თ ა ვ ი I

იმპერატორ გრაციანეს კეთილმსახურების შესახებ


[238]თუ როგორ დიდ ხანს ითმენს მეუფე მის წინააღმდეგ გაშლეგებულთ, და როგორ სჯის მათ, რომლებიც მის სულგრძელებას სათანადოდ არ იყენებენ, ეს ზედმიწევნით გვასწავლა ვალენტმა ასეთი საქმეებითა და ვნებებით. კაცთმოყვარე როგორც რამ სასწორის საპირწონეს და უღელს ისე იყენებდა წყალობას და სამართალს, რათა უწმინდურობის სიდიდით ზეაღმატებულს სცოდნოდა მისი კაცთმოყვარეობის ზომა და სამართლიანი სასჯელით აბრკოლებდა წინსვლას.

რომაელთა მთელი ძალაუფლება მიიღო გრაციანემ, ვალენტინიანეს ძემ და ვალენტის ძმიშვილმა. მან ჯერ კიდევ მამის აღსასრულის შემდეგ მიიღო ევროპის სკიპტრა, მის სიცოცხლეშივე იყო იმპერიის მოწილე. ამრიგად, როდესაც ვალენტი უშვილოდ გადაეგო, მიიღო ასია და დანარჩენი ლიბია367.

 

თ ა ვ ი II

ეპისკოპოსთა უკან დაბრუნების შესახებ


მან მყისვე უფრო ღიად დაადგინა კეთილმსახურება და სამეფოს პირველნაყოფნი ყოველთა მეუფეს მიუძღვნა. დაწერა კანონი, ბრძანა განდევნილი მწყემსების უკან დაბრუნება და თავიანთ სამწყსოებისთვის გადაცემა; საღვთო სახლების მათთვის გადაცემა, რომლებიც ირჩევდნენ დამასისთან თანაზიარებას. ეს დამასი კი იყო რომის ეპისკოპოსი და ღირსადქებული ცხოვრებით შემკული, [239]ყველაფერს ამბობდა და იქმოდა სამოციქულო დოგმატების გამო არჩევანის გაკეთებით. ლიბერიუსის შემდეგ მან ჩაიბარა ეკლესიის განმგებლობა. კანონთან ერთად გაუგზავნა სარდალი საპორი, რომელიც იმ დროს ყველაზე სახელოვანი კაცი იყო. ბრძანა, არიოზის მკრეხელობის მქადაგებლები, მხეცებივით გამოედევნათ წმინდა ტაძრებიდან, საუკეთესო მწყემსები კი უკან დაებრუნებიათ მათი საღვთო სამწყსოებისთვის.

და ყველა ქვეყანაში ეს დაუბრკოლებლად ხდებოდა. მაგრამ ანტიოქიაში, აღმოსავლეთის მთავარ ქალაქში აღეგზნო ასეთი დავა.

 

თ ა ვ ი III

პავლინეს კამათისმოყვარეობისა და აპოლინარი ლაოდიკიელის ახალი გამოგონების შესახებ, აგრეთვე მელეტის ფილოსოფიისა და ღვთისმოყვარეობის შესახებ


როგორც ზემოთ ვთქვით, სამოციქულო დოგმატების გულისთვის მებრძოლები ორად გაიყვნენ. ევსტათი დიდის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის შემდეგ არიანული სისაძაგლის მოძულეები თავისთვის იკრიბებოდნენ, წინამძღვრად კი პავლინე ყავდათ. სხვები ევძოიოსის ხელდასხმის შემდეგ მელეტისთან ერთად სრულებით განკვეთილ იქნენ უღმერთოებისაგან და იმ განსაცდელებს ითმენდნენ, რაც ზემოთ გიამბეთ, ისინი ნაწინამძღვრები იყვნენ უბრძენესი მელეტის მოძღვრებით. მათ გარდა სხვა დაჯგუფების მოთავედ თავისი თავი წარმოაჩინა აპოლინარი ლაოდიკიელმა. მას კეთილმსახურების ნიღაბი ჰქონდა მორგებული და სამოციქულო დოგმატების შეხედულებებს იცავდა, მაგრამ მალევე მტრად გამოჩნდა. იგი საღვთო ბუნების შესახებ ორაზროვან სიტყვებს იყენებდა, ღირსებათა რაღაც საფეხურებს ქმნიდა; ბედავდა [240]განგებულების საიდუმლოს არასრულად წარმოჩენას და მოაზროვნე სულზე, რომელსაც მინდობილი ჰქონდა სხეულის მართვა, ამბობდა, რომ იგი მოკლებული იყო აღსრულებულ ხსნას. მისი სწავლების თანახმად ღმერთ სიტყვას იგი მიღებული არ ჰქონდა, არც განკურნებით იყო ღირსქმნილი, არც პატივი ჰქონდა მას გადაცემული, არამედ მიწიერ სხეულს სცემდნენ თაყვანს უხილავი ძალები; ხოლო ღვთის ხატად შექმნილი სული ქვემოთ დარჩა, ცოდვის უპატიობით შემოსილი.

მრავალი სხვა რამეც თქვა ამას გარდა შერყეული და დაბრმავებული გონებით. ზოგჯერ ისიც აღიარებდა, რომ ხორცი წმინდა ქალწულისგან ჰქონდა მიღებული, ზოგჯერ კი ამბობდა, რომ ის ღმერთ სიტყვასთან ერთად ციდან იყო ჩამოსული, სხვა დროს იყო შექმნილი ეს ხორცი და ჩვენგან არ იყო მიღებული. აგრეთვე სხვა ზღაპრებს და აბდაუბდას შეაუღლებდა საღვთო აღთქმებს, რისი აქ თქმაც ზედმეტად ჩავთვალე. ამრიგად, იგი ასეთ რაღაცეებს ამბობდა და არა მხოლოდ მისიანებს მიაყენა ზიანი, არამედ - ზოგიერთ ჩვენიანსაც. გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც დაინახეს საკუთარი უმნიშვნელობა, ხოლო ეკლესიის - წარჩინებულობა, მცირედის გარდა ყველა შეუერთდა მას და მიიღო საეკლესიო ზიარება. მაგრამ თავდაპირველ სენს არ განუდგნენ, არამედ მრავალი ოდითგანვე განმტკიცებული [მორწმუნე] ამით აღავსეს. ამ ფესვიდან აღმოცენდა ეკლესიებში ხორცისა და ღმრთეების ერთი ბუნება, და მხოლოდშობილის ღმრთეებას მიაბამდნენ ვნებას, და სხვაც, რამაც ერშიც და მღვდლებშიც წარმოშვა დაპირისპირება368. მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდა. იმ დროს, როდესაც ჩამოვიდა სარდალი საპორი და საიმპერიო ედიქტი გიმოაქვეყნა, პავლინე ამტკიცებდა, რომ დამასის მხარეზე იყო, ასევე ისიც ამას ამტკიცებდა და თავის სენს ფარავდა. საღვთო მელეტი კი ჩუმად იჯდა და ითმენდა მათ კამათს. უბრძენესმა ფლაბიანემ, ჯერ ისევ პრესვიტერთა დასში აღრაცხულმა, პირველად პავლინეს მიმართა სარდლის გასაგონად: "მოყვასო, თუ დამასის თანაზიარებას იწყნარებ, გვიჩვენე ჩვენ [241]ბრძნულად დოგმატთა სიახლოვე. რამეთუ იგი აღიარებს სამების ერთ არსს და ქადაგებს სამი ჰიპოსტასის გაყოფას, შენ კი პირიქით აუქმებ ჰიპოსტასების სამებას. გვიჩვენე დოგმატების თანხმობა და კანონის თანახმად მიიღე ეკლესიები". ამგვარად აღვირი ამოსდო მას მხილებებით და აპოლინარის მიმართა: "შენი მიკვირს, მეგობარო, როცა ასე უშიშრად იბრძვი ჭეშმარიტების წინააღმდეგ, და ისიც ნათლად არის ცნობილი, რომ საკვირველი დამასი აღიარებს დმერთი სიტყვის მიერ ჩვენეული სრული ბუნების მიღებას, ხოლო შენ ამბობ საპირისპიროს, - იმას, რომ ჩვენს ხსნას გონება არ გააჩნდა. თუ სიცრუეს ვამბობ, როდესაც ამას ბრალად გდებ, მაშ აწ უარყოფილ იქნას შენს მიერ ნახელოვნები სიახლე და შეიყვარე დამასის მოძღვრება, და მიიღე საღვთო ტაძრები".

ამრიგად, უბრძენესმა ფლაბიანემ ჭეშმარიტი სიტყვებით აღკვეთა მათი კადნიერება. მელეტიმ კი, ყველა ადამიანზე უფრო თვინიერმა ერთსა და იმავე დროს გონივრულადაც და ალერსიანადაც მიმართა პავლინეს: "მას შემდეგ, რაც ცხვრების უფალმა ამ ცხვრებზე მზრუნველობა მე ჩამაბარა და შენ სხვებზე ზრუნვა გაქვს მიღებული, ხოლო ერთმანეთს აზიარებს კეთილმსახურების საზრდო, გავაერთიანოთ, მოყვასო, სამწყსოები და შევწყვიტოთ ძალაუფლების გამო ქიშპობა; ერთობლივად ვმწყემსოთ ცხვარი და ერთობლივად ვუმკურნალოთ მათ. მაგრამ თუ მთავარი საყდარი369 იწვევს დავას, მე ვეცდები ამ დავის განდევნას. რამეთუ მასზე დავდებ საღვთო სახარებას და გთხოვ, რომ მისი ორივე მხრიდან დავჯდეთ ჩვენ. და თუ პირველად მე მივიღებ ცხოვრების აღსასრულს, მხოლოდ შენ გექნება, მეგობარო, სამწყსოს მმართველობა. მაგრამ თუ პირველი შენ ევნები ამით, შეძლებისდაგვარად კვლავ მე ვიზრუნებ ცხვრებზე". ეს გონივრულად და თავაზიანად თქვა საღვთო მელეტიმ. მაგრამ პავლინემ არ მოიწონა. სარდალმა, რომელიც ნათქვამის მსაჯული იყო, დიდ მელეტის გადასცა ეკლესიები, ხოლო პავლინე დარჩა თავიდანვე განშორებული ცხვრების წინამძღვრად.

 

თ ა ვ ი IV

სამოსატელი ეპისკოპოსის, ევსების შესახებ


[242]როდესაც აპოლინარმა ვერ მიაღწია ეკლესიათა მმართველობის მიღებას, შემდეგ ღიად ქადაგებდა ახლად გამოგონებულ მოძღვრებას, და საკუთარი თავი მწვალებლობის მოთავედ წარმოაჩინა. იგი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ლაოდიკიაში, მაგრამ უკვე მანამდე ანტიოქიაში ხელდასხმული ყავდა ვიტალიუსი, საუკეთესო ცხოვრებით შემკული და სამოციქულო დოგმატებით გამოზრდილი კაცი, მაგრამ მოგვიანებით მან შეიწყნარა სნეულება. საღვთო მელეტიმ კი ის დიოდორე, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და რომელმაც მეტად მძვინვარე ღელვის დროს ეკლესიის ხომალდი ჩაძირვისაგან გადაარჩინა, ტარსუსის მწყემსად დაადგინა და კილიკიელთა ერი მას ჩააბარა. აპამეას სამღვდელმთავრო მზრუნველობა კი მიანდო იოანეს370, რომელიც გვარიშვილობითაც წარჩინებული იყო, მაგრამ წინაპრებისაზე უფრო საკუთარი წარმატებებით ბრწყინავდა. რამეთუ ერთსა და იმავე დროს სიტყვაც და ცხოვრებაც ამკობდა მას. იგი ღელვა-ტეხვის დროს მართავდა თანამორწმუნეთა კრებულის საჭეს, ხოლო თანაშემწედ ყავდა ღირსადქებული სტეფანე, მაგრამ საღვთო მელეტიმ იგი სხვა ბრძოლის ასპარეზზე გადაიყვანა. რადგან შეიტყო რა, რომ ევდოქსიოსის მანკიერებით გაირყვნა გერმანიკია, ეს განსაცდელის ამარიდებელი მკურნალი გაგზავნა; რადგან სრული ელინური განათლება ჰქონდა გავლილი და საღვთო დოგმატებითაც იყო გამოზრდილი. და არც გაცრუებია იმედი. რადგან სულიერი მოძღვრებით მგლები ცხვრებად აქცია371. როდესაც დიდი ევსები გადასახლებიდან დაბრუნდა, სახელგანთქმულ აკაკის ბეროიაში დაასხა ხელი, ჰიეროპოლში კი - თეოდოტეს, რომლის ასკეტურ მოქალაქობას დღემდე უგალობს ყველა. ევსები [ხელდასხმულ [243]იქნა] ქალკიდონის [საყდარზე], ჩვენს კვიროსში კი - ისიდორე, ღირსადქებული და საღვთო მოშურნეობით შემკული.

ამბობენ, რომ [მელეტიმ] ედესაში მწყემსად ხელი დაასხა თვით ამ ევლოგისაც, სამოციქულო დოგმატებისთვის მებრძოლსა და ანტინონში პროტოგენოსთან ერთად წარგზავნილს; რადგან ღვთივშთაგონებულ ბარსეს უკვე მიღებული ჰქონდა ცხოვრების აღსასრული. ევლოგიმ ბრძოლებში მისი თანაზიარი პროტოგენე, კარაში დაადგინა, სიავის უკუმქცეველი მკურნალი ძღვნად მიართვა არაკეთილგანწყობილ ქალაქს.

ბოლოს, საღვთო ევსებიმ ეპისკოპოს მარისს დაასხა ხელი დოლიხესთვის. ეს არის მომცრო ქალაქი, რომელსაც იმ ხანად არიანული სენი ჰქონდა მიღებული. დიდ ევსების სურდა რა, რომ ეს მარისი, ღირსადქებული და სათნოებათა მრავალი სახეობით გაბრწყინებული, დამჯდარიყო სამღვდელმთავრო საყდარზე, ჩავიდა დოლისეში. როდესაც იგი შიგნით იმყოფებოდა, ერთმა ქალმა, არიანული სენით აღვსილმა, ზემოდან სახურავის ყავარი ჩამოაგდო, რამაც მას თავი გაუტეხა და მცირე ხნის შემდეგ უკეთესი ცხოვრებისაკენ გაემგზავრა. აღსასრულის დროს ფიცით სთხოვა მასთან მყოფთ, რომ ამის მქმნელისათვის არავითარი სასჯელი არ დაედოთ. იგი ბაძავდა თავის მეუფეს, რომელმაც მის ჯვარმცმელებზე თქვა: "მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არ იციან, რას იქმან" (ლუკ. 23.34). და ასევე მის თანამონას, სტეფანეს, რომელმაც ქვების დიდი სეტყვის შემდეგ შეღაღადა: "უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად" (საქ. 7.59). ასეთი აღსასრული მიიღო დიდმა ევსებიმ მრავალი სახის ბრძოლის შემდეგ, რომელმაც თრაკიაში ბარბაროსებს დააღწია თავი, მაგრამ ურჯულო მწვალებელთა ხელს ვერ გაექცა, არამედ მათი მეშვეობით მოიპოვა მოწამეობის გვირგვინი372.

ეს მოხდა ეპისკოპოსების უკან დაბრუნების შემდეგ. როდესაც გრაციანემ შეიტყო თრაკიის გაპარტახება მათ მიერ, ვინც დაწვა ვალენტი, დატოვა იტალია და ჩავიდა პანონიაში.

 

თ ა ვ ი V

თეოდოსის ლაშქრობის შესახებ


[244]იმ დროს წინაპართა წარჩინებულობისა და საკუთარი სიმამაცის გამო ყველაზე სახელოვანი კაცი იყო თეოდოსი. ამიტომ, ის ღებულობდა მისი სწორი პატივის მქონეთა და თანატომელთა შურის შემოტევებს, რის გამოც ცხოვრობდა ესპანეთში, სადაც იშვა და გაიზარდა. როდესაც იმპერატორი საგონებელში იყო, თუ რა უნდა მოემოქმედებია, რადგან ბარბაროსები გამარჯვებით იქადოდნენ; იგი უძლეველად მიაჩნდათ და ასეც იყო, ფიქრობდნენ, რომ თეოდოსის ლაშქრობა გაანადგურებდა ბოროტებებს. ასე რომ, მყისვე ესპანეთიდან გადმოგზავნეს ეს კაცი, სარდლად დანიშნეს და გაერთიანებული ლაშქრით გაუშვეს.

იგი სარწმუნოებით შემოზღუდული თამამად დაიძრა, თრაკიაში ჩავიდა და როცა იხილა მის შემხვედრად მომავალი ბარბაროსები, ჯარი საბრძოლოდ დააწყო. როდესაც შეტაკება მოხდა, მათ ვერ გაუძლეს შეტევას და მწყობრი მიატოვეს. აქციეს რა ზურგი, ისინი გაიქცნენ, ესენი კი მთელი ძალით დაედევნენ. მრავალი ბარბაროსი იხოცებოდა, რადგან არა მხოლოდ რომაელების მიერ, არამედ ერთმანეთის ხელითაც იხოცებოდნენ. მას შემდეგ, რაც ასე მრავალი მოისრა, ხოლო მცირედი, ვისაც ძალუძდა დამალვა, ისტროსზე გადავიდა, საუკეთესო სარდალმა თავისი ჯარი მყისვე გაფანტა მეზობლად მდებარე ქალაქებში, თავად კი იმპერატორ გრაციანესთან სწრაფი ჭენებით გაქუსლა და თავისი გამარჯვების მაცნე გახდა. თვით იმპერატორმაც არ მიიჩნია მისი ნათქვამი სარწმუნოდ, რომელიც მომხდარით განცვიფრებული იყო, ხოლო შურით საწერტელით გვემულნი ამბობდნენ, რომ იგი გამოიქცა და დაღუპა ჯარი. იგი მოწინააღმდეგეებს თხოდა, გაეგზავნათ და შეეტყოთ, რომ ბარბაროსთა ბრბო განადგურებული იყო. თქვა, რომ ადვილი იყო მიცვალებულებიდან გახდილი აბჯრით შეეტყოთ მათი რაოდენობა. იმპერატორმა ეს სიტყვები მართებულად ჩათვალა და გაგზავნა მომხდარის სანახავად და მისთვის შესატყობინებლად.

 

თ ა ვ ი VI

მისი ზეობის შესახებ, და იმის შესახებ, რაც წინდაწინ იხილა ძილში


[245]იგი დარჩა მის სარდლად, და ღვთივშთაგონებული რამ ხილვა იხილა, აშკარად თვით ყოველთა ღმერთისგან ეჩვენა მას. რადგან იგუმანა, რომ იხილა საღვთო მელეტი, ანტიოქიელთა ეკლესიის თავმჯდომარე, ვინც იგი საიმპერიო მოსასხამით შემოსა და გვირგვინის მსგავსით შეუმკო თავი. ეს ღამით იხილა, დილით უამბო მის ერთ ნათესავს. მან უთხრა, რომ სიზმარი ნათელი იყო და არა გამოცანის მსგავსი, არც საეჭვო. რამოდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდნენ მომხდარი ამბების ზედამხედველები და თქვეს, რომ ათასობით ბარბაროსი იყო დაცემული. ირწმუნა იმპერატორმა, რომ საუკეთესო სარდალი ჰყავდა არჩეული და იმპერატორად დაადგინა და ვალენტის წილხვედრი სკიპტრა მას გადასცა. თავად იტალიისკენ გაემართა, ხოლო იგი მისთვის მიცემულ სამფლობელოში გაგზავნა. როგორც კი იმპერია მიიღო, უწინარეს ყოვლისა ეკლესიების ერთსულოვნებაზე იზრუნა, და თავის სამფლობელოს ეპისკოპოსებს კონსტანტინოპოლში ჩასვლა უბრძანა. მხოლოდ იგი იყო სავსე არიანული მანკიერებით, დასავლეთი მისი სენისგან თავისუფალი რჩებოდა. რადგან კონსტანტინემ, კონსტანტინეს უხუცესმა ვაჟმა და კონსტანსმა, უმრწემესმა, დაამტკიცეს მამისეული უზადო სარწმუნოება, და აგრეთვე იმპერატორმა ვალენტინიანემ დაიცვა დასავლეთის უმწიკვლო კეთილმსახურება.

 

თ ა ვ ი VII

არიოზის დაჯგუფების სახელგანთქმული წინამძღვრები


[246]აღმოსავლეთის ნაწილმა მრავალი მხრიდან მიიღო ეს მანკიერება. რადგან არიოზი იყო ეგვიპტის [ქალაქ] ალექსანდრიის პრესვიტერი, მკრეხელობაც იქ წარმოიშვა. ევსები და პატროფილე პალესტინელები იყვნენ, პავლინე და გრიგოლი - ფინიკიელები, თეოდოტი - ლაოდიკიელი, და მის შემდეგ გიორგიც, მის შემდეგ კი ათანასე და ნარკისოსი კილიკიელები იყვნენ, რომლებმაც ბოროტად მიმობნეული თესლები გამოზარდეს. ევსები და თეოგნოსე ბითვინიელებმა, მენოფანტე ეფესელი და თეოდორე პერინთელი, მარის ქალკედონელი და სხვები თრაკიიდან, მარტოდენ ბოროტებით სახელგანთქმულები, დიდი ხნის განმავლობაში რწყავდნენ და აღვივებდნენ ღვარძლის თესლებს. ამ ბოროტ მიწათმოქმედებს შეეწეოდა კონსტანციუსის დამყოლი და ვალენტის მანკიერი ხასიათი. ამიტომ, ბრძანება გასცა, რომ კონსტანტინოპოლში მხოლოდ თავისი იმპერიის ეპისკოპოსები შეკრებილიყვნენ. როდესაც ჩავიდნენ, - ას ორმოცდაათი იყვნენ, - ბრძანა, რომ არავის ეუწყებია, თუ რომელი იყო დიდი მელეტი, რადგან სურდა, სიზმრისეული ხსოვნით გამოეცნო ეს კაცი. და როცა სასახლეში შევიდა ეპისკოპოსთა მთელი სიმრავლე, მან სხვა ყველა მიატოვა და მიეჭრა დიდ მელეტის, და როგორც მამის მოყვარე შვილმა, რომელიც დიდი ხანი არ დამტკბარიყო მამის ხილვით, ხელები მოხვია და ეამბორა მის თვალებს და ბაგეს, მკერდს და თავს, და მის თავზე გვირგვინის დამდგმელ მარჯვენას. რადგან აუხდა ხილვა, რაც იხილა. ყველა სხვაც თავაზიანად მოიკითხა, როგორც მამებს, სთხოვა, ეთათბირათ წამოჭრილ საკითხებზე.

 

თ ა ვ ი VIII

კონსტანტინოპოლში შეკრებილი სინოდის შესახებ


[247]იმ ხანად კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა ის373, ვინც ახლახანს გახდა ნაზიანზის სამწყსოს [მწყემსი]374; არიანულ მკრეხელობებს უპირისპირდებოდა, საღვთო ერს სახარებისეული მოძღვრებებით არწყულებდა, სამწყსოს გარეთ ცთმილებაში მყოფთ მოინადირებდა, დამღუპველი ბალახებისგან იხსნიდა. ასე დიდი გახადა ეს მცირე სამწესო. როდესაც იგი იხილა დიდმა მელეტიმ, რომელმაც იცოდა დაწერილი კანონის მიზანი, რადგან მთავრობისმოყვარეობის საბაბის აღსაკვეთად კრძალავდნენ [ეპისკოპოსის] გადაყვანას375, გრიგოლს დაუმტკიცა კონსტანტინოპოლის თავმჯდომარეობა. მცირე ხნის შემდეგ საღვთო მელეტი გადავიდა დაუმწუხრებელ ცხოვრებაში და საქებარი ეპიტაფიებით სრულიქმნა მრავალთა მიერ, ვინც ნაზიარები იყო სიტყვიერების ხელოვნებასთან.

ალექსანდრიის ეპისკოპოსმა ტიმოთემ, რომელმაც შეცვალა პეტრე, ათანასეს თავმჯდომარეობის მემკვიდრედ, საკვირველი გრიგოლის წინააღმდეგ რომელიღაც მაქსიმე ცინიკოსს დაასხა ხელი, რომელსაც ახალი შეკრეჭილი ჰქონდა ცინიკოსის კოწოლი376 და აპოლინარის ოინბაზობითაც იყო აღსავსე. მაგრამ იმ დროს იქ შეკრებილებმა ეერ აიტანეს ეს უჯერო ქმედება. იქ იყვნენ ღირსადქებული და საღვთო მოშურნეობითა და სიბრძნით აღსავსე კაცები: ჰელადიოსი377, დიდი ბასილის თავმჯდომარეობის მონაცვლე, გრიგოლი და პეტრე, რომლებიც იყვნენ ბასილის ძმები, ამფილოქე ლიკონიიდან, პისიდიელი ოპტიმუსი და კილიკიელი დიოდორე.

იქ ასევე იმყოფებოდა პელაგიოს ლაოდიკიელი, ევლოგი ედესელი, აკაკი და ჩვენი ისიდორეც, კირილე იერუსალიმელი, გელასი პალესტინის კესარიიდან, - სიტყვითაც და ცხოვრებითაც შემკულნი, და სათნოების სხვა მრავალი მორკინალი.

[248]
ამგვარად, მაშინ ყველა მათგანი განშორდა ეგვიპტელებს და საღვთო დღესასწაული დიდ გრიგოლთან ერთად აღასრულა. საღვთო გრიგოლი შეკრებილთ ერთსულოვნებისაკენ მოუწოდებდა და, რომ ერთმანეთთან თანხმობა ემჯობინებიათ ერთი კაცის უსამართლობისათვის. მან განაცხადა: "მე გავთავისუფლდები მრავალი საზრუნავისაგან და დავუბრუნდები ჩემს მეგობარ მყუდროებას, და ამ ხანგრძლივი და მძიმე ომის შემდეგ თქვენც დაუბრუნდებით სამგზის საწადელ მშვიდობას. რამეთუ მეტად უჯეროა, რომ ახლახანს მტრების შემოტევებისაგან დახსნილებმა ერთამანეთს შევუტიოთ, და საკუთარი ძალა [ამაზე] დავხარჯოთ. რადგან ასე მტრებს გავახარებთ. ასე რომ, მოძებნეთ კაცი ღირსადქებული, გონიერი, ვისაც ძალუძს, თავს იდოს მრავალი საზრუნავი და კარგად მოაგვაროს ის, და მღვდელმთავრად ის დაადგინეთ". საუკეთესო მწყემსები ერწმუნენ ამ მოსაზრებებს და ამ უდიდესი ქალაქის ეპისკოპოსად ხელი დაასხეს კეთილშობილ, წარჩინებული გვარიშვილობით შემკულ და სათნოებებით გაბრწყინებულ კაცს, ნექტარიოსს; ხოლო მაქსიმე, როგორც აპოლინარის სიშლეგის წილმქონე, განძარცვეს სამღვდელმთავრო ღირსებისაგან და განკვეთეს. და დაწერეს კანონები საეკლესიო წეს-განგების შესახებ და დაადგინეს, რომ ნიკეაში გადმოცემული მრწამსი მტკიცე დარჩენილიყო, და დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში. მომდევნო ზაფხულს მრავალი მათგანი კვლავ ჩამოვიდა ამავე ქალაქში, რადგან კვლავ საეკლესიო საჭიროებამ შემოკრიბა ისინი. მათ მიიღეს დასავლეთის ეპისკოპოსების სინოდალური ეპისტოლე, რომელიც მათ სთხოვდა რომში ჩასვლას, რადგან იქ დიდი კრება იყო გამართული. მაგრამ ისინი თხოვდნენ მოგზაურობის თავიდან არიდებას, რადგან ეს არ იყო საჭირო. მიწერეს ეპისტოლე, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ეკლესიების წინააღმდეგ ღელვა-ტეხვა იყო აღძრული და ამის გამო მათ უზრუნველობაზეც გადაკვრით მიანიშნებდნენ. წერილებში შეჯამებულად ჩაურთეს სამოციქულო აზრები. წერილის ავტორების სიმამაცესა და სიბრძნეს უფრო ნათლად თვით წერილი წარმოაჩენს.

 

თ ა ვ ი IX

კონსტანტინოპოლში გამართული კრების მიერ [მიწერილი] სინოდიკონი378

[249]"ყველაზე პატივსაცემ უფალთ, კეთილკრძალულ ძმებს და თანამსახურთ, დამასს, ამბროსის, ბრიტონს, ვალერიანეს, ასხოლიოსს, ანემიოსს, ბასილის და სხვა წმინდა ეპისკოპოსებს, რომლებიც შეკრებილი არიან დიდ ქალაქ რომში, დიდ ქალაქ კონსტანტინოპოლში შეკრებილ მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა წმინდა სინოდი, მოკითხვა უფალში.

"ზედმეტია იმ ვნებათა სიმრავლის უწყება და მოყოლა თქვენი კეთილკრძალულებისათვის, რაც მოგვაყენა არიანელთა ძალაუფლებამ, თუმცა, თქვენ ეს არ იცით. ვფიქრობთ, რომ თქვენი ღვთისმოსაობა ჩვენს საქმეებს ასე ნაკლები მნიშვნელობისად მიიჩნევს, საჭიროა თქვენთვის მათი შეტყობინება, რაც აღძრავს თანალმობას; არცთუ ისეთმა განსაცდელებმა მოგვიცვეს, რომ დაიმალებოდა მათი სიმცირის გამო. დევნულების ჟამი ახლახან იყო გასული, და ჯერ კიდევ იყო მეხსიერებაში შემონახული, არა მხოლოდ ვნებულთათვის, არამედ მათთვისაც, ვინც ვნებულთა სიყვარულის გამო გაითავისა იგი. რამეთუ, როგორც იტყვიან, ჯერ კიდევ გუშინ და გუშინწინ გადასახლების ბორკილებისაგან გათავისუფლებულები თავიანთ ეკლესიებში ათასობით სატანჯველის გავლით ბრუნდებოდნენ უკან, ხოლო გადასახლებაში აღსრულებულთა ნეშტებს უკან მოასვენებდნენ. ზოგიერთებს, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ჯერ კიდევ ხვდებოდათ მწვალებლური მოცახცახე სული. მათ სხვებზე უფრო მწარედ თავისიანებისგან უწევდათ დათმენა, მათგან ქვებით იღუპებოდნენ ნეტარი სტეფანეს მსგავსად. სხვებს სხვადასხვა სატანჯველებით აწამებდნენ, ჯერ ისევ ატარებდნენ სხეულით ქრისტეს ნიშნებს და წყლულებს (შდრ. გალ. 6.17).

[250]"ვინ მოთვლის ფულად ჯარიმებს, ქალაქის საარჩევნო ხმის ჩამორთმევას, პირადი ქონების ჩამორთმევებს, შეთქმულებებს, შეურაცხყოფას და საპყრობილეებს? ჭეშმარიტად ყოველგვარ რიცხვს აღემატა ჩვენზე მოწევნული ყველა სახის შევიწროება. შესაძლოა, ჩვენი ცოდვებისთვის ვზღავდით სასჯელს, ასევე შესაძლოა, კაცთმოყვარე ღმერთი ვნებათა სიმრავლის მეშვეობით გვწვრთნიდა. ამის გამო მადლობა ღმერთს, რომელმაც ასეთი შევიწროვებების მეშვეობით აღზარდა თავისი მონები, და მისი დიდი სიბრალულით კვლავ გამოგვიყვანა სულის მოსათქმელად. საეკლესიო საქმეების გამოსასწორებლად ხანგრძლივი მოცლილობა, დიდი დრო და გარჯა გვიხმს, რათა ხანგრძლივი უძლურებისგან მცირე ხნის განმავლობაში მზრუნველად მოვუაროთ ეკლესიის დასნეულებულ სხეულს და კეთილმსახურების თავდაპირველი სიჯანსაღე დავუბრუნოთ მას. და მაინც ნამდვილად ვფიქრობთ, რომ გავთავისუფლდით უმძიმესი დევნულებებისაგან და მწვალებელთაგან დიდი ხნით დაპყრობილი ეკლესიები ახლახანს დავიბრუნეთ. მაგრამ შეგვაწუხეს მგლებმა, რომლებმაც მღვიმეებიდან გამოდევნის შემდეგ სამწყსო ტყიან ხეობებში გაიტაცეს, გაბედეს საწინააღმდეგო კრებების გამართვა, ხალხს ამბოხებისაკენ უბიძგებდნენ, უკან არ იხევდნენ ეკლესიისათვის ყველა სახის ზიანის მისაყენებლად.

"ასე რომ, როგორც ვთქვით, აუცილებელი იყო, დიდი ხნით გვემუშავა. მას შემდეგ, რაც ჩვენს მიმართ ძმური სიყვარული აჩვენეთ, ღვთის რჩევით სინოდი შეკრიბეთ რომში და ჩვენ როგორც საკუთარ ასოს მოგვიხმეთ ღვთისსათნო იმპერატორის წერილების მეშვეობით, რათა, ვინაიდან მაშინ შევიწროებებით მხოლოდ ჩვენ დავისაჯეთ, აწ კეთილმსახურების მიმართ თვითმპყრობელთა ერთსულოვნებით არ მეფობდეთ ჩვენს გარეშე, არამედ ჩვენ სამოციქულო ხმის თანახმად ჩვენც თქვენთან ერთად ვიმეფოთ (შდრ. 1 კორ. 4.8). ჩვენ ვლოცულობდით, თუ შესაძლებელი იყო, ყველას ერთობლივად დაგვეტოვებია ჩვენი ეკლესიები და უფრო [თქვენი ხილვის] [251]ჩვენი წადილისთვის მიგვემადლა ვიდრე ჩვენი საჭიროებისათვის. რამეთუ, ვინ მოგვცემს ფრინველის ფრთებს, რომ ავფრინდეთ და თქვენთან განვისვენოთ? (შდრ. ფს. 4, 6). მაგრამ ეს იქნებოდა იმ ეკლესიების სრულებით დაცარიელება, რომელთა განახლებაც ახლახანს იყო დაწყებული, და ეს საქმე მრავალი ჩვენგანისათვის შეუძლებელი იყო; რადგან კონსტანტინოპოლში ვიყავით შეკრებილი, როდესაც შარშან აკვილიის კრების შემდეგ თქვენი პატივცემულობის მიერ ღვთისსათნო იმპერატორ თეოდოსის მიმართ წერილები იქნა გაგზავნილი. მხოლოდ კონსტანტინოპოლამდე ამ მოგზაურობისათვის, ვიყავით მომზადებული და მხოლოდ ამ კრებისათვის მოგვქონდა ეპარქიებში დარჩენილ ეპისკოპოსთა თანხმობები. ამ მოგზაურობაზე უფრო დიდის არც საჭიროებას ველოდით, არც გვსმენოდა საერთოდ, და შევიკრიბეთ კონსტანტინოპოლში. ამასთან დანიშნული ვადის შეზღუდულობის გამო უფრო ხანგრძლივი მოგზაურობისათვის დრო არ გვრჩებოდა არც მოსამზადებლად, არც ეპარქიებში ჩვენს თანაზიარ ეპისკოპოსებისთვის შესატყობინებლად და მათგან თანხმობის წამოსაღებად. ვინაიდან ეს საქმეები და ამასთან ერთად სხვა საქმეებიც აბრკოლებდა მრავალი ეპისკოპოსის წამოსვლას, ამიტომ საქმეების გამოსასწორებლად და თქვენს მიმართ ჩვენი სიყვარულის საჩვენებლად, ეს მოვიმოქმედეთ: ყველაზე ღირსეული და პატივსაცემი ჩვენი თანამსახურები და ძმები, ეპისკოპოსები კირიაკოსი, ევსები და პრისკიანე გულმოდგინედ შევარცხვინეთ, რომ გარჯილიყვნენ და თქვენამდე მოსულიყვნენ.

"მათი მეშვეობით ცხადვყოფთ ჩვენს სამშვიდობო არჩევანს და რწმენის სისაღის გამო ჩვენს მოშურნეობას. ჩვენ ვითმენდით ზოგჯერ დევნულებებს, ზოგჯერ შევიწროებებს და საიმპერიო მუქარებს, ზოგჯერ მმართველთა სისასტიკეს, ზოგჯერ მწვალებელთა რაღაც სხვა მცდელობას და ეს ავიტანეთ ბითვინიის ნიკეაში სამას თვრამეტი მამის მიერ დამტკიცებული სახარებისეული მრწამსის გამო. ეს უნდა გესათნოვოთ თქვენც და ჩვენც, და ყველას, [252]ვინც არ ამახინჯებს ჭეშმარიტი რწმენის სწავლებას, რადგან არის უძველესი, ეთანხმება ნათლისღებას და ჩვენ გვასწავლის, რომ გვწამდეს მამის, ძის და წმინდა სულის სახელით.

"სრულიად ნათლად სარწმუნოა მამის, ძისა და წმინდა სულის ღმრთეების, ძალისა და არსის თანასწორი პატივი, ღირსება და სუფევის მარადიულობა, სამ ჰიპოსტასში, რაც ნიშნავს სამ პირში, არა ისე, რომ საბელიოზის სენს ჰქონდეს ადგილი და აღირიოს ჰიპოსტასები, და გაუქმდეს თვისებები, არც ევნომიანელთა, არიანელთა და პნევმატომახების379 მკრეხელობას განამტკიცებს, რომლებიც არსს, ბუნებას და ღმრთეებას კვეთენ, და უქმნელ, თანაარს და თანამარადიულ სამებას რაღაც მოგვიანებით შობილს, ან ქმნილებას, სხვაარს ბუნებას მოაყოლებენ. და ვიცავთ განკაცებული უფლის გონებას შეურყენელად, ხორცის განგებულებას არც უსულოდ, არც უგონებოდ და უსრულოდ არ ვღებულობთ; ვიცით, რომ უწინარეს საუკუნეთა ღვთის სიტყვა ყოვლითურთ სრული იყო, უკანასკნელ დღეებში კი ჩვენი ხსნის გამო გახდა სრული ადამიანი.

"ასე რომ, ეს არის შეჯამებულად რწმენასთან დაკავშირებით და ჩვენგან შემოკლების გარეშე ნაქადაგები; რასთან დაკავშირებითაც შეძლებთ, უფრო მეტად დააკმაყოფილოთ სულები, თუ ღირსყოფთ ანტიოქიაში შეკრებილი სინოდის მიერ მიღებული ტომოსის წაკითხვას, და ასევე შარშან კონსტანტინოპოლში გამართული მსოფლიო კრების მიერ გადმოცემულსაც, რომელშიც ვაღიარეთ უფრო ვრცელი მრწამსი, და ახლახანს ახლად გამოგონებული მწვალებლობების შეჩვენება წერილობითად მოვახდინეთ.

"ცალკეული ეკლესიების წეს-განგების380 შესახებ, როგორც იცით, ძველი კანონი იქნა დამტკიცებული ნიკეის წმინდა მამების განჩინებით, რომ ყოველ ეპარქიაში და, თუ ისურვებდნენ, მათთან ერთად მეზობელ ეპარქიებშიც საჭიროების მიხედვით განეხორციელებინათ ხელდასხმები. იცით, რომ მათი მიდევნებით ვასრულებთ დანარჩენი ეკლესიების მართვას და წარმოვაჩენთ სახელოვან ეკლესიათა მღვდლებს. ამიტომ, კონსტანტინოპოლში ახლად [253]დაარსებული ეკლესიისათვის, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც ახლახანს ღვთის წყალობით როგორც ლომის ხახიდან ისე გამოვიტაცეთ, ღრმად პატივცემულ და მეტად ღვთისსათნო ნექტარიოსს საყოველთაო ერთსულოვნებით დავასხით ხელი მსოფლიო კრებაზე, ღვთისსათნო იმპერატორ თეოდოსის თანდასწრებითაც, როდესაც მთელმა კლიროსმა და მთელმა ქალაქმა მისცა ხმა. ხოლო სირიის ანტიოქიაში მყოფი უხუცესი და ნამდვილად სამოციქულო ეკლესიისათვის, რომელშიც პირველად იქნა წოდებული ქრისტიანების საპატიო სახელი (იხ. საქმე. 11.26), ღრმად პატივცემული და ღვთისსათნო ეპისკოპოს ფლაბიანეს ეპარქიიდან და აღმოსავლეთის დიოცეზიდან შეკრებილებმა კანონიერად დაასხეს ხელი, მთელი ეკლესიის თანხმობით და როგორც ერთი ხმით ამ კაცს მიაგეს პატივი, რომელმაც მიიღო კანონიერი ხელდასხმა და კრების საზოგადოების თანხმობაც. ვიცით, რომ ყველა ეკლესიის დედის, იერუსალიმში მყოფი ეკლესიის ეპისკოპოსი არის ღრმად პატივცემული და ღვთისსათნო კირილე, რომელიც ადრე ეპარქიის [ეპისკოპოსების] მიერ კანონიერად იქნა ხელდასხმული და არიანელების წინააღმდეგ ბევრს იბრძოდა სხვადასხვა ადგილას. თქვენს კეთილკრძალულებას მოვუწოდებთ, რომ სიხარულით მიიღონ ის კანონები, რაც ჩვენს მიერ კანონიერად და კანონიკურად იქნა დამტკიცებული, როდესაც სულიერი სიყვარულის შუამავლობით და საუფლო შიშით, და ყოველგვარი ადამიანური ვნების ალაგმვით საეკლესიო აღმშენებლობას უფრო ვანიჭებთ უპირატესობას ვიდრე ცალკეულ ადამიანთან ახლობობას ან მის მადლს. რადგან როდესაც ასე თანხმობაშია რწმენის სწავლება და ქრისტიანული სიყვარულიც განმტკიცებულია, შევწყვიტოთ იმის თქმა, რასაც სამოციქულოში ვკითხულობთ: "მე ვარ პავლესი, მე კი - აპოლოსი, ხოლო მე - კეფასი" (1 კორ. 1.12). ყველა ქრისტესად წარმოვჩნდეთ, რომელიც ჩენს შორის არ არის დაყოფილი, ეკლესიის სხეული ღვთის წყალობით განუყოფლად დავიცვათ, და კადნიერებით წარვდგებით უფლის საყდართან".

[254]ეს დაწერეს არიოზის, აეციუსის და ევნომიოსის სიშლეგის წინააღმდეგ, და ასევე საბელიოზის, ფოტინოსის, მარკელოსის, პავლე სამოსატელისა და მაკედონიოსის წინააღმდეგ. მსგავსადვე აშკარად განკვეთვს აპოლინარის მიერ გამოგონებული სიახლე და განაცხადეს: "უფლის განკაცების სწავლებას შეურყვნელად ვიცავთ, ხორციელ განგებულებას ვღებულობთ, არათუ უსულოდ, არც უგონოდ ან არასრულად".

 

თ ა ვ ი X

რომის ეპისკოპოს დამასის სინოდალური წერილი აპოლინარისა და ტიმოთეს წინააღმდეგ


როდესაც ყოვლად სახელოვანმა დამასმა შეიტყო ამ მწვალებლობის კვლავ აღმოცენება, არა მხოლოდ აპოლინარი, არამედ მისი მოწაფე ტიმოთეც დაგმო და განკვეთა. და ეს აღმოსავლეთის მმართველ ეპისკოპოსებს წერილების მეშვეობით აუწყა, რისი ნაშრომში ჩართვაც საჭიროდ მივიჩნიე.

 

რომის ეპისკოპოს დამასის ეპისტოლე

უპატივცემულესო ძენო, ვინაიდან თქვენი სიყვარული სათანადო პატივს უწილადებს სამოციქულო კათედრას, [ამით] თქვენს თავს უმრავლესი მიანიჭეთ. და თუმცა განსაკუთრებით იმ წმინდა ეკლესიაში, რომელშიც იჯდა წმინდა მოციქული და გვასწავლა, თუ როგორ გვმართებდა ჩვენ იმ სადავეების მართვა, რაც მიღებული გვქონდა, ვაღიარებთ, რომ არ ვართ ამ პატივის ღირსი, მაგრამ ამიტომაც ყველა გზით ვეშურებით, თუ შევძლებთ, მისი ნეტარების დიდებასთან მიახლებას. იცით, რომ ადრე ტიმოთე, მწვალებელი [255]აპოლინარის საყოველთაოდ ცნობილი მოწაფე, მის უღმერთო დოგმატებთან ერთად დავამხეთ და გვწამს, რომ მისი ნაშთი მომავალში არ გაძლიერდება რაიმე მოძღვრებით. მაგრამ თუ ის ძველი გველი ერთხელ და მეორეჯერაც განგმირული, საკუთარი სასჯელისათვის კვლავ ცოცხალია, - ის, რომელიც ეკლესიის გარეთ არის, ცდილობს, არ შეწყვიტოს თავისი სასიკვდილო შხამებით ზოგიერთი ურწმუნოს დაცემა. მას როგორც რამ ხრწნილებას თავი აარიდეთ, რადგან თქვენ გახსოვთ სამოციქულო სარწმუნოება, განსაკუთრებით ის, რომელიც ნიკეაში მამებმა წერილობით განაწესეს, რწმენის მტკიცე საფეხურზე ძლიერად შეუძრველი რჩებით, და თქვენი კლიროსი და ერი ვერ იტანს ფუჭსიტყვაობისა და ამაო ძიებების მოსმენას. რადგან ერთხელ უკვე მივეცით [მრწამსის] ნიმუში, რათა, ვინც აღიარებს ქრისტიანობას, დაეცვა ის, რომელიც გადმოგვეცა მოციქულთაგან, ამბობს რა წმინდა პავლე: "თუ ვინმე გახარებთ იმას, რაც არ მიგიღიათ, შეჩვენებულ იყოს" (გალ. 1.8). რამეთუ ქრისტემ, ღვთის ძემ, ჩვენმა უფალმა ადამიანთა მოდგმას საკუთარი ვნებების მეშვეობით ყველაზე სრული ხსნა მიანიჭა, რათა მთელი ადამიანი ცოდვებით მოცული გაეთავისუფლებინა ყოველგვარი ცოდვისაგან. თუ ვინმე ამბობს, რომ მას კნინი ადამიანობა ან ღმრთეება ჰქონდა, ეშმაკის სულით არის აღვსილი, და თავის თავს გეენის ძედ წარმოაჩენს.

"აწ ჩემგან რატომ ეძიებთ ტიმოთეს დაგმობას? აქ როდესაც ესწრებოდა ქალაქ ალექსანდრიის ეპისკოპოსი პეტრე, სამოციქულო კათედრის მსჯავრით დაგმობილ იქნა მის მოძღვარ აპოლინართან ერთად, რომელიც განსჯის დღეს სათანადო სასჯელს და ტანჯვას დაითმენს. თუ მან დაარწმუნა ზოგიერთი უფრო მსუბუქი აზროვნების მქონე, როგორც რამ იმედის მქონემ, რომელმაც ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტი სასოება თავისი აღსარებით შეცვალა, მგავსადვე  მასთან ერთად დაიღუპება, რომელიც მოისურვებს, რომ ეკლესიის კანონს დაუპირისპირდეს. ღმერთმა დაგიცვათ ჯანმრთელად, ყველაზე პატივცემულო ძენო”.

[256]და სხვებმაც დიდ რომში შეკრებილებმა დაწერეს სხავადასხვა მწვალებლობების წინააღმდეგ, რისი ამ ნაშრომში ჩართვაც აუცილებლად მივიჩნიე.

 

თ ა ვ ი XI

კათოლიკე სარწმუნოების აღსარება, რომელიც პაპმა დამასმა მიწერა მაკედონიაში ეპისკოპოს პავლინეს, როდესაც იგი იმყოფებოდა თესალონიკში


"ნიკეის კრების შემდეგ, როდესაც ამ საცთურმა თავი წამოყო, ზოგიერთებმა მკრეხელური ბაგით გაბედეს, ეთქვათ, რომ სულიწმინდა ძის მიერ იყო შექმნილი. ამიტომ, შევაჩვენეთ ისინი, რომლებიც მთელი თავისუფლებით არ ქადაგებენ, რომ წმინდა სული მამასთან და ძესთან ერთად ერთი და იმავე არსითა და ხელმწიფებით მყოფობს. მსგავსადვე შევაჩვენებთ მათაც, რომლებიც მისდევენ საბელიოზის საცთურს და ამბობენ, რომ ერთი და იგივეა მამა და ძე. შევაჩვენებთ არიოზს და ევნომიოსს, რომლებიც თანაბარი უღმერთობით, თუმცა სხვადასხვა სიტყვებით, ამტკიცებდნენ, რომ ძე და წმინდა სული ქმნილებები არიან. შევაჩვენებთ მაკედონიანელებს, რომლებიც არიოზის ფესვიდან წარმოიშვნენ და შეიცვალეს სახელი და არა უღმერთობა. შევაჩვენებთ ფოტინოსს381, რომელმაც განაახლა ებიონის მწვალებლობა და ჩვენს უფალ იესო ქრისტეს მხოლოდ მარიამისგან [შობილად] აღიარებს. შევაჩვენებთ მათ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არსებობს ორი ძე, ერთი უწინარეს საუკუნეთა [მყოფი], და სხვაც მარიამისაგან ხორცის მიღების შემდეგ არსებული. შევაჩვენებთ მათაც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მოაზროვნე სულის ნაცვლად ღვთის სიტყვა მკვიდრობდა ადამიანურ ხორცში, რამეთუ თვით ეს ღვთის სიტყვა [257]არათუ მოაზროვნე და გონისმიერი სულის ნაცვლად იყო თავის სხეულში, არამედ ჩვენი, ესე იგი მოაზროვნე და გონისმიერი, სული მიიღო ცოდვის გარეშე და იხსნა. შევაჩვენებთ, მათ, რომლებიც ამბობენ, რომ ღვთის სიტყვა გაჭიმვითა და შეკუმშვით გამოეყო მამას, და მკრეხელობენ, რომ იგი ჰიპოსტასის გარეშე არის, ან მომავალში აღესრულება.

"მათ, რომლებიც ეკლესიებიდან სხვა ეკლესიებში გადავიდნენ, აქამდე გაუცხოებული გვყავს ჩვენთან თანაზიარებისაგან, ვიდრე იმავე ქალაქში არ დაბრუნდებიან, რომლებშიც პირველად დაასხეს ხელი.

"თუ ვინმე ამ ადგილას მცხოვრებს დაასხეს ხელი, როდესაც სხვა პირი ამ ადგილიდან მეორე ადგილზე გადავიდა, ვინც საკუთარი ქალაქი მიატოვა, ასეთს ჩამოშორდეს სამღვდელმთავრო ღირსება, ვიდრე მისი შემცვლელი არ განისვენებს უფალში.

"თუ ვინმე არ ამბობს, რომ მარად არის მამა, მარად - ძე, მარად წმინდა სული, შეჩვენებულ იყოს. თუ ვინმე არ იტყვის, რომ ღვთის ძე ჭეშმარიტი ღმერთი არის ისე, როგორც მისი მამა არის ჭეშმარიტი ღმერთი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე, და მამის თანასწორი, შეჩვენებულ იყოს.

"თუ ვინმე იტყვის, რომ ღვთის ძე დედამიწაზე ყოფნისას და ხორცით მავალი, ამავე დროს ცაში მამასთან არ იმყოფებოდა, შეჩვენებულ იყოს (შდრ. იოან. 3.13).

"თუ ვინმე იტყვის, რომ ჯვრის ვნების დროს ღვთის ძემ ტკივილი დაითმინა ღმრთეებით და არა ხორცითა და მოაზროვნე სულით, რაც მიიღო მონის ხატებით, როგორც თქვა წმინდა წერილმა (შდრ. ფილ. 2.7), შეჩვენებულ იყოს.

"თუ ვინმე არ იტყვის, რომ ღვთის სიტყვა ხორცით ევნო და იგემა ხორცით სიკვდილი და გახდა მიცვალებულთაგან პირმშო382 (შდრ. კოლ. 1.18; გამოც. 1.5), რადგანაც ძე არის სოცოცხლე და ცხოველმყოფელი, შეჩვენებულ იყოს.

"თუ ვინმე არ იტყვის, რომ იმ ხორცით დაჯდა მამის მარჯვნივ, [258]რომელიც მიიღო, და რომლითაც მოვალს ცოცხალთა და მიცვალებულთა განსასჯელად, შეჩვენებულ იყოს.

"თუ ვინმე არ იტყვის, რომ სულიწმინდა ჭეშმარიტად და სრულებთ არის მამისაგან, ისევე, როგორც ძე არის საღვთო არსისაგან და არის ღვთის სიტყვა, ღმერთი, შეჩვენებულ იყოს.

"თუ ვინმე არ იტყვის, რომ წმინდა სული ყოვლისშემძლე არის, და ყოვლისმცოდნე, და ყველგანმყოფი, ისევე, როგორც ძე და მამა, შეჩვენებულ იყოს.

"თუ ვინმე იტყვის, რომ სულიწმინდა ქმნილება არის, ან ძის მეშვეობით შექმნილი, შეჩვენებულ იყოს.

"თუ ვინმე არ იტყვის, რომ ყოველივე, რაც კი არის ხილული და უხილავი, განხორციელებული ძის და წმინდა სულის მეშვეობით მამამ შექმნა, შეჩვენებულ იყოს.

"თუ ვინმე არ აღიარებს მამის, ძის და წმინდა სულის ერთ ღმრთეებას, ხელმწიფებას, ძალაუფლებას, ერთ დიდებას, ერთ მეუფებას, ერთ სუფევას, ნებას და  ჭეშმარიტებას, შეჩვენებულ იყოს.

"თუ ვინმე არ აღიარებს მამის, ძის და წმინდა სულის სამ ჭემმარიტ პირს, მარად ცხოველს, ყოველივეს მპყრობელს, ხილულისაც და უხილავისაც, ყოვლისშემძლეს, ყოვლის განმსჯელს, ყოველივეს ცხოველმყოფელს, ყოველივეს შემქმნელს, ყოველივეს მხსნელს, შეჩვენებულ იყოს.

"თუ ვინმე არ იტყვის, რომ სულიწმინდა მთელი ქმნილებისაგან თაყვანის იცემება ისევე, როგორც ძე და მამა, შეჩვენებულ იყოს.

"თუ ვინმე მამისა და ძის შესახებ მართებულად აზროვნებს, მაგრამ წმინდა სულის შესახებ - არამართებულად, შეჩვენებულ იყოს, რამეთუ მწვალებელი არის. რადგან ყველა მწვალებელი ღვთის ძისა და წმინდა სულის შესახებ ბოროტად ფიქრობს, მხილებულ არის იუდეველთა და წარმართთა ურწმუნოებაში.

"თუ ვინმე დაყოფს ღმრთეებას და იტყვის, რომ მამა ღმერთი გამოეყოფა ძე ღმერთს და სულიწმინდა ღმერთს, და დაჟინებით ამტკიცებს, რომ ისინი ღმერთები არიან და არა ღმერთი ერთი [259]ღმრთეებისა და ძალაუფლების გამო, რაც გვწამს და ვიცით, რომ არის მამის,ძის და წმინდა სულის, - ერთი ღმერთი სამ ჰიპოსტასში; ან განაგდებს ძეს და წმინდა სულს, რათა მხოლოდ მამა გაიაზროს ღმერთად წოდებულად, ან ერთ ღმერთად სარწმუნოდ, შეჩვენებულ იყოს. რადგან ღმერთების სახელი ანგელოზებსაც და ყველა წმინდანსაც მიემადლება ღვთისგან, ხოლო მამის, ძისა და წმინდა სულის შესახებ, ერთი და თანასწორი ღმრთეების გამო, არათუ "ღმერთების" სახელები, არამედ "ჩვენი ღმერთის" [სახელი] წარმოჩნდება და აღინიშნება, რათა გვწამდეს, რომ მამის, ძის და წმინდა სულის მიმართ ნათელ ვიღეთ, და არა მთავარანგელოზების და ანგელოზების სახელების მიმართ მწვალებლების, ან იუდეველების, ან უგუნური წარმართების მსგავსად.

"ეს არის ქრისტიანთა ხსნა, რომ გვწამს სამება, რაც ნიშნავს,  მამა, ძე, და წმინდა სული, ვინათლებით ერთი და იგივე ღმრთეების, ძალაუფლების, ღვთიურობის და არსის მიმართ, რათა ის გვწამდეს".

ეს ამბები მოხდა გრაციანეს ცხოვრების დროს.

 

თ ა ვ ი XII

გრაციანეს აღსასრულისა და მაქსიმეს ტირანიის შესახებ

როდესაც იგი ომს საუკეთესოდ წარმართავდა, და ქალაქებს გონივრულად და სამართლიანად მართავდა, აღესრულა შეთქმულებისგან. იმპერიის მემკვიდრე შვილები არ დატოვა, ხოლო მისი ძმა, მამის თანამოსახელე383, სრულიად ყმაწვილი იყო. და ვინმე მაქსიმემ384, ვალენტინიანეს სიყმაწვილის არად ჩამგდებმა მიიტაცა დასავლეთის ძალაუფლება.


თ ა ვ ი XIII

ვალენტინიანეს მეუღლის იუსტინას385 შესახებ, ასევე ამბროსის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების შესახებ


[260]იმ ხანად ვალენტინიანე დიდის მეუღლემ და ყმაწვილის დედამ იუსტინამ მის შვილს გაუმხილა არიანული მოძღვრების ის თესლები, რაც ადრე ჰქონდა მიღებული. რადგან იცოდა მეუღლის რწმენის მხურვალება და მთელი ამ ხნის განმავლობაში ესწრაფოდა მის დამალვას. მაგრამ როცა დაინახა, რომ შვილის აზროვნება ნაზი და ადვილად დამყოლი იყო, გაბედა, სიცრუე [სააშკარაოზე] გამოეტანა. მან დედის რჩევა-დარიგება სასარგებლოდ მიიჩნია. რადგან ბუნების სატყუარას უმზერდა და სასიკვდილო ნემსკავი ვერ შეამჩნია. პირველად ამბროსის ესაუბრა ამ საკითხების შესახებ, ფიქრობდა, რომ თუ მას გადაარწმუნებდა, სხვებს ადვილად სძლევდა. მაგრამ მან მამის კეთილმსახურება შეახსენა, და მოუწოდა, რომ დაეცვა მამის მემკვიდრეობა, რაც მან შეუბღალავი მიიღო. ასწავლა დოგმატებს შორის განსხვავებაც, თუ როგორ თანხვდება ერთი უფლის მოძღვრებას და მოციქულთა ქადაგებას, მეორე კი პირიქით საპირისპირო არის და სულიერ კანონმდებლობას386 ებრძვის.

ყმაწვილს, როგორც ეს მოსდით ყმაწვილებს, დედისგან შეცდომაში შეყვანილს გული მოუვიდა. მან არათუ არ მიიღო ნათქვამი, არამედ რისხვით აღივსო და ეკლესიის კედლებს ლეგიონერების და მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი რაზმებით ალყა შემოარტყა, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ეს უდიდესი საუკეთესო ადამიანი მის მიერ ნამოქმედარს არ შეუშინდა, რადგან რომელიღაც ყმაწვილების მიერ მოტანილ საფრთხობელად აღიქვა მან ესენი,  მაშინ განრისხდა და ცხადად ბრძანა, რომ იგი ტაძრის წინკარის გარეთ გამოეყვანათ. ხოლო მან მიუგო: "ამას ჩემი ნებით არ ვიქმ, არც მგლებს მივცემ ცხვრების ფარეხს, არც მგმობელებს გადავცემს [261]ღვთის ტაძარს. მაგრამ თუ შენ [ჩემს] მოკვლას ფიქრობ, შიგნით მაძგერე მახვილი, ან შუბი, რადგან ხალისით მივიღებ ასეთ სივვდილს"387.

 

თ ა ვ ი XIV 

ტირან მაქსიმეს მიერ ვალენტინიანესადმი ნაუწყების შესახებ


ხანგრძლივი დროის შემდეგ მაქსიმემ388 შეიტყო ჭეშმარიტების ხმამაღლად მქადაგებლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. მან მიწერა ვალენტინიანეს და უბრძანა, შეეწყვიტა კეთილმსახურების წინააღმდეგ წარმოებული ომი, და შეაგონებდა, რომ არ მიეტოვებია მამისეული კეთილმსახურება. ამას დაურთო ომის მუქარაც, თუ არ დაუჯერებდა. სიტყვებს საქმეც მოაყოლა. შეკრიბა ლაშქარი და მედიოლანისკენ დაიძრა, სადაც იგი იმყოფებოდა. მან კი როცა მისი მოახლოება შეიტყო, ილირიკიისკენ გაიქცა389. გამოცდილებით შეიტყო, რა სარგებელიც მიიღო დედის რჩევისგან.

 

თ ა ვ ი XV

ამის თაობაზე იმპერატორ თეოდოსის მიერ მიწერილი წერილების შესახებ


როდესაც ყოვლად სახელოვანმა იმპერატორმა თეოდოსიმ შეიტყო იმპერატორის ნამოქმედარი და ტირანის წერილიც, გაქცეულ ყმაწვილს მიწერა, რომ არ გაკვირვებოდა, თუ იმპერატორს შიში, ხოლო ტირანს ძალაუფლება შეეუღლა; რადგან იმპერატორი ეომებოდა კეთილმსახურებას, ხოლო ტირანი მფარველობდა მას. და როცა მან ის მიატოვა და შიშველი გაიქცა, იგი აღიჭურვა [262]განძარცვულის ამ ძალაუფლებით. რადგან მასთან იყო კეთილმსახურების კანონმდებელი.

ეს მიწერა შორიდან. მაგრამ როდესაც შეიტყო მისი გაქცევა მის დასახმარებლად გაემართა, და დაინახა, რომ მიტოვებული ჰქონდა თავისი იმპერია და მის [იმპერიაში] იყო ჩამოსული. პირველ რიგში მის სულს უმკურნალა და უღმერთობის შეჭრილი სენი განდეენა, შემდეგ ურჩია, გამხნევებულიყო. ტირანის წინააღმდეგ გაილაშქრა და იმპერია ყმაწვილს უსისხლოდ გადასცა, ხოლო ტირანი მოკლა. რადგან უსამართლობად და გრაციანესთან დადებული შეთანხმების დარღვევად მიიჩნია, თუ მკვლელებს არ გადაუხდიდა სიკვდილის საზღაურს.

 

თ ა ვ ი XVI

ეპისკოპოს ამფილოქე იკონიელის შესახებ


[იმპერატორის] იქიდან დაბრუნების შემდეგ მივიდა საკვირველი ამფილოქე, რომელსაც ხშირად ვახსენებდი, და სთხოვდა ქალაქებიდან არიანელთა კრებულების გაძევებას. მაგრამ იმპერატორმა ეს თხოვნა სასტიკად მიიჩნია და არ მიიღო. უბრძენესი ამფილოქე მყისვე დადუმდა და ღირსახსოვარი ხერხი გამონახა. როდესაც კვლავ სასახლეში იმყოფებოდა და იმპერატორის გვერდით მდგომი ვაჟიშვილი არკადიუსი იხილა (იმპერატორს იგი ახლახანს ჰყავდა ხელდასხმული), იგი ჩვეულებისამებრ მიესალმა იმპერატორს, ვაჟიშვილი კი პატივის მიგების გარეშე დატოვა. იმპერატორმა იფიქრა, რომ ამფილოქეს დაავიწყდა, და უბრძანა მიახლებოდა მის ვაჟს და ეამბორა მისთვის. მან მიუგო, რომ საკმარისი იყო მის მიერ მისთვის მიგებული პატივი. იგი განაწყენდა და მისი შვილის უპატიობას საკუთარი თავის შეურაცხყოფა უწოდა. მაშინ უბრძენესმა ამფილოქემ გააცხადა [263]მის მიერ ნამოქმედარის მიზანი, და ხმამაღლა თქვა: "ხედავ, იმპერატორო, თუ როგორ ვერ იტან შვილის უპატივცემულობას, არამედ მის შეურაცხმყოფელებს მწარედ ურისხდები. ასე რომ, ირწმუნე, ყოვლიერების ღმერთს სძაგს მისი მხოლოდშობილი ძის მგმობელები, და სძულს ისინი როგორც მხსნელისა და ქველმოქმედის მიმართ უმადურნი".

ასე მიხვდა იმპერატორი და გაუკვირდა მის მიერ ნაქმნარი და ნათქვამი, მყისვე დაწერა კანონი, რომელიც კრძალავდა მწვალებლურ კრებულების არსებობას390.

მაგრამ ადვილი არ არის ადამიანთა საერთო მტრის ყველა ბადისგან თავის დაღწევა. რადგან ხშირად ის, ვინც აღვირახსნილობის ვნებას გაექცევა, მომხვეჭელობის მახეს აწყდება, მაგრამ თუ ამაზე ძლიერიც აღმოჩნდება, სხვა მხრიდან შურის ორმო ამოიზრდება. ამასაც თუ დაძლევს, აღმოაჩენს, რომ მრისხანების ბადე ელის. და სხვა ათასობით ხაფანგი არის დაგებული ადამიანებისთვის, რომლებიც მათ დასაღუპად მოინადირებს (შდრ. მარკ. 12.13).

მის მიერ სულის წინააღმდეგ მოწყობილი ხრიკებისთვის მსახურად ყავს სხეულის ვნება. მხოლოდ გონება რჩება ფხიზელი და, რაც საღვთოა, იმის მიმართ მიდრეკილებით არღვევს ხრიკების შემოტევას. ეს საკვირველი იმპერატორი ადამიანური ბუნების წილმქონე და ვნებებთან ნაზიარები იყო, სამართლიან რისხვას უზომო სისასტიკეს მიაყოლებდა და ვნება კანონსაწინააღმდეგო საქმეებს იქმოდა. ამასაც გიამბობთ მკითხველის სასარგებლოდ. რადგან არა მხოლოდ საკვირველი იმპერატორის ბრალდებას შეიცავს, არამედ ღირსსახსოვარ ქებასაც.

 

თ ა ვ ი XVII

თესალონიკში მომხდარo ხოცვა-ჟლეტის შესახებ, და ასევე ეპისკოპოს ამბროსის კადნიერებისა და იმპერატორის კეთილმსახურების შესახებ

[264]თესალონიკე არის უდიდესი და ხალხმრავალი ქალაქი, ის ეკუთვნის მაკედონელთა ერს, მაგრამ არის დედაქალაქი თესალიისა და აქაიის, ასევე სხვა მრავალი ერების, რომლებსაც მმართველად ილირიკიის პრეფექტი ყავთ. როდესაც იქ რაღაც ამბოხი შეიქნა, ზოგიერთი მაგისტრატი დაამხეს და გაძარცვეს. იმპერატორი გაცეცხლდა, როდესაც შეიტყო ამბავი, ვერ დაიოკა რისხვა, არც გონების ლაგამით შეაკავა მისი შემოტევა, არამედ ნება მისცა, რომ მას გამოეტანა დასჯის განაჩენი.

მან391 მიიღო ეს ძალაუფლება, როგორც დამოუკიდებელმა392 და ტირანმა, დაამსხვრია ბორკილი და თავი დააღწია გონების უღელს, ყველას წინააღმდეგ იშიშვლა უსამართლო მახვილი და უდანაშაულოები დამნაშავეებთან ერთად დახოცა. როგორც ამბობენ, ხუთი ათასი კაცი მოსრა, როცა ამას წინ არ უსწრებდა სასამართლო და ამ საშინელების ჩამდენებისთვის საბრალდებო დასკვნა არ გამოეტანათ, არამედ თითქოს მკის დროს თავთავებივით იქნენ მოცელილი.

როდესაც ეს უბედურება შეიტყო ამ ამბროსიმ, რომელსაც ხშირად ვახსენებდით, ურვით აღივსო, როცა იმპერატორი მედიოლანში ჩავიდა და ჩვეულებისამებრ მოისურვა ღვთის ტაძარში შესვლა, იგი მას წინკარის გარეთ შეეგება, ტაძრის კარიბჭეში არ შეუშვა და ასე მიმართა: "როგორც ჩანს არ უწყი, იმპერატორო მომხდარი მკვლელობის სიდიდე, არც რისხვის დაცხრომის შემდეგ შეუცვნია შენს გონებას ჩადენილი დანაშაული. ალბათ მეუფების ძალა არ უშვებს ცოდვის შეცნობას, არამედ ძალაუფლება აბნელებს გონებას. მაგრამ გვიხმს ბუნების ცოდნა, რომ იგი [265]მოკვდავია და წარმავალი, ასევე წინაპარი მტვრისა, რომლისგანაც ვართ წარმოქმნილი და რომლისკენაც მივედინებით. და განა მეწამულის ყვავილოვნება არ გვატყუებს, რომ დაფარული სხეულის უძლურების უმეცარი ვართ. თანაარსთ განაგებ, იმპერატორო, და, რა თქმა უნდა, თანამონებს. რამეთუ ერთი არის ყოველთა მეუფე და ხელმწიფე, ყოველთა შემოქმედი. აწ როგორი თვალებით უმზერ ჩვენი საერთო მეუფის ტაძარს? როგორი ფეხებით მიაბიჯებ ამ წმინდა იატაკზე? როგორ გაიწვდი ხელებს, რომლისგანაც ჯერ კიდევ მოწვეთავს უსამართლო მკვლელობის სისხლი? ასეთი ხელებით როგორ მიიღებ მეუფის ყოვლადწმინდა სხეულს? როგორ პირთან მიიტან ძვირფას სისხლს, რომელმაც მრისხანე სიტყვის გამო უკანონოდ დაღვარე სისხლი? წადი, და ნუ ეცდები, რომ პირველი ურჯულოება სხვებით დაამძიმო. მიიღე საკრველი, რომელი განაჩენის გამოტანას ზემოდან ეთანხმება ღმერთი, ყოვლიერების მეუფე. იგი იქნება მკურნალი და ჯანმრთელობის მომნიჭებელი".

ამ სიტყვებს დაუთმო იმპერატორმა, რადგან საღვთო სწავლებებით გამოზრდილმა ნათლად იცოდა, თუ რა განეკუთვნებოდა მღვდლებს და რა - იმპერატორებს. გოდებითა და ცრემლებით დაბრუნდა სასახლეში. ხანგრძლივი დროის შემდეგ, - რვა თვე იყო გასული, - დადგა ჩვენი მხსნელის შობის დღესასწაული. იმპერატორი იჯდა სასახლეში და ცრემლების ნაკადს ღვრიდა.

როდესაც ეს იხილა რუფინუსმა, რომელიც იმ დროს სახლთუხუცესი393 იყო და მასთან სიახლოვის გამო დიდი კადნიერება ჰქონდა, მივიდა და ჰკითხა ცრემლების მიზეზი. მან მწარედ ამოიოხრა და უფრო ძლიერად გადმოადინა ცრემლები. მან უთხრა: "შენ, რუფინუს, თამაშობ, რადგან არ გრძნობ ჩემს უბედურებებს. მე მოვთქვამ და ვგოდებ, როდესაც ვიაზრებ ჩემს უბედურებას, რომ მსახურებისთვის და მათხოვრებისთვის ღია არის ღვთის ტაძარი და უშიშრად შედიან, ევედრებიან თავის მეუფეს, ჩემთვის კი იგი უვალი არის და ამასთან ერთად მე იგი ზეცამ დამიხურა. რადგან [266]ვიხსენებ მეუფის სიტყვას, რომელიც სრულიად გარკვევით ამბობს: "თუ შეკრავთ დედამიწაზე, ცაშიც შეკრული იქნება" (მათ. 18.18). მან კი მიუგო: "თუ სათნო გიჩნს, გავიქცევი და მღვდელმთავარს დაჟინებით მოვთხოვ და დავარწმუნებ, რომ აგხსნას საკვრელი". იმპერატორმა მიუგო: "ვერ დაარწმუნებ, რადგან ვიცი, სამართლიანი არის ამბროსის განაჩენი, არც იმპერატორის ძალაუფლებისადმი პატივისცემით დაარღვევს საღვთო კანონს". რუფინუსი ბევრი ესაუბრა და პირდებოდა, რომ დაარწმუნებდა ამბროსის. მაშინ იმპერატორმა უბრძანა, სასწრაფოდ წასულიყო. იგი იმედით მოტყუებული მალევე დაყაბულდა და ირწმუნა რუფინუსის დაპირებები. როგორც კი ამბროსიმ დაინახა რუფინუსი, უთხრა: "რუფინუს, შენი სითავხედე ძაღლებისას ეჯიბრება. ესოდენი მკვლელობის მრჩეველი ხარ, შუბლიდან ჩამორეცხილი გაქვს სირცხვილი და არც წითლდები, არც გეშინია და ესოდენ გაცოფებული ხარ ღვთის ხატზე394". როდესაც რუფინუსი თხოვდა და აუწყებდა იმპერატორის მოსვლას, ღვთივშთაგონებული ამბროსი აღიგზნო საღვთო შურით და უთხრა: "ო, რუფინუს, მე წინდაწინ ვთქვი, რომ არ შევუშვებ მას ტაძრის კარიბჭეში. მაგრამ თუ მისი ძალაუფლება ტირანიით შეიცვლება, მე სიამოვნებით მივიღებ სიკვდილს". როდესაც ეს მოისმინა რუფინუსმა, იმპერატორს ვიღაცის მეშვეობით შეატყობინა მთავარეპისკოპოსის განზრახვა და ურჩია, სასახლეში დარჩენილიყო. იმპერატორმა ეს შუა ფორუმზე შეიტყო და თქვა: "წავალ და მივიღებ სამართლიან შეურაცხყოფას". როდესაც იგი წმინდა კედლებს მიუახლოვდა, ღვთის ტაძარში არ შევიდა, მღვდელმთავართან მივიდა, ხოლო იგი მოსაკითხ სახლში იჯდა, [იმპერატორი] ევედრებოდა, აეხსნა საკვრელები. მაგრამ მან ამას ტირანული მოსვლა უწოდა და თეოდოსის უთხრა, რომ იგი ღმერთის წინააღმდეგ იყო გაშლეგებული და რომ ქელავდა მის კანონებს. იმპერატორმა მიუგო: "არ ვკადნიერდები არსებული კანონების წინააღმდეგ, არც უკანონოდ შევდივარ ტაძრის წინკარში, არამედ შენ გთხოვ, ამხსნა [267]საკვრელი, საერთო მეუფის კაცთმოყვარეობა გაითვალისწინო და არ დამიხშა კარები, რომელიც მეუფემ გაუღო ყველა მონანულს". მღვდელმთავარმა უთხრა: "რა სინანულს აჩვენებ ასეთი უკანონობის შემდეგ? რა წამლებით განკურნავ ძნელად სამკურნალო წყლულებს?" იმპერატორმა მიუგო: "შენი საქმეა წამლების ჩვენებაც და დადებაც, ხოლო ჩემი - დადებულის მიღება". მაშინ საღვთო ამბროსიმ უთხრა: "შენს რისხვას ნებას აძლევ, რომ განსაჯოს, და არათუ გონებას, არამედ რისხვას გამოაქვს განაჩენი. დაწერე კანონი, რომელიც გააუქმებს მრისხანების განაჩენებს და გამოუსადეგარს გახდის. ოცდაათი დღის განმავლობაში ელოდონ დაწერილ ბრძანებას ისინი, რომლებიც უნდა მოკვდნენ და რომლებსაც ქონება უნდა ჩამოერთვათ, და მიიღონ გონების გადაწყვეტილება. როდესაც ეს დღეები გაივლის, ბრძანების დამწერებმა გამოაქვეყნონ განკარგულებები, და მაშინ, როდესაც რისხვა დამცხრალი იქნება, თითოეული მათგანი გონებამ განსაჯოს. გამოიკვლიე ბრძნებები და ნახე, ისინი უსამართლოა თუ სამართლიანი, და თუ აღმოაჩენ, რომ უსამართლოა, ცხადია, დახევ დაწერილს, თუ სამართლიანია, დაამტკიცებ. დღეების რაოდენობა არ დააზიანებს მართებულად გამოტანილ განაჩენს".

ეს მოსაზრება მიიღო იმპერატორმა და საუკეთესოდ მიიჩნია, მყისვე ბრძანა კანონის დაწერა და დაწერილი თავისი ხელით დაამტკიცა. როდესაც ეს გააკეთა, საღვთო ამბროსიმ ახსნა საკვრელი.

ამრიგად, ღრმად მორწმუნე იმპერატორმა გაბედა ღვთის ტაძარში შესვლა, არათუ ფეხზე მდგომი ევედრებოდა მეუფეს, არც მუხლმოდრეკილი, არამედ პირქვე იწვა იატაკზე და დავითისეულ ხმას აღმოუტევებდა: "სული ჩემი მიწას მიეახლა, გამაცოცხლე შენი სიტყვისამებრ" (ფს. 118.25). 

ხელებით თმას იგლეჯდა და შუბლზე იცემდა, ცრემლების ნაკადი ძირს იღვრებოდა, სთხოვდა შენდობას. როდესაც ჟამმა მოუხმო წმინდა ტრაპეზზე ძღვნის შესაწირად, წამოდგა ცრემლების ღვრით და მივიდა საკურთხეველთან, ჩვეულებისამებრ შეწირა [268]შიგნით და ცხაურთან გაჩერდა. მაგრამ დიდი ამბროსი კვლავ არ გაჩუმდა, არამედ ასწავლა ადგილთა განსხვავება. ჯერ ჰკითხა, რამე ხომ არ სურდა, ხოლო როცა იმპერატორმა მიუგო, რომ საღვთო საიდუმლოებების ზიარებას ელოდებოდა, მთავარი დიაკვნის მეშვეობით განუმარტა: "იმპერატორო, შიგნით მხოლოდ მღვდლებისთვის შეიძლება შესვლა, ყველა დანარჩენისთვის კი ნაკრძალი და შეუვალი ადგილია. აწ   წადი და სხვებთან ერთად დადექი, რამეთუ პორფირი იმპერატორებად ხდის და არა მღვდლებად". ღრმად მორწმუნე იმპერატორმა ეს შეგონება ხალისით მიიღო და აუხსნა, რომ კადნიერების გამო არ რჩებოდა ცხაურის შიგნით, არამედ აუწყა, რომ ასეთი ჩვეულება იყო კონსტანტინოპოლში, და უთხრა: "მოვალე ვარ მადლობა გადაგიხადო ამ მკურნალობისათვის". ასეთი და ესოდენი სათნოებით ბრწყინავდნენ მღვდელმთავარი და იმპერატორი. მე ორივეთი ვარ აღფრთოვანებული, ერთის კადნიერებით და მეორის კეთილმორჩილებით; ერთის მოშურნეობის მხურვალებით, ხოლო მეორის რწმენის უმწიკვლობით.

კეთილმსახურების განჩინებები, რომლებიც დიდი მღვდელმთავრისგან ისწავლა, დაამტკიცა, როცა დაბრუნდა კონსტანტინოპოლში. რადგან როდესაც ღვთის დღესასწაული კვლავ აღსრულდებოდა ღვთის ტაძარში, როგორც კი სამღვდელო ტრაპეზზე მიიტანა ძღვენი, მყისვე გავიდა. როდესაც ეკლესიის თავმჯდომარემ (იმ დროს ნექტარიოსი იყო) ჰკითხა: "რატომ არ რჩები შიგნით?", მან შეწუხებულმა მიუგო: "ძლივს ვისწავლე იმპერატორისა და მღვდლის განსხვავება; ძლივს ვპოვე ჭეშმარიტების მოძღვარი. ვიცი, რომ მხოლოდ ამბროსი არის ეპისკოპოსად წოდების ღირსი".

ესოდენი სარგებელი მოიტანა სათნოებით გაბრწყინებული კაცის მხილებამ.

 

თ ა ვ ი XVIII

იმპერატრიცა პლაკილას395 შესახებ

[269]იმპერატორს სარგებლის მიღების სხვა საფუძველიც ჰქონდა. მასთან ერთად ქორწინების უღლის შემწყნარებელი განუწყვეტლად შეახსენებდა მას საღვთო კანონებს, პირველ რიგში საკუთარ თავს განსწავლიდა ამ კანონებით. მას არ აღაგზნებდა საიმპერიო ძალაუფლება, არამედ უფრო საღვთო სახმილი წვავდა. ქველმოქმედების სიდიდე უფრო დიდ სიყვარულს იწვევდა ქველმოქმედების მიმართ. იგი ყველანაირ მზრუნველობას იჩენდა მათზე ვინც დამწვარი იყო სხეულით და ყველა ასო დასნეულებული ჰქონდა. იგი არც მსახურებს, არც ჯარისკაცებს იხმარებდა, არამედ თავისი ხელით იქმოდა, და მიდიოდა მათ სასტუმროში და თითოეულთან მიჰქონდა, რაც კი ესაჭიროებოდათ. ამგვარად, დადიოდა ეკლესიათა ქსენონებშიც, საწოლზე მიჯაჭვულებს საკუთარი ხელით უვლიდა, თავად ეჭირა ქოთნები, კერძს გემოს უსინჯავდა, და მიჰქონდა თეფში; პურს ტეხდა და ლუკმას აწვდიდა, ფიალებს რეცხავდა და სხვა ყველაფერსაც აკეთებდა, რაც მსახურთა და მკურნალთა საქმედ ითვლება. მათ, ვინც ცდილობდა შეეკავებია თავისი ხელით საქმიანობისაგან, ეუბნებოდა: "ოქროს განაწილება იმპერიას შეეფერება, მე კი თვით იმპერიის გულისთვის მის მბოძებელს ვწირავ საკუთარი ხელით საქმიანობას", და სჩვეოდა მეუღლისათვის მუდამ ამის თქმა: "კაცო, მარად უნდა იაზრებდე, თუ რა იყავი წინათ და რა გახდი ახლა. რადგან, როდესაც ამას გონებაში დიდ ხანს ატარებ, არ გახდები ქველმოქმედის მიმართ უმადლო, არამედ კანონიერად წარმართავ იმ იმპერიას, რაც მიიღე, და ამით მოემსახურები მის მბოძებელს". მუდამ ამ სიტყვბით მიმართავდა და როგორც რამ უმშვენიერესი მზრუნველობით რწყავდა და უვლიდა ქმრის სათნოების თესლებს.

იგი ქმარზე ადრე აღესრულა. მისი აღსასრულიდან გარკვეული დროის შემდეგ მოხდა შემდეგი რამ, რამაც გააცხადა მის მიმართ იმპერატორის სიყვარული.

 

თ ა ვ ი XIX

ანტიოქიაში მომხდარი ამბოხების396 შესახებ


[270]ხანგრძლივი ომებით იძულებულმა იმპერატორმა გაუგონარი გადასახადები დაადო ქალაქებს397.

ქალაქმა ანტიოქიამ ვერ აიტანა ეს ახალი გადასახადი. როდესაც ხალხმა დაინახა, რომ ისინი, რომლებმაც გადასახადები გადაიხადეს, იხრჩობოდნენ, სხვები ვი გაიქცნენ, - ბრბოს უყვარს უწესრიგობისთვის საბაბის მიღება, - დაამხეს ყოვლად სახელოვანი პლაკილას (ეს იყო დედოფლის სახელი) ბრინჯაოს გამოსახულებები და დაათრევდნენ ქალაქის დიდ ნაწილში398.

როდესაც ეს იმპერატორმა შეიტყო და, როგორც სჩვეოდა, განრისხდა, გააუქმა ქალაქის პრივილეგია და მთავრობა მეზობელ ქალაქს გადასცა, - ფიქრობდა, რომ ამით განსაკუთრებით გაანაწყენებდა [მის მოსახლეობას]. რადგან ლაოდიკიას399 თავიდანვე შურდა ანტიოქიის. ამის შემდეგ დაემუქრა დაწვით და დანგრევით, და ქალაქის სოფლად გადაქცევითაც. მაგისტრატებმა მოკლეს ზოგიერთი დამნაშავე, - უშუალოდ დანაშაულზე წაასწრეს, ვიდრე ამ უბედურებას იმპერატორი შეიტყობდა.

ეს ყველაფერი ბრძანა იმპერატორმა, მაგრამ არ აღსრულდა, იმ კანონის შეკავების გამო, რომლის გამოცემაც ამბროსი დიდმა ურჩია400. როდესაც მივიდნენ ისინი, ვისაც უნდა გადაეცა მუქარა (იმ დროს სარდალი იყო ელებხესოსი, სასახლის განმგებელი - კესარიოსი, რომაელები ამ თანამდებობის მქონეს "magister officiorum"-ს უწოდებენ), ყველა შეშინებული იყო მუქარით შეძრწუნებული. მთის ძირას დასახლებული სათნოების მორკინალებმა (იმ ხანად მათგან მრავალი საუკეთესო იყო) მრავალი შეგონებითა და თხოვნით მიმართეს. უსაღმრთოესი მაკედონიოსი, რომელმაც არაფერი იცოდა ამ ცხოვრების და საღვთო სიტყვებშიც სრულიად გამოუცდელი იყო, ცხოვრობდა მთის მწვერვალზე, და დღე და [271]"ღამე ყოვიერების მხსნელისადმი უმწიკვლო ლოცვებს აღავლენდა, არც იმპერატორის აღძვრით იყო შეწუხებული, არც წარმოგზავნილთა ძალაუფლება მოსდიოდა აზრად. მან შუა ქალაქში ერთი მათგანი მოსასხამით დაიჭირა და ორივეს უბრძანა, რომ ცხენებიდან ჩამომხდარიყვნენ. მათ დაინახეს იაფფასიანი ძონძებით შემოსილი პატარა მოხუცი, პირველად განრისხდნენ, მაგრამ შემდეგ მმართველთაგან ზოგიერთმა გააცნო ამ კაცის სათნოება, ჩამოხდნენ ცხენებიდან, მას მუხლებზე მოეხვიენ და შენდობა ითხოვეს. მან საღვთო სიბრძნით აღვსილმა მათ ასეთი სიტყვებით მიმართა: "კაცნო მოყვასნო, უთხარით იმპერატორს: შენ არა მხოლოდ იმპერატორი ხარ, არამედ ადამიანიც. ასე რომ, არა მხოლოდ იმპერიაზე უნდა იფიქრო, არამედ ბუნებაზეც. რადგან ადამიანი ხარ, თანაარსებზე მეუფებ. ადამიანის ბუნება საღვთო ხატებისა და მსგავსების მიხედვით არის შექმნილი. აწ ნუთუ ბრძანებ ღვთის ხატის ასე სასტიკად და დაუნდობლად მოკვლას. რადგან შემოქმედს განარისხებ, როდესაც სჯი მის ხატს. დაფიქრდი, რომ ამას აკეთებ ბრინჯაოს ხატის გამო განაწყენებული. თუ რამდენად განსხვავდება უსულოსგან სულიერი, ცოცხალი და მოაზროვნე, ეს ცხადია ყველასთვის, ვისაც გონება აქვს. ამასთან ერთად ესეც გაიაზროს, რომ ჩვენთვის იოლია ერთი ბრინჯაოს ხატის ნაცვლად მრავალის შექმნა, ხოლო მისთვის კი სრულებით შეუძლებელია ერთი მოკლულის თმის შექმნაც".

როდესაც ეს მოისმინეს ამ საოცარმა კაცებმა, ნათქვამი იმპერატორს გადასცეს და დააცხრეს მისი რისხვის სახმილი, და ამ მუქარების ნაცვლად დაწერა თავისმართლება და განმარტა გულისწყრომის მიზეზი. მან განაცხადა: "არ ვიყავი მართალი, შეცდომაში შევედი, როდესაც ყოველმხრივ ღირსადქებულმა ქალმა ასეთი შეურაცხყოფა მიიღო აღსასრულის შემდეგ, შეწუხებულებს თავიანთი გულისწყრომა ჩემს წინააღმდეგ უნდა აღეჭურვათ". დასძინა, რომ შეურვებული და დამწუხრებულია, როდესაც შეიტყო მაგისტრატების მიერ ზოგიერთის მკვლელობა. მე ეს გიამბეთ, [272]რადგან სამართლიანად არ მივიჩნევ, რომ დავიწყებას მიეცეს ყოვლად სახელოვანი მონაზვნის კადნიერება, და ასევე ვაჩვენე ეს სასარგებლო კანონიც, რომლის დაწერაც დიდმა ამბროსიმ ურჩია.

 

თ ა ვ ი XX

ყველგან ტაძრების დანგრევის შესახებ


ღრმად მორწმუნე იმპერატორმა თავისი მოშურნეობა წარმართულ საცთურზე გადაიტანა, კანონები დაწერა და ბრძანა, დაენგრიათ კერპების საკურთხევლები. კონსტანტინე დიდმა, ყოველგვარი ქების ღირსმა, პირველ რიგში კეთილმსახურებით შეამკო იმპერია, და როდესაც დაინახა, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ შლეგობდა, დემონებისთვის ზორვა სრულებით აკრმალა, მაგრამ მათი ტაძრები არ დაანგრია, არამედ ბრძანა, რომ დაეხურათ. მისი შვილები მამის კვალს დაადგნენ. მაგრამ იულიანემ განაახლა უღმერთობა და აღაგზნო ძველი სიცრუის სახმილი. როდესაც იობიანოსმა მიიღო იმპერია, კვლავ აკრძალა კერპების მსახურება, ასევე ვალენტინიანე დიდიც ასეთი კანონებით მართავდა ვეროპას. მაგრამ ვალენტმა ყველა სხვას ნება დართო, ვინც ენებათ, მისთვის ემსახურათ. და მათ მიერ მსახურებულისთვის თაყვანი ეცათ; მხოლოდ სამოციქულო დოგმატების გამო მებრძოლებს ეომებოდა. მისი ზეობისას ცეცხლი მუდამ ენთო ბომონზე, და ზედაშესა და მსხვერპლს წირავდნენ კერპებს, და აგორაზე მართავდნენ სახალხო ნადიმებს, დიონისეს ორგიების აღმასრულებლები თხის ტყავებით დარბოდნენ, ძაღლებს გლეჯდნენ და შლეგობდნენ, ბორგნეულობდნენ და სხვასაც იქმოდნენ, რაც ცხადყოფდა მათი მოძღვრის უკეთურებას. როდესაც ღრმად მორწმუნე იმპერატორმა თეოდოსიმ ეს აღმოაჩინა, ყველაფერი ძირ-ფესვიანად ამოძირკვა და დავიწყებას მისცა.

 

თ ა ვ ი XXI

აპამეის ეპისკოპოს მარკელოსის შესახებ, ასევე მის მიერ კერპთა ტაპრების დანგრევის შესახებ


[273]სხვა მღვდელმთავრებს შორის პირველმა მარკელოსმა, ყველაფერში საუკეთესომ, საჭურველად გამოიყენა კანონი და მასზე ჩაბარებული ქალაქის საკერპოები დაანგრია უფრო ღვთის მიმართ კადნიერებით, ვიდრე მრავალი მუშახელის გამოყენებით. ხოლო მე მოგითხრობთ ამას, რაც ყველაზე მეტად არის ხსოვნის ღირსი. აღესრულა აპამეის ეპისკოპოსი იოანე, რომელიც წინათ ვახსენეთ. მის ნაცვლად ხელი დაასხეს საღვთო მარკელოსს, რომელიც მოციქულის კანონის თანახმად იყო სულით მდუღარე (შდრ. რომ. 12.11).

აპამეაში ჩავიდა აღმოსავლეთის პრეფექტი ორი ათასისთავისა და მათ ხელქვეითთა თანხლებით. ჯარისკაცთა შიშით ბრბო დაცხრა. სცადეს დიოს401 უდიდესი და მრავალი სამკაულით მოკაზმული საკურთხევლის დანგრევა, მაგრამ ნახეს, რომ საფარი უზომოდ დიდი იყო და ნაგებობა მტკიცე. ჩანდა, ქვების წყობის დაშლა აღემატებოდა ადამიანის ძალებს. ქვები დიდი იყო და ამასთან ერთმანეთთან შეერთებული, და რკინითა და ტყვიით გამყარებული.

როდესაც საღვთო მარკელოსმა დაინახა პრეფექტის სიმხდალე, იგი სხვა ქალაქებში გაგზავნა, თავად კი ღმერთს სთხოვდა, მიეცა საშუალება მის დასანგრევად. დილით თავისით მოვიდა ერთი კაცი, არც მშენებელი, არც ქვისმთლელი, არც სხვა რამ ხელოსნობის მცოდნე, არამედ სჩვეოდა ქვებისა და ხის მხრებით ზიდვა. როდესაც იგი მივიდა, დაპირდა, რომ ტაძარს ადვილად დაანგრევდა, მაგრამ მოითხოვა ორი ხელოსნის გასამრჯელო. მას შემდეგ, რაც საღვთო მღვდელთმთავარმა აღუთქვა, რომ ამას მისცემდა, ამ კაცმა მოიფიქრა შემდეგი ხერხი. ტაძარს ჰქონდა ოთხი მხრიდან გადახურული [274]კოლონადა მასთან მიერთებული და მას ეყრდნობოდა ტაძრის ზედა ნაწილი. ტაძარს სვეტები ძალიან დიდი და თანაბარი ზომის ჰქონდა. თითოეულის გარშემოწერილობა თექვსმეტი წყრთა იყო. ქვის ბუნება ძალიან მტკიცე იყო და იოლად არ ემორჩილებოდა ქვის სატეხ იარაღებს. მან თითოეულ მათგანს ირგვლივ შემოუთხარა, ზედა ნაწილს ზეთისხილის ძელები შეუდგა და მყისვე მეორეზე გადავიდა. ასე შემოთხარა სამი სვეტი და ძელებს ცეცხლი წაუკიდა. მაგრამ გამოჩნდა რაღაც შავი დემონი და არ დაუშვა, რომ ხე თავისი ბუნების მიხედვით დამწვარიყო, და დააცხრო ცეცხლის მოქმედება. მრავალგზის გაიმეორეს ეს და შემდეგ დაინახეს, რომ ეს ხერხი უსარგებლო იყო, აცნობეს მწყემსს, რომელსაც ეძინა ნაშუადღევს. იგი მყისვე საღვთო ტაძრისკენ გაეშურა და ბრძანა, ხელადით წყალი მოეტანათ. წყალი საღვთო სამსხვერპლოს ქვემოთ დადო, თავად კი ძირს პირქვე დაწვა, კაცთმოყვარე მეუფეს ევედრებოდა, რომ მეტად აღარ მიეცა ისინი დემონის ტირანიისათვის, არამედ სააშკარაოზე გამოეტანა მისი უძლურება და წარმოეჩინა საკუთარი ძალა, რათა აქედან ურწმუნოებისათვის უფრო დიდი ზიანის საბაბი არ გამხდარიყო. როდესაც ეს, და მრავალი მსგავსი სიტყვებიც წარმოთქვა, ჯვარი გადასახა წყალს402, და უბრძანა ვინმე ეკვიტიუსს, დიაკვნობით ღირსქმნილს, რწმენითა და მოშურნეობით მოზღუდულს, აეღო წყალი, სწრაფად გამოქცეულიყო და რწმენით ესხურებია ცეცხლზე. როდესაც ეს ასე მოხდა, დემონი გაიქცა, რადგან ვერ აიტანა წყლის შემოტევა, ხოლო ცეცხლმა მისი მოწინააღმდეგე წყალი როგორც ზეთი, ისე გამოიყენა. მოედო ძელებს და ისინი წამში გაანადგურა. როდესაც საყრდენები გაქრა, თვითონ სვეტებიც დაეცა და სხვა თორმეტიც თან წაიყოლა. ტაძრის სვეტებით შეკრული მხარე ჩამოინგრა, მათი [დაცემის] ძალით დაემხო. გრუხუნი მთელ ქალაქში გაისმა, რადგან დიდი ხმა ჰქონდა, და ყველამ სანახაობაზე მოიყარა თავი. როდესაც მოწინააღმდეგე დემონის გაქცევა შეიტყვეს, ყოვლიერების ღმერთისადმი გალობად აღძრეს ენა.

[275]ასე დაამხო ამ საღვთო მღვდელთმთავარმა სხვა საკერპოებიც. ამ კაცის შესახებ მრავალი სხვა ღირსადქებული ამბავი მაქვს მოსაყოლი, რადგან მიწერა ძლევამოსილ მოწამეებს, და საპასუხო წერილებიც მიიღო. დასასრულ, თავადაც მიიღო მოწამეთა გვირგვინი. აწ თავს ავარიდებ ამის თხრობას, რათა მძალიან არ გამიგრძელდეს და წიგნით არ შევაღონო მკითხველი.

ამიტომ, მივუბრუნდვბი სხვა ამბავს.

 

თ ა ვ ი XXII

ალექსანდრიის ეპისკოპოს თეოფიღეს შესახებ, და იქ კერპების დანგრევის დროს მომხდარი ამბების შესახებ


ეს სახელგანთქმული ათანასე შეცვალა საკვირველმა პეტრემ, პეტრე - ტიმოთემ, ტიმოთე კი - თეოფილემ, დახვეწილი გონების მქონე და მამაცმა კაცმა. მან ქალაქი ალექსანდრია კვრპთა საცთურისაგან გაათავისუფლა. არა მხოლოდ საკერპოები გაასწორა მიწასთან, არამედ მატყუარა ქურუმების მზაკვრობებიც უჩვენა მოტყუებულთ. რადგან ბრინჯაოსგან და ხისგან ამზადებდნენ შიგნიდან ფუტურო ქანდაკებებს, ზურგით კედლებს ადგამდნენ, კედლებში კი უჩინარი რამ ხვრელები გაჰყავდათ. შემდეგ საკურთხევლების გავლით ადიოდნენ, ქანდაკების შიგნით შედიოდნენ და, რაც სურდათ, იმას ბრძანებდნენ მათი მეშვეობით. მოტყუებულები და გამასხარავებულები კი ასრულებდნენ ბრძანებას403. უბრძენესმა მღვდელთმთავრმა დაანგრია და მოტყუებულ ხალხს ეს უჩვენა.

ავიდა სერაპისის ტაძარში, რომელიც, როგორც ზოგი ამბობდა, მთელ დედამიწაზე უდიდესი და უმშვენიერესი იყო. დაინახა ძალიან დიდი ქანდაკება, რომელიც თავისი სანახაობის სიდიდით შემზარავი იყო, მაგრამ სიდიდესთან ერთად ცრუ სიტყვებსაც [276]წარმოთქვამდა: თითქოს ამ ადგილს უახლოვდებოდა მიწისძვრა და რომ ყველა დაიღუპებოდა. მაგრამ მან ეს სიტყვები მთვრალი ბებრების ლაყბობად მიიჩნია, მისი სიდიდე კი როგორც უსულოსი არაფრად ჩააგდო, და ბრძანა, რაიმე ნაჯახით სერაპისისთვის მთელი ძალით დაერტყათ. როდესაც იგი ურტყამდა, ყველამ შეღაღადა, რადგან ეშინოდათ ამ ბუტბუტის. სერაპისმა მიიღო დარტყმები, არ ელმოდა, რადგან ხის იყო, არც ხმა ამოუშვა უსულომ. როდესაც თავი მოაცალეს, შიგნიდან თაგვები ხროვად გამოვარდა. რადგან ეგვიპტელთა ღმერთი თაგვების საცხოვრებელი იყო. მცირე ნაწილებად დაანაწევრეს და ცეცხლს მისცეს, ხოლო თავს მთეღ ქალაქში დაათრევდნენ თაყვანისმცემელთა დასანახად, და დასცინოდნენ მათ მიერ თაყვანისცემულის უძლურებას.

ამგვარად დაიმსხვრა მთელ დედამიწაზე კერპთა საკურთხევლები.

 

თ ა ვ ი XXIII

ანტიოქიის ეპისკოპოს ფლაბიანეს შესახებ, ასევე პავლინეს გამო დასავლეთში მომხდარი ამბოხის შესახებ


როდესაც ანტიოქიაში დიდი მელეტის თავმჯდომარეობა ფლაბიანემ შეცვალა, მან დიოდორესთან ერთად ცხვრების გამოსახსნელად მრავალი ბრძოლა დაითმინა. რამეთუ პავლინემ განიზრახა ეკლესიის მეთაურობის მიღება. მაგრამ მღვდელთა დასმა უპასუსა, რომ მას, ვინც არ ღებულობდა მელეტის რჩევებს, მისი აღსასრულის შემდეგ არ უნდა მიეღო მისი საყდარი; არამედ მწყემსობა შეეფერებოდა მრავალი ღვაწლით გაბრწყინებულს და მას, ვინც დიდი ხნის განმავლობაში ცხვრებზე წინ საკუთარ თავს იგდებდა საფრთხეში. ამის გამო რომაელებსა და ეგვიპტელებ[277]ში ხანგრძლივი შუღლი აღიძრა აღმოსავლეთის წინააღმდეგ. არც პავლინეს სიკვდილით განქარდა მტრობა, არამედ მის შემდეგაც, როდესაც ევაგრემ მიიღო მისი საყდარი, დიდ ფლაბიანეზე გამწყრალი დარჩნენ, მაშინ როცა ევაგრე საეკლესიო კანონის წინააღმდეგ წამოაყენეს. რადგან იგი მხოლოდ პავლინემ წამოაყენა და მრავალი კანონი დაარღვია. რადგან მომაკვდავს ნება არ ეძლევა, რომ საკუთარი თავის ნაცვლად დაასხას ხელი, და მას ებრძანება ეპარქიის ყველა ეპისკოპოსის ერთად შეკრება, და კვლავ ეკრძალება სამი ეპისკოპოსის გარეშე ეპისკოპოსისთვის ხელდასხმა. მაგრამ მათ არ ისურვეს მათგან რაიმეს ცოდნა და მიიღეს ევაგრის თანაზიარება, ხოლო ფლაბიანეს წინააღმდეგ აღძრეს იმპერატორის სასმენელი. მას ხშირად აწუხებდნენ, მიყავდათ კონსტანტინოპოლში და უბრძანებდნენ რომში ჩასვლას.

ფლაბიანემ თქვა, რომ ზამთარი იყო და აღუთქვა, გაზაფხულის გამონათებისას ბრძანებას აღასრულებდა, და დაბრუნდა სამშობლოში. მაგრამ რომის ეპისკოპოსებმა, არა მხოლოდ საკვირველმა დამასმა, არამედ მის შემდეგ სირიკიუსმა, და სირიკიუსის მონაცვლე ანასტასიმაც, ძლიერ შეაწუხეს იმპერატორი და ეუბნებოდნენ, რომ მან თავისი ტირანები დაამხო, ხოლო ქრისტეს კანონების წინააღმდეგ ტირანიისათვის გაკადნიერებულთ ითმენდა. ამიტომ მასთან კვლავ გაგზავნა და აიძულა, რომში ჩასულიყო. მაშინ უბრძენესმა ფლაბიანემ ღირსადქებულ კადნიერებას მიმართა და თქვა: "იმპერატორო, თუ ზოგიერთები ბრალს დებენ ჩემს რწმენას როგორც არამართალს, ან ამბობენ, რომ ჩემი ცხოვრება მღვდლობისთვის უღირსია, თვით ბრალმდებლებს გამოვიყენებ მსაჯულებად და მათგან გამოტანილ განაჩენს დავეთანხმები. მაგრამ თუ საყდრისა და თავმჯდომარეობის შესახებ დავობენ, არ განვისჯები, არც მიღების მსურველებს გავუმართავ საპასუხო ბრძოლას, არამედ გადავდგები და დავთმობ თავმჯდომარეობას. ასე რომ, იმპერატორო, ვისაც გსურს, მას მიეცი ანტიოქიის საყდარი".

იმპერატორი გააოცა მისმა ასეთმა სიმამაცემ და სიბრძნემ, და [278]ბრძანა, უკან დაებრუნებიათ და მისთვის სამწყსოდ გადაეცათ ეკლესია.

გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც იმპერატორი რომში ჩავიდა, ეპისკოპოსებისგან კვლავ დაითმინა იგივე ბრალდებები, რომ არ დაამხო ფლაბიანეს ტირანია. მან კი მათ უბრძანა, დაესახელებიათ იმ ტირანიის სახეობა, რაზეც ისინი ამბობდნენ, რომ თვით ფლაბიანე იყო და, რომ იგი იყო მისი დამცველი. როდესაც მათ უთხრეს, რომ არ შეეძლოთ განესაჯათ იმპერატორი, მან ურჩია, რომ მომავალში ეკლესიები ერთსულოვნებაში გაერთიანებულიყვნენ, მოესპოთ დავა და დაეცხროთ უსარგებლო ქიშპობა. ვინაიდან პავლინე ადრე აღესრულა და ევაგრე [ეპისკოპოსობის კანდიდატად] უკანონოდ იყო წამოყენებული, აღმოსავლეთის ეკლესიებმა ფლაბიანე მიიღეს თავმჯდომარედ. მაგრამ აღმოსავლეთთან, მთელ ასიასთან, პონტოსთან და თრაკიასთანაც ჰქონდათ თანაზიარება და ერთობა, და მთელი ილირიკია სცნობდა მას აღმოსავლეთის ეპისკოპოსთა მეთაურად. დასავლეთის ეპისკოპოსებმა მიიღეს ეს რჩევები, აღუთქვეს მტრობის დახსნა და გამოგზავნილი შუამავლების მიღება.

როდესაც ეს შეიტყო საღვთო ფლაბიანემ, რომში გაგზავნა ზოგიერთი ღირსადქებული ეპისკოპოსი, ანტიოქიის პრესვიტერები და დიაკვნები. მათ ყველას მეთაურობდა აკაკი, რომელსაც მიღებული ჰქონდა სირიის ქალაქ ბეროიას სამწყსო და მთელ ხმელეთსა და ზღვაზე სახელი ჰქონდა განთქმული. იგი სხვებთან ერთად ჩავიდა რომში და დახსნა ხანგრძლივი შუღლი და ორმოცდაათი წლის გამავლობაში ეკლესიებს მშვიდობით მართავდა. როდესაც ეს გაიგეს ეგვიპტელებმა, დააცხრეს თავიანთი შუღლი და ხალისით მიიღეს ერთსულოვნება.

იმ ხანად რომაელთა ეკლესიას წინამძღვრობდა ინოკენტი, რომელმაც შეცვალა ანასტასი; იგი იყო გიმჭრიახობითა და გონიერებით შემკული კაცი, ალექსანდრიის [ეკლესიას] კი წინამძღვრობდა თეოფილე, რომელიც წინათ ვახსენეთ.

 

თ ა ვ ი XXIV

ტირან ევგენის შესახებ, და რწმენის მეშვეობით იმპერატორ თეოდოსის გამარჯეების შესახებ


[279]ღრმად მორწმუნე იმპერატორმა ამ გზით უზრუნველყო ეკლესიათა ეს მშვიდობა. მაგრამ მშვიდობის დამყარებამდე შეიტყო ვალენტინიანეს აღსასრული და ევგენის ტირანია, და ევროპაში გაილაშქრა404.

იმ ხანად ეგვიპტეში405 ცხოვრობდა ვინმე იოანე, რომელიც ასკეტურ მოქალაქობას ეწეოდა. იგი სულიერ მადლთან იყო ნაზიარები და მომავალში მოსახდენ მრავალ მოვლენას უწინასწარმეტყველებდა მათ, ვინც ამას ეკითხებოდა. მასთან გაგზავნა ქრისტესმოყვარე იმპერატორმა, ეწადა, გაეგო ტირანისთვის ომი გაემართა თუ არა. მან უწინასწარმეტყველა, რომ პირველ ომში უსისხლოდ გაიმარჯვებდა, მაგრამ მეორეში მრავალი სისხლისღვრის შემდეგ გაიმარჯვებდა. ასეთი იმედით გაილაშქრა იმპერატორმა, საბრძოლო მწყობრით მიმავალმა მრავალი მოწინააღმდეგე განგმირა, მაგრამ მრავალი მისი მოკავშირე ბარბაროსი დაკარგა.

როდესაც სარდლებმა მოახსენეს, რომ ჯარი მცირერიცხოვანი იყო და ურჩევდნენ, ლაშქრობისთვის სულის მოთქმის საშუალება მიეცა, გაზაფხულის დაწყებისას შეეკრიბა ჯარი და მტრის ჯარზე სიმრავლით მოეპოვებია უპირატესობა, ღრმად მორწმუნე თეოდოსიმ არ მიიღო რჩევა. მან თქვა: "არ არის საჭირო, ასეთ უძლურებაში დავადანაშაულოთ მხსნელის ჯვარი, და ასეთი ძალა დავამოწმოთ ჰერაკლეს ხატისთვის, რამეთუ ამ ლაშქარს ჯვარი მიუძღვის, ხოლო მოწინააღმდეგისას კი- ის". როდესაც რწმენით წარმოთქვა ეს სიტყვები, ჯარი კი მცირერიცხოვანი და მეტად შეშინებული იყო, მან აღმოაჩინა მცირე სამლოცველო მთის წვერზე, რომელზეც იყო დაბანაკებული; მთელი ღამე გაათია და ყოვლიერების მეუფეს შესთხოვდა.

[280]დაახლოებით მამლის ყივილზე ძილმა სძლია გონებას. პირქვე მწოლიარეს მოეჩვენა, რომ იხილა ორი თეთრით მოსილი კაცი თეთრ ცხენებზე ამხედრებული. ისინი უბრძანებდნენ, რომ გამხნევებულიყო და შიში განედევნა, დილიდან აღჭურვილიყო და საბრძოლოდ მოეწყო ლაშქარი. ეუბნებოდნენ, რომ იყვნენ მასთან გამოგზავნილი შემწეები და წინამბრძოლები; ერთი ამბობდა, რომ იყო იოანე მახარებელი, ხოლო მეორე - ფილიპე მოციქული.

როდესაც იმპერატორს ეს ხილვა ეჩვენა, არ შეწყვიტა ვედრება, არამედ უფრო მეტი გულმოდგინებით აღავლინა. ხილვა ჰქონდა ასევე რომელიღაც ჯარისკაცს და მან მეთაურს გაუმხილა, მან კი იგი ათასისთავს მიუყვანა, ხოლო ათასისთავმა - მხედართმთავარს. მხედართმთავარი მიხვდა, რომ რაღაც ახალი ამბავი აუწყეს და ეს იმპერატორს ამცნო. მან კი თქვა: "არა ჩემს გამო იხილა მან ეს. რადგან მე ვენდე მათ, რომლებმაც აღმითქვეს გამარჯვება, მაგრამ რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ ხილვა ბრძოლის წადილით შევთხზე, ჩემი იმპერიის მფარველმა მასაც იგივე აუწყა, რათა ჩემი თხრობის სარწმუნო მოწმე ყოფილიყო. რამეთუ ჩვენმა საერთო მეუფემ იგივე ხილვა პირველად მე მიჩვენა. ასე რომ, მოვიშოროთ შიში და მივყვეთ წინამბრძოლებსა და ომის სარდლებს; გამარჯვება მეომართა სიმრავლით არ შევაფასოთ, არამედ თითოეული წინამძღოლის ძალა იქნას გააზრებული".

ამ სიტყვებით მიმართა ჯარისკაცებს, ამით ყველა სიმხნევით აღავსო და ჩამოვიდა მთის წვერიდან. ტირანმა შორიდან დაინახა საომრად წამოსული მოლაშქრეები, აღჭურვა ჯარი და საბრძოლოდ განალაგა. თავად კი რომელიღაც ბორცვზე დარჩა, თქვა, რომ იმპერატორი სიკვდილს ესწრაფოდა და ამ ცხოვრებიდან წასასვლელად იბრძოდა. სარდლებს უბრძანა, იგი ცოცხალი და ბორკილდადებული მიეგვარათ მისთვის. როდესაც ფალანგები განლაგდნენ, მტრის სიმრავლე გაცილებით უფრო დიდი იყო, ხოლო იმპერატორთან ერთად განლაგებულები ადვილად დასათვლელი იყო. მაგრამ როდესაც ბრძოლა დაიწყო და ერთმაც და მეორე [281]მხარემაც ისრები სტყორცნეს, წინამბრძოლებმა აჩვენეს პირობის მომცემთა ჭეშმარიტება. რადგან მტერს ძლიერი პირქარი უბერავდა და მათი ჰოროლები, ისრები და შუბები უკუიქცა, და ყველა მათი ისარი უსარგებლო იყო. ვერ შეძლეს დაეზიანებინათ ვერც იმპერატორის ლეგიონერი, ვერც მეისრე, ვერც მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი ლაშქარი. ამასთან ძალიან დიდი ქვიშა შეაყარა პირზე და მეომრები იძულებული იყვნენ, თვალები დაეხუჭათ და დაეცვათ ისინი. იმპერატორის ჯარისკაცებს ამ ქარიშხლისგან არავითარი ზიანი არ მიადგათ და მოწინააღმდეგეებს თამამად ხოცავდნენ. როდესაც მათ ეს იხილეს და შეიცვნეს საღვთო შეწევნა, იარაღი დაყარეს და იმპერატორს შენდობა სთხოვეს. მან დათმო და შეიბრალა, უბრძანა მათ, სწრაფად მოეყვანათ მასთან ტირანი. ისინი გაიქცნენ და ავიდნენ ბორცვზე, რომელზეც ის იჯდა და არ იცოდა, თუ რა ხდებოდა. როდესაც მან დაინახა ქოშინით მომავალნი და სულის შეკვრით მათი მოშურნეობის მაუწყებლები, გამარჯვების მაცნეებად მიინნია, და, როგორც ნაბრძანები ჰქონდა, ჰკითხა, თეოდოსი თუ მოყავდათ შებორკილი. მათ მიუგეს: "არა თუ ის მოგვყავს შენთან, არამედ შენ უნდა მიგგვაროთ მას. რადგან ეს ბრძანა ყოველთა გამგებელმა". როდესაც ეს უთხრეს, სავარძლიდან წამოაყენეს, ბორკილები დაადეს და შეკრული წაიყვანეს, და შეპყრობილი მიჰგვარეს ის, ვინც ცოტა ხნის წინ მოქადულობდა.

იმპერატორმა გაიხსენა ვალენტინიანეს მიმართ ჩადენილი დანაშაულები, უკანონო ტირანია და კანონიერი იმპერატორის წინააღმდეგ გამართული ომები. დასცინა ჰერაკლეს ხატს და მის გამო გამოჩენილ ფუჭ სიმამაცეს. და მაშინ მის წინააღმდეგ სასჯელის სამართლიანი და კანონიერი განაჩენი გამოიტანა.

ასეთი იყო იგი მშვიდობაშიც და ომშიც, მუდამ ითხოვდა საღვთო შეწევნას, და მუდამ ღებულობდა მას.

 

თ ა ვ ი XXV

იმპერატორ თეოდოსის406 აღსასრულის შესახებ


[282]ამ გამარჯვების შემდეგ დაუძლურდა და იმპერია ვაჟებს გაუნაწილა: უფროსს საკუთარი ძალაუფლება მისცა, უმრწემესს კი - ევროპის სკიპტრა407.

ერთიც და მეორეც დაარიგა, სრული კეთილმსახურება ეპყრათ და უთხრა: "ამის მეშვეობით დაცულია მშვიდობა და დამხობილია ომი, მეომრები უკუქცეულია, გამარჯვების ძეგლები აღმართულია და გამარჯვება გადაწყვეტილია". ასე შეაგონა შვილებს და აღესრულა, დატოვა მარადსახსოვარი სახელი.

მისი იმპერიის მონაცვლენი მისი კეთილმსახურების მემკვიდრეებიც გახდნენ.

 

თ ა ვ ი XXVI

იმპერატორ ჰონორიუსის და მონაზონ ტელემაქეს შესახებ


ჰონორიუსმა, რომელმაც მიიღო ევროპის იმპერია, გააუქმა რომში ძველთაგანვე მიმდინარე გლადიატორთა შერკინებები, საბაბად შემდეგი რამ მიიღო. იყო ვინმე ტელემაქე, რომელიც ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას. იგი წამოვიდა აღმოსავლეთიდან და მის გამო რომში ჩავიდა. როდესაც ეს საძაგელი სანახაობა გაიმართა, თვითონაც შევიდა სტადიონზე, ჩავიდა და ცდილობდა, შეეჩერებინა ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღის აღმართვა. მკვლელობის მაყურებლები განრისხდნენ და მათი სისხლით დამტკბარი დემონის სიშლეგის შემწყნარებლებმა ჩაქოლეს მშვიდობის გამრიგე. როდესაც ეს შეიტყო საკვირველმა იმპერატორმა, იგი ძლევამოსილ მოწამეებს შორის შერაცხა, ხოღო ეს უკეთური სანახაობა შეწყვიტა.

 

თ ა ვ ი XXVII

იმპერატორ არკადიუსის კეთილმსახურების შესახებ, ასევე იოანე ოქროპირის ხელდასხმის შესახებ


[283]კონსტანტინოპოლში ადგილობრივი ეკლესიის მწყემსის, ნექტარიოსის აღსასრულის შემდეგ არკადიუსმა, ვისაც ამ იმპერიის მართვა ჰქონდა მიღებული, შეიტყო, რომ მსოფლიოს დიდი მნათობი იოანე ანტიოქიაში პრესვიტერთა დასში აღირაცხა. მან ჩამოიყვანა იგი და შეკრებილ ეპისკოპოსებს უბრძანა, მიეახლებინათ საღვთო მადლთან და ამ უდიდესი ქალაქის მწყემსად წარმოეჩინათ408.

მარტოდენ ესეც კმარა ღვთის მიმართ იმპერატორის მოშურნეობის ცხადყოფისათვის. იმ ხანად ანტიოქიას მართავდა ფლაბიანე, ლაოდიკიას - ელპიდიოსი, რომელიც დიდი მელეტის თანამესენაკე იყო და მის მოქალაქობას უფრო მეტად აღიბეჭდავდა, ვიდრე ცვილი - თითების გამოსახულებას409. ამრიგად, მან შეცვალა დიდი პელაგიოსი, ხოლო საღვთთ მარკელოსი410 - სახელოვანმა აგაპეტოსმა411, რომელიც, ვთქვით, რომ ასკეტური წვრთნებით გამოირჩეოდა მწვალებლური ღელვა-ტეხვის დროს. ტავრუსთან სელევკიის [ეკლესიაში] იყო მაქსიმე, იოანეს თანაშემწე, მოფსუესტიაში - თეოდორე, ორივე ბრწყინვალე მოძღვარი იყო. საღვთო აკაკი, ბეროიას მმართველი, გაბრწყინდა გონებითა და ცხოვრებით. ლეონტი412 კი გალატელთა ერს მწყემსავდა და მრავალი სახის სათნოებით ბრწყინავდა.

 

თ ა ვ ი XXVIII

ღვთის მიმართ ამ ეპისკოპოსის კადნიერების შესახებ


[284]როდესაც დიდმა იოანემ ჩაიბარა ეკლესიის სადავეები, კადნიერად ამხილა ზოგიერთების მიერ ჩადენილი უსამართლობები, იმპერატორს და იმპერატრიცას შეაგონებდა, მღვდლებისგან მოითხოვდა არსებული კანონების თანახმად მოაქალაქობას. მათ, ვინც ამ კანონების დარღვევას გაბედავდა, ტაძარში შესვლას უკრძალავდა. ამბობდა, რომ არ იყო საჭირო მღვდლის პატივით დამტკბარიყო ის, ვინც არ ეშურებოდა ჭეშმარიტი მღვდლის ცხოვრების წესს. ამ მზრუნველობას იჩენდა არა მხოლოდ ამ ქალაქში, არამედ მთელ თრაკიაშიც, რომელიც ექვს პროვინციად იყო დაყოფილი, და ასევე მთელ ასიაში, რომელიც თერთმეტი მმართველის მიერ იმართებოდა. გარდა ამისა, პონტოც შეამკო ამ კანონებით, რომელსაც იმდენივე მმართველი ჰყავდა, რამდენიც ასიას413.

 

თ ა ვ ი XXIX

მის მიერ ფინიკიაში დანგრეული კერპთა ტაძრების შესახებ


როდესაც შეიტყო, რომ ფინიკია ჯერ კიდევ გაშლეგებული იყო დემონთა მსახურებების მიმართ, საღვთო შურით გულანთებული ასკეტები შეკრიბა, საიმპერიო კანონებით აღჭურვა და კერპთა საკურთხევლების წინააღმდეგ გაგზავნა. მათი დამანგრეველი ხელოსნებისთვის და მათი მსახურებისთვის სახარჯი ფული არათუ საიმპერიო ხაზინიდან აიღო და დახარჯა, არამედ დაარწმუნა სიმდიდრით მოქადული და რწმენით გაბრწყინებული ქალები, რომ უხვად გაეღოთ ფული, და უჩვენა ამ გაწეული ხარჯისგან აღმოცენებული კურთხევა. ასე რომ, დემონთა შემორჩენილი ტაძრები ამ გზით საძირკვლიანად დაანგრია414.


თ ა ვ ი XXX

გოთების ეკლესიის შესახებ


[285]როდესაც დაინახა, რომ სკვითთა ერი არიანული ბადით იყო მოსათხევლებული, თავადაც გაუმართა საპირისპირო ბრძოლა და გამონახა მათი მონადირების გზა. რადგან მათ ენაზე მოსაუბრეები ხუცესებად, დიაკვნებად და საღვთო სიტყვების მკითხველებად დააყენა, ერთი ეკლესია415 გამოუყო მათ და მათი მეშვეობით მრავალი შეცთომილი მოინადირა. თვითონ ხშირად მიდიოდა იქ და საუბრებს მართავდა, ორივე ენის მცოდნე თარჯიმანს იყენებდა და ამ საქმისათვის მეტყველების სხვა მცოდნეებიც შეამზადა. ამას იქმოდა ქალაქის შიგნით და მრავალი მოტყუებელი გადაარჩინა, უჩვენა რა სამოციქულო ქადაგების ჭეშმარიტება.

 

თ ა ვ ი XXXI

სკვითიისათვის მის მიერ გამოჩენილი მზრუნველობის შესახებ, ასევე მარკიონიტების წინააღმდეგ გამოჩენილი მოშურნეობის შესახებ


როდესაც შეიტყო, რომ ისტროსთან დასახლებულ ზოგ მომთაბარეს ხსნა სწყუროდა, მაგრამ აკლდათ წყლის მიმწოდებელი, გამოძებნა სამოციქულო შრომისმოყვარეობისათვის მოშურნე კაცები და ისინი დაუდგინა მათ. მე წაკითხული მაქვს წერილები, რომლებიც მან ანკვირიის ეპისკოპოს ლეონტის მისწერა, და რომლის მეშვეობით ცხადყო სკვითების მოქცევა, და სთხოვა მათზე მზრუნველობისათვის სათანადო კაცების გაგზავნა. შეიტყო, რომ მარკიონის სენმა შეუტია რომელიღაც სოფლებს ჩვენს მხარეში და მისწერა იმ დროს იქ ვინც მწყემსავდა და შეაგონებდა, რომ სენი გაენადგურებინა; ესწრაფოდა, რომ საიმპერიო კანონებიდანაც მიეღო შეწევნა. [286]თუ როგორ მზრუნველობას ატარებდა სულში ეკლესიებზე, საღვთო მოციქულის თანახმად ამას ესეც საკმარისად გვასწავლის (ის. 2 კორ. 11.28).

შესაძლებელი არის მისი კადნიერების გაგება სხვა [წყაროდანაც].

 

თ ა ვ ი XXXII

გაინას თხოვნისა და იოანე ეპისკოპოსის პასუსის შესახებ


იმ დროს სარდალი იყო ვინმე გაინა, ტომით სკვითი, ხოლო აზროვნებით ბარბაროსი და ტირანული გონების მქონე. მას მრავალი თანატომელი ხელქვეითი ყავდა და მათთან და რომაელებთან ერთად ცხენოსან და ქვეით ჯარს მიუძღოდა. მისი ეშინოდა არა მხოლოდ ყველა სხვას, არამედ თვით იმპერატორსაც, ეჭვობდა მის მიერ ტირანიის ხელში ჩაგდებას.

იგი იყო არიანული მანკიერების თანაზიარი და იმპერატორს სთხოვა, მისთვის მიეცა ერთი საღვთო ტაძარი. მან მიუგო, რომ ნახავდა, და აღუთქვა სურვილის აღსრულება. გაუგზავნა იოანეს და აცნობა, რასაც ითხოვდა იგი, შეახსენა მისი ძალაუფლება და გაკვრით ახსენა მისი სწრაფვა ტირანიისაკენ, და სთხოვა, რომ [ტაძრის] მიცემით ლაგამი ამოედო ბარბაროსის გულისწყრომისათვის416. ამ კეთილშობილმა კაცმა მიუგო: "იმპერატორო, ნუ შეპირდები ასეთ რამეს, ნუ ბრძანებ, რომ წმინდა მისცენ ძაღლებს (შდრ. მათ. 7,6). ვერ ავიტანთ, რომ ღმერთი სიტყვის ღვთისმეტყველები და მგალობლები გაიყვანო, და მის მგმობელებს გადაეცეს ღვთის ტაძარი. იმპერატორო, ნუ გეშინია მაგ ბარბაროსის, არამედ ორივეს მოგვიხმე, მეც და ისიც, შენ ჩუმად იყავი და ყური უგდე საუბარს. მე ამოვდებ მას ლაგამს და დავარწმუნებ, საერთოდ არ ითხოვოს ის, რისი მიცემაც უსარგებლოა".

[287]როდესაც ეს მოისმინა იმპერატორმა, ეამა და მოგვიანებით ორივეს მოუხმო. გაინა ითხოვდა პირობის შესრულებას. დიდმა იოანემ მიუგო, რომ კეთილმსახურების ამომრჩევ იმპერატორს არ ძალუძდა ღვთის წინაღმდეგ დანაშაულის ჩადენა. როდესაც იგი ამბობდა, რომ საჭირო იყო, მას ჰქონოდა სამლოცველო, დიდმა იოანემ უთხრა: "შენთვის ყველა ღვთის სახლის კარი ღია არის და არავინ გაკავებს, რომ არ ილოცო, როცა ინებებ", გაინამ მიუგო: "მაგრამ მე სხვა დაჯგუფებას მივეკუთვნები და ვითხოვ, რომ მათთან ერთად ერთი ღვთის სახლი მქონდეს, და მეტად სამართლიანადაც ვითხოვ, როდესაც რომაელთა გულისთვის მრავალი საომარი ბრძოლა მაქვს გადატანილი". მან მიუგო: "მაგრამ გაქვს ღვაწლზე უფრო დიდი საზღაური, რადგან სარდალი ხარ და კონსულის მოსასხამით ხარ ღირსქმნილი. უნდა დაუკვირდე, ვინ იყავი წინათ და აწ რა გახდი, - წინანდელი უპოვარება და ახლანდელი სიმდიდრე, თუ როგორი სამოსელი გეცვა ისტროსის გადმოლახვამდე და აწ როგორი გმოსავს. ასე რომ, დაუკვირდი, თუ რა მცირე არის ღვაწლი, და რამოდენა - ჯილდო, ნუ იქნები უმადლო პატივისმცემელთა მიმართ". ასეთი სიტყვები წარმოთქვა მსოფლიოს მოძღვარმა, პირი დაუყო გაინას და აიძულა დადუმებულიყო. გარკვეული დროის შემდეგ მან გამოააშკარავა თავის ადრინდელი სწრაფვა ტირანიისაკენ და ჯარი შეკრიბა თრაკიაში, დიდი ნაწილი მიიტაცა და შთანთქა. როდესაც ეს შეიტყვეს, ყველა შეშინდა, მმართველებიც და მმართველობის ქვეშ მყოფნიც, მის წინააღმდეგ გალაშქრებას არც განიზრახავდა ვინმე, არც იმას ფიქრობდა, რომ უსაფრთხო იქნებოდა მასთან ელჩად მისვლა, რადგან ყოველი მათგანი ეჭვობდა, რომ ბარბაროსული აზროვნების კაცი იყო.

 

თ ა ვ ი XXXIII

გაინასთან მისი ელჩობის შესახებ


[288]მაშინ როცა ყველამ შეშინებულმა მიატოვა, ეს დიდი კაცი დარწმუნდა, რომ ელჩობა მას უნდა აეღო თავის თავზე. მან არაფრად ჩათვალა წარმოქმნილი დაპირისპირება. არც აქედან აღმოცენებული უთანხმოება, და სწრაფად გაემართა თრაკიისაკენ. როდესაც მან შეიტყო ელჩის მოსვლა, და იაზრა კეთილმსახურების გამო მის მიერ გამოჩენილი სიმამაცე, შორიდან მოსწრაფედ შეეგება მას, თავისი მარჯვენა თვალებზე დაადო და შვილები მის წმინდა მუხლებთან მიიყვანა. ბუნებით ასეთია სათნოება, რომ ყველაზე მეტად არაკეთილმოსურნესაც მოწიწებას გაუჩენს და შეძრავს.

მაგრამ შურმა ვერ აიტანა მისი ფილოსოფიის ელვარება, და თავისი ხრიკების გამოყენებით საიმპერიო ქალაქს, უფრო კი მთელ მსოფლიოს, მოაკლო მისი ენა და გონება417.

 

თ ა ვ ი XXXIV

ოქროპირის გამო მომხდარი მოვლენების შესახებ


როდესაც მე ისტორიის ამ ნაწილში ვიმყოფები, არ ვუწყი, რას უნდა განვიცდიდე. განვიზრახავ, მოგითხროთ მის წინააღმდეგ ჩადენილი უსამართლობა, მაგრამ უსამართლობის ჩამდენთა სხვა სათნოებასაც ვერიდები. ამიტომ ვეცდები მათი სახელის დაფარვას418. მათ ჰქონდათ მტრობის სხვადასხვა საბაბი, არ სურდათ ამ კაცის მოკაშკაშე სათნოების ხედვა. მონახეს რომელიღაც უბადრუკი ბრალმდებლები და აშკარა ცილისწამების მხილველებ[289]მა ქალაქიდან შორს გამართეს კრება და გამოიტანეს განაჩენი419".

იმპერატორმა, ვინაიდან დაუჯერა მღვდლებს, ბრძანა მისი ქალაქიდან შორს გადასახლება. მან კი არც ბრალდებები მოისმინა, არც თავი დაიცვა, და  თითქოს ბრალდებებით მხილებული იძულებული გახდა, ქალაქი დაეტოვებია420 და ჩავიდა პონტოს პირას მდებარე იერონში, ასე ეწოდებოდა ამ ნავსაყუდელს.

ღამით მოხდა უდიდესი მიწისძვრა, იმპერატრიცა შიშმა მოიცვა და დილიდან ელჩები გაუგზავნა გაძევებულს, სთხოვდა, სწრაფად ჩამოსულიყო ქალაქში და საფრთხე აერიდებია ქალაქისთვის. მათ შემდეგ სხვებიც გაგზავნა, მათ შემდეგ კი - სხვები, და ბოსფორი სავსე იყო წარგზავნილთაგან. როდესაც ეს შეიტყო ღრმად მორწმუნე ერმა, ბორნებით დაფარა პროპონტიდის პირი. ყველა ეგებებოდა და ცვილის სანთლებს ანთებდა. იმ დროს მის მოქიშპეთა საბრძოლო მწყობრი გაფანტული იყო421.

რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ შეიკრიბნენ სასჯელის ძალაში შესაყვანად, არა იმ ცრუ ბრალდებების გამო, არამედ განყენების შემდეგ ღვთისმსახურების აღსრულების საბაბით. იგი ამბობდა, რომ არც გასამართლებული ყოფილა, არც მოუსმენია ბრალდებები, არც თავი დაუცვია, არც მსჯავრის გამოტანას დასწრებია, არამედ იმპერატორის მიერ იქნა გაძევებული და შემდეგ კვლავ - მოხმობილი. როდესაც სხვა სინოდი შეიკრიბა, მის მტრებს არ მოუთხოვიათ მისი განსჯა, არამედ იმპერატორი დაარწმუნეს, რომ განაჩენი კანონიერი და სამართლიანი იყო, და იგი არა მხოლოდ ქალაქიდან გააძევეს, არამედ სომხეთის ერთ მცირე და უდაბურ დაბაში გაგზავნეს, მისი სახელი იყო კუკუზა. მაგრამ იქიდან წამოიყვანეს და პიტიუნტში გადაასახლეს, ის იყო პონტოსა და რომაელთა იმპერიის განაპირას და ემეზობლებოდა უსასტიკეს ბარბაროსებს. მაგრამ კაცთმოყვარე მეუფემ არ დაუშვა, რომ იმ კუნძულზე წაეყვანათ დიდებული ძლევის მომხვეჭი მორკინალი. რადგან როდესაც კომანში ჩავიდა, გადავიდა უბერებელ და დამწუხრებელ ცხოვრებაში422.

[290]მშვენიერად მებრძოლი სხეული დაიდო მოწამე ბასილისკოს საფლავის გვერდით, - სიზმარის მეშვეობით ეს ბრძანა ამ მოწამემ.

ვფიქრობ ზედმეტია, მოგითხროთ, თუ რამდენი ეპისკოპოსი განდევნეს მის გამო ეკლესიებიდან და დაასახლეს მსოფლიოს ამ დასალიერში, რამდენი ასკეტური ფილოსოფიის მოყვარულის მსგავსი ვნებები დაატეხეს თავს, - ეს თხრობას გააჭიანურებს. ისედაც ეფიქრობ, რომ საჭიროა შავ-ბნელი ამბების შემოკლება და თანამორწმუნეთა შეცდომების დაფარვა. უსამართლობის ჩამდენთაგან მრავალი მიეცა სასჯელს და სხვებსაც სარგებელი მოუტანა იმან, რისი მეშვეობითაც ევნენ. ეს უსამართლობა გამორჩეულად სძაგდათ ევროპის ეპისკოპოსებს, რადგან ამის ჩამდენნი განკვეთეს თავიანთი თანაზიარებისაგან, ილირიელებიც, ყველა მის მხარეზე იყო. აღმოსავლეთის ქალაქებიდან მრავალი გაურბოდა უსამართლობასთან ზიარებას, მაგრამ არ დაანაწევრეს ეკლესიის სხეული.

როდესაც აღესრულა მსოფლიოს დიდი მოძღვარი, დასავლეთის ეპისკოპოსებმა მანამდე არ მიიღეს ეგვიპტეში, აღმოსავლეთში, ბოსფორსა და თრაკიაში მცხოვრები ეპისკოპოსების თანაზიარება, ვიდრე ამ ღვთივშთაგონებული კაცის სახელი გარდაცვლილ ეპისკოპოსებთან ერთად არ დააწესეს. არსაკიოსი, რომელიც მის შემდეგ იყო, ვერ გახდა ღირსი იმისა, რომ მიეღო მოკითხვა, ატიკოსმა კი, არსაკიოსის მონაცვლემ, რომელმაც მრავალგზის ითხოვა მშვიდობის დამყარება, მოგვიანებით მიიღო, მას შემდეგ, რაც ჩაწერა მისი სახელი423.

 

თ ა ვ ი XXXV

ანტიოქიის ეპისკოპოს ალექსანდრეს შესახებ


[291]იმ ხანად ალექსანდრიის ეპისკოპოსი იყო კირილე424, თეოფილეს ძმისშვილი, რომელსაც წილად ხვდა საღვთო თავმჯდომარეობა. იერუსალიმის ეკლესიის თავმჯდომარეობა იოანეს ჰქონდა, ღირსადქებულ კაცს, რომელმაც შეცვალა კირილე, რომელიც წინათ ვახსენეთ. ანტიოქიის ეკლესიას მწყემსავდა ალექსანდრე, ვისი მოქალაქეობაც მღვდელმთავრობასთან თანხმობაში იყო. რადგან ეპისკოპოსობამდე ასკეტური წვრთნა ჰქონდა გავლილი და მეტად ნავარჯიშები იყო, ნამდვილ მებრძოლად იხილვებოდა, სიტყვითაც ასწავლიდა და სიტყვას ცხოვრებით განამტკიცებდა. მან შეცვალა პორფირი, რომელმაც ფლაბიანეს შემდეგ მიიღო ეს სადავეები, და კაცთმოყვარეობის მრავალი მოსახსენებელი დატოვა. იგი გამოირჩეოდა გონების სიმტკიცით. საღვთო ალექსანდრე მდიდარი იყო ასკეზითა და ფილოსოფიით, უპოვარი ცხოვრებით, მეტყველების სიმჭევრით და ათასობით სხვა მადლით. იგი იყო დიდი ევსტათის დაჯგუფებიდან, რომლის შეკრებას წინათ არ უშვებდა პავლინე, და მის შემდეგ ევაგრე. მან დარწმუნებითა და მოწოდებით დანარჩენ სხეულს შეუერთა და დააჩქარა დღესასწაული, რომლის მსგავსი არასოდეს უნახავთ. რადგან ყველა თანამორწმუნე და მრავალი მღვდელი მიიღო, და მივიდა კრებაზე. მიიღო მეფსალმუნეები და გალობის ერთიანი ჰარმონია აღმოუტევა. დასავლეთისკენ მიქცეული კარებიდან უდიდეს ტაძრამდე მთელი აგორა ადამიანებით გაივსო და წარმოაჩინა გონისმიერი მდინარე, რომელიც მის გვერდით მიმავალ მდინარეს ბაძავდა.

ამას უცქერდნენ იუდეველებიც და არიოზის მანკიერების მიმღებნიც, ასევე წარმართების უმცირესი ნაშთი; და მოთქვამდნენ და გოდებდნენ, და მწარედ ჩიოდნენ, როცა ხედავდნენ სხვა მდინარეებსაც ეკლესიის ზღვაში შემავალს. მან პირველმა დააწესა დიდი იოანეს სახელი საეკლესიო დიპტიხებში425.


თ ა ვ ი XXXVI

იოანეს ნეშტის გადმოსვენების შესახებ, ასევე იმპერატორ თეოდოსის და მისი დების რწმენის შესახებ

[292]გარკვეული ხნის შემდეგ მოძღვრის ნეშტი გადაიტანეს საიმპერიო ქალაქში. და კვლავ მორწმუნე ერი, რომელმაც ბორნების მეშვეობით ზღვა ხმელეთად აქცია, ბოსფორიდან პროპონტიდის პირამდე ლამპრებით დაფარა. ეს საუნჯე იმ ქალაქში მან მიიტანა, ვინც აწ იმპერატორი იყო და პაპის სახელს ატარებდა, და კეთილმსახურებას შეუბღალავად იცავდა426. მან კუბოს მიადო თვალები და შუბლი და მშობლების გამო ვედრება აღავლინა, მათთვის შენდობას შესთხოვდა. დიდი ხნის წინ დაეღუპა მშობლები და სრულებით ყმაწვილი დაობლებული იყო. მაგრამ მამათა და წინაპართა ღმერთმა არ დაუშვა, რომ მას ობლობა გამოეცადა. კეთილმსახურების საზრდოს წილმქონეობისთვის შეამზადა, იმპერია დაიცვა ამბოხისგან, თავისუფალი და ტირანულ ზრახვებს აღვირი ამოსდო. იგი მუდამ იხსენებდა ამ ქველმოქმედებას და ქველმოქმედს საგალობლებით მიაგებდა პატივს. გალობის თანაზიარი ჰყავდა დებიც427, რომლებიც ქალწულებრივი ცხოვრებით იწვრთნებოდნენ, და საღვთო სიტყვების შესწავლას უდიდეს განცხრომად თვლიდნენ, და ხელშეუხებელ საუნჯედ მიიჩნევდნენ გაჭირვებულთა დახმარებას. თვით იმპერატორი სხვა მრავალი [ნიჭებით] იყო შემკული, არა ნაკლები ჰქონდა კაცთმოყვარეობა, თვინიერება, სულის სიმშვიდე, რომელიც არ იწყნარებდა შფოთს, ასევე ჰქონდა უზადო და გამოცდილი სარწმუნოება. გიჩვენებთ ამის ნათელ მტკიცებულებას.

იყო ერთი კაცი, რომელიც ეწეოდა ასკეტურ ცხოვრებას. მას ვაჟკაცური გონება ჰქონდა და მივიდა იმპერატორთან რაღაც სათხოვარის გამო. მას შემდეგ, რაც ამას მრავალგზის იქმოდა და [293]მან არ მიიღო, მას აუკრძალა საეკლესიო თანაზიარება, საკვრელი დაადო და წავიდა. ღრმად მორწმუნე იმპერატორი შევიდა სასახლეში. როდესაც ჟამმა მოუხმო სანადიმოდ, თანამეინახეთა თანდასწრებით განაცხადა, რომ საკვრელის ახსნამდე არ იგემებდა საზრდოს. ამის გამო მისი ყველაზე ახლობელი ადამიანი გააგზავნა მღვდელმთავართან, სთხოვდა, ებრძანა საკვრელის დამდებისთვის მისი ახსნა. ეპისკოპოსმა უთხრა, რომ აუცილებელი არ იყო ყველასგან მიეღო საკვრელი, და განუმარტა, რომ ახსნილი იყო. მაგრამ მან არ მიიღო გახსნა, ვიდრე მრავალი შრომა-გარჯით თხოვნის შემდეგ თვითონ შემკვრელმა არ მისცა თანაზიარება. მას ასე სწამდა საღვთო კანონების. ამის გამო ბრძანა, რომ შემორჩენილი კერპების საკურთხევლები საძირკვლიანად დაენგრიათ, ისე რომ ჩვენს შემდეგ მომავალი თაობებისთვის პირვანდელი სიცრუის კვალიც აღარ ჩანდა. ეს აზრი ჩადო მათ შესახებ გამოცემულ კანონში. ამ კეთილი თესლების ნაყოფთ დიდი ხნის განმავლობაში კრეფდა, რადგან მზრუნველად ყოვლიერების მეუფე ჰყავდა.

მომთაბარე სკვითების მეთაურმა, როილასმა ძალიან მრავალრიცხოვანი ლაშქრით გადმოკვეთა ისტროსი, გააპარტახა და მიიტაცა თრაკია. იმუქრებოდა, რომ საიმპერიო ქალაქს ალყას შემოარტყავდა და პირველივე იერიშის მიტანისას აიღებდა და დაანგრევდა. მაგრამ ღმერთმა მოხედა ზემოდან და მეხი სტყორცნა, იგი დაიწვა და ლაშქარიც მთლიანად დაიღუპა. მსგავსი რამ გააკეთა სპარსელებთან ომშიც. როდესაც მათ შეიტყვეს რომაელთა მოუცლელობა, დაარღვიეს ზავი და გაილაშქრეს მათი მეზობლების წინააღმდეგ, რომელთაც ომში არავინ შეეწეოდა, რადგან მშვიდობაში დარწმუნებულმა იმპერატორმა სხვა ომებში გაგზავნა სარდლებიც და ლაშქარიც. ღმერთმა ღვარცოფი და სეტყვა დაუშინა, შეაფერხა მათი წინსვლა და დააბრკოლა ცხენების სრბოლა. რვა დღის განმავლობაში ვერ შეძლეს გადაელახათ იმავე რაოდენობის სტადიონი, ვიდრე სარდლები არ მივიდოდნენ და ჯარს შეკრებდნენ. პირველ ომში იმპერატორის სახელის მატარებელი ქალაქისთვის [294]ალყის შემორტყმისას სასაცილო სანახავი იყვნენ. მას შემდეგ, რაც ოცდაათ დღეზე მეტ ხანს მთელი ძალებით გარს იყვნენ შემორტყმული ბარარანის ზემოხსენებულ ქალაქზე, მრავალი ჰელეპოლი გამოიყენეს და ათასობით ხერხს მიმართეს, გარედან მაღალი კოშკებიც აღმართეს, წინააღმდეგობა მხოლოდ საღვთო მღვდელთმთავარმა გაუწია (მისი სახელი იყო ევნომიოსი), და დაარღვია მიდგმული მანქანების იერიში. როდესაც ჩვენმა სარდლებმა ომში ბრძოლაზე უარი განაცხადეს და ალყის ქვეშ მყოფთათვის დახმარების გაწევას ვერ ბედავდნენ, იგი დაირაზმა [მტრის] წინააღმდეგ და ქალაქი დანგრევისგან დაიცვა. როდესაც ერთ-ერთმა ბარბაროსმა მეფემ ჩვეული მკრეხელობა გაბედა, რაფსაკის და სენაქირიმის მიერ წარმოთქმული, და შლეგურად იმუქრებოდა, რომ გადაბუგავდა ღვთის ტაძარს, ამ ღვთის კაცმა ვერ აიტანა ეს სიცოფე და ბრძანა, ქვისმტყორცნელი მანქანა დაეყენებიათ ციხე-სიმაგრის ქონგურთან, რომელიც მოციქულ თომას თანამოსახელე იყო; ბრძანა, დიდი ქვა დაედოთ და დაგმობილის სახელით გაეშვათ. იგი პირდაპირ ურჯულო მეფეს დაეცა, უწმინდურ პირში მოხვდა, სახე დაულეწა, მთელი თავი შეუმუსრა და თავის შიგნეულობა მიწაზე გადმოინთხა. როდესაც ეს დაინახა მან, ვინც ჯარი შეკრიბა და ქალაქის აღების იმედი ჰქონდა, უკან გაბრუნდა, საქმით აღიარა მარცხი, და მისმა შიშმა მშვიდობა დაამყარა.

ამგვარად მფარველობს ყოვლიერების მეუფე მის მორწმუნე იმპერატორს. და ისიც აღიარებს მისადმი მონობას და შესაფერისადაც ემსახურება მეუფეს.


თ ა ვ ი XXXVII

ანტიოქიის ეპისკოპოს თეოდოტის შესახებ

[295]მსოფლიოს დიდი მნათობის ნეშტი მან გადასცა ამისთვის წადიერ ქალაქს. მაგრამ ეს მოხდა მოგვიანებით.

ინოკენტი, რომის ეს საუკეთესო ეპისკოპოსი, შეცვალა ბონიფაციუსმა; ბონიფაციუსი - ზოსიმემ, ზოსიმე - ცელესტინუსმა428. იერუსალიმში საკვირველი იოანეს შემდეგ პრავლიოსზე იქნა მინდობილი ეკლესიაზე მზრუნველობა, კაცზე, რომელიც თავისი სახელის შესაფერისი იყო. ანტიოქიაში საღვთო ალექსანდრეს შემდეგ ეკლესიის თავმჯდომარეობა მიიღო თეოდოტემ, სიწმინდის მარგალიტმა და თვინიერებით გამორჩეულმა, მოწესრიგებული ცხოვრებით შემკულმა. მან აპოლინარის დაჯგუფება დანარჩენ ცხვრებს შეურია, როდესაც ისინი დაჟინებით სთხოვდნენ, რომ გაერთიანებულიყვნენ სამწყსოსთან. მაგრამ მრავალი მათგანი დარჩა და ეპყრათ წინანდელი კარგად ცნობილი მანკიერება.

 

თ ა ვ ი XXXVIII

სპარსეთში დაწყებული დევნულებისა და იქაურ მოწამეთა შესახებ


იმ დროს სპარსელთა მეფემ, ისდიგერდმა429 ომი გააჩაღა ეკლესიების წინააღმდეგ, ხოლო საბაბი აქედან აიღო. იყო ეპისკოპოსი ვინმე აბდასი430, რომელიც მრავალი სახის სათნოებით იყო შემკული. მან მოშურნეობა გამოიჩინა და დაანგრია პირეიონი431. პირეიონს ისინი უწოდებენ ცეცხლის ტაძარს. რადგან ღმერთს ცეცხლად მიიჩნევენ. როდესაც მეფემ ეს შეიტყო მოგვებისგან, გააგზავნა აბდასთან, პირველად ალერსიანად დასდო [296]ბრალი მის მიერ ნამოქმედარს და უბრმანა, აეგო პირეიონი. მაგრამ როდესაც მან პასუხად უთხრა, რომ ამას არ გააკეთებდა, იგი დაემუქრა ყველა ეკლესიის დანგრევით. ბოლოს შეასრულა კიდეც მუქარა. პირველად ბრძანა ამ ღვთის კაცის მოკვლა, შემდეგ ეკლესიების დანგრევაზე გასცა განკარგულება. მე ვამბობ, რომ პირეიონის დანგრევა უჯერო იყო. რადგან საღვთო მთციქული, როდესაც ჩავიდა ათენში და დაინახა კერპებით სავსე ქალაქი, არცერთი მათ მიერ პატივდებული ბომონი არ დაუნგრევია, არამედ სიტყვით ამხილა მათი უგუნურება და აჩვენა ჭეშმარიტება. მაგრამ დანგრეულის აგებაზე უარის თქმა, და უფრო სიკვდილის არჩევა ვიდრე ამის გაკეთება, სრულ აღტაცებას იწვევს ჩემში და [მოწამეთა] გვირგვინებით მივაგებ პატივს. რადგან იგივე ცეცხლის თაყვანისცემად მიმაჩნია მისთვის საკურთხევლის აგება. აქედან დაიწყო ღელვა-ტეხვა, უმძიმესი და სასტიკი ტალღები დაიძრა კეთილმსახურებით გამოზრდილთა წინააღმდეგ, და ოცდაათი წლის განმავლობაში გასტანა ამ ღელვამ მოგვების მიერ როგორც რამ გრიგალისგან აბობოქრებელმა. სპარსელები მოგვებს უწოდებენ მათ, ვინც მნათობებს ღმერთებად ხდიან; მათი მითოლოგია სხვა ნაშრომში გვაქვს წარმოჩენილი, რომელშიც მათი საკითხები მაქვს გადაჭრილი

ისდიგერდის ძემ, ბარარანესმა მამის აღსასრულის შემდეგ მეფობასთან ერთად კეთილმსახურების წინააღმდეგ ომიც იმემკვიდრა, და მისი აღსასრულისას ორივე ერთმანეთთან შეუღლებული დაუტოვა თავის შვილს. ადვილი არ არის სასჯელთა იმ სახეობებისა და სატანჯველების გადმოცემა, რაც კეთილმსახურთ დაატყდა თავს. ზოგიერთს ტყავს აძრობდნენ ხელებზე, ზოგს - ზურგზე, სხვებს კი შუბლიდან მოყოლებული წვერებამდე კანისგან აშიშვლებდნენ. ზოგიერთი შუაზე გაყოფილი ლერწმით იყო დაფარული და გადაჭრილი ნაწილები სხეულში ჰქონდათ გაყრილი, შემდეგ მჭიდრო ბორკილები ჰქონდათ შემოვლებული თავიდან ფეხებამდე. თითოეულ ლერწამს ძალით ამოგლეჯდნენ, რათა [297]თან გაეყოლებია კანის ნაწილი და მწარე ტკივილი მიეყენებია. ორმოებს თხრიდნენ და მათ საგულდაგულოდ ქონავდნენ, თაგვების დიდ ხროვას ჩაამწყვდევდნენ და საკვებად კეთილმსახურების მორკინალთ უშვებდნენ, ხელებით და ფეხებით ბორკავდნენ, რათა მათგან ცხოველების განდევნა არ შეძლებოდათ. შიმშილით შეწუხებული თაგვები სწრაფად ანადგურებდნენ წმინდანების ხორცს და მათ ხანგრძლივ და მტკივნეულ ტანჯვას აყენებდნენ. და სხვაც ამათზე უფრო მძიმე ტანჯვებიც მოიგონეს მათ, რომლებსაც მოძღვრად ყავდათ ბუნების გამანადგურებელი და ჭეშმარიტების მტერი. მაგრამ ვერ გატეხა მორკინალთა ახოვნება. რადგან თვითონვე მირბოდნენ, ეწადათ, მიეღოთ განუქარვებელი სიცოცხლის მომტანი სიკვდილი. ორს თუ სამს გავიხსენებ, რათა მათი მეშვეობით ვაჩვენო სხვათა სიმამაცე. იყო ვინმე ჰორმიზდი, სპარსელებთან მეტად წარჩინებული, აქემენიდების ჩამომავალი კაცი, მამა პრეფექტი ყავდა. როდესაც მეფემ შეიტყო, რომ ის ქრისტიანი იყო, მოიყვანა და უბრძანა, უარეყო მხსნელი ღმერთი. მან მიუგო, რომ არც სამართლიანი და არც სასარგებლო იყო მეფის ბრძანება: "ვინც ისეა აღზრდილი, რომ ადვილად უგულებელყოფს ყოვლიერების ღმერთს და უარყოფს მას, მისთვის ადვილი იქნება მეფის უგულებელყოფაც, რადგან იგი ადამიანია და მოკვდავი ბუნების მემკვიდრე. მეფეო, თუ უკიდურესი სასჯელის ღირსია შენი სკიპტრის უარმყოფელი, რამდენად უფრო მეტად ტანჯვების ღირსია ყოველთა შემოქმედის უარმყოფელი". იმპერატორმა, რომელსაც უნდა გაკვირვებოდა მისი სიბრძნე და სიმამაცე, სიმდიდრისგან და ღირსებათაგან განძარცვა ეს ნამდვილი მორკინალი. შიშველს, მხოლოდ თეძოს სახვევით დარჩენილს უბრძანა გაერეკა ლაშქრის აქლემები. მრავალი დღის შემდეგ, როდესაც თავისი ოთახიდან იყურებოდა, დაინახა ეს კეთილშობილი კაცი მზის სხივებით დამწვარი და მტვრით სავსე, და გაიხსენა მისი მამის წარჩინებულობა, მოიყვანა და ბრძანა სელის ქიტონი ჩაეცვათ მისთვის. შემდეგ იფიქრა, რომ წინანდელი ჯაფისაგან და მის მიერ გამოჩენილი [298]კაცთმოყვარეობით დაურბილდა გონება, და უთხრა: "აწ გათავისუფლდი ამ დაპირისპირებისგან და უარყავი დურგლის ძე". მან საღვთო მოშურნეობით შეძრულმა შემოიხია მოსასხამი და მწარედ დასძინა: "თუ ფიქრობ, რომ ამით განმაყენებ კეთილმსახურებისგან, შენვე გქონდეს ეს ძღვენი უღმერთობასთან ერთად". როდესაც მეფემ იხილა მის სიმამაცე, ასე შიშველი გააძევა სამეფოდან. ასუენეც, ათასი მსახურის ბატონი, შეეწინააღმდეგა მას, და უარი განაცხადა შემოქმედის უარყოფაზე. მეფემ ჰკითხა, თუ ვინ ჰყავდა ყველაზე ცუდი მსახური, და მას გადასცა სხვებზე ბატონობა, ხოლო ბატონს უბრძანა, მას დამონებოდა. ქალბატონად მას შერთო ბატონის მეუღლე, ფიქრობდა, რომ ამით გადაარწმუნებდა ჭეშმარიტების წინამბრძოლს, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. რამეთუ მას სახლი ქვაზე ჰქონდა დაშენებული (მათ. 7,24).

მან ასევე შეიპყრო ვინმე ბენიამინი, დიაკონი, და ჩაამწყვდია. ორი წლის შემდეგ ჩამოვიდა რომაელთა ელჩი, რომელიც სხვა საქმეების გამო შუამავლობდა. როდესაც მან ეს შეიტყო, მეფეს სთხოვა დიაკვნის გამოშვება. მეფემ უბრძანა ბენიამინს, პირობა დაედო, რომ არცერთ მოგვს არ ასწავლიდა ქრისტიანულ მოძღვრებას. ელჩი ბენიამინისგან ითხოვდა ბრძანების დაცვას. მაგრამ ბენიამინმა მოისმინა რა ელჩის დარიგება, თქვა: "არ ძალმიძს, არ გადავცე ის ნათელი, რასაც ნაზიარები ვარ. რამეთუ წმინდა სახარების ისტორია გვასწავლის, თუ რამდენად დიდი სასჯელის ღირსია ტალანტის დაფარვა" (მათ. 25.25). მაგრამ მეფემ იმ დროს არ იცოდა მისი ამ სიტყვების შესახებ და ბრძანა მისთვის ხუნდების ახსნა. ის კი აღასრულებდა ჩვეულ საქმეს და უმეცრების წყვდიადით მოცულებს აცოცხლებდა და გონისმიერ ნათელთან432 მიყავდა. ერთი წლის შემდეგ მეფეს ეუწყა მის მიერ ჩადენილი საქმეები. მოიყვანა იგი და უბრძანა, უარეყო ის, ვისაც თაყვანს სცემდა. მან ჰკითხა მეფეს, თუ რისი ღირსი იყო ის, ვინც საკუთარ სამეფოს მიატოვებდა და სხვას ირჩევდა. მან მიუგო - "სიკვდილის და უკიდურესი სასჯელის". მაშინ ამ უბრძენესმა კაცმა უთხრა: "ასე [299]რომ, როგორ არ ევნება სამართლიანად ადამიანს, რომელიც შემოქმედსა და დამბადებელს მიატოვებს, ერთ-ერთ მის თანამონას ღმერთად გახდის და იმისთვის თანამდებ მსახურებას ამას მიაგებს?“ მეფე განრისხდა ასეთ სიტყვებზე და ოცი წამახული ლერწმის ღერო ხელებისა და ფეხების ფრჩხილებში გაუყარა. როდესაც დაინახა, რომ ამ სასჯელს იგი გართობათ თვლიდა, კვლავ სხვა წამახული ლერწმის ღერო გაუყარა შვილისმქმნელ ასოში433, და განუწყვეტლივ გამოჰქონდათ და შეჰქონდათ შიგნით, რაც ენითუთქმელ ტკივილებს აყენებდა. ამ სასჯელის შემდეგ ამ უღმერთომ და მხეცის მსგავსმა ბრძანა, რომ მსხვილი ჯოხი, ყველა მხრიდან დატოტვილი, საჯდომიდან შიგნით გაეყარათ. ასე მიაბარა სული ჭეშმარიტმა მებრძოლმა.

ამის მსგავს სხვა ათასსაც სჩადიოდნენ ეს უღმერთოები. არ უნდა გვიკვირდეს, რომ მათ სიმხეცესა და უღმერთობას ითმენდა ყოვლიერების განმგებელი; რადგან კონსტანტინე დიდის ზეობამდე ვინც კი რომაელი იმპერატორი იყო, ყველა ჭეშმარიტების მიმდევრების წინააღმდეგ მძვინვარებდა. დიოკლეტიანემ მხსნელის ვნებების დღეს რომაელთა მთელ იმპერიაში დაანგრია ეკლესიები. მაგრამ ცხრა წლის შემდეგ ისინი აყვავდა და მრავალგზის უფრო მეტი სიდიადე და მშვენიერება მიიღო, ხოლო იგი უღმერთობასთან ერთად ჩაქრა.

მეუფემ გვიწინასწარმეტყველა ეს ომებიც და ეკლესიის დაუმარცხებლობაც. და თვით საქმეებიც გვასწავლის ჩვენ, რომ ჩვენთვის მშვიდობაზე მეტად ომს მოაქვს სარგებელი. რადგან მშვიდობა ჩვენ გაფუფუნებულს, სასტიკსა და მხდალს გვხდის, ხოლო ომი აღაგზნებს ჩვენს ვაჟკაცობას და გვაყალიბებს ისეთად, რომ აწმყოს, როგორც წარმავალს, არად ვაგდებთ. მაგრამ ეს ხშირად გვითქვამს სხვა თხზულებებში.

 

თ ა ვ ი XXXIX

მოფსუესტიის ეპისკოპოს თეოდორეს შესახებ


[300]იმ დროს, როცა საღვთო თეოდოტე მართავდა ანტიოქიის ეკლესიას, აღესრულა მოფსუესტიის ეპისკოპოსი თეოდორე, მთელი ეკლესიის მოძღვარი და ყველა მწვალებლური ფალანგების წინააღმდეგ საუკეთესო მებრძოლი. იგი ტკბებოდა დიდი დიოდორეს მოძღვრებით, ხოლო უსაღვთოესი იოანე მისი მეგობარი და თანაშემწე იყო, რადგან ერთად ტკბებოდნენ დიოდორეს სულიერი წყაროთი. მან ოცდათექვსმეტი წელი გაატარა [ეკლესიის] თავმჯდომარედ, არიოზისა და ევნომიოსის ფალანგების წინააღმდეგ ილაშქრებდა და აპოლინარის ავაზაკთა რაზმს ებრძოდა, და ღვთის ცხვრებს საუკეთესო ბალახს აწვდიდა434. მისი ძმა პოლიქრონიოსი საუკეთესოდ მწყემსავდა აპამეის ეკლესიას, იყენებდა რა სიტყვის მადლსა და ცხოვრების ბრწყინვალებას.

მე ჩემს ნაშრომს აქ შევწყვეტ,მკითხველს ვთხოვ, ლოცვებით მომიზღას გაწეული შრომისათვის. ეს ისტორია მოიცავს ასხუთწლიან პერიოდს, იწყება არიოზის სიშლეგიდან და სრულდება ღირსადქებული კაცების, თეოდორესა და თეოდოტის აღსასრულით. ჩამოვთვლი წესისა და რიგის მიხედვით დევნულების შემდეგ დიდი ქალაქების წინამძღვართ.


დიდი ქალაქების მმართველ ეპისკოპოსთა ჩამონათვალი

[301]რომაელთა [ეპისკოპოსები]: მილტიადე, სილვესტრი, იულიუსი, ლიბერიუსი, დამასი, სირიკიუსი, ანასტასი, ინოკენტი, ბონიფაციუსი, ზოსიმე, ცელესტინუსი.

ანტიოქელთა ეპისკოპოსები: ვიტალიუსი, ფილოგონიოსი, ევსტათი, - ესენი არიან მართლმადიდებლები; შემდეგ არაინელები: ევლალიოსი, ევფრონიოსი, ფლაკიტოსი, სტეფანე, ლეონტი, ევდოქსიოსი; შემდეგ მართლმადიდებლები: მელეტი, ფლავიანე, პორფირი, ალექსანდრე, თეოდოტე, მათ შეუერთდნენ ევსტათის დაჯგუფებიდან პავლინე და ევაგრე.

ალექსანდრიელთთ პეტრე, აქილასი, ალექსანდრე, ათანასე, არიანელი გრიგოლი, შემდეგ კვლავ ათანასე, მწვალებელი გიორგი, შემდეგ კვლავ ათანასე, ათანასეს მოწაფე პეტრე, შემდეგ არიანელი ლუკიოსი, შემდეგ კვლავ პეტრე, ტიმოთე, თეოფილე, თეოფილეს ძმისშვილი კირილე.

იერუსალიმის ეპისკოპოსები: მაკარი, მაქსიმე, კირილე, იოანე, პრავლიოსი, იუბენალი.

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსები: ალექსანდრე, არიანელი ევსები ნიკომიდიელი, გადასვლის შემდეგ, მის შემდეგ პავლე აღმსარებელი, მაკედონიოს სულთანმბრძოლი435. იგი გააძევა უღმერთო ევდოქსიოსმა და დაიპყრო ეკლესია; დემოფილე, თრაკიის მწვალებლური ქალაქიდან, ბეროადან, გრიგოლ ნაზიანზელი, ნექტარიოსი, იოანე ოქროპირი, არსაკიოსი, ატიკოსი, სისინიოსი.

-------------------------------------------------------------------------

თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: J. P. Migne, Patrologiae Cursus Completus, Patrologiae Graecae Tomus 82, p. 881-1280.

შენიშვნები

367[348]გრაციანე ავგუსტუსად გამოცხადებულ იქნა ვალენტინიანეს მიერ 367 წელს 9სოკრატე, დასახ. ნაშრ., IV. 11. სოძომენე, დასახ. ნაშრ. VI. 10). ის ავიდა ტახტზე ბრეგეტიოში ვალენტინიანეს სიკვდილის შემდეგ, 375 წლის 17 ნოემბერს. მან დააკავშირა თავისი ძმა ვალენტინიანე II მასთან და შეცვალა მისი ბიძა ვალენტი 378 წლის 9 აგვისტოს. 379 წლის 19 იანვარს მან დაასახელა თეოდოსი ავგუსტუსად.

368 - აპოლინარი ლაოდიკიელი ქრისტეს განუკუთვნებდა ადამიანის სხეულს და ადამიანის სულს, მაგრამ არა გონისმიერ სულს. მის ადგილას იგი აყენებდა ღვთის სიტყვას (ლოგოსს). იგი ამბობდა, რომ სიტყვა გახდა ხორცი და არა სული, ღმერთი გაცხადდა ხორცში და არა სულში. მისი შრომები ათანასე დიდის სახელითაც ვრცელდებოდა, რამაც შეცდომაში შეიყვანა წმ. კირილე ალექსანდრიელი და მისი ერთ-ერთი ნაშრომიდან გადმოიღო შემდეგი დოგმატური ფორმულირება: "ერთი ბუნება განხორციელებული ღმერთი სიტყვის". მართალია წმ. კირილეს მასში სრულიად საღ სწავლებას დებდა, და გამონათქვამებიც მოგვიანებით კიდევ უფრო ღახვეწა, მაგრამ აქედან წარმოიშვა "მონოფიზიტობა". როგორც თვითონ სიტყვა გვიჩვენებს, ამ სწავლების მიმდევრები აღიარებდნენ უფალს იესო ქრისტეს ერთ ბუნებას, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინოპოლელ არქიმანდრიტ ევტიქისა და მისი მიმდევრების გარდა სხვა მონოფიზიტები აღიარებდნენ ქრისტეში ორი არსის საღვთოსა და ადამიანურის არსებობას. მაგალითად, მართლმადიდებლურ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი (მოგვიანებით ისინი მრავალ განშტოებად დაიყვნენ) გამოჩენილი ღვთისმეტყველი სევეროს ანტიოქელი ასწავლიდა, რომ ქრისტე იყო ღმერთის თანაარსი საღვთო არსის მიხედვით და ადამიანთა თანაარსი ადამიანური არსის მიხედვით. იგი თანამედროვე "მონოფიზიტების", ანუ ქალკედონამდელი ქრისტიანების მიერ წმინდანად არის შერაცხილი და მის სწავლებებს სრულად იზიარებენ.

369 - იგულისხმება საეპისკოპოსო ტახტი, სავარძელი.

370 - ეს იოანე იყო პრეფექტი კონსტანტინოპოლში 381 წელს. კარგად [349]ცნობილი იოანე აპამიელი იყო V საუკუნის ასკეტი, რომლის შრომების ფრაგმენტები შემორჩენილი არის სირიულ ხელნაწერებს შორის ბრიტანეთის მუზეუმში.

371 - სავარაუდოდ ეს იყო სტეფანე გერმანიკელი.

372 - ევსების მოწამეობრივი აღსასრული აღინიშნება 22 ივნისს.

373
- ეს იყო დაახლოებით 379 წელს, როდესაც გრიგოლი პირველად ჩავიდა კონსტანტინოპოლში და ქადაგებდა კერძო სახლში, რომელიც მისთვის იყო "სილოამი, სადაც იდგა აღთქმის კიდობანი, "ანასტასია", აღდგომის ადგილი" (42-ე სიტყვა). აქედან "ანასტასია" ეწოდა სახელგანთქმულ ტაძარს, რომელიც აიგო ამ მეტად მცირე ზომის სახლის ადგილზე.

374 - 381 წლამდე გრიგოლი ეხმარებოდა მამამისს ნაზიანზის ეკლესიაზე ზრუნვის საქმეში, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ დროებით თავის თავზე აიღო მისი საყდრის მმართველობა.

375 - ნიკეის 15-ე კანონი კრძალავს რომელიმე ეპისკოპოსის, ხუცესის ან დიაკონის ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლას.

376
- იხ. წმ. გრიგოლის XXVI სიტყვა.

377
- ჰელადიოსი იყო მართლმადიდებელი, მაგრამ მნიშენელოვან ვითარებებში დაუპირისპირდა გრიგოლ ნაზიანზელს და გრიგოლ ნოსელს.

378 - სინოდალური ეპისტოლე.

379 - ე.ი. სულიწმინდის წინააღმდეგ მებრძოლები. ასე უწოდებდნენ მათ, რომლებიც სულიწმინდას ქმნილებად მიიჩნევდნენ, ე. წ. [350]მაკედონიანელთა მწვალებლობის მიმდევრებს. 

380 - περὶ τῶν οἰκονομιῶν... ἐν ταῖς 'Εκκλησίαις.

381
- ფოტინოსი იყო მარკელოს ანკვირელის მოწაფე. ის ანათემირებულ იქნა სირმიის კრებაზე 349 წელს.

382 - იგულისხმება, რომ ქრისტე გახდა პირველი, ვინც აღდგა მკვდრეთით საუკუნო ცხოვრებისათვის, რითაც მყარი იმედი მისცა მთელ კაცობრიობას, რომ ისინიც აღდგებიან მკვდრეთით.

383 - ვალენტინიანე II, ძე ვალენტინიანე I-ისა და იუსტინასი, დაიბადა 371 წ. 

384
- მაგნუს მაქსიმუსი მეფობდა 383 წჩღიდან 388 წლამდე. თეოდოსის მსგავსად ის იყო ესპანელი.

385
- იუსტინა მაგნენციუსისგან დაქვრივდა 353 წელს, შემდეგ ცოლად გაყვა ვალენტინიანე I-ს დაახლოებით 368 წ. მისი პირველი დაპირისპირება წმ. ამბროსისთან მოხდა სავარაუდოდ 380   წ. სირმიაში. 383 წელს გრაციანეს მოკვლის შემდეგ მაქსიმემ ოთხი წლის განმავლობაში დაუტოვა ყმაწვილ ვალენტინიანეს იტალია მფლობელობაში ამბროსის თხოვნისადმი პატივისცემის გამო. ამ დროს მოხდა, რომ პასექის დღესასწაულზე, 385 წ. იუსტინამ გამოიჩინა უმადურობა და შეუტია ეპისკოპოსს: მოითხოვა ტაძარი არიანელებისათვის.

386
- τῇ πνευματικῇ νομοθεσίᾳ.

387
- ეს დაპირისპირება თვითონ ამბროსის აქვს აღწერილი ვალენტინიანეს და მისი დის, მარცელინას მიმართ მიწერილ ეპისტოლეებში, ეპ. XX, XXI.

388 - [351]387 წელს, პასექის შემდეგ.

389 - ვალენტინიანე და დედამისი გაიქცნენ თესალონიკში.

390
- არკადიუსი ავგუსტუსად გამოცხადებულ იქნა 383 წელს. თეოდოსიმ ედიქტი გამოსცა მწვალებლების წინააღმდეგ ამავე წლის სექტემბერში. სოძომენე (7, 6) მოგვითხრობს ამბავს ერთი უცნობი მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც იყო რომელიღაც მიყრუებული ქალაქის მღვდელი, ლიტონი და გაუნათლებლი. ცნობილი მკვლევარი, ლაითფუტი შენიშნავს: "ეს არ ჰგავს ამფილოქეს, რაც შეუძლებელს ხდის, რომ ის ყოფილიყო ".

391
- იგულისხმება იმპერატორის რისხვა.

392 -  αὐτονομός, ძველი შესატყვისია "თვითრჩული", ე.ი. როცა თავად არის საკუთარი თავის კანონი.

393
- ლათ. magister officiorum, ინგ. controller იf the househიld.

394
- იგულისხმება ადამიანი, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.

395
- ელია ფლაკილა ავგუსტა, იმპერატრიცა და წმინდანი. ბერძენ ისტორიკოსებთან მოხსენიებულია როგორც პლაკილა, ფილოსორგეესთან - პლაკიდა. ის გარდაიცვალა სკოტუმისში, თრაკიაში, 385 წ.-ის 14 სექტემბერს. აჯანყება მოხდა 390   წ.

396
- თეოდორიტე არ მისდევს ისტორიული ფაქტების ქრონოლოგიას, როგორც ითვა თესალონიკის ამბოხება მოხდა 390 წ., ხოლო ანტიოქიის - 387 წ.

397
- უფრო დაწვრილებით ამ ამბოხების შესახებ იხილეთ წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებები "ქანდაკებების შესახებ".

398 [352]ბრბომ გაძარცვა აბანოები, დაამსხვრიეს ჩამოკიდებული ლამპრები, თავს დაესხა პრეტორიუმს, შეურაცხყვეს იმპერატორის პორტრეტი, კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს თეოდოსის და მისი გარდაცვლილი მეუღლის ბრინჯაოს ქანდაკებები და დაათრევდნენ ქალაქის ქუჩებში.

399 - სირიის სანაპიროზე მდებარე ლაოდიკია. ქალაქს ასე ეწოდა სელევკოს ნიკატორის დედის საპატივცემულოდ (ამჟამად ლატაკია).

400 - ძნელია დავეთანხმოთ თეოდორიტეს, რადგან თეოდოსიმ ამბროსის რჩევა მიიღო თესალონიკის ამბოხების შემდეგ, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მოხდა ანტიოქიის ამბოხებიდან სამი წლის შემდეგ

401 - იგივე ღვთაება ზევსი.

402 - ἐπιθεὶς τοῦ σταυροῦ τὸν τύπον τῷ ὑδατι.  - სიტყვ. წყალს დაადო ჯვრის გამოსახულება.

403
- ნეაპოლის მუზეუმში ინახება არტემიდეს ქანდაკების ნაწილი, რომელიც ნაპოვნი იქნა პომპეის ფორუმის მახლობლად. ქანდაკების თავის უკანა მხარეს არის ხვრელი, რომლის მეშვეობით ქურუმები სავარაუდოდ გამოთქვამდნენ ქალღმერთის "წინასწარმეტყველებებს".

404
- ვალენტინიანე II დაიხუთა ბანაობისას 392 წლის 15 მაისს. მისმა ფრანკმა მეჯინიბემ, არბოგასტმა, ვინც მოაწყო მისი სიკვდილი, მის მემკვიდრედ წამოაყენა წარმართი სწავლული ევგენიუსი. თეოდოსის არ გაულაშქრია მისი ბიძაშვილის მკვლელის წინააღმდეგ 394 წლის ივნისამდე, სანამ არ გარდაიცვალა იმპერატრიცა გალა და მას დაუტოვა მცირეწლოვანი გოგონა, გალა პლაკიდა.

405
[353]ლიკოპოლში, თებაიდაში. წარგზავნილი იყო ცნობილი საჭურისი ევტროპიოსი (იხ. სოძომენე, VII, 22).

406
- თეოდოსი გარდაიცვალა წყალმანკით მილანში, 395წ.-ის 17 იანვარს. მართლმადიდებლობისთვის დიდი მებრძოლი თეოდოსი არ ყოფილა წარმართობის სასტიკი მდევნელი, და მისი გარდაცვალების შემდეგ წარმართებმა მას მიანიჭეს "აპოთეოზისის" (გაღმერთების) ოფიციალური პატივი.

407
- ამ დროს არკადიუსი იყო თვრამეტი წლის, ჰონორიუსი კი თერთმეტის. არკადიუსი მეფობდა კონსტანტინოპოლში, მაგრამ იყო მარიონეტი რუფინუსის, საჭურის ეეტროპიოსის და იმპერატრიცა ევდოქსიას ხელში. ჰონორიუსი მართავდა მილანში მანამ, სანამ ალარიკმა 402 წელს არ განდევნა რავენაში.

408 - ნექტარიოსი გარდაიცვალა 397 წ.-ის სექტემბერში, იოანე ოქროპირი დადგინებულ იქნა 398 წ.-ის თებერვალში (იხ. სოკრატე, VI. 2; სოძომენე, VIII. 2).

409
- ელპიდიოსი მოგვიანებით გახდა იოანე ოქროპირის ახლო მეგობარი და თავდადებული დამცველი. 406 წელს ის განყენებულ და დაპატიმრებულ იქნა სამი წლით, და არ აღუდგენიათ 414 წლამდე.

410
- მარკელოსი იყო აპამეის ეპისკოპოსი.

411
- მან შეცვალა მისი ძმა მარკელოსი 398 წ.

412 - ანკვირელი.

413
- აქ აღწერილი მეტყველებს იმაზე, რომ იოანე ოქროპირი თავის [354]იურისდიქციას განავრცობდა პონტოს, ასიის და თრაკიის დიოცეზებზე. მაგრამ ამ დროისათვის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მხოლოდ საპატიო პირველობით სარგებლობს. 381 წ.  კონსტანტინოპოლის კრებაზე მიენიჭა მის ეპისკოპოსს, რომელიც აქამდე ექვემდებარებოდა პერინთოს მიტროპოლიტს, რომის შემდეგ პირველი ეპისკოპოსის საპატიო ტიტული, მაგრამ ქალკედონის კრებამდე პონტოს, ასიისა და თრაკიის დიოცეზები ფორმალურად არ ექვემდებარებოდნენ კონსტანტინოპოლის საეპისკოპოსოს.

414
- საიმპერიო ედიქტი ფინიკიის ტაძრის დანგრევის შესახებ გამოიცა 399 წელს.

415 - პავლე მოციქულის სახელობის ეკლესია.

416
- ამ დროისათვის ამ მზვაობარ გოთს უკვე დანებდა სამი დიდი თანამდებობის მქონე პირი, ავრელიანუსი, სატურნინუსი და იოანე, მათ სიცოცხლე შეუნარჩუნდათ მხოლოდ იოანე ოქროპირის თხოვნით.

417 - უცნობია, თუ როდის მოხდა იოანე ოქროპირის გამგზავრება გაინასთან. გაინა თავს დაესხა კონსტანტინოპოლს როგორც ზღვის ასევე ხმელეთის მხრიდან, მაგრამ მისი მომხრე გოთები ამოხოცილ იქნა მათ ტაძარში და ის უკუგდებულ იქნა. საბოლოოდ ის დამარცხდა და მოკლულ იქნა 401 წ.-ის იანვარში.

418
- ოქროპირის მტრები იყვნენ: იმპერატრიცა ევდოქსია; წარჩინებული ქალბატონები, რომლებმაც თავიანთი წრეგადასული აღვირახსნილობით დაიმსახურეს მისი საყვედური, ესენი იყვნენ მარსა, კასტრიცია და ევგრაფია; სამღვდელოება, რომელსაც არცხვენდა მისი ცხოვრების უბრალოება, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს აკაკი ბეროელი, თეოფილე ალექსანდრიელი, რომელმაც ვერასოდეს აპატია მას ამ საყდარზე ასვლა, და გერონტი ნიკომიდიელი, რომელიც მან განაყენა.

419 [355]ქალკედონის გარეუბანში, რომელსაც ეწოდებოდა "მუხა". ბრალდებებში შედიოდა იმპერატრიცისათვის იეზებელის წოდება და წმინდა ზიარების შემდეგ ფაფის ჭამა.

420
- ხალხი სამი დღის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა მის გადასახლებას.

421 - "მუხის" კრების განჩინებები გაუქმებულ იქნა და ეპისკოპოსი ფორმალურად აღადგინეს 403 წ.

422 - მისი განყენების დეტალებს შესაძლებელია, გავეცნოთ პალადიოსის აღწერიდან და თვით ოქროპირის ეპისტოლედან ინოკენტის მიმართ. ედიქტი გამოიცა 440 წლის 5 ივნისს. კუკუზა მდებარეობდა კილიკიისა და მცირე არმენიის საზღვარზე. ცნობილი ისტორიკოსი გიბონი აღნიშნავს, რომ მის მიერ აქ გატარებული სამი წელი იყო "მის ცხოვრებაში ყველაზე დიდებული". 405 წლის ზამთარში ის გადაიყვანეს კუკუზადან ისავრიელი ავაზაკებისგან დასაცავად და წიყვანეს არაბისუსში. 406 წლის დასაწყისში ის დაბრუნდა. ევდოქსია გარდაცვლილი იყო (404  წ. 4 ოქტომბერს), მაგრამ სხვა მტრები ვერ იტანდნენ მის შეუპოვრობას. ედიქტის თანახმად ის გადასახლებულ იქნა პიტიუნტში, ანუ ბიჭვინთაში, მაგრამ ოქროპირს უკვე ძალა არ შესწევდა დაესრულებია ეს მოგზაურობა და გარადიცვალა კომანის მახლობლად. ის შემოსეს თეთრ სამოსში და დამარხეს მოწამე ეპისკოპოს ბასილისკოს ტაძარში, 407 წლის 14 სექტემბერს. ბასილისკო ეწამა 312 წელს.

423
- ატიკოსი კონსტანტინოპთლის ეპისკოპოსი იყო 405-426 წწ.-ებში. ის ხალხისა და იმპერატორისადმი შიშით იძულებული გახდა, დათანხმებულიყო ოქროპირის აღდგენას. მან მიწერა წერილები პეტრეს და კირილე ალექსანდრიელის დიაკონ ედესიოსს.

424[356]კირილეს ალექსანდრიის საეპისკოპოსო საყდარი ეკავა 412-444 წ.წ.

425 – δίπτυχον. იყენებდნენ სხვა სიტყვებსაც: ιεραὶ δέλτοι, κατάλογοι. ამ დაფებზე ამოტვიფრულ სახელებს კითხულობდნენ წირვის აღსრულების დროს.

426
- თეოდოსი II-ემ მამა შეცვალა რვა წლის ასაკში, 408 წ.-ის 1 მაისს. წმ. იოანე ოქროპირის ნეშტის გადმოსვენება მოხდა 438 წლის დასაწყისში. თეოდოსი გარდაიცვალა 450 წ. და სიტყვები "ვინც აწ იმპერატორი იყო" შემოსაზღვრავს თეოდორიტეს ისტორიის დასრულების თარიღს. თეოდორიტე აღარ აგრძელებს რომის ეპისკოპოსთა ჩამონათვალს ცელესტინეს შემდეგ, რომელიც გარდაიცვალა 440 წელს, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ისტორია დაიწერა 438-439 წ.წ.-ებში.

427
- თეოდოსის ყავდა ოთხი და: ფლაკილა, პულქერია, არცადია და მარინა.

428
- მიღებული თანმიმდევრობა შემდეგია: ინოკენტი I – 402-417 წ.წ.-ები; ზოსიმე - 417-418 წ.წ.; ბონიფაციუსი - 418-422 წ.წ.; ცელესტინუსი - 422-432 წ.წ.

429
- იეზდიგერედი იყო შაბურ III-ის ვაჟი.

430
- აბდასი იყო ქალაქ სუზას ეპისკოპოსი.

431
- შენობა, სადაც მაზდეანებს თაყვანისსაცემად დანღებული აქვთ ცეცხლი.

432
- ὀ νοέρος φῶς. მისი სინონიმურ შესატყვისად შეიძლება მივიღოთ "გონისმიერ ცისკარი”, ასევე "გონებითი ცისკარი", რომლებიც [357]გვხვდება იოანე პეტრიწის შრომებში. იხ. ედიშერ ჭელიძის სტატია "გონებითი ცისკარი", გაზეთი ”სასულიერო სემინარია და აკადემია", №2, 2000 წ.

433 - τῷ παιδογόνῳ μορίῳ.

434
- თეოდორე დაიბადა ანტიოქიაში 350 წ. მოფსუესტიის ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა 392 წ. გარდაიცვალა კილიკიაში 428 წ.

435
– πνευματομαχος, მწვალებლური მიმდინარეობის მოთავე, რომელიც სულიწმინდას ქმნილებად მიიჩნევდა.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა

საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. X, გამომცემლობა "ახალი ივირონი", 2008 წ.

კავებში ([]) ჩასმული ნუმერაციით მითითებულია გამოცემის გვერდები