გამჟღავნებული.
* * *
ამ პერიოდის გრ. ორბელიანის შემოქმედების განხილვა სრული არ იქნებოდა თუ ჩვენ გვერდს ავუვლიდით პოეტის ერთ-ერთ უთარიღო ლირიკულ მიძღვნას ¨ გულნი ივერთა¨ (1832). ეს ლექსი პოეტმა შეიტანა ჯერ 1854 წელს ცალკე დაწერილ ნიკოლოზ I –ის ქებაში (¨ ტოლუბაშიდან¨ ), ხოლო შემდეგ – თავის პოემაში ¨სადღეგრძელო¨ აი ეს ლექსიც:
„გულნი ივერთა აქვთ მსხვერპლად მზადა, შენდა შესაფერ –
შესაწირავად,
ტაძარი შენი არს გულსა ჩვენსა, მოველ მშვიდობის ჩვენდა
საკმევად.
კმა არს, რაც ვკარგეთ აქამდის, აწ შენში ვპოვოთ კარგული,
ამაღლდეს ქედი ივერის შავ-ბედით დამიწებული.
მტერთა შემუსვრით, შენის მხნეობით, კეთილდღეობით
აღგვაყვავილე,
სწავლათა ჰპოვონ აქ თვის სადგური, მისისა ნათლად ჩვენ
გაგვანათლე!
მტერი შეძრწუნდეს, რა მოახლოვდეს, შენსა საზღვარსა
მხნეობით მცველსა,
თამარის დღენი, დიდების დღენი, უკ- მოუქციე ივერიასა“.
ეს სტრიქონები დაწერილია, 1832 წლამდე, არა უგვიანეს 1832 წლისა. ლექსი აღმოჩნდა 1832 წლის შეთქმულთა საქმეებში, სადაც მოთავსებულია ნოვგოროდში პოეტისათვის ჩამორთმეული ხელნაწერები[6]. საგამომძიებლო კომისიისათვის მიცემულ ჩვენებაში გრ. ორბელიანს განუცხადებია, რომ მას განზრახული ჰქონია ამ ლექსის შეტანა იმპერატორისადმი ნავარაუდევ მიძღვნაში.
სპეციალურ ლიტერატურაში ორი საწინააღმდეგო თვალსაზრისია გამოთქმული ამ საკითხზე: ზოგს პოეტის განცხადება მიაჩნია არაგულწრფელად, ზოგს პირიქით – სრულიად არ ეეჭვება იგი. საქმის ნამდვილი ვითარება კი ასეთია: გრ. ორბელიანმა ზემოთ მოტანილი ტაეპები მართლაც შეიტანა ხელმწიფისადმი მიმართულ სადღეგრძელოში 1854 წელს, შემდეგ კი –პოემის საბოლოო რედაქციაში, ე. ი. მან განახორციელა ის განზრახვა, რომლის შესახებ საგამომძიებლო კომისიის წევრისათვის( გენერალ-მაიორ ვოლხოვსკისათვის) მოუხსენებია ჯერ კიდევ 1833 წელს. პოეტის გულწრფელობაზე ისიც მეტყველებს, რომ ¨ გულნი ივერთაში¨ უეჭველად ნაგულისხმევია ( დაუსახელებლად) ნიკოლოზ I, რომელმაც ¨სწავლის ნათელით¨ უნდა ¨ააყვავილოს¨  პოეტის ქვეყანა და ივერია ¨უკ-მოუქციოს თამარის დღენი, დიდების დღენი¨ .
ამ ლექსის ვრცელი ვარიანტი ავტორმა დაწერა 1854 წელს. იმპერატორის სახელი აქ უკვე დასახელებულია და მასში შეტანილია ე.  წ. ყირიმის ომით ( 1853 –1856 ) შთაგონებული ტაეპი. ეს ვარიანტი უსათაუროა, მაგრამ ერთ-ერთ ხელნაწერში მას ავტორისაგან აშიაზე მიწერილი აქვს: ¨ესეც ტოლუბაშის არის¨:  მაშასადამე, ამჯერადაც პოეტი მეფის სადღეგრძელოს ვარაუდობს, როგორც თავისი ერთადერთი პოემის საბოლოო რედაქციის ნაწილს. პოემა¨სადღეგრძელო¨ კი ძირითადად ჩამოყალიბდა 1870 წელს და იმპერატორისადმი მიძღვნაც შიგ მოხვდა ( სხვა ახალ თავებთან ერთად, რომელთაც პოემის ადრინდელ ვარიანტებში, ¨ტოლუბაშის¨  სახელით რომაა ცნობილი, არ ვხვდებით). მიძღვნას აქ ჩამოცილებული აქვს ყირიმის ომით გამოწვეული სტრიქონები და თავისი ლაკონიზმით უახლოვდება პირველ ვარიანტს (¨გულნი ივერთა¨ ), თუმცა თავსა და ბოლოში დამატებული აქვს სტრიქონები, რომლებიც ოდას კომპოზიციურად და თემატურად პოემისათვის უფრო შესაფერ ნაწილად აქცევენ: ¨ სადღეგრძელოს ბოლო რედაქციის ( 1870) ამ ადგილას ავტორი ამჟღავნებს ტენდენციას–თავისი ნაწარმოები დაუახლოოს ჟუკოვსკის ¨მომღერლის¨ სათანადო ადგილს. რუსი პოეტის ნაწარმოებში მომღერლის მიერ წარმოდგენილ სადღეგრძელოს მამულისადმი და მეფეთა და წინაპართა ფერფლის პატივსაცემად ( რომელიც იწყება სიტყვებით: Отчизне кубок сей, друзъя!) მიჰყვება მეომართა ოთხტაეპიანი შეძახილი За них! За них, всю нашу кровъ! ამას მოსდევს მომღერლის სადღეგრძელო ალექსანდრე პირველისადმი: Тебе сей кубок, русский царъ! ზუსტად ამგვარი თანმიმდევრობაა დაცული გრ. ორბელიანის პოემის საბოლოო რედაქციაში: ვრცელ სადღეგრძელოს, რომელიც იწყება სიტყვებით: ¨ ძმანო, აღვავსოთ ფიალა წინაპართ მოსახსენებლად¨ მიჰყვება ოთხსტრიქონიანი შეძახილი მხედრებისა (¨გმირნო, მამულის მადიდნო ¨ ...). ხოლო ამას მოსდევს ნიკოლოზ I-ის სადღეგრძელო (¨ ხელმწიფევ ჩვენო...¨ ). ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეიძლება მხოლოდ ერთადერთი დასკვნის გამოტანა: ¨გულნი ივერთა¨ ავტორს დაუწერია, როგორც ხელმწიფისადმი განზრახული სადღეგრძელოს ერთ-ერთი პირველი ვარიანტი, იგი ამ ლექსს უყურებდა როგორც ხელმწიფის ქების თავდაპირველ მონახაზს. ამავე დროს, ¨ გულნი ივერთა¨ პოეტს თავიდანვე ნავარაუდევი ჰქონია ¨ ტოლუბაშის¨ ( იმავე ¨ სადღეგრძელოს)¨ ერთ-ერთ ნაწილად, რასაც მას ჟუკოვსკის ნაწარმოებისადმი ¨ მიბაძვა¨  ავალებდა[7] .
მაშასადამე, ¨გულნი ივერთა¨ შეუძლებელია დამოუკიდებელ ნაწარმოებად ჩაითვალოს. ავტორს იგი თავიდანვე ¨ ტოლუბაშის¨  შემავალ ნაწილად ჰქონია განზრახული. მაგრამ საკითხავია – რატომ არ მოხვდა ¨გულნი ივერთა¨ ¨ტოლუბაშში¨ თავიდანვე? საქმე ისაა, რომ ¨ ტოლუბაშის ¨ ვარიანტები დაუმთავრებელია, ისინი, სახელდობრ ვარიანტებია ვრცლად მოფიქრებული პოემისა, რომელმაც საბოლოო სახე მხოლოდ 1870 და 1879 წლებში მიიღო.
პოეტი, საერთოდ, დიდხანს ამუშავებდა თავის ნაწარმოებებს, წერდა ცალკეულ თავებს, სტროფებსაც კი, და შემდეგ აერთებდა მათ. ცალკეული ნაწილების დამოუკიდებლად მოფიქრებისა და ვარიანტებად შეთხზვის ( შემდეგ კი მათი ერთმანეთთან შერწყმის) ასეთი მაგალითები ხშირია გრ. ორბელიანის ლირიკულ ლექსებშიც[8]. ¨სადღეგრძელოს¨ ტექსტუალური¨ ისტორიის საფუძველზე ეს ფაქტი უფრო თვალსაჩინოა. ამიტომ, ¨გულნი ივერთა¨ არ შეიძლება განსაკუთრებულ დისონანსად მივიჩნიოთ.გრ. ორბელიანის ლირიკაში 1832 წლის შეთქმულებასთან პოეტის იდეური კავშირის თვალსაზრი სით. იგი წარმოიშვა როგორც ჟუკოვსკის პოემის სათანადო ადგილის ქართული ვარიაცია. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ავტორმა ¨გულნი ივერთა¨ გავრცობილი სახით შეიტანა ¨ სადღეგრძელოში¨ 1870 წელს, როცა დიდი ხნის გარდაცვლილი იმპერატორის ქება სრულიად არ იყო სავალდებულო წარჩინებული ქართველი გენერლისათვის – რაიმე თავის მართლების ან ვიზისათვის პოეტს იგი არ დასჭირვებია, რადგან ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობდა. უბრალოდ – ავტორი იცავს ისტორიულ პერსპექტივას: 1826-1828 წ წ. რუსეთ-ირანის ომი წარმოებდა ნიკოლოზ I-ის დროს და ამ უკანასკნელის მოხსენიება ¨სადღეგრძელოში¨ ერთგვარ პოეტურ პარალელს წარმოადგენდა ჟუკოვსკის პოემის სათანადო ადგილას ალექსანდრე I-ის მოხსენიებისა 1812 წლის ამბებთან დაკავშირებით. ¨გულნი ივერთა¨ დაწერილია ლიტერატურული პროტოტიპისადმი თავისებური მიბაძვით – პოეტს ხომ უნდა სადმე ხაზი გაესვა დროისა და ეპოქისათვის! ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ¨გულნი ივერთა¨ პატრიოტულ მოტივსაც შეიცავს – პოეტს ეზმანება ¨ თამარის დღენი, დიდების დღენი¨ , რომელიც რუსეთის მონარქმა უნდა დაუბრუნოს ივერიას.რუსეთთან შეერთების პროგრესულ მნიშვნელობას ქართველი არისტოკრატიის გარკვეული ნაწილი ხედავდა იმაში, რომ რუსეთი საქართველოს მტრებს გაუნადგურებდა, რომ ივერიის საზღვრებს მუსლიმანური სამყარო ამიერიდან ვეღარ გადმოლახავდა. როგორც ჩანს, ეს შეხედულება გრ. ორბელიანს მთლიანად არ შეუცვლია. 1832 წლის შეთქმულების პერიოდშიც, ე. ი. მაშინაც, როცა პოეტის პოლიტიკური რადიკალიზმი და ცარიზმის მიერ საქართველოში დამკვიდრებული ბიუროკრატიული რეჟიმისადმი პროტესტანტული განწყობილება მასში განსაკუთრებით ძლიერი იყო. აკი ასეთი იდეური კომპრომისი, რომელსაც პირველი შეხედვით ერთგვარი წინააღმდეგობის ბეჭედიც აზის, შეიმჩნევა პოეტის დღიურშიც ¨ მგზავრობა ჩემი...?! მაგრამ ზედმეტად მიგვაჩნია გაზვიადება ¨ გულნი ივერთას¨ ( და, საერთოდ, ხელმწიფის სადღეგრძელოს) მნიშვნელობისა გრ. ორბელიანის მსოფლმხედველობის ანალიზის დროს. ვინც ამ ნაწარმოების წარმოშობის ისტორიას გაითვალისწინებს, ვერ შეძლებს უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს მას, ვიდრე სინამდვილეში აქვს. ხელმწიფის სადღეგრძელოს საფუძველზე პოეტის ორთოდოქსალურ მონარქისტად აღიარებას არავითარი საფუძველი არა აქვს, მაგრამ მისთვის გვერდის ავლა ან მიჩქმალვა მართებული არ იქნება[9] .
რასაკვირველია, გრ. ორბელიანს არაერთხელ გამოუთქვამს დღიურებსა და წერილებში ნიკოლოზ პირველის ქება. მთელი ნახევარი საუკუნე იმსახურა გრ. ორბელიანმა სამხედრო და სამოქალაქო სარბიელზე, ვითარცა რუსეთის არმიის გენერალმა და ადმინისტრატორმა.პოეტის ეპისტორალური მემკვიდრეობა სავსეა დითირამბებით საქართველოს სხვადასხვა მთავარმართებლებისა და რუსეთის ხელმწიფეთა მისამართით. მაგრამ პოეტის კერძო ბარათებში ამგვარ დითირამბებთან ერთად არაერთხელ გაისმის შეკავებული ბოღმაც, განსაკუთრებით 70-იან და 80-იან წლებში. ჩვენ უფრო ვრცლად ამის შესახებ მოგვიხდება საუბარი ქვემოთ, გრ. ორბელიანს ცხოვრების მეორე და მესამე პერიოდის დახასიათებისას.
აქ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ¨იარალის¨ ავტორს საქართველოში ბიუროკრატიული რეჟიმის არც ერთი პერიოდი არ მიაჩნდა ბედნიერ ხანად. ¨ოთხმოცი წლის განმავლობაში ხომ ვნახეთ, რაც ბრძანდებიან ღუბერნატორები და ვიგემეთ მამობრივი მათი მზრუნველობა ჩვენზე... შორიდან მოსული ჩინოვნიკი, რომელიცა არ იცნობს ხალხსა, რომელმანცა არ იცის მისი ენა, ჩვეულება, ცხოვრება, ისტორია, აბა, რისთვის გაიხეთქს თავსა? რა მოაგონდება წარსულის დროებიდან? რა კავშირი აქვს აქაურთა მცხოვრებთა, რომ იფიქროს, გული დაეწოს ხალხის ბედნიერებისა და გულმოსვენებით ყოფაცხოვრებისათვის! სამიათასის ვერსტიდან მოსულა აქა ჩინოვნიკი მხოლოდ იმისათვის, რომ მიიღოს ჩინები, იშოვნოს აქედამ, იქიდამ ფულები, და გაჰსწიოს მშვიდობიანად თავისვე ქვეყანაში! მე ბევრი მინახავს დიდროანი სასახლეები რუსეთში აქაურის ფულით აშენებული. ქართულ ენას აღარ ასწავლიან ღიმნაზიაში და აღარც სემინარიაში...¨ ასე სწერდა გრ. ორბელიანი გენ. ნიკო ჭავჭავაძეს 1881 წლის 7 აგვისტოს[10]. აქედან ჩანს, რომ თავისი სიცოცხლის მიწურულშიაც გრ. ორბელიანი ისევე ფიქრობს როგორც 1832 წლის შეთქმულების ხანაში . მოვიგონოთ მისი სიტყვები ლექსიდან ¨ჰე, ივერიავ¨ ( 1832):
„შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას,
მოყვრულად გვმტერობს, გვტაცებს ყოველს, გვიქმს ალერსობას“.
ზედმეტი არ იქნება, თუ გავიხსენებთ პოეტის სიტყვებს კონსპექტიდან ¨საქართველო ჩვენი  დროისა¨ , რომელიც ჩვენ მიერ ზემოთ იყო ციტირებული.
* * *
მამულისადმი სიყვარულის, საქართველოს გმირული წარსულის იდეალიზაციის მოტივებთან ერთად გრ. ორბელიანის პოეზიაში- პირველი პერიოდის ნაწერები (1824 –1832) - ფართოდაა წარმოდგენილი თითქმის ყველა ძირითადი მოტივი საერთოდ მისი შემოქმედებისა: სიყვარულისა და მეგობრობის კულტი, ბუნების ხოტბა და სევდა წარმავლობისა ( უკანასკნელი განსაკუთრებით გაძლიერდა მეორე პერიოდში (1833 –1858) და კიდევ უფრო ღრმად გამოიხატა პოეტის ცხოვრებისა და მხატვრული შემოქმედების მესამე პერიოდში.
ჯერ კიდევ ¨ტოლუბაშის¨ პირველ ვარიანტში ( 1827) გრ. ორბელიანი პატრიოტიზმთან ერთად დიდ ადგილს უთმობს სიყვარულის თემას. ეს გრძნობა მას მიაჩნია უმაღლეს ადამიანურ თვისებად და ბედნიერებად. ¨ ტოლუბაში¨ მთავრდება სიყვარულისადმი მიძღვნილი ჰიმნით.
„ძმანო, ივიწყეთ მცირეს ჟამს მტერი, ომი და დიდება!
მოიგონეთ სიყვარული, სიცოცხლისა სიტკბოება,
რომლისთვისცა შეგიწირავსთ გული და სრულად ცხოვრება,
შევსვათ ღვინო! მის სადღეგრძელოდ გვეღირსოს ხილვა ეგება [11].
* * *
ბედნიერება დღეთა ჩვენთ არს სიყვარულის ყვავილი;
რა განქრეს მისი სიტურფე, სიხარულს ნუღარ მოელი;
თუმც ძნელ არს მისი მოწყვეტა, მით, რომ არს ეკლით მოსილი,
მარა სიძნელე სუსტ გულს ჰკლავს და მტკიცე მით არს
აღზრდილი“.
პოეტის აზრით, სიყვარული ვაჟკაცობისა და გამბედაობის წყაროცაა:
„ტრფობა ალითა[12], ვისაცა ჩვენს შორის გული ეწოდეს,
სახე სატრფოის მარადის ვის სულს აღბეჭდვით თან სდევდეს!
ამა სოფელსა მას რაი! წინა საბრკმელად აღუდგეს?
გულს სიყვარულით, ხელს ხმალით რას არა აღასრულებდეს?“
აღსანიშნავია, რომ პოემის ამ პირველ ვარიანტში სიყვარული უკვე გაგებულია, როგორც ადამინის მთელი არსების მომცველი გრძნობა, როგორც ¨ სულიერი ტკბობა¨ და უკვდავებასთან ზიარების ერთადერთი საშუალება. თვით უკვდავებასაც ეკარგება აზრი სიყვარულის გარეშე. შორს მყოფი სატრფოს მისამართით პოეტი ამბობს:
„რომ სახე შენი, თვალთა დახშულმან, თანა წარვიღო იმიერ
სოფელს,
მუნ სანუგეშად, მუნ საშვებელად, და რათა მითვე ვჰსცნა
უკვდავება.
რაა გინდ მოვკვდე? მაინც შენდამი სულს სიყვარული თანა
წარჰყვება!
უკვდავება არს სულის დატკბობა, რომელს დასასულ არა
ექმნების!“
( ¨ტოლუბაში ¨ , 1827)
ამ სიტყვებში გამოხატულია სიყვარულის კოდექსი გრ. ორბელიანისა, მისი Arsamatoria-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულება: სიყვარული ადამიანს არა მარტო სულიერ სიტკბოებას ანიჭებს, არამედ აზიარებს უკვდავებასაც და თვით ეს უკანასკნელი უსიყვარულოდ შეიძლება ¨ საპყრობილედ¨ იქცეს.
ამასვე იმეორებდა პოეტი 1832 წელს შემდეგ ორტაეპიან ლექსში:
„რა უნდა აქვნდეს სულსა უკვდავი,
თუ მასში განჰქრეს კვლავ სიყვარული?“
გრ. ორბელიანის სატრფიალო ლირიკაში შორეულად და ბუნდოვნად გამოკრთის რეალური არსებაც, როგორც ადრესატი პოეტის სათუთი მიმართვებისა. ხოლო გრ. ორბელიანის მთავარ სატრფიალო ლექსებში, რომელთა ინიციალების ქვეშ ყოველთვის ცოცხალი არსებანი იგულისხმებიან ( სოფიო ორბელიანი, ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეები და სხვები), ლირიკული პერსონაჟების გარეგნული ნაკვთებიცაა მოხაზული. ასევე იქცევა გრ. ორბელიანი ყარაჩოხელური მონოლოგების ციკლშიც, მაგრამ თუ საკუთარი გატაცების საგნებზე მსჯელობისას იგი სულიერი მშვენიერების ან განსულიერებული ეროტიკის მეხოტბედ გვევლინება, მუხამბაზებში პოეტი იშვიათად სციდლება გარეგანი სილამაზის თაყვანისცემას.
მიუხედავად ამისა, აქაც გრ. ორბელიანი სატრფოსადმი მიმართვის დროს მეტწილად კეთილშობილურ ტონს იცავს. სიყვარულის გაგებაში გრ. ორბელიანის შეხედულებებს არავითარი ევოლუცია არ განუცდია. ამიტომ, როდესაც გრ. ორბელიანის სატრფიალო ლირიკის შესახებ გვიხდება საუბარი, საჭიროა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მის ლირიკაში სიყვარულის გრძნობის სულიერ მხარეს უპირატესი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული პირველ პერიოდშივე, რაც ნათლადაა გამოხატული პოეტის ყველაზე მნიშვნელოვან და ქრონოლოგიურად ყველაზე ადრინდელ ნაწარმოებში ¨ტოლუბაში¨ (1827), ამით ყოველგვარი საფუძველი ეცლება მტკიცებას იმის შესახებ, თითქოს გრ. ორბელიანი პირველ პერიოდში უმთავრესად ფიზიკური, ხორციელი, ანუ ეროტიკული სიყვარულის მეხოტბე იყო.
გრ. ორბელიანის სატრფიალო ლირიკის საუკეთესო ნიმუშები ეძღვნება უმთავრესად ნინო ჭავჭავაძეს, შემდეგ სოფიო ორბელიანს და ნაწილობრივ ეკატერინე ჭავჭავაძეს. პოეტის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ გრ. ორბელიანი უიმედოდ ყოფილა შეყვარებული ნინოზე. თავის მიმართვებში ნინოსადმი პოეტი მეტწილად კლდემამოსილია, წრფელი და ფაქიზი გრძნობებით აღვსილი:
„როს გხედავ, მნათო! ღიმილით ჩემ კერძოდ წარმოვლენილსა
ვივიწყებ ყოველთ სიმწარეთ, ბედისგან მოვლინებულსა,
სულისა ღელვა მშვიდდების .............“
(¨ ნ.....დმი¨ , 1829)
20 –30-იანი წლების თბილისის უმშვენიერეს ქალს, დაქვრივებულ და მტირალ ნინოს, იგი მიმართავს:
„მაშ, მოვედ, მნათო! ჩემს გულზედ შეწუხებულის შვენებით,
ნაცვლად შენსა მე ვიკვნესო, შენის ჭმუნვისა მიღებით.
თუ ოცნებით ცრემლსა აფრქვევ, ეგე ცრემლი, ოჰ, ვით გშვენის!
ვითა ნამი ზეციური თვალთა შინა გამობრწყინვის,
ვარდებრივთა ღაწვთა ზედა მარგალიტნი გარდმოგცვივის.
თუ შეჰსწყვიტო, შევინანებ, გიმზერ ჩუმად და მიხარის“.
(¨ მტირალ ნ..... ს¨ , 1829)
გრ. ორბელიანის ტრფობას ნინოსადმი ასაზრდოებდა ძლიერი, მაგრამ თავდაჭერილი ვნება, ზნეობრივი გრძნობის სისპეტაკითა და რაინდული თავშეკავებით გაშუქებული. ასეთი განცდები ნაწილობრივ ახასიათებს გრ. ორბელიანის  ლექსებსაც სოფიო ორბელიანისადმი, რომელზედაც იგი აკვანშივე ყოფილა დანიშნული.
1835 წელს გრ. ორბელიანი სწერდა სალომე ჭავჭავაძეს: ¨ახ! ჩემი  სოფო სად არის, ნეტავ ვახსოვარ თუ შარშანდელს თაოვლსავით არღა ვჰყოფობ იმისათვის. – ბედს უყურეთ, მე ვარ დასავლეთს, ის აღმოსავლეთს, როდისღა უნდა შევიყარნეთ!¨ [13] მაგრამ სოფიოს არ დაუცდია საქმროს ჩამოსვლისათვის და იგი ამ ხანებში რუს მოხელეს, ბეზაკს, გაჰყოლია. სოფიოსადმია მიძღვნილი პოეტის ლექსი ¨ გამოსალმება¨ . შესანიშნავია სტრიქონები:
„ნამდვილი ტრფობა გინა რა სიტყვათ ეძებდეს, ვერ ჰპოვებს,
რათა გამოსთქვას თვის გრძნობა და მისთვის ოხვრით
მდუმარებს“.
ამ ლექსშიაც პოეტი იცავს იმ აზრს, რომ სიყვარულის მუდმივობის პირობა სულიერად ძლიერი ადამიანის არსებაშია, სიშორე არაფერს აკლებს ჭეშმარიტ ტრფობას, ხოლო ¨უძლურთ გულთ ტრფობა¨ მიაგავს მთიდან დაქანებულ წყაროს, რომელიც ველზე გაშლისას თანდათან ¨უძლურდება¨ . შესანიშნავია, რომ გრ. ორბელიანს იმავე წელს პეტერბურგს დაწერილ ლექსში ¨ღამე¨  გადმოცემული აქვს შორს მყოფ სატრფოსთან სულიერი გაერთიანების ნახევრად სიზმარეული განცდა. პოეტის სასიყვარულო კოდექსის თანახმად, სატრფოს სიშორე სრულიად არ ანელებს სიყვარულის გრძნობის ინტენსივობას, იგი ზოგჯერ თვალხილულ ზმანებასა და სულთა თანაზიარებაში გადადის. მაგრამ, ვიმეორებ, გრ. ორბელიანის ლირიკაში სიყვარულის ასეთი გაგება ორგანულად ითავსებს ჯანმრთელ ეროტიზმს, რეალურ ობიექტს და ამ ობიექტის მკაფიო, პლასტიკურ გამოსახვას. ქართველ რომანტიკოსთა შორის ამ მხრივ გრ. ორბელიანს განსაკუთრებით ენათესავება ნიკ. ბარათაშვილი.
მაგრამ გრ. ორბელიანის სატრფიალო ლირიკა სხვა, უფრო მსუბუქ ტონებსაც გამოსცემს. პოეტს აქვს ლექსები, რომლებშიაც ქალის მარტოოდენ სილამაზეა შექებული, წინ წამოწეულია მხოლოდ ეროტიკული განცდა, ერთგვარი ფრივოლური ელემენტიც კი. ასეთია მისი საალბომო ლექსები: ¨ ს¨ (1832), ¨ ვ-სა¨ (1832), ¨ ალბომში¨ (1832) და ზოგიერთი პატარა ფრაგმენტიც 1831 –1832 წლებისა...
გრ. ორბელიანის კალამს ეკუთვნის მთელი ციკლი ლექსებისა, რომლებშიაც გამოხატულია მისი სიყვარული ლხინისადმი, ცხოვრებით ტკბობა და დროს ტარებით გამოწვეული აღტაცება. პოეტი შეგნებულად მიისწრაფოდა გართობისა და ნადიმის მოყვარულთა წრეში. გრ. ორბელიანის პირადი წერილები შესანიშნავ მასალას გვაწვდიან იმ გარემოს გასათვალისწინებლად, სადაც პოეტს უხდებოდა თავისი ჭაბუკური სიხალისის გამოვლინება. გრ. ორბელიანი თვითონ ახორციელებდა ყოველივე იმას, რასაც თავის მეგობარ ანტონ ორბელიანს ურჩევდა:
„ჰე, ჭაბუკო, სიხარულით დღენი შენნი განატარე
იმხიარულე, შეექეც, ილხინე და შეიყვარე;
ერთსა წამსაც ნუ დაჰკარგავ, გაქვნდეს სახე მოცინარე;
სიცოცხლითა აწვე დაჰსტკბი, მხიარულობს გული ვიდრე“.
(¨ ანტონს¨ , 1829)
განწყობილებათა ამ რკალში ექცევა გრ. ორბელიანის მიერ თარგმნილი ¨ ლხინიც¨ პუშკინისა. ერთსა და იმავე დროს ¨ ღვინოთი და ეშხით¨ თრობა აქვს ასახული პოეტს თავის ¨ მუხამბაზში¨ (1829):
„ზოგჯერ მღიმარე გიმზერ ოდეს ეშხით აღვსილი,
მრწამს, რომ ღაწვთ ზედა გარდაგკვრია ნუშის ყვავილი!
მაშინ მას ზედა დაკონების მკლავს მე სურვილი.
მაშინ გინდ მომკლა, გეტყვი, თმენის არღა მაქვს ძალი,
ისმინე, ვდნები, ცნობა არ მაქვს, ვგიჟდები ეშხით,
ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით“ .
ამ ლექსში გრ. ორბელიანი აგრძელებს ბესიკის, საიათნოვასა და ალ. ჭავჭავაძის ლირიკის ხაზს. როგორც ანაკრეონტული პოეზიის თავისებური ნიმუში, გრ. ორბელიანის ¨ მუხამბაზიც¨ (და სხვა ანალოგიური ემოციის შემცველი ლირიკული გამოთქმები პირველი პერიოდისა) განცდათა სირთულით არ ხასიათდება და პოეტის შემოქმედების პერიფერიას ეკუთვნის. მეორე პერიოდში კი გრ. ორბელიანმა ამ ჟანრის საკუეთესო რეალისტური ნიმუშები შექმნა.
ქართული ლხინისადმი სიყვარული გრ. ორბელიანმა გამოხატა ¨სადღეგრძელოს¨ პირველ ვარიანტშიაც ( 1827) და ლექსში ¨ იარალის¨ ( 1832). ნამდვილი ბახუსის ჰიმნად შეიძლება ჩაითვალოს ტოლუბაშის სიტყვები:
„და შენ, ჰე ღვინოვ! ყოვლად ძლიერო!
ლხინით, შექცევით გულნი აღგვიგზნე!
გულის ჭირთ მდევნო! ნიჭო ციერო,
ვინ არს, რომელ ჰგვას და არ ალხინე?“
ძალზე პოპულარულია ¨ იარალის¨ პირველი სტრიქონები:
„ჩემო იარალი, ნეტავი ოდეს
ლხინით აღვსილი ვჰსხდეთ ველსა მწვანეს“ და ა. შ.
გრ. ორბელიანის პირველი ¨ მუხამბაზისა¨ და ¨ იარალის¨ აქ მოტანილი სტროფები წარმოადგენს ერთგვარ introductio- ს პოეტის იმ მუხამბაზებისა და ლექსებისა, რომლებშიაც ავტორმა შემდეგ (მეორე პერიოდში) მთლიანად გააცოცხლა ქალაქის სასიმღერო ფოლკლორი, ძველი თბილისის ჟანრული სურათები და ნატურმორტები.
* * *
გრ. ორბელიანის პირველი პერიოდის ლირიკისა და ეპოსში საპატიო ადგილი უჭირავს აგრეთვე მეგობრობის თემას ჯერ კიდევ ¨სადღეგრძელოს¨ პირველ ვარიანტში მეგობრობის სადღეგრძელოს წარმოთქვამს ტოლუბაში. ეს სადღეგრძელო წინ უსწრებს სიყვარულის ქებას და შვიდ სტროფს შეიცავს. ყველა ის დახვეწილი და აზრობრივად გაღრმავებული, შევიდა პოემის საბოლოო რედაქციაშიც: ¨ მეგობრობასა წმინდასა შევწიროთ სრულად, რაც გვაქვნდეს, დავნერგოთ გულსა გრძნობა ეს, და აღთქმა არა გვავიწყდეს... ვიყვნეთ ცოცხალნი მეგობრად, და ვინც ბრძოლასა დაეცეს, ცრემლნი, კურთხევა მეგობართ თან გავაყოლოთ სამარეს!¨
¨ წმინდა მეგობრობის¨ ეს დეკლარაცია გრ. ორბელიანის ბიოგრაფის კონკრეტული მაგალითებითაა გამართული. გრ. ორბელიანის პოეტური ქმნილებები იხსნება ანტონ ორბელიანისადმი მიძღვნილი ლექსით, რომელშიც პოეტი სხვათაშორის ურჩევს მას:
„მეგობრობასა სიცოცხლე, სიყვარულსა მიეც გული!
ამათგან ჩვენი ცხოვრება არს ტურფად აღყვავებული.
წუხილი გვაქვს? მათ მიეყრდნე, მყისვე ჰყონ განქარვებული,
მოგცენ იმედი, ნუგეში, სიამოვნება, ღიმილი“.
(¨ ანტონს¨ , 1829)
ლექსში¨ ჩემს დას ეფემიას¨ (1835) გრ. ორბელიანი განსაკუთრებული სიყვარულით იგონებს მეგობრებს შორის გატარებულ ხანას. პატიმარ პოეტს თითქოს ზოგი მათგანის ხმაც მოესმა ყაზარმის კედლებში. გრ. ორბელიანი ყველა თავისი სულიერი სიმძიმილის დროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეგობრის ხმას, როგორც გამამხნევებელ ნუგეშს. და თვითონაც ასევე მზად იყო მეგობრის დასახმარებლად. საერთოდ, მეგობრებისადმი გრ. ორბელიანის უანგარო სიყვარული ფრიად მიმზიდველი ფურცელი მისი ცხოვრების მატიანეში.
გრ. ორბელიანის პოეზიაში დამუშავებული მეგობრობის თემის ტრადიციის სათავე რუსთაველის პოემაშია.
* * *
გრ. ორბელიანი ბუნების დიდი მომღერალია. XIX საუკუნის ქართულ პოეზიაში მან გააცოცხლა საქართველოს გოლიათი მთების ზვიადი სახე, მთებიდან მდინარეების ხმაური, ფერთა თამაში ცისკრისა და მზის ჩასვლის ჟამს. მანამდე არც ერთ ქართველ პოეტს არ უცდია ასე ახლო მისვლა ბუნებასთან, არავის შეუტანია ეგზომ დინამიკური ელემენტი ლანდშაფტებსა და პეიზაჟებში. როგორც ჭეშმარიტი რომანტიკოსი, იგი ბუნებაში ეძებს თავისი ტკივილებისა და სიხარულის თანაზიარობას, ესმის ყვავილთა ფშვინვა ჟრიამული, მოხიბლულია ცის ტატნობზე ვარსკვლავთა ციმციმით, მზის მოელვარე სხივებით, მთვარიანი ღამეების იდუმალებით. მთელი ქართული პოეზიაა დავალებული გრ. ორბელიანის მიერ ბუნების ამგვარი ამეტყველებისაგან.
გრ. ორბელიანს თავიდანვე ახასიათებდა არაჩვეულებრივი ემოციური მისვლა ბუნებასთან, მისი პლასტიკური აღქმა, შეუკავებელი სურვილი შთაბეჭდილებათა ფიქსაციისა. ამ მხრივ უაღრესად საინტერესოა ბუნების აღწერები გრ. ორბელიანის დღიურში ¨ მგზავრობა ჩემი...¨ მოვიყვანთ სამი ადგილის ამონაწერს. კაიშაურში ჩამოსული ავტორი ჰყვება:
¨ საღამო იყო მშვენიერი. მზე მიეფარა მთათა და უკანასკნელნი ხივნი მისნი ცეცხლებრ აღანთებდნენ თოვლიანთა მთათა ათასფრად. წმინდასა ჰაერსა მოჰქონდა სურნელება ყვავილთა. ქვეშე ფერხთა ჩემთა არაგვი შორს, უფსკრულსა შინა, მიმოიკლაკნებოდა თეთრად ძაფსავით და გრიალი მისი ისმოდა საზარლად. საშინელი მთანი, ერთმანეთზედა აყვანილნი ცათამდის, დიდებულებით მდუმარებდნენ. ვიჯექ კლდესა, უფსკრულსა ზედაგადაკიდებულსა და ვსჭვრეტდი მდინარეთა მთათაგან გარდმოქანებულთა უფსკრულთა შინა დაკარგულთა¨ .
ანანურში მოსულ პოეტს ისევ იტაცებს ბუნების სანახაობა: ¨გზაზედ დაგვიღამდა. მთოვარე მშვენივრად ანათებდა თოვლიანთა მთების წვერთა; გარეშე ჩვენსა ყოველივე იყო მდუმარებასა შინა დაფლული, მხოლოდ არაგვი ყვირილითა რბიოდა და აყრუებდა არესა. კაცი, იხილავს რა დიდ-მშვენიერებასა ბუნებისასა, უნებლიეთ მდუმარებს დაფიქრებული. ნათელი მთოვარისა, ძლივს მოწვდენილი ჩვენდამო უფსკრულსა შინა, სიწყვდიადე და მდუმარება ტყეთა, ღრიალი არაგვისა,- ყოველივე ესე აძრწუნებდა გრძნობათა და ენასა ყოფდა უქმად¨ . ყაზბეგში ავტორის წინაშე უკვე ამოძრავებული ბუნების გარნდიოზული პანორამა გადაიშლება: ¨აქედამ დაიწყების საკვირველი იგი სიჩქარე თერგისა, რომელიცა ყოველთა მხილველთათვის არს გასაკვირველი, - მიიღებს რა გარდმოქანილთა მთათაგან მდინარეთა, თერგი დუღდების, ჰრისხდების და ვითარცა გაცოფებული ჰყრის ქაფთა და ჰრბის გრიალითა. ვერარასა ძალუძს წინააღუდგეს მისსა გიჟურსა სიჩქარესა. შეხვდებიან მას დიდროანნი, საზარელნი ლოდნი? – ჰხლტების მაღლა და მათზედა გარდაევლების; და მაშინ წარმოუდგების თვალთა მშვენიერ შადრევანად, ანუ მთად ალმასებრ გარდმოფანტულად¨ .
დღიურის ეს ადგილები წარმოადგენს წინამორბედს მისი შესანიშნავი ლირიკული ქმნილებისა ¨საღამო გამოსალმებისა¨ (1841):
„მზე ჩაესვენა: მის შუქი გამოსალმის ჟამს კავკასსა,
თავსა ეხვევა ალერსით, ვით ქალი მამას მოხუცსა!
ბუმბერაზ მთანი მდუმარედ ცათამდის აყუდებულნი,
ჰსხედან, ვით დევნი, სპეტაკის ყინულთ გვირგვინით
შემკულნი!
მათ კლდოვან გვერდთა შავადა ღრუბელნი ზედ დაჰსწოლიან,
და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან.
გაზაფხულისა ველითა ტყე შემოსილი სიმწვანით,
მთებისა კალთებს შეამკობს სატკბო სუნნელთა მოფენით.
წყალნი მთით დაქანებულნი, ალმასებრ უბსკრულს ჰსცვივიან,
თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს კლდენი ბანს ეუბნებიან“.
მართალია, ეს ლექსი 1841 წელს ბუნების უშუალო ხილვით არის შთაგონებული, მაგრამ პოეტი ქვეშეცნეულად იმეორებს თავის ადრინდელ შთაბეჭდილებებსაც: პირველი შეხედვით შეიძლება გვეფიქრა, თითქოს ავტორს თავისი დღიურის ზოგი ადგილი რიტმულად გაუმართავს.
¨ მგზავრობაში¨ გადმოცემული შთაბეჭდილებები უძევს საფუძვლად ¨ სადღეგრძელოს¨ უკანასკნელ რედაქციაში შეტანილ ზოგიერთ სტროფსაც, რომლებიც ბუნების ხოტბას შეიცავს. აქაც განმეორებულია ცალკეული ფრაზები ზემოთ მოყვანილი პროზაული ადგილებისა:
* * *
„სადა შევხარით ლაჟვარდად ცისა კამარას მორთულსა,
მასზე მავალსა ხელმწიფებრ, მზეს ბრწყინვით განსხივებულსა,
ღამით ვარსკვლოვანს ფირუზსა, მთოვარით განათებულსა!
სიცოცხლის მომფენს ჰაერსა სურნელებრ შეზავებულსა!
სად მთანი ყივის გვირგვინით არიან ცადმდე ასულნი
და მდინარენი ძახილით ზვირთის ზვირთებზე მსროლელნი,
სად მონადირე ჰსდევს ჯიხვსა და მის ქვეშ ჰვლენან ღრუბელნი“.
¨ტოლუბაშის¨ პირველ ვარიანტში ( 1827) ბუნების ხოტბა არაა (ეს ვარიანტი დაიწერა რუსეთს გამგზავრებამდე), როგორც ჩანს, პირველი ძლიერი შთაბეჭდილება საქართველოს დიადი მთებისაგან პოეტს 1831 წელს მიუღია, ყოველ შემთხვევაში, მყინვარისა და თერგის ბრწყინვალე პროზაული აღწერა ამ ხანას ეკუთვნის. 40–იან და 70 –იან წლებში კი, როდესაც პოეტი ¨ საღამოს გამოსალმებისას¨  წერდა და ¨ სადღეგრძელოს¨ საბოლოო რედაქციას ამუშავებდა, მის პოეტურ ცნობიერებაში კვლავ ამოტივტივებულია 1831 წელს დარიალის ხეობის ზღურბლთან მიღებული შთაბეჭდილებანი. რასაკვირველია, გრ. ორბელიანს ხშირად უხდებოდა კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს დიადი ბუნების ჭვრეტა, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით ნიშნეულია ის ფაქტი, რომ პოეტი ისევ პირველ შთაბეჭდილებათა წრეში იმყოფება ზემოთ დასახელებული ორი ნაწარმოების შექმნისას. აქვე შევნიშნავთ, რომ გრ. ორბელიანს ¨მგზავრობის¨ ხელნაწერი 1833 წლის შემდეგ ხელთ არ ჰქონია (ეს დღიური ჟანდარმერიამ პოეტს ჩამოართვა ნოვგოროდში დაპატიმრების დროს).
ბუნების სურათს გვიხატავს გრ. ორბელიანი აგრეთვე 1832 წელს დაწერილ ლექსში ¨ღამე¨ . პოეტის განცდები აქ მთვარიან ღამეშია გალხობილი. ბუნებასთან პოეტის ასეთი თანაზიარობის მიუხედავად, არ შეიძლება ითქვას, თითქოს გრ. ორბელიანი ზუსტად ხატავდეს რომანტიკულ პეიზაჟს. არც ერთ მის ლანდშაფტს არა აქვს გადაფარებული მისტიკური საბურველი. ბუნების სიდიადით გამოწვეული აღტაცება პოეტისა ყოველთვის უშუალოა, ამასთან, ბუნება თვითონაა შემკული ფერებისა და სურნელების მომაჯადოებელი ძალით, რომელსაც შეუძლია სიტკბოება განაცდევინოს ყველა მომაკვდავს, გზაზე მიმავალ და დაღლილ ადამიანს. გრ. ორბელიანის მიერ ბუნების აღქმის ცალკეული დამთხვევა რომანტიკოსების მიერ ბუნების კულტთან არაა წმინდა ლიტერატურული ფუნქციით გაპირობებული, იგი ორგანული მოვლენაა ქართველი პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. ჩვენს შეხედულებას ნათელყოფს თუნდაც ერთი პარალელი: ¨ღამეში¨  პოეტი გახარებულია, რომ მთვარით გაშუქებულ არეში მან მოახერხა შორეული და საყვარელი არსების ხილვა და მასთან სულიერი გაერთიანება. ასეთი ბედნიერი ზმანების წუთებში იგი უკმაყოფილოა ცისკრის ჟამის მოახლოებით და აცხადებს: დღისა დავჰსწყევლე ნათელი, რომ ურთიერთ გაგვყარნაო. ნოვალისის ცნობილ ¨ღამისადმი¨ ჰიმნებში¨ აგრეთვე უკუგდებულია ¨დღის უტიფარი ნათება¨, რომელიც მკაფიოდ აჩენს საგნებს და ხელს უშლის პოეტის გარდაცვლილი სატრფოს ( სოფიო კიუნის) ზმანებისეური ხილვით დატკბეს მთვარიან ღამით. ამრიგად, ნოვალისის ლირიკაში ღამის ხოტბას თანმიმდევრული და პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
გრ. ორბელიანთან კი იგი მოკლებულია ასეთ განზოგადებულ და მისტიკურ შინაარსს, მეტიც–იგი კერძო ხასიათის ბიოგრაფიულ მომენტად უნდა მივიჩნიოთ. ქართველი რომანტიკოსი, პირიქით, სწორედ სინათლეს, ცისკრის სხივთებით განათებულ სამყაროს უძღვნის თავის საუკეთესო სტრიქონებს:
„სიბნელეს აქრობ ნათელით, სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას!“
(¨ სადღეგრძელო¨ )
ესაა თქმული პოეტის ცხოვრების მწუხრის ჟამს. მაგრამ გრ. ორბელიანი ჭაბუკობიდანვე ეტრფოდა დღის ნათელს:
„ვითა ღამეში გზასა მავალი
ჰგრძნობს იდუმალად სიამოვნესა,
ოდეს ვარსკვლავი დილის წინ მსრბოლი
მთრთოლვარებს ზეცას ლაჟვარდოვანსა
და მოასწავებს დღესა ნათელსა...“ (1832).
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ 1833 წლამდე გრ. ორბელიანს პესიმისტური ლექსებიც უწერია. მაგრამ აღნიშნულ ხანებში სევდის ტონი არაა ძირითადი გრ. ორბელიანის ლირიკისათვის, ამიტომ პესიმისტური მოტივების შემცველ მის ნაწერებს ვეხებით პოეტის შემოქმედების მეორე პერიოდის განხილვისას, როცა პოეტისსევდიანმა განწყობილებამ უფრო ღრმად იჩინა თავი.
* * *
მოკლედ უნდა შევეხოთ გრ. ორბელიანს, როგორც პროზაიკოსსა და მთარგმნელს მისი შემოქმედების პირველ პერიოდში. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობა აქვს ¨მგზავრობას¨ (1831) პოეტის ეროვნული და პოლიტიკური იდეალების გაცნობის თვალსაზრისით 1832 წლის შეთქმულების ხანაში. ¨მგზავრობის¨ ერთი ნაწილი ლიტერატურულად დამუშავებული ნაწარმოებია, იგი ავტორს დაუწერია სამგზავრო შენიშვნების საფუძველზე და სტილისტურად დაუხვეწია (¨მგზავრობა¨ პოეტის 1831-1832 წლების დღიურის შემავალი და პირველი ნაწილია).
¨ მგზავრობა¨ , როგორც დღიურის ლიტერატურულად დამუშავებული ნაწილი, 30- იანი წლების ქართული დოკუმენტალური პროზის საუკეთესო ნიმუშია. დღიურების უწერია პოეტს პოლონეთსა და ბალტიისპირა ქვეყნებში მოგზაურობისას. როგორც ვთქვით, ამ რკალიდან ლიტერატურული ღირებულება აქვს მხოლოდ ¨ მგზავრობას¨ , დღიურის დანარჩენი ნაწილი კი მხოლოდ მწერლის ბიოგრაფიის მასალად გამოდგება.
საყურადღებოა გრ. ორბელიანის მიერ 1824- 1832 წლებში დაწერილი სამი პატარა მოცულობის პროზაული ესკიზი ¨ანტონისადმი¨ ( 1824), ¨ ზამთრისა ქარი გრიალებს¨ ( 1829) და ¨ნ. ე. მ.¨ (1832): სამივე ზემოთ იყო დასახელებული. ისინი ფსიქოლოგიური მინიატურების ნიმუშებია, სტილისტურად დამუშავებული და ქართული რომანტიკული პროზის საწყისებად შეიძლება ჩაითვალონ.
ნაკლები მნიშვნელობა აქვს გრ ორბელიანის ჩანაწერებს ¨ ცნობა ლეკების შესახებ¨ (1830 ) და ¨ჰაზრნი მსწავლულთა ჩვენის პლანეტისა შექმნისათვის,ანუ მიწისა¨. არც ერთი ამათგანი საკუთრივ პროზას არ განეკუთვნება. ინტერესს არაა მოკლებული მხოლოდ პროზაული ესკიზი, ¨ ანბავი რიგის ღოშპიტალში ნათქვამი¨ (1835), რომელშიაც მოთხრობილია თავგადასავალი ობლად დარჩენილი გოგონასი, რომელმაც მრავალი დამცირება, ფიზიკური დასჯა და ტყვეობა გამოიარა და ბოლოს გზად შეხვედრილმა ¨ კურთხეულმან იმპერატრიცამ¨ იხსნა. ავტორი, ჰუმანურად მსჯელობს და თავისი პერსონაჟის ბედში ხედავს ¨ყოვლად უზენაესი მსაჯულის სიმართლესა და მის მარჯვენასა უბიწოების მფარველსა¨ .
გრ. ორბელიანის კონსპექტი ¨ საქართველო ჩემის დროისა¨ მხატვრული პროზის ჟანრს არ განეკუთვნება, თუმცა მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ავტორის მსოფლმხედველობის შესწავლის თვალსაზრისით. ამ კონსპექტის იდეურად ყველაზე საინტერესო ადგილი ზემოთ იყო მოყვანილი.
ნაყოფიერი იყო გრ. ორბელიანი, როგორც მთარგმნელი 1824 – 1832 წლებში. მისთვის  განსაკუთრებით ახლობელი ყოფილა ჟუკოვსკისა და პუშკინის პოეზია. გრ. ორბელიანს პუშკინის ორი ლექსი აქვს ქართულად გადმოღებული. ესენია ¨ლხინი¨ (მიბაძვა პუშკინისა) (1830) და ¨მიბაძვა პუშკინისა¨ ( 1847). პირველი მართლაც თავისუფალი მიბაძვაა პუშკინის რვატაეპიანი ლექსისა Веселый пир ( 1819) და ქართული აქსესუარითაა გადატვირთული ( ჯამი, აზარფეშა, ყანწი და სხვ.), იგი ორგანულად შედის გრ. ორბელიანის იმ ლექსებში, რომლებიც ანაკრეონტულ მოტივებს შეიცავენ. მეორე ¨ მიბაძვა¨ კი წარმოადგენს პუშკინის ცნობილი ლექსის ¨ Дар напрасный, дар случайный, გავრცობილი სახით გადმოღებას.
გრ. ორბელიანი შერჩევით თარგმნიდა რუს ავტორებს, ხოლო თარგმნის პროცესში, ორიგინალის ქართულად გადმოღებისას, ცდილობდა მიეღო არა დედნის მექანიკური ასლი, არამედ საკუთარი სულიერი ვითარებისათვის შესაფერი ნაწარმოები. ამიტომ უწოდებდა იგი მათ¨ მიბაძვებს¨ . ორიგინალთან ასეთი დამოკიდებულების ძალზე თვალსაჩინო და იდეურად გამართლებულ მაგალითს წარმოადგენს ¨ მიბაძვა¨ კონდ. რილეევის ლექისა ¨ ნალივაიკოს აღსარება¨ ( 1831), რაზედაც ჩვენ თავის ადგილას ვრცლად გვქონდა საუბარი. აკი მიბაძვის ორბელიანისეულმა მეთოდმა აქცია ეს ნაწარმოები ქართველ შეთქმულთა საპროგრამო მხატვრულ ქმნილებად, პოლიტიკური აგიტაციის მძლავრ იარაღად.
გრ. ორბელიანი პირველი სერიოზული ქართველი მთარგმნელია კრილოვის არაკებისა. 1832 წელს მან თარგმნა სამი ნაწარმოები შესანიშნავი რუსი დიდაქტიკოსისა ¨ვირი და ბულბული¨ , ¨სოფლელნი და მდინარე¨ და ¨ ნადირთა ჭირი¨ . სამივე თარგმანის ქვეშ აღნიშნულია ¨ კრილოვიდამ¨ , მაშასადამე, აქ მიბაძვას ადგილი არა აქვს.
გრ. ორბელიანის ეს თარგმანი თავისი დროისათვის სანიმუშოდაა შესრულებული. კერძოდ, ¨ვირი და ბულბული¨  ქართული თაგმნით ლიტერატურის ერთ-ერთი მიღწევაა. გრ. ორბელიანის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ოთხი პროზაული თარგმანი: ¨ ალლეღორია¨ ( 1824), ¨ სამნი მეგობარნი¨ ჰერდერისა (1832), შვეიცარიელი მწერლის, ცშოკეს, მოთხრობა ¨მაცთუნებელი¨  (1832) და ¨საღამოს ჩაიზედ¨ . პირველში მოთხრობილია აღმოსავლური ამბავი სულთნის ვეზირის და მისი ერთგული მეუღლის ფათმასი,  რომელიც ბილწი ზრახვებით მასთან მისულ სულთანს შეარცხვენს და უკანვე გააბრუნებს. მეორე ეტიუდიც დიდაქტიკურ ალეგორიული ხასიათის პატარა ნაწარმოებია, რომლის ბოლოს დამოძღვრის ხასიათი აქვს.
¨ მაცთუნებელში¨ მოთხრობილია თავგადასავალი ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა, რომელთაც სიზმრად და ცხადად სდევნის ვიღაც დემონური არსება. მოთხრობა ძალზედ ბუნდოვანია, მასში სინამდვილე და ფანტასტიკა ჰოფმანის სტილითაა ერთმანეთთან შეზავებული. გრ. ორბელიანს გულდასმით უსწორებია იგი, მაგრამ მისი საბოლოო სტილისტიკური დახვეწა ვერ მოუსწრია. ოთხივე თარგმანი რუსულიდანაა შესრულებული.
* * *
¨ შეთქმულების¨ დამარცხებამ, ჭაბუკობის დროინდელი პოლიტიკური იდეალების კრახმა,  პირადად განცდილმა უბედურებამ (ყაზარმაში პატიმრობამ) უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა გრ. ორბელიანზე. აქედან იწყება ახალი ხანა, ანუ მეორე პერიოდი გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებაში. თუ რაოდენ მწვავე იყო ამ პერიოდის დასაწყისი, ამაზე თვითონ გრ. ორბელიანი მოგვითხრობს ლექსში ¨ ჩემს დას ეფემიას¨ ( 1835), რომელიც იშვიათი ფსიქოლოგიური დოკუმენტია პოეტის იმდროინდელი სულიერი ვითარების გასაცნობად:
 „აწ სად წარვიდნენ ნეტარების წამნი ძვირფასნი,
რომე აჩრდილიც არა დაჰშთა ჩემდა ნუგეშად,
რომ გლახ ჩემს გულსა მოსეულნი ჭმუნვათა დასნი
ესრედა ჰგლეჯენ უღონო მსხვერპლს შეუბრალებლად?
უცებ გრიგალმა უბედობის დამქროლა ესრედ,
რომ ცა, მომფენი ჩემდა ნათლის ჰფარა ღრუბელთ ქვეშ;
სიტკბოს ფიალა წარიტაცეს მის წყეულთა ფრთეთ,
და დამცა უფსკრულს ვაებისა უმწედ, უნუგეშ“.
ლექსში შესანიშნავადაა გადმოცემული პოეტის განცდები ყაზარმაში პატიმრობისას. ციხიდან გამოსვლისა (როცა მას ¨ ვაების ბჭე გაუღეს¨ ) და მძიმე სულიერი განცდების შემდეგ პოეტი თითქოს სამუდამოდ ეთხოვება სიჭაბუკეს, სიხარულისა და მომავლის იმედს. თითოეული ტაეპი მისი პოეტური აღსარებისა დიდი გულწრფელობითა და ღრმა ემოციითაა გამსჭვალული.  „ჩემს დას ეფემიას¨ შეუდარებელი მხატვრული ძალით გამოხატავს იმ გარდატეხის დასაწყისს, როცა გრ. ორბელიანის მთელი არსება სულის სიღრმემდე შესძრა ¨ უბედობის გრიგალის ქროლვამ¨ .
პესიმისტური განწყობილების მოტივი სულ უცხო არ ყოფილა გრ. ორბელიანისათვის მისი ცხოვრებისა და პოეზიის პირველ პერიოდშიც. მაგ., სიბერესა, სულიერ სიცივესა და დროის ულმობელობაზე ლაპარაკობს პოეტი თავის პატარა ეტიუდშიაც ¨ზამთრისა ქარი გრიალებს¨ (1829), მაგრამ ამ თემას გრ. ორბელიანისათვის მაშინ მხოლოდ ზოგადფილოსოფიური და თეორიული მნიშვნელობა ჰქონდა, ჭაბუკი პოეტი მხოლოდ წარმოიდგენდა სიცოცხლის დასარულს, ¨ ვარდებრივთა ღაწვთა ადრიან დამჭკნარად¨ , ¨ ბაგეთა ზედა გამქრალ ღიმილს¨ და ¨თვალთა, სულის სარკეთა, შთაცვივნულს¨ . ეტიუდის ეს ადგილი შერეულად გვაგონებს ანალოგიურ ტირადას პეტრარკას განთქმული დიალოგიდან ¨ქვეყნიერებისადმი ზიზღის შესახებ¨ .
გრ. ორბელიანის პირველი პერიოდის ლირიკაში სხვა ნიმუშებიც მოიპოვება, რომლებშიაც პესიმისტური აზრებია გამოთქმული. მაგ., ჟუკოვსკის თარგმანს ამოფარებული პოეტი ამბობს:
„ჰოი! სოფელო! რად ხარ ესრეთ მდიდარ ოცნებით?
შენსა მომდევსა ეჩვენები ტურფად, ცთუნებით,
შენში კეთილსა საცხოვრებლად აქვს წამი ოდენ!
ჭმუნვა არს უფრო – სიამენი მალიად ფრინვენ“.
(¨ ჟუკოვსკისადმი¨ , 1830)
უიმედობითა და მელანქოლიითაა შეფერილი ზოგიერთი სხვა ლექსიც ამ პერიოდისა. მაგ., ¨ გაზაფხული¨ ( 1832) პოეტი ურწმუნო სოფლის მუხთლობაზე მსჯელობს, ხოლო ¨ მირზაჯანას ეპიტაფიაში¨  ( 1832) ცოცხალ ნაცნობს ათქმევინებს:
„მუხთალს ამ სოფელს გსურს ვისაცა იყო ბედნიერ,
სიყვარულითა და ღვინითა ჩემებრ დაითვერ,
თორემ გონებით გინდ ცა განვლო, ჩემებრ იქმნა მტვერ“.
მიუხედავად ყველა ამ მაგალითებისა, შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ თავისი ცხოვრების პირველ პერიოდში გრ.ორბელიანი ღრმად შეეძრწუნებინოს სიბერესა და სიკვდილზე თუ ამ სოფლის წარმავლობაზე ფიქრს. მისი ¨ მსოფლიო სევდა¨ ჯერ კიდევ არ იყო ღრმა და ორგანული პოეტისათვის. ამიტომაც არც ერთ მის ლექსში სოფლის ამაოებაზე მსჯელობა არ გადადის რეზინიაციაში,იგი ბედისადმი მორჩილებას ოდნავადაც არ გულისხმობს. პირიქით – ამ ხანაში გრ. ორბელიანი ამბოხებისაკენ მომწოდებელი და მებრძოლი პოეტია (¨ ნალივაიკოს აღსარება¨ , ¨მისი სახელი კიცხვითა¨ და სხვ.), ამასთან- სიჭაბუკის დღეებისა და გაზაფხულის მეხოტბე.
მეორე პერიოდში გრ. ორბელიანის სევდას და პესიმიზმს უაღრესად კონკრეტული, ბიოგრაფიული და იმავე დროს საზოგადოებრივი სარჩული აქვს: პოეტის იდეალები დამსხვრეულია, იგი იძულებულია გამოეთხოვოს სამშობლოს თავისუფლების აღდგენის ილუზიას. პოეტი ცდილობს წარსულის შთაბეჭდილებები არ აშფოთებდნენ, დავიწყებას მისცეს ყველაფერი, რაც მის სანუკვარ ოცნებას შეადგენდა:
„ჰეი! გონებავ, დაივიწყე ჩემს სანუგეშოდ,
რაც იყო – იყო, ნუ იგონებ დღესა წარსულსა:
მის მოგონებით მხოლოდ გულსა მიკლავ უწყალოდ,
და ფუჭ სიცოცხლეს მაწყევლინებ გამწარებულსა“.
სრულიად ლოგიკურია, თუ სწორედ ამ პერიოდში გრ. ორბელიანი წერს შესანიშნავ ლექსს ¨ ჩემი ეპიტაფია¨ , რომელშიაც სიკვდილის თემა დამუშავებულია იშვიათი ემოციური ძალით და არა დრამატულ პათოსს მოკლებული სტილიზაციით, რაც მის ადრინდელ პესიმისტურ გამონათქვამებს ახასიათებდა. ამ ლექსში წარმავლობის გრძნობა ძალზე ხაზგასმულია:
„ყველა იცვალოს, ყველა მოკვდეს, დამიწდეს,
და მხოლოდ წრფელი სული, წმინდა, ცხოველი,
მღვთადა აღვივდეს ნაწილაკი მღვთაებრი“.
სწორედ ამ ხანებში, თავისი ცხოვრების მეორე პერიოდში, აქვს თარგმნილი პოეტს ლექსი Дар напрасный, რომელსაც ¨ პუშკინის მიბაძვა¨ ეწოდება, უეჭველია, გრ. ორბელიანის სულიერ განწყობილებას გამოხატავს ტაეპები:
„სიცოცხლე ფუჭო,
უბრალოვ ნიჭო,
რად მოუციხარ ჩემთვის ზენასა“
და ა. შ.
ჯერ კიდევ ყაზარმაში პატიმრობისას ( 1833) წერს გრ. ორბელიანი ლექსს ¨მუხამბაზი¨ (¨არავისთვის მე დღეს არ მცალიან¨), რომლის პერსონაჟს პოეტი ათქმევინებს 1832 წლის შეთქმულებაზე:
¨ ბედმან დაამხო რაყიფნი კაცნი¨ .
თვითონ გრ. ორბელიანი ამ ¨ ბედისაგან დამხობილ რაყიფ-კაცებს¨ ეკუთვნოდა სულიერად და იდეურად, ამიტომ ¨ წარსული სიზმრად, ხოლო აწმყო – არად¨ მიაჩნდა. ეს საზოგადოებრივი და ფსიქოლოგიური ნიადაგი კვებავდა გრ. ორბელიანის სევდასა და პესიმიზმს, რამაც უკიდურესი სახე პოეტის ცხოვრების ბოლო წლებში მიიღო.
მაგრამ გრ. ორბელიანი ძლიერი ნების ადამიანი იყო, დაჯილდოებული ცხოვრების დიდი ენერგიით, პარქტიკული მოღვაწეობისადმი მიდრეკილებით, აქტიური სულით, სინამდვილის მძაფრი შეგრძნებითა და დაკვირვების უნარით. მან გადააფასა თავისი ადრინდელი მისწრაფებანი, უსარგებლოდ და სახიფათოდ სცნო ცარიზმის წინააღმდეგ გაბრძოლება, დაადგა შეგუებისა და კომპრომისის გზას, ოფიციალურად აღიარა კიდეც მეფისადმი სამსახურის საჭიროება. მეორე პერიოდი გრ. ორბელიანის ცხოვრებისა, როგორც მკითხველიც დაინახავდა ზემოთ მისი ბიოგრაფიის გაცნობისას, ბრწყინვალე სამხედრო კარიერის ხანაა.
თავისი ხმლით გრ. ორბელიანმა ბევრი სარგებლობა მოუტანა მონარქიულ რუსეთს სწორედ ამ პერიოდში. ისიც მაღლა და ტრიუმფალურად მიიწევდა სამხედრო იერარქიის კიბეზე. ერთ–ერთ ბარათში შეთქმულებთან კავშირს პოეტი თავისი ¨ გამოუცდელობით¨  ხსნის, რაც იმას მოწმობს, რომ გრ.ორბელიანს თავისი ნამდვილი ბიოგრაფიის მიჩქმალვაც კი სწადია ამ ხანაში. მაგრამ რასაც ფარავდა პოეტის ოფიციალური მდგომარეობა და ბრწყინვალე საომარ გამარჯვებათა მაუწყებელი რელაციები, მის მხატვრულ შემოქმედებაში მჟღავნდებოდა აწმყოზე ჩივილით, ¨რაყიფი კაცების¨  მოგონებით, ღრმა შინაგანი სევდით. ოფიცერ გრ. ორბელიანის გარეგანი ცხოვრების პარალელურად, როგორც სრული კონტრასტი, მიმდინარეობდა პოეტ გრ. ორბელიანის შინაგანი ცხოვრება. მაგრამ ქართველი რომანტიკოსის ეს შინაგანი პატრიოტული სამყარო ნაკლებადაა გამომჟღავნებული მეორე პერიოდის მხატვრულ ქმნილებებში. ისიც საგულისხმოა, რომ გრ. ორბელიანის სამხედრო მოღვაწეობის ყველაზე მდიდარი სვებედნიერი ხანა (ავარიის მმართველობის პერიოდიდან (1843წ.) მოყოლებული კავკასიური ომის დასასრულამდე (1859წ.) იმავე დროს ყველაზე უფრო ღარიბია ლიტერატურული პროდუქციის მხრივ: გრ. ორბელიანს ამ წლებში მარტოოდენ ორი ორიგინალური ლექსი ¨ ჰეი, გონებავ¨ (1843წ.) და ¨მოგონება¨ ( 1851წ.) და ერთი ¨ მიბაძვა პუშკინისა¨ ( 1847) აქვს დაწერილი.
ამ ლექსის ძირითადი მოტივებია, პესიმიზმთან ერთად, ყარაჩოხელური ლხინი, მსუბუქი ტრფობა ( ანაკრეონტიზმი) და სიყვარულის გამოტირილი. მეორე პერიოდში წარმოდგენილი პესიმიზმის ამსახველი ლექსების შესახებ ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ. რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას დანარჩენის შესახებაც ამ პერიოდის გრ. ორბელიანის ლირიკაში.
გრ. ორბელიანის პირველი პერიოდის ¨ მუხამბაზსა¨ და ¨ იარალისში¨ ასახული ლხინის შესახებ ჩვენ ვთქვით, რომ ამ მოტივის დამუშავებისას გრ. ორბელიანი აგრძელებს ბესიკის, საიათნოვასა და ალ. ჭავჭავაძის ხაზს. მეორე პერიოდის -¨მუხამბაზი¨ ( ¨არავისთვის მე დღეს არა მცალიან...¨),¨ სავათნავას მიბაძვა¨ , ¨ სალომეს ბეჟანა მკერვალის მაგიერ¨ , ¨ მუხამბაზი¨ (¨სულით ერთნო¨ ...), 1860 – 1861 წ წ. დაწერილი ¨ დიმიტრი ონიკაშვილის დარდები¨ და ¨მუხამბაზი¨ (¨ გინდ მეძინოს¨ ) – აღრმავებენ აღნიშნულ თემას. შეიძლება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გაუგებრად გვეჩვენოს პოეტის მიერ ყარაჩოხელური ნადიმისა და ფიზიკური ტრფობის ასეთი ხოტბა იმ დროს, როცა თვითონ ყაზარმის მძიმე დღეებს განიცდიდა და შემდეგ დიდხანს სამშობლოდან იყო გადასახლებული ( პირველი სამი ლექსი ავლაბრის ყაზარმაშია დაწერილი, ხოლო მეოთხე ქ. ვილნოში), მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ პოეტის ამ ლექსებში ჩვენ საქმე გვაქვს მოგონების არაჩვეულებრივ ინტენსივობასთან და არა რომელიმე უშუალო მომენტის ფიქსაციასთან-გასაგები ხდება მათი წარმოშობის მოტივიც: პოეტი სევდისა და მარტოობის ჟამს აცოცხლებს ნაცნობი თბილისელი მოქალაქეების კოლორიტულ სახეებს, მათი ფსიქოლოგიისა და ყოფის სურათებს,- არსებითად იგი ერთობა!
გრ. ორბელიანი დაახლოებული იყო მშობლიური ქალაქის დემოკრატიულ ფენებთან, ზედმიწევნით იცნობდა და ჭეშმარიტი ჰუმანურობითაც ეპყრობოდა მათ. სიჭაბუკის ხანაში პოეტს ხშირად უქეიფია ყარაჩოხელებთან, ზოგ მათგანს ( მაგ., ლოპიანას) ლხინის მოყვარული თავადის ¨ ადიუტანტსაც¨ ეძახდნენ ( მას, თურმე დილით ცოცხალი მიჰქონდა ხოლმე პოეტთან). გრ. ორბელიანს არასოდეს არ გაუწყვეტია კავშირი ქალაქის იმ დემოკრატიული ფენების წარმომადგენლებთან, ოღონდ გარკვეული დისტანციის დაცვით, რაც ბუნებრივად იბადებოდა ხოლმე ყაფლანიანთა ბრწყინვალე წარმომადგენელსა და ყარაჩოხელთა შორის. სწორედ ამ დისტანციის წყალობით შეძლო გრ. ორბელიანმა მათი ხასიათების რეალისტური დახატვა. მუხამბაზები გრ. ორბელიანს თავისი პერსონაჟების მონოლოგებად ან სიმღერებად აქვს მოფიქრებული: პოეტი ახშობს, ანეიტრალებს თავის ხმას, თვითონ ყარაჩოხელებს ამეტყველებს. ცნობილია, რომ რომანტიკულ ლირიკასა და ეპოსში ნაკლებ იგრძნობა მანძილი ავტორსა და გმირს შორის. მართალია, გრ. ორბელიანის მუხამბაზებშიაც ზოგჯერ ყარაჩოხელის ნიღაბქვეშ თვითონ ავტორი მჭმუნვარებს, იგი ლხინსა და ღვინოში ეძებს თავდავიწყებას ან რომელიმე სევდიან მოტივს მღერის, მაგრამ მისი ხმა ძალიან იშვიათად ისმის ამ ჟანრის ნაწარმოებებში. გრ. ორბელიანის მუხამბაზები რეალისტური ხასიათის ქმნილებებია, მიუხედავად მათი ძალზე ტრადიციული ფორმისა. მუხამბაზებში აისახა თბილისის მოქალაქეთა გარკვეული წრის პრიმიტიული ფსიქოლოგია, თავისებური ყოფის დეტალები, მეტყველების მანერა და სტილი, ენობრივი სისადავე და ჟარგონი,- ყველა ძირითადი ატრიბუტი ყარაჩოხელთა ყოფისა და სულიერი ცხოვრებისა. ამიტომ არასოდეს არ უნდა ავურიოთ პოეტის ხმა, მისი არქაიზებული პათოსი და აზროვნების მუდამ სერიოზული ხასიათი (დამახასიათებელი ¨ სადღეგრძელოსა¨ , ¨გამოსალმებისა¨ , ¨ თამარ მეფის სახისა¨ , ¨ ჩემს დას ეფემიას¨ და სხვა ამ რიგის ლექსთა ავტორისათვის) რომელიმე ლოპიანასთვის დამახასიათებელი თბილისური სიტყვის მოქცევასა და ინტონაციაში. ¨ სადღეგრძელოს¨  ავტორის პოეტიკის თვალსაზრისით, მისი მუხამბაზები სტილიზებული ნიმუშებია – ამ ფორმის თემები და მხატვრული ფაქტურა გრ. ორბელიანს მზამზარეულად აქვს მიღებული (თუმცა შემდეგ დახვეწილი და უფრო დაწმენდილი).
გრ. ორბელიანს გულწრფელ ჰუმანიზმთან ერთად არ აკლდა ერთგვარი ირონიაც თავისი ლექსების პერსონაჟების მიმართ, იგი მათ დაჰყურებდა ზემოდან, იმ დარდიმანდული  ქედმაღლობით, რომელიც ხელს არ უშლიდა პოეტს იმავე დროს დემოკრატი და მათთან ტრაპეზის გამზიარებელი დარჩენილიყო. გრ. ორბელიანის ცხოვრებაში უკანასკნელად განმეორდა ფეოდალურ სასახლეებში ტრადიციულად დამკვიდრებული ჩვეულება არისტოკრატიისა და მომღერალ-მეთარეთა თანამეინახობისა. თუ ოდესღაც გრ. ორბელიანის სისხლიერი წინაპარი, საქართველოს უდიდესი მეფე ერეკლე II საიათნოვას მუხამბაზებს ისმენდა თავის სასახლეში, მისი გვიანი ნაშიერი თვითონ მიდიოდა ქალაქელ მომღერლებთან.
გრ. ორბელიანს საყვედურობდნენ, თითქოს მან ბაზრის კილო შემოიტანა ქართულ პოეზიაში. ეს საყვედური დაუმსახურებელია. გრ. ორბელიანმა მოახდინა მხოლოდ მუხამბაზის ხელახალი კანონიზაცია ( ალ. ჭავჭავაძესთან ერთად) და ისიც გარკვეული მიზნით. გრ. ორბელიანის ამ ჟანრის ნაწარმოებებმა დაიმსახურა დიდი მოწონება ილია ჭავჭავაძისა, რომელმაც ზოგი მათგანი ზეპირად იცოდა და მათ საჯაროდაც კითხულობდა ხოლმე.
გრ. ორბელიანი თავის ლირიკულ გმირებს ხატავს როგორც ლაღი ბუნების ადამიანებს, ნადიმისა და ღვინის მოყვარულ მოქალაქეებს, ამავე დროს თვითეული მათგანი აღჭურვილია ხასიათისა და გარეგნობის ინდივიდუალური ნიშნებით; პოეტი იძლევა უაღრესად კოლორიტული სახეების მთელ გალერეას. ექსპანსიური, მოძრავი და ¨ ქალების ლხინი და თაიგულია¨ ბეჟანა მეკრვალი, რომელიც ¨ ვითა პეპელა სხვადასხვა ყვავილს ზედა დაჰფრინავს და ჰსვამს მათგან სუნნელსა¨ და ¨ რადგან რაყიფი დიდ-კაცნი დამხობილან¨ , მას ¨ დარჩენია ბურთი და მოედანი¨ . ამიტომ ის არ აპირებს გარეთუბნის ტურფებთან წასვლას და არისტოკრატიულ სალონში ¨ სალომესთან სადილად¨ მიიჩქარის (¨ არავისთვის დღეს მე არ მცალიან¨ ), მეორე მუხამბაზის მიხედვით, ბეჟანა რომელიც სალომეს ¨ მაკრატლის გვირგვინს¨ უწოდებს, იმავე დროს სხვებისაკენ იცქირება, ქალებისადმი მისი ტრფობა განურჩეველია, ¨ვარდიც უყვარს, იაც უყვარს¨ , თანაც პირველს აფრთხილე ბს: ¨ ნუ გწყინს ვარდო! ყვავილთ მეფევ, რომ ზოგჯერ იასაც ვსუნავ (¨სალომეს ბეჟანა მკერვალის მაგიერ¨); ¨ ლხინის პაპა¨ მირზაჯანა მადათაშვილი, ¨ სახით არაბისტნელი ¨ ,და ¨ ქუდჩაკეცილი¨ , ღვინისადა ეშხისათვის არის დაბადებული, იგი მუდამ ტოლუბაშია და ნადიმი უყვარს მეთარე ალვერდასა და მომღერალ ყოჯაბულბულთან ერთად ( ¨ სულით ერთნო¨ ); დიმიტრი ონიკაშვილი¨ ცეცხლშია ჩავარდნილი ¨და ნაბადგახვეული¨ , ¨ ძაღლსავით ჰგდია ქუჩაში¨ , მაგრამ ¨ ერთის ვისმეს მოაჯირს და ორს ფანჯარას ყარაულობს¨ , სადაც მისი სატრფო უნდა ¨ გამობრწყინდეს მზესავით¨ და ეს სატრფო¨ ლამაზ თვალებით შეხედავს¨ და ¨ სირინოზის ხმას გააგონებს¨ , მაშინ ¨ ეშხისაგან გონება გამოცლილი¨ , რომელსაც არ ესმის ¨ მზე ბრწყინავს თუ თოვლი მოდის¨ , ¨თავს ცამდე აიღებს¨ და ძალმოცემულს¨ შეუძლია ქვეყანას ებრძოლოს¨ ; ამის შემდეგ იგი¨  ყველაზე ჩითმერდინიანია¨ ¨ქევ-ქევ გასწევს ორთაჭალისკენ¨ და იქ დარდიმანდებს შორის სუფრაზე ¨ საკინძეჩამოხსნილი, ხელში ჯამით¨ სატრფოს სადღეგრძელოს შესვამს (¨დიმ. ონ დარდები¨ ) .
ასევე ჟანრული სურათებია დახატული როგორც სატრფოზე შეყვარებული და ერთგული ყმა, რომელსაც ¨ ათი გზა აქვს და ათივე სატრფოსკენ მიდის¨ ; ძილში მას სატრფო სულში უზის, თვალს თუ გაახელს – წამწამზე. იგი ნატრობს ორთაჭალის ბაღში ნახოს საყვარელმა არსებამ, როცა ¨ დარდიმანდის ლხინში¨ ტოლუბაშადაა და ჯამი უპყრია ხელთ, ან როცა მუშტი-კრივშია,- მაშინ შეიძლება შეუყვარდეს იგი სატრფოს და უთხრას ¨ ძვირფასი ხარო¨ .
ყარჩოხელთა ხასიათები გრ. ორბელიანის მუხამბაზებში დახატულია რეალისტურად, მიუხედავად მათი გარკვეული შელამაზებისა. უწინარეს ყოვლისა, რეალისტურია მათი პორტრეტული დახასიათება, მოქმედების გარემო (ორთაჭალის ბაღები, ¨ მტკვრის პირას ჩარხთან¨ და ასე შემდეგ), ძალზე მარტივი ფსიქოლოგია, სიყვარული კრივისა და ლხინისადმი; ოღონდ პოეტის ჰუმანიზმს უნდა მიეწეროს ზოგი მათგანის აღჭურვა ხასიათის ზედმეტი კეთილშობილებითა და მოკრძალებით (¨ გინდ მეძინოს¨ ).მაგრამ თავისი პერსონაჟების ნაწილობრივ შელამაზებასთან ერთად გრ. ორბელიანი ზოგიერთ ყარაჩოხელს ხატავს ზერელე და ფუქსავატ პირად, რომლისთვის ფამილიარობა და ზოგჯერ უზრდელობაც უცხო არაა. მხოლოდ ყარაჩოხელს შეეფერებოდა ქალზე ასეთი მონოლოგი ბეჟანა მკერვალისა:
„ქალზე ვარ ისე ფიქრით მოცული,
ხელში ქობა დამრჩების მოუვლელი,
მებლანდების თვალებში ზოგის წელი,
ზოგის ხვევნა ალერსი ტკბილი“.
არც ¨ არაბისტნელის¨ კომპანიის ნადიმია მთლად დარდიმანდული:
ვითა ბაღი უყვავილოდ, უვარდოდ
„არა მიყვარს ლხინი უეშხ-უსატრფოდ
მოდი, მნათო, სავსე თასი სალხინოდ
ჩაგვირიგე, თუ გინდ ისე, უპროშტოდ“.
(¨ სულით ერთნო¨ )
ერთ-ერთ ლექსში პოეტს გამოხატული აქვს თავისი გმირის ფამილიარული ხასიათი. მაგალითად, ბეჟანა მკერვალი შემდეგნაირად მიმართავს სალომე ჭავჭავაძეს მისი ასულის, სოფიოს დაბადებაზე:
„ეჭვი ვის აქვს მამა ვინც არს!
ჩემს ნაკერსა ვცნობ ფრიად შორს!“
პოეტი თითქოს გვეუბნება – აი,როგორ ხალხს დარჩენია ბურთი და მოედანი ¨ რაყიფ-კაცთა დამხობის¨ შემდეგ!.. გრ. ორბელიანი იცნობდა არა მარტო ბესიკის, საიათნოვას, დიმიტრი და გიორგი თუმანიშვილების მუხამბაზურ პოეზიას, არამედ, საერთოდ აღმოსავლური, სპარსულ- აზერბაიჯანული პოეზიის ბევრი ცნობილი წარმომადგენლის შემოქმედებასაც. მაგ., დაღესტანში, სამხედრო სამსახურში ყოფნისას იგი კითხულობდა  საადის რუსულად თარგმნილ ნაწარმოებებს; თვითონ ათარგმნინა აზერბაიჯანულიდან მე –18 საუკუნის თვალსაჩინო პოეტის ვაგიფის თხზულებანი და ა. შ. [14]
როგორც ჩანს, ამ უკანასკნელთა ქმნილებებს შორის მას უმთავრესად სატრფიალო ლირიკის ნიმუშები მოსწონდა. გრ. ორბელიანს იზიდავდა მუხამბაზი, როგორც ერთ-ერთი ტრადიციული ფორმა ქალის ფიზიკური ხოტბისა და ანაკრეონტული განწყობილებების გადმოცემისა. ამ ჟანრის საუკეთესო ნიმუში ¨ გინდ მეძინოს¨ ყურადღებას იქცევს ძალზე დახვეწილი სახეებით და ფაქიზი გრძნობით გამთბარი შედარებებით. XIX ს. ქართულ პოეზიაში აღნიშნულმა ჟანრმა არც იცის, მაგალითად, ასეთი ემოციურად წმინდა ტაეპები:
„რტო ალვისა შენი წელი მგონია,
მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,
ეგ თვალები – ცაში ელვა მგონია,
ვარდის სუნთქვა – შენი სუნთქვა მგონია“.
მაგრამ გრ. ორბელიანის მუხამბაზების მხატვრული აქსესუარი ძირითადად აღმოსავლურია, თანაც ბევრი სახე და შედარება პოეტისა სახუმარო ხასიათისაა, ისინი პირდაპირ მონოლოგის წარმომთქმელის დასახასიათებლად ანუ ტიპიზაციისათვისაა გამოყენებული.
აღმოსავლური ხასიათისაა, მაგალითად, მუხამბაზებში რამდენჯერმე შექებული ¨ ხალი¨ . ¨სავათნავას მიბაძვაში¨ ნათქვამია: მაგონდების რა მის ღაწვზედა ხალი, სიყვარულის გულს მეგზნება ახ ალი!.. (1833) მუხამბაზი ¨ სულით ერთნო¨ ამ ხალის მნიშვნელობა ჰიპერბოლურადაა გაზრდილი:
„სატრფოს ხალი არს ტახტი სიყვარულის,
ეს ფიალა იყოს სადღეგრძელო ხალის!“
რასაკვირველია, არც ერთი თავისი სერიოზული გატაცების ობიექტს არ შეამკობდა პოეტი ამგვარი შედარებით.გრ.ორბელიანის მუხამბაზებში ნატამალიც არ მოიპოვება იმ ღრმა და სერიოზული სასიყვარული გრძნობისა, რომელიც ასახულია პოეტის საუკეთესო სატრფიალო ლექსებში.მეორე პერიოდში, როცა გრ. ორბელიანის მუხამბაზების პერსონაჟები ძილშიაც თავიანთ სატრფოებს ხედავენ, თვითონ პოეტმა ორჯერ განიცადა ღრმა იმედგაცრუება სიყვარულში: 1835 წელს გრ. ორბელიანის დანიშნული სოფიო ორბელიანი სხვას გაჰყვა, ხოლო 1851 წელს მან სამუდამოდ გამოიტირა თავისი უნუგეშო სიყვარული ნინო ჭავჭავაძისადმი.
1835 წელს რიგაშია დაწერილი ლექსი ¨ სო…ორ…¨ , რომელშიაც,როგორც ჩანს, პოეტი ამაოდ სთხოვდა ერთგულებას თავის სათაყვანებელს. 1835 წლის შემდეგ კი სოფიო ორბელიანის სახელი  ქრება მის სატრფიალო ლირიკაში. მაგრამ გრ. ორბელიანს შემდეგაც ჰქონია გატაცებები. 1840 წელს იგი წერს ლექსს ¨ალბომში ღრაფინია ოპერმანისას¨ , რომელიც მიძღვნილია გორში მდგარ გრენადერთა პოლკის უფროსის მეუღლისადმი. მაგრამ გრ. ორბელიანის დამოკიდებულება ოპერმანის ქალისადმი, როგორც ჩანს, არ გასცილებია მსუბუქი გატაცებისა და მოწონების ფარგლებს. გრ. ორბელიანი თავის ნამდვილ სასიყვარულო გრძნობებს ნინო ჭავჭავაძისადმი ამ პერიოდშიაც გამოთქვამს. სოფიო ორბელიანთან ფსიქოლოგიური გამოთხოვების შემდეგ მას კიდევ აქვს იმედი მეორე და,ჩანს, გაცილებით უფრო ძლიერი სიყვარულის აღორძინებისა.
აღსანიშნავია, რომ ლექსი სოფიო ორბელიანისადმი დაწერილია რიგაში 1835 წლის ნოემბერს, ხოლო ამავე წლის 13 დეკემბერს პოეტი წერს ლექსს ¨ ან…¨ , რომელიც ნინო გრიბოედოვს ეძღვნება. გრ. ორბელიანი მიმართავს მას:
„ან გული რად ვერ გივიწყებს ჩემი სიცოცხლის შვენებას?
რომ უგრძნობლობით ქვა-ქმნილი ვერ სცნობდეს თვისსა ობლობას?
თვით სიშორეცა შემექმნა ეშყის ცეცხლზედ ცეცხლ-დამმართი,
მიკვირს, ესდენ სიყვარულსა ვითარ იპყრობს გული ერთი?
ვჰსცან ტანჯვით არა გამქრალა გულს შენი ტრფობა ნამდვილი,
თვარა აქამდის სიმწარის შემაშრებოდა მე ცრემლი“.
ნინოს უნდა გულისხმობდეს გრ. ორბელიანი თავის შესანიშნავ ლექსშიაც ¨ საღამო გამოსალმებისა¨, რომელიც დაწერილია 1841 წლის მაისში, ვლადიკავკაზში. ამ ლირიკულ პიესაში შეუძლებელია ნაგულისხმევი იყოს სოფიო ორბელიანი, რადგან დიდი ხნის გათხოვილ ქალს იგი სატრფოს ვერ უწოდებდა, ხოლო პოეტის ღრმა ემოციური თრთოლვა, ამ ლექსში გადმოცემული, ოპერმანის მეუღლეს სრულიად არ შეეფერება ( გარდა ამისა, გრ. ორბელიანი 1840 წელს დაწერილ ლექსში ამ უკანასკნელს კავკასიისაგან შორს მყოფად გულისხმობს: ¨ და შორს კავკაზსა, და მეც მუნ მყოფსა, ნუ მოგვიგონებ გულსიგრილითაო¨ - მიმართავს პოეტი მას). ¨ საღამო გამოსალმებისა¨ - მიმართავს პოეტი მას). ¨ საღამო გამოსალმებისა¨ კი აგვიწერს გრ. ორბელიანის გამოთხოვებას საყვარელ არსებასთან, რომლის წინაშე იგი ღრმა გრძნობებით არის ანთებული:
„ეტლი ჰრბის, სატრფო მშორდების… თანა სდევს ჩემი მას სული,
ვმზერ… შორს ძლივსღა ჰსჩანს, აღარ ჰსჩანს … რაღასა ვუმზერ შმაგ-ქმნილი?[15]
სიშორის ნისლმა მიჰფარა თვალთაგან ეტლი მიმსრბოლი,
და გულით ოხვრა სიმწარის აღმოუტევე უნებლი...
მშვიდობით! ვინცა დამატკბე სიცოცხლის ნეტარებითა,
აწ ვისთვის გული მიკვნესის, სული ჰსწუხს განშორებითა,
აწ დავშთი მარტოდ... მშვიდობით! შენს გულს ნუ
ჰშორდეს მშვიდობა!“
ასეთი გულდაკოდილის გრძნობითა და ყოვლის მიმტევებელი ტონით გრ. ორბელიანი მარტო ნინო გრიბოედოვზე წერდა. როგორც ამ ლექსში, ისე სხვა, ¨ ნ.... ს ¨ ინიციალებით ცნობილ მის ლექსში, პოეტის ვნება გასხივოსნებულია სულიერი სიფაქიზითა და მარტოობაშიც სატრფოსადმი მუდმივი ერთგულების შეგნებით.შეიძლება ითქვას, რომ პოტს მხოლოდ ნინოსადმი ჰქონია ღრმა სიყვარული.
1843 წლიდან იწყება გრ. ორბელიანის მრავალწლიანი სამხედრო მოღვაწეობა დაღესტანში. 1843 წლიდან 1860 წლამდე, ე. ი. მთელი 17 წლის მანძილზე, გრ. ორბელიანმა დაწერა მხოლოდ ორი ორიგინალური ლექსი – ¨ჰეი, გონებავ¨ და ¨ მოგონება¨ , რომელსაც უზის თარიღი ¨ წინანდალი, 1851¨ [16]. ეს უკანასკნელი მიძღვნილია ნინოსადმი. ¨ ზეგარდმო მადლი¨ , ანუ ნინოსადმი სიყვარული, პოეტს თავის სულის სიღრმეში ჰქონია ჩატანილი და სათუთად უტარებია იგი კავკასიის ომის მრისხანე წლებში. მაგრამ ხანდაზმული პოეტის ეს გრძნობა მაინც წარსულის მოგონებითაა შებურვილი. ამიტომაც იგი სწორედ მოგონების სახით გადმოიღვარა უკანასკნელად 1851 წელს. წინანდალში ჩასული პოეტი იგონებს თავის ¨ გულ-მხიარულ ჭაბუკობას¨ და ბოლოს მიმართავს ნინოს:
„დრონი წარვიდნენ...თანა წარიღეს
გულისა გრძნობა, ძალი ტრფობისა;
მარამა მე კი მარად მახსოვდეს
იგივე დრონი ნეტარებისა,
აწ არც კი მიცნობ,- გულით იცვალე...
ამ მოგონებამ არ შეგაწუხოს;
შენ განსვენებით მხოლოდ იცოცხლე
და მე, თუ გინა, საფლავმა მფაროს“.
( ¨მოგონება¨ )
ასე გამოიტირა პოეტმა თავისი სიყვარული ნინოსადმი. გრ. ორბელიანს ამის შემდეგ სიყვარულზე აღარ უმღერია.
* * *
ზემოთ მოყვანილი ლექსით იხურება გრ. ორბელიანის შემოქმედების მეორე პერიოდი. მთელი ცხრა წლის გამავლობაში (1860 წლამდე) პოეტს მხატვრული არაფერი დაუწერია. 1858 წლიდან იწყება მისი ცხოვრების მესამე პერიოდი ( 1858-1883). ესაა გრ. ორბელიანის სამოქალაქო მოღვაწეობისა და ხელახალი პოეტური გამოღვიძების ხანაც.
1859 წელს პეტერბურგიდან დაბრუნებული გრ. ორბელიანი ორი თვით ასრულებდა კავკასიის მთავარმართებლის მოვალეობას. რამდენიმე წელს იგი თბილისის გენერალ-გუბერნატორად იყო. ამ დროს ( 1865) მოხდა გადასახადებისაგან შევიწროებული თბილისელი ამქრების აჯანყება (¨ ბუნტი¨ ), რომელიც პოეტმა-მთავარმართებელმა ჩააქრო.
1866 წლის შემდეგ გრ. ორბელიანს აღარ უმსახურია. 1871 წლის 7ივლისს გრ. ორბელიანს გადაუხადეს სამხედრო-ადმინისტრაციული მოღვაწეობის ორმოცდაათი წლისთავი. მის პატივსაცემად გამართულ სადილზე გრ. ორბელიანმა განაცხადა: ¨გამოიღო რამე სარგებლობა ჩემმა სამსახურმა-მეთქი თუ არა? არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ტახტს კეთილსინდისიერად ვემსახურებოდი¨ . ამავე წელს თბილისში ჩამოსულმა იმპერატორმა ალექსანდრე II პირადად მიულოცია გრ. ორბელიანს საიუბილეო თარიღი და გადასცა ანდრია პირველწოდებულის ორდენი – უმაღლესი ჯილდო იმპერიაში. პროგრესულ ქართულ ინტელიგენციას და მის პრესას ამ იუბილეში მონაწილეობა არ მიუღია.
70-იან წლებში გრ. ორბელიანი ჩაება ე. წ.¨ მამათა და შვილთა¨ ბრძოლაში. მწერლობის საკითხებში იგი იცავს არქაისტულ პოეტიკას, რამაც 70-80 იანი წლების მისი ბარათების ენაზედაც კი იქონია გავლენა – ავტორი ართულებს სინტაქსსა და ორთოგრაფიას. (30- 50-იანი წლების ბარათები გაცილებით უფრო მარტივი ენითაა ნაწერი). ამ პერიოდის წერილებში მკითხველის წინაშე წარმოდგება მოგონებებში წარსული ვეტერანი კავკასიის ომისა, აწმყოთი შეშფოთებული არისტოკრატი, გულსევდიანი და მხიარული ერთსა და იმავე დროს.
უაღრესად საგულისხმოა ამ პერიოდში პოეტის აქტიური მოღვაწეობა ქართული ლიტერატურისა და კულტურის სარბიელზე. 70-იან წლებში არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხი, რომელსაც გრ. ორბელიანი არ გამოხმაურებოდა. მას აინტერესებდა საქართველოში პოლიტიკური სკოლის დაარსების საკითხი (1875), მონაწილეობას იღებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში, გულისყურით ადევნებდა ლიტერატურაში ახალი ნაწარმოებების გამოჩენას და ცნობილია, მაგალითად, თუ როგორი აღტაცებით კითხულობდა ყაზბეგის მოთხრობებს.  
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი ღვაწლი ¨ვეფხისტყაოსნის¨  ტექსტის დადგენისა და გამოცემის საქმეში. 1880–1881 წ წ. გრ. ორბელიანი თავმჯდომარეობდა კომისიას, რომელიც რუსთაველის პოემის ხელნაწერებს აჯერებდა ერთმანეთთან. ამ კომისიაში შედიოდნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები: ი. ჭავჭავაძე, რ. ერისთავი, ი. მეუნარგია და სხვ. აღსანიშნავია, რომ გრ. ორბელიანის მოადგილე ამ კომისიაში იყო ¨ შვილთა¨ ბანაკის მეთაური ილია ჭავჭავაძე.
გრ. ორბელიანი გარდაიცვალა 1883 წლის 21 მარტს და იშვიათი პატივით იქნა დაკრძალული ქაშვეთის ეკლესიაში. დასაფლავების დღეს პოეტის ცხედართან, სხვებთან ერთად, სიტყვები წარმოთქვეს ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა. ილიამ თავის სიტყვაში სხვათა შორის თქვა: ¨ ...იგი იყო მპყრობელი ჩვენის ქართული ენისა, იგი იყო მეუფე ჩვენის სიტყვიერების ძალ-ღონისა და სიმდიდრისა. იგი იყო მწერალი და მთქმელი, მაღალი ნიჭით ცხებული¨ .
1869  წელს გრ. ორბელიანი ინტენსიურად მუშაობდა ¨სადღეგრძელოზე¨ . ნაწარმოები გამოქვეყნდა 1817 წელს ჟურნ. ¨კრებულის¨  № 1-ში. პოემის სათაური საბოლოოდ ასე გაფორმდა:
სადღეგრძელო
ანუ
ომის შემდგომ ლხინი ერევნის სიახლოვეს.
მკითხველი საზოგადოება და იმდროინდელი სალიტერატურო პრესა გრ. ორბელიანის ამ ნაწარმოებს აღფრთოვანებით შეხვდა. ¨ სადღეგრძელო¨ არაა სიუჟეტური ნაწარმოები. იგი წარმოადგენს ლხინის მეთაურისა და მხედრებისმიერ წარმოთქმულ სადღეგრძელოებს, რომელთაგან თითოეული გარკვეული თემის ან ამა თუ იმ ისტორიული გმირისადმია მიძღვნილი. პოემა იწყება ომის შემდეგ, ბინდისას, ¨ ცეცხლებით განათებული¨ და დადუმებული მიდამოს აღწერით, სადაც ქართველთა ჯარის ბანაკია დაცული. ¨მთოვარის ნელი შუქით მოფენილ¨ გარემოში ¨ მორიგი სავსე ფიალით¨ ჯარი ეთხოვება ¨ ომში დაცემულთ¨ . შემდეგ სადღეგრძელოს ლხინის მოთავე ამბობს იმ ¨ წინაპართ მოსაგონებლად¨ , რომელთა ¨ დაჰსდვეს სიცოცხლე მამულის ასამაღლებლად¨ , და რომელთა ¨ დიდების მოედანი¨ , ¨მათი სახელი, მათი ხმალი და საქმენი სახელოვანნი¨ კიდევ ცოცხლობენ, თუმცა ¨მათი საფლავნი დროს შეუმუსრავს და აღუგვია¨ თამადა მოუწოდებს ქართველთ ¨ პატივით მიმართონ თვალნი წარსულთა ძველთა საუკუნეთა¨ , რადგან ¨ მათში სახელნი ჰსჩანან ნათელნი გმირთა, მამულის განმადიდეთა¨ .
¨ სადღეგრძელოს¨ საბოლოო რედაქცია აქამდე იმეორებს ¨  ტოლუბაშის¨ პირველ ვარიანტს. შემდეგ იწყება თვითონ ამ ¨ მამულის განმადიდე გმირთა¨ ქება. პირველად დასახელებულია მეფე ფარნაოზი ( და არა მხოლოდ ვახტანგ გორგასალი, როგორც პირველ ვარიანტში). პოეტი აღნიშნავს მის დამსახურებას ქართველი ხალხის წინაშე (¨შენ ჰე, ფარნაოზ, ჰქმენ ერთ-მთავრობა, შენ –მოეც ქართველს წიგნი პირველი¨ ). ამას მისდევს ¨ ქრისტეს ნათელით განათლებული მეფე მირიან¨, რომელიც ¨ჰბრწყინავს გვირგვინით¨ და ¨ჯვარისა ძალით გარემორტყმული შეჰმუსრავს კერპთა მათის ბომონით¨ . შემდეგ მკითხველის წინაშე წარმოსდგება სახე¨ მუზარადს მგელ-ლომ გამოსახული¨ ვახტანგ გორგასალისა, ¨რომლის შეხედვით სპარსელნი თრთოდნენ¨ . შესანიშნავ ტაეპებს უძღვნის პოეტი დავით აღმაშენებელს, რომელიც ¨გაოხრებულ ივერს¨ ¨ზეცის წყალობად მოვლენია¨ , ახასიათებს მის დიდ სახელმწიფოებრივ ღვაწლს ქართველი ხალხის წინაშე, უწოდებს ¨ უძლეველ მხედართ მთავარს¨ , რომელმაც აღადგინა და ¨ ფენიქსებრ განაახლა ივერი¨ , თანაც ¨ შირვან, დერბენდი ხმლით შემოხაზა¨ .
დავით აღმაშენებლის ხოტბას მოსდევს ქება თამარისა,¨ რომლის გვირგვინი უპყრავს დიდებას და სათნოებას¨ და ¨ მუზნიგანადიდებენ მისსა მეფობას¨ , ხოლო მის დროშას მოჰსდევს დიდი ორბელი, შოთა უკვდავი ბრძენი ჭყონდიდი, მხედართ –მთავარი დიდი მხარგრძელი, და გამრეკელი, ლომებრ გულადი.
თამარისადმი მიმართულ სადღეგრძელოში გადმოცემულია ერთი სცენა დიდუბეში ლაშქრის თავმოყრისა საქართველოს ყველა კუთხისა და ტომის წარმომადგენელთა დახასიათებით. აქ არიან: კახი ფარშუბით, თუში ხმლით, აბჯრით დამშვენებული ფშავ-ხევსურნი, მკლავით ძლიერი ქართლელი, ფეხმარდი ოსი, ბრძოლაში შეუპოვარი მთიული, სწავლით ქებული მესხი, ზრდილი იმერი, მშვილდოსანი აფხაზი და მკვირცხლი გურული და მეგრელი.
თამარი მათ ლოცავს ჯვრით და ამხნევებს ლაშქარს. ქართველნი იღებენ კარნუსს (არზრუმს) და სინოპს, გასცდებიან არეზს, თავრიზს, ყაფლანქუს და ¨ღვთის რისხვას დასცემენ ყაზმინს¨...დავითისა და თამარისადმი მიმართული ქება მოწმობს გრ. ორბელიანის დიდ სიყვარულს ძველი საქართველოს გმირული წარსულისადმი, ქართლის ცხოვრების საუკეთესო ფურცლებისადმი. თამარის ხოტბის შემდეგ პოეტი ასახელებს ქეთევან დედოფალს, რომელიც სპარსელებმა აწამეს თავრიზში 1624 წელს შაჰ-აბასის ბრძანებით. თეიმურაზ I –ის ცნობილ ¨ქეთევან დედოფლის წამებასთან¨ ერთად გრ. ორბელიანის პოემის ეს ადგილი მოკლე, მაგრამ საუკეთესო აღწერაა საქართველოს გამოჩენილი დედოფლის¨ ტანჯვისა მამულისათვის¨. ამასთან ერთად ¨ნათელგვირგვინით მოსჩანან კახეთის მხსნელნი გმირები, ელისბარ, შალვა, ბიძინა მტარვლისგან დატანჯულები¨ . ყიზილბაშთა წინააღმდეგ 1659 წლის კახეთის აჯანყების ამ მეთაურთა სახელები XIX საუკუნის ქართულ პოეზიაში გ. ერისთავის შემდეგ (¨ოსური მოთხრობა¨ ) გრ.ორბელიანმა მოიხსენია საქართველოს ეროვნულ გმირთა შორის. პოეტი არ ივიწყებს აგრეთვე მარაბდის გმირებს – ცხრა ძმა ხერხეულიძეთა, მეფეთა ერთგულ ამილახვარს (ზედგინიძეს) და ¨ოთხ ზაალს¨ , რომლებსაც ერეკლესთვის დიდი სამსახური გაუწევიათ. შემდეგ პოეტი ქრონოლოგიურ უკან დახევას მიმართავს, შეაქებს ვახტანგ VI სჯულმდებულს, ¨სწავლის მოყვარესა და გონება ამაღლებულს¨ და დასძენს: უცხოსა ცის ქვეშ მარტოობს მისი საფლავი ობოლი, დაუტირავი ჩვენთაგან, ჩვენთვის კი დამიწებული! პოემის ეს ნაწილი, მოცულობით ყველა დანარჩენ სადღეგრძელოზე ვრცელი , მთავრდება ერეკლე II- ის ხოტბით. გრ. ორბელიანი უსაზღვროდ შეყვარებულია ძველი საქართველოს ამ დიდ გმირზე. იგი მას ¨ივერიის ნუგეშ –დიდებას¨ , ¨თავისის დროის დამშვენებელს¨ და ¨ მამაცთა შორის საკვირველებას¨ უწოდებს.
ერეკლე დახასიათებულია როგორც ¨ მტერთა შემმუსვრელი¨ , რომლის ¨ დღენი... ემსგავსნეს ჩასვენებულსა ბრწყინვით მზეს¨ . პოეტი ფიქრობს, რომ მამული ვეღარ იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს, დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს! ეს ტაეპები გვხვდება ჯერ კიდევ ¨ ტოლუბაშის¨ მეორე ვარიანტი, რომელიც, ჩვენი დაკვირვებით, 40-იან წლებშია დაწერილი ( და არა 1826–1827 წლებში, როგორც აქამდე ფიქრობდნენ). ამ ტაეპებს მიჰყვება ერეკლეს შესანიშნავი ძის, ლევანის, დახასიათება, მოხსენებულია ლეკების დაცემა ყვარელზე, ქართველთა გმირობა, - ქვაბულიშვილების, რატიშვილის, ბოსტას, დავით ბარათაშვილისა და ბებურიშვილის მამაცობანი – და ¨კახეთის თვალის ყვარელის გამოხსნა¨ ლეკებისაგან. შემდეგ შექებულია დავით სარდალი (ორბელიანი ) ¨ და ზაქარია, მიწისა მგელი¨ ( ანდრონიკაშვილი), აგრეთვე ¨გუნდნი და გუნდნი ვაჟკაცთა¨ , ¨ აზატხანის დამმხობნი¨ , ¨ თემურის მებრძოლნი¨ ,¨ასპინძის გმირები¨ და სხვანი, ¨ რომელთ შეჰღებეს მტრის სისხლით მტკვრის ზვირთნი აღელებულნი¨ . ისტორიულ გმირთა ვრცელი სადღეგრძელო-ხოტბა მთავრდება აღა- მაჰმად-ხანის შემოსევისას სამასი არაგველის გმირობისა და თბილისისათვის ბრძოლის სურათის აღწერით, როდესაც ¨ წახდა თბილისი და მასთან დაემხო ძველი ივერი¨ .
ამ ვრცელი სადღეგრძელოს უკანასკნელი სტროფი, რომელსაც მხედრები იმეორებენ, ისტორიული გმირების ღვაწლის ზოგად დახასიათებას შეიცავს:
„გმირნო, მამულის მადიდნო, თქვენა ხართ ჩვენი დიდება!
თქვენთა სახელთა ამაყად წარმოსთქვამს შთამომავლობა!
თქვენთა საქმეთა მოთხრობით მოხუცს ცრემლ-მოედინება,
მხნეობით აღტაცებული ჭაბუკი ხმალსა მიჰსწვდება!“
ამ ტაეპებს მოსდევს სადღეგრძელო ნიკოლოზ I-ისა:
„ხელმწიფევ ჩვენო,
ძლიერო ბრძენო,
ნიკოლოზ დიდო სულგრძელებითა!
მხედარნი შენნი,
ერთგულნი, მხნენი
ვსვამთ შენს სადღეგრძელოს მოწიწებითა“.
შემდეგ ხელმწიფის სადღეგრძელოში გაფანტულია ტაეპები (ზოგან შეცვლილი და ახალი რედაქციით) ლექსისა ¨ გულნი ივერთა¨ . პოეტი შეჰღაღადებს რუსეთის მონარქს ¨ ძველად გამქრალი სწავლის ლამპარი კვალად აღუნთოს¨ ივერიას, დაუბრუნოს მას ¨ თამარის დღენი, დიდების დღენი¨ . როგორც აღნიშნული გვქონდა, პოემის ეს ადგილი- ხელმწიფის სადღეგრძელო - წარმოადგენს გავრცობილ ვარიანტს ლექსისა ¨ გულნი ივერთა¨ .  პოემაში მას ის ადგილი უჭირავს, რაც ალექსანდრე I-ის სადღეგრძელოს ჟუკოვსკის ¨მომღერალში¨ .
თითქოს სრულიად მოულოდნელი იყო ამ პოეტური ღაღადისის შეტანა პოემაში 1870 წელს, როცა ნიკოლოზ I დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. მაგრამ აქ ორი გარემოებაა გასათვალისწინებელი: 1. გრ. ორბელიანს თავიდანვე ჰქონია განზრახული პოემის საბოლოო ვარიანტში ( ნაწარმოების დასრულებისას) მონარქის ქების შეტანა. ავტორს ამას თავიდანვე აიძულებდა კომპოზიციური პარალელიზმი ჟუკოვსკის პოემასთან. 2.
ეს ქება ერთადერთი ადგილი უნდა ყოფილიყო ნაწარმოებისა, რომელიც მიუთითებდა პოემაში ნავარაუდევ ეპოქაზე, კერძოდ, 1827 წელს ერევნის აღებაზე, რაც ნიკოლოზ I-ის ხელმწიფობის პირველ წლებში მოხდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ტაეპი ¨ნიკოლოზ დიდო სულგრძელებითა¨ ბეჭდური სახით პირველად გამოჩნდა გრ. ორბელიანის ლექსების 1844 წლის გამოცემაში (პოეტის გარდაცვალების შემდეგ). ¨კრებულში¨ დაბეჭდილ ტექსტში და 1873 – 1879 წ წ. გამოცემაში იგი არ მოიპოვება: როგორც ჩანს, პოეტი დიდხანს მერყეობდა ადრესატის უშუალო დასახელებისას, ამიტომაც თავის სიცოცხლეში პოეტს იგი არ გამოუქვეყნებია. შემდეგი სადღეგრძელო მიმართულია მამულისადმი, რომელსაც ავტორი გვიხატავს დედამიწის ულამაზეს კუთხედ:
„სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა?
ერი გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა?!“
მამულის სიყვარულით ანთებული პოეტი მოუწოდებს ქართველთ:
„სოფელი იმად არა ღირს, კაცი ნატრობდეს ჟამს გრძელსა,
თუ ფუჭი მისი სიცოცხლე ვერა რას არგებს მამულსა!
მის სადიდებლად ჩვენც შევჰხვდეთ უშიშრად ათასს მახვილსა
და მოვჰკვდეთ, თუ კი სიკვდილით ვადიდებთ მისსა სახელსა!“
ამ პოეტური ტირადის მწვერვალია განთქმული სტროფი:
„მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას:
ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას!
კაცი ის არის, ვინ არის ზეგარდმო მადლით ცხებული;
მის მხოლოდ ღვაწლი არს კეთილ, მით მხარე დამშვენებული!“
მეგობრობის სადღეგრძელო თავდება მოწოდებით:
„ვიყვნეთ ცოცხალი მეგობრად და ვინცა ომში დაეცეს,
ცრემლნი, კურთხევა მეგობართ თან გავაყოლოთ სამარეს“ [17] .
მომდევნო სადღეგრძელო ეძღვნება სიყვარულს. პოემის I და II ვარიანტები უკვე შეიცავენ ამ ადგილს და ჩვენ მას შევეხეთ პოეტის სატრფიალო მოტივების ანალიზის დროს. მაგრამ სიყვარულისადმი მიძღვნილი სადღეგრძელოს საბოლოო რედაქცია უფრო გავრცელებულია, გაღრმავებული და დახვეწილი, რაც აგრეთვე აღნიშნული გვქონდა ზემოთ. პოემა მთავრდება ბუნების გამოღვიძების აღწერით. ქართულ პოეზიაში იშვიათად მოიპოვება განთიადის ისეთი წარმტაცი სურათი, როგორიც გრ. ორბელიანის კალმითაა შესრულებული.
პოეტი მიესალმება ¨ მიძინებული ბუნების¨ გაღვიძებას, დილის შუქს და მიმართავს მას:
„სიბნელეს აქრობ ნათელით, სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას!..“ ამრიგად, პოემა იწყება ბინდის დაცემის აღწერით და მთავრდება განთიადის ზეიმის გამოსახვით.ღამისა და დილის კონტრასტული დაპირისპირების ასეთი, თითქოსდა მუსიკალური, სიმფონიის ლეიტმოტივის მსგავსი, განვითარება გრ. ორბელიანის უსიუჟეტო პოემას ერთგვარ კომპოზიციურ მთლიანობას ანიჭებს.
¨ სადღეგრძელოს¨ ბოლოში აქვს მიძღვნა ალექსანდრე ორბელიანისადმი. ამ მიძღვნაში პოეტი მოაგონებს თავის ადრესატს, რომ მათი ¨ ძმანი და ტოლნი ვაჟკაცნი¨ აღარ არიან ცოცხალთა შორის და ¨ ძველთაგან დავშთით მე და შენო¨ . პოეტის ღრმა მწუხარებას გამოხატავს შემდეგი ელეგიური სტრიქონები:
„ან ეს რაცა ვჰსთქვი, რადა ვჰსთქვი, თუ რაც მინდოდა, ვერა ვჰსთქვი?
და ვერ ვჰსთქვი რაცა, ის წყლულად, გულს დაშთა და მით ვიტანჯი!
მაგრამ, თუ ვინმემ აქ ჰპოვა აზრი ნაცნობი გულისა,
ვივიწყებ, რაც ვსვი სიმწარე ეკლიანს გზაზე სოფლისა!..“
1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი მონაწილისათვის სრულიად გასაგები უნდა ყოფილიყო, რის ¨ თქმაც¨ ეწადა, მაგრამ ვერ თქვა გრ. ორბელიანმა. ალ. ორბელიანს, ალბათ, ჩინებულად ესმოდა აგრეთვე პოეტის მიერ ნართაულად აღნიშნული მის მიერ ¨შესმული სიმწარეც¨ (გრ. ორბელიანი,უეჭველია, თავის ძველ იარებზე მიუთითებს ამ მიძღვნაში!). უკანასკნელი ტაეპი მიძღვნისა ღრმა პესიმიზმითაა გამსჭვალული:
„ვჰმზერ მწუხარებით მომავალს და ვჰსწყევლი ფუჭად წარსულსა!“, თანაც ეს სტრიქონები, მთელ მიძღვნასთან ერთად, იდეურად აუქმებს რუსეთის მონარქისადმი მიმართულ პოეტურ ვედრებას.
¨ სადღეგრძელო¨ შესანიშნავი პოეტური ნაწარმოებია, მაგრამ მას თან ახლავს ზოგიერთი თვალსაჩინო ნაკლიც. ესაა: ალაგ-ალაგ სტილისტურად დაუხვეწავი სტრიქონები, სუსტი რითმები, ზედმეტი მჭერმეტყველებისა და დამრიგებლობის ტონი (რასაც თვით ავტორიც გრძნობს!) და სხვ.
* * *
საქართველოს წარსული დიდების აღდგენის სურვილი, აგრეთვე კაცთმოყვარეობისა და ჰუმანიზმის მაღალი იდეალები, რომლებიც ¨ სადღეგრძელოშია გამოთქმული – ძირითადი მოტივებია გრ. ორბელიანის პოეტური შემოქმედებისა საერთოდ ამ პერიოდში. ამავე ხანებში წერს გრ. ორბელიანი აგრეთვე თავის საუკეთესო პატრიოტულ ლექსს ¨თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში¨ , სოციალური მოტივის შემცველ განთქმულ ¨ მუშა ბოქულაძეს¨ და შესანიშნავ ¨ ფსალმუნს¨ , რომელიც პოეტის ზნეობრივი იდეალების გამომხატველ ნაწარმოებად უნდა მივიჩნიოთ.
¨ თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში¨ წარმოადგენს ლირიკულ მონოლოგს მშობლიური ქვეყნის ბედზედ ღრმად ჩაფიქრებული მოხუცი პოეტისა, რომელიც ბეთანიის განთქმული ფრესკის წინაშე დგას და მოწიწებით შესცქერის თამარის სახეს; ¨ცრემლმორეული ემთხვევა¨ თამარის ¨ ფერხთ¨ და ამბობს:
„მიხარის – გიმზერ
ვჰსწუხვარ და გიმზერ
და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,
არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე,
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!...“
იგი ევედრება თამარს ¨ მოხედოს ბედკრულს¨ მის ¨ სატრფოს მამულს¨ და აკურთხოს ჯვრით, რათა მისი ¨ ივერი აღსდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის¨ წმინდა საყდარით, მდიდარი ენით და ¨ სწავლისა შუქით განათებული¨ . თამარის მიერ ნაკურთხი მომავალი საქართველო პოეტს წარმოუდგენია ¨ ზნე-ამაღლებულ¨ და ¨ სულიერად განახლებულ¨ ქვეყნად, სადაც ¨ გამქრალია ბნელი უმეცრებისა¨ და სადაც კვლავ ¨ ისმის სიტყვა ქართული რუსთაველისა¨ . მაგრამ გრ. ორბელიანისათვის დახშული იყო საქართველოს ასეთი მომავლის რწმენა. იგი კითხულობს:
„ვაჰ თუ რაც წახდეს
ვეღარა აღსდგეს
ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით!
და რაც დაეცა,
ის წარიტაცა
შავმან ყორანმან, ვით უმწე მსხვერპლი!“
ლექსს აქვს ტიპიური რომანტიკული დასასრული:
„ჰე, ცრუ სოფელო,
დაუნდობელო,
შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?
დიდება ჩვენი
ცად სხივ–მიმფენი,
ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?
დაყრუებულსა,
გზა შეუვალსა,
უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს,
სად სახე მეფის
დიდის თამარის
ჰსჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!...“
გრ. ორბელიანის შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი თემა – საქართველოს მძიმე და დუხჭირი აწმყოს საკითხი და ოცნება ¨ძლიერი ივერიის¨ წარსული დიდების აღდგენისა მის უკანასკნელ პატრიოტულ შედევრში სასოწარკვეთილების შეგნებითაა გაშუქებული, სასომიხდილი პოეტი თამარის აჩრდილს შესთხოვს თავის სამშობლოზე კურთხევის გარდმოვლენას, მაგრამ ეჭვით აღვსილს ივერიის ხელახალი აღორძინება არ სჯერა.
მიუხედავად გრ. ორბელიანის პატრიოტიზმის წოდებრივი ფესვებისა და ისტორიულ ასპექტში სრულიად გასაგები შეზღუდულობისა და ცალმხრიობისა, მისმა პატრიოტულმა ქმნილებებმა, უწინარეს ყოვლისა ¨ სადღეგრძელომ ¨ , ¨იარალიმ¨ და ¨თამარის სახემ¨ დიდი როლი ითამაშეს  ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების განმტკიცების მხრივ XIX საუკუნეში. ამავე დროს ზემოთ დასახელებულ ნაწარმოებთა მხატვრული ღირსებები დიდი და მრავალფეროვანია.
* * *
გრ. ორბელიანის შემოქმედების მესამე პერიოდში მკაფიოდაა აგრეთვე კაცთმოყვარეობის, ჰუმანიზმისა და ამასთან დაკავშირებით სოცილური უთანასწორობის იდეებიც. ¨სადღეგრძელოს¨ საბოლოო  რედაქციაში (1870) გამოთქმული აზრები ნიჭისა და ღირსებისადმი პატივისცემის შესახებ (წოდებრივი განსხვავებისაგან დამოუკიდებლად), ადამიანის სიცოცხლის მიზნად ¨ კეთილი საქმისა¨ და ¨ დაცემულის აღდგენის¨ აღიარება შემდგომ გაღრმავებას პოულობს ლექსებში ¨ მუშა ბოქულაძე¨ და ¨ფსალმუნი¨. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი ლექსები ¨მუშა ბოქულაძე¨ . ეს ერთადერთი ლირიკული ქმნილებაა პოეტისა, რომელიც სოციალურ მოტივს შეიცავს. ლექსი წარმოადგენს მონოლოგს მუშისას, რომელიც თვითონვე აგვიწერს და ახასიათებს თავის სულიერ, ფიზიკურ და ნივთიერ მდგომარეობას. ესაა აღსარება შრომისაგან წელში გაწყვეტილი, უილაჯო და ღონემიხდილი ადამიანისა, რომელიც სოციალური ანტაგონიზმის მსხვერპლი გამხდარა. ლექსი იწყება მუშის გარეგნობის აღწერით, მკითხველი ხედავს ¨ ოფლით გასვრილსა და მტვრიანს¨, ¨კისერჩაჟანგებულს¨ ,  ¨ბედით დაჩაგრულ¨ და ¨ სიყრმიდანვე სიღარიბით დევნილ¨  პროლეტარს, რომელსაც ¨ სიცოცხლე ტანჯვად გადაქცევია ლუკმა პურის შოვნით¨ . მას განუცდია ¨ ძმის ღალატი, მოყვასთაგან დაჩაგვრა¨ , ¨ იუდასაგან ამბორი¨ და ¨ საყვარლისაგან წყეული სიყვარული¨ . მუშას ¨ ბედად დაშთენია¨  ¨ტანჯვით შრომა, ოფლით ძებნა ლუკმისა¨ , მან იცის, რომ
„სიღარიბე მეტად ძნელი ყოფილა
მე ვმუშაობ... სხვანი კი იმღერიან!“
მუშას ¨ესმის ბაღით ჭიანურის, ლხინის ხმა¨ და ¨ სავათნავას გულდამწველი სიტყვები¨ , მაგრამ ხმის აყოლება ვერ გაუბედია, ¨რცხვენია¨ ! ¨ მე მათი რა ტოლი ვარო!¨ და თვალში ¨ ცრემლ-მორეული¨ თავისთვის კვნესის, თავის ხვედრს სწყევლის:
„წყეულ იყროს, ვინცა მუშა აკურთხა,
მოკლებული ყოველგვარის შვებისა,
კაცთა შორის კაცად არ მიჩნეული!..“
მაგრამ გრ. ორბელიანის მუშა ადამიანურ ღირსებებს მოკლებული როდია: მას ¨ აქვს კეთილის გრძნობა¨ , იგი, მაგალითად, ¨ გონებამიზიდული¨ ყურს უგდებს ხოლმე ¨ მღვდლის ლაპარაკს¨ და თუმცა მისი სიტყვები ¨ ზოგჯერ არ ესმის¨ , მაინც ¨უხარიან მათი სმენა¨ ; მუშის სიტყვით ¨ სიღარიბე კაცის გულს ახდენს¨ და ¨ სულის სხივსა და გონებას აბნელებს¨ . მონოლოგი მთავრდება ¨ განცხრომის ძისადმი¨ მიმართვით:
„ჰე, ძმავ, წადი, შენ შენს გზაზე სიმღერით,
მე ჩემს ბარგსა როგორმე იქ მოვიხსნი,
სად მე და შენ ვიქნებით თანასწორნი“.
ამრიგად, გრ. ორბელიანის მუშის რწმენით, სოციალური უთანასწორობა, ღარიბისა და მდიდრის გათიშულობა მუდმივი და ფატალურად გარდუვალი მოვლენაა; ეს რწმენა გამორიცხავს მასში აქტიურ სულს, ბრძოლის სურვილს, არსებული სინამდვილის შეცვლის იმედს. გრ. ორბელიანის მუშა სოციალურ ფენებს შორის დისტანციისა და ზღვარის წაშლას მხოლოდ ¨ საუკუნოს განსასვენებელს ალაგს¨ , ე. ი. საიქიოში, მოელის.
¨ მუშა ბოქულაძე¨ ერთსა და იმავე დროს ასახავს როგორც თვითონ ავტორის ძალზედ განყენებულ, ზოგად ჰუმანურ თვალსაზრისს დაჩაგრული ფენის წარმომადგენლის სულიერ ვითარებაზე, ისე კონკრეტულ ისტორიულ სინამდვილეს, 80-იანი  წლების ქართველი პროლეტარი ბოგანოს შეგნებასაც. მუშა ბოქულაძე, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს საკუთარ არსებაში ზოგადკაცობრიულ თვისებებს, აგრეთვე რელიგიურ განწყობილებას (¨ სულს მიმაგრებს ძალი ნუგეშცემისა, ზეციურის მადლით განათებული¨ ), ბოროტისა და კეთილის ბრძოლას თავის თავში და ა. შ. ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულიად მართებულად ხედავს ამ ¨ ბოროტებისა¨ და ¨ სულიერი სიბნელის¨ სათავეს საზოგადოებაში ორი მოპირდაპირე ბანაკის – ღარიბებისა და მდიდრების-არსებობაში, საერთოდ-სოციალური დისჰარმონიის ფაქტში: ¨ თვით მეც, მუშა, ჩემის ღონით, ოფლით, შენთვისა ვარ დაბადებით მსახურადო¨ , - მიმართავს იგი¨ განცხრომის ძეს¨ .
ნაწილობრივ რეალური ისტორიული საფუძველი მოეპოვება მუშა ბოქულაძის პასიმიზმსაც, მის უმოქმედობასა და სოციალური პერსპექტივის უქონლობას, რამდენადაც 80-იანი  წლების ქართული პროლეტარი ჯერ კიდევ არ იყო რევოლუციური შეგნებით და მომავალში სოციალური უთანასწორობის მოსპობის რწმენით გამსჭვალული. ამიტომ მის ჩივილს შეუძლია მიიღოს ტიპიური სოციალური პრტესტის ფორმა ამ დროისათვის და გრ. ორბელიანსაც არ შეეძლო ბქუნებაში არსებული მოვლენის აღნიშვნა. ასეთი რამ, როგორც ცნობილია, არც ¨ მუშა ბოქულაძის¨ წინამორბედი ლექსის ავტორის ი. ჭავჭავაძეს აღუნიშნავს, თუმცა ¨ შრომის ახსნის¨ იდეას იგი ჯერ კიდევ 60 – იანი წლების გარიჟრაჟზე ქადაგებდა.მიუხედავად ამისა, გრ. ორბელიანი უეჭველად აჭარბებს, რადგანაც მისი მუშა ბოქულაძე დაჯილდოებულია არატიპიური ნიშნებითაც, უწინარეს ყოვლისა-რელიგიური გრძნობით შეფერილი ბრმა მორჩილებით ბედისადმი, სრული სასოწარკვეთილებით, ფაქიზი თვითანალიზით. ყოველივე ეს იმდროინდელი ქართველი პრლეტარისათვის დამახასიათებელი არაა. მუშა ბოქულაძე არ გამოთქვამს მკაცრ სამდურავს განცხრომის ძეთა მიმართ, რომელთაც ემსახურება.
¨ მუშა ბოქულაძე ღირშესანიშნავი ნაწარმოებია გრ. ორბელიანის ლირიკაში. პოეტმა დაინახა საზოგადოების შინაგანი გათიშულობა და გულწრფელად უთანაგრძნო სოციალური  უსამართლობის მსხვერპლთ მუშა ბოქულაძის სახით. გრ. ორბელიანის ლექსი აგრეთვე შესანიშნავია თავისი მხატვრული ღირსებებით: ¨ მუშა ბოქულაძე¨ ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია ქართული თეთრი (ურითმო ) ლექსისა, თუმცა თეთრი ლექსის სხვა ნიმუშებიც მოეპოვება მას (¨ ჩემი ეპიტაფია¨ ,¨ ფსალმუნი¨ , ¨ დავბერდი¨ და სხვ.).
* * *    
1864 წელს გრ. ორბელიანმა ¨ ლერმონტოვიდან¨ თარგმნა გოეთეს გენიალური ლექსი ¨ მგზავრის ღამეული სიმღერა¨ (Wanderers    Nachtlied, 1799), რომელსაც ლერმონტოვისეული თარგმანის მიხედვით Горные вершины ქართულში სათაურად აქვს ¨ მთანი მაღალნი¨ . რუსულ თარგმანსა და გერმანულ ორიგინალთან შედარებით გრ. ორბელიანი პირველი სერიოზული მთარგმნელია მსოფლიო კლასიკოსის ამ შესანიშნავი ქმნილებისა.
სიმშვიდისა და განცხრომისადმი მოწოდება, რომელიც გრ.ორბელიანის ამ თარგმანში ისმის, თვითონ პოეტისათვის მიუღწეველ ოცნებად დარჩა. იგი ღრმად იყო შეშფოთებული ძველი ივერიის დიდების აღდგენის შეუძლებლობით და თავისი წოდების ისტორიული ხვედრით. გრ. ორბელიანის ლირიკული კრებული იხურება პოეტის გარდაცვალების წელს დაწერილი ორტაეპიანი ლექსით, რომელიც მთელი მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ტრაგიკულ ფინალად ჟღერს:
„დავბერდი, ბედს ვერ მოვესწარ, დაემხო ჩემი სამშობლო,
გულს მიკლავს უიმედობა, საფლავს ჩავდივარ სიმწარით“.
გრ. ორბელიანის ეს თვითგამოტირილი იმავე დროს მთელი ქართული რომანტიკული პოეზიის უკანასკნელი მნიშვნელოვანი პოეტური სიტყვაა, აღსავსე არა მარტო ბიოგრაფიული, არამედ ღრმა საზოგადოებრივი და ისტორიული შინაარსით.
* * *
გრ. ორბელიანის შემოქმედების განხილვა სრული არ იქნებოდა, თუ ჩვენ არ შევეხებოდით მის ადგილს ე.  წ. ¨ მამათა და შვილთა ¨  ბრძოლაში, აგრეთვე პოეტის შეხედულებებს ენისა და სტილისსაკითხებზე.
როგორც ცნობილია, მამათა და შვილთა ლიტერატურულ-იდეური ბრძოლა დაიწყო 60–იან წლებში, როდესაც ჟურნ. ¨ცისკარში¨ დაიბეჭდა თერგდალეულთა ბელადის ილია ჭავჭავაძის კრიტიკული სტატია¨ ორიოდე სიტყვა თ. რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვიდგან ¨ შეშლილის¨ თარგმანზედა¨ (¨ ცისკარი¨ , 1861, № 4 ). ძველ და ახალ თაობათა პირველი ბრძოლა, რომელშიც გრ. ორბელიანს მონაწილეობა არ მიუღია (უეჭველია-სამსახურებრივი მოუცლელობის გამო) მიმდინარეობდა¨ ცისკრის¨  ფურცლებზე 1861-1863 წლებში. თავდაპირველად ეს ბრძოლა უმთავრესად ლიტერატურის საზოგადოებრივი დანიშნულების, აგრეთვე ენისა და სტილის საკითხებს მოიცავდა; ახალი თაობა მოითხოვდა მწერლობის ხალხთან დაახლოებას, ძველი ენობრივი ნორმების, კერძოდ, ორთოგრაფიული და გრამატიკული არქაიზმის უკუგდებას, ისინი ილაშქრებდნენ ანტონ კათალიკოსის ავტორიტეტის წინააღმდეგ, უარყოფდნენ მაღალ სტილს და ა. შ.
ყოველივე ეს ¨ მამების¨ უკმაყოფილებას და გულისწყრომას იწვევდა. ხელმეორედ პოლემიკა ახალი სიმწვავით დაიწყო 1871 წელს. შეტაკების საბაბი გახდა ისევ ი. ჭავჭავაძის გამოსვლა, კერძოდ, მისი ცნობილი ¨ გამოცანები¨ (1871  წ. დეკემბერი), რომლებიც ხელნაწერების სახით გავრცელდა საზოგადოებაში და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ¨მამებს¨ შორის. ¨გამოცანებში¨ იგულისხმებოდნენ ქართველი თავადაზნაურების წარჩინებული წარმომადგენლები – მარშალი რევაზ ანდრონიკაშვილი, გიორგი და ივანე მუხრანბატონები, იასე ჭავაჭავაძე, ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, გრ. ორბელიანი და სხვ. ამ პირთ არ შეუსრულებიათ ახალი თაობის (¨თერგდალეულთა¨ ) ზეგავლენით სპეციალურად მოწვეული თავადაზნაურობის ყრილობის მიერ გამოტანილი დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა 1871 წელს საქართველოში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-სათვის ადრესის მირთმევას თბილისში უნივერსიტეტის გახსნის შესახებ.
მეფისნაცვლისა და თავადაზნაურთა რეაქციული ჯგუფის ზეგავლენით ანდრონიკაშვილს შეუცვლია ადრესის პროექტი და უნივერსიტეტის ნაცვლად უთხოვია თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნა[18]. ილიას მერვე გამოცემა ეხებობა გრ. ორბელიანს. ეს ეპიგრამა, დანარჩენი გამოცანებისაგან განსხვავებით, პოეტისადმი განსაკუთრებული პატივისცემით იყო გამსჭვალული. მიუხედავად ამისა, ¨ გამოცანებმა¨ გრ. ორბელიანის აღშფოთება გამოიწვია. 1872
წელს მან დაწერა ¨გამოცანების პასუხი¨ , რომელიც ამჟამად¨ ¨პასუხი შვილთას ¨ პირველი ვარინტის სახითაა ცნობილი. იგი ახალი თაობისადმი მიმართული ძალზე დამამცირებელი ეპითეტებით იწყება:
„კოღო –ბუზებო,
ლიბერალებო,
ჭკუით გლახებო, პატრიოტებო,
გზა დაკარგულნო,
წყალ-წაღებულნო.
კატის კნუტებო, სიდგანა კნავით?“ და სხვ.
გრ. ორბელიანმა თავისი პასუხი დაბეჭდა ჟურნ.:  ¨ცისკარში¨ 1874 წელს სათაურით ¨ პასუხი უღირსთა შვილებთა¨ . ესაა მეორე, საბოლოო ვარიანტი ¨პასუხი შვილთასი¨ . მკვახე ტონი აქ შერბილებულია, ამოღებულია ძალზე დამამცირებელი ეპითეტებიც, რომლებიც პირველ ვარიანტში გვხვდება ( ¨კოღო – ბუზებო¨ , ¨კატის კნუტებო¨ , „ვირი წავიდა, ვირი მოვიდა¨ და მისთ.), სამაგიეროდ იგი უფრო გავრცობილია და იდეური თვალსაზრისით საინტერესო მასალას შეიცავს.
ცნობილია ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის საპასუხო ლექსები გრ. ორბელიანის ¨პასუხზე¨ ( ილიას ¨პასუხის პასუხი¨, აკაკის ¨ხარაბუზა ღენერალს¨ ,“ კოღო-ბუზების პასუხი¨ , „პატრიოტის აღსარება¨ , ს. მესხის წერილი ¨ჩვენი მამები და შვილები¨ და სხვ)[19].
ამგვარად, გრ. ორბელიანი ძველი და ახალი თაობის ბრძოლაში აქტიურად მხოლოდ 70-იან წლებში ჩაება. გრ. ორბელიანის ¨პასუხის¨ ორივე ვარიანტის მიხედვით შეიძლება ნათლად წარმოვიდგინოთ პოეტის შეხედულებანი ახალი თაობის (¨ შვილების¨ ) შესახებ. ყველა მათ გრ. ორბელიანი უწოდებს ¨ცრუ ლიბერალებსა და პატრიოტებს¨, რომელნიც ¨გაბოროტებით სწყევლიან მამებს¨. ამათი ( მამების) დრო კი, პოეტის შეხედულებით, იყო ¨ დრო მამაცობისა¨ . იგი მოაგონებს შვილებს, რომ:
„მამანი თქვენნი,
თავის დროს ძენი,
თავის დროს იყვნენ სახელოვანნი!
ოსმალ- სპარსები,
დაღისტნის მთები
ქებით გეტყვიან დიდთა მათ საქმეთ“.
მამებს ¨ სისხლით დაუცავთ მამული თვისი¨ , ¨ენა, საყდარი სარწმუნოება¨ შემდეგ ¨დრო შეცვლილა¨ , სწავლა გამეფებულა¨ და ¨შვილებისათვის გაღებულა სახლი სიბრძნისა¨ , მაგრამ მათ არ გაუმართლებიათ მამების იმედი: ¨ სწავლად მისულნი წამხდარან ზნეობით¨ და სამშობლოში დაბრუნებულთ პედაგოგიურ სარბიელზე მოღვაწეობის დროს ¨უსასოება და ურწმუნოება უმანკოთ გულში ღრმად ჩაუნერგიათ¨ . ¨და დაიწყევლა თქვენი აქ მოსვლა და თქვენი სიბრძნის ნაყოფი შხამიო¨ , - ამბობს პოეტი, განსაკუთრებით აღშფოთებულია გრ. ორბელიანი შვილთა ერთი ნაწილის, ¨ჟურნალისტი მწერლების¨ მიერ მშობლიური ენის დაკნინების გამო: ¨მათ უსწავლელთა, ცრუ რუსთაველთა სულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი, ენა მაღალი! მის ძალი, მადლი უწყალოდ წახდა უწმინდურთ ხელშიო¨ - აცხადებს იგი და დასძენს: ¨ერის ცხოვრება, მისი დიდება, მის ისტორია დაცულ არს ენით; რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდას¨ . ისტორიული ასპექტის გარეშეც ამ სიტყვებს დღესაც არ დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა.
შემდეგ გრ.ორბელიანი მოითხოვს შვილებისაგან: ¨აჰა, დიდების და სახელ–ქების ასპარეზია თქვენთვის დაცლილი¨ და ¨ხმალის ტრიალით, ძლევის ყიჟინით¨ რომელიმე ¨ იმ თქვენმა გმირმა¨ ¨ხელს ბაირაღით ძირს დასცეს ყარსი¨ . პოეტს ეეჭვება ახალი თაობის ¨მაღალი ფრაზები¨ ¨ საზოგადოების სულით აღდგენაზე¨ . ¨ერთობისა, ძმობისა და მამულისათვის თავის განწირვის¨ შესახებ; ¨ სიტყვა–სიტყვაა, საქმე კი –სხვაა¨ , - გნმარტავს იგი. და ბოლოს ახალი თაობის ¨ სიცოცხლეს ფუჭად მიმავალს¨ უწოდებს, აბრალებს მათ ¨ უქმობას, არარაობასა და უმეცრების ამაყობას¨ .
ახალი თაობის საუკეთესო ნაწილის მისამართით არც ერთ ამ ბრალდებას არ გააჩნია საფუძველი. ¨ შვილების¨ განსაკუთრებული ღვაწლი ქართველი ხალხისა და მისი კულტურის წინაშე ბოლოს თვითონ გრ. ორბელიანმაც შეიგნო: ცნობილია მამათა და შვილთა ორი ბანაკის მეთაურების, თვითონ გრ. ორბელიანისა და ილია ჭავჭავაძის საუკეთესო პირადული და საზოგადოებრივი ურთიერთობანი 80–იან წლებში, როცა თაობათა ბრძოლა დაცხრა და იგი ისტორიის კუთვნილება შეიქმნა.
* * *
გრ. ორბელიანი, საერთოდ, მწვავედ განიცდიდა ქართული ენის დაცემას. ცნობილია მრავალი მისი ბარათი ამ საკითხზე მიწერილი სხვადასხვა პირისადმი. დამახასიათებელია პოეტის შემდეგი სიტყვები: ¨ ვისაც არ უყვარს თავის სამშობლო ენა, მას, უეჭველია, არ უყვარს თავის მშობელნიცა, თავის წინაპარნიცა, თავის მამულიცა; ენა არის შემნახველი მამა-პაპის ყოფა-ცხოვრებისა, მათი სარწმუნოებისა, ჩვეულებისა, ესე იგი თვით ისტორია¨ (წერილი სალომე მიურატისადმი 1877  წ. 12 აგვისტოს თარიღით[20] ). ენის დაცემის ერთ-ერთ მიზეზად იგი სთვლიდა ¨ ჟურნალისტი მწერლების¨ ( ახალი თაობის გარკვეული ნაწილის) მხრივ ქართულის ნორმების უცოდინარობას. გრ. ორბელიანის კალამს ეკუთვნის სპეციალური კრიტიკული წერილი ¨ მგზავრობა სვანეთისაკენ, გ.წ.¨ , რომელიც მან ¨ძველი სემინარისტის¨  ფსევდონიმით დაბეჭდა ჟურნ. ¨ცისკარში¨ 1874 წელს ( № 9-10), აგრეთვე სატირული ლექსი ¨დროების ათი წლის იუბილე¨ , მიმართული ს. მესხისა და მისი გაზეთის წინააღმდეგ (1876). ეს ორი პოლემიკური ხასიათის წერილი შუქს ფენს გრ. ორბელიანის შეხედულებებს გრამატიკისა და სტილის საკითხებზე, აგრეთვე მის დამოკიდებულებას თერგდალეულთა მოღვაწეობისადმი 70-იან წლებში.
კრიტიკული ¨ განხილვა¨ ეხება ცნობილი თერგდალეულის გ.წერეთლის მოთხრობას ¨ მგზავრის წერილები, ანუ კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა¨ .წერილის ავტორი აფრთხილებს მკითხველს: ¨ მე არ შევეხები ავტორის იდეასა, არცა მისსა მიმართუასა. მე ვეძებ ქართულს მოთხრობასში მხოლოდ ქართულის ენის სიწმინდესა. მსგავსად სხუათა ენათა ქართულსაცა აქვს თავისი თვისება, თავისნი კანონები მართლწერისა და უბნობისა, ესე იგი თვისი ღრამატიკა, რომელიცა ასწავლის ყოველსა ამას თეორეტიკულად და რომლისა ზედმიწევნით ცოდნა საჭირო არის მწერალთათვის¨ . ¨მწერალმან უნდა იცოდეს ენა, რომელზედაც სწერს, ან ტეორეტიკულად, და ანუ პრაქტიკულად¨. გრ. ორბელიანი დამსახურებად უთვლის ¨ ეხლანდელ მწერალთ¨ , რომ ¨იგინი გულმხურვალედ¨ შეუდგნენ ¨აღდგენას ჩუენისა დავრდომილისა ენისა, მაგრამ ზოგიერთის წერასში მოჰსჩანს მრავალი შეცდომილება¨ , იმის გამო, რომ ¨ მათ არ ჰქონიათ შემთხვევა ღრმად შესწავლებისათვის ქართულისა ენისა¨ და ¨არა არიან ჩვეულნიცა საღმრთოს წერილისა, რომელიცა არის, მართლად, გამოულეველი საუნჯე ჩვენის ენისაო¨ . შემდეგ პოეტი თავს იმართლებს ქალების წინაშე (¨ რომელნიცა ყოველსა დროსა ყოფილან და ახლაცა არიან უკეთესნი ენის დამფასებელნი¨ ) გრამატიკის საკითხებზე რომ უხდება საუბარი და დასძენს: ¨ რა ვჰქმნა, არც მე მაქვს ამასში ბრალი. ეს გახლავსთ ერთი ნამცეცა ნაწილი პლატონის ღრამატიკისაო¨  (იგულისხმება პლატონ იოსელიანი, ავტორი ¨ქართული ენის ღრამატიკისა¨ ).როგორც პოეტის განცხადებიდან ჩანს, იგი თავისი გრამატიკული ხასიათის შენიშვნებში პლატონ იოსელიანის ნორმებს ემყარება. პლატონ იოსელიანი კი გრამატიკული არქაიზმის დამცველი იყო. გრ. ორბელიანის კრიტიკულ ¨განხილვაში¨  მოიპოვება მთელი რიგი ადგილები, რომლებიც თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებენ პლატონ იოსელიანის შეხედულებებს ქართული ენისა და, საერთოდ, სალიტერატურო მეტყველების ნორმებისა და სტილის შესახებ. გრ. ორბელიანი ამ წერილში იცავს:
1) ძველ ორთოგრაფიას. იგი წერს: ¨იშვიადსა ენასა აქვს ისეთი სრული ანაბანა, როგორიცა ქართულსა ...მაშასადამე, ამ ასოების უარის-ყოფა, გადაგდება უეჭველად სავნებელი არის ენისათვის...¨ ¨ანტონ კათალიკოსმა, დიდად მცოდნემ ქართულისა ენისა, არა თუ დააკლო, არამედ მიუმატა ასო Φ¨ .
2) მორფოლოგიაში, მაგალითად, თავგამოდებით იცავს იმ აზრს, რომ ¨ ყოველი შემოქმედებითი ზმნა საზღურებით სქესში პირველი პირი უნდა დაიწეროს ისე, რომ მეორე ასო ზმნისა იყოს ჰ, რადგან ხმის ამოსვლაშიაც სწორედ ასე გვესმის, მაგალ. ვჰსწერ, ვჰგალობ, ვჰკლავ და სხუანი, ხოლო მეორესა და მესამე პირში დაიწერება ასოთი ჰ, მაგალ. ჰსწერ, ჰსწერს, ჰგრძნობს, ჰკლავს და სხუანი¨ .ასეთივეა დაახლოებით ავტორის შეხედულებანი ქართული სინტაქსის საკითხზე.
3) ქართული სალიტერატურო ენის ნიმუშად გრ. ორბელიანს, უწინარეს ყოვლისა, მიაჩნია ¨სირიის და ბერძნულის ენით გადმოღებული ქართულად საღმრთო წერილი ესრეთის მშუენიერ სიტყუაობითა და ძლიერებითა¨.  იგი მომხრეა ძველთაგან შემუშავებული არქაული ნორმები უცვლელად დარჩეს.
4) ენაში პროგრესისა და ახალი სტილის მიმართ გრ. ორბელიანი კონსერვატორი რჩება. იგი წერს: ¨ახალი სტილი ვერასოდეს ვერ  შესცვლის ენის ბუნებითსა თვისებასა...ენის თვისება მყოფობს მარადის შეურყეველად. ენა არ არის მოგონებული ერთისა ვისგანმე, რომ მეორესა შეეძლოს ძირიანად შეცულა მისი¨.
5) ენის დემოკრატიზაცია, რომელსაც თერგდალეულები მოითხოვდნენ, გრ. ორბელიანის ასეთს კორექტივს იწვევს: ¨ ხშირად ამბობენ აწინდელი მწერალნი: ¨ ხალხის ენაზედ ვსწეროთ¨ . მაშ რა ენაზე უნდა დასწერონ ? მაგრამ ეს კი უნდა ახსოვდეთ: ხალხის ენა არის მხოლოდ მასალა შემუშავებული. ვიდრე დახელოვნებული მწერალი მასალას მას არ გადაარჩევს კარგსა უვარგისისაგან, არ გაჰსწმენდს, ან გაამშუენიერებს და დიდებულებითა არ აღიყუანს სალიტერატუროს სამფლობელოში... ტალახი დარჩება ისევ ტალახად¨ .
ყველა ამ პრინციპების უგულებელყოფასა და ¨ენის წახდენას¨  ხედავს პოეტი გ. წერეთლის პროზასა და, საერთოდ, ¨ახალი მწერლების¨ მეტი ნაწილის მოღვაწეობაში.¨კიკოლიკის¨ ენობრივი და სტილისტური შეცდომების აღნუსხვის შემდეგ გრ. ორბელიანი მიმართავს ახალ თაობას: ¨ ყოვლის მხრით ღაღადებდა ყვედრებისა ქართულის ენის წახდენისათვის უნდა გესმოდესთო¨ . მისი შეხედულებით, ქართულ ენას, რომელიც ¨ესრეთ ლამაზად და დიდებულებით ჰბრწყინავს ჩვენს საღმრთოს წერილში¨ , უფრთხილდებოდნენ და ინახავდნენ შეურყევლად ¨ ბერები მონასტრებში, ეკლესიებში მღუდლები¨ და ¨ ჩუენი ქალები¨ , ახლა კი რედაქციებში ირყვნება იგიო. პოეტი განსაკუთრებით თავს ესხმოდა გაზეთ ¨დროებასა¨ და მის რედაქტორ ს. მესხს. პოეტის სატირული ლექსი ¨ დროების ათი წლის იუბილე¨ (1876) ასე იწყება:
„ვერ ისწავლა მესხიმ წერა
ვერა!.. ვერა!..“
ამ ლექსში იგივე საყვედურებია გამოთქმული, რასაც ავტორი გ. წერეთლის მოთხრობის ¨განხილვაში¨ გამოთქვამდა ენის ¨წაბილწვისა¨ და ¨გაბაზრების¨ შესახე. ამგვარი შეხედულებისათვის გრ. ორბელიანს არ უღალატნია. იგი ბოლომდე დარჩა აგრეთვე ძველი სალიტერატურო ენის ნორმების დამცველი...[21]
გრ. ორბელიანი ზოგჯერ ენის დემოკრატიზაციის დამცველის როლშიაც კი გამოჰყავთ. ამის საბუთად მიუთითებენ პოეტის ზოგიერთ გამონათქვამებზე, რომელნიც არ ეთანხმებიან პოეტის თეორიულ დებულებებს, მაგრამ ერთია თეორია და მეორე – მისი პრაქტიკული რეალიზაცია. ჯერ კიდევ ი. მეუნარგია აღნიშნავდა – თვითონ პოეტი არ მისდევდა თავის თეორიას თავის ნაწერებშიო.
თუმცა არც ეს შეხედულებაა მთლად საფუძვლიანი: გრ. ორბელიანი მხოლოდ ზიგიერთი ჟანრის ნაწარმოებებში არ იცავს გარკვეული კანონებით გაპირობებულ თავის სტილს. ასეთია, მაგალითად, Ι და ΙΙ პერიოდის (1832 – 1858) კერძო ბარათები, რომელთა გამოქვეყნება მას არ უფიქრია. ეს ბარათები ყოფის დოკუმენტებია, რუსიციზმებით აჭრელებული, ჩვეულებრივი სასაუბრო მეტყველების ნიმუშები. სამაგიეროდ ამ პერიოდში გრ. ორბელიანს თავისი სტილისა და ენის შესაბამისად აქვს დამუშავებული ¨ დღიურის¨ ერთი ნაწილი (¨მგზავრობა ჩემი...¨), პროზაული ესკიზები და თარგმანების ნაწილი (ნიმუშები ზემოთ გვაქვს მოყვანილი). საკმარისია მათი თუნდაც ზერელე გაცნობა, რომ დავრწმუნდეთ – რაოდენ დიდი უფსკრულია გრ. ორბელიანის შეგნებულ ლიტერატურულ მეტყველებასა და შემთხვევით დაწერილ კერძო ბარათებს შორის. გრ. ორბელიანის ¨სადღეგრძელო¨ და მისი ლირიკული ლექსები ¨ ჩემს დას ეფემიას¨ , ¨იარალის¨ , ¨თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში¨ - ამაღლებული, კეთილშობილი პათეტიკისა და არქაისტული მეტყველების ნიმუშებია. გრ. ორბელიანის ენა და სტილი ამ შედევრებშია გამოხატული. რაც შეეხება პოეტის ¨ მუხამბაზებს¨ , მათი ენობრივი სისადავე თვითონ ჟანრის მზამზარეული ფაქტურიდან მომდინარეობს: ესაა ინტონაცია და სასაუბრო მეტყველება ქალაქური ფოლკლორისა, გამოყენებული პოეტის მიერ დაბალი ფენების მოქალაქეთა ტიპიზაციისათვის.
ყოველივე ზემოთ თქმული იმას როდი ნიშნავს, თითქოს გრ. ორბელიანისათვის სრულიად უცხო იყო კომპრომისები ახალი სალიტერატურო ენის ფორმირების წინაშე. თვით პლატონ იოსელიანიც მიესალმა გ. ერისთავის მიერ ¨ ახალი ენის დაბადებას¨ , მაგრამ ეს გარემოება არ მოწმობს ცნობილი არქაისტის მიერ საკუთარი პოზიციების დათმობას. გრ. ორბელინსაც გამოუთქვამს თავისი აზრი ზოგიერთი ¨ მკვდარი სიტყვების¨ გამოყენების წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს საერთო წარმოდგენას პოეტის ენობრივი პოზიციების შესახებ.როგორც ზოგიერთი მისი რეალისტური ლექსი (მაგ., ¨ მუხამბაზები¨ ,) გრ. ორბელიანს რეალიტურად არ აქცევს, ასევე პოეტის ნაწილობრივი კომპრომისები ახალი სალიტერატურო ენის წინაშე არ მოწმობს მის პრინციპულ გადახრას ენის დემოკრატიზაციისაკენ.
* * *
გრ. ორბელაინის სტილსა და ფორმას თან ახლავს ზოგიერთი ნაკლი. მისი ენა ხშირად მძიმეა, აზრის გამოხატვისას პოეტი აწყდება დაბრკოლებებს, რომელთა გადალახვა მას უჭირს. ამას თვითონ პოეტიც გრძნობს.
გრ. ორბელიანის პოეტური შემოქმედება ასახავს ქართული სალიტერატურო ენის საერთო ვითარებას გასული საუკუნის პირველ ნახევარში, განვითარების იმ ეტაპს, როცა ძველი და ახალი სამწერლობო ენის გაყრის პროცესი დაიწყო.
გრ. ორბელიანის სალექსო ფორმები მოწმობს ევროპული, უმთავრესად რუსული სალექსო კულტურის ზეგავლენას ( მაგ., კომპოზიციის, სტროფიკის სფეროში). ეს ზეგავლენა განსაკუთრებით დაეტყო გრ. ორბელიანის რითმებს: პოეტის ლირიკულ შედევრებშიაც კი ზოგჯერ გამქრალია ქართული კლასიკური ლექსის ზუსტი რითმის კულტურა ( რუსული ვაჟური რითმის მიხედვით გრ. ორბელიანი ხშირად ტაეპთა მხოლოდ ბოლო ხმოვნებს რითმავს, მაგ., გვეპყრას: სუფრას, უძრავად: ორად; გმირი: ძლიერი (¨იარალის¨ ); სასიხარულოდ: მხოლოდ, ესრეთ: ფრთეთ; ქვეშ: უნუგეშ; ნელიად: სოფლად; კვალთ: სიხარულით (¨ ჩემს დას ეფემიას¨ ); უკანასკნელ რითმაში კი მარტო ბოლო თანხმოვნებია შერითმული (კვალთ: სიხარულთ). ეს ნაკლი შესამჩნევია ალ. ჭავჭავაძის პოეზიაშიც, ნაკლებ შესამჩნევი – ნ. ბარათაშვილთან.
ნაწილობრივ ეს გარემოება უნდა იყოს აგრეთვე მიზეზი იმისა, რომ გრ. ორბელიანი ქართული ურითმო ( თეთრი) ლექსის შესანიშნავ ოსტატად გვევლინება. შედარებით სწორი რითმებით გრ. ორბელიანს დაწერილი აქვს ¨მუხამბაზი¨ , მაგრამ ეს აიხსნება ჟანრის სტერეოტიპული, მზამზარეული კადენციით ( ვინავარ: ვინა ვარ;:  სადა ვარ: მზადა ვარ და ა. შ.), არასწორი, ყრუ რითმები მის ტაეპებს ზოგჯერ სილაბურ ლექსწყობას უახლოვებენ ( მათი მეტრული პროფილი ყოველთვის მკაფიო არაა, მიუხედავად ზომათა მრავალფეროვნებისა). მაგრამ გრ. ორბელიანის პოეზიის ემოციური სამყარო იმდენად მდიდარია, რომ ზემოთ აღნიშნული დეფექტები ბოლოს მაინც ვერ ანელებენ მისი ლექსების შინაგან დაძაბულობასა და დინამიზმს.
გრ. ორბელიანის ლირიკაში დაძლეულია აღმოსავლურ-ირანული ყვავილოვნება სტილისა, პოეტური ¨ სამკაულების¨  თვითმიზნული სიჭარბე. ყველა კომპონენტი ლექსისა ორგანულად მომდინარეობს თემის ხასიათიდან, მეტწილად ისინი პოეტის შინაგან არსებაში ემოციის ან აზრის აღმოცენების უშუალო შედეგს წარმოადგენს.
ამ უშუალობითაა აღბეჭდილი გრ. ორბელიანის პატრიოტული პათოსი, ღრმა გრძნობებით აღსავსე მისი სატრფიალო ლირიკა და, ბოლოს, მისი ფერებით მოელვარე პეიზაჟი.
[1] ჯ.ჭუმბურიძე, გრ. ორბელიანის ¨ სადღეგრძელო¨ და ვ. ჟუკოვსკის ¨ მომღერალი რუს მეომართა ბანაკში¨ ( თბილისის სახ. უნივ. შრომები, ტ. 53, გვ. 179-204. 1954).
[2] აღსანიშნავია ფრაზული პარალელები ამ ლექსისა ¨ აღსარების¨ ცალკეულ ტაეპებთან. მაგ., ¨ ვიდრე იყო ქედმოდრეკილი...¨ შდრ. ¨ ქვემოდრეკილი უღელქვეშ¨ ან ¨ უღელქვეშ დამწარებული¨ ( ¨ აღსარ¨ .). აგრეთვე: ¨ ერი ღაღადებს ვაებას¨ ( აღსარ.), გდრ. ¨ განიღვიძე, ისმენდ ვაებას¨ (ჰე, ივერიავ¨ ) და ა. შ.
[3] იგულისხმება კახეთის აჯანყება 1812 წ.
[4] შდრ. ტაეპი ¨ აღსარებიდან¨:  … და ვერავინ აღსდგა მფარველად¨ .
[5] საკითხისათვის იხ. პ. ინგოროყვას წერილი ( ¨ მნათობი¨ , 1940, №2. და ¨ქართული მწერლობა¨, 1928, № 6-7).
[6] ¨1832 წლის საქმე¨ , რვ. XXI, 4050 (საქ. არქივი).
[7] სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას თვითონ ავტორის მინაწერის ქების მეორე, ყირიმის ომის დროინდელი (1854წლის) ვარიანტი აშიაზე: ¨ ესეც ტოლუბაშის არის¨ . პოეტს არ შეეძლო ¨ ტოლუბაშში ¨ შეეტანა ხელმწიფის ქება მეორე ვარიანტის სახით, რადგან ეს დაარღვევდა ისტორიულ პერსპექტივას: 1826-1828 წლების რუსეთ-ირანის ომთან დაკავშირებით ყირიმის ომის ამბებზე ლაპარაკი ძალზე სახამუშო ანაქრონიზმი იქნებოდა. აშკარაა გრ. ორბელიანს მხედველობაში ჰქონდა მეორე ვარიანტის ის ნაწილი, რომელიც ¨ გულნი ივერთას¨ სახით (Iვარიანტი) დაუწერია ჯერ კიდევ 1832  წ. მართლაცდა პოემის საბოლოო რედაქციაში ხომ ეს ნაწილი მოხვდა!
[8] გავიხსენოთ ¨ აღსარება¨ , აგრეთვე ლექსი ¨ ჰე ივერიავ¨ , რომლის ბოლო სტროფი ავტორს ცალკე ჰქონია დაწერილი (¨ ცხოვარს ვემსგავსეთ….¨ ) და შემდეგ შეუერთებია ლექსისათვის.
[9] ამასთან: ¨ტოლუბაშის¨ პირველი ვარიანტი დაიწერა 1827 წელს, როცა გრ. ორბელიანის პოლიტიკური რადიკალიზმი მთლად ჩამოყალიბებული არ ყოფილა. საქართველოში ცირიზმის წინააღმდეგ შეთქმულება მხოლოდ 1829 წლიდან მწიფდებოდა.
[10] გრ. ორბელიანი, წერილები, ტ. III ( ხელნაწერი).
[11] ამ სტროფის უკანასკნელი ორი ტაეპი პოემის ბოლო რედაქციაში ( 1870) შეცვლილია უფრო სრულყოფილი და მრავლისმთქმელი ტაეპებით: ¨ რომლის შუქი აღგვამაღლებს, რომლით სული გვინათლდება, რომლით კაცი მშვენიერებს, მაშინ თვით ღმერთს ემსგავსება¨ . მაგრამ ფრიად დამახასიათებელია, რომ სიყვარულის ასეთი ღრმა გაგება გრ. ორბელიანს მოცემული აქვს ერთ თავის პროზაულ ეტიუდში ¨ ზამთრისა ქარი გრიალებს¨ , რომელიც მას 1829 წელს დაუწერია ნინოწმიდაში. აი სათანადო ადგილიც: ( სიყვარული ) გვატკბობს, გვახარებს თვით ტანჯვასაცა შინა თვისსა და აღგუამაღლებს ყოველთა მდაბალთა და უღირსთა სხვათა ვნებათაგან¨ .
[12] საბოლოო ვარიანტი: ¨ სიყვარულისა ალითა¨ .
[13] ¨ წერილები¨ , ტ. 1, გვ. 25 ; შდრ. იქვე, გვ. 230, აგრეთვე ი. მეუნარგია, ქართველი მწერლები, I,გვ. 54.
[14] იხ.¨ წერილები¨ , ტ. II, გვ. 63 ( საადის შესახებ) და 163 (¨ ვაღუფის¨ შესახებ),
[15] შდრ. გამოთქმა ლექსში ¨ ნინოსადმი¨ ( 1830): ¨ მაშინ მე, შმაგი¨ … და სხვ.
[16] ჯერ კიდევ 1853 წელს პოლონეთში მყოფ პოეტს სწერდა ნინო ჭავჭავაძე: Когда бог приведет Вас опятъ в Цинандали, каждое местечко и уголок здесъ напоминает вас. როცა მე და კატინა ვთამაშობთ ბილიარდს, მაშინვე ფუცკ მოგვაგონდება.
[17] ეს ადგილი ასევეა ¨ ტოლუბაშის¨ I და II ვარიანტებშიც.
[18] ი. ჭავჭავაძე, თხზ. სრული კრებული, ტ. I, გვ. 387 –390; თბ. 1951.
[19] გრ. ორბელიანისა და ¨ შვილების¨ პოლემიკა საკმაოდ ამომწურავადაა შესწავლილი ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევართა მიერ და ამიტომ აქ ზედმეტად ვთვლით დაწვრილებით ვილაპარაკოთ მის შესახებ. ჩვენ სრულიად განზე ვტოვებთ ახალი თაობის მეთაურთა ¨ პასუხებს¨ , რადგან ის დიდ ადგილს დაიკავებდა.
[20] ი. მეუნარგია, ქართველი მწერლები, I,1945, გვ. 105.
[21] ნ. ალანია, ჟურნ ¨ ივერიის¨ ერთ- ერთ ნომერში ( ხელნაწერი). ამ მკვლევარის დასკვნით ¨ ძველი სამწერლო ენის მოტრფიალე პოეტს 80 –იან წლებშიც არ სურდა დრომოჭმული ენობრივი ფორმების განდევნა მართლწერიდან¨ .


ნიკოლოზ ბარათაშვილი
(1817 –1845)

ნიკოლოზ ბარათაშვილი დიდი ნაციონალური პოეტია, რომლის სახელთან დაკავშირებულია ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების მთელი ეპოქა. მისი შემოქმედება ქართული რომანტიკული პოეზიის მწვერვალია.
ნიკოლოზ ბარათაშვილმა, როგორც გენიალურმა მხატვარმა, პასუხი გასცა თავისი დროის მიერ წამოყენებულ ისტორიულ ამოცანებს. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი ხალხის მორალური ძალა, მისი სულიერი განვითარების ახალი ეტაპი მისი შემოქმედება გაიშალა იმ დროს, როცა ქართველი ინტელიგენცია მძიმედ განიცდიდა 1832 წ. პოლიტიკური მარცხის შედეგებს და რთულ ისტორიულ სიტუაციაში ცდილობდა ღირებულებათა გადაფასებას.
ასეთ ვითარებაში პოეტი ღრმად ჩასწვდა ერის წარსულსა და აწმყოს და იწინასწარმეტყველა მისი მომავალი. ნ. ბარათაშვილის პოეზია იყო სინთეზი იმ ძიების, ბრძოლისა და ოცნებისა, რაც მის ეპოქაში ახასიათებდა კოლონიური ჩაგვრის ბორკილებში მოქცეულ ქართველ ერს.
რომანტიკოსი პოეტის ტრაგიკული და, ამასთანავე, გმირული მსოფლ შეგრძნება დიდი მრავალფეროვნებით არის გადმოცემული მის პოეტურ ქმნილებებში, რომლებშიაც მთელმა თაობამ დაინახა არა მარტო უმაღლესი იდეალი, არამედ სამოქალაქო პროგამაც.
ნ. ბარათაშვილის პოეტური სამყარო არაჩვეულებრივად მდიდარია. ¨მერანის¨ ავტორი გვიხსნის ცხოვრების არსსა და მიზანს, იგი გვაფიქრებს სამშობლოს ბედზე, ადამიანის მაღალ დანიშნულებებზე, გვინერგავს ადამინის ძალების რწმენას. მას არ სურს, გოეთეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ¨დაემორჩილოს დროის ბორკილებს¨ და თავის ¨მერანში¨ ქმნის თავგანწირული გმირის დიდებულ სახეს, რომელიც ეხმაურება მსოფლიო ლიტერატურის ისეთ ტიტანურ ხასიათებს, როგორებიც არან პრომეთე და ფაუსტი.
ნ. ბარათაგვილი ჭეშმარიტების დაუცხრომლად მაძიებელი, ფილოსოფიურად მოაზროვნე პოეტია, რომელიც ეპოქის იდეების სიმაღლეზე დგას. საკაცობრიო იდეალებს მან ორგანულად დაუკავშირა მშობელი ხალხის სულიერი მისწრაფებანი და ქართულ პოეზიას მსოფლიო გასაქანი მისცა არა მარტო იმ მხრივ, რომ თავისი რომანტიკული მსოფლშეგრძნება სრულყოფილ ესთეტიკურ სახეებში გადმოგვცა, არამედ, ამასთან ერთად, საკაცობრიო მოტივებით და იდეებით გაამდიდრა ქართული პოეტური ხელოვნება. ნ. ბარათაშვილისთვის დამახასიათებელია ფატალური აუცილებლობის დაძლევისა და თავისუფლების გამარჯვების რწმენა და ძლიერი პათოსი, რაც მის პოეტურ აზროვნებას რომანტიკულ-რევოლუციური შინაარსით ავსებს და უდიდეს საზოგადოებრივ მნიშვნელობას ანიჭებს.
ნ. ბარათაშვილი გვევლინება ΧΙΧ საუკუნის ქართული პოეზიის ნოვატორად. მან დაამსხვრია ძველი მხატვრული აზროვნების ფორმები და გახდა ახალი პოეტური კულტურის ჭეშმარიტი მედროშე. ეროვნულ-ისტორიული პრობლემატიკით და ერის წინაშე მდგარი საჭირ-ბოროტო ამოცანების გაგებით, ნ. ბარათაშვილი წინამორბედია 60-იანი წლების ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა იმ ბრწყინვალე პლეადისა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე მესვეურობდა.
ნ. ბარათაშვილის პოეზია შეჯამება იყო ქართული მხატვრული აზროვნების ღრმა ისტორიული პროცესისა. მან თავის პოეტურ შემოქმედებაში განასახიერა ქართული ეროვნული ხასიათი,  გამოხატა მშრომელი ხალხის დაუშრეტელი ენერგია, მებრძოლი სული და გამარჯვების რწმენა. ესაა ნ. ბარათაშვილის ისტორიული დამსახურება ქართველი ერის წინაშე.
* * *
ნიკოლოზ ბარათაშვილის საგვარეულო შტო საქართველოს ისტორიის შორეულ საუკუნეებს უკავშირდება. ბარათაშვილნი უკვე მე–15 საუკუნეში ჩნდებიან ისტორიულ ასპარეზზე; მე-17 საუკუნეს მიეწერება დედის მხრივ პოეტის წინაპრების-ორბელიანთა (ყაფლანისშვილთა) საგვარეულოს განდიდება. ამ გვარის შემოქმედებით მწვერვალად გვევლინება დიდი ქართველი მწერალი და მეცნიერი სულხან-საბა ორბელიანი. ¨ბედი ქართლისას¨ ფურცლებზე პოეტი აცოცხლებს თავისი გვარის ჰერალდიკას. კრწანისის ბრძოლის აღწერისას, პოემის ერთ ვარიანტში, ნ. ბარათაშვილი გვისურათებს თავისი წინაპრების გმირულ ღვაწლს:
„ეკვეთნენ სპარსთა ივერთ მხედარნი,
და მტკვარსა შერთეს სისხლისა ღვარნი!
ორნივ იბრძვიან გამწარებულნი,
ორნივ ომებში გაქეზებულნი:
სომხითის [1] გმირნი ყაფლანისშვილნი
და მათ მომარცხნედ ბარათაშვილნი
განუმტკიცებენ მკლავთა ქართველთა“.
კიდევ უფრო საყურადღებოა, რომ კრწანისის ბრძოლის მთავარი გმირი მეფე ერეკლე იყო ნ. ბარათაშვილის უშუალო წინაპარი. პოეტის დიდედა ხორეშან ერეკლე მეფის შვილიშვილი იყო. ნ. ბარათაშვილი აღიზარდა ისეთ წრეში, სადაც ახლო ისტორიული წარსული მთელი სიცხოველით იგრძნობოდა.
პატარა კახის აჩრდილი ყრმობიდანვე თან სდევდა პოეტის შთაგონებას. მან მხოლოდ შემდეგში შეძლო პოეტური საღებავების მოძებნა, რომ დაეხატა გმირი ერეკლე, ხმალშემართული აღა-მაჰმად-ხანის ურდოებზე. ნიკოლოზ ბარათაშვილმა თავის პოემაში სული შთაბერა ზოგ იმ ისტორიულ ამბავს, რომელიც მას ყრმობისას გაეგონა. ნ. ბარათაშვილის ოჯახში იკრიბებოდნენ გამოჩენილი პიროვნებანი, დიდი პატრიოტები, რომელთა საუბარი გამოულეველ საზრდოს აწვდიდა ბავშვის ცხოველ ფანტაზიას. ამ დროის შესახებ ალ. ორბელიანი მემუარებში წერს: ¨ უწინ მაინც ასე იყო, როდესაც ძველები შეიყრებოდნენ, სულ ძველს ამბავს უბნობდიან, ნამეტნავად მეფის ირაკლისას¨ [2].
ასეთი იყო ყრმა პოეტის ცნობიერების პირველი გაღვიძება წინაპრების აჩრდილთა შორის. პოეტს თავის თავზე შეეძლო ეთქვა:
„რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,
საშვილიშვილოდ გარდაეცემის“.
* * *
პოეტის მამა-მელიტონ ბარათაშვილი მისი დროის ქართველი ფეოდალური არისტოკრატიის უაღრესად ტიპიური ფიგურაა. დაბადებული ეროვნული განსაცდელის ჟამს –1795 წელს,-იგი მალე შეგუებია ახალ ბიუროკრატიულ მმართველობას და ოფიციალურ საზოგადოებაში საკმაოდ გამოჩენილი ადგილი მოუპოვებია. თბილისის თავადაზნაურთა წრეებში მელიტონ ბარათაშვილის დიდ გავლენას მოწმობს ის გარემოება, რომ იგი 1833  წ. აურჩევიათ თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად. აღსანიშნავია, რომ 1835 წლის ბოლოს მისი კანდიდატურა წამოყენებულ იქნა ამავე თანამდებობაზე 1836–1839 სამწლეულისათვის. ამ არჩევნებში მან გაიმარჯვა. იმავე დროს მელიტონი აირჩიეს თბილისის გარეუბნის თავადაზნაურთა წინამძღოლობის კანდიდატად, მელიტონს არა ერთხელ შეუსრულებია თბილისის გარეუბნის მარშლის მოვალეობა.
მელიტონ ბარათაშვილი არ ყოფილა მაინცდამაინც მდიდარი მემამულე. 20-იანი  წლების ერთი მისი სამსახურებრივი საბუთის მიხედვით ირკვევა, რომ მელიტონი იყო ასი სული ყმის მფლობელი თბილისისა და ბორჩალოს მაზრებში[3]. მაგრამ სიმდიდრით განთქმულ ბევრ მემამულესაც არ ჰქონდა მაშინდელ თბილისში ისეთი გულუხვი და ხელგაშლილი მასპინძლის სახელი, როგორიც მელიტონ ბარათაშვილს.
პოეტის პირველი ბიოგრაფის და ყრმობის მეგობართა სიტყვით, ნ. ბარათაშვილის მამას უყვარდა სიუხვე და პურ-მარილი. მისი სადილები განთქმული იყო თბილისში[4]. მელიტონის ხელგაშლილობა საყოველთაოდ ცნობილი იყო. მას მუდამდღე ორი ყმა კაცი ჰყავდა დაბანდებული მარტო თევზის საჭერად[5].
უზრუნველი ცხოვრების გამო მელიტონის ოჯახის ნივთიერი მდგომარეობა თანდათან უარესდება. იგი ვალების ქსელში იყო გაბმული. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა 1835 წ. მისმა მძიმე ავადმყოფობამ, რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელ და. ამასთან დაკავშირებით პოეტის ბიძა ზაქარია ორბელიანი იმავე წლის 18 თებერვალს თბილისიდან სწერდა გრიგოლ ორბელიანს: ¨ ოჰ, როგორ დაღუპა მელიტონმა თავისი სახლი და ცოლშვილი, ერთი გროში არა აქვსთ. ან რით უნდა დაიმარხოს, და ან რით უნდა იცხოვროს ცოლშვილმა იმის შემდეგ, ვინც დარჩება. ეხლაც ზღვაა ამის ხარჯი შინ, ვგონებ 5000 რუბლს ხარჯავდეს წელიწადში და საბოლოოდ კი ფიქრი არ ჰქონია¨ [6].
გრიგოლ ორბელიანი, შეწუხებული თავისი დის ოჯახის მძიმე მდგომარეობით, საპასუხო ბარათში სწერს თავის ძმას: ¨ მელიტონის უიმედო ავადმყოფობამ ძალიან შემაწუხა,-მთელი ღამე მწუხარებისაგან თვალი არ მომიხუჭავს. რა უნდა ჰქნას საბრალო ეფემიამ, თუ მართლად ეს უბედურება მიადგა! რით უნდა შეინახოს თავისი წვრილი შვილები და ან რით გადიხადოს ვალები, რომელიცა უეჭველად ბევრი დარჩება. ღმერთმან დაიფაროს ამა უბედურებისაგან. ოხ! რა ძნელია მოსათმენად, რომ კაცი ჰხედავდეს ესრეთ გულის საყვარელს დას უკანასკნელ განწირულებაში, და არა შეიძლოს შემწეობა.- მომწერე, გეთაყვა, ზაქარიავ, ყოველივე ეფემიას საქმე დაწვრილებით, ნურას დამიმალავ ჩემს სანუგეშოდ¨ [7].
მელიტონის დარდიმანდობამ და უსაზღვრო მხარჯველობამ გააღარიბა ერთ დროს მდიდარი ოჯახი და იგი ცხოვრების სარბიელზე ახლად გამოსულ პოეტს დააწვა კისრად. კონსტანტინე მამაცაშვილი იგონებს: ¨ მამა ნიკოლოზისა თფილისში ცხოვრებამ შეიყვანა დიდს ვალებში, შემდეგ კარგის ცხოვრებისა ჩავარდა სიღარიბეში და მოხუცობაში მამულები ვალში გაყიდა. ამის გამო ნიკოლოზს არა თუ ჰქონდა სახლიდან, თითონ ეწეოდა სახლსა თავისი მცირე ჯამაგირიდგან¨ [8]
მამის მფლანგველობა დიდი უბედურება იყო ნ. ბარათაშვილის ოჯახისათვის. ამას თან ერთვოდა მელიტონის გულფიცხობა და ანჩხლი ხასიათი, რომლის მთავარი მსხვერპლი ოჯახში პოეტის დედა იყო. მგრძნობიარე ნიკოლოზი (ტატო) მწვავედ განიცდიდა დედისადმი მიყენებულ ყოველგვარ უსიამოვნებას და მუდამ მისი ქომაგი იყო.
ზოგიერთი გადმოცემით, პოეტის მამა თავის სიანჩხლესა და გულფიცხობასთან ათავსებდა კეთილ ბუნებასაც. პოეტის და სოფიო გადმოგვცემს: ¨ მელიტონი ფიცხი, მაგრამ მეტად კეთილი კაცი იყო, საუცხოო მოსაუბრე, მჭერმეტყველი, კარგად იცოდა გარდა ქართულისა რუსული, სომხური და თათრული ენები და ხშირად თარჯიმანობდა მეფის მოადგილესთან. ხელმწიფე რომ ჩამოვიდა ტფილისში, მელიტონს სთხოვეს თარჯიმნობა. მელიტონის სახლის კარი მუდამ ღია იყო, სტუმრობა უყვარდა. ბევრი ხალხი დადიოდა.
მარშლის არჩევნებსა და სხვა საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობას იღებდა და მის სიტყვას დიდი გავლენა ჰქონდა. მისი კანდიდატი იმარჯვებდა ყოველთვის¨ [9].
მელიტონი თავისი დროისათვის საკმაოდ განათლებული კაცი ყოფილა. თანდაყოლილი ნიჭით დაჯილდოებული. უსწავლია თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. მისი მჭერმეტყველების ტალანტს და მშობლიური ენისა და მწერლობის კარგ ცოდნას აღნიშნავენ მისი თანამედროვენი. მელიტონი გადაიცვალა 1860 წელს, ზემოთ მოყვანილი მასალები ადასტურებს, თუ რა მძიმე ოჯახური პირობები განუმზადა ბედმა ბავშვობიდანვე მომავალ პოეტს. მაგრამ ამ ოჯახს ჰყავდა თავისი კეთილი სული; ეს იყო პოეტის დედა-ეფემია. მის დედობრივ ალერსში პოულობდა შვებას მომავალი პოეტი, მის მშობლიურ კალთაში იღვიძებდა ბავშვის პირველ ოცნებანი და შთაბეჭდილებანი.
ეფემია ორბელიანი, როგორც ვთქვით, ერეკლე II –ის პირდაპირი შთამომავალია. მისი დედა-ხორეშანი-ქალიშვილი იყო მეფე ერეკლეს ასულის ელენესი. ეფემიას მამა ზურაბ ორბელიანი მეფე ერეკლეს კარზე ნამყოფი და ცოტა ნამსახურიც ყოფილა; მას კარგად სცოდნია საღვთო წერილი და საერო მწერლობა. ხორეშანს მისი სახელოვანი შვილი გრიგოლ ორბელიანი იგონებდა დიდი მოკრძალებით, როგორც ¨ კეთილსა, ნაზსა ჭკვიანს დედას¨ [10] .
მეტად მიმზიდველი ფერებით არის დასურათებული თანამედროვეთა მოგონებებში ნ. ბარათაშვილის დედა, როგორც მეტად მოსიყვარულე ქალი, მეოჯახე, ლამაზი, მაღალი, ქერა, ქართულად იცვამდა. შვილებს თვითონ აწოვებდა ძუძუს[11]. ეფემია ბარათაშვილი სათნო გულისა და ღრმა გონების ადამიანი ყოფილა. მას მჭიდრო სულიერი მეგობრობა ჰქონია თავის ძმასთან – გრიგოლ ორბელიანთან. ამ უკანასკნელის პირად წერილებში მკაფიოდ გამოკრთის მისი მაღალი აზრი თავის დაზე. პოეტის დედის ნათელმა პიროვნებამ შთააგონა გრიგოლ ორბელიანს ბრწყინვალე ლექსი - ¨ ჩემს დას ეფემიას¨ .
დედამ ბავშვობიდანვე ჩაუნერგა პოეტს ყოველივე მშობლიურის სიყვარული. მანვე გააცნო პირველად ტატოს ქართული ანბანი, რომლის მხატვრული მოხაზულობანი მომწიფებული პოეტის ხელნაწერებში აყვანილია ვირტუოზულობამდე. ბიოგრაფი გადმოგვცემს ადრეულ ცნობას: ¨ ტატოს ერთობ ფაქიზად უვლიდნენ, როგორც სიყრმის შვილს. შინაურებსაც დიდად ჰყვარებიათ, განსაკუთრებით დედას¨ [12]. ეფემია იყო დედა 14 შვილისა, რვა ქალისა და ექვსი ვაჟის, მაგრამ ნიკოლოზისა და ოთხი ქალის გარდა ყველანი მცირე წლოვანნი დაიხოცნენ.
მელიტონის სახლში ხშირად დადიონდნენ: ¨ პოეტი ( ღენერალ-ლეიტენანტი) ალ. ჭავჭავაძე, ორნი ძმანი ნიკოლოზ და მიხეილ ფალავანდიშვილები... ბევრი მაშინდელის დროის განათლებულნი ქართველნი¨ .
პოეტის ბიოგრაფიის სანდო წყარო გადმოგვცემს: ¨ მელიტონის ოჯახობა დაახლოებული იყო უფრო ორბელიანებთან: მანანა ორბელიანთან, იოსებ და გრიგოლ ორბელაინებთან. განსაკუთრებით კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახობასთან¨ [13]. ამ პირთა უმეტესობა თვით იყო მონაწილე მე –18 აუკუნის საქართველოს ისტორიული ცხოვრებისა. მოზრდილი ბავშვი ხარბად ეწაფებოდა მათ ნაამბობს მშობლიურ წარსულზე, მწერლობაზე, ძველს ზნესა და ჩვეულებაზე. მის ნორჩ სმენას ესალბუნებოდა მათი ძველი ქართული, დარბაისლური კილო. მათ წრეში განაგონი ავსებდა დედისა და დიდედის ნაამბობს. მომავალი პოეტის ბავშვური ფანტაზია ფართოვდებოდა. ნორჩ არსებაში ისახებოდა სამშობლოს სიყვარულის პირველი განცდა. პატარა ტატოს გონების გახსნას ხელი შეუწყო შინაური სწავლის ადრეულად მიღებასაც. პოეტის ბიოგრაფის სიტყით, ¨ ბარათაშვილი ექვსი-შვიდი წლის გამხდარა თუ არა, მაშინვე მისთვის შინაურად დაუწყებინებიათ სწავლა... წერა-კითხვა, ლოცვები, ქართული ძველი ზღაპრები და სიმღერები¨ [14].
პოეტის ძველ, ტრადიციულ პირველდაწყებით სწავლა-აღზრდას არ აკლდა არც მუსიკალური განათლების ელემენტები. შესაძლოა, იგი დედისაგან ისმენდა პირველ მელოდიურ ხმებს, რომლებმაც ბავშვში გააღვიძა მუსიკის მძაფრი განცდა, რაც გამოხატულებას პოულობს მის პოეზიაში. მუსიკა პოეტის ძლიერი გატაცებათაგანი იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.
პოეტის ოჯახი მდიდარი ყოფილა არა მარტო მუსიკალური ინსტრუმენტებით, იქ შემსვლელს თვალში ეცემოდა, პირველ რიგში, წიგნები. პოეტის დის გადმოცემით, მათ მამის ¨ სახლში ბევრი წიგნი ჰქონდათ. ნიკო საუცხოვოდ ჰკითხულობდა საღვთო წერილს¨ . რვა-ცხრა წლის ტატო მშობლებს კალოუბნის სასწავლებელში მიუბარებიათ[15]. ეს სკოლა ყოფილა სამრევლო ტიპისა. ასეთი სასწავლებლები იმ საუკუნის პირველ ხანებში, გარდა კალოუბნისა, არსებულა სიონის, ქაშვეთის, მეტეხისა და ანჩისხატის ეკლესიებთან. სწავლა ბუნების წიაღში მიმდინარეობდა, უძველესი ქართული ტაძრის გალავანში, ასწლოვანი ხეების ჩრდილქვეშ.
ტატო უკვე კარგად იცნობდა გარეთუბანს, მის ახლო მიდამოებს, ბაღებით დაჩრდილულს. იგი ფხიზელი თვალით აკვირდებოდა თბილისის ქუჩებს, რომელთა მდუმარებას ზოგჯერ არღვევდა მრავალფეროვანი მასის ყიჟინა. ეს იყო, ყეენობის, კრივის ან სხვა სახალხო გართობათა დღეს. მაგრამ, როგორც გადმოცემებმა შემოგვინახეს, ნ. ბარათაშვილის ბავშვობის უპირველესი საყვარელი ადგილი ყოფილა მტკვრის პირი, განსაკუთრებით ანჩისხატის პირდაპირ. იმ დროს მტკვარს ამწვანებული ნაპირები მისდევდა. დაფიქრებული ბავშვი საათობით ადევნებდა თვალყურს ზვირთების დენას, თითქოს წყალთა დუდუნში, ფოთოლთ შრიალი მომავალ პოეტს ესმოდა გაურკვეველი ბგერები ბუნების საიდუმლო ენისა, რომლის ბრძნული ახსნა პოეტმა შეძლო მხოლოდ შემდეგ, ¨ჩინარის¨ უკვდავ სტრიქონებში.
1827  წ. სექტემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილი თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარეს. ოფიციალურ დოკუმენტებში ამ სასწავლებლის მიზანი შემდეგი ფორმულით იყო გამოხატული: ¨ კეთილშობილთა სასწავლებლის მიზანს: ¨ შეადგენს ადგილობრივ უმაღლეს თავადაზნაურთა აღჭურვა მთავარ მეცნიერებათა შესახებ ზოგადი ცნობებით, მათ სამხედრო და სამოქალაქო სამსახურისათვის მოსამზადელად¨ .
1830  წ. კეთილშობილთა სასწავლებელი, სადაც პოეტი სწავლობდა, გიმნაზიად გადაუკეთებიათ. იმავე წლის დასასრულს გიმნაზიასთან დაარსეს პანსიონი, სადაც მისაღებ მოწაფეთა რიცხვი განსაზღვრული იყო. ათი ადგილი პანსიონში გამოყოფილ იქნა  იმ მოწაფეებისათვის, რომელნიც საუკეთესო მოწაფეთა მცირერიცხოვან სიაში ჩვენ ვკითხულობთ 12 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელს. კეთილშობილთა სასწავლებელში დამყარებული სწავლა-აღზრდის სისტემას კარგად გვისურათებს ამ სკოლის შეგირდი დიმიტრი ყიფიანი. ¨ მთელი მაშინდელი პედაგოგიური სიბრძნე,- ვკითხულობთ მის ¨ მემუარებში¨ ,-ორი უმთავრესი და ამასთან ერთად-ერთი წესით გამოიხატებოდა: გაკვეთილების სწავლა ზეპირად, ე. ი. შეუგნებლად – მექანიკურად და ყოველი დანაშაულისათვის ხელის გულზე სახაზავით ცემა¨ [16].
მაგრამ აღმზრდელთა შორის გამოირჩეოდა რამდენიმე მასწავლებელი, რომელთა ზნეობრივ სახესა და გონებრივ მისწრაფებებს ღრმა კვალი აღუბეჭდია მოსწავლეთა ხსოვნაში. ასეთი კეთილშობილი და მოწინავე პედაგოგები იყვნენ: ცნობილი მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი – ქართული ენისა და გრამატიკის მასწავლებელი, დემენტიევი და მანასიევი. ეს ორი უკანასკნელი რუსულ სიტყვიერებას ასწავლიდა.
არის საფუძველი დავასკვნათ, რომ დემენტიევი დემოკრატიულ-რევოლუციურად განწყობილი ადამიანი იყო. იმ დროს, როცა რუსული სიტყვიერების სხვა მასწავლებლები მოწაფეებს ცრუკლასიკურ ოდებს და სენტიმენტალურ იდილიებს აზეპირებინედნენ, მის გაკვეთილზე ხმამაღლა ჟღერდა პუშკინისა და მიცკევიჩის სირიქონები. მისმა აღზრდილებმა, როგორც გიმნაზიის მოწაფეთა ლიტერატურული ჟურნალებიდან ნათლად გამოსჭვივის, კარგად შეითვისეს რუსული ენა და ლიტერატურული კულტურა. მათ ფართოდ გაიცნეს ევროპელი კლასიკოსებიც.
განსაკუთრებული ადგილი გიმნაზიის მოწინავე მასწავლებელთა შორის ეჭირა სოლომონ დოდაშვილს. მამულის სიყვარულის იდეას, პროგრესულ-დემოკრატიულ განწყობილებებთან ერთად, იგი ფრთხილად, მაგრამ პრინციპული თანმიმდევრობით ნერგავდა მოსწავლეთა შორის. მან განსაკუთრებით დაიახლოვა ნიკოლოზ ბარათაშვილი.
სოლომონ დოდაშვილი, საქართველოში გადმოსახლებულ რადიკალურად განწყობილ პოლონელ პროფესორებთან ერთად, ხშირი სტუმარი ყოფილა ნ. ბარათაშვილის ოჯახისაც. ნ.ბარათაშვილი და მისი ამხანაგები სკოლაში სწავლობდნენ ს. დოდაშვილის სახელმძღვანელოს ¨ შემოკლებულ ქართულ გრამატიკას¨ . როგორც ჩანს, სოლ.დოდაშვილმა თავის მოწაფეებს ღრმად შეაყვარა და შეათვისებინა ქართული კლასიკური მწერლობის მდიდარი მემკვიდრეობა. ¨ ვკითხულობდით ¨ ვეფხის ტყაოსანს¨ და მთელი ადგილები ზეპირად ვიცოდით. ვკითხულობდით აგრეთვე ¨  ვისრამიანს¨ , ჩახრუხაძეს, ალ. ჭავჭავაძეს¨ [17],- ამბობს პოეტის სკოლის ამხანაგი ისარლიშვილი. იონა მეუნარგია გვაუწყებს: პოეტს¨ ქართულ კატეხიზმოს ასწავლიდა სკოლაში ეფრემ ალექსი-მესხიშვილი, ზედმიწევნით მცოდნე ქართული ენისა, რომელმაც უფრო განამტკიცა ბარათაშვილში სიყვარული კარგის ქართულისა¨ [18].
ძველი ქართული მწერლობის კვალი მტკიცედ არის აღბეჭდილი ბარათაშვილის შემოქმედებაში. მძლავრ ნოვატორულ მისწრაფებებს ბარათაშვილისათვის სრულიად არ შეუშლია ხელი ძველი ქართული მხატვრული მეტყველებით გაენაყოფიერებინა თავისი ახალი პოეტური სიტყვა. ბარათაშვილის ლექსების ნაჭედობაში ხომ ძველი ოსტატობის მადლიც გამოკრთის.
ბავშვობისა და ყრმობის წლების გარემოცვამ, რომელშიც მთავარი ადგილი ეჭირა მშობლიური მწერლობის ტრფიალს, დიდად შეუწყო ხელი ტატო ბარათაშვილში შემოქმედებითი აზრის ადრე გაღვიძებას. მართალია, სკოლაში ტატოს, როგორც ბიოგრაფები გადმოგვცემენ, განსაკუთრებით ¨ ქართული წერა-კითხვა უყვარდა¨ [19], მაგრამ იგი დანარჩენ საგნებსაც ერთობ წარმატებით დაუფლებია. ¨ სკოლის სხვა თავის ამხანაგებში პირველი იყოო¨ ,- [20]გადმოგვცემს ერთი ბიოგრაფი[21]. ნიკოლოზ ბარათაშვილმა გიმნაზია დაამთავრა 1835 წ. უცხოენები, გერმანული და ფრანგული, გიმნაზიის დაარსებიდანვე, 1830 წლიდანვე, იყო შემოღებული. ფრანგული ენა სავალდებულო საგანი იყო. პოეტი რამდენადმე იცნობდა ამ ენებს.
¨ ნიკოლოზ ბარათაშვილი სკოლაში კარგად სწავლობდა. უმეტესად განსხვავებული იყო ამხანაგებში თავისი მხიარულის ხასიათით, სიმარდით. პირველი მოტანცავე იყო საკუთრად ლეკურისა, ყველასაგან საყვარელი ამხანაგი,-გადმოგვცემს პოეტის მეგობარი კ.მამაცაშვილი (1834-1835წწ.)[22] .
შეიძლება ტატოს მოძრავ ხასიათთან და სიცელქესთან იყოს დაკავშირებული ერთი მეტად სავალალო ამბავი პოეტის ადრეული ცხოვრებისა. დაახლოებით გიმნაზიის უფროს კლასებში ყოფნისას ნიკოლოზი კიბიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. მეგობართა მოწმობით, ¨ტატო იყო ცქვიტი, მხიარული, ჭკვიანი და კეთილი გულის ამხანაგი, ამასთან, კარგი მოქეიფე და მოსწრებული სიტყვის პატრონი, ცოტა დამცინავის კილოთი¨ [23]. ბარათაშვილს ყრმობიდანვე ახასიათებდა უაღრესი პრინციპულობა, მისთვის უცნობი იყო ყოველგვარი კომპრომისი. ამხანაგების გადმოცემით, ¨ბარათაშვილი გიმნაზიაშივე ეპიგრამებს სწერდა¨ . ეპიგრამები სკოლაშივე გასცილდა ამხანაგური პაექრობის ფარგლებს; სასწავლებლის კედლებშივე ნ.ბარათაშვილის სატირული ისარი მეტისმეტად გამახვილდა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელფერი მიიღო. მოწაფე-ბარათაშვილი გაბედულად კიცხავს სასწავლებელში გამეფებულ დრაკონულ წესებს. მისი ინიციატივით მოწინავე მოსწავლეები გესლიან ეპიგრამებს უგზავნიან უმაღლეს პირებს. თავისუფალ მოზროვნეთა ამ წრიდან გამოსული, პროტესტანტული სულისკვეთებით აღბეჭდილი, სატირული ნაწერების ავტორი ნ. ბარათაშვილია. ყრმა პოეტი არ ფარავს თავის გულისწყრომას მმართველობის წინააღმდეგ.
აკაკი წერეთელი გადმოგვცემს ნ. ბარათაშვილის სკოლის ამხანაგის პეტრე ბაგრატიონის ნაამბობს,- ბარათაშვილის გაბედულ გალაშქრებას მონარქიის მსახურთა წინააღმდეგ და ყრმა პოეტისსასტიკად დასჯას: თბილისის სააზნაურო სასწავლებელში ვსწავლობდი ერთად ტატო ბარათაშვილთან, პოეტი რომ იყო, და მისი ბრალიც იყო ჩემი რუსეთში ჩამოსვლა და კორპუსში გადასვლა: გამიგონია შაირებით დიდკაცების ლანძღვა? აგვიყოლია ჩვენც, მისი მეგობრები: ის წერდა და ჩვენ ვაგზავნიდით, როცა ფოსტალიონი მოვიდოდა ხოლმე ჩვენს სასწავლებელში, ჩვენ შემოვეხვეოდით გარს, უცბათ აუწევდით ჩანთის თავს, სადაც წიგნები ელაგა, და ჩაუგდებდით ხოლმე ჩუმად ჩვენს გალექსილ წერილებს. მიჰქონდა ადრესისამებრ. ერთი ალიაქოთი ატყდა თბილისში, გამოძიება დაინიშნა. ბოლოს გაგვიგეს, დაგვიჭირეს და ბარათაშვილს ჰონორარად ოუდახუთი როზგი მიანიჭეს; ჩვენც ამდენივე გადაგვიწყვიტეს, მაგრამ მე გავიქეცი, გამოვედი სასწავლებლიდან. კორპუსში გამოგზავნეს და მას აქეთ აქა ვარ სამსახურში¨ [24]. რამდენად გაბედული და დიდი მნიშვნელობის იყო თავისუფლების მოყვარე ყრმა პოეტის ეპიგრამები, იქიდანაც ჩანს, რომ მთავრობას საქმის ფიცხელი გამოძიება მოუხდენია და მისი ავტორი სასტიკად დაუსჯიათ, უფრო იმიტომ, რომ ერთი ეპიგრამა მიმართული ყოფილა მთავარმართებლის როზენის წინააღმდეგ. ასე იწყება ყრმა პოეტის განხეთქილება ძველ ქვეყანასთან. იგი გრძნობს, რომ მისი ყმაწვილობის იდეალები ვერ იხარებენ ამ უცხო გარემოში. ყრმა ბარათაშვილის მღვიძარე სულში ძლიერი პროტესტი ცხოვრების ბნელი ძალების წინააღმდეგ.
ასეთი განწყობილებით ამთავრებს ნ. ბარათაშვილი თბილისის გიმნაზიას. მძიმე ატმოსფერო იყო გამეფებული გიმნაზიაში. მაგრამ გიმნაზიის მოსწავლეთა მოწინავე ნაწილი ოფიციალური სწავლით არ იფარგლებოდა და სხვა სულიერ საზრდოს ეძიებდა. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სკოლის გარეშე ლიტერატურული მუშაობა, რომელმაც თავისი გამოხატულება პოვა გიმნაზიის მოწაფეთა ხელნაწერ ჟურნალში. გიმნაზიის უფროსი კლასის მოწაფენი, ტატო ბარაათშვილის თანატოლები, გაერთიანებული იყვნენ ამ ლიტერატურულ წრეში.
* * *
პოეტის ნიჭმა ადრე გაიღვიძა. ტატოს მოწაფეობის ადრეულ წლებში მოუხვეჭია პოეტის სახელი თანაზრდილთა შორის. მოგონებების მიხედვით, იგი ხშირად კითხულობდა ლექსებს სასწავლებელში. ბარათაშვილის ლიტერატურულ აქტივობას აგრეთვე ადასტურებს იმ დროის ქართული მწერლობის ანთოლოგია, რომელიც თბილისის გიმნაზიის მოწაფეებს შეუდგენიათ 1833 წ. ამ ანთოლოგიაში მოთავსებულია ნ. ბარათაშვილის ყრმობის დროინდელი ხუთი ლექსი: ¨ ვარდი და ია¨ , ¨ ნარგიზი და ყაყაჩო¨ , ¨ვარდი და ბულბული¨ , ¨კავკასიური მოთხრობა¨ , და ¨შემოღამება მთაწმინდაზე¨ . ეს უკანასკნელი ლექსი 1833 წელს არის დაწერილი. მასში იგრძნობა ბარათაშვილის განხეთქილება მისი დროის საზოგადოებასთან. პოეტის ოცნებასა და სინამდვილეს შორის უფსკრულია. მისი სული სევდას მოუცავს. მაგრამ ლექსის უკანასკნელ სტრიქონებში კრთის რწმენის ცხოველი სხივიც. მწუხარე პოეტი განთიადის ხილვის მოლოდინში ნახულობს შინაგანი განახლების წყაროს. ეს რწმენა ბარათაშვილის პოეტური შთაგონების მუდმივი თანამგზავრი ხდება.
¨ შემოღამება მთაწმინდაზე¨ ნათლად გვიჩვენებს, თუ რა ადრე იელვა ბარათაშვილში პოეტურმა გენიამ. ჩვენ წინ დგას ღრმა მოაზროვნე თექვსმეტი წლის ყრმა, რომელიც კალმის გაბედული მოსმით ხატავს დამაფიქრებელ სურათებს. გაოცებთ მისი პოეტური აღმაფრენა და შემოქმედებითი დამოკიდებულება. ლექსს ¨ შემოღამება მთაწმინდაზე¨ პოეტის შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ ლექსით ნ. ბარათაშვილი ჭაბუკური გაბედულებით გადის პოეზიის ფართო გზაზე. ჩვენამდე მოღწეული მასალებიდან ირკვევა, რომ გიმნაზიის პერიოდში ბარათაშვილისათვის პოეტური შემოქმედება არ ყოფილა ერთადერთი სახე მისი ლიტერატურული მოღვაწეობისა. გიმნაზიის უფროს კლასებში ნ. ბარათაშვილს უსინჯავს კალამი მხატვრულ თარგმანში. მას ქართულიდან რუსულად უთარგმნია ერთი ადგილი კლასიკური ქარული პროზის შედევრის ¨ ვისრამიანისა¨ . ამ პერიოდში დაწერილი სტატიები ¨ პაპიზმის ძალაუფლებაზე¨ ( 1. პაპიზმის ამაღლება, 2. მისი დამხობა). ეს სტატიები მოწმობს ახალგაზრდა ბარათაშვილის ინტერესს მსოფლიო ისტორიის საკითხებისადმი. აღნიშნული ნაწერები ბარათაშვილისა მოთავსებული ყოფილა გიმნაზიის მოწაფეთა ჟურნალის, ¨ თბილისის გიმნაზიის ყვავილის¨  მეოთხე ნომერში. სამწუხაროდ, ამ ჟურნალის ჩვენამდე მოღწეული კომპლექტიდან დაკარგულია სწორედ ეს ნომერი ისე რომ, ამჟამად შესაძლებლობა გვაქვს გავეცნოთ ახალგაზრდა პოეტის ზემოაღნიშნულ ლიტერატურულ ცდებს. ¨ თბილისის გიმნაზიის ყვავილის¨ პირველი ნომერი გამოდის 1835  წ. მაის-ივნისში. ჟურნალი რუსული იყო და მასალის განლაგებით ძლიერ წააგავდა ერთი წლით ადრე დაარსებულ ცნობილ ჟურნალს ¨ ბიბლიოტეკა დლია ჩტენია¨ . ¨ყვავილში¨ მონაწილეობდნენ გიმნაზიის V -VII კლასის მოსწავლენი: ნიკოლოზ ბარათაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, მიხეილ ბებუოვი, ლევან მელიქიშვილი, იასე ანდრონიკაშვილი, გარსევან ვარლამოვი, ალექსანდრე მონასტირსკი, მირიან ჭყონია და სხვ.
ჟურნალი თუმცა რუსულია, მაგრამ მასში ყურადღებას იპყრობს ახალგაზრდა კალმოსნების ინტერესი ქართული კულტურისა და მწერლობისადმი. მაგალითად, ჟურნალის ფურცლებზე ვხვდებით ისტორიულ მიმოხილვას ერეკლე მეორის შესახებ (¨ საქართველოს სამეფოს ისტორიიდან¨ ). იგი წარმოადგენს თარგმანს სოლ. დოდაშვილის ქართული ¨ ნარკვევისას¨ , რომელიც დაბეჭდილი იყო¨  თბილისის უწყებების¨ ლიტერატურულ დამატებაში.ეს თხზულება გამთბარია ერეკლემეორის სიყვარულით და სამშობლოს გარდასული დიდების რომანტიკმთ, ისევე როგორც იასე ანდრონიკაშვილის ნარკვევი ¨ წერილები კახეთზე¨ .
თბილისის გიმნაზიის აღნიშნული ლიტერატურული წრის ყურადღებას ქართული მწერლობისადმი ადასტურებს არა მარტო ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ ¨ ვისრამიანის¨ თარგმნა. ¨ ყვავილის¨  ფურცლებზე გვხვდება აგრეთვე თარგმანი სოლომონ დოდაშვილის ცნობილი ნარკვევისა ¨ ქართული მწერლობის მოკლე მიმოხილვა¨ .
¨ თბილისის გიმნაზიის ყვავილის¨ გარშემო შემოკრებილ ნიკოლოზ ბარათაშვილის სკოლის ამხანაგებიდან, თავისი ლიტერატურული ინტერესებით ყურადღებას იპყრობს მიხეილ თუმანიშვილი. იგი კარგად იცნობდა დასავლეთევროპულსა და რუსულ ლიტერატურას. თავისუფლად წერდა ლექსებს რუსულად და ქართულად. მან ჯერ კიდევ მოწაფეობის წლებში (1883 –34) თარგმნა ნაწყვეტი პუშკინის პოემიდან ¨ კავკასიის ტყვე¨ . მიხეილ თუმანიშვილი გიმნაზიის დამთავრების შემდეგაც მეგობრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილს, ძველ მეგობრებს გამართული ჰქონდათ მიმოწერა და ლექსებითაც კი ეხმიანებოდნენ ერმანეთს.
აღსანიშნავია, რომ ბარათაშვილი ლიტერატურულ მეგობრებს უმეტესად ნახულობს უფროს თანამედროვეებში. ამ მხრივ შეიძლება დავასახელოთ ალექსანდრე ჭავჭავაძე და პოეტის ბიძა – გრიგოლ ორბელიანი, რომლის მხატვრულ გემოვნებას ნიკოლოზ ბარათაშვილი მეტად აფასებდა.
¨ თბილისის გიმნაზიის ყვავილი¨ მკაფიოდ გამოხატავდა გიმნაზიის მოწინავე მოწაფეების ეროვნული გრძნობის სიცხოველეს, ახალგაზრდა ავტორების პოლიტიკური მიმართულების შესახებ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჟურნალის ფურცლებზე მოთავსებული იყო პატრიოტული ნაწერები მათი ყოფილი მასწავლებლის სოლომონ დოდაშვილისა, რომელიც იმ დროს უკვე დაპატიმრებული იყო. არა ნაკლებ საყურადღებოა მეორე ფაქტიც. 1833 წ. შედგენილ ქართული მწერლობის ანთოლოგიაში, რომელიც თბილისის გიმნაზიის მოწაფეთა ზემოთ აღნიშნული ლიტერატურული წრიდან მომდინარეობდა, ნ. ბარათაშვილის ლექსებთან ერთად მოთავსებული იყო გრიგოლ ორბელიანის,მიხეილ თუმანიშვილის, დავით მაჩაბლის და სხვათა ნაწერები. ამ ვატორთა უმეტესობა კრებულის შედგენის დროს ¨ ავლაბრის ყაზარმებში¨ იყო გამომწყვდეული¨ 1832 წლის შეთქმულებაში აქტიური მონაწილეობისათვის. ერთი მათგანი, ალექსანდრე ორბელიანი, სოლ.დოდაშვილთან ერთად, ამ შეთქმულების მესვეურიც იყო. აღნიშნულ კრებულში მოთავსებულია შეთქმულების ატმოსფეროში შექმნილი საპროგრამო პატრიოტული თხზულებანი – გრიგოლ ორბელიანის ლექსი ¨ იარალის¨ და გიორგი ერისთავის პოემა ¨ ოსური მოთხრობა¨ .
როგორც ვხედავთ, იდეურ-ეროვნული მოძრაობა მძლავრად იჭრებოდა თბილისის გიმნაზიის კედლებში. სოლომონ დოდაშვილის მიერ პატრიოტული სულისპვეთებით აღზრდილი გიმნაზიის მოწაფეები ხელნაწერ ანთოლოგიაში თავისი თხზულებების გვერდით ათავსებდნენ გრიგოლ ორბელიანის აშკარა მოწოდებას თვითმპყრობელობის დამხობისაკენ.
ამ მოწაფეთა მომავლით დაიმედებული ს. დოდაშვილი წერდა: - ¨ მოწაფენი... აღითქვამენ ფრიად მრავალთა სარგებლობისათვის მამულისა. შესაძლებელ არს რომელ მზისა მაგის ნაპერწკალი მცირე-მცირე გავრცელდეს და ოდესმე აყვავდეს მაღალსა ხარისხსა ზედა სრულებისასა¨ . ეჟვს გარეშეა, პატრიოტი პედაგოგი აქ მხოლოდ განათლებას არ გულისხმობდა, რომ მისი ამაგი ამაოდ არ დაიკარგებოდა, მისი აღზრდილი ეროვნულ შეგნებას გამოიმუშავებდნენ და მამულის სასარგებლოდ მოიხმარდნენ.
1835 წ. ნ. ბარათაშვილი ამთავრებს გიმნაზიას. ამ დროს ქართველი პატრიოტი მოღვაწეები სამშობლოს გარეთ არაინ გარდახვეწილნი. ყრმა პოეტი დიდად განიუდის მათს ბედს. იგი ოცნებობს ფართო სამოღვაწეო ასპარეზზე მშრომელი ხალხის კეთილდღეობაზე, მაგრამ იძულებულია, მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო, შევიდეს სახელმწიფო სამსახურში. მას აშფოთებს თავისი ხვედრი.
* * *
ნ. ბარათაშვილმა მუშაობა დაიწყო ¨ საქართველოს უზენაესი მთავრობის სასამართლოს და განჩინების ექსპედიციაში¨ , მოხელეთა შორის, სადაც ჯანსაღი აზრი და ცხოვრების მაღალი მიზანი სულიერ სიღატაკეს შეეცვალა.
ვიდრე პოეტი ცხოვრებაში შედგამდა ფეხს, მას ცისარტყელას ფერებით ესახებოდა თავისი მომავალი მაგრამ, ¨ რა სცნა პირველად წუთისოფელი¨ , მის წინაშე გარდაუვალი ჯებირი აიმართა.
1837 წლის თებერვალს ნიკოლოზ ბარათაშვილი გრიგოლ ორბელაინს სწერს: ...¨ აგერ წელიწად ნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფებოდი სუდაირასპრავაში. წარდგენილი ვარ ჩინზე და ჩქარაც მოველი. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არც პანციონში ყოფნის დროს, когда будущностъ моя представляласъ мне в радужных мечтаниаях, და არც მერმე, ვიდრე სამსახურში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად სამოქალაქო სამსახური: ჩემი სურვილი იყო ჯარის-კაცობა, იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შთამეპარება ხვალმე გულში. მაშ რაღამ დამიშალა, თუ კი ჩემი სურვილი იყო? აი, რამ დამიშალა: ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო. მაშინ, როდესაც უკედ მქონდა და კარგადაც მაქვს. ასე რომ, ჩემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანცაობ. მაგრამ რადგანაც შევიტყვე უარი მათი და მით უსიამოვნება, ვსთხოვე უნივერსიტეტში მაინც გაგზავნა, რომ თუ შტატსკი ვიყო, ვიყო... არც ეს შემისრულეს. უბედურებისა გამო, მამაც ამ დროს ავად შეიქმნა და ავადმყოფი ჩემს თხოვნაზე ასე მეტყოდა: ¨ შვილო, ხომ ჰხედავ შენის სახლის გარემოებასო, იქნება მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასო, შენს სახლს არ უპატრონებო?¨ ამის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის თხოვნით. დავრჩი ისევ ჩემს მამულში; განვწესდი სამსახურში და დაუმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა, ან ჩემი ბედი და ან ჩემი სურვილის აღსრულება. რადგანაც ასე მოხდა, მაშ აქ ეკსპედიციაზე კარგს ადგილს ვერ ვიპოვნიდი. უნდა მართალი ითქვას, რომ ეს ადგილი ყმაწვილის კაცისათვის, ვისაც კი სამოქალაქო სამსახური უნდა, პირველი შკოლაა, ეს არის რომ круг чиновников не выгоден для образования нравственности, მაგრამ ეს თავიზედ არის დამოკიდებული. ამისთვის გაცნობებთ ჩემს ვითარებას, რომ ჩემი აქ დარჩომა სიზარმაცეში არ ჩამომართოთ. ღმერთმა დამიფაროს! ეგ თვისება სხვისაც მეჯავრება. ჭეშმარიტად არა, ზარმაცი არა ვარ, მაგრამ რა ვქნა, რა გაეწყობა სოფლის ბრუნვას...¨ [25]
ბარათაშვილის გატაცება სამხედრო კარიერით – ეს დროის ხარკი იყო. სამხედრო დიდებას მაშინდელი ახალგაზრდობა იდეალად ისახავდა. უფროსი თაობის წარმომადგენლები, საერთოდ, ახალგაზრდობაში ნერგავდნენ მხედრული საქმის სიყვარულს. მაგრამ თუ სამხედრო ხელოვნების დიდი ენთუზიასტი, გრიგოლ ორბელაინი თავის უმცროს ძმას სამხედრო კარიერისაკენ მიუთითებდა, თავისი ძმის თანატოლს – ტატო ბარათაშვილს საუნივერსიტეტო განათლებას უსახავდა მიზნად. იგი ითვალისწინებდა ნიკოლოზ ბარათაშვილის განსაკუთრებულ ნიჭს და გონებრივ მისწრაფებებს და 1835 წლის 25 ივლისს თავის ძმას, ზაქარიას სწერდა: ¨ ურჩიე მელიტონს, რომ ეცადოს на казеном иждивении იმის (ნ. ბარათაშვილის – გ. ა. ) გაგზავნა რომელსამე უნივერსიტეტში. Жалъ, оченъ жалъ будет если его умственныя способности останутся без развития. – ნეტავი გამოგზავნოს დერპტსკის უნივერსიტეტში, რომელიცა არის უპირველესი რუსეთში. - ძალიან ადვილია ამის აღსრულება, თუკი მელიტონ სთხოვს ბარონს¨  (ბარონ როზენს – მთავარმართებელს - გ. ა.)[26]. უნივერსიტეტში შესვლის განზრახვა, როგორც აღვნიშნეთ. ჰქონია ნ. ბარათაშვილსაც, მაგრამ ამ წადილმაც უნაყოფოდ ჩაიარა და ბედმა მეოცნებე პოეტი უსულგულო მოხელეთა შორის მოაქცია.
დეკაბრისტული მოძრაობითა და 1832  წ. შეთქმულებით დამფრთხალი ხელისუფლება სახელმწიფო სამსახურში ყოველ შემსვლელს აიძულებდა, მიეცა განსაკუთრებული ფიცი და აღთქმა ერთგულებისა. 1836  წ. ბარათაშვილისათვის ჩამოურთმევიათ ასეთი ხელწერილი: ¨ 1836 წლის ივლისს 4 დღეს მე ქვემორე ამისა ხელის მომწერი, საქართველოს უზენაესი მთავრობის სასამართლოს და განჩინების ექსპედიციას ვაძლევ ამ ხელწერილს მასზედ, რომ როგორც აქამდე არ ვეკუთვნოდი, ისე შემდგომაც არ მივეკუთვნები საიდუმლო საზოგადოებათ¨ .
სასამართლოსა და განჩინების ექსპედიცია, სადაც მსახურობდა ნ. ბარათაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სასამართლოს ფუნქციების აღმასრულებელი ორგანო ყოფილა. პოეტი უშუალო მოწმე შეიქნა საოცარი ბიუროკრატიული წესებისა, რომლებიც თითქოს სპეციალურად შექმნილი იყო ხალხის სატანჯველად, ქართული ენა განდევნილი იყო სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ხალხს საქმე ჰქონდა უვიც მექრთამე თარჯიმნებთან. მექრთამეობა სცილდებოდა ყოველგვარ საზღვარს. ბიუროკრატიულ ხლართებში გახვეული სრულიად მარტივი სასამართლო საქმე ხშირად ფანტასტიკურად იზრდებოდა და რთულდებოდა. ნ. ბარათაშვილი იძულებული იყო ეკითხა გულისა და სულისათვის უსარგებლო ქაღალდების დასტები. როდესაც ვეცნობით ¨ ექსპედიციის¨ ქაღალდების გროვებს, ჰიპერბოლად არ გეჩვენებათ 40-იანი   წლების ქართველი ლიტერატორის, შალვა ერისთავის, დღიურში შეტანილი სიტყვები: ¨რაც ეხლა აქ, სასამართლოში, ქაღალდებია, სულ ერთად რომ დააგროვონ, ვგონებ, ერთი საშინელი ქაღალდების მთა გაკეთდეს, მთაწმინდის მთის ოდენა უთუოდ შედგება და სულ ყალბი კლიაუზური მიწერ-მოწერანია, რომელიც დაღუპავს ხალხს¨ [27].
ნ. ბარათაშვილის ნიჭი არ იფარებოდა თვით ამ ბნელ ბიუროკრატიულ აპარატშიც. მას სამსახურში მოუხვეჭია საერთო ყურადღება. 1839 წლის ივლისში ნ. ბარათაშვილი დანიშნეს მაგიდის უფროსად სათავადაზნაურო მეურვეობის ნაწილში, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ დაწინაურებული იქნა სააპელაციო ნაწილის მაგიდის უფროსად[28].
მოხელის თანამდებობაზე ყოფნისას პოეტმა კიდევ უფრო თვალნათლივ დაინახა ნიკოლოზ პირველის რეჟიმის საშინელება, მეფის ადმინისტრაციის თვითნებობა და დესპოტიზმი, მშობლიური ხალხის ეროვნული და სოციალური ჩაგვრა. პოეტს უხდება ყოფნა უმიზნო ადამიანთა შორის, მისთვის აუტანელი იყო ქედმოხრილობის სულისკვეთებით გაჟღენთილი ატმოსფერო. სინმადვილის ამ საშინელ პირობებში¨ ცხადათ თუ სიზმრათ¨  პოეტს მოესმოდა ხმა იდუმალი:
„ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვნო შენი საშვენი!
მაგრამ მე ხვედრსა ჩემსა ვერ ვპოვებ,
და მით კაეშანს ვერღა ვიშორებ“.
პოეტმა ჯერ კიდევ არ იცის, მის სიცოცხლეს რას განუმზადებს ¨ხმა იდუმალი¨ . ბარათაშვილი, დიდი საქვეყნო საქმისათვის დაბადებული, ¨ჩუმი ნაღველით ¨ ოცნებობს უკეთეს მომავალზე. წყვდიადის მეუფებაში გაისმის პოეტის ტრაგიკული ამონაკვნესი: ¨ როს მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა?¨ იგი სულიერ ძალას იკრებს მოქმედებისა და ბრძოლისათვის.
* * *
ბარათაშვილი რთული და დიდბუნოვანი ადამიანი იყო. ჩვენ წინ აღმართულია არა მარტო განუმეორებელი პოეტურიტალანტი, არამედ მასთან ერთად ძლიერი, შთაგონებული პიროვნება, რომლის შინაგანი სამყაროს სიმდიდრე გაოცებთ და გხიბლავთ. არაჩვეულებრივი ნებისყოფა და მიზანსწრაფვა, გრძნობათა სიღრმე და გონების ძალა, სევდა და სიხარული ჰარმონიულად არის გაერთიანებული¨ მერანის¨ ავტორში. ბარათაშვილის პიროვნება მონოლითურია. მისთვის არ არსებობს საშუალო გრძნობა. პოეტის სულიერ სამყაროს მხოლოდ ძლიერი ვნებანი ფლობენ. ამ ძლიერ ადამიანურ ვნებათა პოეტურ ფორმებში გარდაქმნის მთრთოლვარე წამს იბადება ბარათაშვილის გენია, რაც გვარწმუნებს, რომ დიდი ხასიათის გარეშე არ არსებობს დიდი მხატვარი. პოეტი, რომელიც თავის შინაგან ბუნებაში ატარებდა დაულეველ მარაგს ადამიანური აღტაცებისა და სიხარულისას, წარმოგვიდგება, როგორც ღრმა სევდით მოცული მომღერალი, რომლის ხმაში შემმართებელი და გმირული ტონები ვერ ფარავენ მწუხარ ჟღერას.
ბარათაშვილს სულს უხუთავდა მაშინდელი უბადრუკი სინამდვილე და თბილისის ოფიციალური საზოგადოება ისევე, როგორც ბაირონისა და შელის, პუშკინსა და ლერმონტოვს –ლონდონისა და პეტერბურგის მაღალი წრეები. თავისი მეგობრის – მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ ერთ წერილში პოეტს სასტიკი განაჩენი გამოაქვს მაშინდელი საზოგადოების მიმართ, იგი გვიხატავს მღელვარე სურათს თავისი სულიერი მარტოობისას: ¨ საყვარელო დაო მაიკო... კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმის სიმოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდიხანია ობოლი ვარ. – არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე, მაიკო, სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაცა, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არც თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა!¨
ბარათაშვილი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით აფასებს თავისი დროის საზოგადოებას, მაგრამ პოეტში ღვივის ადამინისადმი სიყვარულის ჩაუქრობელი ცეცხლი, მასში ჩქეფს დაულეველი წყარო სიცოცხლის ენერგიისა. მისთვის ცხოვრების მშვენიერება ადამინის გარეშე არ არსებობს. პოეტი მაღალ მოწოდებას უყენებს ადამინს და, რადგან მისი დროის საზოგადოება ამ მოწოდებას ვერ პასუხობს, იგი შესტრფის მის მიერ შექმნილ სულიერი მშვენიერების იდეალს. ბარათაშვილი იმუშავებს მაღალ მორალურ ფილოსოფიას. პოეტი ადამინის ბედნიერების კრიტერიუმად მორალურ სრულყოფას აღიარებს. ეს კონცეფცია ბარათაშვილს გადმოცემული აქვს ზემოთ ნახსენებ ღრმააზროვან ბარათში მაიკო ორბელიანისადმი: ¨ ასეთს რას იფიქრებ, რომ ბოლო არ ჰქონდეს, ასეთს რას მიიღებ, რომ არ დაკარგო?
მიჩვენე კაცი, რომ მადლიერი იყოს ამ წუთის სოფლისა, -დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა, აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან!¨  სიამოვნების უმაღლესი განცდისა და ბედნიერების სრულყოფილ გამოხატულებად ბარათაშვილი გვისახავს სულიერ მშვენიერებას.
ზემოთ მოყვანილი ბარათის სტრიქონებში ნათლად ჩანს პოეტის მაღალბუნებოვნება, მისი სპეტაკი ზნეობრივი იდეალები. თავისი პოეტური ცხოვრებით ბარათაშვილი თვით გვევლინება კეთილშობილი ადამიანის უებრო მაგალითად. თითქოს, ბუნებას სწადდა გამოეჩინა მთელი თავისი შემოქმედებითი ძალა, როცა ბარათაშვილს შთაბერა ჩაუქრობელი ცეცხლი პოეტური აღმაფრენისა და დააჯილდოვა კაცობრიობისადმი სიყვარულის ღრმა გრძნობით. ბარაათშვილის პოეტურ სამყაროში ჩვენ გვხვდება აჩრდილი ბოროტი სულისა, რომელიც მსახვრალი ხელით ამსხვრევს ჭაბუკურ ოცნებას, სულის მშვიდობას ართმევს პოეტს. თითქოს სიავის ამ მრისხანე სიმბოლოს საპირისპიროდ პოეტის ცხოვრების გზაზე გვეგებება მისი გულთამხილავი მეგობრის, მაიკო ორბელიანის, სხივმოსილი სახე. იგი კეთილი სულია პოეტის მშფოთვარე ცხოვრებისა,პოეტის გრძნობათა მესაიდუმლეა, რომელიც ესალბუნება მისი სახელოვანი მეგობრის სულის იარებს. ჩვენამდე მოღწეულია მაიკო ორბელიანის პორტრეტი. ღრმა ფიქრით აღბეჭდილი ლამაზი სახე,- ჭკვიანური, ნუშისებრი ქართული თვალები. მის ნატიფ ტანს ორი გრძელი ნაწნავი კიდევ უფრო მოხდენილად აჩენს. ფარული სევდა გამოკრთის ამ შთაგონებული ქმნილებიდან: თითქოს იგი დახატული იყოს იმ დროს, როცა თანაგრძნობით უსმენდა ტატო ბარათაშვილის მწუხარე აღსარებას.
პოეტის წერილები მაიკო ორბელიანისადმი ეპისტოლარული მემკვიდრეობის შესანიშნავი ფურცლებია. მათში აღბეჭდილია არა მარტო პოეტის დაფიქრება ჰარმონიისა და სილამაზის შესახებ, არამედ გამოკრთის ყოველდღიური ცხოვრების განცდები, შეზავებული მახვილი იუმორით. მაიკო ორბელიანი იყო პოეტის უგულითადესი მეგობარი, რომელსაც ყველაზე მეტად უზიარებდა იგი თავის გრძნობებს. მათი ურთიერთობა ლირიზმით აღსავსე მეგობრობის მომხიბვლელი მაგალითია. ხშირად პოეტის ბარათს მომხიბვლელი ქალისადმი თან ახლავს ახალი ლექსი ნიკოლოზ ბარათაშვილისა. ეს ბარათები პოეზიის სურნელებას გამოსცემენ. მაიკო ორბელიანიც ინახავდა მათ, როგორც უძვირფასეს რელიქვიას. მას პოეტი ზოგჯერ უძღვნიდა მთელ რვეულს თავის ლექსებისას. პოეტის ავტოგრაფებს შორის ამჟამად დაცულია ლექსთა მომცრო კრებული, რომელსაც ბარათაშვილის ხელით ასეთი წარწერა აქვს გაეკთებული: ¨ დაო, მაიკო!
ეს ლექსები იქონიე ჩემეულად. ვიცი, რომ წარმკითხველი მათი მოიგონებ ბევრთა საამოთა დღეთა ყრმაწვილობისათა და შეიბრალებ შენსა ყარიბსა ძმასა¨ თ.ნ. ბარათაშვილი¨ ( ბარათი დაწერილია 1841წ.).
მაიკო ორბელიანისადმი მიწერილ ბარათებში გამოთქმული სულიერი მშვენიერების იდეა თავის მაღალ გამოხატულებას პოულობს პოეტის სიყვარულის რომანტიკულ კონცეფციაში. ნ. ბარათაშვილის თავგადასავალი და მისი ინტიმური ლირიკის ნიმუშები ჩვენ გვიდასტურებს, რომ პოეტი ერთგულია თავისი პოეტური იდეალებისა.
როგორც დანტე ვირგილიუსს, ბარათაშვილი ტრფიალების ღმერთს შეჰყავს ქარიშხლოვან განცდათა სფეროში:
„მისთ თვალთა ხარობს სამოთხე ჩემი,
მისი ღიმია შვების მომცემი,
ჩემი წარმწყმედი, მაცხონებელი,
განმაბრძნობელი, გამხელებელი!
ვით არ ვადიდო სიტურფის ღმერთა!
ყოვლნი კეთილნი მან შეიერთა,
სულსა მოჰბერა ცის ნიჭნი ქვეყნად?
და თავის მკობად ჰქმნა იგი მგოსნად“.
ბარათაშვილის პირველი სიყვარულის განცდა ჩვენთვის ბურუსით არის მოცული. ჩვენ ისიც არ ვიცით, პოეტის სატრფიალო ლირიკის რომელი სამკაულია ამ პირველი გატაცების სახსოვარი. ყველაზე ადრეული ცნობა ბარათაშვილის პირველ ტრფიალებაზე შემოუნახავს პოეტის ახლო მეგობარის, ლევან მელიქიშვილის, ერთ წერილს გრიგოლ ორბელიანთან. ამ ბარათში, რომელიც დაწერილია პოეტის სიკვდილის რამდენიმე თვის შემდეგ, ლევან მელიქიშვილი ატყობინებს თავის ადრესატს: ¨ არ გამეგება, შენ იცი თუ არა, რომ პირველი სიყვარული საწყლისა, (ნ. ბარათაშვილისა – გ. ა. ) იყო ნინო. არც ის ვიცი, შენთვის ცნობილია თუ არა, რომელი ნინო იყო¨ [29]. ამჟამად ვიცით, რომ ეს ნინო ორბელიანის ქალი იყო. რა ხასიათი მიიღო პოეტის ამ პირველმა სიყვარულმა,-ჩვენთვის საიდუმლოა ისევე, როგორც შემდეგი გატაცება პოეტისა ფრანგი დელფინა ლაბიელის ქალიშვილით. შესაძლებელი ხდება დელფინა ლაბიელის შესახებ ზოგი ბიოგრაფიული დეტალის აღდგენა. დელფინა 30–იან წლებში თბილისში ჩამოსახლებული ფრანგი ქალიშვილია. მისი დედა ყოფილა აბრეშუმის საქმის სპეციალისტი და მუშაობდა თბილისის აბრეშუმის სახვევ ფაბრიკაში, რომელიც ჯერ კიდევ 20–იან წლებში დაარსდა საფრანგეთიდან საგანგებოდ მოწვეული კასტელას ხელმძღვანელობით. მადამ ლაბიელის დროს ფაბრიკას ხელმძღვანელობდა ფრანგი ტესერი[30].
ვორონცოვის ლეიბ ექიმი ვ. ს. ანდრეევსკი თავის მოგონებებში გადმოგვცემს, რომ თბილისში 40-იან წლებში ცხოვრობდა აბრეშუმხვევის მოხელე პროვანსელი მადამ ლაბიელი, რომელმაც თავისი ქალიშვილები საქართველოში დააოჯახა[31]. მადამ ლაბიელს თბილისში ჰქონია კაფე, გამდიდრებულა და მაღალ საზოგადოებაში ფეხი მოუკიდია.
აი, ყველაფერი ის, რაც ჯერჯერობით ჩვენ ვიცით დელფინა ლაბიელის ბიოგრაფიის შესახებ. რაც შეეხება პოეტის დამოკიდებულებას დელფინას მიმართ, ჩვენამდე მოაღწია ცნობამ, რომ პროვანსელი ასულით გამოწვეული ინტიმური მღელვარება გამოხატულია ლექსში ¨ ჩემს ვარსკვლავს¨ [32].
* * *
ნ. ბარათაშვილი დაუღალავად ზრუნავდა მშობლიური მწერლობის გამდიდრებისათვის, საკუთარი მაგალითით იგი სტიმულს აძლევდა მისი დროის ქართველი საზოგადოების კულტურულ წინსვლას. პოეტს ახარებდა ყოველი ახალი შენაძენი ქართული მწერლობისა. 1841 წლის 18 ოქტომბერს იგი თავის ბიძას, გრიგოლ ორბელიანს, სწერს: ¨ ლიტერატურა ჩვენი, ღვთით, დღე და დღე შოულობს ახალთა მოყვარეთა. მრავალნი ყმაწვილნი კაცნი, მოცლილნი სამსახურითგან, მყუდროებაში და მარტოობაში, შეეწევიან მამულს ენას, რაოდენიცა ძალუძთ. ესე საზოგადო სული ბუნებითის ენის ტრფიალებისა ყმაწვილთ კაცთ შორის აღმოაჩენს, რომ ქართველთ არა სძინავთ გონებით!¨ [33]
ნ. ბარათაშვილის წრე იყო ცენტრი მაშინდელი ლიტერატურული ცხოვრებისა. პოეტის მეგობარი კონსტ.მამაცაშვილი გადმოგვცემს: ¨ხშირად შევიყრებოდით ხოლმე ამხანაგები ნიკოლოზ ბარათაშვილთან. ჩვენი დროის გატარება იყო ლაპარაკი მაშინდელს ლიტერატურაზედ, სწავლაზედ, სხვადასხვა ჩვენს გარემოებაზედ¨ . ამ ლიტერატურული წრის წევრები იყვნენ გიორგი ერისთავი, მიხ.თუმანიშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ვახტანგ ორბელიანი, კონსტ. მამაცაშვილი, გრ. რჩეულიშვილი, ზაქ. ფალავანდიშვილი, ლუკა ისარლიშვილი, ალ. ჩიქოვანი, დავით მაჩაბელი და სხვ. ცალკე უნდა ითქვას ნ. ბარათაშვილის ურთიერთობის შესახებ მაშინდელ სახელმოხვეჭილ პოეტებთან – ალექსანდრე ჭავჭავაძესთან და გრიგოლ ორბელიანთან. ამ უკანასკნელთან ნ. ბარათაშვილს აახლოებდა არა მარტო ნათესაური კავშირი, არამედ დიდი სულიერი მეგობრობა და ლიტერატურული ინტერესები. ალ. ჭავჭავაძის ოჯახში, რომელიც იმ დროს, მანანა ორბელიანის სალონთან ერთად, უბრწყინვალეს ლიტერატურულ კერას წარმოადგენდა, ნ. ბარათაშვილმა პოვა თანამგრძნობელნი, მისი ლექსების დამფასებელნი. ამ ოჯახის მშვენებამ – ალ. ჭავჭავაძის შუათანა ქალმა – უკატერინემ კი მოხიბლა პოეტის გული. პოეტის ადრეული გატაცება ნინო ორბელიანით, აგრეთვე დელფინა ლაბიელით ფერმკრთალდება იმ ღრმა გრძნობის წინაშე, რომელიც ეკატერინეს წარმტაცმა პიროვნებამ აღძრა პოეტში. ამ ამაღლებული სიყვარულის შედეგია ნ. ბარათაშვილის ინტიმური ლირიკის შესანიშნავი ნიმუშები: ¨თავადის ჭავჭავაძის ასულს ეკატერინას¨ , ¨საყურე¨ , ¨... ნა ფორტოპიანოზედ მომღერალი¨ .
სანგულისხმოა, რომ ნ. ბარათაშვილის გარშემო შემოკრებილ ლიტერატურულ წრეში ჩაეყარა საფუძველი ქართული ჟურნალისა და თეატრის დაარსების აზრს, რომელიც პოეტის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ განხორციელდა. ნ. ბარათაშვილი ზრუნავდა ქართული დრამატურგიის გამდიდრებაზე. 1841 წლის 28 მაისს ნ. ბარათაშვილი გრ. ორბელიანს ატყობინებდა: ¨ ჩვენმა ლიტერატურამ ორი კარგი თარგმანი იშოვა: კიპიანმა გადმოთარგმნა: Ромео и джулиета, შექსპირის ტრაგედია, და მე ვთარგმნე Юлии Таретский, ტრაღედია ლეიზევიცისა¨ [34].
განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლისადმი დიდი ინტერესი, რომელიც ნ. ბარათაშვილის წრეში გაღვივდა. მათ გადაწყვიტეს საქართველოს ¨ რიგიანი¨ ისტორიის დაწერა[35]. ამ ისტორიის ერთი ნაწილი დაუწერია ნ. ბარათაშვილს. ეს ნაწილი დაკარგულია.
ნ. ბარათაშვილს აქტიური მონაწილეობა მიუღია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წამოწყებაში, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ისტორიული წყაროების შესწავლა –შეკრებას. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიას ნ. ბარათაშვილი კორესპონდენტად დაუნიშნავს საქართველოში.
* * *
ასეთ გონებრივსა და ზნეობრივ გარემოში ყალიბდება ნ. ბარათაშვილის პოეტური ნიჭი. იწყებოდა ძლიერი შინაგანი დუღილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ ცარიზმი აფერხებდა ქართული ეროვნული კულტურის ყოველ გამოვლინებას. მით უმეტეს, ვიწრო იყო სარბიელი ნ. ბარათაშვილის ნიჭისა და სულიერი ძალებისათვის. პოეტს იმის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდა, რომ თავისი ლექსები დაბეჭდილი ეხილა. 40 –იან წლებში ქართული ბეჭდვითი ორგანო არ  არსებობდა. ბარათაშვილი შებოჭილი იყო ნიკოლოზ პირველის საშინელი სინამდვილით, მაგრამ ბედი მას კიდევ უფრო დიდ განსაცდელს უმზადებდა. ოჯახის უმძიმესი ნივთიერი პირობების გამო პოეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი და სამშობლოს გარეთ, მივიწყებულ პროვინციებში, ეძებნა სამსახური.
1844 წლის ბოლოს ნ.ბარათაშვილმა გადაწყვიტა წასულიყო ნახჭევანში მაზრის უფროსის თანაშემწედ (მაზრის უფროსად იმ დროს მისი მეგობარი ლევან მელიქიშვილი დანიშნეს). იქ ნ. ბარათაშვილის ცხოვრება, როგორც თვითონ პოეტი ერთ წერილში ამბობს, ¨ტანჯვისა და უსიამოვნების მეტი არ ყოფილა რა¨ .იგი იძულებული შეიქნა მალე დაეტოვებინაეს მხარე. 1845 წლის მარტში მას კვლავ თბილისში ვხედავთ ახალი სამსახურის ძებნაში გართულს. მისი ოჯახური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, მთელი ოჯახი ერთერთ ნუგეშს პოეტში ხედავდა. როგორც იყო ნ. ბარათაშვილმა მიიღო თელავის მაზრის უფროსის თანაშემწის ადგილი. იგი კიდევაც გამზადებულა წასასველად, მაგრამ ამ დროს მისმა ნათესავმა – განჯის მაზრის უფროსმა – მამუკა ორბელიანმა – პოეტს თავისი თანაშემწეობა შესთავაზა. ნ. ბარათაშვილი დათანხმდა. იმავე წლის 19 ივნისს იგი უკვე დანიშნეს ამ თანამდებობაზე. განჯაში პოეტის წასვლას მისი ერთი ახლო მეგობარი ასე იგონებს: ¨ ეს თანამდებობა ( განჯის მაზრის უფროსის თანაშემწეობა,- გ. ა. ) ძალიან არ უნდოდა, მაგრამ იმის სახლის გარემოება ისე გამოიცვალა, რომ უნდა მიეღო ეს ადგილი¨ .
1840 წელს დაიპყრობილი განჯა ტიპიური აღმოსავლური ქალაქი იყო. ბარონ ნიკოლაი, რომელსაც 40–იან წლებში დაუთვალიერებია განჯა, თავის დღიურში ამ ქალაქს სასაფლაოს ადარებს. ვინაიდან მამუკა ორბელიანი იშვიათად იყო მაზრაში, ამ ჯერ კიდევ დაუწყნარებელი მხარის მართვა – გამგეობის მთელი სიმძიმე ნ. ბარათაშვილს დააწვა. მაზრაში გავრცელებული ყაჩაღობა კიდევ უფრო ართულებდა პოეტის ისედაც მძიმე პირობებს ამ მივარდნილ მხარეში. ნ. ბარათაშვილი წერილებში ემუდარებოდა ნათესავ–მეგობრებს, რომ ახალი სამსახური ეშოვნათ მისთვის და სამშობლოში გადაეყვანათ, მაგრამ ამის განხორციელება არ მოხერხდა. აუტანელი შრომით დაქანცული პოეტი გახდა ავად ავთვისებიანი ციებით, რასაც თან დაემატა ფილტვების ანთება და გარდაიცვალა განჯაში 1845 წლის 10 ოქტომბერს (ძველი სტილით).
ასე დამთავრდა ნ. ბარათაშვილის ცხოვრების გზა. ახლობელთაგან დაუტირებულ პოეტს საფლავში ჩაყვა სამშობლოსაკენ გადახვეწილის დიდი სევდა. სასაფლაო, სადაც დაკრძალული იყო ნ. ბარათაშვილი, დროთა მსვლელობაში ბაღად აქციეს. პოეტის საფლავის ბედით დაინტერესებულ მის სიყრმის მეგობარს, კონსტ. მამაცაშვილს, განჯიდან სწერდნენ: ¨ პოეტის საფლავი ბაღში იცნობა მხოლოდ იმით, რომ იმაზედ არის ამოსული დიდი,  მაღალი, მშვენიერი კიპაროსი, ყოველთვის მწვანეა ზაფხულ-ზამთარში¨ . არავინ იცის, ვინ დარგო, ან ვინ უვლიდა ამ ხეს. თითქოს იგი ბუნების საჩუქარი იყო პოეტის საფლავის დასამშვენებლად. ამ ხის სიცოცხლეს ინახავდა ციური ცვარი, რომელზედაც პოეტმა თქვა: ¨ სატრფოს ცრემლის წილ, მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი¨ ... თითქოს, ეს მუდამ მწვანე ხე სიმბოლო იყო პოეტის უჭკნობი შემოქმედების და მისი მარადი სიცოცხლისა მშობელი ხალხის გულში.
ნ. ბარათაშვილის უდროო სიკვდილი მძიმედ განიცადა მოწინავე ქართველმა საზოგადოებამ. ლ. მელიქიშვილი გრ. ორბელიანს მწუხარებით სწერდა: ¨ საქართველომ მასში დაჰკარგა კაცი, რომელსაც იგი უყვარდა სრული პოეტურის სულითა და ამ სიყვარულს ყოველ თავის მოვალეობაზე მაღლა აყენებდა, ყმაწვილი კაცი მშვენიერის ბრწყინვალე ნიჭისა, რომლის იმედი სამშობლოს მეტად ჰქონდა, ვიდრე სხვა ეხლანდელის ჭაბუკ შვილებისა¨ . მწერალი ალ. ორბელიანი კი დამწუხრებული კითხულობდა: ¨ სად არის საქართველოს იადონი? ცოდო არ არის ეხლა შორს გზაზედ იყოს... უზადო პოეტო, ყმაწვილო კაცო, ნიკოლოზ ბარათაშვილო! რომელმა მსჯელობამ წაიღო ეგ შენი სხივ-მოსხმული ნათელი სული პოეტობისა?.. გენიის ღმერთი შენს ძილსა უალერსებს!.. ახ, უდროვო იყო ესე ძილი! ობლობისა ცრემლსა იხოცს შენს საფლავზედ საქართველო¨ .
მოგვიანებით ნ. ბარათაშვილს ლირიკული გვირგვინი დაუწნა გიორგი ერისთავმა. 1893  წ. აპრილში მოწინავე ქართველმა საზოგადოებამ პოეტის ნეშტი განჯიდან თბილისში გადმოასვენა და დიდუბეში დაკრძალა. ნახევარი საუკუნის შემდეგ პოეტის სამშობლოსათვის დაბრუნებას ქართველი ხალხი შეხვდა ეროვნული გრძნობის არაჩვეულებრივი აზვირთებით. პოეტის კუბოს თბილისის სადგურიდან დიდუბემდე მოაცილებდა მრავალათასიანი პროცესია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები. პოლიციის საიდუმლო მოხსენებებში საგანგებოდ აღნიშნავდნენ ეროვნული პოეტის გადმოსვენების სახალხო ხასიათს, ერთ ასეთს დოკუმენტში ვკითხულობთ: ¨ დედებს მოეყვანათ თავიანთი პატარა შვილები, აჩოქებდნენ კუბოს წინ და თაყვანს სცემდნენ კუბოს, როგორც წმინდანის ნეშტს¨ .
1938 წლის 19 ოქტომბერს ბარათაშვილის ნეშტი გადმოსვენებულ იქნა დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში. ქართველმა ერმა ნ. ბარათაშვილის ნეშტი საბოლოოდ დაუბრუნა ქართული მწერლობის პარნასს, იმ მთას, რომელზედაც პოეტი ჭაბუკობიდანვე უნაზესი გრძნობით იყო შეყვარებული.
* * *
ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიღუპა სრულიად ახალგაზრდა, თავისი შემოქმედების განთიადზე, მაგრამ მის მიერ დატოვებული პოეტური საგანძური წარმოადგენს ახალი ქართული მხატვრული კულტურის უდიდეს მოვლენას. ნ. ბარათაშვილის მნიშვნელობა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიაში კოლოსალურია. ¨მერანის¨ ავტორმა თავის შემოქმედებაში აღბეჭდა ქართველი ხალხის ისტორიული პროგრესის ახალი საფეხური, ხალხის დაუცხრომელი სწრაფვა ნათელი მომავლისაკენ. მან, როგორც გაბედულმა ნოვატორმა, დაამსხვრია ძველი მხატვრული აზროვნების ტრადიციები და თავისი ხალხის ეროვნული სულისკვეთების პოეტური გამოხატვით ახალი ქართული მწერლობა მსოფლიო ლიტერატურის სიმაღლეზე აიყვანა.
ნ. ბარათაშვილის შემოქმედების დიდი ისტორიული დამსახურება ქართველი ერის წინაშე შესანიშნავად განსჭვრიტა ილია ჭავჭავაძემ, რომელმაც ¨ მერანის¨ ავტორის შესახებ თქვა: ¨ ნ. ბარათაშვილმა ჩვენს აზრს, ჩვენს ჭკუა-გონებას დიდი განძი და სიღრმე მისცა, კაცობრიობის წყურვილის მოსაკლავ წყაროს ქართველიც დააწაფა¨ .
ჩვენს ლიტერატურულ კრიტიკაში გამოთქმული იყო აზრი, რომლის მიხედვით ბარათაშვილის მხატვრული შემოქმედება აუხსნელ მოვლენას წარმოადგენდა მე-19 საუკუნის პირველი ნახევრისათვის. თითქოს იმ დროს საქართველოსათვის მისი გენია იყო სრულიად მოულოდნელი გაელვება. ეს არ არის მართალი. თუმცა გასული საუკუნის დასაწყისში საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაკარგა, მაგრამ მისი ეროვნული ცხოვრების კერა არ გაციებულა. ნაცარწაყრილი ცეცხლი ღვიოდა ახალი ძალით, იწყებოდა საქართველოს ეროვნული ორგანიზმის გამთლიანების დიდი ისტორიული პროცესი, რომელიც ნ. ბარათაშვილმა ღრმა ინტუიციით განსჭვრიტა. ქართველი ხალხის სწორედ ამ პოტენციალური შემოქმედების ენერგიის მძლავრ გამოვლინებას წარმოადგენდა ბარათაშვილის პოეტური მემკვიდრეობა ახალ საუკუნეში.
ნ. ბარათაშვილის მხატვრული აზროვნება უაღრესად რთულ ისტორიულ სიტუაციაში ჩამოყალიბდა. გასული საუკუნის 30-40-იანი წლების მანძილზე ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობის გარდატეხებს ჰქონდა ადგილი.ქართველი ხალხის ეროვნული სულისკვეთება თავის ძლიერ გამოხატულებას პოულობდა ლიტერატურაში. მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ამ დროს ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეები პირველად დაუკავშირდა ჩვენში პოლიტიკური თავისუფლების საერთო პრინციპებს, რაც ნათლად გამოსჭვივის ბარათაშვილის პოემაში ¨ ბედი ქართლისა¨ .
ნ. ბარათაშვილი სულიერად XIX საუკუნის შვილია. იგი ხარბად ისუნთქავს ახალ იდეებსა და განწყობილებებს და ქართული პოეზიის რეფორმატორად გვევლინება. ¨მერანის¨ ავტორმა შეძლო რომანტიკული პოეზიის ჩარჩოებში მოექცია ქართული ცხოვრებისა და  საზოგადოებრივი აზროვნების მიერ წამოყენებული საკითხები და მათზე ღრმად მოფიქრებული პასუხი გაეცა.
ნ. ბარათაშვილის შემოქმედების სტიქიას ლირიკა წარმოადგენს. მის ლირიკულ შედევრებში აღბეჭდილია პოეტის სულის ქროლვა, აზრის დუღილი, გრძნობათა სიფაქიზე, ხალხის სიყვარულით ნასაზრდოები. ეს ლირიკული ქმნილებანი უმაღლესი პოეტური ოსტატობითაა გამოძერწილი. როცა კითხულობთ ბარათაშვილის ლირიკულ ლექსებს, უნებურად გაგონდებათ ჰაინეს სიტყვები გოეთეს პოეტურ ქმნილებებზე ნათქვამი: ¨ ენით გამოუთქმელი მშვენიერება აქვთ მინიჭებული ამ ლექსებს, ისინი ფლობენ თქვენს გულს, სიტყვა გეალერსებათ, აზრი გკოცნით¨ . ბარათაშვილი ჭეშმარიტი ნოვატორია. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა პოეტური ფორმა, ახალი შინაარსით აავსო იგი და დიდად გააფართოვა საზღვრები მშობლიური პოეტური ხელოვნებისა. ბარათაშვილმა დაამკვიდრა საკუთარი ხმა პირველი სიმღერისთანავე. საკმაოა ნ. ბარათაშვილის ლირიკისათვის თვალის ერთი გადავლებაც კი, რომ დაინახოთ ქართველი პოეტის არაჩვეულებრივი ორიგინალობა და დამოუკიდებლობა.
ღრმა ლირიკული უშუალობით აქვს გადმოცემული ნ.ბარათაშვილს საკუთარი სულიერი დრამა, ღრმა საზოგადოებრივი მოტივებით გაპირობებული. სულიერი მოძრაობის მრავალფეროვნების გადმოცემისას პოეტი იჩენს კონკრეტულობას და ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით აერთებს ხშირად განცდებს საგნობრივ სამყაროსთან. ამაშია, სხვათა შორის, მიმზიდველი ძალა ბარათაშვილის პოეზიისა. ბარათაშვილი არის ლირიკული კომპოზიციის უბადლო ოსტატი, მას არ სჩვევია პოეტური ფორმის დაუმთავრებლობა. პოეტური თემის ნაბეჭდობით და პლასტიკურობით მისი ლირიკული ქმნილებანი მხატვრულ სრულყოფას აღწევენ.
ბარათაშვილი ავტორია ისეთი რეალისტურ-რომანტიკული ეპიკური ნაწარმოებისა, როგორიც არის პოემა ¨ ბედი ქართლისა¨ . პოეტი ამ თხზულებაში გვევლინება მხურვალე პატრიოტად, რომელიც წინასწარმეტყველურად განჭვრეტს საქართველოს ისტორიულ მომავალსაც, ბარათაშვილი ამ პოემით საფუძველს უყრის ახალ ქართულ პოეტურ ეპოსს.
ნ. ბარათაშვილი ღრმა აზრის პოეტია. მისი შემოქმედების ძლიერება განსაკუთრებით იგრძნობა იქ, სადაც პოეტი ადამიანურ ღირებულებათა შესახებ თავის ფილოსოფიურ შეხედულებებს მაღალმხატვრულ განზოგადებებში გამოხატავს. ნ. ბარათაშვილის ფილოსოფიურ ლირიკაში ყოველი ახალი თაობა ამოიკითხავს ახალ აზრს და შთაგონების ახალ წყაროდ აქცევს მას. ნ. ბარათაშვილის სულიერი ცხოვრება ძალიან ადრე დაიწყო. ადამიანის დანიშნულების საკითხი, სამშობლოს ისტორიული ბედი, აწმყოს სიდუხჭირე და პირადი ხვედრი ნ. ბარაათშვილის წინაშე გარკვეულ პრობლემად დგას შემოქმედების პირველ პერიოდშივე. უკვე მის ადრეულ ლექსში - ¨ შემოღამება მთაწმინდაზე¨ -ჩანს პოეტის აზროვნების ფართო ჰორიზონტი. პოეტის სულიერ მღელვარებასა და ფაქიზი ფერებით დახატულ ბუნებას შორის დამყარებულია ჰარმონია, იგი მეგობრულ ხელს უწვდის ბუნებას:
„მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარ საღამოს, ვით მეგობარს , შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!“
პოეტი, როგორც ეს რომანტიკოსებს სჩვევიათ, ადამიანის ენით ესაუბრება ღრუბლიან მთას და წყნარ საღამოს, რადგანაც ნათესაობას პოულობს მათში.მის მჭმუნვარე სულს იზიდავს ბუნების მწუხარე იერი.
¨ შემოღამება მთაწმინდაზე¨ , ნ. ბარათაშვილის ემოციების სიმდიდრესა და მძაფრ მხატვრულ ინტუიციასთან ერთად, გვამცნობს მის ძლიერ ლტოლვას საზოგადოებრივ-ფილოსოფიური საკითხისადმი. ამ ლექსში პოეტის აზრი მიისწრაფვის ცის ლაჟვარდისაკენ, მას სურს კოსმოსს გადახადოს ფარდა და ამოიკითხოს მისი საიდუმლოება:
„ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!
მე შენსა მჭვრეტელს მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა...ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება...
მაგრამ ვერ სცნობენ გლახ მოკვდავნი განგებას ციურს!“
ზეცის მიმართ პოეტის ასეთ მძლავრ ტრფიალში არ უნდა დავინახოთ აბსტრაქტული მჭვრეტელობა, ეს არ არის ¨ მიღმა-ქვეყნიურ¨ , ირეალურ სამყაროსკენ სწრაფვა, არამედ სურვილი კაცობრიობის მომავალში გადახედვისა. ამ ლექსში ბარათაშვილი აყენებს ეპოქალურ იდეას ჭეშმარიტების ძიებისას,-ბუნების წვდომის  ფაუსტურ აზრს. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის სიტყვები: ¨
ბარათაშვილს სურს...დაუსრულებელი სივრცე ცისა და ქვეყნისა მოიაროს¨ . პოეტის ფიქრი ვერ აწევს ცის უსასრულო წიაღს, მაგრამ მას სწამს ძალა ადამიანის შემოქმედებითი აზრისა და მისი მარადი წინსვლა.
სამყაროს შეცნობის ფილოსოფიური წყურვილი ერთი ძირითადი ასპექტია ლექსისა¨ შემოღამება მთაწმინდაზე¨ , ამ ლექსში, მეორე მხრივ, ყურადღებას იპყრობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-მორალური მომენტი: ყრმა ბარათაშვილის განხეთქილება მისი დროის საზოგადოებასთან. პოეტის ოცნებასა და თალხი ფერებით მოსილ სინამდვილეს, რაც გამოხატულებაა მისი ოცნებისა უკეთეს მომავალზე. პოეტის ეს ოცნება შეერთებულია ცოდნის მეუფების იდეასთან. ამ ლექსში ჩვენ პირველად გვხვდება ბარათაშვილი ღრმა კაეშნით მოცული. ეს კაეშანი იმ დროის უკუღმართი ცხოვრების ანარეკლია. აქ ბარათაშვილის შემოქმედებაში მკვეთრად იჩენს თავს რომანტიკული პოეზიის ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება-პესიმიზმი, მაგრამ ბარათაშვილის ნაღვლიან განწყობილებებში გამოკრთის არა,საერთოდ, ცხოვრების უარყოფა, არამედ შეურიგებლობა და ზიზღი არსებული სოციალური სინამდვილისადმი. ამით აიხსნება, რომ პოეტის პესიმისტურ დაფიქრებას ლექსის ბოლო სტრიქონებში ცვლის ცხოვრების ღრმა რწმენა და იმედი ნათელი მომავლისა:
„ჰოი, საღამოვ, მყუდროვ , საამოვ, შენ დამშთი ჩემად
სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი
განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა – სევდა გულისა – ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის
განანათლებს!“
მჭმუნვარე პოეტი განთიადის ხილვის მოლოდინში პოულობს ნუგეშს და შინაგანი განახლების წყაროს.
* * *
ისეთი ძლიერი გრძნობისა და გონების ადამიანის წინაშე, როგორიც იყო ნ. ბარათაშვილი, არ შეიძლებოდა არ დასმულიყო საკითხი თავისი ხვედრის შესახებ საზოგადოებაში. ბარათაშვილი, როგორც აქტიური ბუნებისა და ცხოველი ტემპერამენტის ადამიანი, მიილტვის მოქმედებისაკენ, ის ცხოვრების გულში ეძებს ადგილს. პოეტს სიყრმიდანვე ჩასძახოდა ხმა იდუმალი და ღრმად აფიქრებდა თავის ისტორიულ ხვედრზე. პოეტი მოწოდებული იყო შეესრულებინა დიადი მისია მშობელი ხალხის წინაშე. მაგრამ სინამდვილის ბნელი ძალები გზას უხშობდნენ:
„მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ,
და მით კაეშანს ვერღა ვიშორებ!“
ეს კაეშანი მწუხარებით აჟღერებს ბარათაშვილის ჩანგს და პოეტი თავის ლექსებში ღრმა სევდითაა მოცული. ნაღვლიანი გამა მისიგანცდებისა ძლიერი ექსპრესიით არის გადმოცემული ლექსში ¨ჩონგურს¨:
„შენნი მოთქმანი, კაეშნის ხმანი,
ხანცა ოხვრანი, ხანც ამოსკვნანი,
წარსულთა დროთა მოგონებითა სულს აფიქრებენ!
ჰოი, ჩონგურო, ნეტავი ოდეს
ხმა მხიარული შენგან მსმენოდეს,
რომ უკუმყროდეს მე სევდიანსა გულისა სენი!
მაგრამ სად ვნახო შენი ღიმილი,
სიხარულითა გამოჩენილი?
მე შენგან მესმის მოკლულის გულის ოდენ ჩივილი!“
სხვა ლექსში პოეტი ¨ მოკლულის გულის¨ მიზეზედ ასახელებს ¨
კაცთა სიავეს და ბედის ბრუნვას¨ . აქ პირად ხვედრს ბარათაშვილი უკავშირებს მისი დროის საზოგადოების ¨ სიავეს¨ და სამშობლოს ბედის უკუღმართობას. ნ. ბარათაშვილის მაღალი მორალური იდეალები ვერ თავსდება უმოქმედობა და უიდეო ცხოვრების ვიწრო სივრცეში. მისი კეთილშობილი მისწრაფებანი, მისი ტანჯვა, სამშობლოს უბედობით გამოწვეული, მისი დაუცხრომელი ძიება ჭეშმარიტებისა გაუგებარი იყო იმდროინდელი საზოგადოებისათვის.ჭაბუკი პოეტის ოცნებები იმსხვრევა და მას ეუფლება ტრაგიკული მარტოობის გრძნობა, რაც განსაკუთრებით ძლიერადაა ასახული ლექსში ¨ სული ობოლი¨:
„ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ ჩივის თავის უთვისტომობას!
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი,
ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!“
პოეტი ვერ ნახულობს თავისი იდეალის თანაზიარს მისი დროის საზოგადოებაში. თავისი ღირსების შეგნების ამაყი განცდა, სულიერი მარტოობის გრძნობა რეაქცია იყო მაშინდელი ოფიციალური საზოგადოების მიმართ, პასუხი იყო იმ ტანჯვისა, რომელსაც მაშინდელი ცხოვრება არგუნებდა პროგრესულად მოაზროვნე პიროვნებებს.
* * *
ბარათაშვილს მუდამ აფიქრებდა ცხოვრების წინააღმდეგობათა ურთულესი პრობლემები. იგი ფილოსოფიურ ლირიკას უდებს სათავეს ქართულ ლიტერატურაში. როგორც ფილოსოფიური აზრის პოეტი, ისწრაფვის სინამდვილის ღრმა შემეცნებისაკენ. მას სწადია ყველაფრის ცოდნა.ბარათაშვილის ბრძნული დაფიქრება ცხოვრების შესახებ შესანიშნავად არის გადმოშლილი ლექსში -¨ ფიქრნი მტკვრის პირას¨ , სევდიანი და ლამაზი ბუნების წიაღში პოეტის ფიქრი თავს დასტრიალებს ყოფნა-არყოფნისა და ადამიანის დანიშნულების მარადიულ საკითხებს:
„ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა
იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად,შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!.
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა –წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?“
პოეტი ღრმად აკვირდებოდა ცხოვრების ყოველ მოვლენას.როგორც დანტე, მალებოლიის კიდეზე დაფიქრებული, ისე ბარათაშვილი, მშობლიური მტკვრის პირად სევდით მოსილი, სვამდა საკითხს სიცოცოხლის მიზნის შესახებ. ¨ პოეტის სულს მოსავს შავი ფერი¨ , როგორც იტყოდა შელი ბაირონზე. მაგრამ ქართველ პოეტს ჰყოფნის სულიერი ძალები, რათა გაფანტოს სევდის შავი ღრუბლებიდა გამოძებნოს დიდი ჰუმანური საყრდენი, ოპტიმისტური ფორმულა
ცხოვრების აზრისა:
„მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან –შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!“
ბარათაშვილი ყოველთვის ნახულობს ძალას, რომ დასძლიოს ტრაგიკული უიმედობა. მართალია, მას, როგორც რომანტიკოსს, უმთავრესად თავის სუბიექტურ განცდათა სამყაროში შევყავართ, მაგრამ მისი ¨ მე¨ არასოდეს არ ეთიშება საზოგადოების ინტერესებს და ბრძნული კრიტიციზმით აფასებს გარე სამყაროს.
ბარათაშვილის ინდივიდუალიზმს მჭიდროდ უკავშირდება მნიშვნელოვანი პრობლემა პესიმიზმისა. პესიმიზმი – ცხოვრების უარყოფა და სასოწარკვეთილება, ევროპული რომანტიზმის ძირითადი ნიშანია, რომელმაც უკიდურესი განვითარება განიცადა რეაქციული რომანტიზმის წარმომადგენელთა ლიტერატურულ პრაქტიკაში.
პესიმიზმი თავის გამოხატულებას პოულობს ბარათაშვილის შემოქმედებაშიც. მისი პოეტური ქმნილებანი ხშიარდ აღბეჭდილნი არინ ტრაგიზმითა და დიდი სევდით, მაგრამ ეს ტრაგიკული უიმედობა, რომელიც გამოწვეულია იმ დროის საშინელი სინამდვილით, სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ პოეტი თითქოს არ ღებულობს ცხოვრებას. პირიქით, ბარათაშვილის შემოქმედებაში ცხოვრება იმარჯვებს. მისი ყოველი ლექსი, როგორი პესიმისტური განწყობილებითაც არ უნდა იყოს დაწერილი, მაინც გაცისკროვნებულია იმედის სხივით და მოქალაქეობრივი დანიშნულების გრძნობით. ჰუმანიზმით არის გამთბარი ბარათაშვილის მთელი შემოქმედება. პოეტის ზრუნვის საგანი, ტრაგიკულ გაფიქრებათა წამშიც, ადამიანია. მისი პოეზიის მამოძრავებელი ღერძი ადამინურის რწმენაა. ამიტომაა, რომ პოეტი არ ემორჩილება მის წინ აღმარული მაცდური დემონის აჩრდილს - ¨ბოროტ სულს¨ და გაბედულად უკუაგდებს მას.
სინამდვილის უკუღმართობით გამოწვეული ტანჯვა ვერ ფარავს პოეტში ცხოვრების სიყვარულის დიდ ენერგიას. იგი ეტრფის სიცოცხლის მშვენიერებას. მას სწამს ისტორიული პროგრესის ძალა და თავის უმაღლეს დანიშნულებად მიაჩნია ემსახუროს საზოგადოების მაღალ იდეალებს. ამ შეგნების საუკეთესო გამოხატულებას წარმოადგენს პოეტის მუდმივი სწრაფვა განთიადისაკენ, მზისკენ. მზე ბარათაშვილის შემოქმედებაში არის ნათელი მომავლისა და სიკეთის სიმბოლო. მისი ადრეული ლირიკის შედევრში ნუგეშად დასახვა ¨  მზიანი დილისა¨ , რომელიც ¨ ყოველს ბინდს განანათლებს¨ - ტონის მიმცემია ბარათაშვილის მთელი შემოქმედებისათვის. როგორც დიდი ჰუმანისტი, იგი ნატრობს:
„მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოველო.
მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი“.
(¨ არ უკიჟინო სატრფოო¨ )
ამრიგად, ბარათაშვილის შემოქმედების ანალიზი გვარწმუნებს, რომ მას მთელი სიძლიერით უყვარდა ცხოვრება და ადამინის მაღალ დანიშნულებას ხედავდა ¨ სოფლისათვის ზრუნვაში¨ . თანმიმდევრული პესიმიზმისათვის კი მიუღებელია არათუ საზოგადოების ზრუნვა, არამედ ყოველგვარი დატკბობა იმ სიხარულით, რომელსაც ადამინის ცხოვრება იძლევა, თანმიმდევრული პესიმიზმისათვის უცხოა მოქალაქეობრივი, მებრძოლი იდეები, ნათელი ოცნება მომავალზე. ბარათაშვილის პესიმიზმი გამოწვეულია არა ცხოვრების საერთოდ უარყოფით, არამედ მის გარშემო არსებული სინამდვილის დაგმობით. ბარათაშვილის სევდა იყო სევდა იმ ადამიანისა, რომელიც ეტრფის თავისუფალ ცხოვრებას, მოწოდებულია ისტორიული მისიისათვის, მაგრამ გათანგულია მწარე სინამდვილის ხუნდებში და წართმეული აქვს მოქმედების ასპარეზი. ბარათაშვილის პესიმიზმი პროტესტია ფეოდალურ-ბატონყმური სინამდვილის, თვითმპყრობელობის მიმართ,-იმ შავბნელი ძალების წინააღმდეგ, რომელმაც პოეტს წაართვა სამშობლო, თავისუფლება და ადამინი  აქცია მონად. ამ მხრივ მას ბევრი აქვს საერთო მსოფლიო პროგრესულ რომანტიკოსებთან – შელისთან, მიცკევიჩთან, ლერმონტოვთან.
პესიმიზმი ბარათაშვილისათვის იყო არა მსოფლგაგება, არამედ განწყობილება, რომელსაც პოეტის სულიერი განვითარების გარკვეულ ეტაპზე სცვლის მებრძოლი სულისკვეთება, გმირული აქტივიზმი.  
ნ. ბარათაშვილის სულიერ განვითარებას თუ გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ მისი იდეური დავაჟკაცება მუდმივ მოქმედებასთან და ძიებასთან არის დაკავშირებული. როგორც ვიცით, ჯერ კიდევ ჭაბუკობის განთიადზე მას საკვირველმა და იდუმალმა ხმამ მოუწოდა საკუთარი ხვედრის ძიებისაკენ. ეს არის მთრთოლვარე წამი პოეტის ცხოვრებაში. ამ დროს ბარათაშვილმა ჯერ კიდევ არ იცის,, რას მოასწავებს ეს იდუმალი ხმა და რას განუმზადებს მის სიცოცხლეს, პოეტს ვერ უპოვია თავისი ხვედრი, მაგრამ იგი სასოწარკვეთილი ჯერ კიდევ არ არის. ჭაბუკი პოეტი იჭვნარევი ეკითხება იდუმალ ხმას:
„როს ვსცნა მე შენი საიდუმლობა,
როს მხვდეს ამ სოფლად ჩემი წილობა?..“
მას შემდეგ, რაც ბარათაშვილი გაივლის ყმაწვილობის ნათელ დროს (¨ ხმა იდუმალი¨ -1836წ.), ცხოვრების ახლო გაცნობა დაარწმუნებს, რომ ბედი, სინამდვილის შავი აჩრდილი, გზას უღობავს და ხელს უშლის წინმსვლელობაში არა მარტო მას, არამედ მის თანამოძმეებსაც, მთელ ხალხს. ბარათაშვილი გმირულად აღუდგება წინ ამ სინამდვილეს. მისი მღელვარე სული ეძიებს გამოსავალს იმ ბნელი და სუსხიანი გარემოცვიდან, რომელშიაც მოქცეულია იგი.
პოეტი თავის ხვედრს განუყოფლად უკავშირებს თანამოძმეთა ბედს. ბარათაშვილს უმაღლეს იდეად ესახება პიროვნების განთავისუფლება მონობის ბორკილებიდან. პოეტში მტკიცდება რწმენა თავისუფალი, კრიტიკული აზრის გამარჯვებისა ფატალიზმზე, სინამდვილის ბნელ ძალებზე. მას არ მიაჩნია გარდუვალად ბედის საზღვრები, რომელსაც შეუბოჭავს მისი სულის თავისუფლება. პოეტი გაბედულად ილაშქრებს ბედის წინააღმდეგ. ეს ყველაზე ტრაგიკული ფიგურაა ჩვენი მწერლობისა ქართულ პოეზიაში ანთებს ბრძოლის ისეთ ცეცხლს, რომლის სინათლე სწვავდა მთელ საუკუნეს.
ნ. ბარათაშვილის წინაშე დგას მაღალი ამოცანები – ეს არის ისტორიული მოქმედების სარბიელზე ბრძოლა არა სუბიექტური, არამედ ობიექტური მიზნებისათვის. იგი გმირულად სძლევს ცხოვრების წინააღმდეგობას. მას ყოფნის ნებისყოფა ბრძოლით გაარღვიოს მის გარშემო არსებული წყვდიადი და ნათელისაკენ გაუკაფოს გზა მომავალ თაობებს. სინამდვილის ბნელ ძალებთან ნ. ბარათაშვილის ტიტანურმა შებრძოლებამ თანამოძმეთათვის თავისუფლების მოსაპოვებლად თავისი პოეტური გამოხატულება ¨ მერანში¨ პოვა. ¨ მერანი¨  ბარათაშვილის მხატვრული გენიის ყველაზე სრულყოფილი გამოვლენაა, მისი შემოქმედებითი ინტენსივობის უმაღლეს შედეგს წარმოადგენს.
ცხოვრების მიზნის შეცნობის პრობლემა, რომელიც პოეტის წინაშე დგას ლექსებში ¨ შემოღამება მთაწმინდაზე¨ და ¨ ფიქრნი მტკვრის პირას¨ ,თავის საბოლოო ფილოსოფიურ -მხატვრულ გადაწყვეტას¨ მერანში¨ პოულობს. ბარათაშვილი უკვე 40 –იან წლებში ჭეშმარიტების ძიებას, ცხოვრების მიზანს ხედავს განმათავისუფლებელ ბრძოლაში, ისტორიულ ქმედებაში სამშობლოს საკეთილდღეოდ. ¨ მერანში¨ დაყენებული პრობლემის გადაჭრა ღრმად რეალისტურია. აქ პოეტი ამსხვრევს მისტიკურ–ირაციონალურ მსოფლშემეცნებას. ¨ მერანის¨ დიდი ჰუმანიზმის წყარო ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში,მის კულტურასა და ნებისყოფაში უნდა ვეძიოთ.ქართული მატიანეების სტრიქონებში, მდიდარ ხალხურ შემოქმედებაში და ჩვენი მხატვრული აზროვნების დიდებულ ძეგლებში ასახულია ქართველი ხალხის უდიდესი ნებისყოფა, გამოწრთობილი თავისუფლებისათვის ბრძოლის გრძელ გზაზე.
ქართველი ხალხის გმირულმა ფანტაზიამ კავკასიის ქედზე აზიდა ამირანის უკვდავი სახე, როგორც სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამძლეობისა. რუსთაველის ჰუმანიზმს, ამირანის გმირულ სულს, ¨ ლილეოს¨ მქუხარე ხმებს უხილავი ძაფებით უკავშირებდა ¨ მერანი¨ .ასეთია ეროვნული ფესვები ¨ მერანისა¨ . მაგრამ ბარათაშვილის გენიალობა ისაა, რომ მან თავისი ქვეყნის პოეტური აზროვნების ეროვნული სული ორგანულად შეადუღა ეპოქის მოწინავე მსოფლმხედველობასთან, ახალ მხატვრულ-ინტელექტუალურ კულტურასთან. ¨ მერანის¨ იდეა ცხოვრების დამკვიდრების იდეაა.
თავისი ძლიერი პროტესტანტიზმით ¨ მერანი¨ ერთგვარად ეხმაურება მანფრედის, ჩაილდ-ჰაროლდის, კაენის მხატვრულ სახეებს. ქართველი პოეტი მიდის იმ ნათელ რეალისტურ რწმენამდე,რომ ცხოვრების აზრი არის ისტორიული ქმედება, რომელიც გზას უკაფავს მომავალ თაობას. იგი ¨ მერანში¨ ბრწყინვალედ ასაბუთებს სოციალური ოპტიმიზმისა და ისტორიული პროგრესის იდეას. ¨ მერანი¨ უაღრესად დიდი ეროვნული მოვლენაა,რომლის იდეური ძირები, როგორც ვთქვით, საზრდოობს ქართველი ხალხის ჰუმანისტური მსოფლმხედველობით და ეროვნული ოპტიმიზმით.მაგრამ საინტერესოა გამოვარკვიოთ კონკრეტულად, თუ როგორ ამოიზარდა ეროვნულ სამყაროში ¨ მერანი¨ .
სახელი ¨ მერანი¨ ბარათაშვილს შესაძლებელია ამოღებული ჰქონდეს ¨ ვეფხისტყაოსნიდან¨ . რუსთაველი ორგზის ხმარობს სიტყვა მერანს:
„ანაზდად მოყმე გამოჩნდა, კუშტი, პირგამქეშავია;
ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია“.
და კიდევ:
„შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად,
იგი ლაღი და უკვდავი მივა ტანისა მრხეველად:
ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინება მზე ველად“.
მერანის სახელის ¨ ვეფხისტყაოსნიდან¨ მომდინარეობა მით უფრო საფიქრელია,რომ ძველ ქართულ ლიტერატურულ სამყაროში და ხალხური შემოქმედების ძეგლებში იშვიათად გვხვდება ეს სახელი. ქართულ მწერლობასა და ფოლკლორში დიდი გავრცელება ჰქონია სიტყვებს: ცხენი, ტაიჭი, ჰუნე, რაში. ბარათაშვილი არც ერთ მათგანს არ იყენებს ლექსის მთავარი მხატვრული სახის განსახიერებისას, ირჩევს ¨ მერანს¨.
არ არის გამორიცხული ის შესაძლებლობაც, რომ რუსთაველის გმირის, ტარიელის მერანით თავდავიწყებულ ლტოლვას მიეცეს პირველი პოეტური შთაგონების ნაპერწკალი ბარათაშვილისათვის ¨მერანის¨ პოეტური კონცეფციის შესაქმნელად. ბარათაშვილმა ქართული მითოლოგიური რაშის ნიშანთვისებებით გაამდიდრა მერანის სახე და იგი უბრწყინვალეს მხატვრულ განზოგადებად აქცია. ამის საბუთს გვაძლევს ქართულ ზღაპრულ ეპოსში გავრცელებული¨ რაშის¨ შედარება ¨ მერანთან¨ . როგორც ქართული ეპოსის რაში, ისევე ბარათაშვილის მერანიც მფრინავია. პოეტი მერანს მიმართავს: ¨ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა¨ .რაშიც და პოეტის მერანიც ზებუნებრივი თვისებების მქონე არსებანია: მათ შეუძლიათ გადალახონ ყოველგვარი წინააღმდეგობა (¨გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გადაიარე კლდენი და ღრენი¨ ), ბოლოს, ქართული ზღაპრული რაშიც და ბარათაშვილის მერანიც ერთგვარად მესაიდუმლენი არიან ადამინისა. თავისთავად ცხადია, რომ პოეტმა მხოლოდ ცალკეული ელემენტები გარდაქმნა ეროვნული მითოლოგიიდან და შორეულად გამოეხმაურა რუსთაველის გენიალურ ქმნილებას. არსებითად, მერანის სახე ბარათაშვილმა სულ სხვა შინაარსით აავსო და იგი ახალი პოეზიის მაღალმხატვრულ განზოგადებამდე აიყვანა.
¨ მერანით¨ ბარათაშვილის გენიამ შექმნა მოქალაქეობრივი შეგნების ისეთი განუმეორებელი მხატვრული დოკუმენტი, რომელიც ბევრად სცილდება თავისი საზოგადოებისა და დროის ფარგლებს. ეს ლექსი ქართველმა ხალხმა მიიღო, როგორც ეროვნული შეგნების მხატვრული სიმბოლო. მან ძლიერი ბიძგი მისცა ჩვენში მთელი საუკუნის პოეტურ შემოქმედებას.
რაში მდგომარეობს ნოვატორული არსი ამ გენიალური ლექსისა?  როგორ მხატვრულ განხორციელებას პოულობს მასში ავტორის მთავარი იდეა, რა პრინციპებს ეყრდნობა ფორმისა და შინაარსის ჰარმონიული ერთიანობა ¨ მერანში¨? კრიტიკული აზრის დაუცხრომელი წინსწრაფვა, ისტორიული პროგრესის რწმენა და  პიროვნების განთავისუფლების იდეა –მამოძრავებელი ღერძია ბარათაშვილის ¨ მერანისა¨ . ამ მისწრაფებათა განხორციელებაში, მერანის თავგანწირულ ქროლვაში მთელი სისრულით ვლინდება პოეტის მებრძოლი სულისა და გაუტეხელი ნებისყოფის ძალა.
გრძნობის სილამაზე და აზრის სიდიადე ¨ მერანში¨ მიღწეულია ლექსის სტრუქტურისა და პოეტური მასალის ორგანიზაციის უაღრესად ორიგინალური მეთოდით. პოეტი უარყოფს აღმოსავლური პოეზიის სახეთა და სამკაულთა ბრჭყვიალა ფერებს და ქმნის გმირული პიროვნების იდეას, რომელსაც ასახიერებს, როგორც ლექსის ცენტრალურ მოქმედ ძალას. საინტერესოა ¨ მერანის¨ სათაურის ისტორიაც. ბარათაშვილის ლექსი, რომელიც ტრადიციულად ჩვენს ცნობიერებაში ¨ მერანის¨ სათაურით არის განმტკიცებული და რომელიც იწყება სიტყვით: ¨ მირბის, მიმაფრენს¨ ,-უსათაუროა. ერთი ავტოგრაფის მიხედვით, მისი ნამდვილი სათაური ყოფილა არა ¨ მერანი¨ არამედ ¨ თავგანწირული მხედარი¨ . სათაური ¨ მერანი¨ შემდეგში დაკანონდა¨ , განსაკუთრებით 60-იანი წლებიდან, იგი ავტორისეული სათაური არ არის. ეს გარემოებაც სუბიექტის აქტივობაზე მიუთითებს: ამრიგად, ¨ მერანში¨ ბარათაშვილს სურს ფანტაზიის დიდი გაქანებით გამოხატოს ძლიერი სულის სწრაფვა, ბრძოლის სტიქია. პოეტის ნებისყოფის განმახორციელებლად მერანი გვევლინება. ეს მხატვრული სახე პოეტს გაუთვალისწინებია თვალუწვდენელი სივრცისათვის. ამიტომ აურჩევია მას ფრთოსანი რაში გრძნეული თვისებებით. იგი პოეტის მუდმივი თანამგზავრი და მესაიდუმლეა.¨ ბარათაშვილს სურს,- წერს ილია ჭავჭავაძე,- საზღვარი ბედისა გაარღვიოს და ნიავს მისცეს თავისი შავად მღელვარე ფიქრი¨ ,რომ დაუსრულებელი სივრცე ცისა და ქვეყნისა მოიაროს. ბაირონის კანმა ამისათვის ლუციფერი აირჩია, გიოტეს ფაუსტმა – მეფისტოფელი და ჩვენმა პოეტმა- თავისი ¨მერანი¨ , ე. ი. თავისი სულის ქროლვა¨ .
მხატვრულ – სტრუქტურული კონცეფცია, რაც საფუძვლად უდევს ¨ მერანს¨ , მდგომარეობს ლექსისი ძირითადი იდეის – განმათავისუფლებელი ბრძოლის – დინამიკურ განვითარებაში; ლექსი იწყება ექსპრესიული სურათით, პოეტის ნებისყოფა განხორციელების პროცესშია: „მირბის, მიმფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
გაკვეთე ქარი , გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემი მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!“
პოეტის ქროლვა კოსმიურ სამყაროში თავიდანვე ბადებს მხატვრული სახის გრანდიოზულობის განცდას. პოეტს თან სდევს, როგორც სიმბოლო სიკვდილისა, შავი ყორანი. ამის შემდეგ ღრმა აზრის შემცველი თემატიკური რკალის რიგი. პირველი რკალი გამოხატავს ძირითად მოტივს, ეს არის ნებისყოფის ყველაზე ძლიერი გამოვლინება: მიზნის მისაღწევად, ქვეყნის საეკთილდღეოდ უძვირფასეს ადამინურ ღირებულებათა დათმობა. მედგარი ბრძოლა მოითხოვს თავგანწირვასა და მსხვერპლს: პოეტი უნდა განშორდეს სამშობლოს, მეგობრებს, მშობლებსა და სატრფოს: რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა, ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა.
ბარათაშვილი უდიდესი ლირიკოსის ინტუიციით გრძნობს, რომ იგი ამით ეხება ჩვენი სულის უნაზეს სიმებს, მან იცის, რომ მამული, მშობლები, მეგობრები და სატრფო უმაღლესი ღირებულებანია ადამიანისათვის და ამ თემას ლექსში ძირითად მოტივად აქცევს. პოეტი მეორედ უბრუნდება ამ მოტივს სრული გადაწყვეტილების ფორმით:
„ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!“
ბარათაშვილი აქ არ სვამს წერტილს, იგი ამ უაღრესად ადამინურ მოტივს მესამედ იმეორებს სხვა ინტონაციით, უკვე კონტრასტული დაპირისპირებით:
„სატრფოს ცრემლის წილ მკვარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!“
როგორც ვხედავთ, ნ. ბარათაშვილი ვირტუოზულად ავითარებს ლექსის იდეას და ჩვენს ემოციებში ღრმად იჭრება. იგი ჰარმონიულად ათანხმებს ამ განცდებთან ფილოსოფიურ გააზრებას. პოეტის პანთეიზმი მთელი სისრულით მჟღავნდება, როცა იგი ბუნების ულამაზეს მოვლენებს-ცის მნათობებს და ზღვის ტალღებს უერთებს თავის ფიქრებს:
„სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!“
ამას მოჰყვება შეცნობა თავისი ბრძოლისა და გაქანების მთელი მშვენიერებისა, რასაც პოეტი წარმტაცი ტაქტით გადმოგვცემს:
„კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას!
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!“
თემატიკურ კვანძს პოეტი მხოლოდ აქ ხსნის, იგი განსაზღვრავს თავისი გმირული ბრძოლის მიზანს:
„გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!
დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!“
ტრაგიკული სიძლიერითა და უდრეკი ნებისყოფით არის აღსავსე პოეტის ეს შეძახილი ბედის მიმართ. პოეტი ამაღლებულია იმის შეგნებით, რომ იგი არ ყოფილა და არც არასოდეს იქნება ბედის მონა. მისთვის უცხოა სიკვდილის შიში. იგი ამარცხებს თვით სიკვდილს. როგორც ვხედავთ, აქ ლექსის ძირითადი პრობლემის გადაწყვეტაა რასაც მოსდევს მოქმედების შეფასება და დასკვნა. პოეტს სწამს, რომ მისი ბრძოლა გაუკაფავს გზას მომავალ თაობებს:
„ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულის კვეთება!
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!“
¨ მერანის¨ ყოველი სტრიქონიდან მოჰქრის თავისუფლების უძლეველი სტიქია. ეს არის დიადი ჰიმნი, ადამიანის შემოქმედებითი ძალის სადიდებლად თქმული, მასში ასახულია გმირული თვისებები იმ ხალხისა, რომელმაც პოეტი წარმოშვა.
¨ მერანში¨ ბარათაშვილმა თავისი ქვეყნის პატრიოტული სულისკვეთება, ბრძოლისა და თავისუფლების იდეა მხატვრული განზოგადების მიუღწეველ სიმაღლეზე აიყვანა. ლირიკული ქმნილების ისეთი რთული კომპოზიცია, რაც ¨მერანს¨ ახასიათებს, მოითხოვდა არა მარტო არაჩვეულებრივ პოეტურ ძალას, არამედ თავისი დროის მოწინავე მხატვრული კულტურის სიმაღლეზე დგომას და ეროვნული შემოქმედების მდიდარი ტრადიციების ათვისებას.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ერთი ღირსება ¨ მერანისა¨ , კერძოდ, და ბარათაშვილის პოეზიისა – საერთოდ, პოეტი ახერხებს მაღალი რომანტიკული განწყობილებანი დაუკავშიროს კონკრეტულ ადამინურ მოვლენებს, ფილოსოფიური აზრი გამოხატოს საოცარი სისადავით. ¨ მერანი¨ შეუდარებელი ნიმუშია კონკრეტულობის ჰარმონიული შეთანხმებისა ზოგად რომანტიკულ აპერცეფციასთან: პოეტი, ცის თვალუწვდენელ სივრცეში გაქროლებული, ბრძოლის სტიქიაში შესული, ახერხებს დაილაპარაკოს ბუნებრივი, ადამიანური ხმით და შეარხიოს მკითხველის მთელი სულიერი სამყარო. ამიტომ არის, რომ ¨ მერანის¨ პოეტური ფრაზა გამსჭვალულია ფილოსოფიური აზრით და იმავე დროს კონკრეტულ –გრძნობადია. პოეტური გამოსახულების ეს თავისებურება, რომელიც სრულყოფილად გადმოგვცემს დიად იდეას ახალ ენობრივ ფორმებში, ქმნის ¨ მერანის¨  ხალხურ ხასიათს.
ცალკე უნდა ითქვას ¨ მერანის¨ ინტონაციის ორიგინალობისა და სიმდიდრის შესახებ. პოეტს სურს გადმოგვცეს მისი შემმართებელი ბრძოლის სტიქია და რიტმული ტალღების დენით, ინტონაციის მრავალფეროვნებით, მხატვრული თქმის პლასტიკურობით ქმნის ¨მერანში¨ პოეტურ ექსპრესიას, რომელშიც უნაზეს ტონებთან ერთად ისმის მერანის გრიგალისებური ქროლვა.
ბარათაშვილი შეგნებულად ერიდება წინამორბედი პოეტის მხატვრული კონცეფციის განმეორებას. აღმოსავლურ მეტაფორმულობას, შინაგან რითმებს, რადგან ისინი არ ეგუებიან მისი პოეტური ფრაზის ხასიათს. ¨ მერანის¨ თვით რითმაც სტრიქონის შინაგანი დინამიკით ცოცხლობს.
მეტად საგულისხმოა მეტრის პრობლემის თავისებური გადაწყვეტაც ¨ მერანში¨ . ამ ლექსის ორკესტრული ხმიერება ძლიერია და ისე სწრაფი, რომ პოეტს სიტყვათა რიტმულ დენაში ერთგვარი ტალღობრივი პრინციპი შეაქვს.ამის საფუძველია ¨ მერანის¨  სტროფული კონსტრუქციის თავისებურება: სხვადასხვა მეტრის-შავთელურისა და მცირე ბესიკურის შენაცვლება.
* * *
ნ.ბარათაშვილის პოეტურ შემოქმედებაში, მის სულიერ ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს სიყვარულის გრძნობას და მორალურ იდეალებს. ახალ ქართულ პოეზიაში ბარათაშვილი ქმნის ამაღლებული სიყვარულისა და სულიერი მშვენიერების კულტს. იგი უმღერის ჰარმონიულ და ყოვლისშემძლე სიყვარულს. ნ.ბარათაშვილის სიყვარულის ფილოსოფია ორგანულად გამომდინარეობს პოეტის საეთო რომანტიკული მსოფლმხედველობიდან. ამ მხრივ მისი შეხედულება სრულიად არ წარმოადგენს სიყვარულის პლატონური გააზრებისა და, მით უმეტეს რელიგიური ექსტაზის ნაყოფს. ბარათაშილი ერთი წუთითაც არ გამორიცხავს სიყვარულის გრძნობაში ხორციელ მხარეს, მაგრამ, როგორც მოაზროვნე, პოეტი წინა პლანზე აყენებს ჰარმონიული სიყვარულის იდეას. ბარათაშვილის წარმოდგენით, ჭეშმარიტი სიყვარული არ ეყრდნობა განსჯის კაზუისტიკას, არამედ მთლიანად გრძნობიდან გამომდინარეობს. პოეტი სწორედ გრძნობის სილამაზისა და კეთილშობილების პრობლემას სვამს. მას სიყვარული არ წარმოუდგენია მხოლოდ სქესთა ერთმანეთისადმი ლტოლვის შიშველ ფორმად. ბარათაშვილი სიყვარულს უყურებს, როგორც ადამინის ცხოვრების ღრმა მოვლენას და არა გრძნობათა უბრალო თამაშს, ამიტომ იგი თავის მეგობრებს ურჩევს:
„არ შეემჰსჭვალოთ მოკისკასეს, კეკელა ქალსა,
სულის დამტყვევნელს და გრძნობათა ცრუდ მომღერალსა!
აშიკის ენა მას ახარებს, მას ასულდგმულებს,
ხოლო სიყვარულს გული მისი ვერ მიიკარებს!“
(¨ ჩემთა მეგობართ¨ )
ნ. ბარათაშვილი სიყვარულის გრძნობას მოსავს ნათელი შარავანდედით და გვიხატავს მას ადამინური ცხოვრების უმშვენიერეს განცდად. პოეტი უარყოფს სიყვარულის აღმოსავლურ გაგებას, რომელსაც მხოლოდ ხორციელი სილამაზე და უმთავრესად ეროტიზმი ედვა საფუძვლად და ქართულ ლიტერატურაში ამკვიდრებს სიყვარულის რომანტიკულ კონცეფციას.
ჭეშმარიტი სიყვარულის წყაროდ ნ. ბარათაშვილი სთვლის მშვენიერ სულს. პოეტის ეს შეხედულება ორგანულად გამომდინარეობს მისი მორალური ფილოსოფიიდან, ჰუმანისტური მსოფლმხედველობიდან. თუ ბარათაშვილის ლექსებს და მის კერძო წერილებს ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ მას ადამიანის ბედნიერების საზომად მორალური, სულიერი სრულყოფა მიაჩნია.
ეს შეხედულება ბარათაშვილს გადმოცემული აქვს მაიკო ორბელიანთან მიწერილ ერთ ზემოთ მოყვანილ ღრმააზროვან ბარათში - ¨ დაიმარხე მშვენიერება სულისა, უმანკოება გულისა, აი ჭეშმარიტი ბედნიერება, უმაღლესი სიამე, რომელსაც კი კაცი წაიღებს ამ სოფლისაგან. სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრილად, ამაყად და გრწამდეს, რომ იგინი შეურჩენელნი არიან!¨
როგორც ვხედავთ, პოეტის სულის მშვენიერებას, გულის უმანკოებას უმაღლეს ადამინურ ღირებულებად სახავს. ამ ასპექტში სჭვრეტს იგი სიყვარულის გრძნობასაც. სიყვარულში პოეტი ეძებს ცხოვრების აზრს, ბედნიერებისა დს სიხარულის წყაროს.პოეტის სიყვარული მისი სულის იდუმალი სიღრმიდან არის ამოხეთქილი. იგი დიდ მიზანს უსახავს ამ გრძნობას. მშვენიერება, კეთილშობილი და მდიდარი სული. მხოლოდ ასეთი სულთა კავშირი შობს ჭეშმარიტ სიყვარულს, მარადიული სილამაზით მოსილს:
„სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!
მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსილი,
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული,
და კაცთა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,
რად გრწამს, არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა?
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს.
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!
მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესთ სანუკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!
მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენიერება
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!“
(¨ რად ჰყვედრი კაცსა¨ )
ასეთი მაღალი იდეალი სიყვარულისა მიგვითითებს არა მარტო ნ. ბარათაშვილის დიდ კეთილშობილებაზე, მის ფაქიზ გრძნობებზე, არამედ იმ ჰუმანისტურ მსოფლმხედველობაზეც, რომელიც ასაზრდოვებს მთელ მის შემოქმედებას. ბარათაშვილი სიყვარულში ხედავდა ადამინის ჭეშმარიტ დანიშნულებას,- იმ დროს, როცა მისი დროის ოფიციალურ საზოგადოებაში სიყვარულის განცდა ანგარებისა და ქვენაგრძნობის საგნად იყო გამხდარი.
ნ. ბარათაშვილმა სიყვარულის განცდა უმაღლეს ადამინურ ღირებულებად დასახა და ჩაუმქრალი შარავანდედით შემოსა იგი თავის პოეზიაში.
ამასთან ერთად, არ უნდა დავივიწყოთ, რომ სიყვარულის გრძნობა ბარათაშვილის შემოქმედებაში არასოდეს არ იქცევა მისტიკურ მსახურად სატრფოს საკურთხევლის წინაშე. ჩვენი პოეტის ინტიმურ ლირიკაში ჩქეფს ჯანსაღი სიყვარულის ძლიერი წყარო. ბარათაშვილის ლექსებში არაჩვეულებრივი მომხიბვლელობითა და ზნეობრივი სისპეტაკით არის გადმოცემული ტრფიალების სილამაზე. თავის ინტიმურ მღელვარებას იგი სტიქიურ ძალად აქცევს პოეტურ სტრიქონებში:
„მიყვარს თვალები, მიბნედილები,
ეშხისა ცეცხლით დაქანცულები!“
მის სატრფიალო ლირიკაში ჩვენ ყოველთვის გვხვდება ფაქიზი გრძნობითა და პლასტიკურობით დახატული სურათი:
„შენნი დალალნი ყრილობენ გველად
სპეტაკს მკერდზედა, ტრფობისა ველად,
და თვალთა ჩემთა ადავრიშებენ
ხან ნუგეშისთვის, ხან დასაწველად!“
ნ. ბარათაშვილი სიყვარულის საგნის აღწერაში იჩენს არაჩვეულებრივ სიფაქიზესა და შინაგან ტაქტს. პოეტი ნახულობს უნაზეს სახეებს და ფერებს ტრფიალების განცდის გადმოსაცემად. ამ მხრივ სანიმუშოა ¨ საყურე¨
“ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო – მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს
ჰოი, საყურეო,
გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?“
ლექსი შესრულებულია ისეთი აბსოლუტური ჰარმონიითა და პოეტური ჰაეროვნებით, რომ იგი შეიძლება გაბედულად ჩავთვალოთ მსოფლიო სატრფიალო ლირიკის ნიმუშად.
არ შეიძლება აქვე არ შევჩერდეთ ბარათაშვილის ცნობილ ლექსზე - ¨ვპოვე ტაძარი¨ , რომელშიც მან სიყვარულის თემა ყველაზე რელიეფურად დაუკავშირა საზოგადოებრივ გარემოს. ამ ნაწარმოებში პოეტი ძლიერი შთაგონებით გვიხატავს თავის სულიერ დრამას:
„ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;
მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლაპარი.
ანგელოსთაგან იკრობა მუნ დავითის ქნარი,
და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!
მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,
მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით;
გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,
ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!
მაგრამ საწუთრო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?
განქრა ტაძარი – და უდაბნო ჩემდა მდუმარებს;
მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს,
მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს!
ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!
ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი!
ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი,
და დავალ ობლად, ისე მწირი, მიუსაფარი!“
ამ ლექსში ხშირად ხედავენ მხოლოდ და მხოლოდ უიმედო სიყვარულის იდეას. ეს არ არის მართალი. ბარათაშვილის შინაგანი დრამის საფუძველი არ არის მართალი. ბარათაშვილის შინაგანი დრამის საფუძველი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტიმური განცდა სიყვარულისა. ¨ ბედის ბრუნვა¨ , ¨ კაცთა სიავე¨ , მთელი საზოგადოებრივი გარემო იქცევა სულიერი ტანჯვის მიზეზად. ამ ლექსში სიყვარულის პირადული განცდა დაკავშირებულია საზოგადოებრივ მოტივთან. ინტიმური მხარე მხოლოდ საბაბია, რომ პოეტმა თავისი სულიერი ტრაგედიის სოციალური საწყისები გამოავლინოს. ნ ბარათაშვილის ¨ საზარი ცა¨ არ არის მხოლოდ უიმედო სიყვარულის შედეგი. ცხოვრების ქარიშხალი იჭრება თვით უდაბნოში და უნგრევს პოეტს სიყვარულის ტაძარს. ბარათაშვილის ამ ლექსში სიყვარულის თემა მჭიდროდ არის გადახლართული საზოგადოებრივ მოტივთან.
* * *
ნ. ბარათაშვილის რომანტიკულ მსოფლმხედველობა რელიეფურად მჟღავნდება არა მარტო სოციალურ – მორალური საკითხების გადაჭრაში,არამედ ბუნების შემეცნებაშიც. ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობა ბარათაშვილის შემოქმედების ერთი მთავარი პრობლემათაგანია. მის პოეზიაში მოცემულია ბუნების ლირიკული ათვისება. იგი ბუნებაში ხედავს მესაიდუმლეს და თანამგრძნობელს. მთაწმინდის კლდეებს, ცის ლაჟვარდს, მტკვარსა და ჩინარს პოეტი ესაუბრება, როგორც სულიერ მეგობრებს. ბუნების მოვლენებში ბარათაშვილი ხედავს თავის განწყობილებათა გამოძახილს:
„მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარ საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
როს ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!“
საღამოს თალხი ფერები ესალბუნება პოეტის სულს. ასევე ეტრფოდნენ მოწყენილ ბუნებას და განსაკუთრებით ღამეს სხვა რომანტიკოსებიც. გერმანელი რომანტიკოსის ნოვალისისათვისაც საყვარელი პეიზაჟი იყო მთვარით განათებული ღამე და მდუმარე ტყე. მაგრამ, ამასთან ერთად, ნოვალისსა და ბარათაშვილს შორის დიდი სხვაობაა. გერმანელი რომანტიკოსი, გამომდინარე თავისი რეაქციული შეხედულებიდან, ბუნებას მისტიკურად გაიაზრებს და ბუნებაში ღვთაებრივ აბსტრაქციას ეძებს, მაშინ როცა ¨ მერანის¨ ავტორს ბუნების წარმოსახვაში შეაქვს ჰუმანისტური იდეა. გავიხსენოთ ¨ შემოღამება მთაწმინდაზედ¨ , სადაც პოეტის გული იმედით შეხარის გათენებას, გავიხსენოთ ¨ ფიქრი მტკვრის პირას¨ , რომელშიც პოეტი ტრაგიკული დაფიქრების წამშიც საზოგადოებაზე ზრუნავს და ადამიანის მოქალაქეობრივ დანიშნულებაზე გვესაუბრება. ბუნება ხელს უწყობს ბარათაშვილის მხატვრული შთაგონების გაღვიძებას. მისი პანთეიზმი – ეს არის ძლიერი განცდა და სიყვარული ბუნების სილამაზისა. ¨ჩინარის¨ ავტორს შეეძლო გაემეორებინა გოეთეს სიტყვები: ¨ ბუნების მარცვალი განა ადამინის სულში არ ინახება?¨ ბარათაშვილი ბუნებას მეტყველ ენას უდგამს იმისათვის, რომ დაამყაროს ჰარმონია ბუნებასა და ადამინს შორის. ეს არის პოეტის შინაგანი ლტოლვა ბუნების კანონების წვდომისა, ბუნების ღრმა შემეცნებისა. ამავე დროს, ბარათაშვილის თავისებური პანთეიზმი საშუალებაა, რომ პოეტმა მიმზიდველ ფორმებში, მეტი ლირიკული სიმძაფრით გადმოგვცეს თავისი ბრძნული აზრები სიცოცხლეზე, ადამიანზე, ბუნებაზე. მან ბუნების ფილოსოფია ყველაზე მკვეთრად გადმოგვცა ¨ ჩინარში¨ . ამ ლექსში პოეტმა ბუნებას ენა ჩაუდგა და აამეტყველა:
„განმარტოებულს ფრიალოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩი ახალი,
მრავალ – შტოვანი, მაგრილობელი, ჰაეროვანი, ტურფა, მაღალი.
საამო არის მის ჩრდილში ოცვნა და მისთა ფოთოლთ შრიალთა სმენა,
და წყალთ დუდუნზე უკუღმართისა ამა სოფლისა ჭირთა დათმენა!
მოქშუის მტკვარი, მოქრის ნიავი და შრიალით არხევს ჩინარსა,
და გადმოსცემენ სახიობასა, ტკბილის ოცნებით დამაძინარსა!
მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის,
და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!
პოეტის ამ სიტყვებში ასახულია ბუნების დიადი თანხმოვანება“.
იგი კითხულობს ბუნების იდუმალ ზრახვებს და პოეტური ენით გვეუბნება, რომ მტკვარი ეტრფის ჰაეროვან ჩინარს:
მაგრამ ჩინარი, მაღლად მჩინარი, დგას მედიდურად და სიმაყით,
და მხოლოდ თავსა გარდმო –გარდიღებს სევდიანისა შერხევის სახით“.
მტკვრის იდუმალ ლტოლვას ჩინარის მიმართ პოეტი ადარებს ტანჯვას მიჯნურისას, რომელსაც მოსდებია ¨ ტრფიალებისა ცეცხლი ციური¨ . როგორც ვხედავთ, ბუნების სახეების ჩვენებით პოეტი გადაგვიშლის ადამინის შინაგან სამყაროს. უნებურად გაგონდებათ ჰაინეს სიტყვები: ¨ ბუნებას ეწადა საკუთარი სახის ხილვა და წარმოშვა გოეთე¨ .
ბარათაშვილი ბუნების დიდი მხატვარია. XIX საუკუნის ჩვენს ლიტერატურაში მან ერთმა პირველთაგანმა შემოიტანა ღრმა გრძნობა ბუნებისა და გამოხატა ქართული პეიზაჟის წარმტაცი სილამაზე.  ბარათაშვილს ხიბლავდა თბილისის პეიზაჟი, მისი ისტორიული ადგილები, მისი შემოგარენი. პოეტის ბიოგრაფი გადმოგვცემს, რომ ¨ბარათაშვილი ხშირად წავიდოდა ხოლმე თავის ამხანაგებით ნარიყალისკენ, კრწანისის ბაღებისკენ, მამადავითის მახლობლივ¨ [36] .
მთაწმინდა იყო პოეტის საყვარელი ადგილი. შთამაგონებელი იყო ყოველივე, რასაც კი სწვდებოდა ამ მთიდან პოეტის თვალი. მტკვრის კლდოვან ნაპირებზე თუ ნარიყალას ჩამონგრეულ ქონგურებზე იგი კითხულობდა თავისი ქვეყნის გმირულ ისტორიას. ა. წერეთლის ¨განთიადი¨ გამოძახილია ბარათაშვილის ლექსისა ¨ შემოღამება მთაწმიდაზე¨ .
ნ. ბარათაშვილის პეიზაჟურ მხატვრობაში პირველი ადგილთაგანი ეკუთვნის არაგვის ნაპირების ცნობილ აღწერას პოემაში ¨ ბედი ქართლისა¨ . პოეტი ისტორიულ მოვლენას გვიშლის დიდებული ბუნების ფონზე. აქ ბარათაშვილი არაჩვეულებრივი ძლიერებით გადმოგვცემს არაგვის ხეობის მშვენიერებას. პოეტი ცხოველ სულს შთაბერავს ბუნების სურათებს, მის ხმებსა და ფერებს და ერთი ამოსუნთქვით ამბობს ამ ჰარმონიული ქვეყნის სიმღერას:
„მორბის არაგვი არაგვიანი,
თან მოსძახიან მთანი ტყიანნი,
და შეუპოვრად მოუთამაშებს
გარემო თვისსა ატეხილს ჭალებს.
ჰოი, ნაპირნო, არაგვის პირნო,
მობიბინენო,შვებით მომზირნო,
ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს,
ოდეს შვენება თქვენი იხილოს,
რომ თქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს,
რაც უნდა გზასაც ეშურებოდეს,
როგორ იქნება არ განისვენოს?
სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს,
ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს,
გამოიღვიძებს - შუბლს განიგრილებს,
ერთს ქართველურად კიდევ შესძახებს,
არაგვო, მაგ შენს ამწვანებულ მთებს,
და მერმე თუნდაც დაუგვიანდეს,
იგი იმისთვის აღარ დაღონდეს!“
რა შთაგონებულად, როგორ განუმეორებელ, უზადო, პლასტიკურ სახეებშია გადმოცემული ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული ერთიანობის ხილვა. აქ ღრმად არის ნაგრძნობი ქართველი ადამიანის ლაღი და ლამაზი შინაგანი სამყარო! პოეტი სიყვარულით გადმოგვცემს მომხიბლავ ხასიათს ქართველი კაცისას, რომელმაც იცის ცხოვრების სიხარულის მძაფრი განცდა და მშობლიური ბუნების მშვენიერებით აღტაცება! აქ ბარათაშვილი ეხმაურება რუსთაველს.
ჩვენ წინ გაიელვებს გრაციოზული სურათი ავთანდილის სიმღერისა მდელოთა შორის, როდესაც ქართველ გმირს გარინდებით უსმენს მთელი ბუნება. არაგვის ნაპირების პოეტური ხილვა არ წარმოადგენს ჩვეულებრივ პეიზაჟურ მხატვრობას, ამ სურათში მხოლოდ რომანტიკული განწყობილება როდი ბატონობს.აქ წარმოგიდგებათ ადამიანის ცხოვრება რეალისტური სიცხოველით. ბარათაშვილი გადაგვიშლის საქართველოს ბუნების დიდებულ წიგნს, რომლის ყოველი ფურცელი ახალი ძალით განგვაცდევინებს სამშობლოს სიყვარულს.
მსოფლიო პოეზიის ისტოროიაში იშვიათი შემთხვევაა, რომ მოცულობით ლექსთა მცირე კრებული, რომელიც დაგვიტოვა ნიკოლოზ ბარათაშვილმა, აღსავსე იყოს ასეთი მრავალფეროვანი იდეებით და ერთმანეთისაგან განსხვავებული თემატიკით. შეიძლება ითქვას, რომ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ყრმობის პერიოდის ლექსებს, ნ. ბარათაშვილის თხზულებათა მომცრო წიგნაკის სახით ჩვენ გვაქვს პოეტური შედევრების კრებული, რომლის ყოველი ახალი გადაკითხვისას ყოველ ლექსს ახლებურად განიცდის მკითხველი, ახალ აზრს და ემოციას იწვევს. ეს არის თვისება უძვირფასესი ქვისა, რომლის ყოველი ახალი კუთხით ცქერა თქვენ თვალწინ გიშლით ფერთა ახალ გამას. მითუმეტეს, ბარათაშვილის ლირიკული შედევრები, როგორც ესთეტიკური ფენომენები, წარმოადგენენ აზრისა და ემოციის ურთულეს შენადნობს, პოეზიის მადლით აღბეჭდილს.
ჩვენ განვიხილეთ ბარათაშვილის ლირიკის მთავარი ნიმუშები. ახლა შევჩერდებით ლექსებზე ¨ნაპოლეონ¨ და ¨ ჩემი ლოცვა¨ , რომლებიც არა ნაკლები სიძლიერით, ვიდრე სხვა თხზულებანი, წარმოგვისახავს პოეტის გონების ძალას და მისი სულიერი ცხოვრების მრავალფეროვნებას.
ნაპოლეონის თემა დამახასიათებელია ყველა დიდი ევროპელი და რუსი რომანტიკოსის შემოქმედებისათვის. ბაირონმა, პუშკინმა, ლერმონტოვმა თავისი ხარკი გადაუხადეს ამ თემას. ისევე როგორც პოეტურ იდეას, ნ. ბარათაშვილი ამ თემასაც ღრმად ორიგინალურად აშუქებს. იგი ქართველ პოეტს გადაწყვეტილი აქვს ადამინის სურვილთა დაუკმაყოფილებლობის და ბედთან იმპერატორის დამოკიდებულების ფილოსოფიურ ასპექტში. ამ ლექსის საიდუმლოების გასაღებს ჩვენ ვხედავთ ერთი წლით ადრე დაწერილ ლექსში ¨ ფიქრი მტკვრის პირას¨ (1837წ.).პოეტი აქ სვამს კითხვას:
¨ მაინც რა არის ჩვენი ყოფა –წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?
თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
შფოთვენ და დრტვიან და იტყვიან: ¨ როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს? ¨ და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..“
ნ. ბარაათშვილის ლექსის -¨ ნაპოლეონ¨ -პირველივე სტრიქონები ეხება მეფეთა დიდების და მათი ¨ აღუვსებელი¨ სურვილის საკითხს. როგორც ბარათაშვილის პოეტური აპერცეფციისათვის დამახასიათებელია, იგი თავიდანვე ფართო მასშტაბით მოხაზავს აღძრულ თემას: ნაპოლეონი გონების თვალს მიმოავლებს განვლილ ბრძოლათა და მისი მშფოთვარე ცხოვრების გზას, რომ შეაჯამოს თავისი ისტორიული ქმედობა:
¨ ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას,
და ჰსთქვი: ¨ აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?
და რა იხილა თვისს დიდების მსხვერპლი თვის წინა,
მისს მოღრუბლულს შუბლს შუქი რაღაც გარდაეფინა“.
და აი ქართველი პოეტი პირქუშ იმპერატორს გვიხატავს ერთი წამით შუბლგახსნილს, რადგან მას ¨ სურვა აღუხდა¨ და საოცრად ისახელა თავი. მაგრამ, შუქი, რომელიც იმპერატორის შუბლს გადაეფინა – ეს წამიერი მოვლენა იყო. იგი კვლავ დრტვინავს. ¨ მაგრამ მე გვამში სული ვერღა მომთავსებია!¨ -წამოიძახებს მშფოთვარე იმპერატორი. მართალია, ბედს მისთვის დაუწნავს დიდების გვირგვინი, დრო და ისტორია მის სასარგებლოდ მოქმედებს: ¨ ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი¨ , -ამბობს იგი. მაგრამ თვითკმაყოფილი იმპერატორის სულს ეწვეთება ეჭვის შხამი:
¨მაგრამ, ვინ იცის, იქნება რომ ბედსაც მოვსწყინდე,
და სხვა მან ჩემის სახელითა დააგვირგვინოს?!¨
მაგრამ ნაპოლეონს სწამს, რომ ბედი არ უორგულებს მას, რადგან იგი თვით ბედის გაწვრთნილია. ნაპოლეონისათვის ჩვეული განდიდების წყურვილი, რომელიც მას არ ტოვებდა თვით ელბას კუნძულზე, გაისმის სიტყვებში:
¨ თვითონ სამარეც მევიწროვოს თუ ტოლი მყვანდეს¨ !
ნაპოლეონის გააზრება ზოგადად ადამიანის სურვილთა ¨ აღუვსებელი საწყაულის¨ ასპექტში - ეს ერთი მხარეა ბარათაშვილის ლექსისა. მეორე პრობლემა, რომელსაც ეხება პოეტი, ეს არის დიდი ადამინისა და ისტორიული პირობების ურთიერთობა, ნაპოლეონის გრანდიოზული ფიგურა შექმნა ისტორიულმა პირობებმა, მისმა დრომ, ჟამმა. აკი თვით ნაპოლეონი ამბობს: ¨ ჟამი ჩემიაო...¨ ბედი ბარათაშვილის ლექსში გააზრებულია არა როგორც ფაქტიურად გარდუვალი აუცილებლობა, ზეგარდმო გარდმოვლენილი უცვლელი ძალა. ეს რომ ასე არ იყოს გაგებული, ნაპოლეონში არ აღიძვრებოდა, თუმც წამიერად, სკეპსი თავისი ბედის მიმართ, აქ პოეტს ბედი წარმოსახული აქვს, როგორც ისტორიული სინამდვილის კონკრეტული გამოვლინება, რომელსაც დიდი ნიჭით და შორსმჭვრეტელობით დაჯილდოებული პიროვნება ალღოს აუღებს და თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ამიტომაა, რომ ნაპოლეონს მტკიცედ სჯერა თავისი ძალებისა, სჯერა რომ იგი სხვაზე მეტად¨  ძლიერად, მეცნიერად¨ , ე. ი. ისტორიის კანონების ღრმა გაგებით იხელმწიფებს.
ნაპოლეონის დაუოკებული ტემპერამენტის გადმოსაცემად ბარათაშვილი არ ზოგავს პოეტურ პალიტრას და ძლიერი საღებავებით ხატავს განთქმულ მხედართმთავარს:
¨ ბევრი დღე გავა, რომ ჯერ ბევრი ვერ ვსცნათ ჩვენ მისი!
თვითონ სიკვდილიც მას უებროდ აღმოგვიჩინებს:
დამქრალი ცეცხლი და ზღვის ღელვა წარმოგვიდგინებს
მისს ცეცხლსა სულსა და ზღვა გულსა განსაკვირველებს!“
ნაპოლეონის შესახებ დაწერილ ლექსებს შორის ბარათაშვილის ლექსი განსაკუთრებულ ადგილს იჭერს თავისი ორიგინალური კონცეფციით.
ნ. ბარათაშვილის ¨ ჩემი ლოცვა¨ თავისი პრობლემატურობით აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ერთი წაკითხვით, ლექსი რელიგიური გრძნობით შეფერილ რომანტიკულ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ საკმაოა მის ქვეტექსტში ჩაღრმავება, რომ დავინახოთ პოეტის მიერ ამქვეყნიური ცხოველმყოფელი სილამაზის თაყვანისცემა. ლოცვა, როგორც სულიერი ექსტაზის გამოვლინება, ყოველთვის იქცევდა რომანტიკოსების ყურადღებას. ლექსის ¨ შემოღამება მთაწმინდაზედ¨  ერთ ვარიანტში ვკითხულობთ:
¨ ვითა უბიწო და მშვენიერი სული ლოცვითა მოიქანცება,
და სახე მისი ამქვეყნიური, მით უფრო მშვენი გაციურდება¨ .
ქარიშხლოვან განცდებს და ვნებათა ღელვას მოუქანცავს პოეტის სული, იგი ეძებს განსვენებას, მაგრამ ¨ ლოცვაში¨ ისმის არა ღვთისმორწმუნის ღაღადისი, არამედ განწირული ხმა ცხოვრებაზე შეყვარებული ადამიანისა, რომელსაც განუვლია ქარიშხლიანი გზა და ეძიებს ნავთსაყუდელს, არა სინამდვილის მიღმა, არამედ ცხოვრებაში. ამიტომაა, რომ პოეტი მოულოდნელად სცილდება აბსტრაქტულ ცნებას და მიმართავს თვით ცხოვრების ცხოველ ძალას სულიერი ტკივილების დასაამებლად:
¨ ცხოვრების წყაროვ, მასვ წმიდათა წყალთაგან შენთა,
დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა!
არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა,
არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!“
ეს არის პოეტის ლტოლვა ნამდვილი, ადამინური ცხოვრებისაკენ, მას სრულიად არ სურს განერიდოს საზოგადოებას, არამედ სურს თავი დააღწიოს შავბნელი სინამდვილის მღვრიე ტალღებს და დაეწაფოს ცხოვრების წმინდა წყაროს, ეს არის წადილი სულიერი განახლებისა, ძალთა მოკრებისა მომავალი ბრძოლისათვის ¨ მსახვრალი ბედის¨  წინააღმდეგ.
პოეტმა გულწრფელად წარმოთქვა თავისი აღსარება. მას მეტი სათქმელი არაფერი აქვს, მაგრამ მისი დუმილიც მშფოთვარე სულის ღაღადისია:
¨ მაშა დუმილიც მიმითვალენ
შენდამი ლოცვად!¨
ამ ღრმააზროვანი სტრიქონით ასრულებს პოეტი ლექსს, რომელიც არაჩვეულებრივი სიძლიერით გამოხატავს ბარათაშვილის სულიერ კათარზისს. პოეტი თითქოს თავისი ძლიერი შინაგანი მღელვარების თანამონაწილედ ხდის მკითხველს, რომლის არსება მთლიანად მოუცავს ლექსით გამოწვეულ ძლიერ ემოციებს და ღრმად დაფიქრებული რჩება ბარათაშვილის წიგნის დახურვის შემდეგაც.
ძველქართული მეტყველების ელემენტები[37], კლასიკური ეროვნული ჰიმნოგრაფიის ჟღერადობა და ბიბლეიზმები ქმნიან ამ ლექსის მთლიან კოლორიტს და ხელს უწყობენ ფორმისა და შინაარსის თანხმოვანებას.
¨ ჩემი ლოცვა¨ ერთი წაკითხვით თითიქოს დიდი სულიერი წონასწორობით და სიდინჯით წარმოთქმული პოეტური აღსარებაა, მაგრამ მასში იგრძნობა შემოქმედის მიერ გადატანილი ტანჯვა, რაც მთელი სიძლიერით მჟღავნდება შემდეგ შექმნილ ლირიკულ თხზულებაში.
ნ. ბარათაშვილი თავისი დროის დიდად განათლებული პიროვნება იყო. საკმაოა ჩავუღრმავდეთ ¨ მერანს¨ , როგორც ესთეტიკურ ფენომენს, რომ დავრწმუნდეთ – ასეთი ტიპის ლექსის შექმნა შეეძლო მხოლოდ ისეთ შემოქმედს, რომელსაც ღრმად ჰქონდა ათვისებული არა მარტო მდიდარი ეროვნული მხატვრული კულტურის ტრადიციები, არამედ იმ დროის დასავლეთისა და რუსეთის პოეტური ხელოვნება. ილია ჭავჭავაძემ და სხვა ქართველმა მოღვაწეებმა სრულიად სამართლიანად გაიზიარეს ბარათაშვილი, როგორც ბაირონის, გოეთეს და ლერმონტოვის სრულიად მონათესავე შემოქმედი, თავისი ეპოქის დიდი პოეტური მესიტყვე.
როგორც ბიოგრაფიულ ნარკვევში იყო თქმული, ბარათაშვილი ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს სწავლობდა გერმანულ და ფრანგულ ენებს.
პოეტის ფართო გონებრივ ინტერესებზე მეტყველებს ჩვენამდე მოუღწეველი მისი ისტორიული ნარკვევი კათოლიციზმის ისტორიიდან, რომელიც მას ¨თბილისის გიმნაზიის ყვავილში¨დაუბეჭდია.
ცნობილია, რომ ნ. ბარათაშვილს თავისი სულიერი განწყობილების გადმოსაცემად კერძო ბარათებში მოჰყავს ლერმონტოვის პოეტური სტრიქონები. ბარათაშვილს რუსულიდან უთარგმნია აგრეთვე ცნობილი სასიმღერო ლექსი ¨ როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა¨ , რომლის სიტყვები და მუსიკა შექმნა მოცარტმა, ეს ლექსი თარგმნეს რუსულად ¨ კლიუჩ¨ -ის სახელწოდებით და ფართოდ იყო გავრცელებული რუსეთში, იგი ლევ ტოლსტოის უსაყვარლესი მუსიკალური ნაწარმოები ყოფილა.
რომანტიკული პოეზიის პროგრესული ნაკადისათვის დამახასიათებელია ინტერესი ფოლკლორული მოტივებისადმი, ხალხური შემოქმედებისადმი. ეს ტენდენცია ბარათაშვილის პოეზიაშიც შეინიშნება. მისთვის, როგორც ევროპული მხატვრული კულტურით აღჭურვილი შემოქმედისათვის, უცხოა ქალაქური, აღმოსავლური პოეზიის მოტივები. პოეტის არც ერთი ლექსი არ ატარებს მინიშნებას რომელიმე აღმოსავლურ, სპარსულ-თურქულ ჰანგზე, იმ დროს, როდესაც გრიგოლ ორბელიანისათვის და, მით უმეტეს, ალ. ჭავჭავაძის ლექსებისათვის აღნიშნული ტენდენცია დამახასიათებელია. თუ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი რომელიმე ჰანგზე იმღერება, იგი იქნება ან ღრმად ეროვნულ-ხალხური ან ევროპული ხასიათისა. ევროპული მუსიკის მოტივზე სასიმღერო ლექსები ჩვენ ზემოთ დავასახელეთ, ქართულ ჰანგზე იმღერებოდა პოეტის სიცოცხლეშივე ღრმა აზრისა და ემოციის შემცველი ¨სულო ბოროტო¨ . შემდეგში იგი საფუძვლად დაედო ზ. ფალიაშვილის ¨ დაისის¨ ცნობილ არიას, რომელიც აღბეჭდილია ბეთჰოვენისეული ტრაგიკული განცდით.
მეორე ლექსი ¨მადლი შენს გამჩენს, ლამაზო¨ მთლიანად წმინდა ქართულ ხალხურ კილოზეა აგებული როგორც თავისი ფორმით, ისევე, შინაარსითაც. მთელ ქართულ რომანტიკულ პოეზიაში ჩვენ მაგალითი არა გვაქვს ასეთ ყოველმხრივ ხალხურ მოტივებზე დაწერილი ლექსისა. ეს ლექსი შთაგონებულია ბარათაშვილის დროს გავრცელებული ქართული ლექსის ტექსტით და მოტივით.
1845 წლის 9 თებერვლით დათარიღებულ წერილში ამ ლექსის შესახებ პოეტი შემდეგს სწერს თავის ადრესატს: ¨ აი ამ ქართულს ლექსს გიგზავნი მდაბიურად დაწერილს, როგორღაც ფიქრში მამივიდა.- მე ვარ და ჩემი ნაბადი, იმის ხმაზედ¨ [38]. ჩანს, სამშობლოდან მოშორებულს, მარტოობაში მყოფ პოეტს აგონდებოდა მშობლიური ჰანგები. ¨ მე ვარ და ჩემი ნაბადი¨ ცნობილი ქართული ხალხური სასიმღერო ლექსია:
¨ მე ვარ და ჩემი ნაბადი გამთენებელი ღამისა,
დავწვები, ჯავრი ჩამყვება სამი ლამაზი ქალისა,
ერთია მეტად ლამაზი, მეორე – ლერწამ ტანისა,
მესამე ასეთი არის დამყენებელი თვალისა¨ [39]
ეს ლექსი, ისევე როგორც მისი სასიმღერო მოტივი, ქართლში ყოფილა გავრცელებული. საყურადღებოა ისიც, რომ ხალხურ კილოზე დაწერილი ლექსი ¨მადლი შენს გამჩენს¨ პოეტის ჩვენამდე მიღწეული უკანასკნელი ნაწარმოებია ( 1845წ.). პოეტი იმავე წელს გარდაიცვალა.
* * *
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი ლირიკული შემოქმედებაა, მაგრამ მან დაგვიტოვა პოეტური ეპოსის შესანიშნავი ნიმუშიც - ¨ ბედი ქართლისა¨ , რომელშიც მოცემულია მშობლიური ისტორიის ღრმა მხატვრული შემეცნება. ამ პერიოდში ნ. ბარათაშვილი გაბედულ ნაბიჯს დგამს რეალიზმისაკენ. ქართლის ბედს ნიკოლოზ ბარათაშვილი ყრმობიდანვე მძაფრად განიცდიდა. მშობლიური ქვეყნის წარსულის სურათები ადრევე იკავებენ განსაკუთრებულ ადგილს მის პოეტურ წარმოსახვაში.
ეროვნული გრძნობის ადრეულ გაღვიძებას ხელს უწყობდა პოეტის აღზრდა პატრიოტულ გარემოში. როგორც აღვნიშნეთ, პოეტის ოჯახში იკრიბებოდნენ ისტორიული პიროვნებანი, რომელთა საუბარი გამოულეველ საზრდოს აწვდიდა ნიჭიერი ბავშვის ფანტაზიას. ყრმა ბარათაშვილი გატაცებით ეწაფებოდა მათ ნაამბობს. ქართლის ბედი და ¨ომების ღენიის კაცი¨ მეფე ერეკლე - მათი საუბრის მთავარი თემა იყო.
ოჯახურ წრეში მიღებული შთაბეჭდილებანი ქართლის ბედის შესახებ კიდევ უფრო გაღრმავდა სასწავლებელში, სადაც ბარათაშვილის გონებრივი აღმზრდელი იყო ღრმა მოაზროვნე და თავდადებული პატრიოტი სოლომონ დოდაშვილი. ბოლოს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბარათაშვილის ისტორიულ ეროვნულ შეხედულებათა ჩამოყალიბება მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ სოციალურ-განმათავისუფლებელ იდეებთან, რომლებიც უკვე 30-იანი წლებიდან გარკვევით შეიმჩნევა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და აზროვნებაში.
აღნიშნულმა ფაქტორებმა გაამდიდრეს ბარათაშვილის ისტორიული შემეცნება, გააფართოეს მისი წარმოდგენა მშობლიურ წარსულზე და გაუმახვილეს წინასწარი განჭვრეტის გრძნობა. მაღალ განვითარებას მიღწეულმა პოეტის პატრიოტულმა შეგნებამ ბრწყინვალე მხატვრული განსახიერება პოვა პოემაში ¨ ბედი ქართლისა¨ . ეს შესანიშნავი ეპიკური ტილო ნ. ბარათაშვილმა შექმნა 1839 წელს. თუმცა მასში მე-18 საუკუნის საქართველოს ცხოვრებაა ასახული, მაგრამ პოემა, ამასთანავე, წარმოადგენს 30-40-იანი წლების საქართველოს წინაშე დასმული საჭირბოროტო ეროვნული საკითხების უშუალო პასუხს. თუ რა ძლიერ აღელვებდა ამ პერიოდში ¨ ქართლის ბედი¨ ჩვენს მოაზროვნე საზოგადოებას და პირველ რიგში თვით ნ. ბარათაშვილს, ეს კარგად ჩანს ერთ ეპიზოდში, რომელსაც პოეტის მეგობარი კონსტ. მამაცაშვილი გადმოგვცემს: ¨ მახსოვს, ერთ ივლისის ღამეს, 1838 წელს, მე და ტატო წავედით სასეირნოთ გარეთუბანს (ეხლანდელი გოლოვინის პროსპექტი). ტატო ძალიან მხიარულად იყო და თავისებურად მშვენივრად ხუმრობდა; მერმე ჩამოვარდა ლაპარაკი ჩვენს წარსულს ცხოვრებაზედ და ტრაგიკულს დასასრულზე მე-18 საუკუნისა, მეფის ირაკლის მოხუცებულობის გამო უღონობაზედ, ჩვენის თფილისის წახდენაზედ, 1795 წელსა, 12 სექტემბერს და სხვ. ამ ლაპარაკის დროს ნიკოლოზს, ყოველთვის მოცინარს და მხიარულს, სახე გამოეცვალა, დაიწყო ხელსახოცით ცრემლების წმენდა და აღელვებულმა მითხრა: - ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპა! –და ოხვრით დაუმატა: - ვაი ჩვენო ქართლის ბედო! – დიდხანს დავდიოდით თავჩაღუნულნი და მოწყენილნი¨ [40].
ამ ამბის დრამატული ტონი თავიდან ბოლომდე გასდევს ბარათაშვილის პოემას, მაგრამ, ამასთან, მისი შესანიშნავი პოეტური ეპოსის სტრიქონები გამთბარია ეროვნული ოპტიმიზმის გრძნობით. ქართლის ბედის დიდი მოზარე (ვაჟა -ფშაველას გამოთქმა რომ ვიხმაროთ) თავის პოემაში ¨ ბედი ქართლისა¨ გვაჩვენებს ჩვენი ხალხის გმირულ ნებისყოფას, ქართველი კაცის მომხიბვლელ ხასიათს, საქართველოს მთების, მდინარეებისა და მდელოთა მშვენიერებას. თუ ღრმად ჩავუკვირდებით ამ პოემას, მასში დავინახავთ მთელ საქართველოს.
პოემაში ¨ ბედი ქართლისა¨ შესანიშნავია არა მარტო ისტორიული ამბის თხრობა, არამედ ქართველი ხალხის აქტიური სულის ჩვენება და ის დიდი ეროვნულ-საზოგადოებრივი პრობლემა, რომელიც თხზულების შინაგან ღერძად გვევლინება. პოემაში ¨ ბედი ქართლისა¨ ასახულია საქართველოს გმირული წარსულის დაუვიწყარი მოვლენა – კრწანისის ბრძოლა, რომელიც გადაიხადა ერეკლე მეორემ თბილისის კარებთან 1795 წელს. ნ. ბარათაშვილი მაღალმხატვრული ოსტატობით გვისურათებს ქართველი ხალხის ისტორიის ამ ტრაგიზმით აღსავსე ამბავს. პოემის პირველივე სტრიქონებიდან ჩვენ გვესმის ერეკლე მეორის შთამაგონებელი ხმა. ეს არის მხცოვანი გმირი მეფის მხურვალე ლოცვა ომის წინ, რასაც მალე ცვლის მისი გამამხნევებელი დარიგება ქართველი ჯარის მიმათ:
¨ ხედავთ, ვითარის კადნიერებით
შეკრბების ჩვენზედ უსჯულოება!
საქართველოს დღეს გარდაუწყდება
თავისი ბედი და უბედობა!
დღეს ეჭირება მამულს მხნეობა!
დღეს მეცა თქვენში ვარ მეორმარი,
ვითა თქვენგანი ერთი მხედარი:
დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული,
ვის უფრო გვიყვარს ძმანო მამული¨ !
ნ. ბარათაშვილს ექსპრესიით აქვს გადმოცემული ქართველი მხედრების უთანასწორო ბრძოლა კრწანისის ველზე აღა-მაჰმად- ხანის ურიცხვ ურდოებთან. ეს არის ბატალური ბუტაფორია. ომის ქარცეცხლი, ნაღარის ხმა, აბჯრის მსხვრევა, სისხლით შეღებილი მტკვარი რეალისტური ცხოველმყოფელობით აქვს დახატული ავტორს. პოემის ფურცლებზე ჩვენ ცოცხლად ვხედავთ პატარა კახს, რომელიც თავისი მაგალითით ¨ შთაუდგამდა სულს ვაჟკაცობას¨  ქართულ ჯარს; პოემაში ცოცხლდებიან ისტორიული გმირები კრწანისის ველისა -¨ თამაზ ენისენთ მოურავის ძე და იოანე, კახთ აბაშიძე¨ , ამ პირველ ბრძოლაში ივერთ ლაშქარს შეუმუსრავს მტერი, მაგრამ:
„ ...რა მეფე ჯარსა უყურებს,
მას გამარჯვება არღა ახარებს:
ძვირად ადუჯდა იგი ირაკლის!
მრავალთ ყმაწვილ-კაცთ, ნუგეშთა ქართლის,
დასდვეს აქ თავი მამულისათვის!
აწ საფლავიცა არსად ჩანს მათთვის;
ჰაერში განჰქრა მათი სახელი
და არსად ჟამთა მოწამე ძეგლი
არ გვიქადაგებს მათთა საქმეთა;
დუმილნი ჰფარვენ ერთგულთა ძეთა!..“
ეს დუმილი პირველმა თვით ბარათაშვილმა დაარღვია, როცა კრწანისის გმირებს თავისი დიდებული პოემით ხელთუქმნელი ძეგლი აუგო. ¨ ბედი ქართლისას¨ ავტორს ჰქონდა უფლება დაემშვიდებინა გმირთა აჩრდილები:
„მაგრამ, ჰოი გმირნო, ნუ შეშფოთდებით,
თქვენ სახსოვარი გაქვთ თვით განგებით:
რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების,
საშვილიშვილოდ გარდაეცემის“.
ვერც ქართველი ვაჟკაცების უზენაესი გმირობა და ვერც ზღუდენი ნარიყალისა ვერ აღუდგნენ აღა-მაჰმად-ხანის ურიცხვ ურდოებს. პოემის პირველი კარის დასასრულს ჩვენ ვეცნობით თბილისში შემოჭრილ ირანის მრისხანე შაჰს, რომელიც ეძიებს მას, ¨ვინც მის ხელმწიფეობას ძალას ართმევდა¨ .
პოემის დედააზრი გაშლილია მეორე კარში. აქ მკითხველი მოისმენს ღრმა ისტორიული მნიშვნელობის პაექრობას ქართლის ბედის შესახებ. ნ. ბარათაშვილი წარმოგვიდგენს წარსულის სურათს, ძლიერი დრამატიზმით აღჭურვილს. ამ ამაღლებულ ისტორიულ სურათს პოეტი სვამს მშობლიური ბუნების დიდებულ ჩარჩოში. თანდათან, შეუმცდარი მხატვრული ტაქტით, პოემის ფურცლებზე რომანტიკულ ტონებს სცვლის რეალისტური თხრობა. არაგვზე გადამდგარ ჩარდახში გამოჩნდება ორი დიდებული ადამიანი, ერეკლე მეფე და მისი მსაჯული, რომელთა მჭმუნვარე სახეებს ანათებს ჩამავალი მზის სხივები. მღელვარებით მოელით ამ ისტორიულ პიროვნებათა საუბარს. მდუმარებას არღვევს მეფე ერეკლე. იწყება ინტიმური, მაგრამ დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თათბირი: ¨ ირაკლი და მისი მსაჯული, მამულისათვის გულმტკივნეულნი, ქართლისა ბედსა განსამართლებნენ¨ .
ერეკლე მეორე დიდი სიბრძნით უშლის თვალწინ სოლომონ მსაჯულს ქართლის ცხოვრების ტრაგიკულ ვითარებას, შინაგან ქიშპობას, გარეშე მტრების – სპარსთა, ოსმალთა და ლეკთა მძვინვარებას. მეფე შეურყეველი მაგალითებით უსაბუთებს თავის ერთგულ მსაჯულს სახელმწიფო კრიზისს და ამცნობს თავის გადაწყვეტილებას:
„აბა, რას მირჩევ, ჩემო მსაჯულო?
კარგად იფიქრე, შვილო ერთგულო:
აწ განთქმულია რუსთა სახელი,
ხელმწიფე უვისთ ბრძენი და ქველი,
დიდი ხანია გვაქვს ჩვენ ერთობა,
მტკიცე კავშირი,- სარწმუნოება,-
მას მსურს რომ მივცე მემკვიდრეობა,
და მან მოსცეს ქართლს კეთილდღეობა!“
ბრძენი მეფე ღრმად სწვდება როგორც თავისი ქვეყნის, ისე მეზობელ სახელმწიფოთა განვითარების კანონზომიერებას და დიდი დიპლომატიური მოაზროვნის გონებით განჭვრეტს არა მარტო აწმყოს, არამედ ისტორიულ პერსპექტივასაც. იგი სოლომონ ლეონიძეს უსახავს მომავლის სურათს:
„ნუ დაივიწყებ...
რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება,
ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება!“  ნებისყოფა. სოლომონ ლეონიძე პატრიოტული გზნებით ეპაექრება მეფეს, რომ თავისუფლების ¨ განსყიდვა¨ უდიდესი ეროვნული უბედურებაა:
„ვეღარ გაუძლო მსაჯულსა გულმან
და ჰკადრა მეფეს აღშფოთებულმან:
¨ განზრახვა შენი, მეფევ, მაკვირვებს!
ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს
არად მიაჩნით უბედურება,
თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!¨
ერეკლე მეორე უსაბუთებს აღელვებულ პატრიოტს, რომ მეფის გადაწყვეტილება თავისუფლების ღალატი კი არ არის, არამედ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიულად გარდაუვალი ფაქტის შემეცნების ნაყოფია, რომ არსებობს მხოლოდ ორი გზა, ისტორიული აუცილებლობით ნაკარნახევი; ერთს მივყავართ სრული ეროვნული კატასტროფისაკენ, მეორეს – თავისუფლების დროებით დაკარგვით – ეროვნული სიცოცხლის შენარჩუნებისაკენ. ამ მეორე გზაზე ისახება ისტორიული პერსპექტივა საქართველოს მოქცევისა ახალი, პროგრესული განვითარების ორბიტში.
სოლომონ ლეონიძის თავისუფლების აპოლოგიას მეფე პასუხობს: - მე ეგ ყოველივ არ ვიცი განა? მაგრამ კეთილთა დღეთა თვის ქართლის, რა მოვაგვარო უმჯობეს ამის? მაგრამ აბა სთქვი, ქართველთა რა ყონ ამ უბედობის და დარღვევის დროს? მეფე ერეკლე და სოლომონ მსაჯული – მე-18 საუკუნის ეს ორი დიდი ნებისყოფის ადამიანი, მტკიცედ რჩება საკუთარ აზრზე. ისტორიული დიალოგი მთავრედება და მთვარის შუქზე ჩვენ ვხედავთ დაღონებულ და ფიქრებით მოცულ პატარა კახს:
„ამ დროს აღმოხდა ბადრი მთვარე
და სიამითა მოფინა არე.
ცამ მოჭედილმა ვარსკვლავებითა,
მთისა ჰაერმან, სავსემ შვებითა,
და მთვარის შუქზე არაგვის წყალთა
თავისუფლებით ჩამომჩხრიალთა,
გულს აუშალეს დარდები ბატონს,
ოხვრა დამართეს, ვით კაცსა ლიტონს;
მას მოაგონდა დრო ყმაწვილობის,
განტარებული თვისთა კახთ შორის,
როს ჯერ არ ეღო ტვირთი მეფობის,
დრო ჰქონდა ჟამი უზრუნველობის,
და საყვარელი კახეთის გმირი
იყო ნიადაგ მტერთა გამგმირი!
დიდხანს დაჰყოფდა ბატონი ჩუმად,
დაფიქრებული მწუხარედ და ღრმად“.
ერეკლე მეფის წინ სისწრაფით გაიქროლა მისი ჭაბუკობის წლებმა, განვლილი ბრძოლების სურათებმა, გამარჯვების სახალხო ღრეობამ, როცა მეფე სიმაყით შემოდიოდა ხოლმე თბილისის კარებში. უეცრად, თითქოს ერთად აჟღერდაო სამეფო მეჯლისის საკრავების ტრიუმფალური ხმები და ოცნებაში წარსული პატარა კახი გამოფხიზლდა. მან ჩვეული სიმტკიცით გასცა განკარგულება, რათა სოლომონ ლეონიძეს თბილისში შესახვედრი მზადება დაეწყო, თვითონ კი გაეშურა კახეთისაკენ.
პოემის ახალ ნაწილში ავტორი სოლომონ მსაჯულს მარტოდ ტოვებს მკითხველთან. სოლომონ ლეონიძე, რომელსაც ვხედავთ ქსნის ხეობაში, გზად ოჯახის მოსანახულებლად მიმავალს, ღრმა ფიქრებს შეუპყრია. იგი თავის თავს ესაუბრება. მისი მსჯელობიდან განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს შეხედულება სახელმწიფოებრივი ცხოვრების ფორმაზე. აქ პოეტი სოლომონ ლეონიძეს გამოათქმევინებს საკუთარ პროგრესულ კონცეფციას რესპუბლიკურ – კონსტიტუციური წყობილების შესახებ:
„მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას!
ერთს კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას,
და მისს ერთს სიტყვას მონებენ ერნი,
განურჩეველად სულელნი, ბრძენნი,
და იგი მათს ბედს ისე განაგებს,
ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!
მაგრამ შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება
სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,
მისდევდე შენსა გულისკვეთებას
და უთრგუნვიდე თავისუფლებას?
შენ ერმან მოგცა პირველ ღირსება,
რათა დაუცვა ყოფა-ცხოვრება,
და რად ივიწყებ, რომე მარადის
ერსა ეკუთვნის გულის თქმა მეფის!..“
ისტორიული მასალებით არ მტკიცდება სოლომონ ლეონიძის რესპუბლიკური მისწრაფებანი. პოეტმა ისტორიულ პიროვნებას შთაბერა მოწინავე იდეა საკუთარი ეპოქისა. უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციურ- რესპუბლიკური იდეები სრულიად არ იყო უცხო ბარათაშვილის ლიტერატურულ- იდეური გარემოსათვის. სოლომონ ლეონიძის ზემოთ მოყვანილი სიტყვები, რომლებშიც იხატება სიმპათიები რესპუბლიკურ-სახელმწიფოებრივი ფორმისადმი, გვარწმუნებს, რომ ნ. ბარათაშვილი ახლო იცნობდა მისი დროის განმათავისუფლებელ მოძრაობას და თავის ეროვნულ შეგნებას ანაყოფიერებდა დეკაბრისტულიპროგრესული სოციალური იდეებით. სოლომონ ლეონიძის ფიქრის განვითარება წყდება საკუთარი სახლის ზღურბლთან. იშლება პოემის ახალი ფურცელი. პოემის გმირთა შორის ღირსეულ ადგილს იჭერს ქართველი ქალი – მეუღლე ლეონიძისა:
„წინ მოეგება მას თავის ცოლი,
სათნო სოფიო, სულისა ტოლი;
ახლაც ბევრს ახსოვს მისი ზრდილობა,
შვენიერება, გულკეთილობა“.
სოფიოს სახის ეს მკრთალი მონახაზი თანდათანობით
ცხოველდება ჩვენს თვალში და ისტორიულ სურათად იქცევა, როცა ვეცნობით სოფიოს საუბარს, მის მხურვალე პატრიოტულ გრძნობებს:
„ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი,
მამულს ასული, ახლა თქვენგვარი?“
ბარათაშვილამდე ახალ ქართულ ლიტერატურაში არავის გამოუხატავს ასეთი მძლე პოეტური აღმაფრენა და სიყვარული ქართველი დედის მიმართ, მხოლოდ ორი ათეული წლის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ შეძლო მაღალმხატვრული განზოგადება მიეცა ქართველი ქალის იდეალისათვის და გამოხმაურებოდა¨ ქართლის ბედის¨ ავტორს. ილია ჭავჭავაძის ¨ ქართლის დედა¨ ბარათაშვილის პოეზიის გამოძახილია 60-იანი   წლების უღელტეხილზე.
სოლომონ ლეონიძის და მისი ცოლის საუბრით არ მთავრდება პოემის ეპიკური თხრობა. მისი შინაგანი მხატვრული რკალი მაღალი ოსტატობით არის შეკრული. დიდებულ ისტორიულ სახეს, რომლითაც იხსნება პოემის შესავალი, ჩვენ ვხედავთ თხზულების ფინალშიაც; საქართველოს სახელოვანი მეფე თვალცრემლიანი
დაჰყურებს თბილისს:
„პლატონი მისნი გარდმონგრეულან,
სახლნი – სამშობლო დანაცრებულან!“
მხოლოდ მტკვრის მწუხარე ხმიანობა არღვევს იავარქმნილი დედაქალაქის მდუმარებას. ამ ტრაგიკული სურათის შთაბეჭდილება ვერ გვავიწყებს პოემის უკანასკნელ სტროფებში გადმოცემული მოკლე ისტორიული ქრონიკა ერეკლე მეფის ახალი ომებისა. ეს თითქოს იმიტომ დასჭირდა პოეტს, რომ უკანასკნელად კიდევ მოეგონებინა მკითხველისათვის პატარა კახის ისტორიული გეზის განუხრელობა და პოემის დედააზრი დაედასტურებინა:
„დიდი ხანია გულს ირაკლისა
გადუწყვეტია ბედი ქართლისა!“
სოლომონ ლეონიძე აღელვებული აცნობს თავის მეუღლეს მეფის განზრახვას და ამასთან დაკავშირებულ მომავალს საგანგებოდ წარმტაც ფერებში უხატავს გამოსაცდელად. მაგრამ სოფიო მტკიცედ იცავს ეროვნული თავისუფლებისადმი სიყვარულს:
„უწინმც დღე კი დამელევა მე!
უცხოობაში რაა სიამე,
სადაცა ვერ ვის იკარებს სული
და არს უთვისო, დაობლებული?
რა ხელს ჰყრის პატივს ნაზი ბულბული,
გალიაშია დატყვევებული?
და ველად იგი, ამხანაგთ შორის,
ჭირსაც, ვით ლხინსა, ერთგვარ დამღერის!
ესრეთ რას არგებს კაცსაც დიდება,
თუ მოაკლდება თავისუფლება?“
გამოჩენილი ქართველი პატრიოტის მეუღლე მაღალი სულიერი თვისებების ქალად გვეხატება. სოფიოსათვის არ არსებობს თავისი ქვეყნის სიყვარულზე აღმატებული ბედნიერება, მისთვის წმიდათა წმიდაა სამშობლოს თავისუფლება, რომელსაც არ გაცვლის არავითარ დიდებაზე. პოეტი შენატრის სოფიოს მსგავს ძველ ქართველ დედებს და აღტაცებული მიმართავს მათ კეთილშობილ აჩრდილებს:
„ჰოი დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა ტკბილ სახსოვარნო!
რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?“