როდესაც 1028 წელს დიდი ექვთიმე მთაწმინდელი ხორციელად აღესრულა, გიორგი მთაწმინდელი, მაშინ დაახლოებით 19 წლის ჭაბუკი, კონსტანტინოპოლში სწავლობდა და, ეჭვი არ არის, ამ დიდ მწუხარებას ისიც შეუერთდებოდა, თუნდაც საქართველოში ყოფილიყო, იმიტომ, რომ ათონის მთის მაშინდელი რეალური წინამძღვრის, მთელი ათონის მთის სულიერი მოძღვრის აღსასრული უეჭველად განსაკუთრებული მოვლენა იქნებოდა და გახმიანდებოდა, ცხადია, სრულიად საქართველოსა და ბიზანტიაში, მთელ მაშინდელ დასახლებულ მსოფლიოში, მთელ ქრისტიანულ ოიკუმენაში. თუმცა, როგორც ჩანს, გიორგი მთაწმინდელი ექვთიმესთან გამოსათხოვრად ათონის მთაზე არ გამგზავრებულა (საფიქრებელია იმ მიზეზით, რომ თავისი თავი არ მიუჩნევია ამის ღირსად), თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ განსაკუთრებული ფაქტის შესახებ ის უეჭველად გვაუწყებდა, როდესაც აღწერა მან იოვანესა და ექვთიმეს ცხოვრება.
შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ხორციელ სიცოცხლეში ექვთიმესა და გიორგის ერთიმეორე არ უხილავთ, მაგრამ, ღვთის მადლით, საღვთო განგებით, მათ ამა სოფელში ერთიმეორისადმი გაზრახება (ეს ძველი ქართული ტერმინი შეგვიძლია გამოვიყენოთ) ანუ საიდუმლოებითად ურთიერთისადმი თანაშესიტყვება ჭეშმარიტად განახორციელეს, როგორც ამის შესახებ უაღრესად შთამბეჭდავად გვაუწყებს წმინდა გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფი, თავად დიდი ღვთისმეტყველი, გიორგი მცირე. როდესაც დაახლოებით 56 წლის გიორგი მთაწმინდელი აღესრულა, მისი „კიდობანი“, ანუ კუბო, რომელშიც ჩასვენებული იყო იგი, „წინაშე წმიდისა მამისა ეფთჳმის სამარტჳლოსა დადგეს”, გვაუწყებს ბიოგრაფი, და „ერთმან მან”, ე.ი. ექვთიმემ, „ვითარცა მამამან და მოძღუარმან“, და „მეორემან”, ე. ი. გიორგი მთაწმინდელმა, „ვითარცა შვილმან და მოწაფემან“, „პირველმან სამარტჳლოჲთ, ხოლო მეორემან კიდობნით ურთიერთარს მოიკითხნეს”. ეს ციტატა, რაც ამჯერად მოვიტანეთ, გარდა იმისა, რომ იგი თავისთავადაც უაღრესად გრძნობადია და ნებისმიერ ადამიანზე, მით უმეტეს ქართველზე, განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, წარმოიდგენს რა ყველა მკითხველი უცხოობაში მყოფი ორი დიდი ქართველის ამგვარ სულიერ გაზრახებას (და ისინი რომ უცხოობაში იყვნენ, ამაზე ჩვენ შემდგომაც აღვნიშნავთ). დიახ, ეს ციტატა, გარდა აღნიშნულისა, ამავე დროს გახლავთ დიდი ისტორიული სინამდვილის დადასტურება, ეს ისტორიული სინამდვილე კი არის შემდეგი: გიორგი მთაწმინდელისა და ექვთიმე მთაწმინდელის ღვაწლი დაცალკევებული არ არის. ისინი ერთმა დიდმა სამოღვაწეო მიზანდასახულობამ ყოვლითურთ გაამთლიანა და მათი ღვწის შედეგიც აბსოლუტურად ერთმთლიანი და განუყოფელია. ამასთან, ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ როდესაც წმინდა გიორგი მთაწმინდელმა მოიკითხა სამარტვილოში მყოფი ექვთიმე, მას მარტო ექვთიმე არ მოუკითხავს. უეჭველია, მან მოიკითხა ის დიდი სულიერი საძირკველიც, რამაც ჩვენ, ქართველებს და მთელ მართლმადიდებელ ეკლესიას მისცა დიდი ექვთიმე, ეს გახლავთ მისი სულმნათი მამა, იოანე ათონელი.
ეს რომ ასეა და გიორგი მთაწმინდელი რომ ამ ორ პიროვნებას ერთმთლიანად ჭვრეტდა, ამის დადასტურებაა, თუნდაც სათაური იმ ჰაგიოგრაფიული შრომისა, რაც თავად გიორგიმ დაწერა. დიახ, მას არ დაუწერია წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის ცხოვრება, მან დაწერა ცხოვრება იოანესი და ექვთიმესი, მიიჩნევდა რა, რომ ამ ორი მოღვაწის ღვაწლიც ასევე ერთმთლიანი იყო. იოანესაგან განუყოფელია ექვთიმე, ექვთიმესაგან განუყოფელია გიორგი მთაწმინდელი და ეს სამი დიდი მოღვაწე, როგორც სამი ერთმბრწყინავი მნათობი, განსაკუთრებული ღვაწლის გამწევი, პირადად ჩვენ გვახსენებს სხვა დიდ მოვლენას (ზოგჯერ, პარალელის ფონზე, ესა თუ ის მოვლენა უფრო იკვეთება, მისი სულიერი ღირსება უფრო დაინახება).
ქრისტიანობის ისტორიამ იცის ანალოგიური შემთხვევა, როდესაც სამი დიდი მოღვაწე სულიერი ნათესაობითა და ღვაწლის განსაკუთრებულობით აბსოლუტურად გამთლიანდა და მათი როლი საეკლესიო ისტორიამ ყველა სხვა მოღვაწისაგან გამოკვეთილად, ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად შეაფასა და ცნო. ეს გახლავთ მე-4 საუკუნის კაპადოკიელი მამები: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ნოსელი. როდესაც რაიმე პარალელს ვავლებთ, რა თქმა უნდა, ყოფითი, ხორციელი შტრიხები არ შეიძლება ყოველთვის იდენტური იყოს. ჩვენ ხაზგასმა გვაქვს სამოღვაწეო, შინაგან თანხვედრაზე, გარკვეული ხორციელი ნათესაობა იქაც იყო, ოღონდ, კაპადოკიელთა შორის ხორციელი ნათესავები (ძმები) იყვნენ ბასილი და გრიგოლ ნოსელი, ხოლო მათი სულიერი მეგობარი ‒ გრიგოლ ღვთისმეტყველი. აქ კი ხორციელი ნათესაობა იოანესა და ექვთიმეს შორის განიჭვრიტება და მათი სულიერი მეგობარია გიორგი მთაწმინდელი. მაშ, ბევრი რამ ხორციელი შეიძლება არ დაემთხვეს, მაგრამ ემთხვევა სამოღვაწეო წესი და ამ წესისა და აღსრულებული ღვაწლის სწორუპოვარი შედეგი. ჩვენ ვიტყვით მხოლოდ დასკვნის სახით, რადგან ამ საკითხზე სხვა დროსაც გვისაუბრია, რომ ხსენებული კაპადოკიელი მამები გამოირჩევიან შემდეგი ორი თვისებით: ამ მოღვაწეებმა, პირველ რიგში, მთელი სისრულით, აბსოლუტური მოცულობით, უდანაკარგოდ იმემკვიდრეს და საკუთარ მოღვაწეობაში გაითავისეს ყველა ის ღირსება და მიღწევა, რაც კი წინარე საუკუნეების საეკლესიო ისტორიაშია შესამჩნევი. ისინი იყვნენ მემკვიდრენი როგორც ალექსანდრიის, ასევე ანტიოქიის საღვთისმეტყველო სკოლისა, ისევე როგორც მართლმადიდებელი რომის, იერუსალიმის, ანტიოქიის, კართაგენის საღვთისმეტყველო მიღწევათა თავის თავში სრულად შემომკრებნი და გამამთლიანებელნი, მემკვიდრენი ამ ყოველივესი. მათ საკუთარ თავს გაუპიროვნეს, რომ მოღვაწეობითად შეეჯამებინათ ყოველივე ის, რაც წინარე საუკუნეთა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ბრწყინვალება გახლდათ. ესაა მათი საღვთო მორკინალობის ერთი მხარე და მეორე, ასევე უმნიშვნელოვანესი, ისაა, რომ იმემკვიდრეს რა ყოველივე წინარე და ღირსეული, ამავე დროს თვითვე გაუხდნენ უმტკიცეს საფუძვლად ყველა შემდგომ თაობას, დღევანდელის ჩათვლით.
საეკლესიო ღვთისმეტყველებასა და საეკლესიო ისტორიაში არსებობს ასეთი თემა ‒ სულიერი მადლის ვლენა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაპადოკიელთა მადლმოსილების, მათი მადლისმიერი მოღვაწეობის გარდამოვლენა, გადმონერგვა მოხდა საქართველოში ხსენებული სამი ათონელი მოღვაწის სახით.
აქ გახლავთ მნიშვნელოვანი ერთი რამ: მიუხედავად იმისა, რომ ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და გრიგოლ ნოსელის მოღვაწეობა არსობრივად აბსოლუტურად ერთმთლიანია, თითოეულ მათგანს სრული ინდივიდუალური ღირსება და პიროვნულობა შენარჩუნებული აქვს, რაც არასოდეს შეეზავება მეორეს და რაც წარმოგვიჩნდება როგორც უდიდესი სიმბოლო და გამოკრთომა ქმნილებაში ერთარსება სამების საიდუმლოსი. ეკლესია გვასწავლის, რომ რაც კი ქმნილებაში ღირსეულია, ესაა მადლისმიერი გამოკრთომა და სახეობრივი გამოვლინება იმ უზენაესი, ყოველი ერის დამაფუძნებელი საიდუმლოსი, რაც ქმნის და არსებობას ანიჭებს მთელ სამყაროს. მთელი ქმნილება შემოქმედის ნაკვალევით არის აღბეჭდილი და „აღტვიფრული“. ამიტომ, რადგან ყოველივე მისი შექმნილია, ყოველივეში სახისმეტყველებითად და იგავურად განიჭვრიტება თავად იგი ‒ ერთარსება სამება.
დიახ, სამი კაპადოკიელი მამა სრულიად შეუზავებელია პიროვნულად, მაგრამ აბსოლუტურად გამთლიანებულია ერთობლივი ღვაწლით. რა არის ეს პიროვნული, ინდივიდუალური? ბასილი დიდი კაპადოკიელთაგან გამოიყოფა როგორც მოქმედების კაცი. ბასილიმ უწინამძღვრა, უმეგზურა გრიგოლ ღვთისმეტყველსა და გრიგოლ ნოსელს, რომ სამივე მათგანს ერთობლივად, თანამოსაგრეობითად აღესრულებინა ღვთივდასახული სამოღვაწეო გეგმა. სწორედ ბასილის კვალს მიჰყვნენ გრიგოლ ღვთისმტყველი და გრიგოლ ნოსელი.
ჩვენ ვხედავთ, რომ ექვთიმესა და გიორგის მოღვაწეობას, ბასილისებრ, უწინამძღვრა სწორედ იოანე ათონელმა, რომელიც ასევე გახლდათ კაცი საქმისა, მოქმედების ადამიანი. სამწუხაროდ, ამ პიროვნების ღვაწლი ვერ არის იმ სიღრმით გამოკვეთილი, როგორსაც იგი იმსახურებს. ჩვენ მარტო მოქმედებითი თანხვდომის ნიშნით არ ვაკავშირებთ ბასილი დიდსა და იოანე ათონელს. ბასილი გახლდათ რჯულმდებელი მოღვაწე. ასე განსაზღვრავს მას გრიგოლ ნოსელი, მისი ძმა, როდესაც ერთ-ერთი შრომის შესავალში ამბობს, რომ ამ საკითხზე ბასილიმ რაც დაწერა, ეს თქვენთვის რჯული იყოსო. რა თქმა უნდა, დღემდე არ დამდგარა დღის წესრიგში იოანე ათონელის რჯულდებითი მოღვაწეობის შესწავლის საკითხი, რადგან ითვლებოდა და ითვლება, რომ ხელნაწერზე დართული ანდერძები ჩვეულებრივი ბიბლიოგრაფიული მინაწერებია, თუმცა ვეცნობით რა იოანე ათონელის ანდერძებს (და, ღვთის მადლით, რამდენიმე ასეთი ანდერძი ჩვენამდე მოღწეულია), თითოეულ მათგანში ნათლად შევიცნობთ უაღმატებულესი და უუცთომილესი დოგმატური ღვთისმტყველების ნათელცისკროვნებას. იოანე ათონელის განსაკუთრებულობა ვლინდება, აგრეთვე, ერთ სრულიად უჩვეულო ფაქტში, რითაც ამ პიროვნების მონუმენტურობა სრულად საჩინოვდება ყველას წინაშე. ეს ფაქტი გულისხმობს შემდეგს:
სწორედ იოანეს ღვაწლი და დამსახურება გახლდათ ათონის დიდი დამფუძნებლის, დიდი ბიზანტიელი მოღვაწის, ათანასე ათონელის ერთი საგანგებო შრომის შექმნის მიზეზი. ქრისტიანობის და, ვფიქრობთ, ზოგადად, კაცობრიობის ისტორიამ არ იცის ანალოგიური ხასიათის და ჟანრის ძეგლი, როდესაც ერთი ეროვნების წარმომადგენელი მეორე ეროვნების წარმომადგენელს პირადად და, ამავე დროს, მისი სახით მთელ ერს მიმართავს სამადლობელი სიტყვით და წერს სპეციალურ შრომას სახელწოდებით „სამადლობელი” ანუ ბერძნულად „ხარისტერიონ”. ეს შრომა დაწერა წმინდა ათანასე ათონელმა, აღძრულმა იმ განსაკუთრებული მადლიერებით, რაც იოანე ათონელის მოღვაწეობამ მის წინაშე გამოავლინა. ამ ძეგლში, ამ „ხარისტერიონში” ათანასე ათონელი რამდენიმეგზის გახაზავს იოანე ათონელის, როგორც მოღვაწის, განსაკუთრებულობას. მისთვის, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, იოანე ათონელი მაღლა დგას სხვა მოღვაწეებზე, არა მარტო ქართველებზე, არამედ ‒ ზოგადად ყველა სხვაზე. ასეთ სიტყვებს ამბობს იგი:
„არა მხოლოდ ღმერთს, არამედ მეც, მდაბალს, და მთელ ჩემს ქრისტესმიერ საძმოს იმგვარად გვემსახურა და გვარგო მან (იოანე ათონელმა, ე. ჭ.), როგორც არავინ სხვამ, ყველა იმათგან, რომლებიც კი ამჟამად თუ ძველ დროში გაბრწყინებულან”.
დიახ, ყველა მოღვაწეზე უფრო აღმატებულად წარმოუჩნდება ათანასეს იოანე ათონელი.
აი, ზემორეს მსგავსი სიტყვები:
„ნაცვლად ამ მრავალრიცხოვანი, შეუდარებლად დიდი და წარმოდგენაზეც აღმატებული საქმეებისა, ვამბობ იოანე ათონელის ჭეშმარიტ მორჩილებას, შრომას, დამაშვრალობას, მზრუნველობას, გულმოდგინებას, თავშეწირულობას, ‒ აი, ამ ყოველივეს ნაცვლად, ‒ მოვიწადინეთ ჩვენც, რომ მიგვენიჭებინა მისთვის და მისეული ლავრისათვის მცირე და კნინი ძღვენი, რაც, ვევედრეთ რა, რომ სამადლობელის სახით გაღებულიყო ჩვენგან, ძლივს შეიწყნარა და დაგვთანხმდა”.
ან კიდევ, ასეთი სიტყვები:
„შემდეგ, ღვთის თანაშეწევნით, საკუთარი ლავრაც დააფუძნა მან (იოანემ, ე. ჭ.) და მკვიდრობდა რა და მეწინამძღვრეობდა მას საკუთარი უფლებამოსილებით, არც ამ სახით შეუწყვეტია, არცთუ საერთოდ დაუხანებია თავისი სულის დადება ჩვენთვის და ჩვენეული ლავრისათვის”.
ზემოთქმული ცხადყოფს, რომ ექვთიმე მთაწმინდელისაგან როდი იწყება ათონის მთელი მთის მეწინამძღვრეობა ქართველთაგან. ეს იწყება იოანე ათონელისაგან, რომელსაც, ფაქტობრივად, თავისი ლავრის წინამძღვრადაც კი მიიჩნევს ათანასე.
აი, ეს გახლავთ იოანე ათონელი, აგრერიგად წარმოჩენილი და ქებაშესხმული დიდი არაქართველი მოღვაწისაგან (ათანასესგან) შესაბამის სპეციალურ შრომაში, რომლის თარგმანი ჩვენ გამოვაქვეყნეთ და კიდევ გამოვაქვეყნებთ, ვინაიდან ვთვლით, რომ ეს ნაშრომი, მოცულობით მცირე, ყველა ქართველისგან ზეპირად უნდა იყოს დასწავლილი.
რაც შეეხება იმას, როდესაც ვამბობდით, რომ იოანე ათონელი არ გახლდათ მხოლოდ „კაცი საქმისა”, და რომ იგი, ამავე დროს, არის, ბასილისებრ, დიდი ღვთისმეტყველი, მისი ანდერძები ხმამაღლა სწამებენ ამას. კერძოდ, მან ანდერძი დაურთო თავისი ძის, ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილ იოანე ოქროპირის „მათეს სახარების განმარტებას”. ეს ანდერძი, ღვთის მადლით, ჩვენამდე მოღწეულია და სრული უფლებით შეგვიძლია მას ვუწოდოთ წმინდა მამისა და წმინდა მოძღვრის გამორჩეული ღირსების თეოლოგიური ნაშრომი.
977 წელს, ათონის მთაზე გადაიწერა ერთ-ერთი ხელნაწერი, რომელსაც ასევე ერთვის საღვთისმეტყველო ანდერძი და სრული დასაბუთება, შეიძლება იმისა, რომ ამ თეოლოგიური ნაშრომის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოკვეთილი ავტორი გახლდათ სწორედ იოანე ათონელი.
რას ვხედავთ ჩვენ ამ ანდერძში?
აქ არის ყველაზე უფრო დაზუსტებული ტერმინებით შეჯამებული მთელი საეკლესიო ღვთისმეტყველება, რომელზეც უყოყმანოდ ხელს მოაწერდნენ ყველაზე დიდი საეკლესიო ღვთისმეტყველნი. კარგად ისმის ამ ნაშრომში ხმა კირილე ალექსანდრიელისა, მაქსიმე აღმსარებლისა, იოანე დამასკელისა, თეოდორე სტუდიელისა. დაუნჯებულია ამ მცირე ნაშრომში მთელი ეს ცოდნა, შემოკრებილი ყველაზე უფრო საუკეთესო და წარმატებული წესით, უაღრესი ლაკონურობით.
აი, როგორ იქადაგება მასში მაღალი ღვთისმტყველება ყოვლადწმიდა სამებისა:
„უხილავი არსთა მიერ, უცვალებელი ღმერთი, არა დასაბამიერი, არცა დასრულებადი, განუზომელი, მარადის ნათელი, უხილავი, დაუტევნელი, უცვალებელი“.
და ამის შემდგომ მოდის ჭეშმარიტად დიადი სიტყვები:
„თჳთ იძრვის მარადისძრვითა თავით თჳსით ძლიერ, დაღაცათუ მიიწევის პირველისა მიზეზი ყოველი, რომელი მისი არს“.
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოთქმაზე „პირველი მიზეზი“, როგორც განსაკუთრებული სირთულის ფილოსოფიურ ცნებაზე, აურაცხელი ნაშრომია დაწერილი, აქ კი იგივე ცნება სრულიად უბრალოდ, სრულიად ჩვეულებრივად აღმატებული საღვთისმეტყველო აზრის დასკვნად და გვირგვინად გვაქვს მოწოდებული ამ დიდი ღვთისმეტყველისგან.
იოანე ათონელი საღვთისმტყველო წვდომის მხრივ იდგა იმ სიმაღლეზე, რომ მან უთარგმნელად შემოიტანა ერთი უმნიშვნელოვანესი ბერძნული საღვთისმეტყველო ტერმინი ქართულში, რაც მანამდე ფიქსირებული არ იყო. ეს არის „უსია”, ქართულად „არსება”.
დიახ, სწორედ „არსება“, ესოდენ დაკანონებული ტერმინი, ერთ შემთხვევაში იოანე ათონელმა ბერძნული ტერმინით ჩაანაცვლა, რაც მკაფიოდ მოწმობს როგორც მის განსწავლულობას, ასევე ‒ მის საღმრთო კადნიერებასა და გაბედულებას.
როდესაც იოანე ამბობს: „რამეთუ ესე უსია ღმრთეებისა (აქ „უსია” ნიშნავს, კიდევ ერთხელ ვამბობ, „არსებას“), შემოჰკრებს სამგუამოვნებასა მამისა, ძისა და სულისა წმიდისასა და ესრეთ შეკრებულად აღირაცხების ყოვლადწმინდა სამება და დაუკლებელ არს მამა ძისაგან და სული მამისაგან”, ეს არის შემოკლებულად გადმოცემული უაღრესად აღმატებული, უცთომელი ღვთისმეტყველება.
დასკვნა იოანე ათონელის, როგორც დიდი ღვთისმეტყველის შესახებ სრული ვერ იქნება, თუ ამ ნაშრომის („ანდერძის“) ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, ადამიანის შესახებ მისგან აღმოთქმულ ღვთისმტყველებას არ შევეკრძალვით.
ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით ეს დიდი მოღვაწე ამბობს:
„ღმერთმან მოსცა მას (ადამიანს, ანუ კაცს) არსება დასაბამიერი და არადასასრულებადი“.
ტერმინი „არადასასრულებადი“ რომ შექმნა, სხვა სიმაღლეზე უნდა იყო და, ამასთან, განსაკუთრებული გაბედულებაც უნდა გქონდეს, რომ ესოდენ თავისუფლად შემოიტანო ეგზომ რთული და არაადვილად აღსაქმელი ტერმინი.
მაშ, იოანე ამგვარად ღვთისმეტყველებს:
„მოსცა არსებაჲ დასაბამიერი და არადასასრულებადი, სული უკუდავი, რომლისა ჯერითა მიგუაახლნა ჩუენ ანგელოზთა ცხორებასა, ერთკერძო იგი ჩუენი ცხოველთა მათ განქარვებადთა“.
ამის შემდგომ კი ამბობს:
„და არა არს კაცი, არცა ანგელოზი, არცა პირუტყჳ, არამედ შორის მათსა სხუაჲდაბადებული, ორთაგან ერთი, სულისაგან და „ჴორცთა“.
და შემდგომ, ადამიანის მოღვაწეობა:
ვიცით, რომ როდესაც ღმერთმა ადამიანი დაჰბადა, სამოთხეში დაამკვიდრა იგი. სამოთხის მრავალი განმარტება არსებობს ეკლესიის მამათა შორის, რაც შემოკრიბა წმინდა იოანე დამასკელმა. ამ განმარტებებში ხაზგასმა ხდება იმაზეც, რომ სამოთხე არ იყო მხოლოდ შვებისა და განცხრომის ადგილი. ის იყო, ამავე დროს, დიდი მოღვაწეობის ასპარეზი.
იოანე ათონელის ამ საღვთისმეტყველო შრომაში სწორედ ესაა გამოკვეთილად ნამცნები.
სად იქნა დაწესებული პირველქმნილი ადამიანი?
კითხვაზე ეს პასუხია:
„და დაადგინა იგი ადგილსა ბრძოლისასა და ძლევისასა და შეაყენა წამსა სასწორისასა ბუნებაჲ მისი“.
აქ იგულისხმება, რომ სასწორზეა ადამიანის მდგომარეობა, რა გზას აირჩევს, როგორ იღვაწებს, რა ძლევას აღასრულებს.
მთელი საეკლესიო მართლმადიდებლური ანთროპოლოგია ამ ერთ პატარა აბზაცში, ხაზგასმით ვამბობთ, უდიდესი ღვთისმტყველური მადლმოსილებით გახლავთ შეჯამებული.
იოანე ათონელის ამგვარად წარმოჩენის შემდეგ, ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მან აღზარდა ექვთიმე ესოდენ აღმატებულ მოღვაწედ. დიახ, სწორედ მან აღზარდა და თავადვე ხშირად უსვამს ხაზს ამას. მეტიც, როდესაც იგი ექვთიმეს შრომების, ექვთიმესგან შესრულებული თარგმანების შესახებ გვაუწყებს, არაიშვიათად მრავლობითში, პირველ პირში ამბობს, რომ „ჩვენ დავწერეთო”. ის თავის თავს თანამთარგმნელად, თანამოღვაწედ განგვიწესებს და ეს, რა თქმა უნდა, სრული სიმართლეა, რადგან, ჭეშმარიტად ორივემ ერთად აღასრულა ეს განსაკუთრებული ღვაწლი.
შესაბამისად, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ იოანე მთაწმინდელი არის ექვთიმე მთაწმინდელის მამა (ხაზგასმა ექვთიმეს დიდებულებაზე), არამედ ექვთიმე მთაწმინდელიც არის იოანე ათონელის ძე (ხაზგასმა იოანეს დიდებულებაზე). მართლაც, როდესაც ვეცნობით იოანეს, როგორც დიდი ექვთიმეს მამას, ცხადია, ექვთიმეს ღირსებაზე ვაკეთებთ აქცენტს, რაც უეჭველი და დიდი ჭეშმარიტებაა, მაგრამ პირიქითაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექვთიმე მთაწმინდელი არის ძე დიდი იოანე ათონელისა და ამით საჩინოვყოთ იოანე მთწმინდელის იშვიათი მადლმოსილება.
რაც შეეხება ექვთიმე მთაწმინდელს, მისი ღვთივმიმადლებული განბრძნობილობა ჭეშმარიტად ემსგავსება წმინდა გრიგოლ ღვთისმტყველისას. თუ ვინმე ქართულ სინამდვილეში ასულა იმ სიმაღლეზე, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველს შესწორებოდა, ეს გახლავთ სწორედ ექვთიმე მთაწმინდელი. ამ სულიერ სიმაღლეზე მინიშნებად ჟღერს წმინდა ეფრემ მცირის კარგად ცნობილი ფრაზა ექვთიმეს მიმართ, რომ მას „მადლითა სულისა წმიდისაჲთა ჴელეწიფებოდა შემატებაჲცა და კლებაჲცა“.
ჩვეულებრივ, არავის „ჴელეწიფება“ და არც აქვს უფლება, წმინდანის შრომას რამ ჩაურთოს ან გამოაკლოს. იმავე ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, იოანე დამასკელის, სხვათა შრომების თარგმნისას მთარგმნელი მოვალეა, ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვას ამ უდიდეს ღვთისმეტყველთა ტექსტი, ორიგინალი. მაგრამ ექვთიმე მთაწმინდელი თავისი აღმატებული სულიერი ხედვით, სადაც საჭიროდ მიიჩნევდა, მოცემულ დედანს ავსებდა სხვა შრომის, სხვა ავტორის სწავლებებითაც, ისევე როგორც, მეორე მხრივ, საჭიროებისამებრ, მიმართავდა ტექსტობრივი კლების მეთოდსაც. სწორედ ეს მდგომარეობაა დამადასტურებელი იმისა, რომ მას ღმრთივსულიერად ხელეწიფებოდა ის, რაც სხვას არათუ არ ხელეწიფებოდა, დანაშაულადაც ჩაეთვლებოდა და დაისჯებოდა კიდეც სრულიად სამართლიანად. მისთვის ეს იყო ბუნებითი მდგომარეობა, განსაკუთრებული ღვთივგანბრძნობილობის გამო. ექვთიმესეული სამოღვაწეო სასწაულებრიობა, რა თქმა უნდა, განუყრელია მისი ცხოვრებისგან. თქვენ კარგად იცით, რომ ბავშვობაშივე, როდესაც ის ქართულად ხსნილად ვერ უბნობდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებამ განუმარტა მას ენა ქართული და ამის შემდეგ ის „დაუწყუედელად აღმოადინებდა“ სულიერ სწავლებებს. მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი სასწაულებრივი გამოკრთომა მის ცხოვრებაში ზეციური ჭეშმარიტებისა. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ დიმიტრი ბაქრაძის და, შემდეგ, თედო ჟორდანიას გამოთვლებით, ექვთიმე დაბადებულა 963 ან 965 წელს (965 წლისკენ უფრო იხრებოდნენ ისინი). კორნელი კეკელიძემ ეს არ გაიზიარა, და არ გაიზიარა შემდეგი მიზეზის გამოც:
ჩვენამდე მოღწეულია 977 წ-ს გადაწერილი ერთ-ერთი ნუსხა, რომელიც შეიცავს ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილ ყველაზე რთულ წიგნს წმინდა წერილისას, „აპოკალიფსს“, ანდრია კესარია-კაპადოკიელის ვრცელი განმარტებებითურთ. თავად „აპოკალიფსი“ ანუ გამოცხადება“, მართალია, მოკლე ტექსტია, მაგრამ აღსაქმელად და საწვდომად ‒ ყველაზე რთული. თან ეს ხელნაწერი, ამის დადგენა სრულიად იოლია, შეიცავს გადამწერთაგან დაშვებულ შეცდომებს, რაც ნიშნავს, რომ ხსენებულ მანუსკრიპტს წინ უძღვის ექვთიმესეული ავტოგრაფიდან მომდინარე ნუსხათა მთელი წყება, ანუ თავად თარგმანი, 977 წელზე რამდენიმე წლით ადრინდელია და, ალბათ, ეკუთვნის, სულ ცოტა, 474-75 წლებს. თუ ჩვენ ექვთიმეს დაბადების თარიღად მივიღებდით 465 წელს, გამოვიდოდა, რომ 8-9 წლის ბავშვს უთარგმნია „აპოკალიფსი“, რაც აბსოლუტურად დაუჯერებელია ყოფითი ხედვითა და ყოფითი გაგებით. შესაბამისად, კორნელი კეკელიძე იძულებული გახდა, რომ 10 წლით წინ გადაეწია მისი დაბადების თარიღი და მიიჩნია, რომ ესაა 455 წლის ახლო ხანები, მაგრამ თუნდაც ეს ვირწმუნოთ, 17-18 წლის სრულიად ახალგაზრდა ჭაბუკისგან ამგვარი ღვაწლის აღსრულება უჩვეულო მოვლენა გახლავთ. „აპოკალიფსის” მთარგმნელი 17-18 წლის ადამიანი ჩვენ არ გვეგულება არც საქართველოში და არც საქართველოს ფარგლებს გარეთ, და ესეც იმ სასწაულის გაგრძელებაა, ღვთისმშობლისგან ბოძებული იმ სამეტყველო მადლის დამსახურებაა, რაც მისი ბავშვობიდან იღებს სათავეს. ექვთიმეს მოღვაწეობაზე აქ ითქვა სრულიად სამართლიანად, რომ არა მხოლოდ ბერძნულიდან ქართულად თარგმნიდა იგი, არამედ ქართულიდანაც ‒ ბერძნულად და, როგორც წმინდა გიორგი მთაწმინდელი გვაუწყებს, საბერძნეთის ეკლესიებიც ხმამაღლა გაჰყვირიან მის დიდებულებას იმიტომ, რომ, როგორც მიუთითებს ეს დიდი მოღვაწე, „ბალავარიანი”, „აბუკურა” და სხუანიცა რაოდენნიმე წერილნი” ქართულიდან უთარგმნია მას ბერძნულად. დასახელებულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ „ბალავარიანი”. ესაა ის ძეგლი, რომელმაც მთელი შუა საუკუნეების საქრისტიანო ლიტერატურაში მწვერვალის, კორიფე ძეგლის ადგილი დაიკავა და ამიტომ არის, რომ იგი თარგმნილია მრავალ ენაზე. კერძოდ, „ბალავარიანი“ ბერძნულიდან ითარგმნა ლათინურად, ლათინურიდან ‒ ევროპულ ენებზე, მათ შორის, რუსულზეც. მაგრამ საიდანაა თვით ბერძნული ტექსტი? მკაფიო უწყება გვაქვს გიორგი მთაწმინდელისა, რომ ბერძნული ტექსტი, ესაა ექვთიმესეული ტექსტი, ანუ „ბალავარიანის” ძველი ქართული თარგმანი, რაც თავის დროზე, მე-9 საუკუნეში, არაბულიდან შესრულდა ქართულად ჩვენთვის უცნობი მთარგმნელის მიერ, მე-10 საუკუნის მიწურულს ექვთიმემ გადაიღო ქართულიდან ბერძნულად. დიდი პაექრობა მოჰყვა ამ ამბავს, ევროპული ბიზანტინისტიკა არანაირად არ მიიჩნევდა სანდო წყაროდ წმინდა გიორგი მთაწმინდელს. ისეთი სახელგანთქმული მკვლევარებიც კი, როგორებიც დელგერი და ბეკი იყვნენ, კორიფეები, დაახლოებით იმ მასშტაბის მოღვაწეები ბიზანტინისტიკის კუთხით, როგორიც ქართული საეკლესიო ლიტერატურის კუთხით არის კორნელი კეკელიძე, ‒ აი, ამ მასშტაბის მოღვაწენი არანაირად არ იზიარებდნენ გიორგი მთაწმინდელის ცნობას, მაგრამ ჭეშმარიტებამ, როგორც იტყვიან, თავი არ დამალა და დღეს ეს საბოლოოდ დადგენილია. მეტიც შემიძლია გითხრათ: „ბალავარიანის” ბერძნული ტექსტი უეჭველად ადასტურებს, რომ ის ექვთიმეს კალამს ეკუთვნის. ამას ცხადყოფს ზოგიერთი ტექსტობრივი რეალია, ცხადია, ამაზე ჩვენ ამჯერად ვერ ვიმსჯელებთ, უბრალოდ, მონაცემის სახით აღვნიშნავთ, რომ ერთ-ერთ ქართულ თარგმანში ექვთიმე მთაწმინდელი ბერძნულ ტექსტს უმატებს ფრაზას, რომელიც ორიგინალში არ არის და არ არის იმ ტექსტის არც ერთ სხვაენოვან თარგმანში. ზედმიწევნით იგივე ფრაზა ჩვენ გვხვდება აგრეთვე „ბალავარიანის” ბერძნულ ტექსტში, რომელიც ასევე არ არის იმ პირველწყაროში, საიდანაც ეს ბერძნული ტექსტი ითარგმნა, ანუ ესაა საკუთრივ ექვთიმესეული ფრაზა, ორ ძეგლში შემორჩენილი.
ექვთიმე მთაწმინდელის ღვაწლზე დაეფუძნა გიორგი მთაწმინდელი.
გიორგი მთაწმინდელი გახლავთ გამოკვეთილად მონუმენტური სტილის მოღვაწე, ყველანაირი კუთხით, პრაქტიკული, ანუ „საქმითი“ მოღვაწეობა იქნება ეს თუ საღვთისმეტყველო. მართლაც, ის პრაქტიკული ღვაწლი, ის საქმითი მოსაგრეობა, რაც გიორგი მთაწმინდელმა აღასრულა, პარალელს ვერსად პოულობს. საკვირველებაა, როდესაც მან შემოკრიბა ოთხმოცი დავრდომილი, უპოვარი, არასმქონე ქართველი, გაჭირვებული, დასნეულებული, და მთაწმინდას, როგორც სულიერი არვე, ცხოვართა კრებული, შესწირა უფალს. აი, ეს განსაკუთრებული საქმე, მისი ბიოგრაფის სიტყვით, ადამიდან მათ დრომდე არავის აღუსრულებია. მონუმენტურობა ამ ფაქტისა ის კი არ არის, რომ უბრალოდ ოთხმოცი ადამიანი შემოკრიბა მან, ჩვენ აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს არ გახლდათ 80 ბავშვი, როგორც, ჩვეულებრივ, ყურმოკრულად ამბობენ და აქაც ითქვა, არამედ ეს იყო 80 ადამიანი სხვადასხვა ასაკისა, ანუ მთელი საქართველოდან გამონაკრები. მათ შორის იყვნენ, როგორც ბიოგრაფი გამოყოფს, ჩვილნი, წუთჩვილნი, ჭაბუკნი და ხანდაზმულნი. ყველანი შემოკრიბა, მას არ განურჩევია უძლურნი ასაკობრივად. დიახ, დიდი მოღვაწის სულიერი ხედვა და აღმატებულება არ განარჩევს ასაკისდა მიხედვით იმათ, რომლებსაც შეწევნა და შველა სჭირდებათ. ზოგჯერ შეიძლება იმ ხანდაზმულს უფრო ადრე გაუწოდო ხელი, ვინაიდან შეიძლება მყის აღესრულოს და შეუწევნელი დარჩეს.
აი, ეს დიდი კრებული მან მთაწმინდას წაიყვანა და ამ მოვლენის შემდეგ მთაწმინდა უმტკიცეს ბალავარად შეიქნა ჩვენთვის, საქართველოს სისხლხორცეულ ნაწილად წარმოჩნდა იგი. ჩვენ შეგვიძლია ასეთი დებულება შევიმუშავოთ: იოანე მთაწმინდელმა სულიერ სამშობლოდ მოგვიპოვა, დაგვიფუძნა მთაწმინდა, ექვთიმემ და გიორგიმ კი იოანესგან მოპოვებული განავრცეს, განამტკიცეს და განაძლიერეს, ანუ, ზემორე აღნიშვნისებრ, საქართველოს სისხლხორცეულ ნაწილად აქციეს იგი, თუმცა, როგორც თავში გავუსვით ხაზი, ეს მაინც უცხოობა იყო მათთვის. საიდან ჩანს, რომ ისინი მაინც უცხოობაში იმყოფებოდნენ, რაც მათი ეროვნული განცდის მკვეთრი გამოხატულებაა?
„იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში” არის ერთი უჩვეულო ადგილი, სადაც მოხსენიებულია რომაელი მოღვაწე ლეონი, რომელიც მცირე კრებულთან ერთად ათონზე მივიდა. დიდი მოღვაწეა ეს ლეონი, მართლმადიდებელი ლათინი მოღვაწე, და მივიდა რა ათონზე, იგი ისტუმრეს იქ სწორედ ქართველებმა.
რატომ? რა მოტივით?
ბიოგრაფისგან ხაზგასმა ასეთია:
„თქვენცა უცხოობასა შინა ხართ და ჩუენცა უცხოობასა შინა ვიმყოფებითო“, ანუ ეს მხარე, „უცხოობა“, გარკვეულწილად დამაახლოებელი რამ განცდა აღმოჩნდა მათ შორის, რაჟამს ბერძნულენოვან გარემოში სხვადასხვა ერის ორმა მართლმადიდებელმა მოღვაწემ და მათ შედგომილმა ორმა კრებულმა ერთიმეორისადმი სულიერი კავშირი და ნათესაობა იგრძნეს. ეს კავშირი იმგვარ სასწაულთქმედებაშიც გამოიხატა, რომლის მსგავსი ჩვენ არსად გვხვდება. ირკვევა, რომ ათონის მთა საკვირველი ხალხით, საკვირველი მოღვაწეებით ყოფილა დასახლებული. ლეონთან მჭიდრო კავშირში ჩანს სახელგანთქმული ქართველი მოღვაწე გაბრიელ ათონელი. ეს ის გაბრიელია, რომელმაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი გამოასვენა ზღვიდან. და რა წერია ლეონისა და გაბრიელის შესახებ? ყოველღამ გამოდიოდნენ, პირადი კანონის აღსრულების შემდეგ, და თუმცა ერთიმეორის ენა საერთოდ არ იცოდნენ, მთელი ღამე ეზრახებოდნენ ურთიერთს საღვთო საუბრებით, სულიერი ურთიერთგამეტყველებით. ამგვარი სასწაულები ხდებოდა იქ. ეს სასწაულთქმედება გაბრიელისა, როგორც ვთქვით, გამომდინარეობს იმ უჩვეულო მოვლენიდან, რომ მან შეჰბედა საღმრთო განგებით ღვთივჩინებული ხატის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ხმელეთზე გამოსვენებას. სხვათა შორის, ის, რაც 12 მაისს აღსრულდება მახათას მთაზე, დაფუძნება და კურთხევა დიდი სიწმინდისა, ეს არის სწორედ იმ სასწაულის სულიერი განგრძობა, რაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უსაღვთოესი ხატის ათონზე მოვანება იყო და რომლის მადლთა ვლენა ზოგადად ქართველი ერისა და მთლიანად მართლმადიდებლობის ისტორიაში დაულევნელი მდინარებით აღმოწყაროვდა, თუმცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლმბოძებლობა ათონელთა მიმართ მხოლოდ ამ უდიდესი სიწმინდის ნათელჩენით არ შემოფარგლულა. ჩვენ აღარ გავიხსენებთ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ყოვლადწმინდა მარიამი ბავშვობაშივე გამოეცხადა ექვთიმე მთაწმინდელს, ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ არის კიდევ მეორე ხატი, რომლის შესახებაც საგანგებოდ გვაუწყებს ჩვენ გიორგი მცირე.
როდესაც გიორგი მთაწმინდელი ხორცთაგან განვიდა, ერთ ხატზე გამოისახნენ გიორგი და ექვთიმე, მაგრამ როგორ ხატზე?
ხატი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ანუ „ხატწერილ-იქმნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი“; ქვემოთ, მარჯვნივ გამოისახა ექვთიმე, მარცხნივ ‒ გიორგი, რომლებიც ვედრებას აღავლენენ ღვთის დედისადმი. ასეთი კომპოზიციაა სამისა: ორი მვედრებელი ქვეწარდგომილია ჩვენი ზეციერი მფარველისადმი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. ეჭვი არ არის, რომ ეს ზეციური მფარველობა მარადისია, გრძელდება, განივრცობა.
მეტად შთამბეჭდავია, რომ როდესაც გიორგი მცირე, შეძრული გიორგი მთაწმინდელის გარდაცვალებით, უდიდესი რეალიზმით აღგვიწერს მის აღსრულებას, ყურადღებას მიაქცევს იმასაც, თუ როგორ ვერ დაიჯერა ერთერთმა სულიერმა შვილმა, რომ გიორგი მთაწმინდელი მართლა აღსრულებული იყო, და როდესაც სთხოვდნენ მას, მცირედით გაშორებოდა ძვირფას ცხედარს, ის ყველას ეუბნებოდა, სძინავს მამასო, და „განკრთებოდა“ ვითარცა გონებამიღებული. ეს სულიერი შვილი, შეგვიძლია ვთქვათ, ზოგადი სახეა და ასახვაა იმ მძიმე განცდებისა, რაც უკლებლივ ყველა ათონელ ქართველს „შემსჭვალავდა“ მეწინამძღვრე მამის გარდაცვალების გამო. დიახ, ეს მოვლენა უთუოდ თავზარს დასცემდა მათ. გიორგი მცირეც, რა თქმა უნდა, ამითვეა შეძრწუნებული, მაგრამ ის ხედავს უდიადეს სულიერ ღირსებებსაც და ამბობს ასეთ ფრაზას, საკუთრივ გიორგი მთაწმინდელის გარდაცვალების ამსახველს: „აღფრინდა ჩუენგან მადლი იგი განმაბრძნობელი“.
აქ სიტყვა „აღფრინდა“ არ ნიშნავს იმას, რომ წავიდა, გაგვშორდა და მიგვატოვა, არამედ, პირიქით, მან ზევით და ზევით აღიმაღლა და თავის სულიერ ხედვაში, ღვთივმიმადლებულ მამობრივ მზრუნველობაში უფრო დიდი საწიერი შემოიცვა. რაც შეეხება „განმაბრძნობელ მადლს“, ეს იშვიათი გამონათქვამი, ცხადია, არ გულისხმობს მხოლოდ გიორგი მთაწმინდელს, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, გიორგი მთაწმინდელი განუყრელია სხვა დიდმოღვაწე ივირონელთაგან. შესაბამისად, „მადლი განმაღმრთობელი“ ესაა გამოხატულება უდიდესი ათონელი ქართველების ერთმთლიანი მოღვაწეობითი მორკინალობისა, იმ ათონელი ქართველებისა, რომლებიც ვახსენეთ ზემოთ და რომლებიც ვერ ვახსენეთ, ე. ი. არა მხოლოდ იოანესი და ექვთიმესი, ანთუ გაბრიელისა, არამედ აგრეთვე წმინდა არსენი ნინოწმინდელი ეპისკოპოსისა, იოანე გრძელისძისა, თეოფანესი, რომელიც გამორჩევით უყვარდა ექვთიმეს (მათი სიახლოვე უაღრესად ბუნებრივად არის აღწერილი გიორგის
მიერ), დიდად გამოჩინებული იოანე თორნიკყოფილისა, სხვათა და სხვათა. აი, ამ მამების სულიერი კრებულისადმია ნათქვამი, რომ „აღფრინდა ჩუენგან მადლი იგი განმაბრძნობელი“. დიახ, ამ მამათა სულიერი ზეაღსვლა ხდება, რომ უფრო განვრცობითად დაინახონ მათ ცისქვეშეთი და თავიანთ თვალსაწიერში, სულიერ ხედვაში შემოიცვან არა მხოლოდ ათონი, არამედ მთელი საქართველო და, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, მთელი მართლმადიდებლობა, მთელი „მკჳდროანი“, არიან რა მარადის ყველას მეოხნი და მეწინამძღვრენი.
სამეცნიერო ჟურნალი "ლოგოსი", 2011 წ. #6