თავი პირველი

1. უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორეშეთელ მიქას მიმართ იუდას მეფეების - იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს, და რომელიც იხილა სამარიასა და იერუსალიმის გამო.

2. ისმინეთ, ხალხებო, ყველამ! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან.

3. რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და თელავს დედამიწის გორაკებს.

4. მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან ვარდნილი წყალი.

5. იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდას გორაკები? იერუსალიმი ხომ არა?

6. ქვების გროვად ვაქცევ ტრამალზე სამარიას, ვენახის ჩასაყრელ ადგილად; ველად გადავყრი მის ქვებს და გავაშიშვლებ მის საძირკველს.

7. ყველა მისი კერპი გაცამტვერდება, ყველა მისი ნამსხვერპლი ცეცხლში დაიწვება და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან ბოზობის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ; ამიტომაც ბოზობის გასამრჯელოდ შეიქნებიან.

8. ამაზე ვგლოვობ და მოვთქვამ, ფეხშიშველი და ტიტველი დავდივარ, ტურასავით ვკივი და სირაქლემასავით ვკვნესი.

9. რადგან უკურნებელია მისი ჭრილობები; რადგან მიადგა იუდას და ჩემი ერის კარიბჭეს - იერუსალიმსაც უწია.

10. ნუ ამცნობთ გათში, ტირილს ნუ გამართავთ! მტვერში გაგორდით ბეთ-ლეყაფრაში.

11. ჩაიარეთ თქვენთვის, შაფირელნო, სამარცხვინო სიშიშვლეში! ვერ დააღწევს თავს ცაანანელი; ბეთეცელში გლოვა არ გაგაჩერებთ.

12. რადგან სწუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე.

13. შეაბი ეტლში რაშები, ლაქიშელო (ის არის ცოდვის დასაბამი სიონის ასულისთვის!), რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის შეცოდებანი!

14. ამიტომ გაუგზავნი განტევების საჩუქარს მორეშეთ-გათს; აქზიბის სახლები გააცურებენ ისრაელის მეფეებს.

15. ახალ პატრონს მოგიყვან, მარეშელო, ყადულამს მიაღწევს ისრაელის დიდება.

16. თმა გადიპარსე, გაიკრიჭე სანუკვარი შვილების გამო; თავი გაიქაჩლე არწივივით, რადგან გადაასახლებენ შენგან.


თავი მეორე

1. ვაი ავისმზრახველთ და ბოროტისმოქმედთ, განთიადისას რომ სჩადიან თავიანთ საწოლებზე, როცა ძალა აქვთ ხელებში!

2. მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები - და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს.

3. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ბოროტს ვიზრახავ ამ მოდგმაზე, რომლისგანაც ვერ გაითავისუფლებთ კისრებს და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი დროება იქნება.

4. იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება: გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის ხვედრი სხვას შეხვდა! როგორ გამცილდა! ჩვენ დამატყვევართ დაუნაწილდა ჩვენი ყანები.

5. ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის გამზომელი.

6. ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს.

7. ნათქვამია, იაკობის სახლო: განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები? განა კეთილი არ მოაქვს ჩემ სიტყვებს იმათთვის, ვინც წრფელად იქცევა?

8. ადრიდანვე მტრად აღდგა ჩემი ხალხი, ადრევე ხდიდით ტანისამოსს არხეინად მომავალთ, ბრძოლიდან დაბრუნებულთ.

9. ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით; მათ ბავშვებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას.

10. ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი; უწმიდურობის გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი.

11. ოჰ, ერთი მოიტყუებდეს ქარისა და სიცრუის მდევნელი კაცი: მე გიქადაგებთ ღვინოზე და თაფლუჭზეო. ის იქნებოდა ამ ხალხის ქადაგი.

12. მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან.

13. მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან და უკანვე გამოვლენ; ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი მათ სათავეში.


თავი მესამე

1. ვთქვი: ისმინეთ, იაკობის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა არა ხამს თქვენთვის სამართლის ცოდნა?

2. სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.

3. ვინ არიან, ჩემი ხალხის ხორცს რომ ჭამენ და აძრობენ ტყავს? ვინ არიან, რომ ამტვრევენ მათ ძვლებს და აქუცმაცებენ როგორც ქვაბში და ხორცს როგორც ქოთანში?

4. მაშინ შეჰღაღადებენ უფალს, ის კი ხმას არ სცემს მათ; თავის სახეს უმალავს ამ დროს, როცა ბოროტებას სჩადიან.

5. ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს; მშვიდობას რომ ქადაგებენ და კბილებით კი რაღაცას ჯიჯგნიან; თუ ვინმემ რამე არ ჩაუდვა პირში, ომს უცხადებენ.

6. ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვების გარეშე და სიბნელე - მისნობის გარეშე; მზე ჩაესვენება წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაუბნელდებათ;

7. გაწბილდებიან მისნები, შერცხვებიან მკითხავები და პირს დამუწავენ ყველანი, რადგან პასუხს არ გაიღებს ღმერთი.

8. მე კი ავსილი ვარ ძალით, უფლის სულით, სიმართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს მისი ცოდვა.

9. ისმინეთ ეს, იაკობის სახლის თავკაცნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ.

10. სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით - იერუსალიმს.

11. მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ; უფალს ემყარებიან, ამბობენ: განა ჩვენს შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწევაო.

12. ამიტომ შენს გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი - ტყიან ბორცვად.


თავი მეოთხე

1. უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები.

2. მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა.

3. გაიკითხავს სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე; თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს - ნამგლებად; ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან.

4. ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი; რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას.

5. რაკი ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის, ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე.

6. იმ დღეს, ამბობს უფალი, შევკრებ კოჭლებს და თავს მოვუყრი განდევნილთ, რომელნიც მე გავაუბედურე.

7. ნატამალად დავტოვებ კოჭლებს და ძლიერ ხალხად გავხდი მოკვეთილებს; უფალი იქნება მათი მეფე სიონის მთაზე უკუნისამდე.

8. შენ კი, ფარეხის გოდოლო, გორაკო სიონის ასულისა! შენამდე მოვა, დაგიბრუნდება წინანდელი ხელმწიფება, მეუფება დაუბრუნდება იერუსალიმის ასულს.

9. ახლა რად გაჰყვირი? მეფე არ არის შენში? იქნებ დაგეღუპა მრჩეველი, რომ კრუნჩხვა დაგმართნია მშობიარესავით?

10. იტანჯე და იკვნესე, სიონის ასულო, მშობიარესავით, რადგან ახლა გახვალ ქალაქიდან და ველზე იცხოვრებ; ბაბილონამდე ივლი და იქ გადარჩები, იქ გამოგისყიდის უფალი მტრების ხელიდან.

11. ახლა კი უამრავი ხალხი გყავს შემოსეული და ამბობენ: წაიბილწოს და ჭვრეტდეს სიონს ჩვენი თვალიო.

12. მათ არ უწყიან უფლის ზრახვანი და ვერ ხვდებიან მის განაჩენს, რომ ძნებივით დაახვავა ისინი კალოზე.

13. მიდექი და ლეწე, სიონის-ასულო, რადგან რკინის რქებს დაგასხამ და სპილენძის ჩლიქებს გაგიკეთებ, რომ გააცამტვერო უამრავი ხალხები და შესწირო უფალს მათი მონახვეჭი და მათი დოვლათი მთელი ქვეყნიერების უფალს.

14. ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო, ალყა შემოგვარტყი; კვერთხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს.


თავი მეხუთე

1. შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.

2. ამიტომ მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს; დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელიანებთან. მ

3. ის დადგება და დამწყესავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის სახელის დიდებით, და მობრუნდებიან; რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდმე

4. და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარრზებში, მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს.

5. დამწყესავენ აშურის ქვეყანას მახვილით და ნიმროდის ქვეყანას მის კართან, და იხსნის აშურისგან, როცა ის მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ჩვენს საზღვრებში მემოდგამს ფეხს.

6. და იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის როგორც უფლის ცვარი, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე; აღარ ექნება კაცის იმედი და აღარ დაენდობა ადამიანებს.

7. და იქნება იაკობის ნატამალი ხალხებში, უამრავ ერებს შორის როგორც ლომი ტყის ცხოველთა შორის, ლომის ბოკვერივით ცხვრის ფარაში; თუ ჩაიარა, თელავს და გლეჯს და არავინაა მხსნელი.

8. აღიმართება შენი ხელი შენს მტრებზე და წარიხოცება ყველა შენი მოწინააღმდეგე.

9. მაშინ იქნება, ამბობს უფალი, რომ გაგიწყვეტ ცხენებს ქვეყანაში და ეტლებს გაგინადგურებ;

10. გავანადგურებ ქალაქებს შენს ქვეყანაში და დავაქცევ ყველა შენს ციხე-სიმაგრეს;

11. ხელიდან გამოგგლეჯ ჯადოქრებს და აღარ გეყოლება მჩხიბავები;

12. შეგიმუსრავ კერპებს და სათაყვანო სვეტებს და აღარ დაუწყებ თაყვანისცემას შენსავე ნახელავს;

13. ამოვძირკვავ შენს აშერებს შენი გარემოდან და დავაქცევ შენს ქალაქებს.

14. რისხვითა და გულისწყრომით მოვახდენ შურისგებას ხალხებზე, რომელთაც არ ინდომეს მოსმენა.


თავი მეექვსე

1. ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღდეგ, დავა გაუმართე მთებს და ასმინე შენი ხმა გორაკებს!

2. ისმინეთ, მთებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს.

3. ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი.

4. ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიძღოლე მოსე, აარონი და მირიამი.

5. ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი, მოაბის მეფე, და რა პასუხს სცემდა მას ბალაამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი.

6. რით წარვდგე უფალთან და თაყვანივსცე მაღალ ღმერთსო? აღსავლენებით - წელგამოვლილი ხბოებით ხომ არ წავრდგეო?

7. ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილო?

8. ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.

9. უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის; გაუგონეთ კვერთხს და მის დამდგენელს.

10. თუ არის კიდევ ბოროტეულის სახლში ბოროტეული განძი და დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი?

11. როგორ გავამართლო ბოროტეული სასწორი და ქისა მატყუარა საწონით?

12. რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით; მისი მცხოვრებნი ტყუილებს ლაპარაკობენ და ცრუა მათი ენა მათ პირში.

13. და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო.

14. შეჭამ და ვერ გაძღები; შიმშილი გექნება მუცელში; გადამალავ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ; რასაც შეინარჩუნებ, მახვილს მივცემ.

15. დათესავ და ვერ მოიმკი; ზეთს გამოხდი და ვერ გაიპოხები; ღვინოს დაწურავ და ვერ შესვამ.

16. შენახული გაქვთ ყომრის ზნე და ყოველი საქმე ახაბის სახლისა; მისდეევთ მათ თათბირს, რომ გაგატიალოთ და სასაცილოდ გავხადო თქვნი მცხოვრებნი. თქვენ კი ჩემი ერის სირცხვილი დაგეკისროთ.


თავი მეშვიდე

1. ვაგლახ, რომ ნაყარი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მცვრეველს დავემსგავსე! ერთი მტევანიც არ შერჩენია საჭმელად; პირველმოწეულ ხილს ნატრობს ჩემი სული.

2. გადაშენდა ღვთისნიერი ქვეყანაზე და აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის; ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ სათხევლით.

3. გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს.

4. უკეთესი მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, სამართლიანი კი ძეძვზე უარესია; დადგება შენს მფარველთაგან გამოცხადებული დღე, შენი განკითხვის დღე, მაშინ შეშფოთდებიან ისინი.

5. ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენს გვერდით მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი

6. რადგან შვილი არცხვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას ეურჩება, რძალი - თავის დედამთილს; კაცის მტრები არიან მისი შინაურები.

7. მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.

8. ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!

9. დავითმენ უფლის რისხვას (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ გაიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს.

10. დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი შეიპყრობს, რომ მეუბნებოდა, სად არის უფალი, შენი ღმერთიო? მაშინ იხილავენ მას ჩემი თვალები, როცა ქუჩის ტალახივით სათელავი გახდება.

11. შენი კედლების აშენების დღე შენი რჯულის გავრცელების დღე იქნება.

12. იმ დღეს შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან, ეგვიპტიდან ევფრატამდე, ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე.

13. გაუდაბურდება ქვეყანა მის მკვიდრთა მიზეზით, მათ ნამოქმედართა ნაყოფების მიზეზით.

14. დამწყესე შენი კვერთხით შენი ერი, შენი სამკვიდრო ფარა, ტყეში მცხოვრები მარტოდმარტო, შუაგულ ქარმელში. იბალახოს ბაშანში და გალაადში ძველებურად!

15. გაჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გაჩვენე, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოდიოდი.

16. დაინახავენ ხალხები და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა; ხელს პირზე მიიდებენ და სასმენელნი დაუყრუვდებათ.

17. მტვერს დაუწყებენ ლოკვას გველივით, ქვეწარმავალივით; აკანკალდებიან თავიანთ ციხე-კოშკებში; შიშის ზარი ექნებათ უფლის, ჩვენი ღვთისა და შენიც შეეშინდებათ.

18. რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.

19. კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ, დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას.

20. დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს - სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შეჰფიცე ძველთაგანვე.