თავი პირველი

1. ეს არის სიტყვები წიგნისა, რომელიც ბარუქმა, ძემ ნერეიასი, ძისა მაყასეიასი, ძისა ციდკიასი, ძისა ხასადიასი, ძისა ხილკიასი, დაწერა ბაბილონში

2. მეხუთე წელს, თვის მეშვიდე დღეს, იმ დროს, როცა ქალდეველებმა იერუსალიმი აიღეს და ცეცხლში დაწვეს.

3. წაიკითხა ბარუქმა ამ წიგნის სიტყვები იექონიას, იუდას მეფის იეჰოაკიმის ძის, გასაგონად, და მთელი ხალხის გასაგონად, რომელიც მოვიდა წიგნის მოსასმენად.

4. ძალმოსილთა, უფლისწულთა, უხუცესთა გასაგონად და მთელი ხალხის, პატარიდან დიდამდე, ყველას გასაგონად, ვინც კი ბაბილონში, მდინარე სუდის ნაპირას ცხოვრობს.

5. ტიროდნენ, მარხულობდნენ და ლოცულობდნენ ღვთის წინაშე;

6. შეკრიბეს ვერცხლი, ვის რამდენი შეეძლო,

7. და გაუგზავნეს იერუსალიმში იეჰოაკიმს, ძეს ხილკიასი, ძისა შალუმისა, მღვდელმთავარს, მღვდლებს და მთელ ხალხს, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა იერუსალიმში.

8. მიიღო ბარუქმა ტაძრიდან გამოტანილი უფლის სახლის ჭურჭელი იუდას ქვეყანაში დასაბრუნებლად სივანის მეათე დღეს, ჭურჭელი ვერცხლისა, რომელიც გააკეთა ციდკიამ, იუდას მეფის, იოშიას ძემ,

9. მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გადაასახლა იექონია, მთავრები და ტყვეები, ძალმოსილნი და ქვეყნის ერი იერუსალიმიდან და ბაბილონში წაიყვანა.

10. თქვეს: აჰა, გიგზავნით ვერცხლს და იყიდეთ ვერცხლით საკლავი აღსავლენისთვის და ცოდვებისთვის, და საკმეველი, გაამზადეთ საძღვნო შესაწირავი და მიიტანეთ ჩვენი უფლის სამსხვერპლოზე.

11. ილოცეთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის სიცოცხლისათვის და ბალთასარისა, მისი ძის სიცოცხლისათვის, რათა იყოს მათი დღეები, როგორც ცის დღეები დედამიწაზე;

12. და უფალი მოგვცემს ჩვენ ძალას და გაგვინათლებს თვალებს და ვიცხოვრებთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ჩრდილქვეშ და ბალთასარის, მისი ძის ჩრდილქვეშ და დავემორჩილებით მათ მრავალ დღეს და ვპოვებთ სიხარულს მათ წინაშე.

13. ილოცეთ ჩვენთვისაც უფლის, ჩვენი ღვთის წინაშე, რადგან შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს და დღემდე არ უკუქცეულა უფლის გულისწყრომა და მისი რისხვა ჩვენგან.

14. წაიკითხეთ ეს წიგნი, რომელსაც გიგზავნით უფლის სახლში გამოსაცხადებლად დღესასწაულის დღეს და დაწესებულ დღეებში.

15. თქვით: უფალთან, ჩვენს ღმერთთან, სიმართლეა, ჩვენ კი პირზე სირცხვილი გვაქვს, როგორც დღეს იუდაელებს და იერუსალიმის მკვიდრებს,

16. ჩვენს მეფეებს და ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს და ჩვენს წინასწარმეტყველებს, და ჩვენს მამა-პაპას,

17. რადგან შევცოდეთ უფლის წინაშე

18. და არ დავემორჩილეთ მას და არ შევისმინეთ უფლის, ჩვენი ღვთის ხმა, რომ გვევლო უფლის მცნებებით, რომლებიც გამოაცხადა ჩვენს წინაშე.

19. იმ დღიდან, როცა უფალმა ჩვენი მამა-პაპა გამოიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, ამ დღემდე ურჩნი ვიყავით უფლის, ჩვენი ღვთის წინაშე და არ გვაწუხებდა, რომ არ ვისმენდით მის ხმას.

20. აგვეწება ჩვენ, ისევე როგორც დღეს, უბედურებანი და წყევლა, რომელიც გამოუცხადა უფალმა მოსეს, თავის მორჩილს, იმ დღეს, როცა გამოიყვანა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტის ქვეყნადან, რათა მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

21. არ შევისმინეთ უფლის, ჩვენი ღვთის, ხმა იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებში, რომელნიც ჩვენთან გამოგზავნა.

22. დავდიოდით თითოეული საკუთარი უკეთური გულის კარნახით უცხო ღმერთების სამსახურში და ბოროტებას ჩავდიოდით უფლის, ჩვენი ღვთის თვალში.


თავი მეორე

1. დაამტკიცა უფალმა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, რომელნიც ისრაელს განაგებდნენ, ჩვენს მეფეებზე, ჩვენს მთავრებზე და ყველა ისრაელიანზე და იუდაელზე.

2. არ მომხდარა მთელს ცისქვეშეთში იმის მსგავსი, რა მახდინა მან იერუსალიმში მოსეს რჯულში დაწერილის მიხედვით;

3. რათა გვეჭამა ერთს ხორცი თავისი ძისა და მეორეს ხორცი თავისი ასულისა.

4. მისცა ისინი ქვეშევრდომებად ყველა სამეფოს, რომელნიც ჩვენს ირგვლივაა, და შესაგინებლად და მოსაოხრებლად ჩვენს გარშემო ყველა ერს, რომელთა შორისაც მიმოფანტა ისინი უფალმა.

5. აღმოვჩნდით ქვემოთ და არა ზემოთ, რადგან შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ არ ვისმინეთ მისი ხმა.

6. უფალთან, ჩვენს ღმერთთან, სიმართლეა, ჩვენ და ჩვენს მამა-პაპას კი სირცხვილი გვაქვს პირზე, როგორც დღეს.

7. ყველა უბედურებამ, რაც უფალმა ბრძანა ჩვენზე, გვიწია ჩვენ.

8. არ ვილოცეთ უფლის წინაშე, რომ მოვექციეთ თითოეული ჩვენგანი ავი გულის ზრახვებისგან.

9. ინახავდა უფალი ამ უბედურებებს და მოაწია ჩვენზე, რადგან უფალი სამართლიანია ყველაფერში, რაც გვაუწყა ჩვენ.

10. არ შევისმინეთ ხმა მისი, რომ გვეკლო უფლის მცნებებით, რომლებიც დააწესა ჩვენს წინაშე.

11. და ახლა, უფალო, ღმერთო ისრაელისა, რომელმაც გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან მაგარი ხელით, ნიშებითა და სასწაულებით, დიადი ძალითა და მაღალი მკლავით, და შეუქმენი შენს თავს სახელი, როგორც დღეს;

12. შევცოდეთ, წავიბილწეთ, უსამართლოდ მოვიქეცით ყველა შენი მცნების წინააღმდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო.

13. აგვაცილე ჩვენ შენი გულისწყრომა, რადგან მცირენი დავრჩით წარმართთა შორის იქ, სადაც დაგვფანტე ჩვენ.

14. შეისმინე, უფალო, ჩვენი ლოცვა და ვედრება და გვიხსენი ჩვენ შენთვის, და მოგვეცი ჩვენ წყალობა მათ წინაშე, რომელთაც გადაგვასახლეს;

15. რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი და რომ შენი სახელი ეწოდა ისრაელსა და მის მოდგმას.

16. უფალო, გარდამოიხილე შენი წმინდა სახლიდან და გაგვიხსენე ჩვენ; მოყავ, უფალო, ყური და ისმინე,

17. გაახილე, უფალო, თვალი და იხილე, რადგან ჯოჯოხეთში მყოფი მკვდრები, რომელთაც ამოერთვათ სული გვამიდან, ვერ მიაგებენ უფალს დიდებასა და სამართალს,

18. არამედ სული დამწუხრებული, რომელიც ქედმოდრეკით დააბიჯებს, უძლური და ჩამქრალი თვალები და დამშეული მოგაგებს შენ დიდებას და სიმართლეს, უფალო.

19. არა ჩვენს მამა-პაპათა და ჩვენს მეფეთა სიმართლით მოგიძღვნით ჩვენს ვედრებას შენს წინაშე, უფალო, ღმერთო ჩვენო,

20. რადგან მოავლინე შენი გულისწყრომა და შენი რისხვა ჩვენზე, როგორც გამოაცხადე შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ

21. ასე თქვა უფალმა: ბეჭები მოიხარეთ, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და დამკვიდრდებით მიწაზე, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას;

22. ხოლო თუ არ შეისმენთ უფლის ხმას, რომ უნდა ემსახუროთ ბაბილონის მეფეს,

23. შევწყვეტ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის გარშემო ხმას ლხინისა და ხმას სიხარულისა, ხმას სიძისა და ხმას რძლისა, და მთელ ამ ქვეყანაში კაცის ჭაჭანება არ იქნება.

24. მაგრამ არ შევისმინეთ ხმა შენი, რომ გვემსახურა ბაბილონის მეფისთვის და აღასრულე შენი სიტყვები, რომელიც თქვი შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ გამოიყრება ჩვენს მეფეთა და ჩვენს მამა-პაპათა ძვლები მათი სამარხებიდან.

25. და, აჰა, გაბნეულია ისინი დღის ხვატსა და ღამის სიცივეში; მწარე ტკივილებით, შიმშილით, მახვილითა და გაძევებით დაიხოცნენ ისინი.

26. დააგდე სახლი, რომელსაც ეწოდა შენი სახელი, როგორც დღეს, ისრაელის სახლისა და იუდას სახლის უკეთურების გამო,

27. და მოგვექეცი ჩვენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მთელი შენი სიკეთით და მთელი შენი დიდი მოწყალებით,

28. როგორც თქვი შენი მორჩილის, მოსეს ხელით იმ დღეს, როცა მას უბრძანე, დაეწერა შენი რჯული ისრაელიანთა წინაშე, რომ

29. თუ არ შეისმენთ ჩემს ხმას, ეს დიდი სიმრავლე შემცირდება ხალხებში, რომელთა შორისაც გავფანტავ მათ.

30. ვიცი, რომ არ შეისმენს ჩემსას, რადგან ურჩი ერია, მაგრამ ჩაიხედავს გულში თავისი გადასახლების მიწაზე.

31. და მიხვდება, რომ მე ვარ უფალი, მისი ღმერთი, და მივცემ მათ გულს და სასმენელთ მოსასმენად.

32. განმადიდებენ მე მათი გადასახლების მიწაზე და გაიხსენებენ ჩემს სახელს.

33. და მოიქცევიან ურჩობისგან და თავიანთი ბოროტი საქმეებისგან, რადგან გაიხსენებენ თავიანთი მამა-პაპის გზას, რომელთაც შესცოდეს უფლის წინაშე,

34. და დავაბრუნებ მათ მიწაზე, რომელიც ფიცით მივეცი მათ მამა-პაპას - აბრაამს და ისაკს და იაკობს, და დაეპატრონებიან მას, გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან;

35. დავუმტკიცებ მათ საუკუნო აღთქმას, რომ ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ერი იქნებიან, და აღარ დავძრავ ჩემს ხალხს, ისრაელს, იმ ქვეყნიდან, რომელიც მივეცი მას.


თავი მესამე

1. უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო, ისრაელისა, სული შევიწროებული და სული შეწუხებული შემოგღაღადებს შენ.

2. შეისმინე, უფალო, და შეგვიწყალე, რადგან შევცოდეთ შენს წინაშე,

3. რადგან შენ საუკუნოდ დამკვიდრებული ხარ, ჩვენ კი - საუკუნოდ დაკარგულები.

4. უფალო, ყოვლისამპყრობელო, ღმერთო ისრაელისა, შეისმინე ვედრება ისრაელის მკვიდრებისა და მათი შვილებისა, რომელთაც სცოდეს შენს წინაშე, რომელთაც არ შეისმინეს ხმა უფლისა, მათის ღვთისა, და აგვეწება ჩვენ უბედურებანი.

5. ნუ გაიხსენებ ჩვენი მამა-პაპის უსამართლობებს, არამედ გაიხსენე შენი ხელი და შენი სახელი ამ ჟამს,

6. რადგან შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი და გადიდებთ შენ, უფალო.

7. რადგან მოგვეცი შენი შიში ჩვენს გულებში, რომ მოვუხმოთ შენს სახელს და გადიდოთ შენ ჩვენს გადასახლებაში, რადგან განვდევნეთ ჩვენი გულებიდან ყველა ჩვენი მამა-პაპის უსამართლობა, რომელთაც სცოდეს შენს წინაშე.

8. აჰა, დღეს ჩვენს გადასახლებაში ვართ, სადაც გაგვფანტე ჩვენს შესაგინებლად და შესაჩვენებლად, და დასასჯელად ყველა უსამართლობის გამო ჩვენი მამა-პაპისა, რომელნიც განუდგნენ უფალს, ჩვენს ღმერთს.

9. ისმინე, ისრაელ, მცნებანი ცხოვრებისა, ყურად იღე ჩასაწვდომად სიბრძნისა.

10. რა არის ეს, ისრაელ, რომ მტრის მიწაზე ხარ, რომ დაბერდი უცხო მიწაზე.

11. წაიბილწე მკვდრებთან ერთად, შეირაცხე ჯოჯოხეთში მყოფთა შორის?

12. შენ დატოვე წყარო სიბრძნისა.

13. ღვთის გზით რომ გევლო, მშვიდობით დამკვიდრდებოდი საუკუნოდ.

14. ისწავლე, სად არის სიბრძნე, სად არის ძალა, სად არის გაგება, რათა ამასთან ერთად შეიცნო, სად არის დღეგრძელობა და სიცოცხლე, სად არის სინათლე თვალთა და მშვიდობა.

15. ვინ იპოვა მისი ადგილი და ვინ შევიდა მის საუნჯეში?

16. სად არიან ხალხთა მთავარნი და დედამიწის ცხოველთა მეუფენი,

17. ისინი, რომელნიც ზეცის ფრინველებით იქცევდნენ თავს, მომხვეჭელნი ოქრო-ვერცხლისა, რომელთა იმედი აქვს ხალხს და რომელთა ხვეჭას ბოლო არ უჩანს;

18. ან ისინი, ვერცხლს რომ ამუშავებდნენ და ერთ ზრუნვაში იყვნენ, რომელთა ნახელავი აღარსად ჩანს?

19. გაქრნენ და ჯოჯოხეთში ჩავიდნენ და სხვანი გამოჩდნენ მათ სანაცვლოდ.

20. ახალგაზრდებმა იხილეს ნათელი და დამკვიდრდნენ მიწაზე, მაგრამ ცოდნის გზა ვერ ისწავლეს;

21. ვერც მისი ბილიკები გაიგნეს და ვერც მას ჩასწვდნენ; მათი შვილები შორს იყვნენ მისი გზისგან.

22. არც ქანაანში გაისმა იგი და არც თემანში გამოჩნდა;

23. ვერც აგარის შვილებმა, რომელნიც მიწიერ ცოდნას ეძიებდნენ, ვერც მერანისა და თემანის ვაჭრებმა, ვერც მთხრობელებმა და ვერც ცოდნის მძებნელებმა ვერ გაიგნეს სიბრძნის გზა და ვერ გაიხსენეს მისი ბილიკები.

24. ო, ისრაელ, რა დიდია ღვთის სახლი და რა ვრცელია მისი სამფლობელო!

25. დიდია იგი და არა აქვს დასასრული, მაღალია და განუსაზღვრელი.

26. იქ იშვნენ ბუმბერაზები, რომლებიც სახელოვანნი იყვნენ დასაბამიდან, ტანმაღალნი, მცოდნენი ომისა.

27. მაგრამ ისინი არ გამოურჩევია ღმერთს და არც ცოდნის გზა მიუცია მათთვის;

28. დაიღუპნენ, რადგან არ ჰქონდათ სიბრძნე, დაიღუპნენ თავიანთი უგუნურებით.

29. ვინ ავიდა ზეცად, ვინ აიღო სიბრძნე და ჩამოიტანა ღრუბლებიდან?

30. ვინ გავიდა ზღვის გაღმა და მოიპოვა, და წამოიღო იგი, რჩეულ ოქროზე უმჯობესი?

31. არავინაა შემმეცნებელი მისი გზისა და არც გულისხმისმყოფელი მისი ბილიკისა,

32. მაგრამ ყოვლის მცოდნემ იცის იგი, თავისი გონებით მოიპოვა მან, ვინც ქვეყნიერება განამზადა საუკუნოდ და აავსო იგი ოთხფეხა ცხოველებით,

33. ვინც ნათელს გვიგზავნის და მოდის ნათელი; მოუწოდა მას და ისიც დაემორჩილა მას თრთოლვით;

34. ვარსკვლავები განბრწყინდნენ თავიანთ სახმილავებში და გაიხარეს;

35. მოუხმო მათ და უპასუხეს: აქ ვართო! და სიხარულით გაუნათეს თავიანთ შემოქმედს.

36. ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე.

37. მან იპიავა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა.

38. შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის.


თავი მეოთხე

1. ეს არის ღვთის ბრძანებათა წიგნი და რჯული, რომელიც საუკუნოდ იქნება. ყოველი მისი დამჭერი, იცხოვრებს, მისი მიმტოვებელი კი მოკვდება.

2. მოიქეც, იაკობ, და აიღე იგი და გაემართე მისი სინათლის ბრწყინვალებისკენ.

3. ნუ მისცემ სხვას დიდებას შენსას და ნურც შენს სარგებელს - უცხო ხალხს.

4. ნეტარნი ვართ, ისრაელ, რადგან ჩვენ ვიცით, რაც ესათნოება ღმერთს.

5. გამხნევდი, ერო ჩემო, ხსოვნავ ისრაელისა!

6. ხალხებს მიეყიდეთ არა დასაღუპად, არამედ ღვთის განრისხების გამო ჩაუვარდით ხელში მტრებს.

7. რადგან გააჯავრეთ თქვენი შემოქმედი, რადგან ეშმაკებს სწირავდით მსხვერპლს და არა ღმერთს.

8. დაივიწყეთ თქვენი გამომკვებავი უკვდავი ღმერთი და დაამწუხრეთ თქვენი აღმზრდელი იერუსალიმიც.

9. რადგან იხილა თქვენზე მოწეული რისხვა და თქვა: ისმინეთ, სიონის მკვიდრნო, მომივლინა მე ღმერთმა დიდი მწუხარება,

10. რადგან ვიხილე ჩემს ძეთა და ასულთა ტყვეობა, რომელიც მათზე მოაწია საუკუნომ;

11. რადგან სიხარულით აღვზარდე ისინი და გირილითა და მწუხარებით გავუშვი.

12. ნურვინ იხარებს ჩემზე, დაქვრივებულზე და მიტოვებულზე მრავალთა მიერ. მოვოხრდი მე ჩემი შვილების ცოდვათა გამო, რადგან ღვთის რჯულს გადაუხვიეს.

13. ხოლო მისი სამართალნთ უგულებელჰყვეს, არც ღვთის მცნებების გზით წარემართენ, არც სწავლის ბილიკებს დაადგნენ მისი სიმართლით.

14. მოდით, მკვიდრნო სიონისა, და გაიხსენეთ ჩემ ძეთა და ასულთა ტყვეობა, რომელიც მათზე მოაწია საუკუნომ.

15. რადგან შორიდან მოუვლინა მათ ხალხი, ხალხი ურიცხვი და უცხოენოვანი, რომელსაც არც მოხუცებულის რიდი აქვს და არც ყრმის სიბრალული;

16. წაჰგვარეს ქვრივს საყვარელი შვილები და ასულთაგანაც გაამარტოვეს.

17. მაგრამ რით შემიძლია შეგეწიოთ?

18. რადგან ისევ თქვენზე უბედურებათა მომწეველი დაგიხსნით მტრების ხელიდან.

19. იარეთ, შვილებო, იარეთ, რადგან მარტო დავრჩი.

20. განვიძარცვე მშვიდობის სამოსელი და შევიმოსე ძაძა ჩემი ვედრებისა, ვიღაღადებ საუკუნოს მიმართ დღენი ჩემნი.

21. გამხნევდით, შვილებო, მოუხმეთ ღმერთს და დაგიხსნით მძლავრობისგან, მტერთა ხელიდან;

22. რადგან საუკუნოსგან ველოდებოდი თქვენს ხსნას და გადმოვიდა ჩემზე წმიდისაგან შეწყალების სიხარული, რომელიც მალე თქვენთანაც მოვა თქვენი საუკუნო მხსნელისგან;

23. რადგან მე გოდებითა და ტირილით გაგიშვით, ღმერთი კი თქვენს თავს საუკუნოდ დამიბრუნებს სიხარულითა და შვებით;

24. რადგან როგორც ახლა იხილეს სიონის მკვიდრთა თქვენი ტყვეობა, ასევე მალე იხილონ ღვთისგან თქვენი ხსნა, რომელიც მოვა თქვენთან დიადი დიდებით და საუკუნოს ბრწყინვალებით.

25. შვილებო, დაითმინეთ თქვენზე მოწეული ღვთის რისხვა; გდევნა შენმა მტერმა, მაგრამ ჩქარა იხილავ მის დამხობას და ფეხით გათელავ მის ქედს.

26. ჩემი ნებიერნი ფიცხელ გზას დაადგნენ; შეიპყრეს მტრებმა, როგორც მოტაცებული ფარა.

27. გამხნევდით, შვილებო, და შეჰღაღადეთ ღმერთს, რადგან გაგიხსენებთ ის, ვინც ეს მოაწია თქვენზე.

28. რადგან ფიქრში გქონდეთ უფლისგან განდგომა, მოქცეულებმა ათმაგი შურით ეძიეთ იგი.

29. რადგან ვინც უბედურება მოაწია თქვენზე, საუკუნო სიხარულსაც მოგივლენთ თქვენთ ხსნით.

30. გწამდეს, იერუსალიმო, ნუგეშს გცემს სახელმდებელი შენი.

31. საწყალობელნი არიან შენი ბოროტისმყოფელნი და შენი დაცემის მოხარულნი.

32. საწყალობელნი არიან ქალაქები, რომელთაც დაემონენ შენი შვილები, საწყალობელია მიწა, რომელმაც შეიწყნარა შენი ძენი.

33. რადგან რამდგნადაც გაიხარა შენი დაცემით და მოილხინა შენი დამხობით, იმდენად დამწუხრდება თავისი მოოხრებით.

34. წავართმევ მას ხალხმრავლობის სიხარულს და ლხენა მისი გლოვად შეიცვლება.

35. რადგან გადმოვა მასზე ცეცხლი საუკუნოსგან, ხანგრძლივად და დიდხანს იმკვიდრებენ იქ ეშმაკნი.

36. გახედე აღმოსავლეთს, იერუსალიმო, და იხილე სიხარული, შენთვის ღვთისგან მომავალი.

37. აჰა, მოდიან შენი ვაჟები, რომლებიც გაუშვი; მოდიან წმიდის სიტყვით შეკრებილნი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ღვთის დიდებით გახარებულნი.


თავი მეხუთე

1. განიძარცვე, იერუსალიმო, სამოსელი შენი გლოვისა და სიმძიმილისა და ღვთის დიდების მშვენება შეიმოსე საუკუნოდ.

2. მოისხი ორმაგი მოსახხამი ღვთისმიერი სიმართლისა და დაიდგი თავზე საუკუნო დიდების შარავანდი.

3. რადგან ღმერთი ყველას უჩვენებს შენს ბრწყინვალებას ცისქვეშეთში.

4. რადგან შენ ღვთის მიერ საუკუნოდ დაგერქმევა სახელი: მშვიდობა სიმართლისა და დიდება ღვთისნიერებისა.

5. აღდექ, იერუსალიმო, და შედექი მაღალზე, გახედე აღმოსავლეთს და იხილე შენი ვაჟები, წმიდის სიტყვით შეკრებილნი მზის დასავალიდან აღმოსავლამდე, რომ ღმერთმა გაიხსენა ისინი.

6. რადგან შენგან ფეხით გავიდნენ მტრების მიერ წაყვანილნი, მაგრამ შემოიყვანს მათ ღმერთი დიდებაში, როგორც სამეფო ტახტზე.

7. რადგან ყველა მაღალ მთასა და მარადიულ ბორცვს დამდაბლება უბრძანა უფალმა, ხევებს კი ამოვსება მიწის დასავაკებლად, რათა ისრაელმა უშიშრად იაროს ღვთის დიდებაში;

8. ხოლო ჭალებმა და ყოველმა კეთილსურნელოვანმა ხემ ისრაელს მოუჩრდილეს ღვთის ბრძანებით;

9. რადგან წარუძღვება ღმერთი ისრაელს სიხარულით თავისი დიდების ნათელში თავისი წყალობითა და სიმართლით.