თავი პირველი

1. ნინევეს განაჩენი. ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი.

2. იჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი; შურისმგებელია უფალი და რისხვიანი; შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს.

3. სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის გაუშვებს; გრიგალშია უფალი და ქარბორბალაშია მისი სავალი; ღრუბელი მის ფერხთა მტვერია.

4. დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს, და დაშრეტს ყველა მდინარეს; გადახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი.

5. მის ქვეშ იდრიკებიან მთები და ლღვებიან ბორცვები; წამოიმართება მის წინაშე დედამიწა, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი.

6. ვინ გაუძლებს მის წყრომას, ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან.

7. კეთილია უფალი - ციხე-სიმაგრე გასაჭირში - და ცნობს თავის მოიმედეთ.

8. მოვარდნილი ნიაღვარივით წალეკავს მის ადგილს და თავის მტრებს ჩარეკავს წყვდიადში.

9. რა განუზრახავთ უფლის წინააღმდეგ? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და ვეღარ აღდგება მტერი.

10. რადგან ეკალ-ბარდებივით ჩახლართულნი და ლოთებივით გალეშილნი ერთიანად გადაიბუგებიან ხმელ ჩალასავით.

11. შენგან გამოვიდა უფლის წინააღმდეგ ავისმზრახველი, ბელიარის მრჩეველი.

12. ასე თქვა უფალმა: თუნდაც ჯანით სავსენი იყვნენ და უამრავნიც, მაინც გაწყდებიან, გადაშენდებიან. ხომ გაგტანჯე, მაგრამ მეტად აღარ გაგტანჯავ.

13. ახლა კი დავლეწავ მის უღელს, ქედზე რომ გადევს, და დავწყვეტ შენს ბორკილებს.

14. ასე ბრძანა შენზე უფალმა: აღარ მოშენდება შენი სახელი; გავაქრობ კერპსა და ქანდაკს შენი ღმერთის სახლიდან; საფლავს გაგიმზადებ, რადგან არარაობა ხარ.


თავი მეორე

1. აჰა, გაისმა მთებზე მახარობლის ფეხის ხმა მშვიდობის მაცნედ! გამართე დღესასწაულები, იუდა, აღთქმები შეასრულე, რადგან აღარ დაგეცემა თავს ბელიარი; საბოლოოდ განადგურდა.

2. შემართულია შენს თავზე ურო, ნინევე! დაიცავი ციხე-სიმაგრე, გზისკენ იყურე, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიფე!

3. რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა! რადგან გაძარცული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს.

4. წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები.

5. დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ.

6. გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ.

7. გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე.

8. გადაწყდა: გასახლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ.

9. წყლისგან დაიცალა ნინევე - წყალსატევი; ისინი კი გარბიან. დადექით! დადექით! მაგრამ არავინ ბრუნდება უკან.

10. დაიტაცეთ ოქრო, დაიტაცეთ ვერცხლი! არ დაილევა მდიდრული ნახელავი, ძვირფასი ნივთები.

11. გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოწყდათ წელი, ფერი წაუვიდათ.

12. სად არის ლომთა ბუნაგი და ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი, ძუ ლომი და მათი ლეკვი, და არავინ იყო დამაფრთხობელი?

13. ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის და აღრჩობს თავისი ძუსთვის; ნატაცებით ავსებს თავის ბუნაგს და გამოქვაბულს - დაგლეჯილი ნადავლით.

14. აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ცეცხლში დავწვავ შენს ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვერებს; შენს მტაცებლობას აღვკვეთავ ქვეყანაზე და აღარ გაისმება შენს მოციქულთა ხმა.


თავი მესამე

1. ვაი სისხლიან ქალაქს! სიცრუით არის გატენილი, სავსეა ძალადობით და არ ეშვება მტაცებლობას.

2. შოლტის ხმა და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი,

3. მხედართა კვეთება და მახვილთა კვესება, შუბების ელვა, უამრავი დახოცილი გვამების გროვა! არ დაილია ცხედრები, ფორხილობენ მათ ცხედრებზე.

4. ბოზი დიაცის უზომო ბოზობის გამოა, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, რომელიც თავის ბოზობით ჰყიდის ხალხებს და ჯადოქრობით - ტომებს.

5. აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ბოლომდე აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს - შენი სირცხვილი.

6. მოგაყრი ნაგავს, წაგბილწავ და სასეიროდ გაგხდი.

7. ვინც კი შეგხედავს, გაგეცლება და იტყვის: გაძარცულია ნინევე, ვინ შეიბრალებსო? სად მოგიძებნო ნუგეშისმცემელი?

8. რითი სჯობიხარ ნო-ამონს, მდინარეთა შორის რომ ცხოვრობდა და წყლები ევლებოდა გარშემო? რომლის დოვლათი ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი?

9. ქუშის ქვეყანა გამაგრებდა და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი გიჭერდნენ მხარს.

10. ისიც გადაასახლეს, ტყვედ წაიყვანეს, მის ბავშვებსაც თავები დაუჭეჭყეს გზაჯვარედინებზე; მის დიდებულებზე წილს ყრიდნენ და წარჩინებულებს ბორკილს ადებდნენ.

11. დათვრები და დაიმალები, მტრებისგან თავშესაფრს დაუწყებ ძებნას.

12. შენი ციხე-კოშკები მწიფენაყოფიანი ლეღვის ხეა - თუ შეარხიე, პირში ჩაუცვივა მჭამელს.

13. აჰა, შენი ერი საქალეთია შენს წიაღში! ფართედ გაეღება შენს მტრებს შენი ქვეყნის კარიბჭეები, ცეცხლი შეჭამს შენს ურდულებს.

14. მოიმარაგე საალყოდ წყალი, გაამაგრე ციხე-კოშკები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა.

15. იქ შეგჭამს ცეცხლი, გაგწყვეტს მახვილი; შეგჭამს, როგორც კალია. შექუჩდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით!

16. მოვაჭრეები ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია - კალია ფრთებს გაშლის და გაფრინდება.

17. შენი მოხელეები ბოცომკალივითაა, შენი იასაულები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ძირას რომ იბუდებენ: მზე ამოვა და გაიფანტებიან, მათ კვალს ვეღარავინ მიაგნებს.

18. ჩასძინებიათ შენს მწყემსებს, განისვენებენ შენი დიდებულები, მთებში გაფანტულა შენი ხალხი და არავინაა შემკრები.

19. არ გიშუშდება ჭრილობა, გაგიარჯლდა წყლული. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გამუდმებული სიავე?