ბარათი ჱ
პეტერბუღს ზიხარ დარვიშად, ტანს წამოგისხამს ჩულები,
ჩვენ ხმას არა გვცემ, არ ვიცი, ვის ეშმაკს ეჩურჩულები,
ვინ გარდაგრივა წყეულმან, ვის მიეც შენი გულები,
მაგ შენის აგრე დუმილით აქ ვსხედვართ დანაწყლულები.
ეგ შენი ეგრეთ დუმილი ვერ შეგვიტყვია რაზია,
ვინ მოგევლინა, ვინ არის, რა ფერი ანგელოსია?
როცა გესტუმროს, დაუხვდი, დაუკარ შენი საზია,
შენს საქმეს განკვირვებიან ევროპია და აზია.
მანდ გახლავს წმინდათ კრებული, არ ხარჭაშნელი მროველი,
შემოკრებულან მამანი, წინათ მხედველი ყოველი,
ღმრთის ხვეწნით მღვიძარებითა ცრემლით ღაწვნი აქვს სოველი,
რაც სასწაული მათთა ქმნან, წვლილად მოწერას მოველი.
ბარათი ი
ჩვენ დაუტევეთ მოსკოვი, მოვედით მცირეს ოლესა,
პარუნ-მელქუაც აქ გახლავსთ, ფრანგული ხრმალი მოლესა,
შემოიხვივა მხმილავნი, ვერავის ვნახავთ მწოლესა,
ხაჩიურსა ჰკრა ზიანი, კარი სრულ ამოულესა.
დღით და ღამ დგანან ფერხთზედა, გაიზახიან კოსესა,
ზოგნი არიან ბექთრითა, ზოგთ ჯაჭვნი შეიმოსესა,
უკვრენ ჩანგსა და ჩაღანას, ხმა ტკბილად გააქოსესა,
მაგრამ «დუბინის» შიში აქვსთ, შემწედ ჰხადიან მოსესა.
მამუკა გურამისშვილი მაგრა სდგას, ვითა ლოდია,
მეც გვერდთ ვახლავარ მებრძოლად, ჯერ არვინ დაგვიკოდია,
დავღონებულვართ ორნივე, გულს დაგვცემია ოჰ, დია,
არცა გვაქს სასმელ-საჭმელი და არცა ოქროს ზოდია.
ღმერთმან ქმნას, იყვნეთ მშვიდობით «ვსესვიატს» მეოხებითა,
პრესნაში კიდევ მეხილვეთ თქვენს სასახლეში შვებითა,
თუ თოვლმა წამოგვაყარა, ჩვენ აქ ვერ დაუდგებითა,
მიწიდამ ამოძრობილნი ვერსად ვერ გამოვდგებითა.