თავი პირველი

1. წიგნი ტობითის ამბავთა, ძისა ტობიელისა, ძისა ხანანიელისა, ძისა ადუელისა, ძისა გაბაელისა, იახციელის საგვარეულოდან, ნაფთალის ტომიდან,

2. რომელიც ენემესაროსის, აშურის მეფის, დროს ტყვედ წაიყვანეს თისბედან, ნაფთალის კიდიოსის მარჯვნივ რომ მდებარეობს, გალილში, აშურის ზემოთ.

3. მე, ტობითი, ჭეშმარიტების გზით დავდიოდი მთელი ჩემი სიცოცხლე, ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი მოძმეებისთვის და იმ ხალხისთვისაც, ვინც ჩემთან ერთად აშურელთა ქვეყანაში, ნინევეში წამოვიდა.

4. როცა ჩემს ქვეყანაში, იერუსალიმის მიწაზე, ვცხოვრობდი ჩემს ახალგაზრდობაში, მთელი ნაფთალის ტომი, ჩემი მამული ტომი, შორს იყო იერუსალიმის სახლიდან, რომელიც არჩეული იქნა ისრაელის ყველა ტომიდან, რათა ყველა ტომს იქ შეეწირა მსხვერპლი. იქ იკურთხა ტაძარი უზენაესის დასავანებლად და აშენდა ყველა თაობისთვის საუკუნოდ.

5. ყველა განდგომილი ტომი მსხვერპლს სწირავდა ბაალს - ხბოს, და ასევე ნაფთალის სახლიც, მამაჩემისა.

6. მე ერთი დავდიოდი ხშირად იერუსალიმში დღესასწაულებზე, როგორც დაუწესდა მთელს ისრაელს საუკუნო ბრძანებით. მიმქონდა ნათავარნი, მოსავლის მეათედი და პირველი ნაპარსი.

7. ვუძღვნიდი მათ მღვდლებს - აარონიანებს საკურთხევლისათვის. ყოველი ნაყოფის მეათედს იერუსალიმში მომსახურე ლევიანებს ვაძლევდი. მეორე მეათედს ვყიდდი და ვხარჯავდი ყოველწლიურად იერუსალიმში ყოფნისას.

8. მესამეს ვაძლევდი, ვისაც ეგებოდა, როგორც მიანდერძა დებორამ, მამაჩემის დედამ, რადგან ობლად ვიყავი დარჩენილი მამის შემდეგ.

9. რომ დავკაცდი, მოვიყვანე ცოლად ხანა მამაჩემის საგვარეულოდან და შემეძინა მისგან ტობია.

10. როცა ტყვედ ვიყავი ნინევეში, ყველა ჩემი მოძმე და თვისტომი წარმართთა პურს ჭამდა.

11. მე კი დავიცავი ჩემი სული, რათა არ მეჭამა.

12. რადგან მე მახსოვდა ღმერთი მთელი ჩემი სულით.

13. უზენაესმა მადლი და სიკეთე მომანიჭა ენემესაროსის წინაშე და გავხდი მისი ვაჭარი.

14. გავემგზავრე მიდიაში და მივაბარე გაბაელს, გაბრიას ძმას, რაგეში ათი ტალანტი ვერცხლი.

15. როცა მოკვდა ენემესაროსი, მის ნაცვლად გამეფდა სანხერიბი, მისი ძე, რომლის გზები მოუწყობელი იყო და უკვე ვეღარავინ ბედავდა მიდიაში გამგზავრებას.

16. ენემესაროსის დროს მრავალი მოწყალება გამიღია ჩემს მოძმეთათვის.

17. ვუყოფდი ჩემს პურს მშიერთ და მოსასხამს - შიშველ-ტიტველთ. თუ დავინახავდი ვინმეს ჩემს თვისტომს, მკვდარსა და გადაგდებულს ნინევეს კედლის გარეთ, ვმარხავდი.

18. თუ ვინმე იუდაში გაქცეული მობრუნდებოდა და მოკლავდა მას მეფე სანქერიბი, ფარულად ვმარხავდი. ბევრს კი ხოცავდა განრისხებული. მერე ეძებდა მეფე გვამებს და ვერ პოულობდა.

19. მივიდა ერთი კაცი, მოახსენა მეფეს ჩემზე, რომ ვმარხავდი გვამებს და ვმალავდი. როცა გავიგე, რომ მოსაკლავად მეძებდნენ, შეშინებული გავიქეცი.

20. დაიტაცეს მთელი ჩემი ქონება და აღარაფერი დამრჩა, გარდა ხანასი, ჩემი ცოლისა, და ტობიასი, ჩემი ძისა.

21. არ გასულა ორმოცდაათი დღე, რომ მოკლა სანხერიბი მისმა ორმა ვაჟმა, და გაიქცნენ არარატის მთისკენ. მის ნაცვლად მისი ძე, ასარხადონი, გამეფდა და დანიშნა აქიაქაროს ანაელი, ჩემი ძმისწული, სამეფოსა და მთელი თავისი მეურნეობის აღმწერლად.

22. მოახსენა აქიაქაროსმა ჩემზე და დავბრუნდი ნინევეში. აქიაქაროსი კი იყო ღვინის მწდე, ბეჭდის მცველი, ხაზინადარი და აღმრიცხველი. და დანიშნა იგი ასარხადონმა მეორე კაცად. ჩემი ძმისწული იყო იგი.


თავი მეორე

1. როცა მოვედი ჩემს სახლში და დამიბრუნეს ხანა, ჩემი ცოლი, და ტობია, ჩემი ძე, მეერგასის დღესასწაულზე, რომელიც არის წმიდა შვიდი შვიდეული, მომიმზადეს მე დიდებული სადილი და შევუდექი ჭამას.

2. გადავხედე უამრავ სასმელ-საჭმელს და მივმართე ჩემს ძეს: წადი და მომიყვანე, ვინც კი შეგხვდება ჩვენს მოძმეთაგან გაჭირვებული, ვისაც ახსოვს უფალი. აბა, გელოდები-მეთქი.

3. უკან რომ მობრუნდა, მითხრა: მამა, ერთი ჩვენი თვისტომი გაგუდული გდია მოედანზე.

4. და მეც, ვიდრე შევუდგებოდი სმა-ჭამას, წამოვვარდი და შევინახე გვამი რომელიღაც სახლში მზის ჩასვლამდე.

5. შინ რომ მოვბრუნდი, განვიბანე და ვჭამე ჩემი პური დადარდიანებულმა.

6. გავიხსენე წინასწარმეტყველება ამოსისა, რომელმაც თქვა: დღესასწაულები გლოვად გადაგექცევათ და ყველა თქვენი სიმღერა - გოდებად. და ავტირდი.

7. მზე რომ ჩაესვენა, გავედი და გავთხარე მიწა და დავმარხე იგი.

8. ახლობლები დამცინოდნენ, ამბობდნენ, არ ეშინია, რომ მოკლან ამ საქმისათვის, გაიქცა და აჰა, ისევ მარხავს მიცვალებულებსო.

9. იმავე ღამეს აღვასრულე დაკრძალვის წესი და გაუწმინდურებული დავწექი ეზოს კედელთან. სახე დაუფარავი მქონდა.

10. ვერ შევნიშნე, რომ კედელზე ბეღურები ისხდნენ და ჩემს გახელილ თვალებს გადმოაღვარეს თბილი სითხე და ლიბრი გადამეკრა თვალებზე. ვიარე მკურნალებთან, მაგრამ ვერ მიშველეს. აქიაქაროსი მინახავდა, ვიდრე ელამში წავიდოდა.

11. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემი ცოლი ხანა მოჯამაგირედ დაუდგა ბანოვანებს.

12. უგზავნიდა თავის ბატონებს ნაშრომს და უხდიდნენ მას გასამრჯელოს. ერთხელაც თიკანი აჩუქეს.

13. როცა მომიახლოვდა თიკანი, კიკინი მორთო. ვკითხე ხანას, საიდან არის ეს თიკანი? ნაქურდალი ხომ არ არის-მეთქი? დაუბრუნე პატრონებს, რადგან არა ხამს ნაქურდალის ჭამა-მეთქი.

14. მან კი მიპასუხა, საჩუქრად მიბოძესო გასამრჯელოსთან ერთად. არ დავუჯერე და ვუთხარი, პატრონისთვის დაებრუნებინა, და გავუწყერი. მან კი პასუხად მომიგო: სად არის შენი მოწყალებანი და სამართალნი? აჰა, ახდა შენზე ყოველივეო.


თავი მესამე

1. დამწუხრებული ვტიროდი და სევდიანად ვლოცულობდი, ვამბობდი:

2. მართალი ხარ, უფალო, და ყოველი შენი საქმე და ყოველი შენი გზა მოწყალებაა და ჭეშმარიტება; ჭეშმარიტი და მართალი სამართლით სჯი უკუნისამდე.

3. გამიხსენე მე და მომხედე! ნუ დამსჯი ჩემი ცოდვებისათვის და ჩემი მამა-პაპის უგნურებისათვის, რითაც კი შეგცოდეს,

4. ყურად რომ არ იღეს შენი მცნებანი, რომ მიგვცეს საძარცვავად, დასატყვევებლად და სასიკვდილოდ, საიგავოდ გაგვხადეს ხალხების პირში, რომელთა შორისაც განბნეულნი ვართ.

5. ახლა კი ღირსი ვარ ყოველი შენი სასჯელისა, რომ მომაგო ჩემი და ჩემი მამა-პაპის შეცოდებათა გამო, რადგან არ დავიცავით შენი მცნებები და არ გვივლია სიმართლით შენს წინაშე.

6. ახლა კი შენი ნებისაებრ განმსაჯე მე: ბრძანე ჩემი სულის ამოხდა, რათა აღვესრულო და მიწად ვიქცე, რადგან სიკვდილი მიჯობს სიცოცხლეს, რადგან მოვისმინე უსამართლო საყვედური და დიდია ჩემი მწუხარება. ბრძანე, რომ განვთავისუფლდე ამ ბედისწერისაგან საუკუნო ადგილას. ნუ იბრუნებ პირს ჩემგან.

7. იმავე დღეს შეხვდა საყვედურები მამამისის მხევალთაგან მიდიის ეკბატანაში რაღუელის ასულსაც, სარას.

8. შვიდ ქმარს იყო იგი მიცემული. ხოლო ასმოდავსი, ბოროტი სული ხოცავდა მათ, ვიდრე დაიმკვიდრებდნენ მას ცოლად. ეუბნებოდნენ მას: ვერა ხვდები, რომ ღუპავ შენს ქმრებს? უკვე შვიდი გყავდა და მათგან ერთის სახელითაც ვერ იწოდეო.

9. ჩვენ რაღაზე გვტანჯავ? რაკი ისინი დაიხოცნენ. შენც მათ მიჰყევი, ნურასოდეს გვენახოსო შენი ძე ან ასული.

10. ეს რომ მოისმინა, ძლიერ დამწუხრდა. თავის ჩამოხრჩობა მოინდომა, მაგრამ იფიქრა: ერთადერთი ვყავარ მამაჩემს, ეს რომ ჩავიდინო, საყვედურებლად ექნება მას და სიბერე ჯოჯოხეთურ სატანჯველად გადაექცევაო.

11. მივიდა სარკმელთან და თქვა: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო ჩემო, და კურთხეულია წმინდა სახელი შენი და დიდებით მოსილია უკუნისამდე. გაკურთხევდეს შენ ყოველი საქმე შენი უკუნისამდე.

12. ახლა, უფალო, შენდამი მომიპყრია თვალნი ჩემნი და პირი ჩემი.

13. გთხოვ დამიხსნა ამ წუთისოფლიდან, მეტად რომ აღარ ვისმენდე ამ საყვედურებს.

14. შენ უწყი, უფალო, რომ უბიწო ვარ კაცის ყველანაირ ცოდვისაგან.

15. არ წამიბილწავს სახელი ჩემი და არც სახელი მამაჩემისა. ჩემი ტყვეობის ქვეყანაში მხოლოდშობილი ვყავარ მამაჩემს და არა ჰყავს მას ვაჟიშვილი, რომ მისი მემკვიდრე იყოს. არც ძმა ჰყავს ახლობელი, არც ძმისწული, ცოლად რომ შევუნახო თავი. უკვე შვიდი ქმარი დამეღუპა. რაღასთვის ვიცოცხლო? და თუ არ მიმეტებ სასიკვდილოდ, მომხედე და შემიწყალე, რომ მეტად აღარ ვისმენდე საყვედურებს.

16. შეწყნარებულ იქნა ორივეს ლოცვა ღვთის დიდების წინაშე და გაიგზავნა რაფაელი ორივეს განსაკურნავად, რათა აეხადა ლიბრი ტობითისათვის და მიეცა სარა, რაღუელის ასული, ტობიასათვის, ტობითის ძისთვის, და შეეკრა ასმოდავსი, ბოროტი სული, რადგან ტობიას უნდა ხვდომოდა წილად სარას დამკვიდრება. ერთსა და იმავე დროს იყო, რომ შემოვიდა თავის სახლში უკან მობრუნებული ტობითი და ჩამოვიდა თავისი ზემოთვალიდან რაღუელის ასული სარა.


თავი მეოთხე

1. იმ დღეს გაიხსენა ტობითმა ვერცხლი, რომელიც გაბაელისთვის ჰქონდა მიბარებული რაგეში.

2. და თქვა თავისთვის: მე სიკვდილს ვნატრობ. რატომ არ დავუძახო ტობიას, ჩემს ძეს, და არ განვუცხადო იმ ვერცხლის ამბავი, ვიდრე ცოცხალი ვარ?

3. დაუძახა მას და უთხრა: შვილო, როცა მოვკვდები, დამმარხე. ნუ მიატოვებ დედაშენს, პატივი მიაგე მას, ვიდრე ცოცხალია, და აკეთე მისი მოსაწონი. ნუ დაამძიმებ დარდით.

4. გახსოვდეს, შვილო, რომ მრავალი ჭირი ნახა შენთვის, მუცლით რომ გატარებდა. როცა მოკვდება, დამარხე ჩემს გვერდით, ერთ საფლავში.

5. ყოველდღე მოიხსენიე, შვილო, უფალი, ღმერთი ჩვენი, ნუ შესცოდავ და ნუ გადახვალ მის მცნებებს. სამართლიანი იყავი მთელი შენი სიცოცხლე და უსამართლობის გზას ნუ დაადგები.

6. რადგან სამართლის მიმდევარს კეთილად აგეწყობა საქმეები.

7. ყველას, სიმართლის მოქმედს, მიეცი მოწყალება, როგორც შეგიძლია. ნუ დაენანება შენს თვალს, მოწყალებას რომ გაიღებ, პირს ნუ შეაქცევ ღარიბ-ღატაკს, რომ შენც არ შეგაქციოს პირი ღმერთმა.

8. რაცა გაქვს მრავლად, მისგან გაეცი მოწყალება.

9. რადგან სიკეთეს დაიუნჯებ ჭირის დღისთვის.

10. რადგან მოწყალება სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და ბნელს აარიდებს.

11. კეთილი ნიჭია მოწყალება ყველასთვის, ვინც კი გაიღებს მას უზენაესის წინაშე.

12. მოერიდე, შვილო, ყველანაირ სიძვას. ქალი შენი მამა-პაპის მოდგმისა წამოიყვანე. სხვა ქალს ნუ მოიყვან, თუ არ არის მამაშენის ტაძრისა, რადგან წინასწარმეტყველთა შვილები ვართ. გახსოვდეს, შვილო, რომ ნოემ, აბრაამმა, ისაკმა და იაკობმა, ჩვენმა მთელმა მამა-პაპამ, ყველამ თავიანთ მოძმეთაგან წამოიყვანეს ცოლები და დაილოცნენ თავიანთ შთამომავლობაში და მათმა მოდგმამ დაიმკვიდრა ქვეყანა.

13. გიყვარდეს, შვილო, შენი ძმები და ნუ გაუდიდგულდები შენს ძმებს. შენი ერის ძეთა და ასულთაგან წამოიყვანე შენთვის ქალი. ამპარტავნობას კი მოჰყვება დაღუპვა და აღრეულობა, ხოლო ცუდად დებამ დიდი დანაკლისი და გაჩანაგება იცის, ცუდად დება ხომ შიმშილის დედაა.

14. ნურავის გასამრჯელოს ნუ დაიტოვებ, ვინც კი საქმეს გაგიკეთებს, არამედ გაეცი იგი მაშინვე. ღვთის მორჩილი თუ იქნები, შენვე დაგიბრუნდება. ყურადღებით წარმართე, შვილო, ყოველი შენი საქმე და ჭკუით მოზომე ყოველი შენი ნაბიჯი.

15. რაც შენ გძულს, ნურავის შეამთხვევ. ღვინოს დასათრობად ნუ დალევ. ნუ წაგყვება სიმთვრალე გზაში თანამგზავრად.

16. გაუყავი შენი პური ღარიბ-ღატაკთ და მოსასხამი - შიშველ-ტიტველთ. ყველაფერი, თუ რამ ზედმეტი გაქვს, გაეცი სამადლოდ და ნუ დაენანება შენს თვალს, მოწყალებას რომ გასცემ.

17. მიმოაბნიე შენი პური მართალთა საფლავზე და ნურას გასცემ ცოდვილთათვის.

18. ეძიებდე რჩევას ყოველი გონიერისაგან და ნუ უგულებელყოფ სასარგებლო რჩევას.

19. ყოველ ჟამს აკურთხებდე უფალს, ღმერთს. მას შესთხოვდე, რათა წრფელი იყოს ყოველი შენი გზა და განზრახვა კურთხეული იყოს. რადგან არცერთი ხალხის ხელთ არ არის განგება, არამედ თავად უფალი ანიჭებს ყოველივე სიკეთეს, ვისაც მოისურვებს, დაამდაბლებს თავისი ნებისაებრ. ახლა კი, დაიმახსოვრე, შვილო, ჩემი ანდერძი და ნუ ამოშლი მას შენი გულიდან.

20. ახლა გაუწყებ შენ: ათი ტალანტი ვერცხლი მაქვს მიცემული გაბაელისთვის, გაბრიას ძისთვის, მიდიის რავეში.

21. ნუ შეგეშინდება, შვილო, გაღატაკებისა, დიდძალი ქონება გაქვს, თუკი ღვთის შიში გექნება, თუ განუდგები ყველანაირ ცოდვას და მოწიწებით მოიქცევი ღვთის წინაშე.


თავი მეხუთე

1. მიუგო მას ტობიამ პასუხად: მამაჩემო, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეუბნები.

2. მაგრამ როგორ გამოვართვა ვერცხლი კაცს, რომელსაც არ ვიცნობ?

3. მაშინ მისცა მას ტობითმა ხელწერილი და უთხრა: აბა, მოძებნე კაცი, რომელიც გაგყვება - თანამგზავრად და მე მივცემ გასამრჯელოს, ვიდრე ცოცხალი ვარ. წადი და წამოიღე ვერცხლი.

4. წავიდა კაცის საძებნად და ნახა რაფაელი, რომელიც ანგელოზი იყო, მან კი არ იცოდა.

5. უთხრა მას: თუ შეგიძლია, წამომყვე მიდიის რაგეში და თუ იცნობ ამ ადგილებს?

6. მიუგო ანგელოზმა: წაგყვები, - გზაც ვიცი და გაბაელთანაც, ჩემს მოძმესთანაც ვყოფილვარ სტუმრად.

7. უთხრა ტობიამ: დამიცადე, ვეტყვი მამაჩემს.

8. უთხრა რაფაელმა: წადი და ნუ დაყოვნდები.

9. შევიდა ტობია და უთხრა მამას: აჰა, მოვნახე კაცი. ვინც წამყვება. მან კი უთხრა: მოიყვანე ჩემთან, რათა გავიგო, რომელი ტომისაა და თუ სანდო თანამგზავრია.

10. დაუძახა მას ტობიამ და შევიდა იგი, მიესალმნენ ერთურთს.

11. უთხრა ტობითმა: ძმაო, მითხარი, რომელი ტომიდან ხარ და სად არის შენი სამშობლო?

12. უთხრა რაფაელმა: ტომსა და სამშობლოს ეძებ, თუ ქირის კაცს, რომ გაჰყვეს შენს ძეს? უთხრა ტობითმა: მსურს გავიგო, ძმაო, რომელი საგვარეულოდან ხარ და რა გქვია.

13. უთხრა მან: მე ვარ ყაზარია, ძე დიდი ხანანიასი, შენი მოძმისა.

14. უთხრა ტობითმა: მშვიდობით იარე, ძმაო, ნუ შემომწყრები, შენს ტომსა და სამშობლოზე რომ გეკითხები. ჩემი მოძმე ყოფილხარ, კეთილი და ღირსეული საგვარეულოდან. მე ვიცნობდი ხანანიას და იათანს, დიდი შემაყიას ძეთ. ჩვენ ერთად წავედით იერუსალიმის თაყვანისსაცემად და მიგვქონდა თან ნათავარნი და მიწის ნაყოფთა მეათედი, არ შეგვიცოდავს ჩვენთა მოძმეთა ცოდვებით. კეთილი გვარი მოგდგამს, ძმაო.

15. მაგრამ მითხარი, რა გადაგიხადო გასამრჯელო? თითო დრაქმას მოგცემ დღეში და რაც დაგჭირდებათ შენ და ჩემს შვილს.

16. კიდევ დაგიმატებ გასამრჯელოს. მშვიდობით თუ დაბრუნდებით.

17. შეთანხმდნენ ამგვარად და უთხრა ტობიას: გაემზადე სამგზავროდ და კურთხეულ იყავით. გაემზადა შვილი სამგზავროდ და უთხრა მამამ: წადი ამ კაცთან ერთად. ზეციურმა ღმერთმა დაგილოცოთ გზა და მისი ანგელოზი დაგემგზავროთ. გავიდნენ ორივენი გზაზე და უკან გაჰყვა მათ ყმაწვილის ძაღლი.

18. ხოლო ხანა, ყმაწვილის დედა, ტიროდა და ეუბნებოდა ტობითს. რატომ გაუშვი ჩვენი შვილი? ჩვენი ხელების ყავარჯენი არ იყო, როცა გადიოდა და შემოდიოდა ჩვენს წინაშე?

19. ვერცხლს ვერცხლს კი ნუ უმატებ, არამედ ტალანად ჩათვალე იგი შვილის წინაშე.

20. რამდენი დღის სიცოცხლეც მოგვეცა უფლისაგან, საამისოდ საკმარისი გვაქვს.

21. უთხრა ტობითმა: ნურაფერს იტყვი, დაო, მშვიდობით დაგვიბრუნდება და იხილავენ მას შენი თვალები.

22. რადგან კეთილი ანგელოზი დაემგზავრება მას და კურთხეული. იქნება მისი გზა და მშვიდობით მობრუნდება უკან.


თავი მეექვსე

1. მგზავრები საღამო ხანს მიადგნენ ტიგროს-მდინარეს და იქ შეისვენეს.

2. ყმაწვილი რომ ჩავიდა განსაბანად, ამოხტა მდინარიდან თევზი და დააპირა შთაენთქა ყმაწვილი.

3. ანგელოზმა კი უთხრა მას: ამოიყვანე თევზი. დაიჭირა ყმაწვილმა თევზი და დააგდო მიწაზე.

4. უთხრა ანგელოზმა: გაკვეთე თევზი, ამოიღე გული, ღვიძლი და ნაღველი და ცალკე შეინახე.

5. შეასრულა ყმაწვილმა, რაც უთხრა ანგელოზმა. თევზი კი შეწვეს და შეჭამეს.

6. გაუდგნენ გზას ორივენი და მიადგნენ ეკბატანას.

7. უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, რა არის ეს თევზის გულ-ღვიძლი და ნაღველი?

8. უთხრა ანგელოზმა: გულ-ღვიძლი, თუკი ვინმვს ტანჯავს ეშმაკი, ან ბოროტი სული, უნდა უკმიო კაცს ან ქალს, და მეტად აღარ დაიტანჯება.

9. ნაღველი კი უნდა დააპკურო თვალებზე კაცს, ვისაც სითეთრე აქვს გადაკრული და განიკურნება.

10. რაგეს რომ მიუახლოვდნენ,

11. უთხრა ანგელოზმა ყმაწვილს: ძმაო, შევისვენოთ რაღუელთან. ისიც ხომ შენი ნათესავია. ერთადერთი ასული ჰყავს მას, სახელად სარა.

12. სიტყვას ჩამოვუგდებ მასზე მის მშობლებს და მოგცემენ ცოლად, რადგან წესით შენ უნდა გერგოს იგი. აკი ერთადერთი შენა ხარ მისი გვარისა.

13. ახლა კი მისმინე: მე ჩამოვუგდებ სიტყვას მამამისს და რომ დავბრუნდებით რაგედან, გავმართოთ ქორწილი. რადგან ვიცნობ რაღუელს: მოსეს რჯულს არ გადავა და სხვა კაცს არ მისცემს თავის ასულს. რადგან სიკვდილის თანამდები იქნება, რადგან სხვებზე მეტად, წესით, შენ უნდა გერგოს იგი.

14. მაშინ უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, გამიგია, რომ ეს ქალიშვილი შვიდ ქმარს იყო აღთქმული და ყველა დაიღუპა სანთიობაში.

15. მე კი ერთადერთი ვყავარ მამაჩემს და მეშინია, არ მოვკვდე სასიძოდ მისულ წინამორბედთა მსგავსად. ეს ქალი ხომ უყვარს ეშმაკს, რომელიც მხოლოდ იმას ერჩის, ვინც ამ ქალს მიეკარება. მეც მეშინია, არ მოვკვდე და არ გავუმწარო სიცოცხლე ჩემზე დარდით მამაჩემსა და დედაჩემს სიკვდილის წინ.

16. უთხრა მას ანგელოზმა: ნუთუ არ გახსოვს სიტყვა, მამაშენმა რომ დაგაბარა, შენი გვარის ცოლი უნდა მოიყვანოო? ახლა მისმინე, ძმაო, რაკი შენთვის ცოლად არის იგი განკუთვნილი, ეშმაკის შიში ნუ გექნება - იმავე ღამეს მოგეცემა ის ასული ცოლად.

17. როგორც კი შეხვალ სანთიობოში, აიღე სასაკმევლედან ნაკვერჩხალი და მოუკიდე თევზის გულღვიძლს და აკმიე. სუნი რომ ეცემა ეშმაკს, გაიქცევა და აღარ დაბრუნდება უკუნისამდე.

18. როცა დააპირებ ქალთან მიახლოებას, ორივენი შეევედრეთ მოწყალე ღმერთს, და გიხსნით და შეგიწყალებთ. ნურაფრის გეშინია, რადგან შენთვის არის განკუთვნილი ეს ქალი უკუნისამდე და შენ იხსნი მას. შენ გამოგყვება და მჯერა, რომ შვილები გეყოლება მისგან.

19. ეს რომ მოისმინა ტობიამ, შეიყვარა ქალი და მისი სული ძლიერ მიეწება მას.


თავი მეშვიდე

1. შევიდნენ ეკბატანაში და მიადგნენ რაღუელის სახლს. სარა გამოეგება მათ და მიესალმა, მათაც სალამი უთხრეს და სახლში შეუძღვა მათ.

2. უთხრა რაღუელმა ყადნას, თავის ცოლს: როგორ ჰგავს ეს ყმაწვილი ტობითს, ჩემს ნათესავს.

3. ჰკითხა მათ რაღუელმა: საიდან ხართ, ძმებო? მიუგეს: ნაფთალიანები ვართ, ნინევეში გადასახლებულთაგან.

4. უთხრა მათ: იცნობთ, ტობითს, ჩვენს ძმას? მათ კი მიუგეს: ვიცნობთ.

5. ჰკითხა: ჯანმრთელადაა? მათ მიუგეს: ცოცხალია და ჯანმრთელი. ხოლო ტობიამ თქვა: მამაა ჩემი.

6. წამოდგა ფეხზე რაღუელი, გადაჰკოცნა და დალოცა იგი, უთხრა: ო, კეთილო და ღირსეული კაცის შვილო. რომ გაიგო ტობითის დაბრმავების ამბავი, შეწუხდა და ატირდა.

7. ტიროდა ყადნაც, მისი ცოლი და სარა, ასული მისი. გაუმასპინძლდნენ ტობიას საკადრისად.

8. დაუკლეს ცხვარი და დიდებული სუფრა გაუმზადეს.

9. უთხრა ტობიამ რაფაელს: ძმაო ყაზარია, უთხარი რაღუელს, მომათხოვოს სარა, ჩემი და.

10. გაიგონა ეს სიტყვა რაღუელმა და უთხრა ყმაწვილს: ჭამე და სვი, და გაიხარე. შენ შეგფერის ჩემი შვილის თხოვა. მაგრამ გეტყვი სიმართლეს.

11. შვიდ ქმარს იყო მითხოვებული და ვინც კი მიეკარებოდა მას, იმავე ღამეს კვდებოდა. ახლა კი გაიხარე.

12. უთხრა ტობიამ: საჭმელს არ მივეკარები, ვიდრე არ მოილაპარაკებთ და თანხმობას არ მომცემთ. თქვა რაღუელმა: ახლავე წაიყვანე იგი რჯულისამებრ. შენ ხარ მისი ძმა და შენია იგი. მოწყალე ღმერთმა მოგმადლოთ ყოველავე სიკეთე.

13. მოუხმო სარას, თავის ასულს და დაიჭირა მისი ხელი, მისცა ქალი ტობიას ცოლად და თქვა: აჰა, მოსეს რჯულისამებრ მიიღე იგი და მიიყვანე მამაშენთან. და დალოცა ისინი.

14. მოუხმო ყადნას, თავის ცოლს, აიღო წიგნი, დაწერა პირობა და დაბეჭდა.

15. მოუხმო რაღუელმა ყადნას, თავის ცოლს, და უთხრა: დაო, გაამზადე სხვა საძინებელი და შეიყვანე ასული.

16. ასე გააკეთა ყადნამ, როგორც ეთქვა მას, და შეიყვანა იგი საძინებელში, და ატირდა. მიიღო ცრემლი თავისი ასულისა და უთხრა:

17. გამაგრდი შვილო, მეუფე ცისა და მიწისა მოგანიჭებს შენ წყალობას ამ შენი დარდის სანაცვლოდ. გამაგრდი, შვილო.


თავი მერვე

1. სადილი რომ დაასრულეს, შევიდა ტობია სარასთან.

2. მიმავალმა გაიხსენა სიტყვები რაფაელისა და აიღო საკმეველთაგან ნაკვერჩხალი, მოუკიდა თევზის გულს და აკმია.

3. როგორც კი იგრძნო ეშმაკმა სუნი, გაიქცა ზემო ეგვიპტეს და შეკრა იგი ანგელოზმა.

4. როდესაც ჩაიკეტნენ ორივენი, ადგა ტობია სარეცლიდან და თქვა: ადექი, დაო, და ვილოცოთ, რათა წყალობა მოიღოს ჩვენზე უფალმა.

5. დაიწყო ტობიამ და თქვა: კურთხეულ ხარ, ღმერთო მამათა ჩვენთა, და კურთხეულია შენი წმიდა სახელი და განდიდებულია უკუნისამდე.

6. შენ შექმენი ადამი და შემწედ უძღვენი ევა, საყრდენად - ცოლი მისი. მათგან იშვა კაცთა მოდგმა. შენ თქვი: - არ არის კარგი კაცის მარტოდ ყოფნა, შევუქმნათ მას შემწე, მისი მსგავსიო.

7. და მეც, უფალო, არა სიძვისათვის მომყავს ცოლად ეს ჩემი და, არამედ ჭეშმარიტებით. ინებე შეწყალება ჩემი და მასთან შებერება.

8. თქვა ამის შემდეგ: ამინ.

9. და დაიძინა ორივემ იმ ღამეს.

10. ადგა რაღუელი, წავიდა და გათხარა საფლავი, თან ამბობდა: ნუთუ ესეც მოკვდება?

11. შევიდა რაღუელი სახლში.

12. და უთხრა ყადნას, თავის ცოლს: გავგზავნოთ ერთი მხევალი და ნახოს, ცოცხალია თუ არა. თუ არა და დავმარხოთ და არავის ეცოდინება.

13. წავიდა მხევალი, გააღო კარი და ნახა, რომ სძინავს ორივეს.

14. გამოვიდა და აუწყა, რომ ცოცხალია.

15. აკურთხა რაღუელმა ღმერთი, თქვა: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო, ყოველი წმინდა და ღვთაებრივი კურთხევით. გაკურთხონ შენ შენმა წმიდებმა, ყოველმა შენმა ქმნილებამ, ყოველმა შენმა ანგელოზმა, და რჩეელებმა გაკურთხონ შენ სამარადისოდ.

16. კურთხეულ ხარ, სიხარული რომ მომანიჭე და ისე რმოხდა, როგორც მეგონა, არამედ მრავალი შენი წყალობა მოიღე ჩვენზე.

17. კურთხეულ ხარ, რადგან შეიწყალე ორი მხოლოდშობილი. მოიღე მათზე, მეუფეო, წყალობა; მშვიდობაში, სიხარულში და წყალობებში გაატარებინე მთელი სიცოცხლე.

18. მერე მოუხმო მსახურებს საფლავის ამოსავსესდ.

19. გაუმართა მათ თოთხმეტდღიანი ქორწილი.

20. ფიცი დაადებინა ტობიას რაღუელმა, არ წასულიყო ქირწილის დღეების გასრულებამდე, ვიდრე ქორწილის ოთხმეტი დღე არ გავიდოდა.

21. მაშინ მიიღებდა ტობია რაღუელის ქონების ნახევარს და წავიდოდა მშვიდობით მამასთან. დანარჩენს კი მაშინ, როცა რაღუელი და მისი ცოლი დაიხოცებოდნენ.


თავი მეცხრე

1. მოუხმო ტობიამ რაფაელს და უთხრა:

2. ყაზარია, ძმაო, წაიყოლე თან მსახური ბიჭი და ორი აქლემი და გაემგზავრე მიდიის რაგეში გაბაელთან და წამოიღე ვერცხლი, და ისიც მოიწვიე ქორწილში.

3. რადგან დამაფიცა რაღუელმა, არ წავიდე.

4. მამაჩემი კი ითვლის დღეებს და, თუ დიდხანს დავყოვნდები, დიდად შეწუხდება.

5. გაემგზავრა რაფაელი, მივიდა გაბაელთან და მისცა მას ხერწერილი. მან კი გამოიტანა დაბეჭდილი ქისა და ჩააბარა მას.

6. განთიადზე დაადგნენ ორივენი გზას და მივიდნენ ქორწილში. აკურთხეს მათ ტობია და მისი ცოლი.


თავი მეათე

1. ტობითი კი, მამამისი, თითოეულ დღეს ითვლიდა. რომ ამოიწურა მგზავრობის დღეები და არ მოდიოდა ტობია,

2. თქვა: იქნებ დააბრკოლეს სადმე? ან იქნებ მოკვდა გაბაელი და არავინაა ვერცხლის გადამხდელი?

3. და შეწუხდა ძლიერ.

4. ხოლო ცოლმა უთხრა: დაღუპულია ჩვენი შვილი, ამიტომაც აგვიანებს. და დაიწყო მისი დატირება. თქვა:

5. არ ფიქრობდი ჩემზე, შვილო, თან რომ გაიყოლე ჩემი თვალის ჩინი?

6. უთხრა ტობითმა: გაჩუმდი, ნურაფერს იტყვი. ჯანმრთელადაა.

7. უპასუხა ხანამ: გაჩუმდი, ნუ მატყუებ, დაიღუპა ჩემი შვილი. გამოდიოდა ყოველდღე გარეთ, გზაზე, რომელსაც დაადგა ტობია. დღისით პურს არ ჭამდა და ღამით განუწყვეტლივ ტიროდა ტობიაზე, ვიდრე არ დასრულდა ქორწილის თოთხმეტი დღე, რომელიც ტობიას ფიცის თანახმად რაღუელთან უნდა დაეყო.

8. უთხრა ტობიამ რაღუელს: გამიშვი, რადგან მამაჩემს და დედაჩემს აღარა აქვთ ჩემი ხილვის იმედი.

9. უთხრა სიმამრმა: დარჩი ჩემთან და კაცს გავგზავნი მამაშენთან და მიუტანს მას შენს ამბავს. ტობიამ თქვა: არა, მე გამგზავნე მამაჩემთან.

10. ადგა რაღუელი და მისცა მას სარა, მისი ცოლი და ქონების ნახევარი - მსახურნი, საქონელი და ვერცხლი.

11. დაულოცა მათ გზა, თქვა: გაკურთხოთ თქვენ, შვილებო, ზეციერმა ღმერთმა ჩემს სიკვდილამდე.

12. უთხრა თავის ასულს: პატივი მიაგე შენს მამამთილს და დედამთილს, ისინი არიან ახლა შენი მშობლები. დაე, კარგი მესმოდეს შენზე. და აკოცა მას.

13. უთხრა ყადნამ ტობიას: საყვარელო ძმაო, შენი მფარველი იყოს ზეციერი უფალი, დაე, მახილვინოს შენი შვილები სარასაგან, ჩემი ასულისაგან, რათა დავლოცო ისინი უფლის წინაშე. აჰა, გაბარებ ჩემს ასულს ნუ აწყენინებ მას.

14. ამის შემდეგ დაადგა გზას ტობია, ღვთის მაკურთხეველი, რადგან კეთილად წარმართა ღმერთმა მისი მგზავრობა. და გამოეთხოვა რაღუელს და ყადნას, მის ცოლს.


თავი მეთერთმეტე

1. იარეს და მიუახლოვდნენ ნინევეს. უთხრა ტობიას რაფაელმა:

2. ხომ იცი, ძმაო, რა დღეში დატოვე მამაშენი?

3. გავუსწროთ წინ შენს ცოლს და შევამზადოთ შინაურები.

4. გეჭიროს ხელში თევზის ნაღველი. წავიდნენ და ძაღლიც მისდევდათ უკან.

5. ხანა კი იჯდა და გაჰყურებდა გზას შვილის მოლოდინში.

6. იგრძნო მისი მოახლოება და უთხრა მის მამას: აჰა, მოდის შენი შვილი და კაცი მოჰყვება თან.

7. თქვა რაფაელმა: ვიცი, დღეს აეხილება თვალები მამაშენს.

8. წაუსვი ნაღველი თვალებზე და როცა შეაწუხებს, მოიხოკავს და მოსცილდება ლიბრი და დაგინახავს.

9. სირბილით მიეგება ხანა, მოეხვია ყელზე თავის შვილს და უთხრა: რაკი გიხილე, შვილო, ახლა თუნდაც მოვკვდე. და ატირდნენ ორივენი.

10. ტობითი მოადგა კარს და წაბორძიკდა, ხოლო შვილმა მიირბინა მასთან.

11. წამოაყენა მამა და დააწვეთა ნაღველი თვალებზე და უთხრა: გამხნევდი, მამაჩემო.

12. აეწვა თვალები და მოიხოკა თუ არა, მოსცილდა გუგებს ლიბრი.

13. როგორც კი დაინახა თავისი ძე, მოეხვია ყელზე და ატირდა, და თქვა:

14. კურთხეულ ხარ, ღმერთო, კურთხეულია სახელი შენი უკუნისამდე, კურთხეულ არიან შენი წმიდა ანგელოზები, რადგან შემაჭირვეს და შემიწყალეს მე. აჰა, ვხედავ ტობიას, ჩემს ძეს.

15. შევიდა მათი ძე გახარებული და აუწყა მამამისს საკვირველი ამბები, რაც მიდიაში გადახდა.

16. გამოვიდა ტობითი თავის რძლის დასახვედრად ნინევის კარიბჭესთან, გახარებული და ღვთის განმადიდებელი, და უკვირდა ყველას მის დამნახველს, თვალხილული რომ მოდიოდა გზაზე. აღიარა ტობითმა მათ წინაშე, რომ შეიწყალა იგი ღმერთმა.

17. რომ მიუახლოედა სარას, თავის რძალს, უთხრა: მშვიდობით მოგვიხველ, ასულო. კურთხეულია ღმერთი, რომელმაც მოგიყვანა ჩვენთან, კურთხეულ იყვნენ მამაშენი და დედაშენი.

18. მაშინ მიეცა დიდი სიხარული ნინევეს ყველა მკვიდრს, ტობითის მოძმეებს.

19. მოვიდნენ აქიაქაროსი და ნასბასი, მისი ძმისწული, და შვიდ დღეს ზეიმობდნენ სიხარულით ტობიას ქორწილს.


თავი მეთორმეტე

1. მოუხმო ტობითმა ტობიას, თავის ძეს, და უთხრა: გადაუხადე შვილო გასამრჯელო შენს მეგზურს, ზედმეტიც ეკუთვნის.

2. მიუგო: მამაჩემო, არ ვიზარალებ, იმის ნახევარიც რომ გადავუხადო, რაც მივიღე.

3. აკი მშვიდობით მომიყვანა შენთან, ცოლიც განმიკურნა, ვერცხლიც მომიტანა და შენც განგკურნა.

4. თქვა მოხუცმა: ღირსია.

5. მოუხმო ანგელოზს და უთხრა: აიღე გასამრჯელოდ ნახევარი ყოველივე იმისა, რაც მოიტანეთ და წადი მშვიდობით.

6. მაშინ მოუხმო ანგელოზმა ორივეს ფარულად და უთხრა: აკურთხევდეთ ღმერთს და აღიარებდეთ მას, ადიდებდეთ და აღიარებდეთ ყოველი არსების წინაშე, რომელიც კი თქვენთან ერთად შეუქმნია. კარგია ღვთის კურთხევა და მისი სახელის განდიდება. მოწიწებით გააცხადეთ ღვთის საქმეები და ნუ დაიზარებთ მის სამადლობელს.

7. კარგია მეფის საიდუმლოს შენახვა, მაგრამ ღვთის საქმეთა გამოცხადება დიდებით ხამს. ქმენით სიკეთე და ბოროტება ვერ მოგაგნებთ თქვენ.

8. სიკეთეა ლოცვა მარხვით, მოწყალებით და სამართლიანობით. სჯობს მცირედი და სამართლიანობით, ვიდრე მრავალი და უსამართლობით. უმჯობესია მოწყალების გაღება, ვიდრე ოქროს დაუნჯება.

9. მოწყალება ხომ სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და განწმედს ყოველგვარი ცოდვისგან. მოწყალების გამღებნი და სიმართლის მყოფელნი სიცოცხლით აღივსებიან,

10. ხოლო ცოდვილნი თავისი თავის მტრები არიან.

11. არაფერს დაგიმალავთ, აკი ვთქვი: კარგია მეფის საიდუმლოს შენახვა, მაგრამ ღვთის საქმეთა განცხადება დიდებით ხამს.

12. რომ ლოცულობდით შენ და შენი რძალი სარა, მე აღვავლინე თქვენს ლოცვებზე შეხსენება წმიდის წინაშე. როცა მარხავდი მკვდრებს, მაშინაც შენი თანამდგომი ვიყავი.

13. რომ არ დაიზარე, ადექი და მიატოვე შენი სუფრა, რათა წასულიყავი მიცვალებულის გასაპატიოსნებლად, არ დაფარულა ჩემთვის შენი სიქველე, არამედ მეც შენთან ვიყავი.

14. ახლა მომავლინა მე ღმერთმა შენი და შენი რძლის სარას განსაკურნავად.

15. მე ვარ რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმიდა ანგელოზთაგანი, რომელნიც აღავლენენ წმიდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმიდის დიდების წინაშე.

16. შეძრწუნდნენ ორივენი და ქვედაემხნენ, რადგან შეიპყრო ისინი შიშმა.

17. უთხრა მათ რაფაელმა: ნუ გეშინიათ, მშვიდობა იყოს თქვენდა. აკურთხევდეთ ღმერთს უკუნისამდე.

18. რადგან ჩემი წყალობით კი არა, ჩვენი ღვთის ნებით ვარ მოვლენილი, ამიტომ აკურთხევდეთ მას უკუნისამდე.

19. ყოველდღე გეცხადებოდით, მაგრამ არც მიჭამია, არც მისვამს. მხოლოდ ხილვით მხედავდით.

20. ახლა კი, მადლობდეთ ღმერთს, რადგან ავდივარ მასთან, ვინც მომავლინა. წიგნში ჩაწერეთ ყოველივე, რაც გადაგხდათ.

21. ადგნენ და მეტად აღარ უხილავთ იგი.

22. აღიარებდნენ ღვთის საქმეს, დიადს და საოცარს, თუ როგორ გამოეცხადა მათ უფლის ანგელოზი.


თავი მეცამეტე

1. დაწერა ტობითმა ლოცვა სიხარულით და თქვა:

2. კურთხეულია ღმერთი ცხოველი უკუნისამდე და სუფევა მისი, რადგან ის არის შემაჭირვებელი და შემწყნარებელი, ჯოჯოხეთს ჩამყვანი და ამომყვანი, ვერავინ დაუსხლტება ხელიდან.

3. აღიარებდეთ მას, ისრაელიანებო, ხალხების წინაშე, რადგან მან გაგფანტათ მათ შორის.

4. იქ ცხადყავით დიდსულოვანება მისი, ადიდებდეთ მას ყოველი ცოცხალის წინაშე, რადგან ის არის ჩვენი უფალი და ღმერთი, ის არის ჩვენი მამა უკუნითი უკუნისამდე.

5. ის შეგვაჭირვებს ჩვენ ურჯულოებაში და კვალად შეგვიწყალებს და შეგვყრის ჩვენ ყველა ხალხებიდან, თუკი ვიქნებით განბნეულნი მათ შორის.

6. თუ მთელი გულით მოიქცევით მისკენ და მთელი სულით ჰყოფთ სამართალს მის წინაშე, მაშინ ისიც მოიქცევა თქვენსკენ და არ დაფარავს თქვენგან თავის სახეს.

7. იხილავთ, რასაც მოგაწევთ თქვენ. აღიარებდეთ მას ერთხმად და აკურთხევდეთ სიმართლის უფალს, ადიდებდეთ მეფეს საუკუნეთა.

8. მე ჩემი ტყვეობის ქვეყანაში ვაღიარებ მას და განვაცხადებ ცოდვილთა მოდგმას მის ძალასა და სიდიადეს. მოიქეცით, ცოდვილნო, და ქმენით სამართალი მის წინაშე. ვინ იცის, იქნებ ისურვოს თქვენი თავი და მოიღოს თქვენზე წყალობა?

9. მე ვადიდებ ჩემს ღმერთს, სული ჩემი ადიდებს ცათა მეუფეს და ხარობს მისი სიდიადით.

10. გააცხადოს ყველამ და აღიაროს იგი იერუსალიმში. იერუსალიმო, წმიდა ქალაქო! შეგაჭირვებს შენი შვილების ნამოქმედარის გამო და კვალად შეიწყალებს მართალთა შვილებს.

11. აღიარებდე უფალს კეთილად და აკურთხევდე საუკუნეთა მეფეს, რათა კვლავაც მადლით აშენდეს შენთვის მისი კარავი.

12. რათა გაახაროს შენ შორის ტყვედქმნილები და შეიყვაროს შენ შორის გატანჯულნი საუკუნის ყოველ თაობაში.

13. მრავალი ხალხი შორიდან მოვა უფლის, ღმერთის სახელთან. ძღვენით ხელში, ძღვენით ცათა მეფისათვის, თაობათა თაობანი მოგიძღვნიან ქება-დიდებას.

14. წყეულიმც იყოს ყოველი მოძულე შენი, კურთხეულ იყოს ყოველი შენი მოყვარული უკუნისამდე.

15. იშვებდე და იხარებდე მართალთა შვილების გამო, რადგან შეიკრიბებიან ისინი და აკურთხევენ მართალთა უფალს! ნეტარნი არიან შენი მოყვარულნი! გაიხარებენ შენი მშვიდობით.

16. ნეტარნი არიან შენს ტანჯვათა გამო შეწუხებულნი, რადგან გაიხარებენ შენით, როცა შენს დიდებას მოესწრებიან, და სიხარულში იქნებიან უკუნისამდე! აკურთხოს სულმა ჩემმა ღმერთი, დიდი მეუფე,

17. რადგან საფირონითა და სმარაგდით აშენდება იერუსალიმი, და პატიოსანი ქვით - შენი კედელი, გოდოლები და ბურჯები წმიდა ოქროთი, ხოლო მოედნები იერუსალიმისა ბერილონით, ანთრაკით და სუფირული ქვით მოიკირწყლება.

18. გაისმება მის ყოველ კუთხეში ალელუია და იტყვიან ქება-დიდებით: კურთხეულია ღმერთი, რომელმაც აღგაზევა უკუნისამდე.


თავი მეთოთხმეტე

1. დაასრულა ტობითმა აღსარება.

2. ორმოცდათვრამეტი წლისა იყო, როცა დაკარგა თვალისჩინი და რვა წლის მერე აეხილა თვალი. გაიღო მრავალი მოწყალება და შეემატა უფლის, ღვთის შიში და მოწიწება მისდამი.

3. ღრმად მოხუცდა და მოუხმო თავის ძეს მისი შვილებითურთ და უთხრა: შვილო, წაიყვანე შენი შვილები. აჰა, მოვხუცდი და ვეთხოვები სიცოცხლეს.

4. წადი მიდიაში, შვილო, რადგან მჯერა, რაც იონა წინასწარმეტყველმა თქვა ნინევეზე, დაემხობაო იგი. მიდიაში კი მშვიდობა იქნება, ვიდრე ჟამი მოუწევდესო, ჩვენი ძმები მადლიანი ქვეყნიდან განიფანტებიანო, იერუსალიმი გაუკაცრიელდება და გადაიბუგება ღვთის სახლი და უკაცრიელი იქნება, ვიდრე არ მოვაო მისი ჟამი.

5. მერე კვლავ შეიწყალებს მათ ღმერთი და დააბრუნებს აღთქმულ მიწაზე და ააშენებენ სახლს, არა წინანდელის მსგავსს, ვიდრე საუკუნის დრო-ჟამი ამოიწურებოდეს. ამის შემდეგ დაბრუნდებიან ტყვეობიდან და ააშენებენ იერუსალიმს პატიოსნად, აშენდება მასში ღვთის სახლი საუკუნის ყოველი მოდგმისთვის - დიდებული სახლი, როგორც ამას გვაუწყებენ წინასწარმეტყველნი.

6. ყოველი ხალხი მოიქცევა უფლის, ღვთის შიშისკენ ჭეშმარიტებით, დაამხობენ თავიანთ კერპებს და განადიდებს ყოველი ხალხი უფალს.

7. მისი ერი აღიარებს ღმერთს და აღამაღლებს უფალი თავის ერს და გაიხარებენ უფლის, ღვთის ყოველნი მოყვარულნი ჭეშმარიტებითა და სიმართლით, მოწყალების გამღებნი ჩვენი ძმებისთვის.

8. ახლა, შვილო: წადი ნინევედან, რადგან ჭეშმარიტად აღსრულდება, რაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა იონამ.

9. ხოლო შენ დაიცავი რჯული და მცნებები და იყავი მოწყალებისა და სიმართლის მოყვარული, რათა შენც კარგად იყო. დამარხე დედაშენიც ჩემთან ერთად და ნუღარ დაყოვნდები ნინევეში.

10. იცოდე, შვილო, რა გაუკეთა ჰამანმა აქიაქაროსს, თავის გამზრდელს, ნათელიდან წყვდიადში რომ შეიყვანა იგი. როგორ მიეზღო მას: აქიაქაროსი გადარჩა, მას კი საკადრისად მიეზღო - ჩავიდა შავეთში. მენაშემ გაიღო მოწყალება და გადაურჩა აქიაქაროსი სიკვდილის მახეს, რომელიც მისთვის იყო დაგებული, ჰამანი კი გაება მახეში და დაიღუპა.

11. ახლა შვილო: ხომ ხედავ რა ძალა აქვს მოწყალებას და როგორ იხსნის კაცს სამართალი. ამას რომ ამბობდა, დასტოვა იგი სულმა სარეცელზე. ას ორმოცდათვრამეტი წლისა იყო და პატივით დამარხეს იგი.

12. როცა მოკვდა ხანა, დამარხა ტობიამ იგი მამამისთან ერთად, და წავიდა თავისი ცოლ-შვილითურთ ეკბატანაში რაღუელთან, თავის სიმამრთან.

13. მიაწია ღირსეულ სიბერემდე და პატივით დამარხა თავისი სიმამრი და დაიმკვიდრა მისი და მამამისის, ტობითის ქონება.

14. მოკვდა ას ოცდა შვილი წლისა მიდიის ეკბატანში.

15. ვიდრე მოკვდებოდა, ეუწყა მას დაღუპვა ნინევესი, რომელიც წარტყვევნეს ნაბუქოდონოსორმა და ახაშვეროშმა. სიკვდილამდე გაიხარა ნინევეს ტყვეობაზე.