთ და შევისმენთ, რაც უბრძანებია უფალს.
8. აიღო მოსემ სისხლი და მიასხურა ხალხს, თქვა: აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა ყველა ამ საქმეზე.
9. ავიდნენ მოსე, აარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელიანთა სამოცდაათი უხუცესი.
10. იხილეს მათ ისრაელის ღმერთი; მის ფერხთით იყო რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა, სუფთა როგორც თავად ზეცა.
11. ისრაელიანთა თავკაცებზე არ აღუმართავს ხელი; ხედავდნენ ღმერთს, ჭამდნენ და სვამდნენ.
12. უთხრა უფალმა მოსეს: ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი; მოგცემ ფიქალებს - რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.
13. ადგა მოსე და მისი მსახური იესო, და ავიდა მოსე ღვთის მთაზე.
14. ხოლო უხუცესებს უთხრა: აქ იყავით, ვიდრე თქვენთან მოვბრუნდებით; აჰა, თქვენთან იქნებიან აარონი და ხური. თუ ვისმე რამე საქმე გაუჩნდა, მათ მიაკითხოს.
15. ავიდა მოსე მთაზე და დაფარა ღრუბელმა მთა.
16. მოეფინა უფლის დიდება სინაის მთას. ექვს დღეს ეფარა მას ღრუბელი და მეშვიდე დღეს მოუწოდა უფალმა ღრუბლიდან.
17. გამოჩნდა უფლის დიდება მოგიზგიზე ცეცხლივით ისრაელიანთა თვალწინ.
18. შევიდა მოსე ღრუბელში და ავიდა მთაზე. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იყო მოსე მთაზე.
თავი ოცდამეხუთე
1. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2. უთხარი ისრაელიანებს, შესაწირავი ამიკრიფონ. ყველასგან, ვისაც გული უთქვამს, ამიკრიფეთ შესაწირავი.
3. აი, შესაწირავი, რომელიც უნდა აკრიფოთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.
4. ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლი, სელი და თხისური.
5. დათრიმლული ცხვრის ტყავები და თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები.
6. გასანათებელი ზეთი და სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის.
7. სარდიონის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.
8. გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.
9. როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი.
10. გააკეთონ კიდობანი ურთხელისგან; სიგრძე ორნახევარი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.
11. ხალასი ოქროთი მოჭედე შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.
12. ოთხი ოქროს რგოლი ჩამოასხი და ოთხსავე კუთხეში მიუმაგრე; ორი რგოლი ერთ მხარეს, ორი რგოლი მეორე მხარეს.
13. გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე.
14. კეტები რგოლებში გაუყარე კიდობნის გვერდების გასწვრივ, ისე რომ კიდობნის ტარება შეიძლებოდეს.
15. კიდობნის რგოლებში უნდა იყოს გაყრილი კეტები, არასოდეს არ გამოაძროთ.
16. ჩასდებ კიდობანში აღთქმას, რომელსაც მოგცემ.
17. გაუკეთებ სახურავს ხალასი ოქროსგან, სიგრძე ორნახევარი წყრთა იქნება, ერთნახევარი წყრთა - სიგანე.
18. ოქროსგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ.
19. ერთ ქერუბიმს ერთს კიდეზე დაამაგრებ, მეორე ქერუბიმს - მეორე კიდეზე. სახურავის ზემოთ ორსავე კიდეზე დაამაგრე ქერუბიმები.
20. თავსზემოთ ჰქონდეთ ფრთები გადმოშლილი ქერუბიმებს, რომ ფრთებმა დაფარონ სახურავი; პირი ერთმანეთისკენ ჰქონდეთ მიქცეული, სახურავს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბიმები.
21. ზემოდან დაადე სახურავი კიდობანს, ხოლო კიდობანში მოწმობა ჩადე, რომელსაც მე მოგცემ.
22. მანდ მოგევლინები ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებ, რაც ისრაელიანებისათვის უნდა გაბრძანებინოთ.
23. გააკეთებ ტაბლას ურთხელისგან: სიგრძე ორი წყრთა იქნება, სიგანე - ერთი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.
24. წმიდა ოქროთი მოჭედავ მას და ირგვლივ ოქროს გვირგვინს შემოავლებ.
25. ერთი მტკაველი სიმაღლის კედელი გაუკეთე ირგვლივ და ოქროს გვირგვინი შემოავლე კედელს.
26. ოთხი ოქროს რგოლი გაუკეთე და ოთხსავე კიდეზე ოთხსავე ფეხთან მიუმაგრე.
27. კეტების გასაყრელად უნდა იყოს რგოლები კედლებზე, ტაბლის ტარება რომ შეიძლებოდეს.
28. გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე; მათი მეშვეობით ატარონ ტაბლა.
29. გააკეთე მისთვის თეფშები, კოვზები, თასები და საღვრელის დასაღვრელი სამწდეოები; ხალასი ოქროსგან გააკეთე.
30. მუდამ გეწყოს ტაბლაზე ჩემს წინაშე დასადებელი პური.
31. გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან; ნაჭედი უნდა იყოს სასანთლე; მისი ღერო, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები გამობურცული უნდა იყოს.
32. ექვსი რტო უნდა გამოდიოდეს ღეროდან: სასანთლის სამი რტო ერთი მხრიდან, სასანთლის სამი რტო მეორე მხრიდან.
33. სამი ნუშისებური ჯამი ერთ რტოზე, კვირტი და ყვავილი; სამი ნუშისებური ჯამი მეორე რტოზე, კვირტი და ყვავილი. ასე ექვსსავე რტოზე, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან.
34. სასანთლის ღეროზე კი ოთხი ნუშისებური ჯამი, თავ-თავისი კვირტებითა და ყვავილებით.
35. ერთი კვირტი ორ რტოს ქვეშ, ერთი კვირტი კიდევ ორ რტოს ქვეშ, და ერთი კვირტიც კიდევ ორ რტოს ქვეშ, ექვსსავე რტოს ქვეშ, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან.
36. მათი კვირტები და რტოები ერთიანი უნდა იყიოს. ერთიანად უნდა იყოს ნაჭედი მთლიანი ხალასი ოქროსაგან.
37. გაუკეთე შვიდი ლამპარი, რომ აანთონ ეს ლამპრები მისი წინა მხარის გასანათებლად.
38. მაშები და აქანდაზები ხალასი ოქროსაგან გააკეთე.
39. ერთი ქანქარი ხალასი ოქროსაგან გააკეთონ იგი მთელი ამ მოწყობილობითურთ.
40. იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე.
თავი ოცდამეექვსე
1. ხოლო სავანე დაგრეხილი სელის, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭრისაგან გააკეთე; ზედ ქერუბიმები ამოქარგე.
2. თითოეული ნაჭრის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყოს, სიგანე - ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომის უნდა იყოს.
3. ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადაეკეროს, სხვა ხუთი ნაჭერი - ერთმანეთს.
4. ლურჯი კილოები გაუკეთე ერთ ნაჭერს კიდეზე, ბოლოში, გადანაკერთან; ასევე გაუკეთე უკანასკნელი ნაჭრის კიდეს მეორე გადანაკერთან.
5. ორმოცდაათი კილო გაუკეთე ერთ ნაჭერს; ორმოცდაათი კილო გაუკეთე ნაჭერს ბოლოში, მეორე გადანაკერთან. კილოები უნდა მიესადაგონ ერთმანეთს.
6. გააკეთე ორმოცდაათი ოქროს კაუჭი და შეჰკარი კაუჭებით ნაჭრები, რომ სავანე მთლიანი გამოვიდეს.
7. დაამზადე თხისურის ნაჭრები სავანის გადასახურავად. თხუთმეტი ასეთი ნაჭერი დაამზადე.
8. ერთი ნაჭრის სიგრძე ოცდაათი წყრთა, სიგანე - ოთხი წყრთა; თერთმეტივე ნაჭერი ერთი ზომისა უნდა იყოს.
9. ხუთი ნაჭერი ცალკე გადააკერე, ექვსი ნაჭერი - ცალკე; ორად მოკეცე მეექვსე ნაჭერი კარვის წინა მხარეს.
10. გაუკეთე ორმოცდაათი კილო ბოლო ნაჭერს კიდეზე, გადანაკერთან, და ორმოცდაათი კილო მეორე ნაჭერს კიდეზე, გადანაკერთან.
11. გააკეთე ორმოცდაათი სპილენძის კაუჭი და გაუყარე კილოებს კაუჭები. შეკარი გადასახურავი, რომ ერთიანი იყოს.
12. გადასახურავს მორჩენილი ნაჭრის ნახევარი სავანის უკანა მხარეს იყოს ჩამოშვებული.
13. სიგრძეზე მორჩენილი ნაჭრის ნაწილი სავანის ორივე მხარეს თითო წყრთაზე იყოს ჩამოშვებული, აქეთ და იქით, მის დასაფარავად.
14. გააკეთე გადასაფარი დათრიმლული ცხვრის ტყავისგან. ზემო გადასაფარი თახაშის ტყავისგან.
15. დაამზადე ბოძები სავანისთვის აკაციის სწორი ძელებისგან.
16. ათი წყრთა უნდა იყოს ბოძის სიგრძე, ერთნახევარი წყრთა - სიგანე.
17. ორ-ორი რიკი ჰქონდეს თითოეულ ბოძს, ერთმანეთს მისადაგებული. ასე გაუკეთე კარვის ყოველ ბოძს.
18. დაამზადე ბოძები სავანისთვის: ოცი ბოძი სამხრეთ მხარეს.
19. ორმოცი ვერცხლის ფეხი გაუკეთე ქვეშ ოცივე ბოძს; ორ-ორი ფეხი ერთი ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი ფეხი მეორე ბოძის ქვეშ მისი ორი რიკისთვის.
20. სავანის მეორე გვერდისთვის ჩრდილოეთ მხარეს ოცი ბოძი.
21. და მათი ორმოცი ვერცხლის ფეხი, ორი ფეხი ერთი ბოძის ქვეშ, ორი ფეხიც მეორე ბოძის ქვეშ.
22. სავანის უკანა მხარეს, დასავლეთით, ექვსი ბოძი დადგი.
23. ორი ბოძი დაამზადე სავანის კუთხეებისთვის უკანა მხარისკენ.
24. შეკრული უნდა იყოს ქვემოთ და ზემოთ ერთი რგოლით; ორივესთვის ასე უნდა იყოს; ორივე კუთხისთვის უნდა იყოს.
25. რვა ბოძი და თექვსმეტი ვერცხლის ფეხი უნდა იყოს, ორ-ორი ფეხი თითოეული ბოძისთვის.
26. დაამზადე ლარტყები ურთხელისგან ბოძებისთვის. ხუთი ლარტყი სავანის ერთ მხარეს,
27. და ხუთი სავანის მეორე მხარეს; ხუთიც სავანის უკანა მხარეს, დასავლეთით.
28. შუათანა ლარტყი ერთი კიდიდან მეორე კიდემდე უნდა გასდევდეს ბოძებს.
29. ბოძები ოქროთი მოჭედე; მისი რგოლები, ლარტყეების გასაყრელები ოქროსი გააკეთე; ლარტყებიც ოქროთი მოჭედე.
30. იმ წესით დადგი სავანე, როგორც მთაზე იხილე.
31. გააკეთე ფარდა ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან; ზედ ქერუბიმები უნდა იყოს ამოქარგული.
32. ურთხელის მოოქროვილ სვეტზე ჩამოკიდე; კაუჭები ოქროსი იყოს, ფეხები ვერცხლისა.
33. ჩამოჰკიდე კრეტსაბმელი კაუჭებზე და შეიტანე მოწმობის კიდობანი კრეტსაბმელის უკან; კრეტსაბმელი გაგიმიჯნავთ წმიდა ადგილს წმიდათა წმიდასაგან.
34. დაახურე სახურავი მოწმობის კიდობანს წმიდათა წმიდაში.
35. დადგი ტაბლა კრეტსაბმელს გარეთ და ლამპარი ტაბლის პირდაპირ, სავანის გვერდით, სამხრეთით.
36. გაუკეთე სავანის შესასვლელს ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი, ნაქარგი სელისგან.
37. გააკეთე ჩამოსაფარებლისთვის ხუთი სვეტი ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე, კაუჭები ოქროსი იყოს. ხუთი სპილენძის ფეხი ჩამოასხი მათთვის.
თავი ოცდამეშვიდე
1. გააკეთე სამსხვერპლო ურთხელისგან, ხუთი წყრთა ჰქონდეს სიგრძე, ხუთი წყრთა - სიგანე. ოთხკუთხა იყოს სამსხვერპლო და სამი წყრთა ჰქონდეს სიმაღლე.
2. გაუკეთე რქები ოთხსავე კუთხეში; კუთხეებიდან უნდა ამოდიოდეს რქები. სპილენძით მოჭედე ისინი.
3. გაუკეთე ქვაბები ნაცრისთვის, ნიჩბები, ჩანგლები და აქანდაზები. მისი ყველა იარაღი სპილენძისგან გააკეთე.
4. გაუკეთე ბადისებური ცხაური სპილენძისაგან; გაუკეთე ბადეს სპილენძის ოთხი რგოლი ოთხსავე კუთხეში.
5. ქვეშიდან შეუდგი იგი სამსხვერპლოს. ბადე სამსხვერპლოს შუამდე უნდა სწვდებოდეს.
6. გაუკეთე კეტები სამსხვერპლოს, ურთხელის კეტები, და სპილენძით მოჭედე.
7. რგოლებში გაუყარე კეტები; სამსხვერპლოს ორივე მხარეს იყოს კეტები მის სატარებლად.
8. ღრუ გააკეთე იგი, ფიცრებისგან; როგორც მთაზე გეჩვენა, ისე გააკეთონ.
9. ეზო გაუკეთე სავანეს; სამხრეთ მხარეს ფარდები ჰქონდეს ეზოს გრეხილი სელისგან, ასი წყრთა სიგრძისა ერთ მხარეს.
10. ოცი სვეტი და ოცი მისი კვარცხლბეკი სპილენძისა; სვეტების კავები და მათი სამაგრები ვერცხლისა.
11. ასევე ჩრდილოეთ მხარეს მთელს სიგრძეზე ასი წყრთა სიგრძის ფარდა და ოცი სვეტი ოცი სპილენძის კვარცხლბეკითურთ, სვეტების კავები და მისი სამაგრები ვერცხლისა.
12. ეზოს სიგანეზე დასავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა სიგრძის ფარდები; და ათი სვეტი მისი ათი კვარცხლბეკითურთ.
13. ეზოს სიგანეზე აღმოსავლეთის მხარეს ათი წყრთა ფარდა.
14. თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთი ფრთისთვის და სამი სვეტი სამი კვარცხლბეკითურთ.
15. მეორე ფრთისთვის თხუთმეტი ფარდა და სამი სვეტი სამი კვარცხლბეკითურთ.
16. ეზოს კარისთვის ჩამოსაფარებელი ოცი წყრთა ლურჯი, ძოწისფერი ქსოვილისაგან და გრეხილი სელისაგან მოქარგული; ოთხი სვეტი ოთხი კვარცხლბეკითურთ.
17. ეზოს ყველა სვეტს ირგვლივ ვერცხლის სამაგრები უნდა ჰქონდეს; კავები - ვერცხლის, ხოლო კვარცხლბეკები - სპილენძის.
18. ეზოს სიგრძე ასი წყრთა, სიგანე ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლე ხუთი წყრთა. ფარდები გრეხილი სელისა, კვარცხლბეკები სპილენძისა.
19. სავანის ყველა ჭურჭელი, რაც კი იქ უნდა მოიხმარონ, ყველა მისი პალო და ეზოს ყველა პალო სპილენძის უნდა იყოს.
20. უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი.
21. სადღესასწაულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც ფარავს მოწმობის კიდობანს, ანთებული ჰქონდეთ იგი აარონს და მის შვილებს საღამოდან დილამდე უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო წესი ისრაელიანებისთვის თაობიდან თაობაში.
თავი ოცდამერვე
1. მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, თავის შვილებიანად ისრაელიანთაგან, რომ მღვდლობა გამიწიოს: აარონი და მისი შვილები: ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.
2. გაუწყვე წმიდა შესამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისთვის და დასამშვენებლად.
3. უთხარი ყველა გულბრძენ კაცს, რომელიც მე ავავსე სიბრძნის სულით, გაუწყონ შესამოსელი აარონს, რომ ჩემს მღვდლად იკურთხოს იგი.
4. აი, შესამოსელი, რომელიც მათ უნდა გაუწყონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი, ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი და სარტყელი. გაუწყონ წმიდა შესამოსელი შენს ძმას აარონს და მის შვილებს, რომ მღვდლობა გამიწიონ მე.
5. აიღონ ოქრო, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილი და სელი.
6. გააკეთონ ეფოდი ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან ოსტატურად.
7. ორი მისამაგრებელი სამხრე უნდა ჰქონდეს ორსავე ბოლოში კიდეზე და იკვრებოდეს.
8. მისი სარტყელი იმგვარადვე ნახელავი უნდა იყოს - ოქროსფერი, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან გაკეთებული.
9. აიღე ონიქსის ორი თვალი და ზედ ისრაელიანთა სახელები ამოკვეთე.
10. ექვსი ამ სახელთაგან ერთ თვალზე, დანარჩენი ექვსი სახელი მეორე თვალზე, მათი წარმოშობის მიხედვით.
11. ქვაზე ამომკვეთელის ხელოვნებით, როგორც საბეჭდავის ტვიფარს აკეთებენ, ამოტვიფრე ორ თვალზე ისრაელიანთა სახელები და ოქროს ბუდეებში ჩასვი.
12. მიამაგრე ეს ორი თვალი ეფოდის სამხრეებს, ისრაელიანთა სამახსოვრო თვლები. ატაროს ეს სახელები აარონმა თავის ორ სამხრეზე უფლის წინაშე სამახსოვროდ.
13. ბუდეები ოქროსი გააკეთე.
14. და ორი ძეწკვიც ხალასი ოქროსი; წნულ თასმებად გააკეთე ისინი და მიამაგრე წნული ძეწკვები ბუდეებზე.
15. გააწყვე განკითხვის სამკერდული, ოსტატურად ნახელავი, ისევე როგორც ეფოდია გაწყობილი. ოქროსაგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და დაგრეხილი სელისაგან გააწყვე.
16. ოთხკუთხედი უნდა იყოს, ორკეცი. სიგრძით ერთი მტკაველი, სიგანითაც ერთი მტკაველი.
17. ოთხრიგად გააწყვე მასზე თვლები თავის ბუდეებით; ერთ რიგში: ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი - პირველი რიგი.
18. მეორე რიგი: ფირუზი, საფირონი და იასპი;
19. მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო;
20. მეოთხე რიგი: ქრიზოლითი, ონიქსი და ბერილი.
21. ისრაელიანთა სახელების მიხედვით უნდა იყოს თვლები; თორმეტი თვალი მათი სახელების მიხედვით. თითოეულზე ამოტვიფრული უნდა იყოს თითო შტოს სახელი თორმეტიდან.
22. გაუკეთე სამკერდულს ხალასი ოქროს წნული ძეწკვი.
23. გაუკეთე სამკერდულს ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეს ორი რგოლი სამკერდულის ორსავე კიდეს.
24. გაუყარე ორი ოქროს წნული ორ რგოლში სამკერდულის კიდეზე.
25. მიამაგრე ორი წნული ძეწკვის ორივე ბოლო ბუდეებს და მიაბი ეფოდის სამხრეს წინა მხრიდან.
26. გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე სამკერდულის ორ კიდეს ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.
27. გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე ეფოდის ორსავე სამხრეს ქვემოდან, წინა მხარეს, შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ.
28. გადააბან სამკერდულის რგოლები ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ არ ასცდეს სამკერდული ეფოდს და დამაგრდეს ეფოდის სარტყელს ზემოთ.
29. თან ატაროს აარონმა ისრაელიანთა სახელები განკითხვის სამკერდულზე გულთან ახლოს უფლის წინაშე მუდმივ სამახსოვროდ, როცა საწმიდარში შევა ხოლმე.
30. მიამაგრე განკითხვის სამკერდულს ურიმი და თუმიმი და ჰქონდეს ისინი აარონს გულთან ახლოს, როცა შევა უფლის წინაშე. ატაროს აარონმა მუდმივად ისრაელიანთა განკითხვა თავის გულთან ახლოს უფლის წინაშე.
31. გააკეთე ეფოდის მოსასხამი მთლიანად ლურჯი ქსოვილისგან.
32. შუაში თავის გასაყრელი უნდა ჰქონდეს, ამოჭრილის პირს ირგვლივ არშია უნდა გასდევდეს ნაქსოვისგან, როგორც ჯაჭვის პერანგის სათაურს, რომ არ შემოირღვეს.
33. ამოქარგე მის კალთებზე ირგვლივ ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ძაფით და ოქროს ეჟვნები ჩამოჰკიდე ირგვლივ მათ შორის.
34. ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთაზე ირგვლივ.
35. ჰქონდეს ეს აარონს ღვთისმსახურების დროს; ისმოდეს მისი ხმა საწმიდარში შესვლისას უფლის წინაშე და იქიდან გამოსვლისას, რათა არ მოკვდეს.
36. გააკეთე ხალასი ოქროს ჯიღა და ამოტვიფრე მასზე ბეჭდის ტვიფარით: სიწმიდე უფლისათვის.
37. მიამაგრე იგი ლურჯი თასმით თავსაბურველს, თავსაბურველის წინა მხარეს უნდა იყოს.
38. ეკეთოს აარონს შუბლზე და იტვირთოს აარონმა იმ შეწირულებათა ცოდვა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელიანები ყოველი შეწირვისას. მუდამ შუბლზე ეკეთოს, რომ წყალობა ჰქონდეთ უფლის წინაშე.
39. მოქსოვე სელის კვართი და გააკეთე სელის თავსაბურველი, სარტყელიც გააკეთე, ნაყშიანი.
40. აარონის შვილებსაც გაუკეთე კვართები, გაუკეთე სარტყელები და ქუდებიც გაუკეთე სადიდებლად და დასამშვენებლად.
41. შემოსე ამ შესამოსელით შენი ძმა აარონი და მისი შვილები, ზეთი სცხე მათ, ხელი აუვსე და აკურთხე, რომ მღვდლობა გამიწიონ.
42. გაუკეთე მათ ტილოს საწმერთული შიშველი ხორცის დასაფარავად, ბარძაყებამდე უნდა წვდებოდეს.
43. ჩაიცვამენ მას აარონი და მისი შვილები, როცა სადღესასწაულო კარავში შევლენ ან როცა სამსხვერპლოს მიუახლოვდებიან საწმიდარში მსახურებისთვის, რომ ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცონ. ეს არის სამარადისო წესი მისთვის და მისი შთამომავლობისთვის.
თავი ოცდამეცხრე
1. აი, რა უნდა გააკეთოთ მათი კურთხევისათვის, რომ მღვდლობა გამიწიონ. აიყვანე ერთი კურატი და ორი ჯანსაღი ჭედილა,
2. აიღე უფუარი პურები, ზეთში მოზელილი უფუარი ნამცხვრები და ზეთნაცხები უფუარი კვერები; ხორბლის გამტკიცული ფქვილისგან იყოს გამომცხვარი.
3. ჩააწყვე ერთ კალათაში და მოიტანე კალათით, კურატი და ორი ჭედილაც მოიყვანე.
4. მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე.
5. აიღე შესამოსელი და შემოსე აარონი კვართით, ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით, წელზე ეფოდის სარტყელი შემოარტყი.
6. თავსაბურველი დაახურე თავზე და სიწმიდის ჯიღა მიუმაგრე თავსაბურველზე.
7. აიღე მირონი, თავზე დაასხი და სცხე.
8. მისი შვილებიც მოიყვანე და ისინიც შემოსე კვართით.
9. სარტყელი შემოარტყი მათ, აარონს და მის შვილებს; ჩაჩები შემოაგრაგნე და მათი იქნება მღვდლობა სამარადისო წესით; აუვსე ხელი აარონს და მის შვილებს.
10. მიიყვანე კურატი სადღესასწაულო კარვის წინ და თავზე დაადონ ხელები კურატს აარონმა და მისმა შვილებმა.
11. დაკალი კურატი უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
12. აიღე კურატის სისხლი და სცხე თითებით სამსხვერპლოს რქებს, ხოლო დანარჩენი სისხლი სამსხვერპლოს ძირს დაღვარე.
13. აართვი მთელი ქონი, შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათი ქონითურთ და სამსხვერპლოზე დაწვი საკმევად.
14. კურატის ხორცი, მისი ტყავი და განავალი ცეცხლში დაწვი ბანაკის გარეთ, რადგან ცოდვის მსხვერპლია ეს.
15. მოიყვანე ერთი ჭედილა და თავზე დაადონ ხელები აარონმა და მისმა შვილებმა.
16. დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და ირგვლივ მოასხურე სამსხვერპლოს.
17. ნაწილებად დასჭერი ჭედილა, გარეცხე შიგნეული და კიდურები და დააწყვე ისინი ამ ნაწილებზე და თავზე.
18. დაწვი საკმევად მთელი ჭედილა სამსხვერპლოზე, რადგან ეს აღსავლენი მსხვერპლია უფლისათვის, ამოდსაყნოსელი; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისთვის.
19. მოიყვანე მეორე ჭედილა და თავზე დაადონ ხელი ჭედილას აარონმა და მისმა შვილებმა.
20. დაკალი ჭედილა, აიღე მისი სისხლი და სცხე აარონს ყურის ბიბილოზე, მის შვილებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, და ირგვლივ მოასხურე სისხლი სამსხვერპლოს.
21. აიღე სამსხვერპლოზე დაღვრილი სისხლი და მირონი და ასხურე აარონს, მის შესამოსელს, მის შვილებს და მათ შესამოსელს. გაინათლება იგი და მისი შესამოსელი, და მასთან ერთად მისი შვილები და მათი შესამოსელი.
22. აართვი ჭედილას ქონი, დუმა და ქონი შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ბადექონი, ორივე თირკმელი, ქონიანად, მარჯვენა ბეჭი (რადგან ეს არის ხელავსების ჭედილა).
23. ერთი პურის კოკორი, ერთი ზეთიანი ნამცხვარი, ერთი კვერი ხმიადებიანი კალათიდან, უფლის წინაშე რომ დგას.
24. დაუწყვე ეს ყველაფერი ხელზე აარონს და მის შვილებს და შეარხიე უფლის წინაშე.
25. ხელიდან გამოართვი ეს ყველაფერი და აკმიე სამსხვერპლოზე აღსავლენ მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლის წინაშე; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისათვის.
26. აიღე ხელდასხმის ჭედილას მკერდი, აარონისთვის რომ არის განკუთვნილი, და შეარხიე იგი უფლის წინაშე. ეს იქნება შენი წილი.
27. განათლე შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი, რომლებიც შეირხა და აღიმართა ხელავსების ჭედილასაგან, აარონისა და მისი შვილებისთვის რომ არის განკუთვნილი.
28. ეს იყოს აარონისთვის და მისი შვილებისოვის სამარადისო წესი ისრაელიანთაგან, რადგან აღმართვაა ეს და აღსამართავი უნდა იყოს ისრაელიანთაგან; სამადლობელო მსხვერპლიდან უნდა აღიმართოს იგი უფლისათვის.
29. წმიდა შესამოსელი, აარონს რომ ეკუთვნის, მის შემდეგ მისი შვილებისა იქნება, რომ ამ შესამოსელში სცხონ მათ და აუვსონ ხელი.
30. შვიდ დღეს უნდა ემოსოს ეს შესამოსელი მის შვილს, ვინც მის ნაცვლად იქნება მღვდლად და მოვა სადღესასწაულო კარავთან, რომ სამსახური გასწიოს საწმიდარში.
31. აიყვანე ხელავსების ჭედილა და წმიდა ადგილზე მოხარშე მისი ხორცი.
32. სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შეჭამონ აარონმა და მისმა შვილებმა ჭედილას ხორცი და პური, რომელიც კალათშია.
33. შეჭამონ ეს, რომლითაც მიღებული აქვთ მიტევება ხელავსებისთვის და კურთხევისთვის. გარეშე კაცმა უნდა შეჭამოს, რადგან წმიდაა იგი.
34. თუ დილისთვის დარჩა ხელავსების ხორცი და პური, ცეცხლში დაწვი მონარჩენი; არ იჭმევა, რადგან წმიდაა იგი.
35. ყველაფერი ისე გაუკეთე აარონსა და მის შვილებს, როგორც მე გიბრძანე. შვიდ დღეში აუვსე მათ ხელი.
36. ცოდვის კურატი შესწირე ყოველდღიურად მისატევებელ მსხვერპლთან ერთად, ცოდვებს ჩამორეცხავ სამსხვერპლოდან, როცა მიტევებას მიიღებ მასზე, და ზეთს სცხებ, რომ განათლო იგი.
37. ცოდვის კურატი შესწირე ყოველდღიურად მიტევების მსხვერპლთან ერთად და ცოდვას მოაშორებ სამსხვერპლოს, როცა მიტევებას იქმ მასზე, ზეთს სცხებ და წმიდა ჰყოფ მას.
38. შვიდ დღეს ჰქმენ მიტევება. სამსხვერპლოზე და განწმიდე იგი, და წმიდათა წმიდა გახდება სამსხვერპლო. რაც კი მიეკარება სამსხვერპლოს, წმიდა გახდება ყველაფერი.
39. აი, რა უნდა გქონდეს გამზადებული სამსხვერპლოსთვის: ორი ერთწლიანი ბატკანი ყოველდღიურად, მუდმივად.
40. ერთი ბატკანი დილისთვის გაამზადე, მეორე ბატკანი - საღამოსთვის.
41. ჰინის ნაოთხალ გამოხდილ ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი და ჰინის ნაოთხალი ღვინო საღვრელად ერთი ბატკნისათვის.
42. მეორე ბატკანი საღამოსთვის გაამზადე. როგორც დილის ბატკანი, ესეც ფქვილთან და საღვრელთან ერთად ამოდ საყნოსელად საცეცხლო მსხვერპლად შესწირე უფალს.
43. მუდმივ აღსავლენ მსხვერპლად თაობიდან თაობაში სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით ხოლმე, რომ შენ გელაპარაკო.
44. აქ გამოვეცხადები ისრაელიანებს და განიწმიდება ჩემი დიდებით ეს ადგილი.
45. წმიდავყოფ სადღესასწაულო კარავს და სამსხვერპლოს, წმიდავყოფ აარონს და მის შვილებს, რომ მღვდლობა გამიწიონ.
46. დავივანებ ისრაელიანთა შორის და ღმერთი ვიქნები მათთვის.
47. შეიგნებენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტელთა ქვეყნიდან, რომ მათ შორის დავივანო; მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
თავი ოცდამეათე
1. გააკეთე სამსხვერპლო საკმევად; ურთხელისგან გააკეთე იგი.
2. სიგრძით ერთი წყრთა და სიგანით ერთი წყრთა; ოთხკუთხედი უნდა იყოს; სიმაღლე ორი წყრთა ჰქონდეს, რქები უნდა გამოდიოდეს მისგან.
3. ხალასი ოქროთი მოჭედე იგი, მისი სახურავი, გარშემო კედლები და რქები. ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.
4. ორი ოქროს რგოლი გაუკეთე გვირგვინს ქვემოთ ორსავე გვერდზე, ორსავე მხარეს გაუკეთე. კეტების გასაყრელად იყოს, რომ მისი ტარება შეიძლებოდეს.
5. კეტები ურთხელისგან გააკეთე და ოქროთი მოჭედე.
6. დადგი იგი კრეტსაბმელის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის; სახურავის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადებით.
7. აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი; აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს.
8. როცა აანთებს აარონი ლამპრებს საღამოხანს, აკმიოს საკმეველი. ეს იყოს მუდმივსაკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობაში.
9. ნუ დასდებთ მასზე უცხო საკმეველს, ნურც აღსავღენს, ნურც ფქვილს; ნურც საღვრელს ნუ დაღვრით მასზე.
10. შეასრულებს აარონი მიტევების წესს მის რქებზე წელიწადში ერთხელ; ცოდვის მისატევებელი მსხვერპლის სისხლით შეასრულებს მიტევების წესს წელიწადში ერთხელ თაობიდან თაობაში. წმიდათა წმიდა არის ეს უფლისათვის.
11. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
12. როცა შეუდგება ისრაელიანთა აღრიცხვას მათი სათვალავის გასაგებად, გადაუხადოს თითოეულმა აღრიცხვის დროს თავისი სულის გამოსასყიდი უფალს, რომ ჟამი არ მოედოთ აღრიცხვისას.
13. ეს უნდა გადაიხადოს ყველამ, ვინც სათვალავში გადის: ნახევარი შეკელი საღვთო შეკელის მიხედვით: ოცი გერაა შეკელში; ნახევარი შეკელი საუფლო ძღვენია.
14. ყველამ, ვინც კი სათვალავში გადის, ოცი წლის ასაკიდან მოყოლებული, ძღვენი უნდა მიართვას უფალს.
15. მდიდარმა არ უნდა გადაამეტოს და ღარიბმა არ უნდა დააკლოს ნახევარ შეკელს, რასაც უფალს აძლევთ ძღვნად თქვენი სულის გამოსასყიდად.
16. აკრიფე გამოსასყიდი ვერცხლი ისრაელიანთაგან და გაეცი სადღესასწაულო კარვის სამსახურისთვის. იყოს სამახსოვროდ ისრაელიანთათვის უფლის წინაშე თქვენი სულის გამოსასყიდად.
17. ასე უთხრა უფალმა მოსეს.
18. გააკეთე სპილენძის საბანელი და სპილენძის კვარცხლბეკი განსაბანად; დადგი იგი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერბლოს შორის და წყალი ჩაასხი შიგ.
19. ამ საბანელში განიბანონ აარონმა და მისმა შვილებმა ხელები და ფეხები.
20. წყლით განიბანონ სადღესასწაულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცონ. ან მაშინ, როცა სამსხვერპლოსთან მივლენ სამსახურის აღსასრულებლად, უფლისადმი საცეცხლო მსხვერპლის საკმევად.
21. განიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. სამარადისო წესად ჰქონდეთ ეს მას და მის შთამომავლობას, თაობიდან თაობაში.
22. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
23. აიღე საუკეთესო ნელსურნელებანი: ხუთასი შეკელი სუფთა მური, ამის ნახევარი - ორასორმოცდაათი სურნელოვანი დარიჩინი, ორასორმოცდაათი სურნელოვანი ლერწამი,
24. ხუთასი შეკელი კასია საღვთო შეკელის მიხედვით, და ერთი ჰინი ზეთისხილის ზეთი.
25. დაამზადე ყოველივე ამისგან წმიდა მირონი, შეზავებული მენელსაცხებელთა ხელოვნებით. წმიდა მირონი იქნება ეს.
26. სცხე ეს სადღესასწაულო კარავს და მოწმობის კიდობანს.
27. ტაბლას და მთელს მის ჭურჭელს, ლამპარს და მთელს მის ჭურჭელს, საკმევლის სამსხვერპლოს,
28. აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს.
29. განწმიდე ისინი და წმიდათა წმიდა გახდება ყველაფერი; წმიდა გახდება ყველა, ვინც კი მათ შეეხება
30. სცხე აარონს და მის შვილებს და განწმიდე ისინი რომ მღვდლობა გამიწიონ მე.
31. ისრაელიანებს ასე უთხარი: ეს მექნება წმიდა მირონად თაობიდან თაობაში.
32. გარეშე კაცის სხეულს არ უნდა ეცხოს იგი, ნურც მის მსგავს ნაზავს დაამზადებთ სახმარად, რადგან სიწმიდეა იგი; სიწმიდე უნდა იყოს თქვენთვის.
33. ვინც ამის მსგავს რასმე შეაზავებს და ვინც გარეშე კაცს სცხებს მათ, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
34. უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად.
35. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა.
36. წვრილად დანაყე და დადევი მოწმობის კიდობნის წინ სადღესასწაულო კარავში, სადაც მე გამოგეცხადებით. წმიდათა წმიდა იყოს ეს თქვენთვის.
37. არ დაამზადოთ ამგვარად შეზავებული საკმეველი მოსახმარად. სიწმიდედ გქონდეს იგი უფლისათვის.
38. ვინც ამის მსგავსს დაამზადებს საყნოსავად, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
თავი ოცდამეთერთმეტე
1. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2. აჰა, მოვუწოდე სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან,
3. და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
4. რომ შეეძლოს ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის დამუშავება,
5. მოსაოჭველი თვლების გათლა, ხის კვეთა ხელოვნურ ნივთთა დასამზადებლად.
6. აჰა, მივუჩინე მას ოჰოლიაბ ახისამაქის ძე დანის ტომიდან და სიბრძნე ჩავუდევი ყოველ ბრძენკაცს გულში, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც გიბრძანე.
7. სადღესასწაულო კარავი, მოწმობის კიდობანი სახურავითურთ და კარვის ყოველი ჭურჭელი,
8. ტაბლა და მისი ჭურჭელი, წმიდა ლამპარი და ყველა მისი ჭურჭელი, საკმევლის სამსხვერპლო,
9. აღსავლენის სამსხვერპლო და ყველა მისი ჭურჭელი საბანელი თავისი კვარცხლბეკითურთ,
10. საწესო შესამოსელი, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი,
11. მირონი და სურნელოვანი საკმეველი საწმიდარისთვის - ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც მე გიბრძანე.
12. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
13. ასე გამოუცხადე ისრაელიანებს: დაიცავით ჩემი შაბათები, რადგან ეს იქნება ნიშანი ჩვენს შორის თაობიდან თაობაში იმის საცოდნელად, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი.
14. დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა იგი თქვენთვის მისი შემბღალავი უნდა მოკვდეს; შაბათობით მოსაქმე უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
15. ექვს დღეს აკეთონ საქმე, მეშვიდე დღეს საუქმო შაბათია, უფლისათვის წმიდა. ყველა, ვინც კი შაბათ დღეს საქმეს გააკეთებს, უნდა მოკვდეს.
16. დაიცვან ისრაელიანებმა შაბათი, რათა უქმობდნენ შაბათს თაობიდან თაობაში. სამარადისოა ეს აღთქმა;
17. ეს იყოს სამარადისო ნიშნად ჩემსა და ისრაელანებს შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა.
18. მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.
თავი ოცდამეთორმეტე
1. დაინახა ხალხმა, რომ აგვიანებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, თავი მოიყარეს აარონთან და უთხრეს მას: ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ მიგვიძღოდნენ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა.
2. უთხრა მათ აარონმა: დახსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და აქ მომიტანეთ.
3. დაიხსნა მთელმა ხალხმა საყურეები ყურებიდან და მიუტანა აარონს.
4. გამოართვა აარონმა, საჭრეთელით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.
5. ეს რომ დაინახა აარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ. გამოაცხადა აარონმა და თქვა: საუფლო დღესასწაულია ხვალ!
6. მეორე დღეს დილაადრიანად ადგნენ და შესწირეს აღსავლენი და მიიტანეს სამადლობელი მსხვერპლი. დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. მერე ადგნენ და ცეკვა-თამაში გამართეს.
7. უთხრა უფალმა მოსეს: ძირს ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე.
8. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე. ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.
9. უთხრა უფალმა მოსეს: ვხედავ ამ ხალხს, თვითრჯული ყოფილა ეს ხალხი.
10. ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და გადავბუგო, შენ კი დიდ ხალხად გაგხადო.
11. ვედრება დაუწყო მოსემ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა: რისთვის უნდა აინთო რისხვით, უფალო, ამ ხალხის მიმართ, რომელიც ეგვიპტიდან გამოგიყვანია დიადი ძალითა და მაგარი მკლავით.
12. რისთვის უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და თავი შეიკავე ამ ხალხის დაღუპვისაგან.
13. გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მორჩილნი, რომელთაც შენ თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ სამარადისოდ დაიმკვიდრონო.
14. გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება თავის ერს.
15. პირი იბრუნა მოსემ და ჩამოვიდა მთიდან, ხელში აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა, ორსავე მხარეს ნაწერი ფიქალები. აქეთაც და იქითაც წარწერები იყო.
16. ღვთის ნაკეთები იყო ეს ფიქალები, წარწერაც ღვთისა იყო, ფიქალებზე ამოკვეთილი.
17. მოესმა იესოს ხალხის ხმაური და უთხრა მოსეს: საომარი ყიჟინაა ბანაკში.
18. თქვა მოსემ: ეს არც გამარჯვების ყიჟინაა და არც დამარცხების ზარი, არამედ სიმღერის ხმები მესმის.
19. როგორც კი მიუახლოვდა ბანაკს და დაინახა ხბო და როკვა, რისხვით აღინთო მოსე და ხელიდან გააგდო ფიქალები და მიამსხვრია მთის ძირას.
20. აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია, წყალს მოაფრქვია და ისრაელიანებს შეასვა.
21. უთხრა მოსემ აარონს: რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთ დიდ ცოდვაში რომ ჩააგდე.
22. უთხრა აარონმა: რისხვით ნუ აინთება ჩემი ბატონი. შენც იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.
23. მითხრეს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც მიგვიძღოდნენ წინ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ მოსეს, კაცს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა.
24. მე ვკითხე: ვისა გაქვთ ოქრო? მათაც მოიხსნეს და მე ჩამაბარეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა.
25. დაინახა მოსემ, რომ გახელებული იყო ეს ხალხი, რომ გაახელა იგი აარონმა მისი მტრებისგან ყბადასაღებად.
26. ჩადგა მოსე ბანაკის ჭიშკარში და თქვა: ვინც უფლისაა, ჩემთან! და შეგროვდნენ მასთან ლევიანები.
27. უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი.
28. მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, სამი ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს.
29. თქვა მოსემ: აივსეთ ხელი დღეს უფლისათვის, რადგან კაცი თავისი ძითა და ძმით არის, რათა კურთხევა გადმოვიდეს დღეს თქვენზე.
30. მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: დიდი ცოდვა გაქვთ ჩადენილი. ახლა ავალ უფალთან, ვინძლო ვაპატიებინო თქვენთვის ეს ცოდვა.
31. დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთები გაიკეთა.
32. ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.
33. უთხრა უფალმა მოსეს: ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.
34. ახლა წადი და წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ. განკითხვის დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს.
35. დასაჯა ხალხი უფალმა იმის გამო, რომ გააკეთეს ხბო, რომელიც აარონმა გააკეთა.
თავი ოცდამეცამეტე
1. უთხრა უფალმა მოსეს: აიყარეთ აქედან შენ და ეგ ხალხი, ეგვიპტიდან რომ გამოიყვანე, და წადით იმ ქვეყნისკენ, რომელიც აღვუთქვი აბრაამს, ისაკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი.
2. ანგელოზს წაგიმძღვარებთ წინ და ავყრი ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთეელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს.
3. იმ ქვეყნისაკენ, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი; მე აღარ ვივლი შენს შორის, რადგან თვითრჯული ხალხი ხართ და ვაითუ მოგსპოთ გზაში.
4. მოისმინა ხალხმა ეს ავი სიტყვა და იწყო გლოვა, არვის გაუკეთებია სამკაული.
5. უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი ისრაელიანებს: თვითრჯული ხალხი ხართ თქვენ: ერთი წამითაც რომ გავიარო თქვენს შორის, მოგსპობთ. მოიხსენით სამკაულები, მე ვიცი, როგორ უნდა მოგექცეთ.
6. მოიხსნეს ისრაელიანებმა სამკაულები, ხორების მთიდან.
7. აიღო მოსემ კარავი და დაიდგა ბანაკს გარეთ, ბანაკის მოშორებით, და უწოდა სადღესასწაულო კარავი. ყველა, ვისაც კი რამე სათხოვარი ჰქონდა უფალთან, მიდიოდა, სადღესასწაულო კარავთან, რომელიც ბანაკს გარეთ იდგა.
8. როგორც კი წავიდოდა კარვისკენ მოსე, ადგებოდა მთელი ხალხი და თავ-თავისი კარვის შესასვლელთან გაჩერდებოდა ყველა; შეჰყურებდნენ, მოსეს, ვიდრე კარავში არ შევიდოდა იგი.
9. როგორც კი კარავში შევიდოდა მოსე, ჩამოეშვებოდა ღრუბლის სვეტი და დადგებოდა კარვის კართან. მაშინ დაელაპარაკებოდა უფალი მოსეს.
10. ხედავდა მთელი ხალხი ღრუბლის სვეტს, კარვის შესასვლელთან აღმართულს; ადგებოდა მთელი ხალხი და თავ-თავის კარვის შესასვლელთან სცემდა თაყვანს.
11. პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. მისი მსახური, იესო ნავეს ძე, ყმაწვილი კაცი, არ შორდებოდა კარავს.
12. უთხრა მოსემ უფალს: აჰა, შენ მეუბნები, დასძარიო ეს ხალხი, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის აგზავნი ჩემთან ერთად. ეს კი მითხარი: სახელით გიცნობ და მადლიც გაქვსო ნაპოვნი ჩემს თვალში.
13. და თუ მართლაც მადლი მიპოვნია შენს თვალში, მასწავლე შენი გზა და მეც შეგიცნობ, რომ მადლი ვპოვო შენს თვალში. იცოდე, რომ შენი ერია ეს ხალხი.
14. თქვა უფალმა: მე თავად წაგიძღვები და დაგავანებ.
15. უთხრა მოსემ: თავად შენ თუ არ წაგვიძეღი, ვერ გავალთ აქედან.
16. როგორ მივხვდი, რომ მადლი ვპოვეთ შენს თვალში მე და შენმა ერმა? ხომ იმით, რომ ჩვენთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი ერი ყველა ხალხიდან, რაც კი დედამიწის ზურგზეა?
17. უთხრა უფალმა მოსეს: მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი გაქვს ნაპოვნი ჩემს თვალში და სახელით გიცნობ.
18. თქვა მოსემ: მახილვინე შენი დიდება.
19. თქვა ღმერთმა: ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოვუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე. შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია, და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია.
20. თქვა: ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს.
21. თქვა უფალმა: აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი კლდეზე.
22. როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მეყოლები და ვიდრე არ ჩავივლი, ხელი მექნება შენთვის აფარებული.
23. როცა ხელს მოგაშორებ, ჩემს ზურგს დაინახავ, პირი კი უხილავი იქნება.
თავი ოცდამეთოთხმეტე
1. უთხრა უფალმა მოსეს: გამოთალე იმ პირველთა მსგავსი ორი ფიქალი, და მე დავწერ ფიქალებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირველ ფიქალებზე, შენ რომ დაამსხვრიე.
2. მზად იყავ დილისათვის; დილას სინაის მთაზე ახვალ და იქ, მთის წვერზე დამიდგები.
3. კაციშვილი არ ამოგყვეს, კაციშვილი არ გამოჩნდეს მთაზე, არც ცხვარი, არც ძროხა არ უნდა ძოვდეს ამ მთის წინ.
4. გამოთალა მოსემ ორი ფიქალი, იმ პირველთა მსგავსი, ადგა დილაადრიანად და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა. ორი ფიქალი ეჭირა ხელში.
5. ჩამოვიდა უფალი ღრუბელში. დადგა მოსე იქ, მის ახლოს, და ახსენა უფლის სახელი.
6. ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო.
7. შემნახავო სიყვარულისა ათასთა მიმართ, დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელო და შურისმგებელო, მამათა ცოდვის მომკითხავო შვილთაგან და შვილთაშვილთაგან მესამე და მეოთხე თაობაში.
8. იმწამსვე მიწად დაიხარა მოსე და თაყვანი სცა.
9. თქვა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, ჩემო მეუფევ, ჩვენს შორის იაროს ჩემმა მეუფემ, რადგან თვითრჯულია ეს ხალხი. შეგვინდე დანაშაული და შეცოდება და შენს სამკვიდროდ გაგვხადე.
10. თქვა უფალმა: აჰა, ვდებ აღთქმას: მთელი შენი ხალხის წინაშე მოვახდენ სასწაულებს, როგორის არცერთ ქვეყანაში და არცერთ ხალხში არ მომხდარა. დაინახავს მთელი ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, თუ რა საშინელია ის საქმე, რომელსაც უფალი გიყოფს.
11. დაიხსომე, რასაც ახლა გიბრძანებ. აჰა, ავყრი თქვენგან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსეველებს.
12. გაფრთხილდი, არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებთან, სადაც შეხვალ, რომ მახეში არ გაება.
13. დალეწეთ მათი სამსხვერპლოები, გაანადგურეთ მათი სვეტები, აჩეხეთ მათი აშერები.
14. რადგან არ უნდა სცემდეთ თაყვანს უცხო ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი, ეჭვიანი ღმერთია იგი.
15. ნუ შეკრავ კავშირს ქვეყნის მოსახლეობასთან, მიეცემიან გარყვნილებას მათი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ მათ ღმერთებს; შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათ მსხვერპლს.
16. მოიყვან მათ ქალებს შენი ვაჟებისთვის; მიეცემიან გარყვნილებას მათი ქალები თავიანთი ღმერთების კვალზე და გარყვნიან შენს ვაჟებსაც თავიანთი ღმერთების კვალზე.
17. ნუ შეიქმნი კერპებს.
18. დაიცავი უფუარობის დღესასწაული, შვიდ დღეს ჭამე უფუარი ხმიადები, როგორც ნაბრძანები მაქვს, დათქმულ დროს, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან.
19. ჩემია საშოს ყოველი გამღები, ყოველი მამალი პირუტყვი, საშოს გამღები, ხარი და ცხვარი.
20. საშოს გამღები სახედარი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, ქედი ჩაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილებში გამოისყიდე. ნუ გამოჩნდებიან ჩემს წინაშე ხელცარიელნი.
21. ექვს დღეს იმუშავე, მეშვიდე დღეს დაისვენე; ხვნისას და მკისას შეისვენე.
22. შვიდეულის დღესასწაული იზეიმე, პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული წლიდან წლამდე.
23. წელიწადში სამგზის უნდა ეჩვენოს ყოველი შენი მამროვანი მეუფეს, უფალს, ისრაელის ღმერთს.
24. როცა ავყრი ხალხებს შენგან და გაგიფართოებ საზღვრებს, აღარავინ დაეხარბება შენს მიწას, თუ წელიწადში სამგზის ეჩვენები უფალს, შენს ღმერთს.
25. ნუ დაღვრი საფუარზე ჩემი მსხვერპლის სისხლს; დილისთვის ნუ მოიტოვებ საპასექო მსხვერპლს.
26. შენი მიწის პირველმოწეული ნაყოფები მიიტანე უფლის, შენი ღვთის სახლში; ნუ მოხარშავ ციკანს დედამისის რძეში.
27. უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენ და ისრაელს.
28. დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; პური არ უჭამია და წყალი არ შეუსვამს. დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა.
29. როცა ჩამოდიოდა მოსე სინაის მთიდან, აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა ხელში მოსეს მთიდან ჩამოსვლისას, არ იცოდა მოსემ, რომ უბრწყინავდა პირისკანი მასთან ლაპარაკისას.
30. დაინახეს აარონმა და ისრაელიანებმა მოსე და, აჰა, ბრწყინავდა მისი პირისკანი და ვერ გაბედეს მიახლოება.
31. დაუძახა მათ მოსემ და მიბრუნდნენ მისკენ აარონი და საზოგადოების თავკაცები და ელაპარაკა მათ მოსე.
32. ამის შემდეგ მიუახლოვდნენ მას ისრაელიანები და მანაც მოუთხრო მათ ყველაფერი, რაც უფალმა უთხრა სინაის მთაზე.
33. შეწყვიტა მოსემ მათთან ლაპარაკი და რიდე ჩამოიფარა სახეზე.
34. როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე. გამოვიდოდა და ყველაფერს ეუბნებოდა ისრაელიანებს, რაც ებრძანებოდა.
35. ხედავდნენ ისრაელიანები მოსეს სახეს, რომ ბრწყინავდა მოსეს პირისკანი და ისევ იფარებდა მოსე სახეზე რიდეს, სანამ მასთან სალაპარაკოდ არ შევიდოდა.
თავი ოცდამეთხუთმეტე
1. შეკრიბა მოსემ ისრაელიანთა მთელი საზოგადოება და უთხრა: აი, რისი გაკეთება ბრძანა უფალმა:
2. ექვს დღეს აკეთეთ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის - უფლის განსვენების შაბათი. ყველა, ვინც კი საქმეს გააკეთებს ამ დღეს, მოკვდება.
3. ცეცხლს ნუ დაანთებთ თქვენს საცხოვრებლებში შაბათ დღეს.
4. ასე უთხრა მოსემ ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას: ეს არის, რაც მიბრძანა უფალმა თქვენთვის სათქმელად:
5. გაიღეთ ძღვენი უფლისათვის; ყველამ თავისი გულუხვობით მიიტანოს საუფლო ძღვენი - ოქრო, ვერცხლი და სპილენძი,
6. ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილი, სელი და თხისური,
7. დათრიმლული ტყავები, თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები,
8. ზეთი გასანათებლად, სურნელებანი მირონისთვის და საკმევლისთვის,
9. ონიქსის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.
10. ყოველი გულბრძენი, ვინც კი არის თქვენში, მოვიდეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა:
11. სავანე და მისი კარავი გადასახურავითურთ, მისი კაუჭები და კოჭები, მისი სვეტები და კვარცხლბეკები,
12. კიდობანი და მისი კეტები, სახურავი და ჩამოსაფარებელი ფარდა,
13. ტაბლა და მისი კეტები, მთელი მისი ჭურჭელი და დასადებელი პურები,
14. სასანთლე გასანათებლად, მისი მოწყობილობა და ლამპრები, და ზეთი გასანათებლად,
15. სასაკმევლე სამსხვერპლო და მისი კეტები, მირონი და სურნელოვანი საკმეველი, ჩამოსაფარებელი ფარდა სავანის შესასვლელისთვის,
16. სამსხვერპლო აღსავლენი მსხვერპლისათვის და მისი სპილენძის ცხაური, მისი კეტები და მისი მოწყობილობა, საბანელი და მისი კვარცხლბეკი,
17. ეზოს ფარდები თავისი სვეტებითა და კვარცხლბეკებითურთ, და ეზოს კარიბჭის ფარდა.
18. სავანის პალოები, ეზოს პალოები მათი ბაგირებითურთ,
19. შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის, წმიდა შესამოსელი აარონ მღვდლისათვის და შესამოსელი მისი შვილებისთვის მღვდლობის გასაწევად.
20. გავიდა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსესაგან.
21. მივიდნენ სათითაოდ, ვისაც კი გულმა გაუწია და ვინც კი სულით აღიძრა, და მიიტანეს საუფლო ძღვენი სადღესასწაულო კარვის მოსაწყობად, მისი ყოველი საჭიროებისათვის და წმიდა შესამოსელისთვის.
22. მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები, გულუხვობით მიჰქონდათ დასამშვენებელი რგოლები, საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები, ყოველგვარი ოქროს ნივთი; თითოეულს თავისი წილი შესაწირავი ოქრო მიჰქონდა უფლისათვის.
23. ყველას მოჰქონდა, ვისაც კი მოეპოვებოდა ლურჯი, ძოწეული, ჭიაფერის ნართი და ბისონი, თხისური, წითლად შეღებილი ცხვრის ტყავები და თახაშის ტყავები;
24. ყველას, ვისაც კი სურდა ვერცხლისა და სპილენძის ძღვნად მიტანა, მოჰქონდა ძღვნად უფლისათვის; ყველას, ვისაც კი მოეპოვებოდა ურთხელის ძელები რაიმე საქმისათვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა.
25. ყველა მარჯვე დედაკაცს, ვისაც კი ნართის რთვა შეეძლო თავისი ხელით, მოჰქონდა ლურჯი, მეწამული და ჭიაფერის ნართი და ბისონი.
26. ყველა დედაკაცი, ვისაც კი გული უწევდა და გაწაფული იყო, ართავდა თხისურს.
27. თავკაცებს მიჰქონდათ ონიქსის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები,
28. ნელსურნელება, ზეთი გასანათებლად, მირონისთვის და სურნელოვანი საკმევლისათვის.
29. კაცსა თუ ქალს, ვისაც კი თავისი გულუხვიბით სურდა მოეტანა ძღვენი ყოველი საქმისთვის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით, უხვად მიჰქონდათ უფლისთვის.
30. უთხრა მოსემ ისრაელიანებს: უყურეთ, უფალმა მოუხმო სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან.
31. აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნების უნარით,
32. რათა შეასრულოს ჩანაფიქრი, დაამუშაოს ოქრო, ვერცხლი და სპილენძი,
33. გამოთალოს თვლები მოსაოჭავად და გამოახარატოს ხე, შექმნას ხელოვნური ნივთნი.
34. გულში ჩაუდო სხვათა დამოძღვრის უნარი, მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის შტოდან.
35. აუვსო გული სიბრძნით, რომ აკეთონ ხარატის მქსოველის ყოველგვარი საქმე, ქარგონ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილზე და ბისონზე, აკეთონ მქსოველის, ყოველგვარი ხელოვანის საქმე.
თავი ოცდამეთექვსმეტე
1. შეუდგნენ საქმეს ბეცალიელი, ოჰოლიაბი და ყველა გულბრძენი კაცი, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება საწმიდარისთვის საჭირო საგნების გასაკეთებლად უფლის ბრძანებისამებრ.
2. მოუხმო მოსემ ბეცალიელს, ოჰოლიაბს და ყველა გულბრძენ კაცს, რომელსაც უფალმა ჩაუდო სიბრძნე გულში, ყველას, ვისაც გული ერჩოდა შესდგომოდა საქმეს და ემუშავა.
3. ჩაიბარეს მოსესგან მთელი შემოწირულება, რაც კი მოტანილი ჰქონდათ ისრაელიანებს საწმიდარისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გასაკეთებლად; და კვლავაც გულუხვად მიჰქონდათ მასთან ყოველ დილას.
4. მოვიდა ყველა ბრძენკაცი, საწმიდარის ყოველგვარი საქმის მკეთებელი, თავ-თავისი საქმის მცოდნენი, ვის რისი გაკეთებაც შეეძლო,
5. და ასე უთხრეს მოსეს: უფრო მეტი მოაქვს ხალხს, ვიდრე უფლისაგან ნაბრძანები საქმის გასაკეთებლად არის საჭირო.
6. მაშინ ბრძანა მოსემ და გამოაცხადეს ბანაკში: ნურც მამაკაცი, ნურც დედაკაცი ნუღარაფერს გაამზადებს საწმიდარისთვის შესაწირავად. შეწყვიტა ხალხმაც მოტანა.
7. რაც კი შემოტანილი იყო, საკმარისი აღმოჩნდა მიელი საქმის გასაკეთებლად და ზედმეტადაც კი დარჩა.
8. გააკეთა ყველა გულბრძენმა კაცმა, რაც სავანისთვის ჰქონდათ გასაკეთებელი: გრეხილი სელის და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერურიმებიც ამოქარგეს ზედ.
9. თითოეული ნაჭრის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყო და სიგანე თითოეული ნაჭრისა - ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომისა იყო.
10. ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადააკერა, მეორე ხუთი ნაჭერიც ერთმანეთს გადააკერა.
11. გაუკეთა ლურჯი კილოები ერთ ნაჭერს ბოლო გადანაკერის კიდეზე; ასევე გაუკეთა ნაჭერს უკანასკნელი გადანაკერის კიდეზე.
12. ორმოცდაათი კილო გაუკეთა ერთ ნაჭერს და ორმოცდაათი კილო გაუკეთა მეორე ნაჭერს ბოლო გადანაკერის კიდეზე ისე, რომ კილოები ერთმანეთს მისადაგებოდა.
13. გააკეთა ორმოცდაათი ოქროს კაუჭი და გადააბა ერთმანეთს ნაჭრები კაუჭებით, ისე რომ ერთი მთლიანი კარავი გამოვიდა.
14. დაამზადა ნაჭერი თხისურისგან სავანის გადასაფარებლად; თორმეტი ასეთი ნაჭერი დაამზადა.
15. ერთი ნაჭრის სიგრძე ოცდაათი წყრთა იყო, სიგანე ერთი ნაჭრისა - ოთხი წყრთა; ერთი ზომისა იყო დანარჩენი თერთმეტი ნაჭერი.
16. ხუთი ნაჭერი ცალკე გადააბა ერთმანეთს, ხუთი - ცალკე.
17. გააკეთა ორმოცდაათი კილო ბოლო ნაჭრის კიდეზე, გადასაბმელთან და ორმოცდაათი კილო გააკეთა მეორე გადასაბმელი ნაჭრის კიდეზე.
18. გააკეთა ორმოცდაათი სპილენძის კაუჭი გადასაფარებლის გადასაბმელად, რომ ერთი მთლიანი გამოსულიყო.
19. გაუკეთა გადასაფარებელს გადასახურავი დათრიმლული ტყავებისგან და ზემოდან გადასახურავი თახაშის ტყავებისგან.
20. სვეტებად ურთხელის ძელები გაუკეთა სავანეს.
21. ათი წყრთა იყო ძელის სიგრძე, წყრთანახევარი იყო თითოეული ძელის სიგანე.
22. ორ-ორი რიკი ჰქონდა თითოეულ ძელს, ერთმანეთს მისადაგებული. ასე გაუკეთა სავანის ყველა ძელს.
23. გაუკეთა სავანეს ძელები, ოცი ძელი სამხრეთით.
24. ორმოცი ვერცხლის ფეხი დაუყენა ქვეშ ოც ძელს, ორი ფეხი ერთი ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის და ორი ფეხი მეორე ძელის ქვეშ მისი ორი რიკისთვის.
25. სავანის მეორე გვერდისთვის ჩრდილოეთის მხარეს გააკეთა ოცი ძელი;
26. და ორმოცი ვერცხლის ფეხი: ორი ფეხი ერთი ძელის ქვეშ, ორი ფეხი მეორე ძელის ქვეშ.
27. სავანის უკანა მხარეს დასავლეთისკენ გააკეთა ექვსი ძელი.
28. ორი ძელი გააკეთა სავანის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს.
29. შეერთებული იყო ქვემოდან და ზემოდან თითო რგოლით: ასე გააკეთა ორივესთვის ორსავე კუთხეში.
30. იყო სულ რვა ძელი და თექვსმეტი ვერცხლის ფეხი; ორ-ორი ფეხი თითო ძელის ქვეშ.
31. გააკეთა ლარტყები ურთხელის: ხუთი - სავანის ერთი გვერდის ძელებისთვის
32. და ხუთიც - სავანის მეორე გვერდის ძელებისთვის, ხუთიც - სავანის უკანა მხარის ძელებისთვის, დასავლეთით.
33. გააკეთა შუათანა ლარტყი, რომელიც გასდევს ძელებს ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე.
34. ძელები ოქროთი მოჭედა, რგოლები ოქროსგან გააკეთა, აგრეთვე ლარტყების ჩასადგმელები; ლარტყებიც ოქროთი მოჭედა.
35. გააკეთა ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი ბისონისგან; ზედ ქერუბიმები ამოქარგა.
36. გაუკეთა მას ურთხელის ოთხი სვეტი ოქროს კაუჭებითურთ და ოქროთი მოჭედა; ჩამოასხა მათთვის ოთხი ვერცხლის ფეხი.
37. დაამზადა მოხატული ფარდა სავანის შესასვლელისთვის ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი ბისონისგან,
38. და ხუთი სვეტი კაუჭებითურთ; ოქროთი მოჭედა მათი თავები და სალტეები, გააკეთა სპილენძის ხუთი ფეხი.
თავი ოცდამეჩვიდმეტე
1. გააკეთა ბეცალიელმა ურთხელისგან კიდობანი; ორწყრთანახევარი იყო მისი სიგრძე, წყრთანახევარი სიგანე და წყრთანახევარი სიმაღლე.
2. მოჭედა იგი ხალასი ოქროთი შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო.
3. ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი, მის ოთხსავე კუთხეზე დასამაგრებელი: ორი რგოლი ერთ მხარეზე, ორი რგოლი მეორე მხარეზე.
4. დაამზადა კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედა.
5. გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად.
6. გააკეთა სახურავი წმიდა ოქროსაგან; სიგრძე ორწყრთანახევარი ჰქონდა, სიგანე - წყრთანახევარი.
7. გააკეთა ოქროს ორი ქერუბიმი; ოქროსაგან გამოჭედა ისინი; სახურავის ორსავე კიდეზე განალაგა.
8. ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე, მეორე ქერუბიმი მეორე კიდეზე. სახურავიდან გამოიყვანა ქერუბიმები ორსავე კიდეზე.
9. ფრთები გაშლილი ჰქონდათ ქერუბიმებს და ფარავდნენ თავიანთი ფრთებით სახურავს, სახით ერთმანეთისკენ იყვნენ მიქცეულნი, სახურავისკენ ჰქონდათ მიქცეული სახეები.
10. გააკეთა ტაბლა ურთხელისგან; ორი წყრთა ჰქონდა სიგრძე, ერთი წყრთა სიგანე და წყრთანახევარი სიმაღლე.
11. ხალასი ოქროთი მოჭედა და ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო.
12. ირგვლივ ერთი მტკაველი კედელი გაუკეთა და კედელსაც ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო.
13. ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი და ოთხსავე კუთხეზე ოთხ ფეხთან დაამაგრა.
14. კედელზე მიმაგრებული რგოლები კეტების გასაყრელი იყო, რომ ტაბლა ეტარებინათ.
15. გააკეთა ურთხელის კეტები, ოქროთი მოჭედილი, ტაბლის სატარებლად.
16. გააკეთა ტაბლის ჭურჭელი: თეფშები, კოვზები, თასები და საღვრელის დასაღვრელი საწდეები ხალასი ოქროსგან.
17. გააკეთა სასანთლე ხალასი ოქროსგან, ნაჭედი იყო სასანთლე; მისი ღერო, რტო, ჯამები, კოკრები და ყვავილები ერთიანი იყო.
18. ექვსი რტო გამოდიოდა მისი გვერდებიდან: სასანთლის სამი ღერო ერთი გვერდიდან, სასანთლის სამი ღერო მეორე გვერდიდან.
19. ნუშისებრი სამი ჯამი ერთ რტოზე, კოკორი და ყვავილი; ნუშისებრი სამი ჯამი მეორე რტოზე, კოკორი და ყვავილი. ასე ექვსსავე რტოზე, რომლებიც სასანთლიდან გამოდიან.
20. სასანთლეზე ოთხი ნუშისებრი ჯამი, კოკრები და ყვავილები.
21. ერთი კოკორი ორ რტოს ქვეშ, ერთი კოკორიც ორ რტოს ქვეშ; ასე ექვსივე რტოსთვის, რომლებიც სასანთლიდან გამოდიან.
22. მისი კოკრები და რტოები მისგანვე იყო ნაკეთები, მთლიანად ჭედური იყო ერთიანი ხალასი ოქროსი.
23. გაუკეთა შვიდი ლამპარი და მაშები და აქანდაზები ხალასი ოქროსაგან.
24. ერთი ქანქარი ხალასი ოქროსგან გააკეთა ისიც და მთელი მისი ჭურჭელი.
25. გააკეთა საკმევლის სამსხვერპლო ურთხელისგან: ერთი წყრთა სიგრძე ჰქონდა, ერთი წყრთა - სიგანე, ერთი წყრთა - სიმაღლე, მისგანვე იყო ნაკეთები მისი რქები.
26. ხალასი ოქროთი მოჭედა იგი, მისი სახურავი, კედლები ირგვლივ და რქები; ოქროს გვირგვინი მოავლო გარშემო.
27. ორი ოქროს რგოლი მიამაგრა ქვემოდან სალტეს ორსავე გვერდზე, ორსავე მხარეს კეტების გასაყრელად, რათა ეტარებინათ სამსხვერპლო.
28. დაამზადა კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედა.
29. დაამზადა წმიდა მირონი და სურნელოვანი, სუფთა საკმეველი, როგორც მენელსურნელენი ამზადებენ.
თავი ოცდამეთვრამეტე
1. გააკეთა ურთხელისგან აღსავლენის სამსხვერპლო, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, ოთხკუთხედი, სიმაღლით სამი წყრთა.
2. გაუკეთა რქები ოთხსავე კუთხეში - მისგანვე გამოდიოდა რქები - და სპილენძით მოჭედა.
3. დაამზადა სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეუობა: ქვაბები, აქანდაზები, სასხურებლები, ჩანგლები და მაშები; მთელი მისი ჭურჭელი სპილენძისგან გააკეთა.
4. დაუყენა სამსხვერპლოს ცხაური, სპილენძისა, დის მაგვარი, ქვემოდან მის ნახევრამდე.
5. ჩამოასხა ოთხი რგოლი სპილენძის ცხაურის ოთხივე კუთხისთვის კეტების გასაყრელად.
6. ურთხელისგან გააკეთა კეტები და სპილენძით მოჭედა.
7. გაუყარა კეტები რგოლებში სამსხვერპლოს გვერდებზე, რომ მისი ტარება შეძლებოდათ. ღრუ გააკეთა იგი, ფიცრებისგან.
8. გააკეთა სპილენძის საბანელი სპილენძისავე კვარცხლბეკითურთ, დედაკაცთა სარკეებისგან, რომლებიც მოჰქონდათ მათ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
9. მოაწყო ეზო; სამხრეთის მხარეს ეზოს ფარდები გრეხილი სელისგან იყო - ასი წყრთა.
10. მისი ოცი სვეტი და ოცი ფეხი სპილენძისგან, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისგან.
11. ჩრდილოეთ მხარეს ასი წყრთა ფარდა; მისი ოცი სვეტი და ოცი ფეხი სპილენძისა, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისა.
12. დასავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა ფარდა; მისი ათი სვეტი და ათი ფეხი; სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისგან.
13. აღმოსავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა ფარდა.
14. თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთ ფრთაზე; მისი სამი სვეტი სამი ფეხითურთ.
15. მეორე ფრთისათვის, ეზოს კარის ორსავე მხარეს, აქეთ და იქით თხუთმეტი წყრთა ფარდა; მისი სამი სვეტი სამი ფეხითურთ.
16. ეზოს ყველა ფარდა მისი ირგვლივ გრეხილი სელისა იყო.
17. სვეტების ფეხები სპილენძისა, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისა, თავები ვერცხლით მოჭედილი, ეზოს ყველა სვეტი ვერცხლის სამაგრებით იყო დამაგრებული.
18. ეზოს კარის ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქარგებიანი ქსოვილისა და გრეხილი სელისა იყო - სიგრძით ოცი წყრთა, სიმაღლით ხუთი წყრთა მთელს სიგანეზე ეზოს ფარდების შესაბამისად.
19. მისი ოთხი სვეტი ოთხი ფეხითურთ სპილენძისა, ვერცხლის კაუჭები, თავები ვერცხლით მოჭედილი და ვერცხლის სამაგრები.
20. სავანისა და ეზოს ირგვლივ ყველა პალო სპილენძისა იყო.
21. აჰა, სავანის, მოწმობის სავანის ანგარიში, რომელიც ნაანგარიშევი იყო მოსეს ბრძანებით - ლევიანთა მთელი სამუშაო ითამარ აარონის ძის, მღვდლის, ხელმძღვანელობით.
22. ბეცალიელმა ძემ სურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან, გააკეთა ყველაფერი, რაც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
23. მასთან ერთად ოჰოლიაბ ახისამაქის ძემ, დანის შტოდან, ხარატმა, მქსოველმა და მქარგველმა ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისა და სელისა.
24. მთელი ოქრო, რაც დაიხარჯა საწმიდრის ყველა საქმეზე, მთელი შემოწირული ოქრო ოცდაცხრა ქანქარი და შვიდას ოცდაათი შეკელი იყო, საღვთო შეკელით.
25. ხოლო ვერცხლი მთელი საზოგადოებისა, რაც დათვლილი იყო, შეადგენდა ას ქანქარს და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტ შეკელს საღვთო შეკელით.
26. თითოეულისგან ერთი ბეკაყი, ანუ ნახევარი შეკელი საღვთო შეკელით, ყველასგან, ვინც კი აღრიცხული იყო ოცი წლიდან ზემოთ, სულ ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი კაცისგან.
27. ასი ქანქარი ვერცხლი მოხმარდა საწმიდრის ფეხების და ფარდის ფეხების ჩამოსხმას; ასი ფეხი ასი ქანქარისგან, თითო ქანქარი თითო ფეხისთვის.
28. ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელი ვერცხლისგან გააკეთა სვეტების კაუჭები, მოუჭედა თავები და სამაგრები გაუკეთა.
29. შემოწირული სპილენძი იყო სულ სამოცდაათი ქანქარი და ორიათას ოთხასი შეკელი.
30. გააკეთა მისგან ფეხები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, სპილენძის სამსხვერპლო სპილენძისავე ცხაურითურთ და სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეული.
31. ფეხები ეზოს ირგვლივ სვეტებისთვის და ეზოს კარის ფეხები, სავანის ყველა პალო და ეზოს ირგვლივ ყველა პალო.
თავი ოცდამეცხრამეტე
1. ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან შეკერეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის; წმიდა შესამოსელი შეუკერეს აარონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
2. დაამზადეს ეფოდი ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან.
3. გაგლინეს ოქროს ფირფიტები და ძაფებად დაჭრეს, რომ დაეტნიათ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილსა და სელს შორის.
4. გაუკეთეს მისამაგრებელი სამხრეები; ორივე ბოლოთი იყო მიმაგრებული.
5. მასზე შემოსარტყმელი ზონარი იმავე მასალისა და მსგავსი ნახელავი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწისფერა და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სულისგან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
6. დაამუშავეს ოქროს ბუდეებში ჩასასმელი ონიქსის თვლები, რომლებზედაც ამოტვიფრული იყო ისრაელიანთა სახელები.
7. განალაგა ისინი ეფოდის სამხრეებზე - ისრაელიანთა სამახსოვრო თვლები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
8. გააკეთა სამკერდული ამოქარგული, ისევე როგორც ეფოდი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან.
9. ოთხკუთხედი იყო იგი; ორკეცი გააკეთეს სამკერდული - სიგრძით ერთი მტკაველი და სიგანითაც ერთი მტკაველი, ორკეცი.
10. ოთხრიგად გააწყვეს მასზე თვლები: ერთ რიგში: ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი - პირველი რიგი.
11. მეორე რიგი: ფირუზი, საფირონი და იასპი;
12. მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო;
13. მეოთხე რიგი: ქრისოლითი, ონიქსი და ბერილი. ოქროს ბუდეებში იყოს ჩასმული.
14. თვლები ისრაელიანთა სახელების მიხედვით იყო, თორმეტი, მათი სახელების მიხედვით, თორმეტივე ტომის სახელი იყო ამოტვიფრული.
15. გაუკეთა სამკერდულს წნული ძეწკვი ხალასი ოქროსი;
16. გააკეთა ორი ოქროს ბუდე და ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა ორი რგოლი სამკერდულის ორთავე კიდეს.
17. გაუყარა ორი ოქროს წნული ძეწკვი ორ რგოლში სამკერდულის კიდეებზე.
18. ორი წნული ძეწკვის ორი ბოლო მიამაგრა ორ ბუდეს და წინიდან მიაბა ისინი ეფოდის სამხრეებს.
19. გააკეთა ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა სამკერდულის ორ კიდეს ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.
20. გააკეთა ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა ეფოდის ორ სამხრეს ქვემოდან წინა მხარეს, შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ.
21. გადააბეს სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ ყოფილიყო ეფოდის სარტყელს ზემოთ და არ ასცდენოდა სამკერდული ეფოდს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
22. გააკეთა ეფოდის მოსასხამი, ნაქსოვი მთლიანად ლურჯი ქსოვილისგან.
23. შუაში ამოჭრილი იყო მოსასხამი ჯაჭვის პერანგივით; ამოჭრილის კიდეს არშია გასდევდა, რომ არ შემორღვეულიყო.
24. ამოქარგა მოსასხამის კალთებზე ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი გრეხილი ძაფებით.
25. გააკეთა ეჟვნები წმიდა ოქროსაგან და ჩამოჰკიდა ეჟვნები ბროწეულებს შორის მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, ბროწეულებს შორის.
26. ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, მსახურებისთვის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
27. გააკეთეს კვართი სელისგან, ნაქსოვი აარონისთვის და მისი შვილებისთვის,
28. თავსაბურველი სელისგან, ქუდი სელისგან და ტილოს შარვალი გრეხილი სელისგან.
29. სარტყელი გრეხილი ბისონისგან და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან, ნაქარგი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
30. გააკეთა ჯიღა - სიწმიდის გვირგვინი - ხალასი ოქროსაგან და ამოტვიფრა მასზე წარწერა, როგორც ბეჭედზე: უფლის სიწმიდე.
31. გამოაბა მას ლურჯი ძაფი, რომ თავსაბურველზე მიემაგრებინა ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
32. დასრულდა სავანის სადღესასწაულო კარვის მთელი სამუშაო. ყველაფერი გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს; ასე გააკეთეს.
33. მიუტანეს სავანე მოსეს, გადასახურავი და მთელი მისი მოწყობილობა, კაუჭები, ძელები, ლარტყები, სვეტები, ფეხები.
34. დათრიმლული ტყავის გადასაფარებელი, თახაშის ტყავის გადასაფარებელი და კრეტსაბმელი,
35. მოწმობის კიდობანი, მისი კეტები და სახურავი.
36. ტაბლა მთელი მისი ჭურჭელი და დასადებელი პური,
37. წმიდა სასანთლე და მისი ლამპრები, ჩასამწკრივებელი ლამპრები მთელი მათი მოწყობილობითურთ; და ზეთი გასანათებლად,
38. ოქროს სამსხვერპლო, მირონი, სურნელოვანი საკმეველი, ჩამოსაფარებელი კარვის კარისათვის,
39. სპილენძის სამსხვერპლო სპილენძისვე ცხაურით, მისი კეტები და მთელი მისი მოწყობილობა, საბანელი თავისი კვარცხლბეკით,
40. ეზოს ფარდები, მისი სვეტები მათი ფეხებით, ეზოს კარიბჭის ჩამოსაფარებელი, მისი ბაგირები, პალოები და ყოველი ჭურჭელი სადღესასწაულო კარვისთვის,
41. საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი და მისი შვილების სამღვდელო შესამოსელი.
42. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა.
43. ნახა მოსემ მთელი ნამუშევარი და აჰა, გაუკეთებიათ ყველაფერი. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და დალოცა ისინი მოსემ.
თავი მეორმოცე
1. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
2. პირველი თვის პირველ დღეს აღმართე სავანე, სადღესასწაულო კარავი.
3. დადგი იქ მოწმობის კიდობანი და მოაფარე კრეტსაბმელი კიდობანს.
4. შეიტანე ტაბლა და დააწყვე მასზე, რაც დასაწყობია; შეიტანე სასანთლე და აანთე ლამპრები.
5. დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისთვის მოწმობის კიდობნის წინ და ფარდა ჩამოაფარე კარვის შესასვლელს.
6. დადგი სამსხვერპლო აღსავლენისთვის სავანის, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
7. დადგი საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხი შიგ წყალი.
8. მოაწყვე გარშემო ეზო და ჩამოჰკიდე ფარდა ეზოს ჭიშკართან.
9. აიღე მირონი და სცხე სავანეს და ყველაფერს, რაც მასშია; განათლე მთელი მისი ჭურჭელი და წმიდა იქნება.
10. სცხე აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს, განათლე სამსხვერპლო და წმიდათა წმიდა იქნება სამსხვერპლო.
11. სცხე საბანელს და მის კვარცხლბეკს და განათლე იგი.
12. მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე.
13. შემოსე აარონი წმიდა შესამოსელით, სცხე მას და განათლე იგი, რომ მღვდლობა გამიწიოს მე.
14. მისი შვილებიც მიიყვანე და შემოსე ისინი კვართით.
15. სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რომ მღვდლობა გამიწიონ მე და ამ მირონცხებამ სამარადისო მღვდლობა მიანიჭოს მათ თაობიდან თაობაში.
16. ყველაფერი გააკეთა მოსემ, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს; ასე გააკეთა.
17. მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველში აღიმართა სავანე.
18. აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი ფეხები, განალგა ძელები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა სვეტები.
19. გადაფინა გადასაფარებელი სავანეზე და გაუკეთა მას სახურავი ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
20. აიღო მოწმობა და ჩადო კიდობანში, გაუყარა კეტები კიდობნის რგოლებში და თავი დაახურა კიდობანს.
21. შეიტანა კიდობანი სავანეში, ჩამოჰკიდა კრეტსაბმელი და დაფარა მოწმობის კიდობანი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
22. დადგა ტაბლა სადღესასწაულო კარავში, სავანის ჩრდილო მხარეს, ფარდის გარეთ.
23. დააწყო მასზე პური უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
24. დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ, სავანის სამხრეთ მხარეს.
25. აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
26. დადგა ოქროს სამსხვერპლო სადღესასწაულო კარავში, ფარდის წინ.
27. აკმია მასზე სურნელოვანი საკმეველი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
28. ჩამოჰკიდა ჩამოსაფარებელი სავანის შესასვლელთან.
29. აღსავლენის სამსხვერპლო დადგა სავანის, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, შესწირა მასზე აღსავლენი მსხვერპლი და პურის შესაწირავი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
30. დადგა საბანელი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხა შიგ განსაბანელი წყალი.
31. განიბანდნენ აქ მოსე, აარონი და მისი შვილები ხელებსა და ფეხებს.
32. როცა შევიდოდნენ სადღესასწაულო კარავში და მიუახლოვდებოდნენ სამსხვერპლოს, განიბანდნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
33. მოაწყო ეზო სავანისა და სამსხვერპლოს ირგვლივ და ჩამოჰკიდა ფარდა ეზოს ჭიშკარში და დაასრულა მოსემ სამუშაო.
34. დაფარა ღრუბელმა სადღესასწაულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე.
35. ვერ შევიდა მოსე სადღესასწაულო კარავში, რადგან ღრუბელი იყო მასზე დავანებული და უფლის დიდებას აევსო სავანე.
36. როცა ასცილდებოდა ღრუბელი სავანეს, მაშინ დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები სამგზავროდ.
37. თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ დაიძრებოდნენ, ვიდრე არ ასცილდებოდა.
38. რადგან უფლის ღრუბელი ადგა სავანეს დღისით, ღამ-ღამობით კი ცეცხლი ჩანდა შიგ მთელი ისრაელის სახლის თვალწინ, მთელს მათ გზაზე.