წინასიტყვა

რაკი ბევრი დიდებული რამ გადმოგვეცა რჯულის, წინასწარმეტყველთა და სხვათა, მათ მიმდევართა წყალობით, რის გამოც ქების ღირსია ისრაელი, მისი მოძღვრებისთვის და მისი სიბრძნისთვის; და რაკი აუცილებელია, რომ არა მხოლოდ თავად მკითხველებმა მიიღონ ცოდნა, არამედ სწავლის მოყვარულებმა გარეთ მცხოვრებნიც უნდა დამოძღვრონ ზეპირი სწავლებით და წერილობით, ამიტომაც ჩემმა პაპამ, იესომ, მას შემდეგ, რაც დიდის გულმოდგინებით შეისწავლა რჯულის, წინასწარმეტყველთა და მამათა სხვა წიგნები, და შეიძინა საკმარისი ცოდნა, გადაწყვიტა თავადაც დაეწერა რაიმე მოძღვრებაში და სიბრძნეში, რათა სწავლის მოწადინენი ჩაღრმავებოდნენ მის ნაშრომს და წარმატება ჰქონოდათ რჯულიერ ცხოვრებაში.

მაშ მოგიწოდებთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს წიგნი და შემინდოთ, თუ ზოგჯერ, მიუხედავად ჩემი სიბეჯითისა, სწორად ვერ მითარგმნია ზოგიერთი სიტყვა. რადგან იგივე მნიშვნელობა არა აქვს შერჩენილი ებრაულ სიტყვებს, როცა ისინი სხვა ენაზეა გადატანილი. არა მხოლოდ ეს წიგნი, არამედ თავად რჯული, წინასწარმეტყველნი და დანარჩენი წიგნები მცირედ როდი განსხვავდებიან მათი დედნისგან.

როცა ევერგეტეს მეფობის ოცდამეთვრამეტე წელს ეგვიპტეში ჩამოვედი და რაოდენიმე ხანი დავყავი, დავინახე არამცირედი სხვაობა სწავლებაში. სასიკეთოდ და აუცილებლად ჩავთვალე მეზრუნა ამ წიგნის სათარგმნელად. ამ ხნის მანძილზე ბევრი უძილო ღამე გავათენე, არ დავიშურე ძალა და ცოდნა, რათა დამესრულებინა ეს წიგნი და მიმეწვდინა დიასპორაში მყოფთათვის, ვისაც სწავლის წყურვილი აქვს და გადაუწყვეტია რჯულიერი ცხოვრებისთვის გაამზადოს თავი.

 
თავი პირველი

1. ყოველი სიბრძნე უფლისაგან არის და მასთანაა საუკუნოდ.

2. ზღვათა ქვიშა, წვიმის წვეთები და დღენი მარადისობისა ვინ აღრიცხოს?

3. ზეცის სიმაღლეს, მიწის სიფართეს, უფსკრულსა და სიბრძნეს ვინ გამოიკვლევს?

4. ყოველთა უწინარეს წარმოიშვა სიბრძნე და გონების გამჭრიახობა უკუნისიდან.

6. ძირი სიბრძნისა ვის გამოეცხადა და ხელოვნებანი მისი ვინ შეიცნო?

8. ერთია ბრძენი, ფრიად საშიში, თავის ტახტზე დაბრძანებული.

9. უფალმა თავად შექმნა სიბრძნე, იხილა და აღრიცხა იგი, მოასხურა იგი თავის ყველა საქმეს.

10. მყოფობს ყოველ ხორციელში მისი ნიჭის მიხედვით, მიმადლა იგი მის მოყვარულებს.

11. უფლის შიში დიდება და პატივია, შვება და გვირგვინია სიხარულისა.

12. უფლის შიში გულს ატკბობს და შვებას, სიხარულსა და დღეგრძელობას ანიჭებს.

13. უფლის მოშიშს ბოლო კეთილი ექნება და იკურთხება თავისი აღსასრულის დღეს.

14. სიბრძნის სათავე უფლის შიშია და მორწმუნეებს საშოდანვე დაჰყვება თან.

15. ადამიანებში ბუდედ გაიკეთა საუკუნო საფუძველი და მათ შთამომავლებს მიენდობა.

16. უფლის შიშია სიბრძნის სისავსე და გააძღობს მათ მისი ნაყოფით.

17. მთელს სახლს აუვსებს სასურველით და საჭურჭლეებს თავის ქმნილებებით.

18. სიბრძნის გვირგვინია უფლის შიში, მშვიდობისმყოფელი და განმკურნებელი ასაყვავებლად.

19. იხილა და აღრიცხა იგი, ხელოვნება და ცოდნა მეცნიერებისა დააწვიმა და მისთა მფლობელთა დიდება აამაღლა.

20. უფლის შიში სიბრძნის ძირია და წვეროები მისი დღეგრძელობაა.

22. ვერ გამართლდება უსამართლო რისხვა, რადგან სიმძიმე მისი გულისწყრომისა დაამხობს მას.

23. დრომდე დაითმენს სულგრძელი და ბოლოს სიხარულს მიიღებს ჯილდოდ.

24. დრომდე დაიმარხავს თავის სიტყვებს და მრავალთა ბაგენი მის კეთილგონიერებას აღიარებენ.

25. სიბრძნის საგანძურებშია გონიერი იგავები, ცოდვილისათვის კი საძულველია ღვთისმოშიშება.

26. თუ სიბრძნე გსურს, მცნებები დაიცავი და უფალი მოგმადლებს მას.

27. რადგან უფლის შიშია სიბრძნე და განსწავლულობა, მისდამი სასოება - რწმენა და სიმშვიდე.

28. ნუ განუდგები უფლის შიშს და ორგულობით ნუ მიეახლები მას.

29. პირში ნუ ელაქუცები ადამიანებს და გაუფრთხილდი შენს ბაგეებს.

30. თავს ნუ აიმაღლებ, რათა არ დაეცე და შენს სულს უპატიობა არ მოაწიო, რადგან უფალი გააცხადებს შენს დაფარულს და საკრებულოში დაგამხობს, რომ არ მიეახლე შიშით უფალს და გული სავსე გქონდა მზაკვრობით.


თავი მეორე

1. შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი.

2. გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს.

3. მიეახლე მას და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ.

4. რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი.

5. რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი - მორჩილების ქურაში.

6. ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე.

7. უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიიქცევით, რათა არ დაეცეთ.

8. უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ საზღაური.

9. უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო სიხარულისა და წყალობისა.

10. გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმუნა უფლისა და შერცხვენილ იქნა? ან ვინ იყო მის შიშში და მიტოვებულ იქნა, ანუ ვინ მოუხმო მას და მან უგულებელყო?

11. რადგან უფალი შემბრალეა და მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი და მხსნელი გასაჭირის ჟამს.

12. ვაი, გულმხდალებს და ხელძაბუნებს, და ცოდვილებს, ორი გზით მავალთ!

13. ვაი, გულს დაძაბუნებულს, რადგან არა სწამს, ამიტომაც დაცული არ იქნება!

14. ვაი, თქვენ, მოთმინების დამკარგავნო! რას მოიმოქმედებთ, როცა უფალი მოგაკითხავთ?

15. უფლის მოშიშნი ურწმუნოდ არ მოეკიდებიან მის სიტყვებს და მისი მოყვარულნი მის გზებს დაიცავენ.

16. უფლის მოშიშნი მის წყალობას ეძიებენ და მისი მოყვარულნი აღივსებიან რჯულით.

17. უფლის მოშიშნი თავიანთ გულებს გაამზადებენ და მის წინაშე თავს დაიმდაბლებენ.

18. ჩავვარდეთ უფლის ხელში და არა კაცთა ხელში, რადგან რა დიდიცაა იგი, იმგვარივეა მისი წყალობა.


თავი მესამე

1. მე, მამას, მისმინეთ, შვილებო, და ისე მოიქეცით, რომ გადარჩეთ.

2. რადგან უფალმა შვილებზე აამაღლა მამა და დედის მსჯავრი დაამტკიცა ძეთა ზედა.

3. მამის პატივისმცემელი ცოდვათაგან განიწმინდება

4. და საუნჯის მაუნჯებელივით არის დედის მადიდებელი.

5. მამის პატივისმცემელი შვილებით გაიხარებს და მისი ვედრების ჟამს შესმენილ იქნება.

6. მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი თავის დედას შვებას მოუტანს.

7. როგორც ბატონებს, ისე დაემორჩილება თავის მშობლებს.

8. საქმით და სიტყვით პატივი ეცი მამას, რათა მისი კურთხევა გადმოვიდეს შენზე.

9. რადგან კურთხევა მამისა შვილთა სახლებს განამტკიცებს, წყევლა დედისა კი საძირკველითურთ აღმოფხვრის.

10. ნუ განდიდდები მამაშენის უპატიობით, რადგან შენთვის პატივი არ იქნება მამის შეურაცხყოფა.

11. რადგან დიდება კაცისა მამის პატივისცემაა და სირცხვილია შვილებისათვის შეურაცხყოფილი დედა.

12. შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში.

13. თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და მთელი შენი ძალით ნუ შეურაცხყოფ მას,

14. რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები.

15. შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებენ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები.

16. მამის მიმტოვებელი ღვთის მგმობელია და დედის განმარისხებელი დაწყევლილია უფლისაგან.

17. შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო კაცი შეგიყვარებს.

18. რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი.

19. რადგან დიდია უფლის მეუფება და მორჩილთაგან იდიდება იგი.

20. შენთვის მეტისმეტად საძნელოს ნუ ეშურები და შენს ძალაზე აღმატებულს ნუ გამოიკვლევ.

21. რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება.

22. შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რისი შეცნობაც ადამიანს შეუძლია.

23. რადგან მრავალი აცდუნა მათმა განზრახულმა და უკეთურმა ოცნებამ დაღუპა მათი გონება.

24. გულქვას ბოროტი მიეგება საბოლოოდ და საფრთხის მოყვარული მასში ჩავარდება.

25. გულქვას სალმობანი დაამძიმებს და ცოდვილი ცოდვაზე ცოდვას მიუმატებს.

26. განსაცდელი ქედმაღლისათვის განკურნება არ არის, რადგან ბოროტების ნერგი ფესვგადგმულია მასში.

27. გონიერი გული იგავს მიხვდება და მსმენელი ყური სიბრძნის მწყურვალია.

28. აგიზგიზებულ ცეცხლს წყალი ჩააქრობს და ცოდვებს განწმედს გულმოწყალება.

29. წყალობისათვის სამაგიეროს გამღები მომავალზე ზრუნავს და თავისი დაცემის ჟამს საყრდენს იპოვის.


თავი მეოთხე

1. შვილო, გლახაკის ქონებას ნუ მიიტაცებ და მთხოვნელს თვალს ნუ აარიდებ.

2. მშიერის სულს ნუ დაამწუხრებ და ნუ განარისხებ კაცს მის გასაჭირში.

3. განრისხებულ გულს ნუღარ შეაჭირვებ და მთხოვნელს მიცემას ნუ დაუგვიანებ.

4. შეწევნის მთხოვნელს, დაჩაგრულს უარს ნუ ეტყვი და პირს გლახაკისაგან ნუ მიიბრუნებ.

5. მთხოვნელს თვალს ნუ მოარიდებ, კაცს თავს ნუ დააწყევლინებ.

6. რადგან იმ კაცის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი.

7. თავაზიანად მოიქეცი საკრებულოში და მთავრის წინაშე თავი მოიდრიკე.

8. ყური მიაპყარ გლახაკს და მშვიდად და ალერსით უპასუხე.

9. იხსენი უსამართლოდ დაჩაგრული უსამართლოს ხელიდან და განსჯისას სულმოკლე ნუ იქნები.

10. იყავი ობოლთათვის როგორც მამა და მათი დედისათვის ქმრის მაგიერი, და შეიქნები ვითარცა ძე უზენაესისა, რომელიც დედაზე უფრო შეგიყვარებს.

11. სიბრძნემ აამაღლა თავისი ძენი და შეეწია თავის მაძიებელთ.

12. მის მოყვარულს სიცოცხლე უყვარს და მისთვის რიჟრაჟზე წამომდგარნი სიხარულით აღივსებიან.

13. მისი მფლობელი დიდებას დაიმკვიდრებს და, სადაც კი მივა, უფალი აკურთხებს.

14. რომელნიც მას მსახურებენ, წმინდას ემსახურებიან, და მისი მოყვარულნი უფალსაც უყვარს.

15. მისი მორჩილი წარმართებს განსჯის და ვინც მას რწმენით მიეახლება, დამკვიდრდება.

16. რომელიც ირწმუნებს, დაიმკვიდრებს მას და მისი შთამომავალნი გახდებიან მფლობელნი მისნი.

17. რადგან ჯერ მრუდე გზებით ივლის მასთან ერთად, შიშსა და ძრწოლაში ეყოლება, გასტანჯავს მას თავისი წვრთნით, ვიდრე არ დარწმუნდება მასში და თავის მცნებათა განსაცდელში არ გაატარებს.

18. კვლავ მოიქცევა სიწრფელით მისკენ და გაახარებს მას, განუცხადებს თავის საიდუმლოთ.

19. თუ შეცდება, მიატოვებს მას და მის დამამხობელს ჩაუგდებს ხელში.

20. გაფრთხილდი, ჟამი არ გამოგეპაროს, ბოროტისაგან დაიცავი თავი და შენი თავისა არ შეგრცხვება.

21. რადგან არის სირცხვილი, რომელსაც ცოდვა მოაქვს, და სირცხვილი, რომელიც დიდება და მადლია.

22. ნუ თვალთმაქცობ საკუთარი თავის წინაშე და შენი დაცემისა ნუ გრცხვენია.

23. ნუ დააბრკოლებ სიტყვას საჭიროების ჟამს,

24. რადგენ სიბრძნე სიტყვით შეიცნობა და ცოდნა - ენის მეტყველებით.

25. წინ ნუ აღუდგები ჭეშმარიტებას და შენი უმეცრებისა გრცხვენოდეს.

26. ნუ შეგრცხვება აღიარება შენი ცოდვებისა და მდინარის დინებას ნუ შეაჩერებ.

27. უგუნურ კაცს თავს ნუ დაუმორჩილებ და შეძლებულს ნუ მიეკერძოები.

28. სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისთვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის.

29. ნუ იქნები კადნიერი ლაპარაკში და ზარმაცი და დაუდევარი საქმეში.

30. ნუ იქნები ლომივით შენს სახლში და შარიანი სახლეულებთან.

31. ნუ გექნება ხელი გაწვდილი მისაღებად და მომუჭული გასაცემად.


თავი მეხუთე

1. ნუ გეიმედება შენი ქონება და ნუ იტყვი, საკმარისი მაქვსო.

2. ნუ აყვები შენს სულსა და შენს შეძლებას, ნუ ივლი გულისთქმის კვალზე.

3. ნუ იტყვი, ვინ გამიბატონდებაო? რადგან უფალია შენი დამსჯელი.

4. ნუ იტყვი, შევცოდე და რა დამემართაო, რადგან სულგრძელია უფალი.

5. შეწყალების იმედით უშიშარი ნუ იქნები და ცოდვას ცოდვაზე ნუ დაურთავ.

6. ნუ იტყვი, გულმოწყალება მისი დიდია და მრავალ ცოდვებს შემინდობსო, რადგან შეწყალებაცა და რისხვაც მასთანაა და ცოდვილებზე გადმოვა მისი გულისწყრომა.

7. ნუ აყოვნებ მოქცევას უფლისაკენ და სახვალიოდ ნუ გადადებ, რადგან მყისვე გადმოვა უფლის რისხვა და შურისგების ჟამს წარიწყმედები.

8. ნუ გეიმედება უსამართლოდ მონახვეჭი, რადგან განსაცდელის დღეს სარგებლობას ვერ მოგიტანს.

9. ნუ აჰყვები ყველა ქარს და ყოველი გზით ნუ ივლი, როგორც ორპირი ცოდვილები იქცევიან.

10. იყავი მტკიცე შენს ცოდნაში და ერთი იყოს სიტყვა შენი.

11. იყავი სწრაფი მოსასმენად და პასუხი სულგრძელობით გაეცი.

12. თუ გაქვს ცოდნა, მოყვასს უპასუხე, თუ არა და, ბაგეზე გედოს ხელი.

13. პატივი და უპატიობა სიტყვებშია და კაცის დამღუპველი მისი ენაა.

14. ნუ განითქმები დამსმენად და ენით ნუ იმზაკვრებ, რადგან ქურდს სირცხვილი, ორპირს კი სასტიკი განაჩენი ერგება წილად.

15. ნურც დიდში და ნურც მცირეში უგუნური ნუ იქნები, თუ მოყვარე ხარ, მტრულად ნუ მოიქცევი, რადგან აუგიანი სახელი სირცხვილსა და კიცხვას დაგიმკვიდრებს ორპირი ცოდვილივით.


თავი მეექვსე

2. ნუ აღზევდები შენს ფიქრებში, ხარივით რომ არ დაიფლითოს შენი სული.

3. შეჭამ შენს ფოთლებს და დაღუპავ ნაყოფს და დარჩები გამხმარ ხესავით.

4. ბოროტი სული დაღუპავს თავის პატრონს და მტრების დასაცინად აქცევს.

5. ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს, ამოდმეტყველი ენა კი - კეთილ განწყობას.

6. მშვიდობისმყოფელნი მრავლად გეყოლოს, რჩევის მომცემნი კი - ათასიდან ერთი.

7. თუ მეგობრის შეძენა გსურს, განსაცდელში შეიძინე, და მყისვე ნუ მიენდობი მას.

8. რადგან ზოგი მეგობარი თავისთვის ზრუნავს, გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება.

9. ზოგი მეგობარი მტრად გადაგექცევა და იბრძოლებს შენს დასამცირებლად.

10. ზოგი მეგობარი პურს გატეხს შენთან, მაგრამ გასაჭირის დღეს მხარში არ ამოგიდგება.

11. შენს მოკეთეთა შორის შენსავით მოიქცევა და შენს სახლეულებთან გულწრფელად ისაუბრებს;

12. მაგრამ თუ დაეცემი, გადაგიდგება და აღარ დაგენახვება.

13. მტრებს მოერიდე და ფრთხილად იყავი მეგობრებთან.

14. ერთგული მეგობარი მტკიცე სიმაგრეა, მისი მპოვნელი საგანძურის მპოვნელია.

15. ერთგულ მეგობარს ვერავინ შეცვლის და მისი სიკეთე არ განიზომება.

16. ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია: უფლის მოშიშნი იპოვიან მას.

17. უფლის მოშიში მეგობრობას ისე წარმართავს, რომ როგორიც თვითონაა, იმგვარივე იყოს მისი მახლობელი.

18. შვილო, სიყრმიდანვე იზრუნე სწავლაზე და იპოვი სიბრძნეს, ვიდრე ჭაღარით შეიმოსებოდე.

19. მხვნელ-მთესველივით მიეახლე მას და მის კეთილ ნაყოფს დაელოდე; რადგან მასზე ზრუნვაში მსუბუქად დაიღლები, მის ნაყოფს კი სწრაფად იგემებ.

20. ის სასტიკი ჩანს უსწავლელთათვის და უგუნური მასთან ვერ დარჩება.

21. დასძალავს მას მძიმე საჯილდაო ლოდივით და არ დააყოვნებს მის გადაგდებას.

22. რადგან სიბრძნე თავისი სახელივით არის და მრავალთ როდი ეცხადება.

23. მისმინე, შვილო, მიიღე ჩემი შეგონება და ნუ უგულებელყოფ ჩემს რჩევას.

24. ფეხებზე მისი ბორკილები დაიდევი და ქედზე მისი ჯაჭვი.

25. ბეჭები მიუშვირე და იტვირთე იგი, ნუ მოგბეზრდება მისი ბორკილები.

26. მთელი შენი სულით მიეახლე მას და მთელი შენი ძალით დაიცავი მისი გზები.

27. გამოიკვლიე და ეძებე, და შეიცნობ მას; და როცა მისი მფლობელი შეიქნები, ნუღა მიატოვებ.

28. რადგან საბოლოოდ მასში ჰპოვებ შვებას და სიხარულად მოგიბრუნდება.

29. მისი ბორკილები შენთვის ძლიერი საფარველი იქნება, ხოლო ჯაჭვი მისი - შესამოსელი დიდებისა.

30. რადგან უღელი მისი ოქროსია, ხოლო ბორკილები მისი - იაკინთისაგან დაწნული.

31. როგორც დიდების სამოსით, ისე შეიმოსები მისით, და სიხარულის გვირგვინს დაიდგამ.

32. თუ ისურვებ მას, შვილო, განისწავლები; თუ სულით მიენდობი, დახელოვნდები.

33. თუ სიყვარულით მოუსმენ, შეითვისებ, და თუ ყურს მიუპყრობ, ბრძენი გახდები.

34. მოხუცთა საკრებულოში დადექ. ვინ არის ბრძენი? მას მიეახლე.

35. ყველა საღმრთო ამბის მოსმენა ისურვე და ბრძნული იგავები არ გამოგეპაროს.

36. თუ სწავლულს იხილავ, დილაადრიანად ეწვიე; გაცვითოს შენმა ფეხებმა მისი კარის ზღურბლი.

37. ჩაუფიქრდი უფლის ბრძანებებს და დღენიადაგ სწავლობდე მის მცნებებს. ის განამტკიცებს შენს გულს და სიბრძნის წყურვილი მოგეცემა.


თავი მეშვიდე

1. ნუ ჩაიდენ ბოროტებას და არც შენ გეწევა ბოროტი.

2. განუდექი უსამართლოს და ისიც მიიქცევა შენგან.

3. შვილო, ნუ თესავ უსამართლობის კვლებში და არ მოიმკი მას შვიდწილად.

4. ნუ ითხოვ უფლისაგან ხელმწიფებას და ნურც მეფისაგან საპატიო ადგილს.

5. თავს ნუ იმართლებ უფლის წინაშე და წინაშე მეფისა ნუ ბრძენობ.

6. ნუ ცდილობ, მსაჯული გახდე, ვინძლო არ გამოჩნდეს შენი უძლურება უსამართლობის მოსპობაში, რომ მიკერძოება არ გამოიჩინო ძლიერის მიმართ და შენს სიწრფელეს ჩრდილი არ დაადგეს.

7. ნუ სცოდავ მოქალაქეთა წინაშე და ბრბოში თავს ნუ დაიმცირებ.

8. ორჯერ ნუ ჩაიდენ ცოდვას, რადგან ერთის გამოც ვერ გადარჩები დაუსჯელი.

9. ნუ იტყვი, მოხედავს იგი ჩემი ძღვენის სიმრავლეს და, როცა მაღალ ღმერთს მივართმევ, შეიწირავსო.

10. სულმოკლე ნუ იქნები შენი ვედრებისას და მოწყალების გაცემას ნუ უგულებელყოფ.

11. ნუ დასცინი კაცს, სულგამწარებულს, რადგან არსებობს ის - დამამდაბლებელი და აღმაზევებელი.

12. ნუ თესავ ტყუილს შენს ძმაზე და ნურც მეგობარს მოექცევი ასე.

13. ნურასოდეს შეთხზავ სიცრუეს, რადგან მისი გახშირება სიკეთეს არ მოგიტანს.

14. ნუ მრავალსიტყვაობ მოხუცთა საკრებულოში და ნუ გაიმეორებ სიტყვას ვედრების დროს.

15. ნუ შეიძულებ მძიმე სამუშაოს და მიწისმუშაკობას, რომელიც უზენაესისგან არის დაწესებული.

16. თავს ნუ ჩაირიცხავ ცოდვილთა კრებულში; გახსოვდეს, რისხვა არ დააყოვნებს.

17. ძლიერად მოთრგუნე შენი სული, რადგან ცეცხლი და მატლია ურჯულოთა სასჯელი.

18. ნუ გაცვლი მეგობარს ფულზე, ნურც ღვიძლ ძმას - ოფირის ოქროზე.

19. ნუ მიატოვებ ცოლს, ჭკვიანს და კეთილს, რადგან მისი მადლი ოქროზე მეტია.

20. ბოროტს ნუ უყოფ მსახურს, ბეჯითად მშრომელს, ნურც მოჯამაგირეს, შენთვის თავდადებულს.

21. გონიერი მსახური შეიყვაროს შენმა სულმა და ნუ დაუჭერ მას თავისუფლებას.

22. გყავს საქონელი? მიხედე მას; თუ გჭირდება, შენთვის დაიტოვე.

23. გყავს შვილები? ასწავლე მათ და ყრმობიდანვე მოახრევინე ქედი.

24. გყავს ასულნი? იზრუნე მათ სხეულზე და მათ წინაშე პირმხიარული ნუ იქნები.

25. ასული გაათხოვე და დიდ საქმეს აღასრულებ; გონიერ კაცს მიეცი იგი.

26. გყავს ცოლი სასურველი? ნუ გაუშვებ მას და საძულველს ნუ მიენდობი.

27. მთელი გულით განადიდე მამაშენი და ნუ დაივიწყებ დედაშენის ტკივილებს.

28. გახსოვდეს, რომ მათგან დაიბადე; რას მისცემ მათ ამის სანაცვლოდ?

29. მთელი სულით გწამდეს უფალი და პატივი მიაგე მის მღვდლებს.

30. მთელი ძალით შეიყვარე შემქმნელი შენი და მის მსახურებს ნუ მიატოვებ.

31. გეშინოდეს უფლისა და პატივი მიაგე მღვდელს, მიეცი მათ თავისი წილი, როგორც გებრძანა: ნათავარნი, ცოდვის გამოსასყიდი, ბეჭთა ძღვენი, განწმედის შესაწირავი და წმიდათა ნათავარი.

32. გლახაკს გაუწოდე ხელი, რათა აღსრულდეს შენი კურთხევა.

33. მისაცემლის მადლი მიაგე ყოველ ცოცხალს, მაგრამ წყალობას მკვდარსაც ნუ მოაკლებ.

34. ნუ დააკლდები მტირალთ და მგლოვიარეებთან ერთად იგლოვე.

35. ნუ დააყოვნებ სნეულის მონახულებას, რომ შეგიყვარონ ამგვარი საქმისთვის.

36. ყველა საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას.


თავი მერვე

1. ნუ ებრძვი ძლიერ კაცს, ვაითუ ოდესმე მის ხელში ჩავარდე.

2. ნუ შეედავები მდიდარ კაცს, ვაითუ დაგძალოს მისმა წონამ, რადგან ბევრი დაუღუპავს ოქროს და მეფეთა გონება გადაუბრუნებია.

3. ნუ ებრძვი მოლაყბე კაცს და მის ცეცხლს შეშას ნუ შეუკეთებ.

4. ნუ გაერთობი უსწავლელთან, რათა არ შეურაცხყო შენი წინაპრები.

5. ნუ აყვედრი ცოდვისაგან მოქცეულ კაცს; გახსოვდეს, ყველანი წყევლაში ვართ.

6. ნუ შეურაცხყოფ კაცს მის სიბერეში, რადგან ყველანი დავბერდებით.

7. ნუ იხარებ მკვდარზე, გახსოვდეს, ყველანი მოვკვდებით.

8. ნუ უგულებელყოფ ბრძენთა მონათხრობს და მათი იგავების მიხედვით იცხოვრე, რათა მათგან შეიძინო ცოდნა და დიდებულთა სამსახური ისწავლო.

9. ნუ უგულებელყოფ მოხუცთა მონათხრობს, რადგან მათაც თავიანთი მამებისგან ისწავლეს; მათგან ისწავლი განსჯას, და პასუხის გაცემას ჟამის შესაფერისად.

10. ნუ გააღვივებ ცოდვილის ნაკვერჩხლებს, ვაითუ მისი ცეცხლის ალით დაიწვა.

11. ნუ აღდგები თავხედის წინააღმდეგ, ვაითუ ჩაუსაფრდეს შენს სიტყვებს.

12. სესხს ნუ მისცემ შენზე ძლიერ კაცს; თუ მისცემ, დამკარგველი იქნები.

13. თავს ნუ იდებ, რაც შენს ძალას აღემატება; თუ თავს იდებ, მოიქეცი, როგორც გარდამხდელი.

14. ნუ უჩივლებ მსაჯულს, რადგან მას მისი პატივისამებრ განსჯიან.

15. თავზეხელაღებულს ნუ დაემგზავრები, რათა ტვირთად არ აიკიდო, რადგან იგი თავისი ნებისამებრ მოიქცევა და მისი უგუნურება დაგღუპავს.

16. გულფიცხს ბრძოლას ნუ გაუმართავ და უდაბნოს ნუ გადაივლი მასთან ერთად, რადგან სისხლი მის თვალში არაფერია, და, სადაც შეწევნა არ გექნება, იქ დაგცემს.

17. სულელთან ნუ ითათბირებ, რადგან ვერ შეძლებს სიტყვის შენახვას.

18. უცხოს წინაშე დასამალს რასმე ნუ ჩაიდენ, რადგან არ იცი რას მოიმოქმედებს.

19. ყველა კაცს გულს ნუ გადაუშლი, რადგან სანაცვლოდ მადლს არ მოგაგებს.


თავი მეცხრე

1. ნუ ეჭვიანობ შენს თანამეცხედრეზე და ნუ მოძღვრავ შენსავე საზიანოდ ბოროტი მაგალითით.

2. ნუ მისცემ ცოლს შენს სულს, რათა წინ არ აღუდგეს შენს უფლებას.

3. ნუ გახვალ მეძავი ქალის შესახვედრად, რათა მის მახეში არ გაება.

4. მომღერალთან დიდხანს ნუ შერჩები, რათა მისმა ხელოვნებამ არ დაგატყვევოს.

5. ქალწულს ნუ უთვალთვალებ, რათა არ შეგაცდინოს მისმა სილამაზემ.

6. ნუ მისცემ მეძავებს შენს სულს, რათა არ დაღუპო შენი მემკვიდრეობა.

7. თვალებს ნუ აცეცებ ქალაქის ქუჩებში და მის უკაცრიელ უბნებში ნუ დახეტიალობ.

8. თვალი მოარიდე ტურფა ქალს და სხვის სილამაზეს ნუ უთვალთვალებ. ქალის სილამაზით მრავალნი შეცდენილან, ცეცხლივით ინთება მისგან სიყვარული.

9. ქმრიან ქალთან არასგზით არ დაჯდე, ნუ მოჰყვები მასთან ღვინის სმას, რათა მისკენ არ მიიქცეს შენი სული და არ დაიღუპო თავი.

10. ნუ მიატოვებ ძველ მეგობარს, რადგან ახალი მას ვერ შეედრება. ახალი მეგობარი ახალი ღვინოა; როცა დაძველდება, სიხარულით შესვამ.

11. ნუ გშურს ცოდვილის დიდება, რადგან არ იცი, როგორი იქნება მისი ბოლო.

12. ნუ მოიწონებ უწმინდურთა მოსაწონს; გახსოვდეს, ჯოჯოხეთამდე არ გამართლდებიან ისინი.

13. შორს დაიჭირე თავი კაცისაგან, ვისაც მოკვლის უფლება აქვს, რომ არ გაგიჩნდეს სიკვდილის შიში; თუ დაუახლოვდები, არ შეცდე, რათა არ წაგართვას სიცოცხლე. იცოდე, საფრთხის შუაგულში დააბიჯებ და ქალაქის ქონგურებიანი კედლის მიღმა დადიხარ.

14. შენი უნარისამებრ გამოიცანი შენი მახლობელნი და რჩევა ბრძენთაგან გამოიკითხე.

15. გონიერ ხალხთან ისაუბრე და უზენაესის რჯულში იყოს ყოველი შენი ნალაპარაკევი.

16. სამართლიანი ხალხი თანამეინახად გყავდეს და ღვთის შიშში იყოს შენი განდიდება.

17. ნაკეთობა ხელოვანთა ოსტატობით შეიქება, ხალხის წინამძღოლის სიბრძნე კი - სიტყვით.

18. ქალაქისათვის საშიშია ენაჭარტალა კაცი; შეიძულებს იგი სიტყვაში თავდაუჭერელს.


თავი მეათე

1. ბრძენი მსაჯული თავის ხალხს აღზრდის და გონიერის მმართველობა განმტკიცდება.

2. როგორიცაა მსაჯული ხალხისა, ისეთნივე არიან მისი მსახურნი; როგორიცაა ქალაქის მეუფე, ისეთნივე არიან მისი მცხოვრებნი.

3. უწვრთნელი მეფე თავის ხალხს დაღუპავს, განმგებელთა სიბრძნით კი ქალაქი აშენდება.

4. უფლის ხელშია ქვეყნის მეუფება და საჭირო კაცს დროულად აღაზევებს მასზე.

5. უფლის ხელშია კაცის გზაკეთილობა და თავის დიდებას აღბეჭდავს მწიგნობრის სახეზე.

6. ყოველ უსამართლობაზე ნუ განურისხდები მოყვასს და საქმით ნუ შეურაცხყოფ ნურავის.

7. უფლისთვისაც და ადამიანებისთვისაც საძულველია ამპარტავნობა, უსამართლობა კი დანაშაულია ორივეს წინაშე.

8. მეუფება ხალხიდან ხალხზე გადადის უსამართლობათა, თავხედობათა და ანგარებათა გამო.

9. რად ქედმაღლობს მტვერი და ფერფლი? ხომ სიცოცხლეშივე იხრწნება მისი შიგნეული.

10. ხანგრძლივი ავადობა მკურნალს საგონებელში აგდებს; დღეს მეფეა, ხვალ კი აღესრულება.

11. როცა ადამიანი კვდება, ქვეწარმავალთა, მხეცთა და მატლთა კერძად იქცევა.

12. ადამიანის ამპარტავნობის დასაბამი უფლისაგან განშორებაა და მისი გულის განდგომა დამბადებლისგან.

13. რადგან დასაბამი ამპარტავნობისა ცოდვაა და ვისაც იგი აქვს, სისაძაგლეს ამოანთხევს. ამის გამო უფალი მრავალ განსაცდელს უმზადებს და საბოლოოდ კიდეც დაღუპავს მას.

14. უფალმა დაამხო ტახტნი მრავალთა და მათ ნაცვლად თვინიერნი დასვა.

15. უფალმა ძირფესვიანად ამოძირკვა ხალხები და მათ სანაცვლოდ მორჩილნი დააფუძნა.

16. ხალხთა ქვეყნები დაამხო უფალმა და დედამიწის საფუძვლებამდე შემუსრა ისინი.

17. ზოგიერთნი გაახმო და წარწყმიდა, ქვეყნიდან წარხოცა მათი სახსენებელი.

18. ადამიანთათვის არ შექმნილა ამპარტავნობა და არც გულისწყრომა ქალთა ნაშობთათვის.

19. პატიოსანი მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა. პატიოსანი მოდგმა რომელია? მოშიშნი უფლისა. უპატიოსნო მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა. უპატიოსნო მოდგმა რომელია? დამრღვევნი მცნებათა.

20. ძმათა შორის უფროსი პატივდებულია; ასევე მოშიშნი უფლისა მის თვალში.

21. სიამაყე მდიდრისა, დიდებულისა თუ ღარიბისა უფლის შიშია.

22. უსამართლობაა შეურაცხყოფა გონიერი გლახაკისა და უჯეროა ხოტბის შესხმა ცოდვილი კაცისათვის.

23. დიდებულიც, მსაჯულიცა და განმგებელიც პატივდებულია, მაგრამ არც ერთი მათგანი არაა უმეტესი უფლის მოშიშზე.

24. ბრძენ მსახურს თავისუფალნი მოემსახურებიან და გონიერი კაცი არ დაიჩივლებს.

25. სიბრძნეს ნუ იკვეხნი საქმის კეთებისას და თავს ნუ განიდიდებ გასაჭირში.

26. მშრომელი, რომელსაც ყოველივე უხვად აქვს, სჯობია მოსეირნე მკვეხარას, ვისაც პურიც კი უჭირს.

27. შვილო, სიმდაბლით განადიდე შენი თავი და ღირსებისამებრ მიაგე პატივი.

28. შემცოდეს საკუთარი სულის წინაშე ვინ გაამართლებს? ვინ განადიდებს თავისი სიცოცხლის შეურაცხმყოფელს?

29. გლახაკს პატივს სცემენ ცოდნის გამო, მდიდარს კი მისი სიმდიდრისთვის ადიდებენ.

30. სიგლახაკეში პატივდებული რამდენად უფრო განდიდდება სიმდიდრეში? სიმდიდრეში უპატიო კი რამდენად უფრო უპატიო იქნება სიგლახაკეში?


თავი მეთერთმეტე

1. თავმდაბალს სიბრძნე აამაღლებს და დიდებულთა შორის დასვამს.

2. ხოტბას ნუ შეასხამ კაცს მისი სილამაზის გამო და ნუ შეიძაგებ მისი გარეგნობისთვის.

3. პატარაა მფრინავთა შორის ფუტკარი, მაგრამ ყველაზე ტკბილია მისი ნაყოფი.

4. დიდებული შესამოსელით თავი ნუ მოგაქვს და დიდების დღეს ნუ ამაღლდები, რადგანაც საკვირველია უფლის საქმენი და კაცთათვის დაფარულია მისი საქმენი.

5. ხელმწიფეთაგან მრავალნი ისხდნენ მიწაზე, ის კი, ვისგანაც არ მოელოდნენ, გვირგვინს ატარებდა.

6. განმგებელთაგან მრავალნი იქმნენ შეურაცხყოფილნი და სახელოვანნი ხელში ჩაუვარდნენ სხვებს.

7. ვიდრე არ გამოიძიებ, ნუ გაკიცხავ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ შერისხე.

8. ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუაში ნუ გააწყვეტინებ.

9. საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ.

10. შვილო, ხელს ნუ მოჰკიდებ მრავალ საქმეს, რადგან საქმეთა სიმრავლეში უცოდველი ვერ დარჩები და, თუ გამოეკიდები მათ, ვერ დაეწევი და გაქცევითაც ვერ გაექცევი.

11. ზოგი შრომობს, ოფლს ღვრის და ჩქარობს, მაგრამ მაინც გაჭირვებაშია.

12. ზოგი ზანტია, შეწევნის მთხოვნელი, ძალ-ღონით სუსტი და სიღატაკეში ყელამდე ჩაფლული. მაგრამ უფლის თვალმა სასიკეთოდ შეხედა და მან წამოაყენა იგი მისი სიმდაბლისაგან.

13. აამაღლა იგი და მრავალნი გაოცდნენ მის გამო.

14. სიკეთე და ბოროტება, სიცოცხლე და სიკვდილი, სიღატაკე და სიმდიდრე - უფლისაგანაა.

17. წყალობა უფლისა ღვთისმოსავებს ეძლევათ და კურთხევა მისი კეთილად გაჰყვებათ საუკუნოდ.

18. ზოგი მდიდრდება თავისი სიფრთხილისა და მომჭირნეობის გამო და ეს არის მისი საზღაურის წილი,

19. რომ იტყვის, ვიპოვე მოსვენება, ახლა დავტკბები ჩემი სიკეთითო. მაგრამ არ კი იცის, როდის მოაწევს ჟამი, როცა ქონებას სხვებს დაუტოვებს, ხოლო თავად აღესრულება.

20. მტკიცედ იდექი შენს აღთქმაზე, მისი ერთგული დარჩი და შეაბერდი შენს საქმეს.

21. ნუ გაგაოცებს ცოდვილის საქმენი, გწამდეს უფლისა და უერთგულე შენს საქმეს, რადგან ადვილია უფლის თვალში სწრაფი და უეცარი გამდიდრება გლახაკისა.

22. უფლის კურთხევა საზღაურია ღვთისმოსავისათვის და მოკლე ხანში ააყვავებს მისი წყალობა.

23. ნუ იტყვი, კიდევ რა მჭირდება, ამიერიდან კიდევ რა სიკეთე უნდა შევიძინოო?

24. ნუ იტყვი, საკმარისია ჩემთვის, ამიერიდან კიდევ რაღა უბედურება უნდა განვიცადოო?

25. ბედნიერების დღეს ავიწყდებათ უბედურება და ჭირის დღეს არ იხსენებენ ბედნიერებას,

26. რადგან ადვილია უფლის თვალში, აღსასრულის დღეს მიაგოს კაცს მისთა საქმეთაებრ.

27. წუთიერი ტანჯვა სიტკბოებათა დამავიწყებელია და ადამიანის აღსასრულისას გაცხადდება მისი საქმენი.

28. ნურავის ჩათვლი ბედნიერად სიკვდილამდე, რადგან კაცი მის ნაშობთაგან შეიცნობა.

29. ყველა კაცს სახლში ნუ შემოუშვებ, რადგან დიდია მზაკვრობა ცბიერისა.

30. მახეში მონადირებული კაკბის მსგავსია ამპარტავნის გული და მზვერავივით შენს სისუსტეს უთვალთვალებს.

31. გადააქცევს რა სიკეთეს ბოროტებად, უსაფრდება და რჩეულებს ლაქას სცხებს.

32. ცეცხლის ნაპერწკლისგან მრავლდება ნაკვერჩხალი და ცოდვილი კაცი ჩასაფრებულია სისხლის დასაღვრელად.

33. ერიდე ბოროტს - უკეთურ საქმეთა ოსტატს, რათა ოდესმე საუკუნო ლაქით არ მოგსვაროს.

34. შეიხიზნებ უცხოს და შეგშლის შფოთით, უცხოს გაგხდის შენიანთათვის.


თავი მეთორმეტე

1. სიკეთეს თუ აკეთებ, იცოდე, ვისთვის აკეთებ და მოგენიჭება მადლი შენი სიკეთის წილ.

2. კეთილი უყავი ღვთისმოსავს და სანაცვლოს იპოვი, თუ მისგან არა, უზენაესისგან მაინც.

3. არ იქნება სიკეთე მისთვის, ვინც განუწყვეტლივ სჩადის ბოროტებას და ვინც მოწყალებას სიხარულით არ გასცემს.

4. მიეცი ღვთისმოსავს და ნუ შეეწევი ცოდვილს.

5. კეთილი უყავი თავმდაბალს და უწმინდურს ნურაფერს მისცემ; დაუკავე მას პური და არ მისცე, რათა მისით არ გძლიოს შენ, რადგან ორმაგ ბოროტებას მიიღებ ყველა სიკეთისათვის, რასაც მას გაუკეთებ.

6. რადგან მოიძულა უზენაესმა ცოდვილნი და უწმინდურებს სასჯელს მიაგებს.

7. მიეცი კეთილს და ცოდვილს ნუ შეეწევი.

8. არ გამოიცნობა მეგობარი სიკეთეში და არ დაიფარება მტერი გასაჭირის ჟამს.

9. ადამიანის ბედნიერებისას მისი მტრები მწუხარებენ, გასაჭირის ჟამს კი მეგობარიც გაეყრება.

10. არასოდეს ენდო შენს მტერს, რადგან სპილენძივით ჟანგდება მისი ბოროტება.

11. თუ დამდაბლდა და ქედწახრილმა იარა, გაფრთხილდი და თავი დაიცავი მისგან; ეყავ მას ვითარცა კრიალა სარკე და შეიცნობ, რომ ბოლომდე როდი განწმენდილა ჟანგისაგან.

12. ნუ დააყენებ მას შენს გვერდით, რათა არ ჩამოგაგდოს და შენს ადგილზე არ დადგეს. ნუ დაისვამ მას მარჯვენით, რათა ოდესმე არ მოისურვოს შენი სავარძელი, თორემ ბოლოს ჩასწვდები ჩემს სიტყვებს და სინანულით გაიხსენებ ჩემს შეგონებებს.

13. ვინ შეიწყალებს გველით დაგესლილებს და ყველა იმათ, ვინც მხეცებს მიეახლა?

14. ასევე ცოდვილ კაცთან ერთად მავალს და გამზიარებელს მისი ცოდვებისა?

15. დროებით დარჩება შენთან, მაგრამ თუ იყოყმანებ, ვეღარ დაითმენს.

16. მტერი თავისი ბაგით გატკბობს, გულში კი ფიქრობს, ორმოში ჩაგაგდოს. მტერი თვალებით იტირებს, მაგრამ თუ დრო იპოვა, სისხლით ვერ გაძღება.

17. თუ თავს უბედურება დაგატყდება, შენზე წინ გაჩნდება იქ, და, თითქოს გშველიდეს, ფეხს დაგიდებს.

18. თავს გადააქნევს, ხელებს შემოჰკრავს, ბევრს იჩურჩულებს და სახეს შეიცვლის.


თავი მეცამეტე

1. ვინც ფისს შეეხება, გაისვრება და ვინც ამპარტავანს დაუახლოვდება, მას დაემსგავსება.

2. ნუ ასწევ ტვირთს, შენს ძალღონეზე აღმატებულს და შენზე ძლიერსა და მდიდარს ნუ დაუახლოვდები. რა გაუვა თიხის ქოთანს სპილენძის ქვაბთან? დაეჯახება ქოთანი და თავად გატყდება.

3. მდიდარმა უსამართლობა ჩაიდინა და თვითონვე იმუქრება; გლახაკი შეურაცხყვეს და თავად ივედრება შეწყალებას.

4. თუკი დასჭირდები, გამოგიყენებს, თუ გაგიჭირდა, მიგატოვებს.

5. თუ რამ გექნება, შენთან იცხოვრებს, დაგახარჯვინებს და თვითონ კი თავს არ შეიწუხებს.

6. თუ რამე გიჭირს, მოგატყუებს, გაგიცინებს და იმედს მოგცემს, ალერსიან საუბარს გაგიბამს და გკითხავს, ხომ არაფერი გიჭირსო?

7. შეგარცხვენს შენ თავისი გამასპინძლებით, ვიდრე ორჯერ ან სამჯერ არ გაგძარცვავს და საბოლოოდ არ იცინებს შენზე. შემდგომად ამისა, თუ დაგინახა, მოგერიდება და მხოლოდ თავსღა დაგიქნევს.

8. უფრთხილდი, რომ არ შეცდე და არ დამდაბლდე შენი სიბრიყვით.

9. როცა ძლიერი მიგიხმობს, თავი აარიდე და უფრო მიგიწვევს.

10. თავს ნუ მოაბეზრებ, რათა არ მოგიშოროს, და ნურც მეტისმეტად განუდგები, რომ არ დაავიწყდე.

11. ნუ მისცემ თავს ნებას ესაუბრო, როგორც თანასწორს, და მის მრავალსიტყვაობას ნუ მიენდობი, რადგან გრძელი საუბრით შეგაცდენს და თითქოსდა ხუმრობით გამოგცდის.

12. შეუბრალებელია საკუთარი თავის მიმართ, ვინც არ ურთხილდება სიტყვებს, თავს ვერ დაიცავს სიავისა და ბორკილებისგან.

13. გაუფრთხილდი და გულისყურით იყავი, რადგან საკუთარ უბედურებასთან ერთად დააბიჯებ.

15. ყველა ცხოველს უყვარს თავისი მსგავსი და ყოველ კაცს - თავისი მახლობელი.

16. ყოველი ხორციელი თავ-თავისი მოდგმის მიხედვით ერთიანდება და ადამიანიც თავისივე მსგავსისაკენ მიისწრაფვის.

17. რა აქვს საერთო მგელს კრავთან? ასევე ცოდვილს ღვთისმოსავთან?

18. რა მშვიდობა იქნება აფთარსა და ძაღლს შორის? რა მშვიდობა იქნება მდიდარსა და გლახაკს შორის?

19. ლომების სანადირო - გარეული ვირებია უდაბნოში, ასევე გლახაკნი საძოვარია მდიდართათვის.

20. საძულველია თავმდაბლობა ამპარტავნისათვის, ასევე საძულველია მდიდრისათვის ღარიბი.

21. მდიდარმა თუ წაიბორძიკა, მეგობრები შეაშველებენ ხელს, დაცემულ გლახაკს კი მეგობრებიც მიატოვებენ.

22. გასაჭირში ჩავარდნილ მდიდარს მრავალი შემწე ჰყავს; აბადაუბდას იტყვის და გაამართლებენ. გლახაკს გაუჭირდება და შერისხავენ; ბრძნულად იტყვის და ყურსაც არ ათხოვებენ.

23. მდიდარი ამოიღებს ხმას და ყველა დადუმდება; მის სიტყვას ღრუბლებამდე ასწევენ. გლახაკი ამოიღებს ხმას და იტყვიან: ეს ვინღა არისო? თუ წაიბორძიკებს, ზურგს შეაქცევენ.

24. კარგია სიმდიდრე, რომელსაც არ ურევია ცოდვა, სიგლახაკე ბოროტებაა უწმინდურის პირში.

25. კაცის გული სახეს შეუცვლის მას - ან სიკეთისკენ, ან ბოროტებისკენ.

26. გულის ნიშანი ბედნიერების ჟამს მხიარული სახეა და მძიმე ფიქრები იგავთა მთხზველია.


თავი მეთოთხმეტე

1. ნეტარია კაცი რომელმაც არ შესცოდა თავისი პირით და ცოდვის სევდამ არ დაამწუხრა.

2. ნეტარია, ვისაც არ არცხვენს თავისი სული და ვისაც არ დაუკარგავს სასოება.

3. ძუნწი კაცისათვის სიმდიდრე არ არის სიკეთე; რად უნდა ქონება ბოროტ ადამიანს?

4. ვინც თავის სულს აკლებს და ისე აგროვებს, სხვებისთვის აგროვებს და მისი საუნჯით სხვანი დატკბებიან.

5. საკუთარი თავისთვის ბოროტი ვისთვისღა იქნება კეთილი? ვერ გაიხარებს თავისი ქონებით.

6. საკუთარი თავისთვის ბოროტისმყოფელზე უკეთური არავინაა; ესაა საზღაური მისი ბოროტებისათვის.

7. თუკი სიკეთეს აკეთებს, გულმავიწყობით აკეთებს და ბოლოს გამოამზეურებს თავის ბოროტებას.

8. უკეთურია, ვისაც შურიანი თვალი აქვს, პირს აბრუნებს და სძულს ადამიანები.

9. თვალი ანგარებისმოყვარისა ვერ ძღება რაიმე წილით; ბოროტის უსამართლობა სულს აჭკნობს.

10. უკეთური თვალი პურზეც მოშურნეობს და მისი სუფრა მუდამ მწირია.

11. შვილო, შეძლებისამებრ კეთილი უყავი შენს თავს და უფალსაც ღირსეულად მიართვი ძღვენი.

12. გახსოვდეს,რომ სიკვდილი არ დააყოვნებს და ჯოჯოხეთის აღთქმა არ გამოგცხადებია.

13. ვიდრე აღესრულები, სიკეთე უყავი მეგობარს, გაუწოდე ხელი და შეძლებისამებრ მიეცი მას.

14. ნუ მოიკლებ სიკეთის დღეს და წილი კეთილი ნატვრისა გვერდს არ აგივლის.

15. განა გასაყოფად სხვას არ დაუტოვებ შენს მონაგარს და ნაჯაფარს - წილის საყრელად?

16. გაეცი და მიიღე, და ანუგეშე სული შენი, რადგან ჯოჯოხეთში ვეღარ იპოვი სიამეს.

17. ყოველი ხორციელი ძველდება სამოსელივით, რადგან დასაბამიდან გადაწყვეტილია; სიკვდილით მოკვდები.

18. როგორც მწვანე ფოთლებით დაბურული ხიდან ერთი ვარდება, ხოლო მეორე იშლება, ასევეა მოდგმა ხორცისა და სისხლისა: ერთი აღესრულება, მეორე კი იბადება.

19. ყოველი ნაკეთობა ხრწნადია და ქრება, მასთან ერთად კვდება მისი შემქმნელიც.

20. ნეტარია კაცი, რომელიც სიბრძნეს ეწაფება და ვინც თავისი გონიერებით მსჯელობს.

21. ვინც თავის გულში მის გზებს მოიაზრებს, იგი შეიცნობს მის იდუმალებებს.

22. მისდიე უკან მდევარივით და გზებზე ჩაუსაფრდი.

23. ვინც მის სარკმელში შეიხედავს, ის მის კარებთანაც მოისმენს.

24. ვინც მისი სახლის მახლობლად დაივანებს, ის ჩააჭედებს ლურსმანს მის კედლებში.

25. მის ახლოს აღმართავს თავის კარავს და კეთილ სავანეში განისვენებს.

26. მის ჭერქვეშ დასვამს თავის შვილებს და მის რტოებქვეშ დაიმკვიდრებს.

27. მისით დაიფარავს თავს სიცხისაგან და მის დიდებაში იცხოვრებს.


თავი მეთხუთმეტე

1. უფლის მოშიში ასე მოიქცევა და მტკიცე რჯულით მოიხვეჭს მას.

2. დედასავით მიეგებება მას და სიჭაბუკის ცოლივით მიიღებს.

3. გამოკვებავს მას გონების პურით და სიბრძნის წყაროს შეასმევს.

4. მისით განმტკიცდება და აღარ შეირყევა, მიეკვრება მას და აღარ შერცხვება.

5. აამაღლებს მის მახლობლებზე და გაუხსნის ბაგეს შეკრებილთა შორის.

6. სიხარულისა და შვების გვირგვინს აპოვნინებს და საუკუნო სახელს დაუმკვიდრებს.

7. ვერ მისწვდებიან მას უგუნურნი და ვერც ცოდვილნი იხილავენ.

8. შორსაა იგი ამპარტავანთაგან და ცრუნი ვერ შეიცნობენ.

9. უამურია ქება ცოდვილის პირით, რადგან უფლისაგან როდია მოვლენილი.

10. რადგან ქება სიბრძნით ითქმის და უფალი კეთილად წარმართავს მას.

11. ნუ იტყვი, უფლის განგებით განვდექიო, რადგან ის თავის საძულველს არ გააკეთებს.

12. ნუ იტყვი ღმერთმა შემაცდინაო, რადგან არ სჭირდება მას ცოდვილი კაცი.

13. ყოველივე სისაძაგლე შეიძულა უფალმა და არც მისთა მოშიშთა უნდა უყვარდეთ.

14. მან დასაბამიდანვე შექმნა ადამიანი და მისი ხელის ანაბარა დატოვა.

15. თუ მოისურვებ, დაიცავ მცნებებს და კეთილი რწმენით მოიქცევი.

16. მან დაგიდო წინ ცეცხლი და წყალი და, საითკენაც გენებოს, იქით გაიწოდე ხელი.

17. ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და, რომელსაც მოისურვებს ის მიეცემა.

18. რადგან დიდია სიბრძნე უფლისა, ძლიერია მისი მეუფება და ყოველივეს ხედავს.

19. მისი თვალი მოშიშებს დაჰყურებს და იცის მან ყოველი საქმე კაცისა.

20. ურჯულოება არავისთვის დაუდგენია მას მცნებად და არც არავისთვის მიუცია უფლება ცოდვის ჩადენისა.


თავი მეთექვსმეტე

1. უვარგის შვილთა სიმრავლეს ნუ ისურვებ, და ნურც ურჯულო ვაჟებით ხარობ.

2. მათი გამრავლება ნუ გაგახარებს, რადგან არა აქვთ შიში უფლისა.

3. არ ირწმუნო მათი სიცოცხლე და ნუ დაენდობი მათ სიმრავლეს, რადგან ზოგჯერ ერთი სჯობს ათასს და უშვილოდ გადაგება - ურჯულო შვილთა ყოლას.

4. რადგან ერთი გონიერისაგან ქალაქი აშენდება, ურჯულოთა ტომი კი მოოხრდება.

5. მრავალი ამგვარი რამ იხილეს ჩემმა თვალებმა და ამაზე უარესი მოუსმენიათ ჩემს ყურებს.

6. ცოდვილთა საკრებულოში ცეცხლი გაჩაღდება, ურჩ ხალხში კი რისხვა აინთება.

7. არ შეიწყალა ძველი ბუმბერაზები, რომელნიც თავიანთი ძალის იმედად განუდგნენ მას.

8. არ დაინდო ლოთის სახლეულიც, რომელიც მოიძულა მისი ამპარტავნობისთვის.

9. არ შეიწყალა წარწყმედილი ხალხი, რომელიც მედიდურობდა თავისი ცოდვებით.

10. ისევე, როგორც ექვსასი ათასი კაცი, გულქვაობამ რომ შეკრიბა ერთად.

11. თუნდაც ერთი იყოს ქედფიცხელი, მაინც საკვირველი იქნება დაუსჯელი რომ დარჩეს, რადგან წყალობაცა და რისხვაც უფალთანაა, და შეწყალებაც ხელეწიფება და რისხვის გადმოღვრაც.

12. რამდენადაც დიდია მისი წყალობა, იმდენად დიდია მხილება მისგან და კაცს მისი საქმეების მიხედვით განსჯის.

13. ვერ გაექცევა მას ცოდვილი ნაძარცვით და მოთმინება კეთილმორწმუნეთა ამაო როდია.

14. ადგილს მიუჩენს ყოველ მოწყალებას და თითოეული თავის საქმეთა მიხედვით მიიღებს.

17. ნუ იტყვი, დავემალები უფალს და სიმაღლიდან ვინ გამიხსენებსო? ვერც კი შემამჩნევსო ხალხის სიმრავლეში, რადგან რა არის ჩემი სული ზღვარდაუდებელ სამყაროში?

18. აჰა, ზეცა და ზეცა ზეცისა, უფსკრული და მიწა, ირყევიან მისი მზერის ქვეშ;

19. მთანიცა და საფუძველიც დედამიწისა ერთნაირად ირყევა ძრწოლით, როცა მათ მოხედავს.

20. ეს ვერ გაუგია გულს და მის გზებს ვინ მოიაზრებს?

21. როგორც ქარი, რომელსაც ადამიანი ვერ ხედავს, ასევე მისი საქმეების უმრავლესობაც დაფარულია.

22. ვინ მოგვითხროს საქმენი მისი სამართლიანობისა? ან ვინ დაელოდება მათ? რადგან შორსაა აღთქმა.

23. ამგვარად განსჯის გულით ღატაკი და უგუნური და ცდუნებული კაციც ამგვარად ფიქრობს.

24. ყური დამიგდე მე, შვილო, და ისწავლე სიბრძნე და ჩემი სიტყვები გულით შეისმინე.

25. აწონილად გამოვაჩენ სწავლას და ზედმიწევნით გავაცხადებ ცოდნას.

26. დასაბამითვეა მისი საქმეები და როცა შექმნა ისინი, დაჰყო ნაწილებად.

27. საუკუნოდ მოაწესრიგა თავისი საქმენი და მათი ხელმწიფება თაობათა მიმართ. არც სწყურიათ და არც იღლებიან, არც სწყვეტენ თავის მოქმედებას.

28. არ ავიწროებენ ერთმანეთს და არასოდეს ეურჩებიან უფლის სიტყვას.

29. შემდგომ ამისა უფალმა მიწას გადმოხედა და აღავსო იგი თავისი სიკეთით.

30. ყოველი ცხოველის სულმა დაფარა მისი პირი და მისკენ მიიქცევა ყოველივე.


თავი მეჩვიდმეტე

1. უფალმა მიწისაგან შექმნა ადამიანი და კვლავ მასვე დაუბრუნა იგი.

2. განსაზღვრული დღეები და ჟამი მისცა მათ და უბოძა ხელმწიფება მიწიერებზე.

3. მათი ბუნებისდა მიხედვით შემოსა ძალით და თავის ხატად შექმნა ისინი.

4. ჩაუნერგა მისი შიში ყოველ ხორციელს, რათა ემეუფა ცხოველებზე და ფრინველებზე.

6. მისცა მათ აზრი, ენა და თვალები, ყურები და გული, რათა შეეცნოთ ისინი.

7. აღავსო ისინი ცოდნითა და სწავლით და აჩვენა მათ კეთილი და ბოროტი.

8. დაადგა თვალი მათ გულებს და თავის საქმეთა სიდიადე უჩვენა მათ.

10. რათა ადიდონ წმიდის სახელი და მისი საქმეების სიდიადეზე მოუთხრონ.

11. წინ დაუდვა მათ ცოდნა და ცხოვრების წესი დაუმკვიდრა.

12. საუკუნო აღთქმა დადო მათთან და უჩვენა თავისი სასჯელები.

13. დიდების სიდიადე იხილეს მათმა თვალებმა და დიდებულება მისი ხმისა გაიგონეს მათმა ყურებმა.

14. უთხრა მათ: ერიდეთ ყოველგვარ უსამართლობას, და ამცნო თითოეულს მოვალეობა მოყვასის მიმართ.

15. მათი გზები მარადის მის წინაშეა და ვერ დაემალებიან მის თვალებს.

17. ყოველ ხალხს დაუდგინა წინამძღოლი, უფლის ხვედრი კი ისრაელია.

19. მათი ყველა საქმე მზესავით მის წინაშეა და მარადის მათ გზებზეა მისი თვალები.

20. არ არის დაფარული მისთვის მათი უსამართლობანი და ყოველი მათი ცოდვა უფლის წინაშე.

22. როგორც ბეჭედი, მასთანაა კაცის შეწყალება და, როგორც თვალის გუგას, დაიცავს ადამიანის მადლს.

23. შემდგომად ამისა აღდგება იგი, სამაგიეროს მიუზღავს მათ და მათ მიერ გაცემულს მათსავე თავზე მოაქცევს.

24. ხოლო რომელნიც ინანიებენ, მიუტევებს და გაამხნევებს მათ, რომელთაც მოაკლდათ დათმენის ღონე.

25. მოიქეცი უფლისაკენ და ცოდვები მიატოვე, ევედრე მას და უკელი შეცოდებებს.

26. ამაღლდი უზენაესისკენ, უსამართლობას განშორდი და ძლიერ შეიძულე სისაძაგლე.

27. ვინ განადიდებს უფალს ჯოჯოხეთში, თუ არა ცოცხალნი და ქების შემსხმელნი.

28. მკვიდრისგან, როგორც არარსებულისგან, შემწყდარია ქების შესხმა. მხოლოდ ცოცხალი და მრთელი განადიდებს უფალს.

29. რა დიდია უფლის მოწყალება და პატიება მისკენ მიქცეულთა!

30. ყოველივე როდია ადამიანებში, რადგან არ არის უკვდავი ძე კაცისა.

31. რა არის მზეზე ნათელი? მაგრამ ისიც ბნელდება; ასევე ბოროტს განიზრახავს ხორცი და სისხლი.

32. ცის მაღალთა ძალებს ის განაგებს; ყოველი კაცი კი მტვერი და ფერფლია.


თავი მეთვრამეტე

1. ვინც ცოცხლობს საუკუნოდ, მთელი სამყარო მან შექმნა.

2. მხოლოდ უფალი შეირაცხება მართალად.

3. არავის აცხადებინებს თავის საქმეებს და მის დიდებულ ნამოქმედართ ვინ გამოიკვლევს?

5. მისი სიდიადის ძალას ვინ გაზომავს? და ვინ მოსთვლის მის მოწყალებებს?

6. მისი არც დაკლება იქნება და არც გაზრდა, უფლის საკვირველებანი გამოუკვლეველია.

7. როცა კაცი დაასრულებს, მაშინ იწყებს ის და, როცა შეწყვეტს, მაშინ მოისაკლისებს ის.

8. რაა კაცი და რა სარგებლობა აქვს? რა არის სიკეთე მისი და რა არის ბოროტება მისი?

9. ადამიანის დღეთა რიცხვი თითქოს ბევრია - ასი წელი.

10. მაგრამ როგორც ზღვაში წყლის წვეთი და ქვიშის მარცვალი, ასევე მცირეა მარადისობისთვის მისი წლები.

11. ამიტომაც სულგრძელია უფალი მათ მიმართ და მიაფენს მათზე თავის წყალობას.

12. ხედავს და იცის, რომ სავალალოა მათი აღსასრული, ამიტომაც გაამრავლა თავისი წყალობა.

13. გულმოწყალება კაცისა მისი მახლობლისკენაა, უფლის მოწყალება კი - ყოველი ხორციელისკენ. ამხელს, წვრთნის და ასწავლის, და მოაქცევს, როგორც მწყემსი, თავის სამწყსოს.

14. შეიწყალებს მათ, ვინც მის შეგონებას შეიწყნარებს და იმათაც, ვინც მის კანონებს ეშურებიან.

15. შვილო, ქველმოქმედებისას საყვედურს ნუ იტყვი და ყოველი გაცემისას გულსატკენ სიტყვას.

16. განა სიცხეს ცვარი არ აგრილებს? ასევე მოწყალებას სჯობია სიტყვა.

17. ლამაზ საჩუქარს ხომ აღემატება სიტყვა? მადლიან კაცს კი ორივე ექნება.

18. უგუნური უმადურად აყვედრის და საჩუქარი შურიანისა თვალებს შრეტს.

19. ვიდრე ალაპარაკდებოდე, მოიფიქრე და, ვიდრე დასნეულდებოდე, სიმრთელეს მიხედე.

20. გასამართლებამდე გაჩხრიკე შენი თავი და განკითხვისას იპოვი შეწყალებას.

21. ვიდრე დაუძლურდებოდე, მოთრგუნე თავი და ცოდვის ზღვარზე უკან მოიქეცი.

22. ნუ დაბრკოლდები აღთქმის დროზე შესასრულებლად და მის განაღდებას სიკვდილამდე ნუ გადასდებ.

23. ლოცვის დაწყებამდე მოამზადე თავი და უფლის გამომცდელივით ნუ იქნები.

24. გახსოვდეს რისხვა აღსასრულის დღეს და ჟამი შურისგებისა, როცა უფალი პირს მიიბრუნებს.

25. სიმაძღრისას შიმშილობის ჟამი გახსოვდეს, გამდიდრებისას კი - სიღატაკე და გაჭირვება.

26. განთიადიდან საღამომდე იცვლება ჟამი და ყოველივე სწრაფწარმავალია წინაშე უფლისა.

27. ბრძენი კაცი ყოველთვის ფრთხილად იქნება და ცოდვათა დღეებში შეცდომას მოერიდება.

28. ყოველი გონიერი შეიცნობს სიბრძნეს და მის მპოვნელსაც ხოტბას შეასხამს.

29. სიტყვებში გაწაფულნი თავადაც დაბრძენდნენ და გადმოღვარეს ბრძნული იგავები.

30. ნუ აჰყვები შენს გულისთქმათ და სურვილებისაგან თავი შეიკავე.

31. თუ სულს ვნებებისკენ წარუძღვები, მტრების გასართობად გაგხდიან.

32. ნუ ილხენ დიდი ფუფუნებით და არიფანებს ნუ გადაყვები.

33. არ გაგაღატაკოს სესხით გამართულმა ნადიმებმა, როდესაც ქისა ცარიელი გაქვს.


თავი მეცხრამეტე

1. ლოთი მუშა ვერ გამდიდრდება და მცირეთა არად ჩამგდები თანდათან დაკნინდება.

2. ღვინო და ქალები აუკუღმართებს გონიერთ და მეძავებთან საქმის დამჭერი მეტისმეტად თავაშვებულია.

3. მღილი და მატლი დაეუფლებიან მას და თავაშვებული სული წარიწყმიდება.

4. მალემრწმენი ჭკუამსუბუქია და ვინც სცოდავს, საკუთარ თავს ვნებს.

5. გულისთქმას აყოლილს მსჯავრი დაედება, ვნებათა წინააღმდგომი სიცოცხლეს დაიგვირგვინებს.

6. ენის მომთოკავი უშუღლოდ იცხოვრებს და ლაყბობის მოძულე ბოროტს აიცილებს.

7. ნურასოდეს გაიმეორებ სიტყვას და არასოდეს არაფერი დაგეკარგება.

8. ნურც მეგობარს და ნურც მტერს ნუ ეტყვი და, თუ შენთვის ცოდვა არ არის, ნუ გაამჟღავნებ.

9. რადგან მოგისმენს ვინმე და დაგიდარაჯდება, გავა დრო და შეგიძულებს.

10. მოისმინე სიტყვა? მოკვდეს შენთან ერთად. ნუ გეშინია, არ აგაფეთქებს.

11. სულელს ისე ატკივებს სიტყვა, როგორც მშობიარეს შობადი ჩვილი.

12. რაღა ბარძაყში გარჭობილი ისარი და რაღა სიტყვა სულელის გულში.

13. ჰკითხე მეგობარს, იქნებ მას არ ჩაუდენია; და თუ ჩაიდინა, მომავალში ნუღარ ჩაიდენს.

14. ჰკითხე მახლობელს, იქნებ არ უთქვამს და თუ თქვა, ნუღარ გაიმეორებს.

15. ჰკითხე მეგობარს, რადგან ხშირად იბადება ცილისწამება, და ყველა სიტყვას ნუ ირწმუნებ.

16. ზოგი სცოდავს, მაგრამ არა სულით, ენით კი ვის არ შეუცოდავს?

17. ჰკითხე შენს მახლობელს, ვიდრე დაემუქრებოდე, და უზენაესის განგებას გზა მიეცი.

20. ყოველი სიბრძნე უფლის შიშია და ყოველ სიბრძნეში კანონის აღსრულებაა.

22. ბოროტის ცოდნა არაა სიბრძნე და არც გონიერებაა იქ, სადაც ცოდვილნი ბჭობენ.

23. არის სიჭკვიანე, რომელიც სისაძაგლეა, და არის ბრიყვი, რომელსაც მხოლოდ სიბრძნე აკლია.

24. ჭკუანაკლი, მაგრამ ღვთისმოშიში სჯობს დიდად გაბრძნობილს, მაგრამ რჯულის დამრღვევს.

25. რაღა საფუძვლიანი, მაგრამ უსამართლო სიჭკვიანე, და რაღა მადლის წახდენა განაჩენის გამოტანისას.

26. არის ცბიერი, მწუხარებით თავჩაქინდრული, მაგრამ შიგნით სავსეა ვერაგობით.

27. სახეს მალავს და მოიყრუებს, მაგრამ სადაც არ ელი, იქ მიგასწრებს.

28. თუ კაცი შეუძლებლობის მიზეზით ვერ სცოდავს, დროს იპოვნის და ბოროტებას მაინც ჩაიდენს.

29. კაცი გარეგნობით იცნობა, ხოლო გონიერი - სახის გამომეტყველებით შეხვედრისას.

30. სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს.


თავი მეოცე

1. ზოგჯერ მხილება უდროოა და ზოგჯერ, ვინც დუმს, ის არის გონიერი.

2. მხილება სჯობს ლიტონ გულისწყრომას.

3. რადგან ნაკლში მხილებული თავს შეიკავებს.

4. რაღა საჭურისისგან ქალწულის გაუპატიურების მცდელობა და რაღა განაჩენის ძალით გამოტანა.

5. ზოგის მდუმარებაში სიბრძნე ჩანს, ზოგი კი საძულველია ბევრი ლაყბობის გამო.

6. ზოგი დუმს, რადგან პასუხი არა აქვს, ზოგი კი იმიტომ დუმს, რომ დროს უყურებს.

7. ბრძენი კაცი დრომდე ჩუმად იქნება, მკვეხარა და უგუნური კი დროს არ მოუცდის.

8. სიტყვამრავალს შეიძაგებენ და ძალად მოლაპარაკე შეძულებული იქნება.

9. ზოგჯერ წარმატება კაცის საზიანოდ არის, ზოგჯერ ზარალიც შენაძენია.

10. ზოგიერთი საჩუქარი სარგებლობას ვერ მოგიტანს, ზოგიერთი საჩუქარი კი ორმაგად ანაზღაურდება.

11. ზოგჯერ დამცირებას დიდება მოაქვს და კაცი სიმდაბლისგან თავს მაღლა ასწევს.

12. ზოგი მცირეთი ბევრს ყიდულობს, ზოგი კი მცირედისთვის შვიდმაგად გადაიხდის.

13. ბრძენი ლაპარაკით აყვარებს თავს, სულელთა მადლი კი ფუჭად იკარგება.

14. უგუნურის წყალობა არას გარგებს, რადგან ერთის ნაცვლად ბევრი თვალი აქვს:

15. ცოტას მოგცემს და მრავალჯერ დაგაყვედრის, გზირივით ექნება პირი დაღებული; დღეს რომ გაასესხებს, ხვალ უკან ითხოვს. საძულველია ამგვარი კაცი.

16. სულელი ამბობს: არ მყავს მეგობარი და არც მადლიერია ვინმე ჩემი სიკეთისათვის;

17. ჩემი პურის მჭამელნი ავსიტყვაობენო. რამდენი დასცინებს მას და რა ხშირადაც!

18. სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ამგვარად ჩქარა მოაწევს ბოროტთა დაცემა.

19. უმადლო კაცი უდროო არაკია, მუდამ პირზე რომ აკერიათ უმეცართ.

20. სულელის პირით თქმული იგავი უარსაყოფია, რადგან თავის დროზე არ ამბობს მას.

21. ცოდვისაგან ზოგი გაჭირვების გამო თავს იკავებს და, სულს რომ მოითქვამს, აღარ ინანებს.

22. ზოგი მორცხვობით იღუპავს თავს, ზოგი კი ბრიყვული გამომეტყველებით.

23. ზოგი სირცხვილის გამო ჰპირდება მეგობარს და ტყუილუბრალოდ იკიდებს მტრად.

24. სიცრუე ადამიანში ბოროტი ლაქაა, უმეცრებს მუდამ პირზე აკერიათ.

25. ქურდი სჯობია სულმუდამ ცრუმეტყველს, თუმცა ერთსაც და მეორესაც წარწყმედა ელის.

26. ცრუ კაცს თავისი საქციელი არცხვენს და სირცხვილი მისი მასთანაა საუკუნოდ.

27. ბრძენი სიტყვებით გამოაჩენს თავს და გონიერი კაცი დიდებულებს მოეწონებათ.

28. მიწათმოქმედი თავის ზვინს აამაღლებს და დიდებულთა მაამებელს უკანონობაც ეპატიება.

29. ძღვენი და საბოძვარი ბრძენთაც კი უბრმავებენ თვალებს და პირში ამოდებული ლაგამივით დააბრკოლებენ მხილებაში.

30. დაფარული სიბრძნე და უჩინარი განძი - ვის რაში არგია ან ერთი ან მეორე?

31. სჯობს კაცი, თავისი სიბრიყვის დამფარველი, კაცს, რომელიც თავის სიბრძნეს ფარავს.


თავი ოცდამეერთე

1. შვილო, შესცოდე? ნუღარ მიუმატებ, არამედ ადრინდელთა მიტევებისთვის ილოცე.

2. გაექეცი ცოდვას, როგორც უხსენებელს, რადგან, თუ ახლოს მიხვალ, გიკბენს. მისი კბილები ლომის კბილებია - ადამიანთა სულების მომაკვდინებელი.

3. ყოველი ურჯულოება ორლესული მახვილივითაა - მისი ნაჭრევი არ განიკურნება.

4. დაშინებით და ძალადობით სიმდიდრე ოხრდება, ასევე მოოხრდება ამპარტავნის სახლი.

5. ღატაკის ვედრება მისი პირიდან ღვთის ყურამდე აღწევს და სწრაფადვე მოდის მისი განაჩენი.

6. მხილების მოძულე ცოდვილის კვალზეა, ღვთის მოშიში კი გულით მოინანიებს.

7. ენით ძლიერი შორიდან შეიცნობა, მაგრამ გამჭრიახი ხედავს, სად წაიბორძიკებს იგი.

8. რაღა სხვისი ხარჯით თავისი სახლის მშენებელი და რაღა საკუთარი საფლავისთვის ქვების შემგროვებელი.

9. ურჯულოთა თავყრილობა ძენძის გროვაა და მათი აღსასრული ცეცხლის ალია.

10. ცოდვილთა გზა ქვებით არის მოკირწყლული, მაგრამ მის ბოლოში ჯოჯოხეთის უფსკრულია.

11. რჯულის დამცველი განაგებს თავის ფიქრებს და სიბრძნე უფლის შიშის განსრულებაა.

12. უნიჭო ვერ განისწავლება, მაგრამ ზოგჯერ ნიჭი სიმწარეს ამრავლებს.

13. ბრძენის ცოდნა წყალდიდობასავით იზრდება და მისი რჩევა სიცოცხლის წყაროა.

14. ბრიყვის გონება გატეხილ ჭურჭელს ჰგავს - ვერავითარ ცოდნას ვერ დაიჭერს.

15. გონიერი მოისმენს ბრძნულ სიტყვას, შეაქებს მას და თავადაც შეითვისებს; თავქარიანი მოისმენს, არ მოეწონება და ზურგს უკან მოისვრის.

16. ბრიყვის მონათხრობი ტვირთია გზაზე, გონიერის ბაგეებზე კი მადლი იპოვება.

17. ჭკვიანი კაცის პირს საკრებულოში დაუწყებენ ძებნას და მის სიტყვებს გულში ჩაითხრობენ.

18. რაღა დანგრეული სახლი და რაღა სიბრძნე ბრიყვთათვის; ცოდნა უგუნურისა უაზრო სიტყვებია.

19. უჭკუოსთვის წვრთნა ბორკილებია ფეხებზე და ჯაჭვი - მარჯვენა ხელზე.

20. ბრიყვი სიცილის დროს ხმას აიმაღლებს, ჭკვიანი კაცი კი წყნარად გაიღიმებს.

21. წვრთნა ჭკვიანისთვის ოქროს სამკაულია და ძვირფასი სალტე - მარჯვენა მკლავზე.

22. ბრიყვის ფეხები შინისკენ მიიჩქარის, მრავლისგანმცდელი კაცი კი კდემამოსილად შედგება მის წინ.

23. უგუნური სახლში კარებიდან იჭვრიტება, აღზრდილი კაცი კი გარეთ დადგება.

24. უზრდელობაა ადამიანისათვის კარებიდან მოსმენა, გონიერს კი შეაწუხებს ამგვარი ურცხვობა.

25. უგუნურთა ბაგენი ბევრს ლაპარაკობენ, გონიერთა სიტყვები კი სასწორზე იწონება.

26. ბრიყვთა გული მათ პირზეა, ბრძენთა პირი კი - მათ გულში.

27. სატანის წყევლისას უღვთო თავის სულს იწყევლის.

28. მაბეზღარა ბილწავს თავის სულს და მოძულებულია თავის სამეზობლოში.


თავი ოცდამეორე

1. ჭუჭყიან ქვაბს ჰგავს ზარმაცი და ყველა უსტვენს მის უპატიობას.

2. ხარის ნეხვსა ჰგავს ზარმაცი; ყოველი მისი ამღები ხელს იფერთხავს.

3. მამის სირცხვილია უზრდელი ვაჟიშვილის ყოლა, ქალიშვილი საზარალოდ იბადება.

4. გონიერი ასული ქმარს შეიძენს, ურცხვი კი მშობლის დარდია.

5. უტიფარი ქალი არცხვენს მამასაც და ქმარსაც, და ორივესგან შეძულებული იქნება.

6. რაღა უდროო დროს ამბის მოყოლა და რაღა მხიარული ჰანგი ტირილის ჟამს; წკეპლით წვრთნა კი ყოველთვის სიბრძნეა.

9. რაღა ბრიყვის მასწავლებელი და რაღა ნამსხვრევების შემწებებელი, ან მძინარის გამღვიძებელი ღრმა ძილისაგან.

10. გინდა ბრიყვისთვის გიამბნია ამბავი, გინდა მთვლემარისთვის. ბოლოს იკითხავს, რა იყოო?

11. იტირე მკვდარი, რადგან მოკლებული აქვს ნათელი და იტირე ბრიყვიც, რადგან მოკლებული აქვს გონება; ნაკლებად იტირე მკვდარი, რადგან განისვენა, ბრიყვის სიცოცხლე კი სიკვდილზე უარესია.

12. მკვდარი შვიდ დღეს იგლოვე, ბრიყვი და უღვთო - ყოველდღე, სანამ ცოცხალია.

13. უგუნურთან ნუ მრავალსიტყვაობ და უმეცართან ნუ დადიხარ. მოერიდე, რათა უსიამოვნება არ შეგემთხვეს და არ წაიბილწო მასთან შეხლა-შემოხლისას. აარიდე მას თავი და სიმშვიდეს მოიპოვებ და აღარ შეგაწუხებს მისი უგუნურება.

14. რა არის ტყვიაზე მძიმე? და რა არის სახელი მისი, თუ არ ბრიყვი?

15. ქვიშის, მარილისა და რკინის ზოდის ზიდვა უფრო ადვილია, ვიდრე უგუნური კაცისა.

16. როგორც სახლის მტკიცედ შეკრული ხის სარტყელი მიწის ძვრისას არ დაირღვევა, ასევე გული, დაყრდნობილი გონივრულ რჩევაზე, არ შედრკება საფრთხეში.

17. გონივრულ განსჯაზე დაფუძნებული გული ჩუქურთმაა გლუვ კედელზე.

18. როგორც მაღალი საბჯენები ვერ გაუძლებს ქარს, ასევე მხდალი გული უგუნური განსჯისას ვერ გაუძლებს შიშს.

19. დაჭრილი თვალი ცრემლებს გადმოღვრის, დაჭრილი გული კი გრძნობებს წარმოაჩენს.

20. ფრინველებს დააფრთხობს გასროლილი ქვა და მეგობრის მაგინებელი დაარღვევს მეგობრობას.

21. თუკი მეგობარზე იშიშვლე მახვილი, იმედს ნუ დაკარგავ, შეგიძლია უკან ჩააგო.

22. თუ მეგობრის წინააღმდეგ პირი გახსენი, ნუ გეშინია, რადგან შეგიძლია შეურიგდე. მხოლოდ ძაგება, ქედმაღლობა, საიდუმლოს გამჟღავნება და მზაკვრული ქცევა განდევნის ყველა მეგობარს.

23. მახლობლის ნდობა მის სიღატაკეში მოიპოვე, რათა მასთან ერთად იშვებდე მის კეთილდღეობაში. მასთან დარჩი გასაჭირის ჟამს, რათა მის მემკვიდრეობაში წილი დაიდო.

24. ცეცხლის გაჩენამდე ღუმელში ალმური და კვამლია, ასევე სისხლის დაღვრამდე - ლანძღვა-გინება.

25. მეგობრის დაცვისა არ შემრცხვება და მის წინაშე არ დავიმალები.

26. თუკი მის გამო ბოროტება შემემთხვევა, ყველა, ვინც გაიგებს, მოერიდება მას.

27. ნეტავ ეყენოს მცველი ჩემს პირს და ესვას გონიერების ბეჭედი ჩემს ბაგეებს, რათა მათგან არ დავეცე და არ დამღუპოს ჩემმა ენამ.


თავი ოცდამესამე

1. უფალო, მამაო და მეუფეო ჩემი სიცოცხლისა, ნუ მიმაგდებ მათ ნებაზე და ნუ დაუშვებ, რომ დავეცე მათი წყალობით.

2. ვინ მიუჩენს წკეპლას ჩემს ზრახვებს და ჩემს გულს სიბრძნის მასწავლებელს, რათა არ დამინდონ ჩემს უმეცრებათა გამო და არ უგულებელყონ ჩემი ცოდვები.

3. რომ არ გამრავლდეს ჩემი უმეცრებანი და არ გაბევრდეს ჩემი შეცოდებები; არ დავეცე მოწინააღმდეგეთა წინაშე და არა იხაროს ჩემზე მტერმა.

4. უფალო, მამაო და ღმერთო ჩემი სიცოცხლისა, ამპარტავნულ მზერას ნუ დამანებებ

5. და ავი ზრახვები განმაშორე.

6. ნუ დამძლევს ღორმუცელობა და ვნებათაღელვა, და ურცხვ სულს ნუ მიმცემ მე.

7. ისმინეთ შვილებო, დარიგება ბაგეთათვის, ვინც მას დაიცავს, ცუდი არაფერი შეემთხვევა.

8. ცოდვილს თავისივე ბაგე შეიპყრობს და ავსიტყვა და თავხედი მასზე წაფორხილდება.

9. ფიცილს ნუ შეაჩვევ შენს პირს და ჩვევად ნუ გაიხდი წმიდის სახელის ხსენებას.

10. რადგან როგორც მონას, რომელიც წამდაუწუმ ისჯება, არ მოაკლდება წყლულები, ასევე სულმუდამ მოფიცარი და წმიდის სახელის მხსენებელი ცოდვისგან ვერ განიწმიდება.

11. მიწყივ მოფიცარი, უსჯულოებით აღივსება და მის სახლს შოლტი არ მოსცილდება; თუკი შესცოდავს, მისი ცოდვა მასთანვე იქნება, და თუკი არად ჩააგდებს, ორმაგად შესცოდავს; ხოლო თუ ტყუილუბრალოდ დაიფიცა, ვერ გამართლდება და მისი სახლი აღივსება უბედურებით.

12. არის სიტყვა სიკვდილით შემოსილი; ნუ იპოვებოდეს იგი იაკობის მემკვიდრეობაში! რადგან ყოველივე ეს შორს იქნება ღვთისმოსავთაგან და ცოდვებში არ გაებმებიან.

13. უშვერობას ნუ მიაჩვევ შენს პირს, რადგანაც მასშია მიზეზი ცოდვისა.

14. გახსოვდეს დედ-მამა, როცა დიდებულთა შორის ზიხარ, რათა თავი არ დაგავიწყდეს მათ წინაშე და ჩვეულების მიხედვით სისულელე არ ჩაიდინო; მაშინ ინატრებ, რომ არ დაბადებულიყავი და შენი დაბადების დღეს დაწყევლი.

15. ლანძღვას მიჩვეული ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გამოსწორდება.

16. ორი თვისება ცოდვას ამრავლებს, მესამე კი რისხვას მოიწევს.

17. გახურებული სული, როგორც ანთებული ცეცხლი, მანამ არ ჩაქრება, ვიდრე არ დაილევა. გარყვნილი კაცი თავის ხორციელ სხეულში მანამ ვერ მოისვენებს, სანამ ცეცხლი არ დაწვავს. გარყვნილი კაცისათვის ყველა პური ტკბილია და არ დაცხრება იგი აღსასრულამდე.

18. თავისი სარეცლის შემცოდე კაცი გულში ამბობს: ვინ მხედავს მე? ჩემს ირგვლივ წყვდიადია და კედლებიც მფარავენ, ვერავინ დამინახავს და რისი უნდა მეშინოდეს? უზენაესი არ გაიხსენებს ჩემს ცოდვებსო.

19. მას მხოლოდ ადამიანთა თვალები აშინებს და არ იცის რომ უფლის თვალი ათასჯერ ნათელია მზეზე. ის ადამიანთა ყველა გზას ჭვრეტს და დაფარულ ადგილებშიც აღწევს.

20. მისთვის ყოველივე ცნობილია შექმნამდე და მოწევნადიც აღსასრულის შემდგომ.

21. იგი ქალაქის ქუჩებში დაისჯება და, სადაც არ მოელის, იქ შეიპყრობენ.

22. ასევე ქალიც, ქმრის მიმტოვებელი, ვინც მემკვიდრეს უცხოსაგან იყოლიებს.

23. რადგან, ჯერ ერთი, არ დაემორჩილა უზენაესის კანონს და, მეორეც, შესცოდა თავის ქმრის წინაშე, და, მესამე, ავხორცობით იმრუშა და შვილები დაბადა უცხო კაცისაგან.

24. გამოიყვანენ მას საკრებულოს წინაშე და მისი შვილების ამბავს გამოიძიებენ.

25. მისი შვილები ფესვებს ვერ გაიდგამენ და ნაყოფს ვერ გამოიღებენ მისი რტოები.

26. თავის ხსოვნას საწყევლად დაიტოვებს და არ წარიხოცება სირცხვილი მისი.

27. დარჩენილები კი მიხვდებიან, რომ არაფერია უფლის შიშზე უმჯობესი და არაფერია უფრო ტკბილი, ვიდრე უფლის მცნებათა ყურად ღება.


თავი ოცდამეოთხე

1. სიბრძნე თავის თავს განადიდებს და თავის ხალხში შეიქება.

2. პირს გახსნის უზენაესის საკრებულოში და მისი მხედრობის წინაშე შეიქება.

3. მე გამოვედი უზენაესის პირიდან და ნისლივით დავფარე დედამიწა.

4. მაღალზე დავდგი ჩემი კარავი და ჩემი ტახტი სვეტზე ღრუბლისა.

5. მარტომ შემოვიარე ზეცის სიმრგვალე და მოვვლე სიღრმენი უფსკრულისა.

6. ზღვის ტალღებში მთელს დედამიწაზე ყოველი ხალხში და ტომში მოვიხვეჭე დოვლათი.

7. ყველა მათგანში ვეძებე განსვენება, ვის სამკვიდროებში დავბინავებულიყავი.

8. მაშინ მიბრძანა მე ყოველთა დამბადებელმა, ჩემმა შემქმნელმა, და საბოლოოდ განმიჩინა კარავი და მითხრა: იაკობში დაივანე და ისრაელში დამკვიდრდიო.

9. უწინარეს საუკუნისა, დასაბამითვე, შემქმნა მე და უკუნისამდე არ გავთავდები.

10. წმინდა კარავში ვიმსახურე მის წინაშე და სიონში ასე განვმტკიცდი.

11. ასევე თავის საყვარელ ქალაქში მომასვენა და იერუსალიმში იყო ჩემი ხელმწიფება.

12. გავიდგი ფესვი სახელგანთქმულ ხალხში, წილხვედრილში უფლისა, რომელიც დაიმკვიდრეს მათ.

13. ავმაღლდი, როგორც კედარი ლიბანში, და როგორც კვიპაროსი ჰერმონის მთებზე.

14. ავმაღლდი, როგორც ფინიკი ენგადში, და როგორც ბუჩქები ვარდისა იერიქონში, როგორც მშვენიერი ზეთისხილი ველზე და როგორც ჭადარი ავმაღლდი.

15. გამოვეცი კეთილსურნელება, როგორც დარიჩინმა და ასპალანთმა და როგორც რჩეულმა გუნდრუკმა ამო სურნელი მოვფინე, როგორც ხალბანმა, ონიქსმა და შტახსმა და როგორც საკმევლის კვამლმა კარავში.

16. გავშალე რტოები, როგორც ბელეკონმა და ჩემი რტოები დიდებისა და მადლის რტოებია.

17. მე წარმოვშვი მადლი, როგორც ვაზმა და ჩემი ყვავილები დიდებისა და დოვლათის ნაყოფია.

19. მოდით ჩემთან, მსურველნო ჩემნო, და გაძეხით ჩემი ნაყოფით.

20. რადგან ჩემი გახსენება თაფლზე უტკბესია და ჩემი დამკვიდრება გოლეულზე გემრიელია.

21. ჩემ მჭამელთ კიდევ მოშივდებათ და მსმელთა ჩემთა კიდევ მოსწყურდებათ.

22. მსმენელი ჩემი არ შერცხვება და ჩემით მუშაკნი არ შესცოდავენ.

23. ყოველივე ეს უზენაესი ღვთის აღთქმის წიგნია, რჯული, რომელიც მოსემ მემკვიდრეობად გვიანდერძა ჩვენ, იაკობის საკრებულოს.

25. ის ავსებს სიბრძნით, როგორც ფისონი და როგორც ტიგრისი მწიფობის დღეებში.

26. ის ავსებს გონებით, როგორც ევფრიტი და როგორც იორდანე მკის დღეებში.

27. ის ასხივებს მოძღვრებას, როგორც ნათელი და როგორც გეონი რთვლის დღეებში.

28. პირველმა ვერ შეიმეცნა იგი სრულად და ასევე ვერ ჩასწვდება მას უკანასკნელიც.

29. რადგან ზღვის უვრცესია მისი აზრი და მისი განგება უფსკრულზე ღრმაა.

30. მე კი, როგორც რუსხმული მდინარიდან და როგორც ნაკადული გავედი წალკოტში.

31. ვთქვი, მოვრწყავ-მეთქი ჩემს ბაღს და დავათრობ ჩემს კვლებს. და აჰა, რუსხმული ჩემი მდინარედ იქცა, მდინარე ჩემი კი - ზღვად.

32. კვლავ გამოვანათებ სწავლებას, როგორც განთიადს და შორს გავაბრწყინებ მას.

33. კვლავ გადმოვღვრი მოძღვრებას, როგორც ქადაგებას და დავუტოვებ მას თაობებს საუკუნოდ.

34. ხომ ხედავთ, მხოლოდ ჩემთვის როდი დავმშვრალვარ, არამედ ყოველი მძებნელისთვის.


თავი ოცდამეხუთე

1. სამით შევიმკე და წარვდექი გამშვენებული უფლისა და კაცთა წინაშე: ძმათა ერთსულოვნებით, მახლობელთა სიყვარულით და ცოლ-ქმართა თანხმობით.

2. სამი ჯურის კაცი შეიძულა ჩემმა სულმა და ძალზე შევიძულე მათი ცხოვრება: ქედმაღალი ღატაკი, მატყუარა, მდიდარი და მოხუცი მრუში, ჭკუანაკლული.

3. თუ სიჭაბუკეში ვერ შეაგროვე, როგორღა შეიძენ შენი სიბერის ჟამს.

4. რარიგ შეშვენით ხანდაზმულთ განკითხვა და მოხუცებულთ მოცემა რჩევისა!

5. რარიგ უხდება მოხუცებს სიბრძნე და დიდებულებს აზრი და რჩევა!

6. მოხუცთა გვირგვინია მრავალნაცადობა და მათი სიამაყე - უფლის შიში.

7. ცხრა ფიქრით დავიამე გული და მეათეს ენით ვიტყვი: კაცი, შვილებში გახარებული და თავის სიცოცხლეშივე მტერთა დაცემის მომსწრე.

8. ნეტარია, ვინც გონიერ ქალთან ცხოვრობს, ვინც არ შესცოდა ენით და თავისზე უღირსს არ ემსახურა.

9. ნეტარია, ვინც სიბრძნე მოიხვეჭა და მიუთხრობს მას ყურადმღებელთ.

10. ხომ დიდია სიბრძნის მომხვეჭელი, მაგრამ უფლის მოშიშზე დიდი არავინაა.

11. უფლის შიში ყოველივეს აღემატება; მის მქონებელს ვინ შეედრება?

12. ყოველგვარი ჭრილობა დაითმინება, მაგრამ არა ჭრილობა გულისა; ყოველი სიავე, მაგრამ არა სიავე ქალისა.

14. ყოველი თავდასხმა, ოღონდ არა თავდასხმა მოძულეთა, და ყოველი შურისძიება, ოღონდ არა შურისძიება მტერთა.

15. არ არსებობს თავი უფრო შხამიანი, ვიდრე თავი უხსენებლისა და არ არსებობს გულისწყრომა უფრო დიდი, ვიდრე გულისწყრომა მტრისა.

16. უმალ ლომთან და ურჩხულთან ერთად ვიცხოვრებდი, ვიდრე ავ ცოლთან.

17. სიავე ქალს გამომეტყველებას უცვლის და დათვის სახესავით უბნელებს სახეს.

18. მისი ქმარი დაჯდება მახლობელთა შორის და მოსმენისას მწარედ ამოიხვნეშებს.

19. ვერარა ბოროტება ვერ მოვა ქალის ბოროტებასთან - ცოდვილის ხვედრი დაატყდება მას.

20. რაღა მოხუცის ფეხებისთვის ქვიშიან აღმართზე სიარული და რაღა ანჩხლი ცოლი მშვიდი კაცისთვის.

21. ნუ უთვალთვალებ ქალის სილამაზეს და ქალისადმი ვნებას ნუ აყვები.

22. საწყრომია უპატიობა და დიდი სირცხვილი, როცა ცოლი ბატონობს ქმარზე.

23. დამდაბლებული გული, სევდიანი სახე და გულის ჭრილობაა ავი ცოლი; დაშვებული ხელები და დაუძლურებული მუხლები, თავის ქმარს რომ არ აბედნიერებს.

24. ქალისაგანაა სათავე ცოდვისა და მის გამო ვიხოცებით ყველანი.

25. ნუ მისცემ წყალს გასავალს და სიტყვის უფლებას ავ დედაკაცს.

26. თუ შენი ხელით ვერ წარმართე, მოიკვეთე იგი შენგან.


თავი ოცდამეექვსე

1. ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება.

2. ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს.

3. კარგი ცოლი კარგი ხვედრია - წილად ერგებათ უფლის მოშიშებს.

4. მდიდარია თუ ღარიბი, დაამებული ექნება გული, სახე კი ყოველჟამს მხიარული.

5. სამი რამის ეშინია ჩემს გულს, მეოთხეზე კი ვლოცულობ: ქალაქის ჭორისა, ბრბოს ამბოხისა და ცილისწამებისა. ეს ყველაფერი სიკვდილზე საშინელია.

6. გულისწუხილია და უბედურებაა ცოლი, რომელიც სხვა ქალზე ეჭვიანობს და შოლტი მისი ენისა ყველას გადაწვდება.

7. ავი ცოლი ხარის მორყეული უღელია: მის დამჭერს გინდა მორიელი შეუპყრია.

8. დიდი ჯავრია ლოთი ცოლი: ვერ დაფარავს იგი თავის აუგს.

9. ქალის მრუშობა თვალთა ზეაპყრობით და მისი წამწამებით გამოიცნობა.

10. თავნება ქალიშვილს დარაჯი მიუჩინე, თავი არ აიშვას თავისდა საზიანოდ.

11. მოერიდე უტიფარ თვალს და ნუ გაიკვირვებ, თუკი შესცოდავს შენს წინააღმდეგ.

12. როგორც მწყურვალი მგზავრი აღებს პირს და ახლო-მახლო ყველა წყალს ეწაფება, ასე დაჯდება იგი ყოველი პალოს წინ და ისრისათვის გააღებს კაპარჭს.

13. ცოლის სიკეთე ქმარს ახარებს და მისი გამჭრიახობა აპოხიერებს მის ძვლებს.

14. უფლის წყალობაა ჩუმი ცოლი და ფასდაუდებელია განსწავლული სული.

15. მადლის მადლია კდემამოსილი ცოლი და ვერა სასწორი ვერ აწონის პატიოსან სულს.

16. როგორც ამომავალი მზეა უფლის ზესკნელში, ასევეა კარგი ცოლის სილამაზე მის გამართულ სახლში.

17. როგორც ანთებული სანთელი წმინდა სასანთლეში, ასევეა სახის მშვენება წარმოსადეგ ტანზე.

18. როგორც ოქროს სვეტები ვერცხლის კვარცხლბეკზე, ასევეა მშვენიერი ფეხები მტკიცე ტერფებზე.

19. ორ რამეზე იდარდა ჩემმა გულმა, მესამეზე კი რისხვამ იფეთქა: როცა მებრძოლი ვაჟკაცი გაჭირვებაშია, გონიერ ხალხს აბუჩად იგდებენ. სიმართლიდან ცოდვისაკენ მოქცეულს კი უფალი მახვილისათვის განამზადებს.

20. ძნელად რომ ვაჭარი ცდუნებას გაექცეს და მიკიტანმა ცოდვისაგან დაიხსნას თავი.


თავი ოცდამეშვიდე

1. ბევრმა შესცოდა წვრილმანთა გამო, სიმდიდრის მძებნელი კი თვალს მოარიდებს.

2. მიჯრილ ქვებს შორის ლურსმანი ჩაერჭობა, ასევე ყიდვა-გაყიდვაში ცოდვა შეიჭრება.

3. უკეთუ კაცი მტკიცედ და ბეჯითად არ არის ღვთის შიშში, სწრაფად დაემხობა მისი სახლი.

4. საცრის შერხევისას ნაგავი რჩება, ასევე კაცის უწმინდურობანი - მისი მსჯელობისას.

5. თიხის ჭურჭელს ღუმელი გამოცდის, ხოლო კაცს მისი საუბარი.

6. ხის მოვლა-პატრონობას ნაყოფი წარმოაჩენს, ადამიანის გულის ზრახვებს კი - სიტყვა.

7. ნუ შეაქებ კაცს საუბრის დაწყებამდე, რადგან ეს არის ადამიანის გამომცდელი.

8. თუკი სიმართლეს მისდევ, მისწვდები კიდევაც და შეიმოსავ მას, როგორც დიდების შესამოსელს.

9. ფრინველნი თავიანთ მსგავსებთან სხდებიან და სიმართლეც იმათ დაუბრუნდება, რომელნიც მისით მოქმედებენ.

10. როგორც ლომი უსაფრდება ნადავლს, ასევე ცოდვა - უსამართლობის ჩამდენთ.

11. საუბარი ღვთისმოსავისა მუდამ სიბრძნეა, უგუნური კი მთვარესავით იცვლება.

12. უმეცრებთან დროს ნუ დაკარგავ, არამედ გონიერთა შორის დაყავი ხანი.

13. ბრიყვთა საუბარი აუტანელია; მათი სიცილი ცოდვით თავის შექცევაა.

14. მრავალმოფიცარის ყბედობა თმას ყალყზე აყენებს და მათი კამათი ყურთასმენას ახშობს.

15. ქედმაღალთა ჩხუბი სისხლისღვრაა და მათი ლანძღვა - მძიმე მოსასმენი.

16. საიდუმლოს გამცემი ნდობას დაკარგავს და სულის მეგობარს ვერასოდეს იპოვის.

17. გიყვარდეს მეგობარი და იყავი ერთგული მისი, ხოლო თუ მის საიდუმლოებას გააცხადებ, ნულარ დაედევნები უკან.

18. რადგან როგორც კაცი კლავს თავის მტერს, ასევე მოკალი შენ მახლობლის მეგობრობა.

19. თითქოსდა ჩიტი გაგეშვას ხელიდან, ისე დაკარგე მახლობელი და ვეღარ მოინადირებ მას.

20. ნუღარ დაედევნები, რადგანაც იგი შორს გაგიდგა და გაგექცა, როგორც შველი ხაფანგისაგან.

21. რადგან შეიძლება ჭრილობის შეხვევა და შერიგება ჩხუბის შემდეგ, მაგრამ ვინც საიდუმლო გაამჟღავნა, შერიგების იმედიც დაკარგა.

22. ვინც თვალით ანიშნებს, ის ხრიკებს აწყობს და ვერავინ დააბრკოლებს მას.

23. შენს თვალწინ ენას დაითაფლავს და გაიკვირვებს შენს სიტყვებს, ბოლოს კი შეირყვნის პირსაც და შენს სიტყვებშიც საცთურს აღმოაჩენს.

24. ბევრი რამ შევიძულე, მაგრამ მის მსგავსად არავინ! და უფალიც შეიძულებს მას.

25. ქვის მაღლა მსროლელი თავის თავს ესვრის და მზაკვრული დარტყმა ჭრილობას გახსნის.

26. ორმოს მთხრელი თვითონვე ჩავარდება მასში და მახის დამგებიც თვითონვე გაებმება.

27. ვინც ბოროტებას სჩადის, მასვე მიუბრუნდება და ვერც გაიგებს, საიდან დაატყდა თავს.

28. ამპარტავნის საქმე დაცინვა და ლანძღვაა, მაგრამ შურისგება ჩასაფრებული ლომივით ელოდება მას.

29. ღვთისმოსავთა დაცემის მოხარულნი მახეში გაებმებიან და სატკივარი სიკვდილამდე მოინელებს მათ.

30. რისხვაც და წყრომაც სისაძაგლეა და ცოდვილი კაცი მათი მფლობელი იქნება.


თავი ოცდამერვე

1. შურისმგებელი შურისგებას უფლისაგან იპოვის: ის ადევნებს თვალყურს მის ცოდვებს.

2. მიუტევე უსამართლობა შენს მახლობელს და მაშინ ვედრებისას შენც მიგეტევება შენი ცოდვები.

3. ადამიანი ადამიანზეა გამწყრალი, უფლისგან კი ეძიებს განკურნებას.

4. თავის მსგავს ადამიანს ვერ უთანაგრძნობს და საკუთარ ცოდვათა გამო კი ივედრება.

5. თავადაც ხორციელი ბოღმას ინახავს და ვინ განწმიდოს იგი ცოდვებისგან?

6. გაიხსენე აღსასრული და შეწყვიტე მტრობა; გახსოვდეს გახრწნა და სიკვდილი, და მცნებანი დაიცავი.

7. მცნებები გაიხსენე და მახლობელზე ნუ განრისხდები; უზენაესის აღთქმა გახსოვდეს და უგუნურება მოიძულე.

8. თავი შეიკავე ჩხუბისგან და ცოდვებს შეიმცირებ, რადგანაც გულფიცხი კაცი ჩხუბს დაანთებს.

9. ცოდვილი კაცი მეგობრებში შფოთს შეიტანს და მშვიდად მცხოვრებთა შორის შუღლს ჩამოაგდებს.

10. როგორიცაა შეშა, ისეთი გაჩაღდება ცეცხლიც; როგორიცაა ჩხუბის საფუძველი, ისეთი გაჩაღდება ჩხუბიც; როგორიც არის კაცის ძალა, ისეთივე იქნება მისი გულისწყრომა; რა ქონების პატრონიცაა იგი, ისე აიწევს მისი რისხვა.

11. ცხარე შუღლი ცეცხლს აღაგზნებს, ცხარე ჩხუბისგან კი სისხლი დაიღვრება.

12. ნაკვერცხლებს შეუბერავ და გაჩაღდება, დანერწყვავ და ჩაქრება; ორივე შენი პირიდან გამოდის.

13. წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი, რადგან ბევრი მშვიდობიანი ხალხები დაღუპეს.

14. მესამე ენამ ბევრი შეარყია და დევნა ისინი ხალხიდან ხალხში; მტკიცე ქალაქები დაარღვია და დიდებულთა სახლები დაამხო.

15. მესამე ენამ ქველი დედაკაცები განდევნა და მოწყვიტა ისინი თავიანთ ნაჯაფარს.

16. მოსვენებას ვერ იპოვის ჭორის მსმენელი და მშვიდად ვერ იცხოვრებს.

17. შოლტის ცემა წყლულებს აჩენს, ენით ცემა კი ძვლებს შემუსრავს.

18. მრავალნი დაეცნენ მახვილისგან, მაგრამ უმრავლესნი ენით.

19. ბედნიერია, ვინც მისგან დაიცვა თავი, ვისაც არ დაატყდა მისი რისხვა, ვინც არ ათრია მისი უღელი და მისი ბორკილებით არ შეიკრა.

20. რადგანაც უღელი მისი რკინის უღელია და ბორკილები მისი - სპილენძის ბორკილები.

21. ავი სიკვდილია მისი სიკვდილი და ჯოჯოხეთიც კი უკეთესია მასზე.

22. ვერ ეწევა იგი ღვთისმოსავებს და არ დაიწვებიან ისინი მისი ალით.

23. უფლის მიმტოვებელნი კი დაექანებიან მისკენ და გაჩაღდება იგი მათ შორის, და აღარ ჩაქრება. მოევლინებათ მათ, როგორც ლომი და როგორც ჯიქი გაანადგურებს მათ.

24. იცოდე, ეკლით მოზღუდე შენი ქონება და შეკარი შენი ოქრო-ვერცხლი.

25. სასწორ-საზომი მიუჩინე შენს სიტყვებს და კარი და საკეტი გაუკეთე შენს პირს.

26. უფრთხილდი, არ წაიბორძიკო მის გამო და მომნადირებელის წინ არ დაეცე.


თავი ოცდამეცხრე

1. წყალობის გამღები სესხს აძლევს მახლობელს და თავისი ხელით მისი მომაღონიერებელი მცნებათა დამცველია.

2. ასესხე მახლობელს მისი გასაჭირის ჟამს და თავადაც დროზე დაუბრუნე ვალი.

3. მტკიცედ დაიცავი სიტყვა, მისი ერთგული იყავი და ყოველ ჟამს იპოვი შენთვის საჭიროს.

4. ბევრმა მიიჩნია სესხი ნაპოვნად და ტანჯვაში ჩააგდო თავისი შემაწევარნი.

5. ვიდრე მიიღებდეს, ხელებს დაუკოცნის მას და მახლობლის ფულზე ლაპარაკისას ხმას დაუწევს, გადახდისას კი დროს გააჭიანურებს, დაუდევრად გასცემს პასუხს და დროს მოიმიზეზებს.

6. თუკი შეძლებს გადახდას, ნახევარს ძლივს მიუტანს და მსესხებელს ნაპოვნად ჩაეთვლება; თუ არა და, დაუკარგავს თავისი ფული და ტყუილუბრალოდ მტერიც შეუძენია, რადგანაც წყევლას და გინებას შეუთვლიან და ნაცვლად პატივისა უპატიობას მიაგებენ.

7. ამგვარი ვერაგობის გამო მრავალნი უარს ამბობენ სესხებაზე. ეშინიათ, ტყუილუბრალოდ არ იზარალონ.

8. მაგრამ ღარიბის მიმართ სულგრძელი იყავი და მოწყალებას ნუ დაუგვიანებ.

9. შეეწიე გლახაკს მცნებისამებრ და გასაჭირში მყოფს ხელცარიელს ნუ გაუშვებ.

10. დახარჯე ვერცხლი ძმისა და მეგობრის გულისათვის და ნუ დაჟანგავ მას ლოდის ქვეშ დასაღუპავად.

11. შენი საუნჯე უზენაესის მცნებისამებრ დააწყვე და ოქროზე მეტ სარგებლობას მოგიტანს.

12. სამადლოდ გასაცემი შენს საგანძურში დააგროვე და იგი გიხსნის ყოველგვარ გასაჭირში,

13. და მტკიცე ფარზე და მძიმე შუბზე უკეთ დაგიცავს მტრისგან.

14. კეთილი კაცი მახლობელს თავდებად დაუდგება, სირცხვილდაკარგული კი მიატოვებს.

15. ნუ დაუკარგავ თავდებობის მადლს, რადგან შენთვის გასცა მან თავისი სიცოცხლე.

16. თავმდების დოვლათს დაავსებს ცოდვილი და უმადური თავის მხსნელს მიატოვებს.

17. თავდებობამ ბევრი შეძლებული დაღუპა და, როგორც ზღვის ტალღამ, შეარყია.

18. სახლიდან განდევნა ძლიერი ვაჟკაცები და უცხო ტომებში ახეტიალა.

19. ცოდვილი, თავდებობის მტვირთველი და მოგებას გამოდევნებული, სასჯელს იტვირთავს.

20. შეეწიე მახლობელს შენი შეძლებისამებრ და უფრთხილდი, რომ თავადაც არ ჩავარდე.

21. დასაბამი სიცოცხლისა წყალი და პურია, სამოსელი და სახლი კი - სირცხვილის დამფარველი.

22. ფიცრულში ერჩიოს ღატაკს ცხოვრება უცხოთა შორის ბრწყინვალე ნადიმებს.

23. მცირედითაც და დიდითაც მადლიერი იყავი და სახლეულის საყვედურს არ მოისმენ.

24. ცუდია სიცოცხლე სახლიდან სახლამდე ხეტიალში; სადაც ხიზნად ხარ, პირს ვერ გააღებ.

25. უმასპინძლებ და ასვამ უმადლოდ და, ამასთან ერთად, მწარესაც მოისმენ.

26. მოდი აქ, გადამთიელო, სუფრა გაშალე და, თუ რამე გაქვს, მეც მაჭამეო.

27. დაუთმე ადგილი, გადამთიელო, პატივსაცემ კაცს, ძმა მესტუმრა და სახლი მჭირდება.

28. მძიმეა ეს მგრძნობიარე კაცისათვის: თავშესაფრის დამადლება და სესხის დაყვედრება.


თავი ოცდამეათე

1. ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპლვას მოუხშირებს, რათა საბოლოოდ მისით გაიხაროს.

2. შვილის გამწვრთნელი შეწევნას მიიღებს მისგან და ნაცნობთა შორის თავს მოიწონებს.

3. შვილის გამწვრთნელი მტერში შურს აღძრავს, მეგობრებში კი მისით გაიხარებს.

4. აღესრულა მამამისი და, თითქოს არც მომკვდარა, რადგან დატოვა თავისი მსგავსი.

5. ვიდრე ცოცხალი იყო, შესცქეროდა მას და ხარობდა და არც სიკვდილის ჟამს იყო მწუხარე.

6. რადგან მტრების შურისმგებელი დატოვა, მეგობრებისთვის კი - მადლის გადამხდელი.

7. შვილის გამანებივრებელი ჭრილობებს შეუხვევს შვილს და მის ყოველ წამოყვირებაზე შეუქანდება გული.

8. გაუხედნელი ცხენი ჯიუტად იქცევა, თავის ნებაზე მიშვებული შვილი კი თავხედურად იქცევა.

9. გაანებივრე შვილი და შეგაშინებს, ეთამაშე და დაგამწუხრებს.

10. ნუ გაიცინებ მასთან, ვაითუ მასთან ერთად იდარდო და ბოლოს კბილები აღრჭიალო.

11. ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში.

12. და გვერდები დაუჟეჟე, ვიდრე ნორჩია, რომ არასოდეს გაჯიუტდეს და შენს მორჩილებაზე ხელი არ აიღოს.

13. გაწვრთენი შვილი და იშრომე მასზე, რომ მისი უხამსი საქციელი თავშისაცემი არ გაგიხდეს.

14. ჯანმრთელი და ძალ-ღონით ძლიერი ღატაკი სჯობს სხეულით დაძაბუნებულ მდიდარს.

15. სიმრთელე და სიძლიერე ყველა ოქროს სჯობს და ჯანსაღი სხეული - განუზომელ სიმდიდრეს.

16. სიმდიდრე როდია უკეთესი ჯანმრთელ სხეულზე და არ არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე გულის სიხარულია.

17. გამწარებულ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს და ხანგრძლივ სნეულებას - საუკუნო განსვენება.

18. მოკუმულ პირთან დაღვრილი სიტკბო იგივეა, რაც საფლავზე დაწყობილი სანოვაგე.

19. რა სარგებლობას მოუტანს კერპს მსხვერპლი? ვერ შეჭამს და ვერც დაყნოსავს; ასეა უფლისგან განდევნილიც.

20. თვალებით უყურებს და კვნესის, როგორც საჭურისი, ქალწულს რომ ეხვევა და კვნესის.

21. ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებაყოფლობით.

22. გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება - დღეგრძელობა მისი.

23. დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი.

24. შური და სიშმაგე დღეებს ამოკლებს, ზრუნვას კი ნაადრევად მოაქვს სიბერე.

25. ნათელი გული და სიკეთე თავის საზრდელზე თავად იზრუნებს.


თავი ოცდამეთერთმეტე

1. ფხიზლობა სიმდიდრის გამო ხორცს განლევს და მასზე ზრუნვა ძილს აფრთხობს.

2. ფხიზელი ზრუნვა რულს განაგდებს და მძიმე სნეულებას ძილი მიაქვს.

3. დაშვრება მდიდარი დოვლათის მოხვეჭაში და განსვენების ჟამს გულსაც მოიჯერებს ნაჭირნახულევით.

4. დაშვრება ღატაკი ცხოვრების სიდუხჭირეში და განსვენების ჟამსაც ღატაკად დარჩება.

5. ოქროს მოყვარული ვერ გამართლდება და ფულის მადევარს მისივე წყალობით აერევა გზა-კვალი.

6. მრავალნი დაეცნენ ოქროს გულისთვის და მათსავე თვალწინ მოხდა მათი დამხობა.

7. იგი შებრკოლების ძელია მისით აღტაცებულთათვის და ყოველი უგუნური შეიპყრობა მისით.

8. ბედნიერია მდიდარი, რომელიც უმწიკვლო აღმოჩნდა და რომელიც უკან არ გამოდგომია ოქროს.

9. ვინ არის იგი? ნეტარად შევრაცხავთ მას, რადგან სასწაულები მოახდინა თავის ხალხში.

10. ვინ გამოიცადა ოქროთი და მაინც უმწიკვლო დარჩა? იყოს ეს მისთვის საამაყო. ვინ იყო, რომ შეეძლო ცოდვის ქმნა და არ შესცოდა? ბოროტება ჩაედინა და არ ჩაიდინა?

11. მყარი იქნება მისი ქონება და მის მოწყალებებს გამოაცხადებს საკრებულო.

12. მდიდრულ სუფრას მიუჯექი? ნუ დააღებ პირს და ნუ იტყვი: რა უხვი სუფრააო.

13. გახსოვდეს, რომ ცუდია ხარბი თვალი. თვალზე უფრო გაუმაძღარი რა შექმნილა? ამიტომაც მისტირის ყველაფერს, რასაც კი ხედავს.

14. საითკენაც გაიხედავს, ხელს ნუ გაიწოდებ, და ლანგარზე ნუ შეეხლები მეზობლის ხელს.

15. მახლობელზე საკუთარი თავის მიხედვით იმსჯელე და ყოველ საქმეს დაუფიქრდი.

16. როგორც კაცმა, ისე შეჭამე, რაც წინ გიწყვია და ნუ იცოხნები, რომ არ შეგიძაგონ.

17. პირველმა შეწყვიტე ჭამა ზრდილობის გამო და გაუმაძღარი ნუ იქნები, რომ არასოდეს ჩავარდე საცთურში.

18. თუ მრავალთა შორის დაჯდები, ხელს პირველი ნუ გაიწოდებ.

19. კარგად აღზრდილი კაცი მცირედსაც იკმარებს და საწოლზე ქშენას არ მოჰყვება.

20. ჯანსაღი ძილი ზომიერ კუჭზეა; დილით ადრე ადგება და მასთანაა მისი სული. გაუმაძღარ კაცს კი უძილობა, ქოლერა და მუცლის გვრემა გასტანჯავს.

21. სასმელ-საჭმელი თუ დაგამძიმებს, სუფრიდან ადექი და შეისვენე.

22. მისმინე, შვილო, და ნუ უგულებელმყოფ მე და ბოლოს დააფასებ ჩემს სიტყვებს. ყველა შენს საქმეში სიფრთხილით იყავი და არავითარი ისინი არ შეგეყრება.

23. პურადს ბაგენი დალოცავენ და მოწმობა მისი სიკეთისა სარწმუნოა.

24. პურადძვირზე ქალაქი დრტვინვას დაიწყებს და მტკიცება მისი სიავისა სწორია.

25. ღვინოში ნუ ივაჟკაცებ, რადგან ღვინოს ბევრი დაუღუპავს.

26. ფოლადის სიმტკიცეს ქურა გამოცდის, ქედმაღალთა გულებს კი - ღვინო ჩხუბში.

27. კაცთა სიცოცხლისთვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა.

28. გულის სიხარული და სულის შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო.

29. სულის სიმწარეა ბევრი ღვინის სმა შფოთში და ჩხუბში.

30. სიმთვრალე აშმაგებს ბრიყვს თავის საზიანოდ, ართმევს ძალასა და ჭრილობებს აყენებს.

31. ნუ ამხილებ მახლობელს ნადიმზე ღვინის სმისას და მხიარულებაში მყოფს ნუ დაამცირებ; ნუ დაუწყებ საყვედურს და თხოვნით ნუ შეაწუხებ.


თავი ოცდამეთორმეტე

1. თუ სუფრის უფროსად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, არამედ იყავი მათ შორის, როგორც ერთი მათგანი; ჯერ მათზე იზრუნე და მერე დაჯექი,

2. როცა ყოველ საქმეს აღასრულებ, რაც გევალება, რათა მათით გაიხარო და რიგიანი გაძღოლისთვის გვირგვინი მიიღო.

3. ისაუბრე, წინამძღოლო, რადგან ეს შეგეფერება დარბაისლური ცოდნით, და მუსიკასაც ნუ დააბრკოლებ.

4. როცა უსმენენ, ენად ნუ გაიკრიფები და ნუ ბრძენობ უდროო დროს.

5. როგორც ლალის ბეჭედია ოქროს სამკაულში, ასევე მუსიკის კეთილხმოვანებაა ნადიმზე ღვინის სმისას.

6. როგორც ბეჭედი სმარაგდისა ოქროს ბუდეში, ასევე მუსიკის ჰანგია ტკბილი ღვინის სმისას.

7. ისაუბრე, ჭაბუკო; თუ საჭირო შეიქენი, თქვი ორიოდე სიტყვა, როცა შეგეკითხებიან;

8. თქვი უმთავრესი, მცირედით მრავალი, და იყავი მცოდნე და შეგეძლოს დუმილის დაცვაც.

9. დიდებულთა შორის ყოფნისას მათ თავს ნუ გაუტოლებ და ნუ მრავალსიტყვაობ, როცა სხვა საუბრობს.

10. ქუხილს ელვა უსწრებს წინ, ხოლო მორიდებულ კაცს - კეთილგანწყობა.

11. დროულად წამოდექ და ბოლო ნუ იქნები, სახლისკენ იჩქარე და ნუღარ შეყოვნდები.

12. იქ გაერთე და ისე მოიქეცი, როგორც გსურდეს, მაგრამ ქედმაღლური სიტყვით ნუ შესცოდავ.

13. ამისთვის დალოცე შენი შემქმნელი და თავისი სიკეთით შენი კმამყოფელი.

14. უფლის მოშიში შეიწყნარებს შეგონებას და დილაადრიანად ამდგარნი წყალობას იპოვნიან.

15. რჯულის მძებნელი მისით აღივსება, ხოლო თვალთმაქცი მასში დაბრკოლდება.

16. უფლის მოშიშნი სამართალს იპოვნიან და ნათელივით გააბრწყინვებენ მსაჯულებას.

17. ცოდვილი კაცი თავს აარიდებს მხილებას და შენდობასაც თავისი ნებისამებრ მოიპოვებს.

18. გონიერი კაცი განსჯას არ უგულებელყოფს, უგუნურსა და ამპარტავანს კი შიში ვერ შეარყევს.

19. დაუფიქრებლად ნურაფერს გააკეთებ და, თუ გააკეთებ, სინანულს ნუ მოჰყვები.

20. ნუ გაემართები ნანგრევების გზით, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.

21. ნუ მიენდობი სწორ გზასაც.

22. და უფრთხილდი თვით შენს შვილებსაც კი.

23. ყოველ საქმეში შენს სულს მიენდე, რადგან ესაა მცნებათა დაცვა.

24. რჯულის მოესავი მცნებებს უფრთხილდება და უფლის მოიმედე არ დაზარალდება.


თავი ოცდამეცამეტე

1. უფლის მოშიშს არ შეემთხვევა უბედურება, არამედ კვლავ და კვლავ იხსნის განსაცდელისგან.

2. ბრძენი კაცი რჯულს არ შეიძულებს, მისი თვალთმაქცურად დამცველი კი ქარიშხალში მოხვედრილი ხომალდივითაა.

3. გონიერი კაცი იწამებს რჯულს და რჯულიც სარწმუნოა მისთვის, როგორც პასუხი ურიმისა.

4. მოამზადე სიტყვა და მაშინ მოგისმენენ, შეაუღლე ცოდნასთან და გაეცი პასუხი.

5. ეტლის ბორბალია ბრიყვის გული და მისი აზრები - მბრუნავი ღერძი.

6. ულაყ ცხენსა ჰგავს მქირდავი მეგობარი: ვინც არ უნდა შეაჯდეს, ჭიხვინებს.

7. რატომღა სჯობს ერთი დღე მეორეს, თუ ყოველი დღის ნათელი წელიწადში მზისგანაა?

8. უფლის სიბრძნით განიყვნენ ისინი, მან განასხვავა არენი და დღესასწაულნი.

9. მათგან ზოგნი აამაღლა და წმიდაჰყო, ზოგნი კი სადაგ დღეთა რიცხვს მიაკუთვნა.

10. ყოველი ადამიანი მიწისგანაა და მიწისგან შეიქმნა ადამიც.

11. მაგრამ ყოვლისმცოდნე უფალმა დაყო ისინი და განასხვავა მათი გზები.

12. მათგან ზოგნი აკურთხა და აამაღლა, ხოლო ზოგნი წმიდაჰყო და თავისთან მიიახლა, სხვანი კი დაწყევლა და დაამდაბლა და მიაქცია ისინი მათი ადგილიდან.

13. როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ვის ნებაზეცაა დამოკიდებული მისი ყველა გზა, ასევე ადამიანებიც მათი შემოქმედის ხელშია და ისიც მიაგებს მათ თავისი განგების მიხედვით.

14. როგორც ბოროტებას უპირისპირდება სიკეთე და სიკვდილს - სიცოცხლე, ასევე ღვთისმოსავს - ცოდვილი.

15. ამგვარად შეხედე უზენაესის ყოველ საქმეს: წყვილ-წყვილად არიან, ერთიმეორეს უპირისპირდებიან.

16. და მე უკანასკნელმა ვიფხიზლე, როგორც მცვრეველმა მკრეფავთა კვალზე,

17. და ღვთის კურთხევით მაინც ვიმარჯვე და ყურძნის მკრეფავთა მსგავსად მეც ავავსე საწნახელი.

18. იცოდეთ, მხოლოდ ჩემთვის როდი დავშვერი, არამედ ყველასთვის, ვინც ცოდნას ეძებს.

19. შეისმინეთ ჩემი, ერის დიდებულნო და საკრებულოს წინამძღვარნო, ყურად იღეთ:

20. შვილსა და ცოლს, ძმასა და მეგობარს ნუ დაისვამ თავზე შენს სიცოცხლეში. სხვას ნუ მისცემ შენს ქონებას, რათა არ შეინანო და არ მისტიროდე.

21. სანამ ცოცხალი ხარ და პირში სული გიდგას, სხვას ნურავის დაუთმობ შენს ადგილს.

22. რადგან უმჯობესია შვილებმა გთხოვონ, ვიდრე შენ უყურებდე შვილებს ხელებში.

23. ყველა შენს საქმეში პირველი იყავი და ლაქას ნუ წააცხებ შენს ღირსებას.

24. შენი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს და აღსასრულის ჟამს გაანაწილე მემკვიდრეობა.

25. საკვები, ჯოხი და ტვირთი - ვირს; პური, წვრთნა და საქმე კი - მსახურს.

26. დაასაქმე მონა და იპოვი მოსვენებას, გაუხსნი ხელებს და თავისუფლებას ეცდება.

27. ხარის ქედს უღელი და აპეურები მოდრეკენ, ცბიერ მსახურს კი - ბორკილები და წყლულები.

28. მიუჩინე მას საქმე, რათა არ გაზარმაცდეს, რადგან მრავალი ბოროტება უსწავლებია მცონარობას.

29. დააყენე საქმეზე, როგორც მას შეეფერება და, თუ არ დაგემორჩილა, მძიმე ბორკილები დაადე.

30. მაგრამ ნურცერთ ხორციელს ნუ მოსთხოვ ზედმეტს და განუსჯელად ნურაფერს გააკეთებ.

31. თუ გყავს მსახური, შენსავით იყოს, რადგან სისხლით გყავს შეძენილი.

32. თუ გყავს მსახური, ძმასავით მოექეცი, რადგან დაგჭირდება, როგრც საკუთარი სული.

33. თუკი ბოროტად მოექეცი მას და ისიც ადგება და გაიქცევა, რომელ გზაზე დაუწყებ ძებნას?


თავი ოცდამეთოთხმეტე

1. ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები.

2. რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე.

3. სიზმრების ხილვა ერთიმეორის საწინააღმდეგოა - მსგავსება სახისა სახის პირისპირ.

4. უწმინდურისგან რა განიწმიდება და სიცრუისგან რა გამართლდება?

5. მისნობები, ფრინველებზე მკითხაობანი და სიზმრები ფუჭია და მშობიარესავით აოცნებებენ გულს.

6. თუკი ისინი შესაგონებლად არ არიან მოვლენილი უზენაესისგან, ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ.

7. რადგან მრავალნი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი მოიმედენი.

8. რჯული აღსრულდება ამ სიცრუეთა გარეშე და სიბრძნე სრულიქმნება მორწმუნის პირით.

9. მოხეტიალე კაცმა ბევრი იცის, და მრავალნაცადი გონივრულს გვაუწყებს.

10. ვინც გამოუცდელია, მცირემცოდნეცაა, ხოლო ვინც იხეტიალა, ცოდნაც გაიმრავლა.

11. მრავალი რამ მინახავს ჩემი ხეტიალისას და ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე ვამბობ.

12. მრავალჯერ სიკვდილს მივწურვილვარ, მაგრამ გამოცდილების წყალობით გადავრჩენილვარ.

13. უფლის მოშიშთა სული იცოცხლებს, რადგან მათი სასოება მათი მხსნელია.

14. უფლის მოშიში არაფერს შეუშინდება და არც სიმხდალეს გამოიჩენს, რადგან უფალია მისი იმედი.

15. ნეტარია სული უფლის მოშიშისა. ვის უჭირავს იგი და ვინ არის საყრდენი მისი?

16. უფლის თვალი მის მოყვარულთ დაჰყურებს; ის არის ძლევამოსილი მცველი და მტკიცე საყრდენი, საფარველი ხორშაკისგან და საფარველი შუადღის ხვატისგან, ამრიდებელი შებრკოლებისას და შემწე დაცემისას,

17. აღმაზევებელი სულისა და განმანათლებელი თვალისა, მომცემელი კურნებისა, სიცოცხლისა და კურთხევისა.

18. გასაკიცხია მსხვერპლი, უსამართლოდ მონახვეჭისგან შეწირული, და შეუწყნარებელია ურჯულოთა ძღვენი.

19. უღვთოთა შესაწირავს უზენაესი არ მიითვლის სათნოდ და არც მსხვერპლშეწირვათა სიმრავლე მიატევებინებს ცოდვებს.

20. რაღა შვილის დაკვლა მამის წინაშე და რაღა მსხვერპლის შეწირვა ღარიბ-ღატაკის ქონებიდან.

21. გაჭირვებულთა პური უპოვართა სიცოცხლეა, მისი წამრთმეველი კი სისხლისმსმელია.

22. ვინც მოყვასს საზრდოს ართმევს, მისი მკვლელია; და ვინც მოჯამაგირეს ჯამაგირს ართმევს, სისხლისმღვრელია.

23. თუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებენ გარდა დაღლისა?

24. თუ ერთი ლოცულობს და მეორე იწყევლება, ვის ხმას შეისმენს მეუფე?

25. ვინც განიბანება გვამის შეხების შემდეგ და ისევ შეეხება მას, რას მოიგებს ამ განბანვით?

26. ასევე თუ თავისი ცოდვებისთვის მარხული კაცი კვლავ წავა და იმასვე ჩაიდენს, ვინ გაიგონებს მის ვედრებას? რას მოიგებს ამ დამდაბლებით?


თავი ოცდამეთხუთმეტე

1. რჯულის შემნახველი ბევრ მსხვერპლს სწირავს, მცნებათა აღმსრულებელი კი სამადლობელ მსხვერპლს სწირავს.

2. მადლის მიმგებელი გამტკიცულ ფქვილს სწირავს, ხოლო მოწყალების გამღები ქების მსხვერპლს სწირავს.

3. სათნოა უფლისათვის ბოროტისგან განშორება და შეიწყალებს იგი უსამათლობისგან განდგომილს.

4. ნუ წარდგები უფლის წინაშე ხელცარიელი, რადგან ყოველივე ამას მცნება მოითხოვს.

5. მართლის შესაწირავი გააპოხიერებს სამსხვერპლოს და მისი კეთილსურნელება უზენაესის წინაშეა.

6. მსხვერპლი მართალი კაცისა შეწყნარებულია და ხსოვნა მისი დავიწყებული არ იქნება.

7. კეთილი თვალით ადიდე უფალი და ნუ დაამცრობ შენს ნახელავთა ნათავარს.

8. მხიარული იყოს შენი სახე ყოველი გაცემისას და სიხარულით შესწირე მეათედი.

9. მიეცი უზენაესს მისი მოცემისამებრ და კეთილი თვალით - შენი ხელით მონახვეჭისამებრ.

10. რადგან უფალი სამაგიეროს მიმზღველია და შვიდწილად გადაგიხდის.

11. ძღვენს ნუ შეამცირებ, რადგან არ მიიღებს, და ნურც უსამართლო შესაწირავის იმედი გექნება.

12. რადგან უფალი მსაჯულია და მასთან პირფერობა არ ეგება.

13. იგი არ მიიბრუნებს პირს გლახაკისგან და შეისმენს მის მუდარას.

14. აბუჩად არ აიგდებს არც ქვრივის და არც ობლის ვედრებას, თუკი იგი სათქმელს გადმოღვრის.

15. განა ქვრივის ღაწვებზე ცრემლი არ მოგორავს და არ ჩივის ხმამაღლა იმათ წინააღმდეგ, ვინც დაამდაბლა ისინი?

16. ღვთის მსახური სათნოდ იქნება შეწყნარებული და მისი ლოცვა ღრუბლებამდე ააღწევს.

17. მდაბლის ლოცვა ღრუბლებს სწვდება და მანამდე არ იქნება ნუგეშცემული, ვიდრე ღმერთამდე არ მიაღწევს;

18. და არ შეწყვეტს, სანამ უზენაესი არ გადმოხედავს, სიმართლით არ განსჯის და სამართალს არ გააჩენს.

19. არც უფალი დააყოვნებს და აღარ მოუთმენს მათ,

20. ვიდრე წელში არ გატეხავს შეუწყალებელთ და შურისძიებას არ მიაგებს წარმართებსაც.

21. ვიდრე არ შემუსრავს მედიდურთა სიმრავლეს და უსამართლოთა კვერთხს დალეწავს,

22. ვიდრე სამაგიეროს არ მიუზღავს კაცს მის საქმეთაებრ და კაცთა საქმეებს მათი ჩანაფიქრისაებრ,

23. ვიდრე სამსჯავროზე არ განსჯის თავის ხალხს და არ გაახარებს მას თავისი მოწყალებით.

24. რადგან მისწრებაა მოწყალება გასაჭირში, როგორც საწვიმარი ღრუბლები გვალვაში.


თავი ოცდამეთექვსმეტე

1. შეგვიწყალე ჩვენ, მეუფეო, ღმერთო ყოველთა, მოგვხედე და ყოველ ხალხზე მოავლინე შენი შიში.

2. აღმართე შენი ხელი უცხო ხალხებზე, რათა იხილონ შენი ძალა.

3. როგორც წმიდა გახდი ჩვენში მათ თვალწინ, ასევე განდიდდი მათ შორისაც ჩვენს თვალწინ.

4. მათაც შეგიცნონ შენ, ისევე, როგორც ჩვენ შევიცანით, რომ არ არის ღმერთი შენს გარდა, უფალო.

5. განაახლე ნიშები და კვლავ მოიმოქმედე სასწაულნი, განადიდე ხელი და მარჯვენა მკლავი.

6. აღმართე გულისწყრომა და რისხვა გადმოღვარე, გაანადგურე მოშუღარი და შემუსრე მტერი!

7. დააჩქარე დრო და გახსოვდეს ფიცი, და გამოაცხადონ შენი დიადი საქმეები!

8. მძვინვარე ცეცხლმა შთანთქას, ვინც კი გადარჩება, და შენი ხალხის ბოროტისმყოფელებმა დაღუპვა ჰპოვონ.

9. შემუსრე თავები მტრების წინამძღოლთა, რომ ამბობენ, არავინ არისო ჩვენს გარდა.

10. შეკრიბე ყველა ტომი იაკობისა და დაიმკვიდრე ისინი, როგორც დასაბამიდანვე იყო.

11. შეიწყალე, უფალო, ხალხი, შენი სახელით წოდებული, და ისრაელი, რომელიც პირმშოდ შერაცხე.

12. შეიწყალე ქალაქი შენი სიწმინდისა - იერუსალიმი, შენი დასავანებელი ალაგი.

13. აღავსე სიონი შენი სიქველის ქებით და შენი ხალხით - შენი დიდებით.

14. მიეცი დასტური დასაბამით შენს შექმნილთ, აღმართე წინასწარმეტყველება შენი სახელით.

15. მიეცი ჯილდო შენს მოიმედეთ და სარწმუნონო შეიქნან შენი წინასწარმეტყველნი!

16. შეისმინე, უფალო, შენს მსახურთა ვედრება თანახმად აარონის კურთხევისა შენს ხალხზე.

17. შეიცნოს ყველამ დედამიწაზე, რომ უფალი ხარ, ღმერთი საუკუნეთა.

18. ყოველ საჭმელს ინელებს კუჭი, მაგრამ არის საჭმელი საჭმელის მჯობი.

19. სასა გამოარჩევს ნანადირევის კერძს, ასევე გონიერი გული - ცრუ სიტყვებს.

20. ცბიერ გულს მწუხარება მოაქვს, მაგრამ მრავალნაცადი კაცი სამაგიეროს მიაგებს.

21. ქალი ყველა მამაკაცს მიიღებს, მაგრამ არის ასული ასულის მჯობი.

22. ქალის სილამაზე სახეს ამხიარულებს და მამაკაცისათვის ყველაზე მეტად სანატრელია.

23. თუ მას ენაც თბილი და ალერსიანი აქვს, მაშინ მის ქმარს ვერავინ შეედრება ადამის ძეთაგან.

24. ცოლის მომყვანი საუკეთესო ქონებას იძენს - შესაფერის დამხმარეს და შვების საყრდენს.

25. სადაც არ არის ზღუდე, იქ ქონება დაიტაცება, ხოლო სადაც ცოლი არ არის, იკვნესებს მოხეტიალე კაცი.

26. რადგან ვინ ენდობა იარაღასხმულ ავაზაკს, ქალაქიდან ქალაქში რომ დაძრწის?

27. ასევეა კაციც, რომელსაც არა აქვს ბუდე და, სადაც დაუღამდება, იქ ეძებს სადგურს.


თავი ოცდამეჩვიდმეტე

1. ყოველ მეგობარს შეუძლია თქვას, მეგობარი ვარო, მაგრამ ზოგი მეგობარი მხოლოდ სახელით არის მეგობარი.

2. განა სიკვდილივით საწუხარი არ არის, როცა ამხანაგი და მეგობარი მტრად გადაგექცევა?

3. ო, ბოროტო ზრახვავ, საიდან შემოძვერი, რომ ხმელეთი მზაკვრობით დაგეფარა?

4. მეგობარი ტკბება მეგობრის სიხარულით და გასაჭირის ჟამს კი მის წინააღმდეგ იქნება.

5. მეგობარი მეგობარს შეეწევა სტომაქის გულისთვის, ომის დროს კი ფარს დაწვდება.

6. ნუ დაივიწყებ მეგობარს შენს სულში და გულიდან ნუ ამოგივარდება შენი კეთილდღეობის დროს.

7. ყველა მრჩეველი თავის რჩევას აქებს, მაგრამ ზოგიერთი თავის სასარგებლოდ ურჩევს.

8. მრჩევლისგან დაიცავი თავი და ჯერ გამოიცან, რა სურს მას, რადგან შესაძლოა, თავისთვის სასარგებლო რამ გირჩიოს, შენზე კი წილი ჰყაროს;

9. გითხრას: კეთილია შენი გზა, მერე წინ დაგიდგეს იმის დასანახად, თუ რა შეგემთხვევა.

10. ნუ ითათბირებ შენს მიმართ ეჭვით მომზირალთან და შენს მოშურნეებს დაუფარე განზრახვა.

11. ნუ ითათბირებ ცოლთან მის რაყიფზე და მხდალთან - ომზე, ვაჭართან - გაცვლა-გამოცვლაზე და მყიდველთან - გაყიდვაზე, მოშურნესთან - მადლიერებაზე და უწყალოსთან - ქველმოქმედებაზე, მცონარესთან - ნურა საქმეზე, ერთი წლით დაქირავებულთან - სამუშაოს დასრულებაზე და ზარმაც მსახურთან დიდ საქმეზე; არანაირი ბჭობისას არ დაენდო მათ.

12. არამედ ყოველთვის მიმართე მხოლოდ ღვთისმოსავ კაცს, ვისზედაც შეიტყობ, რომ მცნებებს მტკიცედ იცავს, ვისი სულიც შენს სულს ეთანხმება და თუ დაეცემი, შენთან ერთად იმწუხრებს.

13. დაეყრდენი შენი გულის რჩევას, რადგან მასზე უფრო სანდო არავინ არ გყავს.

14. კაცის სული ხომ ზოგჯერ უფრო მეტს გვაუწყებს, ვიდრე მაღალზე მჯდომი შვიდი მეთვალყურე.

15. ყოველივე ამისთვის კი ევედრე უზენაესს, რათა ჭეშმარიტებით წარგიმართოს გზა.

16. დასაბამი ყველა საქმისა განსჯაა, ყოველგვარ საქმეზე უწინარესი კი - რჩევა.

17. კვალი გულის ცვალებადობისა ოთხ მდგომარეობას გვიჩვენებს:

18. ბოროტებასა და სიკეთეს, სიცოცხლესა და სიკვდილს; ენა კი მიწყივ მეუფებს მათზე.

19. ზოგი კაცი გაწაფულია, მრავალს მოძღვრავს, მაგრამ ურგებია საკუთარი თავისთვის.

20. ზოგიერთი სიტყვით ბრძენობს, მაგრამ საძულველია; ამგვარს ყოველგვარი საზრდელი მოაკლდება,

21. რადგან არ მიეცა მას უფლისგან მადლი და მოკლებულია ყოველგვარ სიბრძნეს.

22. ზოგი ბრძენია საკუთარი თავისთვის და მისი ცოდნის ნაყოფი მის ბაგეზე სარწმუნოა.

23. ბრძენი კაცი თავის ხალხს აღზრდის და მისი ცოდნის ნაყოფი სარწმუნოა.

24. ბრძენი კაცი კურთხევით აღივსება და მას შენატრის ყოველი მხილველი.

25. კაცის სიცოცხლე დღეების რიცხვით განისაზღვრება, ხოლო დღენი ისრაელისა კი განუსაზღვრელია.

26. ბრძენი დაიმკვიდრებს თავისი ერის ნდობას და მისი სახელი საუკუნოდ იცოცხლებს.

27. შვილო, გამოსცადე შენი სული სიცოცხლეში და ნახე, რა არის მისთვის ცუდი, და ნუ შეამთხვევ.

28. რადგან ყველაფერი როდია ყველასთვის სასარგებლო და ყოველ სულს როდი ესათნოება ყოველივე.

29. გაუმაძღარი ნუ იქნები განცხრომაში და საჭმელ-სასმელს ნუ დაეხარბები.

30. რადგან ბევრი ჭამისგან ჩნდება სენი და გაუმაძღრობამ გულისრევა იცის.

31. გაუმაძღრობით მრავალნი აღესრულნენ, თავშეკავებული კი სიცოცხლეს იხანგრძლივებს.


თავი ოცდამეთვრამეტე

1. იმდენი პატივი მიაგე მკურნალს, რამდენადაც გჭირდება იგი, რადგან უფალმა შექმნა იგი.

2. რადგან მკურნალობა უზენაესისგან არის და ნიჭიც მეუფისგან ეძლევა მას.

3. ცოდნა მკურნალს თავს აუმაღლებს და დიდებულთა წინაშე მოუხვეჭს პატივს.

4. უფალმა მიწისგან შექმნა წამლები და გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მათ.

5. განა ხისგან არ დატკბა წყალი, რათა საცნაური გამხდარიყო მისი ძალა?

6. მანვე მისცა ადამიანებს ცოდნა, რათა ედიდებინათ იგი მის საკვირველ საქმეთა გამო.

7. მათი წყალობით მკურნალობს და უამებს ტკივილებს, წამლის მკეთებელი მათგან ნარევს ამზადებს.

8. და არ დასრულდება მისი საქმიანობა; მისგანაა მშვიდობა დედამიწის ზურგზე.

9. შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს.

10. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან.

11. მიუძღვენი კეთილსურნელება და გამტკიცული ფქვილის სამახსოვრო წილი, და შესწირე მსხვერპლი, როგორც შეგიძლია.

12. მიეცი ადგილი მკურნალს, რადგან უფალმა შექმნა და ნუ მოიშორებ, რადგან გჭირდება იგი.

13. არის ჟამი, როცა მათ ხელშია წარმატება.

14. რადგან ისინიც უფალს ევედრებიან, რომ შეეწიოს სნეულთათვის შვების მისაცემად და მათ სასიცოცხლოდ.

15. ვინც თავისი შემოქმედის წინაშე სცოდავს, დაე, ის ჩავარდეს მკურნალის ხელში.

16. შვილო, მკვდარს ცრემლები დაადინე და მძიმე სატანჯველში ჩავარდნილივით ატირდი, შემოსე გვამი, როგორც ეკადრება და ნუ დასტოვებ დაუმარხავს.

17. მწარე იყოს დატირება და მხურვალე - გოდება; და იგლოვე, როგორც ეკადრება, ერთი ან ორი დღე, რომ არ დაგძრახონ, და გაიქარვე დარდი.

18. რადგან დარდი სიკვდილსაც იწვევს და გულის მწუხარება ძალის დამშრეტია.

19. უბედურებას თან მწუხარებაც ახლავს და ღატაკის ცხოვრება გულის დარდია.

20. ნუ მიეცემი სევდას გულით და განიშორე იგი აღსასრულის გამხსენებელმა.

21. არ დაივიწყო ეს, რადგან დაბრუნება შეუძლებელია, ვეღარც მას არგებ და თავსაც დაიტანჯავ.

22. გახსოვდეს ჩემი ხვედრი, რადგან იგი შენიცაა; გუშინ ჩემი იყო, დღეს კი შენია.

23. მკვდრის გასვენებასთან ერთად მისი ხსოვნაც მოასვენე და მის გამო მწუხარება გადაგეყრება, როცა სული ამოხდება.

24. წიგნიერი სიბრძნის შეძენას მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი სჭირდება და მხოლოდ საქმისაგან თავისუფალი გახდება ბრძენი.

25. როგორ გახდება ბრძენი გუთნის დამჭერი, ტყავის შოლტით მოამაყე, ხარების გამრეკი და ამგვარ საქმეებში გართული, რომელსაც მხოლოდ მოზვრები აკერია პირზე?

26. მისი საფიქრალი კვლების გაყვანაა და მისი საზრუნავი ხბორების საკვებია.

27. ასევეა ყველა ხურო და ხუროთმოძღვარი, რომელიც ღამეს დღესავით ატარებს; ბეჭედთა ჩუქურთმების მჭრელნი ბეჯითად იღვწიან მრავალფერი სახის შესაქმნელად, მათი საფიქრალი გამოსახულების დამსგავსებაა და ცდილობენ, დროზე დაასრულონ საქმე.

28. ასევეა მჭედელიც, გრდემლთან მჯდომარე და რკინის ნაკეთობაზე ჩაფიქრებული; მის სხეულს აძაბუნებს ცეცხლის კვამლი და ნიადაგ ებრძვის ქურის მხურვალებას; უროს ხმა უხშობს მას ყურთასმენას, თვალები ჭურჭლის ყალიბისკენ უჭირავს, მისი საფიქრალი ნაკეთობის დასრულებაა და ცდილობს სრულყოფილად შეამკოს იგი.

29. ასევეა მექოთნეც, რომელიც თავის საქმეს უზის და ფეხებით ბორბალს ატრიალებს, მუდამ თავის საქმეზე ზრუნავს და მთელი თავისი ნაწარმი აღრიცხული აქვს.

30. ხელით სახეს აძლევს თიხას, ხოლო ფეხებით მის სიმაგრეს არბილებს; ფიქრად აქვს, გაასრულოს მოჭიქვა და, ბოლოს, მისი საზრუნავი ღუმელის გასუფთავებაა.

31. ყოველ მათგანს თავისი ხელების იმედი აქვს და თითოეული ბრძენია თავის საქმეში.

32. მათ გარეშე ვერ აშენდება ქალაქი, და არც ხალხი არ დასახლდება და არ იცხოვრებს იქ.

33. მაგრამ მათ არ უხმობენ სახალხო საბჭოზე და არც კრებაზე იწვევენ; არც მსაჯულის სავარძელში სხედან და არც მსჯავრის გამოტანაზე მსჯელობენ.

34. არც სასჯელს აცხადებენ და არც განაჩენს, და არც იგავებს იგონებენ, მაგრამ წუთისოფლის საფუძველს ამყარებენ და თავიანთი ხელოვნების წარმატებაზე ლოცულობენ.


თავი ოცდამეცხრამეტე

1. მხოლოდ ის, ვინც თავს შესწირავს უზენაესის რჯულის შესწავლას, გამოიძიებს წინაპართა სიბრძნეს და წინასწარმეტყველებაში გაიწაფება,

2. ის შეითვისებს სახელოვან კაცთა ანდაზებს და იგავთა ნართაულობას ჩაწვდება;

3. გამოიკვლევს ანდაზების დაფარულ აზრს და იგავთა გამოცანებს გამოიცნობს;

4. დიდებულთა შორის იმსახურებს და წინამძღოლის წინაშე წარდგება; იმოგზაურებს უცხო ტომთა ქვეყანაში, რადგან გამოცდილი აქვს სიკეთეცა და ბოროტებაც ადამიანთა შორის;

5. თავის გულს წარმართავს ადრე ასადგომად უფლისათვის, ვინც შექმნა იგი, რომ ილოცოს უზენაესის წინაშე, სავედრებლად გახსნას პირი და ცოდვათა მიტევება შესთხოვოს.

6. თუკი დიდებული უფალი ინებებს, აღივსება გონების სულით, გადმოაწვიმებს თავისი სიბრძნის სიტყვებს და ვედრებისას უფალს განადიდებს.

7. კეთილად წარმართავს თავის ნებასა და გონებას, და შეიმეცნებს უფლის საიდუმლოებებს.

8. წარმოაჩენს თავისი დამოძღვრის ხელოვნებას და უფლის აღთქმის რჯულით იამაყებს.

9. მის ცოდნას მრავალნი შეაქებენ და არ დაივიწყებენ უკუნისამდე; მისი სახსენებელი არ წაიშლება და მისი სახელი თაობიდან თაობაში იცოცხლებს.

10. მის სიბრძნეს განადიდებენ ერები და მის ქებას გამოაცხადებს საკრებულო.

11. სანამ ცოცხალია, ათასებზე უფრო დიდ სახელს მოიხვეჭს, და როცა განისვენებს, საკმარისი დარჩება თავისთვის.

12. კიდევ მაქვს სათქმელი, რაზეც მიფიქრია; სავსე ვარ, როგორც მთვარე აღვსებისას.

13. ისმინეთ ჩემი, ღირსეულო შვილებო, და გაიფურჩქნეთ ნაღვარევ ველზე დარგული ვარდივით.

14. და გამოეცით კეთილსურნელება საკმევლის ხესავით, აყვავდით, როგორც შროშანი, მოჰფინეთ სურნელება და იგალობეთ საგალობელი, ყოველი საქმით უფალი აკურთხეთ.

15. მიეცით მის სახელს სიდიადე, მადლი მიაგეთ მას ხოტბა-დიდებით, ბაგეთა გალობებით და ბარბითებით, და მადლობისას ასე წარმოთქვით:

16. ყველაფერი უფლის ნამოქმედარია, რადგან მშვენიერია ძლიერ და დროულად აღსრულდება მისი ყოველი ნაბრძანები. არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე თავის დროზე გაირკვევა.

17. მისი სიტყვით ზვინივით დადგა წყალი და მისი პირიდან თქმულით გაჩნდა წყალთა შესაკრებელნი.

18. მისი ბრძანებითაა ყველაფერი, რაც მას ეთნევა, და არავის ძალუძს დააკნინოს მისი მაცხოვრების ძალა.

19. მის წინაშეა ყოველი ხორციელის საქმენი და არაფერია მისი თვალებისთვის დაფარული.

20. ყოველივე დასაბამიდან განჭვრიტა საუკუნოდ და არაფერია მისთვის საკვირველი.

21. არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე საჭიროებისამებრ შეიქმნა.

22. კურთხევა მისი ფარავს მდინარესავით და წარღვნასავით არწყულებს ხმელეთს.

23. მაგრამ მის რისხვასაც გამოსცდიან ერები, როგორც ოდესღაც, როცა წყლები მლაშობად აქცია.

24. ღირსეულთათვის მისი გზები სწორია, ურჯულოთათვის კი შემაბრკოლებელი.

25. დასაბამითვე კეთილთათვის შეიქმნა სიკეთე, ხოლო ცოდვილთათვის - ბოროტება.

26. ადამიანისთვის სიცოცხლის სახსართაგან მთავარია: წყალი და ცეცხლი, რკინა და მარილი, ხორბლის ფქვილი და რძე, თაფლი და ყურძნის წვენი, ზეთი და სამოსელი -

27. ყოველივე ეს ღვთისმოსავთა სასიკეთოდაა, ცოდვილებს კი სატანჯველად ექცევა.

28. არის ქარები, შურის საძიებლად შექმნილნი, სიშმაგეში რომ ასასტიკებენ თავიანთ შოლტებს; ქროლვისას ძალას ღვრიან და თავიანთი შემოქმედის გულისწყრომას დააცხრობენ.

29. ცეცხლი და სეტყვა, შიმშილი და სიკვდილი - ყოველივე ეს შურისგებადაა შექმნილი.

30. მხეცთა კბილები და მორიელნი, ქვეწარმავალნი და მახვილი შურს მიაგებენ ურჯულოთა დასაღუპავად.

31. მის ბრძანებაზე ხარობენ, საჭიროებისთვის მზად არიან მიწაზე, რომ თავის დროზე შეასრულონ მისი სიტყვა.

32. ამიტომაც იმთავითვე გადავწყვიტე, განვსაჯე და დავწერე,

33. რომ მშვენიერია უფლის ყოველი ნამოქმედარი და დროულად მოგვმადლებს ყოველივეს საჭიროებისამებრ,

34. და რომ არ ეგების თქმა: ეს ამაზე უარესიაო, რადგან ყველაფერი თავის დროზე სასიკეთო გახდება.

35. ახლა, იგალობეთ მთელი გულითა და პირით, და აკურთხეთ უფლის სახელი.


თავი მეორმოცე

1. დიდი ჯაფაა გაჩენილი ყოველი ადამიანისთვის და მძიმეა ადამის ძეთა უღელი დღიდან მათი გამოსვლისა დედის მუცლიდან იმ დღემდე, როცა ყოველთა დედას უბრუნდებიან.

2. აფიქრებს ადამიანს და შიშსა ჰგვრის წინათგრძნობა და აღსასრულის დღე,

3. დიდებულ ტახტზე მჯდომარედან დაწყებული მიწად და ნაცრად დამდაბლებულამდე,

4. ძოწეულისა და გვირგვინის მატარებლიდან ჯვალოთი შემოსილამდე; ყველასთანაა გულისწყრომა და ეჭვი, შფოთი და მღელვარება, სიკვდილის შიში, ცოფი და მტრობა.

5. საწოლზე მოსვენების ჟამს ღამის ძილი აშფოთებს მის გონებას.

6. მცირე ხნით ან, თითქმის, არასოდეს ისვენებს; ამიტომაც ძილშიაც ისევე ფხიზლობს, როგორც დღისით და შეძრწუნებულია მოჩვენებებით ბრძოლის ველიდან გაქცეულის მსგავსად.

7. უსაფრთხოების ჟამს გაიღვიძებს და გაოცდება, რომ საშიში არაფერია.

8. ასე ემართება ყველა ხორციელს ადამიანიდან პირუტყვამდე, ცოდვილებს კი შვიდჯერ უფრო მეტად.

9. სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი -

10. ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა.

11. ყველაფერი, რაც მიწისგანაა, მიწადვე მიიქცევა, და რაც წყლისგანაა, ზღვასვე უბრუნდება.

12. შეიმუსრება ყველა ქრთამი და უსამართლობა, რწმენა კი იდგომება სამარადჟამოდ.

13. უსამართლოთა ქონება ხევივით ამოშრება და, მსგავსად ძლიერი ქუხილისა თავსხმაში დაიგრგვინებს.

14. ვინც ხელგაშლილია, გაიხარებს, დამნაშავენი კი საბოლოოდ წარწყმდებიან.

15. უღვთოთა შთამომავლობა რტოებს ვერ გაიმრავლებს და უწმიდური ფესვები სალ კლდეზე ექნებათ.

16. წყლისა და მდინარის ნაპირთა ისლი ყველა ბალახზე უწინ აღმოიფხვრება.

17. მადლი სამოთხესავით კურთხეულია და მოწყალება საუკუნოდ დარჩება.

18. თავისი თავის მოიმედის და მშრომელის სიცოცხლე ტკბილია, მაგრამ განძის მპოვნელი ორივეს სჯობია.

19. შვილები და ქალაქის გაშენება სახელს ამკვიდრებენ, მაგრამ უმწიკვლო ცოლი ორივეს სჯობია.

20. ღვინო და მუსიკა ახარებს კაცის გულს, მაგრამ სიბრძნის სიყვარული ორივეს სჯობია.

21. სალამური და ბარბითი ტკბილ ჰანგს გამოსცემენ, მაგრამ ტკბილი ენა ორივეს სჯობია.

22. მადლი და სილამაზე თვალს იტაცებს, მაგრამ მწვანე ჯეჯილი ორივეს სჯობია.

23. მეგობარი და ამხანაგი დროდადრო ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ცოლ-ქმრის ერთად ყოფნა ორივეს სჯობია.

24. ძმები და შემწეობა - გასაჭირის ჯამს, მაგრამ მოწყალება იხსნის ორივეზე მეტად.

25. ოქრო და ვერცხლი ფეხს მყარად ადგმევინებს, მაგრამ კეთილი რჩევა ორივეზე საიმედოა.

26. ქონება და ძალა გულს ამაღლებენ, მაგრამ ორივეზე უფრო - შიში უფლისა; არ იქნება უფლის მოშიშის დამარცხება და არ სჭირდება მას მფარველის ძებნა.

27. უფლის შიში კურთხევის სამოთხეა, ყოველგვარ დიდებაზე მეტად შემოსავს მას.

28. შვილო, მათხოვრის ცხოვრებით ნუ იცხოვრებ, რადგან მათხოვრობას სიკვდილი სჯობია.

29. სხვისი სუფრის შემყურე კაცის ცხოვრება რა ცხოვრებაა - იგი ბილწავს თავის სულს სხვისი საჭმელით; გონიერი და ზრდილი კაცი კი თავს დაიცავს ამისგან.

30. ურცხვის პირში სათხოვარი თითქოსდა ტკბება, მაგრამ შიგნეულში კი ცეცხლად ინთება.


თავი ორმოცდამეერთე

1. ო, სიკვდილო, რა მწარეა შენი გახსენება ადამიანისთვის, რომელიც მშვიდად ცხოვრობს თავის სიმდიდრეში! უზრუნველი და ყოველმხრივ ბედნიერი კაცისთვის, ვისაც კიდევ შეუძლია საჭმლის ჭამა.

2. ო, სიკვდილო, მშვენიერია შენი განაჩენი გაჭირვებული, დაუძლურებული ადამიანისთვის, მიხრწნილისთვის და ყოველივეზე ზრუნვით გამწარებულისთვის, სასოწარკვეთილისთვის და თმენადაკარგულისთვის!

3. ნუ გეშინია სიკვდილის განაჩენისა, გაიხსენე შენი წინაპრები და შენი მომავალნი.

4. ეს სასჯელია უფლისგან ყოველი ხორციელისთვის და როგორ უარყოფ მას, რაც უზენაესს ესათნოება. რა ათი, რა ასი, რა ათასი წელი - არ აღირიცხება სულეთში სიცოცხლის ჟამი.

5. ცოდვილთა შვილები საძაგლები არიან და ურჯულოებთან ერთად სახლდებიან.

6. ცოდვილთა შვილების მემკვიდრეობა განადგურდება და მათი შთამომავლობა სამუდამოდ სირცხვილში იქნება.

7. ურჯულო მამას შვილები გაკიცხავენ, რადგან მის გამო ჩაცვივდნენ სირცხვილში.

8. ვაი თქვენდა, ურჯულო კაცნო, რომელთაც უზენაესი ღვთის რჯული დაგიგდიათ!

9. როცა იბადებით, შესაჩვენებლად იბადებით, და როცა კვდებით, შეჩვენებაა თქვენი ხვედრი.

10. ყოველი, რაც მიწისაგანაა, მიწადვე მიიქცევა, ასევე ურჯულონიც - შეჩვენებიდან წარწყმედისკენ.

11. ადამიანები თავიანთ სხეულებს იგლოვენ, ხოლო ცოდვილთა უკეთური სახელიც კი წარიხოცება.

12. იზრუნე სახელზე, რადგან იგი უფრო დიდხანს იქნება შენთან, ვიდრე ოქროს ათასი დიდი საგანძური.

13. კარგი ცხოვრების დღეები დათვლილია, კარგი სახელი კი საუკუნოდ რჩება.

14. დაიცავით, შვილებო, მცნება და მშვიდობით იყავით. დაფარული სიბრძნე და უჩინარი განძი - რა სარგებლობაა ამ ორისგან?

15. თავისი სისულელის დამფარველი კაცი სჯობს კაცს, თავისი სიბრძნის დამფარველს.

16. ამიტომაც ყურადიღეთ ჩემი სიტყვები: ყოველგვარი სირცხვილის შენახვა როდია კარგი, და ყველაფერი ყველას მიერ ჭეშმარიტებით როდი ფასდება.

17. გრცხვენოდეთ გარყვნილებისა დედ-მამის წინაშე და სიცრუისა წინამძღოლის და მეუფის წინაშე;

18. შეცოდებისა მსაჯულისა და მთავრის წინაშე და ურჯულოებისა საკრებულოსა და ხალხის წინაშე;

19. უსამართლობისა ნაცნობისა და მეგობრის წინაშე და ქურდობისა იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობ;

20. გრცხვენოდეთ ღვთის სიმართლისა და აღთქმისა, და პურ-მარილზე იდაყვთა დაყრდნობისა,

21. მოტყუებისა სესხება-მიცემისას და დუმილისა მომსალმებლის წინაშე,

22. მეძავი ქალის ცქერისა და ნათესავისგან პირის შექცევისა,

23. წილისა და ძღვენის წართმევისა და გულისთქმისა გათხოვილი ქალის მიმართ,

24. არშიყობისა საკუთარ მხევალთან (და ახლოს არ გაეკარო მის საწოლს),

25. მეგობრებისთვის დასაყვედრებელი სიტყვებისა (და გაცემის შემდეგ ნუღარ დაამადლით);

26. გრცხვენოდეთ ჭორის გამეორებისა და დაფარულ სიტყვათა გამჟღავნებისა.

27. იყავი ჭეშმარიტად მორცხვი და ყოველი ადამიანის სიყვარულს მოიპოვებ.


თავი ორმოცდამეორე

1. აი, რის გამო ნუ შეგრცხვება და ნუ იმლიქვნელებ, რათა არ შესცოდო:

2. ნუ შეგრცხვება უზენაესის რჯულისა და აღთქმის დაცვისა, და განაჩენისა ურჯულოსთვის მსჯავრის დასადებად.

3. ამხანაგთან და თანამგზავრებთან საუბრისა და მეგობრებისთვის მემკვიდრეობის მიცემისა,

4. სიზუსტისა წონასა და ზომაში, ბევრისა თუ ცოტას მოგებისა,

5. გამორჩენისა ყიდვა-გაყიდვისას, შვილების მკაცრად აღზრდისა და ცუდი მსახურისთვის გვერდების დასისხლიანებისა.

6. სადაც ცუდია ცოლი, იქ კარგია ბეჭედი; სადაც მრავალი ხელია, ჩაკეტე, რაც ჩასაკეტი გაქვს.

7. თუ გასცემ, ანგარიშითა და ზომით გაეცი და ყოველი გაცემა და მიღება ჩაიწერე.

8. ნუ გრცხვენია დამოძღვრა უგუნურისა, ბრიყვისა და მოხუცისა, რომელიც ახალგაზრდებს ეჯიბრება, და ნამდვილად აღზრდილი იქნები და ყველას მოეწონები.

9. ფარული საზრუნავია ასული მამისთვის და მასზე დარდი ძილს უფრთხობს: ყმაწვილქალობაშია და, ვაითუ მოძულებულ იქნასო;

10. ქალწულია და, ვაითუ წაიბილწოს და მამის სახლში დაორსულდესო; ქმართან არის და, ვაითუ უღალატოსო; გათხოვილია და, ვაითუ ბერწი აღმოჩნდესო.

11. თავნება ქალიშვილს ბეჯითად უდარაჯე, რათა მტრების დასაცინად, ქალაქის საჭორაოდ, ხალხის საკიცხველად არ გაქციოს.

12. ნუ უყურებ კაცის სილამაზეს და დედაკაცებში ნუ დაჯდები.

13. რადგან როგორც ჩრჩილი გამოდის სამოსიდან, ასევე დედაკაცისგან - დიაცური მზაკვრობა.

14. ავი კაცი სჯობს კეთილისმქმნელ დედაკაცს, რომელსაც სირცხვილი და უპატიობა მოაქვს.

15. ახლა გავიხსენებ უფლის საქმეებს, და რაც მინახავს, იმას გავაცხადებ; უფლის სიტყვითაა მისი საქმენი.

16. მანათობელი მზე ყველაფერს ხედავს და მისი საქმე აღსავსეა უფლის დიდებით.

17. უფალმა არც თავის წმიდებს მისცა უფლება, გამოეცხადებინათ ყველა მისი სასწაული, რომლებიც ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამტკიცა, რათა ყოველივე მისი დიდებით დამყარებულიყო.

18. მან გამოიკვლია უფსკრული და კაცთა გულები, და იხილა ხვეულები მათი, რადგან უზენაესმა იცის ყოველი საცოდნელი და საუკუნის ნიშანი აქვს განჭვრეტილი.

19. ის გარდასულისა და მომავლის მაუწყებელია და დაფარულთა კვალის გამომცხადებელი.

20. არცერთი ნაფიქრალი არ გამოეპარება და არცერთი სიტყვა არ არის დაფარული მისგან.

21. მან განაწესრიგა თავისი სიბრძნის სიდიადენი და არსებობს უკუნითი უკუნისამდე; არცრა შეჰმატებია და არცრა დაჰკლებია და არცრა მრჩეველი მოუთხოვია.

22. რაზომ სასურველია ყოველი მისი საქმე, და რა ბრწყინვალეა დასანახად!

23. ყოველი მათგანი ცოცხლობს და საუკუნოდ რჩება ყოველგვარი საჭიროებისთვის, და ყველანი ემორჩილებიან.

24. ყველაფერი წყვილად არის, ერთი მეორეს უპირისპირდება და ნაკლულევანი არაფერი შეუქმნია.

25. ერთი ამტკიცებს მეორის სიკეთეს და ვის მოყირჭდება მისი დიდების ცქერა?


თავი ორმოცდამესამე

1. უზენაესი სიდიადეა მოწმედილი ცამყარი - სახე ზეცისა დიდების ხილვაში.

2. საკვირველი ქმნილება - მზე, შემოქმედება უზენაესისა, გამოჩნდება თუ არა, ამოსვლისთანავე, აცხადებს თავს.

3. თავის შუადღისას უხმობს იგი ქვეყანას და მის მცხუნვარებას წინ ვინ დაუდგება?

4. ქურას ახურებენ ნაკეთობათა გამოსადნობად, მაგრამ მზე სამგზის ბუგავს მთებს; ცეცხლის ალმურის აღმომსუნთქველია და თვალებს ჭრის ბრწყინვალე სხივებით.

5. დიდია უფალი, მისი შემქმნელი, ვისი სიტყვითაც ისწრაფვის თავის სარბიელზე.

6. მთვარეც ყველას უჩვენებს თავის დროზე ჟამს და საუკუნის ნიშნებს.

7. მთვარისგანაა ნიშნები დღესასწაულისა, მისი ნათელი იკლებს გავსების შემდეგ.

8. თვე მისი სახელით იწოდება; საკვირველად იზრდება ცვალებადობაში, ზეციურ მხედრობათა საჭურველი, ცის მყარზე მანათობელი.

9. ცის მშვენება ვარსკვლავთა დიდებაა, სხივოსანი სამკაული უფლის ზესკნელში.

10. წმიდის სიტყვით დგანან მწყობრად და არ იღლებიან თავიანთ სადარაჯოზე.

11. შეხედე ცისარტყელას და აკურთხე შემქმნელი მისი, უმშვენიერესია თავისი ელვარებით.

12. დიდებული რკალებით გარს ერტყმის ზეცას; უზენაესის ხელმა გადაჭიმა იგი.

13. თავისი განგებით მოავლენს თოვლს და ჩააქრობს ელვა მისი მსჯავრისა.

14. ამისთვის გაიხსნენ საგანძურნი და გამოფრინდნენ ღრუბლები, როგორც ფრინველები.

15. თავისი სიდიადით შეამკვრივა ღრუბლები და დაიმსხვრნენ სეტყვის ლოდები.

16. მისი მზერისგან მთები ირყევიან და მისი ნებით ქრის სამხრეთის ქარი.

17. მისი ქუხილის ხმა ათრთოლებს დედამიწას, ასევე ჩრდილოეთის ქარიშხალიცა და გრიგალიც.

18. ჩამოჰყრის თოვლს თავქვე დაშვებული ფრინველების მსგავსად და კალიასავით ეფინება მიწას; მისი სისპეტაკის სილამაზე აოცებს თვალს და გულს იტაცებს მისი ბარდნა.

19. მოაფრქვევს მიწაზე ჭირხლს მარილივით და გაყინვისას ეკალივით წაიმახება.

20. დაბერავს ცივი ქარი ჩრდილოეთისა და წყალი ყინულად იქცევა; დაფარავს წყლის ყოველ შესაკრებელს და აბჯარივით შემოსავს წყალს.

21. გადაჭამს მთებს და უდაბნოს ბუგავს და ცეცხლივით გადატრუსავს ბალახს.

22. მაგრამ ყველაფრის სწრაფი მკურნალია ნისლი, ჩამოყრილი ცვარი აგრილებს ხორშაკს.

23. თავისი ბრძანებით დააცხრო უფსკრული და აღმოაცენა მასზე კუნძულები.

24. ზღვაოსნები მოგვითხრობენ იქაურ განსაცდელზე და გვაოცებს, რასაც ჩვენი ყურებით ვისმენთ.

25. იქ არის უცნაურობანი და საკვირველებანი - ყოველგვარი ჯურის ცხოველი და ზღვის ურჩხულნი.

26. მისი წყალობით გზას იგნებს მისი მაცნე და მისი სიტყვით ყოველივე ერთიანდება.

27. ბევრს ვილაპარაკებთ და ვერ გავსწვდებით, დავასკვნით მხოლოდ: ყველაფერია იგი.

28. საიდან მოვიცეთ ძალა მის სადიდებლად? რადგან ყველა თავის ქმნილებაზე დიდია.

29. საშიშია უფალი და დიდზე დიდი, საკვირველია მისი მეუფება.

30. უფლის მადიდებლებმა აამაღლეთ იგი, რამდენადაც შეძლებთ, და მაინც უფრო აღმატებული იქნება. მოიკრიბეთ ძალა მისმა აღმაზევებლებმა, მაგრამ ნუ დაშვრებით, რადგან მაინც ვერ მიაღწევთ.

31. ვის უხილავს იგი და აღუწერია? და ვის განუდიდებია იმგვარად, როგორიც არის?

32. ბევრი რამ არის დაფარული ამაზე უფრო დიდი, ჩვენ კი მხოლოდ მცირე ნაწილი ვიხილეთ მის საქმეთაგან.

33. რადგან ყოველივე უფალმა შექმნა და სიბრძნე ღვთისმოსავებს მისცა.


თავი ორმოცდამეოთხე

1. ახლა კი შევაქოთ სახელოვანი ვაჟკაცები და ჩვენი მამები თავ-თავიანთ თაობებში.

2. მრავალი დიდება შეუქმნია მათი მეოხებით უფალს, უკუნითიდან არის მისი სიდიადე.

3. ისინი იყვნენ განმგებელნი თავიანთ საბრძანებლებში და კაცნი, ძლიერებით სახელგანთქმულნი, თავიანთი სიბრძნით მიმცემნი რჩევისა და წინასწარმეტყველებებში გამომცხადებელნი.

4. ხალხის წინამძღვარნი თათბირებში და მათ განსწავლაში, ბრძნული იყო მათი სიტყვები დასამოძღვრად.

5. მათ შექმნეს მუსიკის ჰანგები და ჰიმნები წარმოთქვეს ჩასაწერად.

6. კაცნი მდიდარნი, დაჯილდოებულნი ძალით, და მშვიდად მცხოვრებნი თავიანთ სახლებში.

7. ყველანი პატივდადებულნი იყვნენ თავ-თავიანთ თაობებში და სიქადულნი იყვნენ თავიანთ დროში.

8. ზოგიერთმა მათგანმა დატოვა სახელი სადიდებლად,

9. ზოგიერთი მათგანის სახსენებელიც არ დარჩენილა, ისე გაქრნენ, თითქოს არც ყოფილიყვნენ, და ისე იქმნენ, თითქოს არც შობილიყვნენ, და მათ შემდგომად მათ შვილებსაც ასე მოუვიდათ.

10. მაგრამ იყვნენ ისინი კაცნი მოწყალენი, რომელთა მართალი საქმეები არ დავიწყებულა.

11. მათი თესლისგან დარჩა სასიკეთო მემკვიდრეობა - მათი ნაშიერნი.

12. აღთქმებში იქნება მათი თესლი და მათი შვილები მათივე წყალობით.

13. მათი თესლი უკუნისამდე იარსებებს და მათი დიდება არ წაიშლება.

14. მათი გვამები მშვიდობაში დაიმარხნენ და მათი სახელი თაობებში ცოცხლობს.

15. ხალხები მოგვითხრობენ მათ სიბრძნეზე და საკრებულოც მათ ქებას გვაუწყებს.

16. ენოქი მოეწონა უფალს და წაყვანილ იქნა, თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა.

17. ნოე სრული და მართალი აღმოჩნდა, რისხვის ჟამს შეწყალებულ იქნა; ამიტომაც მიწაზე ნატამალად დარჩა, როცა წარღვნა მოხდა.

18. მიეცა საუკუნო აღთქმა, რომ არცერთი ხორციელი წარღვნით არ დაიღუპებოდა.

19. აბრაამი იყო დიდი მამა ბევრი ხალხისა, და დიდებაში მისი მსგავსი არ იპოვებოდა.

20. მან დაიცვა რჯული უზენაესისა და აღთქმით შეეკრა მას; აღთქმა თავის ხორცში გაამყარა და განსაცდელში მტკიცე აღმოჩნდა.

21. ამიტომაც უფალმა ფიცით აღუთქვა, რომ მის თესლში იკურთხებოდნენ ხალხები, რომ ქვიშასავით გაამრავლებდა მიწაზე, მის თესლს ვარსკვლავებივით აღამაღლებდა და ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე მისცემდა სამკვიდროს.

22. ისაკშიც ამგვარად დაადგინა მამამისის, აბრაამის გამო.

23. ყოველი ადამიანის კურთხევა და აღთქმა იაკობის თავზე დაავანა, სცნო იგი თავისი კურთხევით და მისცა მას სამკვიდრებელი, განუსაზღვრა წილხვედრი და თორმეტ ტომში დაანაწილა.


თავი ორმოცდამეხუთე

1. წარმოშვა მისგან გულმოწყალე კაცი, მადლის მპოვნელი ყოველი ხორციელის თვალში, ღვთისთვისაც და კაცთათვისაც საყვარელი მოსე, რომლის ხსენებაც კურთხეულია.

2. დიდებით წმიდებს დაამსგავსა და გაადიადა იგი საქმეთა წყალობით მტრების დასაშინებლად.

3. მისი სიტყვებით შეწყვიტა ნიშები და განადიდა იგი მეფეთა წინაშე; მისი მეშვეობით მბრძანებლობდა თავის ხალხს და მასვე აჩვენა თავისი დიდება.

4. ერთგულებისა და მორჩილებისთვის წმინდა ჰყო იგი და ყოველი ხორციელისგან გამოარჩია;

5. მოასმენინა მას თავისი ხმა, შეიყვანა ნისლში და პირისპირ მისცა მას მცნებანი - რჯული სიცოცხლისა და შემეცნებისა, რათა იაკობისათვის ესწავლებინა აღთქმა და ისრაელისთვის მისი სასჯელები.

6. აამაღლა აარონი, მისი მსგავსი სიწმიდით, მისი ძმა, ლევის ტომიდან;

7. დაუდვა მას საუკუნო აღთქმა და ერის მღვდლობა ჩააბარა მას. აკურთხა იგი მშვენიერ სამოსელში და შემოარტყა სარტყელი დიდებისა.

8. შემოსა იგი სანაქებო სრულყოფილებით და გამოაწყო მდიდრული სამოსელით: საწმერთულით, ტალავარით და ეფოდით.

9. შემოარტყა მას ბურთულაკები და ოქროს მრავალი ეჟვანიც შემოავლო, რათა ფეხის გადადგმისას ხმები გამოეცათ და ტაძარში რეკვა ამტყდარიყო მისი ხალხის შვილებისთვის შესახსენებლად.

10. შემოსა წმიდა სამოსით, ოქროთი ლურჯით და ძოწეულით - ნაქარგი ქსოვილით, მსჯავრის სიტყვით და ურიმითა და თუმიმით, ოსტატის ნახელავი მეწამული ქსოვილით;

11. პატიოსანი თვლებით მოოჭვილი ბეჭდით ოქრომჭედლის ნახელავ ოქროს ბუდეში, რომელზედაც სამახსოვროდ ამოკვეთილია წარწერები ისრაელის ტომთა რიცხვის მიხედვით;

12. თავსაბურავს ზემოთ ოქროს გვირგვინით ნიშნად სიწმიდის ბეჭდისა ღირსების სადიდებლად - ეს არის ქმნილება ხელოვნებისა და სამკაული, თვალებისთვის სანატრელი.

13. მის დრომდე არ იყო მშვენებანი და ვერც უცხოტომელი შეიმოსება ამგვარად ვერასოდეს, არამედ მხოლოდ მისი შვილები და მისი შთამომავლობა სამარადჟამოდ.

14. მისი მსხვერპლი ყოველდღე შეიწირება, მუდმივად, ორჯერ.

15. აუვსო მოსემ ხელი და სცხო მას წმინდა ზეთი; მიეცა მას და მის თესლს საუკუნო აღთქმა ცის დღეებში, რათა ემსახურონ უფალს და აკურთხონ მისი ხალხი მისი სახელით.

16. გამოარჩია იგი ყოველი ცოცხალისაგან, რათა უფლისათვის ძღვენი მიერთმია: საკმეველი და კეთილსურნელება იმის სამახსოვროდ, რომ თავისი ხალხი შეიწყალა.

17. მისცა მას თავისი მცნებებით ხელმწიფება მსჯავრის გამოსატანად, რათა დაემოძღვრა იაკობი მოწმობებით და თავისი რჯულით გაენათლებინა ისრაელი.

18. წინ აღუდგნენ მას უცხონი და შეშურდათ მისი უდაბნოში - დათანი, აბირონი და მათი ხალხი, და კორახის კრებული სიშმაგითა და გულისწყრომით.

19. იხილა უფალმა და არ მოეწონა, და აღესრულნენ ისინი გულისწყრომის სიშმაგეში. მოახდინა მათზე სასწაული და თავისი ცეცხლის ალით შემუსრა ისინი.

20. შეჰმატა აარონს დიდება და მისცა მას მემკვიდრეობა; უწილადა მას პირველმოწეული ნაყოფები; პირველ ყოვლისა კი მოუმზადა პური საძღომად,

21. რადგან ისინი ჭამენ უფლის მსხვერპლს, რომელიც მას და მის შთამომავლობას მისცა.

22. მაგრამ მას არა აქვს მემკვიდრეობა ხალხის ქვეყანაში და არც წილი ხალხს შორის, რადგან თავად უფალია მისი წილი და მემკვიდრეობა.

23. ფინხაზი, ელეაზარის შვილი, მესამეა დიდებით, რადგან მოშურნე იყო იგი უფლის შიშში, მტკიცედ იდგა ხალხის განდგომისას სულის სიქველით და ივედრებოდა ისრაელის შეწყალებისთვის.

24. ამიტომაც მიეცა მას მშვიდობის აღთქმა, რომ სათავეში ჩადგომოდა საწმიდარსა და მის ხალხს, რომ მის შთამომავლობას საუკუნოდ ჰქონოდა მღვდლობის ღირსება.

25. დავითსაც, იესეს შვილს, იუდას ტომიდან, მიეცა აღთქმა, რომ სამეფო მემკვიდრეობა გადავიდოდა მხოლოდ შვილიდან შვილზე. ასევე მემკვიდრეობა აარონისა მისი შთამომავლობისაა.

26. ღმერთმა თქვენც ჩაგიგდოთ სიბრძნე გულში, რომ მისი ხალხი სიმართლით განსაჯოთ, რომ არ წარიხოცოს მისი სიკეთენი და მისი დიდება თაობიდან თაობაში გადავიდეს.


თავი ორმოცდამეექვსე

1. ძლიერი იყო ბრძოლაში იესო, ნავეს ძე, და მოსეს მემკვიდრე წინასწარმეტყველებებში; თავისი სახელის შესაფერისად დიდი იყო ღვთის რჩეულთა გადარჩენისას, როცა შურს ძიობდა აღმდგარ მტერზე, რათა სამკვიდრო მიეცა ისრაელისთვის.

2. როგორ განდიდდა, როცა აღმართა თავისი ხელი და ქალაქზე დააღირა მახვილი!

3. მის უწინარეს ვინ მდგარა მასსავით მტკიცედ? რადგან ის უფლისათვის მართავდა ბრძოლებს.

4. განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და ერთი დღე ორად იქცა?

5. მან მოუწოდა უზენაეს მეუფეს, როცა მტრებმა ყოველი მხრივ შეავიწროვეს; პასუხი გასცა მას დიდმა უფალმა მაგარ-მაგარი სიტყვის ლოდებით.

6. დაათია ომი ამ ხალხს და ფერდობზე შემუსრა მოწინააღმდეგენი, რათა წარმართებს შეეცნოთ მისი აღჭურვილობა, რომ უფლის წინაშე იყო მისი ბრძოლა,

7. თავად კი უკან მიჰყვებოდა მეუფეს. მოსეს დღეებში ჩაიდინეს სიქველე მან და ქალებმა, იეფუნეს ძემ; ისინი წინ; აღუდგნენ კრებულს - ცოდვას აარიდეს ხალხი და ბოროტი დრტვინვა მათი დააცხრეს.

8. ეს ორნიღა გადარჩნენ ექვსასიათასი ქვეითისგან, რათა შეეყვანათ ხალხი სამკვიდრებელში, ქვეყანაში, სადაც ღვარად დის რძე და თაფლი.

9. მისცა უფალმა ქალებს ძალა, რომელიც სიბერემდე შეინარჩუნა, რათა ასულიყო მთაზე და მის შთამომავლობას დაემკვიდრებინა იგი;

10. რათა დაენახა ყველა ისრაელიანს, რა კარგია უფლის კვალზე სიარული.

11. ასევე მსაჯულნიც, სახელდებით, რომელთაც არ წაიბილწეს გული და უფალს არ განუდგნენ (კურთხეულთა შორის იყოს ხსენება მათი!

12. აყვავდეს მათი ძვლები, სადაც არიან და მათი სახელი სადიდებლად გადაეცეს შვილებს!);

13. თავისი უფლის შეყვარებული სამეული, უფლის წინასწარმეტყველი, ვინც სამეფო დააარსა და თავის ხალხს მეფეები უკურთხა.

14. იგი ხალხს უფლის რჯულით განიკითხავდა და მოხედა უფალმა იაკობს.

15. ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო თავისი რწმენით და მის სიტყვებში სარწმუნო ხილვები შეიცნობოდა.

16. მოუხმო მან ყოვლისშემძლე უფალს, როცა მტრებმა ყოველი მხრივ შეავიწროვეს, და შესწირა მას ძუძუს ბატკანი.

17. დაიქუხა ზეცით უფალმა და გრიალში ასმენინა თავისი ხმა.

18. შემუსრა ტვიროსელთა წინამძღოლნი და ფილისტიმელთა ყველა მთავარი.

19. საუკუნო მიძინების წინ აღიარა უფლისა და მისი მირონცხებულის წინაშე, არათუ ქონება, ფეხსაცმელიც კი არ ამიღიაო, ხორციელისგან, და არავის უთქვამს მისთვის საყვედური.

20. მან იწინასწარმეტყველა თავისი მიძინების შემდგომაც და მეფეს აუწყა მისი აღსასრული. მიწიდან აიმაღლა ხმა და იწინასწარმეტყველა, რათა ურჯულოება ხალხისა წარხოცილიყო.


თავი ორმოცდამეშვიდე

1. მის შემდეგ გამოჩნდა ნათანი საწინასწარმეტყველოდ დავითის დღეებში.

2. როგორც ცხიმი, მსხვერპლისგან გამორჩეული, ასე იყო დავითი ისრაელიანთა შორის.

3. ციკნებივით ეთამაშებოდა ლომებს და ბატკნებივით - დათვებს.

4. განა სიჭაბუკეში არ მოკლა ბუმბერაზი და სირცხვილი ჩამორეცხა ხალხს, როცა აღმართა ხელი შურდულის ქვით და დაამხო სიამაყე გოლიათისა?

5. რადგან უზენაეს უფალს მოუწოდა და მან მისცა ძალა მარჯვენაში, რათა დაემარცხებინა ომში მძლე კაცი და აემაღლებინა რქა თავის ხალხისა.

6. ამგვარად განადიდეს იგი მრავალთა შორის და უფლის კურთხევით შეასხეს ხოტბა, როგორც დიდების ჯიღის მატარებელს.

7. რადგან გაანადგურა გარშემო მტრები, დაიმორჩილა მოწინააღმდეგე ფილისტიმელნი და მათი რქები დღემდე შემუსვრილია.

8. ყველა თავის საქმეში წმიდას, უზენაესს უძღვნიდა მადლს დიდების სიტყვებით; მთელი გულით უგალობა უფალს და შეიყვარა თავის შემოქმედი.

9. დააყენა მგალობელნი საკურთხევლის წინ, რათა მათი ხმებით დაეტკბო ჰანგი.

10. მან დაამშვენა დღესასწაულები და დაადგინა ჟამნი მთელი წლის მანძილზე ღვთის წმიდა სახელის შესაქებად და ტაძრის ასახმიანებლად ცისკრიდანვე.

11. უფალმა მიუტევა ცოდვები და მისი რქა საუკუნოდ აამაღლა, მისცა მას მეფეთა აღთქმა და დიდების ტახტი ისრაელში.

12. შემდგომად მისა გამოჩნდა მისი ბრძენი ვავი და მამის წყალობით იცხოვრა ბედნიერად.

13. სოლომონმა მშვიდობიან ხანაში იმეფა, რადგან ღმერთმა ყოველმხრივ მოასვენა, რათა აღემართა სახლი მის სახელზე და საუკუნო ტაძარი განემზადებინა.

14. როგორ გაბრძენდი შენს სიჭაბუკეში! მდინარესავით აივსე გონიერებით.

15. შენმა სულმა დაფარა დედამიწა და აღავსე იგი იდუმალი იგავებით.

16. შორეულ კუნძულებს მისწვდა შენი სახელი და შეგიყვარეს შენი სიმშვიდისთვის.

17. შენი საგალობლებით და ანდაზებით, იგავებით და განმარტებებით განცვიფრდნენ ქვეყნები.

18. უფალი ღმერთის სახელით, რომელიც ისრაელის ღმერთად იწოდება, კალასავით შეკრიბე ოქრო და ტყვიასავით გაამრავლე ვერცხლი.

19. მაგრამ მიდრიკე შენი წელი ქალებისკენ და დაემონე მათ შენი სხეულით.

20. ლაქა წასცხე შენს დიდებას და წარყვენი შენი მოდგმა ისე, რომ რისხვა მოაწიე შენს შვილებზე და მათაც დაიტირეს შენი უგუნურება,

21. რომ ორად გაყავი ხელმწიფება და ეფრემიდან ურჩ სამეფოს დაედო სათავე.

22. მაგრამ უფალი არ დაივიწყებს თავის მოწყალებას, არცერთ თავის ნამოქმედარს არ გაანადურებს, არ შემუსრავს თავისი რჩეულის შთამომავლობას და თავისი მოყვარულის თესლს არ აღმოფხვრის. მან მისცა იაკობს ნატამალი და დავითს - ძირი მისი ღეროდან.

23. განისვენა სოლომონმა თავის მამა-პაპასთან და თავის შემდგომად თავისი თესლისგან ხალხს დაუტოვა უმეცარი და ჭკუანაკლული რობოამი, რომელმაც ხალხი განიშორა თავის თათბირით,

24. და იერობოამი, ნაბატის ძე, ვინც აცთუნა ისრაელი და ეფრემიც ცოდვის გზაზე დააყენა. დიდად გამრავლდა მათი ცოდვები, რისთვისაც თავიანთი ქვეყნიდან განიდევნენ.

25. და ყოველგვარ ბოროტებას სჩადიოდნენ, ვიდრე მათზე შურისგებამ არ მოაწია.


თავი ორმოცდამერვე

1. გამოჩნდა ელია წინასწარმეტყველი და მისი სიტყვა ლამპარივით ანათებდა;

2. ვინც მათ შიმშილი თავს დაატეხა და თავისი შურით შეამცირა მათი რიცხვი;

3. უფლის სიტყვით ჩაკეტა ზეცა და სამგზის ჩამოიტანა ცეცხლი.

4. როგორ განდიდდი, ელია, შენი სასწაულებით და ვინ დაიქადებს შენსავით?

5. შენ აღადგინე გვამი სიკვდილისგან და ჯოჯოხეთისგან უზენაესის სიტყვით;

6. შენ ჩამოაგდე მეფეები დასაღუპავად და დიდებულნი მათი სარეცლებიდან;

7. სინაიზე მოისმინე მხილება და ქორებზე შურისგების მსჯავრი;

8. შენ სცხე მეფეებს სამაგიეროს მისაზღველად და შენს მემკვიდრე წინასწარმეტყველებს;

9. ატაცებულ იქმენ ცეცხლის გრიგალით ცეცხლოვანი ცხენების ეტლზე;

10. განწესებული იყავი დროზე სამხილებლად, რათა დაგეცხრო უფლის რისხვა, ვიდრე სიშმაგემდე მიაღწევდა, შვილისკენ მოგექცია მამის გული და იაკობის შტოები აღგედგინა.

11. ნეტარ არიან შენი მხილველნი, სიყვარულში განმშვენებულნი და ჩვენც სიცოცხლით ვცხონდებით.

12. ელია იყო, გრიგალივით რომ დაიფარა და მისი სულით ელისე აღივსო. არ შერყეულა იგი მთავართა წინაშე თავის დღეში და ვერც ვერავინ დაიმორჩილა იგი.

13. ვერავის სიტყვამ ვერ სძლია მას და განსვენების ჟამსაც იწინასწარმეტყველა მისმა ცხედარმა.

14. როგორც სიცოცხლეში მოიმოქმედა სასწაულნი, ასევე საკვირველი იყო მისი საქმეები მისი აღსასრულის შემდეგ.

15. და მაინც არ მოინანია ხალხმა და არ უკუაგდო თავის ცოდვები, ვიდრე ტყვეებად არ წაასხეს თავისი ქვეყნიდან და მთელ ქვეყნიერებაზე არ გაიფანტნენ.

16. დარჩა ძალზე მცირე ხალხი და მთავარი დავითის სახლიდან. მათგან ზოგიერთი სათნოდ იქცეოდა, ზოგიერთმა კი გაამრავლა ცოდვები.

17. ხიზკიამ გაამაგრა თავისი ქალაქი და მის შუაგულში წყალი შეიყვანა, რკინით გათხარა კლდე და ააშენა წყალსაცავი.

18. მის დროს გამოილაშქრა სანხერიბმა და გამოგზავნა რაბსაკე, ხელი აღმართა სიონზე და ამპარტავნულად მედიდურობდა.

19. მაშინ აუკანკალდათ გულები და ხელები, და იტანჯებოდნენ მშობიარეთა მსგავსად.

20. მოუხმეს უფალს, გულმოწყალეს, და ხელები გაიწოდეს მისკენ. უმალ შეისმინა მათი წმიდამ ზეციდან და იხსნა ისინი ესაიას ხელით.

21. მან დაამარცხა აშურელთა მხედრობა და მისმა ანგელოზმა შემუსრა იგი.

22. რადგან ხიზკია უფლის წინაშე სათნოდ იქცეოდა და განმტკიცდა მამამისის, დავითის გზაზე, როგორც ამცნო ესაია წინასწარმეტყველმა, დიდმა და სარწმუნომ თავისი ხილვებით.

23. მის დროს იყო, რომ უკუიქცა მზე და შეჰმატა მეფეს სიცოცხლეს ხანი.

24. თავისი დიდი სულით იხილა უკანასკნელი ამბები და ანუგეშა სიონში მგლოვარენი.

25. გამოაცხადა მოწევნადი საუკუნის დასასრულამდე და დაფარულნი - მათ ახდომამდე.


თავი ორმოცდამეცხრე

1. ხსენება იოშიასი შეზავებულ საკმეველად, რომელიც მემირონემ ოსტატურად შეამზადა, ბაგეებში დატკბება, როგორც თაფლი და როგორც ჰანგი ნადიმზე, ღვინის სმაში.

2. მან წარმართა ხალხი მოსაქცევად და ურჯულოების ბიწიერებანი შემუსრა.

3. მან წარმართა უფლისაკენ თავისი გული და ურჯულოების დღეებში ღვთისმოსაობა განამტკიცა.

4. დავითის, ხიზკიას და იოშიას გარდა ყველამ შესცოდა ცოდვით, რადგან დათმო უზენაესის რჯული. გადაშენდნენ იუდას მეფეები,

5. რადგან სხვებს მისცეს თავიანთი რქა და უცხო ტომებს თავიანთი დიდება.

6. სიწმიდის რჩეული ქალაქი გადაიწვა და მოოხრდა მისი გზები,

7. როგორც იწინასწარმეტყველა იერემიამ, როცა იგი შეურაცხყვეს, თუმცა საშოშივე იკურთხა წინასწარმეტყველად, რათა აღმოეფხვრა, ზიანი მიეტანა და შეემუსრა, კიდეც ეშენებინა და დაენერგა.

8. ეზეკიელმა იხილა დიდების ხილვა, რომელიც უჩვენა ღმერთმა ქერუბიმის ეტლზე;

9. შეახსენა მტრები ქარიშხალით და კეთილად მოექცა მათ, რომელთაც გამოასწორეს თავიანთი გზები.

10. აყვავდეს თორმეტი წინასწარმეტყველის ძვლები, სადაც არიან, რადგან ანუგეშეს იაკობი და იხსნეს ისინი სარწმუნო იმედით.

11. როგორ ვადიდოთ ზერუბაბელი? ის იყო როგორც ბეჭედი მარჯვენა ხელზე.

12. ასევე იესოც, იოცედეკის ძე; მათ დააფუძნეს სახლი თავიანთ სიცოცხლეში და აღუმართეს უფალს წმინდა ტაძარი, გამზადებული საუკუნო დიდებისთვის.

13. დიდი ხსენება ნეემიასი, ვინც დამხობილი ზღუდეები აღგვიმართა, დაგვიყენა ბჭენი და კლიტენი, და აღგვიდგინა დანგრეული სახლები.

14. დედამიწაზე არავინ შექმნილა ენოქის მსგავსი, რადგან მიწიდან იქნა ატაცებული.

15. არც იოსების მსგავსი კაცი დაბადებულა, ძმების წინამძღოლი, ხალხის სახსარი. პატივი მიაგეს მის ძვლებს.

16. ადამიანთა შორის განდიდნენ სემი და სეთი, მაგრამ ყველა ცოცხალზე მეტი, ვინც კი შექმნილა, ადამია.


თავი ორმოცდამეათე

1. სიმეონი, ძე ონიასი, მღვდელმთავარი, ვინც სახლი სიცოცხლეშივე შეაკეთა და თავის სიცოცხლეში ტაძარი გაამაგრა.

2. მის მიერ დაფუძნდა ორმაგი სიმაღლე - ტაძრის ზღუდის მაღალი ლიბო.

3. მის სიცოცხლეში დაიკლო წყალსატევმა, ზღვასავით ტბის შემოწერილობამ.

4. მზრუნველმა თავისი ხალხისთვის უბედურების ასაცილებლად გაამაგრა ქალაქი ალყისაგან თავდასაცავად.

5. რა დიდებული იყო იგი ხალხით გარშემორტყმული, როცა კრეტსაბმელიდან გამოდიოდა!

6. როგორც ღრუბლებში ცისკრის ვარსკვლავი და როგორც სავსე მთვარე!

7. როგორც მზე, უზენაესის ტაძარზე მბრწყინავი და როგორც ცისარტყელა ღრუბელში გასხივოსნებული!

8. როგორც ვარდის კოკორი გაზაფხულზე და როგორც შროშანი წყლის ნაპირებზე, როგორც ყლორტი საკმევლის ხისა ზაფხულის დღეს!

9. როგორც ცეცხლი და საკმეველი საცეცხლურში, როგორც ჭურჭელი, ოქროსაგან გამოჭედილი და შემკული ყოველნაირი პატიოსანი ქვით!

10. როგორც ზეთისხილის ხე, ნაყოფით დახუნძლული, და როგორც კვიპაროსი, ღრუბლებამდე აშოლტილი!

11. როცა დიდების შესამოსელს გადაიცვამდა და შეიმოსებოდა სრულყოფილი სამკაულებით, წმიდა საკურთხეველზე ასვლისას დიდებას მოჰფენდა ირგვლივ საწმიდარს;

12. როცა საკურთხევლის კერასთან მდგარი, მღვდლების ხელიდან წილობებს იღებდა, ირგვლივ ძმებით შემოგვირგვინებული, ის ჰგავდა ახალგაზრდა ლიბანის ნაძვს, და ისინიც გარს ერტყმოდნენ მას ფინიკის რტოებივით,

13. და ყველა აარონიანი თავიანთ დიდებაში და საუფლო შესაწირავით ხელში ისრაელის მთელი საკრებულოს წინაშე.

14. საკურთხეველზე მსახურების დასასრულს, უზენაესი ყოვლისმპყრობელისათვის ძღვენის გასარიგებლად,

15. ხელს იწვდიდა სამსხვერპლო თასისკენ, ასხამდა მასში ყურძნის სისხლს და საკურთხევლის კვარცხლბეკზე ღვრიდა უზენაესის, ყოველთა მეუფის ამოდსაყნოსველად.

16. მაშინ შესძახებდნენ აარონიანები, ჩაბერავდნენ გამოჭედილ საყვირებს და ხმას აიმაღლებდნენ გასახსენებლად უზენაესის წინაშე.

17. მაშინ ასწრაფდებოდა ერთიანად მთელი ხალხი და პირქვე დაემხობოდა, რათა თაყვანი ეცა თავისი უფლისათვის, უზენაესი, ყოვლისმპყრობელი ღვთისათვის.

18. და შეაქებდნენ მას მგალობლები თავიანთი ხმებით და ფართო ტაძარში ტკბილი საგალობელი გაისმებოდა.

19. შეევედრებოდა ხალხი უზენაეს უფალს ლოცვით მისი მოწყალების წინაშე, ვიდრე აღსრულდებოდა უფლის ქება და ასე დასრულდებოდა მისი მსახურება.

20. მერე ჩამოსვლისას გაიწვდიდა ხელს ისრაელიანთა მთელ საკრებულოზე, რათა უფლის კურთხევა მიეცა თავისი ბაგით და მისი სახელით.

21. ხალხი პირქვე დაემხობოდა განმეორებით უზენაესისგან კურთხევის მისაღებად.

22. აწ ადიდეთ ყოველთა ღმერთი, ყოველგან სიდიადეთა შემოქმედი, რომელიც საშოდანვე გვიგრძელებს ჩვენს დღეებს და თავისი წყალობისამებრ გვექცევა.

23. მოგვცეს ჩვენ გულის სიხარული და მშვიდობა იყოს ჩვენს დროს ისრაელში საუკუნოდ.

24. გაიღოს თავისი წყალობა ჩვენზე და დაგვიხსნას ჩვენ ჩვენს დღეებში.

25. ორი ხალხი მოიძაგა ჩემმა სულმა და მესამე არც არის ხალხი.

26. სეყირის მთაზე მცხოვრებნი, ფილისტიმელნი და ბრიყვი ხალხი - შექემის მკვიდრი.

27. მოძღვრება ცოდნისა და შემეცნებისა აღწერა ამ წიგნში იესო იერუსალიმელმა, ძემ ზირაქისა, ელეაზარის ძისა, ვინც თავისი გულიდან სიბრძნე გადმოღვარა.

28. ნეტარია ის, ვინც ამაებში გაიწაფება და, ვინც გულში ჩაიდებს მას, გაბრძენდება.

29. თუ მათ აღასრულებს, ყოვლისშემძლებელი იქნება, რადგან უფლის ნათელია მისი გზა.


თავი ორმოცდამეთერთმეტე

1. გმადლობ, უფალო და მეუფეო, და გაქებ შენ, ღმერთო, მხსნელო ჩემო, ვმადლობ შენს სახელს,

2. რადგან მფარველად და შემწედ მეყავ, იხსენი სხეული ჩემი დაღუპვისაგან, ცილისმწამებლური ენის მახისგან და სიცრუის შემცველ ბაგეთაგან; ჩემზე ამხედრებულთა წინაშე შემეწიე და მიხსენი მე.

3. შენი უხვი მოწყალების და სახელის ძალით კბილთა ღრჭენისგან და შთანთქმისგან, ჩემი სულის მძებნელთა ხელიდან და მრავალი ჭირისაგან, რომელნიც განვიცადე,

4. ყოველი მხრივ შემხუთველი ცეცხლისგან და ცეცხლის შუაგულისგან სადაც არ დავიწვი.

5. ჯოჯოხეთის სტომაქის სიღრმიდან, უწმინდური ენისა და ცრუ სიტყვისგან,

6. და მეფის წინაშე უსამართლო ენის ცილისწამებისგან. ჩემი სული სიკვდილს იყო მიწევნილი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს მიეახლა.

7. ყოველი მხრიდან შემომერტყნენ და არ ჩანდა მხსნელი, თვალებით ვეძებდი ადამიანთაგან შემწეობას, მაგრამ ამაოდ.

8. მაშინ გავიხსენე შენი წყალობა, უფალო, და საქმენი შენი დასაბამიდან, რომ შენ გადაარჩენ ჩენს მოიმედეთ და დაიხსნი მათ მტრების ხელთაგან.

9. და აღვამაღლე მიწიდან ჩემი ვედრება და სიკვდილისგან დახსნა შეგთხოვე.

10. მოვუხმე უფალს, ჩემი უფლის მამას, არ მივეტოვებინე გასაჭირის დღეებში, როცა ამპარტავანთა წინაშე არ იყო შემწეობა. დაუცხრომლად ვადიდებ შენს სახელს და მადლობით გიგალობ.

11. რადგან ვედრება ჩემი შესმენილ იქნა, გადამარჩინე მე წარწყმედას და ავი დროებისგან დამიხსენი.

12. ამისათვის გმადლობ და შეგაქებ შენ, და ვაკურთხებ უფლის სახელს.

13. ჯერ კიდევ სიჭაბუკისას, ვიდრე ავხეტიალდებოდი, ცხადად ვეძებდი სიბრძნეს ჩემს ლოცვაში;

14. მასზე ვუხმობდი ტაძრის წინაშე და ბოლომდე მისი მძებნელი ვიქნები.

15. როგორც შეთვალული მწიფე მტევანი, ისე ხარობდა მისით ჩემი გული, ჩემმა ფეხებმა სწორი გზით იარა და სიყრმიდანვე კვალში ჩავუდექი.

16. ყურს მცირედ მივაპყრობდი და ვიღებდი მას, მრავალს ვპოულობდი ჩემთვის შეგონებას.

17. წარმატებასაც მივაღწიე და, ვინც მე სიბრძნე მომცა, მას განვადიდებ.

18. გადავწყვიტე მას გავყოლოდი, ვშურობდი სიკეთეს და არ შევრცხვენილვარ.

19. ჩემი სული შეეჭიდა სიბრძნეს და რჯულის საქმეშიც გავიწაფე; ხელები მაღლა აღვაპყრე და ჩემი უმეცრება ვაღიარე.

20. ჩემი სული მივმართე მისკენ და სიწმინდეში ვპოვე იგი; გული იმთავითვე მას განვუკუთვნე და ამატომაც არ მიმატოვებს.

21. ჩემი შიგნეული მის მოსაძებნად შეიძრა და ამიტომაც შევიძინე კეთილი განძი.

22. უფალმა მომცა ენა ჯილდოდ და მით შევაქებ მას.

23. მომიახლოვდით მე, უსწავლელნო, და სასწავლებელ სახლში დადექით,

24. რადგან გჭირდებათ თქვენ იგი და თქვენს სულებსაც ძალზე სწყურიათ.

25. გავხსენი პირი და წარმოვთქვი: შეიძინეთ იგი უვერცხლოდ.

26. ქედი მის უღელს მოუდრიკეთ და მიიღოს მოძღვრება თქვენსა სულმა. ახლოს არის იგი საძებარი.

27. საკუთარი თვალით იხილეთ, რომ მცირედ დავშვერი და სანაცვლოდ დიდი სიმშვიდე მოვიპოვე.

28. ეზიარეთ სწავლას თუნდაც დიდძალი ვერცხლის ფასად და მისი წყალობით უამრავ ოქროს შეიძენთ.

29. გაიხაროს სულმა თქვენმა მისი მოწყალებით და ნუ შეგრცხვებათ მისი ქებისა.

30. დროულად აკეთეთ თქვენი საქმე და თქვენს საზღაურს თავის დროზე გადაგიხდით.