საეკლესიო ისტორიის მეხუთე წიგნი შეიცავს შემდეგს:
I. ვინ როგორ განვლო ასპარეზი ღვთისმოსაობის გამო გალიაში ვერუსის დროს.
II. როგორ უწვდიდნენ ხელს ღვთისსათნო მოწამეები დევნულების ჟამს დაცემულთ.
III. როგორ მიიღო გამოცხადება ძილში მოწამე ატალუსმა.
IV. როგორ წარადგინეს მოწამეებმა ირინეოსი ეპისტოლის მეშვეობით.
V. როგორ ჩამოუშვა წვიმა კეისარ მარკუს ავრელიუსს ღმერთმა, რომელმაც შეისმინა ჩვენიანების ლოცვები.
VI. რომის ეპისკოპოსების ჩამონათვალი.
VII. ჯერ კიდევ იმ დროს როგორ მოქმედებდა სასწაულები მორწმუნეთა მეშვებით.
VIII. როგორ მოიხსენიებს საღვთო წერილებს ირინეოსი.
IX. კომოდუსის დროინდელი ეპისკოპოსები.
X. ფილოსოფოს პანტენოსის შესახებ.
XI. კლიმენტი ალექსანდრიელის შესახებ.
XII. იერუსალიმში მყოფი ეპისკოპოსების შესახებ.
XIII. როდონის შესახებ და მარკიონიტებს შორის მომხდარი განხეთქილებების შესახებ, რომლებსაც იგი მოიხსენიებს.
XIV. ფრიგიელი ცრუწინასწარმეტყველების შესახებ.
XV. ბლასტონის დროს რომში წარმოქმნილი განხეთქილების შესახებ.
XVI. რა მოიხსენიება მონტანისა და მასთან ერთად მყოფ ცრუწინასწარმეტყველთა შესახებ.
XVII. მილტიადისა და მის მიერ შედგენილი თხზულებების შესახებ.
XVIII. როგორ ამხილა აპოლონიოსმა ფრიგიელები და რას მოიხსენიებს იგი.
XIX. სერაპიონი ფრიგიელთა მწვალებლობის შესახებ.
XX. როგორ ეკამათებოდა წერილობით ირინეოსი რომში განხეთქილებაში მყოფთ.
XXI. როგორ ეწამა აპოლონიოსი რომში.
XXII. ამ დროს ცნობილი ეპისკოპოსები.
XXIII. იმ დროს პასექის შესახებ აღძრული გამოძიების შესახებ.
XXIV. ასიაში [წარმოქმნილი] უთანხმოების შესახებ.
XXV. როგორ მიიღო ყველამ პასექის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება.
XXVI. ირინეოსის მშვენიერებისმოყვარეობისაგან რამდენმა რამემ მოაღწია ჩვენამდე.
XXVII. ასევე რამდენმა რამემ მოაღწია სხვებისგან, რომლებიც ამ დროს მასთან ერთად იყვნენ აღზევებული.
XXVIII. მათ შესახებ, რომლებმაც არტემონის მწვალებლობას დასაბამი დაუდეს; თუ როგორი იყვნენ ისინი, და როგორ გაბედეს წმინდა წერილის შერყვნა.
რომაელთა ეპისკოპოსი სოტერი აღესრულა მისი წინამძღვრობის მერვე წელს. იგი მოციქულთაგან რიგით მეთორმეტემ, ელევთერმა შეცვალა. იმპერატორ ანტონინუს ვერუსის ზეობის მეთხუთმეტე წელი იყო, როდესაც მსოფლიოს ზოგიერთ მხარეში ქალაქებში ხალხის თავდასხმებით კვლავ უფრო ძლიერ აღეგზნო ჩვენს წინააღმდეგ დევნულება[1]. თუ ვიმსჯელებთ ერთ ერში მომხდარი მოვლენებით, ათასობით ადამიანმა მოწამეობით გამოიჩინა თავი, რაც დაუვიწყარი ხსოვნის ღირსი მოგვიანებით შესაძლებელი გახდა, წერილობით გადმოცემულიყო. ამ მოწამეთა შესახებ სრული თხრობის ყველა ჩანაწერი მე განვაწესე "მოწამეთა კრებულში", და ეს თხრობა არა მხოლოდ ისტორიას, არამედ მოძღვრებასაც შეიცავს; რაც წამოჭრილ საკითხებთან იქნება დაკავშირებული, მხოლოდ მას გადმოვცემ. სხვები, ისტორიული თხრობის შემდგენები, წერილობით სულ გადმოსცემენ ომებში გამარჯვებებსა და მტრებზე მოწყობილ ტრიუმფებს, მხედართმთავრების საგმირო საქმეებსა და ჯარისკაცთა სიმამაცეს, შვილებისა და სამშობლოს, და სხვა საკუთრების გულისთვის სისხლითა და ათასობით მკვლელობებით გასვრილთა; საღვთო მოქალაქეობის შესახებ თხრობის ჩვენეული სიტყვა კი თვით სულიერი სიმშვიდის გამო ყველაზე მშიდობიან ომებსა და მათში უფრო ჭეშმარიტების გამო, ვიდრე სამშობლოს გამო და უფრო ღვთისმოსაობის გამო, ვიდრე მოყვასთა გამო მებრძოლებს საუკუნო სვეტებზე აღბეჭდავს; ღვთისმოსაობის მებრძოლთა წინააღდგომასა და მრავლის დამთმენ ახოვანებას, დემონების წინააღმდეგ ბრძოლის ნადავლს, უხილავ მოწინააღმდეგეებზე გამარჯვებას და ყოველივე ამისთვის [მოპოვებულ] გვირგვინებს საუკუნო ხსენებისათვის იქადაგებს.
I
გალია იყო ქვეყანა, სადაც მომზადდა ზემოხსენებული მოვლენების ასპარეზი. მის მთავარ ქალაქებს, იქ სახელგანთქმულებსა და ყველასაგან გამორჩეულებს, ეწოდებოდა ლუგდუნი* და ვიენა; ორივე მათგანის გასწრივ მთელ მხარეს უხვად რწყავდა მდინარე როდანი[2]. მოწამეთა შესახებ ჩანაწერები ამ ქვეყნის გამორჩეულმა ეკლესიებმა ასიისა და ფრიგიის ეკლესიებს გაუგზავნეს, და მათთან მომხდარი ამბების თხრობას გადმოგცემთ მათივე სიტყვებით: "ვიენასა და ლუგდუნაში გალიის მკვიდრი ქრისტეს მონები ასიასა და ფრიგიაში ჩვენი გამოსყიდვის რწმენისა და სასოების მქონე ძმებს, მშვიდობა, მადლი და დიდება მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის იესო ქრისტესგან".
სხვა შესავალი სიტყვების შემდეგ, იწყებენ თხრობას ამ სიტყვებით: "ამრიგად, ზედმიწევნით არც თქმა ძალგვიძს, არც წერილობით გადმოცემაა შესაძლებელი იქ მომხდარი შევიწროების სიდიდის, წარმართებისაგან წმინდანებზე მოწევნილ ესოდენ დიდი რისხვისა და იმისაც, თუ რამდენი რამ დაითმინეს ნეტარმა მოწამეებმა. რადგან მთელი ძალით დაგვატყდა თავს მოწინააღმდეგე თავისი გარდაუვალი მოსვლის წინამომასწავებელი და ყველაფერი გამოსცადა ჩვენზე. თავისიანები დააჩვია და გაწვრთნა ღვთის მონათა წინააღმდეგ, ისე რომ, არა მხოლოდ სახლებიდან, აბანოებიდან და ბაზრებიდან გვდევნიდა, არამედ საერთოდ აკრძალული იყო ჩვენი ხილვა რომელიმე ადგილას. მის წინააღმდეგ მხედართმთავარი იყო ღვთის მადლი და უძლურებს აძლიერებდა, მის წინააღმდეგ განაწყობდა მტკიცე საყრდენებს**, რომლებსაც შეეძლოთ მოთმინებით უკეთურის ყველა სახის გამოვლინების თავის თავზე აღება. ისინი ერთად იკრიბებოდნენ, და გაკიცხვისა და სასჯელის ყველა სახეობას დაითმედნენ. ქრისტესთვის მოშურნენი მრავალს მცირედ მიიჩნევდნენ, ნამდვილად აჩვენებდნენ, რომ ამჟამინდელი ვნებები არ არის ღირსი შევადაროთ მომავალში ჩვენთვის გაცხადებულ დიდებას (შდრ. რომ. 8, 18).
"პირველად ვაჟკაცურად იტანდნენ ყველაფერს, რაც კი ბრბოსაგან თავს ატყდებოდათ; ყვირილს, ცემას, კვეთებას, ძარცვას, ქვების სროლას, საპყრობილეში ჩამწყვდევასა და ყველაფერს, რისი გაკეთებაც უყვარს გამხეცებულ ბრბოს მტრებისა და მეომრების წინააღმდეგ. ათასისთავს და ქალაქის თავკაცებს ისინი გამოჰყავდათ ბაზარში მთელი ბრბოს წინაშე, დაკითხავდნენ, ღებულობდნენ აღიარებას და ამწყვდევდნენ საპყრობილეში, ვიდრე არ მოვიდოდა ლეგატი[3]. შემდეგ კი, როდესაც მმართველთან მიიყვანეს ისინი და მან ჩვენს მიმართ მთელი თავისი სისატიკე გამოიყენა, [შემოიყვანეს] ვეტიუს ეპაგათოსი, ერთ-ერთი ძმათაგანი, ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით აღსავსე, რომლის მოქალაქობა იმდენად უმწიკვლო იყო, რომ მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ზაქარია ხუცესის მოწამეობას გაუთანაბრდა. მან უზადოდ განვლო უფლის ყველა მცნებისა და მითითების გზა და მოყვასის მიმართ ყველა მსახურება დაუღალავად აღასრულა, ღვთის მიმართ დიდი მოშურნეობა ჰქონდა და სულით მდუღარე იყო. და ასეთმა პიროვნებამ ვერ აიტანა ჩვენს წინააღმდეგ ასე უგუნურად წარმოებული სასამართლო, ძალიან შეწუხდა და მოითხოვა მისიც მოესმინათ. როდესაც სიტყვას უგებდა ძმების გამო, რომ ჩვენში არაფერი იყო უღმერთო, არც უზნეო, მსაჯულის სავარძლის გვერდით მდგომები უყვიროდნენ მას, რადგან იგი გამოჩენილი პიროვნება იყო, ხოლო მმართველმა ვერ აიტანა მის მიერ ასეთი სამართლიანი მოთხოვნის წაყენება და მხოლოდ ეს ჰკითხა, იყო თუ არა ისიც ქრისტიანი, მან კი, როდესაც ბრწყინვალე ხმით აღიარა, თვითონაც გაიზიარა მოწამეთა ხვედრი. ქრისტიანთაგან "ნუგეშისმცემლად" წოდებული თავის თავში ატარებდა ნუგეშისმცემელს, ზაქარიას სულს, რაც სიყვარულის სისავსის გზით მიიღო, როდესაც სათნო იჩინა ძმების დასაცავად საკუთარი სულის დადება (შდრ. 1 თეს. 2,8). რადგან იყო და არის უფლის ჭეშმარიტი მოწაფე, მიმდევარი კრავისა, სადაც კი ის წავიდოდა (შდრ. გამოცხ. 14,4).
"აქ დანარჩენები გაიყვნენ. აშკარად მზად აღმოჩნდნენ პირველმოწამენი, რომლებიც მთელი სულით აღასრულებდნენ მოწამეობის აღსარებას, გამოჩნდნენ ასევე მოუმზადებლები, გაუწვრთნელები და ჯერ ისევ უძლურები, რომლებსაც არ შეეძლოთ დიდი ბრძოლის წნეხის გაძლება, მათგან დაახლოებით ათი კაცი დაეცა. მათ გამო გვქონდა დიდი მწუხარება და უზომო გლოვა, და სხვების სული გატეხეს, რომლებიც არ იყვნენ შეპყრობილი და რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ყველა საშინელი განსაცდელი ჰქონდათ გადატანილი, მაინც რჩებოდნენ მოწამეებთან და არ ტოვებდნენ მათ. მაშინ კი ყველა ძალიან შევშინდით აღსარების ბუნდოვანების გამო, არა თუ მოწევნული სასჯელის გვეშინოდა, არამედ [მოვლენების] დასასრულისაკენ ვიმზირებოდით და გვეშინოდა ზოგიერთების დაცემის. ყოველდღე იჭერდნენ ღირსეულებს და მათ რიცხვს ისე ავსებდნენ, რომ ორი ეკლესიიდან თავს უყრიდნენ ყველა მოშურნეს და მათ, რომელთა მეშვეობით ერთად იკრიბებოდნენ იქ მყოფნი. მას შემდეგ, რაც მმართველმა ბრძანა სახალხოდ ყველა ჩვენგანის მოძებნა, ზოგიერთი წარმართი იჭერდა ჩვენიანების მონებს. ისინი სატანის მზაკვრობით, იმ სატანჯველებისაგან იყვნენ დაშინებული, რასაც ხედავდნენ წმინდანების ვნებისას და, როდესაც ჯარისკაცები შეაგონებდნენ, ჩვენზე ცილს სწამებდნენ - თიესტეს ნადიმს, ოიდიპოსის აღრევას[4] და იმას, რისი თქმის, ან გაფიქრების უფლებაც არა გვაქვს, არამედ არც იმის დაჯერების, თუ რაიმე მსგავსი მომხდარა ადამიანებთან. როდესაც ამას ამბობდნენ, ყველა მხეცდებოდა ჩვენზე, ისე რომ, თუ აქამდე ზოგიერთი მეგობრობის გამო თავს იკავებდა, მაშინ ძალიან სასტიკი ხდებოდა და კბილებს აღრჭენდა ჩვენზე. სრულდებოდა ჩვენი უფლის მიერ ნათქვამი, რომ "მოვა ჟამი, როდესაც ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ღმერთს ემსახურება" (იოან. 16,2). დასასრულ, წმინდა მოწამეებმა ენითაუწერელი მოთმინებით აიტანეს სასჯელები, როდესაც სატანა ცდილობდა მათი მეშვეობითაც წარმოთქმულიყო რაიმე გმობა. ბრბოს, მმართველისა და ჯარისკაცების მთელი რისხვა ზეაღმატებული სიძლიერით თავს დაატყდათ სანკტუსს, დიაკონს ვიენიდან და მატურუსს, ახლად მონათლულს, მაგრამ ნამდვილ მებრძოლს, და ატალუსს, წარმოშობით პერგამონელს, ყოველთვის სვეტსა და სიმტკიცეს იქ მყოფთათვის, და ბლანდინას, ვის მეშვეობითაც ქრისტემ აჩვენა, რომ, რაც ადამიანებთან უმნიშვნელო, უსახური და შესაზიზღი ჩანს, ღმერთთან დიდების ღირსი ხდება მის მიმართ ძალაში წარმოჩენილი და არა გარეგნობით მოქადული სიყვარულის გამო. როდესაც ჩვენ ყველას გვეშინოდა და ასევე მის ხორციელ ქალბატონსაც, რომელიც აგრეთვე იყო ერთ-ერთი მებრძოლი მოწამეთა შორის, რომ გამბედაობა არ ეყოფოდა აღსარების წარმოსათქმელად სხეულის უძლურების გამო; ბლანდინა აღივსო ისეთი ძალით, რომ მტარვალებმა, რომლებიც დილიდან საღამომდე მორიგეობით სხვადასხვა სახის სატანჯველებით აწამებდნენ, გაუშვეს და მიატოვეს, და მათ თვითონ აღიარეს, რომ დამარცხდნენ და მეტი აღარაფერი შეეძლოთ მისთვის გაეკეთებიათ. მათ უკვირდათ, რომ იგი ცოცხალი დარჩა, როდესაც მთელი სხეული შემუსვრილი და ღია ჰქონდა, და დაამოწმებდნენ, რომ წამების ერთი სახეობაც კი საკმარისი იყო მისთვის სულის ამოსახდელად, არა თუ ასეთი და ესოდენი ტანჯვა. მაგრამ ნეტარი, როგორც ნამდვილი მებრძოლი, აღსარების წარმოთქმისას გაახალგაზრდავდა და მოხდა მისი ამაღლება, განსვენება და იმ ტკივილების დაამება, რასაც მას აყენებდნენ, როდესაც წარმოთქვამდა: "ქრისტიანი ქალი ვარ და ჩვენთან არავითარი ბოროტება არ ხდება".
"სანკტუსმა კი თვითონ ადამიანთაგან ყველა სატანჯველი ახოვნად და ადამიანის ყველა შესაძლებლობაზე აღმატებულად ნამდვილად დაითმინა, და როდესაც ურჯულოებს იმედი ჰქონდათ, ტანჯვის ხანგრძლივობისა და სიმძლავრის გამო მისგან მოისმენდნენ რაიმე უკრძალველს, მათი მოლოდინის საწინააღმდეგოდ ისეთი სიმტკიცე გამოიჩინა, რომ არც საკუთარი სახელი თქვა, არც ეროვნება, არც ქალაქი, საიდანაც იყო, არც ის, მონა იყო, თუ თავისუფალი; არამედ ყველა შეკითხვაზე პასუხობდა ლათინურ ენაზე: "ქრისტიანი ვარ"; ამას აღიარებდა სახელის, ქალაქის, გვარის და სხვა ყველაფრის ნაცვლად, ხოლო სხვა სიტყვას წარმართები მისგან ვერ ისმენდნენ. ამიტომ მმართველიცა და მტარვალებიც ძალიან ცდილობდნენ მის დამორჩილებას, ისე რომ მისთვის გასაკეთებელი მეტი აღარაფერი დარჩათ. ბოლოს გახურებული სპილენძის ფირფიტებს აწებებდნენ მისი სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ადგილებზე. ისინი იწვოდა, ხოლო თვითონ დაუწველი და დაუმორჩილებელი რჩებოდა, მტკიცედ იდგა აღსარებაში, ქრისტეს წიაღიდან გადმოსული სიცოცხლის წყლის ციური წყაროთი მორწყული და გაძლიერებული. სხეული მასზე შემთხვეულის მოწამე იყო, ერთიანად ჭრილობა და წყლული იყო, კანკალებდა და სახე ადამიანისას აღარ მიუგავდა, მასში ვნებული ქრისტე მეტად განდიდდა, გაანადგურა მოწინააღმდეგე და სხვებისათვის სანიმუშოდ აჩვენა, რომ არაფერია საშიში, სადაც არის მამის სიყვარული, არც ტკივილია, სადაც არის ქრისტეს დიდება. ურჯულონი რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ ტანჯავდნენ მოწამეს და ფიქრობდნენ, რომ როცა სხეული დასიებული და დაწყლულებული ჰქონდა, თუ იმავე სატანჯველებს გამოიყენებდნენ, დაამარცხებდნენ (რადგან ხელის შეხებასაც ვერ იტანდა), ანდა მტარვალთაგან მოკლული დანარჩენებს შიშს ჩაუნერგავდა. მაგრამ არათუ მსგავსი რამ არ მოხდა, არამედ ყოველგვარი ადამიანური მოლოდინის საპირისპიროდ ტანჯვის დროს ზე აწია თავი, წამოიმართა სხეულით და მიიღო პირვანდელი სახე და აღიდგინა [სხეულის] ასოების ქმედითობა ისე, რომ არათუ ევნო, არამედ ქრისტეს მადლით მეორე წამება მისთვის კურნება შეიქმნა.
"ბიბლისი კი, ერთი უარმყოფელთაგანი, ეშმაკმა წაიყვანა სატანჯველად (მას ეგონა, რომ უკვე შთანთქმული ყავდა და სურდა, რომ მკრეხელობის მეშვეობით განესაჯა), თითქოს უკვე გატეხილს და შეშინებულს აიძულებდა, რომ ეთქვა ჩვენს შესახებ უღმერთო სიტყვები. წამების დროს იგი გონს მოეგო და, როგორც იტყვიან, ღრმა ძილიდან გამოფხიზლდა, ჟამიერი სასჯელის მეშვეობით გაიხსენა გეენიის საუკუნო სატანჯველი, და აქეთ შეეპასუხა მგმობელებს: "ბავშვებს როგორ შეჭამენ ისეთები, რომლებსაც უგუნურ ცხოველთა სისხლის შეჭმაც კი აკრძალული აქვთ?" ამის შემდეგ აღიარა, რომ ქრისტიანი იყო და მოწამეთა დასს შეემატა.
"როდესაც ქრისტეს მიერ ნეტართა სიმტკიცის მეშვეობით ტირანთა სატანჯველები გაუქმდა, ეშმაკმა სხვა მზაკვრობა მოიფიქრა: საპყრობილეში წყვდიადსა და უმძიმეს ადგილას ჩამწყვდევა, ფიცარზე ფეხების გადაჭიმვა მეხუთე ნახვრეტამდე და სხვა ტანჯვა-წამებანი, რაც სჩვეოდათ განრისხებულ მსახურებს, და ამას ეშმაკისაგან აღვსებულნი პატიმრებზე ახორციელებდნენ. ასე იხუთებოდა საპყრობილეში მრავალი, რომელთა ამ სახით წაყვანა ენება უფალს და აჩვენებდა თავის დიდებას. მწარედ გვემულნი, როდესაც ჩანდა, ყველა საშუალებითაც რომ ემკურნალათ, მაინც ვერ გადარჩებოდნენ, საპყრობილეში აგრძელებდნენ ცხოვრებას. ადამიანთა მზრუნველობისაგან მიტოვებულნი, მაგრამ უფლისაგან სხეულითა და სულით განმტკიცებულნი და გაძლიერებულები, სხვებსაც ამხნევებდნენ და ნუგეშს სცემდნენ. უფრო ახალბედები კი ახლახან შეპყრობილნი, რომელთა სხეულებს ჯერ არ მოპყრობოდნენ მსგავსად, პატიმრობის სიმძიმეს ვერ უძლებდნენ, და შიგნით იღუპებოდნენ.
ნეტარ პოთინოსს ქალაქ ლუგდინაში ეპისკოპოსობის მსახურება მიანდეს, ოთხმოცდაათი წლის ასაკისას და სხეულით მთლიანად დაუძლურებულს. მას ძლივს ედგა სული სხეულის უძლურების გამო, მაგრამ მოშურნე სულის მიერ გაძლიერებული იყო მოწამეობის წადილით. იგი მსაჯულის სავარძელთან მიათრიეს, თუმცა სხეული მოხუცებულობისაგან და სნეულებისაგან დასუსტებული ჰქონდა, სული მასში მტკიცე იყო, რათა მისი მეშვეობით ქრისტეს შეესრულებია ტრიუმფალური სვლა. იგი ჯარისკაცებმა მიიყვანეს მსაჯულის სავარძელთან. მას თან ახლდნენ ძალაუფლების მქონე მოქალაქეები და მთელი ბრბო, რომელიც მთელი ხმით გაჰყვიროდა, რომ იგი იყო ქრისტე. და მან მისცა მშვენიერი მოწმობა. როდესაც მმართველმა ჰკითხა, თუ ვინ არის ქრისტიანთა ღმერთი, უპასუხა: "თუ ხარ ღირსი, გაიგებ". შემდეგ კი მას უმოწყალოდ დაათრევდნენ და მრავალგზისი დარტყმებით ტანჯავდნენ, მასთან ახლოს მყოფნი ხელებითა და ფეხებით მრავალგვარ შეურაცხყოფას აყენებდნენ, არც მის ასაკს სცემდნენ პატივს; ხოლო მოშორებით მდგომნი, რაც ხელში მოხვდებოდათ, მას ესროდნენ; ყველა თვლიდა, რომ დიდი ცთომილება და უზნეობა იქნებოდა, თუ ვინმეს გამორჩებოდა მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. რადგან ფიქრობდნენ, რომ ამგვარად შურს იძიებდნენ მათი ღმერთებისათვის. ძლივს ედგა პირში სული, როდესაც ჩააგდეს საპყრობილეში, და ორი დღის შემდეგ სული ამოხდა.
"შემდეგ იქმნა ღვთის დიდი განგებულება და გამოჩნდა იესოს უზომო წყალობა, რაც ძმებს შორის იშვიათად ხდებოდა, მაგრამ ქრისტეს ხელოვნებისაგან მიტოვებული არ ყოფილან. რადგან პირველი შეპყრობის დროს უარმყოფელებიც დაატუსაღეს და გაიზიარეს იქაური საშინელებები. იმ დროს უარყოფამ მათ ვერ უშველა: ვინც იყო აღმსარებელი, ჩამწყვდეულ იქნა როგორც ქრისტიანი, რომელსაც სხვა ვერანაირი ბრალი ვერ წაუყენეს, დანარჩენები კი როგორც კაცისმკვლელები და უწმინდურები შეეპყრათ, და სხვებზე ორმაგად ძლიერ სტანჯავდნენ. მათ (აღმსარებლებს - მთარგ.) ამხნევებდათ მოწამეობის სიხარული და აღთქმათა სასოება, ქრისტესადმი სიყვარული და მამისეული სული, ამათ (უარმყოფელებს - მთარგ.) კი სინდისი დიდად ტანჯავდათ, ისე რომ ყველა დანარჩენებთან გამოსვლისას სახეზე ემჩნეოდათ. რადგან ისინი მხიარული მიდიოდნენ წინ, მათი სახე მრავალი დიდებითა და მადლით იყო შეფერილი, ისე რომ ბორკილები ედოთ როგორც რამ მშვენიერი სამკაული, და როგორც სიზეს, მრავალსახოვანი ოქროს ფოჩებით შემკობილს, ქრისტეს კეთილსურნელება ასდიოდათ, ზოგი იმასაც ფიქრობდა, თითქოს მათ გამოყენებული ჰქონდათ ამქვეყნიური ნელსაცხებელი. ხოლო ესენი იყვნენ დამწუხრებული, დამდაბლებული, უსახური და ყველანაირი სირცხვილით აღსავსე, ამას გარდა წარმართებისგანაც გაკიცხული, როგორც უღირსი და მხდალი, კაცისმკვლელთა ბრალდების მქონე, რომლებმაც დაკარგეს ყოვლად საპატიო, დიდებული და ცხოველმყოფელი სახელი. როდესაც ამას სხვები ხედავდნენ, განმტკიცდებოდნენ და მათთან ერთად შეპყრობილები ეჭვის გარეშე აღიარებდნენ, და ეშმაკის მტკიცებულებებს არც კი უფიქრდებოდნენ".
შემდეგ ზოგი რამ დასძინეს და კვლავ განაგრძეს: "ამის შემდეგ მათი [ამქვეყნიდან] გასვლის მოწმობა ყველა სახით გამოვლინდებოდა. რადგან სხვადასხვა ფერის ყველანაირი ყვავილისაგან ერთი მოწნული გვირგვინი მიუძღვნეს მამას. კეთილშობილმა მებრძოლებმა დაითმინეს მრავალი სახის ბრძოლა, ძლიერ გაიმარჯვეს და მიიღეს უხრწნელების დიდი გვირგვინი. მატურუსი, სანქტუსი და ატალუსი მიიყვანეს სამხეცეში, წარმართების სახალხო და საზოგადო არაადამიანურ სანახაობაზე, როდესაც ჩვენიანების გამო გამართეს მხეცთა ბრძოლების სათანადო დღეები. მატურუსმა და სანქტუსმა კვლავ გაიარეს ამფითეატრში ყველა სატანჯველი, თითქოს აქამდე სრულიად არ ეტანჯათ, უფრო კი როგორც მოწინააღმდეგის უკვე მრავალი წილის გავლით მძლეველებმა და თვით მისი გვირგვინისათვის ბრძოლის გამმართველებმა კვლავ დაითმინეს იქ ჩვეული მათრახები, და მხეცებთან ძალის დატანებით მიგდება და ყველაფერი, რასაც გაშლეგებული ხალხი სხვადასხვა ადგილიდან გაჰყვიროდა და ბრძანებებს იძლეოდა. ყოველივეს დასასრულს კი - რკინის სკამი, რომელზეც დამდნარი სხეულის წვის კვამლმა შემოსა ისინი. მაგრამ არც ამან დააცხრო ისინი, არამედ უფრო და უფრო გაშლეგდნენ, სურდათ დაემარცხებიათ მათი გამძლეობა, და სანქტუსისგან სხვა არაფერი ესმოდათ გარდა იმისა, რისი თქმაც თავიდანვე ჩვეოდა, - აღსარების სიტყვა.
"როდესაც დიდი ბრძოლის გავლით მრავალი რამ დაითმინა მათმა სულმა, საბოლოოდ ისინი მსხვერპლად შეწირეს, იმ დღის განმავლობაში მთელი მრავალსახოვანი ბრძოლების ნაცვლად ისინი იქცნენ სანახაობად ქვეყნიერებისათვის; ბლანდინა კი ძელზე ჩამოკიდებული მასზე მისეული მხეცების საჭმელად იყო განკუთვნილი. იგი, ჩამოკიდებული, ჯვრის სახედ იხილვებოდა და ძლიერი ლოცვის მეშვეობით დიდად აგულიანებდა მებრძოლებს (ქრისტიანებს - მთარგ.), რომლებიც ბრძოლის დროს თავიანთი დის მეშვეობით გარეგანი თვალებითაც ხედავდნენ მათ გამო ჯვარცმულს, რათა დარწმუნებულიყვნენ მისი მორწმუნენი, რომ ყველას, ქრისტეს დიდების გამო ვნებულს მარადჟამს აქვს ზიარება ცოცხალ ღმერთთან. და როდესაც არცერთი მხეცი არ შეეხო მას, ძელიდან ახსნეს და კვლავ საპყრობილეში დააბრუნეს, სხვა ბრძოლისათვის შეინახეს, რათა მრავალი შერკინებების გავლით გამარჯვებულს დაგრეხილი გველის დასჯა შეუქცევადი გაეხადა და ძმები გაემხნევებია. პატარას, უძლურსა და უსახურს დიდი და უძლეველი მებრძოლი, ქრისტე ემოსა, მრავალ შეტაკებებში მოწინააღმდეგეზე გამარჯვებულმა ბრძოლის უხრწნელების გვირგვინი დაიდგა.
"ატალუსს კი, მასაც ძალიან ითხოვდა ბრბო, რადგან იყო სახელოვანი კაცი. იგი შევიდა მზადმყოფი მებრძოლი, რადგან სინდისი უმწიკვლო ჰქონდა და გაწვრთნილი იყო ქრისტიანულ წესებში, ყოველთვის იყო ჩვენთან ჭეშმარიტების მოწმე. იგი შემოატარეს ამფითეატრის წრეზე, მის წინ მიჰქონდათ დაფა, რომელზეც ეწერა ლათინურად: "ეს არის ატალუსი, ქრისტიანი"; როდესაც ხალხი ძლიერ გაღიზიანდა მასზე, მმართველმა გაიგო რა, რომ რომაელი იყო, ბრძანა დანარჩენებთან ერთად საპყრობილეში დაბრუნება, მის შესახებ მიწერა კეისარს და მისგან პასუხს ელოდებოდა.
"დროის ეს შუალედი არ ყოფილა მათთვის უქმი და უნაყოფო: მათი მოთმინების მეშვეობით წარმოჩნდა ქრისტეს უზომო წყალობა, რადგან ცოცხალთა მეშვეობით გააცოცხლა მიცვალებულები, მოწამეებმა მადლი გადასცეს მათ, რომლებმაც არ დაამოწმეს, და მრავალი სიხარული ჰქონდა ქალწულ დედას***, რომელმაც ისინი მკვდარი შვა და მათვე [ახლა] ცოცხალს ღებულობდა. რადგან მათი მეშვეობით მრავალი უარმყოფელი ხელახლა დაიბადა და კვლავ მიდგომილ იქნა და კვლავ აღეგზნო, და ისწავლა აღიარება. როდესაც დაატკბო ისინი ღმერთმა, რომელსაც არ სურს ცოდვილის სიკვდილი, სინანულისადმი კი გულკეთილია, ცოცხლები და გაძლიერებულები მიყვანილ იქნენ მსაჯულის სავარძელთან, რათა კვლავ დაეკითხა. კეისარმა პასუხად მიწერა, რომ ისინი ცემით უნდა მოეკლათ, მაგრამ თუ ვინმე უარყოფდა, უნდა გაეშვათ. ადგილობრივი დღესასწაულის (იგი არის ხალხმრავალი, რადგან ყველა ერიდან ამისთვის იკრიბებიან)[5] დაწყებისას, მიგვარეს მსაჯულს, ნეტარნი ბრბოსთვის თეატრალურ სანახაობად აქციეს. ამიტომ კვლავ დაკითხეს და მათ, რომლებიც, ჩანდა, რომ ატარებდა რომის მოქალაქეობას, თავს კვეთდნენ, დანარჩენებს კი სამხეცეში აგზავნიდნენ. ძლიერ განდიდდა ქრისტე მათგან, რომლებმაც პირველად უარყვეს და ახლა წარმართების მოლოდინის საწინააღმდეგოდ აღიარებდნენ. რადგან იმ მოსაზრებით დაკითხავდნენ მათ, რომ გაეშვათ, და როდესაც აღიარებდნენ, მოწამეთა რიცხვს შეემატებოდნენ. გარეთ კი რჩებოდნენ ისინი, რომლებსაც არც რწმენის კვალი, არც საქორწინო სამოსელი, არც ღვთის შიშის გააზრება არ გააჩნდათ, არამედ მათი განდგომით გმობდნენ გზას, ისინი არიან დაღუპვის ძენი, ყველა დანარჩენი კი ეკლესიას შეეძინა. მათგან დაიკითხა ვინმე ალექსანდრე, წარმომავლობით ფრიგიელი, განათლებით მკურნალი. იგი მრავალი წლის განმალობაში ცხოვრობდა გალიაში და ყველასათვის ცნობილი იყო ღვთისადმი სიყვარულითა და სიტყვის კადნიერებით (რადგან სამოციქულო მადლთან იყო ნაზიარები). იგი იდგა მსაჯულთან და ნიშნებით ამხნევებდა მათ აღსარებისათვის, მსაჯულის გვერდით მდგომებს ეჩვენებოდათ, რომ იგი მშობიარობით იტანჯებოდა. უკმაყოფილო ბრბომ იმით, რომ ადრე უარმყოფელებმა ახლა კვლავ აღიარეს, დაუყვირა ალექსანდრეს, ამის გამკეთებელს. როდესაც მსაჯულმა მოუხმო მას და ჰკითხა, თუ ვინ იყო იგი, და მან უპასუხა - "ქრისტიანი", განრისხებულმა განაჩინა მისი მხეცებთან მიგდება. მეორე დღეს ამფითეატრში შევიდა ატალუსთან ერთად და მმართველმა ბრბოს საამებლად ატალუსი კვლავ მიუგდო მხეცებს. ამფითეატრში მათ გაიარეს საწამებლად გამოგონილი ყველა იარაღი და დაითმინეს დიდი ბრძოლა, ბოლოს, ისინიც შეწირეს მსხვერპლად. როდესაც ალექსანდრე არც მოთქვამდა, არც ხმას იღებდა საერთოდ, არამედ გულში ღმერთს ესაუბრებოდა, ატალუსი რკინის სკამზე იჯდა და იწვოდა, და როდესაც სხეულმა სუნი გაუშვა, ბრბოს მიმართა ლათინურად: "აჰა, ეს არის ადამიანის ჭამა, რასაც თქვენ იქმთ; ჩვენ კი არც ადამიანებს ვჭამთ, არც სხვა რამ უკეთურებას ჩავდივართ". როდესაც ჰკითხეს რა იყო ღვთის სახელი, უპასუხა: "ღმერთს სახელი არა აქვს, როგორც ადამიანს".
ყოველივე ამასთან ერთად ბრძოლების უკანასკნელ დღეს ბლანდინა კვლავ შეიყვანეს თხუთმეტი წლის ჭაბუკთან, პონტიკუსთან ერთად; ისინი ყოველდღე შეყავდათ დანარჩენებთან ერთად დასჯის საყურებლად. აიძულებდნენ დაეფიცათ მათი კერპები და რადგან ისინი მშვიდი რჩებოდნენ და არ უსმენდნენ მათ შეგონებებს, ბრბო გამძვინვარდა მათ მიმართ ისე, რომ არც ბიჭის ასაკი შეეცოდათ, არც ქალს სცეს პატივი, ყველა საშინელება დაატეხეს მათ თავზე და წრიულად ყველა სატანჯველი შემოატარეს; განუწყვეტლივ აიძულებდნენ დაეფიცათ, მაგრამ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. პონტიკუსმა დის მიერ გამხნევებულმა, რაც წარმართებმაც დაინახეს, რომ ის იყო მისი შემაგონებელი და განმამტკიცებელი, ყველა ტანჯვა დაითმინა კეთილშობილურად და სული განუტევა. ნეტარმა ბლანდინამ კი ყველაზე ბოლოს, როგორც შვილების გამამხნევებელმა კეთილშობილმა დედამ და გამარჯვებით მოსილთა მეფესთან წარმგზავნელმა, მანაც თავიდან გაიარა შვილების სატანჯველები და გაეშურა მათკენ, გარდაცვალების გამო გახარებული და მხიარული, როგორც საქორწინო ნადიმზე მიწვეული, არათუ მხეცებისადმი მიგდებული. მათრახების, მხეცებისა და ტაფის შემდეგ, ბოლოს, კალათით იქნა ჩაგდებული ხართან.
პირუტყვი საკმაოდ დიდხანს აგდებდა [რქებზე], მაგრამ მას არ გააჩნდა გრძნობა მასზე მოწევნული სასოების, მისგან ნარწმუნების პყრობისა და ქრისტესთან საუბრის გამო. იგიც მსხვერპლად შეწირეს, თვითონ წარმართებმაც აღიარეს, რომ მათთან ქალი არასოდეს ვნებულა ასე და ესოდენ ხანს.
"მაგრამ ამ სახითაც ვერ ყირჭდებოდა მათი სიშლეგე და წმინდანების მიმართ სისასტიკე. რადგან ველური მხეცის (ეშმაკის - მთარგ.) მიერ ველური და ბარბაროსული ტომები მუდამ აღგზნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, და მათი სითავხედე ახლა სხვაგვარად მიადგა სხეულებს; მათ, დამარცხებულებს**** არ რცხვენოდათ, რადგან არ გააჩნდათ ადამიანური აზროვნება, არამედ უფრო მეტად აღეგზნო მათი რისხვა მხეცის მსგავსად, და მმართველი და ხალხი ერთნაირ უსამართლობას იჩენდნენ ჩვენს მიმართ, რათა აღსრულდეს წერილი: "ურჯულო კვლავ ურჯულოებდეს, და მართალი კვლავ იყოს მართალი" (გამოცხ. 22, 11). რადგან საპყრობილეში გაგუდულები მიუგდეს ძაღლებს და მზრუნველად იცავდნენ ღამით და დღისით, რათა არ დაგვემარხა ვინმე. შემდეგ მხეცთაგან და ცეცხლიდან გამოიტანეს ნარჩენები, დაგლეჯილები და დანახშირებულები, და დანარჩენთა თავები ტანებთან ერთად, და ამდენ სხეულს მრავალი დღის განმავლობაში დაუმარხველს იცავდნენ ჯარისკაცების მზრუნველობით. საშინლად იყვნენ განრისხებული და კბილებს აღრჭიალებდნენ მათზე, ეძებდნენ მათზე უფრო მეტ შურისგებას, დასცინოდნენ და ამასხარავებდნენ, განადიდებდნენ თავიანთ კერპებსა და მათ მიაწერდნენ ქრისტიანების დასჯას, უფრო კეთილი ადამიანები კი, რომელთაც, ჩანდა, რომ მცირე თანალმობა ჰქონდათ ჩვენდამი, ძალიან გვკიცხავდნენ და ამბობდნენ: "სად არის მათი ღმერთი და რა სარგებელს აძლევს მათ ღვთისმსახურება, რაც მათ აირჩიეს მათი სიცოცხლის უწინარეს?" ასეთი ჭრელი აზრები ჰქონდათ მათ, ჩვენთან კი დიდი მწუხარება იყო, რადგან არ შეგვეძლო მათი სხეულების მიწაში დაფლვა. რადგან არც ღამე შეგვეწეოდა ჩვენ, არც ვერცხლი არწმუნებდა, არც მუდარა არცხვენდა, ყველანაირი გზით იცავდნენ, თითქოს დიდ რაიმე სარგებელს მიიღებდნენ, თუ არ დაუშვებდნენ მათ დამარხვას".
ამის შემდეგ ამბობენ: "ამრიგად, მოწამეთა სხეულები ერთ ადგილას საჩვენებლად და ღიად იდო ექვსი დღის განმავლობაში, შემდეგ დაწვეს და დაანაცრეს, და ურჯულოებმა იქვე მდინარე როდანში ჩახვეტეს, ისე რომ მათი ნეშტი მეტად აღარ ჩანდა მიწაზე. ეს გააკეთეს თითქოს ღვთის დამარცხება შეძლეს და მათ კვლავშობა (აღდგომა - მთარგ.) წაართვეს, რათა, როგორც ისინი ამბობდნენ, "აღარ ჰქონოდათ აღდგომის სასოება, რისი მორწმუნეებსაც უცხო და ახალი მსახურება შეჰმოქონდათ ჩვენთან და უგულებელყოფდნენ საშინელებებს, მზად იყვნენ სიხარულით წასულიყვნენ სიკვდილზე; ახლა ვნახავთ, თუ აღადგენს და თუ შეძლებს მათ შველას მათი ღმერთი და გამოიტაცებს ჩვენს ხელთაგან"[6].
-----------------------------------------------------------------------------
* ახლანდელი ლიონი - მთარგ.
** იგულისხმება ადამიანები - მთარგ.
*** ეკლესიას - მთარგ.
****იგულისხმება წარმართების ბრბო - მთარგ.
II
ეს შეემთხვა ქრისტეს ეკლესიებს ზემოხსენებული იმპერატორის დროს. აქედან გონივრული ანგარიშით შესაძლებელია დანარჩენ პროვინციებში ნამოქმედარზე დასკვნის გაკეთება. ღირსია, ნათქვამს იმავე წერილიდან სხვა სიტყვებიც დავურთოთ, რომელთა მეშვეობით ზემოხსენებული მოწამეების სიკეთე და კაცთმოყვარეობა ამ სიტყვებით აღიწერა: "ისინი, ესოდენ დიდი მოშურნეები და მიმბაძველები გახდნენ ქრისტესი, რომელმაც ღვთის ხატად მყოფმა მიტაცებად არ მიიჩნია ღვთის სწორად ყოფნა (შდრ. ფილ. 2,6), რომ, ასეთ დიდებაში მყოფებმა და არა ერთგზის, არც ორგზის, არამედ ხშირად დაამოწმეს და მხეცთაგან კვლავ გამოსულები, დამწვრობების, წყლულებისა და იარების მქონენი, თავიანთ თავს არ აცხადებდნენ მოწამეებად, არც ჩვენ გვრთავდნენ ნებას ამ სახელით მიგვემართა მათთვის; არამედ, თუ ოდესმე რომელიმე ჩვენგანი ეპისტოლის მეშვეობით მათ მოწამეებს უწოდებდა, მკაცრად კიცხავდნენ. რადგან სიამოვნებით უთმობდნენ მოწამეობის სახელს ქრისტეს, სარწმუნო და ჭეშმარიტ მოწამეს და მკვდართაგან პირმშოს, ღვთის სიცოცხლის მეთაურს. იხსენიებდნენ უკვე [ამქვეყნიდან] გასულ მოწამეებს და ამბობდნენ: "ისინი უკვე არიან მოწამეები, რომლებიც ღირს ყო ქრისტემ აღსარების დროს აეყვანა, გასვლის გზით დაბეჭდა მათი მოწამეობა, ჩვენ კი უბრალო და გლახაკი აღმსარებლები ვართ", და ცრემლებით სთხოვდნენ ძმებს, რათა გულმოდგინედ ელოცათ მათი აღსარებისათვის. მოწამეობის ძალას საქმით აჩვენებდნენ, დიდი კადნიერებით მიდიოდნენ წარმართებთან და კეთილშობილებას დათმენის, უშიშობისა და უშფოთველობის მეშვეობით წარმოაჩენდნენ, ძმებისგან არ ღებულობდნენ მოწამის სახელს, ღვთის შიშით აღსავსენი".
მცირე ხნის შემდეგ კვლავ აგრძელებენ: "ამდაბლებდნენ თავიანთ თავს ძლიერი ხელის ქვეშ, რომლის მიერაც ახლა საკმაოდ ამაღლებული არიან. იმ დროს ყველას იცავდნენ და არავის ადანაშაულებდნენ; ყველას ანთავისუფლებდნენ და არავის კრავდნენ, სატანჯველთა მომწყობთა გამო ლოცულობდნენ, როგორც სტეფანე, სრული მოწამე, ამბობდა: "უფალო, ნუ შეერაცხება მათ ეს ცოდვა" (საქმე 7, 60). თუკი მქოლავთა გამო ლოცულობდა, რამდენად მეტად ძმებისათვის".
და კვლავ ამბობენ სხვა სიტყვის შემდეგ: "რადგან მათ ეს ყველაზე დიდი ომი სიყვარულის სიწრფელის გამო ჰქონდათ გამართული, რათა დაეხრჩოთ მხეცი (ეშმაკი - მთარგ.) და ისინი ამოენთხია. რადგან არ იქადოდენ დაცემულებზე, არამედ რაშიც მდიდარი იყვნენ, უფრო გაჭირვებულებს იმით ეხმარებოდნენ დედობრივი სიყვარულის მქონენი, და მათ გამო მრავალ ცრემლს ღვრიდნენ მამის წინაშე, ითხოვდნენ სიცოცხლეს მათთვის, და იგი აძლევდა მათ, რასაც უწილადებდნენ მახლობლებს, და ყველაფერში გამარჯვებით მოსილნი ღმერთთან მიემგზავრებოდნენ. ყოველთვის უყვარდათ მშვიდობა და მშვიდობას შეგვაგონებდნენ ჩვენ, მშვიდობით მიდიოდნენ ღმერთთან, არ უტოვებდნენ დედას (ეკლესიას - ზ.ჯ.) შრომას, არც ძმებს შფოთსა და ომს, არამედ სიხარულს, მშვიდობას, ერთსულოვნებასა და სიყვარულს~. ეს სარგებლის მომტანი [ამონარიდი] ამ ნეტართა დაცემული ძმების მიმართ გამოჩენილი სიყვარულის შესახებ წინ დაიდო არაადამიანური და უმოწყალო განწყობის მქონეთა გულისთვის, რომლებიც ამ ამბების შემდეგ ქრისტეს ასოებს სასტიკად ეპყრობოდნენ.
III
ზემოხსენებულ მოწამეთა ეს წერილი სხვა რამ მოხსენიების ღირს ისტორიასაც შეიცავს, რომლის გადმოცემა მკითხველთა საცოდნელად არავისთვის იქნება არასასურველი. იგი მდგომარეობს შემდეგში: როდესაც მათ შორის იყო ვინმე ალკიბიადე, რომელიც მეტად მკაცრ ცხოვრებას ეწეოდა და სრულიად არაფერს იხმევდა, არამედ მხოლოდ პურსა და წყალს, და ცდილობდა ასე ეცხოვრა საპყრობილეში. ატალუსს ამფითეატრში პირველი ბრძოლის გადატანის შემდეგ განუცხადებია, რომ ალკიბიადე კარგად არ იქცევა, როდესაც არ იხმევს ღვთის ქმნილებებს და სხვებისთვის ცთუნების მაგალითად რჩება. ალკიბიადემ დაუჯერა და ყველაფერს დაუბრკოლებლად ღებულობდა და ღმერთს მადლობდა. რადგან არ იყვნენ ღვთის მადლისაგან უყურადღებოდ მიტოვებულნი, არამედ სულიწმინდა იყო მათი მრჩეველი. ვიკმაროთ ეს ამბები.
როდესაც მონტანთან, ალკიბიადესთან და თეოდოტესთან[7] დაკავშირებით მრავალმა პირველად მაშინ გამოამჟღავნა თავისი შეხედულება წინასწარმეტყველების შესახებ (რადგან ღვთის მადლით მრავალი სხვა სასწაულმოქმედება სხვადასხვა ეკლესიებში იმ დროს ჯერ კიდევ სრულდებოდა, და მრავალს უჩნდებოდა რწმენა, რომ ისინიც წინასწარმეტყველები იყვნენ) და ასევე ზემოხსენებული პიროვნებების შესახებ უთანხმოებები იწყებოდა, გალიაში მყოფმა ძმებმა წინდახედული და ყველაზე მართლმადიდებლური საკუთარი მსჯავრი გამოიტანეს მათ შესახებ. გადმოსცეს მათთან აღსრულებული მოწამეების სხვადასხვა ეპისტოლეები, რომლებიც ჯერ კიდევ ბორკილებში მყოფებმა ასიასა და ფრიგიაში მყოფ ძმებს მისწერეს, არა მხოლოდ მათ, არამედ ელევთერსაც, იმ დროს რომის ეპისკოპოსს. ისინი ეკლესიათა მშვიდობის გულისთვის შუამავლობდნენ[8].
IV
იმავე მოწამეებმა ირინეოსიც, იმ დროს უკვე პრესვიტერი ლუგდინის დიოცეზში, წარუდგინეს ზემოხსენებულ რომის ეპისკოპოსს, მრავალს მოწმობდნენ ამ კაცზე, როგორც ამას ცხადყოფს შემდეგი სიტვყები: "კვლავ და მარად გვსურს ღმერთში შენი სიხარული, მამაო ელევთერ. ამ ნაწერების მოტანა ვთხოვეთ ჩვენს ძმასა და თანაზიარს, ირინეოსს და გთხოვთ გყავდეს იგი შენს სიახლოვეს, რადგან არის ქრისტეს აღთქმის მოშურნე. რადგან რომ ვიცოდეთ, თითქოს ხარისხი რაიმე სამართლიანობას იქმს, როგორც ეკლესიის პრესვიტერს (რაც არის მისი ხარისხი) პირველთა შორის წარმოგიდგენდით".
რა საჭიროა, გადმოვცეთ ზემოხსენებული წერილიდან იმ მოწამეთა ჩამონათვალი, რომელთაგან ზოგი თავის მოკვეთით აღესრულა, ზოგი მხეცებს მიუგდეს საჭმელად, ზოგიც საპყრობილეში დაიღუპა, და ჯერ კიდევ ცოცხალ აღმსარებელთა რიცხვი? ვისაც სურს, შეუძლია ამის ადვილად და ყველაზე სრულად წაკითხვა მიღებული ნაწერების ხელში აღებით, რაც ჩვენს მიერ მოწამეთა კრებულში იქნა ჩართული, როგორც უკვე ვთქვი. ასეთი ამბები მოხდა ანტონინუსების დროს.
V
გადმოცემით მისი ძმა მარკუს ავრელიუს[9] კეისარი გერმანელებისა და სარმატების წინააღმდეგ ბრძოლისათვის იყო გამზადებული, როდესაც მის ჯარს წყურვილი ტანჯავდა, და გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მელიტენედ წოდებული ლეგიონის ჯარისკაცები იმ რწმენის მეშვეობით, რაც იმ დროიდან აქამდეც განამტკიცებდა მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში, მიწაზე მუხლებზე დადგნენ ჩვენი ლოცვის ჩვეულების მიხედვით და ღვთისადმი მიმართეს ვედრებები. ასეთი სასწაულებრივი სანახობა წარმოუდგათ, გადმოცემით სხვა - უფრო სასწაულებრივი მიიღეს მაშინათვე, მტერს მოევლინა ელვა განსადევნელად და დასაღუპავად, თავსხმა წვიმა კი ღვთისადმი მლოცველთა ჯარს და გამოაცოცხლა ყველა წყურივილისაგან დაღუპვის მომლოდინე.
ამ ამბავს გადმოსცემს ჩვენი მოძღვრებისაგან შორს მდგომი მწერლებიც, რომლებმაც თავს იდვეს ზემოხსენებული იმპერატორების ზეობის აღწერა, და გადმოიცა ჩვენს მიერაც. მაგრამ გარეშე ისტორიკოსებიც, რწმენისაგან უცხონი, გადმოცემენ ამ სასწაულს, თუმცა არ არის აღიარებული, რომ ჩვენიანთა ლოცვებით მოხდა; ჩვენიანებმა კი, ჭეშმარიტების მოყვარულებმა, უბრალო და უმზაკვრო ჩვეულებით გადმოსცეს მომხდარი. მათ შორის არის აპოლინარიოსი, რომელიც ამბობს, რომ იქედან მოყოლებული ლოცვის გზით სასწაულის მოქმედმა ლეგიონმა შესაბამისი სახელი მიიღო იმპერატორისაგან, და ლათინურ ენაზე ეწოდა "მეხთამტეხელი". ამ ამბების ღირსეული მოწმე იყო ტერტულიანე, რომელმაც რომის სენატს მიმართა სარწმუნოების გამო აპოლიგიით, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. იგი ამ ამბავს განამტკიცებს უფრო მნიშვნელოვანი და ცხადი საბუთებით. თავის ნაწერში ისიც ამბობს, რომ ყველაზე გონიერი იმპერატორის მარკუსის ეპისტოლეები ახლანდელ დრომდე არის მოღწეული, რომლებშიც იგი მოწმობს, რომ გერმანიაში მისი ჯარი წყლის ნაკლებობით მოსალოდნელი დაღუპვისაგან ქრისტიანთა ლოცვებმა იხსნა. ამბობს, რომ იგი სიკვდილით დაემუქრა მას, ვინც შეეცდებოდა ჩვენზე ბრალის დადებას. "ეს რა კანონებია, რომლებსაც მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ მისდევენ უღმერთო, უსამართლო და სასტიკი ადამიანები? რომლებსაც არც ვესპასიანე იცავდა, თუმცა იუდეველები დაამარცხა, ნაწილობრივ უგულებელყო ტრაიანემ, ვინც აკრძალა ქრისტიანების ძებნა, არც ჰადრიანე, თუმცა იგი ყველა უმნიშვნელო საქმით იყო დაინტერესებული, და არც ღვთისმოსავად წოდებული ამტკიცებდა მათ". მაგრამ ეს ამბები ვისაც როგორ სურს, ისე იყოს. ჩვენ კი გადავალთ მომდევნო ამბავზე[10].
როდესაც პოთინუსი სრული ოთხმოცდაათი წლის ასაკში მოწამეებთან ერთად აღესრულა გალიაში, ეპისკოპოსობა ირინეოსმა მიიღო ლუგდინის დიოცეზში, რომელსაც წინამძღვრობდა პოთინუსი. ვიცით, რომ იგი ახალგაზრდობაში პოლიკარპეს მსმენელი იყო. მან "მწვალებლობების წინააღმდეგ" თხზულების მესამე წიგნში გადმოსცა რომის ეპისკოპოსთა მონაცვლეობა ელევთერამდე, რომლის [მოღვაწეობის] პერიოდი ჩვენ გამოვიკვლიეთ, ალბათ მის დროს ამ ნაშრომის შექმნისას შეადგინა მათი ნუსხა, როდესაც წერს:
VI
"ეკლესიის საძირკველჩამყრელმა და აღმაშენებელმა ნეტარმა მოციქულებმა ეპისკოპოსობის მსახურება ლინუსს ჩააბარეს. ამ ლინუსს პავლე მოიხსენიებს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში. იგი შეცვალა ანენკლეტუსმა, მის შემდეგ, მოციქულთაგან რიგით მესამე ადგილზე ეპისკოპოსობა წილად ხვდა კლიმენტის, რომელიც იყო ნეტარ მოციქულთა მხილველი და მათთან მოსაუბრე, და უფრო კი თვალწინ ედო მოციქულთაგან მომდინარე ქადაგება და გადმოცემა. და არა მხოლოდ ის, რადგან ჯერ კიდევ იმ დროს მრავალი იყო შემორჩენილი მოციქულთა მიერ განსწავლული. ამ კლიმენტის დროს, როდესაც კორინთოში არა მცირედი ამბოხი შეიქნა ძმებთან, რომში მყოფმა ეკლესიამ ძლიერი წერილი გაუგზავნა კორინთელებს, სამშვიდობოდ შეაგონებდა მათ და განუახლებდა მათ რწმენასა და გადმოცემას, რაც ახლახან მოციქულთაგან ჰქონდათ მიღებული".
მცირე ხნის შემდეგ ამბობს: "ეს კლიმენტი შეცვალა ევარესტოსმა, ევარესტოსი კი - ალექსანდრემ, შემდეგ მოციქულთაგან მეექვსე დაადგინეს ქსისტუსი, მის შემდეგ ტელესფორი, რომელიც სახელოვნად ეწამა, შემდეგ ჰიგინიუსი, შემდეგ პიუსი, მის შემდეგ ანიკეტი. ანიკეტი შეცვალა სოტერმა, ახლა კი მოციქულთაგან მეთორმეტე ადგილზე ეპისკოპოსობის ხარისხი ელევთერს უპყრია. ამ წესით და ამ მოძღვრებით მოაღწია ჩვენამდე ეკლესიაში მოციქულთა გადმოცემამ და ჭეშმარიტების ქადაგებამ"[11].
VII
ამ ამბებზე ჩვენს მიერ ზემოთ მიმოხილული ისტორიების თანახმად მისი იმ ნაშრომის მეორე წიგნში, რომელსაც ეწოდება "ცრუ ცოდნის მხილება და დამხობა" და შედგება ხუთი წიგნისაგან, ირინეოსი წერს, რომ მის დრომდე ეკლესიებში შემორჩენილი იყო საღვთო და სასწაულებრივი ძალის გამოცხადებები, შემდეგი სიტყვებით აღნიშნავს და ამბობს: "მაგრამ იმდენად დაკნინდა მკვდრეთით აღდგომის ძალა, როგორც უფალი აღადგენდა და მოციქულებიც ლოცვის მეშვეობით და როგორც საძმოში ხშირად მომხდარა აუცილებლობის გამო, როდესაც მთელი ადგილობრივი ეკლესია ითხოვდა, მარხვითა და ლოცვით მრავალი გარდაცვლილის სული მოაბრუნეს და ადამიანი მიემადლა წმინდანთა ლოცვებს"[12]. კვლავ ამბობს სხვაგან: "თუ ამბობენ, რომ უფალი ზმანებითად იქმოდა ამას, წინასწარმეტყველთა წიგნებისკენ წავუძღვებით მათ, მათგან ვაჩვენებთ, რომ მის შესახებ ყველაფერი ასე იქნა ნაწინასწარმეტყველები და ნამდვილად მოხდა, და, რომ მხოლოდ იგი არის ძე ღვთისა. მის გამო და მისი სახელით მისმა ჭეშმარიტმა მოციქულებმა მისგან მიიღეს მადლი და მას იყენებდნენ დანარჩენი ადამიანების ქველმოქმედებისათვის ისე, როგორც თითოეულ მათგანს მისგან ჰქონდა ნიჭი მიღებული. ზოგიერთი დემონებს დევნიდა თავდაჯერებით და ჭეშმარიტად ისე, რომ ხშირად თვით უკეთურ სულთაგან განწმენდილებს უჩნდებოდათ რწმენა და ახლაც არიან ეკლესიაში; ზოგს კი ჰქონდა მომავლის წინასწარმცოდნეობა, ხილვები და წინასწარმეტყველური სიტყვები; სხვები კი ხელის დადებით კურნავდნენ სნეულებს და ჯანმრთელობას უბრუნებდნენ, უფრო მეტიც, როგორც ვთქვით, მიცვალებულები დგებოდნენ და ჩვენთან ერთად რჩებოდნენ საკმაოდ მრავალი წლის განმავლობაში. და სხვა რაღა უნდა ითქვას? ენა ვერ იტყვის იმ ნიჭების რაოდენობას, რომელსაც იღებს მთელს ქვეყანაზე [გავრცელებული] ეკლესია ღვთისგან პონტოელი პილატეს დროს ჯვარცმული იესო ქრისტეს სახელით და ყოველ დღე წარმართთა ქველმოქმედებას აღასრულებს, არც არავის ატყუებს, არც ვერცხლს ითხოვს; რადგან უსასყიდლოდ მიიღო ღვთისგან და უსასყიდლოდ ემსახურება"[13]. სხვა ადგილას იგივე მწერალი წერს: "როგორც გვსმენია მრავალ ძმაზე, რომლებსაც ჰქონდათ წინასწარმეტყველების მადლი ეკლესიაში და სულის მიერ სხვადასხვა ენებზე მეტყველებდნენ, და ადამიანთა დაფარული [საქმეები] სააშკარაოზე გამოჰქონდათ სარგებლობის მოსატანად; და განმარტავდნენ ღვთის საიდუმლოებებს"[14]. ეს ითქვა ზემოხსენებულ პერიოდში ღირსეულ პიროვნებებთან შემორჩენილი სხვადასხვა ნიჭების შესახებ.
VIII
ამ შრომის დაწყებისას შეგპირდით, რომ თავის დროზე გაგაცნობდით ძველი ეკლესიის ხუცესებისა და მწერლების სიტყვებს, რომლებშიც კანონიკურ წერილთა შესახებ მათ დრომდე მოღწეული გადმოცემა წერილობით არის დაცული; მათ შორის იყო ირინეოსიც. მოდით, მისი სიტყვებიც გადმოვცეთ, პირველად წმინდა სახარებების შესახებ იგი ასე ამბობს: "მათემ ებრაელთა შორის მათ საკუთარ ენაზე გამოაქვეყნა სახარების წერილიც, როდესაც პეტრე და პავლე რომში სახარებას ქადაგებდნენ და ეკლესიას საძირკველს უყრიდნენ. მათი გარდაცვალების შემდეგ მარკოზმა, პეტრეს მოწაფემ და განმმარტებელმა, პეტრეს მიერ ნაქადაგები თვითონ გადმოგვცა წერილობით. ლუკამ კი, პავლეს მიმდევარმა, მის (პავლეს - მთარგ.) მიერ ნაქადაგები სახარება თავის წიგნში მოათავსა. შემდეგ იოანემ, უფლის მოწაფემ, და მის მკერდზე მიყრდნობილმა, მანაც გადმოსცა სახარება, როდესაც ცხოვრობდა ასიის ეფესოში"[15].
მწერალმა ეს თქვა ზემოხსენებული ნაშრომის მესამე წიგნში, მეხუთე წიგნში კი იოანეს "გამოცხადებისა" და ანტიქრისტეს სახელის რიცხვის შესახებ ასე მსჯელობს: "როდესაც ეს ასე არის და ყველა ძველი ნაშრომის ასლშიც მოყვანილია ეს რიცხვი, თვით იოანეს პირისპირ მხილველნიც მოწმობენ და კეთილგონიერებაც გვასწავლის ჩვენ, რომ მხეცის სახელის რიცხვი ბერძნული რიცხვების მიხედვით ამავე ასოების მეშვეობით წარმოჩნდება"[16]. შემდეგ აგრძელებს და მის შესახებ ამბობს: "ამრიგად ჩვენ არ ჩავიგდებთ თავს საფრთხეში, რომ გავაკეთოთ უეჭველი განცხადება ანტიქრისტეს სახელის შესახებ. რადგან თუ მისი სახელი გაცხადებულად უნდა იქადაგოს ჩვენს დროში, მაშინ ის გამოცხადების მხილველის მიერ ითქმებოდა; რადგან არცთუ დიდი ხნის წინ უხილავს, არამედ დაახლოებით ჩვენს თაობაში, დომიციანეს მმართველობის დასასრულს"[17].
ამას "გამოცხადების" შესახებ მოგვითხრობს ზემოხსენებული მწერალი, ახსენებს იოანეს პირველ ეპისტოლეს და იქიდან მოყავს მრავალი მოწმობა, მსგავსადვე პეტრეს პირველი ეპისტოლიდანაც. მან არა მხოლოდ იცის, არამედ კიდევაც ღებულობს (როგორც წმ. წერილს - მთარგ.) "მწყემსის" თხზულებას, და ამბობს: "ამრიგად, მშვენივრად ამბობს წერილი, "უპირველეს ყოვლისა ირწმუნე, რომ ერთი არის ღმერთი ყოველივეს შემოქმედი და წარმართველი"[18] და ა. შ. იგი აგრეთვე იყენებს `სოლომონის სიბრძნიდან~ ზოგიერთ გამონათქვამს, თითქმის ყველას სიტყვა-სიტყვით: "ღვთის ხილვა არის უხრწნელების შემქმნელი, უხრწნელება კი ღმერთთან გვაახლოვებს" (სიბრძნე 6,20). და რომელიღაც მოციქულებრივი პრესვიტერის (რომლის სახელსაც დუმილით გადმოცემს) ჩანაწერებიდან, მოიხსენიებს და საღვთო წერილის მისეულ განმარტებებს გვამცნობს. უფრო მეტიც, ასევე მოიხსენიებს იუსტინე მოწამესა და ეგნატეს, კვლავ მათ მიერ დაწერილთაგან მოიხმობს მოწმობებს და საკუთარ ნაშრომში გვპირდება მარკიონის თხზულებათა განქიქებას[19].
მოისმინე "სამოცდაათთა" მიხედვით ღვთივშთაგონებულ წერილთა განმარტების შესახებაც, რას წერს სიტყვასიტყვით: "ღმერთი გახდა ადამიანი და თვით უფალმა გვიხსნა ჩვენ, მოგვცა ქალწულის ნიშანი, მაგრამ არა როგორც ზოგიერთები ამბობენ, რომლებიც ახლა ბედავენ წერილის განმარტებას, "აჰა, ახალგაზრდა ქალი მუცლად იღებს და შობს ძეს~ (ეს. 7,14). როგორც განმარტავენ თეოდოტე ეფესელი და აკვილა პონტოელი, ორივე იუდეველი პროზელიტი, რომელთა მიმდევარი ებიონელები ამბობენ, რომ იგი იოსებისგან იშვა"[20].
მცირე ხნის შემდეგ დასძენს: "რომაელების მიერ თავიანთი მმართველობის დამყარებამდე, როდესაც ასია ჯერ კიდევ მაკედონელებს ეპყრათ, პტოლომეოსმა, ლაგუსის ძემ[21], მოწადინებულმა შეემკო მის მიერ ალექსანდრიაში შემზადებული ბიბლიოთეკა ყველა ადამიანის თხზულებით, რაც კი საუკეთესო მოიპოვებოდა, იერუსალიმელთაგან მოითხოვა, ბერძნულ ენაზე ეთარგმნათ მათი წერილები. მათ კი, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ მაკედონელებს ემორჩილებოდნენ, მათთან მყოფს ორივე ენაზე მწერალთაგან ყველაზე გამოცდილი, სამოცდაათი უხუცესი, გაუგზავნეს პტილემეოსს, და ღმერთმა ქმნა ის, რაც ენება. მას (პტოლემეოსს - მთარგ.) სურდა თვითონ გამოეცადა ისინი, ფრთხილობდა არ შეთანხმებულიყვნენ და წერილში არსებული ჭეშმარიტება განმარტების მეშვეობით არ დაეფარათ, ისინი ერთმანეთს განაშორა და უბრძანა ყველას ერთნაირი თარგმანი დაეწერა; და ეს ყოველივე წიგნისათვის გააკეთა. როდესაც ისინი ერთად შეიკრიბნენ პტოლემეოსთან და თითოეულმა თავისი თარგმანი შეადარა, განდიდდა ღმერთი, ხოლო წერილები ნამდვილად ღვთიურად იქნა შერაცხილი, ყველას ერთი და იგივე ადგილი ერთი და იმავე სიტყვებითა და სახელებით ჰქონდა აღნიშნული დასაწყისიდან დასასრულამდე, ისე რომ იქ მყოფმა წარმართებმა შეიცნეს, რომ წერილები ღვთისგან მობერვით იყო ნათარგმნი. არაფერია საკვირველი, რომ ეს მოიმოქმედა ღმერთმა, რადგან ნაბუქოდნოსორის დროს ერის დატყვევებისას, როდესაც განადგურდა წერილები და სამოცდაათი წლის შემდეგ იუდეველები დაბრუნდნენ მათ ქვეყანაში, შემდეგ სპარსთა მეფის არტაქსერქსეს დროს შთაბერა ეზდრას, მღვდელს ლევის ტომისგან, რომ აღედგინა წინათ მცხოვრებ წინასწარმეტყველთა სიტყვები და ერისთვის აღედგინა მოსეს მეშვეობით [გადმოცემული] რჯული"[22]. ესოდენს ამბობს ირინეოსი.
IX
როდესაც ანტონიუსს კმა ეყო იმპერატორობის ცხრამეტი წელი, კომოდუსმა[23] მიიღო ძალაუფლება, რომლის პირველ წელს ალექსანდრიაში ეკლესიების ეპისკოპოსად იულიანე[24] დაადგინეს, მას შემდეგ, რაც აგრიპინემ აღასრულა მსახურების თორმეტი წელი.
X
ამ დროს ადგილობრივ მორწმუნეთა ცხოვრებას წინამძღვრობდა განათლებით ყველაზე სახელოვანი კაცი, სახელად პანტენოსი[25]. ძველი ჩვეულებით მათთან არსებობდა წმინდა მოძღვრების სასწავლებელი[26], რომელმაც ჩვენამდეც მოაღწია და გვსმენია, რომ ასწავლიან სიტყვასა და საღვთო საკითხების მიმართ მოშურნეობაში ძლიერი [კაცები], მათ შორის კი, გადმოცემით, იმ დროს განსაკუთრებით ბრწყინავდა ზემოხსენებული [კაცი], რომელიც გატაცებული იყო სტოიკოსებად წოდებულთა ფილოსოფიის სკოლით. ამბობენ, რომ მან მგზნებარე სულისკვეთებით ესოდენი გულმოდგინება გამოიჩინა საღვთო მოძღვრების გარშემო, რომ ქრისტეს სახარების მქადაგებლად წარმოჩნდა აღმოსავლეთის წარმართებთან და ინდოელთა ქვეყნამდე იქნა წარგზავნილი. რადგან მაშინ ჯერ კიდევ იყო [ღვთის] სიტყვის მრავალი მახარებელი, რომელიც საღვთო მოშურნეობით მოციქულთა მბაძავი წინდაწინ ზრუნავდა ღვთის სიტყვის ზრდისა და აღშენებისათვის. ერთ-ერთი მათგანი იყო პანტენოსი, რომელიც, როგორც ამბობენ, ინდოელებთან წავიდა, გადმოცემით იქ ზოგიერთ ქრისტეს მცოდნესთან მან აღმოაჩინა მათეს სახარება, რომელიც წინ უსწრებდა მის იქ მისვლას, მათთვის ექადაგა ერთ-ერთ მოციქულს, ბართლომეს, და დაეტოვებია ებრაული ანბანით მათეს ნაწერი, რომელიც შემორჩა იმ დრომდე. პანტენოსი დიდი წარმატებით წინამძღვრობდა ალექსანდრიის სასწავლებელს აღსასრულამდე, ცოცხალი სიტყვითა და ნაწერების მეშვეობით განმარტავდა საღვთო დოგმატების საუნჯეთ.
XI
მის დროს მასთან ერთად საღვთო წერილში იწვრთნებოდა და ალექსანდრიაში ცნობილი იყო კლიმენტი, მოციქულთა მოწაფის, ძველად რომაელთა ეკლესიის წინამძღვრის თანამოსახელე. იგი მის მიერ შედგენილ "ჰიპოტიპოსებში" პანტენოსს როგორც მის მასწავლებელს სახელით მოიხსენიებს. ვფიქრობ, მასზე მიანიშნებს "სტრომატების" პირველ წიგნში, როდესაც აღნიშნავს იმ სამოციქულო მინაცვლეობაში გამოჩენილ პიროვნებებს, რომელიც მან მიიღო; იგი ამბობს: "ეს ნაშრომი არ არის საჩვენებლად შეთხზული ნაწერი, არამედ მოხუცებულობისას დავაუნჯე ჩანაწერები, გულმავიწყობის წამალი, დაუხვეწავი ქანდაკება და აჩრდილთმწერლობა იმ რეალური და ნათელი სიტყვებისა, რომელთა სმენის ღირსი გავხდი, და ასევე იმ ნეტარი და ნამდვილად ღირსეულ კაცთა. მათგან ერთი იონიელი იყო საბერძნეთში, მერე კი დიდ საბერძნეთში, ერთი მათგანი კი კოელესირიაში იყო, ერთი კი - ეგვიპტეში; სხვები აღმოსავლეთში, ერთი მათგანი იყო ასირიელი, ერთი კი იყო პალესტინაში წარმოშობით ებრაელი. შევხვდი უკანასკნელს, რომელიც სიძლიერით პირველი იყო, და განვისვენე, როდესაც მოვინადირე იგი ეგვიპტეში დამალული. მაგრამ ნეტარი მოძღვრების ის ჭეშმარიტი გადმოცემა შეინახეს, რომელიც პირდაპირ პეტრესგან და იაკობისგან, იოანესგან და პავლესგან, წმინდა მოციქულებისაგან მოდის, შვილის მიერ მამისაგან მიღებით (მცირედნი არიან მამის მსგავსნი) ღმერთთან ერთად ჩვენამდეც მოაღწიეს და წინაპართა და მოციქულთა თესლები ჩანერგეს"[27].
XII
მათ დროს იერუსალიმში ეკლესიის ეპისკოპოსად ცნობილი იყო მრავალთან დღემდე სახელგანთქმული ნარკისოსი[28]. იგი ჰადრიანეს დროს იუდეველთა ალყის შემორტყმიდან რიგით მეთხუთმეტე მონაცვლე იყო, და განვმარტეთ, რომ აქედან მოყოლებული ამ ადგილას ეკლესია წინადაცვეთილთაგან მოქცეულ ქრისტიანთა შემდეგ პირველად წარმართთაგან შეიკრიბა, და რომ წარმართთაგან მათი პირველი ეპისკოპოსი იყო მარკოზი. ადგილობრივი მონაცვლეობის ნუსხა გვაუწყებს, რომ შემდეგ ეპისკოპოსობდა კასიანე, მის შემდეგ პუბლიუსი, შემდეგ მაქსიმე, მათ შემდეგ ივლიანე, შემდეგ გაიუსი, მის შემდეგ სვიმახოსი, და სხვა გაუსი, და კვლავ სხვა იულიანე, და მათ შემდეგ კაპიტო, ვალენტი და დოლიხიანოსი, და ყველაზე ბოლოს, ნარკისოსი, მოციქულთაგან თანმიმდევრული მონაცვლეობის მიხედვით მეცამეტე[29].
XIII
ამ დროს როდონი, წარმოშობით ასიიდან, როგორც თვითონ მოგვითხრობს, რომში იყო მოწაფე ტატიანესი, რომელიც ზემოთ გავიცანით. მან შეადგინა სხვადასხვა წიგნები და მათ შორის მარკიონის მწვალებლობის[30] საწინააღმდეგოც. ეს მწვალებლობა, როგორც მოგვითხრობს, მის დროს გაყოფილი იყო სხვადასხვა მიმდინარეობებად; მან ზედმიწევნით აღწერა ამ განყოფათა შემქმნელები და მათგან თითოეულის მიერ მოგონილი ცრუ მოძღვრება ამხილა. მოუსმინე, თვითონ რას წერს: "ამიტომ თავისთავთან შეუთანხმებელი გახდნენ და ჩამოუყალიბებელ აზრებს იცავდნენ. მათი ჯოგიდან იყო აპელესი[31], ცხოვრების წესითა და მხცოვანი ასაკით გამოჩენილი. იგი აღიარებდა ერთ საწყისს, მაგრამ წინასწარმეტყველებაზე ამბობდა, რომ ისინი მოწინააღმდეგე სულისგან იყო, იგი უჯერებდა ეშმაკეული ქალწულის, სახელად ფილომენეს გამონათქვამებს. სხვებს კი, როგორც თვითონ მესაჭეს (მარკიონს - მთარგ.), შემოყავდათ ორი საწყისი. მათ შორის იყვნენ პოტიტოსი და ბასილიკოსი. ისინი იყვნენ პონტოელი მგლის მიმდევრები და მის მსგავსად ისინიც ვერ ამჩნევდნენ საკითხთა განყოფას, დაუფიქრებლად გადაწყვიტეს და გამოაცხადეს ორი საწყისის არსებობა მარტივად და დაუმტკიცებლად. სხვები კი მათზე უფრო უარეს ცთომილებაში გადავარდნენ, და არამხოლოდ ორი, არამედ სამი ბუნება ივარაუდეს. მათი ბელადი და წინამძღოლი არის სინეროსი, როგორც ამბობენ მისი სასწავლებლის წარმომადგენლები"[32].
იგივე მწერალი ამბობს, რომ აპელესთან ისაუბრა, და მოგვითხრობს შემდეგს: "როდესაც მოხუცი აპელესი გვესაუბრებოდა ჩვენ, მხილებულ იქნა მრავალ მცდარ გამონათქვამში. ამიტომ ამბობდა, რომ საერთოდ არ უნდა გამოიკვლიო მტკიცებულება, არამედ თითოეული იმ აზრზე უნდა დარჩეს, რაც იწამა; რადგან ჯვარცმულზე დაიმედებულები ცხონდებიან, მხოლოდ მაშინ, თუ კეთილ საქმეებს გააკეთებენ. მაგრამ, როგორც ვთქვით, ღმერთის შესახებ ყველაზე ბუნდოვან მოძღვრებას აყალიბებდა. რადგან აღიარებდა ერთ საწყისს, როგორც ჩვენი მოძღვრება". შემდეგ გადმოცემს მთელ მის მოძღვრებას და დასძენს: "როდესაც ვეუბნებოდი მას, "სად გაქვს ამის მტკიცებულება, ან როგორ შეგიძლია ერთი საწყისის თქმა? გვითხარი ჩვენ", ამბობდა, რომ წინასწარმეტყველება თავის თავს ამხელს, რადგან სრულად არ გამოთქვამს ჭეშმარიტებას, შეუთანხმებლები არიან და ცრუ, და თავიანთ თავს უპირისპირდებიან. ხოლო თუ როგორ არსებობს ერთი საწყისი, ამბობდა, რომ არ იცოდა, უბრალოდ დაჟინებით იმეორებდა ამას. შემდეგ როდესაც ვაფიცებდი, რომ ეთქვა ჭეშმარიტება, იფიცებდა, რომ ჭეშმარიტებას ამბობდა, არ იცოდა, თუ როგორ არის ერთი შეუქმნელი ღმერთი, მაგრამ ეს სწამდა. მე კი გამეცინა და გავკიცხე იგი, რადგან ამბობდა, რომ მოძღვარი იყო, და არ იცოდა იმის დამტკიცება, რასაც ასწავლიდა".
ამავე ნაშრომში კალისტიონთან[33] საუბრისას აღიარებს, რომ თვითონ იყო ტატიანეს მოსწავლე რომში და ამბობს იმასაც, რომ ტატიანემ შეადგინა "პრობლემების" წიგნი. მასში ტატიანე გვპირდება, რომ წარმოაჩენს საღვთო წერილში რაც ბუნდოვანი და დაფარული არის, თვითონ როდონი კი საკუთარ თხზულებაში გვპირდება, რომ ტატიანეს "პრობლემების" ახსნას გადმოცემს. მოღწეულია ასევე მისი შრომა ექვსთა დღეთაზე. ის აპელესი კი მოსეს რჯულზე ათასგვარ უღმერთობას ამბობდა, მრავალ ნაშრომში გმობდა ღვთის სიტყვებს, ვგონებ მათ სამხილებლად და დასამხობად არცთუ მცირედი შრომა გასწია. ეს ითქვა მათ შესახებ.
XIV
მშვენიერების მოძულესა და უკეთურების განსაკთრებულად მოყვარეს, და ღვთის ეკლესიასთან მებრძოლს ადამიანთა წინააღმდეგ შეთქმულების არცერთი სახეობა არ გამოუტოვებია, ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ უცხო მწვალებლობებს აღმოაცენებდა. ამ შხამიან ქვეწარმავალთაგან ასიაში დახოხავდნენ ისინი, რომლებიც იქადოდნენ, რომ მონტანი იყო ნუგეშისმცემელი*, მისი მიმდევარი ქალები კი - პრისკილა და მაქსიმილა - მონტანის წინასწარმეტყველები იყვნენ.
-----------------------------------------------------------------------------------
* ე.ი. სულიწმინდა - მთარგ.
XV
ისინი აღზევებული იყვნენ რომში. მათ წინამძღოლობდა ფლორინუსი[34], ეკლესიიდან განვრდომილი პრესვიტერი. მასთან ერთად კი იყო ბლასტუსი[35], მის მსგავსად დაცემული. მათ მრავალი გადაიბირეს ეკლესიიდან და თავიანთ აზრზე გადაიყვანეს; თითოეული მათგანი ცდილობდა, ჭეშმარიტების გარშემო საკუთარი სიახლე შემოეტანა.
XVI
ჰიეროპოლში ე. წ. კატაფრიგიელთა* მწვალებლობის წინააღმდეგ ჭეშმარიტების გამო მებრძოლმა ძალამ ამ დროს აღადგინა ძლიერი და უძლეველი საჭურველი აპოლინარი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, და მასთან ერთად სხვა მრავალი განსწავლული კაცი. მათგან ჩვენ ისტორიისათვის უამრავი თემა შემოგვრჩა. მათ წინააღმდეგ ნაშრომის დაწყებისას ერთ-ერთი ზემოხსენებული პიროვნება პირველად აღნიშნავს, რომ მათ წინააღმდეგ მხილებებით ზეპირად გამოდიოდა. წინასიტყვაობა არის შემდეგი სახის: "ესოდენ ხანგრძლივი და საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში, საყვარელო აბერკიუს მარკელუს, შენს მიერ მოთხოვნილი სიტყვა დავწერე მილტიადეს[36] მიმდევრებად წოდებულთა მწვალებლობაზე. ამ დრომდე თავს ვიკავებდი, არა იმიტომ, რომ არ ძალმიძდა სიცრუის მხილება და ჭეშმარიტების დამოწმება, არამედ ვშიშობდი და ვფრთხილობდი, ვინმეს არ ეფიქრა, რომ ვამატებდი ან ვასწორებდი ახალი აღთქმის სახარების სიტყვას, რისი არც შემატება, არც დაკლება ძალუძს სახარების მიხედვით მოქალაქეობის ამრჩევს. მაგრამ როდესაც ახალი ჩამოსული ვიყავი გალატიის ანკირიაში და გავიგე, რომ ადგილობრივი ეკლესია ამ ახალი, არა, როგორც ისინი ამბობენ, წინასწარმეტყველების, უფრო კი, როგორც ნაჩვენები იქნება, ცრუწინასწარმეტყველების მიერ ორად იყო გახლეჩილი; რამდენადაც შემეძლო, რაც უფალმა მომანიჭა, მათ შესახებ და მათ მიერ წამოჭრილი საკითხების შესახებ მრავალი დღის განმავლობაში შეუჩერებლად ვსაუბრობდი ეკლესიაში; ისე რომ, ეკლესიამ გაიხარა და ჭეშმარიტებაში გაძლიერდა, მოწინააღმდეგე მხარე კი შეიმუსრა და დაპირისპირებულნი დამწუხრდნენ. როდესაც ადგილობრივმა ხუცესებმა მთხოვეს, ჭეშმარიტების სიტყვა, რასაც ვამბობდი წინააღმდგომთა მიმართ, რაიმე ჩანაწერით დამეტოვებია, იქ ესწრებოდა ჩვენი თანახუცესი ძოტიკუსი ოტრენიდან[37]. მაგრამ ეს არ გავაკეთეთ, შევპირდით, შინ დავწერდით და როდესაც უფალი ინებებდა, დაუყოვნებლივ მათ გავუგზავნიდით".
წიგნის დასაწყისში სხვა მსგავსი შენიშვნების შემდეგ, გადადის ხსენებული მწვალებლობის მიზეზის შესახებ თხრობაზე: "მათ ახალ წინააღმდეგობასა და ეკლესიაში ახლანდელი განხეთქილების მწვალებლობის წარმოშობას შემდეგი მიზეზი ჰქონდა. ამბობენ, რომ ფრიგიის მისიაში არის რაღაც სოფელი, სახელად არდაბავი. იქ ვინმე ახალმოქცეულმა, სახელად მონტანმა, ასიაში გრატუსის პროკონსულობის[38] დროს პირველობის უზომო სიყვარულით, სულის წადილში თავისი თავისკენ შესასვლელი გზა მოწინააღმდეგეს (ე. ი. სატანას - მთარგ.) დაუთმო და ამ სულისგან შეპყრობილ იქნა, მოულოდნელად გონება დაკარგა და განკვირვება დაეცა. აღტაცებაში მყოფმა დაიწყო ლაპარაკი და უცნაურად მეტყველება, და დასაბამიდან ეკლესიის გადმოცემისა და მონაცვლეობის მიხედვით ჩვეულების საწინააღმდეგოს წინასწარმეტყველებდა. ამავე დროს მათგან, რომლებიც უსმენდნენ ამ ცთომილ გამონათქვამებს, ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ იგი აღძრული იყო ეშმაკისგან სიცრუის სულით და აშფოთებდა ხალხს; ისინი კიცხავდნენ მას და უკრძალავდნენ საუბარს, შეახსენებდნენ უფლის მიერ გაკეთებულ გარჩევას და მის გაფრთხილებას, რომ ცრუწინასწარმეტყველთა მოსვლისაგან ფხიზლად დაგვეცვა თავი. მაგრამ ისინი თითქოს სულიწმინდით და წინასწარმეტყველების მადლით აღძრულნი და არანაკლებ თავდაჯერებულნი ივიწყებდნენ უფლისმიერ გარჩევას [სულებისას] (იხ. მათ. 7,15), მოუწოდებდნენ გონების დამაზიანებელ და დამაკნინებელ, და ხალხის მაცთუნებელ სულს მის მიერ მოჯადოებულნი და მოტყუებულნი, ისე რომ დადუმება აღარ შეეძლოთ. ეშმაკმა რაღაც ხელოვნებით, უფრო კი ბოროტი ხელოვნების ასეთი ხრიკით განიზრახა ურჩთა დაღუპვა და მათ მიერ დაუმსახურებლად პატივდებული აქეზებდა და აღაგზნებდა ჭეშმარიტი რწმენის წინააღმდეგ მათ დაძინებულ აზროვნებას. ასე აღძრა ვიღაც ორი ქალი და აღავსო ცრუ სულით, რათა ემეტყვე-ლათ უგუნურად, უჯეროდ და უცნაურად, ზემოხსენებულის მსგავსად. მათ, რომლებიც მას შეხაროდნენ და თავდაჯერებით იყვნენ აღვსილნი, სული აკურთხებდა და ბერავდა დიდი აღთქმებით. ზოგჯერ კი როდესაც ვარაუდით განსჯიდა, დამაჯერებლად უპირისპირდებოდა მათ, რათა ეფიქრათ, რომ მამხილებელი იყო (მცირედნი იყვნენ ფრიგიელთაგან მოტყუებულნი). როდესაც კათოლიკე და ცის ქვეშ [მყოფი] მთელ ეკლესიის გმობას ასწავლიდა მზვაობარი სული, რამეთუ ცრუწინასწარმეტყველების სული მასში ვერ პოულობდა ვერც პატივს და ვერც შესასვლელს; რადგან მას შემდეგ, რაც ასიის მორწმუნეები მრავალგზის ასიის მრავალ ადგილას შეიკრიბნენ ამ მიზნით და გამოიკვლიეს ახალი მოძღვრება, იგი გამოაცხადეს უწმინდურად და უარყვეს მწვალებლობა, ამგვარად განდევნეს ეკლესიიდან და აუკრძალეს თანაზიარება"[39].
მას შემდეგ, რაც დასაწყისში ეს მოგვითხრო და მთელ თხზულებაში მათი სიცრუის მხილება გადმოსცა, მეორე წიგნში ზემოხსენებულ პირთა აღსასრულის შესახებ ამბობს: "მას შემდეგ ჩვენ გვიწოდებდნენ წინასწარმეტყველთა მკვლელებს, რადგან არ ვღებულობდით მათ ყბედ წინასწარმეტყველებს (რადგან ამბობდნენ, რომ ისინი არიან, ვისი ხალხთან გამოგზავნაც აღგვითქვა უფალმა), დე, პასუხი გაგვცენ უფლის წინაშე. ო, კეთილო ხალხო, არის ვინმე მათგან, ვინც მეტყველება დაიწყო მონტანისა და ქალებისაგან, იუდეველთაგან დევნილი, ან ურჯულოთა ხელით მოკლული? არცერთი. ან რომელიმე მათგანი სახელის გამო თუ შეუპყრიათ და ჯვარს უცვიათ? არა, ასეთი რამ არ მომხდარა. ან იუდეველთა სინაგოგებში რომელიმე ქალი გაუმათრახებიათ და ჩაუქოლავთ? არასოდეს, არსად. ამბობენ, რომ სხვა სიკვდილით აღესრულა მონტანიცა და მაქსიმილაც. გონების შემშლელი სულის მიერ აღძრულებმა თავი ჩამოიხრჩვეს, თუმცა არა ერთად, და თითოეულის აღსასრულის ჟამს მრავალი ჭორი დადიოდა. ასე აღესრულნენ და დაღუპეს თავიანთი სიცოცხლე მოღალატე იუდას მსგავსად. მრავალი გადმოცემა გვიამბობს, რომ ვინმე თეოდოტიონი, ეს გამოჩენილ კაცი, მათი ე. წ. წინასწარმეტყველების პირველი განმგებელი, ზოგჯერ ზე აიწეოდა და ცაში მაღლდებოდა; და ერთხელ, როდესაც ექსტაზში ჩავარდა და თავისი თავი მიანდო სიცრუის სულს, ჩამოვარდა და საცოდავად აღესრულა. ამბობენ, რომ ასე მოხდა, მაგრამ ჩვენი თვალით ხილვის გარეშე არ მიგვაჩნია, რომ რაიმე ვიცით, მეგობარო, რადგან შეიძლება ამგვარად, ან შეიძლება სხვაგვარად აღესრულნენ მონტანი, თეოდოტე და ზემოხსენებული ქალი".
კვლავ იმავე წიგნში საუბრობს იმ დროინდელ ეპისკოპოსებზე, რომლებმაც სცადეს მაქსიმილაში მყოფი სულის მხილება, მაგრამ ხელი შეუშალეს სხვებმა, რომლებიც, ცხადია, სულის თანაშემწენი იყვნენ. იგი წერს ამგვარად: "ნუ იტყვის მაქსიმილეს მეშვეობით სული, ასტერიუს ურბანუსის მიხედვით იმავე წიგნში: "ვიდევნები როგორც მგელი ცხვრებისგან. მე არ ვარ მგელი, მე ვარ სიტყვა, სული და ძალა". მაგრამ დე, სულში ძალა ცხადად წარმოჩნდეს და დამტკიცებულ იქნას და სულის მეშვეობით აიძულოს, მაშინ აღიარონ მოლაპარაკე სულთან საუბრისა და გამოცდისათვის იქ დამსწრეებმა, გამოცდილმა კაცებმა და ეპისკოპოსებმა, ძოტიკოსმა კუმანის დაბიდან და იულიანემ აპამეადან[40], რომლებსაც პირი დაუხშეს თემისონის გარშემო მყოფებმა და არ დაუშვეს, რომ ცრუ და ხალხის მაცდუნებელი სული მათ მიერ მხილებულიყო".
იმავე წიგნში მაქსიმილე ცრუ წინასწარმეტყველებათა სხვა მხილების შემდეგ აღნიშნავს იმ დროს, როდესაც ამას წერდა და მის წინასწარმეტყველებებს ახსენებს, რომელთა მეშვეობით მომავალ ომებსა და ამბოხებებს წინამოასწავებდა, რომელთა სიცრუეს გამართავს და ასე ამბობს: "ჯერ კიდევ როგორ არ გახდა ცხადი, რომ ესეც სიცრუეა? რადგან ამ ქალის აღსრულებიდან დღემდე ცამეტ წელზე მეტია გასული და ქვეყნიერების არც რომელიმე ნაწილზე და არც საერთოდ არ მომხდარა ომი, არამედ პირიქით, ღვთის წყალობით ქრისტიანებს აქვთ ხანგრძლივი მშვიდობა".
ესეც მეორე წიგნიდან არის. მესამედან კი მცირე ამონარიდს გადმოვცემთ, რომელშიც ამას ამბობს მათ წინააღმდეგ, რომლებიც იქადიან, რომ თითქოს მათ უფრო მეტი მოწამე ჰყავთ: "როდესაც ყველა გამონათქვამში მხილებულ იქნენ და ვერ გასცეს პასუხი, ცდილობენ მოწამეებისკენ გაიქცნენ; ამბობენ, რომ მრავალი მოწამე ყავთ და ეს არის მათი ე. წ. წინასწარმეტყველების სულის ძალის სარწმუნო მტკიცებულება. მაგრამ სწორედ ეს არის, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად არაჭეშმარიტი. რადგან ზოგიერთ სხვა მწვალებლობას მრავალი მოწამე ჰყავს, მაგრამ ამის გამო არ შევუერთდებით მათ, არც იმას ვაღიარებთ, რომ ჭეშმარიტებას ფლობენ ისინი. უპირველესად მარკიონის მწვალებლობისგან მომდინარე ე. წ. მარკიონისტები ამბობენ, რომ ქრისტეს უამრავი მოწამე ჰყავთ, მაგრამ თვით ქრისტეს ჭეშმარიტების მიხედვით არ აღიარებენ".
მცირე ხნის შემდეგ დასძენს: "ამიტომ, როდესაც ჭეშმარიტი სარწმუნოების მოწამეობისთვის მოწოდებული ეკლესიის წევრები შეხვდებოდენენ ფრიგიელთა მწვალებლობიდან რომელიმე ეგრეთ წოდებულ მოწამეს, განეშორებოდნენ მას და აღესრულებოდნენ მასთან თანაზიარების გარეშე, რადგან არ სურდათ შეერთებოდნენ მონტანში და ქალებში დამკვიდრებულ სულს. და რომ ეს ჭეშმარიტებაა, ცხადია იქიდან, რაც მოხდა ჩვენს დროში მეანდერზე აპამეაში ევმენეელი გაიოზისა და ალექსანდრეს გარშემო მყოფთა მოწამეობისას".
--------------------------------------------------------
* ე.ი. მონტანისტთა - მთარგ.
XVII
ამავე წიგნში მწერალ მილტიადესაც მოიხსენიებს, რომელმაც რაღაც თხზულება დაწერა ზემოხსენებული მწვალებლობის წინააღმდეგ. გადმოსცემს მის რამდენიმე ნაწყვეტს და დასძენს: "ეს ამონარიდი აღმოვაჩინე მათ ნაშრომში, როდესაც ისინი უპირისპირდებოდნენ ძმა ალკიბიადეს ნაშრომს, რომელშიც იგი აჩვენებდა, რომ წინასწარმეტყველს არ სჭირდება ექსტაზში საუბარი". ამავე ნაშრომში გადადის ახალი აღთქმის წინასწარმეტყველთა ჩამონათვალზე, რომელთა შორის აღრიცხავს ვინმე ამიანესა და კოდრატოსს, და ასე ამბობს: "მაგრამ ცრუწინასწარმეტყველი იმყოფება ექსტაზში, რასაც მოყვება უკრძალველობა და უშიშობა, როდესაც იწყებს ნებაყოფლობითი უმეცრებით, მაგრამ გადაიქცევა სულის უნებურ სიშლეგედ, როგორც ითქვა. ამგვარი საქციელის ჩვენებას ვერ შეძლებენ, ვერც ძველ და ვერც ახალ წინასწარმეტყველებაში, ვერ დაიქადებენ ვერც აგაბოსით, ვერც იუდათი, ვერც სილათი, ვერც ფილიპეს ასულებით, ვერც ფილადელფიაში მყოფი კოდრატოსით და ამიანეთი, ვერც სხვებით, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ მათ"[41]. კვლავ მცირე ხნის შემდეგ ამბობს: "რადგან თუ ფილადელფიაში კოდრატესა და ამიანეს შემდეგ, როგორც ამბობენ, მონტანთან მყოფმა ქალებმა იმემკვიდრეს წინასწარმეტყველების ნიჭი, დე, აჩვენონ მონტანისა და ქალების მიმდევართაგან მათთან მყოფმა, ვინ იმემკვიდრა; რადგან მოციქული თვლის, რომ მთელ ეკლესიაში უნდა იყოს წინასწარმეტყველების ნიჭი უკანასკნელ მოსვლამდე (ე. ი. მეორედ მოსვლამდე - მთარგ.). მაგრამ მათ ამის ჩვენება არ ძალუძთ, მას შემდეგ, რაც მაქსიმილას აღსასრულიდან უკვე თოთხმეტი წელი არის გასული".
იგი წერს ამგვარად. მის მიერ ნახსენებმა მილტიადემ კი საღვთო წინასწარმეტყველებებზე საკუთარი მოშურნეობის სხვა ძეგლი დაგვიტოვა იმ თხზულებებში, რომლებიც შეადგინა ბერძნებისა და იუდეველების წინააღმდეგ, თითოეულ საკითხს ცალ-ცალკე ორ თხზულებაში პასუხობს, გარდა ამისა ამქვეყნიური მმართველების მიმართაც ქმნის აპოლოგიას იმ ფილოსოფიისა, რომელსაც მისდევდა[42].
XVIII
აგრეთვე აპოლონიოსმა[43], საეკლესიო მწერალმა, როდესაც ეგრეთ წოდებული ფრიგიელთა მწვალებლობა აღზევებული იყო ფრიგიაში, შეადგინა მათი მხილება, მათ წინააღმდეგ ცალკე თხზულება დაწერა, მათ ე. წ. წინასწარმეტყველებებს სიტყვა-სიტყვით ასწორებს როგორც სიცრუეს და სააშკარაოზე გამოაქვს ერესის დამფუძნებლების ცხოვრება, ვისაც როგორი ჰქონდა. მოისმინე, რას ამბობს მონტანის შესახებ: "მაგრამ იმას, თუ რას წარმოადგენს ეს ახალი მოძღვარი, მისი საქმეები და მოძღვრება აჩვენებს. იგი არის ის, ვინც ასწავლიდა ქორწინების დარღვევას, ადგენდა მარხვის კანონებს, პეპუზას და ტიმიონს იერუსალიმს უწოდებდა (ესენი არის ფრიგიის მცირე ქალაქები), სურდა, ყველა მხრიდან იქ გაემართა კრება, ნიშნავდა ფულის ამკრეფებს, ძღვენის მიღებას შემოწირულობის სახელით აწყობდა, ხელფასს უხდიდა მისი მოძღვრების მქადაგებლებს, რათა მოძღვრების სწავლება წარმატებული ყოფილიყო ნაყროვანების მეშვეობით".
ეს თქვა მონტანის შესახებ. შემდეგ გადადის მის წინასწარმეტყველ ქალებზე და ასე წერს: "ვამტკიცებთ, რომ თვით იმ პირველმა წინასწარმეტყველმა ქალებმა მას შემდეგ, რაც სულით აღივსნენ, მიატოვეს ქმრები. როგორ ცრუობდნენ, რომლებიც პრისკილას ქალწულს უწოდებდნენ". შემდეგ ამბობს: "არ ფიქრობ, რომ მთელი წერილი წინასწარმეტყველს უკრძალავს ძღვენისა და ფულის მიღებას? ამიტომ როდესაც კი ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ქალი იღებს ოქროს, ვერცხლს და ძვირფას სამოსელს, როგორ არ უარვყო იგი?"
კვლავ გადადის მათი მოძღვრების ერთ-ერთ აღმსარებელზე და ამას ამბობს: "უფრო მეტიც, თემისონმა, ნამდვილად მომხვეჭელობით შემოსილმა არ დაითმინა აღმსარებლობის ნიშანი, არამედ დიდი ფულით თავი დააღწია ბორკილებს. ამიტომ მას თავი უნდა დაემდაბლებია, მაგრამ, იგი იქადოდა თითქოს მოწამე ყოფილიყო და მოციქულის მიბაძვით რაღაც კათოლიკე ეპისტოლის შედგენა გაბედა და მასზე უმჯობესი სარწმუნოების მქონეთ ასწავლიდა, ეჯიბრებოდა ფუჭი სიტყვებით, გმობდა უფალს, მოციქულებსა და წმინდა ეკლესიას". კვლავ სხვა მათ მიერ მოწამედ შერაცხილის შესახებ ამას წერს: "რათა მათ უმრავლესობაზე არ ვისაუბროთ, წინასწარმეტყველმა ქალმა მოგვითხროს ჩვენ ალექსანდრეზე, რომელიც თავის თავს მოწამეს უწოდებდა, ვისთან ერთადაც იგი ცხოვრობდა, ვისაც მრავალი თაყვანს სცემს. საჭირო არ არის საუბარი მის ავაზაკობასა და სხვა დანაშაულებზე, რისთვისაც დაისაჯა, არქივში მოიპოვება ეს ცნობებები. ვინ ვის შეუნდობს ცოდვებს? წინასწარმეტყველი მოწამეს შეუნდობს ქურდობას, თუ მოწამე წინასწარმეტყველს - მომხვეჭელობას? რადგან როდესაც უფალმა თქვა, "ნუ მოიმარაგებთ ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც ორ მოსასხამს" (მათ. 10,9‑10), მათ ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთეს, შესცოდეს ამ აკრძალული საგნების მოხვეჭით. რადგან ვაჩვენებთ, რომ მათი ე. წ. წინასწარმეტყველები და მოწამეები ითხოვდნენ არა მხოლოდ მდიდრებისგან, არამედ ღარიბებისგან, ობლებისგან და ქვრივებისგანაც. და თუ შეუძლიათ, ამაზე შეჩერდნენ და შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუ მხილებული იქნებიან, დანარჩენი ცოდვებისგან თავი შეიკავონ. რადგან წინასწარმეტყველების ნაყოფი უნდა გამოიცადოს, რადგან ნაყოფისგან შეიცნობა ხე (იხ. მათ. 12, 33). მაგრამ, მათთვის, ვისაც სურს ამის შეტყობა, ცნობილი რომ იყოს ალექსანდრესთან დაკავშირებული ამბავი, იგი ეფესოში პროკონსულ ემილიუს ფრონტინუსმა განსაჯა, არა სახელის გამო, არამედ ძარცვის დანაშაულის გამო, იგი მანამდეც კანონდამრღვევი იყო. მან უფლის სახელით მოტყუებით ისარგებლა და გაანთავისუფლეს, რადგან მოატყუა იქაური მორწმუნეები; და საკუთარმა დიოცეზმა, საიდანაც იყო, არ მიიღო იგი, რადგან ქურდი იყო. ვისაც სურს მასთან დაკავშირებული ამბების შესწავლა, ხელთ აქვთ ასიის საჯარო არქივი. ეს არ იცოდა წინასწარმეტყველმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრობდა. მას ვამხელთ ჩვენ და მისი მეშვეობით ვამხელთ წინასწარმეტყველის ბუნებას. მსგავსი ამბების წარმოჩენა შეგვიძლია მრავალი მათგანის შესახებ, და თუ გაბედავენ, დე, აიტანონ მხილება".
კვლავ წიგნის სხვა ადგილას წინასწარმეტყველებით მოქადულებზე ამას დასძენს: "თუ უარყოფენ, რომ მათი წინასწარმეტყველები საჩუქრებს ღებულობენ, მაშინ თუკი მხილებული იქნებიან, აღირონ, რომ ისინი არ არიან წინასწარმეტყველები, და მათ შესახებ ათასობით მტკიცებულებას გადავცემთ. აუცილებელი არის წინასწარმეტყველის ყოველი ნაყოფის გამოცდა. მითხარი, წინასწარმეტყველი იღებავს თმებს? წინასწარმეტყველი იხატავს თვალებს? წინასწარმეტყველს უყვარს სამკაულები? წინასწარმეტყველი თამაშობს კამათელს? წინასწარმეტყველი მევახშეობს? აღიარონ, არის თუ არა ეს ნებადართული, მე კი იმას ვაჩვენებ, რომ მათთან ეს ხდებოდა".
თვით ეს აპოლონიოსი თავის ნაშრომში მოგვითხრობს, რომ მონტანის მიერ მისი ე. წ. წინასწარმეტყველების დაწყებიდან მისი (აპოლინარიოსის - მთარგ.) წიგნის დაწერამდე ორმოცი წელი იყო გასული; და კვლავ გვიამბობს, თუ როგორ დააბრკოლეს ძოტიკოსი, რომელიც პირველმა მწერალმა მოიხსენია, მისი (მაქსიმილეს - მთარგ.) სიტყვების მიმღებებმა, როდესაც დაუპირისპირდა მაქსიმილეს ე. წ. წინასწარმეტყველებას და ცდილობდა მასში მოქმედი სულის მხილებას. იგი იმ დროინდელ მოწამეთაგან მოიხსენიებს ვინმე თრასეას. გარდა ამისა ამბობს, რომ გადმოცემით მაცხოვარმა მოციქულებს უბრძანა თორმეტი წლის განმავლობაში არ განშორებოდნენ იერუსალიმს, ხოლო მოწმობებს იყენებს იოანეს `გამოცხადებიდან~ და მოგვითხრობს იმავე იოანეს მიერ ეფესოში ღვთის ძალით მიცვალებულის აღდგინებას, და გვიყვება სხვა ამბებსაც, რომელთა მეშვეობით ზემოხსენებული მწვალებლობის სიცრუეს საკმაოდ ღრმად და მთელი სისავსით განიხილავს. ამას გვიამბობს აპოლონიოსი.
XIX
ზემოხსენებული მწვალებლობის წინააღმდეგ აპოლინარის შრომებს მოიხსენიებს სერაპიონი, რომელიც განსახილველ პერიოდში, როგორც გადმოცემა გვამცნობს, მაქსიმინეს[44] შემდეგ ეპისკოპოსი გახდა ანტიოქიის ეკლესიაში. მას ახსენებს საკუთარ ეპისტოლეში კარიკონისა და პონტიონის მიმართ, რომელშიც თვითონაც ამხილებს ამ მწვალებლობას, და ამბობს: "რათა ესეც უწყოდეთ, რომ ამ ცრუ წესის ე. წ. ახალი წინასწარმეტყველების მოქმედება იგმობა მთელს ქვეყანაზე მცხოვრებ ძმებთან, გიგზავნით კლავდიუს აპოლინარის, ასიის ჰიეროპოლში უნეტარესი ეპისკოპოსის, წიგნებს". სერაპიონის ამ ეპისტოლეში შემონახულია სხვადასხვა ეპისკოპოსების ხელმოწერები, რომელთაგან ერთ-ერთი ასე აწერს ხელს: "მე, ავრელიუს კირინიუსი, მოწამე, ვლოცულობ თქვენი გაძლიერებისათვის", ეს კი ასე: "მე, ელიუს პუბლიუს იულიუსი, ეპისკოპოსი დებელტოდან თრაკიის კოლონიიდან. ცხოველ არს ღმერთი ცაში, ნეტარ სოტას ენხიელში სურდა პრისკილასგან დემონის განდევნა, და თვალთმაქცმა [ადამიანებმა] არ დაუშვეს". და სხვა მრავალი მათთან თანხმობაში მყოფი ეპისკოპოსის ხელმოწერა დაცულია ხსენებულ წიგნებში. მათთან დაკავშირებით სულ ეს იყო.
XX
რომში ეკლესიის საღი წესის ამშლელების წინააღმდეგ ირინეოსმა შეადგინა სხვადასხვა ეპისტოლეები, ერთი დაასათაურა "ბლასტონის მიმართ განხეთქილების შესახებ", მეორე კი "ფლორინუსის მიმართ ერთი საწყისის შესახებ ანუ იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არის ბოროტების შემოქმედი", რადგან ჩანდა, რომ ამ აზრს იცავდა ფლორინუსი; ვის გამოც კვლავ შეადგინა ირინეოსმა შრომა "ოგდოადის შესახებ", როდესაც იგი ვალენტინეს საცთურმა მიიზიდა. ამ ნაშრომში იგი აღნიშანვს, რომ მან მიიღო მოციქულთა რიგით პირველი მონაცვლეობა. აქვე, წიგნის ბოლოში აღმოვაჩენთ მის ყველაზე მისაღებ შენიშვნას, და მას აუცილებლად გადმოვცემთ ამ თხზულებაში, იგი არის შემდეგი სახის: "გაფიცებ, შენ, ამ წიგნის გადამწერს ჩვენს უფალ იესო ქრისტეს და მის დიდებით მოსვლას, რომელიც მოდის ცოცხალთა და მიცვალებულთა განსასჯელად, რომ რასაც გადაწერ, შეადარე და ყურადღებით გაასწორე იგი ამ ნუსხის მიხედვით, საიდანაც გადაწერ. მსგავსადვე გადაწერე ეს ფიცი და ჩართე ასლში". ეს მის მიერ ჩვენს სასარგებლოდ იყოს ნათქვამი, ჩვენგან კი გადმოიცა, რათა გვქონოდა ამ ძველი და ნამდვილად წმინდა კაცების ყველაზე მოშურნე მზრუნველობის საუკეთესო ნიმუში.
ფლორინუსის მიმართ ეპისტოლეში, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ირინეოსი კვლავ იხსენებს პოლიკარპესთან ერთად ყოფნას, და ამბობს: "ეს შეხედულებები, ფლორინუს, რბილად რომ ვთქვა, არ არის საღი აზრის მქონე. ეს შეხედულებები არ ეთანხმება ეკლესიას და უდიდეს უღმერთობაში აგდებს მის მიმდევრებს. ამ შეხედულებების გამოთქმასაც კი ვერასოდეს ბედავდნენ ეკლესიის გარეთ მდგომი მწვალებლები. ეს შეხედულებები ჩვენს უწინარეს მყოფ პრესვიტერებს, მოციქულებთან ერთად მავალთაც არ გადმოუციათ შენთვის. რადგან როდესაც ჯერ კიდევ ყრმა ვიყავი გხედავდი შენ, ქვემო ასიაში პოლიკარპესთან ერთად, სამეფო კარზე ბრწყინავდი და ცდილობდი მისი კეთილგანწყობის მოპოვებას. ახლახანს მომხდარზე კარგად მახსოვს მაშინდელი ამბები (რადგან ბავშვობიდან ნასწავლი სულთან ერთად იზრდება და უერთდება მას), ისე რომ შემიძლია დავასახელო ადგილი, სადაც იჯდა ნეტარი პოლიკარპე და საუბრობდა, მისი გასვლა და შემოსვლა, ცხოვრების წესი, სხეულის შესახედაობა, საუბრები, რასაც მართავდა ხალხთან, როგორ გვამცნობდა თავის ურთიერთობებზე იოანესთან და უფლის სხვა თვითმხილველებთან, როგორ იხსენებდა მათ სიტყვებს, და უფლის შესახებ რას ისმენდა მათგან, მისი სასწაულების შესახებ, მოძღვრების შესახებ, როგორც სიცოცხლის სიტყვის თვითმხილველთაგან მიმღები პოლიკარპე ყველაფერს წმინდა წერილთან თანხმობაში გვაუწყებდა. ამას მაშინ ღვთისგან ჩემდამი გამოჩენილი წყალობით გულმოდგინედ ვისმენდი, და ჩავინიშნავდი არა ქარტაზე, არამედ ჩემს გულში. და ღვთის მადლით ამ სიტყვებს მუდამ მართლაც რომ ვცოხნი, და შემიძლია ღვთის წინაშე დავამოწმო, რაიმე ასეთი რომ მოესმინა ნეტარ და მოციქულებრივ ხუცესს, ალბათ დაიყვირებდა და ყურებს დაიცობდა, და მისთვის ჩვეულ სიტყვებს წარმოთქვამდა: "ოჰ, კეთილო ღმერთო, რა დროს მომასწარი, ეს რომ ამეტანა?" როდესაც ამ სიტყვებს მოისმენდა ალბათ გაიქცეოდა იმ ადგილიდან, სადაც იჯდა ან იდგა. ამის ჩვენება შესაძლებელია მისი ეპისტოლეებიდან, რომლებსაც უგზავნიდა მეზობელ ეკლესიებს, განამტკიცებდა მათ, ან რომელიმე ძმას, შეაგონებდა მათ და მოაქცევდა". ამას ამბობს ირინეოსი.
XXI
კომოდუსის მეფობის ამავე პერიოდში ჩვენი მდგომარეობა სიმშვიდით შეიცვალა, როდესაც ღვთის მადლთან ერთად მთელი მსოფლიოს ეკლესიამ მიიღო მშვიდობა. მაცხოვნებელი სიტყვა ადამიანთა მთელი მოდგმიდან ყოველ სულს მიუძღოდა ყოვლიერების ღმერთის მსახურებისაკენ, ისე რომ უკვე რომში სიმდიდრითა და გვარიშვილობით გამოჩენილი მრავალი ადამიანი ერთბაშად მთელი სახლითა და სანათესავოთი მათი ცხონებისაკენ მიყავდა. მაგრამ ეს სიკეთის მოძულე და ბუნებით შურიანი დემონისათვის აუტანელი იყო, და კვლავ შეუდგა ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა მზაკვრობების გამოგონებას. რომაელთა ქალაქში განსწავლულობითა და ფილოსოფიით სახელგანთქმული მორწმუნე კაცი, აპოლონიონი სამსჯავროში მიიყვანა, ამ საქმისათვის გამოსადეგი ერთი მისი მსახური ბრალდებისათვის აღძრა. მაგრამ მხდალი კარგ დროს არ შევიდა [სამსჯავროში], რადგან საიმპერიო დადგენილებით ასეთ საქმეზე ცნობის მიმწოდებელი ცოცხალი არ უნდა დარჩენილიყო. მას (მსახურს - მთარგ.) მყისვე გადაუმტვრიეს წვივები, რადგან მსაჯულმა პერენიუსმა[45] ასეთი განაჩენი გამოიტანა მის წინააღმდეგ. მაგრამ ყველაზე ღვთისსათნო მოწამემ როდესაც მსაჯული დიდხანს დაჟინებით ევედრებოდა და სთხოვდა თავი დაეცვა სენატის წინაშე, ყველას წინაშე გადმოსცა იმ რწმენის ყველაზე გონივრული აპოლოგია, რომლის გამოც მოწამეობდა, და თავის მოკვეთით დაისაჯა სენატის ბრძანებულების თანახმად. რადგან სამსჯავროს წინაშე ერთხელ წარმდგარი და ადრინდელი შეხედულების არშემცვლელი სხვაგვარად ვერ განთავისუფლდებოდა მათთან არსებული ძველი კანონის მიხედვით. ამ მსაჯულის წინაშე წარმოთქმულ სიტყვებს და პერენიუსის დასმულ კითხვებზე პასუხებს, და სენატის მიმართ მთელ აპოლოგიას[46], ვისაც სურს მისი წაკითხვა, გაეცნობა ჩვენს მიერ აღწერილ ძველი მოწამეების კრებულში.
XXII
კომოდუსის იმპერატორობის მეათე წელს ელევთერის სამი წლის განმავლობაში ეპისკოპოსად მსახურების შემდეგ იგი შეცვალა ვიქტორმა[47]. მის დროს, როდესაც იულიანემ მეათე წელი აღასრულა, ალექსანდრიის დიოცეზში მსახურებისათვის დაინიშნა დემეტრიოსი[48], რომლის დროს, ზემოთ უკვე ხსენებული სერაპიონი ჯერ კიდევ მაშინ ანტიოქიის ეკლესიის მოციქულთაგან რიგით მერვე ეპისკოპოსი იყო. პალესტინის კესარიას მართავდა თეოფილე[49], მსგავსადვე ნარკისოსსაც, რომელიც ნაშრომში ზემოთ მოვიხსენიეთ, მაშინ ჯერ კიდევ ეპყრა მსახურება იერუსალიმში მყოფ ეკლესიაში. მათი [მოღვაწეობის] დროს საბერძნეთში კორინთოს ეპისკოპოსი იყო ბაკხილოსი[50], ეფესოს დიოცეზის კი - პოლიკრატე. რა თქმა უნდა, მათ დროს ათასობით სხვა გამორჩეული პიროვნება იყო, რომელთაგან, ბუნებრივია, სახელობით ისინი ჩამოვთვალეთ, რომელთა რწმენის მართლმადიდებლობამ ჩვენამდე წერილობით მოაღწია.
XXIII
ამ დროს არამცირედი გამოძიება დაიწყო, რადგან ასიის ყველა დიოცეზი თვლიდა, რომ მაცხოვნებელი პასექის დღესასწაული უფრო ძველი გადმოცემით მთვარის მეთოთხმეტე დღეს უნდა აღენიშნათ, რა დღესაც იუდეველებისთვის ნაბრძანები იყო ცხვრის შეწირვა. ყველა ვალდებული იყო ამ დღეს, კვირის რომელ დღესაც არ მოუწევდა, მარხვა გაეხსნილათ. ამ სახით [დღესასწაულის] აღნიშვნა ჩვეულებად არ ჰქონდა ეკლესიებს მთელ დანარჩენ მსოფლიოში, რომლებსაც მოციქულების გადმოცემით ახლანდელ დრომდე დაცული ჩვეულება ისე ეპყრათ, რომ ჩვენი მაცხოვრის აღდგომის დღის გარდა სხვა დღეს არ ესადაგებოდა მარხვის გახსნილება. ამისთვის იმართებოდა ეპისკოპოსთა კრებები, და ყველა ეპისტოლეების მეშვეობით საეკლესიო დოგმატი ყველგან მყოფ [ეკლესიებს] ერთსულოვნად წერდა, რომ უფლის მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო არ აღსრულდებოდა უფლის დღის გარდა სხვა დღეს, და რომ მხოლოდ ამ დღეს დავიცავდით პასექის მარხვის გახსნილებას. ახლანდელ დრომდე გავრცელებულია პალესტინაში შეკრებილთა წერილი, რომელთაც თავმჯდომარეობდა კესარიის დიოცეზის ეპისკოპოსი თეოფილე და იერუსალიმის - ნარკისოსი. მსგავსადვე არის ამავე საკითხის გამოძიების შესახებ რომში მყოფთა სხვა ეპისტოლე, რომელიც ცხადყოფს, რომ ეპისკოპოსი იყო ვიქტორი; და ასევე [ეპისტოლე] პონტოს ეპისკოპოსებისა, რომელთაც, როგორც უხუცესი, თავმჯდომარეობდა პალმასი; და ასევე გალიის დიოცეზებისა, რომლის ეპისკოპოსი იყო ირინეოსი; გარდა ამისა ოსროენისა და ადგილობრივი ქალაქების; საკუთრივ ბაკხილუსის კორინთოს ეკლესიის ეპისკოპოსის, და სხვა მრავალთა ეპისტოლეები, - მათი, ვინც ერთი და იგივე შეხედულება და განაჩენი გამოიტანეს, და ერთი და იგივე ხმა მისცეს[51].
XXIV
მათი განჩინება იყო ერთი, რომელიც ზემოთ გადმოვეცით. ასიაში კი პოლიკრატე წინამძღოლობდა ეპისკოპოსებს, რომლებიც დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ აუცილებელი იყო ძველთაგან მათთვის გადმოცემული ჩვეულების დაცვა. თვითონ პოლიკრატემ ვიქტორსა და რომაელთა ეკლესიას მიწერა წერილი, რომელშიც მის დრომდე მოღწეული გადმოცემა აღწერა შემდეგი სიტყვებით: "ამგვარად, ჩვენ უზრუნველად არ ვატარებთ ამ დღეს, არც ვუმატებთ, არც ვაკლებთ. რადგან ასიაში დიდ მნათობებს სძინავთ, რომლებიც აღდგებიან უფლის მოსვლის დღეს, როდესაც მოვა ციდან დიდებით და მოიძიებს ყველა წმინდანს. თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთი, ფილიპე, რომელმაც დაიძინა ჰიეროპოლში და მისი ორი ასული, რომლებიც ქალწულებად დაბერდნენ, და მისი სხვა ასული სულიწმინდით მცხოვრები ეფესოში განისვენებენ. უფრო მეტიც, ასევე იოანე, რომელიც უფლის მკერდს იყო მიყრდნობილი, და გახდა პეტალონის მატარებელი მღვდელი, მოწამე და მოძღვარი; იგიც ეფესოში განისვენებს. ასევე ეპისკოპოსი და მოწამე პოლიკარპე - სმირნაში; აგრეთვე თრასეასი ეპისკოპოსი და მოწამე ევმენეადან, რომელსაც სძინავს სმირნაში. რა უნდა ითქვას საგარისზე, ეპისკოპოსზე და მოწამეზე, რომელმაც ლაოდიკიაში დაიძინა, გარდა ამისა ნეტარ პაპირიონზე და მელიტონ საჭურისზე, რომელიც ყველანაირად სულიწმინდაში მოქალაქეობდა, რომელიც სარდეში წევს და ელოდება ცათაგან მოხედვას, როდესაც მკვდრეთით აღდგება? ისინი ყველა იცავდა პასექის მეთოთხმეტე დღეს სახარების მიხედვით, არასოდეს გადაუხვევიათ, არამედ მისდევდნენ სარწმუნოების კანონის მიხედვით. აგერთვე მეც ყველა თქვენზე უმცირესი პოლიკრატე, ჩემი ნათესავების გადმოცემის მიხედვით [ვცხოვრობ], და ზოგიერთი მათგანის მიმდევარი ვიყავი. შვიდი ეპისკოპოსი იყო ჩემი ნათესავი, მე კი ვარ მერვე; და ყოველთვის ჩემი ნათესავები აღნიშნავდნენ იმ დღეს, როდესაც ხალხი უარს ამბობდა საფუარზე. ასე რომ, მე, ძმებო, სამოცდახუთი წელი ვიმყოფები უფალში*, მისაუბრია ძმებთან მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან და მთელი წმინდა წერილი შემისწავლია, არ მეშინია მუქარების, რადგან ჩემზე უფრო დიდ ადამიანებს უთქვამთ: "უფრო ღმერთს უნდა დაემორჩილო, ვიდრე ადამიანებს" (საქმე. 5,29).
შემდეგ ეპისკოპოსების შესახებ დასძენს, რომლებიც წერის დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ და მისი თანამოაზრეები იყვნენ, და ამბობს შემდეგს: "შეგვეძლო აქ დამსწრეთა მოხსენიება, რომელთა მოხმობა ჩემგან მოითხოვეთ თქვენ და მოვუხმე კიდევაც. მათი სახელები რომ დამეწერა, ძალიან ბევრი გამომივიდოდა. მათ კი იციან ჩემი კნინი ადამიანურობა, ეთანხმებიან ეპისტოლეს, და იციან, რომ ამაოდ არ ვატარებ ჭაღარას, არამედ ყოველთვის ქრისტე იესოში ვმოქალაქობდი".
ამ ვითარებაში რომაელთა [ეკლესიის] წინამდგომელმა ვიქტორმა სცადა დაუყოვნებლივ მოეკვეთა ზიარი ერთობისგან მთელი ასიის დიოცეზები მოსაზღვრე ეკლესიებთან ერთად როგორც სხვაგვარად მადიდებლები. წერილების მეშვეობით აღნიშნავდა და აცხადებდა, რომ ყველა იქაური ქრისტიანი სრულიად განკვეთილი იყო თანაზიარებისაგან. მაგრამ ეს ყველა ეპისკოპოსს არ სიამოვნებდა, და მას მოუწოდებდა, ეფიქრა მახლობელთა მიმართ მშვიდობაზე, ერთობასა და სიყვარულზე, მოღწეულია მათი სიტყვები, რომლებითაც მკაცრად კიცხავდნენ ვიქტორს. მათ შორის იყო ირინეოსიც, რომელიც წინამძღვრობდა გალიაში მყოფ ძმებს, რომელთა სახელით წერდა ეპისტოლეებს, აცხადებდა, რომ მხოლოდ უფლის დღეს უნდა აღესრულებიათ უფლის აღდგომის საიდუმლო, ვიქტორს კი სათანადოდ და მრავალი სიტყვებით შეაგონებდა, რომ არ განეკვეთა უფლის მთელი ეკლესიები, რომლებიც ძველი ჩვეულების გადმოცემას იცავდნენ, და დასძენს შემდეგ სიტყვებს: "რადგან არა მხოლოდ დღეების შესახებ არის უთანხმოება, არამედ თვით მარხვის წესის შესახებ. რადგან ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მათ ერთი დღე უნდა იმარხულონ, ზოგიერთები კი - ორი, ზოგი კი - მრავალი, ზოგიერთები კი მათ დღეს დღისა და ღამის ორმოცი საათით ანგარიშობენ. მარხვის დამცველთა ასეთი სიჭრელე ახლა არ წარმოქმნილა, არამედ ჩვენამდე დიდი ხნის წინათ, როდესაც, როგორც ჩანს, სიზუსტის დაუცველობით მარტივი და ლიტონი ჩვეულება ეპყრათ მომავალი თაობებისთვის გადასაცემად. და ყველა ისინი არა ნაკლებ მშვიდობაში ცხოვრობდნენ და ახლაც მშვიდობით ვცხოვრობთ ერთმანეთთან, და მარხვაში უთანხმოება სარწმუნოების ერთსულოვნებას შეამტკიცებს".
ამას დაურთავს ისტორიას, რასაც ჯეროვნად გადმოვცემ. იგი შემდეგი სახისაა: `მათ შორის აგრეთვე იყვნენ სოტერამდე მცხოვრები პრესვიტერები, რომლებიც წინამძღვრობდნენ ეკლესიას, რომელსაც ახლა შენ წინამძღვრობ, ვგულისხმობ ანიკეტს და პიუსს, ჰიგინიუსს და ტელესფოროსს, და ქსისტუსს. არც ისინი იცავდნენ, არც მათთან მყოფებს შეაგონებდნენ, და მაინც მათ, რომლებიც არ იცავდნენ, არა ნაკლები მშვიდობა ჰქონდათ დიოცეზებიდან მათთან ჩამოსულებთან, რომლებიც იცავდნენ**; თუმცა მისი დაცვა უფრო მიუღებელი იყო მათთვის, რომლებიც არ იცავდნენ. და არასოდეს არავინ არ ყოფილა უარყოფილი ამ მიზეზით, არამედ ისინი, რომლებიც არ იცავდნენ, შენამდე მცხოვრები პრესვიტერები, დიოცეზებიდან ჩამოსულებს, რომლებიც იცავდნენ, უგზავნიდნენ ევქარისტიას, და როდესაც ანიკეტის დროს ნეტარი პოლიკარპე ცხოვრობდა რომში, რაღაც საკითხების გარშემო ერთმანეთთან მცირე უთანხმოება მოუვიდათ, მაგრამ მყისვე შერიგდნენ, არ სურდათ რა ამ საკითხის გარშემო ერთმანეთთან კამათი. რადგან არც ანიკეტს შეეძლო დაერწმუნებია პოლიკარპე, რომ არ დაეცვა, რამდენადაც ჩვენი უფლის მოწაფესთან, იოანესთან და სხვა მოციქულებთან ერთად ცხოვრობდა და ყოველთვის იცავდა; ვერც პოლიკარპე არწმუნებდა ანიკეტს, რომ დაეცვა, რადგან იგი ამბობდა, რომ უნდა დაეცვა მის წინარე პრესვიტერების ჩვეულება. და მაშინ როცა ასეთი ვითარება იყო, ერთმანეთთან ჰქონდათ ზიარება, და ანიკეტი ეკლესიაში ევქარისტიის აღსრულების ნებას რთავდა პოლიკარპეს, ცხადია, პატივისცემის გამო. და ერთმანეთს მშვიდობით დაშორდნენ, რადგან მთელი ეკლესიის მშვიდობას იცავდნენ ისინი, რომლებიც იცავდნენ [მარხვის ამ წესს], და ისინიც, რომლებიც არ იცავდნენ".
და ირინეოსი მისი სახელითაც და ქცევითაც მშვიდობისმყოფელი, ეკლესიათა მშვიდობის გამო ასე მოუწოდებდა და შუამდგომლობდა[52]. იგი არა მხოლოდ ვიქტორს, არამედ ეკლესიათა მრავალ სხვა მეთაურსაც აღძრული ძიების შესახებ ეპისტოლეების მეშვეობით ესაუბრებოდა.
-------------------------------------------------------------------
* ე.ი. მონათლული ვარ - მთარგ.
**იგულისხმება "კვარტოდეციმანური" პრაქტიკა - მთარგ.
XXV
პალესტინელებმა კი, რომლებიც ახლახან ვახსენეთ, ნარკისოსმა და თეოფილემ, მათთან ერთად კასიუსმა, ტვიროსის ეკლესიის ეპისკოპოსმა და კლარუსმა, პტოლემაიდაში ეკლესიის ეპისკოპოსმა, და მათთან ერთად შეკრებილებმა მოციქულთა მონაცვლეობით მათ დრომდე მოღწეული პასექის გადმოცემის შესახებ ბევრი იმსჯელეს, და წერილის ბოლოში ეს სიტყვები დაურთეს: "ეცადეთ, ჩვენი ეპისტოლის ასლები ყველა დიოცეზში დაგზავნოთ, რომ არ ვაგოთ პასუხი მათთვის, რომელთა სული შეცდომაში ადვილად შედის. თქვენ კი განგიმარტავთ, რომ ამ დღეს ალექსანდრიაშიც ზეიმობენ, როგორც ჩვენ. რადგან ჩვენგან მიდის მათთან წერილები და მათგან ჩვენთან, ისე რომ ამ წმინდა დღეს ჩვენ თანხმობასა და ერთობაში აღვნიშნავთ"[53].
XXVI
ირინეოსის გამოქვეყნებული თხზულებებისა და ეპისტოლეების გარდა გავრცელებულია ბერძნების წინააღმდეგ მისი ყველაზე მოკლე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თხზულება, რომლის სათაურია "მეცნიერების შესახებ", და სხვაც, რომელიც მიუძღვნა ძმას სახელად მარკიანოსს, "სამოციქულო ქადაგების წარმოჩენა", და სხვადასხვა მსჯელობების შემცველი მცირე წიგნი, რომელშიც ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს და ე. წ. "სიბრძნე სოლომონისას" მოიხსენიებს, მათგან მოყავს ზოგიერთი გამონათქვამი. ეს ვიცით ირინეოსის მოღწეული შრომების შესახებ.
როდესაც კომოდუსმა ცამეტწლიანი მმართველობა დაასრულა, მისი აღსასრულის შემდეგ სრული ექვსი თვე პერტინაქსს ეპყრა ძალაუფლება, შემდეგ იმპერატორი გახდა სევერუსი[54].
XXVII
მრავალ [ძმასთან] ახლანდელ დრომდე არის შემონახული ძველი საეკლესიო კაცების სათნოებითი მოშურნეობის ამსახველი მრავალი ჩანაწერი, რომლებიც თვითონ წავიკითხეთ. ასეთები არის ჰერაკლიტეს ნაწერები მოციქულზე და მაქსიმუსის - ბოროტების წარმოშობის შესახებ, რაც მწვალებლებთან მრავალი განსჯის საგანი იყო და იმის შესახებ, რომ ნივთი შექმნილი არის; კანდიდუსის შრომები ექვსთა დღეთაზე, და აპიონოსისაც ამავე თემაზე, მსგავსადვე სექსტუსის "აღდგომის შესახებ", და სხვა თხზულება არაბიანუსის, და ათასი სხვათა, რომელთა შესახებ საუბრისას არავითარი საყრდენი არ გაგვაჩნია, არც თხზულების დაწერის დროის განსასაზღვრავად, არც ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად. და სხვა მრავალთა თხზულებებმა მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ მათი სახელების ჩამოთვლაც კი არ ძალგვიძს; ისინი არიან მართლმადიდებელი და საეკლესიო [მწერლები], როგორც ეს ჩანს საღვთო წერილის თითოეული მათგანის მიერ [შესრულებული] განმარტებიდან, მაგრამ ისინი ჩვენთვის არ არიან ცნობილი, რადგან შრომათა სახელწოდებები არ არის მოცემული.
XXVIII
მათგან ერთ-ერთი თავის ნაშრომში არტემონის მწვალებლობის წინააღმდეგ, რომლის განახლება ჩვენს დროში კვლავ სცადა პავლე სამოსატელმა[55], შემონახულია ჩვენს მიერ საკვლევ ისტორიებთან დაკავშირებული ამბავი. ზემოხსენებულ მწვალებლობას, რომელიც ამბობდა, რომ მაცხოვარი იყო ლიტონი ადამიანი, განაქიქებდა როგორც ახლად შექმნილსა და არცთუ დიდი ხნის წინანდელს, რადგან სურდათ, რომ იგი პატივსაცემი ყოფილიყო და მას აცხადებდნენ როგორც ძველს. მათი მკრეხელური სიცრუის მრავალ სხვა რამესაც გადმოცემს სამხილებლად თხზულება და სიტყვასიტყვით ამას მოგვითხრობს: "რადგან ამბობენ, რომ ყველა, ვინც უწინ ცხოვრობდა, და თვით მოციქულებიც, ღებულობდნენ და ასწავლიდნენ იმას, რასაც ახლა ესენი ამბობენ, და ქადაგების ჭეშმარიტებას იცავდნენ ვიქტორის დრომდე, რომელიც იყო პეტრესგან მეცამეტე ეპისკოპოსი რომში; ხოლო მისი მონაცვლის ზეფირინუსის[56] მიერ დამახინჯდა ჭეშმარიტება. შესაძლოა, ნათქვამი სარწმუნო ყოფილიყო, უპირველეს ყოვლისა მათ საღვთო წერილი რომ არ განაგდებდეს, და მოიპოვება ზოგიერთი ძმის ნაშრომები, ვიქტორის დროზე უხუცესი, რომლებიც მათ დაწერეს ჭეშმარიტების გამო წარმართებისა და იმდროინდელი მწვალებლებლების წინააღმდეგ, ვგულისხმობ იუსტინეს, მილტიადეს, ტატიანეს, კლიმენტის და სხვა მრავალთა ნაშრომებს, რომლებშიც ყველაში ქრისტე ღმერთად ითვლებოდა. რადგან ვინ არ იცნობს ირინეოსის, მელიტონისა და სხვათა წიგნებს, რომლებიც ღმერთად და ადამიანად აცხადებენ ქრისტეს, ხოლო სათავეში მყოფი მორწმუნე ძმების მიერ რამდენი ფსალმუნი და საგალობელი დაიწერა, რომლებშიც ღვთის სიტყვას, ქრისტეს როგორც ღმერთს უგალობდნენ? როდესაც ამდენი წელი გაცხადებული იყო ეკლესიის აზრი, როგორ ღებულობდა ვიქტორამდე ასე ნაქადაგებს, როგორც ისინი ამბობენ? როგორ არ რცხვენიათ, ვიქტორს რომ ასე სწამებენ ცილს, რომლებმაც ზედმიწევნით იციან, რომ ვიქტორმა ზიარებისაგან განკვეთა ეს ღვთის უარმყოფელი განდგომილების მამა და დამაარსებელი თეოდოტე მეწაღე, რომელმაც პირველმა თქვა, რომ ქრისტე ლიტონი ადამიანი იყო? რადგან თუ ვიქტორი მათ შესახებ ასე ფიქრობდა, როგორ განაგდებდა თეოდოტეს, ამ მწვალებლობის გამომგონებელს?"
ასეთი ამბები მოხდა ვიქტორის დროს. იგი ათი წლის განმავლობაში მიუძღოდა მსახურებას, მონაცვლედ დადგინებულ იქნა ზეფირინუსი სევერუსის მეფობის მეცხრე წელს. ხსენებული მწვალებლობის დამაარსებლის შესახებ ზემოხსენებული წიგნის შემდგენელი დაურთავს ზეფირინუსის დროს მომხდარ სხვა ამბავსაც, და წერს შემდეგი სიტყვებით: "მრავალ ძმას შევახსენებ ჩვენს დროში მომხდარ ამბავს, რაც ვფიქრობ, სოდომელთა შორის რომ მომხდარიყო, მათ, ალბათ, შეაგონებდა. იყო ვინმე ნატალიოსი, აღმსარებელი, არა ძველი, არამედ ჩვენს დროში გამოჩენილი. იგი მოტყუებულ იქნა ასკლეპიოდოტოსისა და სხვა თეოდოტეს, ვინმე მეკერმეს მიერ. ისინი იყვნენ თეოდოტე მეწაღის მოწაფეები, რომელიც ასეთი აზროვნებისათვის, უფრო კი უაზრობისათვის, როგორც ვთქვი, მაშინდელი ეპისკოპოსის ვიქტორის მიერ პირველად იქნა განკვეთილი ზიარებისაგან. ნატალიუსი დაეთანხმა მათ, რომ თანხის საფასურად წოდებულიყო მათი მწვალებლობის ეპისკოპოსად, ისე რომ ყოველ თვე მათგან მიიღებდა ასორმოცდაათ დინარს. როდესაც მათთან იმყოფებოდა, უფალი ხშირად შეაგონებდა ხილვების მეშვეობით, რადგან გულმოწყალე ღმერთს და ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს არ სურდა, რომ მისი ვნებების დამამოწმებელი ეკლესიის გარეთ მყოფი დაღუპულიყო. მას შემდეგ, რაც ის ამ ხილვებს გულგრილად ეპყრობოდა მათთან თავმჯდომარეობითა და მრავალთა დამღუპველი სიხარბით ცთუნებული, ბოლოს, წმინდა ანგელოზთა მიერ იქნა გამათრახებული და მთელი ღამის განმავლობაში არცთუ მცირედ იტანჯა, ისე რომ დილით ადგა, ძაძა შეიმოსა და ნაცარდაყრილი დიდი მოსწრაფებითა და ცრემლებით დაემხო ეპისკოპოს ზეფირინუსის წინაშე, ეხვეოდა ფეხებზე არა მხოლოდ სასულიერო პირებს, არამედ საეროთაც, მისი ცრემლებით შეძრული იყო მოწყალე ქრისტეს თანამგრძნობი ეკლესია. და თუმცა მრავალს ევედრებოდა და უჩვენებდა წყლულებს, რაც ცემისგან მიეღო, ძლივს მიიღეს ზიარებაში".
ამ ამბავს დავურთავთ მათ შესახებ იმავე მწერლის მიერ დაწერილ სხვა სიტყვებსაც, რაც შემდეგი სახისაა: "საღვთო წერილის უშიშრად ყალბისმქმნელები, სარწმუნოების ძველი კანონების უარმყოფელები, ხოლო ქრისტეს უმეცარნი არათუ იმას იკვლევენ, თუ რას ამბობს საღვთო წერილი, არამედ ბეჯითად ამუშავებდნენ, თუ სილოგიზმის როგორი სქემა გამოდგებოდა უღმერთობის დასამტკიცებლად. თუკი ვინმე წინ დაუდებდა საღვთო წერილის გამონათქვამს, იკვლევდნენ შემაერთებელი, თუ გამყოფი სილოგიზმის სქემის შექმნა შეეძლო. მიტოვებული ჰქონდათ ღვთის წმინდა წერილი, და სწავლობდნენ გეომეტრიას*, როგორც მიწიერნი და მიწიერზე მოსაუბრენი და ზემოდან მომავალის უმეცარნი. ზოგიერთი მათგანი გულმოდგინედ სწავლობდა ევკლიდეს გეომეტრიას, უკვირდათ არისტოტელესი და თეოფრასტესი. ზოგიერთი, ალბათ, გალენსაც სცემდა თაყვანს. ისინი თავიანთი მწვალებლური შეხედულებებისათვის ბოროტად სარგებლობდნენ ურწმუნოთა ხელოვნებებით და უღმერთოთა მზაკვრობით რყვნიდნენ საღვთო წერილის მარტივ რწმენას. რა საჭიროა იმის თქმა, რომ რწმენის სიახლოვესაც არ დგანან? ამიტომ, საღვთო წერილს უშიშრად ჰკიდებდნენ ხელს, ამბობდნენ, რომ მას ასწორებდნენ. და ის, რომ მე ამას მათზე ცილისწამებით არ ვამბობ, ვისაც სურს, შეუძლია შეისწავლოს. რადგან თუ ვინმე მოისურვებს, შეაგროვოს თითოეული მათგანის ასლი და შეადაროს ერთმანეთს, აღმოაჩენს მრავალ შეუთანხმებლობას. ასკლეპიოდოსის ასლი არ ეთანხმება თეოდოტისას; შესაძლებელია მრავალი [ასლის] აღმოჩენა, რადგან მათი მოწაფეები მონდომებით გადაწერდნენ თითოეული მათგანის მიერ, როგორც ისინი უწოდებენ, გასწორებულს, რაც ნიშნავს განადგურებულს; მაგრამ ამათ ჰერმოფილეს [ასლი] არ ეთანხმება. აპოლონიადოსის ასლებიც არ ეთანხმება ერთმანეთს. რადგან მათ მიერ პირველად გამზადებული ასლები შეიძლება შედარებულ იქნას მოგვიანებით კვლავ დამახინჯებულებთან და აღმოჩნდება მრავალი უთანხმოება. ეს ცოდვა ესოდენი კადნიერების შემცველია თავისთავში, რომ უნდა ვიფიქროთ, მათაც არ უწყიან. რადგან ან არ სწამთ, რომ საღვთო წერილი სულიწმინდით არის გამოთქმული, და არიან ურწმუნო; ან თავიანთ თავს სულიწმინდაზე უფრო ბრძენად მიიჩნევენ, და სხვა რა იქნებიან თუ არა დემონისგან შეპყრობილნი? რადგან არ ძალუძთ უარყონ, რომ ეს მათი დანაშაულია, მაშინ როცა მათი ხელით არის დაწერილი, და ვისგანაც განსწავლულ იქნენ, ასეთი წერილები არ მიუღიათ; და არც იმის ჩვენება ძალუძთ, თუ საიდან გადაიწერეს ეს. ზოგიერთი მათგანი არც მოითხოვდა მათ დამახინჯებას, არამედ მარტივად უარყოფდა რჯულსა და წინასწარმეტყველებს, და ურჯულო და უღმერთო მოძღვრების საბაბით დაღუპვის უკიდურეს განადგურებამდე დაეცნენ".
და ეს ამ სახით იქნას ნამბობი.
--------------------------------------------------------------------
* აქ არის სიტყვათა თამაში, გეომეტრია ბერძნულად "მიწისმზომელობას" ნიშნავს - მთარგ.
-------------------------------------------------------------------------------------------------
კომენტარები
[1] - მარკუს ავრელიუსის (ანტონიუს ვერუსი) მმართველობის მეჩვიდმეტე წელი მოდის 177 წელზე. მისი მეფობის დასაწყისი არ გამოირჩევა ქრისტიანთა მასობრივი დევნით. ხოლო მმართველობის ბოლო წლებში მარკუს ავრელიუსმა გამოსცა მთელი რიგი ბრძანებებისა, რომლებმაც მკვეთრად შეცვალა ქრისტიანთა მდგომარეობა (ტექსტები არ შემორჩენილა).
[2] - ლუგდუნი - ახლანდელი ლიონი; როდანი - ახლანდელი რონა.
[3] - ლეგატი (ლეგატუს) - (ლათ.) პროვინციის მმართველი.
[4] - მეფე თიესტემ საკუთარი შვილები სუფრაზე მიიტანა საჭმელად. მეფე ოიდიპოსმა საკუთარ დედაზე იქორწინა.
[5] - ყოველწლიური დღესასწაული, რომელზეც იკრიბებოდნენ მთელი გალიის წარმომადგენლები. იგი იწყებოდა 1 აგვისტოს და რამდენიმე კვირას გრძელდებოდა.
[6] - მოწამეთა: სანქტუსის, მატურუსის, ატალუსის, ბლანდინას, ბიბლიდას, ეპაგათოსის, ალექსანდრეს, წმ. მოწამე პოთინოსის და სხვა ორმოცდასამი მოწამის, რომლებიც ეწამნენ 177 წ. ლიონში, ხსენების დღეა 25 ივლისი.
[7] - ალკიბიადე და თეოდოტი - მოწამეები, მონტანის ერთ-ერთი პირველი თანამოღვაწეები (იხ. შნშ. 73. წ. 4).
[8] - ლუგდუნის ეპისკოპოსის ეპისტოლე რომის ეპისკოპოსს მიუტანეს ელჩებმა პრესვიტერ ირინეოსის, ლიონის მომავალი ეპისკოპოსის მეთაურობით.
[9] - ზემო აღწერილი მოვლენები მიეკუთვნება თვით მარკუს ავრელიუსის მმართველობას. მისი ძმა და თანამმართველი ლუციუს ვერუსი აღესრულა 169 წ.
[10] - საუბარია მარკუს ავრელიუსის რესკრიპტის შესახებ, რომელიც დამოწმებულია წმ. იუსტინე ფილოსოფოსის პირველი აპოლოგიის დანართში. მარკუს ავრელიუსის, "ღვთისმოსავად" წოდებულის, სწორედ ეს რესკრიპტი აქვს მხედველობაში ტერტულიანეს (აპოლოგია, V, 7). საეკლესიო ისტორიკოსების უმრავლესობა მას ნაყალბევად თვლის. ვ. ბოლოტოვი წერს: "საკითხს, რომელიც წამოჭრა მარკუს ავრელიუსის ედიქტმა ქრისტიანთა სასარგებლოდ, ორი მხარე აქვს. საუბარი შესაძლოა ეხებოდეს: 1) ფაქტს, რომელმაც თითქოსდა ეს ედიქტი გამოიწვია, და 2) თვით ედიქტის შინაარსს. რაც შეეხება ფაქტს, მის შესახებ ისტორიულად შეიძლება ითქვას მხოლოდ ის, რომ კვადებთან ბრძოლის დროს 174 წ. მარკუს ავრელიუსს ჯართან ერთად ნამდვილად შეექმნა წყურვილის სიფრთხილე, მაგრამ დროულად წამოსულმა წვიმამ რომაელები დაიხსნა გასაჭირისაგან. მაგრამ ფილოსოფოსი იმპერატორი არ იყო იმგვარად განწყობილი, რომ საქმის ასეთი განვითარება ქრისტიანებისთვის მიეწერა. ამის საპირისპიროდ, არსებობს ამ ფაქტის შესახებ წარმართული გადმოცემის ორი ვარიანტი, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, წვიმა წამოვიდა ეგვიპტელი მაგის არნუფისის ჯადოქრობით, მან ილოცა ჰაერის ღმერთის ჰერმესის წინაშე, მეორე ვარიანტი კი ამ წვიმას მიაწერს თვით იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ლოცვის ძალას. საეჭვოა ის, რომ ქრისტიანები იმდენი ყოფილიყვნენ მარკუს ავრელიუსის ჯარში, რომ მათ არა მხოლოდ შეეძლოთ შეედგინათ მთელი ლეგიონი, არამედ მართლა შეადგენდნენ ერთ ლეგიონს. ამ ამბის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოწმე, აპოლინარი ჰიეროპოლელი, ამბობს, რომ ამ მოვლენის საპატივსაცემოდ ლეგიონმა მიიღო სახელწოდება "ელვისებური". რომის სამხედრო ისტორიით დაინტერესებულმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სინამდვილეში მეთორმეტე ლეგიონი ატარებდა ამ სახელწოდებას (ლეგიო დიოდეციმა ფულმინატა); მაგრამ ეს იყო ჯერ კიდევ ავგუსტუსის დროს არსებული ცხრა ლეგიონიდან ერთ-ერთი. ის ასეთ სახელწოდებას ატარებდა უკვე დიდი ხნის წინათ, უდავოდ ნერვასა და ტრაიანეს პერიოდში. ალექსანდრე სევერუსის დროს Legio XII fulminata იდგა ჯერ კიდევ ასიაში. ის რომ, 174 წ. ის დუნაიზე იქნა გაწვეული, - ამის სერიოზული მტკიცებულება არ არსებობს.
ამგვარად, მარკუს ავრელიუსს არ ჰქონდა საბაბი, გამოეცა ედიქტი ქრისტიანთა სასარგებლოდ და კიდევ, ედიქტის შინაარსი დამაჯერებლობის საზღვრებს სცდება: ნაბრძანები იყო ქრისტიანთა დამსმენების ცოცხლად დაწვა, პროვინციის მმართველებს აკრძალული ჰქონდათ ქრისტიანებისთვის თავისუფლების აღკვეთა, რწმენისგან პირვანდელ (წარმართულ) სარწმუნოებაზე მოქცევა - ეს იყო ედიქტში, რომელიც წარდგენილ იქნა რომში ფორუმზე.
ასეთი დოკუმენტი შეუძლებელია უკვალოდ გამქრალიყო, და არ ასახულიყო ქრისტიანთა მდგომარეობაზე. ყოველ შემთხვევაში გალიაში 177 წ. შეუძლებელია ყოფილიყო დევნულება" (ლექციები ძველ ეკლესიაზე. ტ. 2. გვ. 81‑82).
[11] - მწვალებლობების წინააღმდეგ, III, 3, 3.
[12] - იქვე, II, 31, 3.
[13] - იქვე, II, 32, 4.
[14] - იქვე, II, 32, 4.
[15] - იქვე, III, 1, 1.
[16] - იქვე, V, 30, 1.
[17] - იქვე, V, 30, 3.
[18] - იქვე, II, 28, 2.
[19] - იქვე, I, 28, 4.
[20] - იქვე, III, 21, 1.
[21] - პტოლემეოს ლაგოსი (ქ. შ.‑მდე 367/66‑285 წწ.) - ალექსანდრე მაკედონელის ჯარის ბერძენი მხედართმთავარი, ეგვიპტის მეფე, პტოლემეოსთა დინასტიის ფუძემდებელი.
[22] - წმ. ირინეოს ლიონელი (მწვალებლობების წინააღმდეგ, III, 21, 2) თვლის, რომ 72 ებრაელი მთარგმნელის მოწვევა ძველი აღთქმის ბერძნული ტექსტის შესაქმნელად მოხდა პტოლემეოს ლაგოს I სოტერის დროს. მაგრამ სხვა ძველი ავტორები: იოსებ ფლავიუსი (იუდაური სიძველენი, XII, 2) ტერტულიანე (აპოლოგია, XVIII, 5‑7), წმ. იუსტინე ფილოსოფოსი (აპოლოგია, I 31) და ფილონ ალექსანდრიელი ამტკიცებენ, რომ მთარგმნელთა მოწვევა მოხდა პტოლემეოს I‑ის შვილისა და მემკვიდრის - პტოლემეოს II ფილადელფოსის (285‑246 წწ. ქ. შ.‑მდე) მმართველობის პერიოდში.
[23] - კომოდუსი - რომის იმპერატორი (180‑192 წწ.).
[24] - იულიანე - ალექსანდრიის ეპისკოპოსი (179‑189 წწ.).
[25] - პანტენოსი - ალექსანდრიის კატეხიზატორული სასწავლებლის ხელმძღვანელი. ამ თანამდებობაზე იყო კლიმენტი ალექსანდრიელის წინამორბედი. ქრისტიანობა იქადაგა ინდოეთში.
[26] - ალექსანდრიის კატეხიზატორული სასწავლებელი - აღმოსავლეთში ქრისტიანული აზროვნების ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი. თავდაპირველად რჩევა-დარიგებას აძლევდნენ მათ, ვისაც მონათვლა სურდა (კათაკმევლები), შემდეგ დაიწყეს კათაკმეველთა დამმოძღვრელების მომზადება. სასწავლებლის ხელმძღვანელთა შორის იყვნენ: წმ. ათენაგორა ფილოსოფოსი, მარკუს ავრელიუსისადმი მიძღვნილი აპოლოგიის ავტორი, წმ. პანტენოსი, ინდოეთის განმანათლებელი, წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენე, წმ. დიონისე ალექსანდრიელი, პიერიუსო, თეოგნოსტე, სერაპიონი, წმ. მოწამე პეტრე.
[27] - კლიმენტი ალექსანდრიელი. სტრომატები, I, 1.
[28] - წმ. ნარკისოსი - იერუსალიმის ეპისკოპოსი (დაახ. 196 წ.)
[29] - იერუსალიმის ეპისკოპოსთა ნუსხა მარკოზამდე იხ.: შნშ. 9, წ. 4. მოგვყავს სია მარკოზიდან ნარკისოსამდე (იხ.: Полный месяцеслов Востока. т. 2): მარკოზ I (135‑143 წწ. ან 156 წ.); კასიანე (5 წელი); პუბლიოსი (5 წელი); მაქსიმე (18 წელი); იულიანე (4 წელი); გაიოზ I (3 წელი); სვიმაქოსი (2 წელი); გაიოზ II (1 წელი); იულიანე II (4 წელი); კაპიტონი (3,5 წელი); ილია I (დაახ. 3,5 წელი); მაქსიმე II (4 წელი); ანტონინუსი (5 წელი): ვალენტი (3 წელი); დოლიქიანე (4 წელი); წმ. ნარკისოსი (დაახ. 196 წ.). კურსივით გამოყოფა არ არსებობს ევსების ნუსხაში.
[30] - როდონი - ტატიანეს მოწაფე, საეკლესიო მწერალი. მის შესახებ ცნობები შემორჩენილია მხოლოდ ევსების "ეკლესიის ისტორიაში". მისი შრომები ჩვენამდე არ არის მოღწეული.
[31] - აპელესი - მარკიონის ერესის მიმდევარი. რომში სწავლობდა II ს‑ის 80‑იან წლებში. მის შესახებ ცნობები შემონახულია მხოლოდ ევსების "ეკლესიის ისტორიაში".
[32] - პოტიტი, ბასილისკო, სინეროსი - მათ შესახებ ცნობები არ არის აღმოჩენილი.
[33] - კალისტონი - მის შესახებ ცნობები არ შემონახულა.
[34] - ფლორინოსი (II ს‑ის მე‑2 ნახ.) - გნოსტიკოს ვანელტინეს მიმდევარი, სქიზმაში მყოფი, რომელსაც ჩამოართვეს პრესვიტერის ხარისხი. მის შესახებ ცნობები არსებობს მხოლოდ ევსების "ეკლესიის ისტორიაში". იგი არის ადრესატი ირინეოს ლიონელის ორი შრომისა: "ფლორინოსს ერთი საწყისის შესახებ, ანუ იმის შესახებ, რომ ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება" და "ოგდოადის შესახებ" (V, 20, 1).
[35] - ბლასტოსი (II ს‑ის დასას.) - რომაელი პრესვიტერი. მას მიემართება წმ. ირინეოს ლიონელის ეპისტოლე "განხეთქილების შესახებ". ბლასტოსის განხეთქილების შემტანი საქმიანობა, როგორც ჩანს, დაკავშირებული იყო რომისა და მცირე აზიის ეკლესიებს შორის აღდგომის შესახებ წარმოშობილ დავასთან (იხ.: Болотов В. В. Лекции по истории древней Церкви. т. 2. с. 429).
[36] - ავერკი მარკელიოსი - მის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. მონტანის ერესს შესაზლოა ეწოდოს "მილტიადეს ერესი" მისი მოწინააღმდეგის, აპოლოგეტ მილტიადეს სახელის მიხედვით, რომელიც ერთ-ერთი პირველი გამოვიდა მონტანიზმის წინააღმდეგ.
[37] - ძოტიკოსი ოტრიიდან - მის შესახებ ცნობები არ არის აღმოჩენილი.
[38] - გრატუსის (II ს‑ის 50‑ე წელი) პროკონსულობაზე მითითება არ გვაძლევს შესაძლებლობას დავადგინოთ ზუსტი თარიღები.
[39] - შემორჩენილია ცნობები ფრიგიის ჰიერაპოლში ეპისკოპოს აპოლინარის თავმჯდომარეობით გამართულ 26 ეპისკოპოსის კრებაზე (70‑იანი წლები). ეპისკოპოსთა ამ კრებამ მოგვცა მკვეთრი შეფასება ფრიგიელთა წინასწარმეტყველებების შესახებ.
[40] - ძოტიკოს კომანელი და იულიანე აპამიელი - პამფილიის ოლქის ეპისკოპოსები.
[41] - მოციქული იუდა - 12 მოციქულთაგან, რომლებიც იერუსალიმის ეკლესიაში "პირველობდნენ ძმებს შორის" (საქმე 15:22). წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებული (იხ.: საქმე 15:32).
მოციქული სილა - 70 მოციქულთაგანი. ანტიოქიის მკვიდრი, სილა თან ახლდა პავლე მოციქულს მოგზაურობების დროს და მასთან ერთად იყო ჩამწყვდეული ფილიპიის დელეგში. მოციქულთა "საქმეში" (15:32) იგი იწოდება წინასწარმეტყველად. გადმოცემით მიხედვით, იგი გახდა კორინთოს ეპისკოპოსი.
ფილიპე მოციქულის ქალიშვილები მოციქულთა "საქმეში" (21:9) იწოდებიან "წინასწარმეტყველებად". მათ იხსენიებს ასევე ეფესოს ეპისკოპოსი პოლიკრატე რომის ეპისკოპოს ვიქტორისადმი მიწერილ ეპისტოლეში (დაახ. 190 წ.). ევსების ცნობით, ისინი აღესრულნენ იეროპოლში იმპერატორ ტრაიანეს მმართველობის დროს (ეკლესიის ისტორია, III, 39).
კოდრატესა და ამიოსის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება.
[42] - მილტიადეს აპოლოგია ეძღვნებოდა მარკუს ავრელიუსს.
[43] - აპოლონი (II ს.) - საეკლესიო მწერალი, ცხოვრობდა მცირე აზიაში.
[44] - სერაპიონი - ანტიოქიის ეპისკოპოსი (192‑212 წწ.). მისი წინამორბედი მაქსიმე მეთაურობდა ანტიოქიის კათედრას 179‑192 წწ.
[45] - მოწამე აპოლონი ევნო რომში კომოდის მმართველობისა და პერენიუსის პრეფექტობის დროს (183‑186 წწ.). რომის სენატორი აპოლონი შეპყრობილ იქნა თავისი მსახურის დასმენით. დამსმენის სიკვდილით დასჯა, რომელსაც აღწერს ევსები, ეჭვს იწვევს: იმპერატორ ნერვას კანონი, რომელიც უკრძალავდა მონას ბატონის დასმენას, გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული იქნებოდა გამართლებული. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არავითარი მტკიცებულებები, რომ დამსმენი იყო მონა. ევსები, ალბათ, შეცდომაში შეიყვანა მარკუს ავრელიუსის ყალბმა რესკრიპტმა (იხ.: შნშ. 10. წ. 5).
[46] - საუბარია იმპერატორ ტრაიანეს რესკრიპტზე.
[47] - ვიქტორი - რომის ეპისკოოსი (190‑202 წწ.).
[48] - დიმიტრი - ალექსანდრიის ეპისკოპოსი (189‑231 წწ.).
[49] - თეოფილე - კესარიის ეპისკოპოსი, თავმჯდომარეობდა პალესტინელ ეპისკოპოსთა კრებას, რომელიც გაიმართა აღდგომის დღესასწაულობის საკითხის შესახებ (დაახ. 196 წ.).
[50] - ბაკხილოსი - კორინთოს ეპისკოპოსი, თავმჯდომარეობდა ბერძენ ეპისკოპოსთა კრებას აღდგომის აღნიშვნასთან დაკავშირებით (დაახ. 186 წ.).
[51] - აღდგომის აღნიშვნის თარიღის შესახებ დავა წარმოიშვა 190‑192 წწ. ერთ მხარეს წარმოადგენდა რომის, ალექსანდრიის, კორინთოსა და პალესტინის ეკლესიები, მეორეს - მცირე აზიის რამდენიმე ეკლესია ეფესოს ეპისკოპოსის, პოლიკრატეს მეთაურობით. მცირე აზიის ეკლესიები, ეყრდნობოდნენ რა პირველ მოციქულთა ავტორიტეტს, იცავდნენ მათთან დამკვიდრებულ ტრადიციას, რომეიც ემთხვევა იუდეველთა ტრადიციას, რომლის მიხედვით აღდგომა აღინიშნება 14 ნისანს. რომისა და მისი მომხრე ეკლესიები მოითხოვდნენ თავისი პრაქტიკის მიხედვით აღდგომის აღნიშვნას (14 ნისანის შემდეგ პირველ კვირას). ეს კამათი უშუალოდ ეხება ქრისტიანულ ისტორიოსოფიას. ვ. ბოლოტოვის შენიშვნით, "მცირე აზიის ეკლესიებისთვის აღდგომა არ იყო ახალ აღთქმისეული დღესასწაული. ამ სიტყვის ვიწრო გაგებით ეს იყო გაქრისტიანებული ძველ აღთქმისეული პასექი. აღდგომის აღნიშვნის დღესთან დაკავშირებით ბრძოლაში ერთმანეთს შეეჯახა ქრისტიანულ სამყაროში არსებული ორი მიმდინარეობა: იუდაური და ანტიიუდაური (ამ სიტყვების ყველაზე ზომიერი მნიშვნელობით). მცირე აზიური წესის წინააღმდეგ ბრძოლას იუდაური გადმონაშთებისაგან განთავისუფლების ხასიათი ჰქონდა" (Лекции по истории древней церкви. ტ. 2. გვ. 433‑434). III ს‑ის დასასრულს მცირე აზიის ელესიები შეურთდნენ საყოველთაოდ მიღებულ პრაქტიკას.
[52] - ირინეოსი - მშვიდი (ბერძ.).
[53] - ალექსანდრიის ეკლესიის როლი ამ საკითხში განისაზღვრებოდა იმ გარემოებით, რომ თვითონ კამათი გაჩაღდა, ალბათ, 189 წ.‑ის აღდგომის გამო, რომელიც ალექსანდრიაში აღინიშნებოდა 20 აპრილს, ხოლო მცირე აზიის ეკლესიებში _ 20 მარტს (იხ.: Болотов В. В. Из эпохи о Пасхе в конце II в. // Христианское Чтение. 1900. №1. с. 450‑454).
[54] - პერტინაქსი - რომის იმპერატორი (193 წ.).
სევერუს სეპტიმუსი - რომის იმპერატორი (193‑211 წწ.).
[55] - საუბარია ანტიტრინიტარული, ანუ მონარქისტთა ერესის შესახებ, რომელიც წარმოიშვა მცირე აზიაში როგორც რეაქცია მონტანის მოძღვრებაზე. გადაწყვიტა რა გამოეცალა დოგმატური საფუძვლები ამ მოძღვრებისთვის, მონტანიზმის ზოგიერთმა მოწინააღმდეგემ იოანეს სახარება და აპოკალიფსი ნაყალბევად გამოაცხადა და უარყო თვით ლოგოსის ცნება. უარყვეს რა ლოგოსი, მონარქისტებმა ერთარსების ცნებაც უარყვეს. შემდგომში ეს მოძღვრება გაიყო ორ მიმართულებად: 1) იესო ქრისტეს ღმერთად აღიარების უარყოფა და ღმერთად მხოლოდ მამა ღმერთის ცნობა, იმის მტკიცება, რომ ქრისტე "ბუნებით ღმერთი არ არის, არამედ არის მხოლოდ ღმერთის ძალით აღვსებული ადამიანი" (Болотов В. В. Лекции по истории древней церкви. ტ. 2. გვ. 308); 2) მამა ღმერთისა და ძე ღმერთის შერწყმა და იმის მტკიცება, რომ "მამა და ძე ერთმანეთისგან განსხვავდებიან მხოლოდ სახელით, ცნებით, იმ სახით, მოდუს, რომლითაც ჩვენ გამოგვეცხადა... ხოლო არსებით, თავისი ყოფით მამა და ძე - ერთია" (იქვე).
სხვადასხვა მიმართულების მიხედვით მონარქისტები იყოფოდნენ დინამისტებად და მოდალისტებად. "არტემონის მწვალებლობას" ევსები უწოდებს დინამისტების მოძღვრებას. მისი წარმოშობის პეროდში (დაახ. 190 წ.) რომში იგი დაკავშირებული იყო თეოდოტე მეტყავის სახელთან, რომლის მოძღვრებასაც მხარს უჭერდა თეოდოტე ბანკირი (დაახ. 200 წ.) და არტემონი (დაახ. 220 წ.). ყველაზე გამოჩენილი დინამისტი იყო პავლე სამოსატელი, ანტიოქიის ეპისკოპოსი (დაახ. 260‑269 წწ.). იგი განკვეთილ იქნა როგორც მწვალებელი რომში ეპისკოპოსთა კრების მიერ 268 წ.
[56] - ზეფირინუსი - რომის ეპისკოპოსი (202‑218 წწ.).
ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა
საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი