თავი პირველი
1. ქებათა ქება სოლომონისა.
2. მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით, რადგან ღვინოზე ტკბილია შენი ალერსი!
3. სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი და თავად სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. ამის გამო უყვარხარ ქალწულებს.
4. თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში. ვიხარებდით და ვიშვებდით შენით, ვაქებდით შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსად შეგიყვარეს შენ!
5. შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი, ასულნო იერუსალიმისა! ვით კედარის კარავნი და ვით სოლომონის კრეტსაბმელნი.
6. ნუ უყურებთ, რომ შავი ვარ, რომ მზისგანა ვარ დამწვარი. დედაჩემის ძენი შემომწყრნენ და დამადგინეს ვენახის მცველად, ჩემი ვენახი კი ვერ დავიცავი.
7. მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო. სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღის ხვატში, რომ ფუჭად არ ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?
8. თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა კარვების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.
9. ჩემს ფაშატს, ფარაონის ეტლში შეკაზმულს, გამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო!
10. მშენიერია შენი ღაწვები, მძივებით შემკულნი. და ყელი, მანიაკით მორთული.
11. ოქროს საყურეებს გაგიკეთებთ, ვერცხლით დაწინწკლულთ.
12. ვიდრემდის ინახით იჯდა მეფე, სურნელსა ფშვენდა ჩემი ნარდიონი.
13. მურრის ჭურჭელი - მეტრფე ჩემი ჩემთანაა, ჩემ ძუძუთა შორის განისვენებს.
14. ქოფერის მტევანია ჩემთვის ჩემი მეტრფე ენ-გადის ვენახებში.
15. აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები.
16. აჰა, მშვენიერი ხარ, მეტრფევ ჩემო, და სანატრელი! ბალახია ჩვენი სარეცელი.
17. სახურავი ჩვენი სახლისა ნაძვისაა, ჭერი - კვიპაროსის.
თავი მეორე
1. მე ვარ ნარგიზი შარონისა და ღელეთა შროშანი.
2. როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის!
3. როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა მეტრფე ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში ჯდომა მიყვარდა და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას.
4. შემიყვანა მან ღვინის სახლში და აღმართა ჩემზე სიყვარულად თავის ალამი.
5. გამამაგრეთ ღვინით, გამაგრილეთ ვაშლებით, რადგან დავსნეულდი სიყვარულისგან.
6. ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მარჯვენა მეხვეოდეს მისი!
7. გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს.
8. აჰა, გაისმის ხმა ჩემი მეტრფისა, აჰა, მოდის იგი, მორბის მთებზე, მოხტის ბორცვებზე.
9. ვამსგავსე მეტრფე ჩემი ნიამორს ანუ ირმის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენს ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის.
10. მომიგებს მეტრფე ჩემი და მეტყვის: ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!
11. რადგან აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ნიაღვრისა გრდახდა, თავისთვის წავიდა.
15. ყვავილები დაჩნდნენ მიწის პირზე, ჟამი გალობისა მოიწია და ხმა გვრიტისა ისმის ჩვენს მხარეში.
16. ლეღვმა გამოიღო თავისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს. ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!
14. შენ, ჩემო მტრედო, შეხიზნულო ხეობის კლდეთა შორის! მიჩვენე პირი შენი, მასმინე ხმა შენი! რადგან ტკბილია ხმა შენი და პირი შენი - მშვენიერი.
15. დაგვიჭირეთ პატარა მელიები, ვენახთა მომსპობი, რადგან ჰყვავის ვენახები ჩვენი.
16. ჩემი მეტრფე ჩემია და მე მისი ვარ, ის მწყემსავს შროშანთა შორის!
17. ვიდრეღა სუნთქავს დღე და ჩრდილნი იძვრიან, მოიქეც, ემსგავსე, მეტრფევ ჩემო, ნიამორს, ანუ ირმის ნუკრს, ნაპრალოვან მთებზე მოარულთ!
თავი მესამე
1. ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.
2. ავდგები-მეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი-მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.
3. შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული?
4. ოდენ განვშორდი, ვიპოვე ჩემი სულის შეყვარებული; დავიჭირე იგი და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევუძეღ დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში.
5. გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!
6. ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, ვით სვეტი კვამლისა, მურრითა და გუნდრუკით კმეული და მენელრცხებელთა ყოველი სურნელით?
7. აჰა, სოლომონის სარეცელი: სამოცი ძლიერი მის გარშემოა, ძლიერთაგან ისრაელისა.
8. თითოეულს მახვილი უპყრია, გაწვრთნილნი არიან საბრძოლველად, გვერდზე ჰკიდია თითოეულს მახვილი ღამეული შიშის გამო.
9. ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა ლიბანის ძელთაგან.
10. სვეტები მისი ვერცხლისგან შექმნა. სანიდაყვენი - ოქროსაგან, საყდარი - მეწამული ქსოვილისაგან, შიგნიდან სიყვარულით მოქარგეს იერუსალიმის ასულებმა.
11. გამოდით, ასულნო სიონისა, და იხილეთ მეფე სოლომონი გვირგვინითურთ, რომლითაც დედამ დააგვირგვინა იგი მისი ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.
თავი მეოთხე
1. აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! შენი თვალები ორი მტრედია შენს პირბადის ქვეშ. შენი თმა არვეა თხათა, გალაადის მთიდან დაშვებული.
2. შენი კბილები გაპარსული ცხვარია, საბანელით ამომავალი, თითოეული ტყუბ-ტყუბად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის.
3. შენი ბაგეები ძოწის ძაფია და შენი პირი - საამური. შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.
4. შენი ყელი დავითის გოდოლია, აგებული საჭურველთათვის. ათასი ფარი ჰკიდია მასზე, ძლევამოსილთა ყოველი ფარი.
5. ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა, მარჩბივი, მძოვარი შროშანთა შორის.
6. ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურრის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე.
7. ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და უბიწო!
8. წამო, ლიბანიდან, სძალო! წამო ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, სენირისა და ჰერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხთა მთებიდან.
9. შენ დაატყვევე ჩემი გული, ო, სძალო, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით!
10. რაოდენ საამოა შენი ალერსი, სძალო, დაო ჩემო! რაოდენ ტკბილია შენი ალერსი, ღვინის უმჯობესი!
11. გოლი მოსწვეთს შენს ბაგეებს, სძალო! თაფლი და რძეა შენი ენის ქვეშ; შენი სამოსელის სურნელი ლიბანის სურნელია!
12. ბაღი ხარ დახშული, სძალო, დაო ჩემო, ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი.
13. შენი ნარგავები ბროწეულის ბაღია, რჩეული ნაყოფებით - ქოფერითა და ნარდიონით,
14. ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურრით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით.
15. ბაღების წყარო, ჭა ცხოველი წყლისა და ნაკადულნი, ლიბანიდან მომდინარენი.
16. აღდეგ ჩრდილოდან, ქარო, მოვედ სამხრით, ქარო, მოჰბერე ბაღსა ჩემსა, დაე, სურნელებით ფშვენდნენ! მოვიდეს თავის ბაღში მეტრფე ჩემი და იგემოს მისი სანატრელი ხილი!
თავი მეხუთე
1. ჩავედი ჩემს ბაღში, სძალო, დაო ჩემო: მოვისთვლე მურრი და ჩემის სურნელებანი. ვიგემე პური ჩემი და თაფლი ჩემი, ვსვი ღვინო ჩემი და რძე ჩემი. ჭამეთ, მოყვასნო, სვით და დაითვრვნით, მეტრფენო!
2. მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი. აჰა, მესმის ხმა ჩემი მეტრფისა, რომელიც რეკავს: გამიღე კარი, დაო ჩემო, სატრფოვ ჩემო, მტრედო ჩემო, უბიწოვ ჩემო! რადგან თავი ცვარმა ამივსო და თმები - ღამის წვეთებმა.
3. გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა ჩავიცვა? დაბანილი მაქვს ფეხები, როგორღა დავისვარო?
4. ჩემმა მეტრფემ შემოყო ხელი კარის ღრიჭოში და შემეძრა მის გამო შიგნეული.
5. ავდექი, რომ გამეღო ჩემი მეტრფისათვის; ხელებიდან მწვეთავდა მურრი, თითებიდან ეწვეთებოდა მურრი კარის სახელურს.
6. გავუღე კარი მეტრფეს ჩემსა, მაგრამ გაბრუნდა მეტრფე ჩემი და წავიდა. სული ჩემი ილეოდა მის ხმაზე. ვეძებდი მას და ვერ ვპოულობდი, ვუხმობდი მას, არ მესიტყვებოდა.
7. შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი. მცემეს და დამჭრეს, მომხადეს მოსასხამი ზღუდის მცველებმა.
8. გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, თუ ჰპოვოთ მეტრფვ ჩემი, რას ეტყვით მას? უთხარით, დავსნეულდი სიყვარულისგან.
9. რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, უმშვენიერესო ასულთა შორის? რითა სჯობს მეტრფე შენი სხვათა მეტრფეებს, ასე რომ გვაფიცებ?
10. თეთრ-ყირმიზია მეტრფე ჩემი, ათიათასთაგან გამორჩეული.
11. თავი მისი ოქროა რჩეული, ხვეულია თმები მისი, შავია ყორანივით.
12. თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილნი, ბუდეში მსხდარნი.
13. ღაწვები მისი სურნელთა კვლებია, საამოდ მფშვენნი, მისი ბაგეები შროშანებია, მდინარი მურრით მწთოლარენი.
14. ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი გათლილი სპილოსძვალია, ლაჟვარდივით მოჭედილი.
15. წვივები მისი მარმარილოს სვეტებია, ოქროს კვარცხლბეკზე დაფუძნებული; მისი პირისახე მსგავსია ლიბანისა და დიდებულია, როგორც კედარი.
16. მისი სასა სიტკბოებაა, თავად კი - ყოვლად სანატრელი. ეს არის მეტრფე ჩემი, ეს არის საყვარელი ჩემი, ასულნო იერუსალიმისა!
თავი მეექვსე
1. სად წავიდა მეტრფე შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა მეტრფე შენი?
2. თავის ბაღში ჩავიდა მეტრფე ჩემი, სურნელოვან კვლებში, ბაღებში სამწყესად, შროშანთა დასაკრეფად.
3. მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემია მეტრფე ჩემი, რომელიც მწყესავს შროშანთა შორის.
4. მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, თირცასავით და სანატრელი - იერუსალიმივით! საშინელი - ბაირაღებით მორთული ბანაკივით!
5. მიაქციე თვალები ჩემგან, რადგან მატყვევებენ! შენი თმები თხათა არვეა, გალაადიდან დაშვებული.
6. კბილები შენი ცხვრის ფარაა, საბანელით ამომავალი; ყველანი ტყუბტყუბად მსხმელნი არიან და ბერწი არ არის მათ შორის.
7. ღაწვები შენი ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.
8. სამოცი დედოფალია, ოთხმოცი ხარჭა და ურიცხვი ქალწული;
9. ეს კი ერთადერთია, მტრედი ჩემი, უბიწო ჩემი; ეს ერთადერთია დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისათვის. იხილეს ქალწულებმა და ბედნიერად შერაცხეს იგი.
10. ვინ არის იგი, ცისკარივით აღმომჭვრეტელი, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი? და საშინელი როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი?
11. ჩავედი ნიგვზნარში, რომ მენახა მწვანე ჭალები; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული.
12. არ მეგონა, თუ გამიწევდა გული ჩემი ხალხის დიდებულთა ეტლებისკენ.
თავი მეშვიდე
1. მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ! რად უცქერით სულამითს როგორც მახანაიმის ფერხისაის?
2. როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში: ზეპურო ასულო! თეძოთა სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით.
3. შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისაგან მოუკლებელი; შენი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გრემოცული.
4. ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა. მარჩბივნი.
5. შენი ყელი სპილოსძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭეებთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული.
6. შენი თავი ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სმეფო ძოწეული, კავებით შეკრული.
7. რა მშვენიერი ხარ, რა სანატრელი, საყვარელო, მენი სიტკბოებით!
8. შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი - ვაზის მტევნები.
9. ვთქვი: ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები; შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი ვით ვაშლის სურნელი.
10. შენი სასარჩეული ღვინოა, ჩემი მეტრფისკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი.
11. მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემკენ მოილტვის ისიც.
12. მოდი, მეტრფევ ჩემო, გავიდეთ ველად, სოფლებში ვათიოთ ღამე;
13. ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლება ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი.
14. სურნელებით ფშვიან მანდრაგორები, ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ - ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, მეტრფევ ჩემო.
თავი მერვე
1. ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუნაწოვი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და არ დამძრახავდნენ.
2. წაგიძღვებოდი და, ვინც გამზარდა, დედაჩემის სახლში შეგიყვანდი, სურნელოვან ღვინოს - ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი.
3. მისი მარცხენა ჩემს თავქვეშ იქნებოდა, მარჯვენა მომეხვეოდა მისი!
4. გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!
5. ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი მეტრფის მხარს დაყრდნობილი? ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა დედამ შენმა, იქ გშვა მშობელმა შენმა.
6. დამდევდი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი.
7. ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ წარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი.
8. პატარაა დაი ჩვენი და ჯერ არ დამჩნევია ძუძუები. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი?
9. ზღუდე რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავუშენებდით; კარი რომ იყოს, ნაძვის ფიცრებს მივუდგამდით.
10. მე ზღუდე ვარ და გოდლებივით მაქვს ძუძუები. ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში.
11. ჰქონდა ბაალ-ჰამონში ვენახი ხოლომონს და ჩააბარა მცველებს ვენახი. თითოეულს ათასი მოჰქონდა ვერცხლი ყურძნის სანაცვლოდ.
12. ჩემი ვენახი კი ჩემს წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, ორასი - ნაყოფთა მცველების.
13. ბაღების მკვიდრო, მეგობრები ისმენენ შენს ხმას - მასმინე მეცა!
14. გაიქეცი, მეტრფევ ჩემო! ემსგავსე ნიამორს ანუ ირმის ნუკრს, სურნელოვან მთებზე მოარულთ.