თავი პირველი

1. როგორ მარტო დარჩა ქალაქი, ოდესღაც ხალხმრავალი, ზის ქვრივი ქალივით; ხალხთა ქალბატონი და მხარეთა დედოფალი მოხარკე შეიქნა.

2. ტირის ღამ-ღამობით, ღაწვებზე ცრემლი სდის, არავინა ჰყავს ნუგეშისმცემელი, ყველამ უღალატა, მტრად გადაეკიდნენ მეგობრები.

3. გადაიხვეწა იუდა, დაბეჩავებული და დამონებული; დასახლდა უცხოთა შორის, ვერ უპოვნია მოსვენება; ვიწროებში დაეწივნენ მისი მდევრები.

4. მოთქვამენ სიონის გზები; დღესასწაულზე არავინ დადის, დაცარიელდა მისი ჭიშკრები; ოხრავენ მღვდლები, დანაღვლიანდნენ მისი ქალწულები, თავადაც გამწარებულია სიონი.

5. მისი მეტოქენი თავში მოექცნენ, ზეიმობენ მტრები, რადგან უფალმა დასაჯა იგი ბევრი ცოდვებისთვის; მის პატარებს ტყვეებად მირეკავენ მტრები.

6. გავიდა სიონის ასულისგან მთელი დიდება; მისი მთავრები ქურციკებს გვანან, საძოვრისთვის რომ ვერ მიუგნიათ; და მდევრის წინ მიდიან ღონემიხდილნი.

7. გაიხსენა იერუსალიმმა თავისი ტანჯვისა და დევნილობის დღეებში თავისი განძი, ძველად ნაქონი; რომ დაეცა მისი ხალხი მცტრის ხელით და არავინ არის მისი მშველელი; შეჰყურებენ მას მტრები და საცინლად იგდებენ მის შაბათებს.

8. მძიმედ შესცოდა იერუსალიმმა, ამიტომაც შესაზიზღი შეიქნა, შეიძულა იგი ყოველმა მისმა მადიდებელმა, რადგან დაინახეს მისი სიშიშვლე; თავადაც ოხრავს და უკან იხევს.

9. კალთაწაბილწულმა არ იფიქრა, რა ბოლო ექნებოდა, და დაეცა საარაკოდ, არა ჰყავს ნუგეშისმცემელი. მოჰხედე ჩემს ტანჯვას, უფალო, რადგან განდიდდა მტერი.

10. მის საგანძურზე მტერმა გაიწოდა ხელი, რადგან ხედავს, რომ შედიან მის საწმიდარში წარმართნი, ვისზედაც ბრძანე, არ შესულიყვნენ შენს კრებულში.

11. ოხრავს შენი ერი, პურის მძებნელი; საჭმელში ცვლიან ძვირფასეულობას, რომ სული მოითქვან; მოიხედე, უფალო, და დაინახე, როგორ დავმცირდი.

12. ნუმც დაგემართოთ ამგვარი რამ, გზად ჩამვლელნო! მოიხედეთ, შეხედეთ, თუ ყოფილა სატკივარი ჩემი სატკივრის მსგავსი, მე რომ მჭირს, უფალმა რომ შემყარა თავისი რისხვით!

13. მაღლიდან ცეცხლი მოავლინა ჩემს ძვლებში; ფერხთა წინ ბადე გამიშალა, წამაქცია, დამაგდო ოხრად და სნეულად სამუდამოდ.

14. შეკრულია მისი ხელით ჩემი ცოდვების უღელი, შეკაზმულია და ქედზე მადგას, ძალა წამართვა; მათ ხელში მიმცა უფალმა, ვისგანაც ვეღარ წამოვდექი.

15. უფალმა გათელა ჩემს წიაღში ჩემი ფალავნები, მომისია ურდო, რომ შეემუსრა ჩემი მოყმენი; უფალმა გათელა, როგორც საწნახელში, იუდას ქალწული ასულები.

16. ამას დავტირი, ცრემლად იღვრება ჩემი თვალები, რადგან გამშორდა ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის მომაბრუნებელი; ობლად დარჩნენ ჩემი შვილები, რადგან გამძლავრდა მტერი.

17. სიონი ხელებს იწვდის, არავინაა ნუგეშისმცემელი; უფალმა ბრძანა, გარშემოდგომოდნენ იაკობს მტრები; სიბილწედ შეირაცხა იერუსალიმი მათ თვალში.

18. მართალია უფალი, რადგან ვეურჩე მის ბაგეს; გაიგონეთ, ხალხებო, და შეხედეთ ჩემს სატანჯველს; ჩემი ქალწულები და მოყმენი ტყვეობაში წავიდნენ.

19. ვუხმე ჩემს მოყვარულთ, მაგრამ მომატყუეს; ჩემი მღვდლები და უხუცესები იხოცებიან ქალაქში, რადგან ეძებენ პურს სულის მიასაბრუნებლად.

20. მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს მე, მეწვის ნაწლავები; გული გადამიბრუნდა მკერდში, რადგან ავჯანყდი შენს წინააღმდეგ; გარეთ მახვილისგან შვილმკვდარი შევიქენი, შინაც სიკვდილია.

21. გაიგეს, როგორ ვკვნესი და არავინა მყავს ნუგეშისმცემელი; გაიგეს ჩემმა მტრებმა ჩემი უბედურება და ხარობენ, რომ შენგან არის მოწეული. ოჰ, ერთი მოაწევდე დღეს, შენ დათქმულს, რომ ჩემსავით გახდნენ ისინი!

22. ოჰ, ერთი მოაწევდეს შენამდე მათი სიბოროტის ამბავი, რომ ისევე მოექცე მათ, როგორც მე მომექეცი ჩემი ცოდვებისთვის, რადგან გამრავლდა ჩემი ოხვრა-კვნესა და შემიღონდა გული.


თავი მეორე

1. როგორ დანისლა უფალმა სიონის ასული თავისი რისხვით! ციდან მიწაზე ჩამოამხო ისრაელის მშვენება და არ გახსენებია თავისი კვარცხლბეკი თავის რისხვის დღეს.

2. შემუსრა, არ დაინდო უფალმა იაკობის სამკვიდრებელნი, დააქცია თავისი წყრომით იუდას ასულის ციხე-სიმაგრენი, მიწასთან გაასწორა; უპატიოჰყო სამეფო და მისი მთავრები.

3. მოსტეხა მთელი რქა ისრაელს მძვინვარე რისხვით; მტერს მოარიდა თავისი მარჯვენა და აგიზგიზდა იაკობში როგორც ცეცხლი, ყოვლის მჭამელი.

4. როგორც მტერმა, მოზიდა მშვილდი, აღმართა მარჯვენა დუშმანივით და მოკლა მისი თვალის სიხარული; ცეცხლივით დაანთხია თავისი რისხვა სიონის ასულის კარავში.

5. მტერივით გახდა უფალი, შემუსრა ისრაელი, შემუსრა მისი პალატები, დაუქცია ციხე-სიმაგრენი და მოაწია იუდას ასულზე ოხვრა და კვნესა.

6. დაანგრია მისი ბაღი და კარავი, დააქცია მისი სადღესასწაულო ადგილი; დაავიწყებინა უფალმა სიონში დღესასწაული და შაბათი, შეიძულა თავის მძვინვარე რისხვაში მეფე და მღვდელი.

7. შერისხა უფალმა თავისი სამსხვერპლო, შეაჩვენა თავისი საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელში მისი პალატების კედლები; ხმა გაიღეს უფლის სახლში, როგორც დღესასწაულზე.

8. გადაწყვიტა უფალმა, დაენგრია სიონის ასულის კედლები, გაჭიმა ძაფი, ხელი არ აიღო განადგურებაზე; დააქცია ზღუდე და კედელი - ერთად არიან დაქცეულნი.

9. მიწაში ჩაეფლო მისი ჭიშკრები, მან დალეწა და შემუსრა მისი ურდულები; მისი მეფე და მთავრები წარმართთა შორის არიან; აღარ არის რჯული და მის წინასწარმეტყველებსაც შეუწყდათ უფლისგან ხილვები.

10. მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, თავზე ნაცარი აყრიათ და ჯვალოთი არიან შემოსილი; მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს.

11. ცრემლებმა დამიშრიტეს თვალისჩინი, მეწვის გულ-ღვიძლი, მიწაზე დაიღვარა ჩემი ნაღველი ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო, რადგან ღონემიხდილნი ყრიან ყმაწვილები და ძუძუთა ბავშვები ქალაქის ქუჩებში.

12. დედებს შებღავიან: სად არის პური და ღვინო? და იკრუნჩხებიან დაჭრილებივით ქალაქის ქუჩებში და სულს ღაფავენ დედის კალთებში.

13. რა ვთქვა შენზე, რას შეგადარო, იერუსალიმის ასულო? რას მიგამსგავსო, რომ განუგეშო, სიონის ქალწულო ასულო? რადგან ზღვასავით დიდია შენი დაქცევა, ვინ არის შენი განმკურნებელი?

14. შენი წინასწარმეტყველნი ცრუ და სულელურ ხილვებს ხედავდნენ შენთვის, არ გიმხელდნენ შენს შეცოდებებს დაკარგულის დასაბრუნებლად; მხოლოდ ცრუსა და მაცთუნებელ განაჩენს ხედავდნენ შენთვის.

15. ტაშს შემოჰკრავს შენზე ყოველი გზად ჩამვლელი, დაუსტვენს და თავს გააქნევს იერუსალიმის ასულზე: ეს არის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ სრულქმნილი მშვენებააო, მთელი ქვეყნის სიხარულიაო?

16. ხახა დააღეს შენზე შენმა მტრებმა, უსტვენენ, კბილებს ახრჭიალებენ, ყვირიან: ჩავყლაპეთ უკვე! აჰა, ეს დღე, რომელსაც ველოდით, მოვესწარითო, ვხედავთო მას!

17. აღასრულა უფალმა განზრახული; აახდინა თავისი ნათქვამი, რაც ჰქონდა ნაბრძანები ძველთაგანვე; დააქცია და არ შეიბრალა; მტერი გაახარა შენზე, რქა აღუმაღლა შენს დუშმანებს.

18. მათი გული უფალს შეჰღაღადებს: სიონის ასულის კედლებო, ნიაღვარივით ღვარეთ ცრემლი დღედაღამე; შვებას ნუ მოიცემთ, ნურც შეშრება თქვენი თვალის გუგები.

19. ადექი, იღაღადე ღამით, ყოველ სახმილავზე, წყალივით დაღვარე შენი გული უფლის წინაშე; გაიწოდე ხელები მისკენ შენი ჩვილების სიცოცხლისთვის, შიმშილით რომ იხოცებიან გზაჯვარედინებზე.

20. მოიხედე, უფალო, და დაინახე, ვის მოექეცი ასე? თუ უჭამიათ დედაკაცებს თავიანთი ნაყოფი, ნალოლიავები ბავშვები? თუ დახოცილან უფლის საწმიდარში მღვდელი და წინასწარმეტყველი?

21. ყრიან ქუჩის მტვერში ყმაწვილი და მოხუცი, ჩემი ქალწულები და მოყმეები მახვილით დაეცნენ; დახოცე შენი რისხვის დღეს, დაკალი, არ დაინდე.

22. შენ მოიწვიე, როგორც დღესასწაულზე, ჩემი შიშისზარნი ყოველი მხრიდან; და არავინ გაქცეულა, არავინ გადარჩენილა უფლის რისხვის დღეს; ვინც მე ვანებივრე და გავზარდე, მტერმა მოუღო მას ბოლო.


თავი მესამე

1. მე ვარ კაცი, ტანჯვის მნახველი მისი რისხვის კვერთხის ქვეშ;

2. წამიძღვა და მივყავდი ბნელისკენ, არა ნათლისკენ;

3. მხოლოდ ჩემკენ იღერებს და იღერებს ხელს მთელი დღე იგი;

4. გამიცვითა მან ხორცი და კანი, შემიმუსრა ძვლები;

5. შემომადგა და შემომარტყა ტანჯვა და წამება;

6. ჩამსვა წყვდიადში საუკუნოდ მკვდარივით;

7. ზღუდე შემომავლო და ვერ გავდივარ, დამიმძიმა ბორკილები;

8. კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის აბრკოლებს ჩემს ვედრებას;

9. გზა ჩამიხერგა ლოდებით და დამიხლართა ბილიკები;

10. დათვია ის ჩემთვის, საფარში მჯდარი, და ლომი, დადარნებული;

11. გზებს გადამაგდინა და გამწეწა, ცარიელი დამტოვა;

12. მოზიდა მშვილდი და ისართა სამიზნედ დამსვა;

13. გულ-ღვიძლში გამიტარა თავისი კაპარჭის ამონასხლეტი;

14. ქვეყნის ხალხის სასაცილო შევიქენი, მათ სამღერელად მთელი დღისთვის;

15. სიმწარით გამაძღო და აბზინდა შემასვა;

16. კბილები ჩამილეწა ხრეშით, მტვერში გამთელა;

17. მშვიდობა წაართვი ჩემს სულს, დამავიწყდა კეთილდღეობა;

18. ვთქვი: წამერთვა ღონე და უფლის იმედი;

19. გაიხსენე ჩემი განჯვა და ჩემი სიმწარე, აბზინდა და შხამი;

20. კარგად ვიხსენებ ამას და მიღონდება სული;

21. ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი;

22. არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები;

23. განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი.

24. ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი;

25. კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის;

26. კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან;

27. კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში;

28. ზის სიმარტოვეში და სდუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი;

29. მტვერითაც რომ აუვსო პირი, მაინც ექნება უფლის იმედი;

30. თუნდაც მიუშვიროს ლოყა მის მცემელს, გაძღეს გინებით;

31. არ გასწირავს საუკუნოდ უფალი;

32. კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით;

33. რადგან გულით როდი სტანჯავს და აწვალებს კაცისშვილებს,

34. როცა ფეხქვეშ თელავენ ქვეყნის პატიმრებს,

35. როცა სამართალს უმრუდებენ კაცს უზენაესის წინაშე,

36. როცა ჩაგრავენ ადამიანს მის სამართალში, განა ამას ვერ ხედავს უფალი?

37. ვის თქმაზე აღსრულდება რამე, თუ უფალმა არ ბრძანა?

38. განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?

39. რატომ ჩივის ცოცხალი კაცი, ვაჟკაცი, თავის ცოდვებზე?

40. გავჩხრიკოთ ჩვენი საქციელი, გავარკვიოთ და უფალს დავუბრუნდეთ;

41. ხელებით აღვმართოთ ჩვენი გული ცაში უფლისადმი:

42. ჩვენ შევცოდეთ და განვდექით, შენ არ გვაპატიე;

43. რისხვით მოიბურე და გვდევნი, გვხოცავ შეუბრალებლად;

44. ღრუბლით მოიბურე, რომ აირიდო ჩვენი ლოცვები;

45. ნაგვად და სიბინძურედ გვაქციე ხალხთა შორის;

46. ხახა დააღეს ჩვენს ჩასანთქმელად ჩვენმა მტრებმა;

47. შიში და საფრთხე გვხვდა წილად, ნგრევა და დაღუპვა;

48. ცრემლის ნაკადულები სდის ჩემს თვალებს ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო;

49. იღვრება ჩემი თვალი განუწყვეტლივ, არ არის შვება;

50. ვიდრე არ მოხედავს და არ იხილავს უფალი ციდან;

51. ჩემი თვალები სულს მიდარდიანებენ ჩემი ქალაქის ასულთა გამო;

52. მომინადირეს ჩემმა მტრებმა როგორც ჩიტი რამ, უმიზეზოდ;

53. ცოცხლად ჩამაგდეს ორმოში და ქვები დამაყარეს;

54. გადამფარა წყალმა, ვთქვი, დავიღუპე-მეთქი;

55. ვუხმე შენს სახელს, უფალო, ორმოს სიღრმიდან;

56. ხომ მოგესმა ჩემი ხმა, ნუ წაუყრუებ ჩემს ხვეწნა-ვედრებას;

57. შენ ახლოს ხარ, როცა გიხმობ; ამბობ: ნუ გეშინის!

58. შენ ესარჩლებოდი ჩემს სულს, უფალო, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე!

59. შენ დაინახე ჩემი ჩაგვრა, უფალო, მაშ, გაიკითხე ჩემი სამართალი!

60. შენ დაინახე მათი შური ჩემს მიმართ, მათი ზრახვები ჩემს წინააღმდეგ!

61. შენ გაიგონე მათი გინება, უფალო, მათი ზრახვები ჩემს წინააღმდეგ!

62. ჩემს მომხდურთა ბაგეები და ფიქრები ჩემს წინააღმდეგ არის მთელი დღე;

63. სხედან თუ დგანან, შეხედე, მათი სამღერელი შევიქენი;

64. მიაგე მათ საზღაური, უფალო, მათ ხელთა საქმეთაებრ!

65. მოუვლინე მათ გულის სიბნელე, უფალო, და წყევლა შენი!

66. რისხვით დაედევნე მათ და მუსრი გაავლე უფლის ცისქვეშეთში!


თავი მეოთხე

1. როგორ დაიბინდა ოქრო, ფერი იცვალა ბაჯაღლომ; გაფანტულია საწმიდრის ქვები ყოველ გზაჯვარედინზე;

2. ოქროს სწორი, სიონის ძვირფასი ძენი, როგორ შეირაცხნენ მექოთნის ნაზელ თიხის ნამტვრევებად!

3. ტურებიც კი აწვდიან ძუძუს და აწოვებენ თავიანთ ლეკვებს; ჩემი ერის ასული კი გულქვა გახდა, როგორც სირაქლემა უდაბნოში.

4. მწოველის ენა სასას მიეკრა წყურვილისგან; ბავშვები პურს ითხოვენ, მაგრამ არ არის მიმწოდებელი.

5. ნუგბართა მჭამელნი ქუჩებში სულს ღაფავენ; ძოწეულში ნახვევნი ნაკელში ყრიან.

6. ჩემი ერის ასულის ბრალი აღემატა სოდომის ცოდვას, წამში რომ დაიქცა და ვერა ხელმა ვერ დაიხსნა.

7. მათი მთავრები თოვლზე სპეტაკები იყვნენ, რძეზე თეთრები, მათი ტანი ბადახშზე წითელი, მათი გამოხედვა - საფირონი.

8. ახლა კი ნახშირის უშავესია მათი სახე, ვერავინ იცნობს მათ ქუჩაში; ძვლებს ეკვრის მათი კანი, ხესავით არის გამომშრალი.

9. ხმლით გაწყვეტილნი უფრო ბედნიერნი არიან, ვიდრე შიმშილით გაწყვეტილნი, რომლებიც დაილივნენ მინდვრის საკვებს მოკლებულნი.

10. გულმოწყალე ქალები საკუთარი ხელით ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, საზრდოდ რომ ჰქონოდათ ჩემი ერის ასულის დაღუპვის ჟამს.

11. გადმოსცალა უფალმა თავისი რისხვა, გადმოაფრქვია თავისი წყრომის ალი, ცეცხლი წაუკიდა სიონს და შეაჭმევინა მისი საძირკველნი.

12. არ სჯეროდათ ქვეყნის მეფეებს ან მკვიდრებს ამა სოფლისა, თუ მტერი და მომხდური შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში;

13. ეს მოხდა მის წინასწარმეტყველთა ცოდვების და მის მღვდელთა შეცოდებების გამო, მართალთა სისხლს რომ ღვრიდნენ მის წიაღში.

14. ქუჩებში დაძრწოდნენ, როგორც ბრმები, სისხლში გასვრილნი, და ვერაფერს ეკარებოდნენ სამოსელით.

15. შორს უწმიდურნო! უყვიროდნენ, შორს, შორს, არ მოგვეკაროო! ასე გარბოდნენ და დაწანწალებდნენ, ხალხში ამბობდნენ: მეტს აღარ ვაცხოვრებთო აქ.

16. თავად უფალმა გაფანტა ისინი, მეტად აღარ მოხედავს მათ; მღვდლებს პატივს არ სცემენ, მოხუცებულთ არ იბრალებენ.

17. და კიდევ: დაგვევსო თვალები შემწეობის ამაო მოლოდინში; სათვალთვალო კოშკიდან ვუმზერდით ხალხს, რომელსაც ჩვენი შველა არ შეეძლო.

18. ზვერავდნენ ჩვენს ნაბიჯებს, ჩვენს ქუჩებში რომ არ გვევლო. მოაწია ჩვენმა ბოლომ, გასრულდა ჩვენი დღეები, დადგა ჩვენი ბოლო.

19. ცის არწივთა უსწრაფესნი იყვნენ ჩვენი მდევრები, მთებზე გვედევნებოდნენ, უდაბნოში გვისაფრდებოდნენ.

20. სუნთქვა ჩვენს ნესტოთა - უფლის ცხებული მათ ორმოშია გამომწყვდეული; ჩვენ კი ვფიქრობდით, მის ჩრდილქვეშ ვიცოცხლებდით ხალხთა შორის.

21. იხარე და იმხიარულე, ედომის ასულო, ყველა ქვეყანაში მცხოვრებო! შენთანაც ჩამოივლის თასი: დაითვრები და გაშიშვლდები!

22. გათავდა შენი სასჯელი, სიონის ასულო; მეტს აღარ დაგტოვებს დევნილებაში. შენ კი მოგკითხავს დანაშაულს, ედომის ასულო, და გაამჟღავნებს შენს ცოდვებს.


თავი მეხუთე

1. გაიხსენე, უფალო, რაც დაგვემართა; მოგვხედე და დაინახე ჩვენი შეგინება.

2. ჩვენი სამკვიდრო უცხომ დაიმკვიდრა, ჩვენი სახლები - გადამთიელმა.

3. ობლები გავხდით: მამა არა გვყავს, დაქვრივდნენ ჩვენი დედები;

4. ჩვენსავე წყალს ვერცხლის ფასად ვსვამთ, შეშას ვყიდულობთ;

5. კისრით მიგვათრევენ, ქანცი გაგვიწყდა, არა გვაქვს მოსვენება;

6. ეგვიპტეს ვუშვერთ ხელს, აშურს, რომ გავძღეთ პურით;

7. ჩვენმა მამებმა შესცოდეს და აღარ არიან, ჩვენ კი მათ სასჯელს ვიხდით;

8. მონები ხელმწიფობენ ჩვენზე, არა ჩანს მხსნელი მათი ხელიდან;

9. სიცოცხლის ფასად ვშოულობთ პურს, უდაბნოში მახვილის შიშით;

10. თონესავით გვიხურს კანი, შიმშილის ხვატისგან.

11. ქალებს ნამუსს ხდიან სიონში, ქალწულებს - იუდას ქალაქებში;

12. ხელებით ჰკიდებენ მთავრებს, შეურაცხყოფენ მოხუცებულთ;

13. მოყმენი დოლაბებს ეზიდებიან, ბიჭები ფორხილებენ შეშის ტვირთის ქვეშ;

14. მოხუცებულნი კარიბჭესთან აღარ სხდებიან, მოყმენი აღარ მღერიან;

15. შემწყდარია ჩვენი გულის სიხარული, გლოვად გადაიქცა ჩვენი ფერხულები;

16. თავზეით გვირგვინი მოგვეხადა; ვაი ჩვვნ, რადგან შევცოდეთ!

17. ამიტომ შეღონებული გვაქვს გული, ამიტომაც დაგვიბნელდა თვალისჩინი;

18. გაუკაცრიელდა სიონის მთა და ტურები დარბიან იქ;

19. შენ კი საუკუნოდ მყოფობ, უფალო, შენი ტახტი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე!

20. სამუდამოდ რისთვის დაგვივიწყე, ასე ხანგრძლივად რისთვის მიგვატოვე?

21. შენკენ მოგვაქციე, უფალო, და მოვიქცევით; განგვიახლე დღეები, როგორც ძველად იყო!

22. ნუთუ საბოლოოდ შეგვიძულე და უსაზომოდ გაჯავრდი ჩვენზე?