თავი პირველი

1. ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულს, კეთილდღეობას და მშვიდობას უთვლიან ძმები - იერუსალიმში და იუდაში მყოფი იუდაელები.

2. დაე, სიკეთე მოგაგოთ ღმერთმა და გაიხსენოს თავისი აღთქმა აბრაამის, ისაკისა და იაკობის - თავის ერთგულ მორჩილთა მიმართ.

3. დაე, სუყველას მოგცეთ გული, რთამ თაყვანი სცეთ მას და აღასრულოთ მისი ნება მტკიცე გულითა და მოწადინე სულით.

4. გული გაგიხსნათ მან თავისი რჯულისათვის და მცნებებისთვის, მშვიდობა მოგფინოთ.

5. შეისმინოს უფალმა თქვენი ლოცვა-ვედრება და შეგიწყნაროთ გასაჭირში და არ გაგწიროთ.

6. ჩვენ ახლა თქვენთვის ვლოცულობთ.

7. დემეტრიოსის მეფობის დროს, ას სამოცდა ცხრა წელს, ჩვენ, იუდაელებმა, მოგწერეთ თქვენ დიდი გულისტკივილითა და მწუხარებით, რომელიც განვიცადეთ ჩვენ, როცა იასონი და მისი თანამზრახველები განუდგნენ წმიდა მიწას და სამეფოს,

8. და გადაწვეს კარიბჭეები, დაღვარეს უმანკო სისხლი. მაგრამ ჩვენ შევევედრეთ უფალს და შესმენილ იქნა ჩვენი ვედრება და შევწირეთ მსხვერპლი და ძღვენი, დავანთეთ კანდლები და პური დავუწყვეთ გვერდით.

9. ახლაც აღასრულებდეთ კარვობის დღესასწაულს, ქისლევის თვეში ას ოთხმოცდა რვა წელს.

10. მეფე პტოლომეოსის მასწავლებელს, არისტობულოსს, მირონცხებულ მღვდელთა ნათესავს და ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულსა და ჯანმრთელობას უსურვებენ იერუსალიმში და იუდაში მყოფნი, უხუცესობა და იუდა.

11. დიდად ვუმადლით ღმერთს, საშინელ საფრთხეთაგან ჩვენს მხსნელს, რომ შეგვეწია მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში

12. და უკუაქცია წმინდა ქალაქზე გამოლაშქრებული ჯარი,

13. რადგან სპარსეთს რომ მიადგა წინამძღთალი თავისი ლაშქრით, როშელიც უძლეველად იყო მიჩნეული, ნაკუწ-ნაკუწად აკაფეს ნანეას ტაძარში ამ ტაძრის ქურუმთა ეშმაკობის წყალობით.

14. ანტიოქოსი ხომ თითქოსდა მასთან შეუღლების სურვილით წამოვიდა ხსენებული ადგილისაკენ და მასთან ერთად მისი მეგობრებიც მოვიდნენ აქ, მზითვის ფულის ასაღებად.

15. ნანეას ქურუმებმა გადაიხადეს ფული და მეფეც მცირედი ამალით კვრივის გალავანში შემოვიდა. და, როგორც კი შედგა ტაძარში ანტიოქოსმა ფეხი, შიგნით მოიმწყვდიეს იგი ქურუმებმა,

16. გახსნეს თაღზე ფარული კარი, დაუშინეს იქიდან ქვები და ჩაქოლეს ყველა - წინამძღოლიცა და თანმხლებნიც; შემდეგ მოკვეთეს მათ თავები და გარეთ გამოყარეს.

17. ყოვლად კურთხეულია ჩვენი ღმერთი, რომ გასცა მკრეხელები;

18. ხოლო ჩვენ, რაკი მოვისურვეთ ქისლევის ოცდამეხუთე დღეს გვედღესასწაულა ტაძრის სატფურების დღესასწაული, საჭიროდ ვცანით, გვეუწყებინა თქვენთვის, რომ თქვენც გაგემართათ კარვობისა და ცეცხლის დღესასწაული, როგორც ნეემიამ, ტაძრისა და სამსხვერპლოს ამშენებელმა, შესწირა მსხვერპლი.

19. რადგან როცა სპარსეთში ტყვედ წაასხეს ჩვენი მამა-პაპა, ღვთისმოშიშმა მღვდლებმა საკურთხევლიდან საიდუმლოდ წამოიღეს ცეცხლი და მშრალი ჭის ფსკერზე გადამალეს და საიმედოდ შეინახეს ჭაში, რაკი არავინ იცოდა ეს ადგილი.

20. გამოხდა მრავალი წელი და ღმერთმა ინება, რათა სპარსეთის მეფეს ნეემია გაეგზავნა ცეცხლისთვის მისი შემნახველი მღვდლების შთამომავლებთან; როცა გვაცნობეს, რომ არ აღმოჩნდა ცეცხლი, არამედ მხოლოდ შემკვრივებული წყალი, უბრძანა მათ ნეემიამ, მოეტანათ იგი.

21. როცა ყველაფერი მოამზადეს მსხვერპლის შესაწირად, ნეემიამ მღვდლებს უბრძანა, ეპკურებინათ წყალი შეშისთვის და მასზე დაწყობილი მსხვერპლისთვის.

22. ბრძანება რომ შეასრულეს და დრომ მოაწია, გამოანათა მზემ, აქამდე ღრუბლებით რომ იყო დაფარული, და აღეგზნო დიდი ცეცხლი; გააოცა ამან ყველა.

23. მღვდლები კი, ვიდრე მსხვერპლი იწვოდა, ლოცულობდნენ მღვდლებიც და ყველანი. იონათანი იწყებდა და დანარჩენები ხმას აყოლებდნენ, და ნეემიაც მათ შორის.

24. ასეთი იყო მათი ლოცვა: უფალო, უფალო, ღმერთო, ყოვლის შემოქმედო, საშინელო და ძლიერო, სამართლიანო და ლმობიერო, ერთადერთო მეუფევ, კეთილისმყოფელო,

25. ერთადერთო გამრიგევ, ერთადერთო მართალო, ყოვლისმპყრობელო და მარადიულო, რომელმაც იხსენი ისრაელი ყოველივე ბოროტისაგან, რომელმაც გამოარჩიე მამები და აკურთხე ისინი;

26. შეიწირე ეს მსხვერპლი მთელი შენი ხალხის, ისრაელის გულისთვის, დაიცავი შენი წილხვედრი და წმინდაჰყავ იგი.

27. გევედრებით, კვლავ შეკრიბო ჩვენი გაფანტული ხალხი, იხსნა დატყვევებულნი წარმართთა შორის, მოხედე განწირულთ და მოძულებულთ; დაე, უწყოდნენ წარმართებმა, რომ ჩვენი ღმერთი ხარ;

28. დასაჯე ჩვენი მოძალადეები, ამპარტავნობით რომ გვაგულისებენ.

29. დანერგე შენი ხალხი შენს წმიდა ადგილას, როგორც თქვა მოსემ.

30. მღვდლები კი ამასობაში საზეიმო სიმღერებს გალობდნენ.

31. როგორც კი შეიწირა მსხვერპლი, ნეემიამ ბრძანა, დანარჩენი წყალი დიდ ქვებზე მოეღვარათ.

32. როგორც კი ეს ბრძანება აღასრულეს, იფეთქა ალმა, მაგრამ სამსხვერპლოსაგან გამოტევებულ შუქზე ჩანელდა იგი.

33. განცხადდა ეს საქმე და მოახსენეს სპარსეთის მეფეს, რომ იმ ადგილას, სადაც გადმოსახლებული მღვდლები ინახავდნენ ცეცხლს, აღმოჩნდა წყალი და ამ წყლით ნეემიას მიმდევრებმა განწმიდეს მსხვერპლი.

34. მეფემ საქმის ვითარება რომ გაიცნო, ბრძანა შემოესაზღვრათ ეს ადგილი, როგორც კვრივი.

35. ხოლო იმათ, ვისაც სწყალობდა, მეფემ ბევრი ძღვენი უბოძა, რაც თავად ჰქონდა მიღებული.

36. ხოლო ნეემიას თანმხლებმა ხალხმა უწოდა ამ ადგილს ნეფთარ, რაც განწმედად ითარგმნება. ბევრი კი მას ნეფთაის უწოდებს.


თავი მეორე

1. მოიძებნა იერემიას ჩანაწერები, სადაც წინასწარმეტყველი უბრძანებს გადმოსახლებულთ, აიღონ ცეცხლი, რაც ზემოთაც იყო აღნიშნული,

2. და რჯულს აძლევს და უანდერძებს წინასწარმეტყველი გადმოსახლებულთ, არ დაივიწყონ უფლის მცნებები და არ აერიოთ გონება მაცთუნებელი სანახაობით - ოქროსა და ვერცხლის კერპებით და მათზე ჩამოკიდებული სამკაულებით.

3. სხვასაც ბრძანებდა, ამის მსგავსს, მოძღვრავდა გადმოსახლებულთ, რათა არ განდგომოდა რჯულს მათი გული.

4. წერილი გვაუწყებს, რომ წინასწარმეტყველს, უფლის შთაგონებით, კარვისა და კიდობნისათვის უბრძანებია, მას გაჰყოლოდნენ, როცა მთისკენ გაემართა, საიდანაც მოსემ უფლის წილხვედრი იხილა.

5. მივიდა იქ იერემია და იპოვა გამოქვაბული და შიგ შეიტანა კარავი, კიდობანი და საკურთხეველი, და დაბეჭდა შესასვლელი.

6. როცა მის კვალზე აქ მოვიდნეხ ზოგიერთნი მის თანმხლებ პირთაგან, რომ მოენიშნათ გზა, ვერ იპოვეს ის ადგილი.

7. როცა გაიგო ეს იერემიამ, უსაყვედურა მათ და თქვა: უცნობი იქნება ეს ადგილი, ვიდრე არ შემოკრებს აქ ღმერთი თავის ხალხს და მოწყალების თვალით არ დახედავს მათ.

8. მაშინ გამოაჩენს უფალი ადგილს და გამოჩნდება უფლის დიდებაცა და ღრუბელიც, რომელიც მოსეს დროსაც გამოჩნდა. აკი სოლომონიც ითხოვდა, რომ ეს ადგილი გამორჩეულად ყოფილიყო კურთხეული.

9. ისიც ცხადი გახდა, რომ სიბრძნის მფლობელმა სოლომონმა აქ შესწირა მსხვერპლი სატფურებისა და ტაძრის განსრულებისათვის,

10. როგორც მოსემ აღავლინა ლოცვა უფლისადმი და ჩამოვიდა ზეციდან ცეცხლი და შთანთქა მსხვერპლი, ასევე სოლომონმაც ილოცა და ცით მოვლენილმა ცეცხლმა გაანადგურა აღსავლენი მსხვერპლი.

11. მოსემ თქვა: დაიწვა იგი, რადგან არ იჭმევა ცოდვის მსხვერპლი.

12. ასევე გაატარა სოლომონმაც რვა დღე.

13. მსგავსი ამბებია მოთხრთრილი ნეემიას ჩანაწერებსა და მოგონებებში, რომ მან დააფუძნა წიგნთსაცავი და თავი მოუყარა წიგნებს მეფეებსა და წინასწარმეტყველებზე, რომ შეაგროვა დავითის წიგნები და ნაწერები შესაწირავთა თაობაზე.

14. ასევე იუდამაც თავი მოუყარა ომიანობის დროს გაფანტულ წიგნებს და ახლა ჩვენა გვაქვს ყველაფერი.

15. თუ დაგჭირდათ ამათგან რაიმე, გამოგვიგზავნეთ ხალხი და გამოვატანთ.

16. უკვე მოგწერეთ, რომ გვსურდა განწმედის დღესასწაულის გადახდა; კარგი იქნებოდა, თქვენც რომ აღგენიშნათ ეს დღეები.

17. ღმერთმა იხსნა მთელი თავისი ხალხი და დაუბრუნა წილხვედრი ყველას, სამეფო, სამღვდელოება და საწმიდარი,

18. როგორც აღთქმული ჰქონდა რჯულით; ღმერთის იმედი გვაქვს, რომ მალე შეგვიწყალებს და შემოგვკრებს ყოველი მხრიდან ცისქვეშეთში თავის წმიდა ადგილზე. აკი გვიხსნა კიდეც დიდი ბოროტებისაგან და განწმიდა ეს ადგილი.

19. ხოლო იუდა მაკაბელისა და მისი ძმების ამბავს, დიდი ტაძრის განწმედას და საკურთხევლის სატფურებას,

20. აგრეთვე ანტიოქოს ეპიფანესა და მისი ძის - ევპატოსის წინააღმდეგ წარმოებულ ომებს,

21. და ხილვებს, ციდან რომ გარდმოდიოდა, იმ მებრძოლებზე, ესოდენი თავდადებით რომ იბრძოდნენ იუდაელებისთვის, და სიმცირის მიუხედავად, ხელში ჩაიგდეს მთელი ქვეყანა და განდევნეს ბარბაროსთა ურდოები,

22. და აღადგინეს საქვეყნოდ განთქმული ტაძარი, გაათავისუფლეს ქალაქი და გადაარჩინეს რჯული, განადგურების პირზე რომ იყო მისული, როცა უფალმა თავისი კეთილმოწყალება მოიღო მათზე, -

23. ყოველივე ამას, იასონ კირენელის მიერ ხუთ წიგნში მოთხრობილს, ვეცდებით ერთ წიგნში მოვუყაროთ თავი.

24. რაკი ვგრძნობთ, რაზომ სირთულეს შეუქმნის რიცხვთა სიმრავლე ისტორიულ გადმოცემათა სიღრმეში შეღწევის მსურველთ,

25. ამიტომაც მიზნად დავისახეთ, გვეამებინა მათთვის, ვისაც ამბავთა გაცნობა სურს; განსჯის მოყვარულთა სულები კი სისადავით მოგვეხიბლა, მეხსიერებაში ადვილად რომ აღბეჭდილიყო გადმოცემები; ხოლო ნებისმიერი მკითხველისთვის სარგებლობა მოგვეტანა.

26. არ იყო ადვილი ამბების შეკუმშვით გადმოცემა, რაც მოითხოვდა ჩვენგან ოფლის ღვრას და უძილო ღამეებს,

27. ისევე, როგორც არ არის ადვილი ნადიმის მოწყობა და სხვათა სიამოვნებისთვის ზრუნვა. და მაინც ჩვენ მრავალთა სასიკეთოდ ვიტვირთეთ ეს ძნელი საქმე,

28. მივანდეთ რა თითოეული ამბის წვრილმანები მემატიანეს, ჩვენ კი მთელი გულისყური ამბავთა შეკუმშვისაკენ მივმართეთ.

29. იმ ხუროთმოძღვრის მსგავსად, რომელიც ძველი შენობისაგან ახალს აგებს და ნანგრევებისგან მთლიანობის აღდგენა ევალება და არა მოჩუქურთმება და მოხატვა, რაც უკვე სხვა ხელობის კაცის საქმეა, ვფიქრობ, ასევეა ჩვენი საქმეც.

30. ჩაღრმავება და ამბის გამოწვლილვით გადმოცემა იმ მემატიანის საქმეა, რომელიც პირველად იწყებს თხრობას,

31. ხოლო სათქმელის მოკლედ გადმოცემა და ვრცელ ამბავთა დაწვრილებითი განჩხრეკისათვის თავის არიდება შეკუმშვის მოთავეს მოეთხოვება.

32. ამ ნათქვამიდან გამომდინარე ვიწყებთ თხრობას, რადგან ვერაფერი საქმეა თხრობამდე განავრცო სიტყვა, თავად თხრობა კი შეამოკლო.


თავი მესამე

1. როცა მშვიდობა სუფევდა წმიდა ქალაქში და რჯულსაც ონია მღვდელთმთავრის ღვთისმოსავობისა და ბოროტმოძულეობის წყალობით პატიოსნად იცავდა ხალხი,

2. თავად მეფეებიც კი პატივს მიაგებდნენ ამ ადგილს და საკურთხეველსაც საგანგებო ძღვენს სწირავდნენ.

3. ასე, რომ, თვით აზიის მეფეს, სელევკოსსაც კი გაუღია საკუთარი ხაზინიდან სახსრები ყოველგვარი მსხვერბლშეწირვისა და ღვთისმსახურებისათვის.

4. მაგრამ ერთი კაცი, სახელად სიმონი ბენიამინის ტომიდან, ტაძრის მეურვედ რომ დაადგინეს, ქალაქის კანონმდებლობის თაობაზე შემოედავა მღვდელმთავარს.

5. რომ ვერ აჯობა ონიას, წავიდა აპოლონიოს თრასეას ძესთან, კოილეს სირიისა და ფინიკიის იმდროინდელ სარდალთან.

6. და მოახსენა, რომ იერუსალიმის საგანძურები სავსე იყო ფულით და რომ იქ უთვალავი სხვა ნივთიც იპოვებოდა, და რომ ისინი არ ეკუთვნოდა შესაწირავებს და რომ შეიძლებოდა მეფეს ხელთ ეგდო ეს ყველაფერი.

7. აპოლონიოსიც შეხვდა თავად მეფეს, მოახსენა ფულის თაობაზე, რაზეც იყო ლაპარაკი, და მეფემაც გადაწყვიტა, ამ საქმეზე ჰელიოდოროსი გაეგზავნა ხსენებული ფულის წამოსაღებად.

8. ჰელიოდოროსმა მაშინვე დაიწყო სამზადისი; კოილეს სირიისა და ფინიკიის ქალაქთა დათვალიერებას იმიზეზებდა, სინამდვილეში კი მეფის დანაბარები უნდა შეესრულებინა.

9. მოყვრულად მიიღო იერუსალიმში ჩასული ჰელიოდოროსი ქალაქის მღვდელმთავარმა და მანაც აუწყა მას მეფის მოთხოვნა და განუცხადა, რის გამოც იყო აქ მოვლენილი; თან ეკითხებოდა მღვდელმთავარს, სიმართლე იყო თუ არა საგანძურის ამბავი.

10. მღვდელმთავარმა განუმარტა, ეს ქონება ქვრივებისა და ობლების მობარებულიაო,

11. ნაწილი კი ერთი დიდად გავლენიანი კაცის, ჰირკანოს ტობიას ძის არისო. ჩვენთან სულ ოთხასი ტალანტი ვერცხლი და ორასი ტალანტი ოქრო ინახება, უკეთურმა სიმონმა კი ცილი დაგვწამაო.

12. ხოლო იმათი დაჩაგვრა, ვინც დაენდო ამ კვრივ ადგილს და მთელს სამყაროში პატივდებული ტაძრის სიწმიდესა და შეუვალობას, ყოვლად დაუშვებელიაო.

13. მაგრამ ჰელიოდოროსი დაჟინებით ითხოვდა მეფის განკარგულების აღსრულებას; ამბობდა, ეს ქონება მეფის საგანძურში უნდა შევიდესო.

14. დადგენილ დღეს იგი შეუდგა განზრახულის განხორციელებას, რასაც ქალაქში დიდი მღელვარება მოჰყვა.

15. მღვდლები, წოდების შესაბამისად შემოსილნი, სამსხვერპლოს წინ დაემხენ და უხმობდნენ ცაში იმას, ვინც ტაძრისთვის მიბარებულის რჯული დააწესა, დაეცვა მიმბარებელთა ქონება.

16. გული ეკუმშებოდა მღვდელმთავრის სახის შემყურეს - სულიერ ტკივილს მისი სახის გამომეტყველება და კანის ფერიც კი შეეცვალა.

17. შიშით იყო შეძრული მისი სხეული და ცხადად ხედავდა მაყურებელი მის გულში ჩაბუდებულ ტკივილს.

18. სახლებიდანაც გამორბოდა ხალხი საყოველთაო ლოცვაზე, რაკი წმიდა ადგილს შეგინება მოელოდა.

19. ჯვალოთი წელშემოსარტლული ქალები ქუჩებში გროვდებოდნენ, სახლებში გამოკეტილ ქალწულთაგან კი ზოგი კარიბჭისკენ გარბოდა, ზოგი გალავანზე გადიოდა, ზოგიც სარკმლიდან იყურებოდა.

20. ყველა იწვდიდა ცისკენ ხელებს და ლოცვა-ვედრებას აღავლენდა.

21. საცოდავი საყურებელი იყო პირქვე დამხობილი ხალხი და მოლოდინით გათანგული მღვდელმთავარი.

22. ევედრებოდნენ ყოვლისშემძლე უფალს, რათა დაეცვა მორწმუნეთა მიბარებული განძი.

23. ჰელიოდოროსი კი შეუდგა განზრახულის აღსრულებას.

24. და როცა იგი შუბოსნებთან ერთად უკვე მიადგა საგანძურს, სულთა და ყოველთა ძალთა მპყრობელმა დიადი ხილვა მოუვლინა ჰელიოდოროსსა და მთელს მის ამალას; ყველას, ვინც კი გაბედა ჰელიოდოროსის თანხლება, ზარი დასცა ღვთის ძალამ და შიშისგან ცნობა წაერთვათ.

25. ეჩვენათ დიდებულად აღკაზმული ცხენი საშინელი მხედრით; ფიცხლად მიეჭრა იგი ჰელიოდოროსს და წინა ფლოქვები აძგერა მას. მხედარი, როგორც ჩანდა, მთლიანად ოქროთი იყო შემოსილი და აღჭურვილი.

26. მხედართან ერთად გამოჩნდა ორი სხვა ჭაბუკი, ძალით გამორჩეულნი, სახით მშვენიერნი და ბრწყინვალედ შემოსილნი; ორივე მხრიდან მოსდგნენ ჰელიოდოროსს და გაშოლტვა დაუწყეს, ჭრილობებით დაუფარეს ტანი.

27. მყისვე დაეცა მიწაზე ჰელიოდოროსი და ღრმა წყვდიადმა მოიცვა იგი. აიღეს და საკაცეზე დადეს.

28. და ის, ვინც წეღან დიდი ამალითა და მრავალი შუბოსნის თანხლებით შედიოდა საგანძურში, ახლა უმწეო გამოჰქონდათ უკან; ცხადი გამხდარიყო მისთვის ღვთის ძლევამოსილება.

29. და ეგდო უხმოდ, ღვთაებრივი ძალით დასჯილი, ყოველგვარ იმედსა და ხსნას მოკლებული.

30. აუდაელები კი განადიდებდნენ უფალს, სასწაული რომ მოუვლინა თავის სამკვიდრებელს და სულ ცოტა ხნის წინ შიშითა და დაბნეულობით აღვსილი ტაძარი ახლა, ყოვლისშემძლის გამოცხადებით, სიხარულითა და მადლით აღივსო.

31. მაშინ ჰელიოდოროსის რამდენიმე ნათესავთაგანი ეახლა ონიას და სთხოვა, უზენაესს შევედრებოდა, რომ სიცოცხლე ეჩუქებინა სულთმობრძავისათვის.

32. მღვდელმთავარიც შეშინდა, მეფეს არ ეფიქრა, თითქოს იუდაელებს ჰელიოდოროსისადმი რაიმე ავი განზრახვა ჰქონოდეთ, და მსხვერპლშეწირვა აღასრულა კაცის გადასარჩენად.

33. ამ გამოსასყიდი ღვთისმსახურების დროს კვლავ გამოეცხადნენ ჰელიოდოროსს ჭაბუკები, იმავე სამოსელში გამოწყობილნი, წინ დაუდგნენ და უთხრეს: დიდი მადლი უნდა მიაგო ონია მღვდელმთავარს, რადგან მისი წყალობით გაჩუქა სიცოცხლე უფალმა.

34. შენ კი, ღვთის მიერ დასჯილო, ყველას აუწყე მისი ძლევამოსილება. ეს თქვეს და გაუჩინარდნენ.

35. ხოლო ჰელიოდოროსმა მსხვერპლი შესწირა უფალს, მრავალი აღთქმა აღუთქვა სიცოცხლის ხსნისათვის, მადლი მიაგო ონიას და თავისი მხედრობითურთ მეფესთან გაბრუნდა.

36. ადასტურებდა ყველას წინაშე. რომ იხილა უზენაესი ღმერთის მოქმედება.

37. ხოლო მეფის შეკითხვაზე, ვის მიიჩნევდა შესაფერისად, ერთხელ კიდევ რომ გაეგზავნათ იერუსალიმში, ჰელიოდოროსი პასუხობდა:

38. თუ გყავს ვინმე მტერი, ან ვინმე ისეთი, ვისაც შენს საქმეებზე ბოროტად უჭირავს თვალი, ის გაგზავნე და უკან მიიღეს მას გაშოლტილს, თუ ცოცხალი გადარჩა, რადგან ჭეშმარიტად ღვთაებრივი ძალაა დასადგურებული ამ ადგილზე.

39. თავად ის, ვინც ცაშია დამკვიდრებული, ადევნებს თვალყურს ამ ადგილს და იცავს მას, ამხობს და ანადგურებს შეურაცხმყოფელს.

40. აი, ეს შეემთხვა ჰელიოდოროსს და ასე გადარჩა საგანძური.


თავი მეოთხე

1. ხოლო ზემოთხსენებული სიმონი, საგანძურისა და სამშობლოს გამყიდველი, ცილს სწამებდა ონიას, თითქოს მას შთაეგონებინოს ჰელიოდოროსი და ბოროტ საქმეთა მოთავე ყოფილიყოს.

2. იმის თქმასაც კი ბედავდა, თითქოს ქალაქის კეთილმოამაგე, თვისტომებზე მზრუნველი და კანონების თავგამოდებული ქომაგი, მმართველობის წინააღმდეგ შეთქმულიყოს.

3. მტრობა იქამდე მივიდა, რომ სიმონი, ერთი თვისი სანდო კაცის მეშვეობით, მკვლელირაზე აქეზებდა ხალხს.

4. როცა ონია მიხვდა, რომ ეს მტრობა სახიფათო იყო და რომ აპოლონიოს მენესთევსის ძე, კოილეს სირიისა და ფინიკიის სტრატეგოსი, აქეზებდა სიმონს ბოროტმოქმედებაზე,

5. ეახლა მეფეს არა როგორც თანამოქალაქეთა ბრალმდებელი, არამედ როგორც კერძო და საზოგადო კეთილდღეობაზე მზრუნველი.

6. რადგან ხედავდა, რომ მეფის ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქმეთა მშვიდობიანი მოგვარება და სიმონიც თავის უგუნურებაზე არ იღებდა ხელს.

7. როცა სელევკოსი აღესრულა და სამეფო ეპიფანედ წოდებულმა ანტიოქოსმა ჩაიბარა, მღვდელმთავრობის უკანონოდ ხელში ჩაგდება მოიწადინა იასონმა, ონიას ძმამ.

8. იგი ეახლა მეფეს და აღუთქვა მას სამასსამოცი ტალანტი ვერცხლი და კიდევ ოთხმოცი ტალანტი სხვა შემოსავლიდან.

9. გარდა ამისა, შეჰპირდა კიდევ ასორმოცდაათის გადახდას, თუკი უფლებას მისცემდნენ, ამ თანხით დაეარსებინათ გიმნასიონი და ეფებეიონი, იერუსალემელები კი ანტიოქიის მოქალაქეებად ჩაეწერათ.

10. მეფე რომ დაითანხმა და ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, მაშინვე შეეცადა თვისტომთა შორის ელინური ჩვევების გავრცელებას.

11. აუქმებდა შეღავათებს, რომლებიც იუდაელებს კაცთმოყვარე მეფისგან ჰქონდათ მიღებული ევპოლემოსის მამის, იოანეს წყალობით, როცა ის ელჩობდა რომაელებთან მეგობრობისა და კაცთმოყვარეობის გასამყარებლად. არღვევდა რჯულიერ ცხოვრებას და ურჯულო წეს-ჩვეულებებს ნერგავდა.

12. ხალისით ააგო მან გიმნასიონი პირდაპირ ციხესიმაგრის ძირას და აიძულებდა რჩეულ ყმაწვილებს, ელინური ქუდი ეტარებინათ.

13. ეს იყო ელინურობის უკიდურესი გამოვლინება და უცხოურობის შემოჭრა უღვთო და ცრუმღვდელმთავრის, იასონის მკრეხელური მოქმედების მეოხებით.

14. აღარ იყვნენ ღვთისმსახურებას მოწადინებული მღვდლები, მოიძულეს მათი ტაძარი, არ სურდათ მსხვერპლშეწირვა და გატყორცნილი დისკოს ხმის გაგონებისთანავე გარბოდნენ მოედანზე ურჯულო ასპარეზობის საყურებლად.

15. არად აგდებდნენ მამაპაპეულ პატივს და მხოლოდ ელინური დიდება მიიჩნეოდა ღირსებად.

16. ამის გამო კიდეც დაატყდათ მათ თავს უბედურება; სწორედ ისინი შეიქნენ მათი მტრები და დამსჯელები, რომელთა ცხოვრების წესი მოსწონდათ და ბაძავდნენ.

17. რადგან არ არის ადვილი საქმე ღვთიური რჯულის შეურაცხყოფა, როგორც ამას მომავალი გამოაჩენს ხოლმე.

18. იმ დროს, როცა ტვიროსში მეფის თანდასწრებით ხუთწლიანი ასპარეზობა მიმდინარეობდა,

19. უწმიდურმა იასონმა იერუსალიმიდან ანტიოქიელები გაგზავნა მაყურებლებად, რათა ჩაეტანათ იქ სამასი დრაქმა ჰერაკლესთვის შესაწირად. მაგრამ მათ, ვისაც ეს ფული ებარა, არ სურდათ მისი შეწირვა, რადგან უკეთურებად მიაჩნდათ, და ფიქრობდნენ, სხვა საჭიროებისთვის დაეხარჯათ იგი.

20. ამგვარად, ეს ფული, რომელიც მისი გამომგზავნელის ფიქრით ჰერაკლეს სამსხვერპლოდ უნდა გამოყენებულიყო, მის წამომღებთა გადაწყვეტილებით ტრირემების მშენებლობას მოხმარდა.

21. მას შემდეგ, რაც ფილომეტორის მეფედ გამოცხადების გამო ეგვიპტეში გააგზავნეს აპოლონიოს მენესთევსის ძე, ანტიოქოსმა იგი სამეფოს მტრად მიიჩნია და საკუთარ უსაფრთხოებაზე დაიწყო ზრუნვა. ამიტომაც იაფოში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმისკენ გაემართა.

22. დიდებულად დახვდნენ მას იასონი და მოქალაქენი, ჩირაღდნებითა და ყიჟინით შეიყვანეს ქალაქში. მერე ფინიკიისკენ გაემართა ანტიოქოსი ლაშქრით.

23. სამი წლის შემდეგ გააგზავნა იასონმა ზემოთხსენებული სიმონის ძმა, მენელაოსი, რათა მეფისთვის ფული გადაეცა და გადაუდებელ საქმეთა თაობაზეც მოეხსენებინა.

24. ხოლო მენელაოსმა, როცა იგი წარუდგინეს მეფეს, მლიქვნელურად განადიდა სამეფო ხელისუფლება, თავი მღვდელმთავრად გამოაცხადა და იასონის შეპირებული თანხის ზევით სამასი გალანტი აღუთქვა მეფეს.

25. როცა მენელაოსმა მეფისაგან დავალება მიიღო, დაბრუნდა უკან, მაგრამ მღვდელმთავრობის ღირსი არაფერი წამოუღია თან, მხოლოდ ტირანის სისასტიკე და მძვინვარება ველური მხეცისა.

26. ამგვარად, იასონი, ვინც საკუთარი ძმა გააბრიყვა და თავადაც სხვისგან იქნა გაბრიყვებული, გაიქცა ლტოლვილი ყამონელთა ქვეყანაში.

27. მენელაოსმა ძალაუფლება კი ჩაიგდო ხელში, მაგრამ მეფისთვის არ გადაუხდია დაპირებული ფული,

28. თუმცა მოთხოვნას მოთხოვნაზე უგზავნიდა მას სოსტრატოსი, აკროპოლისის ეპარქოსი, ვისაც ევალა ეს საქმეები. ამის გამო მეფემ თავისთან იხმო ორივე.

29. მენელაოსმა მღვდელმთავრობა დაუტოვა მოსაყდრეს - ლისიმაქოსს, თავის ძმას, სოსტრატოსმა კი - კრატესს, კვიპროსელთა განმგებელს.

30. ამ დრთას დაიწყო ტარსოსელთა და მალოტელთა აჯანყება იმის გამო, რომ ისინი საჩუქრად მიუძღვნეს ანტიოქისს, მეფის ხასას.

31. ამიტომ მეფე სასწრაფოდ გაეშურა საქმეების მოსაგვარებლად და თავის მოსაყდრედ დატოვა ანდრონიკოსი, ერთ-ერთი დიდებულთაგანი.

32. მენელაოსმაც იფიქრა, რომ დრო დაუდგა ტაძრის კუთვნილი ნივთებიდან რაღაც ნაწილი ანდრონიკოსისთვის ეჩუქებინა, დანარჩენი კი ტვიროსში და მიმდებარე ქალაქებში გაეყიდა.

33. დანამდვილებით რომ გაიგო ონიამ ეს ამბავი, ამხილა მენელაოსი და მერე ანტიოქიის მახლობლად დაფნეს შეაფარა თავი.

34. მენელაოსმა კი, რომელმაც ანდრონიკოსის მხარი დაიჭირა, სთხოვა მას, მოეკლა ონია. ანდრონიკოსი მივიდა ონიასთან და ვერაგული ფიცით და მარჯვენის გაწვდით დაიყოლია, საწმიდარის თავშესაფარიდან გამოსულიყო, მაგრამ კი ყოყმანობდა ონია. გამოსვლისთანავე მოკლა იგი სამართლის უგულებელმყოფელმა.

35. ამან აღაშფოთა არა მარტო იუდაელები, არამედ სხვა ხალხებიც, ყველანი გულისწყრომით შეხვდნენ კაცის უსამართლო მკვლელობას.

36. როცა დაბრუნდა მეფე კილიკიის ქვეყნებიდან, ქალაქში მყოფმა იუდაელებმაც და ელინებმაც აღშფოთებით აუწყეს მას, რომ ონია უდანაშაულოდ იყო მოკლული.

37. დიდად შეწუხდა მაშინ ანტიოქოსი, მოწყალების სულით განიმსჭვლა და ცრემლებით იგონებდა გარდაცვლილის გონიერებასა და დიდ წესიერებას.

38. რისხვით აგზნებულმა უმალვე შემოაძარცვა ანდრონიკოსს ძოწეული, შემოახია ქიტონი, მთელი ქალაქი შემოატარა და იმ ადგილზე, სადაც უკეთურად მოკლა მან ონია, სიკვდილით დაასჯევინა იგი, რითაც უფალმა საკადრისი მიუზღო ანდრონიკოსს.

39. როცა ქალაქში ლისიმაქოსის თაოსნობითა და მენელაოსის წაქეზებით ტაძართა ძარცვა გახშირდა და ხალხმაც გაიგო ეს ამბავი, აღშფოთდა ხალხი ლისიმაქოსზე, რადგან მას უკვე დიდძალი ოქროს ჭურჭელი ჰქონდა დატაცებული.

40. როცა რისხვაატანილი ბრბოები აღდგნენ, ლისიმაქოსმა შეაიარაღა სამასი ათასამდე მეომარი ვინმე ავრანიოსის, ასაკითაც და უგუნურებითაც ხანდაზმული კაცის, მეთაურობით და უსამართლო შეტევაზე გადავიდა.

41. მაგრამ გაუგეს ლისიმაქოსს განზრახული და დასწვდა ვინ - ქვას, ვინ კომბალს, ზოგმაც მიწაზე დაყრილი ნაცარი მოხვეტა და ერთობლივ დაიძრნენ ლისიმაქოსის ხალხის წინააღმდეგ.

42. ბევრი მათგანი დაჭრეს, ზოგი დახოცეს, ბევრიც უკუაქციეს, თავად ტაძრის მძარცველი კი საგანძურთან მოკლეს.

43. ეს ყოველივე ბრალდებად წაუყენეს მენელაოსს.

44. როცა მეფე ჩავიდა ტვიროსში, სამმა რწმუნებულმა უხუცესთა საბჭოდან საჩივარი აღძრა მის წინააღმდეგ.

45. უკვე შეპყრობილმა მენელაოსმა კი პტოლემეოს დორიმენეს ძეს აღუთქვა საკმაოდ დიდი ქრთამი მეფის დასაყოლიებლად.

46. ამიტომ პტოლემეოსმაც, გაინაპირა რა მეფე დასვენების მომიზეზებით, გადაიბირა იგი და აზრი შეაცვლევინა.

47. ასე რომ, მართლად ცნეს და გაათავისუფლეს ბოროტმოქმედების სულისჩამდგმელი მენელაოსი და სასიკვდილო განაჩენი გამოუგანეს იმათ, რომელთა სამართლიანი სიტყვა სკვითებთანაც კი გაჭრიდა.

48. ასე დაატყდა თავს უსამართლო სასჯელი ქალაქის, ხალხისა და წმიდა ჭურჭლის დამცველებს.

49. ამ ამბით აღშფოთებულმა ტვიროსელებმა უხვად გაიღეს დახოცილთა დასამარხავი ხარჯები.

50. ხოლო მენელაოსს ამა ქვეყნის ძლიერთა მომხვეჭელობის წყალობით შერჩა ხელისუფლების სადავეები და კიდევ უფრო მომეტებული ბოროტებით მოსისხლე მტრად მოევლინა თანამოქალაქეთ.


თავი მეხუთე

1. ამ დროისთვის ანტიოქოსმა ეგვიპტეში მეორეჯერ გააგზავნა ლაშქარი.

2. და თითქმის ორმოც დღეს მთელ ქალაქზე ჩნდებოდნენ ხოლმე ჰაერში მოჯირითე მხედრები, მოოქროვილი აღჭურვილობით შემოსილები და მეომრებივით შუბებით შეიარაღებულნი;

3. ცხენოსანთა რაზმების იერიშები, მოპირისპირე მხარეთა უკანდახევანი, შუბების ქნევა, ჰოროლთა და გატყორცნილ ისართა სიმრავლე, ოქროს სამკაულის ელვარება, ყოველგვარი აღკაზმულობა.

4. ამიტომ ლოცულობდა ყველა, რომ კეთილად ამხდარიყო ის ხილვები.

5. როცა ჭორიც გავრცელდა, ანტიოქოსი აღესრულაო, იასონმა შეკრიბა თითქმის ათასიანი ლაშქარი და უეცრად ქალაქზე მიიტანა იერიში. და უკვე გალავანზე რომ იყვნენ ასულნი და ქალაქიც აღებული იყო ლამის, მენელაოსი იძულებული გახდა, ციხე-სიმაგრისთვის შეეფარებინა თავი.

6. იასონმა კი თავის თანამოქალაქეებს დაუნდობელი სისხლისღვრა მოუწყო. არ ესმოდა, რომ თვისტომთა ხარჯზე მოხვეჭილი წარმატება უდიდესი უბედურებაა; ეგონა, მტერზე ალაფობდა და არა თანამემამულეებზე.

7. ძალაუფლება კი მაინც ვერ იგდო ხელთ და მისი ბოროტი განზრახვა სამარცხვინო უკუდახევით დამთავრდა; ლტოლვილმა კვლავ ყამონიანებს შეაფარა თავი.

8. საბოლოოდ, ავი ბედი ეწია მას: არაბთა მბრძანებლის, არეტას წინაშე ბრალდებული, ქალაქიდან ქალაქში ლტოლვილი, ყველასგან დევნილი და მოძულებული, როგორც რჯულის წინააღმდეგ მოჯანყე და სამშობლოსა და თანამოქალაქეთა ამაწიოკებელი, ბოლოს ეგვიპტეში გაირიყა.

9. ის, ვინც სამშობლოდან ამდენი ხალხი უცხოობაში განდეგნა, თავად უცხოობაში დაიღუპა, როცა ლაკედემონელებს მიადგა და იმედოვნებდა, ნათესაური წარმომავლობის გამო მათთან ჰპოვებდა თავშესაფარს.

10. ის, ვინც ამდენი ხალხი დატოვა დაუმარხავი, თავად დარჩა დაუტირებელი: არც წესის აგებას, არც მამა-პაპის სამარხს ღირსებია.

11. როცა მომხდარმა ამბებმა მეფის ყურამდე მიაღწია, იფიქრა, იუდა განმიდგაო და გაცეცხლებული სულით დაიძრა ეგვიპტიდან, და წარტყვევნა ქალაქი.

12. ჯარისკაცებს უბრძანა, დაუნდობლად ეხოცათ, ვინც კი შეხვდებოდათ, სახლებშიც შევარდნილიყვნენ და მოესრათ ხალხი.

13. დაიწყო ახალგაზრდათა და მოხუცთა ჟლეტა, ყრმების, ქალებისა და ბავშვების განადგურება, ქალწულთა და ჩვილთა გაჟუჟვა.

14. სამ დღეში სულ ოთხმოციათასი კაცი დაიღუპა, ორმოციათასი ხელჩართულ ბრძოლაში; და იმდენივე გაიყიდა, რამდენიც დაიღუპა.

15. არც ამას დასჯერდა მეფე: მან მთელ ქვეყანაზე უწმიდეს ტაძარში შესვლაც კი გაბედა; მეგზურად მენელაოსი მიჰყვებოდა, რჯულისა და სამშობლოს გამყიდველი.

16. წაბილწული ხელით იღებდა იგი წმიდა ჭურჭელს და ამ ადგილის დიდებისა და პატივის ნიშნად სხვა მეფეთაგან შეწირული ნივთები ნალახი ხელით გამოჰქონდა გარეთ.

17. ამგვარად, აღზევდა ფიქრებში ანტიოქოსი, ვერ ხვდებოდა, რომ მცირე ხნით გაუწყრა უფალი ქალაქის მკვიდრთ მათი ცოდვების გამო და ამიტომ აღარ მოხედა ამ ადგილს.

18. ეს არ მოხდებოდა, რომ ცოდვებში არ ყოფილიყვნენ გახვეულნი; მეფეც დაისჯებოდა მსგავსად ჰელიოდოროსისა, რომელიც გამოაგზავნა სელევკოს მეფემ საგანძურის სანახავად და, შევიდოდა თუ არა ტაძარში, გაშოლტილს მყისვე წაუხდებოდა ძარცვის ხალისი.

19. მაგრამ არა ადგილისთვის ხალხი, არამედ ხალხისთვის გამოარჩია უფალმა ადგილი.

20. თავად ადგილიც ხომ ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარი იყო, შემდეგ კი მასაც ერგო მადლის წილი; და რაც განწირული იყო ყოვლადძლიერის რისხვით, კვლავ აღდგა მთელ თავის დიდებაში როცა წყალობა მოიღო დიდმა მეუფემ.

21. ასე წაიღო ანტიოქოსმა ტაძრიდან ათასრვაასი ტალანტი და ისწრაფა ანტიოქიისკენ. ფიქრებში აღზევებულს სურდა ხმელეთი ხომალდების სარბიელად ექცია, ზღვა კი - ქვეითთა სასიარულოდ.

22. მოხელეებიც დატოვა იუდაელთა დასაჩაგრავად: იერუსალიმში - ფილიპე, გვარით ფრიგიელი, მის განმაწესებელზე უფრო ბარბაროსული ზნით გამორჩეული კაცი;

23. გარიზიმში კი - ანდრონიოსი, მათთან ერთად მენელაოსიც, რომელიც სხვებზე სატიკად ექცეოდა მოქალაქეთ და სძულდა იუდაელი მოქალაქეები.

24. გამოაგზავნა მისიელების მთავარი აპოლონიოსი ოცდაორიათასიანი ჯარით, თან ბრძანებაც გამოაყოლა, დაეხოცათ ყველა ასაკოვანი კაცი, ქალები და შედარებით ახალგაზრდები კი გაეყიდათ.

25. როცა აპოლონიოსი ჩავიდა იერუსალიმში, ხალხს ისე მოაჩვენა თავი, თითქოს მშვიდობას ამყარებდა; დაელოდა შაბათის წმიდა დღეს, მერე მოიხელთა რა მშვიდად მყოფი იუდაელები, თავისიანებს უბრძანა აესხათ იარაღი.

26. მათ სანახავად გამოსული ხალხი, ყველა გამოასალმა სიცოცხლეს, თავად კი ქალაქში შეიჭრა ლაშქრით და დიდძალი ხალხი მოსრა.

27. ხოლო იუდა მაკაბელი, გვარში მეათე, გახიზნული იყო უკაცრიელ ადგილას, მთებში. ცხოვრობდა თავისიანებთან ერთად ნადირივით, ბალახით საზრდოობდა, რათა უწმიდურობას არ ზიარებოდა.


თავი მეექვსე

1. გამოხდა მცირე ხანი და მეფემ იუდაში ერთი ათენელი უხუცესი გაგზავნა, რომ დაეყოლიებინა იუდაელები, მამათა წესებს განდგომოდნენ და ღვთის რჯულით აღარ ეცხოვრათ.

2. კიდეც შეებილწათ იერუსალიმის ტაძარი და ეწოდებინათ მისთვის ტაძარი ოლიმპიელი ზევსისა; ხოლო გარიზიმში კი, რაკი მის მიდამოებში უცხოელები ცხოვრობდნენ, ტაძრისთვის სტუმართმოყვარე ზევსის სახელი დაერქმიათ.

3. მძიმე და ყველასთვის მტანჯველი იყო თავს დატეხილი უბედურება.

4. აღივსო ტაძარი აღვირახსნილობით და წარმართთა უზნეობით, რომლებიც უზრუნველად ატარებდნენ დროს მეძავებთან, ტაძრის უწმიდეს ადგილებში მრუშობდნენ ქალებთან და შიგნით შესაწირად შეჰქონდათ ყოველგვარი აკრძალული.

5. აღივსო სამსხვერპლო უკადრისი, რჯულით აკრძალული შენაწირებით.

6. აღარ იცავდნენ აღარც შაბათს, აღარც მამაპაპეულ დღესასწაულს, ისე რომ, იუდაელებიც კი აღარ ეთქმოდათ.

7. ყოველთვიურად, მეფის დაბადების დღეს, სასტიკი ძალდატანებით გაჰყავდათ იუდაელები კერპთაყვანისმცემელთა წესის აღსასრულებლად, ხოლო დიონისეს დღესასწაულზე საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდნენ, და, სუროს გვირგვინებით თავშემკობილნი, დიონისეს მიაგებდნენ პატივს.

8. პტოლემეოსის შთაგონებით, მეზობელ ელინურ ქალაქებსაც დაუდგინეს, რომ ამგვარადვე ემოქმედათ იუდაელთა მიმართ და აეძულებინათ ისინი, კერპთმსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა.

9. ხოლო ვინც არ მოინდომებდა ელინურ ადათებზე გადასვლას, დაეხოცათ. უნდა გენახათ, რა ცოდვის დღე დატრიალდა.

10. ორი ქალი, ბავშვთა წინადაცვეთაში ბრალდებულნი, ძუძუებზე მიკრული ჩვილებით მთელი ქალაქის თვალწინ ჩამოატარეს და გალავნიდან გადაჩეხეს.

11. სხვები კი, ვინც მახლობელ გამოქვაბულებში გარბოდა, რათა მეშვიდე დღე მალულად ედღესასწაულა, ფილიპესთან დააბეზღეს და ერთიანად გადაბუგეს, რადგან ისინი თავდაცვას არც ცდილან, რომ ამით უწმიდესი დღესასწაული არ შეელახათ.

12. ვისაც ეს წიგნი ხელთ ჩაუვარდება, ვთხოვ, არ შეუშინდეს ამგვარ ბედუკუღმართობას, პირიქით, ჩათვალოს, რომ ეს სასჯელი დასაღუპად კი არა, ჩვენი ხალხის გამოსაფხიზლებლად იყო გამიზნული.

13. ბიწიერებას რომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ესაა დიდი წყალობის ნიშანი.

14. რაც შეეხება სხვა ხალხებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე ისინი მთლიანად არ აივსებიან ცოდვებით. ჩვენ კი ასე არ გვექცევა იგი;

15. არ ელის ჩვენი ცოდვების სავსებას, რომ მერე შური იძიოს ჩვენზე.

16. ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება და, თუმცა უბედურებით კი გვსჯიდა, მაინც არ გაუწირავს თავისი ხალხი.

17. მაგრამ ამას შეგონებისათვის შეგახსენებთ და მცირედი წიაღსვლის შემდეგ თხრობაზე გადავდივარ.

18. ელეაზარს, ერთ-ერთ პირველ მწიგნობარს, უკვე ასაკოვან კაცს, თუმცა სილამაზით ჯერ კიდევ გამორჩეულს ძალათი გაუღეს პირი და ღორის ხორცის ჭამას აიძულებდნენ.

19. მან კი ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი ამჯობინა და ნებაყოფლობით გასწირა საწამებლად თავი.

20. იგი უკან აფურთხებდა ხორცს, როგორც ეს შეეფერება კაცს, რომელიც მიუხედავად სიცოცხლის სიყვარულისა, ბედავს უარი თქვას აკრძალული საჭმლის ჭამაზე.

21. ხოლო ურჯულო მსხვერპლშეწირვისთვის განწყობილნი, ვისაც კი ამ უხუცესთან მრავალი წლის ნაცნობობა აკავშირებდა, გაიხმობდნენ ხოლმე მას და ცალ-ცალკე ჩუმად სთხოვდნენ, ეჭამა საკუთარი ხელით დამზადებული ხორცი, ის, რისი ჭამაც ნებადართული იყო, თან თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს მეფის ბრძანებით შემოთავაზებულ სამსხვერპლო ხორცს ჭამდა.

22. რადგან ამით იგი სიკვდილისგანაც დაიხსნიდა თავს და, ძველი სიყვარულის წყალობით, მათი კაცთმოყვარებითაც ისარგებლებდა.

23. მაგრამ ელეაზარმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება - მის ასაკს, ღირსეულ ხანდაზმულობასა და სახელოვან ჭაღარას რომ ეკადრებოდა და შედეგი იყო სიყრმიდანვე ღვთისმოსავური აღზრდისა, ყველაზე მეტად კი წმიდა და ღვთისგან ბოძებულ რჯულდებას რომ შეესაბამებოდა: უარი უთხრა მათ და განუცხადა, რომ უმალ ჯოჯოხეთში ჩავიდოდა.

24. ჩვენს ასაკს თვალთმაქცობა არ ეკადრებაო, თქვა მან, რადგან ბევრი ახალგაზრდა გაიგებს, რომ ოთხმოცდაათი წლის ელეაზარი უცხო ტომთა მიმდევარი გახდაო,

25. თავადაც, ჩემი თვალთმაქცობის წამხედვარე, ცთუნებას აჰყვება ხანმოკლე და ფუჭწარმავალი სიცოცხლისთვის, მე კი მოვაყივნებ და ჩირქს მოვსცხებ ჩემს ხანდაზმულობასო.

26. იქნება ახლა კი დავაღწიოთ თავი ადამიანთა სასჯელს, მაგრამ ყოვლისშემძლის ხელს ვერც სიცოცხლეში, ვერც სიკვდილის შემდეგ ვერსად გავექცევით.

27. ამიტომ, თუ ახლა ვაჟკაცურად გამოვეთხოვები სიცოცხლეს, მოხუცებულობის ღირსიც აღმოვჩნდებიო.

28. ახალგაზრდებს კი კეთილშობილურ მაგალითს დავუტოვებ, ღირსეულად და მამაცურად შეეგებონ სიკვდილს დიდებული და წმინდა რჯულისთვისო. ესა თქვა და მაშინვე გაემართა საწამებლად.

29. მაშინ იმათაც კი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მისდამი კეთილგანწყობას ამჟღავნებდა, ნათქვამის გამო ეს განწყობილება ზიზღით შეეცვალათ, რადგან მისი სიტყვები უგუნურებად ჩათვალეს.

30. ელეაზარმა კი, რომელიც შოლტის ცემისგან უკვე სულს ღაფავდა, ხმამაღლა ამოიკვნესა და თქვა: ყოვლისმცოდნე უფალმა იცის, რომ შემეძლო სიკვდილისაგან მეხსნა თავი, მაგრამ ვამჯობინე სხეულით გავტანჯულიყავი, სულით კი ტკბილად დამეთმინა ეს სატანჯველი, რადგან უფლის შიში მაქვს.

31. ასე აღესრულა იგი და თავისი სიკვდილით არა მარტო ახალგაზრდობას, არამედ თავისი ხალხის უმეტესობას დაუტოვა ვაჟკაცობის მაგალითი და კეთილშობილების ძეგლი დაიდგა.


თავი მეშვიდე

1. ასევე შეიპყრეს შვიდი ძმაც დედასთან ერთად და მათაც აიძულებდა მეფე ეჭამათ რჯულით აკრძალული ღორის ხორცი, ემუქრებოდა შოლტებითა და ძარღვებით წამებას.

2. და როცა ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა საპასუხოდ და თქვა, რა გინდა შეგვეკითხო და რას მოელი ჩვენგან პასუხად? უმალ მოვკვდებით, ვიდრე მამაპაპეულ რჯულს დავარღვვვდეთო,

3. მეფე გაბოროტდა და ტაფებისა და ქვაბების გახურება ბრძანა.

4. როგორც კი ტაფებსა და ქვაბებს ცეცხლი შეუნთეს, ბრძანა, მოპასუხისათვის დედისა და ძმების თვალწინ ენა ამოეკვეთათ, ტყავი გაეძროთ და ოთხში ამოეღოთ.

5. სრულიად უმწეოქმნილი, მაგრამ ჯერ კიდევ მფეთქავი, მეფის ბრძანებით, კოცონთან მიიყვანეს და გახურებულ ტაფაზე დასვეს. როცა ტახტიდან ზრქელი ოხშივარი ამოვარდა, ისინი დედასთან ერთად ერთმანეთს ამხნევებდნენ, ღირსეულად შეხვედროდნენ სიკვდილს, ამბობდნენ:

6. უფალი ღმერთი მოგვხედავს და შეგვიწყალებს ჩვენ, როგორც განაცხადა მოსემ თავის გალობაში: უფალი შეიწყალებს თავის მორჩილთო, ხალხის წინაშე.

7. ამ წამებაში რომ აღესრულა პირველი ძმა, ახლა მეორე გამოიყვანეს შესაგინებლად; თავზე ტყავს აძრობდნენ თმებიანად და თან ეუბნებოდნენ: ჭამა არ გირჩევნია ოთხში ამოღებას?

8. მან კი მშობლიურ ენაზე უბასუხა: არა. ამიტომ მანაც პირველის მსგავსად მიიღო სატანჯველი.

9. სულს რომ ღაფავდა, თქვა: შენ, ამქვეყნიური ცხოვრებისგან გვათავისუფლებ, მტარვალო, სამყაროს მეუფე კი მისი რჯულისთვის დაღუპულთ საუკუნო სიცოცხლისთვის აღგვადგენს.

10. ამის შემდეგ მესამეს მიადგნენ და, როგორც კი უბრძანეს, ენა გამოეყო, მაშინვე გამოყო, ხელებიც უშიშრად გაუწვდინა.

11. და ვაჟკაცურად თქვა: ცამ მომმადლა ესენი და დაუნანებლად ვწირავ რჯულისთვის იმ იმედით, რომ მისგანვე მივიღებ უკან.

12. მეფეც და მისი ამალაც გაოცებულნი იყვნენ ყმაწვილის ასეთი ვაჟკაცობით; არაფრად არ ჩაუგდია ტანჯვა-წამება.

13. ესეც რომ აღესრულა, მეოთხე ყრმაც ასევე გვემეს და აწამეს.

14. მან აღსასრულის წინ თქვა: კაცთაგან მოკლულს სანეტაროდ მიჩანს ღმერთზე დანდობა, რადგან ისევ აღმადგენს, შენ კი არ გეღირსება ცოცხლად აღდგომა.

15. მოიყვანეს მეხუთეც და დაუწყეს წამება.

16. მან კი მეფეს შეხედა და თქვა: შენს ხელთაა უფლება, რაცა გსურს ის დამართო მოკვდავმა ადამიანებს. მაგრამ ნუ გგონია, რომ ჩვენს მოდგმას გაწირავს ღმერთი.

17. შენ კი, ცოტაც და, იხილავ როგორ გაგტანჯავთ მისი ძლევამოსილება შენ და შენს შთამომავლობას.

18. შემდეგ მოიყვანეს მეექვსე, რომელმაც სიკვდილის წინ ესა თქვა: ძმაო, ნუ იტყუებ თავს, ჩვენ ხომ თვითონვე მივიზღავთ წამებას, რადგან ჩვენს ღმერთს შევცოდეთ. ამიტომაც ხდება საკვირველი ამბები.

19. შენ კი, ნუ გგონია დაუსჯელი დარჩე, ღმერთთან ბრძოლა რომ გაგიმართავს.

20. მათი დედა საკვირველი და ღირსსახსენებელი ქალი, მოწმე ერთ დღეს შვიდივე შვილის დაღუპვისა, უფლის იმედით დიდსულოვნად ითმენდა ამ უბედურებას.

21. თითოეულ მათგანს მამაპაპური ხმით ამხნევებდა და ქალურ განსჯას კაცური სულით განამტკიცებდა, ეუბნებოდა:

22. მე არ ვიცი, როგორ გაჩნდით ჩემს წიაღში, სუნთქვა და სიცოცხლე თქვენთვის მე არ მომიცია; მე არ შემინივთებია თითოეული თქვენგანის აღნაქვსი.

23. ამიტომ ისევ ქვეყნის შემოქმედი, რომელმაც გამოსახა ადამიანის დასაბამი და ყოველი ქმნილების საწყისი, მოგმადლებთ კვლავ მოწყალებით სულსა და სიცოცხლეს, რადგან მისი რჯულისთვის გასწირეთ ახლა თქვენი თავი.

24. ხოლო ანტიოქოსმა, რაკი იფიქრა, რომ იგი ეზიზღებათ და ეს ნათქვამიც თავის გაკიცხვად მიიჩნია, ცოცხლად დარჩენილ უმცროს შვილს არა მარტო სიტყვით, არამედ ფიცითაც აღუთქვა, რომ გაამდიდრებდა და გააბედნიერებდა, ოღონდ მამა-პაპის რჯული უარეყო, თან პირდებოდა, რომ დაიმეგობრებდა და სახელმწიფო საქმეებსაც მიანდობდა.

25. როცა ყმაწვილმა არაფრად ჩააგდო მისი ნათქვამი, მეფემ დედა მოიხმო და ურჩევდა მას, დაეყოლიებინა შვილი, რომ თავი გადაერჩინა.

26. ბევრი რჩევის შემდეგ, იგი დათანხმდა დაერწმუნებინა შვილი.

27. დაიხარა მისკენ და სასტიკი ჯალათის მიმართ დაცინვით ეს თქვა მშობლიურ ენაზე: შვილო, შემიბრალე მე, რომელიც ცხრა თვე მუცლით გატარებდი, სამი წელი ძუძუს გაწოვებდი და აქამდე გამოგზარდე.

28. გთხოვ, შგილო, შეხედე ცასა და დედამიწას და ყოველივეს, რაც მასზეა, მიხვდები, რომ არსებულისგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს, და რომ ასევეა შექმნილი ადამიანთა მოდგმაც.

29. ნუ შეუშინდები ამ ჯალათს, იყავი შენი ძმების ღირსი და შეეგებე სიკვდილს, რომ ღვთის მადლით შენს ძმებთან ერთად კვლავ მოგიპოვო.

30. კიდევაც აგრძელებდა იგი სათქმელს, როცა ყმაწვილმა თქვა: რაღას უცდით? მე არ ვემორჩილები მეფის ბრძანებას, არამედ ვემორჩილები რჯულს, რომელიც მოსეს ხელით გადმოეცა ჩვენს მამა-პაპას.

31. შენ კი, ებრაელთათვის ყოველივე ბოროტის განმზრახველო, ვერ გაექცევი ღვთის ხელს.

32. რადგან ჩვენ ჩვენი შეცოდებების გამო ვეწამებით,

33. და თუ მოკლე ხნით მრისხანებს ჩვენზე ცოცხალი უფალი ჩვენი მხილებისა და გაწრთვნის მიზნით, კვლავ შეურიგდება თავის მორჩილთ.

34. შენ კი, უწმიდურო და უბილწესო კაცთა შორის, ტყუილად ნუ ზეობ და ფუჭი იმედით ნუ იკვეხნი, ხელი რომ აღგიმართავს ცის შვილთა წინააღმდეგ,

35. რადგან ჯერ არ დაგიღწევია თავი ყოვლადძლიერი და ყოვლისმხილველი ღმერთის სამსჯავროსათვის.

36. ახლა ხომ ჩვენი ძმები მცირე ხნის წამების შემდეგ ღვთის აღთქმულ მარადიულ ცხოვრებას ეწიენ. შენ კი კადნიერებისათვის ღვთის მსჯავრით საკადრისი სასჯელი მოგეზღვება.

37. მეც ჩემი ძმების მსგავსად სხეულსა და სულს ვუძღვნი მამაპაპეულ რჯულს; ვევედრები ღმერთს, რათა მალე მოიღოს მოწყალება ჩვენს ხალხზე; შენ კი სასჯელითა და გვემით დაგარწმუნოს, რომ მარტოოდენ ის არის ღმერთი,

38. დაე, ჩემსა და ჩემს ძმებზე შეჩერდეს ყოვლადძლიერის რისხვა, სამართლიანად რომ მოევლინა მთელს ჩვენს მოდგმას.

39. მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა, სხვებზე უფრო სასტიკი წამებით ამოეხადათ ამ ყმაწვილისთვის სული.

40. ამანაც ასე წმინდად აღასრულა სიცოცხლე, მთლიანად ღმერთს მინდობილმა.

41. ბოლოს, შვილების შემდეგ დედაც აღესრულა.

42. ეს კმაროდეს სათქმელად მსხვერპლის ჭამისა და თავს დატეხილ უბედურებათა შესახებ.


თავი მერვე

1. ხოლო იუდა მაკაბელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ფარულად მოიარეს სოფლები და მოუხმეს ნათესავებს და იუდაური რჯულის ერთგულებს და შეკრიბეს ექვსიათასამდე კაცი.

2. მოუხმეს უფალს, რათა მოეხედა ყველასგან დაჩაგრული ხალხისთვის და მეოხად ჰყოლოდა უწმინდური ადამიანებისგან შეგინებულ ტაძარს.

3. მოეღო მოწყალება განადგურებული ქალაქისათვის, მალე მიწას რომ გაუსწორდებოდა, და შეესმინა მის მიმართ მღაღადებელი სისხლისათვის.

4. გაეხსენებინა უღვთოდ დაღუპული უცოდველი ჩვილები და თავისი სახელის შეგინება და ბოროტთა მიმართ სიძულვილით აღვსილიყო.

5. როცა მაკაბელი ჩაუდგა რაზმებს სათავეში, უძლეველი შეიქნა იგი წარმართათვის, რადგან უფლის რისხვა მოწყალებად მოიქცა.

6. იგი მოულოდნელად ესხმოდა თავს ქალაქებსა და სოფლებს და ცეცხლს უკიდებდა მათ; ასე დაიკავა მან მოხერხებული ადგილი და მრავალრიცხოვანი მტერი უკუაქცია.

7. ამ თავდასხმებისთვის იგი უპირატესად ღამეს ირჩევდა. და ხმა იუდას ვაჟკაცობაზე ყველგან გავრცელდა.

8. ფილიპემ დაინახა, რომ ეს კაცი თანდათან იკრებდა ძალას და ბედიც ხშირად სწყალობდა ხოლმე, და მისწერა პტოლემეოსს, კოილეს სირიისა და ფინიკიის განმგებელს, დახმარებოდა სამეფოს საქმეებში.

9. მანაც მაშინვე დანიშნა ნიკანორი, პატროკლეს ძე, თავისი პირველი მეგობართაგანი, და გააგზავნა იუდაში ოციათასამდე კაგი სხვადასხვა ხალხებიდან და უბრძანა, მიწასთან გაესწორებინა იუდაელთა მთელი მოდგმა. მასთან ერთად გააგზავნა გორგიაც, სარდალი და საომარ საქმეებში გამოცდილი კაცი.

10. ნიკანორს დაევალა, რომაელთათვის მეფის გადასახადი - ორასი ტალანტი იუდაელი ტყვეების ხარჯზე აენაზღაურებინა.

11. მაშინვე დაგზავნა ნიკანორმა მაცნეები ზღვისპირა ქალაქებში, მოუწოდებდა მათ, იუდაელები მონებად შეესყიდათ და თითო ტალანტად ოთხმოცდაათ ტყვეს ჰპირდებოდა. არ ელოდა იგი, რომ ამის გამო ყოვლისშემძლის მსჯავრი დაატყდებოდა თავს.

12. ეუწყა იუდას ნიკანორის გამოლაშქრების ამბავი და როცა მან თავის თანმხლებთ ლაშქრის მოახლოება აცნობა,

13. ვინც კი მხდალნი და ღვთის სამართლისადმი ურწმუნონი იყვნენ, მიმოიფანტნენ და თავიანთი ადგილები მიატოვეს;

14. სხვებმა კი ყველაფერი გაყიდეს, რაც ებადათ, და უფალს ევედრებოდნენ, უღვთო ნიკანორისგან დაეხსნა ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე იყვნენ გაყიდულნი,

15. მათთვის თუ არა მათ მამა-პაპასთან დადებული აღთქმის გამო მაინც და იმის გამოც, რომ ისინი მისი წმიდა და დიდებული სახელით იწოდებიან.

16. ხოლო მაკაბელმა შეკრიბა თავისი ხალხი - ექვსიათასამდე კაცი და მოუწოდებდა, არ შეშინებოდნენ მტერს, არ შემდრკალიყვნენ მათზე უსამართლოდ დაძრული მრავალრიცხოვანი წარმართების წინაშე და ვაჟკაცურად შებრძოლებოდნენ მათ.

17. თვალწინ ჰქონოდათ მოძალადეთა მიერ წმინდა ადგილის შებღალვა, შეგინებული ქალაქების გაპარტახება და წინაპართა ცხოვრების წესის მოშლა.

18. ისინი იარაღსა და გამბედაობას ენდობიანო, თქვა მან, ჩვენ კი ყოვლადძლიერი ღმერთის იმედი გვაქვს, რომელიც ერთი წამისყოფით გაანადგურებს ჩვენზე გამოლაშქრებულებსაც და მთელ ქვეყნიერებასაცო.

19. მან გაახსენა მათ ის ხანა, როცა ხსნა მოევლინა მათ წინაპრებს, სანქერიბის ხანა, როცა დაიღუპა ასოთხმოცდახუთი ათასი კაცი,

20. და ის ხანაც, როცა ბაბილონში, გალატებთან ომში, საბრძოლველად მხოლოდ რვა ათასი კაცი მოვიდა ოთხი ათას მაკედონელთან ერთად და, როცა მაკედონელები აირ-დაირივნენ, ამ რვა ათასმა ასოცი ათასი კაცი გაანადგურა, რადგან ზეციური შეწევნა იყო მათზე მოვლენილი, და აურაცხელი ნადავლიც ერგოთ.

21. ასე ამხნევებდა მათ და ამზადებდა რჯულისა და სამშობლოსათვის თავის გასაწირად. მერე ოთხ რაზმად დააწყო ჯარი იუდამ.

22. რაზმებს, რომელთაგან თითოეული ათასხუთას კაცს ითვლიდა, წინამძღთლად თითო ძმა - სიმონი, იოსები და იონათანი - დაუყენა.

23. შემდეგ ელეაზარს უბრძანა წმიდა წიგნი წაეკითხა და, ღვთის შეწევნით დაიმედებულმა, თვითონ იკისრა მეწინავე რაზმის წინამძღოლობა და ჩაება ნიკანორთან ომში.

24. რაკი ყოვლადძლიერი იყო მათი შემწე, მოწინააღმდეგის ცხრა ათასზე მეტი კაცი გაანადგურეს, მეტი წილი ნიკანორის ლაშქრისა დაჭრეს და დაასახიჩრეს, და ყველანი უკუაქციეს.

25. ფულებიც აიღეს მათგან, ვინც ტყვეთა გამოსასყიდლად იყო მოსული. კარგა დიდ მანძილზე სდიეს მტერს, ბოლოს კი შემოიქცნენ, რადგან გვიანი ჟამი იყო.

26. რაკი შაბათი დგებოდა, აღარ გაუგრძელებიათ დევნა.

27. შეაგროვეს მომხდურთა საჭურველი, იარაღი აჰყარეს დახოცილ მტერს და იდღესასწაულეს შაბათი: გულმდუღარედ მადლს სწირავდნენ და განადიდებდნენ უფალს, ვინც იხსნა ისინი ამ დღეს და მათზე მოწყალებას დასაბამი დაუდო.

28. მერე ბრძოლაში დასახიჩრებულთ, ქვრივებსა და ობლებს, დაურიგეს ნადავლის ნაწილი, დანარჩენი კი თავიანთთვის და მცირეწლოვანთათვის დაიტოვეს.

29. ეს რომ მოათავეს, საერთო ვედრებით შესთხოვეს მოწყალე უფალს, ბოლომდე შეეწყნარებთნა თავისი მორჩილნი.

30. ტიმოთესა და ბაკქიდეს ჯარებთან შეტაკებაში ოციათასზე მეტი კაცი ამოხოცეს და მაღალი სიმაგრეები დაიკავეს. დასახიჩრებულებს, დაჭრილებს, ობლებსა და ქვრივებს თანაბრად გაშოუყვეს ნადავლის დიდი ნაწილი, უხუცესებმაც მიიღეს წილი.

31. შეაგროვეს ნაალაფარი იარაღი და შეინახეს; ყველაფერი გულმოდგინედ დააწყვეს ხელმისაწვდომ ადგალას, დანარჩენი ნადავლი კი იერუსალიმში წაიღეს.

32. ამ ბრძოლაში მოკლეს ტიმოთეს ჯარის მეთაური, უწმიდურზე უწმიდური კაცი, იუდაელებისთვის მრავალი უბედურების მომტანი.

33. შემდეგ კი სამშობლოში გამარჯვება იზეიმეს და ცეცხლზე დაწვეს კალისთენე და ზოგი სხვაც, რომლებმაც ცეცხლი წაუკიდეს წმიდა კარიბჭეს და ერთერთ სახლს შეაფარეს თავი. კიდეც მიეზღოთ მათ მკრეხელობისთვის საკადრისი საზღაური.

34. ხოლო სამგზის წყეულთ ნიკანორი, ვინც ათასი ვაჭარი წამოიყვანა იუდაელთა საყიდლად,

35. უფლის შეწევნით მათგან აღმოჩნდა დამცირებული, ვისაც თავად არარაირად მიიჩნევდა. გაიძრო დიდებული სამოსელი და მარტოდმარტომ, როგორც გაქცეულმა მონამ, გადალახა ქვეყანა და ანტიოქიას მიაღწია. ასე გადარჩა იგი ცოცხალთ თავისი ლაშქრის განადგურების შემდეგ.

36. ვინც რომაელებისთვის გადასახადის აკრეფას იერუსალიმელ ტყვეთა ხარჯზე ლამობდა, თავად აღიარა იუდაელთა უძლეველობა, რომ იუდაელებს ღვთისგან დადგენილი რჯულის მიმდევრებს, ვერავინ მიაყენებდა ზიანს.


თავი მეცხრე

1. ამ დროისთვის ანტიოქოსის ჯარმა უწესრიგოდ დაიხია სპარსეთის მიწებიდან.

2. რადგან იგი შესული იყო პერსეპოლისად წოდებულ ქალაქში და აპირებდა ტაძრის ძარცვასა და ქალაქის აკლებას, ამიტომ შეიკრიბა ხალხი და თავის დასაცავად იარაღსაც მიმართეს. ადგილობრივ მკვიდრთაგან ოტებული ანტიოქოსი კი იძულებული გახდა სირცხვილნაჭამი დაბრუნებულიყო უკან.

3. ეკბატანასთან ანტიოქოსის ყურამდე ნიკანორისა და ტიმოთეს ამბებმაც მიაღწია.

4. და მანაც, განრისხებულმა, გადაწყვიტა იუდაელებზე ეყარა თავის მდევნელთა ჯავრი. ამიტომ უბრძანა მეეტლეს მთელი გზა შეუჩერებლივ ეჭენებინა ცხენები, მაგრამ ზეციური მსჯავრი უკან დადევნებოდა მას, რადგან ქედმაღლურად დაიქადნა: ერთი ჩამაღწევინა და იერუსალიმს იუდაელთა სასაფლაოდ ვაქცევო.

5. მაგრამ ყოვლისმჭვრეტელმა უფალმა, ღმერთმა ისრაელისა, დასცა იგი უკურნებელი და უხილავი დარტყმით. დაასრულა თუ არა ანტიოქოსმა სიტყვა, უეცრად მუცლის აუტანელმა გვრემამ შეიპყრო იგი და შიგანში საშინელმა ტკივილებმა დაუარა,

6. და სავსებით სამართლიანადაც: აკი თავად მრავალი და წარმოუდგენელი ტკივილებით სტანჯავდა სხვათა შიგანს.

7. მაგრამ ოდნავადაც არ დაიცხრო თავისი სიამაყე, პირიქით, კიდევ უფრო ივსებოდა ქედმაღლობით, რისხვის ცეცხლს აფრქვევდა იუდაელებზე და განკარგულებას იძლეოდა, სვლა დაეჩქარებინათ. ამას ის მოჰყვა, რომ გაქანებული ეტლიდან გადმოვარდა, თანაც ისე მძიმედ, რომ მთელი ტანი დაელეწა.

8. ვინც სულ ახლახან ზეადამიანური კადნიერებით ზღვის ტალღებზე განმგებლობას განიზრახავდა და ფიქრობდა სასწორზე აეწონა მთის მწვერვალები, ძირს იყო გართხმული და, საკაცეზე გაშოტილი, ცხადლივ უდასტურებდა ყველას ღვთის ძლევამოსილებას.

9. ასე რომ მატლები დაფუთფუთებდნენ უწმიდურის სხეულში, და ჯერ კიდევ ცოცხალს და ტკივილისგან გაწამებულს, ზეზეურად სცვიოდა ხორცი, ხოლო მისი მყრალი სუნით მთელი ბანაკი იყო შეწუხებული.

10. იმ კაცს, ვინც ცოტა ხნის წინ ოცნებობდა ციურ ვარსკვლავებს მისწვდენოდა, აუტანელი, მყრალი სუნის გამო საკაცითაც ვეღარავინ ატარებდა.

11. აი მაშინ კი, უკვე მოტეხილმა, გადაწყვიტა თავის უზომო ქედმაღლობას შეშვებოდა და გონს მოგებულიყო, რადგან, ღვთისგან მსჯავრდადებულს, ყოველწუთს უძლიერდებოდა სატანჯველი.

12. თავისსავე სუნს რომ ვეღარ გაუძლო, თქვა: სამართლიანია ღვთის მორჩილება და მოკვდავი ღვთისსწორობას არ უნდა ესწრაფოდეს.

13. უწმიდური შესთხოვდა უფალს, რომელიც უკვე აღარ შეიწყნარებდა მას, ამბობდა:

14. წმიდა ქალაქს, რომელსაც მიწასთან გასწორებას და სასაფლაოდ ქცევას ვუპირებდი, თავისუფლებას ვანიჭებ.

15. იუდაელებს კი, რომლებსაც, ჩვენი განაჩენის თანახმად, საფლავიც არ უნდა ღირსებოდათ, და თავიანთ ჩვილებთან ერთად ფრინველთა და ცხოველთა საჯიჯგნად უნდა დაგვეყარა, ყველას ათენელთა თანასწორად ვაცხადებო.

16. წმიდა ტაძარს, რომელიც გაძარცული მყავს, უსაჩინოესი შენაწირებით შევამკობ, წმიდა ჭურჭლებს დავაბრუნებ უკლებლივ და მეტსაც შევძენ, ხოლო სამსხვერპლოდ აუცილებელ ხარჯებს ჩემი ხაზინიდან გავიღებო.

17. ამასთანავე, მეც იუდაელი გავხდები და ჩავუვლი ყველა დასახლებულ ადგილს და ვიღაღადებ უფლის ძალმოსილებასო.

18. მაგრამ არაფრით რომ არ დაუცხრა ტკივილები, რაკი უფლის სამართლიანი მსჯავრი მოწეულიყო მასზე, იმედმიხდილმა წერილი მისწერა იუდაელებს, თხოვნის სახით, რომელშიც ეწერა:

19. ფრიად ღირსეულ იუდაელ მოქალაქეებს დიდ სიხარულს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს მეფე და სარდალი ანტიოქოსი.

20. თუ ხართ ჯანმრთელად თქვენ და თქვენი შვილები და თუ თქვენი საქმეებიც ისეა, როგორც თქვენ გსურთ, დიდ მადლს ვწირავ ღმერთს და ცაზე ვამყარებ ჩემს იმედს.

21. მე თქვენს პატივსა და კეთილგანწყობას სიყვარულით ვიხსენიებ. როცა სპარსეთის ფარგლები დავაგდე და მძიმე სენი შემეყარა, აუცილებლად მივიჩნიე საყოველთაო უსაფრთხოებაზე მეზრუნა.

22. ძნელბედობაშიც არ მიპყრობს სასოწარკვეთილება, სენისგან განკურნების დიდი იმედი მასულდგმულებს,

23. რაკი ვხედავ, რომ მამაჩემმაც, ერთდროს ზემო ქვეყნის მიწებზე ლაშქრით წამოსულმა, საჯაროდ გამოაცხადა თავისი მემკვიდრე,

24. რათა მოულოდნელობის ან რაიმე უბედურების ჟამს ცოდნოდათ ქვეყნის მკეიდრთ, ვისზე იყო საქმეები მინდობილი და არ დაბნეულიყვნენ.

25. გარდა ამისა, ვითვალისწინებ, რომ დღევანდელი მმართველები, ჩვენი სამეფოს მეზირლები ხელსაყრელ შემთხვევას ეძებენ, ელიან მოსახდენს. ამიტომ ვაცხადებ მეფედ ჩემს შვილს ანტიოქოსს, რომელიც ზემო სატრაპიების მონახულების დროს წარმიდგენია ხშირად უმეტესობა თქვენგანისთვის და ჩამიბარებია კიდეც. მისთვისაც მიწერილი მაქვს ის, რაც აქ სწერია.

26. გთხთვთ და ვიმედოვნებ, რომ გაიხსენებთ ჩემს ქველმოქმედებებს საერთო საქმისა და ცალკეული შემთხვევების მიმართ; შეინარჩუნებთ კეთილგანწყობას ჩემდამი და ჩემი შვილისადმი.

27. მჯერა, რომ იგი ღირსეულად გაამართლებს ჩემს ნდობას, იქნება თქვენი კაცთმოყვარე განმგებელიო.

28. კაცისმკვლელსა და ღვთისმგმობელს თავად დაემართა იმაზე უარესი, რაც სხვას დამართა. მან საწყადობლად დაასრულა სიცოცხლე უცხო მთებში.

29. მისი ცხედარი მისმა თვისმა ფილიპემ წაასვენა სახლში; მერე კი ანტიოქოსის ძის შიშით ეგვიპტეში, პტოლემეოს ფილომეტორთან გადაასვენა.


თავი მეათე

1. ხოლო მაკაბელმა და მისმა თანამზრახველებმა, როცა უფალმა კვლავ იბრუნა მათკენ პირი, ტაძარიცა და ქალაქიც დაიბრუნეს,

2. მოედანზე კი უცხო ტომთა ნაგები სამსხვერპლოები და საკერპოები გაანადგურეს.

3. ტაძარი რომ განწმიდეს, ახალი სამსხვერძლო ააგეს; მერე კაჟებიდან დააკვესეს ცეცხლი და ორწლიანი შუალედის შემდეგ მსხვერპლი შესწირეს, აკმიეს საკმეველი, აანთეს სასანთლეები და მიიტანეს დასადებელი პურები.

4. აღასრულებდნენ ამ წესს და ევედრებოდნენ ღმერთს ქვედამხობილნი, აღარ დასტეხოდათ თავს ამგვარი უბედურებები; ხოლო თუ შესცოდავდნენ, დიდსულოვნებით დარიგებულიყვნენ მისგან და არ ჩაცვენილიყვნენ ღვთისმგმობელთა და ბარბაროსთა ხელში.

5. ერთსადაიმავე დღეს მოუწია ტაძარს უცხო ტომთაგან შეგინებამაც და განწმედამაც. ეს მოხდა ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღეს.

6. რვა დღეს ზეიმობდნენ მას, როგორც კარვობის დღესასწაულს, იხსენებდნენ, ცოტა ხნის წინ კარვობის დღესასწაულზე მთებსა და მღვიმეებში ველის მხეცებივით რომ დაეხეტებოდნენ.

7. ეპყრათ კვერთხები და მთის მცენარეთა ტოტები, აგრეთვე პალმის რტოები და მადლს სწირავდნენ მას, ვინც თავისი წმიდა ადგილი გააწმედინა მათ.

8. დააწესეს საერთო დადგენილებითა და კენჭისყრით, რომ იუდაელთა მთელ მოდგმას ყოველწლიურად აღენიშნა ეს დღეები.

9. ასეთი იყო აღსასრული ეპიფანედ წოდებული ანტიოქოსისა.

10. ახლა კი ანტიოქოს ევპატორის, უღვთო კაცის შვილის დროს მომხდარ ამბებს მოგახსენებთ და მხოლოდ ომების დროს მომხდარ ბოროტებათა აღწერით შემოვიფარგლებით.

11. როცა ანტიოქოსმა სამეფო მიიღო, საქმეები ჩააბარა ვინმე ლისიას, კოილეს სირიისა და ფინიკიის მთავარსარდალს.

12. რაკი პტოლემეოსი, მაკრონად წოდებული, სამართლიანობას იჩენდა იუდაელთა მიმართ მათ წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლობათა სანაცვლოდ და ცდილობდა მათთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას,

13. ამიტომ მეფის მეგობრებმა მას ევპატორთან ცილი დასწამეს; ყველამ მოღალატედ აღიარა იგი, რადგან მან დატოვა კვიპროსი, რომელიც ფილომეტორმა ჩააბარა მას და ანტიოქოს ეპიფანესთან გადავიდა. ლისიამაც, ღირსეულად რომ ვერ წარმართა მისდამი რწმუნებული განმგებლობა, მოიწამლა თავი და ასე დაასრულა სიცოცხლე.

14. ხოლო გორგია, რომელიც ამ ადგილების სტრატეგოსი გახდა, ინახავდა უცხოელთა დაქირავებულ ჯარს და იუდაელებთან ომისთვის მუდამ მზად იყო.

15. ამასთან ერთად, ედომელნიც, რომელთაც მთავარი ციხე-სიმაგრეები ეჭირათ, უსაფრდებოდნვნ იუდაელებს; ისინი იერუსალიმელ ლტოლვილებს თავშესაფარს სთავაზობდნენ და მზად იყვნენ საომრად.

16. მაკაბელის მეომრებმა, მას შემდეგ რაც ილოცეს და შეევედრნენ ღმერთს, რომ მათი თანამებრძოლი გამხდარიყო, ედომის ციხე-სიმაგრეებს შეუტიეს.

17. იერიშით საბოლოოდ იგდეს ხელთ ყველა ადგილი და გალავანზე მებრძოლი ყველა შემუსრეს; კლავდნენ, ვინც კი გზად შეხვდებოდათ, გაწყვიტეს არანაკლებ ოციათასი კაცისა.

18. როცა ცხრაათასამდე კაცმა თავი შეაფარა ორ გოდოლს, რომლებიც საკმაოდ იყო გამაგრებული, რომ ალყისთვის გაეძლოთ,

19. მაკაბელმა დატოვა სიმონი და იოსები, აგრეთვე ზაკქეოსი და მისი ხალხი, საკმარისნი იმისათვის რომ გოდლები ალყაში მოექციათ, თავად კი წავიდა.

20. მაგრამ სიმონის ხალხი, ვერცხლის სიყვარულით აღგზნებული, ზოგიერთებმა მეციხოვნეთაგან ვერცხლით მოისყიდეს და მათაც სამოცდაათიათასი დრაქმის საფასურად გააპარეს ზოგი მათგანი.

21. როცა მაკაბელს ეს ამბავი აუწყეს, მან შეკრიბა ხალხის წინამბრძოლები და ბრალი დასდო ამ კაცებს, რომელთაც ფულზე გაყიდეს მოძმენი და მტრებს ხელი გაუხსნეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.

22. მან სიკვდილით დასაჯა დამნაშავენი, როგორც მოღალატეები, და მაშინვე ორ გოდოლზე წარმატებით მიიტანა იერიში.

23. აიღო გოდლები გამარჯვების მომხვეჭელი იარაღით, გაანადგურა მათში მსხდომი ოციათასზე მეტი კაცი.

24. ახლა ტიმოთემ, რომელიც ადრე იუდაელებმა დაამარცხეს, შეკრიბა დიდძალი დაქირავებული ჯარი და აზიიდანაც არამცირედი რაოდენობის ცხენოსნები შეაგროვა, და დაიძრა იუდას დასალაშქრავად.

25. როცა მოახლოვდნენ ისინი, მაკაბელის ხალხმა თავზე მიწის მტვერი დაიყარა, ჯვალო შემოირტყა წელზე და ლოცვა-ვედრება აღავლინა ღვთისადმი.

26. სამსხვერპლოს კვარცხლბეკთან დამხობილნი ევედრებოდნენ ღმერთს, წყალობის თვალით მიეხედა მათთვის, მათი მტრების მტერი და მათ წინამდეგთა წინამდეგი გამხდარიყო, როგორც ამას რჯული აცხადებს.

27. ღვთისმსახურების შემდეგ იარაღი აისხეს და კარგა მანძილზე გაშორდნენ ქალაქს; მიუახლოვდნენ მათზე წამოსულ მტერს

28. და განთიადისას ორი ლაშქარი შეება ერთმანეთს: ერთნი, ვინც გამარჯვების იმედს თავის ძალაზე კი არა, არამედ უფლის შეწევნაზე ამყარებდნენ, და მეორენი, ვინც ბრძოლაში წინამძღოლად მძვინვარება დაიყენეს.

29. ბრძოლა რომ შენივთდა, მოწინააღმდეგეს ციდან მოეჩვენა ოქროს მოსართავებით შეკაზმულ ცხენებზე ამხედრებული ხუთი ღირსეული კაცი, რომლებიც გაუძღვნენ იუდაელებს;

30. მათ შუაში მოიქციეს მაკაბელების ლაშქარი, თავიანთი იარაღით იცავდნენ მათ და დაჭრისგან იფარავდნენ. მტრის ლაშქარს კი სტორცნიდნენ ისრებსა და მეხს, და თავგზააბნეულნი და დაბრმავებულნი აქეთ-იქით იფანტებოდნენ.

31. გაწყდა ორიათას ხუთასი კაცი, მხედარი კი ექვსასი.

32. თავად ტიმოთემ კი მიაშურა გაზარად წოდებულ ციხე-სიმაგრეს, რომელიც ქერეას ჰქონდა ჩაბარებული და კარგად იყო მომარაგებული.

33. ხოლო მაკაბელის ხალხი, გამარჯვებით გახალისებული, ოთხი დღე ალყით ადგა ციხეს.

34. ციხეში მყოფნი, მიუვალი ადგილით დაიმედებულნი, ღმერთს გმობდნენ და უკადრის სიტყვებს გაჰყვიროდნენ.

35. მეხუთე დღე რომ გათენდა, ოცი ახალგაზრდა მაკაბელის რიგებიდან ღვთისმგმობელობის გამო შურით ანთებული, ვაჟკაცურად მიეჭრა გალავანს და რისხვით გამძვინვარებული მუსრავდა ყველა დამხვდურს.

36. სხვებმაც მათ მსგავსად ციხეზე იერიში მიიტანეს; წაუკიდეს ცეცხლი გოდლებს და ცოცხლად წვავდნენ ღვთის მგმობელთ ცეცხლში. სხვებმა კარიბჭე შელეწეს და დანარჩენი რაზმებიც ციხეში შეუშვეს. ასე აიღეს ქალაქი.

37. მოკლეს ტიმოთე, რომელიც ჭაში იყო დამალული, ასევე მისი ძმა ქერეა, და აპოლოფანეც.

38. ამის შემდეგ საგალობლებითა და სამადლობლებით დალოცეს უფალი, რომელმაც დიდი სიკეთე მომადლა ისრაელს და გაამარჯვებინა.


თავი მეთერთმეტე

1. სულ მცირე ხნის შემდეგ ლისიამ, მეფის მცველმა და ნათესავმა, მომხდარი ამბებით ძლიერ შეწუხებულმა,

2. შეაგროვა ოთხმოციათასამდე ქვეითი ჯარი და მთელი მხედრობა და იუდაელებზე გამოილაშქრა, რაკი იმედოვნებდა, რომ მათ ქალაქს ელინთა სამკვიდრებლად გადააქცევდა.

3. ტაძარს გადასახადით დაბეგრავდა წარმართთა სხვა საკერპოების მსგავსად, მღვდელმთავრობას კი ყოველწლიურად გასაყიდად აქცევდა.

4. არაფრად ჩააგდო ღვთის ძალა თავისი ათიათასი ქვეითის, ათასი ცხენოსნის და ოთხმოცი სპილოს იმედით.

5. შემოვიდა იუდაში, მიუახლოვდა ბეთ-ცურს, გამაგრებულ ადგილს, რომელიც იერუსალიმიდან ხუთი სტადიონით იყო დაშორებული, და ძლიერ შეავიწროვა იგი.

6. როცა მაკაბელმა და მისმა თანამდგომებმა გაიგეს, რომ ლისიამ იერიში მიიტანა სიმაგრეზე, ხალხთან ერთად გოდებითა და ცრემლებით შესთხოვეს უფალს, რომ კეთილი ანგელოზი მოევლინებინა ისრაელის დასახსნელად.

7. პირველად მაკაბელმა აისხა იარაღი და სხვებს არწმუნებდა, საფრთხეს არ დარიდებოდნენ მასავით და ძმებს დახმარებოდნენ. და ყველანი ერთად დაიძრნენ.

8. იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ, უცებ წინამძღოლად გამოეცხადათ თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი მხედარი, რომელიც ოქროს იარაღს არხევდა.

9. მაშინ ყველამ ერთიანად შესწირა მადლი მოწყალე ღმერთს და სული გაიმაგრეს, მზად იყვნენ, არა მარტო ადამიანები, არამედ სასტიკი მხეცები ან თვით რკინის კედლებიც კი შეემუსრათ.

10. წამოვიდნენ საბრძოლო წყობით ცით მოვლენილი თანამებრძოლის მფარველობით, რადგან უფალმა მოიღო მათზე წყალობა.

11. ლომებივით დაეძგერნენ მტერს და გაანადგურეს იგი - თერთმეტი ათასი ქვეითი და ათასექვსასი ცხენოსანი, დანარჩენი ყველა უკუაქციეს.

12. ბევრი მათგანი შიშველი და დაჭრილი გაიქცა, თავად ლისიამაც სამარცხვინო უკუქცევით უშველა თავს.

13. რაკი უგუნური კაცი არ იყო და თავისით ასწონ-დასწონა მის თავს მოწეული მარცხი, მიხვდა, რომ უძლეველნი არიან ებრაელები, რადგან ძლიერი ღმერთი იბრძვის მათ მხარეზე.

14. ამიტომ მოციქულები გაუგზავნა მათ და არწმუნებდა, რომ ყველა კანონიერ მოთხოვნაზე დაყაბულდებოდა და მეფესაც დაარწმუნებდა, იუდაელებთან მეგობრობა დაემყარებინა.

15. რაკი მაკაბელს საერათო სიკეთე სურდა, დათანხმდა ყველაფერზე რასაც ლისია სთავაზობდა. მეფემაც დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, რაც მაკაბელმა წარუდგინა წერილობით ლისიას იუდაელებთან დაკავშირებით.

16. იუდაელებისადმი გამოგზაგნილ ლისიას წერილში კი ეს იყო ნათქვამი: ლისია ყველა იუდაელს სალამს უთვლის.

17. იოანემ და აბესალომმა, თქვენმა მოციქულებმა, გადმოგვცეს თქვენი ხელმოწერილი სიგელი და იზრუნეს გაეცნოთ, რაც წერილშია წარმოდგენილი.

18. მე მოვახსენე მეფეს ყველაფერი, რაც კი საჭიროა მისთვის წარსადგენად, და რაზეც შეიძლებოდა დათანხმება, მეფე დათანხმდა.

19. თუ კეთილგანწყობილებას შეინარჩუნებთ ხელისუფლების მიმართ, მომავალშიც ვეცდები შეგეწიოთ სასიკეთოდ.

20. რაც კერძო საკითხებს შეეხება, მე დავავალე თქვენს მოციქულებს და ჩემს რწმუნებულთ, მოილაპარაკონ თქვენთან ერთად.

21. დღეგრძელი იყავით. ასორმოცდარვა წელი, დიოს კორინთიოსის ოცდაოთხი.

22. მეფის წერილში კი ეს ეწერა: მეფე ანტიოქოსი ძმას, ლისიას სალამს უთვლის.

23. მას შემდეგ, რაც მამაჩვენი ღმერთებთან გადავიდა, ჩვენ მოვისურვეთ, სამეფოს ქვეშევრდომთ უშფოთველად წარემართათ თავიანთი საქმეები.

24. როცა გავიგეთ, რომ იუდაელები არ ეთანხმებიან მამაჩვენის ახლადშემოღებულ ელინურ წეს-ჩვეულებებს, საკუთარ წეს-ჩვეულებებს ანიჭებენ უპირატესობას და მოითხოვენ, ნება მიეცეთ საკუთარი რჯულის დაცვისა,

25. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ხალხმა უდრტვინველად უნდა იცხოვროს, და დავადგინეთ: აღდგენილ იქნას მათი ტაძარი და იცხოვრონ თავიანთი მამაპაპეული რჯულის თანახმად.

26. შენ კი კარგს იზამ, თუ მოციქულებს გაუგზავნი და დაუზავდები მათ, რათა ჩვენს კეთილმოსურნეობაში დარწმუნებულებმა, სიხარულით და ხალისით აკეთონ თავიანთი საქმეები.

27. ხოლო იუდაელი ხალხისადმი მეფის წერილი ამას გვაუწყებდა: მეფე ანტიოქოსი იუდაელთა უხუცესთა საბჭოს და ყველა იუდაელს სალამს უთვლის.

28. ჯანმრთელად თუ ხართ, ჩვენც ეს გვინდა. ჩვენც კარგად ვართ.

29. მენელაოსმა გვაუწყა, რომ შინ დაბრუნებას აპირებთ თქვენი საქმეების მისახედად.

30. და ვინც ქსანთიკოსის ოცდამეათე დღემდე ჩამოვა, ყველა უზრუნველყოფილი იქნება მეგობრობითა და სრული ნებართვით

31. იუდაელთათვის, რომ წინანდებურად ჭამონ თავიანთი საჭმელები და დაიცვან თავიანთი რჯული, რომ არავის არავითარ შემთხვევაში არ შეაწუხებენ, რაც არ უნდა ჩაიდინონ თავიანთი უმეცრებით.

32. ვაგზავნი თქვენთან მოსალაპარაკებლად მენელაოსს.

33. ჯანმრთელად იყავით. ასორმოცდარვა წელი, ქსანთიკოსის თხუთმეტი.

34. რომაელებმაც გაუგზაგნეს იუდაელებს წერილი, რომელშიც ეწერა, კვინტუს მემიუსი, ტიტუს მანიუსი, რომაელთა უხუცესნი სალამს უთვლიან იუდაელ ხალხს.

35. რაც ლისიამ, მეფის ნათესავმა, თქვენ დაგითმოთ, ამას ჩვენც ვადასტურებთ.

36. რასაც იგი გადაწყვეტს მოახსენოს მეფეს, მყისვე აწონ-დაწონეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ, რომ შეგეწიოთ თქვენთვის საჭირო საქმეში, რადგან ანტიოქიაში მოვდივართ.

37. ამიტომ იჩქარეთ, გვაუწყეთ ამბავი, რომ ჩვენც ვიცოდეთ, რა აზრს დაადექით.

38. ჯანმრთელად იყავით. ასორმოცდარვა წელი, ქსანთიკოსის თხუთმეტი.


თავი მეთორმეტე

1. როცა შეთანხმება დადებული იქნა, ლისია დაბრუნდა მეფესთან, იუდაელებმა კი მიწის დამუშავებას მიჰყვეს ხელი.

2. მაგრამ იქაური სარდლები - ტიმოთე და აპოლონიოს გენეოსის ძე, ასევე იერონიმუსი და მათ გარდა დემოფონი, ასევე ნიკანორიც - კვიპროსის განმგებელი, არ აძლევდნენ მათ წყნარი და მშვიდობიანი ცხოერების საშუალებას.

3. იაფოელებმა კი ასეთი უღვთოება ჩაიდინეს: შესთავაზეს მეზობლად მოსახლე იუდაელებს ასულიყვნენ მათი ხელით დამზადებულ ნავებზე დედაწულიანად, თითქოს მათდამი უკეთური ზრახვა არ სდებოდეთ გულში.

4. როცა ისინი დათანხმდნენ, რაკი მშვიდობა სურდათ და თან არც არაფერზე დაეჭვებულან, მაშინ იაფოელებმა, ქალაქის საერთო დადგენილებით, ნაპირს რომ მოშორდნენ, ყველანი წყალში ჩაძირეს, არანაკლებ ორასი კაცისა.

5. როცა იუდამ თვისტომთა მიმართ ჩადენილი ასეთი სისასტიკე გაიგო, გამოუცხადა ეს თავისიანებს,

6. მოუხმო სამართლიან მსაჯულს, ღმერთს, და გაილაშქრა ძმათა მკვლელების წინააღმდეგ; ნავსადგურს ღამე ცეცხლი წაუკიდა და გადაწვა ნავები; ხოლო ვინც ნავსადგურში მოვარდა, ყველა ამოჟლიტა.

7. რაკი გადაკეტილი იყო ეს ადგილი, იუდამ დატოვა იაფო; გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კვლავ მობრუნებულიყო და ერთიანად გაევლო მუსრი იაფოელებისთვის.

8. იუდამ ისიც შეიტყო, რთამ იამნიას მკვიდრნიც ამასვე უპირებდნენ იქაურ იუდაელებს,

9. ღამით თავს დაესხა იამნიელებს და გადაწვა მათი ნავსადგურები ხომალდებთან ერთად, ისე რომ ცეცხლის ალი იერუსალიმიდან ორასორმოცი სტადიონის მანძილზე ჩანდა.

10. ტიმოთესკენ რომ წამოვიდნენ, ცხრა სტადიონზე არაბები დაესხნენ მათ თავს, არანაკლებ ხუთი ათასი ქვეითისა და ხუთასი ცხენოსნისა.

11. გაიმართა სასტიკი ბრძოლა და იუდამ და მისმა თანამებრძოლებმა ღვთის შეწევნით წარმატებას რომ მიაღწიეს, დამარცხებულმა მოხეტიალე არაბებმა გადაწყვიტეს დაზავებოდნენ იუდას, დაპირდნენ ჯოგებს და ყოველმხრივ დახმარებოდნენ მის ხალხს.

12. იუდამაც გაითვალისწინა, რთშ მართლაც დიდად სასარგებლონი იქნებოდნენ მათთვის არაბები და დათანხმდა, მათთან ზავი დაედო. დაზავდნენ და თავ-თავიანთ კარვებში დაბრუნდნენ.

13. გარდა ამისა, იუდამ აიღო ერთი ხიდებით გამაგრებული და კედლებით გარშემოვლებული, სხვადასხვა ტომით დასახლებული ქალაქი, რომელსაც ეწოდებოდა კასპინი.

14. ქალაქის მკვიდრნი მტკიცე გალაგნებითა და სურსათ-სანოვაგით გულმოცემულნი, ერთობ უკმეხად იქცეოდნენ; შეურაცხყოფდნენ იუდას, ღმერთს გმობდნენ და ილანძღებოდნენ.

15. ხოლო იუდას ხალხმა მოუხმო სამყაროს დიდ მეუფეს, რომელმაც იესოს დროს საიერიშო ტარანებისა და საალყო მანქანების გარეშე დაამხო იერიქონი, და დიდი შემართებით შეუტია კედლებს.

16. როცა ღვთის შეწევნით ქალაქი აიღეს, ატყდა საშინელი ხოცვა-ჟლეტა, ისე რომ მიმდებარე ტბაშიც კი, რომელსაც ორი სტადიონის სიგანე ჰქონდა, თითქოს სისხლი იყო ჩაგუბებული.

17. აქედან წამოვიდნენ შვიდასორმოცდაათი სტადიონის მანძილზე და შევიდნენ ქარაკში, ეგრეთწოდებულ ტუბიის იუდაელებთან.

18. მაგრამ ვერ მოიხელთეს ამ ადგილებში ტიმოთე, რომელიც ისე გაშორდა ამ მხარეს, რომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწო, მხოლოდ ერთ ადგილას დატოვა მტკიცე დაცვა.

19. ამიტომ დოსითეოსი და სოსიპატროსი, მაკაბელთა წინამძღოლები, წამოვიდნენ და ამოწყვიტეს ტიმოთეს ჩაყენებული მეციხოვნეები - ათიათასზე მეტი კაცი.

20. მაკაბელმა კი თავისი ჯარი რაზმებად დაყო და ტიმოთეზე მოიტანა იერიში, მის ასოციათას ქვეითზე, ორიათას ხუთას მხედარზე.

21. ტიმოთემ იუდას მოახლოება რომ გაიგო, ქალები, ბავშვები და ჯარის ყოველგვარი აღალი გახიზნა ეგრეთწოდებულ კარნიონში. რადგან ეს სიმაგრე მოუხერხებელი იყო ალყისთვის მიუდგომელი მდებარეობის გამო.

22. იუდას პირველი რაზმი რომ გამოჩნდა, შიში ჩამოვარდა მტრებში და თავზარი დასცა მათ ყოვლისმჭვრეტელის ხილვამ; მაშინვე უკუიქცნენ, ვინ სად გარბოდა და ვინ სად, ისე რომ მეტ წილს თვითონვე თავისიანები ხოცავდნენ, ჩხვლეტდნენ და კაწრავდნენ მახვილთა წვერებით.

23. იუდა დაუნდობლად დევნიდა მტერს, ერთიანად მუსრს ავლებდა უწმიდურთ, ოცდაათიათასამდე კაცი გაანადგურა.

24. თავად ტიმოთე ხელთ ჩაუვარდა დოსითეოსსა და სოსიპატროსს და მათ ხალხს და ათასგვარი ხრიკებით ევედრებოდა მათ ცოცხალი გაეშვათ იგი, რადგან ბევრი იუდაელის მამა, ზოგისაც ძმა, მძევლებად ჰყავდათ ანტიოქელებს და არ დაინდობდნენ მათ, თუ ტიმოთე მოკვდებოდა.

25. როცა მრავალი საბუთით დაარწმუნა ტიმოთემ, რომ მძევლებს უვნებლად გაათავისუფლებდა, მათაც გამოუშვეს იგი, რათა ამით თავიანთი მოძმეები დაეხსნათ.

26. ხოლო კარნიონსა და ასგერგატიონთან ლაშქრით გამოსულმა იუდამ ოცდახუთი ათასი კაცი გაწყვიტა.

27. მათი დამარცხებისა და შემუსვრის შემდეგ მან ქალაქი ეფრონიც დალაშქრა, გამაგრებული ადგილი, სადაც სახლობდა ლისია და მრავალი სხვადასხვა ტომი. აქ, კედლების წინ, მედგრად იბრძოდნენ ძლიერი ჭაბუკები. მათ ქალაქის კედლებთან მოზიდეს ბევრი საიერიშო მანქანა და სატყორცნი მოწყობილობა.

28. მაკაბელის ხალხი კი ხმამაღლა მოუხმობდა მეუფეს, მტრის სიმაგრეთა დამაქცეველს, და აიღეს ქალაქი. გაანადგურეს ოცდახუთიათასამდე კაცი.

29. აქედან იერიშით წამოსულები მიადგნენ სკვითოპოლისს, იერუსალიმიდან სამოცი სტადიონით დაშორებულს.

30. მაგრამ იქაურმა იუდაელებმა დაუმოწმეს, რომ სკვითოპოლოსელები მათდამი კეთილად არიან განწყობილნი და გასაჭირში მოკრძალებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ხოლმე.

31. ამისათვის მათ მადლობა მოახსენეს და დაარწმუნეს, რომ მომავალშიც მათი მოდგმისადმი კეთილად იქნებოდნენ განწყობილნი. შემდეგ წამოვიდნენ იერუსალიმში, რადგან ახლოვდებოდა შვიდეულთა დღესასწაული.

32. ხოლო ორმოცდაათების დღესასწაულის შემდეგ გამოილაშქრეს გორგიაზე, ედომის განმგებელზე.

33. მაკაბელი სამიათასი ქვეითითა და ოთხასი მხედრით გამოვიდა.

34. ბრძოლაში იუდაელთა მცირედი ნაწილი დაეცა.

35. ხოლო ვინმე დოსითეოსმა, ბაკქენორის ერთ-ერთმა ქვეშევრდომმა, ცხენოსანმა და ძლიერმა კაცმა, შეიპყრო გორგია, ხელი ჩაავლო მას მოსასხამზე და მძლავრად დაითრია. უნდოდა ცოცხლად დაეტყვევებინა ის წყეული, მაგრამ დოსითეოსს თავს დაესხა ერთერთი თრაკიელი მხედარი და მხარი მოკვეთა; ხოლო გორგია მარისაში გაიქცა.

36. როცა ესდრისთან გაგრძელდა ბრძოლა და მეომრებსაც გამოეცალათ ძალა, მოუხმო იუდამ უფალს, შეწეოდა მათ და ომში წინამძღოლობა გაეწია.

37. დასჭექა მშობლიურ ენაზე საბრძოლო ყიჟინა და საგალობლები და მოულოდნელად დააცხრა გორგიას და უკუაქცია მისი ლაშქარი.

38. ხოლო იუდამ წამოიყვანა თავისი ლაშქარი და შევიდა ქალაქ ყადულამში. და, რაკი დამდგარი იყო შვიდეულთა დღესასწაული, რჯულისამებრ განწმედილმა იუდაელებმა აქ გაატარეს შაბათი.

39. მეორე დღეს, რადგან ეს აუცილებელი იყო იმ დროისთვის, მოვიდა იუდას ხალხი, რომ წამოესვენებინათ ბრძოლაში დაცემულთა გვამები და ნათესავებთან ერთად მშობილიური სამარხებისთვის მიებარებინათ ისინი.

40. ყოველ მოკლულს ქიტონის ქვეშ იამნიის კერპთათვის შეწირული საგნები აღმოუჩინეს, რასაც უკრძალავს რჯული იუდაელებს. ყველასთვის ცხადი გახდა, რა მიზეზითაც დაიღუპა ეს ხალხი.

41. და ყველამ განადიდა მართლმსაჯული უფალი, რომელმაც დაფარული განუცხადა მათ.

42. დაიწყეს ლოცვა, ევედრებოდნენ ღმერთს, სრულად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება. ხოლო კეთილშობილი იუდა ჩააგონებდა ყველას, ცოდვებს მორიდებოდნენ, რაკი თავისი თვალით ნახეს, თუ რა დაატყდათ თავს ბრძოლაში დაცემულ იუდაელებს შეცოდების მიზეზით.

43. შეკრიბა თითოეული კაცისგან ორიათასამდე ვერცხლის დრაქმა და იერუსალიმში გაგზავნა, რათა ჩადენილი ცოდვის გამო მსხვერპლი შეეწირათ. მეტად ღირსეულად და პატივისცემით მოიქცა, რადგან აღდგომაზე ფიქრობდა.

44. ბრძოლაში დაცემულთა აღდგომის იმედი რომ არ ჰქონოდა იუდას, ზედმეტად და ამაოდ მიიჩნევდა იგი მიცვალებულთათვის ლოცვას.

45. იმედი ჰქონდა, რომ ღვთისმოსავობაში გარდაცვილთ დიდებული საზღაური მოელის. წმიდაა და ღვთიური ასეთი ფიქრი. ამიტომაც მოიტანა მაკაბელმა მკვდართათვის გამოსასყიდი მსხვერპლი ცოდვათაგან მათ სალხინებლად.


თავი მეცამეტე

1. ასორმოცდაცხრა წელს იუდას ყურამდე მივიდა ამბავი, რომ ანტიოქოს ევპატორი დიდი ლაშქრით მოდის იუდაში,

2. და რომ მასთან ერთადაა ლისიაც, მეფის მეურვე და სახელმწიფო საქმეთა გამრიგე. თითოეული მათგანის ხელში იყო ელინთა სამხედრო ძალა - ასათიათასი ქვეითი და ხუთიათას სამასი ცხენოსანი, ოცდაორი სპილო და სამასი ეტლი, ცელებით შეიარაღებული.

3. მათ შემოუერთდა მენელაოსიც და დიდის თვალთმაქცობით აქეზებდა ანტიოქოსს იუდაელთა წინააღმდეგ - არა სამშობლოს ხსნისთვის, არამედ ხელისუფლების ხელში ჩაგდების იმედით.

4. ხოლო მეუფეთა მეუფემ აღაგზნო ამ უწმიდურის წინააღმდეგ ანტიოქოსის რისხვა და ლისიამაც დაუსაბუთა მეფეს, რომ მენელაოსია ყოველივე ბოროტების მიზეზი. ანტიოქოსმაც გადაწყვიტა მენელაოსი ბერეაში წაეყვანათ და ადგილობრივი რჯულის მიხედვით დაესაჯათ.

5. ამ ადგილას არის ორმოცდაათი წყრთის სიმაღლის გოდოლი, ნაცრით სავსე; მასზე მოწყობილია იარაღი წრიულად მბრუნავი და ნაცრის მიმართ დამრეცად მოქცეული.

6. აქ მოჰყავდათ ხოლმე სიკვდილმისჯილნი - ტაძრის მძარცველები ან სხვა რამ ზღვარგადასული ბოროტების ჩამდენნი.

7. ასეთი სიკვდილით მოკვდა უწმიდური მენელაოსი, მიწაც არ ღირსებია მას სამარედ და სავსებით სამართლიანად,

8. რადგან ბევრჯერ შესცოდა მან სამსხვერპლოებს, სადაც წმიდაა ცეცხლი და ნაცარი. ამიტომაც უწია ნაცარში სიკვდილმა.

9. ხოლო მეფემ, რისხვით თავგზააბნეულმა, განიზრახა თავის მამაზე უარესი საქმეები დაეტეხა იუდაელებისთვის.

10. ეს იუდამაც გაიგო და უბრძანა თავის ხალხს დღედაღამ ლოცვები აღევლინათ უფლისათვის, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც შეწევნა მოევლინა რჯულის, სამშობლოსა და წმიდა ტაძრის დაცვის მსურველთათვის;

11. არ ჩაეგდო უღვთოთა ხელში ხალხი, რომელმაც ეს-ესაა სული მოითქვა.

12. როცა ეს ბრძანება ერთსულოვნად აღასრულეს, ლოცვები აღუვლინეს მოწყალე უფალს, სამი დღის მანძილზე განუწყვეტლივ გოდებდნენ, მარხულობდნენ და მუხლმოდრეკით იდგნენ. მერე მოუხმო ხალხს იუდამ და მზადყოფნისკენ მოუწოდა.

13. უხუცესებთან თათბირის შემდეგ გადაწყვიტა, გასულიყვნენ ქალაქიდან და ღვთის შეწევნით წარემართათ საქმე, ვიდრე მეფის ლაშქარი იუდაში შემოიჭრებოდა.

14. სამყაროს შემოქმედის მფარველობას რომ მიენდო, მაკაბელმა მოუწოდა თავისიანებს, ღირსეულად ებრძოლათ რჯულისთვის, ტაძრისთვის, ქალაქისთვის, სამშობლოსთვის და მოქალაქეობისთგის, და მოდეინის მიდამოებში განალაგა ბანაკი.

15. მისცა პირობით ნიშნად სიტყვები - ღვთის გამარჯვება - და უმამაცესი ჭაბუკების რაზმით მეფის კარავს დაეცა ღამით, და ორიათასამდე კაცი გაწყვიტა ბანაკში. მოკლეს მეთაური სპილო და მისი მხედარი.

16. ბოლოს, შიში და აღრეულობა რომ შეიტანეს მტრის ბანაკში, გამარჯვებულნი უკან მობრუნდნენ.

17. უკვე გათენებული იყო, როცა ეს ამბავი მოხდა ღვთის შეწევნით.

18. ხოლო მეფემ, იუდაელთა სიმამაცე რომ იწვნია თავის თავზე, სცადა ხრიკებითა და მოტყუებით დაეკავებინა ადგილები.

19. მიადგა ბეთ-ცურს, იუდაელთა ციხე-სიმაგრეს, მაგრამ უკუაქციეს იგი, მარცხი აგემეს, დაამცირეს.

20. მეციხოვნიებს კი იუდამ აუცილებელი სახსარი შეუგზავნა.

21. აუწყა მტერს ეს საიდუმლოება როდოკოსმა იუდაელთა ბანაკიდან, მაგრამ იგი ამხილეს, შეიპყრეს და ჩაამწყვდიეს.

22. მეორეჯერ წამოუწყო მოლაპარაკება მეფემ ბეთ-ცურში გამაგრებულთ, ზავი შესთავაზა, მძევლები გაცვალეს, უკან გამობრუნდა, თავს დაესხა იუდას რაზმებს და დამარცხდა.

23. შეიტყო, რომ ფილიპე, რომელიც ანტიოქიაში იყო დატოვებული სახელმწიფო საქმეებისთვის, აჯანყდა; იგი დაიბნა, თხოვნით იუდაელებს მიადგა, მათ დამორჩილდა და ფიცით აღუთქვა ყველაფერი, რაც სამართლიანად ეკუთვნოდათ, შეეშვა მათ და, მსხვერპლიც კი შესწირა. პატივი მიაგო ტაძარს და მკვიდრი ხალხისადმი სიყვარულით განეწყო.

24. მან მაკაბელიც მიიღო და დატოვა განმგებლად ჰეგემონიდე პტოლემაისიდან გერენაიმდე.

25. მერე პტოლემაისში წავიდა. პტოლემაისის მკვიდრნი კი მოლაპარაკებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და დადგენილების გაუქმება სურდათ.

26. ლისია საჯაროდ გამოვიდა და თავი გაიმართლა. ხალხი დაარწმუნა, დაამშვიდა, კეთილად განაწყო და ანტიოქიისკენ გაემართა. ასე დასრულდა მეფის შეტევა და უკუდახევა.


თავი მეთოთხმეტე

1. სამი წლის შემდეგ იუდამდე მოვიდა ხმა, რომ დემეტრიოს სელევკოსის ძე მიადგა ტრიპოლის ნავსადგომს ძლიერი ჯარითა და მრავალი ხომალდით.

2. დაიპყრო ქვეყანა და მოკლა ანტიოქოსი და მისი მეურვე ლისია.

3. ხოლო ვინმე ალკიმოსი, რომელიც ადრე მღვდელმთავარი იყო, მაგრამ აღრეულობის ჟამს ნებით წაიბილწა თავი, როცა მიხვდა, რომ არასგზით არ ექნებოდა არც ხსნა, არც წმინდა სამსხვერპლოსთან მისადგომი,

4. ასორმოცდათერთმეტ წელს ეახლა მეფე დემეტრიოსს, მიართვა მას ოქროს გვირგვინი, პალმის რტო და, გარდა ამისა, ზეთისხილის რტოები, ტაძრიდან წამოღებული. იმ დღეს მეტი აღარაფერი უღონია.

5. და როცა თავისი უგუნურების აღსასრულებლად ხელსაყრელი დრო მოიხელთა, როცა იგი დემეტრიოსმა სათათბიროდ მოიხმო, შეკითხვაზე, რა განწყობა და სულისკვეთება სუფევსო იუდაელებში, ეს უპასუხა:

6. ხასიდიანებად წოდებული იუდაელები, რომელთაც სათავეში უდგას იუდა მაკაბელი, ომისთვის არიან განწყობილნი და ამბოხებისთვის შემართულნი და მოსვენებას არ აძლევენ სამეფოს.

7. მათ მე ამყარეს საგვარეულო პატივი ანუ მღვდელმთავრობა, ამიტომაც მოვსულვარ აქ,

8. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ პირუთვნელად ვზრუნავ მეფის კუთვნილებაზე, მეორეც, ჩემს თანამოქალაქეებს ვუფრთხილდები, რადგან ზემოხსენებული ხალხის უგუნურობით დიდად დაზარალდა მთელი ჩვენი მოდგმა.

9. რაკი ყოველივე უკვე გაიგე, მეფეო, იზრუნე ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს დაბეჩაგებულ ხალხზე შენი ყოვლადმოწყალე სიკეთით.

10. ვიდრე ცოცხალია იუდა, სამეფო სიმშვიდეს ვერ ეღირსება.

11. ეს რომ თქვა, მეფის სხვა მრჩევლებმა, რომლებიც იუდასადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი, კიდევ უფრო მეტად წააქეზეს დემეტრიოსი.

12. მეფემაც მაშინვე მოიხმო ნიკანორი, სპილოთა განმგებელი, მთავარსარდლად განაწესა იუდაში.

13. დაავალა, თავად იუდა მოეკლა, მისი ხალხი გაეფანტა, ხოლო ალკიმოსი დიდი ტაძრის მღვდელმთავრად დაესვა.

14. ხოლო იუდადან ლტოლვილი წარმართები, რომლებიც იუდას გამოქცეოდნენ, ჯოგივით აწყდებოდნენ ნიკანორს, და იმედოვნებდნენ, რომ იუდაელთა ბედუკუღმართობა და ავბედობა მათთვის სასიკეთო იქნებოდა.

15. იუდაელებმა რომ გაიგეს ნიკანორის გამოლაშქრების ამბავი და ისიც, რომ მას წარმართებიც შემოუერთდნენ, მიწა დაიყარეს თავზე და ევედრებოდნენ მას, ვინც უკუნისამდე დაამკვიდრა თავისი ხალხი და მუდამ ხილულად შეეწეოდა თავის წილხვედრილთ.

16. წინამძღოლის ბრძანებაზე ფიცხლად დაიძრნენ და სოფელ დესაუსთან შეებნენ მათ.

17. სიმონი, იუდას ძმა, ნიკანორთან ომში ჩაება, მაგრამ მალე, მტრის უეცარი თავდასხმის გამო, მცირეოდენი მარცხი განიცადა.

18. თუმცა ნიკანორსაც გაგონილი ჰქონდა, თუ რა ვაჟკაცობით იყო იუდას ხალხი გამორჩეული და რა გაბედულად იბრძოდნენ სამშობლოსათვის ბრძოლაში, ამიტომაც მოერიდა სისხლისღვრამდე მიეყვანა საქმე.

19. და გააგზავნა ბოსიდონიოსი, თეოდოტე და მატათია იუდაელებთან დასაზავებლად.

20. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ, როცა წინამძღოლმა ამის შესახებ აუწყა ხალხს, მოლაპარაკების პირობები ერთხმად მოიწონეს და დათანხმდნენ დაზავებაზე.

21. დანიშნეს დღეც, როცა პირისპირ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, და დათქმული დღე რომ მოვიდა, თითოეულს საგანგებო სავარძლები დაუდგეს;

22. იუდამ მოხერხებულ ადგილებში შეიარაღებული ხალხი დააყენა, რომ მზად ყოფილიყვნენ, თუ მტერი მოულოდნელად რაიმე მზაკვრობას განიზრახავდა, და მშვიდობიანი მოლაპარაკება ჰქონდათ.

23. ნიკანორმა ერთი ხანი იერუსალიმში დაჰყო და უადგილო არაფერი ჩაუდენია, და შემოკრებილი ხალხი დაშალა.

24. იუდას თავიდან არ იშორებდა და გულითადად განეწყო მისდამი.

25. დაიყოლია, რომ დაქორწინებულიყო და შვილები გაეჩინა. იუდაც დაქორწინდა, დამშვიდდა და ცხოვრებით ტკბებოდა.

26. ხოლო ალკიმოსმა რომ დაინახა მათი ერთმანეთისადმი კეთილგანწეობა და ურთიერთდაზავება, მოიკრიბა გამბედაობა, ეახლა დემეტრიოსს და მოახსენა, ნიკანორს სამეფოს მიმართ სიავე აქვს განზრახული, რაკი მან თავის მემკვიდრედ სამეფოზე ავისმზრახველი იუდა დასვაო.

27. მეფემაც, ბოროტმოქმედის ასეთი ცილისწამებით გაღიზიანებულმა და განრისხებულმა, მისწერა ნიკანორს, რომ უმძიმს ამგვარი მოლაპარაკების ატანა და ბრძანებს მაკაბელი სასწრაფოდ, ბორკილგაყრილი მიჰგვაროს ანტიოქიაში.

28. წერილმა ნიკანორამდე რომ მოაღწია, შეცბუნდა; მეტადრე იმან ატკინა გული, რომ უნდა დაერღვია მოკავშირეობა კაცთან, რომელსაც უმართებულო არაფერი ჩაუდენია.

29. მაგრამ მეფეს რომ ვერ ეურჩებოდა, ხელსაყრელ შემთხვევას უცდიდა, ეშმაკურად მოეგვარებინა საქმე.

30. როცა მაკაბელმაც დაინახა, რომ ნიკანორი მის მიმართ მკაცრი გახდა და შეხვედრაზეც ჩვეულებრივზე მეტად უხეშობდა, და მიხვდა, რომ ეს სიმკაცრე კარგს არაფერს მოასწავებდა, შეკრიბა თავის თანმხლებთაგან არცთუ მცირერიცხოვანი ხალხი და დაემალა ნიკანორს.

31. როცა ამ უკანასკნელმა გაიგო, რომ ეშმაკობით მას მაკაბელმა აჯობა, მივიდა დიდ და წმიდა ტაძართან და, როცა მღვდლებს დაწესებული მსხვერპლი მოჰქონდათ, ბრძანა გადაეცათ მისთვის ეს კაცი.

32. რაკი მღვდლები ეუბნებოდნენ და ეფიცებოდნენ, არ ვიცითო იმ კაცის ადგილსამყოფელი, ვისაც შენ ეძებო,

33. ნიკანორმა ტაძრისკენ გაიწვდინა მარჯვენა და ფიცით წარმოთქვა: თუ არ გადმომცემთ შებორკილ იუდას, ამ საღვთო ტაძარს მიწასთან გავასწორებ, სამსხვერპლოს ამოვთხრი და ამ ადგილას დიონისეს დიდებულ ტაძარს აღვმართავო.

34. ეს თქვა და წავიდა. მღვდლები კი აღაპყრობდნენ ზეცისკენ ხელებს, ევედრებოდნენ ჩვენი ხალხის მარადიულ შემწეს და ამბობდნენ:

35. შენ, უფალო, არავითარი გასაჭირი რომ არ გქონია, კეთილინებე, რომ ეს ტაძარი ყოფილიყო შენი სამკვიდრო ჩვენს შორის.

36. და ახლაც, ყოველი სიწმიდის წმიდა უფალო, დაიცავი უკუნისამდე შეურყვნელად ეს ახლადგანწმედილი სახლი და დახშე უწმიდური ბაგეები.

37. ხოლო ნიკანორს მოახსენეს ვინმე რაზისზე, ერთ-ერთ იერუსალიმელ უხუცესზე, როგორც თავის თანამოქალაქეთა მეგობარზე, რომელსაც ყველგან კეთილი სახელი ჰქონდა გავარდნილი და თავისი კეთილმოსურნეობის გამო იუდაელთა მამად აღიარებდნენ.

38. მას ადრე, აღრეულობის ჟამს, იუდაელობის მხარე ეჭირა და მზად იყო იუდაელობისთვთს სულიცა და სხეულიც შეეწირა.

39. ნიკანორმა იმის სურვილით, რომ ეჩვენებინა, თუ რაოდენ ეზიზღება იუდაელები, გააგზავნა ორმოცდაათზე მეტი ჯარისკაცი რაზისის შესაპყრობად,

40. რადგან, მისი აზრით, რაზისის დატყვევებით უბედურება დატრიალდებოდა იუდაელებში.

41. მაგრამ როცა ხალხის ბრბომ ციხის აღება დააპირა და ეზოს კარიბჭეს მოაწყდა, და უკვე განკარგულებაც გაიცა ცეცხლი მოეტანათ ჭიშკრისთვის წასაკიდებლად, მაშინ რაზისმა, რაკი დაინახა, რომ უცილობლად მტერს უვარდებოდა ხელთ, თვითონვე განიგმირა მახვილით თავი,

42. რადგან არჩია ვაჟკაცურად მომკვდარიყო, ვიდრე ურჯულოებს ჩავარდნოდა ხელში და თავისი ღირსება დაემცირებინა.

43. მაგრამ რაკი სიჩქარეში დარტყმა მიზანს ააცდინა, და ბრბოც უკვე შემოსასვლელებში შემოიჭრა, იგი უშიშრად აიჭრა გალავანზე და იქიდან ზედ ხალხზე გადმოეშვა.

44. შეჯგუფებულმა ხალხმა სასწრაფოდ მიიწ-მოიწია, ადგილი დაცარიელდა და რაზისი შუაგულს დაასკდა მუცლით.

45. ჯერ კიდევ ცოცხალი, იგი ფეხზე აღიმართა და რისხვით ანთებულმა ჩაურბინა ხალხის ხროვას, თუმცა სისხლი ღვარებად სდიოდა და ჭრილობებიც სტანჯავდა, დადგა ერთ ციცაბო კლდეზე

46. და სისხლისგან მთლად დაცლილმა, ამოიგლიჯა შიგნეულობა, ასწია იგი ორივე ხელით და შიგ ხალხში გადაისროლა, თან სიცოცხლისა და სულის მეუფეს ავედრებდა, კვლავ ებოძებინა მისთვის სიცოცხლე და სუნთქვა, და ასე დალია სული.


თავი მეთხუთმეტე

1. ხოლო ნიკანორმა გაიგო, რომ იუდა და მისი თანამებრძოლნი სამარიას მიდამოებში იმყოფებოდნენ და განიზრასა თავს დასხმოდა მათ მოულოდნელად, შესვენების დღეს.

2. იუდაელები, ვინც იძულებით თან ახლდა მას, ეუბნებოდნენ: ნუ ამოწყვეტ მათ ასე სასტიკად და არაადამიანურად, პატივი მიაგე ყოვლისმხილველის მიერ ნაკურთხ დღეს.

3. მაშინ ამ უწმიდურმა იკითხა: არსებობს კი მეუფე ცაში, შაბათების აღნიშვნა ვინც განაწესა?

4. როცა განუცხადეს: არის ცოცხალი ღმერთი, ზეციური მეუფე, ვინც გვიბრძანა დავიცვათ მეშვიდე დღე,

5. მან უპასუხა: მე კი, მიწიერი მეუფე, გიბრძანებთ, აისხათ იარაღი და შეასრულოთ, რასაც მეფე გიბრძანებთ. მაგრამ ვერ მოახერხა განზრახულის განხორციელება.

6. ნიკანორმა, ქედმაღლობითა და კადნიერებით თავგასულმა, განიზრახა იუდაზე და მის მომხრეებზე საბოლოო გამარჯვება ეზეიმა.

7. ხოლო მაკაბელს ღვთის შეწევნის შეურყეველი იმედი ასაზრდოებდა,

8. იგი თავის ხალხს მოუწოდებდა, წარმართების შემოტევას არ შეშინებოდნენ, გაეხსენებინათ ზეციური თანადგომის უწინდელი შემთხვევები და კვლავაც ჰქონებოდათ გამარჯვებისა და ყოვლისმპყრობელის შემწეობის მოლოდინი.

9. ამხნევებდა რჯულისა და წინასწარმეტყველთა კანონებით, ახსენებდა თვითონ მათ მიერვე ჩადენილ გმირობებს და ვაჟკაცობისთვის აღანთებდა მათ.

10. ამასთან, უღვივებდა რა საბრძოლო სულისკვეთებას, წარმართთა ვერაგობასა და ფიცის გატეხვასაც აუწყებდა თავისიანებს.

11. და აღჭურვა ისინი არა იმდენად მტკიცე ფარებითა და შუბებით, რამდენადაც გამამხნევებელი კეთილი მოწოდებებით, და ყველანი გაახარა, როცა ღირსასახდენი სიზმარიც უამბო.

12. ხილვა კი, რომელიც მას მოევლინა, ასეთი იყო: ონია, ყოფილი მღვდელმთაეარი, ღირსებითა და სიკეთით შემკული კაცი, სიტყვა-პასუხში მოკრძალებული, მშვიდი საქციელითაც და მეტყველებითაც, კაცი, რომელიც სიყრმიდანვე ხარბად ითვისებდა ყოველგვარ სათნოებას, ხელაპყრობილი ლოცულობდა მთელი იუდაელი ხალხისათვის.

13. შემდეგ გამოეცხადა მაკაბელს სხვა კაცი, ჭაღარითა და დიდებით შემკული, უცხო და უჩვეულო დიდებულებით გარემოსილი.

14. და თქვა ონიამ: ეს არის კაცი, ძმათა მოყვარული, ვინც ბევრს ლოცულობს ხალხისა და წმიდა ქალაქისთვის - იერემია, უფლის წინასწარმეტყველი.

15. იერემიამ კი გაიწვდინა მარჯვენა, გადასცა იუდას ოქროს მახვილი და გადაცემისას უთხრა:

16. აიღე ეს წმიდა მახვილი, ღვთისგან მოძღვნილი, ამით დასძლევ მტრებს.

17. ხალხმაც, გამხნევებულმა იუდას მშვენიერი და შთამბეჭდავი სიტყვით, მებრძოლებს - გმირობისკენ, ახალგაზრდებს კი ვაჟკაცობისკენ რომ მოუწოდებდა, გადაწყვიტა კი არ დაბანაკებულიყო, არამედ იერიში მიეგანა მტერზე და მთელი სიმამაცით ჩაბმულიყო ბრძოლაში, რადგან ქალაქსა და წმიდა ტაძარს საფრთხე ემუქრებოდა.

18. ქალებისა და ბავშვების, ძმებისა და ნათესავების ბედი მათ ნაკლებად აწუხებდათ, უფრო მეტად ღვთივკურთხეული ტაძრისთვის ზრუნავდნენ.

19. ხოლო ვინც ქალაქში დარჩა, არც მათ ჰქონდათ ნაკლები სადარდელი, რადგან ბრძოლის ბედი აწუხებდათ, რომელიც მინდვრად იყო გაჩაღებული.

20. და როცა ყველანი უკვე მოელოდნენ, რომ საქმე გადაწყდებოდა, როცა მტრები გაერთიანდნენ და მეომრებიც მწყობრად განალაგეს, კუთვნილი ადგილი მიუჩინეს სპილოებს და აქეთ-იქით ცხენოსნები ამოუყენეს,

21. მაკაბელმა შეხედა საიერიშოდ გამზადებულ მრავალრიცხოვან ლაშქარს, საჭურველთა სიჭრელეს და მხეცების მძვინვარებას, ცისკენ აღაპყრო ხელები და მოუხმო უფალს, სასწაულთმოქმედს და ყოვლისმხილველს, რაკი იცოდა, რომ იარაღით კი არ მოიხვეჭება გამარჯვება, არამედ უფალი თავისი არჩევანით ანიჭებს გამარჯვებას ღირსეულთ.

22. ამას ამბობდა მავედრებელი; შენ, მეუფეო, ანგელოზი მოუვლინე ხიზკიას, იუდას მეფეს, და შემუსრა მან სანქერიბის ჯარი - ასოთხმოცდახუთიათასი კაცი.

23. ახლაც, ზეცათა განმგებელო, მოგვივლინე კეთილი ანგელოზი, წინ რომ გაგვიძღვეს და შიშის ზარი და ძრწოლა მოჰგვაროს მტერს.

24. შენი მკლავის სიძლიერით დაამხე შენს წმიდა ხალხზე აღმდგარი მკრეხელები. ამ სიტყვებით დაამთავრა მან თავისი ლოცვა.

25. საყვირებითა და საბრძოლო ყიჟინით მოდიოდა ნიკანორის ჯარი.

26. იუდას ხალხი კი ღვთის მოხმობით და ლოცვებით ეკვეთა მტერს.

27. მარჯვენა ბრძოლისთვის, გული კი ღვთისთვის ლოცვად ჰქონდათ გადადებული. ასე, ღვთიური გამოცხადების ხილვით დიდად გახალისებულებმა გაანადგურეს სულ ცოტა ოცდათხუთმეტი ათასი კაცი.

28. როცა აღასრულეს საქმე და სიხარულით შემობრუნდნენ, შეიტყეს, რომ ნიკანორი ბრძოლაში დაღუპულიყო თავისი სრული აღჭურვილობით.

29. ყიჟინა და ხმაური რომ ჩაცხრა, სამადლობელი აღუვლინეს უფალს თავიანთ მამა-პაპათა ენაზე.

30. მაშინ იუდამ, სულითა და ხორცით თავის ხალხზე გადაგებულმა, ვისაც მთელი თავისი ახალგაზრდული კეთილგონიერება თვისტომებისთვის ჰქონდა შემონახული, ბრძანა, ნიკანორისთვის თავი და მკლავი მოეკვეთათ და იერუსალიმში წაეღოთ.

31. რომ მივიდა, მოიხმო თვისტომები და სამსხვერპლოს წინ მღვდლები დააყენა, გააგზავნა ხალხი სიმაგრეთა დამცველთათვის ამბის საუწყებლად, ციხე-სიმაგრის დამცველებიც გამოიხმო თავისთან.

32. და როდესაც ყველას უჩვენა უწმიდური ნიკანორის თავი და უღვთოს ხელი, რომელსაც იგი, თავგასული, ყოვლისმპყრობელის წმიდა სახლისკენ იწვდიდა,

33. ბრძანა ამოეკვეთათ უწმიდური ნიკანორისთვის ენა, ნაწილ-ნაწილ აეკუწათ და ჩიტებისთვის მიეგდოთ, უგუნურის მკლავი კი ტაძრის წინ დაეკიდათ.

34. და ყველანი, ცისკენ თვალაპყრობილნი, განადიდებდნენ უფალს, მათ რომ გამოეცხადა, და ამბობდნენ: კურთხეულ იყოს, რომელმაც დაიცვა შეურყვნელად თავისი ადგილი.

35. და მან ციხიდან გადმოკიდა ნიკანორის თავი, როგორც ცხადი და თვალსაჩინო ნიშანი ღვთიური შეწევნისა.

36. საყოველთაო კენჭისყრით დაადგინეს, რომ არ დარჩეს აღუნიშნავი, მეთორმეტე თვის მეცამეტე დღე გამოცხადდეს დღესასწაულად. სირიულ ენაზე ამ დღეს ეწოდებოდა ადარ, მორდეხაის დღეს ერთი დღით უსწრებს წინ.

37. ასე აღსრულდა ნიკანორის საქმენი. ამიერიდან ებრაელებმა დაიმკვიდრეს ქალაქი, მეც ამით დავასრულებ სათქმელს.

38. თუ მწყობრად და გონივრულად დავალაგე სიტყვა, მეც ეს მინდოდა. როგორც შემეძლო, ისე ვქმენ და თუ მწირად და უღიმღამოდ გამომივიდა, ის ვქმენ, რაც ძალმედვა.

39. ღვინოც ხომ, გაუზავებელს თუ დალევ, მავნეა. ასევე მავნეა მარტო წყალიც. მაგრამ კარგია ღვინო, წყალს შეზავებული; სიამოვნებისა და მადლის მომგვრელი და სიტყვის ჯეროვანი წყობაც თავისი წყობით გვანიჭებს მადლს. აქ იყოს ამბის დასასრული.