პირველი და მთავარი წამაქეზებელი მიზეზი იმ თხზულებისა, რომელშიც ოპტინელი ბერის, სქემმღვდელმონაზონი მამა ამბროსის ცხოვრებაა აღწერილი, გახლავთ წმინდა ვალი ოპტინის სავანისა, შეენარჩუნებინა მადლიერი ხსოვნა თავისი მშობლიური ძვირფასი ბერისა და დიდი კეთილისმყოფლისა, ვისგანაც გადმოედინებოდა სიკეთე არა მარტო მონასტრის მამებსა და ძმებზე, არამედ მრავალ სხვა მისგან შორს მცხოვრებ პიროვნებებზე. მეორე მხრივ, სასურველი იყო შეედგინათ ბერის მთელი ცხოვრების აღწერა. შევაგროვე მასზე სხვადასხვა ცნობები, რომლებიც ჩნდებოდა პრესაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სასულიერო ჟურნალებში, ასევე ხელნაწერებსა და ზეპირ მონათხრობებში, რასაც მასთან ახლოს მყოფი ადამიანები გვიყვებოდნენ. ბოლოს, მესამე მხრივ, მინდოდა წარმომედგინა ძირფესვიანად გადამოწმებული ცნობები ბერის ცხოვრებიდან, რადგან ყველა, აქამდე გამოქვეყნებულ თხრობაში შეიმჩნევა ცდომილებები.
ბერი ამბროსის ცხოვრების შესახებ გვაქვს შემდეგი წყაროები:
1. ზეპირი და წერილობითი თხრობები ოპტინელი ბერებისა, რომლებიც ბერი ამბროსის ახლოს ცხოვრობდნენ, ასევე შამორდინოს მონაზვნების და სხვა დედათა მონასტრების, ასევე ზოგიერთი საერო პირების, რომლებიც მთელი სულით მისი ერთგულნი იყვნენ.
2. სკიტის ხელნაწერი მატიანე, რომელიც სკიტის ბიბლიოთეკაშივე ინახება.
3. არქივიდან ამოღებული ცნობები ბერზე: ოპტინის მონასტრის, ტამბოვისა და კალუგის სასულიერო საეპარქიო მმართველობის კონსისტორია.
4. ოპტინელი სქემმღვდელმონაზონ ამბროსის წერილები, რომლებიც ქვეყნდებოდა ჟურნალში „Душеполезное Чтение” („სულის სასარგებლო საკითხავი“).
5. თქმულება ოპტინელი ბერის სქემოსანი მღვდელ-მონაზონის ამბროსის ცხოვრებაზე, დაბეჭდილი ჟურნალ „დუშეპალეზნოე ჩტენია“-ში (1892-1894 წ.) არქიმანდრიტ გრიგოლის (ბორისოგლებსკი) მიერ.
6. მამა ამბროსი – ე. პოსელიანინი „Душеполезное Чтение“-ში 1892 წ.
7. მოკლედ თქმული ოპტინელ ბერზე სქემმონაზონ ამბროსიზე მისი სწავლებების დართვით. ბროშურა. ოპტინის უდაბნოს გამოცემა. მოსკოვი, 1893 წ.
8. ოპტინის მონასტრის ბერი ამბროსი. შამორდინოს ყაზანის ქალთა საზოგადოების გამოცემა. მოსკოვი, 1892 წ.
9. მძიმე დანაკლისი (ოპტინის ბერი ამბროსი). Е.П.Ч-на. ბროშურა, შამორდინოს ქალთა საზოგადოების გამოცემა, მოსკოვი, 1892 წ.
10. მცირე სტატიები ოპტინელ ბერ ამბროსიზე, რომლებიც იბეჭდებოდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჟურნალებში.
ბერზე და მისი ცხოვრების აღწერაზე მოგვიწია ზოგიერთ არაზუსტ ცნობაზე დაყრდნობა, რაც დიდი სიფრთხილით გავაკეთეთ.
წიგნი, რომელსაც გამოვცემთ, ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში, სასურველია დავხატოთ ბერი ამბროსის პორტრეტი, ე.ი. ვაჩვენოთ, თუ ნელ-ნელა როგორ ამაღლდა სულიერ ცხოვრებაში, მიაღწია სრულყოფილებას და ჩამოყალიბდა „…სრულ კაცად, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას“ (ეფეს. 4,13); მეორე ნაწილში კი – ვაჩვენოთ, ანდა შეძლებისდაგვარად გამოვავლინოთ მისი განსაკუთრებული დამსახურება, რომელმაც განადიდა ის ჩვენს სუსტსა და ურწმუნო დროში, ე.ი. მისი „ბერობა“, ანდა ხელმძღვანელობა სულთა სახსნელად, ვინც ეძებდა ხსნას, ბოლო ჟამამდე.
ამ, მცირედშემძლებელი ავტორისთვის მძიმე საქმის, ბერი ამბროსის ცხოვრების აღწერის გამო, არქიმანდრიტი აღაპიტი ითხოვს ლოცვით შეწევნას და ღვთის კურთხევას.