I თავი
მღვდელ-მონაზონ ამბროსის მიერ
რამდენიმე პირის სულიერი მესაჭეობა
(სამი მოთხრობა)

მამა ამბროსის ცხოვრების აღწერის პირველ ნაწილში, როგორც ეს აღნიშნული იყო წინასიტყვაობაში, გვინდოდა გვეჩვენებინა, თუ როგორი იყო ეს ბერი, როგორ და რა სულიერ სიმაღეს მიაღწია მან. მეორე ნაწილში კი, სურვილი გვაქვს, შეძლებისდაგვარად, წინასწართხრობით გამოვხატოთ მისი სულიერი მესაჭეობა იმ პირების მიმართ, რომლებიც სრულიად მიენდნენ და დაემორჩილნენ მას. თუმცა მრავალი მაგალითი იყო წარმოდგენილი მისი წინასწარხედვის და ლოცვითი შემწეობისა როგორც სულიერი, ისე ხორციელი საჭიროების ჟამს, მაგრამ ეს მხოლოდ კერძო შემთხვევები გახლდათ. ახლა კი წარმოგიდგენთ მაგალითებს, თუ როგორ ხელ-მძღვანელობდა და განაგებდა ბერი მისი ერთგული ადამიანების ცხოვრებას; რა გულმოდგინებით უღრმავდებოდა მათს ყველა სულიერ საჭიროებას, უყურადღებოდ არ ტოვებდა ძველ ბრძნულ ანდაზას: „ერთგროშიანი სანთლით მოსკოვი გადაიწვაო“. ამით აგრძნობინებდა, რომ ნებისმიერი დიდი სიკეთე და ბოროტება მუდამ მცირედით, თითქმის შეუმჩნევლით იწყება. აქვე წარმოგიდგენთ, თუ როგორ მამობრივ სიყვარულსა და მოწყალებას გამოიჩენდა ხოლმე მორჩილთან; ზოგჯერ მკაცრი და შეუბრალებელი იყო. ასე რომ, ვინც მასთან გულწრფელი იყო, მამასავით უყვარდა ის, მაგრამ ამავ-დროულად ღრმა პატივისცემითა და შიშით იყო მისდამი გამსჭვალული. ისე მოწყალედ ამხელდა მათ ხალხში, რომ ვერავინ მიხვდებოდა მხილებელის გარდა. ზოგჯერ მჭვრეტელობის წყალობით დავიწყებულ ცოდვებსაც კი ახსენებდა აღსარებისას. კურნავდა მათ ხორციელ (სხეულებრივ) სნეულებებს. წინასწარ ამცნობდა მოსალოდნელ ხიფათს და ღრმა ლოცვით აარიდებდა ხოლმე და სხვ. ყოველივე ამის გადმოცემაში ჩვენ დაგვეხმარება ზეპირი გადმოცემები იმ ბერების, მონაზვნებისა და საერო ადამიანისა, ვინც გულწრფელად ურთიერთობდა მამა ამბროსისთან. სწორედ მათ მონათხრობს წარმოგიდგენთ და დავამატებთ, რომ მათი რიცხვი მხოლოდ ექვსია, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ ნათლად დავანახოთ მკითხველს ის ბერული გზა და სულიერი მესაჭეობა, რომელიც შემოიღო ოპტინის მონასტერში ბერმა ლეონიდემ და შემდეგ ამ გზით მიჰყავდა სულიერი შვილები მამა ამბროსის. უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთები ათასობით ჰყავდა.

1) ოპტინელი მღვდელ-მონაზონი მელქისედეკის ჩანაწერი.
„ოპტინის მონასტერში 1860 წლის სექტემბერში ჩამოვედი. ჩემს ჩამოსვლამდე გარდაიცვალა ბერი მაკარი, რომელიც სკიტში ცხოვრობდა. დავესწარი მის დასაფლავებას. სავანეში მოსვლის დღიდან ჩემი მოძღვარი მამა ამბროსი იყო. მხოლოდ სიკვდილამდე ხუთი წლით ადრე მან სხვა მოძღვარს – მამა ანატოლის ჩააბარა ჩემი თავი, რომელიც სკიტის უფროსი გახლდათ. მამა ამბროსი კი ჩემს მეუფროსე ბერად რჩებოდა.

სავანეში მოხვედრიდან ექვსი თვის მერე ბოროტი ძალის ზემოქმედებით დამეწყო მღელვარება და ჩავიფიქრე მონასტრიდან წასვლა. მივედი მამა ამბროსისთან და ავუხსენი ჩემი მღელვარება. მან მიპასუხა: „საჭიროა ამბა დოროთეს წიგნის წაკითხვა და ისე უნდა იცოდე ის, როგორც ჯარისკაცმა იცის სამხედრო წესების მუხლები. ამის გარეშე სულიერ ცხოვრებაში სიმტკიცე არ არსებობს და მონოზონს არ შეუძლია სწორად ცხოვრება. თუკი მონასტრიდან წახვალ და მერე ისევ დაბრუნდები, შენი ფასი იქნება ერთი გროში“. ამის შემდეგ მოვუხშირე მამაოსთან სიარულს ჩემი აზრების ასახსნელად და მისი სიტყვებით ვიმოძღვრებოდი. ორი-სამი თვე ისევ გრძელდებოდა ჩემში მღელვარება და შემდეგ საბოლოოდ გაქრა.

ერთხელაც როგორღაც მითხრა: „ბერის დახმარების გარეშე მონასტერში ვერ იცხოვრებ. შენ ჩემზე ესაუბრებოდი სხვებს. რაც არ უნდა გითხრა, სხვებს ნუ ეტყვი. თუკი შენებურად მოიქცევი, მაშინ ჩემთან არ მოხვიდე“. ოპტინაში ახალმოსულმა ერთხელ ვუთხარი ბერს, რომ ამ სავანეში გვიან ხდებოდა აღკვეცა. ამაზე მან ასე მიპასუხა: „სულიერზე უნდა იზრუნო, გარეგნულზე არ უნდა იდარდო“.

პირველ წელს ჩემი მორჩილება სკიტის ბიბლიოთეკაში წიგნების დალაგება იყო, რაშიც მე ვეხმარებოდი მამაოს. მე იქ ერთი წიგნი ავიღე, მაგრამ მამაომ გამომგლიჯა ის ხელიდან და მითხრა, რომ ბერის კურთხევის გარეშე არ შეიძლება წიგნის წაკითხვა. მეც მივედი ბერთან და მოვუყევი ჩემი განსაცდელი. მან მიპასუხა: „თუ შენ მიერ აღებული წიგნის წაკითხვაზე უარი გითხრა მამაომ, მაშინ არაა საჭირო მისი წაკითხვა. იკითხე წმინდა მამების შემოქმედება“.

მამაო ძმების საკუთარ სენაკში აუცილებლობის გარეშე მიღებას მიკრძალავდა. მე ვკითხე, თუ რა უნდა მეპასუხა ძმებისთვის, როცა ისინი ჩემი ამ უჩვეულო მოქცევით შეძრწუნდებოდნენ. ბერმა მითხრა: „ასეთებს უპასუხე, რომ მამა არქიმანდრიტმა არ დამრთო-თქო სენაკებში სიარულის ნება“.

მონასტერში მოსვლიდან თორმეტი წლის მერე მივიღე მამაჩემის, პენზის გუბერნიის სოფელ ლეშჩანოვის მღვდლის წერილი, რომ ის სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა. მეც მოვემზადე სამშობლოში წასასვლელად. მივედი ბერთან და ავუხენი ჩემი განზრახვა, მან კი მიპასუხა: „წმინდა წერილში წერია: აცალე მკვდრებს მკვდრების დამარხვა, – არ წახვიდე“. მეც დავრჩი.

ვეკითხები ბერს: ზოგჯერ ძალიან სევდიანი ვარ და რისი ბრალია? ის მპასუხობს: “რა უნდა ქნა? არ უვლი თავს. გარეგნული ცხოვრების წესი გაქვს მოუწესრიგებელი“.
და კიდევ: „რატომაა მამაო, რომ მშვიდად არ ვარ?“ ბერმა ამის მიზეზად ჩემი განვლილი ცხოვრება ჩათვალა.
ერთხელაც ვეკითხები: „კლირში დგომისას მეშინია, რატომ?“ ბერმა მიპასუხა: „ამპარტავნების გამო“.
კიდევ ვეუბნები: „ცისკარზე ადგომა მიჭირს, რა ვქნა?“ ბერი მპასუხობს: „მოშურნეობისა და ღვთის შიშის უკმარისობამ სიმძიმე იცის. თუ არ ივლი, შეგრცხვება და ცოდვაშიც ჩავარდები. თუ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებ საეკლესიო მსახურებაზე ყოფნას, ამის თაობაზე მე უნდა მითხრა“.

ჩაის სმას პურთან ერთად არ აკურთხებდა. მირჩევდა, მუდამ სატრაპეზოში მევლო. ვეუბნებოდი მას: „მამაო! დილას ჭამა მინდა, რა ვქნა?“ მამაო მპასუხობდა: „დაცემული ბუნება ითხოვს. მიატოვე ეს. ჩაის დალევა შეიძლება, მხოლოდ უპუროდ. სამ ფინჯანზე მეტი არა, ოთხი მხოლოდ ავადმყოფობისას“. ერთხელ ხუთი ფინჯანი ჩაი დავლიე. ავუხსენი მას. ბერმა გაბრაზებულად მითხრა: „თავი არ დაივიწყო“.

ვეუბნები მას, რომ ზოგჯერ არ ვასრულებ ხუთასეულს. „ბერი მპასუხობს: „როცა სიკვდილი მოგიახლოვდება, ამას მწარედ ინანებ, მაგრამ გვიან იქნება.“ ვეუბნები, რომ ამასთან ერთად დიდი მეტანიების კეთებაც მიჭირს. ბერი მპასუხობს: ვერ ასრულებ დიდ მეტანიებს, გააკეთე მცირე. ესეც თუ არ შეგიძლია ტუჩებით იესოს ლოცვა თქვი. წმინდა წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: „პირითა ჩემითა ვაქებდე (ვადიდებდე) მას“. უძლურებისას ეს დაშვებულია.

ამბობდა: „ღვთის წინაშე მხოლოდ თავის თავზე აგებს ყველა პასუხს“.

2) შამორდინოს სქემმონაზონ პარასკევას მონათხრობი.
„ჩემს მონაზვნობას ტულის გუბერნიის ბელევოს დედათა მონასტერში ჩაეყარა საფუძველი, სადაც 1854 წელს 15 წლის ასაკში მოვედი. აქ ვცხოვრობდი 17 წლის განმავლობაში და ვიყავი სრულიად ჯანმრთელი. მორჩილებას კლირში გავდიოდი. პირველი ექვსი წელი ოპტინელი ბერი მამა მაკარი გახლდათ ჩემი მოძღვარი. 1860 წელს, შემოდგომაზე ჩამოვიდა ის უკანასკნელად ჩვენს მონასტერში, რადგან ყველა ჩვენგანი მისი სულიერი შვილი იყო, მათ შორის მეც. შემოვიდა ის ჩემს სენაკში. ყავარჯენი გვერდზე გადადო, წამოწვა ჩემს ლოგინზე და მეუბნება: „შენ ავად გახდები და დიდხანს მოგიწევს წოლა“. მე ავტირდი და ვუთხარი: „მამაო! ვის უტოვებთ ჩემს თავს? ვისთან მტოვებთ?“ მამა მაკარიმ მიპასუხა: „ნუ განიცდი. ჩემს მერე ასეთივე ბერი გეყოლება მოძღვრად, უკეთესიც კი, ვიდრე მე“. ჩვენგან წასვლის მერე სამ კვირაში მოვიდა ცნობა მის გარდაცვალებაზე (1860 წ. 7 სექტემბერი). მამა მაკარის გარდაცვალების მერე ჩემი მოძღვარი გახდა მამა ამბროსი.

ახლა კი მოგითხრობთ იმის თაობაზე, თუ რატომ ზრუნავდა მამა ამბროსი განსაკუთრებულად ჩემზე და მიფარავდა მე უღირსს. დედა 14 წლის ასაკში გარდამეცვალა. ის ღვთისმოსავი ქალი იყო, განსაკუთრებით ქველმოქმედებდა უქონლების მიმართ და უხვ მოწყალებას გასცემდა მათთვის. ჩვენ დიდი ფულადი სახსრები გვქონდა. დედაჩემიც ღვთის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ იყენებდა მათ. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ წმინდა აღდგომის პირველ დღეს მოკვდებოდა. დედამ ამ უწყების შესახებ ყველას გამოგვიცხადა და ვნების შვიდეულიდან დაიწყო მზადება მარადისობაში გადასასვლელად, მიუხედავად იმისა, რომ ის სრულიად ჯანმრთელი გახლდათ. არავის სჯეროდა, რომ მისი ჯანმრთელობის პატრონი, მალე გარდაიცვლებოდა. დიდ შაბათს ეზიარა. დადგა 1853 წლის აღდგომის დღეც. წირვიდან მოსულებმა გავიხსნილეთ. დედამ არ გაიხსნილა და ხატების წინა კუთხესთან მიწვა. ჩვენ, ბავშვები და ნათესავები, შევიკრიბეთ მის ირგვლივ. მან ბრძანა ყველას სამ-სამი მეტანია გაგვეკეთებინა მისი სულის საოხად, გამოგვემშვიდობა და მხიარული სახით, მშვიდად და უმტკივნეულოდ შეჰვედრა თავისი სული ღმერთს. ასეთი გახლდათ მისი ნეტარი აღსასრული. მრავალი ღატაკი მოჰყვებოდა მის ცხედარს ეკლესიამდე და შემდეგ სასაფლაომდე. როცა მე პირველად მოვედი მამა ამბროსისთან, შევნიშნე, რომ ბერი სკიტიდან გამოსული იდგა კუთხის კოშკთან (რომელიც მინაშენის მარჯვნივაა) და ვიღაცას ელაპარაკებოდა, თუმცა მის გვერდით არავინ იდგა. სკიტის კარებთან მას ხალხი ელოდა. ბოლოს მამაო შევიდა მინაშენში. მეც ველოდებოდი მას, რადგან გამგზავრებაზე კურთხევა უნდა ამეღო. მაშინ ბერი ჯერ კიდევ არ მიცნობდა. უცბად გამოდის ჭიშკრიდან მისი მომსახურე და კითხულობს: „სად არის ბელევოს მონაზონი ასეთი და ასეთი?“, და ჩემი სახელი წარმოთქვა. მეც მივედი მასთან და მან შემიყვანა მინაშენში. მამაომ დამლოცა და მითხრა, რომ მას გამოეცხადა აწ განსვენებული დედაჩემი (ეს დღის ორ საათზე მოხდა) და მას ელაპარაკებოდა კოშკთან. ამასთან ერთად მითხრა თუ როგორ გამოიყურებოდა დედაჩემი და რა ემოსა მას (რაშიც დავმარხეთ). მითხრა მისი სახელი – „ხიონია’, და ისიც, რომ დედამ სთხოვა ვყოლოდი მისი მფარველობის ქვეშ. მე გავოცდი და ვმადლობდი ღმერთს. ამის შემდეგ მამა ამბროსი მის ნეტარ სიკვდილამდე, 1891 წლის ოქტომბრამდე, მუდამ მფარველობდა.

მას შემდეგ, რაც მამა მაკარიმ ავადმყოფობა მიწინასწარმეტყველა, თერთმეტი წელი ჯანმრთელად ვცხოვრობდი. ერთხელაც მონასტრიდან საპყრობილეში მოწყალების მისატანად გავემგზავრე. აღმართზე ასვლისას სისუსტე ვიგრძენი და დავეცი. ამის შემდეგ სამი წლის განმავლობაში ძლივს დავდიოდი. სამი წლის მერე, დიდ მარხვაში, უცბად წამერთვა არა მარტო ფეხები, არამედ ხელებიც. 1882 წლამდე, რვა წლის განმავლობაში ვერ ვამოძრავებდი ხელ-ფეხს.

ერთხელაც მამა ამბროსი მიგზავნის წერილს და კურთხევას მაძლევს ჩავიდე ოპტინაში. ეს 1882 წელს მოხდა. დებმა ჩამიყვანეს ოპტინაში და მიმიტანეს ხელით მამაოსთან. მომტირალი რომ მნახა, მითხრა: „რაზე ტირიხარ? იმიტომ ხომ არა, რომ ღმერთმა ამ ავადმყოფობით მოგინახულა?“ ვუპასუხე: „იმიტომ ვტირივარ, რომ ხელ-ფეხი არ მემორჩილება, – ვერც ვჭამ, ვერც ვსვამ“. მამაო მეუბნება: „სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე, უფალი არ მიგატოვებს. შენ დიდხანს მოგიწევს ავადმყოფობა (ლოგინად ჩავარდნა).“ ამავდროულად დამიწყო ორივე ხელის დაზელვა მტევნიდან დაწყებული მხრების ჩათვლით, რასაც ორიოდე საათის განმავლობაში აგრძელებდა. შეხედა მამაომ საათს და თქვა: „ახლა უკვე ოთხი საათია, წაიყვანეთ ის სასტუმროში“. სასტუმროში რომ მიმიყვანეს და ჩაიდანი დადგეს, მე უცბად თავისუფლად ავიღე ჩაის კოვზი, რაც თვითონ გამიკვირდა. მეორე დღეს ზიარების მერე ისევ ვიყავი მამაოსთან. მან მომილოცა წმინდა ზიარების მიღება და ისევ ორი საათის განმავლობაში მიზელავდა ხელებს, მაგრამ უცბად მიატოვა და თქვა: „შენ ექიმები კი არა ღვთის ღირსნიც ვერ მოგარჩენენ. შენ ღვთისგან გაქვს დანიშნული ავადმყოფობა, მაგრამ ხელებს დაიმორჩილებ“. ამის შემდეგ დამლოცა და გამიშვა. იმავე დღეს, მამაოსგან წასვლისთანავე, ორივე ხელი ამიმოქმედდა. ფეხების ტკივილი კი დამრჩა და გრძელდება დღემდე. ვერ დავდივარ. ამის შემდეგ დავბრუნდი ბელევოში და დავყავი იქ ორი წელი. უნდა აღვნიშნო, რომ ბელევოს მონასტერში მთელი ავადმყოფობის განმავლობაში დიდი განსაცდელები მქონდა. მხოლოდ ღვთის წყალობა, მამა ამბროსის ლოცვები და აწ განსვენებული იღუმენია პავლინას, რომელიც სულიერი ადამიანი გახლდათ, კარგი დამოკიდებულება მიფარავდა უხილავი ბოროტი მტრისაგან. ის მონაზვნებიც, ვისაც სულიერი გონება გააჩნდათ, კარგად მეპყრობოდნენ. მამაომ იცოდა ჩემი განსაცდელების შესახებ და მოთმინებას მირჩევდა. მე მას ვეუბნებოდი, რომ ზოგიერთები საცდურად აღმიქვამდნენ. ის კი მირჩევდა არ მიმექცია ყურადღება და ყოველივე მომეთმინა. განსაცდელების ჟამს მამაოს წმინდა ლოცვებით უფალი მანუგე-შებდა, რაზეც მე ხელად ვამცნობდი მას, რათა მტრის მიერ არ მოვტყუებულიყავი. სხვანაირად დიდ განსაცდელებს ვერ გადავიტანდი და სასოწარკვეთილებაში ჩავვარდებოდი. უფალმა შემინახა. შემდეგ მეორეჯერ მოვიდა მამა ამბროსის წერილი. ის ისევ მეპატიჟებოდა ოპტინაში. ჩავედი. ძალიან თბილად მიმიღო და შემთავაზა ჩავსახლებულიყავი ახალმოწყობილ შამორდინოს სავანეში. 1884 წელს გადავედი კიდეც. ცამეტი წელია აქ ვცხოვრობ. აქ მამაომ შესანიშნავი სენაკი ამიშენა, სადაც დღემდე ვიმყოფები, ვადიდებ უფალს და ვლოცულობ ნეტარი მამა ამბროსის სულის საცხონებლად.

ახლა კი ერთ შესანიშნავ შემთხვევაზე მოგითხრობთ, რომელმაც თვითონ ბერიც კი გააოცა. ერთხელაც ვწევარ სენაკში, ამ დროს უკვე ფეხები არ მემორჩილებოდა. დღის ორი საათი იქნებოდა და სენაკში სრული სინათლე სუფევდა. ნათლად ვხედავ, რომ შემოდის სიკვდილი (როგორც ეს აღწერილია ღირსი თეოდორეს ხილვაში) ადამიანის ჩონჩხის სახით. ჩამოკიდებულია მასზე ხერხები, ჩაქუჩები და სხვა იარაღები, მხარზე კი ცული აქვს გადადებული. მომიახლოვდა და ხერხემალზე ჩაქუჩი ჩამარტყა. ვგრძნობ რომ ზურგი გამიბრუა. ამ დროს გაისმა: „დაანებე ამას თავი! მან ჯერ კიდევ უნდა იცხოვროს მიწაზე“. სიკვდილმა ისევ მოიქნია ხელი, რათა მეორედ დაერტყა. მაშინვე გაისმა უხილავი ხმა, და აუკრძალა ჩემი შეხება. სიკვდილმა მესამედ მომიქნია ხელი. ისევ ისმის ხმა: „დაანებე თავი! მან უნდა იცოცხლოს, ის ჯერ არაა მზად. მიდი მონაზონ გლაფირესთან, ის მზადაა გადავიდეს მარადისობაში“. ამის შემდეგ სიკვდილი გაქრა. მახსოვს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ფხიზლად ვიყავი და დღემდე ჩემს მეხსიერებაში დარჩა ყველა დეტალი სიკვდილის მოსვლისა და ისიც, თუ როგორ გადავურჩი მას. შემოვიდა სენაკში დედა აგრაფინა და მეც მოვუყევი მას ყველაფერი, რაც მოხდა. მეორე დღეს, წირვის მერე, დედა აგრაფინა გაემგზავრა მონასტრის საავადმყოფოში მონაზონ გლაფირეს მოსანახულებლად, რომელიც გარდაცვლილი დახვდა. ის დილის 4 საათზე გარდაცვლილა და უკვე გაპატიოსნებული და კუბოში ჩასვენებული დაახვედრეს. შამორდინოში ყოფნისას მამა ამბროსი ხშირად მახსენებდა სიკვდილის ამ საკვირველ მოსვლას.

3) კურსკის გუბერნიის ბორისოვის დედათა მონასტრის სქემმონაზონ დედა ლეონიდას მონათხრობი.
„ბორისოვის დედათა მონასტერში ცხრა წლის ცხოვრების მერე ერთ მოხერხებულ მონაზონთან, სქემმონაზონ ლავრენტიასთან ერთად, გავემგზავრე ოპტინის მონასტერში. ეს იყო 1857 წელს და ბერი მაკარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მან დამმოძღვრა, დამლოცა და მითხრა, რომ ღირსი აბბა დოროთეს წიგნი მეკითხა. შემდეგ დაამატა, რომ გამოაგზავნიდა ჩემთან მამა ამბროსის და აბბა დოროთეს წიგნს გამოატანდა. მალე მოვიდა მამა ამბროსი ჩემთან სასტუმროში. დედა ლავრენტია ნათესავებთან იმყოფებოდა და მე მარტო გახლდით. მამა ამბროსიმ პირველივე შეხვედრისთანავე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მისი საუბარი მონაზვნობის შესახებ განსაკუთრებულად მზრუნველობითი იყო ჩემთვის. ის ჩემთან თითქმის მთელი კვირა დადიოდა და მმოძღვრავდა თავისი სიტყვებით. მან თითქოს ხელახლა მშვა სულიერი ცხოვრებისთვის. სხვათა შორის, მითხრა, რომ მონასტერში დაბრუნების შემდეგ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება, არა მარტო სულიერად, არამედ მატერიალურადაც, რაც ნამდვილად ახდა. ამის შემდეგ არ შემიწყვეტია მიმოწერა მამა ამბროსისთან. მამა მაკარიმ ბორისოვის მონასტრის დედებს შორის პირველად მე მაკურთხა, მამა ამბროსის სულიერი მესაჭეობის ქვეშ ვყოფილიყავი. შემდგომში, განსაკუთრებით მამა მაკარის სიკვდილის შემდეგ, სხვა დედებიც მამა ამბროსის სულიერი შვილები გახდნენ. ყველა სერიოზულ საქმეზე მამა ამბროსის მივმართავდი რჩევისათვის. ჩვენი მიმოწერა არ შეწყევტილა 1891 წლამდე, ბერის სიკვდილამდე. რამდენჯერმე ვიყავი მასთან და მუდამ დიდ სულიერ სარგებელს ვიღებდი მისი ბრძნული საუბრებიდან. მალე შემეყარა რაღაც ამოუცნობი ნერვული დაავადება და 21 წლის განმავლობაში ვიწექი სენაკიდან გამოუს-ვლელად. მამა ამბროსიმ ეს დაავადებაც მიწინასწარმეტყველა. 21 წლის მერე განვიკურნე ამ ავადმყოფობისაგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, „კაზელშჩანსკად“ წოდებულის, წყალობით. მახსოვს, კაზელშჩინაში ჩამოსვლის და ტაძარში შესვლისთანავე დამადეს ეს წმინდა ხატი და მაშინვე ვიგრძენი ფეხებში სიმყარე, იმდენად, რომ დახმარების გარეშე თვითონ მივედი სასტუმრომდე. მონასტერში დაბრუნებულს სიხარულით დამხვდნენ დები და დედა იღუმენია. მალე მტრის ბოროტების შედეგად დიდი განსაცდელი მეწვია. ერთმა მონაზონმა დამიწყო ყოველნაირად შევიწროება. მივწერე მამა ამბროსის, მაგრამ ბერმა მოთმინება მიბრძანა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელი. აქ მოხსენიებული მონაზონი განსაკუთრებით მამა ამბროსის წინააღმდეგი იყო. ყოველნაირად ამცირებდა მას დედებთან, მაგრამ მამაო ისეთივე გულმოწყალე და მოსიყვარულე რჩებოდა სიკვდილის შემდეგ, როგორიც სიცოცხლეში იყო. მამაოს სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ მონაზონს შეეყარა ყელის საშინელი სენი. ექიმებმა სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ აი მას მამა ამბროსი გამოეცხადა ძილში და განკურნა. მონაზონმა ყველას უთხრა ეს ამბავი და დაამატა, რომ ჩემი განაწყენებისათვის კვერთხით ემუქრებოდა. ამ შემთხვევის შემდეგ მონაზონი განიმსჭვალა მამა ამბროსის პატივისცემით. მახსოვს, როცა ვიწექი ზემოხსენებული ხანგრძლივი სნეულებით, სიზმარში გამომეცხადა მამა ამბროსი და მითხრა: „გამაგრდი, შვილო!“ მე ვიფიქრე, რომ მაფრთხილებდა რომელიღაც დიდი განსაცდელის გამო. რაც სინამდვილეში გამართლდა. მამაოს ლოცვებმა ამარიდა ეს განსაცდელი. ის მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.“

ოპტინაში ბერ ამბროსისთან უკანასკნელად ყოფნის და ბორისოვის მონასტერში დაბრუნების შემდეგ დედა ლეონიდა ავად გახდა. ის წერდა სკიტში თავის ღვიძლ ძმას, მღვდელ-მონაზონ იოსებს, ახლანდელ სკიტის მმართველს, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო ჩიოდა და წუწუნებდა ბერთან. მან კი უთხრა: „ჩვენ ავადმყოფობაში ვერ გავხდით 38 წლის, მსგავსად სახარებისეული დავრდომილისა“. აღსანიშნავია, რომ სქემმონაზონი ლეონიდა 38 წლის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

II თავი
ოპტინელი ბერი ამბროსის სიტყვები
(ჩანაწერები)

1879 წლის 20 აგვისტო. ჩემი პირველი შეხვედრა მამა ამბროსისთან დაიწყო მისი მისასალმებელი სიტყვებით: „მკვდრეთით აღდგომილო, მოდი, მოდი!“ შემდეგ იგავი მომითხრო ყვავილზე (ჟასმინზე), თუ როგორ უვლიდა მას ერთი ბერი. ნოემბერში მთლიანად გასხლავს და დადგამს ბნელ კუთხეში. შედეგ ეს მცენარე მთლიანად დაიფარება ფოთლებით და ყვავილებით. იგივე ხდება ადამიანებთანაც: ჯერ უნდა დადგე სიბნელეში და სიცივეში, რომ ნაყოფი გამოიღო. საღამოს დამიბარა და მითხრა, აღსარება დამეწერა ექვსი წლის ასაკიდან. ვერ გადმოგცემთ როგორ დამაღონა ამან. ძალიან უსიამოვნო ასახსნელი იყო ეს ჩემთვის და რაღაც უსიამოვნო სიმძიმემ და გაღიზიანებამ მომიცვა.

23 აგვისტო. ამ დღეს, მადლობა ღმერთს, ჩავაბარე აღსარება მამა ამბროსის. სიმძიმე მომეხსნა. კარგად და მხიარულად ვიგრძენი თავი. მან ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვის დაცვა დამავალა. კარგად ამიხსნა, თუ რას წარმოადგენს მარხვა. მე ვუთხარი: – „სულ ერთი არაა უფლისთვის, რას შეჭამ?“ მან მიპასუხა: „საჭმელს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ მცენარეს. ადამი სამოთხიდან ღორმუცელობის გამო კი არ გამოაძევა ღმერთმა. არამედ აკრძალულის მიღების გამო. ახლაც სამშაბათს და ხუთშაბათს შეგვიძლია ვჭამოთ რაც გვინდა და არ ვისჯებით, ხოლო ოთხშაბათისა და პარასკევის გამო ვისჯებით. ეს იმიტომ, რომ მცნებას არ ვემორჩილებით. მთავარი კი ისაა, რომ მორჩილებით ჩვეულებას გამოვიმუშავებთ.“ „შენი გზა, – მითხრა ბერმა, – მწირობაა. მწირო! გიყვარს ღმერთი? ის კი რას აკეთებდა? მწირობდა. შენც იყავი მწირი მასთან ერთად“. მე ვუთხარი მას ჩემი მცირედი ფულადი სახსრების შესახებ, მან კი დაამატა: „მწირობისთვის გეყოფა. ასეთი ცხოვრებით სიმდაბლე მოიმუშაკება. ერთნაირი პატივისცემით შეხედავ ყველას მაღლებსაც და დაბლებსაც“. მე შევწუხდი და ვთქვი, რომ მწირობისას ძნელია მარხვის შენახვა. ყველგან ხომ არ ამზადებენ სამარხო საკვებს. ამის საპასუხოდ მან მითხრა: „სთხოვე რომ შენთვის ფაფა მოხარშონ და საკმარისია. თუ არ მოინდომეს, არ დარჩე იქ, რათა ღვთის მცნება არ დაარღვიო“.

25 აგვისტო. მამა ამბროსის ყურამდე მივიდა ჩემი ღარიბი ნათესავების ამბავი, რომლებიც შეჩვეულნი არიან ჩემგან დახმარების მიღებას. მან კი მითხრა: „შენ რომ არაფერი გქონდეს მისაცემი, ასეც უთხარი – არა მაქვს“. მე შევნიშნე, რომ მინდა მეტი მქონდეს, რათა დავარიგო, მან კი ამოიძახა: „ოჰ, სიამაყევ! აი, თურმე სად ყოფილა. იცი რა ძნელად შედის მდიდარი სასუფეველში?!“

როდესაც მე ვუამბე ექვსი წლიდან მოყოლებული ცოდვები, მან წამიკითხა შენდობის ლოცვა, თუმცა შენიშნა, რომ „საჭიროა ცოდვებზე აქვე მიწაზე ვაგოთ პასუხი და დავისაჯოთ“. ამას დაამატა: „ბევრნი ამბობენ – რა საჭიროა სასჯელი? უფალი მოწყალეა. მან მონანულ ავაზაკსაც აპატია და მაშინვე შეიყვანა სამოთხეში. წმინდანები კი სხვაგვარად განმარტავენ: ავაზაკი უკვე ისჯებოდა. ის ჯვარზე ეკიდა და წვივებიც კი გადაუტეხეს. ესე იგი, სიკვდილი მისი მოწამეობრივი იყო. აი, როგორ დაისაჯა ის ცოდვების გამო. ასევე შენც დაგსჯი ეპიტიმიით და ყოველდღიურად თორმეტი მეტანია გააკეთე მთელი წლის განმავლობაში, მთელი შენი წარსული ცხოვრების გამო, რათა იქ, მომავალ ცხოვრებაში, მეტად არ დაისაჯო“.

მამაოს ვთხოვე, რომ მინდა გავზარდო გოგონა. მან კი მიპასუხა: „არც იფიქრო, არაა საჭირო, მხოლოდ გიყვარდეს ის და დადებითი ზემოქმედება მოახდინე მასზე“. მომითხრო ერთი მონაზონის ამბავი, რომელმაც გაზარდა ობლები და ისე მიეჯაჭვა მათ, რომ საკუთარ გადარჩენაზე უკვე ნაკლებად ზრუნავდა. „უნდა გიყვარდეს, – ამბობდა ბერი, – მაგრამ ვნებითად არ უნდა მიეჯაჭვო. მცნება გვავალდებულებს პატივი მივაგოთ მშობლებს და ამისთვის ჯილდოსაც გვიწესებს. მაგრამ იგივე ღმერთი ამბობს, რომ თუკი შენ მასზე უფრო მამა, დედა ან ვინმე გიყვარს, მაშინ მისი მოწაფეობის ღირსი არა ხარ. ესე იგი, სიყვარული კი არა, მიჩვევაა დაუშვებელი“.

1880 წლის 20 მაისი. ერთხელ მარტო მივედი ოპტინის მონასტერში და 21 რიცხვში მივაშურე სკიტს მამა ამბროსის სანახავად. მან რომ დამინახა, ამოიძახა: „ა! საფრანგეთიდან! როგორაა იქ საქმე?“ – „ცუდად,“ – ვუპასუხე მე. შემდეგ შემიყვანა სენაკში და როცა ცხოვრებაზე ჩივილი დავიწყე, ბრძანა ჩაეკეტათ კარი. სხვათა შორის კი მითხრა: „შენ დიდი მოწყალება და მოთმინება გაქვს. არა უშავს, ყველაფერი ჩაივლის“.

26 მაისი. ამ დღეს მამაომ ისევ მიმიღო. მე მას განრისხებასა და სხვების განკითხვაზე ვესაუბრებოდი. „თავმდაბლობაა საჭირო, – თქვა მან, – განრისხება და განკითხვა სიამაყიდანაა გამომდინარე.“ ბეჭდების ჯაჭვი დახატა და მიმითითა, რომ ცოდვები ამ ჯაჭვს ჰგავს, ერთმანეთს უკავშირდებიან და ერთი მეორისაგან გამომდინა-რეობენ. ვაუწყე მამაოს, რომ მინდოდა დამოუკიდებლად, განმარტოებით ცხოვრება. მან მიპასუხა: „როცა ლოთი სოდომში ცხოვრობდა, წმინდა იყო. ხოლო, როცა განმარტოვდა, დაეცა. განკითხვა არაა საჭირო, რადგან სხვის სულს არ იცნობ. საკუთარ თავს უფრო შეხედე. წმინდა წიგნებს რომ წაიკითხავ, შენი თავი გამოასწორე, შენზე გამოიყენე და არა სხვაზე, თორემ ბევრი გეცოდინება, მაგრამ სხვებზე უარესი იქნები“. შემაწუხებელი მაგალითი მომიყვანა: „მოციქული იუდა კი მუდამ მასწავლებელ უფალთან იყო და ბოლოს გასცა ის“. კიდევ რამდენიმე მაგალითს მიყვებოდა თანამედ-როვე ადამიანების ცხოვრებიდან. რომელიღაც გრაფ ტოლსტოიზე, რომელიც პირდაპირი და მართალი კაცი იყო. „ის გარდაიცვალა, – ამბობდა მამაო, – და აი, მონაზონი დოსითეოსი ხედავს სიზმარს: დგას ხალხი და ვიღაცას ელოდება. გამოჩნდა თუ არა ეტლი, მაშინვე ყველამ ჩაიმუხლა. ბერმა იუარა, მაგრამ უბრძანეს ღვთის მონა მობრძანდებაო. მან შეხედა და დაინახა, რომ გრაფი ტოლსტოი მოდიოდა“. მესაუბრა ერთ მემამულეზე, რომელმაც სამი მამული გაანიავა. „სიცოცხლის ბოლოს ის მონასტერში მოვიდა და მოკვდა ისე, რომ ღმერთმა ყველა ჩვენგანს ასეთი სიკვდილი არგუნოს. თუმცა ის ცხონებული მფლანგველი გახლდათ, მაგრამ არაჩვეულებრივად კეთილი და უბრალო სულის პატრონიც. მოდი და განიკითხე ადამიანები! მეტი უბრალოებაა საჭირო“. იმ ქალბატონის მაგალითიც მოიყვანა, რომელიც სულ ახლახან იყო მასთან და თქვა: „რა უბრალო სულის მქონეა! ესე იგი, დედამიწაზეც არიან ღვთისნიერი ადამიანები“. მე ვთქვი, რომ ცხოვრებისთვის მეტი სახსრების ქონა მსურს. მან კი მითხრა: „სიმდიდრეში კი არ არის საქმე, არამედ თვითონ ჩვენში. რამდენიც არ უნდა მისცე ადამიანს, მაინც ვერ დააკმაყოფილებ მას“. მოიყვანა ერთი მდიდარი ქალის მაგალითი, რომელიც ოპტინაში სტუმრობდა: „ის ღარიბი დედ-მამის შვილი იყო და მისთხოვდა მდიდარს, რომელსაც მამამისმა დაოჯახებისას ბევრი გამოუყო. ანდერძში კიდევ ბევრ თანხას უტოვებდა. ცოლი ამით კმაყოფილი დარჩა და აგულიანებდა ქმარს, რომ სიცოცხლეშივე მიეცა მისთვის მამის ანდერძით აღთქმული ქონება. ადრე ხომ მას სულ არაფერი გააჩნდა. აი, ასეთი დაუღლელია შეძენის წყურვილი!“

27 მაისი. დიდება ღმერთს! მე დღეს ისევ ჩავაბარე აღსარება მამა ამბროსის. მამაოს ლოცვებით მე სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობდი და ვუთხარი კიდეც. როგორ ამწიფებს ის ჩვენს შინაგან მდგომარეობას! ჯერ ის მითხრა, თუ როგორ გრძნობდა თავს, შემდეგ კი მითხრა: „გონების შესადარი მოშურნეობა არ გვაქვს, დაანებე სხვებს თავი! შენ ზოგჯერ მხოლოდ გარეგნულად გგონია რაღაცა, ყოველი ადამიანის სული კიდევ ძალიან ღრმაა. ამიტომ უფალმა ორივე აკრძალა – არა მარტო განკითხვა, არამედ გასამართლებაც“. მე უფლის სიტყვები შევახსენე: „გარეგნულად კი არ განსაჯოთ, არამედ სიმართლით“. მან კი ეს სიტყვები ასე განმარტა: „სამართლიანი სამსჯავრო უნდა განვუკუთვნოთ საკუთარ თავს და არა სხვებს. გარეგნული საქმიანობის მიხედვით კი არ უნდა განვსაჯოთ თავი, არამედ შინაგანი მდგომარეობით და გრძნობით“. მკითხა, რომელ ლოცვებს ვკითხულობდი, როცა გაიგო რომ ჩემებურად ვლოცულობ, მაშინ შენიშვნა მომცა: „უნდა წაიკითხო ლოცვები, დაუჯდომელები, ზოგჯერ ფსალმუნნიც. თუ შინაგანი ლოცვა არსებობს, მაშინ უნდა გაჩერდე და სულით ილოცო. თუ ასეთი ლოცვა არ შეგიძლია, მაშინ უნდა წაიკითხო ლოცვები. აღსარებისას მოვახსენე მშობლებისადმი უპატივცემულობა. როგორც მეგონა დედაჩემი ყალბ მოწყალებას იჩენდა ჩემს მიმართ, რასაც აუღელვებლად ვერ ვეგუებოდი. „ადამიანი უნდა განსაჯო მისი ხასიათის მიხედვით, – თქვა ბერმა. შენ უფრო ძლიერი ხასიათი გაქვს, მას კი სუსტი და ისიც თავისებურად, როგორც შეუძლია ისე მოქმედებს. შენ სხვებს ამხელ, თავად კი ერთნაირად არ მოქმედებ. ყალბი ხარ, როცა სუსტს ეუბნები სხარტად მომთხოვნი ტონით, ხოლო უფრო ძლიერს და მაღალს – რბილი ტონით.“ შევეხეთ ბოროტების წილ ბოროტების მიგებას და მე ვთქვი, რომ ჩემში ეს არ არის. „თითქოს? – ამოიძახა მან. – მაგრამ ერთი სუსხიანი შეხედვით ზოგჯერ ისე გადაუხდი, რომ დიდხანს არ დაავიწყდებათ“. მან ისე სწორად დამანახა ჩემი სუსტი მხარე, რომ უნებლიეთ ვითხოვე შენდობა. „შენ რა, – აგრძელებდა ის, – ყველა სამართლიანად გსჯის? ზოგჯერ გაქებენ, რადგან შენი შინაგანი მდგომარეობა არ იციან“. მეც ვიჩქარე შემენიშნა, რომ ჩემი უბედურებაც ესაა, იმაზე მეტს მაქებენ, რასაც ვიმსახურებ. „გაქონ, – თქვა მან, – შენ ამას ნუ უყურებ, არც უპასუხო და არც ეკამათო, მხოლოდ შენ თავში აღიარე, ღირს შენი ქება თუ არა. თუ შეეწინააღმდეგები თვალთმაქცობა გამოგივა, რადგან კმაყოფილების გრძნობას ქებისას მაინც გრძნობ. ისინიც კი, ვისაც შეეწინააღმდეგები, არ დაგიჯერებენ. ამიტომ, როცა გაქებენ, არაფერი თქვა, თვალები დახარე და იყუჩე“.

30 მაისი. ერთმა მონაზონმა თქვა, რომ წასვლა უნდოდა, თორემ იღუმენია გაბრაზდებოდა. მამაომ კი უთხრა: „ღვთისა და საკუთარი სინდისის უნდა გეშინოდეს და არა დედა იღუმენიასი. ღვთის შიშია სინდისის განწმენდის დასაწყისი“. ჩემს მცირედ სახსრებზე საუბრისას მირჩია, გადამესხვაფერებინა პროცენტიანი ქაღალდები და კაპიტალით მეცხოვრა. მე შევეწინააღმდეგე და ვთქვი, რომ დიდხანს არ მეყოფოდა ეს მცირედი კაპიტალი. ბერმა მითხრა: „შენ რა დიდხანს იცოცხლებ? იმდენი კი გაქვს, – დაამატა მან, – რომ მონასტერში გეყოფა, თუნდაც საერთოში“. მონასტერში ცხოვრებაზე მინიშნებამ გული გამიყინა. არასოდეს ვფიქრობდი ამაზე და მზარავდა მონასტრული ცხოვრება. მან კი შენიშნა: „ხომ უნდა მორჩე ამას, ერში მუდამ გვემაში იქნები“. „ჩემი სისუსტის პატრონს სად შემიძლია სამონასტრო მოღვაწეობა?“ – ვკითხე მე. – „მთავარი ღვაწლი სიმდაბლეშია. შენი სისუსტის გამო ფიზიკურ მოღვაწეობას არავინ მოგთხოვს“. – მიპასუხა მან. მე მაინც შევნიშნე, რომ სანამ დედა ცოცხალია მე ვერ შევძლებდი ამის გაკეთებას.

2 ივნისი. მინაშენიდან გამოსული ჩამოჯდა ჩვენთან და სხვადასხვა იგავები მოგვითხრო. ზეციურ სასუფეველში მიმავალ ვიწრო გზას შემდეგნაირად წარმოგვიჩენდა: აიღო თავისი ჯოხი და გვიჩვენა, რომ მასზე ორ ფეხს ვერ დადგამდი გვერდიგვერდ, მხოლოდ ერთი მეორის მიყოლებით. „საჭიროა იარო ასე და არ იფიქრო სხვა საქმეზე, არც ჰკითხო სხვას.“ მონასტერზე მე ისევ ძველებურად ვფიქრობდი, ვთხოვდი უფალს და ზეციურ დედოფალს, რომ მამაოს პირით გაეხსნათ ჩემთვის ზეციური ნება. მე კი მივიღებდი, რასაც მამაო მეტყოდა. ყოველივე ამის მერე მე მაინც მიჭირდა მონასტრის შეგუება.

3 ივნისი. დღეს მამაომ მიმიღო და შემდეგი სიტყვებით შემხვდა: „როგორაა საქმე, მოიფიქრე?“ ვუთხარი, რომ ამაზე ფიქრმა შემაწუხა და საშინელი ზიზღი მქონდა მონასტრის მიმართ. ის კი მაძალებდა, მეუბნებოდა, რომ სხვა საცხოვრებელი ადგილი არ მაქვს და რა ხანია უკვე იქ უნდა ვყოფილიყავი. ერისკაცობაში მხოლოდ ამპარტავნება იყო ჩემი ხელმძღვანელი. უმაღლეს საზოგადოებასთან ურთიერთობა დაშვებული იყო ჩემზე მხოლოდ იმიტომ, რომ დამენახა მისი არეულობა და სიცარიელე. რაც შეეხება მონასტრის ფორმებს და რიტუალებს, – ისინი იმითაა კარგი, რომ ჩვენ დაუმორჩილებელ ბუნებას ამოსდონ აღვირი და უარი ვთქვათ ჩვენს ნებაზე. მამაომ მაკურთხა მიმემართა ღვთისმშობლისადმი ლოცვით, რომ მას მიეთითებინა გზა, რომელიც უნდა ამერჩია. ამიტომაც მთლიანად მივენდე მის წმინდა ნებას.

4 ივნისი. დღეს დილიდან მტერი ძლიერ მიტევდა. ისე აღმაშფოთა თვითონ მამაოს წინააღმდეგ, რომ ბოლოს მუხლებზე დავეცი ღვთისმშობლის ხატის წინ და ტირილით ვითხოვდი მის შეწევნას, რათა დავეცავი უხილავი მტრისგან და ეჩვენებინა, რომელი გზა ამერჩია. სკიტში მარტო იმისთვის წავედი, რომ საერთო კურთხევა მიმეღო მამაოსგან. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მამაომ მასთან დამიბარა. ვფიქრობდი, რომ დამტუქსავდა. მან კი გულმოწყალედ გამამხნევა, მითხრა, რომ ყველაფერი მომეფიქრებინა. უსათუოდ კი არ მაგზავნიდა მონასტერში, რადგან მონასტრული ცხოვრება მხოლოდ სრულყოფილებისთვის უნდა გამომერჩია, თუკი ეს მინდოდა. მე გამოვტყდი, რომ აღვშფოთდი მის წინააღმდეგ, მან კი მითხრა: „ეს განსაცდელი მტრისგანაა“. მამაო ამბობდა, რომ ყველა თავისი გზით დადის. ერთი უბრალო სული ცუდს არაფერს ხედავს, მეორე კი, პირიქით, ყველაფერს ამჩნევს და ხედავს. დედაჩემზე თქვა: „რატომ ოცნებობს იმაზე, რაც არ არის? გადაეცი მას ჩემი ლოცვა-კურთხევა და უთხარი, რომ განსაცდელებისაგან მოთმინება იხსნის“. მე ვუთხარი მამაოს, რომ მიჭირდა ნაცნობების დატოვება. მან კი მითხრა: „მოიცა, როგორც კი მიხვალ სახლში, ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯას მოგინდომებენ და შენ თვითონ მოინდომებ იქიდან გაქცევას. როცა შეგიძლია წაიკითხე ლოცვები, როცა არა – გამო-ტოვე და ილოცე ისე, როგორც ადრე ლოცულობდი“. გამომშვიდობებისას მითხრა, რომ უფრო საფუძვლიანად მეფიქრა მონასტერზე და რომ ის არ მაჩქარებს, მაგრამ სრულყოფილების მისაღწევად იქ ცხოვრებაა საჭირო.

1881 წლის 2 ივნისი. დღეს მამა ამბროსი განსასწავლად გვიხსნის მაცხოვრის სიტყვებს: „როცა მარჯვენა ლოყაზე სილას გაგაწნავენ, მარცხენა მიუშვირე. ჩვეულებრივ ხომ სახეში დარტყმისას მარჯვენა ხელით მარცხენა ლოყაში გვირტყამენ და არა მარჯვენაში. უფალს უნდოდა მარჯვენა ლოყის შეურაცხყოფით, დამცირებით, წყენით მართალი საქმე წარმოედგინა, რომელშიც დამნაშავე არ ხარ. მარცხენის მიშვერა კი ნიშნავს: მაშინ, როცა უდანაშაულოდ შეურაცხგყოფენ, გახსოვდეს შენი ცოდვები ღვთის წინაშე, რომლითაც შენ მას შეურაცხყოფ. ამრიგად მიიღე შენდამი უსამართლო მოქცევა ვალის გადახდად.“

3 ივნისი. გუშინ, მოკლე შეხვედრისას, მამაომ მკითხა ჩემი სიგამხდრის მიზეზი. მეც ავუხსენი, რომ მთელი ზამთარი მძიმედ ავადმყოფ დისშვილთან გავატარე. მან კი მოულოდნელად თავზარი დამცა სიტყვებით: „მაშ, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს!“ მე მინდოდა მეთქვა, რომ ის თავს უკეთესად გრძნობს, (ივერიის ღვთისმშობლის ხატმა სასწაულებრივად განკურნა იგი). მან ისევ გაიმეორა: „როგორ! ცათა სასუფეველშიც არ უშვებენ?“ მისმა სიტყვებმა საშინლად შემაშფოთა და საშინელი სევდა დამაწვა გულზე. ნუთუ, ვფიქრობდი მე, ეს გოგონას აღსასრულზე წინასწარმეტყველებაა? საღამოს კი საშინელი ცნობა მივიღე მისი გარდაცვალების შესახებ.

4 ივნისი. მეორე დღეს მივედი მამაოსთან ჩემ მიერ მიღებული ცნობის სათქმელად და იმის სათხოვნელად, რომ სახლში გავეშვი. მან უარი მითხრა: „აქ დარჩი: ახლა უკვე ყველაფერი დამთავრებულია და არსად გეჩქარება, – ხომ ვეღარ გააცოცხლებ“. მაშინ მოვუყევი საშინელი ავადმყოფობიდან ე-ს სასწაულებრივ განკურნებაზე. მან კი მისაყვედურა, რომ მასთან არ მოვიყვანე. მიბრძანა აუცილებლად მომეყვანა, რადგან მას აღსარება სჭირდებოდა. „ეტყობა, ის კეთილმორწმუნე გოგონაა და ინსტიტუტის სიბინ-ძურეები მძიმედ აწევს, ამიტომ განწმენდა სჭირდება“. ვკითხე, როდის ჩამომეყვანა. მიპასუხა: „თუნდაც გაზაფხულზე“.

შესანიშნავად ამბობდა, როგორ უნდა მივიღოთ ადამიანების უმადურობა: „თუ სიკეთეს აკეთებ, უნდა გააკეთო მხოლოდ ღვთისთვის. ამიტომ ხალხის უმადურობას ყურადღება არ უნდა მიაქციო. ჯილდოს ნუ ელოდები აქ, არამედ ზეცაში ღვთისგან, მაგრამ თუ აქვე ელოდები, მაშინ აკრძალვებსაც ტყუილად ითმენ“. მოიყვანა მაგალითი, რომელიც აქ ოპტინაში მოხდა არქიმანდრიტ მოსეს დროს. ვიღაცამ სავანეს დიდი თანხა შემოსწირა. ის სასტუმროში იყო გაჩერებული და იქ მომსახურე ბერისგან უყურადღებობა იგრძნო. ამით შეურაცხყოფილმა მამა მოსეს შესჩივლა და დაამატა, რომ ის, როგორც შემომწირველი არ განადიდეს. მამა მოსემ მას ასე უპასუხა: „თუ თქვენ შემოწირულობა გააკეთეთ იმისათვის, რომ აქ გაგაღმერთონ და განგადიდონ, და არა ღვთის სადიდებლად, მაშინ ტყუილად შეგიწუხებიათ თავი. რით გადაგიხადოთ ჩვენ ღარიბმა და ცოდვილებმა? ღვთის სადიდებლად მთესველი ადამიანი არ უნდა ეძებდეს განსაკუთრებულ ყურადღებას იმათგან, ვისთანაც ქველმოქმედებს“. ეს ამბავი ჩემთვის ჭკუის სასწავლებელი იყო.

სხვის ცოდვას და ნაკლს კარგად ვამჩნევთ და განვიკითხავთ. ამის შესახებ მამაომ თქვა: „საკუთარ შინაგან ცხოვრებას უნდა მიაქციო ყურადღება ისე, რომ ვერ შეამჩნიო, რა ხდება შენს ირგვლივ. მაშინ განკითხვასაც აიცილებ“. მოიყვანა მეფის მოხელის მაგალითი, რომელიც მეფის კარზე ცხოვრობდა და მთელი საერო ამაოებით იყო გარემოცული, მაგრამ ისეთ ყურადღებას ამახვილებდა შინაგან ცხოვრებაზე, რომ ირგვლივ არაფერს ამჩნევდა. „ჩვენც ასე უნდა ვიცხოვროთ. სხვების მხილება ყოველთვის საჭირო არ არის“. ამასთან მოგვითხრო ეპიზოდი ოპტინელი ბერების ცხოვრებიდან: „მოვიდა მათთან ვინმე მონაზონი და ტყუილის მოყოლა დაიწყო, თითქოს მან ვინმე ეპისკოპოსს მისცა ქრთამი ხუთი ათასის ოდენობით, მეორეს კი სამი ათასის. ბერები კი მიწას დასცქეროდნენ და დუმდნენ – ამით გამოაჩინეს თავიანთი თავმდაბლობა და შეარცხვინეს ყბედი. მიწიერი უსამართლობის მიმართ გულგრილობაა საჭირო. მოციქულმა ხომ თქვა, რომ ჩვენ ახალ ცას და ახალ მიწას ველოდებით, სადაც სიმართლეა დავანებული. ესე იგი, ჩვენს მიწაზე არ სუფევს სიმართლე, ამიტომ ძალიან არ უნდა განრისხდე, როცა აქ, დედამიწაზე, უსამართლობას ხედავ“.

7 ივნისი. მამაო გამოვიდა და დაჯდა მინაშენში. ყველას მოგვილოცა „ყოველთა წმიდათა“ დღესასწაული და დააყოლა: „ყველა მათგანი, ისევე როგორც ჩვენ, ცოდვილი ადამიანი იყო, მაგრამ მოინანიეს, იღვაწეს გადარჩენისათვის და უკან არც მოუხედავთ, როგორც ეს ლოთის ცოლმა მოიმოქმედა“. მე შევნიშნე, რომ ჩვენ ყველანი ვიხედებით უკან. მან კი თქვა: „ამიტომაც გვერეკებიან როზგით და შოლტით, ე.ი. განსაცდელებით და უსამართლობით, რომ უკან არ მოვიხედოთ“. ჩემს შემდგომ ცხოვრებაზე კი თქვა: „იცხოვრე ჯერ ასე, როგორც ცხოვრობ, მხოლოდ შენი ოთახის კარი უფრო ხშირად ჩარაზე“.

9 ივნისი. დღეს აღსარებისას მამაომ მითხრა: „წესად გაიხადე არაფერი უთხრა არც დედას, არც დას, როცა მათი უსამართლობით ხარ აღშფოთებული. წადი იქიდან და რაც არ უნდა გითხრას დედამ, ხმა არ ამოიღო. აიღე სახარება და, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს გაიგებ იმ წუთში, იკითხე. აკეთე ყველაფერი ღვთისთვის. აკეთე იმდენი, რამდენსაც შეძლებ. ბევრი არ აიღო შენს თავზე, თორემ ვერ შეძლებ. ბევრის გაკეთება გსურს, მაგრამ ძალა ცოტა გაქვს. ამიტომაც შფოთავ, თითქოს არ აფასებენ შენს შრომას და მსხვერპლს. გააკეთე ღვთისთვის რამდენიც შეგიძლია და თუ არ დაგიფასეს, არ აღელდე. გახსოვდეს, რომ შენ მათთვის კი არ გააკეთე, არამედ ღვთის სადიდებლად. ჯილდოსაც უფლისგან მიიღებ და არა ადამიანებისგან.“

10 ივნისი. მადლობა ღმერთს, დღეს ზიარებას ვეღირსე. ხვალ მივდივარ და გვიან საღამოს მამაომ დამიბარა გამოსამშვიდობებლად. ის საშინლად გადაღლილი იყო და მე რომ შევედი – გულაღმა იწვა. ჩემს კითხვაზე, – თუ რატომ იღლის თავს ასე, – მიპასუხა: „რა უნდა ვქნა? ჩემი ძარღვები და ნერვები ისეა დაჭიმული და ამასთან ერთად ციებცხელების შეგრძნებაც მაქვს მუცლის ტკივილთან ერთად, მაგრამ ხალხის დატოვება განა შეიძლება, თვითონ ხედავ, რა ხალხმრავლობაა! ეს არაფერი, მაგრამ მე ის მაღელვებს, რომ მაინც ბუზღუნებენ ჩემზე. თითქოს ხედავენ კიდეც, რა მდგომარეობაში ვარ“. „ბევრნიც ტყუილად გაწუხებს“, – შევნიშნე მე. ისინიც კი ვინც მუდამ მასთან იმყოფებოდნენ, ნაკლებად იყვნენ შინაგანი სულიერი ცხოვრებით გამსჭვალულნი. მან მკითხა: „ვინ ისინი?“ მე დავუსახელე ორი პიროვნება. „შენ რა იცი?“ – მკითხა მან. „ეს ხომ იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ, უფრო მალე დავდებთ თავს სხვისთვის, ვიდრე ისინი“. „მათ შეიძლება დაფარული სიკეთე აქვთ, რომელიც სხვა ნაკლს გამოისყიდის და შენ ამას ვერ ხედავ. შენ ხომ ბევრის გაწირვა შეგიძლია, მაგრამ უფალი ბრძანებს: „მოწყალება მსურს და არა შესაწირი“. მოწყალება კი შენ ცოტა გაქვს, ამიტომაც განიკითხავ ყველას უმოწყალოდ. ადამიანში მხოლოდ ნაკლს ხედავ და არა დადებით მხარეს, საკუთარ მსხვერპლს ხედავ და ამით მოგაქვს თავი“. მე ვთქვი, რომ მინდოდა სადმე მის ახლოს მეცხოვრა. მან კი გულში ჩამწვდომი სიტყვებით პირდაპირ მითხრა: „არა, უმჯობესია შორს იყო, თორემ ჩემს განკითხვასაც დაიწყებ“. გუშინ აღსარებაზე ვითხოვე შენდობა სხვების განკითხვაზე და იმაზეც, რომ მასზეც ვეჭვობ. მან ისევ მოწყალებით, სიყვარულით და მშვიდად მიპასუხა: „მაშ, მე გაპატიებ, ღმერთი იყოს შენთან!“ ამ ორმა შენიშვნამ სული შემიძრა და მივხვდი, რა მომაკვდინებელ გზაზე ვიდექი. მივხვდი, რომ მუდმივად სხვის განკითხვამ, მათი ნაკლის გამო, მიმიყვანა მუდმივ აფორიაქებამდე და დაკავებული ვიყავი თავით, როგორც სხვათაგან შეუცნობელი მსხვერპლით. ესე იგი ვის ვემსახურები მე? რა თქმა უნდა, არა ღმერთს. ამაზე უნდა ვიფიქრო უფრო ღრმად.

11 ივნისი. დღეს დილით უკანასკნელად გამოვემშვიდობე მამაოს. მან ადრინდელზე უფრო ძლიერ მამხილა, რისთვისაც ვმადლობ უფალს. მან მამხილა თვალთმაქცობაში. დამარიგა, ვყოფილიყავი მოწყალე და ჭეშმარიტი, რაც იმას ნიშნავს, რომ დავხმარებოდი სხვებს, ხოლო ჭეშმარიტება და სიმართლე მომეთხოვება საკუთარი თავისთვის. რომ განმესაჯა ჩემი თავი სწორად და ჭეშმარიტად, სხვები კი – მოწყალებით. „შენ ხომ თვალთმაქცი ხარ, – მითხრა მან, – ყველაზე ზედმიწევნითი თვალთმაქცობა გახასიათებს, ისევე, როგორც თავმოყვარეობა. შენ ხომ ისე მოხერხებულად იგებ ყველაფერს და მოხერხებულად აიძულებ სხვებს გითხრან ყველაფერი, შენზე კი არაფერს ეუბნები და საიდუმლოს არავის უმხელ. უბრალოებაც ნაკლებად გაქვს. თავი დაანებე სხვას და შენს თავს მიხედე. შენ მათზე პასუხისმგებელი არა ხარ, არამედ მხოლოდ საკუთარ თავზე“. მითხრა, რომ სერიოზულად უნდა მემუშავა საკუთარ თავზე. წამეკითხა მათეს სახარების 5, 6, 7 და 8 თავები. მე ვთქვი, რომ ადრე უფრო ახლოს ვიყავი უფალთან, ვიდრე ამჟამად, მან კი მიპასუხა: „იცი, როცა მზის სხივი შემოაღწევს ოთახში, მაშინ გამოჩნდება მტვერი და ობობას ქსელი! როცა სხივის სინათლე არ იყო, გვეგონა, სუფთა ჰაერს ვსუნთქავდით“. იმის თაობაზე, რომ მე მიჭირდა კარგი, განათლებული საზოგადოების გარეშე ცხოვრება, რასაც ბავშვობიდან ვიყავი შეჩვეული, მან მითხრა, რომ ის, ეგრეთწოდებული კარგი საზოგადოება ჩემთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ მისი ამაოება შემეცნო. „შენ კი სხვანაირად გაიგე, ამიტომაც მისტირი მას. მაგრამ მაინც, – დაამატა მან, – შენ ამ საზოგადოების გარეშე სხვების მსგავსად რომ დარჩენილიყავი, უარესი იქნებოდა. შენ ისეთი შური და დრტვინვა გექნებოდა ადამიანების მიმართ, რომ, ღმერთო დაგვიფარე!“ მამხელდა ყოველნაირად, მაგრამ სიყვარულით იყო ყოველი მისი სიტყვა გაჟღენთილი. ჩანს, რომ არ ერიდება ცოდვილის მხილებას. ამბობდა, რომ უფალმა ქვეყანას მშვიდობა კი არა, მახვილი მოუტანა, რათა ადამიანში ცუდი და კარგი ერთმანეთისგან გამოეყო. ისე ჩასწვდა ამჯერად მამა ამბროსი ჩემი სულის საიდუმლო სამალავებს, რომ მე უბრალოდ გამაოცა. მიუწვდომელია ბერის წინასწარხედვა! ღმერთო, შეეწიე და დაიფარე ის.

1882 წლის 24 მაისი. საღამოს 7 საათზე ჩამოვედით ოპტინაში და მოხარული ვიყავით იმით, რომ ვიშოვეთ სუფთა ნომერი ხის სასტუმროში დედაოს გვერდით, რომელიც ძალიან კეთილი იყო ჩვენ მიმართ და შემიმსუბუქა კიდეც შრომა ჩემი მეგობრის მიმართ. მეორე დღესვე ვნახეთ მამა ამბროსი და მისი ლოცვა-კურთხევაც მივიღეთ. ის შემდეგი სიტყვებით შეგვხვდა: „აა! მოხერხებულები ჩამოვიდნენ“. მოეფერა ჩემს მეგობარს. ის გამოდიოდა მინაშენში და სანამ გამოიცვლიდა, მას დააკავებინა ყავარჯენი. შემდეგ ცალკე მიგვიღო. მამაომ მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რამაც ძალიან გამახარა. მას ძალიან მოეწონა ცხოვრება ოპტინაში და მალე უკან დაბრუნებაც არ სურდა.

მხოლოდ გუშინ, 7 ივნისს შევძელი გავსაუბრებოდი მამაოს ჩემს საქმეებზე. მირჩია მივნდობილიყავი მთლიანად ღვთის ნებას და მხოლოდ მისი შემწეობის იმედი მქონოდა, რადგან საჭიროების ჟამს, გამომიგზავნიდა უფალი შემწეობას ისე, როგორც მას სურს და არა ისე, როგორც ადამიანებს გვსურს. ამიტომ მირჩია გამეყიდა მომგებიანი ბილეთი და დაამატა, რომ ეს ადამიანური იმედია და არა – ღვთაებრივი. ბინის თაობაზე ლოდინი მირჩია, თუკი იქ გაიხსნებოდა ვაკანსია, უფრო მოხერხებული იქნებოდა გადასვლა. მირჩია, თუკი პროცენტები არ მყოფნიდა კაპიტალით მეცხოვრა, ყველა უსიამოვნება, რაც ჩემს თავს ხდებოდა, იმის ბრალი იყო, რომ ბევრს ვიღებდი ჩემს თავზე. მომიყვანა წმინდა წერილის სიტყვები: „უფალი ბრძანებს, გულღიად გასცე იმდენი, რამდენიც შეგიძლია და ეს მიღებულია, მაგრამ თუ სრულყოფილება გსურს, მაშინ ყველაფერი მიეცი, შენ კი იარე გაწვდილი ხელით და ითხოვე მოწყალება. გული კი არ დაგწყდეს, რომ არაფერი გაგაჩნია და ადამიანებიც უმადურები არიან. დამდაბლდი სულით – სიმდაბლე საქმეს ცვლის. ყველა უსიამოვნება მოითმინე და მიენდე ღმერთს“. ჩემს მეგობარზე კი მითხრა, რომ არ მეზრუნა მასზე, არამედ მიმენდო ღვთისმშობლისთვის და ის წარმართავდა მის ცხოვრებას. მისი ავადმყოფობა კი ღვთისმშობლის დაუჯდომელისა და ლოცვების უგულისყურო და გაფანტულ კითხვას დააბრალა. „დაარიგე და მიმართულება მიეცი მას, – მითხრა მან, – ძალიან არ იდარდო და არ იზრუნო, მხოლოდ გაახსენე, როცა უარესად იგრძნობს თავს, რომ უყურადღებოდ კითხულობს“. მირჩია სულიერი სიმშვიდე მეძებნა. მაქინაციები ამიკრძალა: „რისთვის გჭირდება? – ამბობდა ბერი, – რომ უფრო დაიმატო საზრუნავი და საბოლოოდ წაგერთვას სულიერი სიმშვიდე?! მიენდე ღმერთს, ის კი მოგცემს და დაგეხმარება იქ, სადაც არ ელოდები“. ჩემს შენიშვნაზე, რომ ჩემს კაპიტალს მეგობარ ქალს ვუტოვებდი, მან მითხრა: „ნუ, თუ რაიმე დარჩა, იმისი იყოს“. მე ვუთხარი, რომ ეს ქალბატონი საფოსტო ურმით ჩამოვიყვანე, მან კი მითხრა: „მერე რა? უმჯობესია დაიწყო ურმით და შემდეგ დაასრულო ეტლით, ვიდრე პირიქით, – დაიწყო ეტლით და დაასრულო ურმით“.

III თავი
მამა ამბროსის სულიერი შვილის
(ქალბატონის) მოგონებიდან

ეს მოთხრობა განსაკუთრებით მრავალმხრივია და ამიტომაა საინტერესო. ის ერთი მხრივ გვიჩვენებს, რომ ღვთის მიმბაძველმა, მოსიყვარულე, ჭეშმარიტმა ღვთის მონამ – მამა ამბროსიმ, „შეიყვარნა თვისნი ამა სოფელსა შინა და სრულიად შეიყუარნა იგინი“ (იოანე 13, 1). მას არ შეუწყვეტია მათი ხელმძღვანელობა ხსნის გზაზე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. მეორე მხრივ მიგითითებს იმაზე, თუ რა შეუპოვარი უნდა იყოს ძველი ადამიანის ბრძოლა, როცა ქრისტიანი ქრისტეს უღელში შებმას იწყებს. ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში მერყეობს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის: მას სჯერა და ამავდროულად არ სჯერა, ერთ შემთხვევაში მთლიანად ენდობა ბერს, მეორეში კი აბსოლუტურ უნდობლობას ავლენს. ითხოვს მისგან რჩევას და უნდა გულწრფელად დაუჯეროს მას, მაგრამ ამავდროულად შეუპოვრად სურს თავისი ნების აღსრულება. ეტყობა უსაზღვროდ უყვარს ბერი და იმავდროულად გაურბის მას. სულიერ სიმშვიდეს რომ ვერ იპოვის, ისევ მირბის ბერთან. ასეთი მერყეობა მეტნაკლებობით ყველასთან ხდება, ვინც ბერის ხელმძღვანელობით შეუდგა სულიერ გზას. აქ მოგითხრობთ მამა ამბროსის შამორდინოს ქალთა სავანეში გადასვლას და მის უკანასკნელ დღეებს.
როგორ მოვხვდი მამაოსთან.

– „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქუენ“ (იოან. 15, 16). სახარების ეს სიტყვები შეიძლება გამოვიყენოთ მამა ამბროსისთან მიმართებაში. ღვთის მადლის ძალით, ის იზიდავდა არა მხოლოდ იმათ, ვინც მას განსაცდელების და საჭიროების ჟამს მიმართავდა, არამედ იმათაც, რომლებიც არც ფიქრობდნენ, არც თვლიდნენ საჭიროდ და შესაძლებლად მასთან მისულიყვნენ. ამ უკანასკნელთა რიცხვს განვეკუთვნებოდი მეც, ცოდვილი.

მე ადრე გავთხოვდი და ოჯახური ცხოვრების მეტი არაფერი გამეგებოდა. მონასტრებზე, მონაზვნებზე და ბერებზე მოსმენილიც მქონდა და ნანახიც მყავდნენ ბავშვობაში, მაგრამ ძალიან ბნელი და უკუღმართი წარმოდგენა მქონდა მათზე, რაც ჩემნაირი გაუგებარი ადამიანებისაგან ავითვისე. უფრო დაწვრილებით მათზე რაიმეს ცოდნას არ ვთვლიდი საჭიროდ და არც ვფიქრობდი.
მიუხედავად მეუღლესთან შეთანხმებული ცხოვრებისა, უფალი ხშირად მომივლენდა განსაცდელებს, ხან შვილების გარდაცვალებით, ხან კიდევ ავადმყოფობით.

მთელი ჩემი მრავალწლიანი ცოლ-ქმრული ცხოვრების მანძილზე არასოდეს ვყოფილვარ ისე მძიმედ, უნუგეშოდ, როგორც 1884 და შემდგომ წლებში. თითქოს რომელიღაც შავბნელმა ღრუბელმა მომაკითხა ყოველი მხრიდან და მყისიერად დაარღვია ჩემი ოჯახური ცხოვრება. ტყუილის შედეგად დავკარგე ცხონებული ჩემი მეუღლის მიერ წლების განმავლობაში დანაგროვები მატერიალური საშუალება. ამან მასზე ისე იმოქმედა, რომ დასნეულდა, რაც ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს საუკუნეში. მან ტვინის თანმიმდევრული დამბლა მიიღო, ამას დაემატა გულმკერდის ხუნაგი. გამოუთქმელი წვალება გადავიტანეთ ორივემ. სხვათა შორის, მისი სამსახური და მდგომარეობა, რომელსაც თავიდან აგრძელებდა, აგრეთვე ქალიშვილიც, ითხოვდნენ ჩემს თანადგომას საერო ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ადვილი არ იყო. დიდი განსაცდელი გახლდათ ჩვენთვის ისიც, რომ ჩვენი მშობლიური არჩევანი ქალიშვილის გაბედნიერებაში არ უნდა შემდგარიყო მისი თანხმობის გარეშე. ალბათ, არსებობდა იმის მიზეზი, რომ ეს შეუღლება წლიდან წლამდე იწელებოდა. ახალგაზრდა სასიძოს საქმიანობა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნას ითხოვდა და ბრწყინვალე მომავალს ჰპირდებოდა. ისიც მოჩვენებასავით მისდევდა მის მომავალს და ამით იწელებოდა დრო მისთვისაც და ჩვენთვისაც. ყველაზე მეტად ჩემი დედობრივი, მოსიყვარულე და თავმოყვარე გული წუხდა უაზრო ლოდინის გამო.

ყოველივე ღვთის ნება გახლდათ. რომ არა ეს, ვერ მოვხვდებოდი ძვირფას მამაოსთან, არასოდეს მეცოდინებოდა და ვერც ვნახავდი სხვა ცხოვრებას, იმის საპირისპიროს, რომლითაც იმ დრომდე ვცხოვრობდი.

ერთხელ (1884 წელს, ორი წლით ადრე ვიდრე მამაოსთან მოვხვდებოდი) დილაადრიან დავბრუნდი დიდი ზეიმიდან, ცარიელი გულით და დამძიმებული თავით. ეს მუდამ ასე ხდება მსგავსი გართობების ჟამს. თითქმის არ მილოცია, დაქანცული ჩავვარდი ლოგინში და მაშინვე გავითიშე. და აი, ვხედავ სიზმარს: მოვხვდი სადღაც უდაბურ, საუკუნოვან ტყეში. ასეთი მხოლოდ პანორამებში მქონდა ნანახი. გაკვალულ გზაზე მარტო მივდიოდი, რომელმაც შენობამდე მიმიყვანა. უცბად წმინდა ჭიშკარი ღია დამხვდა და მეც შევედი მშვენიერ ბაღში. მივდიოდი პირდაპირ ქვიშით მოყრილ გზაზე. ორივე მხარეს ყვავილები იყო დარგული. მალე ამ გზამ პატარა ხის ეკლესიამდე მიმიყვანა. კიბით ჩავედი კარიბჭემდე, რომელიც შიგნიდან დაკეტილი აღმოჩნდა. როდესაც მე მივუახლოვდი, ვიღაცამ გაწია რკინის ურდული და გამიღო კარი. დავინახე, ჩემს წინ იდგა ვიღაც მაღალი ბერი, უქუდოდ, კაბაში და ოლარით. მან ძლიერად მომკიდა ხელი მარჯვენაზე, შემიყვანა ტაძარში, მომაბრუნა მარჯვენა კედლისაკენ, დამაყენა ღვთისმშობლის ხატის წინ; მოკლედ და მკაცრად მითხრა: „ილოცე!“ მე სიზმარშიც აღფრთოვანებული ვიყავი ბერის გარეგნობით და ვკითხე: „ვინ ხართ თქვენ, მამაო?“ მან მიპასუხა: „მე ოპტინელი ბერი ამბროსი ვარ“, – და მარტოდ დამტოვა, თვითონ კი მოპირდაპირე კარიდან გავიდა. მარტოდ დარჩენილმა ვილოცე ზეციური დედოფლის ხატის წინ, სადაც ბერმა დამტოვა. შემდეგ გავიხედე მარცხნივ, სადაც სარკოფაგი და გარდამოხსნა შევნიშნე (აქ ნამდვილად ასვენია გარდამოხსნა მთელი წლის მანძილზე, გარდა დიდი პარასკევისა და შაბათისა). მივედი, ვილოცე, შემდეგ კი მთელი ტაძარი შევათვალიერე. ეს იყო საოცარი პატარა ტაძარი აღსავლის კარებზე ჩამოფარებული ვარდისფერი ფარდით, რომელიც თითქოს მთლიანად მზის სხივებით იყო მოფენილი. საოცარია, უცბად აღმოვჩნდი მის შუაში თეთრ პერანგში, გაშლილი თმებით და ფეხშიშველი. ასე ვლოცულობდი და ვტიროდი, როგორც არასოდეს სინამდვილეში. ამის შემდეგ გამომეღვიძა. ბალიში მთლიანად ცრემლით იყო დასველებული. უცნაურმა სიზმარმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ჩამაფიქრა. ის ვერ მოვიფიქრე, რომ წერილობით მიმემართა ბერისთვის. ნანახი სიზმარი კი არ ამოდიოდა მეხსიერებიდან. ამის შემდეგ კიდევ ორი წლის განმავლობაში იტანჯებოდა ჩემი ქმარი ფიზიკურად, მე კი სულიერად. წავიყვანე დედაქალაქში ცნობილ ექიმებთან, რასაც თან დიდი ხარჯები ახლდა, მაგრამ შედეგი არ გამოიღო. ბოლოს გადავწყვიტეთ აღარ წავსულიყავით.

მაგრამ ჩვენს გამოსაფხიზლებლად ღმერთმა ინება ჩვენი ბოლომდე გამოცდა. მომსახურემ ტიფის ვირუსი შემოგვიტანა და ყველა დავავადდით. პირველად ქმარი გახდა ცუდად. მისი ძლიერი ორგანიზმი სამი კვირის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს და გაუძლო კიდეც. 21-ე დღეს სიცხემ დაიკლო, მაგრამ ფეხის ჭრილობა გაურთულდა და ჭრილობის ზედა ნაწილი გაუსივდა, რომელიც პერიოდულად ძალიან სტკიოდა, განსაკუთრებით ღამით. უძილოდ ათენებდა და მთელი ღამე ტრიალებდა გვერდიდან გვერდზე. ფეხიც უფრო და უფრო უსივდებოდა. ექიმები ვერ იგებდნენ რა სჭირდა და, შესაბამისად, ვერც ეხმარებოდნენ. ენითგამოუთქმელი წვალების გამო გადაწყვიტეს შეეხვიათ მთელი ფეხი, რისთვისაც ქირურგი მოიწვიეს. მან აღმოაჩინა ჭრილობაში ჩირქი. გაუჭრა და ჩირქიც გამოუშვა. ავადმყოფმა მოისვენა, მაგრამ გამოჯანმრთელება ჯერ კიდევ შორს იყო. რამდენიმე დღეში ფეხი ისევ გაუსივდა და ახლა სხვა ადგილას გაუჭრეს. შემდეგში კი რამდენჯერმე გაუჭრეს და შეხორცება გაუჭირდა. მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გაჭრა უკვე არ შეიძლებოდა. ყველა ჭრილობა დაჩირქდა და ექიმმა თქვა, რომ შეუძლებელია კიდევ ახალი ჭრილობის დადება. სამი თვის განმავლობაში იწვა ზურგზე ავადმყოფი და ფეხი მორს დაემსგავსა. ნერვები იმდენად მგრძნობიარე გაუხდა, რომ თეთრეულის შეხებაც კი მტკივნეული იყო მისთვის. ხმაურსაც ვერ იტანდა. ოთახში მხოლოდ მე შევდიოდი, ისიც წინდებით. ფეხის სიმსივნე მაღლა და მაღლა იწევდა. მე ვერ მოვითმინე და ისევ გავაგზავნე ექიმის მოსაყვანად. მან დახედა ფეხს და გამოჯანმრთელების ყველა იმედი გადამიწურა. აი ახლა მომივიდა აზრად ბერის ლოცვებისთვის მიმემართა, რაც დაუყოვნებლივ აღვასრულე. ამის გაკეთება ჩემთვის ადვილად მოსახერხებელი იყო. გავიგე, რომ ჩემი ნათესავი ქალი, ბერის სულიერი შვილი იყო და სტუმრობდა ოპტინაში. მე ძირფესვიანად ავუხსენი მას ავადმყოფი მეუღლის მდგომარეობა, ვთხოვე გადაეცა მამაოსთვის, რომ მის წმინდა ლოცვას ვითხოვდი. მივწერე: „ვფიქრობ, უცნაურად მოეჩვენება საერო ქალბატონის მიმართვა ბერის მიმართ“. ამ შემთხვევაში კი ვთხოვე, ჩემი სიზმარი მოეთხრო მისთვის. წერილის მიწერიდან რამდენიმე დღეში ფეხის მდგომარეობის შეცვლისას დავინახე, რომ სიმსივნე მუცლის ქვედა არემდე იყო მისული, ისეთი ტკივილები ჰქონდა, რომ არც კი ვიცოდი რით დავხმარებოდი და რატომღაც მოვიფიქრე, შემეხვია ფეხი საზარდულთან. ტკივილისგან ვერც გრძნობდა ჩემი სუსტი ხელების მოქმედებას. ხელები მიკანკალებდა. მაგრად მოჭერის მეშინოდა, მაგრამ სახვევის დადება რატომღაც ჩემთვის რაღაც ნუგეში იყო. ერთი საათიც არ გასულა და ავადმყოფმა ხმამაღლა დამიძახა: „ნახე, რაღაც სულ დამისველდა ირგვლივ ფეხები“. ფეხის გახსნისთანავე ვნახე, რომ სამი თვის წინ გაჭრილი ჭრილობიდან შადრევანივით მოდიოდა ჩირქი, სამი დღე-ღამის განმავლობაში ჩირქის განუწყვეტელი დენის შემდეგ ავადმყოფმა გამოჯანმრთელება დაიწყო. ნათესავთან მიმოწერით შემდეგ გაირკვა, რომ ჩირქის დენის დაწყება დაემთხვა ბერის მიერ ჩემი წერილის წაკითხვის დღეს და საათს. დადგა გაზაფხული. მეუღლის ჯანმრთელობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ უკვე ჰაერზე გამოსვლა შეეძლო.

უფალმა ამჟამად ახალი განსაცდელი და საზრუნავი მოგვივლინა. მოულოდნელად ჩამოვიდა ქალიშვილის საქმრო. მისმა ჩამოსვლამ გაგვახარა და რატომღაც შეგვაშინა კიდეც. მან გამოგვიცხადა, რომ ქონების შეძენას თავს ანებებს. უნდა შეირთოს ჩვენი ქალიშვილი და დასახლდეს სადმე ჩვენთან ახლოს ქალაქში. მას ჰქონდა გარკვეული საშუალება, მაგრამ ოჯახის კაცისთვის ეს არ იყო საკმარისი. ამიტომ მას უნდა ეძებნა სამსახური, რაზეც მე და ჩემმა მეუღლემ დავიწყეთ ზრუნვა. ის კი წავიდა თავისი საქმეების მოსაგვარებლად და ორი თვის შემდეგ სამუდამოდ დაბრუნდა ჩვენთან.

მისი წასვლის მერე პირველად მივწერე მამა ამბროსის. საქმის ვითარება ძირფესვიანად არ აღმიწერია, რადგან მასთანაც მეშინოდა საიდუმლოს გახსნის. მე მხოლოდ ქალიშვილის და სიძის სახელები მივწერე და ვთხოვე გულიანად ელოცა მათთვის. ძალიან მალე, ჩემდა გასაკვირად, მივიღე ასეთი მოკლე პასუხი მამაოსგან. „მათზე, – მწერდა ის, – ვილოცებ. შენც ილოცე. ეს მოუტანს სარგებელს მათ და შენც. მრავალცოდვილი ბერი ამბროსი“. მალე კი გადმომცეს, რომ საერთო კურთხევაზე გამოსულმა ბერმა ყველას გასაგონად თქვა: „მე მივიღე წერილი (დაასახელა ჩემი გვარი). თავნება ქალი! ეტყობა მის ქალიშვილს საქმრო ჰყავს, ისინი კი ამას ჩვენც გვი-მალავენ“. გავიდა კალენდარული ორი თვე, მაგრამ ჩემი ქალიშვილის საქმროზე არაფერი ისმოდა. შეწუხებულმა მივწერე და ვკითხე, თუ რა იყო მისი ჩამოუსვლელობის მიზეზი. გვიან მივიღე პასუხი, მაგრამ როგორი! წერილის შინაარსი კი არა, კალიგრაფიაც შეცვლილი ჰქონდა. ეს ან მთვრალის, ან გიჟის წერილი იყო. ამან მთელი ჩვენი იმედები დაანგრია და ჩვენს გულებში ღრმა ჭრილობა დატოვა. მე არ მინდოდა მის წერილზე მეპასუხა, მაგრამ ჩემებმა მაიძულეს. უშინაარსო იყო ჩემი პასუხი იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც თითქმის შვილად ვთვლიდი. ვერ ვხვდებოდი, რა ემართებოდა მას. ამჯერად სულიერმა სიმტკიცემ მიღალატა. არ ვიცოდი, როგორ მოვერეოდი თავს, მით უმეტეს, რომ ჩემი ახლობლებისგან მომიწევდა განსაცდელის დამალვა. მოვიფიქრე, ფეხით წავსულიყავი ადგილობრივ წმინდანთან მოსალოცად, რათა სხეულებრივი დაღლილობით მომეკლა სულიერი ტანჯვა. მე შეუჩვეველი ვიყავი ამ სიშორეზე ფეხით სიარულს. ამ წმინდანის ხსენების დღეს, დილით ადრე გამოვედი სახლიდან მომსახურესთან ერთად. გავიარე ხუთიოდე ვერსი. შეუჩვევლობისა და ნერვიულობის გამო ძალა გამომეცალა. საღამოს ამტკივდა თავი, ხელები, ფეხები და ძლივს მივაღწიე დანიშნულების ადგილს. სხეულში დამსიცხა და წამერთვა მარჯვენა ხელი. როდესაც იმ მონასტერს მივაღწიე, სადაც წმინდანის ნაწილები ესვენა, პირველივე ქვაზე დავვარდი უძლურების გამო. გამოვტყდი, რომ ვერ გავთვალე ჩემი ძალები ამ მგზავრობის საჭიროების შესაბამისად. მომსახურე გავაგზავნე სასტუმროში ადგილის მოსაძებნად. ისიც მალე დაბრუნდა და თქვა, რომ ხალხის დიდი ნაკადის ჩამოსვლის გამო ერთი კუნჭულიც არსად იყო. წავედით მონასტრის ახლოს მდებარე სოფელში ადგილის მოსაძებნად. იქ, სხვა მომლოცველებთან ერთად, მოიძებნა ჩემთვის ადგილი. მე ერთი ცარიელი სკამი შემხვდა. დიასახლისმაც სისუტის გამო შემიბრალა და ბალიში მომცა. ტკივილისგან გაუხდელად დავვარდი სკამზე, მაგრამ სტუმრების ჟრიამული მთელი ღამე არ მასვენებდა. ისე მტკიოდა მთელი სხეული, რომ მოხერხებულად დაწოლას ვერ ვახერხებდი. დილისკენ დაწყნარდა ქუჩის ხმაური და მეც ჩამეძინა. სიზმარმა სახლში დამაბრუნა. თითქოს სასტუმრო ოთახში სავარძელში ვიჯექი. იმდენად ცხადი სიზმარი იყო, რომ ტკივილს სიზმარშიც ვგრძნობდი. უცბად თითქოს ოთახების კარები გაიღო და შემოვიდა ბერმონაზონი. მან ხელი გამომიწოდა, ამაყენა, შემდეგ დამაჯინა და მზრუნველი ტონით მკითხა: „რა გტკივა?“ მახსოვს, ვუპასუხე: „ხელები და ფეხები, მამაო, ყველაზე მეტად კი თავი“, – რომელიც ჩავუდევი ხელებში. ბერმა ხელ-ფეხზე მომკიდა ხელი, ხოლო თავზე, იქ სადაც მტკიოდა, სამჯერ დამარტყა. მაშინ ბერის უკან მდგომ ვიღაცას ვკითხე: „ვინ არის ეს?“ მან კი მიპასუხა: „ეს ხომ ოპტინელი ბერი ამბროსია“. უცბად დიასახლისის ხმამ გამაღვიძა: „უკვე ხუთი საათია და წირვაზე გვიხმობენ: თქვენ წახვალთ, ქალბატონო?“ მე ავდექი. არც თავის და არც სხეულის ტკივილს არ ვგრძნობდი – ვიყავი ჯანმრთელი, ფხიზელი, რაღაც გამოცოცხლებული. პირჯვარი გადავისახე, პირი გადავიბანე ცივი წყლით და წავედი ეკლესიაში. დავესწარი წირვას, იმ წმინდანის პარაკლისს და დაუჯდომელს. უკვე ჩაის დალევას ვაპირებდი, რათა ძალა მქონოდა უკან დასაბრუნებლად. „როგორ, – მეუბნება ჩემი მომსახურე, – ნუთუ აქამდე ჩამოსვლის მერე წმინდანის ჭაზე არ წავალთ დასაბანად?“ მინდოდა მეთქვა, რომ იქით და აქით რვა ვერსია, ჩვენ კი საღამოს სახლში უნდა ვყოფილიყავით, რადგან მეუღლე ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული და იღელვებდა ჩემზე. მაგრამ ღამით ბერის მიერ ჩემი სასწაულებრივად განკურნება გამახსენდა და წავედი და დავიბანეთ. რადგან ამას საკმაო დრო დასჭირდა, მე დაუყოვნებლივ შევედი ისევ ეკლესიაში, ვემთხვიე წმინდანს, გამოვემშვიდობე დიასახლისს და გავემგზავრე უკან სახლში. გზა იმდენად მკვირცხლად და ჩქარა გავიარე, რომ ყველა გავაკვირვე ადრე დაბრუნებით. ახლა კი გადავწყვიტე ყურადღება არ მიმექცია არავითარ წინააღმდეგობაზე და წავსულიყავი ოპტინაში, მამა ამბროსისთან, რომელიც ასეთი სასწაულებით მომიწოდებდა მე ცოდვილს.

ჩემი ჩასვლა ბერთან. პირველი ჩემი ვიზიტი ოპტინაში 1886 წლის ივლისის პირველ რიცხვებში შედგა. მე ნათესავ ქალბატონთან და ჩემს ქალიშვილთან ერთად გავემგზავრე, რადგან ეს ქალბატონი იცნობდა ბერს. საკმაოდ დილაადრიან მივედით ოპტინაში. საჩქაროდ დავლიეთ ჩაი ნომერში და წავედით სკიტში. მეუღლემ იმ პირობით გამიშვა, რომ მხოლოდ ერთი დღე დავრჩებოდი სავანეში. ნერვიულობისაგან, დაღლილობისაგან და სხვადასხვა შთაბეჭდილებებისაგან თავბრუ მეხვეოდა. სკიტში მიმავალი გზა, ოპტინის ტყე, სკიტის წმინდა კარიბჭე, – ყველაფერი ვიცანი, რადგან ის მე უკვე ნანახი მქონდა პირველ სიზმარეულ ჩვენებაში. ღია კარიბჭეში კი სიზმარში ნანახი ტაძარი ვიცანი. ყოველივე ამან აღმავსო მე.

მინაშენში შესულები ხალხმრავლობას შევესწარით. სივიწროვემ, დახუთულმა ჰაერმა და იქაურმა გარემომ შეუჩვევლობის გამო ძლიერ იმოქმედა ჩემზე. მამაომ მალე გამოგვიძახა სამივე ერთად: მე, ჩემი ქალიშვილი და ნათესავი ქალი. დაღლილობისგან ვქანაობდით, როცა მამაოსთან შევედი. ბერს რომ შევხედე, მაშინვე ვიცანი, მხოლოდ სახის გამომეტყველება ამჯერად სხვანაირი ჰქონდა, ვიდრე სიზმარში. მამაომ ისე მკაცრად და გამომცდელად შემომხედა, რომ შევწუხდი და შეშინებული ზღურბლზე გავჩერდი. ჩემები პირველნი მივიდნენ და თითქოს არაფერი შეუმჩნევიათ. მამაომ კი მითხრა: „დიდხანს ემზადებოდი, რატომ აყოვნებდი?“ მე ვერაფერი ვუპასუხე, მივედი, ავიღე კურთხევა და მუხლი მოვიდრიკე. ნათესავმა ქალბატონმა რაღაცის თქმა დაიწყო, მაგრამ მამაომ ჩემს ქალიშვილს მიმართა და ჰკითხა: „შენ რამე გაქვს ჩემთვის სათქმელი?“ მან კი მხოლოდ ეს უპასუხა: „დედაჩემი ყველაფერს გეტყვით“. ისინი გავიდნენ, მე და ბერი მარტო დავრჩით. ჩემი ქალიშვილის მსგავსად მეც შევწუხდი, დავიბენი და ბოლოდან დავიწყე ლაპარაკი, ის კი დამავიწყდა, რომ მამაო პირველად გვხედავდა და ჩვენი გარემოება მისთვის უცნობი უნდა ყოფილიყო. მე უსიამოვნო გარემოებაზე დავიწყე საუბარი. ვუამბე იმ წერილის შესახებ, რომელიც სასიძომ მოგვწერა და ჩემს დამცირებულ თავმოყვარეობაზე. მამაომ არ დამასრულებინა თხრობა და მითხრა: „რატომ უპასუხე?“ მე დავიმოწმე, რომ ჩემებმა დამაძალეს. „სხვაფრივ, – დაამატა მან, – შენი წერილი არაფერს ნიშნავს“. ორივე შემთხვევაში ბერმა სიმართლე მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ მე ვერ მოვასწარი თქმა და არც სასიძოს პასუხი მომიყოლია მისთვის. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ეს მან ჭვრეტით იცოდა. „ღმერთმა მოაშორა ის შენს ოჯახს, – განაგრძობდა ბერი, – ის არაღვთისნიერია, არ არის შენი ოჯახის შესაფერისი. ის ხომ… – აქ ბერმა მისი საქმიანობა დაასახელა, – ისინი ყველა ასეთი არაღვთისნიერნი არიან. ქორწინება რომ შემდგარიყო, ის ოთხი წლის მერე მიატოვებდა მას“. მე შევეწინააღმდეგე და ვთქვი, რომ ის კარგი ადამიანია, დადის ეკლესიაში და კარგი ოჯახის შვილია. მამაომ კი თქვა: „კარგი იყო, მაგრამ ხომ შეიძლება შეცვლილიყო. ეკლესიაში დადის, – რისთვის? ის შენი სისხლი და ხორცი არ არის, – რატომ იცავ? შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე. რა სისულელე იყო ამდენი წლის გაწელვა!“ მამაომ აუხსნელად ესეც იცოდა. „ყველაფერი მიატოვეთ, არ მისწეროთ და არც იკითხოთ მასზე! – თქვა ბერმა მკაცრად. – დაივიწყებ, – მანუგეშა მან, – ყველაფერი გაივლის. თუ სევდა მოგეძალა, სახარება წაიკითხე. წადი! გესმის! არაფერი გაიკითხო მასზე!“

გარეთ გამოვედი. სულში ყველაფერი გადამიტრიალდა. მეგონა, რომ მან იმედები ჩამიფუშა. დაუძახეს ჩემს ქალიშვილს, მაგრამ ისიც მალე გამოვიდა ბერის ოთახიდან. მე მას შევჩივლე, რომ ბერს ვერაფერი ვუთხარი. მანაც მიპასუხა: „მეც არაფერი მითქვამს“. ამას ვარჩევდით და არც კი შეგვიმჩნევია, როგორ გამოგვყვა ბერი. ოდნავ ჩაგვარტყა ჩვენ ჯოხი თავში და თქვა: „ამ ახირებულ ხალხს ძალით ვერ გააგდებ აქედან“. ჩვენ კი ერთხმად ვთქვით: „მამაო, ჩვენ ვერაფერი გითხარით“. – „მაშინ ორ საათზე მოდით“, – დაასრულა მან.

მახსენდება, რომ მინაშენიდან გამოსული სკიტის ახლოს სკამზე დავჯექი და მწარედ ავტირდი. იმედგაცრუებისაგან გული მისკდებოდა. ის, რაც მამაომ მითხრა, შეუძლებლად მიმაჩნდა. ჩემი ქალიშვილი კი მშვიდად და მხიარულად იყო, თითქოს განსაცდელმა გადაუარა. შემდგომში მან მითხრა მამაოს ნათქვამი სიტყვები: „დედას არ უთხრა, შენი საქმრო დაიკარგება“. ეს სინამდვილეში მალე მოხდა – მას მძიმე ხვედრი ერგო. გარდა ამისა, შემდგომში ოცდაათი ათასი ვალი აღმოაჩნდა.

ორ საათზე მოსული, მოვემზადე რაღაცეები მეთქვა მამაოსთვის, მაგრამ ის არ მიღებდა. იქვე ღვთისმშობლის „ღირს არსის“ ხატის წინ ჩამოვჯექი და გადავწყვიტე მომეცადა. ხალხი ისევ მოვიდა. იყვნენ მონაზვნები და საერონი, ზოგი ადრე იყო მოსული, ზოგიც ახლახან. ყველას უშვებდნენ, მე კი ისევ ვიჯექი. მამაო არც საერთო კურთხევაზე გამოდიოდა და არც მე მიშვებდა. მიუხედავად დაღლილობისა, მაინც ველოდებოდი. ჩემი ქალიშვილი და ნათესავი ქალი დაისვენებდნენ და ისევ მოდიოდნენ. მე კი ვიჯექი. მიუჩვეველი მდგომარეობის გამო თვალთ მიბნელდებოდა. ხალხში გავიგე, რომ ჩამოსულებს შეუძლიათ ბერს აღსარება უთხრან, მხოლოდ ზიარების გარეშე. ბერს მომსახურის პირით გადავეცი ჩემი სურვილი და მანვე გამომიტანა პასუხი: „კარგი“. ისევ დავრჩი და ველოდი. დრო გადიოდა, მაგრამ არავინ მეძახდა. ზუსტად რვა საათი ველოდი და მამაო ვერ ვნახე.

საღამოს 10 საათზე დაგვიძახეს მამაოს სენაკში საერთო კურთხევაზე. ყველა იქით გაიქცა. მე ერთ-ერთი პირველი მივედი – ხალხის ტალღამ პირდაპირ მამაოს ფეხებთან მიმიყვანა. ის დაღლილობისაგან ჩვეულებრივ ლოგინზე იწვა. როგორც კი დამინახა, თავი დამახრევინა ტყავის ბალიშზე, რომელზეც თვითონ იწვა და მარცხენა ხელი მთლიანად მე დამადო. იდაყვით თავი ბალიშზე დამადებინა და ასე დალოცა მთელი ხალხი. მე ვიხრჩობოდი. როგორც კი თავის აწევას შევეცდებოდი, მაშინვე უფრო მაგრად დამაჭერდა იდაყვს. როცა ყველა დალოცა, თავი ამაწევინა, ჯვარი გადამსახა და მითხრა: „ხვალ დილას მოდი, 12 საათზე, ნასადილევს კი დატოვე მონასტერი“. მეორე დღეს, დილით, ჩემს ქალიშვილთან ერთად რომ შევედი, მან მკითხა: „აქ ვინმეს აღსარება სურდა?“ გამოვტყდი: – „ყველაფრით ცოდვილი ვარ“, მან კი მკითხა: „ცხენები მოგიპარავს?“ – „არა“. – „აი ხედავ ყველაფერი არ შეგიცოდავს“, – მითხრა მან ღიმილით. მე ვთქვი, რომ არ ვიცოდი აღსარების თქმა, მან კი შენიშნა: „აღსარებიდან, როგორც წმინდანი გამოდიხარ“.

გამოსვლისას ბერმა მკაცრად გაიმეორა გუშინდელი და დაამატა: „ჩვენ ერთი ისეთი სიდედრი გვყავდა, რომელიც ქალიშვილს მთვრალ ქმარს უმალავდა, რათა არ გაეკიცხა. ერთმა ქალბატონმა მოიყვანა ქალიშვილი და მისი გათხოვების კურთხევა ითხოვა. თვითონ ლამაზი იყო ახალგაზრდობაში, მაგრამ ულამაზოს გაჰყვა ცოლად. შვილისთვის ლამაზი და ტანადი საქმრო მოძებნა. ის კი ჩემთან მოსვლის მერე, მონაზვნებისა და მონასტრის ნახვის შედეგად, იქ დარჩა. შენს ქალიშვილს კიდევ ეყოლება საქმრო, – აგრძელებდა ბერი ჩემთან საუბარს, – მაგრამ ამჯერად არაფერი გამოვა, მისთვის სხვა რამ არის განკუთვნილი“. მამაო პირდაპირ მელაპარაკებოდა, არ მალავდა მის საოცარ ხედვას ჩემს ახლანდელ და მომავალ ცხოვრებაზე. მაშინ ყველაფერი ვერ გავიგე და ვერ გავითავისე. აწმყოს ბუნდოვნად ვხედავდი, მომავალი კი შემდეგში გავიგე. ბერმა გამიშვა იმ განზრახვით, რომ წასვლის წინ ისევ დამიძახებდა.

ბერის ნათქვამიდან დავასკვენი და გადავწყვიტე, რომ ჩემს ქალიშვილს ეყოლებოდა ორი საქმრო და მესამეს მისთხოვდებოდა. ეს ჩანაფიქრიც ვერ დაიმალა მამაოს წინასწარ ხედვისთვის შეუმჩნეველი. როდესაც ბოლოს შევედი მამაოსთან ჩემს ქალიშვილთან და ნათესავთან ერთად; მან თქვა: „მისთვის არც ის არის დადგენილი და არც ის“. დათხოვნისას ნათესავზე მიმითითა და თქვა: „ეს პირველი განყოფილებაა“, – შემდეგ მიმითითა ქალიშვილზე, – „ეს – მეორე, ხოლო შენ – მესამე; იცი მესამე განყოფილებაში რას აკეთებენ? უთვალთვალებენ“.

წამოსვლისას დაგვლოცა პატარა ხატებით და მოგვცა მე და ჩემს ქალიშვილს წიგნი: „ღვთის ჯვრის სამეუფო გზა“. მე მისი ლოცვები ვითხოვე, მან კი მითხრა: „ნუ მთხოვ, ვილოცებ“. მე დავამატე: „მამაო, თუკი ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ მოეწყო, მაშინ ჩემს ნებას თქვენ ჩაგაბარებთ“, – თვითონაც არ ვიცოდი, რას ვამბობდი. მამაომ გაიღიმა და თქვა: „ჩვენ კიდევ მოვასწრებთ საუბარს“. მე ვთხოვე, რომ არავის სცოდნოდა ჩემი ნათქვამი. მან ისევ გაიღიმა და თქვა: „შენი საიდუმლო მთელმა ქვეყანამ იცის“. ჩვენ წავედით. ბორანზე შემთხვევით შევხედე საათს და 12-ს უჩვენებდა. მაშინ გამახსენდა გუშინდელი ბერის სიტყვები: „მონასტრიდან 12 საათზე წახვალ“.

IV თავი
ბერული მესაჭეობა
(წინა მოთხრობის გაგრძელება)

სახლში დაბრუნებული ნანახი და მოსმენილი შთაბეჭდილებებით თავიდან სულიერად მშვიდად ვიყავი, მაგრამ, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ვმძიმდებოდი. საშინელი სევდა დამეუფლა. გამახსენდა ბერის წინასწარუწყება სევდაზე და სახარების კითხვას შევუდექი, მაგრამ მოზღვავებული აზრების გამო ვერც ვიგებდი, რას ვკითხულობდი. ვიღაცის და რაღაცის შიში დამჩემდა. ბრძოლა იგრძნობოდა სულში. წარმომიდგებოდა, რომ ბერის მორჩილების გამო ჩემი ნებით ვანგრევდი ქალიშვილის ბედს. სულიერად დავსნეულდი. დღისით დაბნეულივით დავდიოდი. ღამით საშინელი სიზმრები მერეოდნენ. ერთმა მათგანმა განსაკუთრებით შემაძრწუნა, იმიტომ რომ ახდა. ცოტაც მოვითმინე და მივწერე ბერს, მაგრამ არა გულღიად, არამედ ზერელედ. პასუხიც არ მიმიღია. ოქტომბერში მცირე ხნით და მარტო გამოვითხოვე მეუღლის თანხმობა ოპტინაში წასვლაზე, რაზეც ის არცთუ ისე სიამოვნებით დამთანხმდა. სავანეში ჩამოსული, მივედი ბერთან. რატომღაც მრცხვენოდა, რომ ისევ ასე მალე ჩამოვედი. სენაკში შესულმა ვთქვი: „მამაო! თქვენ მე არ გამაგდებთ?“ მან მიპასუხა: „ჩვენ აქედან არავის ვაგდებთ“. მარტო დამიტოვა. როგორც კი მასთან მარტო დავრჩი, მაშინვე სულიერი სიმშვიდე, გულმავიწყობა და სიზარმაცე დამეუფლა. ჩემი განსაც-დელები ისეთ არარაობად მომეჩვენა, რომ მათზე ლაპარაკით მამაოს შეწუხება შემრცხვა. ამრიგად, მე მისთვის თითქმის მართებულად, ნორმალურად არაფერი ამიხსნია, რასაც ცოტა ხნით ადრე განვიცდიდი. ყველაფერზე ერთი და იგივე პასუხი მივიღე ბერისაგან: „შენ ის გიყვარდა (ქალიშვილის საქმრო) და განსაცდელიც იქიდანაა“.

საღამოს გამოსამშვიდობებლად შევედი მასთან. მამაო იწვა, თითქოს არავინ ჩანდა და ისიც თავისუფალი იყო. სახლში გაშვება ვითხოვე. მანაც მითხრა: „ღმერთმა დაგლოცოს, გაემგზავრე“. ვთხოვე ლოცვა ესწავლებინა; მამაომ მითხრა: „ასე ილოცე: უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალე ჩვენ სამივე და აღასრულე ჩვენში შენი ნება. გესმის? სხვანაირად არ ილოცო“. მე ისევ ძალიან არ მომწონდა, მე ხომ მუდამ ვთხოვდი ღმერთს ლოცვისას იმას, რაც მე მინდოდა.

როგორც შემდგომში მამაო ამბობდა, – „რითაც მოხვედი, იმით წახვედი“, – ასე დავბრუნდი სახლში. ბერისგან ვერც ნუგეში მივიღე, ვერც დარიგება. იმის გამო, რომ გულწრფელი არ ვიყავი, ორმაგად დავსევდიანდი. შიშიც გამიორკეცდა.

ასეთი ცვალებადობა და უხასიათობა შემამჩნია ერთმა ახლობელმა ქალმა, რომლის ხელშიც გაიზარდა ჩემი შვილი და იცოდა ჩვენი ოჯახური საქმეები. მან მთხოვა, მეთქვა ჩემი სასიძოს ამბავი. „დავუშვათ, – მეუბნება ის, – თქვენ თვლით ბერს უკვე წმინდანად, სიტყვით ხართ მასთან დაკავშირებული, მაგრამ მე რა შუაში ვარ? ბოლოს და ბოლოს, თქვენი შვილი ასეთივე ახლობელია ჩემი და მე მინდა გავიგო რა შეემთხვა მას“. დიდი განსაცდელი იყო ეს ჩემთვის. დავნებდი, გონება წამერთვა და ვთქვი: „რაც გინდათ, ის გააკეთეთ“. მალე სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. ბოლოს და ბოლოს, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ის მისწერდა თუ მე. ეს მანაც მშვენივრად იცოდა.

ბერის დაუმორჩილებლობის გამო სასჯელმაც არ დააყოვნა: პასუხი მივიღეთ. სასოწარკვეთილების მომგვრელი იყო წერილი, სადაც დიდი თანხის გაგზავნას ითხოვდნენ სასიძოს უსახელო, საშინელი სიკვდილისაგან გამოსახსნელად. თხოვნით მომმართავდნენ მე. ახალგაზრდა კაცის გამოუვალი მდგომარეობით შეწუხებულმა, დავიჯერე. გამოუცდელი და მიმნდობი ვიყავი, თან არ მქონდა სხვადასხვა რჯულის ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება. მისი წერილი მთლიანად წინასწარ გავაგზავნე მამა ამბროსისთან; ვთხოვდი ლოცვა-კურთხევას, რომ დავხმარებოდი გასაჭირში მყოფს, თან ვეკითხებოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ბერმა დეპეშით მიპასუხა, რომლის მნიშვნელობაც მაშინ ვერ გავიგე. კიდევ ერთხელ რომ მეკითხა, მომეჩვენა, რომ დიდხანს გაიწელებოდა, თან მეშინოდა, რაიმე არ შემთხვეოდა სასიძოს. ჩვენი უკანასკნელი გროშები ხელზე გვქონდა. ვკითხე ჩემებს: გამეგზავნა თუ არა, ისინიც დამთანხმდნენ. ფული გავაგზავნე და არ დამიწერია არაფერი; ვიფიქრე, მიღებისთანავე მაცნობებდნენ. არაფერი მოუწერიათ და ვიფიქრე, რომ მომატყუეს. მე წავედი ბერთან, დავვარდი მის წინ სინანულით და ვთქვი: „შემინდეთ, მამაო, მე თქვენ არ დაგიჯერეთ“. რა სიყვარულით და სიბრალულით მომმართა მან! „რატომ არ დამიჯერე? თუმცა, ეს შენთვის სასარგებლოა – უფრო გაერკვევი ადამიანებში“.

მე მაშინ ბერის ახლოს დავრჩი რამდენიმე ხნით საცხოვრებლად, რათა ყოველივე არეულობისაგან დამესვენა. ერთხელ, მახსოვს, დილით გამომიძახეს მასთან. როგორც კი მის წინ ჩავიმუხლე, მაშინვე ადგა და შევიდა თავის საწოლ ოთახში. მე როგორც ვიდექი მუხლებზე, ისე დავრჩი მის ლოგინთან და ვფიქრობდი, სად წავიდა მამაო. ბერი დიდხანს არ გამოსულა. როგორც იქნა დაბრუნდა, მოვიდა ჩემთან, ჩამარტყა თავში და თქვა: „მონაზონი გახდები, მხოლოდ არ იჩქარო“. მამაოს სიტყვებმა რაღაცნაირი სიხარული და ამასთან ერთად შიში მომგვარა. მე ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს. ქმარი ცოცხალი მყავდა და ქალიშვილი გასათხოვარი. „მეშინია“, – იყო ჩემი ბრიყვული პასუხი. „მუნ შეეშინა შიში, სადა არა იყო შიში“ (ფსლმ. 8, 5) – მითხრა მან ფსალმუნის სიტყვები. მე კი ვაგრძელებდი: „მე ისედაც, მას შემდეგ რაც თქვენთან დავიწყე სიარული, მშიშარა გავხდი. მეშინია ლოცვის, ვერ შევდივარ ბნელ ოთახში – თითქოს ვიღაცა მაშინებს: საერო წიგნებს ვერ ვკითხულობ – ყველგან რელიგიის საწინააღმდეგოს ვხვდები და ჩემს თავს სიტყვა მივეცი, არაფერი წავიკითხო. ადრე კი არაფერს ვამჩნევდი და მშვიდად ვკითხულობდი“. – „ეს განსაცდელებია და მალე გაივლის, – მითხრა მამაომ, – 90-ე ფსალმუნი წაიკითხე დღეში სამჯერ. უზენაესის შეწევნით იცხოვრე“.

ერთხელ, ჩემი თანდასწრებით, მონაზვნებმა კითხვები დაუსვეს მამაოს მონაზვნურ ცხოვრებაზე. მე ამისი არაფერი გამეგებოდა და იმდენად ბრიყვული და წვრილმანი მომეჩვენა მათი შეკითხვები, რომ ვიფიქრე – რა უსინდისობა იყო ასეთ წვრილმანებზე მამაოს შეწუხება. მარტო რომ დავრჩი ბერთან, ვუთხარი კიდეც, მან კი მიპასუხა: „არ განიკითხო – წვრილმანებისგან შედგება მსხვილმანი“. და დაამატა: „თვითონ გახდები ასეთი მეწვრილმანე და ყველაფერს შემეკითხები“. მე კი ვიფიქრე: „მე აქამდე არ დავალ“.

ამჯერად, ჩემს გამგზავრებას წელავდა მამაო და მის გვერდით დამტოვა. მითხრა: „მიგიღებ მაშინ, როცა მომიხერხდება და თავისუფალი დრო რომ მექნება, შენ კი იყავი მინაშენში, ჩემი „ხიბარკა“ ყველაფერს გასწავლის – მოთმინებასაც და თავმდაბლო-ბასაც“. მამაომ მართალი თქვა. ამ მინაშენში ბევრი რამ გადავიტანე, მოვითმინე და ვისწავლე.

ამჯერად გამგზავრების წინ ვუთხარი მამაოს: „მამაო! მე რაღაც მოჯაჭვული ვარ თქვენზე“. მამაომ ასწია ხელი და რბილად გადამისვა შუბლზე. მე კი ვაგრძელებდი: „მხოლოდ განებივრების მეშინია, სახლში მძიმე ცხოვრება მაქვს, აქ კი კარგად ვარ“. „არა, – თქვა მამაომ, – შენ ჩემთან ვერ ინებივრებ“.

ამის მერე დიდხანს არ წავსულვარ მამაოსთან. სამ თვეზე მეტი ხანი გავიდა. უცბად გარდაიცვალა დედაჩემი. მან ჯერ მეტყველება დაკარგა. მღვდელმა ზეთის ცხება და ზიარება მოასწრო. იმის აზრი მღრღნიდა, იყო თუ არა ის ამ დროს სრულ გონებაზე. მისი დაკრძალვისთანავე გავემგზავრე მამაოსთან. გამომიძახეს მასთან. ზღურბლზეც არ გადამაბიჯებინა, ისე დამწუხრებულმა მკითხა: „რა მოგივიდა?“ მეც ვუთხარი, რომ გარდაიცვალა დედაჩემი და რომ ხვალ მეცხრე დღე იყო. ამასთანავე ავუხსენი, რაც მაწუხებდა. „ის სრულ გონებაზე იყო, – დამაჯერებლად თქვა ბერმა, – სხვაგვარად მღვდელი არ აზიარებდა მას“. და გამახსენდა ერთი დეტალი, რომელიც ნათლად ამტკიცებდა, რომ ის გარდაცვალებისას სრულ აზრზე იყო. მე კი ეს დეტალი გამომრჩა მხედველობიდან. გამიკვირდა ბერის მჭვრეტელობა და დავმშვიდდი.

რაც უფრო დიდხანს ვრჩებოდი მამაოსთან, მით უფრო მეტი განსაცდელები მოდიოდა ჩემზე. მთელი დღეები მინაშენში ვიჯექი და ირგვლივ ყველაფრის მოსმენით შევწუხდი. სხვადასხვა სულელური და უპატიო აზრები მომდიოდა თავში. მათი თქმა ბერთან მრცხვენოდა და შეუძლებლადაც მიმაჩნდა, რის გამოც უფრო და უფრო ვმძიმდებოდი და ყველაფერი საცდურად მექცა. ვწვალობდი და ვდუმდი. გამჭრიახი ბერი მაკვირდებოდა და ერთხელაც მითხრა: „დაანებე თავი შენს ბრიყვულ აზრებს, თორემ თავი გეტკინება“. მან ისე გამაოცა, რომ მაშინვე ვითხოვე მასთან შეხვედრა და ვკითხე: „მამაო, საიდან იცით, რომ მე ბრიყვული აზრები მომდის?“ მან ალერსიანად ჩაიცინა და თქვა: „ღმერთმა კიდევ მეტი იცის“. რამდენს მაძლევდა მამაო, მაგრამ მე, უტვინო, ვერ ვიგებდი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.

ამჯერად მამაომ მამხილა საერთო კურთხევაზე; თანაც როგორ! ის, ჩვეულებრივ, გამოვიდა მინაშენში და სავარძელში ჩაჯდა. ჩვენ არცთუ ისე ბევრი ვიყავით. მასთან ყველაზე ახლოს მუხლებზე იდგა ხანდაზმული მონაზონი, მამაოს დიდიხნის სულიერი შვილი. ბერმა მისი თავი მუხლებში ჩაირგო, ჩაარტყა თავში და ყველას გასაგონად ეუბნება: „დედაო! შენ გაგიჭირდება წმინდანებში მოხვედრა: არაფრის გჯერა, არაფერს ხედავ, არაფერი გესმის, რაც არ უნდა გავაკეთო შენთვის“. – „მამაო, – უთხრა მან, გაკვირვებულმა, წყენით, – უფალი გფარავდეთ! რას მეუბნებით? როდის არ მჯეროდა თქვენი?“ მამაოს თითქოს არაფერი ესმოდა, ისე აგრძელებდა მასთან საუბრით ჩემს მხილებას. მან თქვა ყველაფერი, რაც ჩემს გულში იმალებოდა. მისჯილივით გაწითლებული ვიდექი და არ ვიცოდი საით გავქცეულიყავი. მონაზონი ისევ ცდილობდა თავი გაემართლებინა. შემდეგში გავიგე მისი ნათქვამი: „როგორ მითხრა მამაომ! რა გადამატანინა! და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას უნდა ემხილა ვიღაცა ხალხში. მან კი ეს ყველაფერი ჩემზე გადატეხა“. ამასთან ერთად მამაომ იქვე თქვა: „ყურადღებით იყავით, ხელი მოჰკიდეთ ჩემს კაბას, რომ თქვენც არ მოგივიდეთ ისე: ერთხელ ვიღაცა მანდილოსანმა ჩაავლო ბერს კაბაში ხელი, მან კი ის უფსკრულს მიღმა გადაიყვანა. როდესაც მან დაინახა, რომ საკუთარმა ქალიშვილმა ჩასჭიდა მას ხელი, მოშორება სცადა, მაშინ ორივე მოწყდნენ და ჩავარდნენ უფსკრულში“. ესეც ჩემს გასაფრთხილებლად იყო ნათქვამი.

ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი ყველაფერი მეთქვა ბერისთვის, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ დამეწყო. მივიდოდი მასთან, ხან ერთი, ხან მეორე სათქმელი მავიწყდებოდა. საერთოდ კარგი მეხსიერება მქონდა და ვერ ვხვდებოდი, რატომ მავიწყდებოდა ბერთან ყველაფრის თქმა. ერთხელაც ნაცნობ ქალბატონს შევხვდი ოპტინაში. მას ბევრი ლაპარაკი უყვარდა და მის რჩევას არასოდეს დავუჯერებდი, რადგან თავს მასზე უფრო გონიერად ვთვლიდი. მასთან ლაპარაკისას ვთქვი, რომ ბერთან საჭირო სათქმელი მუდამ მავიწყდებოდა. მისგან კი ასეთი პასუხი მოვისმინე: „ეს ყველას ასე ემართება; უნდა ჩაიწერო რა უნდა თქვა – მტერი იპარავს“. მე მას არ დავუჯერე, მაგრამ მამაოსთან საერთო კურთხევაზე ყოფნისას, ბერმა დამიძახა და სერიოზულად მითხრა: „იფიქრე, ვინ იყო პეტრე მოციქული. იმანაც კი მოუსმინა მამლის ყივილს, და მოინანია. მამალი კი ვინ იყო – ფრინველი.“ მე კარგად გავიგე, რისი თქმაც უნდოდა ბერს ჩემთვის, რომ პეტრე მოციქულს მამლის ყივილმა გაახსენა ქრისტეს უარყოფის ცოდვა და მოინანია; მე კი ადამიანის მოსმენა (დაჯერება) არ მინდოდა, რომელიც სიმართლეს მეუბნებოდა, მისი რჩევის მოსმენა სიამაყის გამო არ მინდოდა. ხალხი რომ გაუშვა, მაშინვე ჩამარტყა ჯოხი მამაომ თავში და მითხრა: „შენ კი, ბრიყვო, ჩაიწერე“. ამის შემდეგ დავიწყე აღსარების ჩაწერა. ბერი მასწავლიდა, როგორი სიყვარულით და მოთმინებით უნდა ჩამეწერა.

მალე აზრად მომივიდა მთელი ჩემი ცხოვრება და ცოდვები, შვიდი წლიდან მოყოლებული, ერთბაშად გადამეშალა ბერისთვის. აღსარებაზე მისულმა გავანდე ჩემი სულიერი მოთხოვნილება და რწმენით ვუთხარი: „თქვენ, მამაო, თვითონ დამეხმარეთ: ბევრი რამ დამავიწყდა და ყველაფრის თქმა არ შემიძლია“. დაიწყო საშინელი, აქამდე გაუგებარი და ჩემს მიერ აღუქმელი აღსარება. ყველა დავიწყებული, უთქმელი და გაუგებარი თვითონ ბერმა მითხრა. მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი სული წიგნივით გაიხსნა მის წინ. ჩემზე უკეთესად იცოდა ყველაფერი. გარემოების მიხედვით ხან მამართლებდა, ხან კიდევ მამტყუნებდა. ისეთი ცოდვაც კი მითხრა, რომელშიც მეგონა , რომ არ ვმონაწილეობდი. შევწუხდი და ვთქვი: „მამაო! ამ შემთხვევაში მე არც მიფიქრია რაიმე ბრიყვული. მე ხომ ტყუილით არ მოვსულვარ თქვენთან!“ – „არა, – მითხრა მშვიდად ბერმა – ტყუილით არა. შენ ამაზე არც იფიქრო, მე ისე ვთქვი – დაივიწყე“. ამასობაში შევხედე ბერს და დავინახე მისი ფართოდ გაღებული თვალები, რომლებიც, არაჩვეულებრივი ცეცხლით ანთებულნი, პირდაპირ ჩემს გულში იხედებოდნენ. წავედი, მაგრამ ბერის მიერ ნათქვამ ცოდვაზე ფიქრი არ მასვენებდა. მეორე დღეს ისევ შევხვდი და ვუთხარი: „მამაო, თქვენ გუშინ ამაფორიაქეთ და მე არ ვიცი ჩემს უკან რა ხდება“. – „მე შენ კი არ აგაფორიაქე, – მიპასუხა ბერმა, – მაგრამ მინდოდა… – და არ დაასრულა ისე გაიმეორა: დაივიწყე“. ამის შემდეგ მკაცრად ვაკონტროლებდი ჩემს აზრსა და მოქმდებას. მალე აქამდე დაბრმავებული სულის თვალი გამეხსნა და დავინახე, რომ ის ნამდვილად ცოდვა იყო, რომელიც ბერმა გამახსენა და მე ვერ ვხედავდი. ამაში გამოვტყდი მის წინაშე.

ერთხელაც, უფრო დიდი განსაცდელი შემემთხვა. საზიარებლად ვემზადებოდი. აღსარება ჩავაბარე და, ჩვეულებრივ, დავრჩი ლოცვაზე ბერთან მინაშენში. რომელიღაც დღესასწაულის წინა დღე იყო. ქალთა განყოფილებაში ბევრი ხალხი მოვიდა. გონებაგაფანტული ვისმენდი ლოცვას, ვფიქრობდი ნანახზე და მოსმენილზე. უცბად გადამიტრიალდა თავში ისე, რომ წუთიერად ყველაფერი დამავიწყდა. რას მაძლევდა ჩემი მამაო, დავეჭვდი ბერის მჭვრეტელობაში, რასაც არანაირი საფუძველი არ გააჩნდა. ყოველივე წუთიერად შემოიპარა ჩემს სულში. სულიერ ცხოვრებაში უფრო გამოცდილი ადამიანი მიხვდებოდა და განდევნიდა უპატიო აზრს, მე კი შემეშინდა და დაბნეული ვიდექი. უფრო და უფრო მერეოდა აზრები. დაიწყო კანონთა კითხვა. უცბად მომსახურის გაფრთხილების გარეშე ზღურბლზე გამოჩნდა ბერი თეთრ ანაფორაში, მხრებზე გადადებული მოკლე მანტიით, ისე, როგორც იდგა ლოცვაზე. გამოვიდა, არა ისე, როგორც ადრე სჩვეოდა ხოლმე, როცა ჯერ „ღირს არსის“ ან „მწყალობელი“ ხატის წინ ილოცებდა და შემდეგ ლოცავდა ხალხს – არა. გაჩერდა ზღურბლზე, აიხედა ზემოთ და დაახლოებით ერთი წუთი ასე იდგა. მისი თვალები არაჩვეულებრივი ცეცხლითა და მრისხანებით იყო სავსე. ყველანი შევცბით, რადგან ეს ყველამ შენიშნა. შემდეგ ჩამოვიდა და დაიწყო ყველას კურთხევა – მარჯვნივ და მარცხნივ. ჩემამდე რომ მოაღწია, მოულოდნელად ჩემს გვერდით მდგომ სკამზე ჩამოჯდა. როგორც კი მის წინ ჩავიმუხლე, მაშინვე სინანულის გრძნობა დამეუფლა და განსაცდელებიც განმშორდნენ. მამაომ კი აწია თავისი ჯოხი, დაარტყა იატაკზე და თქვა: „მე გავაგდებ აქედან ამ შავ ჭილყვავს“, – და ადგა. მაშინ მე შევეხვეწე: „მამაო! საზიარებლად ვემზადები და ერთი წუთი დამითმეთ“. ბერმა დიდი ჯვარი გადამსახა და მოფერებით მითხრა: „არა, არ შემიძლია. ხვალ მოხვალ“.

დილით, ზიარების შემდეგ წავედი მამაოსთან და მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი მეთქვა ყველაფერი, რაც მის წინააღმდეგ მამოძრავებდა. ყოველივე იმის მერე, რაც მან ჩემთვის გააკეთა, მე მრცხვენოდა და არ ვიცოდი, როგორ დამეწყო საუბარი. ბერმა მაშინვე მიმიღო. ის თავის ლოგინზე იწვა. ძალიან ნათელი და მხიარული სახე ჰქონდა. მე მივედი, ჩავიმუხლე და ვთქვი: „შემინდეთ, მამაო“. მამაომ ჯვარი გადამსახა და მალევე მხიარულად მიპასუხა: „ღმერთი შეგინდობს“. სულში სიმსუბუქე ვიგრძენი. მამაომ არც მკითხა რაში ვიდანაშაულებდი თავს, არც მათქმევნა. მომეფერა, ძლიერად ჩამოჰკრა ზარს და ოთახში შემოსულ მომსახურეს მისცა განკარგულება, შორიდან ჩამოსული მონაზვნები შემოეყვანა. მე იქვე დამტოვა, თავი თავზე დამადო და ისე ესაუბრებოდა მათ და ბოლოს ყველანი გაგვიშვა. გახარებული გამოვედი, მხოლოდ იმას ვერ ვიგებდი, ასე ადვილად რატომ გამოვძვერი. მამაო მანამდე სულ მეკითხებოდა, რაში ვგრძნობდი თავს დამნაშავედ. ზოგჯერ ვეტყოდი: „მამაო, რა უნდა გითხრათ? თქვენ ხომ ყველაფერი იცით“. – „მე კი ვიცი, – მიპასუხებდა ის, – მაგრამ შენ თქვი“. ახლა კი პირდაპირ მაპატია და ჩემი სინდისიც დამშვიდდა.

გავიდა სამი დღე და ყველაფერი დამავიწყდა. მამაო გამოვიდა საერთო კურთხევაზე და მეორე ოთახში ჩაჯდა სავარძელში. მე არ ველოდი იმის დაჯდომას, ამიტომ უკან დავრჩი. ხალხის სიმრავლის გამო ახლოს ვერ მოვხვდი და ჭერქვეშ დატანებული ნალის ქვეშ ვიდექი, იქიდან ვუმზერდი; თვალებით მომნახა ხალხში და ღიმილით დაიწყო თხრობა: „მყავდა ერთი ნაცნობი მღვდელი. მოვიდა მასთან სულიერი შვილი აღსარებაზე და აღსარების მერე შესცოდა – მოიხიბლა და მოპარა მღვდელს ძვირფასი ქუდი. სახლში დაბრუნებულმა იფიქრა – როგორ უნდა ვეზიაროო. მოვიდა ისევ მოძღვართან და შენდობა ითხოვა, მაგრამ ის კი არ უთხრა, რაც შესცოდა. მღვდელმაც არ ჰკითხა და შეუნდო ცოდვა. მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ მიხვდა, რომ გაქურდეს და ქუდი მოჰპარეს“. ამასთანავე მამაომ დაახამხამა თვალები და მომაშტერდა. მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ვითხოვე მასთან შესვლა და გულწრფელად ვაღიარე ყველაფერი. მან გაიცინა ამაზე და მეორეჯერ შემინდო ყველაფერი.

დიდი ხნის უნახავი რომ მივიდოდით მე და ჩემი ქალიშვილი, ის ყოველთვის ასეთი სიტყვებით გვხვდებოდა: „ჩამოვიდა ახირებული ხალხი, აწი არ უნდა დაამთქნარო – ცოცხლად აგიტაცებს“. ზოგჯერ კი იტყოდა: „ერთი ქანდარაა, მაგრამ არაერთი ცნობა აქვს“. თუ სულიერ წყობაში რაღაც გადასხვაფერება ხდებოდა, მამაო მაშინვე შენიშნავდა. თუ დიდხანს მოგიწევდა მისი ლოდინი და შენ ამას განიცდიდი, გეტყოდა: „მე რომ მიგიღოთ, მეტი მოკრძალებაა საჭირო“. უყვარდა, რომ ღვთისმსახურების ჟამს ჩვენ ტაძარში ვიმყოფებოდით და ამბობდა: „მლოცველებს მალე ვიღებ, ხოლო მოთმინების მქონეს ვაფასებ“.

ხელი რომ მომკიდა და მითხრა: „შენ ჩემს ხელში ვერ განებივრდები“, – ამის შემდეგ მამაო მუდმივად თვალყურს მადევნებდა. არცერთ ჩემს ზრახვას და სულის მოქმედებას უყურადღებოდ არ ტოვებდა. ერთხელაც დიდხანს ვსტუმრობდი მასთან. ადრიანად მოვედი მამაოსთან, რომელიც ნასადილევს ისვენებდა. მინაშენში თითქმის არავინ იყო. დავჯექი პირველ ოთახში. სავარძელში შორიდან ჩამოსული მოხუცებული იღუმენია და კიდევ ორი სხვადასხვა მონასტრებიდან ჩამოსული მონაზვნები ისხდნენ. მათ მონაზვნურ ცხოვრებაზე დაიწყეს საუბარი. სხვადასხვა შემთხვევებს ჰყვებოდნენ. მე, რა თქმა უნდა, მონაწილეობას საუბარში არ ვიღებდი, რადგან მონაზვნური ცხოვრების არაფერი მესმოდა, მხოლოდ მათი მონათხრობით ვიყავი მოხიბლული. ამის გამო ისინი გულში განვიკითხე, გადავწყვიტე განვშორებულიყავი ცოდვას და გადავსულვიყავი მეორე ოთახში, სადაც ღვთისმშობლის „ღირს არსის“ და „მწყალობელი“ ხატები იყო დაბრძანებული. ამ ოთახს პირველი ჩამოსვლიდან შევეთვისე. აქ გადმოსულმა კიდევ ვიფიქრე: „სხვა ოთახებში არ უნდა დავჯდე – მუდამ ისეთ საუბრებს შეეჩეხები, ხასიათს რომ გაგიფუჭებენ“. უცბად კარი გაიღო და მამა ამბროსი გამოჩნდა. ჩემი თავის დახრას მან მკაცრად შეხედა და თქვა: „შენ აქ რატომ ხარ? შენი ადგილი იქაა, – და მეორე ოთახზე მიმითითა, – აქ მხოლოდ ჩემი კურთხევით სხდებიან, შენთვის კი ასეთი კურთხევა არ მომიცია“. შევშინდი, რადგან ყველას გასაგონად და მკაცრად იყო ნათქვამი. მეორე ოთახში მომიხდა გადასვლა, სადაც მანამდე ვიჯექი. იქ კი დიდხანს მომიწია ჯდომამ. მამაო არ მიღებდა და ყურადღებას არ მაქცევდა. იშვიათად მლოცავდა და, მიუხედავად ჩემი თხოვნისა, მასთან შესვლას არავინ მთავაზობდა.

არ მახსოვს, რამდენი ხანი გრძელდებოდა, მაგრამ ნამდვილად ვიცი დიდხანს ვითმენდი. ამასთან ერთად, აქ ჯდომა გაცილებით ვიწროდ და ჩახუთულობაში მიხდებოდა, ვიდრე პირველ ოთახში. აქ ჯდომით ყველას მაზოლები გავუჩინე თვალებზე, მაგრამ მე მაინც დაჟინებით ვითხოვდი ბერთან შეხვედრას. ჩემი დაღლილი და შეწუხებული სახის გამო დამცინოდნენ კიდეც. ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, პირში მეუბნებოდნენ, რომ ადრე ხშირად მიღებდა ბერი, ახლა კი დამტოვა; ამას თავისებურად განმარტავდნენ. ერთმა ქალბატონმა პირდაპირ მითხრა, რომ ჩემს სახეზე ხედავდა, მე ბერისთვის რაღაც გაუმჟღავნებელი მძიმე ცოდვა მაწევდა გულზე. მაინც ვითმენდი, თავს ვიმაგრებდი, თუმცა ხშირად ჩუმ-ჩუმად მწარედ ვტიროდი. ამას ყველაფერს უფრო ადვილად გადავიტანდი, ჩემი აზრით ბერისგან მიტოვებული რომ არ ვყოფილიყავი. ის თითქოს არ მხედავდა და არ მამჩნევდა. მხოლოდ მაშინ, როცა იმ ქალბატონმა ასეთი შეურაცხყოფა მომაყენა ჩემი მძიმე ცოდვის ვარაუდით, ვითხოვე ბერთან შესვლა და მანაც დამიძახა. მე მას შეურაცხყოფის შესახებ მოვახსენე, ისე, რომ მთქმელის ვინაობას ვმალავდი. მამაოსგან მას რომ მოხვედროდა – არ მინდოდა: „აა, ეს ისაა… ის ბრიყვია, შენ კი ვერ მიხვდი. წადი!“ ისევ ცივად გამისტუმრა ძვირფასმა ბერმა. მე მუდამ ველოდი, რომ ეს გაივლიდა. სევდა უფრო და უფრო მეუფლებოდა, ბოლოს გადავწყვიტე, წავსულიყავი აქედან და არასოდეს დავბრუნებულიყავი. ჩემთვის ვფიქრობდი: რაც უფრო დიდხანს ცხოვრობ აქ, მით უფრო მიეჯაჭვები მამაოს, საერო ცხოვრებას ჩამორჩები. ეს ცხოვრება კი ისე მძიმეა, რომ ვერაფერი გავიგე, ეტყობა უვარგისი ვარ სულიერი ცხოვრებისათვის, ამიტომაც მიმატოვა მამაომ. მეორე მხრივ, იმდენად ვიყავი მამაოზე მიჯაჭვული, რომ სასოწარკვეთილი ვფიქრობდი ისე წავსულიყავი, მამაოს არ გაეგო, სამუდამოდ რომ ვემშვიდობებოდი, ისე გავმაგრებულიყავი, რომ არ მეტირა.

მოვიფიქრე მომსახურის პირით გადამეცა მამაოსთვის, რომ სახლში მეძახდნენ და ვითხოვდი გამოსამშვიდობებლად მასთან შესვლას. ვფიქრობდი: ერთი წუთით შევალ, უკანასკნელად ავიღებ კურთხევას და აწი აღარ დავბრუნდები-მეთქი. ასე ცხოვრება უკვე შეუძლებელი იყო. ჩემი გეგმა მომწიფდა და გადაწყვეტილება მტკიცე იყო. მაგრამ გამჭრიახ ბერს არ გამოჰპარვია ჩემი გადაწყვეტილება. საერთო კურთხევაზე გამოსულმა, ისევ ჩამიარა გვერდით, ჩემს მხარეზეც კი არ გამოიხედა, მაგრამ უკან დაბრუნებისას მან საჩქაროდ გამომიყვანა ხალხიდან, ხელში თავისი ჯოხი დამაკავებინა და მითხრა: „შენ წადი წინ“. წამიყვანა, დამაყენა „ღირს არსის“ ხატის წინ და მოფერებით მითხრა: „ცოტა ხანს დამიცადე, მჭირდები, ახლავე დაგიძახებ“.

მამაომ ერთი წუთი მომცა გონს მოსასვლელად და დამიძახა. ჯერ არც კი მქონდა ნათქვამი ჩემი გადაწყვეტილება წასვლის შესახებ, ისე მითხრა: „სახლში მიემგზავრები? გთხოვ – წაიყვანე ერთი ობოლი გოგო. ის გასათხოვარია და მზითევიც გასამზადე-ბელია. მან არ იცის ვის მიმართოს. აიღე ეს შენს თავზე, გეთაყვა. აი ფული. შეუკვეთე მისთვის ყველაფერი, რაც საჭიროა და მიხედე, რომ ყველაფერი შეუკერონ. ჩამოსვლის მერე კი მეტყვი, რაც გააკეთე“. მე არაფერი მითქვამს მამაოსთვის ჩემს წუხილზე, რადგან ჯერ კიდევ არ ვიყავი მასთან ბოლომდე გახსნილი, მით უმეტეს, რომ ყველაფერმა მაშინვე გამიარა. ვერაფრით ისე ვერ დამამშვიდებდა ბერი, როგორც ამ წმინდა საქმის დავალებით. ეს დავალება კი, რა თქმა უნდა, სისრულეში მოვიყვანე.

ჩემს შეწუხებას შორს მყოფი ბერი დაუსწრებლადაც ახსნიდა. ეს რამდენჯერმე განვიცადე. ერთხელაც, მახსოვს, დიდ განსაცდელში ვიყავი. განსაცდელის გამო დიდ გაუგებრობაში ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი სავალალო მდგომარეობაში. ბევრჯერ მივწერე ბერს, მაგრამ ის უპასუხოდ მტოვებდა. ვიფიქრე, რომ ბერი არც კითხულობდა და ისე ყრიდა ჩემს წერილებს. „ესე იგი, არ ღირს წერილების წერა,“ – ვთქვი ჩემთვის. მე, ცოდვილს, ის დამავიწყდა, როგორ არჩევდა ჩემს თვალწინ ბერი ფოსტას. ზოგ წერილს პირდაპირ იატაკზე ყრიდა გაუხსნელად და ამბობდა: „ეს სასწრაფოდ საჭიროებს პასუხს“, ზოგს პირდაპირ ჩანთაში დებდა, თან ჩაილაპარაკებდა: „ამაზე მოითმენს პასუხი“. ბერმა წერილის წაუკითხავად იცოდა ყველაფერი. ახლა კი საქმეზე ვისაუბროთ. როგორც კი ბერზე გავნაწყენდი, მაშინვე მომიხდა სინანულში ჩავარდნა. ოპტინიდან ჩემი ნათესავი ქალის წერილი მივიღე. აი, რას მწერდა ის: „დიდი ხანია არ ვყოფილვარ ბერთან. სულიერად დავმძიმდი. როგორც იქნა, მოვხვდი აქ. მამაომ დამიძახა. შევედი, ჩავიმუხლე და დამლოცა. საუბრის დაწყება არ მაცალა ისე გამოიტანა ბალიშის ქვემოდან გრძელი წერილი და დაიწყო კითხვა. იმდენად იყო მასში ჩაღრმავებული, რომ მე სულ დავავიწყდი. წაიკითხა თავიდან ბოლომდე და მითხრა: „მივიღე (აქ ჩემი სახელი იყო ნახსენები) წერილი, უნდა წავიკითხო რას მწერს“. მე ძალიან მჭირდებოდა მასთან საუბარი, მაგრამ იმდენად სასიამოვნო იყო ჩემთვის შენდამი მისგან გამოვლენილი ყურადღება, რომ ვერ მოვითმინე და გწერ ამ წერილს“. აი, მეც მივიღე ჩემს ურწმუნოებაზე პასუხი, რომ ბერი კითხულობდა წერილებს და მივატოვე მასზე იჭვნეულობა.

კიდევ ერთ გარემოებაში შევხვდი სიძნელეს. ჩემი აზრით უნდა გამეკეთებინა ასე, ბერი კი სხვანაირად მაკურთხებდა. გონება დაუმორჩილებლობას მკარნახობდა, და აი, ვხედავ ბერს სიზმარში. თითქოს ოპტინაში ვიმყოფები, მინაშენის მისაღებში და მუხლ-მოდრეკილი ვარ მის წინ. ის მლოცავს და მეუბნება: „მე შენ მოგეფერები და დაგტუქსავ დაუმორჩილებლობისათვის“. სიზმრის შემეშინდა. მამაოსთან ჩამოსვლისთანავე მოვუყევი სიზმარი. ის კი სიცილით მეუბნება: „შენ ხომ საერთოდ არ მემორჩილები“. ვუპასუხე: „არა, დაგემორჩილებით“. – „მაშ, – თქვა მამაომ, – თუ მომისმენ და დამემორჩილები, კარგად იქნება შენი საქმე“. ასე შემაკავა სიზმარში მამაომ დაუმორჩილებლობისაგან.

ერთხელ მამაოს სახელით მოვიდა ჩემთან ახალგაზრდა გოგო, რომელსაც თითქოს მამაოს კურთხევით საცხოვრებელი ადგილის მოძიებამდე ჩემთან უნდა ეცხოვრა. ვკითხე, ჰქონდა თუ არა წერილობით მტკიცებულება მამაოსგან. მან მითხრა: „ბერმა ერთ თქვენს ნაცნობ მონოზონს უთხრა მტკიცებულებისათვის დაეწერა თქვენი მისამართი, მაგრამ მან რატომღაც მხოლოდ სიტყვებით ამიხსნა“. ამასთანავე გოგონამ მითხრა, რომ ბერთან მშობლების დაუკითხავად დედაქალაქიდან იყო ჩამოსული. ყოველგვარი ბარგის გარეშე ასეთი ახალგაზრდა გოგონა რომ ვნახე, ძლიერ დავეჭვდი, გამოუშვა თუ არა ის მამაომ ჩემთან (ეს ნიჰილისტების დრო იყო). ვიცოდი, რომ ბერი წინასწარ გაფრთხილების გარეშე, არავის მიგზავნიდა. ამიტომ ვთხოვე მას რამდენიმე დღე მოეცადა, სანამ ჩემთან მოვაწყობდი და ბოლომდე უარიც არ მითქვამს. თვითონ კი დროის მოგებას ვფიქრობდი, რომ წერილობით მეკითხა ბერისთვის სიმართლე. გოგონა კი მცირე ხნით ერთ მოხუცებულ ქალთან დაბინავდა. ერთი დღეც არ გასულიყო და დილაადრიან დამადგა თავს. ამბობდა, რომ ის ქალი არ აჩერებს. რომელიღაც დიდი დღესასწაული იყო და მე ეკლესიაში წასასვლელად ვემზადებოდი, ამიტომ თვითონ არ გავსულვარ და მომსახურის პირით შევუთვალე, რომ სახლში არ ვარ. ის წავიდა. ათი წუთიც არ გასულა და ნათესავი მონაზვნის წერილი მივიღე. ის მწერდა: „წინა დღეებში ვიყავი ოპტინაში. ჩემი თანდასწრებით ბერმა ერთი მანდილოსანი – გოგონა გამოუშვა. ბერმა უთხრა მას: ჩაიწერე მისამართი და მიდი ამასთან (ჩემი სახელი). ის ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენებს ე. ი. ადგილსაც მოგიძებნის“. ისევ სასწრაფო პასუხი მივიღე მამაოსგან ჩემი იჭვნეულობის გამო. მაშინვე ეკლესიაში წასვლის მაგივრად გავეკიდე გოგონას, რომელსაც ამ დიდ დღესასწაულზე ვაწყენინე და არ მივიღე სახლში. ის დაუყოვნებლივ გადმოვიყვანე ჩემთან. შემდგომში, როცა თვალწინ დიდი ბავშვი ვიხილე, გაუგებრობაში ვიყავი – როგორი ადგილი მოაძებნინა მას ბერმა. ამიტომ, როგორც კი დრო მოვიხელთე, წავიყვანე მამაოსთან. მაშინვე ორივე დაგვიბარეს. აქვე ბერთან იმყოფებოდა შამორდინოს ქალთა სავანის წინამძღვარი. ბერმა დაგვლოცა და ჰკითხა გოგონას თუ სად და როგორ აპირებდა მოწყობას. მან უპასუხა: დამტოვეთ, მამაო, თქვენს სავანეში, გთხოვთ“. – „რა უნდა გააკეთო იქ?“ – ჰკითხა ბერმა. – „რასაც მეტყვიან“, – უპასუხა მან. ბერი დედაო წინამძღვარს მოუბრუნდა და უთხრა: „რაც უფრო მოხერხებულია, მით უკეთესია. აი შენ დედა, – შენ კიდევ ქალიშვილი“, – უთხრა შემდეგ წინამძღვარს. მეხდაცემულივით ვიდექი. მისთვის მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდი და მეშინოდა მონასტრის. ასეთი გაოგნებული რომ მნახა, წამარტყა მამაომ ლოყაზე, რადგან მე უკვე შეჩვეული ვიყავი ამ გოგონაზე, მითხრა: „რამდენიმე დღე იყოს შენთან, შენ კი ჩემთან დარჩი“. მასთან მარტოდ დარჩენილი, ბერს მხოლოდ იმას ვთხოვდი, რომ გოგონა იღუმენიას კორპუსში დაიტოვონ და თვითონაც არ ვიცოდი, რატომ მსურდა ასე. ბერმა შემისრულა თხოვნა. ამრიგად მოვუძებნე გოგონას ადგილი, მაგრამ მე მაინც არაფერ შუაში არ ვიყავი.

კეთილმამსახურებდა ბერი თავისი მოწყალებით ჩემი ცოდვების გამო, და რაც მთავარია, მათი უთქმელობისთვის მსჯიდა.

განსაცდელები არ მტოვებდნენ. ერთხელაც გონებით საშინლად შევცოდე ბერის წინააღმდეგ. საქმე ამგვარად იყო: მამაომ მარტო კი არა, სხვა ნაცნობთან ერთად დამიძახა. არ მახსოვს, რაზე იყო საუბარი. ბერმა უცნაურად შემცბარმა შემომხედა. ეს ზუსტად იმის წინ მოხდა, მე რომ მის წინააღმდეგ ვიეჭვე. ვიცი, რომ ეს უეცრად მომაფრინდა. განსაცდელისაგან შეშინებულმა გამოსვლისას ჩავიმუხლე მამაოს ფეხებთან. გონებაში ვინანიებდი და ფეხებს ვუკოცნიდი, მაგრამ თქმა ვერ შევძელი. ერთი დღეც არ გასულა. ვწვალობდი და ვერაფრით ვერ ვიშორებდი, სინდისის ქენჯნა მღრღნიდა. ვწვალობდი, მაგრამ მამაოსთან მისვლა არ მინდოდა. ამასობაში ჩემი წასვლის დროც დგებოდა. საერთო კურთხევაზე ორჯერ შემომხედა მამაომ და წყნარად მითხრა: „ბრიყვო! თქვი, რა გაქვს სათქმელი?“ თითქოს ვიღაცამ პირი ამომიკერა. ვწვალობდი და ვდუმდი. წასვლისას ჩემს თავს ვეუბნები: „სახლში ჩამოვალ და მივწერ ბერს,“ – ასე უფრო მოხერხებული იქნება. ამგვარად დავიმშვიდე თავი და გავემგზავრე.

სახლში დაბრუნებულმა ყველაფერი დაწვრილებით მივწერე ბერს და ვთხოვე შენდობა. ორიოდე კვირა გავიდა. ჩემი სინდისი ოდნავაც კი არ დამშვიდებულა, არამედ უფრო მაწვალებდა და მიღრღნიდა სულს. ჩემს სანუგეშოდ მოულოდნელად მომიხდა ბერთან წასვლა. მე ნათესავებთან ერთად მოსალოცად ვემზადებოდი. რადგან ჩვენ ოპტინიდან ორმოცდაათიოდე ვერსის მანძილზე ვიმყოფებოდით, მე სხვადასხვა შეთავაზებებით დავითანხმე ნათესავები გვენახა ბერი. ჩემთვის კი ვფიქრობდი: „მამაომ ალბათ უკვე მიიღო ჩემი წერილი, წაიკითხა და ყველაფერი იცის. მე არაფ-რის ახსნა არ მომიწევს. გამოვითხოვ შენდობას და მორჩა“.

ერთი ნათესავი ქალი, რომელიც ჩემთან ერთად მოდიოდა არასოდეს ყოფილა ბერთან და არ სჯეროდა მისი. ის გზაში ეკამათებოდა ერთ ქალს, რომ არაფერს ჰკითხავდა მამა ამბროსს, მხოლოდ ცნობისმოყვარეობით შეხედავდა მას. ოპტინაში ჩამოსულები მივედით მამაოსთან. საღამო ხანი იდგა. ბერმა სენაკში არ დაგვიძახა, არამედ საერთო კურთხევაზე თვითონ გამოვიდა. შემხედა და თქვა: „უკუეთუ დაიძინო შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვერცხლითმოსილ, და ბეჭთსაშუალი მისი ფერითა ოქროსაითა“ (ფსალმ. 17, 14). შეშინებული ვიდექი მის წინ და არ მესმოდა ფსალმუნის სიტყვების მნიშვნელობა, რამაც უფრო შემაძრწუნა. მე ასე განვმარტე ისინი: ყველას კარგი ვგონივარ, მოვერცხლილი, მაგრამ შინაგანი ჩემი მე საშინელია. ამიტომ სულ სასოწარკვეთილებაში აღმოვჩნდი. ძლივს გავათენე იმ იმედით, რომ ბერთან მარტო დავრჩებოდი, მაგრამ თურმე ამაოდ. ბერთან მისულნი ვისხედით, ველოდით, მაგრამ მამაო მიღებაზე უარს ამბობდა. შაბათი დღე იყო. ბერი თვითონაც ემზადებოდა ზიარებისთვის და სხვების აღსარებაც უნდა მიეღო. აღსარებისთვის მას ელოდნენ აწ განსვენებული არქიმანდრიტი ისააკი და კიდევ რამდენიმე მღვდელ-მონაზონი.

ჩვენი თხოვნა იყო, სათითაოდ შევსულიყავით ბერთან, მაგრამ მან თქვა: „არ შემიძლია,“ და ორი საათისთვის ყველანი ერთად მიგვიღო. ისიც კი, რომელიც ამბობდა მამაოს არაფერს ვკითხავო, მწარედ ტიროდა. ისიც მარტო შესვლას ითხოვდა, მაგრამ მამაომ მოუცლელობის გამო ყველას უარი გვითხრა სათითაოდ შესვლაზე. ჩვენი დარჩენა კი ოპტინაში არ შეიძლებოდა. უკან წამოსასვლელად ცხენები უკვე დაქირავებული იყო. ამასთან, ჩვენ ყველა ქმრების დაუკითხავად წავედით ოპტინაში – მათ ეს არ იცოდნენ, ამიტომ მალე უნდა წავსულიყავით. მე გადავწყვიტე ყველას თვალწინ მეკითხა წერილის თაობაზე, მიიღო და წაიკითხა თუ არა მან ის. მან კი მიპასუხა: „არა, არ წამიკითხავს“. ბერმა ეს ისე მიპასუხა, რომ მე ისევ ვითხოვე, ღვთის გულისათვის, ერთი წუთით მაინც დავეტოვებინე. მამაომ ღრმად ჩამხედა და თავიდან თითქოს ყოყმანობდა, მაგრამ მერე ხელი ჩაიქნია და თქვა: „არა, არ მიგიღებ“. ასე, მამაოსთან საუბრის გარეშე უნდა წავსულიყავი სახლში. ამაზე დიდი სასჯელი ჩემთვის არ შეიძლებოდა რამე ყოფილიყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აქამდე ჩამოსული ცალკე არ მიმიღო ბერმა.

ღამით გავემგზავრეთ. ჩემს იღბლად, გზაში ჩემებს ყველას ეძინა, თან ბნელოდა და მეც ტირილს მივაძეხი. სახლში დაბრუნებულმა ისევ მივწერე მამაოს. ერთი კვირის მერე, 7 სექტემბერს (მღვდელ-მონაზონ მაკარის ხსენების დღეს, სკიტში დაშვებული იყო ქალების შესვლა) ისევ გავემგზავრე მამაოსთან. ჩემი ჩასვლით ძალიან გავაკვირვე ოპტინელი ნაცნობები. ამჯერადაც ვერ ვთქვი მამაოსთან მაშინვე მთელი ჩემი სიმართლე.

ჯერ ზიარებისთვის მომზადება გამოვითხოვე მისგან, შემდეგ, ჩვეულებრივ, აღსარება ვთქვი, მაგრამ ისევ ვდუმდი და საღამოსთვის გადავდე სათქმელი. მამაომაც არაფერი მითხრა. საღამოს, ზიარების წინა დღით, მწუხრის ლოცვის მერე წავედი მამაოსთან უკვე იმ გადაწყვეტილებით, რომ ყველაფერს ვეტყოდი. მინაშენში მისული მამა იოსებს შევხვდი და ვთხოვე, მივეყვანე მამა ამბროსისთან. მან მაშინვე მიმიყვანა. არასოდეს დამხვედრია მამაო ისე, როგორც ამჯერად. ის ლოგინის ნაპირზე იჯდა. მე რომ შევედი, მან ხელი გამომიწოდა და ფერებ-ფერებით, მამობრივი სიყვარულით მიმიღო. მე ფეხებში ჩავუვარდი, მან კი შეწუხებულმა მკითხა: „რა მოგივიდა?“ მეც ავუხსენი, რომ არ ვეზიარებოდი, სანამ არ ვიტყოდი, რაც შემემთხვა. ჩემი სიტყვების საპასუხოდ მამაომ მითხრა: „ბრიყვო, რამდენჯერ გითხარი, გეთქვა რა გაქვს იქ შენ, რა გიჭირს. რატომ არ მისმენდი და დუმდი? თუ ყველაფერს არ მეტყვი, ხომ იცი, რომ გაწვალდები“. მან ამიხსნა, როგორ უნდა გავარჩიო ზრახვები და ზოგიერთ მათგანს ყურადღებაც რომ არ უნდა მივაქციო. მის მიერ ნათქვამი ფსალმუნის სიტყვების შესახებ მკითხა, თუ როგორ გავიგე, შემდეგ კი ჩემს დასამშვიდებლად თავისებურად განმიმარტა შემდეგნაირად. ნელა მომკიდა მხრებზე ხელები და თქვა: „ეს სიტყვები ნიშნავს: როცა ჩვენ ფრთები ამოგვეზრდება, მაშინ კისერი ოქროსი გვექნება, როგორც მტრედს“. ასე დამამშვიდა და გამიშვა. რა სიხარულით ვეზიარე მეორე დღეს!

ამჯერად, ოპტინიდან წასვლისას, მამაომ თავისი თეთრი კაბა მაჩუქა, მხოლოდ მომსახურეს უბრძანა, ყველაზე ჭუჭყიანი და გარღვეული მოეცა ჩემთვის. თვითონვე ჩამაცვა და გარღვეული სახელოების შემხედვარემ, სიცილით მითხრა: „შენ როგორმე გაკერე ისინი“. დღემდე, როგორც სიწმინდე, ინახება ის ჩემთან ისეთივე, როგორიც მისი ხელიდან მივიღე.

ჩემს სულთამხუთავ განსაცდელების რიცხვს კიდევ ერთი რამ მიემატა – გადაულახავი ძილი მერეოდა მინაშენში ყოფნის ჟამს. მოვალ მამაოსთან, ვზივარ, ჩამეძინება და მავიწყდება სათქმელი. ბუნებით მძინარა არასოდეს ვიყავი. ჩემს ქალიშვლთან ერთად მცირე ხნით ჩამოსულმა, დაღლილობის თუ განსაცდელის გამო ჩამთვლიმა მამაოსთან. ჩანაწერიც მქონდა ჯიბეში, რომელიც არ ამომიღია და არ წამიკითხავს. საერთოდ, ოპტინაში ჩამოსვლისას, პირველ დღეს მეძახდა მამაო, ბოლო დღეებში კი – არა. შვილმა ბერი ინახულა და საერთოდ გაუშვეს. საღამოს ნერვიულობა დავიწყე იმის გამო, რომ მამაოს ვერ ვნახავდი და ვითხოვე მასთან შეხვედრა. საღამოს, ათი საათისთვის, როცა ყველას უშვებდა, მამაომ დამიძახა ჩემს შვილთან ერთად. ჩავიმუხლე მის წინ. ის კი შემობრუნდა ჩემსკენ და მითხრა: „იძინეთ და განისვენეთ, ღამე მშვიდობისა“. შევშინდი: „ჩემო მამაო! გთხოვთ, ერთი წუთით მარტო დამტოვოთ თქვენთან – მე თქვენთვის არაფერი მითქვამს“. დამტოვა. მის სენაკში ენთო კანდელი და პატარა მაგიდაზე – პატარა სანთელი. ჩანაწერს დროისა და სინათლის სიმცირის გამო ვერ წავიკითხავდი. საჩქაროდ ვთქვი, რაც გავიხსენე. შემდეგ კი დავამატე: „მამაო! მეტი რა გითხრათ? რა მოვინანიო? დამავიწყდა“. ბერმა მისაყვედურა. მაგრამ უცბად ადგა ლოგინიდან, რომელზეც იწვა. ორი ნაბიჯი გადადგა და შუა სენაკში აღმოჩნდა. უნებლიეთ მუხლმოდრეკილი შემოვტრიალდი მასთან ერთად. ბერი მთელი თავისი სიმაღლით გაიმართა წელში, აღმართა ზემოთ თავი და ხელები, როგორც ლოცვისას. მომეჩვენა, თითქოს ამ დროს იატაკიდან აიწია. შევცქეროდი მის განათებულ სახეს. მახსოვს, თითქოს სენაკში ჭერი გაქრა, გაირღვა, ხოლო მამაოს თავი წავიდა ზემოთ. ყოველივე ეს ნათლად წარმომიდგა. ერთი წუთის მერე დაიხარა ჩემს თავთან, ჯვარი გადამსახა და მითხრა: „გახსოვდეს, სადამდე შეუძლია სინანულს ადამიანის მიყვანა. წადი!“ ბარბაცით გამოვედი იქიდან და მთელი ღამე ჩემს უგუნურებას და უხერხულობას დავტიროდი. დილით ადრე მოგვგვარეს საფოსტო ცხენები და ჩვენ წავედით. ბერის სიცოცხლეში ვერ გავბედე ამის თქმა. მან მე ერთხელ და სამუდამოდ ამიკრძალა მსგავს შემთხვევებზე ლაპარაკი და მუქარით მითხრა: „თორემ დაკარგავ მადლსაც და ჩემს თანადგომასაც“. ახლა კი, როცა ბერი გარდაიცვალა, მისი სახელის განსადიდებლად ვწერ.

ერთხელაც, მახსოვს, მამაომ თავის სენაკში დაგვიძახა ყველას საერთო კურთხევაზე. ბევრი ხალხი იყო. ეს მოხდა სადილის წინ. მამაო პირდაპირ ლოგინზე იჯდა და ფეხები ჰქონდა ჩამოშვებული. მე მის გვერდით, ლოგინის ზურგის უკან მოვხვდი, ასე რომ, მის სახეს გვერდიდან ვხედავდი. მამაო ესაუბრებოდა ვიღაცას ხალხში და ვიღაცას პირდაპირ უყურებდა. უცბად ვნახე, რომ მისი თვალებიდან ვიღაცაზე მიმართული ორი სხივის მსგავსი რამ გამოვიდა. ადგილზე გავიყინე. ასე იყო, სანამ მას უყურებდა. მაშინ მისთვისაც ვერ გავბედე ნანახის თქმა – ვიყუჩე. დიახ! მან მშვენივრად იცოდა, ვის რას აძლევდა.

V თავი
ბერის მესაჭეობა:
სასწაულები და გამონათქვამები
(წინა თხრობის გაგრძელება)

კურნების დიდი ნიჭი ჰქონდა მამაოს. ბავშვობიდან თავის საშინელი ტკივილები მაწუხებდა, რომელიც უკიდურეს უძლურებამდე მიმიყვანდა ხოლმე. ისინი სხვადასხვა მტკივნეული გამოვლინებებით იწყებოდა, შემდეგ რომელიმე წარბთან გაჩერდებოდა და ზოგჯერ სამი დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ერთხელაც, ბერთან ყოფნისას, ძალიან შემაწუხა ტკივილმა. საერთო კურთხევისას ჩუმად ჩავჩურჩულე მამაოს, რომ ძალიან მტკიოდა წარბი. მან მკვირცხლად ჩამარტყა იმ ადგილას და ტკივილი თვალის დახამხამებაში გაქრა.

ერთ გაზაფხულს ყბაყურით ავადმყოფები მომრავლდა. დიდ მარხვაში ჩამოვედი ბერთან მოსამზადებლად. ჩემთან ერთად პერემიშლელი ქალბატონი ჩამობრძანდა და ისიც დაავადდა ყბა-ყურით. მიუხედავად ამისა, ის მაინც დადიოდა ბერთან. არ ვიცი მან გადამდო თუ ჩემით, მაგრამ მეც მეწია ავადმყოფობა. სახის ქვედა ნაწილი და ყელი გამისივდა, რადგან სენს თან ახლდა სიცხე, ტკივილი და შესივება. მივედი ბერთან და გასივებული ნიკაპი ვაჩვენე. მან თავი მუხლებზე დამადებინა. მარჯვენა ხელით ხალხს ლოცავდა, ხოლო მარცხენათი კი მაგრად უჭერდა გასივებულ ადგილს. ჩამუხლული რომ ავდექი, ავადმყოფობა თითქოს არც ყოფილა. არ მტკიოდა და არც გასივებული მქონდა.

კიდევ ერთი სასწაული გადამხდა. ხალხმრავლობისას ხელი მკრეს გულ-მკერდის იმ არეში, რომელიც ადრეც მტკიოდა. ამ ადგილს, ექიმების რჩევით, განსაკუთრებით უნდა გავფრთხილებოდი, რადგან კიბოს გაჩენას ძლივს დავაღწიე თავი. ტრავმამ კი ძლიერ მატკინა და შესივება და ტკივილი დამეწყო. მივედი ბერთან და ისე, რომ არც მიჩვენებია მტკივნეული ადგილი, უბრალოდ ვთქვი, რაც შემემთხვა. მამაო თვითონ მიხვდა, სად და რა მტკიოდა, ჯვარი გადასახა ჩემს მტკივნეულ ადგილს და თქვა: „ხელები რატომ წინ არ გქონდა?“

ეს სიმართლე გახლდათ. იმ მომენტში თავსაფარი გადავიწიე უკან და იმ დროს მატკინეს. მალე ტკივილიც გაქრა. მახსოვს ბერის შესანიშნავი წინასწარხედვა. იმ დღეს სახლში მოვემგზავრებოდი და რადგან ბერი სუსტად მომეჩვენა, ვწუხდი. კარებთან რომ მივიდა, უკნიდან ჩუმად ჯვარი გადავსახე. უცბად ჩემკენ შემოტრიალდა და დაკვირვებით შემომხედა. მე კი უკვე ხელი ძირს დაშვებული მქონდა, თითქოს არაფერი გამიკეთებია.

შემდგომ ჩამოსვლაზე ძალიან ბევრი ხალხი იყო და მეც ბერის სისუსტის მეშინოდა, ამიტომ გულში ასე ვლოცულობდი: „უფალო იესო ქრისტე, შეეწიე ჩემს ბერს, მღვდელ-მონაზონ ამბროსის და მისი წმინდა ლოცვებით შემიწყალე მე, ცოდვილი“. არ ვიცი, რამდენი ხნის განმავლობაში ვლოცულობდი. ერთხელაც გვიან საღამოს მივედი ბერთან. ხალხი თითქმის აღარ იყო. მამაო გამოვიდა მინაშენში და სავარძელში ჩაჯდა. მე მის გვერდით ვიდექი და გულში ჩემს ლოცვას ვიმეორებდი. მან მომიშვირა ფეხები და მითხრა: „გამომიცვალე ფეხსაცმელი“. როცა დავიხარე და წინდების ჩაცმა დავუწყე, მან ჩემი აზრების საპასუხოდ ყურში ჩამჩურჩულა: „რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუამდგომელ ღმრთისა და კაცთა, კაცი იესუ ქრისტე“ (1 ტიმ. 2, 5).

მახსენდება მრავალი მსგავსი შემთხვევა, რომლებიც მე არ მეხებოდა და ბერის მჭვრეტელობას ამტკიცებდა. ჩავწერ ყველაზე გამორჩეულებს.

ჯოხის დარტყმით ჩემს თვალწინ მან განკურნა ახალგაზრდა კაშირელი მონაზონი, რომელიც ფეხებისა და მთელი სხეულის კრუნჩხვებით იყო დაავადებული.

ერთ ჩამოსულ ქალბატონს ჩემს თვალწინ ხალხმა ხელი ჰკრა. მან თავი ვერ შეიკავა, დაეცა, დაეჯახა კარადას და ძლიერ დაშავდა. ის ბერთან მიიყვანეს. მან სწრაფად დაუწყო ზურგზე ჯოხით ცემა. ის ქალბატონი შემდეგში ჰყვებოდა, რომ მას ეწყინა კიდეც მაშინ ბერის მოქმედება. იქიდან გამოსული არანაირ ტკივილს არ გრძნობდა და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ბერმა ის განკურნა.

ბერთან შორეული მხრიდან ჩამოვიდა ვიღაც ბატონი, ორ ახალგაზრდა გოგონასთან ერთად. უფროსი 20 წლის იყო, უმცროსი კი – 17-ის. ორივე ძალიან ლამაზი იყო. ბერმა რამდენჯერმე მიიღო ისინი, მაგრამ ყურადღებას მარტო უფროსს აქცევდა და რჩევებსაც მხოლოდ მას აძლევდა, უმცროსს კი მხოლოდ ლოცავდა. დამშვიდობებისას ბერმა მამას და უფროს ქალიშვილს ხატები აჩუქა, უმცროსს კი არაფერი მისცა. მამის კითხვაზე ბერმა უპასუხა: „მას არაფერი სჭირდება“. უმცროსმა ვერ მოითმინა და უთხრა მას: „მამაო! ჩემი და დაასაჩუქრეთ და სამახსოვრო მიეცით, მე კი არაფერი მომეცით?“ – „შენ არაფერი გჭირდება, – უთხრა ბერმა, – ეს ხომ არ მოგცე?“ და მამაომ მაგიდაზე რაღაც გრძელი, ვიწრო და ცარიელი პატარა ყუთი (კუბოს მსგავსი) მოძებნა და მისცა მას. ამ ცარიელი ყუთით გაემგზავრა ის. ოპტინიდან კალუგაში ჩასვლამდე ის გაცივდა და შეუძლოდ გახდა, ხოლო სამ დღეში კალუგის სასტუმროში გარდაიცვალა.

ერთხელაც ოპტინაში საზიარებლად ვემზადებოდი. ხალხი ბლომად იყო ჩამოსული. ჩემი თანდასწრებით ჩამოვიდა კურსკიდან ორი ქალბატონი. ერთი მემამულე გახლდათ, მეორე კი – ქალაქელი. ეს უკანასკნელი, ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დაქვრივდა. დარჩა ექვსი შვილით და უზარმაზარი საქმით ხელში, რომლის თაობაზეც რჩევისთვის იყო მამაოსთან ჩამოსული. მემამულეს რატომღაც ოპტინაში დარჩენა უბრძანა, ხოლო ის ქვრივი რამდენიმეჯერ პირდაპირ შეხვედრის შემდეგ გაუშვა სახლში და უთხრა, რომ წასულიყო ტიხონოვის მონასტერში და ღირსი ტიხონის წმინდა საფლავი მოელოცა. მემამულეც ითხოვდა სახლში და შემდეგ წმინდა ტიხონთან წასვლას, მაგრამ მამაო არ უშვებდა. მე ძალიან მტკიოდა კბილი და ვიწექი მამაოსთან მინაშენში სავარძელზე, ამიტომაც გავხდი მათი საუბრის მოწმე. ახალგაზრდა ქვრივი გაემგზავრა, ხოლო მემამულე დარჩა. ის ძალიან უკმაყოფილო იყო ბერით, რომ აქ დაიტოვა. გავიდა ორი დღე და მე შევამჩნიე, როგორც კი მამაო ჩვენს დასალოცად გამოვიდოდა, ის კანკალს იწყებდა და შიგნიდან რაღაც გაუგებარი ხმები გამოსდიოდა. მამაო უკან შევიდოდა და ისიც დამშვიდდებოდა. ის თვითონ არ ითხოვდა მამაოსთან შეხვედრას. როცა მამაო მომსახურის პირით დაიბარებდა, ისიც მოდიოდა. ერთხელაც გამოვიდა მამაოს ოთახიდან და ხელში წმინდა პანტელეიმონის წმინდა ნაწილებიდან ჩამოტანილი ზეთით სავსე პატარა ბოთლი ეჭირა, მამაოს სენაკიდან გამოტანილი. ეტყობა, მამაომ თვითონ მისცა მას, მაგრამ მან ხელად მე შემომაძლია, თან ჯიუტად, რომ მე თითქოს ავად ვიყავი და მას კი ეს არ სჭირდებოდა. ბოლოს ვერ მოითმინა. ორი დღის მერე ბერის კურთხევის გარეშე იქირავა ცხენები და ვიღაც ორ თანამგზავრთან ერთად ტიხონოვის მონასტერში წასასვლელად გაემზადა. იქიდან კი სახლში წავიდოდა. ეტლში ჩასხდომისას იკამათა ვიღაც თანამგზავრთან და ისეთი შეუდრეკელი აღმოჩნდა, რომ იმ ბატონმა კამათის გაგრძელება არ მოინდომა და გადაჯდა წინ. მას გაუმართლა. როგორც კი ბორნით გადალახეს მდინარე ჟიზრდა, ყველასთვის მოულოდნელად უზარმაზარი ჯაჭვი რომლითაც ბორნის მორი იყო დამაგრებული, მოწყდა და ამ ქალბატონს მოხვდა თავში ისე მაგრად, რომ სიცოცხლის ყოველგვარი ნიშანწყლის გარეშე მოიყვანეს უკან სასტუმროში. თავი გატეხილი ჰქონდა. ცოცხალი დარჩა, მაგრამ – მეხსიერებადაკარგული. მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო. მამაოსთან გაიქცნენ მომხდარის მოსახსენებლად. მან თავისი კაბა გამოიტანა, რათა ის დაეფარებინათ დაშავებულისთვის. ის მალე გონს მოვიდა. მამაომ აგვიხსნა მორის მოწყვეტის მიზეზი, რასაც ჩვენ ვერ ვიგებდით. მან თქვა: „ბევრი (ე.ი. ეშმაკი) დაჯდა მასზე“. ჩვენ, ვინც მონასტერში ვიყავით, ბერებთან ერთად მივდიოდით გაწყვეტილი მსხვილი ჯაჭვის სანახავად. ამრიგად ის ქალბატონი, რომელსაც თავისი ნებით არ უნდოდა დამორჩილებოდა ბერს – უნებლიეთ დარჩა მის გვერდით საცხოვრებლად. მე ამ დროს წავედი მონასტრიდან და არ ვიცი რამდენ ხანს დარჩა ის აქ საცხოვრებლად. რამდენიმე თვის შემდეგ გამოველაპარაკე ერთ კურსკელ არქიმანდრიტს, რომლის მამაც ზემოხსენებული ქალბატონის მამულში მსახურობდა მღვდლად. მან მითხრა, რომ ის მემამულე თავის დროზე საშინელი მებატონე იყო და მრავალი მძიმე ცოდვა აწვა მათს ოჯახს, რის გამოც ის ეშმაკეულს დაემსგავსა. შვილებმა დატოვეს და აი, ისიც წავიდა მამა ამბროსის რჩევის მისაღებად.

მახსოვს მამაოსთან ორი და ჩამოვიდა, ერთი გათხოვილი და მეორე ახალგაზრდა გოგონა. ბერი საერთო კურთხევაზე გამოვიდა. გათხოვილი ეკითხებოდა მას, აკურთხებდა თუ არა უმცროსი დის გათხოვებას მეზობელ გუბერნიაში, რომელიც ასორმოცდაათი ვერსით იყო დაშორებული: საქმრო ძალიან კარგი ადამიანიაო. მამაომ შეხედა გასათხოვარს და ჰკითხა: „შენ თავი გტკივა?“ მან უპასუხა: „დიახ“. – „მარცხენა გვერდი გტკივა?“ – „ძალიან მტკივა,“ – უპასუხა გოგონამ. მაშინ გათხოვილ დას მიმართა: „როგორ უნდა გაათხოვო? ერთი წელი მოიცადოს“. მამაო რომ წავიდა, მათი საუბარი მომესმა. უფროსი და ეუბნებოდა: „შენ რა, გვერდი გტკივა? ჩემთვის არასოდეს გითქვამს ამის შესახებ“. მან კი წყნარად უპასუხა: „გიმალავდი“.

ერთხელ, გაზაფხულის წყალუხვობისას ვიყავი ბერთან. ჩემი თანდასწრებით ჩამოვიდა მასთან ვიღაც ხე-ტყის მწარმოებლის ქვრივი, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ აგრძელებდა მეუღლის საქმიანობას. წყალდიდობამ ათასი მანეთის ხე-ტყის მასალა წაიღო. ისიც მოვიდა ბერთან იმის საკითხავად, რა უნდა ექნა. მამაომ საერთო კურთხევაზე ჩემი თანდასწრებით დამაჯერებლად უთხრა: „ამა და ამ ადგილას გაემგზავრე და იქ იქნება შენი ხე-ტყე. 500 მანეთის მასალას დაიბრუნებ, ხოლო ნახევარი დაიკარგა“. მან ჩაიმუხლა მამაოს ფეხებთან და წავიდა.

ოპტინის სკიტიდან 15 ვერსის მოშორებით ცხოვრობდა ტყის მცველი თავისი ცოლ-შვილით. ერთხელ, ზაფხულში, წირვის მერე შემოიჭრა მინაშენში ტყის მცველის მეუღლე ყვირილით და თვალცრემლიანი. მას უმცროსი ვაჟი დაჰკარგვოდა. თურმე ცოლი რაღაც საქმეზე ცხენით წასულა ქალაქში, ხოლო ტყის მცველი – ტყეში. ბავშვები მარტო დარჩნენ. უფროსი გოგონა ხუთი წლის, ხოლო უმცროსი ბიჭი ერთი წლის იყო. ის დადიოდა, მაგრამ ჯერ ვერ ლაპარაკობდა. ის გაეკიდა დედას ყვირილით, მაგრამ მას იმედი ჰქონდა რომ უფროსი გოგონა გააჩერებდა და უკანმოუხედავად წავიდა. დიდხანს ესმოდა ბავშვის ტირილი. ქალაქიდან და ტყიდან დაბრუნებულ ცოლ-ქმარს ვაჟი შინ არ დახვდათ. სახლში მხოლოდ გოგონა იყო. მთელი ღამე და მთელი დილა ეძებდნენ, მაგრამ ამაოდ. როცა ძალა გამოეცალათ და გადაწყვიტეს, რომ ბავშვი მგლების ლუკმა გახდა, მოვიდნენ ბერთან. დედა საცოდავი შესახედავი იყო. ბერმა მაშინვე მიიღო ისინი და დაუყოვნებლივ ყაზანის ღვთისმშობლის ხატთან პარაკლისის გადასახდელად გააგზავნა ისინი, შემდეგ კი ისევ ბავშვის საძებნელად უნდა წასულიყვნენ. პარაკლისი გადაიხადეს და ძებნაც შედეგიანი აღმოჩნდა. საყარაულო სახლიდან ოთხ ვერსში ნახეს უვნებლად თავისი შვილი. ის ბუჩქის ძირას იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ დღე-ღამეზე მეტი დრო უკვე გასული იყო, მას არც შიმშილი და არც ნამტირალევი ეტყობოდა. მას თითქოს ეძინა. ყველაფერი ეს ჩემს თვალწინ მოხდა. ჩემი თვალით ვნახე და ჩემი ყურით მოვისმინე.

ერთმა შემთხვევამ საშინლად შემაწუხა. ზაფხულის თბილი დღეების ჟამს, როცა ხალხის დიდი ნაკადი მოდიოდა, ბერს ჩვეულებად ჰქონდა გარეთ გამოსვლა და იქ ლოცავდა მათ. ამისთვის მინაშენიდან ჭამდე ზღუდე იყო გაკეთებული (ეს ჭა ბერის კურთხევით გათხარეს, რათა სტუმრებს წყურვილი მოეკლათ). ზღუდის ერთ მხარეს გაივლიდა ბერი თავისი მომსახურეებითურთ, ხოლო მეორე მხარეს კი ხალხი იდგა. ბერი ლოცავდა რიგში დამდგარ ხალხს და, ამავდროულად, პასუხობდა მათ შეკითხვებს. ჭიდან არცთუ ისე შორს იდგა მამაკაცი ხუთიოდე წლის ბიჭთან ერთად. ბერი რომ მიუახლოვდა, ამ მამაკაცმა ბიჭი ხელში აიყვანა, რათა ორივეს მიეღოთ კურთხევა. ამ დროს ბავშვმა სულის შემძვრელი ყვირილი მორთო. ის საშინლად, ჩემთვის დღემდე ჯერ არნახულად, იკრუნჩხებოდა მამის ხელში. მისი სხეული რკალივით მოიღუნა. მიუხედავად იმისა, რომ მამა ძლიერი, ზორბა კაცი იყო, ბიჭი ვერ მოიყვანა ბერთან. მამაო გაჩერდა, მკაცრად შეხედა მამას და უთხრა: „სხვისი მოგიპარავს?“ – „დიახ, შევცოდე, მამაო,“ – იყო პასუხი. – „აი შენ სასჯელი,“ – თქვა ბერმა. ამ სიტყვებით მოშორდა მამაო მას. უბედური კაცი კი შვილითურთ კურთხევის გარეშე დარჩა.

მამაო გულმოწყალე გახლდათ მომნანიებელი ცოდვილების მიმართ.

ერთხელ მასთან მოვიდა ვიღაც ქალი, რომელსაც სიყრმის ცოდვა აწუხებდა. მას ძალიან ეშინოდა გამოჩენილიყო წმინდა ბერის თვალწინ. რამის თქმაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, მხოლოდ მისი ნახვა და კურთხევის აღება სურდა. მას სენაკში დაუძახეს. მამაომ მოფერებით შეხედა მას და ასეთი სიტყვებით შეხვდა: „სიდორი და კარპი კოლომნაში ცხოვრობდნენ, ცოდვა და უბედურება ვის არ შეყრია“. მან მწარე ცრემლებით იტირა, ჩაუვარდა ბერს ფეხებში და აღიარა თავისი ცოდვა.

სრულიად საპირისპირო შემთხვევა მოხდა მეორე ქალბატონთან, რომელიც იგივე ცოდვით ჩემთან ერთად ჩამოვიდა ბერთან. ის სინანულით კი არ ჩამოვიდა, არამედ იმის საკითხავად, თუ როგორ მოეწყო თავის ცხოვრება. მამაო მას არ უშვებდა. ის თავიდან ძალიან თამამად ითხოვდა ბერთან შეხვედრას, შემდეგ კი უფრო და უფრო თავმდაბალი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვთხოვდით, ბერი მაინც უარზე იდგა. ის ქალბატონი ჩემი ნაცნობი გახლდათ და ბერს ვთხოვდით დახმარებას, მაგრამ მაინც უარით მისტუმრებდა. იქამდე მივიდა, რომ ქალმა გულიანად იტირა. მეც გამაწამა. უბედურება მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ბერი არ უშვებდა, არამედ ისიც, რომ ამას ყველა ხედავდა. ასე მიიყვანა მამაომ ის ცოდვის აღიარებამდე, რათა შერცხვენოდა. ამის მერე მიიღო გულწრფელი სინანულით და დაეხმარა კიდეც რჩევებით. ასე ეხმარებოდა წმინდა ბერი სულით სნეულებს.

საერთო კურთხევაზე მამაოს მიერ ნათქვამი სიტყვებიდან ბევრი დამამახსოვრდა, ბევრიც დამავიწყდა. ის ხშირად ამბობდა ასე:
„კეთილის თქმა – ვერცხლის გაბნევაა, ხოლო კეთილგონიერი დუმილი – ოქრო“.

„უმჯობესია წინასწარ ხედავდე და გაჩუმდე, ვიდრე თქვა და შემდეგ მოინანიო“.

„მე ვაგდებ ანკესს მრავალი კაუჭით. ყოველ მათგანზე ნადავლია, მხოლოდ მიღება უნდა იცოდეთ“.

„რის გამო შეიძლება იყოს ადამიანი ცუდი? იმის გამო, რომ დაავიწყდა ზემოთ ღმერთის ყოფნა“.

„ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა აქვს, ის დაკარგავს“.

„ადამიანები ფარისევლური სიმართლით ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ამ შემთხვევაში ჩვენი სიმართლე მრუდეა“. მსმენელთაგან იკითხეს: „რას ნიშნავს, მამაო, ეს?“ ბერმა უპასუხა: „ესენი ის

ადამიანებია, ვინც ლოცულობს და მოწყალებასაც გასცემს“. ამ დროს ბერს უკიდურესად სერიოზული სახე ჰქონდა.

შეუდარებლად ადვილია საქმის შესწავლა, თუ თვითონ აკეთებ. ამაზე ბერი ამბობდა: „თეორია – ხელმწიფის კარზე მომუშავე ქალია, ხოლო პრაქტიკა – როგორც დათვი ტყეში“.

„ასწავლო ადამიანს სულიერი ცხოვრება ძალიან ძნელია. ეს იგივეა, – აგრძელებდა ბერი ხუმრობით, – რომ ასწავლო გლეხკაცს სიტყვა „მდივნის“ თქმა. ის მაინც ვერ იტყვის.“ აქ ვიღაცამ ხალხიდან თქვა: „მამაო! თქვენ ხშირად იგავებით ლაპარაკობთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ გავიგოთ“. ბერმა უპასუხა: „ქვეყანა ჭკვიანებად და ბრიყვებადაა დაყოფილი. ერთხელაც შეხვდნენ ბრძენი და ბრიყვი. ბრძენმა ასწია ხელი და ცაზე მიუთითა, შემდეგ მიწაზე. მან იგულისხმა, რომ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ბრიყვმა კი ბრძენის მოქმედება თავისებურად ახსნა: აი, მე შენ მოგკიდებ თმებში ხელს, ამოგაგლეჯ და დავყრი მოწაზე. მაშინ ბრიყვმაც ასწია ზემოთ ხელი, შემდეგ ქვემოთ და ბოლოს თითით ირგვლივ შემოხაზა. ამით ის მიანიშნებდა, რომ მე შენ აგწევ, შემდეგ დაგანარცხებ მიწაზე და თმებით გათრევ. ბრძენმა მისი მოქმედება ასე გაიგო: შემოქმედმა შექმნა ცა, მიწა და ყოველივე ჩვენს ირგვლივ“.

„ჩვენთან ბრიყვულიც კარგია. ჩვენთან გაურეცხავი თეთრეულიც თეთრია ხოლმე“.

„აუსრულებელი დაპირება – იგივეა, რაც კარგი ხე უნაყოფოდ“.

„იყიდო – იგივეა, რაც ტილის მოკვლა, ხოლო გაყიდვა – იგივეა, რომ რწყილი დაიჭირო“.

გვიხსნიდა რა ფსალმუნის სიტყვებს: „მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებლად კურდღელთა“ (ფსალმ. 103, 18), ბერი ამბობდა: „ირმები, ესენი მართლებია კლდეზე, ე.ი. მაღლა დგანან.
კურდღლები კი – ცოდვილები. მათი თავშესაფარი – ქვაა. ეს ქვა კი თვითონ ქრისტეა, რომელიც მიწაზე მართალთა სახსნელად კი არ მოვიდა, არამედ – ცოდვილთა სინანულში მოსაყვანად“ (მათ. 9.13).
ერთხელაც მარტო მე მითხრა: „მართლები ცათა სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ხოლო ცოდვილები – ზეციურ დედოფალს“.

ყოველი ადამიანი თვითონაა თავისი განსაცდელების მიზეზი. ამის თაობაზე ბერი ხშირად იმეორებდა ანდაზას: „ყველა თვითონაა თავისი ბედის მჭედელი“.

„ძალით გამოთხოვილი ჯვრის ტარება ძნელია. უმჯობესია უბრალო გულით მიენდო ღვთის ნებას.“ „სარწმუნო ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალს მოგცემთ, რომ შესძლოთ ატანა“ (1 კორ. 1013). „რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს. აიტანეთ წვრთნა, ღმერთი ისე გეპყრობათ, როგორც შვილებს. განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რაშიც ყველა მოზიარეა, მაშინ თქვენ ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები“ (ებრ. 12, 6, 8). და დაამატა: „ერთგან წვიმა ითხოვე ღვთი-სგან, სხვაგან კი – წვიმა რომ არ იყოს: გამოვა ის, რაც ღმერთს უნდა“.

ერთ ქალს სიბერის გამო ეშინოდა მონასტერში ცხოვრების და სულ ამბობდა: „მონაზვნური კანონების შესრულება არ შემიძლია“. მამაომ მას შემდეგი მოთხრობით უპასუხა: „ერთი ვაჭარიც სულ ასე ამბობდა: ეს არ შემიძლა, ის არ შემიძლია. ერთხელ მიდიოდა ღამით ციმბირში ორ ქურქში შეხვეული. უცბად შორს რაღაც სინათლე დაინახა. დააკვირდა და შენიშნა, რომ მგლების ხროვა უახლოვდებოდა. შველის მოლოდინი არსაიდან იყო. ის გადმოხტა ციგიდან, დაავიწყდა სიბერე და სისუსტე და ერთ წუთში აძვრა ახლოს მდგარ ხეზე. შემდეგში ამბობდა, რომ ადრე არასოდეს ამძვრალა ხეზე. აი, შენი – „არ შემიძლია“, – დაამატა ბერმა.
მამაოს ფსალმუნის შემდეგი სიტყვების განმეორება უყვარდა: „მშვიდობა მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყვარს შჯული შენი, და არა არს მათ თანა საცდურ“ (ფსალმ. 118, 165).

მონაზვნები (დები) ჩიოდნენ, რომ მათ აჯავრებენ, ამხელენ და ებრძვიან. მამაო ჩვეულებრივ პასუხობდა: „მლოცველი (მაკურთხეველი) ტუჩები არ ბრაზობენ“. მამაოს უყვარდა უბრალოება და ამბობდა: „სადაც უბრალოებაა, იქ ანგელოზები მრავლადაა, ხოლო, სადაც ხელოვნურობაა (ბრძნობა), იქ – არც ერთი“.

ერთი მონაზონი გამორჩეულ მორჩილებაში იყო. მან შესჩივლა ბერს, რომ ებრძვიან. მან უპასუხა: „ვინც გვაძაგებს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავს“.

ჩემი ნაცნობი მონაზონი განსაცდელების გამო ჩიოდა. მამაო კი პასუხობდა: „მზე რომ მუდამ ანათებდეს, მაშინ მინდორში ყველაფერი გახმება, ამიტომ წვიმაა ზოგჯერ საჭირო. თუ მუდამ იწვიმა, მაშინ ყველაფერი დალპება, ამიტომ საჭიროა ქარი, რომ გააშროს. თუ არასაკმარისად იქროლა, მაშინ საჭიროა ქარიშხალი, რომ ყველაფერი გაიტანოს. ეს ყველაფერი ადამიანისთვის თავის დროზე საჭიროა იმიტომ, რომ ის ცვალებადია“. შემდეგ დაამატა: „როცა ფაფას ავადუღებთ, მაშინ ვნახავთ, რასაც ვაკეთებთ“. მაშინ ვერც იმან და ვერც მე, ცოდვილმა, ვერ გავიგეთ ბერის სიტყვები. დედაოსთვის კი ეს წინასწარუწყება იყო, რომელიც შესანიშნავად აღსრულდა.

ერთი დედათა მონასტრის წინამძღვარი ამბობდა, რომ სავანეში სხვადასხვა ხალხი მოდიოდა დასარჩენად და მათთან ძნელი იყო ურთიერთობა. მამაომ უთხრა: „მარმარილო და ლითონი – ყველაფერი ივარგებს“. შემდეგ გააგრძელა: „სპილენძის საუკუნე, რკინის რქა, ვის არ წაამტვრევს რქებს. წმინდა წერილში წერია: „და ყოველნი რქანი ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაÁ მაღლისაÁ“ (ფსალმ. 74). ცოდვილებს ორი რქა აქვთ, ხოლო მართლებს ერთი – ეს სიმდაბლეა.

ბერი იმავე მონაზონს ეუბნებოდა: „თუ ქამრის შესაკრავს მოჰგლეჯ, ქამარს დაკარგავ. განსვენებულ ხელმწიფე პეტრე დიდს გუნდში გალობა უყვარდა. მასთან გალობდა ერთი დიაკონი, რომელსაც კარგი ხმა ჰქონდა. ის ძალიან მორცხვი იყო და ისე ეშინოდა მეფის, რომ ხელმწიფე მუდამ ძალით ამღერებდა. შემდეგ ისე შეეჩვია, რომ ფარავდა მთელი გუნდის და ხელმწიფის ხმასაც. მაშინ პეტრე დიდმა გასაჩერებლად მოქაჩა სახელურზე, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ხელმწიფე ანჯღრევს, ის კი უფრო ყვირის“.

აქვე მამაომ საკუთარ თავზე მოგვითხრო: „პატარაობისას ძალიან მიყვარდა მამის საჯინიბოში ერთი ცხენის ცემა. ის მშვიდი იყო, მაგრამ დედა მაფრთხილებდა: ‹‹თავი დაანებე!›› მე არ ვუსმენდი. მივხოხდებოდი და სულ ვცემდი. ის სულ ითმენდა, მაგრამ ერთხელაც დამარტყა უკანა ფეხი და ისე ამაგლიჯა თავზე ტყავი, რომ დღემდე ნიშანი დამრჩა“. ეს მამაომ საკუთარ თავზე გვიჩვენა. ვისაც ეხებოდა ეს, ის იგებდა კიდეც.
„რამდენჯერ უნდა ჭამო დღეში?“ – იკითხა ვიღაცამ ხალხიდან. მამაომ მაგალითით უპასუხა: „ცხოვრობდა უდაბნოში ერთი ბერი და მოუვიდა ასეთი აზრი: რამდენჯერ უნდა ეჭამა დღეში. ერთხელაც შეხვდა პატარა ბიჭს და ჰკითხა ამის თაობაზე. ბიჭმა უპასუხა: „როცა მოგინდება – ჭამე“. – „თუ კიდევ მომინდება?“ – ჰკითხა ბერ-მა, – „ისევ შეჭამე, – უთხრა ბიჭმა. – „თუ კიდევ მომინდა, – ჰკითხა ბერმა მესამედ. – „შენ რა, ვირი ხომ არა ხარ?“ – ჰკითხა თავის მხრივ ბიჭმა ბერს. – „მგონი, დღეში ორჯერ უნდა ჭამო“, – დაამატა ბერმა.

ბერთან ვიღაც ქალბატონი ჩამოვიდა შორიდან, რომლის ქალიშვილი მონასტერში ცხოვრობდა. ეს ქალბატონი ძალიან მაღალი, სავსე ტანის საერო პიროვნება გახლდათ. მან პირველად ნახა ბერი საერთო კურთხევაზე. მისი სუსტი, პატარა და გამხდარი ხელების შემხედვარემ თქვა: „ამ პატარა ხელმა რა უნდა გააკეთოს?“ ბერმა კი შემდეგი ამბით უპასუხა: „მამაჩემს ძველი სახლი ჰქონდა, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. იატაკის ფიცრები სიძველის გამო ირყეოდა. დარბაზის კუთხეში სერვანდი იდგა. ზედა თაროზე ვიწრო, მსუბუქი და ცარიელი მინის დოქი იდგა, ქვედაზე კი – მსხვილი თიხის ქოთანი. ერთხელაც ბავშვებმა სიცელქით, გაუფრთხილებლად დავაბიჯეთ იატაკის ფიცარზე, რომელზეც სერვანდი იდგა. ისიც შეირყა და ზემოდან პატარა დოქი ჩამოვარდა. თვითონ მთელი დარჩა, ხოლო მსხვილ ქოთანს სახელური მოტეხა. ყველას ძალიან გაგვიკვირდა“.

მამაო დროდადრო ფსალმუნის სიტყვებით მხვდებოდა: „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაÁ. და აღმომიყვანა მე მღვიმისაგან გლახაკობისა და თიხისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერხნი ჩემნი და წარმართნა სლვანი ჩემნი“ (ფს. 39: 2, 3, 4).
ბერი მეუბნებოდა: „ჭკუა კარგია, ორი – უკეთესი, სამი – გინდა გადააგდე“.

ამპარტავნებაზე: „ნუ ტრაბახობ ბარდავ, რომ ცერცვზე უკეთესი ხარ. დასველდები და თვითონ გასკდები“.

ერთი ქალბატონის ნაამბობზე, რომ ის ხიფათს გაექცა, თორემ შეიძლება, რაიმე ცუდი მომხდარიყო, მამაომ სიცილით უპასუხა: „ერთ ქოხში ორი ქალი ცხოვრობდა. უცბად ღუმლიდან ხის ნაჭერი გამოვარდა.

ერთი ქალი ეუბნება მეორეს შეშინებული: კარგია, რომ ჩემი ქალიშვილი ჯერ გაუთხოვარია, არ ჰყავს შვილი ივანუშკა და არ იჯდა აქ, თორემ თავს გაუტეხავდა“.

ერთხელ ბერის მოლოდინში მინაშენში ჯდომით ძალიან დავიღალეთ. მასთან შესულებს გვითხრა: „ვღლი ჩემს დამღლელს. დაღლილობა სიკვდილზე უარესია“.

კიდევ ამბობდა: „განსაცდელების ჟამს უფალს შეევედრები და გაგივლის, ტკივილს კი ჯოხითაც ვერ გარეკავ“.

მე შევჩივლე, რომ ახალგაზრდობის აღზრდა ძნელი იყო. მამაომ მითხრა: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21, 19). „ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.“ (მათ. 10, 22). შენ კი მოითმინე ყველასგან, ყველაფერი მოითმინე, შვილებისგანაც მოითმინე“.

ერთხელ მახსოვს, ძალიან მიჭირდა ავადმყოფ ქმართან, რადგან ის არანორმალური იყო, ამიტომაც მთელი მეურნეობა მე მაწვა კისერზე. სიკვდილი მსურდა, მაგრამ ბერს ამას არ ვეუბნებოდი. მამაო გამოვიდა ხალხის დასალოცად, შემომხედა და თქვა: „ერთი ბერი ამბობდა, რომ სიკვდილის არ ეშინია. ერთხელაც ტყიდან შეშა მოჰქონდა და ძალიან დაიღალა. დასასვენებლად ჩამოჯდა და ჩაილაპარაკა: ‹‹მოვკვდე მაინც;›› მაგრამ, როცა სიკვდილი გამოჩნდა, მას შეეშინდა და სიკვდილს შეშის კონის წაღება შესთავაზა“.

ბერი სიმდაბლეს გვასწავლიდა, არა გარეგნულს, არამედ შინაგანს. ერთხელ ხალხის დალოცვისას დაიწყო მოყოლა და თან მე მიყურებდა: „ერთ მონასტერში ცხოვრობდა მონაზონი, რომელიც მუდამ გაიძახოდა: „ოჰ, მე უბადრუკი!“ ერთხელაც სატრაპეზოში მოვიდა ერთი იღუმენი და ეკითხება: „შენ აქ წმინდა მამებთან რა გინდა?“ მონაზონმა უპასუხა: „იმიტომ, რომ მეც წმინდა მამა ვარ“.

კიდევ ამბობდა: „ერთი მონაზონის შესახებ დაირხა ხმა, რომ ის წმინდანი იყო და პირში ეუბნებოდნენ ამას. ის კი თავს ცოდვილს უწოდებდა და ამასთან ერთად თავმდაბლად თავს უხრიდა ყველას. ერთხელაც ჩვეულებრივ ვიღაცას უთხრა: „მე ცოდვილი ვარ“. მან კი უპასუხა: „ვიცი, რომ ცოდვილი ხარ“. მონაზონი აღშფოთდა: „როგორ? შენ რა, ჩემზე რამე გაიგე?“

„აი, – ჰყვებოდა ბერი, – ერთხელ ხელმწიფე ნიკოლოზ პავლეს ძე ჩამოვიდა საპატიმროში და პატიმრებს ეკითხებოდა, რისთვის მოხვდნენ ციხეში. ყველა მათგანი თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ უდანაშაულოდ დააპატიმრეს. მივიდა ხელმწიფე კიდევ ერთ მათგანთან და ჰკითხა: „შენ რატომ ხარ აქ?“ და მიიღო ასეთი პასუხი: „ჩემი დიდი ცოდვების გამო საპყრობილეც ცოტაა“. მაშინ ხელმწიფე შემოუბრუნდა მის გამცილებელ ჩინოვნიკებს და უთხრა: „ახლავე გაუშვით გაათავისუფლეთ“. ამასთან მამაომ მე შემომხედა.

ამ დროს ხალხში ვიღაცამ თქვა: „მამაო! თქვენ ვის არ დაამდაბლებთ? ვინ არ დაგემორჩილებათ თქვენ?“ ამის საპასუხოდ ბერმა უამბო შემდეგი: „ერთხელ კიდევ განსვენებული ხელმწიფე ნიკოლოზ პავლეს ძე პეტერბურგის ქუჩებში დადიოდა. შეხვდა სამხედრო მწერალს და ჰკითხა: „შენ საიდან ხარ?“ – „დეპადან, თქვენო საიმპერატორო უდიდებულესობავ,“ – უპასუხა მან. – „სიტყვა “დეპა“ – უცხოურია, ის არ იბრუნება (რუს. იდრიკება)“ – შენიშნა ხელმწიფემ. მან კი უპასუხა: „თქვენი დიდებულების წინაშე ყველაფერი იდრიკება“.

ამჯერად დიდხანს შერჩა მამაო ჩვენთან საუბარს. მომსახურე დიდი ხნის განმავლობაში მოახსენებდა, რომ მამაკაცთა მხარეს ელოდებოდნენ, მაგრამ ბერი არ უსმენდა. შემოსულმა მომსახურემ ისევ მოახსენა: „მამაო! გვიანია, უკვე საღამოს ათი საათია“. ბერი არ პასუხობდა. ეტყობა, იქ მოთმინებას კარგავდნენ და ვიღაცამ თქვა: „არარაობაზე ესაუბრება ბერი მონაზონ ქალებს“. მომსახურემ ისევ მოახსენა: „მამაო! თქვენ გელოდებიან“. მამაომ კი სიცილით დაიწყო მოყოლა: „ტულაში ყოფნისას ვნახე ძეგლი, სადაც წერია: „ამ ქვის ქვეშ ლარინი მაქსიმე წევს. მას უნდა ეცოცხლა და ემხიარულა, მაგრამ იმ ქვეყნად გადასახლება მოისურვა“. მომსახურემ ისევ გაიმეორა ვინც ელოდა. ეტყობა მან იფიქრა, რომ ბერს არ ესმოდა. მამაომ კი სიცილით უპასუხა მას: „წვრილმანი საქმეები მომდის თავში“. და ხელით ჩვენზე მიანიშნა, თან თქვა: „კარგად მახსოვს ესენი, ვინც იქ მელოდება, მავიწყდება“. აქ ვიღაცამ შამორდინოს სავანიდან თვითდაჯერებულად თქვა: „ჩვენ ვიცით, მამაო, რომ თქვენ ყოველ საღამოს ლოცულობთ ჩვენზე“. მამაომ კი უთხრა: „დიახ, როცა დაღლილი არ ვარ, თორემ ღორსაც ავიწყდება თავისი გოჭები, როცა ესვრიან“.

VI თავი
ბერის მესაჭეობა
(გაგრძელება)

დრო მიდიოდა. მუდმივად დავდიოდი ბერთან. უფრო და უფრო ვეჩვეოდი მას და შინაგანად ვშორდებოდი ჩემს საერო ცხოვრებას. გარეგნულად იგივე ვრჩებოდი. სხვათა შორის, საფუძვლიანად ვფარავდი ჩემს გულისმიერ მისწრაფებას ბერისგანაც და სხვე-ბისგანაც.

ერთი ორჯერ კიდევ მიმანიშნა ბერმა მონასტერზე. ერთხელ ქალიშვილთან ერთად გზად მაცილებდა და თქვა: „თქვენ ხომ ორივეს მონასტერში მოგიწევთ ცხოვრება“. მე არაფერი ვუპასუხე. მან კი სახეზე ხელი გადამისვა და მკითხა: „შენ იცი, რას ვწერ მე შენს სახეზე?“ ვერ გავიგე და კითხვითვე ვუპასუხე: „რას, მამაო?“ – „ასო „შ“-ს სახეზე, – მიპასუხა მან, – და გამოვა „შამორდინო“. მე ისევ დავდუმდი. იმდენად გაუგებარი იყო მაშინ ეს ჩემთვის. თვითონ თავისუფალი არ ვიყავი. ჩემს შვილს კი ასეთი სულიერი განწყობა ჰქონდა: იცხოვრებდა ჩემთან ერთად მონასტერში და თითქოს უმძიმდა კიდეც იქიდან წასვლა, მაგრამ როგორც კი ერში მოხვდებოდა – მაშინვე ავიწყდებოდა მონასტერი. ამასთან ერთად, ბერის წინასწარმეტყველება მისი მეორეჯერ დანიშვნის შესახებ მწიფდებოდა. მას სხვა ახალგაზრდა მამაკაცი მოსწონდა და მეც არ ვიყავი მისი გათხოვების წინააღმდეგი. გარემოებამ კი გვაიძულა, ჩამოგვეშორებინა შვილი ამ კაცისგან, რომელსაც ძალიან მალე ნერვული პარალიჩი დაემართა. ამრიგად ახდა ბერის სხვა ნათქვამიც, რომელიც მან პირველი ვიზიტისას გვითხრა: „იქნება მეორეც, მაგრამ ისევ არაფერი გამოვა, – მისთვის სხვა რამაა დანიშნული“.

ჩემს ქალიშვილს არ ვაძლევდი მამაოსთან განშორების საშუალებას. ხშირად დამყავდა ჩემთან ერთად. ერთხელ კი ჩემს ნაცნობ ქალთან ერთად გავუშვი ორი დღით. სამი დღე გავიდა და, ჩემდა გასაკვირად, ნაცნობი ქალი მარტო დაბრუნდა, ქალიშვილი კი დარჩა. მე მითხრეს, რომ მან მამაოს მიერ დაფუძნებული ქალთა სავანის მონახულება მოინდომა და სავანის მმართველთან ერთად გაემგზავრა იქით, რომელსაც ძალიან შეუყვარდა ჩემი შვილიც და მეც, როცა ბერთან ვხვდებოდით ერთმანეთს. ძალიან გამიკვირდა, რადგან ის ჩემი და მამამისის სრულ მორჩილებაში ცხოვრობდა, განსაკუთრებით მამის, მაგრამ მაინც მშვიდად ვიყავი. შემდეგ გაუგებრობამ შემაწუხა. ვფიქრობდი, ვისთან ერთად და როდის ჩამოვიდოდა სახლში. მასზე ნანახმა სიზმარმა კი საბოლოოდ ამაფორიაქა.

სიზმრად თითქოს შამორდინოში ვიყავი, სადაც არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ვიღაცამ მითხრა, რომ ეს ის იყო. მახსოვს წმინდა კარიბჭე და მის გვერდით რაღაც საფლავი ჯვრით. სინამდვილეში მაშინ ეს საფლავი ჯერ არ არსებობდა, რადგან სავანის განსვენებული წინამძღვარი, დედა სოფია, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. შემდეგ რომელიღაც გრძელ დერეფნიან კორპუსში აღმოვჩნდი (ახლანდელი წინამძღვრის კორპუსი). ერთ-ერთ ოთახში ემბაზი ვნახე; მითხრეს, რომ ჩემი ქალიშვილი უნდა მოენათლათ. აქ თავად ისიც დავინახე. ნათლიები (მიმრქმელები) კი თითქოს მამა ამბროსი და დედა სოფია იყვნენ.

სიზმარმა ხასიათი გამიფუჭა. გამახსენდა მინაშენში მოსმენილი ამბავი, რომელიც შემდგომში ტყუილი აღმოჩნდა: თითქოს მამა ამბროსიმ ძალით დატოვა ქალთა სავანეში ერთი ახალგაზრდა, დედისერთა გოგონა. თითქოს შემდეგ დედაც ჩამოვიდა და ითხოვდა თავის გოგონას უკან, ბოლოს კი თვითონაც დარჩა მონასტერში. ყოველივე ამან შემაშინა. ჩემი ქალიშვილის მონასტერში ყოფნამ იმდენად არ შემაშინა, რამდენადაც იმან, რომ ჩემზე უფრო ადრე მოხვდებოდა იქ და მე ვერ შევძლებდი მის გარეშე ცხოვრებას. რადგან მე თავისუფალი არ ვიყავი და ღმერთმა იცის, თუ რამდენ ხანს მომიწევდა ცხოვრება მისგან შორს.

ამრიგად, სულიერმა უხასიათობამ დამასუსტა და ავად გამხადა. შედეგად მივწერე ბერს წერილი, სადაც არ ამიხსნია მისთვის სინამდვილეში რა მოხდა. მივწერე მხოლოდ ის, რომ ძლიერ ავად ვიყავი და ამის გამო ვთხოვდი, რომ ვინმესთან ერთად გამოეგზავნა ჩემი შვილი. შემდეგ გადმომცეს, რომ ჩემი წერილის მიღებისთანავე, ისე რომ ჩემი შვილი იქ არ იყო, გამოვიდა ბერი ხალხის დასალოცად და თქვა: „მწერს ასეთი (ჩემი სახელი), რომ გავაგზავნო მისი შვილი სახლში: ჩვენ შეგვეშინდა, რომ შვილს ძალით დატოვებენ მონასტერში. უნდა გავაგზავნო ის“. გამგზავრებისას კი მამაომ ჩემს ქალიშვილს უთხრა: „დედაშენი ავადაა და უნდა წახვიდე. გადაეცი ჩემგან, რომ მან ჩემებურად იცხოვროს“. ზაფხულის დრო იყო. ბერმა ფანჯარაზე მიუთითა და გააგრძელა: „აი, ნახე: ფანჯრის ზემო ნაწილი ღიაა და ზემოდან სუფთა ჰაერი მოდის, რითაც ვსუნთქავ. ქვედა ნაწილი კი დაკეტილია და გამჭოლი ქარი არ მიბერავს. აი, ასე იცხოვროს და ავადაც არ გახდება“. მე კარგად გავიგე, რაც მითხრა ბერმა და რას დაარქვა მან გამჭოლი ქარი. ეს ის უაზრო საუბრები იყო, რომელსაც მე ვისმენდი, ხოლო უზენაესზე ნაკლებად ვფიქრობდი. შემდგომში, როცა ბერთან ჩავედი, ჯერ ჩემზე არაფერი მქონდა ახსნილი, მან კი დიდხანს მლოცა შეხვედრისას. ისე არ გამიშვებდა, რომ არ ეთქვა: „შენ იგივე ხვედრი გელის, რაც ქალბატონ X-ს და მის ქალიშვილს“. დიდხანს მაშინებდა ამით მამაო მე, უგუნურს, მე კი არაფერს ვეუბნებოდი ჩემს ცრუ შიშზე. ბოლოს გავიგე სიმართლე, ე.ი. მინაშენში ნათქვამი ტყუილის შესახებ და შენდობა ვითხოვე მამაოსგან, რომ ამ სიცრუეს დავუჯერე. მამაომ კი სიცილით ბრიყვი მიწოდა, და რომ ჩემთვის ყველაფერი მხოლოდ განსაცდელი იყო. ამასთან, მიამბო ცნობილი იგავი ბერიკაცზე, ბიჭზე და ვირზე და დაასკვნა: „თუ სხვის საუბარს მოუსმენ, ვირის აყვანა მოგიწევს მხრებზე“.

ჩემი ქმარი კი ისევ ავად იყო და მისი სნეულება უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მინდოდა დამეთანხმებინა ის იმაზე, რომ საზაფხულოდ ოპტინაში გადავსულიყავით და გვეცხოვრა იქ მამაოს გვერდით, რათა რამდენადაც შეიძლებოდა მოგვემზადებინა ის სიკვდილის შესახვედრად. ზაფხულს ჩვენ მაინც აგარაკზე ვატარებდით და მის ნაცვლად შევთავაზე ოპტინაში დასვენება. მხოლოდ ოპტინის საოცარი ტყით და ფიჭვნარის სუფთა ჰაერით შევძელი მისი დაყოლიება. მონასტერზე და ბერზე მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა და არც დამეთანხმებოდა ოპტინაში გადასვლაზე. ავადმყოფობის გამო მძიმე იყო მისი გადაყვანა ამ სიშორეზე. ორივე მხარეს საჭირო იყო ეკიპაჟის დაქირავება, მაგრამ ბერის ლოცვებით ეს შევძელი, თუმცა მამაომდე მისი მიყვანა ადვილი არ გახლდათ. ბერმა მაშინვე ჰკითხა, უფიქრია თუ არა მას ოდესმე სიკვდილზე. შემდეგ ურჩია ზეთისცხება და ზიარების მიღება. ავადმყოფი თავიდან სიხარულით დასთანხმდა ამაზე და დაიწყო აღსარებისთვის მზადება, მაგრამ უცბად, როგორც ნერვიულად ავადმყოფი უხასიათოდ გახდა, მოიწყინა და განუსჯელად დაიწყო მზადება შინ დასაბრუნებლად. ბერთან მისვლაზე და გამომშვიდობებაზეც უარი თქვა. მივხვდი, რომ ვერაფერს შევძლებდი და დამწუხრებული გავიქეცი ბერთან. ეს დილით ადრე იყო. თითქმის უნებართვოდ შევვარდი მამაოსთან, მწარედ ავტირდი და ცხოვრებაში პირველად გამოვუტყდი მას ჩემი მძიმე ცხოვრების შესახებ. შევხედე მამაოს და დავინახე, რომ თვალები მასაც სავსე ჰქონდა ცრემლით. როცა ადგა, ძლიერად დამიწყო სახეზე ცემა. გულნაწყენმა ვკითხე: „მამაო! თქვენ კიდევაც მცემთ, რისთვის?“ მან მიპასუხა: „სიყვარულით გცემ“. რატომღაც დამამშვიდა და გამამხიარულა მამაოს სიტყვებმა და ვუთხარი: „თუ სიყვარულით, მაშინ მცემეთ“. „შენ სულელი ხარ, – აგრძელებდა ბერი, – ასე რამ გაგამწარა? არაფერიც არ ხდება. შენი ავადმყოფი თვითონ მოვიდა და მამაკაცთა მისაღებში მიცდის. მე შენ პირველად შემოგიყვანე, რომ მეკითხა რა მოხდა“. ეს ჩემთვის გაუგებარი იყო. მე ქმარი ყველაზე საშინელ ხასიათზე დავტოვე. იმ წუთში, რა თქმა უნდა, ავადმყოფი ვერ მოვიდოდა, რადგან ჩქარა მოძრაობა უჭირდა, მაგრამ ბერმა წინასწარ განჭვრიტა მისი ხასიათის გადასხვაფერება და ამიტომაც მითხრა, რომ ის მოვიდოდა. იქიდან გამოსულმა დასვენებაც კი ვერ მოვასწარი მინაშენში, ბერის მომსახურემ მითხრა, რომ ჩემი ავადმყოფი მოვიდა და ბერთან საუბრობდა. მამაომ პირდაპირ იქვე ჩაიბარა აღსარება, დაამშვიდა, დააწყნარა და გაუშვა სასტუმროში. ამის შემდეგ მშვიდად ცხოვრობდა ავადმყოფი ოპტინაში და არც უფიქრია უკან დაბრუნება. ზეთიც იცხო და ზიარებაც მიიღო.

გამგზავრებისას მამაომ გაგვაცილა და ჩემს ქმარს უთხრა: „გირჩევ დატოვო სამსახური, კარგ პენსიას დაგინიშნავენ“. მამაომ ციფრიც კი დაასახელა, მაგრამ ჩვენ შეგვეშინდა. განგაშს იწვევდა ის, რომ ყოველნაირ პირობებში უჭირდა ავადმყოფს ცხოვრება და რას ვიზამდით ვიწრო საცხოვრებელში და მცირე საშუალებებით. მე, ცოდვილი, პირველი შევეპასუხე ბერს. ქმრის მოახლოებული სიკვდილი აზრადაც არ მომსვლია. მამაომ არაფერი მიპასუხა, მხოლოდ გამომშვიდობებისას ჩამხედა თვალებში და წავედით.

ნოემბერში ჩამოვედი ბერთან და ზიარებისთვის ვემზადებოდი. ის ხალხს ლოცავდა და შემხვდა ფსალმუნის სიტყვებით: „კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი: ვითარცა ყვავილი ველისა ეგრე აღყუავდეს“ (ფსალმ. 102, 15) და სხვ. ამჯერად მარტო დამიბარა. საუბრისას მომკიდა მარჯვენა ხელზე და თითიდან ნიშნობის ბეჭდის გამოძრობა დამიწყო, მაგრამ დიდხანს ვერ ახერხებდა. მრავალწლიანი ტარების გამო მაზოლივით იყო იმ ადგილას გაჩენილი. მამაო მაინც ცდილობდა მოძრობას. გული წინათგრძნობით აღმეძრა, მაგრამ არაფერი ვთქვი და თვითონაც დავიწყე თითზე ბეჭდის ტრიალი, რათა მომეხსნა.

ამჯერად, ოპტინიდან წასვლისას, მამაომ მოულოდნელად პოლონელი გოგონა მომაბარა და დაამატა: „სამნი უფრო მხიარულად იქნებით“. მასთან ერთად ჩვენ ხომ ოთხნი უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ მამაომ თქვა „სამნი“. ესე იგი ვიღაცა უნდა გამოაკლდეს ჩვენს რიცხვს. მან კიდევ დაამატა: „ის შენს სახლში მართლმადიდებ-ლობასაც მიიღებს“. მე სიტყვაშეუბრუნებლად, ხალისით წავიყვანე სახლში სხვისი შვილი და ვერ ვაცნობიერებდი, როგორ უნდა მიეღო მას მართლმადიდებლობა ჩემს ოჯახში, ამიტომაც ვდუმდი. ვფიქრობდი, რომ ის თვითონ ელაპარაკა ბერს ამის თაობაზე. აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ ბერის წინასწარხედვა იყო. გოგონა მაშინ არც ფიქრობდა მართლმადიდებლობის მიღებაზე.

გავიდა დრო. მოულოდნელად მივიღე მამაოსგან პური, რამაც უკიდურესად გამაოცა და შემაშინა. ამის შემდეგ ჩემი ქმარი სიკვდილისწინა მდგომარეობაში იყო. მივწერე მამაოს მისი ავადმყოფობის შესახებ და მაშინვე მოვიდა პასუხი: „ავადმყოფს გადაეცი ჩემგან, ცოდვილისაგან – წერდა ის, – ვურჩევ დაუყოვნებლივ ეზიაროს“. მეუღლემ შეასრულა მამაოს ნათქვამი.

ჩემი მეუღლის სასიკვდილო ავადმყოფობისას ოთხჯერ მესიზმრა მამაო, რომელიც მამხნევებდა და მანუგეშებდა, რათა კარგად მომევლო სნეულისთვის. მეოთხე სიზმარში თითქოს ოპტინაში მამაოს მინაშენში ვიყავი. თითქოს ჩემი ავადმყოფიც იქ იწვა. მამაო ჩემით უკმაყოფილო იყო და არ სურდა ჩემი დალოცვა. ზურგს მაქცევდა და დაუმორჩილებლობას მსაყვედურობდა. გამწარებულმა გავიღვიძე და სიზმარი ვერ გავიგე. საქმე კი აი რაში იყო: ექიმმა მკაცრად ამიკრძალა ავადმყოფისთვის რაიმე საკვების მიცემა, რადგან კუჭი მთლიანად პარალიზებული ჰქონდა და საკვების მიღებით მხოლოდ გავუხანგრძლივებდი წამებას. სასულიერო პირებიც იგივეს მეუბნებოდნენ, რომ ის ახლოს იყო სიკვდილთან და არაფერი სჭირდებოდა. მაგრამ მე, უგუნური, ავადმყოფთან მარტო დარჩენილი, ვაძლევდი მას სითხეს. ეტყობა, ავადმყოფსაც არ სურდა ის და კბილებს მაგრად უჭერდა, მაგრამ უნებლიეთ ყლაპავდა. ასე ვაწამებდი მას ჩემი სიყვარულით.

მისი სიკვდილის მერე წავედი მამაოსთან, რომელმაც ჩვეულებრივ მისალმებისა და მისამძიმრების მერე მკაცრად მითხრა: „შენ მაინც არც მონაზვნებს მოუსმინე და არც ექიმებს, და აჭმევდი ავადმყოფს. ახლა დილით და საღამოს ამის გამო ექვს-ექვსი მეტანია გააკეთე“. აი, თურმე რით იყო უკმაყოფილო ბერი, რომელიც მაშინ დამესიზმრა, აი ამიტომ არ დამლოცა მაშინ მან სიზმარში. ბერის ყოვლისმცოდნეობით აღფრთოვანებული ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ მეთქვა ეს მისთვის. ეპიტიმია შევასრულე. მხოლოდ გარდაცვალების წინ მკითხა მან: „შენ მეტანიებს აკეთებ?“ დადებითი პასუხის მერე მითხრა: „იანვრამდე ისევ აკეთე, მერე კი მიატოვე“. ბერი გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს და იცოდა, რომ მის გარეშე ვერავინ მომიხსნიდა ეპიტიმიას.

გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, სანამ გრძნობაზე იყო, საქმიანმა ადამიანებმა ურჩიეს ჩემს ქმარს, საკუთარი ნებით წასულიყო სამსახურიდან. უთხრეს, რომ უფრო დიდ პენსიას მიიღებდა. ისიც ასე მოიქცა. თხოვნა გათავისუფლების შესახებ დაიწერა და გადაეცა გუბერნატორის კანცელარიას ხელმოსაწერად, საიდანაც პეტერბურგს უნდა გაეგზავნათ. ამ მხრივ მშვიდად ვიყავით, მაგრამ საქმე სხვანაირად დატრიალდა. ქმარი გარდაიცვალა და თხოვნა გათავისუფლების შესახებ არ იყო დროზე იმის მიერ მოწერილი, ვისაც ეხებოდა, ამიტომ კანცელარიაში იყო მიგდებული. ბერის დაუმორჩილებლობის გამო ღვთის ნებით ხდებოდა ეს ყველაფერი. ნახევარი წლით ადრე რომ დაგვეჯერებინა მისთვის, ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც საჭირო იყო და პენსიაც უფრო დიდი ზომის გვექნებოდა.

სიკვდილის წინა წუთებში ჩემმა ქმარმა გაახილა თვალები, თავი ჩემსკენ მოაბრუნა და ჩუმად მითხრა: „ბერი მოვიდა“. იმ დღესვე გავაგზავნე ბერთან დეპეშა და ვთხოვე, მშვიდობით გაეშვა მომაკვდავი. მეუღლის სიკვდილის შემდეგ კი მივიღე ბერის წერილი, რომელმაც მაშინ ძალიან მანუგეშა. მამაოს წერილი ჩვენ ორივეს, მე და ჩემი ქალიშვილის მიმართ იყო დაწერილი. აი ისიც: „მშვიდობა და ღვთის კურთხევა თქვენ, ხოლო განსვენებულს ცათა სასუფეველი! მან ბევრი იწვალა ავადმყოფობისას. ავადმყო-ფობის მოთმინებით გადატანის გამო მიიღებს წყალობას და ცოდვების მიტევებას. თქვენ ახლა დაობლდით. მაგრამ ნათქვამია: თვითონ უფალია ობოლთა მამა და ქვრივთა მკაცრი მსაჯული. ღმერთს შესწევს ძალა დაგეხმაროთ თქვენ, მოგცეთ საცხოვრებელიც და საკვებიც. ვითხოვ თქვენთვის მშვიდობას და ღვთის კურთხევას და ვრჩები გულწრფელი კეთილისმსურველი. მრავალცოდვილი მღვდელ-მონაზონი ამბროსი“. ეს წერილი დროულად მივიღე, რადგან დავრჩი ორი შვილით ხელში, საცხოვრებელი ადგილისა და არსებობისათვის ყოველგვარი სახსრების გარეშე. მამაოს მოკლე, მაგრამ მრავლისმომცველი წერილის ყველა პუნქტი აღსრულდა ჩემზე. ღმერთმა მისი ლოცვით დამიფარა, მომცა საცხოვრებელი ადგილიც და სახსრებიც.

მეუღლის გარდაცვალებიდან ცხრა დღის მერე გავემგზავრე ბერთან. გაზაფხულის დადგომის გამო მდინარეებში წყალმა იმატა და ორმოცამდე დავრჩი ოპტინაში. ორმოცის წინა დღით, მწუხრის დაწყებამდე მივედი ბერთან, რომ გარდაცვლილზე ელოცა. ხალხმრავლობის გამო იმ წუთში დამავიწყდა მისვლის მიზეზი. ბერმა შეშინებულად და მკაცრად შემხედა. „ოჰ, მეშინია! – თქვა მან, – განაჩენის გამოტანა იწყება: იჩქარე ტაძარში და ილოცე, მეც ვილოცებ მისთვის“. მე კარგად გავიგე, რაზეც მელაპარაკებოდა მამაო. შემეშინდა მისი სიტყვებისა და სახის გამომეტყველების. მისთვის საიქიო ცხოვრების საიდუმლოებანიც ცნობილი იყო. წავედი ტაძარში, სადაც მწუხრის დამთავრებისთანავე პანაშვიდი შევუკვეთე, ხოლო დილისთვის – წირვა და პანაშვიდი. წირვიდან მოსული მამაომ მაშინვე მიმიღო. ის სრულიად გაბრწყინებული იჯდა და გახარებული შემხვდა. მე თაყვანისცემაც კი ვერ მოვასწარი, ისე დამარტყა სამჯერ თავზე და მითხრა: „ცათა სასუფეველში! ცათა სასუფეველში! ცათა სასუფეველში!“ მისი სახე ზეციური სიხარულით ანათებდა. ეს სიხარული გადამედო მეც, ცოდვილს.

ჩვენი სახლში წასვლის დრო ახლოვდებოდა. პენსიაზე, საცხოვრებელ ადგილზე ზრუნვა და ერთი სარფიანი საქმე სახლისკენ მექაჩებოდა. სიმწარე და სევდა მაწვა გულზე. გაურკვევლობა მთრგუნავდა. მამაო ჩვენს დასალოცად გამოვიდა და იქ, სადაც ღვთისმშობლის „ღირს არსის“ ხატია დაბრძანებული და სადაც ჩვენ ველოდებოდით, მოულოდნელად ჩემს გვერდით კომოდზე ჩამოჯდა. დამახრევინა ჩემი განსაცდელებით სავსე თავი თავის მუხლებზე და თქვა: „ნუ ჭმუნავ, ბაგირის ქამრები თუ არ გაქვს. იფქნისა და ცაცხვის ლაფანი გაწყდა – შევკარი და ისევ გავექანე“. ხალხში ერთმა ქალბატონმა ვერ გაიგო ამ სიტყვების მნიშვნელობა და ჰკითხა: „ეს რას ნიშნავს, მამაო?“ ბერმა უპასუხა: „მიდიოდა მდიდარი ბატონი ეტლით. მას კარგი ცხენები ჰყავდა და საბელიც თასმისა ჰქონდა. მიდიოდა ღარიბიც. მას ცხენიც ცუდი ჰყავდა და საბელიც – ლაფნისა. ორივე თოვლის ქვეშ დამდგარ წყალში მოხვდა. ორივეს გაუწყდა საბელი. თოვლჭყაპიდან ძლივძლივობით ამოსულმა ღარიბმა შეკრა თავისი ლაფანი და წავიდა წინ. მდიდარი კი ადგილზე დარჩა. ტყავის თასმები შესაკრავი იყო.“ ამ ამბის თქმით, მამაომ მიწინასწარმეტყველა ან განსაზღვრა ჩემი შემდგომი ცხოვრება. ამგვარადვე წარიმართა ის.

ოპტინიდან გამგზავრებისას მლოცავდა ბერი და მე ვუთხარი მას: „ერთი რამის მეშინია, მამაო: იმისათვის, რომ თქვენთან ხშირად ვიარო, საშუალება არ მეყოფა“. მამაომ მიპასუხა: „ჩემთან სიარულის საშუალება შენ ყოველთვის გექნება. შენ ჩვენთან ფეხითაც კი ივლი“. მაშინ ვერ გავიგე ეს და შევეწინააღმდეგე: „ფეხით? განა ეს ჩემთვის შეიძლება?“ თუმცა, ბერის სიტყვები ახდა. ყოველთვის გამომიჩნდებოდა საშუალება წავსულიყავი ბერთან, უფრო ხშირადაც კი, ვიდრე ადრე დავდიოდი ოპტინაში. ამჟამად კი შამორდინოში ვცხოვრობ და ფეხით დავდივარ ზაფხულში მის საფლავზე, აგრეთვე ბერ იოსებთან. აი, რას ნიშნავდა ბერის სიტყვები: „ფეხითაც კი ივლი ჩვენთან“.

გამომშვიდობებისას ბერმა ესეც მითხრა: „თუ აყვანილი შვილის შესანახად (რომელსაც სწავლა უნდა დაესრულებინა) ოდესმე არ გეყოფა ფული – ჩემგან აიღე“. მე, ცოდვილმა კი მას ვუპასუხე: „არა, მამაო, უმჯობესია მომცეთ ბერული კურთხევა, რომ საკუთარი საშუალებები მუდამ მქონდეს ყოველგვარი აუცილებლობისათვის. მე ბევრი არ მინდა“. – „მაშინ, – თქვა ბერმა, – მომეცი შენი ხელი“. მეც გავიშვირე, ბერმა აკურთხა ჯვრის სახით ჩემი ხელები და თქვა: „რომ შენ არასოდეს შეგიწყდეს ფული! იმისათვის, რომ მე დამამშვიდე და იშვილე ის გოგო, მთავარანგელოზი მიქაელი იქნება შენი შემწე“. რვა წლის მერე მთავარანგელოზ მიქაელის ხსენების დღეს, 8 ნოემბერს, გარდაიცვალა ჩემი ქალიშვილი. ის სიკვდილის წინ დიდ ანგელოზებრივ სქემაში აღიკვეცა. მასზეც ბევრს მიწინასწარმეტყველებდა ბერი, მაგრამ მაშინ ვერაფერს ვიგებდი. ის ხშირად ხვდებოდა ჩემს ქალიშვილს სახარებისეული სიტყვებით: „ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“ (ლუკ. 10, 42). მამაო მას ხშირად ასე ეძახდა: „შენ ჩემი ვარდი ხარ, მაგრამ ყინვამდე“. მე კი ჩემი შვილის ცხოვრების მოწყობა მინდოდა და მამაო ასე მეუბნებოდა: „შენ მასზე ნუ ზრუნავ. მას თვითონ ზეციური დედოფალი მოაწყობს“, და მრავალი სხვა.

მამაოს ლოცვითა და კურთხევით ღმერთმა ინება და შვილებთან ერთად კარგად მოვეწყვე. პენსიამდე ერთჯერადი შემწეობა მომცეს, რომლის აღება მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის მერე შემეძლო და სახელმწიფო ფართი იმავე შენობაში, სადაც ადრე ქმრის სიცოცხლეში ვცხოვრობდით. თავიდან სამი ოთახი გამომიყვეს. შემოდგომაზე წავედი ბერთან, რამდენიმე დღე გავჩერდი იქ და უკვე წასვლას ვაპირებდი. მამაომ სენაკში შემიყვანა, ცოტა ისაუბრა ჩემთან და ისე გავიდა გარეთ, რომ არაფერი უთქვამს – წავსულიყავი თუ დავლოდებოდი. გაურკვევლობაში ვრჩებოდი. უცბად აჩქარებულად შემოვიდა ბერი და მნახა რა, უსიტყვოდ ძლიერ დამარტყა, ისე მკრა ხელი, თავი ვეღარ შევიკავე, თავი მივარტყი კარს და ფართოდ გავაღე კიდეც. საოცარია – დარტყმისაგან ტკივილი არ მიგვრძნია და გაკვირვებულმა შევხედე მამაოს, ვერ ვხვდებოდი რა დავაშავე. დავინახე ბერის საყვარელი და მხიარული მზერა. მეც გავიცინე და არც მიკითხავს ცემის მიზეზი, ისე გამოვედი იქიდან და გავემგზავრე შინ. მამაოს გამოცანის ახსნა სახლში მელოდებოდა. ის, რომ სახელმწიფო სახლში კარგად მოვეწყვე და დამეხმარნენ, შურიანებისა და არაკეთილმსურველებისთვის არ დარჩენილა უყურადღებოდ. ისეთი ამბავი შეთხზეს ჩემზე, რომ ძლივს შევინარჩუნე სახელმწიფო ბინა. მაგრამ ყველაფერს ნათელი მოეფინა და ზნეობრივი დარტყმა, რომელიც მე მივიღე, უკვალოდ, თითქოს, ჩემს სასარგებლოდ და სიცრუის შემთხზველთა დასაცინად დასრულდა.

ამრიგად, პენსიამდე ერთჯერადი დახმარებით და რაღაც განაყიდი ნივთების ფულით ვცხოვრობდი. მალე ეს წყაროც დაიშრიტა. პენსიამდე ორ თვე ნახევარი რჩებოდა, მე კი სამი კაპიკიღა მქონდა. ფულის წყაროც არსად და არავისთან მეგულებოდა. შემეძლო მიმეწერა მამაოსთვის და ის უარს არ მეტყოდა, მაგრამ მე ხომ უარი ვთქვი ბერისაგან ფულად დამარებაზე, ამიტომ უკანასკნელ უკიდურესობამდე არ მინდოდა მისი შეწუხება. მოვიწყინე, არ ვიცოდი რა მეღონა. ფეხით წავედი განსაკუთრებულად აღიარებული ზეციური დედოფლის სასწაულმოქმედ ხატთან, რომელიც ქალაქიდან ათიოდე ვერსით იყო დაშორებული და გადავწყვიტე უკანასკნელი კაპიკით სანთელი შემეძინა. ივლისის ცხელი დღე იდგა. ძლიერ დავიქანცე და საღამოს, სახლში დაბრუნებისას, გონებაში ვთქვი: „მამაო! რატომ დამტოვე დახმარების გარეშე? ხომ შემპირდი“. ამ დროს ვიღაცამ ურმით ჩამიქროლა. მე ჩაფიქრებული ვიყავი და არც მიმიქცევია ყურადღება. მივედი სახლში. ისიც მოადგა ჩემს სახლს და ერთად ავედით კიბეზე. ის ჩემი მეუღლის მეგობარი, ტულელი მემამულე აღმოჩნდა, რომელიც ორი წელი არ მენახა. ძალიან დავალებული გახლდათ ჩემი მეუღლის წინაშე თავისი მდგომარეობით და გარკვეულწილად მოვალეც იყო მისი. ის გავლით იყო და გადაწყვიტა ჩემთან შემოვლა. ცოტა ხნით ჩამოჯდა ჩემთან და თქვა: „თქვენ იცით, როგორი მეგობრები ვიყავით მე და თქვენი ქმარი და როგორ მიყვარდა ის! ჩვენი მეგობრობის სამახსოვროდ გთხოვთ მიიღოთ ჩემგან 50 მანეთი“. მე მადლობა შევსწირე მას და ამ 50 მანეთით ვარჩინე ბავშვები პენსიის მიღებამდე.

ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის მერე ღვიძლმა ძმამ შემომთავაზა მის გვერდით ცხოვრება. ის პენსიის მიღებამდე თვითონ შემინახავდა და მითხრა: „სჯობს ჩემთან იცხოვრო, ვიდრე სხვებს ესესხებოდე და იკავებდე სახელმწიფო ბინას, რის გამოც შენ უკვე გქონდა უსიამოვნება“. მე უკვე არაფერს ვაკეთებდი ბერის კურთხევის გარეშე და მივწერე მას ძმის მიერ შემოთავაზებული წინადადების შესახებ. დარწმუნებული ვიყავი, რომ მამაო დაუყოვნებლივ აკურთხებდა ამ საქმეს. მივიღე სასწრაფო პასუხი და გაოცებული დავრჩი. მან არ მაკურთხა, ძმასთან გადავსულიყავი და ესეც არ მაკმარა. მიბრძანა სასწრაფოდ გადავსულიყავი სამოთა-ხიანიდან ერთოთახიანში, ორი ოთახი კი მიმეცა, რათა ამეცილებინა მომავალში უსიამოვნებები. ვერაფერს ვიგებდი. საშინელებად მომეჩვენა ყოველივე. დიდი ფართის მერე, რომელშიც ჩვენ ადრე ვცხოვრობდით, ეს სამოთახიანიც ვიწროდ მეჩვენებოდა. ახლა კი მამაოს განკარგულებით ჩვენ სამივეს ერთ ოთახში უნდა გვეცხოვრა. მთელი დღე ვტიროდი და ვდრტვინავდი (ვაღიარებ ჩემს მცირედ სულიერებას) ბერზე, შემდეგ კი დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ მოვწყობილიყავით ერთ ოთახში. და რა? როგორც კი დავიწყე ამაზე ფიქრი, ისე კარგად მოვიფიქრე და მოვაწყვე, უკეთესად არ შეიძლებოდა. ეს ნოემბრის თვეში მოხდა, ხოლო მარტში ჩემი ძმა გარდაიცვალა. როგორი იქნებოდა ჩემი მდგომარეობა, სახელმწიფო ბინის დატოვების შემთხვევაში! ჩემი ძმის გარდაცვალებამდე ორიოდე კვირით ადრე გახლდით მამაოსთან ოპტინაში. უამრავი ხალხი იდგა მის წინ დაჩოქილი და ის გვლოცავდა. უცბად ჩემსკენ შემოტრიალდა, რაღაც განსაკუთრებულად შემომხედა და მითხრა: „ფრთხილად იყავი, კარტი არ ითამაშო – ამის გამო შეიძლება მოკვდე“. გაკვირვებით ვუპასუხე: „მამაო! თქვენ იცით, მე არასოდეს ვთამაშობ კარტს და არც ვიცი თამაში“. მამაო თითქოს არც მისმენდა და იგივე გაიმეორა. მე ისევ ვუპასუხე: „არასოდეს მითამაშია, მარტო ბავშვობაში ვთამა-შობდი „დურაკას“, ისიც ცუდად“. რას იზამ? მალე ჩემი ძმა კარტის თამაშისას ნერვიული დარტყმით გარდაიცვალა.

მე, ცოდვილს, მამაო ბევრს მანუგეშებდა, განსაკუთრებით განსაცდელში ან კიდევ, როცა ვინმე მაწყენინებდა. ერთხელ, ჩემი დაბადების დღის წინ, სულიერად არეული ჩამოვედი მასთან და გამოვითხოვე ზიარების კურთხევა. ჩემი იუბილარობის შესახებ არ მითქვამს, ვიღაც სხვამ უთხრა. წინა დღით დამიბარა აღსარებაზე და თვითონ მომილოცა ხვალინდელი დღე და მითხრა: „თორემ დამავიწყდება, თქვენო ღირსებავ, მოლოცვა“. ერში ასე მეძახდა ის ხუმრობით. მეორე დღეს კი მასთან მისულს თვითონ მაჩუქა საკუთარი პორტრეტი, თავისი განსაკუთრებული კეთილგანწყობის ნიშნად.

ერთხელ სამივე ჩამოვედით ახალი წლის შესახვედრად მამაოსთან. მან სამი წმინდანის ხატი გვაჩუქა, მოგვილოცა ახალი წელი და მცნებად დაგვიტოვა დილა-საღამოს სამ-სამი მეტანიის გაკეთება ამ ხატის წინ. პირველი მეტანიები იქვე ადგილზე გაგვაკეთებინა. ამასთან მან შემდეგი რამ მოგვითხრო: „ერთ კუნძულზე სამი მეუდაბნოე ცხოვრობდა და ჰქონდათ სამი წმინდანის ხატი. ისინი უბრალო, გაუნათლებელი ადამიანები იყვნენ და უბრალოდ, თავისებურად ლოცულობდნენ: „თქვენც სამნი ხართ – ჩვენც სამნი ვართ, – შეგვიწყალეთ ჩვენ“. ისინი მუდმივად ამბობდნენ ამ ლოცვას. და აი, მოადგნენ ამ კუნძულს მოგზაურები და ბერებმაც სთხოვეს, მათთვის ლოცვა ესწავლებინათ. მოგზაურებმაც ასწავლეს „მამაო ჩვენო…“, შემდეგ გაცურეს ზღვაში თავისი გემით. ცოტაც გასცურეს და ნახეს, რომ სამივე ბერი წყალ-წყალ მორბის და ყვირის: „გაჩერდით – ჩვენ თქვენი ლოცვა დაგვავიწყდა“. ამის შემყურე მოგზაურები გაოცდნენ და გაუჩერებლად უთხრეს: „ილოცეთ, როგორც იცით“. ბერებიც დაბრუნდნენ და თავისი ლოცვა გააგრძელეს“. ამის მერე ბერმა მომსახურეს ფინჯანი მოატანინა, რომელიც ახლახან აჩუქა ვიღაცამ და მოგვცა ჩვენ, თან გვითხრა: „აი, თქვენ ეს ფინჯანი, სამივემ რიგ-რიგობით სვით აქედან“.

აქ რამდენიმე მონაზონი იმყოფებოდა შამორდინოს სავანიდან. მამაომ იაკობ მოციქულის ეპისტოლის მესამე თავის კითხვა დაავალა ყველას. თვითონ ზეპირად წაგვიკითხა და განსაკუთრებული ყურადღება მის დასაწყისზე გაამახვილა: „ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო!“ (იაკ. 3-1), და ბოლოს თქვა: „სწავლა – ეს სამრეკლოდან პატარა ქვების ჩამოყრაა, აღსრულება კი – დიდი ქვების სამრეკლოზე ატანა“. შემდეგ დაამატა: „კარგი იქნებოდა, ეს ეპისტოლე ზეპირად ისწავლოთ და ყოველდღე წაიკითხოთ“.

ხშირად მომკიდებდა ხელს ნიკაპზე, მაგრად მომიჭერდა პირს და მეტყოდა: „გახსოვდეს მდუმარება“. არ ვიცი რას ნიშნავდა ეს სიტყები, მაგრამ ჩემი აზრით დუმილს მირჩევდა.

ქალის სამკაულებს: საყურეებს, ბროშკებს, სხვადასხვა თავსაბურავებს რომ ვატარებდი, ვერ იტანდა. დაინახავდა თუ არა ჩემზე რაიმეს, გამოწევდა ხელს, ჩასჭიდებდა და ეწეოდა თავისკენ მანამ, სანამ მე თვითონ არ მოვიხსნიდი. ამრიგად, მე უკვე მივატოვე რაიმე სახის სამკაულის ტარება. სხვა მანდილოსნებს არაფერს ეუბნებოდა.

იმავე ვიზიტისას, უფლის ნათლისღების დღეს მივედით ბერთან. ის ნათლობის ტროპარის გალობით შეგვხვდა. ვნახე ერთი მონაზონი, რომელსაც მამაოს მფარველი ანგელოზის – წმინდა ამბროსის – მშვენივრად დაწერილი ხატი ჰქონდა. ძალიან მომინდა მეც მქონოდა ასეთი ხატი, თან მამაოც დამლოცავდა ამ ხატით. მაგრამ ფული ცოტა მქონდა დარჩენილი – მარტო სახლში დასაბრუნებლად მყოფნიდა. წავედი ჯიხურში ამ ხატის შესაძენად და გზაში ვფიქრობდი: „რაც არ უნდა იყოს – შევიძენ ხატს და როგორმე ჩავაღწევ. სახლში რომ მივალ, მერე გადავუხდი მეეტლეს გზის ფულს“. მამაოსთან ხატით დავბრუნდი კურთხევის ასაღებად, მან მითხრა: „როგორ იქნება ეს ჩემი კურთხევა, როცა ხატი შენ თვითონ იყიდე? რაც არის ეს არის – წადი ჯიხურში და უთხარი ეს ხატი ჩემს სახელზე ჩაწერონ, მე კი როგორმე გადავიხდი“. ასე მაკურთხა მამაომ მისი მფარველი ანგელოზის ხატით. აი, ასეთი მჭვრეტელი გახლდათ ის!

ჩემი სიტყვების საპასუხოდ: „ყველაფრით კმაყოფილი ვიქნებოდი, მაგრამ თქვენ, მამაო, შორს ხართ ჩემგან“, – ბერმა მითხრა: „ჩემი ახლობლები შორს დადგნენ ჩემგან. ახლოსაა და მოლიპულია, შორსაა და ღრმაა“.
ერთხელ ოპტინიდან ჩემი გამგზავრებისას ძალიან გამიძნელდა ბერთან განშორება. დავსძენ, რომ იმ დღეს მამაო თავს სუსტად გრძნობდა. ბოლო დროს აკვიატებული მქონდა აზრი ბერის სიკვდილზე. ყველაზე მეტად კი იმის მეშინოდა, რომ ეს ჩემი თანდასწრებით არ მოხდებოდა. მივედი მამაოსთან გამოსამშვიდობებლად. არც გამიბედია „სიკვდილის“ ხსენება, მხოლოდ ეს ვთქვი: „მამაო! თქვენგან წასვლისას მუდამ იმის შიში მაქვს, რომ ეს უჩემოდ მოხდეს“. ბერი მაშინვე მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს და ასე მიპასუხა: „არა, არა, მშვიდად იყავი – შენი თანდასწრებით იქნება“. ამ ლაპარაკიდან ორი წლის მერე აღსრულდა კიდეც მისი ნათქვამი. ღმერთმა ღირსი გამხადა, ბერის აღსასრულის ჟამს მის სენაკში ვყოფილიყავი.

ერთი წლის მერე ბერი ძლიერ ავად გახდა. სახლში ვიმყოფებოდი და მისი ავადმყოფობის შესახებ რომ გავიგე, ძალიან განვიცადე და ვღელავდი. მისი ჯანმრთელობის შესახებ წერილებით და ტელეგრაფით ვიგებდი. ჩასვლა არ შემეძლო. ბერის მიერ დავალებული ერთი საქმე მაკავებდა. დიდმარხვის მესამე კვირაში გავთავისუფლდი, როცა ბერი უკვე ოდნავ უკეთ გრძნობდა თავს. მე შვილთან ერთად ჩავედი ოპტინაში. გვიან საღამოს მიგვიღო ბერმა. ის უკვე იწვა. მამაოს რომ შევხედე, შემეშინდა, იმდენად ჰქონდა სახე შეცვლილი. უნებლიედ გადმოვღვარე ცრემლები. მამაო შემდეგი სიტყვებით შემხვდა: „თუნდ ცურვით, მაინც მიხვალ“. ამით მან წყალდიდობის გამო მგზავრობის სიძნელე განსაზღვრა. შემდეგ გააგრძელა: „ბრიყვები! მაინც გამომითხოვეს ლოცვით, თქვენთვის ისევ ვიცოცხლებ“. მე მის გვერდით ჩავიმუხლე და ვთქვი: „დიდება ღმერთს, მამაო!“ მან კი მიპასუხა: „ბრიყვო! მე ხომ მიმძიმს, შეუძლებელი ხდება სიცოცხლე“. ვერაფერი ვუპასუხე. ის ყოველივე ამას უკმაყოფილო ტონით ამბობდა, ეტყობა იმისთვის, რომ ტირილი შემეწყვიტა. უნებლიედ მომდიოდა ცრემლი. ბერი კი აგრძელებდა: „რისთვის ჩამოხვედი? ავად ვარ, არაფერი შემიძლია“. – „იმიტომ ჩამოვედი, რომ თქვენ ავად ხართ“. ჩემმა ქალიშვილმა კი დაამატა: „მამაო, დიდი მარხვაა და ზიარებისთვის მომზადება შეიძლება“. – „რას იზამ? – თქვა ბერმა, – მე ყველა სულიერი შვილი მამა იოსებს გადავეცი. თქვენც იმასთან მიდით აღსარებაზე“. მე ჩავწვდი საქმის არსს და მალევე ვუპასუხე: „მამაო, მე ახლახან, ყველიერის წინ ვეზიარე; დაველოდები, შემიძლია, წმინდა მარხვის მერეც ვეზიარო“. – „რატომ უნდა გადადოთ? – თქვა მან, – წადით. დილა საღამოზე უფრო ბრძენია“, – და გაგვიშვა. მთელი ღამე ვტიროდი და ვლოცულობდი, რომ ღვთისმშობელს შთაეგონებინა ბერისთვის, არ გადაეცა თავის სიცოცხლეში სხვა მოძღვრისთვის ჩემი თავი.

დილით მწუხარება მომემატა. ერთი მონაზონი, რომელიც მამა ამბროსის სულიერი შვილი იყო, შემოვიდა ჩვენს ნომერში და მითხრა, რომ მან უკვე ჩააბარა მამა იოსებს აღსარება. მან თავისი დაცინვით მატირა კიდეც. ვერავის ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ თავსაც ვერ ვთოკავდი. რამდენადაც შეიძლებოდა გამოვკეთდი და წავედი ბერთან. სენაკში შესულმა მუხლმოდრეკაც კი ვერ მოვასწარი, რომ ბერმა საჩქაროდ ლოგინის ირგვლივ, სადაც იწვა, რაღაცის ძებნა დაიწყო. ბალიშის ქვემოდან კაბა, ოლარი, სამაჯურები აიღო, სასწრაფოდ შეიმოსა და მითხრა: „კარგი ბრიყვო, თქვი ჩქარა აღსარება, მხოლოდ არავის უთხრა, რომ მე ჩავიბარე. თუ გკითხეს, როგორ ჩააბარეო, – უთხარი, როგორც ყველა დანარჩენებმა-თქო. შენ ჯერ სხვა მოძღვარი არ გეყოლება“. წუხილი დიდი სიხარულით შეიცვალა ჩემში. როგორც კი აღსარება ჩაიბარა და შენდობის ლოცვის წაკითხვა დაიწყო, მამა იოსები შემოვიდა მასთან, რადგან კარი ჩაკეტილი არ იყო. შევცბი. ზღურბლზე მამა იოსები გამოჩნდა. მიხვდა, რომ ბერი თავისი დიდი სიყვარულით ჩემს უძლურებას შეეხიდა. მან თავი გააქნია, გაუღიმა ბერს, მხოლოდ ხელი ჩაიქნია და გაშორდა იქაურობას. მამა ამბროსის თითქოს დამნაშავის გამომეტყველება ჰქონდა ამ მომენტში. მერე გავიგე, თურმე ექიმმაც აუკრძალა და არქიმანდრიტმაც სთხოვა, რომ გამოჯანმრთელებამდე აღსარებები არავისგან მიეღო.

შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ მამაომ სერიოზული სახე მიიღო, შემომხედა თავისი განსაკუთრებული (შინაგანი ცეცხლით ანთებული) გამოხედვით და მითხრა: „გესმის? წადი შენ მამა იოსებთან“. მე გაურკვევლობის გამო ღიმილით ვუპასუხე: „აწი რისთვის მივიდე მასთან?“ მაგრამ მამაომ კიდევ გამიმეორა: „გესმის? მე შენ გეუბნები: თუ გინდა, მიდი მამა იოსებთან. მე ყველა სულიერი შვილი მას გადავეცი“. მე ისევ ვერაფერს მივხვდი და ვფიქრობდი: რისთვის მივიდე მასთან და რას ვეტყვი მას? მამაომ ისევ დამიძახა და მესამედ გამიმეორა, მაგრამ ისე სწრაფად, რომ სახიდან ღიმილი გამიქრა: „გესმის? მე შენ გეუბნები, მიდი მამა იოსებთან“. და მისთვის ჩვეული სიმდაბლით დაამატა: „მე წყლიან ღვინოს გასმევდით, ის კი სუფთა ღვინოს დაგალევინებთ“. იქიდან გამოსულმა მამა იოსების ძებნა დავიწყე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ვერ ვნახე. აღმოჩნდა, რომ ის ბერმა მონასტერში გაგზავნა და ჩემი აღსარებისას კურთხევის ასაღებად იყო შემოსული. მამაოს ძებნაში შემთხვევით ბელევოს მონაზონს შევხვდი, რომელიც მამა ამბროსის სულიერი შვილი გახლდათ. მან გამომცდელად შემომხედა და მკითხა: „თქვენ აღსარება ვისთან თქვით?“ საბედნიეროდ, ბერმა მასწავლა, როგორ უნდა მეპასუხა და მშვიდად ვუთხარი: „როგორც ყველამ“. ტყუილი არ მითქვამს: ჩვეულებრივი აღსარება იყო, როგორც ყველასი. ჩემი პასუხით ისიც კმაყოფილი დარჩა.

კიდევ რამდენიმე სასწაულზე და წინასწარხედვაზე მინდა მოგითხროთ.

ერთხელ ჩამოვედი ოპტინაში ბერთან. ჯერ კიდევ არ ვიყავი მომწიფებული მონასტერში დარჩენისთვის, არც ვფიქრობდი. შვილები და საქმეები მაკავებდნენ. მათთან ვმალავდი იმას, რომ მონასტერზე ვფიქრობდი. საერთო კურთხევაზე გამოსულმა ბერმა შემხედა და თქვა: „მონასტრის შესახებ ერთი-ერთზე საუბარია საჭირო“. შემდეგ ჩამოიარა, შუბლზე ხელი გადამისვა და თქვა: „შუბი ხალთაში არ დაიმალება“. თავიდან ვერაფერი გავიგე და ვიფიქრე, რომ მამაო რაღაცას ჩემს ცოდვებზე მეუბნებოდა. საღამოს დამიბარა და არ მახსოვს, მკითხა თუ შემომთავაზა რაღაც საქმე. მე შემეშინდა და ვთქვი: „არა, არა, მამაო, მე თქვენ გამოგყვებით“. – „აჰა, მე გამომყვები, მოდი ჩემთან ჯვარი გადაგსახო“. ბერმა დიდი ჯვარი გადამსახა. ამჯერად ვთქვი მასთან ყველაფერი, რაც გულში მაწუხებდა. წასვლისას ისევ დამიძახა და მითხრა: „მომიახლოვდი, მე შენ კიდევ ერთხელ დაგლოცავ“. ბერს მხიარული სახე ჰქონდა და აქვე დაავალა ერთ მონაზონს, მის მაგივრად გავეცილებინეთ ჩემს შვილებთან ერთად.

კიდევ ერთი შემთხვევა გადამხდა. ჩემს ქალიშვილთან ერთად უნდა წავსულიყავი ოპტინიდან. ოქტომბრის ბოლო რიცხვები – ყველაზე ღრმა შემოდგომა იდგა. წვიმიანი ამინდი იყო, ტალახიდან ვერ ამოძვრებოდი. მამაო რაღაცით დაკავებული იყო და მხოლოდ დღის ორ საათზე მიმიღო. სიმართლე გითხრათ, ასე გვიან უკვე აღარ ვაპირებდი გამგზავრებას, მაგრამ მამაომ შემხედა და თქვა: „თუ არ შეგეშინდებათ, ღმერთი გიკურთხებთ მგზავრობას“. მე ვუპასუხე: „თუ თქვენი კურთხევა იქნება, არაფრის შემეშინდება“. ამრიგად, გავემგზავრეთ სამის წუთებზე საფოსტო ცხენებით და თითქმის კალუგამდე, ანდრეევსკის სადგურამდე მივაღწიეთ. წვიმამ იმატა. ასეთი წყვდიადი ჩვენთან მხოლოდ შემოდგომაზე იცის ხოლმე, თუმცა შვიდი საათი თუ იქნებოდა. აქ ცხენები არ იშოვებოდა, საჭირო იყო ლოდინი ერთი საათით. უამინდობის, უგზოობისა და ღამის გამო სტაროსტა არ გვიშვებდა. ამ სადგურიდან კალუგამდე განსაკუთრებით ცუდი გზა იყო (ახლა იქ გზატკეცილია). მაგრამ ჩემი პასუხი ასეთი იყო: „მე არ მეშინია. თუ თქვენ ვერ მიგყავართ – ეს სხვა საქმეა“. წაგვიყვანეს. ტყეში რომ შევედით, გზას კი არა, ეტლში შებმულ ცხენებსაც ვერ დაინახავდი, რომელთაც ჩვენ მივყავდით. მეეტლემ ბურდღუნი დაიწყო და გვაშინებდა ვირკოთი (ასე ეწოდებოდა იმ ადგილს, სადაც წყაროებზე ხიდია გადებული). ამბობდა, რომ ხიდის მიგნება სიბნელის გამო ძნელი იქნებოდა. მე ისევ ვუთხარი მას: „თუ გეშინია – დაბრუნდი“. გავაგრძელეთ გზა. ეგრეთ წოდებული ვირკუ მშვიდობიანად გავიარეთ, მაგრამ მალე მოულოდნელობა დაგვატყდა თავს. კალუგის შესასვლელთან ოთხი ვერსის მანძილზე, გზის ორივე მხარეს ტყეა. უცბად ქალაქის სიახლოვეს პოლიციელების მსგავსი სტვენა გავიგეთ. შევცბით. საპასუხოდ მეორეჯერ გაისმა ასეთივე სტვენა, შემდეგ მესამეჯერ. ყველაფერი გასაგები გახდა. ვიღაცა გზას უახლოვდებოდა. ჩვენ ნელი ნაბიჯით მივდიოდით. ეჟვნებსა და ზარს პატარა ხმა ჰქონდა. მეეტლემ ჩვენთან ერთად პირჯვარი გადაიწერა. ვიფიქრე ჩემთვის: „მშობლიურო მამაო! რატომ გაგვიშვი ამ ღამეს?“ ისმოდა, რომ ვიღაცა გვიახლოვდება. ამ დროს უკნიდან გაისმა ზარების ხმა, ვიღაცა მარდად მოდიოდა. აღმოჩნდა, რომ ესტაფეტა დაგვეწია ყველაზე საშიშ მომენტში. სამივემ მადლიერებით გადავიწერეთ პირჯვარი და გადავრჩით.

სხვა დროს, დიდმარხვის მეხუთე შვიდეულში ოპტინაში წასასვლელად მოვემზადე უფროს ქალიშვილთან ერთად. უმცროსი კი ჩემს კარგ ნაცნობებთან რჩებოდა, რადგანაც ის ჯერ ისევ სწავლობდა. ძალიან მსურდა აღდგომის შეხვედრა ბერთან. ბავშვებს ჯერ არ ვუმხელდი ჩემს სურვილს და ღვთის ნების იმედი მქონდა. თუმცა მათ ისეთი განსაცდელები ჰქონდათ, რომ ძალიან არ უნდოდათ ეს. მე სააღდგომოდ უმცროსის ოპტინაში წაყვანაზეც ვფიქრობდი. ბერისთვის არ გამიმხელია ჩემი ჩანაფიქრი. სამი დღეც არ გასულა და ისე დათბა, რომ მდინარეში ყინული დაიძრა. მეგონა, აქედან ვერ წავიდოდი და გულში ვზეიმობდი. შაბათს ვეზიარეთ, მაგრამ საღამოს მამაომ დამიძახა და მოულოდნელად მითხრა: „ახლავე გააგზავნე საფოსტო ცხენებზე, ხვალ ადრე უნდა წახვიდე!“ მე ვუთხარი: „მამაო! ფოსტა ჩერდება. მგზავრობა შეუძლებელია, როგორც ბორბლიანზე, ასევე მარხილებზე“. მაგრამ მამაომ მკაცრად მითხრა: „თქვენც არ დაუჯეროთ! თქვენ ხომ დაიხრჩობით. ახლავე გააგზავნეთ! წადით“. მამაოს გადაწყვეტილებით შეწუხებულნი და გაკვირვებულნი საჩქაროდ მოვემზადეთ წასასვლელად. ჩემს შვილს დარჩენის სურვილი ჰქონდა. გამოგიტყდებით, წასვლის მეშინოდა და მთელი ღამე ვტიროდი. თუმცა დილით ადრე გავემგზავრეთ. გზის მთელი სიძნელის აღწერა არ შემიძლია. მივდიოდით ბორბლიანითაც და მარხილებითაც. სოფელ კოჟემიაკინოში, წისქვილთან ჯებირი იყო გარღვეული. ირგვლივ უზარმაზარი სივრცე იყო დატბორილი წყლით. როცა ჩვენი სამცხენა ხიდს მიუახლოვდა, ყველა ჩვენ გვიყურებდა. ის მთლიანად წყლით იყო დაფარული, მხოლოდ მოაჯირის ერთი ჯოხიღა ჩანდა. მეეტლეს ხიდზე მოხვედრა უნდა მოეხერხებინა. გვითხრეს, რომ მხოლოდ ახლა, ჩვენი მოსვლის წინ დაფარა ხიდი წყალმა. მეეტლემ ფიცარი მიამაგრა მაღალ საზურგეზე და ზედ დაგვსვა. ჩემი შვილი აცოცდა ფიცარზე და ფეხებაწეული გვერდულად დაჯდა. მე ასე არ შემეძლო და პირდაპირ დავჯექი. ჩვენი ნივთები ურმის კოფოზე დადეს. მამაცი ხალხია რუსები. მეეტლემ პირჯვარი გადაიწერა, ლაგამი მოსწია, გაუტყლაშუნა ცხენებს და უფსკრულში გადაეშვა. მე თვალები დავხუჭე და დაშვებული ფეხების მოკეცა დამავიწყდა. წყალი და ყინული მოაწვა ურემს და ფეხები მუხლებამდე დამისველდა. გამოცდილი მეეტლის მიერ მართულმა ცხენებმა გამოგვტაცეს ამ უფსკრულს ბერის წმინდა ლოცვებით. გავაგრძელეთ გზა. კოჟემიაკინიდან ქალაქ პერემიშლამდე 8 ვერსია. მთელი გზა გაზაფხულის ძლიერი ქარი უბერავდა და მე სველი ვიყავი. როცა პერემიშლამდე მივაღწიეთ, ფეხებზე ყინულის ლოლუა გამიჩნდა, რომელიც ფუნდუკის დიასახლისმა ძლივს მომაშორა. ნივთები სულ დასველდა. გამოსაცვლელი არაფერი მქონდა. ფეხები მიხურდა გაყინვის ნაცვლად. არ გავცივებულვარ, სურდოც კი არ მქონდა. მთელი ღამე ღრმად მეძინა. დილით გავაგრძელეთ გზა. მდინარე ოკა უნდა გადაგვევლახა. ექვსიოდე ვერსი უზარმაზარი სახელმწიფო ნავით გადავცურეთ. მენიჩბეები ყინულის ნატეხებს იგერიებდნენ, რომლებიც მდინარეს მოჰქონდა. კალუგასთან ახლოს ვერც ერთი სახაზინო ნავი ვერ ვნახეთ, რომ გადაგვეცურა. მდინარე უგრის ძლიერი ყინული მოჰქონდა და ბორანი ჯერ კიდევ არ იყო მომზადებული. გადავწყვიტეთ, პატარა კერძო ნავით, ეგრეთ წოდებული „დუშეგუბკით“ გადაგვეცურა, რომელსაც რამდენიმე მენიჩბე მამაკაცი ჰყავდა. ჩვენ ვიფიქრეთ: „თუ უფალმა მამაოს ლოცვებით იქ გამოგვიყვანა, მაშინ უეჭველად აქაც გავალთ ფონს“. ეს გადასასვლელი უკანასკნელი და თითქმის ყველაზე საშიში იყო. ერთ ვერსზე მეტი დინების საწინააღმდეგოდ უნდა გვეცურა, შემდეგ დრო რომ მოგვეგო და ყინულის ნატეხებს შორის დინების მიმართულებით მოგვებრუნებინა ნავი. ღმერთმა საღ-სალამათი გადაგვიყვანა და ჩამოვედით კალუგაში. შემდეგში, როცა ბერთან ჩავედი და მოვუყევი ამ მგზავრობის სიძნელეები, მან მითხრა: „შენ წინასწარ უნდა მამცნო შენი სურვილები – მე ყველაფერს მოგიწყობ“.

ქრისტეშობის დღესასწაულისთვის მე და ჩემი შვილები ოპტინაში ჩასასვლელად ვემზადებოდით. თვითონ უკვე არ ვჭამდი ხორცს, მაგრამ ბავშვები მეცოდებოდა, დასუსტების მეშინოდა. იმასაც ვფიქრობდი: შეიძლება ინანონ, რომ სადღესასწაულოდ სახლში არ დარჩნენ-მეთქი. საცდურის ასაცილებლად თან შებოლილი ლორის საუკეთესო ნაწილი წავიღე, ვიფიქრე, ჩუმად ცოტ-ცოტას მივცემ-მეთქი. ჩასვლისთანავე ვაუწყე ბერს ამის შესახებ. მან კი მითხრა: „არასოდეს წამოიღო მონასტერში ხორცი. ერთმა წამოიღო, ხორცში ტრიხნინა განვითარდა და ისიც მოიწამლა“. იქიდან დაბრუ-ნებულმა შვილებს ვუთხარი: „შვილებო, სამი დღე მოითმინეთ, ჩახვალთ სახლში და შეჭამთ ხორცს“. სახლში ჩამოსულებს კი მატლების მიერ შეჭმული ხორცი დაგვხვდა და გადავყარეთ.

მონასტრის სენაკებში ყოფნის ჟამს ვნახე, რომ ყველა ხის ჯვარს ატარებს ჯვარცმით. მეც მოვინდომე ასეთის ყიდვა. ამგვარად შევიძინე ოპტინაში ძალიან კარგი ჯვარი. მივიტანე ბერთან და ვთხოვე, დაველოცე ამ ჯვრით. მამაომ აიღო ჯვარი ხელში, ისე ძლიერად დამარტყა თავში, რომ წარწერა „იესო ქრისტე“ მოტყდა და ვთქვი: „რა ცუდია, რომ ნაწილი მოტყდა!“ ვნახე, რომ განსაკუთრებულად მაკვირდებოდა ბერი. ავიღე ნატეხი და მივადე იმ ადგილზე, საიდანაც მოტყდა. ვიფიქრე, სახლში მივაწებებ-მეთქი, მაგრამ მამაოს დაჟინებული მზერით თვითონ მიეწება. აი, უკვე მრავალი წელია ამ ჯვარს ვატარებ და მთლიანად ჩამოსხმულივითაა. რამდენი იარა ამ ჯვარმა ჩემთან ერთად, ხშირად იღლიაშიც კი ვიდებდი, მაგრამ ეს ნატეხი არასოდეს მომძვრალა, ასე მტკიცედ მიაწება მამაომ თავისი გამოხედვით.

1890 წლის გაზაფხულზე ჩამოვედი და აღსარების სათქმელად უნდა მივსულიყავი მასთან. მითხრეს, რომ მამაომ მიიღო დეპეშა ვორონეჟის მღვდელმთავრის – მეუფე ბენიამინის გარდაცვალების შესახებ. მან ხალხის მიღება შეწყვიტა და ორ საათამდე ყველა გაუშვა. მეც წავედი. ორ საათზე მოვედი ბერთან. მან აღსარებაზე დამიძახა. მე მუხლი მოვიდრიკე და ვთქვი: „მამაო! თქვენ სამწუხარო ცნობა მიიღეთ – თქვენი საყვარელი მეუფე გარდაიცვალა“. – „დიახ, – მიპასუხა ბერმა, – ორმაგი განსაცდელია: ეს გარდაიცვალა, ჩვენსას კი გადაიყვანენ ვორონეჟის ეპარქიაში“. მე გავშეშდი. ჩვენი მეუფე ძალიან მიყვარდა. ის ძალიან დამეხმარა აყვანილი შვილის გამართლმადიდებლებაში. შემპირდა, რომ გამოცდებზეც დაიცავდა ერთი მასწავლებლის რისხვისგან. ბერის წინასწარხედვას ვერ მივხვდი და გაკვირვებულმა ვკითხე მას: „ამაზე უკვე ლაპარაკობენ?“ – „დიახ, – მიპასუხა მან და მიბრუნდა, – დადის ხმები. იქ კარგი მეუფეა საჭირო, ხოლო ასეთი სხვა არავინაა“. მე ჩემი ნათლული მაწუხებდა და ვთქვი: „ღმერთო! ვინ დაეხმარება მას?“ – და მისი სახელი ვთქვი. მამაომ მტკიცედ მიპასუხა: „მეუფე თვითონ დაეხმარება“. მე მისგან გაოგნებული გამოვედი. რას ამბობს ის: ჩვენს მეუფეს გადაიყვანენ, თვითონვე დაეხმარება გამოცდებზე, რომლებიც გვიან ივლისის თვეში მთავრდებოდა, ჯერ კი ადრეული გაზაფხული იყო. რამდენიმე ხანში კი პეტერბურგიდან დეპეშა მოვიდა ყოვლადუსამღვდელოესი ანასტასის ვორონეჟის ეპარქიაში დანიშვნის შესახებ. ამას არავინ ელოდა, მაგრამ წინასწარმეტყველი მამა ამბროსის ნათქვამი ზუსტად ახდა. ჩემს შვილსაც მეუფე ანასტასი დაეხმარა და გადაიყვანეს კიდეც ვორონეჟში“.

აქ ამ ქალბატონის თხრობა წყდება, რადგან სხვებს მიეცეს საშუალება მამა ამბროსის ცხოვრების აღწერისა.

VII თავი
შამორდინოს პირველი წინამძღვრის
სოფიო მიხეილის ასული ასტაფიევას გარდაცვალება
და მისი მემკვიდრე

კარგა ხანია აღარ გვისაუბრია შამორდინოს დედათა მონასტრის შესახებ, რომელიც, როგორც ადრე აღვნიშნეთ, ბერმა ამბროსიმ დააარსა და მისგან განსაკუთრებული შემწეობა გააჩნდა.

ადრე უკვე ვთქვით, რომ როდესაც შამორდინოს მამულის მემკვიდრენი, დები კლუჩარევები გარდაიცვალნენ, 1883 წელს მონასტრის დაარსებამდე წმ. ამბროსის განკარგულებით იქ კორპუსების მშენებლობა დაიწყეს, სადაც ცხოვრება შეეძლოთ მათ, ვისაც ამ მამულში დამკვიდრება სურდა. მონასტერი 1884 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და მისი პირველი წინამძღვარი გახდა სოფია მიხეილის ასული ასტაფიევა. თუმცა იგი დიდხანს არ ყოფილა წინამძღვრად – სულ სამ წელზე ოდნავ მეტი ხნით. იგი იყო გონიერი ადამიანი, რომელიც კარგად იცნობდა, როგორც სულიერ, ისე სამეურნეო ცხოვრებას და მთელი სულით და გულით ერთგულებდა ბერ ამბროსის. იგი წმ. ამბროსის უშუალო ხელმძღვანელობით დაადგა მონაზვნურ ცხოვრებას და მთელს სავანეში ყველაზე მძიმე მორჩილების ღვაწლი იდო თავს. ის, რომელიც ბავშვობიდანვე ფუფუნებაში ცხოვრობდა და საერთოდ არ იცოდა ფიზიკური შრომა რა იყო, ახლა თავს არ ზოგავდა და უმძიმეს შრომას ეწეოდა. იგი წვიმიან, ცივ შემოდგომისას დილიდან საღამომდე დადიოდა მთელს სავანეში, თვალყურს ადევნებდა მონასტრულ საქმიანობას და მხოლოდ ღამით ბრუნდებოდა თავის სენაკში – მთლად სველი და გათოშილი. ამგვარმა ცხოვრებამ მას მალე შეურყია ჯანმრთელობა. იგი თანდათან სუსტდებოდა და სანთელივით დნებოდა. ბოლოს, 1884 წლის 24 იანვარს მან ღვაწლმოსილი დედის მარადი ძილით მიიძინა და ყოვლადმოწყალე უფლისაგან მისი ღვაწლისა და შრომის შესაბამისი საზღაური მიიღო. მოგვიანებით ბერი ამბროსი განსაკუთრებული თბილი გრძნობით ხშირად ამბობდა: „ჰოი, დედაო, შენ უფლის წყალობა მოიპოვე“.

ბერი ამბროსის ლოცვა-კურთხევით სოფია მიხეილის ასულის შემდგომ შამორდინოს სავანის წინამძღვარი გახდა ბელევის სტავროპიგიალური მონასტრის მონაზონი ევფროსია როზოვა, რომელიც დღესაც იქ მოღვაწეობს. მასზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. იგი სულიერი ცხოვრებისა და წმ. ამბროსისადმი ერთგულებით სოფია მიხეილის ასულის ღირსეული მემკვიდრე იყო. წმ. ამბროსის მოძღვრობის მთელს პერიოდში, 1860 წლიდან 1891 წლამდე იგი მისი ყველაზე ერთგული და გულწრფელი მოწაფე გახლდათ. ბელევისა და ოპტინის სიახლოვე (40 ვერსი) მას საშუალებას აძლევდა ხშირად მოენახულებინა მოძღვარი, აეხსნა მისთვის საკუთარი განცდები, გაეზიარებინა ეჭვები და მოესმინა დარიგებები, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ამა თუ იმ შემთხვევაში; იგი ცდილობდა მუდამ საკუ-თარი ნების უარყოფით ეცხოვრა და ყოველივე მოძღვრის ნების მიხედვით და ლოცვა-კურთხევით აღესრულებინა. მას მოძღვრის ყოველი სიტყვა ესმოდა, რომელთაც იწერდა კიდეც, რათა მეხსიერებიდან არ ამოვარდნოდა. იმის დასტურად, თუ როგორ მოძღვრავდა წმ. ამბროსი ევფროსიას, მოვიყვანთ რამდენიმე ამონარიდს მისი ჩანაწერებიდან, სადაც საუბარია საეკლესიო და სენაკური დღისა და ღამის ლოცვების, ძილის, წიგნების კითხვის, საზრდოსაგან თა-ვის შეკავებისა და მოყვასის არგანკითხვის შესახებ, რადგან ადამიანში ყოველგვარი ბოროტებისა და ცოდვების მიზეზი ამპარტავნებაა.

მოძღვარი თავის მოწაფეს თავმდაბლობის, მოყვასის სიყვარულისა და უბრალოებისაკენ მოუწოდებდა.

აი, მისი გამონათქვამები :
„მწუხრ-ცისკრის დაწყებამდე 8 წუთის განმავლობაში საღამოს ლოცვები უნდა იკითხო“.
„როდესაც მწუხრ-ცისკრის ლოცვის შემდგომ მოვლენ შენს სენაკში, წამოდექი, სანთელი აანთე და უთხარი: მოდი, დაო ბარბარე, წაიკითხე საღამოს ლოცვები რიგრიგობით. ამით გადააჩვევ მას შენს სენაკში სიარულს“.
„როდესაც დასაძინებლად დაწვები, საწოლს და სენაკს ჯვარი გადასახე და თქვი ლოცვა – დაე, აღმადგინოს ღმერთმა“.
„ძილად მისვლისას და დილით ადგომისას სხეულის ყველა ნაწილს შეიძლება ჯვარი გადავსახოთ: გულს – სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, სხეულის სხვა ნაწილებს კი ლოცვით – უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“.
„ექვს საათს გეძინოს, თუ მეტს იძინებ, მოინანიე“.
„შეგიძლია, სამონაზვნო კაბით შემოსილს გეძინოს და არაფერი დაიფარო. სიზმრებს ნურავის მოუყვები“.
„სიზმრად არაფრის ნახვა არ ისურვო, თორემ „რქიანს“ იხილავ“.
„როცა გაიღვიძებ, თავდაპირველად პირჯვარი გადაიწერე, რა მდგომარეობაშიც იქნები დილით, მთელი დღე ასე გასტანს. ამას წმ. იოანე კიბისაღმწერელი ბრძანებს“.
„დილით, როდესაც გაიღვიძებ, თქვი: დიდება შენდა ღმერთო. მამა მაკარი ყოველთვის ამას ამბობდა, და არ უნდა გაიხსენო განვლილი ღამისეული სიზმრები“.
„როდესაც ტაძარში წასვლას ვერ ახერხებ (არადა ეს აუცილებელია), მაშინ ცისკრის ლოცვის ნაცვლად დილის ლოცვები აღავლინე, ასევე 12 გამოკრებილი ფსალმუნი და პირველი ჟამნი, ხოლო მწუხრის ნაცვლად – მესამე და მეექვსე ჟამნი“.
„დილის ლოცვების კითხვისას არავითარი საქმე არ აკეთო, იარე ყველა მსახურებაზე, შენ ხომ უანგაროდ გკვებავენ. ანტონი დიდმა იხილა ანგელოზი, რომელმაც უჩვენა მას, თუ როგორ უნდა იცხოვროს ბერმა – ხან ილოცოს, ხან იშრომოს, ხოლო მუშაკობის დროს „უფალო შეგვიწყალე“ წარმოთქვას“.
„უდებებით დროის ტარება ცოდვაა. საეკლესიო მსახურებაც და შრომის წესიც ცოდვას განგვაშორებს. და ყურად იღე, უფალმა არ დაგსაჯოს ამისთვის“.
„საეკლესიო მსახურებას გამუდმებით უნდა დაესწრო, თორემ სნეული იქნები, უფალი ამ სნეულებისათვის სჯის ადამიანებს, ხოლო, როდესაც ეკლესიაში დადიხარ, ჯანმრთელი და სულიერად ფხიზელი იქნები. მამა მაკარის მსგავსად, თუ ავად გახდით, მაინც წადით ეკლესიაში, ჩამოჯექით, შემდეგ მღვდელმთავრის სენაკში შედით, თუ იქ ადგილი არ იყო, გადადით მამა ფილარეტის სენაკში, და თუ ჩათვლით, რომ არ ძალგიძთ კვლავ დარჩეთ ეკლესიაში, პირჯვარი გადაიწერეთ და წადით, და თქვენ თავს ყველაფერში ნუ ერწმუნებით“.
„როდესაც ეკლესიაში მიდიხარ, ან იქიდან ბრუნდები, უნდა წარმოთქვა „ღირს არსი“, ხოლო ტაძარში შესვლისას საჭიროა სამგზის თაყვანისცემა: „ღმერთო შემიწყალე“.
„როდესაც საეკლესიო მსახურებაზე სიარულს დაიწყებ, სულიერ სიფხიზლეს მოიპოვებ“.
„კათიზმოსას ეცადე კუთხეში დადგე, ხოლო შემდეგ შენს ადგილს დაუბრუნდი“.
„ეკლესიაში საუბარი არ შეიძლება, ეს ბოროტი ჩვეულებაა, რის გამოც მწუხარებას ვიმკით“.
„სკვნილი იმიტომ არსებობს, რათა ლოცვა არ დავივიწყოთ, მსახურებისას უნდა შევიგნოთ რას ვამბობთ და ჩამოვითვალოთ ფსკვნილი ლოცვასთან ერთად – „უფალო შემიწყალე“.
„ხოლო, როცა საეკლესიო ლოცვა არ ისმის, მაშინ: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“.
„აუცილებელია ხმამაღლა გამოთქვა იესოს ლოცვა, რადგან გონებისმიერმა ლოცვამ შეიძლება დაგაზიანოს“.
„ჯობს ჩურჩულით წარმოთქვა იესოს ლოცვა, რადგან გონებისმიერად მისი თქმით ბევრი დაბრკოლდა“.
„სამოციქულოს სახლში კითხვისას შეიძლება ჯდომა, თუ მას სხვა კითხულობს, ასევე ტაძარში კითხვისასაც შეიძლება ჯდომა, თუ მორწმუნეს ფეხზე დგომა უჭირს“.
„მის გამო თვლემ და არ უსმენ მსახურებას, რადგან შენი გულისთქმები სხვაგან დაჰქრიან“.
„უპირველეს ყოვლისა მოწყალება უნდა სთხოვო უფალს და ილოცო: „მთელი გულით გთხოვ, შემიწყალე მე ცოდვილი“.
„საიდუმლო ბიწთაგან განმწმინდე მე და უცხოთაგან დაინდე მონა შენი. შემიწყალე მე ღმერთო, მამაო ჩვენო, ღვთისმშობელო, დაე აღმადგენდეს ღმერთი, საღვთო წყალობა მოიღე ჩემდა, ცოდვილზე!.“
„ილოცეთ „მამაო ჩვენო“ და არ იცრუოთ: „მომიტევე მე თანანადებნი ჩემნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“.
„ქრისტე აღდგა“ წარმოთქვით მაშინ, ოდეს იგი ეკლესიის მიხედვითაა განწესებული და არა თვითნებურად“.
„უნდა ვილოცოთ და შევთხოვოთ ზეციურ დედოფალს – „შემეწიე, მიხსენი და შემიწყალე“.
„ღვთისმშობელო ქალწულო…“ უნდა ვიკითხოთ 12-ჯერ ან 24-ჯერ დღეში. იგი ჩვენი ერთადერთი მეოხია“.
„ღვთისმშობელო ქალწულო“ უნდა ვიკითხოთ თუნდაც თავის დაკვრით და წელის მოხრით, რადგან ერთ პიროვნებას თვით დედაღვთისამ გამოუცხადა სიზმარში, რომ ეს მისთვისაა (ანუ მლოცველისთვის) სასარგებლო“.
„თუ უსულგულოდ ლოცულობ, იცოდე, რომ ცთუნება კარზეა მომდგარი, და ეს ყველას შეიძლება დაემართოს“.
„არ უნდა თქვა, რომ ვლოცულობ (ან ვილოცებ) სხვებისთვის; მამა ანტონი ამბობდა, მოვალე ვარ, ვილოცო.
„ნუ ილოცებთ თქვენი სულიერი დებისათვის, ეს სიკეთით შეფარული მტერია. ეს სრულყოფილთ ხელეწიფებათ მხოლოდ. შენ კი მხოლოდ პირჯვარი გადაიწერე და თქვი: „უფალო შეგვიწყალენ ჩვენ“.
„ზიარების წინა ლოცვა შეგიძლია, თვითონ წაიკითხო და დაუმატო – „უფალო შეგვიწყალე“.
„ზიარების შემდგომ უნდა შესთხოვო უფალს, რათა წმინდა ძღვენი ღირსეულად იქნეს შენგან მიღებული, რათა უფალი შეგეწიოს, რომ უკან არ დაბრუნდე ანუ არ ჩაიდინო უწინდებური ცოდვები“.
„როდესაც ეზიარები, ერთ დღეს არ გამოივლო პირში წყალი და არც გადააფურთხო, რადგან წმინდა ძღვენის დიდი ნაწილიც და მცირედიც გადაყლაპოთ ბოლომდე, არ მიაქციოთ ყურადღება ღვთისმგმობელ გულისთქმებს და გაკიცხე შენი თავი ამპარ-ტავნებისა და სხვათა განკითხვის გამო“.
„თუ წყალს ან წამალს დალევ წირვის წინ, მაშინ არ უნდა მიიღო ანტიდორი ან სეფისკვერი“.
„სეფისკვერი უნდა ფეხზე მდგომმა მიიღო, ეს კეთილკრძალულებაა, ხოლო ვინც სეფისკვერს დამჯდარი ჭამს, მას ნუ განიკითხავ“.
„ხატთან მთხვევისას თავდაპირველად ორ მეტანიას შეასრულებ, ხოლო მთხვევის შემდგომ – კიდევ ერთს“.
„როდესაც სენაკში ლოცულობ, სარკმელს ფარდა ჩამოაფარე, ხოლო როდესაც სარკმლიდან იყურები, გახსოვდეს, რომ მონანიებაა საჭირო. იოანე კიბისაღმწერელს უწერია, რომ როცა არ გინდა რაიმე გააკეთო, გახსოვდეს, ამის თაობაზე უნდა მოძღვარს მიმართო“.
„შემთხვევით მნახველებთან არ უნდა თქვა, – სალოცავად მივდივარო, არამედ მიუგე, რომ ჩემი საქმეების მოსაგვარებლად მივდივარ-თქო, ან ეს უთხარი: ყაზანის ღვთისმშობლის დაუჯდომელი უნდა წავიკითხოთო“.
„სენაკში დილით უნდა ვილოცოთ „იესოს ლოცვა“, ან – „ღმერთო განმწმინდე მე ცოდვილი“, ხოლო ეკლესიაში – „უფალო შემიწყალე“ და კარგად მოუსმინე რა ლოცვას კითხულობენ; და თუკი ლოცვის ხმა არ გესმის, კვლავ „იესოს ლოცვა“ წარმოთქვი“.
„თუ სენაკში იმყოფები, ლოცვისას: „ღირს არს და მართალ თაყვანისცემად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა“, სამი მეტანია გააკეთე, და ზეციურ დედოფალს შესთხოვე მეოხება და იგალობე „ღირს არსი“, და თუ ვინმე უცხო იმყოფება შენთან სენაკში, მაშინ მხოლოდ პირჯვარი გადაიწერე“.
„როცა საათი რეკავს, პირჯვარი უნდა გადაიწეროთ და „იესოს ლოცვა“ წარმოთქვათ, როგორც ამას წმ. დიმიტრი როსტოველი გვასწავლის: რადგან ერთი საათი გავიდა, სიკვდილს უფრო მივუახლოვდით. ხანდახან პირჯვრის გადაწერაც არაა საჭირო და საკმარისია გულში ვილოცოთ“.
„რაიმეს წარმოსახვისას პირჯვარი გადაიწერე“.
„ცრურწმენებს ნუ გამოედევნები და ისინი არ აღსრულდებიან“.
„თუ კანდელში ზეთი არ არის და იგი ჩაქრა, ნუ იდარდებ, დაე ნუ იქნება ანთებული“.
„ცვილის სანთლის ეკლესიაში დანთება კი არაა მთავარი, მთავარია, შენ თვითონ იყო სანთელი“.
„როცა ვინმე ერისკაცის სახლში მოხვდები, პირველ ოთახში შესვლისას სამგზის გადაიწერე პირჯვარი, ხოლო თუ მეორეშიც შეხვალ – ერთი პირჯვრის წერაც საკმარისია, ხოლო სადილობისას კიდევ ერთხელ გამოისახე პირჯვარი“.
„თავისუფლად არ უნდა იურთიერთო ერისკაცებთან – ამით მათ აცდუნებ“.
„წიგნებს დილით რომ წაიკითხავ, მერე გადახარშე ისე, როგორც ცხვარი ამოიცოხნის იმ ბალახს, რაც დილით ჭამა“.
„წიგნებიდან გადმოწერა შეიძლება, მაგრამ რაც გასაგებია ის უნდა წაიკითხო, შეიძლება ცოტა წაიკითხო, მაგრამ გასაგებად“.
„თუნდაც წაკითხულიდან არაფერი დაგამახსოვრდეს, ის მაინც სასარგებლო იქნება შენთვის“.
„სახარების კითხვა დამჯდარსაც შეგიძლია, თუმცა მხოლოდ გარკვეულ დროს“.
„ზიარების წინ წარმოთქვი წმ. ეფრემ ასურის ლოცვა სინანულის შესახებ“.
„ზიარების წინ კარგია, იკითხო ეფესელთა მიმართ ეპისტოლე და აპოკალიფსი“.
„იმიტომ არ გიყვარს წმ. მამათა წიგნების კითხვა, რადგან ისინი გამხელენ შენ“.
„იკითხე წიგნები, თუნდაც ისინი ზეთით მოსვრილნი და მტვრით დაფარულნი იყვნენ, ოღონდ შეარჩიე რა წაიკითხო“.
„ჯობს წიგნებს ნუ გადაშლი, რათა უცნობი ამბავი არ შეიცნო“.
„კვირა დღეს ნუ იმუშავებ, დღესასწაულზე კი, წმ. იოანე ოქროპირის თქმით, საღამოს შეიძლება წაიმუშაკო“.
„ჩაი უპუროდ დალიე; და თუ ძალიან მოგინდა პური, პატარა ნაჭერი იხმიე“.
„როდესაც დილით ჩაის სვამ, უთხარი საკუთარ თავს: საიდან მოხვედი ჩემთან? ესაა ჩვევა – მცირედიდან დაიწყებ და დიდამდე მიხვალ“.
„სამი ფინჯანი ჩაი დალიე უპუროდ და ამის შესახებ არავის არაფერი უამბო, ხოლო თუ ვინმესთან სტუმრად იქნები, მხოლოდ პური იხმიე, როგორც ამას მიტროპოლიტი ფილარეტი აკეთებდა – როცა მას უხას მიართმევდნენ, მხოლოდ წვენს იხმევდა ხოლმე“.
„ჩაი მარხვაში სინანულით უნდა მიიღო“.
„დიდმარხვაში სამოვარს რომ დადგამ, თქვი: „ვისაც არ სურს განკითხვა, მან სვას ჩაი“.
„შრომისას არ აიძულო თანასენაკელები, რომ მხოლოდ სამი ფინჯანი ჩაი დალიონ, დაე დალიონ იმდენი, რამდენიც მათ სურთ“.
„ბევრმა ჩაის სმამ კბილის ტკივილი იცის“.
„ყბედი ენაპირი – საღორეს ჰგავს“.
„თუ საღამოს ლოცვის შემდეგ დალევ, თორმეტი მეტანია უნდა შეასრულო. არ განიკითხო ადამიანები, არამედ თქვი: მე შეჩვენებული ვარ“.
„უნდა ვმადლობდეთ უფალს, რომ იგი ყველაფერს გვიძღვნის და ამას სამი მიზეზი აქვს: რათა აზრზე მოვიდეთ, შევიცნოთ და ვმადლობდეთ მას“.
„როდესაც ვინმეს განიკითხავ, თქვი: „ამოიღე დირე თვალისა შენისაგან“.
„დირე თვალში – ესაა ამპარტავნება, ფარისეველს ყველა სათნოება გააჩნდა, მაგრამ ამპარტავანი იყო, მეზვერე თავმდაბალი იყო და ამით გამართლდა უფლის წინაშე“.
„როდესაც განკითხვის გულისთქმას აჰყვები, გაიხსენე, რომ ვისაც განიკითხავ, მან ცხვარი მოიპარა, ხოლო შენ ცხენი“.
„ყველა გულისთქმა ამპარტავნებისაგანაა“.
„ამპარტავნებს თვით ღმერთი კურნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ შინაგანი გულისტკივილი, რომლითაც ამპარტავნება იკურნება, ღვთისაგან მოდის, ხოლო ამაყი კაცი ადამიანთაგან ვერ შეიწყნარებს შენიშვნას; თავმდაბალი ადამიანი კი ამის ღირსი ხდება“.
„როდესაც გრძნობ, რომ სიამაყით ხარ აღვსილი, იცოდე, რომ ეს სხვათა მიერ შენი ქების ბრალია“.
„როდესაც ამპარტავნება გეუფლება, თქვი: ვსულელდები“.
„როდესაც ვინმეს რაიმეს უხსნი, არ თქვა: მე ასე ვამბობ, არამედ, როგორც მამა მოსე იტყოდა – ჩვენ“.
„სულის სახლი არის მოთმინება, ხოლო საზრდელი – სიმშვიდე; და როცა საზრდელი არ არის, მაცხოვრებელი გარბის სახლიდან, ანუ გამოდის წყობილებიდან“.
„თუ ვინმეზე მრისხანებ, თქვი: შეჩვენებულო, რათა განეშორო მას, ვისაც შენი ეშინია“.
„როდესაც რაღაც გსურს, მაგრამ არ იცი ზუსტად რა გსურს, გონებაში გაივლე – ვინ ვარ მე და ვინაა ჩემი ჰიპოსტასი? ნეტავ რა მინდა?“
„ცუდმედიდობა და ამპარტავნება ერთი და იგივეა. პირველი გარწმუნებს გარეშეთა შორის რა კარგი ხარ, ხოლო მეორე ამის შემდეგ გაძულებს სხვებს, პირველი ჭიასავით დაიკლაკნება და თუ ფრთებს გამოასხამ მაშინ მაღლა აფრინდება – ეს უკვე ამპარტავნებაა“.
„ცუდმედიდობას თუ ხელით შეეხე, იყვირებს – ტყავს მხდიანო“.
„იოანე კიბის აღმწერელი ტრაბახა ადამიანს ბოროტად მეტყველ კაცს ამჯობინებს“.
„როდესაც გაქებენ – ხმა არ ამოიღო, მდუმარედ იყავი, ასე გვასწავლის აბბა ბარსანუფი“.
„ქებაში არავითარი სარგებელი არაა, იგი ძალზე ძნელი საქმეა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეული მიწამ უნდა შეჭამოს“.
„ყველას დაუთმე, შენი რჩევა მიეცი, ოღონდ არ დააძალო“.
„ყველას მიმართ პატივისმცემელი უნდა იყო, მოალერსე, მაგრამ არა საალერსო. თაყვანი ეცი და მალევე გაშორდი“.
„მუდამ დაბლა, მიწისკენ იყურე, რადგან გახსოვდეს, რომ „მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი“.
„არ მოგინდეს კაბით შემოსვა, მე თვითონ როდესაც შემომთავაზეს, უარი ვთქვი, მაგრამ მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გამო უნდა დაეთანხმო“.
„თავმდაბლობა ისაა, რომ დაუთმო სხვას და საკუთარი თავი მათზე უარესად ჩათვალო, ეს ყველაზე დიდი სინანულია“.
„იგულისმე, რომ თავმდაბლობის სამი სახე არსებობს, პირველი – ესაა უფროსთა მიმართ თავმდაბლობა, მეორე – თანასწორთან თანასწორული მოქცევა, მესამე კი ისაა, რომ უმცროსებთან კარგად, უფროსის, მშობლის თანახმად მოვიქცეთ“.
„მოძღვარს თავდაპირველად უნდა დაუჩოქო, და შინაგანად ისეთი გახდები, როგორც ღატაკი, რომელმაც ოქრო იშოვა და მდიდარი გახდა“.
„დაო, მოინანიე, იყავი თავმდაბალი, დებს დაუთმე და არ განიკითხო სხვები მათი უმწეობის გამო“.
„ის ვინც ბევრს დაითმენს, ბევრს მოიპოვებს“.
„იყავი თავმდაბალი და შენი საქმენი კარგად წავა“.
„გონება მოიკრიბე და იყავი თავმდაბალი, სხვებს ნუ განიკითხავ, რათა თვით არ იყო განკითხული“.
„წარმოთქვი მეზვერის სიტყვები: „უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი“.
„თუ მოყვასისადმი სიყვარული არ გაგაჩნია, თავმდაბლობა მაინც იქონიე“.
„თუ ვინმე მრისხანებს შენზე, ჰკითხე ამის მიზეზი“.
„თუ ვინმე გმტრობს, არ მიაქციო ამას ყურადღება“.
„თუ გულისთქმა გეუბნება, რომ ამა თუ იმ კაცმა შენზე ესა და ეს თქვაო, უთხარი საკუთარ თავს – არ ვიცი, მე ამ ამბავამდე დავაგვიანე-თქო“.
„თუ გსურს, ვინმეს სიტყვის მიერ უმტრო, სჯობია ბუზებს დაედევნო“.
„იყავი სხვების მიმართ შემწყნარებელი“.
„მოყვასი უნდა დააწყნარო, რათა იგი შენს გვერდით დარჩეს“.
„შენ დაუდევრად ცხოვრობ და სხვებს მკაცრად სთხოვ ყოველი წესის შესრულებას“.
„იყავი მდუმარე ყველას წინაშე და ყველას ეყვარები“.
„სახუმარო სიტყვები მხოლოდ მაშინ წარმოთქვი, როდესაც მარტო იქნები“.
„არ ჩაერიო სხვების კამათში, წადი საკუთარ სენაკში, აიღე წყლის ბოთლი და მათ შორის მოასხი წყალი, განსაკუთრებით ვისთანაც ლაპარაკი შეიძლება“.
„მამაოს უხეშად ნუ მიმართავ“.
„არ აირჩიო და (მონაზონი) სულის მიერ, რათა ხორციელად არ იქცეს“.
„კარგია, რომ ახლობლები არ გწერენ, რისთვის გაინტერესებს მათი საქმეები“.
„ყველაფერს მარტივად შეხედე“.
„იყავ უბრალო და ყოველივე გაივლის; ჩათვალე შენი თავი ყველაზე უკეთურად, თუ ამას შეიცნობ, მიხვდები, რომ მართლაც ყველაზე უარესი ხარ“.
„მარტივად, უბრალოდ ცხოვრება – ეს ნიშნავს: არ განიკითხო არავინ“.
„თუ ვინმე შენი ახლობელი არ ინანიებს, უთხარი – ყველაფერი კარგად იქნება-თქო. აბბა დოროთე წერს, რომ ეს შეიცნე და საცდურისაგან დაცული იქნებიო“.
„იმას (ვისზეც საუბარია) ერთგზის მიუტევე, და ათგზის მოგეტევება“.
„როდესაც ვინმეს არ მიუტევებ, გააკეთე მეტანიები სამიდან ცხრამდე, და ილოცე: „უფალო, შენ ყოველივე უწყი, შეეწიე შენს მხევალს, მე შეჩვენებულს და შეიწყალე მავანი, რომელსაც მე არ მივუტევე“.
„ჭეშმარიტება მორჩილებით მიღებული სიბრძნის გარეშე ბოროტ გულისმეტყველებად გადაიქცა; ჭეშმარიტება ისაა, რომ უმზირო რაიმე გარეგანს, და ხედვიდე სულ სხვა რამეს, ხოლო ვინც ბოროტმეტყველებისაგან გათავისუფლდება, მას მიეტევება“.
„შენ ყოველთვის გაგაჩნდა ბოროტმეტყველების ვნება, იგი დაფარული და ფაქიზია“.
„შინაგანი წუხილი ისაა, რომ მეხსიერებაში ბოროტი ზრახვები გაქვს, ან კიდევ ის, რომ უკუაგდებ შენს ნებას, რათა სხვამ შენი ზრახვების შესახებ რაიმე არ იცოდეს, ხოლო გარეგანი მწუხარება სხვათა მიმართაა განზრახული“.
„თუ ვინმე ქალი შენზე უფროსი იქნება და მასთან გექნება საქმე, არა უშავს, ისევ ისე დარჩეს ყოველივე; ოღონდ თუკი ვინმე მოვა შენთან და გეტყვის: ის როგორ არისო, მისი პასუხის გარეშე არაფერი თქვა, ისე მოიქეცი, როგორც ის იტყვის“.
„თუ ვინმე რაიმე რჩევას გთხოვს, უნდა უთხრა: „არ ვიცი“.
„ნაკლებად იცინე, რადგან ამ დროს ცუდი გულისთქმები დაგეუფლება“.
„სიცილი უფალს განგარიდებს“.
„თუ ვინმე ისურვებს სიცილს, მას ერთი ფინჯანი ჩაი დააწყნარებს“.
„მაგიდასთან ნუ გაიცინებ, ყველაფერს შესაბამისი დრო აქვს; თუ მაინც გაგეცინება, ბაგე მოკუმე, გარეთ გადი და სამი მეტანია გააკეთე“.
„თუკი გულისხმა გკარნახობს, რომ რაც ჩაგიდენია, იმაზე დიდი ცოდვა არ არსებობსო, ეს უკვე თავისთავად დიდი ცოდვაა“.
„თუ სიცილისაგან თამამი და თავხედი ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალთან არა ხარ“.
„ვინმეს თუ საუბარს შეაწყვეტინებ – ეს თავხედობაა“.
„თუ ვინმეს დასცინებ, ათი მეტანია უნდა შეასრულო“.
„დაე უფალმა დაგიფაროს ყველა უკეთური გულისთქმებისაგან, ოღონდ მორჩილი იყავი“.
„ლოცვა: „უფალო ბერმოძღვარ მაკარის ლოცვებით ამაშორე გულისთქმები, და მე (ბერი ამბროსი), თუკი მოისურვებ, მომიხსენიე“.
„თუ ბოროტი გულისხმები მოგეძალება და სხვების განკითხვის ჟინი შეგიპყრობს, საკუთარ თავს ამპარტავნებაში დასდე ბრალი და ამ გულისთქმებს არავითარი ყურადღება არ მიაქციო“.
„როდესაც დადგება დღე, თითქოს მხიარულად და განცხრომით ცხოვრობ, და უეცრად მოუსვენრად იგრძნობ თავს და გულისთქმები შეგაწუხებენ, უთხარი საკუთარ თავს: რა გაწუხებს? და გაიხსენე ის დღეები, როდესაც წყნარად ცხოვრობდი“.
„კითხვა: როგორ მოვიპოვოთ შიში ღვთისა? პასუხი: ღმერთი ყოველთვის შენ წინაშე უნდა წარმოიდგინო და უფლის შენთან არყოფნა (რაც შენს გამოა) შეიძულო“.
„შიში ღვთისა უფლის ცნებების აღსრულებით მოიპოვება, რომელნიც შენი სინდისის კარნახით უნდა აღასრულო“.
„დაბნეულობისას შიში ღვთისა უნდა გაგაჩნდეს; წაიკითხე ამბა დოროთეს მიერ ნათქვამი ღვთის შიშის, სინდისისა და ბრძნად- თავმდაბლობის შესახებ“.
„კითხვა: როგორ შევიცნო საკუთარი თავი? პასუხი: თავდაპირველად უნდა შენს თავს შეეკითხო – როგორ დადიხარ ეკლესიაში, როგორ დგახარ იქ, რას შეჰყურებ, როგორ ამპარტავნობ, ცუდმედიდეობ, როგორ მრისხანებ და ა. შ.“
„სხვის სენაკში ნუ შეხვალ და შენთანაც ნურავის მიიღებ, და თუ სენაკში სუნთქვა გაგიჭირდება, გარეთ გადი და ამოისუნთქე“.
„თუ ვინმე გეტყვის – შიგნით შემოდიო, უპასუხე, ცუდად ვარ და არ შემიძლია-თქო“.
„შენ ჩემი შვილი ხარ; მეც ასეთივე პირმოთნე ვარ, რაც არ შეიძლება; უკეთესია ხმა არ ამოიღო; ერთ მხარეზე ადამიანები დააყენე, ხოლო მეორეზე მდუმარება, და მერწმუნე, მდუმარება გადაწონის“.
„მეც თქვენი მსგავსი ვარ, და ამას გასწავლით, თქვენ ჩემი შვილები ხართ“ მამა ამბროსი ამას ხშირად იმეორებდა.
„საკუთარი გულისთქმები ყოველდღე უნდა ჩაიწერო, და როდესაც მ. ი.–სთან წახვალ, რათა გული გადაუშალო, ამოიწერე ისინი, მაგალითად გავბრაზდი და ა.შ“.
„მ. ი-ს უნდა უამბო შენი გულისთქმები, ისინი ცოტა დასუსტდებიან. ისინი ამპარტავნებიდან მომდინარეობენ“.
„მოძღვარს შენი გულისთქმების შესახებ ყველაფერი უნდა უამბო, თუმცა განმეორებით თქმა საჭირო არ არის, რადგან ეს ცუდ ამბავს მოგიტანს; ეფრემ ასური ამას ეშმაკის ყეფას ეძახის, მაგრამ თუ მოძღვარი გკითხავს, შეგიძლია უპასუხო“.
„უნდა თქვა; მოძღვარო, თქვენს მიმართ აღმეძვრის გულისთქმები“.
„საკუთარ ცოდვებზე შენს თავს ელაპარაკე, და უცხოთა შესახებ ნუ ისაუბრებ“.
„სხვათა საქმეები მაგალითად არ გაიხადო“.
„არ მოჰყვე, სად რა ხდება“.
„მე, მამაო, მკაცრად გაფრთხილებ, სხვათა ცოდვების შესახებ იღუმენიას ნურაფერს ეტყვი, საკუთარი თავი დაადანაშაულე“.
„იმ გულისთქმათა შესახებ უნდა ისაუბროთ, რომლებიც გაწუხებენ; შეიძლება, სხვა გულისხმებმა სული აგიფორიაქონ და მთელი დღის განმავლობაში გაგტანჯონ, ამის გამოც უნდა თქვათ“.
„თუ ზედმეტი ფული გექნებათ, მოწყალებით გაიღეთ“.
„გამომუშავებული ფული უანგაროდ გაეცი“.
„თუ ვინმე გთხოვს, რომ აჭამო რაიმე, გამოკვებე, ვიდრე ფული გაგაჩნია, ხოლო როდესაც ფული აღარ გექნება, უთხარი, რომ ფული აღარ გაქვს“.
„სიძუნწე უმწეობაა, შენი უმწეობა კი ფლანგვაა; ჩვენ გვყავდა ერთი სულიერი ძმა, რომელიც ხარჯავდა და მერე წუხდა, რომ ესა თუ ის ნივთი აკლდა“.
„სინათლე აინთო, რათა შენში სიბნელე არ იყოს“.
„თაფლში როცაა, კოვზსაც უხარია; მტერი ათგზის მოგიყვება სიმართლეს, მაგრამ ერთხელ მოგატყუებს“.
„უნდა აიძულო შენი თავი, რომ ყველაფერში ღვაწლი მოიმუშაკო“.
„გაიხსენე მამა მაკარის სიტყვები და აღასრულე ისინი და მაშინ მისი მორჩილი იქნები“.
დავიწყების შესახებ პასუხი ასეთია: „მოვა დრო და გაიხსენებ ჩემს სიტყვებს, როდესაც ამის საჭიროება დადგება“.
„მიმომწვლილველობა იგივეა, რაც სიზარმაცე, ოღონდ უფრო უარესია; მის გამო სხეულებრივადაც სუსტდები და სულიერადაც, არ გსურს არც მუშაობა, არც ლოცვა, ეკლესიაშიც ვალის მოხდის მიზნით მიდიხარ, ეს ყოველივე ღუპავს ადამიანს“.
„უზრუნველობის ხიბლი შეიძლება იყოს, მაგრამ ჭეშმარიტი – არა, იმიტომ, რომ ჩვენ მოღვაწენი არა ვართ“.
კითხვა: „აზრი გამიჩნდა – რად უნდა ვცხონდეთ? მაინც ვერ ვცხონდებით, როგორც არ უნდა ვიცხოვროთ; ამასთან, აღარავინ არის ცხონებადი, როგორც ეს ათონელი ბერის ჩვენებაშია ნაუწყები;“ პასუხი: „ეს იმიტომაა ნათქვამი, რომ ამჟამად არავინაა სრულყოფილი, მაგრამ ისინი, ვინც ცხონდებიან – არსებობენ, ყველა ვერ იქნება გენერალი, ან პოლკოვნიკი, ან მაიორი, ან ოფიცერი, თუნდაც ჯარისკაცი, მაგრამ ყოველი ადამიანი მათი მსგავსია“.
ბერი ამბროსის აქ მოყვანილი დარიგებები მხოლოდ მცირედი ნაწილია. დარჩენილია კიდევ უამრავი პასუხი მრავალმხრივ კითხვებზე, რომელნიც უპირატესად მკითხველს ეხება, მაგრამ აქ მოყვანილი დარიგებებითაც შეგვიძლია მის ღირსებებზე ვიმსჯელოთ, ისევე, როგორც მის მოწაფეზე. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ეს დარიგებები ყველას გამოადგება, ვინც საკუთარი სულის ცხონებაზე ფიქრობს.

VIII თავი
ბერი ამბროსის ორი ვიზიტი
შამორდინოს ქალთა სავანეში 1888-1889 წწ.
ახალი წინამძღვრის – მონაზონ ევფროსინეს დროს

როგორც ზემოთ ვნახეთ, ყოველწლიურად მხოლოდ ერთხელ ბერ ამბროსის ჩვევად ჰქონდა ზაფხულის თბილი ამინდის დროს მის მიერ მოწყობილ შამორდინოს ქალთა სავანეში ჩასვლა და რამდენიმე დღით სტუმრობა, თან აკვირდებოდა რა იყო იქ და რა აკლდა იქაურობას. შამორდინოს დების სიტყვებით რომ თქვათ, ბერის ჩამოსვლა მათთვის ყოველთვის ნათელი დღესასწაული იყო. დანიშნულ დღეს, დილიდანვე, შამორდინოში ყველა ფეხზე იდგა. ზოგი სენაკს ამზადებდა მთელი გულმოდგინებით ძვირფასი სტუმრისთვის, ზოგი ეკლესიაში ფუსფუსებდა, რათა შესაბამისი პატივით დახვედროდა მამაოს ზოგიც უბრალოდ დადიოდა და სასიხარულო მოლოდინით ღელავდა. ბოლოს პარაკლისს იმსახურებდნენ და ყველანი წინამძღვრის კორპუსის კიბესთან მოთავსდებოდნენ; და აი, ტყის ზოლიდან ნაცნობი ეტლი გამოჩნდებოდა და ყველას სიხარულით აუტოკდებოდა გული. სწრაფად მომავალი ცხენები სადარბაზოსთან ჩერდებოდნენ. ეტლის ფანჯარაში ბერის ჭაღარა წვერი გამოჩნდებოდა. ის მამობრივი ღიმილით მხიარულად უხრიდა თავს ორივე მხარეს. „ძვირფასო მამაო! ჩვენო საუნჯეო, ჩვენო ანგელოზო!“ – ისმოდა ყოველი მხრიდან გახარებული დების მისალმება. მამაო გადმოდიოდა ეტლიდან და მისთვის გამზადებულ სენაკში მიიჩქაროდა, რათა ტანზე გამოეცვალა და დაესვენა. ამასობაში დედებს ეტლიდან მამაოს ნივთები გადმოჰქონდათ. ყველას უნდოდა ამ „ძვირფასეულობას“ ჩაბღაუჭებოდა; თუ რომელიმე მათგანს ნივთი არ შეხვდებოდა, მაშინ ხელს ჰკიდებდნენ რომელიმე ყელსაბამის ერთ მხარეს ან გამოსაცვლელი კაბის სახელოს და ბედნიერნი იყვნენ იმით, რომ რაღაც თვითონაც წაიღეს. მცირედი შესვენების შემდეგ მამაო მიემართებოდა ეკლესიაში, ემთხვეოდა წმინდა ხატებს, ყველა მათგანის წინ სამ-სამ მეტანიას აკეთებდა, შედიოდა საკურთხეველში და ბოლოს მისთვის მომზადებულ სავარძელში ჩაჯდებოდა. ამის მერე მოდიოდნენ ყველანი და მისგან კურთხევას იღებდნენ. შემდგომ დღეებში მამაო დადიოდა სენაკებში, ათვალიერებდა ღატაკებისთვის, ხეიბრებისა და ბრმებისთვის მათ მიერ მოწყობილ სათნოების სახლს და ობოლთა თავშესაფარს, რომელთა რიცხვმაც უკვე ორმოცდაათს მიაღწია. პატარები გალობით, ლოცვითა და სულიერი ლექსებით ესალმებოდნენ ძვირფას მფარველს. ერთი კორპუსიდან მეორეში გადასვლისას ხალხის დიდი მასა მიაცილებდა მას. მისდევდნენ ეტლს, ებღაუჭებოდნენ ბორბლებს, რომ შეეხედათ მისთვის. ზოგიც ასასვლელ საფეხურზე შეხტებოდა და რაღაცის კითხვასაც მოასწრებდა.

ბერის ვიზიტი სავანეში ყოველთვის ხანმოკლე იყო. ის ორი-სამი ან რამდენიმე დღე გრძელდებოდა. თუ ადრე ასე ზრუნავდა მის მიერ დაარსებულ სავანეზე და ყოველწლიურად ჩადიოდა იქ, მით უმეტეს ახლა სჭირდებოდა ეს, რადგან მისივე მითითებით 1888 წლის 23 მაისს ახალი წინამძღვარი დაინიშნა და ადგილზე უნდა აღევლინა ღვთის და მისი ყოვლადწმინდა დედის სადიდებელი გულთბილი ლოცვა, როგორც ახალი წინამძღვრის, ასევე სხვა სულიერი შვილების გასაძლიერებლად. ბერის პირველი ასეთი ვიზიტი 19 ივლისს შედგა; მკითხველს ისევ შამორდინოს დების სიტყვებით ვაცნობთ ამის შესახებ, რომლებმაც თავის დროზე ჩაიწერეს აღსანიშნავი ფაქტი. იქ ვკითხულობთ:

„სამშაბათს, 19 ივლისს ჩამოვიდა ჩვენთან ძვირფასი ბერი და მეორე კვირის ხუთშაბათამდე (28 ივლისი) გაჩერდა. ჯერ კიდევ ივლისის პირველ რიცხვებში დაირხა ხმა, რომ ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ხსენების მერე აპირებდა მამაო სტუმრობას. ისეთ აუხდენელ ოცნებად გვეჩვენებოდა ეს, რომ მხიარულებისაც გვეშინოდა და ლაპარაკსაც ვერ ვბედავდით. ბოლოს, ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე, უფრო ხშირად მეორდებოდა ეს ამბავი, რომელიც მისგანვე იყო მოსმენილი. ამბობდნენ, რომ ან პარასკევს, ან შაბათს, ანდა კვირას ჩამოვიდოდა. ჩვენ მაინც არ გვჯეროდა. ორშაბათს კი ყველა მხრიდან დაიწყო ხალხმა მის შესახვედრად ჩამოსვლა. ეტლი ეტლს მოსდევდა შამორდინოში. სასტუმროში ყველა ნომერი დაკავებული იყო. ზოგიერთი ჩამოსული მონაზონის განთავსება განსაკუთრებულ სენაკებში მოგვიხდა. ახლა ჩვენი ეჭვებიც გაქრა და დავრწმუნდით, რომ დიდი სიხარული გველოდა. სამი დღით ადრე უკვე ცას შევცქეროდით. როგორც კი პატარა ღრუბელი გამოჩნდებოდა და ამინდი აირეოდა, ჩვენ ვღელავდით. თუ ამინდი შეიცვლებოდა და წვიმა წამოვიდოდა, სასურველი სტუმარი ვერ ჩამოვიდოდა. ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, როგორ ვღელავდით ყველანი მამაოს ჩამოსვლის წინა დღით.

დადგა სამშაბათიც. ჟამნობის დასრულებისთანავე, დილის 7 საათზე დავიწყეთ ეკლესიის სახლში, გარდაცვლილი წინამძღვრის, დედა სოფიას ყოფილ სამლოცველოში, მამაოსთვის ადგილის მოწყობა, რომელიც ამჟამად მთლიანად გაერთიანებულია. აქ კარი გავხსენით, რათა მამაოს გამოუსვლელად შეძლებოდა მსახურების მოსმენა და შეხედვაც კი. ამ კარითვე შედიოდა ის ეკლესიაში, როცა მოუნდებოდა. 9 საათისთვის მამაოსთვის ოთახი მზად იყო. ის მთლიანად ხალიჩებით მორთეს, გააკეთეს პატარა კანკელი, ფანჯარაში ჟალუზები ჩასვეს, კარი ჩამოკიდეს – და ეს ყველაფერი 2 საათში მოხდა, რადგან ყველაფერი მეგობრულად, ერთობით და ცოცხლად კეთდებოდა. მამა იოსებისთვის, რომელიც ბერს მოჰყვებოდა, ცალკე ოთახი მოაწყვეს. ეკლესიამაც ფერი იცვალა. იატაკზე ხალიჩები დააფინეს, სვეტები და ბოძები ყვავილებით მორთეს. მაგრამ ყველაზე სადღესასწაულოს მაინც დედების გახარებული სახეები ხდიდა ყოველივეს. ისინი მოდმივად შემოირბენდნენ და კითხულობდნენ – ხომ არ ჩამოვიდა ვინმე ოპტინიდან? ხომ არაფერი ისმოდა ბერზე? წინა დღით თუ იყო ის მშვიდი? 4 საათზე, როგორც იქნა, მოვიდა ერთ-ერთი ჩვენი მონაზონი სასიხარულო ცნობით, რომ სამ საათზე აპირებდა მამაო ოპტინიდან გამოსვლას და უკვე წუთი-წუთზე შეიძლებოდა მოსულიყო. ამ ცნობამ ერთ წამში შემოიფრინა მთელი მონასტერი და ყველა მზად იყო. 5 საათზე მოვიდა ცხენოსანი ჭენებით და თქვა, რომ მამაო პოლოშკოვოს გამოსცდა. მაშინვე ყველა ეკლესიაში შევიკრიბეთ. აინთო დიდი ჭაღი. ეკლესიის კარიბჭიდან მონასტრის ჭიშკრამდე ხალიჩები გაფინეს, რომლის ორივე მხარეს ჩააყენეს დედები. ჭიშკართან მამაოს ელოდებოდა მღვდელი იოანე ჯვრით, დედა წინამძღვარი ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატით, ხაზინადარი დედა ელევთერია დიდი პურით და სეფისკვერებით სავსე ლანგარით, რომელიც მთლიანად ყვავილებით იყო მორთული, და მგალობელთა გუნდი მთელი შემადგენლობით.

„დებო! დედაო, გთხოვთ, არ ისაუბროთ“, – იმეორებდა ჩვენი კეთილმოწესე დედა სერგია და დებს ერთ რიგში ამწკრივებდა. ლაპარაკის თავიც არავის ჰქონდა. ყველა დაძაბული ელოდა. მოწიწებული სიჩუმე სუფევდა – ამის გამოსახატავად სხვა სიტყვას ვერ გამოვარჩევ. გრძნობა, რომელიც ავსებდა ყველა ჩვენგანს, რასაც განვიცდიდით ამ წუთებში, არასოდეს განმეორდება. ის არ მეორდება, ის მიწაზე იშვიათი სტუმარია, მას ვერ გადმოსცემ. დაირეკა ზარი; როგორც იქნა, გამოჩნდა დიდი ხნის ნანატრი ეტლი და ჭიშკართან გაჩერდა. ეტლის კარი ჯერ დაკეტილი იყო და მამაოც არ ჩანდა. 3-4 წუთი გავიდა და როგორც იქნა ეტლის მეორე მხარეს გამოჩნდა მამაო მანტიაში და ჯვრებით. დაიწყეს გალობა. მამაომ სამი დიდი მეტანია გააკეთა, ემთხვია ჯვარს და ზეციური დედოფლის ხატს. შემდეგ დედაოსთან ერთად მოჰკიდა ხატს ხელი და ეკლესიისკენ წავიდა. ყველამ თაყვანი ვეცით, მაგრამ არავინ მისულა მასთან, არავის შეუწუხებია. ის თვალცრემლიანი იყო. დამსწრეთა უმრავლესობაც ტიროდა, მაგრამ ჩუმად, ისე, რომ სიჩუმე არ დაერღვიათ და საგალობელიც კარგად ისმოდა. როცა ბერი ეკლესიაში შევიდა, „ღირს არსი“ იგალობეს, რასაც კვერექსი მოჰყვა და ასე შემდეგ, როგორც მაღალი სტუმრების შეხვედრისას ხდება ხოლმე. ამასობაში მამაო საკურთხეველში ხატებს ემთხვეოდა, შემდეგ კი სამხრეთის კარით განსვენებული დედა სოფიას საფლავზე გავიდა. უნდა გენახათ მამაოს სახის გამომეტყველება იმ დროს, როცა ის ჭიშკართან ღვთისმშობლის ხატს ემთხვეოდა, მიდიოდა ხატით ხელში ეკლესი-ისკენ და ლოცულობდა დედაოს საფლავზე. ეს სახე არასოდეს წაიშლებოდა თქვენს მეხსიერებაში! სერიოზული, როგორღაც შთაგონებული მისი მზერა – გეგონებოდა, ზეცაში აღწევდა. ეკლესიაში შემოსვლისა და მრავალჟამიერის დასრულების შემდეგ მამაო შემაღლებულ ადგილზე ავიდა, რომელიც მისთვის იყო მომზადებული. ჩაჯდა სავარძელში და შეუდგა დამსწრე საზოგადოების კურთხევას. ხალხის დალოცვის შემდეგ ცოტა დაისვენა, შემდეგ კი იმავე დღეს რამდენჯერმე შევიდა ეკლესიაში, ათვალიერებდა მას და ლოცავდა ყველას, ვინც შეხვდებოდა. საღამოს ლოცვა ჩატარდა, ხოლო დილით – წირვა და პარაკლისი. მსახურება მამა იოანემ, მამა იოსებმა და მამა პამვამ ერთად ჩაატარეს. ამ პარაკლისს კი საკურთხევლის ჩრდილო-აღმოსავლეთით კიდევ ერთი პარაკლისი მოჰყვა წყლის კურთხევით, რის შემდეგაც ჯერ ეკლესიის, ხოლო შემდეგ მონასტრის ირგვლივ ლიტანიობა ჩატარდა. ლიტანიობაში მამა ამბროსიც მონაწილეობდა და კურთხევაც მისცა ყველა ავადმყოფს, სუსტსა და ხეიბარს, რომ მონაწილეობა მიეღოთ მასში. ასე რომ, დედებისა და ერისკაცების უკან ავადმყოფების მატარებელი მოდიოდა – ზოგი მარხილით, ზოგიც რითაც შეეძლო. შემოუარეს მონასტერს. ლიტანიობა წმინდა კარიბჭიდან სამრეკლოსკენ გაემართა, სადაც კიდევ ერთი პარაკლისი გადაიხადეს ყაზანის ღვთისმშობლის დაუჯდომელთან ერთად, რომელსაც ბერი უკვე მამა იოსების ოთახიდან უსმენდა. პარაკლისის მერე ლიტანიობა დედა სოფიას საფლავის ირგვლივ გაგრძელდა, საიდანაც ისევ ეკლესიაში დაბრუნდნენ. როცა ყველაფერი დამთავრდა, მამაოც გამოვიდა და ხატებს ემთხვია. შემდეგ საფლავზე გაიარა, იქ სადაც ახლახან წყალკურთხევა ჩატარდა, შემდეგ სამრეკლოში შეიარა. ყველგან დიდხანს ლოცულობდა და მეტანიებს აკეთებდა. იმავე დღეს გაიარა დედაოს კორპუსში, წმინდა ამბროსის სამლოცველოში, ტერასაზე, საიდანაც ტიხონოვის სამლოცველოში შეიარა, იქიდან კი ფეხით მივიდა ქოხში. ლოცვისას ყველგან დიდ მეტანიებს აკეთებდა და ყველაფერს ყურადღებით ათვალიერებდა. ქოხში დედა სოფიას დიდი პორტრეტის წინ გაჩერდა და თქვა: „დედაო ყველაფერს ხედავს, რაც აქ ხდება,“ – შემდეგ წიგნების თაროს შეხედა და დაამატა: „იკითხეთ და აღიქვით წაკითხული!“ მინაშენიდან ტერასის კარით გამოვიდა, გალერეაზე გაიარა, ჩამოჯდა საფეხურებზე, სადაც დედა სოფიას უყვარდა ჩამოჯდომა. კიბეზე ჩამოსულმა კი რამდენიმე ნაბიჯი გააკეთა თავდაღმართზე და თქვა: „ოჰ, რა ადგილი გამოარჩია დედაომ თავისი ქოხისთვის!“ მეორე დღეს კი ელენა მიხაილოვნას გადასცემდა თავის შთაბეჭდილებას: „უფრო ძლიერი ფეხები რომ მქონდეს, ალბათ ასე ჩავიდოდი ქვემოთ“.

ქოხიდან ბერი „მოლჩანკაში“ (დუმილის ადგილი) გადავიდა. აქ ყველაფერი ძალიან მოეწონა. „მე არ ველოდი, რომ აქ ყველაფერი ასე კარგად იქნებოდა, – ამბობდა ის, – მეც კი დავრჩებოდი აქ თქვენთან საცხოვრებლად“. შემდეგ კი ფანჯარასთან მისულმა ქვემოთ ხევში ჩაიხედა და თქვა: „აქ ათონზე უკეთესი ადგილია, ათონზე უკეთესი“. მოლჩანკიდან ბერი სენაკში დაბრუნდა და იმ დღეს არსად წასულა.

ხუთშაბათს, წირვის შემდეგ დედა სოფიას და დედა ამბროსიას პანაშვიდი გადაუხადეს, რასაც საერთო კურთხევა მოჰყვა. იმ დროს, როცა მამაო ხალხს ლოცავდა, მგალობლები სხვადასხვა საეკლესიო საგალობლებს ასრულებდნენ. ამავე დღეს სააღდგომო კანონიც იგალობეს. ამასობაში მამაოც მორჩა ხალხის კურთხევას. ის ისმენდა საგალობლებს და ლოცულობდა. კანონს რომ მორჩნენ, მამაომ აკურთხა, სააღდგომო საგალობელი შეესრულებინათ, რის შემდეგაც მალე ადგა და კარს მიეფარა. გალობა მუდამ ძლიერ მოქმედებდა საყვარელ ბერზე. მას საოცარი სახის გამომეტყველება ჰქონდა, სანამ გალობას ისმენდა. მისი ერთი შეხედვაც კი ნებისმიერ ზარმაცს და გარეწარს აღძრავდა ლოცვისთვის. იმავე დღეს დილით, მცირედი შესვენების მერე, მამაო მონატრის ბოსელში წავიდა. დაათვალიერა შენობები, შეიარა „პატარა სათნოების სახლში“ და იქ დიდხანს დარჩა. შედიოდა ყველა ოთახში, ლოცავდა ბავშვებს და საუბრობდა მათთან. „დიდმა“ ზედამხედველის მიერ დაწერილი ლექსი წაუკითხა ძალიან საამოდ. მამაომ იტირა. იმავე დღეს მოინახულა ბოსტანი. შეიარა საყარაულოში, სადაც მებოსტნეები ცხოვრობდნენ, ისეირნა გორებზე, აკურთხა ჭები, შეიარა წყლის საქაჩში და მის წინ ამოაქაჩვინა, დაათვალიერა მისი მოწყობილობა და მხოლოდ ლოცვაზე დაბრუნდა შინ.

მეორე დღეს წირვის და საერთო კურთხევის მერე ბერმა ცოტა დაისვენა და საფლავზე გავიდა. ილოცა, სამჯერ ჯვარი გადასახა და წყალკურთხევის ადგილი და სამრეკლო მოიარა. ყველგან გულიანად და ხანგრძლივად ილოცა. სამრეკლოდან პირდაპირ სატრაპეზოში შევიდა. ილოცა ზეციური დედოფლის ხატთან და პირდაპირ წინამძღვრის ადგილს მიაშურა, დაჯდა და აკურთხა, გასინჯავდა მორთმეულს და ზარს რეკდა, როგორც დედა წინამძღვარი, რაც იმას ნიშნავდა, რომ შემდეგი კერძი უნდა მოეტანათ. შემდეგ ბერის მიერ ნაკურთხი საკვები ქვაბებში და ვედროებში ჩაასხეს, საიდანაც უსხამდნენ დედებს ტრაპეზს. სატრაპეზოდან ბერი სამზარეულოში გადავიდა. დაათვალიერა ღუმელის და ქვაბების მოწყობილობა და სხვადასხვა რამის შეცვლაზე გასცა განკარგულება, რაც საჭიროდ ჩათვალა. სამზარეულო და ფურნე უნდა გაეფართოებინათ. ყველაფრის დათვალიერების შემდეგ რამდენიმე წუთი ეზოში ჩამოჯდა და შემდეგ სენაკში დაბრუნდა. ფურნის გვერდით ჯდომის დროს რამდენჯერმე მიმართა დედებს, შორს დამდგარიყვნენ, რათა ნორმალურად დაეთვალიერებინა შენობების განლაგება: „თქვენ არაერთხელ მინახიხართ, შენობები კი ჯერ არ მინახავს“, – ამბობდა ის. სამწუხაროდ, ამ თხოვნას დიდი წარმატება არ ჰქონდა, როგორც ღამის პეპლებს ვერ განდევნი სინათლიდან. მამაო გვთხოვდა, შორს დავმდგარიყავით მისგან, მაშინვე წავიდოდით იქიდან, მაგრამ სამი წუთიც არ გაივლიდა, რომ ჩვენ ვერც კი ვამჩნევდით, ისე აღმოვჩნდებოდით ჩვენი მნათობი მამის გვერდით. იმავე დღეს, ნასადილევს ბერმა ცოტა შეისვენა და სასტუმრო მოინახულა. იყო მამა იოანესთან და პოლზიკოვთან. საღამოს კი იმ კორპუსში მივიდა, სადაც დედა მაგდალინა (რეგენტი) ცხოვრობს, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა. შინ მხოლოდ საღამოს 7 საათზე დაბრუნდა.

მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ მამაო ჩვენთან იმყოფებოდა, როცა ღამისთევა არ ეგებოდა, საღამოს ცისკარი მწუხრს მოებმებოდა, რათა დილით ბერი არ შეგვეწუხებინა. დღეს კი ბერი შემდეგნაირად ატარებდა: წირვის მერე ხატებს ემთხვეოდა; ჯერ ზეციურ დედოფალს ემთხვეოდა, მერე საკურთხეველში შედიოდა, იქიდან მაცხოვრის სასწაულთმოქმედ ხატთან, იქიდან კი ან პირდაპირ საფლავზე გადიოდა, ან ხალხის კურთხევას (დალოცვას) იწყებდა; შემდეგ ჩაის მიირთმევდა, ოდნავ დაისვენებდა და წავიდოდა სალოცავად საფლავზე და სამრეკლოში. საერთო დალოცვა ჩვენს ტაძარში შემდეგნაირად ხდებოდა; შემაღლებულ ადგილზე მამაოსთვის სავარძელი იდგა; ბერი შიგ ჩაჯდებოდა; მარჯვნივ დედაო იდგა, შემდეგ დედა ხაზინადარი, კეთილმოწესე და სხვები ედგნენ. უფროსები ცოცხალ ჯაჭვს უქმნიდნენ იმისათვის, რომ ხალხის ნაკადი შეეჩერებინათ, მამაო არ შეევიწროებინათ და დახუთულობა არ ეგრძნო მას. ყველანი რიგრიგობით მიდიოდნენ მასთან. ყველას თხოვდნენ, უფრო მალე გაევლოთ, რომ სხვებისთვის ხელი არ შეეშალათ და მამაოც არ შეეწუხებინათ. ამრიგად, ყველა იღებდა კურთხევას და ამასთან სივიწროვე და ჭედვაც არ იყო. ამის მერე ბერი ცოტას შეისვენებდა და ჩამოსული სტუმრების მიღებას იწყებდა: ზოგჯერ თავის ოთახში, ზოგჯერ ტაძარში გამოდიოდა, დაჯდებოდა მესანთლესთან ახლოს სკამზე და იქ საუბრობდა მათთან. ჩვენ კი შორს ვიდექით და ძვირფასი მამის ყურებით ვერ ვძღებოდით. მამაოს სახის გამომეტყველება ყოველ წუთში იცვლებოდა იმის მიხედვით, სასიხარულოს ისმენდა თუ სამწუხაროს, ამხნევებდა თუ მკაცრ მცნებას უდებდა, ბავშვებთან ურთიერთობდა თუ ზრდასრულებთან, ეფერებოდა თუ ჯოხით ემუქრებოდა. ყველაფერი ისეთი სრულყოფილი სიყვარულით სრულდებოდა, რომ მისი შემხედვარე ყველაზე უხეში გულიც უნებლიედ რბილი, გულმოწყალე და კეთილი ხდებოდა. რა უარყოფითი განწყობაც არ უნდა ჰქონოდა ადამიანს, მაშინვე მსუბუქი, მხიარული და ნათელი ხდებოდა მისი სული. ამ წუთებში უნებლიედ გვახსენდებოდა ის ბერი, რომელიც დადიოდა სხვა დიდ ბერთან და არასოდეს არაფერს არ ეკითხებოდა. სანამ სხვები ესაუბრებოდნენ, დაჯდებოდა ჩუმად და თვითონაც მათთან ერთად გამოდიოდა. როცა ჰკითხეს – რატომ არაფერს ამბობდა, – მან უპასუხა: „ჩემთვის მისი შეხედვაც საკმარისია“.

11 საათზე მამაოს ცხენს მოჰგვრიდნენ და ისიც დედა წინამძღვართან ერთად შემოივლიდა ყველა კორპუსს და შენობას. დედაო ეხმარებოდა ეტლიდან გადმოსვლისას, იცავდა მას ხალხის ნაკადისაგან. მამაოს ხალხის დიდი მასა მიაცილებდა. ზოგს სკამი მოჰქონდა, ზოგს – ხალიჩა, ზოგს – წინდებით სავსე ტომარა; და აი, ეტლი გაჩერდა. წინასწარ მოსული დედაო უკვე კიბესთან ელოდება მას. მამაო ხელით გადმოჰყავთ ეტლიდან და სენაკებს ათვალიერებინებენ. შევა თუ არა მამაო კარში, მას მაშინვე კეტავენ და სენაკის პატრონი მარტო რჩება ბერთან სასაუბროდ. დედაო და ყველანი, ვინც მამაოს რაღაც ნივთი ჩაიგდო ხელში, ელოდებიან დერეფანში, ხოლო ყველა დანარჩენი გარეთ, კიბესთან. ისინი მაღალი რანგის სტუმრის ჩამობრძანებით არიან გახარებულნი. მამაომ შემოიარა სენაკები და ისევ გამოჩნდა კარებში. დაიწყო დიდი ფუსფუსი: „სადაა მამაოს კაბა? ვის აქვს მამაოს კალოშები? სათვალე, სათვალე მიეცით მამაოს მალე!“ ყველა ფუსფუსებს და უხარიათ, რომ ისევ ხედავენ ბერს. მასპინძლების სახე ყველაფერზე მეტყველებს. როგორც კი შეამჩნევ აღტაცებულ ნათელ სახეს, მაშინვე ეკითხები: „შენ ამ კორპუსში ცხოვრობ?“ ზოგი იტყვის: „დიახ, თან ისე კარგად! მამაომ დამამშვიდა მე, შემანჯღრია კიდეც, მაგრამ სამაგიეროდ სული შემიმსუბუქდა (გულზე მომეშვა)“, ზოგიც გიპასუხებს: „არა, სად აქვს მამაოს ყველასთან ურთიერთობის დრო? უკვე აღარ მჭირდება, რადგან არ ვიცი, რაზე ვესაუბრო მას, მე უკვე განსაცდელებიც კი არ მაქვს“. ორი საათისთვის ბრუნდებოდა ბერი სახლში (თავის სენაკში). შეჭამდა, დაისვენებდა და ისევ წავიდოდა კორპუსების შემოვლაზე საღამოს ლოცვამდე. მან ყველა კორპუსი შემოიარა, არ დაუტოვებია არც ერთი სენაკი. მოიარა ეგრეთ. წოდებული ლაპეხაც , მოიარა ყველა ფანჩატური და ბეღელი. სამშაბათს სადგურთან აგურისა და კირის საზიდრები მოუტანეს, რომლებიც მონაზვნებმა ტაძრის ასაშენებლად გააკეთეს. მამაომ აკურთხა ისინი და თვითონ გასინჯა მათი ვარგისიანობა.

მთელი ამ დროის განმავლობაში მშვენიერი ამინდი იდგა. მხოლოდ შაბათს საღამოსკენ იწვიმა და მეორე დღის შუადღემდე წვიმდა შესვენებებით. შემდეგ ისევ გამოიდარა, ჰაერიც გაიწმინდა და დახუთულობაც არ იგრძნობოდა. შაბათიდან დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ მამაო ემზადებოდა წასასვლელად. მაგრამ მისი გამგზავრების ნამდვილი დრო არავინ იცოდა, დედაომაც კი, არც ცდილობდა ვინმე ამის გაგებას, თორემ რომ ეთქვათ: „ხვალ“, ეს იმდენად საწყენი იქნებოდა, რომ უმჯობესი იყო არავის სცოდნოდა და არც ელაპარაკათ ამის შესახებ დროზე ადრე. თუმცა, ადრე თუ გვიან დაირხა სამწუხარო ცნობა: „მამაო დღეს მიემგზავრება“. წირვის, პარაკლისისა და საერთო კურთხევის მერე მამაომ ბევრი მონაზონი და საერო ადამიანი მიიღო. შემდეგ მას ტრაპეზი მოუმზადეს. ჩვენ ყველანი სენაკებში გავიფანტეთ იმ აზრით, რომ მამაო ჯერ, ალბათ, დაისვენებდა, ჩვენ კი მოგვიანებით ისევ მივიდოდით ეკლესიაში, რომ წასვლისას კიდევ ერთხელ შეგვეხედა მისთვის. ასეთ ვითარებაში ვიღაცამ მოირბინა და თქვა: „ჩქარა, ჩქარა მიდით ეკლესიაში შემოსილნი, ახლა იქ მამაოსთვის სამგზავრო პარაკლისი იქნება“. ჩვენ ყველანი გავემზადეთ, მაგრამ ვერც კი იცნობდი: ნუთუ ეს ის სახეები იყო, რომლებიც გუშინ ბრწყინავდნენ სიხარულით? თავები დახრილი, ზოგიც ტიროდა, ზოგიც ძლივს იკავებდა ცრემლს. სამარისებური სიწყნარე იყო. დაიწყო ღვთისმშობლის პარაკლისი მგზავრთათვის. დამთავრებისთანავე მამა იოანემ მრავალჟამიერი უსურვა ბერს და უცდიდა, რომ ჯვარზე სამთხვევად გამოვიდოდა, მაგრამ მარტო მამა იოსები გამოვიდა. ეტყობა, მამაოს გაუჭირდა გამოსვლა. ეს მოწყენილი, გამოსამშვიდობებელი გარემოება ძლიერ იმოქმედებდა მის მგრძნობიარე ნერვებზე. ჩვენ ველოდით, მაგრამ ის არ გამოვიდა. გამოგვიცხადეს, რომ მამაო წამოწვა და ისვენებდა. „ამიტომ, თუ გაქვთ სურვილი დაელოდოთ მას, ტაძარში; გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიწყნარე.“ გავიდა ერთი საათი. დერეფანში ფუსფუსი ატყდა და გვითხრეს, რომ მამაომ გაიღვიძა. ხუთი წუთის მერე მამაოც გამოჩნდა. სერიოზულად, ჩქარ-ჩქარა გაიარა მან ტაძარი, მივიდა პირდაპირ ხატებთან და მერე საკურთხეველში შევიდა. ტაძრიდან საფლავზე გავიდა, უკანასკნელად სამჯერ აკურთხა ის და შებრუნდა თავის ოთახში. გამოიცვალა, ისევ გამოვიდა და მოლჩანკამდე ფეხით მივიდა, სადაც მისი კურთხევით რაღაც მშენებლობა იწყებოდა, რომელიც მას ძალიან აინტერესებდა. აქ რამდენიმე წუთით ესაუბრა ჩვენს ბედნიერ კუზმას, გამოიცვალა ტანზე, დაგვლოცა და შევიდა ეკლესიაში. გამომშვიდობებისას ისევ დაგვლოცა. ჩვენ კი გაფრთხილებული ვიყავით, რომ გამომშვიდობებისას არავის შეეწუხებინა ბერი. ეკლესიიდან ისევ თავის ოთახში შებრუნდა. მონაზვნები ისევ ჩააყენეს ორ რიგად – ეკლესიიდან წმინდა ჭიშკრამდე, სადაც ისევ, ისევე როგორც ჩამოსვლისას, ელოდნენ დედაო ღვთიმშობლის ხატით და მგალობელთა გუნდი. ისეთივე მოწიწებული სიჩუმე დადგა, როგორც მისი ჩამოსვლისას, მაგრამ მოწყენილობის აჩრდილით სავსე. როცა, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა მამაო და მგალობლებმა მოწყენილად დაიწყეს „ღირს არსის“ გალობა, თითქმის ყველანი ვტიროდით. მამაო ჩქარა მოდიოდა და ორივე მხარეს ლოცავდა ხალხს. სადაც გაივლიდა, ყველგან ფეხებამდე თავს უხრიდნენ. მამაომ სამი დიდი მეტანია გააკეთა ღვთისმშობლის ხატთან, ემთხვია, აიღო ხელში და წმინდა ჭიშკართან მდგომარემ აკურთხა და დალოცა დედები და სავანე, თითქოს ზეციურ დედოფალს აბარებდა სავანეს. ჩვენ ყველამ ერთად მუხლი მოვიდრიკეთ და მწარედ ავტირდით. ამასობაში მამაომ ამთხვია დედა წინამძღვარი ღვთიმშობლის ხატს, ისევ გადასცა ის მას და ეტლში გაუჩინარდა. კარი დაიკეტა და ეტლიც დაიძრა. დიდხანს შევცქეროდით წმინდა ჭიშკართან ფეხზე მდგარნი ეტლს და ადგილიდან ვერ ვიძროდით. რაღაცნაირი ჩუმი მოწყენილობით აივსო სული და არ გვინდოდა მასთან განშორება. როგორი ცარიელი გახდა უცბად შამორდინო; დიდხანს ვერ ვეგუებოდით ამ სიცარიელეს, სანამ ჩვეულებრივ რიტმში არ შევედით. მამაო 28-ში სმოლენსკის ღვთიმშობლის ხატის დღესასწაულზე წავიდა ჩვენგან. სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატი მიიღო სავანისგან ახლანდელმა წინამძღვარმა, როცა ამ სავანის მართვა გადაიბარა. სწორედ ამ დღეს ჩააბარა მამაომ ჩვენი თავი ყოვლადმოწყალე და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელს. დედა წინამძღვარმა და დედა ეკატერინემ ოპტინამდე გააცილეს მამაო. „რა ხდებოდა იქ! – ჰყვებოდა დედაო, – როგორც კი გაიგეს, რომ მამაო დაბრუნდა, მთელი მონასტრის საძმო სკიტს მოაწყდა. მთელს ტყეში ისეთი ხმაური იყო, როგორც დიდ დღესასწაულზეა ხოლმე. მონასტრიდან სკიტამდე მთელი გზა ხალხით იყო სავსე, რომელიც ყოველი მხრიდან მინაშენისკენ მიეშურებოდა, რომ მამაოს კურთხევა მიეღოთ ან შეეხედათ მაინც მისთვის. დიდება ღმერთს, მამაო გზაში ძალიან არ დაღლილა, ასე რომ მას შესწევდა ძალა ყველა დაელოცა“. მეორე დღეს კი დედაოს კითხვაზე, თუ როგორ გრძნობდა ის თავს, მამაომ უპასუხა, რომ შამორდინოში ყოფნა სიზმარი ეგონა. – ამინ“.

„მამაო სამშაბათს, 19-ში ჩამოვიდა ჩვენთან. ამ დღეს წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენებასთან დაკავშირებით ლოცვა ღამისთევით ჩატარდა. ოთხშაბათს ლიტანიობა შესრულდა. საღამოს მამაომ წინამძღვრის კორპუსი, ორივე სამლოცველო, ქოხი და მოლჩანკა მოიარა. ხუთშაბათს დედა სოფიას და დედა ამბროსიას პანაშვიდი შესრულდა. მამაომ გალავნის მიღმა მდებარე შენობებიც დაათვალიერა: ცხენების და საქონლის ეზო, დიდხანს დარჩა პატარების სათნოების სახლში. საღამოს ქვემოთ ჩაიარა, იყო საყარაულოში, ისეირნა გორებზე, აკურთხა ჭები, მოინახულა წყლის საქაჩი და იქიდან ღამისთევაზე დაბრუნდა (იმ დღეს მარიამ მაგდალინელის ხსენება იყო). პარასკევს დილიდან სატრაპეზოში, შეიარა და სამზარეულოში გაიარა. შემდეგ თავის კორპუსში და დედა ეკატერინესთან. შაბათს მოლჩანკაში წავიდა, შემდეგ დავრდომილთა თავშესაფარში და დედა გლაფირა მიამლიასთან გაიარა. კვირას არსად წასულა. ამ დღეს დედა სოფიას გარდაცვალებიდან ნახევარი წელიწადი იყო გასული. ორშაბათს ნასადილევს მამაო ორჯერ წავიდა სატრაპეზოში, შემდეგ დედა ევმენიას კორპუსში, დიდების სათნოების სახლში, საავადმყოფოში, ათვალიერებდა მშენებარე კორპუსს, იყო სასეფისკვერეში და ბოლოს წინამძღვრის კორპუსში, სადაც დიდხანს დარჩა. სამშაბათს დილას დედა ალექსან-დრასთან მივიდა, შეიარა საწყობში, დაათვალიერა სასწორი, ურჩია, რომ არ მოეტყუებინა წონაში, შეიარა დედა ოლიმპიასთან, დედა ელევფერიასთან, ალექსანდრა ივანოვნასთან, დედა სერგიასთან, შემდეგ მონასტრის სამკაულის მოლარესთან, იქიდან სადგურში გაიარა და საზიდრები აკურთხა, იყო ძველ სახლშიც. ოთხშაბათს ის ადგილი დაათვალიერა, სადაც ტაძრის აშენებას სთავაზობდნენ. საღამოს კი ბეღლები დაათვალიერა. ხუთშაბათს მამაო წავიდა“.

ასე მთავრდება შამორდინელთა თხრობა 1888 წელს სავანეში ბერის ვიზიტის შესახებ. მას ლექსიც დაუწერეს, რომელიც შემდეგ ისევ შამორდინელი ოსტატის მიერ მუსიკად გადაიქცა. რამდენჯერაც კი ჩავიდოდა ბერი სავანეში და მიაკითხავდა სათნოების სახლს, ბავშვებიც ასრულებდნენ მისთვის ამ სიმღერას. სერიოზულად, ჩაფიქრებული უსმენდა ბერი ბავშვურ ლოცვას და ხშირად მსხვილი ცრემლებიც კი ჩამოგორდებოდა მის ჩავარდნილ ლოყებზე. ყველასთვის უცნობია – რას ფიქრობდა ის ამ წუთებში. შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ მისი სული, რომელიც მიუსაფართა მიმართ გულწრფელი ბავშვური სიყვარულით იყო გაჟღენთილი, აღვიდოდა ლოცვით ზეცისა და მიწის დედოფალთან, რომ თავისი სიკვდილის შემდეგაც არ დაეტოვებინა ეს ბავშვები მისი ყოვლადძლიერი მფარველობისაგან. საერთოდ, ბავშვებთან ყველაზე სათუთი, მამობრივი, მოსიყვარულე დამოკიდებულება ჰქონდა მას. ზემოხსენებულმა ა. ა. შიშკოვამ თავის სტატიაში მამა ამბროსიზე შემდეგი რამ დაბეჭდა: „მე ვიყავი მოწმე თანაგანცდისა და სათუთი სიყვარულისა მამაოს მხრიდან ავადმყოფი ბავშვების მიმართ. ის, მიუხედავად თავისი სისუსტისა, ყოველდღიურად დადიოდა საავადმყოფოში მათ მოსანახულებლად. ის ანებივრებდა ბავშვებს, ხან კანფეტს მისცემდა, ხან თაფლაკვერს, მოეფერებოდა და გაეხუმრებოდა მათ“. შამორდინოდან ბერის გაცილებას მუდამ ფუსფუსი ახლდა და, როგორც ზემოთ იყო აღწერილი, დედებში ყოველთვის მოწყენილობა შეიმჩნეოდა. ბევრი მათგანი წინასწარ შორს გადიოდა გზაზე, სადაც მას უნდა გაევლო, რათა კიდევ ერთხელ შორიდან თაყვანი ეცათ ძვირფასი ბერისთვის.

მამა ამბროსის 1889 წელს შამორდინოში ჩამოსვლას უცნობი პიროვნება გვაცნობს სტატიაში სათაურით „მოგონებები მამა ამბროსიზე“, რომელიც „დუშეპოლეზნოე ჩტენიე“-ში დაიბეჭდა 1899 წლის ოქტომბერში. არსებითად, შევნიშნავთ, რომ აღწერილი არაფრით განსხვავდება სიმართლისაგან. აი, თვითონ მოთხრობა:

„1889 წლის ივნისში მომიყვანა ღმერთმა პირველად ცნობილ, ღვთივკურთხეულ ოპტინის მონასტერში, სადაც მაშინ ყოველი მხრიდან სხვადასხვა ჩინის ხალხის დიდი ნაკადი ჩამოდიოდა ბერ ამბროსისთან. კარგა ხანი მივისწრაფოდი მთელი გულით და ამ საოცარი ბერის ნახვა მინდოდა. მინდოდა, მომესმინა სულისმხსნელი მოძღვრებანი იმისაგან, რომელზეც უამრავი გულის ამაჩუყებელი, საკვირველი რამ გამეგო ახლობლებისა და შორეულებისაგან, ჩემიანებისა და სხვისიანებისაგან. მე სულ ცოტა ხნის განმავლობაში მკერდის ორი ძნელი ოპერაცია მქონდა გადატანილი. ფიზიკურად და ზნეობრივად საკმაოდ გვემული გახლდით, ამიტომ იმ პერიოდში განსაკუთრებულად მჭირდებოდა ნუგეში და სულიერი სიმტკიცე. ამასთან ერთად, თვითონ მამაოს სახებამ, როგორადაც მე ის მქონდა წარმოდგენილი, შორიდანვე გამიტაცა დაუმარცხებელი ძალით. ოპტინამდე ორი დღის სავალზე ვცხოვრობდი. სუსტი ჯანმრთელობის გამო ვეჭვობდი, ვმერყეობდი და მეშინოდა კიდეც შორეული მგზავრობის, მაგრამ ვილოცე და ღვთის შემწეობას მინდობილი, მაინც გავემგზავრე.

პირველი დღის აუტანელმა მგზავრობამ ძალიან შემაწუხა. ძლივძლივობით მივაღწიეთ ღამის გასათევად ერთი გლეხის სახლს, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, დასვენება ვერ შევძელი. მიუხედავად მასპინძლების გულთბილი მიღებისა, მთელი ღამე ვერ დავიძინე – კოღოებმა კინაღამ შემჭამეს. ძლივს მოვესწარით გათენებას. გაწვალებული და მთლად ავადმყოფი გამოვედი გარეთ. ჩემი გამცილებელი მეურმის შემშურდა, რომელსაც უშფოთველად ეძინა ურემში სუფთა ჰაერზე. გზის გაგრძელების მეშინოდა და ვვარაუდობდი, რომ თუკი მივაღწევდი კიდეც ოპტინამდე, იქ მთლად დაუძლურებული ჩავწვებოდი. შუა გზიდან უკან დაბრუნებაც ძალიან მძიმე და მტკივნეული იყო. დიდხანს ვიჯექი უკიდურესობამდე დაუძლურებული. ვფიქრობდი და არ ვიცოდი, რა გადამეწყვიტა. მზე უკვე ამოსულიყო. პარმაღთან, სადაც მე ვიჯექი, ვიღაც მოხუცი მოვიდა ჩანთით. ის ან მწირი, ან მგზავრი იყო. მომაშტერდა, მომესალმა და დაიწყო ლაპარაკი: „აი, ღირსი სერგი რადონეჟელი შრომობდა, ნიკოლოზ სასწაულთმოქმედიც შრომობდა, ღირსი ტიხონიც – ყველანი შრომობდნენ, ამიტომაც მოხვდნენ სასუფეველში. ღმერთს ღვაწლი უყვარს. აი, ასე! სიკვდილი კი, გინდა თუ არა, გარდაუვალია“. ამ უცნობი მწირის მისალმებამ გამაკვირვა, თან ვგრძნობდი, რომ მგზავრობის სიმძიმის შიში სადღაც გაქრა. მაშინვე გამოვცოცხლდი; აღვიქვი, რომ ღმერთმა გამომიგზავნა შეგონება და მეტად არაფრით შევძრწუნებულვარ; უცბად გავემზადე, გადავლახე ჩემი სისუსტე და უძლურება და ისე გავაგრძელე გზა.

დილის სუფთა ჰაერმა და ჩიტების სტვენამ ჩამაძინა, გამოღვიძებული კი ისე მხნედ და კარგად ვგრძნობდი თავს, რომ ყოველგვარი შეწუხების გარეშე ვამთავრებდი მგზავრობას. საღამოსკენ უკვე მშვენიერ ფიჭვნარში გაჭრილი გზით (ლიხვინის მხრიდან) კურთხეულ სავანეს მივუახლოვდით. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვინც კი აქ ყოფნის ღირსი გახადა ღმერთმა, მან იცის, როგორი დიდებული, განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა ძალუძს ოპტინის მონასტერს, მწვანე ნაძვნარითა და ფიჭვნარით გარშემორტყმულს და მდინარე ჟიზდრით დამშვენებულს. მონასტრის სასტუმროში ჩვენს თანამემამულეს შევხვდით, რომელიც იქ მუშაობდა. მისგან შევიტყვეთ, რომ ბერი შამორდინოში იმყოფებოდა და მომლოცველებიც იქით გაემართნენ მის სანახავად. სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ღამისთევის ზარიც დაირეკა. მეც ვიჩქარე ტაძარში წასვლა, რამაც საოცარი სადღესასწაულო ღვთისმსახურებით დიდი სულიერი სითბო მომანიჭა. ეს პეტრე-პავლობის დღესასწაულის წინა დღე იყო.

დილით, წირვის მერე, შამორდინოში წავედი. ჩამოსვლისთანავე გამაოცა ხალხის უზარმაზარმა ნაკადმა, რომლიც ადრეული დილიდანვე გარს შემოერტყა იმ შენობას, სადაც მამა ამბროსი იმყოფებოდა. მათ ბერის ნახვა სწყუროდათ, ან შორიდან მაინც მისი ლოცვა-კურთხევის მიღება. ისე ძლიერ უყვარდა ის ხალხს, ისეთი ძლიერი სურვილი ჰქონდათ ენახათ და მიეღოთ მისგან ნუგეში, დარიგება, რომ ზოგიერთი მათგანი ორი კვირის განმავლობაში ელოდა. ისინი იმედსაც არ კარგავდნენ, რომ მამაო მიიღებდა მათ. ახლოს მისულმა შევიტყვე, რომ მამაოს გამოსვლას ელოდნენ. ის დავრდომილთა სახლის, ობოლთა სათნოების სახლის და სხვა საქველმოქმედო დაწესებულებების დასათვალიერებლად აპირებდა წასვლას, რომლებიც მან ქველმოქმედი ადამიანების ხელშეწყობით მოაწყო. მივხვდი, რომ ახლოს ვერ მივიდოდი და შორს დავდექი. აი, კარიც გაიღო, ხალხი აღელდა, გაისმა შეძახილები: „მამაო, შენ ჩვენი ხარ! მამაო!“ აი, ისიც, საყვარელი ბერი, მამა ამბროსი, უკვე მოხრილი, მაგრამ კეთილსახიერი ბერი, უბრალო, ალერსიანი, ხელმისაწვდომი. მისი წინასწარმხედველი თვალები სიბრძნით ანათებდნენ და სულის სიღრმეში აღწევდნენ. მან ახლოს მდგომნი დალოცა, ჩაჯდა ეტლში და მონასტრის გზას გაუყვა. ხალხიც მიჰყვებოდა – გვერდიდან, წინიდან, უკნიდანაც მისდევდნენ, რომ მისი გამოხედვა ან მაკურთხებელი ხელი დაეჭირათ, შემდეგ კი გახარებულნი სხვას უთმობდნენ გზას. მე შორიდან ვაკვირ-დებოდი ამ გულისამაჩუყებელ და ჩემთვის სრულიად ახალ სანახაობას.

ბერი ვისაც პატრონობდა – ყველა მოინახულა. შემდეგ კი დასასვენებლად წინამძღვრის სენაკში დაბრუნდა. ხალხი ისე მღელვარედ მიისწრაფოდა მის კვალდაკვალ, რომ დიდი ძალისხმევით შეაკავეს და დახურეს კარი. მე, დედა იღუმენიას წყალობით, დიდი ბედნიერება მერგო და ოთახში შემიყვანეს. აქ, მამაოს მეორედ გამოსვლის დროს, სულ მის ახლოს აღმოვჩნდი. მე უნებლიე თრთოლით შევხედე ამ კეთილ, მშვენიერ სახეს და მის წინასწარმხედველ, სულში ჩამწვდომ თვალებს. მუხლმოყრილი ჩავეჭიდე მის მაკურთხებელ ხელს. როცა ბედნიერებით თვალცრემლიანი თავი ავწიე და კიდევ ერთხელ შევხედე მას, დავინახე, რომ ის, ჩემი მშობლიური, ძვირფასი მამაო, დაჟინებით მიყურებდა და რაღაცას ლაპარაკობდა. ერთ ადგილას გავიყინე. ხოლო ერთმა მხცოვანმა მონაზონმა მოირბინა ჩემთან და საჩქაროდ მითხრა: „რატომ დგახართ? მამაომ ხომ თქვა: მე შენ წაგიყვანო. უნდა გესარგებლა – აქ ხომ კვირაობით დგანან, უცდიან და ისე მიდიან, რომ მას ვერ ხვდებიან“. მე იმის გაფიქრებაც ვერ გავბედე, რომ მისი სიტყვები მე მეხებოდა. მას მთელი დღე არ ასვენებდნენ ჩამოსულები. მხოლოდ საკვების მიღების დროს ცოტა ხნით ისვენებდა.

იღუმენიას სიკეთის წყალობით სადილის ჟამს სატრაპეზოში მიმიყვანეს, სადაც ამ დროს უანგაროდ ჭამდა უამრავი მომლოცველი. იქ, გამოსაჩენ ადგილზე, ყვავილებით შემკული მამა ამბროსის დიდი და მშვენიერი პორტრეტი ეკიდა – თითქოსდა, სტუმართმოყვარე მასპინძელი აკვირდებოდა სტუმრების დაპურებას. ეს წმინდა მოციქულების, პეტრეს და პავლეს ხსენების დღე იყო, ამიტომ ერთ-ერთი მონაზონი წყნარად, მაგრამ გასაგონად და გამომეტყველებით კითხულობდა სახარებიდან პეტრე მოციქულზე თქმულს. ყველა მდუმარედ ისმენდა წმინდა უწყებას: პეტრე მოციქულის ცოცხალ და მხურვალე რწმენაზე თავისი მასწავლებლის მიმართ, ასევე მის მიერ იესოს უარყოფაზე და ბოლოს მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის მიერ მის მოციქულებრივ ხარისხში აღდგინებაზე. ამრიგად, საოცრად მომეჩვენა ამ ადამიანების ტრაპეზი, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან იყვნენ ჩამოსულნი და სხვადასხვა ჩინი ჰქონდათ. ისინი ძმურად ისხდნენ, მიირთმევდნენ და თითქოს ყველაზე დიდ მოციქულს ბაძავდნენ, რომელმაც თქვა: „ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუნდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათა. სტუმრისმოყუარე იყვენით ურთიერთას თვინიერ დრტვინვისა“ (1 პტრ. IV, 8-9).

მოსაღამოვდა. შამორდინოს პატარა, საშინაო ეკლესიაში ღამისთევის ლოცვა აღესრულებოდა. დედები აწყობილად, მოწიწებით გალობდნენ და კითხულობდნენ. გულმოდგინედ ლოცულობდნენ მომლოცველები. ეკლესიის შემოსასვლელ დერეფანში ისევ ავიწროებდნენ ჩამოსულები ერთმანეთს. ისინი დილიდან მოთმინებით ელოდნენ, როდის გაიღებოდა მამაოს სენაკი, რომელიც ხატების წინ ანთებული კანდელით იყო განათებული. აქ ზოგი იდგა, ზოგიც იჯდა. კართან იჯდა და სისუსტის გამო კედელს თავით მიყრდნობოდა ახალგაზრდა სნეული მონაზონი. იქვე იჯდა ვიღაც ახალგაზრდა ქალი, რომელიც ისტერიკულად მოთქვამდა. გაიღო კარი. ყველა გამოფხიზლდა. ბერმა, მთლიანად თეთრებში შემოსილმა, გამჭრიახი თვალით შეხედა ყველას, მოჰკიდა ხელი ავადმყოფ მონაზონს და შიგნით შეიყვანა. კარი ისევ დაიხურა. ამ დროს მომტირალმა ქალმა ამოიძახა: „მამაო! მეც წამიყვანეთ, თორემ მომკლავს ჯავრი“, – და უფრო ძლიერ დაიწყო მოთქმა. უცბად ისევ გაიღო კარი. ბერმა კეთილი ღიმილით შეხედა მას და უთხრა: „ვინ აპირებს აქ სიკვდილს? მისი დაკრძალვაც მოგვიწევს. კარგი, მოდი, მოდი!“ კარი ისევ დაიკეტა. იქიდან გამოსულ ქალს კი სახე უბრწყინავდა. მას ისევ ჩამოსდიოდა სახეზე ცრემლები, მაგრამ ეს უწინდელი ცრემლები კი არ იყო, არამედ სიხარულით, მშვიდად ანათებდნენ მის თვალებში. მე თანაგრძნობით შევეკითხე, დაამშვიდა თუ არა მამაომ. მან მითხრა: „დამამშვიდა და თან როგორ! ნამდვილად მშობელი მამაა… თუმცა, ჩემი მწუხარება იმდენად დიდია, რომ მას მალე ვერ განკურნავ“.

ამ მომენტში ეკლესიიდან გალობის ხმა ისმოდა: „აქებდით სახელსა უფლისასა! აქებდით მონანი უფალსა.“ ყოველივე ნანახით ღრმად აღძრული ვლოცულობდი და ვთხოვდი უფალს დიდ წყალობას – ბერთან მიღებას. რამდენიმე წუთში სენაკის კარი ისევ გაიღო… თვითონ მამაო გამოჩნდა კარში და სახელით დამიძახა… სიხარულისგან შევცბი და პირჯვრის წერით შევყევი პატარა, მზის სხივებით ნახევრად განათებულ სენაკში. მამაო სავარძელში იჯდა. მე მუხლი მოვიდრიკე, თავი ჩავღუნე მის ფეხებთან და სიხარულის ცრემლებით ვემთხვიე. მან დამლოცა და მკითხა: „აბა, რას მეტყვი კარგს?“ – და სახელით მომმართა; – „მამაო! ილოცეთ ჩემზე. მე მკერდი მტკივა და ორი ოპერაცია გამიკეთეს. ექიმი ამბობს, რომ აგვისტოში ისევ უნდა ველოდოთ ავადმყოფობის განმეორებას (ამაზე ვლაპარაკობდი და გულში არანაირი შიში არ მქონდა, მარტო მამაოს ყურებით ვტკბებოდი). ილოცეთ, მამაო, ჩემზე, რომ ღმერთმა განკურნოს ჩემი სული და სხეული“. სანამ მე ვლაპარაკობდი, მამაო თავისი გამჭრიახი მზერით მიცქერდა. „კიდევ რა ცოდვები გაქვს?“ – მკითხა მოულოდნელად ბერმა. მე ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოუმზადებელი ვიყავი და ძლივს მოვახერხე მეთქვა, რომ მოუსვენარი ვარ, ამპარტავანი და დაუდევარი ხსნის გზაზე, რომ ახლახან ძალიან ვბრაზობდი, თუმცა არა ჩემს თავზე. „შენ ცოტა ხნის წინ ბრაზობდი? უწინ რისთვის განრისხდი? ჰა?“ მე შევწუხდი მოულოდნელობისაგან და ძლივს ამოვილუღლუღე: „როდის, მამაო?“ – „აბა, საიდან დაიწყო შენი ავადმყოფობა?“ ჰოი, მამაო! (ელვისებურად გამახსენდა ჩემი მაშინდელი სულიერი მდგომარეობა, მაშინ თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობდი). ეს დიდი მწუხარება იყო ჩემს სულში… „ნაწილობრივ ხომ შენ იყავი მაშინ დამნაშავე?“ – ამბობდა ის მოწყალე და ბრძნული ტონით, – „დიახ, მამაო!“ ვაღიარე, რომ არ ვიყავი მართალი. „უდანაშაულოც რომ ყოფილიყავი, განა მოთმინება არ შეიძლებოდა? უფალი ითმენდა… რა საჭიროა შურისმაძიებლობა?“ – „მეც არ მსურდა შურისძიება, მამაო (დიდი ხნის განმავლობაში ხშირად ვფიქრობდი ამაზე და მივხვდი, რომ ის არ ცდებოდა), – უაზროდ ვამბობდი მე, აზრებით წარსულში ვუბრუნდებოდი იმ გარემოებას, რომელზეც ასე ჭვრეტითად მიმითითებდა ბერი, – ძალიან მიმძიმდა, მე კი გულის სიღრმეში ვინახავდი ამ უბედურებას“; – „იმას ინახავდი! აწი არასოდეს განრისხდე. ახლა ნუ გეშინია: აწი არაფერი გიშავს, არაფერი გიშავს! აქედან კალუგაში გაემგზავრე. იქ, კალუჟანკაში ცხოველმყოფელი ჯვარი და ძველ სამღვდელმთავრო სახლში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მოილოცე, აიღე ნაკურთხი წყალი და კანდელის ზეთი, წყალი უზმოზე სვი, ზეთი კი იცხე. ღმერთი გაკურთხებს!“ დამლოცა და გამიშვა, შემდეგ ისევ მომაბრუნა და სეფისკვერი მომცა.

შეუძლებელია აღწერო და სიტყვებით გადმოსცე ის, რასაც მაშინ სულში ვგრძნობდი. ეს იყო ჩემი მოკრძალებული თრთოლა მართლის წინაშე, რომელიც თავისი მჭვრეტელობით შეიჭრა ჩემს ცოდვილ და დამწუხრებულ სულში და წაიკითხა – ასე ვთქვათ – ჩემი საიდუმლო ფიქრები და გრძნობები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ღმერთმა უწყოდა. ეს იყო რაღაც არამიწიერი ურთიერთობის საზეიმო სიხარული, ამ სულიერი სამყაროს ქროლა… არა! სიტყვებით, ვიმეორებ, ვერ გამოთქვამ იმას, თუ რა საოცარი, საზეიმო დღესასწაული იყო მაშინ სულში, ქრისტეს აღდგომასავით ნათელი. და არა მარტო საშინელი ავადმყოფობის და ოპერაციის, საშიშროება, არამედ კიდევ უფრო საშინელი რამ აღკვეთა მამაოს სიტყვებმა. მათ შესახებ იმიტომ ვუთხარი, რომ თანამგრძნობმა მონაზვნებმა მირჩიეს, მეთქვა მამა ამბროსისთვის ამის თაობაზე და მისგან წმინდა ლოცვები მეთხოვა. ზუსტად ასეთ განწყობაზე იყო ყველა, ვისაც მამაოსთან შესვლის ბედნიერება ერგო.

საღამოს მონასტრის სასტუმროს დერეფანში სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული ხალხი შეიკრიბა. ერთმანეთისთვის უცხონი აქ გაეცვნენ ერთმანეთს და ძმურად უხსნიდნენ ერთმანეთს გულს, უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, სიხარულს. რომელიც მამა ამბროსის სიტყვებმა მოჰგვარა მათ. ეს იყო ნუგეში – მამაოს გონიერი და ბრძნული რჩევები. აქვე იმყოფებოდა ის მომტირალი ქალბატონიც და სრულიად მშვიდად იჯდა. მე ისევ მივედი და გამოვესაუბრე მას. „თქვენ, ალბათ, ცოტა ხნის წინ დაკარგეთ ვიღაც ახლობელი ადამიანი და ამიტომაც იყავით მამაოსთან ასეთ ცუდ ხასიათზე?“ – „არა, სავსებით სხვა რამ მაწუხებდა. ვინმე ახლობელი რომ დამემარხა, მაშინ ადამიანებში ვნახავდი თანაგრძნობას და ნუგეშს, ახლა კი, ამ შემთხვევაში უგულებელმყოფდნენ“. – „საცოდავო! მაგრამ მამაომ ხომ მაინც დაგამშვიდათ, განუგეშათ?“ – „დიახ, რა თქმა უნდა, ნამდვილად მშობელი მამაა! მე ნამდვილად ლოდი მომეხსნა გულზე. მე უკვე თავის დასჯას თვითონვე ვაპირებდი… ის რომ არა, არ ვიცი, დღესაც რა შემემთხვეოდა“. შემდეგ მან თავის თავზე ილაპარაკა, რომ ისეთი ჯიშისაა, რომელიც ყველას სძაგს, ე. ი. ებრაელია. „კი მაგრამ, მამაოსთან როგორ მოხვედით? – გამიკვირდა მე, – თქვენ შეიძლება ქრისტიანობის მიღება გინდათ?“ – მან ამაზე რაღაც ორჭოფულად მიპასუხა. როცა ის დავტოვე, რათა ღამის გასათევი კუთხე მომეძებნა, აღმოჩნდა, რომ სასტუმროში ყველა ოთახი გადაჭედილი იყო ხალხით. მე კი ძლივძლივობით აქვე, დერეფანში, სავარძელში მოვეწყვე; ერთმა ქალბატონმა თავაზიანად შემომთავაზა მის ნომერში შესვლა, მაგრამ მე მარტო ყოფნა ვამჯობინე, რათა მეფიქრა და ნაწილობრივ მაინც განმეცადა ის დღევანდელი შთაბეჭდილებები, რომელნიც ყველაზე ბედნიერი გახლდათ ჩემს ცხოვრებაში.

დილით ადრე, როგორც კი თვალი გავახილე, ისევ სასიხარულო განწყობამ მოიცვა ჩემი სული – იგივე მოკრძალება კეთილშობილი ბერისადმი და მხურვალე სიყვარული მის მიმართ. სასტუმროდან გამოსული სათუთად ვუმზერდი იმ მოკრძალებული სენაკის ფანჯარას, სადაც მაშინ ჩვენი ძვირფასი ბერი იმყოფებოდა. მიწამდე თაყვანი ვეცი, დაუსწრებლად ვთხოვე, ელოცა ჩემი ცოდვილი სულისთვის და გახარებული, ბედნიერი გამოვედი ამ ახალდაარსებული სავანიდან, რომელსაც იმ წუთში მთელი მსოფლიოს განძეულობაზე არ გავცვლიდი.

შინ დაბრუნებისას წმინდად შევასრულე ყველაფერი, რაც მამაომ მიბრძანა. კალუგაში მის მიერ მითითებული ყველა სიწმინდე მოვილოცე. ყველგან გადავახდევინე პარაკლისი. ავიღე ნაკურთხი წყალი და ზეთი. ყოველივეს დასრულების მერე სულიერი სიმშვიდით დავბრუნდი სახლში. ამის შემდეგ ცხრა წელმა განვლო, მაგრამ ბერის ლოცვებით ავადმყოფობა არ მობრუნებულა ჩემთან. ერთხელ ძლიერი ტრამვის გამო საშინელი ტკივილის განახლების საშიშროება იყო და ნიშნებიც კი გამოჩნდა. შევშინდი. ლოცვის გარდა სხვა საშველს ვერ ვხედავდი (მამაო უკვე გარდაცვლილი იყო). ისევ იმ სიწმინდეებს მივაშურე და იქ ვილოცე; მოვიტანე იქიდან წმინდა წამალი (ნაკურთხი წყალი და ზეთი) და ღვთის წყალობითა და მამაოს ლოცვით ისევ გამოვჯანმრთელდი.“
ჩვენ კი გავყვეთ რიგს და გავაგრძელოთ თხრობა მამა ამბროსისთან დაკავშირებულ, იმ გარემოებაზე, რომელიც 1889 წლის შემდგომ გადახდა მას.

IX თავი
ბერი ამბროსის გადასვლა ოპტინის სკიტიდან
შამორდინოს სავანეში

1889 წლის 8 ოქტომბერს მამა ამბროსის ოპტინის მონასტერში მოსვლიდან ორმოცდაათი წელი შესრულდა. მადლიერმა შამორდინოს სავანის დედებმა ამ დღეს დიდი ფორმატის ტრაპეზის სახარება მოართვეს, რომელიც ვერცხლით იყო მოჭედილი და თან მოოქროვილი. ის მშვენიერი ნამუშევარი გახლდათ. ჩვეული მოკრძალებით და სიმდაბლით მიიღო ბერმა ეს ძვირფასი საჩუქარი. მან ის ჯერ სკიტის საცავს გადასცა, სადაც ინახებოდა კიდეც გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ კი დააბრუნა ის შამორდინოს სავანეში, რომელზეც ყოველნაირად ზრუნავდა და არც მიუტოვებია ზრუნვა. მან ბოლოს თავისი თავიც ამ სავანეს მიუძღვნა, რასაც ქვემოთ ვიხილავთ.

არ ვაპირებთ ჩავეძიოთ წვრილმან მიზეზებს, თუ რატომ გადაბარგდა ბერი საცხოვრებლად შამორდინოს სავანეში. უბრალოდ, ვიტყვით, როგორც თავის დროზე ამას თვითონ ბერი ამბობდა: ასეთი იყო ნება ღვთისა. „რამეთუ ნებასა მისსა ვინ-მე წინა-აღუდგა?“ (რომ. IX-19). გარეგნული გარემოებანი კი, რომლითაც ღვთის ნება გვეუწყება, ასეთნაირად დაიწყო. თვითონ ბერი ამბროსი, როგორც ცნობილია, უკვე მხცოვანი იყო. დაუღალავი შრომით და ავადმყოფობით დაუძლურებული უფრო და უფრო სუსტდებოდა. ზოგჯერ, როგორც ზემოთ ვნახეთ, იქამდე მიდიოდა საქმე, რომ მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ამიტომ მასთან მოსულებს დიდი ხნის განმავლობაში მონასტრის სასტუმროში უწევდათ ლოდინი, სადაც ოდითგანვე იყო მათი უფასოდ დაბინავების წესი. ხალხის ნაკადი კი უზარმაზარი გახლდათ და გასავალიც დიდი იყო. აუცილებლობის გამო ზედმეტი ხალხის მიღება რამდენადმე შეიზღუდა. ბერის მოსიყვარულე გულისთვის, რომელიც ცდილობდა, საჭიროების შესახებ ყველა დაეკმაყოფილებინა, ეს არცთუ მცირე განსაცდელი იყო. ეს არ ეთანხმებოდა მის მტკიცე რწმენას ღვთის განგებულების მიხედვით. ის მუდამ იღვწოდა ყველასთვის და ყველაფრის გამო. როგორც კი ბერი ოდნავ მომჯობინდებოდა, ისევ იწყებდნენ მის შეწუხებას, ზოგჯერ უაზროდ. დაუძლურებულს მოსვენება არ ჰქონდა. ბერს, როგორც იტყვიან, ნაკუწ-ნაკუწ გლეჯდნენ. ეტყობა ამიტომ, როგორც ზემოთ იყო აღწერილი, ის, სარეცელზე მწოლიარე ეუბნებოდა ერთ-ერთ სულიერ შვილს ასეთ სიტყვებს: „მე მიმძიმს, აუტანელი ხდება ცხოვრება“. შეიძლება, ეს სიძნელე სხვა მიზეზებითაც იზრდებოდა, რომელიც ბერისა და მისი სულიერი შვილების ურთიერთობაში ვლინდებოდა. უხერხული იქნება ამის განსჯა მხოლოდ ვარაუდითა და დასკვნებით.

ოპტინის მონასტერში ასეთი მდგომარების გარდა ბერი ამბროსის ტვირთს შამორდინოს ქალთა სავანის სამეურნეო საქმეებიც ამძიმებდა, რომლებიც პირველი წინამძღვრის, დედა სოფიას გარდაცვალების შემდეგ, როგორც ეტყობა, გაუარესდა. იქ სავანის გახსნის დღიდანვე დიდი მშენებლობა წარმოებდა, ბევრი მუშახელი ჰყავდათ და იმჟამად მათ მეთვალყურეობა აკლდათ. თვითონ ახალი წინამძღვარი, მთელი თავისი სიკეთის მიუხედავად, სუსტი ჯანმრთელობის იყო და არის კიდევაც, – არ მინდა მის სამხილებლად ვთქვა – გამოუცდელობის გამო არ ჰქონდა სამეურნეო საქმის წარმოების შესაძლებლობა. მისი ახლობლების რიცხვშიც ამ საქმის გამკეთებელი არავინ იყო. არც ასევე, მშენებლობისთვის საჭირო თანხები არც სავანეს და არც ბერს არ გააჩნდათ, მაგრამ ეს არავინ იცოდა. პირიქით, ყველა დარწმუნებული იყო, რომ საშუალებები ამოუწურავი იყო. მამაოს ყველაზე ახლობელმა ქველმოქმედმა პირებმაც კი არ იცოდნენ მისი მდგომარეობა. ამასობაში ბერმა სავანეში უზარმაზარი ქვის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ის სავანეში არსებული საშინაო ხის ტაძრის ადგილას უნდა აშენებულიყო, ამიტომ ჯერ ამ ტაძრის სხვაგან გადატანა იყო საჭირო. ამისთვის მცირედი თანხა გახდა საჭირო და აი, 1889 წლის ზაფხულში, როცა დედები ახალი ტაძრისთვის საძირკვლის თხრას თვითონ შეუდგნენ, ძველი ხის ეკლესია სასწრაფოდ გადაიტანეს სავანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ერთ თვეში კი იქ ღვთისმსახურება დაიწყო. ეს ეკლესია მონასტრის სასაფლაოსთან დაიდგა. მასში მოეწყო მინაშენი ღვთისმშობლის „ცხოვრების წყაროდ“ წოდებული წმინდა ხატის სახელზე.

ამის შემდეგ, დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ახალი ტაძრის მშენებლობას შეუდგნენ. ამისთვის შემომწირველებმა არქიტექტორი დაიქირავეს, რომელიც ორი წლის განმავლობაში მათს კმაყოფაზე ცხოვრობდა. დაიწყო წინასწარი სამუშაოები: ააშენეს აგურის ქარხანა და ჩაიყარა ტაძრის საძირკველი. მომავალში ფული გახდა საჭირო, რომელიც არ ჰქონდათ. დაიბეჭდა მოსაწვევები შემოწირვის თაობაზე ყველა მოსკოველი სახლთმეპატრონის მისამართით წინამძღვრის სახელით. მაგრამ ამაოდ! შემონაწირი იმდენად მწირი აღმოჩნდა, რომ მოსაწვევების ბეჭდვის და ფოსტის ხარჯები ძლივს დაფარა. ამგვარი უკიდურესი მდგომარეობის გამო ჩაიფიქრა ბერმა შამორდინოს სავანეში გადასვლა, თუმცა შეიძლება დროებით, რათა პირადად ეხელმძღვანელა ადგილზე.

1890 წლის ზაფხული დადგა. ივნისის. თბილი და მშვენიერი ამინდი იყო. ბერმა, გასული წლების მსგავსად, შამორდინოში წასასვლელად დაიწყო მზადება. საერთოდ, უნდა შევნიშნოთ, რომ შამორდინოში წასვლაზე არ უყვარდა წინასწარ ლაპარაკი, რადგანაც, ეტყობა, თვითონაც უჭირდა ზუსტი დროის განსაზღვრა და, რომ მომსვლელთაც არ ენერვიულათ ტყუილუბრალოდ. თუმცა, ზოგიერთი ნიშნების მიხედვით ყველა ხვდებოდა, რომ მამაო შამორდინოში წასვლაზე ფიქრობდა. წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებოდა მინაშენში ურთიერთშეკითხვები იმის თაობაზე, როდის და რამდენი ხნით მიდიოდა მამაო. დამაკმაყოფილებელ პასუხს რომ ვერავისგან მიიღებდნენ, მაშინ იგივე კითხვებით მიმართავდნენ ბერის მომსახურეს. ისიც უხალისოდ პასუხობდა: „ჯერ არაფერი ისმის“. რამდენიმე ხანი ყველა მშვიდდებოდა, თუმცა მომსახურის ტონის მიხედვით ამ პასუხის არ სჯეროდათ. დამშვიდდებოდნენ თუ არა, შემოვიდოდა მინაშენში რომელიღაც ახალი სახე იგივე კითხვებით: „მართლა ემზადება მამაო შამორდინოში წასასვლელად?“ ისევ დაიწყებოდა ღელვა. შორიდან მოსულები, იმის შიშით, რომ ვერ მოასწრებდნენ ბერთან საუბარს, პირდაპირ მას ეკითხებოდნენ. გამოვიდოდა მამაო საერთო კურთხევაზე და ყველა მოუთმენლად ელოდა ხელსაყრელ წუთს, რომ ეკითხათ ამის თაობაზე. მამაოს პასუხიც კი ვერ ამშვიდებდა მათ: „კი ვფიქრობდი, – იტყოდა ბერი, – მაგრამ თქვენი ლოცვით დილიდან თავს ცუდად ვგრძნობ“; მაშინ კი იწყებოდა დამწუხრება და ზრუნვა, რომ როგორმე ბერი ავად არ გამხდარიყო.

მამა ამბროსის შამორდინოში ბოლო მგზავრობას ზოგიერთი განსაკუთრებულობა ახლდა. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ამჯერად დიდხანს ემზადებოდა გასამგზავრებლად. ხან ერთი საქმე შეაკავებდა, ხან მეორე. ის ადრე სავანეში წასვლისას უფროს მომსახურე მღვდელ-მონაზონ მამა იოსებს გაიყოლებდა ხოლმე, ამჯერად კი დიდხანს არაფერს ეუბნებოდა მას. ბოლოს მაინც ორჭოფულად, გაუბედავად მიმართა მას კითხვით: „რა ვქნა, შამორდინოში წავიდე?“ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს უფროსი მომსახურე (მამა იოსები) მისივე კურთხევით და წინამძღვრის თანხმობით უკვე ხარისხში იყო აყვანილი და მეუფროსე ბერობასაც იწყებდა. ამიტომ, როცა მამა ამბროსი არ იყო ადგილზე, მასთან ყოველდღიურად დადიოდა ხალხი. მან შამორდინოში წასვლაზე საუბრისას ბერს ჰკითხა: „აქ როგორ მოვიქცეთ, მამაო?“ ამის საპასუხოდ ბერმა მაშინვე მისი სკიტში დატოვება, ხოლო თან უმცროსი მომსახურე ბერის, ისაიას წაყვანა გადაწყვიტა.

კიდევ იყო აღსანიშნავი შემთხვევაც. მამა ამბროსის შამორდინოში ბოლო გამგზავრებამდე ერთი წლით ადრე სავანის კეთილისმყოფელმა, ანა იაკოვლევის ასულმა პერლოვამ, სიზმრად ნახა რომელიღაც ღვთისმშობლის ხატი და ბერს უთხრა ამის თაობაზე. მამაომ მას ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატები აჩვენა, მაგრამ სიზმარში ნანახი ხატის მსგავსი არც ერთი არ აღმოჩნდა. მაშინ ბერმა მისცა განკარგულება, როგორც კი მოიძებნებოდა სიზმარში ნანახი ხატის მსგავსი, მაშინვე შეეკვეთა ხატმწერისთვის. დროთა ვითარებაში აღმოჩნდა, რომ ეს ღვთისმშობლის ე.წ. „ცოდვილთა თავმდები“ ხატი იყო და ის დაიწერა კიდეც ოქროს გრუნტზე, დიდ ფორმატში (თითქმის 2 არშინი სიმაღლის). ბერმა ეს ხატი მიღებისთანავე თავის სენაკში კედელზე ჩამოჰკიდა, რომლის გვერდით ლოგინი იდგა, სადაც ბერი ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში იღებდა ხალხს. სკიტიდან გამგზავრება რომ დააპირა, მაშინვე უბრძანა მამა იოსებს, მოეთავსებინა ეს ხატი სასთუმლის თავზე და აენთო მის წინ ჩაუქრობელი კანდელი. მამა იოსებმა ბერის გამგზავრებისთანავე შეასრულა მისი დანაბარები. ამ გარემოებას და წინამდებარე მოვლენებს თუ დავაკავშირებთ, მივალთ იმ აზრამდე, რომ ბერს ჰქონდა წინათგრძნობა, შეიძლება იცოდა კიდეც, რომ სკიტს სამუდამოდ ტოვებდა, ამიტომ ის თითქოს აბარებდა სკიტს და მთლიანად სავანეს დედა ღვთისმშობელს. და როგორც ადრე, ბერის სიცოცხლეში (მისი სკიტში ყოფნის დროს), ასევე ახლაც, მომსვლელები სენაკში შესვლისთანავე იმ ადგილის შეხედვისას, სადაც ის იწვა, ხედავენ ყოვლადწმინდა დედის ხატს, „ცოდვილთა თავმდებად“ წოდებულს.

იმ გარემოების შესავსებად, რაც მამა ამბროსის სკიტიდან წასვლას უსწრებდა წინ, ერთ-ერთი ქალბატონი თავის ჩანაწერებში ამბობს: „1890 წლის ზაფხულში ჩემს ქალიშვილებთან ერთად ჩავედი ოპტინაში, რათა მთელი ზაფხული იქ გამეტარებინა. ჩემი ჩამოსვლიდან ორი კვირის მერე გავიგე, რომ ბერი, ჩვეულებისამებრ, ემზადებოდა შამორდინოში წასასვლელად, როგორც აკეთებდა ხოლმე ამას ყოველწლიურად. დილას მივედი მასთან იმის გასაგებად, თუ როგორ მოვქცეულიყავი – ვყოფილიყავი აქ მის ჩამოსვლამდე, თუ გავყოლოდი შამორდინოში. გამოგიტყდებით, შამორდინო ბერის გარეშე არანაირ განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენდა ჩემთვის, მაგრამ მამაო მიდიოდა და მეც მომინდა. ბერმა მაშინვე მიმიღო და მითხრა, რომ ჩემი წასვლა შეიძლებოდა, მაგრამ არა იმავე დღეს, ვინაიდან ის ჯერ რუდნევოში (შამორდინოს აგარაკი) წავიდოდა. მე კი დამავალა, რომ მისი გამგზავრებისთანავე ბავშვებთან და თანმხლებ ქალბატონთან ერთად ჯერ კოზელსკში წავსულიყავი და იქ ახტირიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატთან სამგზავრო პარაკლისი შემეკვეთა მის სახელზე. ბერებს კი დაავალა, წასულიყვნენ ტაძარში და ყაზანის ღვთისმშობელთან ემსახურათ სამგზავრო პარაკლისი. მაკურთხა, რომ ჩემი ნივთები მამა იოსებისთვის დამეტოვებინა და თან მხოლოდ ყველაზე აუცილებელი წამეღო. მე ვკითხე: „რამდენ ხანს გაჩერდებით იქ, მამაო?“ – მან მიპასუხა: „ვფიქრობ, არა უმეტეს ათი დღისა, იქ კი ვნახოთ“. ამჯერად ბერი თავისთან სენაკში მტოვებდა და ჩემი თანდასწრებით მიიღო კიდეც ნაცნობი მღვდელ-მონაზონი, რომელიც კალუგიდან იყო ჩამოსული. შემდეგში მახსენდებოდა და მივხვდი, მამაო იმ მიზნით არ მიშვებდა, რომ უკანასკნელად მესაუბრებოდა ოპტინაში, ჩემთვის ძალიან ძვირფას მინაშენში, სადაც მე მისგან ბევრი სიყვარული და ნუგეში მიმიღია. მართლაც, ბერის ურთიერთობა და ნუგეში ჩემთვის უკანასკნელი აღმოჩნდა“.

„ბერის სკიტიდან გამოსვლამდე ორი დღით ადრე მომახსენეს მე ამის შესახებ, – წერს შამორდინოში ბერის მწერლად მომუშავე მ. ე. ს., – რადგან წინა დღით უნდა წავსულიყავი შამორდინოში მისი სენაკის მოსამზადებლად. რას შეიძლება შევადარო ის სასიხარულო გრძნობა, როცა მამაოს ელოდები შამორდინოში ან აგარაკზე, სადაც მისი ნახვა ყოველგვარი მოხსენების გარეშე შემეძლო და არა რამდენიმე წუთით, როგორც ოპტინაში, არამედ მსახურების მსგავსად. მე მათი მუდამ მშურდა! მე მოვემსახურები კიდეც ბერს, – რა ბედნიერება იყო ეს ჩემთვის! განსაკუთრებით სასიამოვნო იყო აგარაკზე, სადაც მას პირველი ღამე შეეძლო მარტო ყოფილიყო და დაესვენა. თუმცა ეს ყოველთვის არ ხერხდებოდა. მამაოს დასვენება არსად ჰქონდა. უმეტესად ასე ხდებოდა: დილით გაიგებდნენ, რომ ბერი სამი საათისთვის მიდიოდა და ისინიც ჩქარობდნენ, რომ ჩაესწროთ შამორდინოში ან აგარაკზე, სადაც ელოდებოდნენ კიდეც მის ჩამოსვლას იმ იმედით, რომ სანამ ბევრი მომსვლელი შეიკრიბებოდა, მოასწრებდნენ ბერთან ურთი-ერთობას.

როგორც იქნა დადგა 2 ივლისი და ბერი სკიტიდან პირდაპირ რუდნევოს აგარაკზე გაემგზავრა.

სხვათა შორის, რუდნევოზეც უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. შამორდინოდან შვიდი ვერსით დაშორებულ ამ სოფელში ჯერ კიდევ განსვენებულმა დედა ამბროსია კლუჩარევამ შეიძინა თავისი შვილებისათვის, ბერი ამბროსის კურთხევით, მემამულის მიწა შენობებითურთ. ააწყვეს სამეურნეო საქმიანობა: აბინავებდნენ თივას, ამუშავებდნენ მიწას და მონაგებით სარგებლობდნენ. სხვა მხრივ ეს მამული არაფერს წარმოადგენდა. 1890 წელს ბერთან რუდნევოს მამასახლისი მოვიდა წერილით, სადაც ეწერა, რომ მრავალი წლის წინ მემამულის მიწაზე, რომელიც ამჯერად რუდნევოს აგარაკის სახელით სავანეს ეკუთვნოდა, ვიღაც მოღვაწეებმა ჭა ამოთხარეს, რომელიც მრავალ მგზავრს წყურვილს უკლავდა. ახლა ეს ადგილი მიუხედავი იყო. წერილს ასეთი ხელმოწერა ჰქონდა: „ღვთისმოსაობის მოყვარული“. ბერი ამბროსი რუდნევოში აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი, როცა კლუჩარევამ შეიძინა ეს მამული და ეტყობა მხოლოდ იმისთვის, რომ ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა, თუ რა იყო იქ. როცა წერილიდან მიიღო ინფორმაცია იქ არსებული ჭის შესახებ, მამაო იმავე წელს ჩვეულებრივ გაემგზავრა შამორდინოში და განზრახული ჰქონდა რუდნევოში ჩასვლაც. შემდეგში კი შამორდინოში ყოფნისას ხშირად მოინახულებდა ხოლმე ამ აგარაკს. დაიწყო სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობების შენება, პირადად მიუთითებდა მუშებს სად და რისი აშენება იყო საჭირო, თანაც სასწრაფოდ. ამასთან ერთად ბერმა ძველი ჭის ძებნაც დაიწყო. მან უბრძანა, ერთ ადგილას გაეთხარათ მიწა, მაგრამ მიზეზს არ ახმოვანებდა. მალე წყალი გამოჩნდა, მაგრამ საოცარი იყო, რომ ყველა შემდეგს ამბობდა: თითქოს წყალი ავადმყოფებზე, განსაკუთრებით შეპყრობილებზე, უარყოფითად მოქმედებდა. 1891 წლის ზაფხულში რუდნევოში ყოფნისას ბერმა ჭის ახლომახლო ადგილების დათვალიერება დაიწყო. ოდნავ ქვევით ილოცა და ვინც ახლდა, იმათაც უთხრა, რომ ელოცათ, რის შემდეგაც ბერთან ერთად დაიწყეს ადგილის დათვალიერება. უცბად იქვე მყოფმა სავანის წინამძღვარმა იგრძნო, რომ ფეხქვეშ მიწა იწევდა და შიშით წამოიყვირა, რომ იხრჩობოდა. დაიწყეს ამ ადგილზე თხრა და მონახეს ძველი ჭა, ზუსტად ის, რომელიც ბერმა წერილში წაიკითხა. სწორედ ამ ჭასთან აგზავნიდა შემდეგში ბერი ზოგიერთ ავადმყოფს, არიგებდა ამ ჭის წყალს და თიხას და ხალხიც იკურნებოდა.

„ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, – ჰყვებოდა ზემოხსენებული ქალბატონი, – ისეთი ავადმყოფობა მაწუხებდა, რომელზეც ვერ ვილაპარაკებ. მამაო რუდნევოს ჭის წყალს მაძლევდა. აღდგომას ვითხოვე მამაოს კურთხევა, რომ წავსულიყავი რუდნევოში და იქაური ჭის წყლით გავბანილიყავი. ბერმა ყოველგვარი ფიქრის გარეშე მაკურთხა. ჭის ირგვლივ მხოლოდ დაწნული ღობე იყო. ჯერ კიდევ იდო თოვლი, ზოგან გაყინული ბალახიც ჩანდა. გახდილს ისე შემცივდა, რომ ან უნდა გავყინულიყავი, ან სიცხით დავწოლილიყავი. ისე გადავისხი წყალი, როგორც ზაფხულში. ადვილად შეიძლება იმის განსჯა, თუ როგორი იქნებოდა წყალი მაშინ, როცა ჯერ კიდევ თოვლი იდო. თავი ჯანმრთელად ვიგრძენი. მგზავრობისას ორივე მხარეს ფეხით ვიარე და მერე ბერთან მივედი. ამ არაჩვეულებრივმა გასეირნებამ ჩემზე სასიკეთოდ იმოქმედა“. შემდეგში მკურნალი ჭის ახლოს პატარა ფარდული აშენდა იმისათვის, რომ წყლით დაბანვა უფრო ხელსაყრელი ყოფილიყო.

ახლა დავბრუნდეთ უკან და შეწყვეტილი თხრობა განვაახლოთ. ბერმა, ისევე როგორც წინა წლებში, რუდნევოში ცოტა ხანს დაჰყო და შამორდინოში ჩამოვიდა. ასევე აღტაცებით შეხვდნენ ძვირფას ბერს დედები და ასეთივე ბედნიერნი იყვნენ მთელი მისი აქ ყოფნის პერიოდში. მისი სტუმრობა ამჟამად ჩვეულებრივზე უფრო გაგ-რძელდა. ბერის მიერ დანიშნული ათი დღის მაგივრად ის შამორდინოში უკვე ოთხი კვირა ცხოვრობდა.

„მე სულ ველოდი, – აგრძელებს თხრობას ქალბატონი, – ბერის ოპტინაში წასვლას. სასტუმროში ბავშვებითურთ ვიწროდ და უჰაეროდ ვცხოვრობდი. ყველაზე აუცილებელ ნივთებს, კაბებს და თეთრეულსაც მოკლებული ვიყავით. ამასობაში დრო მიდიოდა და მამაოც ემზადებოდა წასასვლელად, მაგრამ ხან ერთი საქმე აბრკოლებდა, ხან კი – მეორე. მამაო, როგორც ჩანს, ჩქარობდა. დაუ-ღალავად დადიოდა ყველა მშენებლობაზე და ხალხის მიღებასაც ახერხებდა. შამორდინოს უხვად მოაწყდნენ ბერები, მონაზვნები და საერონი. სასტუმროებში ადგილები არ იყო. ღამღამობით სასტუმროს წინა მოედანი ხალხით იყო სავსე. საბედნიეროდ, ცხელი ზაფხული იდგა“.

„ბოლოს და ბოლოს ივლისის ბოლო რიცხვებში, – წერს მ. ე. ს., – მამაო მოემზადა წასასვლელად და განკარგულება გასცა, რომ დანიშნულ დღეს გასამგზავრებლად ყველაფერი მოემზადებინათ. მე წინა დღით გამიშვა და ისეთი საქმე დამავალა, რომელიც მის ჩამოსვლამდე მზად უნდა ყოფილიყო. ბერი შუა დღის დასვენების მერე, ჩვეულებრივ, არა უადრეს 4 საათისა გაემგზავრებოდა ხოლმე, ამიტომ ექვსი საათისთვის ხალხი უკვე გროვდებოდა სკიტთან. ზოგი ბორანთან მოდიოდა, ზოგიც წყალგაღმა ელოდებოდა. მაგრამ 8 საათისთვის შამორდინოდან ერთმა მონაზონმა მოიტანა ცნობა, რომ დღეს მამაო არ მოვიდოდა, რომ წამოსასვლელად ყველაფერი მზად იყო, მაგრამ დასვენების მერე სუსტად შეიქნა და წამოსვლა კი არა, ხალხიც კი ვერ მიიღო, ამიტომ ხვალამდე იქვე დარჩებოდა. ამ ცნობამ ყველას უხასიათობა მოჰგვარა, მაგრამ ერთმანეთს ანუგეშებდნენ იმით, რომ ბერი ხვალ აუცილებლად ჩამოვიდოდა და ასეთი მოლოდინით დაშორდნენ ერთმანეთს. მეორე დღეს დილიდან დაიწყეს სკიტში მოსვლა იმის გასაგებად, ისმოდა თუ არა რაიმე შამორდინოდან. საღამოს ისევ მოვიდნენ შამორდინოს დედები იმის სათქმელად, რომ მამაო დილიდან ხალხს ხვდებოდა და როგორც კი წამოსვლა გადაწყვიტა, გუშინდელივით ისევ ცუდად გახდა, ამიტომ როდის ჩამოვიდოდა – უცნობი იყო. მეორე დღეს მამაოს წერილი გადმომცეს, სადაც შამორდინოში დაბრუნებას მთხოვდა. იქ ჩასულს კი ძალიან სუსტი და სერიოზული დამხვდა. მე მოვუყევი, რომ ოპტინაში მოუთმენლად ელოდნენ და ნერვიულობდნენ. ამაზე მამაომ მიპასუხა: „ღვთის ნებას დაველოდები“.

არაერთხელ გაემზადა მამაო წასასვლელად და, როგორ ხდებოდა ეს ყოველივე შამორდინოს ქალთა სავანეში, ამაზე მოგვითხრობს ქალბატონი N.

„დანიშნულ დღეს ორჯერ ჩააწყვეს ეტლში მამაოს ნივთები და მის გასაცილებლად ემზადებოდნენ, მაგრამ მისი გამგზავრება ორჯერვე გადაიდო. ბერი ისე სუსტდებოდა, რომ თავის სენაკში მარტო ჩაიკეტებოდა ხოლმე. ერთხელ, მე ეს ძალიან კარგად მახსოვს, მამაო სადილის ჟამს დერეფანში გამოვიდა. ამჯერად ხალხი თითქმის არ იყო. შეწუხებული სახე ჰქონდა. მე რომ მნახა, მითხრა: „წადი ეკლესიაში, ილოცე ჩემზე – ძალიან ცუდად ვარ“. მე შემეშინდა და ტაძარში სალოცავად გავიქეცი. რამდენიმე ხნის მერე, საერთო კურთხევაზე შემომხედა და თქვა: „მე ან დამამწყვდიეს, ან ამომქოლეს. თავიდან ძალიან მიჭირდა, ახლა არა მიშავს – გამიარა“. მე შევხედე მამაოს, მაგრამ მის სიტყვებს ვერ მივხვდი. მიძინების მარხვა დადგა, რომლის დროსაც ბერი აღსარებაზე უარს არავის ეუბნებოდა. აქ იყვნენ: არქიმანდრიტი და ოპტინელი ბერები, აქაური მონაზვნები, ჩამოსულები და მრავალი ერისკაცი. საიდან ჰქონდა ბერს ამდენი ძალა? ეს მხოლოდ უფალმა უწყის, რომელიც აძლევდა მას ძალას. 29 აგვისტოსთვის, სკიტის დღესასწაულისთვის ბერმა ისევ დაიწყო სკიტში წასასვლელად მზადება. ჩვენ ყველანი ეკლესიაში, ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის წინ სამგზავრო პარაკლისის გადასახდელად გაგვიშვეს, მამაოსთვის კი ცხენების შეკაზმვა დაიწყეს. დაგვავალეს, რომ არავის გაგვეცილებინა მამაო მისი უძლურების გამო, რათა ის უფრო მშვიდად ყოფილიყო. ბერის გამგზავრება რომ მენახა, ტაძარში ფანჯარასთან ვიდექი. გაკვირვებული დავრჩი! მსახურება დამთავრდა, მაგრამ მამაოსთვის ეტლი არ მოჰყავდათ. ჩუმად გამოვედით ეკლესიიდან და გაურკვევლად შევიკრიბეთ იმ კორპუსის ირგვლივ, სადაც მამაო იმყოფებოდა. კორპუსიდან გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ მამაოს ისე გაუჭირდა, რომ წასვლა არ შეეძლო. ხმებიც კი დადიოდა, მხოლოდ არ ვიცი რამდენად მართალია, რომ მამაო იატაკზე დავარდნილი ნახეს. ამის შემდეგ შამორდინოდან მისი წასვლის შესახებ ხსენებაც არ ყოფილა“.

ამასთან ერთად აღნიშნავდნენ, რომ ამავდროულად არაერთხელ იყო ბერი რუდნევოში და არასოდეს მსგავსი რამ არ მოსვლია.

„ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის შემდეგ, – წერს მ. ე. ს., – ბერი ძალიან იშვიათად გამოდიოდა ჰაერზე, რადგანაც ამ დროს ამინდი იცვლებოდა და 15 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის დროს მას არ შეეძლო გარეთ გამოსვლა. მე ვერც წარმომედგინა, რა და როგორ იქნებოდა. ბოლოს გადავწყვიტე მამაოსგან შემეტყო: ეტყობოდა, ის მთელი ზამთარი შამორდინოში დარჩენას ფიქრობდა, რადგან მისი წასვლა ახლა არაფრით არ შეიძლებოდა. თუკი დარჩებოდა, მაშინ იმაზე უნდა გვეფიქრა, რომ უფრო მოხერხებულად მოგვეწყო მისი და მომსახურის სენაკები და მისაღები ოთახი. მამაომ ცოტა ხნის სიჩუმის მერე თქვა: „ამის შესახებ ვადაზე ადრე არავის არაფერი უთხრა, თორემ ოპტინაში ისედაც ნერვიულობენ“.

წინამძღვრის კორპუსზე დასავლეთის მხრიდან მიშენება დაიწყო. ამასობაში ოპტინის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ისააკი და მთელი საძმო ბერის სკიტში დაბრუნებას ყოველდღე ელოდებოდა. ოპტინის სავანეში ზოგიერთ მოსულს მან გადაათქმევინა შამორდინოში ბერთან წასვლა იმ იმედით და რწმენით, რომ სადაც იყო მამა ამბროსი იქიდან დაბრუნდებოდა. ისინი კი ერთი-ორი დღე ოპტინაში გაჩერდებოდნენ და შემდეგ მიემგზავრებოდნენ შამორდინოში. პირადი შეხვედრისას არაერთხელ სთხოვა წინამძღვარმა მამა ამბროსის, დაბრუნებულიყო სავანეში. მაგრამ ბერმა დაასკვნა, რომ შამორდინოში მისი დარჩენა ღვთის ნება იყო, ამიტომაც არწმუნებდა არქიმანდრიტს „დამდაბლებულიყო ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ“ (1 პეტრ. V, 6). მამა ისააკმა კი ნახა, რომ ბერისთვის შამორდინოში საზამთრო ფართს ამზადებდნენ და ღრმად განიცდიდა ამას.

„ჩემი შინ დაბრუნების დრო დგებოდა, – აგრძელებს თხრობას საკუთარ თავზე და ავსებს ინფორმაციას შამორდინოს გარემოებებზე ქალბატონი N, – მაგრამ ვერ ვუბედავდი ბერს კითხვას, თუ სად აპირებდა გამოზამთრებას. ცხელი ზაფხულის მერე ყინვებიც ადრე დაიწყო. ჩემი ყველა ნივთი სკიტში რჩებოდა. 7 ოქტომბრის წინა საღამოს ბავშვების თანხლებით მივედი ბერთან და გადავწყვიტე მეკითხა, წავიდოდა თუ არა ის ოპტინაში, და რა მეღონა ნივთებზე. მამაომ მიპასუხა: „დიახ, თქვენ წადით ოპტინაში დღესასწაულზე და აიღეთ თქვენი ნივთები“. მე ძალიან შემეშინდა და ვუთხარი: „არც მამა იოსების, არც სკიტის და არც მონასტრის ნახვა უთქვენოდ არ მინდა. მე მათი წუხილი მიმძიმს“. მამაომ თქვა: „ასე რატომ იქცევი? უნდა შეიცვალო შენი ხასიათი, რომ შენთვის სულერთი იყოს, ოპტინა – შამორდინოთი, შამორდინო – ოპტინით“. მაგრამ მე ვუპასუხე: „მამაო! მე მამა იოსების განსაცდელს ვერ გადავიტან, თქვენ დღემდე გელოდნენ იქ ბერები“. – „მაშინ ბავშვები გააგზავნე“, – დაასკვნა ბერმა. და მართლაც, რასაც ველოდი, ის მოხდა.
პირველად შეხვდა სკიტი დღესასწაულს მამა ამბროსის გარეშე. ბავშვებიც, განსაკუთრებით უფროსი, ღრმად მწუხარე შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. განსაკუთრებით მძიმე იყო მამა იოსების ნახვა, რომელმაც სთხოვა კიდევაც ჩემს გოგოს, არაფერი ეთქვა ბერისთვის იმ განცდაზე, რომელიც ჩემმა ქალიშვილმა მასში შენიშნა. მადლობა და დიდება ღმერთს, რომ მაშინ უარი ვთქვი და არ წავედი ოპტინაში დღესასწაულზე“.
ახლა უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ბერი შამორდინოს სავანეში გამოიზამთრებდა. „რამდენი აზრთა სხვადასხვაობა და განსჯა იყო ამის შესახებ! – ამბობს მ. ე. ს., – მამაოს ოპტინიდან წასვლას ყველა თავისებურად ხსნიდა. ეს ჩვეულებრივი საქმე იყო – ამის გარეშე არც იქნებოდა. ყველაზე მძიმე მოსასმენი ის იყო, როცა პიროვნებებზე მიუთითებდნენ, რომ მამაო თითქოს ამის და ამის გამო წავიდა. მე ძალიან მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა იმაზე ფიქრი, რომ ასეთი დიდი ბერი, რომელმაც სავანეში 50 წელი იცხოვრა, სადაც ამდენი შრომა, ჯაფა, განსაცდელი და ავადმყოფობა გადაიტანა, განა ის ვიღაც არაკეთილისმსურველი ადამიანების გამო დატოვებდა ამ სავანეს? რადგანაც ბერი ყოველთვის და ყველაფერში ღვთის ნებას იყო მინდობილი, მაშინ ცხადია, რომ მისი ოპტინიდან შამორდინოში გადასვლა არ შეიძლება ადამიანური ნებით აღსრულებულიყო“.

ოპტინაში საქმე იქამდე მივიდა, რომ აღშფოთებული და აღელვებული ბერების დასამშვიდებლად ბერმა საჭიროდ ჩათვალა 1890 წლის 4 ოქტომბერს საკუთარი ხელით დაეწერა წერილი, რომელიც მისივე კურთხევით სამონასტრო ტრაპეზზე ხმამაღლა უნდა წაეკითხათ. ამ წერილში, სხვათა შორის, ის წერდა: „მე აქამდე შამორდინოში ღვთის განსაკუთრებული განგებულებით შევრჩი, თუ რატომ – ეს შემდგომში უნდა აღინიშნოს“.

მაგრამ ოპტინაში საყოველთაო განსაცდელი იგრძნობოდა ბერის შამორდინოში განუსაზღვრელი დროით დარჩენის გამო. შამორდინოს დედები კი პირიქით აღტაცებულნი იყვნენ, როცა დარწმუნდნენ, რომ „ძვირფასი მამა“ მთელი ზამთარი მათთან რჩებოდა. არც ერთ მათგანს ამის შესახებ ადრე არც კი უფიქრია. ახლაც დიდხანს აუხდენელი ოცნება ეგონათ. „ჩვენ ძალიან ბედნიერნი ვიყავით, – წერს მ. ე. ს., – რომ ძვირფასი მამაო ჩვენთან იყო. განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც უფრო ხშირად უწევდა მასთან ახლოს ყოფნა. მე არც კი დამსიზმრებია, რომ ოდესღაც მამაოს სენაკში შემეძლო მემსახურა მისთვის. მახსოვს, ბერი ისვენებდა და მე ერთ ქალთან იმაზე ვსაუბრობდი, თუ რა ბედნიერება იყო, რომ ღმერთმა ღირსი გაგვხადა, ასეთ ბერს მოვმსახურებოდით. მე მას ჩემი წუხილი გავუზიარე, რომ არ მქონდა საშუალება მუდმივად მემსახურა მამაოსთვის. უცბად გაიღო კარი, გამოვიდა ბერი, გაიღიმა და მითხრა: „დააგვიანე, დააგვიანე!“

ასე მოხდა ბერი ამბროსის შამორდინოს ქალთა სავანეში გადასვლა.

X თავი
ბერი ამბროსის სენაკური ცხოვრება
შამორდინოს ქალთა სავანეში
და მისი ზრუნვა სავანეზე

შამორდინოს ქალთა სავანეში განუსაზღვრელი დროით დარჩენილი მამა ამბროსი, საქმეების სიმრავლის მიუხედავად, თავს არ ანებებდა პირად კანონებს. ისევე როგორც სკიტში, მამაო ყოველდღიურად ისმენდა დაწესებულ ლოცვებს. ასევე, დღესასწაულებზე ღამისთევის ლოცვებიც ტარდებოდა, რომელსაც თავიდან თვითონ ატარებდა, ე. ი. ასამაღლებლებს ამბობდა და თავის დროზე კითხულობდა სახარებას, ხოლო დედები გალობდნენ და კითხულობდნენ რაც საჭირო იყო. სასწაული იყო ეს წუთები, – აღნიშნავენ შამორდინოს თვითმხილველები, – როცა შუა ოთახში გამოდიოდა მოხრილი ბერი მოკლე მანტიითა და ოლარით შემოსილი, უთავსაბურო ჭაღარა თავით და რაღაც ბავშვურ-ბერული სუსტი ხმით შთამაგონებლად კითხულობდა ქრისტეს სახარებისეულ (კეთილმაუწყებელ) სიტყვებს, რომელთა მოშურნეობით აღმსრულებელი და მქადაგებელიც თვითონ გახლდათ. ბერის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას ხარბად იჭერდნენ ერთგული დედები. სენაკში, სადაც ლოცვა ტარდებოდა, ზოგიერთები ადგილის სიმცირის გამო ვერ აღწევდნენ, ამიტომაც სხვენში ძვრებოდნენ, რომ იქიდან მოესმინათ „ძვირფასი მამაოს“ ხმა. ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. ავადმყოფ ბერს არ შეეძლო თვითონ ემსახურა. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, სკიტიდან ჩამოდიოდა მისი ყოფილი მწერალი, მღვდელ-მონაზონი ბენედიქტე.

განსაკუთრებული მოწიწება გააჩნდა მამა ამბროსის ღვთისმშობლის მიმართ, როგორც ყოვლადძლიერ თავმდებზე და შემწეზე ქრისტიანებისა თავისი ძის, მეუფისა და ღვთის წინაშე. ამიტომ არც ერთ საღვთისმშობლო დღესასწაულს არ აცდენდა იმის გარეშე, რომ მისი ხატის წინ სენაკში მსახურება არ აღევლინა. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება წმინდა ეკლესიაში მიღებული უფრო საჩინო დღესასწაულები. 1890 წელს ბოლხოვის დედათა მონასტრის იღუმენია ილარიამ ბერს გამოუგზავნა ღვთისმშობლის განსაკუთრებული ხატი, სადაც ზეციური დედოფალი გამოსახულია ღრუბლებზე მჯომი. მისი ხელები საკურთხებლადაა განხმული; ქვემოთ კი, ბალახებსა და ყვავილებს შორის, დგანან და წვანან პურის ძნები. ღვთისმშობლის გამოსახულება ბოლხოვის დედათა მონასტერში დაბრძანებული „ყოველთა წმიდათა“ ხატიდანაა გადმოწერილი, ბერი ამბროსის სურვილით შესრულებულ ამ ხატს მანვე მისცა დასახელება („ნაყოფის მომნიჭებელი“). მხურვალე ლოცვებს აღავლენდა ბერი ამ ხატის წინ; ასწავლიდა და ავალებდა ამ ხატის წინ ლოცვას თავის სულიერ შვილებს; სიცოცხლის ბოლო წელს კი აკეთებდა ამ ხატის სურათებს, არიგებდა და აგზავნიდა მათ. თავისი უკანასკნელი ავადმყოფობის წინ კი ამ ხატის სადიდებლად მან შეადგინა განსაკუთრებული მისამღერი (საგალობელი) ღვთისმშობლის ჩვეულებრივ დაუჯდომელზე. მისივე კურთხევით, ამ მისამღერს დედები, გალობდნენ, როცა მის სენაკში ღვთისმშობლის დაუჯდომელი იკითხებოდა. ამ ხატის დღესასწაულობა ბერმა თავის სულიერ შვილებს 15 ოქტომბრისთვის უანდერძა. და აი, ბერის წმინდა ლოცვებით, პირველ სასწაულად და ღვთისმშობლის დიდ შეწევნად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მამაოს ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო წელი რუსეთში შიმშილით აღინიშნა, მაგრამ კალუგის ეპარქიასა და კერძოდ შამორდინოს სავანეში პური ბლომად მოვიდა. თუმცა მარცვალი ამ დროს ძვირად ფასობდა, მაგრამ მამაომ თავის სიცოცხლეში იმდენი მოაგროვა, რომ ამ წელს და მეორე წელსაც სავანეში, მიუხედავად მცხოვრებთა სიმრავლისა, პურის უკმარისობა არ იყო. მას „ნაყოფის მომნიჭებელი“ ხატი დაეხმარა. შემდეგ ზაფხულს, უკვე ბერი ამბროსის გარდაცვალების შემდეგ, ოპტინის მონასტრის მორჩილმა, იოანე თეოდორეს ძემ დაწერა ეს ხატი და გააგზავნა ვორონეჟის ეპარქიის პიატნიცკის ქალთა სავანეში. იქ გვალვის გამო შიმშილი იყო მოსალოდნელი; ამ ხატის წინ პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც უხვად იწვიმა და სავანე თავისი შემოგარენითურთ შიმშილს გადაურჩა. იმავე მიზეზით მამა ამბროსის თაყვანისმცემელთა შორის ბევრმა მოინდომა, ჰქონოდა ეს ხატი.

შეუჩერებელი ლოცვით ცდილობდა და ყოველნაირად ზრუნავდა ბერი, რათა შინაგანი წესრიგი დაემყარებინა თავის ნორჩ სავანეში: საეკლესიო მსახურებების კეთილხარისხიანად აღსრულება, გონებრივი და ყურადღებიანი კითხვა და გალობა, დედების სათანადო დამოკიდებულება წინამძღვართან, რომელიც, როგორც სულიერი პიროვნება, ეხმარებოდა მამაოს სულიერ მესაჭეობაში მის ხელქვეით მყოფ მოშურნე დედებისა, განსაკუთრებით ახალმოსულთა, რომელთაც ხსნა სწყუროდათ.

ბერი ყველა სამეურნეო საქმეში ერეოდა. მისი კურთხევისა და რჩევის გარეშე სავანეში არაფერი კეთდებოდა. ყოველნაირი მშენებლობა მისი გეგმითა და მითითებით მიმდინარეობდა. მან სკიტიდან გამოიძახა ამ საქმის მცოდნე ზოგიერთი ბერი და მათი მეშვეობით ახორციელებდა ამ სამუშაოებს. ამასთან ერთად ის ხშირად გამოაჩენდა წინასწარხედვის საოცარ ნიჭს. მაგალითად, მივიდოდა მასთან მშენებლობის მმართველი ბერი: „აბა, მამა იოილ, – ეტყოდა ბერი, – ქვიშა მოგიტანეს, ორი არშინი სიღრმის იქნება თუ არა?“ – „არ ვიცი, მამაო, – უპასუხებდა ბერი, – გაზომვა ვერ მოვასწარი“. კიდევ ორჯერ იკითხავდა მამა ამბროსი ქვიშის თაობაზე ჯერ ისევ არ გაუზომავთ. მაგრამ როგორც კი გაზომავდნენ, აუცილებლად ისე აღმოჩნდებოდა, როგორც ის იტყოდა. ან კიდევ რომელიღაც შენობის გეგმას წარმოიდგენდა გონებაში და იტყოდა: „46 არშინი იქნება“. ამ გეგმას შემდეგ გადააკეთებდნენ, ან გააგრძელებდნენ ან კიდევ შეამოკლებდნენ და, როგორც კი დახვეწილ გეგმას მოამზადებდნენ, უეჭველად 46 არშინი აღმოჩნდებოდა.
გარდა ამისა, ბერი დილიდან საღამომდე იღებდა ხალხს და პასუხობდა წერილებს, სადაც ბევრ სულიერ რჩევას იძლეოდა. განსაკუთრებით ცოცხალ მონაწილეობას იღებდა თავისი სულიერი შვილების ცხოვრებაში. იმავდროულად ის არ ავიწროებდა მათ თავისუფლებას და ელოდა მათსავე კეთილ ნებას ღვთის მსახურებად. მაგალითისათვის და შამორდინოს გარემოებების აღსაწერად, შემოგთავაზებთ ზემოხსენებული ქალბატონის მონათხრობს.

„1890 წლის სექტემბრის დამლევს მივედი მამაოსთან ჩემ შესახებ მისი საბოლოო გადაწყვეტილების გასაგებად. თვითონ ბერი არ ზღუდავდა ჩვენს თავისუფლებას და დადებითს არაფერს მეუბნებოდა მონასტრის შესახებ, რადგან ჩემს შეხედულებას მიანდო ეს. მე კიდევ ძალიან მიმძიმდა ჩემი ხვედრის გადაწყვეტა. შვილებმაც საშინლად შემაძრწუნეს. უფროსში მერყეობა შეიმჩნეოდა, ხოლო უმცროსი, ჩემი ნათლული, როგორც ჩანს არაფერზე ფიქრობდა, გარდა დღევანდელი დღისა. მაგრამ ეს იყო სწორედ ჩემი საფიქრალი. იმავე წლის გაზაფხულზე მან სწავლა დაამთავრა. ახლა უნდა მომეფიქრებინა, როგორ მომეწყო ის და რითი დამესაქმებინა. მამაომ მალე მიმიღო და შეკითხვაზე, თუ რა გამეკეთებინა ჩემი ნათლულისთვის – ხომ არ გამეთხოვებინა ის. მან თითქოს არაფერი იცოდა, ისე მკითხა: „თქვენ ორივენი როგორ ფიქრობთ, რომ მოეწყოთ?“ მე ვუპასუხე: „მამაო, მე თქვენს ნებას არ გადავალ“. – „არა, – თქვა მამაომ, – ეს შენ თვითონ უნდა თქვა“. მე ისევ ჩემს ნათლულზე ვკითხე, რა მეღონა მასზე, რადგან მასზე დაქორწინება სურდათ. მამაო კი ისევ მეკითხებოდა: „თქვენ თვითონ როგორ მოეწყობით?“ ისე წამოვედი მამაოსგან, რომ ვერანაირი აზრი ვერ გამოვიტანე მისი ნათქვამიდან.

ამ საუბრის მერე მოულოდნელად მამაომ ვორონეჟში და ზადონსკში ღვთის მაამებლების – მიტროფანესა და ტიხონის საფლავების მოსალოცად გამიშვა, შვილები კი შამორდინოში დაიტოვა. ამ მოგზაურობას არ ველოდი და არც მინდოდა მამაოსგან ასე შორს წავსულვიყავი. ვორონეჟში წასვლის წინა ღამეს თავის სენაკში დამიბარა. ეს ღამისთევის დროს მოხდა, რომელიც ბერთან სენაკში აღესრულებოდა. როცა მე მასთან შევედი, იგალობეს: „ადიდებს სული ჩემი უფალსა… უპატიოსნესსა ქერუბიმთასა“. მამაომ ხელით გამაჩერა, რომ მასთან ახლოს არ მივსულვიყავი, ხოლო თვითონ ლოცვა დაიწყო. მეც გავჩერდი შუა სენაკში და მეტანიების გაუკეთებლად ვუყურებდი მამაოს. „უპატიოსნესსას“ გალობისას ის თითქმის იატაკამდე თავდახრილი იდგა. გალობა რომ დამთავრდა, მამაომ მაშინვე მითხრა: „რატომ არ აკეთებდი მეტანიებს?“ – მე ვუპასუხე: „მე მუდამ ექვს მეტანიას ვაკეთებ, როცა „უპატიოსნესსა ქერუბიმთასას“ გალობენ, ახლა კი მეშინია – არავინ აკეთებს მეტანიებს“. მამაომ მკაცრად მითხრა: „შენ და შენმა ქალიშვილებმა ყოველთვის გააკეთეთ მეტანიები! რა თქვენი საქმეა, რომ არავინ აკეთებს? თქვენ იცით, რომ „უპატიოსნესსა ქერუბიმთასას“ გალობისას ერთმა ნახა, რომ თვითონ ზეციური დედოფალი გამოცხადდა და თავის ხატთან მივიდა. ყოველთვის გააკეთეთ მეტანიები“. მე უხერხულად ვიგრძენი თავი. ვიფიქრე, ხომ არ ნახა ეს მან, როცა თავდახრილი მოწიწებით იდგა. წასვლისას ვითხოვე მისი კურთხევა, რომ მენახა ვორონეჟის ეპისკოპოსი, მეუფე ანასტასი, რომელსაც ძალიან ვაფასებდი. მამაომ კი ამის მაგივრად მითხრა: „იქ ბრმა მეუფეს ნახავ, შეიარე მასთან“. და რა? ვორონეჟში ჩასული ვერ შევხვდი მეუფე ანასტასის: ის მთელი თვით იყო წასული ეპარქიის შემოსავლელად. ტაძარში მისული კი ბერს, ბრმა მეუფე იოსებს შევხვდი. ხალხმრავლობის გამო მისი კურთხევის აღება ვერ შევძელი და მასთან სახლში მისვლის უფლება ვითხოვე. იქ მისი მორჩილი შემხვდა და მკითხა, მარტო მსურდა მასთან შეხვედრა თუ ხალხთან ერთად. მე არასოდეს მსურდა ვინმესთვის რაიმე მეკითხა, გარდა ჩემი ბერისა (მამა ამბროსისა), ამიტომაც შევედი მასთან ყველასთან ერთად მხოლოდ კურთხევის ასაღებად. მეუფე შემხვდა შეკითხვით: „შენ ვინ ხარ და საიდან?“ მე ვუპასუხე და იქვე დავამატე: „ახლა მე ჩამოვედი ბერი ამბროსის ქალთა სავანიდან“; – „როგორაა ბერი?“ – მკითხა მეუფემ. „ძალიან სუსტად,“ – ვუპასუხე მე. – „რამდენ ადამიანს უშვებენ მასთან ერთბაშად?“ – მკითხა ისევ მეუფემ; მე მიახლოებით ვუპასუხე; „აი, – თქვა მეუფემ, – ამიტომაცაა ასე სუსტად, რომ ამდენ ხალხს უშვებენ მასთან. მხოლოდ ხუთ-ხუთი უნდა შეუშვან, მეტი არა. შენ იქ რას აკეთებ?“ – უკვე მე მკითხა მეუფემ. მე ვუპასუხე: „სტუმრად ვარ. მე მივეჩვიე მამაოს, დღესასწაულებზე და ზაფხულობით ვსტუმრობ მასთან. დავდივარ ეკლესიაში და მამაოსთან კურთხევაზე“; – „ვსტუმრობ“, – იმეორებდა ჩემს სიტყვებს მეუფე. „რაღაც ძნელია: ადამიანები მონასტრიდან ერში მიდიან სტუმრად, ჩვენ კი ერიდან მონასტერში. ხედავთ, – მიმართა მან ერთ ქალბატონს, რომელიც მის გვერდით იჯდა, – ჩვენ მივეჩვიეთ^ბერს; აბა, მითხარი, – მკითხა მან ისევ მე, – რას გინდა მასთან?“ მე დავდუმდი, არაფერი ვთქვი. მეუფე კი აგრძელებდა: „ჩვენც არ ვიცით, რა გვინდა ბერთან. შენ ქვრივი ხარ – რატომ არ მიდიხარ მონასტერში?“ მე ვუპასუხე: „მე თავისუფალი არ ვარ – ორი ქალიშვილი მყავს, ერთი ჩემი, მეორე ნათლული, არ ვიცი, როგორ იქნებიან ისინი“; – „შენ წახვალ, – მითხრა მეუფემ, – შვილებიც გამოგყვებიან, სხვანაირად არაფერი იქნება.“. მან პატარა წიგნების შეკვრაზე მიმითითა, რომელიც მის გვერდით იდო და თქვა: „აიღე, აირჩიე შენი ქალიშვილისთვის წიგნი“. მე პირველივე, რაც მომხვდა ის ამოვიღე. „წაიკითხე“, – მითხრა მეუფემ. მეც წავიკითხე: „სიმთვრალის წინააღმდეგ“. – „აი, – აგრძელებდა ის, – შენ ისიც არ იცი ქალიშვილისთვის რა აირჩიო“. მან გაიშვირა ხელი და ამოიღო, რაც გოგონასთვის იყო საჭირო. წიგნს ასე ეწოდებოდა: „იკითხე სახარება და მშვიდად იქნები“. შემდეგ მეუფე ადგა, დამადო ხელი თავზე, რაღაც ლოცვა წამიკითხა და ბოლოს მითხრა: „დაუჩოქე ჩემგან ბერს“. წასვლისას ვთხოვე, ჩემს შვილებზე ელოცა და მათი სახელები ვუთხარი; მან მიმართა იქ მდგომთ და იკითხა: „მესამეს რა ჰქვია?“ მე ვერ გავიგე კითხვა და ვუპასუხე: „მესამე არ მყავს“. ამ დროს ვიღაცამ ხალხიდან თქვა: „მე – ეკატერინე მქვია“. მეუფემ შენიშნა: „ეკატერინე ბევრია, ამას კი იშვიათი სახელი აქვს“, ჩემზე მიუთითა. მან იცოდა ჩემი სახელი, რომელიც მე მისთვის არ მქონდა ნათქვამი. ჩამოსვლისთანავე მამაოს ყველაფერი ვუთხარი. ის ძალიან კმაყოფილი იყო და ხელების სრესით გულიანად იცინოდა, რომ მეუფე მას დაეხმარა. ასეთი სულიერი ერთობა ჰქონდათ ამ ორ წმინდა ბერს. ჩემი შვილები ოქტომბერში მამაომ სახლში გაუშვა და უთხრა: „დროა წახვიდეთ“. მე კი რამდენიმე დღით უნდა გადამედო წასვლა, რადგან საზიარებლად ვემზადებოდი. აღსარებაზე ამჯერად მამაომ მითხრა: „ახლა მე შენ გეუბნები: გადაწყვიტე მონასტერზე რამე, მე ჩემს სიცოცხლეში შენ და შენს გოგოებს მოგაწყობთ“. ჩემს სიტყვებზე ნათლულის შესახებ მითხრა: „ჯერ იყოს თქვენთან, მერე კი ვნახოთ“. მე ვუთხარი, რომ ოპტინა უფრო მიყვარდა: როგორი ტაძრებია, მსახურება, ზარი!“ მამაო უცბად ადგა, მისი თვალები არაჩვეულებრივი ცეცხლით აენთო და მხიარულად, წინასწარმეტყველური ტონით თქვა: „აქ ოპტინაზე უკეთესი იქნება ყველაფერი, აქ იქნება ის, რასაც შენ არც კი ელოდები“. მე დავმშვიდდი და გავმხიარულდი, მაგრამ მაინც ვუთხარი: „მე მეშინია მონასტრისა…“ მამაომ მიპასუხა: „ყველაფერი შენზე იქნება დამოკიდებული; შენ იცი, რას ნიშნავს სიტყვა „მონაზონი“ – ის მარტო უნდა იყოს“. მე ვუთხარი: „ჩემი ბოლო საერო საქმე დამთავრდება ნოემბერში, მერე თავისუფალი ვიქნები, მხოლოდ ბინა დარჩება, რომელიც ჩვენ 1891 წლის ივლისამდე ერთი წლით ვიქირავეთ“. მამაომ მიპასუხა: „ყველაფერს რომ მორჩები – ჩამოდით სულთმოფენობის დღეს სამუდამოდ“. ეს მართლაც აღსრულდა. მე დავამთავრე ყველა საქმე და ჩამოვედი შვილებთან ერთად შამორდინოს სავანეში ზუსტად შემდგომი წლის სულთმოფენობის დღეს“.

შამორდინოს სავანის მომავალზე სხვებსაც უწინასწარმეტყველებდა ბერი. „რა სიყვარულით ისმენდა ის, – ამბობს მ. ე. ს., – როცა ჯერ კიდევ სკიტში ცხოვრობდა, თუ კი რომელიმე ადამიანი მოვიდოდა შამორდინოდან და დაიწყებდა, მოყოლას, თუ როგორ მოეწონათ იქაურობა და, თუ როგორ უკვირდათ სავანის სწრაფი განვითარება. ზოგიერთ მათგანს მამაო ეუბნებოდა: „თქვენ რომ იცოდეთ, რა იქნება იქ!..“ რატომღაც ორმა მონაზონმა გადაწყვიტა სხვა მონასტერში გადასვლა, იმიტომ რომ მათ ძალიან მწირად მოეჩვენათ ტრაპეზი (საკვები). ამის გამგონე მამაომ თქვა: „ახლა არ უნდათ, მოითმინონ გაჭირვება; როცა ჩვენთან ყველაფერი კარგად იქნება, შეგვეხვეწებიან, მაგრამ მათ არ მიიღებენ“.

„იმ საღამოს, – აგრძელებს თავის თხრობას ქალბატონი, – როცა მამაოსთან გამოსამშვიდობებლად მივედი, დიდხანს მომიხდა ლოდინი. ბევრი ხალხი იყო. დილიდან წასვლას ვფიქრობდი და, ამიტომაც ვითხოვდი შეხვედრას ბერთან. ბოლოს და ბოლოს, დამიძახეს. მე შევედი მამაოსთან და გავჩერდი. ის ბალიშებზე კი არა, პირდაპირ ლოგინზე იწვა. სახეზე მსხვილი წვეთებით ჩამოსდიოდა ოფლი, თვალები ხატზე მიეპყრო და პირი ღია ჰქონდა. მე ვიდექი და არ ვიცოდი, რა მექნა. ხუთი წუთის მერე მამაომ მზერა ჩემზე გადმოიტანა და წყნარად მითხრა: „ამომასუნთქე“. მე ვიდექი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. წასვლის მეშინოდა, რომ კიდევ არ შემოეშვათ მამაოსთან ხალხი და ვდუმდი. ბოლოს მან თქვა: „მოდი ჩემთან!“ ჯვარი გადამსახა და დაამატა: „დროა წავიდეთ. წადი, უთხარი, რომ ხალხი არ შემოუშვან. დედა რომ სახლში ყოფილიყო, ამდენ ხალხს არ შემოუშვებდა ჩემთან“ (წინამძღვარი სხვაგან იყო წასული). მე მამაოს სისუსტის ისე შემეშინდა, რომ მაშინვე წავედი ეკლესიაში საჯანმრთელო პარაკლისის გადასახდელად ზეციური დედოფლის, ყაზანის ღვთის-მშობლის ხატის წინ. დაბრუნებისთანავე შევიტყვე, რომ მამაომ ჩემი წასვლისას მიიღო და მხიარულად ისაუბრა ერთ ჩემს ნაცნობ მონაზონთან. მეორე დღეს მე გავემგზავრე. სახლში დაბრუნებულმა გავიგე, რომ ჩემს ქალიშვილს შესთავაზეს გაკვეთილები ერთ სახაზინო დაწესებულებაში. მე მაშინვე მივწერე ბერს, შეიძლებოდა თუ არა ამ ადგილის დაკავება და ხომ არ შეუშლიდა ის ხელს ჩვენს გეგმებს. რაზეც მამაოსგან შემდეგი პასუხი მივიღე: „გაკვეთილები, წინასწარმეტყველები არაა, ჯობია ადგილი დაიკავოს, – წერდა ის, – რომ ივნისამდე უსაქმოდ არ იყოს. როცა საჭირო გახდება, მაშინ ადგილის დატოვებაც შესაძლებელი იქნება, ვითხოვ თქვენთვის სამივესთვის მშვიდობას და ღვთის კურთხევას, ვრჩები თქვენი გულწრფელი კეთილისმსურველი. მრავალცოდვილი მღვდელ-მონაზონი ამბროსი“. ჩემმა ქალიშვილმა აღნიშნული ადგილი დაიკავა“.

1890 წლის შემოდგომაზევე მამა ამბროსის წილად ხვდა შესანიშნავი ამბავი, რისგანაც, შრომისა და განსაცდელების მიუხედავად, ის ოდნავ ნანუგეშები დარჩა. ამ შემოდგომის წინა ზაფხულს ოპტინის მონასტრის აგარაკზე იმდენი თევზი დაიჭირეს მდინარე ჟიზდრაზე, რამდენიც არავის ახსოვდა (რამდენიმე ათეული ერთნახევარი არშინი სიგრძის ზუთხი). ბერის სურვილით რამდენიმე საუკეთესო ზუთხი გააგზავნეს ხელმწიფის კარზე, აწ განსვენებული ხელმწიფე–იმპერატორის კარზე. მადლიერი ხელმწიფე იმდენად კმაყოფილი იყო ოპტინის შემოწირულობით, რომ პირადად მიიღო ორი ოპტინელი ბერი, რომლებიც ამ შემთხვევის გამო გააგზავნეს პეტერბურგში, საამბოროდ გაუწოდა მათ ხელი და რამდენიმე სასიამოვნო სიტყვაც უთხრა. როდესაც ბერებმა უთხრეს ხელმწიფეს, რომ ოპტინის წინამძღვარი და მეუფროსე მონაზონი თავს უხრიდნენ მის უდიდებულესობას და თვითონაც თაყვანი სცეს, მაშინ ხელმწიფემაც, თავისი ღრმა ქრისტიანული სიმდაბლით, ინება, ოდნავ დაეხარა თავი ოპტინელი ბერების საპასუხოდ და გაუშვა ისინი მშვიდობით სახლში.

ამასობაში ოპტინის საძმო ნელ-ნელა აუცილებლობის გამო ეჩვეოდა თავის არცთუ იოლ მდგომარეობას – ეცხოვრათ და ყოფილიყვნენ ბერი ამბროსის გარეშე. ეტყობა ისინი თავს ინუგეშებდნენ იმ იმედით, რომ ბერი დაუბრუნდებოდა სკიტს მომავალი წლის გაზაფხულზე. მღელვარება ოდნავ დამშვიდდა. დადგა დეკემბერი. შამორდინოს დედები მოუთმენლად ელოდნენ 7 რიცხვს. ეს მამა ამბროსის ანგელოზის – წმინდა ამბროსი მედიოლანელი ეპისკოპოსის ხსენების დღე იყო. წინა დღით ოპტინიდან რამდენიმე მღვდელ-მონაზონი ჩამოვიდა, რომლებიც განსაკუთრებულად ეთაყვანებოდნენ ბერს. მათ მეთაურობდა სკიტის მმართველი მღვდელ-მონაზონი ანატოლი. მამებმა იმსახურეს ღამისთევა და დილას ლიტურგია წმინდანის პარაკლისით; უსურვეს იუბილარს მრავალჟამიერი, შემდეგ კი მოვიდნენ მამაოსთან ანგელოზის დღის მისალოცად. მას ძალიან ფერმკრთალი და დაღლილი სახე ჰქონდა. ის იღებდა მილოცვებს და თავმდაბლად იმეორებდა: „ზედმეტი პარადი მოგივიდათ“. შემდეგ მთელი საძმო და დედები მოვიდნენ მისალოცად. ყველა მათგანს თავისი ნამუშევარი მოჰქონდა საჩუქრად: ზოგს – სკვნილი, ზოგს – წიგნები, ზოგმა შიდა ჩასაცმელი მოქსოვა, ზოგმაც ხატი დაუწერა. მამაო მხიარული სახით იღებდა მათ საჩუქრებს, მადლობას უხდიდა ყველას, ხუმრობდა და ურიგებდა ზოგს ღვეზელს, ზოგს თაფლაკვერს, ზოგს კარამელს, ზოგს სახეზე ღვეზელის საკმაზს უსვამდა და ამით მათ გამოუთქმელ სიამოვნებას ანიჭებდა. ამ დღეს ყველა მხიარული და ბედნიერი იყო.

„შობის დღესასწაულისთვის, – გვამცნობს თავის ჩანაწერებში საკუთარ თავზე და ბერზე ქალბატონი, – ჩამოვედით მე და ჩემი ქალიშვილები მამაოსთან შამორდინოში. ბერი ძალიან სუსტად იყო. ახალ წელს, როცა ჩვენ მასთან მივედით მისალოცად, ის დიდხანს არ გამოდიოდა და არავის იღებდა: გვითხრეს, რომ ბერი ძალიან ცუდად იყო. ბოლოს დაგვიძახეს მის მისაღებში. მამაო იჯდა სავარძელში და მილოცვის და მისალმების მაგივრად ოპტინიდან ჩამოსულ მ. ი. კ-ს, რომელიც იქაურ სასტუმროში ცხოვრობდა, აძალებდა სამების ფურცელი წაეკითხა, რომელიც მწყემსის სულიერ შვილებზე ლოცვით მთავრდებოდა, სადაც ის უფალს ასე მიმართავს: „ეს ჩემი შვილებია“…, და ემშვიდობება თავის სამწყსოს. ჩვენ ყველანი დავმწუხრდით. ბევრს ცრემლებიც წამოუვიდა; თვითონ ბერიც ტიროდა; ჩვენ დავიწყეთ რიგ-რიგობით მასთან მისვლა, მილოცვა და კურთხევის აღება. მე რომ მივედი, მამაომ მითხრა: „უკან ნუ იყურები, არამედ წინ წადი“. გამოვედი დერეფანში, დავჯექი და ვიფიქრე: ღმერთო! ნუთუ ბოლო ახალ წელს ვხვდებით ბერთან?“ რაღაც ძალიან დიდი სიმძიმე მაწვა გულზე. ამ დროს შევიდნენ ბერთან მგალობელი დედები რეგენტის თაოსნობით, რათა მათაც მიელოცათ ბერისთვის ახალი წელი. მათ ითხოვეს კურთხევა რაღაცის გალობაზე, მამაომ კი უთხრა: „არა, მიგალობეთ – ანგელოზთა ძალაზე, რომელიც იცავს სულს სივდილისაგან და სხვა, – თორემ ამას თქვენ კარგად არ გალობთ“, – დაამატა მან. ამ სევდიანი ტროპარის გალობამ, რომელიც ძალიან არ უხდებოდა ახალ წელს, და მამაოს სისუსტემ, ისეთ ცუდ ხასიათზე დამაყენა, რომ ავტირდი და წავედი. ამჯერად მამაოსგან გამგზავრების წინ ვნახე მრავალმნიშვნელოვანი სიზმარი, რის შედეგადაც ბერმა მიბრძანა, მომეძებნა მისთვის მაცხოვრის ხატი იმ ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობდი, და დაამატა: „შენ იქ მას მოძებნი“. ამრიგად, მე დიდხანს ვეძებდი მამაოსთვის მაცხოვრის ხელთუქმნელ ძველებურ ხატს, მაგრამ ყველა მცდელობამ ფუჭად ჩაიარა. ერთხელაც, სავაჭროდ გამოსულმა, ყველაზე ბინძურ ადგილას წავაწყდი მაცხოვრის ხატს გვირგვინში. ვიყიდე ის მამაოსთვის და ვნების შვიდეულში ჩამო-ვუტანე კიდეც. დიდი სიხარულით მიიღო მან ეს ხატი ჩემგან და თქვა: „რა სჯობია ამ ეკლის გვირგვინს!“ – და ემთხვია ხატს. აქვე ველაპარაკე მამაოს კალუგის სასწაულთმოქმედ, ცხოველმყოფელ ჯვარზე; მამაომ კი მოულოდნელად მითხრა: „კარგია ღვთის ჯვართან ყოფნა, მაგრამ უმჯობესია, ევნო ამ ჯვარზე მისთვის“ (ქრისტესთვის)“. მე, ცოდვილმა კი შეშინებულმა ვთქვი: „მამაო, ეს ვნება ძალიან საშინელია“. ამ დროს მამაოს რაღაც განსაკუთრებული სახე ჰქონდა – რაღაც არაამქვეყნიური ბრწყინავდა მის თვალებში.

ასე მიდიოდა და გავიდა 1891 წლის ზამთარი და დადგა წმინდა აღდგომა. დღესასწაულის პირველ დღეს, წირვის მერე, წინამძღვარი, ჩვეულებისამებრ, მოვიდა ბერთან წმინდა დღესასწაულის მისალოცად. ხოლო მას ყველა დედაო და ერისკაცი მოჰყვა მამაოსთან ამბორსაყოფად, რომელიც ყველა მათგანს თითო წითელ კვერცხს, პასკისა და სააღდგომო პურის ნაჭერს აძლევდა. ჭეშმარიტად, შენიშნავენ შამორდინოს დედები, ნათელი იყო დღესასწაული. ყველა სულით მხიარულობდა. სხვაგვარად როგორ უნდა ყოფილიყო? აღდგომა! და საყვარელი ბერიც მხიარულობდა ამ დიდ დღესას-წაულს. ყოველდღე, მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში, დები გალობდნენ მასთან ცისკარს, ჟამნებს და მწუხრს. მამაო თვითონაც გალობდა, ზოგჯერ ტონსაც აძლევდა, უსწორებდა შეცდომებს და აძლევდა სხვადასხვა შენიშვნას. ბრწყინვალე შვიდეულის დამთავრების მერე, როცა მგალობლებმა მადლობა გადაუხადეს ბერს იმ ნუგეშისთვის, რომელიც ამ აღდგომას მიანიჭა მან დედებს, ბერმა მოფერებით უთხრა: „მადლი უფლისა გქონდეთ!“ შემდეგ კი დაამატა: „თქვენ გაიხსენებთ ამ წმინდა დღესასწაულს“. ვერავინ გაიგო და ვერც გაიგებდნენ მაშინ ამ სიტყვებს. არავინ ფიქრობდა, რომ მომავალი წლის ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს, როცა ღვთისმშობლის „წყარო ცხოვრებისად“ წოდებული ხატის დღესასწაულია, რომლის სახელზეც ბერმა მოაწყო შამორდინოს ეკლესიაში მინაშენი, მისი გარდაცვალების ნახევარწლიანი ხსოვნის დღე იქნებოდა.

ზაფხულის დადგომისთანავე მამაომ განაახლა თავისი გასეირნებები. ის დადიოდა მშენებლობებზე და ზოგჯერ მიდიოდა რუდნევოში, სადაც ხანდახან ორი კვირითაც სტუმრობდა ხოლმე. თუ რომელიმე დღესასწაული დაემთხვეოდა, ის აუცილებლად ბრუნდებოდა შამორდინოში; ამბობდა, რომ დღესასწაულებზე „სახლში“ ყოფნასა იყო შეჩვეული. ივლისის ბოლოს ის რუდნევოში გაემგზავრა დიდი ხნით. რადგან მის სენაკში ზოგიერთი რამ გამოსაცვლელი იყო, სენაკიდან ყველაფერი გამოიტანეს, აყარეს იატაკი და დაიწყო მუშაობა. ამასობაში ფერისცვალების დღესასწაული მოახლოვდა, რომელიც მამაომ საჭიროების გამო აგარაკზე გაატარა. 4 აგვისტოს დედა წინამძღვარი წავიდა მამაოს მოსანახულებლად და იქიდან დაბრუნებულმა გამოაცხადა, რომ მას არაფრით არ უნდოდა დღესასწაულზე იქ გაჩერება და ხვალ ჩამოვიდოდა. რა გვექნა? საჭიროების გამო მეორე დილითვე, იმავე ნახევარში, რომელსაც იკავებდა დედა წინამძღვარი, მოაწყვეს მოხერხებული ადგილი მოულოდნელი სტუმრისთვის.

იმავე წლის ივლისში ბერს მოაკითხა მისმა ერთგულმა სულიერმა შვილმა, ზემოხსენებულმა ა. ა. შიშკოვამ. „უკანასკნელად, – წერს ის, – ვიყავი მამაოსთან მის სიკვდილამდე სამი თვით ადრე. ამაზე მე წერილობით ვითხოვე მისგან კურთხევა. პასუხი ასეთი იყო: „ჩამოდი, შენი ნახვა ძალიან გაგვიხარდება“. წერილის მიღების მერე მე მალე ჩამოვედი სავანეში, შევედი მამაოსთან და ვუთხარი: „რამდენი ხანია თქვენ არ მინახიხართ! გასულ წელს გთხოვეთ კურთხევა ჩამოსვლაზე, მაგრამ თქვენ არ მაკურთხეთ და მეც თავს არ მივეცი უფლება ჩამოვსულიყავი. მაგრამ, როგორ გამიხარდა ამჯერად ჩამოსვლის კურთხევა რომ მივიღე!“ მამაომ დამლოცა მხიარული, ალერსიანი, სიკეთით განათებული და მითხრა: „აწი არ მკითხო; შეგიძლია ჩამოხვიდე ყოველთვის, როცა მოისურვებ“. მან ეს დამაჯერებლად გაიმეორა ორჯერ, თითქოს უნდოდა, რომ მე ნათქვამის აზრი სწორად გამეგო. იმ წუთში მე გახარებული ვიყავი და მადლობა ვუთხარი, რომ ნება დამრთო ჩამოსვლაზე. მხოლოდ შემდეგში გახდა ჩემთვის ნათელი, რომ ამ სიტყვებით მამაო თავის მოახლოებულ გარდაცვალებაზე წინასწარმეტყველებდა. ამავე დღეს ბერმა დამპატიჟა თავის პატარა სენაკში ღამისთევაზე. ეს რომელიღაც დღესასწაულის წინა დღე იყო. მონაზონი კითხულობდა საკითხავებს. მე ვიფიქრე, რომ შთამაგონებლად არ კითხულობდა. მაშინვე მამაო შემოტრიალდა და თქვა: „წაიკითხეთ უფრო შთამაგონებლად, თორემ შიშკოვა განგიკითხავთ“, – და მეტყველად შემომხედა. მან ჩემი აზრები წაიკითხა. საშიში იყო რაიმეს გაფიქრება მართალი ბერის ახლოს. ის გულის სიღრმეში დაფარულ ზრახვებს ხედავდა. გამომშვიდობებისას არაჩვეულებრივად შთამაგონებელი იყო მისი სიტყვა ეგნატე ღმერთშემოსილზე. რაღაც განსაკუთრებული მხურვალე გრძნობით, თვითონ მთლიანად ღვთის მადლით განსულიერებული, გვაუწყებდა იმაზე, რომ უფალი მუდამ მყოფობდა ამ წმინდა მოწამის გულში და იესო ქრისტეს სახელი იქ აღიბეჭდა! „წაგიკითხავს მისი ცხოვრება?“ – მკითხა ძვირფასმა ბერმა და მიბრძანა, ამეღო მისი (ეგნატე ღმერთშემოსილის) ეპისტოლეები წასაკითხად და სახელმძღვანელოდ. მე მივხვდი, რომ მამა ამბროსი განსაკუთრებულად ადიდებდა ღვთის ამ რჩეულს და მუდამ მიმართავდა ლოცვით მძიმე წუთებში“.

იმავე ზაფხულს – ხაზი გავუსვათ კიდევ ერთ განსაკუთრებულობას – შამორდინოში მამაოსთან ჩამოვიდა ღვთისკაცი, სახელად გავრიუშა, ორმოციოდე წლის, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც უფალმა ბავშვებს დაამსგავსა, როცა თქვა, რომ „ასეთებისაა ღვთის სასუფეველი“ (ლუკ. XIII, 16). ის ორლოვის გუბერნიის ლივენსკის მაზრაში ცხოვრობდა. ძალიან სუსტად იყო, მთელი სხეული უკანკალებდა, ძლივს ლაპარაკობდა და ჭამდა; ფეხები წართმეული ჰქონდა: ის იწვა და ლოცულობდა ღვთის წინაშე. აღნიშნავდნენ, რომ მისთვის ბევრი რამ იყო გახსნილი; უკანასკნელ გაზაფხულზე მას გამოეცხადა მამა ამბროსი და უთხრა: „ჩამოდი ჩემთან შამორდინოში, მე შენ დაგამშვიდებ“. მაშინვე ის დადგა ფეხზე და განაცხადა, რომ მიდიოდა შამორდინოში. მაგრამ, რადგანაც მას ფეხები ძალიან სუსტი ჰქონდა და სწორად ვერ დადიოდა, ამიტომ დედას მატარებლით უნდოდა მისი წაყვანა, მაგრამ მან ამაზე უარი თქვა. ის ბერს შამორდინოსთან ახლოს შეხვდა. ბერი წყნარად მოდიოდა საიდანღაც. მის ირგვლივ ხალხიც იყო. „მამაო! – დაიყვირა გავრიუშამ თავისი ძნელად გასაგები ენით, – შენ მე მეძახდი, მეც მოვედი“. მამაო მაშინვე ჩამოვიდა ეტლიდან, მივიდა მასთან და უთხრა: „გამარჯობა, ძვირფასო სტუმარო! იცხოვრე აქ“, და დაამატა იქ მდგომთათვის: „ასეთი მე ჯერ არ მყოლია“. მამაო ძალიან ეფერებოდა გავრიუშას. მოუწყო მას თავისი კუთხე შამორდინოში, ხოლო შემდეგში კი რუდნევოშიც. გავრიუშაც მუდამ იწეოდა იქით წასასვლელად. „მამაო! არ მინდა შამორდინოში, წავიდეთ რუდნევოში, იქ მინდა“. მამაო კი სულ ამშვიდებდა მას, რომ, როცა მისთვის მოაწყობდნენ იქ ოთახს, მაშინ წავიდოდნენ რუდნევოში. გულის ამაჩუყებელი შესახედავი იყო მამაოს საუბარი გავრიუშასთან, თუ როგორ დადიოდნენ სენაკში: ერთი კაჭა ფეხებზე მობარბაცე, ხოლო მეორე, მოხრილი, ჯოხზე დაყრდნობილი.

ბერის ირგვლივ მუდმივად ხალხმრავლობა იყო, რის გამოც ხშირად სახუმარო, შესაქცევი შემთხვევებიც ხდებოდა. ჩამოვიდა მასთან ერთი ძალიან მდიდარი მემამულე ქალბატონი სამი წლის გოგონასთან ერთად. სანამ დედა ბერთან ლაპარაკობდა, ჭკვიანი გოგონა მამაოს საცხოვრებელს ათვალიერებდა. მან ყველა კუთხე რომ შემოიარა, მოსწყინდა მარტოობა, დადგა შუა სენაკში, დაიწყო გულზე ხელები, საწყლად შეხედა ბერს და დაიწყო ასეთი საუბარი: „საწყალი ბერიკაცი! ის ისეთი მოხუცია, რომ მუდამ ლოგინზე წევს, ოთახიც პატარა აქვს, სათამაშოები სულ არ აქვს, ფეხები სტკივა, სირბილი არ შეუძლია; მე მაქვს სათამაშოები; გინდა ბერიკაცო, მე საცვლებს მოგიტან სათამაშოდ?“ ამ ბავშვურ, გულუბრყვილო ლაპარაკს ბერის შესაბამისი პასუხი მოჰყვა: „მომიტანე, მომიტანე, გოგონავ, – თქვა მან, – აი, რა კარგი გოგონა ხარ; გმადლობთ, რომ ბერიკაცი შეგეცოდა“. ბავშვი, როგორც ვხედავთ, ბავშვურად ლაპარაკობდა, ხოლო ბერი – ბერულად.

ამ თავის დასასრულში კიდევ და კიდევ მივუთითებთ მამა ამბროსის განსაკუთრებულად წარმოსაჩენ ხასიათზე – მის უსაზღვრო მოწყალებაზე ღატაკებისა და გაუბედურებული ადამიანების მიმართ. მან თავის სავანეს შესწირა ყველაფერი: თავისი ტკივილებით, განსაცდელებითა და ვნებებით დაცლილი ჯანმრთელობა, სიმშვიდე და ბოლოს ქონება, რომელსაც უფალი აძლევდა გულისხმიერი, ქველმოქმედი ადამიანების ხელით. ის არასოდეს გაუშვებდა ხელიდან შემთხვევას, რომ სხვას დახმარებოდა, ვინც კი მისგან ელოდა შველას. აი, უკვე მისთვის უკანასკნელი შემოდგომა იდგა. თვითონ ბერმა ეს კარგად იცოდა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მიანიშნებდა ამაზე მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ისიც იცოდა, რომ შამორდინოს სავანეში დიდი გაჭირვება იყო. მაგრამ შორეულ მოსკოვში იყო ერთი კაცი, რომელსაც მამაომ ახალი ცხოვრებისაკენ მოუწოდა და ის ღრმა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილიყო;. თავისი ოჯახიდან, რომელსაც დიდი ხნის წინ დაშორდა და რომელსაც თვლიდა ყოველმხრივ უზრუნველყოფილად, მიიღო სამწუხარო წერილი: იქ გასაჭირი იყო, ხოლო დახმარება კი არსაიდან ჩანდა. მას უდროოდ მიაჩნდა ბერისთვის თხოვნა, რადგან იცოდა, რომ შამორდინოში გროშებს ითვლიდნენ. ასეთ დროს მწუხარებით მკვდარი მამა საიდანღაც ფოსტით იღებს ფულს და ვერ იგებს საიდან. მოწყალე ბერმა იჩქარა მისი მწუხარების შესამსუბუქებლად.

იმისათვის, რომ ღატაკებისთვის მოწყალება მიეცა, მამა ამბროსი, მიუხედავად სავანის მწირი საშუალებებისა, მუდამ ცდილობდა, ას მანეთამდე წვრილი ფული ხელში ჰქონოდა, რომელსაც ის ან თვითონ, ან მომსახურის ხელით არიგებდა. ზოგს ერთ მანეთს აძლევდა, ზოგს სამს და ზოგს კიდევ მეტს. ამ ფულიდან ის არავის არავითარ საჭიროებაზე არ აძლევდა, მუშების ხელფასზეც კი. ზოგჯერ მოვიდოდა მშენებლობის ზედამხედველი მამა იოილი და დაუწყებდა ბერს ფულის თხოვნას, რათა მუშებისთვის დაერიგებინა; მამაო თითქოს დამამცირებლად ეტყოდა: „არა, არა, წადი, შენ მე ისედაც გამყვლიფე, წადი-წადი!“ როგორც კი საიდანღაც დიდი თანხა შემოიწირებოდა, მაშინვე ბერი მხიარული სახით და ჩვეული სიყვარულით ეტყოდა: „ახლა აიღე, რამდენიც გინდა!“

იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ბერს მოწყალებისთვის განიკითხავდნენ. მის ერთგულ ხალხშიც კი ხშირად ჩნდებოდა გაუგებრობა, რომ მას, რომელსაც ხელში ამხელა საქმე – შამორდინოს სავანის მოწყობა ეკავა, არ უფრთხილდებოდა ფულს, ყველაზე ძნელ დროსაც კი, თითქოს ერის ხალხს სავანეზე მაღლა აყენებს. ეს იმიტომ, რომ ბერი ზოგჯერ უკანასკნელ მანეთსაც კი ურიგებდა ღატაკებს. ბერს, მაგალითად, თავის მომსახურესთან ჰქონდა ასეთი საუბარი. ბერი თავის საწოლის ირგვლივ ეძებდა ფულს ვიღაც მწირისთვის მისაცემად. მან მოუხმო მომსახურეს: „სადმე მოძებნე, მგონი ჩვენ სადღაც მანეთი დაგვრჩა; მოძებნე – ითხოვენ“. – „სანამ გუშინ თქვენ არ მითხარით მიცემა, – უპასუხა მომსახურემ, – მანამდე ზუსტად იყო დარჩენილი, ახლა კი არაფერი დარჩა. თქვენ ყველაფერს ურიგებთ სხვებს, მუშები კი ხელფასს ითხოვენ – რით უნდა გადავუხადოთ?“ მომსახურე რომ დაემშვიდებინა, ბერი ისეთ სახეს იღებდა, თითქოს ნანობდა და სინანულით აქნევდა თავს. მანეთს ღატაკისთვის მაინც სადღაც მოძებნიდნენ და ამასობაში კოზელსკის საფოსტო კანტორაში მღვდელ-მონაზონ ამბროსის სახელზე დიდი თანხა მოდიოდა. ყოვლადმოწყალე ღმერთი მუდამ უხვად ასაჩუქრებდა ბერს მისი მოწყალებისათვის. ეს კი საშუალებას იძლეოდა, მუშებისთვისაც გადაეხადათ ჯამაგირი და სხვებსაც დახმარებოდნენ. ერთ-ერთი ბოლო შემოწირულობა მამა ამბროსის სახელზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც მას მშივრებისთვის უნდა მიეცა.
მამაოს სწამდა უტყუარი საღვთო აღთქმისა, რომ მოწყალებისთვის ასმაგად დაჯილდოვდებოდა; ბერი, როგორც იტყვიან, სავსე იყო უეჭველი იმედით, რომ მისი სავანე უახლოეს მომავალში მოიმკიდა უხვ მოსავალს.

XI თავი
მამა ამბროსის სამწუხარო გარემოებანი
შამორდინოს სავანეში
და მისი წინასწარმეტყველება
თავის მოახლოებულ სიკვდილზე

„ მამა ამბროსი დასასვენებლად კი არ გადავიდა, – აღნიშნულია მ. ე. ს. –ს ჩანაწერებში, – მის მიერ მოწყობილ შამორდინოს სავანეში, არამედ დიდი შრომისა და განსაცდელებისთვის. თვითონ ბერი მის ირგვლივ მყოფ დედებთან იტყოდა: „დედებო და დებო! მე აქ თქვენთან ჯვარზე ვარ გაკრული“.

„ნამდვილად, – ქალბატონის შენიშვნით, – ბერისთვის ახლა უკვე აუტანლად ძნელი ცხოვრება დაიწყო. საცხოვრებლის მოუხერხებლობის (რომელიც მის სიკვდილამდე მხოლოდ ეწყობოდა და მზადდებოდა), საქმეებისა და ირგვლივ მყოფი ხალხის სიმრავლის გამო, არც დღე და არც ღამე მას არ ჰქონდა მოსვენება, რის გამოც 1890 წლის შემოდგომისთვის ფეხები გაუსივდა. მე ეს შევნიშნე და ვუთხარი მამა იოსებს, რაზეც მან მიპასუხა: „ამასაც ველოდით; მამაომ შეცვალა თავის ცხოვრების წესი – სკიტში ის უმეტესად მწოლიარე მდგომარეობაში იღებდა მომსვლელებს, აქ კი – ან დამჯდარი, ან კიდევ ფეხზე მდგარი“.

კონკრეტულად შამორდინოს საქმეები ამძიმებდნენ ბერს, რადგან უზარმაზარი ქალთა სავანის მშენებლობა ყველაზე გაცხარებულ მდგომარეობაში იყო. მშენებლობაზე ზრუნვა კი ბერმა მთლიანად თავის თავზე აიღო. ზაფხულის თბილ ამინდში ის თვითონ გამოჩნდებოდა მშენებლობაზე, რათა პირადად დაეთვალიერებინა და როგორც ჩანს, ჩქარობდა, არ ზოგავდა თავის სუსტ ჯანმრთელობას. გარდა ამისა, მას თვითონ უნდა მოეძებნა ფულადი სახსარი, როგორც მშენებლობისთვის, ასევე სავანის შესანახად, რუდნევოს აგარაკის ჩათვლით, სადაც ასევე შეუწყვეტელი მუშაობა მიმდინარეობდა. ფული კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბერს არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ ის ძლივძლივობით ახერხებდა ყოველივე ამას. უმეტესად ნასესხებ ფულს მოიხმარდა, რა თქმა უნდა, მისი ერთგული სულიერი შვილების იმედით, რომლებიც მას შემოწირულობებს ჰპირდებოდნენ, ზოგჯერ გარდაცვალების შემდგომ, ზოგჯერ კი უკანასკნელის შემოწირვით. ისინი თუნდაც მცირე, მაგრამ საკუთარ ქონებას სწირავდნენ; ხალხმრავლობაზე კი, რომელიც ასე ამძიმებდა ბერს, უკვე ბევრი ითქვა.

ბერის ახლობელი, ზემოხსენებული მ. ე. ს-ი იმასაც გვამცნობს, თუ როგორ ზნეობრივ ტანჯვას ითმენდა ის. „ოპტინელები ძლიერ განიცდიდნენ, – წერს ის, – და როგორი გასაჭირი ჰქონდა მამა ამბროსის, მხოლოდ უფალმა იცის, რომ ყველას თანაუგრძნობდა, ყველა ეცოდებოდა. რთული იყო მათი ნუგეშისცემა და მათი დაყოლიება, დამორჩილებოდნენ ღვთის ნებას. გასახსენებლადაც ძნელია ის (1890 წლის) შემოდგომა, განსაკუთრებით მისი დასაწყისი. თითქმის ყოველდღე ვიღაც მოდიოდა იქიდან. ყველას უნდოდა, რაიმე სანუგეშო მოესმინა თვითონ მამაოსაგან. როდესაც მოახსენებდნენ, რომ ასეთი და ასეთი ჩამოვიდა ოპტინიდან, მამაო მათ არ ალოდინებდა, განსაკუთრებული სიყვარულით მიიღებდა და ანუგეშებდა. მაგრამ ძალიან ხშირად მათი ჩამოსვლის მერე ხასიათი უფუჭდებოდა. მოუტანდნენ მამაოს სადილს – ასე იქნებოდა საჭმელი სენაკში, ასევე წაიღებდნენ უკან, – ხელსაც არ მოჰკიდებდა არაფერს“.

ამასთან ბერის ჯანმრთელობა დროთა განმავლობაში უკიდურესობამდე დასუსტდა. მომსვლელთა დრტვინვაც გაიზარდა, რადგან ახლა, განსაკუთრებით ხალხის სიმრავლის გამო, ბევრ მათგანს ძალიან დიდხანს უწევდა ლოდინი. ბერსაც ის უნდოდა, რომ ყვე-ლა დაეკმაყოფილებინა, მაგრამ ძალა სავსებით გამოელია. დამდგარ ზამთარს, როგორც შამორდინოს დები გვამცნობენ, ხშირად უხდებოდათ მისი ნახვა მწოლიარე მდგომარეობაში მთლიანად დაუძლურების გამო. მისი ფერმკრთალი, შეწუხებული სახე ტანჯვას გამოხატავდა, ხმა მთლიანად უწყდებოდა და თვალებიც დახუჭული ჰქონდა. ნახევრადცოცხალი ბერის ყურებით გული შეგეკუმშებოდა. თვითონაც ზოგჯერ ამბობდა: „ხომ არ სჯერათ, რომ სუსტად ვარ, ამიტომაც დრტვინავენ“. თუმცა ის ისევე მშვიდი და მხიარული იყო, როგორც ყველაზე სასიამოვნო გარემოებებში. ის თავისი მხიარული და სახუმარო მოთხრობებით მსმენელებში განდევნიდა ყველაზე საზარელ სასოწარკვეთილებასაც კი. ამ უკანასკნელ ზამთარს, შამორდინოს სავანეში ყოფნისას, მამაოს სისუსტისა და სხვადასხვა უსიამოვნებების გამო დედები დაღვრემილები იყვნენ. ავადმყოფმა ბერმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და მხიარული სახით გამოვიდა ოთახში, სადაც დები შეიკრებნენ. ის ჯერ ვიღაცას ანუგეშებდა რის შედეგადაც ყველას ნელ-ნელა სახე გაუნათდა, ხოლო, ბოლოს და ბოლოს ყველა ისე გააცინა, რომ სულ განდევნა სასოწარკვეთილება. ერთხელ ბერს გარსშემოხვეულმა დებმა ნაღვლიანად უთხრეს: „რა ბედნიერებაა ჩვენთვის თქვენს გვერდით ცხოვრება და თქვენ რომ გვყავხართ, მამაო! მოვა დრო და თქვენ არ იქნებით ჩვენთან, რა უნდა გავაკეთოთ მაშინ?“ მამაომ ჩაიცინა, შეხედა სიყვარულით ყველას, ვინც იქ იჯდა (ასე შეხედვა მხოლოდ მან იცოდა), თავი გააქნია და სანუგეშოდ უთხრა მათ: „თუ აქ თქვენ გვერდით დავბოდიალობდი, მაშინ იქ მართლა ვერსად გაგექცევით“.

ძლივს გაივლიდა ერთი განსაცდელი, რომ ბერისთვის უკვე მეორე იყო მზად. უფრო სწორად რომ ვთქვათ, განსაცდელი განსაცდელს მოსდევდა, ავადმყოფობა კი – ავადმყოფობას. ერთხელ აღდგომის მერე (1891 წ.) სავანის წინამძღვარი, რომელიც მამაოს მითითებით დაინიშნა, შევიდა ბერთან სენაკში რაღაც საქმეზე. ის ავადმყოფობდა და შესვლისთანავე თავი ცუდად იგრძნო: სახე მკვდრისას დაემსგავსა, სუნთქვა შეწყვიტა და უგრძნობლად დაეცა. ბერი შეძრწუნდა. თვითონ ძლივს მიათრევდა ფეხებს, ისე მივიდა მომაკვდავ და აკანკალებულ დედაოსთან და სუსტი ხელებით ეხმარებოდა დებს იქვე ახლოს მდგომ ლოგინზე დაეწვინათ ის. ბოლოს თითქოს თხოვდა დედაოს, არ დაეტოვებინა ის, ავადმყოფობით და განსაცდელებით დათრგუნული ბერი, და მღელვარებისგან აკანკალებული ხმით უთხრა: „დედაო, ისუნთქე კიდევ!“ მალე ბერის ლოცვით მან სუნთქვა დაიწყო და აზიარეს კიდეც. მას შემდეგ გულის შეტევები, რის გამოც ის გრძნობას კარგავდა ან მკვდრის ფერი დაედებოდა, მთლიანად წარსულს ჩაბარდა. ამის მაგივრად წინამძღვარს მხედველობა დაუქვეითდა და დაბრმავდა. ზაფხულში ის უკვე ვერაფერს ხედავდა – მხოლოდ თეთრ ფერს არჩევდა შავისგან, როგორც ახლა. მხედველობის დაკარგვის გამო წინამძღვრის თანამდებობა უძნელდებოდა და ბერისგან ითხოვდა რჩევას, თუ რა გაეკეთებინა, – ხომ არ ეთხოვა გათავისუფლება. მამაო ამაზე არ დათანხმდა და უთხრა: „თავად არ ითხოვო გადადგომა; ხოლო თუკი უფროსობა დაგაძალებს ამას, მაშინ განაცხადე“. დედაო შეეწინააღმდეგა, რომ ის ახლა ბრმა იყო და უკვე არა ჰქონდა იმედი მხედველობის დაბრუნებისა. ბერმა კი მშვიდად უპასუხა: „თუ ასე გინდა, შენ ჩემზე უკეთესად იცი წერა“. საერთოდ, როგორც შევნიშნეთ, წინამძღვრის მხედველობის დაკარგვას მამა ამბროსი მშვიდად უყურებდა და ყოველნაირად არწმუნებდა მას, არ გამოეხატა სულმდაბლობა. ის ხშირად უმეორებდა: „დედაო! მოითმინე და სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი“, და მოჰყავდა წმინდა წერილის სიტყვები: „მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სიცოცხლე“ (ლუკა XXI, 19) და „ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“ (მათე X, 22).

აღწერილ განსაცდელებსა და უკიდურეს უძლურებასთან ერთად, მამა ამბროსის მუდმივად ჰქონდა უმაღლესი სასულიერო ხელმძღვანელობის მხრიდან არაკეთილმოსურნე დამოკიდებულება, რომელიც განსაკუთრებულად დაიძაბა მისი სიცოცხლის ბოლოს. ამაზე მთელი ისტორიაა. ზემოთ ნახსენები იყო, რომ 1890 წელს კალუგიდან ვორონეჟის ეპარქიის მმართველად გადავიდა ყოვლადუსამღვდელოესი ანასტასი. მის ადგილზე კალუგაში დანიშნული იქნა ტამბოვის ეპისკოპოსი ვიტალი, რომელიც რაღაც გარემოებების გამო დიდხანს არ ჩანდა დანიშნულების ადგილზე. ის მხოლოდ შემოდგომაზე ჩამოვიდა, როდესაც მამა ამბროსი უკვე შამორდინოს ქალთა სავანეში იმყოფებოდა. მეუფე ვიტალის ტამბოვიდან კალუგის ეპარქიაში გადმოსვლამ თვითონ მეუფეზე ძლიერ დამთრგუნველი ზეგავლენა იქონია, როგორც ეს თვითონ გამოთქვა პერემიშლენსკის სამების მონასტრის წინამძღვართან, იღუმენ თეოდოსისთან საუბარში. მეუფის ამ განსაცდელს აქ დაემატა ახალი განსაცდელები. მას კალუგის ეპარქიაში ჩამოსვლისთანავე უნდოდა, მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის ცნობილი ბერი ამბროსის ნახვა, რათა მისი სულიერი საუბრით დამშვიდებულიყო. როცა მან გაიგო, რომ ბერი ქალთა სავანეში ცხოვრობდა, ის აყოვნებდა ოპტინაში წასვლას იმ იმედით, რომ მამა ამბროსი დაუბრუნდებოდა თავის სკიტს. ამასობაში დრო მიდიოდა, მაგრამ ბერი არ ბრუნდებოდა. მეუფისთვის ისიც უსიამოვნო იყო, რომ ბერი თვითნებურად წავიდა თავისი სავანიდან სხვა მაზრაში და დიდი ხანი იყო, რაც სხვაგან ცხოვრობდა, ამასთანავე ქალთა სავანეში. შემდგომმა გარემოებებმა კიდევ უფრო გააბრაზეს მეუფე. „1890-91 წლების ზამთრიდან მოყოლებული, – წერს ქალბატონი,- ბერზე უკეთური ხმები დაირხა. მისი ქალთა სავანეში ყოფნის გამო არაკეთილმოსურნეებმა მასზე ყველაზე უმაგალითო სისულელეები გაავრცელეს და ახალ მეუფესაც აუმღვრიეს გონება. მე იქვე ახლოს ვიყავი, უნებლიედ ვისმენდი ყოველივეს, ვღელავდი და ბერის შეწუხებას ვერ ვბედავდი, რადგან ვიცოდი, რომ მტრის მიერ მოვლენილი ეს განსაცდელი მამაოს სათნო ცხოვრების, მისი მოყვასისადმი სიყვარულის გამო ხდებოდა. დადიოდა ხმა, რომ ამ შემთხვევაში ვიღაცამ განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მოახდინა მეუფეზე. იმის თაობაზე, რომ მამა ამბროსის არ უნდა ეცხოვრა ქალთა სავანეში, თითქოს პეტერბურგშიც წერდნენ“.

ვიტყვით კიდევ იმას, რომ მამაოს მრავალრიცხოვან მრევლს სხვადასხვა მხარეს გაჰქონდა ხმები ოპტინისა და შამორდინოს საქმეებზე, რაც ხშირად ტყუილი იყო. ბერზე ყოველი ადამიანი თავისებურად მსჯელობდა და ბევრიც განიკითხავდა მას. ამრიგად, რუსეთის ყოველ კუთხეში, სადაც მამა ამბროსის სახელი იყო ცნობილი, მასზე ბოროტი ხმა დაირხა. აქ უნდა აღვნიშნოთ, როგორც განსაკუთრებული ვითარება, რომ მამა ამბროსის ყველა დროის თაყვანისმცემელთა შორის, თვით მის ნეტარ აღსასრულამდე, გახლდათ თავისი მაღალი სულიერი ცხოვრებით ასევე მთელი მართლ-მადიდებლური სამყაროსთვის ცნობილი კრონშტადტელი დეკანოზი, მამა იოანე ილიას ძე სერგიევი. მიუხედავად ყველა სულელური ხმისა, რომელიც მამა ამბროსიზე დადიოდა, ის მუდამ განწყობილი იყო მის მიმართ სიყვარულითა და პატივისცემით. შამორდინელი დედები მამა ამბროსის კურთხევით ხშირად დადიოდნენ კრონშტადტში მამა იოანესთან. როცა გაიგებდა, თუ საიდან იყვნენ ისინი, დეკანოზს ჩვევად ჰქონდა ეთქვა: „ააა, ეს ბერი ამბროსისგანაა; ოო, დიდი ბერია! მიწამდე თაყვანისცემით მოიკითხეთ ჩემგან“.

ამასობაში, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ძლიერდებოდა ლაპარაკი ბერზე და აღაშფოთებდა ისედაც შეძრწუნებულ მეუფეს, რომელიც ზოგიერთთან საუბარში გაოცებული ღაღადებდა: „ეს რა ხდება მათთან!“ ხშირად მონასტრების ბლაღოჩინის, კალუგის ტიხონოვის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ მოსეს პირით იმასაც ითხოვდა, რომ ბერი ამბროსი უსათუოდ დაბრუნებულიყო მონასტერში. უცნობია, თუ რას პასუხობდა ბერი მეუფის მოთხოვნას. საფიქრელია, რომ მამაო ამბობდა იგივეს, რაც ოპტინელ ძმებს მისწერა თავის დროზე, რომ ის „ღვთის განსაკუთრებული განგებულებით დარჩა შამორდინოში“. ბერი საქმის არსს გადმოსცემდა, მაგრამ მისი გაგება არავის სურდა და მისი სიტყვები ერთ უბრალო მომიზეზებად ჩათვალეს, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. როდესაც დაემუქრნენ, რომ ნების წინააღმდეგ ძალით წაიყვანდნენ ოპტინაში, ავადმყოფი ბერი მწუხარებით ამბობდა: „მე ვიცი, რომ ვერ მივაღწევ ოპტინამდე: მე თუ აქედან წამიყვანენ, გზაში მოვკვდები“.

„მეუფის ერთი ახლობელი კაცი, – აგრძელებს ქალბატონი, – რომელმაც იცოდა, რომ მე ხშირად დავდიოდი ბერთან, მთხოვა, გამეფრთხილებინა ბერი, რომ უსიამოვნება ემუქრებოდა. სანამ წასასვლელად მოვემზადე, შეშფოთებული გახლდით. არ ვიცოდი, რით დამემშვიდებინა თავი და დაუსწრებლად მოვიხმე მამაოს ლოცვები; გავხსენი დავითნი და ვფიქრობდი, თუ რა გაიხსნებოდა მამაოსთვის. გაიხსნა ფსალმუნის სიტყვები: „შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქნეთ, და სახელითა შენითა შეურაცხ-ვყვნეთ ისინი“ (ფსალმ. XLIII, 6). ფსალმუნის ამ სიტყვებმა მაშინ იმდენად დამამშვიდეს, რომ მე მხიარული გავემგზავრე მამაოსთან. საუბრისას მე ვუთხარი მას: „თქვენთვის მამაო, მე ყველას თანდასწრებით ვემთხვევი ჯვარს და სახარებას“. თავმდაბალმა ბერმა მომისმინა და მშვიდად მითხრა: „ჯვარს და სახარებას არასოდეს არავის მაგივრად არ ემთხვიო. შეიძლება, მართლა ისეთი ვარ, როგორც ჩემზე ლაპარაკობენ“. ასეთი თვითდამდაბლება ახასიათებდა მამაოს! ფსალმუნის სიტყვებმა დაამშვიდეს ის და მან გამამეორებინა ისინი და, ამასთან, ამიერიდან მკაცრად ამიკრძალა მიმემართა ამ ხერხისთვის, თქვა რა: „შენთვის ადრეა“. შამორდინოში ჩემი ჩამოსვლის წინ კი ხმა გავარდა, რომ მეუფემ, სხვადასხვა საუბრების გამო, რომლებიც მის ყურამდე აღწევდა, თქვა: „მე თვითონ წავალ, ჩავსვამ ბერს ეტლში და წავიყვან ოპტინაში“. მე ბავშვებთან ერთად ვიყავი სავანეში საცხოვრებლად ჩამოსული და ამიტომ მხოლოდ საერთო კურთხევაზე ვხვდებოდი მას. მამაო თოთქოს სპეციალურად არ მიღებდა. მისი და ჩემი საკუთარი საქმეები მაწუხებდა, მაგრამ ყველაზე უფრო – შიში, რომ მეუფე მოგვაკითხავდა და ბერს ძალით წაიყვანდა. მე და მომსახურეები ვთხოვდით, მივეღე, ვეუბნებოდი, რომ ეს მე მჭირდებოდა. მაგრამ მამაო გამოვიდოდა, ალერსით დამლოცავდა და მეტყოდა: „არაფერი შენ არ გჭირდება – მოითმინე“. ასე რომ, მამაოსთან განმარტოებით მხოლოდ სამი კვირის მერე მოვხვდი აღსარებაზე – ეს იყო 1891 წლის ივლისის დასაწყისში. მე მამაოს ვუთხარი: „მე მოვიწევდი თქვენთან არა ჩემი გულისთვის, არამედ მეუფის განზრახვის სათქმელად“. მამაო ამ დროს ძალიან სუსტად იყო. ხალხმა სულ მთლიანად გაანადგურა ის: ხმა ჩაუწყდა, რაც ამ ბოლო დროს ხშირად ემართებოდა. მინაშენი ხალხის მისაღებად იყო მარტო გამოყოფილი, თვითონ კი განსვენებული წინამძღვრის, დედა სოფიას საზაფხულო შენობაში იყო განთავსებული. მან მიპასუხა: „ცოცხალია ჩემი ღმერთი, და ცოცხალი იქნება ჩემი სული; შენ კი იცოდე, რომ ყველა მეუფეზე მაღლა არის ერთი დიდი მეუფე: ოპტინაში წასვლას არ ვაპირებ, სად წავალ აწი მე?“ მამაომ გაშალა ხელები და გააგრძელა: „თუ მარტო“… და ისე ჩაუწყდა ხმა, რომ მე მარტო ეს გავიგე: „სექტემბრის ბოლო და ოქტომბრის დასაწყისი“. მამაომ წამიკითხა შენდობის ლოცვა და გამიშვა. მისი სიტყვების დასაწყისმა დამამშვიდა. მე მივხვდი, რომ უმაღლესი მეუფე (ღმერთი) დაიცავდა ბერს, მაგრამ ბოლო კარგად ვერ გავიგე და ამიტომ ვერ გავარკვიე, სად დაიმალებოდა მამაო. ოპტინაში არ წავიდოდა და შამორდინოშიც არ დარჩებოდა, დაყუდებას ხომ არ აპირებდა? ამ აზრმა შემაშინა. რუდნევოში, შამორდინოს აგარაკზე, ბერი სულ რაღაცას აკეთებდა და მეც ვიფიქრე, რომ იქით აპირებდა. მის გარდაცვალებაზე მე არ ვფიქრობდი – ეს აზრადაც არ მომსვლია. დადგა მიძინების მარხვა და მე ისევ მოვხვდი მამაოსთან აღსარებაზე. როცა დავამთავრე, ვთქვი: „მამაო! მეუფის ჩამოსვლაზე ხმები არ წყდება და მე თქვენ გამო ძალიან მეშინია“. მამაო ადგა, მომაბრუნა კარისკენ, ოდნავ ჩამარტყა კეფაში და თქვა: „შენ წადი… მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ მარტო დავრჩე “.

„მამაო! – ჰკითხა ერთმა მონაზონმა, – ამბობენ, რომ მეუფე ჩამოდის, რას ეტყვით მას?“ – „მე ვეტყვი, – წყნარად უპასუხა მამაომ, – მე ვეტყვი, ჯერ ღვთის ნებას ეძიებდეთ“…

მალე ბერთან მისი სულიერი შვილი, პერემიშლსკის სამების ლიუტიკოვის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი თეოდოსი ჩამოვიდა. იგივე შიშით: „იცით, მამაო, – თქვა მან, – რა გელოდებათ თქვენ?“ ბერმა ნაღვლიანად ჩაღუნა თავი. მან ნათლად განჭვრიტა კაცობრიობის უხილავი მტრის ხრიკები, რომელიც ახლა განსაკუთრებულად შეიარაღდა მის წინააღმდეგ მისი აურაცხელი სიკეთის გამო და თქვა: „დიახ, მამა თეოდოსი, მთელი ჯოჯოხეთი აღდგა ჩემს წინააღმდეგ“. ამ იღუმენს ადრე რამდენჯერმე ჰქონდა მამაოსგან კურთხევა ნათხოვნი, რათა დაეტოვებინა წინამძღვრის თანამდებობა. ბერი ამბროსი კი ამაზე პასუხობდა: „მე და შენ, მამა თეოდოსი, დავისვენებთ მაშინ, როცა ჩვენს თავზე პანაშვიდს იგალობებენ; და ისიც კარგი იქნება, თუკი საერთოდ ამის ღირსი გავხდებით“. სხვა დროს კი იგივე თხოვნაზე მამაომ მტკიცედ, ხუმრობის ტონით უთხრა: „იცხოვრე იქ, სადაც ცხოვრობ (ე.ი. სამების მონასტერში), სანამ არ გაგაგდებენ“. შემდეგ დაამატა: „ოპტინის მონასტერი შენ მაინც არ აგცდება“. ორივე ნათქვამი მამა ამბროსის სიკვდილის შემდეგ ზედმიწევნით აღსრულდა. ვითარება ისე წარიმართა, რომ მამა იღუმენს მოუწია დაკავებულ თანამდებობაზე უარის თქმა და ოპტინის სკიტში მოთავსდა, სადაც დღემდე ცხოვრობს.

მამა ამბროსისთვის ამ უკანასკნელ შემოდგომაზე მასთან ჩამოვიდა ოპტინის მონასტერში მცხოვრები კ. ნ. ლეონტიევი. მას უნდოდა, მამა ამბროსისგან ლოცვა-კურთხევა ეთხოვა, რომ მოსკოვში წასულიყო სამკურნალოდ. გამომშვიდობებისას ბერი რამდენჯერმე გადაეხვია მას და ეუბნებოდა: „შემინდე! მაპატიე!“ ასეთი გამომშვიდობება ლეონტიევს ნიშნეულად ეჩვენა. და მართლაც, ის უკანასკნელი აღმოჩნდა. ამის მერე ჯერ ბერი ამბროსი, შემდეგ კი ლეონტიევი გარდაიცვალა სერგიევის – სამების ლავრაში.

ამასობაში 1891 წლის მთელი ზაფხული შამორდინოში ახალ მწყემსმთავარს ელოდნენ. წინამძღვარი და დები ღელავდნენ და ბერს სხვადასხვა კითხვებით მიმართავდნენ. „მამაო! როგორ უნდა შევხვდეთ ჩვენ მეუფეს?“ მათ გასამხნევებლად ბერი მშვიდად უპასუხებდა: „ჩვენ კი არა, ის დაგვხვდება ჩვენ“. – „რა უნდა ვიგალობოთ მეუფისთვის?“ ბერმა უთხრა: „ჩვენ მას „ალილუიას“ ვუგალობებთ“. როგორღაც კიდევ უთხრეს მას: „მამაო! ამბობენ, რომ მეუფეს ბევრი შეკითხვები აქვს თქვენთან“. ის ეუბნებოდა: „ჩვენ მასთან წყნარად ვილაპარაკებთ – ვერავინ გაიგებს“. ერთ ახლობელ ბერს კი, რომელიც მეუფის ჩამოსვლაზე ამცნობდა, უთხრა: „რა გაეწყობა, წადი ეკლესიაში და მოამზადე ადგილი, სადაც უნდა დავდგე“. ასეთი პასუხით ბერი მიანიშნებდა თავის მოახლოებულ გარდაცვალებაზე, მაგრამ ამ მინიშნებებს ვერავინ მის ირგვლივ მაშინ ვერ იგებდა. ზოგიერთ დას ჰქონდა წინათგრძნობა მამაოს მოახლოებულ გარდაცვალებაზე, მაგრამ ამის დაჯერება არ უნდოდათ. პირიქით, ფიქრობდნენ, რომ მეუფროსე ბერისთვის შეუძლებელი იყო ასე მალე აღსრულება. ასე წერს მ. ე. ს. „მიუხედავად იმ დიდი ბედნიერებისა, რომ მამაო ჩვენთან იყო, რაღაც საშინელი რამის წანათგრძნობა არ მასვენებდა. ის აზრი, ხომ არ ითვლიდა მამაო ჩვენთან უკანასკნელ დღეებს, ყველაფერს მიშხამავდა. მეშინოდა, ვინმესთან მელაპარაკა ამის თაობაზე, რომ სხვებისგანაც იგივე არ გამეგო. როგორღაც მ-სთან საუბრისას გადავწყვიტე, მეკითხა, თუ რას ფიქრობდა ის ამის თაობაზე. მ-მაც თქვა, რომ მას სიხარულის ეშინოდა – ღმერთმა უწყოდა, რამდენ ხანს იქნებოდა ასე. ეტყობა, ბევრს მოსდიოდა ეს აზრი. მამაოსგან ჩვენ არასოდეს გვსმენია პირდაპირი მითითება მის აღსასრულზე. ზოგიერთი მისი განკარგულება თითქოს მიანიშნებდა ამაზე, მაგრამ მაშინ ყველაფერი სხვანაირად აიხსნებოდა და მხოლოდ ბერის სიკვდილის მერე გახდა გასაგები. მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ერთმა პეტერბურგელმა მხატვარმა, რომელიც ზოგჯერ ფულად დახმარებას სთხოვდა მამაოს, გამოუგზავნა მას ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი და თავისი ოჯახის წევრების სახელები, თან სთხოვდა, ელოცა მათთვის. მამაომ გასცა განკარ-გულება, რომ ეს ჩანაწერი (სადაც სახელები იყო მითითებული) დაედოთ ხატის უკან კიოტში და თქვა: „ზეციური დედოფალი თვითონ ილოცებს მათზე“. ამ ხატს მამაოს კუბოს წინ მიაბრძანებდნენ შემდეგში. ერთმა ღატაკმა ოჯახის კაცმა, რომელსაც მამაო ხშირად ეხმარებოდა, წერილობით მიმართა ბერს თხოვნით, დახმარებოდა თბილი ტანსაცმლის ყიდვაში. მამაომ გაუგზავნა იმდენი, რამდენიც მას სჭირდებოდა და, ამასთან ერთად, რამდენიმე სიტყვაც მისწერა, ბოლოს კი დაამატა: „გახსოვდეს, რომ ეს ჩემგან უკანასკნელი დახმარებაა“. მე დავწერე ეს წერილი, მაგრამ ბოლო სიტყვებმა არანაირი შეშფოთება ჩემში არ გამოიწვია. მე ჩემს თავს ასე ავუხსენი, რომ ის აფრთხილებდა ამ ღატაკს, რომ მეტად მისი იმედი არ ჰქონოდა. მამაოს მოუტანეს მაცხოვრის ხატი ეკლიანი გვირგვინით, რომელიც დიდხანს მისაღებში იყო მაგიდაზე დაბრძანებული. ერთმა ჩამოსულმა მონაზონმა, რომელიც მამაოს მოლოდინში მისაღებში იჯდა, პირველმა შენიშნა ამ ხატზე მირონის მსგავსი წვეთები და უთხრა ეს მ-ს… როცა მონაზონი იქიდან წავიდა, ხატი მამაოსთან მიაბრძანეს და უთხრეს მას ხატზე გამოჩენილი სასწაული წვეთების შესახებ. ის დიდხანს ათვალიერებდა და ბოლოს თქვა: „განსაცდელი ექნება იმას, ვინც პირველად დაინახა ეს, და აქ მცხოვრებთაც“. რამდენიმე დღის მერე, რაც ეს მონაზონი წავიდა, მამაომ მიიღო მისგან წერილი, რომელშიც ის ამცნობდა, რომ მონასტერში დაბრუნებისთანავე მას დიდი და მოულოდნელი განსაცდელის გადალახვა მოუხდა. ეს სექტემბრის დასაწყისში მოხდა, ხოლო ერთი თვის მერე ჩვენს სავანესაც მოუხდა განსაცდელის გადატანა. ჩვენ დავკარგეთ დაუვიწყარი, დიდი ბერი, მამა და კეთილისმყოფელი“.

აღსანიშნავია, რომ მამაოს ბოლო სააღდგომო მილოცვაც მის ახლო აღსასრულზე მიანიშნებდა. მან დაიწყო სიტყვა „აღდგომის“ განმარტება: რომ ის სიკვდილიდან სიცოცხლეში და მიწიდან ზეცაში დაბრუნებას ნიშნავდა, რომ ამ დღესასწაულზე გახარებული ქრისტიანები ულოცავენ ერთმანეთს აღდგომას, პატიობენ ყველაფერს იმათაც კი, რომელთაც სძულდათ ისინი; შემდეგ ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე ისაუბრა, აგრეთვე სულის მარგებელი მოძღვრების აუცილებლობაზე, შესაბამისად, მოძღვრებზე და ღვთის სიტყვის გონივრულად აღმქმელებზე. ის ლოცვით ითხოვდა ღვთის შეწევნას ყოველივე ამაში. ეს იყო, ასე ვთქვათ, ბერის უკანასკნელი აღთქმა, კაცისა, ვინც სიკვდილიდან სიცოცხლეში და მიწიდან ზეცაში გადასვლას უახლოვდებოდა.

ცოტა ხნით ადრე, ვიდრე აღესრულებოდა, ბერი ეხუმრებოდა გარსმოხვეულ დებს (მონაზვნებს): „შეხედეთ, – ყველგან შემოდგომაა, იქაც და აქაც; მოხვდებათ იხვებსაც და ბატებსაც“. შემდეგ სიცილით დაამატა: „ბატები გაუძლებენ, ხოლო იხვები იტირებენ“.

„სექტემბერში, – აგრძელებს ზემოხსენებული ქალბატონი, – მამაომ მოულოდნელად დამაჩქარა ქალიშვილების შემოსვა (სამონაზვნო შესამოსელში), გვიბრძანა, მალე შეგვეკერა ის და გვითხრა, თუ რა გვჭირდებოდა ამისთვის, რადგან ჩვენ არაფერი ვიცოდით. ისიც კი გვითხრა, რამდენი არშინი ქსოვილი სჭირდებოდა თითოეულს, და დაამატა: „მე თქვენ თვითონ შეგმოსავთ“. უნდა ვთქვა ისიც, რომ ერთი კვირით ადრე უმცროსმა ქალიშვილმა (ნათლულმა) ბერს განუცხადა, რომ არაფრით არ განგვეშორებოდა ჩვენ, რამაც ბერი ძალიან დაამშვიდა. 20 სექტემბერს თვითონ შეგვმოსა და წაგვიკითხა სათანადო ლოცვა. ამ დროს მის თვალებზე მსხვილი ცრემლები შევამჩნიეთ. ლოცვას რომ მორჩა, მკითხა: „სადაა კუნკულები?“ მე გაურკვევლად შევხედე მას. ეს ჩემთვის არავის უთქვამს და არც მომიმზადებია. ბერმა მითხრა: „კარგი, ჯერჯერობით თავსაფრები ატარეთ“. შემდეგ დაამატა: „მალე ახალი, სწრაფი გამოჩენა იქნება“. მეორე დღეს ადრე დამიძახა აღსარებაზე. ეს უკანასკნელი აღსარება იყო მასთან. მამაომ ახალი შესამოსელი მომილოცა და თქვა: „ეს უფრო გიხდება“, და დაამატა: „აწი მხოლოდ შენს ცოდვებზე მელაპარაკე, საქმეებს თავი დაანებე: მე ავად ვარ, ძალიან ავად“. რაღაცამ თითქოს დამიბნელა გონება. მე მამაოს გარდაცვალებაზე ვერც ვიფიქრებდი და მისი სიტყვები ვერ გავიგე. „დღეს ზიარება მინდოდა, – აგრძელებდა საუბარს ბერი, – მაგრამ გამაჩერეს: ამბობენ, ოპტინადან ჩამოვლენო; ღმერთმა უწყის, ჩამოვლენ თუ არა ისინი“. მას მოწყენილი სახე ჰქონდა. მე კი ვიფიქრე: ვინ აძლევს თავს უფლებას, ჩაერიოს მამაოს საქმეებში? და უსიტყვოდ წავედი იქიდან. მალე, რაღაც განსაცდელის გამო, მე ისევ მოვხვდი მამაოსთან. ბერი უკვე ძალიან დაუძლურებული იყო, მაგრამ მე მაინც მიმიღო. ტირილი რომ დავიწყე, მან ხელი გადამისვა სახეზე და მითხრა: „ჯერ სად ხარ, მდინარესავით წამოგივა ისევ ცრემლები, მაგრამ ყველაფერი გაივლის“. ჩემს განსაცდელზე კი თქვა: „თქვენ ხომ ბრიყვები ხართ და მე კი რაოდენ ვიგვემები თქვენ გამო!“

დასასრულ, ერთად გავიკვირვოთ ყველაფერზე, რაც დიდსულოვანმა, მადლმოსილმა ბერმა შეძლო. მის მიერ დაარსებულ სავანეში იყო: 500-ზე მეტი მონაზონი, ბავშვთა სახლი, დავრდომილთა თავშესაფარი, საავადმყოფო; შიმშილობის წელი იყო და პური ძვირად ფასობდა, სავანეში ბევრი ვალები შეგროვდა., წინამძღვარი დაბრმავდა. თვითონ ბერი – უფროსობასთან მწყრალად მყოფი, დიდებაწართმეული და სიკვდილის პირას მისული. რომელი მტკიცე სულის პატრონი არ შეირყეოდა ამ დროს? მაგრამ ბერი სულით მშვიდი რჩებოდა.

XII თავი
ბერი ამბროსის სიცოცხლის
უკანასკნელი დღეები

ჩვენ ახლა ვნახეთ, რომ მამა ამბროსი უკვე ძალიან დაუძლურებული იყო. ჯერ კიდევ აგვისტოში ჩამოსული, მოსკოვის სასულიერო აკადემიის კანდიდატი ფ. ი. დ., ასე წერდა მის ახლობელ ადამიანს: „როცა მე ბერის ოთახში შევედი, და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს არ მომხდარა თრთოლვისა და გულის შეკუმშვის გარეშე, ვნახე ოთხმოციოდე წლის პატარა ბერიკაცი (ოდესღაც ის ტანმაღალი იყო), უბრალო, თბილ კაბაში და ბერის თავსაბურავში. ის სავარძელში ძალიან ფერმკთალი და სუსტი იჯდა. ტყავი ძლივს მოსავს ძვლებს, ქვედა ტუჩი უკანკალებს და იფიქრებ, რომ აი, ახლა მოკვდება. თუ რაიმეა ცოცხალი ამ მკვდარ სხეულში, ეს არის მისი არცთუ დიდი, ღია წაბლისფერი, გასხივოსნებული, კეთილი, დაკვირვებული და გამჭოლი თვალები. თითქოსდა მათშია კონცენტრირებული მთელი ცხოვრება და ისინი საოცარ კონტრასტს წარმოადგენენ ამ ფერმკრთალ სახესთან და საოცრად სუსტ სხეულთან. მიმართებით. ჭეშმარიტად – სული მღვიძარეა, ხოლო სხეული – უძლური“. მამაომ ჩვეულებრივ სიყვარულით მიიღო ჩამოსული და ბევრი ისაუბრა მასთან, უწინასწარმეტყველა პოლონეთის მხარეში მსა-ხურება, შემდეგ კი მოსკოვის აკადემიაზე ესაუბრა. მან გაიხსენა უკეთილშობილესი პროფესორი თეოდორე ალექსანდრეს ძე გოლუბინსკი და დაინტერესდა, დარჩა თუ არა მას ვინმე მემკვიდრეთაგან. ბოლოს მაღალყოვლადუსამღვდელოეს მოსკოვის მიტრო-პოლიტ ფილარეტზე ილაპარაკეს. მასზე ბერმა, სხვათა შორის, შემდეგი რამ მოუთხრო: როცა მისი პეტერბურგში მიმოსვლა შეწყდა, მას უარის თქმა უნდოდა მიტროპოლიაზე და პენსიაზე გასვლას ითხოვდა. სანამ მიტროპოლიტი ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მან მოსკოვში გამოიძახა ყველასგან დაფასებული პესნოშსკის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნაზარი და გაანდო მას თავისი გადაწყვეტილება. „რის გაკეთებას აპირებ, წმინდაო მეუფეო, პენსიაზე?“ – ჰკითხა იღუმენმა მიტროპოლიტს. – „მარტოობაში მინდა ვესაუბრო ღმერთს, ვილოცებ“, – უთხრა მიტროპოლიტმა. – „მოიცადეთ, – შეე-წინააღმდეგა იღუმენი, – ჯერ ეშმაკებს გაესაუბრეთ, მერე კი გამოჩნდება“. ამ საუბრის მერე, როგორც ცნობილია, მიტროპოლიტს არ მოუყვანია სისრულეში თავისი ჩანაფიქრი. ამგვარად, ბერი ამბროსი, თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებშიც კი, ყველას მიმართ ყურადღებიანი, მოსიყვარულე და მომფერებელი იყო!

ყველა ხედავდა, რომ მამაო ცუდად იყო, მაგრამ ჯერ არავინ არ ელოდა მის სიკვდილს. სექტემბრის დასაწყისში მოამთავრეს მისთვის ზაფხულში დაწყებული სენაკი. ჩვეულებისამებრ, იმსახურეს პარაკლისი წყლის კურთხევასთან ერთად და ბერი წინამძღვრის სენაკიდან თავის სენაკში გადავიდა. წინამძღვარმა კი, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში ბერის ნებით მოქმედებდა, ჰკითხა მას: „მე სად მაკურთხებთ, მამაო, რომ ვიცხოვრო?“ – „ახლა, – უპასუხა მან, – შეგიძლია იცხოვრო იქ, სადაც გინდა“. – „ეს როგორ?“ – „აი ასე, სადაც გინდა, იქ იცხოვრე, გინდა აქ, გინდა იქ“. კიდევ ერთი მინიშნება, რომ ბერი მალე გარდაიცვლებოდა, რაც წინამძღვარმა ვერ გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ უფულობის გამო სამუშაოები შეწყდა, ყველაზე აუცილებელი მშენებლობები მაინც გრძელდებოდა. მამაოსთან დაახლოებული ზოგიერთი პირი მისივე კურთხევით სავანეში აშენებდა თავის სენაკს, რათა ბერთან უფრო ახლოს განთავსებულიყო. ამასობაში კი მამაოს დღეები უკვე დათვლილი იყო. ამ უკანასკნელ დღეებზე ჩვენ მოგიყვებით შამორდინოს თვითმხილველთა სიტყვებით, რამდენადაც შესაძლებელია დაწვრილებით, ყოველი დღის შესახებ.

21 სექტემბერს შაბათი იყო. როგორც ყოველთვის სკიტიდან ჩამოვიდა მღვდელ-მონაზონი ღამისთევის მსახურების ჩასატარებლად, მაგრამ მამაო ჩვეულებრივზე უარესად გრძნობდა თავს და დღის ბოლოსთვის ისე დასუსტდა, რომ გალობასაც კი ვერ ისმენდა, და შეციებასაც გრძნობდა. „მამაო დასუსტდა, მამაო ავად გახდა“, – ისმოდა მონასტრის ყველა კუთხეში. ყველა დამფრთხალი იყო, რადგან კარგად ესმოდათ, რომ ოთხმოციოდე წლის სუსტი ბერის ჯანმრთელობის შესარყევად მცირედიც საკმარისი იყო. მეორე მხრივ, იმაზე ფიქრი, რომ მამაო შეიძლება გარდაცვლილიყო, იმდენად საშინელი და წარმოუდგენელი იყო ყველასთვის, რომ ამ აზრს არავინ ეგუებოდა. ყველა იმით იმშვიდებდა თავს, რომ „ღმერთი მოწყალეა და მამაოსთვის სიკვდილი არ შეიძლება – ის ჯერ კიდევ ესოდენ საჭიროა“. მსგავსი ბრძოლა შიშისა და იმედისა, ადრეც გამოცდილი ჰქონდათ, როცა ბერი ძალიან ავად ხდებოდა. ასე იყო ახლაც.

22-ში, კვირას, მამაო ყურების ტკივილს უჩიოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ის აგრძელებდა სამონასტრო საქმეებზე ზრუნვას, ხალხსაც იღებდა, ხუმრობდა და მხიარული იყო.

„მეორე დღეს, 23-ში, – ვკითხულობთ მ. ე. ს-ის ჩანაწერებში, – ტკივილი ყურებში გაუძლიერდა, მას ცუდად ესმოდა და ძალიან ცოტა ხალხი მიიღო, რადგან ლაპარაკი უჭირდა. ყველა სთხოვდა, დაესვენა, მაგრამ მამაო დგებოდა, დადიოდა სენაკში და რამდენიმე ადამიანი ერთდროულად შემოჰყავდა კურთხევაზე. საღამოს ბერმა ითხოვა, რომ მისთვის ხმამაღლა წაეკითხათ. მე ვკითხე, ხომ არ იქნებოდა ეს მტკივნეული მისი ყურებისთვის, მაგრამ მან არაფერი მიპასუხა. თითქოს რამდენიმე წუთი ჩაფიქრდა და ხმამაღლა თქვა: „ეს ბოლო გამოცდაა – დავკარგე სმენა და ხმა“. ხმა (როგორც ზემოთ ვთქვით) დიდი ხნის წინ დაუსუსტდა, ასე რომ, საღამოს ის უკვე ჩურჩულით ლაპარაკობდა. იმდენად შორს იყო ყველა იმ აზრისგან, რომ მამაოს დაკარგავდნენ, რომ მისი სიტყვები („ეს ბოლო გამოცდაა“) მე ჩემს თავს ასე ავუხსენი, რომ მამაომ გამოიარა ყველანაირი ავადმყოფობა, სმენა კი მუდამ კარგი ჰქონდა, ახლა კი ისიც დაკარგა“.

შემდეგი ორი დღის განმავლობაში ბერი იგივე მდგომარეობაში იყო. თითქმის არავის იღებდა, რადგან მთლიანად დაკარგა ყურთასმენა და ხმა. „ხალხი, – აღნიშნავს მ. ე. ს. – დილიდან საღამომდე არ შორდებოდა ზღურბლს და სენაკს. რამხელა მწუხარება იყო, რამდენი ცრემლი დაიღვარა! ზოგიერთს არ შეეძლო ლოდინი და მომსახურის პირით ითხოვდნენ ლოცვა-კურთხევას და კითხვებზე პასუხის გაცემას. იმისათვის, რომ მამაო საუბრით არ დაემძიმებინათ, უკიდურეს შემთხვევაში წერილობით ეკითხებოდნენ“.

26-ში, ხუთშაბათს, ბერი თავს უარესად გრძნობდა. ის ყურების, სახის, თავისა და მთელი სხეულის მძიმე ტკივილს უჩიოდა. მის ერთ ყურში ჩირქი აღმოჩნდა. ბერის ჯანმრთელობის გაუარესებამ ყველა შეაშფოთა. აქვე გადაწყვიტეს, მოსკოვიდან ტელეგრაფით გამოეძახათ ექიმი ბაბუშკინი, რომელიც ადრე, კალუგაში ცხოვრებისას, ხშირად მკურნალობდა მამაოს. ამაზე მამაო სიამოვნებით დათანხმდა.

27-ში, პარასკევს, ჩირქმა გამოჟონა და ტკივილი ოდნავ ჩაუწყნარდა, ხოლო საღამოს მოსკოველი ექიმიც ჩამოვიდა. ის ადრეც ხშირად ჩამოდიოდა ბერთან მისი ავადმყოფობისას. ის ბერის ავადმყოფობის შესახებ მუდამ მშვიდად და, უმეტეს შემთხვევაში, ასე პასუხობდა: „მე აქ ფორმალურად მოვდივარ: ეს რომ ჩვეულებრივი ავადმყოფი იყოს, მაშინ ვიტყოდი, რომ მას ნახევარი საათის სიცოცხლე დარჩა, მაგრამ ეს ხომ მამა ამბროსია, – მას შეუძლია რამდენიმე წელიც იცოცხლოს“. ექიმმა ახლაც ყველა დაამშვიდა; განაცხადა, რომ საშიში არაფერი იყო. მისცა დამამშვიდებელი საშუალებები და ავადმყოფს სრული სიმშვიდე ურჩია.
ამის მერე ბერმა თითქოს უკეთესად იგრძნო თავი, მაგრამ მას ზუსტად არ შეეძლო, შეესრულებინა ექიმის რჩევა. ცოტა დაისვენა და, როგორც კი ცოტა შვება იგრძნო, ისევ დაიწყო ხალხის მიღება. იმის გამო, რომ მას ყურთასმენა უკვე დაკარგული ჰქონდა, კითხვებს ქაღალდზე უწერდნენ დიდი ასოებით, ის კი სიტყვიერად უპასუხებდა. ამასთან ერთად, სავანის ზოგიერთი დის შეუსმენლობის გამო შეწუხებული ბერი ამბობდა: „აი, ღმერთმა წამართვა ყურთასმენა და ხმა, რომ არ მოვისმინო, თუ როგორ ითხოვთ თქვენი ნებით ცხოვრებაზე ლოცვა-კურთხევას, და არ ვილაპარაკო, რამეთუ არ მისმენთ“.

29-ში, კვირას, მამაო მოულოდნელად გამოვიდა თავისი სენაკიდან და თქვა, რომ მას დაავიწყდა ზეციური დედოფლის ხატის, „განსაცდელში მყოფთა მანუგეშებელის,“ წინ ლოცვა. მან ინება, რომ ამ ხატის წინ მის სენაკში პარაკლისი ემსახურათ, რაც მალევე შეასრულეს. დედები და საერონი კარებთან იყვნენ შეგროვილნი. ყველას უნდოდა, ამ პარაკლისზე დამდგარიყო და ელოცათ ძვირფასი ბერის გამოჯანმრთელებაზე და თავისთვისაც გამოეთხოვათ ღვთისმშობლისაგან ნუგეში.

„1 ოქტომბრის საღამოს (სამშაბათს), – აგრძელებს თავის ჩანაწერებში ქალბატონი, – ჩემი ქალიშვილი ჩემი წერილითურთ მოხვდა ბერთან. მე თვითონ ხშირად თხოვნა მერიდებოდა (მეშინოდა კიდეც). ჩემი წერილის საპასუხოდ, რომელიც მამაომ წაიკითხა, ჩემს ქალიშვილს უთხრა: „უთხარი დედას, რომ ყველაფერი გაივლის, მე უკვე არაფრის მოწყობა არ შემიძლია, მე თქვენი თავი ზეციურ დედოფალს შევავედრე“. მამაომ მე ჩემს შვილებთან ერთად მომათავსა სასტუმროში, სადაც მორჩილება მქონდა – მიმეღო ჩამოსულები. დადიოდა ხმები, რომ მამაომ აქ დასასჯელად მომათავსა. ამაზე მამაო მიპასუხებდა: „ცრუობენ – აქ შენ მხოლოდ მორჩილებისთვის ხარ“. მე ვთხოვდი, რომ სიშორის გამო არ დავევიწყებინე. ის კი მეუბნებოდა: „განა შორს ხარ? ჩვენ თქვენ გვახსოვხართ, ძალიანაც გვახსოვხართ და ყველაფერში დაგეხმარებით“. ასე დამამშვიდა მან ღვთისმშობლის მფარველობით, ჩემს ქალიშვილს სკვნილი აჩუქა, და გამომშვიდობებისას უთხრა: „ეს ხომ დროებით არის შენთვის, მე შენ მონასტერში საუკეთესო სენაკს მოგცემ“. ამის მერე ორ წელიწადში ჩემი ქალიშვილი გარდაიცვალა.

ექიმი, რომელიც 2 ოქტომბრამდე (ოთხშაბათი) ბერთან იმყოფებოდა, რამდენიმე დღით თავის ნათესავებთან წავიდა. წასვლისას მან თქვა, რომ მამაოს ავადმყოფობა სწორად მიდიოდა. ბერმა თვითონ გააცილა ექიმი მეორე ოთახში და ბევრი ისაუბრა მასთან. ამის მერე პირველი ორი დღე ავადმყოფი თავს კარგად გრძნობდა. თუმცა ყურების ტკივილი არ იკლებდა და ხან ერთ ყურში, ხან მეორეში ცოტა ჩირქი ჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ ციებცხელება აღარ ჰქონდა მამაო ექიმის მიერ გამოწერილ საშუალებებს იღებდა და სავანეში ყველა მშვიდად გრძნობდა თავს.

4-ში, პარასკევს, ბერმა თქვა, რომ თავის ტკივილი უძლიერდებოდა და საღამოსკენ სიცხეც მისცა. შემდეგ დღეებში დღეგამოშვებით ციებ-ცხელებამ აიტანა. მიუხედავად უკიდურესი სისუსტისა, ის დროდადრო სხვის დაუხმარებლად დგებოდა ლოგინიდან, დადიოდა ოთახში, საჭირო ხალხსაც კი დაიბარებდა ხოლმე და იძლეოდა განკარგულებებს მშენებლობის საკითხებზე. ამ დღეს ბერის უახლოესმა მოწაფემ, მღვდელ-მონაზონმა იოსებმა, რომელიც შამორდინოში იმყოფებოდა, მოინდომა მასთან აღსარების თქმა, მაგრამ სისუსტის გამო მისი შეწუხება არ უნდოდა. ამავე დროს, მხოლოდ მან მიანიშნა ბერს, რომ აღსარების თქმა სურდა; მამა ამბროსიმ მაშინვე შეიმოსა ოლარი და სამაჯურები და თვითონ გადასცა აღსარების წიგნი. მამა იოსებს წილად ხვდა ბედნიერება, უკანასკნელად ეთქვა მისთვის აღსარება, რის შემდეგაც გამოემშვიდობა ბერს და წავიდა სკიტში. იმ საღამოს, მამა იოსების თქმით, მან ვერ შეძლო დაძინება და მუდმივად ესმოდა, თითქოს ვიღაც ეუბნებოდა: „ბერი გარდაიცვლება“. ეს სიტყვები ნათლად ისმოდა.

„ბერის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე (3 რიცხვში), – შეავსებს ცნობებს მის შესახებ ქალბატონი, – ჩემთან სასტუმროში ჩამოვიდა და გაჩერდა ერთი ახალგაზრდა ბერი კავკასიიდან. მას ძალიან სჭირდებოდა ბერის რჩევა. ის თავის მონასტრიდან იღუმენთან უთანხმოების გამო გამოვიდა, დადიოდა რუსეთში და ეძებდა მონასტერს, სადაც შეიძლებოდა მოწყობა. მან შეიტყო ჩვენი დიდი ბერის შესახებ და ჩამოვიდა მასთან. ჩემთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ყველაზე ძალიან სერგიევის–სამების ლავრაში მოეწონა, მაგრამ იქ არ მიიღეს; ხოლო კურსკის გუბერნიაში კორენის მონასტრის წინამძღვარი სთხოვდა, დარჩენილიყო მასთან, მაგრამ იქაურობა არ მოეწონა. მე ავუხსენი, რომ ჩვენი ბერი ძალიან დაუძლურებული იყო და ამიტომ ჭირდა მასთან მოხვედრა, მაგრამ მისი დახმარება მსურდა და დავიწყე მომსახურეებთან ამ შეხვედრისთვის ზრუნვა. ასე გავიდა ორი დღე. მესამე დღეს (5 ოქტომბერს), მომსახურის რჩევით მე ვუთხარი მას, რომ მთელი დღე დამჯდარიყო მისაღებში: ჯობდა უსადილოდ დარჩენა, მაგრამ ერთი წუთით ბერთან მოხვედრა. მანაც დამიჯერა და, როცა ხალხს სადილზე უშვებდნენ მამაკაცთა მხრიდან, ის კარების უკან დაიმალა და შეუმჩნეველი დარჩა. ორ საათზე, როცა მომსახურეები ისვენებდნენ, მამაომ მკვირცხლად დარეკა და მასთან შესულ მონაზონს უთხრა: „დაუძახე იმას, ვინც კარების უკან დგას“. ის გავიდა მამაკაცთა მხარეს, მაგრამ რომ ვერ ნახა იქ ვერავინ, ისევ დაბრუნდა მამაოსთან და უთხრა, რომ იქ არავინ იყო. ბერმა ისევ გააგზავნა მის მოსაყვანად. თავისდა გასაკვირად, კარების უკან მან ნახა ბერი და შეიყვანა ის მამაოსთან. შემდეგ ეს ბერი თვალცრემლიანი მიყვებოდა: მამაომ დალოცა ის და სისუსტის გამო საჩქაროდ უთხრა: „სერგიევის–სამების ლავრაში არ წახვიდე – იქ შენ არ მიგიღებენ და შენთვისაც სასარგებლო არ იქნება, არამედ წადი ან ისევ შენს მონასტერში – იღუმენი გაპატიებს, ანდა კორენის მონასტერში, იქ სიამოვნებით მიგიღებენ“. შემდეგ ბერმა ბალიშის ქვემოდან გამოიღო სამების ფურცელი და მისცა მას. ფურცლის სათაური ასეთი იყო: „არ გამოცადო მონაზონი“. ეს ბერი მე გამომიტყდა, რომ ის უფრო ცნობისმოყვარეობისათვის მივიდა ბერთან, რასაც ნანობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბერის გარდაცვალების მერე სავანის დებში დღემდე ასეთი ჩვეულებაა: რაიმე გაუგებრობის შემთხვევაში სამების ფურცლებს დებენ ბერის ბალიშის ქვეშ და შემდეგ გამოაძრობენ. მათი რწმენით ყოველთვის შესაბამისი პასუხი ეძლევათ. ბერის გარდაცვალებამდე ხუთი დღით ადრე (5 ოქტომბერს, შაბათს) მე უკანასკნელად მოვხვდი მასთან და ვუთხარი რამდენიმე სიტყვა. ამ დღეს დილიდან თავი უკეთესად იგრძნო, თავის მისაღებ სენაკში გამოვიდა და იქ შეკრებილი რამდენიმე დედაო დალოცა. ერთ მათგანს ჰკითხა: „შენ გაქვს კრილოვის იგავების კრებული?“ მისი დადებითი პასუხის შემდეგ მამაომ უბრძანა, ხმამაღლა წაეკითხა ერთ-ერთი მათგანი სათაურით „ნაკადული“. მამაოს უყვარდა კრილოვის იგავ-არაკები, ხედავდა მათში ზნეობას და ხშირად თავისი ბრძნული რჩევების მიცემისას ან მხილებისას იყენებდა მათ.

მე არ ვიცოდი, რომ ამ დღეს ბერი შეძლებდა ხალხთან გამოსვლას, ამიტომ მასთან მხოლოდ საღამოს მოვხვდით მე და ჩემი შვილები. მამაომ ჩვენთან ერთად დაუძახა ბეჩავ გავრიუშას, რომელიც მამაომ თავის გარდაცვალებამდე ოთხი თვით ადრე მიიღო და მისი მომსახურეების გვერდით ცხოვრობდა. მამაო ძალიან, ძალიან სუსტად იყო, მაგრამ ჩვენ, ლოგინზე მჯდომარემ, მისთვის ჩვეული სიყვარულით მიგვიღო. მისი ნახვით გახარებულმა არ ვიცოდი, რა მეთქვა ჩემზე და ვერაფერიც ვერ ვუთხარი, მაგრამ რჩევა ვკითხე სხვის ერთ სერიოზულ საქმეზე და მანაც მითხრა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. აქვე მოულოდნელად მკითხა: „ამბობენ, რომ შენ გიყვარს უპოვარი, გლახაკი გავრიუშა?“ მე არ ვიცოდი, რა მეპასუხა და გავიფიქრე, თუ ვის შეიძლებოდა ეთქვა ეს მამაოსთვის? და მხოლოდ ეს ვუპასუხე: „ის ჩემთან დადის“. მამაომ გააგრძელა: „წაიყვანე შენთან სასტუმროში, ჩემი მომსახურეები დაავადნენ, მეც ავად ვარ – ყურადღების მიმქცევი არავინ ჰყავს“. მე ვუთხარი, რომ სიამოვნებით ავიყვანდი. ვის არ ავიყვანდი მამაოს გულისთვის? ასე წავიყვანე ეს გლახაკი ჩემთან. ბერმა გვიბრძანა, მაშინვე გადაგვეტანა ჩემთან მისი ნივთები, რომლებიც თვითონ მოიმარაგა. ადრე, როცა მამაო უფრო ჯანმრთელად იყო, მან შემოიარა სასტუმროში, მიმითითა ერთ სენაკზე და მითხრა: „აქ შენთან იცხოვრებს ის, ვინც დიდი ხანია შენში ცხოვრობს“. ეს გლახაკი პირდაპირ ამ სენაკში მოხვდა.

მეორე დღის წინა საღამოს (6 ოქტომბერს – კვირას) ბერს ღამისთევა ჰქონდა. შუა მსახურებისას თქვეს, რომ მამაო ცუდად იყო და მძიმედ სუნთქავდა. ყველა კარი გააღეს. ჩვენ შევშინდით. მერე ყველა გაგვიშვეს და გვითხრეს, რომ ბერი უარესად გრძნობდა თავს. დაიწყო მძიმე დრო. ჩვენ მინაშენის მისაღებში ჯგუფებად ვიკრიბებოდით და ჩუმად ვიდექით, იშვიათად თუ ვინმე დაჯდებოდა. თითქმის მუდამ რიგრიგობით დაუჯდომლებს კითხულობდნენ“.

„6 ოქტომბერს, – ვკითხულობთ მ. ე. ს-ის ჩანაწერებში, – ნასადილევს მამაომ დარეკა ზარი და შიგნით შესულ მომსახურეს უთხრა: „წადი, ნახე, ვიღაც კიბეზე დგას და მონასტერში მოწყობას ითხოვს“. მომსახურემ უთხრა, რომ იქ ბევრი ხალხი იყო. მაშინ მამაომ მკაცრად უთხრა მას: „ახლავე წადი და გაიგე“. რამდენიმე წუთში მომსახურე დაბრუნდა და უთხრა, რომ იქ ნამდვილად იდგა ოპტინის ყოფილი მორჩილი, რომელიც ოპტინიდან ათონზე წავიდა და ახლა საერო ტანსაცმელში ჩაცმული ითხოვდა მამაოს რჩევას, თუ რომელ მონასტერში დაბინავებულიყო. მამაომ მაშინვე გასცა განკარგულება მის შემოყვანაზე. რამდენიმე წუთი ისაუბრა მასთან და შემდეგ გლინის მონასტერში წასვლაზე აკურთხა.

7 ოქტომბერი – ორშაბათი. ეს დღე ავადმყოფმა ჩვეულებრივად გაატარა. საღამოს ძლიერი წყურვილი იგრძნო და ხშირად ითხოვდა წყალს. ამ დღეს სავანის წინამძღვარს საშინელი განსაცდელი ჰქონდა. მისი სული ისეთ უსიხარულო მდგომარეობაში გახლდათ, რომ არსად და არაფერს შეეძლო მისი ნუგეში. ეს, როგორც თვითონ ამბობდა, იყო ჯოჯოხეთური წამების წინათგრძნობა. ავადმყოფი ბერის სენაკში შესულმა, აუხსნა მამაოს მისი საშინლად მძიმე მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ თვითონ ბერიც ანალოგიურ ენითგამოუთქმელ განსაცდელში იყო. ეტყობა, ღვთის განგებულებით, მასზე დაიშვა გამოცდა რაღაც მომენტში თითქოს ღვთისგან მიტოვებისა, რათა მას ბოლომდე გაეთვითცნობიერებინა ადამიანური ბუნების სიღატაკე და უძლურება. ეს იყო მსგავსება იმისა, როდესაც უფალი ჯვარზე ვნებისას მიმართავდა მამა ღმერთს: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?“ (მათ. XXVII, 46). ამიტომ, როცა წინამძღვარმა აუხსნა მდგომარეობა, ბერმა ასე უპასუხა: „მე ვგრძნობ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვერ განვიცდიდი“.

ამასთანავე, შევნიშნავთ, რომ მისი უძლურების შემხედვარე მოძღვარმა, მამა თეოდორემ, უთხრა: „მამაო! აი, თქვენ მიიცვალებით, ვის უტოვებთ თქვენს სავანეს?“ ჯვრისმტვირთველმა და ჯვრისმოსიყვარულე ბერმა მას ასე უპასუხა: „სავანეს ზეციურ დედოფალს ვუტოვებ, მე კი ჩემი ჯვარი მოვაოქრო“.

ავადმყოფობის მთელს პერიოდში ბერი ამბროსის გულშემატკივარი და ჭირის გამზიარებელი გახლდათ ოპტინის ხშირი სტუმარი, მისი უდიდებულესობა დიდი თავადი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე. როდესაც მან ოპტინის წინამძღვრისგან, არქიმანდრიტ ისააკისგან გაიგო ბერის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, მან წინამძღვარს ორი დეპეშა გამოუგზავნა. ერთში ნათქვამი იყო: „სათუთად ვეპყრობი კეთილ ლოცვით ხსოვნას. ბერის ავადმყოფობის გამო ვწუხვარ. ღმერთმა უშველოს. კონსტანტინე.“

მეორეში კი ეწერა: „ღრმად ლმობიერმყოფს ოპტინის მონასტრის გულთან ახლოს მყოფი ძვირფასი ხსოვნა. განვიცდი ბერი ამბროსის ავადმყოფობას. ღმერთს შევთხოვ წმინდა სავანის სულიერ, ნათელ სიმშვიდეს და სიხარულს. კონსტანტინე“.

ახლა გავაგრძელოთ მამა ამბროსის სიკვდილის წინა დღეების დღიური.

8 ოქტომბერს, სამშაბათს, დილის ექვს საათზე ბერმა თქვა, რომ ძალიან შეაცივა და სახეზედაც ძალიან შეიცვალა. რამდენიმე წუთში სიცხემ აუწია და მან ოდნავ ჩათვლიმა. ერთი საათის მერე უხა მოითხოვა, მაგრამ მოულოდნელად ისე დასუსტდა, რომ ძლივს დაასახელა, რაც უნდოდა; სიცხემ იმატა და ბოდვა დაიწყო. ეს მაშინვე შეატყობინეს სკიტისმმართველ მღვდელ-მონაზონ ანატოლის და მამა იოსებს. უკანასკნელი მალევე ჩამოვიდა და, როგორც ქალბატონი აღნიშნავს თავის ჩანაწერებში, „აჩქარებულად შევიდა ბერთან; რამდენიმე წუთში გამოვიდა და ყველას გვითხრა: „ტყუილად დგახართ აქ, ბერი ხომ უკვე ვერ ლაპარაკობს და მისი გამოკეთების იმედიც არ არის“. მალე მამა ანატოლიც მოვიდა. მთელი დღის განმავლობაში ავადმყოფი უფრო და უფრო სუსტდებოდა, იმდენად, რომ ლაპარაკიც არ შეეძლო, სიცხე კი 40 გრადუსამდე ადიოდა. ალბათ, ბერი ამ დროს სხეულში ძლიერ ტკივილებს გრძნობდა, რაც არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ მშვიდად წოლილიყო ლოგინში; ამიტომ, ის ხან იმას მიანიშნებდა მამა იოსებს და მომსახურე მამა ალექსანდრეს, რომ აეყენებინათ, მაგრამ როგორც კი ააყენებდნენ, მაშინვე ანიშნებდა, რომ ისევ დაეწვინათ. ამასთან ერთად ის კანკალებდა, როგორც ციებ-ცხელებისას. საღამოს მოსკოველი ექიმი დაბრუნდა, მაგრამ უკვე უიმედო მდგომარეობა დახვდა. მამაო უცბად ისე ცუდად გახდა, რომ ფიქრობდნენ, ვეღარ გადარჩებოდა; ამიტომ, მამა იოსებმა მას სულის გასვლის ლოცვები წაუკითხა. ბოლოს გადაწყვიტეს, ბერისთვის ზეთი ეცხოთ. სანამ ამისთვის ემზადებოდნენ, უკვე საღამოს 11 საათი გახდა. და აი, სკიტის მმართველმა მამა ანტონმა მამა იოსებთან და ბერის მოძღვართან, მამა თეოდორესთან, ერთად დაიწყეს ზეთის კურთხევა, რომლის დროსაც მამაო უკვე უგრძნობლად იწვა. მისი ხროტინი ორი ოთახის მიღმა ისმოდა. დედები მისაღებში იდგნენ და ლოცულობდნენ. როცა ზეთისცხებას მორჩნენ, იქ მდგომი მლოცველები სამ-სამად შევიდნენ ბერთან, რათა შეეხედათ მათი საყვარელი მნათობისთვის, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა და საუკუნოდ გამომშვიდობებოდნენ ძვირფას, მოსიყვარულე მამას, რომელთანაც მორბოდნენ ხოლმე ყოველგვარი განსაცდელის ჟამს და ისიც მუდამ ანუგეშებდა და ამხნევებდა მათ. დედები ძლივს იკავებდნენ მოთქმას და სიჩუმე რომ არ დაერღვიათ, უთქმელად თავს უხრიდნენ ფეხებთან და ემთხვეოდნენ უმოძრაოდ გაჩერებულ ხელს, რომელიც სიცხისგან იწვოდა. ამასთან ერთად სახეზე აკვირდებოდნენ, რათა უფრო ნათლად დაემახსოვრებინათ მისი ნაკვთები, და მეორე კარიდან გამოდიოდნენ. ზოგს ისევ ჰქონდა იმედი, რომ შესაძლო იყო, ეს არ ყოფილიყო მისი აღსასრულის დღე, ეგება კიდევ გაეხილა თვალები და მოფერებით შეეხედა მათთვის, ეგება ამ ხელს კიდევ რამდენჯერმე გადაესახა მათთვის ჯვარი ან მამობრივი სიყვარულით მოეთათუნებინა დამნაშავესთვის თავში. მაგრამ არა – ეს ცრუ იმედი იყო.

„როცა ჩვენ ბერთან შევედით, – ამატებს თავის ჩანაწერებში ქალბატონი, – მომესმა, რომ: მამაომ მძიმედ ამოისუნთქა და მკერდიდან კვნესაც კი აღმოხდა. მე გადავწყვიტე, არ გავსულიყავი მინაშენიდან, რის გამოც მოვცილდი კრებულს და კარს უკან მამაოს კაბას მოვეფარე, რომელიც მას უკვე აღარ სჭირდებოდა, და იატაკზე დავჯექი. გადავწყვიტე, აქ ვყოფილიყავი მამაოს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, რადგან ვფიქრობდი, რომ მისი აღსასრული ამ ღამეს დადგებოდა“.

ღამის 12 საათის მერე, უკვე 9 ოქტომბერს, ბერს ოფლიანობა დაეწყო და სიცხემ დაუკლო. ამან ოდნავ გაამხნევა ყველა. შემდეგ ის აზრზე მოვიდა, რაც ყველას ძალიან უნდოდა და ელოდნენ კიდეც, რომ ეზიარებინათ. „ამასობაში, – აგრძელებს ქალბატონი, – მამაოს მოძღვარმა, მამა თეოდორემ, მოაბრძანა წმინდა ნაწილები, მაგრამ ამ დროს მამაოს ჩაეძინა და მამა თეოდორეც მის გამოღვიძებას ელოდა იმ დერეფანში, სადავ მე ვიჯექი. დიდი ხნის ლოდინის მერე, ორი საათი რომ დაიწყო, მამა თეოდორემ დააბრძანა წმინდა ნაწილები მამაოს სენაკში და დასასვენებლად წავიდა. მისი წასვლიდან რამდენიმე წუთში ბერი გონს მოვიდა, მაგრამ არაფერს ამბობდა, მხოლოდ ხელის მოჭერით აჩვენებდა იქ მოსიარულე მომსახურეს, რომ მან ისინი იცნო. მაშინვე დაუძახეს ბერის ახლოს დასასვენებლად მყოფ მამა იოსებს, რომელმაც უკანასკნელად აზიარა ავადმყოფი. ეტყობა, ღვთის განსაკუთრებული ნება იყო, რომ ბერის ყველაზე საყვარელმა მოწაფემ აზიარა ის უკანასკნელად, რომელიც ჯერ კიდევ ოპტინაში ყოფნისას აზიარებდა ხოლმე მას. მე ყოველგვარი შიშის გარეშე გამოვედი ჩემი სამალავიდან და ვნახე, როგორ აზიარეს ბერი. მამაომ თავიდან პირთან მიტანილი წმინდა ნაწილები რამდენჯერმე ხელით უკან წააღებინა. დიდხანს ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ აკეთებდა ამას ბერი და ეკითხებოდნენ კიდეც, მაგრამ მას პასუხის გაცემის ძალა არ ჰქონდა. შემდეგ მიხვდნენ, რომ მას სურდა, რათა მამა იოსებს საკუთარი ხელით გადაესახა მისთვის ჯვარი, რადგან ხელის აწევა არ შეეძლო. შემდეგ უჩვენეს სანაწილე და მან ანიშნა, რომ შეეძლო ზიარების მიღება. მას ჯერ იორდანის წყალი მისცეს და მანაც შესვა, რის შემდეგაც ბერი აზიარეს. დამშვიდებული იმით, რომ მამაო ეზიარა, სახლში დავბრუნდი“.

ზიარების მერე ბერს მთელი დღე აღარ დაუკარგავს გრძნობა, რამდენიმე ყლუპი ყავაც დალია და ლოგინიდანაც ადგა. როდესაც საწოლის გადაწევა გადაწყვიტეს იმისათვის, რომ მომსახურეებს უფრო ადვილად ევლოთ მის ირგვლივ, მან რამდენიმე ნაბიჯიც კი გადადგა თავის მაგიდამდე. მაგრამ ეს სულ მცირე ხანს გაგრძელდა. როცა წინამძღვარი მივიდა მასთან, ის ისევ იწვა; ამბროსიმ მოფერებით შეხედა დედაოს და ჩუმად ჩაიჩურჩულა: „ცუდად ვარ, დედაო!“ ამის შემდეგ რამდენჯერმე ანიშნა ხელით, რომ ძლიერი თავის ტკივილი ჰქონდა; თვითონვე მოიხადა ქუდი და მიანიშნა, რომ თავსაფარი დაეფარებინათ.

მთელი ეს დღეები, ისევე როგორც წინა დღეები, მასთან იმყოფებოდნენ შამორდინოს მშენებლობის ხელმძღვანელები; სკიტის ბერი მამა იოილი ბერის მომსახურესთან, მამა ისაიასთან ერთად. დანარჩენებს, რომლებსაც სურდათ, მომსახურებოდნენ ბერს, ის ხელით ანიშნებდა, რომ შიგნით შესვლის უფლებას არ აძლევდა. აქვე შევნიშნავთ, როგორი მადლობელი იყო მომაკვდავი ბერი მამა იოილისა სავანის მოწყობაში გამოჩენილი დახმარებისათვის. ერთხელ, როცა მას ჯერ კიდევ ამის ძალა ჰქონდა, მან სიყვარულით შემოხვია ხელები იოილს, ჩაიხუტა ის და დიდი ხანი რაღაცას ეუბ-ნებოდა, მაგრამ ისე მუნჯურად, რომ მან ვერაფერი გაიგო.
მამა ამბროსის უჩვეულოდ გადამეტებული სისუსტე რომ შეიტყო ოპტინის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ისააკმა, ის მღვდელ-მონაზონ მაკარისთან ერთად იმავე დღეს ჩამოვიდა მასთან გამოსამშვიდობებლად. დაუძლურებული ბერის ნახვისთანავე ორივემ ტირილი დაიწყო. მამაომ იცნო ისინი, დაჟინებით უმზერდა და ხელიც კი ასწია ქუდის მოსახდელად. ეს მათთან გამოსამშვიდობებელი უკანასკნელი ნიშანი იყო. ბერის სენაკიდან გამოსვლისთანავე, ძლიერი მწუხარებით მოცულმა არქიმანდრიტმა, ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის წინ პარაკლისის აღსრულების სურვილი გამოთქვა. ყველანი, ბერთან მყოფნი, ვისთვისაც დათხოვნა შეიძლებოდა, ეკლესიაში წავიდნენ; ისინი უფალს და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს ბერის გამოჯანმრთელებას შესთხოვდნენ. ყველა დამსწრეს კი ათ-ათი მეტანიის შესრულება შესთავაზეს ბერის გამოჯანმრთელების სათხოვნელად. დედები, რომლებიც მიხვდნენ, რომ კარგავდნენ თავის მფარველს, ახლაც და შემდგომშიც თვალცრემლიანნი ევედრებოდნენ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს. ეკლესიაში შეუწყვეტლად მუხლმოდრეკით აღასრულებდნენ პარაკლისებს და ბერის ყველა გულშემატკივარი ერთი ადამიანივით შეჰღაღადებდა უფალს მის გამოჯანმრთელებას. თუმცა, უფალმა არ შეისმინა მათი მხურვალე ლოცვა, მხოლოდ თავისი ყოვლადძლიერი ნუგეში გამოუგზავნა მათ – სიმშვიდით გადაეტანათ მისი (ღვთის) წმინდა ნება და განგებულება ამ მძიმე გამოცდისას. „დღის ორი საათის შემდეგ, – შენიშნავს ქალბატონი, – ბერს ძალიან გაუჭირდა. ის უმოძრაოდ იწვა მარჯვენა გვერდზე და მძიმედ სუნთქავდა“. ამავე დღეს მიიღეს კალუგის გუბერნატორის დეპეშა იმის თაობაზე, რომ 10 ოქტომბერს კალუგის მღვდელმთავარი ვიტალი კალუგიდან შამორდინოში მიემგზავრებოდა. მისი მიზანი დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. ამ მოულოდნელმა ცნობამ, ისიც ამ მძიმე ჟამს, ყველა შეაშფოთა.

ამასობაში ბერის მდგომარეობა უფრო მძიმე ხდებოდა: საღამოს ისევ აუწია სიცხემ, ხოლო ექვსი საათის მერე თავიც კი არ აუწევია და ერთ მდგომარეობაში გაუნძრევლად იწვა; მთელი ღამე მძიმედ სუნთქავდა; თვალები ზევით ჰქონდა მიმართული და ბერის ტუჩები სწრაფად მოძრაობდნენ. იმღამინდელი მორიგე ბერის სიტყვებით, ავადმყოფი დილამდე ჩურჩულით ლოცულობდა.

„ღამით, – აგრძელებს თავის ჩანაწერებში ქალბატონი, – ჩვენ ისევ შეგვიშვეს მამაოსთან, მაგრამ თითო-თითოდ, რათა მასთან ჩუმად მივსულიყავით, თავი დაგვეხარა მისთვის მიწამდე და მაშინვე გამოვსულიყავით იქიდან. შუაღამის სამი საათი იყო დაწყებული, როცა მე ცოდვილს შესვლამ მომიწია. როდესაც შევედი და ბერს დავუჩოქე, მისი შემოხედვა ვიგრძენი, მამაოს განსაკუთრებული მზერა, რომლითაც ის ზოგჯერ იცქირებოდა ხოლმე – მამაომ თვალებით კარებამდე მიმაცილა. მე ეს თავად არ დავიჯერე. ჩვენ გვითხრეს, რომ მამაო უკვე ვერავის ცნობდა. მეც ამ გაუგებრობაში დავრჩებოდი, საწინააღმდეგოში რომ არ დავრწმუნებულიყავი შემდეგი მაგალითით. ერთ-ერთ ჩვენს მონაზონს გაახსენდა, რომ მას ჰქონდა ძვირფასი სიწმინდე, პატარა საბურველი (გადასაფარებელი) წმინდა ტიხონ ზადონელის სახით და მოისურვა, ეს სიწმინდე დაედო მომაკვდავი ბერის თავზე. ამის მოსატანად წავიდა ის ჩემს ქალიშვილთან ერთად მინაშენში, რათა მამაკაცების მხრიდან გადაეცა საბურველი მომსახურისთვის. მათ გაუმართლათ. მომსახურე იმ წუთში მარტო მორიგეობდა ბერთან ეს მამა ისაია გახლდათ. მან შეუშვა ისინი, რათა მათ თვითონ გადაეფარებინათ საბურველი მამაოს თავის თავზე. დააფარეს რა ეს სიწმინდე, მათ უხმოდ მუხლი მოიდრიკეს მის ფეხებთან და ხელზე ეამბორნენ. ისევე, როგორც მე ცოდვილს, ბერმა მათ სიყვარულით სავსე გამოხედვით უპასუხა და, როცა ისინი გამოდიოდნენ, კარებამდე თვალებით მიაცილა“.
ასე დამთავრდა დიდი ბერი ამბროსის ცხოვრების უკანასკნელი ღამე.

XIII თავი
ბერი ამბროსის აღსასრული,
დასაფლავების წეს-განგება და ქელეხი
შამორდინოში

არაერთხელ ეუბნებოდა თავის ახლობლებს მამა ამბროსი: „მთელი ჩემი ცხოვრება ხალხში ვარ, ასეც მოვკვდები, – და თავმდაბლობით დაამატებდა კიდევ, – მუდამ სხვებზე ვზრუნავ, ხოლო ჩემს თავზე ღმერთმა უწყის, როდისღა ვიფიქრებ“. მართლაც, ასევე მოუწია ბერს სახალხოდ სიკვდილმა, რომელიც უკანდაუხევლად იდგა მისი სენაკის კარებთან, მიუხედავად იმისა, რომ მამაოს არც ყურს ესმოდა და არც ლაპარაკი შეეძლო; ის უკანასკნელ წუთსაც კი ხალხით იყო გარშემორტყმული. ხოლო ჩვენ გავაგრძელოთ თხრობა მისი სიცოცხლის უკანასკნელ საათებზე.

10 ოქტომბერი – ხუთშაბათი. ამ დილისთვის ბერი მთლად დაუძლურდა. ის გაუნძრევლად იწვა, თვალები დახარა და ერთ წერტილს მიაპყრო, ტუჩებმაც შეწყვიტეს მოძრაობა. მაჯისცემა უფრო და უფრო უსუსტდებოდა. სუნთქვა იშვიათი ჰქონდა, მაგრამ მღვდელ-მონაზონ იოსების თქმით, საკმაოდ მშვიდი.

მამა იოსები ხედავდა, რომ ბერი ამბროსის სიკვდილი მოახლოებული იყო, ამიტომ ის სკიტში გაემგზავრა, რათა იქიდან წამოეღო ბერის სენაკში შენახული დასაკრძალავი ნივთები: ძველი ბამბის ნაქსოვი მანტია, რომელშიც მამაო ოდესღაც აღიკვეცა, თმის ძაძა და მამა მაკარის პერანგი, რადგან, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, მამა ამბროსი მამა მაკარს მთელი თავისი ცხოვრება დიდ პატივს სცემდა და მისი ერთგული იყო. ამ პერანგზე მამა ამბროსიმ საკუთარი ხელით დააწერა სიტყვები: „როცა მოვკვდები, უსათუოდ ჩამაცვით“.

„მამაოს სენაკში, – დაამატებს თავის ჩანაწერებში ქალბატონი, – მის გარდაცვალებამდე 20 წუთით ადრე მოვხვდი. ალბათ, ეს ღვთის ნებით მოხდა. მე ერთმა მხევალმა გამატარა. ბერი ისევე იწვა, როგორც ღამით; სუნთქვა იშვიათი ხდებოდა, როდესაც მე შევედი, მის გვერდით მუხლებზე მამა ისაია იდგა. მამა თეოდორე ბერს ჯვარს სახავდა. ირგვლივ მონაზვნები იდგნენ. მე მის ფეხებთან მოვთავსდი“. როგორც კი სულის გასვლის ლოცვებს მორჩნენ, ბერმა გარდაცვალება დაიწყო. სახე მკვდრისფერი გაუხდა; სუნთქვა სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდებოდა. ბოლოს მან ღრმად ჩაისუნთქა; ორი წუთის მერე ეს ისევ განმეორდა. „შემდეგ, – ქალბატონის შენიშვნით, – მამაომ მარჯვენა ხელი ასწია, მოამზადა ის პირჯვრის გადასაწერად, მიიტანა შუბლთან, შემდეგ მკერდთან, მარჯვენა მხართან, შემდეგ მიიტანა მარცხენასთან, ძლიერად ჩაირტყა ის მარცხენა მხარში, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ეს ძალიან უჭირდა და დიდ ძალისხმევას მოითხოვდა მისგან, და სუნთქვა შეწყვიტა. შემდეგ მან მესამედ და უკანასკნელად ჩაისუნთქა“… ზუსტად დღის თორმეტის ნახევარი იყო.

კიდევ დიდხანს იდგნენ ბერის სარეცელთან მყოფნი ეშინოდათ რა, არ დაერღვიათ მართალი სულისა და ხორცის განშორების სადღესასწაულო წუთი. ყველა გაშეშებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათ ვერ დაეჯერებინათ და ვერ ხვდებოდნენ, სიზმარი იყო ეს თუ ცხადი; მაგრამ მისი წმინდა სული უკვე სხვა სამყაროში იყო გაფრენილი, რათა წარმდგარიყო უზენაესის ტრაპეზთან იმ სიყვარულის ნათებით, რომლითაც ის სავსე იყო ამსოფლად. მისი ბერული სახე ნათელი და მშვიდი გახლდათ. არაამქვეყნიური ღიმილი აცისკროვნებდა მას. „ჩვენ ნელა მივუახლოვდით, – შენიშნავს ქალბატონი, – და ვემთხვიეთ ბერის ჯერ კიდევ თბილ, შიშველ ფეხებს. შემდეგ ჩვენ გარეთ გამოგვიყვანეს“.

როცა გონს მოეგნენ, მაშინვე საშინელი ქვითინი და ტირილი ატყდა. ამ არეულობის გამგონე მეზობელ ოთახებში მყოფი ხალხი მიხვდა საქმის ვითარებას. მათ გაიგეს ის, რისი გაფიქრებაც კი აშინებდათ და მიხვდნენ, რომ ყველაფერი უკვე დამთავრდა. მამაოს გარდაცვალების ამბავი ელვისებური სისწრაფით მოედო მთელს მონასტერს და შემზარავი შეძახილები ისმოდა შამორდინოს მკვიდრთა შორის, რომელიც ერთ საერთო უსაშველო და უიმედო ქვითინში გამთლიანდა. ახლა უკვე, არა მარტო იმ ქალბატონს სდიოდა ცრემლი მდინარესავით, როგორც ეს უწინასწარმეტყველა მას განსვენებულმა ბერმა. ბერის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ღვთის გლახა გავრიუშამ ენა აიდგა და გალობდა: „წმიდათა თანა განუსვენე“; ხოლო, როდესაც ბერი გარდაიცვალა, ის უნუგეშოდ დასტიროდა მას და იმეორებდა: „მოვკვდები, მოვკვდები!“ მალე საშინელი უბედურების პირველი ემოციაც ოდნავ მიწყნარდა და უფრო გათვითცნობიერებულ წუხილში გადავიდა.

ამასობაში უკვე იმაზეც უნდა ეფიქრათ, რომ მამაოს სხეული დასაკრძალად მოემზადებინათ. ზუსტად ამ დროს დაბრუნდა სკიტიდან მღვდელ-მონაზონი იოსები და ჩამოიტანა მიცვალებულის შესამოსად საჭირო ნივთები. მას ჩამოჰყვა ბერი გაბრიელიც, რომელსაც მორჩილებით ევალებოდა გარდაცვლილთა მოვლა. თავდაპირველად, ბერის ანდერძის თანახმად, მას შემოსეს მამა მაკარის პერანგი, შემდეგ ამ პერანგის ზემოდან ძაძა, შემდეგ კი, ჩვეულებისამებრ, სამონაზვნო შესამოსელი და სქემა. მის სახეზე დადებული დიდი პარამონი სქემაზე იყო მიკერებული. სანამ ბერები აპატიოსნებდნენ მიცვალებულს, იქვე ფსალმუნებს კითხულობდნენ. ლეიბზე დასვენებული გაპატიოსნებული სხეული ბერის მოწაფეებმა ხელით გადმოასვენეს წინამძღვრის დარბაზში. მამაოს უსიცოცხლო, ცივი სხეულის დანახვაზე დედებმა ისევ მორთეს ტირილი. ახალგარდაცვალებული ბერი დარბაზში წინასწარ მომზადებულ მაგიდაზე დაასვენეს და მაშინვე გადაუხადეს პირველი პანაშვიდი. ბერის გარდაცვალებისთანავე რუსეთის სხვადასხვა მხარეს გაიგზავნა დეპეშები, განსაკუთრებით მის ახლობლებთან, თაყვანისმცემლებთან და სულიერ შვილებთან. უპირველეს ყოვლისა, მომხდარის შესახებ აცნობეს მის საიმპერატორო უმაღლესობას, დიდ თავადს, კონსტანტინე კონსტანტინეს ძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩამოსული ბერთან და ესაუბრა მას. ოპტინის სკიტის მმართველმა, მღვდელ-მონაზონმა ანატოლიმ, ამ დეპეშის საპასუხოდ მისი უმაღლესობისგან მიიღო თბილი დეპეშა:

„მთელი სულით ვიზიარებ თქვენი წმინდა სავანის განსაცდელს დაუვიწყარი ბერის დაკარგვის გამო და თქვენთან ერთად ვხარობ მისი მართალი სულის გამოხსნისთვის. ღმერთმა მარადიული ხსოვნა მიაგოს მას. ვმადლობ სკიტის მმართველს ცნობის მოწოდებისათვის. კონსტანტინე“.

დეპეშა გაეგზავნა კალუგის ეპისკოპოს ვიტალის, მაგრამ მან მეუფეს კალუგაში ვერ მოუსწრო. ბერის გარდაცვალების წუთებში მეუფე კალუგიდან გამოვიდა და მასთან შესახვედრად მიემგზავრებოდა შამორდინოში. ის ავადმყოფობდა და კალუგიდან 28 ვერსის გავლისთანავე ღამის გასათევად გაჩერდა პერემიშლის სამების მონასტერში. ღამდებოდა. მეუფე დარბაზში მონასტრის წინამძღვართან, იღუმენ თეოდოსისთან, იჯდა და სხვადასხვა თემებზე საუბრობდა. სხვათა შორის შეეხო მამა ამბროსისაც და მასზე უკმაყოფილებაც კი გამოხატა იმისათვის, რომ ბერს, მისი თქმით, არ ჰქონდა უმაღლესი სასულიერო ხელისუფლების მორჩილება. სწორედ ამ დროს გადასცა მომსახურემ იღუმენს ქალაქ პერემიშლიდან მის სახელზე მოსული დეპეშა. მან ყოველგვარი ეჭვის გარეშე მეუფის თვალწინ გახსნა დეპეშა. „მაგრამ მაშინვე, – ამბობდა თვითონ იღუმენი თეოდოსი, – როგორც კი წავიკითხე, რომ ბერი სქემმღვდელ-მონაზონი ამბროსი გარდაიცვალა, ხელები ამიკანკალდა და ცრემლები წამომივიდა თვალებიდან. ამის შემხედვარე მეუფემ მკითხა: „რა ხდება?“ მე მხოლოდ ეს ვუპასუხე: „მძიმე ცნობაა, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ“. ის არ დააკმაყოფილა ჩემმა პასუხმა და ისევ მკითხა: „გამაგებინე რა ხდება? მე ისევ იგივე პასუხი გავიმეორე. „რა ხდება მეთქი?“ – უკვე განგაშით მკითხა მესამეჯერ მეუფემ. პასუხის მაგივრად მას დეპეშა გადავეცი. ეს რომ ნახა, მეუფემ თქვა: „ეს რა მოხდა? ბერი გარდაიცვალა?“ – „როგორც ხედავთ,“ – ვუპასუხე მე. მეუფე ამ მოულოდნელი ცნობით გაოგნებული იყო. მან წმინდა ხატებისკენ მიაპყრო მზერა, ჩაიქნია ხელები და ამოიძახა: „ღმერთო ჩემო! ეს რა ხდება? ამოუცნობია განგება ღვთისა!“… მან მაშინვე გადაწყვიტა, დილიდანვე შამორდინოს მაგივრად ოპტინის მონასტერში წასულიყო და წავიდა კიდეც. ძალიან გაკვირვებული იყო მეუფე, როცა გაიგო, რომ ბერი 12-ის ნახევარზე გარდაიცვალა, – ზუსტად იმ დროს, როცა ის შამორდინოში წასასვლელად კალუგაში ეტლში ჩაჯდა. „ახლა მე ვხედავ, – თქვა მან ყველას გასაგონად, – რომ ბერმა დამიძახა წესის ასაგებად. უბრალო მღვდელმონაზვნებს ეპისკოპოსები არ უგებენ წესს, მაგრამ ეს ბერი იმდენად დიდია, რომ მას აუცილებლად ეპისკოპოსმა უნდა აუგოს წესი. მე ექიმებმა იმ პირობით გამიშვეს, რომ არსად ვიმსახურებდი, მაგრამ ახლა თავს ვალდებულად ვთვლი წესი ავუგო ბერს“. შამორდინოს სავანეც მიწყნარდა. ხალხი დასასვენებლად დაიშალა, მოსაღამოვდა, მაგრამ ახალგარდაცვლილი მამაოს ცხედარი დედებს არ მიუტოვებიათ. ისინი მთელი ღამე ძვირფასი ბერის გვერდით იყვნენ:. მათ ძალიან უჭირდათ; ისინი ერთადერთ ნუგეშს მხოლოდ იმაში ხედავდნენ, რომ არ განშორებულიყვნენ თავიანთ ძვირფას მამას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყო მათთან და ესოდენი სიყვარულითა და მოფერებით ესაუბრებოდა. ზუსტად ღამის თორმეტის ნახევარზე მოვიდნენ მღვდელმონაზვნები და პანაშვიდის მერე მრავალტანჯული ბერის სხეული უბრალო, შავი ქსოვილით შემოკრულ კუბოში ჩაასვენეს, რომელიც სანახევროდ დაფარეს ასევე უბრალო, მონასტრის გარდაცვლილთათვის ჩვეული ძველი გადასაფარებლით. ამრიგად, ღვთის ამ რჩეულმა მონამ, რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა სიმდაბლესა და თვითგვემაში, სიკვდილის შემდგომაც მოისურვა, თავი შეედარებინა მონასტრის უკანასკნელ მორჩილთათვის! უჭირდათ დედებს იმის ყურება, რომ მამაო უკვე სხეულებ-რივადაც გადასახლდა მის ახალ საცხოვრებელში, უჭირდათ ფიქრი, რომ რამდენიმე დღეში კუბოს გადასაფარებელი მთლიანად დაფარავდა მათი მზერიდან და ვერც კი შეხედავდნენ. ისინი მორიგეობით კითხულობდნენ ფსალმუნებს და მუდამ, როცა წარმოითქმოდა სახელი „ახალშესვენებულისა მამისა ჩვენისა მღვდელმონაზვნისა ამბროსისა“, ყველა ვინც დარბაზში იმყოფებოდა, დიდ მეტანიას აკეთებდა. ენითგამოუთქმელად ამძიმებდა ეს სიტყვები განსაცდელით დაფლეთილ გულებს.

„ბერის სულიერი შვილების დაჟინებული თხოვნით, – გადმოგვცემს ქალბატონი, – მღვდელ-მონაზონმა ბ-მ გაარღვია დიდი პარამანი და ჩვენ მისი სახე გვაჩვენეს. ის საოცარი გახლდათ, ნათელი, თითქოს გესალმებოდა, ისეთივე, როგორითაც ის ხვდებოდა ხოლმე დიდი ხნის უნახავ ძვირფას სულიერ შვილებს. სანთლების სიმხურვალის თუ სიმჭიდროვის გამო ბერის სახეზე ოფლის წვეთებიც კი შეინიშნებოდა, როგორც ცოცხალი ადამიანის სახეზე. მაგრამ აქ მე თავს გადამხდა საოცარი რამ. მე კუბოს მარჯვენა მხარეზე სასანთლის გვერდით ვიდექი, ისე ახლოს, რომ ჩემი ხელები კუბოს ეხებოდა. დაკვირვებით ვუმზერდი ძვირფას მამაოს და ვცდილობდი, მისი სახის ნაკვთები გონებაში და მეხსიერებაში ჩამებეჭდა. ჩემს უკან, შორიახლოს მამაოს შვილიშვილის სენაკის კარი იყო განლაგებული, სადაც ამ ბოლო ხანებში მამაო ხშირად იღებდა ხოლმე ხალხს. მომესმა, რომ ვიღაც იმ მხრიდან მოვიდა ჩემთან და მარჯვენა მხართან, პირდაპირ ყურთან დაიხარა და მოვისმინე უკმაყოფილო, განრისხებული, ხმამაღალი ყვირილი მამა ამბროსისა. მისი სიტყვების აზრი მდგომარეობდა იმაში, თუ რატომ უყურებდნენ მის სახეს; ეს ხდებოდა ერთი წუთის განმავლობაში. საშინლად შეშინებული თითქმის გადავფრინდი მოპირდაპირე მხარეს და წინამძღვრის სენაკის კარებთან მოვხვდი. შიშისაგან ძლივს მოვედი აზრზე. ამის მერე მამაოს სახე არ მინახავს, თუმცა დაკრძალვამდე მრავალჯერ გადახადეს. მე ყოველთვის გავდიოდი იქიდან. მაშინ ეს მხოლოდ მამა იოსებს ვუთხარი. ეს მდგომარეობა რომ ავხსნა, მე ოდნავ უნდა გადავუხვიო წარსულში. მამა ამბროსის აღსრულებამდე ოთხი წლით ადრე გარდაიცვალა შამორდინოს სავანის პირველი წინამძღვარი – დედა სოფია. მე მაშინ ერში ვცხოვრობდი და მის გასვენებაზე ჩამოვედი. დასაფლავების მერე ოპტინაში გავემგზავრე მამა აბროსისთან, რათა იქ დავრჩენილიყავი ჩემი პირადი საქმეების გამო და სამძიმარიც მეთქვა მამაოსთვის მისი საყვარელი მოსწავლის, დედა სოფიას გარდაცვალების გამო. მამაოსთან გვიან საღამოს მოვხვდი და მან საერთო კურთხევაზე მიმიღო. აქ მრავლად იყვნენ შამორდინოდან ჩამოსული დედები. ჩემს მისამძიმრებაზე ბერმა თქვა: „დიახ! ცოტა იცხოვრა, მაგრამ ბევრს შეაყვარა თავი“. მე ვთქვი: „რა ლამაზი მიცვალებული იყო! ღმერთო, გაახარე დედები, – მათ გამიხსნეს და მაჩვენეს, თუმცა მე არ მითხოვია“. მამაომ მოწყენილად თქვა: „მოირბინეს ჩემთან თვალცრემლიანებმა პირველივე წუთებში. ნება გვიბოძე, გავხსნათ და ვუცქიროთ მის სახესო, მაგრამ სქემოსნების სახის ყურება კანონით არ შეიძლება. მე მათს მწუხარებას დავმორჩილდი: მერე კი ვინც მისი სახე ნახა, ყველას მეტანიები დაუნიშნეს მთელი წლით; თანაც უნდა ელოცათ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი და მომეტევე ჩემი გაუგონარი კადნიერება – სქემოსანის სახის ყურება“, – და ამასთან ერთად სამ-სამი მეტანია დილას და საღამოს“. მე მთელი წელი ვაკეთებდი მეტანიებს. და აი, ბერი იმიტომაც იყო უკმაყოფილო, რომ კადნიერად უყურებდნენ მის სახეს, ყველაზე მეტად კი მე ცოდვილი“.

11 ოქტომბერს, პარასკევს, როგორც შამორდინოს სავანეში და ოპტინის მონასტერში, ასევე მრავალ სხვა ტაძრებსა და მონასტრებში აღესრულებოდა ლიტურგია გარდაცვლილი ბერი ამბროსის სახელზე. დღის ორი საათისთვის ბოლო პანაშვიდი გადაუხადეს სენაკში, ხოლო შემდეგ მისი კუბო ცხედრითურთ წინამძღვრის კორპუსიდან ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც გრძელდებოდა ფსალმუნების კითხვა და შეუწყვეტლივ იგალობებოდა პანაშვიდები, რასაც თან ახლდა ბერის სულიერი შვილებისა და მისი თაყვანისმცემლების ტირილი.

სხვადასხვა მხარეს გაგზავნილი დეპეშების შედეგად ხალხი ყოველი მხრიდან მოდიოდა სავანეში. კურსკისა და რიაზანის არემარეში მოძრავ მატარებლებში მხოლოდ ბერი ამბროსის გარდაცვალებაზე საუბრობდნენ. ბევრი მათგანი დასაფლავებაზე მოდიოდა. კალუგის საფოსტო სადგურზე ცხენების მთხოვნელთა რიგი იდგა. დასაფლავების დღეს მეუფე ვიტალისთან ერთად სხვადასხვა დროს ჩამოვიდნენ: კალუგის ყველა მონასტრის ბლაღოჩინი, ტიხონოვის მონასტრის წინამძღვარი – არქიმანდრიტი მოსე და სხვა მამათა და დედათა მონასტრების წინამძღვრები, რომლებიც ოპტინის მონასტრის მახლობლად მდებარეობდნენ; ასევე სხვა ეპარქიებიდან ჩამოდიოდა მრავალი სხვა სასულიერო და საერო პირი, ასე რომ, სავანეში ადგილებიც კი აღარ იყო. ამასთან ერთად ყოველი მხრიდან მოდიოდნენ ფეხით. ამ დროისთვის შამორდინოში რვა ათასამდე ადამიანი შეგროვდა.

ამასობაში მამა ამბროსის სიყვარულით ოპტინის საძმოსა და შამორდინოს სავანეს შორის გაუგებრობამ იჩინა თავი იმის თაობაზე, თუ სად უნდა დაეკრძალათ გარდაცვლილი ბერი, – ოპტინაში თუ შამორდინოში. ამ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროდ ჩათვალეს, მიემართათ წმინდა სინოდისთვის. იქიდან სასწრაფოდ მიიღეს დეპეშა სინოდის პირველი წევრის, სანკტ-პეტერბურგის მიტროპოლიტ ისიდორეს ხელმოწერით, რომელიც ბრძანებდა ბერის ოპტინის მონასტერში დაკრძალვას.

12 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში პანაშვიდების მსახურება გრძელდებოდა; ზოგჯერ ჩამოსული მღვდელმონაზვნები და მღვდლები თავისი სურვილით უხდიდნენ პანაშვიდს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ მამა ამბროსის სხეული გადახდილი იყო, მოჰქონდათ თავსაფრები, ტილოს ნაჭრები, აგრეთვე სხვა ნივთები და ითხოვდნენ, შეეხოთ ის მამაოსთვის, შემდეგ კი რწმენითა და მოწიწებით მიჰქონდათ, როგორც სიწმინდე. ზოგიერთი დედა თავის პატარა შვილებს ამთხვევდა მამაოს სხეულს.

12 ოქტომბერს, შაბათს ლიხვინის პოკროვსკის „კეთილი“ მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა აღაპიტმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ბერთან ოპტინის სკიტში, პარაკლისი და დაუჯდომელი ერთად იმსახურა ყაზანის ღვთისმშობლის სასწა-ულთმოქმედი ხატის წინ, შემდეგ კი ლიტურგია და პანაშვიდი – ბერის კუბოსთან. შემდეგ მთელი დღე და ღამე გრძელდებოდა პანაშვიდები.

13 ოქტომბერი, კვირა. თბილი და ნათელი დღე იყო, ასეთი ამინდი იშვიათია ოქტომბერში. დილის მზის კაშკაშა სხივები ბრჭყვიალებით ეფინებოდა შამორდინოს სავანეს და ფანჯრებიდან ტაძარში აღწევდა. მხიარულად ელვარებდნენ ეს სხივები კანკელის ოქროს ნივთებზე და დიდ სასანთლეებზე, რომლებიც კუბოს გვერდით იდგა. ამ დღეს მეუფე ვიტალიმ გარდაცვლილი ბერისთვის წესის აგება გადაწყვიტა. ამიტომაც, ადრიანი დილიდან ხალხი ეკლესიას მოაწყდა. მთელი მოედანი ჭრელი ხალხით იყო მოფენილი. ყველაფერს ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს ტაძარში გარდაცვლილი ბერი კი არა, არამედ რაღაც სულიერი, ნათელი დღესასწაული ყოფილიყო. ბოლოს, ცხრის ნახევარზე, ზარების რეკვამ ამცნო ხალხს მწყემსმთავრის მოახლოება, რომელმაც ღამე ოპტინაში გაათია. კორპუსს რომ მოადგა, სადაც მას გაუმზადეს ადგილი, მეუფემ იკითხა: „სად არის გარდაცვლილი ბერის ცხედარი?“ როცა გაიგო, რომ ის ეკლესიაში იყო, მეუფემ მოინდომა, პირველ რიგში მისთვის მიეგო პატივი და სახლში შეუსვლელად ფეხით გაემართა ეკლესიისკენ. ეკლესიაში ასე მალე არ ელოდნენ მეუფეს, არამედ ნახევარი საათის შემდგომ, რომელიც ავადმყოფ მღვდელმთავარს დასასვენებლად სჭირდებოდა, ამიტომაც ამ დროს პანაშვიდს გალობდნენ. მეუფე მოულოდნელად შევიდა ტაძარში ზუსტად იმ დროს, როდესაც „ნეტარ არიან უბიწონის“ დასრულებისას „ალილუიას“ გალობდნენ; როგორც ეს ზემოთ ვნახეთ, ამის შემდეგ წინასწარგვაუწყებდა ბერი. დედებმა თავისი ახალი მწყემსთავარი რომ დაინახეს, რომლის შესახვედრადაც მამა ამბროსისთან ერთად ამდენ ხანს ემზადებოდნენ, თავი ვერ შეიკავეს და ხმამაღლა ატირდნენ. ისინი მალე ვერ მოვიდნენ გონს, რომ მეუფის შემოსვლისას შესაბამისად ეგალობათ. ის, უწინარეს ყოვლისა, შევიდა საკურთხეველში და წმინდა ტრაპეზისა და წმინდა ხატების მთხვევის მერე განსვენებულის კუბოსთან მივიდა: დახარა თავი, სამჯერ ჯვარი გადასახა მიცვალებულს და მაშინვე გავიდა ტაძრიდან.

რამდენიმე ხნის მერე მეუფე ისევ მობრძანდა ტაძარში ლიტურგიის ჩასატარებლად, რომლის დასაწყისიც ცხრა საათისთვის იყო დანიშნული. მას დახვდა ორი არქიმანდრიტი, ორი იღუმენი და ოთხი მღვდელ-მონაზონი, რომლებიც მეუფესთან თანამსახურებისთვის ემზადებოდნენ. შესასვლელი ლოცვების წაკითხვის შემდეგ მეუფე ჩვეულებისამებრ შეიმოსა და წირვაც დაიწყო. მარჯვენა კლირში მეუფის გუნდი გალობდა, ხოლო მარცხენაში – სავანის დედები. ზიარების მერე, მეუფის კურთხევით, ამბიონზე გამოვიდა მოსკოვის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, მღვდელ-მონაზონი გრიგოლ ბორისოგლებსკი. ის სპეციალურად ჩამოვიდა მამაოს დასაფლავებაზე სერგიევის სამების ლავრიდან და წარმოთქვა მშვენიერი სიტყვა რომლითაც ნათლად გამოხატა ბერი ამბროსის დიდი მნიშვნელობა, როგორც ოპტინის მონასტრისა და შამორდინოს სავანისთვის, ასევე საერთოდ მონაზვნობისა და მთელი რუსეთისთვის. როგორც გამორჩეული მახასიათებლები აწ გარდაცვლილი ბერისა, მან წარმოაჩინა ბერის ფართო, უსაზღვრო ქველმოქმედება, მისი თავდადებული სიყვარული ყველა ქრისტიანის მიმართ, რა მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო ის, აგრეთვე მისი უბრალოება და ღრმა სიმდაბლე. მის სიტყვებს ზოგჯერ კეთილმორწმუნე მსმენელების ტირილი ახშობდა.

ლიტურგიის დამთავრებისთანავე მეუფე ვიტალიმ 28 მღვდელმსახურთან ერთად, რომლებიც თეთრ შესამოსელში იყვნენ ჩაცმულნი, შუა ტაძარში წესის ასაგებად გამოვიდა. აქ იყვნენ: არქიმანდრიტი მოსე, მონასტრების ბლაღოჩინი და ტიხონოვის მონასტრის წინამძღვარი – არქიმანდრიტი ისააკი, ოპტინის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი თეოდოსი – პერემიშლის სამების მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი აღიპიტი – ლიხვინის პოკროვსკის „კეთილი“ მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ეგნატე – ბელევოს ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გერვასი – მალოიაროსლავის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი ქალაქ ბელევოდან – იოანე ათანასეს ძე დელექტორსკი, დეკანოზი ქალაქ კოზელსკიდან – ალექსანდრე ელეონსკი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის აღზრდილი ორი მღვდელ-მონაზონი – მამა გრიგოლი და მამა ტრიფონი, სხვა მღვდელმონაზვნები და მღვდლები. დიდებული იყო ეს წმინდა სანახაობა: მწყემსმთავრის მოწიწებული მსახურება, ორივე გუნდის მწყობრი გალობა, მონაზონთა წესის აგების სულისშემძვრელი გალობა, მრავალი მლოცველი სანთლებით ხელში, და ბოლოს ამ ბრწყინვალე გარემოში მოკრძალებული, ღარიბი კუბო, რომელშიც დაჭმუჭნილ სქემაში ესვენა ყველასთვის ძვირფასი მიცვალებული, – ყველაფერი ეს საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანებზე; ბევრი მათგანი ქვითინებდა. „წმიდათა თანა განუსვენეს“ გალობის წინ მოკლე, მაგრამ მგრძნობიარე სიტყვა წარმოთქვა მოსკოვის სასულიერო აკადემიის სტუდენტმა, აწ მოსკოვის სასულიერო სემინარიის რექტორმა, არქიმანდრიტმა ტრიფონმა (ასევე, მღვდელ-მონაზონმა გრიგოლმა, რომელიც სპეციალურად დასაფლავებისთვის ჩამოვიდა); მან ისაუბრა ბერთან სულიერი ურთიერთობის პირად მოგონებებზე, რაც მას გააჩნდა, როგორც მამა ამბროსის მორჩილსა და მოწაფეს, მიუხედავად ოპტინაში ხანმოკლე ცხოვრებისა. თავისი სიტყვა მან ბერის ცხედრის წინ მუხლმოდრეკით დაასრულა.

ბოლოს დადგა ბერთან გამოთხოვების დრო. გაისმა გამოსათხოვარი სიტყვების გალობა: „მოვედით, უკანასკნელად ვემთხვიოთ ძმებო, გარდაცვლილს“… და ისევ ტირილმა და მოთქმამ აახმაურა ტაძარი. კუბოსთან პირველად ყოვლადუსამღვდელოესი მივიდა. გულისამაჩუყებელი იყო მეუფის გამომშვიდობება იმ ადამიანთან, რომელთანაც ის, როგორც ცოცხალთან მიემგზავრებოდა, მაგრამ ღმერთმა მკვდარს შეახვედრა. მეუფემ აიღო კუბოს წინ ანალოღიაზე დაბრძანებული ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი და მით ღრმა ლოცვითი განცდით სამჯერ აკურთხა გარ-დაცვლილი, თაყვანი სცა მას, ეამბორა თავზე და ხელებზე და კიდევ სამჯერ აკურთხა. მეუფის შემდგომ გამოსათხოვებლად სამღვდელოება მივიდა, შემდეგ სავანის წინამძღვარი, დედები და ხალხი. განსაკუთრებით გულის ამაჩუყებელი გახლდათ დედების გამოთხოვება. მათ განსაცდელს ემატებოდა ისიც, რომ ძვირფას ცხედარს მათთან კი არა, ოპტინაში დაკრძალავდნენ. ეს გულწრფელი, ცრემლიანი გამომ-შვიდობება დიდხანს გრძელდებოდა. ბოლოს სამი საათისთვის მეუფემ განტევება ჰყო. წარმოითქვა ბერის მარადიული სახსენებელი. მეუფემ ცხედარს ჯვრის სახით გადაასხა ზეთი და ღვინო, რომელიც ზეთის კურთხევის დროს აკურთხეს და, წმინდა ეკლესიის წესისამებრ, დააყარეს მიწა. შემდეგ კუბოს თავსახური მიაჭედეს. სამ საათზე ყველაფერი დამთავრდა. მღვდელმსახურები მეუფის თაოსნობით და სხვა სტუმრები წინამძღვრის კორპუსში წავიდნენ. ხოლო კუბო იქვე დარჩა, სადაც ისევ განაახლეს პანაშვიდები. ხალხი ისევ ღრმა მწუხარებით მოდიოდა ცხედართან და პირჯვრისწერითა და მუხლმოდრეკით ემთხვეოდნენ კუბოს თავს, ზოგიერთები კი ჩამუხლულნი მიადებდნენ თავს. წინამძღვრის კორპუსში შეკრებილი სტუმრები მოსახსენიებელ ტრაპეზზე შეი-პატიჟეს, სადაც 500-მდე ადამიანმა მოიყარა თავი. აქ იყო მეუფეც. მისი საუბრის საგანი, ამ სადილზე, გარდაცვლილი ბერი გახლდათ.

იმ დროს, როცა სტუმრები ტრაპეზზე ისხდნენ, მოხდა აღსანიშნავი რამ, რომელმაც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ყველა დამსწრეზე. მამა ამბროსისთან ხშირად ჩამოდიოდა შამორდინოს სავანის ქველმოქმედი ქალბატონი, მოსკოვის სავაჭრო ცენტრის მუშაკის, გამოჩენილი პიროვნების, სერგო ვასილის ძე პერლოვის მეუღლე, თავის გათხოვილ ქალიშვილთან ერთად, რომელსაც შვილები არ ჰყავდა. ეს უშვილო ქალიშვილი სთხოვდა მამაოს რჩევასა და კურ-თხევას, რათა აეყვანა ვიღაც ბავშვი შვილად. 1890 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბერმა უთხრა მას თავისი სურვილის საპასუხოდ: „მოიცადეთ, ერთი წლის მერე მე თვითონ მიგითითებთ ასაყვან ბავშვს“. დასაფლავებაზე ჩამოსულმა ცოლ-ქმარმა გაიხსენა ეს ამბავი და წუხდნენ, რომ ბერის სიკვდილმა შეუშალა ხელი ამ დანაპირების აღსრულებას. სადილი არც კი იყო დასრულებული, რომ სავანეში გავარდა ხმა წინამძღვრის კორპუსთან ნაპოვნი ჩვილის შესახებ. ჯერ, რასაკვირველია, ეს ბევრს არ გაუხარდა. მაგრამ, როგორც კი ქალბატონ პერლოვას უშვილო ქალიშვილმა გაიგო, მაშინვე მივარდა ბავშვს და ღრმა ლმობიერებით ამოიძახა: „ეს გოგონა მამაომ მე გამომიგზავნა“, და მან ეს ბავშვი მოსკოვში წაიყვანა.

ტრაპეზის დასრულების მერე მეუფემ ბერის სენაკის მონახულება მოინდომა; შიგნით შესულმა ილოცა, სამჯერ გადასახა ჯვარი ბერის ლოგინს, სადაც ის აღესრულა. შემდეგ დიდხანს აკურთხებდა სტუმრებს, დედებს და მომლოცველებს, რომლებიც წინამძღვრის კიბესთან იყვნენ შეკრებილნი და უკვე შებინდებისას დაბრუნდა ოპტინის მონასტერში.

არ გავჩუმდებით შემდეგ გარემოებაზეც. სიკვდილის წინ მამა ამბროსიმ უბრძანა ერთ მონაზონს, ეკითხა იობის წიგნი. იქ, სხვათა შორის, ნათქვამია, რომ ამ მართალი ადამიანის ჭრილობების სიმყრალეს გაურბოდა მისი ცოლიც კი. ამ მაგალითით, როგორც ჩანს, ბერს იმის თქმა უნდოდა, რომ მასაც სიკვიდილის მერე მსგავსი რამ დაემართებოდა. მართლაც, გარდაცვლილის სხეულიდან ძალიან მძიმე სუნი მოდიოდა. ამაზე ის ადრეც კი ეუბნებოდა მამა იოსებს, თავის მომსახურეს. ამ უკანასკნელის კითხვაზე: ასე რატომ? – ბერმა თქვა: „ეს იმიტომ, რომ სიცოცხლეში მრავალი დაუმსახურებელი პატივი მივიღე“. მაგრამ აი საოცრება; რაც უფრო მეტი ხანი ესვენა ეკლესიაში მამა ამბროსის ცხედარი, მით უფრო ნაკლებად იგრძნობოდა სუნი. ხალხის სიმრავლის გამო ტაძარში აუტანელი სიცხე იყო, რასაც სხეულის სწრაფი ხრწნა უნდა გამოეწვია, მაგრამ პირიქით კი გამოვიდა. ბოლო დღეს ბერის წესის აგებისას, არქიმანდრიტ გრიგოლის შენიშვნით, რომელმაც მისი ცხოვრება აღწერა, მისი ცხედრიდან უკვე სასიამოვნო სუნი მოდიოდა, როგორც ახალი თაფლიდან. ზემოხსენებული იღუმენი აღაპიტი ამტკიცებს, რომ ბერის გარდაცვალებიდან მესამე დღეს, როცა მის ხელს ემთხვეოდა, ის სპეციალურად ჩაისუნთქავდა ჰაერს და გრძნობდა სასიამოვნო სურნელებას, ზუსტად ისეთს, როგორიც ასდით ხოლმე უხრწნელ ღვთის რჩეულებს.

XIV თავი
ბერი ამბროსის ცხედრის გადასვენება
ოპტინის მონასტერში, მისი დაკრძალვა, ქელეხი
და საბოლოო ცნობები ბერზე

კვირა საღამოდან ორშაბათ დილამდე მთელი ღამე შამორდინოს ტაძარი ხალხით იყო სავსე. განსვენებული ბერის კუბოსთან, როგორც ადრე, მრავალი სანთელი ენთო, რომლებიც ტაძარს კაშკაშად ანათებდნენ; ბოლავდა საკმეველი, გალობდნენ პანაშვიდებს, გვერდით კი ფსალმუნთა კითხვა გრძელდებოდა. ბერის თაყვანისმცემელნი თითქმის შეუჩერებლივ ემთხვეოდნენ კუბოს.

14-ოქტომბერს, ორშაბათს ისევ იმსახურეს ერთობლივ ლიტურგია და პანაშვიდი. წირვა აღავლინა სკიტის მმართველმა მღვდელ-მონაზონმა ანატოლიმ ორ მღვდელ-მონაზონთან ერთად, ხოლო პანაშვიდზე მათ კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი შეუერთდა. პანაშვიდის დასრულების მერე 11 საათისთვის ცხედარი დედების ხელით გამოასვენეს, დაასვენეს ჩვეულებრივ სამონასტრო საკაცეზე და ეკლესიის ირგვლივ შემოატარეს, შემდეგ კი მთელი მონასტრის, წინამძღვრის კორპუსის და ბერის მიერ საძირკველჩაყრილი ქვის ტაძრის გვერდით ჩამოატარეს, სადაც იმ დროს დიდი ჯვარცმა იყო აღმართული, შემდეგ კი მშობლიური ოპტინის მონასტრისკენ აიღეს გეზი. წმინდა ხატები და საეკლესიო დროშები, გარდა ზემოხსენებული ყაზანის ღვთისმშობლის ხატისა, ტაძარში დააბრუნეს. სავანის დედებისთვის მძიმე დრო დადგა. ისინი სამუდამოდ დატოვა ძვირფასი ბერის ცხედარმა. ზოგიერთმა მათგანმა ბერის ცხედარი გააცილა, დარჩენილები კი თვალცრემლიანნი ანდა განსაცდელით დათრგუნულნი უთვალთვალებდნენ თავიანთ განძს, რომელიც თანდათან შორდებოდა სავანეს. ისინი თავიანთ განსაცდელს იმ იმედით იქარვებდნენ, რომ „მშობელი მამაო“ არ მიატოვებდა მათ, სულით ის მუდამ მათთან იქნებოდა და ყველა მათგანს დაეხმარებოდა. ეს სიმართლეა. გარდაცვლილის ლოცვები ფხიზლად მფარველობს მის მიერ შექმნილ სავანეს და ის, როგორც ადრე, ასევე ახლაც ამ სავანის მკვიდრთა მფარველ ანგელოზად გვევლინება.

ეს დღე ავდრიანი იყო. შემოდგომის გამჭოლი, ცივი ქარი უბერავდა, გადაუღებელმა წვიმამ, რომელიც ხან სუსტდებოდა, ხან კი ისევ ძლიერდებოდა, მგზავრები დაასველა და მთლიანად გაჟღინთა მიწა; მაგრამ ბერის თაყვანისმცემლების გულმოდგინებას ვერაფერი შეაჩერებდა. კუბო ოპტინამდე მთელი გზა, რიგრიგობით ხელით ატარეს ხან დედებმა, ხან ოპტინელმა ბერებმა და საერო პირებმა. მათ სურდათ, ბოლომდე დაემტკიცებინათ თავისი სიყვარული და ერთგულება გარდაცვლილი მოძღვრისადმი. ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მთელი გზა შეუცვლელად ატარა ის. მხოლოდ გაჩერებისას ერთი მხრიდან მეორეზე გადაჰქონდა. კუბოს რამდენიმე ვერსზე გაჭიმული ათასობით ადამიანი უკან მიჰყვებოდა. მსვლელობა ნელი იყო. მიუხედავად წვიმისა და ქარისა, ხშირად ჩერდებოდნენ და შესანდობარ ლიტიას აღასრულებდნენ. ბოლოს კი კოკისპირული წვიმის გამო ლიტია მსვლელობისას შეუჩერებლად სრულდებოდა. გზად სოფლებს რომ გადიოდნენ, ბერის ნაწილების გადასვენებას სამგლოვიარო ზარების რეკვაც მიაცილებდა. მღვდლები სამღვდელმსახურო სამოსელში, ბაირაღებითა და ხატებით შესახვედრად გამოდიოდნენ ეკლესიებიდან. სოფლელები ლოცულობდნენ, ზოგიერთი მათგანი ემთხვეოდა კიდეც ბერის კუბოს და შემდეგ უერთდებოდნენ გამცილებლებს. ამგვარად, რაც უფრო უახლოვდებოდნენ ოპტინის, მით უფრო და უფრო იზრდებოდა ხალხის რაოდენობა. გარდაცვლილი ბერის კუბოს შამორდინოს სავანიდან ოპტინის მონასტრამდე შეუცვლელად მიაცილებდა სამღვდელმსახუროდ შემოსილი მღვდელ-მონაზონი ილარიუსი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ლიტიასაც აღასრულებდა. უნდა შევნიშნოთ, რომ მიუხედავად ასეთი წვიმისა და ქარისა, სანთლები არ ქრებოდა.

საღამოვდებოდა, უკვე ბინდდებოდა, როცა ბერის ცხედარს ბოლო სოფელ სტენინოში მიასვენებდნენ, რომელიც ოპტინის მონასტრიდან ერთი ვერსითაა დაშორებული. მჭმუნვარედ გუგუნებდა ოპტინის შვიდასწლიანი დიდი ზარი, რომელიც იშვიათი, ზომიერი დარტყმებით აზანზარებდა ჰაერს და შორს მიჰქონდა სამწუხარო ცნობა გარ-დაცვლილის მოახლოების შესახებ. აქ ქალაქ კოზელსკის მთელი სასულიერო ფენა გამოვიდა მის შესახვედრად. ამას დაემატნენ აქაური საერო მკვიდრნიც. მსვლელობა ჯერ კიდევ შორს იყო. შავი ღრუბელივით მიიწევდა ის სავანისკენ. მაღლა, გამცილებელთა თავებს ზემოთ, საღამოს ნახევრადწყვდიადში ჩანდა შავი კუბო, რომელიც საიდუმლოდ იყო განათებული სანთლების შუქით. მამაოს ცხედარი თითქოს ჰაერში მიცურავდა. ჭეშმარიტად, ეს სამწუხარო–საზეიმო გასვენება გარდაცვლილი ბერისა, ზოგიერთის შენიშვნით, უფრო ნაწილთა გადმოსვენებას ჰგავდა და გულის ამაჩუყებელ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვიდრე ცხედრის გადასვენებას.

არცთუ ისე ფართო მდინარე ჟიზდრაზე, რომელიც ზედ მონასტერთან მოედინება, ჩვეულებრივ, ბორანით გადადიოდნენ, ხოლმე, მაგრამ ამჯერად დროებითი ხიდი იყო მოწყობილი. ამ მდინარის ნაპირზე გარდაცვლილი ბერის შესახვედრად ხატებით, ბაირაღებითა და ანთებული სანთლებით გამოვიდა ორი არქიმანდრიტი მრავალ-რიცხოვან სასულიერო დასთან, მონაზვნებთან და ჩამოსულ მღვდლებთან, ასევე მონასტრის საძმოსთან და საერო ხალხთან ერთად. ისინი ხიდთან გაჩერდნენ. იქ კი, ხიდს გაღმა, ყველასგან განცალკევებულად, მიუხედავად წვიმისა და ტალახისა, ბერი ამბროსის ცხედრის შესახვედრად, მოდიოდა ღარიბულ სამოსში ჩაცმული მღვდელ-მონაზონი იოსები რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განუშორებლად მყოფობდა მამაოსთან. ახლა ის გახლდათ მისი შემცვლელი მონაზონი. არ დავტოვებთ უყურადღებოდ ახლანდელი მეუფროსე ბერის, მამა იოსების შენიშვნას. „შემოდგომა, – ასე გადმოგვცემს ის, – როცა გარდაიცვალა მამა ამბროსი, იყო მშრალი და მომავალი წლის მოუსავლიანობით (ცუდი მოსავლით) იმუქრებოდა, მაგრამ შამორდინოდან ოპტინის მონასტერში მისი გადმოსვენების დღიდან, როგორც მამაოს მიერ ღვთისაგან გამოთხოვილი წყალობა, წვიმები დაიწყო.

დიდებული სანახაობა იყო, როდესაც ხიდზე გადმოსვლის მერე ბერის ცხედარი მრავალრიცხოვან ღვთისმსახურთა დასში შეასვენეს, რომლებიც ბრჭყვიალა შესამოსელში შემოეგებნენ მას, და უამრავი ხალხი ორივე მხრიდან შეერია ერთმანეთს. ზარების სამგლოვიარო რეკვა, მგალობელთა გალობა, გაშლილი ბაირაღები, ორივე მხრიდან თვალუწვდომელი ხალხის სიმრავლე და ბოლოს ეს ღარიბული კუბო, რომელსაც მისჩერებოდა ყველას ცრემლიანი თვალები, – ყოველივე ეს ყველას სტკენდა გულს, ვინც აქ იმისათვის შეიკრიბა, რომ უკანასკნელი პატივი მიეგოთ ბერისთვის. ისინი მხურვალედ ლოცულობდნენ ზეციურ სავანეში ბერის სულის განსვენებაზე; გულით განიცდიდნენ ძვირფასი მამის დაკარგვას და სთხოვდნენ მას მეოხებას უზენაესი ზეციერი მამის წინაშე.

საღამოს ხუთი საათი იქნებოდა. აქვე, მდინარის ნაპირზე, წინასწარვე აღასრულეს ლიტია და მსვლელობა მონასტრის ჩრდილო კარიბჭის მიმართულებით გაგრძელდა. ისევ აცურდა ბერის ცხედარი მონაზვნების თავს ზემოთ და შევიდა მშობლიურ სავანეში, რომელიც ახლა ძვირფას მამას სადღესასწაულო ზარით შეხვდა. როგორც კი კუბო ჭიშკარში შეაბრძანეს, ის მაშინვე დაკეტეს, რადგან ხალხი უწესრიგოდ მოაწვა; თუმცა, ეს ცოტა ხანს გაგრძელდა; როცა ხალხი ოდნავ დამშვიდდა, ჭიშკარი ისევ გაიღო.

სავანეში შესვენებული ბერის კუბო ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ცივ ტაძარში დაასვენეს, რომელიც სადღესასწაულოდ ბრწყინავდა, – აანთეს დიდი ჭაღი და უამრავი სანთელი. სავანის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ისააკმა, რამდენიმე მღვდელ-მონაზონ-თან ერთად პანაშვიდი გადაიხადა. ამით დასრულდა ახალშესვენებული ბერის შეხვედრა. უკვე ექვსი საათი იყო, როდესაც მეუფე ვიტალის მოახსენეს, რომ ბერის გადასვენება დასრულებული იყო; მან მადლობა შესწირა უფალს იმისათვის, რომ მისი შეწევნით ყველაფერი კარგად მოეწყო, ხოლო მღვდელ-მონაზონი ილარიუსი, რომელიც მთელი გზა ფეხით მოჰყვებოდა ბერის ცხედარს, მეორე დღეს სამეუფო მსახურებისას საგვერდულით დააჯილდოვა. რამდენიმე ხანში დაიწყო სადღესასწაულო ღამისთევა ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის თბილ ტაძარში; ამასობაში კი ბერის ცხედარი ისევ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში რჩებოდა, სადაც მთელი ღამე შეუჩერებლად აღასრულებდნენ პანაშვიდებს. ტაძარიც სავსე იყო მლოცველი ხალხით.

„მახსოვს, – წერს ქალბატონი თავის თავზე, – ერთხელ ტაძრიდან გავედით (სადაც ბერი ამბროსი ესვენა), რათა სადმე სასტუმროში ნომერი მოგვეძებნა, ოდნავ გავმთბარიყავით და ტანისამოსიც გაგვეშრო, რადგან გამოსაცვლელი არაფერი გვქონდა. ყველა იყო სველი, ნახევრად გაყინული და (ჰოი საოცრებავ!) არც ერთი არა მხოლოდ ავად არ გამხდარა, არამედ სურდოც არავის შეჰყრია, მიუხედავად იმისა, რომ ფეხებიც სველი გვქონდა და გაყინულ ტაძარშიც ვიდექით“.

მეორე დღეს, 15 ოქტომბერს, სამშაბათს, ცხედარი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გადაასვენეს. ათი საათისთვის დაიწყო ლიტურგია, რომელიც, მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, მეუფე ვიტალიმ აღავლინა. მისი თანამწირველები გახლდნენ: ორი არქიმანდრიტი – მოსე და ისააკი, სამი იღუმენი და ხუთი მღვდელ-მონაზონი. მარჯვენა კლირში მეუფის გუნდი გალობდა, ხოლო მარცხენაში – სამონასტრო. ეკლესია სავსე იყო მლოცველებით. წირვაზე მოვიდნენ ქალაქ კოზელსკის საერო წარმომადგენლები – მაზრის განმგებელი, ქალაქის თავი და რამდენიმე ცნობილი პირი. ლიტურგიის ბოლოს მეუფემ ხალხს მიმართა და მშვენიერი, გულის ამაჩუყებელი სიტყვა წარმოთქვა. ამ სიტყვაში მან მიუთითა იმაზე, რომ მეუფროსე ბერობა, რომელიც ოპტინის მონასტერში აყვავდა, განსაკუთრებით ბერი ამბროსის პიროვნებაში ჰყვაოდა. მან გამოთქვა გულწრფელი სინანული, რომ პირადად არ მოუხდა ცხოვრებაში საუბარი ამ ღირსშესანიშნავ ბერთან, რათა მასთან სულიერ ურთიერთობაში შესულიყო. შემდეგ აღწერა ის უდიდესი განსაცდელი, რომელსაც ოპტინელი ბერები განიცდიდნენ თავისი მეუფროსე მონაზვნის დაკარგვის გამო, შამორდინოს დედები, რომელთაც დაკარგეს მამა და მფარველი, და ბოლოს მთელი რუსეთი, რომელმაც რწმენის ხელმძღვანელი და დასაყრდენი დაკარგა ამ მცირედმორწმუნეობის დროს. შემდეგ კი ანუგეშა ყველა იმით, რომ ბერმა ისინი მხოლოდ სხეულით დატოვა და სულით მუდამ ხედავს მათ საქმეებს და ლოცულობს მათზე. დასასრულ ყველას მოუწოდა, ელოცათ გარდაცვლილის სულისთვის და ამასთანავე ეთხოვათ მისი მეოხება ღვთის წინაშე და დააიმედა, რომ მათი ლოცვა სასიამოვნო იქნებოდა ბერისთვის იმ შემთხვევაში, თუ მამა ამბროსის მიემსგავსებოდნენ ქრისტესმიერ სიყვარულში. მწყემსმთავრულ–მეუფებრივი ტონი და მეტყველება განმანათლებელი-მქადაგებელი მღვდელმთავრისა დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე და ზოგიერთში მოკრძალების ცრემლიც კი გამოიწვია.

ლიტურგიის დამთავრების შემდგომ მეუფემ პანაშვიდი გადაუხადა ბერს, რომელშიც თეთრ ფილონში შემოსილი ორმოცი ღვთისმსახური მონაწილეობდა. პანაშვიდის ბოლოს, მე-9 კანონის გალობის მერე, ზემოხსენებულმა აკადემიკოსმა, მღვდელ-მონაზონმა გრიგოლმა, მეუფის კურთხევით მოკლე გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა გარდაცვლილს , სადაც მან წარმოთქვა უკანასკნელი მისალმება მოსკოვის სასულიერო აკადემიის სახელით; აღნიშნა ბერის მონასტერში მოღვაწეობა და მის მიერ მოყვასისადმი გაწეული აურაცხელი სამსახური. სიტყვა ახალგაზრდა მქადაგებელმა მუხლმოდრეკით დაასრულა.

პანაშვიდის შემდეგ მღვდელმსახურებმა ხელში აიტაცეს ბერის ცხედარი და წმინდა ხატებითა და ბაირაღების თანხლებით მომზადებული საფლავისკენ გაემართნენ. კუბოს სრულად შემოსილი მეუფე სხვა მღვდელმსახურებთან ერთად მიჰყვებოდნენ. გალობასთან შეერთებული სამგლოვიარო ზარების რეკვა ბერს მარადიული განსასვენებლისაკენ მიაცილებდა.

განსვენებულ ბერ ამბროსის, რომელიც ძალიან მოკრძალებული იყო თავისი სულიერი მოძღვრის, მამა მაკარის წინაშე, ჩვეულებად ჰქონდა ეთქვა: „დიდი ადამიანი იყო მამა მაკარი! დაე, ღმერთმა ინებოს ჩემი მის ფერხთით ყოფნა“. ოპტინის მონასტრის მომლოცველებს ახსოვთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლის ახლოს, გზიდან მარცხნივ მდებარე მამა მაკარის საფლავზე დაშენებული თეთრი სამლოცველო. ამ სამლოცველოს გვერდით მოამზადეს ახალშესვენებული ბერი ამბროსის სამარხი. მეუფის მიერ შესრულებული ლიტიის შემდგომ, კუბო საფლავში მომზადებულ გაფისულ ყუთში ჩაუშვეს, რომელიც განსაკუთრებული თავსახურით იყო დაკეტილი. მეუფემ პირველმა მიაყარა მიწა. მის გვერდით ისეთი სიმჭიდროვე იყო, რომ ზოგიერთმა ღვთისმსახურმაც კი ვერ მოახერხა კუბოზე მიწის მიყრა. შემდეგ კი საფლავს თაღები გაუკეთდა. და აი, გაჩნდა ახალი საფლავი, სადაც ძვირფასი საუნჯე, ღვთის მადლის დამტევნელი ჭურჭელი, წმინდა და დიდი სულის ტაძარი – მრავალნამოღვაწარი ბერის, მღვდელ-მონაზონ მამა ამბროსის სხეული განისვენებს! გავიხსენოთ ისიც, რომ, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მამა ამბროსი ცხოვრებაში მხურვალედ მლოცველი იყო. ის მარადის განაღვიძებს თავისიანებს, ევედრონ ქრისტიანთა გულისხმიერ მეოხს – დედა ღვთისმშობელს და მის წმინდა ხატს – „ნაყოფიერების მომნიჭებლად“ წოდებულს; მამაომ უანდერძა მათ, რომ ამ წმინდა ხატის დღედ 15 ოქტომბერი ედღესასწაულათ. ამ დღეს მიაბარეს მიწას მისი წმინდა სხეულიც. აღსანიშნავი დამთხვევაა!

„როცა მამაო დავმარხეთ, – აღნიშნავს ერთი საერო პირი, – რომელიღაც მასთან დაახლოებული ბერი საფლავთან იდგა. მას ხელები გულზე ჰქონდა ჯვრისებურად დაწყობილი და შიგნით იყურებოდა. ყველა სატრაპეზოდ გაემართა. ორი საათი გავიდა. ის ბერი კი იქვე, იმავე მდგომარეობაში, იდგა მამაოს საფლავთან“.

„საოცარია, – ამბობს იგივე პირი, – რომ ორივე მონასტერში (ოპტინაში და შამორდინოში), სადაც ბერი ცხოვრობდა, მისი დაკარგვა უფრო ადვილად გადასატანია. იქ გულწრფელად და ღრმად, მაგრამ სასოწარკვეთილების გარეშე განიცდიან. მამაოს ყველაზე ახლო ადამიანთან შეგიძლია, ილაპარაკო მასზე. ყველა მშვიდად და თავშეკავებულად აკეთებს თავის საქმეს. მხოლოდ ზოგჯერ მტკივნეულად შეიჭმუხნება მონაზვნის სახე, ან მძიმედ ჩაფიქრებულს იხილავ მას. ზოგჯერ კი ბერზე საუბრისას ვიღაც წყნარად, ოხვრით ამოიბუტბუტებს: „ეჰ, მამაო, მამაო!“ – და ყველაფერი დამშვიდდება. რაოდენი თავმდაბალი წუხილი ისმის ამ მოკლე სიტყვებში. ვისთანაც არ ისაუბრებ მასზე, ის ყველას უყვარს, ყველა მისი მადლიერია. ვინ არ უყვარდა მას? – აი საერთო გულისთქმა“.

ორ საათზე ქელეხის სუფრა იყო სტუმრებისთვის გაშლილი, რომელშიც, როგორც ადრე, ახლაც მონაწილეობდა მეუფე. ის ძველი საავადმყოფოს – ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გაშალეს. როგორც უწინ შამორდინოში, ახლაც აქ დაახლოებით 500-მა ადამიანმა ისადილა. ტრაპეზის ბოლოს, როცა მამა ამბროსის შესანდობარი მიირთვეს, მეუფემ იქ მყოფთ სიტყვით მიმართა. ყველას სთხოვა, რომ ელოცათ გარდაცვლილისთვის, შემდეგ კი თავისი და ოპტინის სავანის სახელით მადლობა გადაუხადა იმ პირებს, ვინც მამა ამბროსის დასაფასებლად ჩამოვიდა; განსაკუთრებით მადლობას უხდიდა შამორდინოს დედათა სავანის ქველმოქმედ ა. ი. პერლოვას, ქალაქ კოზელსკის სასულიერო დასს, მაზრის უფროსს და ქალაქის თავს, მოსკოვის სასულიერო აკადემიიდან გამოგზავნილ ორ მღვდელ-მონაზონ აკადემიკოსს და ლოცავდა მათ იმ სიხარულის მოტანისთვის, რომელიც მათი მოსვლით იქნა გაზიარებული ორივე სავანეში. აგრეთვე ის მადლობას უხდიდა ყველას, ვინც ეს სამწუხარო ამბავი გაიზიარა. ამავე

დროს, მამა ამბროსის ახალ საფლავზე გვიან ღამემდე მრავალი თაყვანისმცემლის ტირილის თანხლებით პანაშვიდი და გალობა ისმოდა.

ასე დამთავრდა სამწუხარო, მაგრამ იმავდროულად სანუგეშო დღესასწაულობა მართალი სულის დაუღამებელ სამყაროში გადასვლისა, სადაც წმინდა მედღესასწაულეთა ხმა ისმის და ენით გამოუთქმელი სიხარულია!

16 ოქტომბერს კალუგაში გამგზავრების წინ მეუფე ვიტალიმ ყაზანის ტაძარში შეკრებილ ძმებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა, რომელშიც კვლავ ახსნა გარდაცვლილი ბერი ამბროსის დიდი დამსახურება. მან მოკლედ და გასაგებად აღწერა მისი სულიერი სახე, რომელიც მაღალი ქრისტიანული სიყვარულით სუნთქავდა და ყველას მოუწოდა, დაემახსოვრებინათ მისი (ბერის) სახე და მიმსგავსებოდნენ მას. ახსენა ბერობა, როგორც ოპტინის განსაკუთრებულობა და მოუწოდა მათ, ელოცათ, რათა ღმერთს არ მიეტოვებინა ოპტინის სავანე თავისი მფარველობის გარეშე და გამოეჩინა მისთვის ახალი მნათობი, ბერი ამბროსის მემკვიდრე და მსგავსი. შემდეგ დალოცა ძმები და მშვიდობით გაუდგა გზას.

ხოლო ჩვენ, გარდაცვლილისადმი სიყვარულით ანთებულნი, ისევ მივმართავთ ჩვენს გონებასა და გრძნობას მამა ამბროსისკენ.

მამაოს ნეტარი მიცვალების შემდეგ ოპტინელები და შამორდინოელები დიდხანს ვერ დამშვიდდნენ. მათ ეჩვენებოდათ, რომ ირგვლივ სიცარიელე იყო, რასაც ვერაფრით შეავსებდნენ. ერთხელ შამორდინოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა მოიფიქრეს, ემღერათ ის ლექსები, რომელსაც თავის დროზე მამაოსთვის მღეროდნენ: „მშობლიურო მამაო, წმინდაო მამაო“… მაგრამ, როგორც კი სიმღერა დაიწყეს, მაშინვე ყველას ცრემლები წამოუვიდა და სიმღერის მაგივრად მწარე ტირილი გამოუვიდათ.

ოპტინაში ბერის საფლავზე მალე სამკედლიანი სამლოცველო აშენდა, ხოლო მეოთხე კედლად კი ბერი მაკარის საფლავზე აშენებული სამლოცველო გამოიყენეს. ზედ შესაბამისი წარწერა გაუკეთეს, ხოლო შიგნით – მარმარილოს კუბო, და ისიც წარწერით: „უძლურთათვის გავხდი უძლურივით, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასათვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთები როგორმე მეხსნა“ (1 კორ. IX, 22). ამ კუბოს გვერდიდან ხვრელი აქვს დატანებული, საიდანაც ბერის თაყვანისმცემლები ქვიშას იღებენ, როგორც შეწევნასა და კურთხევას.

ამ სამლოცველოსთან ჩამვლელმა ერთმა მომლოცველმა დაინახა, რომ მოხუცი ხელოსანი ღებავდა მას. „თქვენ იცნობდით ბერს?“ – იკითხა მან; – „როგორ არ მეცოდინებოდა ჩემი კეთილისმყოფელი? – უპასუხა ხელოსანმა. – „ერთხელ მე მას ვუთხარი: მამაო! მე ხომ დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია, ხომ ხედავთ ჩემს ჯან-მრთელობას. მან კი მიპასუხა: „შენ ჯერ მე შემღებავ“. მაშინ ვერ მივხვდი, თუ რას ნიშნავდა ეს და აი, მის საფლავზე აგებული სამლოცველოს შეღებვა მომიწია“, და ხელოსანი უსიტყვოდ აგრძელებდა თავის სამუშაოს.

თუმცა დრო და გარემოება განაქარვებენ მწუხარებას, როგორიც არ უნდა იყოს ის. უსასო მწუხარებით იყვნენ მოცულნი მამა ამბროსის თაყვანისმცემლები მისი გარდაცვალების დროს, მაგრამ მალევე მათ ინუგეშეს საკუთარი თავი იმ აზრით, რომ ბერი მხოლოდ სხეულით მოკვდა, ხოლო მისი სული მარადიულად ცხოველია, ბრძენის სიტყვებისაებრ: „მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ“ (სიბრძნე სოლომონისა V, 15). ეს სიტყვები საქმითაც მტკიცდება.

ჯერ ერთი, რაც ბერმა მომავალზე თქვა, ყველაფერი ან უკვე აღსრულდა, ან მოდის სისრულეში. მაგალითად, როცა ის სასიკვდილო სარეცელზე იწვა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ხსენებულ ქალბატონს ყველაფერში დახმარებას შეჰპირდა; და აი, რას წერს ის: „მამაოს სიკვდილიდან არ გასულა სამი თუ ოთხი დღე, როცა მისი სხეული ჯერ კიდევ შამორდინოში ესვენა, მე საშინელ ვაებაში ვიყავი, რომელმაც თითქმის სასოწარკვეთილებამდე მიმიყვანა. დროდადრო ვდრტვინავდი: „ღმერთო ჩემო, – ვეუბნებოდი ჩემს თავს, – ეს რა ქნა მამაომ? მიგვიღო თუ არა, მაშინვე შეგვმოსა მონაზვნის კაბაში, თვითონ კი დაგვტოვა.“ ეს ყველაფერი ბუნდოვნად იხარშებოდა ჩემს სნეულ თავში. ფხიზელი ძილით მიძინებულმა, არ მახსოვს – სახლში თუ ეკლესიაში (ჩვენ ეკლესიაში ვათევდით ღამეს, სახლში მხოლოდ მცირე ხნით მივდიოდით), მამა ამბროსი ვნახე, რომელიც ჩემკენ მოდიოდა. მას თავისი შავი ხალათი და ქუდი ემოსა. მე თითქოს რაღაც გრძელ სავარძელში ვიჯექი. მან ხელი ასწია და უკმაყოფილო ხმით დამაყვედრა: „მე თქვენ არასოდეს მიგატოვებთ“. მე უცბად წამოვხტი. სიზმარი ისეთი ნათელი და ცხადი იყო, რომ გაღვიძებულს მამაოს ხმა ყურებში მესმოდა. ამან ძალიან დამამშვიდა“. კიდევ მრავალი ხილვა აქვს ამ ქალბატონს ნანახი, როგორც სიზმარში, ისე ცხადად. მამაო, როგორც ცოცხალი, ანუგეშებდა, გონს მოჰყავდა, და ამაგრებდა ამ ქალბატონს სხვადასხვა განსაცდელის ჟამს, რის შემდეგაც სიმშვიდე იმკვიდრებდა მის სულში.

ან კიდევ: ბერი წინასწარმეტყველებდა მის მიერ შექმნილი შამორდინოს სავანის აყვავებაზე. მისი გარდაცვალებიდან სულ ცოტა ხანი გავიდა, მაგრამ მისი სიტყვა საქმით მართლდება. უზარმაზარი ქვის ტაძარი, რომელსაც მამა ამბროსიმ მხოლოდ საძირკველი ჩაუყარა, ახლა უკვე თითქმის მზადაა. აშენდა უზარმაზარი ქვის კორპუსები – სატრაპეზო, დავრდომილთა თავშესაფარი და სხვა. სავანეში სხვადასხვა მხატვრული ხელსაქმე კეთდება: მხატვრობა, ფოტოგრაფია, სამჭედლო სამუშაოები – მოვერცხლვა და მოოქროება, შესანიშნავი ხალიჩების ქსოვა, ოქროთი და შალით კერვა; იქ მოღვაწეობდნენ წიგნის გადამკვრელები, კალიგრაფები და სხვანი. ასე რომ, ზოგიერთის თქმით, ახლა უკვე, შამორდინოს სავანემ, მამა ამბროსის წინასწარმეტყველებისამებრ, ბევრ საქმეში გაუსწრო ოპტინის მონასტერს. (ეს არ არის ნათქვამი ოპტინის მონასტრის დასამცრობად. დაე, ნუ მოხდება ეს! ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ შამორდინოს სავანე თავისი შინაგანი და გარეგნული წესით და თავისი დაწესებულებებით ოპტინელი ბერების ნახელავია. ის ოპტინელმა ბერმა დააფუძნა და ოპტინელი ბერებისვე დახმარებით აყვავდა. და ახლაც ისინი ასაზრდოებენ შამორდინოს, უპირატესად ზნეობრივი კუთხით. მის გარეგნულ მოწყობაზე ზრუნავდა დამსახურებული მოსკოველი მოქალაქე, სერგო ვასილის ძე პერლოვი, რომელმაც სავანის ყველა კაპიტალური შენობა თავისი ხარჯით ააშენა). ეს გარემოებები, რა თქმა უნდა, ბერი ამბროსის ლოცვებითა და ღვთის განგებულებით გვაძლევს იმედს, რომ სავანე უფრო და უფრო მეტად აყვავდება.

მეორე მხრივ, ბერი ამბროსი მარადიული ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც უფლისადმი დიდი კადნიერების მქონე, რადგან უკვე ახლა, მისი სიკვდილის შემდეგ, მისგან იკურნებიან.

1897 წლის ოქტომბრის „სულისმარგებელი საკითხავებში“ გამოქვეყნებულია ვინმე ნიკოლოზ იაკოვლევის ძე შიროკოვის წერილი, რომელიც ახლანდელი ოპტინელი ბერის, მამა იოსების მისამართითაა დაწერილი. იქ, სხვათა შორის, ვკითხულობთ შემდეგს: „მე, – ამბობს შიროკოვი, – ძალიან ავად გახლდით: მტკიოდა თავი და ფეხები. 1896 წლის 26 ნოემბერს მამაჩემმა ჩვენი სოფლის მღვდლისგან მოიტანა წიგნი „სულისმარგებელი საკითხავები“, სადაც წავიკითხე სტატია მამა ამბროსიზე. მისი წაკითხვის მერე ცოტაოდენი ვიფიქრე და გულით დავიწყე ლოცვა, – მამა ამბროსის ჩემი უძლურების განკურნებას ვთხოვდი. ლოცვის შემდეგ ფხიზელი ძილით დავიძინე. ჩაძინება ვერ მოვასწარი, რომ ჩემ წინ არაჩვეულებრივი სინათლე აელვარდა, რომელიც მალე გაქრა, მხოლოდ ერთი ღრუბლის მაგვარი ნაკვალევი დატოვა. მოულოდნელად მომესმა მომავალი კაცის ფეხის ხმა. მალე ჩემ წინ მანტიაში შემოსილი, ჭაღარა მამაკაცი დავინახე, რომელსაც მკერდზე ჯვარი ჰქონდა ჩამოკიდებული. მე შევეცდები, აღგიწეროთ ის: არცთუ ისე მაღალი, სახე მარხვით ჩამომხმარი, ძალიან ნათელი, კეხიანი ცხვირი, თხელი, ჭაღარა თმა და წვერი, ხმა საკმაოდ ჟღერადი. ამას გარდა, მარცხენა ხელში სკვნილი ეჭირა, ხოლო მარჯვენაში – კვერთხი. ის მოვიდა ჩემს ლოგინთან და მითხრა: „შვილო, ნიკოლოზ! ადექი, იჩქარე ეკლესიაში, იმსახურე წმინდა ამბროსი მედიოლანელის პარაკლისი და მალე გამოჯანმრთელდები“. მან ხელი მომკიდა, დამლოცა და თავისი კვერთხით შეეხო ჩემს ფეხებს, რითაც მალევე შვება ვიგრძენი. მომცა სეფისკვერის მსგავსი რამ და უცბად თავში რაღაც ახმაურდა. მაშინ ძალიან შემეშინდა და ვიფიქრე, რომ მხრებზე თავი აღარ მება. ბერმა თავზე მანტია დამაფარა, კიდევ ერთხელ მაკურთხა და ღირსმყო ვმთხვეოდი მის ხელს. მე კი გავკადნიერდი და ვკითხე: „თქვენ რა გქვიათ?“ კი მიპასუხა: „ვისი პარაკლისის ჩატარებაც გიბრძანეთ, მის სახელს ვატარებ. მე ვარ სქემმღვდელ-მონაზონი ამბროსი ოპტინიდან“, – ეს თქვა და გაუჩინარდა. გაღვიძებულმა ძალიან გავიხარე, რომ გამოვჯანმრთელდი და ნათესავებსაც ძალიან გაუხარდათ. ამის თაობაზე კი მაშინ მათ არ მოვუყევი, მხოლოდ ჩემს უბის წიგნაკში ჩავიწერე. მაგრამ ახლა ეს გამოცხადება ისევ განმეორდა. მამა ამბროსი გამომეცხადა კუბოში მწოლი, სქემაში შეხვეული და მითხრა: „ღვთის მონა ნიკოლოზ, რატომ დუმხარ ღვთის მოწყალებაზე და რატომ არ აცნობებ ოპტინის მონასტერში შენს გამოჯანმრთელებას?“ მხოლოდ ამიტომ გავბედე, ეს ყოველივე მეცნობებინა თქვენი მაღალყოვლადღირსებისთვის და ამასთან ერთად მეთხოვა თქვენთვის, მამა იოსებ, უყურადღებოდ არ დაგეტოვებინათ ჩემი მონათხრობი და სხვების სასარგებლოდ გამოგექვეყნებინათ მამა ამბროსის ბიოგრაფიაში“.

კიდევ არის მსგავსი ნაწყვეტი დაუბეჭდავი წერილიდან, რომელიც მიიღო ლუდმილა ოსიპის ასულ რაევსკაიამ 1898 წლის 23 თებერვალს, რომელიც შამორდინოს სავანეში ცხოვრობდა:

„გუშინ ჩამოვიდა ვ. და ჰყვებოდა, რომ ერთი ქალბატონი, ლ-ს ნათესავი, მას მოსკოვიდან სწერდა თავისი ქმრის ავადმყოფობის შესახებ. ექიმებმა მის მკურნალობაზე უარი თქვეს და ისიც უკვე კვდებოდა. ერთ საღამოს მან თავისი ლოგინის გვერდით იხილა ბერი, რომელიც მასზე ლოცულობდა; ბერმა უთხრა: „შეუკვეთეთ წმინდა ამბროსი მედიოლანელის პარაკლისი“, – და გაქრა. ავადმყოფმა უთხრა ეს მეუღლეს და მათაც ჩაატარებინეს პარაკლისი. ის ეზიარა და იმ დღიდან დაიწყო გამოჯანმრთელება; ლოგინიდანაც კი ადგა, მაგრამ ბერის გამოცხადებაზე არავის უამბო. როდესაც მან თავი უკვე ძალიან კარგად იგრძნო, მას ისევ გამოეცხადა იგივე ბერი (ყოფილმა ავადმყოფმა იცნო ის) და უთხრა: „შენ ახლა სრულიად ჯანმრთელი ხარ, რატომ მალავ და არ ჰყვები შენს მოკეთებას? საჭიროა, რომ ითქვას: შენ წინ კი ოპტინელი ბერი ამბროსია“, – და გაქრა. როცა ვ. ჰყვებოდა, მე შემშურდა, გულში კი რაღაც სიხარული მომეფინა, რასაც ვერ გადმოვცემ. ის, ალბათ, არც ჩვენ მიგვატოვებს“.

ამას დავუმატებთ, რომ ბერის მიერ განკურნებული ადამიანების რიცხვი აქ მოყვანილი მაგალითებით არ შემოიფარგლება.დასასრულ მკითხველის ყურადღებას მივაქცევთ შამორდინოელი მონაზვნის ორ მნიშვნელოვან სიზმარზე, რაც წარმოგვიჩენს, როგორც ჩვენ ყველას გვწამს, დიდი ოპტინელი ბერის, მამა ამბროსის იმქვეყნიურ ხვედრს. აი მისი მონათხრობი:

„ბერის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ვნახე, თითქოს მშვენიერ ბაღში ვიდექი. მაღალ ხეებზე ფოთლები შრიალებდნენ და ყოველი ფოთოლი იმეორებდა ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. თითქოს ამ ბაღში ნათელი ტაძარი იდგა. შევედი და ვხედავ, რომ გუმბათი დაუსრულებელი იყო. მაშინ გავიგონე ხმა: „ეს საცხოვრებელი ბერი ამბროსისთვის არის გამზადებული და მალე დამთავრდება“.

„როგორც კი მამაო გარდაიცვალა, მისი კუბო ვიხილე. და აი, თეთრ ფილონებში მოსილი ოთხი ანგელოზი დაეშვა (მათი ფილონები ბრწყინავდნენ); ხელში მათ სანთლები და საცეცხლურები ეჭირათ. მე ვიკითხე, თუ რატომ იყვნენ ნათლის ანგელოზები მამაოს კუბოსთან; მათ მიპასუხეს: „ეს იმიტომ, რომ ის ასეთი განწმენდილი იყო“. შემდგომ ისევ დაეშვა ოთხი ანგელოზი წითელ ფილონებში და მათი ფილონები წინარეზე მშვენიერი იყო. მე კვლავ ვიკითხე, მათ კი მიპასუხეს: „იმიტომ, რომ ის ესოდენ მოწყალე იყო, ძალზე მოსიყვარულე“. კვლავ დაეშვა გამოუთქმელი სილამაზის ცისფერ ფილონებში ოთხი ანგელოზი. მე ისევ ვიკითხე და ისევ იყო პასუხი: „ეს იმიტომ, რომ ცხოვრებაში ბევრი ტანჯვა გადაიტანა და ესოდენ მოთმინებით მიჰქონდა თავისი ჯვარი“.
დასასრული და დიდება ღმერთს!