თავი პირველი
1. ეს მოხდა საულის სიკვდილის შემდეგ, როდესაც დავითი დაბრუნდა ყამალეკზე გამარჯვებიდან და დარჩა დავითი ციკლაგში ორ დღეს.
2. მოვიდა მესამე დღეს საულის ბანაკიდან კაცი, სამოსელი შემოგლეჯოდა და თავზე ნაცარი ეყარა. მივიდა დავითთან, მიწაზე დავარდა და თაყვანისცა.
3. უთხრა დავითმა: საიდან მოდიხარ? მიუგო: ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი.
4. უთხრა დავითმა: რა ამბავი მოხდა, მიამბე! თქვა კაცმა: ხალხი გაიქცა ბრძოლის ველიდან; ბევრი ჩვენიანიც დაეცა და დაიხოცა, საულიც და მისი ვაჟი იონათანიც დაიხოცნენ.
5. უთხრა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს: როგორ გაიგე, რომ დახოცილან საული და მისი ვაჟი იონათანი?
6. მიუგო ყმაწვილმა კაცმა, ამბის მომტანმა: გილბოაყის მთაზე მოვხვდი და, ვხედავ, შუბზეა საული დაყრდნობილი და აჰა, ეტლები და მხედრები უახლოვდებიან მას.
7. უკან მოიხედა, დამინახა და დამიძახა. მივუგე გისმენ, ბატონო-მეთქი.
8. მითხრა: ვინ ხარ? მივუგე: ყამალეკელი ვარ.
9. მითხრა: დამეცი თავს და მომკალი, რადგან საშინელ ტანჯვაში ვარ, სული კი ჯერ არ ამომხდომია.
10. მივედი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ მაინც არ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, სამაჯური, ხელზე რომ ეკეთა, და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს.
11. ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე ქნა ყველამ, ვინც კი მასთან იყო.
12. მოთქვამდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ.
13. ჰკითხა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს; სადაური ხარ? მიუგო: ხიზანის შვილი ვარ, ყამალეკელი.
14. უთხრა მას დავითმა: როგორ გაბედე და აღმართე ხელი უფლის ცხებულის დასაღუპად?
15. დაუძახა დავითმა ერთ მსახურთაგანს და უთხრა: აქ მოდი და მოკალი ეს კაცი. მანაც დაჰკრა და მოკვდა იგი.
16. უთხრა მას დავითმა: შენს თავზეა შენი სისხლი, რადგან შენმავე ბაგემ გამხილა, როცა თქვი, მე მოვკალიო უფლის ცხებული.
17. ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და მის ვაჟს, იონათანს.
18. თან ბრძანა, ესწავლათ იუდიანებს მშვილდი. აჰა, სწერია მართალთა წიგნში:
19. შეიბღალა შენი მშვენება, ისრაელო, შენს მაღლობებზე! როგორ დაეცნენ ვაჟკაცები!
20. ნუ გაამხელთ გათში, ნუ გამოაცხადებთ ასკალონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასულებმა, არ იზეიმონ წინდაუცვეთელთა ასულებმა.
21. გილბოაყის მთებო! არ გეღირსოს ცვარი და წვიმა, ნაყოფიერი მინდვრები, რადგან მანდ გაცუდდა ვაჟკაცის ფარი, საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო ზეთით ცხებული!
22. განგმირულთა სისხლისგან, ვაჟკაცთა გულ-ღვიძლისგან არ ბრუნდებოდა უკან იონათანის მშვილდი; საულის ხმალი ფუჭად არ ბრუნდებოდა!
23. საულ და იონათან! საყვარელნი და სანატრელნი სიცოცხლეში, სიკვდილშიაც განუყრელნი არიან! არწივზე უსწრაფესნი, ლომზე ძლიერნი იყვნენ.
24. ისრაელის ასულნო! იტირეთ საული, თქვენი შემმოსველი ძოწეულით და ძვირფასეულით, ოქროს სამკაულებით რომ გიმშვენებდათ შესამოსელს.
25. როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.
26. ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი.
27. როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საომარი საჭურველი!
თავი მეორე
1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ დაეკითხა უფალს დავითი: შევიდე თუ არა იუდას რომელიმე ქალაქში? მიუგო უფალმა: შედი. თქვა დავითმა: სად შევიდე? მიუგო: ხებრონში.
2. შევიდნენ იქ დავითი და მისი ორი ცოლი, იზრეყელელი ახინოაბი და აბიგაილი, ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
3. თავისთან მყოფი ხალხიც მოიყვანა დავითმა თავ-თავისი სახლებითურთ; დასახლდნენ ისინი ხებრონის ქალაქებში.
4. მოვიდნენ იუდაელნი და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე. ამასობაში შეატყობინეს დავითს, რომ გალაადის იაბეშელებს უკვე დაუმარხავთ საული.
5. გაგზავნა მოციქულები დავითმა გალაადის იაბეშელებთან და შეუთვალა მათ: კურთხეულნი ხართ უფლისგან, ეს წყალობა რომ უყავით თქვენს პატრონს, საულს, და დამარხეთ იგი.
6. უფალმა მოგაგოთ წყალობა და მადლი, და მეც გადაგიხდით ამ კეთილი საქმისათვის, თქვენ რომ აღასრულეთ.
7. ახლა მკლავი გაიმაგრეთ და ვაჟკაცურად იყავით; რადგან თუმცა მკვდარია თქვენი პატრონი საული, მაგრამ მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ.
8. ამასობაში აბნერმა, ნერის ძემ, საულის მხედართმთავარმა, წაიყვანა იშბოშეთი, საულის ვაჟი, გადაიყვანა მახანაიმში,
9. და გაამეფა გალაადზე, აშურელებზე, იზრეყელზე, ეფრემზე, ბენიამინზე და სრულიად ისრაელზე.
10. ორმოცი წლის იყო იშბოშეთი, საულის ვაჟი, როცა გამეფდა იგი ისრაელზე; ორ წელიწადს იმეფა. მხოლოდ იუდას სახლი შეუდგა დავითს.
11. დავითის მეფობის ხანი ხებრონში იუდას სახლზე იყო შვიდი წელი და ექვსი თვე.
12. გამოვიდნენ აბნერ ნერის ძე და იშბოშეთის, საულის ძის მორჩილნი მახანაიმიდან და მივიდნენ გაბაონს.
13. ხოლო იოაბ ცერუიას ძე და დავითის მორჩილნი გამოვიდნენ და შეეყარნენ მათ გაბაონის ტბორთან და განლაგდნენ, ერთნი ტბორის ერთ ნაპირზე, მეორენი - მეორე ნაპირზე.
14. უთხრა აბნერმა იოაბს: გამოვიდნენ ჭაბუკები და იასპარეზონ ჩვენს წინაშე. მიუგო: გამოვიდნენ!
15. ადგნენ და გამოვიდნენ თორმეტნი ბენიამინისა და იშბოშეთის, საულის ძის, მხრიდან და თორმეტნი დავითის მორჩილთა მხრიდან.
16. ჩასჭიდეს ერთიმეორეს თავში ხელი და მახვილები ჩასცეს ერთიმეორეს ფერდში, და დაეცნენ ერთად. ეწოდა ამ ადგილს სახელად მახვილთა მინდორი, რომელიც გაბაონშია.
17. გაიმართა უსასტიკესი ბრძოლა იმ დღეს და იძლივნენ დავითის მორჩილთაგან აბნერი და ისრაელიანები.
18. იქ იმყოფებოდა ტერუიას სამი ვაჟი - იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ყასაელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი, მინდორში.
19. გაეკიდა ყასაელი აბნერს, პირდაპირ მისდევდა, არ გაუხვევია აბნერისაგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
20. უკან მოჰხედა აბნერმა და უთხრა: ყასაელი ხარ? მიუგო: მე ვარ.
21. უთხრა აბნერმა: გაუხვიე ხელმარცხნივ ან ხელმარჯვნივ, დაიჭირე რომელიმე ამ ჭაბუკთაგანი და წაართვი საჭურველი. არ ინდომა ყასაელმა და არ გაეცალა მას.
22. კვლავ უთხრა აბნერმა ყასაელს: გამეცალე, რისთვის დაგაკლა მიწას? როგორ შევხედო მერე შენს ძმას,
23. არ მოინდომა მან გაცლა და უკუსცა აბნერმა მას შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა შუბმა. იქვე დაეცა ყასაელი და ადგილზევე მოკვდა. ვინც კი მოდიოდა იმ ადგილას, სადაც დაეცა ყასაელი და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა.
24. ახლა იოაბი და აბიშაი დაედევნენ აბნერს. მზის ჩასვლისას იმ ბორცვს მიაწიეს, გიახის გასწვრივ რომ დგას, გაბაონის უდაბნოს გზაზე.
25. შეიყარნენ ბენიამინიანები აბნერთან, შეადგინეს ერთი რაზმი და ერთი ბორცვის წვერზე დადგნენ.
26. გასძახა აბნერმა იოაბს და უთხრა: მუდამ ხომ არ უნდა ჭამდეს მახვილი? განა არ იცი, რომ ბოლო მწარე იქნება? რატომ არ უბრძანებ შენს ხალხს, რომ თავი დაანებონ თავიანთი ძმების დევნას?
27. უთხრა იოაბმა: ღმერთია მოწმე, შენ რომ არ გამოგეწვია, დილიდანვე მოეშვებოდა ჩემი ხალხი თავისი ძმების დევნას.
28. ჩაჰბერა ბუკს იოაბმა და შედგა ხალხი; აღარ დასდევნებია ისრაელს და აღარც შებრძოლებიან ერთმანეთს.
29. აბნერი და მისი ხალხი მთელი ღამე მიდიოდნენ ტრამალზე, გავიდნენ იორდანეს გაღმა, გაიარეს მთელი ბითრონი და მიაღწიეს მახანაიმს.
30. იოაბმა, როცა აბნერის დევნიდან დაბრუნდა, შეჰყარა მთელი ხალხი. დავითის მორჩილთ აკლდა ცხრამეტი კაცი და ყასაელი.
31. ხოლო დავითის მორჩილებმა ბენიამინიანთაგან და აბნერის მებრძოლთაგან დახოცეს სამას სამოცი კაცი.
32. წაასვენეს ყასაელი და დამარხეს ბეთლემს, მამამისის სამარხში; იარეს მთელი ღამე იოაბმა და მისმა კაცებმა და ხებრონში გაუთენდათ.
თავი მესამე
1. გაიმართა ხანგრძლივი ბრძოლა საულის სახლსა და დავითის სახლს შორის. დავითი უფროდაუფრო ძლიერდებოდა, ხოლო საულის სახლი უფროდაუფრო სუსტდებოდა.
2. შეეძინა დავითს ვაჟიშვილები ხებრონში; პირმშო ამნონი იზრეყელელ ახინოყამისგან.
3. მისი მომდევნო - ქილაბი აბიგაილისგან, ქარმელელი ნაბალის ქვრივისგან; მესამე - აბესალომი, მაყაქას შვილი, გეშურის მეფის, თალმაის, ასულისა.
4. მეოთხე, ადონია - ხაგითის შვილი; მეხუთე, შეფატია - აბიტალის შვილი.
5. მეექვსე, ყეგლას შვილი, დავითის ცოლისა; ყველა ესენი ხებრონში შეეძინა დავითს.
6. საულის სახლსა და დავითის სახლს შორის ბრძოლაში აბნერს საულის სახლის მხარი ეჭირა.
7. ჰყავდა ხარჭა საულს, სახელად რიცფა, აიას ასული. უთხრა იშბოშეთმა აბნერს: რატომ შეხვედი მამაჩემის ხარჭასთან?
8. ძლიერ განრისხდა აბნერი იშბოშეთის სიტყვებზე და უთხრა: იუდას ძაღლთა თავი ხომ არ ვარ? დღეს სიკეთეს ვუკეთებ მამაშენის, საულის სახლს, მის ძმებსა და მოყვასებს და არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში. ახლა ამ ქალთან ცოდვას მაბრალებ?
9. ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს და კიდევ უარესი მიუსართოს, თუ ისე არ მოვიქეცი, როგორც დავითს შეჰპირდა უფალი,
10. მეფობას წავართმევ საულის სახლს და დავადგენ დავითის ტახტს ისრაელზე და იუდაზე დანიდან ვიდრე ბერშებამდე.
11. სიტყვა ვეღარ შეუბრუნა აბნერს, რადგან ეშინოდა მისი.
12. გაუგზავნა აბნერმა თავისგან მოციქულები დავითს, და დააბარა ეკითხათ: ვისია ქვეყანა? ეთქვათ: შეკარი კავშირი ჩემთან და, აჰა, ჩემი ხელი შენთან იქნება, რომ მოგიმხროს მთელი ისრაელი.
13. თქვა დავითმა: კეთილი, შევკრავ შენთან კავშირს, ოღონდ ერთსა გთხოვ: ჩემს სახეს ვერ იხილავ, თუ მელქოლა, საულის ასული, არ მოგიყვანია ჩემთან, როცა ჩემს სანახავად მოხვალ.
14. გაუგზავნა მოციქულები დავითმა იშბოშეთს, საულის ძეს, და შეუთვალა: მომეცი ჩემი ცოლი მელქოლა, რომელიც ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელით დავწინდე.
15. გაგზავნა კაცი იშბოშეთმა მის წამოსაყვანად ქმრისგან, ფალტიელ ლაიშის ძისგან.
16. წამოჰყვა ქმარი ქალს და გამუდმებით მოსტიროდა ბახურიმამდე. აქ უთხრა აბნერმა: წადი, გაბრუნდი. და ისიც გაბრუნდა.
17. დაელაპარაკა აბნერი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: გუშინაც, გუშინწინაც გინდოდათ დავითი მეფედ.
18. ახლა აღასრულეთ ეს, რადგან უბრძანებია უფალს დავითზე: ჩემი მორჩილის დავითის ხელით, უნდა ვიხსნა ჩემი ერი, ისრაელი, ფილისტიმელთა ხელიდან და ყველა მტრის ხელიდან.
19. ასევე ელაპარაკა აბნერი ბენიამინსაც. მერე დავითთან წავიდა ხებრონში, რომ ეთქვა მისთვის რაც სურდა ისრაელს და ბენიამინის მთელს სახლს.
20. მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი ახლდა. ლხინი გაუმართა დავითმა აბნერს და მის კაცებს.
21. უთხრა აბნერმა დავითს: წავალ და შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელს ისრაელს, აღთქმას დაგიდებენ და იმეფებ შენს ნებაზე. გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.
22. ამ დროს დაბრუნდნენ დავითის მორჩილნი და იოაბი თარეშიდან და დიდძალი ნადავლი მოიტანეს თან. აბნერი არ იყო დავითთან ხებრონში, რადგან გაგზავნილი ჰყავდა დავითს, და ისიც წავიდა მშვიდობით.
23. მოვიდნენ იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი და აცნობეს იოაბს: მოვიდა აბნერ ნერის ძე მეფესთან, გაისტუმრა იგი მეფემ და ისიც წავიდა მშვიდობით.
24. მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: ეს რა ჰქენი? აბნერი მოსულა შენთან, შენ კი გაგისტუმრებია და ისიც წასულა თავის ნებაზე.
25. ხომ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს მოსატყუებლად მოვიდა, რომ გაიგოს შენი ასავალ-დასავალი, და ყველაფერი ნახოს, რასაც აკეთებ.
26. გამოვიდა იოაბი დავითისგან, კაცები დაადევნა აბნერს და სირას ჭიდან დააბრუნა იგი, ისე რომ არაფერი გაუგია დავითს.
27. როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, თითქოს განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. მოკვდა იგი იოაბის ძმის, ყასაელის სისხლის წილ.
28. როცა გაიგო მერე ეს ამბავი დავითმა, თქვა: ბრალი არ გვადევს მე და ჩემს სამეფოს უფლის წინაშე სამარადისოდ აბნერ ნერის ძის სისხლში.
29. დაატყდეს იოაბის თავს და მამამისის სახლს! ნუმც გამოლეულა იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ხელყავარჯნიანი, მახვილით განგმირული, პურს დანატრებული!
30. ხოლო იოაბმა და მისმა ძმამ, აბიშაიმ, იმის გამო მოუსწრაფეს სიცოცხლე აბნერს, რომ მან მოკლა მათი ძმა ყასაელი ბრძოლაში, გაბაონთან.
31. უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ მთელს ხალხს: შემოიგლიჯეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და დაიტირეთ აბნერი. მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა საკაცეს.
32. როცა მარხავდნენ აბნერს ხებრონში, ხმამაღლა ტიროდა მეფე აბნერის საფლავზე, ტიროდა მთელი ხალხი.
33. იგლოვა მეფემ აბნერი და თქვა განა სამარცხვინო სიკვდილით უნდა მომკვდარიყო აბნერი?
34. ხელი შეკრული არა გქონია, ფეხებზე ბორკილები არა გდებია. დაეცი, როგორც ბოროტმოქმედთა ხელით ეცემიან. კიდევ უფრო ატირდა ხალხი.
35. ჯერ კიდევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურს სთავაზობდნენ დავითს. იფიცებიადა დავითი და ამბობდა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესი მომისართოს, თუ მზის ჩასვლამდე ვიგემო პური ან სხვა რამე.
36. მაშინ ყველაფერს მიხვდა მთელი ხალხი და მოეწონათ ეს ისევე, როგორც ყველაფერი მოსწონდათ, რასაც მეფე აკეთებდა.
37. გაიგო მთელმა ხალხმა და მთელმა ისრაელმა ამ დღეს, რომ უბრალო იყო მეფე აბნერ ნერის ძის მკვლელრაში.
38. უთხრა მეფემ თავის მორჩილთ: იცით თუ არა, როგორი სარდალი და დიდებული დაეცა დღეს ისრაელში?
39. მე დღეს სუსტი ვარ, თუმცა ცხებული მეფე ვარ. ეს ხალხი კი, ცერუიას შვილები, ჩემზე ძლიერნი არიან. მიუზღოს უფალმა ბოროტმოქმედს მისი ბოროტების წილ!
თავი მეოთხე
1. როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, წარეკვეთა იმედი და შეშფოთდა მთელი ისრაელიც.
2. ორი კაცი ჰყავდა საულის ძეს, რაზმის მეთაურები, ერთს ერქვა ბაყანა, მეორეს - რექაბი; რიმონ ბეეროთელის ძენი იყვნენ, ბენიამინის ტომიდან, რადგან ბეეროთი ბენიამინს ეკუთვნოდა.
3. თავად ბეეროთელნი გეთაიმში გაიქცნენ და დღემდე იქ მდგმურობენ.
4. იონათანს, საულის ძეს, ერთი ვაჟი დარჩა, ფეხმტკივანი. ხუთი წლის იყო, როცა საულსა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან. ხელში აიყვანა იგი ძიძამ და გაიქცა; გაქცევისას დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მისი სახელი - მეფიბოშეთი.
5. წავიდნენ რიმონ ბეეროთელის ვაჟები - რექაბი და ბაყანა და დღის ხვატში მიადგნენ იშბოშეთის სახლს. ის კი საწოლზე იწვა და ეძინა შუადღის ძილით.
6. აჰა, შევიდნენ შიგ სახლში, ვითომდა ხორბლის საყიდლად, და მეხუთე ნეკნთან ჩასცეს მახვილი. მერე მიიმალნენ რექაბი და მისი ძმა ბაყანა.
7. შევიდნენ სახლში, როცა თავის საწოლზე ეძინა, საძილე ოთახში; მახვილი ჩასცეს, მოკლეს და თავი მოაჭრეს. წამოიღეს მისი თავი და მთელი ღამე იარეს უდაბნოს გზით.
8. მიუტანეს იშბოშეთის თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: აჰა, იშბოშეთის თავი, საულის, შენი მტრის ძისა, რომელსაც შენი სიკვდილი უნდოდა. შური უძია უფალმა ჩემს მეფე-ბატონს საულისგან და მისი ნაშიერისგან.
9. მიუგო დავითმა რექაბს და მის ძმას ბაყანას, ბეეროთელი რიმონის ვაჟებს, და უთხრა: ვფიცავ უფალს, რომელმაც მიხსნა ყოველი გასაჭირისაგან!
10. თუკი მაცნე, რომელმაც შემატყობინა საულის სიკვდილი და კეთილის მახარობელი ეგონა თავი, შევიპყარი და მოვკალი ციკლაგში, იმის ნაცვლად რომ სამახარობლო მიმეცა,
11. რას იმსახურებენ ის ბოროტეული კაცები, რომელთაც უდანაშაულო კაცი თავისსავე სახლში, თავის საწოლში მოკლეს? ახლა განა თქვენ ხელს არ უნდა მოგკითხოთ მისი სისხლი და აღმოგფხვრათ ამ ქვეყნიდან.
12. უბრძანა დავითმა მსახურებს და დახოცეს ისინი, ხელ-ფეხი დააჭრეს და ტბორზე გადმოკიდეს ხებრონში. ხოლო იშბოეთის თავი აიღეს და აბნერის საფლავში დამარხეს, ხებრონში.
თავი მეხუთე
1. მოვიდა ისრაელის ყველა შტო დავითთან ხებრონს და ასე უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ ყველანი.
2. წინათაც, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი, შენ გითხრა უფალმა: შენ უნდა მწყემსო ჩემი ერი ისრაელი, შენ უნდა იყო ისრაელის წინამძღოლი.
3. მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათგან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი.
4. ოცდაათი წლისა იყო დავითი, როცა გამეფდა და იმეფა ორმოცი წელი.
5. ხებრონში შვიდ წელიწადს და ექვს თვეს მეფობდა იგი იუდაზე; იერუსალიმში მეფობდა ოცდაცამეტი წელი მთელს ისრაელზე და იუდაზე.
6. გაილაშქრეს დავითმა და მისმა კაცებმა იერუსალიმისკენ იებუსეველთა, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ. ხოლო მათ ასე უთხრეს დავითს: ვერ შემოხვალ, რადგან ბრმები და კოჭლები გაგაქცევენ უკან. ამბობდნენ: ვერ შემოვაო დავითი.
7. მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.
8. თქვა იმ დღეს დავითმა: იებუსეველებთან შებრძოლებულმა მახვილით მოსრას კოჭლი და ბრმა, დავითის მოძულე. ამიტომაც ამბობენ, კოჭლი და ბრმა არ შევიდესო ტაძარში.
9. დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში და უწოდა მას დავითის ქალაქი; და ააშენა დავითმა მილოს გარშემო და შიგნით.
10. სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და უფალი, ცაბაოთ ღმერთი მასთან იყო.
11. გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები, ფიჭვის ძელები, ხუროები, ქვისმთლელები და აუშენეს სახლი დავითს.
12. მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი მეფობა თავისი ერის, ისრაელის გამო.
13. კიდევ მოიყვანა იერუსალიმში დავითმა ხარჭები და ცოლები ხებრონიდან მოსვლის შემდეგ და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები.
14. აჰა, მათი სახელები, ვინც იერუსალიმში შეეძინა მას: შამყუაყი, შობაბი, ნათანი და სოლომონი.
15. იბსარი, ელიშუაყი, ნეფეგი და იაფიაყი,
16. ელიშამაყი, ელიადაყი და ელიფალეტი.
17. შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი და დაიძრნენ ფილისტიმელები დავითის შესაპყრობად. შეიტყო დავითმა და ციხე-სიმაგრეში შევიდა.
18. მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.
19. დაეკითხა დავითი უფალს: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ ხელში მათ? მიუგო უფალმა დავითს: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.
20. მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში და იქ სძლია მათ დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემს წინაშე, როგორც წყალი წალეკავს; ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს ბაალ-ფერაციმი.
21. იქ მიატოვეს თავიანთი კერპები და დავითმა და მისმა კაცებმა წაიღეს ისინი.
22. კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.
23. დაეკითხა დავითი უფალს. მიუგო: პირისპირ ნუ მიეჭრები. უკან მოუარე და ფიჭვნარის მხრიდან მიადექი.
24. როგორც კი ფიჭვების კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმწამსვე შეიმართე, რადგან სწორედ მაშინ წაგიძღვება უფალი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსრავად.
25. ისე მოიქცა დავითი, როგორც დაარიგა იგი უფალმა, და გაბაონიდან გაზერამდე მუსრს ავლებდა ფილისტიმელებს.
თავი მეექვსე
1. კვლავ შეკრიბა დავითმა ყველა რჩეული ისრაელში, ოცდაათი ათასი კაცი;
2. ადგა და წავიდა დავითი მთელი ხალხითურთ, ვინც მასთან იყო, იუდას ბაალედან, რომ ამოეტანათ ღვთის კიდობანი, რომელსაც ეწოდა სახელი ცაბაოთ უფლისა, ქერუბიმებზე მჯდომარისა.
3. შედგეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოიღეს აბინადაბის სახლიდან, გიბყაში რომ არის. ყუზა და ახიო, აბინადაბის ვაჟები, მიუძღოდნენ ამ ახალ ურემს.
4. გამოიდგნეს აბინადაბის სახლიდან, გიბყაში რომ არის; ყუზა ღვთის კიდობნის გვერდით მოდიოდა, ახიო წინ მიუძღვებოდა კიდობანს.
5. დავითი და მთელი ისრაელის სახლი უკრავდნენ უფლის წინაშე კვიპაროსის ხის საკრავებს, ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.
6. როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან კინაღამ გამოაგდეს იგი ხარებმა.
7. აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ ხელყოფისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან.
8. შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა. დღემდე ეწოდება ამ ადგილს ფერეც-ყუზა (ყუზას დაღუპვა).
9. შეეშინდა უფლისა დავითს იმ დღეს და თქვა: როგორ მოვა ჩემამდე უფლის კიდობანი?
10. არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის მოტანა თავისთან, დავითის ქალაქში და გეთელი ყობედ-ედომის კარ-მიდამოსკენ გაახვევინა.
11. სამი თვე ესვენა უფლის კიდობანი გეთელი ყობედედომის კარმიდამოში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი კარ-მიდამო.
12. როცა შეატყობინეს დავითს, აკურთხა უფალმა ღვთის კიდობნის გამო ყობედ-ედომის კარ-მიდამო და მთელი მისი საბადებელიო, წავიდა დავითი და სიხარულით ამოიტანა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის კარმიდამოდან დავითის ქალაქში.
13. უფლის კიდობნის გადატანისას, ყოველ ექვს ნაბიჯზე თითო ხარსა და ნაპატივებ ვერძს სწირავდა მსხვერპლად.
14. რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა დავითი უფლის წინაშე; სელის ეფოდი ემოსა დავითს.
15. ყიჟინითა და ბუკის ცემით მიჰქონდათ უფლის კიდობანი დავითისა და ისრაელის მთელ სახლს.
16. როცა უფლის კიდობანი შევიდა დავითის ქალაქში, სარკმლიდან გადმოხედა საულის ასულმა მელქოლამ, დაინახა უფლის წინაშე მოხტუნავე და მროკველი დავითი და დასცინა მას თავის გულში.
17. მიიტანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს თავის ადგილზე კარავში, რომელიც გაშლილი ჰქონდა მისთვის დავითს. მერე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი შესწირა დავითმა უფალს.
18. როცა მორჩა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლის შეწირვას, ცაბაოთ უფლის სახელით დალოცა ერი.
19. ჩამოურიგა მთელს ერს, ისრაელის მთელს კრებულს, კაცსა და დედაკაცს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა. მერე თავ-თავის სახლებში წავიდა ხალხი.
20. როცა დაბრუნდა დავითი თავისი სახლის დასალოცად, გამოეგება მელქოლა, საულის ასული, დავითს და უთხრა: როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე, რომ გაშიშვლდა დღეს თავის მორჩილთა და მხევალთა თვალწინ, როგორც შიშვლდება ხოლმე ქარაფშუტა ვინმე.
21. მიუგო დავითმა მელქოლას: უფლის წინაშე, რომელმაც მამჯობინა მამაშენს და მთელს მას სახლს, როცა დამადგინა უფლის ერის, ისრაელის წინამძღოლად, უფლის წინაშე სიხარულით ვიროკებ.
22. რაც უფრო დავმცირდები და დავმდაბლდები ჩეძს თვალში, მით უფრო დიდებული გამოვჩნდები მხევაღთა წინაშე, მათ წინაშეც კი, შენ რომ ახსენე.
23. მელქოლას, საულის ასულს, არ ჰყოლია შვილი სიკვდილის დღემდე.
თავი მეშვიდე
1. როგორც კი დაიწყო ცხოვრება მეფემ თავის სახლში, მოასვენა იგი უფალმა ირგვლივ მტრებისგან.
2. უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი სავანის ქვეშ ასვენია.
3. უთხრა ნათანმა მეფეს: გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი.
4. იმ ღამით იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა:
5. წადი და უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?
6. მე ხომ არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ისრაელიანები, მუდამ კარავში და სავანეში ვიმყოფებოდი მგზავრობისას.
7. ნუთუ ისრაელიანთა შორის მოარულს ოდესმე მითქვამს ისრაელის რომელიმე შტოსთვის, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?
8. ახლა ასე უთხარი ჩემა მორჩილს დავითს. ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი.
9. ყველგან შენთან ვიყავი, სადაც კი გივლია; მინადგურებია შენი მტრები შენს წინაშე; განმიდიდებია შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეეანაზე.
10. ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ ძველებურად.
11. იმ დროიდან, რაც მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისაგან. უფალი გამცნობს შენ, რომ სახლს აგიშენებს უფალი.
12. როცა დრო მოგივა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად ნაშიერს, შენი საზარდულიდან გამომავალს, და მეფობას განვუმტკიცებ.
13. ის ააშენებს სახლს ჩემი სახელისთვის და მე გავამტკიცებ მისი მეფობის ტახტს სამარადისოდ.
14. მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის. თუ დააშავებს, გავწკეპლავ კაცთა წესით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.
15. არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე.
16. მტკიცედ იდგება მისი სახლი და სამეფო სამარადისოდ ჩემს წინაშე; მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ.
17. თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს.
18. მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა. ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო ჩემო, ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე!
19. ესეც მცირე ყოფილა შენს თვალში, უფალო ღმერთო ჩემო, რომ სამომავლოდაც აღუთქვი დაპირება შენი მორჩილის სახლს. ადამის ძეთა წესია ეს, უფალო ღმერთო ჩემო.
20. კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა? შენ თავად იცნობ შენს მორჩილს, უფალო ღმერთო ჩემო!
21. შენი სიტყვისათვის და შენი გულის თანახმად სჩადიხარ ამ სადიადეს და ამცნობ შენს მორჩილს.
22. ამიტომაც დიდი ხარ შენ, უფალო ღმერთო; რადგან არავინაა შენი მსგავსი, არ არის ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ.
23. თუ არის ამქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც მოვლენია ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდა იგი, რომ ექცია თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი ამბები შენი ქვეყნისთვის ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, ხალხებისგან და ღმერთებისგან?
24. შენ განამტკიცე შენთვის შენი ერი ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო სამარადისოდ და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი!
25. ახლა სამარადისოდ განამტკიცე, უფალო, ღმერთო, ეგ სიტყვა, შენს მორჩილზე და მის სახლზე რომ გიბრძანებია, აღასრულე, როგორც ნაბრძანები გაქვს.
26. იდიდოს შენმა სახელმა სამარადისოდ, თქვან: ცაბაოთ უფალი ღმერთობს ისრაელზე! მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მორჩილის დავითის სახლი!
27. რადგან ეს შენ იყავი, ცაბაოთ უფალო, ისრაელის ღმერთო, რომ გამოუცხადე შენს მორჩილს, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაუწია გულმა შენს მორჩილს ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ.
28. ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და შენი სიტყვები ჭეშმარიტია, და შენი მორჩილისთვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული.
29. ახლა მოდი, აკურთხე შენი მორჩილის სახლი, რომ სამარადისოდ შენს წინაშე იყოს, რადგან ეს შენ წარმოთქვი, უფალო ჩემო! იკურთხოს შენი კურთხევით შენი მორჩილის სახლი სამარადისოდ!
თავი მერვე
1. ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, დაიმორჩილა ისინი და წაართვა დავითმა ფილისტიმელებს ბატონობის სადავეები.
2. დაამარცხა მოაბიც, მიწაზე წააწვინა ისინი და ბაწრით გაზომა: ორი ბაწარი მოსაკლავად გადაზომა, ერთი მთელი ბაწარი - ცოცხლად დასატოვებლად. შეიქნა მოაბი დავითის მორჩილი და მოხარკე.
3. დაამარცხა დავითმა ჰადარყეზერ რეხობის ძე, ცობას მეფე, როცა იგი ევფრატზე ბატონობის დასაბრუნებლად მიდიოდა.
4. წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი ცხენოსანი და ოცი ათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ ასი ეტლი დაიტოვა მათგან.
5. მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადარყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორი ათას კაცს.
6. დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და შეიქნენ არამელები დავითის მორჩილნი და მოხარკენი. ყველგან, სადაც კი მიდიოდა, უფალი ეწეოდა დავითს.
7. აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარყეზერის მორჩილთ რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა.
8. დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ბეტახიდან და ბეროთიდან, ჰადარყეზერის ქალაქებიდან,
9. შეიტყო თოყიმ, ხაბათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს,
10. და გაგზავნა თოყიმ თავისი ძე იორამი დავითთან მოსაკითხავად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ყადარყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
11. ეს ჭურჭელიც შესწირა მეფე დავითმა უფალს იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს რომ წაართვა -
12. არამს, მოაბს, ყამონიანებს, ფილისტიმელებს, ყამალეკს, აგრეთვე ჰადარყეზერ რეხობის ძეს, ცობას მეფეს.
13. გაითქვა სახელი დავითმა ჩვიდმეტი ათასი არამელის დამარცხების შემდეგ მარილოვან ველზე.
14. დააყენა ედომში ხელისუფალნი; მთელს ედომში დააყენა ხელისუფალნი და შეიქნა მთელი ედომი დავითის მორჩილი. ყველგან, სადაც კი მიდიოდა, უფალი ეწეოდა დავითს.
15. მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა მთელს თავის ხალხს.
16. იოაბ ცერუიას ძე, ჯარს სარდლობდა; ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე, მემატიანე იყო.
17. ცადოკ ახიტუბის ძე და ახიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია - მწერალი.
18. ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე ქერეთელებს და ფელეთელებს განმგებლობდა; დავითის შვილები სამეფო მრჩევლები იყვნენ.
თავი მეცხრე
1. თქვა დავითმა: ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ წყალობა ვუყო იონათანის გულისთვის?
2. ჰყავდა საულის სახლს მორჩილი, სასელად ციბა. გამოიძახეს იგი დავითთან და უთხრა მეფემ: შენა ხარ ციბა? მიუგო: გახლავარ, შენი მორჩილი.
3. უთხრა მეფემ: აღარავინ დარჩენილა საულის სახლიდან, რომ ღვთის წყალობა ვუყო? უთხრა ციბამ მეფეს: ვაჟიშვილი დარჩა იონათანს, ფეხმტკივანი.
4. უთხრა მას მეფემ: სად არის? მიუგო ციბამ მეფეს: მაქირ ყამიელის ძის სახლშია, ლოდებარს.
5. გაგზავნა კაცი დავითმა და მოაყვანინა იგი მაქირ ყამიელის სახლიდან, ლოდებარიდან.
6. მოვიდა მეფიბოშეთი, იონათან საულის ძის ვაჟიშვილი, დავითთან, პირქვე დაეცა მის წინაშე და თაყვანისცა. უთხრა დავითმა: მეფიბოშეთ! მიუგო: გახლავარ შენი მორჩილი!
7. მაშინ უთხრა დავითმა: ნუ გეშინია; წყალობას გიყოფ შენი მამის იონათანის, გულისათვის, დაგიბრუნებ მამაშენის, საულის, მთელ ყანებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს.
8. თაყვანისცა და უთხრა: ვინ არის შენი მორჩილი, რომ ყურადღების ღირსად ჩათვალე ჩემსავით მკვდარი ძაღლი?
9. მოუხმო მეფემ ციბას, საულის მორჩილს, და უთხრა: საულისა და მისი სახლის მთელი საბადებელი შენი ბატონისთვის მიმიცია.
10. დაუმუშავეთ მიწა შენ, შენმა შვილებმა და შენმა მორჩილებმა და მიართვით მოსავალი, რომ ჰქონდეს შენი ბატონის შვილს თავისი საჭმელი პური. და მაინც მეფიბოშეთი, შენი ბატონის შვილი, მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამს პურს. თხუთმეტი ვაჟიშვილი და ოცი მორჩილი ჰყავდა ციბას.
11. უთხრა ციბამ მეფეს: ყველაფერს შეასრულებს შენი მორჩილი, რაც მეფე ბატონმა უბრძანა თავის მორჩილს. ჭამდა მეფიბოშეთი პურს დავითის სუფრაზე როგორც ერთი უფლისწულთაგანი.
12. პატარა ბავშვი ჰყავდა მეფიბოშეთს, სახელად მიქა. მეფიბოშეთის მორჩილნი გახდნენ ყველანი, ვინც კი ციბას სახლში ცხოვრობდნენ.
13. ცხოვრობდა მეფიბოშეთი იერუსალიმში, რათა მუდამ სამეფო სუფრაზე ეჭამა პური. ორივე ფეხით კოჭლი იყო იგი.
თავი მეათე
1. ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე და გამეფდა მისი ძე ხანუნი მის ნაცვლად.
2. თქვა დავითმა: წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა მე. და გაგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ ენუგეშებინა იგი მამის გამო. მივიდნენ დავითის მორჩილნი ყამონიანთა ქვეყანაში.
3. უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშინისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგიგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ დაზვეროს ქალაქი, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?
4. აიღო ხანუნმა და ნახევარი წვერი მოჰპარსა დავითის მორჩილთ, წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა.
5. როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. უთხრა მეფემ: იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე მობრუნდით.
6. დაინახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს, და გაგზავნეს ხალხი ყამონიანებმა, რომ დაექირავებინათ ბეთ-რეხიბასა და ცობას არამელები, ოცი ათასი ქვეითი, მეფე მაყაქასგან ათასი კაცი და იშტობიდან თორმეტი ათასი კაცი.
7. შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესია მთელი ლაშქრითურთ.
8. გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად კარიბჭის შესასვლელთან. ცობისა და რეხობის არამელები, იშტობელები და მაყაქა ცალკე დადგნენ ველზე.
9. როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.
10. დანარჩენი ხალხი თავის ძმას აბეშაის ჩააბარა და მანაც დააწყო ისინი ყამონიანთა წინააღმდეგ.
11. თქვა: თუ არამელები მძლევენ, შენ მომეშველები. თუ ყამონიანები გძლევენ შენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად.
12. გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი ხალხისათვის და უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისთვის. უფალმა ქმნას, რაც ენებოს.
13. გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები.
14. როცა ყამონიანებმა დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბეშაის და ქალაქში შეცვივდნენ. იოაბი გაეცალა ყამონიანებს და მივიდა იერუსალიმს.
15. დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, და შეიკრიბნენ.
16. გადმოაყვანინა ჰადარყეზერმა მდინარის გაღმელი არამელები და ისინიც მოვიდნენ ხელამში. შობაქი, ჰადარყეზერის მთავარსარდალი უძღოდა მათ.
17. შეატყობინეს დავითს და მანაც შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე და მივიდა ხელამს. დაეწყვნენ არამელები დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლენ.
18. გაექცნენ არამელები ისრაელს. დახოცა დავითმა არმელთაგან შვიდასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი მხედარი. უგმირა მახვილი შობაქს, მათ სარდალს, და იქვე მოკვდა იგი.
19. როცა ჰადარყეზერის მორჩილმა მეფეებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ ისრაელს და დაემორჩილნენ. არამელებმა ვეღარ გაბედეს ყამონიანთა დახმარება.
თავი მეთერთმეტე
1. ერთი წლის შემდეგ, მეფეთა გამოსვლის ჟამს, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხითურთ და მთელი ისრაელი. გაანადგურეს ყამონიანები და შემოადგნენ რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა.
2. ადგა დავითი საღამოჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით.
3. გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: ეს ხომ ბარშებაყია, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი.
4. გაგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. მოვიდა ქალი და დაწვა მასთან დავითი. როცა განიწმიდა თავისი წვირისგან, დაბრუნდა ქალი თავის სახლში.
5. როცა ქალი დაორსულდა, შეუთვალა დავითს: ორსულად ვარ.
6. გაგზავნა დავითმა კაცი იოაბთან. გამომიგზავნე ურია ხეთელი. გამოუგზავნა იოაბმა ურია დავითს.
7. როცა მოვიდა მასთან ურია, დავითმა იოაბის, ჯარისა და ომის ამბავი გამოჰკითხა.
8. უთხრა დავითმა ურიას: შინ წადი და ფეხი დაიბანე. გავიდა ურია მეფის სახლიდან და მეფის საჩუქარი გააყოლეს უკან.
9. ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია თავისი ბატონის მორჩილებთან ერთად, თავის სახლში არ წასულა.
10. შეატყობინეს დავითს, არ წასულაო თავის სახლში ურია. მაშინ უთხრა დავითმა ურიას: ხომ ნამგზავრი ხარ? რატომ შინ არ წახვედი?
11. უთხრა ურიამ დავითს: როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის ხალხი ველზე დგანან, როგორ წავიდე ჩემს სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენ თავს ვფიცავ, ვერ ვიზამ ამ საქმეს!
12. უთხრა დავითმა ურიას: დღესაც დარჩი აქ და ხვალ გგაგზვნი. დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღეს და მეორე დილას.
13. მოიწვია იგი დავითმა, ჭამა და სვა ურიამ მის წინაშე და დაათრო იგი დავითმა. საღამოთი გავიდა, რომ თვისი ბატონის მორჩილებთან დაეძინა თავის საგებელზე. თავის სახლში არ წასულა.
14. დილით დაწერა დავითმა წერილი იოაბისთვის და ურიას ხელით გაუგზავნა.
15. წერილში ასე დაწერა: დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა მოგელით, და მერე მიატოვეთ, რომ გაიგმიროს და მოკვდეს.
16. როცა ქალაქის ალყას ამზადებდა იოაბი, სწორედ იმ ადგილას დააყენა ურია, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ.
17. გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებნენ იოაბს. დაეცნენ ხალხიდან, დავითის მორჩილთაგანნი და მოკვდა ურია ხეთელიც.
18. გააგზავნა კაცი იოაბმა მეფესთან ბრძოლის ამბის შესატყობინებლად.
19. ასე დაარიგა მაცნე: ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი,
20. და თუ ბრაზი მოერია მეფეს და გითხრა: რატომ მოადექით ქალაქს ასე ახლოს საბრძოლველადო? განა არ იცოდი, რომ გალავნიდან დაგიწყებდნენ სროლას?
21. ვინ განგმირა აბიმელექი, იერუბეშეთის ძე? განა დედაკაცმა არ დასცა გალავნიდან დოლაბის ნატეხი თავზე, და მოკვდა იგი თუბელში? ახლოს რატომ მიადექით გალავანს? უთხარი: ხეთელი ურიაც მოკვდა-თქო, შენი მორჩილი.
22. წავიდა მაცნე და ყველაფერი უამბო დავითს, რისთვისაც იოაბმა გააგზავნა.
23. უთხრა მაცნემ დავითს: როცა მოგვეძალნენ მტრები და ველზე გამოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ, შევუტიეთ და ქალაქის კარიბჭემდე ვდიეთ:
24. მოისარებმა ისრები დაუშინეს გალავნიდან შენს მორჩილთ და ბევრი გაწყდა მეფის მორჩილთაგან, მოკვდა ხეთელი ურიაც, შენი მორჩილი.
25. უთხრა დავითმა მაცნეს: ასე უთხარი იოაბს, ნუ გაწუხებს-თქო ეს ამბავი, რადგან ხან ერთს ჭამს მახვილი, ხან მეორეს. მაგრად შეუტიე ქალაქს და დაამხეთქო. ასე გაამხნევე იოაბი.
26. გაიგო ურიას ცოლმა, რომ მოკვდა ურია, მისი ქმარი და დაიტირა თავისი პატრონი.
27. როცა გავიდა გლოვის დღეები, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში და შეირთო ცოლად და უშვა ვაჟი. არ მოეწონა უფალს ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა.
თავი მეთორმეტე
1. მიუგზავნა უფალმა დავითს ნათანი და ისიც მივიდა მასთან და უთხრა: ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, მდიდარი და ღარიბი.
2. მდიდარს უამრავი ცხვარი და ძროხა ჰყავდა,
3. ღარიბს არაფერი გააჩნდა პატარა ბატკნის გარდა, რომელიც ნაყიდი ჰყავდა, და კვებავდა და ზრდიდა თავისთან, თავის ბავშვებთან ერთად. მის ლუკმას ჭამდა, მისი თასიდან სვამდა, მის უბეში ეძინა, როგორც ქალიშვილი, ისე ჰყავდა.
4. ეწვია ერთხელ ვინმე მგზავრი მდიდარ კაცს. ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად, რომ გამასპინძლებოდა თავის სტუმარს, წამოიყვანა ღარიბი კაცის ბატკანი და გაუმზადა სტუმრებულ კაცს.
5. დიდად განრისხდა დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი!
6. ბატკანი ოთხმაგად უნდა ზღოს, ასეთი საქმე რომ გააკეთა და შეუბრალებლად მოიქცა.
7. უთხრა ნათანმა დავითს: შენა ხარ ის კაცი. ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: მე გცხე მეფედ ისრაელზე. მე დაგიხსენი საულის ხელიდან.
8. მე მოგეცი შენი ბატონის სასახლე და მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები, მოგეცი ისრაელისა და იუდას სახლი, და თუ ეს არ კმარა, კიდევ და კიდევ დაგიმატებ.
9. რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში? მახვილით მოჰკალი ურია ხეთელი და ცოლად მოიყვანე მისი ცოლი? ყამონიანთა მახვილით მოჰკალი იგი.
10. ამიერიდან მახვილი არ მოსცილდება შენს სახლს სამარადისოდ, რადგან უგულვებელმყავი და ურია ხეთელის ცოლი მოიყვანე, რომ ცოლად დაგესვა.
11. ასე თქვა უფალმა: აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მოყვასებს მივცემ; მზისით დაწვებიან შენს ცოლებთან.
12. თუმც შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზის წინაშე გავაკეთებ ამ საქმეს.
13. უთხრა დავითმა ნათანს: შევცოდე უფალს. უთხრა ნათანმა დავითს: უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები.
14. ოღონდ, რაკი ამ საქციელით ალანძღვინე უფალი მის მტრებს, შვილი მოგიკვდება, რომელიც შეგეძინა.
15. როცა წავიდა ნათანი თავის სახლში, შეეხო უფალი ბავშვს, ურიას ცოლმა რომ უშვა დავითს, და მძიმედ დასნეულდა ბავშვი.
16. ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს.
17. თავზე დაადგნენ მისი სახლის უხუცესები, რომ მიწიდან აეყენებინათ იგი, მაგრამ არ ქნა და არ გატეხა მათთან პური.
18. მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი; ვერ გაბედეს დავითის მორჩილებმა მოეხსენებინათ, რომ მოკვდა ბავშვი, რადგან ასე ფიქრობდნენ: ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, რა არ ვუთხარით და არ გაიგონა ჩვენი სიტყვა, ახლა როგორღა ვუთხრათ, რომ მკვდარია ბავშვი? უბედურებას დამართებს თავს.
19. როცა დაინახა დავითმა, რომ ერთმანეთში ჩურჩულებენ მისი მორჩილნი, მიხვდა დავითი, რომ მკვდარი იყო ბავშვი, და ჰკითხა დავითმა თავის მორჩილთ: მოკვდა ბავშვი? უთხრეს: მოკვდა.
20. ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, წავიდა უფლის სახლში და თაყვანი-სცა. დაბრუნდა სახლში, პური მოითხოვა, მიართვეს და შეჭამა.
21. ჰკითხეს მისმა მორჩილებმა: ეს რა იყო, რომ გააკეთე? ცოცხალი ბავშვის გამო მარხულობდი და ტიროდი, ხოლო როგორც კი მოკვდა ბავშვი, წამოდექი და პური შეჭამე.
22. მიუგო: ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, ვმარხულობდი და ვტიროდი; ვიფიქრე, ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და გადარჩეს-მეთქი ბავშვი.
23. ახლა, როცა მკვდარია, რისთვის ვიმარხულო? როგორ შევძლებ მის დაბრუნებას. მე წავალ მასთან, ის კი აღარ დამიბრუნდება.
24. ანუგეშა დავითმა ბერსაბე, თავისი ცოლი, შევიდა და დაწვა მასთან. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად სოლომონი, რომელიც შეიყვარა უფალმა,
25. შემოუთვალა ნათან წინასწარმეტყველის პირით და უწოდა უფლის გამო სახელად იედიდია.
26. ამასობაში იოაბი ებრძოდა ყამონიანთა რაბას და აიღო სამეფო ქალაქი.
27. გამოუგზავნა იოაბმა დავითს მაცნეები და შეუთვალა: ვებრძვი რაბას და ხელში მაქვს ჩაგდებული ქალაქის წყალსატევები.
28. ახლა, შეკრიბე დანარჩენი ხალხი, შემოადექი ქალაქს და აიღე, თორემ მე ავიღებ ქალაქს და ჩემი სახელი დაერქმევა.
29. შეკრიბა დავითმა ხალხი, წავიდა რაბას, თავს დაესხა და დაიპყრო.
30. აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ტალანტის წონისა, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, და თავზე დაიდგა. აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან.
31. გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და ხერხით, რკინის ფარცხებით და რკინის ცულებით სიკვდილი გადაუწყვიტა, სააგურე ქურაში გაატარა ისინი. ასე მოექცა ყამონიანთა ყველა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში.
თავი მეცამეტე
1. ამის შემდეგ იყო: ჰყაედა აბესალომ დავითის ძეს ლამაზი და, სახელად თამარი. შეუყვარდა იგი ამნონს, დავითის ძეს.
2. ისე გაუჭირდა ამნონს, რომ თითქმის დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ამნონმა, რომ ვერაფერს გახდებოდა მასთან.
3. ჰყავდა მეგობარი ამნონს, სახელად იონადაბი, შიმყას ძე, დავითის ძმისწული. ძალზე ჭკვიანი კაცი იყო იონადაბი.
4. უთხრა მას: რა მოგდის, დღითიდღე რომ ხმები, უფლისწულო? არ მეტყვი? მიუგო ამნონმა: თამარი მიყვარს, ჩემი ძმის, აბესალომის და.
5. უთხრა იონადაბმა: ჩაწექი ლოგინში და თავი მოიავადმყოფე. როცა მამაშენი მოვა შენს სანახავად, უთხარი: ჩემი და თამარი მოვიდეს ჩემთან და პური მაჭამოს-თქო; ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელიდან ვჭამო-თქო.
6. ჩაწვა ამნონი და თავი მოიავადმყოფა. მივიდა მეფე მის სანახავად და უთხრა ამნონმა მეფეს: მოვიდეს ჩემთან ჩემი და თამარი, ჩემს თვალწინ გამოაცხოს ორიოდე ნამცხვარი, რომ მისი ხელიდან ვჭამო.
7. გააგზავნა კაცი დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: მოდი შენი ძმის, ამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე.
8. წავიდა თამარი თავისი ძმის, ამნონის სახლში. იწვა იგი. აიღო ქალმა ცომი, მოზილა, ააგუნდავა მის თვალწინ და გამოაცხო ნამცხვრები.
9. აიღო კეცი და დაუდგა წინ, მაგრამ არ შეჭამა. თქვა ამნონმა: გაიყვანეთ ყველანი! და გავიდა ყველა.
10. მაშინ უთხრა ამნონმა თამარს: უკანა ოთახში წაიღე საჭმელი და შევჭამ შენი ხელიდან. აიღო თამარმა თავისი გამომცხვარი ნამცხვრები, უკანა ოთახში გაუტანა ამნონს.
11. და მიაწოდა, რომ ეჭამა. ხელი სტაცა ამნონმა ქალს და უთხრა: მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო.
12. მიუგო: ნუ, ჩემო ძმაო, ნუ შეურაცხმყოფ. ასე არ იქცევიან ისრაელში, ნუ იზამ ამ სისაძაგლეს.
13. სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი საძაგელი კაცის სახელს დაიგდებ ისრაელში. სთხოვე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს.
14. არ უნდოდა მისი სიტყვის გაგონება ამნონს, დაიმორჩილა იგი, პატივი ახადა და იწვა მასთან.
15. შესძულდა იგი ამნონს უზომო სიძულვილით, ისე რომ სიძულვილი, რომლითაც შესძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც უყვარდა ადრე. უთხრა ამნონმა: ადე, წადი აქედან.
16. უთხრა ქალმა: ნუ იზამ, ძმაო, წეღანდელზე უფრო დიდი ბოროტებაა, რასაც ახლა მიკეთებ. არ უნდოდა ამნონს მისი მოსმენა.
17. დაუძახა მსახურ ბიჭს და უთხრა: გაიყვანე ეს ქალი აქედან და მიუხურე კარი.
18. ჭრელი ტალავარი ეცვა ქალს, რადგან ასეთი სამოსელით იმოსებოდნენ მეფის ასულები, ქალწული ვინც იყო. გაიყვანა მსახურმა ქალი და მიუხურა კარი.
19. ნაცარი დაიყარა თამარმა თავზე, შემოიხია ტანზე ჭრელი ტალავარი, თავზე დაიდო ხელი და მოთქმა-მოთქმით წავიდა.
20. უთხრა მისმა ძმამ აბესალომმა: შენი ძმა ამნონი იყო შენთან? ახლა ჩუმად იყავი, დაო. შენი ძმა არის ის. გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს. დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის სახლში, გაუბედურებული.
21. გაიგო დავით მეფემ ეს ამბავი და დიდად შეწუხდა.
22. ხოლო აბესალომს არც ცუდი უთქვამს ამნონისთვის, არც კარგი, რადგან შეიძულა აბესალომმა ამნონი მისი საქციელის გამო, რომ შეურაცხყო მისი და თამარი.
23. გავიდა ორი წელი და ცხვარს პარსავდა აბესალომი ბაალ-ხაცორში, ეფრემის მახლობლად. ყველა უფლისწული მიიწვია აბესალომმა.
24. მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: ცხვრის მპარსავები ჰყავს შენს მორჩილს. ეწვიოს მეფე თავის მორჩილებთან ერთად შენს მორჩილს.
25. უთხრა მეფემ აბესალომს: არა, შვილო, ყველანი არ წამოვალთ შენთან, არ დაგამძიმებთ. არ ეშვებოდა აბესალომი, მაგრამ არ ინება მეფემ წასვლა; კურთხევით კი აკურთხა.
26. თქვა აბესალომმა: თუ ასეა, მაშინ ჩემი ძმა ამნონი წამოვიდეს. უთხრა მეფემ: რისთვის წამოვიდეს?
27. არ მოეშვა აბესალომი და მეფემაც გაუშვა ამნონი და სხვა უფლისწულები.
28. ასე უბრძანა აბესალომმა თავის მსახურ ბიჭებს: ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ამნონი და მე გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ამნონს, თქვენც მოკალით იგი, ნუ შეგეშინდებათ. განა მე არ გიბრძანებთ ამას? აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.
29. ისე მოექცნენ აბესალომის მსახურნი ამნონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის აბესალომს. წამოიშალნენ უფლისწულები, შესხდნენ თავ-თავიანთ ჯორებზე და გაიქცნენ.
30. ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ მოუვიდა ამბავი დავითს: დახოცა აბესალომმა უფლისწულები, ერთიც არ გადარჩენილა.
31. ადგა მეფე, ტანზე შემოიხია სამოსელი და ჩაჯდა მტვერში. იქვე დადგნენ სამოსელშემოხეული მისი მორჩილები.
32. დაუწყო ლაპარაკი იონადაბ შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა და უთხრა ნუ ამბობს ჩემი ბატონი, ყველა უფლისწული მოკლესო, რადგან მხოლოდ ამნონია მკვდარი. ასე ჰქონდა გადაწყვეტილი აბესალომს იმ დღიდან, როცა შეურაცხყო ამნონმა მისი და თამარი.
33. ნუ მიაქვს გულთან ჩემს ბატონ მეფეს ეს ხმა, თითქოს ყველა უფლისწული მოკვდაო, რადგან მხოლოდ ამნონია მკედარი.
34. ამასობაში გაიქცა აბესალომი. გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და, ხედავს, უამრავი ხალხი მოდის გზაზე, მთის ფერდობით.
35. უთხრა იონადაბმა მეფეს: აჰა, მოდიან უფლისწულები; როგორც გეუბნებოდა შენი მორჩილი, ისეც მოხდა.
36. როცა დაასრულა ლაპარაკი, მოვიდნენ უფლისწულებიც, აუწიეს ხმას და ატირდნენ. დიდი ტირილით ტიროდნენ მეფეც და მისი მორჩილებიც.
37. გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაი ყამიხურის ძესთან, გეშურის მეფესთან. მთელი დღეები გლოვობდა დავითი თავის შვილს.
38. გაიქცა აბესალომი და მივიდა გეშურს. დაჰყო იქ სამი წელი.
39. შეწყვიტა აბესალომის დევნა დავითმა, რადგან გაუქარვდა მწუხარება ამნონის გამო, რომელიც მოუკვდა.
თავი მეთოთხმეტე
1. მიხვდა იოაბ ცერუიას ძე, რომ გული მოულბა მეფეს აბესალომზე.
2. გაგზავნა კაცი თეკოაყში და ერთი ჭკვიანი ქალი მოაყვანინა იქიდან. უთხრა: თავი მოიმგლოვიარე, ჩაიცვი სამგლოვიარო სამოსელი, ზეთს ნუ იცხებ და ისე იყავი, როგორც დიდიხნის მგლოვიარე ქალია.
3. მიდი მეფესთან და უამბე ეს ამბავი და ბაგეებში ჩაუდო იოაბმა საამბობელი.
4. შევიდა თეკოაყელი ქალი მეფესთან, დაემხო მიწაზე, თაყვანისცა და უთხრა: მიშველე, მეფეო.
5. ჰკითხა მეფემ: რა გჭირს? უთხრა ქალმა: ერთი ქვრივი ქალი ვარ, ქმარი მომიკვდა.
6. ორი ვაჟიშვილი ჰყავდა შენს მორჩილს, მინდორში წაეკიდნენ ერთმანეთს, გამშველებელი არავინ იყო, დაჰკრა ერთმა მეორეს და მოკლა.
7. აღდგა შენი მორჩილის წინააღმდეგ მთელი ნათესაობა და მეუბნებიან: მოგვეცი ძმის მკვლელი, რომ მოკლული ძმის შური ვიძიოთ და მოვსპოთ, თუმცა მემკვიდრეა იგი. ამ ნაპერწკალსაც ჩამიქრობენ, რომელიც დამრჩა; სახელს და შთამომავლობას არ დაუტოვებენ ჩემს ქმარს ამ ქვეყანაზე.
8. უთხრა მეფემ ქალს: წადი შინ, განკარგულებას გავცემ შენს გამო.
9. უთხრა თეკოაყელმა ქალმა მეფეს: ჩემზე, მეფევ-ბატონო, და მამაჩემის სახლზე იყოს ცოდვა. მეფე და მისი ტახტი უდანაშაულოა.
10. უთხრა მეფემ: აქ მომიყვანე შენი მომჩივანი და ვეღარ გაბედავს შენს შეწუხებას.
11. უთხრა ქალმა: ახსენე, მეფეო, უფალი შენი ღმერთი, ვინძლო არ გამრავლდნენ შურისმგებელნი და არ დამიღუპონ შვილი. უთხრა მეფემ: უფალს ვფიცავ, შენი შვილის თმის ერთი ღერიც არ დავარდება მიწაზე.
12. უთხრა ქალმა: ერთი სიტყვაც ათქმევინე მეფე-ბატონისთვის შენს მორჩილს. უთხრა: თქვი.
13. თქვა ქალმა: რისთვის ფიქრობ ამგვარად ღვთის ერზე? სცოდავს ამის მთქმელი მეფე, თუ თავის განდევნილს უკან არ აბრუნებს.
14. ყველანი დავიხოცებით და მიწაზე დაღვრილი წყალივით აღარ შევგროვდებით. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცის სიცოცხლეს; იმას ფიქრობს, რომ განდევნილიც კი არ მოიკვეთოს თავისგან საბოლოოდ.
15. ახლა მოვსულვარ, რომ ეს სიტყვები ვუთხრა ჩემს მეფეს, რადგან მაშინებს ხალხი. იფიქრა შენმა მორჩილმა, ვეტყვი მეფეს, ვინძლო აღასრულოს მეფემ თავისი მხევლის სათხოვარი-მეთქი.
16. რომ მოუსმინოს მეფემ თავის მხევალს და დაგვიხსნას მათგან, ვინც მე და ჩემს შვილს ღვთის სამკვიდროდან ამოძირკვას გვიპირებს.
17. იფიქრა შენმა მორჩილმა, ნუგეში იქნება-მეთქი მეფე-ბატონის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივით არის ჩემი მეფე-ბატონი, და გაარჩევს კეთილს და ბოროტს. შენთან იყოს უფალი, შენი ღმერთი.
18. მიუგო მეფემ ქალს და უთხრა: ერთ რამეს გკითხავ და ნუ დამიმალავ. უთხრა ქალმა: მკითხოს მეფე-ბატონმა.
19. ჰკითხა მეფემ: იოაბის ხელი ხომ არ ურევია შენთან ერთად ამ საქმეში? მიუგო ქალმა და უთხრა: მეფე-ბატონს ვფიცავ, თუ მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვიოს ვინმემ მეფე-ბატონის ნათქვამს. სწორედ შენმა მორჩილმა იოაბმა დამარიგა და მან ჩააგონა შენს მორჩილს ეს სიტყვები.
20. ნართაულად რომ ეჩვენებინა საქმე, იმიტომ მოიქცა ასე იოაბი. მაგრამ ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი და ყველაფერს მიხვდება ამ ქვეყანაზე.
21. უთხრა მეფემ იოაბს: რაკი შენ მოგიწყვია ეს საქმე, წადი და დააბრუნე ის ყმაწვილი, აბესალომი.
22. პირქვე დაემხო იოაბი, თაყვანისცა მეფეს და მადლი მოახსენა. უთხრა იოაბმა: ახლა სჯერა შენს მორჩილს, რომ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის, მეფის თვალში, რადგან აასრულა მეფემ თავისი მორჩილის სათხოვარი.
23. ადგა და წავიდა იოაბი გეშურს და მოიყვანა აბესალომი იერუსალიმში.
24. თქვა მეფემ: დაბრუნდეს თავის სახლში, ოღონდ ნუ იხილავს ჩემს სახეს. დაბრუნდა აბესალომი თავის სხლში და ვერ იხილა მეფის სახე.
25. არავინ იყო მთელს ისრაელში ისეთი ნაქები კაცი სილამაზით, როგორც აბესალომი. თხემით ტერფამდე უნაკლო იყო.
26. როცა თავს გაიკრეჭდა ხოლმე (წლიდან წლამდე იკრეჭდა თმას, რადგან ამძიმებდა), მოკრეჭილი თმა ორას შეკელს იწონიდა სამეფო საწონით.
27. შეეძინა აბესალომს სამი ვაჟიშვილი და ერთი ქალი სახელად, თამარი. ძალიან ლამაზი შესახედავი ქალი იყო იგი.
28. ორ წელს ცხოვრობდა აბესალომი იერუსალიმში, მაგრამ მეფის სახე არ უხილავს.
29. დაიბარა აბესალომმა იოაბი მეფესთან გასაგზავნად, მაგრამ არ ინდომა იოაბმა მისვლა. მეორედ დაიბარა, არც ახლა ინდომა მისვლა.
30. უთხრა თავის მორჩილთ: მოათვალიერეთ იოაბის ყანა, ჩემს მეზობლად რომ არის. ქერი უკეთესია იქ. მიდით და გადასწვით. გადაწვეს ეს ყანა აბესალომის მორჩილებმა.
31. ადგა იოაბი და მივიდა აბესალომთან სახლში და უთხრა: რატომ გადამიწვეს ყანა შენმა მორჩილებმა?
32. უთხრა აბესალომმა იოაბს: დაგიბარე, რომ მოსულიყავი და მეთხოვა, მეფესთან გამეგზავნე და გეთქვა: რისთვის მოვედი გეშურიდან? მიჯობდა იქ დავრჩენილიყავ. ახლა მინდა მეფის სახე ვიხილო. თუ დამნაშავე ვარ, ბარემ მომკალი.
33. მივიდა იოაბი მეფესთან და მოახსენა; უხმო აბესალომს, ისიც მივიდა მეფესთან, მდაბლად თაყვანისცა მეფეს და გადაკოცნა მეფემ აბესალომი.
თავი მეთხუთმეტე
1. ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი და ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
2. ადგებოდა დილით ადრე აბესალომი, დადგებოდა კარიბჭის შესასვლელთან და ყველას, ვინც კი მეფესთან სამართლის საძებრად მოვიდოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: რომელი ქალაქიდან ხარ? პასუხობდნენ: ისრაელის ამა და ამ შტოდანა ვარ შენი მორჩილი.
3. ეტყოდა აბესალომი: კარგია და სამართლიანი შენი სიტყვები, მაგრამ ვინ მოგისმენს მეფის კარზე?
4. ამბობდა აბესალომი: ნეტავ მსაჯულად დამადგინონ ამ ქვეყანაში! ყველა მე მომაკითხავდა, ვისაც კი სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი.
5. თაყვანის საცემად მისულ კაცს ხელს გაუწვდიდა ხოლმე, ისიც მოეჭიდებოდა და აკოცებდა.
6. ამგვარად ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც კი მეფესთან მიდიოდა სამართლისათვის. ასე მოიგო აბესალომმა ისრაელიანთა გული.
7. ორმოცი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: წავალ ხებრონში და შევუსრულებ უფალს აღთქმას, რომელიც აღთქმული მაქვს.
8. რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მორჩილმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს.
9. უთხრა მეფემ: მშვიდობით წადი. ადგა და წავიდა ხებრონს.
10. გზირები დაგზავნა აბესალომმა ისრაელის ყველა შტოში და შეუთვალა: ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: აბესალომი გამეფდა ხებრონს!
11. ორას კაცს დაუძახა აბესალომმა და გაიყოლა იერუსალიმიდან. ისინიც ალალად გაჰყვნენ, არ იცოდნენ საქმის ვითარება.
12. გილონელი ახითოფელიც, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა მისი ქალაქიდან, გილოდან, მსხვერპლშეწირვაზე. გამტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ.
13. მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: აბესალომს მიემხრო მთელი ისრაელი.
14. უთხრა დავითმა თავის მორჩილთ და ყველას, ვინც კი თან ახლდა იერუსალიმში: ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ წასვლა, რომ არ მოგვისწროს და უბედურება არ დაგვათიოს თავზე, მახვილს არ მისცეს ქალაქი.
15. უთხრეს მეფის მორჩილებმა მეფეს: გადაწყვიტოს ჩვენმა მეფე-ბატონმა და, აჰა, ჩვენ აქა ვართ, შენი მორჩილნი.
16. გავიდა მეფე და მიჰყვა მას მთელი მისი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა მეფემ სასახლის მოსავლელად.
17. გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი, და გაჩერდნენ ერთ განაპირა სახლში.
18. მხარდამხარ მიჰყვებოდნენ მისი მორჩილნი, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გეთელები, ექვსასი კაცი, გეთიდან რომ წამოჰყვა მას, წინ მიუძღოდნენ მეფეს.
19. უთხრა მეფემ ითაი გეთელს: შენ რაღას მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ და შენი ადგილიდან გადმოხვეწილი.
20. გუშინ მოხვედი და დღეს როგორ გაიძულო ჩვენთან ერთად წამოსვლა. მე წავალ, სადაც იქნება, შენ კი გაბრუნდი და უკან გააბრუნე შენიანები. მადლი და ერთგულება იყოს შენთან!
21. მიუგო ითაიმ მეფეს და უთხრა: უფალს და ჩემს მეფე-ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს ჩემი მეფე-ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მორჩილიც იქ იქნება.
22. უთხრა დავითმა ითაის: კეთილი, წამოდი. წაჰყვა ითაი გეთელი და მთელი მისი ხალხი და მთელი წვრილშვილი, ვინც მასთან იყო.
23. ხმამაღლა ტიროდა მთელი ქვეყანა და მიმავალი ხალხი. გადალახა მეფემ ყედრონის ხევი და მთელი ხალხი დაადგა უდაბნოს გზას.
24. იქ იყო ცადოკიც და მასთან ერთად ყველა ლევიანი, ღვთის აღთქმის კიდობნის მტვირთველნი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა მაღალზე აბიათარი, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან.
25. უთხრა მეფემ ცადოკს: დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს.
26. თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, სადღა წავალ, მიყოს რაც ენებოს.
27. უთხრა მეფემ მღვდელ ცადოკს: გამჭრიახი კაცი ხარ, დაბრუნდი მშვიდობით ქალაქში, შენი შვილი ახიმაყაცი და იონათანი, აბიათარის ძე - თქვენი ორივე შვილი თქვენთან იქნებიან.
28. იცოდეთ, უდაბნოს ვაკეზე დაველოდები, ვიდრე ახალი ამბავი არ მომივა თქვენგან.
29. გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ.
30. ხოლო დავითი შეუდგა ზეთისხილის მთას, ადიოდა, და ტიროდა, თავდაფარული და ფეხშიშველი. ყველას, ვინც მასთან იყო, თავი ჰქონდა დაფარული, და ტირილ-ტირილით ადიოდნენ.
31. შეატყობინეს დავითს, ახითოფელიც შეთქმულია აბესალომთანო, და თქვა დავითმა: ჩაშალე, უფალო, ახითოფელის თათბირი.
32. მიაღწია დავითმა მთის წვერამდე, სადაც თაყვანისცა ღმერთს, და ხედავს, მოდის ხუშაი არქიელი სამოსელშემოხეული და თავზე მტვერდაყრილი.
33. ჰკითხა დავითმა: თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები.
34. მაგრამ თუ ქალაქში გაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: შენი მორჩილი ვარ, მეფეო. წინათ თუ მამაშენის მორჩილი ვიყავი, ამიერიდან შენი მორჩილი ვიქნები-თქო, და გააცუდებ ჩემს სასარგებლოდ ახითოფელის თათბირს.
35. განა შენთან არ იქნებიან იქ ცადოკი და აბიათარი, მღვდლები? რასაც გაიგონებ მეფის სასახლეში, ცადოკს და აბიათარს, მღვდლებს, შეატყობინებ.
36. იქა ჰყავთ მათ ორი ვაჟი, ცადოკს - ახიმაყაცი და აბიათარს - იონათანი. მათი მეშვეობით მომაწვდენი ყველა ამბავს, რასაც გაიგებთ.
37. მივიდა ხუშაი, დავითის ერთგული, ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში.
თავი მეთექვსმეტე
1. როდესაც ცოტაზე ჩასცდა დავითი მთის წვერს, შემოხვდა მას ციბა, მეფიბოშეთის მორჩილი, წყვილი შეკაზმული სახედარითურთ, - მოჰქონდა ორასი პური, ასი მტევანი ჩამიჩი, ასი გალა ახალი ხილი და ერთი კოლოტი ღვინო.
2. უთხრა მეფემ ციბას: რისთვის გინდა ესენი? მიუგო ციბამ: სახედრები მეფის სახლისთვის სამგზავროდ, პური და ხილი მსახურთათვის საჭმელად; ღვინო უდაბნოში დაღლილ-დაქანცულთათვის სასმელად.
3. უთხრა მეფემ: სად არის შენი ბატონის ვაჟი? მიუგო ციბამ მეფეს: იერუსალიმში დარჩა, რადგან ფიქრობს, ახლა მაინც დამიბრუნებსო ისრაელის სახლი მამაჩემის სამეფოს.
4. უთხრა მეფემ ციბას: შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი! თქვა ციბამ: თაყვანი მიცია, ვინძლო მადლი ვპოვო შენს თვალში, მეფე-ბატონო.
5. ბახურიმს რომ მიუახლოვდა მეფე დავითი, ხედავს, გამოდის იქიდან საულის სახლის მონათესავე კაცი, სახელად შიმყი გერას ძე, მოდის და მოიწყევლება.
6. ქვებს ესროდა დავითს და დავით მეფის მორჩილთ, თუმცა ხალხი და მეომრები მარჯვნივ და მარცხნივ მოჰყვებოდნენ.
7. ასე სწყევლიდა მას შიმყი: განვედ, განვედ, სისხლისმსმელო, უგვანო კაცო!
8. შენზევე მოაქცია უფალმა სისხლი საულის სახლისა, რომლის ნაცვლად გამეფდი, და შენს ძეს აბესალომს ჩაუგდო მეფობა ხელში. აჰა, მოგეზღო ბოროტების წილ, რადგან სისხლისმსმელი კაცი ხარ!
9. უთხრა აბიშაი ცერუიას ძემ მეფეს: რისთვის აგინებს ეს მკვდარი ძაღლი ჩემს მეფე-ბატონს? წავალ და თავს წავაცლი!
10. უთხრა მეფემ: რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ იწყევლება, იქნება უფალმა უბრძანა, დასწყევლეო დავითი. ვინ ეტყვის, ასე რატომ აკეთებო?
11. უთხრა დავითმა აბიშაის და თავის მორჩილთ: ხომ ხედავთ, ჩემი ღვიძლი შვილი მოსაკლავად მომდევს და ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? თავი დაანებეთ, იწყევლებოდეს, უფალს ასე უბრძანებია.
12. ვინძლო მოხედოს უფალმა ჩემს გასაჭირს და დღევანდელი მისი წყევლის სანაცვლოდ სიკეთე მომაგოს უფალმა.
13. და გაუდგნენ გზას დავითი და მისი კაცები. მთის ფერდობს მიუყვებოდა მის გასწვრივ შიმყი და იწყევლებოდა, ქვებს ისროდა მათკენ და მტვერს აყრიდა.
14. გავიდნენ მეფე და მისი თანმხლები ხალხი, დაღლილ-დაქანცულნი, იორდანეზე და იქ მოითქვეს სული.
15. ხოლო აბესალომი და მთელი ისრაელის ხალხი შევიდნენ იერუსალიმში, ახითოფელიც მასთან იყო.
16. როცა მივიდა ხუშაი არქიელი, დავითის ერთგული კაცი, აბესალომთან, უთხრა ხუშაიმ აბესალომს: იცოცხლოს მეფემ! იცოცხლოს მეფემ!
17. უთხრა აბესალომმა ხუშაის: ეს არის შენი ერთგულება შენი მეგობრისადმი? რატომ არ წახვედი შენს მეგობართან?
18. მიუგო ხუშაიმ აბესალომს: არ წავედი, რადგან ვინც უფალმა და ამ ერმა, და მთელმა ისრაელმა აირჩია, მასთანა ვარ და მასთან დავრჩები.
19. ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის შვილს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, ასევე შენ უნდა გემსახურო.
20. უთხრა აბესალომმა ახითოფელს: მოითათბირეთ, რა უნდა გავაკეთოთ.
21. უთხრა ახითოფელმა აბესალომს: შედი მამაშენის ხარჭებთან, სახლის საპატრონოდ რომ დატოვა. გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მოძულებული ხარ მამაშენისგან, და გამხნევდებიან შენი მომხრეები.
22. გაშალა კარავი აბესალომმა ბანზე და შევიდა აბესალომი მამის ხარჭებთან მთელი ისრაელის თვალწინ.
23. ახითოფელის თათბირი, რომელსაც იგი იმ ხანებში იძლეოდა, ისეთი იყო, გინდა ღმერთს შეკითხვოდა ვინმე. ასეთი იყო ახითოფელის თათბირი დავითისთვისაც და აბესალომისთვისაც.
თავი მეჩვიდმეტე
1. უთხრა ახითოფელმა აბესალომს: შემარჩევინე ათი ათასი კაცი, ავდგები და დავედევნები ამღამითვე დავითს.
2. თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია; შიშის ზარს დავცემ, გაეფანტება მთელი ხალხი და მოვკლავ მარტო დარჩენილ მეფეს.
3. შენსკენ მოვაბრუნებ მთელ ხალხს, როგორც კი ყველა მობრუნდება, ვისაც ეძებ, მაშინ მშვიდობით იქნება მთელი ხალხი.
4. სწორად მოეჩვენათ ეს თათბირი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას.
5. თქვა აბესალომმა: ხუშაი არქიელსაც დამიძახეთ; მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის.
6. მივიდა ხუშაი აბესალომთან და უთხრა აბესალომმა: ასე და ასე გვირჩია ახითოფელმა. მივყვეთ მის რჩევას? თუ არა და, თქვი შენი აზრი.
7. უთხრა ხუშაიმ აბესალომს: არ ვარგა ამჯერად ახითოფელის თათბირი.
8. თქვა ხუშაიმ: ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს: მამაცები არიან გამწარებულნი, როგორც ბელებწაგვრილი ძუ დათვი მინდვრად. მამაშენი მებრძოლი კაცია და ხალხთან ერთად იფხიზლებს ღამით.
9. ახლა ალბათ რომელიმე ხევში ან სადმე სხვა ადგილას იმალება იგი. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, დამარცხდა აბესალომის ხალხიო,
10. მაშინ უმამაცესნიც კი, რომელთაც ლომის გული აქვთ, დაიბნევიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა მაგარი კაციც არის მამაშენი და რა მამაცი ხალხია მისი მომხრეები.
11. ამიტომ გირჩევ შემოიკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბერშებამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი, და შენ თავად გახვიდე საბრძოლველად.
12. მივადგებით მას, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს დავეცემით, როგორც ცვარი ეცემა მიწას, და ერთ კაცსაც არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან.
13. თუ ქალაქში ჩაიკეტა, მთელი ისრაელი თოკებს შემოახვევს ქალაქს და ხევში ჩავათრევთ ისე, რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას.
14. თქვა აბესალომმა და ყველა ისრაელიანმა: ხუშაი არქიელის თათბირი სჯობია ახითოფელის თათბირს. უფალმა გადაწყვიტა ჩაეშალა ახითოფელის უკეთესი თათბირი, რათა უბედურება დაეთია აბესალომისთვის უფალს.
15. უთხრა ხუშაიმ ცადოკსა და აბიათარს, მღვდლებს: ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესობას, ხოლო მე ასე და ასე ვურჩიეო.
16. ახლა საჩქაროდ გააგზავნე კაცი და შეუთვალე დავითს: უდაბნოს ვაკეზე ნუ გაათევ-თქო ამ ღამეს, არამედ გაეცალე მანდაურობას, თორემ დაიღუპება მეფეც და მთელი მისი ხალხი.
17. როგელის წყაროსთან იდგნენ იონათანი და ახიმაყაცი, როცა მივიდა მსახური ქალი და უთხრა, წასულიყვნენ და ეცნობებინათ მეფე დავითისთვის; რადგან ქალაქში გამოჩენა არ შეეძლოთ მათ.
18. მაგრამ დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა და შეატყობინა აბესალომს. საჩქაროდ წავიდნენ ორნი და მოვიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში. ჭა ჰქონდა ეზოში კაცს და შიგ ჩავიდნენ.
19. ადგა ცოლი და გადასაფარებელი გადააფარა ჭის თავს, ზედ ბურღული დაყარა, ასე დაიფარა კვალი.
20. მივიდნენ აბესალომის კაცები ამ ქალთან სახლში და ჰკითხეს: სად არიან ახიმაყაცი და იონათანი? მიუგო ქალმა: წყალს გაღმა გავიდნენ. ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.
21. მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან და ამბავი მიუტანეს მეფე დავითს, უთხრეს დავითს: ადექით და წყალგაღმა გადით, რადგან ასე და ასე ურჩიაო თქვენზე ახითოფელმა.
22. ადგა დავითი და მთელი მისი ხალხი და განთიადამდე სათითაოდ გადავიდნენ იორდანეზე; არავინ დარჩენილა იორდანეს გაღმა გაუსვლელი.
23. როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ გავიდა მისი თათბირი, შეკაზმა სახედარი და წავიდა სახლში, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა სახლეულს და თავი ჩამოიღრჩო. მოკვდა და მამისეულ სამარხში დამარხეს.
24. ამასობაში დავითი მივიდა მახანაიმში, ხოლო აბესალომმა გადალახა იორდანე და უკან მიჰყვა მთელი ისრაელის ხალხი.
25. იოაბის ნაცვლად ყამასა დაადგინა აბესალომმა მხედართმთავრად. ყამასას მამა იყო კაცი, სახელად ითრა იზრეყელელი, რომელიც შევიდა აბიგაილთან, ნახაშის ასულთან, ცერუიას დასთან, იოაბის დედასთან.
26. დაიბანაკა ისრაელმა და აბესალომმა გალაადის ქვეყანაში.
27. როცა დავითი მახანაიმში მივიდა, შობი ნახაშის ძემ ყამონიანთა რაბათიდან, მაქირ ყამიელის ძემ ლოდებარიდან, ბარზილაი გალაადელმა როგელიმიდან,
28. ქვეშაგებელი, თასები და თიხის ჭურჭელი, ხორბალი და ქერი, ფქვილი და ქუმელი, ცერცვი და ოსპი,
29. თაფლი და ერბო, ცხვარი და ხბორები, მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ფიქრობდნენ, მშიერ-მწყურვალი და დაქანცულნი მოვიდოდნენო უდაბნოდან.
თავი მეთვრამეტე
1. აღრიცხა დავითმა თავისი ხალხი და დაუყენა მას ათასისთავები და ასისთავები.
2. ხალხის ერთი მესამედი დავითმა იოაბს ჩააბარა, ერთი მესამედი - აბიშაი ცერუიას ძეს, იოაბის ძმას, დანარჩენი მესამედი - ითაი გეთელს. უთხრა მეფემ ხალხს: მეც თქვენთან გამოვალ.
3. ხალხმა უთხრა: არ გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ უკუვიქეცით, ყურადღებას არ მოგვაქცევენ, ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ მოგვაქცევენ ყურადღებას; ჩვენისთანას ათი ათასს იწონი შენ; ამიტომ ჩვენთვის უმჯობესი იქნება, თუ ქალაქიდან შემოგვეშველები.
4. უთხრა მათ მეფემ: როგორც გიჯობთ, ისე მოვიქცევი. დარჩა კარიბჭესთან მეფე, ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად გავიდა.
5. ასე უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაის და ითაის: დამიზოგეთ ყმაწვილი, აბესალომი. მთელმა ხალხმა მოისმინა, რაც აბესალომის გამო უბრძანა მეფემ თავის სარდლებს.
6. გავიდა ხალხი ველზე ისრაელის წინააღმდეგ და გაიმართა ბრძოლა ეფრემის ტყეში.
7. იძლია ისრაელის ხალხი დავითის მორჩილთაგან. დიდი ხოცვა-ჟლეტა მოხდა იქ იმ დღეს: გაწყდა ოცი ათასი კაცი.
8. მოედო ბრძოლა მთელს იმ არემარეს, ტყემ უფრო მეტი ხალხი შთანთქა, ვიდრე მახვილმა შეჭამა იმ დღეს.
9. შეეჯახა აბესალომი დავითის მორჩილთ, ჯორზე ამხედრებული. როცა ჯორი ტოტებგაბარჯღული დიდი მუხის ქვეშ გადიოდა, წამოედო აბესალომი თმებით მუხას და გამოეკიდა ცასა და მიწას შორის. ჯორი კი გამოეცალა და გაიქცა.
10. დაინახა ეს ერთმა კაცმა და შეატყობინა იოაბს და უთხრა: აბესალომი დავინახე, მუხაზე ჩამოკიდებული.
11. უთხრა იოაბმა ამბის მომტანს: თუ დაინახე, რატომ არ დააკალი იქვე მიწას? ჩემზე იქნებოდა ათი ვერცხლი და ერთი სარტყელი.
12. უთხრა იმ კაცმა იოაბს: ათასი ვერცხლიც რომ ჩამიდონ ხელში, ხელს მაინც არ აღვმართავდი უფლისწულზე, რადგან ჩვენს გასაგონად გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაის და ითაის, დამიზოგეთო ყმაწვილი აბესალომი.
13. კიდეც რომ გამებედა და ჩამედინა ეს უსამართლობა, არაფერი დაემალებოდა მეფეს, შენ კი განზე გადგებოდი.
14. უთხრა იოაბმა: ტყუილად დროს ვკარგავ შენთან! ხელთ იპყრა სამი ჰოროლი და შიგ გულში ჩასცა აბესალომს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი ეკიდა მუხაზე.
15. მერე შემოეხვია ათი ჭაბუკი, იოაბის საჭურველთმტვირთველნი, აბესალომს და გაგმირეს. ასე მოკლეს იგი.
16. ჩაჰბერა იოაბმა ბუკს და უკან მობრუნდა ისრაელს დადევნებული ხალხი, რადგან შეაკავა იოაბმა ხალხი.
17. აიღეს აბესალომი და ჩააგდეს ტყეში ერთ დიდ ორმოში და ზედ დიდძალი ქვები დაახვავეს. მერე თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ ისრაელიანები.
18. აბესალომს ჯერ კიდევ სიცოცხლეში ჰქონდა აღმრთული სვეტი მეფის მინდორზე. ამბობდა, შვილი არა მყავს, რომ ჩემი სახელი იხსენიებოდესო. თავისი სახელი უწოდა სვეტს და დღემდე აბესალომის ძეგლად იწოდება იგი.
19. თქვა ახიმაყაც ცადოკის ძემ: გავიქცევი და ვახარებ მეფეს, რომ დასაჯა უფალმა მისი მტრები.
20. უთხრა იოაბმა: ვერ იქნები დღეს მახარობელი: სხვა დღეს ახარე, დღეს ნუ ახარებ, რადგან მოკვდა უფლისწული.
21. უთხრა იოაბმა ერთ ქუშელს: წადი, მოახსენე მეფეს, რაც დაინახე. თაყვანისცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა.
22. კვლავ უთხრა ახიმაყაც ცადოკის ძემ იოაბს: რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი ქუშელთან ერთად. უთხრა იოაბმა: რისთვის უნდა გაიქცე, შვილო? ვერ მიიტან კარგ ამბავს.
23. რაც უნდა მოხდეს, მაინც გავიქცევი. უთხრა იოაბმა: გაიქეცი. გაიქცა ახიმაყაცი უმოკლესი გზით და გესწრო ქუშელს.
24. დავითი ორ კარიბჭეს შორის იჯდა; ხოლო კარიბჭის თავზე, კედელთან, გუშაგი დადიოდა; ასწია თავი და ხედავს, ვიღაც კაცი მორბის მარტო.
25. იყვირა გუშაგმა და შეატყობინა მეფეს. თქვა მეფემ: თუ მარტოა, მახარობელი იქნება. თანდათან ახლოვდებოდა კაცი.
26. დაინახა გუშაგმა, რომ კიდევ მორბის სხვა კაცი და ჩამოსძახა კარისმცველს და უთხრა: აჰა, კაცი მორბის მარტო. თქვა მეფემ: ესეც მახარობელია.
27. თქვა გუშაგმა: სირბილზე ვატყობ, რომ პირველი კაცი ახიმაყაც ცადოკის ძე უნდა იყოს. თქვა მეფემ: კარგი კაცია და კარგი ამბავიც უნდა მოჰქონდეს.
28. დაიყვირა ახიმაყაცმა და უთხრა მეფეს: მშვიდობა! მდაბლად თაყვანისცა მეფეს და უთხრა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი შენი, ხელში რომ ჩაგიგდო ხალხი, რომელთაც ხელი აღმართეს ჩემს მეფე-ბატონზე.
29. უთხრა მეფემ: ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი, აბესალომი? უთხრა ახიმაცაყმა: დიდი ჩოჩქოლი შევნიშნე, როცა შენი მორჩილი იოაბი მაგზავნიდა შენს მორჩილს, ვერ კი მივხვდი, რა იყო.
30. თქვა მეფემ: განზე გადი და იქ დადექი. განზე გავიდა ისიც და დადგა.
31. ახლა ქუშელი მოვიდა და თქვა ქუშელმა: სასიხარულო ამბავი მომაქვს მეფე-ბატონისთვის! უფალმა დაგისაჯა დღეს შენი წინააღმდგომნი.
32. ჰკითხა მეფემ ქუშელს: ხომ მშვიდობით არის ყმაწვილი, აბესალომი? მიუგო ქუშელმა: ისე მეფე-ბატონის მტრები და შენს საბოროტოდ აღმდგარნი იყვნენ, როგორც ის ყმაწვილია!
თავი მეცხრამეტე
1. შეიძრა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. ასე ამბობდა: შვილო აბესალომ, შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკადარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!
2. შეატყობინეს იოაბს, ტირისო მეფე, აბესალომს გლოვობსო.
3. გლოვად გადაექცა იმდღევანდელი გამარჯვების სიხარული მთელ ხალხს, რადგან გაიგო იმ დღეს ხალხმა, რომ წუხდა მეფე თავის შვილზე.
4. ჩუმად მოიპარებოდა ქალაქში ხალხი იმ დღეს, როგორც მოიპარება ხოლმე ბრძოლის ველიდან უკუქცეული, შერცხვენილი ხალხი.
5. დაეფარა მეფეს სახე და ხმამაღლა მოთქვამდა: შვილო, აბესალომ, აბესალომ, შვილო, შვილო!
6. მივიდა იოაბი მეფესთან სახლში და უთხრა: სირცხვილში ჩააგდე დღეს შენი მორჩილნი, რომელთაც გადაგირჩინეს დღეს შენი ვაჟები, შენი ასულები, შენი ცოლები და ხარჭები.
7. შენი მოძულენი შეგყვარებია და შენი მოყვარულნი შეგძულებია; ისე იქცევი, თითქოს არა გყავდეს სარდალნი და მორჩილნი. ახლა მივხვდი, თურმე გერჩია აბესალომი ცოცხალი გყოლოდა, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით.
8. ახლავე ადექი და გადი, გაამხნევე შენი მორჩილნი, რადგან თუ არ გახვედი, უფალს გეფიცები, ერთი კაციც არ შეგრჩება ამ ღამეს. და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია.
9. ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა. ამცნეს მთელს ხალხს, აჰა, კარიბჭესთან ზისო მეფე. მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელი თავ-თავის კარვებში გაიქცა.
10. ასე განსჯიდა ხალხი ისრაელის ყველა შტოში: მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან და გაგვათავისუფლა ფილისტიმელთაგან. ახლა კი, თავად გაექცა ქვეყნიდან აბესალომს.
11. ხომ მოკვდა ბრძოლაში აბესალომი, რომელიც ვცხეთ ჩვენს მეფედ. ახლა რატომ არაფერს ამბობთ მეფის დასაბრუნებლად?
12. ხოლო მეფე დავითმა შეუთვალა ცადოკს და აბიათარს, მღვდლებს: ასე უთხარით იუდას უხუცესებს: რატომ აყოვნებთ მეფის დაბრუნებას მის სახლში, როცა ისრაელის სიტყვა უკვე მიუვიდა მეფეს თავის სახლში?
13. ჩემი ძმები ხართ თქვენ, ჩემი ძვალი და ხორცი, რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში?
14. ყამასას უთხარი: განა ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც მომისართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი ჯარის სარდალი სამუდამოდ.
15. ერთი კაცივით გადაიბირა დავითმა მთელი იუდა და მათაც შეუთვალეს მეფეს: დაბრუნდი შენს მორჩილებთან ერთად.
16. დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს, ხოლო იუდაელნი მივიდნენ გილგალს, როშ მიჰგებებოდნენ მეფეს და იორდანეს გაღმიდან გადმოეყვანათ მეფე.
17. შიმყი გერას ძე, ბენიამინიანი, რომელიც ბახურიმიდან იყო, სასწრაფოდ ჩამოვიდა იუდაელებთან ერთად მეფე დავითის მისაგებებლად.
18. თან ახლდა ათასი კაცი ბენიამინიანი. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მორჩილითურთ, და გადალახეს იორდანე მეფის თვალწინ.
19. გავიდა გაღმა ტივი, რომ გადმოეყვანა მეფის სახლი და კეთილად მომსახურებოდნენ. როცა გადმოლახა მეფემ იორდანე, შიმყი გერას ძე განერთხა მის წინაშე.
20. უთხრა მეფეს: ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი დანაშაულად, ნუ გაიხსენებ, რომ დააშავა შენმა მორჩილმა იმ დღეს, როცა იერუსალიმიდან გამოდიოდა მეფე-ბატონი, გულში ნუ ჩაიდებს ამას მეფე.
21. რადგან იცის შენმა მორჩილმა, რომ შევცოდე. აჰა, პირველი მოვედი დღეს იოსების მთელი სახლიდან, რომ მივგებებოდი ჩემს მეფე-ბატონს.
22. მიუგო აბიშაი ცერუიას ძემ და თქვა: ნუთუ არ უნდა მოკვდეს შიმყი უფლის ცხებულის დაწყევლისათვის?
23. თქვა დავითმა: რა საქმე მაქვს თქვენთან ცერუიას ძენო, რომ კრიჭაში მიდგეხართ დღეს? განა ვინმე შეიძლება მოკვდეს დღეს ისრაელში? განა მე არ ვიცი, რომ დღეს ისრაელის მეფე ვარ?
24. უთხრა მეფემ შიმყის: არ მოკვდები. და შეჰფიცა მას მეფემ.
25. ჩამოვიდა მეფიბოშეთიც, საულის ძე, მეფის მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში გაუწმენდია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მისი მშვიდობით დაბრუნებამდე.
26. როცა გამოვიდა იერუსალიმიდან მეფის მისაგებებლად, უთხრა მას მეფემ: რატომ არ წამომყევი, მეფიბოშეთ?
27. მიუგო: მეფევ ბატონო! ჩემმა მორჩილმა მომატყუა. ეუბნებოდა შენი მორჩილი, სახედარი შემიკაზმე, რომ შევჯდე და მეფეს გავყვე-მეთქი; რადგან კოჭლია შენი მორჩილი.
28. ცილი დამწამა შენს მორჩილს მეფე-ბატონთან, მაგრამ ღვთის ანგელოზივითაა მეფე-ბატონი. მიყავი, რაც გენებოს!
29. განა სიკვდილის ღირსი არ იყო მეფე-ბატონის წინაშე მამაჩემის მთელი სახლი? შენ კი მაინც შენს თანამეინახეებთან დასვი სუფრაზე შენი მორჩილი. ახლა რაღა უფლება მაქვს, მეფესთან ვჩიოდე?
30. უთხრა მეფემ: რაღასთვის ლაპარაკობ ამას? ხომ ვბრძანე, შენ და ციბამ გაიყავით-მეთქი ყანები.
31. უთხრა მეფიბოშეთმა მეფეს: ყველაფერი წაიღოს, რაკიღა მშვიდობით დაბრუნდა მეფე-ბატონი თავის სახლში.
32. ჩამოვიდა როგელიმიდან ბარზილაი გალაადელი და მეფესთან ერთად გადალახა იორდანე, რათა გაეცილებინ მეფე იორდანეს გაღმა.
33. ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლის. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან ძალზე მდიდარი კაცი იყო.
34. უთხრა მეფემ ბარზილაის: წამომყევი და გარჩენ იერუსალიმში.
35. უთხრა ბარზილაიმ მეფეს: რამდენი დღე დამრჩენია, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს?
36. ოთხმოცი წლისა ვარ ახლა. განა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მორჩილმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა მოსმენა? რატომ უნდა დავაწვე ტვირთად ჩემს მეფე-ბატონს?
37. კიდევ ცოტაზე გაჰყვება მეფეს შენი მორჩილი იორდანეს გაღმა; ასერიგად რისთვის მწყალობს მეფე?
38. უკან დააბრუნე შენი მორჩილი, რათა ჩემს ქალაქში, ჩემი დედ-მამის საფლავთან მოვკვდე. აჰა, შენი მორჩილი ქიმჰამი წამოგყვება მეფე-ბატონს. მოექეცი, როგორც გენებოს.
39. უთხრა მეფემ: წამომყვეს ქიმჰამი და ისე მოვექცევი, როგორც შენ გაგიხარდება. რასაც კი მომთხოვ, ყველაფერს აგისრულებ.
40. გადავიდა მთელი ხალხი იორდანეს გაღმა, გადავიდა მეფეც. გადაკოცნა მეფემ ბარზილაი, დაემშვიდობა და ისიც დაბრუნდა თავის ქვეყანაში.
41. გაემართა მეფე გილგალისკენ და თან წაჰყვა ქიმჰამიც. მთელი იუდა და ისრაელის ნახევარიც აცილებდა მეფეს.
42. აჰა, მოვიდა მთელი ისრაელი მეფესთან და უთხრა მეფეს: რატომ დაგისაკუთრეს ჩვენმა ძმებმა, იუდაელებმა და გადაიყვანეს მეფე, მისი სახლი და დავითის მთელი ხალხი იორდანეს გაღმა?
43. მიუგო მთელმა იუდამ ისრაელს: იმიტომ, რომ ჩვენი ახლობელია მეფე. რად გაწუხებთ ეს ამბავი? განა მეფე გვარჩენს ჩვენ, განა მოუცია ჩვენთვის საჩუქრები?
44. მიუგო ისრაელმა იუდას და უთხრა: ჩემია მეფის მეათედი წილი, დავითიც უფრო მეტად მე მეკუთვნის, ვიდრე შენ. რატომ დაგვჩაგრე? განა პირველმა მე არა ვთქვი სიტყვა ჩემი მეფის დასაბრუნებლად? ისრაელზე უფრო მაგრად ლაპარაკობდა იუდა.
თავი მეოცე
1. მოხედა იქ ერთი უვარგისი კაცი, სახელად შებაყ ბიქრის ძე, ბენიამინიანი. ჰკრა ბუკს და გამოაცხადა: არა გვაქვს წილი დავითში, არა გვაქვს ხვედრი იესეს ძეში! თქვენ-თქვენი კარვებისკენ, ისრაელო!
2. ზურგი აქცია დავითს ისრაელმა და გაჰყვნენ შებაყ ბიქრის ძეს, ხოლო იუდა არ მოშორებია თავის მეფეს იორდანედან იერუსალიმამდე.
3. დაბრუნდა მეფე თავის სახლში, იერუსალიმში გამოიყვანა ათი ხარჭა, სახლის საპატრონებლად რომ ჰყავდა დატოვებული, და ჩაყარა საპატიმროში. არჩენდა მათ, მაგრამ არ შედიოდა მათთან. გამოკეტილნი იყვნენ სიკვდილის დღემდე და ქვრივებად ცხოვრობდნენ.
4. უთხრა მეფემ ყამასას: სამ დღეში შემიყარე იუდა და შენც აქ მეახლე.
5. წავიდა ყამასა იუდას შესაყრელად, მაგრამ გადააციღა მისთვის დაწესებულ ვადას.
6. უთხრა დავითმა აბიშაის: აბესალომზე უფრო მეტად გვიბოროტებს ახლა შებაყ ბიქრის ძე. აიყვანე შენი ბატონის მორჩილნი და დაედევნე, თორემ გამაგრებულ ქალაქებს იპოვის და მიეფარება ჩვენს თვალს.
7. გაჰყვა მას იოაბის ხალხი, ქერეთელები და ფელეთელები, უმამაცესი ხალხი, და გავიდნენ იერუსალიმიდან შებაყ ბიქრის ძის დასადევნებლად.
8. გაბაონში, დიდ ქვასთან, რომ მივიდნენ, ყმასა წარუდგა მათ. იოაბს აბჯარს ზემოთ თასმით მახვილი ჰქონდა გადაკიდებული, ზედ თეძოსთან თავის ქარქაშით, და სიარულისას მიწაზე სცემდა.
9. უთხრა იოაბმა ყამასას: ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო? და წვერზე მოჰკიდა იოაბმა ყამასას მარჯვენა ხელი საკოცნელად.
10. არ მოერიდა ყამასა მახვილს, იოაბს რომ ეჭირა ხელში, ჩასცა იოაბმა ფერდში და ნაწლავები გადმოაყრევინა მიწაზე. მეორედ აღარ ჩაურტყამს, მკვდარი იყო. მერე დაედევნენ იოაბი და მისი ძმა აბიშაი შებაყ ბიქრის ძეს.
11. თავზე ედგა მოკლულს იოაბის მსახურთაგანი და ამბობდა: ვისაც იოაბი უყვარს და ვინც დავითის მხარეზეა, გაჰყვეს იოაბს!
12. შუა გზაზე სისხლში ეგდო ყამასა. დაინახა იმ კაცმა, რომ ჩერდებოდა ხალხი, და გადაათრია გზიდან მინდორში ყამასა, და სამოსელი გადააფარა, რადგან ხედავდა, ვინც კი თავს წაადგებოდა გვამს, ჩერდებოდა.
13. როცა გზიდან იქნა გადათრეული, ყველანი გაჰყვნენ იოაბს, რომ შებაყ ბიქრის ძეს დასდევნებოდნენ.
14. მან კი ისრაელის ყველა შტო გაიარა აბელამდე და ბეთ-მაყაქამდე. შეიკრიბნენ ბერიელები და გაჰყვნენ მას.
15. მოვიდა იოაბის ხალხი და მოიმწყვდიეს იგი აბელ-ბეთმაყაქაში. აღმართეს ქალაქის წინ მიწაყრილი და მიადგნენ კედელს. მთელი ხალხი, იოაბს რომ ახლდა, შეუდგა კედლის ნგრევას.
16. დაიძახა ერთმა გონიერმა დედაკაცმა ქალაქიდან: ისმინეთ! ისმინეთ! უთხარით იოაბს, რომ ახლოს მოვიდეს, სიტყვა მაქვს სათქმელი.
17. მიუახლოვდა მას იოაბი და ჰკითხა დედაკაცმა: შენა ხარ იოაბი? მიუგო: მე ვარ. უთხრა: ყური უგდე შენი მორჩილის სიტყვას. მიუგო: ყურს ვუგდებ.
18. უთხრა დედაკაცმა: ასე იტყოდნენ ძველად, აბელში იკითხონ და ისე გადაწყვიტონ საქმეო.
19. მე ერთი მშვიდობიანი და პატიოსანი ქალაქი ვარ ისრაელის ქალაქებში. შენ გინდა გაანადგურო ქალაქი, დედა ისრაელში? რისთვის სპობ უფლის წილხვედრილს?
20. მიუგო იოაბმა და უთხრა: ნუმც მეფიქროს ნგრევა და განადგურება.
21. აქ სხვა ამბავია: ერთმა კაცმა ეფრემის მთიდან, სახელად შებაყ ბიქრის ძემ, ხელი აღმართა მეფე დავითზე. მხოლოდ ის მოგვეცი და დავეხსნებით ქალაქს. უთხრა დედაკაცმა იოაბს: კეთილი, გალავნიდან გადმოგიგდებენ მის თავს.
22. მივიდა დედაკაცი ხალხთან თავისი ბრძნული სიტყვით. მოკვეთეს თავი შებაყ ბიქრის ძეს და გადაუგდეს იოაბს. ბუკს ჰკრა თუ არა იოაბმა, ყველანი მოსცილდნენ ქალაქს და თავ-თავის კარვებში მიმოიფანტნენ. და გაბრუნდა იოაბი იერუსალიმში მეფესთან.
23. იოაბი სარდლობდა ისრაელის მთელს ლაშქარს, ხოლო ბენაია იეჰოიადაყის ძე - ქერეთელებსა და ფელეთელებს.
24. ადორამი ხარკის აკრეფას განაგებდა, იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო,
25. შევა-მწერალი, ცადოკი და აბიათარი - მღვდლები.
26. ყირა იარელიც მღვდელი იყო დავითთან.
თავი ოცადმეერთე
1. სამ წელიწადს ზედიზედ შიმშილობა იყო დავითის დროს. დაეკითხა დავითი უფალს და უთხრა უფალმა: საულისა და მისი სისხლიანი სახლის გამოა, რადგან გაბაონელნი გაწყვიტა.
2. დაიბარა მეფემ გაბაონელნი და ელაპარაკა მათ. გაბაონელნი არ იყვნენ ისრაელიანები, არამედ დანაშთომ ამორეველთა შთამომავალნი იყვნენ. ისრაელიანებმა შეჰფიცეს მათ, მაგრამ საული ცდილობდა მათ გაწყვეტას ისრაელიანთა და იუდას მიმართ ერთგულების გამო.
3. უთხრა დავითმა გაბაონელებს: რა გაგიკეთოთ, რომ გამოვისყიდო ცოდვა, რომ აკურთხოთ უფლის სამკვიდრო.
4. მიუგეს გაბაონელებმა: არც ვერცხლი და არც ოქრო არ გვინდა საულისგან და მის სახლისგან, არც იმას მოვითხოვთ, რომ ვინმე მოკლან ისრაელში. თქვა მეფემ: რასაც იტყვით, აგისრულებთ.
5. უთხრეს მეფეს: რაკი გვანადგურებდა ის კაცი და ჩვენს გადაშენებას ცდილობდა ისრაელის საზღვრებიდან,
6. ჩაგვაბარონ შვიდი კაცი მის შთამომავალთაგან და ჩვენც ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე უფლის რჩეულის, საულის გიბყაში. თქვა მეფემ: ჩაგაბარებთ.
7. დაინდო მეფემ მეფიბოშეთი, ძე იონათანისა, საულის ძისა საუფლო ფიცის გამო, რომელიც დიდებული იყო მათ შორის, დავითსა და იონათან საულის ძის შორის.
8. წამოიყვანა მეფემ რიცფას ორი ვაჟი აიას ასულისა, რომელმაც უშვა საულს არმონი და მეფიბოშეთი, და მიქალის ხუთი ვაჟი, საულის ასულისა, რომელმაც უშვა ისინი ყადრიელს, მეხოლათელი ბარზილაის ძეს,
9. და ხელთ მისცა გაბაონელებს და მათაც ჩამოჰკიდეს ისინი მთაზე უფლის წინაშე. ასე დაიღუპა შვიდივე ერთად. მოიკლნენ ისინი მკათათვის პირველ დღეებში, ქერის მკის დასაწყისში.
10. აიღო რიცფამ, აიას ასულმა, ჯვალო, დაიფინა კლდესთან და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციურმა წყალმა არ იწვიმა მათზე, და უგერიებდა გვამებს დღისით ცის ფრინველებს და ღამით მტაცებელ მხეცებს.
11. შეატყობინეს დავითს, რაც გააკეთა რიცფამ, საულის ხარჭამ.
12. მაშინ წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები გალაადის იაბეშის მკვიდრთაგან, რომელთაც მოიპარეს ისინი ბეთშანის მოედნიდან, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს, როცა მოკლეს ფილისტიმელებმა გილბოაყში საული.
13. ამოიტანა იქიდან საულისა და მისი ძის იონათანის ძვლები, და მოკრიფეს ჩამოკიდებულთა ძვლებიც.
14. დამარხეს საულისა და მისი ძის, იონათანის ძვლები ბენიამინის ქვეყანაში, ცელაყში, მისი მამის კიშის სამარხში. ყველაფერი შეასრულეს, რაც ნაბრძანები ჰქონდა მეფეს. ამის შემდეგ მოიღო ღმერთმა ქვეყანაზე მოწყალება.
15. კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებსა და ისრაელს შორის. ჩამოვიდა დავითი თავის ხალხითურთ და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს. დაიღალა დავითი.
16. იშბი-ბენობმა, რაფას ნაშიერთაგანმა, რომელსაც სამასშეკელიანი სპილენძის შუბი ჰქონდა და ახალი მახვილი ერტყა წელზე, დავითის მოკვლა განიზრახა.
17. მაგრამ მიეშველა მას აბიშაი ცერუიას ძე, დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა იგი. მაშინ დააფიცეს დავითი მისმა ხალხმა და უთხრეს: აღარ გამოხვიდე ჩვენთან ერთად საბრძოლველად, რომ ისრაელის ლამპარი არ ჩააქრო.
18. ამის შემდეგ კვლავ მოხდა ბრძოლა ფილისტიმელებთან გობში. აქ სიბქა ხუშათელმა განგმირა საფი, რომელიც რაფას ნაშიერთაგანი იყო.
19. კიდევ მოხდა ბრძოლა გობში ფილისტიმელებთან; ელხანან იაყარე-ორეგიმის ძემ, ბეთლემელმა, განგმირა გეთელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი მქსოველთა ლილვისოდენა იყო.
20. კიდევ მოხდა ბრძოლა გეთში; იყო იქ უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელებზე და ფეხებზე ექვს-ექვსი თითი ება - სულ ოცდაოთხი. ისიც რაფას ნაშიერი იყო.
21. დასცინოდა ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათან შიმყის ძემ, დავითას ძმისწულმა.
22. ეს ოთხი ეყოლა რაფას გეთში; ყველა ესენი დავითსა და მისი ხალხის ხელით დაეცნენ.
თავი ოცდამეორე
1. წარმოთქვა დავითმა უფლისადმი ამ გალობის სიტყვები, რა დღესაც იხსნა უფალმა იგი ყველა მისი მტრისა და საულის ხელიდან.
2. თქვა: უფალი კლდეა ჩემი, სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი!
3. ღმერთი კლდეა ჩემი, სადაც შევეფარვი; ფარია ჩემი და რქაა ჩემი გადარჩენისა; სიმაღლე ჩემი და მისაქცეველი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისგან!
4. უფალს დიდებულს შევღაღადე და მტრებს გადავურჩი.
5. მომაწყდნენ სიკვდილის ტალღები, ბელიალის ნიაღვრებმა შემაშინეს,
6. შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს.
7. ჩემს გასაჭირში შევღაღადე უფალს; ჩემს ღმერთს შევძახე და ისმინა თავის სასახლეში ჩემი ხმა და ჩემი ღაღადი მისწვდა მის ყურებს.
8. შებარბაცდა, შეტოკდა დედამიწა, ცათა საფუძველნი აძროდნენ და ირყეოდნენ, რადგან რისხვით აინთო იგი.
9. ავარდა კვამლი მისი ნესტოებიდან და მჭამელი ცეცხლი მისი ბაგეებიდან; მისგან მუგუზლები აგიზგიზდნენ.
10. მოდრიკა ცა და ჩამოვიდა; ღრუბელი მოექცა მის ფეხქვეშ.
11. ამხედრდა ქერუბიმზე და გაფრინდა, და გამოჩნდა ქარის ფრთებზე.
12. კარვად წყვდიადი მოიბურა, წყლის ჯურღმული და ცის ღრუბელი.
13. მისი ბრწყინვალებით გიზგიზებენ ცეცხლის ნაკვერცხლები.
14. ციდან დაიქუხა უფალმა, უზენაესმა ხმა გამოსცა.
15. ისრები გატყორცნა და მიმოფანტა ჩემი მტრები, აგრგვინა და აუბნია გზა-კვალი.
16. გამიაჩნდა ზღვის ფსკერი, გაშიშვლდნენ სამყაროს საფუძვლები უფლის მუქარისგან, მისი რისხვის ქარისაგან.
17. ხელი გადმოყო ზეგარდამო, ჩამჭიდა და წყლის მორევიდან ამომიყვანა.
18. მიხსნა ძლიერი მტრისგან, ჩემს მოძულეთაგან, რომელთაც დამძალეს.
19. ჭირში ვიყავ, როცა დამეცნენ, მაგრამ უფალი იყო ჩემი საყრდენი.
20. ფართოზე გამიყვანა და მიხსნა, რადგან შემიტკბო მან.
21. მომაგო უფალმა ჩემი სიმართლისაებრ და ჩემი ხელების სიწმიდისაებრ გადამიხადა.
22. რადგან ვიცავდი უფლის გზას და არ შემიცოდავს ჩემი ღმერთისათვის.
23. რადგან მისი მცნებები წინ მედო და მისი წესებისივის არ გადამიხვევია.
24. წრფელი ვიყავ მის მიმართ და ცოდვას გავურბოდი.
25. გადამიხადა უფალმა ჩემი სიმართლისაებრ და სიწმიდისაებრ მის თვალში.
26. მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ.
27. უმწიკვლოსთან უმწიკვლო ხარ, უკუღმართთან - ცბიერი.
28. დაჩაგრულთა მხსნელი ხარ, მედიდურებს მზერით აცამტვერებ.
29. რადგან, უფალო ჩემო, ლამპარი ხარ! უფალი ბნელს მინათებს.
30. რადგან შენით ურდოებს შევებმები. ჩემი ღმერთით გალავანს გადავევლები.
31. წრფელია ღვთის გზა, წმიდაა უფლის სიტყვა, მის მოიმედეთა ფარია იგი.
32. რადგან სად არს სხვა ღმერთი გარდა უფლისა? სად არს კლდე გარდა ჩვენი ღვთისა?
33. ღმერთია ჩემი გამაძლიერებელი, გზის წრფელად წარმმართველი.
34. ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებზე დამაყენებს.
35. საბრძოლველად გამიწრთვნის ხელებს და მოჭიმავს სპილენძის მშვილდს ჩემი მკლავი.
36. ხსნის ფარს შენ მაძლევ, შენი მოწყალება განმადიდებს.
37. შენ მიფართოებ ნაბიჯებს, აღარ მეჩორთება კოჭები.
38. მტერს ვედევნები მოსასპობად და არ ვბრუნდები, ვიდრე ბოლოს არ მოვუღებ.
39. ვსპობ და ვანადგურებ, ვეღარ დგებიან, ჩემს ფეხებთან ეცემიან.
40. შენ შემომარტყამ ძალას საბრძოლველად, ჩემს წინაშე აჩოქებ ჩემს მომხდურებს.
41. მტრების ზურგს მაჩვენებ და ვაცამტვერებ ჩემს მოძულეებს.
42. აქეთ-იქით იხედება, მაგრამ არა ჩანს მხსნელი; უფლისაკენ - მაგრამ ხმას არ სცემს.
43. მიწის მტვერივით ვაცამტვერებ, ქუჩის გოროხივით ვამტვრევ და ვჯეგავ.
44. შენ მიხსენი ჩემი მეამბოხე ხალხისაგან; შენ მინახავ ერების მთავრად. ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახურება.
45. უცხო ხალხები მეპირფერებიან; როგორც კი მოესმებათ ჩემი, მემორჩილებიან,
46. უცხოთესლთ ღონე ეხდებათ, გარბიან თავიანთი სიმაგრეებიდან.
47. ცოცხალ არს უფალი, კურთხეულ არს კლდე ჩემი! ამაღლდეს ჩემი ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა,
48. ღმერთი, ჩემი შურისმგებელი, ხალხების ჩემთვის დამმორჩილებელი,
49. მტრებისაგან ჩემი გამრიდებელი და ჩემს მეამბოხეებზე ჩემი ამამაღლებელი; შემავიწროებელთაგან დამფარავი.
50. ამიტომ გადიდებ, შენ, უფალო, ხალხთა შორის და შენს სახელს ვუმღერი.
51. ხსნის გოდოლია თავისი მეფისთვის, მწყალობელია თავისი ცხებულისთვის, დავითისთვის და მისი მოდგმისთვის უკუნისამდე!
თავი ოცდამესამე
1. ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც წარმოთქვა დავითმა, იესეს ძემ, კაცმა, მაღლით დადგინებულმა, იაკობის ღვთის ცხებულმა და ისრაელის ტკბილხმიანმა მგალობელმა:
2. უფლის სული მეტყველებს ჩემით და ენაზე მაქვს მისი სიტყვა.
3. მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იხელმწიფებს ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს.
4. იქნება იგი როგორც დილის ნათელი მზის ამოსვლისას, უღრუბლო დილა, როგორც წვიმის შემდეგ მიწიდან ამობრწყინვებული ბალახი.
5. განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ აღმოცენდება ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი ნატვრა?
6. უკეთურნი გადაგდებულ ეკლებივით იქნებიან ყველანი, ხელში რომ არ აიღება.
7. ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან.
8. აჰა, დავითის მოყმეთა სახელები: იოშებ-ბაშებეთ თახქემონელი, ეტლოსანთა მეთაური, რომელმაც მოუქნია შუბი რვაას კაცს და ერთ ჯერზე დახოცა.
9. მას შემდეგ ელიაზარი, ძე დოდოსი, ახოხის ძისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი, რომელნიც ახლდნენ დავითს, როცა ლანძღვა დაუწყეს ფილისტიმელებს და საბრძოლველად შეიკრიბნენ, ისრაელი კი უკან იხევდა.
10. შეიმართა იგი და მუსრავდა ფილისტიმელებს, ვიდრე მარჯვენა ხელი არ დაუბუჟდა და მახვილის ვადას არ მიეწება. დიდი ხსნა მოიტანა იმ დღეს უფალმა. მხოლოდ ნადავლისთვის გაჰყვა მას ხალხი უკან.
11. მის შემდეგ: შამა აგეს ძე, ჰარარიელი. როცა საომრად შეიყარნენ ფილისტიმელები (იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ცერცვი ეთესა) და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან,
12. ჩადგა იგი შუა ყანაში და იცავდა მას: მუსრი გაავლო ფ;ლისტიმელებს. დიდი ხსნა მოიტანა მაშინ უფალმა.
13. ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მივიდნენ დავითთან ყადულამის გამოქვაბულში მკის დროს. ხოლო ფილისტიმელთა ურდოები რეფაიმის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი.
14. მაშინ დავითი ამ საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელების ყარაული ბეთლემში იდგა.
15. ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?
16. გაარღვია ამ სამმა მოყმემ ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ მან არ ინდომა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.
17. თქვა: შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც დამელიოს ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ! არ ინდომა დავითმა წყლის დალევა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე.
18. აბიშაი, იოაბის ძმა, ცერუიას ძე, ამ სამთა უფროსი იყო. სამას კაცს მოუქნია შუბი და განგმირა. მას ჰქონდა მეტი სახელი ამ სამში.
19. ამ სამზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ პირველ სამს ვერ ეცილებოდა.
20. ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე, დაუღალავი ვაჟკაცი კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს.
21. მანვე მოკლა ერთი ეგვიპტელი კაცი, საშინელი შესახედავი. შუბი ეჭირა ხელში ეგვიპტელს. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა შუბი ეგვიპტელს და მისივე შუბით განგმირა.
22. ეს გააკეთა ბანაიჰუ იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამთა მოყმეთა შორის.
23. ოცდაათიდან გამოირჩეოდა, თუმცა იმ პირველ სამს ვერ ეტოლებოდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.
24. ყასაელი, იოაბის ძმა, ერთ-ერთი ოცდაათთაგანი იყო. ელხანანი, მისი ბიძაშვილი, ბეთლემელი,
25. შამა ხაროდიელი, ელიკა ხაროდიელი,
26. ხელეც ფალეტიელი, ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყეღი,
27. აბიყეზერ ყანათოთელი, მებუნაი ხუშათიელი,
28. ცალმონ ახოხელი, მაჰარაი ნეტოფათელი,
29. ხელებ ბაყანას ძე, ნეტოფათელი, ითაი რიბაის ძე ბენიამინის გიბყადან;
30. ბენაიაჰუ ფირყათონელი, ჰიდაი ნახლე-გაყაშიდან,
31. აბიყალბონ ყარბათელი, ყაზმავეთ ბარხუმელი;
32. ელიახბა შაყალბონელი, ბენე-იაშენი, იონათანი,
33. შამა ჰარარელი, ახიამ შარარის ძე, არარელი,
34. ელიფელეტ ახასბაის ძე, მაყაქათელი, ელიყამ ახითოფელის ძე, გილონელი,
35. ხეცრაი ქარმელელი, ფაყარაი არბელი,
36. იგად ნათანის ძე ცობადან, ბანი გადელი,
37. ცელეკ ყამონელი, ნახარაი ბეეროთელი, იოაბიბ ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი,
38. ყირა ითრელი, გარებ ითრელი,
39. ურია ხეთელი. სულ ოცდაჩვიდმეტი.
თავი ოცდამეოთხე
1. კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ და ათქმევინა: წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა.
2. უთხრა მეფემ იოაბს, თავის ჯარის სარდალს: შემოიარე ისრაელის ყველა შტო დანიდან ბერშებამდე და აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე ხალხის რიცხვი.
3. უთხრა იოაბმა მეფეს: უფალმა, შენმა ღმერთმა შეჰმატოს ერს ერთი ამდენი და კიდევ ასჯერ მეტი, და ამის მომსწრე გახადოს მეფე-ბატონი. მაგრამ რად ინება მეფე-ბატონმა ეს საქმე?
4. იძალა მეფის სიტყვამ იოაბზე და ჯარის სარდლებზე და გავიდნენ მეფისგან იოაბი და ჯარის სარდლები ხალხის, ისრაელის, აღსარიცხად.
5. გავიდნენ იორდანეს გაღმა და ყაროყერში დაიბანაკეს, ქალაქის მარჯვნივ, გადის ხეობაში რომ მდებანეობს, იაყზერის პირდაპირ.
6. მერე მივიდნენ გალაადში და თახთიმ-ხოდშის მხარეში, აქედან წავიდნენ დან-იაყანში და ციდონის მიდამოებში.
7. მივიდნენ ტიროსის ციხე-სიმაგრესთან და მოიარეს ხივიმლთა და ქანაანელთა ყველა ქალაქი და გადავიდნენ იუდას სამხრით, ბერშებაში.
8. მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და ოცი დღის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ.
9. მიართვა იოაბმა მეფეს ხალხის აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა ისრაელში რვაასი ათასი მებრძოლი, მახვილის მაშიშვლებელი, და იუდაში ხუთასი ათასი კაცი.
10. გულმა დაჰკრა დავითს მას შემდეგ, რაც აღრიცხა ერი. უთხრა დავითმა უფალს: დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მორჩილს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.
11. მეორე დღეს, როცა ადგა დავითი, უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ გადს, დავითის მისანს:
12. წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: სამ სასჯელს შემოგთავაზებ; ერთ-ერთი აირჩიე, რომ დაგსაჯო.
13. მივიდა გადი დავითთან და გამოუცხადა ეს ამბავი: რა გიჯობს, შვიდწლიანი შიმშილი შენს ქვეყანაშა, სამი თვის ლტოლვილება შენი მტრებისგან და მათგან შენი დევნა, თუ შავი ჭირი სამ დღეს შენს ქვეყანაში? ახლა იფიქრე და ასწონ-დასწონე, რა პასუხი მივუტანო ჩემს გამომგზავნელს.
14. უთხრა დავითმა გადს: მეტისმეტად დამწუხრებული ვარ, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება. ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.
15. მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში იმ დღიდან დათქმულ დრომდე. და გაწყდა დანიდან ბერშებამდე სამოცდაათი ათასი კაცი.
16. გაიწოდა ხელი ანგელოზმა იერუსალიმისკენ მის შესამუსვრელად, მაგრამ უფალმა აკმარა უბედურება და უთხრა ხალხის შემმუსვრელ ანგელოზს: კმარა! ახლა უკან წაიღე ხელი. ორნა იებუსეველის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.
17. უთხრა დავითმა უფალს ხალხის გამწყვეტი ანგელოზის დანახვისას: აჰა, მე კი შევცოდე და დავაშავე, მაგრამ ამ ცხვრებმა რა გააკეთეს? ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი!
18. მოვიდა დავითთან გადი იმავე დღეს და უთხრა: წადი და აღუმართე უფალს სამსხვერპლო ორნა იებუსეველის კალოზე.
19. წავიდა დავითი გადის სიტყვისაებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს.
20. გამოიხედა ორნამ და დაინახა მისკენ მომავალი მეფე და მისი მორჩილნი. გამოვიდა ორნა და მდაბლად თაყვანისცა მეფეს.
21. თქვა ორნამ: რისთვის მოსულა მეფე-ბატონი თავის მორჩილთან? უთხრა დავითმა: შენგან კალოს საყიდლად და უფლის სამსხვერპლოს ასაშენებლად, რათა განერიდოს ხალხს ჟამი.
22. უთხრა ორნამ დავითს: აიღოს და აღავლინოს მეფე-ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები აღსავლენად, აჰა, კევრი და ხარის უღელი შეშად.
23. ყველაფერი მისცა მეფეს ორნამ და უთხრა ორნამ მეფეს: უფალი, შენი ღმერთი გწყალობდეს!
24. უთხრა მეფემ ორნას: არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან; ვერ შევწირავ უფალს, ჩემს ღმერთს, მუქთ აღსავლენს. იყიდა მეფემ კალო და ხარები ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად.
25. აუგო დავითმა იქ უფალს სამსხვერპლო, აღავლინა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. შეიწყალა უფალმა ქვეყანა და განერიდან ჟამი ისრაელს.