საეკლესიო ისტორიის მეექვსე წიგნი შეიცავს შემდეგს:
I. სევერუსის დროინდელი დევნულების შესახებ.
II. ორიგენეს სიყრმის ასაკიდან წვრთნის შესახებ.
III. როგორ სრულიად ახალგაზრდა შუამავლობდა იგი ქრისტეს სიტყვას.
IV. რამდენი მის მიერ განსწავლული გახდა მოწამე.
V. პოტამიანეს შესახებ.
VI. კლიმენტი ალექსანდრიელის შესახებ.
VII. მწერალ იუდას შესახებ.
VIII. ორიგენეს გაბედული საქციელის შესახებ.
IX. ნარკისოსის სასწაულების შესახებ.
X. იერუსალიმში მყოფი ეპისკოპოსების შესახებ.
XI. ალექსანდრეს შესახებ.
XII. სერაპიონისა და მისი გავრცელებული ნაშრომების შესახებ.
XIII. კლიმენტის თხზულებების შესახებ.
XIV. რომელ წმინდა წერილებს მოიხსენიებს იგი.
XV. ჰერაკლასის შესახებ.
XVI. როგორ იღვწოდა ორიგენე საღვთო წერილზე.
XVII. მთარგმნელი სვიმაქოსის შესახებ.
XVIII. ამბროსის შესახებ.
XIX. რა მოიხსენიება ორიგენესთან დაკავშირებით.
XX. იმ დროის [მწერლების] რა თხზულებებია მოღწეული.
XXI. მათ დროს რომელი ეპისკოპოსები იყვნენ ცნობილი.
XXII. ჰიპოლიტეს რა თხზულებებმა მოაღწია ჩვენამდე.
XXIII. ორიგენეს მოშურნეობის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ გახდა იგი ეკლესიის ხუცესობის ღირსი.
XXIV. რა განმარტებები დაწერა მან ალექსანდრიაში.
XXV. როგორ მოიხსენიებს იგი კანონიკურ წმინდა წერილს.
XXVI. როგორ უყურებდნენ მას ეპისკოპოსები.
XXVII. როგორ შეცვალა ჰერაკლასმა ალექსანდრიის ეპისკოპოსი.
XXVIII. მაქსიმინის დროინდელი დევნულების შესახებ.
XXIX. ფაბიანეს შესახებ, თუ როგორ წარმოჩნდა იგი ღვთისგან სასწაულებრივად რომაელთა ეპისკოპოსად.
XXX. ვინ იყვნენ ორიგენეს მოწაფეები.
XXXI. აფრიკანუსის შესახებ.
XXXII. რა განმარტებები დაწერა ორიგენემ პალესტინის კესარიაში.
XXXIII. ბერილიუსის ცთომილების შესახებ.
XXXIV. ფილიპეს დროს მომხდარი მოვლენები.
XXXV. როგორ შეცვალა დიონისემ ეპისკოპოსი ჰერაკლასი.
XXXVI. ორიგენეს სხვა ნაშრომები.
XXXVII. არაბთა უთანხმოების შესახებ.
XXXVIII. ჰელკესაიტთა მწვალებლობის შესახებ.
XXXIX. დეკიუსის დროინდელი მოვლენების შესახებ.
XL. დიონისეზე შემთხვეული ამბების შესახებ.
XLI. თვით ალექსანდრიაში წამებულთა შესახებ.
XLII. სხვა მოწამეთა შესახებ, რასაც მოგვითხრობს დიონისე.
XLIII. ნოვატუსის შესახებ, თუ როგორი ცხოვრების წესი ჰქონდა, და მისი მწვალებლობის შესახებ.
XLIV. დიონისეს ისტორია სერაპიონის შესახებ.
XLV. დიონისეს ეპისტოლე ნოვატუსის მიმართ.
XLVI. დიონისეს სხვა ეპისტოლეთა შესახებ.
ევსების საეკლესიო ისტორია
I
როდესაც სევერუსმა ეკლესიების წინააღმდეგ აღძრა დევნულება[1], ღვთისმოსაობის გამო მებრძოლებმა ყველგან აღასრულეს ბრწყინვალე მოწამეობა, განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი ისინი იყვნენ ალექსანდრიაში. ეგვიპტიდან და მთელი თებაიდადან აქ, როგორც უდიდეს არენაზე ღვთისგან წარგზავნილმა მებრძოლებმა მრავალნაირი სატანჯველებისა და სიკვდილის სახეობათა ახოვნად დათმენის გზით ღმერთთან გვირგვინები დაიდგეს. მათ შორის იყო ლეონიდეც, "ორიგენეს მამად" წოდებული, რომელსაც თავი მოკვეთეს, მან დატოვა სრულიად ახალგაზრდა ვაჟიშვილი; და თუ როგორი სწრაფვა ჰქონდა მას (ორიგენეს - მთარგ.) ამ ასაკიდან ღვთის სიტყვის მიმართ, უჯერო არ იქნება, თუ მოკლედ გადმოვცემთ ამბავს მის შესახებ, რაც ბევრთან განსაკუთრებით არის გავრცელებული.
II
მრავალი რამ ექნებოდა სათქმელი მას, ვინც მოცალეობის ჟამს სცდიდა ამ კაცის ცხოვრების წერილობით გადმოცემას, მის შესახებ შედგენილ თხზულებას დასჭირდებოდა ცალკე წიგნი. მიუხედავად ამისა, აქ წარმოდგენილ თხზულებაში ჩვენ ბევრს გამოვტოვებთ და მის შესახებ მოკლედ გიამბობთ, ცნობებს მოვიყვანთ ეპისტოლეებიდან და ჩვენს დროს ჯერ კიდევ ცოცხალი მისი ნაცნობების გადმოცემიდანაც.
ვფიქრობ, ორიგენეს ცხოვრება ღირშესანიშნავია თვით, როგორც იტყვიან, აკვნის სახვევებიდან დაწყებული. სევერუსის ზეობის მეათე წელი იყო, ალექსანდრიას და დანარჩენ ეგვიპტეს კი მართავდა ლეტუსი, ხოლო ადგილობრივი დიოცეზების ეპისკოპოსობა იულიანეს[2] შემდეგ იმ დროს ახალი მიღებული ჰქონდა დემეტრიოსს, როდესაც დევნულების ცეცხლი დიდად აღეგზნო და ათასობით [ქრისტიანმა] მოწამეობის გვირგვინი დაიდგა. მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ყრმა ორიგენეს სული მოიცვა მოწამეობისადმი ისეთმა ტრფიალმა, რომ სწრაფვა გაუჩნდა, მიახლოებოდა საფრთხეს, წინ გავარდნილიყო და ბრძოლაში შეჭრილიყო. უკვე ცოტა აკლდა და სიცოცხლის დაკარგვა შორს აღარ იყო, საღვთო და ციურ წინაგანგებას მრავალთა სასარგებლოდ რომ არ გადაეღობა მისი გულისწადილის გზა მისი დედის მეშვეობით. იგი ჯერ სიტყვებით ევედრებოდა, სთხოვდა დედობრივი გრძნობის მოფრთხილებას, მაგრამ დაინახა, რომ წადილი უფრო გაუძლიერდა და მოწამეობისადმი მისი სწრაფვა სრულ იქმნა, როდესაც გაიგო, რომ მამა შეიპყრეს და საპყრობილეში იყო ჩამწყვდეული; მან მთელი მის ტანისამოსი გადამალა და იძულებული გახადა, სახლში დარჩენილიყო. მან კი, ვინაიდან სხვა არაფერი შეეძლო, და ასაკზე აღმატებული ძალის მქონე წადილიც არ ასვენებდა, მამას გაუგზავნა მოწამეობის შესახებ ყველაზე ძლიერ შემაგონებელი ეპისტოლე, რომელშიც სიტყვასიტყვით ამას ურჩევდა: "მტკიცედ დექ, ჩვენს გამო სხვა რამ არ იფიქრო". ეს იყოს ორიგენეს ყმაწვილკაცური საზრიანობისა და ღვთისმოსაობის მიმართ ნამდვილი განწყობის პირველი მტკიცებულება. რადგან სარწმუნოების შესწავლისათვის კარგი საძირკველი ჰქონდა ჩაყრილი, ჯერ კიდევ სიყრმის ასაკიდან იწვრთნებოდა საღვთო წერილში. მასში იგი ზომაზე მეტად ბეჯითობდა, როდესაც მამა ჩვეულებრივი განათლების გარდა ამის მიმართაც არცთუ უმნიშვნელო ზრუნვას იჩენდა. ყოველთვის ელინურ განათლებაზე ზრუნვის უწინარეს იგი შეყავდა წმინდა განათლებაში, მოითხოვდა მისგან ყოველდღე ემეცადინა და ნასწავლი გადმოეცა. ეს ბავშვისათვის არ იყო არასასურველი, არამედ უფრო წადიერად ირჯებოდა ამისათვის, ისე რომ არ ყოფნიდა მას წმინდა სიტყვების მარტივი და ჩვეულებრივი წაკითხვა, არამედ უკვე ამ ასაკიდანვე იკვლევდა ფართო და უფრო ღრმა ხედვებს; და საზრუნავს უჩენდა მამას შეკითხვებით, თუ რა აზრი სურდა გაეცხადებია ღვთივშთაგონებულ წერილს. მამა კი მის საჩვენებლად კიცხავდა მას, შეაგონებდა, რომ მისი ასაკისათვის შეუფერებლად, არც ცხადი აზრის მიღმა არ ეკვლია; მაგრამ ფარულად გულში დიდად ხარობდა, და ყოველი სიკეთის მიზეზს, ღმერთს უდიდეს მადლობას სწირავდა, რომ იგი ასეთი შვილის მამად გახდომის ღირსი გახადა. ამბობენ, ხშირად იდგა მძინარე ვაჟიშვილთან, გაუშიშვლებდა მკერდს, როგორც მასში შიგნით საღვთო სულის მკვიდრობით განწმენდილს, კრძალვით ეამბორებოდა და საკუთარ თავს ნეტარად მიიჩნევდა ასეთი კარგი შვილის გამო. იხსენებენ ამას და სხვა ამის მსგავსსაც, ორიგენეს ყმაწვილკაცობისას მომხდარს.
როდესაც მისი მამა მოწამეობრივად აღესრულა, იგი დედასა და ექვს მცირეწლოვან ძმასთან ერთად მარტო დარჩა, მაშინ ჯერ კიდევ ჩვიდმეტი წლისაც არ იყო. მამის ქონება საიმპერიო ხაზინისათვის ჩამოართვეს და ნათესავებთან ერთად სააარსებო სახსრების უკმარისობაში აღმოჩნდა. მაგრამ ღვთის შეწევნის ღირსი შეიქნა და წილად ხვდა გულითადი მიღება და განსვენება ყველაზე მდიდარი და სხვა რამითაც გამოჩენილი ქალის მხრიდან, რომელიც პატივს სცემდა იმ დროს ალექსანდრიაში [მცხოვრებ] ერთ-ერთ სახელგანთქმულ მწვალებელს. იგი წარმოშობით ანტიოქიელი იყო, და როგორც ნაშვილები თავისთან ჰყავდა და განსაკუთრებულად ეპყრობოდა მას. მაგრამ ორიგენე იძულებული იყო მასთან ერთად ყოფილიყო, და ამ ასაკში რწმენაში მართლმადიდებლობის ნათელ მტკიცებულებებს იძლეოდა. რადგან ათასობით ადამიანი არამხოლოდ მწვალებელთაგან, არამედ ჩვენიანთაგანაც პავლესთან (ეს იყო ამ კაცის სახელი) შემოკრებილნი, რომლებიც მას სიტყვაში ძლიერად მიიჩნევდნენ, ვერასოდეს ვერ არწმუნებდნენ ორიგენეს, მასთან ერთად ლოცვაზე დამდგარიყო; იგი სიყმაწვილიდანვე იცავდა ეკლესიის კანონებს და როგორც თვითონ ერთგან ამბობს ამ სიტყვას, "სძაგდა" მწვალებელთა მოძღვრება. მამა მიუძღოდა მას ელინთა სწავლებებში, მისი აღსასრულის შემდეგ კი მწერლობაში წვრთნას კიდევ უფრო გულმოდგინედ სრულად მიუძღვნა თავი, ისე რომ გრამატიკაში საკმაოდ იყო მომზადებული; მამის გარდაცვალებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ ამას მიუძღვნა თავი და როგორც მის ასაკში მყოფი პიროვნება ცხოვრებისეული აუცილებელი პირობებით უხვად იყო უზრუნველყოფილი.
III
როგორც თვითონ წერილობით მოგვითხრობს ერთგან, როდესაც მასწავლებლის საქმიანობით იყო დაკავებული და არავინ იყო ალექსანდრიაში დასამოძღვრავი (ყველა გაქცეული იყო მოსალოდნელი დევნულების შიშით), მასთან ღვთის სიტყვის მოსასმენად მოვიდა ზოგიერთი წარმართი. აღნიშნავს, რომ პირველი მათგანი იყო პლუტარქე, რომელიც სათნოებებით ცხოვრების შემდეგ საღვთო მოწამეობითაც გამშვენდა, მეორე ჰერაკლასი, პლუტარქეს ძმა, რომელმაც თვითონაც ფილოსოფიური ცხოვრებისა და ასკეზის უამრავი მაგალითი აჩვენა, და დემეტრიოსის შემდეგ ალექსანდრიის ეპისკოპოსობის ღირსი გახდა. თვრამეტი წლის იყო ორიგენე, როდესაც კატეხიზისის სასწავლებლის[3] წინამძღვარი გახდა და აკვილას მმართველობის დროინდელი დევნულებისას წარმატებით იღვწოდა ალექსანდრიაში, განსაკუთრებით სახელგანთქმული გახდა ყველა რწმენით აღძრულთან იმის გამო, რომ თბილადღებულობდა ყველა წმინდანს, უცნობსა თუ ცნობილ მოწამეს და მათდამი გულითადობას იჩენდა. რადგან არა მხოლოდ საპყრობილეში მყოფებთან, არც უკანასკნელი განაჩენის გამოტანამდე დაკითხულებთან ერთად იმყოფებოდა, არამედ შემდეგაც სასიკვდილოდ მიმავალ წმინდა მოწამეებთანაც დიდ კადნიერებას იჩენდა და საფრთხეს არ ეპუებოდა, ისე რომ მოწამეებს ვაჟკაცურად უახლოვდებოდა და დიდი კადნიერებით ამბორით ესალმებოდა, ხშირად გაშმაგებულ წარმართთა ბრბო წრედ შემოერტყმოდა, ცოტა აკლდა და ქვებით ჩაქოლავდნენ, ღვთის მარჯვენის შემწეობას მაშინვე სასწაულებრივად რომ არ დაეხსნა. იგივე საღვთო და ციური მადლი სხვა დროს, როდესაც შეთქმულებას აწყობდნენ კვლავაც და კვლავაც, _ შეუძლებელია ყველა შემთხვევა აღინიშნოს, - ქრისტეს მოძღვრების მიმართ მეტი წადიერებისა და კადნიერების გულისთვის იცავდა. ურწმუნოებს ომი ჰქონდათ გაჩაღებული მის მიმართ და ჯარისკაცები იყვნენ შეკრებილი მისი სახლის გარშემო, სადაც რჩებოდა, რადგან მრავალი ღებულობდა მასთან დამოძღვრას წმინდა სარწმუნოებაში. ასე ყოველდღე აღეგზნებოდა მის წინააღმდეგ დევნულება, რომ მთელ ქალაქში აღარსად დაედგომებოდა, სახლიდან სახლში გადადიოდა, ყველა ადგილიდან დევნილი იყო მისი მეშვეობით საღვთო მოძღვრების მიმღებთა სიმრავლის გამო. რადგან მის მიერ ნამოქმედარი ყველაზე ნამდვილი ფილოსოფიის მართებული საქმეები მეტად საკვირველი იყო (როგორც ნათქვამია, "როგორიც იყო მისი სიტყვა, ისეთი იყო მისი ცხოვრების წესი"* და "როგორიც იყო მისი ცხოვრების წესი, ისეთი იყო მისი სიტყვა"), განსაკუთრებით ამიტომაც, ღვთის ძალის შეწევნით, ათასობით ადამიანი შეყავდა თავის მოშურნეობაში.
როდესაც დაინახა, რომ მრავალი მოწაფე მოდიოდა მასთან, მაშინ როცა ეკლესიის წინამძღვრის დემეტრიოსისგან მხოლოდ მას ებარა დამოძღვრა, ჩათვალა, რომ გრამატიკის სწავლება არ ეთანხმებოდა საღვთო განათლებაში წვრთნას. უყოყმანოდ ჩამოშორდა უსარგებლო და წმინდა საგნების საპირისპირო მწერლობის სწავლებას. შემდეგ გონივრულად მოიფიქრა, სხვების დახმარება რომ არ დასჭირვებოდა, რაც აქამდე ძველი მწერლობის თხზულებები ჰქონდა სიყვარულით მოვლილი, გასცა და მისთვის საკმარისი იყო, მყიდველს დღეში ოთხი ობოლი მიეცა. მრავალი წლის განმავლობაში ფილოსოფოსთა ცხოვრების ასეთ წესს მისდევდა: ყმაწვილური გულისთქმების მთელი ნივთი საკუთარი თავისგან განიშორა, მთელი დღეების განმავლობაში ასკეტიზმის არა მცირედი ღვაწლი ეტვირთა, ღამით კი დიდი ხნით საღვთო წერილზე ზრუნვას უძღვნიდა თავს; ცხოვრების ყველაზე ფილოსოფიურ წესს, რამდენადაც შესაძლო იყო, იცავდა, ზოგჯერ მარხვაში წვრთნით, ზოგჯერ ძილის ხანგრძლივობის გამოზომვით, რასაც მოშურნეობის გამო საერთოდ არ ატარებდა საწოლზე, არამედ იატაკზე. ყველაზე მეტად ფიქრობდა იმაზე, რომ უნდა დაეცვა მაცხოვრის სახარებისეული სიტყვები, რომელიც შეაგონებდა იმის შესახებ, რომ არც ორი მოსასხამით, არც ფეხსაცმელით ესარგებლათ, არც მომავალზე ფიქრით დატანჯულიყვნენ. მის ასაკზე უფრო დიდი გულმოდგინების გამოჩენით, სიცივეს ტანშიშველი უძლებდა და უპოვარების ზეაღმატებული მწვერვალისკენ ისწრაფოდა. მის გარშემო მყოფთ ძლიერ ანცვიფრებდა, ათასობით ადამიანი დამწუხრებული ევედრებოდა მას, გაეზიარებია მათი ქონება, როდესაც ხედავდნენ საღვთო საგნების სწავლებისას მის მიერ ნაკისრ ღვაწლს. თვითონ კი არ თმობდა ამტანობას. ამბობენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში მიწაზე დადიოდა ფეხსაცმლის გარეშე, უფრო მეტიც, ღვინის სმისა და აუცილებელი საკვების გარდა სხვა რამისგანაც თავს იკავებდა მრავალი წლის განმავლობაში, ისე რომ მუცლის განადგურებისა და დაზიანების საფრთხეში ჩავარდა.
ფილოსოფიური ცხოვრების ასეთ მაგალითებს იძლეოდა მაყურებელთათვის, ბუნებრივია, მსგავსი მოშურნეობის მიმართ აღძრავდა მრავალ მოწაფეს, ისე რომ უკვე ურწმუნო წარმართებისგან, და განათლებასა და ფილოსოფიაში განსწავლულთაგან თავისი დამოძღვრით არა მცირედს წარიტაცებდა. თვით ისინი კი მისი მეშვეობით სულის სიღრმეში ღვთის სიტყვისადმი რწმენის ნამდვილად მიმღებნი სახელს იხვეჭდნენ მოწევნული დევნულების დროს, ისე რომ ზოგი მათგანი შეპყრობილ იქნა და მოწამეობრივადაც აღესრულა.
---------------------------------------------------------------------------
* შდრ. პლატონი, სახელმწიფო, 400 d - მთარგ.
IV
მათგან პირველი იყო ახლახან ნახსენები პლუტარქე, რომელიც როდესაც სასიკვდილოდ მიყავდათ, მასთან ერთად სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იმყოფებოდა ის (ე. ი. ორიგენე - მთარგ.), ვის შესახებაც ვსაუბრობთ; და მისმა მოქალაქეებმა კინაღამ მოკლეს [ორიგენე], როგორც მისი სიკვდილის ცხადი მიზეზი; მაშინაც ღვთის განზრახვამ დაიცვა იგი. პლუტარქეს შემდეგ ორიგენეს მოწაფეთაგან მეორე მოწამედ წარმოჩნდა სერენიუსი, მან ცეცხლის მეშვეობით ჩააბარა იმ რწმენის გამოცდა, რაც მიიღო. იმავე სკოლიდან მესამე მოწამე გახდა ჰერაკლიდე, მის შემდეგ მეოთხე - ჰერონი, პირველი ჯერ კიდევ კათაკმეველი იყო, მეორე კი - ახლად მონათლული, რომელთაც თავი მოკვეთეს. მათ გარდა ნაქადაგები იქნა ამავე სკოლის მეხუთე მებრძოლი ღვთისმოსავობისა, სერენიუსი, ზემოხსენებულისაგან განსხვავებული, რომელიც გადმოცემით მრავალი წამების დათმენის შემდეგ თავის მოკვეთით დაისაჯა. ქალთაგან კი იყო ჰერაისი, ჯერ კიდევ კათაკმეველი, როგორც თვითონ [ორიგენე] ამბობს ერთგან, "ცეცხლის მეშვეობით ნათლობის მიმღები" წავიდა ამქვეყნიდან.
V
მათ შორის მეშვიდე ადგილზე უნდა აღირიცხოს ბასილიდე, ვისაც თან ახლდა სახელგანთქმული პოტამიანე, რომლის შესახებ გადმოცემას დღემდე გალობენ თანამემამულეები, მისი სხეულის სიწმინდისა და სიქალწულის გამო, რითაც გამოირჩეოდა, და ებრძოდა მასზე შეყვარებულებს (რადგან იგი ყვაოდა სულითაც და სხეულის გარეგნობითაც), და მრავალი რამ დაითმინა. დასასრულ, სათქმელად საშინელი და შემაძრწუნებელი წამების შემდეგ ცეცხლით აღესრულა დედასთან მარკელესთან ერთად. ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მსაჯულმა (მისი სახელი იყო აკვილა) მთელი მისი სხეული მძიმედ ტანჯა, ბოლოს, თავხედურად დაემუქრა, რომ მის სხეულს გლადიატორებს გადასცემდა. თავის თავში მცირე ხნით ჩაფიქრების შემდეგ ჰკითხეს, თუ რა გადაწყვიტა; მან ისეთი პასუხი გასცა, რაც მათი აზრით რაღაც უწმინდურს გულისხმობდა. სიტყვის წარმოთქმასთან ერთად მიიღო სასამართლოს განაჩენი, და ბასილიდემ, ერთ-ერთმა ჯარში მსახურთაგან, წაიყვანა იგი მოსაკლავად. როდესაც ბრბო შეკრებილი იყო მის გარშემო და ცდილობდა ბილწი სიტყვებით მის შეურაცხყოფას, იგი აკავებდა მათ და დევნიდა შეურაცხმყოფელთ, დიდ წყალობასა და კაცთმოყვარეობას იჩენდა მისდამი. ის კი მის მიმართ გამოვლენილ თანაგრძნობას ღებულობდა და ჭაბუკს სიმტკიცისაკენ მოუწოდებდა, რისთვისაც, აქედან რომ წავიდოდა, მის თავს თავისი უფლისგან გამოითხოვდა და მცირე ხანში მის მიმართ გაკეთებულის გამო სამაგიეროს მიუზღავდა. ეს უთხრა და კეთილშობილურად დაითმინა აღსასრული, როდესაც ადუღებულ ფისს სხეულის სხვადასხვა ასოზე ფეხის წვერებიდან თავის მწვერვალამდე ნელა და წვეთ-წვეთად ასხამდნენ მას. ასეთი იყო ამ ქალიშვილის ბრძოლა, რასაც უმღეროდნენ. მცირე დროის გასვლის შემდეგ რაღაც მიზეზის გამო ბასილიდეს მასთან ერთად მყოფმა ჯარისკაცებმა მოსთხოვეს დაფიცება, მან დაიჟინა, რომ მას საერთოდ არ ჰქონდა დაფიცება ნებადართული, რადგან ქრისტიანი იყო და ამას ცხადად აღიარებდა. პირველად ფიქრობდნენ, რომ ხუმრობდა, ხოლო როდესაც მტკიცედ განაცხადა, წაიყვანეს მსაჯულთან, ვის წინაშე წარდგომილმაც აღიარა, და გადასცეს საპყრობილეში. როდესაც ღვთისმიერ მისი ძმები მასთან მივიდნენ და მისი მეყსეული და სასწაულებრივი აღძვრის მიზეზი გამოიკითხეს, ამბობენ, მან თქვა, რომ მოწამეობის შემდეგ მესამე დღეს ღამით გამოეცხადა პოტამიანა, მას თავზე გვირგვინი ედგა და ამბობდა, რომ უფალს სთხოვა მადლი მისთვის, თხოვნის დაკმაყოფილება მიიღო და არცთუ მრავალი ხნის შემდეგ მას წაიყვანდა. ამის შემდეგ ძმებმა მას უფლის ბეჭედი გადასცეს*, მომდევნო დღეს უფლისათვის მოწამეობით გამორჩეულს თავი მოკვეთეს. მოგვითხრობენ, რომ ხსენებული პიროვნებების დროს ალექსანდრიაში სხვა მრავალი ადამიანი ერთბაშად მივიდა ქრისტეს სიტყვასთან, როდესაც სიზმარში ეცხადებოდათ პოტამიანე და მოუწოდებდა მათ. მაგრამ ვიკმაროთ ეს ამბები[4].
------------------------------------------------------
* იგულისხმება ნათლისღება - მთარგ.
VI
პანტენოსი შეცვალა კლიმენტიმ, რომელიც ალექსანდრიაში იმჟამად წინამძღვრობდა კათაკმეველთა დამოძღვრას, მისი მოსწავლე იყო ორიგენე. როდესაც კლიმენტი "სტრომატების" ნაშრომს ქმნის, პირველ წიგნში გადმოცემს ქრონოლოგიას, კომოდუსის[5] აღსასრულით შემოსაზღვრავს თარიღებს; ასე რომ, ცხადია, სევერუსის დროს შეადგინა ნაშრომი, რომლის ზეობის ხანაზე მოგვითხრობს აქ წარმოდგენილი თხზულება.
VII
ამავე დროს აგრეთვე იუდამ[6], სხვა მწერალმა, დანიელთან [ნახსენებ] შვიდ შვიდეულზე წერილობით ისაუბრა; ჟამთა აღწერას იგი წყვეტს სევერუსის მეფობის მეათე წელთან. იგი ფიქრობდა, რომ უკვე იმ დროს მოახლოებული იყო ანტიქრისტეს მოსვლა, რაზეც შეუჩერებლად ლაპარაკობდნენ. ასე ძლიერ აშფოთებდა მრავალთა გონებას ჩვენს წინააღმდეგ აღძრული დევნულება.
VIII
ამ დროს, როდესაც ორიგენე კათაკმეველთა დამოძღვრის საქმეს აღასრულებდა ალექსანდრიაში, მან ჩაიდინა მოუმწიფებელი და ყმაწვილური გონებისათვის დამახასიათებელი საქციელი, თუმცა, რწმენისა და თავშეკავებულობის უდიდესი მაგალითის შემცველი. რადგან გამონათქვამი: "არიან საჭურისები, რომლებიც ცათა სასუფევლის გამო დაისაჭურისებენ თავს~ (მათ. 19,21), - მან მარტივად და ყმაწვილურად მიიღო, ფიქრობდა, რომ მაცხოვრის სიტყვას ასრულებდა, და ასევე, რათა ურწმუნოებთან სამარცხვინო ცილისწამებისათვის ყოველგვარი ეჭვი გამოერიცხა (რადგან ახალგაზრდა ასაკში არა მხოლოდ მამაკაცებს, არამედ ქალებსაც ესაუბრებოდა საღვთო საკითხებზე), იჩქარა, მაცხოვნებელი სიტყვა საქმით აღესრულებია; ფიქრობდა, რომ ეს მრავალი მისი მოწაფისთვის დაფარული იქნებოდა. მაგრამ არ შეეძლო მიუხედავად სურვილისა ასეთი საქმის დაფარვა. როდესაც მოგვიანებით დემეტრიოსმა შეიტყო, ადგილობრივი დიოცეზის წანამძღვარმა, ძალიან გაუკვირდა მისი გამბედაობა, მოიწონა მისი რწმენის გულმოდგინება და სიწრფელე, ამხნევებდა, მოუწოდებდა ახლა უფრო მეტი მგზნებარებით შესდგომოდა დამოძღვრის საქმეს.
იმ დროს იგი ასეთი იყო. მცირე ხნის შემდეგ კი, როდესაც მან დაინახა, რომ იგი წარემატებოდა და ყველგან იყო სახელგანთქმული როგორც დიდი და ბრწყინვალე ადამიანი, მან ადამიანური სისუსტით ძლეულმა სცადა მსოფლიოს ეპისკოპოსებისათვის ეს საქციელი, როგორც ყველაზე უმსგავსო, ისე აღეწერა; როდესაც პალესტინაში განსაკუთრებით გამოცდილმა და გამოჩენილმა ეპისკოპოსებმა კესარიისა და იერუსალიმისა* გადაწყვიტეს, რომ ორიგენე უმაღლესი პატივის ღირსი იყო, და პრესვიტერად დაასხეს ხელი[7]. ამგვარად, როდესაც ესოდენ გაიზარდა მისი დიდება და ყველგან ყველასთან არა მცირე სიბრძნისა და სათნოების სახელი მოიხვეჭა, დემეტრიოსს სხვა არანაირი ბრალდების წაყენება რომ არ შეეძლო, ძველად ახალგაზრდობაში მის მიერ ჩადენილ საქმეზე საშინელი ცილისწამება შეთხზა, და გაბედა ბრალდებებში ჩაეთრია მისი ხუცესის ხარისხში ამყვანნი.
ეს ცოტა მოგვიანებით მოხდა. მაშინ ორიგენე ალექსანდრიაში საღვთო საგნებში დამოძღვრის საქმეს ყველასათვის, ვინც მასთან მოდიოდა, თავდაუზოგავად აღასრულებდა დღისითაც და ღამითაც, თავისუფალი დრო საღვთო საგნებისა და მისი მოსწავლეებისათვის დაუღალავად ჰქონდა მიძღვნილი.
თვრამეტი წლის განმავლობაში სევერუსის მმართველობის შემდეგ იგი შეცვალა ვაჟიშვილმა ანტონინუსმა[8]. მის დროს გაჩაღებული დევნულებისას გამოწრთობილთაგან და აღსარებებში ბრძოლების შემდეგ ღვთის წინაგანგებით გადარჩენილთაგან ერთი ვინმე ალექსანდრე, ვინც ახლახანს იერუსალიმის ეკლესიის ეპისკოპოსად მოვიხსენიეთ, ვინც თავი გამოიჩინა ქრისტეს გამო აღსარებებით, ზემოხსენებული ეპისკოპოსობის ღირსი გახდა, როდესაც მისი წინამორბედი, ნარკისოსი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
--------------------------------------------------------------
* თეოკტისტემ და ალექსანდრემ - მთარგ.
IX
სამრევლოს მოქალაქეები ნარკისოსის მრავალ სხვა სასწაულს იხსენებენ მონაცვლეობის მიხედვით ძმების გადმოცემით. მათ შორის მოგვითხრობენ მისი მეშვეობით მომხდარ ასეთ საკვირველებას. ამბობენ, რომ ერთხელ აღდგომის დიდი ღამისთევისას, დიაკვნებს დააკლდათ ზეთი, რის გამოც მთელი ხალხი საშინელ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ნარკოსოსმა უბრძანა მათ, რომლებსაც მზადყოფნაში მოყავდათ განათება, ჩამოესხათ წყალი და მოეტანათ. როგორც კი ეს თქვა და მათაც გააკეთეს, მან ილოცა წყალზე და უფლისადმი ჭეშმარიტი რწმენით ბრძანა ჩაესხათ კანდელებში. როდესაც ესეც გააკეთეს, ყოველგვარი საღი აზრის საპირისპიროდ ღვთის სასწაულებრივი ძალით წყლის ბუნებითი თვისებები შეიცვალა ზეთად, და აქედან მოყოლებული ჩვენს დრომდე ბევრ იქაურ ძმასთან შემონახულია მაშინდელი საკვირველების მცირე რამ მტკიცებულება.
მაგრამ ამ კაცის ცხოვრების შესახებ მრავალ რამეს მოხსენიების ღირსს აღნუსხავენ, რომელთა შორის არის შემდეგი. მის ძალასა და ცხოვრების სიმტკიცეს ვერ იტანდნენ ზოგიერთი უკეთური კაცუნები, ეშინოდათ, არ შეეპყრათ და წაეყვანათ სამსჯავროზე (აცნობიერებდნენ, რომ მრავალი ბოროტი საქმე ჰქონდათ ჩადენილი), მოვლენებს დაასწრეს და მის წინააღმდეგ მოაწყვეს შეთქმულება და საშინელი ცილისწამება გაავრცელეს. შემდეგ მსმენელების დასარწმუნებლად ფიცით განამტკიცეს ბრალდებები. ერთმა დაიფიცა, რომ "[თუ ეს სიცრუეა], ცეცხლით დავიწვა", მეორემ კი, - "საშინელი სნეულებით დაიტანჯოს სხეული", მესამემ კი, - "თვალები დამიბრმავდეს". მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იფიცებოდნენ, მორწმუნეებმა არ მიაქციეს მათ ყურადღება, რადგან ყველას წინაშე ბრწყინავდა ნარკისოსის ბრძნული და ზნეობრივი ცხოვრების წესი. მან კი ვერ აიტანა ის უზნეობა, რასაც ამბობდნენ, და თუმცა დიდი ხნის განმავლობაში მისდევდა ფილოსოფიურ ცხოვრების წესს, გაექცა ეკლესიის მთელ კრებულს, უდაბნოებსა და უცნობ ადგილებში იმალებოდა და იქ მრავალი წელი გაატარა. მაგრამ სამართლიანობის დიდი თვალი მშვიდად არ უყურებდა ამ საქმეებს, მალე მოევლინა უღმერთოებს იმ უბედურებებით, რითაც თავიანთი თავის წინააღმდეგ ფიცით შეკრულ იქნენ. პირველის შემთხვევაში, ყოველ მიზეზ გარეშე პირდაპირ ასე, პატარა ნაპერწკალი დავარდა სახლში, რომელშიც იმყოფებოდა, ღამე მთლიანად წაეკიდა მას ცეცხლი და ყველა ნათესავთან ერთად დაიწვა. მეორე კი მთელი სხეულით ფეხის წვერებიდან თავამდე დაიფარა იმ სნეულებით, რაც თვითონ მიუსაჯა თავის თავს. მესამემ, როდესაც მიხვდა, რა შეემთხვათ პირველ ორს, ყოვლისმხედველი ღმერთის გარდაუვალი სამართლისაგან შეშინებულმა აღიარა მათ მიერ ერთობლივად მოწყობილი მზაკვრობა. ესოდენ იტანჯებოდა მონანული და მოთქმა-გოდებით ცრემლების ღვრას არ წყვეტდა, ვიდრე ორივე თვალი არ დაუზიანდა.
და მათ ასეთი სასჯელი მიეზღოთ სიცრუისათვის.
X
როდესაც ნარკისოსი წავიდა და არავინ იცოდა, სად შეიძლებოდა, ყოფილიყო, მოსაზღვრე ეკლესიების წინამძღვრებმა საჭიროდ ჩათვალეს სხვა ეპისკოპოსის ხელდასხმა. მისი სახელი იყო დიოსი, რომელიც არა მრავალი ხნის შემდეგ შეცვალა გერმანიონმა, ხოლო იგი - გორდიოსმა[9], რომლის დროსაც როგორც გაცოცხლებული საიდანღაც გამოჩნდა ნარკისოსი და კვლავ მოუხმეს მას ძმებმა წინამდგომელობისათვის. ყველა უფრო მეტად იყო აღფრთოვანებული მისი წასვლისა და ფილოსოფიური ცხოვრების წესის გამო და, ყველაფერთან ერთად, იმით, რომ ღვთისგან სამაგიეროს მიზღვის ღირსი გახდა.
XI
და როდესაც მეტად აღარ შეეძლო მსახურების აღსრულება ღრმა მოხუცებულობის გამო, ზემოხსენებულ ალექსანდრეს[10], სხვა დიოცეზის ეპისკოპოსს, ღვთის განგებულებამ მოუხმო ნარკისოსთან ერთად მსახურებისათვის და მას ღამით ხილვაში გამოეცხადა. ამგვარად, იგი ღვთის ნებით კაბადოკიელთა ქვეყნიდან, სადაც პირველ ეპისკოპოსად იყო ღირსქმნილი, იერუსალიმისკენ მოლოცვისა და [წმინდა] ადგილთა გაცნობის მიზნით აღასრულა მოგზაურობა. იქაურებმა ყველაზე გულითადად მიიღეს და არწმუნებდნენ, შინ აღარ დაბრუნებულიყო სხვა გამოცხადების თანახმად, რაც მათაც ეჩვენა ღამით და ერთიდაიგივე ხმა ყველაზე ცხადად მათგან განსაკუთრებით მოშურნეებს ეუწყა. მან განუცხადა, რომ უნდა გასულიყვნენ კარიბჭის გარეთ და მათთვის ღვთისგან წინაგანსაზღვრულ ეპისკოპოსს უჩვენებდა. როდესაც ეს გააკეთეს, ეპისკოპოსთა საერთო აზრთან ერთად, რომლებიც მართავდნენ მახლობლად მყოფ ეკლესიებს, აუცილებლობით აიძულეს იგი, რომ დარჩენილიყო. თვითონ ალექსანდრეც იხსენებს მასთან ერთად ნარკისოსის თავმჯდომარეობას საკუთარ ეპისტოლეებში ანტინოიტელების მიმართ, რაც ახლაც არის ჩვენთან შემონახული, ამას სიტყვასიტყვით ეპისტოლეს ბოლოში წერს: "მოგესალმებათ თქვენ ნარკისოსი, ჩემს უწინარეს აქ ეპისკოპოსობის ხარისხის მქონე და ახლაც ჩემთან ერთად მყოფი ლოცვებში, ასთექვსმეტ წელს მიწევნული, მოგიწოდებს თქვენ, მსგავსადვე მეც, რომ ვიყოთ ერთსულოვანი"[11].
ასეთი ამბები იყო. როდესაც ანტიოქიის ეკლესიაში განისვენა სერაპიონმა, ეპისკოპოსობა მიიღო ასკლეპიადემ[12], მანაც დევნულებისას აღსარებებით გამოიჩინა თავი. ალექსანდრე ასევე იხსენებს მის დადგინებას და ასე წერს ანტიოქიელებს: "ალექსანდრე, მონა და ტყვე იესო ქრისტესი, ანტიოქიელთა ნეტარ ეკლესიას გიხაროდეთ უფალში. ჩემთვის მსუბუქი და ადვილი გახადა ბორკილები უფალმა, როდესად საპყრობილეში თავის დროზე გავიგე, რომ თქვენი, ანტიოქიელთა წმინდა ეკლესიაში საღვთო წინაგანგებით ეპისკოპოსობა გადაეცა ასკლეპიადეს, რწმენის ღირსებით ყველაზე გამოსადეგ კაცს".
აღნიშნავს, რომ ეს ეპისტოლე კლიმენტის ხელით გაგზავნა, ბოლოში კი ამას წერს: "ჩემო, ძმებო, ეს წერილი გამოვგზავნე ნეტარი პრესვიტერის კლიმენტის, სათნო და გამოცდილი კაცის, მეშვეობით, რომელზეც გსმენიათ და მას გაიცნობთ კიდევაც. მან აქ მყოფმა მეუფის წინაგანგებითა და ზედამხედველობით განამტკიცა და განამრავლა უფლის ეკლესია".
XII
სერაპიონის მწერლობაში წვრთნის სხვა ჩანაწერებიც ნამდვილად არის შემორჩენილი სხვებთან, ჩვენამდე კი მხოლოდ "დომნოსის მიმართ" თხზულებებმა მოაღწია, ეს დომნოსი დევნულების ჟამს ქრისტესადმი რწმენიდან გადავარდა იუდაურ ცრუ მსახურებაში; და აგრეთვე "პონტიუსისა და კარიკუსის მიმართ", რომლებიც იყვნენ ეკლესიური ადამიანები; და სხვათა მიმართ მიწერილი სხვა ეპისტოლეებიც. მან შეადგინა სხვა თხზულება "პეტრეს სახარებად წოდებულის შესახებ", რომელშიც ამხილა მასში გამოთქმული სიცრუე იმ პიროვნებების გამო, ვინც როსონის დიოცეზში ხსენებული თხზულების მიზეზით სხვაგვარადმადიდებელი მოძღვრებისაკენ გადაიხარა[13]. გონივრული იქნება აქედან მოვიყვანოთ მცირე ამონარიდი, მისი მეშვეობით წარმოვაჩენთ იმ აზრს, რაც მას აქვს ამ წიგნის შესახებ, და წერს შემდეგს: "რადგან ჩვენ, ძმებო, ვღებულობთ პეტრესაც და სხვა მოციქულებსაც როგორც ქრისტეს, მაგრამ მათი სახელით გაყალბებულ თხზულებებს, როგორც გამოცდილნი, უარვყოფთ; ვიცით, რომ ასეთები არ მიგვიღია. რადგან მე, როდესაც თქვენთან ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ყველა მართალ სარწმუნოებას ატარებდით და არ გავეცანი მათ მიერ პეტრეს სახელით მოტანილ სახარებას; ვთქვი: თუ გგონიათ, რომ მხოლოდ ეს იწვევს თქვენში სულმოკლეობას, მაშინ იკითხეთ. მაგრამ ახლა, როდესაც ჩემს მიმართ ნათქვამიდან შევიტყვე, რომ მათი გონება რაღაც მწვალებლობაში ჩაძვრა, ვიჩქარებ, კვლავ თქვენთან გავჩნდე. ასე რომ, ძმებო, ცოტა ხანში მელოდეთ. ჩვენ კი, ძმებო, რომლებმაც გავიგეთ, თუ როგორი იყო მარკიანუსის მწვალებლობა (რომელიც თავისთავს უპირისპირდება, და არ იცის რა თქვას, რასაც შეისწავლით იქიდან, რაც თქვენ მოგწერეთ), ეს შევძელით სხვების, თვით ამ სახარების შემსწავლელთა მეშვეობით, ანუ ამ [მწვალებლობის] წამომწყებთა მონაცვლეების მეშვეობით, რომლებსაც ვუწოდებთ დოკეტებს[14] (რადგან მათი მოძღვრებიდან მოდის მრავალი აზრი); და მათი დახმარებით გადავიკითხეთ და აღმოვაჩინეთ მრავალი რამ მაცხოვრის მართალი სწავლებიდან, ზოგი რამ კი დამატებული ჰქონდა, რაც ქვემოთ გადმოვეცით თქვენთვის".
XIII
ეს არის სერაპიონის ნაწერები.
კლიმენტის "სტრომატები" კი, ყველა რვავე, შემონახულია ჩვენთან, რომელსაც ასეთი სათაური განუკუთვნა: "ტიტუს ფლავიუს კლიმენტის ჭეშმარიტი ფილოსოფიის მიხედვით გნოსტიკოსების მოსახსნებლების სტრომატები", ამავე რაოდენობის წიგნებისგან შედგება მისი თხზულება სათაურით "ჰიპოტიპოსები", რომელშიც სახელით მოიხსენიებს მის მასწავლებელს, პანტენოსს და გადმოცემს წმინდა წერილისა და გადმოცემის მისეულ განმარტებებს. მას ეკუთვნის ასევე "ელინების მიმართ სიტყვა მომაქცეველი", სამი წიგნი სათაურით "პედაგოგი" და "ვინ არის მდიდარი, რომელიც ცხონდება?" (ასეთი არის მისი მეორე თხზულების სათაური), ასევე თხზულება "პასექის შესახებ", საუბრები "მარხვის შესახებ" და "ცილისწამების შესახებ", აგრეთვე "შეგონება დათმენისათვის", ანუ "ახლად მონათლულთა მიმართ", და წიგნი სათაურით "საეკლესიო კანონი", ანუ "იუდაურად მოაზროვნეთა წინააღმდეგ"*, რომელსაც ზემოხსენებულ ეპისკოპოს ალექსანდრეს უძღვნის.
"სტრომატებში" იგი არამხოლოდ საღვთო წერილის ნაირგვარობას წარმოაჩენს, არამედ აგრეთვე ბერძენთა თხზულებებისასაც; რასაც კი მიიჩნევდა, რომ მათაც თქვეს რაიმე სასარგებლო; და მოიხსენიებს მრავალთა როგორც ელინების, ასევე ბარბაროსების შეხედულებებს, განმარტავს მათ, და მეტიც, მწვალებელთა მეთაურების ცრუ მოსაზრებებს გამართავს, მოგვითხრობს მრავალ ამბავს და ჩვენ გვაძლევს მრავალმხრივი განათლების შემცველ შრომას. ამ ყოველივესთან შეაზავებს ფილოსოფოსთა შეხედულებებს. ამგვარად, შრომის შესატყვისს ხდის "სტრომატების" სათაურს. მათში იგი იყენებს მოწმობებს საეჭვო წერილებიდან, როგორებიცაა: ე. წ. "სიბრძნე სოლომონისა" და "სიბრძნე იესო ზირაქის ძისა", "ებრაელთა მიმართ ეპისტოლე", ასევე ბარნაბას, კლიმენტისა და იუდას ეპისტოლეებს; იხსენიებს ტატიანეს თხზულებას "ელინების წინააღმდეგ" და კასიანეს - მანაც შეადგინა ჟამთააღწერა; გარდა ამისა ფილონის, არისტობულეს, იოსების, დემეტრიოსისა და ევპოლემოსის, - იუდეველი მწერლების, რომლებმაც, ყველა მათგანმა წერილობით დაამტკიცეს, რომ ელინთა მოდგმის წარმოშობაზე უფრო უხუცესია მოსე და იუდეველთა მოდგმა[15]. და სხვა მრავალი განსწავლულობით არის სავსე ამ კაცის ზემოხსენებული წიგნები. მათგან პირველში თავისი თავის შესახებ აჩვენებს, რომ მოციქულთა მონაცვლეებთან ახლოს იმყოფებოდა, მათში გვპირდება, რომ "შესაქმისთვისაც" დაწერდა განმარტებებს.
მის თხზულებაში "პასექის შესახებ" აღიარებს, რომ მეგობრებმა აიძულეს ძველი პრესვიტერებისაგან მოსმენილი გადმოცემა წერილობთი გადაეცა მომავალი თაობებისათვის; მასში კი იხსენიებს მელიტონს და ირინეოსს და ზოგიერთ სხვასაც, რომელთა ამბებს მოგვითხრობს.
-----------------------------------------------
* ან "მიმართ" - მთარგ.
XIV
"ჰიპოტიპოსებში", მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი კანონიკური წმინდა წერილის შემოკლებულ თხრობას გადმოცემს, არც საეჭვო წიგნებს უვლის გვერდს, ვგულისხმობ იუდას და დანარჩენ კათოლიკე ეპისტოლეებს, ბარნაბას ეპისტოლესა და პეტრეს ე. წ. "გამოცხადებას". ებრაელთა მიმართ ეპისტოლეზე ამბობს, რომ ეკუთვნის პავლეს და ებრაელებისათვის ებრაულ ენაზეა დაწერილი, ხოლო ლუკამ გულმოდგინედ გადათარგმნა იგი და გადასცა ბერძნებს, რის გამოც ერთსა და იმავე სტილს აღმოვაჩენთ თარგმანის მიხედვით ამ ეპისტოლეშიც და "საქმეებშიც"; ბუნებრივია ის, რომ დასაწყისში არ წერია "პავლე მოციქული". იგი ამბობს: "რადგან როდესაც მიწერა ებრაელებს, რომლებსაც მის წინააღმდეგ ჰქონდათ წინასწარ აკვიატებული აზრი და ეჭვის თვალით უყურებდნენ მას, სავსებით გონივრულად მოიქცა, რომ თავიდანვე არ განიშორა ისინი თავისი სახელის წარწერით".
შემდეგ ქვემოთ დასძენს: "ახლა კი, როგორც ნეტარი პრესვიტერი ამბობდა, მას შემდეგ, რაც უფალი, ყოვლისმპყრობელის მოციქულად მყოფი, ებრაელებთან წარიგზავნა, პავლე თავშეკავებულობის გამო, როგორც წარმართებთან წარგზავნილი, არ წერდა თავის თავზე როგორც ებრაელთა მოციქული, უფლისადმი პატივის მიგების გამო და იმის გამოც, რომ ებრაელებს მიწერა მისი სისავსისგან, მაშინ როცა თვითონ წარმართების მქადაგებელი და მოციქული იყო" (შდრ. ებრ. 3,1; საქმე 22, 21; 1 ტიმ. 2,7; 2 ტიმ. 1,11; რომ. 11, 13).
კვლავ იმავე წიგნში კლიმენტი სახარებების თანმიმდევრობის შესახებ გვაუწყებს პირველი ხუცესების გადმოცემას შემდეგი სახით. ამბობს, რომ სახარებებიდან პირველად დაიწერა ისინი, რომლებიც შეიცავს გვარტომობას; მარკოზის სახარებას კი ასეთი განგებულება ჰქონდა: როდესაც პეტრე რომში სახალხოდ ქადაგებდა სიტყვას და სულიწმინდით სახარებას წარმოთქვამდა, იქ მყოფი მრავალი მოუწოდებდა მარკოზს, როგორც დიდი ხნის განმავლობაში მის მიმდევარსა და მისი ნათქვამის მეხსიერებით შემნახველს, აღეწერა წარმოთქმული [სიტყვა]. მან შექმნა სახარება მისი მთხოვნელთათვის გადასაცემად. როდესაც ეს პეტრემ გაიგო, არც ბრძანებით აუკრძალა, არც წააქეზა. ბოლოს კი იოანემ, როდესაც გააცნობიერა, რომ სახარებებში გადმოცემულია სხეულებრივი* ამბები, მოწაფეების დარწმუნებით სულიწმინდით ღმერთშემოსილმა შექმნა სულიერი სახარება. ამას გვაუწყებს კლიმენტი.
კვლავ ზემოხსენებული ალექსანდრე ორიგენეს მიმართ რომელიღაც ეპისტოლეში იხსენიებს კლიმენტის და მასთან პანტენოსსაც, როგორც მისთვის ცნობილ პიროვნებებს, და წერს ამგვარად: "როგორც იცი, ესეც ღვთის ნება იყო, რათა წინაპართაგან მომავალი ჩვენი სიყვარული შეუბღალავი დარჩენილიყო, უფრო მეტად თბილი ყოფილიყო და მტკიცე, რადგან ვიცნობთ, როგორც ნეტარ მამებს, რომლებიც ჩვენს უწინარეს გაემგზავრნენ, და რომლებთანაც ცოტა ხნის შემდეგ ჩვენც ვიქნებით: პანტენოსს, ჭეშმარიტად ნეტარსა და ჩემს უფალს, და წმინდა კლიმენტს, ვინც იყო ჩემი უფალი და შემწე, და სხვა მსგავსთ, რომელთა მეშვეობით შენ გაგიცანი, ყველაფერში საუკეთესოვ, ჩემო უფალო და ძმაო". ასეთ არის ეს ამბები.
ადამანტიოსი (რადგან ესეც იყო ორიგენეს სახელი), როდესაც ზეფირინუსი იმ დროს წინამძღვრობდა რომაელთა ეკლესიას, მის რომში ცხოვრებაზე ერთგან თვითონვე წერს, და ამბობს: "მსურდა მენახა რომაელთა უძველესი ეკლესია". იქ დიდხანს არ დარჩენილა და წავიდა ალექსანდრიაში, და იქაურობა დამოძღვრის ჩვეული საქმის მთელი მოშურნეობით აღავსო, როდესაც დემეტრიოსი, ადგილობრივი ეპისკოპოსი, ჯერ კიდევ აღძრავდა მას და თითქმის ევედრებოდა, დაუღალავად ეღვაწა ძმების შეწევნისათვის.
-----------------------------------------------------------
* გარეშე საქმეთა ამსახველი, ე.ი. ისტორიული - მთარგ.
XV
მან კი, როდესაც დაინახა, რომ მას აღარ შეეძლო საღვთო საგნების უფრო ღრმად შესწავლა, წმინდა წერილის გამოკვლევა და განმარტება, გარდა ამისა მასთან მომავალთა დამოძღვრა არ აძლევდა სულის მოთქმის საშუალებას (მოწაფეები ერთი მეორის მონაცვლეობით დილიდან საღამომდე იმყოფებოდნენ სასწავლებელში), მან ჯგუფებად დაყო მათი სიმრავლე. მოწაფეთაგან გამოარჩია ჰერაკლასი, რომელიც საღვთო საგნებში მოშურნე იყო, გარდა ამისა - ყველაზე გონებამახვილი კაცი და არც ფილოსოფიის უმეცარი, და მას გაუნაწილა დამოძღვრის საქმე: მას განუკუთვნა მოძღვრების საფუძვლების შემსწავლელთა პირველი საფეხურის შესავალი, თავისთვის კი შემოინახა დამოძღვრის მომდევნო საფეხურზე მყოფი მსმენელები.
XVI
საღვთო სიტყვების ისეთი ზედმიწევნით კვლევა შემოიტანა ორიგენემ, რომ ებრაული ენა შეისწავლა და იუდევლებთან გავრცელებული წმინდა წერილის თვით ებრაული ასოებით დაწერილი დედნები შეიძინა. მიაგნო "სამოცდაათთა" გარდა წმინდა წერილის სხვა მთარგმნელთა გამოცემების კვალს, და აკვილას, სვიმაქოსის და თეოდოტიონის[16] ცნობილი თარგმანების გარდა სხვებიც აღმოაჩინა, რომელთა, ძველ დროში დამალულთა, კვალს მიაგნო და, არ ვიცი რა სიღრმეებიდან, დღის სინათლეზე გამოიტანა. მათ შესახებ მათი დაფარულობის გამო (არც იცოდა, ვისი იყო) მხოლოდ ეს აღნიშნა, რომ აღმოაჩინა აქტიუმის მახლობლად, ნიკოპოლში, სხვა კი სხვა ასეთსავე ადგილას. ფსალმუნების ჰეგზაპლებს შორის ოთხი ცნობილი გამოცემის შემდეგ არა მხოლოდ მეხუთე, არამედ მეექვსე და მეშვიდე თარგმანიც გამოსცა; ერთი მათგანის შესახებ კვლავ აღნიშნა, რომ იერიქონში ქვევრში იპოვა სევერუსის ძმის ანტონინუსის დროს. მათ ყველას ერთად მოუყარა თავი, დაყო სვეტებად და ერთმანეთის გვერდით მოათავსა თვით ებრაულ ტექსტთან ერთად და ჩვენ ე. წ. "ჰეგზაპლების" ასლები დაგვიტოვა, ცალკე მოამზადა აკვილას, სვიმაქოსისა და თეოდოტიონის გამოცემები "სამოცდაათთან" ერთად "ტეტრაპლაში"[17].
XVII
თვითონ ამ მთარგმნელთაგან ცნობილია, რომ სვიმაქოსი ებიონელი იყო. ეგრეთ წოდებულ ებიონელთა სახელის მქონე მწვალებლობის მიმდევრები ამბობენ, რომ ქრისტე იშვა იოსებისგან და მარიამისგან და მას ლიტონ ადამიანად ღებულობდნენ, და ამტკიცებდნენ, რომ რჯულის დაცვა საჭირო იყო მკაცრი იუდაური წესით, როგორც ეს ვნახეთ წინარე ისტორიიდან, რომელიღაც ადგილას. სვიმაქოსის ჩანაწერები კი ახლანდელ დრომდე არის მოღწეული, რომელშიც, როგორც ვფიქრობ, მათეს სახარებას დაპირისპირებულ ზემოხსენებულ მწვალებლობას უჭერს მხარს. ამას ორიგენე სვიმაქოსის მიერ წმინდა წერილის სხვა განმარტებებთან ერთად აღნიშნავს, რომ ვინმე იულიანესგან მიიღო, და ამბობს, რომ მან თვით სვიმაქოსისგან[18] იმემკვიდრა ეს წიგნები.
XVIII
ამავე დროს ამბროსიც ვალენტინეს მწვალებლობების შეხედულების გამზიარებელი, ორიგენეს მიერ წარმოჩენილი ჭეშმარიტებისაგან მხილებული და როგორც სინათლით გონებაგაბრწყინებული შეუერთდა საეკლესიო მართლმადიდებლობის მოძღვრებას. როდესაც ორიგენეს სახელი ყველგან განითქვა, მრავალი სხვა განათლებული პიროვნებაც მივიდა მასთან და გამოსცადა ამ კაცის სიძლიერე წმინდა წიგნებში. ათასობით მწვალებელი და განსაკუთრებით გამოჩენილ ფილოსოფოსთაგან არა მცირედი მოშურნედ მიაპყრობდნენ მას ყურადღებას და, შეიძლება ითქვას, რომ საღვთო საგნებშიც და გარეშე ფილოსოფიაშიც მისგან ღებულობდნენ განათლებას. რადგან ხედავდა, რომ მრავალი იყო ბუნებით ნიჭიერი, ფილოსოფიის სწავლაში შეჰქონდა გეომეტრია და არითმეტიკა და სხვა დაწყებითი საგნები, წინ მიუძღოდა ფილოსოფოსებთან არსებულ მიმდინარეობებში და გადმოსცემდა მათ ნაშრომებს, თითოეულ მათგანს შენიშვნებს უკეთებდა და განიხილავდა. ასე რომ, თვით ელინებთანაც დიდ ფილოსოფოსად იყო სახელგანთქმული. მრავალი უფრო გაუნათლებელიც შეყავდა ჩვეულებრივ დაწყებით საგნებში, ამბობდა, რომ ამათგან არანაკლები სარგებელი ექნებოდათ მათაც საღვთო წერილის განხილვისა და შესწავლისათვის. ამიტომ თავისთვისაც განსაკუთრებით აუცილებლად მიიჩნევდა საერო ფილოსოფიურ სწავლებებში წვრთნას.
XIX
ამ საქმეში მის წარმატებას დაამოწმებენ თვით ელინთაგან მის დროს აღზევებული ფილოსოფოსები, რომელთა ტრაქტატებში ამ კაცის შესახებ მრავალ მოსახსენებელს აღმოვაჩენთ. ზოგჯერ მას უძღვნიდნენ თავიანთ წიგნებს, ზოგჯერ კი, როგორც მოძღვართან, საკუთარი შრომები მიქონდათ განსასჯელად. მაგრამ რა უნდა ითქვას, როდესაც ჩვენს დროში სიცილიაში მცხოვრებმა პორფირიმ ჩვენს წინააღმდეგ შეადგინა წიგნები[19] და მათი მეშვეობით სცადა საღვთო წერილზე ცილისწამება და მოიხსენია მისი განმმარტებლები? ვერ შეძლო რა ვერანაირი უკეთური ბრალდების წაყენება მოძღვრებებზე, მტკიცებულებების ნაკლებობით შეუდგა მათ გმობასა და განმმარტებელთა, - მათგან კი განსაკუთრებით ორიგენეს,- ცილისწამებას. ამბობს, რომ მას იცნობდა სიყმაწვილეში, ცდილობს ცილი დასწამოს, მაგრამ ვერ ამჩნევს, რომ აქებს, ზოგჯერ ჭეშმარიტებას ამბობს, როდესაც სხვაგვარად არ ძალუძს თქმა. ზოგჯერ ცრუობს, როდესაც ფიქრობს, რომ შეუმჩნეველი დარჩება; ერთხელ ბრალს დებს როგორც ქრისტიანს, სხვა დროს კი აღწერს ფილოსოფიურ სწავლებებში მის წარმატებებს.
ისმინე სიტყვასიტყვით, რას ამბობს: "ზოგი ადამიანი იუდაურ წერილთა მანკიერებას არათუ განაგდებს, არამედ გულმოდგინედ პოულობს მის ახსნას, და განსამარტავად იყენებს ნაწერთან შეუთავსებელ და შეუსაბამო ადგილებს, მოყავთ უფრო არა გამართლება იმის, რაც უცხოურია, არამედ მოწონება და ქება თავიანთი შრომების. იქადიან, რომ მოსესთან ცხადად ნათქვამი გამოცანებია და იფიცებენ, რომ ისინი დაფარული საიდუმლოებებით აღსავსე წინასწარმეტყველებებია და ბუნდოვანების მეშვეობით ხიბლავენ სულიერ განსჯას; და ასე შემოაქვთ განმარტებები".
შემდეგ სხვაგან ამბობს: "მაგრამ ამ უმსგავსობის სახე სათავეს იღებს იმ კაცისგან, ვისაც ჯერ კიდევ სრულიად ყმაწვილი შევხვდი, როდესაც ძალიან სახელგანთქმული იყო და ახლაც არის იმ შრომების მეშვეობით, რაც დატოვა, ვგულისხმობ ორიგენეს, ვისი დიდებაც ამგვარ სწავლებათა მოძღვრებაში ძალიან განთქმული იყო. იგი იყო ამონიოსის[20] მსმენელი. ამონიოსმა ჩვენს დროში დიდად მიუძღვნა თავი ფილოსოფიას. ორიგენემ სიტყვებში გამოცდილების მისაღებად მრავალი შემწეობა მოიპოვა მასწავლებლისაგან, ცხოვრების სწორი არჩევანისთვის კი მისი საპირისპირო გზა განვლო. რადგან ამონიოსი ქრისტიანი იყო, ქრისტიანობაში მშობლების მიერ მოქცეული; და როდესაც ფილოსოფიურ აზროვნებას შეუდგა, კვლავ კანონების მიხედვით მოქალაქობაზე გადავიდა. ორიგენე კი ელინი და ელინური სწავლებებით აღზრდილი, ბარბაროსულ უგუნურებაში გადავარდა. ამაზე გაცვალა თავისი თავიცა და სამწერლობო გამოცდილებაც, ცხოვრობდა ქრისტიანულად და კანონსაწინააღმდეგოდ. ღმერთისა და საგნების შესახებ შეხედულებებით ელინობდა და ელინთა შეხედულებები შეჰქონდა უცხოურ მითებში. რადგან მუდამ იმყოფებოდა პლატონთან ერთად, და ესაუბრებოდა ნუმენიუსის და კრონიუსის, აპოლიფანის და ლონგინოზის, მოდერატოსის და ნიკომაქეს, და პითაგორელთა შორის სახელოვან კაცთა თხზულებებს, სარგებლობდა სტოიკოს ხერემონოსისა და კორნუტუსის[21] წიგნებით, მათი მეშვეობით ეცნობოდა ელინთა მისტერიების სახისმეტყველებას და [მათ] იუდურ წიგნებს უსადაგებდა".
ეს თქვა პორფირიმ ქრისტიანების წინააღმდეგ დაწერილ თავის მესამე თხზულებაში. მან ჭეშმარიტება თქვა ამ კაცის წვრთნისა და მრავალსწავლელობის შესახებ, მაგრამ აშკარად ცრუობს (რას უნდა მოელოდე ქრისტიანობის მოწინააღმდეგისაგან?) მასში, როდესაც ამბობს, რომ იგი ელინთაგან გადმოვიდა, ხოლო ამონიოსი ღვთისმოსავური ცხოვრებიდან წარმართულში გადავარდა. რადგან ორიგენემ ქრისტეს მოძღვრება მშობლებისგან მიღებული შეინარჩუნა, რაც ცხადი გახდა ზემოთ გადმოცემული ისტორიიდან, ამონიოსი კი ღვთიურ ფილოსოფიას წმინდად და უშეცდომოდ ინარჩუნებდა ცხოვრების ბოლომდე*, როგორც ერთგან მოწმობს ახლანდელ დრომდე შემონახული ამ კაცის შრომები, და დიდად არის სახელგანთქმული იმ ნაშრომების მეშვეობით, რომლებიც დაგვიტოვა; მაგალითად, თხზულება სახელწოდებით "მოსესა და იესოს თანხმობის შესახებ" და მრავალი სხვაც მოიპოვება.
ეს გადმოიცა ცილისწამების, სიცრუისა და ელინურ სწავლებებში ორიგენეს იმ დიდი გამოცდილების საჩვენებლად, რის შესახებაც ამის მიმართ მოშურნეობის გამო მოკიცხართაგან თავს იცავს და რომელიღაც ეპისტოლეში ასე წერს: "მას შემდეგ, რაც ჩემი თავი სიტყვას მივუძღვენი, და ჩვენი უნარის შესახებ ხმა გავრცელდა, ჩემთან მოდიოდნენ მწვალებლები, ზოგჯერ კი ელინური განსწავლულობის და განსაკუთრებით ფილოსოფიის მიმდევრები. მე ვფიქრობდი, გამომეკვლია მწვალებელთა შეხედულებებიც და ის განცხადებაც, რომ ფილოსოფოსები საუბრობენ ჭეშმარიტების შესახებ. ეს გავაკეთეთ ჩვენს უწინარეს მრავალთა შემწე პანტენოსის მიბაძვით, ვინც ამ საკითხებში არა ნაკლებ წარმატებული იყო, და ახლაც ალექსანდრიელთა პრესვიტერებს შორის მჯდომი იმ ჰერაკლასის მიბაძვითაც, რომელიც ვიპოვე ფილოსოფოსთა სწავლებათა მოძღვართან, მასთან უკვე ხუთი წელი იმყოფებოდა განუყრელად, ვიდრე მე დავიწყებდი ამ სწავლებების მოსმენას. ამიტომ მაშინ, როცა ადრე ჩვეულებრივ ტანისამოსს ატარებდა, ახლა გაიხადა და ფილოსოფოსის ტანისამოსი[22] მოსავს, რასაც დღემდე ატარებს, და ელინთა წიგნების შესწავლას შეძლებისდაგვარად არ წყვეტს".
და ამას ამბობს ელინური წვრთნის გამო თავის დაცვისას. ამავე დროს, როცა იგი ცხოვრობდა ალექსანდრიაში, გამოჩნდა ერთი ჯარისკაცი და გადასცა დიოცეზის ეპისკოპოს დემეტრიოსს და ეგვიპტის მაშინდელ პრეფექტს წერილები არაბეთის მმართველისაგან, რათა სწრაფად გამოეგზავნა ორიგენე მასთან სასაუბროდ. და წავიდა არაბეთში, მოგზაურობის მიზანს მცირე ხანში მიაღწია და კვლავ ალექსანდრიაში დაბრუნდა[23]. ამ ხნის განმავლობაში კი ქალაქში არა მცირე ბრძოლა გაიმართა[24], მან მალულად დატოვა ალექსანდრია და გაემართა პალესტინისკენ, და დასახლდა კესარიაში. იქ, მიუხედავად იმისა, რომ პრესვიტერად ჯერ არ იყო ხელდასხმული, ადგილობრივმა ეპისკოპოსებმა სთხოვეს ეკლესიის საზოგადოების წინაშე ესაუბრა და საღვთო წერილი განემარტა. ეს რომ ასე იყო, ცხადია იქიდან, რომ როდესაც იერუსალიმის ეპისკოპოსი ალექსანდრე და კესარიის ეპსიკოპოსი თეოკტისტე დემეტრიოსის შესახებ წერენ, ასე იცავენ თავს: "წერილს დაურთო, რომ ეს არც არასოდეს გაგონილა, არც ახლა ხდება, რომ ეპისკოპოსების თანდასწრებით ერისკაცებმა იქადაგონ. არ ვიცი, როგორ ამბობს იმას, რაც აშკარად არ არის ჭეშმარიტება. სადაც კი მოიძებნებოდა ძმების შეწევნისათვის სათანადო პიროვნებები, წმინდა ეპისკოპოსები მათ მოუხმობდნენ ერთან სასაუბროდ. მაგალითად, ლარანდოში ეველპისს მოუხმო ნეონმა, იკონიაში პავლინუსს - კელსუსმა, და სინადაში თეოდორეს - ატიკუსმა, ჩვენმა ნეტარმა ძმებმა. მსგავსადვე ხდებოდა ეს სხვა ადგილებშიც, თუმცა, ჩვენთვის ცნობილი არ არის"[25].
ამ სახით მიაგებდნენ პატივს ზემოხსენებულ პირს, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, არა მხოლოდ თანამემამულენი, არამედ უცხოელებიც. მაგრამ რადგან დემეტრიუსმა კვლავ მოუხმო წერილით და კაცებმა, ეკლესიის დიაკვნებმა, დაარწმუნეს, დაბრუნებულიყო ალექსანდრიაში, იგი დაბრუნდა და შეუდგა საქმეს ჩვეული მოშურნეობით.
XX
ამ დროს აღზევებული იყო მრავალი განსწავლული საეკლესიო კაცი. მათი ეპისტოლეები, რომლებსაც ერთმანეთს სწერდნენ, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი და იოლად ხელმისაწვდომი არის. ისინი ჩვენს დრომდე ინახება ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსის ალექსანდრეს მიერ მოწყობილი აელიას (იერუსალიმის - მთარგ.) ბიბლიოთეკაში; საიდანაც ჩვენც შეგვეძლო ამ თემისათვის მასალის შეგროვება.
მათგან ბერილოსმა[26] ეპისტოლეებთან ერთად სხვადასხვა მშვენიერი თხზულებებიც დაგვიტოვა. იგი იყო არაბთა ეპისკოპოსი ბოსტრაში. ასევე ჰიპოლიტემაც, იგიც სადღაც სხვა ეკლესიის წინამდგომელი იყო.
ჩვენამდე აგრეთვე მოაღწია გაიოზის, ყველაზე განათლებული კაცის, დიალოგმა, რომელიც გაიმართა რომში ზეფირინუსის დროს ფრიგიელთა მწვალებლობის გამო მოკამათე პროკლესთან. მასში იგი ლაგამს ამოდებს მოწინააღმდეგის სწრაფვას და კადნიერებას, შექმნას ახალი წმინდა წერილი და წმინდა მოციქულის (ე. ი. პავლეს _ მთარგ.) მხოლოდ ცამეტ ეპისტოლეს ახსენებს, ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს არ აღრიცხავს დანარჩენებთან ერთად, მას შემდეგ, რაც რომაელთაგან ზოგიერთი ახლანდელ დრომდე არ მიაკუთვნებს მას მოციქულს.
XXI
მაგრამ ანტონინუსი შვიდი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში მეფობის შემდეგ შეცვალა მაკრინუსმა. როდესაც მან ერთი წელი იმეფა, კვლავ სხვა ანტონინუსმა[27] მიიღო რომაელთა მმართველობა. მის პირველ წელს გარდაიცვალა რომაელთა ეპისკოპოსი ზეფირინუსი, რომელსაც მთელი თვრამეტი წელი ეპყრა მსახურება. მის შემდეგ ეპისკოპოსობა ჩააბარეს კალისტუს, რომელმაც იცხოვრა ხუთი წელი და ურბანუსს[28] დაუტოვა მსახურება.
ამ დროს იმპერატორმა ალექსანდრემ[29] იმემკვიდრა რომაელთა ძალაუფლება, მას შემდეგ, რაც ანტონინუსმა მხოლოდ ოთხი წელი იმეფა. ამ დროს ანტიოქიის ეკლესიაში ასკლეპიადე შეცვალა ფილეტოსმა[30].
ორიგენეს საყოველთაოდ განთქმულმა სახელმა მიაღწია იმპერატორის დედის, სახელად მამეას (ნეტავ, თუ იყო ვინმე სხვა ასეთი ღვთისმოსავი ქალი) ყურამდეც. მან მრავალი რამ მოიმოქმედა, რომ ამ კაცის ხილვის ღირსი გამხდარიყო და ყველასათვის საკვირველი საღვთო საგნების შემეცნების საკუთარი გამოცდილება მიეღო. იმ დროს იგი ანტიოქიაში იმყოფებოდა, და შუბოსანი ჯარისკაცების თანხლებით მიიყვანა თავისთან, სადაც გარკვეული დრო დაჰყო და მრავალი რამ უფლისა და საღვთო მოძღვრების სათნოების სადიდებლად აჩვენა. შემდეგ კი დაეშურა ჩვეულ საქმიანობას.
XXII
ამავე დროს ჰიპოლიტემ სხვა მრავალ თხზულებასთან ერთად შეადგინა ტრაქტატი "პასექის შესახებ", რომელშიც იძლევა თარიღების აღწერას და ასევე გადმოცემს პასექის შესახებ თექვსმეტწლიანი ციკლის კანონს, თარიღებს იმპერატორ ალექსანდრეს პირველი წლით გარშემოწერს. მის დანარჩენ თხზულებათაგან ჩვენამდე მოაღწია შემდეგმა: "ექვსთა დღეთათვის", "იმისთვის, რაც იყო ექვსი დღის შემდეგ", "მარკიონის მიმართ", "ქებისათვის"*, "ეზიკიელის ნაწილებისათვის", "პასექის შესახებ", "ყველა მწვალებლობის წინააღმდეგ", და მრავალი სხვაც შეიძლება აღმოჩნდეს მრავალ ადამიანთან შემორჩენილი.
----------------------------------------------------------
* ძვ. ქართ. თარგმანი იხ. "შატბერდის კრებული" - მთარგ.
XXIII
ამ ჟამიდან საღვთო წერილის ორიგენესეულმა განმარტებებსაც დაედო სათავე, როდესაც ამბროსიმ აღძრა იგი არამხოლოდ ათასობით სიტყვიერი შეგონებებით და მოწოდებებით, არამედ სათანადო საგნებით ყველაზე უშურველად მომარაგებითაც. რადგან მასთან იმყოფებოდა მისი კარნახით მომუშავე შვიდზე მეტი სწრაფჩამწერი, რომლებიც დაწესებულ დროს ერთმანეთს ცვლიდნენ; არანაკლები რაოდენობის გადამწერი და ასევე კალიგრაფიაში გაწვრთნილი გოგონები. ყველა მათგანს ამბროსი ამარაგებდა უხვად, რაც საჭირო იყო. და ჭეშმარიტად, საღვთო წერილის შესწავლასა და მოშურნეობაში ენითაუწერელი გულმოდგინებას უნერგავდა მას, რაც განსაკუთრებით აქეზებდა განმარტებების შესადგენად.
ასეთი იყო საქმის ვითარება, როდესაც ურბანუსი რომაელთა ეკლესიის რვაწლიანი ეპისკოპოსობის შემდეგ შეცვალა პონტიანუსმა, ანტიოქიელთა [ეკლესიის ეპისკოპოსის] ფილეტოსის შემდეგ მოვიდა ძებენოსი[31]. მათი მოღვაწეობის დროს საეკლესიო საქმეებისათვის გადაუდებელი საჭიროების გამო ელადაში პალესტინის გავლით წარგზნავნისას ორიგენემ კესარიაში ადგილობრივ ეპისკოპოსთაგან პრესვიტერის ხელდასხმა მიიღო. ამ საქციელის გამო მის გარშემო წარმოქმნილი მღელვარება და ამ აღძრული საკითხების გამო ეკლესიათა წინამდგომელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, და ის, თუ რამდენი სხვა რამ საღვთო სწავლებასთან დაკავშირებით შემოიტანა მან, როდესაც აღზევებული იყო; - ყოველივე ამას ცალკე თხზულება სჭირდება და ჩვენ მის გამო შექმნილი "აპოლოგიის" მეორე წიგნში საკმარისად აღვწერეთ.
XXIV
მაგრამ ამ ამბებს უნდა დავურთოთ, რასაც "იოანეს [სახარების] განმარტებათა" მეექვსე წიგნში აღნიშნავს, რომ პირველი ხუთი ჯერ კიდევ ალექსანდრიაში ყოფნისას შეადგინა. მაგრამ მთელი სახარებისათვის ამ შრომიდან ჩვენამდე მხოლოდ ოცდაორმა ტომმა მოაღწია. "შესაქმისათვის" (სულ არის ოცი) მეცხრე წიგნში აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ პირველი რვა წიგნი დაწერა ალექსანდრიაში, არამედ ასევე პირველი ოცდახუთი ფსალმუნისათვის და "გოდებათათვის"* [განმარტებები], რომელთაგან ჩვენამდე მოაღწია ხუთმა ტომმა; მათში მოიხსენიებს თხზულებას "აღდგომის შესახებ", ეს არის ორი [ტომი]. არა მხოლოდ ესენი, არამედ "საწყისების შესახებაც" ალექსანდრიიდან გადასვლამდე დაწერა. და ასევე "სტრომატებად" დასათაურებული თხზულება, რიცხვით ათი, ამავე ქალაქში ალექსანდრეს ზეობის დროს შეადგინა, როგორც ამას ცხადყოფს ტომების თავში თავისი ხელით გაკეთებული შენიშვნები.
------------------------------------------------------
* "იერემიას გოდებანი" - მთარგ.
XXV
როდესაც განმარტავს პირველ ფსალმუნს, გადმოცემს ძველი აღთქმის წმინდა წერილთა ჩამონათვალს, და სიტყვა-სიტყვით წერს შემდეგს: "უცნობი არ უნდა იყოს, რომ არსებობს ოცდაორი კანონიკური წიგნი, როგორც ებრაელები გადმოგვცემენ, რამდენი ასოც არის მათთან".
შემდეგ დასძენს: "ებრაულის მიხედვით არის ოცდაორი წიგნი: ჩვენთან "შესაქმედ" ზედაწარწერილი, ებრაელებთან კი, წიგნის დასაწყისიდან, "ბრესით", რაც ნიშნავს "დასაბამში"; "გამოსვლა" - "უელე სმოთ", რაც ნიშნავს "ეს არის სახელები"; "ლევიანნი", - "უეკრა", "და მოუწოდა"; "რიცხვნი", - "ამეს ფეკოდეიმ". "მეორე რჯული", - "ელლე ადდებარეიმ", "ეს სიტყვებია"; "იესო ძე ნავესი", - "იოსუე ბენ ნუნ"; "მსაჯულნი", "რუთი", - მათთან არის ერთ წიგნად, "სოფტეიმ"; "მეფეთა" I, II, მათთან არის ერთ წიგნში "სამუელი, - "ღვთივრჩეული"; "მეფეთა" III, IV, ერთ წიგნშია, "უამელქ დავიდ", რაც ნიშნავს, "დავითის სამეფო"; "ნეშტთა" I, II, ერთ წიგნშია, "დაბრე იამეინ", რაც ნიშნავს, "დღეთა სიტყვები", "ეზრა" I, II, ერთ წიგნშია, "ეზრა", რაც ნიშნავს "შემწე"; ფსალმუნთა წიგნი, - "სფარ თელლეიმ". "სოლომონის იგავნი", - "მელოთ"; "ეკლესიასტე" - "კოელთ"; "ქება ქებათა" (არა როგორც ზოგიერთს მიაჩნია "ქებანი ქებათა") - "სირ ასსირეიმ"; "ესაია" - "იესსია"; "იერემია" "გოდებასთან" და "ეპისტოლესთან" ერთად არის ერთ წიგნში, - "იერემია"; "დანიელი" - "დანიელი"; "ეზეკიელი" - "ეზეკიელი"; "იობი" - "იობი"; "ესთერი" - "ესთერი". ამათ შორის არ არის "მაკაბელები", რომელიც დასათაურებულია "სარ ბეთ საბანაი ელ".
ამას გადმოცემს ზემოხსენებულ ნაშრომში. "მათეს სახარების [განმარტებების]" პირველ წიგნში, საეკლესიო კანონის დაცვით, დაამოწმებს, რომ იცნობს მხოლოდ ოთხ სახარებას, და ასე წერს: "როგორც გადმოცემით ვისწავლეთ ოთხი სახარების შესახებ, რომლებიც არის ერთადერთი უეჭველი ცის ქვეშ არსებულ ღვთის ეკლესიაში, რომ პირველი დაიწერა ოდესღაც მებაჟის, მოგვიანებით კი იესო ქრისტეს მოციქულის მათეს მიხედვით, ვინც ეს ებრაულ ენაზე შედგენილი გამოსცა იუდაიზმიდან გადმოსული მორწმუნეებისათვის. მეორე კი არის მარკოზის. როგორც პეტრემ უამბო მას, მანაც ისე დაწერა, ვისაც [თავის] ძედ აღიარებს კათოლიკე ეპისტოლეში, როდესაც ამბობს: "მოკითხვას გითვლიან ბაბილონში თანარჩეული და მარკოზი, ძე ჩემი" (1 პეტ. 5, 13). მესამე კი არის ლუკას მიხედვით, პავლეს მიერ ნაქები სახარება წარმართთაგან გადმოსულთათვის შექმნილი. ყველაზე ბოლოს კი [სახარება] იოანეს მიხედვით".
"იოანეს [სახარებაზე] განმარტებების" მეხუთე წიგნში იგივე პირი მოციქულთა ეპისტოლეების შესახებ ამას ამბობს: "ის, ვისთვისაც საკმარისი იყო გახდომა მსახურად ახალი აღთქმის არა ასოს, არამედ სულის, - პავლე, ვინც სახარებით აღავსო იერუსალიმიდან მრგვლივშემოვლით ილირიკიამდე, ყველა იმ ეკლესიებს როდი წერდა, რომლებსაც ასწავლიდა, მაგრამ რომლებსაც წერდა, მუხლების მცირე რაოდენობას უგზავნიდა. პეტრემ კი, რომელზეც ქრისტემ ეკლესია დააფუძნა, რომელსაც ჰადესის ბჭენი ვერ დაძლევენ, დაგვიტოვა ერთი აღიარებული ეპისტოლე, შესაძლოა მეორეც; რადგან ის საეჭვოა. რა უნდა ვთქვა იესოს მკერდზე მიყრდნობილის, იოანეს შესახებ, ვინც დაგვიტოვა ერთი სახარება, ვინც აღიარებდა, რომ შეეძლო იმდენის შექმნა, რისი დატევნასაც ქვეყნიერება ვერ შეძლებდა; მან დაწერა "გამოცხადებაც", ვისაც ნაბრძანები ჰქონდა დადუმებულიყო და არ დაეწერა შვიდი ქუხილის ხმები? მან აგრეთვე დაგვიტოვა ძალიან მცირერიცხოვანი მუხლებისაგან შემდგარი ეპისტოლე, შესაძლოა მეორეც და მესამეც; რადგან ამბობენ, რომ ყველა ესენი არ არის ნამდვილი. გარდა იმისა, რომ ორივე ერთად არ შეიცავს ას მუხლსაც".
მათ გარდა "ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს" შესახებ მასზე დაწერილ "ქადაგებებში" ასე მსჯელობს: "ის, რომ "ებრაელთა მიმართ" ზედაწარწერილი ეპისტოლის სიტყვათა წყობის ხასიათი არ აქვს მოციქულის უბრალოებას სიტყვაში, რაც ნიშნავს სტილში, არამედ ეპისტოლე სიტყვათა წყობით უფრო ელინურია; ამას ალბათ ყველა აღიარებს, ვისაც შესწევა უნარი განსაჯოს სიტყვათწყობის განსხვავება. მაგრამ კვლავ, რადგან ეპისტოლის აზრები საკვირველი არის და არ ჩამორჩება მოციქულის აღიარებულ ნაწერებს; იმას, რომ ესეც არის ჭეშმარიტი ალბათ დაეთანხმება ყველა, ვინც ყურადღებით წაიკითხავს მოციქულის ნაწერებს".
შემდეგ დასძენს: "მე კი, თუ გავაცხადებ ჩემს მოსაზრებას, ვიტყვი, რომ აზრები მოციქულის არის, სტილი და სიტყვათწყობა კი ვინმე მოციქულის [სწავლებების] მეხსიერებით აღმდგენელის და როგორც მოძღვრის მიერ ნათქვამის ჩამწერის. ამგვარად, თუ რომელიმე ეკლესიას ეს ეპისტოლე უპყრია როგორც პავლესი, იგი შექებულ უნდა იქნას ამის გამოც; რადგან დაუფიქრებლად არ გადმოუციათ იგი ძველ კაცებს როგორც პავლეს კუთვნილება. მაგრამ ის, თუ ვინ დაწერა ეს ეპისტოლე, ჭეშმარიტება ღმერთმა იცის. ჩვენამდე მოღწეული ისტორიის მიხედვით, ზოგი ამბობს, რომ ეპისტოლე დაწერა კლიმენტიმ, ვინც იყო რომაელთა ეპისკოპოსი, ზოგი კი, - რომ ლუკამ, ვინც დაწერა სახარება და "საქმეები".
XXVI
მაგრამ ეს ვიკმაროთ. ეს იყო ზემოხსენებული მმართველობის მეათე წელს, როდესაც ორიგენე ალექსანდრიიდან კესარიაში გადავიდა, ადგილობრივ მაცხოვრებელთა კათაკმეველთა დამოძღვრის სასწავლებელი დაუტოვა ჰერაკლასს. მცირე ხნის შემდეგ კი აღესრულა ალექსანდრიელთა ეკლესიის ეპისკოპოსი დემეტრიოსიც, რომელიც სრული ორმოცდასამი წელი ეწეოდა მსახურებას. იგი შეცვალა ჰერაკლასმა[32].
XXVII
ამ დროს გამოჩენილი პიროვნება იყო ფირმილიანე[33], კაპადოკიელთა კესარიის ეპისკოპოსი. მას ორიგენესადმი ისეთი მოშურნეობა ჰქონდა, რომ ზოგჯერ მას მოუხმობდა თავის მხარეში ეკლესიების შეწევნისათვის, ზოგჯერ კი თვითონ მიემგზავრებოდა იუდეაში და გარკვეულ დროს მასთან ერთად ცხოვრობდა საღვთო საგნებში სრულყოფის მიზნით. არა მხოლოდ იგი, არამედ იერუსალიმელთა წინამდგომელი ალექსანდრეც და თეოკტისტეც, კესარიაში [ეკლესიის წინამდგომელი], მთელი ხნის განმავლობაში მასთან რჩებოდნენ, როგორც ერთადერთ მოძღვართან, და საღვთო წერილისა და საეკლესიო სწავლების სხვა საკითხების განმარტებას მას უთმობდნენ.
XXVIII
რომაელთა იმპერატორი ალექსანდრე ცამეტი წლის განმავლობაში ძალაუფლების პყრობის შემდეგ შეცვალა კეისარმა მაქსიმინმა[34]. მან დევნულება აღძრა ალექსანდრეს სახლისადმი სიძულვილის გამო, რომელიც მრავალი მორწმუნისაგან შედგებოდა. ბრძანა, დაეხოცათ მხოლოდ ეკლესიების მეთაურები როგორც სახარების სწავლების მოთავენი. მაშინ ორიგენემაც შექმნა "მოწამეობის შესახებ" თხზულება და მიუძღვნა ამბროსს და პროტოქტეტუსს, კესარიაში სამრევლოს ხუცესს; რადგან ორივეს არაჩვეულებრივად მძიმე ვითარება შეექმნათ დევნულების ჟამს. გადმოცემით ამ დროს არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში, როდესაც მაქსიმინი მეფობდა, ამ კაცებმა აღმსარებლობით განითქვეს სახელი. დევნულების ამ ჟამს ორიგენე აღნიშნავს "იოანეს სახარების განმარტებების" ოცდამეორე წიგნში და სხვადასხვა ეპისტოლეებშიც.
XXIX
როდესაც მაქსიმინის შემდეგ რომაელთა მმართველობა მიიღო გორდიანემ[35], რომში ეკლესიის ექვსწლიანი ეპისკოპოსობის შემდეგ პონტიანუსი შეცვალა ანტეროსმა, ეს კი ერთი თვის განმავლობაში მსახურების შემდეგ - ფაბიანემ[36]. ამბობენ, რომ ანტეროსის აღსრულების შემდეგ ფაბიანე სხვებთან ერთად სოფლიდან რომში ჩამოვიდა და დასახლდა, სადაც ყველაზე სასწაულებრივად საღვთო და ციური მადლის მიერ ამ ხარისხზე ავიდა. რადგან როდესაც ყველა ძმა ეპისკოპოსი მომავალი შემცვლელის ხელდასხმის გამო იყო შეკრებილი, და მრავალი გამოჩენილი და სახელოვანი კაცი მრავალს ედო გულში, ფაბიანე არც ერთ იქ დამსწრეს არ მოსდიოდა აზრად. მაგრამ იხსენებენ, რომ მოულოდნელად ზემოდან ჩამოფრინდა მტრედი და დაჯდა მის თავზე, მტრედის სახით მაცხოვარზე სულიწმინდის გადმოსვლის აშკარა მიბაძვით; რისთვისაც მთელმა ხალხმა, როგორც ერთი ღვთის სულის მიერ აღძრულმა, მთელი გულმოდგინებით ერთსულოვნად შესძახა "ღირს არს", დაუყოვნებლივ აიყვანეს და დასვეს საეპისკოპოსო საყდარზე.
როდესაც გარდაიცვალა ანტიოქიის ეპისკოპოსი ძებენოსი, მმართველობა ბაბილამ[37] მიიღო. ალესანდრიაში კი, როცა დემეტრიოსის შემდეგ ჰერაკლასმა მიიღო მსახურება, კათაკმეველთა დამოძღვრის ადგილობრივი სასწავლებლის მმართველობა გადავიდა დიონისეზე, ისიც ორიგენეს ერთ-ერთი მოწაფე იყო[38].
XXX
როდესაც ორიგენე კესარიაში მისთვის ჩვეულ საქმიანობას ეწეოდა, მრავალი მივიდა მასთან, არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ათასობით უცხოელი მოწაფე, რომლებმაც დატოვეს თავიანთი სამშობლო. მათ შორის განსაკუთრებით გამოჩენილს ვიცნობთ თეოდორეს, რომელიც არის იგივე ეს, ჩვენს დროში ეპისკოპოსთა შორის სახელგანთქმული გრიგოლი, და მისი ძმა ათენოდორი[39]. ისინი, ორივე ძლიერ გატაცებული იყვნენ ელინური და რომაული სწავლებებით, მან (ორიგენემ - მთარგ.) კი მათში ფილოსოფიის ტრფიალი შეიტანა და დაარწმუნა, რომ მათი პირველი მოშურნეობა საღვთო საგნებში წვრთნაზე გადაეცვალათ. სრული ხუთი წელი დაჰყვეს მასთან ერთად, ასე მივიდნენ საღვთო საგნებში სრულქმნამდე, ისე რომ ორივე პონტოს ეკლესიების ეპისკოპოსობის ღირსი შეიქნა.
XXXI
ამ დროს ცნობილი იყო "კესტებით" დასათაურებული წიგნების მწერალი აფრიკანუსიც. გავრცელებულია მის მიერ ორიგენესადმი მიწერილი ეპისტოლე; იგი გაურკვევლობაში იმყოფებოდა, იყო თუ არა ყალბი და ნათხზი დანიელის წიგნში სუსანას ამბავი[40]. ორიგენე მას ყველაზე სრულ პასუხს სწერს. ჩვენამდე ასევე მოაღწია ამავე აფრიკანუსის სხვა ზედმიწევნით ნაღვაწმა შრომამ "ჟამთააღწერების" რიცხვით ხუთმა წიგნმა. მასში ამბობს, რომ იგი გაემგზავრა ალექსანდრიაში ჰერაკლასის დიდი სახელის გამო, ვინც ფილოსოფიურ სწავლებებსა და ელინთა სხვა მეცნიერებებში საკმაოდ გამოჩენილი იყო და მინდობილი ჰქონდა ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. გავრცელებულია იმავე აფრიკანუსის სხვა ეპისტოლეც არისტიდეს მიმართ, მათესთან და ლუკასთან ქრისტეს გვარტომობის სავარაუდო უთანხმოების შესახებ; მასში ყველაზე ნათლად ადგენს მახარებელთა თანხმობას მასთან მოღწეული ისტორიიდან, რაც წინამდებარე შრომის პირველ წიგნში ჯეროვნად გადმოვეცით.
XXXII
ამავე დროს ორიგენემაც შეადგინა "განმარტებები ესაიაზე" და ეზეკიელზეც. მათგან ჩვენამდე მოაღწია განმარტებების ოცდაათმა ტომმა ესაიას მესამე ნაწილზე, უდაბნოში მხეცთა ხილვამდე, ეზეკიელზე კი - ოცდახუთმა; მხოლოდ ეს თხზულებები შექმნა ყველა წინასწარმეტყველების [განმარტებებისათვის]. როდესაც იმყოფებოდა ათენში, დაასრულა ეზეკიელის, და დაიწყო "ქება ქებათას", და იქ მივიდა მეხუთე წიგნამდე. როდესაც დაბრუნდა კესარიაში, ესეც ბოლომდე მიიყვანა, - რიცხვით ათი. რა საჭიროა, წინამდებარე ნაშრომში ჩამოვთვალოთ ამ კაცის თხზულებები, რაც საგანგებო შესწავლას ითხოვს? ეს ჩვენ ჩავწერეთ პამფილის, ჩვენი დროის წმინდა მოწამის, ცხოვრების აღწერაში, რომელშიც წარმოვადგინეთ პამფილის საღვთო მოშურნეობის საქმეები; გადმოვეცით მის მიერ შემოკრებილი ორიგენეს და სხვა საეკლესიო მწერლების შრომათა ბიბლიოთეკის ჩამონათვალი. ვისაც სურს, აქ წარმოდგენილია ორიგენეს ჩვენამდე მოღწეული შრომების უსრულესი ცოდნა[41]. ახლა კი გადავიდეთ მომდევნო ამბავზე.
XXXIII
ბერილიოსმა, ახლახან ზემოთ ხსენებულმა არაბეთის ბოსტრას ეპისკოპოსმა, გადაუხვია საეკლესიო კანონებს და სცადა სარწმუნოებისათვის უცხო რამ [სწავლების] შემოტანა. კადნიერად ამბობდა, რომ ჩვენი უფალი და მაცხოვარი უწინარეს ადამიანებთან დამკვიდრებისა საკუთარი არსის გარშემოწერის მიხედვით არ არსებობდა, არც საკუთარი ღმრთეება გააჩნდა, არამედ მხოლოდ მამა მკვიდრობდა მასში. ამის გამო ამ კაცთან მრავალი ეპისკოპოსი აწარმოებდა ძიებებსა და დიალოგებს. მათთან ერთად მოწვეული ორიგენე მივიდა მასთან სასაუბროდ პირველ რიგში იმისათვის, რომ გაერკვია, თუ რა შეხედულებები ჰქონდა; როდესაც შეიტყო, თუ რას ამბობდა, მან შეუსწორა, რაც არ იყო მართლმადიდებლური, მსჯელობით დაარწმუნა, დოგმატის შესახებ ჭეშმარიტება დაადგინა და თავდაპირველ საღ შეხედულებაზე დააბრუნა. ახლანდელ დრომდე არის მოღწეული ჩანაწერი ბერილიუსის და მის გამო შემდგარი სინოდის, მასთან ერთად მის მიმართ თავის დიოცეზში ორიგენეს კითხვებისა და საუბრების, და ყოველივე იმისა, რაც იმ დროს მოხდა. სხვა მრავალსაც გადმოგვცემენ ზეპირად ორიგენეს შესახებ ჩვენი დროის მოხუცები, რასაც ვფიქრობ, რომ გვერდი უნდა ავუარო, რადგან წარმოდგენილ ნაშრომს არ ეხება. რაც კი მის შესახებ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ესენი მის გამო ჩვენი დროის წმინდა მოწამის პამფილის და ჩვენს მიერ ნაღვაწი აპოლოგიიდან შეიძლება გამოიკრიბოს. იგი საბაბის მაძიებელთა გამო ერთად მოშურნეობით შევკრიბეთ.
XXXIV
როდესაც სრული ექვსი წლის შემდეგ გორდიანემ დაასრულა რომაელთა მმართველობა, ძალაუფლება გადავიდა ფილიპეზე, მის ვაჟთან ფილიპესთან[42] ერთად. გადმოცემის მიხედვით, იგი იყო ქრისტიანი და პასექის უკანასკნელი ღამისთევის დღეს ისურვა, ეკლესიაში ხალხს ზიარებოდა ლოცვებში, მაგრამ იმდროინდელმა წინამდგომელმა არ შეუშვა, ვიდრე არ აღიარა და აღრაცხა თავისი თავი ცოდვაში მყოფებს შორის, და დააყენა იგი სინანულისათვის განკუთვნილ ადგილას; რადგან სხვაგვარად, თუ ამას არ გააკეთებდა, არასოდეს არ იქნებოდა მიღებული [ეკლესიაში] მასთან დაკავშირებული მრავალი ბრალდების გამო. ამბობენ, რომ წადიერად დაემორჩილა, და ღვთის შიშისადმი ნამდვილი და კეთილი განწყობა საქმეებით აჩვენა.
XXXV
მესამე წელი იყო, როდესაც ალექსანდრიის ეკლესიების თექვსმეტწლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ გარდაიცვალა ჰერაკლასი და ეპისკოპოსობა დიონისემ მიიღო.
XXXVI
მაშინ, რაც ბუნებრივი იყო, როდესაც გამრავლდნენ მორწმუნეები, ჩვენი მოძღვრებაც ყველასთან კადნიერად იქადაგებოდა, ამბობენ, რომ ორიგენე სამოც წელზე მეტი ხნის იყო, და რამდენადაც ხანგრძლივი მზადებისაგან უკვე უდიდესი გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი, საზოგადოების წინაშე მისი საუბრების ჩაწერის ნება მისცა სწრაფჩამწერებს, აქამდე ამის გაკეთების ნებას არ იძლეოდა.
ამავე დროს ჩვენს წინააღმდეგ [შედგენილი] თხზულების, - სათაურით "ეპიკურიელი კელსუსის ჭეშმარიტი სიტყვა"[43], - საპასუხოდ რვა წიგნი შეადგინა, [განმარტებები] მათეს სახარებისათვის ოცდახუთი ტომი, ასევე თორმეტ წინასწარმეტყველზე, რომელთაგან მხოლოდ ოცდახუთი ვიპოვეთ. ასევე მოიპოვება მისი ეპისტოლე თვით იმპერატორ ფილიპეს მიმართ და სხვა ეპისტოლე მისი მეუღლის სევერას მიმართ; და სხვადასხვა ეპისტოლეები სხვადასხვა პირების მიმართ. მათგან სხვადასხვა პირებთან გაბნეულად შემორჩენილები რამდენიც შეგვეძლო შევკრიბეთ და ცალკეულ ტომებად დავალაგეთ, რათა მეტად არ გაბნეულიყო. ეპისტოლეები რაოდენობით ასს აღემატებოდა. იგი წერს ფაბიანეს, რომის ეპისკოპოსს და ეკლესიათა სხვა მრავალ წინამძღოლს მართლმადიდებლობის შესახებ[44]. შეგიძლია, ნახო მათი მტკიცებულებები ჩემს მიერ ამ კაცის შესახებ დაწერილი "აპოლოგიის" მერვე წიგნში.
XXXVII
შემდეგ კვლავ არაბეთში ზემოხსნენებულ დროს გამოჩნდნენ სხვები, რომლებმაც ჭეშმარიტებისაგან განსხვავებული დოგმატები შემოიტანეს. ისინი ამბობდნენ, რომ ადამიანური სული, ვიდრე ეს ჟამი დგას, კვდება სხეულთან ერთად და მასთან ერთად იხრწნება; მაგრამ აღდგომის ჟამს მასთან ერთად გაცოცხლდება. მაშინაც არცთუ მცირე სინოდი შეიკრიბა, კვლავ ორიგენე მოიწვიეს. მან საძიებელი საკითხის გარშემო საზოგადოების წინაშე წარმოთქვა სიტყვები, და იქამდე მიიყვანა, რომ შეცვალა ის აზრები, რომლებსაც ისინი პირველად შეცდომაში შეყავდა[45].
XXXVIII
მაშინ სხვა მანკიერებასაც დაედო სათავე, ე. წ. ჰელკესაიტების მწვალებლობას, რომელიც დაწყებისთანავე განქარდა[46]. ორიგენე მას იხსენიებს ორმოცდამეორე ფსალმუნზე საჯარო საუბრისას, და ამბობს შემდეგს: "აქ ახლახან მოვიდა ერთი კაცი, რომელიც მზვაობრობდა, რომ შეეძლო პირველი გაეხადა უღმერთო და ყველაზე უზნეო შეხედულება, ე. წ. ჰელკესაიტების, რომელიც ახლახან წინ აღუდგა ეკლესიებს. ეს შეხედულება რა ბოროტებასაც გამოხატავს, გაუწყებთ, რათა არ წარგიტაცოთ. მთელი წმინდა წერილიდან უგულებელყოფს ზოგიერთ საკითხს; კვლავ, იყენებს გამონათქვამებს მთელი ძველი აღთქმიდან და სახარებებიდან; მოციქულს* სრულიად უგულებელყოფს. ამბობს, რომ [რწმენის] უარყოფისადმი გულგრილი დამოკიდებულება უნდა გქონდეს და მიიჩნევს, რომ იძულების შემთხვევაში პირით ხდება უარყოფა, და არა გულით. ატარებენ რაღაც წიგნს, რომელზეც ამბობენ, რომ ციდან ჩამოვარდა და მისი მსმენელები და მორწმუნეები ცოდვათა მიტევებას ღებულობენ, იმ მიტევებისგან განსხვავებულს, რაც იესო ქრისტემ მიუტევა".
-----------------------------------------------------
* იგულისხმება პავლე - მთარგ.
XXXIX
ხუთწლიანი მეფობის შემდეგ ფილიპე შეცვალა დეკიუსმა[47]. მან ფილიპესადმი მტრობის გამო ეკლესიებზე დევნულება აღძრა[48], რომლის დროსაც ფაბიანე რომში მოწამეობრივად აღესრულა და ეპისკოპოსობა კორნელიოსზე[49] გადავიდა.
პალესტინაში კი იერუსალიმის ეკლესიის ეპისკოპოსი ალექსანდრე ქრისტეს გამო კვლავ წარსდგა კესარიაში მმართველთა სამსჯავროში და მეორეჯერ თავი გამოიჩინა აღსარებით[50], გამოსცადა საპყრობილე ღრმა მოხუცებულობითა და მოწიწების აღმძვრელი ჭაღარით მოსილმა. როდესაც მან მმართველთა სამსჯავროში ბრწყინვალე და ცხადი დამოწმების შემდეგ საპყრობილეში მიიძინა, იერუსალიმში ეპისკოპოსის მონაცვლედ მაძაბანესი[51] წარმოჩნდა.
როდესაც ალექსანდრეს მსგავსად ანტიოქიაში აღსარების შემდეგ საპყრობილეში გარდაიცვალა ბაბილა, ადგილობრივი ეკლესიის თავმჯდომარე გახდა ფაბიუსი[52].
ამგვარად, ის, თუ რა და რამდენი რამ შეემთხვა ორიგენეს დევნულებისას და როგორი იყო მისი აღსასრული, როდესაც უკეთურმა დემონმა ამ კაცის ჯიბრით მთელი ჯარები დარაზმა, და ყველა საშუალებითა და ძალით მის წინააღმდეგ სარდლობდა, და ვისაც კი მაშინ ეომებოდა, ყველასგან გამორჩეულად მას ესხმოდა თავს; თუ რა და რამდენი რამ დაითმინა ამ კაცმა ქრისტეს სიტყვის გამო, ბორკილები და ტანჯვა-წამება იწვნია სხეულზე, რკინაზე წოლა და საპყრობილის შიდა ჯურღმულებში ტანჯვა, და მრავალი დღის განმავლობაში საწამებელი ხის მეოთხე დანაყოფზე გაჭიმული ფეხები, დაწვის მუქარა, და რამდენ სხვა რამესაც მტრისგან მოვლენილს ახოვნად იტანდა; თუ როგორი იყო ამის დასასრული, როცა მსაჯული მთელი ძალით შეუპოვრად წინ აღუდგა მის მოკვლას; და ამის შემდეგ, თუ რა თხზულებები დაგვიტოვა, ხელის აპყრობის მსაჭიროებელთათვის სარგებელით სავსე, - [ყოველივე ამის შესახებ] ჭეშმარიტ და ზედმიწევნით [ცნობებს] შეიცავს ამ კაცის მრავალი ეპისტოლე.
XL
რაც დიონისეს შეემთხვა, გამცნობთ გერმანეს[53] წინააღმდეგ მისი ეპისტოლე, სადაც იგი თავისი თავის შესახებ მოგვითხრობს შემდეგს: "მე კი ღვთის წინაშე ვსაუბრობ და მან იცის, თუ ვცრუობ. ჩემით არაფერი განმიზრახავს, არც უღმერთოდ გავქცეულვარ, არამედ პირველადაც, დეკიუსის დროს გამოცხადებული დევნულებისას, იმავე საათს საბინუსმა გაგზავნა ფრუმენტარიუსი[54] ჩემს საძებრად, მე კი ორმოცი დღის განმავლობაში სახლში ვიყავი ფრუმენტარიუსის მოსვლის მოლოდინში. მან ყველაფერი მოიარა, იკვლევდა გზებს, მდინარეებს, ველ-მინდვრებს, სადაც კი ფიქრობდნენ, რომ დამალული ვიყავი ან გზად გამევლო; სიბრმავე დამართნოდა, და სახლს ვერ პოულობდა, რადგან არ სჯეროდა, რომ მე, დევნული, სახლში დავრჩი. და ოთხი დღის შემდეგ, როდესაც ღმერთმა მიბრძანა წავსულიყავი და სასწაულებრივად გამართა გზა, მეც და ჩემი შვილებიც, და მრავალი ძმა ძლივს შევიკრიბეთ ერთად. და რომ ეს საქმე ღვთის წინაგაგებით მოხდა, ამას მომდევნო [მოვლენები] ცხადყოფს, რომლის დროსაც მალე გავხდით ზოგიერთებისათვის სარგებლის მომტანი".
შუალედში გარკვეულ საკითხებზე საუბარს მოაყოლებს და გაქცევის შემდეგ მის თავზე შემთხვეულ ამბებს წარმოაჩენს, და ამას დასძენს: "რადგან მე დაახლოებით მზის ჩასვლისას ჩემს თანმხლებ პირებთან ერთად ჯარისკაცების ხელით წაყვანილ ვიქენით ტაპოსირინში. ტიმოთე კი, ღვთის წინაგაგებით მოხდა, რომ არც იქ იმყოფებოდა, არც შეპყრობილ იქნა; მოგვიანებით მოვიდა და ნახა ცარიელი სახლი და მსახურები იცავდნენ მას, ჩვენ კი შეპყრობილი ვიყავით".
შემდეგ ამბობს: "და რა არის მისი საკვირველი განგებულების სახე? რადგან ჭეშმარიტება ითქმება. სოფლელი ვინმე შეხვდა გაქცეულ და შეშფოთებულ ტიმოთეს, და აჩქარების მიზეზი გამოკითხა. მან კი სიმართლე უთხრა, მან მოუსმინა (იგი მიდიოდა ქორწილში სანადიმოდ, რადგან მათი ჩვეულება იყო ასეთი, თავყრილობებზე ღამის თევა), შევიდა და შეატყობინა მეინახეთ. ისინი კი ერთსულოვანი აღძვრით, როგორც რამ შეთანხმებული ნიშანზე, ყველა წამოდგა და მთელი სისწრაფით გაეშურნენ; და როდესაც ჩვენთან შემოვარდნენ, დაიყვირეს. მცველი ჯარისკაცები მყისვე გაიქცნენ, ხოლო ისინი მოვიდნენ ჩვენთან, რომლებიც უქვეშაგებო საწოლზე ვიწექით. ღმერთმა იცის, რომ პირველად ავაზაკები მეგონა, გასაქურდად და საძარცვავად მოსულნი. ვიწექი სარეცელზე, შიშველი - სელის სამოსელზე, დანარჩენი სამოსელი, გვერდით დადებული, გავუწოდე მათ. მათ კი მიბრძანეს ავმდგარიყავი და სწრაფად გამოვსულიყავი. და მაშინ მივხვდი, თუ რისთვის იყვნენ აქ მოსულები, დავიყვირე, ვთხოვდი მათ და ვევედრებოდი, წასულიყვნენ და ჩვენ დავეტოვებინეთ; თუ სურდათ ჩემთვის რაიმე სიკეთე, დაესწროთ ჩემი წამყვანებისთვის და მათ გავეხადეთ ჩვენ თავის მოკვეთის ღირსი. და როდესაც ამას გავყვიროდი, როგორც იციან ჩემმა თანამოზიარეებმა და ყველაფერში წილმქონეებმა, ძალით ამაყენეს. მე კი გადავარდი და ძირს დავეცი, მათ ამწიეს ხელებითა და ფეხებით და გამათრიეს. მე გამომყვნენ ყველა ეს მოწამეები, გაიუსი, ფაუსტუსი, პეტრე და პავლე. მათაც ამიყვანეს სასწრაფოდ და გამიყვანეს დაბიდან, შიშველი დამსვეს ვირზე და გამიშვეს". ეს მოგვითხრო დიონისემ თავისი თავის შესახებ.
XLI
იგივე პიროვნება ანტიოქიელთა ეპისკოპოსის ფაბიუსის მიმართ ეპისტოლეში მოგვითხრობს მოწამეთა ბრძოლებს დეკიუსის დროს შემდეგი სახით: "არათუ იმპერატორის ედიქტით დაიწყო ჩვენთან დევნულება, არამედ მთელი ერთი წლით ადრე უსწრებდა მას. და ამ ქალაქისთვის ბოროტებათა მჩხიბავმა და შემოქმედმა, რასაც წარმოადგენდა იგი, დაასწრო (ედიქტს - მთარგ.), აღძრა და აღაშფოთა ჩვენს წინააღმდეგ წარმართთა ბრბო, აღაგზნო მათი მშობლიური ცრუმორწმუნეობა. ისინი კი მის მიერ გაწითლებულები და უწმინდური საქმეებისათვის ყველა უფლების მიმღებნი, თვლიდნენ, რომ ერთადერთი ღვთისმოსაობა, დემონთა ეს მსახურება, იყო ჩვენი მოკვლა.
"ამრიგად, პირველად შეიპყრეს მოხუცი კაცი სახელად მეტრასი და უბრძანეს უღვთო სიტყვების წარმოთქმა, როდესაც იგი არ დაემორჩილა, ჯოხით სცემეს მისი სხეული, წვეტიანი ლერწმის ღეროებით დაუჩხვლიტეს სახე და თვალები, გაიყვანეს ქალაქის გარეთ და ჩაქოლეს.
"შემდეგ მორწმუნე ქალი, სახელად კვინტა, მიიყვანეს კერპთან, და აიძულებდნენ, თაყვანი ეცა; ხოლო როდესაც ზურგი შეაქცია და დაგმო, შეუკრეს ფეხები და მთელ ქალაქში უხეშ ქვაფენილზე დაათრევდნენ, იგი ეხეთქებოდა დიდ ქვებზე, და ამასთან ერთად მათრახით სცემდნენ; შემდეგ მიიყვანეს იმავე ადგილას და ქვებით ჩაქოლეს. შემდეგ ყველა ერთსულოვნად ეცა ღვთისმოსავთა სახლებს, და, რომელსაც თითოეული მათგანი მეზობლის კუთვნილებად იცნობდა, შევარდებოდა, იტაცებდა და ძარცვავდა; ძვირფას ქონებას ითვისებდნენ, იაფფასიანს კი, რაც ხისგან იყო გაკეთებული, ამტვრევდნენ და ქუჩებში წვავდნენ, ვიდრე მტრების მიერ ქალაქის დაპყრობის სანახაობა არ წარმოადგინეს*. ძმები (ქრისტიანები - მთარგ.) გზას უთმობდნენ და ტოვებდნენ, სიხარულით ღებულობდნენ ქონების დატაცებას, მათ მსგავსად, ვისაც პავლე დაემოწმება (ებრ. 10, 34). და არ ვიცი, თუ იყო ვინმე, შესაძლოა ერთი ვინმე დაცემულთაგანი, რომელმაც ამ დრომდე უარყო უფალი.
"გარდა ამისა, შეიპყრეს მაშინ ყველაზე საკვირველი ქალწული, მოხუცი აპოლონია. მას ჩაუმტვრიეს ყველა კბილი, სცემეს ყვრიმალებზე, ქალაქის წინ ააგიზგიზეს კოცონი და ემუქრებოდნენ, რომ ცოცხლად დაწვავდნენ, თუ მათთან ერთად არ წარმოთქვამდა უღვთო სიტყვებს. მან ითხოვა, მცირე ხნით გაეშვათ და როდესაც გაანთავისუფლეს, მთელი ძალით გადახტა ცეცხლში და დაიწვა.
"სერაპიონი შეიპყრეს საკუთარ სახლში, სასტიკი სატანჯველებით აწამეს და სხეულის ყველა ასო შეუმუსრეს, და ზედა სართულიდან თავქვე გადმოაგდეს.
"არცერთი გზა, არც გასასვლელი, არც საცალფეხო ბილიკი არ იყო ჩვენთვის ხსნილი, არც ღამით და არც დღისით: მუდამ ყველგან გაჰყვიროდნენ, რომ ვინც არ იგალობებდა [ღვთის] მგმობელი სიტყვებით, იგი მყისვე უნდა გამოეთრიათ და დაეწვათ. საქმის ასეთი ვითარება დიდ ხანს გაგრძელდა. შემდეგ კი ამ საბრალოთ თავს დაატყდათ ამბოხება და სამოქალაქო ომი, და ჩვენს წინააღმდეგ სისასტიკე მათ მიმართ შეტრიალდა. მცირე ხნით სული მოვითქვით, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ მრისხანებისგან ვერ იცლიდნენ. მაგრამ მალევე ხმა გავარდა, რომ ჩვენდამი კეთილგანწყობილი მმართველობა** შეიცვალა და ჩვენ მუქარის დიდი შიში დაგვაწვა. გარდა ამისა გამოვიდა ედიქტი, თითქმის ისეთი, როგორიც იწინასწარმეტყველა ჩვენმა უფალმა, თითქმის ყველაზე საშინელი, ისეთი, - თუ შესაძლებელია, რჩეულთა ცთუნებაც (მათ. 24, 24)*** და მაინც, ყველა შეშინდა. მრავალ გამოჩენილ პიროვნებათაგან ზოგი მაშინვე გამოჩნდა შეშინებული, ზოგი საზოგადოებრივი საქმიანობით დაკავებული აქეთკენ მიიყვანა მათმა საქმიანობამ; სხვები კი მათ გარშემო მყოფებმა გამოათრიეს. მათ სახელებით იძახებდნენ და უღვთო და უწმინდური მსხვერპლს მიეხლებოდნენ, ზოგი გაფითრებული და ძრწოლით, არათუ როგორც შემწირველი, არამედ როგორც თვითონ შესაწირი და მსხვერპლი კერპებისათვის, ისეთი სახის, რომ მრავალი გარშემომყოფი დასცინოდა მათ. ცხადი იყო, ყველაფრის შიში ჰქონდათ, სიკვდილისაც და მსხვერპლშეწირვისაც. ზოგიერთი კი ბომონებისკენ უფრო მომზადებული მირბოდა, მხნედ ამტკიცებდა, რომ მანამდე არ ყოფილა ქრისტიანი, მათ შესახებ უფალმა უჭეშმარიტესად იწინასწარმეტყველა, რომ ძნელად ცხონდებოდნენ. დანარჩენთაგან კი, ზოგი მათ მისდევდა ერთი მეორის მიყოლებით, ზოგი კი გარბოდა; ზოგი შეიპყრეს, მათგან ზოგი ბორკილებამდე და დატუსაღებამდე მიიყვანეს, და მრავალი დღის განმავლობაში იყვნენ დამწყვდეული, შემდეგ, ვიდრე სამსჯავროში წაიყვანდნენ, ფიცით უარყოფდნენ; ზოგი გარკვეულ ხანს ითმენდა, შემდეგ კი უარყოფდა.
"უფლის მტკიცე და ნეტარი სვეტები, მის მიერ განმტკიცებულნი მათში არსებული ძლიერი რწმენის ღირსსა და შესატყვის ძალასა და გამძლეობას ღებულობდნენ, და მისი სასუფევლის საკვირველი მოწამეები ხდებოდნენ. მათგან პირველი იყო იულიანე, პოდაგრით დასნეულებული კაცი, ვისაც არც დგომა, არც სიარული შეეძლო. იგი სხვა ორ მის მომვლელთან ერთად წაიყვანეს, მათგან ერთმა მაშინვე უარყო, მეორემ კი, სახელად კრონიონმა, ზედწოდებით კი ევნუსმა, და თვითონ მოხუცებულმა იულიანემ აღიარეს უფალი. მათ აქლემებით დაატარებდნენ მთელ ქალაქში, რომელიც, როგორც იცით, უდიდესია, და ამხედრებულებს ამათრახებდნენ, ბოლოს მთელი ხალხის გარემოცვაში ჩაუმქრალი კირით დაწვეს. ჯარისკაცი, რომელსაც ისინი მიყავდა, გვერდით იდგა და არ ანებებდა მათ, რომლებიც ამათ შეურაცხყოფდნენ. როდესაც ისინი უყვიროდნენ, მიყვანილ იქნა ღვთის ყველაზე მამაცი მებრძოლი, ბესასი და ღვთისმოსაობის გამო დიდ ომში საუკეთესო ბრძოლის გადატანის შემდეგ თავი მოკვეთეს. და ერთი სხვაც, წარმოშობით ლიბიელი, სახელითაც და კეთილგონიერებითაც ჭეშმარიტად მაკარი[55], როდესაც მას დიდხანს შეაგონებდა მსაჯული უარყოფისათვის, ვერ დაიყოლია და ცოცხლად დაწვეს. მათთან ერთად დიდხანს იყვნენ ბორკილებში ეპიმაქე და ალექსანდრე; მათ მრავალი მტკივნეული საფხეკები და მათრახები გადაიტანეს, და ისინიც ჩაუმქრალი კირით დაიწვნენ.
"და მათთან ერთად იყო ოთხი ქალი. ამონარიონმა, წმინდა ქალწულმა, მას შემდეგ, რაც მსაჯულმა დიდხანს გულმოდგინედ ტანჯა, რადგანაც წინასწარ ჩანდა, რომ არაფერს იტყოდა ისეთს, რასაც იგი უბრძანებდა; მან ჭეშმარიტი გახადა დანაპირები და გაყვანილ იქნა; დანრჩენები კი, პატივცემული მხცოვანი ქალი მერკურია და მრავალშვილიანი დიონისია, ვისაც შვილები უფალზე მეტად არ უყვარდა, როდესაც დაუსრულებლად ტანჯვის გაგრძელებით ქალების მიერ შერცხვენილ და დამარცხებულ იქნა მმართველი, მახვილით დახოცეს, მეტად აღარ განუცდიათ ტანჯვა; რადგან წინამბრძოლმა ამონარიონმა ყველას გამო აიღო თავის თავზე.
"ჰერიონი, ატერი და ისიდორე, ეგვიპტელები, და მათთან ერთად ახალგაზრდა ბიჭი, დაახლოებით თხუთმეტი წლის დიოსკორე, გაცემულ იქნენ. პირველად [მმართველი] ცდილობდა ყმაწვილის, როგორც შეცდომაში ადვილად შესაყვანის მოტყუებას და როგორც ადვილად დასაყოლიებელის ტანჯვით იძულებას. მაგრამ დიოსკორე არ დაემორჩილა, არც დანებდა. დანარჩენები მხეცურად დაგლიჯა, და როდესაც დაითმინეს, ისინიც ცეცხლს მისცა. დიოსკორე კი ხალხის წინაშე გაბრწყინებული და პირად საუბარშიც კითხვებზე ყველაზე ბრძნულად მოპასუხე [მსაჯულს] აკვირვებდა; მან იგი გაუშვა, უთხრა, რომ აძლევდა სინანულისთვის განსაზღვრულ დროს მისი ასაკის გამო. და ახლა ყველაზე ღვთივმშვენიერი დიოსკორე ჩვენთან არის, უფრო ხანგრძლივი ბრძოლისა და დასათმენი შერკინებისათვის დარჩენილი.
"ვინმე ნემესიოსს, მასაც ეგვიპტელს, ცილი დასწამეს, რომ ავაზაკებთან ურთიერთობდა. როდესაც იგი განთავისუფლებულ იქნა ასისთავის წინაშე ამ მისთვის უცხო ცილისწამებისგან, იგი როგორც ქრისტიანი დაასმინეს და ბორკილები დაადეს მმართველის წინაშე. მან ყველაზე უსმართლოდ ავაზაკებზე ორჯერ უფრო ძლიერ აწამა და მათრახებით სცემა და ნეტარს ქრისტეს მსგავსად ავაზაკებს შორის დაწვით პატივი სცა (იხ. მათ. 27, 38; მარკ. 15, 27; ლუკ. 23, 33; იოან. 19, 18).
"ჯარისკაცთა მთელი შემადგენლობა, ამონი, ზენონი, პტოლემეოსი და ინგენიუსი, და მათთან ერთად მოხუცი თეოფილე, დააყენეს სამსჯავროში. როდესაც იმ დროს ერთი კაცი განისჯებოდა როგორც ქრისტიანი და უკვე უარყოფისკენ იხრებოდა, ხოლო ისინი ამ დროს იქ ესწრებოდნენ, დაიწყეს კბილების ღრჭიალი; ისინი თავს აქნევდნენ, ხელებს აღაპყრობდნენ და სხეულის მოძრაობით ნიშნებს გამოსახავდნენ. როდესაც ყველამ მათკენ იქცია პირი, ვიდრე ვინმე მათ მიუხვდებოდა, [სამსჯავროს] ზღურბლისაკენ გაიქცნენ და განაცხადეს, რომ ქრისტიანები იყვნენ, ისე რომ მმართველს და იქ მსხდომთ შეეშინდათ, და ნათელი გახდა, რომ განსასჯელები ყველაზე ახოვნად შეხვდებოდნენ სატანჯველებს, მსაჯულები კი შეშინებულები იყვნენ. ისინიც საზეიმოდ გაემართნენ სამსჯავროდან და გახარებული იყვნენ მათი მოწმობით, ღმერთი მათ დიდებით ამარჯვებინებდა.
----------------------------------------------------------
* იგულისხმება, რომ ქალაქში მცხოვრები ქრისტიანები ისე დაარბიეს, რომ გეგონებოდა, მტერი შემოიჭრა და ქალაქი დაიპყრო - მთარგ.
** იმპერატორ ფილიპეს მმართველობა - მთარგ.
*** ევსებიმ მათეს "პლანასთაი" შეცვალა "სკანდალისაი" - მთარგ.
XLII
"და სხვა მრავალს ქალაქებსა და დაბებში წარმართები ნაწილებად გლეჯდნენ, მათგან ერთს გავიხსენებთ მაგალითისათვის. ისქირიონი მოურავად ჰყავდა დაქირავებული ერთ-ერთ მმართველს. დამქირავებელმა მას მსხვერპლის შეწირვა უბრძანა; როდესაც არ დაემორჩილა, გამოლანძღა; იგი კვლავ თავის აზრზე დარჩა, მან შეურაცხყოფა მიაყენა; იგი მტკიცედ იდგა; მაშინ მან აიღო დიდი ჯოხი და გაუყარა შიგნეულობაში და შინაგან ორგანოებში. ასე მოკლა იგი.
"რა უნდა ითქვას უდაბნოებსა და მთებში მოხეტიალეთა სიმრავლეზე, რომლებიც შიმშილით, წყურვილით, სიცივით, სნეულებებით, ავაზაკებისგან და მხეცებისგან იღუპებოდნენ? მათგან გადარჩენილები არიან მათი რჩეულობისა და გამარჯვების მოწმეები. მათგან ერთ საქმესაც წარმოგიდგენთ საჩვენებლად. ხერემონი იყო ნილოპოლისად წოდებული ქალაქის ღრმად მოხუცი ეპისკოპოსი. იგი არაბეთის მთაზე გაიქცა თავის თანამეცხედრესთან ერთად, უკან არ დაბრუნებულა. ამის შემდეგ ძმებმა, რომლებმაც დიდხანს ეძებეს, ვერ შეძლეს თვალი მოეკრათ მათთვის ან მათი სხეულებისათვის. ამავე არაბეთის მთაზე მრავალი დაატყვევეს ბარბაროსმა სარკინოზებმა. მათგან ზოგიერთი ძლივს გამოისყიდეს დიდი თანხის საფასურად, ზოგი კი დღემდე არ არის განთავისუფლებული.
"ეს, ძმაო, ამაოდ არ მომიყოლია, არამედ რათა იცოდე რამდენი საშინელება გარდაგვხდა თავს. მათგან, რომლებმაც მეტი გამოსცადეს, მეტსაც შეიტყობთ".
ცოტა ქვემოთ დასძენს: "ამიტომ ჩვენს შორის თვითონ საღვთო მოწამეებმა, რომლებიც ახლა ქრისტესთან სხედან მისი სასუფევლის ზიარნი, მისი განსჯის წილმქონენი და მასთან ერთად მსაჯულნი, მათ თავის თავზე აიღეს ზოგიერთი დაცემული ძმის პასუხისმგებლობა მსხვერპლშეწირვის ბრალდებაზე; როდესაც ხედავდნენ მათ მოქცევასა და სინანულს, განსაჯეს, რომ შესაძლებელი იყო მისაღები გამხდარიყვნენ მისთვის, რომელსაც სრულებით არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ სინანული (შდრ. ეზეკ. 33, 11; 2 პეტ. 3, 9), მიიღეს, დაუშვეს კრებულში როგორც თანამდგომელნი*, ლოცვებში და ნადიმებზე თავიანთ თანაზიარს ხდიდნენ. ამრიგად, ძმებო, მათ შესახებ რას გვირჩევთ ჩვენ? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? [ჩვენ] მათ მსგავს გადაწყვეტილებაზე და აზრზე დავდგებით, მათ მსჯავრსა და მადლს დავიცავთ, და მათ მიერ შეწყალებულებს ტკბილად მოვეპყრობით, თუ მათ მსჯავრს უსამართლოდ მივიჩნევთ და მათი აზრის განმკითხველები გავხდებით, სიტკბოებას დავანაღვლიანებთ და მათ წესს ავშლით?"[56]
ეს დიონისემ ჯეროვნად დასძინა, როცა საკითხი წამოჭრა დევნულების ჟამს მოუძლურებულთა შესახებ.
-----------------------------------------------------
* ლათ. consistentes - ესენი იყვნენ ყველაზე მაღალი ხარისხის მონანულნი. მათ უშვებდნენ ევქარისტიულ ლოცვებზე, მაგრამ არ აზიარებდნენ - მთარგ.
XLIII
რადგან იმ დროს რომაელთა ეკლესიის ხუცესი, ნოვატუსი მათ წინააღმდეგ მზვაობრიობით აღდგა, თითქოს მათ მეტად აღარ გააჩნდათ ცხონების სასოება, არც მაშინ, თუ ყველაფერს გააკეთებდნენ ნამდვილი მოქცევისათვის და უმწიკვლო აღსარებას აღასრულებდნენ. ისინი გონებით მოქადულნი თავიანთ თავს კათარებს[57] უწოდებდნენ, რომელთა ცალკე მწვალებლობის დამაარსებელი გახდა ნოვატუსი, რომაელთა ეკლესიის პრესვიტერი. ამის გამო რომში უდიდესი სინოდი შეიკრიბა, სამოცი ეპისკოპოსის, უფრო მრავალრიცხოვანი პრესვიტერებისა და დიაკვნებისაგან შემდგარი, დანარჩენ პროვინციებში ადგილობრივი მწყემსები ამ საქმეს ცალ-ცალკე იკვლევდნენ. ყველამ განაჩინა, რომ ნოვატუსი, და მასთან ერთად მზვაობარნი და ამ კაცის ძმათმოძულე და არაადამიანური აზრისადმი კეთილგანწყობილნი ეკლესიისათვის უცხოთა შორის ყოფილიყვნენ მიჩნეული, განსაცდელში დაცემული ძმები კი განკურნებულიყვნენ და გამოჯანმრთელებულიყვნენ სინანულის წამლებით.
ჩვენამდე მოაღწია რომაელთა ეპისკოპოს კორნელიუსის ეპისტოლეებმა ანტიოქელთა ეკლესიის [ეპისკოპოსის] ფაბიანეს მიმართ, რომლებიც წარმოაჩენს რომაელთა სინოდის ირგვლივ მომხდარ ამბებს და მათ მიერ იტალიაში, აფრიკასა და მახლობელ ქვეყნებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. აგრეთვე მოაღწია სხვა ეპისტოლეებმაც, კვიპრიანესა და მასთან ერთად აფრიკაში მყოფთა, ლათინურ ენაზე შედგენილებმა, რომლებშიც ისინი თანხმდებიან, რომ განცდილებს უნდა აღმოუჩინონ დახმარება და, რომ საჭიროა კეთილგონივრულად კათოლიკე ეკლესიისაგან განკვეთილად გამოცხადდეს მწვალებლობის დამაარსებელი და მსგავსადვე ყველა მასთან ერთად წასული. ამათ დაერთვის კორნელიუსის ერთი სხვა ეპისტოლე სინოდის ნების შესახებ და ასევე სხვა [ეპისტოლე] ნოვატუსთან დაკავშირებით არსებული საქმეების შესახებ, საიდანაც ნაწილის გადმოცემას არაფერი დააბრკოლებს, რათა მის შესახებ იცოდნენ ამ წერილის წამკითხველებმა. კორნელიუსი ფაბიუსს აცნობებს, თუ როგორი ხასიათის იყო ნოვატუსი, და წერს: "ამის თქმა მსურს, რათა იცოდე, რომ დიდი ხნის წინ ეს საკვირველი კაცი ესწრაფოდა ეპისკოპოსობას და თავის თავში მალავდა მის ამ აულაგმავ გულისთქმას და თავისი უგუნურების საფარველად თავიდანვე მასთან მყოფ აღმსარებლებს იყენებდა. ჩვენთან მყოფთაგან პრესვიტერმა მაქსიმუსმა და ურბანმა, ორივემ აღსარებით საუკეთესო დიდების მომნაყოფებელმა, სიდონიუსმა და კელერინუსმა, კაცმა, რომელმაც ღვთის წყალობით ყველა სატანჯველი ყველაზე დიდი მოთმინებით აიტანა და დაძაბუნებული ხორცი თავისი რწმენის ძალით გააძლიერა, და მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი მარცხი აგემა, - ამ კაცებმა შეიცნეს იგი და მასში აღმოაჩინეს მზაკვრობა და მერყეობა, ცრუფიცები და ცრუმეტყველება, ურთიერთობისადმი თავის არიდება და მგლური მეგობრობა, და დაუბრუნდნენ წმინდა ეკლესიას. მისი ყველა მზაკვრობა და უკეთურება, რასაც დიდი ხნის განმავლობაში თავის თავში მალავდა, აუწყეს იქ მყოფ საკმაოდ მრავალ ეპისკოპოსს, პრესვიტერსა და ერისკაცს, მწარედ მოთქვამდნენ და ნანობდნენ იმის გამო, რომ დაუჯერეს ამ ცბიერ და ავ მხეცს და მალევე დატოვეს ეკლესია".
ცოტა ქვემოთ ამბობს: "საყვარელი ძმებო, რაოდენ საოცარი შეტრიალება და ცვლილება დავინახეთ, რაც მოკლე ხანში მასში მოხდა! რადგან ეს უბრწყინვალესი კაცი[58], საშინელი ფიცებით დამარწმუნებელი, რომ სრულიად არ ესწრაფოდა ეპისკოპოსობას, მოულოდნელად, თითქოს რაღაც გრძნებით ჩვენს შუაში ამოტყორცნილი, ეპისკოპოსად წარმოჩნდა. რადგან ამ დოგმატების მასწავლებელმა, საეკლესიო წესის დამცველმა, როდესაც სცადა მისთვის ზემოდან არმოცემული ეპისკოპოსობის დაპყრობა და მიტაცება, ამოირჩია მასთან ორი თანაზიარი კაცი, რომლებმაც უარყვეს თავიანთი ცხონება, რათა იტალიის ერთ მცირე და ყველაზე უმნიშვნელო კუთხეში წარეგზავნა და რაიმე მზაკვრობით ეცადათ, შეეცდინათ იქაური სამი ეპისკოპოსი, - უსწავლელი და ლიტონი ადამიანები. იგი არწმუნებდა და უმტკიცებდა მათ, რომ სწრაფად უნდა ჩამოსულიყვნენ რომში, რათა ნებისმიერი უთანხმოება, ოდესმე წარმოქმნილი, სხვებთან ერთად მათი შუამდგომლობით მოგვარებულიყო. როდესაც ჩამოვიდნენ, ვინაიდან, როგორც ვთქვით, ძალიან ლიტონი ადამიანები იყვნენ უკეთური ხერხებისა და მზაკვრობების მიმართ, მის (ნოვატუსის - მთარგ.) მსგავსმა უწესო ადამიანებმა ისინი ჩაკეტეს, და ათ საათზე მთვრალები და შეზარხოშებულები ძალდატანებით აიძულა, რომ ყალბი და ფუჭი ხელდასხმით მიეცათ მისთვის ეპისკოპოსობა, და ცბიერებითა და მზაკვრობით მიითვისა ის, რაც არ ეკუთვნოდა. ერთი მათგანი ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა ეკლესიაში, მწარედ მოთქვამდა და აღიარებდა თავის ცოდვას. იგი მივიღეთ ზიარებაში როგორც ერისკაცი, მის გამო ლოცულობდა მთელი იქ მყოფი ერი. დანარჩენი ეპისკოპოსების მონაცვლეები ხელდასხმულები წარვგზავნეთ იმ ადგილებში, სადაც იყვნენ ისინი.
"სახარების ამ მცველმა არ იცის, რომ კათოლიკე ეკლესიაში ერთი ეპისკოპოსი უნდა იყოს, რისი უმეცარიც არ ყოფილა (რადგან როგორ არ იცოდა?), რომ არის ორმოცდაექვსი პრესვიტერი, შვიდი დიაკონი, შვიდი იპოდიაკონი, ორმოცდაორი აკოლუთი, ორმოცდათორმეტი შემფუცებელი, წიგნისმკითხველი კარის მცველებთან ერთად, ქვრივები დავრდომილებთან ერთად ათას ხუთასზე მეტი, რომლებსაც ყველას მეუფის მადლი და კაცთმოყვარება ასაზრდოებს. მაგრამ ვერც ესოდენმა სიმრავლემ, ეკლესიისათვის ასე აუცილებელმა, ღვთის წინაგანგებით გამდიდრებულმა და გამრავლებულმა უამრავ და ურიცხვ ხალხთან ერთად, მოაქცია იგი ასეთი უსასო მანკიერებისაგან და უკუ მოუხმო ეკლესიისაკენ".
და შემდეგ კვლავ დასძენს: "მოდი, გეტყვით შემდეგ რა საქმეებით ან რა მოქალაქობით იხვეჭდა ეპისკოპოსობას. განა იმიტომ, რომ თავიდანვე ეკლესიაში იმყოფებოდა, მის გამო ბევრი იბრძოლა და ღვთისმოსაობის გულისთვის მრავალსა და დიდ საფრთხეებში იგდებდა თავს? მაგრამ ეს ასე არ არის. მისთვის რწმენის აღმძვრელი იყო სატანა, რომელიც მასში შევიდა და საკმაო ხანს სახლობდა მასში. როდესაც მას შემფუცებლები შეეწეოდნენ, მძიმე სნეულებამ დასცა და როდესაც ფიქრობდნენ, რომ მოკვდებოდა, თვით იმ სარეცელზე, რომელზეც იწვა, ნათლობა მიიღო დასხმით, თუ შესაძლებელია, ასეთზე ითქვას, რომ მიიღო. მან თავი დააღწია სენს, მაგრამ არ მიიღო დანარჩენი, რისი მიღებაც საჭიროა საეკლესიო კანონების მიხედვით, - ეპისკოპოსის მიერ აღბეჭდვა. როდესაც ეს არ მიიღო, როგორ მიიღებდა სულიწმინდას?"
და კვლავ ცოტა ხნის შემდეგ ამბობს: "სიმხდალისა და სიცოცხლის სიყვარულის გამო მან დევნულების ჟამს უარყო, რომ პრესვიტერი იყო. რადგან როდესაც დიაკვნები მას ითხოვდნენ და მოუხმობდნენ, რათა გამოსულიყო ოთახიდან, სადაც ჩაიკეტა, და შეწეოდა ძმებს, რამდენადაც მოვალეა და რამდენადაც ძალუძს ხუცესს, საფრთხეში მყოფი და შველის მთხოვნელი ძმების შეწევნა, მან ისე შორს დაიჭირა დიაკვნების მოწოდებისადმი დამორჩილება, რომ განრისხებული გამოვიდა და [იქაურობას] გაეცალა; რადგან თქვა, რომ მეტად აღარ სურდა პრესვიტერად ყოფნა, და რომ სხვა ფილოსოფიით არის გატაცებული"[59].
ცოტა ქვემოთ დასძენს: "რადგან როდესაც ამ გამოჩენილმა კაცმა დატოვა ღვთის ეკლესია, რომელშიც მორწმუნედ გამხდარი პრესვიტერობის ღირსი გახდა ეპისკოპოსის კეთილგანწყობით, რომელმაც ხელი დაასხა პრესვიტერის ხარისხზე, და რომელსაც ხელს უშლიდა ყველა სასულიერო პირი, ასევე მრავალი ერისკაცი, რადგან არ იყო ნებადართული სარეცელზე სნეულების გამო დასხმით მონათლული, როგორიც იყო იგი, [სასულიერო] ხარისხში აეყვანათ, მაგრამ იგი (ეპისკოპოსი - მთარგ.) ითხოვდა, რომ მხოლოდ მისი ხელდასხმა დაეშვათ".
შემდეგ ამ ამბებს ამ კაცის სხვა ყველაზე უარეს უმსგავსობას დაურთავს და გვიამბობს შემდეგს: "როდესაც აღასრულებდა წირვას და თითოეულს უნაწილებდა და აძლევდა წილს, საცოდავ ადამიანებს კურთხევის ნაცვლად აიძულებდა, დაეფიცათ, ორივე ხელს ჩასჭიდებდა [ზიარების] მიმღებს და არ უშვებდა, ვიდრე არ დაიფიცებდა და იტყოდა (მის სიტყვებს გავიმეორებ): "შემომფიცე მე ჩვენი უფლის სისხლითა და ხორცით, რომ მე არასოდეს მიმატოვებ და არ მიიქცევი კორნელიუსისკენ". და საბრალო ადამიანი მანამდე ვერ იგემებდა, სანამ თავს არ დაიწყევლიდა, და პურის მიღებისას "ამინ"-ის თქმის ნაცვლად ამბობდა: "არ დავბრუნდები კორნელიუსთან".
ზოგი რამის თქმის შემდეგ კვლავ ამბობს: "იცოდე, რომ შიშველი და მიტოვებული გახდა, როდესაც ძმები ყოველდღე ტოვებდნენ მას და ეკლესიაში ბრუნდებოდნენ. მოსემ, ნეტარმა მოწამემ, ახლახანს ჩვენთან მშვენიერი და საკვირველი რამ მოწამეობის დამამოწმებელმა, ჯერ კიდევ ამქვეყნად მყოფმა, როდესაც დაინახა მისი თავხედობა და სიშლეგე, თანაზიარება გაწყვიტა მასთან და მასთან ერთად ხუთ პრესვიტერთან, რომლებმაც თავიანთი თავი ეკლესიიდან განკვეთეს".
ეპისტოლის ბოლოს კი რომში მყოფი და ნოვატუსის სისულელის გამკიცხველი ეპისკოპოსების ჩამონათვალს აკეთებს, ამასთან აღნიშნავს მათი და იმ სამრევლოების სახელწოდებებსაც, რომლებშიც თავმჯდომარეობდნენ, და მოიხსენიებს მათაც, რომლებიც რომში არ იმყოფებოდნენ, მაგრამ წერილების მეშვეობით დაეთანხმნენ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას; მათ სახელებსაც და ქალაქებსაც, საიდანაც მოწერა თითოეულმა[60]. ეს მიწერა და განუმარტა კორნელიუსმა ანტიოქიის ეპისკოპოს ფაბიუსს.
XLIV
მაგრამ ამავე ფაბიუსს, როგორღაც განხეთქილებაში მიდრეკილს, აგრეთვე დიონისე ალექსანდრიელმა მიწერა მრავალი სხვა [ეპისტოლე] სინანულის შესახებ. მის მიმართ წერილები, რომლებშიც მოუთხრობს ახლახანს ალექსანდრიაში მათ ბრძოლებს, რომლებიც მოგვიანებით ეწამენ. სხვა ამბავთან ერთად საკვირველებით სავსე რამ ამბავს ამცნობს, რისი ამ შრომაში გადმოცემაც აუცილებელია. იგი მდგომარეობს შემდეგში: "შენ კი ჩვენთან მომხდარ ამ ერთ მაგალითს გადმოგცემ. ჩვენთან იყო ვინმე სერაპიონი, მხცოვანი მორწმუნე, მრავალი ხნის განმავლობაში უმწიკვლოდ მცხოვრები, მაგრამ განსაცდელში დაეცა. იგი ხშირად ითხოვდა [შენდობას], და არავინ აქცევდა ყურადღებას, რადგან მსხვერპლი შეწირა. ერთხელ დასნეულდა, და სამი დღის განმავლობაში ხმაამოუღებლად და უგრძნობლად იმყოფებოდა, მეოთხე დღეს ცოტათი გამომჯობინდა და მოუხმო შვილიშვილს, და უთხრა: "შვილო, ვიდრემდე შემაკავებთ? გთხოვთ, იჩქარეთ, და მომეცით სიკვდილის ნება, რომელიმე პრესვიტერს უხმე". როდესაც ეს თქვა, კვლავ დადუმდა. ყმაწვილი გაიქცა ხუცესთან. ღამე იყო, პრესვიტერი დაუძლურებული იყო, და ვერ შეძლო მოსვლა. მე ბრძანება მქონდა გაცემული, რომ ამ ცხოვრებიდან წამსვლელებს, თუ ითხოვდნენ, და განსაკუთრებით მაშინ, თუ ადრეც ევედრებოდნენ, შენდობა მიეღოთ, რათა დაიმედებულნი გარადაცვლილიყვნენ; ამიტომ მან ყმაწვილს მისცა ევქარისტიის მცირე ნაწილი, უბრძანა დაესველებია და მოხუცის პირში ჩაედო. ყმაწვილმა წამოიღო და უკან დაბრუნდა, მოახლოებისას, ვიდრე შევიდოდა, სერაპიონი კვლავ გამოცოცხლდა და თქვა: "მოხვედი, შვილო? ხუცესმა ვერ შეძლო მოსვლა, მაგრამ შენ გააკეთე სწრაფად, რაც დაგიწესა და განმიტევე". ბიჭმა დაალბო და ჩაასხა პირში, და როდესაც მან მცირედი გადაყლაპა, მყისვე აღმოხდა სული. განა აშკარა არ არის, რომ დაცული და შენახულ იქნა, ვიდრე არ განთავისუფლდა და შესაძლებელი არ გახდა მრავალი კეთილი საქმეებით ცოდვის წარხოცვის აღიარება?".
XLV
ეს მოგვითხრო დიონისემ. მაგრამ ვნახოთ, ამავე პიროველთა საძმო. მას შემდეგ, რაც განდგომისა და განხეთქილების მიზეზად (ნოვატუსმა - მთარგ.) გახადა ზოგიერთი ძმა, თითქოს მათ დააძალეს აქამდე მისულიყო, ნახე რას სწერს: "დიონისე ძმა ნოვატუსს, მოკითხვა. როგორც ამბობ, თუ შენდა უნებურად წაგიყვანეს, დაამტკიცე ეს ნებაყოფლობითი დაბრუნებით. რადგან ყველანაირად უნდა ევნო, რომ არ გათიშო ღვთის ეკლესია, და კერპთაყვანისცემაზე უარის თქმის გამო მოწამეობაზე არანაკლები დიდება იქნებოდა განხეთქილებაზე უარის თქმის გამო მოწამეობა, ჩემი აზრით უფრო მეტიც. რადგან ერთ შემთხვევაში ერთი კაცი საკუთარი სულის გამო მოწამეობს, მეორე შემთხვევაში კი - მთელი ეკლესიის გამო. ახლა კი, თუ ძმებს ნდობით ან ძალდატანებით ერთსულოვნებისაკენ წარუძღვები, დაცემაზე უფრო დიდი წამოდგომა გექნება, ერთი ნება არ ჩაგეთვლება, მეორე კი შექებული იქნება. მაგრამ თუ არ დაგემორჩილებიან და ვერ შეძლებ, აცხონე შენი სული. ვლოცულობ, რომ გაძლიერდე და მშვიდობით იყო უფალში".
XLVI
ესეც ნოვატუსს მიწერა. და აგრეთვე ეგვიპტეში მყოფთაც მიწერა ეპისტოლე "სინანულის შესახებ", რომელშიც დაცემულთა შესახებ თავის შეხედულებებს გადმოცემს, და აღწერს დაცემულთა ხარისხებს. აგრეთვე კოლონის მიმართ (იგი იყო ჰერმოპოლისელთა სამრევლოს ეპისკოპოსი) სინანულის შესახებ მისი პირადი ეპისტოლეა მოღწეული და სხვაც ალექსანდრიაში თავისი სამწყსოს მიმართ მიწერილი შემაგონებელი [ეპისტოლე]. მათ შორის არის ასევე ორიგენეს მიმართ "მოწამეობის შესახებ" დაწერილი; და ლაოდიკიის ძმებისადმი, რომელთაც წინამდგომლობდა ეპისკოპოსი თელიმიდრე; აგრეთვე სომხეთში მყოფთაც, მსგავსადვე "სინანულის შესახებ" მისწერა, რომელთა ეპისკოპოსი იყო მერუძანი. ყოველივე ამასთან დამატებით კორნელიუს რომაელსაც მიწერა, როდესაც მიიღო ნოვატუსის წინააღმდეგ მისი ეპისტოლე, რომელშიც ასევე აღნიშნავს ცხადად, რომ იგი მოწვეული იქნა ჰელენუსის მიერ, კილიკიის ტარსუსში [ეკლესიის] ეპისკოპოსის, და მასთან ერთად დანარჩენების მიერ (კაბადოკიაში ფირმილიანეს, პალესტინაში თეოკტისტეს), რათა სინოდისათვის შეხვედრილიყვნენ ანტიოქიაში, სადაც ზოგიერთები ცდილობდნენ ნოვატუსის[61] სქიზმის გაძლიერებას. გარდა ამისა წერს, რომ მას შეატყობინეს ფაბიუსის მიძინება და მის მონაცვლედ ანტიოქიის ეპისკოპოსობაზე დემეტრიანეს[62] დადგინება. იგი აგრეთვე წერს იერუსალიმში [ეკლესიის] ეპისკოპოსის შესახებ შემდეგ სიტყვებს: "რადგან საკვირველმა ალექსანდრემ, საპყრობილეში მყოფმა, ნეტარებით განისვენა".
ასევე გავრცელებულია დიონისეს სხვა ამის მომდევნო "დიაკონიკე" ეპისტოლე რომში მყოფთათვის ჰიპოლიტეს ხელით [გაგზავნილი]. მათ მიმართ სხვაც მიწერა "მშვიდობის შესახებ", და მსგავსადვე "სინანულის შესახებ", და კვლავ სხვა იქაურ აღმსარებლებს, რომლებიც ჯერ კიდევ იზიარებდნენ ნოვატუსის აზრს. ასევე ეკლესიაში დაბრუნების შემდეგ მათ მიწერა სხვა ორიც. მსგავსადვე მრავალ სხვასაც ესაუბრებოდა წერილების მეშვეობით და ახლაც მისი თხზულებებისადმი მოშურნეობის გამომჩენთ მრავალგვარი სარგებელი დაუტოვა.
------------------------------------------------------------------------------------------------
კომენტარები
[1] - იმპერატორი სეპტიმუს სევეროსი თავისი მეფობის დასაწყისში ფრიად კეთილგანწყობილი იყო ქრისტიანებისადმი. ტერტულიანეს თანახმად, იგი უკურნებელი სენისგან განკურნა ქრისტიანმა პროკლემ. მაგრამ თავისი მმართველობის მეათე წელს, ე. ი. 203 წ., აღმოსავლეთ პროვინციებში მოგზაურობის დროს იმპერატორმა გამოსცა დეკრეტი (სრული ტექსტი ჩვენამდე არ არის მოღწეული), რომელიც უკრძალავდა ვინმეს სასჯელის სიმძიმის შიშით იუდაიზმში ან ქრისტიანობაში გადასვლას. იუდაიზმისა და ქრისტიანობის აღრევა მოწმობს ქრისტიანობისა და იუდაიზმის რელიგიურ შეხედულებების სიახლოვეთა შესახებ რომის მმართველობის ცრუ წარმოდგენებზე. განსაკუთრებით ძლიერად ევნო ალექსანდრიის ეკლესია. ეს დევნულება ჩრდილოეთ აფრიკაშიც გავრცელდა. კართაგენში 203 წ. 7 მარტს სკაპულის პროკონსულობის დროს დასაჯეს რამდენიმე ქრისტიანი.
[2] - 203 წლისთვის დიმიტრიოსი ალექსანდრიის კათედრას მართავდა უკვე 14 წელი.
[3] - 204 წ., დევნულების დროს, კლიმენტი ალექსანდრიელი იძულებული გახდა დაეტოვებინა ალექსანდრიის სასწავლებელი. კატეხიზატორი, ანუ სასწავლებლის ხელმძღვანელი გახდა ორიგენე. ორიგენეს მოწაფეთა შორის ევსები ასახელებს ჰერაკლეს, ალექსანდრიის მომავალ ეპისკოპოსს (231‑246 წწ.), და მის ძმა პლუტარქეს, რომელსაც იხსენიებს როგორც მოწამეს.
[4] - ამ მოწამეთა შესახებ ცნობებს გვაწვდის მხოლოდ ევსები. მოწამე პოტამიენის ხსენების დღეა 28 ივნისი.
[5] - კლიმენტი ალექსანდრიელი. სტრომატები, I, 21.
[6] - იგულისხმება იუდა - ქრონოგრაფი, რომლის შესახებ თითქმის არაფერი არ ვიცით. მას იხსენიებს ნეტ. იერონიმე (ალბათ, ევსების კვალდაკვალ). იხ.: Harnack A. Geschichte der altchristlischen Literatur. Leipzig, 1893. Bd. I. S. 327; 1897. Bd. II (1). S. 223 ff.; 1904. Bd. II (2). S. 23.
[7] - ევსებიმ და პამფილიმ ერთობლივად დაწერეს ორიგენეს დასაცავად განსკუთრებული ნაშრომი - "აპოლოგია". იგი არ არის ჩვენამდე მოღწეული. IX ს‑ში ის წაიკითხა კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ფოტიოსმა და მისგან ვრცელი ამონაწერები გააკეთა თავის ნაშრომ "ბიბლიოთეკაში" (PG, C III). აი, რას წერს ფოტიოსი ორიგენეს დევნის შესახებ: "ამ დროიდან დიმიტრის სიყვარული სიძულვილად გარდაიქმნა, ქება კი შეიცვალა გაკიცხვით. ორიგენეს წინააღმდეგ მოწვეულ იქნა ეპისკოპოსთა და ზოგიერთ პრესვიტერთა კრება, რომელმაც, როგორც პამფილი ამბობს, მიიღო დადგენილება, რომ ორიგენე უნდა გაეძევებინათ ალექსანდრიიდან, ნება არ უნდა დაერთოთ მისთვის იქ ცხოვრებისა ან სწავლისა; მაგრამ სამღვდელო ხარისხი მას არ ჩამოერთმეოდა კრების მიერ, რომელიც ჩატარდა 230 წლის დასასრულს ან 231 წლის დასაწყისში, მიღებულმა დადგენილებამ არ დააკმაყოფილა ალექსანდრიის ღრმად მოხუცებული პაპი (ეპისკოპოსი დიმიტრიოსი - რედ.), და მან რამდენიმე თვის შემდეგ ახალი კრება მოიწვია, მაგრამ უკვე პრესვიტერთა მონაწილეობის გარეშე".
[8] - სეპტიმუს სევერუსის (გარდ. 211 წ.) მემკვიდრეები იყვნენ მისი შვილები: ჰეტუსი და კარაკალა. 212 წ. კარაკალამ მოკლა ძმა და ერთპიროვნული მმართველი გახდა. კარაკალას ოფიციალური სახელი იყო ანტონინე. კარაკალა იყო შერქმეული სახელი.
[9] - დიუსი - იერუსლაიმის ეპისკოპოსი იყო 2 წლის განმავლობაში.
გერმანე - იერუსალიმის ეპისკოპოსი იყო 4 წლის განმავლობაში.
გორდიოსი - იერუსალიმის ეპისკოპოსი იყო 5 წლის განმავლობაში.
[10] - ალექსანდრე - იერუსალიმის ეპისკოპოსი (212‑250 წწ.).
[11] - იერუსალიმის ეპისკოპოსის ალექსანდრეს წერილი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეს ქრისტიანებისადმი, პროტესტანტი მეცნიერების აზრის მიუხედავად, არაპირდაპირად მოწმობს ეგვიპტეში საეპისკოპოსო კათედრის არსებობას ჯერ კიდევ III ს‑ის 30‑იან წლებში.
[12] - ასკლეპიადე - ანტიოქიის ეპისკოპოსი (213‑221 წწ.).
[13] - დაახ. 200 წ. ანტიოქიის ეპისკოპოსმა სერაპიონმა მის დაქვემდებარებაში მყოფ როსის სამრევლოს (კელესირია) მიმართა შეგონებით, რომ ღვთისმსახურებაში არ გამოეყენებინათ ე. წ. "პეტრეს სახარება". აპოკრიფების შესახებ იხ.: შნშ. 46. წ. 3.
[14] - დოკეტისტები - დოკეტიზმის მიმდევრები, ანუ მოძღვრება ქრისტეს მოჩვენებითი სხეულის შესახებ. დოკეტიზმი შეადგენდა გნოსტიკური მოძღვრების უმრავლესობის მნიშვნელოვან ნაწილს. როგორც ცალკე სექტა დოკეტისტები მოიხსენიებიან მხოლოდ იპოლიტე რომაელის `ფილოსოფუმენებში~.
[15] - კლიმენტი ალექსანდრიელი. სტრომატები, I, 21.
კასიანე იულიუსი (II ს.) - დოკეტისტი და მოხსენიებულია "სტრომატებში" და ევსებისთან.
არისტობულე - ალექსანდრიელი მწერალი, წარმოშობით იუდეველი, პტოლემეოს IX მასწავლებელი. ხუთწიგნეულის მისეული განმარტება, დაწერილი ბერძნულ ენაზე, მოხსენიებულია კლიმენტი ალექსანდრიელისა და ევსევის მიერ.
დიმიტრიოსი (III ს. ქ. შ.‑მდე) - იუდეველი ისტორიკოსი, ავტორი თხზულებისა "იუდეველ მეფეთა ისტორია", რომელიც ჩვენამდე მოღწეულია ფრაგმენტულად, სხვა ავტორების მიერ დამოწმებული.
ევპოლემიოსი (II ს. ქ. შ.‑მდე) - იუდეველი ისტორიკოსი, ავტორი ტრაქტატისა "იუდეველ მეფეთა შესახებ".
[16] - აკვილა - იუდაიზმის პროზელიტი, წარმოშობით იყო ეფესოში მცხოვრები წარმართული ოჯახიდან. იგი ცხოვრობდა ადრიანეს მეფობის პერიოდში. დაახ. 129 წ. თარგმნა წმ. წერილი იმ იუდეველებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ბერძნულ ენოვან გარემოში. თარგმანმა იუდეველების დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ თარგმანის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბევრი უძველესი ავტორი: წმ. ირინეოს ლიონელი, ნეტ. იერონიმე, ორიგენე, ნეტ. ავგუსტინე, ეპიფანე კვიპრელი და სხვ. ეპიფანეს მტკიცებით, აკვილამ წმ. წერილი ქრისტიანებისადმი განსაკუთრებული სიძულვილით თარგმნა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა ნეტ. იერონიმე, თვლიდა რა, რომ `აკვილა არა პაექრობის სულით, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, არამედ ზედმიწევნით სიტყვა-სიტყვით თარგმნის~ (იხ.: Филарет, архиеипскоп Черниговский. Историческое учение об отцах Церкви. т. 1. ც. 188).
სვიმაქოსი _ სწავლული სამარიტელი, ქრისტიანობა მიიღო და მალე ებიონელთა მწვალებლობაში ჩავარდა. მთარგმნელობითი საქმიანობით დაკავებული იყო 201‑203 წწ‑ებში. სვიმაქოსის თარგმანს იყენებდნენ ქრისტიანებიც.
თეოდოტიონი - ებიონელთა ერესის მიმდევარი. დაიბადა ეფესოში. შემდეგ გადავიდა იუდაიზმში. წმ. წერილი თარგმნა იმპერატორ კომოდის მმართველობის მეორე წელს, ე. ი. 181 წ.
[17] - ჰეგზაპლები, შედგენილი ორიგენეს მიერ 230‑240 წწ‑ებში, თავისთავად წარმოადგენს ექვს სვეტს: 1) ებრაული ტექსტი ებრაული შრიფტით; 2) ებრაული ტექსტი ბერძნული შრიფტით; 3) სამოცდაათ მთარგმნელთა თარგმანი; 4) აკვილას თარგმანი; 5) სვიმაქოსის თარგმანი; 6) თეოდოტიონის თარგმანი. ჰეგზაპლები არის წმ. წერილის ტექსტების ჩვენთვის ცნობილი პირველი კრიტიკული გამოცემა. 280 წ. წმ. წერილის ბერძნული ტექსტის კიდევ ერთი კრიტიკული გამოცემა შესრულდა - ლუკიანე ანტიოქიელის "რეცენზია". ცნობილია წმ. წერილის ტექსტის კიდევ რამდენიმე ბერძნული თარგმანი, რომლებიც მიეკუთვნება დაახლოებით ორიგენეს პერიოდს ან წინ უძღვის მას: (ქ. შ.‑მდე III ს.‑ქ. შ. III ს.).
[18] - ამის შესახებ მოთხრობილია პალადინ ჰელენოპოლელის "ლავსაიკონში".
[19] - პორფირი (232/233‑301/305 წწ.) - ფილოსოფოსი, ადრეული რომაული ნეოპლატონიზმის წარმომადგენელი. ავტორი მრავალრიცხოვანი შრომებისა ფილოსოფიაში, რელიგიაში, მათემატიკაში, ისტორიაში, რიტორიკაში, ასტროლოგიაში და ა. შ. დაწერა თხზულება "ქრისტიანების წინააღმდეგ", რომელიც ფრაგმენტების სახით არის შემორჩენილი ავტორებთან (იხ.: Лосев А. Ф. История античной эстетики. Последние века. М., 1988. წ. 1). ამ თხზულების ფრაგმენტები იხ.: Harnack A. Porphyrius "Gegen die Chrisen"//Abhandlungen der Akademie der Wissenschaften in Gottingen. 1916. რუს. თარგ. იხ.: Ранович А. Б. Первоисточники по истории раннего христианства. Античные критики христианства. М., 1990. გვ. 346‑391.
[20] - ამონიოს საკასი (175‑242 წწ.) - ნეოპლატონიზმის სკოლის დამაარსებელი, პლოტინის მასწავლებელი. მას თხზულებები არ დაუტოვებია (იხ.: Лосев А. Ф. История античной эстетики. Поздный эллианизм. М., 1980. გვ. 134‑140).
[21] - ნუმენოის აპამიელი (II ს.) - სირიელი ნეოპითაგორელი ფილოსოფოსი, იხრებოდა პლატონის ფილოსოფიისკენ (იხ.: იქვე, გვ. 132‑134).
კრონიოსი (II ს.) - ჰომეროსის კომენტატორი, ნუმენიოსის მეგობარი.
აპოლოფანი (III ს.) - სტოიკოსი, ცხოვრობდა ანტიოქიაში. ლონგინოს კასიოსი (213‑273 წწ.) - ათენელი რიტორი და ფილოსოფოს-ნეოპლატონიკოსი, ამონიოს საკასის მოწაფე. სიკვდილით დასჯილ იქნა იმპერატორ ავრელიუსის ბრძანებით. ლოგინოსს მრავალი საუკუნის განმავლობაში მიეწერებოდა ავტორობა ცნობილი ტრაქტატისა "ამაღლებულის შესახებ" (იხ.: ფსევდო-ლონგინე, ამაღლებულიათვის, მთარგ. ბაჩანა ბრეგვაძე, თბილისი, 1975 წ., აგრეთვე იხ. Лосев А. Ф. История античной эстетики. Ранний эллинизм. М., 1979. გვ. 452).
მოდერატოს ჰადესელი (I ს. ქ. შ.‑მდე.‑I ს. ქ. შ.) - ფილოსოფოს-ნეოპითაგორელი. ცნობილია პორფირის თხზულების მეშვეობით "პითაგორას ცხოვრება", რომელშიც მოყვანილია ფრაგმენტები მოდერატოსის შესახებ. მის შესახებ ცნობები მოიპოვება სიმპლიციუსთან და სტობეოსთან (იხ.: Лосев А. Ф. История античной эстетики. Поздний эллинизм. გვ. 33‑34).
ნიკომაქე გერასელი (II ს.) - ნეოპითაგორელი ფილოსოფოსი. მათემატიკოსი, ავტორი თხზულებისა "არითმეტიკის შესავალი" და "არითმეტიკული ღვთისმეტყველება".
ხერიმონი _ ეგვიპტელი ისტორიკოსი და ფილოსოფოს-სტოიკოსი, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი. ავტორი თხზულებისა "ეგვიპტის ისტორია". იმპერატორ ნერონის მოძღვარი.
კორნუტუსი (I ს.) - ფილოსოფოს-სტოიკოსი.
[22] - საუბარია "ფილოსოფოსის მანტიის" შესახებ - ტანსაცმლის განსაკუთრებული სახეობა, რომელსაც ატარებდნენ პროფესიონალი რიტორები, სოფისტები, სწავლულები (იხ.: იუსტინე ფილოსოფოსი. `დიალოგი ტრიფონ იუდეველთან, I, 1‑2).
[23] - არაბეთი იყო რომის პროვინცია, მასში შედიოდა მთელი იორდანიის გაღმა მხარე და პეტრია. მათ მართავდა ლეგატი-სენატორი. ლეგატის მიმართვა ატარებდა ოფიციალურ ხასიათს. ეპისკოპოსისადმი გაგზავნილი ეპისტოლე მოწმობს იმის შესახებ, რომ იმ დროს რომის მოხელეები იცნობდნენ საეკლესიო იერარქიას. ორიგენე მოგზაურობდა 215‑216 წწ.
[24] - 215 წ. ალექსანდრიელები აჯანყდნენ იმპერატორ კარაკალას წინააღმდეგ. კარაკალამ მათზე მკაცრად იძია შური: ქალაქი მეომრებს გადასცა დასარბევად, გააძევა ყველა უცხოელი, დახურა სკოლები.
[25] - ამ წერილის შესახებ იხ.: Лоллий (Юрьевский), архиеп. Александрия и Египет. გვ. 210‑211.
[26] - ბერილიოსი - არაბეთის ბოსტრიის ეპისკოპოსი. მიეკუთვნებოდა მონარქისტთა ერესს.
[27] - ანტონინუსი - რომის იმპერატორი კარაკალა (211‑217 წწ.); მაკრინუსი - რომის იმპერატორი (217‑218 წწ.); "ანტონინუსის მეგობარს" ევსები უწოდებს იმპერატორ ჰელაგაბალს (218‑222 წწ.).
[28] - კალისტუსი - რომის ეპისკოპოსი (218‑223 წწ.).
ურბანუსი - რომის ეპისკოპოსი (223‑230 წწ.).
[29] - ალექსანდრე სევერუსი - რომის იმპერატორი (222‑235 წწ.).
[30] - ფილეტოსი - ანტიოქიის ეპისკოპოსი (223‑230 წწ.).
[31] - პონტიანუსი - რომის ეპისკოპოსი (230‑235 წწ.).
ძებენოსი - ანტიოქიის ეპისკოპოსი (230‑238 წწ.).
[32] - ჰერაკლასი - ალექსანდრიის ეპისკოპოსი (231‑246 წწ.).
[33] - ფირმილიანე (გარდ. 260 წ.) - კესარია-კაბადოკიის ეპისკოპოსი. თავმჯდომარეობდა ერეტიკოსების წინააღმდეგ გამართულ რამდენიმე კრებას. შემორჩენილია მისი ეპისტოლე კვიპრიანე კართგენელის მიმართ.
[34] - მაქსიმინი - რომის იმპერატორი (235‑238 წწ.).
[35] - გორდიანე - რომის ეპისკოპოსი (235‑244 წწ.).
[36] - ანტეროსი - რომის ეპისკოპოსი (235‑236 წწ.).
ფაბიანე - რომის ეპისკოპოსი (236‑250 წწ.).
[37] - ბაბილა - ანტიოქიის ეპისკოპოსი (238‑250 წწ.).
[38] - დიონისე - ალექსანდრიის ეპისკოპოსი (246‑265 წწ.); კატეხიზატორულ სასწავლებელს ხელმძღვანელობდა 223 წლიდან.
[39] - წმ. გრიგოლი (გარდ. დაახ. 270 წ.) - ნეოკესარიის ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი. 231 წ. წარმართი თეოდორე ორიგენეს დაემოწაფა. რვაწლიანი სწავლების შემდეგ მოინათლა გრიგოლის სახელით. მალე ნეოკესარის ეპისკოპოსი გახდა. მრავალი სასწაული მოახდინა და უკვე ბასილი დიდმა და გრიგოლ ნოსელმა უწოდეს მას საკვირველთმოქმედი. მან შეადგინა: სარწმუნოების სიმბოლო (240 წ.), რომელიც მოწონებულ იქნა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (325 წ.); კანონიკური ეპისტოლე პონტოს ეპისკოპოს ათენოდორეს მიმართ, 12 კანონის ჩათვლით (262 წ.); ორიგენეს შესხმა. მისი ცხოვრების ძველი ქართული თარგმანები იხ. ნანა მრევლიშვილი, გრიგოლ ნოსელის "გრიგოლ საკვირველთმოქმედის ცხოვრების" ქართული რედაქციები, თბილისი, 2001 წ.
ათენოდორე - პონტოს ეპისკოპოსი, წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედის ძმა. წმ. გრიგოლთან ერთად ესწრებოდა პავლე სამოსატელის წინააღმდეგ გამართულ კრებას ანტიოქიაში (264 წ.).
[40] - სუსანას შესახებ (დან. 13:1‑64) ამბავი გადმოცემული არ არის ძველი აღთქმის ებრაულ ტექსტში. იგი არის მხოლოდ 70 მთარგმნელთა მიერ შესრულებულ ბერძნულ თარგმანში.
[41] - წმ. პამფილის ცხოვრება დაცულია ევსების ნაშრომის, "პალესტინელ მოწამეთა შესახებ", ფრაგმენტში. ევსების მიერ შედგენილი კატალოგი დაკარგულია. მისი ნაწილი დამოწმებულია ნეტ. იერონიმეს მიერ პავლესადმი მიწერილ ეპისტოლეში (ეპისტოლე 23), სადაც დასახელებულია ორიგენეს დაახ. 800 ნაშრომი. ევსების კატალოგში ისინი შეადგენდა 2000.
[42] - ფილიპე არაბი - რომის იმპერატორი (244‑249 წწ.). არ იყო ქრისტიანი, მაგრამ კეთილგანწყობილი იყო ქრისტიანებისადმი.
[43] - კელსუსი - ბერძენი რიტორი. დაახ. 170 წ. დაწერა ანტიქრისტიანული თხზულება "ჭეშმარიტი სიტყვა", რომლის ფრაგმენტები აცულია ორიგენეს ტრაქტატში "კელსუსის წინააღმდეგ". კელსუსი არ იყო ეპიკურელი. კელსუსის წიგნის ფრაგმენტები იხ.: Ранович А. Б. Первоисточники по истории раннего христианства. გვ. 270‑331.
[44] - ფაბიანესადმი მიძღვნილ ეპისტოლეში (დაახ. 241 წ.) ორიგენე ასე ხსნის თავის თხზულებებში არსებულ ბოლომდე არამართებული განსაზღვრებების არსებობას: მისმა მეგობარმა მეცენატმა ამბროსიმ აღმოაჩინა მისი პირადი ჩანაწერები, რომელიც შეიცავდა ჩამოუყალიბებელ აზრებს.
[45] - ამ კრებისა და მასზე დაგმობილი ერესების შესახებ ჩვენ ვიცით მხოლოდ ევსებისგან.
[46] - ელკესაიტები - სექტა, "ფილოსოფუმენების" (VIII, 8‑11) თანახმად, ყველაზე უცნაური, გამონაგონი ამბების აღმსარებელი. ელკესაიტები ამტკიცებენ, რომ ძე ღმერთი გამოეცხადა მათი სექტის დამფუძნებელს ელკსას (I ს‑ის დასას.-II ს‑ის დასაწ.) ანგელოზის სახით, რომელიც სიმაღლით იყო 96 რომაული მილი (რომაული მილი უდრის 1 480 მ.). ეს მოძღვრება არსებობდა საკმაოდ დიდხანს: IV ს‑ში ელკსას გვარიდან ჩამომავალ ორ სექტანტს, მარფუსსა და მართანას კიდევ ჰყავდათ თავიანთი მიმდევრები.
[47] - დეკიუსი - რომის იმპერატორი (249‑251 წწ.).
[48] - დეკიუსის დევნულება, რომლის დაწყება დაუკავშირდა ქრისტიანთა წინააღმდეგ გამოცემულ ედიქტს (249 წლის დეკემბერი, ან 250 წლის იანვარი), იყო ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ეკლესიის ისტორიაში. ეს ედიქტი თავდაპირველად ბრძანებდა საყოველთაო დევნულების განხორციელებას მათზე, ვინც თაყვანს არ სცემდა რომაელთა ღმერთებს. იმპერიის ტერიტორიაზე ყველა მაცხოვრებელს ხელისუფლების მიერ დანიშნული ხუთი პირისგან შემდგარი სპეციალური კომისიის თვალწინ უნდა აღესრულებინა მსხვერპლშეწირვა. მათ, ვინც ამას შეასრულებდა, ეძლეოდა სპეციალური "მოწმობები" (ლიბელლი). შემონახულია ზოგიერთი მსგავსი მოწმობის ტექსტი, აი, ერთი მათგანი: "ალექსანდრეს კუნძულის სოფლის მსხვერპლშეწირვისათვის, სატაუტის ძის, აფრელიუს ლოგენესგან, რომელიც არჩეულ იქნა ალექსანდრეს კუნძულის სოფლიდან, შობიდან 72 წლისა, მარჯვენა წარბზე ნაიარევით. მე ყოველთვის ვწირავდი მსხვერპლს ღმერთს და ახლაც თქვენი თანდასწრებით, ედიქტის თანახმად, შევწირე მსხვერპლი და შევასრულე ზედეშეს შეწირვა და ვიგემე სამსხვერპლო ხორცი. იმპერატორ კეისარ გაიუს მესიუს ტრაიანე დეკიუს ღვთისმოსავი სვიანი ავგუსტუსის პირველ წელს. 2 ეპიფსს (ანუ 25 ივნისს -რედ.)".
[49] - წმ. ფაბიანე მოწამეობრივად აღესრულა 250 წლის 20 იანვარს.
კორნელიუსი - რომის ეპისკოპოსი (251‑252 წწ.). ფაბიანეს გარდაცვალების შემდეგ რომის კათედრა დაქვრივებული იყო ერთ წელზე მეტ ხანს.
[50] - პირველად ეპ. ალექსანდრე ევნო იმპერატორ სეპტიმუს სევერუსის დროს.
[51] - მაძაბენუსი - იერუსალიმის ეპისკოპოსი (250‑266 წწ.).
[52] - ფაბიუსი - ანტიოქიის ეპისკოპოსი (251‑256 წწ.).
[53] - ეპ. გერმანემ ბრალი დასდო იმაში, რომ მან მიატოვა თავისი სამწყსო ვალერიანეს დევნულების დროს.
[54] - საბინიუსი იყო იმ დროს ეგვიპტის პრეფექტი.
ფრუმენტარიუსი (ფრუმენტარიუს) - ადრიანეს დროიდან საიდუმლო პოლიციის მოხელის სახელწოდება (ლათ.).
[55] - მაკარი - ნეტარი (ბერძ.).
[56] - ალექსანდრიელ მოწამეთა ხსენების დღე, რომლებიც დეკიუსის დევნულების დროს ეწამნენ - 6 სექტემბერი.
[57] - რომის ეკლესიის პრესვიტერს, რომელიც რწმენის მოღალატეთა შეწყალების წინააღმდეგ გამოდიოდა და განხეთქილებას იწვევდა, ერქვა ნოვატიანე. თუმცა ევსების შეცდომა აიხსნება არა მხოლოდ სახელთა მსგავსებით. ნოვატი ასევე ისტორიული პიროვნება იყო. კართაგენის პრესვიტერად მყოფი, იგი 248 წ. შეეწინააღმდეგა კართაგენის ეპისკოპოსად კვიპრიანეს დანიშვნას. დეკიუსის დევნულების დროს და მას შემდეგაც, იგი, ისევე როგორც ნოვატიანე, სპეკულირებდა რწმენის მოღალატეთა სამწყსოში მიღების შესახებ საკითხით. ნოვატის მომხრეთა თვალსაზრისი სრულიად ეწინააღმდეგებოდა ნოვატიანეს მომხრეთა აზრს: თუ პირველნი თვლიდნენ, რომ ყველა განდგომილი, რომელიც მიიღებდა წერილობით შენდობას რომელიმე მოწამისგან ან აღმსარებლისგან, ხელახლა უნდა მიეღოთ სამწყსოში, მეორენი ამტკიცებდნენ, რომ არავინ განდგომილთაგან არ შეიძლებოდა შენდობილი და მიღებული სამრევლოში ყოფილიყო. ეკლესიისა და იერარქიის პოზიცია, რომელსაც გამოხატავდა უპირველეს ყოვლისა წმ. კვიპრიანე კართაგენელი და რომის ეპისკოპოსი კორნელიუსი, შორს იყო უკიდურესობისგან და ცდილობდა თითოეული კონკრეტული შემთხვევის ყურადღებით განხილვას. როგორც ცნობილია, უკიდურესობები ერთმანეთის მსგავსია: ნოვატი და ნოვატიანე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, უფრო მეტიც, ნოვატიანე კორნელიუსის წინააღმდეგ გამოვიდა ნოვატის წაქეზებით. ორივე განხეთქილებაში მყოფი პრეტენზიას აცხადებდა საეპიკოპოსო კათედრაზე, ერთიც და მეორეც სხვადასხვაგვარად სარგებლობდნენ ანგარების მიზნით ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო საკითხებით.
[58] - ნოვატიანე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი იყო როგორც საეკლესიო მწერალი, ერთ-ერთი პირველი ლათინურენოვანი თეოლოგი. მისი ეპისტოლეების გარდა, ჩვენამდე მოაღწია წმ. კვიპრიანეს წერილებში დაცულმა მისმა ნაშრომებმა: "სამების შესახებ" და "იუდეველთა საზრდოს შესახებ".
[59] - ამ ბრალდებებს, შესაძლოა გაზვიადებულს, უყენებს მხოლოდ ეპისკოპოსი კორნელიუსი. არც წმ. კვიპრიანეს, არც ტრაქტატის "De novatianum" -ის ავტორს (სავარაუდოდ, პაპი ქსისტუსი II), - ორივე იყო ნოვატიანეს შეუპოვარი მოწინააღმდეგე, - არ მოყავთ კორნელიუსის არცერთი ბრალდება.
[60] - ეს სია არ შემონახულა.
[61] - ნოვატიანეს განხეთქილებას თავდაპირველად მხარს უჭერდა ზოგიერთი ავტორიტეტული ეპისკოპოსი, "ნოვატიანელთა პარტიის მკაცრი წესებისა და, შესაძლოა, ნოვატიანეს პირადი ხასიათის საპატივსაცემოდ" (Болотов В. В. Лекции по истории древней Церкви. ტ. 2. გვ. 382). შესაძლოა, სწორედ ნოვატიანეს რიგორიზმა უზრუნველყო მათი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიული არსებობა. VI ს‑ში მათ წინააღმდეგ იწერებოდა სპეციალური ტრაქტატები, მაგალითად, ალექსანდრიის პატრიარქ ევლოგის (597‑607 წწ.) ნაშრომი. ნოვატიანელების შესახებ არსებობს VIII ს‑ის ცნობები.
[62] - დემეტრიანე - ანტიოქიის ეპისკოპოსი (256-260 წ.წ.).
ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა
საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი