ფსალმუნი 1
1. ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
2. არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
3. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
4. უღმრთონი ასე კი არ არიან, ბზეს წააგვანან, ქარისგან აღგვილს.
5. ამიტომ ვერ წამოიმართებიან უღმრთონი სასამართლოში, ხოლო ცოდვილნი - მართალთა კრებულში.
6. რადგან უფალმა უწყის მართალთა გზა, უღმრთოთა გზა კი წარიხვეტება.
ფსალმუნი 2
1. რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას?
2. ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან.
3. დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო.
4. მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ.
5. მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს:
6. მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე.
7. გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ;
8. მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად.
9. შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ.
10. ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო!
11. ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით.
12. ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
ფსალმუნი 3
1. ფსალმუნი დავითისა. როცა გაურბოდა თავის ძეს აბესალომს.
2. უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი.
3. ბევრი ეუბნება ჩემს სულს: არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი. სელა.
4. და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა.
5. ჩემი ხმით მოვუხმობ უფალს და ის მიპასუხებს თავის წმიდა მთიდან. სელა.
6. ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი.
7. ვერ შემაშინებს სიმრავლე ხალხის, გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან.
8. აღსდეგ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს, ბოროტეულებს უმუსრავ კბილებს.
9. უფლისაგან არის ხსნა და ქენი კურთხევა შენს ერზე. სელა.
ფსალმუნი 4
1. გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი, ფსალმუნი.
2. მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.
3. შვილნო კაცისა! როდემდე იქნება ღირსება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს? სელა.
4. უწყოდეთ, რომ ამოირჩია ღმერთმა წმიდანი: უფალი ისმენს, ოდეს მოვუხმობ მას.
5. ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ იქვენს საწოლებში და იყუჩეთ. სელა.
6. შესწირეთ შესაწირავები სიმართლისა და უფალს მიენდეთ.
7. მრავალნი ამბობენ: ვინ გვიჩვენებს სიკეთეს? გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!
8. შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია პურის და მაჭრის სიუხვისას.
9. მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.
ფსალმუნი 5
1. დავითის ფსალმუნი სალამურზე, გუნდის ლოტბარისათვის.
2. ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას.
3. ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენს მიმართ ვლოცულობ.
4. უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები.
5. რადგან არა ხარ ბოროტების მოყვარული ღმერთი, ბოროტება ვერ დაისადგურებს შენთან.
6. ვერ დადგებიან ქედმაღალნი შენს წინაშე: შენ გძულს ყველა, ვინც უსამართლობის ჩამდენია.
7. შენ დაღუპავ სიცრუის მთქმელს; სისხლისმსმელი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან.
8. ხოლო მე შენი უხვი წყალობით მოვალ შენს სახლში, ვეთაყვანები შენს წმიდა ტაძარს შენდამი შიშით.
9. უფალო! მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო, გაასწორე შენი გზა ჩემს წინაშე.
10. რადგან არ არის ჭეშმარიტება მათს ბაგეებში, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ.
11. განსაჯე ისინი, ღმერთო, დაეცნენ თავიანთი ზრახვების გამო; თავიანთი ცოდვების სიმრავლისათვის მოიშორე ისინი, რადგან აღსდგენ შენს წინააღმდეგ,
12. და გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახელი უყვარს.
13. რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო; შენი წყალობით შემოსავ, როგორც ჯავშნით.
ფსალმუნი 6
1. რვასიმიან საკრავზე საგალობელი, გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
2. უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ და შენი რისხვით ნუ დამსჯი.
3. შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.
4. ჩემი სულიც შეძრწუნებულია და შენ, უფალო, როდემდე?
5. შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის.
6. რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება-დიდებას?
7. მოვიქანცე ვაებით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს.
8. დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.
9. განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.
10. ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.
11. გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან ყოველნი მტერნი ჩემნი; უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად.
ფსალმუნი 7
1. გალობა დავითისა, ქუშ ბენიამინელის გამო რომ უმღერა უფალს:
2. უფალო, ღმერთო ჩემო! შენზე ვარ მონდობილი. მიხსენი ყველა მდევნელისაგან და გადამარჩინე.
3. რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი.
4. უფალო, ღმერთო ჩემო! თუ რამ გავაკეთე, თუ უსამართლობა გამოვიდა ჩემი ხელიდან,
5. თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე და გავაგდე თუნდაც ჩემი მტერი ხელცარიელი, -
6. დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს, დაე, დედამიწაზე დაანარცხოს სიცოცხლე ჩემი და მტვრად აქციოს ღირსება ჩემი. სელა.
7. აღსდექ, უფალო, შენი რისხვით, ამაღლდი გულისწყრომით ჩემს მტრებზე, გამოიღვიძე ჩემთვის სამართალზე, რომელიც შენ დადე მცნებად.
8. გარს შემოგეხვევა გუნდი ხალხთა, მის ზემოთ ამაღლდი მწვერვალზე.
9. უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.
10. შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!
11. ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.
12. ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.
13. მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
14. მომაკვდინებელი იარაღი გაამზადა მისთვის, ისრებს წარმართავს მდევნელთა მიმართ.
15. აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.
16. ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.
17. მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.
18. ვადიდებ უფალს მისი სიმართლით და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.
ფსალმუნი 8
1. გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, დავითის ფსალმუნი.
2. უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება.
3. ჩვილთა და ძუძუმწოვართა ბაგეებიდან გამართე ხოტბა, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი.
4. როცა შევხედავ შენს ცას - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე,
5. რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?
6. ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.
7. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.
8. ყველა პირუტყვი - წვრილფეხა და მსხვილფეხა, ასევე ნადირი ველისა;
9. ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
10. უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე.
ფსალმუნი 9
1. გუნდის ლოტბარს, ლაბანის სიკვდილზე, დავითის ფსალმუნი.
2. გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.
3. ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.
4. ოდეს მიიქცევიან ჩემი მტრები უკან, მარცხს განიცდიან და დაიღუპებიან შენს წინაშე.
5. რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო.
6. განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე.
7. მტერი გაქრა, გაპარტახდა სამუდამოდ და შენ დაანგრიე ქალაქები, მათთან ერთად მოისპო მათი ხსენება.
8. ხოლო უფალი იარსებებს უკუნისამდე. მან მოამზდა სამართლისთვის თავისი ტახტი.
9. და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.
10. უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.
11. შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, ვინაიდან არ მიატოვებ, უფალო, შენს მაძიებლებს.
12. უგალობეთ უფალს, სიონის მკვიდრს, აუწყეთ მისი საქმენი ერებს.
13. რადგან იძიებს მათ სისხლს, გაიხსენებს მათ, არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას.
14. შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან.
15. რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.
16. ჩაცვივდნენ ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში, მათ გამზადებულ ბადეში გაება მათი ფეხი.
17. ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. სელა.
18. დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.
19. სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული - უპოვართა იმედი.
20. აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენს წინაშე.
21. უფალო, შიშის ზარი დაეცი მათ; დაე, შეიტყონ ერებმა, რომ კაცუნები არიან ისინი. სელა.
(ფსალმუნი 10)
21. რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს.
22. ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.
24. რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
25. ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.
26. გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.
27. თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“.
28. მისი პირი სავსეა წყევლით, თაღლითობით და სიცრუით; მისი ენა სიმრუდე და უკუღმართობაა.
29. ჩასაფრდება ეზოს უკან, სამალავიდან მოკლავს უდანაშაულოს, მისი თვალები საწყლებს უთვალთვალებენ.
30. დაუდარაჯდება საფარში, როგორც ლომი შამბნარში ჩაუსაფრდება საწყალს მოსატაცებლად, მოიტაცებს, ოდეს მოამწყვდევს თავის ბადეში.
31. მოიღუნება, გაწვება და საწყლებს თავის ბრჭყალებში მოაქცევს.
32. თავის გულში ამბობს: „დაივიწყა ღმერთმა, თავის სახე დამალა, რომ არ იხილოს აღარასოდეს“.
33. აღსდექ, უფალო ღმერთო, აღმართე ხელი, ნუ დაივიწყებ ჩაგრულებს.
34. რად უგულებელყო ბოროტმა ღმერთი? გულში იზრახა, რომ არ მოჰკითხავ.
35. უმზერ შენ, ვინაიდან ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე.
36. გადაამსხვრიე ბოროტისა და უკეთურის მკლავი, რომ ეძიონ მისი ბოროტება და ვერ იპოვონ.
37. უფალი არის ხელმწიფე უკუნითი უკუნისამდე, განქარდებიან ხალხები მისი ქვეყნიდან.
38. უფალო, მოისმინე მორჩილთა ნატვრა; შეამზადე მათი გული, მიაპყარ ყური;
39. გაუსამართლე ობოლს და ჩაგრულს, რომ აღარ დევნონ კაცთაგანი ამ ქვეყანაზე.
ფსალმუნი 10 (11)
1. გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში“.
2. რადგან აგერ ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.
3. თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?
4. უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.
5. უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.
6. ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
7. რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.
ფსალმუნი 11 (12)
1. დავითის საგალობელი რვასიმიან საკრავზე, გუნდის ლოტბარს.
2. მიხსენი, უფალო, რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
3. ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ;
4. მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს.
5. რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?
6. ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს.
7. უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.
8. უფალო, შენ შეინახავ მათ, დაიცავ ამ თაობიდან უკუნისამდე.
9. ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან, რაკი ამაღლდნენ უღირსები კაცთა მოდგმიდან.
ფსალმუნი 12 (13)
1. გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
2. როდემდე დამივიწყებ, უფალო, სამუდამოდ? როდემდე იქნები პირმიქცეული ჩემგან?
3. როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ჩემს გულში ყოველდღიურად? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე?
4. მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ.
5. თორემ იტყვის ჩემი მოძულე: „დავძლიე იგი“. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი.
6. ხოლო მე შენი წყალობის იმედი მაქვს, შენი შველით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.
ფსალმუნი 13 (14)
1. ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი.
2. უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
3. ყველამ უარყო, ერთაანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქნელი კეთილისა, ერთიც არ არის.
4. ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონოების ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ სჭამენ და ღმერთს არ უხმობენ?
5. იქ შეკრთნენ შიშით, რადგან ღმერთი მართალთა თაობაშია.
6. თქვენ დასცინეთ რჩევას საწყლისას, რაკი ღმერთია მისი მფარველი.
7. ვინ მისცემს სიონიდან ისრაელს ხსნას? ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავის ხალხის ტყვეობას, მოილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.
ფსალმუნი 14 (15)
1. ფსალმუნი დავითისა. უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე?
2. ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.
3. ვინც არავის გასჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს და აუგს არ იტყვის ახლობელზე.
4. ვის თვალშიც დამცირებულია საზიზღარი, ხოლო ღვთის მოშიშებს პატივსა სცემს; ვინც დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის;
5. ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოზე არ აიღებს; ამის მოქმედი არასოდეს წაფორხილდება.
ფსალმუნი 15 (16)
1. გალობა დავითისა. დამიფარე უფალო, რადგან შენზე ვარ მონდობილი.
2. მე ვუთხარი უფალს: შენ ხარ ჩემი ბატონი; ჩემი სიკეთე შენს გარეშე არ არსებობს.
3. წმიდანებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან, - მათთან არის ჩემი ყველა სურვილი.
4. დარდი გაუმრავლდეთ, ვინც უცხო კერპებისცნ ისწრაფის. მე არ ვასხურებ მათს სისხლიან შესასხურებელს და არც მოვიტან პირზე მათ სახელს.
5. უფალი ჩემი მემკვიდრეობისა და თასის ნაწილია შენს ხელშია ჩემი ხვედრი.
6. ჩემი მამულები მშვენიერ ადგილებში მერგო, სამკვიდროც მოსაწონია ჩემთვის.
7. ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი.
8. წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი.
9. ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ჩემმა ღირსებამ; ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად.
10. რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას.
11. მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულის შენი სახის წინაშე, ნეტარება - შენი მარჯვენით უკუნისამდე.
ფსალმუნი 16 (17)
1. ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან.
2. შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები განჭვრეტენ სწორად.
3. შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას.
4. ადამიანურ მოქმედებაში, შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან.
5. გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა.
6. მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები.
7. გვიჩვენე გასაოცარი წყალობა, დაიმედებულთა მხსნელო მტრებისაგან შენი მარჯვენით.
8. შემინახვ თვალისჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე.
9. ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად.
10. ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,
11. ყოველ ნაბიჯზე აწ გარს გვერტყმიან, გვითვალთვალებენ, რათა ძირს დაგვცენ.
12. ისინი წააგვანან ლომს, მსხვერპლზე რომ ოცნებობს და ლომის ბოკვერს, საფარში მჯდომარეს.
13. აღდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული ბოროტისაგან შენი მახვილით.
14. იმ კაცებისაგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან, რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ.
15. მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით.
ფსალმუნი 17 (18)
1. გუნდის ლოტბარს. უფლის მორჩილი დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ სიტყვები ამ გალობისა იმ დღეს, როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრის ხელთაგან და საულის ხელთაგან.
2. და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.
3. უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, - ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო.
4. ქებულია, ვიძახი, უფალი, და მტრებისაგან გადამარჩენს.
5. გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა.
6. შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა.
7. გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.
8. შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი; შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი.
9. აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, ნაკვერჩხლები აღმოენთნენ მისგან.
10. დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფეხთა ქვეშ - ნისლი უკუნი.
11. ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით.
12. წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად, მძიმე ღრუბლები, სიბნელე წყლისა.
13. მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები.
14. და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერჩხლებით.
15. გაუშვა ისრები და მიმოფანტა, ელვანი მრავალნი - და განაბნია.
16. და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე.
17. გამომიწოდა სიმაღლიდან, ამომიყვანა. მრავალ წყალთაგან გამომიხსნა.
18. დამიხსნა ძლიერი მტრისაგან და მოძულეთაგან ჩემთა, ჩემზე ძლიერნი რომ იყვნენ.
19. აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, და უფალი იყო ჩემი საყრდენი.
20. გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა, რადგან ვუყვარვარ მე.
21. მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა.
22. ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე;
23. ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია.
24. უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან.
25. და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე.
26. გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს - გულმართლად.
27. ჭეშმარიტს ჭეშმარიგად ექცევი, უკუღმართს - უკუღმართად;
28. რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.
29. ამიტომ ანთებ ჩემს ლამპარს, უფალო; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს.
30. შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს.
31. უმწიკვლოა გზა ღმერთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა.
32. რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის ბურჯი, გარდა ჩვენი ღმერთისა?
33. ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს.
34. ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს.
35. ომს ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
36. მომეცი ფარი შენი ხსნისა და შემეწიე შენი მარჯვენით. და განმადიდე შენი წყალობით.
37. გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ და ჩემი კანჭები აღარ წაბორძიკებულან.
38. დავედევნები ჩემს მტრებს და წამოვეწევი და არ დავბრუნდები, ვიდრე არ მოვსპობ.
39. დავამარცხებ და წამოდგომას ვეღარ შეძლებენ, ჩემთა ფეხთა ქვეშ განირთხმებიან.
40. და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფეხქვეშ.
41. ჩემს მტრებს ზურგი შენ აბრუნებინე ჩემგან და მე ამოვწყვეტ ჩემს მოძულეებს.
42. იღაღადებენ და მშველელი არ ეყოლებათ, უფლის მიმართ - და არ უპასუხებს.
43. გავაცამტვერებ, როგორც ქარი მტვერს, გავთელავ, როგორც ტალახს ქუჩაში.
44. მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერთა უფროსად, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახუროს მე.
45. ყურის მოკვრითაც მორჩილნი გახდებიან ჩემს წინაშე, უცხო ტომები პირფერულად მომეპყრობიან.
46. უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში.
47. უკვდავია უფალი და დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება ღმერთი - ჩემი მშველელი.
48. ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს.
49. ჩემო მხსნელო მტრებისაგან! შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღმდგარია ჩემს წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი.
50. ამისთვის გადიდებ ერებში, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ.
51. ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისთვის - დავითისა და მისი მოდგმისთვის უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნი 18 (19)
1. გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.
2. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.
3. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს.
4. არც მთქმელია და არც ნათქვამი, სადაც მათი ხმა არ ისმოდეს.
5. მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მან მზეს დაუდგა კარავი მათში.
6. და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; გმირივით ხარობს გარბენას გზისას.
7. ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა - მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.
8. რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.
9. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
10. შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი - ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.
11. სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.
12. და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის.
13. ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან.
14. ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.
15. დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.
ფსალმუნი 19 (20)
1. გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.
2. გიპასუხოს შენ უფალმა გაჭირვების დღეს, აგამაღლოს შენ იაკობის ღმერთის სახელმა.
3. გამოგიგზავნოს შემწეობა საწმიდრიდან. და სიონიდან შეგამაგროს შენ.
4. გაიხსენოს ყველა შენი შესაწირავი და მსუყედ ექმნეს აღსავლენი შენი. სელა.
5. მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.
6. ვიმხიარულებთ შენი შველით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
7. ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა ცხებული თვისი, თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.
8. ზოგნი ეტლებით და ზოგნი ცხენებით, ჩვენი კი ჩვენი ღმერთის სახელს ვიხსენებთ;
9. ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და წელში გავიმართეთ.
10. უფალო, გვიხსენი. დაე, მეუფემ შეგვისმინოს ჩვენი მოხმობის დღეს.
ფსალმუნი 20 (21)
1. გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი.
2. უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად.
3. შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ უკუაგდე. სელა.
4. რადგან წინ შეაგებე კეთილი კურთხევანი, თავზე დაადგი გვირგვინი წმინდა ოქროსი.
5. სიცოცხლე გთხოვა და მიეცი მას, დღეგრძელობა უკუნითი უკუნისამდე.
6. დიდია ღირსება მისი შენი შემწეობით, დიდება და დიდმშვენიერება მიანიჭე მას.
7. შენ უბოძე მას კურთხევანი სამარადჟამოდ, ალხინე იგი სიხარულით შენს წინაშე.
8. რადგანაც მეფე მინდობილი არის უფალზე და ზეციერის მოწყალებით არ დაეცემა.
9. შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს.
10. ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი რისხვის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ხოლო ცეცხლი შთანთქავს მათ.
11. შენ მათ ნაშიერს წარხოც ქვეყნიდან და მათ მოდგმას ძეთაგან კაცთა.
12. რადგან სიავე განიზრახეს შენს წინააღმდეგ, ბოროტს ზრახვიდნენ და ვერ შეიძლეს,
13. ვინაიდან შენ უკუშეაქცევ მათ, შენს მშვილდს მიმართავ მათი სახისაკენ.
14. ამაღლდი შენი ძალით, უფალო; ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას.
ფსალმუნი 21 (22)
1. გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი.
2. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა.
3. ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.
4. შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის.
5. შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.
6. შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.
7. მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.
8. ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს გადააქნევენ.
9. ღმერთზე მინდობილს იგი დაიხსნის, ის გადაარჩენს, თუ ნებავს იგი.
10. რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.
11. შენით ვიმედოვნებდი დაბადებიდან; დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.
12. ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
13. ირგვლივ მომადგნენ მე მოზვრები აურაცხელნი, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს.
14. პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს დადევნებულმა და მბრდღვინავმა.
15. ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.
16. გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა და მიმიყვანა სიკვდილის პირას.
17. რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.
18. მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.
19. ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე.
20. და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
21. გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული ჩემი, მარტოდ შთენილი.
22. მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქისგან გადამარჩინე.
23. ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.
24. უფლის მოშიშნო! ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და ეშინოდეს მისი ისრაელის მთელ მოდგმას.
25. რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა.
26. შენს გამოა ჩემი ხოტბა მრავალ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე გადაგიხდი აღთქმულს.
27. ჭამონ ღატაკთა და დანაყრდნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა.
28. გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.
29. რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი.
30. ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა.
31. შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.
32. მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა.
ფსალმუნი 22 (23)
1. საგალობელი დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება.
2. ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე.
3. სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი სახელის გულისათვის.
4. შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
5. გააწყე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ. ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა თასი ჩემი პირთამდე.
6. ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.
ფსალმუნი 23 (24)
1. საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.
2. რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი.
3. ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?
4. ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,
5. ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.
6. ეს არის თაობა მაძიებელთა, ვინც მოიძიებს სახებას შენსას, ღმერთო იაკობისა! სელა.
7. მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
8. ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი.
9. მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
10. ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა. სელა.
ფსალმუნი 24 (25)
1. დავითის ფსალმუნი. შენსკან აღვაპყარ, უფალო, სული ჩემი.
2. ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.
3. ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება. შერცხვნენ ამაოდ შემცოდველნი.
4. შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი.
5. წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენ გესავ ყოველდღე.
6. გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი და გულმოწყალება შენი, რადგან ისინი საუკუნოა.
7. ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი არ გაიხსენო; გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო.
8. კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე.
9. წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.
10. ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის.
11. შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია იგი.
12. ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად.
13. მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.
14. საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
15. ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, რადგანაც იგი მახისაგან იხსნის ჩემს ფეხებს.
16. გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოდმარტო და ბედუკუღმართი ვარ.
17. განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან.
18. შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება.
19. შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე.
20. შენ დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი, ნუ შევრცხვები, რადგანაც შენ გესავ.
21. უბიწოებამ და სიმართლემ დამიფაროს მე, რაკიღა შენი იმედით ვარ.
22. იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირიდან.
ფსალმუნი 25 (26)
1. დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდები.
2. გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი.
3. რადგან თვალწინ მიდგას შენი წყალობა და მივყვებოდი შენს ჭეშმარიტებას.
4. არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ.
5. შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
6. ხელებს დავიბან უბიწოებით და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.
7. რომ ვიღაღადო მადლობის ხმით და ყველა შენი საოცრება ვილაპარაკო.
8. უფალო, შევიყვარე სავანე შენი სახლისა და. ადგილი - კარავი შენი დიდებისა.
9. ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს - სისხლისმსმელებთან.
10. რომელთაც ხელთ აქვთ ბოროტება და მათი მარჯვენა სავსეა ქრთამით.
11. ხოლო მე ვივლი უბიწოებით; მიხსენი მე და შემიწყალე.
12. სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს.
ფსალმუნი 26 (27)
1. დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?
2. თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემი სხეულის შესასანსლად - მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან.
3. თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.
4. ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე.
5. რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს თავისი კარვის სამალავში, კლდეზე ამამაღლებს.
6. და ახლა მაღლა ავწევ თავს გარს შემოხვეული მტრების მიმართ და შევწირავ მის კარავში მსხვერპლსა ქებისა, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს.
7. ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე.
8. შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს მოვძებნი, უფალო.
9. ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს. ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მხსნელო,
10. რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე.
11. მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო.
12. ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ, რადგან აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ,
13. რომ არ მერწმუნა ხილვა უფლის სიკეთისა ცოცხალთა ქვეყანაში.
14. მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.
ფსალმუნი 27 (28)
1. დავითისა. შენ მოგიხმობ, უფალო, ჩემო ბურჯო! ნუ დადუმდები ჩემთვის; ვაი, თუ დადუმდე ჩემთვის და დავემგვანო საფლავში ჩასულებს.
2. ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს ავწევ შენი წმიდა ტაძრისაკენ.
3. ნუ შემაერთებ ბოროტებთან და სიყალბის მქმნელთან, რომელნიც მოყვასებთან მშვიდობაზე ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ.
4. მიუზღე მათ თავიანთი ნაქნარისამებრ და თავიანთი ბოროტმოქმედებისამებრ; მათთა ხელთა გაკეთებულის შესაფერისად მიუზღე მათ, გადაახდევინე მათი დამსახურებისამებრ.
5. რადგან არ ესმით მოქმედებანი უფლისა და მისთა ხელთა ნასაქმარი. ის დაანგრევს მათ და აღარ ააშენებს.
6. კურთხეულ არს უფალი, რომ შეისმინა ხმა ჩემი ვედრებისა.
7. უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი. მისით სასოებს ჩემი გული და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას.
8. უფალი ბურჯია თავისი ხალხისა და თავისი ცხებულის მხსნელი ფარია.
9. ახსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრო; მწყემსე ისინი და მოამაღლე უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნი 28 (29)
1. ფსალმუნი დავითისა. უძღვენით უფალს, ღვთის შვილებო, უძღვენით უფალს ქება-დიდება.
2. უძღვენით უფალს მისი სახელის დიდება; თაყვანი ეცით უფალს წმინდა ბრწყინვალებით.
3. ხმა უფლისა წყლებზე; დიდების ღმერთმა დაიგრგვინა; უფლის (ხმა იყო) მრავალ წყალზე.
4. ხმა უფლისა ძლიერებით, ხმა უფლისა ბრწყინვალებით.
5. ხმა უფლისა დაამსხვრევს ნაძვებს; და დაამსხვრევს ლიბანის ნაძვებს უფალი.
6. და ათამაშებს მათ ხბოსავით, ლიბანს და სირიონს - მარტორქის შვილის მსგავსად.
7. ხმა უფლისა გაჰკვეთს ცეცხლის ალს.
8. ხმა უფლისა უდაბნოს შეარყევს; შეარყევს უფალი კადეშის უდაბნოს.
9. ხმა უფლისა ნაადრევად მოამშობიარებს ირმებს და გააშიშვლებს ტყეებს; და მის ტაძარში ყოველივე ამბობს დიდებას.
10. უფალი იჯდა წარღვნის დროს და დაჯდება უფალი ხელმწიფედ უკუნისამდე.
11. უფალი ძალას მისცემს თავის ხალხს, უფალი აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.
ფსალმუნი 29 (30)
1. ფსალმუნი დავითისა, ქება სახლის განახლებისა.
2. განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე.
3. უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე.
4. უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ.
5. უგალობეთ უფალს, მისო წმიდანებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა.
6. რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე - მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს - მხიარულება.
7. და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: არ დავეცემი უკუნისამდე.
8. შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი სახე და - შევძრწუნდი.
9. შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები:
10. რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს?
11. უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი.
12. შენ ჩემი წუხილი ცეკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე.
13. ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუმდება, უფალო, ღმერთო ჩემო! შენ გადიდებ უკუნისამდე.
ფსალმუნი 30 (31)
1. გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
2. შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენი.
3. მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად.
4. რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი.
5. გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი.
6. შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო.
7. შევიძულე ამაოების დამცველები და მე მივენდე უფალს.
8. ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით. რადგან შენ იხილე ჩემი გაჭირვება, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა.
9. და არ მიმეცი ხელსა მტრისასა; ფართოდ დაამკვიდრე ფეხნი ჩემნი.
10. შემიწყალე უფალო, რადგან მიჭირს; დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.
11. რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები - გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა.
12. ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენი და მეზობლებისაგან - მეტად, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში დამინახავდა, გარბოდა ჩემგან.
13. გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს ვემსგავსებოდი.
14. რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიში ყოველი მხრიდან, რაჟამს შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს.
15. მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: შენა ხარ ჩემი ღმერთი.
16. შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენი ჩემთა მდევართა და მტერთა ხელიდან.
17. უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით.
18. უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ, დაე, შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ქვესკნელში.
19. დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე - ქედმაღლობით და სიძულვილით.
20. რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ, რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე.
21. შეიფარე ისინი შენი პირის საფარველქვეშ ადამიანის ხრიკებისაგან, დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავიდარაბისაგან.
22. კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა საკვირველი თვისი წყალობა ალყაშემორტყმულ ქალაქში.
23. და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან“, მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმე შემწეობისთვის.
24. შეიყვარეთ უფალი, წმიდანებო მისნო; ერთგულებს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს.
25. გამხნევდით და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ.
ფსალმუნი 31 (32)
1. მოძღვრება დავითისა. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისიც ცოდვები დაიფარა.
2. ნეტარ არს კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის და ვის სულშიც არ არის სიყალბე.
3. როდესაც ვდუმდთ, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა.
4. რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა.
5. ცოდვა ჩემი გაუწყე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა. სელა.
6. ამიტომ ილოცავს შენს მიმართ ყველა წმიდანი სვებედნიერ ჟამს; თუნდ იყოს წარღვნა წყალთა მრავალთა, ვერ მისწვდება მას.
7. შენ ხარ მფარველი, გაჭირვებისაგან მიცავ, ხსნის სიხარული შემომარტყი გარს. სელა.
8. გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე.
9. ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი უგუნური; ლაგამი და აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად, რომ შენ არ მოგიახლოვდეს.
10. მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.
11. იხარეთ უფლის მიერ და იმხიარულეთ, წმიდანებო; და იზეიმეთ, გულით მართლებო.
ფსალმუნი 32 (33)
1. იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.
2. ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.
3. უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.
4. რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.
5. უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.
6. უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.
7. შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
8. ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყველა მკვიდრი სამყაროისა.
9. რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
10. უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.
11. აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.
12. ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული.
13. ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.
14. თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
15. მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.
16. მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.
17. უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის.
18. აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;
19. რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.
20. ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.
21. რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს.
22. იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს.
ფსალმუნი 33 (34)
1. დავითისა, როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე და განიდევნა და წავიდა.
2. განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე.
3. უფლით იქადის ჩიმი სული; მოისმენენ თავმდაბლები და გაიხარებენ.
4. ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად.
5. მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელისგან.
6. მისი შემყურენი განათებულან და მათი პირი არ შერცხვენილა.
7. აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა.
8. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ.
9. განიცადეთ და ნახეთ, რომ კარგია უფალი; ნეტარება იმ კაცს, ვინც მასზეა მინდობილი.
10. მოიშიშეთ უფლისა, წმიდანო, მისნო, რადგან არა აქვთ შეჭირვება მოშიშებს მისას.
11. ძლიერნი ღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ.
12. მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.
13. ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად?
14. შეიკავე შენი ენა სიბოროტისგან და ბაგენი შენნი - ცბიერი სიტყვებისაგან.
15. ერიდე ბააროტებას და ჰქმენ კეთილი; ეძიე მშვიდობა და მიჰყევი მას.
16. უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები - მათი ლოცვისაკენ.
17. პირი უფლისა - ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რათა წარხოცოს დედამიწიდან მათი სახსენებელი.
18. მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან.
19. ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის.
20. მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი.
21. ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.
22. მოკლავს ცოდვილს ბოროტება, ხოლო მართლის მოძულენი პასუხს აგებენ.
23. იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასზეა მინდობილი.
ფსალმუნი 34 (35)
1. დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთ.
2. მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღსდექ ჩემდა შესაწევნელად.
3. იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს: უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ“.
4. შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი.
5. შეიქნენ ვითარცა ჩელხი ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი.
6. იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული და უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ.
7. რადგან უმიზეზოდ მომიმზადეს ორმო თავიანთი ხაფანგით, უმიზეზოდ არცხვენდნენ ჩემს სულს.
8. და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ;
9. ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით.
10. ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისაგან.
11. აღდგებიან ჩემს მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას მკითხავენ.
12. სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
13. ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.
14. როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი.
15. ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.
16. პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ.
17. უფალო, რამდენს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი გაპარტახებისგან, ლომის ბოკვერებისგან - მხოლოდშობილი ჩემი.
18. მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას.
19. არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.
20. რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ.
21. ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.
22. შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ განმერიდები მე;
23. გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად.
24. გამასამართლე შენი სიმართლით და ნურავინ გაიხარებს ჩემზე.
25. ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ იგი.
26. შერცხვნენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია, სირცხვილით შეიმოსონ, ვინც ჩემთან მედიდურად იქცევა.
27. იგალობონ და იმხიარულონ ჩემი სიმართლის მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი.
28. და ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას და ქებას შენსას დღენიადაგ.
ფსალმუნი 35 (36)
1. გუნდის ლოტბარს, უფლის მორჩილი დავითისა.
2. ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე.
3. რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს.
4. მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქმნას.
5. უსამართლობას ფიქრობს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგება, ბოროტს არ თაკილობს.
6. უფალო, ზეცაშია შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი - ღრუბლებამდე.
7. სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი ღრმაა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო.
8. რადგან ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო და ადამის ძენი შენს ფრთათა ქვეშ აფარებენ თავს.
9. დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასვამ მათ.
10. რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
11. მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს და სიმართლე შენი - გულწრფელებს.
12. ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა და ხელი ბოროტთა ნუ გამდევნის მე.
13. იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დავარდნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.
ფსალმუნი 36 (37)
1. დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.
2. რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.
3. მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე.
4. ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.
5. მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.
6. და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს - შუადღესავით.
7. დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.
8. მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე.
9. რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას.
10. კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.
11. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით.
12. ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ.
13. უფალი დასცინის მას, რადგან ხედავს, რომ მოდის მისი დღე.
14. მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდი, რათა ძირს დასცენ ღარიბი და ღატაკი, მოსპონ გზიანები.
15. მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება.
16. მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
17. რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
18. იცის უფალმა დღენი უცოდველთა, და მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება.
19. არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.
20. რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვითარცა ნასუქი ცხვრები, გაქრებიან, კვამლში გაქრებიან.
21. ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.
22. რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან.
23. უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯები კაცისა და მის გზას შეიყვარებს.
24. კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა.
25. ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალზე ხელგაწვდილი.
26. ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია.
27. ერიდე ბოროტს და ჰქმენ სიკეთე და იარსებებ სამრადჟამოდ.
28. რადგან უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის წმიდანებს: სამარადისოდ დაცულნი იქნებიან. ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება.
29. მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე.
30. წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
31. რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.
32. ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.
33. უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს.
34. მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას.
35. მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით ფესვგადგმული.
36. მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ აპოულობ.
37. დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.
38. ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება.
39. ხოლო წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს.
40. და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი.
ფსალმუნი 37 (38)
1. ფსალმუნი დავითისა, გასახსენებელი.
2. უფალო, შენი განრისხებისას ნუ მამხილებ და შენი რისხვის ჟამს ნუ დამსჯი.
3. რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე.
4. არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო.
5. რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან.
6. აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო.
7. წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.
8. რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში.
9. დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.
10. უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც დაფარული არ არის შენგან.
11. ჩემი გული თრთის, ძალღონე განმიდგა და თვალთა ჩემთა სინათლე - აღარც ის არის ჩემთან.
12. ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს, და ჩემი ახლობლები შორს გამიდგნენ.
13. მახე დამიგეს ჩემი სულის მაძიებლებმა, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ სიცრუეს, და მთელ დღეს მზაკვრობაზე ფიქრობენ.
14. მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს.
15. და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი.
16. რადგან შენ გელოდები, უფალო, შენ უპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო.
17. რადგან ვთქვი: ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა, გაბატონდებიან ჩემზე.
18. რადგან მარცხისთვის მე მზადა ვარ და ჩემი სატკივარი ჩემს წინაა მუდამ.
19. რადგანაც ჩემს ბრალს განვაცხადებ, ვიდარდებ ჩემს ცოდვაზე.
20. ჩემი მტრები კი ცოცხლობენ, ძლიერდებიან და მრავლდებიან ჩემი ამაოდ მოძულენი.
21. კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვცდილობ.
22. ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები.
23. გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მშველელო ჩემო!
ფსალმუნი 38 (39)
1. გუნდის ლოტბარს, იედუთუნს, დავითის ფსალმუნი.
2. ვიფიქრე: დავიცავ ჩემს გზებს ჩემი ენის შეცოდებისგან, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემს პირდაპირ.
3. დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი; მაგრამ ვაება გამიძლიერდა.
4. გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით:
5. მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა ჩემი დღეების, შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა.
6. აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენს წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა.
7. ამიტომ აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.
8. და ახლა რას ვესავ, უფალო? შენზეა ჩემი იმედი.
9. ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის გასალანძღავად.
10. დავმუნჯდი, ბაგეს აღარ გავაღებ, რადგან შენ ჰყავი ასეთნაირად.
11. ამარიდე სასჯელი შენი; შენი ხელის დარტყმისაგან დარბეული ვარ.
12. თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი, გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი. სელა.
13. მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი.
14. განზე განმიდექ, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.
ფსალმუნი 39 (40)
1. გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
2. მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება.
3. და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფეხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები.
4. და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა - განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეშინდება და მიენდობა უფალს.
5. ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ.
6. ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენს მიმართ - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად.
7. მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე; აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია;
8. მაშინ ვთქვი: აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე.
9. შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.
10. სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.
11. შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.
12. შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა; შენი წყალობა და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე.
13. რადგანაც გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.
14. ისურვე, უფალო, ჩემი დახსნა; უფალო, ჩემს დასახმარებლად გამოეშურე.
15. დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებს, უკუიქცნენ და თავი მოეჭრათ ჩემს ავის მდომებს;
16. დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: ოჰო, ოჰო!
17. გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძებს, მუდამ თქვან შენი შველის მოყვარულებმა: დიდია უფალი.
18. ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.
ფსალმუნი 40 (41)
1. გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
2. ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე. უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი.
3. უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს და ბედნიერი იქნება ქვეყანაზე; და არ გადასცემს მის მტრებს მათი სურვილისამებრ.
4. უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს.
5. ვთქვი მე: უფალო, შემიწყალე, განმიკურნე ჩემი სული, რადგან შეგცოდე.
6. ჩემი მტრები ავს იტყვიან ჩემზე: „როდის მოკვდება და გაქრება მისი სახელი“.
7. და თუ მოვა სანახავად, ტყუილს ილაპარაკებს; მისი გული სიცრუეს თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება.
8. ერთთავად ჩემზე ჩურჩულებენ ყველანი, ვინც მოძულეა ჩემი; ბოროტს ფიქრობენ ჩემზე.
9. სისაძაგლე აცუნდრუკებს მას და, თუ დაწვა, ვეღარ წამოდგება.
10. ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ.
11. ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, და წამომაყენე, და მე მივუზღავ მათ.
12. ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე.
13. და მე ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენს წინაშე დამაყენებ სამარადისოდ.
14. კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ!
ფსალმუნი 41 (42)
1. გუნდის ლოტბარს, მოძღვრება კორახის ძეთა.
2. როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო!
3. ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.
4. ჩემი ცრემლები პურად მქონდა დღისით და ღამით, რაკი მეტყოდნენ ყოველდღიურად: სად არის ღმერთი შენი?
5. ამის გახსენებაზე სული მეღვრება, რადგან ვიდოდი ხალხის გროვაში, მათთან ერთად მივდიოდი უფლის სახლამდე მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.
6. რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.
7. ღმერთო ჩემო, დაღვრემილია სული ჩემი: ამიტომ გიხსენიებ იორდანისა და ხერმონის მიწიდან, მიცყარის მთიდან.
8. უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი სადინარების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა.
9. დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას და ღამით ვუგალობებ მას ჩემთან. ჩემი სიცოცხლის ღმერთისადმი ლოცვას აღვავლენ.
10. ვუთხარი ღმერთს, ჩემს ქომაგს: რად დამივიწყე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა.
11. ჩემი ძვლების შემუსვრის დროს მლანძღავდნენ ჩემი მტრები, მეუბნებოდნენ ყოველდღე: სად არის ღმერთი შენი?
12. რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს.
ფსალმუნი 42 (43)
1. განმიკითხე, ღმერთო, და გამომესარჩლე უკეთურ ხალხთან, ცბიერი და ბოროტი კაცისაგან მიხსენი.
2. რადგან შენ ნარ ღმერთი ჩემი სიმაგრისა. რად მიმატოვე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა?
3. გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი წამიძღვებიან და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან.
4. და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო!
5. რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რას დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც განვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს.
ფსალმუნი 43 (44)
1. გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა მოძღვრება.
2. ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში.
3. შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე.
4. ვინაიდან მათ ხმლით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე.
5. შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო; უბოძე შველა იაკობს.
6. შენით დავანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით გავთელავთ, ვინც აღდგება ჩვენს წინააღმდეგ.
7. რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ჩემი მახვილი არ დამიხსნის.
8. არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენს მოძულეებს შეარცხვენ.
9. ღმერთით ვტრაბახობდით ყოველდღე და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე. სელა.
10. მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს მხედრობასთან.
11. უკუგვაქციე მტრისაგან და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ.
12. მიგვეცი ჩვენ, როგორც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე ხალხებს შორის.
13. გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე.
14. მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად - ჩვენს ირგვლივ მყოფთ.
15. იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის გასაქნევ-გამოსაქნევად ერებს შორის.
16. ყოველდღე ჩემი აუგი ჩემს წინაშეა და სირცხვილი მიფარავს სახეს
17. შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლის პირისაგან.
18. ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, და მაინც არ დაგივიწყეთ შენ, არ გაგვიმრუდებია შენი აღთქმა.
19. არ უკუქცეულან ჩვენი გულები და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი გზიდან.
20. როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე სირცხვილის ჩრდილი.
21. ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა უცხო კერპებისთვის,
22. განა ღმერთი არ გვაზღვევინებს ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა.
23. ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე, მივაჩნდით დასაკლავ ცხვრად.
24. გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო, გამოფხიზლდი, სამუდამოდ ნუ მიგვატოვებ.
25. რატომ ფარავ შენს სახეს? ივიწყებ ჩვენს მწუხარებასა და გაჭირვებას?
26. რადგან მეტისმეტად სულდამძიმებულნი ვართ, მიწას განერთხა ჩვენი მუცელი.
27. აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობის გულისათვის.
ფსალმუნი 44 (45)
1. გუნდის ლოტბარს, შოშანის საკრავზე: მოძღვრება კორახისა, გალობა სიყვარულისა.
2. აღმოთქვა ჩემმა გულმა სიტყვა კეთილი. მე ვამბობ: ჩემი ნახელავი - მეფეს; ჩემი ენა კალამია სწრაფად მწერლისა.
3. ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, ამიტომ გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე.
4. წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით.
5. და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და აჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი.
6. შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.
7. ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.
8. შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს.
9. მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ.
10. მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.
11. მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.
12. და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.
13. და ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი.
14. მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.
15. მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი მოჰყავთ შენთან.
16. მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სრა-სასახლეში.
17. შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელ დედამიწაზე.
18. გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიცომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნი 45 (46)
1. გუნდის ლოტბარს, გალობა კორახის ძეთა, ალამოთის საკრავზე.
2. ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად.
3. ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ.
4. იხმაურებენ, იბობოქრებენ წყალნი მათნი, მთები შეირყევიან მათი მედიდურობით. სელა.
5. მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას.
6. ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე.
7. ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა - გაქრა ქვეყანა.
8. ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.
9. მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა.
10. შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით.
11. შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი; ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.
12. ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.
ფსალმუნი 46 (47)
1. გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი.
2. ხალხნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით;
3. რადგან საშიშია უფალი ზენაარი, დიდი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.
4. დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს - ჩვენთა ფეხთა ქვეშ. სელა.
5. ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. სელა.
6. ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი - საყვირის ხმაზე.
7. უგალობეთ ღმერთს, უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს, უგალობეთ.
8. რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი; უგალობეთ გონივრულად.
9. გამეფდა ღმერთი ხალხებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე.
10. მთავარნი ხალხთა შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად.
ფსალმუნი 47 (48)
1. ფსალმუნი, საგალობელი კორახის ძეთა.
2. დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, წმიდა მთაზე.
3. ლამაზი მაღლობი, სიხარული მთელი ქვეყნიერებისა მთა სიონი; ჩრდილოეთ მხარეს ქალაქია დიდი მეფისა.
4. ღმერთი თავის სადგომში ცნობილია, ვითარცა სიმაგრე.
5. რადგან აგერ შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად.
6. ნახეს მათ და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაეჩქარნენ.
7. ძრწოლამ შეიპყრო ისინი, იკლაკნებიან მშობიარესავით.
8. აღმოსავლეთის ქარით შემუსრე ხომალდნი თარშიშისანი.
9. როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში; ღმერთი დააფუძნებს მას უკუნისამდე. სელა.
10. ვფიქრობდი, ღმერთო, შენს წყალობაზე შენი ტაძრის შუაგულში.
11. ვითარცა სახელი შენი, ღმერთო, შენი დიდებაც დედამიწის კიდით-კიდემდეა; სიმართლით სავსეა შენი მარჯვენა.
12. დაე, იხაროს სიონის მთამ, იმხიარულონ იუდაელმა ქალწულებმა შენი სამართლის გამო;
13. ყოველი მხრიდან მიადექით და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი კოშკები.
14. გული დაუდეთ მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას.
15. რადგან ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე.
ფსალმუნი 48 (49)
1. გუნდის ლობტარს, კორახის ძეთა ფსალმუნი.
2. ისმინეთ ესე, ხალხო ყოველო, ყური მოაპყარით ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო,
3. უბრალოებმაც, დიდგვაროვნებმაც, მდიდარმა და ღარიბმა ერთად.
4. ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი გონიერებას.
5. ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას,
6. რად შემეშინდება უბედურების ჟამს, ჩემი გზების ცოდვა გარს შემომეხვევა?
7. თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ.
8. ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს.
9. ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე.
10. რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ და არ იხილოს საფლავი.
11. რადგანაც ხედავს: ბრძენნი იხოცებიან, ბრიყვისა და სულელის მსგავსად იღუპებიან და თავიანთ დოვლათს სხვას უტოვებენ.
12. გულში ფიქრობენ, რომ მათი სახლები მუდმივია და მათი საცხოვრებლები - თაობიდან თაობამდე; თავიანთ სახელებს უწოდებენ მამულებს.
13. ადამიანი პატივისცემაში ვერ დარჩება; მიმსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.
14. ეს მათი გზა მათი უგუნურობაა, თუმცა შემდგომნი მათნი იწონებენ.
15. ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;
16. ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთისაგან, როცა ამომიყვანს. სელა.
17. არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.
18. რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს, თან არ ჩაჰყვება მისი დიდება.
19. თუმცა თავიანთ სულს სიცოცხლეშივე აკურთხებენ და გადიდებენ შენ იმისათვის, რომ კეთილს იზამ.
20. მივა მამების თაობასთან, რომელნიც ვერასოდეს ვერ იხილავენ სინათლეს.
21. ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დამსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.
ფსალმუნი 49 (50)
1. ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე.
2. სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი.
3. მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი.
4. გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე:
5. შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე.
6. და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია მსაჯული იგი. სელა.
7. ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.
8. მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები ყოველთვის ჩემს წინაშეა.
9. არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს.
10. რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.
11. ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან.
12. თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.
13. ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ?
14. მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.
15. და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
16. ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა?
17. შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები.
18. როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი.
19. პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს.
20. დაჯდები და შენს ძმაზე ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ.
21. ეს ჩაიდინე შენ და მე გავჩუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ.
22. ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, თორემ მოგსრავთ და ვერვინ გიშველით.
23. მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას“.
ფსალმუნი 50 (51)
1. გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი.
2. რაჟამს მივიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი, მას შემდეგ, როცა ბათ-შებაყთან შევიდა.
3. შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
4. მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე.
5. რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.
6. შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი - შენს სამართალში.
7. აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი.
8. აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული.
9. მასხურე უსუპი და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.
10. მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე.
11. სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
12. სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
13. ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
14. დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.
15. ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
16. მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს.
17. უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას.
18. რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს არ ინებებ.
19. შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
20. კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა.
21. მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, აღსავლენსა და მთლად დასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.
ფსალმუნი 51 (52)
1. გუნდის ლოტბარს, მოძღვრება დავითისა.
2. როცა მივიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს და უთხრა, რომ მივიდა დავითი ახიმელექის სახლში.
3. რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა საყოველდღეოა.
4. ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.
5. გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად, სიცრუე - სიმართლის ლაპარაკზე მეტად. სელა.
6. გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარი;
7. ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. სელა.
8. ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, და გაიცინებენ მასზე:
9. აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა, თავის ბოროტებაში გამაგრდა.
10. ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხე ღმერთის სახლში, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.
11. გადიდებ მუდამ შენი ნამოქმედარისთვის და მივენდობი შენს სახელს, რადგან კარგია იგი შენს წმიდათა წინაშე.
ფსალმუნი 52 (53)
1. გუნდის ლოტბარს, მახალათის საკრავზე, მოძღვრება დავითისა.
2. თქვა არამზადამ თავის გულში: „არ არის ღმერთი“, გაირყვნენ და ჩაიდინეს სისაძაგლე; აღარ არსებობს სიკეთის მქნელი.
3. ღმერთი ციდან უჭვრეტს ადამის ძეთ, რომ დაინახოს არის თუ არა ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
4. ყველა გაუკუღმართდა, გაიხრწნა ერთობ, კარგის მოქმედი ერთიც არ არის.
5. ნუთუ ვერ შეიგნეს სიმრუდის მქნელებმა, ჩემს ერს რომ ჭამენ, თითქოს პურს ჭამდნენ, ღმერთს კი არ უხმობენ.
6. იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში, რადგან ღმერთი განაბნევს შენზე ამხედრებულთა ძვლებს: შენ შეარცხვენ მათ, რადგან ღმერთმა უკუაგდო ისინი.
7. ნეტა მოვიდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავისი ხალხის ტყვეობას, ილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.
ფსალმუნი 53 (54)
1. გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა.
2. როცა მოვიდნენ ზიფელნი და უთხრეს საულს: აჰა, დავითი ჩვენთან იმალება.
3. ღმერთო! შენი სახელით მიშველე და შენი ძალით გამასამართლე.
4. ღმერთო! ისმინე ჩემი ლოცვა, მოაყურადე სიტყვებს ჩემი პირისა.
5. რადგან უცხონი აღიძრენ ჩემზე და მოძალადეებმა იძიეს სული ჩემი, არ წარმოიდგინეს ღმერთი თავიანთ წინაშე. სელა.
6. აგერ, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის გამმაგრებელი:
7. მან მიაგოს ბოროტება ჩემს მტრებს; შენი ჭეშმარიტებით მოსპე ისინი.
8. ნებით შემოგწირავ მსხვერპლს, ვადიდებ შენს სახელს, უფალო, რადგან კარგია.
9. რადგან ყოველგვარ გაჭირვებას გადამარჩინა და მტერთა ჩემთა დაცემა იხილა თვალმა ჩემმა.
ფსალმუნი 54 (55)
1. გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა.
2. ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას.
3. ყური მომაპყარ და მიპასუხე; ავტირდები ჩემს საუბარში და ავღაღადდები,
4. მტრის ხმისაგან, ბოროტის მიერ შევიწროებისაგან; რადგან თავს მახვევენ სიმრუდეს და სიძულვილით მირისხდებიან.
5. ჩემი გული თრთის ჩემს შიგნით და სიკვდილის საშინელება დამატყდა თავს.
6. შიში და ძრწოლა მოდის ჩემზე და შიშის ზარი მიპყრობს.
7. და ვამბობ: „ვინ მომცემს ფრთას, ვითარცა მტრედს?“ გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი.
8. აჰა, შორს, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას. სელა.
9. ავჩქარდებოდი, რომ მომენახა თავშესაფარი ძლიერი ქარისაგან, ქარიშხლისაგან.
10. მოსპე, უფალო, დაჰყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში.
11. დღედაღამ გარეუვლიან მის კედლებს, სიმრუდე და წვალებაა მის შიგნით.
12. ბოროტებაა მის შიგნით და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და ვერაგობა.
13. რადგან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე, მას დავემალებოდი;
14. შენ კი კაცი ხარ ჩემებრი, მეგობარი და მახლობელი ჩემი.
15. ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით მღელვარებით.
16. დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათ სადგომში, მათ შიგნით.
17. ხოლო მე მოვუხმობ ღმერთს, და უფალი მიშველის.
18. საღამოთი, დილით და შუადღბსას შევევედრები და შევტირებ, და მოისმენს ჩემს ხმას.
19. მშვიდობიანად დაიხსნა ჩემი სული ჩემს წინააღმდეგ ომისაგან, რადგან ბევრნი იყვნენ ჩემზე აღმდგარნი.
20. მოისმენს ღმერთი და უპასუხებს მათ დასაბამიდან მყოფი, სელა; რადგან არ არის ცვლილება მათში და არ ეშინიათ ღმერთისა.
21. ხელი გაიწოდეს მათთვის მშვიდობის მსურველთა წინააღმდეგ, დაარღვიეს აღთქმა.
22. ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზე რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია.
23. მიანდე უფალა შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას.
24. ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში, სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ.
ფსალმუნი 55 (56)
1. გუნდის ლოტბარს, მტრედზე, რომელიც მდუმარებს შორეთში. დავითის საგალობელი, როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში.
2. შემიწყალე, ღმერთო, რადგან გათელვას მიპირებს კაცი, ყოველდღე მავიწროებს მოშუღარი.
3. ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან მრავალი მეომება, უზენაესო.
4. საშიშროების დღეს შენ გესავ.
5. ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი - არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?
6. ყოველდღე ამახინჯებს ჩემს სიტყვებს; ბოროტია ყოველი მათი ზრახვა ჩემს მიმართ.
7. გროვდებიან, მისაფრდებიან ისინი - ჩემი მდევრები, ჩემს ნაკვალევს უთვალთვალებენ, თითქოსდა ჩემს სულს ელოდებიან.
8. ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ერები, ღმერთო!
9. ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები - აგერ, შენს წიგნშია.
10. მაშინ უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ; ეს ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის.
11. ღმერთში შევაქებ სიტყვას, უფალში შევაქებ სიტყვას;
13. ღმერთს მივენდე - არ მეშინია; რას მიზამს კაცი?
13. ჩემზეა, ღმერთო, შენი აღთქმები; სამადლობელს მოგიზღავ შენ.
14. რადგან იხსენი ჩემი სული სიკვდილისაგან, აგერ, ჩემი ფეხი წაბორძიკებისაგან, რათა ვიარო ღმერთის წინაშე სიცოცხლის შუბით.
ფსალმუნი 56 (57)
1. გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როცა საულს გაექცა მღვიმეში.
2. შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს.
3. მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც ქველმოქმედია ჩემს მიმართ.
4. გამომიგზავნის ციდან და მიშველის, შეარცხვენს ჩემი გათელვის მსურველს. სელა. გამომიგზავნის ღმერთი თავის წყალობას და ჭეშმარიტებას.
5. ჩემი სული ლომების შუაგულშია; ვწევარ ცეცხლის ალში, ადამის ძეთა შორის, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია და ენა - ბასრი მახვილი.
6. ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელ დედამიწაზეა შენი დიდება.
7. ბადე გაამზადეს ჩემთა ფეხთათვის; ჩემი სული მოიდრიკა; ჩემს წინ ორმო გათხარეს, თვითონ ჩაცვივდნენ შიგ. სელა.
8. წრფელია ჩემი გული, ღმერთო, წრფელია ჩემი გული. გიმღერებ და გიგალობებ.
9. გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოაღვიძე ჩანგი და ქნარი; გამოვაღვიძებ ცისკარს.
10. განგადიდებ ხალხებში, უფალო, გიგალობებ ერებში.
11. რადგან დიდია ზეცამდე შენი წყალობა და ღრუბლებამდე - შენი ჭეშმარიტება.
12. ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელს დედამიწაზეა შენი დიდება.
ფსალმუნი 57 (58)
1. გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ, დავითის საგალობელი.
2. ნუთუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ, მოსამართლენო? სისწორით სჯით, ადამის ძენო?
3. არამედ გულში უკუღმართობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენთა ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე.
4. გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას აცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქნელნი.
5. მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს.
6. რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა.
7. ღმერთო! შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში; ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო!
8. გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით.
9. ლოკოკინასავით დაუძლურდეს, ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილოს მზე.
10. ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ძეძვს, იგი უმსაც და გამომცხვარსაც ქარში წარხვეტავს.
11. გაიხარებს წმიდანი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში.
12. და იტყვის კაცი: აი, ნაყოფი წმიდანისა! მართლაც არსებობს ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას.
ფსალმუნი 58 (59)
1. გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის საყარაულოდ, რომ მოეკლათ იგი.
2. მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღმერთო; დამიცავი ჩემს წინააღმდეგ აღმდგართაგან.
3. მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან და სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე.
4. რადგანაც აგერ უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ ძლიერნი ჩემს წინააღმდეგ; არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება, უფალო.
5. უდანაშაულოდ გამორბიან და ემზადებიან, გამოიღვიძე ჩემს შესახვედრად და მომხედე.
6. ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის ჩამდენი. სელა.
7. დაე, მობრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარეუარონ ქალაქს.
8. აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო.
9. ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხს.
10. მის ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი.
11. ღმერთი - ჩემი მწყალობელი წინ წამიძღვეს; ღმერთმა შემახედოს ჩემს მტრებზე.
12. ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე შენი ძალით და დაამდაბლე, ფარო ჩვენო, უფალო.
13. მათი პირის ცოდვა მათთა ბაგეთა ნალაპარაკევია; და გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობისათვის, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის.
14. მოსპე რისხვით, მოსპე, რომ აღარ იყვნენ; და შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობზე ქვეყნიერების კიდით-კიდემდე. სელა.
15. დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარს შემოუარონ ქალაქს.
16. დაე, იწოწიალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე.
17. ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილაობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
18. სიძლიერევ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.
ფსალმუნი 59 (60)
1. გუნდის ლოტბარს, შუშან-ყედუთის საკრავზე, დავითის საგალობელი, შესწავლისათვის.
2. როდესაც ეომებოდა შუამდინარეთის არამს და ცობის არამს; და დაბრუნდა იოაბი და გაანადგურა თორმეტი ათასი ედომელი მარილოვან ველზე.
3. ღმერთო, მიგვატოვე, გაგვაპარტახე, გაგვირისხდი, კვლავ აღგვადგინე.
4. შეაზანზარე მიწა, გაკვეთე; განკურნე მისი ნამსხვრევები, რადგან მოირყა.
5. აჩვენე შენს ერს სიძნელე, გვასვი ჩვენ ღვინო საწამლავგარეული.
6. მიეცი შენს მოშიშებს დროშა ასაფრიალებლად ჭეშმარიტებისათვის. სელა.
7. რათა გადარჩნენ, ვინც შენ გიყვარს, იხსენი შენი მარჯვენით და გვიპასუხე.
8. ღმერთმა თქვა თავის წმიდაში: „ვიზეიმებ, დავყოფ შექემს და სუქოთის დაბლობს მივუზომავ“.
9. ჩემია გალაადი და ჩემია მენაშე, ეფრემი სიმაგრეა ჩემი თავის, იუდა - კანონმდებელია ჩემი.
10. მოაბი ქვაბია ჩემი განსაბანი, ედომზე ჩემს ფეხსაცმელს გავიშვერ; ჩემს წინაშე, ფილისტიმო, განადგურდები.
11. ვინ შემიძღვება გამაგრებულ ქალაქში? ვინ შემიყვანს ედომში?
12. თუ არა შენ, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და არ გამოდიხარ, ღმერთო, ჩვენს მხედრობასთან.
13. მოგვმადლე შველა გაჭირვებაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისაგან.
14. ღმერთის შეწევნით შევქმნით ლაშქარს, და ის დაამხობს ჩვენს მტრებს.
ფსალმუნი 60 (61)
1. გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე. დავითისა.
2. ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას.
3. ქვეყნის კიდიდან მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეხ.
4. რადგან შენა ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი.
5. ვაცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების საბურველში. სელა.
6. რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩვენი, მიეცი სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინია.
7. დღეები მოუმატე მეფის დღეებს, მისი წლები - თაობიდან თაობამდე.
8. იმყოფებოდეს მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება იფარავდეს მას.
9. ამგვარად ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითი-დღე.
ფსალმუნი 61 (62)
1. გუნდის ლოტბარს, იედუთუნისათვის. ფსალმუნი დავითისა.
2. მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან არის ჩემი ხსნა.
3. მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - აღარ დავეცემი მეტად.
4. ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს? გადაიქცევით ყველანი, ვითარცა კედელი გადახრილი, ყორე მორყეული.
5. განიზრახავენ მისი სიმაღლიდან გადმოგდებას, მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან. სელა.
6. მხოლოდ ღმერთს დაელოდე, სულო ჩემო, რადგან მისგან არის ჩემი იმედი.
7. მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - არ დავეცემი.
8. ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; სიმაგრე ჩემი ძალისა და ჩვმი თავშესაფარი ღმერთის მიერაა.
9. მიენდეთ მას ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. სელა.
10. მხოლოდ არარაობანი არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველანი ერთად არარაობაზე უარესია.
11. არ დაამყაროთ იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; დოვლათი ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
12. ერთხელ თქვა ღმერთმა - ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა ძალა.
13. და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.
ფსალმუნი 62 (63)
1. ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს.
2. ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.
3. ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.
4. რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.
5. ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
6. ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.
7. როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე.
8. რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ჩრდილქვეშ მოვილხენ.
9. შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი.
10. ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, ქვესკნელში შთავლენ.
11. მახვილის წერა გახდებიან, მელების კერძი შეიქმნებიან.
12. მეფე კი გაიხარებს, ღმერთის მიერ იქება ყველა, ვინც მას ფიცავს, რადგან დაიგმანება ტყუილის მოლაპარაკეთა პირი.
ფსალმუნი 63 (64)
1. გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა.
2. ისმინე, ღმერთო, ჩემი ხმა, როცა ვლოცულობ. მტრის შიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე.
3. დამიფარე ვერაგთა ჩუმი ზრახვისაგან, სიმრუდის მოქმედთა ამბოხისაგან.
4. რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი - მწარე სიტყვა,
5. რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ.
6. ძალას მოიკრებენ ცუდი საქმისათვის, მოითათბირებენ მახეების დაგებას, ამბობენ: ვინ შეამჩნევს მათ?
7. ეძიებენ სიმრუდეს, ძიებას ძიებით ასრულებენ, ხოლო შიგნეული კაცისა და გული ღრმაა.
8. და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან.
9. საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი.
10. და შეშინდება ყველა კაცი და ილაპარაკებენ ღმერთის ნამოქმედარზე და მის ნაქნარს ჩაუკვირდებიან.
11. გაიხარებს წმიდანი უფლის მიერ და მიენდობა მას, და დაიქადებენ გულმართლები.
ფსალმუნი 64 (65)
1. გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. გალობა.
2. შენ შეგშვენის ხოტბა, ღმერთო, სიონზე, და შენ აგისრულებენ აღთქმას.
3. მომსმენო ლოცვისა, შენთან მოვა ყველა ხორციელი.
4. ჩადენილმა ცოდვებმა დამჯაბნეს მე; ჩვენს დანაშაულს შენ შეგვინდობ.
5. ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით შენი სახელის სიკეთით, წმიდაა შენი ტაძარი.
6. საშიშარო, სიმართლით გვიპასუხე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, სასოებავ დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა.
7. განამზადა მთები თავისი ძალით, გარემოსილია ძლიერებით.
8. აწყნარებ ზღვათა ხმაურს, მათი ტალღების ხმაურს და ერების მღელვარებას.
9. და შეაშინებს კიდეთა მცხოვრებთ შენი სასწაულები, აღმოსავლეთსა და დასავლეთს გაამხიარულებ.
10. კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი.
11. მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ.
12. გვირგვინი დაადგი შენი სიკეთის ზაფხულს და შენი ნაკვალევიდან წვეთავს სიმსუქნე.
13. წვეთავენ უდაბნოს საძოვრებზე და ქედები ლხინით შეიმოსებიან.
14. საძოვრები ცხვრით აივსებიან და დაბლობები მარცვლეულით დაიფარებიან; იღაღადებენ და იმღერებენ.
ფსალმუნი 65 (66)
1. გუნდის ლოტბარს. გალობა - ფსალმუნი. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ.
2. უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას.
3. უთხარით ღმერთს: რა საშიშია შენი საქმენი, შენი ძალის სიმრავლით ქვეშ გაგეგებიან შენი მტრები.
4. მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ, უგალობებს შენს სახელს. სელა.
5. მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, საშიშია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე.
6. გადააქცია ზღვა ხმელეთად, მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო.
7. გაბატონებულია თავისი სიძლიერით მსოფლიოზე, მისი თვალები ჭვრეტენ ერებს. ვინც ეურჩება, არ ამაღლდება. სელა.
8. ადიდეთ, ხალხნო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი ქებისა.
9. შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი ფეხი.
10. რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლი გადაადნეს.
11. მოგვაქციე ბადეში, დაგვადგი ჩაგვრის უღელი წელზე.
12. შეგვასვი კაცი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში და გამოგვიყვანე სახალვათოდ.
13. მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,
14. რომ წარმოთქეეს ჩემმა ბაგეებმა და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს.
15. მსუქან შესაწირავებს ამოგიტან ერკემლის საკმევლითურთ, შემოგწირავ მოზვრებს და ვაცებს. სელა.
16. მოდით, მოისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ, და გიამბობთ, რა გააკეთა ჩემი სულისთვის.
17. მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით და აღვამაღლე იგი ჩემი ენით.
18. სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი.
19. ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.
20. კურთხეულ არს უფალი, რომ არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა.
ფსალმუნი 66 (67)
1. გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, ფსალმუნი - გალობა.
2. ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს. სელა.
3. რათა შეიტყონ ქვეყნიერებაზე, რომ შენი გზა ყველა ხალხისათვის შველაა.
4. გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები ერთიანად.
5. გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ხალხებს სისწორით და ერებს ქვეყანაზე წაუძღვები. სელა.
6. გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები მათიანად.
7. მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.
8. გვაკურთხოს ღმერთმა და ეშინოდეთ მისი დედამიწის კიდით-კიდემდე.
ფსალმუნი 67 (68)
1. გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი, საგალობელი.
2. აღდგეს ღმერთი, განიბნენ მისი მტრები და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან.
3. როგორც კვამლი გაიფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე, ისე დაიღუპებიან ბოროტნი ღმერთის პირისაგან.
4. ხოლო წმიდანები გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე და სიხარულით იზეიმებენ.
5. აქეთ ღმერთი, იგალობეთ მისი სახელი, განადიდეთ ის, ვინც ცას სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე.
6. მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა - ღმერთი მის წმიდა სადგომშია,
7. ღმერთს შეჰყავს მარტოხელები სახლში, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან.
8. ღმერთო! როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში, სელა,
9. დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის პირისაგან; ეს სინაიც - ღმერთის პირისაგან, ისრაელის ღმერთისა.
10. ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ დაუძლურდება, შენ გაამაგრებ.
11. შენი ხალხი დასახლდა იქ, შენი სიკეთით განუმზადე ღარიბს, ღმერთო.
12. უფალი იძლევა სიტყვას მახარობელთა დიდი გუნდისა.
13. ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, ხოლო სახლში მყოფი ნადავლს გაიყოფს.
14. თუნდაც ცხვრის ბაკებში იწვეთ, მტრედის ფრთებს ჰგავხართ ვერცხლით დაფარულს და მის ნაკრტენს მოოქროვილს.
15. როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, ცალმონის თოვლივით გაათეთრებს მას.
16. მთა ღმერთისა - მთა ბაშანისა, მთაგრეხილი - მთა ბაშანისა.
17. რატომ შეჰყურებთ შურით, მთაგრეხილებო, მთას, რომელიც ისურვა ღმერთმა თავის სამოსახლოდ და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ?
18. ღმერთის ეტლები უთვალავია, ათასეულები. მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდაში.
19. შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი ადამიანისათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა.
20. კურთხეულ არს უფალი, დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე; ღმერთია ჩვენი მშველერი. სელა.
21. ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი და უფალი ღმერთის ხელში არის სიკვდილის გასაღები.
22. მაგრამ ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს, ბანჯგვლიან კეფას - დანაშაულის გზით მოსიარულეს.
23. თქვა უფალმა: ბაშანიდან დავაბრუნებ; დავაბრუნებ ზღვის სიღრმეებიდან,
24. რათა ჩადგა შენი ფეხი მტრების სისხლში, როგორც შენი ძაღლები ჰყოფდნენ შიგ თავიანთ ენას;
25. ნახეს შენი სვლა, ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა,
26. წინ წარდგნენ მგალობლები, უკან - მემუსიკენი,
27. კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი უფალი წყაროდან ისრაელისა.
28. იქ ბენიამინი - უმრწემესი, წინ წახტა; იუდას თავადებმა ქვები დაუშინეს, ზებულონის თავადებმა, ნაფთალის თავადებმა.
29. შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა შენ ძალა, ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის.
30. შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, საჩუქრებს მოგიტანენ მეფეები.
31. შერისხე მხეცი ლერწმიანისა, ხარების ჯოგი ხალხის ხბოებს შორის, რომლებიც ტრაბახობენ ოქროს ზოდებით.
32. მოვლენ დიდებულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს.
33. ქვეყნიერების სამეფონო! უმღერეთ ჩვენს ღმერთს, უგალობეთ უფალს. სელა.
34. ამაღლებული ძველთუძველეს ცათა ცაში - აგერ ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას.
35. მიეცით სიძლიერე ღმერთს; მისი სიდიადე ისრაელზეა და მისი სიძლიერე - ღრუბლებში.
36. საშიში ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში; ღმერთი ისრაელისა - ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი!
ფსალმუნი 68 (69)
1. გუნდის ლოტბარს. შოშანის საკრავზე, დავითის ფსალმუნი.
2. მიხსენი, ღმერთო, რადგან სულამდე მოვიდა წყალი.
3. ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო.
4. მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.
5. ჩემი თავის ბალანზე მეტია ჩემი უმიზეზოდ მოძულენი; გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე ტყუილ-უბრალოდ გადამტერებულნი; რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო.
6. ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.
7. ნუ შერცხვებიან ჩემს გამო შენი მოიმედენი, უფალო, ღმერთო ძალთა; ნუ გაწბილდებიან ჩემს გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა.
8. რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე.
9. შორეული გავხდი ჩემი ძმებისათვის და უცხო - დედაჩემის შვილთათვის.
10. რადგან შენი სახელის შურმა დამღრღნა მე და შენთა მლანძღველთა ლანძღვა დამატყდა თავს.
11. და ვტირი ჩემი სულის მარხვით, და მათი სალანძღავი გავხდი.
12. და ჩავიცვი სამოსად ძაძა და იგავად ვიქეცი მათთვის.
13. ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი და მღერიან ღვინის მსმელნი.
14. და მე ვლოცულობ შენს მიმართ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე შენი შველის ჭეშმარიტებით.
15. მიხსენი ლაფისგან და არ დავინთქა, გადამარჩინე ჩემთა მოძულეთა და წყლის სიღრმეთაგან.
16. ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა და ნუ ჩამყლაპავს მორევი და ნუ შეიკრავს ჩემზე პირს ჭა.
17. მიპასუხე, უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე.
18. ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს; სწრაფად მიპასუხე.
19. მოუახლოვდი ჩემს სულს, გადაარჩინე; ჩემი მტრების ჯიბრით მიხსენი.
20. შენ იცი ჩემი გალანძღვა, ჩემი გაწბილება და ჩემი შერცხვენა; შენს თვალწინ არიან ჩემი მტრები.
21. დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და - ვერ ვპოვე.
22. და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი.
23. იყოს მათი ტაბლა მათთვის ხაფანგად და სიმშვიდის ჟამს - მახედ.
24. დაბნელდეს თვალნი მათნი და წელი მათი სამუდამოდ მოადუნე.
25. გადმოაფრქვიე მათზე შენი მრისხანება და შენი რისხვის ალი ეწიოთ მათ.
26. სამკვიდრებელი მათი გაპარტახდეს, მათ კარვებში არ იყოს მკვიდრი.
27. ვინაიდან, ვინც შენ გვემე, დევნიან, და შენს გვემილთა სატკივარს ამრავლებენ.
28. დაურთე ცოდვა მათს ცოდვას და ნუმც შეაღწევენ შენს სიმართლეში.
29. ამოიშალონ ცოცხალთა წიგნიდან და წმიდანებთან ნუ ჩაიწერებიან.
30. ხოლო მე ღარიბი და დავრდომილი ვარ. შენმა შველამ, ღმერთო, დამიფაროს მე.
31. ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით.
32. და უფრო მოეწონება ეს უფალს, ვიდრე ხარი, მოზვერი რქიანი და ჩლიქიანი.
33. რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.
34. ნახავენ მოკრძალებულნი, გაიხარებენ და გაცოცხლდება გული თქვენი, მაძიებელნო ღმერთისა.
35. განადიდებენ მას ცა და დედამიწა, ზღვები და ყოველი, მათში მოძრავი.
36. რადგანაც ღმერთი დაიხსნის სიონს და ააშენებს იუდას ქალაქებს, და დასახლდებიან იქ და დაიმკვიდრებენ.
37. მის მორჩილთა შთამომავლობა დაეუფლება მას და მისი სახელის მოყვარულნი დაბინავდებიან მასში.
ფსალმუნი 69 (70)
1. გუნდის ლოტბარს, დავითის გასახსენებელი.
2. ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად.
3. დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და დასაცინი გახდნენ ჩემი სიავის მდომნი.
4. დაე, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ვინც მეუბნება: ოჰო! ოჰო!
5. ილხინოს და გაიხაროს შენით ყველამ, ვინც შენ გეძიებს და გაიძახის მუდამ: „დიდია ღმერთი“, ვისაც უყვარს შველა შენმიერი.
6. ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ, ღმერთო, იჩქარე ჩემსკენ; ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ. უფალო, ნუ დააყოვნებ.
ფსალმუნი 70 (71)
1. შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს.
2. შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე.
3. იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ მოვდიოდე შენთან მარადჟამს; გაეცი ბრძანება ჩემს საშველად, რადგან ჩემი ბურჯი და ჩემი სიმაგრე ხარ.
4. ღმერთო ჩემო, მიხსენი ბოროტის ხელისაგან, უკანონობის მოქმედისა და მმარცველის ხელისაგან.
5. რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე.
6. შენზე ვიყავი დაყრდნობილი მუცლიდანვე, შენ გამომიყვანე დედის წელიდან; შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა მუდამ.
7. საოცრებასავით ვიყავი მრავალთათვის; და შენ ხარ ჩემი ძალოვანი თავშესაფარი.
8. ივსება ჩემი პირი შენი ქებით და შენმიერი ბრწყინვალებით ყოველდღიურად.
9. ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ.
10. რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა ჩემზე და ერთად მოითათბირეს ჩემი სულის წინააღმდეგ ჩასაფრებულებმა.
11. და ამბობენ: ღმერთმა მიატოვა იგი; დაედევნეთ და შეიპყარით, რაკი არა ჰყავს მხსნელი.
12. ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევნად გამოეშურე.
13. დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი სულის მტრები; სირცხვილმა და გაწბილებამ დაბუროს ჩემთვის სიავის მაძიებლები.
14. ხოლო მე ვესავდე და ვამრავლებდე ყოველნაირად შენს ქებას;
15. ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღეა შველა შენმიერი, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.
16. შევალ უფალი ღმერთის ძლიერებით, გავიხსენებ შენს სიმართლეს, მხოლოდ შენსას.
17. ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც ვუბნობ შენს საოცრებაზე.
18. ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს.
19. ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი?
20. შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ.
21. შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად.
22. მეც მადლობას გადაგიხდი ებნის საკრავით, ვადიდებ შენს ჭეშმარიტებას, ღმერთო; გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა.
23. იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ დაიხსენი.
24. ჩემი ენაც ყოველდღე წარმოსთქვამს შენს სიმართლეს, რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემი ავის მაძიებელნი.
ფსალმუნი 71 (72)
1. სოლომონის შესახებ. ღმერთო! შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს.
2. გაასამართლოს შენი ერი სიმართლით და შენი ღატაკნი - სამართლიანად.
3. მოუტანონ მთებმა მშვიდობა ერს და ბორცვებმა - სიმართლე.
4. გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი.
5. შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე.
6. იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე. როგორც წვეთები, მიწას რომ რწყავენ.
7. მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.
8. და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.
9. მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.
10. თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.
11. და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება.
12. რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე.
13. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის.
14. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში.
15. იცოცხლებს და მისცემენ მას არაბეთის ოქროს და ილოცავენ მისთვის მუდამ, ყოველდღე აკურთხებენ მას.
16. იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს, ვითარცა ტყე ლიბანისა; აბიბინდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე.
17. მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი, და იკურთხებიან მის მიერ, ყოველი ხალხი შენატრებს მას.
18. კურთხეულ არს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა.
19. და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით მთელი ქვეყნიერება. ამინ, ამინ!
20. დამთავრდა ლოცვანი დავითისა, იესეს ძისა.
ფსალმუნი 72 (73)
1. ფსალმუნი ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ.
2. მე კი - კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები.
3. რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას.
4. რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე და ჯანმრთელები არიან.
5. ადამიანის სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებთან არ ტვირთმძიმობენ.
6. ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს.
7. სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.
8. ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ.
9. მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება.
10. ამიტომ ბრუნდება მისი ერი აქ და სვამენ წყალს სავსე თასიდან.
11. და ამბობენ: როგორ შეიტყობს ღმერთი? და განა აქვს გაგება უზენაესს?
12. აჰა, ეს ბოროტნი, უზრუნველნი ამა სოფლისა, იხვეჭენ დოვლათს.
13. ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე ხელები.
14. და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე და ვიტანჯებოდი დილდილაობით.
15. რომ მეთქვა: ვიმსჯელებ ასე, მაშინ შენი შვილების თაობას ვუღალატებდი.
16. და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს - მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში.
17. ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს.
18. მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე.
19. როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან!
20. როგორც სიზმარი ქარწყლდება გამოღვიძების შემდეგ, უფალო, ისე დაამცირებ მათ სახეებს, როცა გამოაფხიზლებ.
21. როცა გული დამიძმარდა და შიგნეულობა დამეფლითა,
22. უმეცარი ვიყავი და ვერ მივხვდი, პირუტყვივით ვიყავი შენს წინაშე.
23. ხოლო მე მუდამ შენთანა ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი.
24. შენი რჩევით მიმიძღვი წინ და შემდგომ პატივით მიმიღებ.
25. ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე.
26. ქანცგამოლეულია ჩემი სული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.
27. რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც განზე განგიდგება.
28. ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე.
ფსალმუნი 73 (74)
1. მოძღვრება ასაფისა. რატომ მიგვატოვე, უფალო - სამუდამოდ? აინთო შენი რისხვა შენი სამწყსოს ცხვარზე?
2. გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, იხსენი ტომი შენი სამკვიდრო, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა,
3. წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისკენ - ყოველივე დაუნგრევია მტერს.
4. შენი მტრები ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ.
5. ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.
6. და ახლა ჩუქურთმები უროთი და ცულით დაამტვრიეს ერთიანად.
7. ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.
8. თქვეს თავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად. დაწვეს ღმერთის ყველა საკრებულო დედამიწაზე.
9. ჩვენს სასწაულებს ვეღარ ვხედავთ, აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და არვინ არის ჩვენთან, რომ იცოდეს - როდემდე?
10. ღმერთო, როდემდე უნდა იგინოს მტერმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი სახელი?
11. რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან და მოსპე.
12. ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.
13. შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, წყალზე მიუმვრიე თავები ურჩხულებს.
14. შენ გაუჭეჭყე თავი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.
15. შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი.
16. შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.
17. შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.
18. გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.
19. მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.
20. მიხედე აღთქმას, რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით.
21. ნუ დაბრუნდება ჩაგრული გაწბილებულად, ღარიბ-ღატაკნი აქებენ შენს სახელს.
22. აღდეგ, უფალო, ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე შენი ლანძღვა არამზადებისაგან ყოველდღე.
23. ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა ხმაური ამოდის მუდამ.
ფსალმუნი 74 (75)
1. გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ. ფსალმუნი ასაფისა. გალობა.
2. გადიდებთ შენ, ღმერთო, გადიდებთ, რადგან ახლოა შენი სახელი; ლაპარაკობენ შენს საოცრებებს.
3. როცა გამოვნახავ დროს, გავასამართლებ სისწორით.
4. ირყეოდნენ დედამიწა და მისი მცხოვრებნი, მე გავამაგრე მისი სვეტები. სელა.
5. ვუთხარი სულელებს: ნუ მოჰყვებით ქედმაღლობას,
6. ნუ მოჰყვებით მეტისმეტ ქედმაღლობას, ნუ ილაპარაკებთ ამპარტავნულად.
7. რადგან არც აღმოსავლეთიდან და არც დასავლეთიდან, და არც უდაბნოდანაა მთები.
8. ვინაიდან ღმერთი განსჯის: ერთს დაამდაბლებს და მეორეს აღამაღლებს.
9. რადგან უფლის ხელშია თასი და ღვინო დუღს ნარევით სავსე, და ასხამს მისგან, მის თხლესაც კი სწურავენ და სვამენ ყოველნი ბოროტნი ქვეყნისა.
10. ხოლო მე ვიტყვი ყოველ ჟამს, ვუგალობებ იაკობის ღმერთს.
11. ბოროტთა რქებს მთლიანად დავამტვრევ, მართლის ღირსებას ავამაღლებ.
ფსალმუნი 75 (76)
1. გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე. ფსალმუნი ასაფისა. გალობა.
2. ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი.
3. და იყო იერუსალიმში. მისი კარავი და მისი სადგომი - სიონში.
4. იქ დაიმსხვრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი. სელა.
5. ბრწყინვალე და ძლიერი ხარ სანადირო მთებზე მეტად.
6. გაცოფდნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ და ვერც ერთმა მოლაშქრემ ვეღარ ჰპოვა ხელები თვისი.
7. შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და ცხენსაც.
8. შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს?
9. ციდან მოგვასმინე სამართალი; დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა;
10. როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად. სელა.
11. რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, ნაშთს რისხვისას მოთოკავ.
12. აღუთქვით და გადაუხადეთ უფალ ღმერთს; ყველამ - მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს.
13. ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს ამქვეყნიურ მეფეებს.
ფსალმუნი 76 (77)
1. გუნდის ლოტბარს. იედუთუნის შესახებ. ასაფის ფსალმუნი.
2. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და მე შევღაღადებ. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და ის მომისმენს.
3. ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ, ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.
4. გავიხსენებ ღმერთს და ვთრთი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული. სელა.
5. თვალი არ დამახუჭინე; შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.
6. ვიგონებდით ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს.
7. გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი.
8. ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მოისურვებს?
9. ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა, დამთავრდა მისი სიტყვა თაობიდან თაობამდე?
10. ნუთუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა? ნუთუ რისხვით უარყო სიბრალული? სელა.
11. და ვთქვი: აი, ჩემი უბედურება - შეცვლა უზენაესის მარჯვენისა.
12. გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები.
13. ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ.
14. ღმერთო! წმიდაა შენი გზა. რომელი ღმერთია ჩვენი ღმერთივით დიდი?
15. შენა ხარ ღმერთი, სასწაულის მოქმედი; შენ გამოავლინე ხალხთა შორის ძლიერება შენი.
16. შენი მკლავით დაიხსენი შენი ერი - ძენი იაკობისა და იოსებისა. სელა.
17. გიხილეს წყლებმა, ღმერთო, გიხილეს წყლებმა - შეშინდნენ, უფსკრულნიც კი შეძრწუნდნენ.
18. გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა გამოსცეს ცებმა, შენი ისრებიც მიმოფრენდნენ.
19. შენი გრგვინვის ხმა ცის თაღზე - გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა.
20. ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი - დიდ მდინარეებში, და შენი კვალი არ არის ცნობილი.
21. უძღოდი, ვითარცა ცხვარს, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით.
ფსალმუნი 77 (78)
1. მოძღვრება ასაფისა. ისმინე, ხალხო ჩემო, ჩემი კანონი; ყური მოაპყარით ჩემთა ბაგეთა ნათქვამს.
2. იგავით გავხსნი პირს, ავამეტყველებ გამოცანებს დასაბამისა.
3. რაც მიავისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა გვიამბეს,
4. არ დავუმალავთ ჩვენ მათს შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება-დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.
5. დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის.
6. რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.
7. და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი.
8. და არ ემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილთა და ურჩთა თაობას, თაობას, რომ არ აწაღმართა გული თავისი და ურწმუნო-ჰყო უფლის მიმართ თავისი სული.
9. ძენი ეფრემისა, აღჭურვილნი და მშვილდმოზიდულნი, უკუიქცნენ ბრძოლის დღეს.
10. მათ არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.
11. გადაივიწყეს მისი საქმენი და სასწაულნი, მათ რომ მოუვლინა.
12. მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე.
13. გააპო ზღვა და შიგ გაატარა ისინი, და კედელივით წამომართა წყლები.
14. და უძღოდა დღისით ღრუბლით და მთელი ღამე - ცეცხლის შუქით.
15. გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან.
16. გადმოადინა ნაკადები კლდისაგან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით.
17. ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში.
18. ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის.
19. და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?
20. ჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?
21. ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და ისრაელზე აღზევდა რისხვა.
22. რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს იმედი.
23. და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები.
24. და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა მათ.
25. ძლიერთა პურსა ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად.
26. აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი.
27. და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მტვერი, და ვითარცა ზღვის ქვიშა - ფრთოსანი ფრინველი.
28. და ჩამოჰყარა მათი ბანაკის სიახლოვეს, გარშემო მათი საცხოვრისებისა.
29. ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი.
30. ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი, საჭმელი კიდევ პირში ჰქონდათ;
31. რომ ღმერთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა.
32. მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები.
33. და დაასრულა ამაოებით მათი დღეები და მათი წლები ძრწოლით.
34. როცა ხოცავდა, მაშინ მოიძიებდნენ მას. და ბრუნდებოდნენ და მიმართავდნენ ღმერთს.
35. და იხსენიებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია.
36. და ელაქუცებოდნენ მას პირით და ენით ეცრუებოდნენ მას.
37. ხოლო არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ.
38. და ის, გულმოწყალე, შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას.
39. გაიხსენებს, რომ ხორციელნი არიან ისინი, სული, რომელიც გარდავა და აღარ ბრუნდება.
40. რამდენჯერ გაუჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას.
41. ბრუნდებოდნენ და სცდიდნენ უფალს და შეურაცხყოფდნენ სიწმიდეს ისრაელისას.
42. არ გაიხსენეს ხელი მისი, დღე, როცა დაიხსნა ისინი გასაჭირიდან.
43. როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში სასწაულები თავისი და საოცრებანი ცოყანის ველზე.
44. და გადააქცია სისხლად მდინარეები და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ.
45. მიავლინა მათთან მწერნი, რომ დაეკბინათ ისინი და მყვარნი, რომ დაეღუპათ ისინი.
46. და მისცა მუხლუხს მათი მოსავალი და მათი ნაჯაფი - კალიას.
47. სეტყვით მოსრა ვენახი მათი და ლეღვსულელნი მათნი - თრთვილით.
48. და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი და ხორშაკ ქარებს - ჯოგები მათი.
49. მიავლინა მათთან თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები.
50. გზა გაუკვალა თავის რისხვას, არ დაინდო სიკვდილისაგან მათი სული და მათი ცხოველები ჭირს მისცა.
51. განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი - ხამის კარვებში.
52. წაიყვანა ცხვარივით ხალხი თავისი და უდაბნოში, როგორც ფარას, ისე წარუძღვა.
53. უძღოდა მათ იმედიანად და არ ეშინოდათ, ხოლო მათი მტრები ზღვამ დაფარა.
54. მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიხელთა მისმა მარჯვენამ.
55. განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი მამულები სამკვიდრებლად, და დაასახლა მათს კარვებში ტომები ისრაელისა.
56. კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ ღმერთს უზენაესს და მისი მცნებანი არ დაიცვეს.
57. იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად, უკან ბრუნდებოდნენ ყალბი მშვილდივით.
58. განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გააღვიძეს მისი შური.
59. მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეგად შეიძულა ისრაელი.
60. მიატოვა შილოს სავანე, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული.
61. და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ.
62. და გასწირა სამახვილოდ ხალხი თავისი და თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა.
63. მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა და მისი ქალწულები ვერ გათხოვდნენ.
64. მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ და მის ქვრივებს არ უტირიათ.
65. და გაიღვიძა, ვითარცა მძინარემ, უფალმა, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა.
66. და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიანიჭა მათ.
67. დაიწუნა იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ ამოირჩია.
68. ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.
69. მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა.
70. ამოირჩია მორჩილი თვისი დავითი და წამოიყვანა იგი ცხვრის ფარებიდან.
71. მეწველი ჯოგიდან მოიყვანა იგი იაკობის - თავისი ხალხის და ისრაელის - თავისი სამკვიდრებლის სამწყემსად.
72. და მწყემსა ისინი თავისი სპეტაკი გულით და თავის ხელთა გონიერებით უძღოდა მათ.
ფსალმუნი 78 (79)
1. ფსალმუნი ასაფისა. ღმერთო! ხალხები მოვიდნენ შენს სამკვიდრებელში, შებილწეს შენი წმიდა ტაძარი, იერუსალიმი ნანგრევებად აქციეს.
2. მისცეს შენს მორჩილთა მძორი საჭმელად ცის ფრინველებს, შენთა წმიდათა სხეულები - მიწის ნადირებს.
3. დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინაა.
4. სალანძღავი გავხდით ჩვენი მეზობლებისათვის, მასხრად ასაგდები და დასაცინი - ჩვენს ირგვლივ მყოფთათვის.
5. როდემდე იქნები, უფალო, მუდმივად განრისხებული და იგიზგიზებს შური შენი, ვითარცა ცეცხლი?
6. გადმოღვარე შენი რისხვა იმ ხალხებზე, შენ რომ არ გცნობენ, და იმ სამეფოებზე, შენს სახელს რომ არ შეჰღაღადებენ.
7. რადგან შეჭამეს იაკობი და მისი სადგომი გააპარტახეს.
8. ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს წინ შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავჩაჩანაკდით.
9. დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის; გადაგვარჩინე და შეგვინდე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გულისათვის.
10. რატომ უნდა თქვან ხალხებმა: სად არის მათი ღმერთი? ცნობილი გახდეს წარმართთა შორის ჩვენს თვალწინ. შურისძიება შენს მორჩილთა დაღვრილი სისხლისა.
11. მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ. შენი მკლავის სიძლიერით შეეწიე სასიკვდილოდ განწირულ შვილებს.
12. დაუბრუნე ჩვენს მეზობლებს შვიდმაგად მათ წიაღში ის დამცირება, შენ რომ გამცირებდნენ, უფალო.
13. ხოლო ჩვენ - შენი ხალხი და შენი სამწყსოს ცხვარი გაქებთ შენ მარადჟამს, თაობიდან თაობას მოვუთხრობთ შენს დიდებას.
ფსალმუნი 79 (80)
1. გუნდის ლოტბარს, შოშანიმ - ედუთის საკრავზე, ასაფის ფსალმუნი.
2. მწყემსო ისრაელისა, ყური მოგვაპყარ; წინ რომ უძღოდი, ვითარცა ცხვარს, იოსებს, ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე.
3. ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე წამომართე შენი სიძლიერე და მოდი ჩვენს სახსნელად.
4. ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით.
5. უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე?
6. აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებს სამმაგად.
7. დაგვსვი საშუღლოდ ჩვენს მეზობლებში და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ.
8. უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
9. ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის.
10. გაწმიდე მის წინ ადგილი, გაადგმევინე ფესვები და მან აავსო ქვეყანა.
11. მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა ტოტებმა - ნაძვი ღმერთისა.
12. ტოტები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე - ყლორტები თვისი.
13. რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი და ყოველი გზად გამვლელი ძარცვავს მას?
14. ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები ძოვენ მას.
15. ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს.
16. გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე.
17. დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან.
18. იყოს შენი ხელი შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე, შენთვის რომ გააძლიერე.
19. და არ უკუვდგებით შენგან, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ.
20. უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
ფსალმუნი 80 (81)
1. გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე. ასაფისა.
2. უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს.
3. ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად.
4. დაუკარით ახალი თვის თავზე ბუკი, მთვარის მოვანების ჟამს, ჩვენი დღესასწაულის დღეს.
5. რადგან ეს არის კანონი ისრაელისა, სამართალი იაკობის ღმერთისა.
6. დაადგინა მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან; ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე.
7. მოვხსენი ტვირთი მის მხრებს. მისი ხელები გოდრისაგან განთავისუფლდნენ.
8. გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გიპასუხე ელვის საფარში, გამოგცადე მერიბას წყლებზე. სელა.
9. ისმინე, ჩემო ხალხო, და დაგიმოწმებ მე, ისრაელო, თუ მომისმენ.
10. არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს.
11. მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე ძირი შენი და გავავსებ მას.
12. არ ისმინა ჩემმა ხალხმა ხმა ჩემი და ისრაელი არ დამემორჩილა.
13. და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე.
14. ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო.
15. მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი.
16. უფლის მოძულენი იპირფერებდნენ მასთან და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო.
17. გამოვკვებავდი მათ მაწიერი ხორბლით და კლდის თაფლით დავანაყრებდი.
ფსალმუნი 81 (82)
1. ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ჰქმნა სამართალი.
2. როდემდე განიკითხავთ უმართებულოდ და პირფერობას გამოიჩენთ ბოროტთა მიმართ? სელა.
3. განიკითხეთო საპყარი და ობოლი, ღარიბი და ღატაკი გაამართლეთ.
4. გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით.
5. არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა.
6. მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.
7. მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი.
8. აღსდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ხალხს.
ფსალმუნი 82 (83)
1. გალობა ფსალმუნი ასაფისა.
2. ღმერთო! ნუ დადუმდები, ყურს ნუ მოიყრუებ და დამშვიდდები, ღმერთო!
3. რადგანაც, აგერ, შენი მტრები ხმაურობენ და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს.
4. შენი ხალხის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ შენს დაფარულებზე.
5. თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“.
6. მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა;
7. ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა;
8. გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტიმელებმა ტვიროსელებთან ერთად.
9. აშურიც მათ შეუერთდა და შეიქნენ სახსარნი ლოტის ძეთათვის. სელა.
10. დამართე მათ ისევე, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევზე;
11. განადგურდნენ ისინი ყენ-დორში, სასუქად იქცნენ დედამიწისთვის.
12. მოექეცი მათ, მათს დიდებულებს ისევე, როგორც ყორებს და როგორც ზეებს, და როგორც ზებახს, როგორც ცალმუნაყს, ყველა მათს თავადს.
13. რომ ამბობდნენ: დავიმკვიდროთ ჩვენთვის სამკვიდრებელი უფლისა.
14. ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი, ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯა ქარში.
15. ვითარცა ცეცხლი, დამწველი ტყისა, ვითარცა ალი, მთების მბუგავი,
16. ისე დაედევნე მათ შენი რისხვით და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი.
17. აავსე მათი პირი სირცხვილით, ვიდრე მოიძიებდნენ შენს სახელს, უფალო.
18. შერცხვებიან და შეძრწუნდებიან სამარადჟამოდ, და სირცხვილნაჭამნი დაიღუპებიან.
19. მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე.
ფსალმუნი 83 (84)
1. გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, კორახის ძეთა ფსალმუნი.
2. რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!
3. ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს.
4. ჩიტმაც კი ჰპოვა სახლი და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას ბარტყები თვისი შენს სამსხვერპლოებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!
5. ნეტარ არიან შენს სახლში მსხდომნი. მარადჟამს გადიდებენ შენ. სელა.
6. ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, გზაა მათ გულში.
7. გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ წვიმა შემოდგომისა.
8. ივლიან ძალით-ძალამდე, გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში.
9. უფალო, ღმერთო ძალთა, მოისმინე ჩემი ლოცვა, მური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა. სელა.
10. ჩვენო ფარო, დაინახე, ღმერთო, და შეხედე სახეში შენს ცხებულს.
11. რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას.
12. რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.
13. უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი.
ფსალმუნი 84 (85)
1. გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი.
2. ისურვე, უფალო, ქვეყანა შენი, დააბრუნე ტყვე იაკობისა.
3. აპატიე დანაშაული შენს ხალხს, დაფარე ყველა მისი ცოდვა. სელა.
4. აგვარიდე მთელი შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი მრისხანება.
5. მოგვაქციე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, და გააუქმე შენი გაჯავრება ჩვენზე.
6. ნუთუ საუკუნოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს მრისხანებას?
7. ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენმა ერმა იხაროს შენით?
8. გვიჩვენე, უფალო, შენი წყალობა და შემწეობა გვიბოძე შენი.
9. მე კი მოვისმენ, თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ხალხზე და თავის წმიდანებზე, და აღარ გაიმეორებენ სიბრიყვეს.
10. მართლაც ახლოა ხსნა მისმიერი მის მოშიშთათვის, რათა დიდებამ დაისადგუროს ჩვენს ქვეყანაში.
11. შეიყრებიან წყალობა და ჭეშმარიტება, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს.
12. ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს.
13. უფალიც გვიბოძებს სიკეთეს და ჩვენი მიწა მოგვცემს ნაყოფს.
14. სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს.
ფსალმუნი 85 (86)
1. ლოცვა დავითის. მომაპყარ, უფალო, ყური, მიპასუხე, რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე.
2. დაიფარე სული ჩემი, რადგან ღვთისმოსავი ვარ; იხსენი მორჩილი შენი, შენ, ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავს.
3. შემიწყალე, უფალო, რადგან შენ მოგიხმობ ყოველდღე.
4. ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი.
5. რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.
6. მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა.
7. ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.
8. არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, უფალო, და არც მსგავსი საქმეთა შენთა.
9. ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს.
10. რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ღმერთი ერთადერთი.
11. დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.
12. გიწამებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და განვადიდებ შენს სახელს უკუნისამდე.
13. რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ, და გადაარჩინე ჩემი სული ქვესკნელის ჯოჯოხეთისგან.
14. ღმერთო! ბოროტმოქმედნი აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ და მტარვალთა კრებულმა მოინდომა ჩემი სული, და არ წარმოგიდგინეს თავიანთ წინაშე.
15. ხოლო შენ, უფალო, ღმერთო შემბრალევ და ლმობიერო, მრავლის მომთმენო, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ.
16. პირი ჰქენ ჩემსკენ და შემიწყალე, უბოძე შენი სიმაგრე შენს მორჩილს და იხსენი ძე შენი მხევლისა.
17. მოიმოქმედე ჩემს მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში მეცი.
ფსალმუნი 86 (87)
1. კორახის ძეთა ფსალმუნი. გალობა. მისი საძირკველი წმიდა მთებშია.
2. უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.
3. ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა.
4. გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად - ეს დაიბადა იქ.
5. სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.
6. უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა.
7. მომღერლები და მესტვირენიც - ყველა ჩემი წყარო შენშია.
ფსალმუნი 87 (88)
1. გალობა. ფსალმუნი კორახის ძეთა, გუნდის ლოტარს, მახალათის საკრავზე საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა.
2. უფალო, ღმერთო ჩემო მხსნელო! დღისით ვღაღადებ, ღამით - შენს პირისპირ.
3. მოვიდეს შენს წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.
4. რადგან აღივსო სიავით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება.
5. შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.
6. მკვდრებს შორისა ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყლულნი, სამარეში მწოლიარენი, რომელთაც აღარ გაიხსენებ და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ.
7. მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში.
8. მე დამატყდა თავს რისხვა შენი და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. სელა.
9. შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დამაპატიმრეს და ვერ გამოვდივარ.
10. თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენსკენ ვიწვდიდი ხელებს.
11. ნუთუ მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს? თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ? სელა.
12. განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე - ჯოჯოხეთში?
13. შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?
14. მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი და დილ-დილაობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა.
15. რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან?
16. ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, ვუძლურდები.
17. თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ. შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.
18. გარს მივლიდნენ წყლების მსგავსად ყოველდღიურად, ყველა ერთად მერტყმოდა გარს.
19. შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან.
ფსალმუნი 88 (89)
1. მოძღვრება ეთან ეზრახელისა.
2. უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას ვაცნობებ შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირით.
3. რადგანაც ვთქვი: უკუნისამდე დაფუძნდეს წყალობა და ცათა შიგან განიმტკიცო ჭეშმარიტება შენი.
4. დავდე პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მორჩილს:
5. უკუნისამდე გავამაგრებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს. სელა.
6. განადიდებენ ცანი შენს საოცრებებს, უფალო, ასევე შენს ჭეშმარიტებას წმიდათა კრებულში.
7. რადგან ვინ შეედრება ცაში უფალს? ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილებში?
8. ღმერთი დიდებულია წმიდათა კრებულში მეტისმეტად და საშიშია ყველასათვის მის ირგვლივ.
9. უფალო, ღმერთო ძალთაო! ვინ არის შენებრ მედგარი, უფალო? და შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა.
10. შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, მის აბობოქრებულ ტალღებს შენ ამშვიდებ.
11. შენ განართხე რაჰაბი, როგორც განგმირული; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.
12. შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.
13. ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერებენ.
14. შენია მკლავი მაგარი; გააძლიერე ხელი შენი, მოამაღლე მარჯვენა შენი.
15. სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება წინ გეგებებიან.
16. ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა: ისინი შენი სახის შუქით იარებიან, უფალო;
17. შენი სახელით ილხენენ ყოველდღე და შენი სიმართლით ამაღლდებიან.
18. რადგან შენა ხარ მშვენება მათი ძალისა, და შენი ნებით მომაღლდება ღირსება ჩვენი.
19. რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმიდა ისრაელისაგან - მეფე ჩვენი.
20. მაშინ ელაპარაკე ხილვისას შენს წმიდანებს და ეთხარი: ვუბოძე დახმარება გმირს, ავამაღლე რჩეული ხალხისაგან.
21. ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, წმიდა ზეთი ვცხე მას.
22. რომ ჩემმა ხელმა წარმართოს იგი და ჩემმა მკლავმა გაამაგროს.
23. ვერ დაჯაბნის მას მტერი და ურჯულო ვერ დაჩაგრავს მას.
24. მოვსრავ მის წინაშე მის მტრებს და მის მოძულეებს დავამხობ.
25. ჭეშმარიტება და წყალობა ჩემი მასთანაა და ჩემი სახელით მომაღლდება ღირსება მისი.
26. ზღვას გადავაწვდენ მის ხელს და მდინარეებს - მის მარჯვენას.
27. ის მომიწოდებს: მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა;
28. მეც უფროსობას ვუბოძებ მას, ქვეყნიერების მეფეებზე უმაღლესობას,
29. უკუნისამდე შევუნახავ მას ჩემს წყალობას და ჩემი აღთქმა საიმედო იქნება მისთვის.
30. და დავამკვიდრებ უკუნისამდე ნაშიერს მისას და მისი ტახტი - ვითარცა დღენი ცისანი.
31. თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სამართალს არ გაჰყვებიან,
32. თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ დაიცავენ,
33. კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით - შეცოდებას.
34. მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ჭეშმარიტებას.
35. არ შევბღალავ ჩემს აღთქმას და არ შევცვლი, რაც აღმოხდა ჩემს ბაგეებს.
36. ერთხელ შევფიცე ჩემი სიწმიდით, განა ვეცრუები დავითს?
37. მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს პირისპირ.
38. მკვიდრი იქნება, მთვარესავით, უკუნისამდე, და ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში. სელა.
39. მაგრამ მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე.
40. უგულებელყავ აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარცხე გვირგვინი მისი.
41. მოშალე ყველა ზღუდენი მისნი, ნანგრევებად აქციე სიმაგრენი მისნი.
42. გაძარცვეს იგი გამვლელ-გამომვლელებმა, მეზობლების დასაცინი გახდა.
43. მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი.
44. თანაც დააჩლუნგე მისი მახვილი და არ შეეწიე ომში.
45. გააცამტვერე სიწმიდე მისი და მისი ტახტი მიწასთან გაასწორე.
46. შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე იგი. სელა.
47. როდემდე დაგვემალები, უფალო, განუწყვეტლივ, ააგზნებ ცეცხლივით შენს მრისხანებას?
48. გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; რისთვის შეჰქმენი ფუჭად ყოველი ძე ადამისა?
49. ვის არის ვაჟკაცი - იცოცხლოს და არ იხილოს სიკვდილი, გადაარჩინოს თავისი სული ჯოჯოხეთის ხელიდან? სელა.
50. სად არის შენი ადრინდელი წყალობა, უფალო, დავითს რომ შეჰფიცე შენი ჭეშმარიტებით?
51. გაიხსენე, უფალო, დამცირება შენს მორჩილთა, უბით რომ ვატარებ ყველა ძლიერი ხალხისაგან.
52. როგორ ლანძღავენ შენი მტრები, უფალო, როგორ ლანძღავენ შენი ცხებულის კვალს.
53. კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე. ამინ, ამინ!
ფსალმუნი 89 (90)
1. ლოცვა მოსესი, ღვთისკაცისა. უფალო! თავშესაფარი იყავ ჩვენთვის თაობიდან თაობამდე.
2. ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი.
3. კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!
4. რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა.
5. ღვართქაფივით გააქანებ მათ, ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება:
6. დილას ჰყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება.
7. რადგანაც გავქრით შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.
8. ჩვენი დანაშაულებანი წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო - შენი სახის შუქის წინ.
9. რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ვკარგავთ ჩვენს წლებს ბგერის უსწრაფესად.
10. ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ.
11. ვინ იცის შენი რისხვის ძალა და შენი შიშის კვალობაზე შენი გააფთრება?
12. ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა.
13. მობრუნდი, უფალო! ვიდრემდე? და ნუგეში ეცი შენს მორჩილებს.
14. გაგვაძღე გარიჟრაჟზე შენი წყალობით, და ვიხაროთ და ვილხინოთ ყოველთა დღეთა ჩვენთა.
15. გაგვამხიარულე იმ დღეთა წილ, რომ გვტანჯავდი, იმ წელთა წილ, გაჭირვება რომ ვნახეთ.
16. იხილონ შენმა მორჩილებმა შენი საქმენი და შენი ბრწყინვალება - მათმა შვილებმა.
17. და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენდამი, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე.
ფსალმუნი 90 (91)
1. უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.
2. ვეტყვი უფალს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.
3. რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომსრავი ჭირისაგან.
4. თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება.
5. ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი.
6. შავი ჭირი - ბნელში მოარული, სენი - შუადღის მძარცველი.
7. დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება.
8. ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა.
9. რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი.
10. არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს.
11. რადგან თავის ანგელოზებს უბრძანა შენზე - დაგიცვან ყველა შენს გზაზე.
12. ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე.
13. ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ.
14. რაკი მისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო ჩემი სახელი.
15. მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.
16. დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.
ფსალმუნი 91 (92)
1. ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის.
2. კარგია ვადიდოთ უფალი და გუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო!
3. გაუწყოთ დილდილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამღამობით.
4. ათსიმიანზე და ჩანგზე, გალობით - ქნარზე.
5. რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ.
6. რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები.
7. უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,
8. როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა - მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ.
9. ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო!
10. რადგანაც, აგერ, შენი მტრები, უფალო, რადგანაც, აგერ, შენი მტრები იღუპებიან, განიბნევიან ყველანი - სიმრუდის მოქმედნი.
11. მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით.
12. უჭვრეტს ჩემი თვალი ჩემს მტრებს, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები.
13. წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება.
14. უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;
15. სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს - წვნიანსა და ხასხასას.
16. რათა განვაცხადო, რომ მართალია უფალი, ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა.
ფსალმუნი 92 (93)
1. უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; დააფუძნა სამყარო, რომ არ შეირყეს.
2. გამზადებულია შენი ტახტი დასაბამიდან; მარადიული ხარ შენ.
3. აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ხმაურს.
4. წყალთა მრავალთა, ზღვის მძლავრ ტალღათა ხმებზე ძლიერია მაღლა უფალი.
5. მცნებანი შენნი მტკიცეა ფრიად. შენს სახლს შეშვენის სიწმიდე, უფალო, სამარადჟამოდ.
ფსალმუნი 93 (94)
1. ღმერთო შურისგებისა, უფალო! ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი.
2. ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს.
3. ვიდრემდე მოილხენენ, ბოროტნი, უფალო, ვიდრემდე მოილხენენ ბოროტნი?
4. ვიდრემდე წარმოთქვამენ, ლაპარაკობენ, ტრაბახობენ, ყვებიან სიმრუდის მოქმედნი.
5. შენს ხალხს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ.
6. ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ღუპავენ.
7. ამბობენ: ვერ იხილავს უფალი და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა.
8. გონს მოდით, უგუნურნო ერისანო; უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით?
9. დამნერგავი ყურისა განა ვერ მოისმენს? თუ თვალის შემქმნელი ვერ დაინახავს?
10. ხალხთა განმრიგე განა ვერ ამხილებს - ის, ვინც ასწავლის ადამიანს ჭკუას?
11. უფალმა იცის ზრახვანი კაცისა, რადგან ამაოა ისინი.
12. ნეტარია კაცი, რომელსაც დასჯი, უფალო, და შენს რჯულს ასწავლი.
13. რათა დაასვენო ავი დღეებისგან, ვიდრე ბოროტს ორმო გაეთხრებოდეს.
14. რადგან არ მოიშორებს უფალი თავის ხალხს და თავის სამემკვიდრეოს არ მიატოვებს.
15. რადგან სიმართლესთან დაბრუნდება სამართალი და მის შემდეგ ყველა გულმართალი.
16. ვინ აღუდგება ჩემს გამო ბოროტებას? ვინ ამომიდგება სიმრუდის მოქმედთა წინააღმდეგ?
17. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩემი შემწე, ლამის დასახლდა ჩემი სული მდუმარებაში.
18. თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.
19. როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს.
20. ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი კანონის საწინააღმდეგოდ?
21. გაილაშქრებენ წმიდანის სულზე და წმიდა სისხლს ბრალში გახვევენ.
22. იყო უფალი ჩემი თავშესაფარი და ღმერთი ჩემი - ბურჯი ჩემი ციხე-სიმაგრისა.
23. მიაგებს მათ თავიანთ უსამართლობას და თავიანთი სიავით მოსპობს მათ, მოსპობს მათ უფალი, ღმერთი ჩვენი.
ფსალმუნი 94 (95)
1. მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
2. სამადლობელით წარვდგეთ მის პირისპირ და სიმღერებით შევღაღადოთ მას.
3. რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე - ყველა ღვთაებაზე აღმატებული.
4. რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა და მთების ძლიერება მისია.
5. რადგან მისია ზღვა - მან შეჰქმნა იგი და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა.
6. მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიხაროთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე.
7. რადგან ის ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ხალხი მისი სამწყოსი და ცხვარი მისი ხელქვეითი; ო, დღეს რომ მოგესმინათ მისი ხმა:
8. ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს უდაბნოში;
9. რომ გამომცადეს თქვენმა მამებმა, გამომცადეს და იხილეს ჩემი ნამოქმედარი.
10. ორმოც წელიწადს მომაბეზრა თავი იმ თაობამ და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია ისინი და არ იციან მათ ჩემი გზები.
11. ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ ჩემს სავანეში.
ფსალმუნი 95 (96)
1. უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
2. უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი.
3. მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები.
4. რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის.
5. რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შეჰქმნა ცანი.
6. მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში.
7. შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.
8. შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.
9. თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!
10. უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს! ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით.
11. გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა, იხმაურებს ზღვა და სავსება მისი.
12. გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი.
13. უფლის წინაშე, რადგანაც მოვა, ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ხალხებს - თვისი ჭეშმარიტებით.
ფსალმუნი 96 (97)
1. უფალი მეფობს, ილხინოს ქვეყნიერებამ; გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა.
2. ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ; სიმართლით და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი.
3. ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს.
4. გაანათებენ მისი ელვები სამყაროს, ნახავს და შეშინდება ქვეყანა.
5. მთები ცვილივით დადნებიან უფლის პირისაგან, მთელი ქვეყნიერების უფლის პირისაგან.
6. გამოაცხადეს ცებმა სიმართლე მისი და ყველა ხალხმა იხილა დიდება მისი.
7. შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით; თაყვანი ეცით მას, ყოველნო ანგელოზნო.
8. მოისმენს და გაიხარებს სიონი და ილხენენ იუდას ასულები შენთა სამართალთათვის, უფალო!
9. რადგან შენ, უფალო, უმაღლესი ხარ მთელს ქვეყნიერებაზე, მეტისმეტად აღზევებული ყველა ღმერთებზე.
10. უფლის მოყვარულნო, შეიძურიეთ ბოროტება; ის იცავს მის წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.
11. შუქი იღვრება წმიდისათვის და გულმართალთათვის - მხიარულება.
12. იმხიარულეთ, წმიდანებო, უფლის მიმართ და ადიდეთ მისი წმიდა ტაძრის სახსენებელი.
ფსალმუნი 97 (98)
1. ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.
2. განაცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე.
3. გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
4. შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.
5. უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით.
6. რქით და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ უფალს მეფის წინაშე.
7. ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.
8. მდინარეებმა ტაში დაუკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ.
9. უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად; განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს სისწორით.
ფსალმუნი 98 (99)
1. უფალი მეფობს - ათრთოლდნენ ხალხები; ქერუბიმებზე მჯდომო, შესძარ ქვეყანა.
2. უფალი დიდია სიონში და მაღალი ყველა ხალხზე.
3. განადიდებენ შენს სახელს, დიდსა და საშიშს, წმიდაა იგი.
4. და სიძლიერეს მეფისას სამართალი უყვარს; შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი და სიმართლე შენ სრულჰყავი იაკობში.
5. აღამაღლეთ უფალი ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის ფეხთა საყრდენს - წმიდაა იგი.
6. მოსე და აარონი მის მღვდელთა შორის და სამუელი მისი სახელის მხმობელთა შორის - მოუხმობენ უფალს და ის უპასუხებს მათ.
7. ღრუბლის სვეტიდან ელაპარაკა მათ; დაიცვეს მისი მითითებანი და წესდება, მათთვის მიცემული.
8. უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ უპასუხებდი მათ; მიმცევებელი ღმერთი იყავი მათთვის და შურის მაძიებელი მათი ნამოქმედარისათვის.
9. აღამაღლეთ უფალი, ღმერთი ჩვენი და თაყვანი ეცით მის წმიდა მთას, რადგან წმიდაა უფალი, ღმერთი ჩვენი.
ფსალმუნი 99 (100)
1. ფსალმუნი სახოტბო. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
2. ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით!
3. უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი, მან შეგვქმნა ჩვენ და მისთვის ვართ ჩვენ - ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი.
4. შედით მის კარიბჭეებში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში - ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი.
5. რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე - ჭეშმარიტება მისი.
ფსალმუნი 100 (101)
1. დავითის ფსალმუნი. წყალობასა და სამართალს ვიმღერებ; შენ გიგალობებ, უფალო.
2. ვიფიქრებ გზაზე უბიწოთა: როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლში.
3. არ მივიტან ჩემს თვალთან უკეთურ საგანს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება.
4. გული მრუდე შორს იყოს ჩემგან, ბოროტს არ ვცნობდე.
5. თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან.
6. თვალს მივადევნებ მართლებს ქვეყნისას, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარება, ის მემსახურება მე.
7. ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქნელი; ტყუილების მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ.
8. დილდილობით ამოვწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა.
ფსალმუნი 101 (102)
1. ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს.
2. უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს.
3. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს მომაპყარ ყური; რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე.
4. რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე.
5. დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.
6. ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.
7. ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში.
8. უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.
9. ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმქიქებელნი ჩემს სახელს საწყევრად აქცევენ.
10. რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე;
11. შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და დამანარცხე.
12. ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები.
13. შენ კი უფალო, საუკუნოდ იარსებებ და შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდე იქნება.
14. შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო.
15. რადგან ისურვეს შენმა მორჩილებმა მისი ქვები და მისი მტვერი ენანებათ.
16. შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს - შენი დიდებისა.
17. რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი ღირსებით.
18. მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას.
19. დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს.
20. რადგან გადმოიხედა თავისი წმიდა სიმაღლიდან უფალმა, ციდან ქვეყანა მოიხილა.
21. რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი.
22. რათა აუწყონ სიონზე სახელი უფლისა და ქება მისი - იერუსალიმში.
23. როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად.
24. გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი.
25. ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ დღეებს ნახევარგზაზე; თაობიდან თაობამდეა შენი წლები;
26. უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა.
27. ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან.
28. შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან.
29. ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენს წინაშე წარიმართება.
ფსალმუნი 102 (103)
1. დავითისა. ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი.
2. ადიდე, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ მის ქველმოქმედებას.
3. ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.
4. საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით;
5. სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.
6. სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის.
7. აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანებს - თავისი საქმენი.
8. შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.
9. არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.
10. არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა.
11. რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.
12. როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.
13. როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.
14. რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.
15. ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.
16. ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს.
17. ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე,
18. ვინც იცავს მის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს კიდეც.
19. უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს.
20. ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს.
21. ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო.
22. ადიდეთ უფალი, ყოველი მისი ნამოქმედარი, მისი მეუფების ყველა ადგილას. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.
ფსალმუნი 103 (104)
1. აკურთხე, სულო ჩემო, უფალი; უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად, სიმშვენიერით და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი.
2. გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა ფარდასავით.
3. წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
4. რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.
5. დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე.
6. უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები.
7. შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან.
8. ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე.
9. საზღვარი დადე - ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად.
10. გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ.
11. დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი.
12. მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოთა შიგნიდან გამოსცემენ ხმას.
13. რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.
14. აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას - ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან.
15. და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა.
16. გაძღნენ ხენი უფლისა და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა.
17. რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია.
18. მთანი მაღალნი - ქურციკთათვის, კლდენი - კურდღელთა თავშესაფარი.
19. შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.
20. განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა.
21. ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს.
22. ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
23. გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
24. რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
25. ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.
26. იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
27. ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
28. მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
29. დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.
30. გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
31. იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.
32. დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან.
33. ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
34. ეამოს მას ჩემი გალობა; მე გავიხარებ უფალში.
35. გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 104 (105)
1. ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.
2. აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.
3. განდიდდით მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.
4. ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.
5. გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა.
6. შთამომავალო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო.
7. ის არის უფალი ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი.
8. ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე,
9. რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი ისაკთან.
10. დაუდგინა იაკობს იგი წესად და ისრაელს - სამარადჟამო აღთქმად.
11. უთხრა: შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.
12. როცა ისინი თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, ცოტანი შეხიზნულები იქ,
13. იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა ერთან.
14. არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და ამუნათებდა მათთვის მეფეებს:
15. არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.
16. და მოუხმო შიმშილს დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემუსრა.
17. გაგზავნა მათ წინ კაცი; მონად გაიყიდა იოსები.
18. გატანჯეს ბორკილებით ფეხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს.
19. ვიდრე ასრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი.
20. გაგზავნა მეფემ და გაათავისუფლა იგი - გამგებელი ხალხებისა - და გამოიხსნა იგი.
21. დააყენა თავისი სახლის ბატონად და გამგებელად მთელი თავისი მონაგარისა.
22. რათა მოქცეოდა მის თავადებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი.
23. და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის ქვეყანაში.
24. და გაამრავლა ღმერთმა, მისი ხალხი ფრიად და გააძლიერა მის მტრებზე მეტად.
25. შეცვალა მათი გული მისი ხალხის შესაძულებლად, მის მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად.
26. გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია.
27. დაამკვიდრეს მათში სიტყვები მისი სასწაულებისა, და საოცრებანი ქამის ქვეყანაში.
28. მიავლინა წყვდიადი და დააბნელა, და არ გაურჩებულან მის სიტყვაზე,
29. გადააქცია მათი წყლები სისხლად და დახოცა მათი თევზები.
30. აავსო მათი ქვეყანა ბაყაყებით, მეფეთა პალატებიც კი.
31. თქვა და მოვიდნენ მწერები, ტილი მთელ მათ საზღვრებში.
32. წვიმის მაგიერ სეტყვა წარმოუგზავნა მათ, ალმოდებული ცეცხლი - მათ ქვეყანას.
33. მოსრა ვაზი მათი და ლეღვი მათი და დალეწა ხეები მათ საზღვრებში.
34. თქვა და მოვიდა კალია და მგრაგნელი აურაცხელი,
35. და გადაჭიმეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში, და გადაჭიმეს მთელი ნაყოფი მათი მიწისა.
36. და მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, დასაბამი მთელი მათი ძალისა.
37. და გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში არავინ იყო უძლური.
38. გაუხარდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან თავს დაატყდათ მათ შიში.
39. გადააფარა ღრუბელი საფრად და ცეცხლი - ღამის გასანათებლად.
40. ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი.
41. გაკვეთა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ.
42. რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა თავისი მორჩილის აბრაამის მიმართ.
43. გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარ-ზეიმით.
44. მისცა მათ წარმართთა ქვეყნები და ნაჯაფი ერებისა დაიმკვიდრეს მათ.
45. რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს გაუფრთხილდნენ. ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 105 (106)
1. ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.
2. ვის ძალუძს გამოთქვას უფლის სიძლიერე, სასმენელ-ქმნას მისი ქება-დიდება?
3. ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.
4. გამიხსენე, უფალო, შენი ხალხისადმი კეთილგანწყობილებისას, მომხედე შენმიერი შეწევნით.
5. რათა ვიხილო სიკეთე შენთა რჩეულთა, გავიხარო შენი ხალხის სიხარულით, დავიქადო შენს სამკვიდროსთან ერთად.
6. შევცოდეთ ჩვენს მამებთან ერთად, სიმრუდე და ბოროტება ჩავიდინეთ.
7. ჩვენმა მამებმა ეგვიპტეში ვერ შეიგნეს შენი სასწაულები, არ გაიხსენეს შენი მრავალი წყალობა და გაგიურჩდნენ ზღვაზე, მეწამულ ზღვაზე.
8. მაგრამ მან იხსნა თავისი სახელის გულისათვის, რათა გაეგოთ ძლიერება მისი.
9. და შეუტია მეწამულ ზღვას და დაშრა, და წაიყვანა ისინი უფსკრულებში, როგორც უდაბნოში.
10. და იხსნა მოძულის ხელიდან და გადაარჩინა მტრის ხელიდან.
11. წყალმა დაფარა მათი მტრები, ერთი მათგანიც არ გადარჩენილა.
12. და ირწმუნეს სიტყვანი მისნი, იმღერეს მისი ქება.
13. აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
14. და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.
15. და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
16. და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.
17. გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
18. და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.
19. გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს.
20. და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.
21. დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში.
22. საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.
23. დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.
24. მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი.
25. დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
26. მაშინ ზეაღმართა თავისი ხელი, რომ დაეხოცა ისინი უდაბნოში;
27. და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში.
28. დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.
29. განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი.
30. წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი.
31. ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
32. გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.
33. რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.
34. არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ.
35. აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.
36. ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის.
37. შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს.
38. დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
39. შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
40. მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
41. და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.
42. ავიწროებდნენ მათ მტრები და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით.
43. მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით.
44. იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.
45. გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.
46. აღვიძებდა მათდამი თანაგრძნობას ყველა მათი დამტყვევებლის წინაშე.
47. გვიხსენი, უფალო, ღმერთო ჩვენო, და გამოგვკრიბე ხალხთაგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, ვიამაყოთ შენი ქება-დიდებით.
48. კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, ამიერიდან და უკუნისამდე! და თქვას მთელმა ხალხმა: ამინ! ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 106 (107)
1. ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
2. იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან.
3. და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი - აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან.
4. აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს სამკვიდრებელი.
5. შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, მათი სული იბინდებოდა.
6. შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
7. და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ.
8. დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
9. რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო სიკეთით.
10. მსხდომარენი ბნელში და წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა.
11. რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
12. მოდრიკა ჯაფით მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ.
13. შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
14. გამოიყვანა ბნელიდან და წყვდიადიდან, და მათი ბორკილები დაწყვიტა.
15. დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
16. რადგან დაამსხვრია ბჭენი სპილენძისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა.
17. ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისათვის იტანჯებოდნენ.
18. ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის ბჭეს მიუახლოვდნენ.
19. შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
20. მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა მოსპობისაგან.
21. დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
22. შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით.
23. ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა -
24. მათ ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი სიღრმეებში.
25. ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი და ზეაიმართებიან ზვირთები.
26. ავლენ ცამდე, შთავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დადნება.
27. წრიალებენ და ირყევიან, ვათარცა მთვრალი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა.
28. და შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან გამოიყვანა.
29. გადააქცევს ზღვის ღელვას სიწყნარედ და დადუმდებიან მისი ტალღები.
30. გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ და წაუძღვება ნანატრ ადგილას.
31. დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
32. დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცებულთა სადგომში ხოტბა შეასხან.
33. გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს - ურწყულად.
34. ნაყოფიერ მიწას - ბიცად მის მკვიდრთა უკეთურობის გამო.
35. გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას - წყაროს წყლად.
36. დაასახლებს იქ მშიერთ და წამომართავს ქალაქს სცხოვრებლად.
37. დათესავენ მინდვრებს და გააშენებენ ვენახს, და უხვ ნაყოფს მოიწევენ.
38. აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს.
39. დაცოტავდებიან და დამცირდებიან ჩაგვრის, უბედურებისა და წუხილისაგან.
40. სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ.
41. გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს.
42. ნახავენ წმიდანები და გაიხარებენ და ყოველგვარ სიმრუდეს პირი აეკვრება.
43. ვინც ბრძენია, დაიცვას ისინი და გულისხმა-ჰყოს წყალობანი უფლისა.
ფსალმუნი 107 (108)
1. გალობა. ფსალმუნი დავითისა.
2. მზად არის ჩემი გული, ღმერთო, გაქებ და გიგალობებ ჩემი ღირსებით.
3. გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო, გამოვაღვიძებ ცისკარს.
4. გადიდებ შენ, უფალო, ხალხებს შორის და გიგალობებ ერებს შორის.
5. რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი.
6. ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი.
7. რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე.
8. ღმერთმა თქვა თავის წმიდაში; ვიზეიმებ, გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ.
9. ჩემია გალაადი, ჩემია მენაშე და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - კანონმდებელი ჩემი.
10. მოაბი ავზია, ჩემი განსაბანელი, ედომზე ფეხსაცმელს გავიშვერ, ფილისტიმელს დავკივლებ.
11. ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ?
12. ნუთუ შენ არა, ღმერთო, მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან?
13. მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი.
14. ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს.
ფსალმუნი 108 (109)
1. გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.
2. რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით.
3. სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან.
4. ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.
5. მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ.
6. დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის მარჯვნივ.
7. განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.
8. იყოს დღეები მისი მცირე და მისი ქონება წაიღოს სხვამ.
9. დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად.
10. იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში.
11. მიითვისოს მოვალემ ყოველივე, რაც გააჩნია მას, და წარიტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი.
12. ნუ იქნება მისთვის თანამგრძნობელი და ნუ ეყოლებათ შემწყალე მის ობლებს.
13. გახდეს მისი შთამომავალი მოსასრველი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი.
14. გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება.
15. იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს.
16. იმისათვის, რომ არ გაიხსენა წყალობის აღმოჩენა და დევნიდა ღარიბ-ღატაკს და გულდაჩაგრულს მოსაკლავად.
17. და შეიყვარა წყევლა - მასვე მიუვა; არ ისურვა კურთხევა - განშორდება მას.
18. და შეიმოსება წყევლით, როგორც სამოსელით, და შევა წყევლა, როგორც წყალი, მის შიგნეულობაში, და როგორც ზეთი - მის ძვლებში.
19. იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი ჩაცმული და სარტყელი, გამუდმებით შემორტყმული.
20. ასეთია მისაგებელი უფლისა ჩემს მოძულეთა და ჩემს სულზე ავის მოლაპარაკეთა მიმართ.
21. ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემს მიმართ შენი სახელის გულისათვის, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე,
22. რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და ჩემი გული დაწყლულებულია ჩემს შიგნით.
23. ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, ვიარებოდი, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.
24. მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან და სხეულს ჩემსას მოაკლდა სიმსუქნე.
25. და გავხდი მე მათი სალანძღავი; დამინახავდნენ, თავს გაიქნევ-გამოიქნევდნენ.
26. შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო, მიხსენი შენი წყალობისამებრ.
27. დაე გაიგონ, რომ შენი ხელია ეს; შენ მოიმოქმედე, უფალო.
28. ისინი დამწყევლიან და შენ მაკურთხებ; აღდგებიან და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს.
29. შეიმოსონ ჩემი მოძულენი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი.
30. შევაქებ უფალს ფრიად ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას.
31. რადგან დაუდგება მარჯვნივ ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმსჯელთაგან.
ფსალმუნი 109 (110)
1. დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.
2. კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის.
3. შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს წმიდა ბრწყინვალებით; განთიადის საშოდანვე შენთანაა ნამი შენი სიყრმისა.
4. დაიფიცა უფალმა და არ მოინანიებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით.
5. უფალი შენს მარჯვნივაა, თავის რისხვის დღეს მოსპობს მეფეებს.
6. განსჯის ხალხებს, აავსებს მძორებით, მრავალს გაუჭეჭყავს თავს მიწაზე.
7. ნაკადულიდან დალევს გზაში, ამიტომ მაღლა ასწევს თავს.
ფსალმუნი 110 (111)
1. ადიდეთ უფალი. ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდანთა შეკრებილობასა და თემში.
2. დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მოყვარულთათვის.
3. სიმშვენიერე და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია.
4. სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი.
5. ნადავლი მისცა თავის მოშიშებს; ახსოვს მარადის აღთქმა თავისი.
6. ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ხალხს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა.
7. მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი.
8. იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.
9. ხსნა მოუვლინა თავის ხალხს; მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი; წმიდა და საშიშია სახელი მისი.
10. სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.
ფსალმუნი 111 (112)
1. ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.
2. ძლიერი იქნება ქვეყნიერებაზე შთამომავლობა მისი. მართალთა თაობა დაილოცება.
3. სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია.
4. ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს, გულწრფელთათვის მოწყალე, შემბრალე და მართალი.
5. კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი - გამრთულად ილაპარაკებს სამართალში.
6. რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი.
7. ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე.
8. იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს.
9. გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით.
10. ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება.
ფსალმუნი 112 (113)
1. ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
2. იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე.
3. მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა.
4. მაღალია ყველა ხალხზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება.
5. ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული?
6. დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას,
7. წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი.
8. რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ხალხის დიდებულებთან.
9. უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის შვილებით. ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 113 (114,1-8)
1. როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან,
2. გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო.
3. ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა.
4. მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით.
5. რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი?
6. მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო, კრავებივით?
7. უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე,
8. რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად.
(ფნალმუნი 115)
9. ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით.
10. რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი?
11. ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა.
12. მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.
13. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
14. ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.
15. ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.
16. მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
17. ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
18. აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
19. მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის.
20. უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს.
21. აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად.
22. დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს.
23. კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ,
24. ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.
25. არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,
26. არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 114 (116,1-9)
1. მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
2. რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას.
3. გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.
4. და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი.
5. მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი.
6. იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე.
7. დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ.
8. რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან;
9. ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.
ფსალმუნი 115 (116,10-19)
1. მწამდა, როცა ვიტყოდი: გავიტანჯე ფრიად.
2. ვთქვი ჩემი აჩქარებისას: ყოველი კაცი ცრუა.
3. რით გადავუხადო უფალს ყოველივე, რაც მე მომიზღო?
4. თასს შეწევნისას ავიღებ და უფლის სახელს წარმოვთქვამ.
5. ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე.
6. მძიმეა უფლის თვალში სიკვდილი მისი წმიდანებისა.
7. გევედრები, უფალო, რადგან მე მორჩილი ვარ შენი; მორჩილი ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; გახსენი ჩემი ბორკილები.
8. შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ.
9. ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე.
10. უფლის სახლის ეზოში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 116 (117)
1. აქეთ უფალი, ხალხნო ყოველნო, ადიდეთ იგი, ერნო ყოველნო!
2. რადგან გაძლიერდა ჩვენს მიმართ წყალობა მისი, და ჭეშმარიტება უფლისა უკუნისამდეა. ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 117 (118)
1. ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
2. იტყვის ახლა ისრაელი: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
3. იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
4. იტყვიან ახლა მოშიშნი უფლისა: მართლაც უკუნასამდეა წყალობა მისი.
5. სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.
6. უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?
7. უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს.
8. უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
9. უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.
10. ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
11. გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
12. გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
13. დაძგერებით მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე.
14. ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი და ის იქნება ჩემი მშველელი.
15. ხმა სიმღერისა და შეწევნისა წმიდათა კარვებში: უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.
16. უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის.
17. არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე.
18. დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.
19. გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს,
20. ეს არის კარიბჭე უფლისა, წმიდანები შევლენ შიგ.
21. გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი მშველელი.
22. ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა.
23. უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში.
24. ეს არის დღე, რომელიც ჰქმნა უფალმა, ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში.
25. გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!
26. კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.
27. ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ; მიაბით მსხვერპლი საბელით სამსხვერპლოს რქებზე.
28. ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ; ღმერთო ჩემო, ხოტბას შეგასხამ შენ.
29. ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ფსალმუნი 118 (119)
1. ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
2. ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას.
3. არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან;
4. შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით.
5. ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად.
6. მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.
7. განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა.
8. შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ,
9. რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.
10. მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან.
11. გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
12. კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
13. ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
14. შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე.
15. შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.
16. შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
17. კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.
18. აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.
19. მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
20. მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.
21. შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.
22. ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი.
23. დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე.
24. შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი.
25. მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
26. გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
27. გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.
28. დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი სიტყვისამებრ.
29. გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე.
30. გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.
31. მიკრული ვარ შენს მცნებებზე; უფალო, ნუ გამაწბილებ.
32. შენთა მცნებათა გზით ვრბოდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს.
33. მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.
34. გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.
35. დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
36. განუმტკიცე შენს მორჩილს შენი ნათქვამი შენი მოშიშების გამო.
37. ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
38. დაუყენე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო.
39. ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია.
40. აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე.
41. მოვიდნენ ჩემთან წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ.
42. და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.
43. ნუ წაართმევ ჩემს პირს ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი.
44. დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე.
45. ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
46. ვილაპარაკებ შენს მცნებებზე მეფეთა წინ და არ შემრცხვება.
47. გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;
48. ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე.
49. გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე.
50. ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამომაცოცხლა.
51. ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
52. ვიხსენიებდი შენს სამართალს ადრიდანვე, უფალო, და დარდს ვიქარვებდი.
53. თავზარი მეცემოდა, ცოდვილნი რომ ტოვებდნენ შენს რჯულს.
54. სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.
55. ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს.
56. ეს იყო ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი.
57. ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა.
58. გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
59. ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ.
60. ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას.
61. ბოროტეულთა ბორკილები გარს შემომერტყნენ, შენი რჯული არ დავივიწყე.
62. შუაღამისას გდგები შენს სადიდებლად, შენს მართალ სამართალთა გამო.
63. თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია და იცავს შენს მცნებებს.
64. შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება, მასწავლე შენი კანონმდებლობა.
65. კეთილი ჰქმენი შენი მორჩილისთვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ.
66. კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.
67. ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.
68. კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.
69. ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს.
70. დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი.
71. კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.
72. უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.
73. შენმა ხელებმა შემქმნა და წარმმართა; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.
74. მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.
75. ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე.
76. დაე, იყოს შენი წყალობა შემს სანუგეშებლად, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს.
77. მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ, რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი.
78. შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე.
79. დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა.
80. იყოს ჩემი გული უბიწო შენს წინაშე, რათა არ შევრცხვე.
81. დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
82. დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვთქვი: როდის მანუგეშებ მე?
83. ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ დავივიწყე.
84. რაოდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს?
85. გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ოღონდ არა შენი რჯულისამებრ.
86. ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.
87. ლამის გამანადგურეს მიწაზე და მაინც არ მივაგოვე შენი ბრძანებანი.
88. შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი პირისას.
89. უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში.
90. თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.
91. შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
92. რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.
93. უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგანაც მათით მასულდგმულებდი.
94. შენი ვარ - მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
95. მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.
96. ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; ვრცელია შენი მცნებანი ფრიად.
97. რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.
98. ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემია იგი.
99. ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი.
100. მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ.
101. ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა.
102. შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც შენ მასწავლიდი.
103. რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.
104. შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყთველი გზა სიცრუისა.
105. ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.
106. დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს.
107. დავიტანჯე მეტისმეტად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
108. აღთქმანი ჩემი პირისა ისურვე - გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე.
109. სული ჩემი ხელისგულზეა მუდამ და შენს რჯულს არ ვივიწყებ.
110. დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია.
111. დავიმკვიდრე მცნებანი შენი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.
112. მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა შესასრულებლად. უკუნითი უკუნისამდე.
113. ბოროტგანმზრახველნი შევიძულე და შენი რჯული შევიყვარე.
114. თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
115. შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას.
116. შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს.
117. შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის.
118. მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები.
119. როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე, მცნებანი შენნი.
120. თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
121. ვქმენ სამართალი და სიმართლე. ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას.
122. გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.
123. დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.
124. მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესები შენი მასწავლე.
125. მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მცნებანი შენნი.
126. ჟამია უფლის მოქმედებისა - მოშალეს რჯული შენი.
127. ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად.
128. ამიტომ ყველა შენი ბრძანება უკლებლივ სწორად მიმაჩნია; მძულს ყოველი გზა სიცრუისა.
129. საოცარია მცნებანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი.
130. საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს.
131. პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
132. მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ.
133. ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს.
134. გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, და დავიცავ შენს ბრძანებებს.
135. შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი.
136. წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
137. მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი.
138. ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად.
139. დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა.
140. ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი.
141. მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ.
142. სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია.
143. განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი მცნებანი სიხარულია ჩემთვის.
144. სიმართლეა შენი მცნებანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ.
145. მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ.
146. შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მცნებებს.
147. ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
148. ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე.
149. ჩემა ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ; უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე.
150. მომიახლოვდნენ მდევარნი გარყვნილებისა; შენს რჯულს დაშორდნენ.
151. ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
152. ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
153. იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე.
154. გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ მაცოცხლე.
155. შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ.
156. წყალობანი შენნი უხვია, უფალო, შენი სიმართლის მიხედვით მაცოცხლე.
157. ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია.
158. ვიხილე ორგულნი და შევედავე, რადგან შენს ნათქვამს არ იცავენ.
159. ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
160. საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი.
161. მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი.
162. ვხარობ შენი ნათქვამით, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა.
163. სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს.
164. დღეში შვიდგზის გაქებ შენრ სიმართლის სამართალთათვის.
165. დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.
166. იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს მცნებებს ვასრულებდი.
167. იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს და მე ისინი მიყვარს ძალიან.
168. ვიცავდი შენს ბრძანებებს და მცნებებს, რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა.
169. მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვებისამებრ შთამაგონე.
170. მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, რადგან მასწავლე წესები შენი.
171. წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესები შენი.
172. იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა მენი მცნება სიმართლეა.
173. იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე.
174. ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის.
175. იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი სამართალი შემეწიოს.
176. დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე.
ფსალმუნი 119 (120)
1. გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე და მიპასუხა.
2. უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან.
3. რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი?
4. მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.
5. ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.
6. დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან.
7. მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.
ფსალმუნი 120 (121)
1. გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
2. ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა.
3. არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.
4. აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.
5. უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.
6. დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.
7. უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს;
8. უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.
ფსალმუნი 121 (122)
1. გალობა აღსავალთა. დავითისათვის. გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში წავიდეთ.
2. იდგნენ ფეხნი ჩვენნი შენს კარიბჭეებში, იერუსალიმო!
3. იერუსალიმი ნაგებია, როგორც ქალაქი ერთად შერწყმული.
4. რადგან იქ ავიდნენ ტომნი, ტომნი უფლისანი სამოწმებლად ისრაელისა, სადიდებლად უფლის სახელისა.
5. რადგან იქ იდგა ტახტები სამართლისა, ტახტები დავითის სახლისა.
6. ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი.
7. იყოს მშვიდობა შენს ზღუდეებში, სიმშვიდე შენს სასახლეებში.
8. ჩემთა ძმათა და მეგობართა გამო, ვამბობ: მშვიდობა შენ!
9. ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ.
ფსალმუნი 122 (123)
1. გალობა აღსავალთა. შენსკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში მყოფო.
2. აჰა, ვითარცა მონათა თვალნი ბატონთა ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ისევე ჩვენი თვალები მიქცეულია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს.
3. შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით.
4. საკმაოდ გაძღა ჩვენი სული უზრუნველთა დაცინვით და ამპარტავანთა სიძულვილით.
ფსალმუნი 123 (124)
1. გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, თქვას ისრაელმა,
2. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგა ჩვენს წინააღმდეგ კაცი,
3. მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე.
4. მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს.
5. ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.
6. კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის.
7. ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით.
8. ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია - ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.
ფსალმუნი 124 (125)
1. გალობა აღსავალთა. უფალზე დანდობილი მსგავსია სიონის მთისა - არ შეირყევა, იდგომება უკუნისამდე.
2. იერუსალიმს გარეშემო მთები არტყია, ხოლო უფალი თავისი ერის გარშემოა ამიერიდან უკუნისაადე.
3. რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე, რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე.
4. სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს.
5. ხოლო გადამხრელებს წაიყვანს უფალი ბოროტმოქმედებთან ერთად; მშვიდობა ისრაელს.
ფსალმუნი 125 (126)
1. გალობა აღსავალთა. როცა დააბრუნებს უფალი ტყვეს სიონისას, თავი სიზმარში გვეგონება.
2. მაშინ აივსება სიცილით პირი ჩვენი და ენა ჩვენი - გალობით. მაშინ იტყვიან ხალხებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან.
3. დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან. გავმხიარულდით.
4. დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ურწყავ ადგილზე.
5. ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან.
6. მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი.
ფსალმუნი 126 (127)
1. გალობა აღსავალთა. სოლომონისთვის. თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.
2. ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვით პურს; რადგან ძილს ანიჭებს თავის საყვარელს.
3. აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები, გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი.
4. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა.
5. ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში.
ფსალმუნი 127 (128)
1. გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.
2. შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!
3. ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.
4. აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა.
5. გაკურთხოს შენ უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე.
6. იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს!
ფსალმუნი 128 (129)
1. გალობა აღსავალთა. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, თქვას ისრაელმა.
2. მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან, მაინც ვერ მძლიეს.
3. ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და გაჰყავდათ გრძელი კვლები.
4. უფალი სამართლიანია: დაამსხვრია ხუნდები ბოროტთა.
5. შერცხვებიან და უკუიქცევიან ყოველნი მოძულენი სიონისა.
6. იქნებიან, როგორც ერდოს ბალახი, რომელიც მოწყვეტამდე გახმება.
7. რომლითაც ვერ აივსებს პეშვს მომკელი და იღლიას - ძნის შემკვრელი.
8. და არ ეტყვიან გამვლელნი: კურთხევა უფლისა თქვენ; გაკურთხებთ თქვენ უფლის სახელით.
ფსალმუნი 129 (130)
1. გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;
2. უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად.
3. თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?
4. მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ.
5. მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.
6. სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას,
7. ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი.
8. და ის დაიხსნის ისრაელს ყველა ბრალისაგან.
ფსალმუნი 130 (131)
1. გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ.
2. არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს, ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას, ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი, ისეა ჩემში ჩემი სული.
3. ესავდეს ისრაელი უფალს ამიერიდან უკუნისამდე.
ფსალმუნი 131 (132)
1. გალობა აღსავალთა.
2. გაუხსენე დავითს, უფალო, ყოველი ურვა მისი.
3. როგორც შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს; თუ შევიდე ჩემი სახლის კარავში, თუ ავიდე ჩემს საწოლ-სარეცელზე.
4. თუ მივცე ძალი ჩემს თვალებს და რული ჩემს წამწამებს,
5. ვიდრე ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისთვის.
6. აგერ მოვისმინეთ მის შესახებ, ეფრათში, ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე.
7. მივიდეთ მის სადგომებში, თაყვანი ვცეთ მის ფეხთა საყრდენს.
8. აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა.
9. შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და შენმა წმიდანებმა იმხიარულონ.
10. შენი მორჩილის - დავითის გულისათვის ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.
11. შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე.
12. თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მცნებებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე“.
13. რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.
14. „ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი.
15. საზრდოს მისას კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით.
16. მის მღვდლებს შევმოსავ შეწევნით და წმიდანები მისნი სიხარულით გაიხარებენ.
17. იქ აღმოვაცენებ დავითის ღირსებას, გავამზადებ, სინათლეს ჩემი ცხებულისათვის.
18. მის მტრებს შევმოსავ სირცხვილით და მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი“.
ფსალმუნი 132 (133)
1. გალობა აღსავალთა. დავითისათვის. აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!
2. როგორც ძვირფასი მირონი თავზე, წვერებზე ჩამოღვრილი, აარონის წვერებზე, მისი სამოსის კალთებზე ჩამოღვრილი.
3. ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა - სიცოცხლე უკუნისამდე.
ფსალმუნი 133 (134)
1. გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.
2. ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი.
3. გაკურთხოს სიონიდან უფალმა, ცისა და ქვეყნის შემოქმედმა.
ფსალმუნი 134 (135)
1. ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა!
2. რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა.
3. ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.
4. რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი - თავის წარჩინებულად.
5. რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია.
6. ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში.
7. ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდეებიდან, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან.
8. რომელმაც მოსრა პირმშონი ეგვიპტისა - ადამიანიდან პირუტყვამდე.
9. მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე.
10. რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი -
11. სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და ყველა სამეფო ქანაანისა.
12. და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს.
13. უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა.
14. რადგან განიკითხავს უფალი თავის ხალხს და თავის მორჩილთ შეივრდომებს.
15. ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი.
16. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
17. ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს.
18. მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
19. ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო, აკურთხეთ უფალი!
20. ლევის სახლო, აკურთხეთ უფალი; უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი!
21. კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 135 (136)
1. ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
2. ადიდეთ ღმერთი ღმერთებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
3. ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
4. მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
5. ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
6. დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
7. შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
8. მზისა - სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
9. მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამით სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
10. რომელმაც განგმირა ეგვიპტე - პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
11. და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
12. ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
13. რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
14. და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
15. და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
16. რომელმაც წაიყვანა ხალხი თვისი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
17. რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
18. და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
19. სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი;
20. ოგი, მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
21. და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
22. სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
23. რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
24. და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
25. რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
26. ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
ფსალმუნი 136 (137)
1. ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო!
2. ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები.
3. რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა სიმხიარულე: გვიმღერეთ ჩვენ სიმღერა სიონისა.
4. როგორ ვიმღეროთ სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე?
5. თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.
6. მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში.
7. გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე.
8. ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც მოგვიზღე ჩვენ.
9. ნეტარია, რომელმანც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს.
ფსალმუნი 137 (138)
1. დავითისა. გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ.
2. თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და შენი ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე შენს ყოველ სახელზე მეტად ნათქვამი შენი.
3. რომელ დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე.
4. განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა.
5. და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა.
6. რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს.
7. თუ გავივლი ჭირსა შიგან, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ შენს ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი.
8. უფალი აღასრულებს ჩემს მაგიერ; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; არ მიატოვო ხელთა შენთა ნამოქმედარი.
ფსალმუნი 138 (139)
1. გუნდის ლოტბარისათვის. დავითის ფსალმუნი. უფალო, გამომცადე და შემიცანი.
2. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.
3. ჩემი სიარული და ჩემი წოლა განსაზღვრე შენ და ყველა ჩემი გზა გამოიკვლიე.
4. თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად.
5. უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი.
6. უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას.
7. საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?
8. ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!
9. ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე,
10. იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი.
11. და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის.
12. სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე.
13. რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში.
14. გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით.
15. არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში.
16. ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი.
17. ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი.
18. დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძო და, ისევ შენთან ვარ.
19. ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს, სისხლისმსმელნო, განვედით ჩემგან!
20. რომ გელაპარაკებიან მზაკვრულად, ამაოდ იზრახვიან შენი მტრები.
21. ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედაო?
22. სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე.
23. გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი.
24. ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე.
ფსალმუნი 139 (140)
1. გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა.
2. მიხსენი, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე.
3. რომელნიც ბოროტებას ფიქრობენ გულში, ყოველდღე ემზადებიან საომრად.
4. მოილესეს ენები გველივით, ასპიტის შხამია მათ ბაგეებს ქვეშ. სელა.
5. დამიცავი, უფალო, ბოროტთა ხელიდან; მოძალადე კაცისაგან დამიფარე, რომელნიც ფიქრობენ ჩემი ნაბიჯების დაბრკოლებას.
6. გამიმზადეს ამპარტავნებმა მახე და საბელი, ბადე განართხეს გზაზე, ხაფანგი დამიგეს. სელა.
7. ვუთხარი უფალს: ჩემი ღმერთი ხარ შენ; ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა.
8. უფალო! უფალო, ძალო ჩემი ხსნისა! ფარი ხარ ჩემი თავისა ბრძოლის დღეს.
9. ნუ აასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, თორემ აღზევდება. სელა.
10. თავი ჩემთა გარემომცველთა დაფაროს ტვირთმა მათთა ბაგეთა.
11. დაეცეთ ზემოდან ნაკვერჩხლები, ცეცხლში ჩაცვივდნენ, ღრმა ორმოში - ვეღარ წამოდგნენ.
12. ავსიტყვა კაცი ნუ დამკვიდრდება ქვეყანაზე, მოძალე კაცი ბოროტებამ მოინადიროს ძირს დასაცემად.
13. ვიცი, რომ იქმს უფალი განკითხვას გლახაკისა და სამართალს უპოვართა.
14. ხოლო მართალნი განადიდებენ შენს სახელს, დამკვიდრდებიან გულწრფელნი შენს პირისპირ.
ფსალმუნი 140 (141)
1. ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემსკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ.
2. წარიმართოს ჩემი ლოცვა საკმევლად შენს წინაშე, ხელთა აღპყრობა - შესაწირავად მწუხრის ჟამისა.
3. დაუყენე, უფალო, გუშაგი ჩემს პირს, დაცვა - ჩემს ბაგეებს.
4. არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვის მხარეს ბოროტ საქმეთა ჩასადენად უსჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათს ტკბილეულობას.
5. დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული.
6. დაიმსხვრნენ კლდის კიდეებზე მსაჯულნი მათნი და მოისმენენ ჩემს სიტყვას, რადგან სასურველია.
7. ვითარცა დახნან და გააპონ მიწაა. დაიფანტება ძვლები ჩვენი ჯოჯოხეთის ყბაში.
8. რადგან შენსკენაა, უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი; შენ გესავ- ნუ დააქცევ ჩემს სულს.
9. დამიცავი მახისაგან, რომელიც დამიგეს, და ურჯულოთა ხაფანგთაგან.
10. გაებან თავიანთ ბადეებში ბოროტნი ერთიანად, ვიდრე მე გავივლიდე.
ფსალმუნი 141 (142)
1. მოძღვრება დავითისა, ლოცვა მისი მღვიმეში ყოფნის დროს.
2. ჩემი ხმით უფალს შევღაღადებ, ჩემი ხმით უფალს შევევედრები.
3. გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირს მის წინაშე ვილაპარაკებ.
4. როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე.
5. ვიმზირები მარჯვნივ და ვხედავ, რომ არავინ მცნობს მე; აღარ არსებობს ხსნა ჩემთვის, არავინ ზრუნავს ჩემს სულზე.
6. მოგიხმე, შენ, უფალო, ვთქვი: შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, ჩემი ხვედრი ცოცხალთა ქვეყანაში.
7. ყური მიუგდე ჩემს ღაღადისს, რადგან დავმდაბლდი ფრიად; მიხსენი ჩემთა მდევნელთაგან, ვინაიდან ჩემზე ძლიერნი გახდნენ.
8. გამოიყვანე საპყრობილედან სული ჩემი, რათა ვადიდო სახელი შენი. გარს შემომეხვევიან მართალნი, რადგანაც კეთილს მომაგებ.
ფსალმუნი 142 (143)
1. ფსალმუნი დავითისა. უფალო, ისმინე ლოცვა ჩემი, ყურად იღე ჩემი ვედრება შენი ჭეშმარიტებით, მიპასუხე შენი სიმართლით.
2. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან, რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.
3. რადგან დევნა მტერმა ჩემი სული; მიწაზე დაანარცხა ჩემი სიცოცხლე, დამსვა ბნელეთში, დიდი ხნის მკვდრების მსგავსად.
4. და შეწუხდა ჩემზე სული ჩემი, ჩემს შიგნით დანაღვლიანდა გული ჩემი.
5. ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ.
6. ვიწვდი ხელებს შენსკენ. ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ. სელა.
7. სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს.
8. მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი.
9. გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს.
10. მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში.
11. შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
12. და შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, და დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე მორჩილი ვარ შენი.
ფსალმუნი 143 (144)
1. დავითისა. კურთხეული არს უფალი, ბურჯი ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს - ომი.
2. მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ და მასზე ვარ დანდობილი, ის ჩემს ხალხს გახდის მორჩილად ჩემდა.
3. უფალო, რა არის კაცი, რომ იცნო ის, ძე ადამისა, რომ მიიჩნიო ის?
4. ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები - ვითარცა ჩრდილი გარდასული.
5. უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი, შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ.
6. გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ.
7. გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენი და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელიდან.
8. რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
9. ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ, ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ შენ.
10. რომელიც უბოძებს ხსნას მეფეებს, იხსნის დავითს - თავის მორჩილს ბოროტი მახვილისაგან.
11. მიხსენი და გადამარჩინე უცხოელთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა.
12. რომ ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა.
13. ჩვენი ბეღლები სავსე იყოს ნაირნაირი მოსავლით. ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ, ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე.
14. ჩვენი ხარები დტვირთულნი იყვნენ. არც ზარალი და არც დანაკლისი, არც გოდება ჩვენს ქუჩებში.
15. ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც ასეა. ნეტარ არს ხალხი, რომელსაც ჰყავს უფალი, თავისი ღმერთი.
ფსალმუნი 144 (145)
1. ხოტბა დავითისა. აღგამაღლებ შენ, ღმერთო ჩემო, მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
2. ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე.
3. დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია.
4. თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.
5. შენს დიდმშვენიერებაზე, დიდებაზე, ბრწყინვალებაზე, შენს საოცარ საქმეებზე ვილაპარაკებ.
6. შენთა საშიშროებათა სიძლიერეს იტყვიან, ხოლო მე შენს სიდიადეზე ვილაპარაკებ.
7. ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ.
8. გულმოწყალე და შემბრალეა უფალი, სულგრძელი და დიდად მოწყალე.
9. კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.
10. გადიდებს შენ, უფალო, ყველა შენი ნამოქმედარი და შენი წმიდანები გადიდებენ შენ.
11. შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ.
12. რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა.
13. შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში.
14. უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა.
15. ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.
16. აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.
17. მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.
18. ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.
19. მის მოშიშთა სურვილს შეასრულებს და მათს ღაღადისს მოისმენს და უშველის მათ.
20. იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს.
21. ხოტბას უფლისას ილაპარაკებს პირი ჩემი და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნი 145 (146)
1. ადიდეთ უფალი. ადიდე, სულო ჩემო, უფალი.
2. ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.
3. იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა.
4. ამოუვა სული, დაუბრუნდება თავის მიწას; იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები.
5. ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე.
6. რომელმაც შეჰქმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია; რომელიც იცავს ჭეშმარიდ;ერს უკუნისამდე;
7. იქმს სამართალს ჩაგრულთათვის; აძლევს პურს დამშეულებს; უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს.
8. უფალი თვალს უხელს ბრმებს, უფალი მართავს წელმოდრეკილებს, უფალს უყვარს მართალნი.
9. უფალი იცავს შემოხიზნულებს, ობოლსა და ქვრივს გაამხნევებს და ბოროტთა გზას გაამრუდებს.
10. იმეფებს უფალი უკუნისამდე, შენი ღმერთი, სიონო, თაობებში. ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 146 (147)
1. ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება.
2. ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს.
3. განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
4. დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს.
5. დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია.
6. გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე.
7. გაეხმიანეთ უფალს სამადლობელით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით.
8. რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს.
9. აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას.
10. არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.
11. ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.
ფსალმუნი 147 (148)
1. აქე, იერუსალიმო, უფალი; ადიდე შენი ღმერთი, სიონო!
2. რადგან გაამაგრა ურდულები შენი ჭიშკრების, აკურთხა ძენი შენნი შენთან.
3. დაამკვიდრებს შენს საზღვრებზე მშვიდობას, ხორბლის ყუათით დაგამაძღრისებს.
4. ვინც წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, ანაზდეულად გაიქცევა ნათქვამი მისი.
5. წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით მიმოფანტავს.
6. გადმოუშვებს სეტყვას პურის ნატეხებივით, მის სუსხს ვინ დაუდგება წინ?
7. მოავლენს თავის სიტყვას და დაადნობს მათ; დაუბერავს თავის ქარს და გადმოდინდება წყალი.
8. ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი - ისრაელს.
9. არ უქნია ეს არცერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი არ იციან მათ. ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 148 (149)
1. ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში.
2. ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო, ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო.
3. ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო.
4. ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და წყლებო, რომელნიც ცათა მაღლა ხართ.
5. ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.
6. და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს.
7. ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო,
8. ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,
9. მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო.
10. მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო;
11. მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა.
12. ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად,
13. ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში.
14. და მოამაღლა ღირსება თავისი ხალხისა, დიდება ყოველი მისი წმიდანისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 149 (150)
1. ადიდეთ უფალი. უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში.
2. ახარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით.
3. განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას.
4. რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით.
5. იმხიარულონ წმიდანებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე.
6. ღმერთის განდიდება მათ ხორხში და მახვილი ორლესული მათ ხელში.
7. რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ერები.
8. შეკრან მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი - რკინის ხუნდებით.
9. განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდანისათვის. ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 150 (151)
1. ადიდეთ უფალი. ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში.
2. ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით.
3. ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
4. ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით.
5. ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.
6. ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!
ფსალმუნი 151*
(ეს ფსალმუნი მიეწერება დავითს, თუმცა ფსალმუნთა რიცხვში არ შედის. შეთხზულია მას შემდგგ, რაც ორთაბრძოლაში გოლიათს სძლია).
1. მე უმცროსი ვიყავ ჩემს ძმათა შორის, ჭაბუკი ვიყავ მამაჩემის სახლში. ვმწყემსავდი მამაჩემის ცხვარს.
2. ჩემმა ხელებმა ორგანონი გამართეს, ჩემი თითები ქნარს აწყობდნენ.
3. ვინ აუწყებდა ჩემს უფალს ჩემზე? თავად უფალმა, თავად მისმინა.
4. თავად გამომიგზავნა თავისი მაცნე. წამომიყვანა მამაჩემის ცხვრიდან. და მცხო ზეთი თავისი ცხებისა.
5. ჩემი ძმანი მშვენიერნი და ტანადნი იყვნენ, მაგრამ ისინი არ ინდომა უფალმა.
6. მე გამოვედი უცხო თესლ-ტომთან საომრად და დამწყევლა მან თავისი კერპებით.
7. მაგრამ მე ამოვართვი მას მახვილი, წავკვეთე თავი და სირცხვილს გადავარჩინე ისრაელიანნი.
* ებრაული დედანი შემონახული არ არის; თარგმნილია ბერძნულიდან. ტექსტი არაკანონიკურია.