თავი პირველი

1. განაჩენი, რომელიც იხილა აბაკუმ წინასწარმეტყველმა.

2. როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველიდე?

3. რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი.

4. ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი; რადგან უსამართლო ჯაბნის მართალს; ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი.

5. შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ რასმე მოვიმოქმედებ თქვენს დროში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებთ.

6. რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, ხალხს სასტიკსა და ფიცხელს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნით.

7. საშიშია და შემზარავი, მისგან გამოდის მსჯავრი და სასჯელი.

8. ჯიქზე უსწრაფესია მისი ცხენები, ბინდის მგლებივით მზერამახვილნი; დაჯირითობენ მისი მხედრებ, მოგრიალდებიან მხედრები შორიდან, მოფრინდებიან მსხვერპლს დაღირებული არწივებივით.

9. ერთიანად მოდის საალაფოდ, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს.

10. ამასხრებს მეფეებს და მთავრებს საცინად იგდებს; დასცინის ყოველ ციხე-სიმაგრეს, მიწაყრილებს ახვავებს მათ ასაღებად.

11. მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდვას. მისი ძალა კი მის ღმერთშია!

12. შენ ხომ უკუნისიდან ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ! არ დავიხოცებით! უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი; საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული!

13. სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა ბოროტეული ყლაპავს მართალს?

14. ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით.

15. ყველანი ანკესით ჰყავს ამოყვანილი, თავისი სათხევლით ამოთრეული და თავის ბადეში გამომწყვდეული. ამიტომ ხარობს და ზეიმობს.

16. ამიტომ სწირავს მსხვერპლს თავის სათხეველს და უკმევს თავის ბადეს, რადგან მათგან აქვს მსუყე კერძი და ნოყიერი საჭმელი.

17. ნუთუ ამისთვის უნდა ისროდეს თავის სათხეველს და უწყალოდ ხოცავდეს ხალხებს გამუდმებით?


თავი მეორე

1. ჩემს სადარაჯოზე დავდგები და გავალ კოშკზე, დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე.

2. მომიგო უფალმა და მითხრა: ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა.

3. რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება.

4. აჰა, გაამაყდა, არ გასწორდა მასში სული, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.

5. ამპარტავანი კაცი კი მატყუარა ღვინოსავითაა, არ მოისვენებს; ჯოჯოხეთივით აიბერება მისი სული და სიკვდილივით გაუმაძღარია: თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს.

6. ხომ ყველანი საარაკოდ გახდიან მას და მასხრად აიგდებენ, იტყვიან: ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებს - როდემდისო? - და მონახვეჭით იმძიმებს თავს!

7. ხომ უეცრად აღდგებიან შენი მკბენელნი და აღიძრებიან შენი დამაფრთხობელნი, რომ ათ კერძად იქცე?

8. რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცული, შენც გაგძარცვავს ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნის, ქალაქის და მის მკვიდრთა ჩაგვრის წილ.

9. ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი დაიხსნას ბოროტის ხელიდან!

10. სირცხვილი გადუწყვიტე შენს სახლს, რომ მოსპე უამრავი ხალხი, საკუთარ თავს შესცოდე.

11. რადგან ქვები ღაღადებენ კედლებიდან და ხის კოჭები ეპასუხებიან.

12. ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს.

13. განა ცაბაოთ უფლისგან არ არის, რომ ცეცხლისთვის იღვწიან ხალხები და არაფრისთვის დაშვრებიან ტომები?

14. რომ უფლის დიდების ცოდნით აივსოს ქვეყანა, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული?

15. ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ მათ სიშიშვლეს უყუროს!

16. პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები; შენც სვი და გაშიშვლდი; შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის დამცირება.

17. რადგან ლიბანის თრგუნვა შენს თავზე გადმოვა და პირუტყვთა აკლება შეგაშინებს, რადგან კაცის სისხლი გაქვს დაღვრილი და ქვეყანა, ქალაქი და მისი მცხოვრებნი დათრგუნული.

18. რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის მოძღვარს, მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა მუნჯებია მისი შექმნილი ღმერთები.

19. ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას: გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას.

20. უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია; დადუმდეს მთელი ქვეყანა მის წინაშე!


თავი მესამე

1. აბაკუმ წინასწარმეტყველის ლოცვა საგალობლად.

2. უფალო, გავიგონე შენგან გასაგონი და შემეშინდა. უფალო, იხსენ შენი ქმნილება სიცოცხლის შუა ძალზე; გააცხადე სიცოცხლის შუაძალზე, რომ რისხვის დროსაც კი მახსოვს შეწყალება.

3. თემანიდან მოდის ღმერთი და წმიდა - ფარანის მთიდან; დაფარა ზეცა მისმა ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა.

4. დღესავით ბრწყინავს მისი ნათელი, შუქს ასხივებს მისი ხელი და აქ იმალება მისი ძლიერება.

5. შავი ჭირი მიუძღვება წინ და ფეხდაფეხ მიჰყვება ჟამი.

6. შედგა და გათელა მიწა; გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები; გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი.

7. განსაცდელში ვხედავ ქუშანის კარვებს, ირხევიან მიდიანის ქვეყნის ფარდები.

8. ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს შენი მძვინვარება და ზღვას შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი?

9. შენ იშიშვლე მშვილდი, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული, მდინარეებად დაღარე დედამიწა.

10. დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები.

11. მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში; შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე.

12. რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომიი თელავ ხალხებს.

13. შენი ერის გამოსასხნელად გამოხვედი, შენი ცხებულის გამოსახსნელად; ჭერი ჩაუნგრიე ბოროტეულის სახლს, ძირიდან თხემამდე გააშიშვლე.

14. თავი გაუგმირე მათივე კვერთხებით მის ბელადებს, როცა მოგრიალდნენ ჩემს გასაცამტვერებლად და ყიჟინებდნენ, ბედშავის იდუმალ ჩასაყლაპად.

15. შენი ცხენებით ზღვა გაქვს გათელილი, ადიდებული წყლების ზვირთები.

16. გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყო ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი; მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვავად დაესხმიან.

17. თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანოს, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი.

18. მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას.

19. უფალი ღმერთია ჩემი ძალა; ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს (ლოტბარისთვის, ჩემს სიმებიან საკრავებზე).