თავი პირველი

1. შეიყვარეთ სამართლიანობა, ქვეყნის მსაჯულნო, შეიცანით უფალი სიკეთით და წრფელი გულით ეძიეთ იგი.

2. რადგან იპოვნიან ისინი, რომელნიც არ გამოსცდიან მას, და გამოეცხადება მათ, რომელთაც სწამთ მისი.

3. რადგან მრუდე ზრახვები უფალს გვაშორებს და გამოცდა მისი ძლიერებისა ამხელს უგუნურებას.

4. რადგან მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს და ვერც ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს.

5. რადგან სიბრძნის წმიდა სული მზაკვრობას გაექცევა, განუდგება უგუნურ ზრახვებსაც და მოწევნული უსამართლობისა შერცხვება.

6. კაცთმოყვარე სული სიბრძნეა და დაუსჯელს არ დატოვებს მგმობელს თავისი ბაგეებით, რადგან ღმერთია მისი იდუმალი ზრახვების მოწმე, მისი გულის მართალი მეთვალყურე და მსმენელი მისი ენისა.

7. რადგან ქვეყნიერება აავსო უფლის სულმა და ყოვლისმპყრობელმა ყოველი ნათქვამი უწყის.

8. ამიტომაც უსამართლობის მთქმელთაგან ვერავინ დაიმალება და არავის ასცდება მამხილებელი სამსჯავრო.

9. რადგან ზრახვანი უღვთოსი გამოიძიება და უფლის სმენამდე ააღწევს მისი სიტყვები სამხილებლად.

10. რადგან შურისმგებლის ყური ყოველთვის ისმენს და გუგუნი დრტვინვისა არ დაიფარება.

11. ფუჭ დრტვინვას ერიდეთ და მოეშვით ავსიტყვაობას, რადგან ფარულად თქმულიც კი ამაოდ არ ჩაივლის და ცილისმწამებელი ბაგე სულს ჩაკლავს.

12. ნუ ეშურებით სიკვდილს თქვენი ცხოვრების შეცდომებით და თქვენ ხელთა ნამოქმედარით აღსასრულს ნუ მოიახლოვებთ.

13. რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს;

14. რადგან არსებობისთვის შექმნა ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება; არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე.

15. რადგან უკვდავია სამართლიანობა,

16. უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და, მასთან დამოყვრებულნი, დაიშრიტნენ, აღთქმა დაუდვეს მას, რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ.


თავი მეორე

1. თქვეს ერთმანეთში მათ, რომელნიც უმართებულოდ მსჯელობენ: ხანმოკლეა და მწუხარე ჩვენი ცხოვრება, ვერ გადაურჩება სიკვდილს ადამიანი და ჯოჯოხეთისაგან დამხსნელიც არავინ ეგულება,

2. რადგან შემთხვევით დავიბადეთ და ამის შემდგომადც ვიქნებით როგორც არყოფილნი, რადგან სამშვინველი ჩვენს ნესტოებში კვამლია მხოლოდ, აზრი კი - ჩვენი გულის ფეთქვის ნაპერწკალი.

3. როცა ჩაქრება, მტვრად იქცევა ჩვენი სხეული და მსუბუქ ქროლვასავით სამშვინველიც გაიფანტება.

4. მალე დავიწყებულ იქნება ჩვენი სახელი, არავინ გაიხსენებს ჩვენს ნამოქმედარს და ჩაივლის ჩვენი ცხოვრება ღრუბლის კვალივით და განქარდება როგორც ნისლი, მზის სხივებისგან დარბეული და მისი სიმხურვალით დამძიმებული.

5. რადგან წარმავალი აჩრდილია ჩვენი ჟამი, არ იქნება მობრუნება ჩვენი აღსასრულისგან, რადგან ბეჭედდასმულია იგი და არც არავინ ბრუნდება უკან.

6. ამიტომაც არსებული სიკეთით დავტკბეთ და ვიჩქაროთ შექმნილით სარგებლობა, ისევე როგორც სიჭაბუკით.

7. აღვივსოთ ძვირადღირებული ღვინით და ნელსაცხებელით, და გვერდს ნუ ჩაგვივლის ჩვენ გაზაფხულის ყვავილი.

8. დავიდგათ გვირგვინი ვარდის კოკრებისა, ვიდრე დაჭკნებოდეს.

9. ნურცერთი ჩვენთაგანი ნუ მოაკლდება სიტკბოებას, ყველგან დავტოვოთ კვალი ჩვენი სიხარულისა, რადგან ესაა წილი ჩვენი და ხვედრი ჩვენი.

10. დავჩაგროთ მართალი ღატაკი, ნურც ქვრივებს შევიწყალებთ და ნურც მოხუცის ხანდაზმული ჭაღარისა შეგვრცხვება.

11. ჩვენი ძალა სამართლიანობის კანონად იქცეს, რადგან უძლური არაფრის მაქნისია.

12. საცდური დავუგოთ მართალს, რადგან ჩვენთვის ტირთია მხოლოდ და ჩვენი საქმეების წინააღმდგომი, გვაყვედრის ცოდვებს რჯულის წინაშე და ჩვენი აღზრდის ცოდვებში გვადანაშაულებს.

13. აცხადებს, თითქოს ღვთის ცოდნა ჰქონდეს და თავის თავს უფლის ძეს უწოდებს.

14. ჩვენი ზრახვების მამხილებლად გვექცა და დასანახადაც კი მძიმეა ჩვენთვის.

15. რადგან მისი ცხოვრება არ მიაგავს სხვათა ცხოვრებას და განსხვავდება ბილიკნიც მისი.

16. მატყუარებად ვითვლებით მისთვის და შორს უვლის ჩვენს გზებს, როგორც უწმინდურობას; ბედნიერებად თვლის მართალთა აღსასრულს და ტრაბახობს, ჩემი მამააო ღმერთი.

17. ვნახოთ, მართალია თუ არა სიტყვები მისი და გამოვცადოთ იგი მისი აღსასრულისას.

18. თუ მართლაც ჭეშმარიტი ძეა ღვთისა, უფალი დაიცავს და დაიხსნის მას მტრების ხელთაგან.

19. გინებითა და ტანჯვით გამოვცადოთ იგი, რათა შევიცნოთ მისი თავმდაბლობა და უწყინარობა მისი შევამოწმოთ.

20. სამარცხვინო სიკვდილით დავსაჯოთ იგი, რადგან თანახმად მისი სიტყვებისა, მასზე იზრუნებენ.

21. ასე განსაჯეს, მაგრამ შეცდნენ, რადგან დააბრმავა ისინი მათმავე ბოროტებამ.

22. რადგან ვერ შეიცნეს ღვთის საიდუმლოებანი, არც სიწმინდის საზღაურს ელოდნენ და არც უბიწო სულთა გილდო ჩაუგდიათ რამედ.

23. რადგან ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი,

24. მაგრამ ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა და მისი წილხვდომილნი განიცდიან მას.


თავი მესამე

1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება.

2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ.

3. ჩვენგან წასვლა კი - განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ.

4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე.

5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა.

6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა.

7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები.

8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი.

9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.

10. უღვთონი კი სასჯელსაც თავიანთ ზრახვათამებრ მიიღებენ, რადგან მართალიც აითვალისწუნეს და უფალსაც განუდგნენ.

11. რადგან უბედურია, ვინც სიბრძნესა და სწავლას შეურაცხყოფს; ამაოა იმედი მათი, შრომა უნაყოფო და მათი საქმეები უსარგებლოა.

12. მათი ცოლები უგუნურნი არიან, ხოლო შვილები უკეთურნი; დაწყევლილია მათი მოდგმა.

13. რადგან ნეტარია წაუბილწველი ბერწი ქალი, რომელმაც არ იცის საწოლი ცოდვისა. იგი მიიღებს ნაყოფს სულთა განკითხვისას,

14. საჭურისსაც, ვის ხელსაც ურჯულოება არ ჩაუდენია და არ განუზრახავს ბოროტი უფლისა მიმართ, მიეცემა გამორჩეული მადლი რწმენისა და უსანატრელესი წილი უფლის ტაძარში.

15. რადგან სანაქებოა ნაყოფი კეთილი შრომისა და ძირი სიბრძნისა შეურყეველია.

16. მემრუშეთა შვილნი ვერ მოიწიფებიან და თესლი უკანონო საწოლისა გაქრება.

17. ხანგრძლივადაც რომ იცოცხლონ, მაინც არარად შეირაცხებიან და უპატიო იქნება მათი ღრმა სიბერეც.

18. ხოლო თუ ნაადრევად აღესრულებიან, არც იმედი და არც ნუგეშისცემა არ ექნებათ განკითხვის დღეს;

19. რადგან მძიმეა უსამართლო მოდგმის აღსასრული.


თავი მეოთხე

1. უმჯობესია უშვილობა სიქველეში, რადგან უკვდავი იქნება მისი ხსოვნა; მას ღმერთიც აღიარებს და ადამიანებიც.

2. ვიდრე ჩვენთანაა, მას ბაძავენ და, როცა შორსაა, მისკენ ისწრაფვიან; და საუკუნოდ გვირგვინოსანი ზეიმობს, როგორც მომგები ბრძოლისა უბიწო ღვაწლით.

3. უღვთოთა ნაყოფიერება უსარგებლოა და მემრუშეთა ამონაყარნი ფესვებს ღრმად ვეღარ გაიდგამენ და ვერც საიმედოდ დაფუძნდებიან.

4. ერთხანს კიდევაც რომ გაშალოს რტოები, საფუძველს მოკლებულს ქარი შეარყევს და აღმოიფხვრებიან მძვინვარე ქართაგან.

5. გადატყდება უმწიფარი ტოტი, მისი ნაყოფი უსარგებლო იქნება, საჭმელად მკვახე და ყოვლად უვარგისი.

6. უკანონო ძილში შობილი შვილები მშობელთა მრუშობის მოწმენი არიან მათი განკითხვისას.

7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება.

8. რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება.

9. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია.

10. ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა.

11. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული.

12. რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა.

13. მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა;

14. რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა,

15. რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე.

16. როცა კვდება მართალი, მსჯავრს სდებს ცოცხალ უღვთოებს, და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე - ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს.

17. რადგან იხილავენ ისინი ბრძენის აღსასრულს და ვერ მიხვდებიან, რა განიზრახა მისთვის უფალმა და რისთვის დაიცვა იგი.

18. იხილავენ და შეურაცხყოფენ, მათზე კი უფალი გაიცინებს.

19. შემდგომად ამისა იქცევიან უპატიო გვამებად და სირცხვილად მკვდართა შორის, საუკუნოდ; რადგან პირქვე დაამხობს ხმაწართმეულებს და ძირფესვიანად შეარყევს მათ. გახმებიან ისინი საბოლოოდ და იქნებიან სატანჯველში, და წარიხოცება მათი ხსენება.

20. შიშით წარდგებიან ცოდვების განკითხვისას და მათივე უკეთური საქმეები ამხილებს მათ.


თავი მეხუთე

1. მაშინ მართალი დიდი სილაღით წარდგება მათ წინაშე, რომელთაც შეურაცხყვეს და მისი ღვაწლი აბუჩად აიგდეს.

2. მისი მხილველნი მძიმე შიშით შეძრწუნდებიან და გააოცებთ მისი მოულოდნელი ხსნა.

3. ერთმანეთში იტყვიან მონანულნი, აკვნესდებიან და იტყვიან სულშეჭირვებულნი:

4. ეს იყო სწორედ, ვინც ოდესღაც გვყავდა დასაცინად და კიცხვის არაკად უგუნურებს; მისი ცხოვრება სიგიჟედ მივიჩნიეთ, მისი აღსასრული კი უპატიობად.

5. როგორღა შეირაცხა უფლის ძეთა შორის და წმიდათა ხვედრი წილად როგორ ერგო?

6. ამგვარად, გადავსცდით ჭეშმარიტების გზას, აღარ გვინათებდა სამართლიანობის ნათელი და აღარც მზე ამოდიოდა ჩვენთვის.

7. ბილიკები ჩვენი ურჯულოებითა და წარწყმედით ავავსეთ, უვალი უდაბნოები გადავლახეთ, მაგრამ უფლის გზა კი ვერ შევიცანით.

8. რა სარგებლობა მოგვიტანა ჩვენ ამპარტავნობამ? და სიმდიდრით ქადილმა რა შეგვმატა?

9. წარხდა ეს ყოველივე, როგორც ჩრდილი და როგორც ხმა, დარხეული და მიმწყდარი.

10. როგორც ქრება მღელვარე წყალზე მიმავალი ხომალდის კვალი, როგორც ტალღებში მისი ძირისგან გავლებული ბილიკი,

11. ან როგორც ცაში აფრენილი ჩიტისგან არ რჩება ნაკვალევი, გარდა ფრთანაცემი და სტვენით გაკვეთილი ნაზი ჰაერისა,

12. ან როგორც მიზნისკენ გატყორცნილი ისრით გაბასრული ჰაერი მყისვე შეიკვრის და ისრის კვალი წაიშლება,

13. ჩვენც ასე ვიშვით და აღვესრულეთ, ვერ გამოვაჩინეთ სიქველის ნიშანი, არამედ დავუძლურდით ჩვენივე ბოროტებით.

14. რადგან უღვთოს იმედი ქრება როგორც მტვერი, ქარისგან ატაცებული, როგორც ცვრის წვეთები, ქარიშხლისგან გაბნეული, როგორც კვამლი, ქარისგან გაფანტული, და ერთ დღეს სტუმრებული კაცის ხსოვნასავით წაიშლება.

15. მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე.

16. ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა.

17. აიღებს სრულ საჭურველს - თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს.

18. შეიმოსება აბჯრით - სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს - მოუსყიდველ სამართალს;

19. დაწვდება უძლეველ ფარს - სიწმინდეს,

20. მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე.

21. ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან.

22. ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ.

23. მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს.


თავი მეექვსე

1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა!

2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე!

3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება - უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის,

4. რადგან მისი სამეფოს მსახურნი იყავით და მართლად არ განსაჯეთ, არც რჯული დაიცავით და არც ღვთის ნებისაებრ წარემართეთ.

5. ზარდამცემად და მეყსეულად გამოგეცხადებათ, რადგან აღზევებულთა მსჯავრი მკაცრი იქნება.

6. ბეჩავი კაცი შეწყალების ღირსია, მძლავრნი კი მძლავრობით ეწამებიან.

7. რადგან სახეს არ მოარიდებს მათ ყოველთა მეუფე და არც მათ სიდიადეს შეუშინდება, რადგან მცირეცა და დიდიც მისი შექმნილია და ერთნაირად იზრახავს ყველასათვის.

8. ძლიერებს კი მკაცრი ელოდებათ განკითხვა.

9. ასე, რომ თქვენთვისაა, ჰოი, ხელმწიფევ, ჩემი სიტყვები, რათა ისწავლოთ სიბრძნე და არ შეცდეთ.

10. რადგან სიწმიდეთა სიწმიდით შემნახველნი განიწმიდებიან და გამართლებას იპოვიან მასში განსწავლულნი.

11. მაშ, დაეწაფეთ ჩემს სიტყვებს, შეიყვარეთ და განისწავლენით.

12. შუქმფენი და უჭკნობია სიბრძნე, მის მოყვარულთაგან ადვილგანსაჭვრეტი და იპოვნიან მას მისი მძებნელნი.

13. წინასწარ ეცხადება მისი შეცნობის მოწადინეთ.

14. დილაადრიანად მისი მძებნელი არ დაიღლება, რადგან თავის კართან იპოვის ჩამომჯდარს.

15. მისი შემეცნების სურვილი გონების სრულქმნაა და ვინც მისთვის ფხიზლობს, საზრუნავთაგან თავს სწრაფად დაიხსნის.

16. რადგან თავადვე ეძებს თავის ღირსებას, გზებზე მოწყალედ ეცხადება და ყოველი ფიქრისას წინ ეგებება.

17. მისი დასაბამი სწავლის ჭეშმარიტი სურვილია, ხოლო სწავლაზე ზრუნვა მისი სიყვარულია;

18. სიყვარული კი მისი კანონების დაცვაა და კანონთა დაცვა უკვდავების საწინდარია.

19. და უკვდავება ხომ ღმერთთან გვაახლოებს.

20. ამიტომაც სიბრძნის წყურვილი მეფობამდე გვამაღლებს.

21. ამიტომ, ტახტითა და სკიპტრით რომ ხარობთ, ხალხთა მბრძანებელნო, პატივი მიაგეთ სიბრძნეს, რათა საუკუნოდ იმეუფოთ.

22. ხოლო რა არის სიბრძნე და როგორ იშვა, გამოგიცხადებთ და არ დაგიმალავთ საიდუმლოებებს, არამედ მოვძებნი მის კვალს შესაქმის დასაბამიდანვე, ნათელს მოვფენ მის შემეცნებას და ჭეშმარიტებას გვერდს არ ავუვლი.

23. არც შურით ჩამომდნართან ერთად ვივლი, რადგან შურიანი ვერ ეზიარება სიბრძნეს.

24. ბრძენთა სიმრავლე სოფლის ხსნაა და გონიერი მეფე - ხალხის სიმტკიცე.

25. ამგვარად, განისწავლეთ ჩემი სიტყვებით და მარგებელი იქნება თქვენთვის.


თავი მეშვიდე

1. მეც მოკვდავი კაცი ვარ, ყველას მსგავსი, პირველნასახი მიწიერის შთამომავალი და ხორცი, დედის მუცელში გამოძერწილი,

2. სისხლით შენივთული ათი თვის მანძილზე მამაკაცის თესლისა და ძილის თანმხლები ტკბობისაგან;

3. ვიშვი და მეც შევისუნთქე საერთო ჰაერი და, დავარდნილს მშობელ მიწაზე, როგორც ყველას, მეც პირველად ტირილის ხმა აღმომხდა;

4. რუდუნებით ვიზრდებოდი ჩვრებში გახვეული;

5. არც მეფეთაგან ჰქონია ვისმე არსებობის სხვაგვარი დასაბამი.

6. რადგან ერთია ყველასთვის ცხოვრებაში შემოსვლა, და ყველასათვის მსგავსია გასვლაც.

7. ამიტომ შევევედრე და მომცა მე გონება, მოვუხმე და გადმოვიდა ჩემზე სიბრძნის სული.

8. კვერთხსა და ტახტს ვამჯობინე იგი და სიმდიდრეც არად ჩავაგდე მასთან შედარებით.

9. მას ვერც პატიოსანი თვალი შევადარე, რადგან ყოველი ოქრო მის თვალში ქვიშის ნამცეცია; ვერცხლი კი ტალახად შეირაცხება მის წინაშე.

10. ჯანის სიმრთელეზე და სილამაზეზე მეტად შევიყვარე და შუქსაც ვამჯობინე, რადგან ჩაუქრობელია მისი ნათელი.

11. ყოველი სიკეთე მასთან ერთად მოვიდა ჩემთან და მის ხელშია ყოველი სიმდიდრე.

12. ეს ყველაფერი მახარებდა, რადგან მათ სიბრძნე მოუძღოდა, თუმცა არ ვიცოდი, რომ ის იყო მათი მშობელი.

13. უზაკველად ვისწავლე და უშურველად გავცემ, როდი დავმალავ მის სიმდიდრეს.

14. რადგან ის ამოურწყავი საგანძურია კაცთათვის და მისი მომხვეჭელნი ღმერთს უმოყვრდებიან განსწავლის ნიჭის წყალობით.

15. მომმადლოს მე ღმერთმა გონივრული განსჯა და ღირსეულად ფიქრი მონიჭებულზე, რადგან იგია წინამძღვარი სიბრძნისა და ბრძენთა წარმმართველი.

16. რადგან მის ხელში ვართ ჩვენცა და ჩვენი სიტყვებიც, ყოველი გაგება და ოსტატობა საქმეში.

17. მან მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება.

18. დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი,

19. წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება,

20. ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა.

21. ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმასწავლა, ყოველთა შემოქმედმა.

22. რადგან იგია სული გონიერი, წმიდა, მხოლოდშობილი, მრავალწილიანი, ნატიფი, მოძრავი, მკაფიო, შეურყვნელი, ნათელი, უვნებელი, კეთილისმოყვარე, მახვილი,

23. დაუბრკოლებელი, ქველისმოქმედი, კაცთმოყვარე, მტკიცე, შეურყეველი, უშფოთველი, ყოვლადძლიერი, ყოვლისმხედველი, ყოველ გონიერ, განწმედილ და ფაქიზ სულში შემაღწეველი.

24. რადგან ყველა მოძრავზე უფრო მოძრავია სიბრძნე, თავისი სიწმიდით ყველაფერს გაივლის და ყველგან შეაღწევს.

25. რადგან ღვთის ძალის სუნთქვაა იგი და - ყოვლისმპყრობელის დიდების შეუბღალავი გადმოღვრა; ამიტომაც წაბილწულთაგან ვერავინ მიეკარება მას.

26. იგია საუკუნო ნათელის ანარეკლი, უხინჯი სარკე ღვთის ქმედებისა და ხატი მისი სიკეთისა.

27. ერთადერთია იგი, მაგრამ ყოვლისშემძლე, თავის თავში მყოფი, მაგრამ ყოვლის განმაახლებელი; ეწვევა უბიწო სულებს თაობიდან თაობაში და ღვთის მოყვრებად და წინასწარმეტყველებად განამზადებს მათ.

28. რადგან ღმერთს არავინ უყვარს, გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს.

29. რადგან იგი მზის უმშვენესია და ვარსკვლავთა ყველა ხომლზე აღმატებული; ნათლის წინაშეც კი პირველი აღმოჩნდა.

30. რადგან ღამედ შეიცვლება ნათელი, სიბრძნეს კი ვერ ძლევს ბოროტება.


თავი მერვე

1. ძლიერად განიფინება იგი კიდით კიდემდე და ყოველივეს სიკეთით განაგებს.

2. ჩემი ყრმობიდანვე მიყვარდა იგი და ვეძიებდი, და მოვიწადინე ჩემს სარძლოდ მომეყვანა, და მისი მშვენების ტრფიალი შევიქენი.

3. თავის კეთილშობილებას განადიდებს ღმერთთან ყოფნით და ყოველთა მეუფემაც შეიყვარა იგი.

4. იგი ღვთის ცოდნის მესაიდუმლეა და მისთა საქმეთა თანაზიარი.

5. თუკი სიმდიდრე სასურველი მონაგებია ცხოვრებისა, რა უნდა იყოს სიბრძნეზე უმდიდრესი, რომელიც ყველაფერს ქმნის?

6. თუ გონება ძალმოსილია, არსებულთაგან ვინღაა მასზე უკეთესი ხელოვანი?

7. და თუ ვინმეს სამართლიანობა უყვარს, მისი შრომა სიქველეა, რადგან კეთილგონიერებასა და ჭკუას, სამართლიანობასა და მხნეობას ასწავლის; ამათზე სასარგებლო კი კაცთათვის ცხოვრებაში არაფერია.

8. თუ ვინმე დიდ გამოცდილებას ესწრაფის, იცის მომხდარიც და ჭვრეტს მოსავალსაც, მან უწყის სიტყვათა საქცევნი და იგავთა ახსნანი, ნიშებსა და სასწაულებს წინასწარ იტყობს, ჟამთა და დროთა შედეგებსაც.

9. ამიტომაც განვსაჯე, მომეყვანა იგი ჩემთან საცხოვრებლად, რადგან ვიცოდი, მეყოლებოდა კეთილ მრჩევლად და ნუგეშად ზრუნვასა და მწუხარებაში.

10. მისით მექნებოდა დიდება ხალხში და ჭაბუკს - პატივი უხუცესთა წინაშე.

11. სამსჯავროში გამჭრიახი აღმოვჩნდებოდი და ძლიერთა თვალში გასაკვირველი.

12. დავდუმდებოდი და დამელოდებოდნენ, ამეტყველებულს კი მომისმენდნენ; და თუ საუბარს გავაგრძელებდი, ხელი პირზე ექნებოდათ მიდებული;

13. მისით მივაღწევდი უკვდავებას და საუკუნო სახსენებელს დავუტოვებდი ჩემს შთამომავლობას;

14. ხალხთა განმგებელი შევიქნებოდი და ერები დამემორჩილებოდნენ;

15. დაფრთხებოდნენ ჩემს გაგონებაზე სასტიკი ტირანები; ხალხში კეთილი გამოვჩნდებოდი, ომში კი - მამაცი.

16. შინ შესული მისით დავისვენებდი, რადგან მასთან ზიარებას არ მოსდევს სიმწარე და არც ტანჯვა მასთან ცხოვრებას, არამედ შვება და სიხარული.

17. ამას ვიზრახავდი ჩემთვის და, როცა მივხვდი ჩემს გულში, რომ უკვდავებაა სიბრძნესთან წილნაყარობა,

18. მასთან მოყვრობა - ნეტარება და მის ხელთა ნაშრომი - მოუკლებელი სიმდიდრე, მასთან საუბარი გონიერება და მის სიტყვებთან ზიარება - სახელის მოხვეჭა; დავდიოდი და ვეძებდი, როგორ შემეძინა იგი.

19. ნიჭმომადლებული ყმაწვილი ვიყავი და წილად მხვდა კეთილი სულიც;

20. უფრო კი, სიკეთის გამო იყო, უბიწო სხეულში რომ შევედი.

21. მივხვდი, თუ ღმერთი არ მომცემდა, სხვა გზით მას ვერ მოვიხვეჭდი, - და რომ უკვე სიბრძნე იყო იმის შეგნება, თუ ვისგან იყო ეს ნიჭი, - მივმართე უფალს. შევევედრე და მთელი ჩემი გულით ვუთხარი:


თავი მეცხრე

1. ღმერთო მამა-პაპათა და წყალობის უფალო, რომელმაც ყოველივე შექმენი შენი სიტყვით,

2. გამომსახველო კაცისა შენი სიბრძნით, რათა მეუფებდეს იგი შენ მიერ გაჩენილ ქმნილებებზე,

3. რათა სიწმიდით და სიმართლით განაგებდეს სოფელს და წრფელი სულით სჯიდეს სამართალს!

4. მომმადლე სიბრძნე, შენს ტახტზე დაბრძანებული, და ნუ გამომრიცხავ შენს მსახურთაგან.

5. რადგან მე მონა ვარ შენი და ძე შენი მხევლისა, კაცი უძლური და დღემოკლე, მსჯავრისა და რჯულის უმეცარი;

6. რადგან ადამიანის ძეთა შორის თვით სრულქმნილიც კი არარად ითვლება, თუ შორსაა შენი სიბრძნისგან.

7. შენ გამომარჩიე მე მეფედ შენი ერისა და მსაჯულად ძეთა და ასულთა შენთა;

8. მიბრძანე ტაძრის აშენება შენს წმინდა მთაზე და საკურთხევლისა შენს სამყოფელ ქალაქში. მსგავსად წმიდა კარვისა, რომელიც დასაბამიდანვე წინასწარ განამზადე.

9. შენთან არის სიბრძნე, რომელმაც უწყის შენი საქმეები, რომელიც თან გახლდა, როცა სამყაროს ქმნიდი, რომელმაც უწყის, რა არის სათნო შენს თვალში და რა არის სწორი შენს მცნებათა მიხედვით.

10. მოავლინე იგი წმიდა ზეცათაგან და შენი დიდების ტახტიდან წარმოგზავნე, რათა შემეწიოს ჩემს შრომაში, რათა შევიცნო, თუ რა არის შენი მოსაწონი.

11. რადგან მან ყოველივე იცის და ყველაფერი ესმის, ბრძნულად წარმიძღვება ჩემს მოქმედებაში და დამიცავს მე თავისი დიდებით.

12. ჩემი საქმეები შეწყნარებული იქნება, განვსჯი სამართლიანად შენს ერს და გავხდები ჩემი მამის ტახტის ღირსი.

13. რადგან კაცთაგან რომელი შეიცნობს ღვთის განზრახვას? ან უფლის ნებას ვინ მიხვდება?

14. რადგან უსუსურია მოკვდავთა ფიქრები და ჩვენი ზრახვები მერყევია.

15. რადგან განხრწნადი ხორცი ამძიმებს სულს და ეს მიწიერი კარავი ტვირთად აწევს ფიქრით სავსე გონებას.

16. ძლივს ვხვდებით მას, რაც მიწაზეა, და რაც ხელთა გვაქვს, ძნელად ვპოულობთ, ხოლო რაც ცაშია, ვინ გამოიკვლია?

17. განგებას შენსას ვინ შეიცნობდა, შენ რომ სიბრძნე არ მოგეცა, და მაღლიდან შენი წმიდა სული არ მოგევლინებინა?

18. ასე წარიმართნენ მიწიერთა გზები, ადამიანები მიხვდნენ შენს მოსაწონს და სიბრძნით გადარჩნენ.


თავი მეათე

1. სიბრძნემ დაიცვა პირველდასახული მამა სამყაროსი, მარტოდ შექმნილი, და იხსნა იგი დაცემისგან;

2. და მისცა მას ძალა ყოველთა განსაგებლად.

3. მაგრამ წარწყმდა მისგან ბრაზით განმდგარი უკეთური, როცა რისხვამორეულმა ძმა მოკლა.

4. მის გამო წარღვნილი მიწა კვლავ სიბრძნემ იხსნა, როცა ხის ნაგლეჯით გადაარჩინა მართალი.

5. მან გამოიცნო მართალი კაცი ბოროტებაში შეთანხმებულ ხალხთა შორის და უბიწოდ დაიცვა იგი ღვთის წინაშე, და შვილის სიბრალულით სიძლიერე შეუნარჩუნა.

6. მანვე გადაარჩინა მართალი, როცა ღუპავდა ურჯულოებს; გაექცა ცეცხლს, გარდმოვლენილს ხუთ ქალაქზე,

7. რომელთაგან ბოროტების მოწმედ აკვამლებული ტრამალიღა დარჩა და უჟამოდ ნაყოფის გამომღები მცენარეები, და ურწმუნო სულის სახსოვრად აღმართული მარილის სვეტი.

8. სიბრძნისთვის გვერდის ამვლელებმა მხოლოდ სიკეთის შეუცნობლობით როდი ავნეს თავს, არამედ ცხოვრებას თავიანთი სიბრიყვის ხსოვნაც დაუტოვეს, ვერ შეძლეს დაფარვა იმისა, რაც შესცოდეს.

9. სიბრძნემ კი იხსნა თავისი მსახურნი სატანჯველთაგან.

10. ძმის რისხვისგან გაქცეულ მართალს სწორ გზებზე უწინამძღვრა, ღვთის სასუფეველი უჩვენა და სიწმიდეთა ცოდნა მიჰმადლა, მწედ ეყო ტანჯვა-წამებაში და ნაყოფი მისი ღვაწლისა გაამრავლა.

11. როცა სიხარბით ჩაგრავდნენ, გვერდში ამოუდგა მას და გაამდიდრა.

12. დაიფარა იგი მტრებისაგან და ავისმზრახველთაგან დაიცვა; ცხარე ბრძოლაში მისცა გამარჯვება, რათა სცოდნოდა, რომ ღვთისმოსაობა ყველაფერზე ძლიერია.

13. არ მიატოვა გაყიდული მართალი, არამედ ცოდვისაგან დაიხსნა იგი;

14. ჯურღმულში ჩავიდა მასთან და ბორკილებში როდი დატოვა, არამედ მიუტანა კვერთხი მეფობისა და ძალაუფლება მის მჩაგვრელებზე, გაამტყუნა მისი ბრალმდებელნი, მას კი საუკუნო დიდება მიანიჭა.

15. წმიდა ერი და უბიწო თესლი დაიხსნა მჩაგვრელი ხალხებისგან.

16. შევიდა უფლის მსახურის სულში და სასტიკ მეფეებს წინ აღუდგა სასწაულებითა და ნიშნებით.

17. მისცა ღირსეულებს საზღაური მათი ღვაწლისა, საკვირველ გზაზე უწინამძღვრა და იქმნა მათთვის დღისით საფარველად, ხოლო ღამღამობით - ვარსკვლავთა ელვარებად.

18. გადაიყვანა ისინი მეწამულ ზღვაზე და ადიდებულ წყლებს გაღმა გადაუძღვა.

19. მათი მტრები კი ჩაძირა და უფსკრულის სიღრმიდან ამოტყორცნა.

20. ამიტომაც მართლებმა უღვთოებს საჭურველი აჰყარეს და შენს წმიდა სახელს უმღერეს და ერთსულოვნად აქეს შენი მფარველი ხელი.

21. რადგან სიბრძნემ პირი გაუხსნა მუნჯებს და ჩვილთა ენებს სიცხადე მისცა.


თავი მეთერთმეტე

1. კეთილად წარმართა სიბრძნემ მათი საქმენი წმიდა წინასწარმეტყველის ხელით.

2. გადალახეს უდაბნო უკაცური და უვალ ადგილებში კარვები აღმართეს,

3. წინ აღუდგნენ მომხდურთ და მოიგერიეს მტრები.

4. მოსწყურდათ და შენ შეგღაღადეს, და შენც მიეცი მათ წყალი სალი კლდიდან და დარწყულება - პიტალო ქვიდან.

5. რადგან გასაჭირში მყოფთ ის მიემადლათ, რითაც დაისაჯნენ მათი მტრები:

6. ნაცვლად სისხლით შემღვრეული და წაბილწული წყაროსი,

7. ყრმათა ჟლეტის ბრძანების სამხილებელად რომ ადინე, მოულოდნელად მიეცი მათ უხვი წყალი.

8. და მაშინ უჩვენე წყურვილის ძალით, თუ როგორ დასაჯე მათი წინააღმდგომნი.

9. რადგან, როცა გამოიცადნენ, თუმცა წყალობებში იყვნენ გაწვრთნილნი, მაშინ შეიცნეს, როგორ იტანჯებოდნენ რისხვით განკითხული უღვთოები.

10. რადგან ესენი, როგორც მამა, შეგონებით გამოსცადე, ისინი კი დასაჯე, როგორც სასტიკმა მეფემ.

11. იქ არმყოფნიც და იქ მყოფნიც ერთნაირად იტანჯებოდნენ.

12. რადგან მოეცვა ისინი ორკეც მწუხარებას და თავგადანახადის გახსენებაზე გოდებდნენ.

13. როცა შეიტყვეს, რომ მათი დასჯით დამწყალობდნენ მართალნი, მიხვდნენ, რომ უფლისგან იყო ეს საქმე.

14. თუმცა ადრე, როგორც განკიცხული, მოიკვეთეს და აბუჩად აიგდეს, მაგრამ საბოლოოდ უკვირდათ მისი, რადგან მათი წყურვილი არ ჰგავდა მართლის წყურვილს.

15. იმის სანაცვლოდ, რომ უგუნური და უკეთური ფიქრებით მოცთუნებულნი ემსახურებოდნენ უტყვ ქვეწარმავლებს და უბადრუკ მხეცებს, აჰა, პირუტყვ ქმნილებათა სიმრავლე მოუვლინე სასჯელად.

16. რათა გაეგოთ, ვინც რითი შესცოდავს, იმით რომ დაისჯება.

17. რადგან არაფერი დააბრკოლებდა შენს ყოვლისშემძლე ხელს, რომელმაც უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა, წარეგზავნა მათთვის დათვთა სიმრავლე ან მძვინვარე ლომები,

18. ან ახლადშექმნილი და უცნობი მძვინვარე მხეცები, ან ცეცხლოვანი სუნთქვის მომბერველნი, ან ამომფრქვეველნი ბოლქვებად კვამლისა, ან თვალთაგან შემზარავ ნაპერწკალთა გამომტყორცნელნი,

19. რომელთაც არა მხოლოდ ვნების მიყენებით შეეძლოთ მაიაი განადგურება, არამედ შიშისმომგვრელი შესახედაობითაც დაღუპავდნენ.

20. და მათ გარეშეც, ერთი მობერვითაც შეიძლებოდა დამხობილიყვნენ მართლმსაჯულებისგან დევნილნი და შენი ძლიერი სულისგან დაფანტულნი, მაგრამ შენ ყოველივე ზომით, თვლითა და წონით განაწესე;

21. რადგან დიდი ძლიერება მარადის შენთანაა და ვინ აღუდგება წინ შენი მკლავის ძალას?

22. რადგან მთელი სამყარო შენს წინაშე მხოლოდ რხევაა სასწორის პინებისა და წვეთია დილის ცვარისა, დედამიწაზე რომ იფრქვევა.

23. ყველას შემბრალე ხარ, რადგან ყველაფერი შეგიძლია, და არად მიიჩნევ კაცთა ცოდვებს, რათა მოინანიონ.

24. რადგან ყოველი არსებული გიყვარს, და არც არას მოიძულებ, რაც შეგიქმნია; რომ გძულებოდა, ხომ არც შექმნიდი!

25. როგორ იარსებებდა რაიმე, შენ რომ არ მოგესურვა? ან როგორ შეინახებოდა, შენ რომ არ მოგეხმო?

26. ყველაფერს უფრთხილდები, რადგან ყველაფერი შენია, სულისმოყვარეო უფალო.


თავი მეთორმეტე

1. რადგან ყველაფერშია შენი უხრწნელი სული.

2. ამიტომაც შეცდომილებს თანდათან ამხელ და შეახსენებ, თუ რაში სცოდავენ; შეაგონებ, რომ დათმონ ბოროტება და სწამდეთ შენი,უფალო.

3. ძველი მკვიდრნი შენი წმინდა მიწისა

4. მოიძულე საძაგელ საქმეთათვის, ჯადოქრობისთვის და უწმიდური წესებისთვის,

5. ყრმათა უწყალო ხოცვისთვის, და ადამიანის შიგნეულის და სისხლის ჭამისთვის; შეიძულე საიდუმლოდ მსხვერპლის შემწირველნი.

6. და მშობლები - მკვლელნი უმწეო სულებისა, და მოიწადინე მათი დაღუპვა ჩვენი მამა-პაპის ხელით,

7. რათა შენს ფასდაუდებელ მიწას ღვთის შვილთა ღირსეული სახლობა მიეღო.

8. მაგრამ ისინიც, როგორც კაცნი, მაინც დაინდე და შენი მხედრიონის წინამორბედებად კელები მიუგზავნე, რათა თანდათან გაჟლეტილიყვნენ.

9. თუმცა შეგეძლო ურჯულონი მართალთათვის ბრძოლით დაგემონა ან საზარელი ცხოველებით მოგესპო ისინი, ან ერთი სასტიკი სიტყვით;

10. მაგრამ შენ თანდათან სჯიდი მათ და დროს აძლევდი სინანულისათვის; თუმცა იცოდი, რომ მოდგმა მათი უკეთურია და ბოროტება - თანდაყოლილი, და მათი ზრახვები არ შეიცვლებოდა უკუნისამდე.

11. მათი თესლი ხომ დაწყევლილია დასაბამიდან; ვინმეს შიშით როდი ტოვებდი მათ დაუსჯელად ცოდვებისათვის.

12. რადგან ვინ გეტყვის: რა ჩაიდინე? ან წინ ვინ აღუდგება შენს სამსჯავროს? ან ვინ დაგდებს ბრალს ხალხების დაღუპვისთვის, რომელიც შენვე შექმენი? ან ვინ გამოესარჩლება შენ წინაშე ცოდვილ ადამიანებს, შეიწყალეო ისინი?

13. რადგან არ არის ღმერთი შენს გარდა, ყველაზე რომ ზრუნავდეს, რომელსაც დაანახვებდი, რომ უსამართლოდ არ სჯი.

14. არცერთ მეფეს, არცერთ მბრძანებელს არ შეუძლია თვალი გაგისწოროს იმათ გამო, რომელნიც დასაჯე.

15. თავად სამართლიანი სამართლიანად განაგებ ყველაფერს, რადგან შენი ძლიერებისთვის უცხოდ მიგაჩნია დასაჯო, ვინც სასჯელს არ იმსახურებს.

16. რადგან შენი ძალა სამართლიანობის დასაბამია და ყოვლის მბრძანებლობა ყოვლის მიმტევებლად გაქცევს.

17. ძალას შენსას უჩვენებ მას, ვისაც არ სწამს შენი ყოვლადძლიერება, და შენს არმცნობელს კადნიერებაში ამხელ.

18. მაგრამ მფლობელი ძლიერებისა ლმობიერად განსჯი და გვმართავ ჩვენ დიდი მოთმინებით, რადგან ძლიერების გამოჩენა შენს ნებაზეა.

19. ამგვარ საქმეთა წყალობით განასწავლე შენი ხალხი, რომ სამართლიანი კაცთმოყვარე ყოფილიყო, და შენს შვილებს შთაუნერგე კეთილი იმედი, რომ მისცემდი დროს ცოდეების მოსანანიებლად.

20. რადგან თუ შენს მსახურთა მტრებს და სიკვდილით დასასჯელებს ეგზომ ლმობიერებითა და გულმოწყალებით სჯიდი, რაკი აძლევდი დროსა და შემთხვევას, რომ ბოროტებას განდგომოდნენ,

21. რაზომი სიფრთხილით განსჯიდი შენს შვილებს, რომელთა მამა-პაპას მიეცი ფიცი და კეთილ დაპირებათა აღთქმები!

22. როცა ჩვენ გვასწავლი, ჩვენს მტრებს ათასგზის შოლტავ, რათა დამსჯელებმა შენს სიკეთეზე ვიფიქროთ, ხოლო დასჯილები ველოდეთ შეწყალებას.

23. ამიტომაც თავისივე სისაძაგლეებით დატანჯე ცოდვილნი, რომელნიც უგუნური ცხოვრებით ცხოვრობდნენ.

24. რადგან მცდარ გზაზე მოარულნი შორს განიბნენ და, უჭკუო ბალღებივით მოტყუებულნი, ღმერთებად მიიჩნევდნენ ცხოველებს, რომელნიც მათი მტრებისთვისაც კი საძაგელნი არიან.

25. ამიტომ, როგორც უგუნურ ყრმებს, სასჯელად კიცხვა მოუვლინე.

26. მაგრამ, რაკი მამხილებელი კიცხვითაც გონს ვერ მოეგნენ, ღვთისგან დამსახურებული სასჯელი მიიღეს.

27. როცა ტანჯვა-წამებაში მყოფნი აღშფოთდნენ იმ ქმნილებებზე, რომლებიც ღმერთებად მიაჩნდათ, ახლა კი მათი მიზეზით იყვნენ დასჯილნი, აღიარეს ჭეშმარიტ ღმერთად იგი, ვის ცნობასაც ადრე უარობდნენ. ამიტომაც მოაწია მათზე საბოლოო განაჩენმა.


თავი მეცამეტე

1. ამაონი არიან ბუნებით ყველანი, ღვთის უმეცრებაში მყოფნი, რომელთაც ხილულ სიკეთეგან ვერ შეძლეს შემეცნება არსებულისა და ვერც საქმეთა მიხედვით გამოიცნეს ხელოვანი;

2. არამედ ან ცეცხლი, ან ქარი, ან სწრაფი ჰაერი, ან ვარსკვლავთა წრე, ან წყალი, ან ცის მნათობები მიიჩნიეს სამყაროს განმგებელ ღმერთებად.

3. თუკი მათი სილამაზით დატყვევებულთ ესენი ღმერთები ეგონათ, ისიც უნდა შეეცნოთ, თუ რაზომ უმჯობესია მათზე უფალი, რადგან მან, დასაბამმა მშვენებისა შექმნა ისინი.

4. ხოლო თუ მათი ძალა და მოქმედება აკვირვებდათ, მათგანვე უნდა შეეცნოთ, რაზომ ძლიერი იქნებოდა მათზე მათი შემოქმედი.

5. რადგან ქმნილებათა სიდიადისა და მშვენების კვალზე მათი შემოქმედიც შეიცნობა;

6. მაგრამ ესენი მაინც ნაკლებად გასაკიცხნი არიან, რადგან თუ სცდებიან, ღვთის ძიებისას სცდებიან, მისი პოვნის მოწადინენი.

7. რადგან ღვთის ქმნილებათა შორის მყოფნი ეძებენ და მზერას ერწმუნებიან, რომ ყოველი ხილული მშვენიერია.

8. და მაინც არც ესენი არიან ღირსი შენდობისა;

9. რადგან თუ იმის ძალა შესწევდათ, რომ ამოეცნოთ ეს სამყარო, რატომ უმალვე ვერ იპოვეს მისი მეუფე?

10. მაგრამ უფრო უბადრუკნი არიან მკვდართა მსასოებელნი, რომელნიც ღმერთებს უწოდებენ: ადამიანთა ხელით ნაქმნარს - ოქროსა და ვერცხლს, ხელოვნების ქმნილებებს, ცხოველთა გამოსახულებებს, ან უსარგებლო ქვას - ძველების ხელით ნაკეთებს.

11. მოჭრის ხისმჭრელი ვინმე ხურო ადვილდასამუშავებელ ხეს და მარჯვედ გალოპრავს, ლამაზად გათლის და მისგან საჭირო ჭურჭელს დაამზადებს.

12. სამუშაოდან მორჩენილ ნაჭრებს კი კერძის მოსამზადებლად მოიხმარს და გაძღება;

13. ხოლო იმათგან ერთი ნაჭერს, ყოვლად უვარგისს, მრუდეს და ნუჟრებიანს, აიღებს და მოცალეობისას გულმოდგინედ გამოთლის, ოსტატურად დაამუშავებს და ადამიანის სახედ გამოსახავს,

14. ან მიამსგავსებს რომელიმე უბადრუკ ცხოველს, სურინჯს წაუსვამს, მეწამული საღებავით შეღებავს მის ზედაპირს და ყველა მის ხინჯს დაფარავს,

15. მოუწყობს მას შესაფერის ადგილ-სამყოფელს, კედელზე ჩამოკიდებს და რკინით მიამაგრებს.

16. ამგვარად, აწინასწარ იზრუნებს, რომ ძირს არ ჩამოუვარდეს, რადგან იცის, რომ იგი ვერ უშველის საკუთარ თავს, რადგან ხატია მხოლოდ და შემწეს საჭიროებს.

17. როცა ლოცულობს თავისი სიმდიდრისთვის, ქორწინებისთვის და შვილებისათვის, არ რცხვენია უსულოსთან საუბრისა; ჯანმრთელობისათვის უძლურს მიმართავს,

18. სიცოცხლეს მკვდარს შესთხოვს, შემწეობისთვის გამოუცდელს ევედრება, კეთილი მგზავრობისთვისმას, ვინც ნაბიჯსაც ვერ დგამს;

19. მოგებისთვის, საშრომელისთვის და ხელის მომართვისთვის ხელით უძლურს ეხვეწება, რომ ძალა მისცეს.


თავი მეთოთხმეტე

1. კიდევ: სანაოსნოდ და მძვინვარე ტალღების გადასალახავად ვინმე ძელს მოუხმობს, უფრო მსხვრევადს, ვიდრე მისი მატარებელი ხომალდია.

2. რადგან მხოლოდ მოხვეჭის სურვილმა მოისაზრა და ოსტატის ხელოვნებამ ააშენა ხომალდი.

3. მაგრამ ხომალდს, მამაო, შენი განგება მართავს, რდგან ზღვაში შენ მიეცი მას გზა და ტალღათა შორის საიმედო ბილიკი,

4. აჩვენე, რომ ყოველი ხიფათისგან დახსნა შეგიძლია, თუნდაც ვინმე უმეცარი შევიდეს ზღვაში.

5. გსურს შენი სიბრძნის ნამოქმედარი ფუჭი არ იყოს; ამიტომაც ანდობენ ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს ხის ნაჭერს და ტივით გადამლახველნი ტალღებისა გადარჩებიან;

6. რადგან თავიდანვე, როცა შეიმუსრნენ ქედმაღალი ბემბერაზები, სოფლის იმედმა ტივს შეაფარა თავი და, შენი ხელით წარმართულმა, საუკუნეს შეუნარჩუნა ახალი თაობის თესლი.

7. კურთხეულია ძელი, რომლითაც სამართლიანობა მოხდა.

8. ეს ხელითნაკეთი კი დაწყევლილია თავადაც და მისი გამკეთებელიც, რომ გააკეთა და ეს ლპობადი ნივთი ღმერთად იწოდა.

9. რადგან უკეთური და მისი უკეთურება ღვთისთვის თანაბრად საძულველია,

10. და, რაც გაკეთებულია, მის გამკეთებელთან ერთად დაისჯება.

11. ამიტომაც წარმართთა კერპებსაც მოელით განკითხვა, რადგან იქცნენ ისინი ღვთის ქმნილებათა შორის სისაძაგლედ, ადამიანთა სულების საცდუნებელად და მახედ უგუნურთა ფეხებისთვის.

12. რადგან კერპთა კეთების ჩანაფიქრი გარყვნილების სათავე იყო, ხოლო მათი გამოგონება - ცხოვრების გახრწნა;

13. რადგან არც დასაბამიდან იყვნენ და არც საუკუნოდ იქნებიან.

14. ისინი სოფელში კაცთა ცუდმედიდობით შემოვიდნენ და ამიტომაც აღსასრულიც სწრაფი მიესაჯათ.

15. უდროოდ დაღუპულ შვილზე მწუხარებით გატანჯულმა მამამ მისი გამოსახულება გააკეთა, ჯერ პატივი მიაგო როგორც მკვდარ ადამიანს, მერე კი როგორც ღმერთს და საიდუმლოებანი და საღვთო წესები გადასცა თავის ხელქვეითებს.

16. შემდგომად ამისა, დროის მიერ განმტკიცებული ეს უკეთური ჩვეულება შენახულ იქნა, როგორც რჯული

17. და ხელმწიფეთა ბრძანებებით თაყვანს სცემდნენ ამ ქანდაკებებს. მათი სახეებიც გამოაქანდაკეს, რომელთა თაყვანისცემა მათი შორს ყოფნის გამო ადამიანებს არ შეეძლოთ; საჭვრეტად შექმნეს სათაყვანო მეფის გამოსახულება, რათა შორს მყოფისთვისაც ისევე ემლიქვნელათ, როგორც ახლოს მყოფისთვის.

18. ხელოვანის პატივმოყვარეობა იყო მიზეზი, რომ უცნობებმაც დაიწყეს მისი თაყვანისცემა.

19. მან, ალბათ, მბრძანებლის საამებლად ძალ-ღონი არ დაზოგა, რომ ოსტატობის წყალობით ხატება სილამაზით შეემკო.

20. ხალხმა კი, მისით მოხიბლულმა, სიწმიდედ შერაცხა ეს ქმნილება, რომელსაც ადრე პატივს სცემდა, როგორც ადამიანს.

21. და ეს საცდურად ექცა კაცთა მოდგმას, რადგან უბედურებებით ან მძლავრობით დაბეჩავებულმა ადამიანებმა უცხო სახელები მისცეს ქვებსა და ხეებს.

22. მერე, ღვთის შეცნობაში შეცდომა არ იკმარეს და, დიდ ბრძოლაში უმეცრების გამო ჩათრეულნი, ამგვარ ბოროტებას მშვიდობას უწოდებენ.

23. ან მსხვერპლად სწირავენ ბავშვებს, ან დაფარულ წესებს ასრულებენ, ან სხვათა ადათებისამებრ თავაშვებულ ღრეობებს მართავენ.

24. არ უფრთხილდებიან არც თავიანთ სიცოცხლესა და არც ქორწინების სიწმიდესა და ვერაგულად ხოცავენ ერთმანეთს, ან კიდევ მრუშობით შეურაცხყოფენ.

25. განურჩევლად ყველა გარეულია სისხლში და მკვლელობაში, ძარცვაში და მზაკვრობაში, გარყვნილებაში და უნდობლობაში, შფოთში და ცრუ ფიცში,

26. სიკეთეთა მოყივნებაში, მადლის დავიწყებაში, სულთა წაბილწვაში, სქესის გაუკუღმართებაში, უწესო ქორწინებაში, სიძვაში და უსირცხვილობაში.

27. რადგან სახელუხსენებელ კერპთა მსახურება არის დასაბამი, მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისა;

28. რადგან მათი თაყვანისმცემელნი ნეტარებით შმაგობენ, სიცრუეს წინასწარმეტყველებენ; ან უსამართლოდ ცხოვრობენ, ან სწრაფად ტეხენ ფიცს;

29. რადგან უსულო კერპთა მოიმედენი ბოროტი ფიცისათვის სასჯელს არ ელიან.

30. მაგრამ სასჯელი ორივეს გამო მოაწევს მათზე. იმის გამოც, რომ კერპების ერთგულნი ბოროტად ფიქრობდნენ ღმერთზე, და იმის გამოც, რომ უსამართლოდ ფიცულობდნენ სიწმიდის მზაკვრულად მოძულენი.

31. რადგან არა ფიცის ძალა, არამედ ცოდვილთათვის განკუთვნილი სასჯელია, რომ დევნის მუდამ კანონის შემლახველს.


თავი მეთხუთმეტე

1. ხოლო შენ, ღმერთო ჩვენო, კეთილი და ჭეშმარიტი ხარ, სულგრძელი და ყოვლის განმგებელი წყალობით.

2. კიდეც რომ შევცოდოთ, მაინც შენი ვართ, მაღიარებელნი შენი ძალისა; მაგრამ არ შევცოდავთ, რადგანაც ვუწყით, რომ შენად ვართ შერაცხილნი.

3. შენი შეცნობა სრული ჭეშმარიტებაა, აღიარება შენი ძალაუფლებისა კი უკვდავების საფუძველია.

4. ვერ შეგვაცდინა ჩვენ კაცთა ბოროტმა განზრახვამ და ვერც მხატვართა უნაყოფო შრომამ - ხატებამ, სხვადასხვა ფერებით აჭრელებულმა,

5. რომლის მზერაც უგუნურ წადილს და ტრფიალებას აღაგზნებს მკვდარი ქანდაკების უსიცოცხლო სახის მიმართ.

6. ამგვარ იმედთა ღირსნი არიან ბოროტებათა ტრფიალნი და მათი ჩამდენნიც, მოწადინენი და თაყვანისმცემლებიც.

7. მექოთნე რბილ თიხას ზელს და ჩვენდა სამსახურად გულმოდგინედ ძერწავს ყველაფერს; ერთი და იმავე თიხიდან იძერწება ორივე ჭურჭელი - საწმიდარიც და სადაგიც; მაგრამ რომელი რას უნდა ემსახუროს, ამის განმსჯელი თიხის ოსტატია.

8. ამ თიხიდანვე ამაო ღმერთს ძერწავს ფუჭად მშრომელი, რომელიც თავადაც მიწისგან წარმოიშვა ცოტა ხნის წინათ, ცოტა ხნის შემდეგ კი იქითკენ წავა, საიდანაც აღებულ იქნა, და მოსთხოვენ სულის ვალის უკან დაბრუნებას.

9. მაგრამ მას არ ადარდებს, რომ მძიმე შრომა უნდა, რომ ხანმოკლეა მისი ცხოვრება, არამედ ეჯიბრება ოქრომჭედლებსა და ვერცხლის მდნობელებს, სპილენძის ოსტატებს ბაძავს და სასახელოდ მიაჩნია სისაძაგლის ძერწვა.

10. ფერფლია მისი გული, თიხაზე უმნიშვნელოა მისი სასოება და ტალახზე უპატიოა მისი ცხოვრება.

11. რადგან ვერ შეიცნო თავისი შემქმნელი, ვინც მას ჩაუდგა მოქმედი სული და სიცოცხლის სამშვინველი შთაბერა.

12. მაგრამ ჩვენი სიცოცხლე მათ გართობად ჩათვალეს, ხოლო ცხოვრება სარფიან ვაჭრობად, რადგან ამბობენ: ხომ საჭიროა საიდანმე, თუნდაც ბოროტებისგან, სარგებლის მიღება.

13. ყველაზე უკეთ თვითონ მან იცის, რომ ცოდვას სჩადის, რადგან ქმნის თიხიდან მყიფე ჭურჭლებსა და ქანდაკებებს.

14. მაგრამ ყველაზე უგუნურნი და ჩვილ ბავშვებზე სულით უბადრუკნი არიან შენი ხალხის მტრები, რომელნიც ჩაგრავენ მას.

15. რადგან ისინი ღმერთებად მიიჩნევენ წარმართთა ხატებს, რომელთაც არა აქვთ თვალები სახედველად, არც ნესტოები ჰაერის შესასუნთქად, არც ყურები სასმენელად, არც თითები შესახებად და მათი ფეხებიც უმოქმედოა სავალად.

16. თუმცა ადამიანმა შექმნა ისინი და ნასესხებმა სულმა გამოსახა, მაგრამ არცერთ კაცთაგანს არ შეუძლია გამოსახოს ღმერთი, როგორიც არის.

17. თავად მოკვდავია და მკვდარს აკეთებს ურჯულო ხელებით, ამიტომაც სჯობს თავის სათაყვანებელთ, რადგან თვითონ ცოცხლობს მაინც, ამათ კი არასოდეს უცოცხლიათ.

18. უსაძაგლეს ცხოველებს სცემენ თაყვანს, უჭკუობით სხვებისგან გამორჩეულთ.

19. შესახედავადაც უშნონი არიან და სხვა ცხოველებივით ვერ მიგვიზიდავენ, რადგან აკლიათ ღვთის დასტური და მისი კურთხევა.


თავი მეთექვსმეტე

1. ამიტომაც ღირსად დაისაჯნენ ისინი მათივე მსგავსი ცხოველებით და მხეცთა სიმრავლით დაიტანჯნენ.

2. შენს ხალხს კი, ნაცვლად ამგვარი სასჯელისა, კეთილი უყავ. მოძულებულთ უცხო საზრდელი - მწყერები მოუმზადე მადის დასაცხრომად;

3. რათა იმ ხალხს, როცა მოშივდებოდათ, მადის ნატამალიც კი დაჰკარგოდათ მათთვის მიგზავნილ საძაგელ ქმნილებათა ხედვით. შენს ხალხს კი, მცირე ხნით ნაშიმშილევს, უცხო საჭმელის გემო ეხილა.

4. რადგან მათ მჩაგვრელებზე ულმობელი გასაჭირი უნდა მოწეულიყო, თავად კი მხოლოდ უნდა ენახათ, როგორ გაწამდნენ მათი მტრები.

5. როცა შენს ხალხზე მხეცთა საზარელი რისხვა გადმოვიდა და ცბიერ ქვეწარმავალთა ნაკბენებით იხოცებოდნენ, ბოლომდე როდი გაუგრძელე შენი მრისხანება,

6. ჭკუის სასწავლებლად შეძრწუნდნენ მცირე ხნით და ხსნის ნიშანი მიიღეს, რათა შენი რჯულის მცნებები გახსენებოდათ.

7. რადგან მოქცეული გადარჩა არა იმით, რასაც შეჰყურებდა, არამედ შენით, ყოველთა მხსნელო.

8. ამით დაარწმუნე ჩვენი მტრები, რომ შენა ხარ მხსნელი ყოველივე ბოროტისაგან.

9. ისინი კალიებისა და კელების ნაკბენებით დაიხოცნენ და არსად იყო მათი განკურნება, რადგან ღირსნი იყვნენ მათგან წამებისა.

10. შენი შვილები კი ვერც გესლიანი გველების კბილებმა დასძლიეს, რადგან მათ შესაწევად გადმოვიდა შენი წყალობა და განკურნა ისინი.

11. ისინიც დაიგესლნენ, რომ შენი სიტყვები გახსენებოდათ, და განიკურნენ, რათა, შენს წყალობას მოკლებულნი, დავიწყების უფსკრულში არ ჩავარდნილიყვნენ.

12. ვერც ბალახმა და ვერც სალბუნებმა ვერ განკურნეს ისინი, არამედ შენი სიტყვაა, უფალო, ყველას რომ კურნავს.

13. რადგან სიცოცხლეზეც და სიკვდილზეც შენა გაქვს ხელმწიფება; შენ ჩაიყვან ჯოჯოხეთის ბჭეებამდე და შენვე ამოიყვან.

14. ადამიანი თავისი სიბოროტით კლავს, მაგრამ არ ძალუძს არც ამომხდარი სულის ჩაბრუნება და არც გამოხსნა ტყვექმნილი სულისა.

15. შეუძლებელია გაქცევა შენი ხელიდან.

16. რადგან უღვთონი, რომელთაც არ ინდომეს შენი შეცნობა, შენი მკლავის ძალით დაისაჯნენ, გაუგონარი წვიმებისა, სეტყვისა და ნიაღვრებისგან დევნილები, და ცეცხლით განადგურდნენ.

17. მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ, ყოველთა დამშრეტელ წყალში ცეცხლი უფრო ძლიერად აღიძრა, რადგან სამყაროც მართალთა შემწეა.

18. ხანდახან ალი მშვიდდებოდა, რათა არ დაეწვა უღვთოთათვის მისეული ცხოველები და ამის მხილველებს სცოდნოდათ, რომ ღვთის სასჯელისგან იდევნებიან.

19. ხოლო ხანდახან წყლის შუაგული ცეცხლზე მეტად გიზგიზებდა, რათა უსამართლო მიწის ქმნილებანი მომსპარიყვნენ.

20. ნაცვლად ამისა შენს ხალხს ანგელოზთა საზრდელით კვებავდი და ზეციდან უშრომლად უგზავნიდი გამზადებულ პურს, ყოვლად საამოს და ყველას გემოვნების შესაფერისს.

21. შენი სიტკბო შვილების მიმართ შენი საზრდელის თვისებამ გამოაჩინა; მჭამელთა მადის დასაკმაყოფილებლად გემოს იცვლიდა, ვის როგორ ერჩივნა, იმის მიხედვით.

22. თოვლმა და ყინულმა ცეცხლს გაუძლო და არ დამდნარა, რათა შეეცნოთ, რომ მტერთა ნაყოფები სეტყვაში მოგიზგიზე და თავსხმაში გაკვესებულმა ცეცხლმა შემუსრა.

23. მაგრამ იმავე ცეცხლმა თავისი ძალა დაივიწყა, რათა მართალნი დანაყრებულიყვნენ.

24. რადგან ქმნილება, რომელიც შენ, თავის შემოქმედს, გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იმატებს და ცხრება შენს მორწმუნეთა კეთილის საყოფად.

25. ამიტომ მაშინაც, ყოველმხრივ სახეშეცვლილი, შენს ყოველთა გამომზრდელ მადლს ემსახურებოდა გაჭირვებულთა სურვილის მიხედვით,

26. რათა სცოდნოდათ შენს შვილებს, რომელნიც შეიყვარე, უფალო, რომ ნაყოფები კი არ კვებავს ადამიანს, არამედ შენი სიტყვა იცავს შენს მორწმუნეთ;

27. რადგან, რასაც ცეცხლი ვერ მუსრავს, მაშინვე დნება, როგორც კი მზის სუსტი სხივი გაათბობს,

28. რათა ყველამ იცოდეს, რომ მზეს უნდა დაასწრონ შენი მადლისგება და ნათლის აღმოსავლეთისკენ თაყვანიგცენ.

29. რადგან ზამთრის ჭირხლივით დადნება უმადურის სასოება და უსარგებლო წყალივით დაიღვრება.


თავი მეჩვიდმეტე

1. დიდია და გამოუთქმელი შენი სასჯელები, ამიტომაც შეცდნენ გაუწვრთნელნი სულები.

2. რადგან ურჯულონი, რომელთაც წმინდა ერის დაჩაგვრა განიზრახეს, წყვდიადის ტუსაღები და გრძელი ღამის ტყვეები იყვნენ; ჭერქვეშ შეიკეტნენ საუკუნო განგებისგან გაქცეულნი.

3. ფიქრობდნენ რა თავიანთ იდუმალ ცოდვებში დამალვას, დავიწყების ბნელ საბურველქვეშ, დაიფანტნენ თავზარდაცემულნი და აჩრდილებით შეძრწუნებულნი.

4. რადგან ყველაზე საიდუმლო ადგილმაც კი, რომელსაც შეეფარნენ, შიშისგან ვერ დაიცვა ისინი, არამედ ირგვლივ, საზარელი ხმებით შეძრწუნებულებს, პირქუში მოჩვენებები ეცხადებოდათ.

5. ცეცხლის არავითარ ძალას არ შეეძლო სინათლის მოფენა და არც ვარსკვლავთაა ბრწყინვალე ციმციმს არ ძალუძდა ამ შემზარავი ღამის განათება.

6. არაფერი უნათებდა მათ, გარდა თავისით აღგზნებული, საშინელებით აღსავსე კოცონებისა, და უხილავი მოჩვენებებით დაშინებულნი ხილულს კიდევ უფრო უარესად წარმოიდგენდნენ.

7. დასაცინი გახდა ჯადოქრობის ცთუნებები და სიბრძნით ყოყოჩობა გაკიცხულ იქნა.

8. რადგან ვინც ტანჯული სულიდან შიშისა და ძრწოლის განდევნას იპირებოდნენ, სამარცხვინო შიშის სენი თავად შეეყარათ.

9. და თუმცა ვერარა შემაძრწუნებელი ვერ აკრთობდა მათ, მხეცთა გამოსვლითა და ქვეწარმავალთა სისინით დვვნილნი, შიშისაგან იმუსრებოდნენ და უარს ამბობდნენ ჰაერის შეხედვაზეც კი, რომელსაც ვერსად გაექცევა კაცი.

10. რადგან საკუთარი მოწმობით დასჯილი ბოროტება მხდალია და სინდისით ქენჯნილი მუდამ საშინელებებს წარმოიდგენს.

11. რადგან შიში სხვა არაფერია, თუ არა შემწეობაზე უარისთქმა გონების მიერ.

12. რამდენადაც ნაკლებია შინაგანი მოლოდინი, მით უფრო შეუცნობელი ჩანს ტანჯვის მიზეზი.

13. ამ ნამდვილად აუტანელი ღამით, რომელიც აუტანელი ჯოჯოხეთის უფსკრულებიდან იყო გამოსული, ყველას ერთნაირი ძილით ეძინა:

14. ხან საზარელი მოჩვენებებისგან იყვნენ დევნილები, ხან სულის დაცემით სასოწარკვეთილები, რადგან უეცარი და მოულოდნელი შიშისზარი დაატყდა თავს.

15. და ამგვარად, ვინ სად იყო, იქ დაეცა და ურკინო საპყრობილეში გამოიკეტა.

16. მიწათმოქმედი იყო, თუ მწყემსი, თუ უდაბნოში მომუშავე, ყველანი გარდაუვალ ხვედრს დაემორჩილნენ, რადგან წყვდიადის ერთი ჯაჭვით იყვნენ შეკრულნი.

17. ქარის სტვენა, თუ ხშირ რტოებში ჩიტების ტკბილი გალობა, თუ მოვარდნილი წყლის ძალა, თუ ძლიერი გრუხუნი ჩამოგორებული ლოდებისა,

18. თუ ცხოველთა უხილავი სრბოლა, თუ მძვინვარე მხეცთა ღრიალი - თავზარს სცემდა მათ და აუძლურებდა.

19. მთელი სამყარო კი ბრწყინავდა ელვარე ნათლით და შეუფერხებლად საქმიანობდა.

20. და მხოლოდ მათზე იყო გადმომხობილი მძიმე ღამე - ხატი წყვდიადისა, რომელსაც უნდა მოეცვა ისინი; თუმცა საკუთარი თავისთვის თავადვე იყვნენ წყვდიადზე მძიმენი.


თავი მეთვრამეტე

1. ხოლო შენს წმიდათათვის დიდი იყო ნათელი. მათ მტრებს ესმოდათ ხმები, თუმცა სახეებს ვერ ხედავდნენ; ნეტარად რაცხდნენ მათ, რადგან არ იტანჯებოდნენ:

2. ადრე მათგან ვნებულნი შურს არ იძიებდნენ, მხოლოდ მადლიერნი იყვნენ და წყალობას ითხოვდნენ იმისათვის, რაც დაითმინეს.

3. ამიტომაც გააყოლე მათ ცეცხლის სვეტი უცნობ გზაზე და უვნებელი მზე უცხოობაში.

4. ისინი ღირსნი იყვნენ სინათლის მოკლებისა და წყვდიადში ჩამწყვდევისა, რადგან დამწყვდეული ჰყავდათ შენი შვილები, რომელთა წყალობით რჯულის უხრწნელი ნათელი საუკუნეს უნდა მისცემოდა.

5. როცა მათ წმინდა ჩვილების გაჟლეტა განიზრახეს და ერთი ყრმა, რომელიც მიგდებული იყო და გადარჩა, სასჯელად შვილთა სიმრავლე წაართვი მათ და ბობოქარი წყლებით დაღუპე, ერთიანად.

6. ეს ღამე წინასწარ ეუწყათ ჩვენს მამა-პაპას, რათა შეგონებულთ მტკიცედ სცოდნოდათ აღთქმები, რომლებიც ირწმუნეს.

7. მოლოდინი ჰქონდათ შენი ერის ხალხს მართალთა ხსნისა და მტერთა დაღუპვისა.

8. რადგან რითაც ჩვენი წინააღმდგომნი დასაჯე, იმითვე განგვადიდე ჩვენმა მშობელმა.

9. კეთილთა წმიდა შვილები ფარულად სწირავდნენ მსხვერპლს და საღვთო რჯულად ერთხმად დაადგინეს, რომ წმიდებს თანაბრად წილხვდომოდათ კეთილიც და ბოროტიც და უკვე გალობდნენ მამათა საგალობლებს.

10. ხოლო გამოძახილად ისმოდა მტრების არეული ხმები და გულისშემძვრელი მოთქმა დასატირებელ ყრმათა გამო.

11. ერთი სასჯელით დაისაჯნენ მონა და ბატონი, მდაბიოც ისევე დაიტანჯა, როგორც მეფე.

12. ყველას მრავლად ჰყავდა ერთნაირი სიკვდილით მკვდარი და მათ დასამარხავად ცოცხალნი არ კმაროდნენ, რადგან წამში დაიღუპა ურჩეულესი მათი მოდგმა.

13. ყველამ, ვინც კი იყო ურწმუნო ჯადოქრობის მიზეზით, პირმშოთა გაწყვეტისას ღვთის შვილად აღირა ეს ხალხი.

14. რადგან, როცა ყოველივე მყუდროებამ მოიცვა და მალე განახევრდა ღამე,

15. დასაღუპად განწირული ქვეყნის შუაგულში ზეცათა სამეუფო ტახტებიდან გადმოვიდა შენი ყოვლისშემძლე სიტყვა, როგორც მრისხანე მგომარი და შენი უცვალებელი ბრძანება - ალესილი მახვილი მოიტანა.

16. დადგა და ყოველივე სიკვდილით აღავსო და ზეცას სწვდებოდა მიწაზე მდგარი.

17. მაშინ უეცრად შეაძრწუნეს ისინი საზარელ სიზმართა აჩრდილებმა და მოულოდნელი შიშისზარი დაეცათ.

18. ვინ სად დაცემული, ნახევრადმკვდარი, აღიარებდა მიზეზს, რისთვისაც კვდებოდა.

19. შემაძრწუნებელმა სიზმრებმა წინასწარ აუწყეს ეს რათა არ დაღუპულიყვნენ იმის უცოდინარნი, თუ რისთვის იტანჯებოდნენ ასე მწარედ.

20. თუმცა სიკვდილის განსაცდელი მართალთაც შეეხო და უდაბნოში მრავალი დაიღუპა, მაგრამ რისხვა დიდხანს არ გაგრძელებულა,

21. რადგან ისწრაფა უბიწო კაცმა მათ შესაწევად და მოიღო ფარი თავისი მსახურებისა - ლოცვა და საკმეველი შეწყალების გამოსათხოვად. წინ აღუდგა რისხვას და ზღვარი დაუდო უბედურებას, რითაც ცხადჰყო, რომ შენი მსახური იყო.

22. მან სძლია ბრბოს, მაგრამ არა სხეულის ძალით და არც იარაღის აღმართვით, არამედ მხოლოდ სიტყვით დაიმორჩილა დამსჯელი, როცა გაახსენა მამა-პაპისთვის მიცემული ფიცი და აღთქმები.

23. რადგან როცა გვამები ერთმანეთზე ხროვად ეყარა, შუაში ჩამდგარმა რისხვა შეაჩერა და ცოცხლებისკენ გზა გადაუღობა.

24. რადგან მის გრძელ კაბაზე მთელი სამყარო ეხატა; მამა-პაპათა დიდებანი იყო ამოკვეთილი ოთხმწკრივად ჩაყოლებულ ქვებზე და შენი სიდიადე - მისი შუბლის ჯიღაზე.

25. ყოველივე ამის წინაშე დაიხია შემმუსვრელმა და შეუშინდა, რადგან ეს ერთი მრისხანე განსაცდელიც სკმარისი იყო.


თავი მეცხრამეტე

1. ხოლო უღვთოთათვის ბოლომდე გაგრძელდა უწყალო რისხვა, რადგან მათ ჩასადენ საქმეებს წინასწარ ჭვრეტდა,

2. იცოდა, გასვლის ნებას დართავდნენ მათ და საჩქაროდ გაისტუმრებდნენ, მაგრამ შემდეგ შეინანებდნენ და დაედევნებოდნენ.

3. რადგან სანამ მწუხარებაში იყვნენ და გლოვობდნენ მკვდართა საფლავებზე, სხვა უგუნური განზრახვა ჩაიფიქრეს: უკან გამოედევნებოდნენ მათ, როგორც ლტოლვილებს, რომელთაც წინათ წასვლას ევედრებოდნენ.

4. ამ აღსასრულისკენ მიიზიდა ისინი ბედისწერამ, რომლის ღირსნიც იყვნენ და დაავიწყა თავს გარდახდილი, რათა სასჯელით შეევსოთ, რაც მათ სატანჯველს დააკლდა;

5. რომ შენი ხალხი გაუგონარი მგზავრობით გამოგეცადა, იმათ კი უცხო სიკვდილი ეპოვათ.

6. რადგან ყოველმა ქმნილებამ თავისი ბუნება შეიცვალა შენს ბრძანებათა სამსახურად, რათა შენი შვილები უვნებლად დაცულიყვნენ.

7. ბანაკს ღრუბელი უჩრდილებდა, ხოლო სადაც ადრე წყალი იდგა, ხმელეთი გამოჩნდა; ასევე ბილიკი მეწამულ ზღვაში, დაუბრკოლებელი გზა და მწვანე ველი ბობოქარ ტალღებში,

8. რომლითაც გააღწია მთელმა ერმა, შენი ხელით დაცულმა და საკვირველ სასწაულთა მხილველმა;

9. რადგან ცხენებივით ძოვდნენ და კრავებივით ხტოდნენ, და გაქებდნენ შენ, უფალს - თავიანთ მხსნელს.

10. რადგან ჯერ კიდევ ახსოვდათ, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნისას მიწამ, ნაცვლად იმისა, რომ ცხოველები დაებადა, ჭიები წარმოშვა და მდინარემ თევზების ნაცვლად გომბეშოთა სიმრავლე ამოჰყარა.

11. ხოლო შემდეგ ჩიტების ახალი გვარიც კი იხილეს, როცა გულისთქმით შეპყრობილნი ნოყიერ საზრდელს ითხოვდნენ.

12. რადგან მათთვის შვების მისაცემად მწყერები გამოფრინდნენ ზღვიდან,

13. ცოდვილებზე კი სასჯელებმა მოაწია, რომელთა ნიშნები წინასწარ გამოჩნდა მეხისტეხაში; სამართლიანად იტანჯებოდნენ ჩადენილი ბოროტებისთვის, რადგან სასტიკ სტუმართმოძულეობას იჩენდნენ.

14. სხვანი თუ სტუმრად არ იღებდნენ მათთან მოსულ უცხოელებს, ესენი კეთილისმყოფელ სტუმრებს იმონებდნენ.

15. არა მხოლოდ ამათ, არამედ იმათაც დაედებათ მსჯავრი, რადგან მტრულად იღებდნენ სტუმრებს.

16. ამათ ჯერ ზარ-ზეიმით მიიღეს, მაგრამ მათთან უკვე უფლებებით გათანაბრებულნი, მძიმე სატანჯველში ჩაყარეს.

17. თვალისჩინი წაერთვათ მათ იმათ მსგავსად, მართალის კართან მრუმე წყვდიადით გარემოცულნი, შესასვლელს რომ ეძებდნენ.

18. რადგან სტიქიებიც გარდაიქმნენ, ქნარის ხმებივით; ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება რიტმს რომ იცვლიან, თავად კი არასოდეს იცვლებიან. ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება საგნებს.

19. რადგან ხმელეთის ცხოველები წყლის ცხოველებად შეიცვალნენ და წყალში მცურავნი ხმელეთზე გადმოვიდნენ.

20. ცეცხლმა წყალშიც კი შეინარჩუნა თავისი ძალა და წყალმა დაივიწყა დამშრეტელის ბუნება.

21. ალმა, პირიქით, ვერაფერი ავნო მასში მოარულ ხრწნად ცხოველთა ხორცს და ვერც ადვილად დნობადი ყინულის მსგავსი ღვთაებრივი საზრდელი დაადნო.

22. რადგან შენ აამაღლე, უფალო, ყოველნაირად შენი ერი, განადიდე და არ მიატოვე, არამედ მხარში ედექი მარად და ყველგან.