საეკლესიო ისტორიის მეშვიდე წიგნი შეიცავს შემდეგს:
I. დეკიუსისა და გალუსის ავზნეობის შესახებ.
II. მათი დროინდელი რომაელი ეპისკოპოსები.
III. როგორ განაჩინა პირველად კვიპრიანემ მასთან მყოფ ეპისკოპოსებთან ერთად, რომ მწვალებლური ცთომილებიდან მოქცეულები განბანვით* უნდა განწმენდილიყვნენ.
IV. რაოდენ მრავალი ეპისტოლე შეადგინა დიონისემ ამ საკითხის შესახებ.
V. დევნულების შემდგომი მშვიდობის შესახებ.
VI. საბელიოზის მწვალებლობის შესახებ.
VII. მწვალებელთა საძაგელი საცთურის შესახებ და ღვთისგან დიონისესადმი მოვლენილი ხილვისა და იმ საეკლესიო კანონის შესახებ, რომელიც მან მიიღო.
VIII. ნოვატუსის სხვაგვარადმადიდებლობის შესახებ.
IX. მწვალებელთა უღმერთო ნათლობის შესახებ.
X. ვალერიანესა და მისი დროინდელი დევნულების შესახებ.
XI. იმ [მოვლენების] შესახებ, რაც შეემთხვათ დიონისეს და ეგვიპტეში მყოფთ.
XII. პალესტინის კესარიაში წამებულთა შესახებ.
XIII. გალენუსის დროინდელი მშვიდობის შესახებ.
XIV. მის დროს აღზევებული ეპისკოპოსები.
XV. როგორ ეწამა მარინუსი კესარიაში.
XVI. ასტერიუსის ისტორია.
XVII. პანეადაში ჩვენი მაცხოვრის დიდი საქმეების ნიშანთა შესახებ.
XVIII. იაკობის საყდრის შესახებ.
XIX. დიონისეს სადღესასწაულო ეპისტოლეების შესახებ, სადაც პასექის შესახებაც ადგენს კანონს.
XX. ალექსანდრიაში მომხდარი მოვლენების შესახებ.
XXI. მასზე მოვლენილი სენის შესახებ.
XXII. გალენუსის მეფობის შესახებ.
XXIII. ნეპოტისა და მისი განხეთქილების შესახებ.
XXIV. იოანეს გამოცხადების შესახებ.
XXV. დიონისეს ეპისტოლეების შესახებ.
XXVI. პავლე სამოსატელისა და მის მიერ ანტიოქიაში დაარსებული მწვალებლობის შესახებ.
XXVII. იმ დროს ცნობილი გამოჩენილი ეპისკოპოსების შესახებ.
XXVIII. როგორ განიკვეთა მხილებული პავლე.
XXIX. მანიქეველთა გარყვნილი სხვაგვარადმადიდებლობის შესახებ, რაც იმ დროს ახალი დაწყებული იყო.
XXX. თვით ჩვენს დროში გამოჩენილ ეკლესიურ კაცთა შესახებ და თუ ვინ დარჩა მათგან, სანამ ეკლესიებზე თავდასხმები დაიწყებოდა. პასექის შესახებ ანატოლის კანონებიდან
----------------------------------------------
* ნათლობით - მთარგ.
ალექსანდრიელთა დიდი ეპისკოპოსი დიონისე "საეკლესიო ისტორიის" მეშვიდე წიგნში კვლავ შეეწევა ჩვენს შრომას თავისი სიტყვებით და მის დროს მომხდარ მოვლენებზე ნაწილობრივ მიანიშნებს მის მიერ დატოვებული ეპისტოლეების მეშვეობით. ჩემი სიტყვა კი აქედან დაიწყება.
I
დეკიუსს სრული ორი წელი არ უმეფია, მალევე მოკლეს შვილებთან ერთად, და იგი შეცვალა გალუსმა[1]. ამ დროს აღესრულა ორიგენე, რომლის ცხოვრებასაც ერთი წელი აკლდა სამოცდაათი წლის შესრულებამდე. დიონისე წერს ჰერმამონს[2] და გალუსის შესახებ ამბობს შემდეგს: "მაგრამ გალუსმა არ შეიცნო დეკიუსის ბოროტი საქმეები, არც გამოიკვლია, თუ რამ დასცა იგი; არამედ მის თვალწინ მდებარე იმავე ქვას წამოსდო ფეხი. მან, როდესაც სამეფოს კარგად წარმართავდა და მისი საქმეები გონების თანახმად მიდიოდა, განდევნა წმინდა ადამიანები, რომლებიც მისი მშვიდობისა და ჯანმრთელობის გამო შუამდგომლობდნენ ღვთის წინაშე[3], ამიტომ მათთან ერთად განიდევნა მის გამო ლოცვებიც".
II
ეს ითქვა მის შესახებ. რომაელთა ქალაქში კი, როდესაც კორნელიუსმა მესამე წლის ბოლომდე მიიტანა ეპისკოპოსობა, მონაცვლედ ლუკიუსი იქნა დადგინებული. მას სრული რვა თვე არ უმსახურია და მისი აღსასრულის შემდეგ სტეფანეს[4] გადაეცა [საეპისკოპოსო] ხარისხი. მას მიწერა დიონისემ "ნათლობის შესახებ" ეპისტოლეთაგან პირველი, როდესაც არამცირე ძიება აღიძრა, უნდა გაწმენდილიყვნენ თუ არა განბანვის მეშვეობით ნებისმიერი მწვალებლობიდან მოქცეულები. ძველი ჩვეულებით ასეთებზე საჭირო იყო მხოლოდ ხელების დადებით ლოცვა[5].
III
კართაგენის საკრებულოს მწყემსი კვიპრიანე, იმ დროს [მოღვაწეთა] შორის პირველი კაცი, მიიჩნევდა, რომ არა სხვაგვარად, არამედ პირველ რიგში საცთურისაგან ნათლისღებით განწმენდილი უნდა მიეღოთ. მაგრამ სტეფანე ფიქრობდა, რომ დასაბამიდანვე დაცული გადმოცემის წინააღმდეგ ახალი არაფერი არ უნდა გამოეგონებინათ, და ამის გამო შეწუხებული იყო.
IV
ამის შესახებ მას ბევრი ესაუბრა წერილების მეშვეობით დიონისე, ბოლოს ცხადყოფს, რომ დევნულების შემცირებისას ეკლესიებმა ყველგან ნოვატუსის სიახლის უკუგდებით ერთმანეთთან მშვიდობა მოიპოვეს. იგი წერს შემდეგი სახით:
V
"ახლა კი იცოდე, ძმაო, რომ ერთიანდება ყველა ადრე განხეთქილებაში მყოფი აღმოსავლეთისა და უფრო შორეული ეკლესია. ერთსულოვანი არის ყველა წინამდგომელი, ზეაღმატებულად ხარობენ მოულოდნელად დამყარებული მშვიდობის გამო, ანტიოქიაში - დემეტრიანე, კესარიაში - თეოკტისტე, ელიაში (იერუსალიმში - მთარგ.) - მაძაბენესი, ტვიროსში - მარინუსი (მას შემდეგ, რაც ალექსანდრემ მიიძინა), ლაოდიკიაში - ჰელიოდორე (მას შემდეგ, რაც თელიმიდრემ შეისვენა), ტარსუსში - ჰელენიუსი და კილიკიის ყველა ეკლესია, ფირმილიანე და მთელი კაბადოკია. დავასახელე მხოლოდ უფრო ცნობილი ეპისკოპოსები, რათა არც ეპისტოლე გამეხადა ვრცელი, არც სიტყვა - მძიმე და მაინც, ორივე სირია მთლიანად და არაბეთი, რომლებსაც ყოველთვის შეეწეოდით და რომლებსაც ახლა სწერთ, მესოპოტამია, პონტო და ბითვინიაც, ერთი სიტყვით, ყველგან ყველა ზეიმობს ერთსულოვნებას და ძმათმოყვარეობას და ადიდებენ ღმერთს".
ამას წერს დიონისე. მას შემდეგ, რაც სტეფანემ ორი წლის განმავლობაში სრულ ყო მსახურება, იგი შეცვალა ქსისტუსმა[6]. დიონისემ მას მისწერა "ნათლისღების შესახებ" მეორე ეპისტოლე, და წარმოაჩინა სტეფანესა და დანარჩენი ეპისკოპოსების აზრი და გადაწყვეტილება. სტეფანეს შესახებ ამბობს შემდეგს: "პირველად მომწერა ჰელენიუსის, ფირმილიანესა და ყველა მათ შესახებ, რომლებიც იყვნენ კილიკიიდან და კაბადოკიიდან, და, ცხადია, გალიტიისა და ყველა მისი მოსაზღვრე ერების შესახებ, რომ მათთან გაწყვეტდა თანაზიარებას ამავე მიზეზით; რადგან, ამბობს, რომ მწვალებლებს მეორედ ნათლავდნენ. დააკვირდი, რა მნიშვნელოვანი საქმეა ეს. რადგან, როგორც შევიტყვე, ამის შესახებ ეპისკოპოსთა უდიდეს სინოდებზე ნამდვილად იქნა მიღებული დადგენილებები, რომ მწვალებლობიდან მოსულებს დამოძღვრავდნენ, შემდეგ განბანდნენ და განწმენდავდნენ ძველი და უწმინდური საფუარის მწვირისაგან. და მივწერე თხოვნით მას ყოველივე ამის შესახებ".
შემდეგ ამბობს: "ასევე ჩვენს მოყვასსა და თანახუცესს დიონისეს და ფილემონს, პირველად სტეფანეს თანამოაზრეებად მყოფთ, რომლებიც ამავე საკითხების შესახებ მე მწერდნენ, ადრე ცოტას ვწერდი, ახლა კი ბევრს ვწერ მათ".
მაგრამ ეს დაიწერა ზემოხსენებული საკითხის შესახებ.
VI
ამავე ეპისტოლეში აღნიშნავს საბელიოზის[7] მიმდევარი მწვალებლების შესახებ, რომლებმაც მის დროს წამოყვეს თავი, და ამბობს შემდეგს: "ახლა პენტაპოლის პტოლემაიდაში აღძრული შეხედულების შესახებ, რომელიც არის უღმერთო და შეიცავს მრავალ გმობას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ყოვლისმპყრობელ მამაზე და მრავალ ურწმუნოებას მისი მხოლოდშობილი შვილის, ყოველი ქმნილების პირმშოს, განკაცებული სიტყვის მიმართ, და სულიწმინდის უგრძნობლობას, - როდესაც ჩემთან ორივე მხრიდან მოვიდა საბუთებიც და ძმებიც, გავგზავნე რამდენიმე ეპისტოლე, როგორც შემეძლო ღვთისგან მონიჭებით, მივუთითებდი დამოძღვრით; მათი ასლები შენც გამოგიგზავნე".
VII
"ნათლისღების შესახებ" მესამე ეპისტოლეში, რომელიც იმავე დიონისემ რომაელ პრესვიტერ ფილიმონს მისწერა, გადმოცემს შემდეგს: "რაც შემეხება მე, მწვალებელთა თხზულებებიცა და გადმოცემებიც წავიკითხე, ცოტათი გავისვარე სული მათი ბინძური აზრებით, და მათგან ეს სარგებელი მივიღე, შევძელი ჩემს თავში მათი მხილება და მოძულება. და როდესაც პრესვიტერთაგან ერთ-ერთი ძმა მაკავებდა და ეშინოდა, არ შევრეოდი მათი უკეთურების სისაძაგლეს, რადგან ამბობდა, რომ ჩემ სულს დავაზიანებდი და, როგორც ვგრძნობდი, სიმართლესაც ამბობდა. მაგრამ ღვთისგან მოვლენილმა ხილვამ გამაძლიერა და ჩემს მიმართ მოსულმა სიტყვამ მიბრძანა, და გარკვევით მითხრა: "ყველაფერი იკითხე, რაც ხელში მოგხვდება. რადგან ძალგიძს შეასწორო ყოველი მათგანი და გამოსცადო; და შენთვის ეს თავიდანვე იყო რწმენის მიზეზი". ხილვა მივიღე, როგორც სამოციქულო ხმასთან თანმხვედრი, რაც ითქვა უფრო ძლიერთა მიმართ: "იყავით გამოცდილი მეკერმენი"*.
შემდეგ ყველა მწვალებლობის შესახებ ამბობს ზოგ რამეს და დასძენს: "მე ეს კანონი და მაგალითი მივიღე ჩვენი ნეტარი პაპის ჰერაკლასისგან. რადგან მწვალებლობებიდან მოსულებს, და მაინც ეკლესიიდან განდგომილებს (უფრო არა განდგომილებად, არამედ მასთან მყოფებად ჩანდნენ, მაგრამ მხილებული იყვნენ ცრუ მასწავლებლების მოწაფეობაში) ეკლესიიდან აგდებდა და არ ისმენდა მათ თხოვნებს, ვიდრე სახალხოდ არ იტყოდნენ ყველაფერს მოსმენილს მოწინააღმდეგეებთან (შდრ. 2 ტიმ. 2, 25), და მაშინ შეიყვანდა მათ კრებულში, არ ითხოვდა მათგან მეორე ნათლობას; რადგან პირველად მისგან ჰქონდათ მიღებული წმინდა ნათლობა".
კვლავ ბევრს მსჯელობს ამ საკითხზე და შემდეგ დასძენს: "გამიგია ესეც, რომ აფრიკაში მყოფთ ეს მხოლოდ ახლა არ შემოუღიათ, არამედ დიდი ხნის წინათ ჩვენს უწინარეს მყოფი ეპისკოპოსების დროს ხალხმრავალ ეკლესიებში და ძმათა სინოდებზე, იკონიასა და სინადაში და მრავალთან ეს დაადგინეს. მათი გადაწყვეტილებების უკუგდებას, და მათ ჩათრევას კამათსა და შეჯიბრებაში მე ვერ გავბედავ. ამბობს: "არ შეცვალო შენი მახლობლის საზღვრები, რაც დაადგინეს შენმა მამებმა" (II სჯ. 19, 14. LXX)".
"ნათლისღების შესახებ" მეოთხე ეპისტოლე მისწერა დიონისე რომაელს, რომელიც მაშინ გახდა ხუცესობის ღირსი და მცირე ხნის შემდეგ იქვე მიიღო ეპისკოპოსობაც. ამ ეპისტოლედანაც შეიძლება გავიგოთ, როგორ მოწმობს დიონისე ალექსანდრიელი თვით მასზეც როგორც განათლებულსა და საკვირველზე. იგი, იხსენებს რა ნოვატუსთან დაკავშირებულ ამბებს, მას სწერს შემდეგს:
------------------------------------------------------------
* ეს გამონათქვამი ციტირებულია ადრეული პერიოდის მრავალ მწერალთან და ის მიიჩნეოდა ქრისტეს სიტყვად. მაგრამ, იხ. I თეს. 5,21 - მთარგ.
VIII
"რადგან კეთილგონივრულად ვემტერებით ნოვატუსს, რომელმაც გათიშა ეკლესია და ზოგიერთ ძმას უღმერთობისა და გმობისაკენ ექაჩება, ღვთის შესახებ უწმინდური მოძღვრება შემოაქვს და ჩვენს უტკბილეს უფალს, იესო ქრისტეს, ცილს სწამებს როგორც უმოწყალოს, ყველაფერთან ერთად კი უარყოფს წმინდა ნათლისღებას და მის დრომდე არსებულ რწმენასა და აღსარებასაც ამხობს და მათგან სულიწმინდის სრულებით განდევნას განაჩინებს, მისი დარჩენის ან უკან დაბრუნების თუ რამ იმედი არსებობდა".
IX
და მან რომაელთა ეპისკოპოს ქსისტუსს მისწერა მეხუთე ეპისტოლეც, რომელშიც მწვალებლების წინააღმდეგ მრავალ რამეს ამბობს, და მის დროს მომხდარ ასეთ ამბავს გადმოსცემს: "ძმაო, ნამდვილად მჭირდება რჩევა და შენგან ვითხოვ აზრს. ასეთი საქმე შემემთხვა მე და მეშინია არ შევცდე. რადგან შეკრებილ ძმათა შორის არის ერთი მორწმუნე, რომელიც ითვლება ძველად და ჩემი ხელდასხმის უწინარესად, ვგონებ ნეტარი ჰერაკლასის დადგინების უწინარესადაც. როდესაც კრებულის ღვთისმსახურებაზე მონაწილეობდა, ახლახანს ნათელღებულებთან აღმოჩნდა და მოისმინა შეკითხვები და პასუხები, ჩემთან მოვიდა გოდებითა და ცრემლით და დაეცა ჩემს ფეხებთან, აღიარებდა და იფიცებოდა, რომ ნათლობა, რომლითაც მწვალებლებთან მონათლულა, ასეთი არ ყოფილა, სრულიად არც ჰქონია რაიმე საერთო მასთან, რადგან უღმერთო იყო იგი და გმობით აღსავსე. ამბობდა, რომ ახლა მთელი სული დამწუხრებული ჰქონდა და არ გააჩნდა კადნიერება, თვალები აღეპყრო ღვთის მიმართ იმ უწმინდური სიტყვებისა და საქმეებისაგან აღძრულს, და ამის გამო ითხოვდა, რომ მიეღო ეს უწმინდესი განწმენდა, შეთვისება და მადლი. ამის შესრულება მე ვერ გავბედე და ვთქვი, რომ ამისთვის საკმარისი იყო მისი ხანგრძლივი თანაზიარება. რადგან ვერ გავბედავდი იმ კაცის თავიდან განწესებას, ვინც ისმენდა ევქარისტიას და წარმოთქვამდა "ამინს", ტრაპეზთან იდგა და წმინდა საზრდოს მისაღებად ხელებს იწვდიდა და ღებულობდა, ჩვენი უფლის სხეულსა და სისხლს ეზიარებოდა. მაგრამ შევაგონებდი, რომ მხნედ ყოფილიყო, მტკიცე რწმენითა და კეთილი იმედით მიახლებოდა სიწმინდეთა ზიარებას. მაგრამ იგი არ წყვეტს ჩივილს, ძრწოლით მიეახლება ტრაპეზს და მოწვევის მიუხედავად ძლივს ბედავს თანამდგომელებთან ერთად ლოცვებზე დადგომას".
ზემოთქმული ეპისტოლეების გარდა გავრცელებულია მისი სხვა ეპისტოლეც "ნათლისღების შესახებ", მიძღვნილი იმავე სამრევლოს წინამძღვრის ქსისტუსისადმი და რომში მყოფი ეკლესიისადმი, რომელშიც საკვლევი საკითხის შესახებ მსჯელობას ვრცელი დასაბუთების გზით გადმოგვცემს. ამასთან ერთად გავრცელებულია მისი სხვა ეპისტოლე რომში მყოფი დიონისეს მიმართ ლუკიანეს შესახებ[8]. ეპისტოლეების შესახებ ესოდენი რამ ითქვა.
X
გალუსსა და მის გარემოცვას სრული ორი წელი არ ეპყრა ძალაუფლება, რომ ჩამოშორდნენ მმართველობას და იგი გადავიდა ვალერიანესა და მის შვილ გალიენზე[9]. კვლავ შეგვიძლია შევიტყოთ ჰერმამონის მიმართ ეპისტოლიდან, რასაც ამბობს დიონისე მის შესახებ. მასში იგი შემდეგი სახით მოგვითხრობს: "მსგავსადვე გამოეცხადა იოანეს: იგი ამბობს: "და მიეცა მას პირი მოლაპარაკე მედიდურად და გმობით, და მიეცა მას ხელმწიფება და ორმოცდაორი თვე (გამოცხ. 13,5)".
ვალერიანეს ზეობისას ორივეა საკვირველი და მათგან განსაკუთრებით იმის გააზრება, თუ როგორ იქცეოდა პირველ ხანებში, როგორი მშვიდი და მეგობრული იყო ღვთის კაცთა მიმართ. რადგან მის უწინარეს მყოფ იმპერატორთაგან მათ მიმართ ასე კეთილმოსურნედ და კარგად სხვა არავინ იყო განწყობილი, არც ისინი, რომლებზეც ამბობდნენ, რომ აშკარად იყვნენ ქრისტიანები, თუ როგორ ცხადად იქცეოდა იგი თავიდანვე და მათ ყველაზე ახლობლურად და მეგობრულად ღებულობდა; მთელი მისი სახლი სავსე იყო ღვთისმოსავთაგან და ღვთის ეკლესიად იყო ქცეული. მაგრამ მათ ჩამოშორებაში დაარწმუნა იგი ეგვიპტელი მოგვების[10] მოძღვარმა და საკრებულოს მთავარმა; და იგი უბრძანებდა უმანკო და წმინდა კაცების, როგორც მოწინააღმდეგეების, და მისი ბინძური და საძაგელი მაგიური შელოცვების დამაბრკოლებლების (რადგან არიან და იყვნენ შემძლენი, რომ იქ ყოფნით და დასანახად, და მხოლოდ შებერვითა და სიტყვების წარმოთქმით დემონთა უწმინდური შეთქმულებები გაეცამტვერებიათ) დახოცვასა და დევნას. იგი ურჩევდა ბილწ საიდუმლოებებში განდობას და დაწყევლილი გრძნეულებისა და ღვთისთვის არასათნო მღვდელმოქმედების შესრულებას: საბრალო ბავშვების დაკვლას, უბედური მამების შვილთა მსხვერპლად შეწირვას, ახალშობილთა შიგნეულობის გამოკვლევას და ღვთის ქმნილებათა დაჭრასა და გამოფატვრას, თითქოს ამით ღვთის კეთილგანწყობას მოიპოვებდნენ".
და დამატებით დასძენს: "მაკრიანუსი თავისი იმედის იმპერიისათვის მათ (დემონებს - მთარგ.) სწირავდა საუკეთესო სამადლობელო მსხვერპლს. პირველად როდესაც იწოდებოდა იმპერიის საერთო ხაზინის გამგებლად, არც კეთილგონივრულად, არც საყოველთაო სიკეთისათვის ზრუნავდა, არამედ დაქვემდებარებული იყო წინასწარმეტყველურ წყევლას: "ვაი, მათ, რომლებიც თავიანთი გულიდან წინასწარმეტყველებენ და საყოველთაოს ვერ ხედავენ" (ეზეკ. 13, 3). რადგან არ ესმოდა საყოველთაო წინაგანგება, არც ეჭვობდა მისი განკითხვის არსებობას, რაც მყოფობს ყოველივეს უწინარეს, ყოველივეს მეშვეობით და ზესთა ყოველივეზე; ამიტომ იყო მისი კათოლიკე ეკლესიის მტერი, თავისი თავი ღვთის წყალობისგან გასხვისებული და გაუცხოებული ჰქონდა, და თავისი თავი ცხონებისაგან უშორესად განედევნა, ამითაც ჭეშმარიტს ხდიდა საკუთარ სახელს".
შემდეგ კვლავ ამბობს: "ვალერიანე მის მიერ ამ საქმეებისაკენ წამძღვარებული, მიეცა შეურაცხყოფასა და გაკიცხვას, ესაიას მიმართ თქმულის მიხედვით: "და მათ აირჩიეს თავიანთი გზები და თავიანთი სისაძაგლეები, რაც მათმა სულმა ისურვა, და მე ავირჩევ მათ დაცინვას, და მათ ცოდვებს უკუმივაგებ მათ~ (ეს. 66, 3‑4). მან (მაკრიანემ. იგი იყო კოჭლი - მთარგ.) კი მეფობის შლეგური წადილით, რისი ღირსიც არ იყო და არც დამახინჯებულ სხეულზე ძალუძდა სამეფო სამკაულის შემოსვა, წინ გამოიყვანა ორი ვაჟიშვილი, მამის ცოდვების მიმღებნი. მათთვის ცხადი გახადა წინასწარმეტყველება, რაც წარმოთქვა ღმერთმა: "მამათა ცოდვებს შვილებს მოვკითხავ მესამე და მეოთხე თაობამდე ჩემს მოძულეებს" (გამ. 20, 5). რადგან საკუთარი უკეთური გულისთქმები, რომლებშიც ხელი მოეცარა, თავის ძეებს თავს დაატეხა, მათში ჩანერგა თავისი ბოროტება და ღვთის მიმართ სიძულვილი".
ვალერიანეს შესახებ ეს ამბები მოგვითხრო დიონისემ.
XI
მის დროს აღძრული დევნულების უძლიერეს ქარტეხილს, რაც გადაიტანა სხვებთან ერთად თვითონაც ყოვლიერების ღმერთისადმი ღვთისმოსაობის გამო, ამას წარმოაჩენს მისი სიტყვები, რომლებიც დაწერა მისი დროის ერთ-ერთი ეპისკოპოსის გერმანეს წინააღმდეგ, ვინც ბოროტად ცდილობდა მის დადანაშაულებას. იგი გადმოცემს თავის სიტყვებს[11] შემდეგი სახით: "მაგრამ დიდ უგუნურებასა და უგრძნობლობაში ჩავარდნის საფრთხეში ვარ, აუცილებლობით იძულებული, მოგითხროთ ჩვენს გარშემო [აღსრულებული] ღვთის საკვირველი განგებულება. მაგრამ რადგანაც ამბობს: "კარგია მეფის საიდუმლოების დაფარვა, ხოლო ღვთის საქმეთა გაცხადება - დიდებული" (ტობ. 12,7), შემხვედრად დავუთმობ გერმანეს ძალადობას. მე მივედი ემილიანესთან[12], არა მარტო, არამედ თან მახლდა ჩემი თანახუცესი მაქსიმე, და დიაკვნები, ფაუსტუსი, ევსები, ხერემონი, და ერთი ვინმე რომში მყოფ ძმათგან ჩემთან ერთად შემოვიდა[13]. ემილიანეს წინასწარ არ უთქვამს ჩემთვის: "კრებას ნუ გამართავს"[14]. რადგან მისთვის ეს ზედმეტი იყო და ბოლო საკითხი პირველ ადგილზე გადმოიტანა. სხვების შეკრების აკრძალვის თაობაზე მას არაფერი უთქვამს, არამედ იმის შესახებ, რომ ჩვენ თვითონ არ ვყოფილიყავით ქრისტიანები, და ამის შეწყვეტის ბრძანებით ფიქრობდა, რომ თუ მე შევიცვლებოდი, სხვებიც გამომყვებოდნენ. მე კი ვუპასუხე, რაც არც შეუსაბამო იყო, არც შორს იდგა სიტყვებიდან: "უნდა დაემორჩილოთ უფრო ღმერთს, ვიდრე ადამიანებს (საქმე. 5, 29)", პირდაპირ დავამოწმე, რომ ვემსახურები მხოლოდ არსებულ ღმერთს და სხვას არაფერს, არც შევიცვლები, არც ოდესმე შევწყვეტ ქრისტიანად ყოფნას. ამის შემდეგ ბრძანა ჩვენი გაყვანა უდაბნოს მახლობლად დაბა კეფროში.
"მაგრამ თვით ორივეს მიერ ნათქვამთაგან მოისმინეთ, როგორც არის ჩაწერილი. როდესაც შემოიყვანეს დიონისე, ფაუსტუსი, მაქსიმე, მარკელოსი და ხერიმონი, ემილიანემ, პრეფექტის მოვალეობის შემსრულებელმა, თქვა: "პირისპირ გესაუბრეთ ჩვენს უფალთა კაცთმოყვარეობის შესახებ, რაც თქვენთან დაკავშირებით იქნა გამოყენებული. რადგან თქვენ მოგეცათ გადარჩენის შესაძლებლობა, თუ ისურვებთ მიიქცეთ იმის მიმართ, რაც არის ბუნების მიხედვით, და თაყვანს სცემთ მათი სამეფოს მხსნელ ღმერთებს, ხოლო ბუნების წინააღმდეგ მყოფ ღმერთებს კი დაივიწყებთ. ასე რომ, რას იტყვით ამაზე? რადგან მე არ მოველი, რომ თქვენ უმადლო იქნებით მათი კაცთმოყვარეობის მიმართ, რამდენადაც უმჯობესისკენ მიგიძღვებიან".
"დიონისემ მიუგო: "ყველა [ადამიანი] ყველა ღმერთს არ სცემს თაყვანს, არამედ თითოეული - მათ, რომლებსაც ასეთად მიიჩნევენ. ამიტომ ჩვენ ვემსახურებით და თაყვანს ვცემთ ერთ ღმერთს და ყოველივეს შემოქმედს, ვინც იმპერია ჩააბარა ყველაზე ღვთისმოყვარე ვალერიანესა და გალიენუს ავგუსტუსებს და ვის მიმართაც უწყვეტად ვლოცულობთ მათი სამეფოს გამო, რათა შეურყეველი ეგოს".
"პრეფექტმა ემილიანემ მათ უთხრა: "და ვინ გიკრძალავთ მის, - თუკი არის ღმერთი, - ბუნების მიხედვით მყოფ ღმერთებთან ერთად თაყვანისცემას? რადგან თქვენთვის ნაბრძანებია ღმერთების მსახურება, და იმ ღმერთების, რომლებიც ყველამ იცის".
"დიონისემ მიუგო: "ჩვენ სხვას არავის ვცემთ თაყვანს".
"პრეფექტმა ემილიანემ მათ უთხრა: "ვხედავ, რომ თქვენ უმადლო და უგრძნობი ხართ ჩვენი ავგუსტუსების გულმოწყალებისადმი, რის გამოც ვეღარ იქნებით ამ ქალაქში, არამედ წარგგზავნით ლიბიის მხარეში და [დაგტოვებთ] ადგილას, რომელსაც ეწოდება კეფრო; რადგან ეს ადგილი გამოვარჩიე ჩვენი ავგუსტუსების ბრძანების თანახმად. არავითარ შემთხვევაში არ არის ნებადართული არც თქვენთვის, არც სხვებისთვის ან სინოდის მოწყობა, ან ე. წ. "დასაძინებელ ადგილზე"* შესვლა. თუ ვინმე აღმოჩნდება, რომ ან არ იმყოფება ამ ადგილზე, რომელიც ვბრძანე, ან აღმოჩნდება რაიმე შესაკრებელში, თავის თავს საფრთხეში ჩაიგდებს, რადგან არ მოაკლდება სათანადო ზედამხედველობა. ასე რომ, წადით, სადაც გებრძანებათ".
"და თუმცა ავად ვიყავი, მაჩქარებდა, არც ერთი დღის დაყოვნების ნებას არ მაძლევდა. როგორ მექნებოდა მოცალეობა კრების გამართვის ან არგამართვის?"
ცოტა ქვემოთ ამბობს: "მაგრამ არც უფალთან ერთად შეკრების გრძნობას განვუდექით, არამედ ქალაქში უფრო მეტი გულმოდგინებით შევკრიბე, როგორც მათთან მყოფმა, როგორც ამბობს: "სხეულით არ ვიმყოფები თქვენთან, სულით კი ვიმყოფები" (I კორ. 5, 3). კეფროში კი ჩემთან მრავალრიცხოვანი ეკლესიაც მკვიდრობდა, ქალაქიდან თან წაყვანილი ძმებისა და სხვებისაც, ეგვიპტიდან შემოერთებულების. და იქ გაგვიღო ჩვენ ღმერთმა სიტყვის კარი (შდრ. კოლ. 4, 3). და პირველად ვიყავით დევნილები, ჩაქოლილები, მაგრამ შემდეგ წარმართთაგან არა მცირედი სიმრავლე ტოვებდა კერპებს და მოიქცეოდა ღვთის მიმართ.… მათთან, რომლებიც პირველად არ ღებულობდნენ, იმ დროს ჩვენი მეშვეობით მიმოიბნეოდა სიტყვა და ამის გამო მათკენ მიგვიძღოდა ღმერთი, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს მსახურება აღვასრულეთ, კვლავ უკან გამოგვიყვანა.
"რადგან ემილიანეს სურდა ჩვენი გადასახლება, როგორც ეგონა, უფრო მკაცრ და ლიბიის მსგავს ადგილზე, და ყველა ადგილებში მყოფთ უბრძანა მარეოტის ნომში თავმოყრა, ამ მხარეში თითოეული ნაწილისთვის განსაზღვრა დაბები, ჩვენ კი უფრო გზის პირას განგვაწესა, რომ პირველად შესაპყრობი ჩვენ ვყოფილიყავით. ცხადია, ისე განაგო, რომ მზადყოფნაში ყოლოდა, რათა როცა კი მოისურვებდა დაპატიმრებას, ადვილად შესაპყრობი ვყოფილიყავით. მე კი, როდესაც მიბრძანეს კეფროში წასვლა, ხოლო მე ამ ადგილის უმეცარი ვიყავი, თუ სად მდებარეობდა ის, არც სახელი გამეგო აქამდე, მაინც კეთილგანწყობით და უშფოთველად გავემგზავრე. მაგრამ როდესაც მეუწყა, რომ კალუთიონის მხარეში უნდა გადავსახლებულიყავი, ჩემმა თანმხლებმა პირებმა იციან, როგორი განწყობა დამეუფლა (აქ მე ვიქნები ჩემი თავის ბრალმდებელი), პირველად დავმწუხრდი და ძალიან გავნაწყენდი. რადგან, თუმცა ჩემთვის უფრო ცნობილი და ჩვეული აღმოჩნდა ეს ადგილები, მაგრამ ამბობდნენ, ძმებისგან და მოშურნე ადამიანებისგან უკაცრიელი იყო ეს მხარე, ხოლო მოგზაურთაგან თავის მოსაბეზრებელ და ავაზაკთა თავდასხმისათვის ხელსაყრელ ადგილას მდებარეობდა. მაგრამ მივიღე ნუგეშისცემა, ძმებმა შემახსენეს, რომ ძალიან ახლოს იყო ქალაქთან (ალექსანდრიასთან - მთარგ.) და კეფრო ჩვენთვის მოიტანდა ძმებთან ხშირ ურთიერთობას, როგორც უფრო ფართოდ შეკრების შესაძლებლობას, იქ უფრო ახლოს იყო ქალაქი, საყვარელი, ყველაზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანების ხილვით ნამდვილად დავტკბებოდით; რადგან მოვიდოდნენ, შეყოვნდებოდნენ, და როგორც ქალაქგარეთ ახლოს მდებარე ადგილას ნაწილობრივი კრებები გაიმართებოდა. და ასეც იყო".
შემდეგ იმ ამბების შესახებ, რაც მას შეემთხვა, კვლავ წერს: "მრავალი აღსარებით განადიდებდა თავის თავს გერმანე, მრავალი რამ აქვს სათქმელი, რაც მას გარდახდა, - და რამდენი რამის აღრიცხვა შეუძლია ჩვენთან დაკავშირებით: სასამართლო განაჩენები, ქონების ჩამორთმევა, კანონგარეშედ გამოცხადება: ქონების დატაცება, ღირსების აყრა, ამქვეყნიური დიდების უგულებელყოფა, ზიზღი სენატორებისა და პრეფექტების ქების მიმართაც და მის საპირისპიროს მიმართაც, მუქარების, ყვირილის, საფრთხეებისა და დევნულებების, ხეტიალის, შევიწროვების და სხვადასხვა სატანჯველების დათმენა, რაც შემემთხვა მე დეკიუსის და საბინუსის დროს, და ახლაც ემილიანეს დროსაც. გერმანე კი სად ჩანდა? სად იყო მისი ხსენება? მაგრამ თავს ვანებებ ამ დიდ უგუნურებას, რაშიც ჩავვარდი გერმანეს გამო; ამიტომ მომხდარ მოვლენათა წვრილმანების მოყოლას გვერდს ავუვლი იმ ძმებისათვის, რომლებმაც იციან".
იგივე დიონისე დომიციუსისა და დიდიმეს მიმართ ეპისტოლეში დევნულების დროს მომხდარ ამბებს კვლავ იხსენებს, შემდეგი სიტყვებით: "როდესაც ბევრია ჩვენიანი და თქვენთვის უცნობიც არიან, ზედმეტი არის მათი სახელებით ჩამოთვლა. მხოლოდ იცოდე, რომ კაცებმა და ქალებმა, ახალგაზრდებმა და მოხუცებმა, გოგონებმა და ხანშიშესულმა ქალებმა, ჯარისკაცებმა და სამოქალაქო პირებმა, ყველა ტომმა და ყველა ასაკმა, ზოგმა მათრახებითა და ცეცხლით, ზოგმა კი მახვილით გაიმარჯვა ბრძოლაში და მიიღო გვირგვინი. ზოგიერთისთვის კი ხანგრძლივი დრო არ ყოფილა საკმარისი იმისათვის, რომ უფლისთვის მისაღები გამოჩენილიყო, როგორც ახლა ჩემს შემთხვევაშიც ჩანს. ამიტომ, იმ სათანადო ჟამამდე, რომელიც თვითონ უწყის, შემინახა მე და მითხრა: "შეწყნარების ჟამს მესმა შენი, და ცხონების დღეს მოგიხმე შენ" (ეს. 49,8; 2 კორ. 6,2). რადგან კითხულობთ ამბებს ჩვენს შესახებ და გსურთ ცხადი გახდეს თქვენთვის, თუ როგორ ვატარებთ დროს, გაგიგიათ ყველაფერი, თუ როგორ მივყავდით ასისთავსა და სტრატეგებს, მათთან ერთად ჯარისკაცებსა და მსახურებს ბორკილდადებულნი, - მე, გაიუსი, ფაუსტუსი, პეტრე და პავლე, - ამ დროს მოვიდნენ ვიღაცეები მარეას ნომიდან, გვეცნენ და რადგან არ მივყვებოდით, ძალით წაგვათრიეს და გაგვიტაცეს. ახლა კი მე, გაიუსი და პეტრე უდაბნოში, ლიბიის გამომხმარ ადგილას მარტონი სხვა ძმებისგან დაობლებულნი ჩავრჩით, პარეტონიუმისგან სამი დღის სავალი გზით დაშორებულნი".
და შემდეგ ამბობს: "ქალაქში დამალული პრესვიტერები - მაქსიმე, დიოსკორე და დემეტრიოსი - მალულად ნახულობდნენ ძმებს. რადგან ქვეყნიერებაზე უფრო კარგად ცნობილი ფაუსტინუსი და აკვილა ეგვიპტეში დახეტიალობდნენ. კუნძულზე სნეულებისაგან[15] აღსრულებულებთან ერთად მყოფი დიაკვნები კი გადარჩნენ: ფაუსტუსი, ევსები და ხერემონი; ევსები, რომელიც ღმერთმა თავიდანვე გააძლიერა და მოამზადა საპყრობილეში მყოფი აღმსარებლებისთვის მსახურების მთელი ძალით აღსასრულებლად, და სრული და ნეტარი მოწამეების სხეულთა შემოსვის არცთუ უსაფრთხო საქმის შესასრულებლად. რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი, დღემდე არ წყვეტს პრეფექტი მასთან მოყვანილთა სასტიკ ხოცვა-ჟლეტას; ზოგს აწამებს, ზოგს კი უშვებს, რომ საპყრობილეში ბორკილებში მოკვდეს, ბრძანებს არავინ შევიდეს მათთან და იძიებს არის თუ არა ვინმე ამის მოქმედი. მიუხედავად ამისა, ღმერთი ძმების გულმოდგინებითა და შეუპოვრობით განუსვენებს ზეწოლის ქვეშ მყოფთ".
და ეს ამბები მოგვითხრო დიონისემ. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ევსები, რომელსაც დიაკონს უწოდებს, მცირე ხნის შემდეგ სირიაში ლაოდიკიის ეპისკოპოსად დაადგინეს, მაქსიმემ კი, ვისაც მაშინ პრესვიტერი უწოდა, თვითონ დიონისეს შემდეგ ალექსანდრიაში ძმების მსახურება მიიღო. ფაუსტუსი კი, ვინც მასთან ერთად იმ დროს აღსარებით გამოიჩინა თავი, ჩვენი დროის დევნულებამდე იქნა დაცული, და სრულიად მოხუცი და დღეებით აღსავსე ჩვენს დროში მოწამეობით აღესრულა; მას თავი მოკვეთეს.
ასეთი ამბები შეემთხვა დიონისეს იმ დროს.
-----------------------------------------------------------
* ე.ი. სასაფლაოებზე - მთარგ.
XII
ვალერიანეს ზემოხსენებული დევნულების ჟამს პალესტინის კესარიაში სამი ადამიანი გაბრწყინდა ქრისტეს აღსარებით და საღვთო მოწამეობით გამშვენდა, გახდნენ რა მხეცთა საკვები. მათგან ერთს პრისკუსი ეწოდებოდა, მეორეს - მალქოზი, მესამეს სახელი კი ალექსანდრე იყო. ამბობენ, რომ ისინი სოფელში ცხოვრობდნენ. პირველად თავიანთ თავს აძაგებდნენ უზრუნველობისა და მცონარების გამო, იმის გამო, რომ, როდესაც განაწილების ჟამი დგას ზეციური ვნებით აღძრულთათვის, ისინი უგულებელყოფდნენ ჯილდოებს და არც მოწამეობის გვირგვინს წარიტაცებენ. როდესაც ასე ითათბირეს, გაემართნენ კესარიაში, მივიდნენ მსაჯულის წინაშე და მიიღეს ზემოხსენებული აღსასრული. გარდა ამისა, მოგვითხრობენ, რომ ამავე დევნულების ჟამს ამავე ქალაქში ერთმა ქალმა მსგავსი ბრძოლა გადაიტანა. გადმოცემით იგი მარკიონის მწვალებლობიდან იყო.
XIII
მაგრამ მცირე ხნის შემდეგ ვალერიანემ ბარბაროსებთან გამოსცადა მონობა[16] და მისი ვაჟიშვილი როგორც ერთპიროვნული მმართველი უფრო გონივრულად მართავდა, და ედიქტის მეშვეობით მყისვე შეწყვიტა დევნულება ჩვენს წინააღმდეგ. სიტყვის წინამდგომელებისთვის ჩვეული საქმიანობის აღსასრულებლად თავისუფლების მინიჭება ბრძანა რესკრიპტის მეშვეობით, რომელიც არის შემდეგი სახის: "იმპერატორი კეისარი პუბლიუს ლიკინიუს გალიენუს პიუს* ფელიქს** ავგუსტუსი დიონისესა და პინას, დემეტრიოსსა და დანარჩენ ეპისკოპოსებს. ვბრძანე, ჩემი მადლის ქველმოქმედება მთელ ქვეყნიერებაზე გავრცელებულიყო, რათა მსახურების ადგილებიდან გასახლებულიყვნენ***, და ამიტომ თქვენც უნდა შეძლოთ ჩემი რესკრიპტის გამოყენება ისე, რომ არავინ შეგავიწროვოთ. და ამას, რისი აღსრულებაც თქვენ ძალგიძთ, უკვე დიდი ხნის წინ მივეცი თანხმობა; და ამიტომ ავრელიუს კვირინიუსი, უზენაესი პროკურატორი, დაიცავს ჩემს მიერ დადგენილ წესს"[17].
ეს დაიდოს რომაელთა ენიდან უფრო მეტი სიცხადით გადმოთარგმნილი. მისი სხვა ბრძანებაც არის გავრცელებული, რომელიც სხვა ეპისკოპოსების მიმართ გასცა: ნებას რთავს, რომ უკან დაიბრუნონ ე. წ. "მიძინების" ადგილები.
-----------------------------------------------------
* ლათ. ღვთისმოსავი - მთარგ.
** ლათ. სვიანი - მთარგ.
*** იგულისხმება წარმართები, რომლებმაც დაიკავეს ქრისტიანთა მსახურების ადგილები და ახლა ისინი უნდა დაებრუნებინათ ქრისტიანებისათვის - მთარგ.
XIV
ამ დროს რომაელთა ეკლესიას ჯერ კიდევ წინამძღვრობდა ქსისტუსი, ანტიოქიაში კი - ფირმილიანე; მათ გარდა, პონტოს ეკლესიებს - გრიგოლი და მისი ძმა ათენოდოროსი, ორიგენეს მოწაფეები. პალესტინის კესარიაში, თეოკტისტეს გარდაცვალების შემდეგ, ეპისკოპოსობა გადაეცა დომნას, მცირე ხნის განმავლობაში მმართველობის შემდეგ, მონაცვლედ დაადგინეს თეოტეკნოსი, ჩვენი თანამედროვე. იგიც ორიგენეს სასწავლებლიდან იყო. მაგრამ როდესაც იერუსალიმში განისვენა მაძაბენემ, საყდარი მიიღო ჰიმენაიოსმა[18], ვინც ჩვენს დროში მრავალი წლის განმავლობაში გამოჩენილი კაცი იყო.
XV
ამ დროს, როდესაც ეკლესიები ყველგან მშვიდობით იყვნენ, პალესტინის კესარიაში ჯარში თანამდებობით პატივდებულთაგან, გვარითა და სიმდიდრით გამოჩენილ კაცს, მარინუსს ქრისტეს მოწმობის გამო თავი მოკვეთეს შემდეგი მიზეზით. ამბობენ, რომაელებთან პატივის ნიშანი არის ვაზის ლერწამი, რასაც ღებულობდა ასისთავი. როდესაც ადგილი თავისუფალი იყო, ამ დაწინაურებისათვის ხარისხის წესის მიხედვით მოუწოდეს მარინიუსს. როდესაც უკვე ელოდა მას პატივის ნიშნის მიღება, ტრიბუნალის წინაშე მოვიდა სხვა და განაცხადა, რომ მისთვის, ქრისტიანისთვისა და იმპერატორებისადმი მსხვერპლის შეწირვაზე უარის მთქმელისთვის, ძველი კანონების თანახმად არ იყო ნებადართული რომაელთათვის განკუთვნილი თანამდებობის გაზიარება და რომ თვითონ ბრალმდებელს ერგებოდა ეს თანამდებობა. ამაზე აღელდა მსაჯული (იგი იყო აქეუსი), პირველად ჰკითხა მარინუსს, თუ რა აზრის იყო, როგორც კი დაინახა, რომ მტკიცედ აღიარებდა ქრისტიანობას, მოსაფიქრებლად სამი საათი მისცა.
როდესაც იგი სასამართლოს გარეთ გავიდა, ადგილობრივმა ეპისკოპოსმა თეოტეკნოსმა, საუბრით მასთან მისულმა, წარიტაცა, ხელი მოკიდა და ეკლესიისკენ წარუძღვა. დააყენა შიგნით საკურთხეველთან, ოდნავ აუწია მოსასხამი და მიუთითა მასზე შემორტყმულ მახვილზე, ამავე დროს მასთან მოიტანა და წინ დაუდო საღვთო სახარებათა წერილი, და უბრძანა ამ ორიდან სურვილის მიხედვით აერჩია.
მან კი უყოყმანოდ გაიწოდა მარჯვენა და აიღო საღვთო წერილი, თეოტეკნოსმა უთხრა: "გეპყრას, გეპყრას ღმერთი, და იქნებ მისგან გაძლიერებული მიემთხვიო იმას, რაც აირჩიე, წადი მშვიდობით". როდესაც იგი იქიდან გამოვიდა, მყისვე მოუხმო მაცნემ, მოუწოდებდა რა სასამართლოს წინაშე წარდგომისაკენ; რადგან დანიშნული ვადა უკვე ამოწურული იყო, იგი წარდგა მსაჯულთან და რწმენის უფრო დიდი გულმოდგინება აჩვენა, და მყისვე, როგორც იყო, წაიყვანეს სასიკვდილოდ; და ასე აღესრულა.
XVI
იქვე მოიხსენიება ასტეროსიც ღვთის სათნო კადნიერებისათვის. იგი იყო რომის სენატის წევრი, იმპერატორებთან დაახლოებული პირი და ყველასთვის ცნობილი თავისი კეთილშობილებითა და სიმდიდრით. იგი ესწრებოდა მოწამის აღსასრულს, აიღო მისი სხეული, მოიკიდა მხარზე, ბრწყინვალე და ძვირფას ტანისამოსზე, შემოსა ძალიან მდიდრულად და სათანადო სამარხში ჩაასვენა.
ამ კაცის შესახებ ათას სხვა რამესაც იხსენებენ ჩვენამდე შემორჩენილი მისი მეგობრები, აგრეთვე [იხსენებენ] შემდეგ სასწაულს.
XVII
ამბობენ, რომ კესარიის ფილიპეში, რომელსაც ფინიკიელები პანეადას უწოდებენ, ე. წ. პანეონის მთების ძირში მომდინარე წყაროებთან, რომელთაგანაც სათავეს იღებს იორდანეც, დღესასწაულის რომელიღაც დღეს აგდებდნენ სამსხვერპლო პირუტყვს და იგი დემონის ძალით სასწაულებრივად ხდებოდა უხილავი და ეს საკვირველება იქ განთქმული იყო დამსწრეთა შორის. ერთხელ, როდესაც ასტერიოსი იმყოფებოდა მათ გვერდით, ვინც ამას იქმოდა, და ამ მოვლენას მრავალი შეძრწუნებული შეჰყურებდა, შეწუხდა მათი ცთომილების გამო, თავი ასწია ცისკენ და ევედრებოდა ქრისტეს მეშვეობით ყოვლიერების ღმერთს ხალხის მაცთური დემონის მხილებას და ადამიანთა შეცდომაში შეყვანის შეწყვეტას. ამბობენ, რომ როდესაც ამას ლოცულობდა, მყისვე ნაკადულებიდან ამოცურდა სამსხვერპლო პირუტყვი და ასე გაქრა მათთვის ეს სასაწული ისე, რომ მეტად აღარასოდეს მომხდარა საკვირველება იმ ადგილის სიახლოვეს.
XVIII
მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ქალაქი გავიხსენეთ, ღირსეულად არ მიმაჩნია იმ ამბისათვის გვერდის ავლა, რომელიც ჩვენს შემდეგაც გახსენების ღირსია. რადგან ამბობენ, რომ ის სისხლმდინარე, რომელმაც, როგორც წმინდა სახარებიდან გვაქვს ნასწავლი, ჩვენი მაცხოვრისაგან მოიპოვა ამ ვნებისაგან განთავისუფლება, აქედან წამოვიდა. ამ ქალაქში მის სახლზე მიუთითებდნენ და მაცხოვრის მიერ მის მიმართ ქველმოქმედების საკვირველი ძეგლებიც არის შემორჩენილი. ამბობენ, რომ ამ სახლის კარიბჭესთან მაღალ ქვაზე იდგა ქალის ბრინჯაოს გამოსახულება, მუხლმოდრეკილი და მლოცველის მსგავსად წინ ხელებგაწვდილი, მის პირდაპირ კი - იმავე მასალისაგან ფეხზე მდგარი კაცის სხვა გამოსახულება, ორმაგი მოსასხამით მოკრძალებულად შემოსილი და ქალის მიმართ წინ გაწვდილი ხელით; მის ფეხებთან ძეგლზე უცხო რამ სახეობის მცენარე იყო აღმოცენებული, რაც ბრინჯაოს ორმაგ მოსასხამს კიდეზე აუყვებოდა, და ყველანაირი სნეულების შხამსაწინააღმდეგო რამ საშუალებად მოქმედებდა. ამბობენ, რომ ეს ქანდაკება იესოს ხატებას ატარებდა და შემორჩენილი იყო ჩვენს დრომდეც. ასე რომ, ქალაქში გაჩერებისას თვით ჩვენი თვალებით დავინახავდით. და არაფერია საკვირველი, რომ ძველად წარმართთაგან ჩვენი მაცხოვრისგან ქველმოქმედების მიმღებთ ეს გაეკეთებიათ, როდესაც მოგვითხრობენ, რომ მისი მოციქულების, პავლესა და პეტრეს და თვით ქრისტეს ხატები ფერების მეშვეობით სურათებზე არის შემორჩენილი. ბუნებრივია, ძველები სიფრთხილის გარეშე მათი, როგორც მხსნელების, წარმართული ჩვეულებით ამ სახით პატივის მიგებას იყვნენ მიჩვეული[19].
XIX
დღემდე არის დაცული იაკობის ტახტი, რომელიც იერუსალიმის ეკლესიის პირველმა ეპისკოპოსმა მაცხოვრისაგან და მოციქულებისაგან მიიღო, რომელსაც ასევე უწოდებდნენ ქრისტეს ძმას, როგორც ამას საღვთო სიტყვები გადმოგვცემს.
იქ მცხოვრები ძმები მონაცვლეობის მიხედვით პატივს მიაგებენ და ყველას ნათლად უჩვენებენ, თუ როგორ ინარჩუნებდნენ ძველები წმინდანთა თაყვანისცემას მათი ღვთის სათნო ცხოვრების გამო და თუ როგორ იცავდნენ ჩვენი თანამედროვენიც. ეს ითქვა ამასთან დაკავშირებით.
XX
ამავე დროს დიონისემ მის ზემოხსენებულ ეპისტოლეებზე დამატებით შეადგინა ჩვენს დროშიც გავრცელებული სადღესასწაულო ეპისტოლეები. მათში აღდგომის დღესასწაულის შესახებ უფრო შესხმით სიტყვებს წარმოთქვამს. მათგან ზოგს სწერს ფლავიუსს, ზოგს - დომიციუსს, ზოგს კი - დიდიმეს, რომელშიც გადმოსცემს რვაწლედის კანონს. ამტკიცებს, რომ არა სხვა დროს, არამედ [სწორედ] გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ შეჰფერის პასექის დღესასწაულის აღსრულება. ამათ გარდა ალექსანდრიაში მყოფ თანახუცესებს სხვა ეპისტოლესაც მისწერს, აგრეთვე - სხვებსაც სხვადასხვა ადგილებზე. და ეს დაწერა ჯერ კიდევ მაშინ, როცა დევნულება მიმდინარეობდა.
XXI
მშვიდობა ჯერ კიდევ არ იყო დამყარებული, როცა იგი დაბრუნდა ალექსანდრიაში. იქ კვლავ ატყდა ამბოხი და ომი[20], და მას არ შეეძლო ქალაქში ყველა ძმაზე ზედამხედველობის გაწევა, რომლებსაც არჩეული ჰქონდათ ამბოხებულთა სხვადასხვა მხარეები. და კვლავ აღდგომის დღესასწაულზე, თითქოს საზღვარგარეთ მყოფი, იმავე ალექსანდრიიდან წერილების მეშვეობით ესაუბრება მათ. და ამის შემდეგ ჰიერაქსს, ეგვიპტეში მყოფთა ეპისკოპოსს, წერს სხვა სადღესასწაულო ეპისტოლეს და ალექსანდრიელთა მის დროინდელ ამბოხებას იხსენიებს შემდეგი სიტყვებით:
"მაგრამ რა გასაკვირია, თუ შორს მკვიდრთა მიმართ ეპისტოლეების მეშვეობით საუბარი მიჭირს, როდესაც თვით საკუთარ თავთან საუბარი და საკუთარი სულისთვის რჩევის მიცემა ჩემთვის შეუძლებელი გახდა? საკუთარი შიგნეულობის მიმართ, თანამოსახლე და ერთსულოვანი ძმებისა და იმავე ქალაქის ეკლესიის მიმართ ეპისტოლეების მიწერა მიხდება, და შეუძლებელი ჩანს მათი გავრცელება. რადგან უფრო ადვილია, რომ ვინმე, არათუ საზღვარგარეთ, არამედ აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადავიდეს, ვიდრე ალექსანდრიაში ჩავიდეს იმავე ალექსანდრიიდან. რადგან ქალაქის შუა გზა იმ დიდ და გაუვალ უდაბნოზე უფრო გადაულახავი და გაუვალია, რომელშიც ისრაელი ორი თაობის განმავლობაში მოგზაურობდა. მშვიდი და აუღელვებელი ნავსაყუდლები გახდა ხატი იმ ზღვისა, რომელიც მათ გააპეს, კედლებად აღმართეს და სავალ გზად აქციეს, და ამ ფართო გზაზე დაიხრჩვნენ ეგვიპტელები; ხშირად მათ შორის მომხდარი მკვლელობებისაგან იგი წითელი ზღვის მსგავსი ჩანს. ქალაქში მედინი მდინარე ზოგჯერ იმ უწყლო უდაბნოზე მშრალი ჩანს და იმაზე უფრო მეტად ხმელია, რომელიც განვლო ისრაელმა, და ისე მოსწყურდა, რომ შეჰღაღადა და საკვირველების ერთადერთმა შემოქმედმა მათთვის ციცაბო კლდისგან სასმელი გადმოღვარა. ზოგჯერ კი ისე გადმოდის ნაპირებიდან, რომ ტბორავს მთელ შემო-გარენს, გზებსაც და ყანებსაც, და ნოეს დროს მომხდარი წყლით წარღვნის მუქარა მოაქვს. მუდამ სისხლით, მკვლელობებითა და დამხრჩვალით დაბინძურებული ჩამოედინება, რაც მოსემ გააკეთა ფარაონისთვის, როდესაც სისხლად გადააქცია და ააყროლა. და სხვა რა წყალი გაწმენდს ყოველივეს განმწმენდელ წყალს? როგორ გაწმენდს ვრცელი და ადამიანებისათვის გადაულახავი ოკეანე მასში ჩაღვრილ ამ მწარე ზღვას? ან ედემიდან გამომავალი დიდი მდინარე, მისი ოთხი სათავე, რომლებადაც არის დაყოფილი, გეონის ერთ მდინარედ რომც შეერთდეს, როგორ ჩამორეცხავს დაღვრილ სისხლს? ან როდის გახდება ყველა მხრიდან უკეთური ორთქლით დაბინდული ჰაერი წმინდა? რადგან მიწიდან ისეთი ორთქლი მობერავს, ზღვიდან - ქარები, მდინარეებიდან - ნიავი და ნავსადგურებიდან - ნისლი, თითქოს ცვრად ქცეულა ყველა შემადგენელ ელემენტებად გახრწნილი გვამის შრატი. შემდეგ უკვირთ და ვერ გებულობენ, საიდან მოდის შეუჩერებლად ჭირი, მძიმე სნეულებები, ხრწნილების ნაირგვარობა, ადამიანთა სხვადასხვაგვარი და მრავალრიცხოვანი სიკვდილიანობა, რატომ აღარ აქვს უდიდეს ქალაქს მოსახლეობის ესოდენ დიდი სიმრავლე, ჩვილი ბავშვებიდან დაწყებული ღრმად მოხუცებამდე, წინათ რომ კვებავდა მათ, რომლებსაც "მწვანე მოხუცებს" უწოდებდნენ. მაგრამ ორმოცი წლიდან სამოცდაათ წლამდე ისეთი სიჭარბე იყო მაშინ, რომ ახლა ვეღარ ივსება მათი რიცხვი, როდესაც ხალხის საკვები მარაგისათვის აღწერენ და აღრიცხავენ მათ თოთხმეტი წლიდან ოთხმოც წლამდე, და სახით ახალგაზრდები დიდი ხნის მოხუცის ასაკისა ხდებიან. და დედამიწაზე ასე დამცრობილი და მუდამ დაკნინებული ადამიანთა მოდგმის მხილველნი არ ძრწიან, როდესაც იზრდება და წარემატება მათი სრული გაუჩინარება".
XXII
ამის შემდეგ, ომს მოჰყვა ჭირი. როდესაც დღესასწაული ახლოვდებოდა, კვლავ გაესაუბრა ძმებს წერილის მეშვეობით, და მომხდარ უბედურებებს აღნიშნავს შემდეგი სიტყვებით:
"ადამიანები, ალბათ, ვერც იფიქრებენ, რომ დღესასწაულის ჟამი დადგა, მათთვის არც არსებობს ეს ან სხვა რომელიმე [დღესასწაული]. ვგულისხმობ არა გლოვის [ჟამს], არამედ იმას, რაც კი შეიძლება იქნას მიჩნეული განსაკთრებით სასიხარულო ჟამად. ახლა ყველა მოთქვამს, ყველა დამწუხრებულია და ქალაქი გლოვაში ეხვევა დახოცილთა და ყოველდღე მოკლულთა სიმრავლის გამო. რადგან როგორც ეგვიპტელთა პირმშოებზეა დაწერილი, ასეა ახლაც: "დიდი ღაღადი შეიქნა; რადგან არ არის სახლი, სადაც არ იყოს მკვდარი", - და ნეტავ მხოლოდ ერთი იყოს!
"რადგან ამას წინ მრავალი საშინელი რამ შეგვემთხვა. ჯერ გაგვასახლეს, და მაშინაც მხოლოდ ჩვენ ვზეიმობდით, ყველასაგან დევნულები და დახოცილები, და ტანჯვა-წამების თითოეული ადგილი ჩვენთვის იქცა სადღესასწაულო ადგილად, ველ-მინდორი, ხომალდი, ფუნდუკი, საპყრობილე; მაგრამ ყველაზე ბრწყინვალედ დღესასწაულს ატარებდნენ წმინდა მოწამენი, ცაში მონადიმენი. შემდეგ ომი და შიმშილობა მოგვევლინა, რაც წარმართებთან ერთად გადავიტანეთ. მხოლოდ ჩვენ ვუძლებდით, რა ზომითაც გვავიწროვებდნენ და ჩვენ ვიმკიდით შედეგებს იმისგან, რასაც ერთმანეთს უკეთებდნენ და ევნებოდათ; და კვლავ ქრისტეს მშვიდობით ვხარობთ, რაც მხოლოდ ჩვენ მოგვეცა. მაგრამ როდესაც მცირე ხნით სული მოვითქვით ჩვენცა და მათაც, თავს დაგვატყდა ეს სენი, მათთვის ყველა საშინელებაზე უფრო საშინელი და ნებისმიერ უბედურებაზე უფრო სასტიკი, და როგორც მათი საკუთარი მწერალი ამბობს: "ერთადერთი რამ, რაც ყველა მოლოდინზე უფრო აღმატებული იყო" (თუკიდიდე, II, 64, 1). ჩვენთვის ეს ასე არ ყოფილა, მაგრამ იყო სხვებზე არანაკლები წვრთნა და გამოცდა. რადგან ჩვენც არ აგვცდა, თუმცა წარმართებს ძლიერ შეუტია".
ამის შემდეგ დასძენს: "ჩვენი ძმების უმრავლესობა ზეაღმატებული სიყვარულისა და ძმათმოყვარეობის გამო თავს არ ზოგავდა და ერთმანეთს განამტკიცებდა, უშიშრად ზედამხედველობდა სნეულებს, მუხლჩაუხრელად ემსახურებოდა, მზრუნველობდა ქრისტეში და მათთან ერთად სიხარულით მიიცვლებოდა; სხვებისაგან ვნებებით აღვსებულნი და მოყვასისაგან სნეულების საკუთარ თავზე დამტეხნი ნებაყოფლობით ღებულობდნენ ტკივილებს. მრავალი, ვინც სნეულებს უვლიდა და სხვებს განამტკიცებდა, თვითონ აღესრულებოდა, მათ სიკვდილს თავის თავზე ღებულობდა; და ხალხური გამონათქვამი, რაც ყოველთვის კეთილგანწყობის [გამომხატველად] მიიჩნეოდა, მაშინ საქმით აღასრულეს: "სიკვდილამდე მათი ერთგული მსახურნი". ამგვარად ტოვებდნენ ცხოვრებას ჩვენს ძმათაგან საუკეთესონი, ზოგიერთი პრესვიტერი, დიაკონი და ერისკაცი, მეტად ქებულნი, ისე რომ სიკვდილის ეს სახეობა, დიდი ღვთისმოსაობისა და ძლიერი რწმენის გამო აღსრულებული, მოწამეობაზე ნაკლებად როდი ითვლება. წმინდანთა სხეულებს კი გაშლილი ხელებით მკერდში იკრავდნენ, უხუჭავდნენ თვალებს, უმუწავდნენ პირს, მხრებით ატარებდნენ და აწვენდნენ; მათზე მიწებებულები და შეკავშირებულები განბანიდნენ მათ და დასამარხი შესამოსელით განამშვენებდნენ, მცირე ხნის შემდეგ კი თვითონაც იმავე [მომსახურებას] ღებულობდნენ, რადგან დარჩენილები ყოველთვის მიყვებოდნენ (ე.ი იხოცებოდნენ - მთარგ.) მათ უწინარესთ. წარმართები კი სრულიად საპირისპიროდ იქცეოდნენ: მათ, რომლებსაც სნეულება ახლა ეწყებოდათ, კლავდნენ და გაურბოდნენ მათ უსაყვარლეს ადამიანებს; ნახევრადმკვდრებს გზაზე ყრიდნენ და მიცვალებულებს დაუმარხავს, გადაუფარებელს ტოვებდნენ, სიკვდილის გავრცელებას და მასთან ზიარებას გაურბოდნენ, რისი არიდებაც მრავალი ხერხის მიუხედავად ადვილი არ იყო".
ამ ეპისტოლის შემდეგაც, როდესაც ქალაქში მშვიდობა დამყარდა, ეგვიპტეში მყოფ ძმებს კვლავ სადღესასწაულო წერილს უგზავნის, და კვლავ სწერს სხვა პირებს. გავრცელებულია მისი რომელიღაც ეპისტოლე "შაბათის შესახებ" და სხვაც - "წვრთნის შესახებ".
როდესაც კვლავ ჰერმამონსა და ეგვიპტელ ძმებს ეპისტოლის მეშვეობით ესაუბრება, დეკიუსის, მის შემდეგ მოსულთა ბოროტმოქმედებისა და გალიენუსის დროინდელი მშვიდობის შესახებ მრავალ სხვა ამბავსაც იხსენებს.
XXIII
მაგრამ არაფერია მსგავსი იმისა, რომ მოვისმინოთ ზუსტად ისე, როგორც მოხდა.
"იგი მას შემდეგ, რაც მის იმპერატორთაგან ერთ-ერთს აქეზებდა, მეორეს კი უტევდა, მალევე მთელი გვარით ძირ-ფესვიანად უჩინო იქმნა, მაგრამ გამოჩნდა და ყველასგან აღიარებულ იქნა გალიენი, ერთდროულად ძველი იმპერატორიც და ახალიც[21], პირველად მყოფი და მათ შემდეგ მოსულიც. რადგან ესაია წინასწარმეტყველის მიმართ ნათქვამის მიხედვით: "აჰა, დასაბამიდან მყოფი მიდის, და ახალი არის ის, რაც ახლა წარმოიშვება"; რადგან როგორც ღრუბელი მზის სხივების ქვეშ მიქრის და მცირე ხნის შემდეგ დაფარავს და დაჩრდილავს მას, და მის (მზის - მთარგ.) ნაცვლად ჩანს, შემდეგ კი, როცა გადაივლის ან გაიფანტება ღრუბელი, გამოჩნდება, რომ მზე, რომელიც მანამდე იყო ამოსული, კვლავ ამოვიდა. ასევე, მაკრიანე, რომელმაც წინ წაიწია და თავისი თავი გალიენუსის კუთვნილ მეფობას მიუახლოვა, იგი აღარ არის, რადგან არც იყო, ეს კი (გალიენუსი - მთარგ.) არის მსგავსად იმისა როგორც იყო. და როდესაც საიმპერიო ძალაუფლებამ განიშორა სიბერე და წინა ბოროტებისაგან განიწმინდა, ახლა უმწვერვალესად არის აღზევებული, უფრო შორს ჩანს და ისმის, და ყველგან ვრცელდება".
და მომდევნო ხანას, რა დროსაც ამას წერდა, აღნიშნავს შემდეგი სიტყვებით: "და კვლავ მიწევს საიმპერიო წლების დღეთა მიმოხილვა. რადგან ვხედავ, რომ უღმერთონი სახელოვანნი არცთუ დიდი ხნის შემდეგ უსახელო გახდნენ; ხოლო მან კი, ვინც არის უფრო წმინდა და ღვთისმოყვარე, შვიდ წელს გადააცილა და ახლა მეცხრე წელი სრულდება, რომლის დროსაც ჩვენ ვდღესასწაულობთ"[22].
XXIV
ამ ყოველივეს გარდა მან შეადგინა ორი თხზულება "აღთქმათა შესახებ". ამის დაწერის საბაბი იყო ნეპოტი[23], ეგვიპტეში მყოფთა ეპისკოპოსი, რომელიც საღვთო წერილში წმინდანებისთვის აღთქმულის უფრო იუდაებრივად განმარტებას ასწავლიდა და მიიჩნევდა, რომ ამ მიწაზე ათასი წელი სხეულებრივი ფუფუნება იქნებოდა. ფიქრობდა, რომ საკუთარ მოსაზრებას განამტკიცებდა იოანეს "გამოცხადებიდან" და მის შესახებ შეადგინა რაღაც თხზულება სათაურით "ალეგორისტების მხილება". დიონისე მას უტევს "აღთქმათა შესახებ" წიგნებში, პირველ წიგნში გადმოსცემს თავის აზრს მოძღვრების შესახებ, მეორეში კი იოანეს "გამოცხადების" შესახებ საუბრობს, როდესაც დასაწყისში ნეპოტს მოიხსენიებს, მის შესახებ ამას წერს: "მას შემდეგ, რაც რომელიღაც თხზულება მოიტანეს ნეპოტისა, რომელსაც ეყრდნობიან როგორც უდავოდ მაჩვენებელს იმისა, რომ ქრისტეს სამეფო იქნება მიწაზე. სხვა მრავალი რამის გამო ვღებულობ და მიყვარს ნეპოტი რწმენის, შრომისმოყვარეობის, წმინდა წერილში განსწავლისა და ფსალმუნების გალობის გამო, რითაც ამ დრომდე მრავალი ძმა სიხარულით ივსება; და ყველა პატივით ვმოსავ ამ ადამიანს, უფრო მეტად იმიტომ, რომ განსვენებულია. მაგრამ ჭეშმარიტება არის ძვირფასი და ყოველივეზე უწინარეს ყველაზე უფრო მეტად პატივსაცემი*. საჭიროა იმის ქება და შურის გარეშე მოწონება, თუ რამ მართებულად ითქვა, ხოლო გამოკვლევა და გამოსწორება იმისა, თუ რამ არ ჩანს, რომ საღად არის დაწერილი. აქ მყოფისა და უბრალო სიტყვით აზრის გამომთქმელის მიმართ საკმარისი იქნებოდა ზეპირი საუბარი, კითხვა-პასუხის მეშვეობით დავარწმუნებდი და დავმოძღვრავდი `მოწინააღმდეგეებს" (2 ტიმ. 2, 25). მაგრამ, როდესაც გამოცემული არის წიგნი, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ ყველაზე დამარწმუ-ნებელი, და როდესაც ზოგიერთი მოძღვარი რჯულსა და წინასწარმეტყველებებს არაფრად მიიჩნევს, სახარებების მიდევნებას უგულებელყოფს და მოციქულთა ეპისტოლეებს კიცხავს; ხოლო ამ თხზულების მოძღვრებას როგორც დიდ რაიმეს და დაფარულ საიდუმლოს აღგვითქვამს და ჩვენს უფრო ლიტონ ძმებს არანაირად არ აზიარებს დიდსა და მაღალ აზროვნებას, არც ჩვენი უფლის დიდებული და ჭეშმარიტად საღვთო გამოცხადების შესახებ, ან ჩვენი მკვდრეთით აღდგომის, მის მიმართ შემოკრებისა და მიმსგავსების შესახებ, არამედ მცირე, მოკვდავ და, როგორც ახლა არის, ისეთი ღვთის სასუფევლისადმი სასოების ქონას არწმუნებენ; აუცილებელია, რომ ჩვენც, როგორც აქ მყოფ ჩვენს ძმას, ისე ვესაუბროთ ნეპოტს".
მცირე ხნის შემდეგ დასძენს: "როდესაც არსენოიეს ნომში ვიმყოფებოდი, სადაც, როგორც იცი, დიდი ხნის წინ თავი ამოყო ამ მოძღვრებამ ისე, რომ მთელი ეკლესიების მრავალი განხეთქილება და განდგომილება მოხდა, მოვიწვიე იმ დაბებში მცხოვრები ძმების პრესვიტერები და მოძღვრები (ესწრებოდნენ ის ძმებიც, რომლებსაც სურდათ), დავარწმუნე, რომ საკითხი საჯაროდ გამოეკვლიათ. როდესაც მომიტანეს ეს წიგნი, როგორც რამ უძლეველი საჭურველი და კედელი, მათთან ერთად დავჯექი და სამი დღე ზედიზედ, დილიდან საღამომდე, ვცდილობდი გამესწორებინა ნაწერი. ძალიან აღმაფრთოვანა იქაური ძმების სიმტკიცემ, ჭეშმარიტების სიყვარულმა, თანმიმდევრულმა მსჯელობამ და გონიერებამ; თუ როგორ წესისა და რიგის მიხედვით და კეთილგანწყობით ვსვამდით კითხვებს, ვაწყდებოდით სიძნელეებს და ვთანხმდებოდით. ერთი მხრივ, უარს ვამბობდით, რომ ერთხელ მიღებული შეხედულება ყველანაირი გზით და ჯიუტად შეგვენარჩუნებია მაშინ, როცა ჩანდა, რომ მცდარი იყო, მეორე მხრივ, არც საწინააღმდეგო მტკიცებულებას ვარიდებდით თავს, არამედ რამდენადაც შეგვეძლო ვცდილობდით ჩვენთვის ხელმისაწვდომისაგან შეგვეპყრა და დავუფლებოდით შეკითხვებს. არც აზრის შეცვლისა და აღიარების გვრცხვენოდა, თუ ამას საღი აზრი მოითხოვდა, არამედ კეთილგონივრულად, სიწრფელითა და ღვთის მიმართ გახსნილი გულით, წმინდა წერილის წარმოჩენითა და მოძღვრებით დადგენილს ვღებულობდით. დასასრულ, ამ მოძღვრების მოთავემ და შემომტანმა, სახელად კორაკიონმა, როდესაც მოუსმინა ყველა იქ დამსწრე ძმას, აღიარა და დაგვემოწმა ჩვენ, რომ მეტად აღარ მიუახლოვდებოდა მას (ამ მოძღვრებას - მთარგ.), არც ისაუბრებდა მის შესახებ, არც ახსენებდა, არც ასწავლიდა, რადგან საკმაოდ ძლიერი მარცხი აგემა საპირისპირო მტკიცებულებებმა. სხვა ძმათაგან ზოგი ხარობდა ერთობლივი მსჯელობის, ყველას მიმართ შემწყნარებლობისა და ერთსულოვნების გამო".
----------------------------------------------------------
* იხ. არისტოტელე, ნიკომაქეს ეთიკა, I. 1096a - მთარგ.
XXV
შემდეგ გადადის მომდევნო თემაზე და იოანეს "გამოცხადების" შესახებ ამბობს: "ჩვენამდე ზოგიერთებმა უარყვეს და სრულიად განიშორეს ეს წიგნი, განიხილეს თითოეული თავი და განაცხადეს, რომ შეუცნობელი და არათანმიმდევრულია, სათაური კი ნაყალბევი. ამბობენ, რომ არც იოანეს ეკუთვნის, არც არის გამოცხადება, არამედ უმეცრების მტკიცე და სქელი ფარდით არის დაფარული; და არათუ რომელიმე მოციქული, საერთოდ არც წმინდანი და არც საეკლესიო პირი არ არის ამ თხზულების შემქმნელი, არამედ - კერინთოსი, მისგან [მომდინარე] "კერინთიანელებად" წოდებული მწვალებლობის შემქმნელი, რომელსაც სურდა თავისი თხზულებისათვის ნდობის ღირსი სახელი ეწოდებია. რადგან ეს არის მისი მოძღვრების დოგმატი, რომ ქრისტეს სამეფო დედამიწაზე იქნება, და რაც თვითონ სწადდა, სხეულის მოყვარესა და სრულიად ხორციელს, იმის აღსრულებაზე ოცნებობდა, - მუცელზე და მუცლის საჭმლითა და სასმელით, და ქორწინებებით გაძღომაზე და მათზე, რომელთა მეშვეობით ფიქრობდა, რომ ამათ (ხორციელ სიამეთ - მთარგ.) უფრო შესაფერის სახელს მისცემდა, ასევე დღესასწაულებზე, მსხვერპლშეწირვებსა და წმინდა საკლავებზე. მე კი ამ წიგნის უარყოფას ვერ გავბედავ, მაშინ როცა მრავალ ძმას გულმოდგინებით უპყრია იგი; მაგრამ მიმაჩნია, რომ მის შესახებ მოსაზრება აღემატება ჩემს აზროვნებას და ვთვლი, რომ მისი თითოეული ადგილის განმარტება არის დაფარული და უფრო საკვირველი. და თუმცა მე არ მესმის, მაგრამ ვეჭვობ, რომ უფრო ღრმა რამ დევს [მის] გამონათქვამებში, მათ ვზომავ და განვსჯი არა საკუთარი აზრით, არამედ რწმენას ვანიჭებ უფრო დიდ მნიშვნელობას. და ჩავთვალე, რომ ჩემს აზროვნებაზე უფრო მაღალია, და არ უარვყოფ იმას, რაც ვერ გავიგე, მაგრამ უფრო ის მიკვირს, რაც არ მინახავს".
ამის შემდეგ განიხილავს "გამოცხადების" მთელ წერილს და აჩვენებს, რომ ტექსტის ხელმისაწვდომი ნაწილი შეუძლებელია გააზრებულ იქნას, და დასძენს: "მთელი ე. წ. წინასწარმეტყველების დასასრულს წინასწარმეტყველი აკურთხევს მის დამცველებს და საკუთარ თავსაც. რადგან ამბობს: "ნეტარი არის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვათა დამმარხველი და მეც, იოანე, ამის მხედველი და მსმენელი" (გამოც. 22, 7‑8). არ ვკამათობ, რომ მას იოანე ეწოდება და ეს იოანეს ნაწერი არის, რადგან ვგონებ, რომ ვინმე წმინდანს და ღვთივშთაგონებულს ეკუთვნის. მაგრამ იოლად როდი დავეთანხმები, რომ იგი არის მოციქული, ზებედეს ძე, იაკობის ძმა, ვისიც არის იოანეს სახელით დასათაურებელი სახარება და კათოლიკე ეპისტოლეც. რამეთუ თითოეული მათგანის ხასიათიდან, სიტყვების ბუნებიდან და ე. წ. წიგნის შედგენილობიდან განვსაზღვრავ, რომ არ არის ერთიდაიგივე. რადგან მახარებელი არსად არ მიაწერს თავის სახელს, არც აცხადებს თავის თავს სახარების ან ეპისტოლის მეშვეობით".
შემდეგ კვლავ ამბობს: "...იოანე კი არსად, - არც პირველ, არც მესამე პირში. "გამოცხადების" მწერალი კი მაშინვე დასაწყისში წინადააწესებს თავის თავს: "იესო ქრისტეს გამოცხადება, რაც მას გადასცა მალევე მისი მსახურებისათვის საჩვენებლად. იგი აღნიშნა და წარგზავნა მისი ანგელოზის მეშვეობით თავის მონასთან იოანესთან, ვინც დაამოწმა ღვთის სიტყვა და მისი მოწმობა, და რაც იხილა" (გამოცხ. 1, 1‑2). შემდეგ ეპისტოლესაც წერს: "იოანე ასიაში მყოფ შვიდ ეკლესიას, მადლი თქვენ და მშვიდობა" (გამოც. 1, 4). მახარებელი კი კათოლიკე ეპისტოლის წინ არ წერს თავის სახელს, არამედ ყოველგვარი უხვსიტყვაობის გარეშე თვით საღვთო გამოცხადების საიდუმლოდან იწყებს: "რაც იყო დასაბამიდან, რაც გვსმენია, რაც გვინახავს ჩვენი თვალებით" (1 იოან. 1,1). ამ გამოცხადების გამო ნეტარ ჰყოფს უფალი პეტრეს და ეუბნება: "ნეტარ ხარ სიმონ ბარ იონა, რადგან ხორცმა და სისხლმა არ გაგიცხადა შენ, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ" (მათ. 16, 17). მაგრამ არც იოანეს მეორე და მესამედ წოდებულ მოკლე ეპისტოლეებში არის იოანე სახელით მოხსენიებული, არამედ უსახელოდ არის წარწერილი "ხუცესი" (2 იოან. 1; 3 იოან. 1). მან კი მომდევნო ამბის მოსათხრობად საკმარისად არ ჩათვალა საკუთარი თავის ერთგზის დასახელება, არამედ კვლავ ახსენებს თავის სახელს: "მე იოანე, თქვენი ძმა და თანაზიარი იესოს ტანჯვაში, სასუფეველსა და დათმენაში, ვიყავი პატმოსად წოდებულ კუნძულზე ღვთის სიტყვისა და იესოს მოწმობის გამო" (გამოც. 1, 9). დასასრულ კი ამას ამბობს: "ნეტარია ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვების დამცველი და მეც, იოანე, ამის მხედველი და მსმენელი" (გამოც. 22, 7‑8).
ის, რომ იოანე არის ამ სიტყვების მწერალი, უნდა ვირწმუნოთ, რადგან თვითონ ამბობს. მაგრამ თუ რომელი იოანეა, ცხადი არ არის. რადგან თავის თავზე არ ამბობს, როგორც მრავალგზის - სახარებაში, რომ არის უფლის საყვარელი მოწაფე, ან მის მკერდზე მიყრდნობილი (იოან. 13, 25), ან იაკობის ძმა, ან უფლის თვითმხილველი და უშუალო მსმენელი. რადგან რომ ეთქვა ზემოხსენებულთაგან რაიმე, აშკარად საკუთარი თავის წარმოჩენის მსურველი იქნებოდა, მაგრამ ამათგან არცერთს არ ახსენებს, არამედ ამბობს, რომ არის ჩვენი ძმა და თანაზიარი, იესოს მოწმე და გამოცხადების ხილვისა და სმენის გამო ნეტარი (იოან. 22, 7‑8). ვფიქრობ, რომ იოანე მოციქულის მრავალი თანამოსახელე ცხოვრობდა, რომელსაც მის მიმართ სიყვარულის, გაკვირვებისა და აღფრთოვანების გამო, და მის მსგავსად უფლის მიერ შეყვარების სურვილით ამ სახელის აღება უხაროდა, როგორც მორწმუნეთა შვილებს ხშირად ეწოდებათ პავლე და პეტრე. ამრიგად, "მოციქულთა საქმეებში" არსებობს სხვა იოანეც, მარკოზად ზეწოდებული, რომელიც ბარნაბამ და პავლემ თან წაიყვანა, ვის შესახებაც კვლავ ამბობს: "ხოლო ჰყავდათ ასევე იოანე შემწედ" (საქმე. 13, 5). არ ჩანს, ის თუ არის მწერალი, რადგან არ წერია, რომ მათთან ერთად გაემგზავრა ასიისკენ, არამედ ამბობს: "პაფოდან წასულები პავლე და მასთან მყოფნი პამფილიის პერგეში შევიდნენ, იოანე კი მათ ჩამოშორდა და დაბრუნდა იერუსალიმში" (საქმე. 13, 13). ვფიქრობ, რომ იგი იყო სხვა ვინმე ასიაში მყოფთაგან. ასევე ამბობენ, რომ ეფესოში არის ორი საფლავი და ამბობენ, რომ ორივე მათგანი იოანეს ეკუთვნის.
"და აზრებიდან, გამონათქვამებიდან და მათი წყობიდან ბუნებრივად აღიქმება, რომ ეს [მწერალი] მისგან განსხვავდება. ერთმანეთს ეთანხმება სახარება და ეპისტოლე, ორივე [ერთმანეთის] მსგავსად იწყება. ერთი ამბობს: "დასაბამში იყო სიტყვა" (იოან. 1, 1), მეორე კი: "რაც იყო დასაბამიდან". ერთი ამბობს: "და სიტყვა ხორცი გახდა და დაემკვიდრა ჩვენს შორის და ვიხილეთ მისი დიდება, დიდება როგორც მამისაგან მხოლოდშობილისა" (იოან. 1, 14); მეორე კი მცირედით ცვლის ამ სიტყვებს: "რაც გვესმა, რაც ვიხილეთ ჩვენი თვალებით, რაც ვნახეთ და ჩვენმა ხელებმა გასინჯა ცხოვრების სიტყვის შესახებ; და ცხოვრება გაცხადებულ იქნა" (1. იოან. 1, 1‑2). ამ სიტყვების შესავალში მიმართავს, როგორც შემდეგ ცხადყოფს, მათ, რომლებიც ამბობენ, რომ უფალი ხორციელად არ მოსულა, რის გამოც მზრუნველად დაურთავს: "და რაც გვიხილავს, დავამოწმებთ და გაუწყებთ თქვენ საუკუნო ცხოვრებას, რომელიც იყო მამასთან და გაგვეცხადა ჩვენ; რაც ვიხილეთ და გვესმა, გაუწყებთ თქვენც" (1 იოან. 1, 2‑3). ერთსა და იმავე [სიტყვას] იყენებს და წინ დადებულს არ განუდგება, ხოლო იმავე თავებისა და სახელების გზით ყველაფერს გაივლის. მათგან ზოგიერთს ჩვენც მოკლედ მოვიხსენიებთ. მაგარამ ყურადღებიანი მკითხველი თითოეულ მათგანში მრავალგზის აღმოაჩენს [სიტყვებს]: "ცხოვრება" (იოან. 1, 4; 1. იოან. 2, 25; 3, 14 და ა. შ.), "სინათლე" (იოან. 1‑12; 1 იოან. 1, 5‑7; 2, 8‑10), "სიბნელისგან მოქცევა"; მრავალგზის: "ჭეშმარიტება" (იოან. 1, 14; 1 იოან. 1, 8; 3, 19 და ა. შ.), "მადლი" (იოან. 1, 14‑17; 2 იოან. 3), "სიხარული" (იოან. 3, 29 და ა. შ.; 1 იოან. 1, 4; 2 იოან. 12; 3 იოან. 4), "ხორცი (იოან. 1, 13‑14; 6, 53‑56 და ა. შ.; 1 იოან. 4,2) და სისხლი (იოან. 6, 53‑56; 19, 34; 1 იოან. 1, 7; 5, 6‑8) უფლისა", "განკითხვა" (იოან. 3, 19 და ა. შ.; 1 იოან. 4, 17; 2, 18 და ა. შ.), "ცოდვათა მიტევება" (შდრ. იოან. 20, 23; 1 იოან. 1, 9; 2, 12; შდრ. 3, 5), "ჩვენს მიმართ ღვთის სიყვარული" (იოან. 3, 16; 14, 23; 17, 23; 1 იოან. 3, 1; 4, 11 და ა. შ.), "ერთმანეთის მიმართ სიყვარულის მცნება" (იოან. 13, 34; 15, 12‑17; 1 იოან. 3, 23 და ა. შ.), რომ უნდა "დავიცვათ ყველა მცნება" (იოან. 15, 10; 1 იოან. 2, 3; 3, 22 და ა. შ.); მხილება "ქვეყნიერების" (იოან. 16, 8; 1 იოან. 2, 16), "ეშმაკის" (1 იოან. 3, 8; 2, 14 და ა. შ.), "ანტიქრისტეს" (1 იოან. 2, 18); "სულიწმინდის აღთქმა" (იოან. 14, 16 და ა. შ.; 1 იოან. 3, 24; 4, 13; შდრ. 2, 20), "ღვთის ძეობილობა" (იოან. 1, 12; 11, 52; 1 იოან. 3, 1‑2 და ა. შ.); ჩვენგან მუდმივი მოთხოვნა "რწმენისა" (იოან. 1, 7 და ა. შ.; 1 იოან. 5, 4); "მამა" და "მე" (იოან. 3, 36 და ა. შ.; 1 იოან. 4, 14 და ა. შ.) - ყველგან გვხვდება ეს სიტყვები. და მთლიანად ყველა ადგილის გავლით ერთსა და იმავე დამახასიათებელ შეფერილობას ხედავ სახარებაშიც და ეპისტოლეშიც. "გამოცხადება" ამათგან ძალიან განსხვავებული და უცხოა, არაფრით არის მათთან დაკავშირებული და მახლობელი, და ძლივს აქვს, როგორც იტყვიან, მათთან საზიარო მარცვალი. ეპისტოლე (არაფერს ვამბობ სახარებაზე) "გამოცხადების" არც ხსენებას, არც აზრს არ შეიცავს, არც "გამოცხადება" - ეპისტოლისას, მაშინ როცა პავლე ეპისტოლეებში თავისი გამოცხადების შესახებ ზოგ რამეს წარმოაჩენს ისეთს, რაც ცალკე არ ჩაუწერია.
"გარდა ამისა სტილის მეშვეობითაც შეიძლება აღინიშნოს სახარებისა და ეპისტოლის განსხვავება "გამოცხადებისგან". რადგან ისინი არა მხოლოდ განუხრელად არის ელინთა ენის მიხედვით დაწერილი, არამედ აზრის სიტყვიერი გამოხატვის უდიდესი მჭევრმეტყველების ხელოვნება არის ნაჩვენები სიტყვებით, სილოგიზმებით და წინადადების წყობით, და სრულიად არ მოიპოვება მათში ბარბარიზმი, სოლიციზმი*, ან რაიმე ვულგარიზმი. რადგან, როგორც ჩანს, მწერალს აქვს უფლისგან მიმადლებული ორივე სახის სიტყვა, ცოდნისაც და მეტყველებისაც. მეორე მწერალს კი, არ ვკამათობ, რომ უხილავს გამოცხადებები, მიუღია ცოდნა და წინასწარმეტყველება, მაგრამ ვხედავ, რომ მისი მეტყველება და ენა არ არის ზედმიწევნით ელინური, არამედ იყენებს ბარბაროსულ იდიომებს და ზოგ ადგილას სოლიციზმებსაც, რომელთა ჩამოთვლა ახლა აუცილებელი არ არის. რადგან არა დასაცინად ვამბობ ამას (ნურავინ იფიქრებს ამას), არამედ მხოლოდ ამ წერილების განსხვავებულობის დასადგენად".
-----------------------------------------------------------
* სინტაქსური შეცდომა - მთარგ.
XXVI
ამათ გარდა გავრცელებულია დიონისეს სხვა მრავალი ეპისტოლეც, მაგალითად, საბელიოზის წინააღმდეგ [ეპისტოლე] ბერნიკეში ეკლესიის ეპისკოპოსის, ამონის მიმართ, და ტელესფოროსის მიმართ, ევფრანორის მიმართ, კვლავ ამონის და ევპოროსის მიმართ. იმავე საკითხის შესახებ შეადგინა სხვა ოთხი თხზულებაც, რომლებიც რომში [მყოფ] მის თანამოსახელე დიონისეს[24] მიუძღვნა. მათ გარდა ჩვენთან არის მისი მრავალი ეპისტოლე და უხვსიტყვიანი წიგნები ეპისტოლის ჟანრში დაწერილი, მაგალითად, წიგნები "ბუნების შესახებ", შვილ ტიმოთესადმი მიძღვნილი, და წიგნი "განსაცდელთა შესახებ", რომელიც იმავე ევფრანორს[25] მიუძღვნა. აგრეთვე მისწერა პენტაპოლში არსებულ საკრებულოების ეპისკოპოს ბასილიდეს და უთხრა, რომ თვითონ განმარტა "ეკლესიასტეს" დასაწყისი, ასევე ჩვენთან შემორჩენილია ამავე პირის მიმართ მიწერილი სხვადასხვა ეპისტოლეები.
ეს ითქვა დიონისეს შესახებ. მაგრამ მოდი, მათი ისტორიის შემდეგ მომავალი თაობებისათვის გასაცნობად გადმოვცეთ ცნობები ჩვენი დროის შესახებ, თუ როგორი იყო.
XXVII
ცხრამეტი წლის განმავლობაში რომაელთა ეკლესიის მეთაურობის შემდეგ ქსისტუსი* შეცვალა დიონისემ, ალექსანდრიის ეპისკოპოსის თანამოსახელემ. მის დროს ანტიოქიაში გარდაიცვალა დემეტრიანე და ეპისკოპოსობა მიიღო სამოსატელმა პავლემ. როდესაც იგი ეკლესიური მოძღვრების წინააღმდეგ ქრისტეს შესახებ მდაბლად და მიწიერად ფიქრობდა, როგორც საერთო ადამიანური ბუნებით მყოფზე[26], დიონისე ალექსანდრიელი მოწვეულ იქნა სინოდზე დასასწრებლად, მაგრამ მოხუცებულობისა და სხეულის უძლურების მიზეზით გადადო გამგზავრება და ეპისტოლის მეშვეობით წარმოადგინა თავისი აზრი, რაც მას ჰქონდა გამოსაძიებელი საკითხის შესახებ. ეკლესიის დანარჩენი მწყემსები კი, ყველა ანტიოქიაში მიიჩქაროდა სხვადასხვა ადგილებიდან და იკრიბებოდნენ როგორც ქრისტეს სამწყსოს დამღუპველის წინააღმდეგ.
-------------------------------------------------------------------
* ქსიტუს II იყო ეპისკოპოსი 257 წ.-ის აგვისტოდან ან სექტემბრიდან 268 წ.-ის აგვისტომდე. ევსების უნდა ეთქვა "თერთმეტი თვე" - მთარგ.
XXVIII
მათგან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ: ფირმილიანე, კაბადოკიელთა კესარიის ეპისკოპოსი; გრიგოლი და ათენოდორი, ძმები, პონტოს სამრევლოების მწყემსები; მათთან ერთად ჰელენოსი, ტარსუსის სამრევლოს ეპისკოპოსი, და ნიკომასი, იკონიის სამრევლოს ეპისკოპოსი; არა მხოლოდ ისინი, არამედ იერუსალიმის ეკლესიის ეპისკოპოსი ჰიმენეოსი და მომიჯნავე კესარიის - თეოტეკნოსი; მათ გარდა მაქსიმე, ბოსტრაში ძმებს იგიც გამორჩეულად წინამძღვრობდა; და სხვა ათასების აღრიცხვა არ გაუჭირდებოდა ვინმეს ზემოხსენებულ ქალაქში პრესვიტერებთან და დიაკვნებთან ერთად ამავე მიზეზით შეკრებილების, მაგრამ მათგან განსაკუთრებით გამოჩენილი ესენი იყვნენ. როდესაც ყველანი სხვადასხვა დროს ერთად ხშირად იკრიბებოდნენ, მტკიცებულებები და გამოძიებები აღიძვრებოდა თითოეულ სინოდზე, როდესაც სამოსატელის გარშემო მყოფნი ცდილობდნენ უცხოდმადიდებლობის დაფარვასა და დამალვას, სხვები კი მოშურნეობით აშიშვლებდნენ და სააშკარაოზე გამოჰქონდათ მისი მწვალებლობა და ქრისტეს გმობა.
ამ დროს კი, გალიენუსის მეფობის მეთორმეტე წელს, აღესრულა დიონისე, მას შემდეგ, რაც თხუთმეტი წელი იყო ალექსანდრიის ეპისკოპოსი; იგი შეცვალა მაქსიმემ[27].
გალიენუსის მიერ თხუთმეტი წლის განმავლობაში ძალაუფლების პყრობის შემდეგ მონაცვლედ დადგენილ იქნა კლავდიუსი[28].
მეორე წლის დასასრულს მან მმართველობა გადასცა ავრელიანეს[29].
XXIX
მის დროს, როდესაც შედგა ესოდენ მრავალი ეპისკოპოსის უკანასკნელი სინოდი, მხილებული და ყველას წინაშე ცხადად გაკიცხულ იქნა ანტიოქიის მწვალებლობის დამაარსებლის სხვაგვარადმადიდებლობა და განიკვეთა ცის ქვეშ მყოფი კათოლიკე ეკლესიისაგან. მას გამოსწორებისკენ განსაკუთრებით მოუწოდებდა და დაფარვის მცდელობას ამხელდა მალქიონი, კაცი სწავლული და ანტიოქიაში ელინური განათლების სოფისტიკის ერთ-ერთი სასწავლებლის წინამძღვარი, გარდა ამისა, ქრისტესადმი რწმენის სიწრფელეში აღმატების გამო ადგილობრივი სამრევლოს პრესვიტერად ღირსქმნილი. პავლეს მიმართ მის კამათს იწერდნენ სწრაფჩამწერები, ვიცით, რომ [ჩანაწერი] ამ დრომდეა გავრცელებული. სხვებისგან მხოლოდ მან შეძლო ამ დაფარული და ცრუ ადამიანის მხილება.
XXX
ერთად შეკრებილმა მწყემსებმა შეთანხმებულად შეადგინეს ერთი ეპისტოლე რომაელთა ეპისკოპოსის დიონისესა და ალექსანდრიის ეპისკოპოსის მაქსიმეს მიმართაც, ასევე დააგზავნეს ყველა პროვინციაში, ყველასათვის აშკარა გახადეს მათი გულმოდგინება და პავლეს მანკიერი სხვაგვარადმადიდებლობა, მხილებები და შეკითხვები, რომლებიც მის მიმართ აღიძრა, და მეტიც, ამ კაცის მთელი ცხოვრება და საქციელი მოუთხრეს. მოსახსენებლად კარგი იქნება, რომ აქ წამოჭრილი საკითხისთვის თვით მათი სიტყვები გადმოვცეთ:
"დიონისეს და მაქსიმეს, და მთელ მსოფლიოში ჩვენს თანამსახურ ეპისკოპოსებს, პრესვიტერებს, დიაკვნებსა და ცის ქვეშ მთელ კათოლიკე ეკლესიას, ჰელენოსი, ჰიმენეოსი, თეოფილე, თეოტეკნოსი, მაქსიმე, პროკლე, ნიკომასი, ელიანოსი, პავლე, ბულანოსი, პროტოგენესი, ჰიერაქსი, ევტიქი, თეოდორე, მალქიონი, ლუკიოსი და ყველა დანარჩენი მახლობელ ქალაქებსა და ხალხებში ჩვენთან ერთად მკვიდრი ეპისკოპოსები, პრესვიტერები და დიაკვნები, და ღვთის ეკლესიები, უფალში საყვარელ ძმებს, მოკითხვა".
ცოტა ქვემოთ ამ სიტყვებს დასძენენ შემდეგს: "ამ მომაკვდინებელი მოძღვრებიდან განსაკურნავად ვწერდით და ვიწვევდით დიდი მანძილით დაშორებულ მრავალ ეპისკოპოსს, მაგალითად, ალექსანდრიაში მყოფ დიონისესა და ფირმილიანესაც კაბადოკიიდან, - ამ ნეტარ ადამიანებს. მათგან პირველმა მოგვწერა ანტიოქიაში, საცთურის წინამძღვარი არც საუბრით ღირსყო, არც პირადად მისწერა მას, არამედ მთელ მრევლს მისწერა [ეპისტოლე], რომლის ასლიც დავურთეთ. ფირამილიანე კი ორჯერ ჩამოვიდა, დაგმო პავლეს მიერ გამოგონილი სიახლე, როგორც ვიცით და დავამოწმებთ იქ დამსწრენიც და სხვა მრავალიც, ვინც ეს უწყის; იგი შეყოვნდა, როდესაც [პავლემ] აღგვითქვა, რომ აზრს შეიცვლიდა, სწამდა და იმედოვნებდა, რომ საქმე სათანადოდ მოგვარდებოდა მოძღვრებასთან დაკავშირებით რაიმე გაკიცხვის გარეშე; მაგრამ მოტყუვდა თავისი ღმერთისა და უფლის უარმყოფელის მიერ, როდესაც არ დაიცვა ის სარწმუნოება, რომელიც მას პირველად ეპყრა. ახლაც აპირებდა ფირმილიანე ანტიოქიისკენ გამგზავრებას და ტარსუსამდეც მიაღწია, რადგან გამოცდილი ჰქონდა ამ ღვთისუარმყოფელის ბოროტება. მაგრამ, ვიდრე ჩვენ ვიკრიბებოდით, მას ვიწვევდით და მის ჩამოსვლას ველოდებოდით, იგი აღესრულა".
შემდეგ კვლავ პავლეს ცხოვრების წესს აღწერენ შემდეგი სიტყვებით: "რადგანაც განუდგა კანონს, ყალბ და უკანონო სწავლებაში გადავიდა, არ უნდა განვსაჯოთ გარეთ მყოფის საქმეები, არც ის, რომ პირველად ღარიბი და გლახაკი იყო და წინაპრებისაგან არავითარი სიმდიდრე არ მიუღია, არც თუ ხელობით ან რაიმე სასარგებლო საქმიანობით მოუპოვებია, ახლა კი ზეაღმატებული სიმდიდრე აქვს მოხვეჭილი ურჯულო საქმეებითა და მკრეხელობებით, ძმებისაგან მოთხოვნითა და მათი დაშინებით; შეცდომაში შეჰყავს ისინი, რომლებსაც უსამართლოდ ეპყრობიან და დახმარებას საზღაურის სანაცვლოდ ჰპირდება, მათაც ატყუებს და სიცრუით მოინაყოფებს საქმეებში ჩაბმულთაგანაც, რომლებიც მზად არიან შემწუხებელთაგან თავის დასახსნელად მისცენ; თვლის, რომ ღვთისმოსაობა მოხვეჭის საშუალებაა. არც იმისთვის განვსჯით, რომ მაღლად აზროვნებს და მზვაობრობს, ამქვეყნიური ღირსებებით იმოსება და უფრო დუცენარიუსად[30] სურს რომ იწოდებოდეს, ვიდრე ეპისკოპოსად, ამაყად დადის აგორაზე, მსვლელობის დროს სახალხოდ კითხულობს და კარნახობს ეპისტოლეებს; და თან მრავალი მცველი ახლავს, ზოგი წინ, ზოგი უკან, ისე რომ რწმენა შესაჯავრებელი და საძულველი ჩანს მისი სიამაყისა და მისი გულის ამპარტავნების გამო. არც საეკლესიო სინოდებზე მის მიერ მოწყობილ თაღლითობებს განვსჯით, დიდების დევნასა და წარმოსახვით მაჩვენებლობას, და ასე ანცვიფრებს წრფელ სულებს, მაღალი სავარძლით და თავისთვის შემზადებული ტახტით, რაც არ შეჰფერის ქრისტეს მოწაფეს.
აქვს "სეკრეტუმი"* როგორც საერო ხელისუფალს, რასაც ასეც უწოდებს; ხელებს თეძოზე იცემს და სავარძელს ფეხებს სცემს; და მათ, რომლებიც მას არ აქებენ, ან ხელსახოცებს არ უქნევენ როგორც თეატრში, ან შეძახილებით არ იწონებენ და ადგილზე არ დახტიან, კაცები და ქალები მის ირგვლივ მყოფნი, უწესრიგოდ მსმენელნი, არამედ, როგორც ღვთის სახლში, მოკრძალებითა და თავშეკავებით უსმენენ, მათ სჯის და შეურაცხყოფს. და ამქვეყნიდან წასულ [ღვთის] სიტყვის განმმარტებლების მიმართ თავხედურად და უდიერად იქცეოდა საზოგადოების წინაშე და თავისი თავის შესახებ მედიდურად ლაპარაკობდა, თითქოს არა ეპისკოპოსი არამედ სოფისტი და თაღლითი ყოფილიყო. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ წარმოთქმული ფსალმუნების გალობა კი შეწყვიტა, როგორც ახალი კაცების მიერ ახლად შექმნილი თხზულებები, და აღდგომის დიდ დღეს შუა ეკლესიაში საკუთარი თავისადმი მიძღვნილი ფსალმუნებისთვის ქალები ისე მოამზადა, რომ მათ მსმენელს ჟრუანტელი დაუვლიდა. ასევე მეზობელი სოფლებისა და ქალაქების ეპისკოპოსებსა და პრესვიტერებს, რომლებიც მის წინაშე პირმოთნეობდნენ, ხალხის წინაშე ქადაგების ნებას რთავდა. რადგან არ სურს, ჩვენთან აღიაროს ღვთის ძე ციდან ჩამოსულად (რათა წინდაწინ აღვნიშნოთ რაიმე, რის დაწერასაც ვაპირებთ; და ეს ითქმება არა ლიტონი სიტყვით, არამედ მრავალ ადგილას ჩანს იმ ჩანაწერებიდან[31], რომლებიც გავაგზავნეთ, და სულაც არ არის ყველაზე ცოტა [ისეთი ადგილები], სადაც ამბობს, რომ იესო ქრისტე ქვემოდან არის); მისდამი მიძღვნილი ფსალმუნების მგალობელნი და ხოტბის შემსხმელნი ხალხში ამბობენ, რომ მათი უღმერთო მოძღვარი ციდან ჩამოსული ანგელოზია. და ამას არ უკრძალავს მათ, არამედ ამის თქმის დროს იქვე იმყოფება ამპარტავანი. მისი და მის ირგვლივ მყოფი პრესვიტერებისა და დიაკვნების "სინისაქტ" ქალებს**, როგორც მათ ანტიოქიელები უწოდებენ, რომლებთან ერთადაც ფარავს ამ და სხვა თავის უკურნებელ ცოდვებს (თუმცა იცის და კიდევაც ამხილა ისინი), რათა ისინი დავალებული ჰყავდეს, და, როდესაც იგი სიტყვებითა და საქმეებით უსამართლობას სჩადის, საკუთარი თავის გამო შიშით ვერ ბედავენ, მას ბრალი დასდონ; არამედ გაამდიდრა ისინი, რისთვისაც უყვართ და ეთაყვანებიან ასეთი საქმეებისადმი მოსწრაფენი. რატომ უნდა აღვწეროთ ეს საქმეები? მაგრამ ვიცით, საყვარელნო, რომ ეპისკოპოსობა და მღვდლობა მთლიანად ყველა კეთილი საქმის მაგალითი უნდა იყოს ხალხისათვის, და არც იმის უმეცარი ვართ, თუ რამდენი დაეცა თავისთან ქალების ("სინისაქტების" - მთარგ.) შეყვანით, ზოგიერთი კი ეჭვმიტანილია. ასე რომ, თუნდაც ვინმეს მინიჭებული ჰქონდეს იმის უნარი, რომ არავითარი აღვირახსნილი საქციელი არ ჩაიდინოს, მაინც საჭიროა, რომ ასეთი საქმიდან აღმოცენებული ეჭვი თავიდან აიცილოს, რათა ვინმე არ დაბრკოლდეს, სხვები კი მისაბაძად არ წააქეზოს. რადგან როგორ გაკიცხავს ან შეაგონებს სხვას, რომ მეტად აღარ ურთიერთობდეს ქალთან და თავი დაიცვას, რათა ფეხი არ დაუცდეს, როგორც დაწერილია, ის, ვინც ერთი უკვე გაუშვა, მაგრამ ორი გაფურჩქნული და მშვენიერი სახის მქონე თავისთან ჰყავს, და სადაც კი მიდის, თან ახლავს, და ასე განცხრომითა და სიმაძღრით ცხოვრობს? ამის გამო ყველა გმინავს და გლოვობს თავისთვის, ისე ეშინიათ მისი ტირანიისა და ძალაუფლების, რომ ვერ ბედავენ მის დადანაშაულებას. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ამის გამოსწორებისკენ შეძლებდა ვინმე, კათოლიკე გონების მქონე და ჩვენ შორის აღრაცხილი კაცი, მოეწოდებია, მაგრამ არ მიგვაჩნია, რომ საიდუმლოს დამცინავსა და არტემას[32] (რატომ არ უნდა გავაცხადოთ მისი მამა?) საძაგელი მწვალებლობით მოქადულს ამ საქმეების გამო პასუხი უნდა მოვთხოვოთ".
შემდეგ, ეპისტოლის დასასრულს, ამას დასძენენ: `იძულებული ვიყავით ღვთის წინააღმდეგ განწყობილი და უკან არ დამხევი განგვეკვეთა, მის ნაცვლად ღვთის წინაგანგებით, როგორც გვწამს, სხვა ეპისკოპოსი დაგვეყენებია კათოლიკე ეკლესიისათვის, ამავე სამრევლოს წინა გამოჩენილი მეთაურის, ნეტარი დემეტრიანეს ძე დომნა[33], ეპისკოპოსისათვის შესაფერისი ყველა სიკეთით შემკობილი, და თქვენც გაგიცხადეთ, რათა მას მისწეროთ და მისგან მიიღოთ თანაზიარების წერილები. მან კი მისწეროს არტემას და არტემას თანამოაზრეები მას თანაეზიარონ".
როდესაც პავლე სარწმუნოების მართლმადიდებლობასთან ერთად ეპისკოპოსობიდანაც განვარდა, როგორც ითქვა, ანტიოქიაში ეკლესიის მსახურება მიიღო დომნამ. მაგრამ რადგან პავლეს არ სურდა ეკლესიის სახლიდან გასვლა, იმპერატორ ავრელიანეს მიმართეს თხოვნით, რომელმაც ამ საქმის შესახებ ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილება მიიღო: სახლი მათ მიაკუთვნა, რომლებთანაც იტალიასა და რომაელთა ქალაქში მყოფ მოძღვრების ეპისკოპოსებს ექნებოდათ მიმოწერა. ამგვარად, ზემოხსენებული პიროვნება ამქვეყნიური მმართველის მიერ ეკლესიიდან უკიდურესი სირცხვილით იქნა გაძევებული.
ასეთი იყო იმ დროს ჩვენს მიმართ ავრელიანე. მაგრამ როდესაც მისი მმართველობის საქმე წარმატებით მიდიოდა, ჩვენს შესახებ დაიწყო სხვაგვარად ფიქრი, ზოგიერთების რჩევით უკვე აღიძრა, რომ ჩვენს წინააღმდეგ წამოეწყო დევნულება და ამის გარშემო ყველგან დიდი მითქმა-მოთქმა იყო. მაგრამ უკვე მოსალოდნელი იყო, და თითქმის შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ჩვენს წინააღმდეგ დეკრეტები დაწერილი იყო, როცა ღვთის სამართალი ეწია მას და ამ განზრახვისათვის ხელები შეუკრა. ბრწყინვალედ აჩვენა ყველას, რომ ამქვეყნიური მმართველებისთვის არასოდეს იქნებოდა იოლი ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ გამოსვლა, თუ არა მაშინ, როცა ჩვენთვის მებრძოლი ხელი საღვთო და ციური განსჯით აღზრდისა და მოქცევის გულისთვის ამის აღსრულებას დაუთმობს გზას, იმ ჟამს, როდესაც სათნო იჩენს. ექვსწლიანი მმართველობის შემდეგ ავრელიანე შეცვალა პრობუსმა[34]. ის კი იმდენივე წლის მმართველობის შემდეგ შეცვალა კარუსმა შვილებთან, კარინუსთან და ნუმერიანუსთან[35], ერთად. როდესაც ისინი სრული სამი წელი არ დარჩენილან [ხელისუფლებაში], ხელისუფლება კვლავ დიოკლეტიანეს გადაეცა და მის შემდეგ მოსულებზე, რომელთა დროსაც დასრულდა ჩვენი დროის დევნულება და ამ პერიოდში წარმოებული ნგრევა ეკლესიებისა.
მაგრამ ამის წინ ცოტა ხნით ადრე, რომში დიონისეს ცხრა წლიანი ეპისკოპოსობის დასრულების შემდეგ მსახურება ფელიქსს გადაეცა[36].
ამავე დროს ერთი შეშლილი კაცი[37], დემონური მწვალებლობის მიხედვით სახელდებული, შეიარაღდა ცთომილი აზროვნებით, როდესაც დემონმა, თვით ღვთისმბრძოლმა სატანამ, მრავალთა დასაღუპად წინ წამოწია ეს კაცი. თვითონ იგი სიტყვითა და ქცევით ბარბაროსული ცხოვრების წესს ავლენდა, ბუნებით დემონური და შეშლილი ვინმე იყო, ამ თვისებების მიდევნებით ცდილობდა ქრისტედ წარმოედგინა თავი, ზოგჯერ თავისთავს ნუგეშისმცემელად და თვით სულიწმინდად აცხადებდა, სიშლეგით იყო დაბრმავებული, ზოგჯერ კი, როგორც ქრისტე, ახალი მოძღვრების გამზიარებლებად თორმეტ მოწაფეს ირჩევდა. ცრუ და უღმერთო მოძღვრებებს კი დიდი ხნის წინ ჩამქრალი ათასობით უღმერთო მწვალებლობებისაგან შემოკრებდა და სპარსეთიდან ჩვენი მსოფლიო*** როგორც რამ სასიკვდილო შხამით მოწამლა, ვისგანაც მანიქეველთა უწმინდური სახელი ახლანდელ დრომდეც ბევრგან არის გავრცელებული. ასეთი იყო ამ ცრუ ცოდნის საფუძველი, რომელიც ზემოხსენებულ ჟამს აღმოცენდა.
ამ დროს, რომაელთა ეკლესიაში ხუთწლიანი მეთაურობის შემდეგ, ფელიქსი შეცვალა ევტიქიანოსმა[38]. მას სრული ათი თვე არ დაუსრულებია, რომ ადგილი ჩვენს თანამედროვე გაიოზს[39] დარჩა. და მას შემდეგ, რაც იგი თხუთმეტი წლის განმავლობაში მეთაური იყო, მარკელიანოსი დადგა მის მონაცვლედ, სწორედ იგი, ვისაც თავს დაატყდა დევნულება[40].
მათ დროს ანტიოქიელთა ეპისკოპოსობას დომნას შემდეგ წარუძღვა ტიმეოსი, რომელიც ჩვენს დროში შეცვალა კირილემ[41], რომლის დროსაც ვიცით, რომ იყო ერთი სწავლული კაცი, დოროთე, ანტიოქიაში პრესვიტერად ღირსქმნილი. იგი საღვთო საგნების მიმართ მშვენიერებისმოყვარეობით გამოირჩეოდა და ებრაული ენის შესწავლაზე ზრუნავდა, ისე რომ თვით ებრაულ წმინდა წერილებს ღრმა ცოდნით კითხულობდა. იგი ყველაზე თავისუფალი მეცნიერებებისა და ელინური დაწყებითი განათლების უმეცარი არ ყოფილა; მაგრამ ბუნებით საჭურისი იყო, თვით შობიდანვე იყო ასეთი, ისე რომ ამის გამო იმპერატორმა იგი დაიახლოვა როგორც რამ სასწაულებრივი კაცი და ტვიროსში მეწამული ფერის სამღებროს ზედამხედველის პატივი უბოძა. როდესაც იგი წმინდა წერილს ეკლესიაში ზომიერად განმარტავდა, მე ვუსმენდი მას.
კირილეს შემდეგ ანტიოქიელთა სამრევლოს ეპისკოპოსობა ტირანოსზე[42] გადავიდა, რომლის დროსაც ეკლესიებზე შემოტევამ თავის მწვერვალს მიაღწია.
ლაოდიკიაში სოკრატეს შემდეგ სამრევლოს წინამძღვრობდა ევსები[43], რომელიც წარმოშობით იყო ქალაქ ალექსანდრიიდან. მისი გადასახლების მიზეზი იყო პავლესთან დაკავშირებული საკითხი. ამის გამო სირიაში ჩასული დაყოვნებულ იქნა საღვთო საგნების მიმართ ადგილობრივი მოშურნეების მიერ. იგი იყო ჩვენს თანამედროვეთა შორის ღვთისმოსაობის შესანიშნავი რამ ნიმუში, როგორც ეს დიონისეს ზემოთ გადმოცემული სიტყვებიდან ადვილად ამოიკითხება. მისი მონაცვლე იყო ანატოლი[44], როგორც ამბობდნენ, კეთილის შემდეგ დადგინებული კეთილი. წარმოშობით ისიც ალექსანდრიელი იყო, განსწავლულობის, ელინური აღზრდისა და ფილოსოფიის გამო ჩვენთან განსაკუთრებით სახელოვანთა შორის პირველი ადგილი ეკავა; არითმეტიკის, გეომეტრიის, ასტრონომიისა და სხვა, დიალექტიკისა თუ ფიზიკის ხედვებში და რიტორიკის ხელოვნებაში მწვერვალამდე იყო ასული. წერილობითი წყაროს თანახმად, ამის გამო ადგილობრივმა მოქალაქეებმა იგი ალექსანდრიაში არისტოტელეს მონაცვლეობის [გამგრძელებელი] სასწავლებლის დაარსების ღირსი გახადეს. მის ათას სხვა კეთილშობილურ საქციელსაც იხსენებენ ალექსანდრიაში პირუხეუმის[45] ალყის დროს ჩადენილს და ყველა მაგისტრატის მიერ გამორჩეული პრივილეგიებით იქნა პატივდებული. მაგალითისთვის გავიხსენებ მხოლოდ ერთ შემთხვევას. ამბობენ, რომ, როდესაც ალყაში მყოფთ ხორბალი შემოაკლდათ და შიმშილობა გარეშე მტერზე უფრო აუტანელი გახდა, ზემოხსენებულმა პიროვნებამ, რომელიც იქ იმყოფებოდა, ასე განაგო. როდესაც ქალაქის სხვა ნაწილი იბრძოდა რომაულ ჯართან ერთად და ამიტომ არ იყო ალყით მოცული, ევსებიმ (რადგან მაშინ ჯერ კიდევ იქ იმყოფებოდა სირიაში გადასახლებამდე), ალყით მოუცველთა შორის მყოფმა, დიდება და სახელი მოიხვეჭა, რამაც რომაელ სარდლამდეც მიაღწია. მასთან ანატოლიმ გაგზავნა და შიმშილით დაღუპვის პირას მყოფთა შესახებ აცნობა. მან კი, როდესაც გაიგო, რომაელთა სტრატეგს სთხოვა, მოწინააღმდეგეთაგან გადმოსულებისათვის, როგორც რამ უდიდესი მადლი, ხსნა მიენიჭებია. როდესაც მიიღო თხოვნის დაკმაყოფილება, ანატოლის აცნობა. მან კი პირობის მიღებისთანავე მყისვე მოიწვია ალექსანდრიელთა სათათბირო და პირველ რიგში ყველას სთხოვა მეგობრული მარჯვენა გაეწოდებიათ რომაელებისთვის. მაგრამ, როგორც კი დაინახა, რომ ამ სიტყვის გამო გასასტიკდნენ, თქვა: "არა მგონია, რომ უნდა შემეწინააღმდეგოთ იმის გამო, თუკი გირჩევთ, რომ თვით ჩვენთვის ზედმეტსა და არაფერში გამოსადეგს, მოხუც ქალებს, ჩვილებსა და მოხუც კაცებს ნება მივცეთ კარიბჭის გარეთ გავიდნენ, როგორც მათ სურთ. რადგან ტყუილად რისთვის გვყავს ჩვენთან ისინი, რომლებიც სიკვდილის პირას იმყოფებიან? რატომ ვტანჯავთ შიმშილით ხეიბრებსა და სხეულით დასახიჩრებულებს, როდესაც ქალაქის დასაცავად კაცებისა და ჭაბუკების საკვებად საჭირო ხორბალი უნდა დავზოგოთ?" ასეთ მტკიცებულებებს კრება დაემორჩილა, პირველად ადგნენ და ხმა მისცეს, რომ ყველა, ვინც არ იყო ჯარისთვის გამოსადეგი, ქალაქიდან გაეშვათ, რადგან რომ დაეტოვებიათ ისინი და ქალაქში უსარგებლოდ ეცხოვრათ, გადარჩენის იმედი აღარ ექნებოდათ და შიმშილისგან დაიღუპებოდნენ. როდესაც თათბირის დროს ყველა დანარჩენი ამაზე შეთანხმდა, მცირედი დარჩა იმის გასაკეთებლად, რომ ყველა ალყაში მყოფი გადაერჩინა. პირველ რიგში იზრუნა იმაზე, რომ ეკლესიიდან, შემდეგ კი სხვა ადგილებიდანაც, ქალაქში მყოფი ყველა ასაკის მქონე გაქცეულიყო; და არა მხოლოდ ხმის მიცემით განჩინებულნი, არამედ ამ საბაბით ათასობით სხვაც, ქალის ტანისამოსს შეფარებულნი წავიდნენ და მისი მზრუნველობით ღამით კარიბჭე გააღეს და რომაელთა ჯარისაკენ გაემართნენ. იქ ხანგრძლივი ალყის გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფნი ყველა მთელი წინაგანგებითა და ყურადღებით მიიღო ევსებიმ, როგორც მამამ და მკურნალმა. ლაოდიკიის ეკლესია მონაცვლეობის მიხედვით ერთმანეთის მიყოლებით ორი ასეთი მწყემსის ღირსი გახდა, რომლებიც ღვთის მზრუნველობით ზემოხსენებული ომის შემდეგ ალექსანდრიელთა ქალაქიდან ამ ადგილას გადავიდნენ. მართალია, ბევრი არ არის ანატოლის მიერ ნაღვაწი თხზულებები, მაგრამ ჩვენამდე იმდენმა მოაღწია, რომ მათი მეშვეობით შესაძლებელია გავიგოთ მისი მჭერმეტყველებაცა და დიდი განსწავლულობაც. მათში განსაკუთრებით წარმოგვიდგენს თავის შეხედულებებს პასექის შესახებ. აქედან აუცილებელი იქნება ამ შემთხვევისათვის შემდეგი ადგილის გახსენება.
----------------------------------------------------------
* მსაჯულის ან მაგისტრის პირადი ოთახი - მთარგ.
** სულიერი "დები" - მთარგ.
*** იგულისხმება რომის იმპერია - მთარგ.
პასექის შესახებ ანატოლის კანონებიდან
"ამიტომ, პირველ წელს ახალმთვარეობა პირველი თვისა, რომელიც არის მთელი ცხრამეტწლიანი ციკლის დასაწყისი, ეგვიპტელთა მიხედვით მოდის ფამენოთის[46] 26 რიცხვზე, მაკედონელთა თვეების მიხედვით კი დისტრუსის[47] 22‑ზე, ხოლო როგორც რომაელები იტყვიან, აპრილის კალენდების წინ 11 რიცხვზე. ზემოხსენებული ფამენოთის 22 რიცხვში მზე აღმოჩნდება არა მხოლოდ შესული ზოდიაქოს პირველ ნიშანში, არამედ უკვე მეოთხე დღე იქნება, რაც მასში გადის. ეს ნიშანი ჩვეულებრივ იწოდება თორმეტნაწილედის პირველ ნიშნად, დღეღამსწორობის [ნიშნად], თვეების დასაწყისად, ციკლის თავად და პლანეტათა სრბოლის საწყის წერტილად, ხოლო წინა ნიშანი კი არის უკანასკნელი თვისა და თორმეტნაწილედის მეთორმეტე, დამაბოლოებელი ნიშანი და პლანეტების პერიოდის დასასრული. ამიტომ ვინც მასზე დადო პირველი თვე და ამის მიხედვით მიიღეს აღდგომის მეორმოცე დღე, ვამბობთ, რომ არ ცდებიან არც მცირედით, არც შემთხვევით. და ეს არ არის ჩვენი სიტყვა, არამედ ეს იცოდნენ ძველმა და ქრისტემდე მცხოვრებმა იუდეველებმა და ისინი განსაკუთრებით იცავდნენ. ამის გაგება კი შეიძლება ფილონის, იოსებისა და მუსეოსის ნათქვამთაგან, და არა მხოლოდ მათგან, არამედ უფრო ძველთაგანაც, ორივე აგათობულისგან, არისტობულე დიდის მოძღვრებად წოდებულთაგან. იგი აღრაცხული იყო სამოცდაათთა შორის, რომლებმაც ებრაული წმინდა და საღვთო წერილები გადათარგმნეს პტოლემეოს ფილადელფოსისთვის და მისი მამისთვის, და მან მოსეს რჯულის განმარტებების შემცველი წიგნები მიუძღვნა იმავე მეფეებს. მათ გადაჭრეს "გამოსვლათა" წიგნთან დაკავშირებული გამოსაძიებელი საკითხები, თქვეს, რომ პასექის მსხვერპლი ყველამ თანასწორად უნდა შესწიროს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ, პირველი თვის შუაში; ეს კი აღმოჩნდება მაშინ, როდესაც მზე გადის მზიურის, ან, როგორც ზოგიერთები უწოდებენ, ზოდიაქოს ციკლის პირველ ნიშანს. არისტობულე დასძენს, რომ აუცილებელი არის, პასექის დღესასწაულს არა მხოლოდ მზე გადიოდეს დღეღამსწორობის ნიშანს, არამედ აგრეთვე მთვარე. რადგან დღეღამსწორობის ნიშანი არის ორი, გაზაფხულის და შემოდგომის, და დიამეტრულად არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული, და როდესაც პასექის დღე მოდის თვის მეთოთხმეტე დღე საღამოს შემდეგ, მთვარე დგას მზის დიამეტრულად საპირისპირო ადგილას, რაც შეიძლება ვიხილოთ სავსემთვარეობისას. მათგან ნათქვამი სხვა მრავალიც ვიცი, ზოგი დამაჯერებელია, ზოგი კი ურყევ მტკიცებულებად არის წამოწეული, რომელთა მეშვეობით ცდილობენ დაადგინონ, რომ ყოველთვის დღეღამსწორობის შემდეგ უნდა იზეიმონ პასექისა და უფუარობის დღესასწაული. მე გვერდს ავუვლი მტკიცებულებების ასეთ საფუძველს და მოვითხოვ მათგან, რომელთათვისაც მოსეს რჯულზე გადახდილია საფარველი, ამიერიდან დაუფარავი პირით ყოველთვის უჭვრიტონ სარკეში ქრიტეს და მის საქმეებს, სწავლებებსა და ვნებებს. ის, რომ ებრაელებთან პირველი თვე არის დღეღამსწორობის მახლობლად, ჩანს აგრეთვე "ენუქის წიგნის" სწავლებებიდან[48]".
მანვე დაგვიტოვა სრულ ათ წიგნად "არითმეტიკის შესავალი", ასევე საღვთო საგნებში მისი მეცადინეობისა და ღრმა ცოდნის სხვა ნიმუშებიც. საეპისკოპოსოდ მას ხელი დაასხა პალესტინის კესარიის პირველმა ეპისკოპოსმა თეოტეკნოსმა, რომელიც სთხოვდა განდაცვალების შემდეგ თავის მონაცვლედ დადგომას იმავე საკრებულოსათვის, და მცირე ხნის განმავლობაში ორივე მეთაურობდა ერთსა და იმავე ეკლესიას. მაგრამ როდესაც ანტიოქიაში პავლესთან დაკავშირებით გამართულმა სინოდმა მიიწვია, ლაოდიკიელთა ქალაქის გავლისას ადგილობრივ ძმათაგან დაკავებულ იქნა, როდესაც ევსები მიძინებული იყო.
და როდესაც ანატოლი გარდაიცვალა, ადგილობრივ სამრევლოში დევნულების წინ უკანასკნელ ეპისკოპოსად დადგენილ იქნა სტეფანე. იგი ფილოსოფიასა და სხვა ელინურ მოძღვრებებში განსწავლული მრავალთა აღტაცებას იმსახურებდა, მაგრამ მსგავსადვე არ იყო განწყობილი საღვთო რწმენის მიმართ, როგორც ამაში ამხილა დევნულების ჟამის გაგრძელებამ[49] და აჩვენა, რომ ეს კაცი უფრო თვალთმაქცი, მხდალი და ჯაბანი იყო, ვიდრე ჭეშმარიტი ფილოსოფოსი. მაგრამ მის გამო ეკლესიის საქმეებს ნამდვილად არ ელოდა დაქცევა; ისინი გამოსწორდა თვით ღვთის, ყოველთა მაცხოვრის მიერ და მყისვე ადგილობრივი საკრებულოს ეპისკოპოსად თეოდოტე წარმოჩნდა[50]. ამ კაცმა თვით საქმეებით ჭეშმარიტი გახადა საუფლო სახელიცა და ეპისკოპოსობაც. რადგან მან სხეულთა სამკურნალო მეცნიერებაში მოიპოვა პირველი ადგილი, სულების მკურნალობაში კი ადამიანთაგან ასეთი სხვა არავინ მოიძებნებოდა კაცთმოყვარეობის, წრფელი თანაგრძნობის, და მისგან დახმარების მთხოვნელთადმი მოშურნეობის გამო, აგრეთვე დიდად იყო გაწრთვნილი საღვთო სწავლებებში. ასეთი იყო იგი.
მაგრამ პალესტინის კესარიაში, მას შემდეგ, რაც თეოტეკნოსმა ყველაზე მოშურნედ განვლო ეპისკოპოსის მსახურება, იგი შეცვალა აგაპიოსმა. ვიცით, რომ იგი ბევრს შრომობდა, ხალხის წინამძღვრობის წინაგანგებისათვის ყველაზე წრფელად იღვწოდა, უხვი ხელით ზრუნავდა ყველაზე, განსაკუთრებით კი ღარიბებზე. მის დროს გავიცანით ყველაზე სახელგანთქმული, თვით ცხოვრებით ჭეშმარიტი ფილოსოფოსი და ადგილობრივი სამრევლოს ხუცესად ღირსქმნილი პამფილი. თუ როგორი კაცი იყო იგი და საიდან იყო წარმოშობით, ამის წარმოჩენა არცთუ პატარა საქმე იქნება. მისი ცხოვრების თითოეული წვრილმანი და ის სასწავლებელიც, რომელიც მან დაარსა, დევნულების დროს სხვადასხვა აღსარებებით მისი ბრძოლა და მოწამეობის გვირგვინი, რაც ყველაფრისთვის დაიდგა თავზე, მის შესახებ შედგენილ ცალკე შრომაში გიამბეთ. იგი იყო ამ ქალაქში ყველაზე საკვირველი პიროვნება. მათ შორის, რომლებიც ჩვენს დროში ყველაზე იშვიათი არიან, ალექსანდრიის ხუცესთაგან ვიცით პიერიუსი[51], და მელეტი, პონტოს ეკლესიების ეპისკოპოსი. პირველი უმწვერვალესი უპოვარი ცხოვრებითა და ფილოსოფიური სწავლებებით იყო აღიარებული, საღვთო ხედვებითა და განმარტებებით, და ეკლესიის საზოგადოებაში საუბრებით ზეაღმატებულად იყო გაწვრთნილი. მელეტი კი (ატიკის თაფლს უწოდებდნენ მას სწავლული პიროვნებები) ისეთი იყო როგორც შეიძლება აღწეროს ვინმემ ყოველივეში განსწავლის გამო ყველაზე სრული კაცი. რიტორიკაში მისმა ოსტატობამ შეუძლებელია, ღირსეული აღტაცება დაიმსახუროს, არამედ ამაზე იტყოდნენ, რომ მისთვის ეს ბუნებრივი ნიჭი იყო. მაგრამ ვინ შეძლებდა აღმატებოდა მისი გამოცდილებისა და მრავალგანსწავლულობის სათნოებას, თუ ვიტყვით, რომ მხოლოდ ერთ დარგში მის მიერ დაგროვილ გამოცდილებას აიღებდა? რადგან სიტყვიერების ყველა მეცნიერებაში ყველაზე დახელოვნებული და განსწავლული კაცი იყო. ამის ტოლძალოვანი იყო მისი ცხოვრებისეული სათნოებებიც. ვიცით, რომ იგი დევნულების დროს პალესტინის მხარეებში მთელი შვიდი წლის განმავლობაში დახეტიალობდა.
ცოტა ზემოთ ხსენებული იერუსალიმის ეკლესიის ეპისკოპოს ჰიმენეოსის შემდეგ მსახურება მიიღო ძაბდამ[52]. მას შემდეგ, რაც მან მალევე დაიძინა, ჩვენი დროის დევნულების დაწყებამდე უკანასკნელად ჰერმონზე გადავიდა ჯერ კიდევ ახლანდელ დრომდე იქ დაცული სამოციქულო საყდარი[53].
ალექსანდრიაში დიონისეს აღსასრულის შემდეგ, თვრამეტი წლის განმავლობაში ეპისკოპოსობის შემდეგ მაქსიმე შეცვალა თეონამ[54]. მის დროს ალექსანდრიაში ცნობილია, რომ პიერიუსთან ერთად ხუცესობის ღირსი გახდა აქილასი, ვისაც ჩააბარეს წმინდა სარწმუნოების სასწავლებელი. იგი არავიზე ნაკლებად იყო ფილოსოფიის უიშვიათესი საქმისა და სახარებისეული მოქალაქეობის ჭეშმარიტი სახის წარმომჩენი. თეონას ცხრამეტწლიანი მსახურების შემდეგ ალექსანდრიელთა ეპისკოპოსობა გადავიდა პეტრეზე55. მათ შორის ისიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა მთელი თორმეტი წლის განმავლობაში. იგი სამი არასრული წელი წინამძღვრობდა ეკლესიას დევნულების წინ, ცხოვრების დარჩენილ დროს უფრო დაძაბული ასკეზით ატარებდა და ეკლესიების საერთო დახმარებისთვის დაუფარავად ზრუნავდა. ამისთვის დევნულების მეცხრე წელს თავი მოკვეთეს და შეიმკო მოწამეობის გვირგვინით.
ამ წიგნებში გარშემოვწერეთ მონაცვლეობების თემა, ჩვენი მაცხოვრის შობიდან სამლოცველოების დანგრევამდე, რაც გაგრძელდა სამას ხუთი წელი. მოდი, ჩვენს შემდეგ [თაობებს] საცოდნელად წერილობით დავუტოვოთ ჩვენს დროში ღვთისმოსაობის გამო, თუ რაოდენ დიდი და რა სახის იყო მათი ბრძოლები, ვინც სიმამაცით თავი გამოიჩინა.
------------------------------------------------------------------------------------------------
კომენტარები
[1] - გალუსი - რომის იმპერატორი (251‑252 წწ.). თავისი მმართველობის დასაწყისში იყო ქრისტიანებისადმი შემწყნარებელი. მაგრამ შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელმაც ზიანი მიაყენა მთელ იმპერიას, უბიძგა მას, გამოეცა ბრძანება საყოველთაო მსხვერპლშეწირვის შესახებ. ქრისტიანები, რომლებიც უარს ამბობდნენ მსხვერპლშეწირვაზე, აწამებდნენ ან ასახლებდნენ.
[2] - ჰერმანონი - სავარაუდოდ, ეგვიპტის ერთ-ერთი ეპისკოპოსი.
[3] - საუბარია რომის ეპისკოპოსების კორნელიუსის, რომელიც გარდაიცვალა გადასახლებაში, და მისი მემკვიდრის ლუკიუს I (253‑254 წწ.) გადასახლების შესახებ.
[4] - სტეფანე - რომის ეპისკოპოსი (254‑257 წწ.).
[5] - ე. წ. "ერეტიკული ნათლობის~ შესახებ კამათი წარმოიშვა III ს‑ის შუა წლებში. როდესაც ერეტიკოსები ან სქიზმატიკოსები, რომლებიც არამართლმადიდებლურად იყვნენ მონათლულნი, უბრუნდებოდნენ ეკლესიას, იდგა საკითხი, თუ როგორ უნდა მოენათლათ ისინი. უძველესი დროიდან აღმოსავლეთსა და ჩრდ. აფრიკაში ყოფილ ერეტიკოსებს აუცილებლად თავიდან ნათლავდნენ, ხოლო დასავლეთში, რომში, შემოიფარგლებოდნენ ხელდასხმით. საკითხი ერეტიკოსთა მეორედ ნათლობის შესახებ იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი გადაწყვეტისთვის 35 წლის განმავლობაში ექვსჯერ შედგა კართაგენისა და მცირე აზიის ეპისკოპოსთა კრება. აღმოსავლეთის ეკლესიების პრაქტიკა დამტკიცებულ იქნა კართაგენის I საეკლესიო კრებაზე (220 წ.), რომელიც მოიწვია კართაგენის ეპისკოპოსმა აგრიპინემ, ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს სინადისა და იკონიის კრებებმა (დაახ. 230 წ.). მაგრამ 50‑იანი წლების დასაწყისში კართაგენში ხელახლა წამოიჭრა ეს საკითხი. 255 წ. კართაგენის II საეკლესიო კრებამ, რომელსაც 31 ეპისკოპოსი ესწრებოდა, მიიღო 18 ნუმიდიელი ეპისკოპოსის ეპისტოლე, რომლითაც მოითხოვდნენ, რომ უწინდელი პრაქტიკა დაემტკიცებინათ ან უარეყოთ. კრებამ იგი დაამტკიცა, დააფიქსირა საეკლესიო კრების დადგენილებაში, რომ "დაუშვებელია ეკლესიის გარეთ ნათლობა". ამავე პოზიციაზე იდგნენ მომდევნო ორი საეკლესიო კრების ეპისკოპოსები: 256 წლის გაზაფხულზე (71 ეპისკოპოსის მონაწილეობით) და ამავე წლის შემოდგომაზე (87 ეპისკოპოსის მონაწილეობით). ამ პრაქტიკის ყველაზე მეტად ავტორიტეტული მომხრე იყო წმ. კვიპრინე, კართაგენის ეპისკოპოსი.
ერეტიკოსთა მეორედ ნათლობის პრაქტიკის წინააღმდეგ გამოვიდა რომის ეპისკოპოსი სტეფანე, რომელიც ცდილობდა ყველგან დაემყარებინა ერეტიკოსთა ხელთდასხმით მიღების რომაული ტრადიცია. კვიპრიანესადმი მიწერილ ეპისტოლეში მან თავისი პოზიცია გამოხატა და კართაგენის ეკლესიას დაემუქრა დაუმორჩილობლობის შემთხვევაში თანაზირების გაწყვეტით. ფრიად უხეში ფორმით მოითხოვა სტეფანემ, რომ აღმოსავლეთისა და ჩრდ. აფრიკის ეკლესიებს ეცნოთ მისი, როგორც "ეპისკოპოსთა ეპისკოპოსის" ძალაუფლება და მისი მიმდევრები ყოფილიყვნენ "ერეტიკოსთა მონათვლის" შესახებ საკითხში. საპასუხოდ 256 წლის შემოდგომით კართაგენში გამართულმა საეკლესიო კრებამ მიიღო საყოველთაო ეპისტოლე, ცნობილი როგორც "87 ეპისკოპოსის აზრი ერეტიკოსთა მონათვლის აუცილებლობის შესახებ". კრებამ დაადასტურა წმ. კვიპრიანეს სიმართლე. იხ.: წმ. ბასილი დიდის პირველი კანონიკური ეპისტოლის 1‑ლი კანონი, II მსოფლიო საეკლესიო კრების მე‑7 კანონი (იქვე, გვ. 44), VI მსოფლიო საეკლესიო კრების 95‑ე კანონი (იქვე, გვ. 144).
[6] - ქსისტუსი - რომის ეპისკოპოსი (257‑258 წწ.).
[7] - საბელიოსი (III ს.) - ერესიარქი, მონარქისტობაში არსებული მოდალისტური მიმდინარეობის მეტად მნიშვნელოვანი წარმომადგენელი (იხ. შნშ. 58. 2. 5). საბელიოსი წარმოშობით იყო, სავარაუდოდ, ლიბიის პენტაპოლისიდან და რომში ჩავიდა ზეფირინუსის ეპისკოპოსობის დროს. მას დიდი გავლენა ჰქონდა ზეფირინუსზე და მის მონაცვლე კალისტოსზე. მაგრამ კალისტოსი იძულებული იყო საბელიოსი განეკვეთა ეკლესიიდან სამღვდელო დასის მოთხოვნით, რომელსაც სათავეში ედგა იპოლიტე რომაელი. საბელიოსის მოძღვრება გადმოგვცა ეპიფანე კვიპრელმა, ბასილი დიდმა, ათანასე დიდმა და სხვ.
[8] - წმ. დიონისე ალექსანდრიელის რომის ეპისკოპოს დიონისესადმი (259‑269 წწ.) მიწერილ ეპისტოლეში საუბარია ეპისკოპოს ლუკიანეს შესახებ, რომელიც წმ. კვიპრიანეს მემკვიდრე იყო კართაგენის კათედრაზე.
[9] - ვალერიანე - რომის იმპერატორი (253‑260 წწ.). გალიუსი - მისი ვაჟი და თანამმართველი, რომის იმპერატორი (260‑268 წწ.). ვალერიანეს მმართველობის პირველ წლებში ქრისტიანებს საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ 257 წ. ქრისტიანებისადმი მისი დამოკიდებულება მოულოდნელად შეიცვალა. დაიწყო ქრისტიანების სასტიკი საყოველთაო დევნულება. დევნულების იურიდიულ საფუძველს შეადგენდა ორი ედიქტი: პირველი (257 წ.) სიკვდილით დასჯის შიშით უკრძალავდა ქრისტიანებს ღვთისმსახურებას და მოწამეთა საფლავებზე შეკრებას, მეორე (258 წ. აგვისტო) პირდაპირ ბრძანებდა ეპისკოპოსთა, პრესვიტერთა და დიაკონთა დასჯას, რომლებიც სარწმუნოების აღმსარებლობაში მტკიცედ იდგნენ. წარჩინებულ პირს, თუ იგი ქრისტიანი აღმოჩნდებოდა, ბრძანების თანახმად ჩამოერთმეოდა რომის მოქალაქეობა, ქონება და სასჯელს ექვემდებარებოდა. დიდგვაროვან რომაელ ქალბატონებს ჩამოერთმეოდათ ქონება და გადაასახლებდნენ შორეულ ადგილებში. იმპერატორის სამსახურში მყოფ ქრისტიანებსაც ართმევდნენ ქონებას და განაწესებდნენ საიმპერატორო მამულებში კატორღულ სამუშაოზე.
[10] - იგულისხმება იმპერატორის ყველაზე უფრო საყვარელი მხედართმთავარი ფულვიუს მაკრიანე, ეგვიპტის ფინანსთა მინისტრი. მის გამგებლობაში იყო სამხედრო სალაროები და საწყობები, ასევე პურის ბაზარი.
[11] - წმ. დიონისეს გერმანესადმი მიძღვნილი ეპისტოლის ნაწყვეტი იხ. ზემოთ (ეკლესიის ისტორია, VI, 40, 6).
[12] - ემილიანე - ეგვიპტის პრეფექტი 253 წლიდან. 262 წ. თავი გამოაცხადა ეგვიპტის იმპერატორად.
[13] - მაქსიმე - ალექსანდრიის მომავალი ეპისკოპოსი (265‑282 წწ.), დიონისეს შემცვლელი; დიაკვნები: ფაუსტუსი, ევსები, ხერიმონი - III ს‑ის მოწამენი; "რომაელ ძმათაგან ერთ-ერთი" - მარკელიოსი, რომელიც ქვემოთ იქნება ნახსენები.
[14] - იგულისხმება იმპერატორ ვალერიანეს ედიქტი ღვთისმსახურებისთვის შეკრების აკრძალვის შესახებ.
[15] - ვალერიანეს მმართველობის დროს მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა.
[16] - 260 წ. სპარსეთში ლაშქრობის დროს, ვალერიანე ტყვედ ჩაიგდო სპარსეთის მეფე შაბურმა, სასტიკად აწამა და იგი გარდაიცვალა. ძალაუფლება გადავიდა გალიენუსის ხელში. მისი მმართველობის პირველივე წლებში რომის იმპერია დაიშალა: აღმოსავლეთზე ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ოდენატმა, საბერძნეთში თავი იმპერატორად გამოაცხადა ვალენტუსმა, ადრიატიკის აღმოსავლეთ სანაპირო ავრელიუსის ხელში აღმოჩნდა, ეგვიპტე მიიტაცა ემილიანემ, ხოლო გალიამ იმპერატორად გამოაცხადა პოსტუმუსი.
[17] - რესკრიპტის ტექსტი არ არის შემონახული. მისი შედგენილობის შესახებ ცნობილია მხოლოდ ევსების მიერ დამოწმებული ფრაგმენტებით. ისტორიკოსების აზრით, ეს რესკრიპტი, განადგურებულ იქნა ვალერიანეს ედიქტის ძალით, "დიდხანს არ გაუქმებულა ქრისტიანების წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობებში, ტრაიანეს კანონი კი ახლაც ძალაში რჩება" (Болотов В. В. Лекции по истории древней Церкви. ტ. 2. გვ. 136).
[18] - ჰიმენეოსი - იერუსალიმის ეპისკოპოსი (267‑298 წწ.).
[19] - ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს ქანდაკება ნამდვილად ასახავდა ბერძენთა მკურნალობის ღმერთს - ასკლეპიოსს. მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებაც. ლ. უსპენსკის მოყავს რა ევსების მონათხრობი, განსაკუთრებით ხაზს უსვამს მის ჭეშმარიტებას (იხ.: Успенский Л. А. Богословие иконы православной церкви).
[20] - საუბარია ამბოხების შესახებ, რომლის დროსაც ფულვიუს მაკრიანუსის ძე ფულვიუს მაკრიანუსი და მისი ძმა ფულვიუს კვინტუსი გამოცხადებულ იქნენ ეგვიპტის იმპერატორებად. ეგვიპტე განუდგა რომის იმპერატორის ხელისუფლებას 261 წ.
[21] - გალიენუსი ავგუსტუსად გამოცადებულ იქნა 253 წ. მაკრიანუსის განგმირვის შემდეგ გალიენუსი მეორედ იქნა გამოცხადებული ავგუსტუსად 261 წ.
[22] - იგულისხმება აღდგომის დღესასწაული.
[23] - ნეპოტი - ფრაიუმის არსინოის ეპისკოპოსი. ხილიაზმის წარმომადგენელი. ამ მოძღვრების მომხრეები მოელოდნენ მოკლე ხანში ქრისტეს გამოჩენასა და ღმერთის ათასწლოვანი მეფობის დადგომას. მსგავსი მოლოდინი, თავდაპირველად მცირე აზიისთვის დამახასიათებელი, ფართოდ გავრცელდა ქრისტიანულ სამყაროში. III ს‑დან ხილიაზმის ცენტრი ეგვიპტე გახდა. ეპისკოპოსმა ნეპოტმა ხილიაზმის იუდეის დასაცავად დაწერა განსაკუთრებული თხზულება "Confutatio Allegoristarum".
[24] - დიონისე - რომის ეპისკოპოსი (259‑269 წწ.).
[25] - თხზულებიდან "ბუნების შესახებ" შემორჩენილია რამდენიმე ფრაგმენტი (იხ.: Holl K. Fragmente vornicanischen Kirchevater. Leipzig,, 1899). ტრაქტატი "საცთურთა შესახებ" დაკარგულია.
[26] - დინამისტების ერესის შესახებ იხ. შნშ. 55. წ. 5. პავლე სამოსატელის სწავლებით, "სიტყვა (ლოგოსი - მთარგ.) გადმოვიდა ადამიან იესოზე, როგორც ადრე გადმოდიოდა წინასწარმეტყველებზე, მხოლოდ იმ უპირატესობით, რომ უფრო მეტად და უფრო მეტი ძალით". საკუთრივ განხორციელების შესახებ საუბარი პავლე სამოსატელთან არც შეიძლება იყოს. ეს იყო მხოლოდ სიბრძნის თანაარსებობა ქრისტესთან. ქრისტეს აღიარებდა რა ადამიანად, პავლე მის ყველა წინამორბედი წინასწარმეტყველებისგან მხოლოდ ხარისხობრივ განსხვავებას უშვებდა" (Болотов В. В. Лекции по истории древней Церкви. ტ. 2. გვ. 394).
264 წ., პავლე სამოსატელის ანტიოქიის ეპისკოპოსად არჩევიდან ოთხი წლის შემდეგ, ანტიოქიაში შედგა კრება, რომელზეც პავლე სამოსატელის მართლმადიდებლობის შესახებ დაისვა საკითხი. ამ კრებაზე პავლე არ იქნა განკვეთილი, რადგან მან "შეძლო დაეფარა თავისი მოძღვრების ჭეშმარიტი არსი, რომლის არამართლმადიდებლობა ბუნდოვნად იგრძნობოდა" (იქვე, გვ. 332). აგრეთვე კესარიის ეპისკოპოსმა ფირმილიანემ, რომელიც პავლეს მოძღვრებას არამართლმადიდებლურად მიიჩნევდა, უარი თქვა მის განკვეთაზე. ანტიოქიაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ მოიწვიეს კრება ამ საბაბით. უკანასკნელი, ყველაზე მეტად ავტორიტეტული, მოწვეულ იქნა 268/269 წ. მასზე მოწვეული იყო ასევე პავლე სამოსატელის მთავარი ოპონენტი - ეპისკოპოსი ფირმილიანე, რომელიც გზად ტარსუსში გარდაიცვალა. კრების თავმჯდომარე იყო ჰელენოსი, ტარსუსის ეპისკოპოსი. პავლე დაგმობილი და განკვეთილ იქნა. ანტიოქიის კათედრაზე ავიდა წმ. დომნა (268/269‑274 წწ.) ამ კრებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პრესვიტერმა მალქიონმა - სოფისტური სკოლის ფილოსოფოსი, სასწავლებლის ხელმძღვანელი, სადაც ასწავლიდნენ ლოგიკასა და დიალექტიკას.მას მოუწია წინააღმდეგობის გაწევა ერეტიკოსის დახვეწილი და მოქნილი დიალექტიკისთვის. პავლე სამოსატელისა და მალქიონის პოლემიკა ჩაწერილ იქნა.
[27] - მაქსიმე - ალექსანდრიის ეპისკოპოსი (263‑282 წწ.).
[28] - კლავდიუსი - რომის იმპერატორი (268‑270 წწ.).
[29] - ავრელიუსი - რომის იმპერატორი (270‑275 წწ.).
[30] - პავლე სამოსატელს საეპისკოპოსო კათედრის გარდა დუცენარიუსის, ანუ მოსამართლის თანამდებობა ეკავა, რომელიც ამორჩეულ იქნა იმ მოქლაქეებისგან, რომელთა ქონებრივ ცენზს 200000 სესტერცია შეადგენდა.
[31] - საუბარია პავლე სამოსატელისა და მალქიონის პაექრობის სტენოგრამის შესახებ.
[32] - არტემონი (III ს.) - ერესიარქი, ანტიტრინიტანელთა სექტის წარმომადგენელი განათლება მიიღო რომში. ამტკიცებდა, რომ ქრისტე იყო მხოლოდ ადამიანი, თუმცა სხვა წინასწარმეტყველებთან შედარებით უფრო აღმატებული. განკვეთილ იქნა ეპისკოპოსი ზეფირინუსის მიერ. მისი იდეები გაიზიარა პავლე სამოსატელმა. იხ. ასევე შნშ. 55. წ. 5.
[33] - დომნამ საეპისკოპოსო კათედრის დაკავება შეძლო მხოლოდ 272 წ, რადგანაც პავლე სამოსატელი არ დაემორჩილა 268/269 წ. კრების გადაწყვეტილებას. პავლეს მხარს უჭერდა დედოფალი ზინობია. იმპერატორ აპიენუსის მეფობის დასაწყისში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილზე ძალაუფლება ხელში ჩაიგდო მხედართმთავარმა ოდენატმა. 265 წ. გალიენუსმა სცნო ოდენატი, გაუყო მას ხელისუფლება და დაუმტკიცა ავგუსტუსის ტიტული. ოდენატის გარდაცვალების შემდეგ 267 წ. ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ბაბალატუსი, თუმცა აღმოსავლეთის ფაქტიური მმართველი გახდა ოდენატის ქვრივი ზინობია. იმპერატორმა ავრელიანემ წამოიწყო მასთან ბრძოლა, რომელიც 272 წ. ავრილიანეს გამარჯვებით დასრულდა. იმავე წელს მასთან მივიდა ანტიოქიელი ქრისტიანების თხოვნა, რომ მათთვის ეპისკოპოსად დაემტკიცებინა დომნა. იმპერატორმა გადაწყვიტა, რომ კათედრა უნდა ეკუთვნოდეს იმ ეპისკოპოსს, როელსაც სცნობენ იტალიელი ეპისკოპოსები და, უპირველეს ყოვლისა, რომის ეპისკოპოსები. ამ გადაწყვეტილების მიხედვით პავლე ძალით იქნა გაძევებული ანტიოქიის საეპისკოპოსო სახლიდან.
[34] - პრობუსი - რომის იმპერატორი (276‑282). ავრელიანე მოკლულ იქნა შეთქმულების მიერ 275 წ. სექტემბერში. ხელისუფლების სათავეში მოვიდა იმპერატორი ტაციტუსი, რომელიც მმართველობდა რამდენიმე თვეს, მის შემდეგ კი - მისი ძმა ფლორიანუსი, რომელიც მოკლულ იქნა გამეფებიდან ორი თვის შემდეგ თავისი ლეგიონერების მიერ. 276 წ. ილირიის ლეგიონებმა იმპერატორად გამოაცხადეს პრობუსი.
[35] - კარუსი - რომის იმპერატორი (282‑283 წწ.).
კარუსმა თავისი შვილები: კარინუსი და ნუმერიანუსი გამოაცხადა თანამმართველებად კეისრის ტიტულებით. კარუსს სპარსელებთან ომის დროს 283 წ. მეხი დაეცა და გარდაიცვალა. 283 წ. შემოდგომით მისი უმცროსი ვაჟი ნუმერიანუსი გარდაიცვალა, 285 წ. დასაწყისში მისი ხვედრი გაიზიარა უფროსმა ვაჟმა კარინუსმა.
[36] - ფელიქსი - რომის ეპისკოპოსი (269‑247 წწ.).
[37] - მანესი (მანი) (216‑273 წწ.) - მანიქეიზმის ერესის ფუძემდებელი. აღიზარდა ქრისტიანულ ოჯახში. სპარსეთის შაჰმა შაბურმა მას თავისი მოძღვრების საჯაროდ ქადაგების უფლება მისცა, ხოლო შაჰ ბაჰრატის დროს იგი, ზოროასტრიზმის ქურუმების წაქეზებით, ჩაგდებულ იქნა საპყრობილეში და იქ წამებით გარდაიცვალა. მანი, შექმნა რა თავისი მოძღვრება, თავს თვლიდა ქრისტეს თანასწორად, რომელსაც მიიჩნევდა წინასწარმეტყველად. მანიქეიზმის თანახმად, სამყაროში არსებობს ორი სამეფო - სიბნელისა და სინათლის. ოდესღაც წყვდიადის მეუფე თავს დაესხა სინათლის სამეფოს და დაიპყრო მისი ნაწილი, და მას შემდეგ მიმდინარეობს ბრძოლა სინათლის განსათავისუფლებლად. განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მისთვის, ვინც მისდევს ქრისტეს ან მანის მოძღვრებას, და შეიცნობს სინათლის ელემენტებს საკუთარ სულში - მაშინ იგი თავს დააღწევს სიბნელის სამეფოს სინათლის სამეფოში. დანარჩენის ხვედრია სიკვდილი უკანასკნელ ყოვლის დამწველ ცეცხლში.
[38] - ევტიქიანე - რომის ეპისკოპოსი (275‑283 წწ.).
[39] - გაიუსი (კაიუსი) - რომის ეპისკოპოსი (283‑296 წწ.).
[40] - მარკელინუსი - რომის ეპისკოპოსი (296‑304 წწ.).
[41] - ტიმეოსი - ანტიოქიის ეპისკოპოსი (274‑282 წწ.).
კირილე - ანტიოქიის ეპისკოპოსი (282‑302 წწ.).
[42] - ტირანოსი - ანტიოქიის ეპისკოპოსი (304‑314 წწ.),
[43] - ევსები - ლაოდიკიის ეპისკოპოსი (265‑268/278 წწ.). როდესაც ალექსანდრიის ეკლესიის ხუცესი იყო, წმ. დიონისე ალექსანდრიელის დავალებით დაესწრო ანტიოქიის საეკლესიო კრებას (264 წ.).
[44] - ანატოლი - ლაოდიკიის ეპისკოპოსი, ეპისკოპოს ევსების შემცვლელი. განსწავლული იყო ფილოსოფიასა და რიტორიკაში. 264 წ. ხელდასხმულ იქნა კესარიის ეპისკოპოსის, თეოტეკნოსის მიერ.
[45] - პირუხეუმი - ალექსანდრიაში გამაგრებული ციხე-სიმაგრის სახელწოდება. საუბარია ალექსანდრიელთა აჯანყების შესახებ, რომლებიც დედოფალ ზინობიანს მხარეზე იყვნენ რომის ბატონობის წინააღმდეგ (264‑265 წწ.) 270 წ. ციხე-სიმაგრე საფუძვლამდე დანგრეულ იქნა.
[46] - თამენოტი - ეგვიპტური კალენდრის თვე, რომლის პირველ დღეს ზეიმობდნენ გააფხულის დაწყებას.
[47] - დისტროსი - მაკედონიური კალენდრის მეორე თვე, რომელიც რომაული კალენდრის მარტს ემთხვევა.
[48] - ენუქის წიგნი - აპოკრიფული წიგნი, რომელიც მიეწერება ადამის შემდეგ მეშვიდე პატრიარქს _ ენუქს (იხ.: შეს. 5:18‑24).
[49] - საუბარია იმპერატორ დიოკლიტიანეს დროის დევნულების შესახებ (284‑305 წწ.).
[50] - თეოდოტე - ღვთისგან ბოძებული (ბერძ.).
[51] - პიერიუსი - ალექსანდრიელი პრესვიტერი, 265‑281 წწ. ხელმძღვანელობდა კატეხიზატორულ სასწავლებელს.
[52] - ძაბდა - იერუსალიმის ეპისკოპოსი (298‑303 წწ.).
[53] - ჰერმონი - იერუსალიმის ეპისკოპოსი (303‑313 წწ.).
[54] - თეონა - ალექსანდრიის ეპისკოპოსი (282‑300 წწ.).
[55] - წმ. მოწამე პეტრე - ალექსანდრიის ეპისკოპოსი (300‑311 წწ.).
ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა
საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი