თავი პირველი
1. იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ქანაანელებთან საომრად?
2. თქვა უფალმა: იუდა გავიდეს. აჰა, ხელში ჩამიგდია მისთვის ეგ მიწა.
3. უთხრა იუდამ თავის ძმას სიმონს: გამომყევი ჩემს წილხვდომილში, ერთად ვეომოთ ქანაანელებს. მერე მე გამოგყვები შენს წილხვდომილში. და გაჰყვა სიმონი.
4. გავიდა იუდა და უფალმა ხელში ჩაუგდო ქანაანელები და ფერიზელები. ამოხოცეს ისინი ბეზეკში - ათი ათასი კაცი.
5. ბეზეკშივე შეეყარნენ ადონი-ბეზეკს. შეებნენ და დაამარცხეს ქანაანვლები და ფერიზელები.
6. უკუიქცა ადონი-ბეზეკი, დაედევნენ, შეიპყრეს და ხელებზე და ფეხებზე ცერები დააჭრეს.
7. თქვა ადონი-ბეზეკმა: სამოცდაათი მეფე, ხელებზე და ფეხებზე ცერები რომ დავაჭერი, ჩემი სუფრის ქვეშ აგროვებდა ნამვსრევს. რასაც ჩავდიოდი, იგივე მომაგო ღმერთმა. წაიყვანეს იგი იერუსალიმში და იქ მოკვდა.
8. შეუტიეს იუდიანებმა იერუსალიმს, აიღეს, მახვილით მოსრეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი.
9. მერე ჩავიდნენ იუდიანები მთის, სამხრეთისა და ბარის ქანაანელებთან საომრად.
10. გაილაშქრა იუდამ ხებრონში მცხოვრებ ქანაანელებზე (უწინ ჰებრონს კირიათ-არბა ერქვა); დაამარცხეს შეშაი, ახიმანი და თალმაი.
11. იქიდან დაბირის მცხოვრებლებზე გაილაშქრა (უწინ დაბირს კირიათ-სეფერი ერქვა).
12. თქვა ქალებმა: ვინც დაამარცხებს და აიღებს კირიათ-სეფერს, ცოლად მიმიცია მისთვის ჩემი ასული ყაქსა.
13. ღოთენიელმა, ქალების უმცროსი ძმის კენაზის ძემ, აიღო ქალაქი და ქალებმა ცოლად მისცა მას თავისი ასული ყაქსა.
14. ვიდრე შინ გაემგზავრებოდნენ, ცოლმა დაარიგა ღოთენიელი და თავისი მამისაგან მიწა გამოათხოვინა. თვითონ კი ჩამოხდა სახედრიდან და როცა ქალებმა ჰკითხა, რა გინდაო,
15. მიუგო: მომეცი კურთხევა, რაკი ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევვბიც მომეცი. შეუსრულა სათხოვარი. მისცა ქალებმა ზემო წყალსატევები და ქვემო წყალსატევები.
16. მოსეს სიმამრის, იოთორ კენიელის შთამომავლებიც თან ამოჰყვნენ იუდიანებს ფინიკთა ქალაქიდან იუდას უდაბნოში, რომელიც არადის სამხრეთით მდებარეობს. მოვიდნენ და ადგილობრივ ხალხში ჩასახლდნენ.
17. გავიდა იუდა თავის ძმასთან სიმონთან ერთად. დაამარცხეს ცეფათის ქანაანელები, ააოხრეს ქალაქი და უწოდეს ხორმა (ნაოხარი).
18. აიღო იუდამ ღაზა და მისი შემოგარენი, ასკალონი და მისი შემოგარენი, ყეკრონი და მისი შემოგარენი, აშდოდი და მისი შემოგარენი.
19. უფალი იყო იუდასთან და მან მთიანეთი დაიმკვიდრა, ბარელები კი ვერ აჰყარა, რადგან მათ რკინის ეტლები ჰქონდათ.
20. მისცეს ხებრონი ქალებს, როგორც მოსესაგან იყო დანაბარები. დაიმკვიდრა მან ყანაკის ძეთა სამი ქალაქი და ყანაკის სამივე ძე აჰყარა იქიდან.
21. მაგრამ იებუსეველები - იერუსალიმის მკვიდრნი ვერ აჰყარეს ბენიამინიანებმა და იებუსეველები დღემდე ცხოვრობენ იერუსალიმში ბენიამინიანთა გვერდით.
22. იოსების სახლიც გავიდა ბეთელის წინააღმდეგ და უფალი იყო მასთან.
23. შეჩერდა და ზვერავდა იოსების სახლი ბეთელს (უწინ ამ ქალაქს ლუზი ერქვა).
24. დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი, შეიპყრეს და უთხრეს: გვიჩვენე ქალაქში შესასვლელი და წყალობას გიზამთ.
25. უჩვენა კაცმა ქალაქში შესასვლელი. მახვილით მოსრეს ქალაქი, ხოლო ის კაცი და მთელი მისი სახლობა გაუშვეს.
26. წავიდა ის კაცი ხეთელების ქვეყანაში. ააშენა იქ ქალაქი და უწოდა ლუზი. ეს სახელი ჰქვია მას დღემდე.
27. მენაშემ ვერ აჰყარა ბეთ-შეანი თავისი სოფლებითურთ, ვერც თაყანაქი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც დორი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც იბლეყამი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც მეგიდო თავისი სოფლებითურთ. დარჩნენ და ცხოვრობდნენ ქანაანელები ამ მიწაზე.
28. როცა მომძლავრდა ისრაელი, დახარკა ქანაანელები, აყრით კი ვერ აჰყარა.
29. ეფრემმა ვერ აჰყარა გაზერის ქანაანელები, ცხოვრობდნენ ქანაანელები გაზერში მათ გვერდით და ხარკს უხდიდნენ.
30. ზაბულონმა ვერ აჰყარა კიტრონელები და ნაქლოლელები, ცხოვრობდნენ ისინი მათ გვერდით და მისი მოხარკენი შეიქნენ.
31. აშერმა ვერ აჰყარა ყაქოელები, რომლებიც ხარკს უხდიდნენ, ვერც დორელები და სიდონელები, ვერც ახლაბელები, აქზიბელები, ქელბელები, აფიკელები და რექობელები.
32. ცხოვრობდა აშერი იქაურ ქანაანელებს შორის, რადგან ვერ აჰყარა ისინი.
33. ნაფთალიმ ვერ აჰყარა ბეთ-შემეში და ბეთ-ანათი; ცხოვრობდა იქაურ ქანაანელებს შორის. ბეთ-შემეშელებიც და ბეთ-ანათელებიც მისი მოხარკენი შეიქნენ.
34. ამორეველებმა მთებში შეიმწყვდიეს დანელები და ბარად არ ჩამოუშვეს.
35. დარჩნენ და ცხოვრობდნენ ამორეველები ქარ-ქერესში, სადაც დათვები და მელებია, აიალონში და შაყალბიმში, მაგრამ იოსების სახლის ხელი მძიმედ დააწვა ამორეველებს და მოხარკედ გაუხდნენ ისინი.
36. ამორეველების საზღვარი ყაკრაბიმის მაღლობზე, სელაზე და მის მაღლა გადიოდა.
თავი მეორე
1. მოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და ბეთელში ისრაილის სახლთან და თქვა: ასე ამბობს უფალი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი. ვუთხარი, არ დავარღვევ-მეთქი თქვენთან დადებულ აღთქმას უკუნისამდე.
2. ოღონდ ნუ შეკრავთ-მეთქი კავშირს ამ ქვეყნის ხალხთან, ნუ იწამებთ მათ ღმერთებს, დაამსხვრიეთ მათი კერპები, დაანგრიეთ-მეთქი მათი სამსხვერპლოები. თქვენ კი არ ისმინეთ ჩემი. ეს რა ჩაიდინეთ!
3. ამიტომაც გეუბნებით: მათ, ვის აყრასაც ვაპირებდი, აღარ ავყრი. აღარ ავყრი მათ თქვენგან, რომ ხუნდებად გექცნენ ისინი, მახედ გექცნენ მათი ღმერთები.
4. როცა უფლის ანგელოზები ამ სიტყვებს ეუბნებოდა ისრაელიანებს, ხმამაღლა ატირდა ხალხი.
5. ამიტომ უწოდეს იმ ადგილს სახელად ბოქიმი (მოტირალნი). მსხვერპლი შესწირეს იქ უფალს.
6. დაითხოვა იესომ ხალხი და წავიდ-წამოვიდნენ ისრაელიანები თავ-თავიანთ სახლებში, თავ-თავიანთ წილხვდომილ ქვეყნებში, რათა დაემკვიდრებინათ იგი.
7. უფალს ემსახურებოდა ერი იესოს მთელ სიცოცხლეში და უხუცესთა მთელ სიცოცხლეში, რომლებიც იესოს შემდგომ იყვნენ და ნანახი ჰქონდათ ყველა დიადი საქმე, ისრაელისათვის რომ აღასრულა უფალმა.
8. მოკვდა იესო, ნავეს ძე, უფლის მორჩილი, ას ათი წლისა,
9. და დამარხეს თავის წილხვდომილში, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
10. მთელი ის თაობაც გადავიდა მამა-პაპასთან. მოვიდა სხვა თაობა რომელსაც არ გაეგონა უფალი, არც მისი საქმენი, ისრაელისთვის რომ აღასრულა.
11. უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ემსახურებოდნენ ბაალებს.
12. დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მიიქცნენ უცხო ღმერთებისკენ, მეზობელ ხალხთა ღმერთებისაკენ და თაყვანს სცემდნენ მათ.
13. დაივიწყეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთორეთებს.
14. აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანთა მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი მძარცველებს და აძარცვინა. ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.
15. სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ავბედითად წარმართავდა მათ უფლის ხელი, როგორც უთხრა მათ უფალმა და დაემუქრა მათ უფალი. დიდად შეაჭირვა ისინი.
16. დაუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებიც მძარცველებისაგან იფარავდნენ მათ.
17. მაგრამ არც მსაჯულებს უჯერებდნენ, უზნეობდნენ უცხო ღმერთების კვალზე, თაყვანს სცემდნენ მათ და მალევე უხვევდნენ იმ გზიდან, რომლითაც დადიოდა მათი მამა-პაპა, უფლის მცნებათა მორჩილი. ესენი იმათ მსგავსად არ იქცეოდნენ.
18. მას შემდეგ, რაც მსაჯულები დაუდგინა მათ უფალმა, უფალი იყო მსაჯულთან და მტრებისაგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში. რადგან ებრალებოდა ისინი უფალს, როცა ესმოდა, როგორ გმინავდნენ მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში.
19. მაგრამ მოკვდებოდა თუ არა მსაჯული, მამებზე უარესს ჩადიოდნენ, მიიქცეოდნენ უცხო ღმერთებისკენ, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ. არ ეშვებოდნენ თავიანთ ბოროტ საქმეს და ურჩობის გზას არ სტოვებდნენ.
20. აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და თქვა მან: რაკი ამ ერმა უღალატა ჩემსა და მათ მამაპაპას შორის დადებულ აღთქმას და აღარ მიჯერებს,
21. აღარ ავყრი მათგან აღარცერთ ამ ხალხს, რომელიც აუყრელი დარჩა იესოს, როცა მოკვდა,
22. რათა გამოვცადო ისრაელი მათით, დაადგებიან თუ არა უფლის გზას და ივლიან თუ არა იმ გზით, როგორც მათი მამა-პაპა დადიოდა.
23. ამიტომ იყო, აუყრელი რომ დატოვა ეს ხალხები უფალმა, თავიდანვე რომ არ აჰყარა და არ ჩაუგდო ხელში იესოს.
თავი მესამე
1. აი, ის ხალხები, აუყრელი რომ დატოვა უფალმა, რათა გამოეცადა მათით ისრაელიანება, ყველანი, ვინც ვერცერთ ქანაანურ ომს ვერ შეესწრო.
2. მხოლოდ იმისთვის, რომ შესწრებოდნენ და ესწავლათ ომი ისრაელიანთა შემდგომ თაობებს, რომლებიც უწინდელ ომებს ვერ შეესწრნენ:
3. ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო და ყველა ქანაანელი, ციდონელი და ხივიელი, ლიბანის მთიანეთში რომ ცხოვრობენ, ბაალ-ხერმონის მთიდან ხამათამდე.
4. სურდა გამოეცადა ისრაელიანები მათით, ენახა დაიცავდნენ თუ არა უფლის მცნებებს, მოსეს პირით რომ ამცნო მათ მამა-პაპას.
5. ცხოვრობდნენ ისრაელიანები ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხივიელთა და იებუსეველთა შორის.
6. ირთავდნენ მათ ქალებს, ათხოვებდნენ თავიანთ ქალებს მათ ვაჟებზე და ემსახურებოდნენ მათ ღმერთებს.
7. უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში, დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, და ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშერებს.
8. რისხვით აღიგზნო უფალი ისრაელის მიმართ, ხელში ჩაუგდო ისინი ქუშან-რიშთაიმს, არამის ორმდინარეთის მეფეს, და მორჩილებდნენ ისრაელიანები ქუშან-რიშთაიმს რვა წელი.
9. მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უფალმა გამოუჩინა მათ მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ღოთენიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე.
10. უფლის სული იყო მასზე და გახდა იგი ისრაელის მსაჯული. გავიდა სალაშქროდ და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშთაიმი, არამის მეფე. სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშთაიმს.
11. დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი. მერე მოკვდა ღოთენიელი, კენაზის ძე.
12. კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ამძლავრა უფალმა ისრაელზე ყეგლონი, მოაბის მეფე, რადგან უკუღმართად იქცეოდნენ ისინი უფლის თვალში.
13. შემოიკრიბა მთელი ყამონი და ყამალეკი, დაიძრა, დაამარცხა ისრაელი და აიღო ფინიკ-ქალაქი.
14. მორჩილებდნენ ისრაელიანები ყეგლონს, მოაბის მეფეს თვრამეტი წელი.
15. მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და გამოუჩინა მათ უფალმა მხსნელი აჰუდ გერას ძე, ბენიამინელი, ცაცია კაცი. ხარკი გაატანეს მას ისრაელიანებმა ყეგლონთან, მოაბის მეფესთან.
16. ორლესული ერთწყრთიანი მახვილი გააკეთებინა აჰუდმა და წამოსასხამქვეშ შეიბა მარჯვენა თეძოსთან.
17. მივიდა და მიართვა ხარკი ყეგლონს, მოაბის მეფეს. ძალზე მსუქანი კაცი იყო ყეგლონი.
18. როგორც კი ძღვენი მოართვეს, უკან გაისტუმრა ძღვენის მომტანნი.
19. თავად გილგალის საკერპოდან გამობრუნდა და უთხრა: საიდუმლო სიტყვა მაქვს შენთან, მეფეო! ბრძანა ყეგლონმა: ჩუმად! და ყველა კარისკაცი გარეთ გაიკრიფა.
20. შევიდა აჰუდი მასთან. საგრილობელ ოთახში იჯდა, ცალკე რომ ჰქონდა ზემო სართულზე. უთხრა აჰუდმა: უფლის სიტყვა მაქვს სათქმელი შენთვის! და წამოიმართა ტახტიდან ყეგლონი მის დანახვაზე.
21. და როგორც კი წამოიმართა, გაიკრა აჰუდმა მარცხენა ხელი, იძრო მარჯვენა თეძოსთან შებმული მახვილი და მუცელში აძგერა.
22. ვადიანად ჩაეფლო შიგ მახვილი და ქონმა გადაფარა ვადა, რადგან მუცელშივე ჩაატოვა მახვილი, რომელსაც მეორე მხარეს გაეწვერა.
23. მერე ტალანში გამოვიდა აჰუდი, გამოიხურა და ჩაკეტა ოთახის კარი.
24. როგორც კი გავიდა, მოვიდნენ მისი მსახურებიც და, აჰა, ჩაკეტილი დახვდათ ოთახის კარი. თქვეს: მოსასაქმებლად შეიკეტებოდაო საგრილობელ ოთახში.
25. კარგა ხანს უცადეს და, როცა ნახეს, არავინ აღებდა ოთახის კარს, კლიტე მოარგეს, გააღეს და რას ხედავენ: მკვდარი აგდია ძირს მათი ბატონი.
26. სანამ გონს მოეგებოდნენ, აჰუდმა სამშვიდობოს გამოაღწია, არავის გახსენებია იგი. გამოსცდა საკერპოს და თავი სეყირს შეაფარა.
27. მოსვლისას ბუკსა ჰკრა ეფრემის მთაში, ჩამოიყვანა მთიდან ისრაელიანები და წინ წაუძღვა.
28. უთხრა: მომყევით, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მოაბელები, თქვენი მტრები! გაჰყვნენ და გადაუჭრეს მოაბელებს იორდანეზე გადასასვლელი ფონი და არავინ გაატარეს.
29. ათი ათასამდე მოაბელი დახოცეს იმჟამად, ყველანი ბრგე და ძლიერნი, თავს ვერავინ უშველა.
30. დაემორჩილა იმ დღეს მოაბი ისრაელს და დაისვენა ქვეყანამ ოთხმოცი წელი. სიკვდილამდე ისრაელის მსაჯული იყო აჰუდი.
31. მის შემდეგ იყო შამგარი, ყანათის ძე, სახრით რომ დახოცა ექვსასი ფილისტიმელი, და მანაც იხსნა ისრაელი.
თავი მეოთხე
1. აჰუდის სიკვდილის შემდეგაც უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში.
2. და უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი იაბინს, ქანაანის მეფეს, რომელიც ხაცორში მეფობდა და მხედართმთავრად ჰყავდა სისარა, რომელიც ხაროშეთ-გოიმში ცხოვრობდა.
3. შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს, რადგან იაბინს ცხრაასი დარკინული ეტლი ჰქონდა და სასტიკად ჩაგრავდა ისრაელიანებს ოცი წელი.
4. იმჟამად ისრაელის მსაჯული იყო წინასწარმეტყველი დებორა, ლაპიდოთის ცოლი.
5. დებორას ფინიკის ქვეშ ცხოვრობდა იგი, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაში, და მიდიოდნენ ისრაელიანები მასთან რჯულის საქმეზე.
6. კაცები გაგზავნა და ნაფთალის კადეშიდან დაიბარა ბარაკი, აბინოყამის ძე და უთხრა ასე: გიბრძანებს უფალი, ისრაელის ღმერთი: ადექი და ადი თაბორის მთაზე, თან ათი ათასი კაცი წაიყვანე ნაფთალიანთაგან და ზებულონიანთაგან,
7. ხოლო მე კიშონის ხევთან მოგგვრი იაბინის მხედართმთავარს სისარას თავისი ეტლებითა და ურიცხვი ლაშქრითურთ და ხელში ჩაგაგდებინებ.
8. ბარაკმა უთხრა: თუ წამომყვები, წავალ, თუ არ წამომყვები, არ წავალ, რადგან არ ვიცი, რა დღეს მომივლენს უფალი თავის ანგელოზს.
9. დებორამ უთხრა: წამოყოლით წამოგყვები, ოღონდ იცოდე, შენი აღარ იქნება დიდება ამ გზაზე, რომლითაც მიდიხარ, რადგან უფალი დიაცის ხელში ჩააგდებს სისარას. ადგა დებორა და წაჰყვა ბარაკს კადეშში.
10. დაიბარა ბარაკმა კადეშში ზებულონი და ნაფთალი, წაიყვანა ათი ათასი კაცი და წაჰყვა დებორაც.
11. ქებერ კენიელი ცალკე გამოჰყოფოდა კენიელებს, მოსეს მოყვრის ქობაბის შთამომავლებს, და ცაყანამის მუხნარში გაეშალა კარვები, კადეშის მახლობლად.
12. შეატყობინეს სისარას, რომ ბარაკ აბინოყამის ძე თაბორის მთაზე იყო ასული.
13. ხაროშეთ-გოიმიდან კიშონის ხევთან იხმო სისარამ მთელი თავისი ეტლიონი, ცხრაასი დარკინული ეტლი და მთელი ხალხი, რაც კი ჰყავდა.
14. უთხრა დებორამ ბარაკს: გაემზადე, რადგან მოვიდა ის დღე, როცა უფალი ხელში ჩაგიგდებს სისარას. თვითონ გიწინამძღვრებს უფალი. ჩამოვიდა ბარაკი მთიდან და ჩამოჰყვა ათი ათასი კაცი.
15. უფალმა დააფრთხობინა მახვილის პირით ბარაკის წინაშე სისარა, მთელი მისი ეტლიონი და მთელი მისი ლაშქარი. გადმოხტა სისარა ეტლიდან და ფეხით გაიქცა.
16. ხაროშეთ-გოიმამდე სდია ბარაკმა მის ეტლიონსა და ლაშქარს. მახვილით გაიწყვიტა სისარას მთელი ლაშქარი, კაციშვილი არ გადარჩენილა.
17. თვითონ სისარა ფეხით გაიქცა იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის კარვისაკენ, რადგან ხაცორის მეფეს იაბინსა და ხებერ კენიელის სახლს შორის მშვიდობა სუფევდა.
18. გამოეგება იაყელი სისარას და უთხრა: მობრძანდი ბატონო, შემობრძანდი ჩემთან, შიში ნურაფრის გექნება. შეიყვანა კარავში და ხალქვეშ დამალა.
19. უთხრა სისარამ: ცოტა წყალი მომიტანე და დამალევინე, რადგან მწყურია. გაუხსნა ქალმა რძით სავსე ტიკი, დაალევინა და ისევ წააფარა ხალი.
20. უთხრა სისარამ: კარვის კართან დადექი, თუ ვინმემ ჩამოიაროს და გკითხოს, ვინმე ხომ არ არისო მანდ, მიუგე არა-თქო.
21. იაყელმა, ხებერის ცოლმა აიღო კარვის პალო, ხელში ურო დაიკავა, ფეხაკრეფით მიეპარა სისარას და ისე ჩაურჭო პალო საფეთქელში, რომ მიწას დააჭედა. მას კი დაღლილ-დაქანცულს ჩასძინებოდა, და მოკვდა.
22. აჰა, მოდის ბარაკი სისარას კვალზე. გაეგება იაყელი და უთხრა: შემობრძანდი, გიჩვენო ის კაცი, შენ რომ ეძებ. შევიდა და, აჰა, მკვდარი აგდია სისარა, პალო აქვს გარჭობილი საფეთქელში.
23. იმ დღეს დაუმორჩილა ღმერთმა ისრაელიანებს იაბინი, ქანაანის მეფე. თანდათან დამძიმდა ისრაელიანთა ხელი იაბინზე, ქანაანის მეფეზე, ვიდრე სრულად არ დაღუპეს იაბინი, ქანაანის მეფე.
თავი მეხუთე
1. ასე იგალობა იმ დღეს დებორამ, და ბარაკმა, აბინოყამის ძემ:
2. ორომტრიალი შეიქნა ისრაელში, ხალხი ემზადება საბრძოლველად, აკურთხეთ უფალი!
3. ისმინეთ, მეფენო, ყური მომაპყარით, მთავარნო: ეს მე ვარ, მე ვუგალობ უფალს, მე ვუმღერი უფალს, ისრაელის ღმერთს.
4. როცა სეყირიდან გადმოხვედი, უფალო, როცა ედომის ველზე გამოხვედი, მიწა ირყეოდა, ცაც კი იღვრებოდა, ღრუბლებიც კი წყლად იღვრებოდნენ.
5. მთები იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თავად ეგ სინაიც კი, უფლის წინაშე, ისრაელის ღვთისა.
6. შამგარის დროს, ყანათის ძისა, იაყელის დროს, დაცარიელდა შარაგზები, სწორზე ვეღარავინ ბედავდა სიარულს, შორიდან არჩევდნენ შემოვლას.
7. სიცოცხლე ჩამკვდარიყო ისრაელის დაბა-სოფლებში, ჩამკვდარი იყო, ვიდრე არ აღვდექი მე, დებორა, ვიდრე არ აღვდექი მე, დედა ისრაელში.
8. ახალი ღმერთები ირჩიეს, ამიტომაც ომია კარიბჭესთან. თუ უჩანს ფარ-შუბი ორმოცი ათასს ისრაელში?
9. ისრაელის წინამძღოლებს ჩემი გული, ხალხში თავგამოდებულებს! აკურთხეთ უფალი!
10. თეთრ სახედრებზე ამხედრებულნო, ხალიჩებზე ფეხმორთხმულნო, გზებზე ქვეითად დამავალნო, თქვით საგალობელი!
11. იქ, სადაც დასარწყულებლად თავს უყრიან ნახირს, უფლის სიმართლეს იმღერებენ, ისრაელის წინამძღოლთა სიმართლეს! კარიბჭესთან მოზღვავდა მაშინ უფლის ერი!
12. გაიღვიძე, გაიღვიძე, დებორა! გაიღვიძე, გაიღვიძე, იმღერე საგალობელი! აღიძარ, ბარაკ! დაატყვევე შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო!
13. მაშინ ძლიერთა ნატამალს დაუმორჩილა ხალხი, უფალმა დამიმორჩილა ვაჟკაცები.
14. ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში დამკვიდრებულნი; ბენიამინიც შენთანაა, შენს ხალხს შორის; მაქირიდან მოვიდნენ თავკაცები, ზებულონიდან - წინამძღოლთა კვერთხის მპყრობელები.
15. ისაქარის მთავრებიც დებორასთან არიან; ბარაკის კვალდაკვალ მოიჭრა ველზე ისაქარიც. რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია.
16. რას დამჯდარხარ ფარეხთა შორის და უსმენ ცხვრების ბღავილს? რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია.
17. გალაადი იორდანეს გაღმა დავანებულა; რატომ შეყუჟულა დანი ხომალდებში? ზღვისპირას დამჯდარა აშერი და თავის სანახებთან დავანებულა.
18. სიკვდილი არად მიაჩნია ზებულონის ხალხს. ტრამალის ბორცვებზე ნაფთალია.
19. მოვიდნენ მეფენი, შეიბნენ; მაშინ შეიბნენ ქანაანის მეფენი თაყანახში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ მცირედი ვერცხლიც ვერ მოიალაფეს.
20. ციდან ებრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ ვარსკვლავები სისარას.
21. კიშონის ხევმა წაიღო ისინი, ძველმა ხევმა, კიშონის ხევმა. გაემართე, სულო ჩემო, ძლიერებით!
22. სრბოლისაგან იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები მაშინ, მისი ვაჟკაცების სრბოლისაგან.
23. დაწყევლეთ მეროზი, ამბობს ანგელოზი უფლისა, დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მკვიდრნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის საშველად, უფლის საშველად ვაჟკაცებთან ერთად!
24. კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, ხებერ კენიელის ცოლი! კარავში მცხოვრებ დიაცთა შორის კურთხეულ იყოს!
25. წყალი მოსთხოვა და რძე მიართვა, სეფეთასით მიართვა მოუხდელი რძე.
26. მარცხენა ხელით პალოს დასწვდა, მარჯვენით უროს. მოუქნია სისარას, თავში დაჰკრა, გაუპო, საფეთქელი შეულეწა.
27. მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა, ვეღარ ადგა; მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა; სადაც ჩაიკეცა, იქვე დაეცა განგმირული.
28. სარკმლიდან იყურება, კანკლედიდან გაჰკივის სისარას დედა: რატომ იგვიანებს მისი მხედრობა, რამ შეაფერხა მისი ეტლის თვლები?
29. პასუხობენ გონიერი სეფექალები, თვითონვე ამბობს თავისივე სიტყვების პასუხად:
30. ნადავლს იშოვნიდნენ და იყოფენ: თითო მხევალი, ორ-ორი მხევალი თითო მეომარს, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი სისარას, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორხოულად მოქსოვილი, ტყვის ტანზე შემოძარცული.
31. ყველა მტერი ასე დაგელიოს, უფალო! მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით გაძლიერდნენ! და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი.
თავი მეექვსე
1. უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და უფალმა მიდიანის ხელში ამყოფა ისინი შვიდ წელიწადს.
2. დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, იხიზნებოდნენ ისრაელიანები მიდიანისგან მთებში, გამოქვაბულებში და მიუვალ ადგილებში.
3. როგორც კი მოამთავრებდა ისრაელი ხვნა-თესვას, მოვიდოდნენ მიდიანი, ყამალეკი, კედემიანები და მოედებოდნენ ისრაელს.
4. ჩამოსახლდებოდნენ მათ მიწაზე, გააჩანაგებდნენ მთელ მოსავალს ღაზამდე, აღარაფერს უტოვებდნენ ისრაელს თავის სარჩენად, არც ცხვარს, არც ძროხას, არც სახედარს.
5. მოდიოდნენ ჯოგებიან-კარვებიანად, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა აღარ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს. შეესეოდნენ და აჩანაგებდნენ ისრაელის ქვეყანას.
6. მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს.
7. და როცა შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს მიდიანის გამო,
8. მოუვლინა უფალმა ისრაელიანებს წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან,
9. დაგიხსენით ეგვიპტელის ხელთაგან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელთაგან, განვდევნე ისინი თქვენგან და მათი ქვეყანა თქვენ მოგეცით.
10. თან გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. არ იწამოთ ღმერთები ამორეველებისა, ვის მიწაზეც ცხოვრობთ, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი.
11. მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა აბიყეზრელი იოაშის ბელეკონქვეშ, ყოფრაში. მისი ვაჟი გედეონი საწნახელში ცეხვავდა ხორბალს, მიდიანისგან ფარულად.
12. გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: უფალი შენთანაა, მაგარო ვაჟკაცო!
13. უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ჩემო ბატონო, უფალი რომ ჩვენთან იყოს, ეს უბედურება რატომ დაგვემართებოდა. სადღაა მთელი მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ და გვეუბნებოდნენ: უფალი იყო, ეგვიპტიდან რომ გამოგვიყვანაო. ახლა მიგვატოვა უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო.
14. მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: წადი მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელთაგან. ხომ მე გაგზავნი!
15. უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ბატონო, მე როგორ უნდა ვიხსნა ისრაელი! ჩემი საგვარეულო ყველაზე მცირეა მენაშეში, მე კი მამაჩემის სახლში ყველაზე უმცროსი ვარ.
16. უთხრა უფალმა: მე ვიქნები შენთან და ისე სძლევ მიდიანს, როგორც ერთ კაცს.
17. უთხრა გედეონმა: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ნიშანი რამ მომეცი, რომ შენ მელაპარაკები.
18. ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ვიდრე ძღვენს გამოვიტანდე და მოგართმევდე. უთხრა: შენს დაბრუნებამდე აქ მოვიცდი.
19. წავიდა გედეონი, თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები დაამზადა, ხორცი კალათაში ჩააწყო, წვენი ქოთანში ჩაასხა, მიიტანა ბელეკონქვეშ და მიართვა.
20. უთხრა უფლის ანგელოზმა: აიღე ხორცი და ხმიადები, მანდ, ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი. ასეც მოიქცა.
21. გაიშვირა უფლის ანგელოზმა კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა, და მისი წვერი ხორცსა და ხმიადებს შეახო, ავარდა ქვიდან ცეცხლი და შთანთქა ხორცი და ხმიადები. მერე თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.
22. მიხვდა გედეონი რომ ეს უფლის ანგელოზი იყო. თქვა გედეონმა: ვაი ჩემს თავს, უფალო, რადგან უფლის ანგელოზი პირისპირ ვიხილე!
23. უფალმა უთხრა: მშვიდობა შენდა, ნუ გეშინია, არ მოკვდები.
24. სამსხვერპლო აუგო იქ უფალს გედეონმა და უწოდა მშვიდობის უფალი. იგი დღემდე დგას აბიყეზრელის ყოფრაში.
25. უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: წამოიყვანე მამაშენის ჯოგიდან მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი. დაანგრიე ბაალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, და მის გვერდით რომ აშერაა, აჩეხე.
26. აუგე უფალს, შენს ღმერთს, რიგიანი სამსხვერპლო ამ კვრივის თავში. მერე აიღე და დაწვი მეორე მოზვერი აღსავლენ მსხვერპლად იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ.
27. წამოიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა, როგორც უფალმა უბრძანა, მაგრამ თავის შინაურთა და ქალაქის მკვიდრთა შიშით ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე და ღამით გააკეთა.
28. აღდგნენ დილით ქალაქის მკვიდრნი და რას ხედავენ: ბაალის სამსხვერპლო დანგრეულია, გვერდით რომ აშერა იყო, აჩეხილია და აღსავლენი მოზვერი იწვის ახალაგებულ სამსხვერპლოზე.
29. უთხრეს ერთმანეთს: ვინ ჩაიდინა ეს საქმე? მიმოდგნენ, გამოიკითხეს და თქვეს: გედეონს ჩაუდენია, იოაშის ძეს.
30. უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: გამოგვიყვანე შენი ვაჟი, სიკვდილით უნდა დაისაჯოს, რადგან დაუნგრევია ბაალის სამსხვერპლო და გვერდით რომ აშერა იყო, აუჩეხავს.
31. უთხრა იოაშმა ყველას, ვინც მას მიუხდა: რა თქვენი დასაცავია ბაალი, რა თქვენი საპატრონოა? მისი დამცველი ამ დილითვე სიკვდილით დაისჯება. თუ ღმერთია, თავად დაიცვას თავი, რადგან გედეონის დანგრეულია მისი სამსხვერპლო.
32. უწოდეს იმ დღიდან იერობაალი, რადგან თქვეს: თავად გაუსწორდეს ბაალი თავისი სამსხვერპლოს დანგრევისთვის.
33. შეიყარა იმჟამად მთელი მიდიანი, ყამალეკი და კედემიანები, გადმოლახეს მდინარე და იზრეყელის ველზე დაბანაკდნენ.
34. უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ბუკსა ჰკრა და გამოვიდნენ აბიყეზერელები მის დაძახილზე.
35. კაცები დაგზავნა მთელ მენაშეს ტომში და გამოვიდნენ ისინი მის დაძახილზე. კაცები გაუგზავნა აშერს, ზებულონსა და ნაფთალისაც და ისინიც გამოვიდნენ მათ შესახვედრად.
36. უთხრა გედეონმა ღმერთს: თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი,
37. მაშინ საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, ვირწმუნებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი.
38. ასეც მოხდა: მეორე დღეს დილაადრიან ადგა, გაწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა.
39. უთხრა გედეონმა უფალს: ნუ შემრისხავ, მინდა ამ ერთხელ კიდევ მოგმართო და ამ ერთხელ კიდევ ვსინჯო საწმისი. მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს.
40. ასეც მოახდინა იმ ღამით ღმერთმა: მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდო.
თავი მეშვიდე
1. ადგა დილით იერობაალი, იგივე გედეონი, აგრეთვე მასთან მყოფი მთელი ხალხი, და ქაროდის ხევში დაბანაკდა. მიდიანის ბანაკი მისგან ჩრდილოეთით იყო, მორეს ბორცვთან, ვაკეზე.
2. უთხრა უფალმა გედეონს: ძალზე ბევრი ხალხი გვყავს. არ ჩავაგდებ ამათ ხელში მიდიანს, რომ არ გამიდიდგულდეს ისრაელი, არ თქვას, ჩემმა ხელმა მიხსნაო.
3. ამიტომ გამოუცხადე ხალხს და უთხარი: ვინც შეშინებულია და კანკალებს, უკან გაბრუნდეს, წავიდეს გალაადის მთიდან. ოცდაორი ათასი კაცი უკან გაბრუნდა, ხოლო ათი ათასი დარჩა.
4. უთხრა უფალმა გედეონს: მაინც ბევრია ხალხი. წყალზე ჩაიყვანე და იქ გამოგირჩევ მათ. ვისზეც გეტყვი, გამოგყვეს-მეთქი, ის გამოგყვეს, ვისზეც გეტყვი, ნუ გამოგყვება-მეთქი, ნუ გამოგყვება.
5. ჩაიყვანა მან ხალხი წყალზე. უთხრა უფალმა გედეონს: ვინც ენით შესვლეპს წყალს, როგორც ძაღლები სვლეპენ, ცალკე დააყენე, აგრეთვე ისინიც, ვინც ჩაიმუხლებს და ისე დალევს.
6. ენით მსვლეპელთა რიცხვი სამასი იყო, დანარჩენმა ხალხმა ჩაიმუხლა და ისე დალია წყალი.
7. უთხრა უფალმა გედეონს: სამასი მსვლეპელით გიხსნით და ხელში ჩაგაგდებინებთ მიდიანს, დანარჩენი ხალხი შინ წავიდეს.
8. გამოართვეს ხალხს საგზალი და ბუკები. ყველა ისრაელიანი თავ-თავის კარავში გაისტუმრა გედეონმა, მხოლოდ სამასი კაცი დაიტოვა. მიდიანის ბანაკი მის ქვემოთ იყო, ვაკეზე.
9. უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: ადექი და დაეცი ბანაკს.
10. თუ მარტო ჩასვლის გეშინია, მაშინ შენს მსახურ ფურასთან ერთად ჩადი ბანაკში.
11. მოისმენ, რასაც იტყვიან, გული მოგეცემა, დაეცემი ბანაკს. ჩავიდნენ ის და მისი მსახური ფურა იქ, სადაც ბანაკში მყოფი შეიარაღებული ხალხი იდგა.
12. მიდიანი, ყამალეკი და კედემიანები ვაკეზე იყვნენ დაბანაკებულნი, კალიასავით ურიცხვნი. თვლა არ ჰქონდა მათ აქლემებს. იმდენი იყვნენ, როგორც ზღვაში ქვიშა.
13. მივიდა გედეონი და, აჰა, ერთი მათგანი სიზმარს უყვება მეორეს და ამბობს: მესიზმრა, ვითომ ქერის პურის კოკორი დაგორავდა მიდიანის ბანაკში, კარავთან მიგორდა, დაეჯახა და დასცა, და დაემხო კარავი.
14. მეორე გამოეპასუხა: ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა გედეონის მახვილი, იოაშის ძისა, ისრაელიანისა. მის ხელში ჩაუგდია ღმერთს მიდიანი და მთელი ბანაკი.
15. როცა გედეონმა ეს სიზმარი და მისი ახსნა მოისმინა, თაყვანი სცა უფალს, აბრუნდა ისრაელიანთა ბანაკში და თქვა: ადექით, ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მიდიანის ბანაკი.
16. დაჰყო სამასი კაცი სამ რაზმად. ხელთ ყველას ბუკები და ცარიელი დოქები მისცა, დოქებში ანთებული კვარები ჩააწყობინა.
17. უთხრა: მიყურეთ და თქვენც იგივე აკეთეთ. აჰა, დავიძრები ბანაკისაკენ და რასაც მე ვიზამ, თქვენც იგივე ჰქენით.
18. როცა ბუკებს დავკრავთ მე და ჩემთან მყოფნი, თქვენც ბუკებს დაჰკარით მთელი ბანაკის ირგვლივ და იყვირეთ. უფლისთვის და გედეონისთვის!
19. მივიდა ბანაკთან გედეონი და მასთან მყოფი ასი კაცი, როცა შუა სახმილავი იწყებოდა და გუშაგები იცვლებოდნენ. ასტეხეს ბუკისცემა და დაამსხვრიეს დოქები, ხელში რომ ეჭირათ.
20. ბუკსა ჰკრა სამივე რაზმმა და დაამსხვრია დოქები. მარცხენა ხელში კვარები ეჭირათ, მარჯვენაში - ბუკები. ახმიანებდნენ და გაჰყვიროდნენ: მახვილები უფლისთვის და გედეონისთვის!
21. ყველა თავ-თავის ადგილას იდგა ბანაკის გარშემო. აიშალა მთელი ბანაკი, ღრიალებდნენ და აქეთ-იქით აწყდებოდნენ.
22. ვიდრე სამასი კაცი ბუკებს სცემდა, უფალმა ერთმანეთზე აღამართვინა მახვილი მთელ ბანაკს. უკუიქცა ლაშქარი ბეთშიტამდე, ცერარის მხრისკენ, და აბელმექოლის საზღვრებამდე, ტაბათს იქით.
23. გამოვიდნენ დაძახილზე ისრაელიანები ნაფთალიდან, აშერიდან, მთელი მენაშედან და დაედევნენ მიდიანს.
24. კაცები დაგზავნა გედეონმა ეფრემის მთაში და შეუთვალა: ჩამოდით, წინ დაუხვდით მიდიანს, ბეთბარამდე გადაუჭერით ფონები და იორდანე. გამოვიდა მთელი ეფრემი მის დაძახილზე და ბეთბარამდე გადაუჭრეს ფონები და იორდანე.
25. შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი, ყორები და ზეები. ყორები ყორების კლდეზე მოკლეს, ზეები ზეების ხევში და დაედევნენ მიდიანს. ყორებისა და ზეების თავები კი გედეონთან მოიტანეს იორდანეს გაღმიდან.
თავი მერვე
1. უთხრეს მას ეფრემიანებმა: რას გვერჩოდი, რატომ ჩვენც არ გვიხმე, როცა მიდიანთან საომრად მიდიოდი? და მაგარი ჩხუბი აუტეხეს.
2. გედეონმა მიუგო: მე რა გამიკეთებია თქვენი ფასი? ეფრემის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს?
3. ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები ყორები და ზეები. მე სად შემეძლო გამეკეთებინა თქვენდენი? მაშინ კი მოუბრუნდათ გული მასზე, როცა ეს სიტყვები უთხრა.
4. მიადგა გედეონი იორდანეს და გადალახა, მან და მასთან მყოფმა სამასმა კაცმა, დევნით დაღლილმა.
5. უთხრა მან სუქოთელებს: დამიპურეთ ჩემთან მყოფი ხალხი, რადგან დაღლილი არიან. არადა, მიდიანის მეფეებს მივდევ, ზებასს და ცალმუნაყს.
6. უთხრეს სუქოთის თავკაცებმა: განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გყვანან, რომ ჯარი დაგიპუროთ?
7. გედეონმა მიუგო: კეთილი. როცა ღმერთი ხელში ჩამაგდებინებს ზებახს და ცალმუნაყს, უდაბნოს ნარეკლით დაგაფლეთთ ხორცს.
8. იქიდან ფენუელში მივიდა და იქაურებსაც იგივე სთხოვა, მაგრამ მათაც ისევე გამოისტუმრეს, როგორც სუქოთელებმა.
9. ფენუელებსაც იგივე უთხრა: როცა მშვიდობით დავბრუნდები, დავანგრევ ამ გოდოლს.
10. ზებახი და ცალმუნაყი კარკორში იდგნენ თავიანთი ლაშქრით, თხუთმეტ ათასამდე კაცით, კედემიანთა ლაშქრიდან რაც გადარჩა, დაღუპვით კი ასოცი ათასი კაცი დაიღუპა, მახვილის შემბმელი.
11. გედეონმა აღმოსავლეთიდან შემოუარა ნობახს და იოგბეჰას კარვებში მცხოვრებთა გზით და იმ დროს დაეცა ბანაკს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი.
12. გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი. დაედევნა და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიცა და ცალმუნაყიც, ხოლო მათი ლაშქარი გაფანტა.
13. გედეონ იოაშის ძე უკან გამობრუნდა ბრძოლის შემდეგ ქერესის ზეგნიდან.
14. შეიპყრო ერთი ჭაბუკი სუქოთელი, გამოჰკითხა და ჩამოაწერინა სუქოთის სამოცდაჩვიდმეტი თავკაცისა და უხუცესის სახელი.
15. მივიდა სუქოთელებთან და უთხრა: აჰა, ზებახი და ცალმუნაყი! ამათ გამო იყო, რომ დამცინოდით და მეუბნებოდით: განა ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელში გვყვანან, დაღლილი ხალხი რომ დაგიპუროთო?
16. მოიყვანა ქალაქის უხუცესები, მოიტანა უდაბნოს ნარ-ეკალი და იმით დასაჯა სუქოთელები.
17. ფანუელის გოდოლიც დაანგრია და დახოცა იმ ქალაქის მკვიდრნი.
18. უთხრა ზებახს და ცალმუნაყს: რანაირები იყვნენ ისინი, თქვენ რომ ხალხი დახოცეთ თაბორში? მათ მიუგეს: შენნაირები იყვნენ, ყველანი მეფისწულებს ჰგავდნენ თვალტანადობით.
19. გედეონმა უთხრა: ჩემი ძმები იყვნენ ისინი, ჩემი დედის შვილები. უფალს გეფიცებით, ისინი რომ ცოცხალი დაგეტოვებინათ, არც თქვენ დაგხოცავდით.
20. უბრძანა იეთერს, თავის პირმშოს: ადექი და დახოცე ესენი! მაგრამ ბიჭმა ვერ გაბედა მახვილის ამოღება, რადგან ჯერ ყმაწვილი იყო.
21. უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: ადექი და შენ თვითონ დაგვხოცე, რადგან სხვა არის ვაჟკაცის ღონე. ადგა გედეონი, დახოცა ზებახი და ცალმუნაყი და კისრიდან ჩამოხსნა ნახევარმთვარეები მათ აქლემებს.
22. უთხრეს ისრაელიანებმა გედეონს: იბატონე ჩვენზე შენც, შენმა შვილმაც და შენმა შვილთაშვილმაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანის ხელთაგან.
23. გედეონმა უთხრა: მე ვერ ვიბატონებ თქვენზე და ვერც ჩემი შვილი იბატონებს თქვენზე, უფალმა იბატონოს თქვენზე!
24. უთხრა მათ გედეონმა: ოღონდ ერთსა გთხოვთ, ყველამ თითო საყურე მომეცით თქვენი დავლიდან. რადგან ოქროს საყურეებს ატარებდნენ, რადგან ისმაელიანები იყვნენ.
25. მათ უთხრეს: მოგცემთ. გაშალა წამოსასხამი და ყველამ თითო საყურე დააგდო ზედ თავისი დავლიდან.
26. ათას შვიდას შეკელს იწონიდა გამოთხოვილი ოქროს საყურეები. მიდიანის მეფეებისათვის ართმეული ნახევარმთვარეები, ბალთები და ძოწეული, მათი აქლემების კისრებიდან ჩამოხსნილი ოქროს ძეწკვები კიდევ სხვა იყო.
27. ამათგან ეფოდი გააკეთა გედეონმა და თავის ქალაქში, ყოფრაში გამოფინა. უზნეობდა იქ მთელი ისრაელი მის კვალზე და მახედ ექცა იგი გედეონსა და მის სახლს.
28. დაემორჩილა მიდიანი ისრაელიანებს, თავი აღარ წამოუწევია მას მერე და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი გედეონის სიცოცხლეში.
29. წავიდა იერუბაალი, იოაშის ძე, და ცხოვრობდა თავის სახლში.
30. სამოცდაათი ვაჟი ჰყავდა გედეონს, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ესვა.
31. შექემელი ხარჭისგანაც შეეძინა ვაჟი და დაარქვა აბიმელექი.
32. მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში და დაიმარხა მამამისის, იოაშის სამარხში, აბიყეზერის ყოფრაში.
33. გედეონის სიკვდილის შემდეგ უზნეობდნენ ისრაელიანები ბაალის კვალზე და ღმერთად დაისახეს ბაალბერითი.
34. აღარ გაიხსენეს ისრაელიანებმა უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც იხსნა ისინი ყველა გარეშემო მტრის ხელიდან.
35. არც იერუბაალ-გედეონის სახლს მიაგეს მადლი ყველა იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.
თავი მეცხრე
1. მივიდა აბიმელექ იერუბაალის ძე შექემში თავის დედის ძმებთან, უთხრა მათ და თავისი დედის მთელს საგვარეულოს.
2. სათითაოდ უთხარით ყველა შექემელს: რა გირჩევნიათ, იერუბაალის შვილები, სამოცდაათივე კაცი იყოს თქვენი ხელისუფალი, თუ მე, ერთი კაცი, გყავდეთ ხელისუფლად? გახსოვდეთ ძვალი და ხორცი ვარ თქვენი.
3. დედის ძმები სათითაოდ ელაპარაკნენ მასზე შექემელებს და გადაიხარა მათი გული აბიმელექისკენ, რადგან თქვეს: ძმა არის ჩვენი.
4. მისცეს ბაალ-ბერითის სახლიდან სამოცდაათი ვერცხლი. დაიქირავა ამით უღირსი და თავზეხელაღებული ხალხი, რომელიც გაჰყვა მას.
5. მივიდა ოფრაში, მამის სახლში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაალის შვილები - სამოცდაათი კაცი. მხოლოდ იოთამი, იერუბაალის უმცროსი ვაჟი გადარჩა, რადგან დამალული იყო.
6. მოიყარა თავი ყველა შექემელმა და მილოს მთელმა სახლმა, მივიდნენ და გაამეფეს აბიმელექი მუხასთან, შექემში რომ დგას.
7. შეატყობინეს იოთამს და ისიც წავიდა, გადმოდგა გარიზიმის მთაზე და ხმამაღლა გადმოსძახა მათ: მისმინეთ, შექემელებო, აგრემც ღმერთი მოგისმენთ.
8. გადაწყვიტეს ერთხელ ხეებმა, მეფე აერჩიათ. უთხრეს ზეთისხილს: გახდი ჩვენი მეფე.
9. ზეთისხილმა უთხრა: დავთმო სიმსუყე, ჩემში რომ არის, ღმერთთაგან და კაცთაგან პატივდებული, და ხეებს გადავყვე?
10. უთხრეს ხეებმა ლეღვს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.
11. ლეღვმა უთხრა: დავთმო ჩემი სიტკბო, ჩემი კარგი ნაყოფი და ხეებს გადავყვე?
12. უთხრეს ხეებმა ვაზს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.
13. ვაზმა უთხრა: დავთმო ჩემი წვენი, ღმერთთათვის და კაცთათვის შვების მომგვრელი, და ხეებს გადავყვე?
14. ბოლოს უთხრა ყველა ხემ კვრინჩხს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.
15. უთხრა კვრინჩხმა ხეებს: თუ მართლა გინდათ თქვენი მეფე გავხდე, ჩემს ჩრდილს შემოეფარეთ. არადა, ამოვარდება კვრინჩხიდან ცეცხლი და შთანთქავს ლიბანის ნაძვებს.
16. აბა, დაფიქრდით, სწორად და პატიოსნად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? კარგად მოექეცით იერუბაალსა და მის სახლს? მისი ღვაწლისდა მიხედვით მოექეცით?
17. თქვენი გულისთვის იბრძოდა მამაჩემი, თავი არ დაუზოგავს, რომ ეხსენით მიდიანის ხელიდან.
18. თქვენ კი უღალატეთ დღეს მამაჩემის სახლს, ერთ ქვაზე დაკალით მისი შვილები, სამოცდაათი კაცი, და შექემელთა მეფედ მისი ხარჭის შვილი აბიმელექი დასვით, რადგან ძმა არის თქვენი.
19. თუ სწორად და პატიოსნად მოექეცით დღეს იერუბაალსა და მის სახლს, კურთხევა იყოს თქვენზე, გაიხარეთ აბიმელექით და მანაც გაიხაროს თქვენით.
20. არადა, ცეცხლი ამოვარდეს აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი: ცეცხლი ამოვარდეს შექემელებისაგან და მილოს სახლისგან და შთანთქას აბიმელექი!
21. გაიქცა იოთამი, თავს უშველა, ჩავიდა ბეერში და იქ დასახლდა აბიმელექისაგან, თავისი ძმისაგან გახიზნული.
22. სამი წელი იმეფა აბიმელექმა ისრაელზე.
23. შუღლი ჩამოაგდო ღმერთმა აბიმელექსა და შექემელებს შორის და აღარ მორჩილებდნენ შექემელები აბიმელექს,
24. რათა სამაგიერო მიზღოდათ იერუბაალის სამოცდაათი ძის გამო, მოჰკითხოდა მათი სისხლი აბიმელექსაც, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მისი ძმების დახოცვაში.
25. მთების თხემებზე ჩაუსაფრეს მას შექემელებმა კაცები, რომლებიც ყველას ძარცვავდნენ, ვინც კი მათ სიახლოვეს გზად გაივლიდა. მოხსენდა ეს ამბავი აბიმელექს.
26. მივიდა შექემში თავის ძმებთან ერთად გაალ ყებედის ძე, მოიარა შექემი და მიიმხრო შექემელები.
27. გავიდნენ სანახებში, ყურძენი დაკრიფეს, დაწურეს და დღეობები გამართეს, დადიოდნენ თავიანთი ღმერთის სახლში, ჭამდნენ და სვამდნენ და წყევლიდნენ აბიმელექს.
28. ასე ამბობდა გაალ ყებედის ძე: ვინ აბიმელექი და ვინ შექები? რატომ უნდა ვმორჩილებდეთ მას? განა იერუბაალის ძე არაა იგი და ზაბული მისი მოურავი არაა? ხამორის კაცებს დაემორჩილეთ, შექემის მამის შთამომავლებს, მაგას რატომ უნდა ვმორჩილებდეთ?
29. ჩემს ხელში რომ იყოს ეს ხალხი, განვდევნიდი აბიმელექს. ვეტყოდი აბიმელექს: გაზარდე შენი ლაშქარი და გამოდი-მეთქი.
30. ზებულმა, ქალაქის მოურავმა გაიგო გაალ ყებედის ძის ნალაპარაკევი და გაცეცხლდა.
31. ფარულად გაგზავნა კაცები აბიმელექთან და შეუთვალა: აჰა, მოვიდა გაალ ყებედის ძე თავის ძმებთან ერთად შექემში და ქალაქს გიმხედრებს.
32. ამაღამვე გამოდი შენც და შენთან მყოფი ხალხიც და სანახებში ჩასაფრდი.
33. დილით, მზის ამოსვლისთანავე ადექი და შემოუტიე ქალაქს. როცა წამოვლენ შენზე თვითონ და მასთან მყოფი ხალხი, ის უყავ, რაც შენს ხელს ძალუძს.
34. გამოვიდა ღამით აბიმელექი და მასთან მყოფი ხალხი, ოთხი რაზმი ჩაასაფრა შექემის მახლობლად.
35. გამოვიდა გაალ ყებედის ძე და ქალაქის კარიბჭესთან გაჩერდა. გამოვიდა საფრიდან აბიმელექი და მასთან მყოფი ხალხი.
36. დაინახა გაალმა ხალხი და უთხრა ზებულს: შეხედე, ხალხი ეშვება მთების თხემიდან. ზებულმა უთხრა: მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება.
37. კვლავ უთხრა გაალმა: შეხედე, ხალხი ჩამოდის მაღლობიდან, ერთი რაზმიც მეონიმის მუხნარის მხრიდან მოდის.
38. უთხრა მაშინ ზებულმა: რა პირით ამბობდი, ვინ არის აბიმელექი, რატომ უნდა ვმორჩილებდეთო მას? ეს ის ხალხია, შენ რომ არად აგდებდი. ახლა გადი და შეები.
39. გაუძღვა გაალი შექემელებს და შეება აბიმელექს.
40. დაედევნა აბიმელექი უკუქცეულ გაალს და მრავალი შექემელი დაეცა მოკლული ქალაქის კარიბჭემდე.
41. აბიმელექი არუმში გაჩერდა, ზებულმა კი განდევნა შექემიდან გაალი და მისი ძმები, რომ აღარ ეცხოვრათ შექემში.
42. მეორე დღეს სანახებში გამოვიდა ხალხი და შეატყობინეს ეს ამბავი აბიმელექს.
43. წამოიყვანა თავისი ლაშქარი, დაჰყო სამ რაზმად და სანახებში ჩაასაფრა. ქალაქიდან გამომავალი ხალხი რომ დაინახა, თავს დაესხა და დახოცა.
44. მიადგა აბიმელექი და მასთან მყოფი რაზმი ქალაქის კარიბჭეს და იქ შეჩერდა, ხოლო ორი რაზმი თავს ესხმოდა ყველას, ვინც სანახებში იყო, და ხოცავდა.
45. მთელი დღე ებრძოდა აბიმელექი ქალაქს. აიღო, გაწყვიტა შიგ მყოფნი, დაანგრია ქალაქი და მარილი დათესა.
46. შეიტყვეს ეს ამბავი შექემის მეციხოვნეებმა და ღმერთ ბერითის ტაძრის კოშკში შევიდნენ.
47. მოხსენდა აბიმელექს, რომ ერთად შეგროვდნენ შექემის მეციხოვნენი.
48. ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე, თვითონ და მასთან მყოფი მთელი ხალხი, აიღო ცული, ხის ტოტი მოჭრა, მხარზე გაიდო და უთხრა მასთან მყოფ ხალხს: ხომ ნახეთ, რა გავაკეთე, თქვენც სასწრაფოდ იგივე ჰქენით.
49. მთელმა ხალხმა თითო ტოტი მოჭრა და გაჰყვა აბიმელექს. შემოუწყვეს ტოტები კოშკს, ცეცხლი წაუკიდეს და ამოწყდა შექემის მეციხოვნენი - ათასამდე კაცი და ქალი.
50. მერე თებეზისკენ გაემართა აბიმელექი, ალყა შემოარტყა თებეზს და აიღო.
51. შუა ქალაქში მაგარი გოდოლი იდგა, შიგ შეიხიზნა ქალაქის ყველა მკვიდრი კაცი თუ ქალი, შეიკეტნენ და გოდლის ბანზე გავიდნენ.
52. მიიჭრა აბიმელექი გოდოლთან, ალყა შემოარტყა, მიადგა გოდლის კარიბჭეს, რომ ცეცხლი წეკიდებინა.
53. მაშინ ერთმა ქალმა დოლაბის ნატეხი მოახვედრა თავში აბიმელექს და თავის ქალა ჩაუმტვრია.
54. უმალვე თავისი საჭურველმტვირთველი იხმო აბიმელექმა და უთხრა: მახვილი ამოიღე და მომკალი, რომ არ თქვან ჩემზე, ქალის ხელით მოკვდაო.
55. როცა დაინახეს ისრაელიანებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.
56. ასე გადაუხადა ღმერთმა სამაგიერო აბიმელექს იმ ბოროტებისთვის, რომელიც მამამისის მიმართ ჩაიდინა, როცა თავისი სამოცდაათი ძმა დახოცა.
57. ღმერთმა შექემელებზე მოაქცია ყველა მათი ბოროტება. ეწიათ იოთამ იერუბაალის ძის წყევლა.
თავი მეათე
1. აბიმელექის შემდეგ გამოჩნდა თოლაყი, ძე ფუასი, ძისა დოდოსი, ისაქარელი, ისრაელის სახსნელად. იგი შამირში ცხოვრობდა, ეფრემის მთაში.
2. მსაჯულობდა ისრაელზე ოცდასამი წელი, მერე მოკვდა და შამირში დამარხეს.
3. მის შემდგომ გალაადელი იაირი გამოჩნდა და მსაჯულობდა ისრაელზე ოცდაორი წელი.
4. ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, ოცდაათ ახალგაზრდა სახედარზე ამხედრებული, პატრონი ოცდაათი ქალაქისა, რომელთაც დღემდე იაირის ნასახლარებს უწოდებენ გალაადის მხარეში.
5. მერე მოკვდა იაირი და კამონში დამარხეს.
6. კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში, ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთაროთებს, არამის, სიდონის, მოაბის ღმერთებს, ყამონელებისა და ფილისტიმელების ღმერთებს. უფალი კი დაივიწყეს და აღარ ემსახურებოდნენ მას.
7. აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ხელში ჩაუგდო ისინი ფილისტიმელებსა და ყამონელებს.
8. იმ წლიდან მოკიდებული ავიწროებდნენ და ჩაგრავდნენ ისინი ისრაელიანებს თვრამეტი წელი, ყველა ისრაელიანს, ვინც იორდანეს გაღმა ესახლა ამორეველების მიწაზე, გალაადის მხარეში.
9. ბოლოს გადმოლახეს ყამონელებმა იორდანე, რომ შებრძოლებოდნენ იუდას, ბენიამინსა და ეფრემის სახლს. ძლიერ გაუჭირდა ისრაელს.
10. შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უთხრეს: შეგცოდეთ, რადგან დავივიწყეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაალებს.
11. უთხრა უფალმა ისრაელიანებს: ხომ მიხსნიხართ ეგვიპტისგან, ამორეველთაგან, ყამონიანთაგან და ფილისტიმელთაგან;
12. ციდონელები, ყამალეკი და მაყონი, გავიწროებდნენ და როცა კი შემოგიღაღადებიათ ჩემთვის, ხომ მიხსნიხართ მათი ხელიდან?
13. თქვენ კი დამივიწყეთ და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს, ამიტომაც აღარ გიხსნით.
14. წადით და შეჰღაღადეთ თქვენს მიერ არჩეულ ღმერთებს. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში.
15. უთხრეს ისრაელიანებმა: შევცოდეთ! გვიყავ, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი.
16. უარყვეს უცხო ღმერთები და უფლის მსახურებას შეუდგნენ. ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა.
17. შეიყარნენ ყამონიანები და გალაადში დაბანაკდნენ. შეიყარნენ ისრაელიანებიც და მიცფაში დაბანაკდნენ.
18. თქვეს ერთმანეთში ხალხმა და გალაადის მთავრებმა: ვინც პირველი შეებრძოლება ყამონიანებს, ის იყოს მთელი გალაადის წინამძღოლი.
თავი მეთერთმეტე
1. იყო იფთახ გალაადელი, მაგარი ვაჟკაცი იყო. მეძავი ქალის ნაშობი იყო იგი. გალაადმა შვა იფთახი.
2. ცოლმაც უშვა გალაადს ვაჟები. როცა წამოიზარდნენ ცოლის ვაჟები, გააგდეს იფთახი, უთხრეს: შენ არ გიდევს წილი მამაჩვენის სახლში, რადგან სხვა ქალის ნაშობი ხარ.
3. გაერიდა თავის ძმებს იფთახი და ტობის მხარეში დასახლდა. უღირსმა ხალხმა მოიყარა თავი მის გარშემო და დათარეშობდა მასთან ერთად.
4. გამოხდა ხანი და გამოვიდნენ ყამონიანები ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად.
5. და როცა ომი აუტეხეს ყამონიანებმა ისრაელს, მივიდნენ გალაადის უხეცესები იფთახთან, რათა წამოეყვანათ ტობის მხარიდან.
6. უთხრეს იფთახს: მოდი, გახდი ჩვენი წინამძღოლი და შევებრძოლოთ ყამონიანებს.
7. უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: აკი მომიძულეთ და გამომაგდეთ მამაჩემის სახლიდან? ახლა რატომ მომაკითხეთ, როცა გაგიჭირდათ?
8. უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: იმიტომ მოგაკითხეთ, რომ წამოგვყვე, შეებრძოლო ყამონიანებს და მთელი გალაადის წინამძღოლი გახდე.
9. უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: თუ დამაბრუნეთ ყამონიანებთან საბრძოლველად და უფალმა ხელში ჩამიგდო ისინი, მერეც თქვენი წინამძღოლი ვიქნები?
10. უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: უფალი იყოს მოწმე ჩვენს შორის, რომ ისე მოვიქცევით, როგორც შენ იტყვი.
11. წამოჰყვა იფთახი გალაადის უხუცესებს და ხალხმა იგი თავის თავკაცად და წინამძღოლად აირჩია. გაიმეორა იფთახმა ყოველი თავისი სიტყვა უფლის წინაშე, მიცფაში.
12. კაცები გაუგზავნა იფთახმა ყამონიანთა მეფეს და უთხრა: რა ხელი გაქვს ჩემთან, რომ მომიხდი და მებრძვი ჩემს მიწაზე?
13. უთხრა ყამონიანთა მეფემ იფთახის კაცებს: როცა ეგვიპტიდან გამოვიდა ისრაელი, ჩემი ქვეყანა დაიკავა არნონიდან იაბოკამდე და იორდანემდე. მშვიდობიანად დამიბრუნე იგი და დაგეხსნები.
14. დაბრუნდნენ კაცები იფთახთან. მეორედ გაუგზავნა იფთახმა კაცები ყამონიანთა მეფეს.
15. უთხრა: ასე ამბობს იფთახი: ისრაელს არ მიუტაცებია მოაბის ქვეყანა და ყამონიანთა ქვეყანა.
16. როცა ეგვიპტიდან გამოსულმა უდაბნოში იარა მეწამულ ზღვამდე და კადეშს მიადგა,
17. კაცები გაუგზავნა ედომის მეფეს და შეუთვალა: გამატარე შენს ქვეყანაზე, მაგრამ ყური არ ათხოვა. მოაბის მეფესაც გაუგზავნა კაცები. მაგრამ მანაც უარი უთხრა. ამიტომაც კადეშში დარჩა ისრაელი.
18. გამოიარა უდაბნო, გამოსცდა ედომელთა ქვეყანას და მოაბის ქვეყანას, მოაღწია მოაბის ქვეყნის საზღვრამდე და არნონს იქით დაბანაკდა. მაგრამ არ შესულა მოაბის ქვეყანაში, რადგან არნონი მოაბის საზღვარია.
19. კაცები გაუგზავნა ისრაელმა სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონის მეფეს, შეუთვალა მას ისრაელმა: გაგვატარე შენს ქვეყანაზე და ჩვენს ადგილამდე მიგვიშვიო.
20. მაგრამ სიხონი არ დათანხმდა, გაეტარებინა ისრაელი თავის მიწა-წყალზე. შეაგროვა სიხონმა მთელი თავისი ხალხი, იააცში დაბანაკდა და შეება ისრაელს.
21. უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ხელში ჩაუგდო ისრაელს სიხონი და მთელი მისი ხალხი და მან გაწყვიტა ისინი. დაიმკვიდრა ისრაელმა ამორეველთა მთელი ქვეყანა, იმათი, ვინც იმ ქვეყანაში ცხოვრობდა.
22. დაიმკვიდრეს ამორეველთა მთელი მიწა-წყალი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე.
23. ასე აჰყარა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ამორეველები თავისი ერის ისრაელის წინაშე, შენ კი სამკვიდრებელში ეცილები მას?
24. ხომ ფლობ იმას, რაც დაგიმკვიდრა ქამოშმა, შენმა ღმერთმა? ჩვენც ვფლობთ ყველაფერს, რაც უფალს, ჩვენს ღმერთს, დაუმკვიდრებია ჩვენთვის.
25. რითი ჯობიხარ ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს? ოდესმე თუ წაკიდებია იგი ისრაელს ან თუ უომია მასთან?
26. სამასი წელია, რაც ცხოვრობს ისრაელი ხეშბონში და მის სოფლებში, ყაროყერში და მის სოფლებში, ყველა ქალაქში არნონის გაღმა-გამოღმა. რატომ იმთავითვე არ დაიბრუნე ისინი?
27. მე არ მაქვს ბრალი შენს წინაშე, შენ კი ბოროტებას მიკეთებ, ჩემზე რომ მოდიხარ საბრძოლველად. უფალი იყოს ახლა მსაჯული ისრაელიანთა და ყამონიანთაა შორის!
28. მაგრამ ყური არ ათხოვა ყამონიანთა მეფემ იფთახის შენათვალს.
29. გადმოვიდა უფლის სული იფთახზე და მან გაიარა გალაადი და მენაშე, გაიარა გალაადის მიცფა და გალაადის მიცფადან წავიდა ყამონელებზე.
30. ასე აღუთქვა იფთახმა უფალს: თუ ხელში ჩამაგდებინებ ყამონიანებს,
31. როცა შინ მშვიდობით დავბრუნდები, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის ჭიშკართან, უფლისა იყოს და შევწირავ აღსავლენ მსხვერპლად.
32. წავიდა იფთახი ყამონიანებზე, შეება და უფალმა ხელში ჩააგდებინა ისინი.
33. სასტიკად დაამარცხა ისინი ყაროყერიდან მინათამდე, ოცი ქალაქი, და აბელ-კერამიმამდე. დაემორჩილნენ ყამონიანები ისრაელიანებს.
34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი.
35. როცა დაინახა, შემოიხია ტანსაცმელი და თქვა: ვაიმე შვილო, როგორ დამღუპე, ეს რა უბედურება დამატეხე. მაგრამ მე ბაგე გავხსენი უფლის წინაშე და ვერ გადავალ სიტყვას.
36. უთხრა ასულმა: მამაჩემო! რაკი ბაგე გახსენი უფლის წინაშე, ის მიყავ, რაც შენმა ბაგემ წარმოთქვა, როცა უფალმა სამაგიერო მიაგო შენი ხელით შენს მტრებს, ყამონიანებს.
37. უთხრა მამას: ოღონდ ერთი რამ შემისრულე: ორი თვით გამიშვი, წავალ, მთაში ავალ და ჩემს დობილებთან ერთად გამოვიტირებ ჩემს ყმაწვილქალობას.
38. უთხრა: წადი. ორი თვით გაუშვა, წავიდა იგი თავის დობილებთან ერთად და მთაში გამოიტირა თავისი ყმაწვილქალობა.
39. ორი თვისა შემდეგ დაბრუნდა მამასთან და აღასრულებინა დადებული აღთქმა, ისე რომ მამაკაცი არ შეუცვნია. წესად დაიდო ისრაელში:
40. წლიდან წლამდე, წელიწადში ერთხელ, მიდიან ისრაელიანი ქალიშვილები და ოთხი დღე იხსენებენ იფთახ გალაადელის ასულს.
თავი მეთორმეტე
1. შეიკრიბნენ ეფრემელები, გადავიდნენ ცაფონში და უთხრეს იფთახს: რატომ წახვედი ყამონიანებთან საომრად და ჩვენ არ დაგვიძახე. სახლკარიანად გადაგბუგავთ.
2. უთხრა მათ იფთახმა: მაგარი მტრობა გვქონდა ყამონიანებთან მე და ჩემს ხალხს. გიძახდით, მაგრამ არ მიხსენით მათი ხელიდან.
3. როცა ვნახე, არავინ დამიხსნიდა, თავი გამოვიმეტე, წავედი ყამონიანებზე და ღმერთმა ხელში ჩამიგდო ისინი. ახლა რისთვის მეჩხუბებით?
4. შეკრიბა იფთახმა ყველა გალაადელი და შეება ეფრემს. დაამარცხეს გალაადელებმა ეფრემი, რადგან ამბობდნენ, თქვენ ეფრემიდან ხართო გადმოხვეწილნი. გალაადი ეფრემს შორისაა და მენაშეს შორისაა.
5. გადაუჭრა გალაადმა ეფრემს იორდანეზე გადასასვლელი ფონი და როცა რომელიმე გადარჩენილი ეფრემიანი იტყოდა, გაღმა გადამიშვითო, ჰკითხავდნენ, ეფრემიანი ხომ არა ხარო? თუ მიუგებდა: არაო,
6. უბრძანებდნენ: თქვი „შიბოლეთი“ (თავთავი). ის კი იტყოდა: „სიბოლეთი“, სხვაგვარად წარმოთქმა არ შეეძლო. მაშინ შეიპყრობდნენ და კლავდნენ იორდანეს ფონთან. ორმოცდაორი ათასი ეფრემიანი დაეცა იმჟამად.
7. ექვსი წელი მსაჯულობდა იფთახი ისრაელზე. მერე მოკვდა იფთახ გალაადელი და დამარხეს გალაადის ერთერთ ქალაქში.
8. მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა იბცან ბეთლემელი.
9. ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, შინიდან ოცდაათი ქალი გაისტუმრა, ოცდაათი ქალი შინ მოუყვანა თავის ვაჟებს და შვიდი წელი მსაჯულობდა ისრაელზე.
10. მერე მოკვდა იბცანი და დამარხეს ბეთლემში.
11. მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა ელონ ზებულონელი. ათი წელი მსაჯულობდა იგი ისრაელზე.
12. მერე მოკვდა ელონ ზებულონელი და დამარხეს აიალონში, ზებულონის მხარეში.
13. მას შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა ყაბდონი, ჰილელის ძე, პირყათონელი.
14. ორმოცი ვაჟი და ოცდაათი შვილიშვილი ჰყავდა, სამოცდაათ ახალგაზრდა სახედარზე ამხედრებული, და რვა წელი მსაჯულობდა ისრაელზე.
15. მერე მოკვდა ყაბდონ ჰილელის ძე, პირყათონელი, და დამარხეს პირყათონში, ეფრემის მხარეში, ყამალეკის მთაში.
თავი მეცამეტე
1. კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში და ფილისტიმელების ხელში ამყოფა ისინი უფალმა ორმოც წელს.
2. იყო იმჟამად ერთი ცორელი კაცი დანის ტომში, სახელად მანოახი. ცოლი ბერწი ჰყავდა და შვილს ვერ უჩენდა.
3. გამოეცხადა ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: აჰა, ბერწი ხარ და შვილს ვერ აჩენ, მაგრამ დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება.
4. ოღონდ ფრთხილად იყავი, არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო.
5. რადგან, აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება იგი დედის მუცლიდანვე და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან.
6. წამოვიდა ქალი და უთხრა თავის ქმარს: ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზივით იერი ჰქონდა, დიდად საკრძალველი იერი. არ მიკითხავს მისთვის სადაურობა და არც მას გაუმხელია ჩემთვის თავისი სახელი.
7. მითხრა: აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, ოღონდ არ დალიო ღვინო და თაფლუჭი, უწმიდურიც არაფერი ჭამო, რადგან ყმაწვილი დედის მუცლიდან სიკვდილამდე ღვთის მოწმიდარი იქნებაო.
8. ლოცვა აღუვლინა მანოახმა უფალს და უთხრა: უფალო, ერთხელ კიდევ გვეწვიოს შენგან მოვლენილი ღვთისკაცი და გვითხრას, რა ვუყოთ ყმაწვილს, რომელიც გაჩნდება.
9. უსმინა ღმერთმა მანოახს და ღვთის ანგელოზი ხელახლა მოვიდა ქალთან, როცა იგი ყანაში იყო, და მანოახი, მისი ქმარი, თან არ ახლდა.
10. მაშინვე გამოიქცა ქალი და შეატყობინა ქმარს: აჰა, გამომეცხადა ის კაცი, ამასწინათ რომ მოვიდა ჩემთან.
11. ადგა მანოახი, წაჰყვა თავის ცოლს, მივიდა იმ კაცთან და უთხრა: შენ ხარ ის კაცი, ამ ქალს რომ ელაპარაკა? მიუგო: მე ვარ.
12. უთხრა მანოახმა: თუ მართლა ახდა შენი სიტყვა, რა უნდა ვუყოთ ამ ყმაწვილს, როგორ უნდა მოვექცეთ?
13. უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს ვუთხარი.
14. არაფერს გაეკაროს ვაზისაგან მოწეულს, არც რამე უწმიდური ჭამოს. შეასრულოს ყველაფერი, რაც ვუბრძანე.
15. უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: დარჩი გევედრები, თიკანს დაგიკლავ.
16. უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: რაც უნდა მევედრო, მაინც არ გავტეხ შენს პურს. თუ გინდა, რომ უფალს აღსავლენი მსხვერპლი შესწირო, შესწირე. არ იცოდა მანოახმა, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო.
17. უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: სახელად რა გქვია? ხომ უნდა დაგლოცოთ, როცა შენი სიტყვა ახდება.
18. უთხრა უფლის ანგელოზმა: რისთვის მეკითხები სახელს? საიდუმლოა იგი.
19. მოიტანა მანოახმა თიკანი და ძღვენი და ქვაზე დააწყო, რომ შეეწირა უფლისათვის, ხოლო მან სასწაული მოახდინა მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ.
20. როცა სამსხვერპლოდან ალი ცისკენ ავარდა, უფლის ანგელოზი ზეაჰყვა სამსხვერპლოს ალს. ეს რომ დაინახეს, მიწაზე დაემხვნენ მანოახი და მისი ცოლი.
21. მიეფარა უფლის ანგელოზი მანოახისა და მისი ცოლის თვალს. მაშინ კი მიხვდა მანოახი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო.
22. უთხრა მანოახმა ცოლს: სიკვდილი არ აგვცდება, რადგან უფლის ანგელოზი ვიხილეთ.
23. ცოლმა უთხრა: უფალს რომ ჩვენი სიკვდილი ნდომოდა, არ მიიღებდა აღსავლენს და ძღვენს ჩვენი ხელიდან. არ დაგვანახებდა და არ მოგვასმენინებდა ყველაფერს ამას.
24. შობა ქალმა ვაჟი და უწოდა სამსონი. გაიზარდა ყმაწვილი და უფალმა აკურთხა იგი.
25. უფლის სულმა იწყო მისი აღძვრა დანის ბანაკში ცორასა და ეთშაოლს შორის.
თავი მეთოთხმეტე
1. ჩავიდა სამსონი თიმნათში და იქ ერთი ქალი ნახა, ფილისტიმელი, და მოეწონა.
2. აბრუნდა და გამოუცხადა თავის მამას და დედას: ერთი ქალი ვნახე თიმნათში, ფილისტიმელი, მომიყვანეთ იგი ცოლად.
3. უთხრეს მამამ და დედამ: ქალი დაილია შენს საგვარტომოში და მთელს შენს ერში, წინდაუცვეთელ ფილისტიმელთაგან რომ თხოულობ ცოლს? უთხრა სამსონმა მამამისს: ის უნდა მომიყვანო, რადგან ის მომეწონა.
4. რა იცოდნენ მისმა მამამ და დედამ, რომ ეს უფლისგან იყო და რომ იგი შემთხვევას ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ, რადგან ისრაელზე ბატონობდნენ ფილისტიმელები იმჟამად.
5. წავიდა სამსონი თიმნათში თავის მამასთან და დედასთან ერთად. როცა თიმნათის ზვრებს მიუახლოვდნენ, აჰა, ლომის ბოკვერი ბუხუნით მოდის მისკენ.
6. მოიცვა იგი უფლის სულმა და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია. მამისთვის და დედისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა.
7. მივიდა, ელაპარაკა ქალს და თვალში მოუვიდა იგი სამსონს.
8. რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩააკითხა, რომ ცოლად მოეყვანა, მოკლული ლომის სანახავადაც შეუხვია და, აჰა, ფუტკრის გუნდი და თაფლია ლომის ჩონჩხში.
9. პეშვით გამოიღო, მიდიოდა და გზადაგზა ჭამდა. როცა მამას და დედას წამოეწია, მისცა და მათაც ჭამეს, მაგრამ არ უთქვამს, რომ ეს თაფლი ლომის ჩონჩხიდან იყო გამოღებული.
10. მივიდა მამამისი ქალთან და სამსონმა იქვე გადაიხადა ლხინი, როგორც სასიძოები იქცევიან ხოლმე.
11. როცა იგი ნახეს, ოცდაათი მაყარი ამოურჩიეს, და ისინიც იყვნენ მასთან.
12. უთხრა მათ სამსონმა: ერთ გამოცანას გეტყვით, თუ ამ შვიდ დღეში გამოიცნობთ, სანამ ლხინი გრძელდება, ოცდაათ ხელ საცვალს და ოცდაათ ხელ ტანსაცმელს მოგცემთ.
13. თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით ოცდაათი ხელი საცვალი და ოცდაათი ხელი ტანსაცმელი. მათ უთხრეს: თქვი შენი გამოცანა და მოგისმენთ.
14. უთხრა: მჭამელიდან საჭმელი გამოვიდა, ძლიერიდან ტკბილი გამოვიდა. სამი დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა.
15. მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს დაიყოლიე შენი ქმარი, რომ გვითხრას გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ?
16. შესტირა ცოლმა სამსონს და უთხრა: გძულებივარ, კი არ გყვარებივარ. გამოცანა მიგიცია ჩემიანებისათვის, ახსნას კი არ მეუბნები. მან უთხრა: ჩემი მამისთვის და დედისთვისაც არ მითქვამს მისი ახსნა, შენ როგორ გეტყვი?
17. შვიდი დღე შესტიროდა ქალი სამსონს, რამდენ ხანსაც ლხინი გრძელდებოდა. ბოლოს, მეშვიდე დღეს, თავი რომ მოაბეზრა, უთხრა ახსნა.
18. მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე, უთხრეს მას თიმნათელებმა: რა არის თაფლზე ტკბილი და ლომზე ძლიერი? უთხრა: ჩემი ფურით რომ არ გეხნათ, ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას.
19. მოიცვა იგი უფლის სულმა, წავიდა ასკალონში, დახოცა ოცდაათი კაცი, გახადა ტანსაცმელი და ჩამოურიგა თითო-თითო ხელი გამოცანის გამომცნობლებს. მერე გაცეცხლებული მამის სახლში დაბრუნდა.
20. სამსონის ცოლი კი ერთ-ერთ მექორწინეს მისთხოვდა, ქმრის მაყარს.
თავი მეთხუთმეტე
1. გამოხდა ხანი, და პურისმკის დროს წავიდა სამსონი თავისი ცოლის სანახავად და ერთი თიკანი წაიყვანა. თქვა: შევალ ჩემს ცოლთან სანთიობოშიო, მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა.
2. უთხრა ქალის მამამ: მეგონა, გული აიყარე მასზე, და შენს მაყარს მივათხოვე. აი, უმცროსი და მასზე ლამაზია, ეგ წაიყვანე მის ნაცვლად.
3. უთხრა მათ სამსონმა: ხომ მართალი ვიქნები ფილისტიმელებთან, ავი საქმე რომ დავმართო?
4. წავიდა სამსონი, დაიჭირა სამასი მელა, აიღო ჩირაღდნები, ორ-ორ მელას კუდები ერთმანეთზე გადაუსკვნა და ზედ თითო ჩირაღდანი მიაბა.
5. აანთო ჩირაღდნები და შეუშვა ფილისტიმელების ყანებში. გადაუწვა ძნებიცა და სამკალიც, ვენახებიცა და ზეთისხილის ბაღებიც.
6. თქვეს ფილისტიმელებმა: ვინ ჩაიდინა ეს საქმე? მიუგეს: სამსონმა, თიმნათელის სიძემ, რადგან ამ თიმნათელმა აიღო და მის მაყარს მიათხოვა მისი ცოლი. წავიდნენ ფილისტიმელები და ცეცხლში ამობუგეს მამა-შვილი.
7. უთხრა მათ სამსონმა: რაკი ასე მომექეცით, ვერ მოვისვენებ, სანამ თქვენს ჯავრს არ ამოვიყრი.
8. მაგრად ურტყა მათ წვივებზე და თეძოებზე. მერე წავიდა და ყეტამის კლდეში ეხს შეაფარა თავი.
9. წავიდნენ ფილისტიმელები, იუდაში დაბანაკდნენ და განივრცნენ ლეხამდე.
10. უთხრეს იუდიანებმა: რატომ წამოხვედით ჩვენზე? მიუგეს: სამსონის შესაპყრობად წამოვედით, ის უნდა დავმართოთ, რაც ჩვენ დაგვმართა.
11. მივიდა სამასი კაცი იუდადან ყეტამის კლდის ეხთან და უთხრა სამსონს: ვითომ არ იცი, რომ ფილისტიმელები ბატონობენ ჩვენზე? ეს რა ჭირში ჩაგვყარე?
12. უთხრეს: მოვედით, რომ შეგიპყროთ და ხელთ მიგცეთ ფილისტიმელებს. უთხრა სამსონმა: შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ.
13. უთხრეს: არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და ხელთ მიგცემთ ფილისტიმელებს. მოკვლით არ მოგკლავთო. ორი ახალი თოკით გაკოჭეს და წაიყვანეს ეხიდან.
14. ლეხთან რომ მივიდა, ყიჟინით შემოეხვივნენ ფილისტიმელები. უფლის სული გადმოვიდა მასზე, თოკები, რომლებითაც ხელები ჰქონდა შეკრული, დამწვარი სელივით შეიქმნა და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან.
15. ვირის ახალი თავყბა იპოვა, ხელით დასწვდა, აიღო და ათასი კაცი დახოცა იმით.
16. თქვა სამსონმა: ვირის თავყბით ვირთა დასიო, ვირის ყბით ვხოცე ათასიო.
17. ეს რომ თქვა, გააგდო ვირის თავყბა ხელიდან და უწოდა იმ ადგილს რამათ-ლეხი.
18. ძალიან მოსწყურდა და შეევედრა უფალს: ეს დიდი საქმე ხომ ჩაიდინე შენი მორჩილის ხელით, ნუთუ ახლა წყურვილმა უნდა მომკლას და წინდაუცვეთელებს ჩავუვარდე ხელში?
19. გააჩინა ღმერთმა ლეხში ნაპრალი და ამოხეთქა იქიდან წყალმა. დალია სამსონმა, სული მოიბრუნა და გამოცოცხლდა. ამიტომაც ეწოდა იმ ადგილს ვედრების წყარო, რომელიც დღემდეა ლეხში.
20. იგი ოცი წელი იყო ისრაელის მსაჯული ფილისტიმელების დროს.
თავი მეთექვსმეტე
1. ჩავიდა სამსონი ღაზაში, იქ ერთი მეძავი ნახა და შევიდა მასთან.
2. შეიტყვეს ღაზელებმა, სამსონი ჩამოსულაო. გარს უვლიდნენ და მთელი ღამე უდარაჯებდნენ ქალაქის კარიბჭესთან, მთელი ღამე გაყუჩებულები იყვნენ, ამბობდნენ, გათენებამდე მოვკლავთო.
3. შუაღამემდე ეძინა სამსონს. შუაღამით ადგა, მოხვია ხელი ქალაქის კარსა და ორივე ბჭეს, ურდულიანად მოგლიჯა, მხარზე გაიდო და მთის წვერზე აიტანა ხებრონს გადაღმა.
4. ამის შემდეგ ერთი ქალი შეუყვარდა სორეკის ხევში, სახელად დალილა.
5. მივიდნენ მასთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: შეუჩნდი და გამოსტყუე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა, რა უნდა ვიღონოთ მის შესაკრავად და დასამორჩილებლად. სამაგიეროდ ათას ვერცხლს მოგცემთ თითოეული.
6. უთხრა სამსონს დალილამ: მითხარი, საიდან გაქვს ეს დიდი ძალა, რითი უნდა შეგკრას კაცმა, რომ დაგიმორჩილოს?
7. სამსონმა უთხრა: შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარით რომ შემკრან, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
8. მოატანინა ფილისტიმელთა მთავრებს შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარი და იმით შეკრა დალილამ სამსონი.
9. ოთახში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. უთხრა სამსონს დალილამ: სამსონ, ფილისტიმელები მოდიან შენზე! ისე დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც ძენძის ძაფი წყდება ხოლმე, ცეცხლი რომ დაყნოსავს. ვერ ამოიცნეს მისი ძალა.
10. უთხრა სამსონს დალილამ: აჰა, ხომ მომატყუე და გამაბრიყვე. ახლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?
11. სამსონმა უთხრა: ახალთახალი, უხმარი თოკებით რომ შემკრან, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
12. აიღო დალილამ ახალთახალი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: სამსონ, ფილისტიმელები მოდიან შენზე! ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული. ძაფებივით შემოიწყვიტა მკლავებზე.
13. უთხრა სამსონს დალილამ: აქამდე მატყუე და მაბრიყვე. მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა? მან მიუგო: თუ ჩემი თმის შვიდ კოწოლს საძახველში ჩაგრეხ.
14. პალო დაასო და უთხრა: ფილისტიმელები მოდიან შენზე, სამსონ! გამოეღვიძა სამსონს და მოგლიჯა საძახველის პალოცა და ნაძახვიც.
15. უთხრა დალილამ: როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ გულით არა ხარ ჩემთან? აჰა, სამჯერ მომატყუე და არ გამიმხილე, საიდან გაქვს ეგ დიდი ძალა.
16. რაკი ყოველდღე ამ სიტყვებს ჩასჩიჩინებდა და საშველს არ აძლევდა, სიცოცხლე მოსძულდა სამსონს.
17. გამოუტყდა და უთხრა: სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან დედის მუცლიდან ღვთის მოწმიდარი ვარ. თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავძაბუნდები და სხვათა მსგავსი შევიქნები.
18. დაინახა დალილამ, რომ მან გული გადაუხსნა. შეუთვალა ფილისტიმელთა მთავრებს: ახლა კი ამოდით, გამომიტყდა. ამოვიდნენ ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც ამოუტანეს.
19. კალთაში ჩააძინა იგი დალილამ, კაცი იხმო და მისი თმის შვიდივე კოწოლი მოაპარსვინა. იწყო სამსონმა დასუსტება, გამოეცალა თავისი დიდი ძალა.
20. უთხრა დალილამ: ფილისტიმელები მოდიან შენზე, სამსონ! გამოეღვიძა და იფიქრა: ავდგები და წინანდებურად დავიხსნიო თავს. მაგრამ არ იცოდა, რომ ღმერთმა პირი იბრუნა მისგან.
21. შეიპყრეს ფილისტიმელებმა და თვალები დასთხარეს. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ხუნდები დაადეს და იყო სატუსაღოში მეხელსაფქვავედ.
22. ამასობაში იწყო თმამ წამოზრდა მის გადაპარსულ თავზე.
23. შეიყარნენ ფილისტიმელთა მთავრები, რომ დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისთვის, თავიანთი ღმერთისთვის, და ემხიარულათ. ამბობდნენ: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო სამსონი, ჩვენი მტერი!
24. ხედავდა მას ხალხი, ადიდებდა თავის ღმერთს და ამბობდა: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის ამაოხრებელი, რომელმაც მრავალი ჩვენიანი გაწყვიტა!
25. როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: მოიყვანეთ სამსონი, რომ გაგვამხიარულოს. მოიყვანეს სამსონი სატუსაღოდან და ართობდა მათ. სვეტებს შორის ჰყავდათ დაყენებული.
26. უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელიც ხელჩაკიდებული დაატარებდა: მიმიყვანე, რომ ხელი შევავლო სვეტებს, რომლებზედაც სახლი დგას, და მივეყუდო.
27. სახლი კი კაცებითა და ქალებით იყო სავსე. ფილისტიმელთა ყველა მთავარს იქ მოეყარა თავი. სამი ათასამდე კაცი და ქალი ბანზე გასულიყო და უყურებდა სამსონის გაპამპულებას.
28. შეჰღაღადა სამსონმა უფალს და უთხრა: უფალო ღმერთო, გამიხსენე! ამ ერთხელაც გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად რომ მივუზღო ფილისტიმელებს ჩემი ორი თვალის სამაგიერო!
29. მოსინჯა სამსონმა ორივე შუათანა სვეტი, რომლებზედაც სახლი იდგა, ერთს მარჯვენა ხელი მიაყრდნო, მეორეს მარცხენა.
30. თქვა სამსონმა: მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად! და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და მთელ შიგმყოფ ხალხს. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დანახოცი.
31. ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლობა, აიღეს იგი და წაასვენეს და მამამისის, მანოახის სამარხში დამარხეს ცორასა და ეშთაოლს შორის. იგი ოცი წელი იყო ისრაელის მსაჯული.
თავი მეჩვიდმეტე
1. იყო კაცი ვინმე ეფრემის მთაში, სახელად მიქაიეჰუ.
2. უთხრა დედას: შენ რომ ათას ასი ვერცხლი წაგიღეს, რომლის გამოც ჩემი თანდასწრებით წყევლა წარმოთქვი, ჩემთანაა ეს ვერცხლი, ჩემი აღებულია. თქვა დედამისმა: დაილოცოს უფლისაგან ჩემი შვილი.
3. დაუბრუნა დედას ათას ასი ვერცხლი. თქვა დედამისმა: ჩემი ხელით შემიწირავს ეს ვერცხლი უფლისათვის ჩემი შვილის სახელზე ქანდაკისა და ჩამოსხმული კერპის გასაკეთებლად. აჰა, შენთვის დამიბრუნებია.
4. როცა დაუბრუნა ვერცხლი დედამისს, აიღო დედამისმა ორასი ვერცხლი, მიუტანა გადამდნობელს, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი გააკეთებინა და იდგა ისინი მიქაიეჰუს სახლში.
5. ჰქონდა ამ კაცს, მიქას, ღვთის სახლი. გააკეთა მან ეფოდი და თერაფიმი, აუვსო ხელი თავის ერთ-ერთ ვაჟს და ჰყავდა იგი მღვდლად.
6. იმ დროს ისრაელს მეფე არ ჰყავდა და ვისაც რა უნდოდა, იმას სჩადიოდა.
7. ცხოვრობდა ერთი ყმაწვილი იუდას ბეთლემში, იუდას ტომში, ლევიანი იყო და იქ მდგმურობდა.
8. წავიდა ეს კაცი იუდას ბეთლემიდან, რომ სადმე მდგმურად დამდგარიყო, სადაც მოუხვდებოდა და, თავის გზით მიმავალი, ეფრემის მთაში მიქას სახლს მოადგა.
9. უთხრა მიქამ: საიდან მოდიხარ? მან მიუგო: ლევიანი ვარ, იუდას ბეთლემიდან, დავდივარ, რომ სადმე მდგმურად დავდგე, სადაც მომიხდება.
10. უთხრა მიქამ: დარჩი ჩემთან, გამიხდი მამად და მღვდლად. წლიურად ათ ვერცხლს მოგცემ, შესამოსელს და სარჩოს. მივიდა ლევიანი.
11. და გადაწყვიტა ლევიანმა, დარჩენილიყო ამ კაცთან. და გახდა ყმაწვილი მისთვის, როგორც ერთი შვილთაგანი.
12. აუვსო ხელი მიქამ ლევიანს, გახდა ყმაწვილი კაცი მისი მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში.
13. თქვა მიქამ: ახლა კი ვიცი, სიკეთეს მომაგებს უფალი, რადგან ლევიანი მყავს მღვდლად.
თავი მეთვრამეტე
1. იმ ხანებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა. იმ ხანებში დანის ტომი თავის წილხვდომილს დაეძებდა, რომ იქ დასახლებულიყო, რადგან ჯერაც არ ხვდომოდა წილი ისრაელის ტომთა შორის.
2. ხუთი კაცი გაგზავნეს დანიანებმა თავიანთი ტომიდან, ცორელები და ეშთაოლელები, მაგარი ვაჟკაცები, რომ მხარე დაევლოთ და დაეზვერათ. უთხრეს, წადით და მხარე დაზვერეთო. მივიდნენ ეფრემის მთაში მიქას სახლთან და ღამე იქ გაითიეს.
3. მიქას სახლთან ყოფნისას ეცნოთ ყმაწვილი ლევიანის ხმა, შევიდნენ და ჰკითხეს: აქ ვინ მოგიყვანა, არას აკეთებ, რა გინდა აქ?
4. მიუგო: ასე და ასე მომირიგდა მიქა, დამიქირავა და მღვდლად დამიყენა.
5. უთხრეს: ჰკითხე ღმერთს, გვინდა ვიცოდეთ, იღბლიანი იქნება თუ არა ჩვენი გზა, რომელსაც ვადგავართ?
6. უთხრა მღვდელმა: მშვიდობით ივლით, უფალი გიფარავთ თქვენს გზაზე, რომელსაც ადგახართ.
7. წავიდა ეს ხუთი კაცი, მივიდა ლაიშში და ნახა: ცხოვრობს იქ ხალხი უზრუნველად, ციდონელთა წესის მიხედვით, წყნარი და უზრუნველი, ქვეყანაზე არავინ აწუხებს, არავინ ებატონება, ციდონელებისგან მოწყვეტილია და არა ხალხთან არა აქვს საქმე.
8. მობრუნდნენ მოძმეებთან, ცორასა და ეშთაოლში. ჰკითხეს მოძმეებმა: რა ამბავი მოგაქვთ?
9. მიუგეს: ავდგეთ და გავილაშქროთ მათზე, რადგან ვნახეთ მათი მხარე და ძალიან კარგი იყო, თქვენ კი არაფერს ჰღონობთ. ნუღა დაბრკოლდებით, წადით და დაიმკვიდრეთ ის მხარე.
10. მიხვალთ და უზრუნველ ხალხს წააწყდებით. გაშლილი მხარეა და ღმერთს თქვენთვის მოუცია იგი. ისეთი ადგილია, არაფერი რომ არ აკლია ქვეყანაზე.
11. გაემართა იქიდან დანისტომელთა ერთი ნაწილი, ცორელები და ეშთაოლელები, საომრად შეჭურვილი ექვსასი კაცი.
12. წავიდნენ და კირიათ-იეყარიმში, იუდაში, დაბანაკდნენ. ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს დანის ბანაკს. იგი კირიათ-იეყარიმის გადაღმაა.
13. იქიდან ეფრემის მთაში ავიდნენ და მიქას სახლს მიადგნენ.
14. იმ ხუთმა კაცმა, ლაიშის მხარე რომ დაზვერა, უთხრა თანამოძმეებს: თუ იცით, რომ ერთ-ერთში ამ სახლთაგან არის ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი? ჰოდა, მოიფიქრეთ, როგორ მოვიქცეთ.
15. გაუხვიეს იქით და შევიდნენ ყმაწვილი ლევიანის სახლში, მიქას სახლში, და მშვიდობით მოიკითხეს.
16. ექვსასი კაცი დანისტომელი, საომრად შეჭურვილი, ჭიშკართან იდგა.
17. ავიდა ის ხუთი კაცი, მხარე რომ დაზვერა, შევიდა შიგნით, აიღო ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. მღვდელი ჭიშკართან იდგა საომრად შეჭურვილი ექვსასი კაცის გვერდით.
18. მიქას სახლში შევიდნენ ისინი და აიღეს ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. უთხრა მათ მღვდელმა: რას სჩადიხართ!
19. მიუგეს: გაჩუმდი, პირზე ხელი აიფარე და წამოგვყევი, გაგვიხდი მამად და მღვდლად. რა გირჩევნია, ერთი კაცის მღვდლობა თუ ისრაელის ტომისა და მოდგმის მღვდლობა?
20. გაუხარდა მღვდელს, აიღო ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და გაჰყვა იმ ხალხს.
21. გაბრუნდნენ ისინი და გზას გაუდგნენ. ქალები და ბავშვები, საქონელი და ტვართი წინ გაუშვეს.
22. გამოცილებული იყვნენ მიქას სახლს, რომ შეიყარნენ მიქას კარის მეზობლები და უკან გამოუდგნენ დანიანებს.
23. მიჰყვიროდნენ დანიანებს. მოიხედეს დანიანებმა და უთხრეს მიქას: რა მოგივიდა, რა გაყვირებს?
24. უთხრა: მომტაცეთ ჩემი გაკეთებული ღმერთები, ჩემი მღვდელი და წახვედით, სხვა რაღა უნდა მომხდარიყო? როგორღა მეუბნებით, რა მოგივიდაო?
25. დანიანებმა უთხრეს: აღარ გავიგონოთ შენი ხმა, თორემ გამწარდება ზოგიერთი ჩვენგანი, გამოგენთებათ და დაღუპავ შენს თავსაც და შენიანებსაც.
26. წავიდნენ დანიანები თავიანთი გზით. დაინახა მიქამ, რომ მასზე ძლიერები იყვნენ ისინი, გატრიალდა და შინ დაბრუნდა.
27. წაიღეს მიქას ნაკეთობანი და მისი მღვდელიც თან წაიყვანეს. დაეცნენ ლაიშში წყნარ და უზრუნველ ხალხს, მახვილით მოსრეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი.
28. არავინ აღმოჩნდა მისი მშველელი, რადგან ციდონისგან შორს იყო და არა ხალხთან არ ჰქონდა საქმე. ეს ქალაქი ვაკეზე მდებარეობდა ბეთ-რეხობის ახლოს. ხელახლა ააშენეს ქალაქი, დასახლდნენ მასში.
29. თავიანთი მამის, დანის, ისრაელის ძის, სახელობაზე უწოდეს დანი, მანამდე კი ქალაქს ლაიში ერქვა.
30. დაიდგეს ქანდაკი დანიანებმა. იმ მხარის გადასახლებამდე დანისტომელთა მღვდლები იყვნენ იონათანი, ძე გერშომისა, მენაშეს ძისა, თავად იგი და მისი შთამომავლები.
31. ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკი მთელი ის ხანი, სანამ ღვთის სახლი სილოამში იყო.
თავი მეცხრამეტე
1. იმ ხანებში, როცა ისრაელს მეფე არ ჰყავდა, ერთი ლევიანი მდგმურობდა ეფრემის მთის კალთაზე. ხარჭა მოიყვანა ცოლად იუდას ბეთლემიდან.
2. გაშორდა მას ხარჭა, მამის სახლში წაუვიდა, იუდას ბეთლემში, და ოთხი თვე იქ იყო.
3. ადგა მისი ქმარი და ჩააკითხა, რომ შემოერიგებინა და შინ დაებრუნებინა. მსახური ბიჭი და ორი ვირი ახლდა თან. ხარჭამ იგი მამის სახლში შეიწვია. დაინახა ის ყმაწვილი ქალის მამამ და გახარებული შეეგება.
4. არ გაუშვა იგი სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ, და დარჩა იქ კაცი სამი დღე. ჭამდნენ, სვამდნენ და იქვე ათევდნენ ღამეს.
5. მეოთხე დღეს დილაადრიანად ადგნენ. ადგა კაციც შინ წასასვლელად. უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ თავის სიძეს: ჯერ პური გატეხე, დანაყრდი და მერე წადი.
6. დასხდნენ ერთად ორივენი, ჭამეს და სვეს. უთხრა კაცს ყმაწვილი ქალის მამამ: დარჩი ამაღამ და მოილხინოს შენმა გულმა.
7. ადგა წასასვლელად, მაგრამ არ მოეშვა სიმამრი და იმ ღამითაც დარჩა კაცი.
8. მეხუთე დღეს დილაადრიან ადგა წასასვლელად. უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ: ჯერ დანაყრდით, შეიცადეთ, ვიდრე დღე გადაიხრებოდეს. ჭამეს ორთავემ და სვეს.
9. ადგა კაცი, რომ შინ წასულიყო თავის ხარჭასთან და მსახურ ბიჭთან ერთად. უთხრა სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ: აჰა, დღე საღამოსკენ გადაიხარა, ამაღამაც დარჩით, დამდეთ ხათრი. დღე სადაცაა მიილევა. ეს ღამეც აქ გაითიე და მოილხინოს შენმა გულმა. დილით ადრიანად გაუდგებით გზას და მიხვალთ შინ.
10. მაგრამ კაცმა აღარ ისურვა ღამით დარჩენა, ადგა და წავიდა. იარა იებუსამდე, ახლა რომ იერუსალიმია. მიჰყავდა წყვილი კეხდადგმული ვირი და თავისი ხარჭა.
11. იებუსს რომ მიადგნენ, კარგა შესაღამოებული იყო. უთხრა მსახურმა ბიჭმა თავის ბატონს: შევიდეთ იებუსეველთა ქალაქში და ღამე მანდ გავათიოთ.
12. უთხრა ბატონმა: არა, ნუ შევალთ უცხო ქალაქში, სადაც ისრაელიანები არ სახლობენ. გიბყამდე მივიდეთ.
13. უთხრა თავის მსახურ ბიჭს: რომელიმე სხვა ადგილამდე მივიდეთ, გიბყაში ან რამაში გავათიოთ ღამე.
14. განაგრძეს გზა, იარეს და ბენიამინის გიბყის მახლობლად დაუღამდათ.
15. გაუხვიეს, რომ გიბყაში შესულიყვნენ და ღამე იქ გაეთიათ. მივიდა და ქალაქის მოედანზე დაჯდა, მაგრამ არავინ შეიპატიჟა შინ ღამის გასათევად.
16. აჰა, ერთი ბერიკაცი საღამოხანს ბრუნდება სამუშაოდან, ყანიდან; ეფრემის მთაში იყო დაბადებული და გიბყაში ცხოვრობდა. იმ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინიანები იყვნენ.
17. გაიხედა და ქალაქის მოედანზე მგზავრი დაინახა. ჰკითხა ბერიკაცმა: საიდან მოსულხარ და სად მიდიხარ?
18. მან მიუგო: იუდას ბეთლემიდან ეფრემის მთაში მივდივართ, იქაური ვარ. სტუმრად ვიყავი იუდას ბეთლემში, ახლა კი უფლის სახლისაკენ მიდევს გზა, მაგრამ არავინ შემიპატიჟა შინ.
19. ჩალაც გვაქვს და საჭმელიც ჩვენი სახედრებისთვის. აგრეთვე პურ-ღვინო ჩემთვისაც და ამ შენი მხევლისთვისაც და ამ მსახური ბიჭისთვისაც, რომელიც შენს მორჩილთ გვახლავს. არაფერი გვჭირდება.
20. ბერიკაცმა უთხრა: მშვიდობა შენდა! ჩემზე იყოს, რაც გჭირდება, ოღონდ ქუჩაში ნუ გაათევ ღამეს.
21. შინ შეიყვანა და სახედრებს საკვები დაუყარა. მათ კი ფეხი დაიბანეს, ჭამეს და სვეს.
22. როცა გუნებაზე მოვიდნენ, აჰა, ქალაქის მცხოვრებნი, გარყვნილი ხალხი, გარს შემოერტყნენ სახლს, კარზე აბრახუნებდნენ და ეუბნებოდნენ ბერიკაცს, სახლის პატრონს: გამოგვიყვანე, შენს სახლში რომ კაცია მოსული, უნდა შევიცნოთო.
23. გავიდა მათთან სახლის პატრონი და უთხრა: არა, ძმებო, ნუ უზამთ ბოროტებას. ეს კაცი ჩემს სახლში სტუმრად შემოვიდა, ნუ ჩაიდენთ ამ უზნეობას.
24. აჰა, გასათხოვარი ქალი მყავს შინ, ამ კაცსაც ხარჭა ახლავს. გამოგიყვანთ, დაიმორჩილეთ და უყავით, რაც გენებოთ. ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ ამ უზნეობას.
25. მაგრამ მათ მისი გაგონებაც არ უნდოდათ. მაშინ ადგა კაცი და გამოუყვანა ქუჩაში თავისი ხარჭა. შეიცნეს იგი, მთელი ღამე დილამდე აუპატიურებდნენ მას. და ცისკარზე გაუშვეს.
26. წამოვიდა ქალი დილით, დაეცა იმ კაცის სახლის კართან, ვისთანაც მისი პატრონი იდგა, და დილამდე ეგდო.
27. ადგა დილით მისი პატრონი, გააღო სახლის კარი, გამოვიდა, რომ გზას გასდგომოდა, და, აჰა, კართან მისი ხარჭა აგდია, ზღურბლზე ხელებდაყრილი.
28. უთხრა: ადექი, წავიდეთო. მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. გადაჰკიდა სახედარს, ადგა და შინ წავიდა.
29. შინ რომ მივიდა, აიღო თავისი ხარჭა, თორმეტ ნაწილად, ასო-ასო დაჭრა და დაგზავნა ისრაელის ყველა კუთხეში.
30. ყოველი, ამის მნახველი, ამბობდა: მსგავსი არაფერი მომხდარა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დღიდან მოკიდებული, რაც ისრაელიანები ეგვიპტიდან გამოვიდნენ, დღევანდელ დღემდეო. ჩაუკვირდით, ითათბირეთ და თქვით.
თავი მეოცე
1. გამოვიდა მთელი ისრაელობა და შეიკრიბა საზოგადოება, როგორც ერთი კაცი, დანიდან ბეერ-შებამდე და გალაადის ქვეყანა უფლის წინაშე მიცფაში.
2. გაემზადნენ მთელი ერის თავკაცები და ისრაელის ყოველი ტომი საღვთო ერის შესაკრებელში - ოთხასი კაცი, მახვილის ამღები.
3. შეიტყვეს ბენიამინიანებმა ისრაელიანთა მისვლა მიცფაში. თქვეს ისრაელიანებმა: გვითხარით, როგორ მოხდა ეს ბოროტება?
4. უთხრა პასუხად ლევიანმა, მოკლული ქალის ქმარმა: ღამის გასათევად მივედი ბენიამინის გიბყაში ჩემს ხარჭასთან ერთად.
5. აღდგნენ გიბყელები ჩემზე, გარს შემოერტყნენ სახლს, საცა მე ვიდექი, და მოკვლას მიპირებდნენ. ხარჭა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი.
6. წამოვასვენე ჩემი ხარჭა, ასო-ასო დავჭერი და ისრაელის ყველა წილხვედრილ მხარეში დავგზავნე, რადგან ურჯულო და სამარცხვინო საქმე მოახდინეს ისრაელში.
7. აჰა, ყველამ, მთელმა ისრაელობამ, განიხილოს და აქვე გადაწყვიტოს ეს საქმე.
8. ერთი კაცივით აღდგა მთელი ერი და თქვა: არც ერთი ჩვენთაგანი არ წავიდეს თავის კარავში, არავინ დაბრუნდეს შინ.
9. აი, რა უნდა ვუყოთ დღეს გიბყას: წილისყრით უნდა გავილაშქროთ მასზე.
10. ისრაელის თითოეულ ტომში ასიდან ათი კაცი შევარჩიოთ, ათასიდან ასი, ათი ათასიდან ათასი და საგზალი მოვატანინოთ მათთვის, ვინც ბენიამინის გიბყაზე გაილაშქრებს, რათა დასაჯოს იგი სამარცხვინო საქმის გამო, რომელიც მოახდინა ისრაელში.
11. ერთი კაცივით ერთპირად შეიკრიბა ქალაქის წინააღმდეგ ყველა ისრაელიანი.
12. გაგზავნეს კაცები ისრაელის ტომებმა ბენიამინის მთელს ტომში და შეუთვალეს: ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენში.
13. ახლა მოგვეცით ის წამხდარი ხალხი, გიბყაში რომ გყოლიათ, სიკვდილით დავსჯით მათ და აღმოვფხვრით ბოროტებას ისრაელიდან. მაგრამ ბენიამინიანებმა არ შეისმინეს თავიანთ მოძმეთა, ისრაელიანთა სიტყვა.
14. გიბყაში შეიკრიბნენ ბენიამინელები თავ-თავიანთი ქალაქებიდან, რათა ომი გაემართათ ისრაელიანებისთვის.
15. აღირიცხა იმ დღეს ქალაქებიდან შემოკრებილი ბენიამინიანები - ოცდაექვსი ათასი კაცი, იარაღის ამღები. მათ გარდა გიბყელთაგან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი აღირიცხა.
16. მთელი აძ ხალხიდან შვიდასი რჩეული ვაჟკაცი ცაცია იყო, თითოეულ მათგანს ბეწვისთვის რომ ესროლა შურდულით ქვა, არ აუცდებოდა.
17. ისრაელიანები, ბენიამინიანთა გამოკლებით, ოთხასი ათასი კაცი აღირიცხა, მახვილის ამღები. ყოველ იმათგანი მეომარი იყო.
18. ადგნენ და მივიდნენ ღვთის სახლში. ჰკითხეს ღმერთს ისრაელიანებმა: რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინიანებთან საომრად? უთხრა უფალმა: პირველი იუდა გავიდეს.
19. დილით ადგნენ ისრაელიანები და გიბყის მახლობლად დაბანაკდნენ.
20. გამოვიდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებთან საომრად. დადგნენ საბრძოლოდ წყობით გიბყის ახლოს.
21. გამოვიდნენ ბენიამინიანები გიბყიდან და გაანადგურეს ოცდაორი ათასი ისრაელიანი იმ დღეს.
22. მაგრამ მხნეობა მოიკრიბა ისრაელის ერმა და კვლავ დადგა საბრძოლოდ წყობით იმ ადგილას, სადაც წინადღით იდგა.
23. წავიდნენ ისრაელიანები, საღამომდე ტიროდნენ უფლის წინაშე და ეკითხებოდნენ უფალს: ისევ გავიდე ჩემს ძმასთან, ბენიამინთან საბრძოლველად? უფალმა უთხრა: გაილაშქრეთ მასზე.
24. კვლავ შემოადგნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს მეორე დღეს.
25. გამოვიდა მათ წინააღმდეგ ბენიამინი გიბყიდან მეორე დღეს და კვლავ გაანადგურა ისრაელიანები, თვრამეტი ათასი კაცი მახვილის ამღები.
26. გაემართა მაშინ მთელი ისრაელიანობა, მთელი ერი, მივიდა ბეთლემში და შესტიროდა უფალს, იჯდა და საღამომდე მარხულობდა, აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავდა უფალს.
27. ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს (იმ ხანებში ღვთის აღთქმის კიდობანი იქ ესვენა,
28. და ფინხასი, ძე ელეაზარისა, აარონის ძისა, იყო მის წინამდგომლად): ისევ გავიდე ჩემს ძმასთან, ბენიამინთან, საბრძოლველად? უთხრა უფალმა: გაილაშქრეთ, რადგან ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მას.
29. ჩასაფრდა ისრაელი გიბყის ირგვლივ.
30. გაილაშქრეს ისრაელიანებმა ბენიამინიანებზე მესამე დღეს და წინანდებურად საბრძოლო წყობით განლაგდნენ გიბყის წინ.
31. გამოვიდნენ ბენიამინიანები ერის წინააღმდეგ და შორს გასცდნენ ქალაქს; იწყეს უწინდებურად ხალხის ხოცვა გზებზე, რომელთაგანაც ერთი ბეთელში მიდის, მეორე კი - გიბყაში ყანებზე, და ოცდაათამდე ისრაელიანი დახოცეს.
32. თქვეს ბენიამინიანებმა: უწინდებურად ეცემიან ჩვენს წინაშე. ისრაელიანებმა კი თქვეს: უკუვიქცეთ მათგან და ქალაქიდან გზებზე გავიტყუოთ.
33. ადგნენ ისრაელიანები თავ-თავიანთი ადგილებიდან და ბაალ-თამარში განლაგდნენ. ჩასაფრებული ისრაელიანებიც გამოვიდნენ თავ-თავიანთ ადგილებიდან გიბყის ველზე.
34. მიადგა გიბყას მთელი ისრაელის ათი ათასი რჩეული ვაჟკაცი და სასტიკი ბრძოლა გაიმართა. მაგრამ ბენიამინიანებმა არ იცოდნენ, რომ უბედურება ელოდათ.
35. დაამარცხა უფალმა ბენიამინი ისრაელიანთა წინაშე და იმ დღეს ისრაელიანებმა ოცდახუთი ათას ასი კაცი გაანადგურეს ბენიამინიანთაგან, მახვილის ამღები.
36. დაინახეს ბენიამინიანებმა, რომ დამარცხდნენ. ისრაელიანებმა ადგილი უტიეს ბენიამინიანებს, რადგან ჩასაფრებულთა იმედი ჰქონდათ, მათი, ვინც გიბყის ახლოს ჩაასაფრეს.
37. ჩასაფრებულები გაეჩქარნენ გიბყისკენ, შეიჭრნენ და მახვილით მოსრეს მთელი ქალაქი.
38. ისრაელიანებს ნიშანი ჰქონდათ ჩასაფრებულებთან დათქმული - ქალაქზე ავარდნილი დიდი კვამლი.
39. დაიხიეს ბრძოლის ველიდან ისრაელიანებმა, ბენიამინი კი მუსრს ავლებდა ისრაელიანებს, გაწყვიტა ოცდაათამდე კაცი, თქვა: ისევ ეცემიან ჩვენს წინაშე როგორც ამასწინდელი ბრძოლების დროსო,
40. და სწორედ მაშინ აღიმართა ქალაქზე კვამლის სვეტი. მოიხედა ბენიამინმა და, აჰა, ცაში მიდის მთელი ქალაქი.
41. გამობრუნდნენ ისრაელიანები, ბენიამინი კი შედრკა, რადგან დაინახა, რომ უბედურება დაატყდა.
42. გაექცნენ ისრაელიანებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ ლაშქარი ბრძოლით მისდევდა მათ და ქალაქებიდან გამოსულებიც ხოცავდნენ გზადაგზა.
43. შემოეჯარნენ ბენიამინს, მანუხამდე სდიეს და ჟლიტეს გიბყამდე, აღმოსავლეთით.
44. დაეცა ბენიამინიანთაგან თვრამეტი ათასი კაცი, მაგარი ვაჟკაცები.
45. გადარჩენილნი მიუბრუნდნენ და უდაბნოსკენ, რიმონის კლდისკენ გაიქცნენ, გზადაგზა კიდევ ხუთი ათასი კაცი დახოცეს ისრაელიანებმა, გიდომამდე სდიეს და კიდევ ორი ათასი კაცი დახოცეს.
46. მთლიანად კი იმ დღეს ოცდახუთი ათასი ბენიამინიანი დაეცა, მახვილის ამღები. ყველა მათგანი მაგარი ვაჟკაცი იყო.
47. გადარჩენილი ექვსასი კაცი გაბრუნდა და უდაბნოში, რიმონის კლდისკენ გაიქცა და იყვნენ იქ, რიმონის კლდეებში, ოთხი თვე.
48. კვლავ მიუბრუნდნენ ისრაელიანები ბენიამინიანებს და მახვილით მოსრეს ქალაქში მყოფი ხალხიც და პირუტყვიც, ყველაფერი, რაც იქ დახვდათ, და ყველა ქალაქი, რაც კი იყო, ცეცხლს მისცეს.
თავი ოცდამეერთე
1. ფიცი დადეს ისრაელიანებმა მიცფაში და თქვეს: არც ერთმა ჩვენთაგანმა არ მიათხოვოს თავისი ასული ბენიამინიანს.
2. მივიდა ხალხი ბეთელში, საღამომდე ისხდნენ იქ ღვთის წინაშე, მაღალი ხმით მოთქვამდნენ და მწარედ ტიროდნენ.
3. ამბობდნენ: უფალო, ისრაელის ღმერთო, რად მოხდა ისეთი რამ ისრაელში, რომ დღეს მთელი ერთი შტო გამოაკლდა ისრაელს?
4. მეორე დღეს დილაადრიან ადგა ხალხი, ააგო იქ სამსხვერპლო, და აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი მიიტანა.
5. თქვეს ისრაელიანებმა: ვინ არ მოვიდა შესაკრებელში უფლის წინაშე ისრაელის შტოთაგან? რადგან დიდი წყევლა ჰქონდათ წარმოთქმული, სიკვდილით უნდა დასჯილიყო, ვინც არ გამოცხადდებოდა. უფლის წინაშე მიცფაში.
6. შეებრალათ ისრაელიანებს ბენიამინი, თავიანთი ძმა და თქვეს: მთელი ერთი შტო მოიკვეთა დღეს ისრაელიდან.
7. რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ დანარჩენებთან ცოლების თაობაზე, აკი უფალი დავიფიცეთ, რომ ჩვენს ასულებს არ გავათხოვებთო მათზე?
8. თქვეს: ვინმე ხომ არ დარჩა მოუსვლელი ისრაელის შტოთაგან უფლის წინაშე მიცფაში? აჰა, თურმე არავინ იყო მოსული გალაადის იაბეშიდან უფლის წინაშე ბანაკში, შესაკრებელში.
9. შეამოწმეს ხალხი, და აჰა, არავინ იყო იქ გალაადის იაბეშიდან.
10. გაგზავნა მათთან საზოგადოებამ თორმეტი ათასი კაცი, მაგარი ვაჟკაცები, უბრძანა: წადით და დედაწულიანად მახვილით მოსრეთ გალაადის იაბეშის მკვიდრნი.
11. ასე ჰქენით: ყოველი მამაკაცი და მამაკაცთან ნაწოლი ყოველი ქალი მოკალით.
12. ნახეს გალაადის მკვიდრთა შორის მამაკაცის საწოლის უნახავი ოთხასი ქალწული და მიიყვანეს ბანაკში, სილოამში, რომელიც ქანაანის მხარეშია.
13. კაცები - დაგზავნა მთელმა საზოგადოებამ, რომ მოლაპარაკებოდა რიმონის კლდეში მყოფ ბენიამინიანებს და ზავი გამოეცხადებინათ მათთვის.
14. დაბრუნდნენ მაშინ ბენიამინიანები და მისცეს ისრაელიანებმა ქალები, რომლებიც ცოცხალი დატოვეს გალაადის იაბეშის ქალთაგან, მაგრამ არ შეხვდა ყველას.
15. ნანობდა ხალხი ბენიამინის გამო, რომ დაანაკლისა უფალმა ისრაელი.
16. თქვეს საზოგადოების უხუცესებმა: როგორ მოვიქცეთ დარჩენილებთან ცოლების თაობაზე, რადგან ქალები ამოუწყდნენ ბენიამინს.
17. თქვეს: მემკვიდრეობა მიეცეს დარჩენილ ბენიამინიანებს, რომ შტო არ გაქრეს ისრაელიდან.
18. მაგრამ ჩვენს ასულებს ვერ მივათხოვებდი, რადგან ფიცი დასდეს ისრაელიანებმა და თქვეს: წყეული იყოს, ვინც ქალი მისცეს ბენიამინს.
19. თქვეს: აჰა, ყოველ წელიწადს საუფლო დღესასწაული იმართება სილოამში, რომელიც ბეთელის ჩრდილოეთით, ბეთელ-შექემის გზის აღმოსავლეთით. და ლებონის სამხრეთით მდებარეობს.
20. უბრძანეს ბენიამინიანებს: წადით და ვენახებში ჩასაფრდით.
21. თვალი გეჭიროთ და, როცა საფერხულოდ გამოვლენ სილოამელი ქალიშვილები, თქვენც გამოდით, თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცეთ სილოამელ ქალიშვილთაგან, და დაბრუნდით ბენიამინის მხარეში.
22. როცა მათი მამები ან ძმები საჩივლელად მოვლენ ჩვენთან, ჩვენ ვეტყვით: მიუტევეთ, რადგან ძალით წაიყვანეს ქალები, როგორც ომის დროს ხდება. ნებით რომ მოგეცათ, დამნაშავენი იქნებოდით.
23. ბენიამინიანები ასეც მოიქცნენ: თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცა მეფერხულეთაგან და ითხოვეს. მერე წავიდნენ და დაბრუნდნენ თავიანთ წილხვდომილში, ააშენეს ქალაქები და ცხოვრობდნენ შიგ.
24. მაშინ წავიდ-წამოვიდნენ იქიდან ისრაელიანები. თითოეული თავის შტოში და საგვარეულოში, ყველა თავის წილხვედრში დაბრუნდა იქიდან.
25. იმ დროში მეფე არა ჰყავდა ისრაელს, ვის როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა.