ბარათი ე
აღმოსავლითკენ ხევნარი. ჩრდილი და ტურფა მწვანები,
დასავლით სჭვრიტეთ სამოთხეს, უცხოდ შემკული ვანები.
შუა-ტბა თევზით სავსეა, გასინჯეთ სიგრძე-განები,
თავ-ბოლო მაგრად დახშულო, მპარავს არვისა ვანები.
ესე არს მტილი. რომელი მეფის ძემ თვისად ინება,
შეამკო სრა და წალკოტი, მჭვრეტთა არ მოეწყინება.
წყარონი ტურფა მცენარნი, ტბას შესდის, გაედინება,
სევდისა მაქარვებელად მეც ამ ტბის პირზედ მინება.
რაცა მოვა ზეგარდამო, ყოვლი ბრძენი იმას სჯერა.
ცუდი არის მსახვრალთაგან რამლის ყრა და ცაში მზერა,
განგებითა მოვლენილსა ასცილდების ვერვინ ვერა,
საქართველოს მეპატრონე ბოლოს ამას დააჯერა.
მწუხარებით სავსე გულსა შეგონება არ ესმისა,
უცხოდ რითმე მოწყლულია, მას წამალი არ ესმისა,
იტყვის: «ნეტარ ვინ მიმიყვანს ასე მოწყლულს არეს მისა»?
სხვა უმისო ვერ განჰკურნებს დაკოდილსა წყლულსა მისა.