თავი პირველი

1. იეჰოიაკიმის, იუდას მეფის მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და გარსშემოადგა მას.

2. ხელში ჩაუგდო მას უფალმა იეჰოიაკიმი, იუდას მეფე და ღვთის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი და გაგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში; და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭლეული.

3. უთხრა მეფემ აშფენაზს, საჭურისთა მთავარს, მიეგვარა მისთვის ისრაელიანთაგან, სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან.

4. უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა.

5. განუწესა მათ მეფემ ულუფა მეფის სუფრიდან და ის ღვინო, თავად რომ სვამდა. ბრძანა, სამი წელიწადი ეწვრთნათ ისინი და ბოლოს მეფის წინაშე წარედგინათ.

6. მათ შორის იუდიანთაგან იყვნენ: დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია.

7. სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა; დანიელს ბელტეშაცარი უწოდა, ხანანიას - შადრაქი, მისაელს - მეშაქი, ყაზარიას - ყაბედ-ნეგო.

8. დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით; და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, ნება დაერთო მისთვის, რომ არ გაუწმიდურებულიყო.

9. აძლევდა ღმერთი დანიელს მადლსა და წყალობას საჭურისთა მთავრის წინაშე.

10. უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს: მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თქვენი სასმელ-საკვები განაწესა. თუ დაინახავს, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო მეტად გამხდარია, ამით თქვენ დაადანაშაულებთ ჩემს თავს მეფის წინაშე.

11. უთხრა დანიელმა მწდეს, რომელსაც საჭურისთა მთავარმა ჩააბარა დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია.

12. მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მორჩილნი: დაე, საჭმელად მწვანილი მოგვცენ და სასმელად - წყალი.

13. მერე კი ნახე ჩვენი პირისახე და პირისახე იმ ყმაწვილებისა, სამეფო ულუფას რომ ჭამენ. და როგორც გენებოს, ისე მოგვექეცი შენს მორჩილთ.

14. დაუჯერა მათ და ათი დღე სცდიდა.

15. ათი დღე რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანიანები იყვნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, სამეფო ულუფას რომ ჭამდნენ.

16. ამიტომ მწდეს უკან მიჰქონდა მათი ულუფა და მათი დასალევი ღვინო, მხოლოდ მწვანილს აძლევდა.

17. მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ნიჭი და ყველა წიგნისა და სიბრძნის შემეცნების უნარი. დანიელს კი ყველა ხილვისა და სიზმრის ამოცნობა შეეძლო.

18. როცა ამოიწურა ვადა, რომელიც მეფემ მათ წარსადგენად დანიშნა, საჭურისთა მთავარმა ისინი ნაბუქოდონოსორის წინაშე წარადგინა.

19. ელაპარაკა მათ მეფე და ყველა მათგანიდან დანიელის, ხანანიას, მიშაელისა და ყაზარიას ბადალი არავინ ამოურჩევია; და შეუდგნენ ისინი მეფის წინაშე სამსახურს.

20. გამოჰკითხა მათ მეფემ ბრძნული და ჭკვიანური საქმეები და დაინახა, რომ ისინი მისი სამეფოს ყველა მოგვზე და შემლოცველზე ათწილად გონიერები იყვნენ.

21. და იყო იქ დანიელი მეფე კიროსის პირველ წლამდე.


თავი მეორე

1. ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს, ნაბუქოდონოსორს სიზმრები დაესიზმრა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუკრთა.

2. მოახმობინა მეფემ მოგვები, შემლოცველები, ჯადოქრები და ქალდეველები, რათა მეფისთვის გაეგებინებინათ მისი სიზმრები. ისინიც მოვიდნენ და წარდგენ მეფის წინაშე.

3. უთხრა მათ მეფემ: სიზმარი დამესიზმრა და სული მიფორიაქებს და ამ სიზმრის გაგება მინდა.

4. ქალდეველებმა მეფეს არამეულად მიუგეს: მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! გვიამბე შენი სიზმარი შენს მორჩილთ და აგიხსნით მის აზრს.

5. მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველთ: სიტყვა დამეკარგა; თუ სიზმარს და მის ახსნას არ მეტყვით, ასო-ასო აიკუწებით და თქვენი სახლები ნანგრევებად იქცევა.

6. თუკი სიზმარსა და მის ახსნას მეტყვით, საჩუქრებს, ჯილდოსა და დიდ პატივს მიიღებთ ჩემგან. ამიტომ გამაგებინეთ სიზმარი და მისი ახსნა.

7. მათ კვლავ მიუგეს და უთხრეს: უთხრას მეფემ თავის მორჩილთ თავისი სიზმარი და ჩვენც აგიხსნით მას.

8. მიუგო მეფემ და თქვა: ნამდვილად ვიცი, დროის მოგება გინდათ, რაკი ხედავთ, რომ სიტყვა დამეკარგა.

9. რაკი სიზმრის გაგებინება არ გინდათ ჩემთვის, ერთი ზრახვა გქონიათ: გინდათ ცრუ და საზიანო სიტყვა მითხრათ დროის გასაყვანად. ამიტომ მომიყევით სიზმარი და მეც დავიჯერებ, რომ მისი ახსნა შეგიძლიათ.

10. მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: ამქვეყნად არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება შეეძლოს. რადგან არც-ერთ მეფეს, დიდებულსა თუ განმგებელს, მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე შემლოცველისგან, მოგვისგან თუ ქალდეველისგან.

11. საქმე, მეფე რომ ითხოვს, იმდენად საძნელოა, რომ მას მეფეს ვერავინ შეუსრულებს, იმ ღმერთების მეტი, რომლებიც ძე-ხორციელთა შორის არ მკვიდრობენ.

12. ამან აღაშფოთა მეფე და ძლიერ განარისხა; ბრძანება გასცა ყველა ბაბილონელი ბრძენის მოსასპობად.

13. როცა ბრძანება გამოვიდა, დაიწყეს ბრძენკაცთა ხოცვა-ჟლეტა; დანიელს და მის მეგობრებსაც მოსაკლავად დაეძებდნენ.

14. ურჩია დანიელმა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, რომელიც ბაბილონელი ბრძენკაცების დასახოცად იყო გამოსული.

15. ჰკითხა არიოქს, მეფის მოხელეს და უთხრა: რისთვის გამოვიდა მეფისგან ეგზომ მკაცრი ბრძანება? მაშინ ყველაფერი აუწყა არიოქმა დანიელს.

16. წავიდა დანიელი მეფესთან და დრო დაანიშვნინა, რომ სიზმრის ახსნა მიეცა მისთვის.

17. მერე შინ დაბრუნდა დანიელი და თავის ტოლ-ამხანაგებს - ხანანიას, მიშაელსა და ყაზარიას ამცნო ეს ამბავი.

18. რომ ზეციერი ღმერთისთვის გამოეთხოვათ წყალობა ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა დანიელი და მისი მეგობრები დანარჩენ ბაბილონელ ბრძენკაცებთან ერთად არ დაღუპულიყვნენ.

19. დანიელს ღამის ხილვაში გაეხსნა საიდუმლო და აკურთხა დანიელმა ზეციერი ღმერთი.

20. ამეტყველდა დანიელი და თქვა: კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე, რადგან მისია სიბრძნე და ძალა.

21. იგი სცვლის დრო-ჟამს და წელიწადებს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ - ცოდნას.

22. ააშკარავებს ღრმასა და დაფარულს; იცის, რა იმალება ბნელში და ნათელი მასშია დავანებული.

23. ჩემი მამა-პაპის ღმერთო, გმადლობ და გაქებ; შენ მომეცი სიბრძნე და ძალა, შენ გამომიმჟღავნე ის, რასაც გევედრებოდით; შენ გაგვიმჟღავნე მეფის ამბავი.

24. ამის შემდეგ მივიდა დანიელი არიოქთან, რომლისთვისაც მეფეს ბაბილონელი ბრძენკაცების დასჯა ჰქონდა დავალებული; მიეახლა მას და ასე უთხრა: ნუღარ დახოცავ ბაბილონელ ბრძენკაცებს; მეფესთან წამიყვანე და მე ავუხსნი მეფეს სიზმარს.

25. მაშინ არიოქმა დაუყოვნებლივ მიჰგვარა დანიელი მეფეს და ასე უთხრა: აჰა, ვნახე კაცი ტყვედქმნილ იუდიანთა შორის, რომელსაც შეუძლია მეფეს აუხსნას სიზმარი.

26. მიუგო მეფემ და უთხრა დანიელს, ბელტეშაცარად ხმობილს: შეგიძლია გამაგებინო სიზმარი, მე რომ ვნახე, და ამიხსნა იგი?

27. მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: ბრძენებს, შემლოცველებს, მოგვებს და ვარსკვლავთმრიცხველებს იმ საიდუმლოს ახსნა, რასაც მეფე ითხოვს, არ შეუძლიათ.

28. მაგრამ არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა გამცხადებელი; სწორედ მან ამცნო მეფე ნაბუქოდონოსორს, რა იქნება უკანასკნელ დღეებშთ. აჰა, შენი სიზმარი და შენი ხილვა, რომელიც შენს სარეცელზე იხილე:

29. მეფეო, შენს სარეცელზე მწოლარე ფიქრობდი, თუ რა იქნებოდა ამის შემდეგ და საიდუმლოთა გამცხადებელმა ის გიჩვენა, რაც იქნება.

30. ხოლო მე ეს საიდუმლო იმიტომ კი არ გამიცხადა, რომ მე ყველაზე ბრძენი ვიყავი ცოცხალთა შორის, არამედ იმიტომ, რომ მეფეს მისცემოდა ახსნა და გაგეგო შენი გულის ზრახვანი.

31. აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს; უზარმაზარი იყო ეს კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე; საშინელი შესახედავი იყო.

32. ამ კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები - ვერცხლისა, მუცელი და ბარძაყები - სპილენძისა,

33. წვივები - რკინისა, ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ - თიხისა.

34. შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს, და შემუსრა იგი.

35. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა.

36. სიზმარი ეს იყო. ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე.

37. მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალა და დიდება უბოძა.

38. ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, მან შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენა ხარ ის ოქროს თავი.

39. შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენზე უდარესი; შემდეგ მესამე სამეფო იქნება - სპილენძისა, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს.

40. მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა ყველაფერს ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც ყოვლისშემმუსრავ რკინასავით დააქუცმაცებს და შემუსრავს.

41. როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ - რკინისა. ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა.

42. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ - მყიფე.

43. შენ რომ მეთუნის თიხაში შერეული რკინა დაინახე, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის ძალით შეერევიან ერთმანეთს; მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ ერწყმის.

44. იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება.

45. როგორც დაინახე, ის ლოდი მთას ხელისკვრის გარეშე მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო. დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, თუ რა იქნება მის შემდეგ. ჭეშმარიტია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა.

46. მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი, თაყვანი სცა დანიელს და ბრძანა მისთვის საჩუქრებისა და ამოდსაყნოსელი საკმევლის მოტანა.

47. მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: თქვენი ღმერთი ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია, მეფეთა მეფეა და საიდუმლოთა გამცხადებელი. ამიტომაც შეძლო მან ამ საიდუმლოს გაცხადება.

48. მაშინ განადიდა მეფემ დანიელი, ძვირფასი საჩუქრები უბოძა და მთელი ბაბილონის ქვეყნის განმგებლად და ბაბილონის ყველა ბრძენის მთავრად დაადგინა.

49. სთხოვა დანიელმა მეფეს და მანაც ბაბილონის ქვეყნის საქმეები შადრაქს, მეშექსა და ყაბედ-ნეგოს ჩაარრა. თვით დანიელი კი მეფის კარზე დარჩა.


თავი მესამე

1. გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი, სამოცი წყრთის სიმაღლისა და ექვსი წყრთის სიგანისა. დურას ველზე, ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი.

2. ხალხი დაგზავნა მეფე ნაბუქოდონოსორმა, რათა სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და მხარეთა განმგებელნი შეყრილიყვნენ და მოსულიყვნენ იმ კერპის კურთხევაზე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა.

3. მაშინ შეიკრიბნენ სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და მხარეთა განმგებელნი იმ კერპის კურთხევაზე, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. დადგნენ ისინი იმ კერპის წინაშე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა.

4. მაშინ მაწვევარმა ომახიანად დაიძახა: ხალხნო, ტომებო და ენანო! თქვენ გებრძანებათ!

5. როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა სამუსიკო საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე უნდა დაემხოთ და თაყვანი სცეთ იმ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა.

6. ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გახურებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული.

7. ამიტომ, როგორც კი ყველა ხალხმა გაიგონა საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარისა და ყველა სამუსიკო საკრავის ხმა, ყველა ხალხი, ტომი და ენა დაემხო და თაყვანი სცა ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა.

8. ამ დროს იყო, რომ მოდგა ზოგიერთი ქალდეველი და იუდაელებს დაუწყეს ბრალის დადება.

9. უამბეს მათ მეფე ნაბუქოდონოსორს და უთხრეს: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე!

10. მეფეო, შენ განკარგულება გაეცი, რომ ყოველი კაცი, რომელიც კი საყვირის, სალამურის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა სამუსიკო საკრავის ხმას გაიგონებდა, უნდა დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი;

11. ხოლო ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ცეცხლით გახურებულ ღუმელში უნდა ჩაგდებულიყო.

12. მაგრამ არიან იუდაელნი, რომელთაც შენ ბაბილონის ქვეყნის საქმეები ჩააბარე - შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფეო, ეს ხალხი არ ემორჩილება შენს განკარგულებას. ისინი არც შენს ღმერთებს არ ემსახურებიან და არც იმ ოქროს კერპს სცემენ თაყვანს, შენ რომ აღმართე.

13. მაშინ ბრაზითა და რისხვით ანთებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა. მოჰგვარეს მეფეს ეს კაცები.

14. მიუგო ნაბუქოდონოსორმა და უთხრა მათ: შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, ნუთუ განზრახ არ ემსახურებით ჩემს ღმერთებს და თაყვანს არ სცემთ იმ ოქროს კერპს, მე რომ აღვმართე?

15. ახლა კი მოემზადეთ და საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და სხვა ყველანაირი სამუსიკო საკრავის ხმის გაგონებაზე, დაემხეთ და თაყვანი ეცით იმ კერპს, მე რომ გავაკეთე: მაგრამ თუ თაყვანი არ გიციათ, იმწამსვე ცეცხლით გახურებულ ღუმელში იქნებით ჩაყრილი. რომელი ღმერთი დაგიხსნით მაშინ ჩემი ხელიდან?

16. შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ მიუგეს და უთხრეს მეფეს: ნაბუქოდონოსორ, ძნელი არ არის ჩვენთვის მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა.

17. აჰა, არსებობს ჩვენი ღმერთი, რომელსაც ვემსახურებით. მას შესწევს ძალა, რომ ცვცხლით გახურებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო!

18. ასე რომც არ მოხდეს, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ დადგი.

19. მაშინ ნაბუქოდონოსორი რისხვით აღივსო; შადრაქზე, მეშაქზე და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა და ბრძანება გასცა, ღუმელი შვიდმაგად და უფრო მეტად გაეხურებინათ, ვიდრე ჩვეულებრივ ახურებდნენ.

20. უბრძანა თავისი მხედრობის უძლიერეს ვაჟკაცებს, შეეკრათ შადრაქი, მეშაქი, ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ.

21. მაშინ ეს კაცები, თავიანთი ქვედა და ზედა სამოსებით, მოსასხამებითა და სხვა შესამოსელით შემოსილნი, შეკრეს და ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაყარეს.

22. რაკი მკაცრი იყო მეფის ბრძანება და ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული, ის კაცები, რომელნიც შადრაქს, მეშაქსა და ყბედ-ნეგოს ჰყრიდნენ ღუმელში, ცეცხლის ალმა დახოცა.

23. ხოლო ეს სამნი - შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ცეცხლით გახურებულ ღუმელში შებოჭილნი ჩაცვივდნენ.

24. [*] მიმოდიოდნენ ისინი შუაგულ ცეცხლში, უგალობდნენ ღმერთს და აკურთხებდნენ უფალს.

25. წამოიმართა ყაზარია, ილოცა შუა ცეცხლში, გახსნა პირი და წარმოთქვა:

26. კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებული და დიდებულია სახელი შენი უკუნისამდე.

27. რადგან ყველაფერში მართალი ხარ, რაც კი რამ ჩვენთვის გაგიკეთებია; ჭეშმარიტია ყოველი შენი საქმე, სწორია შენი გზები, ჭეშმარიტია შენი სამართალნი;

28. შენ ყველაფერში ჭეშმარიტი სამართალნი აღასრულე ჩვენზე და ჩვენი მამა-პაპის წმიდა ქალაქზე - იერუსალიმზე, რადგან ჭეშმარიტებისა და სამართლის მიხედვით მოგვივლინე ყოველივე ჩვენი ცოდვების გამო;

29. რადგან ცოდვა ჩავიდინეთ და უკანონოდ მოვიქეცით შენგან განდგომილნი; ყველაფერში ვცოდავდით და ყურს არ ვუგდებდით შენს მცნებებს;

30. არ ვიცავდით მათ და არ ვასრულებდით ისე, როგორც შენ გვიბრძანე, რათა სიკეთე მოგვნიჭებოდა.

31. ყველაფერი, რაც კი ჩვენ შეგვამთხვიე და ყველაფერი, რაც გვიყავი, ჭეშმარიტი სამართლის მიხედვით მოგვიზღე;

32. ჩაგვყარე ურჯულო მტრების, უბილწეს განდგომილთა, უსამართლო და მთელს ქვეყანაზე უბოროტესი მეფის ხელში.

33. და ახლა აღარ შეგვიძლია პირის გახსნა; შენს მორჩილთათვის და შენს თაყვანისმცემელთათვის სამარცხვინო და საცინლად ასაგდებნი შევიქენით.

34. მაგრამ საბოლოოდ ნუ დაგვკარგავ შენი სახელის გულისთვის, რათა შენი აღთქმა არ დაირღვეს.

35. ნუ წაგვართმევ შენს მოწყალებას იმ აბრაამის გულისთვის, შენ რომ შეიყვარე, შენი მორჩილის, ისაკის გულისთვის და ისრაელის, შენი წმიდის გულისთვის;

36. რომელთაც უთხარი, ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით რომ გაამრავლებდი მათ თესლს.

37. უფალო, ჩვენ დავმდაბლდით ყველა ხალხზე მეტად და ახლა დამცირებულნი ვართ მთელს ქვეყანაზე ჩვენი ცოდვების გამო.

38. აღარა გვყავს ამჟამად აღარც მთავარი, აღარც წინასწარმეტყველი, აღარც წინამძღოლი, აღარც აღსავლენი გვაქვს, აღარც მსხვერპლები, აღარც საძღვნები, აღარც საკმეველი და აღარც ადგილი, რომ მსხვერპლი შემოგწიროთ და შენი წყალობა მოვიპოვოთ.

39. მაგრამ შემუსვრილი გულითა და მოთრგუნული სულით ისევე ვიქნებით შეწყნარებუღანი, როგორც კრავებისა და ხარების აღსავლენით, როგორც ათასი პოხილი ცხვრით.

40. ეს იყოს ჩვენი მსხვერპლი შენს წინაშე სადღეისოდ, რათა წყალობა ვპოვოთ შენს თვალში, რადგან არ შერცხვებიან შენი მოიმედენი.

41. ახლა ჩვენ მოგყვებით მთელი გულით, გვეშინია შენი და დავეძებთ შენს სახეს; ნუ შეგვარცხვენ,

42. არამედ მოგვექეცი შენი კაცთმოყვარეობისამებრ შენი უხვი მოწყალებისამებრ.

43. გვიხსენი შენი სასწაულებით და მიეცი დიდება შენს სახელს, უფალო.

44. დაე, შერცხვნენ ყველანი, ვინც შენს მორჩილებს ბოროტებას უკეთებენ; შერცხვნენ მთელი თავიანთი ძლიერებით და შეიმუსროს მათი ძალა.

45. დაე, შეიგნონ, რომ მხოლოდ შენა ხარ უფალი ღმერთი, განდიდებული მთელს ქვეყნიერებაზე.

46. მეფის მსახურები კი, რომლებმაც ჩაყარეს ისინი, განუწყვეტლივ უკეთებდნენ ღუმელში ნავთს, კუპრს, ძენძსა და ფიჩხს.

47. ღუმელის ზემოთ ალი ორმოცდაცხრა წყრთაზე ადიოდა.

48. შიგ ვარდებოდა ყველა და იბუგებოდა, ვინც კი ქალდეველთაგან მოხვდებოდა ღუმელის გვერდით.

49. მაგრამ უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ღუმელში ყაზარიასთან და მასთან მყოფებთან ერთად და ღუმელიდან გამოდევნა ცეცხლის ალი.

50. ისე გააკეთა, რომ ხმაურიანი და ნესტიანი ქარივით უბერავდა შუაგულ ღუმელში, ამიტომ ცეცხლი ვერ მიეკარა მათ, ვერც ავნო და ვერც შეაშინა ისინი.

51. მაშინ ამ სამმა იგალობეს, ადიდეს და აკურთხეს ღმერთი ღუმლის წიაღში:

52. კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე; კურთხეულია შენი დიდების სახელი, წმიდა, ქებული და განდიდებულია უკუნისამდე!

53. კურთხეული ხარ შენი დიდების წმიდა ტაძარში; ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე!

54. კურთხეული ხარ შენ, უფსკრულთა მხილველი, ქერუბიმებზე მჯდომარევ, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე!

55. კურთხეული ხარ შენს სამეუფო ტახტზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე!

56. კურთხეული ხარ ცის მყარზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე!

57. აკურთხეთ უფლის ყოველი საქმე, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე.

58. აკურთხეთ, უფლის ანგელოზნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!

59. აკურთხეთ, ცანო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!

60. ადიდეთ, წყალნო ცის ზემოთ უფალი, უგალობედა განადიდეთ უკუნისამდე!

61. აკურთხეთ, უფლის ძალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

62. აკურთხეთ, მზეო და მთვარევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

63. აკურთხეთ, ცის ვარსკვლავნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

64. აკურთხეთ, ყოველო წვიმავ და ცვარ-ნამო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

65. აკურთხეთ, ყოველნო ქარნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

66. აკურთხეთ, ცეცხლო და სიცხევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

67. აკურთხეთ, ყინვაო და ხვატო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

68. აკურთხეთ, ცვარ-ნამნო და თოვლ-ჭყაპნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

69. აკურთხეთ, ყინვავ და სიცივევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

70. აკურთხეთ, ჭირხლნო და თოვლნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!

71. აკურთხეთ, დღეო და ღამევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

72. აკურთხეთ, ნათელო და ბნელო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

73. აკურთხეთ, ელვავ და ღრუბელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

74. აკურთხოს დედამიწამ უფალი, უგალობოს და განდიდოს იგი უკუნისამდე!

75. აკურთხეთ, მთანო და ბორცვნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

76. აკურთხეთ უფალი, ყოველნო მცენარენო დედამიწაზე, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

77. აკურთხეთ, წყაროსთვალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

78. აკურთხეთ, ზღვანო და მდინარენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

79. აკურთხეთ უფალი, ვეშაპნო და წყალში მოფუთფუთენო, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

80. აკურთხეთ, ცის ყოველნო ფრინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

81. აკურთხეთ, ოთხფეხნო და მიწის ყოველნო მხეცნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

82. აკურთხეთ, ადამის ძენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

83. აკურთხე, ისრაელ, უფალი, უგალობე და განადიდე იგი უკუნისამდე!

84. აკურთხეთ, მღვდელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

85. აკურთხეთ, უფლის მორჩილნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

86. აკურთხეთ, მართალთა სულნო და სამშვინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

87. აკურთხეთ, წმიდანო და გულით გლახაკნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე!

88. აკურთხეთ უფალი, ხანანია, ყაზარია და მისაელ, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე, რადგან მან გამოგვიყვანა ჯოჯოხეთიდან, მან გვიხსნა სიკვდილის ხელიდან, გამოგვტაცა გავარვარებული ღუმელის წიაღს, დაგვიხსნა შუაგულ ცეცხლიდან!

89. აქეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

90. უფლის თაყვანისმცემელნო, აკურთხეთ ღმერთთა ღმერთი, უგალობეთ და აქეთ იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

91. მაშინ გაოცდა მეფე ნაბუქოდონოსორი და შეშინებული წამოვარდა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში? მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო!

92. მიუგო მან და თქვა: აჰა, ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიმოდიან ისინი უვნებელად; მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს.

93. მაშინ მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის პირს, შეუძახა და უთხრა: შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მაღალი ღმერთის მორჩილნო, გამოდით და აქ მოდით! მაშინ შადრაქი, მეშაქი და ყაბედნეგო გამოვიდნენ შუაგულ ცეცხლიდან.

94. შემოკრბენ სატრაპები, მთავარნი, მეფისნაცვალნი და მეფის მრჩეველნი და ნახეს, რომ ამ ვაჟებს ტანზე ცეცხლს თავისი ძალა ვერ მიეტანა: თავზე თმებიც არ შეტრუსვოდათ, სამოსელიც არ შეცვლოდათ და კვამლის სუნიც კი არ უდიოდათ.

95. მიუგო ნაბუქოდონოსორმა და თქვა: კურთხეულია ღმერთი შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოსი, რომელმაც თავისი ანგელოზი გამომიგზავნა და იხსნა თავისი მორჩილნი, რადგან მისი მოესავნი იყვნენ ისინი, არ დაემორჩილნენ მეფის განკარგულებას და საკუთარი ტანიც კი გასწირეს, რომ თავიანთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ.

96. ამიტომ ვიძლევი ბრძანებას: თუ ვინმე რომელიმე ხალხიდან, ტომიდან ან ენიდან შადრაქის, მეშაქის და ყაბედ-ნეგოს ღმერთზე აუგს იტყვის, ასო-ასო აიკუწება, მისი სახლი კი ნანგრევებად იქცევა. რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, მის მსგავსად რომ შეეძლოს ხსნა.

97. მაშინ მეფემ კვლავ აღამაღლა ბაბილონის ქვეყანაში შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო.

98. მეფე ნაბუქოდონოსორი ყველა ხალხს, ტომს, ენასა და მთელი დედამიწის ზურგზე მცხოვრებთ ასე უცხადებს: მშვიდობა გაგიმრავლდეთ!

99. ნიშნები და სასწაულები, რომელნიც მაღალმა ღმერთმა ჩემზე მოახდინა, მსურს გაცხადებულ იქნას.

100. რაოდენ დიდია მისი ნიშები, რაოდენ ძლევამოსილია მისი სასწაულები! მისი სამეფო სამარადისო სამეფოა, მისი ხელმწიფება კი უკუნითი უკუნისამდეა!


თავი მეოთხე

1. მე, ნაბუქოდონოსორი, მშვიდად ვიყავი ჩემს სახლში და ვყვაოდი ჩემს სასახლეში.

2. ვნახე სიზმარი, რომელმაც თავზარი დამცა. ფიქრებმა და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს ჩემს სარეცელზე.

3. განკარგულება გავეცი, რომ ჩემთან მოეყვანათ ყველა ბაბილონელი ბრძენკაცი, რომ აეხსნათ სიზმარი.

4. მაშინ მოვიდნენ ჯადოქრები, შემლოცველნი, ქალდეველნი და ვარსკვლავთმრიცხველნი. ვუთხარი სიზმარი, მაგრამ ვერ შესძლეს მისი ახსნა.

5. ბოლოს მოვიდა დანიელი, რომელსაც ჩემი ღმერთის სახელის მსგავსად ბელტეშაცარი ჰქვია და რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. მასაც ვუამბე სიზმარი.

6. ბელტეშაცარ, მთავარო! ვიცი, შენში წმიდა ღმერთების სულია და არანაირი საიდუმლო არ არის შენთვის მიუწვდომელი; აჰა, ჩემი სიზმარი, რომელიც ვიხილე, და მითხარი მისი განმარტება.

7. აჰა, თავი მედო ჩემს სარეცელზე და ვიხილე ხილვა: აჰა, დედამიწის შუაში მაღალი ხე დგას.

8. გაიზარდა ეს ხე და გამაგრდა. მისი სიმაღლე ზეცას აღწევდა და დედამიწას ყველა კუთხიდან მოსჩანდა.

9. მშვენიერი ფოთლები აქვს, ნაყოფიც უხვად ასხია. მასზე ყველასათვის არის საზრდო, მის ჩრდილქვეშ მინდვრის მხეცები აფარებდნენ თავს. მის ტოტებში ცის ფრინველები ბუდობდნენ და მისგან საზრდოობდა ყოველი ხორციელი.

10. ვიხილე ხილვა, როცა თავი მედო ჩემს სარეცელზე: აჰა, ზეციდან ჩამოეშვა მღვიძარე და წმიდა.

11. მან ომახიანად დაიძახა და თქვა: მოკვეთეთ ეგ ხე, აკაფეთ მისი ტოტები, დააცალეთ ფოთლები, გააბნიეთ მისი ნაყოფი. გაეცალონ მის ძირს მხეცები, ფრინველები - მის ტოტებს!

12. ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთ, რკინის და სპილენძის ბორკილებში, მინდვრის ბალახებს შორის ზეცის ცვარ-ნამით ირწყვებოდეს იგი და მხეცებთან ერთად მიწის ბალახით საზრდოობდეს.

13. კაცის გული წაერთმევა მას და მხეცის გული მიეცემა; შვიდი წელიწადი გადაუვლის მას.

14. ეს მღვიძარეთა განგებით არის დადგენილი და წმიდათა ბრძანებით არის ეს დაწესებული, რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე; ვისაც უნდა, იმას აძლევს მას და კაცთაგან ყველაზე დამცირებულს გააბატონებს მასზე.

15. აჰა, ეს სიზმარი ვნახე მე, ნაბუქოდონოსორმა. შენ კი, ბელტეშეცარ, უნდა ამიხსნა იგი, რადგან ჩემს სამეფოში არცერთ ბრძენს არ შეუძლია მისი ახსნა, შენ კი შეგიძლია, რადგან შენშია წმიდა ღმერთების სული.

16. მაშინ დანიელი, რომლის სახელია ბელტეშაცარი, ერთხანს შეცბუნებული იყო და ფიქრები აფორიაქებდა. მიუგო მეფემ და უთხრა: ბელტეშაცარ, ნუ გაღელვებს ეს სიზმარი და მისი ახსნა. მიუგო ბელტეშაცარმა და უთხრა: ჩემო ბატონო, შენს მოძულეთ ეს სიზმარი და შენს მტრებს მისი ახსნა!

17. ის ხე, რომელიც შენ ნახე, რომ იზრდებოდა, მაგრდებოდა, სიმაღლით ზეცას სწვდებოდა და მთელ დედამიწაზე რომ მოჩანდა,

18. მშვენიერი ფოთლები, მრავალი ნაყოფი და ყველასათვის საზრდო რომ ჰქონდა; რომლის ქვეშაც ველის მხეცები იყვნენ და რომლის ტოტებშიც ცის ფრინველები ბუდობდნენ,

19. ეს შენა ხარ, მეფეო, განდიდებული და განმტკიცებული; შენი სიდიადე გაიზარდა და ზეცას მისწვდა, შენი ხელისუფლება კი დედამიწის კიდეებამდე გავრცელდა.

20. მეფემ რომ მღვიძარი და წმიდა იხილა, რომელიც ზეციდან ჩამოეშვა და თქვა: მოკვეთეთ და აჩეხეთ, ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთო რკინისა და სპილენძის ბორკილებში, მინდვრის ბალახებს შორის, ზეცის ცვარ-ნამით ირწყვებოდეს და მინდვრის მხეცებთან ჰქონდესო წილი, ვიდრე შვიდი წელიწადი გადაუვლიდესო.

21. აჰა, მისი ახსნა, მეფეო: ეს უზენაესის განგებაა, რომელიც ჩემს მეფე-ბატონს დაატყდება თავს.

22. მოიკვეთები კაცთაგან და მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ; ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ; ზეცის ცვარ-ნამს დალევ და შვიდი წელიწადი გადაივლის შენზე, ვიდრე მიხვდებოდე, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს.

23. ხის მთავარი ფესვის დატოვება რომ იყო ნაბრძანები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი სამეფო დაგიბრუნდება, როდესაც შენ ზეციერ ხელმწიფებას შეიცნობ.

24. ამიტომ, მეფეო, მიიღე ჩემი რჩევა და შენი ცოდვები სიმართლით გამოისყიდე, შენი უსამართლობანი კი - ღარიბებისადმი გულმოწყალეობით. ვინძლო გახანგრძლივდეს შენი სიმშვიდე.

25. ახდა ყოველივე ეს მეფე ნაბუქოდონოსორზე.

26. თორმეტი თვის შემდეგ, ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობისას

27. ალაპარაკდა მეფე და თქვა: ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც მეფის სადიდებლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით ჩემი სიდიადის საქებრად?

28. მეფეს ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ ზეციდან ხმა გაისმა: შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, ხელიდან გეცლება სამეფო.

29. მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი წელიწადი გადაივლის შენზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს.

30. მალედვე აღსრულდა ნაბუქოდრნოსორზე ეს განაჩენი. მოკვეთეს იგი კაცთაგან; ხარების მსგავსად ბალახის ჭამა დაიწყო; მისი სხეული ზეცის ცვარ-ნამით სველდებოდა, ისე რომ თმები არწივის ბუმბულივიი გაუხდა, ფრჩხილები კი - ფრინვგლის კლანჭებივით.

31. ის დღეები რომ ჩამოთავდა, თვალები ზეცას მივაპყარ მე, ნაბუქოდონოსორმა, და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და ვადიდე მარადცოცხალი, რომლის ხელმწიფებაც სამარადისო ხელმწიფებაა და ვისი სამეფოც უკუნითი უკუნისამდეა.

32. დედამიწის ყველა მკვიდრი არაფერია მის თვალში; თავის ნებაზე იქცევა, როგორც ზეცის მხედრობაში, ისევე ქვეყნის მკვიდრებში, მის ხელს წინ ვერავინ აღუდგება და ვერავინ ვერ ეტყვის: ამას რას შვრებიო?

33. მაშინ დამიბრუნდა გონება, ჩემი სამეფოს სადიდებლად დამიბრუნდა ჩემი დიდება და ჩემი უწინდელი სახე. მაშინ მომძებნეს ჩემმა მრჩევლებმა და დიდკაცებმა და კვლავ დადგენილი ვარ ჩემს სამეფოზე და ჩემი სიდიადე უფრო მეტად გაიზარდა.

34. ახლა მე, ნაბუქოდონოსორთ, ვაქებ, აღვამაღლებ და ვადიდებ ზეციერ მეფეს, რომლის ყოველი საქმე ჭეშმარიტია და გზანი სამართლიანია, რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი.


თავი მეხუთე

1. მეფე ბელშაცარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდკაცს და ამ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს.

2. ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა ბრძანა რომ მოერთმიათ მისთვის ნაბუქოდონოსორის, მამამისის მიერ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებული ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რათა მეფეს, მის დიდკაცებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იქიდან ვსვათ.

3. მაშინ მოიტანეს ის ოქროს ჭურჭლეული, იერუსალიმის ღვთის სახლის საწმიდარიდან რომ იყო წამოდებული. იქიდან სვამდნენ მეფე, მისი დიდებულები, მისი ცოლები და ხარჭები.

4. სვამდნენ ისინი ღვინოს და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს ადიდებდნენ.

5. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ კაცის ხელის თითები და სასანთლის წინ, სამეფო სასახლის კირით შეფეთქილ კედელზე წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა.

6. მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრები აერია, ბარძაყის სახსრები დაუდუნდა, მუხლები აუკანკალდა.

7. ძლიერად იყვირა მეფემ, რომ მოგვები, ქალდევებიმბი, მკითხავები მოეყვანათ. მიუგო მეფემ და უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: ვინც ამ წარწერას წაიკითხვს და მის მნიშვნელობას ამოხსნის, ძოწეულით შეიმოსება, კისერზე, ოქროს შიბს ჩამოიკიდებს და ქვეყანაში მესამე მთავარი გახდება.

8. მაშინ მოვიდნენ მეფის ბრძენკაცები, მაგრამ წარწერის წაკითხვა და მისი მნიშვნელობის მეფისათვის ახსა ვერ შეძლეს.

9. მაშინ ძლიერ აღშფოთდა მეფე ბელშაცარი და ფერი ეცვალა. აფორიაქდნენ მისი დიდკაცებიც.

10. მეფისა და დიდკაცების ხმაზე სანადიმო დარბაზში დედოფალი შემოვიდა. მიუგო დედოფალმა და უთხრა: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! ნუ შეგაძრწუნებს ეგ შენი ფიქრები და ნუ გეცვლება ფერი!

11. შენს სამეფოში ერთი კაცია, რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. მამაშენის დროს მასში აღმოჩნდა ნათელი, გონიერება და სიბრძნე - ღმერთების სიბრძნის დარი. მეფე ნაბუქოდონოსორმა, მამაშენმა მოგვების, ჯადოქრების, ქალდეველებისა და მკითხავების მთავრად დააყენა.

12. ეს იმიტომ, რომ დანიელში, რომელსაც მეფემ ბელტეშეცარი დაარქვა, აღმოჩნდა საკვირველი სული, ცოდნა და გონიერება და უნარი სიზმრის ახზნის, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნისა.

13. მაშინ მიიყვანეს დანიელი მეფის წინაშე: მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: შენა ხარ ის დანიელი, ტყვე იუდაელთაგანი, რომელიც მამაჩემმა, მეფემ, იუდადან წამოიყვანა?

14. გავიგგ, შენში ღვთის სული ყოფილა და თან ნათელი გონიერება და საკვირველი სიბრძნე გქონია.

15. წეღან ბრძენკაცები და ჯადოქრები მყავდნენ მოყვანილნი წარწერის წასაკითხად და მისი მნიშვნელობის ასახსნელად, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ამ სიტყვების ახსნა.

16. შენზე გავიგე, რომ შეგიძლია მნიშვნელობის ახსნა და კვანძების გახსნა. თუ შენ ახლა შესძლებ ამ წარწერის ამოკითხვას და მისი მნიშვნელობის ახსნას ჩემთვის, ძოწეულით შეიმოსები, ყელზე ოქროს შიბს ჩამოიკიდებ და სამეფოში მესამე კაცი გახდები.

17. მაშინ მიუგო დანიელმა და თქვა მეფის წინაშე: შენი საჩუქრები შენვე გქონდეს და შენი ძღვენი სხვას მიეცი. წარწერას კი მე წავუკითხავ მეფეს და მის მნიშვნელობასაც გავაგებინებ.

18. მეფეო, მაღალმა ღმერთმა უბოძა მამაშენს, ნაბუქოდონოსორს მეფობა, სიდიადე, პატივი და დიდება.

19. ღვთის მიერ ნაბოძები სიდიადის გამო ყველა ხალხი, ტომი და ენა მის წინაშე ძრწოლასა და შიშში იყო; ვისაც უნდოდა, ჰკლავდა, ვისაც უნდოდა, ცოცხალს უშვებდა; ვისაც უნდოდა, აღაზევებდა და ვისაც უნდოდა, ამცირებდა.

20. მაგრამ როდესაც გადიდგულდა იგი და სული ამპარტავნობით გაისასტიკა, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და პატივაყრილი იქნა.

21. მოკვეთილი იყო კაცის ძეთაგან, მისი გული მხეცისას დაემსგავსა და ველურ ვირებთან ცხოვრობდა. ბალახს აჭმევდნენ როგორც ხარს და მისი ტანი ციური ცვარ-ნამით სველდებოდა, ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას.

22. შენ, მისმა ვაჟმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი.

23. შენ თავი აღაზევე ზეციერი მეუფის წინააღმდეგ; მოგართვეს მისი სახლის ჭურჭელი და შენ, შენი დიდებულები, შენი ცოლები და ხარჭები სვამდით ღვინოს; ადიდებდი ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს, რომელნიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ აზროვნებენ; ის ღმერთი კი, რომლის ხელშიც შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალია, არ განადიდე.

24. სწორედ ამიტომ მოივლინა მისგან ხელის მტევანი და ამიტომ დაიწერა ეს წარწერა.

25. აჰა, წარწერაც, რომელიც დაიწერა: მენე, მენე, თეკელ უფარსინ.

26. აჰა, ამ სიტყვების ახსნა: მენე - დაითვალა ღმერთმა შენი სამეფოს დღენი და ბოლო მოუღო მას;

27. თეკელ - სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი;

28. ფერეს - გაიყოფა შვნი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცემა იგი.

29. მაშინ მეფე ბელშაცარის ბრძანებით დანიელს ძოწეული ჩააცვეს, კისერზე ოქროს შიბი ჩამოჰკიდეს და სამეფოში მესამე მთავრად გამოაცხადეს.

30. იმავე ღამეს იქნა მოკლული ბელშაცარი, ქალდეველთა მეფე.


თავი მეექვსე

1. დარიოს მიდიელმა სამოცდაორი წლის ასაკში მიიღო სამეფო.

2. დარიოსმა გადაწყვიტა თავის სამეფოში ასთორმეტი სატრაპი დაეყენებინა, რათა მთელს სამეფოში ყოფილიყვნენ.

3. მათ კი სამი მთავარი დაუნიშნა მათ შორის ერთი დანიელი, რათა სატრაპებს მათთვის წარედგინათ ანგარიში და მეფეს არ ეზარალა.

4. მაშინ სხვა მთავრებზე და სატრაპებზე მეტად აღზევდა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელ სამეფოზე დაეყენებინა იგი.

5. მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ იქნა და ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა.

6. მაშინ ამ კაცებმა თქვეს: დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთო.

7. მთავრები და სატრაპები მიადგნენ მეფეს და უთხრეს: მეფე დარიოს, იცოცხლე უკუნისამდე!

8. სამეფოს ყველა დიდებულმა, მთავრებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მეფისნაცვალებმა მოითათბირეს, რათა დადგენილ იქნას სამეფო დადგენილება და გაიცეს ბრძანება, რომ ყველა, ვინც კი ოცდაათი დღის განზვლთბაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, თხოვნით მიმართავს, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული.

9. ახლა კი, მეფეო, დაამტკიცე ეს დადგენილება და ხელი მოაწერე სიგელს, რომ უცვალებელი იყოს, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლა არ ეგების.

10. ამიტომ დაწერა მეფე დარიოსმა სიგელი და ბრძანება.

11. როდესაც დანიელმა შეიტყო, რომ ასეთი სიგელი დაიწერა, შინ წავიდა და თავისი ქორედის სარკმლების წინ, რომლებიც იერუსალიმის მხარეს იყურებოდა დღეში სამჯერ იდრეკდა მუხლს, ევედრებოდა თავის ღმერთს და ჰმადლობდა, როგორც ამის წინ იქცეოდა.

12. მაშინ ის კაცები თავს წაადგნენ და წაასწრეს დანიელს, როცა იგი ლოცულობდა და თავისი ღმერთის წინაშე წყალობას ითხოვდა.

13. მერე მივიდნენ და მეფეს მოახსენეს მეფის ბრძანების თაობაზე: განა შენ არ დაწერე ბრძანება, რომ ყველა ის კაცი, რომელიც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს შენს გარდა, მეფეო, მიმართავს თხოვნით, ლომების ხაროში იქნებაო ჩაგდებული? მიუგო მეფემ და უთხრა: ჭეშმარიტია ეს სიტყვა, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლაც არ ეგების.

14. მაშინ მიუგეს მათ და უთხრეს მეფეს: მეფეო, დანიელი, იუდავლი ტყვე, არც შენ გაქცევს ყურადღებას და არც შენს მიერ დაწერილ ბრძანებას; დღეში სამჯერ ლოცულობს თავისი ლოცვებით.

15. ეს რომ მეფემ გაიგო, ძალზე შეწუხდა და დანიელის ხსნა ჩაიდო გულში; მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას.

16. მაგრამ ის კაცები მიეახლნენ და უთხრეს: იცოდე, მეფეო, რომ მიდიელთა და სპარსელთა კანონით მეფის ყოველი ბრძანება და დადგენილება უცვალებელი უნდა იყოს.

17. მაშინ მეფის ბრძანებით მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს. მიაძახა მეფემ დანიელს და უთხრა: იმ შენმა ღმერთმა გიშველოს, რომელსაც ასე ერთგულად ემსახურებოდი!

18. მოიტანეს ლოდი და იმ ხაროს პირს დააფარეს. მეფემ იგი თავისი ბეჭდითა და დიდკაცების ბეჭდებით დაბეჭდა, რათა დანიელის მიმართ არაფერი შეცვლილიყო.

19. მერე თავის სასახლეში წავიდა მეფე. ღამე მარხულმა გაატარა და თავშესაქცევი არაფერი მოუთხოვია, ძილიც არ მიკარებია.

20. დილით, განთიადისას ადგა მეფე და სასწრაფოდ ლომების ხაროს მიაშურა.

21. ორმოს რომ მიუახლოვდა, ნაღვლიანი ხმით ჩასძახა მეფემ დანიელს და უთხრა: დანიელ, ცოცხალი ღმერთის მორჩილო, აბა, თუ შეძლო შენი ხსნა ლომებისგან იმ ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურებოდი?

22. მაშინ გამოეპასუხა დანიელი მეფეს: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე!

23. ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი გამომიგზავნა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არ მავნეს მე, რადგან მე ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენს წინაშეც. ბრალი არა მაქვს მე, მეფეო.

24. მაშინ დიდად გაიხარა მეფემ მასზე და დანიელის ხაროდან ამოყვანა ბრძანა. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. უვნებელი იყო იგი, რადგან მას სწამდა თავისი ღმერთისა.

25. მეფემ ბრძანა, მოეყვანათ ის კაცები, რომელნიც დანიელს აბეზღებდნენ, და ცოლ-შვილიანად ლომების ხაროში ჩაეყარათ. ჯერ ხაროს ძირამდე არც კი ჩაეღწიათ, რომ ლომებმა პირი სტაცეს და მათი ძვლები ნამსხვრევებად აქციეს.

26. ამის შემდეგ დარიოსმა ყველა ხალხს, ტომს და ენას - მთელი ქვეყნის მკვიდრებს მისწერა: მშვიდობა გაგიმრავლდეთ!

27. ბრძანებას ვიძლევი, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში ძრწოდნენ და შიშში იყვნენ დანიელის ღმერთის წინაშე, როდგან იგი ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთია, მისი სამეფო შეუმუსრავია და მისი ხელმწიფება დაუსრულებულია;

28. იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან.

29. წარმატებული იყო დანიელი დარიოსისა და კიროს სპარსელის მეფობის დროს.


თავი მეშვიდე

1. ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი გონების ხილვა თავისავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი.

2. ალაპარაკდა დანიელი და თქვა: ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე: აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა;

3. ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა.

4. პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვნახე, ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.

5. აჰა, ის მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა და ისე იდგა, რომ პირველს ეყუდებოდა პირში, კბილებს შორის, სამი ეშვი ჰქონდა. უთხრეს მას: ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!

6. შემდეგ დავინახე: აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა; ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას.

7. ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.

8. მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.

9. ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.

10. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.

11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.

12. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.

13. ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე.

14. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა.

15. შემიშფოთდა დანიელს სული სხეულში და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს.

16. მივუახლოვდი ერთ-ერთ იქ მდგომს და ვკითხე ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობის შესახებ. მითხრა მან და გამაგებინა ყოველივე ამის მნიშვნელობა.

17. ის ოთხი ვეება მხეცი ოთხი მეფეა, რომელიც მიწიდან აღდგება.

18. შემდეგ უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ ამ სამეფოზე.

19. მაშინ მოვიწადინე სინამდვილის გაგება იმ მეოთხე მხეცზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული და საზარელი იყო, რომელიც რკინის კბილებითა და სპილენძის ბრჭყალებით ნთქავდა, მუსრავდა და ფეხებით თელავდა.

20. მოვიწადინე გამეგო იმ ათი რქის შესახებ, თავზე რომ ჰქონდა; იმ ახლადამოსული რქის შესახებ, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; იმ რქის შესახებ, რომელსაც თვალი და პირი ჰქონდა, ამპარტავნულად ლაპარაკობდა და სხვებზე დიდი შეიქნა.

21. მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ,

22. სანამ ძველი დღეთა არ მოვიდა და სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს არ გადაეცა; - მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდანები დაეუფლნენ.

23. მან ასე მიპასუხა: მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას.

24. ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს.

25. უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო.

26. შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს.

27. მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება.

28. აქ არის ამ სიტყვების დასასრული. მე, დანიელი, ჩემმა ფიქრებმა ძალზე შემაძრწუნა და სახეზე ფერი მეცვალა, მაგრამ ეს სიტყვები გულში დავიმარხე.


თავი მერვე

1. მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, მას შემდეგ, რაც პირველად მეჩვენა.

2. ვნახე ხილვა და ამ ხილვის დროს სატახტო ქალაქ შუშანში ვიყავი, ელამის ქვეყანაში რომ არის; ხილვაში კი მდინარე ულაის პირას ვიდექი.

3. თვალები ავახილე და დავინახე: აჰა, მდინარის პირას ერთი ერკემალი დგას; ორი რქა აქვს, ორთავე გრძელი; ერთი რქა მეორეზე- გრძელია, თუმცა გრძელი უფრო გვიან ამოვიდა.

4. დავინახე, თუ როგორ ირქინებოდა ეს ერკემალი დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ; წინ ვერავინ ეღობებოდა და ვერც ვერავინ ახერხებდა მისი ხელიდან თავდახსნას. რასაც უნდოდა, იმას სჩადიოდა და დიდგულობდა.

5. როდესაც მე ამას ვუკვირდებოდი, აჰა, დასავლეთიდან ერთი ფაჩვნიერთ ვაცი მთელი დედამიწის ზურგზე გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა; ვაცს თვალებს შუა რქა ჰქონდა.

6. მოდიოდა იგი იმ ორრქიანი ერკემლისკენ, მდინარის პირას მდგომი რომ ვნახე, და დიდი გაშმაგებით დაეძგერა მას.

7. დავინახე, რომ მიუახლოვდა ერკემალს, გამძვინვარდა მასზე, დაეძგერა ერკემალს და ორთავე რქა მოსტეხა. ძალა არ ეყო ერკემალს, რომ მას გამკლავებოდა. მან მიწას დაანარცხა იგი და გათელა; და არავინ იყო ერკემლის მხსნელი მისი ხელიდან.

8. მაშინ ძალზე განდიდდა ფაჩვნიერი ვაცი. როდესაც გაძლიერდა, მაშინ მოსტყდა მას დიდი რქა და მის ადგილზე ოთხი შვერილი ამოვიდა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით.

9. ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით.

10. იგი ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი და გათელა ისინი.

11. იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი.

12. მხედრობა მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ და მან მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და წარმატებით მოქმედებდა.

13. გავიგონე, ერთი წმიდა ლაპარაკობდა. უთხრა ამ ერთმა წმიდამ ვიღაცას, რომელიც ამბობდა: როდემდე გასტანსო ეს ხილვა მუდმივი მსხვერპლისა და გატიალების ცოდვის შესახებ, ანდა საწმიდარი და მხედრობა როდის იქნებაო დათრგუნული?

14. მიპასუხა: ორიათას სამას საღამოსა და დილას გასტანსო და ამის შემდეგ განიწმიდებაო საწმიდარი.

15. როცა მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა და ვცდილობდი მის გაგებას, აჰა, წინ კაცის აჩრდილი გადამიდგა

16. და გავიგონე ადამიანის ხმა შუაგულ ულაიდან. დაიძახა მან და თქვა: გაბრიელ, აუხსენი მაგას ეგ ხილვა!

17. იგი იმ ადგილას მოვიდა, სადაც მე ვიდექი. მისი მოსვლისთანავე თავზარი დამეცა და პირქვე დავემხე. მითხრა: იცოდე, ადამის ძეო, რომ ეს ხილვა საბოლოო ჟამს შეეხებაო.

18. ის რომ მელაპარაკებოდა, მიწაზე პირქვე ვიყავი დამხობილი; მაშინ ის შემეხო და ჩემ ადგილას დამაყენა.

19. მერე მითხრა: აჰა, გამცნობ რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს უკანასკნელ ვადას შეეხება.

20. ორრქიანი ერკემალი რომ ნახე, ეს მიდიისა და სპარსეთის მეფეებია.

21. ხოლო ის ფაჩვნიერი ვაცი იავანის მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა.

22. ის რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი ამოვიდა - ოთხი სამეფო აღდგება მისი ხალხიდან, მაგრამ მათ მისებრი ძალა არ ექნებათ.

23. მისი მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ, დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე.

24. განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი სკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წამატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს.

25. გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს. წინ აღუდგება მთავართა მთავარს და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით.

26. ხოლო მწუხრისა და დილის ხილვა, რომელიც ითქვა, ჭეშმარიტია იგი. მაგრამ შენ დამალე ეს ხილვა, რადგან შორეულ დღეებს შეეხება იგი.

27. მე, დანიელი, დავუძლურდი და რამდენიმე დღე ვიავადე. მერე ავდექი და სამეფო საქმეებს შევუდექი. შეძრწუნებული კი ვიყავი ამ ხილვით, მაგრამ ვერავინ შემამჩნია.


თავი მეცხრე

1. პირველ წელს, როცა დარიოს ქსერქსეს ძე, მოდგმით მიდიელი, ქალდეველთა სამეფოზე გამეფდა,

2. მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან შევიტყვე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებაც იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი უნდა შესრულებოდა იერუსალიმის ნანგრევებს.

3. პირი მივაქციე უფალი ღმერთისკენ და მივმართე ლოცვითა და ვედრებით, მარხვაში, ჯვალოში და ნაცარში;

4. ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის მიმართ, ვაღიარე და ვუთხარი: უფალო ჩემო, ღმერთო დიდებულო და საკვირველია, რომელიც უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მოყვარულებს და შენი მცნებების შემნახველთ!

5. ჩვენ შევცოდეთ და უკეთურება ჩავიდინეთ, ურჯულოდ ვიქცეოდით, ვჯიუტობდით და გადავუხვიეთ შენს მცნებებს და სამართალს.

6. ყურს არ ვუგდებდით შენს მორჩილთ - წინასწარმეტყველთ, რომელნიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას და ქვეყნის ყველა ხალხს.

7. უფალო, შენია სიმართლე, ხოლო ჩვენ დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე - ყველა იუდაელს, იერუსალიმის მკვიდრს, მთელს ისრაელს, ახლობელსა და შორებელს, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ განდევნე იმ ღალატის გამო, რომლითაც შენ გიღალატეს.

8. უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინაშე.

9. უფლის, ჩვენი ღმერთისგან არის შეწყალება და პატიება, ჩვენ კი ვჯიუტობდით მის წინაშე.

10. ყურს არ ვუგდებდით უფალს, ჩვენი ღმერთის ხმას, რომ გვევლო მის რჯულზე, თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა ხელით რომ გვიბოძა.

11. შენს რჯულს მთელმა ისრაელმა გადაუხვია და ზურგი გაქცია, რათა შენი ხმა არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, რომელიც ღვთის მორჩილის, მოსეს რჯულში სწერია, რადგან შევცოდეთ მას.

12. შეასრულა მან თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და თავს დიდი უბედურება დაგვატეხა; ცისქვეშეთში იმის მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც იერუსალიმში მოხდა.

13. როგორც მოსეს რჯულში სწერია, ისე დაგვატყდა თავს ყველა ეს უბედურება. მაგრამ ჩვენ მაინც არ შევევედრეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რათა მიგვეტოვებინა ჩვენი უკეთურება და შენი ჭეშმარიტება შეგვეგნო.

14. უფალი ინახავდა ამ უბედურებას და თავს დაგვატეხა იგი; რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, ყველა თავის საქმეში, რასაც იგი აკეთებს; მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებდით მის ხმას.

15. ახლა კი, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი მაგარი ხელით გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი მოიხვეჭე, როგორიც დღესა გაქვს, შევცოდეთ ჩვენ და ურჯულოება ჩავიდინეთ.

16. უფალო, მთელი შენი სიმართლით გაერიდოს შენი რისხვა და წყრომა შენს ქალაქს - იერუსალიმს, შენს წმიდა მთას; ვინაიდან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამა-პაპის უკეთურების გამო არიან იერუსალიმი და შენი ერი შეგინებულნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან.

17. ახლა კი, ჩვენო ღმერთო, მოუსმინე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას და, უფლის გულისთვის, მოწყალებით გადმოხედე შენს გატიალებულ საწმიდარს.

18. ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, გაახილე თვალები და მოხედე ჩვენს ნანგრევებსა და ქალაქს, შენი სახელი რომ ჰქვია. რადგან ჩვენი სიმართლის იმედით კი არ მოგვაქვს შენს წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების იმედით.

19. უფალო, ისმინე! უფალო, შეგვინდე! უფალო, შეისმინე და შეასრულე! შენი გულისთვის, ღმერთო ჩემო; რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს.

20. ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი, ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ერის - ისრაელის ცოდვებს და მიმქონდა ჩემი სავედრებელი უფლის, ჩემი ღმერთის წინაშე, ჩემი ღმერთის წმიდა მთაზე,

21. ჯერ კიდევ ლოცვაში ვიყავი, რომ კაცი გაბრიელი, ხილვაში რომ ვნახე პირველად, ანაზდად მოფრინდა და მომიახლოვდა საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს.

22. შემაგონებდა იგი და მელაპარაკებოდა, მითხრა: დანიელ! ახლა გამოვედი, რომ ჭკუა დაგარიგო.

23. შენი ვედრების დასაწყისში სიტყვა გამოვიდა და მე მოვედი, რომ შეგატყობინო იგი, რადგან შენ სათნო კაცი ხარ. დაუკვირდი ამ სიტყვას და გამოიცანი ხილვა.

24. შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმიდათა წმიდის საცხებად.

25. ოღონდ იცოდე და შეიგნე: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე. აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს.

26. სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი.

27. იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს.


თავი მეათე

1. კიროსის, სპარსეთის მეფის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს. ჭეშმარიტი და დიდმნიშვნელოვანი იყო ეს სიტყვა. მან გაიგო ეს სიტყვა და მიხვდა ამ ხილვას.

2. იმხანად მე, დანიელი, სამი შვიდეული დღის მანძილზე დანაღვლიანებული ვიყავი.

3. გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა.

4. პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, დიდი მდინარის, ტიგროსის პირას ვიყავი.

5. თვალები ავახილე და დავინახე, აჰა, ჩემს წინ სელით შემოსილი კაცი იყო, წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული.

6. მისი ტანი ტოპაზის მსგავსი იყო, სახე - ელვის მსგავსი, თვალები - ცეცხლის ალის მსგავსი, ხელფეხი - გაპრიალებულ სპილენძის მსგავსი. მისი ლაპარაკი კი - მრავალთა ხმის მსგავსი.

7. მხოლოდ მე, დანიელმა, დავინახე ეს სანახავი, ხოლო იმ კაცებმა, ჩემთან რომ იყვნენ, ვერ დაინახეს ეს სანახავი; თუმცა დიდი შიში დაეცათ და დასამალად გაიქცნენ.

8. მე მარტო დავრჩი და ვუყურებდი ამ დიად სანახავს; ღონე აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.

9. მისი ლაპარაკის ხმა შემომესმა და მისი ლაპარაკის ხმის გაგონებისთანავე, თავზარდაცემული მიწაზე პირქვე დავემხე.

10. და, აჰა, ხელი შემეხო და მუხლებზე და ხელის მტევნებზე წამომაყენა.

11. მითხრა: დანიელ, სათნო კაცო! ჩასწვდი ამ სიტყვებს, მე რომ გეუბნები და დადექი შენ ალაგას, რადგან შენთანა ვარ ახლა გამოგზავნილი. ამ სიტყვას რომ მეუბნებოდა, მე აცახცახებული ვიდექი.

12. მითხრა: ნუ გეშინია, დანიელ! რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღმერთის წინაშე მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი.

13. სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინაღმდეგებოდა და, აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი, რადგან მე სპარსეთის მეფესთან დავრჩი.

14. მოვედი, რომ გაგაგებინო, რა ბედი ეწევა შენს ერს უკანასკნელ დღეებში, რადგან ეს ხილვაც მომავალ დღეებს შეეხება.

15. როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მიწაზე პირქვე ვიყავი დამხობილი და დამუნჯებული.

16. და, აჰა, კაცის ძის მსგავსი შეეხო ჩემს ბაგეს, მე გავხსენი პირი და ავმეტყველდი; ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: ჩემო ბატონო, გამტანჯა ამ სანახავმა და ძალა გამომეცალა.

17. როგორ შეუძლია ამ ბატონის მონა-მორჩილს ელაპარკოს ამ ბატონს? რადგან აღარც ძალა შემრჩა და აღარც სული მიდგას.

18. მაშინ კვლავ შემეხო კაცის სახებისმაგვარი და გამამაგრა.

19. მითხრა: ნუ გეშინია, სათნო კაცო, მშვიდობა შენდა! გამაგრდი, გამაგრდი. როცა მელაპარაკებოდა, გავმაგრდი.

20. მითხრა: თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა სპარსეთის მთავართან საომრად უნდა გავბრუნდე და როდესაც მე გავალ, აჰა, მაშინ მოვა იავანის მთავარი.

21. მაგრამ მე გაუწყებ ჭეშმარიტების წიგნში დაწერილს: მათ წინააღმდეგ არავინა მყავს შემწე, მიქალის, თქვენი მთავრის მეტი.


თავი მეთერთმეტე

1. დარიოს მიდიელის პირველ წელს მე შემწედ და საყრდენად ვედექი მას.

2. ახლა ჭეშმარიტებას გამცნობ: სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით და, როდესაც თავისი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველას იავანის სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს.

3. დადგება იქ ძლიერი მეფე, დიდ ხელმწიფებას მოიხვეჭს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს.

4. მისი დადგომისთანავე შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა; არც მის მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორც იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო და, ამას გარდა, სხვათა ხელში გადავა.

5. გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მაგრამ იმძლავრებს მასზე ერთ-ერთი მისი მთავართაგანი, გაბატონდება და დიდი იქნება მისი ხელმწიფება.

6. წლების მერე ისინი შეერთდებიან. სამხრეთის მეფის ასული ჩრდილოეთის მეფესთან მივა მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ ვერც ეს ასული შეინარჩუნებს თავისი მკლავის ძალას და ვერც ის მეფე და მისი მოდგმა ვერ გაძლებს. იმ ხანებში გაიცემა ეს ასული თავის ამალით, თავისი შვილითა და თავისი შემწითურთ.

7. მისი ფესვიდან მის ადგილზე ამოვა მორჩი; იგი ჩრდილოეთის მეფის ციხე-სიმაგრეს დაეცემა და შიგ შეიჭრება. შეებრძოლება მათ და გაიმარჯვებს.

8. მის ღმერთებსაც კი ეგვიპტეში წაასხამს კერპებითა და ოქრო-ვერცხლის ძვირფასი ჭურჭლეულითურთ; და წლობით ჩამოეხსნება ჩრდილოეთის მეფეს.

9. გაილაშქრებს სამხრეთის სამეფოზე, მაგრამ უკან დაბრუნდება თავის ქვეყანაში.

10. მისი ვაჟები იარაღს აისხამენ და დიდ ურდოს შეყრიან. ერთ-ერთი მათგანი სწრაფად წავა, წალეკავს და გადაივლის. მერე შემობრუნდება და მის ციხე-სიმაგრემდე მივა.

11. განმძვინვარდება სამხრეთის მეფე და საომრად გავა ჩრდილოეთის მეფესთან, რომელიც დიდ ურდოს გამოიყვანს. მაგრამ ეს ურდო მის ხელში ჩავარდება.

12. როდესაც ის ხელში ჩაიგდებს ურდოს, გადიდგულდება და, თუმცა მრავალ ათასს დასცემს, ამით ვერ გაძლიერდება.

13. რადგან ჩრდილოეთის მეფე პირვანდელზე დიდ ურდოს შეჰყრის და რამდენიმე წლის შემდეგ სწრაფად გაილაშქრებს დიდი ურდოთი და დიდძალი სიმდიდრით.

14. იმ დროს კიდევ მრავალნი აღუდგებიან სამხრეთის მეფეს და აჯანყდებიან მძლავრნი შენი ხალხიდან, რათა აღსრულდეს ხილვა, და წაიფორხილებენ ისინი.

15. მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილებს მოაწყობს და ციხე-ქალაქს დაიპყრობს. მას ვერც სამხრეთის ძალა დააკავებს და ვერც მისი რჩეული ხალხი. მათ არ ეყოფათ ძალა მასთან გასამკლავებლად.

16. თავის ნებისაებრ მოიქცევა მის წინააღმდეგ გამოსული და წინ ვერავინ დაუდგება. იგი მშვენიერ ქვეყანაში დადგება და მის ხელთ იქნება დაღუპვა.

17. განიზრახავს მთელი თავისი სამეფოს ძალით და თავისი ერთგულებითურთ გალაშქრებას, და ასეც იზამს. დედაკაცთა ქალაქს მისცემენ ასაოხრებლად; ვერ გაუძლებს, მაგრამ ვერც მას დარჩება.

18. პირს კუნძულებისკენ იბრუნებს და მრავალს დაიპყრობს. მაგრამ ვინმე მთავარი შეაწყვეტინებს თავის დაცინვას და სამაგიერო სირცხვილს აჭმევს.

19. ამის შემდეგ თავისი ქვეყნის ციხე-სიმაგრეებისკენ იბრუნებს პირს, მაგრამ წაიფორხილებს, დაეცემა და დაიკარგება.

20. ვინც მის ნაცვლად დადგება, გზირებს დაგზავნის, რომ მეფეს პატივი მიაგონ; მაგრამ ის რამდენიმე დღეში დაიღუპება, რისხვისა და ომის გარეშე.

21. მის ნაცვლად საძულველი დადგება; მას არ მიაგებენ მეფურ პატივს. იგი უჩუმრად შემოიპარება და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს.

22. წამლეკავი ურდოები წაილეკება მის წინაშე და შეიმუსრება. ასევე აღთქმის მეუფეც.

23. მას შემდეგ, რაც მას შეუერთდება, მზაკვრულად იმოქმედებს; აღზევდება და გაძლიერდება ერთი მუჭა ხალხის შემწეობით.

24. მშვიდსა და ნაყოფიერ ქვეყანაში შევა იგი და ისეთ რასმე ჩაიდენს, რაც არც მის მამებს და არც მის მამის მამებს ჩაუდენიათ. ნაალაფარს, ნაძარცვ ქონებასა და დოვლათს გაანაწილებს. ციხე-სიმაგრეებისკენ ექნება ზრახვები, მაგრამ ერთ ხანამდე.

25. აღაგზნებს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ დიდძალი ლაშქრით; სამხრეთის მეფეც დიდძალი და ფრიად ძლიერი ლაშქრით გამოვა საომრად, მგრამ მას ვერ გაუმკლავდება, რადგან მის წინააღმდეგ შეთქმულებები იქნება.

26. მისი პურ-მარილის მჭამელები შემუსრავენ მას. წაილეკება მისი ლაშქარი და მრავალი დახოცილი დაეცემა.

27. ორთავე მეფეს გულში მზაკვრობა ექნება. სიცრუეს ილაპარაკებენ ერთ სუფრაზე, მაგრამ წარმატება არ ექნებათ, რადგან ბოლო დათქმულ ვადამდე არ დადგება.

28. დიდძალი დოვლათით გაბრუნდება ჩრდილოეთის მეფე თავის ქვეყანაში, მაგრამ გულში წმიდა აღთქმის საწინააღმდეგო ზრახვა ექნება. შეისრულებს მას და თავის ქვეყანაში დაბრუნდება.

29. დათქმულ დროს კვლავ გაილაშქრებს სამხრეთზე, მაგრამ ამჯერად ეს ლაშქრობა პირვანდელის მსგავსი არ იქნება.

30. ქითიმის ხომალდები წამოვლენ მის წინააღმდეგ და დაფრთხება იგი. მერე გაბრუნდება და გაშმაგდება წმიდა აღთქმაზე და ამოქმედდება. დაბრუნდება და ყურადღებას მიაპყრობს წმიდა აღთქმის მიმტოვებელთ.

31. წარმოდგება მისგან ლაშქარი და შელახავენ საწმიდარს, ციხე-სიმაგრეს და შეწყვედენ მუდმივ შესაწირავს; და გატიალების სიბილწეს დაამყარებენ.

32. პირფერობით მიიმხრობს აღთქმის ავისმყოფეღთ; თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი მტკიცედ დადგებადა იმოქმედებს.

33. გაბრძნობილი ხალხი მრავალთ შთააგონებენ, თუმცა მათ ერთხანს შეაჭირვებს მახვილი, ცეცხლი, ტყვეობა და ძარცვა.

34. როდესაც გაუჭირდებათ, მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ და მრავალი მიემხრობა მათ თვალთმაქცურად.

35. ზოგიერთი გაბრძნობილთაგან გასაჭირში ჩავარდება, რათა გამოიბრძმედოს, განიწმიდოს და განსპეტაკდეს უკანასკნელ ჟამამდე, რადგან ჯერ კიდევ არის დრო.

36. თავის ნებაზე მოიქცევა მეფე: ყველა ღმერთზე მეტად ამაღლდება, განდიდდება და გასაკვირველს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ და წარმატებული იქნება, ვიდრე რისხვა არ ამოიწურება, რადგან რაც გადაწყვეტილია, უნდა აღსრულდეს.

37. არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას, არც ქალღმერთს, არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება.

38. სამაგიეროდ ციხე-სიმაგრეთა ღმერთს განადიდებს; მისი მამა-პაპისთვის უცხო ღმერთს ოქრო-ვერცხლიი, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს.

39. ის ქალაქებს სიმაგრეებს მოუწყობს უცხო ღმერთის სახელზე. ვინც მას აღიარებს, პატივს გაუმრავლებს, მრავალს დაუმორჩილებს და მიწებს, დაურიგებს საზღაურად.

40. ბოლო დროს მას სამხრეთის მეფე შეებმება და ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. გაილაშქრებს ქვეყნებზე, წალეკავს და გადაივლის.

41. იგი შეიჭრება მშვენიერ ქვეყანაში; მრავალი მხარე დაეცემა, ხოლო ედომი, მოაბი და ყამონიანთა მთავარი ნაწილი გადურჩება მის ხელს.

42. ხელს მოუღერებს სხვადასხვა ქვეყნებს; თვით ეგვიპტის ქვეყანაც კი ვერ გადარჩება.

43. დაეპატრონება იგი ოქრო-ვერცხლის საგანძურებსა და ეგვიპტის ყველა ძვირფასეულობას; მისსავე კვალს დაადგებიან ლიბიელნი და ნუბიელნი.

44. მაგრამ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ხმები შეაძრწუნებს მას და მეტისმეტად განრისხებული გამოენთება მრავალთა ამოსაჟლეტად და დასაღუპად.

45. გაშლის თავის სამეფო კარვებს ზღვასა და მშვენიერ წმიდა მთას შორის. მერე მიაწევს თავის ბოლოს და ვეღარავინ უშველის მას.


თავი მეთორმეტე

1. იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება.

2. მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის.

3. მოძღვარნი ცის ნათელივით გაანათებენ, მრავალთა მომარჯულებელნი კი - ვარსკვლავებივით უკუნითი უკუნისამდე.

4. შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა.

5. მაშინ მე, დანიელმა, ვიხილე: აჰა, ჩემს წინ ორი უცხო დგას, ერთი მდინარის გამოღმა ნაპირზე, ერთი გაღმა ნაპირზე.

6. უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა: როდის იქნებაო ამ საკვირველი ამბების ბოლო?

7. სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო.

8. გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი. ვუთხარი: უფალო ჩემო, ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი?

9. მითხრა: წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე.

10. მრავალი განიწმიდება, განსპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან.

11. მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას ოთხმოცდაათი დღე გავა.

12. ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ დღეს!

13. შენ კი გასწიე შენი ბოლოსკენ; განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს.


თავი მეცამეტე

1. იყო ერთი კაცი ბაბილონში მცხოვრები, სახელად იოაკიმი.

2. მოიყვანა ქალი, სახელად სუსანა, ხილკიას ასული, ძალზე ლამაზი და უფლისმოშიში.

3. მისი მშობლები მართალი ხალხი იყო და თავიანთ ასულს მოსეს რჯული ასწავლეს.

4. იოაკიმი ძალზე მდიდარი იყო და სახლის ახლოს ბაღი ჰქონდა. იუდაელები მასთან დადიოდნენ, რადგან ყველაზე პატივდებული კაცი იყო.

5. ხალხიდან იმ წელს ორი უხუცესი იქნა მსაჯულად დაყენებული, რომლებზეც უფალმა თქვა, ბაბილონიდან ურჯულოება იმ მსაჯული უხუცესებისგან გამოვიდაო, ხალხის მესაჭეებად რომ აჩვენებდნენო თავს.

6. ისინი ერთთავად იოაკიმის სახლში იყვნენ და მათთან მიდიოდა ყველა, ვისაც კი რამე საქმე ჰქონდა გასარჩევი.

7. შუადღისას, როდესაც ხალხი მიდიოდა, სუსანა სასეირნოდ შედიოდა თავისი ქმრის ბაღში.

8. ორივე უხუცესი ხედავდა მას ყოველდღე მომავალს და მოსეირნეს და მის მიმარრ გულისთქმა გაუჩნდათ.

9. შერყვნეს თავიანთი გონება და თვალი მიდრიკეს, რათა ცისთვის არ ეყურებინათ და არ გაეხსენებინათ სამართლიანი მსჯავრი.

10. ორივე მისდამი გულისთქმით იყვნენ შეპყრობილი, მაგრამ ერთმანეთს არ უმხელდნენ თავიანთ ჭირს.

11. რადგან რცხვენოდათ, გაემხილათ თავიანთი გულისთქმა, რომ ქალთან შეერთება სწყუროდათ.

12. ისინი ყოველდღე გულმოდგინედ დარაჯობდნენ, რომ დაენახათ იგი.

13. ეუბნებოდნენ ერთმანეთს: შინ წავიდეთ, საუზმის დროაო. გარეთ გამოსულნი კი ერთმანეთს შორდებოდნენ.

14. უკან მობრუნებულნი, კვლავ ერთმანეთს ხვდებოდნენ. ერთხელაც, როცა ერთმანეთს მიზეზი ჰკითხეს, გამოტყდნენ თავიანთ გულისთქმაში. მაშინ ერთად დათქვეს დრო, როდის შესძლებდნენ მის დამარტოხელებას.

15. როდესაც ისინი ხელსაყრელ დღეს ელოდნენ, სუსანა შევიდა ბაღში, როგორც გუშინ და გუშინწინ, მხოლოდ ორი მხევლის თანხლებით და ბაღში ბანაობა მოინდომა, რადგან სიცხე იყო.

16. იქ არავინ იყო ორი უხუცესის მეტი, რომელნიც დამალულიყვნენ და მას სდარაჯობდნენ.

17. უთხრა მან თავის მხევლებს: მომიტანეთ ნელსაცხებელი და საპონი და ბაღის კარი ჩარაზეთ, რომ ვიბანავო.

18. ისინიც ისე მოიქცნენ, როგორც მან უთხრა; ჩარაზეს ბაღის კარი და გვერდის კარით გავიდნენ, რათა მოეტანათ, რაც ნაბრძანები ჰქონდათ; უხუცესებს ვერ ხედავდნენ, რადგან დამალულები იყვნენ.

19. როდესაც მხევლები გავიდნენ, ადგა ორივე უხუცესი და მასთან მიირბინა.

20. უთხრეს: აჰა, ბაღის კარი ჩარაზულია და ვერავინ გვხედავს. შენი სურვილი გვაქვს ჩვენ; ამიტომ დაგვნებდი და იყავი ჩვენთან.

21. თუ არა და შენს წინააღმდეგ მოწმედ დავდგებით, რომ შენთან ყმაწვილკაცი იყო და ამიტომ დაითხოვე მხევლები.

22. ამოიოხრა სუსანამ და სთქვა: შეჭირვებული ვარ ყოველმხრივ: რადგან თუ ამას გავაკეთებ, სიკვდილია ჩემთვის; თუ არ გავაკეთებ, ვერ დავუსხლტები თქვენს ხელს.

23. მიჯობს თქვენს ხელში ჩავვარდე, ვიდრე უფლის წინაშე შევცოდო.

24. დიდის ხმით იყვირა სუსანამ; ორივე უხუცესმაც იყვირა მის წინააღმდეგ.

25. ერთი გაიქცა და ბაღის კარი გააღო.

26. როცა შინ მყოფებმა ბაღიდან ყვირილი გაიგონეს, შეცვივდნენ გვერდის კარით, რომ გაეგოთ, თუ რა დაემართა მას.

27. და როცა უხუცესებმა თავიანთი სიტყვა თქვეს, მეტისმეტად შერცხვათ მის მსახურებს, რადგან სუსანაზე არასოდეს მსგავსი არაფერი თქმულა.

28. მეორე დღეს ხალხმა მის ქმართან, იოაკიმთან მოიყარა თავი; მივიდა ორი უხუცესიც, სუსანას წინააღმდეგ უკანონო ზრახვით აღვსილი, რათა სიკვდილი მიესაჯათ მისთვის.

29. თქვეს მათ ხალხის წინაშე: გაგზავნეთ კაცი სუსანას, ხილკიას ასულის მოსაყვანად, იოაკიმის ცოლი რომ არის. გაგზავნეს.

30. მოვიდა იგი და მოჰყვნენ მას მისი მშობლები, მისი შვილები, და, აჰა, მთელი მისი ნათესაობა.

31. სუსანა მეტად ნაზი და ლამაზი იყო სახით.

32. ამ ურჯულოებმა ბრძანეს, რომ სახე გაეშიშვლებინათ მისთვის, რადგან დაფარული ჰქონდა სახე - სურდათ, მისი მშვენებით დამტკბარიყვნენ.

33. ატირდნენ ახლობლები და ყველა, ვინც მას უყურებდა.

34. ადგა ორივე უხუცესი ხალხში და თავზე დაადეს მას ხელები.

35. ის კი თვალცრემლიანი ზეცას შეჰყურებდა, რადგან მისი გული უფალს ესავდა.

36. თქვეს უხუცესებმა: როდესაც მარტონი ბაღში დავსეირნობდით, შემოვიდა ეს თავის ორ მხევალთან ერთად, ჩარაზა ბაღის კარი და მხევლები დაითხოვა.

37. მივიდა მასთან ყმაწვილკაცი, რომელიც იქ იმალებოდა და მიუწვა გვერდით.

38. ჩვენ ბაღის კუნჭულში ვიყავით და ეს ურჯულოება რომ დავინახეთ, მათკენ გავიქეცით.

39. შეერთებულებს წავასწარით მათ, მაგრამ იმ კაცის დაჭერა ვერ შევძელით, რადგან ის ჩვენზე ძლიერი იყო; გააღო კარი და გარეთ გავარდა.

40. ეს კი შევიპყარით და ვკითხეთ, თუ ვინ იყო ის ყმაწვილკაცი.

41. მაგრამ არ ინდომა ჩვენთვის გამხელა. ამას ვადასტურებთ ჩვენ. კრებულმა დაუჯერა მათ, როგორც ხალხის უხუცესებსა და მსაჯულებს; და ქალს სიკვდილი მიუსაჯეს.

42. შეჰღაღადა სუსანამ მაღალ ხმაზე და თქვა: ღმერთო მარადიულო, საიდუმლოთა მცოდნევ, რომელმაც ყველაფერი მანამდე იცი, ვიდრე მოხდებოდეს.

43. შენ უწყი, რომ ცრუდ მოწმობდნენ ჩემს წინააღმდეგ. აჰა, ისე ვკვდები, რომ მსგავსი არაფერი გამიკეთებია, რაც ამათ ბოროტებით გამომიგონეს.

44. შეისმინა უფალმა მისი ხმა.

45. როდესაც მოსაკლავად წაიყვანეს, ღმერთმა გააღვიძა ახალგაზრდა კაცის წმიდა სული, რომელსაც დანიელი ერქვა.

46. და იყვირა მან დიდი ხმით: უბრალო ვარ მისი სისხლისგან!

47. მობრუნდა მისკენ მთელი ხალხი და უთხრა: ეს რა სიტყვაა, რომ თქვი?

48. მაშინ ჩადგა იგი მათ შორის და თქვა: უგუნურები ხართ, ისრაელიანებო? არ გამოგიძიებიათ, არ გაგირკვევიათ სიმართლე და ისრაელის ასულს ისე გამოუტანეთ მსჯავრი?

49. დაბრუნდით სამსჯავროში, რადგან ამათ ცრუდ დაამოწმეს მის წინააღმდეგ.

50. მთელი ხალხი საჩქაროდ დაბრუნდა: უთხრეს მას უხუცესებმა: დაჯექი ჩვენს შორის და მოგვახსენე ჩვენ, რადგან ღმერთმა შენ მოგცა უხუცესობა.

51. უთხრა მათ დანიელმა: დააცილეთ ეგ ორნი ერთმანეთს და დავკითხავ მაგათ.

52. როცა ერთიმეორეს დააცილეს ისინი, მოუხმო ერთ მათგანს და უთხრა: ბოროტ დღეებში დაბერებულო! ახლა გამომჟღავნდა შენი ცოდვები, რომელსაც უწინ სჩადიოდი -

53. ამ უსამართლო სამართლის გაჩენით, უბრალოთა დასჯით და მტყუანთა გამართლებით! როცა უფალი ამბობს, უბრალოსა და მართალს ნუ მოკლავო.

54. და თუ შენ ეს დაინახე, თქვი, რომელი ხის ძირას ნახე ისინი ერთმანეთთან მოლაპარაკე? მან უპასუხა: დანამასტაკის ქვეშ.

55. თქვა დანიელმა: ნამდვილად იცრუე შენს საუბედუროდ. აჰა, ღვთის ანგელოზმა მიიღო ღვთის ბრძანება და ორად გაგაპობს შენ.

56. გაუშვა იგი და მეორის მოყვანა ბრძანა. უთხრა მას: ქანაანის თესლო, არა იუდასო! სილამაზემ გაცდუნა და სურვილმა გარყვნა შენი გული.

57. ასე ექცეოდით ისრაელის ასულთ და ისინიც შეშინებულნი, კავშირს იჭერდნენ თქვენთან. მაგრამ იუდას ასულმა არ დაითმინა თქვენი ურჯულოება.

58. აბა, მითხარი ახლა: რომელი ხის ქვეშ წაასწარი მათ, ერთმანეთთან მოლაპარაკეს? მიუგო მან: მუხის ქვეშ.

59. უთხრა მას დანიელმა: ნამდვილად იცრუე შენს საუბედუროდ; რადგან ღვთის ანგელოზი მახვილით იცდის, რომ ორად გაგაპოს და მოგსპოთ თქვენ.

60. მაშინ მთელმა კრებულმა ყიჟინა დასცა და აკურთხეს ღმერთი, რომელიც იხსნის თავის მოსავთ.

61. ყველანი აღდგენ ამ ორი უხუცესის წინააღმდეგ რადგან დანიელმა მათივე პირით ამხილა ისინი ცრუმოწმობაში. ისევე მოექცნენ მათ, როგორც დაიმსახურეს, როცა თვისტომის მიმართ ბოროტს იზრახავდნენ.

62. მოექცნენ მოსეს რჯულის მიხედვით და დახოცეს ისინი. იმ დღეს გადარჩა უბრალო სისხლი.

63. ხილკიამ და მისმა ცოლმა განადიდეს ღმერთი თავიანთი ასულის, სუსანას გამო, იოაკიმთან, მის ქმართან და ყველა ახლობელთან ერთად, რადგან არ აღმოჩნდა მასში სამარცხვინო საქმე.

64. განდიდდა დანიელი ხალხის თვალში იმ დღიდან და მას შემდეგ.


თავი მეთოთხმეტე

1. მეფე ასტიაგე შეერთო თავის მამა-პაპას და კიროს სპარსელმა მიიღო მისი სამეფო.

2. დანიელი მეფესთან ცხოვრობდა და პატივდებული იყო თავია ყველა მეგობარს შორის.

3. ჰქონდათ ბაბილონელებს კერპი, სახელად ბელი; მასზე ყოველწლიურად ხარჯავდნენ ოც არტაბა ხორბლის ფქვილს, ორმოც ცხვარს და ექვს საწყაო ღვინოს.

4. მეფე აღიარებდა მას ღმერთად და ყოველდღე მის თაყვანისსაცემად დადიოდა. დანიელი კი თავის ღმერთს სცემდა თაყვანს.

5. უთხრა მას მეფემ: ბელს რატომ არ სცემ თაყვანს? მიუგო: რადგან ხელით ნაკეთებ კერპებს არა ვცემ თაყვანს, არამედ ცოცხალ ღმერთს, ცისა და მიწის შემოქმედს, ყოველი ხორციელის მეუფეს.

6. უთხრა მეფემ: ხომ არ გგონია, ბელი ცოცხალი ღმერთი არ იყოს? ვერა ხედავ, ყოველდღიურად რამდენსა სჭამს და სვამს იგი?

7. უთხრა დანიელმა სიცილით: მეფეო, თავს ნუ იტყუებ, რადგან შიგნიდან თიხაა იგი, გარედან რვალი და არც არასოდეს უჭამია და არც უსვამს.

8. მაშინ განრისხებულმა მეფემ მოუხმო ქურუმებს და უთხრა: თუ არ გითქვამთ, ვინა ჭამს ყოველივე ამას, მოკვდებით, მაგრამ თუ დაამტკიცებთ, რომ ამას ბელი ჭამს, მაშინ დანიელი მოკვდება, რადგან სააუგო სიტყვა სთქვა ბელზე.

9. უთხრა დანიელმა მეფეს: შენი სიტყვისამებრ იყოს. ბელის ქურუმები სამოცდაათნი იყვნენ, მათი ცოლებისა და ბავშვების გარდა.

10. მივიდა მეფე დანიელთან ერთად ბელის ტაძარში.

11. უთხრეს ბელის ქურუმებმა: აჰა, ჩვენ გარეთ გავალთ, შენ კი, მეფეო, დააწყვე საზრდო, ჩამოასხი ღვინო, ჩარაზე კარი და შენი ბეჭდით დაბეჭდე; და თუ ხვალ მოხვალ და ვერ ნახავ, რომ ყველაფერი ბელმა შეჭამა, ჩვენ მოვკვდეთ; თუ არა და - დანიელი, რომელმაც ცილი დაგვწამა.

12. ისინი დამშვიდებულები იყვნენ, რადგან ტაბლის ქვეშ გააკეთეს საიდუმლო შესასვლელი; იქიდან შედიოდნენ და ჭამდნენ ყველაფერს.

13 . გარეთ რომ გავიდნენ, მეფემ ბელს საზრდო დაუწყო.

14. დანიელმა კი უბრძანა თავის მსახურთ, რომ მოეახათ ნაცარი და მოებნიათ მთელ ტაძარში მხოლოდ მეფის თანდასწრებით. გარეთ გამოსულებმა ჩარაზეს კარი, მეფის ბეჭედით დაბეჭდეს და წავიდნენ.

15. ქურუმები კი, ჩვეულებისამებრ, ღამით მოვიდნენ თავიანთი ცოლებითა და ბალღებით, ყველაფერი შეჭამეს და შესვეს.

16. ადრიანად ადგა მეფე და დანიელიც მასთან ერთად.

17. უთხრა მეფემ: დანიელ, მთელია ბეჭედი? უთხრა: მთელია, მეფეო.

18. როგორც კი კარი გააღეს, მეფემ შეხედა ტაბლას და დიდი ხმით იყვირა: დიადი ხარ შენ, ბელ, და არანაირი სიცრუე არ არის შენთან!

19. გაიცინა დანიელმა და შეაკავა მეფე, რომ არ შესულიყო შიგნით, და უთხრა: დახედე იატაკს და გამოიცანი, ვისია ეს ნაფეხურები?

20. უთხრა მეფემ: კაცების, ქალებისა და ბალღების ნაფეხურებს ვხედავ.

21. განრისხებულმა მეფემ ბრძანა, შეეპყრათ ქურუმები და მათი ცოლ-შვილი, მათ უჩვენეს საიდუმლო კარი, რომლითაც შედიოდნენ ისინი და ყველაფერს ჭამდნენ, რაც მაგიდაზე ეწყო.

22. მაშინ დახოცა მეფემ ისინი და ბელი დანიელს მისცა; მან კი დაანგრია ისიც და მისი ტაძარიც.

23. იყო იქ ერთი დიდი ურჩხული, რომელსაც ბაბილონელნი თაყვანს სცემდნენ.

24. უთხრა მეფემ დანიელს: ამაზეც ხომ არ შეგიძლია თქვა, ცოცხალი ღმერთი არ არისო! თაყვანი ეცი მას.

25. უთხრა დანიელმა: უფალს, ჩემს ღმერთს ვცემ თაყვანს, რადგან ის არის ცოცხალი ღმერთი, ხოლო შენ, მეფეო, თუ ნებას მომცემ, უმახვილოდ და ულახტოდ მოვკლავ ამ ურჩხულს.

26. უთხრა მეფემ: ნება მომიცია.

27. აიღო დანიელმა ფისი, ქონი და ბეწვი, ერთად მოადუღა, დააგუნდავა და ხახაში ჩაუგდო ურჩხულს. შეჭამა ურჩხულმა და გასკდა. თქვა დანიელმა: ესეც თქვენი სათაყვანებელი!

28. ეს რომ ბაბილონელებმა გაიგეს, ფერი ეცვალათ, აღდგნენ მეფის წინააღმდეგ, თქვეს: მეფე იუდაელი გახდა; ბელი მოსპო, ურჩხული მოკლა, ქურუმები კი დახოცა.

29. მივიდნენ მეფესთან და უთხრეს: მოგვეცი დანიელი, თუ არა და შენც მოგკლავთ და შენს სახლსაც ამოეწყვეტთ.

30. როცა დაინახა მეფემ, რომ დაბეჯითებით ითხოვენ, იძულებული გახდა მიეცა მათთვის დანიელი.

31. და ჩააგდეს დანიელი ლომების ხაროში და ექვს დღეს იქ იყო იგი.

32. ხაროში შვიდი ლომი იყო და ყოველდღიურად ორი გვამი და ორი ცხვარი ეძლეოდათ. იმ დროს კი არაფერი მიუციათ, რათა დანიელი შეეჭამათ.

33. იყო იუდაში წინასწარმეტყველი ამბაკუმი; მან მოხარშა შეჭამადი, ჩაფშხვნა კერძში პური და მიდიოდა მინდვრად, რომ მომკელებისთვის მიეტანა.

34. უთხრა უფლის ანგელოზმა ამბაკუმს: ეგ საუზმე, შენ რომ გაქვს, წაუღე დანიელს ბაბილონში, ლომების ხაროში.

35. უთხრა ამბაკუმმა: უფალო, არც ბაბილონი მინახავს და არც ხარო ვიცი.

36. აიყვანა იგი უფლის ანგელოზმა თმებით და დააყენა ხაროს თავზე, ბაბილონში.

37. ჩასძახა ამბაკუმმა დანიელს და უთხრა: დანიელ, დანიელ! აიღე ეს საუზმე, ღმერთის გამოგზავნილია.

38. თქვა დანიელმა: შენ გამიხსენე, ღმერთო, და არ მიატოვე შენი მოყვარულნი.

39. ადგა დანიელი და ჭამა; ღვთის ანგელოზმა კი სასწრაფოდ დააბრუნა თავის ადგილზე ამბაკუმი.

40. მეფე მეშვიდე დღეს მოვიდა დანიელის გამოსატირებლად. მივიდა იგი ხაროსთან, ჩაიხედა შიგ და, აჰა, იქა ზის დანიელი.

41. მაღალ ხმაზე იყვირა მეფემ კია თქვა: დიდი ხარ, უფალო, ღმერთო დანიელისა, არ არსებობს სხვა შენს მეტი!

42. ამოაყვანინა იგი და ხაროში ისინი ჩაყარა, ვისაც მისი დაღუპვა უნდოდათ, და მის თვალწინ იქნენ შეჭმულნი.