თავი პირველი

1. როცა ფილოპატორმა უკან დაბრუნებულთაგან შეიტყო, რომ ანტიოქოსი დაეპატრონა მის კუთვნილ მიწებს, უბრძანა მთელ ლაშქარს - ქვეითებს და მხედრობას, წაიყვანა არსინოე, თავისი და, და გაემართა რაფიას მხარეში, სადაც ანტიოქოსის ჯარები იყო დაბანაკებული.

2. მაგრამ ვიღაც თეოდოტოსმა გადაწყვიტა ჩანაფიქრის შესრულება: წამოიყვანა მისდამი პტოლემეოსის განკარგულებით მინდობილი შეიარაღებული ხალხი და ღამით პტოლემეოსის კარავში შეაღწია, რათა პირისპირ მისჭროდა და მოეკლა მეფე და ამით ბოლო მოეღო ომისთვის.

3. მაგრამ დააღალატა იგი დოსითეოსმა, დრიმილოსის ძემ, ტომით იუდაელმა, რომელმაც მოგვიანებით უარყო რჯული და მამა-პაპის მცნებებს უცხოური ამჯობინა. მან შეუშვა კარავში ვიღაც უაზნო კაცი, რათა პტოლემეოსისთვის გამიზნული სასჯელი მას დასტეხოდა თავს.

4. როცა მოხდა სასტიკი ბრძოლა და ანტიოქოსს საქმეები გამოუსწორდა, არსინოემ მოიარა ჯარები, ცრემლებითა და მუდარით, თმაგაშლილი ემუდარებოდა მათ, მხნედ ებრძოლათ საკუთარ თავისთვის, საკუთარი შვილებისა და ცოლებისთვის. გამარჯვებულებს იგი თითოეულს ორ მნა ოქროს აღუთქვამდა.

5. ხელჩართულ ბრძოლაში მტერმა მარცხი განიცადა და ბევრი ჩავარდა ტყვედ.

6. საწადელი რომ აღისრულა, პტოლემეოსმა განიზრახა, მეზობელ ქალაქებშიც ჩასაულიყო და გაემხნევებინა ისინი.

7. ეს რომ გააკეთა და სალოცავებშიც ძღვენი ჩამოარიგა, გაამხნევა ქვეშევრდომებიც.

8. როცა იუდაელებმა საბჭოსგან და უხუცესთაგან გაუგზავნა მას ელჩები მისალოცად, ძღვენის მისართმევად და სიხარულის გამოსახატავად მომხდარი ამბების გამო, მანაც მოისურვა, რაც შეიძლება მალე შეხვედროდა მათ.

9. იერუსალიმში რომ ჩავიდა, მსხვერპლი შესწირა და მადლი მიაგო უზენაეს ღმერთს; ყველაფერი შეასრულა, რაც ამ ადგილს ეკადრებოდა. როცა ამ ადგილზე მოხვდა და მისი დიდებულებითა და მშვენებით მოიხიბლა,

10. საწმიდარის ჰაეროვნებით განცვიფრებულმა წმიდათა წმიდაში შესვლა მოისურვა.

11. უთხრეს: წესი არ არის, არა მარტო ჩვენს ხალხს ეკრძალებათ იქ შესვლა, არამედ მღვდლებსაც კი; მხოლოდ მღვდელმთავარს აქვს ამის ნება და ისიც წელიწადში ერთხელ. მაგრამ ვერაფრით ვერ დაარწმუნეს მეფე.

12. გააცნეს რჯულიც, მაგრამ არც ამან გადაათქმევინა მეფეს განზრახული. ამბობდა, რომ მას უფლება აქვს, შევიდეს ტაძარში. თუ ისინი მოკლებული არიან ამ პატივს, მე არაფერი დამაბრკოლებსო.

13. იკითხა, თუ რატოშ არავინ არ შეაჩერა იქ მყოფთაგან, როცა სხვა კვრივებში შედიოდა.

14. მაშინ ვიღაცას დაუფიქრებლად წამოსცდა, ცუდი იყო, ასე რომ მოხდაო.

15. რაკი ეს უკვე მოხდა, თქვა მეფემ, რაღაც მიზეზის გამო, რატომ არ შევიდე იმისდა მიუხედავად, გსურთ თქვენ ეს თუ არა?

16. მაშინ მღვდლები, სრულად შემოსილნი, დაემხნენ მიწაზე, შეწევნას თხოვდნენ უზენაეს ღმერთს, რათა დაეოკებინა ბოროტი ზრახვებით შემოჭრილი მოძალადე, და მოთქმითა და ცრემლებით აავსეს ტაძარი.

17. ქალაქში დარჩენილნი, შეშფოთებულები გამოცვივდნენ გარეთ; იფიქრეს, რაღაც უცნაური რამ მოხდაო.

18. თავიანთ ოთახებში ჩაკეტილი ქალწულები დედებთან ერთად გამორბოდნენ, ნაცარს იყრიდნენ თმებზე, მოთქმა-გოდებით ავსებდნენ ქუჩებს.

19. საქორწინოდ მოკაზმული ქალიშვილები სტოვებდნენ სიძესთან შესახვედრად გამზადებულ სანთიობებს და კდემადაკარგულნი უწესოდ დარბოდნენ ქალაქში.

20. დედები და ძიძები ტოვებდნენ ახალშობილ ბავშვებს, ზოგი სახლში, ზოგიც ქუჩაში და უკანმიუხედავად გარბოდნენ უზენაესი ტაძრისკენ.

21. მრავალგვარი იყო ვედრება ტაძართან თავმოყრილი ხალხისა მეფის მკრეხელური განზრახვის გამო.

22. ზოგი მოქალაქე შეეცადა კიდეც, ხელი შეეშალა მეფისთვის განზრახულის შესრულებაში.

23. მოუწოდეს ხალხს, იარაღი აეღოთ და თავი შეეწირათ რჯულის დასაცავად, და არეულობა გამოიწვიეს წმიდა ადგილას. მაგრამ უხუცესებმა და მღვდლებმა დააშოშმინეს და ისინიც სხვებივით ლოცვა-ვედრებას მოჰყვნენ.

24. ხალხი კვლავ ლოცულობდა,

25. მეფესთან მყოფი უხუცესები კი ყველანაირად ცდილობდნენ დაეყოლიებინათ მეფე, ხელი აეღო თავხედურ განზრახვაზე,

26. მაგრამ გაკადნიერებული მეფე, ყველაფრის უგუბელმყოფელი, წინ მიიწევდა, რათა ბოლომდე შეესრულვბინა ნათქვამი.

27. ამის შემხედვარე მეფის თანმხლებმა პირებმა ჩვენიანებთან ერთად დაიწყეს ლოცვა ყოვლადძლიერისადმი, რათა ეხსნა ისინი გასაჭირისგან, არ ენახვებინა მათთვის ურჯულო და კადნიერი საქმე.

28. ერთი გუგუნი იდგა სასოწარკვეთილი ხალხის გაბმული მოთქმისა და შეძახილებისგან.

29. კაცს ეგონებოდა, რომ არა მხოლოდ ადამიანები გამოსცემენ ხმას, არამედ კედლებიცა და მთელი არემარეც. ამ დროს ყველას სიკვდილი ერჩია ადგილის შეგინებას.


თავი მეორე

1. მაშინ სიმონ მღვდელმთავარმა ტაძრის წინ მოიყარა მუხლი, მოწიწებით გაიწოდა ხელები და წარმოთქვა ეს ლოცვა:

2. უფალო, უფალო, ცათა მეუფეო და ყოველი ქმნილების გამრიგევ, წმიდაო წმიდათა შორის, თვითმპყრობელო, ყოვლადძლიერო, შეგვეწიე შეჭირვებულთ უღვთოსგან და მკრეხელისგან, ძალითა და მძლავრობით გაკადნიერებულისგან.

3. რადგან შენ, ყოვლის შემქმნელო და ყოვლის გამრიგევ, სამართლიანი ხელმწიფე ხარ; შენ განსჯი მათ, ვინც თავხედურად და კადნიერად იქცევა.

4. შენ ხომ ადრეც შეგიმუსრავს უსამართლობის ჩამდენნი და მათ შორის ბუმბერაზებიც იყვნენ, ძალაში და სიმამაცეში თავდაჯერებულნი, მიუღვარე მათ უზომო წყლები და დაღუპე.

5. შენ გადაბუგე ცეცხლითა და გოგირდით თავგასული სოდომელები, რომლებიც ახდილად ჩადიოდნენ უკეთურებებს და საარაკოდ გახადე ისინი შთამომავლობისთვის.

6. შენ უჩვენე შენი ძლევამოსილება თავხედ ფარაონს, შენი ერის, წმიდა ისრაელის დამატყვევებელს და მრავალი და მრავალი სასჯელით ჰგვემე იგი; დაანახვე შენი ძლიერება.

7. ეტლებითა და დიდძალი ჯარითურთ შენი ხალხის მდევნელი დანთქე ზღვის სიღრმეში, ხოლო შენი, ყოველი ქმნილების გამრიგის, მოსავნი ცოცხლები გამოიყვანე,

8. და განგადიდეს ყოვლისმპყრობელი შენი ხელის ნამოქმედართა მხილველებმა.

9. შენ, მეუფეო, რომელმაც შექმენი უნაპირო და უსაზღვრო მიწა, გამოარჩიე ეს ქალაქი და აკურთხე შენი სახელით ეს ადგილი, თუმცა არაფერი გაკლია, და განადიდე იგი შენი დიადი გამოცხადებით, რათა გექცია იგი შენი დიდი და პატიოსანი სახელის სადიდებლად.

10. ისრაელის სახლის მოყვარული გვპირდებოდი, თუ უბედურკბაში და გასაჭირში მყოფნი ამ ადგილზე მოვიდოდით და ვილოცებდით, შენ შეისმენდი ჩვენს ლოცვას.

11. მისანდობელი ხარ შენ და ჭეშმარიტი,

12. რადგან ხშირად შეწევნიხარ გასაჭირში ჩავარდნილ ჩვენს მამა-პაპას და დიდი ბოროტებისგან გიხსნია.

13. და ახლაც, წმიდათა მეუფეო, ჩვენი მრავალი და დიდი შეცოდებების გამო ვიტანჯებოდით ჩვენს მტერს დამორჩილებულნი, დაუძლურებულნი.

14. ჩვენი დაცემის ჟამს ეს თავხედი და მკრეხელი ლამობს შეურაცხყოს ამ ქვეყანაში შენს დიდებულ სახელზე ნაკურთხი წმიდა ადგილი.

15. შენი სამყოფელი, ცა ცათა, მიუწვდომელია ადამიანთათვის,

16. მაგრამ შენი მოწყალებით მოჰმადლე შენს ერს, ისრაელს, შენი დიდება და აკურთხე ეს ადგილი.

17. ნუ მოგვკითხავ ჩვენ ამათ უწმიდურობას, ნურც დაგვსჯი მათი მკრეხელობისთვის, რისხვით რომ არ მოჰყვნენ ტრაბახს ურჯულოები, არ გათავხედნენ და არა თქვან კადნიერი ენით:

18. გავთელეთ საწმიდარის სახლი, როგორც თელავენ წაბილწულ სახლებსო.

19. განგვაშორე ჩვენი ცოდვები და გაფანტე ჩვენი შეცოდებები, გამოაჩინე შენი მოწყალება ამ ჟამს.

20. სწრაფად გარდამოვიდეს ჩვენზე შენი სიბრალული; ხოტბის მადლი მოანიჭე გათელილთა ბაგეს, მშვიდობა მიჰმადლე სულით შემუსვრილებს.

21. მაშინ შეისმინა რჯულიერი ლოცვა-ვედრება ყოვლისმჭვრეტელმა ღმერთმა, პირველმამამ, წმიდამ წმიდათა შორის, და დასაჯა გაკადნიერებული და თავგასული,

22. აქეთ-იქით შეარხია იგი, როგორც ლერწამი ირხევა ქარისაგან და დაეცა იგი მიწაზე უმწეოდ, ასოგანრღვეული, ხმის ამოღება არ შეეძლო, რადგან სამართლიანი სასჯელით იყო ნაგვემი.

23. შიშმა მოიცვა მისი მეგობრებიცა და პირადი მცველები ამ საშინელი სასჯელის შემსწრენი; შეეშინდათ, სიცოცხლე არ მოესწრაფოსო მეფეს, და სასწრაფოდ განარიდეს ამ ადგილს თავადაც თავზარდაცემულებმა.

24. მცირე ხანს გონს მოეგო და, თუმცა დასჯილი იყო, არც კი მოუნანიებია; პირთქით, სასტიკი მუქარის სიტყვებით დასტოვა იქაურობა.

25. ეგვიპტეში ჩასულმა უმატა ბოროტის ქმნას, წაქეზებულმა მემთვრალე თანამეინახეთაგან, რომლებიც შორს იყვნენ ყოველგვარი სამართლიანობისგან.

26. არ დასჯერდა უთვალავ უკეთურ საქმეს, არამედ იმ ზომამდე გაკადნიერდა, რომ ლანძღვა-გინებას უთვლიდა იქაურ ადგილებს. მეფის ბევრი მეგობარი, ვინც ხშირად უყურებდა მის საქციელს, მის ნებას იყო აყოლილი.

37. ბოლოს, გადაწყვიტა, საჯაროდ დაემცირებინა იუდაელი ხალხი და ამისთვის გოდლის ეზოში დადგა სვეტი წარწერით:

28. ვინც მსხვერპლს არ სწირავს, არავინ შევიდეს საწმიდარებში; ხოლო იუდაელნი, ყველანი გამოცხადდნენ, რათა აღწერილ იქნან მონათა სიებში. გაურჩებული ძალით უნდა მოიყვანონ და სიკვდილით დასაჯონ.

29. აღრიცხულნი უნდა დაიდაღონ: ცეცხლით უნდა ამოეწვათ დიონისეს ნიშანი - სუროს ფოთოლი - და უფლებები შეეზღუდოთ.

30. ყველასთვის საძულვვლად რომ არ გამოჩენილიყო, მიაწერა: საიდუმლო ღვთისმსახურებასთან ზიარების მსურველი ალექსანდრიელ მოქალაქეებთან გათანასწორდება.

31. ზოგიერთებმა მოქალაქეობის უფლებათა გამო საკუთარი რჯული მოიძულეს და ადვილად დანებდნენ, თითქოს მეფესთან ურთიერთობით სახელს მოიხვეჭდნენ.

32. მაგრამ მრავალნი სულით მტკიცენი აღმოჩნდნენ და არ განუდგნენ ღვთისმოსავობას; ფულით ყიდულობდნენ სიცოცხლეს და უშიშრად ცდილობდნენ, აღწერისგან თავი დაეღწიათ;

33. ღვთის შეწევნის იმედით საზრდოობდნენ, განდგომილებს გაემიჯნენ, ერის მტრებად ჩათვალეს ისინი და მოიკვეთეს თავიანთი საზოგადოებისგან და ურთიერთშემწეობისგან.


თავი მესამე

1. ეს რომ შეიტყო იმ უღვთომ, ისე გამძვინვარდა, რომ უკვე მხოლოდ ალექსანდრიელ იუდაელებზე კი აღარ ბობოქრობდა, არამედ საერთოდ ქვეყნის ყველა მცხოვრებსაც სასტიკად დაუპირისპირდა. ბრძანა, ყველასთვის დაუყონებლივ თავი მოეყარათ ერთ ადგილზე, რომ უსასტიკესი სასჯელით მოესწრაფათ სიცოცხლე.

2. სანამ ეს საქმეები გვარდებოდა, კიდევ გავრცელდა მტრული ხმები იუდაელთა ხალხზე მისთვის ავის განმზრახველთა წყალობით, თითქოს იუდაელები მათი კანონების დაცვას არიდებდნენ თავს;

3. თუმცა იუდაელები კეთილგანწყობას და ერთგულებას იჩენდნენ მეფისადმი.

4. მაგრამ რაკი ისინი თავიანთ ღმერთა ესავენ და რჯულს მისდევენ და გარჩევა აქვთ საჭმელში, ამ მიზეზით სიძულვილით უყურებენ მათ ზოგიერთნი.

5. ხოლო სამართლიანი და ქველმოქმედებით შემკობილი იუდაელები ბევრისგან პატივისცემას იმსახურებდნენ;

6. მაგრამ მაინც ამ ხალხის სიკეთით სავსე ცხოვრების უცხოტომელნი არაფრად მიიჩნევდნენ;

7. ისინი ჭორაობდნკნ მათ ღვთისმსახურებაზე და მათ საჭმელზე, ამტკიცებდნენ, თითქოს არც მეფის, არც მისი ხელისუფლების ერთგულნი არ ყოფილიყვნენ, მტრულად ყოფილიყვნენ მათი საქმეებისადმი განწყობილნი. და ასე განზრახ უვრცელებდნენ მათ ცუდ ხმებს.

8. ხოლო ქალაქში მცხოვრებმა ბერძნებმა, რომელთაც იუდაელთაგან ცუდი არ ახსოვდათ, დაინახეს რა მოულოდნელი აღშფოთება მათ წინააღმდეგ და ბრბოების თავმოყრა მათ გარშემო, თუმცა არ შეეძლოთ მათი დახმარება, რადგან სამეფო განკარგულებას გვერდს ვერ აუქცევდნენ, მაინც ცდილობდნენ მათ ნუგეშისცემას, სწუხდნენ და იმედოვნებდნენ, რომ შეიცვლებოდა ვითარება.

9. რადგან არ ეგებოდა ამდენი უდანაშაულო ხალხის მიტოვება ბედის ანაბარა.

10. თუმცა ზოგიერთი მათი მეზობელი და მეგობარი, ვისაც მათთან საქმე აკავშირებდა, ფარულად იღებდა ზოგიერთ მათგანს და აღუთქვამდა, რომ ყველაუერს იღონებდა მათ დასაცავად.

11. ხოლო მეფემ თავისი კეთილდღეობით გათავხედებულმა, არაფრად რომ არ აგდებდა უზენაესი ღმერთის ძალას და დაბეჯითებით განიზრახავდა ჩანაფიქრის განხორციელებას, ასეთი წერილი დაწერა მათ მიმართ:

12. მეფე პტოლემეოს ფილოპატორი თავის სარდლებსა და ჯარისკაცებს ეგვიპტეში და მის ყველა ადგილას ესალმება და ჯანმრთელობას უსურვებს.

13. კარგად ვარ და ჩვენი საქმეებიც კარგად მიდის.

14. აზიაში ჩვენი ლაშქრობთს დროს, სადაც თქვენც უწყით, ღმერთთა მოულოდნელი შეწევნით, წარმატებით აღვასრულეთ განზრახული,

15. ჩვენ არა იარაღის ძალით, არამედ მოწყალებითა და დიდი კაცთმოყვარეობით ვზრუნავდით კოილეს სირიის მოსახლეობაზე და ვცდილობდით ფინიკიის ხალხებსაც კეთილად მოვქცეოდით.

16. ქალაქთა საწმიდარებს მრავლად შევწირეთ დიდძალი ქონება და ასე მივადექით იერუსალიმს, ავედით ამ უკეთური და უგუნურებაში დაუოკებელი ხალხის საწმიდარის პატივსაცემად.

17. სიტყვით კი მიგვიღეს, მაგრამ საქმით მზაკვრულად მოგვექცნენ. როცა მოვისურვეთ მათ ტაძარში საკადრისი და ღირსეული შესაწირით შესვლა, რათა პატივი გვეცა მისთვის,

18. თავხედურად მოგვივარდნენ და შესასვლელი გადაგვიკეტეს. ჩეენ კი არც გვიფიქრია, ძალისათვის მიგვემართა იმ კაცთმოყვარეობის გამო, რომელსაც ყველასადმი ვიჩენთ.

19. ჩვენდამი აშკარა მტრობის გამოჩენით ერთადერთი ეს ხალხი შეიქნა ყველა ხალხს შორის, რომელიც გაუდიდგულდა მეფეებსა და თავიანთ კეთილისმყოფელთ და არ სურთ კეთილშობილურად იქცეოდნენ.

20. მაგრამ ჩვენ არ ავყევით მათ უგუნურებას და გამარჯვებით დაბრუნებულებმა ეგვიპტეშიც კი შესაფერისი კაცთმოყვარეობა გამოვიჩინეთ, როგორც ყოველი ხალხის მიმართ ვიქცევით,

21. ამასთან ერთად ჩვენ გამოვუცხადეთ ყველას, რომ ვივიწყებთ ყველაფერს ცუდს, რაც მათ თანამემამულეთაგან გვინახავს; რადგან ჩვენს მოკავშირეებად მიგვაჩნია თავიდანვე. ერთი ცვლილებაც კი გავბედეთ: გადავწყვიტეთ ალექსანდრიის მოქალაქეობის ღირსად და ჩვენი სიწმიდეების მუდმივ თანაზიარად გაგვეხადა ისინი.

22. მათ კი თანდაყოლილი სიავის მიზეზით უკუღმა მიიღეს ეს ყოველივე, უარყვეს სიკეთე და, სულმუდამ მზაკვრობებისკენ მიდრეკილებმა,

23. არა თუ არ იკადრეს ეს დაუფასებელი მოქალაქეობა, არამედ მეტიც: საჯაროდ თუ დაფარულად გაწყვიტეს კავშირი იმ თანამემამულეებთან, ვინც ჩვენდამი გულითადად იყვნენ განწყობილნი; მათ იდუმალ სჯერათ, რომ მათი სამარცხვინო ცხოვრება მალე შეგვაცვლევინებს ჩვენს წესრიგს.

24. ამიტომ ჩვენ საკმარისი მაგალითი გვაქვს იმისათვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ მათ ყოვლად მტრულ განწყობილებაში ჩვენდამი; და თუ ჩვენს წინააღმდეგ უეცრად სადმე ჯანყი ატყდება, გვეცოდინება, რომ ზურგს უკან ეს გამყიდველი და ბარბაროსი ხალხი გვყავს.

25. ამიტომ განკარგულებას ვიძლევით: როგორც კი ამ წერილს მიიღებთ, თავიანთი ცოლ-შვილითურთ წარმოასხით ჩვენთან ისინი, რკინის ბორკილდადებულნი, ტანჯვითა და შეურაცხებით, რათა სამარცხვინო სიკვდილი დაიმსახურონ, როგორც მტრებს შეჰფერით.

26. რადგან თუ დასჯილნი გვეყოლებიან ყველანი, მომავალში კარგად წაგვივა სახელმწიფო საქმები და წესრიგი დაგვიმყარდება.

27. და თუ ვინმე შეიფარებს იუდაელს - მოხუცებულს თუ ბავშვს, ჩვილსაც კი, სამარცხვინო წამებით ამოხდება სული მას და მთელს მის ოჯახს.

28. ხოლო ვინც მოისურვებს, რამე შეგვატყობინოს, ჯილდოდ მიილებს დასჯილის ჩამორთმეულ ქონებას, ორიათას დრაქმას მეფის ხაზინიდან და თავისუფლებას.

29. ყოველი ადგილი კი, სადაც იპოვნიან თავშეფარებულ იუდაელს, განადგურდეს და გადაიბუგოს, რომ მოკვდავთათვის ყოვლად გამოუსადეგარი იყოს სამუდამოდ.

30. ასეთი იყო მეფის წერილი.


თავი მეოთხე

1. ყველგან, სადაც კი გამოცხადდებოდა მეფის განკარგულება, წარმართთათვის სახელმწიფოს ხარჯზე იმართებთდა ხმაურიანი და მხიარული ნადიმები, რადგან სააშკარაოზე გამოვიდა მანამდე ფარული, გულში ჩამარხული სიძულვილი.

2. იუდაელებში კი განუწყვეტელი მოთქმა-გოდება და ცრემლის ღვრა იყო; ყველგან ოხვრა-კვნესა გაისმოდა; ხალხს გული უწუხდა, ასე უეცრად დასაღუპად განწირულს.

3. რომელი ოლქი ან ქალაქი, ან საერთოდ, რომელი დასახლებული ადგილი თუ ქუჩა არ შეუძრავს მათ მოთქმას და ტირილს?

4. ჯოგივით ერეკებოდნენ მათ ქალაქებიდან სასტიკი და ულმობელი სარდლები, ისე რომ ეს უჩვეულო სასჯელი იუდაელთა ზოგიერთი მტრის თვალშიც კი საწყალობელ სანახაობად იქცეოდა და იწვევდა ფიქრებს წუთისოფელის სიმუხთლეზე, და ისინიც მწარედ დასტიროდნენ უსამართლოდ დევნილებს.

5. მიათრევდნენ ჭაღარით შემკობილ მოხუცებს, დაუძლურებულთ და ასაკით წელში მოხრილთ; უსირცხვილოდ აიძულებდნენ, სწრაფად ევლოთ.

6. გოდებდნენ ახლადდაქორწინებული ყმაწვილი ქალები ნაცვლად იმისა, რომ გაეხარათ სანთიობოში; ნაცარს იყრიდნენ ზეთნაპკურებ თმაზე და თავშიშველნი, საქორწინო სიმღერების ნაცვლად, ერთხმად ტიროდნენ უცხოტომელთა სასტიკი მოპყრობით გამწარებულები.

7. ბორკილგაყრილნი ძალადობით მიჰყავდათ ისინი ქვეყნის თვალწინ, ვიდრე ხომალდში ჩაყრიდნენ.

8. ხოლო მათი ქმრები, ახალგაზრდული ასაკის მწვერვალს მიღწეულნი, კისერზე თოკშემოჭერილნი გვირგვინის ნაცვლად, ლხინისა და ჭაბუკური სიხალისის წილ გლოვაში ატარებდნენ ქორწილისთვის განკუთვნილ დღეებს, რადგან ფეხქვეშ უკვე პირაშკმულ ჯოჯოხეთს ხედავდნენ.

9. მხეცებივით აჰყავდათ ხომალდზე რკინის ბორკილებში; ზოგს კისრით აჯაჭვავდნენ მერხებს, ზოგს კი მაგარ ხუნდებში ჰქონდათ ფეხები გაყრილი.

10. ზემოდან სქელი ფიცარნაგი ჰქონდათ სახურავად, რომ დღის სხივი არ ენახათ და ავისმზრახველთა მსგავსად მთელი გზა ბნელში მსხდარიყვნენ.

11. როცა სქედიად წოდებულ ადგილს მიადგნენ, დასრულდა მოგზაურობა, თანახმად მეფის ბრძანებისა, და გამოამწყვდიეს ისინი იპოდრომზე, რომელიც უზარმაზარი გალავნით იყო შემოზღუდული და მოსახერხებელი იყო მათ სამაგალითოდ დასასჯელად ყველას თვალწინ, ვინც კი ქალაქში შემომსვლელი იყო ან ქალაქიდან გამსვლელი ქვეყნის შიგნით; განწირულთ არც მეფის ჯარებთან უნდა ჰქონოდათ ურთიერთობა და არც ქალაქის მოსახლეობასთან.

12. როცა ეს შესრულდა, შეიტყო მეფემ, რომ ქალაქიდან ჩუმ-ჩუმად გამოდიან დასასჯელად თავშეყრილთა თანამემამულენი და მწარედ დასტირიან ძმათა უსახელო აღსასრულს,

13. განრისხებულმა ბრძანა, ამათაც ისევე მოქცეოდნენ, რომ არანაკლები სასჯელით დასჯილიყვნენ.

14. გასცა განკარგულება, მთელი ტომი სახელდებით აღეწერათ არა სამუშაოზე გასაწვევად, როგორც ამასწინათ ჰქონდათ გამოცხადებული, არამედ სატანჯველად, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოეღოთ მათთვის ბოლო.

15. თუმცა ხალხის აღწერა სწრაფად და ბეჯითად მიმდინარეობდა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, მაგრამ მაინც გაჭიანურდა და ორმოც დღეშიც ვერ დაასრულეს.

16. მეფე კი მეტისმეტი სიხარულით აღტაცებული ნადიმს ნადიმზე იწვევდა და ყველა კერპის წინაშე ფიქრითაც და ბილწი ბაგითაც დიდად სცოდავდა ჭეშმარიტებას; ხოტბას აღავლენდა მათ წინაშე, ვისაც არ ჰქონდა არც მეტყველების, არც შემწეობის უნარი; უზენაეს ღმერთზე კი შეუფერებელ სიტყვებს ამბობდა.

17. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ მწერლებმა მოახსენეს მეფეს, რომ აღარ შეუძლიათ იუდაელთა აღწერა მათი სიმრავლის გამო.

18. კიდევ უფრო მეტნი მთელს ქვეყანაში იყვნენ გაფანტულნი, ზოგნი იყვნენ დარჩენილნი, სხვანი კი გზაში იყვნენ;

19. როცა მეფე დაემუქრა მათ და ბრალი დასდო, რომ მოქრთამულები ხართ და ყოველმხრივ ცდილობთ თავის დაძვრენასო, დაუწყეს მას დარწმუნება.

20. მოახსენეს, რომ გამოელიათ აღწერისთვის საჭირო ქაღალდი და კალმები.

21. აქ გამოჩნდა მოქმედება უძლეველი განგებისა, რომელიც ზეგარდამო შეეწეოდა იუდაელებს.


თავი მეხუთე

1. მაშინ მეფემ მოიხმო ჰერმონი სპილოების ზედამხედველი და რისხვითა და დაუოკებელი ბრაზით აღსავსემ

2. უბრძანა, მეორე დღისთვის უხვად ეკმიათ საკმეველი და შეესმიათ განუზავებელი ღვინო ორმოცდაათივე სპილოსთვის, რამდენიც ჰყავდათ, და გაშმაგებული ცხოველები მიესიათ იუდაელებისთვის მათ დასაღუპად.

3. ეს განკარგულება რომ გასცა, გამართა ნადიმი და მოიწვია მეგობრები და მეომრები, ისინი, ვინც განსაკუთრებით მტრულად იყო განწყობილი იუდაელების მიმართ.

4. ხოლო სპილოთა ზედამხედველმა ჰერმონმა პატიოსნად შეასრულა ბრძანება.

5. საღამოხანს ამ საქმის აღმსრულებელნი მივიდნენ და ხელები შეუკრეს იმ უბედურთა და ყარაული დაუყენეს; დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ერთი ღამეც და ეს ტომი მთლიანად განადგურდებოდა.

6. მაგრამ ბორკილდადებული იუდაელები, წარმართებს რომ ყოველმხრივ შევიწროვებულნი და ყველანაირ მფარველობას მოკლებულნი ეგონათ,

7. ცრემლის ღვრითა და ღაღადისით მოუხმობდნენ ყოვლისმპყრობელ უფალს და ყოველი ძალის გამრიგეს, თავიანთ მოწყალე ღმერთსა და მამას,

8. შესთხოვდნენ, განერიდებინა მათგან ავი ზრახეა და დიადი გამოცხადებით დაეხსნა ისინი მათთვის გამზადებული ბედისწერისგან.

9. მათი მხურვალე ლოცვა-ვედრება ავიდა ცამდე.

10. როცა მძვინვარე სპილოებს უზომო ღვინო შეასვა და საკმევლით გააძღო, ჰერმონი დილით ადრე სასახლეში წარდგა, რათა მეფისთვის მზადყოფნა მოეხსენებინა.

11. მაგრამ უფალმა მოჰგვარა მეფეს ძილი - ეს კურთხეული ქმნილება, რომელიც დასაბამიდან, დღისით თუ ღამით, მის მიერ მიემადლება ყველას, ვისთვისაც მოისურვებს.

12. მეუფის წყალობით მოიცვა იგი ღრმა და ტკბილმა ძილმა და სრულიად ჩაიშალა მისი უღვთო ჩანაფიქრი და ურყევი გადაწყვეტილება.

13. ხოლო იუდაელები, რაკი მოსალოდნელ სასჯელს გადაურჩნენ, ადიდებდნენ თავიანთ წმიდა ღმერთს და კვლავ შესთხოვდნენ მათდამი ლმობიერად მომხედავს, ეჩვენებინა თავისი ყოვლისშემძლე მარჯვენის ძალა გათავხედებული წარმართებისათვის.

14. მეათე საათის ნახევარი არ იყო გასული, როცა მესტუმრეთუხუცესმა დაინახა თავშეყრილი სტუმრები და გასაღვიძებლად ეახლა მეფეს.

15. ძლივს გააღვიძა იგი და აუწყა, რომ უკვე იწურებოდა ნადიმის დრო და ანგარიში ჩააბარა შესრულებული დავალების თაობაზე.

16. როცა გონს მოეგო, მეფე კვლავ მიუბრუნდა მას და უბრძანა ნადიმზე მოწვეულებს, ინახით დამსხდარიყვნენ მის წინ.

17. ბრძანება რომ შესრულდა, მეფემ თანამეინახეებს მოუწოდა, ნადიმის დარჩენილი დრო მხიარულად გაეტარებინათ.

18. როცა ლხინში შევიდნენ, მეფემ დაიბარა ჰერმონი და მკაცრად ჰკითხა, თუ რა მიზეზით გადარჩნენ დღევანდელ დღეს იუდაელები.

19. მან მოახსენა, რომ წინა ღამითვე ჰქონდა განკარგულება შესრულებული; მეფის მეგობრებმაც დაადასტურეს ეს.

20. მაშინ ფალარისზე უარესად გაშმაგებულმა მეფემ თქვა: დაე, დღევანდელ ძილს უმადლოდნენო იუდაელები, და უბრძანა ჰერმონს მეორე დღისთვის, დაუყოვნებლივ, განკარგულებისამებრ მოემზადებინა სპილოები ურჯულო იუდაელების შესამუსრავად.

21. მეფის ამ სიტყვებზე ყველა იქ მყოფმა ხალისით გამოხატა კმაყოფილება და თავთავიანთ სახლებში წავიდნენ.

22. მაგრამ ის ღამე ძილში კი არ გაატარეს, არამედ ფიქრობდნენ, როგორ დაემცირებინათ ხალხი, რომელიც სასიკვდილოდ განწირულად მიაჩნდათ.

23. დილაადრიანად, როგორც კი მამალმა იყივლა, მოამზადა ჰერმონმა მხეცები და დიდი პერისტილონიდან დაძრა ისინი.

24. ბევრმა მოიყარა თავი ქალაქიდან ამ საცოდაობის სახილველად და მოუთმენლად ელოდნენ გათენებას.

25. იუდაელები კი სულგამწარებულნი ცრემლებს ღვრიდნენ და გოდებით იწვდიდნენ ხელებს ცისკენ; ევედრებოდნენ დიდ ღმერთს, კვლავაც მოევლინებინა მათთვის ხსნა.

26. ჯერ კიდევ მზის სხივების მოფენამდე, როცა მეფე თავის მეგობრებს იღებდა, მოვიდა ჰერმონი და მოახსენა, რომ ყველაფერი მზად იყო მეფის განკარგულების აღსასრულებლად, და გასასვლელისკენ იწვევდა მათ.

27. ნათქვამითა და გასასვლელისკენ მოულოდნელი მიწვევით განცვიფრებულმა მეფემ, რადგან სრულიად დავიწყებული ჰქონდა თავისი განკარგულება, იკითხა, თუ რა საქმეს აღასრულებენ მისთვის ესოდენი გულმოდგინებით.

28. ასეთი იყო ქმედება ყოვლისგამრიგე ღმერთისა, რომელმაც დაავიწყა მეფეს ყველაფერი, რაც მოფიქრებული ჰქონდა.

29. ხოლო ჰერმონმა და მეფის მეგობრებმა მიახედეს მხეცებისკენ და ჯარისკენ და უთხრეს: ყველაფერი მზადაა, მეფეო, შენი განკარგულებისამებრ.

30. ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე დიდად განრისხდა, რადგან ღვთაებრივმა განგებამ გონებიდან გაუფანტა ჩანაფიქრი და სახეგამწყრალმა მუქარით თქვა:

31. შენი მშობლები და შვილები რომ ყოფილიყვნენ აქ, მათ გავამზადებდი მხეცებისთვის სანადიმოდ იუდაელების ნაცვლად, რომლებმაც თავდადება და ერთგულება დამიმტკიცეს.

32. რომ არ მიყვარდე, რადგან ერთად ვართ გაზრდილნი და არ მჭირდებოდე, მათ ნაცვლად შენ გამოეთხოვებოდი სიცოცხლეს.

33. ასე დაატყდა თავზე ჰერმონს მოულოდნელი და სახიფათო მუქარა და შეეცვალა მზერა და სახე.

34. მეფის მეგობრებიც ყველანი მოღუშულები წავიდნენ, წვეულება დაიშალა და თითოეული თავის საქმეს ეწია.

35. იუდაელებმა კი, მეფის ნათქვამი რომ შეიტყვეს, ადიდეს გამოცხადება ღმერთისა, მეფეთა მეფისა, რომელმაც მოუტანა მათ ხსნა.

36. ეს რომ დაადგინა მეფემ, კვლავ გამართა ნადიმი და სამხიარულოდ მოიწვია სტუმრები.

37. ხოლო ჰერმონი მოიხმო და მუქარით უთხრა: რამდენჯერ უნდა გიბრძანო, უმაქნისო, ეს საქმე?

38. კიდევ მოამზადე სპილოები ხვალისთვის იუდაელთა გასანადგურებლად.

39. ხოლო მეფის დაახლოებულმა პირებმა, რომლებიც სუფრას უსხდნენ მასთან ერთად, გაიკვირვეს მეფის მერყეობა და მოახსენეს:

40. ვიდრემდის უნდა გვცდიდე, მეფეო, როგორც ბრიყვებს? აკი უკვე მესამეჯერ ბრძანებ იუდაელთა მოსპობას და საქმე საქმეზე როცა მიდგება, ცვლი და აუქმებ დადგენილებას.

41. მოლოდინშია მთელი ქალაქი და შფოთავს; უამრავი ხალხით არის ავსებული და გაძარცვის მუდმივ საფრთხეშია.

42. ხოლო მეფემ, ყველაფერში ფალარისის მსგავსმა და უგუნურებით აღვსილმა, ჩაიხშო იუდაელთა მიმართ აღძრული სინანულის გრძნობა და სასტიკი ფიცით დაიფიცა, რომ დაუყოვნებლივ შავეთში გაგზავნიდა ცხოველთა ფეხქვეშ გათელილ იუდაელებს.

43. შემდეგ კი იუდაზე გაილაშქრებდა და ცეცხლითა და მახვილით მიწასთან გაასწორებდა მას; სწრაფად დაამხობდა მისთვის მიუწვდომელ ტაძარს, ცეცხლით გადაბუგავდა და სამუდამოდ გააუკაცრიელებდა მსხვერპლის შემწირველთაგან.

44. მაშინ მეფის მეგობრები, დაახლოებული პირები, დიდი სიხარულით დაიშალნენ და გულდაჯერებულებმა ჯარები ქალაქის ყველაზე მოხერხებულ ადგილებში განალაგეს დასაცავად.

45. როცა სპილოთა ზედამხედველმა გამაბრუებელი სასმელით - საკმეველნარევი ღვინით ლამის სიგიჟემდე მიიყვანა ცხოველები და საშინელი იარაღებით აღჭურვა ისინი,

46. და ქალაქიც აივსო იპოდრომისკენ მიმავალი ურიცხვი ბრბოებით, ეახლა იგი მეფეს და შეახსენა აღსასრულებელი საქმე.

47. მეფეც, მძიმე რისხვითა და უღვთო განზრახვით აღძრული, მთელს ამალასთან ერთად გავიდა იპოდრომზე, რათა გულგაქვავებულს საკუთარი თვალით ეყურებინა განწირული ხალხის უწყალო განადგურებისთვის.

48. როგორც კი იუდაელებმა შეამჩნიეს კარიბჭიდან მომავალი სპილოების, მათი თანმხლები ჯარებისა და ბრბოს მსვლელობით ავარდნილი მტვრის კორიანტელი, და გაიგონეს ყურთასმენის წამღები ხმაური,

49. იფიქრეს, სიცოცხლის უკანასკნელი წუთებიღა დაგვრჩენია და დასრულდა ჩვენი მოლოდინიო, მოთქმა-გოდებით დაუწყეს ერთმანეთს ყელზე კოცნა, ეხვეოდნენ ერთმანეთს ნათესავები: მშობლები - შვილებს, დედები - ყრმებს, ზოგი მკერდში იხუტებდა ახალშობილ ჩვილებს, უკანასკნელად რომ სწოვდნენ ძუძუს.

50. მაგრამ როცა გაიხსენეს ამასწინათ ზეცით მოვლენილი სასწაული, ერთსულოვნად პირქვე დაემხნენ, მოიცილეს რა მკერდიდან ჩვილები;

51. ხმამაღლა შეღაღადეს ძალთა გამრიგეს და შესთხოვეს, გამოცხადებულიყო და შეეწყალებინა შავეთის კარიბჭეს მიყენებულნი.


თავი მეექვსე

1. მაშინ ვინმე ელეაზარმა, ქვეყნის სამღვდელოებაში განთქმულმა კაცმა, რომელიც მოხუცებულობის ასაკს იყო მიწევნილი და ყველანაირი ღირსებით შემკობილი, დააწყნარა თავის ირგვლივ მოხუცებულნი წმიდა ღმერთისადმი ღაღადებისგან და ასე ილოცა:

2. მეუფეო ყოვლადძლიერო, უზენაესო, ყოვლისმყრობელო, ღმერთო, ყოვლის გამრიგევ მოწყალებით!

3. მოხედე, მამაო, აბრაამის მოდგმას, კურთხეული იაკობის შვილებს, შენს წილხვედრილ კურთხეულ ერს, უცხო მიწაზე, როგორც უცხო, უსამართლოდ რომ იღუპება.

4. შენ შთანთქე ზღვაში ფარაონი, ამ ეგვიპტის წინანდელი ხელმწიფე, თავხედი და მზვაობარი, თავისი დიდძალი ეტლიონითა და ამაყი ლაშქრითურთ, და დაღუპე, ისრაელის მოდგმას წყალობის ნათელი გამოუბრწყინე.

5. შენ მოუდრიკე ქედი სანქერიბს, აშურელთა სასტიკ მეფეს, ურიცხვი ლაშქრით გათამამებულს, რომელმაც თითქმის მთელი დედამიწა დაიმორჩილა შუბით და შენს წმიდა ქალაქზეც გაილაშქრა, მწარე სიტყვებს რომ ლაპარაკობდა ტრაბახითა და შეურაცხებით, შენ გააცამტვერე იგი, მეუფევ, რათა მრავალი ხალხისთვის შენი ძალა გეჩვენებინა.

6. ის სამი ყრმა ბაბილონში, რომელთაც ფუჭი კერპების თაყვანისცემაზე უარის ნიშნად ნებით მიანდეს ცეცხლს სიცოცხლე, აგიზგიზებულ ღუმელში ცვარის პკურებით ისე იხსენი, რომ თმის ერთი ღერიც არ დაშავებიათ, ცეცხლის ალი კი მათი მტრებისკენ მიმართე.

7. შენ ამოიყვანე უვნებელად დღის სინათლეზე დანიელი, რომელიც შურიანთა ცილისწამებით ხაროში იყო ჩაგდებული ლომების შესაჭმელად.

8. შენ მოხედე იონას მოწყალე თვალით, მამაო, როცა მას სიღრმის მკვიდრის, ვეშაპის სტომაქში გახრწნა მოელოდა და უვნებელი მოუვლინე იგი მისიანებს.

9. და ახლაც შენ, რომელიც მოძულე ხარ შეურაცხებისა, მრავალმოწყალე და ყოველთა მფარველი, სწრაფად გამოეცხადე ისრაელის მოდგმას, ურჯულო და ბილწი წარმართებისგან შეჭირვებულს.

10. და თუ უკეთურად გაგვიტარებია ცხოვრება გადასახლებაში, ჯერ გვიხსენი მტრის ხელიდან და, როგორც ინებებ, ისე დაგვღუპე, მეუფევ.

11. მადლი არ მიაგონ ფუჭმორწმუნეებმა თავიანთ ფუჭ ღმერთებს რჩეულების დაღუპვის გამო, არა თქვან: საკუთარმა ღმერთმაც ვერ იხსნაო ისინი.

12. ხოლო შენ, ყოვლგნით ძალმოსილო, მარადიულო, ახლა მოგვხედე და შეგვიწყალე ჩვენ, უგუნურად გამძვინვარებულ ურჯულოთა ხელში ბოროტმოქმედთა მსგავსად რომ ვიღუპებით.

13. შიშით შეძრას დღეს წარმართები შენმა უძლეველმა ძალამ, პატივოსანო, რომელსაც ძალგიძს იაკობის მოდგმის გადარჩენა.

14. შენ გევედრებიან ცრემლის ღვრით უამრავი ბავშვი და მათი მშობლები.

15. დაინახონ წარმართებმა, უფალო, რომ ჩვენთან ხარ, და ნუ იბრუნებ პირს ჩვენგან, არამედ როგორც გითქვამს, მტრების მიწაზეც არ მივატოვებო მათ, ისე აღასრულე, უფალო.

16. დაასრულა თუ არა ლოცვა ელეაზარმა, შემოვიდა იპოდრომზე მეფე ცხოველებითა და მთელი თავისი ზვიადი ლაშქრითურთ.

17. დაინახეს იგი იუდაელებმა და ისეთი ხმით შეღაღადეს ცას, რომ მახლობელ ხეობაში გაისმა გამოძახილი, და აუტანელმა შიშმა მოიცვა მთელი ჯარი.

18. მაშინ გააცხადა თავისი წმიდა სახე სახელოვანმა ყოვლისმპყრობელმა, და ჭეშმარიტმა ღმერთმა და გაიღო ციური კარიბჭენი, და ორი დიდებული, საშინელი სახილველი ანგელოზი, ჩამოვიდა იქიდან; ყველა ხედავდა მათ, იუდაელების გარდა.

19. წინ გადაუდგნენ მტრის ლაშქარს და შიშითა და ძრწოლით აავსეს იგი, და შეურყეველი ხუნდები დაადეს.

20. მეფეს მთელი ტანი აუცახცახდა და დაავიწყდა ამპარტავნობაც და რისხვაც.

21. ცხოველები შეტრიალდნენ და აღჭურვილ ლაშქარს ეკვეთნენ, ფეხით გადათელეს და მუსრი გაავლეს.

22. მაშინ მეფის რისხვა შეცვალა სინანულმა და ცრემლმა იმის გამო, რაც განზრახული ჰქონდა იუდაელთათვის.

23. რადგან, როცა გაიგონა მათი ყვირილი და დაინახა დასაღუპად განწირულნი, ატირდა და მუქარით უთხრა თავის მეგობრებს:

24. მეფის უფლებებს აჭარბებთ და მტარვალებზე სასტიკად იქცევით; ჩუმჩუმად იმასაც კი ცდილობთ, რომ მე, თქვენს კეთილისმყოფელს, ძალაუფლება და სიცოცხლე წამართვათ სამეფოსთვის საზიანო მოქმედებით.

25. ვინ გამოყარა სახლებიდან და ვინ გამოამწყვდია აქ უგუნურად ეს ხალხი, რომელსაც საიმედოდ ეპყრა ჩვენი ქვეყნის ციხე-სიმაგრეები?

26. ვინ სტანჯავს ასე უსამართლოდ ამ ხალხს, ყველა ხალხისგან გამორჩეულს დასაბამიდან ჩვენდამი ერთგულებაში, რომელსაც ხშირად უნახავს ხიფათი?

27. ახსენით, ჩამოხსენით ამ უდანაშაულო ხალხს უსამართლო ბორკილები! მშვიდობით გაისტუმრეთ უკან და პატიება სთხოვეთ ყველაფრისთვის, რაც წინათ ჩაგიდენიათ.

28. გაათავისუფლეთ შვილები ცის ყოვლისმპყრობელი ღმერთისა, მარადცხოვლისა, რომელიც წინაპართ დროიდან დღემდე დიდებასა და სიმტკიცეს ანიჭებს განუწყვეტლივ ჩვენს სახელმწიფოს.

29. ეს თქვა მეფემ. ხოლო ეს-ეს არის სიკვდილს გადარჩენილი იუდაელები ჰმადლობდნენ წმიდა ღმერთს, თავიანთ მხსნელს.

30. შემდეგ, როცა ქალაქში დაბრუნდა მეფე, მოიხმო მეღვინეთუხუცესი და უბრძანა მას, გაემზადებინა იუდაელებისთვის ღვინო და ყველაფერი, რაც საჭირო იქნებოდა შვიდდღიანი ნადიმის გადასახდელად; გადაწყვიტა, რომ მათ დიდი სიხარულით ეზეიმათ გადარჩენა სწორედ იმ ადგილზე, სადაც თავიანთ აღსასრულს უნდა შეხვედროდნენ.

31. მაშინ იუდაელები, რომლებიც ამის წინ დამცირებულნი და შავეთის პირს მიმდგარნი იყვნენ, განემზადნენ გადარჩენის სალხინოდ ნაცვლად მწარე და საწყალობელი სიკვდილისა, და სიხარულით ავსილებმა სადღესასწაულოდ გადააქციეს ადგილი, რომელიც მათ სასიკვდილოდ და დასასამარებლად იყო განწესებული.

32. შეწყვიტეს გლოვა და მათი მხსნელი და სასწაულთმოქმედი ღმერთის მადიდებლებმა წამოიწყეს მამაპაპეული საგალობელი. კვნესა და ვაება უკუაგდეს და გააბეს ფერხულები სამშვიდობო სიხარულის ნიშნად.

33. ასევე მეფემაც გამართა დიდი ნადიმი ამ ამბის გამო და დაუცხრომელად ჰმადლობდა ზეცას, რომ შეესწრო იუდაელთა სასწაულებრივ გადარჩენას.

34. ხოლო ისინი, ვინც იუდაელნი დასაღუპად და ფრინველთა საჯიჯგნად გაწირა და სიხარულით აღრიცხა ისინი, ახლა სირცხვილისგან ოხრავდნენ და ცეცხლივით აგიზგიზებული მათი თავხედობა სამარცხვინოდ დაცხრა.

35. იუდაელებმა კი, როგორც ითქვა, ნადიმის შემდეგ ფერხული გააბეს და სამადლობელ სიმღერებში და საგალობელთა გალობაში გაატარეს დღესასწაული,

36. დაადგინეს საყოველთაო წესად, რომ ყველგან, სადაც კი იუდაელები იცხოვრებენ, თაობიდან თაობაში, სიხარულით ეზეიმათ ეს დღეები არა სმა-ჭამისა და ღრეობის მიზნით, არამედ ღვთისგან მოვლენილი მათი ხსნის აღსანიშნავად.

37. მერე მეფეს ეახლნენ და დაეთხოვენ თავ-თავიანთ სახლებში წასასვლელად.

38. მათი აღწერა მიმდინარეობდა პაქონის ოცდამეხუთე დღიდან ეპიფის მეოთხე დღემდე - ორმოცი დღის განმავლობაში. მათი განადგურების დღეებად დადგენილი იყო ეპიფის მეხუთე დღიდან მეშვიდე დღემდე - სამი დღე.

39. ამ დღეებშა დიდებულად მოუვლინა მათ წყალობა ყოვლისმპყრობელმა და ერთიანად იხსნა ისინი.

40. მეფის ნაწყალობევით ნადიმობდნენ მეთოთხმეტე დღემდე, რა დღესაც ეახლნენ მეფეს დასათხოვნად.

41. მეფემ შეიწყნარა ისინი და მისწერა ქალაქში მყოფ მხედართმთავრებს დაბეჭდილი წერილი, დიდსულოვნად გამოხატა რა თავისი ზრუნვა იუდაელებზე:


თავი მეშვიდე

1. მეფე პტოლემეოს ფილოპატორი ეგვიპტის სარდალს და ყველა ხელისუფალს მშვიდობით მოვიკითხავ.

2. კარგად ვართ ჩვენც და ჩვენი შვილებიც, რადგან ჩვენი სურვილებისამებრ წარმართავს ჩვენს საქმეებს მაღალი ღმერთი.

3. ზოგიერთი ჩვენი მეგობარი, ჩვენთვის ავის განმზრახველი გვაიძულებდა სამეფოს მკვიდრი იუდაელებისათვის ერთიანად მოგვეყარა თავი და უჩვეულო სასჯელით დაგვესაჯა ისინი, როგორც მოღალატენი.

4. იმასაც დასძენდნენ, ჩვენი სახელმწიფო მანამ არ განმტკიცდება, სანამ არ აღვასრულებთ ამ საქმეს, რადგან ყველა ხალხისადმი სიძულვილი აქვთ იუდაელებსო.

5. ძალით წამოასხეს იუდაელები, ბორკილდადებულნი, როგორც მონები ან უფრო, დამნაშავენი; ექცეოდნენ მათ უფრო სასტიკად, ვიდრე სკვითები მოექცეოდნენ და ყოველგვარი გამოძიებისა და განკითხვის გარეშე სურდათ მათი დაღუპვა.

6. ჩვენ კი მკაცრად ავუკრძალეთ ამის ჩადენა და იმ კეთილგანწყობილებისამებრ, რასაც ყოველი ადამიანისადმი ვიჩენთ, სიცოცხლე ვაჩუქეთ იუდაელებს; ხოლო როცა მივხვდით, რომ ცათა ღმერთი ნამდვილად მფარველობს მათ, როგორც მამა შვილს,

7. როცა გავიხსენეთ მათი მეგობრობა და ერთგულება ჩვენდამი და ჩვენი წინაპრებისადმი, სამართლიანად მივიჩნიეთ, რომ ყოველგვარი დანაშაული გვეპატიებინა მათთვის,

8. დავადგინეთ, რომ ყველანი დაბრუნებულიყენენ თავთავიანთ საცხოვრებელ ადგილებში და არავის არ ევნო მათთვის და არ წაეყვედრებინა მომხდარი ამბის გამო.

9. იცოდეთ, თუკი ჩვენ რაიმე ავს განვიზრახავთ მათ წინააღმდეგ, ან თუნდაც შევაწუხებთ მათ, ყველაფრისათვის პასუხს მოგვკითხავს უცილობელად არა ადამიანი, არამედ ყოველთა ძალთა გამრიგე - უზენაესი ღმერთი. მშვიდობით იყავით.

10. წერილი რომ ჩაიბარეს იუდაელებმა, არ აჩქარებულან გასამგზავრებლად, არამედ მეფეს თხოვეს, რომ იმ იუდაელებს, რომლებიც ნებით განუდგნენ წმიდა ღმერთს და ღმერთის რჯულს, მათი ხელით მიეღოთ დამსახურებული სასჯელი;

11. თან დასძინეს, რომ კუჭის გამო ღვთიურ მცნებათაგან განდგომილნი არც სამეფო საქმეების ერთგულნი იქნებიანო.

12. მეფემაც შეიწყნარა თხოვნა და დაუდასტურა, რომ მართალნი არიან, და მისცა მათ ნება, რომ ღმერთის რჯულისგან განდგომილნი მოესპოთ ყველგან, მის სამეფოში, მეფის მოხელეთა ნებართვისა და მეთვალყურეობის გარეშე.

13. მაშინ შეასხეს ხოტბა მეფეს, როგორც ეკადრებოდა და მღვდლებმა და მთელმა ხალხმა იგალობეს ალილუია, და სიხარულით წავიდნენ.

14. ხოლო თავიანთ გზაზე, ვისაც კი ხვდებოდნენ წაბილწულ თვისტომთაგან, საჯაროდ სჯიდნენ სამარცხვინო სიკვდილით.

15. იმ დღეს გაანადგურეს სამასზე მეტი კაცი, და ხარობდნენ, რომ ხოცავდნენ განდგომილებს.

16. სიკვდილამდე ღმერთის ერთგულნი კი, რომლებიც ხსნის სიხარულით იყვნენ ავსებულნი, გამოვიდნენ ქალაქიდან მრავალფერი სურნელოვანი ყვავილებით დაგვირგვინებულნი, ხმამაღლა და სიხარულით მადლობდნენ თავიანთი მამა-პაპის ღმერთს, ისრაელის საუკუნო მხსნელს, აღუვლენდნენ სადიდებელ სიტყვებს და საგალობლებს.

17. როცა ჩავიდნენ პტოლემაისში, რომელსაც ადგილის თავისებურების გამო როდოფოროსი (სავარდე) ეწოდებოდა, აქ საერთო გადაწყვეტილებისამებრ, შვიდი დღე ელოდებოდნენ ხომალდები;

18. და აქაც გამართეს სმურობა გადარჩენის აღსანიშნავად, რადგან მეფემ მოამარაგა ისინი საკმარისი საგზლით, რომ სახლებში დაბრუნებამდე ჰყოფნოდათ,

19. რაკი აქამდე მშვიდობით მიაღწიეს, ჯეროვანი მადლი მიაგეს უფალს და გადაწყვიტეს, რომ აქ დგომის დღეებიც სადღესასწაულოდ გაეხადათ.

20. აკურთხეს კიდეც ეს დღეები და ნადიმის შემდეგ წარწერიანი სვეტები ლოცვის ადგილებში აღმართეს; მერე ზღვით, ხმელეთით და მდინარით ყველანი თავთავიანთ სახლებში დაბრუნდნენ უვნებელნი, თავისუფალნი, გახარებულნი, მეფის განკარგულებით დაცულნი.

21. უწინდელზე მეტად ძალმოსილებმა დიდება და რიდი მოიხვეჭეს მტერთა შორის და მათი საბადებელი აღარავის მიუტაცებია.

22. ყველამ თავისი კუთვნილი ქონება დაიბრუნა სიის მიხედვით; დიდის მოკრძალებით უბრუნებდნენ უკან, რადგან დიადი საქმეები მოიმოქმედა მაღალმა ღმერთმა მათი ხსნისათვის.

23. კურთხეულ იყოს ისრაელის მხსნელი სამარადჟამოდ, ამინ!