IX თავი
კვირა და სადღესასწაულო დღეები და განსაკუთრებული შემთხვევები
„შრომითა და რუდუნებითა, მღვიძარებისა მრავალგზის. “
ყოველი კვირისა და დღესასწაულის წინა ღამეს ბერი ამბროსი თავის სენაკში ღამისთევით ისმენდა ლოცვას. თავიდან, სამოციან წლებში ღამისთევებს მისი ერთგული სულიერი შვილი მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ატარებდა. იქვე, კარებთან სამი-ოთხი მგალობელი იდგა ხოლმე. სკიტის მმართველი მამა ანატოლი, რომელიც მაშინ უბრალო ბერი იყო, ბანით გალობდა. მომსახურეები მკითხველების როლს ასრულებდნენ, ხოლო მწერალი მამა კლიმენტი – მეტიპიკონე იყო. ზოგჯერ მდგომარეობა იცვლებოდა. რადგან სკიტის საერთო მდგომარეობით საეკლესიო მსახურება კვირაში ორჯერ – შაბათს და კვირას აღესრულებოდა, ამიტომ ავადმყოფი და უძლური სკიტელები იმის მაგივრად, რომ წასულიყვნენ ღამისთევაზე მონასტერში, ითხოვდნენ მამა ამბროსის კურთხევას დარჩენილიყვნენ მის საკელიო ღამისთევაზე. ბერიც, რა თქმა უნდა, აკურთხებდა. ამრიგად გამრავლდნენ მლოცველები, რომელთა შორის იყვნენ მგალობლებიც. იმისათვის, რომ ბერის სენაკში სივიწროვე და უჰაერობა არ ყოფილიყო, მგალობლებს მიეცათ კურთხევა დამსხდარიყვნენ შემოსასვლელში, ბოლოს კი – დერეფანში, საითაც მსახურებისას სენაკის კარები იღებოდა. თვითონ სენაკში მომსახურე მღვდელ-მონაზონი და შეიძლება ვინმე მასთან დაახლოებული რჩებოდა. შემდგომში კი ზოგიერთები მინაშენშიც რჩებოდნენ, ბერის კურთხევით, რათა კარებს მიღმა მოესმინათ მისი მსახურება და ელოცათ. ზაფხულობით ოპტინის მონასტერში ხშირად ჩამოდიოდა აწ გარდაცვლილი გრაფი ალექსანდრე პეტრეს ძე ტოლსტოი, წმინდა სინოდის ყოფილი ობერ-პროკურორი. მას ყოველთვის უყვარდა ბერის მსახურებაზე ყოფნა. გრაფის მსგავსი მომლოცველებიც მომრავლდა. თვითონ ბერი მსახურებისას უსაქმოდ არასოდეს რჩებოდა. საწინასწარმეტყველოსა და კანონების კითხვისას ის ან ვინმესთან აღსარებას იღებდა მამა იოსების სენაკში, ან შორიდან მოსულებს ესაუბრებოდა, ვისი მიღებაც დღისით ვერ მოასწრო, ან კიდევ ვახშამს მიირთმევდა. ის მხოლოდ ექვსფსალმუნების, დიდებამაღალიანის და სახარების კითხვას ისმენდა ლოგინზე მდგარი. ადვილად შეამჩნევდით, რომ დიდი ყურადღებით ისმენდა. დიდებამაღალიანზე თვითონაც გალობდა. მას, მიუხედავად სიბერისა, სუფთა და სასიამოვნო ტენორის ხმა ჰქონდა. ის ყოველთვის მთელი გულით და წმინდა წერილის სიტყვისამებრ გონივრულად (მეცნიერებით) გალობდა. თუ აღმსარებლები და სტუმრები არ ჰყავდა ღამისთევისას, მაშინ მსახურების დიდ ნაწილს ისმენდა, საკუთარ თავში ჩაღრმავებული იჯდა, ზოგჯერ დაღლილობისგან იწვა. ასეთ დროს ხშირად ნახავდით მის სახეზე ცრემლებს. თუ ბერმა თავისი საქმეები ვერ მოასწრო, ხოლო ლოცვა ექვსფსალმუნებამდე უკვე იმსახურეს, ასეთ შემთხვევაში მსახურება რამდენიმე წუთით ჩერდებოდა და ბერს ელოდებოდნენ. საკელიო მსახურების დამთავრების შემდეგ, რომელიც შესვენებებით სამი საათი გრძელდებოდა და ტაძრის ღამისთევასთან ერთდროულად სრულდებოდა, დაღლილი მომსახურეები დაღლილი ბერისთვის საღამოს ლოცვების დასასრულს კითხულობდნენ „მეუფეო კაცთმოყვარეოდან“ და მიიღებდნენ რა კურთხევას, მიდიოდნენ დასასვენებლად.
დილას, თუ სკიტში იყო ლიტურგია, რომელიც ჩვეულებრივ ექვს საათზე ადრე არ იწყებოდა, ბერი და მისი მომსახურეები ერთი ან ნახევარი საათით ადრე დგებოდნენ მსახურების დაწყებამდე, მოისმენდა ჟამნებს და უშვებდა მომსახურეებს ეკლესიაში, თვითონ კი მარტო რჩებოდა ღმერთთან. მხოლოდ ეს გახლდათ ის დრო, როცა მას შეეძლო მდუმარებაში ყოფილიყო. როგორ ატარებდა ის ამ დროს, არავინ იცის. ეკლესიიდან მწერალთან ერთად დაბრუნებული მომსახურეები ყოველთვის ლოგინზე მჯდომს შეუსწრებდნენ ხოლმე. მას ფეხები მოხრილი ჰქონდა და მოციქულთა ეპისტოლეებს, ფსალმუნებს, სათნოებათმოყვარეობას, ღირს მაქსიმე აღმსარებელს, ან სულაც ისააკ ასურის წიგნებს კითხულობდა. უცილობლად ყველა ამ წიგნს ის სლავურად კითხულობდა, იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძალიან უყვარდა სლავური ენა. ზოგჯერ წიგნებზე აკეთებდა მინიშნებებს. მაგალითად, როგორც მახსოვს, პავლე მოციქულის სიტყვების ქვეშ: „ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქეჯნოს, რათა არ გავმედიდურდე“, ბერის მიერ მიწერილი იყო: „ალექსანდრე მჭედელი“. სათნოებათმოყვარეობაში და წმინდა ისააკ ასურის წიგნში ბევრგან იყო ბერის მინაწერები. ეკლესიიდან დაბრუნებული მომსახურეები და მწერალი წინასწარი ლოცვის წარმოთქმის მერე შედიოდნენ ბერთან და მისგან კურთხევას იღებდნენ. ბერი კი, წიგნთან მჯდომი, იქვე მიუთითებდა რომელიმე მათგანს განსაკუთრებულ სამოძღვრო მოკლე მონაკვეთს წიგნიდან და წააკითხვინებდა, შემდეგ ყველას უშვებდა ჩაის დასალევად და თვითონაც მიირთმევდა. მალე მწერალი ბერთან ბრუნდებოდა და იწყებოდა ჩვეულებრივი წერილების კარნახი. ამ დროისათვის კი უკვე ხალხიც მოდიოდა და იწყებოდა კაკუნი, რეკვა, ხმაური, არეულობა. ამის მერე კი გვიან საღამომდე ჩვეულებრივი დღე გრძელდებოდა. ზოგჯერ სადღესასწაულო დღეებში ხალხის მოზღვავების გამო ბერი უფრო იღლებოდა, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. თუ სკიტში მსახურება არ ტარდებოდა, მაშინ ბერი ერთ მომსახურეს იტოვებდა ჟამნების წამკითხავად, ხოლო სხვებს მონასტერში უშვებდა ადრეული წირვის დასასწრებად, რომელიც დღესასწაულებზე ყოველთვის ხუთ საათზე იწყებოდა. რაღაცნაირი განსაკუთრებულობით ხვდებოდა და ატარებდა ბერი დიდ დღესასწაულებს – ქრისტეს შობას და აღდგომას. ორი კვირით ადრე ბერი უკარნახებდა ეგრეთ წოდებულ „საერთო მოლოცვას“, რომელიც დიდ ეგზემპლარში გადაიწერებოდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ საერთო მოლოცვებს აქვთ თავისი ისტორია. სამოციანი წლების დასაწყისში ეს მოლოცვები ჯერ კიდევ არ არსებობდა. მაგრამ აი, მთავარმა მწერალმა მამა კლიმენტიმ შესთავაზა ბერს ასეთი აზრი, რომ ამ დიდ დღესასწაულებზე ზოგიერთი, განსაკუთ-რებით ერთგული ადამიანებისთვის, სულიერი შვილებისთვის, დედათა სავანეებში გაეგზავნათ სავიზიტო ბარათების მსგავსი მოკლე მოსალოცები. საფოსტო ქაღალდის პატარა ნაჭრებზე იწერებოდა ასე: „ღვთისნიერო დაო, დედაო… გილოცავ ქრისტეშობის დღესასწაულს“, ან „აღდგომას“. ეს მოლოცვა მთავრდებოდა ბერის ხელმოწერით: „მღვდელ-მონაზონი ამბროსი“. მაგრამ ასეთი მოკლე მოლოცვები მალე აღარ მოსწონდა წმინდა მამას. 1869 წლის შობის და 1870 წლის აღდგომის მოსალოცები თვითონ უკარნახა მოკლედ. ამის მერე ისევ ახლოვდებოდა შობის დღესასწაული. დადგენილი ჩვეულების მიხედვით საჭირო იყო ისევ მოსალოცი წერილების მომზადება. ახლა ბერმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია და თქვა: „თუ წერ, უნდა დაწერო რაიმე სასარგებლო და სამოძღვრო“, – და უკარნახა პირველი ღრმა-მოძღვრებითი საერთო მოსალოცი, რომელშიც, დამდეგი დღესასწაულის საიდუმლოების ახსნით, მოუწოდებდა მწუხარეებს სიმშვიდით და საკუთარი თავის კიცხვით, გულიანი მოწიწებით შეისმინონ საეკლესიო კითხვა და გალობა, და მათგან, ვითარცა სიცოცხლის წყაროდან და უკვდავებიდან მიიღონ ნუგეში, ხსნა და მოწყალება ძე ღმერთის კაცთმოყვარეობით. ამ დროიდან სიკვდილამდე ბერი საოცარი სიღრმის საშობაო და სააღდგომო მოლოცვებს ამზადებდა. საოცარი მეხსიერება ჰქონდა მას. ოცდაერთი წლის განმავლობაში კარნახობდა ის ამ მოსალოცებს და მიუხედავად ამისა, არასოდეს იმეორებდა უკვე ნაკარნახევს, ყოველთვის სხვადასხვა თემაზე საუბრობდა.
დღესასწაულის წინა დღე დგებოდა. მომსახურეები ცდილობდნენ ბერის სენაკი სუფთა ყოფილიყო. მომსვლელების რიცხვი შედარებით მცირდებოდა, რადგან დღესასწაულის შეხვედრა ყველას სახლში უნდოდა. ბერი ამ დროს უფრო აღმსარებლებით იყო დაკავებული თავისი საძმოდან. ზოგჯერ აუჩქარებლად გადადიოდა რაღაც საჭიროების გამო სენაკიდან სენაკში, სახე გაბრწყინებული ჰქონდა. შესამჩნევი იყო, რომ მიმადლებული სამყარო და აღუშფოთებელი სიწყნარე ავსებდა მის სუფთა სულს. მისი მოსიყვარულე გული ყველასთვის ღია იყო. მისი მამობრივი – ამო სიტყვა, შეხედვა ან ხელით შეხება გულის ამაჩუყებელ ცრემლს იწვევდა. ბერი ჩვეულებრივზე უფრო ადრე წვებოდა დასასვენებლად, ხოლო შუაღამეს, როდესაც მონასტერში ცისკარზე უმხობდნენ და ზარს რეკდნენ, დგებოდა. მომსახურე მღვდელ-მონაზონი და მგალობლები მზად იყვნენ. საკელიო მსახურებისთვის ორი სამღვდლო შესამოსელი ჰქონდათ. დღესასწაულზე უკეთესით იმოსებოდნენ. ხატების წინ აინთებოდა სანთლები და იწყებოდა ცისკარი, რომელიც უფრო ადრე მთავრდებოდა, ვიდრე მონასტერში. შემდეგ სნეული ბერი ისევ დასასვენებლად წვებოდა, რომელიც მალე წყდებოდა. იმიტომ, რომ ჯერ მონასტრის მგალობლები მოდიოდნენ ცისკრის დასრულებისთანავე დღესასწაულის მოსალოცად სკიტში მამა ამბროსისთან, შემდეგ კი სკიტის მთელი საძმო. შობას ადიდებდნენ ქრისტეს, ხოლო აღდგომას სააღდგომო კანონის მეცხრე საგალობელს გალობდნენ, შემდეგ საჯანმრთელო კვერექსს ბერზე. რის შემდეგაც ბერი თავის ლოგინზე მჯდომარე ყველა მოსულს წითელ კვერცხს ჩუქნიდა. ლიტურგიის წინ ბერი ჩვეულებრივ ისმენდა სადღესასწაულო ჟამნებს და უშვებდა ყველა მომსახურეს მონასტერში წირვაზე, რომელიც ადრე იწყებოდა. ამ დღესასწაულების წინა დღეებში სკიტში წირვა არ სრულდებოდა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ სტუმრები თითქმის არ იყო, მაგრამ ბერთან ბევრი იყო მოსული დღესასწაულის მოსალოცად, ამიტომ ის ამ დიდ დღეებში მუდმივ ზრუნვაში იყო. შობისა და აღდგომის დღესასწაულების მეორე დღეს – სკიტში ყოველთვის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ისააკი ატარებდა ლიტურგიას კრებულით. შემდეგ თანამომსახურე მღვდელ-მონაზვნებთან და ბერდიაკვნებთან ერთად მიდიოდა მამა ამბროსისთან დღესასწაულის მოსალოცად. ბერი სიყვარულით იღებდა ძვირფას სტუმრებს და თვითონ ლოგინზე ფეხმოკეცილად მჯდომარე მიირთმევდა სტუმრებთან ერთად ჩაის. ახლობლებთან მსუბუქი საუბარი რაიმე თემაზე, განსაკუთრებით უფროს ძმებთან, მისთვის ერთგვარი გართობა გახლდათ. მას ახალი საეკლესიო და საზოგადო ამბების მოსმენა უყვარდა. ზოგჯერ თვითონაც მოჰყვებოდა ხოლმე რაღაცას. ჩაის მირთმევის შემდეგ, არქიმანდრიტი დიდი დღესასწაულებისას ყოველთვის სადილობდა სკიტში, ბერი კი იღებდა უბრალო მომსვლელებს და მათ, ვისაც მისთვის უნდოდა დღესასწაული მოელოცა.
ცხოვრების ჩვეული დინებისას ზოგჯერ განსაკუთრებული შემთხვევებიც ხდებოდა, რომლებიც ბერის სიცოცხლეს ნაირფეროვნებას აძლევდა. ასე მაგალითად, ფოსტით მიიღებდა შესანიშნავ ხატებს. პირველი ასეთი ხატი წმინდა ამბროსი მედიოლანელისა იყო, შემდეგ კი განსაკუთრებული პატარა კიდობნით მისი წმინდა ნაწილები. შემდეგ ათონელებმა სხვადასხვა დროს გამოუგზავნეს რამდენიმე ხატი. ზემოთხსენებული წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის და ღვთისმშობლის „ღირს არსის“ ხატები, ორივე დიდი ზომისა და შესანიშნავი ხელოვნებით დაწერილი, კიდევ მოსკოვის ათონის სამლოცველოდან „მსწრაფლშემსმენელის“ ხატი. ყოველივე ამას ბერი როგორც ღვთის დიდ წყალობას იღებდა, როგორც განსაკუთრებული მადლმოსილების გამოვლინებას მის მიმართ ღვთისმშობლისა და წმინდანების მხრიდან. უცილობლად პირველივე საღამოს, როგორც კი ხატებს მიიღებდა, სრულდებოდა საკელიო ღამისთევა ღვთისმშობლის ან იმ წმინდანისა, ვის სახელზეც იყო ხატი მიღებული. ამ ხატების წინაშე ბერი განსაკუთრებული გულაჩუყებული მოწიწებით ლოცულობდა და ეამბორებოდა მათ. დროდადრო, როგორც ნათქამი იყო, სოფელ კალუჟენკიდან მოაბრძანებდნენ ოპტინის მონასტერში განსაკუთრებულად პატივცემულ სასწაულთმოქმედ ღვთისმშობლის ხატს, რომელიც კალუგის ეპარქიაში ყველა ღვთისმოსავი ადამიანის მიერ პატივდებული გახლდათ და „კალუჟენკის“ ღვთისმშობლის ხატი ეწოდებოდა. როდესაც პარაკლისს ან ღამისთევას ისმენდა ბერი ამ ხატის წინაშე, ძლივს იკავებდა ცრემლს და ხშირად თავისდა უნებურად ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. ამის თვითმხილველია სოფელ კალუჟენკის დეკანოზი – მამა ალექსანდრე სოკოლოვი, რომელიც ყოველთვის მიაცილებდა ოპტინის მონასტერში ხატს. რაღაც სადღესასწაულოდ – შემძვრელი იგრძნობოდა ამ დროს იმ ადამიანთა გულებში, ვინც მლოცველ ბერს ეხვია გარს. ცოცხლად სწამდათ ღვთისმშობლისა და სხვა წმინდანების მეოხება ღვთის წინაშე მართლმადიდებელთათვის.
განსაკუთრებული სიმხიარულითა და დიდებულებით გამოირჩეოდა მამა ამბროსის ანგელოზის დღე, შვიდი დეკემბერი, წმინდა აბროსი მედიოლანელის ხსენების დღე. ბერი პატივს მიაგებდა თავის სულიერ მფარველს. საღამოდან როგორც მონასტერში, ასევე სკიტში და, განსაკუთრებით, ბერის სენაკში იწყებოდა ღამისთევა წმინდა ამბროსის სადიდებლად. სამოცდაათიანი წლების დასაწყისში სკიტის მღვდელ-მონაზონმა ანტონმა შეადგინა განსკუთრებული, სრული მსახურება დაუჯდომელთან ერთად წმინდა ამბროსი მედიოლანელის სახელზე, და ამ დღიდან ბერი ამბროსი თავის სენაკში მუდამ ისმენდა ამ მსახურებას. თვითონ წმინდა მამის ანგელოზის დღეს მონასტერში და სკიტში ასრულებდნენ ლიტურგიას წმინდა ამბროსის პარაკლისითურთ, რასაც მრავალჟამიერი მოჰყვებოდა, რომელიც მამა ამბროსის უსურვებდნენ. სკიტში მსახურობდა წინამძღვარი იღუმენი ისააკი. ბერის ჯანმრთელობაზე ლოცვის შემდეგ, სკიტის საძმო იღუმენთან და სკიტის მმართველთან ერთად მიდიოდა ბერის სენაკში, გალობდა წმინდანის ტროპარსა და კონდაკს. დიაკვანი ამბობდა კვერექსს და მრავალჟამიერს უსურვებდა ბერს. შემდეგ პატივისცემით ულოცავდნენ ანგელოზის დღეს. სნეული ბერი ჩვეულებრივ თავის უბრალო, ზოგჯერ გაკერილ კაბაში იჯდა თავის ლოგინზე და მთელი საძმო, სკიტის მმართველთან ერთად, გარდა, რა თქმა უნდა, იღუმენი წინამძღვრისა, მიდიოდა მასთან, მუხლს იყრიდა და კურთხევას იღებდა, მღვდელმონაზვნებთან ხელზე ურთიერთკოცნით, ხოლო სხვებს უბრალოდ აკურთხებდა. შემდეგ ყველა სკიტელი, მოსიყვარულე ბერის მიერ დაპატიჟებულნი, მისი სენაკის სხვადასხვა კუთხეში თავსდებოდნენ. იღუმენი და სკიტის მმართველი მღვდელმონაზვნებთან ერთად რჩებოდნენ ბერის სენაკში, სხვები კი – ზოგი პატარა მისაღებ ოთახში, ზოგი მომსახურეების სენაკებში, ზოგიც მინაშენში, სადაც ამ დროისათვის ქალებს არ უშვებდნენ. ყველას ტკბილი ჩაითა და ერბოკვერცხიანი ბატონით უმასპინძლდებოდნენ. სკიტის საძმოს შემდგომ ბერთან მონასტრის მგალობლები მოდიოდნენ მოსალოცად და იმათი გამასპინძლებაც ასეთივე განრიგით მიმდინარეობდა. სკიტის და მონასტრის ტრაპეზზე დიდი ნუგეში იყო. იმ დროს, როცა საძმოს უნდა ეტრაპეზა, უფროსები, მღვდელ-მონაზვნები და ბერდიაკვნები იღუმენის მეთაურობით, აგრეთვე ზოგიერთი საპატივცემულო სტუმარი მამა ამბროსისთან იკრიბებოდა წასახემსებლად, რომელსაც შეიძლება ბრწყინვალე სადილი დავარქვათ. თვითონ ბერი ღუმელთან და საპატივცემულო სტუმრებთან მისაღებ ოთახში ჯდებოდა, სტუმრები – მაგიდასთან, ხოლო ბერი რბილ სავარძელში მისთვის ჩვეული მოკეცილი ფეხებით მჯდომი, რადგან იატაკის სიცივეს ვერ იტანდნენ მისი ფეხები. სადილობისას სხვადასხვა, იმ დროისთვის საჭირო, თემაზე მიდიოდა საუბარი. თვითონ ბერი ხუმრობდა. მიიტანეს, მაგალითად, მწვადი, რომელსაც ბერი არასოდეს ჭამდა, როგორც თვითონ ამბობდა, კუჭის სისუსტის გამო. ზოგიერთის აზრით, ის თავს იკავებდა სქემაში აღკვეცისას მიცემული აღთქმის გამო. შეხედა ბერმა თევზს და ჩაილაპარაკა: „ეჰ, კარგი საჭმელია! მომეცი, ვუსუნებ მაინც, თუ ჭამა არ შეიძლება“. მომსახურემ მწვადი ბერის ცხვირთან მიიტანა. მან დასუნა. „კეთილი, ახლა წაიღე“. ყველამ გაიცინა. ორმოცდაათამდე სტუმარი იყო, თუ მეტი არა. მაგიდები ერთიმეორის მიყოლებით ივსებოდა. შემდეგ ივსებოდა მთლიანად მინაშენი მონაზვნებითა და საერო პირებით, რომლებიც სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულნი ძვირფასი მამისთვის ანგელოზის დღის მოსალოცად. ყველა მათგანს მიართვეს ჩაი და თითო ნაჭერი ნამცხვარი. ასეთი პურობისას ზოგჯერ უსიამოვნებებიც ხდებოდა. ამ ალიაქოთში დაღლილ მომსახურეებს ზოგჯერ გამორჩებოდათ ვინმე ჩაის მიურთმევლად; ან კიდევ რაიმე მოხდებოდა. გაისმოდა დრტვინვაც. ანდაზის მსგავსად – პატარძალს შურისძიებაც სჩვევია. მომსახურეები მოახსენებდნენ ბერს, მაგრამ ის ყოველთვის მოწყალებით უყურებდა მოუთმენელ მეამბოხეებს. სამხრობის შემდეგ გამოდიოდა მათთან კურთხევის მისაცემად და ისევ მათგან ითხოვდა შენდობას თავისი საქციელისათვის. ერთხელ როგორღაც გამოვიდა და ასეთი ლმობიერი ტონით ჩაილაპარაკა: „მაპატიეთ, დედებო და დებო! სიყვარულით მზად ვარ ყველა თქვენ ყველაფრით დაგაკმაყოფილოთ, მაგრამ თქვენ ხომ იცით ჩემი უძლურების ამბავი. ეს ყველაფერი თქვენ მამა მიხეილმა (მომსახურე), ზოგი ჩაით, ზოგიც „სადიდებლით“. ბელევოს დედათა მონასტერში საწყალ მონაზვნებს, რომლებიც აქ ვერ ჩამოვიდნენ, თეთრ პურსა და ნამცხვარს უგზავნიდნენ. სადილის შემდეგ მონასტრის მთელი საძმო, 300 კაცამდე, რიგრიგობით მოდიოდა ანგელოზის დღის მოსალოცად, შემდეგ კი სკიტის სატრაპეზოსკენ მიემართებოდნენ, სადაც მათ ჩაისა და თეთრ პურს მიართმევდნენ. მსმელებს გამოყოფდნენ და თითო ჭიქა ლუდს მიართმევდნენ.
ამ პურმარილის თანხებს ყოველწლიურად თავის თავზე ბერის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული სულიერი შვილი, ზემოთხსენებული მდიდარი მემამულე ალექსანდრა ნიკოლოზის ასული კლუჩარიოვა იღებდა, რომელმაც ბერის განსაკუთრებული სიყვარულისა და პატივისცემის გამო აღკვეცისას ამბროსია დაირქვა სახელად. დასას-რულ, თვითონ დედა ამბროსია უმზადებდა ვახშამს თავის სახლში თავის ანგელოზის დღეს, სადაც ასევე მრავალი სტუმარი იყო დაპატიჟებული. ამრიგად, ბერი ამბროსის ანგელოზის დღეს, შეძლებისდაგვარად არც ერთი ბერის ახლობელი არ იყო ხოლმე დავიწყებული.
განსაკუთრებულ შემთხვევებს შეიძლება მივაკუთვნოთ ბერი ამბროსის ცხოვრებაში კალუგის ეპისკოპოსების მობრძანება. ეს ძირითადად ზაფხულის პერიოდში ხდებოდა, როდესაც მღვდელმთავრები ჩვეულებრივ დადიან ეპარქიის მოსანახულებლად. თავისი მწყემსმთავრის შესახვედრად ბერი იმოსებოდა მთელი მღვდელმონაზვნული შესამოსლით – კაბა, მანტია და კუნკული. გამოდიოდა თავისი სენაკის კიბეზე და შესასვლელთან მუხლმოდრეკით ხვდებოდა მეუფეს, იღებდა კურთხევას და შეჰყავდა მისაღებ ოთახში. აქ ზოგჯერ მღვდელმთავართან პირდაპირ გარკვეულ დროს საუბარში ატარებდა. მეუფეს ის ყოველთვის ჩვეული ბავშვური უბრალოებით ხვდებოდა. თუ მღვდელმთავართან საუბრისას მას ფეხები გაუოფლიანდებოდა, – რის გამოც მას ყოველთვის საშინელი თავის ტკივილები აწუხებდა, – მაშინ ის, ყოველგვარი მორიდების გარეშე, მაშინვე აიღებდა კურთხევას მეუფისგან და იქვე მის წინაშე გამოიცვლიდა წინდებს. განსაკუთრებულ მოწიწებას იჩენდა ბერი მთავარეპისკოპოს გრიგოლის წინაშე. ის ყოველთვის მოიხსენიებდა მეუფეს შემდეგი სიტყვებით: „ჭკვიანია და წმინდა“. ამიტომ ამ მღვდელმთავრის ყოველ სიტყვას ბერი ღვთის ნებად მიიჩნევდა და იღუმენი ისააკის მეშვეობით, რომელიც ხშირად დადიოდა საქმეებზე კალუგაში, მიმართავდა მას აუცილებელი საქმეების გადაწყვეტისას, რაც სავანის საგარეო და საშინაო ცხოვრებას ეხებოდა. თუ თვითონ უძნელდებოდა რაიმე გადაწყვეტილების მიღება და ვერ იღებდა თავის თავზე, მაშინ იღუმენსაც ურჩევდა ასეთ შემთხვევებში მიემართა მწყემსმთავრისათვის, როგორც ღვთის მიერ დადგენილი პიროვნებისთვის და მოქცეულიყო მეუფის ნების თანახმად. საოცარი თავმდაბლობა ჰქონდა თვითონ მეუფე გრიგოლს. მოისმენდა ოპტინის წინამძღვრისგან ბერის შეკითხვას, და მაშინვე არ წყვეტდა ამ საკითხს. ჯერ იღუმენს შეეკითხებოდა. „თვითონ ბერი რა აზრისაა ამის შესახებ?“ ის ითვალისწინებდა თავად ბერის აზრს და ამის შემდეგ წყვეტდა საკითხს. ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ ამბობდა: „ამას როგორც თვითონ ბერი გადაწყვეტს, – მე ამას ჩემს თავზე არ ავიღებ“.
ეს მადლიანი და მონაზონთმოყვარე მეუფე იმდენად ყურადღებიანი იყო ბერი ამბროსის ღვაწლმოსილი საქმეების მიმართ, რომ 1870 წელს წარადგინა იმდროისათვის იშვიათ ჯილდოზე – ოქროს სამკერდე ჯვარზე, რომელიც მან მიიღო ფოსტით ამავე წლის 13 სექტემბერს. სევასტოპოლის კამპანიის გამო ბრინჯაოს ჯვარი ბერს უკვე დიდი ხნის წინ ჰქონდა. ის მეუფეს ყოველთვის ამ ჯვრებით ხვდებოდა. ის მათ სხვა ღირსშესანიშნავ დღეებშიც იკეთებდა. სამკერდე ჯვრის მიღებამ ძალიან იმოქმედა ბერზე. თვალცრემლიანი, სიმდაბლით, თავის თავს არ თვლიდა ასეთი ჯილდოს ღირსად და დიდი ხანი არ იკეთებდა მას. ბოლოს და ბოლოს ბერის პატივისმცემელთა თხოვნით დაემორჩილა ეკლესიაში მიღებულ წესს. რა სიხარული სუფევდა ბერისა და მისი თაყვანისმცემლების გულში, ადვილი წარმოსადგენია.
1887 წედს ოპტინის მონასტრის მონახულება ინება დიდმა თავადმა კონსტანტინე კონსტანტინეს ძემ, რომელმაც დიდი ხანი დაჰყო ბერთან სულისთვის სარგებელ საუბარში, დიდი სიყვარულით ეპყრობოდა მას.
ამავე წლის ივლისში, რის შემდეგაც ოპტინაში ჩამობრძანდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, მოსკოველი მიტროპოლიტი იოანიკე, რომელსაც ეპარქიის მღვდელმთავარი ვლადიმერი ახლდა. ბერი სკიტის საძმოსთან ერთად უნდა დახვედროდა სტუმრებს ეკლესიაში, რისთვისაც ის მოვიდა ტაძარში, მაგრამ მიტროპოლიტმა ეს არ იცოდა, სკიტის ტაძრის მოლოცვისა და წმინდა ხატების წინ ლოცვების აღსრულების შემდეგ თქვა: „ახლა ბერთან წავალ“. როგორც კი მოიხედა უკან, მაშინვე დაინახა მის წინ მდგარი ბერი ამბროსი. ასეთი მოულოდნელობით გაკვირვებულმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მოწყალებით შენიშნა: „რატომ შეიწუხეთ თავი აქ მოსვლით? მე თვითონ უცილობლად მოვალ თქვენთან“. და სთხოვა, ახლავე წასულიყო სენაკში. მიტროპოლიტმა ნამდვილად მიაკითხა მას სენაკში. დიდი ხანი ისაუბრა მასთან პირდაპირ და გამოსვლისას ღრმა პატივისცემით დაემშვიდობა მას.
1888 წლის 24 აგვისტოს ოპტინაში წირავდა კალუგის ახალი ეპისკოპოსი ანასტასი, რომელიც ლიტურგიის მერე სავანის წინამძღვრისა და ზოგიერთი ძმის თანხლებით ათვალიერებდა მონასტერსა და სკიტს, შემდეგ კი ინახულა ბერი ამბროსი. გვიანი დროის გამო ცოტა ხნით დარჩა მეუფე ბერთან და უთხრა, რომ ისევ მოაკითხავდა მას. 26 აგვისტოს დილით, ადრეული წირკის მერე, კალუგაში გამგზავრების წინ მართლაც მოვიდა. მეუფის გაცილების შემდეგ ბერი ჩვეულებრივ გამოვიდა მინაშენში, რათა დაელოცა მომლოდინენი. მათ შორის ბევრი მონაზონი იყო შამორდინოდან. მოიარა, ყველა დალოცა, დაბრუნდა და დაჯდა ღვთისმშობლის „ღირს არს“-ის ხატის წინ კომოდზე, ფეხები დააწყო სკამზე და დაიწყო ლაპარაკი. „ალბათ, გინდათ გაიგოთ, თუ რა მითხრა მეუფემ? აი, რა მითხრა: უთხარი შამორდინოს წინამძღვარს, რომ მან ყველა ახალმოსულს ჰკითხოს: რისთვის მოვიდნენ ისინი, – ხსნისა და შრომისთვის, თუ იმისთვის, რათა პური ჭამონ უფასოდ? მაცხოვარმა უთხრა ხალხს. „თქვენ იმისთვის კი არ მოხვედით და მხიარულობთ, რომ მნახეთ და მომისმინეთ მე, არამედ იმიტომ, რომ ჭამოთ და გაძღეთ“. მერე მეუფემ კიდევ მითხრა: „ჭირვეულები საერთოდ არ უნდა მივიღოთ, ჯერ უნდა გამოვცადოთ; ხოლო ვინც ადრე უკვე მიიღეს, არ იცოდნენ და ჭირვეულები აღმოჩნდნენ, ასეთები გავაგდოთ. თორემ მონასტერში ყველას თვითნებობა უნდა, ხოლო „ჩვენი ნება მეუფეს სტკივა“. ოპტინაზე კი ასე თქვა: „აქ მე ვხედავ, რაღაც ვერ არის რიგზე, ახლა მოუჭერენ, არ მისცემენ თავისუფლებას, – ზოგი საცხობში წავა, ზოგი სასეფისკვერეში, ზოგი ბოსტანში – შებოჭავენ“. ძმები კი მეუფეზე ამბობენ, რომ ის „უბრალო და გამჭრიახია“. „როგორია მეუფე ურთიერთობაში?“ ჰკითხეს ბერს. – „ძალიან უბრალო, მაგრამ ბრძენი“, – უპასუხა ბერმა. „როგორ მოეწონა შამორდინო?“ – ჰკითხეს კიდევ. „მეუფემ ღიმილით თქვა, რომ კარგად გალობენ“, – უპასუხა ბერმა და შემდეგ დაუმატა: „ის ნამდვილი მონაზონია, არ ანგარებს და არ გაქებს“. – აი, თქვენც, მამაო, არასოდეს გვაქებთ“, – უთხრა ვიღაცა ქალმა. – „რატომ უნდა გაქოთ“, – უპასუხა ბერმა, – „როცა თქვენ თვითონ აქებთ თავს“.
ნაირსახოვანი გახდა ბერი ამბროსის ცხოვრება მას შემდეგ, რაც მას სულიერმა ბერმონაზვნებმა მოაკითხეს. ერთი ასეთი სტუმარი გახლდათ კალუგის მონასტრების ბლაღოჩინი, ტიხონის მონასტრის წინამძღვარი, პატივცემული არქიმანდრიტი მოსე, რომელიც თითქმის
მამა ამბროსის დროს მოვიდა ოპტინის მონასტერში, და მასთან ერთად ცხოვრობდა კარგა ხნის განმავლობაში, თუმცა ერთი მონასტერში, მეორე კი – სკიტში. ამ წინამძღვართან გასაუბრებას ბერი სიამოვნებად მიიჩნევდა. ორნი ჩაიკეტებოდნენ სენაკში ერთი-ორი საათით და არავის იღებდნენ ამ პერიოდში, არც შინაურს, არც ჩამოსულს.
ბერს საერო კეთილმორწმუნეებთან გასაუბრება უყვარდა, განსაკუთრებით განათლებულებთან. ასეთი ბევრი მოდიოდა მასთან. ბერთან მოდიოდნენ საერო მწერლებიც, როგორც, მაგალითად, დოსტოევსკი და ვიღაცაBB.ჩ.ჩ. მასზე ბერმა მისთვის ჩვეული შორსმჭვრეტელობით თქვა: „ეს მონანულია“, ხოლო მეორეს გაკიცხვით გამოეხმაურა. მამა ამბროსის ჰყავდა ცნობილი მ. პ. პოგოდინი და იურკევიჩი, მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი. ბერთან კარგი ხანი იცხოვრა აგრეთვე კ. ნ. ლეონტიევმა. ხშირად მოდიოდნენ მასთან გრაფინია პროტასოვა, იმპერატორის სეფექალი და თავადების ოჯახები. მასთან სხვა ერის წარმომადგენლებიც მოდიოდნენ. მაგალითად, გრაფ ალექსანდრე პეტრეს ძე ტოლსტოისთან ოპტინის მონასტერს სტუმრობდნენ ხოლმე ბერძნები, რომლებიც გრაფის ანგარიშით იყვნენ რუსეთში გაზრდილი ჩერქეზები, რომლებიც მართლმადიდებლობაზე იყვნენ მოქცეულნი. სკიტს სტუმრობდა ორი დანიელი, რომელთაგანაც ერთმა მართლ-მადიდებლობა მიიღო. მოდიოდა ხოლმე აბისინიის მეფის შვილი და სხვები. ყველა მათგანს ბერი, როგორც ახლობლებს, შინაურებს იღებდა და მათ მდგომარეობას თანაგრძნობით უყურებდა. ასევე უყურადღებოდ არ ტოვებდა მათ ხალხურ ღირსშესანიშნაობას. საერთო სიყვარულის შედეგად ბერთან ოპტინაში ჩამოდიოდნენ კათოლიკური და სხვა არამართლმადიდებლური აღმსარებლობის ადამიანები, რომლებიც, მისი კურთხევით იქვე იღებდნენ მართლმადიდებლობას. მათგან განსაკუთრებით ცნობილია ზემოთხსენებული სერგი (სტანისლავი) მიხეილის ძე ბარანოვიჩი, ყოფილი კალუგის ვიცე-გუბერნატორი, რომელმაც მართლმადიდებლობა 1868 წლის 7 ნომბერს მიიღო ოპტინის მონასტერში. ლიბავის მოქალაქე ფერდინანდ ქრისტიანის ძე როზენი, რომელიც ორიოლში ცხოვრობდა, 1868 წლის 26 ივლისს გახდა მართლმადიდებელი და მისი ნათლია თვითონ ბერი ამბროსი გახლდათ. შვედი მარია კოროლინა ორი გელსინგფორსიდან, რომელიც მართლმადიდებლობას შეუერთდა 1869 წლის 23 თებერვალს. ის ამბობდა, რომ მართდმადიდებლობის მიღების შემდეგ მან დიდი სულიერი ნუგეში იგრძნო. ქალაქ ბელევოს ლუთერანი ვილჰელმინა კარლოვნა თავისი ქალიშვილი მარიამით, პოლონელი კათოლიკე, რომელიც რუსის მეუღლე გახლდათ, ელენა ტიტოვა 1869 წლის 15 მარტს გახდა მართლმადიდებელი. მანაც მართლმადიდებლობის მიღების მერე დიდი სულიერი სიხარული მიიღო. შემდეგშიც მრავალი ადამიანი შემოუერთდა ბერის მოღვაწეობის შედეგად მართლმადიდებლობას.
ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ ის, რომ ბერ ამბროსის გრაფი ლ. ნ. ტოლსტოიც სტუმრობდა. ის ოპტინაში სამოცდაათიანი წლების ბოლოს მოვიდა ფეხით, გლეხის სამოსით, ქალამნებითა და ზურგზე გუდაგადაკიდებული. მალე ცნობილი გახდა მისი საგრაფო ღირსება. ის მივიდა მონასტრის ჯიხურში რაღაცის საყიდლად და დაიწყო ყველას წინ ფულით გატენილი საფულის გახსნა. ამიტომ მალე მიხვდნენ, თუ ვინ იყო ის. გარეგნულად გლეხური იერით და ჩაცმულობით ის მოეწყო უბრალო სახალხო სასტუმროში. ერთ უბრალო ადამიანს ჰკითხა მამა ამბროსიმ, სად გაჩერდა. „იქ, – უთხრა მან, – გრაფთან უბრალო სახალხოში“. ეს კაცი თვითონ მივიდა მამა ამბროსთან და თავის სამოსზე მითითების შემდეგ უთხრა, თუ როგორ ცხოვრობს: „მერე რაა?“ წამოიძახა ბერმა, ღიმილით შეჰყურებდა მას, უცნობია ბერის ზუსტი პასუხი გრაფის მიმართ. მაგრამ აზრი ასეთია: მარტო გარეგნობა შინაგანის გარეშე იგივეა, რაც სხეული უსულოდ. ყოველნაირი შრომა და ამქვეყნიური მოღვაწეობა თვითმოკვდინებაა, თუ ის მიმართული არ არის სახარებისეული მცნებების აღსასრულებლად და სათნოებების, განსაკუთრებით, სიმდაბლის მოსაპოვებლად, არა მარტო ვერ მოუტანენ ადამიანის სულს სარგებელს, პირიქით, მოუტანენ უდიდეს ზიანს – ბოლომდე დაღუპავენ მას.
დაბოლოს, განსაკუთრებული დღე მთელი წლის განმავლობაში ბერისთვის 7 სექტემბერი იყო. მისი მოძღვრის, მამა მაკარის, გარდაცვალების დღე, რომლის მიმართაც მას უშურველი სიყვარული ჰქონდა. რადგან ამ დღეს, ბერი მაკარის გარდაცვალების დღიდან დაუშვეს სკიტში ქალთა შემოსვლა, ამიტომ ამ რიცხვში ყოველწლიურად ბევრი მონაზონი ქალი და საერო მანდილოსანი იყრიდა თავს, რათა პატივი მიეგოთ ლოცვით მისი ხსოვნისთვის და მოენახულებინათ მათი ძვირფასი სკიტი. ამიტომ 7 სექტემბერს ამ განსაკუთრებული შემთხვევის გამო მამა ამბროსი გარშემორტყმული იყო ქალბატონებით, რომელთაც მთელი დღე გარშემორტყმული ჰქონდათ წმინდა მამის კორპუსი.
ამრიგად, დაუღალავ შრომასა და ყოველდღიურ მოუსვენრობაში, სხვადასხვანაირ განსაცდელებში, უბედურებასა და ავადმყოფობაში – ამ ცხოვრებისეულ ტალღებსა და არეულობაში მიცურავდა მშვიდი ნავსაყუდელისკენ მამა ამბროსის ნავი. მაგრამ ცოცხალი რწმენით ფრთებშესხმული ღვთის განგებულებითა და დაუგმობელი იმედით, ის თავისი მოსიყვარულე გულით იმდენად იყო მიჯაჭვული ზეციური იერუსალიმის ენით აუწერელ სილამაზეზე, რომ, როგორც მის ახლობლებს ეგონათ, თითქმის ანდა საერთოდაც, ის განსაცდელებს ვერც ამჩნევდა.
X თავი
ბერი ამბროსის ზოგიერთი საერთო მოძღვრებანი,
რომელთა უმრავლესობა მინაშენში მოსული
ქალბატონების მიერაა ჩაწერილი
„ამო საუბარი გოლეული თაფლია.“
როგორი სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა ბერის მინაშენმა მომსვლელებზე, ამაზე ერთი ამ ქალბატონთაგანი გვიაბობს ამგვარად: „რა სიხარულით დაიწყებს გული ძგერას, როდესაც ამ დაბურულ ნაძვნარში მიმავალი გზის ბოლოს სკიტის სამრეკლოს, ხოლო მარჯვენა მხარეს სიმდაბლით მოღვაწე ბერის ღარიბ სენაკს დაინახავ! რა სულის სიმსუბუქეს გრძნობ, როდესაც ზიხარ ამ ვიწრო და დახუთულ მინაშენში. და რა ნათელი გგონია ყველაფერი მის იდუმალ, ნახევრად განათებულ ოთახში! რამდენმა ადამიანმა გაიარა აქაურობა! აქ მოდიოდნენ განსაცდელთაგან ცხარე ცრემლებით მტირალნი და დაუღვრიათ სიხარულის ცრემლიც; სასოწარკვეთილები ნუგეშცემულნი და გამხნევებულნი მიდიოდნენ; ურწმუნონი და ეჭვნეულნი – ეკლესიის ერთგული შვილები ხდებოდნენ. აქ ცხოვრობდა „მოძღვარი“ – მრავალი სიკეთისა და ნუგეშის წყარო. ადამიანის ჩინსა და მდგომარეობას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მას მხოლოდ ადამიანის სული აინტერესებდა, რომელიც იმდენად ძვირფასი იყო მისთვის, რომ ის, თავს ივიწყებდა და მთელი ძალით ცდილობდა ეხსნა და დაეყენებინა ადამიანი ჭეშმარიტ გზაზე. დილიდან საღამომდე უძლურებით შეურვებული ბერი იღებდა მომსვლელებს და ყველას სათანადოდ ანუგეშებდა. მისი სიტყვები რწმენით მიიღებოდა და ყველასთვის კანონი იყო. მისი კურთხევა და განსაკუთრებული ყურადღება დიდ ბედნიერებად ითვლებოდა და კურთხევის ღირსქმნილნი პირჯვრის წერით გამოდიოდნენ მისგან და მადლობდნენ ღმერთს ნუგეშისათვის“.
თავის რჩევებსა და მოძღვრებას, რომლებითაც მამა ამბროსი სარგებლობდა მასთან მოსულების სულიერი რწმენის გამო, იძლეოდა ან განმარტოებული საუბრისას, ან საჯაროდ, ყველაზე მარტივი ფორმით, მოკლედ და ხშირად ხუმრობით. საერთოდ უნდა შევნიშნოთ, რომ სახუმარო ტონი სამოძღვრებო საუბრისას ბერის თავისებურება იყო.
„როგორ უნდა ვიცხოვროთ?“ – ესმოდა ბერს ეს საერთო და ძალიან საჭირო კითხვა ყოველი მხრიდან. ის თავისებურად, ხუმრობით პასუხობდა: „ცხოვრება არაა ჭმუნვა, არავინ განიკითხო, არავინ გაამწარო და ყველას ჩემი პატივისცემა გექნებათ“. ბერის ასეთი ტონი ხშირად ღიმილს იწვევდა მსუბუქად მოაზროვნე ადამიანებში, მაგრამ თუ უფრო სერიოზულად ჩავუფიქრდებით, მაშინ ძალიან ღრმა აზრს დავინახავთ მასში. ჭმუნვის გარეშე ცხოვრება, ესე იგი აუცდენელი განსაცდელებითა და წარუმატებ-ლობებით გული რომ არ უნდა დაიმძიმო, არამედ წარმართო ის ერთი ჭეშმარიტი, მუდმივი სიტკბოებისაკენ – უფლისკენ; რით შეიძლება დაიმშვიდოს ადამიანმა თავი ურიცხვი და სხვადასხვანაირი უკეთურობებისას, შეურიგდეს მათ თუ „დაიმდაბლოს“ თავი. „არ განიკითხო“, „არ გაამწარო“. არაა ჩვეულებრივი განკითხვა და გამწარება, ესენი მომაკვდინებელი სიამაყის შვილებია. ესენი საკმარისია მხოლოდ იმისათვის, რომ ადამიანის სული ჯოჯოხეთის ფსკერზე მოაქციონ: ამასობაში მათ ადამიანების დიდი ნაწილი ცოდვად არ თვლის. „ყველას ჩემი პატივისცემა“ – მიუთითებს მოციქულის მცნებაზე; „ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“. ამ აზრის განზოგადებითა და მასთან თანხმობით ჩვენ ვხედავთ, რომ ზემოთმოყვანილ მოძღვრებაში ბერი ქადაგებდა, პირველ რიგში, სიმდაბლეზე – ეს სულიერი ცხოვრების საფუძველია, წყაროა ყველა სათნოებისა. წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებით, მის გარეშე, როგორც წინათ ვახსენეთ, შეუძლებელია გადარჩენა.
ზოგჯერ ბერი კითხვაზე: – „როგორ ვიცხოვროთ?“, – ასეთ პასუხს აძლევდა: „უნდა იცხოვრო არა თვალთმაქცურად, არამედ სამაგალითოდ, მაშინ ჩვენი საქმე მართალი იქნება, თუ არადა – ბილწი“. ანდა ასე: „ერშიც შეიძლება ცხოვრება, მაგრამ არა ჯოგში, არამედ – მშვიდად“. ბერის ეს მოძღვრებაც სიმდაბლის მომუშაკებისკენ მოგვიწოდებდა.
„ჩვენ, – ამბობდა ბერი, – უნდა ვიცხოვროთ მიწაზე ისე, როგორც ბორბალი ბრუნავს, მხოლოდ ერთი წერტილით ეხება მიწას, სხვა ადგილებით (წერტილებით) კი უცილობლად მიილტვის ზემოთ, ჩვენ კი დავწვებით მიწაზე და ადგომას ვერ ვახერხებთ“. სიმდაბლეზე კი ამბობდა: „მონასტერში რომ იცხოვრო, უნდა დაითმინო არა ერთი ურმის, არამედ მთელი ქარავნის (ურმების) სიმძიმე“. და კიდევ: „მონაზონი რომ იყო, უნდა იყო ან რკინის, ან ოქროსი“. ამას ბერი ასე ხსნიდა: „რკინის, ესე იგი უნდა გქონდეს დიდი მოთმინება, ოქროსი – დიდი სიმდაბლე“.
„თუ ვინმე გაწყენინებს, არავის მოუყვე, გარდა ბერისა და იქნები მშვიდად. ყველას თავი დაუხარე და არ მიაქციო ყურადღება, თავდახრით გპასუხობენ თუ – არა. სიმდაბლე ყველას წინაშე საჭიროა და თავი ყველაზე ცუდი უნდა გეგონოს. თუ ისეთი დანაშაული არ ჩაგვიდენია, როგორიც სხვამ ჩაიდინა, ეს იმიტომ, რომ იმ მდგომა-რეობაში არ ჩავვარდნილვართ, ჩვენი გარემოება სხვანაირი იყო. ყველა ადამიანში არის რაღაც კეთილი და კარგი; ჩვენ ხომ ჩვეულებრივ მხოლოდ სიბილწეს ვხედავთ ადამიანში, ხოლო კარგს არაფერს ვამჩნევთ“.
ერთხელ საერთო კურთხევაზე ბერმა თქვა: „ღმერთი თავისი მოწყალებით მიდის მხოლოდ თავმდაბლებთან“. ამის შემდეგ ცოტა ხანი დუმდა, უცბად დაამატა: „მზად იყავით, არავინ უწყის არც დღე და არც საათი“… რამდენიმე წუთის შემდეგ, იქვე საერთო კურთხევაზე, მოახსენეს მამაოს სკიტის მორჩილის (ალექსი კრონშტადტელის) სიკვდილი. იმის შესახებ, რომ სიმდაბლის გარეშე ხსნა შეუძლებელია, ბერი ჰყვებოდა მაგალითს: „ერთმა ქალბატონმა სიზმრად იხილა იესო ქრისტე. მის წინ ხალხის ბრბო იდგა. ღვთის მოწოდებაზე პირველი გლეხის გოგონა მივიდა, შემდეგ ქალამნიანი კაცი და ყველა, ვინც მივიდა, გლეხური წარმომავლობის იყო. ქალბატონმა იფიქრა, რომ მისი სიკეთისა და სათნოებისათვის მასაც წაიყვანდა. როგორი გაკვირვებული დარჩა ის, როცა დაინახა, რომ უფალი უკვე არავის ეძახდა! მან გადაწყვიტა თვითონვე შეეხსენებინა თავი ღვთისთვის, მაგრამ ის მისგან სხვა მხარეს მიტრიალდა. მაშინ ის დავარდა მიწაზე და სიმდაბლით აღიარა, რომ ის ყველაზე ცუდია და არ არის ზეციურ სასუფეველში ყოფნის ღირსი“ შემდეგ კი დაამატა: „აი, ასეთები არიან ვარგისნი, ასეთებისაა ის ადგილი“.
ბერის ახლოს მდგომმა თქვა: „სიამაყე მიშლის ხელს ყველაფერში“. ბერმა უპასუხა: „შენ კი სიმდაბლე შეიმოსე მაშინ, ცაც რომ მიწაზე დაემხოს, არ შეგეშინდება“.
ბევრს საამაყოც ბევრი არაფერი აქვს. ამის თაობაზე ბერი ასეთ რაღაცას ჰყვებოდა: „ერთი აღმსარებელი ქალი ეუბნებოდა მოძღვარს, რომ ის ამაყია. „რით ამაყობ? – ჰკითხა მოძღვარმა, – დიდგვაროვანი ხარ?“ -„არა“,- უპასუხა მან. -„ალბათ, ნიჭიერი?“ -„არა“. -„ალბათ, მდიდარი?“ -„არა“. -„ჰმ!. მაშინ შეგიძლია იამაყო“, – უთხრა ბოლოს მოძღვარმა.
კითხვაზე: „ეს მართლები, რომლებიც ღვთის მცნებებით ცხოვრობენ, რატომ არ ამაღლდებიან თავისი სიმართლით“, ბერმა უპასუხა: „მათ არ იციან, თუ რა ელით ბოლოს. ამიტომ ჩვენი ხსნა შიშსა და იმედს შორის უნდა იქმნებოდეს. არასოდეს არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, მაგრამ უზომო იმედიც არ არის საჭირო“.
კითხვა: „შეიძლება თუ არა სულიერ ცხოვრებაში სრულყოფის სურვილი გვქონდეს?“ ბერის პასუხი: „მხოლოდ სურვილი არა კმარა, უნდა ცდილობდე სრულყოფას სიმდაბლეში, ე. ი. იმაში, რომ თავს ყველა ადამიანზე და ყველა დაბადებულზე უფრო ცუდად თვლიდე“.
ცოდვილ ადამიანს, ბუნებრივია, სჭირდება სიმდაბლე. თუკი ის თავს არ დაიმდაბლებს, მაშინ მას დაამდაბლებენ გარემოებები, რომლებიც განგებულებითად მიეწყობა მისი სულის სასარგებლოდ. ბედნიერებაში ის დავიწყებას მიეცემა და ყველაფერს თავის თავს მიაწერს, მაგრამ როგორც კი მის თავს უბედურება მოიწევა, შენდობას სთხოვს მოჩვენებით მტერსაც კი. ამ ჭეშმარიტებას ბერი იგავით გადმოსცემდა: „კაცი ხოჭოს ჰგავს. როდესაც თბილი ამინდია და მზე აცხუნებს, დაფრინავს, ეამაყება თავი: ყველა ტყე ჩემია, ყველა მინდორი ჩემია! – მაგრამ როგორც კი მზე ჩავა, სიცივით კვდება, ავარდება ქარი, დაივიწყებს ხოჭო თავის შემართებას, ჩაეხუტება ფოთოლს და წუწუნებს: „არ მიმატოვო, არ დამაგდო!“
ბერი კიდევ ჰყვებოდა იმას, თუ როგორ დაამდაბლებენ ადამიანს ზოგჯერ გარემოებები: „ერთხელ ვიღაცამ მოაწყო დიდი სადილი და გაგზავნა თავისი მომსახურეები სტუმრების დასაპატიჟებლად. ერთი დაპატიჟებულთაგანი ეკითხება მასთან გამოგზავნილ არააკურატულ მომსახურეს: „ნუთუ შენმა ბატონმა შენზე უკეთესი ვერავინ გამოაგზავნა ჩემთან“? ამაზე გამოგზავნილმა უპასუხა: „კარგები კარგების დასაპატიჟებლად გაგზავნეს, მე კი თქვენთან გამომიშვეს“.
თავის სულიერ მოსწავლე ქალბატონების დასამოძღვრად ბერი ამბროსი ამბობდა: „ერთხელ წინამძღვარ არქიმანდრიტ მოსესთან ვიღაცა მოვიდა, მაგრამ, სახლში რომ არ დახვდა, წავიდა მის ღვიძლ ძმასთან. ზემოხსენებულ იღუმენ ანტონთან. საუბრისას სტუმარმა ჰკითხა იღუმენს. „მითხარი, მამაო, რომელ კანონს ემხრობით?“ იღუმენმა უპასუხა: „მე ბევრი სხვადასხვა კანონით მიცხოვრია, ვცხოვრობდი უდაბნოშიც და მონასტრებშიც, ამიტომ სხვადასხვა კანონები მქონდა, ახლა კი მხოლოდ მეზვერული დამრჩა; ღმერთო, მოწყალეო, გამაღვიძე მე ცოდვილი!“
ამასთან ერთად ბერი ჰყვებოდა, რომ „ერთ ქალს სულ მოგზაურობა უნდოდა, იქით-აქეთ – კიევში, ზადონსკში, ხოლო ბერი ეუბნებოდა მას: ეს შენთვის სასარგებლო არ იქნება, სჯობს დაჯდე სახლში და მეზვერის ლოცვა შეასრულე“.
„როგორც კი ადამიანი თავს დაიმდაბლებს, – ამბობდა ბერი, – მაშინვე სიმდაბლეს ზეციური სასუფევლის კარებთან მიჰყავს ის“. დავამატებთ ამას მოციქულის სიტყვას: „რადგან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში“.
„ღვთის სასუფეველი, – ამბობდა ბერი, – სიტყვებში კი არაა, არამედ ძალაში: ნაკლები უნდა იმეტყველო, უფრო დადუმდე, არავინ განიკითხო, და ყველას ჩემი პატივისცემა გექნებათ“.
მოთმინების შესახებ: „როდესაც გულს გტკენენ, არასოდეს ჰკითხო – რატომ და რისთვის. წმინდა წერილში ეს არსად წერია. იქ პირი-ქითაა ნათქვამი: თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგარტყამს, მას მეორე მიუშვირე. მარჯვენა ლოყაში დარტყმა ნამდვილად უხერხულია. ეს კი ასე უნდა გავიგოთ: თუ ვინმე ცილს დაგწამებს ანდა უდანაშაულოდ გულს გატკენს – ეს ნიშნავს მარჯვენა ლოყაში დარტყმას. ნუ დრტვინავ, არამედ გადაიტანე მოთმინებით ეს დარტყმა, ამით მარცხენა ლოყა მიუშვირე, ე. ი. გაიხსენე შენი უსამართლო საქმენი და თუ შენ ახლა უცოდველი ხარ, წარსულში ბევრს სცოდავდი და ღირსი ხარ დაისაჯო“.
„მამაო! მასწავლეთ მოთმინება“, – უთხრა ერთმა დამ. „ისწავლე, – უპასუხა ბერმა, – და დაიწყე არსებული და შემხვედრი უსიამოვნებების მოთმინება“. – „ვერ გამიგია, როგორ შეიძლება არ აღშფოთდე უსამართლობასა და წყენაზე“. ბერის პასუხი: „თვითონ სამართლიანი იყავი და არავის აწყენინო“.
თუ რომელიმე ძმათაგანს, რომელიც სულმოკლეობით ან მოუთმენლობით, განიცდიდა იმას, რომ მას მალე არ აღკვეცენ ბერად, ბერდიაკვნის ან მღვდელ-მონაზვნის ხარისხში არ აიყვანენ, ბერი ჩვეულებისამებრ ასე მოძღვრავდა: „ძმაო, თავის დროზე ყველაფერი მოვა, ყველაფერს მოგცემენ; კეთილ საქმეებს არავინ მოგცემს“.
მონაზვნური მორჩილების შესახებ: ერთმა ქალბატონმა ჰკითხა: „მამაო, რატომ აქვს იღუმენიას მოცემული ამხელა უფლება მონაზვნებზე, თითქმის ბატონყმური?“ ბერმა უპასუხა: „უფრო დიდი, ვიდრე ბატონყმური. მათ შეუძლიათ ზურგს უკან იბუტბუტონ თავის ბატონზე და ლანძღონ იგი; მონაზვნებს ეს უფლებაც წართმეული აქვთ; მონაზონი თვითნებურად აძლევს საკუთარ თავს ბატონყმური უფლების ქვეშ“.
მრისხანებაზე: „არავინ არ უნდა გაამართლოს თავისი მრისხანება რაიმე ავადმყოფობით, ეს სიამაყიდან გამომდინარეა. კაცის გულისწყრომა კი წმინდა იაკობ მოციქულის სიტყვით, არა ქმნის ღვთის სამართლიანობას. რომ არ მივეცეთ მრისხანებას, არ უნდა ვიჩქაროთ“.
შურზე და ავმეხსიერებაზე საუბრისას ბერმა თქვა: „უნდა დააძალო თავს, თუნდაც ნების წინააღმდეგ, გაუკეთო რაიმე სიკეთე შენს მტერს; მთავარია, შური არ იძიო და იყო ფრთხილად, რათა არ აწყენინო მათ შეურცხყოფითა და დამცირებით“.
ერთმა ქალმა ჰკითხა: „ჩემთვის გაუგებარია, მამაო, რომ თქვენ არათუ არ მრისხანებთ იმათზე, ვინც თქვენზე აუგს ამბობს, არამედ აგრძელებთ მათს სიყვარულს“. ბერმა ამაზე ბევრი იცინა და თქვა: „შენ პატარა ბიჭი გყავდა; უბრაზდებოდი მას, როცა ის რაიმე ცუდს აკეთებდა ან ამბობდა? თუ ცდილობდი დაგეფარა რაღაცნაირად მისი უარყოფითი მხარეები?“
სიყვარულზე: „სიყვარული, – ამბობდა ბერი მოციქულის სიტყვებით, – ყველაფერს პატიობს, ბევრ ხანს ითმენს, არ განიკითხავს, არაფერი სხვისი არ უნდა, არ შურს“.
„სიყვარული ყველაფერს ფარავს. და თუ ვინმე უკეთებს ახლობელს სიკეთეს გულის კარნახით და არა ვალის გამო, ასეთს ეშმაკი ვერ შეუშლის ხელს; ხოლო სადაც მარტო მოვალეობით კეთდება სიკეთე, იქ ბოროტი მაინც ცდილობს ხელი შეუშალოს“.
„მშრომელს უფალი წყალობას უგზავნის, ხოლო მოსიყვარულეს – ნუგეშს“.
„სიყვარული, რა თქმა უნდა, ყველაფერზე მაღლაა. თუ შენ შეამჩნიე,- რომ შენში არ არის სიყვარული, მაგრამ გინდა გქონდეს, მაშინ გააკეთე სიყვარულის საქმე, თუნდაც თავიდან უსიყვარულოდ. უფალი ნახავს შენს სურვილს და მცდელობას და ჩადებს შენს გულში სიყვარულს. მაგრამ მთავარია, როცა შეამჩნევ, რომ შესცოდე სიყვარულის წინაშე, მაშინვე აღიარე ბერის (მოძღვრის) წინაშე. ეს შეიძლება ზოგჯერ უშვერი გულის ბრალი იყოს, ზოგჯერ კი მტრის (ეშმაკის). შენ თვითონ ვერ შეძლებ გაარჩიო ეს და როცა აღსარებას ჩააბარებ, მტერი (ეშმაკი) განგეშორება“.
„ვისაც უშვერი გული აქვს, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს, რადგან ღვთის შეწევნით და დახმარებით ადამიანს შეუძლია გამოასწოროს თავისი გული. ამისათვის აუცილებელია მიხედო თავს და არ გაუშვა ხელიდან შანსი, არგო მოყვასს. ხშირად უნდა გაიხსნა მოძღვართან და შეძლებისდაგვარად იყო მოწყალე. ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, უცბად შეუძლებელია, მაგრამ უფალი დიდხანს ითმენს. ის მხოლოდ მაშინ წყვეტს ადამიანის სიცოცხლეს, როცა ხედავს მის მზადყოფნას, გადავიდეს მარადიულ ცხოვრებაში ანდა როდესაც მისი გამოსწორების არავითარი იმედი არ აქვს “.
„თუ ადამიანებს ღვთისგან მოვლენილი სტუმარივით მიიღებ, მაშინ, დამიჯერე, ყველა შენ მიმართ კეთილად განეწყობა“.
„ადამიანმა თავი რომ გამოასწოროს, არაა საჭირო უცბად დაჯახება, არამედ როგორც დიდ ნავს ეწევიან: მოწიე-მოწიე-მოწიე, მიეცი-მიეცი! – ყველაფერი უცბად არა, არამედ ნელ-ნელა. იცი რა არის ანძა გემზე? ეს ისეთი ნაწილია, რაზეცაა მიბმული გემის ყველა თოკი; თუ მას გამოწევ, მაშინ ნელ-ნელა ყველა მოიწევა; თუ სწრაფად გამოწევ, მაშინ დაძვრისგან ყველაფერს გააფუჭებ“.
„უვნებობის მიღწევა მყისიერად შეუძლებელია, ამიტომ ყოველთვის, როცა ცოდვას გრძნობ, თქვი: ღმერთო, მომიტევე! უფალი ერთადერთია, ვისაც შეუძლია დაავანოს ადამიანის გულში სიყვარული“.
მოწყალებაზე ბერი ამბროსი ამბობდა: „წმინდა დიმიტრი როსტოველი წერს. თუ შენთან მოვიდა ცხენზე ამხედრებული ადამიანი და დანაყრებას გთხოვს, მიეცი მას საკვები. როგორ გამოიყენებს და შეიშნოებს ის შენს მოწყალებას, შენ ამაზე პასუხს არ აგებ“.
კიდევ. „წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: დაიწყე უქონელებზე იმის მიცემა, რაც შენ არ გჭირდება, შემდეგ შეძლებ შენთვის მოიკლო და გასცე, ბოლოს კი მზად იქნები მისცე ყველაფერი, რაც გაგაჩნია“.
კითხვაზე, როგორ გავიგოთ სახარების სიტყვები: „იყავით ბრძენნი, ვითარცა გველი“, ბერმა ასე ახსნა: „გველი, როდესაც ძველ ტყავს ახლით იცვლის, გაძვრება ძალიან ვიწრო ხვრელში და ამრიგად მისთვის ადვილი ხდება ძველი ტყავის დატოვება: ასეა ადამიანიც, თუ მას სურს განიძარცვოს ძველისაგან, უნდა იაროს ვიწრო გზით, სახარებისეული მცნებების აღსრულებით. ყოველი თავდასხმისას გველი ცდილობს დაიცვას თავი. ადამიანი ყველაზე უფრო თავის სარწმუნოებას უნდა გაუფრთხილდეს. სანამ რწმენა შენარჩუნებულია, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება“.
„მე როგორღაც ვეუბნებოდი წმინდა მამას, – წერს მისი სულიერი შვილი, – ერთ ოჯახზე, რომ მე ისინი ძალიან მეცოდება – მათ არაფერი სწამთ, არც ღმერთი, არც მომავალი ცხოვრება. მეცოდება იმიტომ, რომ ისინი, შეიძლება, ამაში თვითონ არ იყონ დამნაშავე – ისინი ასეთ ურწმუნოებაში გაზარდეს, შეიძლება სხვა მიზეზებიც იყო“. ბერმა გააქნია თავი და მრისხანედ თქვა: „უღმერთოების გამართლება არ შეიძლება. ყველას, წარმართებსაც, ხომ გადაჭრით უქადაგეს სახარება. ბოლოს და ბოლოს ბუნებით ყველა ჩვენგანს დაბადებიდანვე ჩანერგილი აქვს იმის გრძნობა, რომ ღმერთი აღვიქვათ, ეტყობა, თვითონ არიან დამნაშავე. შენ მეკითხები, შეიძლება თუ არა ასეთებზე ლოცვა. რა თქმა უნდა, ლოცვა ყველაზე შეიძლება“. – „მამაო! – ვეუბნებოდი ამის შემდეგ, – ხომ ვერ იგრძნობს მომავალ ცხოვრებაში სრულ ნეტარებას ის, ვისი ახლობლები და ნათესავები ჯოჯოხეთში დაიტანჯებიან?“ ამაზე კი ბერმა მითხრა: „არა, იქ ეს გრძნობა უკვე არ იქნება, – მაშინ ყველას დაივიწყებ. ეს იგივეა, რაც გამოცდაზე. როცა გამოცდაზე მიდიხარ, ჯერ კიდევ გეშინია, და სხვადასხვანაირი აზრები გაწუხებს. მოხვედი, აიღე ბილეთი (რაზეც უნდა უპასუხო) და ყველაფერი დაგავიწყდა“.
მოვიდა ბერთან რომელიღაც ბატონი, რომელსაც ეშმაკების არსებობა არ სჯეროდა. ბერი მოუყვა შემდეგს: „მოვიდა ერთი კაცი სოფელში სტუმრად თავის ნაცნობებთან და ღამის გასათევი ოთახი თვითონ აირჩია. მას უთხრეს: აქ არ დაწვეთ, ამ ოთახში უსიამოვნებაა. მან არ დაუჯერა და დასცინა მათ. დაწვა. უცბად ესმის ღამით, რომ ვიღაცა პირდაპირ მელოტ თავზე სულს უბერავს. მან საბანი დაი-ხურა. მაშინ ეს ვიღაცა მის ფეხებთან გადავიდა და დაჯდა თეთრეულზე. სტუმარს შეეშინდა, გაიქცა იქიდან და საკუთარი გამოცდილებით დაიჯერა, რომ ბნელი ძალები არსებობენ“. მაგრამ ამ მონაყოლის შემდეგაც იმ ბატონმა თქვა: „თქვენი ნებაა, მამაო, მე არ მესმის, ვინ არიან ეს ეშმაკები“. ამაზე ბერმა უპასუხა: „მათემატიკაც ხომ არ ესმით ყველას, მაგრამ ის არსებობს“. და კიდევ დაამატა: „როგორ არ არსებობენ ეშმაკები, როცა სახარებიდან ვიცით, რომ თვითონ უფალმა უბრძანა შესულიყვნენ ღორების კოლტში?“ ბატონი შეეწინა-აღმდეგა: „ეს ხომ ალეგორიულადაა? -„ალბათ, – აგრძელებდა რწმუნე-ბას ბერი, – ღორებიც ალეგორიულნი არიან და ღორებიც არ არსებობენ. მაგრამ თუ ღორები არსებობენ, მაშინ ეშმაკებიც არსებობენ“.
ზოგიერთები, ამბობდა ბერი, უარყოფდნენ ღვთის რწმენას სხვების მიბაძვით და ცრუ სირცხვილით. და აი, შემთხვევა: ერთს არ სწამდა ღვთისა, მაგრამ როდესაც კავკასიაში ომში ყოფნისას მის გვერდით ტყვიებმა დაიწყეს კაკანი, ჩაიკუზა, ჩაეხუტა თავის ცხენს და შეუწყვეტლივ ამბობდა: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვიხსენ ჩვენ!“ შემდეგ კი, როდესაც ამის გახსენებაზე ამხანაგები დასცინოდნენ მას, მან უარყო თავისი სიტყვები“. შემდეგ კი ბერმა დაამატა: „თვალთმაქცობა ურწმუნოებაზე უარესია“.
სიზარმაცესა და სევდიანობაზე (გულგატეხილობაზე): „მოწყენილობა გულგატეხილობის შვილიშვილია, ხოლო სიზარმაცე – ქალიშვილი. ის რომ განდევნო, უნდა იშრომო, ლოცვაში ნუ იზარმაცებ: მაშინ მოწყენილობაც გაივლის და გულმოდგინებაც მოვა. და თუ ამას სიმდაბლესა და მოთმინებას მიუმატებ, მაშინ თავს მრავალი ბოროტებისაგან იხსნი“.
როდესაც სევდა მოგეძალება, ამხილე თავი: გაიხსენე, რამდენი დანაშაული გაქვს ღვთისა და საკუთარი თავის წინაშე და აღიარე, რომ უკეთესის ღირსი არა ხარ და მაშინვე იგრძნობ სიმსუბუქეს. ნათქვამია: ბევრი განსაცდელი – მართლებს და ბევრი ჭრილობა – ცოდვილებს. ასეთია ჩვენი ცხოვრება აქ – სულ განსაცდელი და მწუხარება, მაგრამ მათი მეშვეობით მოიმუშაკება ცათა სასუფეველი. მოუსვენრობისას ხშირად გაიმეორე: „ეძიე მშვიდობა და მოიპოვებ მას“.
უგრძნობლობასა და უშიშობაზე, უცაბედი სიკვდილის შესახებ ბერმა თქვა. „აი, სიკვდილი, შორს არ არის, არამედ მხრებს უკანაა, ჩვენ კი აინუნშიც არ ვაგდებთო“.
კიდევ ამბობდა: „სოფლის ერთ ბოლოში რომ ძელზე ჰკიდებდნენ, მეორე ბოლოში ცოდვას არ წყვეტენ: ჩვენამდე ჯერ კიდევ კარგა ხანი ვერ მოაღწევენ“.
მონანიებაზე (სინანულზე): შესაბამისად რომ გაეანალიზებინათ სინანულის ძალა და აუცილებლობა, ბერი „სინანულზე“ ღირსი მარკოზ მოღვაწისა ბროშურებს არიგებდა. სხვათა შორის, ის ამბობდა: „რა დრო დაგვიდგა! ხშირად, თუ ვინმე გულწრფელად მოინანიებდა ცოდვებს, უკვე აღარ გაცვლიდა თავის ცოდვილ ცხოვრებაზე სიკეთეს; ახლა კი ხშირად ასე ხდება: კაცი მოჰყვება აღსარებაზე ძირფესვიანად თავის ყველა ცოდვას, მაგრამ მერე ისევ თავისას აკეთებს, ისევ სცოდავს“.
ბერი სამოძღვრო მოთხრობას გადმოგვცემდა: „იჯდა ეშმაკი ადამიანის სახით და ფეხებს აქანავებდა. ამის სულიერი თვალით მხილველმა ჰკითხა მას: რატომ არაფერს აკეთებ? – ეშმაკმა უპასუხა: არაფერი საქმე არ მაქვს, გარდა ფეხების ქნევისა – ადამიანები ყველაფერს ჩემზე უკეთესად აკეთებენ“.
მონანიების ძალაზე შემდეგს გვიყვებოდა: „ერთი მთელი ცხოვრება სულ სცოდავდა და ინანიებდა. ბოლოს მოინანია და მოკვდა. ბოროტი სული მოვიდა მისი სულის წასაყვანად და თქვა: ის ჩემია. უფალი ეუბნება: არა, ის ინანიებდა. – ინანიებდა, მაგრამ ისევ სცოდავდა – აგრძელებდა ეშმაკი. მაშინ ღმერთმა მას უთხრა: თუ შენ, ბოროტო, იღებდი შენთან მას მერე, რაც ის ჩემთან ინანიებდა, მე რატომ არ უნდა მივიღო ის იმის მერე, რაც მან შესცოდა და ისევ მოდიოდა ჩემთან სინანულით? შენ გავიწყდება, რომ შენ ბოროტი ხარ, მე კი – კეთილი“.
„თვითგამართლება, – ამბობდა ბერი, – დიდი ცოდვაა. წმინდა წერილში ნათქვამია: „რაჟამს მოვიღო ჟამი, მე სიწრფოებასა ვსჯიდე.“
„ცოდვები, კაკალს ჰგავს, – ნაჭუჭს დაამტვრევ, ნიგვზის გამორჩევა კი, ძნელია“.
„ხსნისთვის სამი საფეხური უნდა გავიაროთ. წმინდა იოანე ოქროპირი წერს: ა) არ შესცოდო, ბ) თუ შესცოდე, – მოინანიე, გ) ვინც ცუდად ინანიებს, მან განსაცდელი უნდა დაითმინოს“.
„ასე ხდება, – ამბობდა ბერი, – რომ თუმცა სინანულის შემდეგ ცოდვები მოგვეტევება, მაგრამ სინდისი მუდმივად გვსაყვედურობს. ბერი მაკარი შედარებისათვის ზოგჯერ საკუთარ თითს გვაჩვენებდა, რომელიც ოდესღაც გაიჭრა: დიდი ხანია, არ სტკივა, მაგრამ იარა დარჩა. ზუსტად ასევეა ცოდვების მიტევების მერე, ნაიარევი რჩება, ე. ი. სინდისის ქენჯნა.“
„თუმცა უფალი პატიობს ცოდვებს მონანულებს, მაგრამ ყოველი ცოდვა ითხოვს განმწმენდელ სასჯელს. მაგალითად, კეთილგონიერ ავაზაკს თვითონ უფალმა უთხრა: „დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში“ სხვათა შორის, ამის შემდეგ გადაუტეხეს მას წვივის ძვლები. როგორია, ოდენ ხელებით წვივგადატეხილი ჩამოეკიდო ძელზე სამი საათი? ესე იგი იმას მოწამეობრივი განწმენდა სჭირდებოდა. ცოდვილები, რომლებიც მალე კვდებიან მონანიების მერე, მათს განწმენდას ემსახურება საეკლესიო და პირადი ლოცვები; ხოლო ისინი, ვინც ისევ ცოცხალნი არიან, თვითონ უნდა განიწმინდონ ცხოვრების გამოსწორებითა და მოწყალებით, რომელნიც ცოდვებს ფარავენ“.
„ადამიანისთვის ჯვარს (ე.ი. სულისა და ხორცისა განმწმენდელი ტანჯვა) უფალი არ ქმნის. რაც არ უნდა მძიმე ჯვარი ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც ის ატარებს ცხოვრებაში, მაინც ხე, რომლისგანაც ეს ჯვარია გაკეთებული, ყოველთვის ადამიანის გულის ნიადაგზეა აღმოცენებული“.
ზოგჯერ ნათქვამი ჭეშმარიტების დასტურად თავის თავზე იტყოდა: „აი, მე, მაგალითად, ყოველთვის მოლაყბე ვიყავი, მიყვარდა ადამიანებთან გასაუბრება, გართობა; უფალმაც ასე მოაწყო, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ხალხთან მესაუბრა. ახლა გამიხარდებოდა მდუმარება, მაგრამ არ მიწევს“.
„როდესაც ადამიანი მიდის სწორი გზით, – ამბობდა ბერი, – მისთვის ჯვარიც არ არსებობს. მაგრამ, როდესაც გადაუხვევს მისგან და ხან ერთ მხარეს ეცემა, ხან – მეორეს, მაშინ გამოჩნდებიან სხვადასხვა გარემოებანი, რომლებიც უბიძგებენ მას ისევ პირდაპირი გზისკენ. ეს ბიძგები წარმოადგენენ ადამიანისთვის ჯვარს. ისინი, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირი არიან, ვისაც როგორი სჭირდება“.
„მიდი, საითაც წაგიყვანენ: უყურე, რასაც განახებენ და სულ იმეორე: იყოს ნება შენი!“
„არსებობს აზრობრივი ჯვარი, შეაძრწუნებენ ზოგჯერ ადამიანს ცოდვიანი აზრები; მაგრამ ადამიანი მათში დამნაშავე არ არის, თუ არ დართავს ნებას მათ“. ბერი მაგალითებს ამბობდა: „ერთი მოღვაწე ქალი, ეკატერინე სინელი დიდი ხნის განმავლობაში უწმინდური აზრებით იყო მოცული. როდესაც უფალმა გამოცხადებით განდევნა ისინი მისგან, მან შესძახა: სად იყავი აქამდე, ჩემო ტკბილო იესო? – უფალმა უპასუხა: შენს გულში ვიყავი. – მან უთხრა: ეს როგორ შეიძლება ყოფილიყო? ჩემი გული ხომ უწმინდური აზრებით იყო სავსე. მაშინ ღმერთმა უთხრა: ამიტომაც დაუკვირდი, რომ მე ვიყავი შენს გულში, შენ ცუდი განწყობა გქონდა ბილწი აზრების მიმართ. ცდილობდი გათავისუფლებულიყავი მათგან, მაგრამ არ გქონდა შესაძლებლობა, გტკიოდა ეს, და ამით მომიმზადე მე ადგილი შენს გულში“.
„ზოგჯერ ადამიანს ვნებანი უმიზეზოდ ეძლევა, იმისათვის, რომ ის, ქრისტეს მაგალითის მიხედვით, ევნოს სხვების მაგივრად. თვითონ მაცხოვარი ევნო ადამიანებისათვის. მისი მოციქულებით ასევე წვალობდნენ და მოწამეობდნენ ეკლესიისთვის და ხალხისთვის. გქონდეს სრულყოფილი სიყვარული, ნიშნავს ევნო მოყვასისთვის“.
ადამიანს ყველა საქმეში სჭირდება ღვთის შეწევნა. ბერი ამბობდა: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი“. ეს ნიშნავს, თუ ღმერთმა არ აკურთხა რაიმე, ტყუილად შრომობენ, ცუდად შვრებიან მაშენებელნი; და ტყუილად აღდგება ის ადამიანი დილაადრიან – არ წავლენ მისი საქმეები კარგად ღვთის კურთხევის გარეშე“. ამიტომაა საჭირო ყველაფერში ღვთის შეწევნის თხოვნა, საჭიროა გულისმიერი ლოცვა.
„რატომ სცოდავენ ადამიანები?“- სვამდა ზოგჯერ კითხვას ბერი და თვითონვე ხსნიდა მას: „ან იმიტომ, რომ არ იციან, რა უნდა აკეთონ და რას უნდა ერიდონ, ანდა თუ იციან, ავიწყდებათ, თუ არ ავიწყდებათ, ზარმაცობენ. პირიქით: რადგან ადამიანები ღვთისმოსაობაში ძალიან ზარმაცები არიან, ამიტომ ძალიან ხშირად ავიწყდებათ მთავარი ვალდებულება – ემსახურონ ღმერთს; სიზარმაცისა და დავიწყებისაგან დაეცემიან უკიდურეს უგონობამდე და სიბრმავემდე. ეს სამი გმირია – სასოწარკვეთილება და სიზარმაცე, დავიწყება და სიბრმავე, რომლებითაც შეკრულია მთელი კაცობრიობა გადაუჭრელი ნასკვით. ამას მოსდევს გარეწრობა ბოროტი ვნებების მთელ კრებულთან. ამიტომაც ვევედრებით ზეციურ დედოფალს: ყოვლადწმინდაო დედოფალო, ჩემო ღვთისმშობელო, სიწმინდითა შენითა და ყოვლადძლიერი ლოცვებით განდევნე თავმდაბალი და უბადრუკი შენი მონისგან სევდიანობა, დავიწყება, უგნურება, გარეწრობა და ყოველივე სიბილწე, ბოროტი და მგმობელი ზრახვა და სხვა“.
ბერი ამბროსი, რჯულად უდებდა წერილობითაც და ზეპირადაც, ელოცათ იესოს მოკლე ლოცვა. „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“.
აი, ასე წერდა ის ერთ პიროვნებას: „უფალი გაკურთხებს, მიატოვო ჩვეულებრივი კანონები და მუდმივად იესოს ლოცვაში იყო, რომელსაც შეუძლია უფრო დაამშვიდოს სული, ვიდრე დიდი საკელიო კანონის აღსრულება. ერთი ძველი გამოცდილი ბერი, სახელად ვასილი, ასე ხსნიდა ამას: ვინც დიდ საკელიო წესს აღასრულებს, ხშირად აღვძრავთ მას ამპარტავნებით; როდესაც რატომღაც ვერ შეძლებს კანონის აღსრულებს, მაშინ შეძრწუნდება, ხოლო ვინც იესოს ლოცვას მუდმივად აღასრულებს, მიაღწევს სულის სიმდაბლეს თითქოს არაფრის გამკეთებელი და თავს ვერაფრით აიმაღლებს“.
ბერი ამატებდა: „რით უნდა ამაღლდეს ნამდვილად ადამიანი აქ? გაცვეთილი, დაწალიკებული ითხოვს წყალობას: შემიწყალე, შემიწყალე! მიეცემა თუ არა წყალობა, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის“.
ბერი ამასაც ამბობდა: „ერთმა ძმამ ჰკითხა მეორეს: ვინ გასწავლა იესოს ლოცვა? – მან კი უპასუხა: ეშმაკებმა. – ეს როგორ? – აი, ასე. ისინი მაწუხებენ ცოდვიანი ზრახვებით, მე კი ვლოცულობდი და ვლოცულობდი – ასე შევეჩვიე“.
როდესაც მტერი კაცისა დაგიწყებს ძირის გამოთხრას, (როცა ლოცვისას ვინმეზე გაღიზიანდები) ასე ილოცე: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი!“
ერთი ძმა ჩიოდა ბერთან, რომ ლოცვისას მრავალი სხვადასხვანაირი ზრახვა აწუხებდა. ბერმა უთხრა: „მიდიოდა მამაკაცი ბაზარში, მის ირგვლივ ხალხი ირეოდა. საუბარი. ხმაური. ის კი თავის ცხენს ეუბნებოდა: აჩუ-აჩუ!აჩუ-აჩუ! – ასე ნელ-ნელა გაიარა მთელი ბაზარი. შენც ასე მოიქეცი, რაც არ უნდა თქვან ზრახვებმა, შენ მაინც შენი საქმე აკეთე – ილოცე!“
იესო ქრისტესადმი დუმილით ლოცვის სახელმძღვანელოდ ბერი ბროშურებს არიგებდა ასეთი სათაურით: „უფალო, შეგვიწყალეს“ განმარტება. რათა აღეძრა ზარმაცები და გულგატეხილები ამ ლოცვაში გასავარჯიშებლად, მამა ამბროსი იესოს სახელზე შემდეგ ამბავს მოგვითხრობდა: „ერთ ღმრთისმოყვარე ადამიანს ჰყავდა ნასწავლი შაშვი, რომელიც მუდმივად ისმენდა პატრონისგან ნათქვამ ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, – და თვითონაც შეეჩვია ამის გამეორებას. ერთხელ ზაფხულში ღია ფანჯრიდან გაფრინდა ქუჩაში, იქვე უნდა დაფრენოდა მას ქორი, მაგრამ შაშვმა, ჩვეულების გამო, შეშინებულმა ამოჭიკჭიკა იესოს ლოცვა და მაშინვე ქორი განეშორა მას. ამრიგად, უაზროდ ნათქვამმა ლოცვამაც კი გადაარჩინა მოწეული უბედურებისაგან“.
უზრუნველად რომ არ დარჩნენ ადამიანები და იმედები სრულიად არ დაამყარონ სხვის ლოცვაზე, ბერი ჩვეულებრივ ხალხურ ანდაზას იმეორებდა: „ღმერთო, მიშველე, – ხელი გაანძრიე და გიშველი“. და კიდევ ამბობდა: „სიბრძნემ აიშენა სახლი და თქვა, ვინც უგნურია (უგონო), მომაკითხეთ აქ! და გონებანაკლულებს პატიჟებდა: მოდით, ჭამეთ ჩემი პური და სვით ღვინო, რათა გაძლიერებულებმა ითხოვოთ გონების განათება“. ა. ტ-მ. უთხრა: „მამაო! ვისი ბაგით ვთხოვოთ, თუ არა თქვენით?“ ბერმა უპასუხა: „შენც ითხოვე; გაიხსენე, თორმეტი მოციქული თხოვდა მაცხოვარს ქანაანელი ქალისთვის, მაგრამ მათ არ მოუსმინა, თვითონ კი ითხოვა – გამოითხოვა“.
რადგანაც ლოცვა უძლიერესი იარაღია უხილავი მტრის წინააღმდეგ, ამიტომ ის ცდილობს ადამიანის ყურადღება ყოველნაირად მოარიდოს ლოცვას. ბერი ასეთ მოთხრობას გადმოგვცემდა: „ათონზე ერთ ბერს მოლაპარაკე შაშვი ჰყავდა, რომელიც მას ძალიან უყვარდა და ერთობოდა მისი ლაპარაკით. მაგრამ საოცარია, როგორც კი ბერი თავისი კანონების შესრულებას დაიწყებდა, შაშვი მაშინვე დაიწყებდა ლაპარაკს და ლოცვის საშუალებას არ აძლევდა ბერს. ერთხელ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ბერი მივიდა გალიასთან და ეუბნება: „შაშვო, ქრისტე აღსდგა!“ – შაშვმა უპასუხა: „სწორედ ესაა ჩვენი უბედურება, რომ აღსდგა“, – და იქვე გაშეშდა (მოკვდა); ბერის სენაკში საშინელი სუნი დატრიალდა. მაშინ მიხვდა ბერი თავის დანაშაულს და აღიარა ის“.
ღმერთი ყველაზე უფრო ადამიანის სულის ლოცვით შინაგანწყობას უყურებს. ამის შესახებ ბერი ამბობდა: „მოვიდა ერთხელ ზემოთ ხსენებულ იღუმენ ანტონთან ავადმყოფი, რომელსაც ფეხები სტკიოდა და უთხრა: „მამაო, მე ფეხები მტკივა, არ შემიძლია მეტანიების გაკეთება და ეს მაწუხებს“. მამა ანტონმა უპასუხა მას: „წმინდა წერილში წერია: „ძეს ჩვენი გულები უნდა და არა ფეხები“.
ერთმა მონაზონმა უთხრა ბერს, რომ ნახა სიზმრად ღმრთისმშობლის ხატი და მისგან მოისმინა: „შესაწირი შემომწირე“. ბერმა ჰკითხა: „მერე, შესწირე?“ მან უპასუხა: „რა უნდა შევწირო? მე არაფერი მაქვს“. მაშინ წმინდა მამამ მიუგო: „ფსალმუნში წერია: მსხვერპლმან ქებისამან მადიდოს მე“.
ჯვრის სასწაულ ძალაზე ბერი ასეთ მოთხრობას ჰყვებოდა: „ერთს ზედმეტის დალევა უყვარდა. ასეთ მდგომარეობაში ის სადღაც დაიკარგა და მოელანდა, თითქოს ვიღაცა მოდის მასთან, გრაფინიდან ჭიქაში არაყს ასხამს და სთავაზობს მას დალევას. მან წინასწარ, ჩვეულებისამებრ პირჯვარი გადაიწერა და უცბად ყველაფერი გაქრა, ხოლო შორიდან ძაღლის ყეფა მოესმა. აზრზე რომ მოვიდა, ნახა, რომ ჭაობში იყო შესული და ძალიან სახიფათო ადგილას იმყოფებოდა. ძაღლის ყეფა რომ არა, ვერც გამოაგნებდა იქიდან“.
სიმდაბლითა და უბრალოებით ნაცხოვრებ ადამიანზე: „მივიდა ერთი ახალგაზრდა კაცი მოსკოვის რომელიღაც მონასტერში და წინამძღვარს სთხოვა მიეღო საძმოში. წინამძღვარმა იხილა რა მისი სიმშვიდე, ურჩია მას, რომ უკეთესი იქნებოდა წასულიყო ოპ-ტინის მონასტერში. ახალგაზრდა კაცმა დაუჯერა, ჩამოვიდა ოპტინაში. აქ არქიმანდრიტმა მოსემ დაუყოვნებლივ მიიღო და უთხრა მის შესახებ ბერ მაკარის. მოათავსეს ის ცალკე, მწერლის ოთახში. ეს მორჩილი ბერივით იქცეოდა. ტაძარში წყნარად, მკაცრი მოწიწებითა და სიმდაბლით თვალებდახრილი იდგა. წინამძღვრის კურთხევის გარეშე ტაძრიდან არ გადიოდა. და როცა კვდებოდა, სულ იღიმებოდა“. აქვე ბერმა დაამატა: „ეტყობა, მას გამოცხადება ჰქონდა და მშვიდად მოკვდა. ღვთის რჩეულები ყოველთვის ასე იქცევიან, მათ განსაკუთრებულად მფარველობს უფალი. ვინც თავს უფალს მიანდობს, მას ღვთისგან განსაკუთრებული მზრუნველობა აქვს“.
მწირ-დარიუშკაზე საუბრისას ბერმა ღრმად ამოისუნთქა და თქვა: „დიახ, უფალი უბრალო გულებში განისვენებს. ოქრო ყველგან ჩანს და ყველგან გამოანათებს, მიუხედავად მისი ფორმისა; სხვა კი, როგორც არ უნდა ახუჭუჭო, ოქრო არ იქნება“. შენიშვნაზე, რომ დარიუშკა კარგად გარდაიცვალა, ბერმა თქვა: „ბოლო იმიტომ ჰქონდა კარგი, რომ კარგად ცხოვრობდა. როგორც იცხოვრებ, ისე მოკვდები“.
იმის თაობაზე, თუ როგორ მძიმედ ამოიძირკვება ცოდვიანი ჩვევები ადამიანში, და როგორ ძლიერად მოქმედებს მასზე სხვისი მაგალითი, ბერი ამბობდა: „როგორც ცხენების რემაში დაჭერილი გატყიურებული ცხენი, როდესაც მას ქამანდს მოსდებენ და წაიყვანენ, პირველად ეწინააღმდეგება და გვერდულად მიდის, ხოლო შემდეგ, როცა მიმოიხედავს და მიხვდება, რომ სხვა ცხენები მშვიდად მიდიან, თვითონაც მწყობრით წავა: ასეა ადამიანიც“.
ეშმაკის ბადეებზე: „ზარმაცი ობობა ზის ერთ ადგილას, გამოუშვებს ძაფს და უცდის, როგორც კი გაებმება ბუზი, მაშინვე თავს მისგან შორს იჭერს: ბუზი კი ბზუის“. ამასთან ბერმა მრავალმნიშვნელოვნად დაამატა: „ვიბზუებთ! ასევე აბამს ჩვენი მტერი ბადეებს და როგორც კი ვინმე გაებმება, ვაი მას“. შემდეგ ბერი მიუბრუნდა ვიღაცას და თქვა: „ჭკვიანად იყავი, – არ აღმოჩნდე ბუზის როლში, თორემ ისევე იბზუებ, როგორც ის“.
რა უნდა ვქნათ? თავისთავად წამოიჭრება კითხვა: ადამიანი უძლურია, მტერი კი ვერაგი. ამის თაობაზე ბერი ამბროსი, სხვათა შორის, სამოძღვრო თხრობას გვაწვდის: „რომელიღაც მამამ გააგზავნა ბიჭი ტყეში საქმეზე. ბიჭმა კი უთხრა. „მამა, როგორ უნდა ვიყო იქ მარტო? – მე არაფერი ვიცი“. – „არა უშავს, წადი, – პასუხობს მამა, – საჭიროება ყველაფერს გასწავლის. შვილი წავიდა, მაგრამ ტყეში მარხილი (ციგა) დაემტვრა. გაახსენდა მამის სიტყვა – საჭიროება ყველაფერს გასწავლისო და დაიწყო ყვირილი: საჭიროებაა! ის კი (ექო) პასუხობს მას: ააა! უცადა, უცადა, იყვირა, იყვირა და არავინ მოვიდა მის დასახმარებლად. მაშინ ჩამოვიდა, თვითონ შეაკეთა მარხილი, მოვიდა მამასთან და ეუბნება: მომატყუე, მამა, საჭიროება არ მოსულა ჩემს დასახმარებლად. – „აბა, რა მოახერხე შენით? – „აი, ასე ძლივძლივობით“. – „აი, ის რომ შენ ძლივძლივობით გამოასწორე, ეს ნიშნავს, რომ საჭიროებამ გასწავლა, როგორ მოქცეულიყავი“.
ერთხელ ბერი გამოვიდა კურთხევის მისაცემად მინაშენში და თქვა: „პატრონს ჰყავდა ბატები. ის მოეფერებოდა მათ: ტე-ჟა, ტე-ჟა; ისინი კი ისევ ბატებად რჩებოდნენ“.
ბერი ავად გახლდათ და საერთო კურთხევისას თქვა: „დღეს ძალიან დავუძლურდი! თუ ასე რამდენჯერმე გამიმეორა, მაშინ დიდხანს ვერ გავატან. ოდესმე ხომ იმქვეყნადაც უნდა წავიდე“. – „მხოლოდ ახლა არა, მამაო, – ეწინააღმდეგებიან მას, – ჩვენ უთქვენოდ რა გვეშველება? თქვენ ჯერ კიდევ უნდა იცხოვროთ ჩვენთან“. ამაზე ბერმა უთხრა: „თქვენთან ზოგჯერ ძალიან მიჭირს. მე თქვენ გმოძღვრავდით, სულ გეუბნებოდით, ყველაფერს გასწავლიდით, მაგრამ არ ვიცი, ისწავლეთ რაიმე თუ არა. აი, ამ კითხვას ვუსვამდი ჩემს თავს ავადმყოფობისას. ყოველ შემთხვევაში, მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთში“.
კიდევ ბევრი დამრიგებლური საუბარი ჰქონდა მამა ამბროსის. ზოგიერთი მათგანი აქვე, მისი ცხოვრების აღწერაში სხვადასხვა ადგილასაა მოთხრობილი.
XI თავი
ბერი ამბროსის მიერ შამორდინოს ყაზანის
ქალთა სავანის დაფუძნება
„გარდა სხვათა… ზრუნვა ყველა ეკლესიაზე“.
რუსეთის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ მამა ამბროსისთან რჩევებისათვის, ზოგი წერილობით, ზოგიც სიტყვიერად: მონაზვნებიც და ერისკაცებიც, ყოველნაირ საქმეზე. ზოგი სულიერ ნუგეშს ეძებდა, ზოგი სარწმუნოებაში ეჭვიანობის დასაძლევად, ზოგი დარიგებისთვის, თუ როგორ ეცხოვრა. ვისაც ბერული ცხოვრება სწადდა, იმაზე თხოვდნენ ბერს კურთხევას, თუ რომელ სავანეში მოწყობილიყვნენ და როგორ ეცხოვრათ იქ, როგორი ურთიერთობა ჰქონოდათ ნათესავებთან და როგორ მოეწყოთ ოჯახური საქმეები. განსაკუთრებულ მზრუნველობას ბერი იჩენდა ქვრივი ქალების, ღარიბი ქალიშვილების და ობოლი ბავშვების მიმართ, რადგან ძალიან ბევრი ასეთი ქალი და ქალიშვილი იყო, რომლებიც ღვთივსათნოდ ცხოვრობდნენ, მაგრამ არ ჰქონდათ საშუალება ქალთა სავანეში მომხვდარიყვნენ. მათ არ იცოდნენ სად ეცათ თაყვანი ღვთისთვის.
რუსეთის თითქმის ყველა დედათა მონასტერი მონაზონთა რიგში იღებდა მხოლოდ ისეთებს, რომელთაც საშუალება ჰქონდათ ეყიდათ თავისი სენაკი, გაეკეთებინათ თუნდაც მცირედი ფულადი შენატანი სავანეში და შეენახათ თავი საკუთარი საშუალებებით და შრომით, რადგან ამ მონასტრებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ შეენახათ მონაზვნები. ძალიან იშვიათად თუ სადმე მიიღებდნენ მონასტერში ქალს ფულადი შენატანის გარეშე. თუ ჯანმრთელი და ძლიერი იყო, მაშინ გათვლიდნენ მის შრომას და მიიღებდნენ იმ იმედით, რომ მონასტრის მძიმე მორჩილებას გაუძლებდა. ამიტომ ბევრი მათგანი ცხოვრობდა სოფლებში თავიანთ სენაკებში და შრომობდა, რომ მარტო თავი ერჩინათ, ხოლო ვინც სავანეში მოახერხა ცხოვრება, ისინი შეუსვენებლივ შრომობდნენ. ჯანმრთელი ადამიანებისთვის ასეთი ცხოვრება არცთუ ისე ძალიან დამამძიმებელია: ისინი თვითონაც დარწმუნებული იყვნენ, რომ უფალს უყვარს შრომა, და რომ ისინი ამით შუამდგომლობას მოიპოვებენ გადარჩენისთვის. სულ სხვა საქმეა სნეული ქალბატონი. მას არც ერთ ქალთა მონას-ტერში არ მიიღებდნენ, საშუალებაც რომ ჰქონოდა, რადგან ხანგრძლივი ავადმყოფობის და შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში მან შეიძლება დაამძიმოს მონასტერი. აი ასეთ ღარიბებზე და უბედურებზე ზრუნავდა მამა ამბროსი და მუდამ ცდილობდა მოეწყო ისინი სადმე.
შეძლებისდაგვარად მიუბიძგებდა ის ზოგიერთ ღვთისმოსავ შეძლებულ ადამიანს ქალთა სავანეები მოეწყოთ და თვითონაც მონაწილეობდა ამ საქმეში. მისი მზრუნველობით მოეწყო ქალთა სავანე ორლოვის გუბერნიის ქალაქ კრომახში. განსაკუთრებით დიდი მზრუნველობა გამოიჩინა მან სარატოვის გუბერნიის გუსევსკის ქალთა სავანის ჩამოყალიბებაში. მისივე კურთხევით მოაწყვეს ქველმოქმედებმა პოლტავის გუბერნიაში კოზელშჩანსკის და ვორონეჟის გუბერნიაში პიატნიცკის სავანეები. ბერს არა მარტო გეგმების გადახედვა, რჩევების მიცემა და საქმეზე ხალხის კურთხევა უხდებოდა, არამედ იცავდა როგორც კეთილისმქმნელებს, ასევე სავანის მკვიდრ ქალებს მრავალი დაბრკოლებისაგან, რომელსაც მათ არაკეთილგანწყობილი ერისკაცები უქმნიდნენ. ასეთი შემთხვევების გამო მას უხდებოდა მიმოწერა ეპარქიის მღვდელმთავრებთან და წმინდა სინოდის წევრებთანაც.
უკანასკნელი (ბოლო) ქალთა სავანე, რომელზეც მამა ამბროსიმ განსაკუთრებით იშრომა, შამორდინოს ყაზანის მთის სავანე იყო. ამ სავანის დაფუძნება თითქოს შემთხვევით მოხდა. მამა ამბროსის ბევრმა გულისხმიერმა პატივისმცემელმა, იმისათვის, რომ მასთან უფრო ხშირი შეხვედრის საშუალება ჰქონოდა, გამოთქვა სურვილი ეცხოვრათ მასთან ახლოს. გამოჩნდა ერთი მოსკოველი მდიდარი ბატონი, რომელმაც თხოვა ბერს ეყიდა მისთვის ოპტინასთან ახლოს პატარა აგარაკი, რაშიც თვითონ, რა თქმა უნდა, ფულს გადაიხდიდა, რათა მას ჰქონოდა შესაძლებლობა ეცხოვრა თავისი ოჯახითურთ. ბერი, რომელსაც ყველა გულწრფელად უყვარდა. ცდილობდა დაეკმაყოფილებინა ღვთივსათნო სურვილი და ამ ბატონსაც დაეხმარა.
დიდი კალუგის გზაზე, ოპტინიდან 12-იოდე ვერსით მარცხნივ მდებარეობს პერემიშლის მაზრის სოფელი შამორდინო. იქიდან ოდნავ შორს ერთ ვერსში ცხოვრობდა ბერიკაცი, ღარიბი მემამულე, ვასილი პოლიევკტოვის ძე კალიგინი თავის მოხუცებულ მეუღლესთან ერთად. ის ხშირად დადიოდა ოპტინის მონასტერში. მასთან პირისპირ შეხვედრისას ბერმა ჰკითხა, ხომ არ დათახმდებოდა თავისი ქონების გაყიდვაზე. კალიგინი დათანხმდა იმ პირობით, რომ მას და მის მეუღლეს მიეცემოდათ საცხოვრებელი ადგილი ოპტინის სამონასტრო სასტუმროში და აქ გაეტარებინათ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. სასწრაფოდ შესყიდული იქნა კალიგინის ქონება. ბერის კურთხევით ფული ცნობილმა ყოფილმა მემამულემ, მონაზონმა ამბროსია კლუჩარევამ გადაიხადა. თვითონ ბერს არ შეეძლო ფულის გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი ფული შემოსდიოდა სხვადასხვა მხრიდან, ასევე სასწრაფოდ გადიოდა სხვადასხვა დანიშნულებით. ხან სკიტის მმართველს აძლევდა პანაშვიდებისთვის, ხან ღატაკებს ურიგებდა. ფულის ყველაზე პატარა ნაწილს ის ხმარობდა კანდელის ზეთისა და ცვილის სანთლის საყიდლად, რომელიც მას სენაკში მსახურებისას სჭირდებოდა.
კალიგინის ქონების შესყიდვა მოხდა 1871 წლის შემოდგომაზე. შესანიშნავია, რომ ქონების გაყიდვამდე კალიგინს ჰქონდა განსაკუთრებული ხილვა – მას წარმოუდგა თვალწინ მის ადგილ-მამულზე მდებარე ეკლესია ღრუბლებში. ქრისტესშობის დღესას-წაულის შემდეგ დღეებში მამა ამბროსიმ გააგზავნა მისი შინა მომსახურე მამა მიხეილი შესყიდული ქონების დასამოწმებლად. 200 დესეტინა მიწის გარდა ფასეული ამ ქონებაში არაფერი აღმოჩნდა. მაღალი მთის წვერზე იდგა კალიგინების ერთი პატარა ხის ერთსართულიანი სახლი, 26 ადლი სიგრძისა და 12 ადლი სიგანის. ერთ ნახევარში ბებერი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. შიგნით ის ჩვეულებრივი გლეხის ქოხს ჰგავდა, რუსული ღუმელით და პატარა ფანჯრებით. მისაღებშივე იყო სარდაფიც და საკუჭნაოც. მეორე ნახევარი უიატაკო იყო და ბეღელის მაგივრობას სწევდა. აქ სასოფლო-სამეურნეო იარაღებს ინახავდნენ. იქვე ახლოს იდგა ძნის გასახმობი ფურნე და რამდენიმე საქონლის დასაბმელი. გასაგები იყო, რომ დრომ უკვე დიდი ხანია დაადო ყოველივე ამას ნგრევის ბეჭედი. ჩალის სახურავი დროთა ვითარებაში გაშავებულიყო. ზოგიერთ ადგილას კუთხეები უკვე დამპალი იყო. მაგრამ ხედი აქედან მშვენიერი გახლდათ. მთის მთელი ფერდობი დაფარული იყო მწვანე ფოთლოვანი ტყით. მთის ძირას ზურმუხტისფერი ტყის შუაში მიიკლაკნება ვერცხლისფერი მდინარე სერენა. იმის იქით მინდვრებია. მარჯვნივ სამხრეთ-დასავლეთით მთაგორიანი ადგილმდებარეობაა, რომელიც ლურჯ ცას უერთდება. ყველაფერი ეს ზაფხულში მწვანდება და მშვენდება სხვადასხვა პატარა ყვავილებით, რომლებიც გაფანტულია შემოქმედის უხვი ხელით. მარცხნივ სამხრეთ-აღმოსავლეთით დიდი სივრცეა 10 ვერსის მანძილზე, თუ მეტით არა. და იქ ბოლოს ჩანს ოპტინას ხუტორი მდინარე ჟიზდრაზე. შემდეგ აღმოსავლეთით სოფელი შამორდინო. კიდევ იქით – ირგვლივ მინდორ-ველები და სათიბებია.
დადგა გაზაფხული. ბერმა ისევ გააგზავნა მამა მიხეილი შეძენილი ქონების მისახედად და დაშლილი სახლის ოდნავ შესაკეთებლად. ბერის განკარგულება შეძლებისდაგვარად აღსრულებული იქნა. მაგრამ მოსკოველმა ბატონმა, რომლისთვისაც მამაომ ეს ქონება შეიძინა, რაღაც ოჯახური მდგომარეობის გამო უარი თქვა ამ სახლზე და ბერმა მას არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწია. ამრიგად, შეძენილი ქონება მადლმოსილი ბერის კისერზე რჩებოდა. „რა ვქნა? რა მოვიმოქმედო?“ გაოგნებული ეკითხებოდა საკუთარ თავს. დედა ამბროსიასთან შეხვედრისას, რომლის ფულითაც იყო შეძენილი კალიგინების ქონება, ასეთი სიტყვებით მიმართა მას: „აი დედაო, წილისყრით შენ შეგხვდა ამ ქონების ყიდვა. იქ როგორც აგარაკზე ისე იცხოვრებ შენს შვილიშვილებთან ერთად, ჩვენ კი, – ჩამოვალთ ხოლმე სტუმრად“.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კლუჩარევას ერთადერთი ბიჭი ჰყავდა, რომელიც თავის დროზე ცოლიანი იყო. პირველი ცოლი, რომლისგანაც ტყუპი გოგონები დარჩა, მალე გარდაიცვალა. მაშინ მამამ მეორე ცოლი მოიყვანა, ხოლო ნახევრად ობოლი ტყუპები ბებიასთან ცხოვრობდნენ. მათი ნათლიმამა, კლუჩარევას სურვილით, მამა ამბროსი გახლდათ, რომელიც საგანგებოდ ზრუნავდა მათზე. შვილიშვილების მომავლის უზრუნველყოფის მიზნით და მამა ამბროსის კურთხევით დაიტოვა კლუჩარევამ ეს შენაძენი. ის ახლა ქვრივი იყო და უფლებამოსილება ჰქონდა განეკარგა თავისი მდიდარი ქონება ისე, როგორც მას უნდოდა.
ისევ მამა მიხეილი გაგზავნეს სახლის უკეთ შესაკეთებლად. საქმის დასრულებისთანავე, ზაფხულის დასაწყისში, დედა ამბროსიას თავისი შვილიშვილებითა და მომსახურე ქალებით უკვე შეეძლო გადასულიყო იქ საცხოვრებლად. კალიგინების სახლი ისე შეაკეთეს, რომ თვითონ პატრონი დარჩა გაოცებული, რა იყო და რა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ უბრალოების ბეჭედს ატარებდა აქ ყოველივე, მაინც ძალიან მოხერხებული საცხოვრებელი იყო. ახალი მაცხოვრებლების შემოსახლებამ ახალი სიცოცხლე და სიმხიარულე შემოიტანა ამ სახლში. პირველ ზაფხულს, ე. ი. 1872 წელს, მამა ამბროსი ჩამოვიდა კლუჩარევასთან ადგილის დასათვალიერებლად. დედა ამბროსიას მისცა კურთხევა აეშენებინა აქ ახალი კორპუსი მისთვის და მორჩილი ქალებისთვის (ნასყიდობის წერილით დამტკიცებული), რომელთა რიცხვიც არცთუ ისე მცირე იყო. ამასთანავე ჩაილაპარაკა: „ჩვენ აქ მონასტერი გვექნება“. – მაგრამ როგორ უნდა მომხდარიყო ეს? ქონების კანონიერი მემკვიდრეები, დედა ამბროსიას შვილიშვი-ლები, ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, რომელთაც წინ ხანგრძლივი და ოჯახური ცხოვრება ელოდათ. ასე უნდა ეფიქრა ნორმალურ ადამიანს და ასე ფიქრობდა ბებია, დედა ამბროსია.
ამასობაში მამა ამბროსის კურთხევით და მისივე მითითებით დედა ამბროსიამ მეორე წელსვე დაიწყო ახალი ერთსართულიანი ხის დიდი სახლის შენება, რომელსაც ქვის მაღალი საძირკველი ჰქონდა. ამ სახლში წინასწარ გათვლილი იყო ძვირფასი სტუმრის, მამა ამბროსის მისაღები სენაკის მოწყობა. ის კი აქ ჩამოდიოდა თავის მომსახურესთან (ახლანდელ ბერთან მღვდელ-მონაზონ იოსებთან) ერთად ყოველ ზაფხულს ერთხელ და სტუმრობდა აქ ჯერ ორი-სამი დღე, შემდგომში კი კვირითაც. ბერი უეჭველად მაშინაც დარწმუნებული იყო, რომ აქ წმინდა სავანე იქნება, სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ამ ადგილის მიმართ. ის დადიოდა იქ და ყველაფერს ათვალიერებდა. უცბად გაჩერდებოდა რომელიმე ადგილას, დაავალებდა სიგრძნე-სიგანის გაზომვას და მონიშვნას. ეტყობა ის მაშინ ფიქრობდა და მონიშნავდა, რომელი ნაგებობა სად უნდა ყოფილიყო.
აი კლუჩარევების ახალი სახლიც მზად იყო. შესანიშნავია, რომ დიდი დარბაზი (ზალა), ბერის მითითებით, აღმოსავლეთის მხარეს იკავებდა, ხოლო დედაოს შვილიშვილების სენაკები (ოთახები) ჩრდილოეთის მხარეს იყვნენ განლაგებულნი, მიუხედავად იმისა, რომ ოთახების ასეთი განლაგება კლუჩერევას ძალიან არ მოსწონდა. არაერთხელ იხსენებდა შემდგომში მამა ამბროსი, თუ როგორ განიცდიდა დედა ამბროსია, რომ მამაოს გეგმა არ ეთანხმებოდა მის სურვილს. „ის ბავშვებისთვის სახლს აშენებდა, – ამბობდა ბერი, – ჩვენ კი ეკლესია გვჭირდება“.
ასეთნაირად გამზადებულმა კლუჩარევების სახლმა დაიტია არა მარტო შვილიშვილები, არამედ მათთან ერთად მორჩილი დებიც (ყოფილი მსახურები), რომლებიც მათ დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდნენ. ამ ქალბატონებს თანდათან შემოუერთდნენ ნათესავები, ახალგაზრდებიც კი, რომლებიც ლოცვას და სიმშვიდეს ეძებდნენ. დედა ამბროსიას ღვთისმოსაობა მოეფინებოდა ყველაფერს, რაც კი მის სიახლოვეს არსებობდა. ახალ შენაძენში მაშინაც მონაზვნურს მიმსგავსებული ცხოვრება მიდიოდა. თვითონ კლუჩარევა ჯერ კიდევ ოპტინის მონასტრის სასტუმროში აგრძელებდა ცხოვრებას. ის თავის შვილიშვილებს არ შორდებოდა. ხან მამულში იყო დიდხანს მათთან, ხან კიდევ სასტუმროში მოჰყავდა ისინი.
ის ყოველნაირად ცდილობდა, რომ მათთვის კარგი აღზრდა მიეცა. ამისათვის, როცა ბავშვები წამოიზარდნენ, მან სთხოვა ბერს კურთხევა მოენახა მათთვის ფრანგი ქალბატონი, ფრანგული ენის უკეთესად შესწავლის მიზნით და ამასთან ერთად ჩაეცვა მათთვის უკეთესად. მაგრამ მისი წუხილის მიუხედავად ბერმა უარი განუცხადა. კლუჩარევას ამჯერად არ ესმოდა ბერის და თავს ძალას ატანდა, რომ მისი რჩევები შეესრულებინა, მაგრამ ეს მისთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა და ბევრი იწვალა.
გოგონები კი მოღვაწეობდნენ. ისინი იმდენად თავშეკავებულნი იყვნენ, რომ ხორცზე უარს ამბობდნენ და მხოლოდ მამაოს რწმუნების შემდეგ იღებდნენ მას. ისინი ხშირად ლოცულობდნენ. ძალიან უყვარდათ ოპტინის ხანგრძლივი მსახურებები და ისე მტკიცედ იცოდნენ მათი განრიგი, რომ თვითონ მსახურებდნენ ღამისთევას მღვდლებთან ერთად ასამაღლებლებთან. როცა ბებია, ამ შემთხვევის გამო, გამოთქვამდა მამა ამბროსთან გულისტკივილს, ის ეუბნებოდა: „ილოცონ – სუსტები არიან“. მაგრამ ბებიას არ ესმოდა, თუ რისი თქმა უნდოდა ამით ბერს. სხვებს კი ბერი პირდაპირ ეუბნებოდა. „არა უშავს, მათ იციან, რომ ემზადებიან იქით წასასვლელად…“
ერთხელ ოპტინაში ბერის სულიერი შვილი მოქალაქე ა.ა. შიშკოვა მოვიდა. მან შეიარა კლუჩარევებთან, ბებია წუხილით უამბობდა მას, რომ მამა ამბროსი არ აძლევს კურთხევას აიყვანოს შვილიშვილებისთვის ფრანგი ქალი. „თქვენ იცით, – ეუბნებოდა დედა ამბროსია, – შეიძლება ჩვენ გარემოცვაში უცხო ენის არ ცოდნა? ბავშვები ხომ მოივლიან ქვეყანას, იმასაც მირჩევს, რომ მათ უბრალოდ ჩავაცვა. თქვენ ალბათ ნახავთ მამაოს, – თხოვეთ კურთხევა მოუნახო ბავშვებს უცხოელი მასწავლებელი ქალი. ჰკითხეთ კაბებზეც“.
„მოვედი მამაოსთან, – ასე გადმოგვცემდა მოქალაქე შიშკოვა, – და სხვათა შორის ვეუბნები: „ახლა მე მოსკოვში ვცხოვრობ და ძალიან ადვილი და ხელსაყრელი იქნება ჩემთვის მოვძებნო უცხოელი ქალი კლუჩარევების გოგონებისთვის. მე სიხარულით შევასრულებდი ამ დავალებას, – არ გვაკურთხებთ?“ იქვე შევახსენე კაბებზეც. მაგრამ მამა ამბროსიმ ასე მიპასუხა: „არა, შენ ეს არ გააკეთო; ბავშვებს არ სჭირდებათ ფრანგი ქალი. მე მათთან მოვათავსე კეთილმორწმუნე რუსი ქალბატონი (პიროვნება), რომელიც მათ უწინამძღვრებს და მოამზადებს მომავალი ცხოვრებისათვის. იცი, ბავშვები არ იცოცხლებენ და მათ ადგილზე მამულში მათზე ლოცვები აღევლინება. შენ ოღონდ ეს დედა ამბროსიას არ უთხრა“. კლუჩარევა რომ დამემშვიდებინა მე მას ვუთხარი, რომ მამაომ მიბრძანა ცოტა ხანი დამეცადა. მაგრამ ყველაფერი, რაც მოვისმინე მოვუყევი ჩემს ქმარს“. ამასობაში, კლუჩარევამ, შვილიშვილებზე ზრუნვაში გართულმა, კალიგინის მამულის გარდა, მათთვის შეიძინა იქვე ახლოს კიდევ აგარაკი – რუდნოვო, შემდეგ კი კიდევ ორი აგარაკი პრეობრაჟენსკოე აკატოვო, მას არ ესმოდა ბერის ნამდვილი მიზანი, თუ რატომ ურჩევდა ის აგარაკების ირგვლივ ტყის შესყიდვას, – თითქოს მთელი ქალაქის შენებას აპირებდა. ბავშვებისთვის განაჩინა თავისი კაპიტალის ნაწილი მისი შემთხვევით სიკვდილის შემთხვევაში. კალიგინის მამულში სოფელ შამორდინოს ახლოს მოეწყო ქალთა სავანე და სხვა შენაძენით და კაპიტალით მან მოაწყო ეს სავანე. ეტყობა, ეს მან ბერის რჩევით გააკეთა, რომელმაც ბავშვების მოახლოებული გარდაცვალება წინასწარ განჭვრიტა.
მშვენივრად ცხოვრობდნენ მორჩილი დები ახალ ადგილას. მხოლოდ ერთს განიცდიდნენ, რომ ეკლესია მათგან შორს სოფელში იყო. და აი, დედა ამბროსიამ, სურდა რა დაეკმაყოფილებინა მათი არსებითი მოთხოვნილება, ბერის კურთხევით, დაიწყო ზრუნვა საშინაო ეკლესიის მოწყობაზე. 1881 წელს მიიღეს მეუფე გრიგოლის თანხმობა, მაგრამ აქ მოხდა წინდაუხედავი გარემოებანი. 1881წ 1 მარტს თვითმპყრობელი მეფე მოკლეს. ამ გარემოებამ, კალუგელების თქმით, იმდენად იმოქმედა ხანში შესულ მეუფე გრიგოლზე, რომ მან ვერ მოასწრო შამორდინოს საშინაო ეკლესიის მოწყობის გაფორმება ოფიციალურად და იმავე წლის 13 მარტს გარდაიცვალა. ამავდროულად ავად გახდა დედა ამბროსიაც. იავადმყოფა მთელი ზაფხული და 23 აგვისტოს ისიც გარდაიცვალა. ტყუილად კი არ ამბობდა ბერი ამის წინ: „გამოჭედეთ რკინა, სანამ ცხელია“. ამრიგად, როცა ახალი მეუფე ვლადიმერი პირველად 1 აგვისტოს ჩამოვიდა ოპტინაში, ახალ საშინაო ეკლესიაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო. მემკვიდრეობის კანონის და გარდაცვლილის ანდერძის მიხედვით, ახალშეძენილი კლუჩარევების მამულის პატრონი მცირედ კაპიტალთან ერთად მისი შვილიშვილები გახდნენ, რომლებიც ათ-ათი წლის იყვნენ. ისინი თავიანთი ძიძებით და მორჩილი დებით აგრძელებდნენ ახალ სახლში ცხოვრებას. მამა ამბროსის კურთხევით სახლს და ქონებას მცირე ხნით მოხუცებული მონაზონი ოლიმპია განაგებდა, რომელიც დაახლოებული იყო განსვენებულ კლუჩარევასთან.
ამის მერე კიდევ ერთი წელი გავიდა. გოგონები ძველებურად სადად ცხოვრობდნენ. ისინი მშვიდნი და წყნარნი სათუთად ინახავდნენ ურთიერთსიყვარულს და არასოდეს შორდებოდნე ერთმანეთს. არასოდეს ანცობდნენ, იცვამდნენ უბრალოდ, უყვარდათ მონასტრის ხანგრძლივი მსახურების მოსმენა, უყვარდათ წყნარი განმარტოებული ცხოვრება. ხანდახან სეირნობდნენ კეთილ და ღვთისმოსავ ძიძებთან, რომლებმაც მშობლიური დედის ადგილი დაიკავეს. იმდენად არ მეცადინეობდნენ საგნებში, რამდენადაც ემზადებოდნენ მომავალი ცხოვრებისათვის. ღვთის სიყვარულის ცეცხლი უფრო და უფრო ნათლად ინთებოდა მამა ამბროსის ნათლულების გულში. მათ ცოტა ხნის სიცოცხლე დარჩათ, მაგრამ მათ სიკვდილის არ ეშინოდათ. არა ერთხელ ეუბნებოდნენ ძიძებს: „ჩვენ 12 წლის მერე არ გვინდა სიცოცხლე; რაა ამ ცხოვრებაში კარგი“. საფიქრალია, რომ მათი მოახლოებული გარდაცვალების შესახებ ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ ბერის მიერ და მისი სულიერი მოძღვრებით წინასწარ მომზადებულნი იყვნენ ამისათვის. გოგონების ასეთი ცხოვრება არ მოეწონა მათ მამას, რომელიც მეორე ცოლთან ერთად ცხოვრობდა კალუგაში და უნდა აღინიშნოს, რომ მისგან შვილი არ ჰყავდა. მან გადაწყვიტა წაეყვანა ისინი თავისთან და მოეწყო პანსიონში. მას დედის, დედა ამბროსიას მსგავსად აწუხებდა ის აზრი, რომ მათ უნდა მოიარონ ქვეყანა და აუცილებელია მიიღონ საერო განათლება და აღზრდა. მამა ამბროსი, რომელსაც ახალგაზრდა კლუჩარევმა აუხსნა თავისი სურვილი, არ შეეწინააღმდეგა მას. მისი თანადგომითა და კურთხევით გოგოები მოაწყვეს ქ. ორლოვის პანსიონში, სადაც უფროსის მოვალეობას ბერის ერთგული, გულჩვილი და ღვთის-მოსავი პიროვნება მოქალაქე ქალბატონი ჩიბისოვა ასრულებდა. ზამთრის გაკვეთილებისა და სწავლის მერე საზაფხულო არდადეგებზე უნდა დაეტოვებინათ მათ პანსიონი. მამა სახლში წაყვანას აპირებდა, რათა ისინი გაცნობოდნენ საერო ცხოვრებას და მათთვის აგარაკიც კი იქირავა. კეთილმორწმუნე გოგოებს ეს სრულიად არ მოსწონდათ და მთელი გულით იწევდნენ ოპტინაში მამა ამბროსის, ნათლიას ფრთებქვეშ შესაყუჟებლად, რომელსაც ისინი უსაზღვროდ უყვარდა. ყოვლადმოწყალე და ყოვლისმხედველმა უფალმა დაინახა ბავშვების გულის ნადები და ისე მოაწყო, რომ ისინი მამის ნებართვით წინასწარ ჩამოვიდნენ ოპტინაში მამა ამბროსის სანახავად. ეს 1883 წლის გაზაფხულზე მოხდა. ოპტინაში ჩამოსულები 31 მაისს უცბად ორივე დიფტერიით დაავადდა, – ჯერ ერთი, შემდეგ მეორე, – და ერთმანეთისგან უფრო ძლიერ რომ არ დაავადებულიყვნენ ისინი დააშორეს ერთმანეთს, ერთი ერთ ოთახში იწვა, ხოლო მეორე – მეორეში. ორივემ ჩააბარა აღსარება და ეზიარა, ეტყობა ახლოვ-დებოდა მათი აღსასრული. სანამ შეეძლოთ ხშირად სწერდნენ მამა ამბროსს წერილებს, სადაც წმინდა ლოცვებს და კურთხევას ითხოვდნენ მისგან. 4 ივნისს ჯერ ვერა გარდაიცვალა. მომვლელმა მორჩილმა დამ არ უთხრა მეორე დას ლუბას ამის შესახებ, რათა არ დაემძიმებინა მისი მდგომარეობა და არ დაეჩქარებინა სიკვდილი. მაგრამ ძილბურანში მყოფი უცბად აზრზე მოვიდა და ჰკითხა მის გვერდით მჯდომ დას: „ვერა მოკვდა?“ მან უპასუხა, რომ ცოცხალია, მაგრამ ის შეეწინააღმდეგა: „როგორაა ცოცხალი? მე ახლა ძიძამ მითხრა, რომ გარდაიცვალა“. იქ კი ძიძა არ იყო საერთოდ. ასე რომ, ის თავის აზრზე დარჩა. 8 ივნისს ლუბაც განთავისუფლდა ამ მრავალგანსაცდელიანი ცხოვრებიდან და შეუერთდა თავის ძვირფას დას- ვერას. რადგან, როგორც ერთად დაიბადნენ და გაიზარდნენ, ასევე ერთად წარსდგნენ მათ მოსიყვარულე ზეციურ სასიძოსთან. შვიდი წლით ადრე ესაუბრებოდა ქალბატონ შიშკოვას მამა ამბროსი მათს სიკვდილზე.
გარდაცვლილი დედა ამბროსია კლუჩარევას ანდერძის მიხედვით, ახლა კალიგინებისგან ნაყიდ მამულში უნდა ჩამოყალიბებულიყო ქალთა სავანე. ბერი ამბროსი, რომლისთვისაც ღვთისგან ნაუწყები იყო ამ სავანის ბედი, და რომლის კურთხევითა და განკარგულებით იქ კეთდებოდა ყველაფერი, გასაგებია, რომ სავანის გახსნაში დიდ მონაწილეობას იღებდა. ამასთან ერთად ბერის წინ დიდი ქველ-მოქმედების სივრცე გაიხსნა. მემკვიდრე გოგონების გარდაცვალებისთანავე, ჯერ კიდევ სავანის გახსნამდე, მათ მამულში გაჩაღდა მუშაობა. ერთი მეორის მიყოლებით შენდებოდა საცხოვრებლები. სავანეში ცხოვრების მსურველი იმდენი იყო, რომ აშენდებოდა თუ არა სახლი, მაშინვე ორი იმდენი ახლის აშენებას ელოდა. ვის აწყობდა ბერი ახალ აშენებული სავანის საცხოვრებლებში? დიდი ნაწილი შეადგენდა ღარიბ ქვრივებსა და ობლებს, აგრეთვე ბრმებს, კოჭლებს, სნეულებს, და საერთოდ, ყველაზე გაჭირვებულ ქალებსა და გოგონებს. მოვიდოდა მაგალითად ბერთან ახალგაზრდა ქალი, რომელიც სხვის ოჯახში დარჩა ავადმყოფობაში ქვრივად. დედამ-თილი მას აგდებს სახლიდან და ეუბნება: „შენ კი, უბედურო, რომც დაიხრჩო, ცოდვა არა ხარ“. ბერი ყურადღებით მოუსმენდა, დააცქერდებოდა და ბოლოს ეტყოდა: „წადი შამორდინოში“. ან კიდევ ასეთი მაგალითი: ოპტინის ყოფილი ბლაღოჩინი, სქემოსანი მღვდელ-მონაზონი ილარიონი გვიყვებოდა: „ჩემი გათხოვილი და ძალიან დაუძლურდა და ქმარმა ბედის ანაბარა მიატოვა. ჩამოვიყვანეთ ოპტინაში ბერთან. ზაფხული იდგა. მამა ამბროსი გამოვიდა მის სანახავად და კურთხევის მერე ხუმრობით ჩამჩურჩულა: „ეს ნაფოტი ჩვენ გამოგვადგება, წაიყვანეთ შამორდინოში!“ ათი წელი დაჰყო მან იქაური სავანის ლაზარეთში (დავრდომილთა თავშესაფარში) და შემდეგ გარდაიცვალა. ის სიკვდილის წინ დიდ სქემაში აღიკვეცა“. ან კიდევ: მოვიდა ერთი ღარიბი ციმბირელი ბერთან, აძლევს მას მცირეწლოვან გოგონას და ეუბნება: „აიყვანეთ, დედა არ ჰყავს, მე რა უნდა გავუკეთო მას?“ ბერმა ისიც შამორდინოში გააგზავნა. ასეთი ობოლი ბავშვებისგან იქ დაარსდა ბავშვთა სახლი. მათ შორის იყო ერთი გოგონა, რომელიც ბერმა ორი წლის ასაკში აიყვანა. მაშინ მამაომ ჰკითხა მას: „ვინ გახდები?“ ბავშვმა, რომელმაც ძლივს იცოდა ლაპარაკი, მკაფიოდ წარმოთქვა: „ნამდვილი მონაზონი“. – „იცოდე, არ მომატყუო“, დააბოლოვა მამა ამბროსიმ. ღატაკი ქალწულებისაგან და ქალებისაგან შეიქმნა დავრდომილთა თავშესაფარი, რომელიც თხუთმეტიოდე ადამიანზე იყო გათვლილი. რამდენი იყო სენაკებში და სავანის აგარაკებზე! „მამაო, თქვენ აქ მონასტერი გაქვთ“, – ცდილობს ხუმრობას ზოგჯერ ამის თაობაზე მამა ამბროსთან მისი მოძღვარი, თავმდაბალი ბერი მამა თევდორე. – „რატომ?“ – „რომელ სენაკშიც არ უნდა შეხვიდე – იქ ბრმაა, იქ კოჭლია, აქ კი სულ უფეხო, ძალაუნებურად ყველა მარტოობაშია“. – „კარგი! ნუ დაიწყებ…“ – აწყვეტინებდა ხუმრობას მამა ამბროსი. „არ უყვარდა მას როცა მოინდომებდი „კარგი“ სიტყვის თქმას“, – იხსენებდა მამა თევდორე. სხვათა შორის, აქ ნახსენებია, რომ ბერს კოზელსკში ნაქირავები ჰქონდა სახლი იმ ქალებისთვის, რომლებიც სრულ ჭკუაზე ვერ იყვნენ.
დადგა დრო ისევ ეზრუნათ კლუჩარევების მამულში ეკლესიის აშენებაზე, და სხვათა შორის, ქალთა სავანის გახსნაზეც. მეუფე გრიგოლის მემკვიდრემ, ეპისკოპოსმა ვლადიმერმა გაიზიარა ბერი ამბროსისა და შამორდინოს დების სურვილი. ოპტინაში ყოფნისას ის ჩავიდა ადგილის დასათვალიერებლად, სადაც უნდა განლაგებულიყო სავანე, რის შემდეგაც მამა ამბროსს უთხრა: „თქვენ კარგი ადგილი შეგირჩევიათ; მე შევეცდები ამ საქმეს შევუდგე“. მალე საშინაო ეკლესია მოეწყო განსვენებული მფლობელის ახალ სახლში. იქ ბევრი საქმე არ იყო გასაკეთებელი. დიდ დარბაზს, რომელიც აღმოსავლეთით იყო მიმართული, მოაშენეს მხოლოდ საკურთხეველი, ხოლო ძველი კანკელი, რომელიც ოპტინიდან მართალი ანასა და ღირსი მარიამ ეგვიპტელის ტაძრიდან ჩამოიტანეს. განაახლეს და აი საშინაო ეკლესიაც მზად იყო.
ცოტა ხნით ადრე 1882 წელს ბერთან ჩამოვიდა ტულელი მემამულე,- შუახნის ქვრივი, სოფიო მიხეილის ასული იანკოვა. მან თავისი ნებითა და ბერის კურთხევით მალე მეორედ იქორწინა ოპტინასთან ახლოს მცხოვრებ ხანში შესულ მემამულე ნიკოლოზ ივანეს ძე ასტაფეევთან. ისიც ქვრივი გახლდათ. ახალდაქორწინებულებმა ერთად ცოტა ხანი იცხოვრეს. ასტაფეევი ქორწილის მერე ავად გახდა და ერთი წლის მერე გარდაიცვალა. სოფია მიხეილის ასული კი ამის შემდეგ გახდა ყველაზე ერთგული მორჩილი ბერი ამბროსისა. როდესაც კლუჩარევების მამულში ქალთა სავანე იხსნებოდა, სადაც უფროსობდა ზემოთხსენებული დედა ოლიმპია და სიბერის გამო ვერ მართავდა იქაურობას. აქ კი საჭირო იყო საქმეებზე კალუგაში, მოსკოვში და სხვაგან სიარული, ამიტომ მამა ამბროსი ყოველთვის დავალებაზე სოფია მიხეილის ასულს აგზავნიდა, როგორც ჭკვიან, ნიჭიერ და სიტყვა შემართულ ქალს. ამრიგად, ახალნაკურთხი საშინაო ეკლესიისა და ახლადგასახსნელი სავანის პირველ წინამძღვრად ამზადებდა ამ პიროვნებას მამა ამბროსი, რომელსაც ის თავის მარჯვენა ხელს უწოდებდა. 1884 წლის 1 ოქტომბერს მეუფე ვლადიმირმა აკურთხა ტაძარი ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულზე. ამ დღეს მამა ამბროსი მთელი დღე ჩაიკეტა თავის სენაკში და ლოცულობდა.
როდესაც ჯერ კიდევ სამოცდაათიანი წლების დასაწყისში მამა ამბროსი პირველად შევიდა კლუჩარევების ახალაშენებულ სახლში და დარბაზში დაინახა ყაზანის ღვთისმშობლის დიდი ხატი, გაჩერდა მის წინ, დიდხანს უყურებდა და ბოლოს თქვა: თქვენი ყაზანის ღვთისმშობლის ხატი უეჭველად სასწაულთმოქმედია, ევედრეთ მას და შეინახეთ იგი“. ამ ხატის სახელზე ეკურთხა საშინაო ეკლესია კლუჩარევების მამულში. ამიტომ აქ გახსნილ ქალთა სავანესაც ყაზანის ეწოდა; სავანე მაღალ მთაზეა განლაგებული და ამიტომ მთის სახელი დაერქვა, ხოლო სოფელ შამორდინოს სიახლოვის გამო კი – შამორდინოს სავანე.
XII თავი
სქემოსანი მღვდელ-მონაზონი ბერი ამბროსის
ზნეობრივი სახე
„ამისთვის შევიყუარენ მცნებანი შენნი,
ყოველნი გზანი სიცრუვისანი მოვიძულენ“
წინა თავებში ჩვენ მიერ თქმული მხოლოდ ნაწილობრივ დაგვანახებს, თუ როგორი ადამიანი იყო ბერი ამბროსი. ამას დავამატებთ კიდევ რაღაცას.
როდესაც მის ირგვლივ მყოფი ბერები დაიწყებდნენ საუბარს წმინდა მამების დიდ გმირობებზე, მას ჩვევად ჰქონდა თქმა: „ჩვენ უკვე ისე ვერ ვიცხოვრებთ, როგორც ისინი ცხოვრობდნენ.“ თუკი ბერის ნათელ სახეს ახლოდან თვალს შევავლებდით, გაკვირვებით შეგვეძლო გვეთქვა: რომელი მცნების შესრულება არ შეეძლო მას, რომელი სათნოება არ განხორციელდა მასში! მაგალითისთვის ყურადღება შევაჩეროთ ნეტარების შესახებ მცნებებზე, რომელთა აღმსრულებელი ჭეშმარიტად აღასრულებს ყოველივე სიმართლეს ან მთელ სჯულს.
მამა ამბროსის მოღვაწეობის საფუძველი სულიერი სიგლახაკე და სიმდაბლე გახლდათ. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ის ბრძნულ რჩევებს აძლევდა ცნობილ და ძალიან ცნობილ პირებს. ბერი თვითონაც ეძიებდა მათს რჩევებს, რადგან მხოლოდ საკუთარ მონებას არ ეყრდნობოდა.
მამა მაკარის გარდაცვალების შემდეგ მას სენაკში არ ჰყავდა ისეთი ვინმე, ვისთანაც შეეძლო რჩევისთვის მისულიყო. მას შემდეგ, რაც ბერი გახდა, რჩევისათვის თავის მწყემს მთავარს მეუფე გრიგოლს მიმართავდა ხოლმე. გაიგო რა სარწმუნო ადამიანებისგან ვიღაც ფარული მოხეტიალე ბერის შესახებ, მაშინვე დაუახლოვდა მას, და უკვე ძალიან ხშირად საიდუმლო წერილებსაც სწერდა მას, რათა ყველაფერი სხვისი რჩევით ეკეთებინა; ამაში ის უფლის ნებას ხედავდა, რადგან ეშინოდა თვითნებობისა.
ბერი საკუთარ შრომასა და გმირობას ცნობისმოყვარეთაგან სიმდაბლით ფარავდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო; ხან სახუმარო საუბრით, ზოგჯერ არცთუ ისე კეთილსანახავი ქმედებით, ხან კიდევ დუმილითა და თავშეკავებით. ასე რომ, ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი ზოგჯერ მას უყურებდნენ, როგორც ყველაზე ჩვეულებრივ ადამიანს. იგი ინახავდა წმინდა ისააკ ასურის მცნებას: „გადააღვარე ყველას შენი მოწყალება და იქნები ყველასაგან დაფარული“. მოსკოვის მიტროპოლიტის ფილარეტის გარდაცვალების შემდეგ ბერი მას იხსენიებდა და საკუთარი თავისა და სხვების დასამოძღვრავად ჰყვებოდა, ეს მნათობი თუ როგორი დაფარულობით ცხოვრობდა. მისმა მომსახურეებმა არათუ არ იცოდნენ, ვერც დაინახავდნენ თუ როგორ იბანდა პირს. „მოიტანე წყალი და წადი,“ – ეტყოდა მომსახურეს. ხდებოდა ისეც, რომ მომსახურე რჩებოდა, რათა ბერს პირის დაბანვაში დახმარებოდა. მაგრამ ბერი გაიმეორებდა: „შენ ხომ გითხრეს წადი!“ სამაგალითოდ ამ სათნოებისა იგი მამა მაკარს, აწ განსვენებულ ბერს წარმოიდგენდა ხოლმე და იტყოდა: „ბრძენი იყო ბერი მაკარი, მე ოთხი წელი ვემსახურებოდი მას. მისი ხელმძღვანელობით ვსარგებლობდი, მაგრამ მისი ცხოვრების შესწავლა მთლიანად მაინც ვერ შევძელი“. ზუსტად ასე იქცეოდა ბერი ამბროსიც: დღე-ღამის ნებისმიერ დროს მომსახურეები მასთან მხოლოდ ზარის შემდეგ, ლოცვით შედიოდნენ, ამიტომაც ვერასოდეს ვერ შეძლეს შეემჩნიათ მასში გამოვლენილი რომელიმე განსაკუთრებულობა.
აი, კიდევ რამდენიმე მაგალითი ბერის თავმდაბლური სიბრძნისა: ერთხელ მოღვაწე ვასილისკოს პორტრეტს ათვალიერებდნენ, რომელიც მის ცხოვრებას თან ახლდა. ვიღაცამ თქვა, რომ მას ტუჩებზე რაღაც ნათელი ეფინა. ალბათ, იმიტომ, რომ იგი იესოს ლოცვის თქმის მომენტში აღესრულა. „დიახ. ეს შეიძლება ასეც იყოს, – თქვა მამა ამბროსიმ, – აი, გლინის უდაბნოშიც გარდაიცვალა ერთი ბერი, რომელიც სიკვდილის შემდეგ სამი საათის განმავლობაში ხელით სკვნილს ათამაშებდა. მე კი, ცოდვილს, არც მახსოვს, როდის ვლოცულობდი სკვნილით. – დაამატა ბერმა, ღრმად ამოისუნთქა და მწუხარედ ჩაიქნია ხელი. – მე რომ მონასტერში მხოლოდ ერთი წელი ვიცხოვრე, როგორც კი მამა მაკართან გადამიყვანეს მსახურად, იმის შემდეგ სულ ბაზარში ვცხოვრობ. „არა მამაო, თქვენ ხელით თუ არა, გულში მაინც ხომ ათამაშებთ და ლოცულობთ სკვნილზე?“ – უთხრა ვიღაცამ. „არა, ბაზარში ვერ ვლოცულობ,“ – უპასუხა ბერმა და საუბარი უცებ სხვა თემაზე გადაიტანა.
ერთხელ ჩამოსულმა ქალბატონმა მამაოს უთხრა: „მამაო, ჩვენ თქვენზე ბევრი კარგი რამ მოგვისმენია“. მან კი უპასუხა: „მთებს იქით განთქმულია აგური, მაგრამ როგორც კი მიხვალ, ბოყვები შეგრჩება ხელში“.
ერთმა თანამოსაუბრე ქალმა უთხრა: „მამაო, თქვენ ჰგავხართ წმინდა ალექსანდრე ნეველს, რამდენი იშრომა მან! თქვენც ბევრი გიშრომიათ!“ „დიახ, მან იშრომა, მე კი სულ ვლაყბობ,“ – უპასუხა ბერმა.
სხვა დროს მამაოს უთხრეს: რა ბრძენი ხართ! ყველანი ღმერთის და რწმენისკენ მიგყავთ, ყველაზე სასოწარკვეთილნი და დაუმორჩილებელნი“. მამაომ ამაზე უპასუხა: „მე რა შემიძლია, გლახაკს?“
ბერს ასევე ეუბნებოდნენ ეკლესიის სასარგებლოდ მის ნაყოფიერ მსახურებაზე. იგი კი უპასუხებდა: „მე არაფერს ვაკეთებ, მე მხოლოდ ვწევარ. ყველა ტყუილად მაქებს. ვაი იმ კაცს, ვისაც ყველაზე მეტად აქებენ“.
ერთხელ ბერს ჰკითხეს: „ვინ იქნება ასეთი მოწყალე ჩვენთვის, ძვირფასო მამაო, თუკი უფალი წაგიყვანს?“ ბერმა უპასუხა: „ჩემზე ბევრად უკეთესი ძალიან ბევრი ადამიანია“.
1879 წლის 8 ოქტომბერს მამა ამბროსის მონასტერში მოსვლიდან ორმოცი წელი შეუსრულდა. წირვის შემდეგ მასთან სეფისკვერებით მივიდნენ, რათა მიელოცათ. ბერმა თქვა: „სეფისკვერები იმ ოთახში შეიტანეთ, საკითხავია, რის მოსალოცად მოხვედით“. შემდეგ ყველა დალოცა და თქვა: „მე აქ ორმოცი წელი ვიცხოვრე და ორმოცი თალგამიც კი ვერ გავახარე: ჭეშმარიტად, სხვის ჭერს ვხურავდი და ჩემი კი ღიად დამრჩა: ახლა უკვე 67 წლისა ვარ“.
1860 წლის 31 დეკემბერს ერთი პიროვნებისადმი – რომელმაც მამა ამბროსის, როგორც ბერს, ისე მიმართა – მიწერილ ბარათში აღნიშნავდა: „დიდი ხანია თქვენი დამშვიდება მინდა, დიდად მზრუნველო. თქვენი შიშის თაობაზე, რომ მე მიგატოვებთ და არაფერს მოგწერთ. თუკი მე, ჩემი სუსტი ხასიათის გამო, არ ვთქვი უარი თქვენს წინადადებაზე, ეს იმიტომ, რომ არ მსურდა თქვენი შეურაცხყოფა და თქვენც საჭიროებდით სულიერ საზრდოს. ახლა შემიძლია მიგატოვოთ თქვენ მაშინ, როცა მე ჭეშმარიტი განსჯის უკმარისობისას უგულებელვყავი ჩემი სული და საკუთარი ხსნა ბედის ანაბარა დავტოვე, ხოლო მოყვასის სულის სახსნელად გავითელე. არ ვიცი, არის თუ არა ვინმე ჩემზე უგუნური. სულით და ხორცით უძლური ვიღებ იმათ საქმეს, ვინც სულით და ხორცით ძლიერია. ოო, თუკი მომიტევებს ყოვლადკეთილი უფალი ჩემს უგუნურებას ჩვენი ნეტარი მამის (მაკარი) ლოცვით!“
სხვა პირებისადმი მიწერილ წერილებში ბერი ხშირად ითხოვდა მისთვის ლოცვას, ვინც ლაპარაკობს და არ აკეთებს ან არ აღასრულებს იმ ზნეობრივ გაკვეთილებზე მიღებულ სწავლებას. საერთოდ, ის თითქოს ვერ ხედავდა ან არ უნდოდა დაენახა თავისი შრომა და მუდმივი ღვაწლი სიყვარულისა და თვითუგულებელყოფისა აგრეთვე მოთმინებით გადატანა მუდმივი, ხშირად მკაცრი, სნეულებისა. იგი ამ ყველაფერს იღებდა, როგორც დამსახურებულ სასჯელს თავისი ცოდვების გამო. ხშირად სხვადასხვა პირებისადმი მიწერილ წერილებში ამ შემთხვევის გამო იმეორებდა სახარებისეულ სიტყვებს: „მიუზღავს თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით“.
თვითონ ბერი სიმდაბლით ცხოვრობდა, რის გარეშეც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეუძლებელია ხსნა. ამიტომ ბერს მასთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანები უნდოდა ამ აუცილებელი სათნოების მქონედ დაენახა. თავმდაბლების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო. ამპარტავნებს კი ვერ იტანდა; ასეთებს ხშირად სცემდა, ზოგს ჯოხით, ზოგს მუშტით, ზოგს ლანძღავდა. ერთი ქალბატონი ჩიოდა ბერთან, განსაცდელებისაგან კინაღამ გავგიჟდიო. „ბრიყვო! – იყვირა ყველას თვალწინ ბერმა, – გიჟდებიან ჭკვიანი ადამიანები, შენ კი როგორღა გაგიჟდები, როცა ტვინი საერთოდ არ გაგაჩნია?“ კიდევ ერთი ქალბატონი ჩიოდა ბერთან, სიგიჟე მომპარესო. მან კი ღიმილით უპასუხა: „სიგიჟე წაიღეს, მაგრამ სიბრიყვე ხომ დაგრჩა?!“ ბერი ხშირად აერთიანებდა ცნებებს „ბრიყვი“ და „ამაყი“. მას არ უყვარდა აგრეთვე ამპარტავნობიდან გამოჟონილი კეკლუცობა. მოვიდა მასთან სულიერი შვილი, ახალგაზრდა ქალი, მძივებით მორთულ კაბაში. მამაომ ჩაიცინა და ჩაიბუტბუტა: „როგორი გამხდარხარ, რა ლამაზი სათამაშოები ჩამოგიკიდია!“ – „ეს მოდაა, მამაო,“ – უპასუხა მან. – „ეეხ, ნახევარი წელია მხოლოდ თქვენი მოდა“.
მიუხედავად თავისი თავშეკავებულობისა და მხიარული ხასიათისა, მამა ამბროსი ხშირად ტიროდა ღრმა თავმდაბლობის გამო საკუთარი ნების წინააღმდეგ. ის ტიროდა ისე, როგორც ზემოთ იყო ნახსენები, შუა მსახურებისა და ლოცვისას, რომლებიც რომელიმე შემთხვევის გამო მის სენაკში აღესრულებოდა: განსაკუთრებით, როდესაც მთხოვნელთა სურვილისამებრ აღესრულებოდა პარაკლისი და აკათისტო ზეციური დედოფლის ყველასგან აღიარებული ხატის – „ღირს არსის“ – წინ. აკათისტოს კითხვისას ის იდგა კარ-თან, ხატთან ახლოს და მთხოვნელი უმზერდა ღვთისმშობლის მადლიან სახეს. ყველა ხედავდა, თუ როგორ ჩამოედინებოდა მის ღაწვებზე ცრემლები ღაპაღუპით. ის მუდამ განიცდიდა, ძლიერ სტკიოდა თავისი სულიერი შვილების უძლურებანი. ტიროდა საკუთარ თავზე, ტიროდა კერძო პირებზე, განიცდიდა მშობლიური ქვეყნის უძლურებას და კეთილშობილი რუსი მეფეების ბედს. იმპერატორ ალექსანდრე II-ის სიკვდილის გამო ღრმად დამწუხრებული ერთ-ერთ პიროვნებას სწერდა: „არ ვიცი, რა მოგწეროთ ამ საშინელ თანამედროვეობასა და რუსეთის სავალალო მდგომარეობაზე. წმინდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებში არის ერთი სანუგეშო რამ: „უფალმან განაქარვის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხყვნის გულისსიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ყვნის ზრახვანი მთავართანი: ხოლო ზრახვა უფლისა უკუნისამდე ჰგიეს.“ ღმერთმა დაუშვა ალექსანდრე II-ის მოწამებრივი აღსასრული: მას ძალუძს მისცეს ძალა ალექსანდრე III-ს დაიჭიროს ბოროტმოქმედები, რომლებიც ანტიქრისტეს სულით არიან დაავადებულნი… ანტიქრისტე, წმინდა წერილის განმმარტებლების სიტყვებით უნდა მოვიდეს უმთავრობის ჟამს დედამიწაზე. ახლა კი, სანამ ის ჯერ კიდევ ჯოჯოხეთის ფსკერზე ზის, მოქმედებს მისი წინამორბედებით. ჯერ სხვადასხვა ერეტიკოსებით მოქმედებდა…, ახლა განათლებული ნიჰილისტებით დაიწყო მოქმედება, ზღვარგადასულად და უხეშად“. როდესაც ზოგიერთი ადამიანი, ბერს დაახლოებული, გაუგონარი ბოროტებით იყო შეძრწუნებული, ბერი მათ სანუგეშოდ, რომ ტახტზე ავიდა იმპერატორი ალექსანდრე III, კეთილიმედიანად სიხარულით იტყოდა: „ცოცხალია ღმერთი, ესე იგი ჩვენი სულებიც ცოცხალია!“
ბერის თვალებზე გამოჩნდებოდა ხოლმე სულიერი სიხარულის ცრემლიც. ეს განსაკუთრებით საეკლესიო საგალობლების კარგად შესრულებისას შეინიშნებოდა. ის თავს ვერ იკავებდა და არამიწიერი სიხარული ანათებდა მის სახეს.
თავის ცოდვილიანობას უნდა განიცდიდეს ყველა ადამიანი, და თუ ბერი შენიშნავდა, რომ უყურადღებოდ ექცევიან საკუთარ თავს, თითს ატაკებდა სახეში და ეტყოდა: „უჰ, უმტკივნეულო გულო!“ ზოგჯერ კი მოწაფეების დასარიგებლად იმეორებდა ღირსი ეფრემ ასურის სიტყვებს: „ტკივილისთვის ტკივილი უფრო მტკივნეულია, და თანაწარვხდები ამაო ტკივილთა ტკივილით“.
ჭეშმარიტი ტირილისაგან, რომელიც სიმდაბლით იყო შეზავებული, წმინდა კიბისაღმწერლის სწავლებით, წარმოიშობა სიბრძნე. ეს ღვთივსაყვარელი შემადგენლობა დავანებული იყო ბერის სულში, როგორც ამბობენ, სათნოებების ბუნებრივი შეკავშირებით. რამდენი სხვადასხვა სახის განსაცდელის გავლა მოუხდა, უბედურება და ტკივილი, მაგრამ ვერაფერმა გაუფუჭა მას ხასიათი, ის მუდამ მხიარული და მშვიდი იყო. ტკივილის სარეცელზე მწოლარე დროდადრო ჩვეულებრივ ხუმრობდა ბერებთან. უკიდურეს უძლურებაში მყოფი ანუგეშებდა სუსტი სულის მქონეთ ან ძალით ამოღერღილი სიტყვით, ან მამობრივი ალერსიანი გამოხედვით, ან დასუსტებული ხელის შეხებით. ჩვეულებრივ, როცა ბერი ძლიერ ავად იყო – ეს კი ხშირად ხდებოდა – მთელი სკიტის საძმო, განსაკუთრებით ახალი მორჩილები, სასოწარკვეთილნი იყვნენ. – სკიტში იყო ერთი ხანდაზმული მორჩილი, მელოტი. ბერის მძიმე ავადმყოფობის ჟამს ის ცუდ ხასიათზე მყოფი მოვიდა სენაკში იმ იმედით, რომ უხმოდ მაინც მიეღო მისი კურთხევა. იმედი არ გაუცრუვდა. ის მიუახლოვდა ლოგინზე მწოლარე სნეულს, ჩაიმუხლა ჩვეულებრივ და ხელი გაუწოდა კურთხევის მისაღებად. როდესაც ბერი მას აკურთხებდა, მან ოდნავ ჩაარტყა ხელი თავში და ძლივს გასაგონი ხმით წაიხუმრა: „ოხ, შე, მელოტო იღუმენო!“.. – „თითქოს მთა ჩამოიტვირთა ჩემი მხრებიდან. – თქვა შემდეგ მორჩილმა, – ისე მომეშვა გულზე“. თავის სენაკში დაბრუნებული კი სიხარულით ადგილს ვერ პოულობდა; დადიოდა სენაკში და ამბობდა: „ღმერთო ჩემო! ეს რა არის? მამაო ძლივს წევს და მაინც ხუმრობს!“ ასეთი მაგალითები ბლომად იყო. რადგან ბერი ხშირად ავადმყოფობდა და მთლად ჯანმრთელიც არასოდეს ყოფილა. ამიტომ ახლობლების შეკითხვებზე: როგორია თქვენი ჯანმრთელობა? – გამოიმუშავა საერთო პასუხი: „ის მხიარულია“. ასე რომ, ბერის სული ყოველთვის წყნარ და მშვიდ მდგომარეობაში იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთის ჭირვეულობა და ახირება, გამოიყვანდა ხოლმე მდგომარეობიდან და ამის გამო დრტვინავდა.
ვისაც სიმდაბლის მომუშაკება უნდოდა ცრემლით, ნათლად ხედავდა, როგორ ეკვეთებოდა ცოდვა მის სულს და იყენებდა მის წინააღმდეგ ყველაზე ნამდვილ მკურნალობას, სულ უფრო და უფრო ხარბად დაეწაფოს სიმართლეს ღვთის წინაშე და ასე ამაღლდებოდა სულიერ ცხოვრებაში. თავმდაბალი და მტირალი ბერი ამბროსი, როგორც ამას ქვემოთ ვიხილავთ, ნათლად ხედავდა მცირე ლაქებსაც კი თავის სულში და იბანდა ამ ლაქებს საკუთარი ცრემლით და სინანულის ქსოვილით იმშრალებდა. მისთვის აშკარა და ცხადი იყო სხვების ლაქებიც, რომლებიც მასთან მოდიოდნენ. ამიტომაც ღვთის წინაშე არანაკლებ ხარბად სწყუროდა მოყვასის სულის გამართლება. ვინც თავისი უგუნურებით და დაუდევრობით არ ამბობდა მასთან თავიანთ ზრახვებს და არ იხსნებოდნენ მის წინაშე თავიანთი ცოდვებით, რადგან სიწრფელე ხსნის სულს და ადვილად იკურნება სნეულებისგან. „ჩვენი მტერი უხილავია, – ეუბნებოდა ასეთებს ბერი, – თვითონ ჩადებს ადამიანის აზროვნებაში ცოდვიან ზრახვას და იქვე ჩაიწერს მას, რათა შემდეგ ღვთის საშინელ სამსჯავროზე დაადანაშაულოს იგი“. ამ შემთხვევის თავიდან ასაცილებლად და ასეთების დასარიგებლად მოჰყავდა ფსალმუნთმთქმელის სიტყვები: „ყოველნი გზანი უფლისანი – წყალობა და ჭეშმარიტება მათთვის“. ბერი ამბროსი ამ სიტყვებს ასე განმარტავდა: „მოყვასის მიმართ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ყოველგვარი მოწყალება, ხოლო საკუთარი თავისაგან მოვითხოვოთ ყოველგვარი ჭეშმარიტება და სიმართლე“. ეს ეხებოდა გარეგნულ დამოკიდებულებასაც ძმებისა და მრევლის მიმართ. ბერი მკაცრად ინახავდა სამართლიანობას და უვნებობას ყველას მიმართ, არავის ანებივრებდა და არავის აძლევდა დაუმსახურებელ უპირატესობას. ერთხელ თავის სულიერ შვილთან საუბრობდა. ამ დროს მოვიდა ვიღაცა წარჩინებული ქალბატონი, რაც მაშინვე მოახსენეს. „ჩემთვის ყველა ერთნაირია, – თქვა ბერმა, – თაგვი პატარაა, მაგრამ მიდი და დაიჭირე, თუ მაგარი ხარ“. ზოგიერთები განიკითხავდნენ მას, რომ ის მდიდრებს იღებდა და ღარიბებს უარით ისტუმრებდა. დიახ, ის იღებდა მდიდრებს, მაგრამ არა ფულით, არამედ სიმდაბლით. ამიტომ ხშირად თავმდაბალი მდიდრები მცირე ხანი ელოდნენ მამაოს, რომ მიეღო, ხოლო ღარიბი მოლაყბეები კვირაობით უცდიდნენ და ხშირად ზოგიერთი ვერც შედიოდა მასთან. გარდა ამისა, ბერი ასე განსჯიდა: „ღარიბს, ღატაკს, რომელიც შეჩვეულია მოთმინებას, უფრო უადვილდება ლოდინი, ვიდრე მაღლა მდგომ ადამიანს“. ყოველივე ამის მიუხედავად მომსვლელთა სიმდაბლე ყოველთვის გადასწონიდა ხოლმე.
საჭიროა თუ არა ბერი ამბროსის მოწყალებაზე ლაპარაკი? ყველა მისი ნაცნობი გახდა ღირსი მისი მოწყალებისა, რომელიც სხვადასხვა სახით გამოიხატებოდა. ის, მისი ზემოთმოყვანილი სიტყვების მიხედვით, ცდილობდა ყველა ყველაფრით დაეკმაყოფილებინა. ამაზე იქნება საუბარი ქვემოთ შემდეგ თავებში „ბერის სიყვარულის შესახებ“. რადგან, მოღვაწე მამები შენიშნავენ, რომ მოწყალება და სიყვარული მარტო სახელებით განსხვავდებიან. აქ კი გავიხსენებთ მარტო იმას, რომ ბერმა გამოცდილებით შეიმეცნა გულმოწყალების ფასი და მოყვასის თანაგრძნობა. ის განამხნევებდა თავის სულიერ შვილებს ამ სათნოების აღსრულებაში და აიმედებდა მათ, რომ დიდ წყალობას მიიღებდნენ ყოვლადმოწყალე ღვთისგან მოყვასის დახმარებისათვის. მონაზონთან, რომელიც ბავშვთა სახლის გამგე გახლდათ და სულ მათზე ზრუნავდა, ჩამოვიდა ნათესავი. იგი ბევრს ლაპარაკობდა ღმერთსა და სულიერ ხსნაზე, მონაზონი გონს მოვიდა, რადგან სულ ბავშვებზე ზრუნავდა, მათზე ფიქრობდა, სულზე ცოტას ფიქრობდა და ნაღვლიანად უთხრა მამა ამბროსის: „აი მამაო, საერო დედაკაცი მოვიდა, იგი სულ სულზე ფიქრობს და ლაპარაკობს, მე კი – სულ მაშკებსა და ტანიებზე“. მის დასამშვიდებლად ბერმა ღიმილით უპასუხა: „ეტყობა მე და შენ იმქვეყნადაც მაშკებთან და ტანიებთან აღმოვჩნდებით,“ – ამით მან დააიმედა მონაზონი, რომ მოწყალება, წმინდა წერილის მიხედვით, განგვაშორებს მარადიული სიკვდილისაგან.
რა ვთქვათ მამა ამბროსის გულის სიწმინდეზე? „რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია.“ მაგრამ ღმერთი, რომელიც განადიდებს მის რჩეულებს, ზოგჯერ მათი ნების წინააღმდეგ, გახსნის საიდუმლოს, მისი სახელის დიდებისა და მისი ერთგულების განსადიდებლად. უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბერი, მიუხედავად უძლურებისა და მუდმივი შრომისა, ზიარებისთვის ყოველთვის ლოცვით და მარხვით ემზადებოდა. ზემოთ ჩვენ ვნახეთ, რომ მან მთელი მონაზვნური ცხოვრება მკაცრ მარხვასა და დაუღალავ ლოცვაში გაატარა, მაგრამ ამავდროულად ის ცდილობდა, რამდენადაც მისი სუსტი ორგანიზმი აძლევდა ამის საშუალებას, გაეღრმავებინა მარხვა და ლოცვა. თუმცა თავისი ღრმა თავმდაბლობის გამო ზოგიერთ წერილში წერდა, რომ ის არასოდეს ყოფილა მმარხველი, ხოლო რაც შეეხება ლოცვას, სინანულით ასე გამოთქვამდა: „აი მე ცოდვილმა ისიც არ ვიცი, ბოლოს როდის ვილოცე სკვნილზე“. ის ხშირად ეზიარებოდა, სამ კვირაში, ორ კვირაში, ხან კიდევ ყოველ კვირას, თუ ძალიან სუსტად იყო, ხშირად აბარებდა აღსარებას. ამაზე მოგვითხრობს ოპტინის მღვდელ-მონაზონი მამა პლატონი, რომელიც გარკვეული პერიოდი მამა ამბროსის მოძღვარი გახლდათ: „როგორი დამრიგებლური იყო ბერის აღსარება! როგორ სიმდაბლესა და გულისმიერ წუხილს გამოაჩენდა იგი თავისი ცოდვების შესახებ! და როგორ ცოდვებზე? ისეთებზე, რასაც ჩვენ ცოდვად არ მივიჩნევთ. მაგალითად, სნეული კუჭის გამო მას უხდებოდა წმინდა ეკლესიის კანონით ოთხშაბათს ან პარასკევს ორი-სამი ნაჭერი ჰოლანდიური ქაშაყის მიღება. აი ამ ცოდვას ინანიებდა ბერი ღვთის წინაშე ცრემლით! ის ამ დროს იდგა ხატების წინ მუხლებზე, როგორც ბრალდებული განკითხვის დღეს. მოელოდა შეწყალებას მოწყალების მიმცემისაგან, ვფიქრობ სიმდაბლით ფიქრობდა – მოეცემოდა თუ არა მოწყალება, შეუნდობდა თუ არა ცოდვას. ვუმზერდი, ვუმზერდი მტირალ ბერს და თვითონაც ავტირდებოდი“. დადგენილ დღეს, ძირითადად კვირას, ლიტურგიის ბოლოს ბერის სენაკში მოაბრძანებდნენ სანაწილეს წმინდა ნაწილებით და განსაკუთრებულად მომზადებულ მაგიდაზე დააბრძანებდნენ. ბერი ასეთ დროს ყოველთვის მამა იოსების სენაკში იმყოფებოდა. რამდენიმე წუთში ის გამოჩნდებოდა თავის სენაკში სქემაშემოსილი და წმინდა ნაწილების წინ მუხლს მოიდრეკდა. შემდეგ მღვდელმონაზვნისაგან მოისმენდა სავალდებულო ლოცვას, რომელიც საჭიროა ავადმყოფის ზიარებისას. ბერი ამბროსი, ოლარსა და სამაჯურებში შემოსილი, შენდობას სთხოვდა მამებსა და ძმებს, რომლებიც აქ არ იყვნენ. თვითონ კი, ჯვრისებურად დაიწყობდა მკერდზე ხელებს და კითხულობდა ჩვეულებრივ ლოცვას: მწამს უფალო და აღვიარებ… – და უდიდესი მოწიწებით ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ყველაფერი ეს მთავრდებოდა სამადლობელი ლოცვის მოსმენით. ნუთუ ყველაფერი ეს არ მეტყველებს ბერის გულის სისუფთავეზე? მისი მომსახურეები აღნიშნავდნენ, რომ ის ზიარების მერე თითქოს ახლად იბადებოდა არა მარტო სულიერად, არამედ ხორციელადაც.
ჩამოთვლილი სათნოებებისა შემდგომ ვთქვათ, იყო თუ არა ის მშვიდობისმყოფელი? „მამაო! – ეკითხებოდნენ ზოგიერთები, – რისგანაა ეს, რომ სიმშვიდე არაა სულში?“ ბერი ამაზე ფსალმუნის სიტყვებით პასუხობდა: „მშვიდობა მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყვარს შჯული შენი.“ ის ამას საკუთარი გამოცდილებიდან ამბობდა. რადგან მთელი თავისი ცხოვრება განკარგა ღვთის კანონებითა და სახარებისეული მცნებების აღსრულებით, შეეძლო ამის მერე არ ჰქონოდა სულში სიმშვიდე? სწორედ ამიტომ ხედავდნენ მას ყოველთვის მხიარულსა და მშვიდს. ღვთის შეწევნით მოიპოვა მან მშვიდობა თავის თავთან და იგრძნო სულში ამ ქვეყნის სიტკბო. შეიძლება ამის მერე ის ყოფილიყო მშვიდობის მქადაგებელი? წმინდა წერილში წერია: „იქმნა მშვიდობით ადგილი მისი.“ შესაბამისად, სადაც მშვიდობაა, იქაა ღმერთი, ხოლო მასთან კი ყოველივე კეთილი. ამიტომ ბერი მთელი ძალებით ცდილობდა დაემყარებინა მშვიდობა მოკამათეთა შორის. და რას არ აკეთებდა ის ამ შემთხვევებში! ხან მამობრივად არწმუნებდა, ეუბნებოდა, რომ მოჩხუბარნი და მოკამათენი შეურაცხყოფას აყენებენ ღმერთს – კეთილისმყოფელს, შეურაცხყოფენ მფარველ ანგელოზს, მხოლოდ მტრობის შემოქმედ ეშმაკს ახარებენ. ხან ღვთის მართალი სამსჯავროთი აშინებდა. ხან მომავალი მარადიული სიკეთის აღთქმით ათბობდა კაცთმოძულე გულს. როგორი მოხარული იყო ბერი, როცა შეარიგებდა არაკეთილმოსურნე მხარეებს. ერთხელ, მტრის მზაკვრობით, ორი უფროსი მღვდელ-მონაზონი გადაეკიდა ერთმანეთს. ხანგრძლივი ძალიხმევისა და, რა თქმა უნდა, ლოცვის შემდეგ, მან, როგორც იქნა, შეარიგა ისინი. განათებული სახით აღფრთოვანებული ბერი უმეორებდა ყველას და თითოეულს: „დიდება უფალს! როგორც იქნა, შერიგდნენ. ცუდი მშვიდობა კარგ ომს სჯობია“.
შეიძლება ითქვას, რომ მამა ამბროსი დევნილი იყო სიმართლისათვის. ითმენდა ძვირის თქმას, დასმენას, ცილისწამებას, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვით, ყოველდღიურად მოთმინებით იტანდა მცირე სულიერების მქონე მომსვლელთა დრტვინვასა და განკითხვას, ზოგჯერ უხეშობასაც, თავისი მომსახურეებისაგანაც კი, რომელთაც არასოდეს აზღვევინებდა პირადი წყენის გამო. ერთხელ ასეთი კაციც გამოჩნდა: იგი დღისით მოვიდა სკიტში, რევოლვერით ხელში და დაჯდა ბერის ზღურბლზე; ელოდებოდა, რათა მოეკლა იგი. მონასტრის მჭედლის მოხერხებულობით იგი განაიარაღეს. მაგრამ ბერს არასოდეს სწყინდა შეურაცხმყოფელებისაგან, პირიქით, მათ გულისხმიერად ექცეოდა. ერთი ქალბატონი ბერს აბრაზებდა, ის კი ითმენდა. მას ჰკითხეს, როგორ უთმენ მას? ბერმა უპასუხა: „თუ აქ, სადაც მე ვცდილობ დავამშვიდო იგი, მას კი მაინც უმძიმს, რა იქნება მისთვის იქ, სადაც მას ყველა შეეწინააღმდეგება? როგორ არ უნდა მოუთმინო მას?“ ხშირი მძიმე ხორციელი უძლურებანი არ იქნებოდა ბერისთვის ყველა დევნაზე უფრო მძიმე? მოკლედ, ბერმა ბევრი მოითმინა, დევნილობის მსგავსიც კი პირდაპირი გაგებით. ამ თემაზე, ღმერთმა მოგვცეს შეწევნა, რათა ვრცლად ვისაუბროთ შემდეგში.
ყოველგვარი სათნოების გვირგვინი სიყვარულია. სწორედ ამაზე იქნება საუბარი შემდეგ თავებში.
XIII თავი
ბერი ამბროსის სახარებისეული სიყვარული,
რომელიც გამოიხატებოდა მოყვასთან მიმართებაში
მატერიალური დახმარებით და ბრძნული რჩევებით
„ხოლო ვინც იცავს მის (უფლის) სიტყვას,
მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიტყვა“
ყველა სათნოების ნაყოფად და გვირგვინად, რომლებიც მამა ამბროსიმ სახარებისეული მცნებების აღსრულებით შეიძინა, გვევლინება სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. ეს არ არის ის სიყვარული, რომელსაც დიდი თუ პატარა დოზით გრძნობს ყოველი ჩვენგანი. ჩვენი სიყვარული არ არის მუდმივი. ერთხელ, როდესაც ბერისთვის იგალობეს მოციქულის მიერ დაწერილი მუხლი: „ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს“ და სხვა , ბერმა გასაგონად თქვა: „ვინ განგვაშორებს? ყველაფერი გვაშორებს უფალს“. სიმდაბლით საკუთარ თავსაც სხვებთან აყენებდა. მაგრამ მისი სიყვარული მუდმივი იყო, უანგარო და ყოვლისმომცველი, ისეთი სიყვარული, რომელზეც ნათქვამია: რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული. მამა ამბროსის ეს სიყვარული ღმერთთან მიმართებაში გამოიხატებოდა სახარებისეული მცნებების გადაუხრელი აღსრულებით, როგორც უფალი ბრძანებს: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს“ , რაზეც ზემოთ იყო ლაპარაკი: მოყვასთან მიმართებაში ჩანდა თანაგრძნობა და გულმოწყალება ყველას მიმართ. ყველას სიყვარული და მცდელობა მიენიჭებინა მათთვის ბედნიერება, – იყო მისი ცხოვრება და სუნთქვა. ის ადამიანს უყურებდა როგორც ღვთის ხატს და ყოველთვის ახსოვდა, რომ მოწყალება განწმენდს ცოდვებს. ის ცდილობდა შეძლებისდაგვარად დაეკმაყოფილებინა ყველა მთხოვნელის სურვილი, რა თხოვნითაც არ უნდა
მიემართათ მისთვის. აქეთ იყო მომართული: ა) ყველა ნივთიერი შემოწირულობა, რომელთაც უფალი უგზავნიდა ქველმოქმედთა ხელით,
ბ) თავისი გამოცდილებითი ცოდნა და
გ) სულიერი ნიჭი, რითაც ღმერთმა დააჯილდოვა.
ამრიგად, ბერი გაჭირვებულებს ეხმარებოდა
ა) ფულით და ნივთებით,
ბ) რჩევებით და დარიგებებით – ზეპირად და წერილობით, და ბოლოს
გ) თავის მოქმედი, ღვთისთვის სასურველი ლოცვით.
ა)ბერის ნივთიერ დახმარებას ყველა ხედავდა. მასთან მოტანილ ნივთებს ის მომსახურეების ხელით ურიგებდა იმ ბერებს, რომელთაც ის სჭირდებოდა. გამოგზავნილ ფულს კი სამ ნაწილად ჰყოფდა, – ერთ ნაწილს უგზავნიდა სკიტის მმართველს სკიტის საჭიროებისთვის და კეთილისმყოფელთა მოსაგონებლად; მეორე ნაწილს ღატაკებისთვის განკარგავდა, მესამე – ყველაზე მცირე ნაწილს გამოჰყოფდა საკანდელო ზეთის და ცვილის სანთლის შესაძენად, რათა სენაკში აღესრულებინათ მსახურებები და ლოცვები. ყველა ღატაკს მოწყალება მომსახურეების ხელით გადაეცემოდათ. ზოგიერთ აუცილებელ შემთხვევაში თვითონ აძლევდა. ერთხელაც საჩქაროდ გამოდიოდა მინაშენიდან თავის სენაკში და ეუბნება თავის მწერალს: „აი იქ გაიარა ქვრივმა ობლებით, ბავშვები ერთი მეორეზე უფრო პატარები არიან. ხუთი ობოლი ჰყავს და საჭმელი არაფერი აქვთ. ქვრივი მწარედ ტირის და დახმარებას ითხოვს. ყევლაზე პატარა არაფერს ამბობს, მხოლოდ თვალებში მიყურებს. ოო! როგორ არ უნდა მისცე მას!“ ბერმა მაშინვე ამოიღო ფული. ნერვიულობისგან ხელები აუკანკალდა, სახე აუთამაშდა, ცრემლები უნებურად ითხოვენ თვალებიდან გადმოსვლას. ამასობაში თითქოს ტკბილად იღიმება სიხარულისგან რომ ყოვლადმოწყალე ღმერთმა ღირსი გახადა შეემშრალა უბედურებისთვის ცრემლები.
ეხმარებოდა რა მამა ამბროსი ხალხს, ცდილობდა შეძლებისდაგვარად მიეცა მათთვის ის, რაც დაკარგეს; კარგად ესმოდა, რომ თუ ღატაკს სჭირდება პურის ნაჭერი და სხვა ყველაფერი დაკარგული აქვს, მას დიდი დახმარება სჭირდება. გ. ს., დიდი ოჯახის უფროსი იყო და ეკუთვნოდა ძველ რუსულ გვარს, ახალგაზრდობაში ბექთაროსნებში მსახურობდა, შემდეგ სამოქალაქო სამსახურში. მან ცხოვრებაში სიკეთის გამო ბევრი დაკარგა, რის გამოც აღმოჩნდა უადგილოდ და საარსებო წყაროს გარეშე. ამ დროს შამორდინოს წინამძღვარმა, მათი უბედურების შეტყობინებისთანავე, დაითანხმა ამ მოქალაქის მეუღლე და ურჩია წასულიყო მამა ამბროსისთან. მასთან შეხვედრისას ბერმა თქვა: „ის ჩვენთან მოვიდა და დიდი ხანი არ წავა ჩვენგან“. ბერთან პირველმა შეხვედრამ ქალბატონი შეაძრწუნა როდესაც იგი თავის ქმარზე ლაპარაკობდა, უნდოდა ეთქვა: „მას დიდი ნაკლი აქვს – ზედმეტი სიკეთე“. ბერმა, რომელიც სიმელოტეს მიიჩნევდა სიკეთის გარეგნულ გამოხატულებად, უცბად გააწყვეტინა მას და ღიმილით აღმოხდა: „მელოტია?! მეც მელოტი ვარ“. ამავე დროს ქუდიც მოიხადა. ამ ქალბატონის ქმარი ნამდვილად მელოტი იყო, მაგრამ ბერის მხიარულება არ მოეწონა, თუმცა მალე დაინახა საქმით, თუ ვინ იყო ეს მხიარული ბერი: მრავალრიცხოვანი ოჯახის რჩენა მან საკუთარ თავზე აიღო, უზრუნველყო ისინი საცხოვრებელი ფართით და საკვებით. ერთმა კიეველმა ქალბატონმა, რომ გაიგო ამ ოჯახის შესახებ, სპეციალურად ჩამოვიდა შამორდინოში, რათა თვითონ დარწმუნებულიყო მონათხრობის სიმართლეში. ეკლესიის გვერდით ის კარგად ჩაცმულ ქალბატონს გაესაუბრა და ჰკითხა ამ ოჯახის შესახებ. „ეს ჩვენ ვართ, მე ვარ ს., – უთხრა კარგად ჩაცმულმა ქალბატონმა. კიეველი ქალბატონი გაკვირვებული დარჩა. მან დაინახა, როგორ გამოიყურებიან ის ადამიანები, ვისაც მამა ამბროსი ეხმარება.
ერთმა ბატონმა კარგა ხანი დაჰყო ოპტინაში. ის სულით კეთილი იყო, ძველი ჩვეულებებით. მას ჰქონდა განსაზღვრული და არცთუ ისე მცირე შემოსავალი, მაგრამ შენახული არაფერი გააჩნდა. ბერმა დაინახა, რომ ის უნდა დაბრუნდეს ერში ყოფილი სასარგებლო მოღვაწეობის აღსასრულებლად და უეცრად შეეკითხა: „როდის მიდიხართ?“ ბატონმა ბერის სიტყვა პირდაპირ მიიღო, რომ დროა წავიდეს. „იცით, მამაო, – უპასუხა მან, – რომ ჩემი ისევ აღდგომა ძვირი ღირს და ზედმეტი ფული არ გამაჩნია.“ ბერმა, თითქოს არც მოუსმენია პასუხი, ლაპარაკი სხვა თემაზე გადაიტანა. რამდენიმე დღეში მასთან მოვიდა მამაოს ნდობით აღჭურვილი პირი და ეუბნება: „მე გავიგე, რომ თქვენ გსურთ ფული იშოვოთ. მე შემიძლია გასესხოთ“. ბატონმა ძლივს მიაღწია იმას, რომ მისგან ხელწერილი აეღოთ.
ბერი ღარიბებს ეხმარებოდა, როგორც პირადად, ისე მომსახურეების ხელით. ის არც წერილობით მომმართველებს ივიწყებდა. ყოველწლიურად, შობისა და აღდგომის დიდ დღესასწაულებზე, ის ათეულობით წერილს აგზავნიდა სხვადასხვა კუთხეში, მათთან, ვისაც მასთან ჩამოსვლა არ შეეძლო. ამ წერილებში ფული იდო. აგზავნიდა სამ-სამ მანეთს, ხუთ-ხუთს და მეტსაც. ბერის სიცოცხლის ბოლო ხანებში ასეთი წერილების რიცხვი ორასამდე გაიზარდა. მაგრამ ამ დროს უკვე სიმრავლის გამო ის მხოლოდ თითო მანეთს აგზავნიდა. იყო შემთხვევები, როცა ის ერთ პიროვნებას ასამდე მანეთს უგზავნიდა, ზოგჯერ მეტსაც. ზოგიერთი ღარიბი მონაზვნები, შეიძლება ითქვას, სულ მის კმაყოფაზე იყვნენ.
გიყვარდეს, ნათქვამია, და ყველაფერს აიტან (1 კორ. 13.7). ამიტომ მამა ამბროსის სჯეროდა ყოველგვარი უბედურების არსებობისა და როცა სთხოვდნენ, ის არ იწყებდა დაკითხვას – ატყუებენ თუ არა. იმ პერიოდში კოზელსკი სავსე იყო ღარიბი კონკიაჟღარუნა ახალგაზრდა ბოგანოებით, რომლებიც ხშირად დადიოდნენ ბერთან და სთხოვდნენ პასპორტის გასაკეთებელ ფულს. ერთი მათგანი იცინოდა და პირდაპირ ამბობდა: „ჩვენ მამა ამბროსის მუდამ ვატყუებთ: ვეტყვით, რომ პასპორტისთვის გვინდა: ის თითო მანეთს გამოგვიყოფს, ჩვენ კი სასმელს ვიყიდით და დავლევთ“. ამის გამგონენი კი ეუბნებოდნენ: „ვერ მოატყუებთ, ბრიყვებო, მამაოს. მან ყველაფერი იცის, მაგრამ იმისთვის გაძლევთ, რომ დიდ გზას არ დაადგეთ“. ის ცდილობდა, ასეთი ადამიანები გამოეფხიზლებინა ყოვლადძლიერი ღვთისადმი რწმენით და იმედს უნერგავდა, რომ მათაც შეუძლიათ დადგნენ ახალ გზას.
ბოლოს, შამორდინოს ხალხმრავალი სავანე, სადაც ბერი მრავალ ღარიბსა და ავადმყოფს იღებდა, არის ხილული მტკიცებულება იმისა, რომ ის მოყვასის სიყვარულსა და მოწყალებას აფრქვევდა. ყოველ მათგანს იღებდა და ამშვიდებდა, როგორც კრუხი აგროვებს თავის ფრთებქვეშ წიწილებს: თითოეულ მათგანს სიყვარულით ათბობდა, როგორც ძიძა ათბობს თავის შვილებს.
ბ) ახლა წარმოგიდგენთ მაგალითებს, თუ როგორ ეხმარებოდა ბერი მოყვასს თავისი ბრძნული რჩევებითა და მოძღვრებით, რაც მისი გამოცდილების ნაყოფი იყო. მთავარი მიზეზი ამისა იყო ის, რომ მას ღვთისგან ჰქონდა მონიჭებული მადლიანი განსჯა და წინასწარი ხედვა. მაგალითად, რამდენი მშენებლობა იქნა ჩატარებული მისი გეგმით სკიტში, სამონასტრო აგარაკებზე და, განსაკუთრებით, შამორდინოს ქალთა სავანეში, – და ყოველთვის ეს შენობები აღმოჩნდნენ ვარგისიანი და მოხერხებული. ასე რომ, ასეთ შემთხვევებში ბერს შეცდომები არ მოსდიოდა.
ერთი გარეშე დამკვირვებელი წერს: „ვინც შამორდინოში მამაოს სანახავად ჩამოდიოდა, უპირველეს ყოვლისა, სავანის არაჩვეულებრივი წყობით იყო აღფრთოვანებული. აქ არ არის არც ჯიხურები, არც ყიდვა, არც გაყიდვა, არც უფროსები, არც დაქვემდებარებულები, აქ ყველაფერი მამაოსგანაა. ეს ის ცენტრია, რომლითაც ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი ცოცხლობს. პირველივე ჩამოსვლაზე გამაოცა ასეთმა უსიტყვო მორჩილებამ მის ყოველ სიტყვაზე. ბევრს ვეკითხებოდი: რატომ ასრულებთ ყველა მის ნებას ასეთი ხალიხით? – და სხვადასხვა პირებისგან ვიღებდი ერთსა და იმავე პასუხს, რომ ყველამ თავის თავზე გამოცადა, რომ კარგია მხოლოდ ის, რაზეც მამაო გვაკურთხებს: და თუკი ვინმე ზოგჯერ მაინც გადაწყვეტდა არ შეესრულებინა მისი რჩევა, თვითონვე დაინახავდა, რომ ბრიყვულად, წარუმატებლად და უსარგებლოდ გამოუვიდა“.
აი კიდევ კერძო შემთხვევები მამა ამბროსის ბრძნული ბერული რჩევებისა: მოვიდა ბერთან მდიდარი ორლოველი მემამულე და სხვათა შორის განაცხადა, რომ უნდა მოაწყოს წყალგაყვანილობა თავის ვრცელ ვაშლის ბაღებში. „ადამიანები ამბობენ, – დაიწყო ბერმა მსგავს შემთხვევებში მისთვის ჩვეული სიტყვების თქმა, – ადამიანები ამბობენ, როგორც ყველაზე უკეთესია“. და ძირფესვიანად აღწერა წყლის გაყვანილობა. მემამულე დაბრუნდა თუ არა სოფელში, დაიწყო ამ საგნის ირგვლივ კითხვა. აღმოჩნდა, რომ ბერმა აღწერა ბოლო გამოგონება ამ სფეროში. მემამულე ისევ დაბრუნდა ოპტი-ნაში. „რაა წყალგაყვანილობა?“ და ეკითხება ბერი. წყალგაყვანილობა მოაწყვეს ბერის მითითებით და დიდი სარგებელიც მოიტანა. მეზობელ მებაღეებს ცუდი მოსავალი მოუვიდა, ამ მემამულეს კი – ვაშლიც საუკეთესო და უხვი მოსავალი.
ერთმა ახალგაზრდა კაცმა რაღაცეების ახსნის შემდეგ ბერს უთხრა, რომ სურს სახლში შხაპის გაკეთება. ბერი თანაუგრძნობს მას. „შენ გინდა, რომ პატარა ადგილი დაიკავოს? ეს შეიძლება, გააკეთე აი ასე…“ გავიდა რამდენიმე წელი. გამოკრულია განცხადება, რომ გამოჩნდა ახალი სრულყოფილი შხაპი. აღმოჩნდა, რომ ისინი მოწყობილია ისე, როგორც ამ რამდენიმე ხნის წინ აუხსნა მამა ამბროსიმ ახალგაზრდა კაცს.
მამა ამბროსის წინასწარხედვის შემთხვევები მრავალრიცხოვანი და ხშირად შემაწუხებელი იყო. გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს.
ყოვლადუსამღვდელოესმა კალუგის ეპისკოპოსმა მაკარმა ინება გადმოეცა საკუთარ თავზე შემდეგი. ის ჯერ კიდევ თეთრი მღვდელი და ორლოვის კეთილშობილ ქალწულთა ინსტიტუტის მასწავლებელი იყო, როცა ორლოვის სასულიერო სემინარიის რექტორთან არქიმანდრიტ N-თან ერთად მოუწია ოპტინის მონასტერში ჩამოსვლა და მამა ამბროსთან მისვლა. სტუმრებთან გასაუბრების შემდეგ ბერმა ორივეს ერთნაირი წიგნი აჩუქა – მონაზვნობაზე. „მე როგორც მღვდელმა, – ამბობდა მეუფე, – ვიფიქრე მაშინ, რისთვის დამჭირდებოდა ასეთი წიგნი?“ ბერმა, თითქოს გონსმოსულმა, მითხრა: „თქვენ ეს კი არა, – მაგრამ შემდეგ დაურთო, – დიახ, ასეც იქნება“. შემდეგ ის დაქვრივდა და ყოფილი მღვდელი და კანონების მასწავლებელი, გახდა ბერი.
ამას კი ოპტინის ყოფილი ბლაღოჩინი და მღვდელ-მონაზონი ილარიონი ჰყვებოდა: „ერისკაცობაში ყოველწელს დავდიოდი ოპტინის მონასტერში, სადაც საძმოში იმყოფებოდა ჩემი ძმა, ბერდიაკონი პაფნუტი. ყოველ მისვლაზე თავს ვალდებულად ვთვლიდი, მივსულიყავი მამა ამბროსისთან და ამეღო მისგან კურთხევა. ერთხელაც ბერმა მითხრა: „დროა, ჩვენთან წამოხვიდე“. მე ვუპასუხე: „უღელი მაკავებს, მამაო, ცოლიანი ვარ“. ამაზე ბერმა თქვა: „ჯერ არ მომწიფებულა!“ იმავე წელს გარდაიცვალა დედაჩემი, ორი წლის მერე კი მოვედი მონასტერში. ასე აღსრულდა მამა ამბროსის მიწვევა – „დროა, მოხვიდე ჩვენთან“. ჩემთან ერთად ჩამო-ვიდა ჩემი მეუღლე და 13 წელი იცხოვრა მონასტრის კუთვნილი საქონლის მომვლელებთან. გარდაიცვალა 1882 წელს, მას შემდეგ, რაც კელიური წესით აღიკვეცა სქემაში.
ოპტინის მონასტრის მღვდელ-მონაზონმა პაისმა გადმოგვცა ორი ამბავი:
1) 70-იან წლებში ზოგიერთი ძმა წმინდა სავანისათვის შემოწირულობების შესაგროვებლად იგზავნებოდა. მაგზავნიდნენ მეც. ერთხელ, წასვლის წინ მივედი მამა ამბროსისთან მისი წმინდა კურთხევის ასაღებად. მაკურთხა და იქ მყოფ ძმებს მიმართა: „იცით, ეს დიდი კაცია – მას ერში აფასებენ. ხუთ კაპიკ ნახევარს ის მოგ-ვიტანს“. დაბრუნებულმა წინამძღვარს მოვუტანე 550 მანეთი. მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავდა მამა ამბროსის ხუთ ნახევარი კაპიკი.
2) მღვდელ-მონაზონ ანატოლისთან ერთად უნდა გადავეყვანე მე ოპტინის მონასტრიდან ლიხვინის მონასტერში. მამა ანატოლი განწესებული იყო იმ მონასტრის წინამძღვრად. ჩვენ გარდა კიდევ რამდენიმე ძმა იყო ამ მონასტერში ოპტინიდან განწესებული. მე არ მინდოდა იქ წასვლა. მივედი ბერთან და ჩემი განცდების შესახებ ვუთხარი. მან კი მიპასუხა: „ახლა ხელი მოაწერე იქ წას-ვლაზე, ხვალ კი უკან დაბრუნდები“. ბერის სიტყვამ ჩამაფიქრა. მოვაწერე ხელი კეთილ მონასტერში გადასვლაზე და მეორე დღესვე გავემგზავრე იქით. ჩამოვედი. შემხვდა მამა ანატოლი და მეუბნება: „არ არის ძმაო, აქ ჩვენი ადგილი; წავიდეთ უკან ოპტინაში“. იმ დღესვე ამგვარად დავბრუნდით იმ მონასტრიდან ოპტინაში.
ოპტინის მონასტრის მღვდელ-მონაზონი კვიპრიანე გვიამბობდა: ბავშვობიდან მქონდა სურვილი წავსულიყავი ათონზე და იერუსალიმში. 1838 წელს, როდესაც მე 22 წლის ვიყავი, მე გავემგზავრე კიევში და გზად ოპტინის მონასტერში შევიარე, სადაც მაშინ ბერი მამა ლევი გახლდათ. მან არ მაკურთხა კიევში წასვლაზე და მითხრა, რომ ჩემი ადგილი ოპტინის მონასტერშია. ასე დავრჩი აქ, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი სახლში, რადგან ჩემი მშობლები არ იყვნენ თანახმა დავრჩენილიყავი მონასტერში. ამის შემდეგ ერში 40 წელი ვიცხოვრე, შევირთე ცოლი და გამიჩნდა შვილები. 1874 წელს ისევ ჩამოვედი მთელი ოჯახით ოპტინაში. მეუფროსე ბერი ახლა მამა ამბროსი გახლდათ. ავუხსენი მას ჩემი აღთქმული სურვილი, რომ ათონზე და იერუსალიმში მინდოდა წასვლა. ამაზე მან მითხრა: „იქით წას-ვლა შეიძლება, მაგრამ შენი ადგილი მაინც ოპტინაშია“. ბერის სიტყვა მალე გამართლდა. ორ წელიწად-ნახევრის შემდეგ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და მე მოვედი ოპტინის მონასტერში და გავხდი ბერი.
ორი ამბავი გადმოგვცა ოპტინის მონასტრის მღვდელ-მონაზონმა დოროთემ.
1) მოვედი ერთხელ ბერთან და დიდი ხანი ველოდებოდი, სანამ მიმიღებდა. უკვე საღამოს ათი საათი იყო. ვზივარ და ვფიქრობ უსაფუძვლოდ ჩემთვის: „აი მუდამ წმინდანს ეძახიან ბერს. ეს რა სიწმინდეა, როცა გაიძულებს ელოდო ამდენი ხანი მის გამოსვლას. ამის გამო საღამოს კანონის გამოტოვება მომიწევს, ხოლო ცისკარზე ვიძინებ. ყველას მაგივრად მას მოეთხოვება. იმავე წუთს მომესმა ბერის ხმა მისივე სენაკიდან: „ახლავე! ახლავე!“ შევხედე, მამაო გამოდის. მაკურთხა, მომკიდა წვერში ხელი, ოდნავ დამარტყა ლოყაზე და თქვა: „აი ბერები ზოგჯერ თვეობით ცხოვრობენ სასტუმროში და მელოდებიან, სანამ არ მივიღებ. სხვა, შეიძლება ათასი ვერსის სიშორიდანაა ჩამოსული და მელოდება მოთმინებით. ისინი წინ უნდა გავუშვათ. მათ გამო ზოგჯერ ძმებს უარს ვეუბნები მიღებაზე. ყველას ერთად მიღება არ შემიძლია. შენ კი ცოტაც არ გინდა მოიცადო. მე ერთს მომეთხოვება ყველას მაგივრად!“ ბერის სიტყვებით შთაგონებული, მშვიდი და გახარებული წავედი მისგან ჩემს სენაკში და არასოდეს ვკადნიერდებოდი აუგი მეთქვა მასზე, მაშინაც კი, როცა მიხდებოდა დიდი ხანი ლოდინი. საერთოდ შევნიშნავ, რომ ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა არ მიმიღებდა ბერი, მაგრამ მისგან მაინც დამშვიდებული და გახარებული წამოვიდოდი, ხოლმე.
2) შემდგომში მორჩილებას გავდიოდი უფროს ეკონომად საჯინიბოში. ზოგჯერ ნაკელზე დადიხარ, ასევე მოუცლელობის გამო პირდაპირ წახვიდოდი ეკლესიაში. ზოგიერთი ძმა მეხუმრებოდა კიდევაც: „ოო, დოროთე, შენგან ნაკელის სუნი მოდის“. ეს სიტყვები განსაცდელში მაგდებდა. ერთხელ ვუთხარი ეს ბერს, მან კი მითხრა: „იცინონ, შენ კიდევ გაუსწრებ მათ, მათ შეშურდებათ შენი“. და რა მოხდა? ბერის სიტყვა ახდა. დიდი ხანია სამღვდელო ხარისხში ვარ, ხოლო ვინც მე დამცინოდა, ისინი უკან დარჩნენ.
სკიტის მღვდელ-მონაზონი ბენედიქტი სამ ამბავს გადმოგვცემს.
1) საკუთარ თავზე. სმოლენსკის სასულიერო სემინარიის კურსის დამთავრების შემდეგ მე დავიკავე მღვდლის ადგილი დოროგობუჟის მაზრის სოფელ ჩებოტოვში. ჩემი სახელი ვიქტორ დიაკონოვი იყო. მალე ჩემი მეუღლე ავად გახდა, ეტყობა არცთუ ისე მძიმედ. ამ დროს ჩვენს სახლში შემოვიდა მწირი, რომელიც ოპტინის მონასტერში მიემგზავრებოდა. მე გავატანე მამა ამბროსისთვის ფული და ვთხოვდი მას ავადმყოფზე ელოცა. როცა მწირი მონასტერში მივიდა და შეხვდა მამა ამბროსის, მან ჰკითხა: „შენ იმავე გზით დაბრუნდები, რა გზითაც მოხვედი?“ მწირმა უპასუხა: დიახ. „შეიარე ისევ მამა ვიქტორთან, – ეუბნება მას ბერი, – და მადლობა უთხარი ჩემგან, რომ ვახსოვარ. უთხარი, რომ მეც მახსოვს“. იქვე შევნიშნავ, რომ სემინარიაში სწავლისას ვიყავი პირადად მასთან კურთხევის ასაღებად. მღვდლად კურთხევის მერე სულ ვიხსენებდი კვეთაში. ბერმა ეს დაიმახსოვრა. „მას ღვაწლი ელოდება, – აგრძელებდა ბერი, – დაიბრუნოს ბაღი და ხშირად მორწყას, ბევრი ხილი მოუვა. ივლისის თვე განსაცდელებით სავსე იქნება მისთვის: ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს“. იმავე წლის 29 ივლისს გარდაიცვალა ჩემი მეუღლე და მე გავემგზავრე ოპტინის მონასტერში. მივედი ბერთან, მან მომცა სკვნილი და წიგნი „უფლის ჯვრის სამეუფო გზა“. მიბრძანა მოვმზადებულიყავი ბერობისათვის – გამეყიდა ყველაფერი, რაც მებადა და მიმემართა მეუფისთვის განცხადებით გავეთავისუფლებინე შტატიდან ავადმყოფობის გამო: მე შევასრულე ყველაფერი. შემდეგ მოვედი მამაოსთან სკიტში და მალე აღვიკვეცე ბერად ბენედიქტეს სახელით.
2) გარეშე პირზე. სმოლენსკის გუბერნიის, იუხნოვის მაზრის სოფელ ფედოტოვკის მცხოვრებმა პავლე სიმონის ძე სოკოლოვმა სმოლენსკის სასულიერო სემინარიის კურსის დამთავრების შემდეგ დაიკავა სოფლის მასწავლებლის ადგილი. მან რამდენჯერმე სთხოვა მამა ამბროსის კურთხევა მღვდლობაზე. მაგრამ მამა ამბროსი ყოველთვის უარს ეუბნებოდა და ურჩევდა მოეცადა. ასე გავიდა ორი წელი. პავლემ კვლავ მიმართა მამა ამბროსის წერილობით, სადაც გამოთქვამდა სურვილს გამხდარიყო ქალაქ ვიაზმის მღვდელი. ამჯერად ბერმა ასე უპასუხა: „შენს თავზე ეკლიანი გვირგვინი ჰკიდია, და ის მალე შენზე გადმოვა – მოიცადე“. ასეც მოხდა. ორი თვის მერე პავლე ავად გახდა და გარდაიცვალა.
3) მეორე გარეშე პირზე. სმოლენსკის გუბერნიის ქალაქ დოროგობუჟში ერთ კეთილშობილ ქვრივს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, რომლის შერთვაც ბევრ სასიძოს სურდა. ისინი ხშირად მოდიოდნენ ბერთან პირადად, რათა გამოეთხოვათ მისგან კურთხევა ქორწინებაზე. მაგრამ მამაო სულ ეუბნებოდა: „მოიცადეთ“. ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა ძალიან კარგი სასიძო, რომელიც დედასაც მოსწონდა და შვილსაც: ამიტომ დედამ პირადად სთხოვა კურთხევა ბერს ქალიშვილის დაქორწინებაზე. მაგრამ მამაომ უბრძანა ამ სასიძოსთვისაც უარი ეთქვათ, და დაუმატა: „მას ისეთი შესანიშნავი სასიძო ეყოლება, რომ მისი ბედნიერება ყველას შეშურდება. აი ჯერ შევხვდეთ აღდგომას. ხომ იცით, რა მშვენივრად ანათებს მზე ამ დღეს!“ დადგა ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ქალიშვილს პირველს გაახსენდა ბერის სიტყვები: „დედა! გახსოვს რომ გვირჩია მამა ამბროსიმ, შეხედეთ ამომავალ მზესო!“ გამოვიდნენ. გოგომ უცებ გადაიჯვარედინა ხელები და წამოიყვირა: „დედა! დედა! მე ვხედავ დიდებაში აღმდგარ ღმერთს. მე მოვკვდები ამაღლებამდე“. დედა ძალიან დამწუხრებული იყო ამით და თქვა: „რას ამბობ, შვილო, უფალი შენთანაა. ეს შეუძლებელია. შენ არაფერი გტკივა, შენ ჯანმრთელი ხარ“. მაგრამ გოგო განაგრძობდა მტკიცებას: „მე თქვენ გეუბნებით, რომ მოვკვდები, იმიტომ რომ ტყუილად არ წერია ღვთის ნათქვამი სიტყვა: „უკეთუ იხილოს კაცმან ღმერთი, ცოცხალი იქნება!“ ქალიშვილის სიტყვები გამართლდა: ქრისტეს ამაღლებამდე ერთი კვირით ადრე მას კბილები ეტკინა და ეტყობა ამ ავადმყოფობით ის გარდაიცვალა.
სკიტის მღვდელ-მონაზონი ნექტარი გვამცნობს ოთხ ამბავს თავის თავზე.
1) სკიტში მოვხვდი 1876 წელს. ერთი წლის მერე მამა ამბროსიმ მაკურთხა მოძღვრად მყოლოდა სკიტის მმართველი მღვდელ-მონაზონი ანატოლი. 1894 წლამდე, ანუ მის გარდაცვალებამდე, მე ვაგრძელებდი მასთან, როგორც მოძღვართან ურთიერთობას. მამა ამბროსის მივმართავდი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. მე მისდამი დიდი სიყვარული და რწმენა მამოძრავებდა. მივიდოდი მასთან და რამდენიმე სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ის აღმომიჩენდა გულისნადებს. ყოველგვარ გაუგებრობას ამიხსნიდა და დამამშვიდებდა. მისი მზრუნველობა და სიყვარული ჩემს მიმართ ხშირად მაოცებდა, რადგან მე ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი ამის ღირსი. ამ კითხვაზე ჩემი მოძღვარი მამა ანატოლი მიპასუხებდა, რომ ამის მიზეზი ბერისადმი ჩემი სიყვარული და რწმენა იყო: მერე რა, რომ ის ასეთი სიყვარულით არ ექცეოდა სხვებს, როგორც მე, ეს მათი ბერის მიმართ სიყვარულის უკმარისობის ბრალია, მერე რა, რომ ასეთია საერთო კანონი: ვინც როგორ ექცევა ბერს, ზუსტად ისე ექცევა ბერი მათ.
2) მახსოვს, ორი წლის მერე, მას შემდეგ რაც სკიტში მოვხვდი, გამოვიდა უფროსობის დადგენილება სკიტიდან მორჩილების გასახლებისა, ვინც დაუწესებელი იყო და სამხედრო სამსახურში უნდა წასულიყო. მეც, სხვებთან ერთად, მონასტრის მწერალმა გამომიცხადა სკიტიდან ჩემი გასახლების შესახებ. მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ბერის წმინდა ლოცვებით, ეს საშიშროება გაქრა. მწერალმა მალე ისევ გამომიცხადა, რომ მხოლოდ ოცდახუთი დღე უნდა განვდგე. მივედი მამაოსთან და მადლობა შევწირე ლოცვითი თანადგომის გამო: მან კი მითხრა: „თუ ბერულად იცხოვრებ, მაშინ შემდგომშიც არავინ შეგაწუხებს და დარჩები სავანეში სამუდამოდ“. ბერის სიტყვები გამართლდა. ღვთის წყალობით მე დღემდე სკიტში ვცხოვრობ.
3) მტრის შთაგონებით მე დაევჭვდი მამა ამბროსის წინასწარხედვაში და საძმოს სულიერ ცხოვრებაში მეუფროსე ბერობის აუცილებლობაში. ეს აზრი გულში დავიმარხე და არავის ვეუბნებოდი. ეჭვი მომეძალა და ბერისადმი რწმენა შემერყა. მაგრამ უფალმა სასწაულებრივად გამომაფხიზლა. ჩვენს სკიტში დადიოდა კოზელსკის მცხოვრები ვინმე კაპიტონი. ის მომიყვა, თუ როგორ ურჩევდა ბერი თავისი წინასწარჭვრეტით, გამეშვა შვილი კურსკში რაიმე საქმის საშოვნელად, მაგრამ დაუმორჩილებლობის გამო მამა-შვილი ორივე დავისაჯეთ. (ამ შემთხვევის შესახებ ქვემოთ დაწვრილებით იქნება საუბარი). ამ შემთხვევამ ძალიან გამაკვირვა და გონს მომიყვანა, მივხვდი, რომ ბერში დიდი მადლიანი ძალაა დავანებული.
4) სამწუხაროდ, იყვნენ საძმოში ადამიანები, რომლებიც განიკითხავდნენ მას. მე ზოგჯერ მიწევდა ასეთი უაზრო საუბრების მოსმენა, თუმცა სულ ვცდილობდი დამეცვა ბერი. მახსოვს, ერთი მსგავსი საუბრის შემდეგ დამესიზმრა ჩემი მოძღვარი მღვდელ-მონაზონი ანატოლი და მრისხანედ მითხრა: „არავის აქვს უფლება განსაჯოს ბერის მოქმედება. ბერი თავის საქციელზე ჩააბარებს ანგარიშს უფალს, ჩვენ მათ მნიშვნელობას ვერ ჩავწვდებით“.
სკიტის ბერი იოილი გვიყვება ორ ამბავს.
1) თავის თავზე: ერისკაცობაში ვიყავი ცოლიანი, მაგრამ ოთხი წლის მერე დავქვრივდი. ამ დროისთვის ჩემი ძმა ოპტინაში გაემგზავრა მამა ამბროსისთან, მე მოვისურვე ძმის საშუალებით, გამეგო, თუ როგორ ცხოვრებაზე მაკურთხებდა ბერი: „ერთი წელი მოითმინოს, ცოლს ნუ მოიყვანს, ჩამოვიდეს ჩვენთან“. მე ვიფიქრე: ჩემი ბერობა ხომ არ უნდათ? მონასტერში ცხოვრება მაშინ არ მქონდა განზრახული. ერთი წელი გავიდა და მე ისე შევირთე ცოლი, რომ ოპტინაში არ წავსულვარ ბერისგან ლოცვა-კურთხევის ასაღებად. გავიდა სამთვენახევარი და მეორე ცოლიც მომიკვდა. ამ ამბიდან ორი თვის შემდეგ წავედი ოპტინაში. მივედი ბერთან. ის მეუბნება: „მოდი აქ. სადაა შენი ცოლი? რატომ არ მომისმინე?“ მე ვუპასუხე: „მაპატიეთ, მამაო! აი მოვედი იმის შესაკითხად, კიდევ შევირთო ცოლი თუ დავრჩე მონასტერში?“ ბერმა მიპასუხა: „მესამე ქორწინება არ არსებობს. შენი პირდაპირი ვალია დარჩე მონასტერში და გახდე ბერი“. ამის შემდეგ დავბრუნდი სახლში, ორი თვის მერე კი სამუდამოდ ჩამოვედი ოპტინაში და შევუერთდი სკიტის საძმოს.
2) გარეშე პირზე: მყავდა ერთი ნაცნობი ვაჭარი. ის ღვთივსათნოდ მსახურობდა, მოწყალებას გასცემდა და ბეჯითად ესწრებოდა საეკლესიო მსახურებას. ის მამა ამბროსისთან მივიდა და ჰკითხა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა. ბერმა ასეთი პასუხი გასცა: „იცხოვრე, როგორც ცხოვრობ. მხოლოდ ყოველ მარხვაში ეზიარე“. ვაჭარმა მოუსმინა ბერის რჩევას და რამდენიმე ხნის მერე გარდაიცვალა. ის ქრისტიანულად აღესრულა ყოველნაირი საგზლით წარსდგა ღვთის წინაშე.
ხუთი ამბავი გადმოგვცა სკიტის ბერმა გურიმ.
1) სამი წლის მერე, მას შემდეგ, რაც 1887 წელს მოვხვდი სკიტში, ჩემთან ჩამოვიდა ძმისშვილი. ის მივიდა მამა ამბროსისთან დაქორწინებაზე კურთხევის ასაღებად. ბერმა მოთმინებით ურჩია და უთხრა, რომ მას გარკვეული დროის განმავლობაში მოუწევდა ბეღელში ცხოვრება. ბერის წინასწარმეტყველება ახდა. ერთი წლის შემდეგ ჩემი ძმის სახლი დაიწვა და მას ოჯახთან ერთად, სანამ ახალ სახლს ააშენებდა, ბეღელში მოუწია ცხოვრებამ. ამ ხანძარმა ძმა ვალში ჩააგდო. ამ ამბის გაგება ძალიან განვიცადე და მოვუყევი ამის შესახებ ბერს. მან კი დამამშვიდა და მითხრა: „ნუ განიცდი, შენი ძმა მოეწყობა და კიდევ უკეთესად იცხოვრებს, ვიდრე მანამდე“. ნამდვილად, ძმამ ააშენა ახალი სახლი და დღეს ცხოვრობს უფრო კმაყოფილი, ვიდრე უწინ.
2) სკიტში მოსვლისას მამაომ მაკურთხა და დაამატა: „არქიმანდრიტ ისააკს თვალით არ დაენახვო, თორემ, როგორც კი დაგინახავს, მაშინვე გადაგიყვანს მონასტერში. მონასტრის ცხოვრებას შენ ვერ გაუძლებ და ამან შეიძლება დაგაბრკოლოს“. მე მახსოვდა ბერის ნათქვამი და გავურბოდი არქიმანდრიტთან შეხვედრას. მაგრამ ოთხი წლის მერე, აღდგომას, როცა მონასტერში საძმოს საერთო ტრაპეზი იშლებოდა, მე სხვებთან ერთად ტრაპეზობის შემდეგ მივედი არქიმანდრიტთან კურთხევის ასაღებად, რადგან თავის არიდება და მასთან მიუსვლელობა ამ დროს უხერხული იქნებოდა. შეხედვისთანავე ბრძანა გადავეყვანეთ მონასტრის სასეფისკვერეში და შემპირდა, რომ მე იქ უფროსი ვიქნებოდი. ეს არ მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბერმა მიიღო მონაწილეობა სკიტში ჩემი დატოვების საქმეში და დამტოვეს კიდეც.
3) თითქმის იმ პერიოდში სიცხე მომცა და ავად გავხდი. სნეულება ძლიერდებოდა და მე უკვე ჩემს სიცოცხლეზე დავიწყე ზრუნვა. ჩემთან მოსულმა ძმებმა შეამჩნიეს, რომ თითების გაშავება დამეწყო. მათ იფიქრეს, რომ სიკვდილი მომიახლოვდა და წავიდნენ ბერთან, რათა მას ჩემი სქემაში აღკვეცის კურთხევა მიეცა. მაგრამ ბერმა არ აკურთხა და უთხრა, რომ მე მეორე დღეს გამოვკეთდებოდი. მამაოს წმინდა ლოცვების წყალობით მე მეორე დღესვე უკეთესად ვიგრძენი თავი. უკვე შევძელი ლოგინიდან ადგომა და მთლიანად გამოვჯანმრთელდი. ჩემი ავადმყოფობა ერთი თვე გრძელდებოდა.
4) შესანიშნავი შემთხვევის მომსწრე გახდა სკიტის მორჩილი მაქსიმე. მის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მამაომ უთხრა: „ამ ქვის ქვეშ წევს მაქსიმე ლარინი: მან უნდა იცხოვროს და იმხიარულოს, მაგრამ იმ ქვეყნად გადასახლება იქნება“. მაქსიმემ ბერის სიტყვა ისე გაიგო, თითქოს მას მონასტერში გადაიყვანდნენ და დამწუხრდა. მე მაშინ მზარეული ვიყავი, ხოლო მაქსიმე – ჩემი თანაშემწე. დავიწყეთ სატრაპეზოში იატაკის მორეცხვა. მაქსიმემ რატომღაც თავი ანება ამ საქმეს და თავის სენაკში წავიდა. ეს დილას მოხდა. სადილის დრო დადგა, მაგრამ მაქსიმე არ ჩანდა. გავიდა კიდევ სამი საათი. ზოგიერთი ძმა წავიდა მასთან სენაკში, მაგრამ ის ცოცხალი არ დახვდათ.
5) სკიტში ცხოვრობდა მგალობელთა მეტიპიკონე მღვდელ-მონაზონი პალადი. ერთხელ კვირა დღეს სკიტის ტაძარში ლიტურგიისას იმსახურა, თავს კარგად გრძნობდა. მამა ამბროსიმ იმ დღესვე გამოუგზავნა მომსახურეთაგანი და უბრძანა დაუყოვნებლივ ეცხო ზეთი და აღკვეცილიყო სქემაში. მამა პალადი ამით გაკვირვებული იყო და უთხრა მომსახურეს, რომ ის ჯანმრთელია. მამაომ კიდევ ორჯერ გამოუგზავნა მსახური იმავე წინადადებით, მაგრამ ის წინააღდეგობას განაგრძობდა. დადგა ორშაბათი. დილით მამა ამბროსიმ მეოთხეჯერ და უკანასკნელად გამოაგზავნა მსახური მამა პალადისთან ისევ იმავე წინადადებით. სანამ ის ზეთისცხებისთვის ემზადებოდა, ინსულტი დაემართა, ენა წაერთვა, მაგრამ გრძნობაზე იყო. მოასწრეს მისი ზეთისცხება და ზიარება. იმავე დღის საღამოს გარდაიცვალა.
მონასტრის ბერმა გენადიმ გადმოგვცა სამი ამბავი.
1) ძლიერ შემაძრწუნებდა ხოლმე დასაძრახი აზრები. ამ შემთხვევის გამო მოვედი გვიან საღამოს მამა ამბროსისთან, უკვე ბნელოდა. მამაო დერეფანში გამოვიდა და დაიწყო რიგრიგობით ძმების დალოცვა, რომლებიც მუხლებზე იდგნენ. მოვიდა ჩემთან. სიბნელის გამო ჩემი სახის დანახვა მას არ შეეძლო და მომმართა: „შენ რაა?“ და დამიწყო სახეზე ხელით მოფერება, თითქოს ჭუჭყს მაშორებდა. შემდეგ დამლოცა და არაფერი მითხრა. მე უცბად ვიგრძენი, რომ გულზე მომეშვა, სული შემიმსუბუქდა. დასაძრახმა აზრებმა დამტოვეს და სიხარულმა აავსო ჩემი გული.
2) იყო კიდევ ასეთი შემთხვევა: ათი წლის შემდეგ, რაც სავანეში მოვეწყვე, ბოსტანში მორჩილებას ვასრულებდი. უფროსი ბერი ნაუმი იყო. მე მაშინ ხშირად მიწევდა ქალებთან ურთიერთობა, რომლებიც ბოსტნის მოსავლის ასაღებად მოგვყავდა. მე ვიგრძენი, რომ უწმინდურმა აზრებმა დამიწყეს შეწუხება. ისევ მივედი მამა ამბროსისთან. ისევ გამოვიდა ის დერეფანში და დაიწყო საძმოს დალოცვა, ამავდროულად მე მიყურებდა და თვალებს იდაყვით იფარავდა. ასე გაიმეორა მან რამდენჯერმე. მე მივხვდი, რომ ბერმა განჭვრიტა ჩემი შინაგანი ბრძოლა და მიჩვენა მის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება, – თვალების დაფარვა.
3) ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ, მამა ამბროსის კურთხევით სახლში გავემგზავრე და ორი ობოლი ბავშვი ჩამოვიყვანე: 10 წლის ბიჭი და 7 წლის გოგო. ბიჭი მონასტერში განაწესეს, ხოლო გოგო შამორდინოს ბავშვთა სახლში. წლინახევრის შემდეგ შამორდინოდან მივიღე ცნობა, რომ გოგონა საშინლად დაავადდა. მოვედი ბერთან და ვეუბნები ჩემს მწუხარებას. ამის შესახებ ბერმა დებს ჰკითხა, რომლებიც იმ დღეს ჩამოვიდნენ შამორდინოდან; მაგრამ მათ უპასუხეს, რომ გოგონა უკეთ გრძნობს თავს და არავითარი საშიშროება არ ემუქრება. ასე წავედი მამაოსგან, მაგრამ შემდეგ სხვებისგან გავიგე, რომ იმავე დროს, ჩვენი წასვლისთანავე, საღამოს 11 საათზე ბერი მისულა ხატთან და დაუწყია გალობა: „წმინდათა შორის განუსვენე“. აღმოჩნდა, რომ ამ დროს გარდაიცვალა ჩემი ძმისშვილი შამორდინოში.
მონასტრის ბერი პავლინე ორ ამბავს გვიყვება საკუთარ თავზე.
1) ბავშვობიდან ბერულ ცხოვრებაზე კარგად ვიყავი განწყობილი და ყოველნაირად ვცდილობდი მონასტერში მოვხვედრილიყავი, მაგრამ არ მქონდა იმედი, რომ ჩემი მშობლები ამაზე დამთანხმდებოდნენ, რადგან მე ოჯახის უფროსი ვაჟიშვილი ვიყავი. ერთ-ერთ ამხანაგთან ერთად გავემგზავრე ოპტინაში მამა ამბროსისთან იმისათვის, რომ მიმეღო მისი კურთხევა ჩემი გადაწყვეტილების შესრულებისათვის – აღვკვეცილიყავი ბერად. მაშინ 18 წლის ვიყავი. ბერის სენაკში რომ მივედი, მისი პირველი კითხვა იყო: „მშობლებმა გაგიშვეს მონასტერში?“ მე გამაოცა ბერის მიხვედრილობამ, რომელმაც ამჯერად ბევრი რამ მითხრა ჩემი წარსული ცხოვრების შესახებაც, რაც მას არავითარ შემთხვევაში არავისგან არ სცოდნია. ამასთან ერთად რაღაც მიწინასწარმეტყველა კიდეც, რაც შემდგომში ამიხდა კიდეც. მითხრა, რომ მევლო ოპტინაში, როგორც კი მოვიხდიდი სამხედრო სამსახურს. მე იმედიც კი არ მქონდა, რომ სამხედრო ვალდებულებისგან გამათავისუფლებდნენ; მაგრამ მოხდა ისე, რომ ბერის წმინდა ლოცვების წყალობით გამიშვეს ჯარიდან და მალე ოპტინის საძმოს შევუერთდი. ეს მოხდა 1882 წელს.
2) ბერი ამბროსის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მასთან, შამორდინოში, ვიყავი. მან მაკურთხა და მითხრა: „იმის გამო, რომ შენ არ გამიმხილე შენი ზოგიერთი აზრი, შენზე განსაცდელი დაიშვება“. ასეც მოხდა. იმავე წელს, შეშის ზიდვისას გავცივდი და კინაღამ მოვკვდი. ჩემს გამოჯანმრთელებას მარტო ბერის წმინდა ლოცვების ძალას მივაწერ, თუმცა ის უკვე ცოცხალი აღარ იყო.
მონასტრის ბერი მელეტი მოგვიყვა: ოცდაათი წლის წინათ, შეიძლება უფრო ადრეც, ერთი ჩემი ნათესავი გოგო, 17-18 წლისა, ჩამოვიდა მამა ამბროსთან ჩემს დასთან ერთად და სთხოვა ელოცა, რომ კარგი საქმრო გამოეგზავნა უფალს. ამაზე ბერმა უპასუხა: „არ ინერვიულო, შენ გეყოლება კარგი საქმრო. შენი ქორწინებისა ყველას შეშურდება“. გოგონამ ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და ძალიან გაუხარდა. მაგრამ რა მოხდა? სახლში დაბრუნებიდან ერთი თვის შემდეგ ის დაავადდა და გარდაიცვალა. მისი კუბო, ყვავილებით შემკული, ქალწულებს მიჰქონდათ. ზუსტად რომ სასძლო იყო! ზაფხული იდგა და ნათელი ამინდიც გამოვიდა. მიცვალებულს ბევრი ადამიანი აცილებდა. შესაშური იყო ასეთი დაკრძალვა, როგორც ეს ბერმა უწინასწარმეტყველა.
ორი ამბავი გადმოგვცა ოპტინის მონასტრის ბერმა მისაილმა.
1) ერში ცხოვრებისას ერთხელ ძალიან ავად გავხდი. გამოვიწერე კიევა-პეჩორის ლავრის სასულიერო წიგნების კატალოგი, იმ განზრახვით, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ გამოვიწერდი წიგნებს და წავიკითხავდი. გამოჯანმრთელებულს დამავიწყდა კატალოგიც და წიგნებიც. 15 წლის შემდეგ მე მოვედი და მოვეწყვე ოპტინის მონასტერში, მინდოდა გამომეწერა ახალი კატალოგი. მივედი მამა ამბროსისთან იმისათვის, რომ ამაზე კურთხევა მოეცა. როგორ გავოცდი, როცა ბერმა მიპასუხა: „იცხოვრე ძველი კატალოგით“. ამის შესახებაც მას არ შეიძლებოდა რომ რაიმე სცოდნოდა.
2) ბერის წინასწარხედვის სხვა შემთხვევა: 1881 წელს მოვედი, მოვეწყვე ოპტინის მონასტერში და ჩავიცვი მორჩილის კაბა. მივედი მამა ამბროსისთან, რომ დაველოცე და, სხვათა შორის, ვუთხარი: „თუმცა მორჩილის კაბით შევიმოსე, მამაო, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ წავიდე ათონის მთაზე და იქ, საძმოში, დავრჩე.“ ამაზე ბერმა მიპასუხა: „მოვა დრო და ათონზეც მოხვდები“. ოთხი წლის შემდეგ მე ნამდვილად წავედი ათონზე, მაგრამ ორი თვის მერე ისევ დავბრუნდი ოპტინაში. ძნელად მომეჩვენა ათონის ბერული ცხოვრება. ასე რომ, მომიწია მხოლოდ მცირე ხნით ყოფნა ათონზე, როგორც მამაომ თქვა.
მონასტრის ბერი გაბრიელი გვიამბობს სამ ამბავს.
1) ჩემს ნათესავ ქალს ჰყავდა ქალწული გოგო, რომელიც ოპტინაში დადიოდა და მამა ამბროსისთან იყო მისული კურთხევის ასაღებად, ისიც მის წმინდა ლოცვებს ითხოვდა, რომ კარგი სასიძო გამოეჩინა უფალს. ბერმა მას უპასუხა, რომ სასიძო ეყოლება, მაგრამ არა ახალგაზრდა, არამედ ორმოცამდე წლის. ნამდვილად, ამ გოგონას ხელს ითხოვდა ორმოცამდე წლის სასიძო და ქორწილიც შედგა. ეს 1869 წელს მოხდა.
2) ეფრემოვსკის მაზრის სოფელ პერევესოვეში ორი ერთმანეთის ნათესავი გოგო ცხოვრობდა. ერთი ოდნავ უფროსი იყო და მან გადაწყვიტა არ გათხოვილიყო, მეორე კი სასიძოს ელოდა: ის 24 წლისა ხდებოდა, მაგრამ სასიძო არ ჩანდა. ორივემ გადაწყვიტეს წასულიყვნენ ოპტინაში მამა ამბროსისთან იმის საკითხავად, თუ როგორ იცხოვრონ. უფროსს მამაომ მისცა კურთხევა ქალწულად დარჩენისა და სწავლისა, უმცროსს კი უთხრა, რომ მას გამოუჩნდება სასიძო, ძალიან ახალგაზრდა. ასეც მოხდა. პირველი ქალწულად დარჩა, ხოლო მეორე გათხოვდა ახალგაზრდა კაცზე.
3) ზემოთ ხსენებულ მამა გაბრიელს უყვებოდა ოპტინელი ბერი ალექსანდრე, ყოფილი მესტუმრე: ქალაქ ნოვოსილოში, საიდანაც იყო წარმოშობით, ერთი სასულიერო პირი მოღვაწეობდა, რომელსაც არ უყვარდა მონოზვნები. მისი მეუღლე, რომელსაც მამა ამბროსის სჯეროდა, ჩუმად, ისე რომ მეუღლეს არ გაეგო, ზოგჯერ ჩამოდიოდა ოპტინაში. მოხდა ისე, რომ მათს სახლში იმდენი ვირთხა გაჩნდა, რომ შეუძლებელი იყო იქ ცხოვრება. ქმარმა ცოლი გაუშვა ვინმე მაწყევართან, რომ მას განედევნა მათი სახლიდან ვირთხები. მაგრამ ცოლმა ვერ ნახა სახლში მაწყევარი და გაემართა ოპტინის მონასტერში მამა ამბროსისთან. როგორც კი მიუახლოვდა ბერის სენაკს, ბერმა დანახვისთანავე დაუძახა და უთხრა: „რა, ვირთხებმა ცხვირი ჯერ ვერ მოგაჭამეს?“ ეს ქალბატონი დავარდა მუხლებზე ბერის წინ და უთხრა, რომ ნამდვილად შეესივნენ ვირთხები და ჩამოვიდა მისი წმინდა ლოცვების სათხოვნელად, რათა ეხსნა ამ განსაცდელისაგან. ბერი შეეცადა მის დამშვიდებას. სახლში რომ დაბრუნდა, ქმარმა უთხრა, რომ მისი არყოფნისას ვირთხები უცებ სადღაც გაქრნენ სახლიდან და ამის მიზეზად მან მაწყევარი ჩათვალა. მაგრამ როდესაც ცოლმა უთხრა, რომ მაწყევარმა კი არ განდევნა ვირთხები, არამედ მამა ამბროსის წმინდა ლოცვებმა, ვისთანაც ის იმყოფებოდა, ქმარმა აღიარა მის წინაშე თავისი შეცდომა და ამის შემდეგ დაიწყო მამა ამბროსისა და მონაზვნების წინაშე კეთილკრძალულება.
ოპტინის მონასტრის მოწესემ, მღვდელ-მონაზონმა ნიკონმა, სიკვდილის წინ ჰქითხა მამა ამბროსის: „მამაო, საცაა მომიწევს სიკვდილი და სად მომიწევს? – „შენ დაწვები დიდ ადამიანებთან“, – უპასუხა ბერმა. ბერის გარდაცვალებიდან სადღაც სამ წელიწადში გარდაიცვალა წინამძღვარი არქიმანდრიტი ისააკი, რომლის თანამდებობაც არქიმანდრიტმა დოსითემ დაიკავა, რომელიც ადრე მაშჩევსკის მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. მამა ნიკონმა წინამძღვრისგან საჭიროების გამო პეტერბურგში წასვლა ითხოვა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ამჟამად იგი ალექსანდრე ნეველის ლავრაშია დაკრძალული გამოჩენილ ადამიანებთან.
ბელევოს მონასტრის მონაზონმა დედა ბარბარე ნიკოლოზის ასულ ტერეხოვსკაიამ გვამცნო სამი ამბავი საკუთარ თავზე.
1) მე, პეტერბურგელ ქალბატონს, 18-დან 50 წლამდე მქონდა სურვილი მოვწყობილიყავი მონასტერში, მაგრამ სურვილის შეუსრულებლობა მეტად მიქანცავდა გულს. ზაფხულობით ხშირად დავდიოდი წმინდა ადგილებზე: ღვთის განუსაზღვრელი განგებულებით მოვხვდი ოპტინის მონასტერშიც. ეს მოხდა 1876 წელს. გავჩერდი სასტუმროში. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ იქ ცხოვრებისა შევიტყვე ვიღაც მონაზონი ქალისგან, რომ ოპტინის მონასტრის სკიტში არის არაჩვეულებრივი ბერი. „ჩვენ (ე. ი. მე და მომსახურეს) არავინ გვჭირდება, ჩვენ მოვედით მხოლოდ სალოცავად“, – ვპასუხობდი მე. – “თქვენ მარტო შეხედეთ მას, რა მადლიანია!“ – ჩაილაპარაკა მონაზონმა. მე გადავწყვიტე მენახა ბერი. ვხედავ, ჩვეულებრივი ბერი კურთხევას აძლევს ხალხს ღობის მიღმა. მე არაფერი გამეგო ჯერ კიდევ მეუფროსე ბერებზე და მივედი უფრო ახლოს მის სანახავად. მამაომ ჩემამდეც, პეტერბურგელ ქალბატონამდე, მოაღწია, მაკურთხა და ღიმილით ჩამჩურჩულა: „შენ მონასტერში ცხოვრება გჭირდება“. მე ისარივით მომხვდა ეს სიტყვები და უნებლიეთ იქვე, ყველას წინაშე ვუთხარი: „ეს უბრალოდ სამყაროს საოცრებაა როგორ შეეძლო ჩემთვის უცნობ ადამიანს ზუსტად გაეგო ჩემი მუდმივი ფიქრი და გამოეცხადა ჩემთვის ჭეშმარიტება, რომელსაც საიდუმლოდ ვინახავდი ჩემს გულში, რაც უწყოდა მხოლოდ ყოვლისმცოდნე, გულთამხილავმა უფალმა“. მისი წმინდა ლოცვების წყალობით მალე ყველაფერი დაჩქარდა. ჩემი აღთქმული სურვილი, მეცხოვრა მონასტერში, აღსრულდა.
2) როცა ოპტინიდან ჩემი წასვლის დრო დადგა, გამომშვიდობებისას ბერმა მითხრა: „შენ არცთუ ისე ახალგაზრდა, სუსტი და ავადმყოფი ხარ. შენ ორი ექიმი გჭირდება, რომ გიმკურნალონ“. მე გაკვირვებულმა ვუპასუხე: „რა ორი ექიმი? თქვენ ცდებით: მე აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ“. და ბერის სიტყვებზე გამეცინა. 16 აგვისტოს დავბრუნდი შინ. მაგრამ აი, რა შემემთხვა: 8 სექტემბერს, წირვის შემდეგ ყავა დავლიე. მინდოდა მეორეც მომეთხოვა, მაგრამ უცბად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ავად გავხდი დამქანცველი ციებ-ცხელებითა და ფილტვების ანთებით. მოიყვანეს გერმანელი ექიმი და სასახლის კარის ექიმიც. დილას მოდიოდა გერმანელი ექიმი, საღამოს კი სასახლის ექიმი დიდი მთავრინასაგან (რომელმაც დააფუძნა კიევის სათავადო მონასტერი). მე ისევ დავინახე ამაში ბერი ამბროსის წინასწარხედვის უნარი.
3) მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა, მე მაინც საკმარისად არ მჯეროდა ბერის. მაშინ მამა ამბროსიმ მოინდომა კიდევ უფრო ძლიერად დავერწმუნებინე მე იმაში, რომ ყოველი მისი სიტყვის საფუძველი ჭეშმარიტებაა. მას უნდოდა განვემტკიცებინე იმის რწმენაში, რომ ის ლაპარაკობს და მოქმედებს მადლით, რომელიც მასში მყოფობს. ერთი წელი ვიცხოვრე ერთ-ერთ დედათა მონასტერში. ჩემთან ჩამოვიდნენ დედაქალაქელი სტუმრები, რომლებიც ოპტინიდან ტიხონოვის მონასტრის გავლით მოსკოვში აპირებდნენ წასვლას. მამა ამბროსიმ მაკურთხა გამეცილებინა ისინი ტიხონოვის მონასტერში. მე უარზე ვიდექი, რადგან იქ არავის ვიცნობდი და არც არაფერი მესაქმებოდა, უფრო იმიტომ, რომ უკან მარტო მომიწევდა დაბრუნება. ბერი მეუბნება: „იქ არის, ვინც აქეთ გამოგაცილებს – სამი ვიაზემსკელი ვაჭარი, რომელთაც ძლიერ სურთ ჩემთან მოსვლა და ვერ გადაუწყვეტიათ. ისინი ღვთის წყალობას ელიან, რომ ვინმემ ჩემამდე მოიყვანოს: შენ კი იმათი მეგზური იქნები“. „დაუწერეთ წერილი, რომ გამიფრთხილდნენ“ – ამოვილუღლუღე მე. მამაომ კი ყველას თანდასწრებით, ვინც მინაშენში იყო, მიპასუხა: „მე იმათ საერთოდ არ ვიცნობ და არც არასდროს მინახავს ისინი“. აი, ასე წავედი პეტერბურგელ სტუმრებთან ერთად ტიხონოვის მონასტერში, თან ვიცინოდი და არ მჯეროდა მამაოს სიტყვების. როგორც შეუძლია მოკვდავ, სუსტ ადამიანს, იცოდეს 65 ვერსის დაშორებით უცნობი ადამიანების არსებობის შესახებ, ფიქრობენ ისინი, რა სურთ მათ, და რის გაკეთებას აპირებენ! თუმცა მისი წინასწარმეტყველური სიტყვები ზუსტად ახდა. ჩემი სტუმრები ტიხონოვის მონასტრიდან წავიდნენ. დავრჩი მარტო. როცა მე უნდა დავბრუნებულიყავი, არც ერთი მომლოცველი არ იყო დარჩენილი. ფეხით მოსიარულეებიც კი არ დარჩნენ. არც ერთი მეურმე არ ჩანდა. „რა ვქნა, რა ვიღონო? აი რა გამიკეთეს, ვერც დავბრუნდები ჩემს წმინდა სავანეში“, – ჩავილუღლუღე და ტირილი დავიწყე. მოვიდა ჩემთან მამა ნიკოლოზი (ამჯერად მამა ნათანაილი, მღვდელ-მონაზონი), ტირილის მიზეზი გამომკითხა და დამამშვიდა, რომ აქ არიან მომლოცველები და მეზობელი სოფლიდან ეკიპაჟის ჩამოყვანის იმედი მომცა. ჩემი წარმოდგენილი განსაცდელიდან დამშვიდებულმა ვკითხე: „ვინ არიან ის მომლოცველები, – დიდგვაროვანნი არიან?“ – არა, – მიპასუხა მამა ნიკოლოზმა, – უბრალო ვაჭრები“. ჩემს კითხვაზე: „საიდან არიან?“ – მიპასუხა: ესენი აქვე ახლოს, ვიაზემსკში, ცხოვრობენ. მამა ამბროსის წინასწარმეტყველება ახდა. „რამდენი არიან? 5-6 კაცი? – არა მხოლოდ სამნი“. მე დავთანხმდი წავსულიყავი მათთან ერთად წმინდა, წინასწარმხედველ, მადლმოსილ ოპტინელ ბერთან – მამა ამბროსისთან და მიმეყვანა ისინი მასთან. თან მათთვის გზაში უნდა მომეთხრო, თუ როგორ იგრძნო მამა ამბროსიმ, სულით მათი კეთილი განზრახვა და წინასწარ თქვა მათზე ყველაფერი ის, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე. საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო! „როდის დადგება, – ბჭობდნენ ვაჭრები, – ის ბედნიერი წუთი, რომ სამივემ ვნახოთ მადლმოსილი ბერი, დავტკბეთ მისი საუბრით და გადმოვღვაროთ მასთან ყველა გულისმიერი განსაცდელი და ცხოვრებისეული გაჭირვებანი!“ ბერთან საუბრის შემდეგ ისინი დამშვიდებულნი და გახარებულნი გამოვიდნენ.
ბელევოს მონასტრის მონაზონი დედა ბარბარა ენგელგარდტი გვიყვება:
1875 წელს ჩემმა ძმამ დაამთავრა მიხაილოვსკის საარტილერიო სასწავლებელი და დაიწყო სამხედრო სამსახური არტილერიაში. 1877 წელს ის დაინიშნა თურქების წინააღმდეგ მოქმედი არმიის რიგებში. მაშინ ის ოციოდე წლის იყო, მე კი მოსკოვის გუბერნიის, ვერეისკის მაზრაში მდებარე ზასიმოვსკის მონასტერში ვცხოვრობდი. ერთხელაც მივიღე წერილი ჩემი ძმის ამხანაგებისაგან, სადაც ის მწერდა საშინელ ამბავს, რომ ჩემმა ძმამ თავი მოიკლა. საშინელი ვაებით გავემგზავრე ოპტინაში მამა ამბროსისთან. მასთან გამოვჩნდი თვალცრემლიანი და ყველაფერი მოვუყევი. მამაომ მანუგეშა, როგორც შეეძლო. მე ვკითხე: „შემიძლია თუ არა ვილოცო ძმაზე?“ მან მიპასუხა: „ეკლესია რომ თვითმკვლელებზე არ ლოცულობს?“ მითხრა, რომ მომცემდა ლოცვას, რითაც შემეძლებოდა სენაკში ძმისთვის ლოცვა. მასთან მეორე დღეს მივედი. მამაო მხიარული დამხვდა და მაცნობა, რომ ჩემი ძმა ცოცხალი და ჯანმრთელია. მე ვკითხე: ვნახავ თუ არა მას? მამაომ მიპასუხა, რომ მის შესახებ ათი წლის მერე გავიგებ ამბავს. მამაოს ნათქვამი აღსრულდა. ათი წლის მერე მივიღე ამერიკიდან ჩემი ძმის წერილი, სადაც მამცნობდა, რომ ის ცოცხალია და შენდობას ითხოვდა ამდენი ხნის მოუკითხაობის გამო.
ბერი ხშირად პასუხობდა ხალხის აზრებს. ამის მაგალითები ხშირი იყო საერთო კურთხევაზე. ერთმა მონაზონმა ქალმა იფიქრა, თუ როგორ ახერხებდა მამაო ამდენი ხალხის ხელმძღვანელობას, – ოპტინელების, შამორდინოელებისა და საეროების. ყველას თავისებური გადახრები აქვს და ყველას უნდა უჩვენო თავისი გზა. იმ დღესვე ბერმა დაიწყო ასეთი საუბარი: „აი, რა მესმოდა მე ძველებისგან: დედოფალმა ეკატერინე II-მ ჩაიფიქრა მეციხოვნეების გათავისუფლება და თათბირზე დაიბარა სახელმწიფოს უმაღლესი პირები. ყველა რომ შეგროვდა, დედოფალი გამოვიდა მათთან: ელოდებიან მხოლოდ მიტროპოლიტს, რომელიც არ გამოდიოდა. დიდი ხნის შემდეგ ისიც გამოვიდა, მოვიდა და დაიწყო პატიების თხოვნა, რომ დროულად ვერ მოვიდა – ყაზანის ღვთისმშობლის ტაძართან ეტლი გაფუჭდა. „დავჯექი, – ამბობს ის, – ეკლესიის კარიბჭესთან, სანამ მეორეს ეძებდნენ და ბრძნული სიტყვა მოვისმინე. ჩემ გვერდით ვიღაც კაცი ბატებს მიერეკება. ისინი ბევრია, ის კი მხოლოდ ერთი, წკნელით. ბატები მიდიან სწორად – არც ერთი არ ჩამორჩება. მე გაოცებულმა ვკითხე ამ კაცს, მან კი მიპასუხა: ამიტომაც ვახერხებ მარტო მათს მწყემსვას, მამაო, რომ მათ ყველას ფრთები შეკრული აქვთ“. მოისმინა დედოფალმა მისი სიტყვა და ამბობს: „საკითხი გადაწყვეტილია – არ ვაუქმებ მეციხოვნეების რაზმს“.
მეორე მონაზონი, რომელსაც მამაო შამორდინოში გადასვლას ურჩევდა, ეშინოდა, რომ ბერის სიკვდილის შემდეგ აქ გაუჭირდებოდა. ის დიდხანს ინახავდა გულში ამ აზრს და მამაოს არ ეუბნებოდა. მან კი (მამა ამბროსიმ) საერთო კურთხევაზე, ამ მონაზვნის თანდასწრებით, თქვა: „იცით თუ არა თქვენ, რომ ბერები სიცოცხლეში თავის სავანეს არ ტოვებენ, ნუთუ განდგებიან ისინი სიკვდილის მერე? არა, – სულ იქ იქნებიან, როგორც მანამდე“.
ზოგიერთ მონაზონს, მიუხედავად იმისა, რომ მათს სენაკებში არ იყო ნამყოფი, ბერი საფუძვლიანად უყვებოდა, სად რა იდგა და სად რა ეგო – ერთი სიტყვით, მთელი სენაკის მდგომარეობა იცოდა.
XIV თავი
ბერი ამბროსის წინასწარხედვის კიდევ
რამდენიმე შემთხვევა, მოყოლილი საერო პირების მიერ
და მისი წერილობითი რჩევები და დარიგებები
უპირველეს ყოვლისა, აქ შემოთავაზებული იქნება ღვთისმოყვარე ადამიანებისთვის, ბერის ერთგული სულიერი შვილის, ღრმადპატივცემული ა.ა. შიშკოვას სტატიიდან ამოღებული სიტყვები.
„ერთხელ ბერთან ყოფნისას მან მაკურთხა, რომ წამეკითხა წიგნი „უფლის ჯვრის სამეუფო გზა, რომელსაც მარადიულ ცხოვრებაში შევყავართ“. და თან დაამატა: „ხშირად იკითხე ის“. მე ვუთხარი: „თქვენ მე ასეთი წიგნი წინათ უკვე მომეცით“. – „მერე წაიკითხე?“ – „მე მგონი, წავიკითხე“, – ვუპასუხე მე. „შენ გგონია, არც გაგიშლია, ისე გააჩუქე“. მე გამახსენდა, რომ მე ეს ნამდვილად ჩავიდინე და შენდობა ვთხოვე. მამაომ, მისთვის ჩვეული სიკეთით, ისევ მომცა წიგნი და მითხრა: „ეს ხშირად წაიკითხე“. მე უკვე არ ვლაპარაკობ მისი წინასწარხედვის ბევრ შემთხვევაზე, რომლებიც რამდენჯერმე აისახა მთელს ოჯახზე“. ტამბოვის გუბერნიაში, – წერს იგივე ქალბატონი შიშკოვა, – გამართლებული იყო მამა ამბროსის წინასწარმეტყველება. მისი ნათესავი ტროეკუროვის დედათა მონასტრის მღვდლის ცოლი იყო. (ჩვენი მამულიდან 20 ვერსში). როდესაც ნათესავის ქმარი აღნიშნული მონასტრის მღვდლად განაწესეს, ქალბატონი მივიდა მამა ამბროსისთან კურთხევის ასაღებად, რათა იქ სახლი აეშენებინათ, რადგან მანამდე ისინი უხერხულად ცხოვრობდნენ ქირით. მამაომ არ მისცა კურთხევა და უთხრა: „მოიცადე კიდევ ათი წელი და მერე ვნახოთ, ღმერთი რას მოგვცემს“. მღვდლის ცოლი მოუთმენლად ელოდა ათი წლის გასვლას. მას მოსწყინდა სხვის სახლში ცხოვრება და არაერთხელ უთქვამს მონაზვნებისთვის: „ამ წელს რაღაცა იქნება, ეს ხომ მეათეა. ნეტა რამე არ მოხდეს ჩვენს თავს და ჩემი ქმარი არ მოკვდებოდეს! ის ავადმყოფი იყო. აი მოახლოვდა მე-10 წელი და მღვდლის ცოლი თვითონ გახდა ავად: უცბად სიცხე მისცა და მესამე დღეს გარდაიცვალა. მღვდელს, როგორც ქვრივს, დედათა სავანე უნდა დაეტოვებინა, და აი, ასე ათი წლით ადრე გააფრთხილა ბერმა იმ დანაკლისზე, რომელიც უნდა განეცადა მღვდელს სხვა ადგილას გადასვლისას. ამგვარად შეჩერდა მათი მშენებლობის სურვილი.
ახლა მოვისმინოთ ერთი ქალბატონის, პელაგია გლაგოლევას, მონათხრობი. იგი 1892 წლის 30 ივლისს სკიტში წერდა:
„დავქვრივდი 22 წლის ასაკში და დავრჩი ყოველგვარი ცხოვრებისეული საშუალების გარეშე. ჩავსახლდი დედასთან. ისიც ქვრივი გახლდათ და დამძიმებული იყო მრავალრიცხოვან ოჯახზე ზრუნვით, რადგან საშუალება შეზღუდული ჰქონდა. პირველ ხანებში არც კი ვიცოდი, რა მექნა. კეთილი ადამიანების რჩევით მივმართე მამა ამბროსის. ეს მოხდა 1880 წელს. ბერთან ჩემს კომპანიონ გოგონასთან ერთად მივედი. მამაომ დაუყოვნებლივ მიგვიღო. ის ლოგინზე ნახევრადმწოლარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც კი შევედით, პირველივე შეხედვით მადლიანი გრძნობა დამეუფლა და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. მამაო მისთვის ჩვეული სიკეთით მოგვეფერა და მითხრა, რომ სასტუმროში დავწყნარებულიყავი და თუ ვერ შევძლებდი იმის თქმას, რაც მაწუხებდა, მაშინ დამეწერა და მისი მომსახურის ხელით გადამეცა მისთვის. ასეც მოვიქეცი: საფოსტო ქაღალდი მთლიანად შევავსე და დავწერე ჩემი გვარი – გლაგოლევა. მე გაოცებული დავრჩი, როცა საღამოს საერთო კურთხევაზე მამაომ ამდენ ხალხში გამომარჩია და დამიძახა: „ნუ, გლაგოლევა, მე შენ იმდენი მომწერე, რომ მთელი კვირა უნდა ვცემდე შენს კითხვებზე პასუხს. შენ ქვრივი ხარ, ჩვენ კი პური მუქთად გვაქვს. იცხოვრე ჩვენს სავანეში, მე კი ყოველდღე ვუპასუხებ შენ მიერ დასმულ ერთ შეკითხვას“. ამ ყველაფერს იგი პუნქტუალური სიზუსტით ასრულებდა. სხვათა შორის მამა ამბროსის ვთხოვე კურთხევა მონასტრის გახსნაზე, რისი გაკეთებაც მხოლოდ ღვთისადმი ბავშვური რწმენით შეიძლებოდა, – არც მე და არც ჩემმა ოთხმა დამ ნემსის ხელში აღება არ ვიცოდით. მამაომ კი მითხრა: „ყოველგვარ სინდისიერ შრომას ღმერთი აკურთხებს“. მე გამომიწერა ოსტატი ქალი მოსკოვიდან და მას ყოველთვიურად, 15 მანეთს ვუხდიდი. ღვთის კურთხევა იყო ჩვენზე მამა ამბროსის წმინდა ლოცვების წყალობით. თვეში, 40-50 მანეთს ვაკეთებდით, რაც ორი წელი გრძელდებოდა, სანამ მე და ჩემი და არ გავთხოვდით. ბერთან ყოფნის დროს შევუყვარდი ერთ ბატონს, მაგრამ მამაომ თქვა: „რა დროს მაგის ცოლის შერთვაა? მას სულ სხვა გზა მოელის“, – და ახდა. – ის მონასტერში წავიდა. მერე სხვა შეძლებულმა ბატონმა შემომთავაზა წინადადება. ამის თაობაზე მე მივწერე ბერს და ავუხსენი, რომ ჩემს საქმროს სმა უყვარს, რაზეც მან ასე მიპასუხა: „მასზე გათხოვება შეიძლება, თუ ის მდიდარი, კეთილი და ჯანმრთელი კაცია“. მე გადავწყვიტე მივთხოვილიყავი მას და ვმდლობდი მოწყალე ღმერთს – მასთან მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობდი. მე შემეძლო დავხმარებოდი დედას იმით, რომ ჩემთან წავიყვანე უმცროსი დაიკო გასაზრდელად. ახლა, როდესაც ის უკვე ერთი წელია დავკარგე, მე მაქვს პატარა საშუალება ცხოვრებისა და მის ანგარიშზე გავათხოვე ორი ობოლი დაიკო.
მე ახალგაზრდა ქალი ვიყავი და ისე ვნებიანად მივეჩვიე კარტის თამაშს, რომ ნამდვილად ვკლავდი ჩემს ჯანმრთელობას, რადგან უძილოდ ვატარებდი ღამეებს ამ უაზრო გართობით. ვთამაშობდი, რა თქმა უნდა, ფულზე და ბევრს ვაგებდი. ოპტინიდან გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე დავდექი მუხლებზე მამა ამბროსის ლოგინთან და მისი მაკურთეველი ხელების კოცნისას, ვთხოვე ბარათი. ეს საერთო კურთხევაზე იყო. მან მხოლოდ ერთხელ გამკიცხველად შემომხედა და თქვა: „ტყუილად ირჯები და მთხოვ ბარათს. ჩვენ აქ მონასტერში კარტს ვთამაშობთ?“ ამის მერე გავიდა თორმეტი წელი, მე კი თითქოს ახლა ყოფილიყო, ისე მესმის ეს წყნარი საყვედური, რის გამოც მაშინ მთელმა სისხლმა სახეზე ამომასხა. შეუძლებელია იმის თქმა, რასაც მაშინ ვგრძნობდი. მე, რა თქმა უნდა, დავუწერე იმის ახსნა, რომ მისი ფოტოსურათი მინდა. მაშინ მან მიიღო, მხოლოდ მისთვის შესაძლებელი თავისებური გამჭოლი გამოხედვა და მიპასუხა: „ოო! ეს შესაძლებელია, მე კი ვერ გავიგე“. ამ სიტყვებით გაწია მან ყუთი, რომელიც ლოგინის გვერდით იდგა, ამოიღო ფოტოპორტრეტი და მომცა. ყველამ გაიშვირა ხელი, ვინც იქ იყო და მოსთხოვეს ფოტოები, მაგრამ მამაომ თქვა: „მოიცათ, თქვენ რა? მთელი ჩემი ქონება არ ეყოფა, თქვენ რომ ყველას ჩემი ფოტოები დაგირიგოთ“. მთელი ამ ბრბოდან კიდევ ერთმა გოგონამ მიიღო ფოტოსურათი. და რა? წყეული ჩემი სული! ამ მხილების შემდეგაც, ამ გულისმიერი ბიძგის შემდგომაც არ დაიძრა უკეთესობისკენ. მე ისევ ვთამაშობდი და ვთამაშობდი, რადგან მტერს უხაროდა, მე რომ ხელში ვყავდი. და მხოლოდ ძლიერმა ავადმყოფობამ, რომელიც მე ყოვლადმოწყალე უფალმა გამომიგზავნა, მიხსნა ამ უაზრო მომაკვდინებელი ჩვევისაგან. ვმადლობ ყოვლად უხვ მეუფეს და განსვენებულ მლოცველს მამა ამბროსის. მის მიერ გამოგზავნილმა წერილებმა კეთილი შედეგი გამოიღო. ვუფრთხილდები ბერის ფოტოს. ის ხშირად, როცა განსაცდელში ვარ, მახსენებს იმ სიყვარულს და მოთმინებას, როგორიც მამა ამბროსის ჰქონდა, მიუხედავად მისი ავადმყოფობისა, რადგან არც ერთი ქრისტიანი არ წასულა მისგან სიხარულისა და ნუგეშის გარეშე. მთელი იმ კვირის განმავლობაში, რომელიც მე ოპტინის სინათლეში გავატარე, საუკეთესო იყო ჩემთვის ის წუთები, რომლებსაც განსვენებული მამის გვერდით ვატარებდი. რამდენი სიკეთე, გულმოწყალება, სიყვარული იმალებოდა ამ საოცარ, ძლიერ, მორწმუნე სულსა და შესახედავად სუსტ სხეულში! ყველაფერი ცოცხლად წარმომიდგება. ერთხელ მამაოსთან წავედით კურთხევაზე, საღამო იყო. მასთან მონაზონი მივიდა და უთხრა: „დაგვლოცეთ მამაო, ნომერში ღამის გათევის გვეშინია“. მამაომ შიშის მიზეზი ჰკითხა, მან კი უპასუხა: „აი, მამაო, ჩემი ლოგინის თავზე ისეა ჭერი ჩამოკიდებული, რომ სიკვდილით მემუქრება“. მამაომ გულკეთილად ჩაიცინა და უთხრა: „მიუხედავად იმისა, რომ შენ მონაზონი ხარ, მაინც უნდა გითხრა ჭეშმარიტება, შენ ბრიყვი ხარ, გაბერილი. აი, რას მოგიყვები ამის თაობაზე: ერთი ახალგაზრდა კაცი სახლში გვიან დაბრუნდა და დაინახა თავის ბინაში შუქი. ამან ის საშინლად გააოცა, რადგან ბინის გასაღები ჯიბეში ჰქონდა. ცნობისმოყვარეობა რომ დაეკმაყოფილებინა, ის მივიდა ფანჯარასთან, და რას ხედავს? ოთახში თვითონ დადის. ამან ისე შეაშინა, რომ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მდინარის გაღმა მცხოვრებ ძმასთან, სადაც გაათენა კიდეც. დილით ძმასთან ერთად მივიდა სახლში, და რას ხედავს? თავისი ლოგინის თავზე ჭერი ჩამონგრეულიყო! აი როგორ იცავს და იხსნის ღმერთი იმათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის მზად წარსდგნენ გულმოწყალე ღვთის წინაშე. გირჩევ წახვიდე და მშვიდად დაიძინო. თუ ღმერთს ნებავს, ის დაგიფარავს შენ“. ასეთი მონათხრობები რჩება არა მხოლოდ კეთილად გაზრდილი ადამიანების მეხსიერებაში, არამედ მათ ადვილად იმახსოვრებენ სხვებიც, ისინი ბუნების ჭეშმარიტი შვილები არიან. და ასეთი პატარა მონათხრობები ზეპირად ერთიდან მეორეს გადაეცემა, როგორც მამა ამბროსის ნათქვამი და, რა თქმა უნდა, უეჭველად მოაქვთ სარგებელი. მონაზონი ამ შემთხვევაშიც წავიდა დამშვიდებული.
ნახევარი წლის განმავლობაში მე დავკარგე მამა და ქმარი. იმდენად შეირყა ჩემი ჯანმრთელობა და ნერვები, რომ ვერც სიმღერას ვუსმენდი და ვერც გალობას, ცუდად მხდიდა. ჩამოსვლისთანავე შევჩივლე მამაოს ჩემი მდგომარეობა. მან მირჩია ღვთის რჩეულთან – ტიხონთან მივსულიყავი და მებანავა სამკურნალო ჭაში, რაც აღვასრულე. თუმცა შემდეგ მე ავად ვიყავი სხვა დაავადებებით, მაგრამ ნერვების დამღლელი დაძაბულობა, ღვთის წყალობით, აღარ მქონია.
ერთხელ მამაომ მკითხა: „რა საარსებო პირობები გაქვს?“ მე ვუთხარი, რომ არავითარი, გარდა მომგებიანი ბილეთისა. მე მისი მოგების იმედი მაქვს. მან თავში ყავარჯენი ჩამარტყა და მითხრა: „ვერასოდეს ვერ მოიგებ, ბრიყვო, თუ დაგჭირდა, გაყიდე ის“. ის მალე დამჭირდა, კერძოდ, დედაჩემს სახლის გადასახადი უნდა გადაეხადა და ჩემი ბილეთის გარდა გადახდის სხვა წყარო არ ჩანდა. ასე რომ, იგი ამ საჭიროებისათვის ჩავდე, რაც, რა თქმა უნდა, ვერ გამოვისყიდე. მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვი, მე გავთხოვდი და არაფერი გამჭირვებია. როდესაც მონასტრიდან წასასვლელად ვემზადებოდი, მამაოს ვთხოვე, ვეკურთხებინე იმაზე, რომ ცხოვრებაში კიდევ ერთხელ ჩამოვსულიყავი მასთან, რაზეც მან მიპასუხა: „საით, შე ბრიყვო? შენ ფულის შეგროვება არ იცი“ (ისევ კარტის თამაშზე მიქარაგმებდა) მთელი ჩემი ძალისხმევის მიუხედავად თორმეტი წლის განმავლობაში ვერ შევძელი ოცდახუთმანეთიანი ბილეთის ყიდვა, რომ მამაოსთან მივსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სულით მივისწრაფოდი მისკენ. ასე აღსრულდა მისი სიტყვები. ახლა კი მსურს, თუ ეს შემოქმედს ნებავს მოვინახულო დაუვიწყარი და მოსიყვარულე ბერი ამბროსის საფლავი. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენთან ყოფნისას ვუყვარდით მას და ახლაც ყოვლისშემძლე უფლის ტრაპეზთან სულით მღვიძარე არ დაგვტოვებს. გული და სინდისი გვიკარნახებს მის საფლავზე ჩვენი თხოვნის პასუხს. ამას მოსდევს მის შესახებ კიდევ რამდენიმე მონათხრობი.
პეტერბურგიდან ორი და ჩამოვიდა ბერთან. უმცროსი მხიარული ხასიათით, ხოლო უფროსი – წყნარი, ჩაფიქრებული, მლოცველი. ერთი გათხოვებისთვის ითხოვდა კურთხევას, მეორე კი – მონასტერში ცხოვრებაზე. ბერი უმცროსს აძლევს სკვნილს, უფროსს კი ეუბნება: „რისი მონასტერი? შენ გათხოვდები, არც იფიქრო, აი ასე!“ – და დაასახელა ის გუბერნია, სადაც ისინი არასოდეს ყოფილან. ორივე დედაქალაქში დაბრუნდა. უმცროსმა შეიტყო, რომ საქმრო ღალატობს. ამან ძლიერ გარდაქმნა იგი, რადგან ძალიან იყო მასზე შეყვარებული. მას აღელვებდა ის, რომ ადრე ამით იყო დაკავებული. მისი აზრები წარემართნენ ღვთისკენ, მალე მონასტერში მოხვდა და იქ დარჩა. ამასობაში უფროსმა შორეული გუბერნიიდან წერილი მიიღო თითქმის დავიწყებული მამიდასაგან, ღვთისნიერი ქალისაგან, რომელიც დედათა მონასტრის გვერდით ცხოვრობდა. მან დაპატიჟა, რათა მონაზონთა ცხოვრება გაეცნო, მაგრამ სხვანაირად გამოვიდა: მამიდასთან ცხოვრებისას მან გაიცნო არცთუ ისე ახალგაზრდა კაცი, რომელიც ძალიან შეეფერებოდა მას ხასიათით და მისთხოვდა კიდეც მას.
მამაოს ახლობელ ბერს, პეტერბურგელს, ჰყავდა მემამულეზე გათხოვილი და, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა ოპტინაში. ერთხელ მამა ამბროსიმ ამ მემამულესთან საუბრისას მას უთხრა: „ამბობენ, რომ შენს ახლოს მომგებიანი მამული იყიდება – იყიდე“. ბერს უყვარდა „ამბობენ“ სიტყვის ხმარება თავისი წინასწარხედვის უნარის დასაფარავად. მემამულე გაოცდა: „იყიდება, მამაო, კარგი იქნებოდა იმის ყიდვა, რაც ჩემი ოცნებაა. დიდი მამულია, სუფთა ფულს ითხოვენ და თან იაფია, მაგრამ მე ფული არ გამაჩნია“. – „ფული?“ – გაიმეორა წყნარად ბერმა, – ფული იქნება. შემდეგ ისინი სხვა საქმეზე საუბრობდნენ. გამომშვიდობებისას მამა ამბროსიმ უთხრა: „გესმის, მამული იყიდე“. მემამულე სახლში ფეხით გაემგზავრა. გზად ბიძა ცხოვრობდა – მდიდარი, მაგრამ ძალიან ძუნწი ბერიკაცი, რომელიც მთელს ნათესაობას გაურბოდა. მოხდა ისე, რომ გასაჩერებელი ადგილი არ ჰქონდა და ბიძასთან შევიდა. საუბრისას ბიძა ეკითხება: „რატომ არ შეიძენ მამულს, რომელიც შენს გვერდით იყიდება? კარგი შენაძენი იქნება“. მან კი უპასუხა: „რას მეკითხები, ბიძია? საიდან მოვიტანო ამდენი ფული?“ – „ფული რომ მოიძებნოს? ვალად მოგცემ, გინდა?“ ძმისშვილმა ხუმრობად მიიღო, მაგრამ ბიძა არ ხუმრობდა. მამული იყიდეს და ახალი ბატონიც მოვიდა განსაკარგავად. არ გასულა ერთი კვირა, რომ ბატონს მოახსენეს, რომ მოვიდნენ ვაჭრები ტყით სავაჭროდ. ისაუბრეს ფასზე და მათ ხელად დაადეს ტყეს ის ფასი, რა ფასითაც მთელი მამული შეიძინა.
სიცოცხლის ბოლო დროს მამა ამბროსიმ თავისი მოძღვრული რჩევით, გარეგნულად ერთობ უჩვეულო, დიდი დახმარება გაუწია თავადიშვილ ლ-ის საქმეს. ეს შემთხვევა შესანიშნავია სასიამოვნო გარემოებების სირთულით, რომლის სათავეც ბერი ამბროსის მოძღვრებაში იდო.
ბერის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მასთან კურთხევის ასაღებად შეიარა მმართველმა, რომელიც პეტერბურგში მიემგზავრებოდა მცირედი მემკვიდრეობისათვის. უცბად მამაო ეუბნება: „შენ პეტერბურგში კი არ უნდა წახვიდე: წადი კურსკში“. ბერის ამ სიტყვებმა გააოცა. ამიტომ კალუგიდან ბილეთი კურსკის მიმართულებით აიღო და გაემგზავრა. ვაგონში ის ერთ მემამულეს გამოელაპარაკა. მას ჰქონდა მონასტერში წასვლის სურვილი და ეძებდა ადამიანს, რომელიც მის მამულს აიღებდა არენდით, რათა ყოველწლიურად გადაეხადა მისთვის მცირედი გადასახადი. და თუკი მის ნდობას დაიმსახურებდა, მემამულე დაუთმობდა მას თავის მამულს ძალიან ხელსაყრელ პირობებში. ვაგონშივე მოილაპარაკეს მათ ყველაფერი.
ღარიბ გოგონას სილამაზის გამო მდიდარმა ვაჭარმა დაადგა თვალი. ბერი კი ეუბნებოდა ქალიშვილის დედას: „თქვენს სასიძოს უარი უნდა უთხრათ“. დედა კი მოვარდა: „შენ რა, მამაო? ჩვენ სიზმარშიც არ დაგვსიზმრებია ასეთი, ეს ღმერთმა გამოუგზავნა ობოლს, შენ კი მეუბნები უარი ვუთხრა“. მამაო პასუხობს: „ამას უარი უთხარით, თქვენი ქალიშვილისთვის კი სხვა სასიძო მყავს, ამაზე უკეთესი“. – „ამაზე უკეთესი გვინდა? თავადს ხომ არ გავაყოლებ“. – უხსნის ისევ დედა. „ისეთი სასიძო მყავს, რომ სიტყვითაც ვერ იტყვი: უარი უთხარით ვაჭარს“. ვაჭარს უარი უთხრეს. გოგო კი ავად გახდა და მოკვდა. მაშინ კი მიხვდნენ, თუ რომელ სასიძოზე ეუბნებოდა ბერი.
ერთი ახალგაზრდა გოგონა საერთო კურთხევის წინ ნათესავ მონაზონს ეუბნებოდა, „მე ხელში კანფეტები მიჭირავს, ძალიან მინდა მივცე მამაოს, მაგრამ მეშინია – უხერხულია ყუთის გარეშე“. მალე ბერიც გამოჩნდა. ყველამ ჩაიმუხლა. ბერი გაჩერდა ახალგაზრდა გოგოს წინ და უხმოდ გააშვებინა ხელები, აიღო კანფეტები და უხმოდ გააგრძელა საქმე.
ბერისთვის არ არსებობდა წვრილმანები. მან იცოდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ფასი და შედეგი ჰქონდა. ამიტომ არ არსებობდა არანაირი კითხვა, რომელზეც მას არ ეპასუხა თანაგრძნობითა და კეთილი სურვილით. ერთხელ ბერი გააჩერა ქალმა, რომელიც მემამულემ აიყვანა ინდაურების მომვლელად, მაგრამ ინდაურები იხოცებოდნენ და დიასახლისი ცდილობდა გამოექვითა მათი საფასური. „მამაო! – მიმართა ამ ქალმა ტირილით, – დამეხმარე, ძალა არა მაქვს, თვალის ჩინივით ვუფრთხილდები, მაგრამ მაინც იხოცებიან. დიასახლისს ჩემი გაგდება უნდა, შემიბრალე, მშობლიურო“. იქ მყოფნი დასცინოდნენ ქალს. ბერმა კი თანაგრძნობით გამოჰკითხა, როგორ აჭმევდა და მისცა რჩევა, სხვანაირად თუ როგორ მოუაროს, დალოცა და გაუშვა. მათ კი, ვინც მას დასცინოდნენ, მიანიშნა, რომ ამ ინდაურებში იყო ამ ქალის მთელი ცხოვრება. შემდეგ გაირკვა, რომ ამ ქალს ინდაურები აღარ უკვდებოდა.
ბერი რჩევებს კი იძლეოდა, მაგრამ ჩვევად არ ჰქონდა მ,ოეთხოვა მათგან რჩევის აუცილებლად შესრულება. და არასოდეს უკრავდა ხელ-ფეხს რაიმე აკრძალვებით. როცა ხედავდა, რომ მისი რჩევა ვიღაცას არ მოეწონა, ყოველთვის დაამატებდა, როგორც საუბრებში, ასევე წერილებში: „თვითონ ნახეთ, თუ ნახავთ თქვენთვის უფრო ხელსაყრელ პირობას, მოიქეცით ისე, როგორც საჭოროდ ჩათვლით“. ბერი მუდამ მოწყალებით ეპყრობოდა ადამიანურ უძლურებებს. მხოლოდ ზოგჯერ დაამატებდა რჩევის მთხოვნელთა დასარიგებლად: „როცა ვლაპარაკობ, საჭიროა პირველივე სიტყვიდან მოსმენა, მაშინ მორჩილება ღვთის ნებით იქნება. მე მსუბუქი ხასიათისა ვარ, დაგითმობ, მაგრამ ეს თქვენი სულისთვის სასარგებლო არ იქნება“. მაგრამ, როგორც ანდაზა გვეუბნება, „ჩემი ნება მეფის ტკივილია“. ის ყველასათვის ერთნაირად ძვირფასია, მაგრამ ბერს ხშირად უხდებოდა დათმობა. ამ შემთხვევაში ის ამბობდა: „როგორც გინდა“ ანდა „შეიძლება ასე მოიქცე“, მაგრამ საქმეზე კურთხევას არასოდეს აძლევდა. ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ, საქმე თავისი ნებით წარემართათ და ამასთან ერთად ბერს კურთხევას სთხოვდნენ, რითაც აწუხებდნენ მას: როგორ მაკურთხებთ, მამაო? რას მეტყვით? გამწარებული ბერი სახუმარო ტონით ზოგჯერ ასე უპასუხებდა: „რა ვუთხრა ახირებულ კაცს, ანდა რა ველაპარაკო თავისი ნების აღმსრულებელს?“ ასეთი და მსგავსი სახუმარო პასუხებით ის ძლივძლივობით იშორებდა უადგილო მოთხოვნებს კურთხევაზე. ხოლო ზოგ თვითნებურ მოძალადეს ეტყოდა: „ასე, ძმაო, ჩვენ ხარივით ჩვევა გვაქვს, ტვინი კი ხბოსი“. აქ თვითონაც გაიცინებდა მათთან ერთად და შეიძლება ვერც შეემჩნიათ, რომ ბერისგან საყვედური და დარიგება მიიღეს. მხოლოდ შემდგომ ხვდებოდნენ ბერის სიტყვის აზრს და არც სწყინდათ მისი.
აქ შეიძლება ისიც დაემატოს, რომ ვინც ითხოვდა ბერისგან რჩევას და იღებდა მას, შეუსრულებლობის შემთხვევაში უბედურება არ ასცდებოდათ.
ზემოთხსენებული ოპტინელი ბერის – გაბრიელის ყოფილი სიდედრი მოვიდა მამა ამბროსისთან, თან თავისი ქალიშვილი ახლდა. ამ გოგოს ჰყავდა საქმრო და დედასაც უნდოდა მასზე გათხოვილიყო, არადა ეს გოგო მონასტერში წასვლაზე აკურთხა. როგორც კი სახლში მოვიდნენ, ბერის სიტყვის საწინააღმდეგოდ, მაინც მისთხოვდა თავის საქმროს. მათი ოჯახური ცხოვრება უიღბლო აღმოჩნდა: ქმარმა სმა დაიწყო და ამის გამო ოჯახში სიღარიბე და აყალმაყალი იყო.
სხვა მაგალითი: ტიხონოვის მონასტრის ახლოს მცხოვრებმა ახალგაზრდა გლეხმა მოინდომა დაქორწინება, რადგანაც დედა დაბერდა და სხვა ქალი ოჯახში არ ჰყავდა. მივიდა ბერთან ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, მან კი ურჩია საფარველის დღესასწაულამდე (1 ოქტომბრამდე) მოეთმინა. დედა ძალიან უკმაყოფილო იყო ბერის პასუხით. მოვიდა საფარველის დღესასწაულიც. მამაო კი ეუბნება: „მოითმინე ნათლისღებამდე, მაშინ ვნახოთ“. დედა ძალიან გაბრაზდა. დადგა ნათლისღება და ბერს განუცხადა, რომ დედის მოთმინების ფიალა აივსო. მამაომ კი უპასუხა: „მეშინია, რომ არ დამიჯერებ, მე კი გირჩევ: არაფრით არ მოიყვანო ცოლი, მოიცადე“. მაგრამ გლეხი წავიდა და შეირთო ცოლი, ქორწილიდან ორ თვეში კი გარდაიცვალა.
ახლა მოგიყვებით ზემოხსენებულ კოზელსკში მცხოვრებ კაპიტონზე. მას ერთადერთი ბიჭი ჰყავდა. ის მოხერხებული და ლამაზი იყო. მამამ გადაწყვიტა მისი ხალხში გამოყვანა და მოიყვანა ბერთან, რათა მისგან კურთხევა მიეღო ჩაფიქრებულ საქმეზე. ორივე დერეფანში ზის და მათ გვერდით რამდენიმე ბერიც. გამოდის მამა ამბროსი. კაპიტონმა ძესთან ერთად აიღო კურთხევა და უხსნის, რომ შვილის ხალხში გაყვანა უნდა. ბერმა მოუწონა ჩანაფიქრი, ურჩია შვილის კურსკში გაგზავნა. კაპიტონმა დაუწყო ბერს დავა: „კურსკში ჩვენ ნაცნობები არ გვყავს და გვაკურთხეთ მამაო, რომ მოსკოვში წავიდეს“. ბერმა ხუმრობით უპასუხა: „მოსკოვი წიხლს ურტყამს და ფიცრებით ჭედავს: წავიდეს კურსკში“. კაპიტონმა მაინც არ მოუსმინა ბერს და გააგზავნა შვილი მოსკოვში, სადაც ის მალე კარგ ადგილას მოეწყო. პატრონი რაღაც შენობას აშენებდა იქ, სადაც ყმაწვილი იმყოფებოდა. უცბად ზემოდან რამდენიმე ფიცარი ჩამოვარდა, რომელმაც ბიჭს ორივე ფეხი დაუმსხვრია. მამას მაშინვე უდეპეშეს. იგი ცხარე ცრემლებით მტირალი მოვიდა ბერთან თავისი უბედურების სათქმელად, მაგრამ შველა უკვე აღარ შეიძლებოდა. ავადმყოფი შვილი მოსკოვიდან ჩამოიყვანეს. ჭრილობები შეუხორცდა, მაგრამ ინვალიდად დარჩა და არავითარი სამუშაოს შესრულება აღარ შეეძლო.
ზოგიერთ მომსვლელს ბერი ამხელდა. მოვიდა ბერთან ახალგაზრდა მდაბიო კაცი, რომელსაც ხელი შეხვეული ჰქონდა და დაიწყო ჩივილი, რომ ვერაფრით ვერ მოირჩინა. ბერთან ამ დროს იმყოფებოდა სხვა ბერი და რამდენიმე ერისკაცი. ვერც მოასწრო მან წინადადების დამთავრება: „სულ მტკივა, მაგრად მტკივა“, რომ მამაომ შეაწყვეტინა: „კიდევ გეტკინება. დედას რატომ აწყენინე?“ მაგრამ, ეტყობა, მასში უხერხულობა და სიმდაბლე შენიშნა და მაშინვე შეცვალა საუბრის ტონი: „შენ კარგად იქცევი და კარგი შვილი ხარ? არ აწყენინე?“ უნდა შევნიშნოთ, რომ მსგავს შემთხვევებში არ ჩქარობდა დახმარებას და თვლიდა, რომ ავადმყოფობა ერთგვარი შურისგება იყო ადამიანისათვის მოვლენილი ზეციური მართლმსაჯულების მიერ, რათა დროებითი დასჯით ეხსნა ის მარადიული სასჯელისაგან. ასე წერდა ბერი ერთ მონაზონ ქალს, რომელიც ვიღაც უძლურ დაზე ზრუნავდა. მის ავადმყოფობას ჰქონდა თავისი მიზეზი უზნეო ცხოვრებაში: „შეხედე პავლე მოციქულს, რას ამბობს ის. განა ის არ ბრძანებს, რომ მივცეთ სატანას სატანჯველად ხორცი და სული კი გადარჩება ქრისტეს მოსვლის ჟამს? აი ჭეშმარიტი კაცთმოყვარეობის მაგალითი. შენ კი ცდილობ გაათავისუფლო ადამიანი ხორციელი ტანჯვისაგან, რათა მას დროებით სიმშვიდე მიანიჭო და შეიძლება სძალავ საოცნებო სულიერ სარგებელს.
სიტყვიერი რჩევების გარდა, რომელსაც პირადად იძლეოდა მამა ამბროსი, ის ბევრ წერილს აგზავნიდა იმ ხალხთან, რომელთაც სხვადასხვა მდგომარეობის გამო ყოველთვის არ ჰქონდათ მასთან მოსვლის საშუალება. ის განასხვავებდა მათს სახეებს, მდგომარეობას და სულიერ დამოკიდებულებას. ამიტომ ბერის წერილების შინაარსი სხვადასხვანაირია. ბერებთან მიწერილი წერილები თითქმის ერთნაირია: უდრტვინველობა, სიმდაბლე, თვითმხილება, განსაცდელების მოთმინება და საკუთარი თავის ღვთის ნებისათვის მინდობა. ერისკაცების მიმართ მიწერილ ბარათებში ან მართლმადიდებლური სწავლების დეტალები ირკვეოდა, ანდა მითითებები ხდებოდა, თუ როგორ მოქცეულიყვნენ ცხოვრებისეულ საქმეებში, აიხსნებოდა ზოგიერთი გამორჩეული სიზმრები და სხვა. ამ წერილების ღირსებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ის ყველამ აღიარა, ვინც კეთილაზროვნებით ეძებს სულიერ სარგებელს. (მაგალითისათვის #3 დანართში არის ბერის ოთხი წერილი სხვადასხვა პირების მიმართ მიწერილი.)
ბერის კურთხევითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, რომელიც ზრუნავდა ხსნის მაძიებელ მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულიერ სარგებელზე, ზოგიერთი ოპტინელი ბერი მუშაობდა ბერძნული და ლათინური ენებიდან რუსულ ენაზე მამათა წიგნების გადმოთარგმნაზე, რითაც ქმნიდნენ სულის სარგებელ ლიტერატურას. მის დროს ითარგმნა შემდეგი წიგნები: 1) თორმეტი სიტყვა ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა, 2) ოთხმოცდათხუთმეტი სიტყვა ანდერძით ღირსი თეოდორე სტუდიტის, 3) ამას მოჰყვა მე-2 შესწორებული გამოცემა „კიბისა“ რუსულ ენაზე. გამოიცა: 4) ოპტინელი ბერის მღვდელ-მონაზონ ლეონიდეს ცხოვრება (სქემაში ლევი), 5) მალოიაროსლავის მონასტრის წინამძღვრის იღუმენ ანტონის ცხოვრება (ყოფილი ოპტინის სკიტის უფროსი, რომელიც ოპტინის მონასტერში მიიცვალა), 6) იგივე ანტონის წერილები სხვადასხვა პირებისადმი, 7) უფლის ჯვრის სამეუფო გზა და 8) მე-2 შესწორებული და შევსებული გამოცემა ოპტინის მონასტრის ისტორიისა. (არქიმანდრიტი გრიგოლი ჩამოთვლის სხვა წიგნების გამოცემასაც, მაგრამ მამა ამბროსი სხვებთან ერთად შრომობდა მათზე ბერი მაკარის ხელმძღვანელობით.) ყველა ეს წიგნი, ისევე როგორც ახლანდელები, მაგ: ღირსი აბბა დოროთეს სწავლანი, კიბე და სხვა. მამა ამბროსის ყოველთვის საკმარისი რაოდენობით ჰქონდა. ის მათ აჩუქებდა ხოლმე საპატიო და გამორჩეულ მომსვლელებს.
ამის გარდა მას მუდამ ჰქონდა პატარა ბროშურები დასარიგებლად. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: 1) ღირსი მარკოზ განშორებულის რჩევები სულიერ გონებას, 2) ბერი ზოსიმეს სულის სარგებელი საუბრები და 3) „უფალო შეგვიწყალეს“ განმარტებანი. ამ ბროშურების ღირსებაზე ბერი ასე სწერდა ოდესღაც გრაფ ა. პ. ტოლსტოის: „ხილულად ეს წიგნები არცთუ ისე დიდია, მაგრამ შინაარსით დიდია, ძალიან დიდია. მათში თუმცა მოკლედ, მაგრამ ნათლად და პრაქტიკულადაა ახსნილი, თუ როგორ უნდა მოერგოს ყოველი ქრისტიანი სახარებისეულ სწავლებას ცხოვრებაში, რათა ღვთის წყალობა მიიღოს და მიიღოს მარადიული სასუფევლის მემკვიდრეობა. არ ვიცი, მოგეწონებათ თუ არა თქვენ ეს წიგნები, მაგრამ ვინც ეს სულიერი წყალობანი მიიღო, დიდი გულისხმიერებით ეპყრობიან და კმაყოფილი არიან.“
ამ ბროშურების გარდა ბერი ბევრს არიგებდა: 1) ზემოთხსენებული „წმინდა მარკოზ განშორებულის სიტყვა სინანულზე“, 2) „ღირსი იოანე დამასკელის სიტყვა ვნებებზე და სათნოებებზე“ და 3) „წმინდა ანასტასი სინელის საუბარი მეექვსე ფსალმუნზე“.
ოპტინის მონასტერში შესრულებული თარგმანებისა და გამოცემული სულისთვის სასარგებლო წიგნების, მთავარი მონაწილენი იყვნენ: ენათმეცნიერი ბერი კლიმენტი ზედერგოლმი (შემდგომში მღვდელ-მონაზონი) და ბერი ანატოლი ზერცალოვი (შემდგომში სკიტის მმართველი და მეუფროსე ბერი). მათ სამწერლო საქმიანობაში ცოტას ეხმარებოდა სკიტის კიდევ ერთი ახალგაზრდა მორჩილი.
აღნიშნულ პირებს ამ სამწერლო საქმეზე ბერი ამბროსი აკურთხებდა და თავისებურად უყვებოდა სახუმარო, სხვათა შორის, სამოძღვრო ანეგდოტს: „ერთი ბერი დაიხრჩო. მისი საქმე მოხვდა სასამართლოზე. შეიკრიბნენ მოსამართლეები და დაიწყეს ბჭობა, თუ როგორ დაასათაურონ ეს საქმე. ერთი ძველი მწერალი სთავაზობს ასეთ სათაურს: „ბერის დახრჩობაზე“. მას ეუბნებიან: ეს უხერხულია. მეორე ბერიკაცი ასეთ სათაურს სთავაზობს: „ბერის დახრჩობის შესახებ“. მას ეწინააღმდეგებიან: მაგრამ ბერი ხომ არავის დაუხრჩვია. ბოლოს და ბოლოს ერთმა ახალგაზრდა თანამედროვე მეცნიერმა თქვა: „დამხრჩვალ ბერზე“. ყველა დათანხმდა“. ამ ანეგდოტით ბერი მწერლებს იმის შეგნებას აძლევდა, რომ უფროსები სამწერლო საქმიანობაში არ უნდა უგულებელყოფდნენ ახალგაზრდების აზრს. როგორც წმინდა მოციქული გვასწავლის: „თუ სხვას გამოეცხადება იქ მჯდომთაგან, პირველი გაჩუმდეს“.
XV თავი
მამა ამბროსის სიყვარული მოყვასის მიმართ,
რომელიც გამოიხატებოდა მის მოქმედ ლოცვაში
ღვთის წინაშე, ზებუნებრივი დახმარებით,
სულიერი და ხორციელი სნეულებების კურნებით
„ბევრი შეუძლია მართლის ლოცვას“
მამა ამბროსის მრავალი ადამიანი მიმართავდა თხოვნით, რათა ელოცა მძიმე სნეულებებისაგან განსაკურნებლად. უმეტეს შემთხვევაში მაშინ, როცა სამედიცინო დახმარება უძლური იყო. ასეთ შემთხვევებში ბერი ურჩევდა ესარგებლათ ზეთის კურთხევის საიდუმლოთი, რის შედეგადაც ავადმყოფები ხშირად იკურნებოდნენ. ამასთან ერთად როგორც პირადად, ისე წერილებშიც ის ხსნიდა, რომ ამ წმინდა საიდუმლოთი ადამიანი ყოველგვარი სნეულებისაგან იკურნება და არა აღქმული ცოდვებისაგან, და რომ ამ საიდუმლოს შესახებ ბევრს არასწორად ესმის და სიკვდილამდე გადადებენ ხოლმე მისი მადლის მიღებას. ნებისმიერი დაავადების მოსა-ცილებლად ბერი ურჩევდა ადგილობრივი სასწაულმოქმედი ხატების წინ პარაკლისის გადახდას ან ტიხონოვის მონასტერში აგზავნიდა (კალუგიდან 18 ვერსის დაშორებით) ღვთის რჩეულის ტიხონ კალუგელის თაყვანსაცემად და მის მკურნალ ჭაში განსაბანად. ღვთის რჩეულის წმინდა ლოცვებით იქ მისული მრავალი ადამიანი უმეტესად გამოჯანმრთელებულა. აღსანიშნავია, რომ აქ ნახსენებმა კალუგის ტიხონოვის მონასტერმა ახლახან სახელი გაითქვა ღვთის რჩეულის მიერ აღსრულებული სასწაულებით. 60-იან წლებში ამ სასწაულებზე არაფერი ისმოდა, ამიტომაც მომლოცველები იქ ცოტანი იყვნენ, მაგრამ აი, მამა ამბროსიმ უფრო ხშირად დაიწყო ღირს ტიხონთან ხალხის გაგზავნა, რომელთაც სხვადასხვა სახის – ფიზიკური თუ სულიერი – უძლურებანი ჰქონდათ.
უეჭველია, რომ იგი მთელი გულით ილოცებდა ღირსი მამის წინაშე, რათა მისი მეოხებით უფალს მათთვის წყალობა მოეცა.
სასწაულებრივი კურნებანი უფრო და უფრო გახშირდა, ასე რომ, ბევრი ავადმყოფი უკვე მამა ამბროსის მითითების გარეშე მიდიოდა ტიხონოვის მონასტერში, რათა ელოცათ და განბანილიყვნენ. თავმდაბალი ბერი ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ხალხში თავისი განდიდება შეესუსტებინა. ამის დასამტკიცებლად მოვიყვანთ კერძო შემთხვევას:
ვიღაც მაღალჩინოსანმა, რომელიც 1897 წლის ზაფხულში ჯერ ოპტინის მონასტერს, შემდეგ კი სკიტის ბერს მამა იოსებს ესტუმრა, ამ უკანასკნელს მოუთხრო შემდეგი: ჯერ კიდევ მამა ამბროსის სიცოცხლეშივე ვიღაც სტუმარს ფეხების საშინელი ტკივილი ჰქონია. რადგან არავითარმა სამედიცინო დახმარებამ არ უშველა, ვინმე ნაცნობი მემამულის კუკოლევსკის მეშვეობით, რომელიც მაშინ ოპტინის მონასტრის სასტუმროში ცხოვრობდა, წერილობით მიმართა მამა ამბროსის რჩევისათვის, რა უნდა ეღონა მძიმე ტკივილის შესამსუბუქებლად. ამ პერიოდში გავარდა ხმა – ზადონსკში იგეგმება მოღვაწე პახომის ნაწილების გახსნა და ამიტომ იქ მიწას თხრიან იმ იმედით, რომ მის სხეულს ნახავენ. ბერმა კუკოლევსკის მეშვეობით წერილითვე ურჩია ავადმყოფის ზადონსკში წასვლა და იქ პანაშვიდის გადახდა მოღვაწე პახომის სულის საოხად; აგრეთვე ურჩია მისი საფლავიდან ამოთხრილი მიწა აეღო და მტკივანი ფეხები იმით დაეზილა. სნეულმა ზუსტად შეასრულა ბერის რჩევა და სამედიცინო მკუნალობას დაუქვემდებარებელი ავადმყოფობა მთლიანად გაუქრა: ზადონსკში კი ამასობაში ვერანაირი ნაწილები ვერ იპოვეს.
მამა ამბროსი ყოველთვის ასე დაფარულად არ მოქმედებდა; ღვთისგან ბოძებული მადლით ის უშუალოდაც კურნავდა, რისი მაგალითებიც, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი იყო. აქ მოვიყვანთ ნაწყვეტს ზემოთ ნახსენები ა. ა. შიშკოვას სტატიიდან.
„ვკითხულობ რა სხვადასხვა წერილებს ოპტინელ ბერ მამა ამბროსიზე, არ შემიძლია ვდუმდე მის წინასწარხედვასა და იმაზე, თუ როგორ განმკურნა, რისი მოწმეც პირადად გახლდით. მსგავსი მაგალითები შეიძლება ათასზე მეტი იყოს, რადგანაც ბერი თავის ძალას არცთუ იშვიათად ავლენდა მასთან მომსვლელებთან. ღვთის ამ რჩეულმა სახელი სწორედ ამით გაითქვა: წმინდა სულით, ძლიერი რწმენით და ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. როგორი სიხარული სუფევდა მის პატარა, ვიწრო სენაკში, ოპტინის სკიტსა თუ შამორდინოში! ცრემლების გარეშე არ შემიძლია მოწყალე და მხიარული ბერის სახის გახსენება. 1877 წელს ძალიან დავუძლურდი, ყელის ძლიერი ტკივილი თითქმის ერთი წელიწადი მაწუხებდა მას შემდეგ, რაც პირინეის თოვლიან მთებში გაცივებამ ისეთ მდგომარეობაში ჩამაგდო, რომ სითხეს ძლივს ვყლაპავდი. მაშინ სოფელში ვცხოვრობდი და იქ ვმკურნალობდი. ექიმებმა როცა შემამჩნიეს ავად-მყოფობის გაძლიერება, მირჩიეს წავსულიყავი მოსკოვში, მომეწვია კონსილიუმი და საზღვარგარეთ მეცხოვრა თბილი კლიმატის პირობებში. ამ დროისთვის მეზობელი ტროეკუროვსკის დედათა მონასტერში ჩამოვიდა მოქალაქე კლუჩარევა, რომელიც თავის შვილიშვილებთან ოპტინის მონასტრის სასტუმროში ცხოვრობდა და მამულიც ახლოს ჰქონდა. მან გაიგო ჩემი ავადმყოფობის შესახებ და იმ მონასტრის დედებს შესთავაზა გადმოეცათ ჩემთვის მისი რჩევა – წერილობით მიმემართა ოპტინელ ბერ ამბროსისათვის და მისი ლოცვა გამომეთხოვა, იცოდა რა ბერის ლოცვის სასწაულთ-მოქმედება. მის სიტყვებს თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ვხედავდი ჩემი ჯანმრთელობის გაუარესებას და გადავწყვიტე მიმეწერა ბერისთვის (თუმცა მე მას პირადად არ ვიცნობდი). წერილში ვთხოვდი ელოცა ჩემთვის, სნეულისათვის. მამაომ მალე მიპასუხა: „ჩამოდი ოპტინაში, არ დაეჭვდე, გადაახდევინე მაცხოვრის პარაკლისი, ასევე ღვთისმშობლისა, წმინდა იოანე მეომრისა და წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა“. ოპტინაში წასვლის წინადადებამ ძალიან შემაშინა, რადგან ვიცოდი, რა შორი და ძნელი გზის გავლა იყო საჭირო. მე ხომ უძლურებისგან ვერც ვდგებოდი. „როგორ წავალ,“ – ვფიქრობდი, – მაგრამ სიტყვებმა „არც დაეჭვდე“ განამტკიცეს ჩემი სული, ჩემი ძალა, და მიუხედავად შვილების თხოვნისა და ექიმის მტკიცებისა, რომ არ წავსულიყავი, მოვიწვიე მღვდელი, გადავიხადეთ პარაკლისი და მეორე დღესვე წავედი ეფრემოვაში ნავით; იქიდან რკინიგზით ქალაქ კალუგამდე, შემდეგ კი ცხენებით ოპტინის მონასტერში. ყველგან ვისვენებდი სისუსტისა და დაღლილობის გამო. ოპტინაში მოსვლისთანავე ვთხოვე გაეგოთ სკიტში მამა ამბროსისგან, როდის შემეძლებოდა მასთან მისვლა. მან მიბრძანა დღეს დამესვენა, მეორე დღეს წირვაზე წავსულიყავი და იქიდან კი წირვის მერე მასთან მივსულიყავი. ძლივს დავდიოდი, მაგრამ ყველაფერი შევასრულე მამაოს ლოცვებით, რომლებიც, ეტყობა, მაძლიერებდნენ. როდესაც მე ქალბატონ კლუჩარევასთან ერთად შევედი მამაოს ოთახში, მან (კლუჩარევამ) მუხლებზე მდგარმა ტირილით დაუწყო თხოვნა: „მამაო! განკურნეთ ის, როგორც თქვენ იცით.“ ამ სიტყვებზე ბერი ძლიერ განრისხდა და უბრძანა კლუჩარევას დაუყოვნებლივ დაეტოვებინა იქაურობა. მე კი მითხრა: „მე კი არ ვკურნავ, არამედ ზეციური დედოფალი; მას მიმართე ლოცვით“. ოთახის კუთხეში ღვთისმშობლის ხატი ეკიდა. მერე მკითხა სად მტკიოდა ყელი. მეც ვაჩვენე მარჯვენა მხარე. ბერმა ლოცვით სამჯერ გადასახა ჯვარი მტკივნეულ ადგილს. მეც თითქოს რაღაცნაირად გამოვფხიზლდი. ავიღე ბერისგან კურთხევა და მადლობის გადახდის შემდეგ წავედი იქიდან. მივედი სასტუმროში, სადაც ქმარი და ერთი ნაცნობი ქალბატონი ვ. დ. მუსინი-პუშკინა მელოდებოდნენ. მათ წინ ვცადე პურის ნაჭერი გადამეყლაპა, რომ დავრწმუნებულიყავი, უკეთესად გავხდი თუ არა ბერის დალოცვის მერე. აქამდე არ შემეძლო რაიმე მყარი გადამეყლაპა. და უცებ – რა გახარებული ვიყავი! – მე უმტკივნეულოდ, ძალიან ადვილად შემეძლო მეჭამა ყველაფერი და დღემდე ტკივილს არ შევუწუხებივარ, – აი უკვე 15 წელი გავიდა იმის მერე. როგორ არ გამოვთქვა სამადლობელი ასეთ სათნო, კეთილმყოფელი ბერისადმი ამ საოცარი განკურნების შემდეგ, რათა განვადიდო უხვადმოსიყვარულე ბერი!“
ახლა მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ ზემოთხსენებული შიშკოვას ნაცნობის ქალბატონ ბარბარე დიმიტრის ასულ მუსინ-პუშკინას მონათხრობზე. აი მისი სიტყვები: „თავს ნებას ვაძლევ გამოვხატო როგორც შემიძლია და ვისაუბრო ღვთის მადლ-მოსილებაზე, რომელიც აღიარებული ოპტინელი ბერის, მამა ამბროსის წმინდა ლოცვებით შეეწია ჩემს ვაჟიშვილს. უღრმესი გრძნობით გულაჩუყებული ვიხსენებ ამ მოსიყვარულე განსვენებულ მლოცველს. 1878 წლის 27 მაისს ჩვენი თოთხმეტი წლის ბიჭი ავად გახდა ჩვენთვის გაუგებარი სნეულებით. მას ყურის, თავისა და ნიკაპის ტკივილი ჰქონდა, მარჯვენა ყურიდან სისხლი სდიოდა და სიცხე ჰქონდა 40 გრადუსამდე. ამასთან ერთად მან ყურთასმენაც დაკარგა. ის ღამით კვნესოდა, ყვიროდა და ტკივილისაგან ბოდავდა. ღამით ზოგჯერ არც ეძინა. ჩვენ ეს ყურის შიგა დაჩირქებას მივაწერეთ და მძიმე შედეგის გვეშინოდა. მოვიწვიეთ ყურის ექიმი გ. ბელიაევი, რომელმაც ავადმყოფის ძირფესვიანად გასინჯვის შემდეგ გამოგვიცხადა, რომ ჩვენს შვილს ძალიან სერიოზული შემთხვევა აქვს, რაც გამოიწვია შუა ყურის ანთებამ და რამაც ყურის ბარაბანი გახვრიტა. ექიმმა დაგვიწყო დამშვიდება, ამბობდა, რომ მისი ახალგაზრდა ორგანიზმი იმედის მომცემია, მაგრამ დიდი მოთმინებაა საჭირო და შორეულ მომავალში იმედია განიკუნება. დაჩირქებას კი ის გამორიცხავდა. ხან გაუძლიერდებოდა ტკივილი, ხან დაუამდებოდა და ორი კვირის შემდეგ ექიმმა გვირჩია შვილი სოფელში გადაგვეყვანა სუფთა ჰაერზე, რადგან ავადმყოფი სისხლნაკლული იყო, საშინლად ფერმკრთალი და უძლური; არ ჰქონდა მადა, რამაც გამოიწვია უხასიათობა და სიბრაზე. ექიმის რჩევას დავუჯერეთ და ვაჟი გადავიყვანეთ სოფელში (მოსკოვის გუბერნიის, მოჟაისკის მაზრაში) და სუფთა ჰაერის ზემოქმედების იმედი გვქონდა. ჩამოსვლის დღესვე ავადმყოფს ტკივილები ისე გაუძლიერდა, რომ მას სახე მთლიანად შეეშალა, თვალებს ძლივს ახელდა და მთელ სახლში ისმოდა მისი ყვირილი. სიცხე, რომელიც მოსკოვში ხშირად ჰქონდა, თითქმის არ განმეორებია, მაგრამ მისი წვალება და სისუსტე ყოველდღიურად იზრდებოდა იმდენად, რომ ავადმყოფს ბალიშიდან თავის აწევაც კი უჭირდა, პატარა ხმაურიც კი უკიდურესად აღიზიანებდა. მისი მდგომარეობა უიმედო ჩანდა, მაგრამ უფალი დიდია და მოწყალე. 24 ივნისს მოსკოვიდან სოფელში ჩემი ქმარი ჩამოვიდა და შემომთავაზა მთელი ოჯახით ოპტინის მონასტერში წავსულიყავით, მოგველოცა და მამა ამბროსისგან კურთხევა და წმინდა ლოცვები გვეთხოვა. როდესაც წავედით, შვილზე ზრუნვა დავავალეთ მასწავლებელსა და ძველ ძიძას. ჩვენი შვილი ორივეს უყვარდა და ჩვენც გვჯეროდა მათი.
26 ივნისს ჩამოვედით ოპტინაში მე, ჩემი ქმარი, ორი ქალიშვილი, ძმისშვილი, ჩვენი გაზრდილი და მოახლე. ყველანი წავედით სკიტში მამა ამბროსისთან და მას ჩვენი შვილის მდგომარეობა მოვახსენეთ; ვთხოვეთ ელოცა ავადმყოფისათვის. მამაომ ღიმილით მშვიდად გვიპასუხა: „არა უშავს, – დაწყნარდით, ყველაფერი ჩაივლის, მხოლოდ ილოცეთ“. ჩვენ ყოველდღიურად მივდიოდით მამა ამბროსისთან და ისეთ გულმოწყალებას იჩენდა, რომ ჩვენთან დიდხანს საუბრობდა და ყველას განგვამტკიცებდა, ამბობდა, რომ „მშობლების ლოცვა მიდის ღმერთამდე: გჯეროდეთ მისი გულმოწყალებისა და ილოცეთ. ის კი თქვენ განუგეშებთ“. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ჩვენი ცოდვილი ლოცვების იმედი არ გაგვაჩნია და მხოლოდ მის წმინდა ლოცვებს ვესასოებით. მან შეგვაგნებინა, რომ უფალი ჩვენ გაგვახარებდა. ბერის რჩევითა და კურთხევით ჩვენ ოპტინაში კიდევ სამი დღე დავყავით, რათა გვემსახურა და შემდეგ ზაირებაც მიგვეღო. მისმა აღსარებამ ჩვენზე შთაბეჭდილება დატოვა. მარხულობისა და ზიარების შემდეგ, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ხსენების დღეს, ჩვენ ჯერ კიდევ მამაოსთან ვიყავით, მისი კურთხევით მასთან ისევ სამი დღე დავრჩით, მიუხედავად იმისა, რომ შვილზე არადამაკმაყოფილებელ ამბებს ვიგებდით. მამაო ყოველდღე გვიმეორებდა: „ნუ გეშინიათ, უფალი განუგეშებთ, ირწმუნეთ მხოლოდ მისი გულმოწყალებისა“.
1 ივლისს მივიღეთ ცნობა შვილზე, რომ მისი აუტანელი მტკივნეული მდგომარეობა ყოველდღე უარესდება და ახლოსაა მისი აღსასრული. ჩვენ გადავწყვიტეთ დაუყოვნებლივ, მამაოს კურთხევის შემდეგ, გავდგომოდით გზას. მაგრამ მამაომ გვაკურთხა გავმგზავრებულიყავით მხოლოდ მეორე დღეს. 2 ივლისს, წირვის დამთავრე-ბისთანავე, დილის 9 საათზე მივედით ბერთან. მან ყველა დაგვლოცა და ალერსიანი სიტყვებით მე და ჩემს ქმარს გვითხრა: „არ შეწუხდეთ და ნუ ღელავთ, იმგზავრეთ მშვიდობით: ღვთის გულმოწყალების იმედი გქონდეთ და ნუგეშცემულნი იქნებით. ილოცეთ, ილოცეთ ღვთის წინაშე! თქვენ გაიხარებთ!“ შემდეგ ორი პატარა ჯვარი მომაწოდა, რომლებიც ქამრებზე იყო ჩამოცმული და ამოძერწილი იყო ლოცვებით: ერთი წმინდა ტიხონ ზადონელისა, მეორე კი – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა, – ჩემთვის და ჩემი ვაჟისთვის, სიტყვებით: „გადაეცი შენს ვაჟს ჩემი ლოცვა-კურთხევა. წასვლისას ჩვენ ისევ გულმხურვალედ ვთხოვდით ლოცვებს. „კარგი, კარგი, – გვიპასუხა მან და მაშინვე დაამატა, – და თქვენც ილოცეთ“. დაგვლოცა ყველა და შემდეგ გამოგვისტუმრა.
ერთი საათის შემდეგ ჩვენ სახლისკენ გავუდექით გზას, შვილთან. სადგურზე (10 ვერსშია ჩვენი მამულიდან) ჩამოვედით 3 ივლისს, დილის 4 საათზე. მეურმეებმა, რომელნიც ჩვენ ეკიპაჟით გველოდებოდნენ, გადმოგვცეს, რომ ჩვენი წასვლის მერე შვილის ტანჯვა ძლიერდებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე უარესდებოდა. განსაკუთრებით 2 ივლისს ის აუტანლად წვალობდა და მისი ყვირილი ყველას აწუხებდა, ვინც კი გაიგონებდა. მთელი დღე არ უძინია, ისევე როგორც წინა ორი ღამე, ძალა მთლიანად გამოეცალა. მასწავლებელსა და ძიძას გადაწყვეტილი ჰქონდათ გავეგზავნეთ მოსკოვში ექიმის მოსაყვანად, როცა მიიღეს დეპეშა ჩვენი ოპტინიდან დაბრუნების შესახებ. ენითაუწერელი მთრთოლვარებით გულდაწყვეტილნი წავედით სადგურიდან. მე ირგვლივ არაფერს ვგრძნობდი. შინაგანად თითქოს ყველაფერი მოკვდა, რაღაცნაირმა საშინელმა გრძნობამ სულში შეძრომა დაიწყო და შემიპყრო. მე არ მჯეროდა, რომ ის უარესად იქნებოდა, მაგრამ ამავდროულად მეშინოდა არ მომკვდარიყო, რითაც შეწყდებოდა კიდეც მისი წვალება, ამას მიემართებოდა მამაოს სიტყვა: „ყველაფერი გაივლის“. ორი ვერსის დაშორებით ჩვენს მამულში მისვლამდე ეკიპაჟი გაჩერდა და ფიქრიც შევწყვიტე. ჩვენი ბიჭის გამზრდელი მთელი სისწრაფით მოექანებოდა ჩვენსკენ და მე ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა, ის უკვე აღარ იყო ცოცხალი… მაგრამ გამზრდელმა, რომელსაც ჩვენი ავადმყოფი ჩავაბარეთ, უჩვეულო სიხარულით გამოგვიცხადა, რომ ჩვენს შვილს რაღაც არაჩვეუ-ლებრივი ან კრიზისი (მან ასე დაარქვა) შეემთხვა და ის ახლა სრულიად ჯანმრთელია. „ჯანმრთელი?“ – ყურებს არ ვუჯერებდი. – „დიახ, – გაიმეორა მან, – დიდება უფალს, დიმიტრი აბსოლუტურად ჯანმრთელია“. მან მოკლედ გადმოგვცა, სასწაულებრივად თუ როგორ გამოჯანმრთელდა: წვალებით გატარებული 2 ივლისის დღე-ღამის შემდეგ მომაკვდავმა ბიჭმა, დაუძლურებულმა და დაძაბუნებულმა, ღამის 11 საათისათვის ღრმად დაიძინა. ეძინა მშვიდად და წყნარად. დაახლოებით საათ-ნახევარი. როდესაც გაიღვიძა, სრულიად ჯანმრთელი, მღვიძარე და ძლიერი იყო. ყურიდან დენა შეუწყდა და სმენაც დაუბრუნდა, მხოლოდ სიფერმკრთალე შერჩა: „ახლა ის უკვე დგება, – დაამატა დასასრულს გამზრდელმა, – თავისით იცვამს და უნდა ფეხზე დაგხვდეთ. ის ძალიან გახარებულია, რომ თქვენ დაბრუნდით“. ძნელი გადმოსაცემია ის, რაც დაგვემართა ამ ამბის შეტყობის შემდეგ. სიხარულისა და ღვთისადმი მადლიერების ცრემლები იღვრებოდა ჩვენი თვალებიდან. სულში მხურვალედ ვადიდებდით ღმერთს და სიყვარულით მლოცველ მამა ამბროსის. ყველაფერი გაგვახსენდა: ჩვენი შვილის საშინელი ტანჯვა ხუთი კვირის განმავლობაში. მას ადგომა კი არა, ბალიშიდან თავის აწევაც კი არ შეეძლო; სმენის დაკარგვა, უძილო ღამეები, კვნესა და მტკივნეული ყვირილი, და ბოლოს, ჩვენი მოწამებრივი ყოფნა მისი სიცოცხლის გამო. სწორედ აქ გაგვახსენდა დამამშვიდებელი, მანუგეშებელი სიტყვები მამა ამბროსისა, ჩვენი კეთილისმყოფელისა. ენითაუწერელი მადლიერება ავსებდა ჩვენს გულებს. ეს არ ყოფილა უბრალო გრძნობები, მაგრამ იყო აუხსნელი სულიერი აღტაცება: ჩვენ გვეჩქარებოდა სახლში. ჩვენ კი არ მივდიოდით, მივფრინავდით. როდესაც ჩვენი სახლის დიდ დარბაზში შევედით, მიტიას კარი გაიღო და ზღურბლზე გამოჩნდა ჯერ კიდევ ფერმკრთალი, მაგრამ ჯანმრთელი და მხიარული ჩვენი შვილი. მას თეთრი ნაჭრებით ჰქონდა თავი შეხვეული. ამ წუთებში ის მაგონებდა მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეს. ის მხიარულად გადაგვეხვია და ერთმანეთისადმი შეკითხვები არ მთავრდებოდა. მე გადავეცი ჩამოტანილი ჯვარი, რომელიც მას მამა ამბროსიმ გამოუგზავნა. მიტია ემთხვია მას და მოკრძალებულად გაიკეთა. ამ დღიდან მისი ძალები უფრო და უფრო მტკიცდებოდა, მადაც დაუბრუნდა, ყურიდან დენა არ განმეორებია, სმენაც ორივე ყურში ერთნაირად მოუვიდა და კარგი ჰქონდა. ერთი კვირის შემდეგ მას უკვე შეეძლო გონებრივად დატვირთულიყო და ცხენზეც შემჯდარიყო. დაიწყო გამოცდებისთვის მომზადება, რომელიც ავადმყოფობის გამო აგვისტოსთვის გადაიდო. აგვისტოს დასაწყისში ჩვენმა ვაჟიშვილმა კარგად ჩააბარა გამოცდა (სამხედრო გიმნაზიის IV კლასში). იმავე თვის 25-ში ჩვენ ვაჟიშვილთან ერთად გავემგზავრეთ ოპტინის სავანეში და მასთან ერთად ჩავედით მამა ამბროსისთან, ჩვენს ძვირფას ბერთან. იგი ჩვენს შვილს მოეფერა და რამდენიმეჯერმე საკუთარ სენაკში შეიყვანა. იმავე წელს ჩვენ მოვიწვიეთ ექიმების კონსილიუმი და გ. ბელიაევმა დიდი ხნის გასინჯვის მერე ვერ გაიგო, თუ რომელ ყურში ჰქონდა ბარაბანი გაჭედილი. მხოლოდ იმის მერე, რაც ჩვენ მივუთითეთ მარჯვენა ყურზე, მან შენიშნა პატარა ნაჭდევი და აღიარა, რომ ეს ზებუნებრივი საქმეა. აი, სრულიად ჭეშმარიტი, თუმცა შეიძლება არასრულყოფილი გადმოცემა იმ სასწაულისა, რომელიც ჩვენს ოჯახში მოხდა ძვირფასი ოპტინელი ბერის, მშობლიური ადამიანის, მამა ამბროსის ლოცვებით. მისი ხსოვნა არასოდეს ამოიშლება ჩვენი მადლიერი გულებიდან. ბარბარე მუსინა-პუშკინა“.
გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ამბავს, რომლებიც სხვადასხვა პირებისგან მოვიპოვეთ. მათ სნეულებათა კურნება მიიღეს მამა ამბროსის წმინდა ლოცვების შედეგად. ეს სნეულებები ან უკიდურესად საშიში, ან მოურჩენელი იყო.
მოსკოველი მასწავლებელი მ. პ., რომელსაც ბერისადმი დიდი რწმენა ჰქონდა. მისი ერთადერთი ვაჟიშვილი, მუცლის ტიფით დაავადებული, სიკვდილის მოლოდინში იყო. დედა წავიდა ოპტინაში და შეეხვეწა მამა ამბროსის, რათა ელოცა მისი ვაჟიშვილისათვის. „ვილოცოთ ერთად“, – უთხრა მას ბერმა და ორივე მუხლებზე დადგა. რამდენიმე დღის შემდეგ დედა დაბრუნდა შვილთან, რომელიც მას ფეხზე დახვდა, იმ მომენტში, როდესაც ბერი მასზე ლოცულობდა, მყისიერად გამოჯანმრთელდა. ისევ იგივე ქალბატონი, უკვე გამოჯანმრთელებული ვაჟიშვილით, 1881 წლის ზაფხულში ჩავიდა ოპტინაში და იქ უფრო დიდი ხანი დაჰყო, ვიდრე ფიქრობდა. მისი ქმარი, რომელიც სამხრეთის გუბერნიებში იმყოფებოდა, წუხდა მათზე. ბოლოს და ბოლოს, დეპეშით შეატყობინა, თუ როდის გამოუგზავნიდა სადგურზე ცხენებს. მ. პ. წავიდა ბერთან გამოსამშვიდობებლად. მამა ამბროსი განსაკუთრებული მიზეზის გარეშე არავის არ აყოვნებდა და უთხრა, რომ წასვლაზე არ აკურთხებს. მან დაიწყო იმის დამტკიცება, რომ არ შეუძლია ოპტინაში ცხოვრება. ბერმა კი უთხრა: „მე დღეს წასვლაზე არ გაკურთხებთ, ხვალ დღესასწაულია, წირვაზე დადექით და მერე ვნახოთ“. ქალბატონი დაბრუნდა სასტუმროში, სადაც მისი მომლოდინე ბიჭი ძალიან უკმაყოფილო იყო მამაოს გადაწყვეტილებით, მით უმეტეს, არანაირი მიზეზი დარჩენისა არ ჰქონდა. მაგრამ დედამ ბერს დაუჯერა. მეორე დღეს მამაომ უთხრა: „ახლა, ღვთით, გაემგზავრეთ“. კურსკთან გაიგეს, რომ ის მატარებელი, რომლითაც ისინი გუშინ უნდა გამგზავრებულიყვნენ, კუკუევსკის კატასტროფაში მოხვდა.
ქალაქ ლივენის მემამულე ვერა ლეონტის ასული ვასილიევამ წერილით ამცნო ოპტინის არქიმანდრიტ ისააკს, რომ სამი წელია მარცხენა გვერდი სტკივა. ექიმებიც მკურნალობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. 1887 წლის ივნისში ოპტინაში ყოფნისას მან მამა ამბროსის ჰკითხა: „რით იმკურნალოს?“ ბერმა უბრძანა – მიეცათ მისთვის ქაღალდი და ფანქარი და იქვე ჩაუწერა რომელიღაც ბალახი, რომელიც მას აფთიაქში უნდა შეეძინა და დაელია. მან დაუჯერა ბერს და გამოჯანმრთელდა. იმავე წერილში ვასილიევამ დაამატა, რომ ის კიდევ იყო ერთ დროს ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ბერის ლოცვებმა გადაარჩინეს. კიდევ: მის ქმარს შიგნეულობის დაავადება ჰქონდა: კუჭის და ნაწლავებისა და აი ნახა მან (ცოლმა) სიზმარში, თითქოს მოვიდა ბერთან და ითხოვდა, თუ რით ემკურნალა მის ქმარს. მამაომ სამჯერ უთხრა დაელია კამის ნაყენი. სიზმარში მიღებული რჩევის მიხედვით მისმა ქმარმა კამის ნაყენის სმა დაიწყო და უკეთესად გახდა.
ტამბოვის გუბერნიის ლებედიანსკის მაზრის სოფელ მონაენკოვაში მცხოვრები სახელმწიფო გლეხი ანისია მონაენკოვა წელისა და მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილით იტანჯებოდა. მას არც სიარული შეეძლო და არც წოლა. სამედიცინო საშუალებები არ შველოდნენ. აკუშერების აზრით, მას შინაგანი კიბო ჰქონდა და ურჩევდნენ მოსკოვში წასულიყო ოპერაციის გასაკეთებლად, თუ მას, რა თქმა უნდა, სიცოცხლე უნდოდა. მაგრამ ის ჯერ მამა ამბროსისთან წავიდა, რომ მისი კურთხევით წასულიყო. მამაომ მალე მიიღო. „ბრიყვო! – უთხრა ბერმა, – რა გინდა მოსკოვში? მე ბალახებს მოგცემ“. მალე ვიღაც ბერის ხელით გამოუგზავნა ბალახები. მან დაიწყო მათი მიღება და გამოჯანმრთელდა.
1898 წელს ოპტინელი მღვდელ-მონაზონი ბენედიქტეს სიცოცხლეში რიაზანელმა თავადიშვილმა ქალწულმა მარიამ ტიმოთეს ასულმა ტურჩანინოვამ გადასცა წერილი, სადაც ის წერდა, რომ ბავშვობიდან აწუხებდა ცხვირიდან სისხლდენა, მაგრამ 1890 წელს განკურნა მამა ამბროსიმ.
ერთხელ ზაფხულში, ჰყვებოდა ოპტინელი ბერი პამვო, მომიხდა კიევში ყოფნა. უკან დაბრუნებისას დამეწია მღვდელი თავისი მეუღლითურთ და 11-იოდე წლის ბიჭით. მამა ამბროსიზე საუბრისას მღვდელმა მამა იოანემ თქვა, რომ მისი სამრევლო სადგურ პოდბოროკიდან არცთუ ისე შორსაა, სოფელ ალოპოვში, და რომ მისი ბიჭი მამა ამბროსის წმინდა ლოცვებითაა დაბადებული. მღვდლის ცოლმაც დაადასტურა ქმრის ნათქვამი. „სრული ჭეშმარიტებაა, – მითხრა მან, – ჩვენ შვილები არ გვყავდა. დამწუხრებული ვიყავით და ხშირად ჩავდიოდით მამა ამბროსისთან, რომელიც გვანუგეშებდა და გვეუბნებოდა, რომ ლოცულობს ჩვენზე. შემდეგ შეგვეძინა ეს ბიჭი, სხვა შვილი არ გვყავს“. მღვდელი კი მოჰყვა შემდეგი: „ერთხელ ჩვენს ვაჟიშვილს თვალი ასტკივდა. მე და ჩემმა ცოლმა კოზელსკში წავიყვანეთ, წინასწარ ოპტინაში შევიარეთ და მამა ამბროსისთან მივედით. ბერმა დალოცა ბიჭი და დაუწყო მტკივან თვალში მსუბუქად ჩარტყმა. მე შიშით თმა ყალყზე დამიდგა, მეგონა, ბერი თვალს დაუზიანებდა. დედამ ტირილი დაიწყო. და რა მოხდა? ბერის შემდეგ სასტუმროში მივედით და ბიჭმა გამოგვიცხადა, რომ თვალი აღარ სტკივა. მადლობა მოვახსენეთ მამაოს და ღვთის დიდებით დავბრუნდით სახლში“.
სკიტის ბერი ნესტორი თავის თავზე ჰყვებოდა:
„1873 წლის 1 დეკემბერს ზოგიერთ ძმასთან ერთად აღვიკვეცე. ამ დღიდან თავისი სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ ამიყვანა მარადმოსახსენებელმა ბერმა, ნეტარმა მამა ამბროსიმ. იმავე წლის მაისში მე მინდოდა წავსულიყავი სამშობლოში. ამ საქმის მშვიდობიანად წარმართვისათვის წავედი ჩვენი მარადმოსახსენებელი ბერების საფლავზე, რომელთა ლოცვასაც ჩემი სულიერი მოძღვრის რჩევით ყოველთვის ვითხოვდი საჭიროებებსა და განსაცდელებში, განსაკუთრებით ავადმყოფობისას. შემდეგ წავედი წინამძღვართან იღუმენ ისააკთან და მივმართე მას ჩემი მოკრძალებული თხოვნით. მან ყურადღებით მომისმინა და მითხრა: „კარგი, ბერთან იყავი?“ ვუპასუხე: „არა, მამაო, ჯერ არ ვყოფილვარ“. – „მაშ მიდი მასთან და ერთი რას იტყვის! მე, ძმაო, გადაწყვეტილს ვწყვეტ. თუ ის გაკურთხებს და ნახავს, რომ ეს მგზავრობა შენ ზიანს არ მოგაყენებს, მაშინ მე არ გაგაჩერებ; მხოლოდ დიდხანს არ გაჩერდე იქ: რაც უფრო მალე დაბრუნდები შენს სენაკში, მით უკეთესი. ბერისთვის ერში დიდი ხნით დარჩენა სასარგებლო არ არის; იქ კარგია, მხოლოდ არა ჩვენი საძმოსთვის“. ბერთან ძალიან შემართებული მივედი, მაგრამ იმ დღეს ვერ ვნახე – ბევრი ხალხი ჰყავდა, მონაზვნებიც და საერონიც. ის დილიდანვე მუშაობდა მათთან და ძალიან დაღლილი იყო. მე ასე მჯეროდა: თუკი იღუმენმა უფლება მომცა, არც მამა ამბროსი იქნება წინააღმდეგი, ალბათ აკურთხებს ჩემს მგზავრობას-მეთქი. ამიტომ ზოგიერთ ძმას ვუთხარი, სამშობლოში ვაპირებ წასვლას და ეს თითქმის გადაწყვეტილია-მეთქი. სინამდვილეში კი სულ სხვანაირად გამოვიდა ეს ყველაფერი. მე ადრეც მქონდა გაკვრით ნათქვამი ბერისთვის, მაგრამ ყოველთვის ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ჩემს სიტყვებს, თითქოს ეს აუხდენელი ან არასაჭირო ყოფილიყო. ასე დავდიოდი მასთან თითქმის ერთ კვირაზე მეტი, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე მასთან მარტო მესაუბრა. ბოლოს, მასთან იმ განწყობით წავედი, რომ საბოლოოდ გადამეწყვიტა, საძმომ უკვე კითხვებითაც მომაბეზრა თავი, რატომ არ მიდიხარო. ამ აზრით შევედი მამაოსთან სენაკში, ვილოცე ხატებთან და მასთან მისულმა ჩავიმუხლე კურთხევის ასაღებად. მან დამლოცა და მითხრა: „უფალი გაკურთხებს სიკეთისათვის“. სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი. მინდოდა დამეწყო რაღაცის თქმა და ის უკვე ჩემს აზრებს პასუხობდა: „შენ მოხვედი წასვლის შესათანხმებლად“. – „დიახ, მამაო“, – ვუპასუხე. – „აი ძმაო, არ მეუწყა მე შენი გაშვება: შენ როგორც გინდა. თვითონ ნახე, რომ მერე, როცა გვიან იქნება, არ ვინანოთ“. მე ამ მოულოდნელობით აღფრთოვანებული ვიყავი და მას ვეუბნები: „რატომ, მოწყალე მამაო, ეტყობა ჩემს მგზავრობას რაიმე ცუდი ელოდება? მან მითხრა: „მე, ძმაო, წინასწარმეტყველების ნიჭი არა მაქვს: არ ვიცი, რა შეიძლება დაგემართოს, ამიტომ რაც მეუწყა შენზე, ის გითხარი. სიმართლე გითხრა, არ მინდა შენი გაშვება“. ეს სიტყვები მამაომ ისეთი მამობრივი მოწყალებით მითხრა, რომ მე ცრემლები ვერ შევიკავე. ისე დაიკავა ჩემი გული, რომ ბერთან განშორება გამიჭირდა. ვეუბნები: „მამაო, მე გადაწყვიტე დავრჩე – არ წავალ“. – „სიკეთე შენ, – მითხრა ბერმა, – სამშობლო არსად წავა, იქ მომავალ წელსაც შეიძლება წასვლა, თუკი ცოცხლები ვიქნებით“. მე ვეუბნები: „მაპატიეთ, მამაო, ჩემი გულწრფელობა: ძმების წინაშე ვიქნები უხერხულად, ამდენი ხანი ვემზადებოდი, ვიყავი იღუმენთანაც და ახლა კი დარჩენა გადავწყვიტეთ“. ამაზე მამაომ დადებითად უპასუხა: „მერე რა? სირცხვილი კვამლი არაა, თვალს არ მოგჭრის. ბერისთვის, ძმაო, სირცხვილი საკუთარი ნების აღსრულებაა, ასე რომ, ჯობია მოსწავლის მოსწავლე იყო, ვიდრე მარტო საკუთარი ნებით იცხოვრო, სირცხვილია არა სხვების, არამედ ღვთისა და საკუთარი სინდისის წინაშე. ის ისეთი მოსამართლეა, რომელსაც ვერ მოისყიდი და თან უანგაროა. სულიერი მოძღვრის რჩევის დაჯერება კი სირცხვილი არ არის, არამედ სულის მხსნელი და აუცილებელია. და ვინც არ უსმენს კეთილ რჩევას, ის ისჯება. არავინ არაფერს შეგეკითხება – არავის ეს არ სჭირდება, და თუ ვინმემ გკითხა, უთხარი: ეტყობა არ არის ნება ღვთისა, რომ წავიდე, კეთილი ადამიანები გზის ფულის გამოგზავნას შემპირდნენ, მაგრამ რატომღაც არ გამომიგზავნეს, ამიტომ ვერ წავალ; მოკლედ და გასაგებად“. ამ ბრძნული და სიყვარულით სავსე სიტყვების შემდეგ, რომლებიც მის ანგელოზებრივ გულში თანამყოფობდნენ, შვება ვიგრძენი. მე მზად ვიყავი მადლიერება გამომეხატა ბერის მიმართ, რადგანაც არ გამიშვა, თითქოს რომელიღაც უბედურებას გადამარჩინა. მე თვითონ მიკვირდა და ვფიქრობდი, თუ სად გაქრა ჩემი გადაულახავი სურვილი, უკანასკნელად ჩავსულიყავი სამშობლოში, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი. ეს იყო სიზმარი და არა სინამდვილე. მამაომ მომცა ახალი თხელქერქიანი ფორთოხალი და მითხრა: „აი ეს შენ წყურვილის მოსაკლავად!“ ამით სულის სიღრმემდე მანუგეშა. ოდესმე ვიფიქრებდი, რომ ისეთი წყურვილი მექნებოდა ერთ კვირაში, რომლის მოკვლაც შეუძლებელი იყო? ამრიგად, წამოვედი და დავტოვე ბერი, თითქოს ყოფილიყო რომელიმე დღესასწაული, როცა ის თავდაუზოგავად გვანუგეშებდა ყველას, როგორც მზრუნველი დედა, რომელსაც უყვარს თავისი შვილები. მთელი დღე მხიარულად გავატარე. ნივთები, რომლებიც გასამგზავრებლად მქონდა მომზადებული, დავმალე იმის შიშით, რომ გამახსენებდა წასვლას. მაგრამ მეორე დღეს თავს დამეცა რაღაც უსაზღვრო მოწყენილობა და სასოწარკვეთილება. მე ველოდი ამ უბედურებას და ის მთელი კვირა გრძელდებოდა, რის შემდეგაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მოულოდნელად გავხდი ავად ტიფოზური ხურვებით. სად უნდა გავცივებულიყავი, არ ვიცი. ამ დროს, მაისის პირველ რიცხვებში, ამინდი ყველაზე საამო და თბილია. ავადმყოფობა სწრაფად ვითარდებოდა და მკურნალობას არ ექვემდებარებოდა. უცებ გამომელია ძალა. სიცხე მქონდა მთელ ორგანიზმში და განსაკუთრებით ტვინი მიხურდა, მთელ ორგანიზმში ჩამექცა ნაღველი. თვალები, როგორც შემდეგში მეუბნებოდნენ, ჩაქცეული მქონდა ნაღვლით. ფრჩხილები გამიშავდა, როგორც მიცვალებულს. ეს ტკივილები დააგვირგვინა იმან, რომ ათი დღის მერე კისერზე ორი შავი ლაქა გამიჩნდა, რომლებიც მალე შეერთდნენ და ერთ მთლიან დიდ ლაქად იქცა. ენით აუწერელი ტკივილები მქონდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ექიმები ოპერაციას მიკეთებდნენ; ამბობენ, რომ მომაკვდავივით ვკვნესოდი. მე სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ვიყავი. ექიმებმა: სამონასტრო მამა ნიფტონიმ და კოზელსკელმა კუსტოვმა განაცხადეს, რომ ჩემი გამოჯანმრთელების არანაირი იმედი არ იყო. ზეთი მცხეს და ყოველდღე მაზიარებდნენ, შუაღამისას კიდევ მაზიარეს, როცა ძალიან ავად გავხდი. შემდეგ, წინამძღვრისა და მეუფროსე ბერის კურთხევით სქემაში აიყვანეს, როგორც ამას ჩვეულებრივ უკეთებენ ბერებს სიკვდილის წინ. მე მაშინ მხოლოდ 28 წლის ვიყავი. მამები და და-ძმები გამო-სამშვიდობებლად მოდიოდნენ. გონება არ მღალატობდა და ყველას ვცნობდი, მაგრამ ისე სუსტად ვიყავი, რომ თვალებს ვერ ვახელდი, საუბარიც ძალიან მიჭირდა და სმენაც. ბოლოს გამოსამშვიდობებლად მოვიდა ჩვენი იღუმენი, რათა იმქვეყნიური ცხოვრებისათვის დაველოცე. აქვე იყო ჩვენი ექიმი მამა ნიფონტი. სუსტად, მაგრამ მაინც მესმოდა – იღუმენი ეუბნებოდა ექიმს: „აი, მამაო, ჩვენი ცხოვრება! სულ ახლახან მოვიდა ის ჩემთან სრულიად ჯანმრთელი და სამშობლოში წასვლა მთხოვა. კიდევ კარგი, რომ ბერმა ასე კეთილგონივრულად, – რა თქმა უნდა, ღვთის შთაგონებით, – ქნა, და გადაათქმევინა წასვლა, მე კი ვფიქრობდი, რომ გაუშვებდა და კიდევაც გავუშვებდი იმ ქვეყნად! მერე კი სინდისი არ მომასვენებდა“. ექიმი ეუბნებოდა: „მამაო, ის ახლა კი არ გაცივდა, მას დიდი ხნის გაცივება ეტყობა. ის დიდ მარხვაში რამდენჯერმე მოვიდა ჩემთან წამლის სათხოვნელად და თავის ტკივილებს უჩიოდა. ამბობდა, რომ მას ხან სცხელა, ხან სცივა. ღამით ოფლიანობა აწუხებდა, რამაც სხეული დაუსუსტა. ეს ციებ-ცხელებითი მდგომარეობაა, რისგანაც მე მას ვმკურნალობდი, მაგრამ არა ძირფესვიანად. ამიტომ მისი ავადმყოფობა იმალებოდა და მწიფდებოდა. ახლა კი მოვიდა დრო და მიუხედავად იმისა, რომ მაისის თვეა, მაინც თავისას აკეთებს. ის გზაში, ალბათ, მოკვდებოდა, ოღონდ უფრო ადრე. აქ ჩვენ მას მაინც ვმკურნალობთ, გზაში კი ეს არაფერი არ იქნებოდა. მას აქ ყოველდღე აზიარებენ, რის შემდეგაც ის უფრო მხიარულია ხოლმე. ჩვენ კოზელსკელ ექიმთან ერთად არც გვინდოდა ოპერაციის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებელი იყო; ვფიქრობდი, რომ ვერ გადაიტანდა, მაგრამ ბერმა დარწმუნებით მითხრა: გადაიტანს, შეიძლება გამოჯანმრთელდეს კიდეც. ჩვენი საერთო აზრით ეს შეუძლებლად გვეჩვენებოდა“. იღუმენი მოვიდა ჩემთან, დამლოცა და მითხრა: „შემინდე, მამა ნესტორ! შენ რამდენადმე მომზადებული ხარ, იქ კი ღვთის ნება იყოს! ჩვენ ოდესმე ყველანი დავიხოცებით. ეს აუცდენელი გზაა, მხოლოდ უფალმა ინებოს, რომ სუფთა სინანულით მივიცვალოთ.“ შემდგომში მე მოვუწოდებდი ჩემს სულიერ მოძღვარს, მამა ამბროსის და მის ლოცვებს დასახმარებლად. როცა აუტანელი ტკივილები მქონდა, მასთან ვინმეს ვაგზავნიდი და ვითხოვდი მისგან შეწევნას, ან უნდა მოვკვდე, ან ოდნავ უნდა შემიმსუბუქდეს, რომ მოთმინება შესაძლებელი იყოს. იქიდან მობრუნებულნი ბერის პირით მეტყოდნენ: „მამაო შენზე ლოცულობს და ლოცვა-კურთხევას გიგზავნის“; მე ეს მიმსუბუქებდა ტკივილს და ოდნავ მამხიარულებდა. მახოვს, ერთხელ, ეს ადრიან დილით მოხდა და ალბათ ბერი ამ დროს, დილის კანონების მერე, ისვენებდა. მე ისე მიჭირდა, რომ მისი შეწუხება გადავწყვიტე და მისი წმინდა ლოცვები ვითხოვე. გაგზავნილი კაცი მალე დაბრუნდა და მომიტანა დაბეჭდილი პატარა ბოთლი, რომელშიც პოჩაევოს ნაკურთხი წყალი ესხა. მან ბრძანა ეს წყალი ჩაგვესხა ბოთლში. დაგვემატებინა სუფთა წყალი, აგვევსო და მიმეღო ცოტ-ცოტა, ამ წყლით აგრეთვე დამესველებინა თავი. ის კეთილი საძმო, ვინც მე მივლიდა (განსაკუთრებით ერთი მათგანი, ღმერთო უშველე მათ და შეიწყალე), ამ დავალებას გულით ასრულებდნენ. ბერის ლოცვით ამ დღიდან უკეთესად გავხდი. სიცხე, თუმცა ნელ-ნელა, მაგრამ იკლებდა და ზოგიერთის გასაოცრად, განსაკუთრებით ექიმებისა, დავიწყე გამოცოცხლება. ისინი ბოლო დროს უკვე არც მმკურნალობდნენ და ღვთის ანაბარა დამტოვეს. ქალაქის ექიმი ამის მერე ჩემთან არ მოსულა. ჩემი ჯანმრთელობა უმჯობესდებოდა: ორ თვეზე მეტი დავყავი საავადმყოფოში, იქიდან კი გამოვედი, მაგრამ სუსტი და ყრუ. ჩვენი ექიმი მამა ნიფონტი გაუგებრობის გამო შემდგომში ეკითხებოდა მამა ამბროსის, თუ რა სასწაულმა დამტოვა ცოცხალი, როცა, იმათი აზრით, როგორც ამას მეცნიერებაც უმტკიცებდა, ეს შეუძლებელი იყო. ამაზე ღვთივგანბრძნობილმა ბერმა უპასუხა: „ადამიანთაგან შეუძლებელი, ღვთისთვის შესაძლებელია, რომელიც აცოცხლებს და კლავს, დააგლახაკებს და გაამდიდრებს. ასეთი უიმედო და მძიმე ავადმყოფებზე აღესრულება წინასწარმეტყველი დავითის სიტყვა, რომელიც ამბობს: დასჯით დამსაჯე მე, ღმერთო, მაგრამ სიკვდილს არ შემამთხვიო მე. შეიძლება მისი უსიტყვო მორჩილების გამოა ის ცოცხალი. რომ არ დამმორჩილებოდა, მაშინ შეიძლება მართლაც მომკვდარიყო. მას გზაში სიკვდილი ელოდა სადღაც. ეტყობა არ დადგა მისი დრო ღვთის ნებით. მორჩილება, ძმებო, დიდი საქმეა“.
შამორდინოს ქალთა სავანის მონაზონი დედა აგრიპინა ჰყვებოდა. „1882 წლის გაზაფხულზე სააღდგომოდ ამტკივდა ყელი – მასში ჭრილობა გაიხსნა და მე ჭამა არ შემეძლო, არც სმა. ექიმმა გამომიცხადა, რომ მე ყელის ჭლექი მქონდა და სიკვდილის მოლოდინში უნდა ვყოფილიყავი. გავემგზავრე მამა ამბროსისთან. მან მითხრა: „სკიტის უკან რომ ჭაა, იქიდან აიღე წყალი და ყოველდღიურად ყელი სამჯერ გამოირეცხე“. სამი დღის მერე თვითონ დამიბარა. ბალიშის ქვემოდან ამოიღო სამი კვერცხი, გულები შეჭამა და ცილები ერთმანეთში ჩააწყო. ამის შემდეგ მომსახურე მამა იოსებს ჭიდან წყალი მოატანინა. აკურთხა წყალი და მიბრძანა, სენაკში ამ წყლით ორგანიზმი დამეზილა და კვერცხის ცილები შემეჭამა. სენაკში მოსვლისთანავე სხეული წყლით დამიზილეს და მომცეს ცილები, რომლებიც უმტკივნეულოდ გადავყლაპე. ამის შემდეგ მთელი დღე-ღამე მეძინა. გაღვიძებისთანავე ვიგრძენი, რომ ტკივილმა დამტოვა და სრულიად გამოვჯანმრთელდი. მაშინვე ბერთან წავედი. მონაზვნებმა ვერ მიცნეს, იფიქრეს, რომ ეს ჩემი და იყო. მამაო კი შემხვდა, დამლოცა და მითხრა, რომ მე წმინდა ტიხონ კალუგელმა განმკურნა. ამის მერე ყელი არ მტკივებია. როცა მე ექიმს გამოჯანმრთელებაზე ვაუწყე, მან თქვა, რომ ჩემზე მოხდა სასწაული, რომ ჩემი ავადმყოფობა ჩვეულებრივი საშუალებებით არასოდეს განიკურნებოდა“.
ზოგჯერ მამა ამბროსი ხალხის მიერ მისი განდიდების შიშით, მისი წინამორბედი ბერი ლევის მსგავსად, სალოსობდა. თუ ვინმეს წინასწარ რამეს აუწყებდა, მაშინ ხშირად, როგორც ზემოთ ვახსენეთ, სახუმარო ტონით, ისე რომ მსმენელნი იცინოდნენ; თუ ვინმე ავადმყოფისთვის დახმარება უნდოდა, სცემდა, როგორც ბიჭს მტკივნეულ თვალზე, სცემდა ხელით ან ხშირად ჯოხით მტკივნეულ ადგილზე, და ტკივილიც ქრებოდა. მაგალითად: ერთხელ მოვიდა ვიღაც ბერი, რომელსაც კბილი საშინლად სტკიოდა. გვერდით რომ ჩაიარა ჩაარტყა მთელი ძალით კბილებში მუშტი და მხიარულად ჰკითხა: „მარჯვედ იყო?“ – „დიახ, მამაო“, – უპასუხა ბერმა, – „მაგრამ ძალიან მტკივნეულია“. მაგრამ იქიდან გამოსულმა ბერმა იგრძნო, რომ ტკივილი გაქრა და ამის მერე არც დაბრუნებია.
ამის მსგავსი მაგალითი მოხდა ზემოხსენებულ ბერ პამბოიუსთან. „ერთხელ, – ასე ჰყვებოდა ის, – ძალიან ამტკივდა კბილები. მოვედი მამა ამბროსისთან საკელიო მსახურებაზე, როგორც ეს ადრეც ხშირად ხდებოდა, რათა დავხმარებოდი კითხვასა და გალობაში. ამასობაში კბილის ტკივილიც შევჩივლე. მამაომ ოდნავ დამარტყა ლოყაზე. ძმებმა, რომლებიც სენაკში იყვნენ, სიცილი დაიწყეს, ალბათ იფიქრეს, რომ მე რაიმე შეცდომა დავუშვი კითხვისა და გალობისას. იმ წუთშივე ვიგრძენი, რომ კბილის ტკივილი დამიამდა. მივედი ძმებთან და ვეუბნები: „თქვენ იცინით და მე კი მიკვირს, კბილის ტკივილი გაქრა“. ასეთი მაგალითები უამრავი იყო. გლეხები, რომელთაც თავის ტკივილი აწუხებდათ, მიდიოდნენ მამა ამბროსისთან, დაუხრიდნენ თავს და ეუბნებოდნენ: „მამაო, დამარტყი, თავი მტკივა“.
კიდევ უფრო გასაოცარი შემთხვევებიც იყო. ავადმყოფობის გამო სავანიდან გამოუსვლელად, ასეულობით ვერსის დაშორებით გამოეცხადებოდა ადამიანებს, რომელთაც ის ცხოვრებაში არ ენახათ და არც გაეგოთ მასზე და საშიშროებიდან იხსნიდა მათ: ან სნეულებს დაარიგებდა, თუ როგორ განკურნებულიყვნენ, ან იქვე კურნავდა. აი რას ჰყვებოდა ზემოთ ხსენებული ბელევოს მონასტრის მონაზონი ბარბარა ნიკოლოზის ასული ტერეხოვსკაია. 1883 წელს ჩამოვიდა მამა ამბროსისთან რომელიღაც სოფლის მღვდლის ცოლი (ფოფოდია) და მინაშენში მამაოს კურთხევის მოლოდინში მსხდომარე მონაზვნებს ეკითხება: „სად შეიძლება ვნახო ჩემი კეთილისმყოფელი, ბერი ამბროსი, რომელმაც ჩემი ქმარი სიკვდილისაგან იხსნა? მე მისი ფეხების საკოცნელად ჩამოვედი“. – „ასეთი რა მოხდა თქვენს თავს? როგორ გადაგარჩინათ? როდის? – მოაყარეს კითხვები ყოველი მხრიდან, – გეთაყვა მოგვიყევით“. „მამა ამბროსი დასასვენებლად წამოწვა და ახლა ვერ მიგიღებთ თქვენ, თქვენ კი მოგვიყევით რაც მოხდა“. ფოფოდიამ დაიწყო: „ახლაც ძლივს მოვდივარ აზრზე იმ საშინელი თავდასხმის შემდეგ. ჩემი ქმარი მღვდელია და ემზადებოდა საღვთო ლიტურგიის მსახურებისთვის და წინა ღამით თავის პატარა კაბინეტში ეძინა. მე ი ჩემს საძინებელში ღრმად ჩამეძინა. უცბად ვიგრძენი, რომ ვიღაცა მაღვიძებს. მესმის ასეთი ხმა: „მალე ადექი, თორემ ქმარს მოკლავენ“. თვალები გავახილე და დგას ბერი. – „ფუ, რა ბოდვაა, ეშმაკი მაცდუნებს“. – ჩავილაპარაკე მე. პირჯვარი გადავიწერე და გადავბრუნდი მეორე მხარეზე. ჩაძინება ვერ მოვასწარი, მეორეჯერ მაღვიძებს ვიღაცა და იმეორებს იმავე სიტყვებს: „ადექი, თორემ ქმარს მოკლავენ“. გავიხედე – იგივე ბერი დგას. მე ისევ პირჯვარი გადავიწერე, გადავტრიალდი და ისევ დაძინება ვცადე. მაგრამ ბერმა ისევ გამაღვიძა და მეუბნება: „ჩქარა, რაც შეიძლება ჩქარა, გაიქეცი, აი ახლა მოკლავენ“. მე ავხტი ლოგინიდან, შევედი დარბაზში, რომელიც ჰყოფს ქმრის კაბინეტსა და ჩემს საძინებელს და რას ვხედავ? ჩემი მზარეული უშველებელი დანით მიდის ჩემი ქმრის კაბინეტში და უკვე კარებთანაა. გავიქეცი, გამოვსტაცე უკნიდან ეს უშველებელი დანა და ვეკითხები, თუ რას ნიშნავს ეს. „მე მინდოდა, – მიპასუხა მან, – შენი ქმრის მოკვლა იმის გამო, რომ ის უმოწყალო მღვდელია, ხალხი არ ეცოდება. მე ჩემი ცოდვები მასთან მოვინანიე, მან კი ბევრი მეტანიები დამინიშნა ყოველდღიურად: მე ვთხოვე შევეწყალებინე და ჩამოეკლო მეტანიების რიცხვი, მაგრამ არა – არ უნდა. მან არ შემიწყალა, მეც არ შევიწყალებ“. მაშინ მე გავეცი განკარგულება ურიადნიკის მოყვანისა და მალე დამნაშავე პოლიციაში წაიყვანეს. ჩემს ქმარს კი არც კი გაუგია, რაც მოხდა, იმსახურა, წირვა გადაიხადა, რის შემდეგაც წავედით ჩემს დასთან მეზობელ სოფელში. მისი ქმარიც მღვდელია. ჩემს დას იქვე მოვუყევი, თუ ვინ იხსნა ჩემი ქმარი. დამ შემიყვანა თავის საძინებელში და მე უცბად დავინახე კედელზე სურათი იმ ბერისა, რომელიც მე გამომეცხადა. ვეკითხები: „ეს შენ საიდან გაქვს?“ – „ოპტინიდან“. – „რა ოპტინა? ეს რა არის, მალე მითხარი, სად ცხოვრობს ეს ბერი, ეს ღვთის ანგელოზი, რომელიც ზეციდანაა გამოგზავნილი მკვლელობისაგან დასახსნელად?“ ვტაცე მის სურათს, ვკოცნიდი, ვამთხვევდი ქმარს და ვემთხვეოდი მეც. გადავწყვიტე პირადად მისთვის აუცილებლად გადამეხადა მადლობა და მის ხელებსა და ფეხებს ვმთხვეოდი. და აი, მადლობა ღმერთს, მე ახლა აქ, ჩემი ქმრის მხსნელთან ვარ!“
კიდევ მონაზონ ტერეხოვას ნაამბობი: „1881 წელს გენერალ სოკოლოვის ცოლს, რომელმაც ქალაქ მცენსკის სადგურზე მატარებელზე დააგვიანა, ესმის გულამოსკვნილი ტირილი და მოთქმა, შემდეგ კი ხედავს ორლოველ ქალბატონს, რომელიც მდიდრულადაა ჩაცმული და ცრემლად იღვრება. „შემიძლია შეგიმსუბუქოთ მწუხარება?“ – ეკითხება ქალბატონი სოკოლოვა. მომტირალმა ქალმა უპასუხა: „მე ამ ქალაქში არავის ვიცნობ, საქმე კი სერიოზული მაქვს. ჩემი ქალიშვილი სამი წელია ავადაა. ექიმებს არ შეუძლიათ რაიმეთი დაეხმარონ მას. გამოეცხადა სიზმარში ბერი და უთხრა: „შენ ღვთის რჩეული, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი, მოატყუე, შეპირდი, რომ წახვიდოდი მასთან მოსალოცად და სთხოვე ვინმეს, რომ შენს მაგივრად შენი ზომის სანთელი აანთოს. როგორც კი ეს სანთელი დაიწვება, მაშინვე გამოჯანმრთელდები. აი მე, დედამისი, ამისთვის ჩამოვედი აქ, ქალაქ მცენსკში“. გენერლის ცოლმა ეს ქალბატონი თავისი ეტლით წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მიიყვანა, შეუკვეთა იმ ქალის ქალიშვილის ზომის სანთელი, რომელიც რკინაში ჩასვეს და იატაკზე მიაჭედეს. სანთელი დაიწვა და ბერის წინასწარმეტყველებისამებრ ავადმყოფი გამოჯანმრთელდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალბატონმა სოკოლოვამ ზემოხსენებულ ქალბატონთან და მის გამოჯანმრთელებულ ქალიშვილთან შეხვედრისას უჩვენა მათ მამა ამბროსის სურათი. გოგონამ და დედამისმა განაცხადეს, რომ ეს ის ბერია, რომელიც ამ სურათზეა გამოსახული – მამა ამბროსი.
ზემოხსენებული სკიტის მღვდელ-მონაზონი ბენედიქტე გადმოგვცემს: „ქალბატონი ა.დ. კარბონიერი ძალიან ავად გახდა და რამდენიმე დღე სარეცელზე იწვა. ერთხელ მან დაინახა, რომ მის ოთახში შემოვიდა მამა ამბროსი, მივიდა ლოგინთან, მოჰკიდა მას ხელი და ეუბნება: „ადექი, გეყოფა ავადმყოფობა!“ და თვალთახედვიდან გაქრა. ქალბატონმა მაშინვე იმდენად უკეთესად იგრძნო თავი, რომ ადგა და მეორე დღესვე ფეხით გაემართა ქალაქ კოზელსკიდან შამორდინოში (სადაც მაშინ მამა ამბროსი ცხოვრობდა) რათა მადლობა გადაეხადა მისი განკურნებისათვის. მამაომ ის მიიღო, მაგრამ მის სიკვდილამდე ამ ამბის გახმაურებაზე არ აკურთხა“.
ზემოხსენებულმა ბერმა გაბრიელმა უამბო შამორდინოს მონაზონს ანასტასია კარპოვას: ერთ მდიდარ მემამულესთან ჯამაგირზე მსახურობდა ღარიბი აზნაური, რომელსაც დიდი ოჯახი ჰყავდა. როდესაც მემამულემ თავისი მამული გაყიდა, ახალმა პატრონმა აზნაურს უარი უთხრა დაკავებულ თანამდებობაზე. აზნაურს ძალიან გაუჭირდა რადგან არაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ თავი და ოჯახი ერჩინა. სასოება უფალს მიანდო და გადაწყვიტა წასულიყო ოპტინაში მამა ამბროსისთან. მალე მან ფანჯრიდან დაინახა ვიღაც ხელჯოხიანი მწირი, რომელსაც კუნკული ეხურა. უყვარდა მას მწირების მიღება და მაშინვე შემოიპატიჟა იგი. გაუმასპინძლდა იმით, რაც ღმერთმა მისცა, მოუყვა თავის გაჭირვებას და ისიც ახსენა, რომ მამა ამბროსისთან წასასვლელად ემზადება. მწირმა უთხრა, რომ მამა ამბროსი ოპტინიდან შამორდინოში გადავიდა და ურჩია არ გადაედო. ამასთან ერთად უთხრა, რომ თუ დააყოვნებდა, მაშინ ვერ მოუსწრებდა მამა ამბროსის. მწირი წავიდა თავის გზაზე. ბინდდებოდა. დიასახლისმა ურჩია ქმარს დაწეოდა მას და ღამის გასათევად მოებრუნებინა, მაგრამ მწირი არც ეზოში და არც ქუჩაში არ აღმოჩნდა. ის ვერსად ვერ ნახეს, რამაც ისინი ძალიან გააოცა. მალე აზნაური მოვიდა შამორდინოში და მისდა გასაოცრად მამა ამბროსიში ის მწირი ამოიცნო, რომელიც ცოტა ხნით ადრე მასთან სტუმრობდა. აზნაური დავარდა მის ფეხებთან და უნდოდა იმის მოყოლა, თუ როგორ ნახა მან ის თავის სახლში, მწირის ფორმაში, მაგრამ ბერმა უთხრა: „გაჩუმდი! გაჩუმდი!“ შემდეგ კი მიუთითა ერთ ქალბატონზე, რომელიც იქვე მისი სენაკის მისაღებში იდგა და უთხრა: „აი იმასთან იმსახურებ და დამშვიდდები“. ეს ქალბატონი მდიდარი მემამულე გახლდათ და საქმეც კარგად მისდიოდა მამულში.
ტულის გუბერნიის კაშირსკის დედათა მონასტრის მონაზონი ილარიონა პონომარიოვა (სკიტის ყოფილი მმართველის, მღვდელ-მონაზონ ილარიონის დისშვილი) წერილობით გადმოგვცემს საკუთარ თავზე შემდეგ ამბავს: „1888 წელს ნიკოლოზობამდე (6 დეკემბერი) ორი დღით ადრე ავადმყოფობით ვიტანჯებოდი და ვტიროდი იმაზე, რომ ამ დღესასწაულზე ავადმყოფობის გამო სენაკში ვიქნებოდი და ღვთის ტაძარში წასვლის შესაძლებლობა არ მექნებოდა. ისე ძლიერ მტკიოდა ყველაფერი, რომ საღამოს ცხრა საათზე დავწექი და ჩამეძინა. სიზმარში ვხედავ, რომ მოდის ჩემთან მამა ამბროსი და მეუბნება: „შენ ვადაზე ადრე რატომ სწუხხარ?“ ამასთან ერთად ისე ძლიერად გამაწნა სილა მარჯვენა ყურში, რომ სისხლი წამომივიდა. „წადი, – დაამატა მან, – ეკლესიაში, დღესასწაულზე, ბრიყვო!“ როცა გავიღვიძე, დავინახე, რომ ბალიში, რომელზეც თავი მედო და ხალათი, რომელიც მეცვა, სისხლში იყო ამოსვრილი. მაგრამ მაშინვე თავი სრულიად ჯანმრთელად ვიგრძენი და ავადმყოფობის კვალიც კი არ დარჩა ჩემში“.
მამა ამბროსის ლოცვებით ხალხს ცხოვრების წლები ემატებოდა და როგორც ზემოთ იყო მაგალითი მოყვანილი, უშვილოებიც იკურნებოდნენ. ოპტინის მღვდელ-მონაზონი ლეონტი – მოლარე ჰყვებოდა შემდეგს: „ლივენელი ვაჭარი სერგო მარტინეს ძე აბრაშინი, რომელიც კალუგის გუბერნიის, ჟიზდრის მაზრის სოფელ პლოხოვოში ცხოვრობდა და მეორე ცოლი ჰყავდა, ამ უკანასკნელისგან მას ათი შვილი ეყოლა, მაგრამ ყველა პატარაობის ასაკშივე უკვდებოდა. ზოგი მათგანი ერთ წელს აღწევდა, ხოლო დანარჩენი რამდენიმე თვეში კვდებოდა. აბრაშინის ცოლი (ჩემი მკვიდრი და) მარიამი მამა ამბროსისთან წავიდა თავისი განსაცდელებით აღსავსე. ერთხელ დამიძახა ბერმა და მითხრა: „აი შენი და მუდამ განსაცდელშია, რადგან შვილები უკვდება. აი შენ ხატი და გაუგზავნე მას“. ეს 5 თებერვალს მოხდა, წელი ზუსტად არ მახსოვს. ხატზე გამოსახული იყო დედა ღვთისა – „მიცვალებულთა განკითხვა“ (იდღესასწაულება 5 თებერვალს). მამაოს მადლობა გადავუხადე და მის მიერ მოცემული ხატი გავუგზავნე ჩემს დას, თან ავუხსენი რა შემთხვევის გამო ეგზავნება მას ეს ხატი. ამის შემდეგ ჩემს დას გოგო შეეძინა, რომელსაც მან პელაგია დაარქვა. იმავე წელს ზაფხულში კი ჩემი და ჩამოსული იყო მამაოსთან მადლობის სათქმელად და ახალშობილიც ჩამოიყვანა. ამის შემდეგ ის ყოველწლიურად ჩამოდიოდა ოპტინაში, რათა მამაოს დაელოცა. როდესაც პელაგიას 16 წელი შეუსრულდა, მამა ამბროსის კურთხევით მიათხოვეს ბელევსკელ ვაჭარს, ვინმე ვ. ნ. რიბაკოვს. ისინი დღემდე ორივე ცოცხლები არიან და ბედნიერად გრძნობენ თავს. ჰყავთ ორი შვილი. უნდა აღინიშნოს, რომ პელაგიას გათხოვებიდან პირველი ოთხი წელი შვილი არ ჰყავდა. ის ამას ძალიან განიცდიდა და ჩამოვიდა მამა ამბროსისთან ამ შემთხვევის გამო. ისიც მუდამ აიმედებდა მას, რომ ეყოლება შვილები. ნამდვილად ოთხი წლის მერე ბიჭი გაუჩნდა, რომელსაც ბერის პატივისცემით ამბროსი დაარქვა. შემდეგ გაუჩნდა გოგო, რომელსაც მარიამი დაარქვეს. ბავშვებიც დღემდე კარგად არიან“.
გატანჯული კაცობრიობის სიყვარულით სავსე, ღვთისგან მრავალმხრივი ნიჭითა და მადლით დაჯილდოებული ბერი ამბროსი თავისი წმინდა ლოცვებით ზოგიერთებს დამღუპველი ჩვევებისაგან განაშორებდა.
ოპტინის მონასტრის ბერი პორფირი ჰყვებოდა: „ერთხელ ბერთან ტულის გუბერნიაში მცხოვრები გლეხი მოვიდა, რომელიც ლოთობდა და რადგან ამ დამღუპველი ჩვევის მიტოვება არ შეეძლო, რამდენჯერმე გულზე ხელების დაკრეფა მოისურვა. მოვიდა მამაოსთან და ვერაფერი თქვა. მაგრამ ბერმა სამხილებლად უთხრა მას, რომ ის ღვინის სმით იმიტომაა დაავადებული, რომ პატარაობისას ბაბუას, რომელიც ეკლესიის მნათე იყო, ფულს ჰპარავდა და ამ ფულით ღვინოს ყიდულობდა. მისცა მას ბალახები, რომ სახლში დაელია. მე ამ გლეხს ვიცნობ; მან ლოთობა მიატოვა და დღემდე ცოცხალია“.
პეტერბურგში მცხოვრები ალექსი სტეფანეს ძე მაიოროვი ზედმეტად მიეჩვია თამბაქოს, მაგრამ გრძნობდა, რომ ჯანმრთელობისათვის ეს ცუდი იყო. როდესაც პეტერბურგელი მეგობრების რჩევები უშედეგო აღმოჩნდა, მაშინ მან წერილობით მიმართა მამა ამბროსის და დაუსწრებლად სთხოვდა, თუ როგორ დაემარცხებინა ეს ვნება. ამ თხოვნის საპასუხოდ ბერმა მაიოროვს 1888 წლის 12 ოქტომბერს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც შემდეგი სიტყვები ეწერა: „თქვენ წერთ, რომ ვერ მიგიტოვებიათ თამბაქოს მოწევა. ადამიანისთვის შეუძლებელი – შესაძლებელია ღვთის დახმარებით: მხოლოდ მტკიცედ უნდა გადაწყვიტო მიტოვება. უნდა აღიქვა თუ რა ვნება მოაქვს მას სულისა და ხორცისათვის. რადგან თამბაქო ასუსტებს სულს და ამრავლებს და აძლიერებს ვნებას, აბნელებს გონებას და არყევს ხორციელ ჯანმრთელობას, მოაქვს ნელი სიკვდილი. მრისხანება და მოწყენილობა – ესენი თამბაქოს მოწევის შედეგად დაავადებული სულის მოქმედება და შედეგია. გირჩევთ ამის წინააღმდეგ გამოიყენოთ სულიერი მკუნალობა. ძირფესვიანად მოინანიეთ ყველა ცოდვა აღსარებისას – ჩადენილი შვიდი წლიდან და ეზიარეთ. ყოველდღიურად ფეხზე მდგომმა წაიკითხეთ სახარების ერთი ან რამდენიმე თავი. როგორც კი მოწყენილობა დაგეუფლებათ, ისევ წაიკითხეთ, სანამ არ გაივლის მოწყენილობა. კიდევ მოიწყინეთ – კიდევ წაიკითხეთ სახარება. ანდა ამის მაგივრად მარტო გააკეთეთ 33 დიდი მეტანია, მაცხოვრის მიწაზე ცხოვრების გასახსენებლად და წმინდა სამების სადიდებლად“. წერილი მიღებისთანავე წაიკითხა ალექსი სტეფანეს ძემ და მოუკიდა თამბაქოს, მაგრამ უეცრად ძლიერი ტკივილი იგრძნო თავში, ამასთან ერთად – თამბაქოს მიმართ ზიზღი და ღამით არც მოუწევია. მეორე დღეს ჩვეულებისამებს ავიღებდი პაპიროსს, მაგრამ კვამლს ვერ ვყლაპავდი თავის ძლიერი ტკივილის გამო. ეს შემთხვევა ოთხჯერ განმეორდა. მოწევას ძალიან ადვილად დავანებე თავი, არადა, მანამ მთელი ორი წლის განმავლობაში ყველანაირად ვცდილობდი მოწევა მიმეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი და მიუხედავად ავადმყოფობისა, დღეში 75-ჯერ ვეწეოდი. „სწორედ მაშინ, როდესაც ავადმყოფობა ვიგრძენი და აღვიქვი ჩემი უძლურება ამ ვნების წინაშე, – წერს მაიოროვი, – მაშინ მივმართე კეთილი ადამიანების რჩევით მამა ამბროსის, ისე რომ მე არ მივსულვარ მასთან, გულწრფელი სინანულით და იმის თხოვნით, რომ ელოცა ჩემთვის, შემდეგ, როდესაც ჩავედი მასთან, რათა პირადად გადამეხადა მადლობა, ის ჯოხით შეეხო ჩემს სნეულ თავს და ამის შემდეგ თავში არავითარი ტკივილი არ მიგრძვნია“.
ბორისოვის დედათა მონასტერში, კურსკის გუბერნიაში, სავანის დედათა შორის იყო ერთი ახალგაზრდა მორჩილი, რომელიც ერთ საერო ოჯახს ისეთი ვნებით მიეჩვია, რომ მიუხედავად იღუმენიის აკრძალვისა, მაინც მიდიოდა მათთან, საკუთარი სურვილის წინააღმდეგაც კი. ზოგიერთი დის რჩევით მან წერილობით მიმართა მამა ამბროსის, სადაც აღიარა თავისი უძლურება და ითხოვდა მის წმინდა ლოცვებს. მამაო მას სიზმარში გამოეცხადა, თითქოს ვიღაც გასხივოსნებულმა ბერმა მიიყვანა ის ღვთისმშობლის ხატთან და უთხრა: „ვევედროთ ზეციურ დედოფალს!“ ამ სიტყვებზე მორჩილმა გაიღვიძა და დებს ხილვა მოუყვა. მას აუხსნეს, რომ მან იხილა მამა ამბროსი, რომელიც მანამდე ნანახი არ ჰყავდა. მალე მან მიიღო პასუხი მამა ამბროსისგან, რომელიც ამშვიდებდა. ამის შემდეგ, როდესაც წასვლა მოუნდებოდა იმ ოჯახში, გადაიკითხავდა ბერის წერილს და სურვილიც უქრებოდა; შემდგომში ის მთლიანად განთავისუფლდა ამ ჩვევისაგან და მონაზვნური ცხოვრება დაიწყო, ამასთან ერთად შეწყვიტა ახლო ნაცნობობა ხალხთან.
ახლა კი მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ ორ შემთხვევაზე, თუ როგორ ათავისუფლებდა მამა ამბროსი ადამიანებს ეშმაკისეული ცდუნებებისგან. ზემოხსენებული მღვდელ-მონაზონი დოროთე გვიამბობდა: „1874 წელს ოპტინის მონასტერში ჩემი მოსვლისთანავე სამზარეულოს მორჩილება დამავალეს. გავიდა ნახევარი წელი და ჩემს სენაკში ღამღამობით ეშმაკისეული საშინელებანი დაიწყო. მეჩვენებოდა, თითქოს ჩემთან მოდის ვიღაც ბერიკაცი, რომელიც გაუფრთხილებლად წარმოთქვამდა ლოცვას. სენაკში ჭურჭელი გრუხუნებდა ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ლოგინი ირწეოდა და მტერი ზემოდან დამეცემოდა. თუ შიშის გამო ამოვისუნთქავდი ან ვიყვირებდი, მაშინ აშკარად მესმოდა სიტყვები: „ამაზე უარესი არ შეიძლება რომ იყოს, ოხ!“ მე ჯერ მამა ანატოლისთან წავედი და მოვუყევი ამ საშინელებებზე. მან მამა ამბროსისთან გამიშვა. ბერმა მომისმინა და მითხრა, რომ მე არ უნდა მეშინოდეს და მის განსადევნად უნდა მეთქვა იესოს ლოცვა. ამის მერე ყველა შიში გაქრა და ყოველთვის მშვიდად ვრჩებოდი სენაკში.
1898 წელს კიევის გუბერნიის რჟიშჩევის მონასტრის მონაზონი დედა პაისია წერდა ოპტინელ ბერს მამა იოსებს შემდეგს: „მე საძრახისი აზრები მქონდა წმინდა ეკლესიასა და წმინდა ხატებზე. მე ვწერდი მამაოს, რომ გონებით ვცოდავდი, მაგრამ კონკრეტულად რას ვცოდავდი – არ ვუხსნიდი. როდესაც მამა ამბროსისთან ჩამოვედი, მან მაშინვე დამიძახა, თითქოს უნდოდა ჩემთვის ყურადღება მოექცია. მე ჩვეულებრივ დავდექი მის წინაშე მუხლებზე. მან კი ჯერ მარცხენა ხელი მოიქნია და მარცხენა ლოყაზე ოდნავ გამარტყა, შემდეგ მარჯვენა გამარტყა მარჯვენა ლოყაზე უფრო ძლიერად. ბოლოს თითქოს თავისთვის რაღაცა ჩაილაპარაკა და ისე მტკივნეულად დამარტყა მარცხენა ლოყაზე, რომ თვალთ დამიბნელდა და დავეცი. საიდან ჰქონდა მას ამხელა ძალა! შემდეგ ის წავიდა, მე კი ძლივს ავდექი და გავედი მინაშენიდან. ჩემთვის ვფიქრობ: „არა უშავს! აი მესმის, ბერი! რისთვის გამლახა? მარტო მე მნახა. აწი მე მასთან აღარ წავალ“. მოვედი ნომერში, გავიხადე და დავწექი. ციებ-ცხელებამ და სიცხემ ამიტანა. მოდის ამხანაგი, რომელიც ჩემთან ერთად ჩამოვიდა. „რა გჭირთ? რატომ წახვედით?“ – „ავად გავხდი“, – ვუპასუხე მე. ის მეორე დღეს მიდის მამაოსთან, მე კი ვწევარ. მესამე დღეს კი ის მეძახის ბერთან. მე კიდევ არ მინდოდა წასვლა. მაგრამ ჩემში რაღაც მოხდა, თითქოს შემეცოდა ბერი და წავედი. შეხვედრისას ერთი სიტყვაც არ უთქვამს, თუ რატომ არ მოვდიოდი წინა დღეებში და რატომ ვარ ავად. მეც არაფერი მითქვამს. სახლში მშვიდი და გახარებული დავბრუნდი მიკვირდა: სად გაქრა ჩემი საძრახისი აზრები? მარტო მაშინ მივხვდი, ბერი მცემდა იმისათვის, რომ მტერი განედევნა ჩემგან. მე მიხარია, რომ მამაო წმინდანებშია, როცა მე თქვენთან ეს წერილი გამოვაგზავნე. გამახსენდა მისი მამობრივი სიყვარული და ისეთი ძლიერი ძალა დამეუფლა, რომ ავად გავხდი და სამი კვირა სიცხე მქონდა. მე მაზიარეს. ჩემს სიცოცხლეზე ხელი ჩაიქნიეს. ამ დროს ვნახე სიზმრად მამაო, თითქოს ეკლესიაში ხალხს ესაუბრებოდა და ისე სასწრაფოდ მითხრა: „მე ვცოცხლობდი, და ახლაც ვცოცხლობ, მე შენ არ დამვიწყებიხარ და მალე დაგიძახებ“. ახლა კი, მადლობა ღმერთს, გამოვკეთდი.
ზემოხსენებული წინასწარხედვისა და სხვადასხვა სასიკვდილო სნეულებების მკურნალობის მაგალითების მოყვანის ბოლოს საჭიროდ ვთვლით ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, იმიტომ, რომ ოცდაათი წლის განმავლობაში მისი ბერობისა მსგავსი მაგალითები, როგორც ზემოთ აღნიშნა ლ. ა. შიშკოვამ, თითქმის ყოველდღე მეორდებოდა. სწორედ ამიტომ ოპტინელი ბერის, მამა ამბროსის სახელი ცნობილი გახდა არა მარტო რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
XVI თავი
ბერი ამბროსის სიტყვის ძალა,
მისი ურთიერთობა მომსვლელებთან
და გარეგნული სახე
„რადგან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე“ (მათე. 7, 29)
ის, რაც ზემოთ იყო გადმოცემული მამა ამბროსიზე, ნათლად გვიჩვენებს, რომ თავისი სათნო ცხოვრების გამო ღვთისგან მაღალი სულიერი ნიჭით იყო დაჯილდოებული. მისი სიტყვა ღვთის მადლით იყო გაზავებული, ჰქონდა განსაკუთრებული ძალა და ძლიერ-მოქმედიც გახლდათ. არ ვსაუბრობთ უკვე იმაზე, რომ მასთან რწმენით მოსულები თავმდაბლად ხრიდნენ თავს მის წინაშე და მზად იყვნენ შეესრულებინათ ყოველი მისი სიტყვა. ბევრი არაკეთილგანწყობილიც იყო მის მიმართ, მაგრამ პირველივე გაცნობისთანავე მრისხანე ზნეობის ადამიანები კრავივით უწყინარი ხდებოდნენ.
გაცნობამდე მამა ამბროსის ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებდა. ზოგს უჩვეულოდაც კი ეჩვენებოდა, როდესაც მათ ოპტინაში წასვლას ურჩევდნენ. „რა უნდა გვქონდეს ჩვენ საერთო? ალბათ ვიღაც ფარისეველია, რომელიც დიდებას ეძებს. ნაცნობი ანკესია (მახეა), მაგრამ მასში მხოლოდ უბრალო ადამიანები გაებმებიან“. ასე განსჯიდნენ ზოგიერთები და მათ ამიტომ არ უნდოდათ ოპტინაში წასვლა. თავისი სინდისის დასამშვიდებლად ცდილობდნენ არ დაეჯერებინათ ის, რასაც ბერზე ჰყვებოდნენ. მათგან თუ ვინმე ცნობისმოყვარე შეივლიდა ოპტინაში, უმეტეს შემთხვევაში იწყებდა განკიცხვით. ოპტინის ბერებთან მიღებულია მეუფროსე ბერის წინ მუხლებზე დადგომა. ასე იქცეოდნენ თავიანთი კეთილი ნებით ზოგიერთი საერონიც. თვითონ ბერი უცნობებსა და საერო პირებს ყოველთვის თავის პირდაპირ სკამზე დასვამდა, ზოგჯერ ეხვეწებოდა კიდევაც მუხლებზე არ დამდგარიყვნენ. რამდენი არასასურველი საუბარი იყო ამის გამო! „რატომ უნდა დავდგე ბერის წინაშე მუხლებზე! აი სადაა მათი სიმდაბლე“. ზოგს ნამდვილად სწყინდა, რომ ხალხი დადიოდა ბერთან და სთესდნენ ცილისწამებას. როგორც კი ბერთან შეხვედრის წუთი დადგებოდა, ზოგიერთები უკმაყოფილო გულით უყურებდნენ და იმის სურვილი ჰქონდათ, რომ განემოსათ ბერი. მაგრამ ზოგჯერ ეს უნდობლობა ერთი ხელის მოსმით ქრებოდა და ყველაზე თბილ გრძნობას უთმობდა ხოლმე ადგილს.
ზაფხულობით ბერს ბევრი ხალხი ჰყავდა. ერთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც დაიყოლიეს წასულიყო მამაოსთან, ძალიან გაღიზიანებული იყო, რადგან მას ლოდინი უწევდა. უეცრად კარი ფართოდ იღება, ზღურბლზე გამოჩნდა ნათელი სახის ბერი და ამბობს: „ვინ არის აქ მოუთმენელი, მოვიდეს ჩემთან“. მიუახლოვდა ამ ახალგაზრდა ქალბატონს და თავისთან წაიყვანა. მასთან საუბრის მერე ეს ქალბატონი ოპტინის ხშირი სტუმარი გახდა.
ერთი ქალბატონი, რომელიც დიდი მემამულის ოჯახიდან იყო და ხშირად დადიოდა მამა ამბროსისთან, დიდხანს ეხვეწებოდა თავის ძალიან ცოცხალ და მოუთმენელი ხასიათის დას წასულიყო მასთან ერთა ოპტინაში. ისიც, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი დისთვის ესიამოვნებინა, მაგრამ მთელი გზა ბუზღუნებდა, ბერთან მისვლისა და ლოდინისას კი შფოთავდა: „მე მუხლებზე არ დავდგები, რა საჭიროა ეს დამცირება?“ ის აჩქარებული დადიოდა ოთახში კუთხიდან კუთხეში. ამ დროს ისე გაიღო კარი, რომ ეს გოგო მთლიანად დაფარა კუთხეში. ყველამ ჩაიმუხლა. ბერი პირდაპირ კართან მივიდა, გააღო და მხიარულად შეეკითხა: „ვინ არის ეს გოლიათი,, აქ რომ დგას?“ შემდეგ კი ახალგაზრდა გოგოს ჩურჩულით უთხრა: „ვერა ფარისევლის სანახავად მოვიდა“. გაცნობაც შედგა. ვერა გათხოვდა, დაქვრივდა და დაბრუნდა მამა ამბროსის ფრთებქვეშ შამორდინოში. ის ხშირად ახსენებდა მას, თუ როგორ მოვიდა ვერა ფარისეველთან და კიდევ სხვა აზრს, რომელიც მათი გაცნობის პირველ დღეებში ჰქონდა მას. კერძოდ: მაშინ ეს ახალგაზრდა გოგონა მონასტრის ჯიხურში შევიდა ბერის პორტრეტის საყიდლად. მას უთხრეს, რომ ყიდვა 20 კაპიკად შეიძლება: „ღმერთო ჩემო, – გაიფიქრა მან, – მე ბევრ მანეთსაც მივცემდი. რა იაფი მამაოა!“ იმავე დღეს, საერთო დალოცვისას, ბერმა გვერდით ჩაუარა, შეხედა, მოეფერა თავზე და წყნარად ჩაიბუტბუტა: „ასე, მამაო იაფია, იაფი!“
ერთი კარგი განათლებული გოგონა მამა ამბროსისთან შემთხვევით მოხვდა, მოიხიბლა მისით და შეეხვეწა მიეღო შამორდინოში. მისი დედა ჩამოვიდა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რათა გამოეგლიჯა „ამ საშინელი მონასტრული სამყაროდან“ თავისი გოგო. აღშფოთებული, საყვედურებით შევიდა ბერთან. მამაომ სკამი შესთავაზა. რამდენიმე წუთი ილაპარაკეს და განრისხებული დედა უნებლიეთ, თვითონაც ვერ გაერკვა თუ რა მოხდა მის თავს, ადგა სკამიდან და ჩაიმუხლა ბერის წინ. საუბარი გაგრძელდა. მალე შვილ-მონაზონს დედა-მონაზონი შეუერთდა.
აი ბერი დადის სკიტში საკუთარ ჯოხზე დაყრდნობილი. ბევრი მამაკაცი მოდის მასთან. ოდნავ უკან მომსახურე მოჰყვება. ერთ მღვდელ-მონაზონს მამაოსთან ორი ახალგაზრდა ადამიანი მოჰყავს. ისინი ძალიან კარგად არიან ჩაცმული და აქვთ კარგად აღზრდილი ადამიანის გარეგნობა. მაგრამ უფროსი ძალიან გულგრილია რწმენისა და ღვთის შესახებ, მეორე კი საკმაოდ მორწმუნე. ერთს მამა ამბროსი სულ არ აინტერესებს, მეორე კი განიკითხავს მას, როცა მასზე ჰყვებიან, ახლა კი უკმაყოფილოა იმით, რომ ზედიზედ რამდენიმე დღე ბერმა ვერ შეძლო მათი მიღება. ის მთელი ძალისხმევით აკვირდება ბერს და ცდილობს ამოიცნოს, თუ რა კაცია ის. მღვდელ-მონაზონი სთხოვს დალოცოს ისინი. მამაომ მალე, ისე რომ არც შეუხედავს, დალოცა და გააგრძელა გზა. რამდენიმე გლეხი სხვა გუბერნიებიდან ელოდებოდა. „ჩვენ შენთან მოვედით მუხლმოდრეკით, – ამბობენ ისინი. – გავიგეთ, რომ შენ ფეხები გტკივა, აი მსუბუქი ჩექმები შეგიკერეთ, ჯანმრთელობაში ატარე“. ბერმა აიღო მათი ჩექმები და ყველას რაღაცა უთხრა. იმ ორი ახალგაზრდა კაციდან მეორე ამ ყველაფერს ხედავდა. მან უცბად წარმოიდგინა მამაოს შრომა: სულ სხვისი ტვირთის შემსუბუქება და რწმენა, რომლითაც მას უყურებდა ეს ხალხი, და გლეხების სიყვარული, რომლებმაც ჩექმები მოუტანეს, და ეჭვი, რომელიც მას გულზე ლოდივით აწვა, გაქრა. ის ისევ მოხვდა მამაოსთან ახლოს და გაუბედავად თქვა: „მამაო! დამლოცეთ“. ბერი შემობრუნდა, მხიარული სახით შეხედა მას და დაიწყო მასთან ლაპარაკი მის ცხოვრებაზე. ის მთელი გზა მამაოზე ფიქრობდა და მეორე ზაფხულსაც ჩამოვიდა მასთან, უკვე გულით ისწრაფვოდა მისკენ.
მოვიდა მამა ამბროსისთან გაწვალებული კაცი, რომელმაც ვერავითარი ჩანაფიქრი ვერ აისრულა და ცხოვრების მიზანი ვერ იპოვა. ის ამას დიდ შრომასა და საუბრებში ეძებდა – და ვერაფერს მიაღწია. მან უთხრა მამაოს, რომ მის სანახავად მოვიდა. „რა გაეწყობა, მიყურეთ! – უპასუხა ბერმა. შემდეგ ადგა თავისი ლოგინიდან, გასწორდა და ჩახედა ამ კაცს თავისი ნათელი მზერით. ამ შეხედვიდან რაღაც სითბო მოდის, რომელიც შერიგებას ჰგავს და იღვრება მტკივან სულში. ეს ურწმუნო მამაოს ახლოს დასახლდა და მასთან ყოველდღე დიდხანს საუბრობდა. მას უნდა ირწმუნოს, მაგრამ ჯერ არ შეუძლია. გადის კარგა ხანი, ერთ დილას ის ეუბნება მამაოს: „მე ვირწმუნე“.
მოვიდა მამა ამბროსისთან ვიღაც მაღალი და ძლიერი აღნაგობის ბატონი (ამას ოპტინელი მღვდელ-მონაზონი პაისი ჰყვება) და სთხოვა ეცნობებინათ ბერისთვის მისი მოსვლა. როცა ბერი გამოვიდა დერეფანში, ეს კაცი კინაღამ მივარდა მას და დიდი გააფთრებით დაუწყო ლანძღვა. მამაომ იჩქარა მისაღებში მისი შეყვანა. ეს კაცი უყვიროდა ბერს და მოჰყავდა რაღაც ტექსტები სახარებიდან და მოციქულთა ეპისტოლეებიდან. საპასუხოდ კი მამაო ეუბნებოდა: „რა იქნება, თუ მე თქვენ ერთ ჭიქაში ჩაგისხამთ სუპს, ფაფას, ბორშჩს და ასე შემდეგ და გკითხავთ, რა შეჭამეთ? – რას მიპასუხებდით?“ ბატონი ეტყობა დააბნია ამ სიტყვებმა და უთხრა მას: „ვხედავ, რომ თქვენ ბაგეებში მადლია, ჩემში კი ეშმაკი“. ბერი პასუხობს: „შენში ეშმაკი არ არის, მაგრამ ვხედავ, რომ შენს ირგვლივ ბევრი ეშმაკია და ისინი ჩაგჩურჩულებენ“. ამის მერე ბატონმა ისევ ხმამაღლა დაიწყო რაღაცის ლაპარაკი. ბერმა იჩქარა მისგან წასვლა და მომსახურის პირით გადასცა, რომ მეორე დღეს წირვის მერე მოსულიყო. თუმცა ამ ბატონს არ სურდა წასვლა. ის მხოლოდ მაშინ წავიდა, როცა ბერმა რაღაც წიგნი გაუგზავნა. ამის მერე ის ბერთან არ გამოჩენილა. გახმაურდა, რომ ის დონიდან იყო ჩამოსული.
უფრო განათლებულ ხალხთან ბერს მეტი ჯაფა ჰქონდა. ერთი ძალიან კეთილი ბერი, რომელსაც ერში უმაღლესი საგანმანათლებლო ხარისხი ჰქონდა, გაკვირვებული იყო იმით, რომ მიუხედავად დიდი სიყვარულისა რომელიც მას ბერის მიმართ გააჩნდა, მაინც ცუდად ექცეოდა. მიუხედავად ამისა, მამა ამბროსი მასთან მიმართებაში ყოველთვის მოწყალე იყო, თუ მეტი არა. ბერმა იცოდა, რომ მამა ამბროსისთან ათასობით ვერსით დაშორებული ადგილებიდან ჩამოდიოდნენ და მის ერთ სიტყვას ელოდებოდნენ, თვითონ კი, მოდიოდა მამაოსთან და მომზადებული არც ყოფილა, არ იცოდა, რა ეთქვა მისთვის, ამიტომ ეუბნებოდა: „მინდოდა, მამაო, რაიმე მეკითხა, მაგრამ დამავიწყდა“. ბერმა ურჩია ჩაეწერა კითხვები, მაგრამ ის ძველებურად აგრძელებდა და ერთხელაც უთხრა, თითქოს დანაშაულს ბერს აბრალებდა: „მე ვხედავ, მამაო, რომ ჩვენ ყველა მოუმზადებელი ვლაპარაკობთ შენთან“. – „კარგი, – უპასუხა მამა ამბროსიმ, – არ შეგიძლია მომზადება – ასე იარე“. მეორეჯერ კი ბერმა უთხრა: „მე მგონია, რომ თქვენთან უშედეგოდ დავდივარ“. მამა ამბროსიმ, კი უპასუხა: „მაინც იარე“. როგორი ზემოქმედების ძალა ჰქონდა მამა ამბროსის სიტყვას. ამაზე მოვუსმინოთ აწ განსვენებულ მოსკოველ ვ. ვ. იაშეროვს.
„მამა ამბროსის გაცნობა, – წერს ის, – ძალზე თავისებურ გარემოებაში მოხდა. 1882 წელს, ჩემი შვებულების ჟამს შევხვდი და გავიცანი ერთი ქალი, რომელიც ჩემი ძალიან ახლობელი ოჯახის ნათესავი იყო. სწორედ ეს ქალი იყო მიზეზი ჩემი და წმინდა მამა ამბროსის გაცნობისა და დაახლოებისა, რადგან ის იყო ამ ქალის მუდმივი მოძღვარი წლების განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქალი იყო ძალიან რელიგიური პიროვნება. მარხვებში ის ყოველდღიურად ესწრებოდა საეკლესიო მსახურებას, მოდიოდა ეკლესიაში ყველაზე ადრე და მიდიოდა ყველაზე უფრო გვიან. მე მაშინ სულ სხვა მიმართულების კაცი ვიყავი და ყველაფერი ეს ფარისევლობად და სულიერ უძლურებად მეჩვენებოდა. მაგრამ მალე ჩემი აზრების გარდაქმნა მომიწია.
სხვათა შორის ჩემი ნაცნობი, იმდენად ემორჩილებოდა ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ ოპტინელ ბერს, რომ მზად იყო აღესრულებინა მისი ნებისმიერი თხოვნა და სურვილი. ოქტომბრის ერთ მშვენიერ დღეს ამ ქალმა ვიღაც მონაზვნის მიერ მოტანილი მამა ამბროსის ჩანაწერი მიჩვენა, რომელიც ფანქრით იყო დაწერილი. ამ ჩანაწერის მიხედვით მას ებრძანებოდა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა ყველაფერი და წასულიყო ოპტინაში მამაოსთან. იქვე იყო მინაწერი, რომ თან უნდა წაეღო საპენსიო წიგნაკი, რაც მას ყველაზე უფრო აღელვებდა. „ეტყობა დიდი ხნით გამომიძახა მამაომ“ – ამბობდა ის მოწყენილად. მე მინდოდა დამერწმუნებინა ის, რომ არ დაეჯერებინა არავითარი „ბერებისა“ და „სალოსებისთვის“ და დარჩენილიყო სახლში, მაგრამ ამაოდ. მეორე დილით სამოქალაქო ფოსტით მე მივიღე მისი ჩანაწერი, რომ თავს უფლებას არ აძლევს არ დაემორჩილოს ბერს და მიემგზავრება ოპტინაში. რვა დღის შემდეგ მომივიდა შეტყობინება, რომ მამა ამბროსის კურთხევით მთელ საშობაო მარხვას ის ოპტინაში გაატარებს, ახლა კი მას ბელევოს დედათა მონასტერში აგზავნის.
ამ წერილმა მე ძალზე გამაღიზიანა, მეტი თუ არა. ჩავთვალე, რომ ჩემი ნაცნობი ქალის მოქცევა და მისი სულიერი მოწყენილობა მამა ამბროსის ბრალი იყო. ავიღე საფოსტო ქაღალდის ორი ფურცელი და ძალიან გრძელი წერილი მივწერე მას, სადაც ბევრგან მძაფრი გამონათქვამიც ჩავრთე. წერილი შევაზავე წმინდა წერილის ტექსტებით და ამ ტექსტებს ჩემებური განმარტება გავუკეთე. არც წამიკითხავს ჩემი წერილი, ისე გავაგზავნე ფოსტით და რა? ხუთი დღის მერე ჩემი ნაცნობი დაბრუნდა და მომიყვა, რომ მისდა გასაკვირად მამა ამბროსი ჩემი წერილით არა მხოლოდ კმაყოფილი დარჩა, არამედ უბრძანა მას დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო მოსკოვში. მე სეფისკვერი გამომიგზავნა და გამოთქვა სურვილი ვეხილე ოპტინაში. მე გაოგნებული დავრჩი ჩემი წერილის ასეთი შედეგით და გადავწყვიტე ამესრულებინა ბერის სურვილი პირველივე შესაძლო შემთხვევაში. ამავდროულად თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მის წინაშე ჩემი კალმის თავხედურობის გამო.
1883 წლის დიდმარხვის მეოთხე კვირას ოპტინაში, ტულისა და კალუგის გავლით, გავემგზავრე. კალუგიდან 60 ვერსის გავლა ფოსტის ცხენებით მომიხდა. გამოვედი ორშაბათ დილას და გვიან საღამოს მივედი ოპტინაში. გზით გადაღლილმა ჩაი მივირთვი და დასაძინებლად დავწექი. დილას, როცა ჩაის ვსვამდი, გამოჩნდა მამა ამბროსის მომსახურე და მითხრა: „მობრძანდით მამაოსთან“. მე არც გამკვირვებია ეს, რადგან წარმოვიდგინე, რომ ყველა ჩამომსვლელზე ატყობინებენ მას.
ოპტინის მონასტერი ორი ნაწილისაგან შედგება: მონასტრისა და ტაძრებისაგან, კორპუსებისაგან, სადაც ბერების სენაკებია განთავსებული; პირუტყვისა და ცხენების ეზოებისაგან, რომლებსაც სამაგალითოდ უვლიან; სასტუმროებისა და სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობებისაგან და სკიტისაგან, სადაც იმ პერიოდში მხოლოდ მკაცრი მოღვაწეები ცხოვრობდნენ. სკიტის შიგნით ქალებს არ უშვებენ. ჩვენ მორჩილთან ერთად ტაძრის გვერდით გავიარეთ, ასევე – ხეხილის ბაღი, გადავკვეთეთ მონასტრის მთელი ფართობი და ბოლოს სკიტში შევედით. ჩვენ ირგვლივ ზამთრის სუსხით გაშიშვლებული ტყე გადაიშალა, მხოლოდ პირდაპირ ბილიკი იყო გაკვალული, რომელიც მამა ამბროსის თაყვანისმცემლებმა გაკვალეს. სწორედ ამ ბილიკს მიჰყავდი ტყის გავლით სკიტში, რომელიც მონასტრიდან ნახევარი ვერსით იყო დაშორებული. ჩვენ გავედით პატარა მინდორზე და ჩვენ წინ თეთრი გალავანი გამოჩნდა. შესასვლელის მარჯვნივ გამოჩნდა პატარა ფლიგელი, თეთრი ქვით აშენებული, რომლის ნახევარი გარეთ რჩებოდა, ხოლო მეორე ნახევარი გალავნის შიგნით იყო განთავსებული.
სახლის გარეთ ნაწილის პარმაღთან, რომელსაც ქალები რატომღაც „ხიბარკას“ უწოდებდნენ, იდგა ორმოცდაათიოდე ქალბატონი, დიდგვაროვნებიც და მდაბიონიც, მამა ამბროსის მოლოდინში. მათი დიდი ნაწილი შორიდან იყო ჩამოსული და ყოველ მათგანს მტკიცედ სწამდა, რომ მამაოსგან ისინი ნუგეშს, კეთილ რჩევებსა და სენთა კურნებას მიიღებდნენ. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ შორიდან ჩამოსული მომლოცველი რამდენიმე დღე დადგებოდა ამ პარმაღთან, ბერი ვერ მიიღებდა და მის უნახავად უნდა წასულიყო.
შევედით გალავანში, მოვუხვიეთ მარჯვნივ ფლიგელის შიდა პარმაღთან, რომელიც უფრო ფართო აღმოჩნდა, ვიდრე გარედან წარმოიდგენდი. პარმაღიდან პირდაპირ დერეფანში შედიოდი, რომელიც ამ ფლიგელს შუაზე ჰყოფდა: მარჯვნივ მამაკაცების პატარა მისაღები ოთახი იყო, მარცხნივ კი – მამა ამბროსის საკუთარი ფართი, გაყოლებაზე მორჩილებისათვის რამდენიმე ოთახი და ქალების მისაღები. მორჩილმა ჩამომართვა პალტო და მითხრა შევსულიყავი მისაღებში მარჯვნივ, სანამ მამაოს მოახსენებდა. ერთი წუთის მერე ის გამოვიდა და მითხრა, რომ მამაომ ცოტა ხნით დაცდა მთხოვა, სანამ საუბარს არ დაამთავრებდა ვიღაც მოსულთან. მე მისაღების დათვალიერება დავიწყე, რომელიც მორჩილის მამაოსთან მიწვევამ გაწყვიტა და გავემართე მის კვალდაკვალ დერეფნის გაყოლებაზე, რომლის ორივე მხარესაც სკამები იყო განლაგებული და ათეულობით ადამიანი იჯდა მამა ამბროსის მოლოდინში.
მარცხნივ გადავუხვიეთ და შესასვლელი პატარა ოთახის გავლით გავედი ვიწრო კარში, აღმოვჩნდი ოთხიოდე არშინი სიგრძის და სამიოდე არშინი სიგანის დაბალჭერიან ოთახში კარის პირდაპირ ამ ოთახს პატარა ფანჯარა ჰქონდა და მის ქვეშ იდგა არცთუ პატარა მაგიდა, რომელსაც გამოსაწევი თარო და პატარა კარადა ჰქონდა. მარჯვენა მხარე არ მახსოვს, რადგან მარცხენა მხარემ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ორ-ნახევარი არშინი სიგრძის ლოგინზე, რომელიც ფიცრებისგან იყო გაკეთებული და ნოხებით და მატრასებით იყო შემოკერილი, მარცხენა მხარეზე ნახევრადმწოლიარე მდგომარეობაში, შავ გაცვეთილ კაბაში და ასეთივე სკუფიაში, მარცხენა ხელზე დაყრდნობილი, სკვნილით ხელში იწვა პატარა ბერიკაცი სოლისებური წვერით. მას გამჭვირვალე და კეთილი თვალები, ასევე სიმპათიური სახე ჰქონდა. ეს იყო ჩემს ცნობიერებაში დახატული ბერის კონტრასტი! მე გავჩერდი და მიახლოების მოპატიჟებას ველოდი. ბერიკაცი ყურადღებით და გაუნძრევლად მიყურებდა ერთი წუთი. შემდეგ ის ოდნავ წამოიმართა, ჩაიცინა და ხელით მანიშნა მივსულიყავი. მე მივედი და უნებლიეთ უნდა ჩამემუხლა, რათა მისი კურთხევა ამეღო. მან მაკურთხა, ხელი ხელში მომკიდა, ისევ შემომხედა თვალებში და მხიარული ხმით წარმოთქვა: „აი როგორი ყოფილა ის, თავისი ბედის მრისხანე დამცველი!“ მე ბოდიშის მაგვარი რაღაცა ჩავილუღლუღე, მაგრამ მან გამაჩერა, მიმანიშნა მაგიდაზე, სადაც ჩემი წერილი იდო და გააგრძელა: „ბოდიში საჭირო არ არის! მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ წერილის, ამიტომაც გამიჩნდა შენი ნახვის სურვილი. ეს რა ფორმა გაცვიათ თქვენ?“ მე ვუპასუხე, რომ სამხრეთ ბულგარეთის დრუჟინის მეთაური ვარ და ეს ფორმა აღმოსავლეთ-რუმინელი სამხედროებისაა. „პირველი დასახელება კარგია, მეორე კი არც უნდა ყოფილიყო!“ – სერიოზულად წარმოთქვა მან. „მე ძალიან მსიამოვნებს, მამაო, რომ თქვენ სრულიად ეთანხმებით თქვენი ხედვით აწ განსვენებულ სკობელევს და ყველა ჭეშმარიტ რუსს!“ – ვუპასუხე მე მოწიწებით, თავდახრით. „თქვენ ხომ სერბეთშიც იყავით ნებაყოფლობით, როგორც ეს მე მითხრა ს-მ? სხვათა შორის, როგორაა ის? მე გავიგე, რომ პეტერბურგში მგზავრობის მერე ის ავადმყოფობდა“. – „მადლობა ღმერთს, გამოკეთდა“ – ვუთხარი მე. ბერმა ისევ გაიცინა და თქვა: „მე მეტს აღარ გაგაჩერებთ. თქვენ ნახეთ, თუ რამდენი ადამიანი ელოდება გარეთ ნუგეშს. წადით, ჩვენ მერე ვილაპარაკებთ. თქვენ რამდენი ხნით ჩამოხვედით აქ?“ – „მე მე ვფიქრობ წავიდე და დავათვალიერო თქვენი სახელგანთქმული ქალაქი კოზელსკი და ხუთშაბათს გავემგზავრო ოპტინიდან“. – „მშვენიერია! თქვენ აქ მარხვასა, აღსარებას და ზიარებასაც მოასწრებთ“. – „მამა ამბროსი! დღეს სამშაბათია, როდის მოვასწრებ ამას? ზეგ ხუთშაბათია!“ – შევეწინააღმდეგე ოდნავ გაკვირვებული ტონით. – „ჭეშმარიტი სინანულისთვის წლები კი არ არის საჭირო და არც დღეები, არამედ მხოლოდ წამი“, – შენიშნა მან სერიოზულად, თითქმის მკაცრად, – დღეს იქნებით საღამოს მსახურებაზე, მწუხრის მერე მოხვალთ ჩემთან აღსარებაზე, სუთშაბათს კი (ეტყობა იმ დღეს შეკვეთილი ლიტურგია იყო, როგორც ეს ხდება ხოლმე ოპტინის მონასტერში. მაგ.: ვიღაც გარდაცვლილის სახელზე) ეზიარეთ და საღამოს წადით“
იქიდან გამოსვლისთანავე, ჩემი ყურადღება მიიპყრო რაღაც განსაკუთრებულმა მოძრაობამ. ქალების ჯგუფში რომ შეინიშნებოდა. მივუახლოვდი მათ და მსურდა გამეგო რა მოხდა. ვიღაც ხანში შესული ქალი, რომელსაც სახე სულ დაავადებული ჰქონდა, იჯდა ჯირკზე და ჰყვებოდა, რომ ის ავადმყოფი ფეხებით მოდიოდა ვორონეჟიდან იმ იმედით, რომ მამა ამბროსი განკურნავდა, მონასტრამდე შვიდი ვერსის დაშორებით ის ტყეში დაიკარგა და ამ თოვლში დავარდა წაქცეულ ხეზე ცრემლიანი. მასთან მივიდა ვიღაც ბერიკაცი ანაფორით, სკუფიაში. მან გამოჰკითხა ტირილის მიზეზი და შემდეგ უჩვენა გზა. ისიც წავიდა მითითებულ მხარეს და ნახა მონასტერი. ყველამ იფიქრა, რომ ეს ან მონასტრის მეტყევე ან ვინმე მონასტერში მომსახურე იყო. სწორედ ამ დროს გამოვიდა ჩემი ნაცნობი მომსახურე და ხმამაღლა იკითხა: „სად არის აქ ავდოტია ვორონეჟიდან?“ ყველა დუმდა. მან გაიმეორა კითხვა უფრო ხმამაღლა და დაამატა, რომ მამაო ეძახის. „ვორონეჟელი ავდოტია ხომ მე ვარ!“ – ამოიძახა ამ ქალმა და ადგა ჯირკიდან თავისი სნეული ფეხებით. ყველა გვერდზე გადგა უხმოდ, ეს გზირი მიფოფხდა სენაკთან და კარს მიღმა მიიმალა. მე უცნაურად მომეჩვენა, როგორ მოასწრო მამა ამბროსიმ სცოდნოდა ამ მწირის შესახებ თუ საიდან ჩამოვიდა ის. მე გადავწვიტე მის გამოსვლას დავლოდებოდი.
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ის თვალცრემლიანი გამოვიდა და შეკითხვებზე გულამოსკვნილი პასუხობდა, რომ ბერიკაცი, რომელმაც ტყეში გზა მიასწავლა, მამა ამბროსი იყო, ან ვინმე, ძალიან მისი მსგავსი. ჩაფიქრებული დავბრუნდი სასტუმროში. რა არის ეს ყველაფერი, ვფიქრობდი. დავუშვათ მსგავსება, მაგრამ მონასტერში მამა ამბროსის მსგავსი არავინ არის, მეორე, ორი უცნაური დამთხვევა: როგორც ცნობილია, მამა ამბროსის ავადმყოფობის გამო ზამთარში სენაკიდან გამოსვლა არ შეეძლო გაზაფხულამდე, აქ კი, ამ ცივ ზამთარში, გამოჩნდა ტყეში მწირის გზის მაჩვენებლად, შემდეგ კი რაღაც ნახევარ საათში, „მინაშენთან“ მისი მისვლისთანავე მან იცის მასზე (იმ ქალზე) ყველაფერი.
მე გადავწყვიტე მოკლე მარხვა რელიგიის ყველა წესის დაცვით შემენახა: შევინახე მარხვა მონასტრულად და ყველა ეკლესიურ მსახურებას დავესწარი. ოთხშაბათს საღამოს მსახურების მერე პირდაპირ სკიტში წავედი. ბერმა ჩემი მოსვლიდან ნახევარ საათში მიმიღო. ოთახში შესული იმავე ფორმაში შევუსწარი მამაოს, როგორც პირველად. მუხლებზე დამდგარი დამლოცა: „აი ახლა შემიძლია ვისაუბრო შენთან უფრო მეტხანს, ახლოს მოიწიე,“ – მითხრა ბერმა მოფერებით. მე ვფიქრობდი, რომ აღსარებაზე მივიღებდი საყვედურს მამაოსგან, რადგან მთელი ექვსი წელი არ მიმარხულია და მოვემზადე რისხვის მისაღებად. მამა ამბროსიმ დამიწყო გამოკითხვა ჩემს ბავშვობაზე, აღზრდაზე, სამსახურზე, უფრო შესანიშნავ პირებზე, ვისთანაც მე მიხდებოდა ურთიერთობა ცხოვრებაში, ჩემს უიღბლო ქორწინებაზე, სერბეთზე, ბულგარეთზე, თურქეთზე და შენიშვნებითა და ღიმილით მავსებდა. მე, რომელსაც ტაძარშიც კი არ შემეძლო მუხლებზე დავმდგარიყავი ფეხების ტკივილის გამო, ვერც კი შევნიშნე, რომ ჩვენი საუბარი ერთი საათი და შვიდი წუთი გაგრძელდა – იმდენად მოწყალე, მიმზიდველი და გონებრივ-დამრიგებლური იყო ბერის საუბარი! მის მიერ გამოთქმული ყოველი ფრაზის შემდეგ მე მეგონა, რომ უფრო და უფრო მშობლიური ხდებოდა ის ჩემთვის სულით და გულით. „მომეცი ოლარი და ჯვარი“, – მითხრა უცბად მამა ამბროსიმ ორი წუთის დუმილის მერე. მეც მივაწოდე ერთიც და მეორეც. მან შეიმოსა ოლარი და მითხრა მოვხრილიყავი. დამაფარა ოლარი და შენდობის ლოცვა წამიკითხა. მე გამოვყავი თავი და აღმომხდა: „მამაო! აღსარება? მე ხომ დიდი ცოდვილი ვარ!“ ბერმა შემომხედა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ალერსიან-მოფერებითი ხედვით, დამახურა ისევ ოლარი, დაამთავრა შენდობის ლოცვა და მამთხვია ჯვარზე. „შეგიძლია წახვიდე, შვილო ჩემო! ხვალ, ლიტურგიის მერე, შემოდი ჩემთან“. და მოფერებით გამიშვა.
ცხოვრებაში ასეთი სასწაულებრივი გასეირნება არ მქონია, როგორც ამჯერად გასეირნება სკიტიდან მონასტრამდე. რაღაცნაირი უზარმაზარი შვება იგრძნობოდა მთელს ჩემს არსებაში. ჩემს ირგვლივ თოვლზე არეკლილი მთვარის ლამაზი სხივები თამაშობდნენ აქა-იქ შიშველ ხეებზე. მე ვერც შევნიშნე, როგორ მივედი ჩემს ნომერში და როგორ ჩავიძინე.
მეორე დღეს, ნაზიარები, ლიტურგიის შემდეგ წავედი ჩემს ახალ სულიერ მამასთან. ბერი ალერსიანად შემხვდა, დამლოცა სეფისკვერით და ნახევარ-საათიანი საუბარი მაჩუქა, მიმითითა ჩემი ცხოვრების გზაზე, დამრიგებლური სიტყვებით, რომლებიც მე არასოდეს დამავიწყდება, რომლებიც დღემდე მანუგეშებენ მძიმე წუთებში. გამომშვიდობებისას მან ისევ დამლოცა, მაკოცა და ქაღალდში შეხვეული სეფისკვერი გადმომცა თავისი სულიერი შვილისთვის გადასაცემად.
სკიტიდან გამოსასვლელში შემხვდა მონასტრის იღუმენის მორჩილი და ჩაიზე დამპატიჟა. მხცოვანი ბერი ალერსიანად შემხვდა. მომილოცა ზიარება. ასევე დამლოცა სეფისკვერით და გამომშვიდობებისას წიგნი მაჩუქა.
სასტუმროში დაბრუნებულს ჩემთვის მომზადებული სოკოს მშვენიერი სადილი დამახვედრეს. განკარგულება გავეცი ცხენების თაობაზე, ვიტრაპეზე სასტუმროს უფროსთან, მოვისმინე მწუხრი და ფოსტის ეტლით გავემართე კალუგის მიმართულებით. თან საუკეთესო მოგონება მიმყვებოდა ალერსიანი ოპტინის მონასტრისა, გულში კი ბერი ამბროსის, ამ მშვენიერი მოძღვრისა და სულისა და გულის მკურნალის, სიყვარული და პატივისცემა მქონდა.
აი კიდევ ამის მსგავსი მოთხრობა. შამორდინოს მონაზვნის ეკატერინე ლებედევას მშობელი მისი სიტყვებით ურწმუნო იყო. ის შემთხვევით ჩამოვიდა ოპტინაში და გაჩერდა სასტუმროში, სადაც განმკარგველი მამა თეოდოსი (შემდგომში მღვდელ-მონაზონი) იყო. ახლახანს ჩამოსულმა სტუმარმა სულში რაღაც შეცბუნება იგრძნო და მოინდომა წასულიყო სავანიდან. „ცხენები, ცხენები ჩქარა!“ – ხმაურობდა იგი. რამდენიმე სტუმარმა დაამშვიდა, რომ ახლავე გააგზავნიდნენ ცხენებზე. ბერმა კი ცხენების მოყვანამდე მონასტერში გავლა შესთავაზა. „მე ბერთან არ წავალ“, – გადაწყვეტილად თქვა სტუმარმა – „მე არც გთხოვთ თქვენ ამას“, – უპასუხა მამა თეოდოსმა. გაიარ-გამოიარეს მონასტერში. „ახლა კი ვნახოთ სკიტი. იქაური საფუტკრე, ბაღი, ყვავილები“… წავიდნენ სკიტში და იქაც გაიარეს. სხვათა შორის მიადგნენ იმ კორპუსს, სადაც მამა ამბროსი ცხოვრობდა. „არ გნებავთ ბერის სენაკი დაათვალიეროთ?“ ეკითხება ისევ მამა თეოდოსი. შევიდნენ. მისაღებში რამდენიმე კაცი იმყოფებოდა და სხვათა შორის ის ბატონი, რომელთანაც გაისაუბრა. ამ საუბარმა ის მისაღებში დააკავა და ამ დროს შემოვიდა მამა ამბროსიც. მაშინვე ყველა მიუახლოვდა მას, მაგრამ შემთხვევით შემოსული სტუმარი გვერდზე გადგა, რადგან არ სურდა კურთხევის აღება. ბერმა ყველა რომ დალოცა, პირდაპირ გაემართა შორს მდგართან, დაჟინებით შეხედა მას, დალოცა და ხელი დაადო თავზე. მაშინ იმანაც ჩაიმუხლა და აიღო კურთხევა. მამაომ მაშინვე მოჰკიდა ხელი, შეიყვანა თავის ოთახში და თვითონ დაუწყო ლაპარაკი. სტუმარი აღფრთოვანებული იყო მამაოს წინასწარხედვით, რომელიც მას ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევებს ახსენებდა, თითქოს მუდამ მასთან ერთად ეცხოვრა. საუბარი დიდხანს გაგრძელდა და ძალიან იმოქმედა მოსულზე. მან თვითონ გამოთქვა სურვილი ემარხულა და აღსარება ჩაებარებინა, მაშინ როდესაც აქამდე 16 წლის განმავლობაში უზიარებელი იყო. მან თითქმის ორი თვე იცხოვრა ოპტინაში და სინანულით ტოვებდა იქაურობას. მამა ამბროსის მიმართ მთელი ცხოვრება მოკრძალებული იყო და მას წმინდანად აღიარებდა.
ბერი ამბროსის სიტყვის ძალაზე საუბრისას, უადგილო არ იქნება ითქვას რამდენიმე სიტყვა ჩამოსულებთან მის ურთიერთობაზე, მის გარეგნულ მხარეზე. მისი გარეგნული მოქცევა მთლიანად თანხმობაში იყო შინაგან მადლიან, მოსიყვარულედ განწყობილ სულთან. ის ყველას სიკეთეს, სულიერ სარგებელს უსურვებდა, მაგრამ ყველას აძლევდა იმდენს, რამდენსაც ყოველი მათგანი იტევდა თავისი სულიერი განწყობით. ადამიანები, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ მისი სულიერი რჩევები, არამედ უნდა ენახათ ის, რასაც საქმის გამო, ყველა ერთხმად ამბობდა: „ძალიან ჭკვიანი კაცია!“ ბერს შეეძლო ნებისმიერ საკითხზე ესაუბრა და საუბარს ზუსტად იმდენ ხანს უთმობდა, რამდენსაც საქმე ითხოვდა და შემდეგ განეშორებოდა მოსულებს. ამ შემთხვევაში ის ძალიან მომთმენი და საოცრად თავაზიანი ადამიანი იყო. ის ცდილობდა ამ შემთხვევაში არ გამოეთქვა არაფერი იმ შინაგან მხარეებზე, რომელბიც ამ ხალხს ნაკლებად აინტერესებდა. მისი ერთგული ხალხისთვის კი მამაო სულ სხვანაირი გახლდათ. ის მუდამ კეთილი და ალერსიანი რჩე-ბოდა, მაგრამ ამ ურთიერთობებში ის დებდა ყველაზე გულწრფელ სულიერებას. აქაც, გააჩნია ვისთან, მას განსხვავებულობა ჰქონდა: დიდგვაროვნებთან ის ინარჩუნებდა უკიდურეს შესაბამისობას, უბრალოებთან კი უბრალო იყო და ხშირად უძახდა მათ, როგორც ზემოთ ვნახეთ, ბრიყვებს. ეს კი მის სულთან ახლოს მყოფ ადამიანებს არ სწყინდათ, არამედ ქებად მიიჩნევდნენ, ზოგჯერ კი თვალცრემლიანნი ხარობდნენ, რადგან მათი გული გრძნობდა, რომ ეს სიტყვები კეთილისმსურველ, მოსიყვარულე ბერის გულიდან ამოდიოდა.
მოიმუშაკა რა ღვთისგან წინასწარხედვის ნიჭი, ბერს არ ჰქონდა ჩვევად პირდაპირ და უხეშად ემხილებინა ვინმე ხალხის წინ, მაგრამ ისე ოსტატურად, გამოცდილად ამხელდა, რომ ეს მხილება, მიუხედავად ხალხის სიმრავლისა, მხოლოდ იმისთვის ხდებოდა გასაგები, ვისაც ეხებოდა. მრისხანედ კი არა, სიყვარულით შეეძლო მამაოს ადამიანები გამოსწორების გზაზე დაეყენებინა, ჩაუსახავდა მათ გულში რწმენას, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის და ღვთის შეწევნით შეიძლება მტრის დამარცხება. ბერმა ბოლომდე შეინარჩუნა თავისი ხასიათის ბუნებრივი სიცოცხლე, რომელიც მისი სიკეთისა და მზრუნველობის გამოხატულება იყო. როდესაც ადამიანები, ვინც მას იცნობდა, შედიოდნენ მამაოსთან თავიანთი განსაცდელებითა და უძლურებებით, მათ სულს უცბად თავისუფლება და შვება ეუფლებოდა. ყველაფერი როგორღაც გაირკვეოდა და ენითგამოუთქმელი ნუგეში იგრძნობოდა. არაფერი შეედრებოდა იმ ბედნიერებას, რომელსაც ბერის სულიერი შვილები გრძნობდნენ დიდი ხნის უნახაობის შემდგომ. ეს ერთი იმ წამთაგანია, რომლის აღწერაც შეუძლებელია, ის უნდა განიცადო.
გარეგნულად მამა ამბროსი კეთილსახიერი ბერი იყო, საშუალოზე ოდნავ უფრო მაღალი და სიბერისგან ოდნავ მოხრილი. ის ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი იყო, როგორც ამას გადმოგვცემენ ისინი, ვინც მას იცნობდა პირადად ახალგაზრდობაში. მას არც სიბერეში დაუკარგავს სიმშვენიერე სახეზე, მიუხედავად მისი სიგამხდრისა და ფერმკრთალობისა. თავი წინიდან ოდნავ მელოტი ჰქონდა, რომელიც მას არანაირად არ აუშნოებდა, პირიქით, თითქოს უხდებოდა. უკან მუქი ფერისა და ჭაღარა შერეული რამდენიმე მოკლე შრე ჰქონდა. შუბლზე ორი-სამი ნაოჭი, რომლებიც ზოგჯერ მთლიანად უსწორდებოდა: მუქი ღია თვალები, ცოცხალი, გამჭოლი, რომლებიც მეორე მხარეზე ხედავდნენ სულს: ტუჩები ჩვეულებრივი; წვერი საკმაოდ გრძელი, თხელი, ჭაღარა, ბოლოში გაორებული.
შეუძლებელია მამაოს წარმოდგენა მისი თანამონაწილე ღიმილის გარეშე, რითაც უცბად გამხიარულდებოდი და გათბებოდი. მას მზრუნველი გამოხედვა ჰქონდა, რომელიც გეუბნებოდა, რომ აი ახლა ის შენთვის რაიმეს მოიფიქრებს და გეტყვის რაიმეს ძალიან სასარგებლოს. ის გაგაცოცხლებდა ყველაფერში, მის მოძრაობებში, ანთებულ თვალებში, რომლითაც ის თქვენ გისმენთ და თქვენც კარგად გესმით, რომ ამ წუთში ის მთლიანად თქვენით ცოცხლობს, რომ თქვენ უფრო ახლო ხართ მასთან, ვიდრე საკუთარ თავთან.
მამაოს მხიარულების გამო მისი სახის გამომეტყველება მუდმივად იცვლებოდა: ხან ალერსით შეგხედავდა, ხან იცინოდა შენთან ერთად ახალგაზრდული სიცილით, ხან მხიარულად გითანაგრძნობდა, თუკი შენ კმაყოფილი იყავი, ხან ჩუმად დახრიდა თავს, თუკი შენ რაიმე სამწუხაროს ჰყვებოდი, ხან წუთიერად ჩაფიქრდებოდა განსასჯელად, როდესაც შენ გინდოდა, რომ მას ეთქვა, თუ როგორ მოქცეულიყავი რომელიმე კონკრეტულ საქმეში, ხან გადამწყვეტად აქნევდა თავს, როდესაც არ გირჩევდა რაიმეს გაკეთებას, ხან ჭკვიანურად და ძირფესვიანად, თან გიყურებდა, იგებდი თუ არა ყველაფერს, იწყებდა იმის ახსნას, როგორ უნდა მოგეწესრიგებინა ეს საქმე.
ზოგჯერ მამაოს სახეზე მწუხარება გამოიხატებოდა. მას უნდოდა შენთვის რაღაცის თქმა, მაგრამ არ უნდოდა იმის გაგებინება, რომ ეს იცის, და ცდილობდა, რომ შენ თვითონ გეკითხა მისთვის. მაგალითად, მამაომ გაკურთხა რაიმე საქმის დაწყებაზე და მას უნდა დაასახელოს ამ საქმისთვის სასარგებლო კაცი, რომლის შესახებაც შენ მისთვის არ გითქვამს, რომელიც მას არ უნახავს, არ მოუსმენია, მაგრამ მის შესახებ იცის წინასწარხედვის ნიჭით დაჯილდოებულმა. „როგორ, შენ მარტო ხომ ვერ შეძლებ, შენ გაგებული კაცი გჭირდება“. – „აჰ, დიახ, – იხსენებ შენ, – მე დამავიწყდა მეკითხა: მე მყავს მხედველობაში კაცი,“ თქვენ რამდენიმე სიტყვით განუმარტავთ ამ კაცის შესახებ. „აი, აი, – შეგაქებს სიხარულით მამაო, ჯერ კიდევ ბოლომდე მოუსმენლად, – ის, ის! შენ ამბობ, რომ ის მკვირცხლია, სწორედ ასეთი სჭირდება ამ საქმეს“. საუბრისას გამჭრიახად გიყურებენ მამაოს მეტყველი თვალები. შენ გრძნობ, რომ ეს თვალები ყველაფერს ხედავენ, რა არის შენში კარგი და ცუდი, და შენ გიხარია, რომ ეს ასეა, და რომ შენ არ შეიძლება გქონდეს მისთვის საიდუმლო რამე.
ზოგჯერ კი ეს კეთილი, მომფერებელი და სასიამოვნო სახე მამა ამბროსისა რაღაც განსაკუთრებულად იცვლიდა ფერს და მადლიან სინათლეს აფრქვევდა. ასე ხდებოდა უმეტესად ლოცვისას ან ლოცვის მერე, განსაკუთრებით დილის საათებში. ერთხელ ბერმა საღამოდანვე დაუნიშნა ცოლ-ქმარს, რომელთაც სერიოზული საქმე ჰქონდათ. მან დაიბარა ისინი დილას, როცა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღება დაწყებული. ისინი შევიდნენ მასთან სენაკში. ბერი იჯდა ლოგინზე თეთრ ანაფორაში გამოწყობილი და ქუდი ეხურა. ხელში სკვნილი ეჭირა. მისმა სახემ ფერი შეიცვალა; ის როგორღაც განსაკუთრებულად გაუნათდა და სენაკში ყველაფერმა სადღესასწაულო იერი მიიღო. მოსულები თრთოდნენ და ისინი ენითგამოუთქმელმა სიხარულმა შეიპყრო. მათ დიდხანს ხმა ვერ ამოიღეს და იდგნენ, გაშტერებულნი უჭვრეტდნენ ბერის სახეს. ირგვლივ სიწყნარე სუფევდა, მამაოც დუმდა. ისინი კურთხევის ასაღებად მივიდნენ. მან უსიტყვოდ გადასახა ჯვარი. მათ კიდევ ერთხელ შეხედეს ამ სურათს, რათა სამუდამოდ დამახსოვრებოდათ. ბერი გაბრწყინებული სახით იჯდა და ძილღვიძილში ჭვრეტდა. ისე გამოვიდნენ ისინი იქიდან, რომ სიტყვა არ უთქვამთ ბერისთვის.
მსგავსი მაგალითი. ჩვეულებრივ მოვიდა ბერთან დილის კანონების მერე მისი საქმის მწარმოებელი, ზემოთხსენებული სკიტის მღვდელ-მონაზონი მამა ბენედიქტე. ბერი კანონების მოსმენის მერე დაჯდა თავის ლოგინზე. მამა ბენდიქტე კურთხევის ასაღებად მივიდა და მისდა გასაოცრდ ხედავს, რომ ბერის სახე ანათებდა. მაგრამ როგორც კი მიიღო მან კურთხევა, მაშინვე ეს საოცარი ნათება გაქრა.
რამდენიმე ხნის მერე მამა ბენედიქტე ისევ მივიდა ბერთან, როდესაც ის უკვე სხვა სენაკში იმყოფებოდა და ხალხს ესაუბრებოდა და თავისი უბრალოებით ჰკითხა: „მამაო, რაიმე იხილეთ?“ ბერმა ერთი სიტყვაც არ უპასუხა, მხოლოდ ოდნავ ჩაარტყა მას თავში ხელით. ნიშნად ბერის განსაკუთრებული კურთხევისა!
კიდევ ზემოხსენებული იღუმენ მარკოზის მონათხრობი. „ბერის შამორდინოს სავანეში ყოფნისას, – წერს ის, – ერთ პერიოდში, ზუსტად ვნების შვიდეულში, მე ზიარებისთვის ვემზადებოდი. შევდივარ მის სენაკში აღსარების ჩასაბარებლად. ჩემდა გასაკვირად მის სახეზე შევნიშნე რომ რაღაცას ღრმად აკვირდებოდა, მას თვითონ ჭვრეტდა და კრძალულებით თრთოდა. მისი სახე დაფარული იყო სასიხარულო ფერით. ამის შემხედვარემ უკან გავიწიე და მხოლოდ გარკვეული დროის მერე მოვედი აზრზე, და შევედი ბერთან. როცა ეს ჩვენება მახსენდება, ახლაც გაკვირვება მეუფლება“.
შამორდინოს მონაზვნები კი ამბობენ, რომ მათ ხშირად უხდებოდათ ბერის არამიწიერი დიდებით განდიდებული სახის დანახვა.
ყველა ამ მონათხრობის, განსაკუთრებით კი ბოლო თავების გაცნობის შემდეგ მკითხველები აშკარად დაინახავენ, თუ რა სულიერი ნიჭით დააჯილდოვა უფალმა სულიერი ცხოვრების მოძღვრები (მასწავლებლები) და მამა ამბროსის ხელმძღვანელები, მღვდელმონაზვნები ლევი და მაკარი. იმავე ნიჭებით იყო სავსე ბერი ამბროსიც, განსაკუთრებით წინასწარხედვის, კურნების და მაღალი სულიერი განსჯის ნიჭით. ოპტინელი ბერების ზნეობრივი სახე ერთია და განუყოფელი, შეუპოვარი და მსგავსი (ისინი დაკრძალულნიც გვერდიგვერდ არიან, ერთად). როგორც ჩვენ გვწამს, ისინი წარდგნენ უფლის საკურთხეველთან, ლოცულობენ თავიანთ სულიერ შვილებზე და მთელ მსოფლიოზე.