თავი პირველი

1. უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსიას მიმართ, ბეერის ძისა, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს.

2. როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა ოსიას: წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს.

3. წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული; დაორსულდა ქალი და უშვა ვაჟი.

4. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად იზრეყელი, რადგან, ცოტაც და, უნდა მოვკითხო იზრეყელის სისხლი იეჰუს სახლს და გავაუქმო ისრაელის მეფობა.

5. იმ დღეს იქნება, რომ შევმუსრავ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე.

6. კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად ლორუხამა (არშესაწყალისი), რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელას სახლს და არასოდეს შევუნდობ.

7. იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღმერთის ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, რც ბრძოლით, არც მხედრებით არ ვიხსნი მათ.

8. მოსხლიტა ძუძუს ლორუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ვაჟი.

9. თქვა უფალმა: დაარქვი სახელად ლოყამი (არა ჩემი ერი). რადგან აღარ ხართ ჩემი ერი და მეც აღარ ვიქნები თქვენი.


თავი მეორე

1. ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება; და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან ცოცხალი ღმერთის შვილები ხართო.

2. შეიყრებიან ერთად იუდაელები და ისრაელიანები და დაისვამენ ერთ მთავარს და გამოვლვნ ქვეყნიდან, რადან დიდი იქნება იზრეყელის დღე.

3. დაუძახეთ თქვენს ძმებს: ყამი (ჩემი ერი) და თქვენს დებს: რუხამა (შეწყალებული).

4. უჩივლეთ დედათქვენს, უჩივლეთ, რადგან აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი; ჩამოიცილოს გარყვნილება პირისახიდან და მრუშობა მკერდიდან;

5. თორემ გავაშიშვლებ და ისე გამოვაჩენ, როგორც დაბადების დღეს იყო. უდაბნოსავით ვაქცევ, უწყლო მიწად გავხდი და წყურვილით მოვკლავ.

6. არ შევიწყალებ მის შვილებს, რადგან გარყვნილების შვილები არიან;

7. რადგან გარყვნილებას სჩადიოდა მათი დედა და თავს ირცხვენდა მათი მშობელი; რადგან თქვა: გავეკიდები ჩემს საყვარლებს, რომლებიც მაძლევენ პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელსო.

8. ამიტომ, აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და კედელს აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს ბილიკები.

9. გაედევნება თავის საყვარლებს და ვერ დაეწევა; ძებნას დაუწყებს მათ და ვერ იპოვნის; იტყვის: წავალ, დავბრუნდები ჩემს პირველ ქმართან, რადგან მაშინ ახლანდელზე უკეთ ვიყავიო.

10. მაშინ კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და ზეთს, რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაალს ახარჯავდა.

11. ამიტომაც უკან წავიღებ ჩემს პურს მის სიმწიფეში და ჩემს ღვინოს მისი დაღვინებისას, წავართმევ ჩემს მატყლსა და სელს, რითაც სიშიშვლე უნდა დაეფარა.

12. ახალ კი გამოვააშკარავებ მის სირცხვილს მისი საყვარლების თვალწინ და ვერავინ გამომტაცებს ხელიდან.

13. გავაუქმებ ყველა მის სიხარულს, ზეიმს, ახალმთვარობას, შაბათს და ყველა დღესასწაულს;

14. გავუჩანაგებ ვაზსა და ლეღვის ხეებს, რომლებზეც ამბობს, ჩემი საჩუქრებია, ჩემმა საყვარლებმა მაჩუქესო; ტყედ ვაქცევ და გარეული მხეცები შეჭამენ მათ.

15. მას მოვკითხავ ბაალთა დღეებს, როცა გუნდრუკს უკმევდა მათ, და რგოლებითა და სამკაულებით თავს იმშვენებდა; როცა საყვარლებს დასდევდა, მე კი მივიწყებდა, თქვა უფალმა.

16. ამიტომაც, აჰა, შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო.

17. იქ მივცემ მას თავის ვენახს და ყაქორის (მწუხარების) ხეობას იმედის კართან; იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ამომყავდა.

18. იმ დღეს იქნება, თქვა უფალმა, რომ დამიძახებ ჩემო ქმარო - და აღარ დამიძახებ ჩემო ბაალო (ბატონო).

19. მოვაშორებ მის ბაგეებს ბაალთა სახელებს, რომ აღარ იხსენიებოდნენ თავიანთი სახელებით.

20. დავდებ იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის მხეცებთან, ცის ფრინველებთან და ქვეწარმავლებთან; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილს და ომიანობას და მშვიდობით დავავანებ მათ.

21. და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით;

22. დაგწინდავ რწმენით და შეიცნობ უფალს.

23. იმ დღეს იქნება, რომ გავეხმიანები, თქვა უფალმა, გავეხმიანები ცას და ისიც გაეხმიანება მიწას;

24. მიწა გაეხმიანება პურსა და ღვინოს და ზეთს, ხოლო ესენი გაეხმიანებიან იზრეყელს.

25. და ჩემთვის დავთესავ მას ქვეყანაში და შევიწყალებ ლორუხამას (არაშესაწყალისს), ვეტყვი ლოყამის (არა, ჩემს ერს) ჩემი ერი ხარ-მეთქი და ის მეტყვის, ჩემი ღმერთი ხარო.


თავი მესამე

1. კვლავ მითხრა უფალმა: წადი, შეიყვარე ქმრის საყვარელი ცოლი, მაგრამ მემრუშე; როგორც უფალს უყვარს ისრაელიანები, ისინი კი უცხო ღმერთებისკენ იყურებიან და ყურძნის კვერები უყვართ.

2. ნაყიდი მყავს ის თხუთმეტ ვერცხლად, ერთ ხომერ ქერად და ერთ ლეთეხ ქერად,

3. ვეუბნებოდი, დიდხანს დარჩი-მეთქი ჩემთან, ნუ იმრუშებ, სხვისი ნუ გახდები-მეთქი. მეც ასევე მოგექცევი-მეთქი.

4. რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელიანები უმეფოდ, უსარდლოდ, უმსხვერპლოდ და უსვეტოდ, უეფოდოდ და უთერაფიმოდ,

5. მერე მოიქცევიან ისრაელიანები და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს, და მოწიწებით განიმსჭვალებიან უფლისა და მისი მადლის წინაშე უკანასკნელ დღეებში.


თავი მეოთხე

1. ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო, რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან რ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის შემეცნება ქვეყანაზე.

2. წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს.

3. ამიტომაც მოთქვამს მიწა, ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაუჩინარდნენ.

4. არავინ იდავოს, არავინ იყოს მამხილებელი, რადგან შენი ერი მღვდელს ედავება.

5. წაიფორხილებ დღისით და წაიფორხილებს ღამით წინასწარმეტყველიც შენთან ერთად; და მე მოვსპობ დედაშენს.

6. მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობიდან; დავიწყებული გაქვს ჩემი რჯული და მეც დავივიწყებ შენს შვილებს.

7. რაც უფრო მრავლდებიან, მით უფრო სცოდავენ ჩემს წინაშე; მათ პატივს სირცხვილად შევცვლი.

8. ცოდვებით იკვებება ჩემი ერი და უკეთურებისკენ მიუწევთ გული.

9. მღვდელი და ერი ერთი შეიქნა; მსჯავრს დავდებ მათ მათი გზების გამო და მივაგებ მათ მათი საქმეების გამო.

10. შეჭამენ და ვერ გაიგებენ გაძღომას, იბოზებენ და ვერ გამრავლდებიან, რადგან დაივიწყეს უფლის სამსახური.

11. ბოზობამ, ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული.

12. ჩემი ერი ხეზე მკითხაობს და მისი ტოტი უცხდებს მას, რადგან ბოზობის სულმა შეაცდინა ისინი და განუდგნენ თავიანთ ღმერთს.

13. მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და გორაკებზე აკმევენ საკმეველს მუხის, ჭადრისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამურია მათი ჩრდილი; ამიტომ ბოზობენ შენი ასულები და მრუშობენ შენი რძლები.

14. როგორ არ მოვკითხო შენს ასულებს, როცა ბოზობენ, და შენს რძლებს, როცა მრუშობენ, რადგან მამაკაცები ბოზ ქალებთან დაეთრევიან და როსკიპებთან ერთად სწირავენ მსხვერპლს; უმეცარი ხალხი კი იღუპება.

15. თუ შენ ბოზობ, ისრაელო, იუდა მაინც ნუ შესცოდავს; ნუ ივლის გილგალში, ნუ ავა ბეთ-ავენში, ნუ დაიფიცებს: ცოცხალიმც არის უფალიო!

16. რადგან ჯიუტი ფურივით ჯიუტია ისრაელი; როგორ აძოვოს ახლა ისინი უფალმა, როგორც ცხვარი, ვრცელ საძოვარზე?

17. შეეკრა კერპებს ეფრემი, დაეხსენი.

18. გამოუნელდებათ სიმთვრალე და ბოზობას იწყებენ, შეეჩვიენ სირცხვილს მისი მთავრები.

19. გაახვევს მათ ქარი თავის ფრთებში და მათ შერცხვებათ თავიანთი მსხვერპლისა.


თავი მეხუთე

1. ისმინეთ ეს, მღვდლებო, გაიგონეთ, ისრაელის სახლო, ყურადიღე, მეფის სახლო! რადგან მსჯავრი გადევთ, რადგან მახედ ექციათ მიცფას და თაბორს - მოსროლილ სათხევლად.

2. თავიანთი მსხვერპლშეწირვებით ცოდვაში ჩაეფლნენ განდგომილნი, მაგრამ ყველას ვასწავლი ჭკუას.

3. მე ვიცნობ ეფრემს და ვერ დამემალება ისრაელი, რადგან შენ ბოზობ ახლა, ეფრემ, და წაბილწულია ისრაელი.

4. ჩადენილი საქმეები არ ანებებენ თავიანთი ღმერთისან მიქცევას, რადგან ბოზობის სულია მათ წიაღში და უფალს ვერ ცნობენ.

5. თავისი სიამპარტავნე ამხილებს ისრაელს; წაიფორხილებენ ისრაელი და ეფრემი თავიანთი ცოდვების გამო, წაიფორხილებს იუდაც მათთან ერთად.

6. თავიანთ ცხვარ-ძროხასთან ერთად წავლენ უფლის საძიებლად, მაგრამ ვერ იპოვნიან; განერიდა მათ.

7. უღალატეს უფალს, რადგან უცხოთა შვილებს შობენ; ამიერიდან მახვილი შეჭამს მათ წილხვედრითურთ.

8. ჩაჰბერეთ ბუკს გიბყაში, საყვირს რამაში, დაეცით ყიჟინა ბეთავენში: მოგყვებით, ბენიამინ!

9. უდაბნოდ იქცევა ეფრემი განკითხვის დღეს; ისრაელის შტოებში გამოვაცხადე ჭეშმარიტება.

10. სამანის გადამნაცვლებლებივით არიან იუდას მთავრები, წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას.

11. დათრგუნულია ეფრემი, მსჯავრით გათელილი რადგან გადაწყვიტა კერპებს გაჰყოლოდა.

12. ჩრჩილად გავუხდები ეფრემს და მჭამელად - იუდას სახლს.

13. დაინახა ეფრემმა თავისი სენი და იუდამ თავისი ჭრილობა; წავიდა ეფრემი აშურში და შეუთვალა იარებ მეფეს; მაგრამ ის ვერ შესძლებს თქვენს განკურნებას და ჭრილობებს ვერ მოგიშუშებთ.

14. რადგან მე ლომივით ვექცევი ეფრემს და ლომის ბოკვერივით - იუდას სახლს; დავგლეჯ და წავალ, გავიტაცებ და ვერავინ იხსნის.

15. წავალ და დავბრუნდები ჩემს ადგილზე, ვიდრე არ შეიგნებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს; გაუჭირდებათ და მომძებნიან.


თავი მეექვსე

1. წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას.

2. ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე.

3. შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს.

4. რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი სიკეთე დილის ნისლივითაა, ცვარივითაა, ადრე რომ ქრება.

5. ამიტომაც ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვხოცავდი მათ ჩემი ბაგის ნათქვამით; შენი მსჯავრი ნათელივით ამოვა.

6. რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის შემეცნება და არა აღსავლენი.

7. ადამივით გადავიდნენ ჩემს აღთქმას, იქ მიღალატეს მე.

8. ბოროტმოქმედთა ქალაქია გალაადი, კვალსისხლიანი.

9. როგორც ყაჩაღები უსაფრდებიან კაცს, ასევე იქცევა მღვდლების ხროვა, ხოცავენ შექემის გზაზე; სიბილწეს სჩადიან.

10. სისაძაგლენი დავინახე ისრაელის სახლში; იქ არის ეფრემის გარყვნილება, ისრაელის უწმიდურება.

11. შენზეც მოაწევს მკის ჟამი, იუდა, როცა ტყვეობიდან დავაბრუნებ ჩემს ერს!


თავი მეშვიდე

1. როცა ისრაელს ვკურნავდი, გამოაშკარავდა ეფრემის უკეთურებაც და სამარიის ბოროტებაც, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; მოდის ქურდი, ყაჩაღები დაძრწიან გარეთ!

2. არც უფიქრიათ გულში, რომ მე მახსოვს ყოველი მათი ბოროტება; ახლა გარემოუცავთ ისინი თავიანთ ავ საქმეებს; აჰა, ჩემს წინაშე არიან.

3. თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი ტყუილებით - მთავრებს.

4. მრუშობენ ყველანი ხაბაზის გახურებულ თონესავით, რომელიც ანელებს ცეცხლს, სანამ ახალი ცომი არ გაფუვდება.

5. ჩვენი მეფის დღეს მთავრები სნეულდებიან ღვინის სიმხურვალისგან, მეფე კი მასხარებისკენ იწვდის ხელს.

6. რადგან თონესავით გახდა მათი გული მზაკვრობისგან; მთელი ღამე სძინავს ხაბაზს, დილით კი ანთია თონე აგიზგიზებული ცეცხლივით.

7. ყველანი გახურებულნი არიან თონესავით და ჭამენ თავიანთ მსაჯულებს; განმდგარია ყველა მათი მეფე, არავინ მიხმობს მათ შორის.

8. ეფრემი შეერია ხალხებს, გადმოუბრუნებელი კოკორივით შეიქნა.

9. უცხოთესლი ჭამს მის ძალას, მას კი ვერაფერი შეუტყვია; ჭაღარა შეერია კიდეც, მას კი ვერაფერი შეუტყვია.

10. თავისი ამპარტავნობა ამხილებს ისრაელს, მაგრამ არ უბრუნდებიან უფალს, თავიანთ ღმერთს; არა და არ ეძებენ მას.

11. ბრიყვი და უგნური მტრედივით იქცა ეფრემი: ეგვიპტეს უხმობენ, აშურში კი მიდიან.

12. როგორც კი წავლენ, ჩემს სათხეველს მოვისვრი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი მათ, როგორც გამოეცხადათ მათ.

13. ვაი მათ, რადგან ზურგი მაქციეს! დაღუპვა მათ, რადგან შემცოდეს მე! მათი გამოსყიდვა მსურს, ისინი კი მზაკვრობენ ჩემს წინააღმდეგ!

14. გულით არ შემომღაღადებენ, არამედ კვნესიან თავიანთ საწოლებში; პურისა და ღვინის გულისთვის იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ.

15. მე დავმოძღვრე, მკლავი გავუმაგრე, ისინი კი ავს მიზრახავენ.

16. არ მიიქცნენ, უზენაესისკენ; მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უტიფარი ენის გამო. ეს იქნება მათი სირცხვილი ეგვიპტის ქვეყანაში.


თავი მერვე

1. პირთან მიიტანე ბუკი! რადგან არწივი ადგას უფლის სახლს, რაკი გადავიდნენ ჩემს აღთქმას და ჩემი რჯული დაარღვიეს.

2. შემომღაღადებენ: ღმერთო ჩემო, შეგიცანიო ისრაელმა!

3. მაგრამ უარყო ისრაელმა სიკეთე, მტერი დაედევნება

4. მეფე დაისვეს ჩემს უნებართვოდ, მთავრები დაისვეს ჩემს დაუკითხავად; თავიანთი ოქრო-ვერცხლით გაიკეთეს კერპები თავის დასაღუპად.

5. დაგაგდო შენმა ხბომ, სამარია! აღიგზნო ჩემი რისხვა მათ წინააღმდეგ. როდემდის უნდა იყო უწმიდური?

6. რადგან ისრაელის საქმეა ეს: ოსტატის ნახელავია, ღმერთი არ არის; ამიტომაც დანაფოტდება სამარიის ხბო.

7. რადგან ქარს თესენ და ქარიშხალს მოიმკიან; თავთავები არა აქვს, მარცვალს ვერ გაიკეთებს მცენარე; თუ გაიკეთებს, უცხონი ჩაყლაპავენ.

8. ჩაიყლაპება ისრაელი; ახლა უსარგებლო ჭურჭელივით არის ხალხთა შორის.

9. აშურში წავიდა თავისთვის გარეული ვირივით; გასცემდა სასიყვარულო საჩუქრებს.

10. თუმცა გასცემდნენ ხალხებში, ახლა შევკრებ მათ; ცოტაც და, დაიტანჯებიან მთავართა მეფის ტვირთის ქვეშ.

11. რადგან შესაცოდად გაამრავლა ეფრემმა სამსხვერპლოები, შესაცოდად აქვს მას სამსხვერპლოები.

12. დავუწერე მას მთავარი რჯული, მაგრამ უცხოდ შერაცხა იგი.

13. მოაქვთ სამსხვერპლო ძღვენი ჩემთვის, მიკლავენ საკლავს და ხორცს თავადვე ჭამენ; უფალს არ ეთნევა ისინი; ახლა კი გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს; ეგვიპტეში დაბრუნდებიან.

14. დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი და სასახლეებს აშენებს; იუდამ გაამრავლა ციხე-ქალაქები, მაგრამ მე ცეცხლს მოვავლენ მის ქალაქებზე და ის შთანთქავს მის დარბაზებს.


თავი მეცხრე

1. ნუ მხიარულობ ისრაელო, ნუ ილხენ სხვა ხალხებივით, რადგან ბოზობ შენი ღმერთისგან განმდგარი; საჩუქრები გირჩევნია ყველა კალოს პურს.

2. კალო და საწნახელი არ გამოკვებავს მათ და ღვინო უმტყუნებს მათ.

3. არ იცხოვრებენ უფლის ქვეყანაში; ეფრემი ეგვიპტეში დაბრუნდება და უწმიდურს შეჭამენ აშურში.

4. არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და თავიანთი მსხვერპლით არ აამებენ მას; მათი პური მგლოვიარეთა პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მხოლოდ მათთვის არის, და არ შედის საუფლო სახლში.

5. რას იზამთ დღესასწაულის დღეს და საუფლო ზეიმის დღეს?

6. რადგან, აჰა, წაუვლენ აოხრებას, მაგრამ ეგვიპტე თავს მოუყრის მათ და მოფი დამარხავს მათ; მისი ვერცხლეულის საგანძურს ეკალ-ბარდები დაიმკვიდრებენ და ნარ-ეკალი ამოვა მის კარვებში.

7. დადგა განკითხვის დღეები, დადგა ნაცვალგების დღეები. იცოდეს ისრაელმა! ბრიყვი იყო წინასწარმეტყველი, შეშლილი იყო სულის კაცი, შენს დიდ ცოდვებზე და დიდ მტრობაზე რომ ლაპარაკობდა?

8. ეფრემის - ჩემი ღმერთის ერის მცველი წინასწარმეტყველია. ყველა გზაზე ხაფანგია დაგებული და მხოლოდ მტრობაა მისი ღმერთის სახლში.

9. ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში; მაგრამ ის გაიხსენებს მათ უკეთურებას და მოჰკითხავს ცოდვებს.

10. ყურძენივით ვიპოვე უდაბნოში ისრაელი; როგორც პირველი ნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი, ისე მივიჩნიე თქვენი მამა-პაპა; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ ისინი, სირცხვილს შესწირეს თავი და ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.

11. ეფრემი - ჩიტივით გაფრინდება მისი დიდება! არც შობა, არც ორსულობა, არც მუცლადღება!

12. თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე!

13. ეფრემი ვიხილე როგორც მდელოზე დარგული ტვიროსი; მაგრამ ეფრემი მკვლელს გაუყვანს თავის შვილებს.

14. მიეცი მათ, უფალო, რაც უნდა მიგეცა; მიეცი მოწყვეტილი მუცელი და გამშრალი მკერდი.

15. გილგალშია მთელი მათი ბოროტება; იქ შევიძულე ისინი მათი ავი საქმეების გამო; ჩემი სახლიდან გავყრი მათ და აღარასოდეს შევიყვარებ; განდგომილია ყველა მისი მთავარი.

16. დაჩეხილია ეფრემი, გამხმარია მისი ფესვები, აღარ გამოიღებს ნაყოფს; კიდეც რომ შობონ, მოვაკვდინებ მათი საშოს სანატრელ ნაშიერს.

17. მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას; და ხალხთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან.


თავი მეათე

1. დაცარიელებული ვენახია ისრაელი, ნაყოფსაც თავის მსგავსს იძლევა; რა უხვი ნაყოფიც ჰქონდა, ასევე გააუხვა სამსხვერპლოები; რა კარგი მიწაც ჰქონდა, ასევე დაამშვენა სვეტები.

2. ორგულნი არიან, მაგრამ ახლა კი მსჯავრი დაედებათ; შემუსრავს მათ სამსხვერპლოებს, დალეწავს მათ სვეტებს.

3. რადგან ახლა ამბობენ, მეფე არა გვყავსო, რადგან უფლის არ გვეშინიაო; მეფემ კი - რა უნდა გვიყოსო მეფემ.

4. მხოლოდ სიტყვებს ლაპარაკობენ, ცრუდ ფიცულობენ აღთქმის დადებისას; აღმოცენდება მსჯავრი, როგორც შხამიანი ბალახი ყანის ხნულებში.

5. შეშინდებიან სამარიის მცხოვრებნი ბეთ-ავენის ხბოების გამო, რადგან იგლოვებენ მას მისი ერი და მისი ქურუმები, მისით ხომ ხარობდნენ; გამოიგლოვენ მის დიდებას, რადგან განეშორა მას.

6. თავად მას კი იარებ მეფეს მიართმევენ ძღვნად; სირცხვილი აიტანს ეფრემს და ისრაელს შერცხვება თავისი განზრახვისა.

7. გაქრება სამარია თავისი მეფითურთ როგორც ქაფი წყლის ზედაპირზე.

8. განადგურდება ავენის გორაკები - ისრაელის ცოდვა; ნარ-ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს: გადაგვეფარეთო და ბორცვებს - თავზე დაგვემხეთო!

9. გიბყას დღეებიდან მოყოლებული სცოდავ, ისრაელო! იქ დგანან; არ მიწვდენიათ მათ გიბყაში ბოროტეულთა წინააღმდეგ გალაშქრება.

10. ჩემი ნებისაებრ დავსჯი მათ; შეიკრიბებიან მათ წინააღმდეგ ხალხები, როცა შეპყრობილნი იქნებიან ორმაგი უკეთურების გამო.

11. გაწვრთნილი ხბოა ეფრემი, ლეწვას შეჩვეული; მე თავად გადავივლი მის სქელ ქედზე და გავხედნი ეფრემს; იუდა შეუდგება ხვნას, იაკობი კი დაუფარცხავს.

12. თესეთ თქვენთვის სიმართლე და მოიმკით წყალობას, გატეხეთ თქვენთვის ყამირი, დროა უფლის ძიებისა, ვიდრე მოვიდოდეს და სიმართლეს გაწვიმებდეთ.

13. თქვენ ხნავდით ბოროტს და იმკიდით უსამართლობას; ჭამდით სიცრუის ნაყოფს, რადგან ესავდით თქვენს გზას, თქვენი მეომრების სიმრავლეს.

14. აურზაური ატყდება შენს ხალხში და ყველა შენი ციხე-სიმაგრე დაიქცევა; როგორც შალმანმა დააქცია ბეთ-არბელი ბრძოლის დღეს, როდესაც დედა აკუწეს შვილებთან ერთად.

15. ასე დაგმართებთ თქვენ ბეთელი თქვენი უზომო ბოროტებისთვის. ამოვა ცისკრის ვარსკვლავი და აღარ იქნება ისრაელის მეფე.


თავი მეთერთმეტე

1. როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა იგი, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე.

2. რაც უფრო ვუხმობდი მას, მით უფრო გარბოდა ჩემგან, რომ მსხვერპლი შეეწირა ბაალებისთვის და კერპებისთვის საკმეველი ეკმია.

3. მე ვასწავლე ეფრემს სიარული; ჩემს მკლავებზე მყავდა აყვანილი, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ვკურნავდი

4. ვიზიდავდი მათ ადამიანური გრძნობის საკვრელებით, სიყვარულის ძაფებით; ლაგმის ჩამომგდებივით ვიყავი მათთვის მათი ყბებიდან, მათზე ვიყავი გადმოხთილი და ვკვებავდი მათ.

5. არ გაბრუნებულან ეგვიპტის ქვეყნისკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემსკენ მობრუნება.

6. მახვილი დატრიალდება მის ქალაქში და მუსრს გაავლებს მის მრჩევლებს. შთანთქავს მათ ავი განზრახვების გამო.

7. მიდრეკილია ჩემგან განდგომად ჩემი ერი, უღლისკენ მოუწოდებენ, მაგრამ არავინ გადმოუგდებს მას.

8. როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გაგწირო, ისრაელ? როგორ გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა.

9. აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძრები ეფრემის დასაღუპად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი; მე წმიდა ვარ თქვენს შორის და რისხვით არ მოვალ.

10. უფალს გაჰყვებიან; ლომივით ბრდღვინავს ის და როცა დაიწყებს ბრდღვინვას, შიშით წამოვლენ დასავლეთიდან შვილები.

11. შიშით წამოვლენ, როგორც ჩიტები, ეგვიპტიდან და, როგორც მტრედები, აშურის ქვეყნიდან; და დავასახლებ მათ თავიანთ სახლებში, ამბობს უფალი.


თავი მეთორმეტე

1. შემომეხვია სიცრუით ეფრემი და ტყუილით ისრაელის სახლი; ჯერ კიდევ ღმერთთან არის იუდა და ერთგულია წმიდათა მიმართ.

2. ეფრემი მწყემსავს ქარს და ხორშაკს ედევნება; დღითი დღე ამრავლებს ტყუილს და ძალადობას; აშურთან შეკრა კავშირი და ზეთი ეგვიპტეში მიაქვს.

3. დავა აქვს უფალს იუდასთან და მოჰკითხავს იაკობს მის საქციელს; მის საქმეთაებრ მიაგებს მას.

4. დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, მოღონიერდა და ღმერთს შეერკინა.

5. შეერკინა ანგელოზს და სძლია, თუმცა ტირილით ემუდარებოდა. ბეთელში გვიპოვის ჩვენ და დაგველაპარაკება.

6. უფალია ცაბაოთ ღმერთი, უფალია მისი სახელი.

7. შენ კი შენი ღვთისკენ მიიქეცი, ერთგულება და სამართალი დაიცავი და შენს ღმერთს ესავდე მუდამ.

8. ქანაანელია, მატყუარა სასწორი რომ უჭირავს ხელში, და ჩაგვრა უყვარს.

9. თქვა ეფრემმა: აჰა, ხომ გავმდიდრდი და მოვიხვეჭე დოვლათი; მთელს ჩემს ნამუშაკევში ვერ მიპოვნიან დანაშაულს, რომ რამეში შემეცოდოს.

10. მე, უფალი, თქვენი ღმერთი ვარ ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული; კვლავ დაგასახლებთ კარვების ქვეშ, როგორც დღესასწაულის დღეებში.

11. მე ველაპარაკებოდი წინასწარმეტყველთ და მე გავამრავლე ხილვები; წინასწარმეტყველთა პირით იგავურად ვლაპარაკობდი.

12. თუ იყვნენ კერპები გალაადში, ნამდვილად გაცამტვერდნენ ისინი; გილგალში ხარებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათი სამსხვერპლოებიც ქვის გროვასავით ყრია ყანის ხნულებში.

13. გაიქცა იაკობი არამის ყანებში და შრომობდა ისრაელი ცოლის გულისთვის; ცოლის გულისთვის იცავდა ფარას.

14. წინასწარმეტყველის მეშვეობით ამოიყვანა უფალმა ისრაელი ეგვიპტიდან და წინასწარმეტყველის მეშვეობით იყო დაცული.

15. მწარედ გააჯავრა ეფრემმა თავისი უფალი. ამიტომაც მასზევე დაანთხევს მის დაღვრილ სისხლს და მოჰკითხავს მის სასირცხო საქმეებს.


თავი მეცამეტე

1. როცა დასძრავდა სიტყვას ეფრემი, შიშის ზარი იყო; იგი აღზევდა ისრაელში, მაგრამ დადანაშაულდა ბაალის გამო და მოკვდა.

2. ახლა უმატეს ცოდვას; ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისგან, ოსტატურად, კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს; ისინი ამბობენ მათზე: კაცის შემწირველნი ხბოებს კოცნიანო!

3. ამიტომაც დილის ნისლივით იქნებიან ისინი და ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადევნილი კვამლივით.

4. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული, სხვას არავის იცნობთ ჩემს გარდა და არავინაა მხსნელი.

5. მე გიცნობდი შენ უდაბნოში, მცხუნვარე მიწაზე.

6. როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ, ამიტომაც დამივიწყეს მე.

7. მე კი ლომად ვექცევი მათ, ვეფხვივით ჩავუსაფრდები გზაზე.

8. ბელებწაგვრილი დათვივით დავეცემი თავს, შევუნგრევ გულისფიცარს და, როგორც ლომი, შევჭამ მათ; ველის მხეცები დაგლეჯენ მათ.

9. თავი წაიწყმიდე, ისრაელ, რადგან მხოლოდ ჩემშია შენი შეწევნა!

10. სადა არის ახლა შენი მეფე, რომ გიხსნას ყოველ შენს ქალაქში? ან შენი მსაჯულნი, რომლებზეც ამბობდით: მომეცი მეფე და მთავრებიო?

11. მე მოგეცით მეფე განრისხებისას და წაგართმევთ გულისწყრომაში.

12. შეფუთულია ეფრემის უკეთურებანი, გადანახულია მისი ცოდვები.

13. მშობიარის ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, თორემ არ დაყოვნდებოდა საშოს კარებთან.

14. ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს!

15. თუმცა განივრცო ეფრემი ძმათა შორის, მაგრამ დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყარო და დაწდება მისი სათავე; ის გაძარცვავს ყოველნაირ ძვირფას ჭურჭელთა საგანძურს.


თავი მეთოთხმეტე

1. მსჯავრი დაედება სამარიას, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან, მათი ბავშვები აიკუწებიან და მათი ორსულნი გაიფატრებიან.

2. მოიქეც, ისრაელ, უფლისკენ, შენი ღვთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე.

3. შეიგონეთ სიტყვები და მიიქეცით უფლისკენ. უთხარით, სრულიად აგვხადე-თქო უკეთურება, მიითვალე სიკეთე და ხბოების ნაცვლად ჩვენს ბაგეებს შემოგწირავთ-თქო მსხვერპლად.

4. ვეღარ გვიხსნის-თქო აშური, ცხენებზე აღარ ავმხედრდებით და ჩვენს ღმერთებად აღარ შევრაცხავთ-თქო ჩვენსავე ნახელავს, რადგან მხოლოდ შენში ჰპოვებს შებრალებას ობოლი.

5. განვკურნავ მათ განდგომილებისგან და ნებისაებრ შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი.

6. ვიქნები ცვარი ისრაელისთვის; აყვავდება როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.

7. განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი.

8. დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომარენი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით გაითქვამს სახელს.

9. რაღა მესაქმება, ეფრემ, კერპებთან? მე შევიწყნარე და მივხედავ მას; მე ამწვანებული ალვა ვარ, ჩემგან გექნება შენ ნაყოფი.

10. ვინც ბრძენია, შეიგნოს ეს; ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი ადგანან მას, განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე.