საეკლესიო ისტორიის მეცხრე წიგნი შეიცავს შემდეგს:
I. მოჩვენებითი შესვენების* შესახებ.
II. შემდგომი გადახრის შესახებ.
III. ანტიოქიაში ახლად ნაკვეთი კერპის შესახებ.
IV. ჩვენს წინააღმდეგ [გამოსული] განჩინებების შესახებ.
V. ყალბი ჩანაწერების შესახებ.
VI. იმ ჟამს წამებულთა შესახებ.
VII. ჩვენს წინააღმდეგ სვეტებზე გამოკრული წერილის შესახებ.
VIII. ამის შემდეგ მომხდარი მოვლენების, შიმშილობის, ჭირისა და ომის შესახებ.
ტვიროსში სვეტიდან აღებული ჩვენს წინააღმდეგ პეტიციებზე მაქსიმინუსის რესკრიპტის თარგმანის ასლი.
IX. ტირანთა სიცოცხლის მოსპობის შესახებ და იმის შესახებ, რაც [მათ] წარმოთქვეს აღსასრულის წინ.
ტვიროსში სვეტიდან აღებული ჩვენს წინააღმდეგ პეტიციებზე მაქსიმინუსის რესკრიპტის თარგმანის ასლი.
X. ღვთისსათნო იმპერატორთა გამარჯვების შესახებ.
ქრისტიანთა გამო ტირანის განკარგულების ლათინური ენიდან ბერძნულზე თარგმანის ასლი.
XI. ღვთისმოსაობის მტრების საბოლოო განადგურების შესახებ.
----------------------------------------------------------
* ე.ი. დევნულებებისაგან შესვენება - მთარგ.
I
ზემოხსენებული საიმპერიო ნების უარყოფა გავრცელდა ყველგან, მთელს ასიასა და მის მეზობელ პროვინციებში. როდესაც [მოვლენები] ამგვარად ვითარდებოდა, მაქსიმინეს, აღმოსავლეთის ტირანს, ყველაზე ურჯულოს, ვინც კი შეიძლება არსებობდეს, და ყოვლიერების ღმერთის ყველაზე მოძულე მტერს, სრულებით არ ეამა, რაც დაიწერა, და ზემოთ გადმოცემული წერილის უწყების ნაცვლად მის ხელქვეით მმართველებს დაუწერლად უბრძანა, რომ შეესვენათ ჩვენს წინააღმდეგ ომისაგან. რადგანაც მას სხვაგვარად არ შეეძლო, დაპირისპირებოდა მასზე ძლიერთა მსჯავრს, ზემოთ გადმოცემული კანონი დაფარა და იზრუნა, რათა მასზე დაქვემდებარებულ მხარეებში დღის სინათლე არ ეხილა და ზეპირი განჩინებით მის ხელქვეით მმართველებს უბრძანა ჩვენს წინააღმდეგ დევნულების შეწყვეტა. ხოლო მათ ამ ბრძანების შინაარსი ერთმანეთს წერილობით შეატყობინეს. მათთან ყველაზე აღმატებული პრეფექტის თანამდებობით პატივდებულმა საბინუსმა პროვინციათა მმართველებს იმპერატორის გადაწყვეტილება ლათინური ეპისტოლის მეშვეობით წარმოუჩინა. მისი თარგმანი არის შემდეგი სახის:
"ყველაზე მედგარი და თავდადიდებული მოშურნეობით ჩვენს უსაღმრთოეს მეუფეთა, იმპერატორთა, ღვთიურობა ოდითაგანვე განსაზღვრავდა ყველა ადამიანის აზროვნებას ცხოვრების წმინდა და სწორ გზაზე სავალად, ისე რომ ისინიც, რომლებიც ითვლებოდნენ, რომ რომაელთათვის უცხო ჩვეულებებს მისდევდნენ, უკვდავი ღმერთებისთვის სათანადო მსახურებას აღასრულებდნენ. მაგრამ ზოგიერთების წინააღმდეგობა და აღვირახსნილი ზრახვა იქამდე მივიდა, რომ არც ბრძანებულების სამართლიანი აზრით იყო შესაძლებელი, ხელი აეღოთ მათ საკუთარ განზრახვაზე, არც მოსალოდნელი სასჯელით - მათი დაშინება. რადგანაც ახლა ისე მოხდა, რომ ასეთი გზით მრავალმა თავი საფრთხეში ჩაიგდო, კეთილშობილური კეთილმსახურების თანახმად ჩვენი მეუფეების, ყველაზე ძლიერი იმპერატორების ღმრთეებამ საკუთარი ღვთიური განზრახვისათვის უცხოდ მიიჩნია ასეთი მიზნით ადამიანების ამგვარ საფრთხეში ჩაგდება, და ბრძანეს ჩემი ღვთისმოსავობის მეშვეობით შენი მახვილგონიერებისათვის მოეწერათ, რათა თუ აღმოჩნდება რომელიმე ქრისტიანი საკუთარი ერის ღვთისმსახურების მიმდევარი, გაანთავისუფლე მის წინააღმდეგ მიმართული შფოთისა და საფრთხისგან, და ნურავიზე იფიქრებ, რომ ამ საბაბით დასჯის ღირსია, მაშინ როცა ესოდენი დროის ხანგრძლივობით დადგინდა, რომ არანაირი გზით არ არის შესაძლებელი მათი დამორჩილება, რათა ასეთ სიმედგრეს თავი დაანებონ. ამიტომ შენი მზრუნველობა მოვალეა, მიწეროს კურატორებს, დუუმვირებს და თითოეული ქალაქის უბნების მაგისტრატებს, რათა იცოდნენ, რომ ამ წერილზე უფრო შორს არ უნდა წავიდნენ თავიანთი აზრით"*.
ამის შემდეგ პროვინციების მმართველებმა მათდამი მიწერილი [სიტყვების] აზრი მიიჩნიეს ჭეშმარიტების გამოხატულებად და წერილების მეშვეობით კურატორებისთვის, დუუმვირებისა და სოფლების მაგისტრატებისთვის ცხადი გახადეს საიმპერიო ნება. არა მხოლოდ წერილის მეშვეობით მიიწევდნენ წინ, არამედ უფრო საქმეებით. საიმპერიო ნების აღმასრულებლებმა ისინი, ვინც იყვნენ ღვთის აღსარების გამო საპყრობილეში ჩამწყვდეული, დღის სინათლეზე გამოიყვანეს და გაანთავისუფლეს, და ვინც დასასჯელად მაღაროებში იყვნენ გაგზავნილი, გამოუშვეს. როცა ფიქრობდნენ, რომ ჭეშმარიტად ეს სურდა იმპერატორს, ისინი ცდებოდნენ. როდესაც ეს საქმეები ასე მიდიოდა, როგორც სინათლე ბნელი ღამეში რომ ამობრწყინდება ანაზდად, ყველა ქალაქში შეიძლებოდა გვეხილა შეკრებილი ეკლესიები, ხალხმრავალი სინოდები და მათზე ჩვეულების მიხედვით აღსრულებული წესები. ამის გამო არანაკლებ განცვიფრებული იყო ყველა ურწმუნო წარმართი, უკვირდათ ასეთი ცვლილების სასწაული, და დიდ და ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად ქრისტიანთა ღმერთი იყო გაცხადებული. ჩვენიანთაგან მათ, ვინც დევნულებებში ბრძოლა ერთგულად და ახოვნად გადაიტანეს იგი, კვლავ გაკადნიერდნენ ყველას წინაშე; მაგრამ ის, ვისაც რწმენით სნეულს სულის ქარიშხალი ეწია, სიხარულით მიიჩქაროდა თავის განსაკურნავად. ისინი ევედრებოდნენ [რწმენით] ძლიერთ და შესთხოვდნენ მხსნელ მარჯვენას, და ღვთის მიმართ ლოცულობდნენ, რომ მოწყალე ყოფილიყო მათდამი. შემდეგ ღვთისმოსაობის ნამდვილი მებრძოლები მაღაროებში ბოროტი ვნებულებისაგან განთავისულებული თავიანთ სახლებში ბრუნდებოდნენ; მოზეიმენი და მხიარულნი ყველა ქალაქს ენითუთქმელი სიხარულითა და სიტყვით აუწერელი კადნიერებით აღვსილნი გადიოდნენ. ხალხმრავალი მწყობრი შარა-გზებსა და აგორებზე საგალობლებითა და ფსალმუნებით განადიდებდა ღმერთს და ასე აღასრულებდა მოგზაურობას. და იხილავდით მათ, რომლებსაც ცოტა ხნის წინ უსასტიკესი სასჯელის [მისაღებად] ბორკილდადებულს სამშობლოდან აძევებდნენ, [ახლა] მხიარული და გახარებული სახეებით უბრუნდებოდნენ თავიანთ კერიას, ისე რომ ადრე ჩვენი სიკვდილის მსურველები ხედავდნენ ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგო საკვირველებას და ჩვენთან ერთად ხარობდნენ იმაზე, რაც ხდებოდა.
-------------------------------------------------------------------
* თუ ბერძნული არის ლათინური ორიგინალის მართებული თარგმანი, სიტყვები "ამ წერილზე" უნდა უკავშირდებოდეს რაიმე წინა დოკუმენტს, რომელიც ქრისტიანების დევნის ნებართვას იძლეოდა - მთარგ.
II
ამ სიკეთისმოძულე და ყველა კეთილი [ადამიანის] წინააღმდეგ შეთქმულების წამომწყებ ტირანს მეტად აღარ შეეძლო ამის ატანა, არც მთელი ექვსი თვის განმავლობაში _ ამგვარი ქცევის გაგრძელება. მშვიდობის დასარღვევად ესოდენ მრავალი ხრიკების მომგონმა პირველად სცადა ჩვენთვის დასაძინებელ ადგილზე (ე. ი. სასაფლაოზე - მთარგ.) სინოდების აკრძალვა [რაღაც] საბაბით; შემდეგ ზოგიერთი უკეთური კაცის მეშვეობით თავის თავს ჩვენს წინააღმდეგ თვითონ შუამდგომლობდა. ანტიოქიელი მოქალაქეები აღძრა, როგორც უდიდესი ძღვენის მისგან მისაღებად ეთხოვათ, რომ ქრისტიანები მათ სამშობლოში საცხოვრებლად არ დაეშვა, და რათა სხვებსაც იგივე მოეფიქრებიათ. ყველა მათ მეთაურად ამავე ანტიოქიაში გამოჩნდა თეოტეკნოსი, საშინელი გრძნეული და უკეთური კაცი და ამ სახელისგან უცხო*. ჩანდა, რომ იგი იყო ქალაქის კურატორი**.
-------------------------------------------------------------------
* თეოტეკნოსი ბერძნულად ნიშნავს ღვთის შვილს - მთარგ.
** მუნიციპალიტეტის ფინანსების გამგებელი - მთარგ.
III
მან ჩვენს წინააღმდეგ მრავალი ადამიანი დარაზმა და ჩვენიანებზე როგორც საიდუმლო თავშესაფრებიდან გამოდევნილ უწმინდურ ქურდებზე ყველა გზით მოშურნედ ნადირობდა; ჩვენს წინააღმდეგ ყველა [სახის] ცილისწამებასა და ბრალდებას იგონებდა, და ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. მან ყველაფერი დააგვირგვინა იმით, რომ რაღაც ხრიკებით და გრძნეულებით აღმართა "ზევსი მეგობრულის" კერპი, და მისთვის მოიგონა უწმინდური წესები, ღვთისთვის არასათნო განდობა და წყეული განწმენდები, იმპერატორის წინაშეც წარმოაჩინა მისი საოცრება იმ წინასწარმეტყველებათა მეშვეობით, რომლებიც მას ესათნოებოდა. და მანაც მმართველის საამებლად პირმოთნეობით აღძრა დემონი ქრისტიანების წინააღმდეგ და თქვა, რომ ღმერთმა ბრძანა ქალაქისა და ქალაქის მახლობელი სოფლებიდან გადამთიელების როგორც მისი მტრების განდევნა.
IV
იგი იყო პირველი ამ აზრის განმახორციელებელი, ყველა დანარჩენი მისი მმართველობის ქვეშ მყოფ ქალაქებში მცხოვრებლები აღიძრნენ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად. როდესაც დაინახეს პროვინციების მმართველებმა, რომ იმპერატორს ეს სათნო ეყო, ხელქვეითთ უბრძანეს იმავე საქმის გაკეთება. როდესაც თვითონ ისინი რესკრიპტის მეშვეობით პეტიციებს დიდი სიხარულით მიართმევდნენ ტირანს, კვლავ თავიდან აღიგზნო დევნულება ჩვენს წინააღმდეგ.
ქალაქებში თვითონ მაქსიმინეს მიერ ინიშნებოდნენ კერპების მღვდლები და მათზე მღვდელთმთავრები, ის პირები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მოქალაქეობითა და ყველა [მაგისტრატურის] გავლით სახელგანთქმული იყვნენ. ისინი დიდი მოშურნეობით იწყებდნენ მათ მიერ თაყვანისცემული [ღმერთების] მსახურებას. ერთი სიტყვით, მმართველის წრეგადასული ცრურწმენა ყველა მის ხელქვეით მმართველსაც და მართვის ქვეშ მყოფთაც აქეზებდა, რომ მის გასახარად ჩვენს წინააღმდეგ ყველაფერი გაეკეთებია. მისთვის ასეთი სიხარულის სანაცვლოდ, ფიქრობდნენ, მისგან მიიღებდნენ ქველმოქმედების უდიდეს ჯილდოს, ჩვენი მკვლელობითა და ჩვენს მიმართ რაიმე ახალი ბოროტების ჩვენებით.
V
ქრისტეს წინააღმდეგ ყველანაირი გმობით აღსავსე "პილატესა და ჩვენი მაცხოვრის ჩანაწერების" შემთხზველებმა, მათი ზემდგომის მოწონებით მასზე დაქვემდებარებულ ყველა მმართველთან დააგზავნეს [ეს თხზულება], ედიქტების მეშვეობით მიუთუთებდნენ ყველა ადგილზე, სოფლებსა და ქალაქებშიც, რომ ეს ეჩვენებიათ გრამატიკის მასწავლებლებისათვის, რათა ყველა ბავშვისთვის გადაეცათ, გაკვეთილების ნაცვლად ეს შეესწავლათ და დაემახსოვრებიათ.
როდესაც საქმეები ამ გზით წარიმართებოდა, სხვა მხედართმთავარმა, რომელსაც რომაელები დუქსს* უწოდებენ, ფინიკიის დამასკოში ვიღაც უწესო დედაკაცები მოატაცებინა, მათ სატანჯველებით დაემუქრა და აიძულა წერილობით ეთქვათ, რომ ერთ დროს იყვნენ ქრისტიანები და იციან, რომ ქრისტიანები არიან კანონდამრღვევი, და თვით უფლის დღეებში ისინი ჩადიოდნენ გარყვნილებას და სხვა რამეებსაც, რაც კი სურდათ, ეთქვათ [ქრისტიანული] მოძღვრების ცილისწამებისათვის. აქედან მან ჩანაწერებით შეატყობინა იმპერატორს, და მეტიც, ბრძანა, რომ ეს წერილი ყველა ადგილსა და ქალაქში გამოექვეყნებინათ.
-----------------------------------------------------------------
* მოსაზღვრე ჯარების მეთაური - მთარგ.
VI
მაგრამ არცთუ დიდი ხნის შემდეგ ამ მხედართმთავარმა საკუთარი ხელით მოიკლა თავი და ბოროტმოქმედებისათვის სამართლიანად ზღო.
მაგრამ ჩვენი დარბევა და მძიმე დევნულებები კვლავ აღიძრა და ყველა პროვინციაში მმართველებმა კვლავ აღადგინეს [თავიანთი] სისასტიკე ჩვენს წინააღმდეგ, რათა ღვთის სიტყვის გარშემო გამოჩენილ პირთაგან ზოგიერთ შეპყრობილს მიეღო სიკვდილის ულმობელი განაჩენი.
მათგან სამმა ფინიკიის ქალაქ ემესაში ქრისტიანად აღიარა თავი და მხეცთა შესაჭმელად იქნა გადაცემული. მათ შორის იყო ეპისკოპოსი სილბანოსი, ღრმად მოხუცებული, ვინც მთელი ორმოცი წელი ატარა მსახურება.
ამავე დროს ალექსანდრიის საკრებულოების ყველაზე წარჩინებული წინამდგომელი პეტრეც, ეპისკოპოსთა ღვთიური ნიმუში ცხოვრების სათნოებისა და წმინდა წერილში განსწავლულობის გამო, მოულოდნელად სრულიად უმიზეზოდ შეიპყრეს; და მყისვე ასე უსიტყვოდ თავი მოკვეთეს, თითქოს მაქსიმინეს ბრძანებით. მასთან ერთად ეგვიპტის ეპისკოპოსთაგან სხვა მრავალმაც იგივე დაითმინა.
ლუკიანე, ყველაფერში საუკეთესო კაცი, თავშეკავებული ცხოვრებისა და წმინდა საგნებში განსწავლული, ანტიოქიაში საკრებულოს პრესვიტერი, როდესაც ასული იყო ქალაქ ნიკომიდიაში, სადაც იმ დროს იმპერატორი იმყოფებოდა, მმართველს მიართვა იმ მოძღვრების აპოლოგია, რომელსაც წინამძღვრობდა; იგი საპყრობილეში იქნა ჩამწყვდეული და მოკლული.
ჩვენს წინააღმდეგ ესოდენი [ბოროტება] შეამზადა სიკეთისმოძულე მაქსიმინემ მოკლე დროში, რომ ეს დევნულება ჩვენთვის წინაზე ბევრად უფრო მძიმე ჩანდა.
VII
ქალაქის პეტიციები ჩვენს წინააღმდეგ და ამის გამო საიმპერიო ბრძანებულებების რესკრიპტები შუა ქალაქებში სპილენძის სვეტებზე აღბეჭდილი აღიმართებოდა, რაც არასოდეს მომხდარა. სასწავლებლებში ბავშვებს ყოველდღე პირზე ეკერათ იესო და პილატე, და შეურაცხმყოფელი შეთხზული ჩანაწერები.
აქედან აუცილებლად მიმაჩნია სვეტებზე მაქსიმინეს მიერ განწესებული თვით ამ წერილის გადმოცემა, რათა ამ კაცის ღვთისმოძულეობის ქადილი და მზვაობრობის თვითკმაყოფილება ცხადი გახდეს და მის ფეხებთან მდგომი უღმერთოთა ბოროტების მიმართ წმინდა სამართლიანობის დაუძინებელი სიძულვილი, რომელიც მის ფეხებთან იდგა და რომლისგან დევნულმა არცთუ დიდი ხნის შემდეგ ჩვენს შესახებ საპირისპირო განიზრახა და წერილობითი კანონების მეშვეობით გამოსცა ბრძანება.
ტვიროსში სვეტიდან აღებული ჩვენს წინააღმდეგ პეტიციებზე მაქსიმინუსის რესკრიპტის თარგმანის ასლი.
"ოდესღაც უძლური ადამიანური აზროვნების კადნიერება გაძლიერდა და იმ ცთომილების ყველა ბინდი და ბურუსი შეარყია და გაფანტა, რამაც ამას წინათ არა იმდენად უღმერთოების, რამდენადაც უძლური ადამიანების გრძნობები მოიცვა და უმეცრების დამღუპველ წყვდიადში დაატყვევა; და [მათ] შეამეცნებია, რომ უკვდავი ღმერთების კეთილმოსურნე წინაგანგება წარმართავს და შეამტკიცებს [ყოველივეს]. სათქმელად დაუჯერებელია ის საქმე, თუ როგორ სასიხარულო იყო, როგორ ყველაზე სასიამოვნო და ძვირფასი ჩვენთვის, რომ თქვენი ღვთისსათნო არჩევანის უდიდესი მტკიცებულება გამოჩნდა. აქამდეც არაფერი ყოფილა უცნობი, თუ რა ყურადღებას და ღვთისმოსაობას იჩენდით უკვდავი ღმერთებისადმი, რომელთა მიმართაც [თქვენი] რწმენა ცნობილია არა ლიტონი და ფუჭი სიტყვებით, არამედ მნიშვნელოვანი საქმეების სიმრავლითა და სასწაულებით. ამიტომ თქვენი ქალაქი ღირსეულად იწოდება უკვდავი ღმერთების ტაძრად და სამკვიდრებლად. მრავალი მაგალითით ჩანს, რომ იგი ყვავის უკვდავი ღმერთების მკვიდრობით. აჰა, აწ თქვენი ქალაქი, როდესაც მან კვლავ იგრძნო, რომ ამ წყეული ამაოების მიმდევრები იწყებენ მოძრაობას, როგორც უყურადღებოდ მიტოვებული და ჩამქრალი ცეცხლი, როცა გაღვივდება და უდიდესი ალით აბრიალდება, უგულებელყოფს მისი ყველანაირი გამორჩეულობის გამო ზრუნვას და თავისი საქმეებისთვის წინა თხოვნას. მყისვე ჩვენი კეთილმსახურების მიმართ, როგორც ყველანაირი ღვთისმოსაობის დედაქალაქის მიმართ, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გამოეშურა, და ითხოვს კურნებასა და შველას. ეს მაცხოვნებელი აზრი თქვენი ღვთისმოსაობის რწმენის გამო, ცხადია, ღმერთებმა ჩაგინერგათ. ამიტომ მან, უზენაესმა და უდიდესმა ზევსმა, თქვენი უბრწყინვალესი ქალაქის თავმჯდომარემ, თქვენი მშობლიური ღმერთების, ქალების, ბავშვების, ოჯახების და სახლების ყოველგვარი განადგურებისაგან დამცველმა, მან შთაბერა თქვენს სულებში მაცხოვნებელი ზრახვა, წარმოაჩინა და გააცხადა, თუ როგორი გამორჩეული, ბრწყინვალე და მაცხოვნებელი არის სათანადო ღვთისმოსაობასთან ერთად უკვდავ ღმერთებთან მსახურებითა და მღვდელმსახურებებით მიახლება. რადგან ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ასე უგუნური ან გონებისაგან სრულიად გაუცხოებული, რომელიც არ იგრძნობს, რომ ღმერთების კეთილმოსურნე მოშურნეობით ხდება, მიწა რომ უარს არ ამბობს თესლის გამოღებაზე და მიწათმოქმედის იმედს ფუჭი მოლოდინით არ არყევს? ან უღმერთოთა ომის სანახაობა დაუბრკოლებლად რომ არ იკიდებს ფეხს დედამიწაზე, ცის კეთილშეზავებულობა არ იხრწნება და გამოფიტული სხეულები სასიკვდილოდ არ ეცემა? ან მოთარეშე ქართა ქროლვით რომ არ აღელდება და აიზიდება ზღვა? ან მოულოდნელი ქარიშხლები რომ არ ამოვარდება და გამანადგურებელ გრიგალს არ აღძრავს? ან უფრო მეტიც, ყველას მკვებავი და დედა, დედამიწა საშინელი მიწისძვრით თავის ყველაზე ღრმა უფსკრულიდან რომ არ იძირება, ზემოთ მდებარე მთები არ ინგრევა და ორმოებად არ იქცევა? ყოველივე ეს და ამაზე ბევრად უფრო მძიმე [უბედურებები] წინათაც მრავალჯერ ხდებოდა, რისი უმეცარიც არავინ არის. და ეს ყველაფერი ამ ურჯულო ადამიანების ფუჭი ამაოების დამღუპველი საცთურის გამო ხდებოდა, როდესაც მათ სულებს დაეუფლა და თითქმის შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო სამარცხვინო საქმეებით შეავიწროვა".
შემდეგ დასძენს: "შეხედონ ვრცელ ველებს, მობიბინე ყანებსა და თავთავის ღელვას, ბაღებს კარგი წვიმების გამო მცენარეებითა და ყვავილებით მბრწყინავს, ჰაერის მონიჭებულ კეთილშეზავებულობასა და სირბილეს. დე, ყველას უხაროდეს ჩვენი კეთილმსახურების, მღვდელმოქმედებისა და პატივის მეშვეობით უძლიერესი და უმტკიცესი ჰაერის კეთილგანწყობა, და ამის გამო ყველაზე დაუბრკოლებლად მორბედი მშვიდობითა და სიმყუდროვით უშფოთველად დატკბნენ. და რამდენი ვინმე ამ ბრმა საცთურისა და გზააბნეულობისაგან სრულიად გამოხსნილი დაუბრუნდა მართალ და მშვენიერ აზროვნებას; ასე რომ, ძალიან უნდა უხაროდეთ, როგორც მოულოდნელი ზამთრისგან ან მძიმე სენისგან განთავისუფლებულებსა და ცხოვრებაში საამო ტკბობის მომნაყოფებლებს. მაგრამ თუ დარჩებიან მათ წყეულ ამაოებაში, მაშინ, როგორც თქვენ მოითხოვეთ, გაყვანილი და განდევნილი უნდა იქნან თქვენი ქალაქისა და მისი მიდამოებიდან შორს, რათა ამგვარად ამ საქმის მიმართ თქვენი ქების ღირსი მოშურნეობის თანახმად თქვენი ქალაქი განშორდეს ამ სისაძაგლესა და უღმერთობას, და მასში შთანერგილი ზრახვით სათანადო ღვთისმოსაობასთან ერთად მიუზღას უკვდავი ღმერთების მღვდელმსახურებებს.
"რათა უწყოდეთ, თუ რაოდენ სათნო იყო ჩვენთვის თქვენი თხოვნა ამ საქმეზე, და რომ პეტიციებისა და თხოვნის გარეშე ისედაც ენება ეს ჩვენს ყველაზე მოწადინებულ სიკეთისმოყვარე სულს, ნებას ვრთავთ თქვენს ღვთისმოსაობას, რომ ითხოვოთ, თქვენი ამ ღვთისსათნო განზრახვის სანაცვლოდ რა სიდიდის საბოძვარიც გსურთ. და აწ უკვე თქვენ გადაწყვიტეთ ამის კეთებაც და მიღებაც. რადგან ამისთვის დაყოვნების გარეშე მიიღებთ იმას, რაც თქვენს ქალაქს უკვდავი ღმერთების მიმართ ღვთისსათნო კეთილმსახურების საუკუნო მოწმობის ნიშნად ებოძება, თქვენს მიერ ჩვენი სიკეთისმოყვარეობისაგან თქვენი ცხოვრების ასეთი არჩევანის გამო ღირსეული ჯილდოების მიღებას იხილავენ თქვენი შვილები და შთამომავლობა".
ჩვენს წინააღმდეგ ეს [რესკრიპტი] გამოკიდულ იქნა ყველა პროვინციაში. ჩვენს მიმართ ყოველგვარი სიკეთის იმედი გადაიწურა, ყოველ შემთხვევაში რამდენადაც ეს ადამიანზეა დამოკიდებულია, ისე რომ თვით ამ საღვთო წინასწარმეტყველების თანახმად, თუ შესაძლებელია, ამ საქმეებზე თვით რჩეულნიც ცთუნდებიან (მათ. 24, 24; იხ. VI. 41 ზემოთ). მოლოდინი თითქმის უკვე ჩანერგილი იყო მრავალი ადამიანის სულში, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ ზემოხსენებული წერილის აღმასრულებლები ზოგიერთ ოლქში ჯერ კიდევ გზაში იყვნენ და არ დაესრულებიათ მოგზაურობა, რომ ანაზდად საკუთარი ეკლესიის გამო მებრძოლმა ღმერთმა არა მხოლოდ ლაგამი ამოსდო ჩვენს წინააღმდეგ ტირანის ქადილს, არამედ ჩვენს გამო ციური თანამებრძოლობაც აჩვენა.
VIII
როდესაც ზამთარი დაიწყო, ამ დროისთვის ჩვეული წვიმები და ღვარცოფები დედამიწაზე არ უშვებდნენ მათ ჩვეულ ნაკადს, მოულოდნელი შიმშილობა, ამასთან ერთად ჭირი და სხვა რამ სენის წყლულის კვეთება დაატყდა თავს. ამ უკანასკნელს მწველი თვისების გამო ეწოდა "ანთრაქსი", რომელიც მთელ სხეულში ვრცელდებოდა და ვნებულთ საშინელ საფრთხეს უქმნიდა, გამორჩეულად კი თვალებს; და უამრავი ადამიანი, ათასობით კაცი ქალებთან და ბავშვებთან ერთად დააბრმავა.
ამას ტირანმა დაუმატა ომი სომხების წინააღმდეგ, იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ძველთაგანვე რომაელების მეგობრები და თანამებრძოლეები იყვნენ, რომლებიც თვითონაც ქრისტიანები იყვნენ და ღვთისადმი კეთილმსახურებას მოშურნედ აღასრულებდნენ. ღვთისმოძულემ სცადა, იძულებული გაეხადა ისინი, რომ კერპებისა და დემონებისათვის მსხვერპლი შეეწირათ, და დამეგობრების ნაცვლად მტრები და თანამებრძოლების ნაცვლად მოწინააღმდეგეები გახადა.
ეს ყოველივე, ერთსა და იმავე დროს ერთბაშად მომხდარი, ღვთის წინააღმდეგ ტირანის თავხედურ ქადილს ამხელს, რადგან კადნიერად აცხადებდა, რომ კერპების მიმართ მისი მოშურნეობისა და ჩვენს წინააღმდეგ შეტევის გამო მისი ზეობის ხანაში არც შიმშილობა, არც ჭირი და არც ომი იქნებოდა. ამრიგად, ეს და ამის მომდევნო მოვლენებიც მისი დამხობის დასაწყისს მოასწავებდა[1]. მას და მასთან ერთად მის ლაშქარს ზიანი ადგებოდა სომხების წინააღმდეგ ომში, მისი მმართველობის ქვეშ მყოფი ქალაქების დანარჩენ მოსახლეობას შიმშილობა და მასთან ერთად ჭირი საშინლად ტანჯავდა, ისე რომ ხორბლის ერთი საწყაულისთვის ორიათას ხუთას ატიკურ [დრახმას] იხდიდნენ. ათასობით დახოცილს შეხვდებოთ ქალაქებში, მათ უმრავლესობას სოფლებსა და დაბებში, ისე რომ ძველად სოფლის მოსახლეობის სიმრავლის აღწერილობები[2] ცოტაც და სრულიად ამოიშლებოდა. საკვების უკმარისობისა და ჭირის სენისაგან თითქმის ყველა ერთბაშად ამოწყდა. ზოგიერთი ღებულობდა გადაწყვეტილებას, მცირე ხნით სამყოფი საკვების სანაცვლოდ მისთვის ყველაზე ძვირფასი ქონება უფრო შეძლებულთათვის მიეყიდა, სხვები, რომლებმაც მცირე ხანში გაყიდეს ქონება, ბოლოს დაუძლეველ გასაჭირში აღმოჩნდნენ. ზოგი ბალახის მცირე ნაგლეჯებს ცოხნიდა და პირდაპირ დამღუპველ ბალახებს ჭამდა, და სხეულის ჯანმრთელობის დაზიანებით იღუპებოდა. ქალაქებში ზოგიერთი კეთილშობილი ქალი გამოუვალ მდგომარეობას მიყავდა უსირცხვილო აუცილებლობამდე, ბაზრებში სამათხოვროდ დადიოდნენ, ადრე თავისუფალი ცხოვრების წესის მტკიცებულებას პირისახის სიმორცხვისა და სამოსლის შემკულობის მეშვეობით წარმოაჩენდნენ. ზოგი მკვდარი კერპების მსგავსად გამოფიტული და სულთმობრძავი დაბარბაცებდა, ფეხი უსხლტებოდა, დგომის უძლურების გამო ეცემოდა და შუა მოედნებზე პირქვე იშხლართებოდა, ვედრებით ხელებს იწვდიდა პურის მცირე ნატეხის სურვილით და უკანასკნელი ამოსუნთქვისას გაჰყვიროდნენ, რომ შიოდათ, მხოლოდ ამ ყველაზე შესაბრალისი შეძახილისთვის იკრებდნენ ძალას. ვინც უფრო მდიდრად ითვლებოდა, შეძრწუნებული იყო მათხოვართა სიმრავლით, მას შემდეგ, რაც ათასობით აძლევდა მათ, ბოლოს სასტიკი და ულმობელი განწყობა გაუჩნდა, არცთუ დიდი ხნის შემდეგ მათხოვრების ბედის გაზიარებას მოელოდა. შუა ბაზრებსა და ქუჩებში უამრავი მკვდარი და შიშველი სხეული მთელი დღეების განმავლობაში დაუმარხავი ეყარა და მაყურებლებს საცოდავ სანახაობად წარმოუდგებოდა. ზოგიერთი ძაღლების საჭმელი ხდებოდა, განსაკუთრებით ამ მიზეზით ცოცხლები ძაღლების ხოცვას შეუდგნენ იმის შიშით, რომ ჭკუიდან გადასულებს კაციჭამიობა არ დაეწყოთ. მაგრამ ჭირმაც არა ნაკლებ შეჭამა ყველა სახლი, განსაკუთრებით მათი, რომელთა განადგურება შიმშილობას არ ძალუძდა მათი საკვებით უზრუნველყოფის გამო. მდიდრებმა, მმართველებმა, წინამძღოლებმა და ათასობით ხელისუფლებაში მყოფმა, როგორც შიმშილობის მიერ ჭირის სენისათვის განზრახ დატოვებულებმა, უცაბედი და სწრაფი აღსასრული დაითმინეს. ყველა ადგილი გლოვით იყო აღსავსე, ყველა ქუჩაში, ბაზარსა და მოედანზე სხვას ვერაფერს ნახავდი, თუ არა მოთქმა-გოდებას მათთვის ჩვეული ფლეიტებითა და ხმაურით. ამ გზით ორი ზემოხსენებული საჭურველით, - ჭირითა და შიმშილობით, - მეომარმა სიკვდილმა მოკლე ხანში მთელი თაობა გაანადგურა, ისე რომ იხილავდი ზრუნვას სამი მიცვალებული სხეულის ერთი სამგლოვიარო სვლით გატანაზე.
ასეთი სასჯელი იყო მაქსიმინეს მოქადულობისა და ქალაქებში ჩვენს წინააღმდეგ [გამოსული] პეტიციების გამო; მაშინ როცა ქრისტიანების ყველაფრისადმი მოშურნეობისა და კეთილმსახურების ცხადი მტკიცებულებები ყველა წარმართთან იყო სახილველი. ესოდენ ცუდ მდგომარეობაში მხოლოდ ისინი უჩვენებდნენ მათ საქმეებით თანაგრძნობასა და კაცთმოყვარეობას: მთელი დღის განმავლობაში დაჟინებით აგრძელებდნენ დახოცილთა (ათასობით იყვნენ, რომლებსაც არავინ ჰყავდა მზრუნველი) გაპატიოსნებასა და დასაფლავებას, ზოგი კი მთელ ქალაქში შიმშილობისგან დატანჯულების სიმრავლეს ერთად უყრიდა თავს და ყველამათგანს პურს უნაწილებდა; ისე რომ ყველა ადამიანებთან განითქვა ეს საქმე და თვით საქმეთაგან მხილებულნი ადიდებდნენ ქრისტიანების ღმერთს და აღიარებდნენ, რომ მხოლოდ ისინი იყვნენ ჭეშმარიტად კეთილმსახურნი და ღვთისმოსავნი.
როდესაც მოვლენები ამგვარად ვითარდებოდა, ქრისტიანთა გამო მებრძოლმა დიდმა და ციურმა ღმერთმა ყველა ადამიანის წინააღმდეგ ზემოხსენებული მოვლენების მეშვეობით აჩვენა მუქარა და აღშფოთება ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ზეაღმატებული [შემოტევების] სანაცვლოდ, და ჩვენს მიმართ მისი წინაგანგების კეთილმოსურნე და სხივმფინარი ბრწყინვალება კვლავ მოგვაგო. როგორც ღრმა წყვდიადში ყველაზე სასწაულებრივად ამოგვიბრწინა ჩვენ მშვიდობის სინათლე და ყველას განუცხადა, რომ თვით ღმერთია დადგენილი ჩვენთან დაკავშირებით მომხდარი ყველა საქმის ზედამხედველად. იგი დროდადრო ამათრახებს თავის ერს და შეაგონებს უბედური მოვლენების მეშვეობით, საკმარისი აღზრდის შემდეგ კი კვლავ წყალობას და კეთილგანწყობას იჩენს მის მიმართ სასოების მქონეთა მიმართ.
IX
სწორედ ამიტომ კონსტანტინე, რომელიც იმპერატორისგან იმპერატორი და ყველაზე კეთილმსახურისგან და გონიერისგან კეთილმსახური გახდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, და მასთან ერთად ლიკინიუსი, გონიერებითა და კეთილმსახურებით პატივდებული, ორი ღვთისსათნო [კაცი] ყოველთა მეუფის, ყოვლიერების ღმერთისა და მაცხოვრისგან აღიძრნენ ორი ყველაზე უღმერთო ტირანის წინააღმდეგ; და როდესაც ომი კანონით გაჩაღებული იყო, ღმერთი ყველაზე სასწაულებრივად იბრძოდა მათთან ერთად, კონსტანტინემ რომში დასცა მაქსენტიუსი, ხოლო აღმოსავლეთში მას (მაქსიმინეს - მთარგ.) დიდხანს არ უცოცხლია, და იგიც ლიკინიუსმა (მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ჭკუიდან გადასული) სამარცხვინო სიკვდილით მოკლა.
იმპერატორის პატივითა და წესით უპირველესმა, კონსტანტინემ რომში ტირანის მორჩილების ქვეშ მყოფნი შეიწყალა, ციურ ღმერთს და მის სიტყვას, თვით ყოველთა მაცხოვარს იესო ქრისტეს, [მის] თანამებრძოლს, ლოცვებში მოუხმო და მთელი ჯარით გაემართა რომაელებისთვის წინაპართაგან [ნამემკვიდრები] თავისუფლების მოსაპოვებლად. მაქსენტიუსი უფრო მოგვური მზაკვრობებით ვიდრე ხელქვეითთა კეთილგონიერებით გაკადნიერებული ვერ ბედავდა ქალაქის კარიბჭის გარეთ გასვლა, არამედ მეომრების ურიცხვი სიმრავლითა და ათასობით ჯარისკაცთა რაზმებით იცავდა ყველა ადგილს სოფელსა და ქალაქში, რამდენიც რომისა და იტალიის შემოგარენში ჰყავდა დამონებული. ღვთის თანამებრძოლობაზე მინდობილმა იმპერატორმა ერთხელ, მეორეჯერ, და მესამეჯერაც შეუტია ტირანის ჯარს და ყველაფრის, რაც კი იტალიისა და თვით რომის მახლობლად მდებარეობდა, ადვილად დაპყრობით საკმაოდ წინ წაიწია. შემდეგ ტირანის გულისთვის იძულებული რომ არ გამხდარიყო და რომაელების წინააღმდეგ არ ებრძოლა, თვით ღმერთმა როგორც რამ ბორკილებით ტირანი კარიბჭისგან ძალიან შორს განდევნა და ძველად უღმერთოების წინააღმდეგ მრავალთათვის როგორც ზღაპრულ თხზულებაში დაუჯერებელი, მორწმუნეთათვის კი წმინდა წიგნებში ჩაწერილი სარწმუნო [ამბები], ერთი სიტყვით, ყველასათვის, მორწმუნეთათვისაც და უწმუნოთათვისაც უშუალო წრფელი სიცხადით მათ თვალწინ მომხდარი სასწაული სარწმუნო გახდა. მაგალითად, როგორც მოსესა და ძველად ებრაელთა ღვთისმოსავ თაობაში, "ფარაოს ეტლები და მისი ლაშქარი ზღვაში ჩაყარა, რჩეული მხედრები და მხედართმთავრები შთაინთქა მეწამულ ზღვაში, მორევმა დაფარა ისინი" (გამ. 15, 4‑5), ამგვარადვე მასქენიტუსი და მასთან ერთად მეომრები და შუბოსნები "სიღრმეში ქვასავით ჩაიძირნენ". როდესაც მან კონსტანტინესთან მყოფ ღვთისგან [მოვლენილ] ძალას ზურგი უჩვენა, გზად გადასალახი ჰქონდა მდინარე, რომლის ნაპირები მან ნავებით შეაერთა, ადვილად გადო მასზე ხიდი, და თავისი თავის წინააღმდეგ დამღუპველი მანქანება შეამტკიცა; რაზეც არის ნათქვამი: "ორმო ამოთხარა და ჩააღრმავა იგი, და ჩავარდა თხრილში, რომელიც ქმნა. მისი შრომა მიიქცევა მის თავზე, და მისი უსამართლობა მის თხემს დაატყდება" (ფს. 7, 15‑16).
მდინარეზე სწორედ ასე [გადებული] ხიდი დაიშალა, გადასასვლელი მოირღვა და მყისვე სიღრმისაკენ წავიდა ნავები ადამიანებითურთ, და პირველ რიგში თვით ეს ყველაზე უღმერთო კაცი, შემდეგ მასთან ერთად მისი ფარის მტვირთველებიც. ამას წინასწარ ხმობს საღვთო წინასწარმეტყველება, - "როგორც ტყვია ჩაიძირა ძლიერ წყლებში" (გამ. 15, 10). ასე სამართლიანად, თუ სიტყვებით არა, საქმეებით მაინც დიდ მსახურთან მოსესთან ერთად მყოფი ადამიანების მსგავსად ღვთისგან გამარჯვების მომპოვებლებმა, როგორც ძველად უღმერთო ტირანის წინააღმდეგ, იგალობეს იმავე სიტყვებით და თქვეს: "ვუმღეროთ უფალს, რადგან განდიდდა დიდად. ცხენი და მხედარი ჩაყარა ზღვაში; უფალი არის ჩემი შემწე და მფარველი, ჩემს გამოსახსნელად გახდა~ და `ვინ არის შენი მსგავსი ღმერთებს შორის, უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? განდიდებული არის წმინდანთა შორის, საკვირველი - დიდებაში, მოქმედი სასწაულთა" (გამ. 15, 1‑2; 11).
ამით და რამდენი ამის მონათესავითა და მსგავსით თვით საქმეებით უგალობა კონსტანტინემ ყოვლიერების განმგებელს და გამარჯვების მიზეზს, რომში გამარჯვების სიმღერებით შევიდა, ერთბაშად ყველა, სრულიად ჩვილებთან და ქალებთან ერთად, სენატორები და სხვანი მთელ ერთან ერთად გახარებული თვალებითა და თვით სულებით როგორც გამომსყიდველს, მსხნელს და ქველმოქმედს შეძახილებითა და დაუოკებელი სიხარულით ეგებებოდნენ. მაგრამ იგი როგორც ღვთის მიმართ შთანერგილი კეთილმსახურების მფლობელი შეძახილებზე სრულიად არ აღელვებულა, არც ქებით აღზევებულა, კარგად გრძნობდა ღვთისგან შეწევნას; და მყისვე ბრძანა მაცხოვრის ვნებათა ძეგლის აღმართვა საკუთარი ქანდაკების ხელში, და მაცხოვნებელი ნიშნის მარჯვენით მპყრობელი[3] თვით რომში გამორჩეულად საჯარო ადგილას დადგეს. და ბრძანა თვით ამ წარწერის ამოტვიფრა ლათინურ ენაზე: "ამ მაცხოვნებელი ნიშნით, სიმამაცის ჭეშმარიტი მტკიცებულებით, თქვენი ქალაქი ტირანის უღლისაგან გამოვიხსენი და გავანთავისუფლე; უფრო მეტიც, რომაელთა სენატი და ხალხი ძველი დიდებითა და ბრწყინვალებით გავანთავისუფლე და აღვადგინე".
და ამის შემდეგ თვითონ კონსტანტინე და მასთან ერთად ლიკინიუსი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ჭკუიდან გადასული, რაც მოგვიანებით მოხდა, მათთვის ყველა სიკეთის მიზეზისადმი, ღმერთისადმი კეთილად განეწყვნენ, ორივემ ერთი ნებითა და ზრახვით ქრისტიანთა გამო დაწერეს ყველაზე სრული კანონი, და მათ მიმართ ღვთისგან ნაქმნარი საქმეების სასწაულები და ტირანზე გამარჯვების [ამბავი], და თვითონ კანონიც გაუგზავნეს მაქსიმინეს, რომელიც აღმოსავლეთში ჯერ კიდევ განაგებდა ხალხებს და მათ მიმართ მეგობრობას აჩვენებდა. ის კი, რომელიც იყო ტირანი, ძალიან შეწუხდა, როდესაც ეს [ამბები] შეიტყო; მაგრამ არ სურდა, სხვებს გონებოდათ, რომ უკან იხევდა ან აუქმებდა ნაბრძანებს მის გამომცემელთა შიშით, და იძულებულმა თითქოს საკუთარი ნება-სურვილით მის ხელქვეით მმართველებს ქრისტიანების გამო პირველად ეს წერილი მიწერა; საკუთარ თავს თვითონ ატყუებდა იმის მოჩვენებით, რომ მას ის საქმეები ჰქონდა გაკეთებული, რაც არასოდეს ჩაედინა.
ტირანის ეპისტოლის თარგმანის ასლი
"იოვიუს მაქსიმინუს ავგუსტუსი საბინიუსს. დარწმუნებული ვარ, შენი სიმტკიცისათვის და ყველა ადამიანისათვის ნათელი არის, რომ ჩვენმა მეუფეებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ, ჩვენმა მამებმა, როდესაც გააცნობიერეს, რომ თითქმის ყველა ადამიანმა მიატოვა ღმერთების მსახურება და თავისი თავი ქრისტიანთა მოდგმას შეუერთა, მართებულად გასცეს ბრძანება, რომ ყველა ადამიანისათვის, რომლებიც განეშორნენ მათი უკვდავი ღმერთების მსახურებას, ღია მისაგებელითა და სასჯელით ღმერთების მსახურებისაკენ მოეწოდებიათ. მაგრამ როდესაც მე პირველად ბედნიერად ჩავედი აღმოსავლეთში და გავიგე, რომ ზოგიერთ ადგილას მრავალ ადამიანს სახალხო ვალდებულებებისათვის ვარგისს ზემოხსენებული მიზეზის გამო დევნიდნენ მსაჯულები, თითოეულ მსაჯულს ვუბრძანე, რომ მომავალში არცერთი მათგანი სასტიკად აღარ მოპყრობოდა პროვინციების მკვიდრთ, არამედ უფრო მეტი დაყვავებითა და შეგონებებით მოეწოდებიათ ღმერთების მსახურებისაკენ. ამრიგად, სწორედ ამ დროს, როდესაც ჩემი ბრძანების თანახმად მსაჯულები იცავდნენ დეკრეტს, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არცერთი ყოფილა გაძევებული, არც შეურაცხყოფილი, არამედ უფრო ღმერთების მსახურებისაკენ იყვნენ მოწოდებული, რადგან მათ წინააღმდეგ რაიმე მძიმე ზომებს არ მიმართავდნენ. მაგრამ ამის შემდეგ, როდესაც წელი ბედნიერად მიდიოდა, ჩავედი ნიკომიდიაში და გარკვეულ ხანს იქ დავყავი; ჩემთან მოვიდნენ ამ ქალაქის მოქალაქეები ღმერთების გამოსახულებით და ითხოვდნენ, რათა არანაირი გზით არ დამეშვა, რომ ასეთ ერს მათ სამშობლოში ეცხოვრა. მაგრამ როდესაც შევიტყვე, რომ ამ მხარეებში ამ მსახურების მიმდევარი მრავალი ადამიანი ცხოვრობდა, ასეთი პასუხი მივეცი, რომ მათი ამ თხოვნით გახარებული და მადლიერი ვიყავი, მაგრამ დავინახე, რომ ეს თხოვნა ყველასგან არ მოდიოდა. ასე რომ, თუ ზოგიერთები ამ ცრურწმენაში დარჩებიან, თითოეულმა ასე საკუთარი არჩევანით მიიღოს გადაწყვეტილება და თუ გადაწყვეტს, აღიაროს ღმერთების თაყვანისცემა. თუმცა, ნიკომიდიელებისათვის და სხვა ქალაქების მცხოვრებლებისათვის, რომლებმაც ასევე მსგავსი თხოვნით მოშურნედ მომმართეს მე, ცხადია, რათა არცერთ ქრისტიანს ამ ქალაქებში არ ეცხოვრათ, იძულებული ვიყავი მეგობრულად გამეცა პასუხი, რომ თვით ამას ყველა უზენაესი იმპერატორი იცავდა და სათნო იყო თვით ღმერთებისთვისაც, რომელთა მეშვეობით ყველა ადამიანი და თვით რესპუბლიკის ხელისუფლებაც შემტკიცებოდა. ამიტომ, დავამტკიცებ ასეთ თხოვნას, რაც წამოაყენეს მათი ღვთიურობის მსახურების გულისთვის.
"ამიტომ, თუმცა პირველ ხანებში განსაკუთრებით შენს კეთილმსახურებას ვწერდი წერილებს და განკარგულებების მეშვეობითაც ასევე ვუბრძანებდი, რათა პროვინციაში მცხოვრებლებს, რომლებიც ზრუნავდნენ ასეთი ჩვეულების დაცვაზე, არანაირი სისასტიკით არ მოპყრობოდნენ, არამედ მშვიდად და ზომიერად; მაინც ბენეფიკიარიელების ან სხვა ვინმეს მხრიდან შეურაცხყოფისა და შეწუხების ატანა რომ არ მოუხდეთ, მართებულად მივიჩნიე, შენი სიმტკიცისათვის ამ წერილებითაც იმის შეხსენება, რომ პროვინციის ჩვენმა მოსახლეობამ უფრო დაყვავებითა და შეგონებით აღიაროს ღმერთებზე მზრუნველობა. ამიტომ, თუ ვინმე მისი არჩევანით მიიღებს ღმერთების მსახურებას, ისინი უნდა მოიწონო. მაგრამ, თუ ზოგიერთი საკუთარი მსახურების მიდევნებას გადაწყვეტს, თავის უფლებაში დარჩეს. ამიტომ შენი ღვთისმოსაობა მოვალეა, დაიცვას, რომ არავის მიეცეს უფლება, შეურაცხყოს და შეაწუხოს ჩვენი პროვინციის მოსახლეობა, მაშინ როცა, როგორც ნაბრძანებია, უფრო შეგონებებითა და დაყვავებით შეფერის ჩვენი პროვინციელების მოწოდება ღმერთების მსახურებისაკენ. მაგრამ ჩვენი ეს ბრძანება რომ მივიდეს ყველა ჩვენი პროვინციელის ყურამდე, გევალება, რომ რაც ნაბრძანებია, გააცხადო შენს მიერ გაცემული განკარგულებით".
იგი იძულებული იყო ასეთი ბრძანება დაემტკიცებინა, მაგრამ ეს ბრძანება არ გაუცია მისი ნებით, არც ყოფილა ვინმესთვის ჭეშმარიტი ან სარწმუნო წინათ მის მიერ უკვე გაკეთებული მსგავსი დათმობის შემდეგ მისი ნების ცვალებადობისა და სიცრუის გამო. ვერცერთმა ჩვენთაგანმა ვერ გაბედა ვერც სინოდის შეკრება, ვერც საკუთარი თავის სააშკარაოზე გამოყვანა, რადგან არც წერილი რთავდა მას ამის ნებას. მხოლოდ იმას შეაგონებდა, რომ ჩვენ დაცული ვყოფილიყავით დაუსახიჩრებლად, ხოლო არც სინოდის გამართვას ბრძანებდა, არც ეკლესიათა სახლების აგებას, არც სხვა რაიმეს გაკეთებას, რაც ჩვენთვის ჩვეული არის. და მაინც მშვიდობისა და კეთილმსახურების ამ მფარველებმა (კონსტანტინემ და ლიკინიუსმა - მთარგ.) მას მიწერეს, ნება დაერთო და თავიანთ ყველა ხელქვეითს ედიქტებისა და კანონების მეშვეობით ნება დართეს. მაგრამ ყველაზე უღმერთო კაცმა გადაწყვიტა, ამით არ დანებებოდა, თუ არა მაშინ, როდესაც საღვთო სამართლიანობის ზეწოლით, ბოლოს, იძულებული არ გახდა, აქამდე მისულიყო.
X
იგი აქამდე მიიყვანა შემდეგმა მიზეზმა. მას არ შეეძლო, ეტარებია მისთვის არა ღირსებისამებრ მინდობილი უზენაესი ძალაუფლება, არამედ ბრძნულ და საიმპერიო აზროვნებაში გამოუცდელობის გამო საქმეებს უმეცრებით მოკიდა ხელი და ყველაფერთან ერთად ამპარტავნული მოქადულობით უგუნურად აღაზევა სული, და გაბედა, კადნიერად გამოსულიყო საიმპერიო ძალაუფლების თანაზიართა წინააღმდეგ, რომლებიც ყველაფრით მასზე აღმატებული იყვნენ, - წარმომავლობით, ცხოვრების წესით, განათლებით, ღირსებით, გონიერებით და, რაც ყველაზე მთავარია, კეთილგონიერებითა და ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ კეთილმსახურებით; გაბედა, რომ თავისი თავი პატივით უპირველესად გამოეცხადებინა. გონების დაკარგვამდე მიიყვანა სიშლეგემ, დაარღვია შეთანხმება, რაც ლიკინიუსთან დადო, და შეურიგებელი ომი გაუმართა. შემდეგ მალევე ყველაფერი აურია და ყველა ქალაქში შფოთი შეიტანა, და მთელი ჯარი, მრავალი ათასი ადამიანის სიმრავლე შეყარა და მასთან საბრძოლველად გამზადებული გაემართა დემონების იმედით, რომლებსაც ღმერთებად მიიჩნევდა, და ჯარისკაცთა სიმრავლით აღაზევა სული.
როდესაც ბრძოლაში ჩაება, აღმოჩნდა ღვთის ზედამხედველობისგან მიტოვებული, თვით ყოვლიერების ერთმა და ერთადერთმა ღმერთმა გამარჯვება მისთვის განაგო, ვინც იმ დროს მართავდა[4]. პირველ რიგში დაიღუპა მასზე მინდობილი შეიარაღებული ჯარისკაცები, და მისმა თანმხლებმა შუბოსნებმა დაუცველი და სრულიად მარტო დატოვეს და მმართველთან* გაიქცნენ. ის მხდალი ფარულად სასწრაფოდ გაძვრა საიმპერიო ინსიგნიით, მისთვის შეუფერებლად, ლაჩრულად, არაკეთილშობილურად და არავაჟკაცურად შეერია ბრბოს, და შემდეგ გაიქცა, იმალებოდა ყანებსა და სოფლებში, ძლივს დააღწია თავი მტრების ხელში ჩავარდნას. თავის გადარჩენისათვის მზრუნველმა თვით საქმეებით კარგად გააცხადა სარწმუნო და ჭეშმარიტად საღვთო წინასწრამეტყველებები, რომლებშიც ნათქვამია: "მეფე არ გადარჩენილა დიდი ძალით, და ბუმბერაზი ვერ გადარჩება მის ძალის სიდიდით. ამაოა ცხენი ხსნისათვის, მისი ძალის სიდიდით ვერ გადარჩება. აჰა, უფლის თვალნი მის მოშიშთა ზედა, რომლებიც ესავენ მის წყალობაზე, რათა იხსნას სიკვდილისაგან მათი სულები" (ფს. 33, 16‑19). ამგვარად, ტირანი სირცხვილით სავსე დაბრუნდა თავის მხარეში. გამძვინვარებულმა პირველ რიგში ადრე მისთვის საკვირველი ღმერთების მრავალი მღვდელი და წინასწარმეტყველი, რომელთა წინასწარმეტყველებების წაქეზებით წამოიწყო ომი, დახოცა როგორც მოგვები, მატყუარები და ყველაფერთან ერთად მისი უსაფრთხოების მოღალატეები. შემდეგ განადიდა ქრისტიანთა ღმერთი, მათი (ქრისტიანების - მთარგ.) თავისუფლების გამო ყველაზე სრული და უნაკლო კანონი გამოსცა. მაშინვე აღესრულა მტანჯველი სიკვდილით, ისე რომ არანაირი დრო არ მიეცა.
მის მიერ გამოცემული კანონი არის შემდეგი სახის:
ქრისტიანთა გამო ტირანის განკარგულების ლათინური ენიდან ბერძნულზე თარგმანის ასლი
"იმპერატორი კეისარი გაიუს ვალერიუს მაქსიმინუსი, გერმანიკუსი, სარმატიკუსი, კეთილმსახური, სვიანი, უძლეველი, ავგუსტუსი. გვჯერა, არავინ არის უმეცარი, არამედ ყოველი ადამიანი, ვინც ამ მომხდარ მოვლენებს მიუბრუნდება, ეცოდინება და ცხადი იქნება მისთვის, რომ ჩვენ ჩვენი პროვინციელების მოთხოვნილებებზე ყველანაირად სათანადოდ ვზრუნავთ და მათ ისეთ გადაწყვეტილებას ვანიჭებთ, რაც ყველასათვის განსაკუთრებით სასარგებლო საქმეებს წარმართავს, რაც მათი საერთო სარგებელისა და საჭიროებისათვის არის, და რაც ხალხის სარგებელს ეთვისება და თითოეული მათგანის აზრით მისაღებელი არის. რადგანაც ჩვენთვის ცნობილი იყო წინათ, რომ ამ საბაბით უსაღვთოესმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ, ჩვენმა წინაპრებმა, ბრძანეს ქრისტიანთა სინოდების აღკვეთა, ოფიციალების მხრიდან ხდებოდა ხშირი გამოძალვა და ძარცვა. და დროთა განმავლობაში ეს ქმედებები კიდევ უფრო წარემატებოდა ჩვენი პროვინციელების წინააღმდეგ (რომელთა განსაკუთრებულ წინაგაგებას შედგომილი ვართ და ვეშურებით), როდესაც მათ საკუთარ ქონებას აჩანაგებდნენ. მიმდინარე წელს წერილები გავუგზავნეთ თითოეული პროვინციის მმართველს და განვაჩინეთ, რათა, თუ ვინმეს სურს მსახურების ამ ჩვეულებას ან ამავე წესს მისდევდეს, იგი თავისუფალია, შეასრულოს თავისი ეს განზრახვა და, რომ არავინ შეუშალოს ხელი ან დააბრკოლოს, და იყვნენ ხელგახსნილი, რაიმე შიშისა და ეჭვის გარეშე გააკეთოს ის, რაც თითოეულ მათგანს სწადია. ჩვენგან ვერ დაიმალება ის, რომ ზოგი მსაჯული მცდარად გებულობდა ჩვენს ბრძანებას და ჩვენს ხალხს უბიძგებდა იქითკენ, რომ ეჭვი გაჩენოდა ჩვენი ბრძანების მიმართ და უფრო მეტი დაშინებით მიყავდათ იმ მსახურებებზე, რომლებიც მათთვის იყო სათნო.
"რათა სამომავლოდ მოისპოს შიშისაგან აღძრული რაიმე ეჭვი ან ორაზროვნება, განკარგულება გავეცი, გამოექვეყნებიათ ეს ბრძანება, რათა ყველასათვის ნათელი იყოს, რომ ვისაც სურს ამ არჩევანისა და მსახურების მიდევნება, ჩვენი ამ საბოძვარისგან ნება ეძლევათ მათ, როგორც თითოეულ მათგან სურს და სათნო უჩნს, ისე მისდიოს იმ მსახურებას, რა მსახურებასაც მისი ჩვეულებით შეუდგა. და ნება ეძლევათ, ააგონ უფლის სახლები. თუმცა უფრო დიდი რომ გახდეს ჩვენი საბოძვარი, ამ განკარგულების გაცემაც გადავწყვიტეთ, და ვბრძანეთ, რათა თუ რომელიმე სახლი და მიწა, რომელიც ადრე ქრისტიანებს სამართლიანად ეკუთვნოდათ და ჩვენი წინაპრების ბრძანებით ხაზინის უფლებაში გადავიდა ან ქალაქმა მიისაკუთრა, - გაყიდა ისინი ან ვინმეს აჩუქა, - ქრისტიანთა ძველ უფლებაში დაბრუნებულიყო, რათა ამითაც ჩვენი კეთილმსახურებისა და წინაგაგების გრძნობა ყველას მიეღო".
ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძანებების სვეტებზე გამოკვრიდან სრულ ერთ წელიწადს არ გაუვლია, რაც გამოიცა ტირანის ეს სიტყვები, რომელიც ცოტა ხნის წინ უწმინდურებად, უღმერთოებად და სრულიად დაღუპულებად მიგვიჩნევდა, ისე რომ არათუ ქალაქში, არამედ არც სოფელში და არც უდაბნოში დასახლების ნებას არ გვრთავდა. იმავე პიროვნებამ ქრისტიანების სასარგებლოდ შეადგინა განკარგულებები და საკანონმდებლო აქტები; და ცოტა ხნის წინ, ვინც ცეცხლითა და მახვილით მის თვალწინ იხოცებოდა მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, და სასჯელისა და ტანჯვა-წამების ყველა სახეობით ყველაზე შესაბრალის აღსასრულს როგორც უღმერთოები და ურჯულოები იტანდნენ, იგი ახლა მათ ნებას რთავდა მსახურების აღსრულებისაც და უფლის სახლების აგებისაც; და თვით ტირანი აღიარებს, რომ მათ აქვთ გარკვეული უფლებები!
და როდესაც მან ეს აღიარა, ამის გამო როგორც რამ ქველმოქმედების მიმღები, - ვფიქრობ, იგი ნაკლებად ევნო ვიდრე უნდა ვნებულიყო, - მყისვე ღვთის მათრახით ცემული ომში მეორე შეტაკებისას დაიღუპა. მისი სიკვდილი იყო არა მხედართმთავართა მსგავსი, რომლებიც სათნოებისა და მეგობრების გამო ომში ხშირად იჩენენ ვაჟკაცობას და სახელოვან აღსასრულს მამაცურად ხვდებიან. მან მიიღო საკადრისი სასჯელი როგორც ურჯულომ და ღვთისმბრძოლმა, რომელიც, როდესაც მისი ჯარი ჯერ კიდევ ველზე იდგა, თვითონ სახლში იჯდა და იმალებოდა ერთბაშად ღვთისგან მთელ სხეულზე მათრახით ნაცემი, ისე რომ საშინელი და შემაწუხებელი ტკივილებით დევნილი ძირს დაეცა; შიმშილით კვდებოდა და მთელი ხორცი უხილავი და ღვთივმოვლენილი ცეცხლით ეწვოდა და ძველად რა იერიც ჰქონდა მის გარეგნობას, ილეოდა და უჩინარდებოდა; მხოლოდ გამომშრალი ძვალი დარჩა როგორც დიდი ხნის ჩონჩხად ქცეული კერპი, ისე რომ იქ მყოფები სხვას ვერაფერს იფიქრებდნენ თუ არა იმას, რომ სხეული სულის საფლავად იყო ქცეული, უკვე გვამში ჩამარხული და სრულებით ჩაკარგული. როდესაც სიცხე უფრო ძლიერად აღეგზნო მისი ძვლისტვინის სიღრმეში, მისი თვალები გადმოცვივდა თავისი ფოსოებიდან და დაბრმავდა; ამის შემდეგ სულთმობრძავმა სცნო უფალი და სიკვდილი სთხოვა, და ბოლოს, აღიარა, რომ ეს ევნო სამართლიანად ქრისტეს შეურაცხყოფის გამო და სულიც ამოხდა.
--------------------------------------------------------------------------
* ლიკინიუსთან. ეს ადგილი სავარაუდოდ გვიანდელი ჩამატებაა - მთარგ.
XI
როდესაც ამგვარად შორს წავიდა მაქსიმინუსი, რომელიც ღვთისმოსაობის მტერთაგან ერთადერთი იყო შემორჩენილი და რომელმაც ყველაზე უარესად გამოიჩინა თავი, ყოვლისმპყრობელი ღმერთის მადლით დაიწყო ეკლესიების საძირკვლიდან განახლების [საქმე] და ქრისტეს სიტყვა, ყოვლიერების ღმერთის სადიდებლად გაბრწყნებული, ადრინდელზე უფრო დიდად გაკადნიერდა, ხოლო ღვთისმოსაობის მტერთა ურჯულოება უკიდურესი სირცხვილითა და უპატიობით აღივსო. რადგან მმართველთა მიერ პირველ რიგში თვითონ მაქსიმინუსი იქნა ყველას მტრად გამოცხადებული, სახალხო ედიქტებით სვეტებზე გამოცხადებულ იქნა ყველაზე ურჯულო, ყველაზე წყეულ და ყველაზე ღვთისმოძულე ტირანად, მრავალი გამოსახულება, მისი და მისი შვილების პატივსაცემად ყველა ქალაქში აღმართული, სიმაღლეებიდან ძირს დასცეს და დაამსხვრიეს, ზოგს კი სახე გაუშავეს შავი საღებავით და უვარგისი გახადეს; მსგავსადვე ქანდაკებები, რომლებიც მის პატივსაცემად იყო დადგმული, ჩამოაგდეს და დაამსხვრიეს, და გართობისა და თამაშის მსურველთათვის შეურაცხყოფის მისაყენებლად და დასაცინად ეგდო.
შემდეგ ღვთისმოსაობის სხვა მტრებსაც აეყარა ყველანაირი პატივი, და ყველა, ვინც მაქსიმინუსი თანამოაზრე იყო, დახოცილ იქნა, განსაკუთრებით ისინი, ვინც მაღალი თანამადებობებით იყო მის მიერ პატივდებული და მის წინაშე პირფერობით განმძვინვარებული შეურაცხყოფდნენ ჩვენს მოძღვრებას. ასეთები იყვნენ: მის მიერ ყველაზე მეტად პატივდებული და წარჩინებული, მეგობართაგან ყველაზე მახლობელიც, პევკეტიოსი, ორგზის და სამგზის კონსული და მის მიერ საყოველთაო ფინანსების განმგებლად დანიშნული; ასევე კულკიანუსი უმაღლესი ხელისუფლების ყველა ხარისხის გამვლელი, სწორედ ის, ვინც ეგვიპტეში ათასობით ქრისტიანის დახოცვით გაითქვა სახელი[5], და ამათთან ერთად სხვებიც არცთუ ცოტა, რომელთა მეშვეობით მაქსიმინუსის ტირანია განმტკიცდებოდა და იზრდებოდა.
სამართალმა აგრეთვე მოუხმო თეოტეკნოსს, არანაირად არ მისცა დავიწყებას ქრისტიანების წინააღმდეგ მისი ნამოქმედარი. მას შემდეგ, რაც მან ანტიოქიაში აღმართა კერპი, ჩანდა, რომ ბედნიერად ატარებდა დღეებს, მაქსიმინუსისგან ღირსი გახდა მიეღო მმართველის თანამდებობა. მაგრამ როდესაც ლიკინიუსი ანტიოქიელთა ქალაქში ჩავიდა და ეძებდა მოგვებს, ახალად აგებული კერპის წინასწარმეტყველები და მღვდლები სატანაჯველებით აწამა, ეკითხებოდა, თუ რა სიტყვით შემოჰქონდათ სიცრუე, და როდესაც სატანჯველებით შეწუხებულებს აღარ ძალუძდათ დამალვა, განაცხადეს, რომ მთელი ეს ცრუ მისტერია თეოტეკნოსის ხელოვნებით იყო ნახიმანკლარი. ყველას მიეზღო ღირსეული სამართალი, პირველად თვითონ თეოტეკნოსს. მოგვიანებით კი მოგვობასთან თანაზიარი მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ სიკვდილს გადასცეს.
ყოველივე ამას დაერთო ისიც, რომ მაქსიმინუსის შვილები, რომლებიც უკვე საიმპერიო პატივის თანაზიარი იყვნენ, და სურათებსა და ნახატებზე იყვნენ გამოსახულნი; და რომლებიც ტირანის ნათესავობით კიდევაც იქადოდნენ და ამაყობდნენ იმით, რომ ყველა ადამიანზე ბატონობდნენ, ზემოხსენებულ პირებთან ერთად უკიდურესი უპატიობით ამავე სახით ევნენ. რადგან მათ არ მიიღეს განსწავლა, არც შეიცნეს, არც შეიგნეს წმინდა წერილის შეგონება, რომელიც ამბობს: "ნუ მიენდობით მთავრებს, კაცის ძეთ, რომელთაც არა აქვთ ხსნა. გამოვა მისი სუნთქვა და დაბრუნდება თავის მიწაში. იმ დღეს მოისპობა ყველა მათი ზრახვა" (ფს. 146, 3‑4). სწორედ ასე ამოიძირკვნენ ურჯულოები, მხოლოდ კონსტანტინესა და ლიკინიუსისთვის იქნა დაცული მათი კუთვნილი სამეფო მტკიცედ და შურის აღუძვრელად. უწინარეს ყოვლისა მათ ქვეყანა გაწმინდეს ღვთის მტრობისაგან, იგრძნეს ღვთისაგან მათზე განგებული სიკეთეები, და აჩვენეს სათნოებისა და ღმერთის სიყვარული, და ღვთის მიმართ კეთილმსახურება და მადლიერება ქრისტიანთა სასარგებლოდ [წარმოებული] კანონმდებლობის მეშვეობით.
მადლი ღმერთს, ყოვლიერების მეუფესა და ყოვლისმპყრობელს ყველაფრისთვის, ყველაზე დიდი მადლობა ჩვენი სულების მაცხოვარსა და გამომსყიდველს, იესო ქრისტეს, რომლის მეშვეობით ყოველთვის ვლოცულობთ გარედან და გონებაში შფოთისაგან ჩვენი სიმშვიდის მტკიცედ და შეურყევლად დაცვისათვის.
--------------------------------------------------------------------------------------------
კომენტარები
[1] - მაქსიმიანე გარდაიცვალა 313 წელს ბოლომდე გაურკვეველ ვითარებაში.
[2] - საცენზო სიები დგებოდა რომის იმპერიის მოქალაქეების აღწერის დროს. საყოველთაო საცენზო სიები არ არსებობდა, რადგანაც აღწერა კეთდებოდა იმპერიის სხვადასხვა ნაწილებში სხვადასხვა დროს. აღწერები ჩვეულებრივ ტარდებოდა ყოველ მეხუთე წელს გადასახადების ამოღებისა და ჯარში გაწვევის მოწესრიგების მიზნით.
[3] - ჯვრის სასწაულებრივ ნიშანზე უძველესი ცნობა მოიპოვება ლაქტანციუსთან.
[4] - 313 წლის ზაფხულში ლიკინიუსმა მაქსიმინეს ლაშქარი დაამარცხა. აღმოსავლეთის ყველა პროვინციამ სცნო ლიკინიუსის ძალაუფლება.
[5] - პევკეტიუსის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. კულკიანუსი იყო ეგვიპტის პრეფექტი 303‑305 წწ.
ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა
საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი