მე-19  საუკუნის დასაწყისი უმნიშვნელოვანესი უღელტეხილია ქართველი ხალხის ისტორიულ განვითარებაში. ამ დროიდან იწყება ახალი პერიოდი ქართველი ხალხის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე-19 ს. დასაწყისიდან ქართველი ხალხის ბედი მტკიცედ დაუკავშირდა რუსი ხალხის ბედს. ყველაზე შორსმჭვრეტელი ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც მოწინავე საზოგადოებრივი ფენების ინტერესებს გამოხატავდნენ. რუსეთში ხედავდნენ ერთმორწმუნე ძლიერ სახელმწიფოს, რომელსაც შეეძლო მტრებთან განუწყვეტელი ბრძოლებით და შინაგანი პარტიკულარიზმით დაუძლურებული საქართველო ეხსნა აღმოსავლეთის აგრესიული ქვეყნების ხელყოფისაგან.
ქართველი ხალხის ფიქრთა მპყრობელმა ილია ჭავჭავაძემ რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტორიული მნიშვნელობა შემდეგი სიტყვებით გადმოსცა: ¨ დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა... ის დღე და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში ¨ [1].
მე-19 საუკუნის 20 – 30-იანი წლებიდან ჩვენში იქმნება შესაძლებლობა საწარმოო ძალთა განვითარებისათვის და ქვეყნის ფეოდალურ დაქუცმაცებას თანდათან ბოლო ეღება. სამეურნეო განვითარებამ ერთმანეთს დაუკავშირა საქართველოს ცალკეული მხარეები და საერთო ეკონომიურ ორბიტაში მოაქცია წინათ განკერძოებული ფეოდალური სამთავროები. ქალაქების ზრდა და ცხოვრების ევროპული ფორმების დანერგვა, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობა ძირს უთხრიდა ფეოდალურ-პატრიარქალურ წესებს.
იღვიძებდა საზოგადოებრივი შეგნება. ყოველივე ამან თანდათან გააძლიერა სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობა.
ამრიგად, მე-19 საუკუნის პირველ ნახევარშივე შეიცვალა საქართველოს საზოგადოებრივ-ეკონომიური განვითარების გეზი,  რამაც ხელი შეუწყო ქართველ ხალხს კოლონიური ჩაგვრის მძიმე პირობებშიც კი გაეღრმავებინა ეროვნული კონსოლიდაციის პროცესი, საკაცობრიო პროგრესის უახლესი მიღწევებით გაემდიდრებინა თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ჩაბმულიყო ეპოქის საზოგადოებრივი მოძრაობის ფერხულში.
ახალ ისტორიულ კალაპოტში ჩამდგარ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას მარტოოდენ ზემოაღნიშნული დადებითი მოვლენები როდი ახასიათებდა ;მას, ამასთან ერთად, მძიმე განსაცდელი და დაბრკოლებები ხვდებოდა თავისი წინსვლის გზაზე. რუსეთის თვითმპყრობელობამ, ¨ ხალხთა საპყრობილედ¨ წოდებულმა. საუკუნის დასაწყისიდანვე მიჰყო ხელი ქართველი ხალხის პოლიტიკურ და ეკონომიურ ჩაგვრას. ცარიზმი, რომელიც რუსი ხალხის უბოროტესი მტერი იყო, მით უმეტეს, ცდილობდა ძირშივე ჩაეკლა ქართველი ხალხის სწრაფვა სოციალური და ეროვნული განთავისუფლებისაკენ, ჩაეხშო ქართული ნაციონალური კულტურის ყოველი გამოლინება.
სოციალურსა და ეროვნულ ჩაგვრას ქართველი გლეხობა პასუხობდა აჯანყებებით. ეს იყო მშრომელი მასების პასუხი არა მარტო ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის, არამედ საკუთარი თავადაზნაურობისაგან სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგაც.
თავადაზნაურობის ცალკეული წარმომადგენლები კი თავის მხრივ ცდილობდნენ გლეხთა მასების აღშფოთება დაეპირისპირებინათ მხოლოდ და მხოლოდ ცარიზმისათვის.
საქართველოს რუსეთთან შეერთებას წინ უძღოდა რთული ისტორიული მოვლენები, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1783 წლის 24 ივლისს რუსეთსა და საქართველოს შორის გეორგიევსკში დადებული ტრაქტატი, ე. წ. ¨ მეგობრობითი პირობა¨ . ამ ხელშეკრულებით აღმოსავლეთ საქართველომ რუსეთის მფარველობა მიიღო, მაგრამ ინარჩუნებდა თავის სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს, ხოლო რუსეთი ვალდებულებას იღებდა მაჰმადიანურ სახელმწიფოთა ხელყოფისაგან დაეფარა საქართველოს სამეფო. ეს ტრაქტატი გამოხატავდა ჩვენი ქვეყნის მოწინავე ფენების პოლიტიკურ მისწრაფებებს.
რუსეთთან საქართველოს დაკავშირებამ მეზობელი მაჰმადიანური სამყარო აღაშფოთა, რასაც მოჰყვა აგრესიული აქტები საქართველოს მიმართ მეზობელი სახანოების, ოსმალეთისა და ბოლოს სპარსეთის მხრივ. ქართველი ხალხისათვის ყველაზე გამანადგურებელი იყო აღა- მაჰმად-ხანის თავდასხმა 1795 წელს.
მისმა ურდოებმა ააოხრეს საქართველოს დედაქალაქი და ველური მრისხანებით გაჟლიტეს მოსახლეობა, ხოლო გადარჩენილი ქართველობა ათასობით ტყვედ წაიყვანეს.
ასეთ მძიმე განსაცდელში ქართველი ხალხი მარტო რჩებოდა მაჰმადიანურ სახელმწიფოთა ურიცხვი ურდოების პირისპირ, მეფის რუსეთის მთავრობა არ ასრულებდა 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რაც საქართველოს მმართველ წრეებში დიდ შეშფოთებას იწვევდა. ქართლ-კახეთის მეფე, ერეკლე მეორე, არაერთგზის მიმართავდა რუსეთის იმპერატორს, პირნათლად შეესრულებინა გიორგიევსკის ტრაქტატთან ნაკისრი ვალდებულებანი და სთხოვდა სამხედრო დახმარების აღმოჩენას.
მისი ელჩი რუსეთის საიმპერატორო კარზე – გარსევან ჭავჭავაძე პავლე პირველისადმი 1797 წლის 31 დეკემბრის თარიღით წარდგენილ ნოტაში აღნიშნავდა: გსურთ თუ არა თქვენ, დიდო ხელმწიფეო, წინანდებურად დაიცვათ ხსენებული ტრაქტატი და გსურთ თუ არა, ჩემს მეფესა და ხალხს გაუწიოთ დახმარება, რაც გათვალისწინებულია ამ ტრაქტატით, თუ რაიმე მიზეზით ამის გაკეთება არ არის შესაძლებელი განსაზღვრულ დრომდე? [2]
მაჰმადიანურ სახელმწიფოთა მფლობელები ქართლ-კახეთის მეფეს დაჟინებით მიმართავდნენ რათა მას უარი ეთქვა რუსულ ორიენტაციაზე და მათთან შეეკრა სამხედრო კავშირი. მაგრამ დიდი სტრატეგი და შორსმჭვრეტელი ერეკლე II მტკიცედ ადგა ისტორიული სინამდვილით ნაკარნახევ, ადრე არჩეულ საგარეო პოლიტიკის გეზს. ამ რწმენით ჩავიდა იგი საფლავში 1798 წელს.
ქართლ-კახეთის სამეფოს შინაგანი კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ. მეფის მემკვიდრეთა ურთიერთ შორის ცილობამ, გამწვავებულმა ფეოდალურმა პარტიკულარიზმმა და დაძაბულმა საგარეო პოლიტიკურმა ვითარებამ ხელი შეუწყო რუსეთის მეფის მთავრობას, თვითნებურად გაეუქმებინა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო სუვერენიტეტი და შეეერთებინა იგი რუსეთის იმპერიისათვის როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. მალე ეს ბედი ეწია დასავლეთ საქართველოსაც თვითმპყრობელობის  მიერ საქართველოში ახლად შემოღებული საგუბერნიო ბიუროკრატიული მმართველობა და ქართველი ხალხისათვის გაუგებარ ენაზე წარმოებული სასამართლო დიდ უკმაყოფილებას იწვევდა მოსახლეობაში. სამეურნეო-ფინანსური გართულებანი, მეფის მოხელეთა თავგასულობა და მექრთამეობა, რომელშიც მმართველობის უმაღლესი პირებიც იღებდნენ მონაწილეობას, სამხედრო ბიუროკრატიის მიერ მოსახლეობის ძარცვა და შევიწროება კოლონიური ჩაგვრის პირველივე წლებში გამოვლინდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიაში ცნობილია გლეხთა ფართო მასშტაბის რამდენიმე აჯანყება, რომელთაგან უნდა დავასახელოთ 1804 წლის მთიულეთის აჯანყება, 1810 და 1819 წლების ამბოხებანი იმერეთში, 1812 წლის კახეთის გლეხთა აჯანყება. ამ აჯანყებებმა, ველური სისასტიკით რომ ჩაახშეს მეფის ჯარებმა, ნათლად დაანახვა თვითმპყრობელობის სატრაპებს, თუ რა გრანდიოზული ძალა გააჩნია ხალხს, როცა ის იბრძვისთავისუფლების მოსაპოვებლად. გლეხთა ეს გამოსვლები სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხასიათს ატარებდა.
ამრიგად, ქართველი ხალხი არ ურიგდებოდა თვითმპყრობელობის კოლონიურ უღელს. მასობრივი აჯანყებები მხოლოდ დროებით წყდებოდა და კვლავ ახალი ძალით იფეთქებდა ხოლმე.
მე-19 საუკუნის საქართველოს სოციალურ ცხოვრებაში ზემოთ აღწერილ საერთო-სახალხო აჯანყებებს უაღრესად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა: აღვიძებდა ქართველი ხალხის საზოგადოებრივ ცნობიერებას და სერიოზულ ძალას წარმოადგენდა თვითმპყრობელობის კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ. ეს ძლიერი სოციალური მოძრაობები თავის გამოძახილს პოულობდა ქართველი ხალხის საზოგადოებრივ აზროვნებაში, მის მდიდარ მხატვრულ ლიტერატურაში. აღნიშნულ ისტორიულ მოძრაობებთან დაკავშირებით უნდა განვიხილოთ ალ. ჭავჭავაძის სოციალური პათოსით გამთბარი თხზულებანი, გრიგოლ ორბელიანის რესპუბლიკური იდეალები, სოლომონ დოდაშვილის პროგრესული აზრები და განსაკუთრებით კი შემოქმედება ნ. ბარათაშვილისა, რომელმაც შექმნა თავისუფლების დიდებული ჰიმნი და ქართველი ხალხის უდრეკი ნებისყოფა გამოხატა.
იმ დროს, როცა ქართველი ხალხის ფართო დემოკრატიული ფენები შეურიგებლობას იჩენდნენ ცარიზმის მიმართ, მმართველი კლასები თანდათან ეგუებოდნენ თვითმპყრობელობის ბატონობას.
ამ მხრივ ყურადღებას იმსახურებს ფეოდალური კლასის პოლიტიკური ევოლუციის პროცესი. საქართველოში რუსეთის ხელისუფლების დამყარებას მეტად უარყოფითად შეხვდნენ არა მარტო ქართული სამეფო კარის წარმომადგენლები (დედოფლები, ბატონიშვილები), რომლებიც იმთავითვე ჩამოაშორეს სახელმწიფოს მმართველობას და იძულებით რუსეთში გაისტუმრეს, არამედ თავადაზნაურობის უმეტესობაც. ფეოდალური არისტოკრატია გრძნობდა, რომ ახალ ვითარებაში კარგავდა თავის პოლიტიკურ პრეროგატივებს. ამ გარემოებამ გამოიწვია ( 1802 წლის ივლისში) კახეთის თავადაზნაურობის აჯანყება და რუსეთის მთავრობისადმი აღშფოთებით აღსავსე პეტიციები.
ცარიზმი თავისი კოლონიური პოლიტიკის მთელ გამოცდილებას იყენებდა ქართველი თავადაზნაურობის მიმართ, რომელსაც ძლიერი წოდებრივი ტრადიციები გააჩნდა.
ბატონიშვილებს და იმათ მომხრე ოპოზიციურად განწყობილ თავადაზნაურობას თვითმპყრობელობა პირველ ხანებში მკაცრად ეპყრობოდა, ძირშივე სპობდა ყოველ მათ პოლიტიკურ წინააღმდეგობას. მაგრამ ამავე დროს თვითმპყრობელობა პირველ ხანებში მკაცრად ეპყრობოდა, ძირშივე სპობდა ყოველ მათ პოლიტიკურ წინააღმდეგობას. მაგრამ ამავე დროს თვითმპყრობელობა ელასტიკურ პოლიტიკას მიმართავდა თავადაზნაურობისა და აგრეთვე ქართული სამეფო გვარით უკმაყოფილო მთავრებისა და ერისთავების მიმართ. მეფის მთავრობამ თანდათან შემოიმტკიცა თავადაზნაურობის დიდი ნაწილი და იგი ქართველ გლეხთა ანტიკოლონიურ და ანტიფეოდალურ აჯანყებათა ჩამხშობ ძალად გამოიყენა. ამასთანავე, მეფის ბიუროკრატიულმა ხელისუფლებამ ქართველი ფეოდალური არისტოკრატიის მთელი რიგი წარმომადგენლები უხვად დააჯილდოვა. ყოველივე ამან ფერი უცვალა თავადაზნაურული არისტოკრატიის ძირითადი ნაწილის ნაციონალურ გრძნობებს.
განსაკუთრებით 1832 წლის შეთქმულების დამარცხების შემდეგ. ნ. ნიკოლაძე გერცენის ¨ კოლოკოლში¨ შემდეგნაირად ახასიათებდა მეფის მთავრობის ამგვარ პოლიტიკას: ¨ პეტერბურგის ¨ მმართველ სფეროებში¨ , -წერდა ქართველი პუბლიცისტი 1865 წელს, -უეჭველად უნდა აღძრულიყო საკითხი: როგორ გაეერთგულებინათ ქართველი ხალხი რუსეთის იმპერიისათვის... ეს საკითხი მართლაც აღიძრა და, როგორც მოსალოდნელი იყო, შემდეგნაირად გადაიჭრა: ხელი შეეწყოთ და, თუ საჭირო იქნებოდა, შეექმნათ კიდეც საქართველოში თავადაზნაურობა; რუსეთის მთავრობის ერთგულად გაეხადათ იგი საუკუნის ინტერესებით, ჩინებით, საჩუქრებით და ჯამაგირით და სხვა არაფერი , თუ არ გავიხსენებთ რუსეთის, ხიშტებსა და ზარბაზნის ყუმბარებს. ხოლო ის, რომ თავადაზნაურობის გარდა არსებობს და იარსებებს ხალხი, პეტერბურგის მთავრობას მხოლოდ იმისთვის მოაგონდა, რომ ეს ხალხი ერთგული ქვეშევრდომი თავადაზნაურობის ერთგვარ ჯამაგირის წყაროდ გადაექცია, აი, ასე გადაიჭრა რუსეთისადმი საქართველოს გაერთგულების საკითხი¨ [3]
1832 წლის შეთქმულება უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს ახალ ისტორიაში. მან დიდი გამოძახილი პოვა იმ დროს ქართულ ლიტერატურაში და საზოგადოებრივ აზროვნებაში.
მწერლობაში გამეფდა თავისუფლებისმოყვარეობის სულისკვეთება. მართალია შეთქმულთა დიდი ნაწილის მიზნები მონარქიულ-კონსტიტუციური პრინციპებით იყო განსაზღვრული, მაგრამ მთავარ დი ისტორიულ პროგრესულ ძალას წარმოადგენდა მცირე მოწინავე ჯგუფი, რომელიც მაშინდელი დროისათვის პროგრესულ სოციალურ-პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა და რომელიც ქართველი საზოგადოების მოწინავე ფენების ინტერესებს გამოხატავდა.
ქართველ თავადაზნაურთა 1832 წლის შეთქმულების წარმოშობას ეროვნულ- ისტორიული ვითარება განსაზღვრავდა. უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე, რომ, ერთი მხრივ, იგი ეხმაურებოდა იმ იდეურ-საზოგადოებრივ სიტუაციას, რომელიც შეიქმნა რუსი თავად-აზნაურ-რევოლუციონერების- დეკაბრისტთა 1832 წლის ამბოხებასთან დაკავშირებით.
დამონებულ სამშობლოს მდგომარეობას და ახალ განმათავისუფლებელ იდეებს, რითაც გაჟღენთილი იყო მაშინდელი საზოგადოებრივი ატმოსფერო, არ შეეძლო თავისი ზეგავლენა არ მოეხდინა მოაზროვნე ქართველი ახალი თაობის სოციალურ-პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე.
გასული საუკუნის 20–იან წლებში პეტერბურგში ჩაისახა ქართული საიდუმლო საზოგადოება. ამ ხანებში ფარული საზოგადოების ერთი ჯგუფი, ელიზბარ, დიმიტრი და გიორგი ერისთავების შემადგენლობით, ჩამოყალიბებულა პეტერბურგში, შემდეგ კი ანალოგიური, უფრო ძლიერი ფარული საზოგადოება დაარსდა თბილისში, 1828 წელს. ამ საზოგადოების სულის ჩამდგმელნი იყვნენ: ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ორბელიანი, და სოლომონ დოდაშვილი; მასში მონაწილეობას იღებდა ქართული თავადაზნაურული ინტელიგენციის რჩეული ნაწილი და რაზნოჩინული წრიდან გამოსული რამდენიმე მოაზროვნე ახალგაზრდა. საიდუმლო საზოგადოებაში გაერთიანებულნი იყვნენ: ალექსანდრე ორბელიანი, სოლომონ დოდაშვილი, ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, გიორგი ერისთავი, ვახტანგ ორბელიანი, ფილადელფოს კიკნაძე და სხვანი.
საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა თბილისის ყოფილ გუბერნატორს ზავილეისკის, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე პირად იყო ცნობილი. ფარული საზოგადოების ხელმძღვანელებს იმედი ჰქონდათ, ზავილეისკის საშუალებით საქართველოში გადმოსახლებული პოლონელი ოპოზიციური ელემენტების სრულ მხარდაჭერას მოიპოვებდნენ.
ფარული საზოგადოება მიზნად ისახავდა საქართველოს განთავისუფლებას ცარიზმის მონობისაგან, სამშობლო ქვეყნის პოლიტიკური სუვერენიტეტის მოპოვებას აჯანყების გზით. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმის შესახებ შეთქმულთა შორის, როგორც ჩანს, თავიდანვე სხვადასხვა შეხედულება არსებობდა. იყვნენ საქართველოს ძველი სამეფო წყობილების სრული რესტავრაციის მომხრეები, მაგრამ დიდი უმეტესობა მხარს უჭერდა კონსტიტუციური მონარქიის ფორმას, რამაც, ბუნებრივია, თავისი გამოხატულება პოვა ფარული საზოგადოების საბოლოოდ ჩამოყალიბებულ დოკუმენტებში.
საიდუმლო საზოგადოების ხელმძღვანელებმა შეიმუშავეს საერთო სამხედრო გეგმა, მათ სრული იმედი ჰქონდათ აჯანყებაში ქართველი თავადაზნაურების ჩაბმისა, აგრეთვე იმედოვნებდნენ, რომ აამოძრავებდნენ გლეხთა მასებს სხვადასხვა შემაშფოთებელი ხმების გავრცელებით აჯანყების წინა დღეებში. შეთქმულები ითვალისწინებდნენ ცარიზმის საშინაო და საგარეო მდგომარეობას და ამის მიხედვით იღებდნენ გარკვეულ სამხედრო სტრატეგიულ გეზს.
შეთქმულთა პროექტით მთავრობაში უმაღლესი პოსტები ეჭირათ ისეთ პროგრესულ ადამიანებს, როგორიც იყვნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე და გიორგი ჭილაშვილი. ისინი თავისი დროის მოწინავე პოლიტიკური აზროვნების დონეზე იდგნენ და რუსეთის და დასავლეთ ევროპის განმათავისუფლებელი მოძრაობის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. აღნიშნული ფაქტი ბევრს მეტყველებს შეთქმულთა მომავალი სახელმწიფოებრივი წყობილების ხასიათის შესახებ.
მთავრობამ შეთქმულების აღმოჩენის შემდეგ მისი მონაწილენი გაასამართლა, დაყო კატეგორიებად და მათ უმეტესობას მიუსაჯა გადასახლება რუსეთის შორეულ გუბერნიებში. ზოგი მათგანი გადასახლებაში დაიღუპა, სამშობლოს ნახვაც კი არ ეღირსა. 1832 წლის შეთქმულების დამარცხების ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მის მესვეურებს კავშირი არ ჰქონდათ ხალხთან, შეთქმულება არ ეხმაურებოდა ხალხის ფართო ფენების ინტერესებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ფარული საზოგადოების  მოღვაწეობაში მოჩანს ისეთი პროგრესული ტენდენციებიც, რაც ქართველი ინტელიგენციის მოწინავე იდეური მოძრაობის გარკვეულ ნიშნებზე მიგვითითებს.
1832  წ. აჯანყების ობიექტურ-ისტორიული შეფასება მოითხოვს მისი რთული ბუნების ღრმა, ყოველმხრივ განხილვას იმ დროს საქართველოს იდეურ-პოლიტიკურ აზროვნებასა და სოციალურ ვითარებასთან მჭიდრო კავშირში. მართალია, 1832  წ. შეთქმულთა დიდი ნაწილი, როგორც აღვნიშნეთ, მომხრე იყო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონსტიტუციურ-მონარქიულ საფუძველზე აღდგენისა , მისი მცირე, მაგრამ გავლენიანი ნაწილი, ს. დოდაშვილის მეთაურობით, უსათუოდ შედგებოდა იმ დროისათვის მოწინავე სოციალურ-პოლიტიკური რწმენით აღჭურვილი მოაზროვნეებისაგან.
თუ ჩვენ გავაანალიზებთ 1832  წ. შეთქმულების მონაწილეთა პროგრესული ნაწილის – ცნობილი ქართველი მოღვაწეების ალ. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, სოლ. დოდაშვილისა და სხვათა შემოქმედებასა და მსოფლმხედველობას, აგრეთვე იმ დროის სხვა საზოგადოებრივ-ისტორიულ მოვლენებს – დავრწმუნდებით, რომ ამ ნაწილს გააჩნდა მოწინავე სოციალურ-პოლიტიკური კონცეფცია და იდეურად დაკავშირებული იყო რუსეთის იმ დროისათვის პროგრესულ – დემოკრატიულ მოძრაობასთან.
უკვე XVIII - XIX საუკუნეების უღელტეხილზე გამომჟღავნდა ქართული სახელმწიფოებრივი წყობილების ახლებურად გარდაქმნის მნიშვნელოვანი ტენდენციები. ცნობილია, რომ იოანე ბატონიშვილმა თავის მამას, გიორგი მეთორმეტეს, 1799 წელს წარუდგინა საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების პროექტი.
ამ ფაქტის აღნიშვნა საკმარისია, რომ დავასკვნათ, თუ როგორ  გრძნობდნენ მაშინდელი მოწინავე პოლიტიკოსები თავისი ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობილების გარდაქმნის საჭიროებას.
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებში ბევრი ქართველი მოღვაწე გადაასახლეს ან თავის ნებით წავიდა პეტერბურგსა და მოსკოვში. აქ მათი მსოფლმხედველობის შემუშავებაზე დიდი ზეგავლენა იქონია არა მარტო სამშობლოს ბედმა ( რასაც ისინი ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს), არამედ რუსეთისა და ევროპის იდეურ-საზოგადოებრივმა ცხოვრებამაც.
ისინი მოწმენი გახდნენ 1812  წ. დიდი სამამულო ომისა, რომელმაც აამოძრავა რუსი ხალხის ენერგია. ბევრმა ქართველმა გენერალმა, ოფიცერმა და ჯარისკაცმა ისახელა თავი ამ ომში. მათ მოუხდათ ევროპაში ყოფნა და გაეცნენ პროგრესულ იდეებს (მათ შორის იყო შეთქმულების მონაწილე ალ. ჭავჭავაძეც). ქართველ მოღვაწეთა აღნიშნული წრეები მოწმენი იყვნენ აგრეთვე ისეთი დიადი ისტორიულ-რევოლუციური მოვლენისა რუსი ხალხის ცხოვრებაში, როგორიც იყო დეკაბრისტების გამოსვლა 1825  წ. სენატის მოედანზე. შეუძლებელი იყო ამ დიდი მნიშვნელობის სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს ერთგვარი იდეური ზეგავლენა არ მოეხდინა სამშობლოს ბედზე დაფიქრებულ მოწინავე ქართველ მოღვაწეებზე. ამას საუკეთესოდ ადასტურებს იოანე და დავით ბატონიშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის, სოლომონ დოდაშვილის და სხვათა ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლა. პროგრესული იდეების გავლენა მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ დროის ქართველ მოღვაწეთა მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია თვით საქართველოს ისტორიულ-საზოგადოებრივი ვითარება. მათს სოციალურ-პოლიტიკურ შეხედულებათაშემუშავებაზე დიდი ზემოქმედება იქონია საქართველოში ცარიზმის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულმა გლეხთა მასიურმა აჯანყებებმა, რომლებიც ისეთი ძლიერი სტიქიური სახალხო რევოლუციური მოძრაობის ხასიათს იღებდა, რომ უაღრესად კრიტიკულ მდგომარეობაში აგდებდა ცარიზმის სატრაპებს და კოლონიური რეჟიმის ყოფნა-არყოფნის საკითხს აყენებდა ხოლმე.
ს. დოდაშვილი პეტერბურგში იმყოფებოდა 1832  წ. დეკემბერში, როცა სენატის მოედნიდან ზარბაზნების ქუხილმა მთელი რუსეთი შეაზანზარა. დოდაშვილს კავშირი ჰქონდა დეკაბრისტულად განწყობილ პიროვნებებთან. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო გაჩხრეკისას მას უპოვეს დეკაბრისტულ მოძრაობასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელიც რუსეთიდან სამშობლოში ჩამოეტანა.
ამჟამად მრავალმეტყველი მასალა მოგვეპოვება იმის დამადასტურებლად, თუ რა გაბედულებით იბრძოდა ს.დოდაშვილი, როგორც თავისი დროის დემოკრატი-განმანათლებელი, ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად, მეფის ჩინოსნებისა და თავად-აზნაურთა თვითნებობის წინააღმდეგ. ს.დოდაშვილმა გამოძიების დროსაც კი ვერ მოახერხა დაეფარა თავისი რადიკალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებები, კერძოდ, სიმპათიები სახელმწიფოებრივი წესწყობილების რესპუბლიკური ფორმისადმი.
საგანგებო ყურადღების ღირსია შეთქმულების მეორე მონაწილის, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის, სოციალურ-პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც აგრეთვე რადიკალიზმით ხასიათდება. გამოძიების მასალაში არის ნიშნები, რომ იგი შეთქმულთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მაგრამ პოეტი ძალზე ფრთხილად მოქმედებდა, შეთქმულთა უმეტესობაც ცდილობდა ალ. ჭავჭავაძის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლასთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტებიც გვიდასტურებს პოეტის პოლიტიკური და საზოგადოებრივი იდეების რადიკალურ ხასიათს. ცნობილია, რომ ალ. ჭავჭავაძე გვევლინება მე 19-საუკუნის ქართულ ლიტერატურაში მოწინავე საზოგადოებრივი იდეების პირველ გაბედულ მქადაგებლად. ფრანგულიდან მის მიერ თარგმნილ ერთ სოციალურ ტრაქტატში გატარებული აზრი, რომ ადამიანი დაბადებულია თავისუფლებისათვის, მაგრამ ტირანები და მდიდრები ხალხის უმრავლესობას მონობის უღელში აბამენ და გზას უხშობენ ბედნიერებისაკენ.
ნიშანდობლივია, რომ ალ. ჭავჭავაძე სოციალურ საკითხს ორგანულად უკავშირებს ეროვნულ იდეას. პოეტი მიუთითებს არა მარტო იმ უსამართლობაზე, რომელიც საზოგადოების ერთი კლასის მიერ მეორის ჩაგვრით არის გამოწვეული, არამედ ააშკარავებს ეროვნულ უსამართლობასაც, დამპყრობელ სახელმწიფოთა მტაცებლურ ზრახვებს მცირე ერთა მიმართ. ალ. ჭავჭავაძეს საქართველოში გადმოსახლებულ დეკაბრისტებთან, ჩანს, ახლო იდეური კავშირი დაუმყარებია. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობის დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოს მთავარმართებლის, როზენის, საიდუმლო მიწერილობა 1832 წელს სამხედრო მინისტრ ჩერნიშოვთან.
როგორც ჩანს, როზენს უტყუარი მასალები ჰქონდა ხელთ დეკაბრისტული იდეებით შთაგონებულ გრიბოედოვთან ალ. ჭავჭავაძის იდეურ-პოლიტიკური კავშირის შესახებ. აღსანიშნავია აგრეთვე როზენის მოსაზრება ალ. ჭავჭავაძისა და თბილისის ყოფილი გუბერნატორის, ზავილეისკის, იდეური ურთიერთობის შესახებ. ზავილეისკი ახლო ურთიერთობაში იყო ქართველ შეთქმულებთან, რომლებსაც თბილისში მყოფი მოწინავე პოლონელი ემიგრანტების მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ. ზავილეისკი ცნობილი იყო პროგრესული სოციალურ-პოლიტიკური მსოფლმხედველობით.
ამით აიხსნება მისი მეგობრობა გრიბოედოვთან. ივ. ჯავახიშვილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ზავილეისკი მოწინავე საზოგადოებრივი შეხედულებების ადამიანი იყო და ილაშქრებდა ბატონყმური ექსპლოატაციის წინააღმდეგ.
ქართველთა შეთქმულებაში ჩარეული იყვნენ პროგრესულად განწყობილი რუსები და უკრაინელები (პაუშენკო, მელნიკოვი). ერთი მათგანი პაუშენკო, აღნიშნავს ზავილეისკის პროტესტანტულ განწყობილებას. მის ჩვენებაში ნათქვამია: ¨ 1832 წლის შესახებ, აი, რას გავბედავ კომისიას ვაცნობო... უკმაყოფილების სული სუფევდა არა მარტო ქართველებს, არამედ ჩვენი რუსი მოხელეების შორისაც. ეს უკმაყოფილება უმთავრესად გენერალ ზავილეისკის ეხებოდა¨ [4]კიდევ უფრო მრავალმეტყველი მასალა გვაქვს ხელთ შეთქმულების მესამე მონაწილის, პოეტ გრიგოლ ორბელიანის, შესახებ. ახალგაზრდა გრ. ორბელიანის შემოქმედებაც გვაძლევს მისი მოწინავე მსოფლმხედველობის გასაღებს. მან გადმოაქართულა დეკაბრისტ რილეევის ¨ ნალივაიკოს აღსარება¨ . მაგრამ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის საინტერესო საკითხს გასაშუქებლად გრ. ორბელიანის დღიურებს, რომლებშიც ქართველი პოეტი გარკვევით ამჟღავნებს რესპუბლიკურ განწყობილებას. 1831  წ. 24 ოქტომბერს მან გავლით დაჰყო ნოვგოროდში. 30-იანი წლების რუსულ რომანტიკულ ლიტერატურაში ნოვგოროდი და  ფსკოვი – ეს საშუალო საუკუნეების ორი თავისუფალი ქალაქი – წარმოადგენდა პოლიტიკური თავისუფლების სიმბოლოს. ნოვგოროდის ხილვას გრიგოლ ორბელიანში აღუძრავს ფიქრი ამ ქალაქის წარსულის შესახებ, მის თავისუფალ წყობილებაზე.
თუ შევადარებთ ქართველი პოეტის სევდიან დაფიქრებას ნოვგოროდის წარსული თავისუფლების გამო ერთი წლის შემდეგ – 1832 წელს – ამავე თემაზე დაწერილ ლერმონტოვის ლექსს ¨ მოგესალმები შენ, წმინდა აკვანო¨ , დავრწმუნდებით ამ პოეტის აზრთა და განწყობილებათა ნათესაობაში. ლერმონტოვიც, ისევე როგორც გრ. ორბელიანი, აიდეალებს ნოვგოროდის თავისუფლებას და გულდაწყვეტით წერს ¨ ვეჩეს ზარის¨ დადუმების შესახებ.
ნოვგოროდი და ფსკოვი დაკავშირებული იყო დეკაბრისტულ იდეალებთანაც. დეკაბრისტების ბელადი კ. რილეევი 1825 წლის იანვარში სწერდა პუშკინს: ¨ შენ ფსკოვის მახლობლად ხარ; მანდ ჩახშობილია რუსული თავისუფლების უკანასკნელი გაელვება, იგი შთაგონების ნამდვილი მხარეა, და ნუთუ პუშკინი დასტოვებს ამ მიწას უპოემოდ!¨
დეკაბრისტებისათვის დამახასიათებელი პოლიტიკური თავისუფლების ეს პროგრესული იდეალი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ ყოფილა უცხო 30-იანი წლების ქართული სინამდვილისათვისაც. შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ შეთქმულთაგან მხოლოდ დიდი ქართველი მოაზროვნეები და მწერლები იყვნენ გატაცებულნი რესპუბლიკანიზმისა და დეკაბრიზმის იდეებით. შეთქმულთა შორის ერია არა ერთი სამხედრო პირი, რომელთაც თავისი დროის მოწინავე იდეები ღრმად ჰქონდათ შეთვისებული. ეს გამოკრთის თვით დაკითხვის მასალებში, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მათგანი ცდილობდა გვერდი აევლო ისეთი მოვლენის გამომჟღავნებისათვის, რაც პოლიტიკურ რადიკალიზმს უკავშირდებოდა.
ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენებაში მითითებულია დეკაბრისტებისადმი გვარდიის კაპიტნის თ. ჩოლოყაშვილის სიმპათიების შესახებ. ამ ჩვენებაში ნათქვამია: ¨ სადილის წინ გერმანელთა ახალშენში წაველ გასასეირნებლად და გზაზედ შევედი მასთან (ჩოლოყაშვილთან), ის სახლში დამხვდა... სხვადასხვა საუბრის შემდეგ, განაგრძობს გვარდიის კაპიტანი თ. ჩოლოყაშვილი: ”დიახ, კინაღამ რუსეთი დაირღვა (лопнуло), ამბობს ის. თუ მეამბოხეები დეკემბრის 14-ს არსენალთან მივიდოდნენ და არა სენატთან, უეჭველად გაიმარჯვებდნენ, მაშინ ბრბო მოჰკიდებდა იარაღს ხელს და ვაი დატრიალდებოდა; შემდეგ ხსნის მეამბოხეთა გეგმას, თუ ვინ როგორ ზიანს აყენებდა... პესტელი ურჩევდა, რომ აუცილებლად პოლონეთი, საქართველო და სხვა ოლქები მათ მფლობელთ უნდა დაუბრუნდესო...
იგივე თ. ჩოლოყაშვილი განაგრძობს: პოლონელებმა ძეგლები აუშენეს იმ პირთა და ზეიმით იდღესასწაულეს მათი ხსოვნა, ვინც 14 დეკემბრის გამო დასჯილ იქნენ ¨ [5].
მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს აგრეთვე სამხედრო პირის, დოლგორუკოვის, დღიური, რომელშიც ჩაწერილია მისი საუბარი ქართველ ოფიცერთან, გ. ბაგრატიონ-მუხრანსკისთან, პაჟთა კორპუსი მათი ერთად ყოფნის დროს. თავადი ბაგრატიონ მუხრანსკი დიდი სიმპათიით ახასიათებს დეკაბრისტებს, როგორც მეფის ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლთ და ხალხის ინტერესების გამომხატველთ. გ. ბაგრატიონ-მუხრანსკის აზრით, დეკაბრისტების შეცდომა მხოლოდ ის იყო, რომ მათ ვერ შეიმუშავეს სწორი სტრატეგიული გეგმა და ვერ შეძლეს ფართოდ გაეშალათ აგიტაცია სამხედრო სასწავლებლებსა და სამხედრო ნაწილებში. ბაგრატიონ-მუხრანსკის მოსაზრებით, დეკაბრისტებს იმპერატორის სიძულვილის სულისკვეთებით უნდა აღეზარდათ ახალი თაობა, რომელიც შემდეგში ყველა საკომანდო ადგილებს ჩაიგდებდა ხელში და ერთი დაკვრით მოსპობდა თვითმპყრობელურ ტირანიას.
თავად ბაგრატიონ-მუხრანსკის პოლიტიკური განწყობილება უკიდურესად რადიკალურია. იგი გაჟღენთილია დეკაბრისტული იდეებით, ცდილობს დეკაბრისტთა მარცხის ისტორიული გამოცდილებიდან გამოიტანოს გარკვეული პოლიტიკური დასკვნა. ქართული საიდუმლო საზოგადოების ტაქტიკა, რომელიც გულისხმობდა თვითმპყრობელობის ხელმძღვანელი აპარატის ერთი დაკვრით განადგურებას, ერთგვარად გვაგონებს ბაგრატიონ-მუხრანსკის შეხედულებას ცარიზმზე უეცარი და გადამწყვეტი იერიშის მიტანის შესახებ.
ზემოთ განხილული მასალები გვარწმუნებს, რომ 1828 –1832 წლებში არსებული ქართული ფარული საზოგადოება თავისი იდეურ-პოლიტიკური მიმართულებით ერთფეროვანი არ  ყოფილა. შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს შეთქმულთა პროგრესული ჯგუფის მცირერიცხოვნობა ამ ჯგუფის ისტორიულ მნიშვნელობას ზღუდავდეს, პირიქით, რესპუბლიკურ-პროგრესული მიმართულება აძლევდა ტონს მთელ მაშინდელ ქართულ სულიერ კულტურას და ლიტერატურას, რამდენადაც იგი პასუხობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების მოწინავე ტენდენციებს. ამ მიმართულებას უკავშირდება თავისი საწყისებით XIX საუკუნის ქართული ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელშიც ცხოველ გამოხმაურებას პოულობდა ეპოქის პროგრესული სოციალური იდეები.
შეთქმულთა პროგრესული ნაწილი ღრმა იდეურ ზეგავლენას ახდენდა ქართველ მოღვაწეთა ახალ თაობაზე. ცნობილია , რომ ნიკოლოზ ბარათაშვილსა და მის მეგობრებს თავიანთ ახალგაზრდულ ალმანახში შეჰქონდათ შეთქმულთა პატრიოტული ხასიათის თხზულებანი. თვით ახალი ქართული პოეტური ეპოსის შესანიშნავი ძეგლი ¨ ბედი ქართლისა¨ ეხმაურება აღნიშნულ პროგრესულ-რესპუბლიკურ მიმართულებას. პოემაში ნ. ბარათაშვილი გამოხატავს მოწინავე პოლიტიკურ იდეოლოგიას, როცა სოლომონ ლეონიძეს წარმოათქმევინებს პროტესტს იმის გამო, რომ ერთი კაცი (მეფე) აღჭურვილია ყოველი უფლებით და ხალხის ბედს ¨ ისე განაგებს, ვითა ამღერდეს იგი კამათლებს¨ . რუსულ ლიტერატურაში პუშკინი დეკაბრისტების მომღერლად ითვლება, ნ. ბარათაშვილი კი, ა. ჭავჭავაძესთან და გრ. ორბელიანთან ერთად, 30- 40- იანი წლების ქართულ სინამდვილეში პროგრესული საზოგადოებრივი აზრის პოეტური გამომხატველია.
ფარული საზოგადოების მოწინავე წარმომადგენელთა ლიტერატურული მემკვიდრეობისა და მსოფლმხედველობის შესწავლა გვარწმუნებს, რომ მათ საქართველოსათვის დამღუპველად მიაჩნიათ პოლიტიკური ორიენტაცია სპარსეთ-ოსმალეთზე. ისინი მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული რუსეთის პროგრესულ აზროვნებასთან. მათ სწამდათ, რომ ახალ ისტორიულ ვითარებაში მაჰმადიანური სახელმწიფოები ვერ გაბედავდნენ საქართველოზე გამოლაშქრებას და საერთაშორისო ძალთა პოლიტიკური თანაფარდობის პირობებში საქართველო შეძლებდა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შენარჩუნებას. ისინი გულწრფელად ცდებოდნენ ბევრ რამეში. მაგრამ განა ცოტა შეცდომა დაუშვეს რუსმა დეკაბრისტებმა 1825 წელს ან პოლონელმა შეთქმულებმა 2831 წელს? მთავარი ის არის, რომ მათი მოძრაობა ატარებდა იმ დროისათვის პროგრესულ ხასიათს და უპირისპირდებოდა ცარიზმის ბნელ ძალებს.
არ შეიძლება აქვე არ შევეხოთ საქართველოში გადმოსახლებული დეკაბრისტების როლს  მოწინავე საზოგადოებრივი მოძრაობის გაღვივებაში. ამ დროს საქართველოში გადმოსახლებულ დეკაბრისტებთან რომ ახლო კავშირი ჰქონდათ ჩვენი საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლებს, ეს ეჭვს არ იწვევს. მას ხელს უწყობდა 20 –30-იანი წლების საქართველოში არსებული პროგრესულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელოვანი კერები. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს გრიბოედოვის შესახებ პროფ.ნეჩკინას გამოკვლევის ის ადგილები, რომლებიც საქართველოს საზოგადოებრივ მოძრაობას ეხება. ამ შრომაში ვკითხულობთ: ¨ ჩვენ ვხედავთ, რომ აქ, შორეულ საქართველოში, თავის გამოხმაურებას ჰპოულობს რუსული რევოლუციური მოძრაობა, ევროპული რევოლუციური სიტუაცია და მისი გადასვლა რევოლუციაში...იმ ეპოქაში, რომელიც ჩვენი შესწავლის საგანია, საქართველოში შეინიშნება არა ნაკლებ სამი ცენტრისა, სადაც მიმდინარეობდა გაცხოველებული მსჯელობა იმ დროის პოლიტიკურ საკითხებზე და ვითარდებოდა მოწინავე იდეური ცხოვრება¨ [6]. ეს სამი ცენტრი, მკვლევარი აზრით, იყო პირველ ყოვლისა- თბილისი, შემდეგ – ყარაღაჯი (სადგომი ნიჟეგოროდის პოლკისა, სადაც მსახურობდა და რამდენიმე ხანს პოლკის უფროსადაც იყო ალ. ჭავჭავაძე და სადაც არა ერთ რევოლუციურად განწყობილ პირს ვხვდებით); მესამე ისეთსავე ცენტრად მკვლევარი გულისხმობს ალ. ჭავჭავაძის მამულს-წინანდალს, სადაც მოწინავე ძალები  იყრიდნენ თავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ პერიოდის ქართული ლიტერატურის განმათავისუფლებელი პათოსი და იდეური სიღრმე, რაც პირობადებული იყო იმ დროის საქართველოს საზოგადოებრივ–ისტორიული ცხოვრებით და მდიდარი კულტურული ტრადიციებით. ეს იყო ახალი ეპოქა ქართულ ლიტერატურაში.
რა მდგომარეობაში იყო ქართული კულტურა და ლიტერატურა XIX საუკუნის 30-იან წლებსა და 40-იანი წლების დასაწყისში?
მიუხედავად იმისა, რომ ქართული კულტურას ყოველმხრივ სდევნიდა და ავიწროებდა ცარიზმი, ქართული ეროვნული შემოქმედებითი ძალები მაინც ამოძრავდნენ, საზოგადოებრივ-კულტურული ინტერესები თანდათან ფართოვდებოდა. უკვე 30-იან წლებში საფუძველი ეყრება ქართულ პერიოდულ პრესას. 1819 წელს იწყებს გამოსვლას ყოველკვირეული ბეჭდვითი ორგანო ¨ საქართველოს გაზეთი¨ . გაზეთს სცემდა კავკასიის ცალკე კორპუსის შტაბი. იგი რუსულ ენაზე იწერებოდა და შემდეგ ითარგმნებოდა ქართულად. მთავარი ადგილი გაზეთის ფურცლებზე დათმობილი ჰქონდა ოფიციალურ განცხადებებს, არაოფიციალურ ნაწილში იბეჭდებოდა ¨ უცხო ქვეყნის ამბები¨ და უმთავრესად თარგმნილი მოთხრობები.
1820 წლიდან ამ გაზეთს უწოდეს ¨ ქართული გაზეთი¨ . ეს ორგანო, რა თქმა უნდა, ვერ გამოხატავდა საზოგადოებრივი ცხოვრების მაჯისცემას, მაგრამ მას უცილოდ გარკვეული ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი პრესის განვითარებაში.
1828  წ. თბილისში დაარსდა გაზეთი ¨ ტფილისის უწყებანი ¨ . იგი იყო ოფიციოზი და გამოდიოდა რუსულ და ქართულ ენებზე. აქ მთარგმნელად მოწვეულ იქნა პირველ ხანებში სოლომონ დოდაშვილი, მაგრამ სულ მალე მისი როლი ამ გაზეთის საქმიანობაში განსაკუთრებით თვალსაჩინო შეიქნა და იგი 1829  წ. უკვე გაზეთის რედაქტორია, ხოლო 1830 წლიდან - გამომცემელიც. ს. დოდაშვილი ადრევე იყო დაინტერესებული ჟურნალისტიკის საკითხებით. მას ჯერ კიდევ 1827 წელს კავშირი დაუმყარებია მოსკოვის პერიოდულ გამოცემათა რედაქციებთან და დაპირებია მათ სტატიების გაგზავნას საქართველოს შესახებ. მით უფრო დიდ პერსპექტივებს შლიდა ს. დოდაშვილის წინაშე ქართული პერიოდული ორგანო. იგი ენთუზიაზმით მოეკიდა გაზეთში მუშაობას. ქართველი ინტელიგენცია სიხარულით შეხვდა ეროვნული გაზეთის დაარსებას, ქართველი საზოგადოების მოწინავე ძალები ს. დოდაშვილს ყოველთვის მხარში ედგნენ. როდესაც, 1830  წ. დეკემბერში, გაზეთის გამოცემა ხელისმომწერთა სიმცირის გამო შეწყდა, ს. დოდაშვილი მოუნახულებიათ მაშინდელ ცნობილ მოღვაწეებს ალექსანდრე ორბელიანს, ელიზბარ ერისთავს და მისთვის დახმარება შეუთავაზებიათ გაზეთის განახლებისათვის. ქართული გაზეთის საქმეს დიდად თანაუგრძნობდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე, ახალგაზრდა მწერლები – გიორგი ერისთავი, სოლომონ რაზმაძე და სხვები. აღსანიშნავია, რომ მათი ნაწერები პირველად დაიბეჭდა ახალ ქართულ პერიოდულ გამოცემებში. ¨ ტფილისის უწყებანი¨ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში. მართალია, იგი მეტად შეზღუდული იყო მეფის ხელისუფლების მიერ და მის ფურცლებზე უმეტესად ოფიციალური მასალები ქვეყნდებოდა, მაგრამ, ასე თუ ისე, გაზეთი მაინც ძვირფას ცნობებს შეიცავს მაშინდელი საქართველოს ცხოვრების შესახებ, მასში მრავლადაა გაბნეული მასალა საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობა – მრეწველობის და სოფლის მეურნეობის გარშემო.
ამ გაზეთში გამოქვეყნდა საქართველოს ეთნოგრაფიის და სწავლა-აღზრდის მასალები, პირველად ალ. ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი პუშკინის ლექსი და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ისტორიული მტრების –თურქების, ირანელებისა და აგრეთვე ლეკთა თავდასხმების წინააღმდეგ ქართველებისა და რუსების ერთობლივი გმირული ბრძოლების არა ერთი აღწერა, რომელიც ¨ ტფილისის უწყებანის ¨ ფურცლებზე გვხვდება.
ამ გაზეთთან შედარებით, გაცილებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1832  წ. პირველი ქართული ჟურნალის ¨ სალიტერატურო ნაწილი ტფილისის უწყებათანის¨ გამოსვლას. მის რედაქტორთან –ს.დოდაშვილთან – ერთად ამ ჟურნალის ინიციატორები და ხელის შემწყობნი იყვნენ ელიზბარ ერისთავი, ალ. ჭავჭავაძე და ალ. ორბელიანი. ჟურნალი დაარსდა, როგორც ნათქვამია სარედაქციო განცხადებაში, ¨ შესაწევნელად განათლებისა, განვრცელებისათვის ბუნებითისა ენისა ჩუენისა და მიახლოებისათვის განბრძნობილთა მცხოვრებთა ევროპიისათა¨ [7]. პირველი ქართული ჟურნალის მთავარი დანიშნულება იყო გაეღვიძებინა ქართველთა შორის სიყვარული ეროვნული მწერლობისადმი. ამ ჟურნალის მიზანი იყო აგრეთვე, რასაც უკვე დაკითხვაზე აღიარებს რედაქტორი, დაენერგა საზოგადოებაში¨ თავისუფალი აზრები¨ , დაებეჭდა ¨ თავისუფლების მოყვარეობით აღბეჭდილი თხზულებანი¨ . თუ რამდენად გამოამჟღავნა ჟურნალმა თავისუფლებისმოყვარეობის სულისკვეთება, ეს კარგად ჩანს გიორგი ერისთავის პატრიოტული ნაწარმოებიდან ¨ ოსური მოთხრობა¨ და აგრეთვე მთელი რიგი ისტორიული თხზულებებიდან, რომლებიც ამ ორგანოში დაიბეჭდა. მშობლიური ენისა და ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვიძებას ემსახურება სოლ. დოდაშვილის შესანიშნავი ვრცელი ნარკვევი ¨ მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა¨ , რომელსაც ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ. ჟურნალი გაბედულად ილაშქრებდა ქართული ისტორიის გამყალბებლების წინააღმდეგ. მის ფურცლებზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც სასტიკად იყო გაკრიტიკებული ჟურნალისტ გორდეევის შეცდომები, რომელიც მან დაუშვა საქართველოს ისტორიის შესახებ რუსულ ენაზე დაწერილ ნარკვევში.¨
სალიტერატურო ნაწილის¨ ფურცლებზე მოთავსებული ისტორიული მასალებიდან ღირსშესანიშნავია აგრეთვე ნაშრომი ¨ მეფობა ერეკლე მეორისა¨ . მხატვრული ლიტერატურიდან ზემოაღნიშნულ ნაწარმოებებს გარდა, ჟურნალში აღსანიშნავია პუშკინის ქართული თარგმანები, ს. დოდაშვილის ორიგინალური და თარგმნილი მოთხრობები და ალექსანდრე ორბელიანის, თადეოზ გურამიშვილისა და დავით მაჩაბლის ლექსები.
¨ სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი¨ უწყობდა საზოგადოებრივი აზრისა და ლიტერატურული ცხოვრების გამოცოცხლებას. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, 30-იანი წლების ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე მაინც მეტად მკრთალად არის ასახული ქართული საზოგადოების სულიერი ცხოვრება; სინამდვილეში იგი გაცილებით მეტი შინაარსით და მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტებით იყო სავსე. ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ჟურნალისტიკის ისტორიისათვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქართულ ჟურნალ-გაზეთების გამოცემის ცდებს 30 –იან წლებსა და 40-იანი წლების დასაწყისში. მართალია, სხვადასხვა მიზეზებით, და უმთავრესად მეფის მთავრობის მიერ შექმნილ დაბრკოლებათა გამო, ამ გამოცემების განხორციელება არ მოხერხდა, მაგრამ თვით ასეთი ცდა გარკვეული საზოგადოებრივ-კულტურული ინტერესების ზრდის მაჩვენებელია. ამათგან დავასახელებთ ზოგიერთს:1831 წელს განუზრახავთ ქართული გაზეთის ¨ კავკასიის ოლქის უწყებანის¨ გამოცემა.1838  წ. იყო ცდა ქართული ჟურნალის ¨ აღმოსავლეთის ფუტკრის¨ გამოცემისა. იმავე წელს ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი მარი ბროსეს თბილისიდან სწერდა: ¨ თუ ღმერთს ნებავს, მსურს, გარნა არა ეხლა, ჟურნალის რაისამე გამოცემისა¨ . 1842 წელს დაიბადა აზრი, დაეარსებინათ ქართული ჟურნალი ¨ ივერიის ტელეგრაფი¨ . ეს იდეა წამოაყენა ი. ბარტდინსკიმ, რომელმაც 1845  წ. პეტერბურგში დაიბეჭდა და გავრცელდა საზოგადოებაში განცხადება (¨ გამოცხადება¨ , ქართული ჟურნალის ¨ სინათლის¨ გამოცემის მაუწყებელი. ეს განცხადება მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ დროის ქართული ინტელიგენციის გონებრივი ინტერესების გასათვალისწინებლად.
განცხადების შემდგენელნი, პირველ ყოვლისა, აღნიშნავენ, რომ ქართველ ხალხს აქვს უმდიდრესი და უძველესი სულიერი კულტურა, რომელიც ¨ გარდიცემოდა საუკუნიდგან საუკუნეთა შინა¨ . ამჟამად კი დიდი შეფერხებაა ქართული კულტურის წინსვლის გზაზე და საჭიროდ ვთვლით გამოვცეთ ქართული ჟურნალი, რომელიც განათლების, მეცნიერების და ხელოვნების განვითარებას ხელს შეუწყობს. ამ ორგანოს გამოცემის მეთაურებმა წამოაყენეს იდეა ჟურნალისტთა კორპორაციის დაარსებისას. ეს ცდა უსათუოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში. ამრიგად, რა მარტო უკვე არსებული ჟურნალ-გაზეთები გვაძლევენ გარკვეულ წარმოდგენას განხილული პერიოდის ქართული ინტელიგენციის კულტურულ – საზოგადოებრივ ინტერესებზე, არამედ ის ცდებიც, რომლებიც, ობიექტური მიზეზებით, წარმატებით არ დაგვირგვინდა.
ჩვენ გავეცანით ჩვენთვის საინტერესო პერიოდის ქართული ჟურნალისტიკის განვითარების მთავარ მომენტებს. მაგრამ აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის პირველი მესამედის ქართულ კულტურულ ცხოვრებაზე მთლიანი წარმოდგენის შემუშავება ოფიციალურ ბეჭდვით გამოცემათა მიხედვით შეუძლებელია.
მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების მაჯისცემა და ლიტერატურულ- შემოქმედებითი მუშაობა უმთავრესად სალონებსა და ლიტერატურულ წრეებში თუ შეკრებებში იჩენდა თავს და იმ დროის მძიმე კოლონიური რეჟიმის გამო ბეჭდვით გამოხატულებას ნაკლებად პოულობდა. იმ დროის ქართულ ლიტერატურულ ცხოვრებაში რომ ცხოველ მოძრაობას ჰქონდა ადგილი, ეს კარგად ჩანს ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთი წერილიდან. ნ. ბარათაშვილი, რომელსაც მისი დროის ქართული კულტურის წინსვლა და განვითარება უსაზღვროდ ახარებდა, 1841  წ. თავის ბიძას გრიგოლ ორბელიანს სწერდა: ¨ ლიტერატურა ჩვენი, ღვთით, დღე და დღე შოულობს ახალთა მოყვარეთა. მრავალნი ყმაწვილნი კაცნი, მოცლილნი სამსახურითგან, მყუდროებაში და მარტოობაში, შეეწევიან მამულს ენას, რაოდენიცა ძალუძთ. ესე საზოგადო სული ბუნების ენის ტრფიალებისა ყმაწვილთ კაცთ შორის აღმოაჩენს, რომ ქართველთ არა სძინავთ გონებით¨ ![8]. თვითონ ნ. ბარათაშვილი მაშინდელი კულტურული ცხოვრების ერთი მთავარი სულისჩამდგმელი იყო.
გამოცოცხლება დაეტყო თეატრალურ ცხოვრებასაც. წარმოდგენები და შეკრება – საღამოები იმართებოდა ალექსანდრე ჭავჭავაძის და სხვა ქართველ მოღვაწეთა სახლებში. 1832  წ. თბილისში წარმოუდგენიათ გრიბოედოვის ¨ ვაი ჭკუისაგან¨ , რის შესახებაც ცნობას გვაწვდის ¨ სალიტერატურო ნაწილნი ტფილისის უწყებათანი¨ (1832 წ. № 2). 30- წლებში თბილისში იმართებოდა სპექტაკლები, რომლებშიც მონაწილეობას იღებდა 1832  წ. შეთქმულთა ერთი ნაწილი. ვახტანგ ორბელიანს და გიორგი ერისთავს რუსულიდან ქართულად უთარგმნიათ საყოფაცხოვრებო ხასიათის კომედია, რომლის დადგმაზე ენერგიულად მუშაობდნენ როგორც მთარგმნელნი, ასევე თეატრის მოყვარული ქართველი ახალგაზრდობა.
1841  წ. ნ. ბარათაშვილმა თარგმნა ლაიზევიცის ტრაგედია ¨ იულიუს ტარენტელი¨ , ხოლო დიმიტრი ყიფიანმა – შექსპირის ¨ რომეო და ჯულიეტა¨ . აქვე უნდა აღინიშნოს ალ. ჭავჭავაძის მოღვაწეობა ქართული თეატრისა და დრამატურგიის დარგში. ალ. ჭავჭავაძის მოღვაწეობა ქართული თეატრისა და დრამატურგიის დარგში. ალ. ჭავჭავაძე 30-40-იან წლებში ქართულ საზოგადოებაში თეატრალური ინტერესების ერთ – ერთი გამღვივებელია. ალ. ჭავჭავაძე ფრანგულიდან თარგმნის რასინის ¨ ესთერს¨ და ¨ ფედრ ას¨ , კორნელის ¨ სინნას¨ ,. და¨ უდიპს¨ , ვოლტერის ¨ ალზირა ანუ ამერიკელნის¨ და ¨ მეროპას¨ . ჩვენამდე მოღწეულია რასინის პიესის ¨ ესთერის¨ ნაწილის თარგმანი, ალ. ჭავჭავაძის მიერ შესრულებული. ქართულ თარგმანში შემორჩენილია გადაწერილი როლები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პიესის დადგმა განზრახული ჰქონიათ. 1844  წ. ალ ჭავჭავაძემ თარგმნა ტრაგედია ¨ სინნა¨ , რომელიც უნდა წარმოედგინათ ალ. ჭავჭავაძის სახლში. ამ სპექტაკლში მთავარი როლები უნდა შეესრულებინათ თვით ალ. ჭავჭავაძეს, ნ. ბარათაშვილს, გრ. ორბელიანს, გრ. დადიანს (კოლხიდელს) და სხვ. ალ. ჭავჭავაძის ეს წამოწყება არ განხორციელებულა. ჯერჯერობით გამოურკვეველია, რატომ არ შედგა ეს საინტერესო სპექტაკლი.
მე 19- საუ. პირველ მესამედში სახალხო განათლების სფეროშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. ცნობილია, რომ სწავლა – განათლების საქმეს საქართველოში სახელოვანი ტრადიციები ჰქონდა. ისტორიული ფაქტებით დასტურდება განათლების მრავალი ცენტრის, მათ შორის აკადემიის, არსებობა ძველ საქართველოში.
სწავლა – აღზრდის და განათლების დარგში XIX საუკუნის პირველი ათეული წლების მანძილზე აღსანიშნავია ძველი ტიპის სასწავლებლების ნაცვლად ახალი, ევროპული ტიპის კერძო სკოლებისა და პანსიონების ჩამოყალიბება, სადაც, მსგავსად რუსეთის მთავარი ქალაქებისა, უცხოელი აღმზრდელები იყვნენ მოწვეულნი. განათლების სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 1802 წელს ¨ თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის¨ დაარსებას, რომელიც 1830  წ. მარტში გიმნაზიად გადაკეთდა. აქ. განათლება მიიღო არა ერთმა გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწემ (გრ. ორბელიანი, გ. ერისთავი, ნ. ბარათაშვილი). 1832  წ. თბილისში ჩამოაყალიბეს ქალთა კერძო სასწავლებელი, რომელსაც მთავრობა აძლევდა სუბსიდიას, 1840  წ. კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტად გადააკეთეს. 1817 წლიდან თბილისში, ამასთანავე, არსებობდა სასულიერო სასწავლებელი და სემინარია. ჩვენში მე 19-ე საუკუნის პირველ წლებამდე მოაღწია აგრეთვე საოჯახო, შინაური სწავლა –განათლების მიღების მაღალმა კულტურამ.
40 – იანი წლების დასაწყისში ქართველ მოღვაწეთა მესვეურობით თბილისში საფუძველი ჩაეყარა პირველ კერძო ბიბლიოთეკას, რაც ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო იმ დროისათვის. 40-იანი წლებში საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ისიცაა, რომ ამ ხანებში ქართველი მოღვაწეები უკავშირდებიან პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიას, კერძოდ, გამოჩენილ სწავლულს მარი ბროსეს და აკადემიის დავალებით ქართული კულტურის ძეგლების და საისტორიო მასალის შეკრებას ეწევიან. ამ მუშაობაში ჩაბმული იყვნენ პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი, ისტორიკოსი სულხან ბარათაშვილი და სხვა ქართველი ახალგაზრდები. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის კულტურულ-სამეცნიერო მუშაობა, რომელსაც XIX საუკუნის პირველ მესამედში ეწეოდნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები თეიმურაზ, იოანე და დავით ბატონიშვილები.
ამავე პერიოდში ქართულად ითარგმნა რუსული და დასავლეთ ევროპის ლიტერატურის მრავალი ძეგლი. პირველ ათეულ წლებში ქართულ ენაზე გამოვიდა ¨ განსჯანი არისტოტელისანი¨ (თეიმურაზ ბატონიშვილის თარგმანი), ჟან-ჟაკ რუსოს ¨ ჰაზრნი სხუა და სხუათა საგანთათვის¨ , პლუტარქეს ¨ ყრმათათვის ანუ ცხოვრება უდიდებულესთა გუამთა¨ . დავით და იოანე ბაგრატიონები თარგმნიან ფილოსოფიისა და ესთეტიკის სფეროდან მონტესკიეს, ანსილიონისა და კონდილიაკის შრომებს.
ქართული ისტორიისა და კულტურის გაცნობის სურვილს რუსეთისა და ევროპისათვის უნაყოფოდ არ ჩაუვლია. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოს შესახებ არა ერთი ისტორიული შრომის გამოქვეყნება რუსულ და დასავლეთ ევროპულ ენებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა გამოჩენილი ქართველოლოგის, აკადემიკოს მარი ბროსეს, მოღვაწეობა. მისი შრომები ქართული ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის შესახებ ქვეყნდებოდა უმთავრესად ფრანგულ და რუსულ ენებზე, რამაც დიდად შეუწყო ხელი ქართული კულტურის პოპულარიზაციას. ამ დროს ქართველი მოღვაწეები, საერთოდ, აყენებენ საკითხს ქართული კულტურის მსოფლიო ასპარეზზე გატანის შესახებ. ამ მიზანს ემსახურება, სხვათა შორის, ს. დოდაშვილის 1832 წელს რუსულად და ქართულად დაბეჭდილი სტატია ქართული ლიტერატურის შესახებ.
30- 40-იან წლებში ხელახალი ძალით განსაკუთრებული ინტერესი აღიძრა ¨ ვეფხისტყაოსანისადმი¨ . ¨ ტფილისის უწყებანში¨ 1829 წელს დაიბეჭდა წერილი ¨ რაიმე რუსთაველისათვის¨ . უფრო ადრე, 1829- 29 წლებიდან დაწყებული რუსთაველის თხზულების მიმართ ფრანგულ პრესაში ყურადღება გაამახვილა მარი ბროსემ. რუსულ და უცხო ენებზე დაწერილ თავის მრავალრიცხოვან მეცნიერულ ნარკვევებში და სტატიებში იგი ყურადღების ცენტრში აყენებდა ¨ ვეფხისტყაოსანს¨ , როგორც მხატვრული შემოქმედების მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლს.
1832  წ. ასეთსავე მაღალ შეფასებას აძლევს ¨ ვეფხისტყაოსანს¨ სოლომონ დოდაშვილი თავის ჟურნალში ¨ სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი¨ (ქართულ ენაზე) და ¨ მოსკოვის უწყებებში¨ ( იგივე წერილი რუსულ ენაზე). განსაკუთრებით გაღრმავდა ინტერესი ქართული კულტურისადმი მას შემდეგ, რაც 1841  წ. პეტერბურგში გამოიცა ¨ ვეფხისტყაოსანი¨ აკადემიკოს ბროსეს, პროფ. დ. ჩუბინაშვილისა და ზაქარია ფალავანდიშვილის რედაქციით.
* * *
გასული საუკუნის 20 – 30-იანი წლების საქართველოს კულტურული ცხოვრების საერთო სურათის გასათვალისწინებლად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სულიერ კავშირს, რომელიც ამ პერიოდში დიდმა რუსმა პოეტებმა – გრიბოედოვმა, პუშკინმა, ლერმონტოვმა დაამყარეს ქართულ საზოგადოებასთან[9]. ახლოურთიერთობა ჰქონდათ აგრეთვე ქართული კულტურის მოღვაწეებთან მოწინავე სომეხ და აზერბაიჯანელ მწერლებს, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ.
ამ პერიოდში თვითმპყრობელი მეფეები რუს პოეტებს დასასჯელად გზავნიდნენ საქართველოში (ამის გამო ჩვენს ქვეყანას სამხრეთის ციმბირს¨ უწოდებდნენ ხოლმე). რუსი მწერლები კი აქ მეორე სამშობლოსა და უშრეტი შთაგონების წყაროს ნახულობდნენ.
საქართველოს ისტორიული წარსული , ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრება, მისი კულტურა და წარმტაცი ბუნება მდიდარ მასალას აძლევდა მათს მხატვრულ ფანტაზიას. ბესარიონ ბელინსკი აღტაცებით წერდა: ¨ უცნაური რამაა! კავკასია თითქოს მოწოდებული იყო გამხდარიყო ჩვენი პოეტური ტალანტების აკვნად, მათი მუზის შთამაგონებლად, მათ პოეტურ სამშობლოდ! პუშკინმა კავკასიას მიუძღვნა ერთ-ერთი თავისი პირველი პოემა - ¨ კავკასიის ტყვე¨ ...
მისი რამდენიმე შესანიშნავი ლირიკული ლექსიც კავკასიას მიეკუთვნება. გრიბოედოვმა კავკასიაში შექმნა თავისი¨ ვაი ჭკუისაგან¨ . ამ ქვეყნის ველურმა და დიადმა ბუნებამ, მის შვილთა მშფოთვარე ცხოვრებამ და მკაცრმა პოეზიამ აღაგზნო მისი შეურაცხყოფილი ადამიანური გრძნობა, რათა აესახა... ადამიანური ბუნების კარიკატურათა აპათიური, არარაობითი წრე... და აი, გამოჩნდა ახალი დიდი ტალანტი ( ლერმონტოვი) – და კავკასია ხდება მის პოეტურ სამშობლოდ, რომელიც მას მგზნებარედ უყვარს¨ .
პირველი გამოჩენილი რუსი მწერალი, რომელიც თავისი შემოქმედებით და ბიოგრაფიით მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს, იყო ა. გრიბოედოვი. როგორც ზემოთ მოყვანილ სიტყვებში ბელინსკი აღნიშნავს, გრიბოედოვმა უმთავრესად საქართველოში შექმნა თავისი უკვდავი ნაწარმოები ¨ ვაი ჭკუისაგან¨ .
ქართული თემისადმი განსაკუთრებული ინტერესით არის გამოწვეული გრიბოედოვის ისეთი თხზულება, როგორიცაა ¨ მგზავრის წერილები¨ , რომელშიც გამოხატულია ჩვენი ქვეყნისაგან მიღებული დიდი აღტაცება. კახეთის მომხიბვლელი ბუნებისადმია მიძღვნილი მისი ლექსი ¨ იქ, სადაც რბის ალაზანი¨ . ქართველი ტყვე  ყმაწვილის ტრაგიკული ბედი დიდი თანაგრძნობით აქვს აღწერილი გრიბოედოვს დაუმთავრებელ პოემაში¨ მეყალიონე¨ . ჩვენი ხალხური ზეპირგადმოცემის შესწავლის საფუძველზე შექმნა გრიბოედოვმა დრამა ¨ ქართული ღამე¨ , ხოლო მეორე დრამაში,¨ როდამისტი და ზენობია¨ , დეკაბრისტების ბრძოლის პრინციპების საკითხი ქართული ისტორიის უძველეს პლასტებთანაა დაკავშირებული.
კიდევ უფრო გაღრმავდა გრიბოედოვის ინტერესი ჩვენი სამშობლოს მიმართ მას შემდეგ, რაც დიდმა რუსმა მწერალმა ცოლად შეირთო ნინო ჭავჭავაძე.
საქართველოს სიყვარულს და მისი წარმატებისათვის ზრუნვას ადასტურებს აგრეთვე გრიბოედოვის გრანდიოზული ეკონომიკური გეგმები ჩვენი ქვეყნის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ. როცა საჭირო იყო, გრიბოედოვი თავგამოდებით იცავდა საქართველოს ღირსებას მოსყიდული კალმოსნებისაგან.რუსმა მწერალმა ხმა აღიმაღლა გაზეთ ¨რუსკი ინვალიდის¨  წინააღმდეგ, როცა მის ფურცლებზე ოსმალეთის რეაქციული პრესის გზით გავრცელებული ჭორები დაიბეჭდა.
გაზეთი ¨ივერია¨ გრიბოედოვის გარდაცვალების 75 წლისთავთან დაკავშირებით სამართლიანად წერდა: ¨ თუ რუსეთს თავი მოაქვს ა. გრიბოედოვით, ჩვენთვის არანაკლებ სასახელოა იგი, რომელმაც, გაიცნო თუ არა ქართველი ერი, შეიყვარა, დაუახლოვდა, დაუმეგობრდა კიდეც და ბოლოს თავისი ნეშტიც ჩვენს მიწა-წყალს მიაბარა... მხოლოდ ამისთანა გულწრფელ მოღვაწეთ შეუძლიათ სამუდამოდ განამტკიცონ ძმური სიყვარული და ურთიერთობაერებისა¨ .
გრიბოედოვმა პირველმა აღუძრა პუშკინს ინტერესი საქართველოს მიმართ, როცა, 1828 წელს, საქართველოდანპეტერბურგში დაბრუნებულმა, გლინკას გააცნო ქართული სიმღერის თემა, რომლის საფუძველზე დიდმა რუსმა კომპოზიტორმა შექმნა მელოდია, ხოლო პუშკინმა – ლირიკული შედევრი ქართველი ქალის სევდიან სიმღერაზე. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პუშკინის შემოქმედებაში ქართული თემა საპატიო ადგილს იჭერს. მძაფრიშთაბეჭდილებანი, ახალი მხატვრული სახეები და იდეები ამდიდრებენ პოეტის შთაგონებას და ახალ მარგალიტებს მატებენ რუსული ლირიკის საგანძურს (¨კავკასია¨ , ¨ საქართველოს მოამბე¨ , ¨ მონასტერი ყაზბეგზე¨ ). საქართველოში მიღებული თავისი შთაბეჭდილებანი პოეტმა გადმოგვცა აგრეთვე ნარკვევში ¨ მოგზაურობა არზრუმს¨ , სადაც ავტორი მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი ხალხის სიმამაცეს, განათლებისაკენ ლტოლვას, ქართული მუსიკის მელოდიურობას. საგულისხმოა, რომ პუშკინმა თბილისში ჩაიწერა ქართული ლექსი სიტყვა სიტყვითი თარგმანით.
ქართული თემა გრიბოედოვისა და პუშკინის შემოქმედებაში გააზრებულია როგორც თავისუფლებისმოყვარეობის თემა.
ასეთივე პოეტურ ასპექტში აითვისა ქართული თემა ლერმონტოვმა, რომელმაც ამ მხრივ დააგვირგვინა თავისი დიდი პოეტური წინაპრების მემკვიდრეობა უკვდავი მხატვრული თხზულებებით, რომლებშიც აისახა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებიდან შეთვისებული სახეები და მოტივები. არა ეგზოტიკური ფერადოვნება, არამედ ხალხის ცოცხალი სული, მისი თქმულებები და ლეგენდები, ხალხური პოეზიის სტიქია შეიჭრა პოეტის ლექსებში, მის დიდ ეპიკურ ტილოებში.¨ ჩვენთვის უეჭველია, -  ¨დემონისა¨ და ¨მწირის¨ შექმნაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია იმან, რომ ლერმონტოვი გაეცნო მისთვის ახალი ქვეყნის ყოფასა და ზნე-ჩვეულებებს და მოისმინა ქართული ხალხური გადმოცემები და ლეგენდები. ეს გავლენა თავისი მნიშვნელობით გაცილებით მეტია, ვიდრე პოეტზე შეეძლო ჰქონოდა ყველა ერთად აღებულ ლიტერატურულ წყაროს¨ [10].
ჩვენ თავის ადგილას აღვნიშნეთ დეკაბრისტული იდეების გავლენა ქართულ სინამდვილეზე, დიდი რუსი მწერლებისა და დეკაბრისტების ახლო ურთიერთობა ქართულ კულტურულ წრეებთან, აგრეთვე მათი შემოქმედების ათვისება ქართულ ლიტერატურაში.
რუსულმა მწერლობამ, განსაკუთრებით გრიბოედოვმა, პუშკინმა და ლერმონტოვმა დიდი ზეგავლენა მოახდინეს გასული საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაზე, ძლიერი სტიმული მისცეს და ახალი მოტივებითა და იდეებით გაამდიდრეს იგი. რუსული პოეზიის საუკეთესო ნიმუშების თარგმანებით ქართველმა მწერლებმა თითქოს ზნეობრივი ვალი გადაუხადეს რუსული პოეზიის კლასიკოსებს იმ დიდი სიყვარულისათვის საქართველოს მიმართ, რაც მათ ასეთი შთაგონებით გამოხატეს თავიანთ შემოქმედებაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალ. ჭავჭავაძემ ჯერ კიდევ 30-იან წლებში, პუშკინის სიცოცხლეშივე, თარგმნა და დაბეჭდა გამოჩენილი რუსი პოეტის ლექსები. ეს თარგმანები არ დარჩენილა მხოლოდ გაზეთების კომპლექტების კუთვნილებად, ისინი გავრცელდნენ ხალხში და, რუსი ისტორიკოსის კ. ბოროზდინის ჩვენებით, მათ ქართველი ქალები მღეროდნენ. ეს ფაქტი–ხალხის მიერ შესისხლხორცება რუსული პოეტური კულტურისა საქართველოში - პოეზიის უძველეს ქვეყანაში – არ არის გამონაკლისი, იგი დამახასიათებელი მოვლენაა რუსი და ქართველი ხალხების ისტორიული მეგობრობისათვის.
გასული საუკუნის 30-იანი   წლების საქართველოს გონებრივ ცხოვრებაში საპატიო ადგილი უჭირავს სოლომონ დოდაშვილს (1805 –1836).
სოლ. დოდაშვილი გასული საუკუნის პირველი მესამედის გამოჩენილი ქართველი განმანათლებელია, რომელიც ყურადღებას იპყრობს ღრმა ფილოსოფიური ერუდიციითა და ფართო ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ინტერესებით. მის კალამს ეკუთვნის არა მარტო ცნობილი ფილოსოფიური თხზულება, არამედ სერიოზული შრომებიც ცოდნის სხვადასხვა დარგში. მის სახელთან მჭიდროდაა აგრეთვე დაკავშირებული მე –19 საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის ისტორია.
სოლომონ დოდაშვილი დაიბადა 1805  წ. 17 მაისს მაღაროში (კახეთი), მღვდლის ოჯახში. 1818 წელს სოლომონი მიუბარებიათ სიღნაღის სამრევლო სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1820  წ. სექტემბერში, შეუყვანიათ თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ს. დოდაშვილს თავისი ნიჭით და სიბეჯითით ისეთი ავტორიტეტი მოუპოვებია,რომ, ჯერ კიდევ სწავლის კურსის დამთავრებამდე, 1822  წ. 15 მარტს, გაუგზავნიათ მასწავლებლად სიღნაღის სამრევლო სასწავლებელში[11]. უკვე სემინარიაში ყოფნისას ს. დოდაშვილს გამოუჩენია დიდი ლტოლვა ფილოსოფიისადმი.
1824 წელს სოლომონი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგს გაემგზავრა და სულ მალე პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტზე მოეწყო. იგი მხურვალე მისწრაფებით და ენერგიით დაეწაფა მეცნიერებას.
ჭაბუკი მოაზროვნის დაძაბულ ინტელექტუალურ შრომასა და იდეურ ძიებებს ამაოდ არ ჩაუვლია. უნივერსიტეტის დასრულებისას, 1827 წ., მან რუსულ და ქართულ ენებზე დაწერა, ხოლო რუსულად გამოაქვეყნა კიდეც ფილოსოფიური ნაშრომი ¨ფილოსოფიის კურსი, ნაწილი პირველი, ლოგიკა¨ , რომელმაც ფართო გამოხმაურება პოვა რუსეთში. აღსანიშნავია, რომ წიგნი დაბეჭდა ცნობილმა გამომცემელმა სმირდინმა, რომელიც დაახლოებული იყო იმ დროის რუსული ლიტერატურის კორიფეებთან ( პუშკინთან და მისი თაობის მწერლებთან).
1827 წლის ივლისში ს. დოდაშვილი სამშობლოშია, იგი დანიშნეს მასწავლებლად თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, სადაც ასწავლიდა ქართულ ენასა და სიტყვიერებას,რიტორიკას, ლოგიკასა და გეოგრაფიას. ს. დოდაშვილის ¨ ქართული ენის გრამატიკას¨ სწავლობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი თაობა.
ს. დოდაშვილი სულ მალე გახდა არა მარტო მთელი სასწავლებლის სული და გული, არამედ სახალხო განათლების მგზნებარე პროპაგანდისტი თავის ქვეყანაში. ერთ წერილში ს.დოდაშვილი გულისტკივილით აღწერს სწავლა-აღზრდის საქმის მძიმე მდგომარეობას იმ დროის საქართველოში და გადმოგვცემს თავის გეგმებს განათლების გასავრცელებლად. ¨..ხოლო მე ჯერეთ დადუმებული გახლავარ, - სწერს იგი ერთ კერძო წერილში თავის ადრესატს, - სხვადასხვათა წარმოებათათვის და გახსნა სასწავლოთ ადგილთა ვეძიებ ღონესა და ვსჭვრეტ მდგომარეობათა გარემოებათა.
არ ვუწყი ვითარითა ხატითა ვაწარმოო საგანნი ჩემნი. აქაური სასწავლებელი თბილისისაც ჯერეთ უწესოებისა შინა არს, მოსწავლენი მრავალ არიან და მასწავლებელნი მცირე, არავინ მიაქცევს ყურადღებასა და არცა სჭვრეტენ სწავლათა¨ [12] ... ს. დოდაშვილი, როგორც რაზნოჩინელი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა დაბალი ფენებიდან გამოსული ახალგაზრდობის აღზრდას. მან თავის ოჯახში გამოზარდა და განათლება მიაღებინა არა ერთსა და ორ ახალგაზრდას.
სწავლა-განათლების გავრცელებისათვის დაუღალავი ზრუნვა ერთი მხარე იყო სოლომონ დოდაშვილის მოღვაწეობისა. მას, როგორც განმანათლებელს, საქართველოს კულტურულიგარდაქმნის ფართო გეგმა ჰქონდა დასახული: ბიბლიოთეკებისა და სტამბის დაარსება, ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების ბეჭდვა-გავრცელება. ამ ღონისძიებებით მას სურდა ხელი შეეწყო თავისი ქვეყნის კულტურული აყვავებისათვის, ფილოსოფიის, ლიტერატურისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებისათვის. იგონებს რა ერთ-ერთ შეკრებას, სადაც საქართველოს წარმატებისათვის საჭირო ღონისძიებათა შესახებ ყოფილა საუბარი მაშინდელი ქართული საზოგადოების წარმომადგენელთა შორის, ს. დოდაშვილი აღნიშნავს: ¨ ყველა ესენი ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რა მოეგონათ კეთილი საქმე საქართველოსათვის. მე შევიტანე წინადადება – შეგვეგროვებინა შემოწირულობა და ამ შეკრებილი ფულით გვეყიდნა ბიბლიოთეკა, სტამბა და დავხმარებოდით გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეებს¨ [13].
ს. დოდაშვილი მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის პროპაგანდას ეწეოდა და გაბედულად იცავდა მას ყველა ჯურის ფალსიფიკატორებისაგან. ეროვნული კულტურის ტრადიციების აღდგენასთან ერთად, იგი ჩვენში ნერგავდა ახალი რუსული და დასავლეთ-ევროპული საზოგადოებრივი აზროვნების მიღწევებს.
კიდევ უფრო გაფართოვდა ს. დოდაშვილის მოღვაწეობის ასპარეზი, როცა იგი 1829 წლიდან ქართულ ჟურნალისტიკას ჩაუდგა სათავეში, რაზედაც ზემოთაც გვქონდა მითითებული. ეს ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების გამოღვიძების მაუწყებელი იყო.
შემთხვევით არაა ის ფაქტი, რომ ს. დოდაშვილის ჟურნალის მთელი რიგი მასალები თავის ხელნაწერ კრებულში მოათავსეს ნიკოლოზ ბარათაშვილმა და მისმა მეგობრებმა.  სოლ. დოდაშვილის საზოგადოებრივ-კულტურული მოღვაწეობა კიდევ მეტ ნაყოფს მოგვცემდა და ამ შესანიშნავი მოაზროვნის ნიჭი, უეჭველია, უფრო ფართოდ გაშლიდა ფრთებს, რომ მისი შემოქმედებითი შრომა უდროოდ არ შეწყვეტილიყო. ამის მიზეზი შეიქნა ს. დოდაშვილის დაპატიმრება და შემდეგ სამუდამოდ გადასახლება 1832  წ. ცნობილ შეთქმულებასთან დაკავშირებით.
მეფის მთავრობა შეთქმულთა შორის ყველაზე მკაცრად და შეუბრალებლად ს. დოდაშვილს მოექცა. მას ვიატკაში გადასახლება მიუსაჯეს და სამშობლოში დაბრუნება სამუდამოდ აუკრძალეს. ისედაც ფიზიკურად სუსტი დოდაშვილისათვის აუტანელი გამოდგა ჩრდილოეთის მკაცრი ჰავა, იგი ჭლექით დაავადდა და 1836  წ. 20 აგვისტოს გარდაიცვალა ქ. ვიატკაში.
სიკვდილთან მებრძოლი, მაგრამ მაინც იმედიანი ს.დოდაშვილი ვიატკაში მოინახულა იქ გადასახლებულმა რუსმა რევოლუციონერ-დემოკრატმა გერცენმა. გერცენის სიტყვით, ის ძლივსღა სუნთქავდა, მაგრამ მაინც ღრმა რწმენით ლაპარაკობდა სიცოცხლეზე.
ასეთია სოლომონ დოდაშვილის ხანმოკლე, მაგრამ ღრმა შინაარსით აღსავსე ცხოვრება. იმის ნათელსაყოფად, თუ რა როლი შეასრულა ს. დოდაშვილმა გასული საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს გონებრივსა და საზოგადოებრივ მოძრაობაში, საჭიროა მთავარ ხაზებში გავეცნოთ მის სოციალურ-პოლიტიკურსა და ფილოსოფიურ-ესთეტიკურ შეხედულებებს; ამის გარეშე ჩვენ ვერ შევიმუშავებთ სრულ წარმოდგენას ამ დროის ქართული კულტურის ისტორიაზე.
ს. დოდაშვილს იდეური ძიების რთული გზა აქვს გავლილი. ახალგაზრდა ქართველ მოაზროვნეზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა სენატის მოედანზე მომხდარმა ისტორიულმა აქტმა. დეკაბრისტული მოძრაობისაგან მიღებული შთაბეჭდილება იყო პირველი დვრიტა ს. დოდაშვილის გონებრივ ცხოვრებაში. ახალგაზრდა მოაზროვნის მსოფლმხედველობაში მნიშვნელოვანი გარდატეხა იწყება სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, როცა ის უშუალოდ გაეცნო თავისი ხალხის სოციალურსა და ეროვნულ ჩაგვრას. სამშობლო ქვეყნის ისტორიულმა ვითარებამ, სოციალურ ძალთა ბრძოლამ დიდი ზეგავლენა იქონიეს დოდაშვილზე. როგორც პირველი რაზნოჩინელი ქართული აზროვნების ისტორიაში, ს.დოდაშვილი სისხლ-ხორცეულ ნათესაობას გრძნობდა გლეხობასთან, რომელიც იმ დროს უსაზღვრო ჩაგვრას განიცდიდა ქართველი თავადაზნაურობისა და რუსი ჩინოვნიკების ხელში. იგი შეძრწუნებულია მშრომელი გლეხობის გაღატაკების მძიმე სურათით.
1828  წ. დაწერილ კერძო ბარათში ს. დოდაშვილი აღწერს თავის ყოფნას კახეთის ერთ ნაწილში და გულისტკივილით შენიშნავს: ¨გარნა ერი მის მაზრისა ფრიად მწუხარე და მტირალი ვიხილე, ნახევარი მცხოვრები არღა იპოება, რომელნიცა გარდაეგნენ სხვადასხვა მხარესა ანუ კერძოსა ამის ქვეყანის ნაწილისასა შიმშილობისა გამო. მრავალი [მოსავალი] არ მოვიდა, ახალი არა რაი და ძველი ხომ არღა იყო: კოდი ფქვილი [ იყიდება] ოთხ მანეთათ თეთრ ფულად კახეთში და, მადლობა ღმერთს, ქალაქში უფრო იაფია, გლეხთა ვინ მისცათ, რათა მოივაჭრონ ფასითა ამით¨ [14].
სტრიქონები, რომლებიც გლეხობის უმძიმეს სოციალურ-ეკონომიურ ვითარებას გვიხატავს, გლეხკაცისადმი დიდი თანაგრძნობითაა გამთბარი. ასევე საინტერესოა ს. დოდაშვილის ბარათი თავის ძმასთან – სტეფანესთან – პეტერბურგში მიწერილი ს.დოდაშვილი ექომაგება გლეხობას და აღწერს მკაცრი მემამულის შ.აფხაზისაგან შევიწროებას. ს. დოდაშვილი დაკვირვებით სწავლობდა თავისი ქვეყნის სოციალურ ვითარებას და გარკვეული დასკვნები გამოჰქონდა.
დეკაბრისტული იდეებით შთაგონებული მოაზროვნე ამ საზოგადოებრივ დემოკრატიულ პრინციპებს მჭიდროდ უკავშირებდა ეროვნულ ინტერესებს. ს. დოდაშვილის მოწინავე სოციალურ- პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან ახლო კავშირშია მისი ფილოსოფიური შეხედულებანი, რომლებიც ძირითადად ჩამოყალიბებულია მის ნაშრომში ¨ფილოსოფიის კურსი, ნაწილი პირველი, ლოგიკა¨ (1827  წ. პეტერბურგი).
დოდაშვილის ¨ლოგიკა¨ ღირშესანიშნავი ფილოსოფიური თხზულებაა. ქართველი მოაზროვნის ფილოსოფიურ შეხედულებებში გარკვევით არის მატერიალისტური ტენდენციები. არ შეიძლება ხაზი გაესვას მის დადებით დამოკიდებულებას ბეკონის მატერიალისტური კონცეფციისადმი და სქოლასტიკის წინააღმდეგ გალაშქრებას. ს. დოდაშვილს ღრმად სწამდა ადამიანის გონების ძალა, გარე სამყაროს შემეცნების საკითხს იგი მატერიალისტურად წყვეტდა. ამ მხრივ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ქართველი მოაზროვნის თვალსაზრისით ფილოსოფიის საგანი არის ობიექტური სამყარო, რეალური ადამიანი. თავის წიგნში ს. დოდაშვილმა დაგმო თეოლოგია, რომელიც, მისი აზრით, ეფუძნება ცრურწმენებს და უვიცობას. თავის ¨ ლოგიკაში¨ იგი წერს: ¨
ფილოსოფიურ სისტემათა ისტორიის პირველი თვალის გადავლებისას ადვილად შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ ჭეშმარიტი ფილოსოფია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა დაცხრება ვნებანი და როცა ცრურწმენანი, რომელსაც ასე სამართლიანად უწოდებს ბეკონი ადამიანის გონების კერპებს, შესწყვეტენ მის მართვას¨ [15] . ამ მოსაზრებათა გამო მან თეოლოგია სრულიად გამორიცხა ფილოსოფიიდან. დოდაშვილის გაბედული გალაშქრება სქოლასტიკური და თეოლოგიური სისტემის წინააღმდეგ, რომელთაც მაშინდელ უნივერსიტეტში ოფიციალური მეცნიერების წარმომადგენლები თავს ახვევდნენ სტუდენტებს, მნიშვნელოვან მოვლენად ხდიდა იმ დროისათვის ს. დოდაშვილის შრომას.
მართლაც, მის ¨ ლოგიკას¨ ცხოველი ინტერესით შეხვდნენ რუსეთის ლიტერატურული და სამეცნიერო წრეები. დოდაშვილის შრომას მაღალი შეფასება მისცა მაშინდელმა გამოჩენილმა ლიტერატორმა და პუბლიცისტმა ნ. პოლევოიმ თავის ¨მოსკოვსკი ტელეგრაფში¨ . წიგნს გამოეხმაურა ¨ მოსკოვსკი ვესტნიკი¨ საინტერესო რეცენზიით, ¨სევერნაია პჩელა¨ კი, აღნიშნავდა რა ამ შრომის მთელ რიგ ღირსებებს, ხაზს უსვამდა, რომ წიგნის ახალგაზრდა ავტორი ქართველია, აღიზარდა და სწავლობდა აქაურ უნივერსიტეტში და დიდი ხანი არ არის, გაემგზავრა თბილისში იქაური გიმნაზიის მასწავლებლის წოდებითო¨ [16] . იონა ხელაშვილი თბილისში ს. დოდაშვილს სწერს: ¨ ლოღიკის¨ გამო ყველა ვაშა-ვაშას გიძღვნიან , მეტადრე ¨ პჩელაში¨ დაბეჭდილი წერილის შემდეგო¨ .
სოლომონ დოდაშვილი პირველი ქართველი მოაზროვნეა, რომლის სახელთან აგრეთვე მჭიდროდაა დაკავშირებული XIX საუკუნის ქართული ლიტერატურული კრიტიკისა და ესთეტიკური აზროვნების სათავეები. ს. დოდაშვილი დიდად დაინტერესებული ყოფილა თეორიულ-ლიტერატურული საკითხებით. მას დაუწერია ქართულ ენაზე სპეციალური ნაშრომი ¨ რიტორიკა¨ და რუსულადაც უთარგმნია. 1828 წლის 31 სექტემბრით დათარიღებულ ბარათში იგი სწერს იონა ხელაშვილს: ¨...ქართული რიტორიკა სრულვჰყავ ქართულსა ენასა ზედა და ვსთარგმნი რუსულად¨ . სამწუხაროდ, მთლიანი სახით ეს ნაშრომი არ შემონახულა. დღესდღეობით მისი მხოლოდ ერთი დიდად ნაკლული ნუსხა მოგვეპოვება. ¨ რიტორიკაში¨ ს. დოდაშვილს განხილული აქვს, როგორც თვითონ აღნიშნავს, აღმკობილი პროზის თეორია. მასგანზრახული ჰქონია შეექმნა ხელოვნების თეორიის კურსი. ს. დოდაშვილს დაუწერია პოეზიის თეორიაც. ს. დოდაშვილის ლიტერატურულ შეხედულებათა შესასწავლად ¨რიტორიკასთან¨ ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მის ნარკვევს: ¨მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა (ანუ სიტყვიერებისა)¨ , რომელიც დაიბეჭდა 1832  წ. მისსავე ჟურნალში ¨სალიტერატურო ნაწილნი ტფილისის უწყებათანი¨ (№1 და 2). ს. დოდაშვილი ლიტერატურას საგანმანათლებლო მიზნებს უსახავდა. ერის პროგრესულობისა და კულტურის ერთ მთავარ საზომად ს. დოდაშვილს მიაჩნდა ლიტერატურისა და ერის განვითარება.¨ წარმატებანი სწავლათანი ჰმოწმობენ, - სწერდა იგი, საზოგადოდ აღმატებასა კაცობრივსა გონებისასა და წარმატებანი ენისა და სიტყვიერებისანი ჰმოწმობენ,- წერდა იგი, - საზოგადოდ აღმატებასა კაცობრივსა გონებისასა და წარმატებანი ენისა და სიტყვიერებისანი ჰმოწმობენ აღმატებასა ერისასა¨ [17].
როგორც ვიცით, ს. დოდაშვილს განზრახული ჰქონდა დაეწერა ფილოსოფიის სრული კურსი. ამ სისტემაში თავისი ადგილი ჰქონდა დათმობილი ესთეტიკას. მის ერთ კერძო ბარათში მოცემულია ზოგადი შეხედულება ესთეტიკაზე: ¨ფილოსოფოსობა ჩვენი ყოველისა საგნისათვის,- განმარტავს ს. დოდაშვილი,- მდგომარეობს თეორიასა შინა, პრაქტიკასა და ესტეტიკასა: პირველი არს ცნობა, მეორე – ქცევა და მესამე – ხელოვნება; კვლავ იგივე პირველი, ე.ი.თეორია არს ჰსწავლა გონებისა, მეორე -გულისა და მესამე გრძნობისა¨ [18].
ესთეტიკა, ს.დოდაშვილის ზოგადი გამოთქმით, არის სწავლა გრძნობის შესახებ, რაც გულისხმობს გრძნობადი სინამდვილის სპეციფიკური ასახვის შესწავლას. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ დოდაშვილს არ სწამს რეალური შინაარსისაგან დაცლილი განყენებული ცნობიერება,¨ ცნობიერება საერთოდ¨ . ქართველი მოაზროვნე ფილოსოფიის შესწავლის საგნად ობიექტური სინამდვილის, ცოცხალი ინდივიდის, რეალური ადამიანის ცნობიერებასა და შეგრძნებას სთვლის. რამდენადაც, ს. დოდაშვილის კონცეფციის მიხედვით, გონება, გული და გრძნობა ჰარმონიულად ¨ მომქმედნი ან თანახმანი¨ არიან , ხოლო მათი მოქმედების საწყისი და საფუძველი ტვინია, რომელიც შეიმეცნებს გარე სამყაროს, ამდენად, სავარაუდებელია, რომ, მისი თვალსაზრისით, ადამიანის სულიერი შემოქმედების პროდუქტიც არ შეიძლება იყოს ირაციონალური მისტიკური შინაარსისა. ს. დოდაშვილის გაგებით, სულიერი კულტურის სფეროებია მეცნიერება და ლიტერატურა, მისი სიტყვით, ისინი არიან ადამიანის სულში ¨ გარდაბეჭდვა სოფლისა¨, ცხოვრებისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და მორალურ ურთიერთობათა. თავის ¨რიტორიკაში¨ ს. დოდაშვილი განიხილავს პროზას (¨აღმკობილის პროზის¨ ) ზოგად კანონებს, რასაც შეიძლება დავემყაროთ, როცა ვიმსჯელებთ მის საერთო თეორიულ ესთეტიკურ შეხედულებებზე. მხატვრული სიტყვა, ს. დოდაშვილის აზრით, უძლიერესი სტიმულია ადამიანის ინტელექტუალური და ფსიქიკური ძალების განვითარების, სულიერი კულტურის წინსვლისათვის. მისი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს საზოგადოებას ჭეშმარიტების ძიებაში და მორალურ სრულყოფაში. იგი დიდად მოქმედებს როგორც ჩვენს გონებაზე, ისე, განსაკუთრებით, გრძნობაზე და აღანთებს ადამიანის ფანტაზიას. შემოქმედს მოეთხოვება,-აღნიშნავს ჩვენი მოაზროვნე,- ფართო ერუდიცია და მაღალი ზნეობრივი თვისებები, რამდენადაც მას ¨ აქვს უმეტეს განათლებული გონება და განვითარებული გული, ესე ოდენ უკეთილესად მოწვდების თვისსა საგანსა¨ . ს. დოდაშვილის კონცეფციის მიხედვით, მხატვრული სიტყვისათვის სპეციფიკურია ფორმის მშვენიერება, რითაც იგი აღწევს თავის უმაღლეს დანიშნულებას. მშვენიერება არ დგას ცხოვრებაზე მაღლა, პირიქით, იგი ცხოვრების შემეცნებას ემსახურება. მშვენიერება ს. დოდაშვილს გააზრებული აქვს როგორც ფენომენი, როგორც ესთეტიკური კატეგორია.
მხატვრული ქმნილების გამარჯვება, ჩვენი მოაზროვნის მიხედვით, დიდად დამოკიდებულია იდეისა და ფორმის თანხმოვანებაზე. ამის დადასტურებას პოეტი ხედავს ქართულკლასიკურ პოეზიაში. ¨ ლექსი ჩახრუხაძისა,- წერს ს. დოდაშვილი, - თამარიანი, ქება თამარ დედოფლისა უმაგალითოისა თახნმობისა გამო თვისისა და ძნელის გვარისა გამო სტიხთასა ფრიადშესანიშვნელ არს. ზომიერი და გაწყობილი ხმა მისი აწარმოებს სმენისათვის სასიამოვნოსა სიმფონიასა , ხოლო გამოხატვა იდეათა, ცვალება და ხმარება სხვადასხვათა მნიშვნელობათა მსგავსხმოვანებასა შინა ლექსთასა შეადგენენ მახვილგონიერებასა აზრთასა¨ .
ს. დოდაშვილის მტკიცებით, იდეოლოგიის არც ერთ ფორმას, თვით მეცნიერებასაც კი, არა აქვს ისეთი ძლიერი ზემოქმედება ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე, როგორც სიტყვიერ ხელოვნებას: ¨არცა ერთსა ჰსწავლასა არა აქვს ესოდენ დიდი მოქმედება სულიერთა ზედა ჩვენთა ძალთა, ვითარცა აღმკობილსა ხელოვნებასა¨ .
ხელოვნებას საფუძვლად უდევს მტკიცე ობიექტური კანონები. ს. დოდაშვილი განსაკუთრებული ყურადღებას აქცევს თხზულების სპეციფიკურ მხატვრულ მხარეს, ფორმისა და შინაარსის მთლიანობას, არქიტექტონიკას, ენას, ფორმის მშვენიერებას. სიტყვიერი ხელოვნების ერთ-ერთ მთავარ თვისებად ქართველ მოაზროვნეს მიაჩნია სინამდვილის კანონზომიერებაში გარკვევა და არა შემთხვევითი, არამედ არსებითი ტიპიური მხარეების ასახვა: ¨ ეს გვარსა თხზულებებისა შეხამს, რათა ... უჩვენოით, რაი იმყოფების შემთხვევითი და რაი არსებითი¨ .
ს. დოდაშვილი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს მხატვრული სიტყვის კანონების ახსნას. მისი მტკიცებით, მწერალი უნდა უფრთხილდებოდეს პოეტურ ლექსიკას, იცავდეს ენის სიწმინდეს, გაურბოდეს ბარბარიზმებს პროზაულ თხზულებას უნდა ახასიათებდეს სიცხადე და სიზუსტე, ლაკონიურობა და კეთილხმოვანება. ადამიანის სულიერ სამყაროზე ემოციური ზემოქმედებისსაშუალებებში ს. დოდაშვილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პოეზიას. იგი ლაპარაკობს პოეტურ ენაზე, აზრის ცოცხალი სახეებით გამოხატვის ფორმებზე, იგი სწორად განსაზღვრავს როგორც პოეტური ენის საერთო მიზანდასახულობას, აგრეთვე მის კონკრეტულ ფორმებს. იგი იძლევა ღირსშესანიშნავ განსაზღვრებებს ტროპის, მეტაფორის, ირონიის, ჰიპერბოლის, სინეკდოქეს და მეტონიმიისას. მის განსაზღვრებებში ყურადღებას იქცევს საგნის ყოველმხრივი ცოდნა, ლოგიკური სიზუსტე და ლაკონურობა.
ასეთია ს. დოდაშვილის ლიტერატურულ-ესთეტიკური შეხედულებანი. ს. დოდაშვილი მე –19 საუკუნის ქართული ლიტერატურული კრიტიკის პირველი მედროშეცაა. მის კალამს ეკუთვნის კრიტიკულისტატია: ¨ მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ( ნუ სიტყვიერებისა)¨ . როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი 1832 წელს დაიბეჭდა ს. დოდაშვილმა ჟურნალში ¨სალიტერატურო ნაწილნი ტფილისის უწყებათანი¨ (№ 1 და 2). ამ წერილის დაწერა ნაკარნახევი იყო პატრიოტული და განმანათლებლური მიზნებით. პირველ ყოვლისა, მისი ავტორი საკადრის პასუხს აძლევდა ნიჰილისტებს , რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ და არაფერი გაეგებოდათ მშობლიურიმრავალსაუკუნოვანი კულტურის ისტორიისა. მათ საყურადღებოდ ს.დოდაშვილი სიამაყით აცხადებს: ¨ ქართულსა ენასა ზედა არიან მრავალნი. შვენიერნი თხზულებანი და თარგმნილიცა წიგნნი სხვადასხვა ძველთა და უახლესთა ენათაგან¨ . ქვემოთ იგი კონკრეტულად ასაბუთებს ამ დებულებას.
მეორე მხრივ, ს. დოდაშვილი უფრო დიდ მიზანს ისახავდა: აღეძრა ქართულ საზოგადოებაში სურვილი ეროვნული კულტურის გატანისა მსოფლიო ასპარეზზე. მას ისტორიულ უსამართლობად მიაჩნდა, რომ ქართული ლიტერატურა, რომელმაც კაცობრიობას მისცა შემოქმედებითი აზრის გენიალური ქმნილება ¨ვეფხისტყაოსანი¨, მსოფლიოში ნაკლებ ცნობილი იყო. ს. დოდაშვილს სწამდა, რომ სახელოვანი ტრადიციების მქონე ქართული ლიტერატურა, თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებდა კაცობრიობის კულტურის საგანძურში. ახასიათებდა რა ქართული ლიტერატურის კლასიკურ ხანას, ს. დოდაშვილი წერდა: ¨უკეთუ ვინმე განვითარებულთა კაცთაგანმან მიიღოს შრომა და წარმოადგინოს დაწვრილებით უუცხოველესი გამოხატვა ყოველთა ღვაწლთა გვირგვინოსნისა დედოფლისა და ჩინებულთა მწერალთა მის ეპოხისათა, მაშინ გაბედვით შესაძლებელ არს დარწმუნებულყოფად, რომელ ესრეთი ისტორია მიაქცევდა თვის ზედა ყურადღებასა ყოველთა ვაებათა და აოხრებათა თანა სხვადასხვა დროთა შინა შემთხვეულთა აქვნდა მას საუნჯე სწავლათა და სიტყვიერებისა, ესდენვე მდიდარი, ვითარცა სხვათა მხარეთა მის დროისათა¨ .
ერთი პირველი საკითხთაგანი, რომელსაც თავის სტატიაში აყენებს ს. დოდაშვილი, არის საკითხი ქართული ენის თვითმყოფის შესახებ. სტატიის ავტორი ასაბუთებს, რომ ¨ ძირი ენისა ჩვენის ¨ საკუთარია. მისი აზრით, ძნელია ზუსტად დადგენა ¨ თუ ოდეს ენა ქართული შეიქმნა ენად ერისა¨ , მაგრამ, მისივე თქმით, ¨ გარნა ჯერ არს ცნობად, რომელ იგი არს ერთი უძველესთაგანი¨ . ამ უძველეს ენას, მისი აღიარებით, აქვს მეტად მდიდარი ლექსიკური მარაგი. ს.დოდაშვილი მწუხარებით აღნიშნავს, რომ ზოგი თანამედროვე მწერალი და ენის უცოდინარი არ უფრთხილდება ქართულ მეტყველებას და მასში შემოაქვს არასაჭირო უცხოური სიტყვები. იგი მოითხოვს, თვალისჩინივით გაუფრთხილდნენ ეროვნულ ენას და არ გადატვირთონ იგი ბარბარიზმებით.
ს. დოდაშვილი მომხრეა ენაში შემოტანილ იქნას მხოლოდ ისეთი სიტყვები, რომლებმაც მოიპოვეს სამოქალაქო უფლება ყველა კულტურული ერების მეტყველებაში და რომლებიც ტექნიკურ ცნებებს გამოხატავენ ს. დოდაშვილის მტკიცებით, ქართული ენა იმდენად მდიდარია თავისი ბუნებით, რომ მას კარგი მწერლის ხელში შეუძლია დაწვლილებულად გამოხატოს აზრის ყოველი უმცირესი მოძრაობა, გრძნობის ყოველი ნიუანსი.
ქართული ენის ეს მაღალი შეფასება ეყრდნობოდა ისტორიულ ჭეშმარიტებას, მასში ჩაქსოვილი იყო არა მარტო უძველესი ქართული სულიერი კულტურით და მდიდარი სალიტერატურო ენით გამოწვეული ეროვნული ღირსების შეგრძნება, არამედ ახალ პირობებში ახალი იდეების გამოსახატავად ქართული ენის ყოველმხრივი განვითარების უძლიერესი წადილი.
სალიტერატურო ენის საკითხების შემდეგ ს. დოდაშვილი ზოგადად მიმოიხილავს ძველ ქართულ ლიტერატურას. იგი აღნიშნავს, რომ ქართველები ოდითგანვე დიდ ნიჭსა და მისწრაფებას იჩენდნენ მწერლობის, ხელოვნებისა და ფილოსოფიისადმი.
წერილის ავტორი ჩამოთვლის იოანე და ექვთიმე მთაწმინდელებს, ეფრემ მცირეს, არსენ იყალთოელს, იოანე პეტრიწს, რომლის ორიგინალურ და მთარგმნელობით მოღვაწეობაზე იგი განსაკუთრებით ჩერდება. თამარ მეფის დროს ს. დოდაშვილი სთვლის ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების აყვავების ხანად. ძველი ქართული ლიტერატურის განვითარების მწვერვალად, მხატვრული სიტყვის სრულყოფილ ნიმუშად ს. დოდაშვილისამართლიანად აღიარებს რუსთველის ¨ ვეფხისტყაოსანს¨ . დოდაშვილი გაკვრით განიხილავს აგრეთვე ¨ ოქროს ეპოქის¨ მომდევნო დაცემის ხანას, რაც უცხოელ დამპყრობთა განუწყვეტელი თავდასხმებით იყო გამოწვეული, მაგრამ ამ პერიოდშიც არ ჩამქრალა ქართველ ხალხში, მისი სიტყვით, სამშობლოსა და ეროვნულიკულტურისადმი სიყვარული.
ს. დოდაშვილის ¨მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ( ანუ სიტყვიერებისა)¨ განსაკუთრებული მოვლენაა ქართული მწერლობის ისტორიისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარებაში. მე- 19 საუკუნის პირველ ნახევარში მან პირველმა მიაქცია ყურადღება ქართული ენისა და ლიტერატურის თვითმყოფობას და სიმდიდრეს, სალიტერატურო ენის სიწმინდის დაცვას და მის ახალ პირობებში განვითარებას. ს. დოდაშვილმა აღძრა საკითხი მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის ფართო ასპარეზზე გატანის თაობაზე, აღიარა ქართული მდიდარი სულიერი კულტურის რუსეთისა და და დასავლეთ ევროპისათვის გაცნობის აუცილებლობა. ამ თხზულებაში ქართველმა მოაზროვნემ მიმოიხილა და ფართო საზოგადოებას გააცნო ქართული ლიტერატურისა და აზროვნების ისტორიის მთავარი მომენტები, გამოჩენილი ქართველი მწერლები და მოღვაწეები. ამ ნარკვევის მნიშვნელოვანი ღირსებაა აგრეთვე ისიც, რომ ს. დოდაშვილმა მასში მოგვცა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის პერიოდიზაციის პირველი ცდა.
ს. დოდაშვილის მოღვაწეობა გასული საუკუნის ქართულ საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ასპარეზზე დიდი მნიშვნელობისაა. ს. დოდაშვილმა იმ დროის ჩვენს გონებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი გაავლო. იგი შეიძლება ჩაითვალოს 60-იანი   წლების ქართველ მოღვაწეთა ბრწყინვალე პლეადის ერთ-ერთ დიდ წინამორბედად. ამრიგად, ზემოთ განხილული მასალა ნათლად ადასტურებს, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში იწყება ეროვნულ-კულტურული ცხოვრების ამოძრავება. იბადება ახალი ინტერესები, იღვიძებს პატრიოტული შეგნება. ქართულ საზოგადოებრივ მოძრაობაში მოწინავე ეროვნული იდეა უკავშირდება სოციალური განვითარების პრინციპებს.
ეს იყო მხოლოდ პირველი გამოფხიზლება XIX საუკუნის დასაწყისში ქართული საზოგადოებრივი ძალებისა, რომელთა სრულ გაშლას აფერხებდა კოლონიური ჩაგვრის პირობები. ასეთ საზოგადოებრივ ვითარებაში ჩამოყალიბდა ქართულ ლიტერატურაში ახალი მიმართულება – რომანტიზმი, რომელმაც ღრმა კვალი აღბეჭდა ქართველი ხალხის მთელ სულიერ ცხოვრებაში.
* * *
ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიული განვითარების პირველი, ღირსშესანიშნავი ეტაპი XIX საუკუნის უღელტეხილზე რომანტიზმით იწყება. ამ ლიტერატურულ მიმართულებას სათავე უდევს არა მარტო ორი საუკუნის საზღვარზე, არამედ ორი დიდი ეპოქის - ფეოდალურ- აბსოლუტურისა და ¨ ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ მოძრაობათა¨ [19] ეპოქის მიჯნაზე.
ფეოდალურ-პატრიარქალური საზოგადოებრივი ფორმების მსხვრევა, სამოქალაქო ომები და რევოლუციები ევროპასა და ამერიკაში და რევოლუციურ-განმათავისუფლებელი მოძრაობანი, როგორც ცნობილია, ხელს უწყობდა ღირებულებათა გადაფასებას და ხელოვნების ახალი, რომანტიკული ფორმების გაბატონებას.
ქართული რომანტიზმის წინამძღვრებად გვევლინება ის დიდი ცვლილებები, რომლებიც ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივსა და სოციალურ-ეკონომიურ ცხოვრებაში მოხდა XIX საუკუნის პირველ მესამედში.
ამ პერიოდის საქართველოს ისტორიული სინამდვილისათვის ყველაზე დამახასიათებელია ეროვნული თავისუფლების დაკარგვით გამოწვეული ტკივილები და მნიშვნელოვანი სოციალური ძვრები, რომლებიც დიდად უწყობდა ხელს ქართველი ხალხის თვითშეგნების გაღვიძებას და პროგრესის ძლიერ სტიმულს წარმოადგენდა. ამ წინააღმდეგობით აღსავსე ეპოქამ, რომელიც ძველი საზოგადოებრივი იდეალების გადაფასებით ხასიათდება, მკვეთრი გამოძახილი პოვა ქართულ რომანტიზმში.
ახალი ქართული ლიტერატურული მოძრაობის – რომანტიზმის – ისტორიული აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მან პასუხი გასცა საქართველოს ეროვნული ცხოვრების მიერ წამოყენებულ ღირსშესანიშნავ საკითხებს.
მრავალსაუკუნოვანი ეროვნული კულტურის მდიდარ ტრადიციებზე დაყრდნობით ქართული რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენლებმა გაარღვიეს ძველი მხატვრული აზროვნების რკალი და ძლიერი პოეტური შთაგონებით ასახეს ოცნება უკეთეს მერმისზე. ისინი გამოეხმაურნენ მსოფლიო პროგრესული რომანტიზმის ჰუმანისტურ პრინციპებს და გზა გაუხსნეს ახალ ლიტერატურულ ფორმებს, რომლებშიც რომანტიკოსების სუბიექტურ ემოციებსა და ფიქრებთან ერთად ჰარმონიულად იყო ჩაქსოვილი ქართული საზოგადოების მოწინავე ფენების საუკეთესო მისწრაფებანი.
ახალი ქართული ლიტერატურული მიმართულება, ბუნებრივია, შესწავლილ უნდა იქნას მისი ისტორიული განვითარების პროცესში. ამ თვალსაზრისით, პირველ ყოვლისა, ისმის ქართული რომანტიზმის გენეზისის საკითხები. თუ სხვა ხალხთა ლიტერატურაში რომანტიზმს ახალი იდეურ-მხატვრული პოზიციების განმტკიცება უხდებოდა კლასიციზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზით, ქართულ სინამდვილეში რომანტიზმს მეტად ნაყოფიერი ნიადაგი დახვდა. ეროვნული თავისუფლების დაკარგვით გამოწვეული ღრმა სევდა, ფეოდალური კლასის შერყეული პოლიტიკურ-ეკონომიური მდგომარეობა, ცხოვრების ფორმების სიახლე, ერთი მხრივ, წარმოადგენდა მასაზრდოებელ წყაროს ქართული რომანტიზმისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მე- 17–18 საუკუნეების ქართული ლიტერატურის რეგლამენტაციისაგან თავისუფალი დემოკრატიული ნაკადი ძლიერ სტიმულს აძლევდა შემოქმედების თავისუფლების პრინციპზე აგებულ ახალ მხატვრულ სისტემას, რომელიც მოვლენებით სავსე ახალ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში ყალიბდებოდა[20].
აღორძინების პერიოდის ქართულ ლიტერატურაში გამეფებული სევდიანი განწყობილება, პატრიოტული პათოსი, ხალხურობისაკენ მისწრაფება და ღრმა პესიმიზმით გაჟღენთილი გარდამავალი ხანის პოეზია–საუკეთესო წინაპირობა იყო რომანტიკული მიმართულების წარმოშობისა და განვითარებისათვის XIX საუკუნის პირველ ნახევარში. თუმცა ამ მიმართულების წარმოშობის უშუალო წინამძღვრები ახალი ისტორიულ-საზოგადოებრივი და კულტურული ვითარებით იყო გაპირობებული.
მიუხედავად იმისა, რომ აღორძინების ხანის ქართულმა ლიტერატურამ შეუმზადა ნიადაგი რომანტიზმს, თვით ეს მიმართულება საქართველოში ჩამოყალიბდა, ძირითადად, როგორც ძველი ლიტერატურული ფორმების საწინააღმდეგო ახალი შემოქმედებითი მეთოდი, რომელმაც უარყო ვარდბულბულიანის პოეტიკა და გზა გაუკაფა არა მარტო მხატვრულ ფორმას, არამედ ახალ იდეებსაც.
ქართული რომანტიზმი, განსაკუთრებით თავის განვითარების უმაღლეს სტადიაზე, ერთი მხრივ, დაუპირისპირდა აღორძინებისა და გარდამავალი ხსნის ქართულ ლიტერატურულ სტილს - ფიგურალურ გამოთქმებს, მეტაფორულობას, საერთოდ, პოეზიის აღმოსავლურ სამკაულებს, უკუაგდო მრავალი მოძველებული ფორმა და, ილია ჭავჭავაძის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ევროპეიზმი შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში, ახალ რომანტიკულ სახეებში გადმოსცა მთელი თაობის სულიერი განცდები და ინტელექტუალური მისწრაფებანი.
ქართული რომანტიზმის ისტორიული განვითარება გვარწმუნებს, რომ იგი გასული საუკუნის 20- იან წლებშიც კი არ გვევლინება ჩამოყალიბებული სახით.
აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულების დამწყები ალ. ჭავჭავაძე თავისი აღზრდითა და ცხოვრებით მოქცეული იყო ორი კულტურული სფეროს გავლენის ქვეშ. როდესაც იგი პირველ შემოქმედებით ნაბიჯს დგამდა, ბესიკის ხმა ჯერ კიდევ მეფობდა ქართულ პოეზიაში. ალ. ჭავჭავაძემ ღრმად შეითვისა ძველი ქართული ლიტერატურის დიდი ტრადიციები, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი ღრმად ჩასწვდა თავისი ხალხის ეროვნულ ცხოვრებას ახალ დროში და მოწინავე სოციალური იდეების დიდი გავლენა განიცადა.
ალ. ჭავჭავაძის შემეცნება მდიდრდებოდა განმათავისუფლებელი იდეებით, რომლებიც მან შეითვისა არა მარტო პეტერბურგში, არამედ პარიზშიც, სადაც ზარბაზნების კვამლს არ შეეძლო დაეფარა საფრანგეთის რევოლუციის ნაპერწკლები.
ალ. ჭავჭავაძე შეეცადა მრავალსაუკუნოვანი ქართული პოეზია გაემდიდრებინა ახალი ელემენტებით, მან დაამყნო ახალი პოეზიის პირველი ნერგი, რომელმაც სრული ყვავილოვნება მომდევნო პოეტების ლექსებში განიცადა. მისი შემოქმედების ძირებს ღრმად აქვს გამდგარი ფესვები ეროვნულ ნიადაგში. ალ. ჭავჭავაძემ შეკრა რკალი დიდი, ძველი ქართული მწერლობის განვითარებისა და ნიშანი მისცა ახალ მოძრაობას, გახდა დამწყები ქართული რომანტიზმისა. ამიტომ ბუნებრივია, რომ მის შემოქმედებაში ჩამოყალიბებული სახით ჯერ კიდევ არ ჩანს ეს ახალი მხატვრულისისტემა.
ილია ჭავჭავაძემ ჯერ კიდევ სიჭაბუკის დროს შესანიშნავად განჭვრიტა, რომ ალ. ჭავჭავაძე იწყებს ახალ გზას მე- 19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. მაგრამ, ილია ჭავჭავაძის მართებული აზრით, ¨ გოგჩას¨ ავტორმა ძველი პოეტური ფორმის ტრადიციებიდან ვერ გაათავისუფლა ქართული ლექსი. ეს ისტორიული მისია წილად ხვდა. ნ. ბარათაშვილს, როგორცქართული რომანტიზმის დამაგვირგვინებელს.
ამრიგად, ალ. ჭავჭავაძის სახელთან დაკავშირებულია ქართული რომანტიზმის სათავეები, ამ მიმართულების შემდგომი ეტაპი გრ. ორბელიანის შემოქმედებაა, თავისი უმაღლესიგამოხატულება და მხატვრული სრულყოფა კი ქართულმა რომანტიზმმა ¨ მერანის¨ ავტორის პოეზიაში პოვა. რა თქმა უნდა, ამ სამი კლასიკოსის შემოქმედებით არ ამოიწურა ქართული რომანტიზმი. მის ისტორიულ განვითარებაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს მიხეილ თუმანიშვილმა, ვახტანგ ორბელიანმა, გიორგი ერისთავმა ( შემოქმედების პირველი პერიოდი ), გრიგოლ რჩეულიშვილმა, ალექსანდრე ორბელიანმა და სხვებმა. ამ მწერლებმა მეტ-ნაკლები წვლილი შეიტანეს რომანტიკულ მიმართულებაში და თავისებური, ინდივიდუალური სახე შეინარჩუნეს XIX ს. პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურის ისტორიაში.
ქრონოლოგიურად ქართული რომანტიზმის, როგორც გარკვეული ლიტერატურული მიმართულებისა და შემოქმედებითი მეთოდის, პირველი ნიშნები ისახება მე-19 საუკუნის 20-იან წლებში, ხოლო თავის ჩამოყალიბებულ სახეს 30 – 40-იან წლებში იღებს. როგორც ვთქვით, ქართული რომანტიზმი ღრმა ეროვნულ-სპეციფიკურ ხასიათს ატარებს, მაგრამ ამავე დროს იგი მჭიდროდაა დაკავშირებული მსოფლიო რომანტიკული ლიტერატურის ისტორიულ განვითარებასთან. ქართულ რომანტიზმში, ისევე როგორც მოწინავე ქვეყნების რომანტიკულ სკოლაში, აშკარად შეიმჩნევა ორი ტენდენცია: პროგრესული და რეაქციული.
ქართული რომანტიზმი არ არის ერთგვაროვანი. მისი განვითარების ჩანასახს წარმოადგენს ე.  წ. გარდამავალი პერიოდის პოეტთა-ქართველ ბატონიშვილთა რომანტიკულ-სანტიმენტალური სტილით შეფერილი შემოქმედება, რომელიც შემოზღუდულია საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო უნუგეშო წუხილით და ფეოდალური საქართველოს აღდგენის ოცნებით. რამდენადაც ბატონიშვილების პოეზიაში ვერ ნახა გამოხატულება  ახალმა სოციალურ-პოლიტიკურმა ქროლვამ, მათი რომანტიზმიმოკლებულია პროგრესულ შინაარსს, პერსპექტივას, და იგი ფეოდალურ-არისტოკრატიული მსოფლ-მხედველობის ვიწრო ნაჭუჭშია მომწყვდეული. მათ უსასოო პესიმიზმში აისახა, ერთი მხრივ, ძველი ფეოდალური საზოგადოების იდეოლოგიის კრიზისი, მეორე მხრივ - განხეთქილება პოლიტიკურ იდეალებსა და რეალური სინამდვილის ტენდენციებს შორის.
ქართული რომანტიზმი არ იყო ერთგვაროვანი განვითარების შემდგომ ეტაპებზეც. ამ მხრივ მეთოდოლოგიურად მეტად საგულისხმოა ბესარიონ ბელინსკის აზრი იმის შესახებ, რომ რომანტიზმის ბუნების განსაზღვრა უნდა დავუკავშიროთ ხელოვნების სინამდვილესთან დამოკიდებულების საკითხს. აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ეროვნულ-პოლიტიკური ორიენტაცია და მასთან დაკავშირებული სოციალურ-პოლიტიკური იდეალების ხასიათი განსაზღვრავს ქართულ ლიტერატურაში რომანტიზმის პროგრესულობის ხარისხს.
რომანტიზმის ზოგი წარმომადგენლისათვის (ს. რაზმაძე, ა.ორბელიანი) ნიშანდობლივია ვიწრო წოდებრივ პოზიციებზე დგომა. მათთვის უცხოა პროგრესული რომანტიკოსების ა. ჭავჭავაძის, გრ. ორბელიანისა და ნ. ბარათაშვილისათვის დამახასიათებელი საზოგადოების განვითარების მოწინავე ტენდენციების გაგების ცდა. პირველთა იმედები და ოცნებანი უმთავრესად მიმართულია ფეოდალურ- პატრიარქალური წარსულისაკენ, მაშინ როცა მოწინავე რომანტიკოსები წარსულის იდეალს უფარდებენ აწმყოს და ოცნებობენ ნათელ მომავალზე. ქართული რომანტიზმის ეს იდეალური სწრაფვა უკეთესი მომავლისაკენ ჯერ კიდევ ალ.ჭავჭავაძის სოციალური ჰუმანიზმით და მომავლის რწმენით გაჟღენთილ ლექსებში ჩანს და უფრო სრულყოფილ გამოხატულებას ნ. ბარათაშვილის ¨მერანში¨ პოულობს. მართალია, ეს ოცნება განხეთქილებაშია სინამდვილესთან, მაგრამ იგი ეყრდნობა ქვეყნის შინაგან კანონზომიერებას, ხალხის უდრეკ ნებისყოფას და მომავლის რწმენას. რა თქმა უნდა, ყოველივე თქმული იმას როდი ნიშნავს, რომ პროგრესული რომანტიზმის განვითარება მიმდინარეობდა წინააღმდეგობათა გარეშე. რთული ისტორიული სიტუაცია, საზოგადოებრივი განვითარების პერიპეტიები თავის იდეოლოგიურ გამოხატულებას პოულობდა რომანტიზმის განვითარებაში და, ბუნებრივია, რომანტიკული ლიტერატურის პროგრესული ფრთის წარმომადგენელთა შემოქმედებაშიც.
ზოგჯერ რეაქციული და პროგრესული რომანტიზმის ელემენტები გვხვდება ერთი და იმავე მწერლის შემოქმედებაში, მაგ., ვიქტორ ჰიუგო თავის ¨ ბალადებში¨ აგრძელებდა შუა საუკუნეების მისტიკურ-რაინდული ლირიკის ტრადიციებს, ხოლო სიმღერებში საბერძნეთის შესახებ ეროვნული განთავისუფლებისათვის ბერძნების ბრძოლის რომანტიკულ იდეალიზაციას ახდენდა. გარკვეულ ისტორიულ პირობათა წყალობით ქართული რომანტიზმი, თავისი გამოჩენილი წარმომადგენლების სახით, პროგრესული რომანტიზმის მაგისტრალურ ხაზს გაჰყვა. სოციალური, ეროვნული და ეთიკურ-ფილოსოფიური პრობლემების ჰუმანისტური თვალსაზრისით გადაჭრა ქართველი რომანტიკოსების მიერ ნათლად ადასტურებს მათი შემოქმედების პროგრესულ ხასიათს. უნდა შევნიშნოთ, რომ ეს გარემოება უმთავრესად გამოწვეულია საქართველოს სპეციფიკური საზოგადოებრივი პირობებით. ამ მხრივ დიდმნიშვნელოვანია ის ძლიერი, ჯანსაღი ტრადიციები, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის განვითარების ისტორიული ინერციით თან ახლდა და მემკვიდრეობითად უკავშირდებოდა ახალ მხატვრულ სტილს. პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ეპოქის საერთო სულისკვეთებას და ქართული რომანტიკული სკოლის ორგანულ კავშირს მოწინავე რუსულ და დასავლეთევროპულ რომანტიკულ ლიტერატურასთან. ჩვენს რომანტიკოსებს არ დაუტოვებიათ თეორიულ-ესთეტიკური ტრაქტატები, მაგრამ მათი შემოქმედების თავისებურებათა ანალიზი და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმული შეხედულებანი საფუძველს გვაძლევენ, გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ ქართული რომანტიკული ხელოვნების წარმომადგენელთა ესთეტიკური კრედოს შესახებ.
ქართული რომანტიზმის გამოჩენილი წარმომადგენლები გამოხატავენ თავისი დროის იდეოლოგიის პროგრესულ ტენდენციებს და ლიტერატურას მიზნად უსახავენ ხალხის სამსახურს. თვით სევდიან და მძიმე წუთებშიც ¨ სოფლისათვის ზრუნვას¨ აღიარებდნენ ადამიანის მთავარ დანიშნულებად. ისინი თავიანთ შემოქმედებაში სვამენ ქვეყნის ბედთან დაკავშირებულისტორიულ-პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებს, საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო პრობლემებს. ქართულ პროგრესულ რომანტიზმში მშვენიერების იდეალი დაკავშირებულია ადამიანის თავისუფლებასთან. ნ. ბარათაშვილი ¨მერანში¨ თავგანწირულ ბრძოლას, წინსწრაფვას უწოდებს მშვენიერს (და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას), პოეტი ბრძოლაში ხედავს მშვენიერების უმაღლესი იდეალის განხორციელებას.
ქართველი რომანტიკოსების ესთეტიკაზე სხვა მხრივაც გვაძლევს წარმოდგენას მათი შემოქმედება, თუ მას წინამორბედ ლიტერატურულ ტრადიციებს შევადარებთ. XVII –XVIII საუკუნეების მწერლების შემოქმედებაში ხშირად ადამიანის აბსტრაქტული აპერცეპციაა მოცემული, მათს წარმოდგენაში ადამიანი ხშირად ღვთაებრიობის ემანაციაა და ზოგჯერ მკვლევართათვის ძნელი გასაგებია, სად იგულისხმება რეალური ადამიანი და სად –ღვთაება. ეს აბსტრაქტული გაგება დამახასიათებელია კლასიციზმის სტილისათვის, რომელიც თავისებური ისტორიული პირობების გამო არ აღორძინებულა ჩვენში, მაგრამ მისი ელემენტები უთუოდ შეინიშნება ძველსა და გარდამავალი ხანის ქართულ მწერლობაში. ამ მხრივ სრულიად საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ ახალ ქართულ ლიტერატურულ მიმდინარეობაში: ადამიანის შინაგანი ფსიქოლოგიური სამყაროს ჩვენება ქართველი რომანტიკოსების შემოქმედებითი ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს იყო რომანტიკული სუბიექტივიზმის აღორძინება, ფანტაზიისთვის ფართო გაქანების მიცემა, რაც ერთგვარად რაციონალიზმის რეაქციის გამოხატულებას წარმოადგენდა. ეს, შეიძლება ითქვას, საერთო მოვლენა იყო მსოფლიო რომანტიზმის განვითარებაში, რაც ჯერ კიდევ ჰეგელმა აღნიშნა. თავის ლექციებში ესთეტიკაზე, ხელოვნების რომანტიკული ფორმების ანალიზისას ჰეგელი წერს: ¨ რომანტიზმის ჭეშმარიტი შინაარსი არის აბსოლუტური შინაგანი ცხოვრება, ხოლო მის შესატყვის ფორმას წარმოადგენს სულიერი სუბიექტურობა, როგორც თავისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შეცნობა¨ [21].
ქართულმა რომანტიკულმა პოეზიამ ფართოდ გადაგვიშალა ადამიანის სულიერი ცხოვრება, მისი სწრაფვა თავისუფლებისაკენ, მრავალფეროვანი გამა ახალი ადამიანის განცდებისა, მისი მებრძოლი პათოსი და ძლიერი გაქანება. ქართულმა რომანტიზმმა გამოხატა იმ დროის საქართველოს სოციალური ცხოვრების წინააღმდეგობანი, საზოგადოების მოწინავე ფენების პატრიოტული განწყობილება, ჰუმანისტური იდეები. მან ახალ ეტაპზე აიყვანა ძველი ქართული ლიტერატურისათვის დამახასიათებელი დადებითი ელემენტები და ეპოქის მოწინავე იდეებს დაუკავშირა ისინი. ქართული რომანტიზმი სინამდვილის უბრალო პროტესტსა და უარყოფას კი არ გულისხმობდა, არამედ არსებულის უარყოფაში ხედავდა მომავლისათვის ბრძოლის აუცილებელ პირობას. მთელი ქართული პროგრესული რომანტიკული პოეზია გაჟღენთილია ჭეშმარიტების ძიების, ახალი იდეების დამკვიდრების დაუცხრომელი სურვილით.
ახალი ქართული ლიტერატურული მოძრაობის დახასიათებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი გამოხატავდა ქართველი ხალხის კულტურის ყველაზე მოწინავე ტენდენციებს გარკვეულ ისტორიულ ეპოქაში. ლენინი გვასწავლიდა, რომ თვითეულ ნაციონალურ კულტურაში არის ორი ნაციონალურ კულტურა – პროგრესული და რეაქციული[22].
ქართული პროგრესული რომანტიზმი ჩვენი მოწინავე კულტურის ბრწყინვალე ფურცელია. იგი უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა XIX საუკუნის ქართული მხატვრული აზროვნების განვითარებაში, თავისი მოწინავე საზოგადოებრივი იდეალებით იგი უპირისპირდებოდა ქართული რეაქციული თავადაზნაურობის კულტურას, ისევე როგორც პუშკინისა და დეკაბრისტების მისწრაფებანი დიამეტრალურად ეწინააღმდეგება არაკჩეევის რეაქციულ კულტურას.
ქართველი რომანტიკოსები ეპოქის იდეების სიმაღლეზე იდგნენ. ისინი კარგად იცნობდნენ მსოფლიოს რომანტიკულ ლიტერატურას. ალ. ჭავჭავაძის მძლავრი ეროვნული და სოციალური პათოსი, გრ. ორბელიანის ღრმა რომანტიკული აპერცეპცია და ნ. ბარათაშვილის ფილოსოფიური გააზრება, მათი პოეზიის სახეები და მოტივები ცხადად მიგვითითებს, რომ ქართული რომანტიზმის მასაზრდოებელი წყაროები არა მარტო ეროვნულ სინამდვილეში, არამედ, ამასთან ერთად, მსოფლიო რომანტიკულ მოძრაობაშიც უნდა ვეძიოთ. ამას გვიდასტურებს აგრეთვე ცალკეული თარგმანები და რემინისცენციები რუსი და დასავლეთევროპელი რომანტიკოსების შემოქმედებიდან.
ეროვნული მხატვრული მემკვიდრეობის სიმდიდრის გამო, რომელსაც ეფუძნება ქართული რომანტიზმი, თავისი შინაგანი ბუნებით იმდენად ორიგინალურია, რომ თვით მსოფლიოში მოარული რომანტიკული სახეები და მოტივები სრულიად თავისებურადაა გარდატეხილი ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებითს წარმოსახვაში.
ბარათაშვილის შემოქმედების ცენტრში მოქცეულია ღრმად თავისებური მხატვრული სახე - ¨ ბოროტი სული¨ , რომელიც შეესატყვისება მსოფლიო რომანტიკულ პოეზიაში ცნობილ დემონს. ამ მხრივ საგულისხმოა აგრეთვე ¨ მერანის¨ სახის ორიგინალური მხატვრული გააზრება, რაც ეროვნული მითოლოგიის უღრმეს პლასტებს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას მე –19 ს. დასაწყისში არ მოჰყოლია ეროვნული ორგანიზმის გამთლიანების ისტორიული პროცესის შეწყვეტა. თანდათან იღვიძებს ხალხის ნაციონალური ცნობიერება, სამშობლოს განთავისუფლების იდეა, პატრიოტიზმის სულისკვეთება ეუფლება მთელ თაობებს. ისახება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ქართველი ხალხის ეს მებრძოლი სული ფართო გამოხატულებას პოულობს რომანტიკულ შემოქმედებაში. მსოფლიო რომანტიკული ხელოვნების ისტორიაში კარგად ცნობილია, რომ რომანტიზმის წყაროდ და მამოძრავებელ ძალად არაიშვიათად გვევლინება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ამის საუკეთესო მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ისტორია მე –19 საუკუნის იტალიისა და პოლონეთის საზოგადოებრივი ცხოვრებისა, სადაც რომანტიზმი ეროვნული მოძრაობის უშუალო გამოძახილს წარმოადგენს ხელოვნებასა და ფილოსოფიაში. ქართველი ხალხის უძლიერესმა სწრაფვამ ეროვნული განთავისუფლებისაკენ მისცა ძლიერი სტიმული ქართული რომანტიზმის განვითარებას, თავის მხრივ კი ქართულმა რომანტიზმმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაღრმავებაზე, ხელი შეუწყო ეროვნული თვითშეგნების აქტივიზაციას. 1832  წ. შეთქმულების პროგრესული ფრთის ლიტერატურული მოღვაწეობა ამ მხრივ სერიოზულ ისტორიულ ძალას წარმოადგენდა ახლად გაღვიძებულ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგრამ ქართველი რომანტიკოსები არა მარტო ისტორიული ცხოვრების ნაციონალურმხარეს აქცევენ ყურადღებას, არამედ აქტიურად ეხმაურებიან ხალხის სოციალურ თვითშეგნებაში მომხდარ სერიოზულ ცვლილებებს.
ქართველმა რომანტიკოსებმა ეროვნულ მოტივს, რომელიც დომინანტური იყო მათს შემოქმედებაში, ორგანულად დაუკავშირეს სოციალური განთავისუფლების იდეას, მოწინავე საზოგადოებრივი შეხედულებანი.
ქართული რომანტიზმის დამწყები ალ. ჭავჭავაძე თავისი მსოფლმხედველობის ეპოქის მოწინავე იდეებს პასუხობდა. ბრძოლის პათოსი, რომლითაც გამსჭვალულია ალ. ჭავჭავაძის შემოქმედება, ადასტურებს ქართული რომანტიზმის პროგრესულ ხასიათს, მის კავშირს საკაცობრიო რევოლუციურ-რომანტიკული ხელოვნების საუკეთესო ტრადიციებთან. რა თქმა უნდა, ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი ფაქტორია თვით მაშინდელი ქართული საზოგადოებრივ-ისტორიული სინამდვილე.
გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებაში ჩვენ გვხვდება ჰუმანიზმის შესანიშნავი ნიმუში. თავის ¨ სადღეგრძელოს¨ დასასრულს პოეტი განთიადის ფონზე გვიხატავს სისხლისმღვრელი ომის დაწყებას და გულიდან აღმოხდება ადამიანის სიყვარულით გამთბარი სიტყვები:
¨ მ მშვენიერსა დილასა, კაცს რად ჰსურს სისხლი კაცისა?¨ გრიგოლ ორბელიანის სოციალურ-პოლიტიკური მსოფლმხედველობის დახასიათებისას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს მის შეხედულებებს რესპუბლიკური წყობის შესახებ, რასაც ეხმაურება პოემაში ¨ ბედი ქართლისა¨ გატარებული პოლიტიკურ-კონსტიტუციური პრინციპები.
მძაფრი აქტივიზმი ახასიათებს ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას. მის პოეზიაში უმაღლესი განსახიერება პოვა პიროვნების განთავისუფლების სოციალურმა იდეამ. კრიტიკული აზრის დაუცხრომელი წინსწრაფვა, ისტორიული პროგრესის რწმენა და ჰუმანიზმი ნ. ბარათაშვილის შემოქმედების ძირითადი ნიშნებია. ბარათაშვილმა უმაღლეს დონეზე აიყვანა ქართული რომანტიზმი. მან შეძლო უბადლო მხატვრულ სახეებში გამოეხატა ქართველი ხალხის პროგრესული სოციალურ-პოლიტიკური მრწამსი.
დიდი ადგილი უკავია ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაში ისტორიზმს. ისტორიულმა თემამ რომანტიკოსების შემოქმედების მრავალ ჟანრში პოვა გამოხატულება. თუ რომანტიკოსების უფროს თაობაში ისტორიული მოტივი უმეტესად ლირიკაში და პოეტურ ეპოსში იჩენს თავს ( ა. ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი), მომდევნო პერიოდში ისტორიული წარსულით ფართოდ სარგებლობს პროზა და დრამატურგია ( გრ. რჩეულიშვილი, ალ.ორბელიანი), მაგრამ თემის შემოქმედებითი გადაწყვეტა რომანტიკოსების ამ დაჯგუფებათა შორის სხვადასხვაგვარია. ისტორიული თემატიკის დამუშავების დროს პროგრესული რომანტიკოსები, განსაკუთრებით ნიკოლოზ ბარათაშვილი, არა მხოლოდ გარდასულ დროთა ამბებით გადმოგვცემს ერის ბედს, არამედ ისტორიულ სურათებს უკავშირებს აწმყოს ვითარებას და თავის თაობას ფრიად აფიქრებს სამშობლოს მომავალზე. თუ ნ. ბარათაშვილი მისი თანამედროვე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამოცანების შუქში იხილავს ისტორიულ პრობლემებს და მისი, როგორც შემოქმედის, მზერა მომავლისაკენაა მიმართული, სოლომონ რაზმაძე და ვახტანგ ორბელიანი, გრიგოლ რჩეულიშვილი და ალექსანდრე ორბელიანი საქართველოს ფეოდალური წარსულის იდეალიზაციას ახდენდნენ და მის რესტავრაციაზე ოცნებობენ, ისინი ვერ სწვდებიან სამშობლო ქვეყნის ისტორიულ პროგრესულ ტენდენციას და ვერ მაღლდებიან ახალი ცხოვრების მიერ წამოჭრილ საზოგადოებრივ ამოცანამდე. მათთვის უცხოა აგრეთვე ის ჯანსაღი რეალისტური ტენდენციები, რაც პროგრესულ რომანტიკოსთა შემოქმედებას ახასიათებდა.
რომანტიკული სტილის სპეციფიკური მხატვრულ-იდეური თავისებურებანი მკვეთრად გამოვლინდა მორალურ-ეთიკური პრობლემატიკის ახლებურ გაშუქებაში. გრ. ორბელიანის შემოქმედებაში უკვე მკვეთრადაა გამოხატული იდეალური სიყვარულის კონცეფცია. იგი სიყვარულის გრძნობას ორგანულად უკავშირებს უკვდავების იდეას. სიყვარულის ასეთი გაგება უპირისპირდება ამ გრძნობის მხატვრულ ასახვას აღმოსავლურ პოეზიაში. ნ. ბარათაშვილის სიყვარულის რომანტიკულ კონცეფციას საფუძვლად უდევს პოეტის მორალური ფილოსოფია. პოეტი სიყვარულის საკითხს განიხილავს უმაღლეს ეთიკურ ღირებულებათა ასპექტში, როგორც უმშვენიერეს, კეთილშობილ ადამიანთა სულიერ კავშირს. ნ. ბარათაშვილი, როგორც ჭეშმარიტი რომანტიკოსი, სიყვარულში სულიერი ჰარმონიისა და მარადისობის განცდის გამოვლენას ჭვრეტს.
ყველა ხალხთა რომანტიკულ ლიტერატურაში ბუნების გრძნობას დიდი ადგილი უჭირავს. მაგრამ თუ რეაქციულ რომანტიკოსებთან (ტიკი, ნოვალისი) ბუნება მისტიკური გააზრებისა და ღვთაებრივი აბსტრაქციის საგანი იყო, რევოლუციური რომანტიზმის წარმომადგენლებისათვის (გოეთე, ბაირონი, შელი, პუშკინი, მიცკევიჩი) უცხოა ბუნების მეტაფიზიკური ჭვრეტა. პირიქით, ბუნების განსულიერება დს მის სახეებში ცხოვრების დანახვა დამახასიათებელი თვისებაა რომანტიკული ხელოვნებისათვის. იგივე შეიძლება ითქვას პროგრესული ქართულიქართული რომანტიზმის მეთაურებზე. ალ. ჭავჭავაძე პირველი მწერალია გასული საუკუნის ქართულ ლიტერატურაში, რომლის მიერ დახატულ ბუნების სურათებში იგრძნობა საზოგადოებრივი ცხოვრების მხატვრული წარმოსახვის ტენდენცია.
გრიგოლ ორბელიანმა კიდევ უფრო გააღრმავა ბუნების რომანტიკული გააზრება. ნიკოლოზ ბარათაშვილმა კი კალმის გენიალური მოსმით დაგვიხატა მშობლიური ბუნების უკვდავი სურათები. ბარათაშვილი ბუნებას მეტყველ ენას უდგამს იმისათვის, რომ დაამყაროს ჰარმონია ბუნებასა და ადამიანს შორის.
არ შეიძლება ქართულ რომანტიზმში ყურადღება არ მიიქციოს აგრეთვე აშკარა რეაქციამ რელიგიურ-მისტიკური დოგმატიზმის ყოველგვარი გამოვლენის წინააღმდეგ. ამ მხრივაც ქართულ რომანტიზმში თავს იჩენს პროგრესული რომანტიკული მსოფლგაგებისათვის დამახასიათებელი მომენტები. ჯერ კიდევ გოეთე შენიშნავდა, რომ მოწინავე ინგლისელი რომანტიკოსები ბიბლიური სახეების გამოყენებით ხშირად რელიგიური დოგმატიზმის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ[23].
ქართული რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენლები, ისევე როგორც ამ მიმართულების მსოფლიო კორიფეები, თავისი დროის რეალურ კონფლიქტებს გამოხატავდნენ არაჩვეულებრივი ძლიერებით დაჯილდოებულ გმირთა სახეებში, ვნებათა უმძაფრეს ჭიდილში. ასეთ მხატვრულ აპერცეპციას შემდეგ ახსნას აძლევდა ბაირონი: ¨ ჩვენ ვცხოვრობთ ტიტანურ და გაზვიადებულ დროში, როცა ყველაფერი, რაც თავის ზომით გოგსა და მაგოგს ჩამორჩება, გვეჩვენება პიგმეურად¨ ( წერილი ვალტერ სკოტისადმი 1822 წლის 4 მაისის თარიღით).
ახალი რომანტიკული სტილის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო მხატვრული აზროვნების სიმბოლურ სახეებში გამოხატვა. რომანტიკული პოეტიკის ეს ხერხი დიდ გაქანებას აძლევდა შემოქმედს. რომანტიკულ სიმბოლურ სახეს ახასიათებდა ბრძოლის პათოსი, ტიტანიზმი, სოციალურ-ფილოსოფიურ განზოგადოებათა შინაარსობრივი სისავსე. ¨ მერანი¨ ამ შემთხვევაში მსოფლიო რომანტიკული ხელოვნების საგანძურში ერთი უბრწყინვალესი სახე-სიმბოლოა, რომელშიც გამოხატულია პრომეთესეული სტოიციზმი, გაუტეხელი გმირული სული. ი. ჭავჭავაძემ პირველმა გაატარა შესანიშნავი პარალელი ¨ მერანსა¨ და მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილ მხატვრულ სახეებს შორის და ქართული რომანტიკული ხელოვნების საკაცობრიო მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ფილოსოფიური აზრის სიღრმე, ბრძნული დაფიქრება ცხოვრების მწვავე კითხვებზე აფართოებდა ქართული რომანტიკული პოეზიის იდეურ სამყაროს, მაღალ საზოგადოებრივ ღირებულებას ანიჭებდა მას ერის სულიერ განვითარებაში.
ქართული რომანტიკული შემოქმედების წიაღშივე ისახება რეალისტური ტენდენციები. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მე –18 საუკუნის ქართული ლიტერატურის რეალისტური ტენდენციების განმეორება, რამდენადაც აღნიშნული სტილი ვერ უპასუხებდა ახალი დროის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების შინაარსს. ჩვენი ცხოვრების ამ პერიოდს შეესატყვისებოდა ხელოვნების რომანტიკული ფორმები. ამავე დროს, მე –19 საუკუნის პირველი მესამედის ქართული ისტორიული ცხოვრება არ იყო მომწიფებული კრიტიკული რეალიზმის აღორძინებისათვის, მაგრამ მისი პირველი მარცვლები უკვე ღვივდებოდა. ამით აიხსნება კანონზომიერი მოვლენა, რომ თვით რომანტიზმში ისახება ახალი რეალისტური ტენდენცია, რომელიც მომდევნო წლებში შესაფერ საზოგადოებრივ პირობებში ძლიერ მხატვრულ მიმართულებად ყალიბდება. ეს ტენდენცია რეალიზმისაკენ ყველაზე მკვეთრად გამომჟღავნდა ნ. ბარათაშვილისა და გრ. ორბელიანის შემოქმედებაში.
არსებული სინამდვილის წინააღმდეგ მებრძოლი, მოწინავე იდეებით აღჭურვილი გმირის შემოქმედების ცენტრში დაყენება, ოცნება უკეთესი მომავლისათვის და არა მხოლოდ წარსულით შემოზღუდვა, აქტუალური ეროვნული და სოციალური საკითხების წინა პლანზე წამოწევა, პროტესტი ყოველგვარი რუტინის მიმართ, სწრაფვა ნაციონალური თემატიკისკენ, ისტორიულ-საზოგადოებრივ ტენდენციაში გარკვევის ცდა – არსებითი მომენტებია, რომლებიც პროგრესულ ქართულ რომანტიზმს აძლევდა სტიმულს მის წიაღშივე ჩასახულიყო რეალიზმის ელემენტები.
ჟანრობრივი თვალსაზრისით, ქართულმა რომანტიზმმა ყველაზე ფართო გაქანება ლირიკაში პოვა. ეს გასაკვირი არ არის. კარგად ცნობილია, და ამას მსოფლიო რომანტიზმის ისტორიაც ადასტურებს, რომ რომანტიზმის სტიქია ყველაზე მეტად ლირიკულ ჟანრში ვლინდება. პროზის ტრადიციები დიდი ქართველი რომანტიკოსებიდან ყველაზე მეტად გრიგოლ ორბელიანმა განავითარა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი დღიურები, კერძოდ, ¨ მგზავრობა ჩემი თბილისიდამ პეტერბურღამდის¨ ( 1831 –1832 წწ.), რომელშიც მწერლის მოწინავე პოლიტიკური მსოფლმხედველობა გამოსჭვივის. აგრეთვე ესკიზები, განსაკუთრებით ¨ზამთრისა ქარი გრიალებს¨ , ¨ ნინო¨ , ეკატერინე, მანანა¨ , ¨ანტონისადმი¨ , და სხვ. დოკუმენტურ პროზას, რომლითაც ასე გატაცებულნი იყვნენ რომანტიკოსები, ¨ მგზავრობასთან...¨ ერთად მიეკუთვნება მისივე დღიური 1836 წლისა. ამ მხრივ საყურადღებოა აგრეთვე გრ. ორბელიანის პროზაული თარგმანებიც.
ნაგვიანევად განავითარა ქართული რომანტიკული პროზა გრიგოლ რჩეულიშვილმა, რომლის შემოქმედებითი ყურადღება საქართველოს წარსულისაკენ იყო მიმართული. დრამატულ ჟანრში ქართული რომანტიზმი ყველაზე მეტად ალ. ორბელიანის შემოქმედებაში გამოიხატა. მან შექმნა ისტორიული ხასიათის რომანტიკული დრამა, რომელშიც, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ნათლად ჩანს ალ. ორბელიანის კონსერვატულ-ფეოდალური იდეოლოგია.
მაგრამ ქართულ სინამდვილეში რომანტიკული პროზა და დრამა დიდად ჩამორჩა რომანტიკული პოეტური კულტურის განვითარებას. იმდროინდელ პროზასა და დრამატურგიას, დღევანდელი თვალსაზრისით, უფრო ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ესთეტიკური ღირებულება.
ასეთია ქართული რომანტიზმის მთავარი თვისებანი. ამ ახალმა ლიტერატურულმა სტილმა წამოაყენა არა მხოლოდ ახალი იდეები, არამედ შეძლო ახალი მხატვრული აზროვნებისათვის მოეძებნა ახალი მხატვრული ფორმაც. მდიდარი ნაციონალური სულიერი კულტურის ტრადიციებზე აღმოცენებული და მსოფლიო სიტყვიერი ხელოვნების მიღწევებით ნასაზრდოები ქართული რომანტიზმი თავისი საუკეთესო წარმომადგენლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის განუმეორებელი შემოქმედებით გასცდა ეროვნულ საზღვრებს და მსოფლიო ლიტერატურის სიმაღლეზე ავიდა. ეს საკაცობრიო ხასიათი განსაკუთრებულ შემეცნებითს და ესთეტიკურ ღირებულებას ანიჭებს პროგრესულ ქართულ რომანტიზმს XIX საუკუნის ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში.
ქართულმა რომანტიკულმა ხელოვნებამ ძლიერი ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ხალხის სულიერ და ზნეობრივ განვითარებაზე, დიდად შეუწყო ხელი მისი ეროვნული შეგნების ამაღლებას.

[1] ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ.IV, 1955,გვ. 216- 217.
[2] იხ.Цагарели. Грамоты... т.II, д. №126.
[3] ნ. ნიკოლაძე, თხზულებანი, თბილისი, 1931, ტ. I, გლეხთა განთავისუფლება საქართველოში, გვ. 163, 164.
[4] გ. გოზალიშვილი,1832 წლის შეთქმულება, 1935, გვ.67.
[5] გ. გოზალიშვილი, 1832წლის შეთქმულება, გვ. 62-63.
[6] М Нечкина, Грибоедов и Декабристы, 1951,გვ.206,211.
[7] ¨ სალიტერატურო ნაწილნი¨ …1832, № 5
[8] ნ. ბარათაშვილის თხზულებანი, 1945,გვ. 80.
[9] ეს თემა ფართოდ არის გაშუქებული ვანო შადურის, ირ. ანდრონიკაშვილის, ლევან ასათიანის, ანა ნიკოლაძისა და სხვა ქართველ მკვლევართა შრომებში, რომლებიც სპეციალურად მიძღვნილია რუსულ- ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობათა მეცნიერული შესწავლისადმი.
[10] ირ. ანდრონიკავშვილი, საქართველო ლერმონტოვის შემოქმედებაში, 1843, გვ. 15.
[11] თბილისის სასულიერო სემინარიის საარქივო მასალებიდან ( მაქს. ბერძენიშვილის პუბლიკაცია), ¨ მიმომხილველი¨ ,1949, № 1,გვ. 429 – 430. ს. ხუნდაძე, ნარვევები სახალხო განათლების ისტორიიდან საქართველოში,1951, გვ. 170.გაზ. ¨ საქართველო¨ , 1916,№ 205,¨ მიმომხილველი¨ ,გვ. 431.
[12] სოლომონ დოდაშვილი, თხზულებანი, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1961, გვ. 271 –272.
[13] ცსსა, ფონდი 1457,რვ. 1, ფ. 18; გ. გოზალიშვილი, 1832 წლის შეთქმულება, ტ. I , 1938,გვ.140.
[14] სოლომონ დოდაშვილი, თხზულებანი, 1961, გვ.284.
[15] ს. დოდაშვილი, ლოგიკა, ა. ქუთელიას რედაქციით და წინასიტყვაობით, გვ. IX.
[16] ¨ მიმომხილველი¨ , 1949, №1,გვ.431.
[17] სოლომონ დოდაშვილი, თხზულებანი,1961,გვ.238
[18] იქვე,გვ. 249.
[19] В.И. Ленин. Соч., Т.21, გვ. 126.
[20] მ. ზანდუკელი, ახალი ქართული ლიტერატურა,1956, ტ. I, გვ. 66-67.
[21] Гегелъ, Лекции по эстетикею Собрание сочинений. Т. XIII, кн. II, 1940, გვ. 89.
[22] ლენინი, თხზულებანი, ტ. XX,გვ.21.
[23] И. Эккерман, « Разгаворы с Гете «, 1934, გვ. 206.


ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786 – 1846)

ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის პირველი წარმომადგენელია. ახალ ქართულ ლიტერატურაში ყველაზე ადრე რელიეფურად ამ პოეტის შემოქმედებაში იჩინა თავი ქართული მწერლობის დაახლოებამ ევროპულ მწერლობასთან. ეს არის ალ. ჭავჭავაძის ერთ-ერთი დიდი დამსახურება ქართული მწერლობის წინაშე.
ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ წლებში, მისი უმცროსი თანამედროვეების გრ. ორბელიანისა და ნ. ბარათაშვილის- სამწერლო  ასპარეზზე გამოჩენამდე, ალ. ჭავჭავაძის პოეზიაში იგრძნობოდა ქართული რომანტიზმის მრავალი თვისება: დემოკრატიული ლტოლვანი, ზნეობრივი მრწამსის დაკავშირება ეროვნულ-სოციალურ მსოფლმხედველობასთან. სწორედ ალ. ჭავჭავაძის პოეზიაში გაისმა პირველი ძლიერი ეროვნულ-სოციალური პროტესტი. საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების გამო გარდამავალი ხანის პოეტებმაც გამოთქვეს აღშფოთება, მაგრამ ეს დაკავშირებულია სამეფო ტახტის დაკარგვასთან. ალ. ჭავჭავაძის ლირიკაში ეროვნული სევდაც მოჩანს, წმიდა პიროვნული ტკივილებიც და სოციალური უთანასწორობით გამოწვეული ნაღველიც.
ახალ ქართულ ლიტერატურაში ალ. ჭავჭავაძემ დაუდო სათავე რომანტიკულ - ¨მამულიშვილურ და მოქალაქეობრივ გულისტკივილს¨, სამოციან წლებში ეგრე გაძლიერებულს ჩვენს მწერლობაში¨ ( ი. ჭავჭავაძე). საგულისხმოა, რომ ალ. ჭავჭავაძის პოეზიაში სამშობლოს ¨ შავ-ბედზე ტირილს¨ , ¨დაუდგრომელ დროთ ბრუნვაზე¨ რომანტიკულ ჭმუნვასა და სიყვარულს ასახელებს ილიათავის ლექსში ¨ ალექსანდრე ჭავჭავაძეს¨.
ამავე დროს ალ. ჭავჭავაძის ლექსის პოეტური სახეების აღნაგობა და ხასიათი აშკარად ატარებს თეიმურაზ პირველისა და, კერძოდ თავის უშუალო წინამორბედთა – ბესიკის და სხვათა გავლენის კვალს. ალ. ჭავჭავაძის ლექსების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ამძიმებს ანტონ I-ის ¨ მაღალი შტილის¨ გავლენა – პოეტური ენის არქაიზაცია და მეტაფორულობა. მაგრამ მის ლირიკაში არქაული პოეტიკის გადალახვის საწყისებიც მჟღავნდება. ამითაც აიხსნება, რომ პოეტის ლექსები პოპულარული იყო მისი სიცოცხლეშივე და შემდეგაც. ¨ ალ. ჭავჭავაძე, როგორც პოეტი, მეტად სახელგანთქმული იყო. გრძნობითა ლა აზრით გამსჭვალულ იმ სიმღერათაგან, რომელთაც მეტნაკლებად ყველა ქართველი იცნობს, საუკეთესონი, სულ ცოტა ორი მესამედი, ალ. ჭავჭავაძის კალამს ეკუთვნის¨ [1]. ცნობილი ბიოგრაფი ი. მეუნარგიაც აღნიშნავს, რომ პოეტის ¨ ლექსები... ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ იმღერებოდა [2]. ჩვენი საუკუნის დამდეგს ი. ფანცხავა წერდა: ალ. ჭავჭავაძის ლექსებს ¨ხალხი დღემდე... ჭირსა და ვარამში, მხიარულობისა და ლხინის დროს მღერის... ამ მგოსნის ხსოვნა დღემდე ვერ აღმოფხვრეს ისეთმა ნიჭიერმა მგოსნებმა, როგორიც არიან გრ. ორბელიანი, აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძე¨ [3] .
მხატვრული სტილით-ჟანრობრივად, მოტივებით, პოეტური სახეებით – ალ. ჭავჭავაძე არაა დასრულებული რომანტიკოსი. მის პოეზიაში ქართული რომანტიზმის საწყისები მოჩანს მხოლოდ. ალ. ჭავჭავაძის ლექსების უმეტესობა უთარიღოა. მათი ნაწილობრივი დათარიღება მაინც ხერხდება ზოგი ხელნაწერი კრებულის, ლექსთა შინაარსისა და სხვა მონაცემების მიხედვით.
ამდენად შესაძლებელია დავადგინოთ ამ პოეტის შემოქმედების განვითარება. 1832 წლის შეთქმულების დამარცხებამდე ალ. ჭავჭავაძის შემოქმედება მძაფრი სევდა-ნაღველითა და პოლიტიკური სულითაა გაჟღენთილი. შეთქულების გამომჟღავნების შემდეგ კი ეს ნაკლებ შეიმჩნევა.
ალ. ჭავჭავაძე მაღალი თანამდებობის პირი იყო, მაგრამ კოლონიური ჩაგვრისადმი თავის შეურიგებლობასაც აშკარად ამჟღავნებდა. ამის გამო მეფის მთავრობა კარგა ხანს უნდობლად უყურებდა პოეტს. ამის გამოხატულებაა თუნდაც ის, რომ 1822  წ. მას  ჩამოართვეს ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის დროებითი უფროსობა (რის დამტკიცებას მოელოდა) და მასზე გამოუცდელსა და მასზე  ახალგაზრდას – ვინმე შაბელსკის-ჩააბარეს. პროტესტის ნიშნად, ¨შეურაცხყოფილი ჭავჭავაძე მაშინვე გადავიდა ქართველ გრენადერთა პოლკში¨ [4].
პოეტის მოქალაქეობრივ ღირსებასა და რადიკალიზმზე მეტყველებს ისიც, რომ მან თავი მოიავადმყოფა და არ შეასრულა ბრძანება დეკაბრისტ ნ. რაევსკის დაპატიმრების და სალდათად ჩამოქვეითების შესახებ[5].
ალ. ჭავჭავაძე 1804  წ. და 1832  წ. შეთქმულებათა ფაქტიური ხელმძღვანელი იყო. ეს კი საქართველოში ცარიზმის ბატონობისადმი  ალ. ჭავჭავაძის დამოკიდებულების მკვეთრი გამოხატულებაა. პოლიტიკური უკმაყოფილებით არის გამსჭვალული მთელი მისი პოეზიაც.
* * *
გადმოცემით, ჭავჭავაძეთა შორეული წინაპრები ხევსურეთიდან კახეთში ჩამოსახლებული გლეხები ყოფილან. ისტორიული ქრონიკები თავადურ გენეალოგიას უჭერს მხარს, რომელიც ფაროდი ჭავჭავაძით ( მე-15 საუკუნის I ნახევარი) იწყება. ერეკლე II–ის დროს, სამშობლოსათვის თავგანწირული ბრძოლით თავი გამოუჩენიათ ბესპაზ და პაატა ჭავჭავაძეებს. პოეტის მამა გარსევან რევაზის ძე ჭავჭავაძე ( 1757- 1811), ერეკლე მეორის ¨ პირველი სანდო და საყვარელი კაცი¨ , თითქმის ორ ათეულ წელს საქართველოს სამეფოს დიპლომატიური წარმომადგენელი იყო რუსეთის იმპერატორის კარზე. 1783  წ. ივლისში, ერეკლე მეფის რწმუნებით, მან ხელი მოაწერა რუსეთ- საქართველოს ¨ მეგობრობის პირობას¨ . საქართველოს რუსეთთან შეერთების მოწინააღმდეგენი გარსევანს სამშობლოს მოღალატედ სახავენ. ¨ გარსევან ჭავჭავაძემ მისცა საქართველო რუსებს, რომელიც იყო რუსეთის აგენტი საქართველოს მიტაცებისათვის¨ , - ამბობს ალ. ორბელიანი. ისტორიკოსი პლ.იოსელიანი კი ასე წერს: ¨ ვიტყვი გარსევანისათვის, რომელ დროთა ამათ იყო იგი სვეტად მტკიცედ მეფობისა, ერთგულად მეფისა და მამულისა, მგმობელი მისი სცოდავს¨ [6].
გარსევან ჭავჭავაძე თავისი დესპანობის დროს მეტწილად პეტერბურგში ცხოვრობდა. ამან ერთგვარად განსაზღვრა მისი ერთადერთი შვილის, მომავალი პოეტის –ალექსანდრეს - სწავლა-აღზრდის ხასიათი. ალ. ჭავჭავაძის დედა –მარიამ (მაია) ივანეს ასული ავალიშვილი (1758 –1836 ) – და დრამატურგ გ. ავალიშვილისა – განათლებული და სათნო ქალი იყო, მას პოეტები ხოტბას ასხამდნენ. მაიამ შეასწავლა წერა-კითხვა პატარა ალექსანდრეს.
ალექსანდრე დაიბადა 1786  წ. პეტერბურგში. იგი ¨ მიირქვა... ხელმწიფა იმპერატრიცა ეკატერინამ¨ , - წერს გარსევანი[7]. 9. წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799  წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისს გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასაწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.
1804  წ. 17 იანვარს გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს. მაგრამ სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა[8]. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები. 1804  წ. 14 სექტემბერს თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის ჭაბუკი პოეტი მთიელ აჯანყებულებს შეუერთდა. მეფის რუსეთის ჯარებმა აჯანყება სწრაფად ჩაახშეს და მისი მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძე თბილისის საპყრობილეში მოათავსეს; 1805 წლის 11 ნოემბერს იგი ტამბოვში გადაასახლეს 3 წლით.
1805  წ. 14 აპრილს იმპერატორი ციციანოვს სწერდა: მამის დამსახურებისა და იმის გამო, რომ ეს ¨უმეტესად ახალგაზრდობით შეემთხვა ... მე სასიკეთოდ ვსცანი მისი სასჯელი განისაზღვროს ტამბოვში 3 წელს ყოფნით ზედამხედველობის ქვეშ. ამ ვადის გასვლის შემდეგ, განაახლებს ერთგულების ფიცს. იმსახურებს აქ და ახალ წარმატებებსაც მიაღწევსო [9]. 1806  წ. 9 ნოემბერს, თუ უფრო ადრე არა, ა. ჭავჭავაძე თავისუფალია ტამბოვის გადასახლებისაგან. 1807  წ. დამდეგს იგი პაჟთა კორპუსშია[10].
1806- 1808 წლებში გარსევან ჭავჭავაძეს არაერთგზის მიუმართავს იმპერატორისათვის თხოვნით თავისი ვაჟიშვილისათვის წარჩინების მინიჭების შესახებ. მაგრამ იმპერატორი, ჩანს, ქართველ მთიელთა 1804  წ. აჯანყების თვალსაჩინო მონაწილეს, ტამბოვის გადასახლების ვადის შემცირებასა და კამერპაჟად ჩარიცხვასაც დიდ წყალობად უთვლიდა და აღარ ჩქარობდა მის დაწინაურებას.
1808  წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკობა. პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე დიდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს. 1811  წ. იგი პორუჩიკი გახდა. 1811  წ. გენერალ-ლეიტენანტ მარკიზ პაულიჩის ადიუტანტია, რომლის ბრძანებით 1812  წ. თებერვალში მას გზავნიან კახეთში – სიღნაღისა და თელავის მაზრებში კახეთის გლეხთა აჯანყების ჩამხშობ ექსპედიციაში. უნდა ითქვას, რომ ამ ლაშქრობაში მონაწილეობა არ ყოფილა პოეტის სურვილი. ¨ ალექსანდრემ ჯერ მოინდომა კახეთის დამშვიდება ტკბილის ქართულით,- წერს ი. მეუნარგია,- მაგრამ რომ ვერა გააწყო–რა, საქმე ძალაზე და სროლაზე მიდგა... ალექსანდრე წუხდა, რომ საკუთარ ძმებთან უნდა ეომა, მაგრამ... ის შეება კახელებს და ცდილობდა საქმე ისე გაეთავებინა, რომ ბევრი უბედურება არ დატრიალებულიყო¨ [11]. 1 მარტს სოფელ ჩუმლაყთან ალექსანდრე აჯანყებულებმა მძიმედ დაჭრეს მარცხენა ფეხში. ჭრილობა ძნელად მოსარჩენი აღმოჩნდა (1816 წელსაც არ ჩანს მთლად განკურნებული ).
მაგრამ 26- 27 წლის შემდეგაც უმაღლესი მთავრობის წინაშე წარდგენილ მოხსენებაში ალ. ჭავჭავაძე იცავს აჯანყებულ კახელ გლეხებს, რომლებმაც იგი მძიმეთ დაჭრეს 1812 წელს. ¨ კახეთის ამბოხება,- წერდა იგი მოხსენებაში ,- ყოველგვარი პოლიტიკური მიზეზისა და უცხო გავლენის გარეშე მოხდა. მისი ერთადერთი მიზეზი ხალხის უმაგალითო შეწუხება იყო; განსაკუთრებით იმ საუბედურო შემთხვევის დროს, როდესაც მას სურსათს ეგზეკუციით ართმევდნენ და ყოველგვარ უმსგავსოებით საზღვარს გადასცილდნენ¨.
1813  წ. 21 სექტემბრიდან 1814  წ. 6 ივლისამდე ალ. ჭავჭავაძე მონაწილეობს სამამულო ომში- იგი ახლდა მთავარსარდალ ბარკლაი დე ტოლის. ბრძოლებში წარჩინებისათვის, რუსეთის არმიის პარიზში შესვლამდე, ალ. ჭავჭავაძე ბევრ მაღალ ჯილდოს იმსახურებს: წმ. ანას ორდენს II ხარისხის ნიშნით, ოქროს ხმალს წარწერით ¨გულადობისათვის¨ და სხვ. მისი უმაღლესი ჯილდო იყო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი. თითქმის ერთი წელი დასავლეთ ევროპაში მოქმედ არმიაში იყო. იქ იგი უშუალოდ გაეცნო ფრანგ ხალხს, მის უმაღლეს კულტურას. 1814  წ. ორ თვეზე მეტ ხანს იგი საფრანგეთში, უმთავრესად პარიზში, იმყოფებოდა. სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას; ეს მრავალ მოგონებაშია აღბეჭდილი. სხვადასხვა დროს ალ. ჭავჭავაძის სახლში, თბილისსა თუ წინანდალში , იყვნენ: იენის უნივერსიტეტის პროფ. კ. კოხი, ესპანელი რევოლუციონერი ვან- გალენი, პროფ.ი. პაროტი, ინგლისელი პოლკოვნიკი რ. უილბრეჰემი, საფრანგეთის კონსული გამბა, ფრანგი ლეტელიე, დეკაბრისტი პოეტები – იაკუბოვიჩი, კიუხელბეკერი, ა.ოდოევსკი... ალ. გრიბოედოვი ხომ ამ ოჯახის სიძე გახდა. საფიქრებელია, რომ ალ. ჭავჭავაძის ოჯახში ყოფილან ალ. პუშკინი [12], მ. ლერმონტოვი[13], ი. პოლონსკი და მრავალი სხვა. 1814 წლი 18 თებერვალს ალექსანდრე ჭავჭავაძე ლეიბ-ჰუსართა პოლკიდან გადაიყვანეს შტაბ–ოფიცრად ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, რომელიც წინანდლის მახლობლად, სოფელ ყარაღაჯში (ახლანდელი წითელი წყარო), იმყოფებოდა. დიდად განათლებული და ხელგაშლილი მასპინძელი ნიჟეგოროდელებს ზღაპრული წინანდლისაკენ იზიდავდა (წინანდლის სასახლე გოროდელებს ზღაპრული წინანდლისაკენ იზიდავდა (წინანდლის სასახლე დამთავრებული ჩანს 1820 წლის ივლისში). ¨ ბუნებრივია, ქართველებთან ნიჟეგოროდელების დაახლოება მოხდა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლში, მის ცნობილ მამულ წინანდალში¨, - წერსისტორიკოსი პოტო[14]. ალ. ჭავჭავაძის ოჯახი¨ წმინდა ქართული სტუმარმოყვარეობის განათლებული ევროპული საზოგადოების ევროპულ ეთიკეტებთან სრული შეთანხმების¨ [15]განსახიერება იყო.
ალ. ჭავჭავაძის ქალიშვილებს ნინოს (1812- 1857) და ეკატერინეს (1816- 1882) არა ერთი ქართველი, რუსი და ევროპელი მოღვაწე მოუხიბლავთ. ნინო ჭავჭავაძის სინარნარემ და სულის სისპეტაკემ დაატყვევა გრიბოედოვი. ნინოზე ბოლომდე დარჩა უიმედოდ შეყვარებული გრ. ორბელიანი. ეკატერინემ საბოლოოდ დაიპყრო ბარათაშვილი, რომელმაც ამ წარმტაც ქალს არა ერთი შედევრი უძღვნა. ¨თავისი უფაქიზესი თავაზიანობითა და უმშვენიერესი მანერებით, - წერს პროფ. კოხი ეკატერინეზე, - იგი ხიბლავდა ყველას მრავალს სალონში. მან მოაჯადოვა ჩემი მეგობარიც – ინგლისელი პოლკოვნიკი უილბრეჰემი. იგი ყველაფერზე შეგნებულად და საქმის ცოდნით ლაპარაკობდა. მას მიაჩნდა, რომ მის სამშობლოს დიდ სამსახურს გაუწევდა ქალთა მიზანშეწონილი განათლება¨ [16].
ალ. ჭავჭავაძეს თავისი მდიდარი მამული წინანდალში ევროპულად ჰქონდა მოწყობილი. პროფ, კოხი, რომელმაც წინანდალი 1837  წ. ინახულა, წერს: ¨ ჩავედით რა ა. ჭავჭავაძის რეზიდენციაში წინანდალს... დავათვალიერეთ თავადის შესანიშნავი კარმიდამო. წინანდალი უაღრესად წარმტაცი ადგილია ევროპიელისათვის. არსადამიერკავკასიაში მსგავსი არაფერი მინახავს. აქ ყველაფერი მეტყველებდა დიდ მხატვრულ გემოვნებაზე თავადისა, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი თავის სახლკარს და თავისი ბინა იტალიურ სტილზე მოაწყო¨ [17]. თავის გლეხებს იგი ჰუმანურად ეპყრობოდა; ცდილობდა გაეუმჯობესებინა მათი მდგომარეობა. საფრანგეთის კონსული გამბა, რომელიც წინანდალში ესტუმრა ალ. ჭავჭავაძეს 1820  წ., წერს: ¨მის მიწებს ამუშავებდნენ მისივე გლეხები და რამდენიმე იმერელიც. პირველნი ვალდებულნი არიან კვირაში ერთი დღე ბატონისათვის იმუშაონ. დანარჩენ დღეებს გლეხები თავისთვის მუშაობენ... მაშინ როდესაც... რუსი გლეხები თავისი ბატონისათვის კვირაში სამ დღეს მუშაობდნენ¨ [18] . შემთხვევით არაა, თუ ავტორი ლექსისა ¨ ვაჰ სოფელსა¨ თავის ¨ ნარკვევში¨ საგანგებო ყურადღებას იჩენს გლეხობისადმი: ¨ განსაკუთრებული ზრუნვაა საჭირო მიწათმოქმედთა კლასის გასამრავლებლად ¨ ,- წერს იგი [19].
ალ. ჭავჭავაძის გულშემატკივრობას ხალხისადმი კარგად გამოხატავს მისი დამოკიდებულება თავისი ყმის, შემდგომში მხატვრის – გრ. მაისურაძისადმი (1814- 1885 ); მასში ალ. ჭავჭავაძემ მხატვრის ნიჭი შენიშნა, მოაწყო იგი პეტერბურგში მხატვარ ბრიულოვის სახელოსნოში ( აქ მაისურაძესთან ერთად სწავლობდა ტარას შევჩენკო), და ყმობიდანაც გაათავისუფლა ხელშეკრულების თანახმად, რაკი კარგად შეისწავლა ხელობა.
1827-1828 წლებში ალ. ჭავჭავაძემ თავი გამოიჩინა რუსეთ-სპარსეთის ომში. 1827  წ. ოქტომბერში მან თავრიზი აიღო. 1828  წ. თებერვალში ალ. ჭავჭავაძეს ნიშნავენ სომხეთის ოლქის უფროსად. 1828  წ. 28 აგვისტოს მან ბრძოლით აიღო ციხე- სიმაგრე ბაიაზეთი, 8 სექტემბერს-სიმაგრე დადიანი და 10-ში – ციხე სიმაგრე თოფრაყალა. ალ. ჭავჭავაძის სამხედრო წარმატებები გრაფმა ი. პასკევიჩმა თავის დამცირებად მიიჩნია, ერევანში დაიბარა, სარდლობასთან შეუთანხმებელ მოქმედებაში დასდო ბრალი და მის მაგივრად გენერალი პანკრატიევი გაგზავნაო, წერს გენერალ-მაიორი პოტო[20]. 1829 წელს ალ. ჭავჭავაძეს კახეთის სამხედრო სასაზღვრო დაცვის უფროსის პოსტი უჭირავს; 1830  წ. ხევსურთა საჩივრების კომისიას თავმჯდომარეობს.
1838- 1841 წლებში, როგორც საკარანტინო ზონის უფროსმა, ალ. ჭავჭავაძემ დიდი მუშაობა გასწია ამიერკავკასიის სხვადასხვა ადგილას გამძვინვარებული შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში. ალ. ჭავჭავაძე თითქმის ყოველთვის დიდ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. საქართველოში მას ¨ პირველ კაცს¨  უწოდებდნენ. 1838 წლის 4 აპრილს იგი ამიერკავკასიის მთავარმმართველობის წევრად დაინიშნა. 1842  წ. 23 დეკემბრიდან 1843  წ. 13 მარტამდე ალ. ჭავჭავაძე ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს; 1842–1844 წლებშია ამავე სამმართველოსთან შექმნილ აღალართა უფლებების მომწესრიგებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს. ალ. ჭავჭავაძე ადგენს პროგრესულ პროექტს, რომლის მიხედვითაც აღალარებს ეკრძალებოდათ დასახლებული ადგილების ყიდვა, მოეთხოვებოდათ სახელმწიფო და სამხედრო სამსახური, სახელმწიფოს ევალებოდა ზრუნვა მათს სწავლა-განათლებაზე და სხვ.
* * *
პოეტის ბიოგრაფიიდან ერთ-ერთი საგულისხმო ფაქტია 1804  წ. მთიულეთის აჯანყებაში მონაწილეობა. ამ მოვლენამ, უთუოდ, დიდად განაპირობა მწერლის საზოგადოებრივი მოღვაწეობა და პოეტური შემოქმედება. აჯანყების დამარცხებამ პატრიოტი პოეტი კიდევ უფრო დაასევდიანა.
გარსევან ჭავჭავაძე არწმუნებდა იმპერატორს, რომ ჩემი შვილი თავისი ნებით კი არ შეერთებია აჯანყებულთ, არამედ ¨ შიშმან მეფის ძისამან ( ფარნაოზის–რედ.) შთააგდო ძე ჩემი ესე ვითარსა უბედურებასა შინაო¨ [21]. მაგრამ ალექსანდრე ჭავჭავაძე მართლა შემთხვევით არ აღმოჩენილა მეფის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულ მთიულებთან. ამას ადასტურებს პოეტის მიერ თარგმნილი თხზულების ¨ ახლოით განჩხრეკილი კაცის¨ ფილოსოფიურ-პოლიტიკური შინაარსი და მიძღვნა ფარნაოზისადმი. ეს მიძღვნა თან ერთვის ხსენებულ თარგმანს. მიძღვნაში ფარნაოზი მიჩნეულია პოეტის ნამდვილ სულიერ მეგობრად: ¨ მისის უგანათლებულესობის საქართველოს მეფის ირაკლის ძის ფარნაოზისადმი.
უგანათლებულესო მეფის ძეო, უმოწყალესო ხელმწიფეო, ფრიადი მოწყალება რომელი მიხილავს მე თქვენ შორის, მცემს კადნიერებასა ამას, რათა შრომათა ჩემთა მცირისა ნაყოფისა ამისა შეწირვა გავუბედო უგანათლებულესსა სახელსა თქვენსა¨ [22] თავისი სოციალური კონცეფციით ¨ ახლოით განჩხრეკილი კაცი¨ (ავტორი დაუდგენელია) ახლოს დგას ჟან-ჟაკ რუსოს თხზულების ¨  მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობის მიზეზის შესახებ, პროგრესულ იდეებთან .¨ ახლოით განჩხრეკილი კაცის¨  ძირითადი პასაჟი, ჩვენი დაკვირვებით თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს რუსოს დასახელებული ნაწარმოების სათანადო ადგილს.
რუსო წერს: ¨პირველი, ვინც მიწის ნაკვეთი შემოღობა და გაბედა ეთქვა, ეს მიწა ჩემია და აიძულა ადამიანები ეს ერწმუნათ, გახდა ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების ფუძემდებული. რამდენი დანაშაული საგან, რამდენი ომისაგან რამდენი მკვლელობისაგან,რაოდენი სიღატაკისა და სისაძაგლისაგან იხსნიდა ადამიანთა მოდგმას იგი, ვინც ამოყრიდა მარგილებს ან ამოავსებდა თხრილს და შესძახებდა: გაუფრთხილდით ამ მაცდურის დამორჩილებას! დაიღუპებით,- ნაყოფი ყველასია და მიწა არავის ეკუთვნის ![23]¨ ასევე, ¨ ახლოით განჩხრეკილი კაცის ¨ ავტორის აზრითაც, კაცობრიობა კერძო საკუთრების წარმოშობამ დაღუპა. ¨ მივხედოთ ყოველთა ბოროტებათა წყაროსა,- წერს იგი,- საჭიროება კაცისა მდგომარეობდა ნაყოფთა, რძესა და წყალთა შინა... ლიტონი საზრდო ესე რომელი თავით თვისით მიეცემოდა ხელთა მისთა, დაიცვამდაცა კეთილმოყვარეობასა გულსა შინა მისსა, გარნა... მან დაიდვა ტვირთად ოქრონი და ძვირფასნი თვალნი და ჰსთქვა ამპარტავნებით: მიწა ესე ჩემი არს, მე განვაგდებ მუნით ყოველსა კაცსა, რომელსა არა ექნება საკმაო ძალი... დავჰსდებ მათ ჯაჭვსა რკინისასა¨ [24].
¨ახლოით განჩხრეკილი კაცი¨ ალ. ჭავჭავაძეს 1804  წ. პატიმრობისდროს უნდა ეთარგმნოს. ჭაბუკი პოეტი უფრო ფართო დემოკრატიული მისწრაფებით იყო გამსჭვალული, ვიდრე 1804  წ. აჯანყების მონაწილე, სამეფო ტახტის მაძიებელი ფარნაოზ ბაგრატიონი. ამას ადასტურებს ზემოხსენებული თარგმანის შინაარსი და მიძღვნა. ალ.ჭავჭავაძე აჯანყებულთ თავისი ანტიკოლონიური მისწრაფებების გამო შეუერთდა. თარგმნილ თხზულებაშიც ერთ-ერთი მთავარი ადგილი სწორედ ანტიკოლონიურ ტენდენციებს უკავიათ¨ ხელმწიფენი განვლენ საზღვართა მათ, რომელნი თვითვე დაუდვიესთ... აღვირუხსნელთა ვნებათა მქონებელნი... მოშურნე მეზობლისა თვისისა შეიტანს იგი საჭურველსა  და ცეცხლსა, ქვეყანასა შინა¨ [25].
ასევე უდიდეს სოციალურ ბოროტებად არის გამოცხადებული თხზულებაში კლასობრივი ჩაგვრა. ნაწარმოები გამსჭვალული არის ჰუმანურ-დემოკრატიული სულით. ავტორი მთავარ მიზნად ისახავს ღარიბ-ღატაკთა დაცვას¨ ¨ შობილხარ ბარბაროსთა მათ ქვეყანათა შინა, სადაცა კაცი პირუტყვებრ განისყიდების მსგავსისა მიერ თვისისა¨ [26],¨კაცი შობილი ღარიბად, არა თუ ოდენ იძულებულ არს მიცემად მდიდრისადმი ყოვლისა მუშაკობისა თვისისა ნაყოფთა კნინღა უფასოდ, არამედ სულიცა მისი ვერ განერინების მის მიერ განმზადებულისა მისთვის რკინისა საგდებელისაგან¨ [27].
თხზულების მიხედვით, ადამიანის ჩაგვრის მიზეზი კერძო საკუთრებაა: ¨ ჭია დაბადებული ფურცელსა ზედა, სუნთქავს თავისუფლებით, ხოლო კაცი ვერსადა ჰპოვებს თავისუფალსა ადგილსა! თვით ქვაცა იგი, რომელსაც ზედა სდებს იგი თავსა თვისაა, თვით ეტყვის ვიეთსამე პატრონსა... ჰოი, საკუთრებაო, უბედურო წყაროო კაცთა შეძრწუნებისაო, შენ არისხებ კაცსა მსგავისა თავისისა პირისპირ¨ [28].
თხზულების ავტორს არ გააჩნია სავსებით ნათელი სოციალური პერსპექტივა, მაგრამ არსებითად რევოლუციურ იდეას აყენებს და ჩაგვრის სამყაროს გარდუვალ განადგურებას წინასწარმეტყველებს.
როგორც ვხედავთ, ¨ ახლოით განჩხრეკილი კაცით¨ , ჯერ კიდევ 1804 წ., ალ. ჭავჭავაძისათვის საკმაოდ ცნობილი ყოფილა განმანათლებელთა – საფრანგეთის რევოლუციის მოწინავე იდეები. ეს ცოდნა, უთუოდ პაჟთა კორპუსშიც ფართოვდებოდა. ალ. ჭავჭავაძესთან დაამთავრა პაჟთა კორპუსი თედორე იაკოვლევის ძე მირკოვიჩმა, რომელიც პაჟთა კორპუსში შესვლამდე მარატის ძმის – პროგრესული პიროვნების – ბუდრის მოწაფე ყოფილა. ამიტომ,სავარაუდებელია, რომ მირკოვიჩს ბუდრისაგან შეთვისებული ჰქონდა გამანათლებელთა მოძღვრება,-საფრანგეთის რევოლუციის იდეები,რასაც, ალბათ, ალ. ჭავჭავაძესაც გაუზიარებდა [29].
ვოლტერიანობამ ხომ თავისი გამოძახილი პოვა XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დამდეგის მოწინავე ქართველ ინტელიგენციაში ( ა. ამილახვარი, დ. ბაგრატიონი, დ. ე. ციციშვილი...).
ალ. ჭავჭავაძეს უთარგმნია კიდეც ვოლტერის საყურადღებო ნაწარმოებები (¨აღსარება¨ , ¨ალზირა¨ , ¨ტაქტიკა¨ ...). ამრიგად, მის შემოქმედებაში საკმაო გამოძახილი უპოვნია ეპოქის მოწინავე იდეებს. ალ. ჭავჭავაძე ახლოს იდგა რუსეთის მაშინდელ მოწინავე გონებრივ ცხოვრებასთან. მისთვის უცნობი არ უნდა ყოფილიყო რადიშჩევი. თუ გავითვალისწინებთ ყოველივე ზემოთქმულს და იმ ისტორიულ სიტუაციას, რამაც 1804  წ. მთიულეთის აჯანყება გამოიწვია, მაშინ გასაგები იქნება, თუ რატომ თარგმნა ალ. ჭავჭავაძემ ¨ ახლოით განჩხრეკილი კაცი¨ . თხზულების სოციალური მრწამსი სავსებით ეთანხმება ჭაბუკი პოეტის დემოკრატიულ სულისკვეთებას. ყურადღებას იპყრობს ფარნაოზისადმი მიძღვნის ის ნაწილიც, სადაც ამ პროგრესული თხზულების მაღალ ღირსებაზე არის საუბარი: მთარგმნელი ფარნაოზს ურჩევს ¨ აწმყოისა მდგომოობისა... სუბუქად და განუკვირვებლად განტარებისათვის¨ უებარია ¨ახლოით განჩხრეკილ კაცში¨ ... ¨ მბუდარნი ბრძნულნი და ჭეშმარიტნი ჰაზრნი¨ . ჭაბუკი პოეტი რომ იზიარებდა თხზულების კონცეფციას, ამას თარგმნის ბოლოს დართული ლექსიც ადასტურებს: პყრობილის შრომა ვნახე პყრობილმან ამად შევიქმენ მხიარულადა.
მონარქიზმისა და ფეოდალიზმის წინააღმდეგ მიმართული ცალკეული პროტესტების მიხედვით არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ალ. ჭავჭავაძე მთლიანად ხალხის მხარეზე იყოს გადასული, მაგრამ მის შემოქმედებაში აშკარაა დემოკრატიზმისა და კაცთმოყვარეობის იდეათა გააზრება პროგრესული რომანტიკოსისათვის ნიშნეული თავისებურებებით.¨ ახლოით განჩხრეკილი კაცის¨ თვალსაზრისითაა დაწერილი ქართული პუბლიცისტური ლირიკის ერთ-ერთი პირველი ნიმუში, ალ. ჭავჭავაძის ორიგინალური ლექსი ¨ ვაჰ სოფელსა¨ , რომელიც გამსჭვალულია ¨ მოქალაქური გულისტკივილით¨ . ეს ლექსი ახალგაზრდა პოეტის საკმაოდ ფართო საზოგადოებრივ ჰორიზონტზე მეტყველებს. პოეტი ერთობ რომანტიკულად უპირისპირდება სინამდვილეს, ცდილობს გაარღვიოს თავისი დროის ეროვნულ-სოციალური ბურუსი. იგი შეპყრობილია დიად გარდაქმნათა სურვილით, ვინაიდან შეუწყალოდ მხეცებრ კაცთა მხევლობენ: მდიდრდებიან, რომელნიცა მძევლობენ, და ყვავილოვნებენ მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.
აქ აშკარაა ქართული ლირიკისათვის ახალი, პროგრესული რომანტიზმის ნიშანდობლივი კილო. ამ ლექსის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ლირიკაში წმინდა საზოგადოებრივ-დემოკრატიული მოტივების შემომტანი ალ. ჭავჭავაძე არის.
გავიხსენოთ სტრიქონები:
რომელნიც ამწარებთ ღარიბთ ცხოვრებას
და ჰსთხოვთ ურცხვად, უსამართლოდ მონებას,
მოელოდეთ მათთან თანასწორობას!
¨ახლოით განჩხრეკილი კაცი¨ წინასწარმეტყველებს, რომ ¨ხელმწიფენი, თავადნი, ტირანნი, მონანი, ქალაქნი, სამეფონი,ყოველივე განურჩევლად წარიღებიან¨ . ლექსის ავტორი კი, პირველ ყოვლისა, ადამიანის ჩაგვრას გმობს. კაცთმოყვარეობის მოწოდება ისმის ამ ლექსის სტრიქონებში:
გარნა მძლეცა შემდგომ სხვისგან იძლევის,
თვისგან ქმნილი თვისდავე მიექცევის,
ყველაკაი წარუვალს, განელევის,
რაცა ჰქონდა პოვნილ
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.
თავისი სოციალური შეხედულებებით ალ. ჭავჭავაძე ათიან წლებშივე მსოფლიო პროგრესული რომანტიზმის მრავალ წარმომადგენელს ენათესავება. ალექსანდრე ჭავჭავაძე პოეტური ოსტატობით ხშირად არ დგას რომანტიკული პოეზიის კორიფეების დონეზე, მაგრამ აშკარად ეხმაურება მათ პოეტური მრწამსით და ცალკეული პოეტური სტრიქონებითა და ინტონაციებით.
იგი არაა გრ. ორბელიანივით ან ნ. ბარათაშვილივით დახვეწილი პოეტური ხმის რომანტიკოსი, მაგრამ მის ლირიკაშიც რომანტიკული ჟღერადობისაა ეროვნულ აწმყოზე სამდურავის, წარსულზე დარდისა და უიმედობის მოტივები. ლექსში ¨საფლავი მეფისა იარკლისა¨ ბარათაშვილი გლოვობს სახელოვან მეფეს. ბაირონის ¨ებრაულ მელოდიებში¨ რომანტიკული ჭმუნვითაა მოსილი ებრაელთა სახელოვანი წარსული. ალ. ჭავჭავაძის ლექსში ¨გოგჩა¨ და სხვა ლექსებში რომანტიკული შარავანდედი ადგას ეროვნულ წარსულს.
წარსულის რომანტიკული გადიადება XIX საუკუნემდე არ იყო ქართული ლირიკის გაბატონებული მოტივი, რომლის ჩამოყალიბებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ალ. ჭავჭავაძეს, გრ. ორბელიანთან და ნ. ბარათაშვილთან ერთად. შემდგომ ეს განვითარებას პოულობს და ხდება ილიასა და აკაკის თაობის პოეზიის ერთ-ერთი არსებითი მოტივი, რომლის რამდენადმე რომანტიკული ელფერი ალ. ჭავავაძის ლირიკიდანაც მომდინარეობს.
რომ მწირთა თვალთა, დამაშვრალთა, ეცემის ძილი, წარმოუდგების კეთილ- დღეების შვება განვლილი... (¨ უწყალო სენმან¨ )
ცნობილია ალ. ჭავჭავაძის ლექსთა დიდი ნაწილის მუსიკალური ტონალობა და სიმღერებად გავრცელება. ზოგი მათგანი გარკვეული სასიმღერო მოტივისა და მუსიკალური საკრავისათვის იქმნებოდა. ამავე დროს აშკარა არის მისი ზოგი ლექსის პუბლიცისტურობაც. ლექსი ¨ ვაჰ, სოფელსა¨ მიმართვის ფორმის არის. ამ ლექსს მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული პოეზიისათვის ნიშანდობლივი ახალი ორატორული პათეტიკა წარმართავს. განსაკუთრებით ასეთი აგებულებისაა მძაფრი პატრიოტული ლექსი ¨ისმინეთ მსმენნო ¨ და აგრეთვე 1832  წ. შეთქმულების დღეებში დაწერილი ¨კვლავ მარად ამ ჩემს სურვილსა¨. მეფის თვითმპყრობელობამ დაარღვია ¨ მეგობრობითი პირობა¨ - მოსპო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. მონარქიული რუსეთის მსახურნი ბარბაროსულად ექცეოდნენ მკვიდრ ხალხს. ამიტომ გასაგებია, რომ მოწინავე ქართველმა მოღვაწეებმა, რომელნიც გუშინ, შესაძლოა, მთავარი ინიციატორნიც კი იყვნენსაქართველოს რუსეთთან დაკავშირებისა, ორიენტაცია შეიცვალეს. ამით უნდა აიხსნებოდეს ის მძვინვარე გულისწყრომა, რასაც ალ. ჭავჭავაძე ამჟღავნებს ლექსებში ¨ ისმინეთ, მსმენნო¨ , ¨ კვლავ მარად...¨და სხვ. პოტს არ ზღუდავს ის, რომ იგი არისტოკრატიას ეკუთვნის და ცარიზმის მაღალი თანამდებობის მოხელეა. იგი მშრომელი ხალხის დამმონებელთა მრისხანე საზოგადოებრივი ბრალმდებლის როლში გვევლინება.
„ისმინეთ, მსმენნო, ჭირთა მთმენნო, მომიპყართ ყურნი...
წყეულ არს ის დრო, როს სამკვიდრო დავკარგკთ კრულნი!
გვძლივა სოფელმან ხელ- მყოფელმან, აწ გვაგო შურნი...
ცხოვრება ცუდნი, გულით მრუდნი, პირ-ბნელნი სათნი...
ქაჯთ ყოფა-ქცევა, ჭამა, სმევა აქვსთ არეულად,
დიდნი, მცირენი, გინა ერნი ხელ-ჰყოფენ მგლურად...
ნახეთ, მოყვასნო, ბრძენთა დასნო, ესე წესია!..
სხვათ დიდ-ბოროტსა მცირე მათი უმეტესია...
ჰქმნეს სავანენი საუკუნოდ ვით უდაბურნი“
ბაგრატიონების პოეზიისაგან განსხვავებით  (ზოგჯერ კი მათს მსგავსად), ალ. ჭავჭავაძის ლექსში მოისმის ეროვნული აღშფოთებისგამოძახილი, რაც იმთავითვე მოჰყვა საქართველოში რუსეთის თვითმპყრობელობის დამკვიდრებას.
¨ ისმინეთ, მსმენნო¨ ისეთი ლექსია, რომელიც მთელ ერს აფხიზლებს. ალ. ჭავჭავაძის პუბლიცისტური ხასიათის ლექსები გამოირჩევა სათქმელის სიცხადითა და საკმაო პირდაპირობით. მაგრამ პოლიტიკური სიმკვეთრე ყოველთვის ერთნაირად და თანმიმდევრულად არ ახლავს ალ. ჭავჭავაძის პოეზიას. ზოგი მისი ლექსი ერთგვარად ავტობიოგრაფიულია და მხოლოდ მელანქოლიური. ტამბოვის გადასახლებაში გაგზავნის განცდებს უნდა ასახავდეს ლექსი ¨მსურდა ოხვრა¨ თითქოს პირველ სახეა გრ. ორბელიანის ლექსისა ¨ საღამო გამოსალმებისა¨ ან ილია ჭავჭავაძის ლექსისა ¨ყვარლის მთებს¨:
„მას ვჰსტირ, რომ ვშორდები თვალთ დამტირებსა,
თვარა ვით შემაკრთონ ტანჯვა-ჭირებსა
სიცოცხლე გვიძღვნია თავ გამწირებსა!
აწ ჰხამს ვესალმოდე მიწა-წყალსა,
ოხვრით ვაფრქვევდეცა ცრემლს დაუთვალსა“.
ტამბოვის გადასხლების მოგონების გამოძახილმა თავი იჩინა ჭავჭავაძის ისეთ არაპოეტურ თუ სუსტ ლექსებში, როგორიცაა ¨ანბანზე სით მოხვალ¨ ( დაწერილია 1821 წლამდე): ¨ ტფილისით მივალ ტამბოვად სულთქმითა დია ხშირებით¨ . ლექსში ¨რა ჰყოს გლახ გულმან¨ აშკარად მოჩანს პოლიტიკურ გადასახლებაში მყოფი პოეტის სევდა სამშობლოს გამო:
„ადგილს უცხოსა, უცხოსა,
ვერ ჰხედს მცნოსა, ვინ რა ჰრქოსა საამოდ.
ეჰა, მკვნესარებს სალმოდ!“
მძაფრი წუხილი ერთგვარად კიდეც ანატიფებდა პოეტის განცდებს. ¨საპატიმროს ჰანგები¨ ზოგჯერ მინაზებულია, ზოგჯერ ომახიანი (¨ ვაჰ, სოფელსა¨ და სხვ.). ზოგჯერ მწარე გოდების დროსაც პოეტი არ ჰკარგავდა სამშობლოს თავისუფლების იმედს:
„მე ამას ვჰსტირი განაწირი, ვაჰ თუ ვესწრა ვერ!..
თვარაღა ჟამი, გულთ მაამი, კვლავცა იქმნების“.
(¨ პყრობილისაგან¨ ).
მეფის რუსეთისადმი ალ. ჭავჭავაძის დამოკიდებულება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილი, მთელი მისი მოქალაქეობრივი მრწამსი იმ დროის ეროვნულ ნიადაგზეა აღმოცენებული; ამის გამო, მომდევნო თაობათა პოეტებივით, ალ. ჭავჭავაძესაც ის ტანჯავს, რომ მას ხედავს ¨ პატიმრად, ვის მონებს გული¨. ასე ჩნდება პატრიოტული რომანტიზმის მაუწყებელი პოლიტიკური ალეგორია: რუსეთის ცარიზმი –გველი:
„გუშაგნი ბევრნი თვითოსა მცველად
გვყვან ნების წარმტაცველად;
ხვალ სხვანი მოვლენ მათს გამომცვლელად,
გველივე შთება გველად“.
(¨ ისაც გსურთ¨ )
¨გველივე შთება გველად¨ ან ¨ ჰსაჯეთ: პყრობილმან უწყისა ტრფობა?¨ (¨ ვაჰ, დრონი¨ )... ეს არაა ქართული ლირიკიდან მიღებული ლამაზი ფრაზა ან განყენებული სენსაცია; ესაა ქართული რომანტიზმის ეპოქალური პასუხი იმ ტრაგიკული სინამდვილის მიმართ, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა XIX საუკუნის დასაწყისიდან; ესაა თვით საქართველოს ახალი ვითარებით ნაკარნახევი სიტყვები, ერთ-ერთი გამოვლინება იმ პრცესისა, როცა ჩვენი ეროვნული ცხოვრების ახალი მონაკვეთი იმუშავებდა თავის ახალ პოეტურ სტილს.
ამ მხრივ ალ. ჭავჭავაძის ადრინდელი ლექსების პატრიოტულირომანტიზმის გასათვალისწინებლად განსაკუთრებით საყურადღებოა ¨ვაჰ, დრონი, დრონი¨ .ამ ლექსში გაისმის წარსულის დაფერფლვით აღძრული ნაღვლიანი ხმა, რაც ქართული რომანტიზმის თავისებურ ლეიტმოტივად იქცა.
„ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად,
წარილტვნენ, განჰქრენ სიზმრებრივ ჩქარად!
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!“
ალექსანდრე ჭავჭავაძის ორიგინალურ პოეტურ სტრიქონებს შორის ეს ერთ-ერთი საუკეთესოგანია. ამ ლექსის მიმართ განსაკუთრებით ინტერესს იჩენდა XIX საუკუნის ქართული მწერლობა. აქ მოჩანს დარდი დიადი წარსულის გამო, და, ამასთანავე, თვით დროის – როგორც ყოვლის წარმავლობის სიმბოლოს რომანტიკული გააზრება, რაც გვხვდება აგრეთვე ლექსში ¨ გოგჩა¨:  ¨...დროისა მსვრელის ცელით, ყოვლთა წარწყმედით¨ .
თავისი სიმბოლურობით ლექსი ¨ მუხამბაზი ლათაიური¨  ეხმაურება ლექსს ¨ვაჰ, დრონი დრონი¨ ; ამ ლექსს ავტორი პირობითად უწოდებს ¨ ლოთურ ლექსს¨ . ლექსის პოეტური სახეები ¨რაგინდ ზამთარი ჰყინავდეს¨ , ¨ვერ შემაშინებს სიცივე¨ იმ დროის პოლიტიკურ სუსხზე მიუთითებს.
პოლიტიკური რომანტიზმითაა აღბეჭდილი ლექსი ¨მწამებ ხსოვნისა¨, იგი შეიძლება დაწერილია 1806  წ. მომდევნო ხანაში, როცა პოეტი პაჟთა კორპუსშია. ნაწილობრივ ამას მოწმობს ის, რომ ლექსის ბოლოს პოეტი იგონებს: ¨ერთგზის მეცა ვიყავ პყრობილი¨ . როგორც ცნობილია, 1805- 1806 წლებში ალ. ჭავჭავაძე ტამბოვის გადასახლებაშია, ხოლო 1806- 1808 წლებში პაჟთა კორპუსშია; ამ წლებში მას, ალბათ იშვიათად ეძლეოდა სამშობლოსა და ნაცნობ-მეგობართა მონახულების საშუალება. ამას უნდა გამოეწვია მეგობართა საყვედურებიც: ხომ არ დაივიწყა სამშობლო, ხომ არ შეიცვალა გული?
ძირითადად ამ კითხვების პასუხია მთელი ლექსი. სამშობლოსაგან იძულებით განშორებას ვერ შეურყევია პოეტის პატრიოტული რწმენა: მწამებ, ხსოვნისა არცაღა თუ მშთომოდეს ჩრდილი,ჩემთვის ჰაერსა აქაურსა დაედვას წილი.
კვლავ თქვენთვის გული შეალული ქმნილიყოს გრილი, ეჰა, მე მართალს რაგვარად მწყლავს ეს გვარი ცილი, ნუ ჰგონებთ ვითა სიშორითა ვიყომცა ცვლილი.
ტამბოვის გადასახლების შემდეგ სამშობლოს პირველი დანახვის შთაბეჭდილებანი უნდა იყოს ასახული ლექსში ¨ მიველ წალკოტს¨ . პოეტს ეგონა, სამშობლოს ნახვით გაიხარებდა და ოდნავ მოიშორებდა   სევდა-ნაღველს. მაგრამ არა. სატრფო-სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობამ პოეტი უარესად დააღონა; იგი კვლავ რომანტიკულად გოდებს:
„მიველ წალკოტს სანუგეშოდ, გლახ ჩემს გულს სევდა ესია!
ვნახე სატრფო ფერ მიხდილი, მითხრეს, შენია ეს ია“
ასეთი მაგალითები ალ.ჭავჭავაძის ლირიკის¨ მამულიშვილური გულისტკივილის¨ (ილია) სიღრმეზე მიგვითითებს და,ამრიგად, ათავისუფლებს მას ¨ვარდ-ბულბულის¨ უდარდელი მომღერლის სახელისაგან. ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ვ. კოტეტიშვილმა და მოითხოვა ჩვენს რომანტიკოს პოეტზე ილია ჭავჭავაძის თვალსაზრისის აღდგენა¨ მთელი თავისი სიძლიერით¨ - ალ. ჭავჭავაძის ლირიკის იდეური მხარეების უფრო მკვეთრი დანახვა.
¨ალექსანდრე ჭავჭავაძე საქართველოს გარკვეულად არ იხსენიებს, - წერს ვ. კოტეტიშვილი, - მაგრამ დიდი ჩაკვირვება არ არის საჭირო, რომ ხშირად ალ. ჭავჭავაძის ¨ სატრფოს¨ სახით საქართველო დაინახოთ. და ასეთი განპიროვნება ხომ შემდეგში დაკანონდა კიდეც, და ყველაზე მეტად აკაკი წერეთლის პოეზიაში. და თუ აკაკის სატრფო საქართველოა, ალექსანდრე ჭავჭავაძის სატრფო რაღად უნდა იქნას ნაგულისხმევი ყოველთვის სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით[30]¨  როგორც დავინახეთ, ალ. ჭავჭავაძის ზოგ სატრფიალო ლექსში სიმბოლურად სამშობლო იგულისხმევა. ამ გეგმებით, შეიძლება ითქვას, რომ ალ. ჭავჭავაძის ლირიკის ერთ-ერთი ნიშანია ალეგორიზმი, მაგრამ არა ტრადიციული, არამედ საუკუნის ახალი ლიტერატურისათვის ნიშანდობლივი ფორმით. ვარდის, სატრფოს, მნათობის სახეებში პოეტი სამშობლოზე ლაპარაკობს. პოეტის სამშობლოა ¨ გულს განაზარდი ვარდი¨ . ლექსში ¨ ვარდის გაყრილსა¨  წუხილია სამშობლოს პყრობილისა და მისგან უნებური განშორების გამო. აკაკის ფართოდ ცნობილ ალეგორიებში არაიშვიათად გვხვდება ალ. ჭავჭავაძის ლექსთათვის დამახასიათებელი სიმბოლიკის ანალოგიები...
გასაგებია, თუ ალ. ჭავჭავაძის ლირიკას ეროვნული თავისუფლების დაკარგვამ - ¨ საერთო ტანჯვამ გმინვისა და კვნესის ფერი დასდო¨ [31]. ლექსში ¨ ეღების კარი გაზაფხულისა¨ პოეტი თანამემამულეთ ოპტიმიზმს შთააგონებს. აქაც ალეგორიულად ლაპარაკია ცხოვრების ზამთარზე, მაგრამ პოეტი ავითარებს ამ პოეტურ სახეს: გამოთქვამს რწმენას, რომ, ისევე როგორც ბუნებაში ზამთარს გაზაფხული სძლევს ხოლმე, ასევე სამშობლოს გასაჭირს სიხარული შეცვლის; ამიტომ პოეტი ანაკრეონტულად ქადაგებს დარდისა და ჭმუნვის სიყვარულით განდიდებას:
„ვისაც ხელთ გქონდეთ ნება გულისა,
იგემეთ სიტკბო სიყვარულისა“.
1805–1806 წლების პატიმრობის ანარეკლი მოჩანს ალექსანდრე ჭავჭავაძის არა ერთ სატრფიალო ლექსში (¨ სახე შენი მე მახევა¨ , ¨ სძგერს გლახ გული¨ , ¨ ჟამნი რბიან...¨ ) ისეთი მეტაფორებით, როგორიცაა ¨ პყრობილი¨ , ¨ პატიმარი¨ და სხვა: ¨ გლახ პყრობილი ამას ვაებს¨ , ¨ არ ვიგლოვ თავსა ესრეთ პყრობილსა¨ , ¨ აქამომდე სიშორით პატიმარსა¨ .
* * *
ამრიგად, ეპოქის მაჯისცემა შესამჩნევად ისმის ალ. ჭავჭავაძის ლირიკაში. ეპოქის ან თვით რომანტიკული ლიტერატურის ჰუმანისტური იდეების გარკვეული გამოძახილი მოჩანს პოეტის მიერ გრძნობის – სიყვარულის განსაკუთრებულ გაიდეალებაშიც. ალ. ჭავჭავაძის ლირიკაში სიყვარული უმაღლესი გრძნობაა. მისდამი განსაკუთრებული ყურადღებაა გამომჟღავნებული. ამ გრძნობის ხოტბამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ალ. ჭავჭავაძის პოეზიაში. ამ მხრივ მან მომდევნო თაობათა პოეტებზე მოახდინა გავლენა. ალ. ჭავჭავაძემ სიყვარულის კეთილშობილებას უმღერა. სიყვარულის ძალის სათნოების ხოტბაა ¨ სიყვარულო ძალსა შენსა¨:
„სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს, რომე გულსა ტახტად, ოხვრას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს...“
ეს ლექსი ქალის პატივისცემისა და სიყვარულის მაღალი ზნეობრივი კოდექსიცაა, რაც ქართველი ერის ისტორიულ ცხოვრებაში გამომუშავდა.
ქართულ ლირიკაში ალ. ჭავჭავაძემ საგანგებო ყურადღება მიაპყრო სიყვარულის ეთიკურ ხასიათს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ¨სიყვარულო ძალსა შენსა¨ და ¨ თავსა უფლად¨. პოეტის რწმენით, სიყვარული ყველა ჰუმანურ გრძნობათა მეუფეა. თავსა უფლად ნურვინ ჰგონებთ...
„ყოველთ ესრეთ გაიგონეთ!
ერთგზის თქვენცა ტრფიალება
ჩემებრ მწარედ დაგიმონებთ“.
(¨ თავსა უფლად¨ )
ამ ლექსში ფორმულის სახითაა ჩამოყალიბებული პოეტის მოარალური მრწამსი:სიყვარულის ძალა გონებასაც კი სძლევს, როგორც გამაკეთილშობილებელი ძალა. ხსენებულ ლექსში სიყვარულის განცდას დაახლოებით ისეთივე გამოხატულება უპოვია, როგორც ეს არის ¨ვეფხისტყაოსანში¨ . ნესტანის წუთიერი ხილვა ტარიელისათვის საკმარისი გახდა, რომ მისი საუკუნო თაყვანისმცემელი გამხდარიყო. ალ. ჭავჭავაძის ხსენებულ ლექსში კი ბარათაშვილი ¨ტრფობის ჭირების ამშლელ¨ ემოციურობას შენიშნავს. ¨სთქვი რამ¨, ეტყვიან ყაფლანს ზოგნი-ერთი ქალები, ¨ თუნდ თავსა უფლად, ახლა პრანჭვას ნუ კი მიჰყვები!¨  ყაფლანც, სულდგმული აშიკობით, დაიღიღინებს გულის საკვდავად და თანდათან ყელს მოიღერებს.
„ვის არ სმენია ლექსი ესე, რომ მყის სევდები
არა აშლოდეს, ჩვენსა ქალსა-ტრფობის ჭირები!“
(¨ ღამე ყაბახზედ¨ )
ზოგი რომანტიკოსი ხშირად ამახვილებს ყურადღებას მგრძნობელობისა და გონების ურთიერთმიმართებისადმი და, როგორც წესი, მგრძნობელობის პრიმატს აღიარებს. რომანტიკოსთამუსიკის კულტიც- ¨ რომ იგრძნო თვით გრძნობა¨ , რაციონალური საწყისისადმი გარკვეული დაპირისპირებით აიხსნება. ეს თვისებები, რომანტიზმის გარიჟრაჟზე, მძლავრად გამოვლინდა ¨ახალ ელოიზაში¨  და ¨ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი¨.  ევროპის ლიტერატურის ეს მოვლენები საკმაოდ ცნობილი ჩანს ალ. ჭავჭავაძისათვის. ამითაც აიხსნება, რომ იგი საგანგებოდ ქადაგებს სიყვარულის ყოვლისშემძლეობას და მგრძნობელობის უპირატესობას აცხადებს (¨მიკვირს რად ჰსძრახვენ¨ , ¨შენის გონების¨ , ¨თავსა უფლად¨ , ¨სიბრძნე და გონიერება¨ და სხვ.). პოეტის ბიოგრაფი ალ. ცაგარელი აღნიშნავდა, რომ გოეთეს მსგავსად ალ. ჭავჭავაძისათვის მთავარია მგრძნობელობა: ¨ gefühl ist alles¨ (¨ გრძნობა ყოველივეა¨ )[32].
ალ. ჭავჭავაძის ლირიკის მიხედვით, სიყვარული ამარცხებს უგრძნობლობას. რომ არც შეიძლება მომხიბლავმა მშვენებამ არ მოაჯადოოს ადამიანი. მის პოეზიაში არსად არ შეიმჩნევა სკეპტიციზმი სიყვარულის მიმართ, არსად არ შეიმჩნევა ამ გრძნობის ანალიტიკური გააზრება. პოეტი აიდეალებს და ადიდებს სილამაზისა და სიყვარულის განცდას:
„მიკვირს, რად ჰსძრახვენ მას, ვინცა არს მშვენებითა ძლეული?...
გლახ მან მცხოვრებმან ამ სოფლად, სად ჰბრწყინავენ აშიკობანი, -
ვითარ დაახშოს ყოველნი მომწონებელნი გრძნობანი!
რისთვისცა უხვსა ბუნებას უცია ყოვლი მკობანი,
მის მჭვრეტსა ვით არ აღუჩნდეს მას გულსა ეშყით გზნობანი?“
(¨ მიკვირს რად ჰსძრახვენ¨ ...)
სიყვარული მარტო ნეტარებაც არაა: მას ახლავს ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია ¨ სიკვდილის მომალებანი¨. ამიტომ თითქოს გამართლებულია გონების აღშფოთება, ¨ხმითა მრისხანით მყარითა¨, რომ ადამიანმა თავი არ დაიღუპოს ¨ მაგა სენითა მწარითა¨. მაგრამ სიყვარულით შეპყრობილი ჯანსაღი დადმიანი არ უსმენს გონების კარნახს და გულის ხმას ემორჩილება -¨ ლხინად ჰსჩანს უდროდ დღეთაცა კლებანი¨ . ეს სიყვარულის რომანტიკული აპოლოგიაა.
ამ შემთხვევაში ალ. ჭავჭავაძე სიყვარულის მგრძნობელობის რომანტიზმისათვის ნიშანდობლივ სენსუალისტურ დასაბუთებას ცდილობს. პოეტი ერთგვარი ირონიით მიმართავს გონების ისეთ ¨ ბრძნულ თათბირს¨ , რომელსაც სიყვარულის გრძნობის განელება განუზრახავს:
„ცუდად წარადგენს გონება მუნ თვისთა ბრძნულთა თათბირთა,
სადაცა გული მმართველობს თვით იპყრობს მისთა ადგილთა.
იგი არს მაშინ ხელმწიფე, განმგე ყოველთა წადილთა“.
აღსანიშნავია, რომ პრინციპულად სიყვარულის გრძნობის განსაკუთრებულ ძალაზე ანალოგიურად აქვს ნათქვამი რუსთაველს:
„გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან“.
ლექსში ¨ მიკვირს რად ჰსძრახვენ¨ წმიდა აზრობრივი მხარე ჭარბობს: თითქოს სიყვარულის (მგრძნობელობის) საკითხზე რომანტიკოსთა თეორიული შეხედულება იყოს გალექსილი. ამდენად, ამ ლექსს გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ქართულ ლიტერატურაში რომანტიზმის დამკვიდრების საკითხის გარკვევისათვის.
¨ანტირაციონალისტური¨ ლექსებით (¨ მიკვირს რათ ჰსძრახვენ¨ , ¨ შენი გონების სხივნი¨ ...) ა. ჭავჭავაძემ ახალ ქართულ მწერლობაში პირველმა მოახდინა სიყვარულის მგრძნობელობის სამყაროს რომანტიკული გააზრება, რაც პოეტს კატეგორიული ფორმითაც კი აქვს გამოთქმული:
„სიბრძნე და გონიერება
რაგინდ მარად ფხიზლად გვფლობდენ,
სიჭაბუკეს და სიყვარულს
რაცა უნდათ, იმას ჰყოფდენ“.
(¨ სიბრძნე და გონიერება¨ )
ევროპის ახალი ლიტერატურის მოტივებისაკენ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ალ. ჭავჭავაძემ გადადგა ქართულ მწერლობაში. მის ლირიკაში მკვეთრად შეინიშნება დასავლეთ ევროპის კლასიციზმის ხანის ლიტერატურით დაინტერესებაც და თვით რომანტიზმის ესთეტიკის შემოქმედებითი გაზიარება მოღვაწეობის პირველ ნახევარშივე (1812 წლამდე); ეს საკმაოდ მოჩანს ალ. ჭავჭავაძის სწორედ მგრძნობელობითს (ან ¨ სენსუალისტურ¨ ) ლექსებში.
სიყვარული (მგრძნობელობა) პოეტს ადამიანის ღირსების თავისებურ საზომადაც მიაჩნია. ლექსში ¨ შენის გონების სხივნი¨  პოეტს არასრულყოფილად ესახება მაღალი ინტელექტისა და კარგი გარეგნობის ქალი, თუკი იგი მოკლებულია სიყვარულის მგრძნობელობას. ალ. ჭავჭავაძის ღრმა რწმენით,¨ მგრძნობელობა ჰსჯობს ყოვლთ თვისებათ ცით მოვლენილთა¨ , რადგან ¨ შვენებასაც¨ , ილამაზეს და ¨ გონებასაც ის ასულდგმულებს¨ .
სატრფიალო ლირიკა ალექსანდრე ჭავჭავაძეს, მართლაც, გრძნობის აპოლოგეტ პოეტად გვისახავს; მისი ¨ანტინაციონალისტური¨ მსჯელობა რომანტიზმის კლასიციზმისადმი დაპირისპირების გარკვეული გამოვლინებაა. გრძნობის უპირატესობის აღიარებით პოეტი როდი იზიარებს ლოთურ ¨ სიბრძნეს¨:  ¨დავეხსნათ ცოდნის ძებნასა, ღვინო სჯობს ყოველს მცნებასა¨ . გრძნობისა და გონების ავტორიტეტზე მსჯელობა ლექსში, პოლემიკური ტონით თავისთავად რამდენადმე გონების აქტია. გრძნობის პრიორიტეტის საკითხის დასმითაც ობიექტურად ალ. ჭავჭავაძე პოეზიაში აზრის პრიმატზე ამახვილებს ყურადღებას.
ალ. ჭავჭავაძისათვის უცხო არაა ლხინისა და დროის ტარების ჰედონური მოტივებიც. მაგრამ ეს როდი ნიშნავს მის ლირიკაში წმინდა წყლის აღმოსავლეთის ან დასავლეთის ანაკრეონტელი დავინახოთ.
ალ. ჭავჭავაძეზე ვერ ვიტყვით იმას, რისი თქმაც, მაგალითად, ჰაფეზზე შეიძლება: ¨ სიყვარულის სიტკბოება, ღვინის მომაჯადოებლობა – აი, ჰაფეზის მთავარი თემები. ჰაფეზი უმღეროდა არა ღვთაებრივ მეგობარს, არამედ ნორჩი, ლამაზი ქალის სხეულსა და სისხლს, და არა სულიერი ექსტაზით, არამედ მაგარი შირაზული ღვინით სავსე ჯამით ხელში¨ [33].ჰაფეზის, ხაიამისა თუ აღმოსავლეთის ჰედონისტების თემები უცხო როდია ალ. ჭავჭავაძისათვის, მაგრამ იგი სრულიად საპირისპიროდ იზიარებს ამ თემებს. იგი ცდოლობს მთლიანად განასხვაოს, გამიჯნოს ერთმანეთისაგან სიყვარული და ლხინის იდეალი. მის თვით ¨ ლოთურ ლექსშიც¨ კი ნუნუას მოტრფიალენი პარნასის მკვიდრთ უტოვებენ ლამაზ სქესს:
„ჩვენ წითელ ღვინოს ვეწაფნით,
ვარდი ვანებოთ ბულბულსა“.
აქვე უნდა ითქვას, რომ ალ. ჭავჭავაძის ლირიკა რეალურ ქალს უმღერის და არა წარმოსახულ სიყვარულს ( თუმცა, იგი არ იძლევა თუ ვერ იძლევა ამ ქალთა რამდენადმე რეალისტურ პორტრეტულ სურათს, ვინაიდან ქალის გარეგნობისა თუ სულიერი ღირსების ხატვისას იგი საკმაოდ უხვად იყენებს ტრადიციულ პოეტურ სახეებს, ¨კლიშეებს¨, რაც ქმნის ინდივიდუალიზირებულ პორტრეტს). მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მისი სატრფიალო ლექსების ადრესატია, უმთავრესად, სილამაზით განთქმული სალომე ორბელიანი ( შემდგომ მისი მეუღლე), ვისაც გრ. ორბელიანმა თავისი მუხამბაზი უძღვნა.
ლექსში ¨ ნუ მომკალ მწარედ¨ პოეტი აცხადებს, ლხინი ვერ განკურნავსო სიყვარულით დამწვარ გულს, და გმობს მათ, ვისაც მიაჩნია, რომ დროის ტარება შეძლებს ტრფობის ალის განელებას:
„ნამდვილ სიყვარულს ვერაფრით შეცვლი:
მკურნალნი მხმობენ, ყოვლის ცოდნის მჩემებელნი:
ლხინნი არიან კოდილის მრთელებელნი!
და მერე თვითვე სიამისაგან განშორებას
წამლად მეტყვიან, ვაჰ ხელნი, ვაჰ ხელნი!
ამათ მაშორეს სიამეო, შენსა მზერას,
ესრეთ კურნებას და სიცოცხლეს ხელს ვჰხდი მე რას?“
აშკარა არის, რომ ¨ მკურნალნი¨ მოქეიფეებს უნდა გულისხმობდეს, რომელთა ცოდნას¨ და რჩევას ვერ უშველია შეყვარებული პოეტისათვის. ამდენად, უსაფუძვლოა, როცა ალექსანდრე ჭავჭავაძის სიყვარულის ლირიკას ყარაჩოხულ მელექსეობას უკავშირებენ. ალ. ჭავჭავაძის სიყვარულისათვის უცხოა დეკადენტური შეგრძნებანი და ორგანულია ჰუმანურობა, ზნეობრივი სიწმინდე და არისტოკრატიზმი.
მისი ლირიკა ყარაჩოხულ ლირიკას ენათესავება მხოლოდ ზოგი ლექსის ფორმალური თვისებებით ( ლექსის მუხამბაზური აღნაგობა, ცალკეული ფრაზები...) და განსხვავდება ეთიკური სულით. თუ ყარაჩოხელი პოეზიას (საიათნოვას ჩათვლით) ფრივოლურობაც თან ახლავს, ალ. ჭავჭავაძის სატრფიალო ლექსებს სალონური დახვეწილობის ელფერი დაჰკრავს.
შესამჩნევი სხვაობაა ალ. ჭავჭავაძის და აშუღების სტილს შორისაც. აშუღების პოეტური სახეები, ლექსიკა, ¨ ხმა¨ ესაა ¨ კილო შუაბაზრისა¨ (ვ. ორბელიანი). თვით სახელგანთქმულ თბილისელ საზანდართა ¨ ხმა¨ დიდად როდი განსხვავდება ორთაჭალელი თუ ავლაბრელი ¨ ძმა-ბიჭების¨ ვულგარული ხმისაგან, რაც ზოგჯერ პირდაპირ ეწინააღმდეგება ჭეშმარიტი ლიტერატურისათვის დამახასიათებელ ღირსებებს, ხოლო ხშირად ჩანს ზნეობრივი სინატიფე და სულის სპეტაკი თრთოლვა. ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ აშუღები არ გამოხატავენ ქართული სატრფიალო ლირიკის თვისებებს. საიათნოვა ყარაჩოხულად ამკობს მიჯნურს:
სითეთრით ვერვინ გაჯობებს, აურისაგან ლამაზი ხარ,
თვალმარგალიტით სავსე ხარ, დახატულო სკივრის ყუთო“[34].
იგი ასე მიმართავს სატრფოს:
„მოდი, საყვარელო, ბაღში შევიდეთ,-
დავლიოთ ღვინო,-არაყი ჩვენია,
მეჯლის- საზანდარი საზი ჩვენია“ [35].
ასევე ვულგარიზმითაა აღბეჭდილი აშუღ სტეფანე მკერვალის სატრფიალო ლირიკაც:
„მისთვის ვიწვი და ვიდაგები მე
მეტად ლამაზია ჩემი დამწველი,
კაცს მოჰკლავს, ღამით სულს ამოართმევს,
კეკლუცია ნაზია, ჩემი დამწველი“ [36] .
ალ. ჭავჭავაძის ლირიკის სტილი კი ლიტერატურულია, რომელსაც, ვაჟას გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ¨ სინაზე ქალისა¨ მოსდგამს. საერთოდ, ყარაჩოხულ (აშუღურ) ან აღმოსავლურ პოეზიასთან ალ. ჭავჭავაძის ნათესაობაზე მითითება მის ანაკრეონტელობაზე მსჯელობის საფუძველიცაა, რადგან აშუღურ პოეზიაში აშკარად შეიმჩნევა ¨აღმოსავლური ანაკრეონტელობის¨ თვისებები.
¨ქართველ ანაკრეონტელად¨ სახავდა ალ. ჭავჭავაძეს ა. ხახანაშვილი[37].დაახლოებით ამასვე იმეორებს ზოგი თანამედროვე მკვლევარიც: ¨ საქართველოში ანაკრეონტის ხაზს აგრძელებს ალ. ჭავჭავაძე¨ [38], - წერს ი. გრიშაშვილი, -  ტკბობის ანაკრეონტული მოტივი უცხო არაა ალ.ჭავჭავაძისათვის. ამ მხრივ მეტად დამახასიათებელია ლექსი ¨სახე შენი როს ვიხილო¨ . პოეტი ქალს დროს ტარებისაკენ მოუწოდებს:
„ვიცი შემდგომ მოიგონებ
მაგ შვენებას, რომელს ვმონებ,
მო, ჰყავ ნება, ნუ იყოვნებ.
ოდეს დრო გაქვს, ისიამე,
ვიტყვ წესია ისიამე“.
უზრუნველი განცხრომის ექსტაზს ასახავს ლექსი ¨ დღეობაში¨ , რომლითაც პოეტს დღეობა მოულოცავს თავისი მეგობრის, მელანია სუმბათაშვილისათვის. მაგრამ ამ ლექსში ქართული ლხინის დინჯი ცხოვრებისეული მილოცვაა გამოვლინებული:
„ესდენს დაესწარ დღეობას, რავდენიც გულით გეწადოს,
შვება, განცხრომა, სიამე ყოველდღე ახლათ გებადოს,
ახალთა წელთა სიტკბონი ათასგზის გამოგეცადოს,
მრავალთა სასიამოვნოთ მრავალჯერ გადაგეხადოს“.
ასეთივე ხასიათისაა ლექსი ¨ მეგრულ ფერხულზე¨ , რომელიც, შეიძლება პოეტმა 40- იან წლებში დაწერა თავის ქალიშვილთან, ეკატერინესთან, გორში თუ ზუგდიდში სტუმრობისას. პოეტი  აღფრთავანებულია¨ ტურფა ქალ-ყრმათა¨ როკვა-თამაშით, რაც, ალბათ, თან ახლდა სადღესასწაულო შეხვედრებს. პოეტი აღტაცებულია ხალხური ხელოვნების რომანტიკით; ეს ლექსი გამოირჩევა ენობრივი სიმსუბუქე-სისადავითაც:
„იხარეთ, იხარეთ, ჰე, ბედნიერნო,
მიწისა ძლიერის შვილნო ძლიერნო,
შევსწიროთ მადლობა მადლსა უფლისას
და ყოვლსა მიზეზსა ამ განცხრომისას“.
რონსარისა და პარნისტული პოეზიის გავლენით ალექსანდრე ჭავჭავაძეს დაუწერია ¨ ეღების კარი გაზაფხულისა¨ და ¨ მოვედ ამ არედ შესამკობელად¨ . პოეტი სიყვარულით ტკბობასა და ლაღობას უმღერის.
ალ. ჭავჭავაძე თარგმნის ლექსებს ¨ ვიდრემდის გქონან¨ და სხვ.; თარგმნილი აქვს, როგორც ჩანს, რუსულიდან, ანაკრეონტის ლექსიც. და მაინც ყოველივე ეს და ზემოთქმული როდი ნიშნავს, რომ ალ.ჭავჭავაძე ¨ ქართველი ანაკრეონტი¨ იყოს. როგორც მისი დროის პოეტების ( ჰიუგოსა და პუშკინის, ჟუკოვსკისა თუ ლერმონტოვის, ნ. ბარათაშვილისა თუ გრ. ორბელიანის...) ლირიკაში, ასევე ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებაში ადგილი აქვს დათმობილი ახალი დროის ¨მსუბუქ პოეზიას¨ . მაგრამ ეს თვისება როდია ალ. ჭავჭავაძის ლირიკის ყველაზე უფრო ჭარბი და არსებითი თვისება. მისი ლექსების დიდ ნაწილს არაფერი აქვს საერთო მსუბუქ მხიარულებასთან თუ ზედაპირულ გრძნობებთან, რომელთაც მხოლოდ ზოგი ლექსი შეიცავს (¨მუხამბაზი ლათაიური¨ , ¨ შექცევათათვის¨ , ¨ ნუ მომკალ¨ ). ლექსში ¨ მუხამბაზი ლათაიური¨ ქეიფის ხოტბას ხედავდნენ, მაგრამ დღეს გარკვეულია, რომ პოეტი ამ ¨ ლოთური ლექსით¨ (გამოთქმა მისია) ლოთებს დასცინის. პოეტს მხოლოდ ფორმა გამოუყენებია თავისი დროის პოეზიისა. მოლხენის დიდი მოტრფიალე იყო პოეტი პირად ცხოვრებაში და ეს მის პოეზიაშიც ჩანს. მაგრამ ეს მომენტიც მის ლირიკაში თითქმის ყოველთვის მაღალ ეთიკურ მრწამსს ექვემდებარება. ამას, ალბათ, წმინდა ეროვნული ინტერესებიც უკარნახებდა.
დროს ტარების თემას ეძღვნება ¨ შექცევათათვის¨ . მაგრამ ¨მუხამბაზი ლათაიურისაგან¨ იგი იმით განსხვავდება, რომ პოეტის ზნეობრივი მრწამსი მასში აშკარადაა მოცემული. ლექსში დაგმობილიაწრეგადასული ¨ შექცევა¨ , დამახასიათებელი თავადაზნაურობის ერთი ნაწილისათვის. პოეტი ¨ ლხინთ მორევში¨ , ¨ უზომობისაგან¨ ¨დათრობილთ¨ ზომიერებისაკენ მოუწოდებს:
„თქვენ, რომელნი ლხინთ მორევში დაფლულნი და უძლურ ქმნილნი,
უგონობას სიამეთ რაცხთ განუფხიზლად დათრობილნი,
სიამოვნე, თუცა გწადისთ ჯერარს გქონდესთ მისი ცნობა,
იგი მუნით გარდეგების სად იხმარვის უზომობა“.
ყოველივე ეს მოწმობს, რომ ალ. ჭავჭავაძეს განუცდია ანაკრეონტულ-პარნისტული და ბესიკური ეროტული პოეზიის გავლენა, მაგრამ მაინც რომანტიზმის პოზიციებზე დარჩენილა. სიცოცხლეშივე, გარდამავალ ხანაში და დიდხანს შემდგომაც ბესიკის სატრფიალო ლირიკა განსაკუთრებულად მოსწონდათ. იგი მოდადაც კი იქცა. მას მრავალი მიმბაძველი გაუჩნდა; სიჭაბუკის წლებში მას ალ. ჭავჭავაძეც ბაძავს. მაგრამ მალე თვით ალ. ჭვჭავაძის რომანსები ისე პოპულარული გახდა, რომ ცოტა დააკლდა ბესიკის ლექსები დავიწყებას მისცემოდა და ალ. ჭავჭავაძე ¨ ვარდ-ბულბულის¨  მომღერლად გამოცხადებულიყო. ¨ ასე გეგონებათ, - წერს კ. აბაშიძე, -ა.ჭავჭავაძემ აზრად დაისახა ქართულის ლიტერატურას სამუდამოდ გამოაცალოს ხელიდან ეს საგანი – სიყვარულის მღერისა, რადგან იშვიათად ნახავთ პოეტსა, ამაზე მეტი რამ გამოეთქვას სიყვარულის შესახებ¨ [39]. მართლაცდა, ალ. ჭავჭავაძის ასზე მეტი ორიგინალური ლექსიდან ორმოცამდე სიყვარულის თემას ეხება. აქედან ოცზე მეტ სატრფიალო ლექსში (¨ სახე შენი მე მახევა¨ , ¨ მაისის ვარდმან¨ , ¨ ვარდო კოკობო¨ და სხვ.) იგი თითქმის იმეორებს ბესიკს. მაგალითად, სიყვარულის გრძნობის გადმოსაცემად და სატრფოს პორტრეტის შესაქმნელად ალ. ჭავჭავაძე უმთავრესად ბესიკის პოეტიკით ხელმძღვანელობს. ბესიკივით მასაც ქალის ხორციელ მშვენებაზე რჩება თვალი. იგი იყენებს ბესიკისა და აღორძინების ხანის სატრფიალო პოეზიის ტრადიციულ გარეგნულ ნიშნებს: სიმბოლიკას, ლექსიკას, ინტონაციას: ვარდს, შროშანს, იას, ალვას, მთავარეს, მზეს – სატრფოს აღმნიშვნელად; ბალახშის კარს, ძოწს, ლალს, იაგუნდს – ტუჩების მიმართ; დალალს, ზილფს – ნაწნავების მიმართ; ბროლ-ფიქალი, ბროლის ფიცარი, ბროლის ველი – გულმკერდს აღნიშნავს, ვარდი, ბალახში – ღაწვს, მელნის ტბა – თვალთა; ჰინდელნი, ჰინდთა ჯარნი – წამწამებს; მშვილდნი – წარბებს; მარგალიტნი, სპეკალნი – კბილებს და სხვ. გარდა ამისა, ¨ ცოტა არ იყოს, წილი უდევს თ. ალექ. ჭავჭავაძეს¨ ქართული პოეზიის ¨ მითოლოგიური სახეებით აჭრელებაში¨ ( ილია). აქ იგულისხმება: გრაციები, მუზები, კუპიდონები, აპოლონი, ელისეს ველი, ნექტარი, ბახუსი ირისე... ყოველივე ამას ალ. ჭავჭავაძე ბესიკის სატრფიალო ლირიკის პოეტიკას უსადაგებს და რომანტიკულ ელფერს ანიჭებს. ალ. ჭავჭავაძის ზოგი ლექსის კითხვისას ბესიკის თავისებურ პოეტურ პერიფრაზზეც კი შეიძლება ლაპარაკი, - ¨ ბესიკის დაფნის მემკვიდრეზე¨ [40]
სატრფიალო ლექსების ერთ წყებაში ალ. ჭავჭავაძე ბესიკივით თავშეუკავებელია, მაგრამ არა იმდენად, როგორც ყარაჩოხელი ან ირანელი პოეტები. მთლიანად ერთგვაროვანი არაა ბესიკისა და ალ. ჭავჭავაძის თვალსაზრისი. ხორციელი სიყვარულის გამომჟღავნებისას ეთიკური მომენტით ალ. ჭავჭავაძე მეტად ხელმძღვანელობს, ვიდრე ბესიკი. ქალის წარმტაცი გარეგნობით მოხიბლული პოეტი ქალს ესთეტიკური თვალითაც მისჩერებია: ¨ ლერწმად ახატოს, ვინც დახატოს მისი ტანია¨ და სხვ. (¨ შენს ღირსებას ნატრულობენ¨ ). პოეტი ერკვევა ხორციელი აღგზნებიდან და არ ივიწყებს, რომ ეს მშვენება სამშობლოს სასახელო არსებაცაა: ¨ და შენნი მნახნი, ქართველ-კახნი შენზედ ცილობენ¨ (იქვე). ქალი ზნეობრივად წმინდა არსებაა: ¨ყოველგზით მარდი, წყნარად მქცეველი¨ ( იქვე), იგი ¨ ქცევა ნაზია¨ ; ¨ საუბარი სიტყვა მტკბარი¨ ( ვაქებ თავსა თმა მდიდარსა¨ ). ხორციელი მშვენებით ¨ სიმთვრალის¨ თუ ¨ ცნება გაძარცულობის¨ დროსაც პოეტი უმალ ფხიზლდება და უაღრესად ეთიკური ჩანს: ¨ მართლმერწმუნე სიწრფოებით და უთნოდ არს ზემოთქმული¨ (¨ ვაქებ თავსა თმა მდიდარსა¨ ).
ამრიგად, ალ. ჭავჭავაძე თვითმყოფადი ხმით უმღერის სიყვარულს. იგი ტრადიციულ გზას ბრმად არ მისდევს. პოეტი ქალის გარეგნულსა და სულიერ სილამაზეს ერთმანეთს არ აცილებს. მის სატრფიალო ლირიკას პეტრარკას პოეზიიდან მომდინარე ეთიკურ-ესთეტიკური კონცეფცია აცისკროვნებს. სიყვარულის ასეთი გაგება ახლოსაა ამ გრძნობის ქართულ ხალხურ ეროვნულ შემეცნებასთან.
ხსენებულ ლექსთა გარდა, ამ მხრივ საყურადღებოა ¨ ნუ მომკალ¨ , ¨ შენთან არს გული¨ , ¨ ჟამნი რბიან¨, მისი სატრფიალო ლექსი აღბეჭდილია გულწრფელობით. იგი რჩეულს შესტრფის, მხოლოდ იმ ერთზე ოცნებობს:
„ესე ცეცხლი ვერვინ აქროს,
თუ არ შენვე, აღმგზნებელო!“
სატრფოსთან სიხლოვე უმაღლესი სურვილია. სიყვარულთან არის დაკავშირებული სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემაც (¨ ნუ მომკალ¨ ).
„შენ ხარ მზე, მქონე სხივთა ჩემთა მაცხოველეთ,
მე – ხე, რომელი ვჰხმე, თუ მათით არ მომზარო!“
საინტერესოა, რომ ალ. ჭავჭავაძე თითქოს ეკამათა ძველი ქართული მწერლობის ტრადიციულ პოეტიკას. მას არ სურს, რომ სატრფო სანთელს, ხოლო თავისი თავი ფარვანას შეადაროს:
„შენ ხარ სანთელ, კრულ ვარ თუც მას გადარო,
არც მე ფარვანა, რომე დამწვა, რა გეკარო“.
ამით პოეტმა ერთგვარად კიდევ გამიჯნა თავი ¨ ვარდ-ბულბულიან¨ - შამი-ფარვანიანისაგან¨ და არსებითად ღრმად ადამიანური რომანტიკული სიყვარულის მქადაგებლად მოგვევლინა:
„ჰგავს ნამდვილი ტრფიალება
მოშორვებით არ განქრება;
რაზომ მელტვი, უფრო გეტრფი,
სახილველად სასურველო!“
(¨ ჟამნი რბიან¨ )
რაოდენ ნიშანდობლივია ალ. ჭავჭავაძისათვის სიყვარულის რომანტიკული გაგება, ეს რომანტიკოსი პოეტის – ჟუკოვსკის ლექსების (¨ როს გიყვარდი¨ , ¨ ძვირფასო საყვარელო¨ ) თარგმანებითაც დასტურდება; პოეტი სიზმარშიც სატრფოს ხედავს:
„თვით ჟამსაცა ძილისას არა მაქვს ბედი მწყრომარე:
სიზმარი მასმენს შენგან გამომხდარს ნაზსა ხმასა...“
აღსანიშნავია, რომ თვით ჟუკოვსკიზე გავლენას ახდენდა ფრანგული რომანტიზმი. ამავე დროს ალ. ჭავჭავაძის ზოგ სატრფიალო ლექსში ნაკლებ შესამჩნევია ¨ ვარდ-ბულბულიანის¨ პოეზიის სიმბოლიკა. სიყვარულის წმინდა რომანტიკული განსჯა მოჩანს ლექსში ¨ სძგერს გლახ გული¨ .
სატრფოს მომლოდინე პოეტს ფოთოლთ რხევა თუ სიოს ქროლვა სატრფოს მოახლოებას მოაგონებს; ბუნება და სიყვარულის განცდა ერთმანეთს ერწყმის, რაც ახალ მომენტს წამოადგენს ქართულ ლირიკაში. ბუნებისა და სიყვარულის დამოკიდებულების ეს კონცეფცია უმაღლეს საფეხურზე აიყვანა ბარათაშვილმა (¨ არ უკიჟინო სატრფოო¨ , ¨ ჩინარი¨ და სხვ.).
„სძგერს გლახ-გული, საყვარელო, მლოდე შენი უწყლავს თმენას;
ჰსცემს სურვილის წამთა ხშირად, მაგრამ აგრძნოს ვისსა სმენას?
გზის გუშაგად მდგომარესა ხან აჩრდილნი მაცთუნებენ,
ხან ფოთოლნი შერხეულნი შრიალითა მცემენ ზრზენას;
ზოგჯერ ღამის სიწყვდიადე მომაჩვენებს გიშრის თმასა,
ზოგჯერ ცისა გაელვება ბროლის ფიცრით შუქთა ფენას.
თვით ნიავთა ნელი ქროლვაც წარმომიდგენს სუნთქვას ტკბილსა,
რომელიცა ცეცხლ მოდებულს ლალით გამო მბერდა ლხენას!“
ამ ლექსში ( დაწერილია 1821 წლამდე) თითქოს საგანგებოდაც კი არის ხაზგასმული სიყვარულის რომანტიკული გაგება. იგი, უთუოდ, ერთი საუკეთესო სატრფიალო ლექსია ქართულ რომანტიკულ ლირიკაში:
„მახსოვს, ოდეს ტრფობის წინდად შეიწირე სული ჩემი,
ამა ბაგით შენსა ბალახშს გარდმოვიდა... ჰმადლა ზენას!
იგი ამად არ გვემსხვერპლა რომე მომკლა მოშორვებით,
კავშირ ექმნა ორთა გვამთა ცხოვრებისა ერთად დენას!“
¨ სძგერს გლახ გულის¨ ემოციურობას დიდად უწყობს ხელს მისი ფორმის დახვეწილობა,- თავისებური სტროფულ-რითმული აღნაგობა; მთელი ლექსი ერთ ხანას მოგვაგონებს, რომ პირველი ორი ტაეპი ერთმანეთს ერითმება (აა), ხოლო ყოველი შემდეგი ორი ტაეპის მეორე სტრიქონი – პირველ ორ ტაეპს (აა, ბა, გა, და, ეა, ვა...) ასეთი აგებულების ლექსი ( ვაჰ, შენგან წყლულსა¨ , ¨ სიყვარულსა შეუპყრივარ¨ , ¨ ჭმუნვის მახვილი¨ ...) ალ. ჭავჭავაძეს შემოაქვს XIX საუკუნის ქართულ ვერსიფიკაციაში.
ამრიგად, თავისი სატრფიალო ლირიკით ალ. ჭავჭავაძე ამთავრებს ბესიკის ტრადიციას და დასაბამს აძლევს ახალ რომანტიკულ ლირიკას, რაც უმაღლეს საფეხურზე აიყვანა რომანტიკოსთა ახალმა თაობამ, განსაკუთრებით ნ. ბარათაშვილმა. ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ, ¨ რომ სძგერს გლახ გულის ხმაზედ¨ გრ. ორბელიანმა დაწერა ლექსი ¨ მ...სადმი¨ (1831).
* * *
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ალ. ჭავჭავაძის დამოკიდებულება 1832  წ. შეთქმულებისადმი. იშვიათია მისი დროის მოაზროვნე ქართველი, რომელიც ამ შეთქმულების მონაწილე არ ყოფილიყოს. ალ. ჭავჭავაძე – მღელვარე ეპოქის დიდი ქართველი – შეუძლებელიც იყო გულგრილი დარჩენილიყო შეთქმულებისადმი.
მაგრამ შეთქმულების გამჟღავნების შემდეგ, რაკი თვით პოეტი უარყოფდა მასში მონაწილეობას და შეთქმულთა დიდი ნაწილიც ემოწმებოდა, მთავრობა მის მიმართ შედარებით მცირე სასჯელით დაკმაყოფილდა; ხელისუფლების ავტორიტეტისათვის ჯობდა, თუ საქართველოს გავლენიანი პირი მთავრობის საწინააღმდეგო შეთქმულების მონაწილე არ აღმოჩნდებოდა. თუ დავაკვირდებით ალ. ჭავჭავაძის ჩვენებებს, რომლებშიც ის თავს იმართლებს, დავინახავთ შეთქმულების მთავარ ორგანიზატორს.მაგალითად, 1833 წლის 6თებერვალს საგამომძიებლო კომისიისადმი მიცემული ჩვენების ნაწილში მან ზ. ჩოლოყაშვილს ისეთი პასუხი გასცა, რომ არც თვით მას, არც კომისიას არ შეუნიშნავთ, რომ იგი ჩვენებით არსებითად თავს მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყების სულისჩამდგმელად და ეროვნულ ბელადად აღიარებდა, იგი ამბობს: ერთხელ ზ.ჩოლოყაშვილი და დ. ორბელიანი მოვიდნენ ჩემთან, მათ ¨ ვთხოვე შევსულიყავით ცალკე ოთახში... ჩვენი საუბარი შეეხო იმ ბოროტმოქმედებებს, რომლებიც მაზრებში ხდება. მე მას ვუმტკიცებდი, რომ ეს მთავრობას უნდა ეცნობოს-მეთქი, რომ ამ საგანზე ბევრი სხვაც მყავს მომზადებული, რათა... ვაცნობოთ მთავარმართებელს ყველა ის გადასახადი, რომელიც ხალხს მძიმე ტვირთად აწვება. ვეუბნებოდი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოველოდეთ დიდ უსიამოვნებებს...ღმერთმა დაიფაროს კიდევ აჯანყებამდე რომ მიდგეს საქმე, რაც საშიშია ...ასეთმა უცნაურმა ამბებმა საბაბი მომცეს ჩემი თავისთვის ირონიულად აჯანყების მეთაურის სახელი მეწოდებიანა¨ [41]. არაა შემთხვევითი, თუ 1832  წ. შეთქმულების ისეთ თვალსაჩინო წევრს, როგორიცაა ზ. ჩოლოყაშვილი, გარკვეული სახალხო ავტორიტეტის მქონე მოღვაწედ მიაჩნდა ალ. ჭავჭავაძე. ზ. ჩოლოყაშვილის ჩვენებით, მას ალ.ჭავჭავაძისთვის უთქვამს: ¨ თქვენს ერთს სიტყვას მთელი საქართველოს შეიარაღება შეუძლიან. რადგან ყველანი მხოლოდ თქვენს ბრძანებას მოელიან და ყველანი მზად არიან-მეთქი თქვენ დაგემორჩილონ-მეთქი¨ [42].
1832 წლის შეთქმულება იმდენად მნიშვნელოვანია ალ. ჭავჭავაძისათვის, რომ ესმის ლირიკაში იჩენს თავს. მაგალითად, ხელნაწერს ( ასლს) ლექსისა ¨ კვლავ მარად ამ ჩემს სურვილსა¨ აქვს მინაწერი: ¨ თქმული თავადის ალექსანდრე ჭავჭავაძისაგან ტამბოვს¨  [43]. ლექსის შინაარსიდან ირკვევა, რომ იგი ტამბოვის პირველ ან, საზოგადოდ, გადასახლებას კი არ გულისხმობს, არამედ 1832 წლის შეთქმულებისათვის მზადებას. ლექსისა და ¨ საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევის¨ დასაწყისის კონცეფცია ერთია: პტოლომეს დროსა და, საზოგადოდ, წარსულში საქართველო აყვავებული იყო, პოეტის დროს კი დაცემულია. იდეური მიმართულებით ეს ლექსი გამოხატავს შეთქმულთა რესპუბლიკური ნაწილის სულისკვეთებას.
გავიხსენოთ გრ. ორბელიანის შეთქმულების დროის ლექსები - ¨ მისი სახელი კიცხვითა¨ , ¨ ჰე, ივერიავ¨ , ¨ აღსარება¨ ( მიბაძვა რილეევისა) და სხვ. გრ. ორბელიანის ამ ლექსებსა და ალ. ჭავჭავაძის დასახელებულ ლექსს შორის იდეური ნათესაობაა.
ლექსში ¨ კვლავ მარად ამ ჩემს სურვილსა¨ ალ. ჭავჭავაძე რომანტიკულად ახასიათებს საქართველოს დიადი წარსულის დამხობას და სანაცვლოდ ¨ შავი დროის¨ გამეფებას:
„ჰე, საქართველო, პტოლომეს დროს აღყვავებულო,
მშვენიერ იყო, მარა რა? ვით ამა სოფლის ყოველი,
კეთილი, მოსაწონელი, შავმა დრომ ფერხით გასთელა,
დააჭკნო ვარდი წალკოტში, მით ჩემი გულიც მოსთვლილა,
გაჰქრა დავითის ხმლის ელვა, ჩაჰქრა თამარის ლამპარი,
ოქროს დრო ჟამმა შესცვალა, აგარეანთა სრბოლამა,
შეიქმნა ვაი-ვიშვიში, საქრისტიანოს რბევა და
ქართველთა სისხლის დინება, გული შეზარა სრევამა“ .
პოეტი ამბობს, რომ დავით აღმაშენებლისა და თამარის შემდეგ მშვიდობიანობა არ მოსწრებია საქართველოს, - იგი სისხლისაგან იცლებოდა საუკუნეთა მანძილზე. როგორ არ ეცადა, მაგრამ ¨ ვერ შეჰკრა მისი კარიბჭე¨ საქვეყნოდ განთქმულმა მეფე ერეკლემ. ამდენად, ლექსის მეორე ნაწილი თავისებური გამართლებაა ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ისტორიული ნაბიჯისა, რასაც საქართველოს რუსეთთან შეერთება მოჰყვა. მაგრამ დარბევა და ძალადობა, რასაც ქართველი ერი მონარქისტული რუსეთის ბიუროკრატი მოხელეებისაგან განიცდიდა, პოეტს აღაშფოთებს:
„მახვიდლდებული მოვიდა, მზაკვრულად მიგვცა გვემასა,
ყელსა შეგვაბა სარაზი, მიმოძგონარედ მთვლემარსა,
ლაქათთა იწყეს ლაქათი, ძვალი არა აქვს ენასა,
მკადედ ედინა ცრემლები, ხალხს, მიცემულსა სენასა“.
XIX საუკუნის დამდეგს, თავის სამოქალაქო ლირიკაში ალ. ჭავჭავაძე საქართველოს ცხოვრების იმ მოვლენას ეხება, რომელთაც შემდეგ ა. ყაზბეგი ისტორიულ წარსულად წარმოსახავს. ლექსში ¨ კვლავ მარად ამ ჩემს სურვილსა¨ ჩვენს წინაშეა არა ჟამთა აღმწერელი, არამედ პოეტი, რომელიც გადამთიელ-დამპყრობელთა განდევნისაკენ მოუწოდებს ერს საქართველოსა და თვით კავკასიის თავისუფლების სახელით:
„არც ვართ ზარაყნი, თვითრჯულნი, არცა ჩვეულნი ზრზენასა
სიკვდილი გვიჯობს ვიხმიოთ კანჯარზე ჯდომა- თვლემასა,
მზაკვარს ხმლით გავუსწორდებით, ვჰფუცავ ჩვენ ხმალთა კვეთასა,
მნათი აღმოჰხდეს კავკასსა, ქართლი მიეცეს ლხენასა“.
ლექსი ¨ კვლავ მარად ამ ჩემ სურვილსა¨ ალ. ჭავჭავაძის ლირიკის რომანტიკულ-პატრიოტული სულის თვალსაჩინო ნიმუშია. შეთქმულებაში მონაწილეობის გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვის გასვლის შემდეგ ( 1833 წ. 15 /I-ს) ალ. ჭავჭავაძე დააპატიმრეს.1833 წლის 20 სექტემბერს საგამომძიებლო-სასამართლო პროცედურები დამთავრდა. იმავე წლის 8 სექტემბერს ალ. ჭავჭავაძე ცოტა ხნით გაათავისუფლეს, მისი თხოვნისამებრ, საკუთარი მეურნეობის საქმეების მოსაწესრიგებლად. პოლიციის ზედამხედველის თანხლებით, იგი ჩადის წინანდალს, კარდანახსა და სხვა ადგილებში.
1832 წ.შეთქმულებაში მოანწილეობის გამო გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ალ. ჭავჭავაძის პოეზიაში გარკვეული ცვლილება ხდება – თავს იჩენს ისტორიულ ვითარებასთან უნებლიე შეგუება და პატრიოტული სევდის ზრდა. ეს ჩანს მის ოფიციალურ ისტორიოგრაფიულ დოკუმენტშიც - ¨ საქართველოს მოკლე ისტორიულ ნარკვევში¨ . ამ ნარკვევს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც პოეტის, ისე იმ დროის (20 –30-იანი წლების) საქართველოს საზოგადოებრივი მოძრაობისა და აზროვნების გასაგებად. ნარკვევის ავტორი თანაუგრძნობს საქართველოს შეერთებას რუსეთთან, - სხვანაირად არ შეიძლებოდა იმპერატორისადმი წარდგენილ დოკუმენტში, -მაგრამ იგი მაინც ვერ (თუ არ ) ფარავს თავის პატრიოტულ- პოლიტიკურ სულისკვეთებას. ¨ ახლანდელი საქართველოს მნახველი,- წერს ალ. ჭავჭავაძე, - ძნელად თუ დაიჯერებს, რომ ეს ქვეყანა ოდესღაც ჰყვაოდა... მას, მსგავსად სხვა სახელმწიფოებისა, ჰქონდა დიდება, ჰყავდა თავისი გმირები, მგოსნები და მწერლები¨ [44].
დიდი ისტორიკოსის ერუდიციითა და ტაქტიკით ახასიათებს ალ. ჭავჭავაძე ქართველი ერის გმირულ ბრძოლებს სხვადასხვა ჯურის დამპყრობლებთან: ¨ უშიშროება არ იყო არც ქალაქად, არც სოფლად. მიწათმოქმედი მიწას შეიარაღებული ხნავდა, ტყვიის ქვეშ ჰკრიფავდა ჭირნახულს. მაგრამ მას ქედი არ მოუხრია ყურანის წინაშე... საქართველომ... ქართველობამ... შეინარჩუნა სარწმუნოება, მებრძოლი სული, სიყვარული სამშობლოსადმი... მთელი სოფლები გაჰქრნენ.
მაგრამ მათი ნანგრევები დღესაც ჰკვებავს ქართველობის სიამაყის გრძნობას¨ [45] მთელი ¨ნარკვევი¨ გამსჭვალულია იმ აზრით, რომ ქართველი ერი რუსეთში თავიდანვე დიდ მეგობარს ეძებდა, მაგრამ რაკი მეფის რუსეთის ჯარმა და მოხელეებმა ბარბაროსობა გამოამჟღავნეს, ამას ქართველი ერი აღშფოთებითა და აჯანყებით უპასუხებდა.
ალ. ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მრწამსისა და ქართველი რომანტიზმის ჩამოყალიბების გასათვალისწინებლად განსაკუთრებით საგულისხმოა ლექსები ¨ დიმიტ. ვ.¨ , ¨ კავკასია¨ და სხვ. ი. გრიშაშვილი შენიშნავს, რომ ამ ლექსთაგან პირველი ¨ კავკასიის¨ შესავალს წარმოადგენს. ამაზე ¨ დიმიტ. ვ¨ -ს ბოლო ნაწილიც მოწმობს:
„კავკაზს შენ მანდით შესცქერი და მე ვმზერ ამ მხარით,
ამა მთის სახე დიდებული მსურს დაგიხატო,
თუ არ შემიკრთა გლახ კალამი მისითა ზარით“.
XIX საუკუნის 20 –30-იან წლებში ევროპის რომანტიზმში საფრანგეთის რევოლუციის შედეგებით იმედგაცრუება გამეფდა, თუმცა ბრძოლის იდეაზე ყველას არ უთქვამს უარი, მაგალითად, ბაირონს, რომელიც, ამავე დროს, ბრძოლის დაუსრულებლობაში კაცობრიობის ტრაგედიასაც ხედავს. ამ დროს ქართველი რომანტიკოსები კვლავ ოცნებობენ განახლებაზე, რევოლუციაზე და 1832  წ. აჯანყებისათვის ემზადებიან; ამის გამოხატულებაა ალ.ჭავჭავაძის ¨ კვლავ მარად...¨ . შეთქმულების დამარცხებამ ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაში გაამძაფრა ტრაგიკული მსოფლშეგრძნება. ამის მაჩვენებელია ალ. ჭავჭავაძის ¨ დიმიტ.ვ.¨ , ¨კავკასია¨ , ბარათაშვილის ¨ ჩემი ლოცვა¨ და ¨ ფიქრი მტკვრის პირას¨ , გრ. ორბელიანის ¨ ჩემს დას ეფემიას¨ ... ახალ და განსხვავებულ ვითარებაში ალ. ჭავჭავაძე ეხმაურება ფრანგ განმანათლებელთა იდეებს. შეთქმულების მარცხმა პოეტის წინაშე წამოჭრა კითხვა: მართებული იყო თუ არა ქართველ შეთქმულთა მიერ გადადგმული ნაბიჯი, მათი განზრახვა? ლექსში ¨ დიმიტ. ვ. ¨ მკვეთრადაა გამოვლენილი წუხილი აქართველოს თავისუფლების მოსაპოვებლად გადადგმული უშედეგო ნაბიჯის გამო. ეს ლექსი მიძღვნილია მეგობრისადმი, რომელთანაც მას ¨ მსგავსება ფიქრთა, ხასიათთა და ¨შემთხვევათა¨ აკავშირებდა. შეთქმულების მარცხი აქ გააზრებულია არა მცდარ ნაბიჯად, არამედ ¨ ჟამის შეშლად , ბედის ღალატად¨ . ამ ლექსში პოლიტიკური შფოთვის რომანტიკა ელეგიური განწყობილებისაა:
„გახსოვს, როს გული აღბორგვილი უფროსთ უსმენი
ღრღნიდა აღვირსა განსაჭრომლად მაბრკოლის გრკალით
ორნივ ერთ ჟამად აღვიმსთვენით ქმნად კეთილისა.
გარნა ვაჰ, რაბამ ვშორევდით მას ჭკვა მიუმხვდარით...
ვალსა საღმრთოსა ვეძიებდით გზითა შემცდარით...
ზვირთთა ვებრძოდით განსასვლელად შრომა უხმარით.
ვითარ განკვეთდენ მკლავნი სუსტნი მას ზღვასა? მარამ
ცთომა ცოდვად არ მიგვითვალა მხედმან ზენარით“.
რომანტიკული ხედვაა გამოვლინებული ალ. ჭავჭავაძის ლექსში ¨კავკასია¨ . შიშის, გაოცებისა და აღტაცების აღმძვრელია ¨ მთებზე შემდგარი მთების ¨ - გოლიათი კავკასიის პეიზაჟი. კავკასი ¨ ზოგთა ჰმუსრავს, ზოგთ ჰბადებს, ვით ღმერთი მბრძანებელი¨ . როცა კავკასს მზე დახედავს ხოლმე, თოვლი, ყინული და ჩანჩქერები ბრილიანტებად ბრწყინავენ. ¨ ამ დიდი მშვენების¨ თანამონაწილენია ყვავილნი, ველნი და ტყენი, სადაც ირემი გამოიჭრება ხოლმე. აქვე გამოჩნდება ჯიხვიც, რომელიც შესცქერის მყინვარს და ვერ შემძლე მიწვდომად ¨ ღმუილით ემდურს ძალსა¨ . ამ პეიზაჟიდან ლექსი უცებ გადადის საქართველოს ისტორიული ვითარების განსჯაზე – თუ როგორ ილეწება შეუვალი კავკასია.
საქართველოსა და, საერთოდ იმ დროის რადიკალურ ცვლილებებთან ერთად ვითარდება პოეტის სულისკვეთებაც. მაგალითად, ¨ ნარკვევში¨ და ლექსში ¨ დიმიტ.ვ.¨ უკვე თითქმის თანაბარი სიძლიერისაა უკმაყოფილებისა და კომპრომისის ტონი. ეს გარემოება უფრო შესამჩნევია ლექსში ¨ კავკასია¨ , რომელშიც მკვეთრად გამოკრთის ¨ ნარკვევის ¨ ტონი და სულისკვეთება.
კავკასიის პეიზაჟის სიდიდესა და მომხიბლაობაში პოეტი მეტაფორულად გვიჩვენებს ქართველი ერის ისტორიულ სიდიადესა და ძლევამოსილებას, რაც ტრაგიკულად იმსხვრევა. ლექსში რომანტიკულადაა წარმოსახული კავკასია, სადაც მითიური პრომეთე – ამირანია მიჯაჭვული, რომელსაც ყორანი გულს უკორტნის. ტარგიკულ სურათს თითქოს მეტ მონუმენტურობას ანიჭებს ლექსის არქაული ( თუმცა რამდენადმე ხელოვნურობით დამძიმებული) პოეტური ენა:
„ესე არს თვით მთა იგი, სად პრომეთეს დაბმულსა,
ღმერთთა მიერ შერისხვით ყორანი ჰხოკდა გულსა,-
... დასაბამით სოფლისა ცნობილი შეუვალად“.
¨ ღვთისანაგ შერისხულ¨ პრომეთეს ტრაგედიის ასპექტშია დანახული კავკასიის ბედიც. ეროვნული მწუხარების ხმა მოისმის სტრიქონებიდან:
„შეეჭრნენ ჩრდილოს ვაშტნი წიაღსა გრანიტთასა,
არ ჰრიდეს ღელეთ სიღრმეს, არც სიმაღლეს მთათასა,
ფოლადნი, ქვათ მკვეთელნი ათასთა შინა ხელთა,
ხელოვნებითნი მეხნი, მედგრად მჩენელნი ცეცხლთა
ჰსცემდენ, ჰგლეჯდნენ, ქუხოდენ,- და კავკასი მკვნესარედ
ეხოთა მიერ წყლულთა თვისთა ცხად ჰყოფდა მწარედ!“
პოეტის რწმენით, ცარიზმის კოლონიალური პოლიტიკისაგან მიყენებულ ჭრილობათა მიუხედავად, კავკასიის ხალხთათვის – თვით საქართველოსთვის-განათლებისა და კულტურის გზაზე დადგომის გარკვეული პერსპექტივა გადაიშალა:
„განიხსნა გზა და ეშვათ ივერიელთ სასოება,
რომე მუნით შევიდეს მათ შორის განათლება“.
¨ კავკასია¨ ბუნების აღქმის საინტერესო ნიმუშია ქართულ ლირიკაში. ამ ლექსში კავკასიის ხედი მოჩანს, მაგრამ ადგილი არ ეთმობა წმინდა პირად განცდებს. ამავე დროს, მაგალითად, ბარათაშვილის ლექსებში, ბუნების აღწერისას სწორედ პირად განცდებს უკავია მთავარი ადგილი.
ლექსებში: ¨ ეღების კარი გაზაფხულისა¨ , მოვედ ამ არედ¨ ყურადღებას იქცევს ბუნების მეტაფორული წარმოსახვა; მათში მოლხენისა, სიყვარულისა და ბუნების ჰიმნიც გაისმის. სინამდვილის ჭარბი სუბიექტური აღქმა, დამახასიათებელი რომანტიზმისათვის (და რამდენადმე მთელი XIX საუკუნის ქართული ლირიკისათვის ვაჟა-ფშაველამდე), შესამჩნევად მოჩანს ლექსში ¨ სძგერს გლახ გული¨ . მზისმეტყველების თავისებური გამოვლინებაა ლექსში ¨ ნუ მომკალ მწარედ¨:  ¨შენ ხარ მზე, მქონე სხივთა ჩემთა მაცხოველეთ, მე-ხე, რომელი ვჰხმე, თუ მათით არ მომზარო¨ ; აგრეთვე ლექსებში ¨ ჟამნი რბიან¨ , ¨ ოჰ, საყვარელო¨ ...
ბუნებისა და წარსულისადმი რომანტიკული დამოკიდებულებით განსაკუთრებით გამოირჩევა პოეტის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი ¨ გოგჩა¨ .
ალ. ჭავჭავაძე კარგად იცნობდა ევროპისა და რუსეთის ლიტერატურას. მას იდეური სიახლოვე ან პირადი ნაცნობობა აკავშირებდა გრიბოედოვთან და სხვა მოწინავე რუს მწერლებსა და მოღვაწეებთან. მან თარგმნა ჟუკოვსკის, პუშკინის, ლერმონტოვისა და ოდოევსკის ლექსები. პუშკინის შვიდი ნაწარმოები თარგმნა, ალბათ, პუშკინის თბილისში ყოფნის (1829წ.) მომდევნო ხანებში, რადგან ამ თარგმნილ ლექსთაგან პუშკინს ოთხი 1832-1833 წლებში აქვს გამოქვეყნებული. პირადმა ნაცნობობამ, ჩანს, უფრო გააძლიერა ალ. ჭავჭავაძის და სხვა ქართველ მწერალთა ინტერესი პუშკინისადმი.
აღსანიშნავია, რომ ალ. ჭავჭავაძეს პუშკინის მეტწილად რომანტიკული ხასიათის ლექსები უთარგმნია (¨ ანჩარი¨ , ¨ სიზმარი¨ და სხვ.). პოეტს მონახული აქვს შესატყვისი ქართული საზომები, თუმცა ისინი არ შეიძლება ჩაითვალოს პირველხარისხოვან თარგმანებად ენობრივი სიმძიმის გამო. ¨ სიზმარის ¨ თარგმანი,სათაურითა და სტროფიკით, სცილდება დედანს. ¨ იმპერატრიცა ელისაბედის მიმართ¨ ყურადღებას იქცევს ლიბერალური იდეალებით.
ალ. ჭავჭავაძე, უთუოდ თანაუგრძნობდა პუშკინს, როცა თარგმნიდა ამ ლექსის სტრიქონებს:
„არროს ვყოფილვარ ქვეყნიერთა ღმერთთა მაქებლად,
არცა სადმე ამაყს ჩემის თავისუფლებით
მური, გუნდრუკი მიკმევიეს ძლიერთ სათნებლად“.
ალ. ჭავჭავაძის შემოქმედების მეორე პერიოდში მისი მსოფლგანცდის გასაგებად საყურადღებოა ვოლტერის ხუთმოქმედებიანი ტრაგედიის ¨ ალზირას¨ თარგმანიც. ეს ნაწარმოები თავისებურად ესიტყვება რუსეთის ცარიზმისადმი პოეტის იმ პოზიციას, რაც აჯანყებასა და შეთქმულებაში მონაწილეობით დაიწყო და, არსებითად , უნებლიე კომპრომისით დასრულდა. ¨ ალზირა¨  ეროვნულ-განმათავისუფლებელ მისწრაფებებსაც შეიცავს და ისტორიული აუცილებლობის გამო დამპყრობლისადმი დროებითი შერიგების მოთხოვნასაც.
40-იან წლებში პოეტს აგრეთვე უთარგმნია რასინის ¨ ესთერი¨ , ¨ ფედრა¨ , კორნელის ¨ ცინა¨ [46]და ¨ ¨ ედიპი¨ . ¨ ცინა¨ თარგმნილია 1844  წ. სწორად შენიშნავს გ. ქიქოძე, რომ ¨ ქართველი რომანტიკოსი პოეტი დააინტერესა ამ ტრაგედიის ჰუმანისტურმა ტენდენციამ. ამის გარდა, მან, როგორც იმპერატორის საწინააღმდეგო აჯანყების და შეთქმულების მონაწილემ, ცინას მაგვარი ბედი განიცადა. რუსეთის იმპერიის ხელისუფლება მასაც შედარებით ლმობიერად მიეპყრო, ხოლო შემდეგ დაიახლოვა და დააწინაურა¨ [47]. მეუნარგიას თქმით, ¨ცინა¨ თავის დროს ქართულად უნდა წარმოედგინათ სცენაზე და მთავარი როლი ¨ თვით ა. ჭავჭავაძეს უნდა ეთამაშნა¨ [48].
¨ალზირას¨ ალ. ჭავჭავაძისეული თარგმანის ლენინგრადის აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერს ( E 43, Br 141) მინაწერები: ფრანგულად - ¨ტრაგედია ალზირა, თარგმნილი ა. ჭავჭავაძის მიერ, ამჟამად ცოცხალია. ლეტელიეს ფონდი № 401¨ , ქართულად -¨ ალზირა ანუ ამერიკელნი, ტრაღედია, ჩყლგ – 1833¨ , ¨ ალზირა ფრანცუცულიდამ ქართულად¨ და სხვ.მართლაც, თარგმანში არაა რუსიციზმები: რიცარი, ღერცოგი, კოროლი, ფრანციისა და მისთ.
ზ. ჭიჭინაძეს ვოლტერის ¨ მეროპა¨ და მაჰმადიც¨ უნდა ეთარგმნოს. XIX საუკუნის 20–30- იანი წლების თბილისი ცნობილი სალონების ( მანანა ორბელიანის, ბაგრატიონ-მუხრანსკის ალ. ჭავჭავაძის) ლიტერატურული ინტერესების სფერო საკმაოდ ფართოა; ამას ადასტურებს, სხვათა შორის, ერთი ინგლისელი მოგზაური, რომელიც 1837  წ. ზაფხულში იყო თბილისში,- ალ. ჭავჭავაძისა და სხვათა სალონებში. თბილისის ერთ დაწინაურებულ რუსულ ოჯახში მიღებული შთაბეჭდილებით იგი წერს თბილისის ინტელიგენციაში ვიქტორ ჰიუგოთი და ¨ ფრანგული სკოლის სხვა მწერლებით¨ გატაცებაზე: ¨ მე გამართო იმ აზრთა სხვაობამ, რაც გამოითქვა ვიქტორ ჰიუგოს მიმართ, რომლის ნაწარმოებები, ისევე როგორც... ფრანგული სკოლის სხვა მწერლებსა, მაგიდაზე ელაგა. გავამხილე, რომ არ შემხვედრია ეს წიგნები და არ წამეკითხა თვით ცნობილი ¨ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი¨ , რის გამოც ზოგმა იმწამსვე შემოსძახა: ¨ სად შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ ვ. ჰიუგოს დიდებული ნაწარმოებები არ წაგიკითხავთ?¨ [49] ალ. ჭავჭავაძეს, უთუოდ, განსაკუთრებული წვლილი შაეაქვს როგორც ადრინდელი, ისე XIX საუკუნის ფრანგი მწერლების, კერძოდ ჰიუგოსადმი მაშინდელი საქართველოს კულტურულ წრეებში ინტერესის აღძვრაში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიცნობთ ალ. ჭავჭავაძის მიერ თარგმნილ ლექსს ჰიუგოდან -¨ მეფე რომ ვიყო...¨ , რომელიც მისი სატრფიალო ლირიკის ტონს ეხმაურება.
ერთი ცნობით, მისი განთქმული ¨ სიყვარულო ძალსა შენსა ¨ აგრეთვე ჰიუგოს ლექსის მიბაძვაა ან თარგმანი. ზოგი მისი თარგმანი ქართულ ორიგინალად მიიჩნია მკითხველმა, მაგ., ¨ ძვირფასო საყვარელო¨ , ¨როს გიყვარდი¨ , ¨ შენ ნარგიზი ახალი ხარ¨ . ¨ ვიდრემდის გქონან¨ და სხვ. ამ ბოლო ხანებში გამოირკვა, რომ მისი ორიგინალურად მიჩნეული ზოგი ლექსი თარგმანია. ალ ჭავჭავაძის ორიგინალური შემოქმედებიდან ევროპულ რომანტიზმთან ღრმა ნათესაობა აქვს ლექსს ¨ გოგჩა¨ ( 1841); იგი მცირებესიკური საზომითაა ( 5 – 4 – 5 ) დაწერილი; ამ საზომით მას რამდენიმე წლით ადრეც უწერია ლექსები, მაგრამ, ყურადღებას იქცევს შემდეგი გარემოება: 1837 წ., ¨ გოგჩაზე¨ ოთხი წლით ადრეა დაწერილი ბარათაშილის ¨ ფიქრნი მტკვრის პირას¨ , რომელსაც ¨ გოგჩა ¨ სალექსო საზომითაც ენათესავება, პოეტური სახეებითაც, და, რამდენადმე, მრწამსითა და განწყობილებით... მაგალითად, ბარათაშვილთან გვაქვს: მტკვრის ¨ ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა¨ , ალ.ჭავჭავაძესთან: გოგჩა ¨ თვის შორის ხატავს ცისა ლაჟვარდს¨.
ბარათაშვილთან ¨ ცისა კამარა¨ , ალ. ჭავჭავაძესთან ¨ ცისა ლაჟვარდს¨ , ¨ცისა მიმართ¨ , ¨ციურთა მჯობი¨ .თუმცა ორივე პოეტთან ყოველივე ეს იმდენად ორიგინალურადაა წარმოდგენილი, რომ შეიძლება ალ. ჭავჭავაძეს ყოველგვარი რუმინისცენციების გარეშე დაეწეროს ¨ გოგჩა¨ , ¨ გოგჩა¨ მდიდარია ახალი სახეებითა და ინტონაციებითაც. შეიძლება ლაპარაკი ამ ორი ლექსის პრობლემურ ანალოგიაზე: ორივე ლექსი მსოფლიო სევდის ამაოთა ამაოების საკითხს უკავშირდება. ამ მხრივ ¨გოგჩაში¨ მთავარია განწირულებისა და გოდების რომანტიკული ტონი. ბარათაშვილი ამბობს, რომ ადამინი აღუვსებელი საწყაულია, მაგრამ მაინც მოითხოვს, რომ ადამიანის ვალია იმოქმედოს ქვეყნის სასიკეთოდ. ადამიანური ყოფის ამაოთ ამაოების გადმოსაცემად ალ. ჭავჭავაძემ სხვა გზა აირჩია: მან ერთმანეთს შეუპირისპირა წარსული და აწმყო, გოგჩის ნაპირების წარსულსა და აწმყოში გვატარებს,- იქ სადაც წარსულში ცხოვრება ჰყვაოდა, დღეს ნანგრევებიღა შემორჩა. ვით პ. ბ. შელის ¨ოზიმანდია¨ , ეს ლექსიც გვეუბნება, რომ დრო ყოველივეს ამსხვრევს,¨ დროსა მსვლელის ცელით, ყოველთა წარწყმედით¨ ყოველივე ინგრევა და სწორედ ეს არის ¨ მომავლისაც ნამდვილი ხატი¨ . ასეთია ადამიანური ყოფის ალ. ჭავჭავაძისეული ტრაგიკული შეგრძნება ამ ლექსში. სხვა ლექსშიც, ¨ სხვადასხვა დროისათვის კაცისა¨ ის აზრია გატარებული, რომ ცხოვრება ტანჯვაა.
ბარათაშვილიც ცხოვრების, ყოფის ტრაგიზმს აღიარებს, მაგრამ იგი მაინც ¨ ბედის სამძღვრის¨ გადალახვისაკენ მიისწრაფვის. ბარათაშვილი მოქმედებისა და წინსწრაფვის პოეტია.ხოლო ალ. ჭავჭავაძის დაფიქრება გუშინდელ და ხვალინდელ დღეზე, ¨ციურთამჯობნი მშენებლობისაკენ ¨ ლტოლვაა.
პირადი წარსულისადმი რომანტიკულ დამოკიდებულებაზე მიგვითითებს ლექსი ¨ეჰა, ჩემო ოცნებავ¨ . აქ ლაპარაკია პირადი ბედნიერი წარსულის ¨უწყალო და თრგუნვაზე¨:
„ეჰა, ჩემო ოცნებავ, კვლავ რად წარმომედგინე
და დასი მცნობთ ჩვენებათ უბრალოდ რად მომფინე ?
რად მიჩვენებ სახეთა წარსულთა მათ ნუგეშთა, -
ერთხელ ჩემის სიცოცხლის ნაზად დამატკბობელთა,
რომელნიცა მე ბედმან უწყალოდ დამითრგუნა
და გლახ მე მარად მტირალს მცირედიც არ მიბრუნა“.
პოეტის ბედი უწყალოდ შემუსრავს ცხოვრების დენას. მას სურს იმ სიცოცხლით ცხოვრობდეს, რითაც ახალგაზრდა ცხოვრობდა:
„ნუ მიტევებ, ოცნებავ, მომეც ძველნი ხილვანი,
მომეც მე ძველნი ცრემლნი და ძველნიცა ოხვრანი,
წარსულისა სიცოცხლის ნიავი კვლავ დამქროლე
და დამაშვრალს სულსა ჩემს სიტკბო მით განუახლე.
გვედრებ, ნუღა მშორდები, განმიგრძე სიხარული,
რომე ხსოვნითა ოდენ დავიტკბო წყლული გული“.
¨ ეჰა, ჩემო ოცნებავ¨ გამოვლინებაა პოეტის სულიერი დრამისა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას და სოციალურ წინააღმდეგობათა ახალ გამწვავებას მოჰყვა. ეს გამოძახილს პოულობდა ხოლმე პოეტის ლექსებში. ამიტომაც ამბობს პოეტი:
„არა ერთხელ სიჭაბუკე დაუთრთვილავს სიბერესა,
არა ერთხელ ბედის დილა შეუცვლია ბნელ ღამესა“.
(¨ არა ერთხელ¨ )
პოეტის რომანტიკული სევდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოზიტიური სევდაა: იგი სინანულია ან სამშობლოს თავისუფლების დაკარგვის გამო, ან სევდა ყოფის მაუწყებლობაზე, ან გოდება დიადი  წარსულისა გამო...მაგრამ ეს სევდა არასდროს არაა სინამდვილის ნეგაცია, ცხოვრების უარყოფა.
მისი ასზე მეტი ორიგინალური ლექსიდან 35-მდე ლექსი სპარსულ-თურქულ დასათაურებას ატარებს: ¨ მანჰა განჯალუ დეგულამის ხმა¨ , ¨დუგაის გუშა, ხარიბამ ქაფაშის ხმა¨ და მისთ. ან: მუხამბაზი, მუსთაზადი, თეჯნისი, ბაიათი, ყაიდა ( ყასიდა), ყაზალი (ყაზელი)... ხმა ( მხოლოდ არა აღმოსავლური) უცხო არაა მაშინდელი ევროპული და რუსული პოეზიისათვის, - იგი გარკვეულ მუსიკალურ ჰანგს აღნიშნავს; დიდი ნაწილი დასახელებული სათაურებისა არა ალ. ჭავჭავაძეს, არამედ გადამწერთ უნდა ეკუთვნოდეს. მუხამბაზ-მუსთაზადები სპეციფიკურ სტროფულ-რითმულ აგებულებას გულისხმობს და გამიზნულნი არიან სამღერლად. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ აგებულებათაგან გადახვევა მათი დეფორმაცია ალ. ჭავჭავაძის ლირიკაში იწყება.
მუხამბაზურ-მუსთაზადური ან ბაიათური ფორმით გრ. ორბელიანი, ილია, აკაკიც სარგებლობდა, მაგრამ ახალი შინაარსის გადმოსაცემად; ეს ნაწილობრივ შეიძლება ითქვას ალ. ჭავჭავაძის ლექსზე.
ალ. ჭავჭავაძის ლირიკაში ახალი პოეტური სახეებისა და მათი შესატყვისი ენობრივი ფორმების გამოყენების მხოლოდ საწყისი ჩანს. ყურადღებას იქცევს ახალი ინტონაციის მაშინდელი მოვლენები, მაგალითად, ასინდენტონი, აჩქარებული რიტმის გადმოცემები, უკავშირო ფრაზები, სადაც მძიმეები (პაუზები) ჭარბობს¨  ¨ვაჰ დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად (¨ვაჰ, დრონი...¨ ) ჰსცემდენ, ჰგლეჯდენ, ქუხდენ... ( ¨ კავკასია¨ ) ალ. ჭავჭავაძის ლექსისათვის საკმაოდ დამახასიათებელია
ნიუანსური გამეორებანი ერთი და იგივე სიტყვისა ( პოლიმპტოტონი):
„არ გესმის ოხვრა, ოხვრის მიზეზო“
(¨ ჭმუნვის მახვილი¨ )
„დამწვი და წყალი არ მომეც –დამწვარსა გულსა მომერა“
(¨ გული წამართვი¨ )
„აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე“
(¨ გოგჩა¨ )
„ლერწმად ახატოს, ვინც დახატოს მისი ტანია“
(¨ შენს ღირსებას¨ )
ალ. ჭავჭავაძის ლირიკას თავისებურ პათეტიკურ ინტონაციას აძლევს რიტორიკული გეკითხვების, მიმართვებისა და შეძახილების გამოყენება: ¨ დილა ჩემი როს განათდეს?¨ , ¨ოჰ, წარმავალო!¨ ,¨სიყვარულო, ძალსა შენსა...¨ , ¨ვარდო, კოკობო....¨ , ¨გონებაო, შენ რად შმაგობ...¨
მრავალ ლექსში ( ¨ნუ მომკლავ მწარედ¨ , ¨კავკასია¨ , ¨გოგჩა¨ ...) პოეტი იყენებს გადატანას (ანჟამბანს), ნერვიული ტონის ხაზგამსმელ ფრაზეოლოგიურ თავისებურ წყობას:
„ვითარ განკვეთდენ მკლავნი სუსტნი მას ზღვასა? მარამ
ცთომა ცოდვად არ მიგვითვალა მხედმან ზენარით...“
(¨ დიმიტ. ვ.¨ )
ალ. ჭავჭავაძე აგრძელებს ქართული კლასიკური ლექსის მეტრისა და რიტმის ტრადიციას; თავის ლექსთა დიდ ნაწილში იგი იყენებს მაღალი და დაბალი შაირის საზომებს. ხშირად მიმართავს აღორძინების ხანის საზომებსაც ( 43/ 43, 44/3, 54/5 და სხვ.). მასთან რამდენიმე ახალი საზომიც შეინიშნება ( 3/3, 53/5, 55/52 ).
ალ. ჭავჭავაძე ითვისებს ქართული ლექსის სტროფიკას, მაგრამ ევროპული და რუსული სტროფიკის გავლენას განიცდის; ამდენად იგი ხელს უწყობს ქართული ლექსის სტროფიკის გამდიდრებას.საერთოდ, ალ. ჭავჭავაძე ქართული ლექსის ტრადიციული ნორმების თავისუფალი გამოყენებისაკენ იხრება, რაც XIX საუკუნის ვერსიფიკაციის ძირითად ტენდენციად იქცა.
ალ. ჭავჭავაძე გარდატეხის ეპოქის პოეტია, რომლის შემოქმედება აღორძინების ხანის ქართული მწერლობის დასასრულის და ახალი ქართული ლიტერატურის აღმოცენების მაუწყებელია. იგი ქართული რომანტიზმის სათავის დამდებია. იგი იწყებს ქართული მწერლობის დიდ გზაზე გამოსვლას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც იგი მე-18 საუკუნის, ე.  წ. გარდამავალი ხანის პოეტებმა მოაქციეს. ალ. ჭავჭავაძეს XIX საუკუნის დამდეგიდანვე ქართულ ლიტერატურაში ევროპის რომანტიზმის ანალოგიური თვისებები შემოაქვს. მან ქართული პოეტური შემეცნება კვლავ მიმართა ევროპის ლიტერატურის მაგისტრალური ხაზისაკენ. ქალისა და სიყვარულის ორიგინალური მომღერალი – ალ. ჭავჭავაძე მთელი ხმით გამოთქვამს ეროვნულ-სოციალურ სატკივარს და გაუნელებელ პატრიოტულ სევდას; ეს სევდა ზოგჯერ მსოფლიო გოდების პოეზიის მოთხოვნილებათა დონეს უახლოვდება.
ალ. ჭავჭავაძე ქართული პუბლიცისტური ლირიკის ერთ-ერთი დამწყებიცაა. ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის მკაცრი დამგმობი ხმა ახალ ქართულ ლირიკაში პირველად ალ. ჭავჭავაძის მიერ ჯერ კიდევ 1821 წლამდე დაწერილ ლექსებში გაისმა. საქართველოს ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეების სათავე ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებაშია, ქართველი რომანტიკოსები სამოციანელთა თავისებური წინამორბედები არიან. ალ. ჭავჭავაძეს, როგორც სიყვარულის მომღერალს, ხშირად შეუძლია მოგვაგონოს სატრფიალო ლირიკის მრავალი თვალსაჩინო პოეტი. სიყვარულის ალ. ჭავჭავაძისეული გაგება ძირითადად რუსთაველს და ქართულ ხალხურ პოეტურ საწყისებს ეფუძნება. ამით აიხსნება, რომ მის ყველაზე უფრო ანაკრეონტულ ლექსებშიც კი ეროტს რომანტიკული სიწმინდე ამარცხებს.
ალ. ჭავჭავაძე ქართული პროგრესული რომანტიზმის პირველი წარმომადგენელია, ახალი ევროპული ლიტერატურის ნაკადის პირველი დამწყები ქართულ ლიტერატურაში. მის პოეზიაში გამოძახილი პოვა იმ დროის ლიტერატურის საუკეთესო იდეალებმა. ილია ჭავჭავაძემ ალ. ჭავჭავაძეს ¨ ღვთიური სიმღერების¨  შემქმნელი უწოდა, აკაკიმ - ¨ ტკბილი პოეტი¨ , ი. მაჩაბელმა - ¨ წმინდა სანთელსავით მოქნილი ლექსების¨ ხელოვანი.
1846  წ. 18 ნოემბერს (ძვ. სტ.). დღის პირველ საათზე სახლიდან ახალი გამოსული ალ. ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა; მოულოდნელად ცხენები დაფრთხა, პოეტი შეეცადა მეეტლეს მიშველებოდა, ამასობაში პალტოს კალთა ეტლის თვალში მოჰყვა, იგი გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა, მეორე დღეს; დილის ცხრა საათზე, ალ. ჭავჭავაძე გარდაიცვალა. ¨უნუგეშოდ სტირს რა მისთვის დაობლებული სახლობა მისი, უნუგეშოდ ჭმუნვარებს სრულიად საქართველო¨ [50], - წერდა პლ. იოსელიანი.
ალ. ჭავჭავაძე დასაფლავებულია კახეთში, შუამთის მონასტერში. საფლავის გასწვრივ კედელში მოთავსებული მარმარილოს ფიქალის წარწერა მთავრდება ფსალმუნის სიტყვებით: ¨მწუხრსა განუსვენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან¨.

[1] Кавказ, 1846, №45.
[2] ი. მეუნაგია , ¨ქართველი მწერლები“,  ტ. I, გვ. 24.
[3] ი. ფანცხავა, თხზულებანი, 1903, გვ.236.
[4] Потто, История 44- го драгунского Нижегородского полка, т. II, 1898, გვ 144.
[5] Архив Раевских, т. II, გვ. 1.
[6] პლ. იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, აკ. გაწერელიას შესავალი წერილით, რედაქციითა და შენიშვნებით, 1936, გვ. 115.
[7] ლენინგრადის ცია, ფ. 1284, აღ წ. 3, 1804, საქმე № 23, ფურც. 3.
[8] Акты, II, გვ.336.
[9] ლენინგრადის ცია, ფ. 1284, საქმე № 41, ფურც. 161-168.
[10] იქვე.
[11] ი. მეუნარგია, ¨ ალექსანდრე ჭავჭავაძე¨ , გვ. 39.
[12] გ. ლეონიძე, ¨ საქარველოში პუშკინის ყოფნის გამო¨ ( კრებული ¨ ალ. პუშკინი საქართველოში¨ , 1938, გვ. 202- 203 ).
[13] Ир. Андроникашвили, лермонтов в Грувии в 1837 году. Тб., 1958, გვ.51-109.4. т.III
[14]В. Потто, Ист. 44-го драг. Нижегородск. Полка, С.- П., 1898, გვ.142.
[15] Д. Кипиани, Некролог- а. Г. Чавчавадзе « Кавказ» 1846, № 45.
[16] А. Чавчавадзе, ТБ., 1957, გვ. 108.
[17] იქვე.
[18] ჟურნ.¨ მნათობი¨ , 1940, № 6-7, ი. ენიკოლოფოვის პუბლიკაციით.
[19] ალ. აავჭავაძე, თხზულებანი, 1940, გვ. 254.
[20] Утверждение русскрго владычества на кавказе, т.IV, ч. 2- ая, Тифлис, 1908, под ред. Ген.- маиора потто, გვ. 120- 125.
[21] ლენინგრადის ცია, ფ. 1284, აღ წ. 3, 1805, საქმე №27-35, ფურც. 280.
[22] ალ. აავჭავაძე, თხზულებანი, 1940, გვ. 169.
[23] J. J. Roussau, Collection complete des oeuvres, Tome premier, A Geneve, 1882, გვ. 119. – 2.
[24] ალ. აავჭავაძე, თხზულებანი, 1940, გვ. 174.
[25] ალ. ჭავჭავაძე, თხზულებანი, 1940, გვ. 174.
[26] იქვე,გვ.171
[27] იქვე,გვ. 172- 173.
[28] იქვე.
[29] მ. ზავერინი, ¨ ალ. აავჭავაძე პაჟთა კორპუსში¨ , ჟურნალ.¨ მნათობი¨ , 1957, 8.
[30] ვ. კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია (XIXს.), 1959,გვ. 60.
[31] კ. აბაშიძე, ეტიუდები, I, გვ. 22.
[32] ¨ დროება¨ , 1870, № 2; აღსანიშნავია ისიც, რომ ნეკროლოგში ალ. აავჭავაძე
(¨ Кавказ¨ , 1846, №45)დ. ყიფიანი ალ. ჭავჭავაძეს გოეთეს ლექსთა მთარგმნელადაც მიიჩნევს, რაც ჯერჯერობით არაა დადასტურებული, მაგრამ დ. ყიფიანი უსაფუძვლოდაც არ იტყოდა.
[33] Бертелъс, Очерки ист. Персидской литературы, Л., 1928, გვ. 66.
[34] საიათნოვა,ი. გრიშაშვილის რედაქციით, 1918, გვ. 118.
[35] საიათნოვა, ი. გრიშაშვილის რედაქციით, 1918, გვ.118.
[36] სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერი 36, ფ. 34.
[37] Khakhanof A., Apercu…, Tiflis,
[38] ალ. ჭავჭავაძე, თხზულებანი, 1940, გვ. 316.
[39] ა. აბაშიძე, ¨ ა. ჭავჭავაძე¨ , ჟურნ. ¨ მოამბე¨ , 1898, № 4, გვ. 678.
[40] გ. ლეონიძე, ბესიკი, სსრ მეცნ. აკდ. გამომც., 1953, გვ. 4.
[41] გ. გოზალიშვილი, 1832 წლის შეთქმულება, 1935, გვ. 273.
[42] იქვე,გვ.44.
[43] ალ. ჭავჭავაძე, თხზულებანი, 1940, ი. გრიშაშვილის შესავალი წერილი,გვ. XXVII; ი. ბოცვაძის სტატია, სოხუმის პედინსტიტუტის შრომები, ტ. V, 1949; საქ. სახ. მუზეუმის ხელნაწერები H 2745, S 5333.
[44] ალ. აავჭავაძე, თხზულებანი, 1940, გვ. 241.
[45] იქვე,გვ. 242 –243.
[46] ალ. ჭავჭავაძემ ¨ სინას¨ სახელწოდებით თარგმნა.
[47] პიერ კორნელი, სიდი, გ. სალუქვაძის თარგმანი, 1957, გვ. 7.
[48] ა. ჭავჭავაძე, თხზულებანი,1940,გვ.339.
[49] R. Wilbraham, Travels in the Trans – Caucasian Provinees… in the automni and winter of
1837 “ London, 1839, გვ. 89. –3.
[50] საქ. სახელმწიფო ლიტ. მუზეუმის ხელნაწერი № 238 /5.


გრიგოლ ორბელიანი

(1804 – 1883)
გასული საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ პოეზიაში გრ. ორბელიანმა ახალი სიტყვა თქვა რომანტიკული მსოფლმხედველობის, ამ მიმდინარეობის ძირითადი მოტივების, თემებისა და სტილის დამკვიდრების თვალსაზრისით. მის ლირიკულ ლექსებსა და ერთადერთ ეპიურ ნაწარმოებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა რომანტიზმი, როგორც მხატვრული მეთოდი. ამ მხრივ გრ. ორბელიანმა შემდგომი ნაბიჯი გადადგა ალ. ჭავჭავაძესთან შედარებით, რომელიც მისი წინამორბედი და თანამედროვეც იყო.
გრიგოლ ორბელიანი დაიბადა 1804  წ. 2 ოქტომბერს ქ. თბილისში. პოეტის საგვარეულო ხაზი აღწევს ორბელ ბარათაშვილის სახელამდე (XVI ს.). ამ შტოს ეკუთვნის ყაფლან ორბელიშვილი, განთქმული ქართველი მწერლის სულხან-საბას პაპა, XVII საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ფეოდალი.
გრიგოლ ორბელიანი ამიტომ უწოდებდა თავის თავს ¨ყაფლანიშვილს¨ . გრიგოლ ორბელიანის ბავშვობამ და ყრმობამ განვლო საქართველოს ისტორიის იმ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ მწვავე იყო მოგონება აღა-მაჰმად- ხნის მიერ თბილისის აოხრებისა, ხოლო პატარა კახის გმირობის შესახებ ყრმა გრიგოლს ბევრი რამ უნდა სმენოდა ხანდაზმულ თანამედროვეთაგან.
გრიგოლის მამას, დიმიტრის ( იგივე ზურაბს), საქართველოს უკანასკნელ მეფეებთან უმსახურია და კახთ ბატონთან კი ნათესაური კავშირითაც ყოფილა შეკრული. საქართველოში რუსული მმართველობის დამკვიდრების შემდეგ დიმიტრი ჯერ სამხედრო სამსახურში შესულა, მონაწილეობა მიუღია მთავარმართებელ პავლე ციციშვილის მიერ ქ. ერევნის აღებაში 1804, წელს, ხოლო შემდეგ უზენაეს სასამართლოში დაუნიშნავთ ¨ ზასედატელად¨ . პოეტის მამას შინაური განათლება ჰქონია მიღებული.
გრ. ორბელიანის დედა, ხორეშანი, ერეკლეს ქალის ელენეს ასული იყო. ამრიგად, დედის მხრივ პოეტი ბაგრატიონთა გვარს ენათესავებოდა. ხორეშანი იშვიათი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით შემკული არსება ყოფილა.
დიმიტრი და ხორეშან ორბელიანებს გრიგოლის გარდა კიდევ სამი შვილი ჰყავდათ: ზაქარია, ილია და ეფემია,- დედა ნიკოლოზ ბარათაშვილისა. გრიგოლ ორბელიანისათვის წერა-კითხვა უსწავლებია ანჩისხატის დეკანოზ დიმიტრი ალექსი- მესხიშვილს, რომელიც თავისი დროის ცნობილი მწიგნობარი იყო. შემდეგ პატარა გრიგოლი მშობლებს მიუყვანიათ ახალი მმართველობის მიერ დაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებელში, სადაც მომავალ პოეტს ქართულს ასწავლიდა მღვდელი ხელაშვილი, ჩინებული მცოდნე ენისა სასწავლებლის დამთავრებამდე გრ. ორბელიანი გადასულა ახლად გახსნილ საარტირელიო სკოლაში. 1816  წ. მომავალი ოფიცერი შედის იუნკრად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც მან 1820 წლამდე დაჰყო.
გრიგოლ ორბელიანის დიდი სამხედრო კარიერის დასაწყისი ემთხვევა საქართველოში პროკონსულ ა. პ. ერმოლოვის მმართველობის წლებს (1816 - 1827). მისი ბედის ვარსკვლავი არანაკლები ძალით ანათებდა გრაფ პასკევიჩის მმართველობის დროსაც. ¨ ტოლუბაშის¨ ავტორს დიდ სიხარულს ჰგვრიდა საქართველოს დაუძინებელი მტრების დამარცხება რუსეთ-ირანისა და რუსეთ-ოსმალეთის ომებში ( 1826 – 1829 წწ.) და არც ისე ძნელია წარმოდგენა ქართველი ოფიცრის სიამაყისა იმ დროს, როცა კავკასიის მხედრობის მიერ ძლეული ირანელი და თურქის ერასკირები თავიანთ ბაირაღებს ხრიდნენ აბას –აბადთან და ირაკლი- თაფასთან, ერევანსა და ხერთვისში, ახალქალაქსა და ახალციხეში. ამ ადგილების იერიშით აღებისას გრ. ორბელიანს მამაცობით უსახელებია თავი .
1829 წელს გრ. ორბელიანი კახეთში ახლდა ალექსანდრე ჭავჭავაძეს, რომელიც სამხედრო საზღვრების უფროსად იყო დანიშნული. მეორე წელს იგი მონაწილეობას იღებს გრაფ პასკევიჩის ექსპედიციაში და ჭარ-ბელაქნის ლეკებს აშოშმინებს. იმავე წელს მონაწილეობს გენერალ სტრეკალოვის მიერ ზაქათალის აღებაში. 1831 წელს გრ. ორბელიანმა ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით (კავკასიის აქეთა მხარის მთავარსარდლის, გენ-პანკრატიევის, ბრძანებით) რუსეთს წაიყვანა კავკასიის კორპუსში შეჩერებული ჯარისკაცები ნოვგოროდში დაბანაკებული საგანგებო ქვეითი პოლკისათვის. გზად მან რამდენიმე ხანს მოსკოვსა და პეტერბურგში დაჰყო. თავის დღიურში პოეტი იგონებს შეხვედრებს რუსეთს გადასახლებულ მარიამ დედოფალთან და ქართველ უფლისწულებთან, ვრცლად აგვიწერს ღირშესანიშნავ ადგილებს, გადმოგვცემს თავის შთაბეჭდილებებს იქაური თეატრების სპექტაკლებზე.
პეტერბურგი, იმპერიის იმდროინდელი ცენტრი, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქართველ ოფიცრებზე. გრ. ორბელიანი აღწერს პეტერბურგის, ცარსკოე სელოსა და პეტერგოფის  შესანიშნავ სასახლეებს. პოეტი, რომელმაც იგემა სამხედრო ცხოვრების სუსხი, აღტაცებით ათვალიერებს ხევლოვნების ძეგლებს, გულდასმით ეცნობა პეტრე პირველის მიერ დაარსებულ კუსტკამერას და ერმიტაჟის დარბაზებს, მოხიბლულია ¨ რაფაელის ლოჟითა¨ და ¨ ძვირფასი ბიბლიოთეკით, რომელსაცა შინა ეწყო თხზულებანი ფილოსოფოსთა დალამბერტისა, ვოლტერისა და დიდეროტისა¨ . გრ. ორბელიანი საგანგებოდ აღნიშნავს აგრეთვე თავის შეხვედრებს საქართველოდან გადასახლებულ ფარნაოზ და დიმიტრი ბატონიშვილებთან, საუბრობს მათთან მოცარტზე, ვებერზე, როსინზე და კერუბინზე.
1831 წლის ნოემბერში გრ. ორბელიანი ჩადის ქ. ნოვგოროდში, აქ მან ერთი წელიწადი დაჰყო. და აი, მისი გარეგნული ცხოვრების მწყობრი რიტმი ერთბაშად იცვლება: 1833 წლის მარტში გრ. ორბელიანს აპატიმრებენ ნოვგოროდში და სასწრაფოდ გზავნიან თბილისში. პოეტს ბრალდებოდა კავშირი თავად-აზნაურთა იმ შეთქმულებასთან, რომელიც 1829 წლიდან მზადდებოდა საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების და, საერთოდ, ცარიზმის წინააღმდეგ (როგორც ცნობილია, ეს შეთქმულება 1832 წლის დეკემბერში გაცემულ იქნა). საგანგებო კვლევა-ძიების საფუძველზე კავკასიის სამხედრო ხელისუფალთა წინაშე გრ. ორბელიანი სრულიად მოულოდნელად ახალი სახით წარსდგა; პეტერბურგში გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილებთან მას არა მარტო მოცარტზე და როსინზე უსაუბრია, არამედ (და უმთავრესად) საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხებზედაც; ჯიბით უტარებია არა მარტო ჯარისკაცის წესდება, არამედ ქართული თარგმანიც ცნობილი დეკაბრისტი პოეტის რილეევის ნაწარმოებისა ¨ ნალივაიკოს აღსარება¨ (მისი დედანი მთარგმნელს ნოვგოროდში განჩხრეკისას უპოვეს); ჩვეულებრივ დღიურებს გარდა ფარულად უწერია პატრიოტული ლექსები (ნოვგოროდშია დაწერილი, მაგალითად ¨ იარალის¨ ) და დღიური ¨ მგზავრობა ჩემი თბილისიდამ პეტერბურღამდის¨ , რომელშიც ავტორი აშკარად იცავს საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენისა და ეროვნული რეგულარული ჯარის შექმნის იდეას.
როგორც ჩანს, გრ. ორბელიანი აქტიურად არ ყოფილა ჩაბმული შეთქმულთა ორგანიზაციაში. სხვათა შორის, ეს უნდა აიხსნას 1827 – 1832 წლებში მისი ხშირი ადგილმონაცვლეობითაც,რაც სამსახურებრივი საჭიროებით იყო გამოწვეული. მაგრამ შეთქმულებთან პოეტის მჭიდრო იდეური კავშირი სადავო არაა. მიუხედავად ამისა, გრ. ორბელიანს აშკარა დანაშაული არ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს საქმის საბოლოო გამოძიების დამთავრებისთანავე. ავლაბრის ყაზარმებში სამი თვის პატიმრობის შემდეგ იგი, როგორც მეშვიდე კატეგორიის ¨ მცირე¨ დამნაშავე, ¨ კავკასიის ხაზზე¨ მოქმედ ჯარში იქნა გაგზავნილი. იქიდან გრ.ორბელიანი 1833 წლის მიწურულს გააწესეს ნევის საზღვაო პოლკში,რომელიც ვილნოში იყო დაბანაკებული. დიდი ვაი-ვაგლახითა და გზაზე სხვადასხვა ხიფათის გამოვლით გრიგოლ ორბელიანმა თავის
პოლკს 1843 წლის 2 მაისს მიაღწია.
პოლიტიკური რომანტიზმის ბურუსი გაიფანტა. ოფიცერი გრ. ორბელიანი ისევ დაუბრუნდა სამხედრო ასპარეზს. აქედან იწყება პოეტის ცხოვრების მეორე პერიოდი (1833 - 1858). ხუთი წელი გაატარა გრიგოლმა აჯანყებულ და შემდეგ დამარცხებულ პოლონეთში, სადაც მოსახლეობას მკაცრი რეპრესიებით აშოშმინებდა გენერალი პასკევიჩი, მისი ყოფილი უფროსი კავკასიაში. ბალტიისპირა ქალაქებში ყოფნისას პოეტი ერთი წუთითაც არ ივიწყებდა მშობლიურ თბილისს, ნათესავებსა და მეგობრებს. ყაზარმული ცხოვრება ან საკლუბო გართობები არ ივიწყებენ მას გამოვლილ ჭირ-ვარამს, ქართულ ნადიმს, მანანა ორბელინისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონებს.
1837 წელს გრ. ორბელიანმა აიღო შვებულება და სამშობლოსაკენ გამოემგზავრა. 1838 წლის აგვისტოში ის შტაბს კაპიტნის ჩინით ხელმეორედ ჩაირიცხა საქართველოს გრენადერთა პოლკში, რომელიც ქ. გორში იდგა. ამიერიდან მომავალი გენერალი ფრთხილი და გარეგნულ პირობებს შეგუებული ოფიცერია.
1841 წელს გრ. ორბელიანი მონაწილეობს პოლკოვნიკ მოსე არღუთინსკის რაზმის მიერ გურიის გლეხობის აჯანყების ჩაქრობაში. გურია ¨ დააწყნარეს¨ იმავე წლის სექტემბერში. 1842 წელს გრ. ორბელიანი ავარიის (დაღესტანი) მიწებს იცავდა შამილის რაზმებისაგან. ენერგიულმა სამხედრო მოქმედებამ და ადმინისტრაციულმა ნიჭმა ის ჩქარა დააწინაურა: 1843 წელს გრ. ორბელიანი დანიშნეს ავარიის მმართველად, ან როგორც თავის თავს უწოდებდა - ¨ ავარიის ხანად¨ ამ წლის 2 ივნისს გრ. ორბელაინი ჩავიდა ხუნძახში, ავარიის ყოფილი ხანების რეზიდენციაში.
გრ. ორბელიანი დიპლომატიური უნარით აღჭურვილი მმართველი და ამავე დროს ულმობელი ოფიცერი იყო მთიელებთან  ბრძოლაში. შუა აზიის საშუალო საუკუნეთა მუსლიმანური სექტის, ნაქშბენდიეს ორდენის მისტიკური მოძღვრების მიმდევარ მურიდების წინააღმდეგ გრ. ორბელიანი მოქმედებდა როგორც მეფის რუსეთის კოლონიალისტური არმიის ერთ-ერთი თვალსაჩინო ხელმძღვანელი.
თხუთმეტი წელიწადი იმსახურა გრ. ორბელიანმა დაღესტანში, ჯერ როგორც სხვადასხვა ოლქების მმართველმა და პოლკის უფროსმა, შემდეგ კი – როგორც მთელი დაღესტნის ჯარების სარდალმა. იშვიათად ჰყოლია ჰაზავათს მასავით დაუძინებელი მტერი. გრ. ორბელიანი მონაწილე ან უშუალო ხელმძღვანელი იყო მთელი რიგი აულების აღებისა შამილის დაღესტანში. იბრძოდა ქუთიშასთან ( 1846) და სალთთან (1847), გერგებილთან (1848). და ჭუხთან ( 1849), ტაბარანსა და ყაითაღში ( 1854 –1855), ქურისა და სალათაუს სოფლებში...
1857 წელს გრ. ორბელიანმა იერიშით აიღო უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი  სალათაურში –ძველი და ახალი ბურთუნაი. სალათაუს დაპყრობა უკანასკნელი ფურცელი იყო გრ.ორბელიანის ოფიცრული კარიერის მრავალწლიან მატიანეში. 1858წელს იგი, მრავალი ორდენით დაჯილდოებული, თბილისში გადმოჰყავთ კავკასიის მთავარმმართველ ბარიატინსკისთან. გრ.ორბელიანის ცხოვრების მეორე პერიოდი (1833 –1858) ამით დასრულდა.
* * *
გრიგოლ ორბელიანის ლირიკული ლექსების, ¨ სადღეგრძელოს¨  ვარინტებისა, დღიურებისა და თარგმანების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ქრონოლოგიურად ემთხვევა პოეტის ცხოვრების პირველ და მესამე პერიოდს ( 1824 –1832 და 1860 – 1883წწ.). მეორე პერიოდში (1883 –1858) გრ. ორბელიანს მხოლოდ 14 ლექსი დაუწერია და ისიც სპორადულად (1883 წლიდან 1851 წლამდე), 1824 –1858 წლებში გრ. ორბელიანს პოეტური ნაწარმოების გარდა დაუწერია (და ზოგის გადათეთრება მოუსწრია) შემდეგ ორიგინალური პროზაული თხზულებანი: ¨ ნაწილი დღიურისა ¨ მგზავრობა ჩემი თბილისიდამ პეტერბურღამდის¨ ( 1831-1832,¨ ამბავი რიღის ღოშპიტალში ნათქვამი¨ ( 1835), სხვადასხვა ეტიუდები და შენიშვნები: ¨ ან... დმი¨ . 91824), ¨ ზამთრისა ქარი გრიალებს, (1829), ¨ ნ.ვ. მ. (1832), ¨ ჰაზრნი მსწავლელთა ჩვენის პლანეტის შექმნისათვის, ანუ მიწისა¨ , ¨ ცნობა ლეკების შესახებ¨ და კონსპექტი ¨ საქართველო ჩემის დროისა¨ . პოეტის კალამს ეკუთვნის აგრეთვე პროზაული თარგმანი ¨ ალლეღორია¨ ( 1824), ¨ სამი მეგობარნი¨ ( 1832) ჰერდერიდან და ¨ მაცთუნებელი¨ (1832) მოთხრობა შვეიცარიელი მწერლის ცშოკესი, და ¨ საღამოს ჩაიზედ¨ .
ჩამოთვლილ თხზულებათაგან, რასაკვირველია, ყველას ერთნაირი იდეური და მხატვრული ღირებულება აქვს. ბევრ მათგანს გრ. ორბელიანის შემოქმედების ანალიზის დროს მხოლოდ დამხმარე მასალის მნიშვნელობა ენიჭება.
უწინარეს ყოვლისა, ცალკე უნდა გამოიყოს გრ. ორბელიანის პატრიოტული ნაწარმოებნი, რომლებიც საქართველოს რაინდული წარსულის ხოტბას შეიცავს ან გვაცნობს ავტორის სულისკვეთებასა და პოლიტიკურ მრწამსს 1832 წლის შეთქმულების მზადების პერიოდში. ესენია პოემა ¨ ტოლუბაში¨ (¨ სადღეგრძელოს¨ პირველი ვარიანტი, 1827), (მიბაძვა რილეევისა, 1831), ¨ ჰე, ივერიავ¨ (1832), ¨მისი სახელი კიცხვითა¨ (1832), ¨ იარალის¨ , (1832) და ¨ მოგზაურობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის¨. პოემა ¨ სადღეგრძელოს¨ პირველი ვარიანტის სათაურია: ¨ტოლუბაში ანუ ომის შემდეგ ლხინი და სადღეგრძელო. 1827 წელსა¨ . ეს არის პოემის პირველი, მოკლე ვარიანტი, ავტოგრაფის სახით ჩვენამდე მოღწეული. არსებობს მეორე ვარიანტი ( აგრეთვე მოკლე), სხვისი ხელით გადაწერილი, რომელსაც შემდეგი სათაური აქვს: ¨ტოლუბაში (მიბაძვა ჟუკოვსკისა). ( ესე ლექსნი 1826 წელს სპარსეთის ომში არის ნათქვამი, როდესაც ირაკლის თაფაზედ იყვნენ ჯარნი დაბანაკებულნი)¨ . პოემის საბოლოო რედაქცია ცნობილი და პირველ მეორე ვარიანტებთან შედარებით გავრცობილია (ამ უკანასკნელს ვეხებით პოეტის შემოქმედების მესამე პერიოდის დახასიათებისას).
საგულისხმოა მეორე ვარიანტის ცნობა იმის შესახებ, რომ ¨ტოლუბაში¨ არის ¨ მიბაძვა ჟუკოვსკისა¨ , მაშასადამე, იგი ავტორის განმარტებად უნდა მივიჩნიოთ. მართლაც, გრ. ორბელიანის ¨ტოლუბაში¨ და პოემის საბოლოო რედაქცია (¨ სადღეგრძელო¨ ), უეჭველად დაწერილია ცნობილი რუსი რომანტიკოსი პოეტის ვ.ჟუკოვსკის ნაწარმოების ¨ Певец во стане русских войнов¨ ( 1812) მიბაძვით; მაგრამ ¨ ტოლუბაში¨ არაა უბრალო ვარიაცია აღნიშნული ნაწარმოებისა. ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში დიდი ხანია გამოთქმულია ანალოგიური მოსაზრება. ამჟამად ეს საკითხი სპეციალურად არის შესწავლილი.[1]
აღსანიშნავია, რომ თვითონ ვ. ჟუკოვსკის პოემაც არაა მთლად ორიგინალური, იგი მიბაძვაა ინგლისელი პრერომანტიკოსის თომას გრეის ( 1710- 1717) პატრიოტული ოდისა The Bard, რომელშიაც ავტორი ინგლისის ეროვნული დიდების მთავარ ეპოქებს მიმოიხილავს. თ. გრეის ნაწარმოების ცენტრშია ბარდი, სახე იმ ძველი პროფესიონალი მომღერლებისა, რომლებიც ხოტბებს ასხამდნენ ან სხვადასხვა ისტორიულ თუ ლეგენდარულ ამბებს ჰყვებოდნენ ზეპირად. ჟუკოვსკის პოემაშიც მომღერალი სადღეგრძელოებს წარმოსთქვამს და რუსეთის ისტორიულ გმირებს იგონებს.
ჟუკოვსკის ¨ მომღერალი ¨ ეძღვნება 1812 წლის სამამულო ომს. პოემაში ამ ომის გმირებია შექებული ( კუტუზოვი, რაევსკი, ერმოლოვი, მილორადოვიჩი, კონოვნიცინი, ორლოვი, კუტაისოვი, ბაგრატიონი და სხვები.) პოემის დასაწყისში (მეორე სადღეგრძელოში) მოხსენებულია სვიატოსლავი, დონსკოი, პეტრე პირველი და სუვოროვი, სხვა ადგილას – სახალხო მომღერალი ბოიანი, ლომონოსოვი, დერჟავინი და სხვ. ¨ტოლუბაში¨ , ისევე როგორც ¨ სადღეგრძელოს¨ საბოლოო რედაქცია, კომპოზიციურად და ცალკეული მოტივების მხრივ ხშირად უშუალოდ მისდევს ვ. ჟუკოვკის პოემას. ამ ნაწარმოებთა შორის ბევრი თემატიკური მომენტია საერთო, ხშირად ამა თუ იმ თემის გაშლის მხრივაც სრულს დამთხვევას აქვს ადგილი. მიუხედავად ამისა¨ ტოლუბაში¨ ( და ¨ სადღეგრძელოც¨ ) არაა უბრალო ვარიაცია, იგი მართლაც მიბაძვაა და არა განმეორება. ეს ეხება ძირითად თემატურ მომენტს: უმთავრესი განსხვავება ამ ორ პოემას შორის ისაა, რომ ვ. ჟუკოვსკის ნაწარმოების ცენტრშია ავტორის თანამედროვენი, 1812 წლის მონაწილე გმირები, რომელთაც პოეტი კონკრეტულად ასახელებს და შესაფერისად ამკობს მათ. გრ. ორბელიანის წინაშე კი ეს ამოცანა არა დგას.
ჟუკოვსკის პოემაში კი შექებულია რუსი გენერლების გმირული თვისებანი, რომელიც მათ გამოიჩენს ბოროდინოს ბრძოლაში. სხვა მოტივებს ( ისტორიული წარსულის მოგონება, სიყვარულისა და მეგობრობის ხოტბა და სხვ.) ვ. ჟუკოვსკის პომაში დამატებითი მნიშვნელობა აქვთ. ¨ ტოლუბაში¨ ( და პოემის ბოლო რედაქცია) მკითხველს არ უქმნის დროის, ეპოქის სრულ ილუზიას. ყველა სადღეგრძელო რომელსაც ტოლუბაში წარმოთქვამს, შეიძლებოდა წარმოთქმულიყო არა მარტო რუსეთ ირანის ომში 1827 წელს, არამედ სხვა დროსაც და ისიც მხოლოდ და მხოლოდ ქართველ მეომართა შორის. ნაწარმოების არც ერთი ტაეპი არ გვანიშნებს, რომ პოეტი პასკევიჩის არმიაში იმყოფება. პირიქით – პოემის მიხედვით ჩანს, რომ ¨ ირაკლის თაფასთან ¨ მხოლოდ ქართელები არიან დაბანაკებულნი. ტოლუბაში ასე მიმართავს მეომრებს: ძმანო, აღვავსოთ ფიალა წინაპართ მოსაგონებლად, რომელთაც მამულისათვის სისხლი ეჰსწირეს აქ მსხვერპლად, თვით გორი ესე წითელი არს მათ მხნეიბის მაჩენლად, რომელიც მტერთა შემუსვრით შეიქმნა სამარედ ვრცელად.
გრ. ორბელიანი შემდეგ კომენტარს ურთავს სქოლიოში ამ ადგილას: ¨ გარნიჩაის მდინარეს და ერევანს შუა მეფე ირაკლიმ დაამარცხნა და შეიპყრნა აზათ- ხან. ამავე ადგილს ორმა ჩვენმა როტამ დაამარცხა ასანხანი და ნაღიხანი, რომლისა შემდგომ მივედით მეგობრები ქართველნი და ირაკლის თაფაზე საიდანაც აიღო ამა მეფემან ერევანი, იმ გორაზე ვლხინობდით¨ . როგორც ვხედავთ, ეს შენიშვნა არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ მითითებას რუსი მხედრობის შესახებ. თვითონ ტექსტში კი ამაზე კრინტიც არაა დაძრული,- არც ერთი მხედართმთავარი ან ომის უშუალო მონაწილე პოემაში დასახელებული არაა. ¨ ირაკლის თაფასთან¨ ქართველი მეომრების მისვლა და ლხინი კი მარტოოდენ წარსულის მოგონებებს აღძრავს პოეტში.
¨ ტოლუბაშის¨ პირველ ვარიანტში წინაპართაგან მოხსენიებულია მხოლოდ ვახტანგ გორგასალი. საქართველოს სხვა ისტორიული გმირები თანდათან გამოჩნდნენ პოემის მეორე ვარიანტში და განსაკუთრებით ¨ სადღეგრძელოს¨ ბოლო რედაქციაში. ¨ ტოლუბაში¨ მამულისადმი სიყვარულის ჰიმნს წარმოადგენს. პოემის ამ ვარიანტში ტოლუბაშის პირით პოეტი მიმართავს თავის სამშობლოს:
„ჰე, მამულო, სასურველო! ვინ გახსენოს, რომ მის გული
არ აღჰთრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი?
ვინ გიხილოს დროსა საშიშს, არ დაჰსთხიოს თვისი სისხლი,
არა დაჰკლას თავი თვისი, შენდა დახსნად, ვითა მსხვერპლი!“
სამაგიეროდ პოემაში ერთი სიტყვით არაა აღნიშნული მნიშვნელობა იმ საომარი ექსპედიციისა, რომლის მონაწილეც პოეტი იყო. ამრიგად, გრ. ორბელიანის ¨ სადღეგრძელოს¨ პირველი ვარიანტი (ისევე როგორც მეორე ვარიანტი და საბოლოო რედაქციაც ) ვ. ჟუკოვსკის პოემის ერგვარ ანტიპოდს წარმოადგენს ძირითადი თემის შერჩევის თვალსაზრისით.
გარდა პატრიოტული მოტივებისა, ¨ ტოლუბაში¨ შეიცავს მეგობრობის, სიყვარულისა და საქართველოს ბუნების ხოტბას. ეს ნაწარმოები შეიქმნა 1827–1832 წლებში, ე. ი. ცნობილი ¨შეთქმულების¨ პერიოდში. იგი ჩინებულად გამოხატავს პოეტის ეროვნულ შეგნებას: პასკევიჩის არმიის ოფიცრის მკერდქვეშ ძგერს გული მამულზე შეყვარებული პატრიოტისა, რომელიც მზადაა ¨  დააკლას თავი თვისი¨ მისდა ¨ დახსნად, ვითა მსხვერპლი¨ .
ეროვნული კონცეფცია, რომელიც საფუძვლად უდევს ¨ სადღეგრძელოს¨ პირველ ვარიანტს (¨ტოლუბაშს¨ ) უფრო მკაფიოდ გამოხატულია ავტორის ამავე პერიოდის ლირიკულ ლექსებში და სხვა ¨ მიბაძვებში¨ . გრ.ორბელიანის ასეთ პირველ პროგრამულ ლექსად (პატრიოტულ თემაზე დაწერილ ლირიკულ ნაწარმოებთა შორის) უნდა ჩაითვალოს ¨ აღსარება¨ (1831), რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა 1832წლის შეთქმულთა წრეში. იგი წარმოადგენს ცნობილი დეკაბრისტი პოეტის კონდრატი რილეევის (1795 –1826) დაუმთავრებელი ნაწარმობის¨ Наливаико¨ -ს ერთ- ერთი თავის (¨ ნალივაიკოს აღსარება¨ ) მიბაძვასა და გადმოქართულებას.
რილეევს, თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მებრძოლ რესპუბლიკელ პოეტს, თავდაპირველად განზრახული ჰქონია დაეწერა მთელი პოემა ამ სათაურით. ამჟამად ცნობილია მხოლოდ საერთო გეგმა პოემისა და ცალკეული ადგილები. გრ. ორბელიანს შეცვლილი აქვს რილეევის ლექსის შინაარსი, იგი გაქართულებულია. ნაწარმოები გაჟღენთილია ¨ მტრის სისხლის დასათხევად მოსურნე¨ ქართველი არისტოკრატი-პატრიოტის სულისკვეთებით. როცა 1832 წლის შეთქმულებასთან კავშირის გამო გრ. ორბელიანი განჩხრიკეს და დაატუსაღეს ნოვგოროდში, ჟანდარმერიის პოლკოვნიკმა სხვათა შორის ჰკითხა მას, ¨ნალივაიკოს აღსარება¨ თქვენ თარგმნეთ თუ არაო. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ¨ აღსარების¨ ერთ-ერთი პირი ჟანდარმერიას უპოვია შეთქმულთა ყველაზე რადიკალური წევრის, რესპუბლიკელი სოლომონ დოდაშვილის, ბინაზე. მეორე შეთქმულისათვის, გიორგი ერისთავისთვის, გრიგოლ ორბელიანს თვითონ გადაუცია თავისი¨  მიბაძვა¨ , ხოლო თბილისში ყოფნისას დიდი წარმატებით წაუკითხავს იგი შეთქმულთა წრეში. ყოველივე ეს ნათლად მოწმობს¨აღსარების¨ მნიშვნელობას  1832 წლის შეთქმულებასთან გრიგოლ ორბელიანის იდეური კავშირის თვალსაზრისით.
¨აღსარების¨ ლირიკული პერსონაჟი თვითონ ავტორია, ნაცვლად რილეევის პოემის გმირის, უკრაინელი პატრიოტი ნალივაიკოსი. ლოკალიზებულია ადგილიც, სადაც პოეტი წარმოთქვამს თავის აღსარებას: ვარშავის ნაცვლად დასახელებულია მცხეთა. ¨ ივერიელთა¨ მტრებად გამოყვანილი არიან ¨ ლეკი, ოსმალო და სპარსი¨ . ამრიგად, გრ. ორბელიანის ლირიკულ მონოლოგში ნამდვილი მისამართები შენიღბულია ისტორიული სახელებით.
¨ ღსარებაში¨ დახასიათებულია პოეტის თანადროული სინამდვილე წარსულთან დაპირისპირებით (¨ ესრეთ სარცხვინო შიშითა ვინ იყო მაშინ ძლეული?¨ ); ლექსში საუბარია არა წარსულზე , არამედ აწმყოზე:
„ხმა საიდუმლო მარად ჟამს მეჩურჩულების მე ყურსა,
ჟამი არის მტერი მამულის მისცეთ მახვილსა ლესულსა“.
¨ აღსარება¨ თავდება ამბოხებისა და ბრძოლისათვის მზადყოფნის დეკლარაციით: თავისუფლება უმსხვერპლოდ, უსისხლოდ [ვის] მოუსყიდიეს? წარვსწყვმდები მამულისათვის, ვიცი ვგრძნობ და აღვიარებ. გრ. ორბელიანის ნაწარმოებიდან პირდაპირ მიემართება იდეური, ემოციური და სტილიური ძაფები პოეტის უფრო გვიანდელ პატრიოტულ ლექსებთან. ესაა ერთი გამა, ერთი სულიერი მღელვარების სფეროში წარმოშობილი ფიქრები და განცდები.
შემდგომ ლექსებშიაც საქართველოს გმირული სულისა და ¨წინაპართა სისხლის¨ მოგონება გრ. ორბელიანს სჭირდება აწმყოს შეცვლისა და თანამედროვეთა გამოფხიზლების მიზნით. ისტორია როდი იყო პოეტისათვის მხოლოდ მელანქოლიური ჭვრეტის ობიექტი, წარსულის მოგონება მასში აღძრავს ¨ შორით მოსულის¨  წინააღმდეგ ბრძოლისა და თანამედროვეობაში სულიერი აქტივიზაციის გამოწვევის სურვილს. გრ. ორბელიანს ეს აზრი პირდაპირ დეკლარაციულად აქვს გსმოთქმული უსათაურო ლექსში ¨ ჰე, ივერიავ¨ .
შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას, მოყვრულად გვმტერობს, გვტაცებს ყოველს, გვიქმს ალერსობას...
„ესე ნაყოფი აქვს მარადის ცუდსა მონებას!
ბედო! ნუ გძინავს, განიღვიძე, ისმენთ ვაებას[2]“.
მეორე უსათაურო ლექსი - ¨ მისი სახელი კიცხვითა¨ კიდევ უფრო ახლო გვაგრძნობინებს მეამბოხე პოეტის სულისკვეთებას 32 წლის შეთქმულების მზადების პერიოდში.
გრ. ორბელიანი კრიტიკულად აფასებს სინამდვილეს, პოეტის გულისწყრომას იწვევს მის მამულში ბიუროკრატიული რეჟიმის თავგასულობა, რომელიც ქვეყნის მიერ თავისუფლების დაკარგვას მოჰყოლია. პოეტი მზადაა დატკბეს ხანჯალზე წამოგებული მტრის კვნესით და კიცხავს ყველას, ვისაც ამ ¨ თავისუფლების ცისკრის¨ მოლოდინი არა აქვს.
ერთ-ერთ პროზაულ კონსპექტში, რომელიც 30-იან წლებს ეკუთვნის და დასათაურებულია ¨ საქართველო ჩემის დროისა ¨ , გრ. ორბელიანი სხვათა შორის ჩამოთვლის ყველა იმ სისაძაგლეს, რასაც ამ პერიოდში ჰქონდა ადგილი საქართველოში და რაც ხალხის სტიქიურ ამბოხებას იწვევდა ხოლმე. ¨ სასამართლო, გარყვნილი მოხელეები, და მათი უსამარლობა და ქრთამობა... ლოთობა და ცემა-ტყება ჩინოვნიკებისა და ხალხისაგან ღაღადისი წყევისა... ბუნტი კახეთში[3], და მისი უმთავრესი მიზეზი: კომისიონერები, აფიცრებისა და სალდათებისაგან შეურაცხყოფა ცოლ-შვილებისა სოფლებში... ერმოლოვი და მისგან დაჩაგვრა თავადებისა¨ .
ეს ამონაწერი ძალზე მნიშვნელოვანია არსებული რეჟიმისადმი გრ. ორბელიანის დამოკიდებულების ნათელსაყოფად 30-იან წლებში ...
გმირული წარსულის მოგონებისა და ბედშავი აწმყოს შეცვლის სურვილი გრ. ორბელიანს შესანიშნავად აქვს გადმოცემული ერთ-ერთ თავის საუკეთესო ლექსში ¨ იარალის¨ (1832), რომელიც ავტორს ნოვგოროდში დაუწერაი. ეს ლექსიც, ¨აღსარების მსგავსად, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 1832 წლის შეთქმულთა შორის და გრ. ორბელიანს ისიც განჩხრეკისას უპოვეს ნოვგოროდში.
¨იარალის¨ მიძღვნილია პოეტის პეტერბურგელი ნაცნობის იარალი შანშიაშვილისადმი. ეს უკანასკნელი თან ახლდა რუსეთს გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილებს, კერძოდ, ფარნაოზ ბატონიშვილს, და გრ. ორბელიანს იგი 1831 წელს გაუცნია პეტერბურგში.
¨იარალის¨ ვრცელი ლირიკული ლექსია, რომელიც ნატვრით იწყება და შემდეგ ერთგვარი ხილვის მხატვრული ხორცშესხმით იშლება. პოეტი მიმართავს თავის პეტერბურგელ ნაცნობს და ნატრობს მასთან ერთად სამშობლოში იჯდეს ¨ ველსა მწვანეს¨ და ¨გაცხელებულსა ღვინისაგან შუბლთა კოჯრის ნიავი განუგრილებდეს¨ . ასწერს რა ქართულ სუფრას, პოეტი წარმოიდგენს:
„თუ ვით ივერნი, ლომგულნი გმირნი,
ჰბრძოდნენ, სცხოვრობდნენ დროსა წარსულსა“.
პოეტის წინაშე იშლება გმირული ხანა ჩვენი წარსულისა, სურათები იმ პერიოდისა, რომლის უშუალო მხილველი და მოწმე იარალი იყო. მტერზე ¨ შურდულებრ¨ სწრაფად მისეული ¨ მხნე ჭაბუკების¨ მოგონებისა და დახასიათების უმალ პოეტი ამბობს:
„დავნატრი მათ, ვინც თავისი სიცოცხლე თვისსა მამულსა
შეჰსწირა მსხვერპლად,
დავნატრი დროთა,რომ აქვნდათ ტრფობა მამულისადმი გულს
აღბეჭდილად“.
და ამგვარი ლირიკული რეპლიკის შემდეგ პოეტი ისევ ახასიათებს ივერიელთა სხვადასხვა თვისებებს – ბრძოლის უნარსა და სიმამაცეს, სარწმუნოებას და ერთგულებას, ლხინსა და გართობას.
იშვიათი რიტმული ექსპრესიით გადმოგვცემს ყაბახზე ჯირითის სურათს და დასძენს:
„ამ ვაჟკაცობრივს შექცევას იგი [ მეფე ირაკლი] სიამით მარად
უმზერდა შორით,
ვისცა ეწერა დიდება სახეს, ვინცა არღა არს, ვისთვისაც
ვჰსტირით,
წარსულთა დროთა, დიდების დროთა, ყოვლი კეთილი თანა
წარიღეს,
აწ უცხო ცის ქვეშ ზოგსა ვჰსჭვრეტთ ოხვრით, და ცრემლით
ზოგის წმინდა სამარეს“.
ამ სტროფს უშუალოდ მოჰყვება ტაეპი, რომლებიც მთელი ლექსის იდეურ მწვერვალს წარმოადგენს:
„ვინ აღჩნდეს გმირი,
რომ მის ძლიერი
ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს?!
რომელ მარჯვენით,
ერთისა დაკვრით
უსულოდ ვეშაპს მიწად დაჰსცემდეს?
მაგრამ ამაო, ჩემო იარალი,
არს ჩემი ნატვრა და ჩემი როტვა!“
ამგვარად, ¨ იარალის¨ ამ ადგილასაც მოისმის ის ძახილი, რომელიც ჩვენ მიერ ზემოთ მოტანილ უსათაურო ლექსებშიაც (¨ ჰე, ივერიავ¨) იმის ( ¨ ბედო ნუ გძინავს, განიღვიძე, ისმენდ ვაებას¨ )[4].
ამავე დროს პოეტს თითქოს ¨ ამაო როტვად¨ მიაჩნია ისეთი გმირის გამოჩენა, რომელსაც შეეძლოს ¨ვეშაპის¨ ძირს დაცემა და ასეთად ¨ზოგსა სჭვრეტს ოხვრით¨ , ისიც სამშობლოს გარეთ, ¨უცხო ცის ქვეშ¨ (აშკარაა გრ. ორბელიანი რუსეთს გადასახლებულ ბატონიშვილებს გულისხმობს იარალისადმი მიმართულ ლირიკული მონოლოგის ამ ადგილას).
უკვე განხილული ლირიკული ლექსების შინაარსიც ნათლად მეტყველებს გრ. ორბელიანის ეროვნული შეგნებისა და მისი პატრიოტიული სულისკვეთების შესახებ. ამ ლექსებში მხატვრულადაა გამოხატული ცარიზმისადმი პროტესტანტული დამოკიდებულება საქართველოში. შემთხვევითი როდი იყო, რომ კერძოდ გრ. ორბელიანის ¨ იარალი¨ ხელნაწერის სახით იყო გავრცელებული ქართველ შეთქმულთა შორის და მას ზეპირადაც  წარმოთქვამდნენ.
შეთქმულების იდეებით შთაგონებული გრ. ორბელიანის პატრიოტული შემოქმედების ანალიზის სისრულისათვის აქვე მოკლედ უნდა განვიხილოთ ერთი ნაწილი პოეტის დღიურისა-¨მგზავრობა ჩემი თბილისიდამ პეტერბურღამდის¨ ( 1831 –1832), რომლის გადათეთრებული, საბოლოო ანუ ავტორისეული რედაქცია უკვე გამოქვეყნებულია. ზოგიერთი ადგილი ამ დღიურისა მისი ზემოთ განხილული ლექსების პროზაულ კომენტარადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
თავის დღიურში გრ. ორბელიანი აგვიწერს 1831 წლის ზაფხულს (9ივნისს) თბილისიდან რუსეთს გამგზავრებას. მას საგანგებოდ აქვს აღნიშნული, თუ როგორ ¨ ჩუმად შეიკრიბნენ¨ მისი ¨ჭეშმარიტი მეგობრები¨ (შეთქმულნი) და გააცილეს იგი. შემდეგ ავტორი გადმოგვცემს მოგზაურობის შთაბეჭდილებებს, ეხება სამხედრო გზის გასწვრივ მდებარე ძველი ქართული არქიტექტურის ძეგლებს, აგვიწერს მცხეთას, დუშეთს, ანანურს. დღიურში ასევე დაწერილია მთიანი საქართველოს მდიდარი ბუნება, კაიშაურის და ფასანაურის, თერგისა და დარიალის ლანდშაფტები. განსაკუთრებით საყურადღებოა მცხეთაში მისვლა და სვეტიცხოვლის ნახვა. ¨რა ვიხილე მცხეთისა მონასტერი... გარდმომცვივდნენ თვალთაგან ცრემლნი, ვიხილე რა საფლავი მეფისა ირაკლისა, რომლისთანა არს დამარხული დიდება და ყოველი კეთილი ივერიისაო¨ , - წერს პოეტი (გვ. 70). ეს სიტყვები უმალვე აგონებენ მკითხველს არა მარტო ¨ტოლუბაშის¨ მეორე ვარიანტისა და ¨ სადღეგრძელოს¨ ცნობილ ადგილს ( ¨ დიდება ივერიისა მასთან [იარკლისთან, ა. გ. ] მარხია სამარეს¨ ), არამედ იარალისადმი მიმართულ სიტყვებსაც ერეკლესა და მისი ეპოქის შესახებ: ¨ ვისცა ეწერა დიდება სახეს¨ ... ¨ წარსულთა დროთა, დიდების დროთა, ყოვლი კეთილი თანა წარიღეს¨ .
ყაზბეგის, ვლადიკავკაზის, ეკატერინოგრადის და სტავროპოლის მოკლე აღწერისა და სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის ცნობების მოყვანის (მაგ., ყაბარდოს შესახებ) შემდეგ ნაწარმოების ბოლო, მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ავტორის საუბარს გენერალ ივანე აფხაზთან, რომელიც მას პირველად 21 ივნისს არდონის ციხეში შეხვედრია და შემდეგ კი აგვისტოში სტავროპოლში გასაუბრებია; დღიურის დამუშავებული ნაწილი წყდება 7 აგვისტოს თარიღზე, როცა ავტორი ჯერ კიდევ ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ, სტავროპოლშია.
გრ. ორბელიანისა და გენერალ აფხაზის დიალოგი, როგორც არაერთხელ ყოფილა აღნიშნული სპეციალურ ლიტერატურაში, სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობისაა არა მარტო პოეტის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გასაგებად, არამედ 1832 წლის შეთქმულთა პროგარამის ზოგიერთი მომენტის კარგად გაცნობის თვალსაზრისითაც[5].საუბრის თემაა საქართველოს პოლიტიკური ვითარება და მისი განთავისუფლების გზები. დიალოგის დასაწყისში აფხაზს გრ. ორბელიანი ახასიათებდეს, ¨ ვითარცა ჭეშმარიტსა ძესა მამულისასა¨ . ეს უკანასკნელი იმ აზრისაა, რომ თუ რუსნი იძულებული იქნებიან დაუტევონ საქართველო, მაშინ ქვეყანა¨  მყისვე შეიქმნების მსხვერპლად უწესობისა, შინაგანსა განხეთქილებისა და ზედა-დასხმისა დაუძინებელთა მტერთაგან¨ .
გრ. ორბელიანი საწინააღმდეგო შეხედულებას გამოთქვამს: ¨საქართველო, შემდგომად რუსთაგან დატევებისა, ვგონებ, იყოს ესრეთ ძლიერ, რომელ შეიძლოს დაცვა მტერთაგან საზღვრისა თვისისა. ოცდაათს წელიწადს საქართველოს თუ არ მომატებია ხალხი, ვგონებ არცა დაჰკლებოდესო¨ . ივანე აფხაზი არ იზიარებს მოსაუბრის ამ რწმენას და უხსნის გრ. ორბელიანს-საქართველოს მოსაზღვრე აზიურ სახელმწიფოებში ¨ პოლიტიკებრი მდგომარეობა... ფრიად შეიცვალა, ვის უხილავს ყიზილბაშისა და ოსმალის ესრეთი გაწყობილი ჯარი და ესრეთი თოფხანა¨ , ხოლო ¨  საქართველო ურეღულოთ ვერცა ერთსა თვესა გაუძლებს მტერთაო¨ . გრ. ორბელიანი ამაზე უპასუხებს, რომ ¨ რეღულის გაწყობა ადვილად მოხდება საქართველოში; ამიტომ რომ იქნებიან რა თვით დამცველნი თვისისა საზღვრისანი, თვალით დაინახავენ რეღულის სარგებლობასასო¨ .გარდა ამისა, გრ. ორბელიანს სწამს, რომ ოსმალეთმა და სპარსეთმა დაინახეს თავიანთი შეცდომა – საქართველოს შევიწროებამ როგორ დაუმეზობლა მათ ¨ საშინელი მეზობელი¨ . პოეტი ოპტიმისტურად აფასებს დამოუკიდებელ საქართველოს მომავალს: ¨ ისტორია წარმოგვიდგენს მრავალჯერ საქართველოს გაოხრებულს და კვალად აღდგინებულს არარაისაგან .
ესრეთთა საკვირველებათა აწარმოვებს მხოლოდ მხნეობა და სიყვარული მამულისა და სარწმუნოებისა¨ . ივანე აფხაზს სწამს, რომ ¨ქართველნი არიან მხნენი¨ , მაგრამ რეგულარული ჯარის ¨  გაწყობა¨ მას ნაადრევად და შეუძლებლად მიაჩნია. ამავე დროს იგი ითვალისწინებს ქართველთა საერთო დაბალ გონებრივ დონეს, გაუნათლებლობას, და სხვ.. ¨ღმერთმან ნუ ინებოს საქართველოს დატევება რუსთაგან ას წლამდის; მაშინ აღარა მეშინის, ამისათვის, რომელ საქართველოს ეყოლება მის დროსა მრავალი სწავლულნი კაცნი, საზოგადოება შეიცვლება, იგრძნობს ყოველსა საჭიროებასა, და, ყოველი კეთილი, ახალი სასარგებლო დაწყებულება ადვილად აღსრულდების; ახლა ვინ იკისრებს, ან ვინ გაუგონებს.- აწინდელი ჩვენი საზოგადოობა არს მკვდარ მამულისათვის, ჰსცხოვრებენ უსაგნოდ, დეეხეტებიან უგზოდ, ვითარცა ბნელსა ღამესა შინა; ყოველი ფიქრობს საკუთარისა, თვისისა სარგებლობისათვის, რომლისა მისაღებელად არა მიხედვენ არცა სირცხვილსა, არცა უპატიურსა გზასა, რომელსა ზედა ვლენან. ანგაარება არს მათთვის თაყვანსაცემი კერპი, რომლითაცა გვეკარგება პატიოსნება.- გარნა ნუ გგონია, რომელ ესე იყოს ბუნებითი თვისება ქართველთა; არა, ესე არს მხოლოდ ნაყოფი ოცდაათის წლის მორჩილებისა¨ . ამაზე გრ. ორბელიანი უპასუხებს: ¨ ამა ერისა სულისა დამდაბლებასა ადვილად აღხოცენ იგინი, ვინცა იქმნებიან შემდგომად რუსთა დატევებისა, ერის მმართველნი, უკეთუ იქნებიან გონებიან და შორს მხედველ¨ . როგორც მკითხველი ხედავს, გრ. ორბელიანისა და ივ. აფხაზის დიალოგში დაპირისპირებულია ორი თვალსაზრისი, ორი იდეა – საქართველოს დამოუკიდებლობისა და არსებულ ვითარებასთან შეგუებისა. უნდა ვიფიქროთ, რომ აღნიშნულ დიალოგში აირეკლა შეხედულებათა ანალოგიური სხვაობა შეთქმულთა გარკვეული ჯგუფებისა.
აქვე უნდა აღინიშნოს ერთი მომენტიც, თავის დროზე აღნიშნული: გრ. ორბელიანი თითქოს დაეჭვებულია საკუთარ პოზიციაშიც, თუმცა საბოლოოდ მაინც საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე რჩება. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გენერალი აფხაზის ზოგიერთი შეხედულება პროზაული გადმოცემაა თვითონ პოეტის ფიქრებისა, რომლებიც ზოგიერთ მის ლირიკულ ლექსებშია გამოხატული. ასე მაგალითად, აფხაზის აზრი ¨ აწინდელი ჩვენი საზოგადოების შესახებ¨ , რომელსაც ¨ ოცდაათის წლის მორჩილების ნაყოფად¨ პატიოსნება დაუკარგავს, სრულს პარალელს პოულობს ლექსში ¨ ჰე, ივერიავ¨:  
„ესე ნაყოფი აქვს მარადის ცუდსა მონებას
ცხოვარს ვემსგავსეთ, რომელსაცა მწყემსი არ უვის,
ვითარცა მგლისა, მშიერ კაცის ეშინის,
ვინცა განაგდებს საღმრთოს ვალსა და გზის პატივის
დასასრულ მაინც საშინელად ესრეთ წარხდების“.
ასევე, ივანე აფხაზის მიერ გამოთქმული აზრი ალექსანდრე მეფის შემდეგ საქართველოს ცალკეულ ნაწილებად დაქუცმაცებისა (¨საქართველო არს დაგლეჯილი ნაწილ-ნაწილად¨ ) და ქართველი ტომების ერთმანეთთან მტრობისა და შუღლის შესახებ რაც (ქვეყნის გაერთიანებას ხელს უშლიდა) მშვენიერ პარალელს პოულობს გრ. ორბელიანის შემდეგ სიტყვებში:
„შიში სიმდაბლე სულისა, შური, მფლობელნი აწ ჩვენნი
არიან მარად მონების ნაყოფნი ესე საძაგნი!
ძველი ქებული სამეფო უფსკრულსა შთანთქავს ესრეთს,
რომ ჩვენზე მტერნი აღმსდგარან და ჩვენვე ვებრძვით
ურთიერთს“.
(¨ აღსარება¨ )
დღიურში ფიქსირებული დიალოგი ნაწილობრივ მაინც გადმოგვცემს პოეტის არსებიდან მომდინარე მეორე, სკეპტიკურ ხმას, რომელიც ¨ მგზავრობაში¨ მოსაუბრე აფხაზის პირითაა