1905 წლის დეკემბრის შუა რიცხვები, ქ. თბილისი
I. ძირითადი პრინციპები.
§ 1. განმარტება საქართველოს ეკლესიისა. საქართველოს ეკლესია არის მორწმუნე ქართველებისაგან შემდგარი და “ერთის, წმიდის, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის” პრინციპებზე დამყარებული სარწმუნოებრივი საზოგადოება, რომელშიაც და რომლის საშუალებითაც ხორციელდება ამ ქვეყნად “ღვთის სასუფევლის” დედა-აზრი.
§ 2. მისი მიზანი. ამ საზოგადოების მიზანს შეადგენს მისი წევრების სარწმუნოებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება და მათი ზნეობრივი სრულ-ყოფა ქრისტეს მცნების თანახმად: “იყავით სრული, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულ არს”.
§ 3. სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებთან ურთიერთობა. როგორც ისტორიულათ, ისე კანონიურათ საქართველოს ეკლესიას აქვს სრული უფლება სხვა ეკლესიათაგან დამოუკიდებლათ იარსებოს; ამას მედგრათ მოითხოვს თანამედროვე ცხოვრებაც. სხვა ეკლესიათაგან დამოუკიდებლობა საქართველოს ეკლესიისა მდგომარეობს: ა) მისი იერარქიის სხვა ეკლესიათა იერარქიისაგან დამოუკიდებლობაში; ბ) ადგილობრივ კანონმდებლობისა და სამართლის უფლებაში და გ) ადგილობრივთა საეკლესიო ჩვეულებათა და სამღვდელო-წესთა სხვაობაში.
§ 4. ეკლესიის ურთიერთობა სახელმწიფოსთან. როგორც ზნეობრივ-სარწმუნოებრივი მიზნით არსებული საზოგადოება, საქართველოს ეკლესია შეეხება თავის წევრებს მარტო ზნეობრივ პრინციპის მხრივ და მიზნად არა აქვს შეეხოს მათ, როგორც წევრებს სახელმწიფოსას ან რომელისამე პოლიტიკური ორგანიზაციისას. მსგავსათვე არც სახელმწიფოს აქვს უფლება ამ საზოგადოების შინაგან წეს-წყობილებასა და ცხოვრებაში ჩაერიოს, რადგან, როგორც ითქვა, ეს საზოგადოება არავითარს პოლიტიკურსა და ეკონომიურს მიზანს არ ესწრაფვის. სახელმწიფო, როგორც ყველგან, ისე ამ შემთხვევაშიც ვალდებულია მხოლოდ უზრუნველ-ჰყოს ამ საზოგადოების წევრთა ნამდვილი სარწმუნოებრივი თავისუფლება (17 ოქტომბრის მანიფესტით აღსარებული) და მის დაწესებულებათა ხელშეუხებლობა ეკლესიის გარეშე მდგომ პირთა და დაწესებულებათაგან. რომ საქართველოს ეკლესიამ სამუდამოთ აიცილოს თავიდან ეჭვი ან ბრალდება ეგრეთ წოდებულს “კლერიკალიზმში” და თანაც სავსებით განახორციელოს თავის წევრთა სინიდისის თავისუფლება, აუცილებლათ საჭიროა – განთავისუფლდეს არა მარტო ეკლესია სახელმწიფოსაგან, არამედ სახელმწიფოც – ეკლესიისაგან: არც სახელმწიფო უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში და არც ეკლესია – სახელმწიფოს საქმეებში.
ამ ძირითად პრინციპების თანახმად უნდა მოეწყოს მთელი შინაგანი ცხოვრება და გარეგანი მდგომაროება საქართველოს ეკლესიისა.
II. საქართველოს ეკლესიის წეს-წყობილება.
ა. ტერიტორია და მისი დაყოფა
§ 5. საქართველოს ეკლესიის ტერიტორიას შეადგენს ქართველის ტომით დასახლებული ადგილები ეხლანდელის თფილისის და ქუთაისის გუბერნიებისა, ზაქათალისა, სოხუმისა, ბათუმისა და ყარსის ოლქთა საზღვრებაში.
შენიშვნა: საკუთარის სურვილით შეუძლიათ საქართველოს ეკლესიას ეკუთვნოდნენ ამ ტერიტორიის გარეშე მცხოვრები ქართველები და, აგრეთვე, არა-ქართველებიც, როგორც ამავე ტერიტორიის საზღვრებში, ისე მათ გარეშეც.
§ 6. მთელი ეს ტერიტორია დანაწევრებულია ოთხ ეპარქიად: ა) კახეთ-ზაქათალისა, ბ) ქართლისა (სამცხე-საათაბაგოჲთურთ), გ) იმერეთ-გურია-სვანეთისა (ამავე ეპარქიაში შედის ბათუმის ოლქიც) და დ) სამეგრელო-სამურზაყანოისა. თვითეული ეპარქია განიყოფება საძმო ოლქებად, ხოლო ეს უკანასკნელნი – სამრევლოებად.
ბ. სამღვდელოება და მორწმუნენი.
§ 7. საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებას შეადგენენ: ა) სრულიად საქართველოს კათალიკოს-მამათ-მთავარი, რომელიც იმავე დროს არის მთავარ-ეპისკოპოსი ქართლისა; ბ) სამი ეპისკოპოსი; გ) მღვდლები; დ) დიაკვნები (=მთავრები) და ე) მედავითნეები.
§ 8. ეკლესიის უდიდეს ნაწილს შეადგენენ მორწმუნენი. მორწმუნედ ანუ ეკლესიის წევრად ითვლება ყოველი კაცი და ქალი, რომელსაც ნათელუღია, აღიარებს მართლ-მადიდებლობითს სწავლას და ემორჩილება საეკლესიო წყობილებას. როგორც ეკლესიის წევრად გახდომა, ისე მასში დარჩენა ანუ გასვლა დამოკიდებულია თვით მორწმუნის სინიდისსა და სურვილზე; ხოლო რამდენადაც საქმე ბავშვებს შეეხება, იმათი ეკლესიის წევრებად დატოვება თუ იქიდან გაყვანა მათი მშობლებისა და მზრუნველების სინიდისის საქმეა.
გ. მართვა-გამგეობის ორგანოები.
§ 9. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა დამყარებულია კრებითს პრინციპზე. მთელს საქართველოს ეკლესიას თავში უდგას: ა) სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება და ბ) საკათალიკოსო საბჭო კათალიკოსის თავჯდომარეობით; ეპარქიას მოთავეობს: ა) საეპარქიო კრება და ბ) საეპარქიო საბჭო ეპისკოპოსის თავჯდომარეობით; საძმო ოლქს განაგებს: ა) საოლქო კრება და ბ) საოლქო საბჭო; ხოლო სამრევლოს მართავს: ა) სამრევლო კრება და ბ) სამრევლო საბჭო ადგილობრივ მღვდლის დახმარებითა და ხელმძღვანელობით.
1. სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება, საკათალიკოსო საბჭო და კათალიკოსი.
§ 10. სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება. ეს კრება შესდგება 120 წევრისაგან, რომელთა შორის 40 სამღვდელოების წარმომადგენელია (ცხრა-ცხრა ეპარქიებიდან და 4 ქალაქ თბილისიდან), ხოლო 80 მორწმუნეთა დელეგატი (თვრამეტ-თვრამეტი ეპარქიებიდან და 8 ქალ. თბილისიდან). ამათ გარდა კრების მუდმივ წევრებად ითვლებიან ყველა ქართველი ეპისკოპოსები. კრებას თავჯდომარეობს კათალიკოსი, ხოლო, როცა იგი არაა, ერთ-ერთი მღვდელმთავარი კრებისავე არჩევით. კრება ირჩევს საქმის-მწარმოებელსაც. – ამ კრების კომპეტენციას ექვემდებარება: ა) საეკლესიო კანონმდებლობა, ბ) საეკლესიო სამართალი, გ) ყოველგვარი საეკლესიო საქმეების გარჩევა და გადაწყვეტა, დ) პირველის კათალიკოსისა და პირველი საკათალიკოსოს საბჭოს წევრების არჩევა. კრება არის ჩვეულებრივი – სამს წელიწადში ერთხელ და არა-ჩვეულებრივი, როცა საჭიროება მოითხოვს. კრება კანონიერია, თუ მასზე ყველა წევრების 2/3 მაინც გამოცხადდება; თუ კრება პირველ მოწვევაზე ვერ შესდგა, მეორეთ მოწვეული კრება კანონიერია, უკეთუ დაესწრება არა უმცირეს ყველა წევრების 1/3-სა.
§ 11. საკათლიკოსო საბჭო. საკათალიკოსო საბჭო შესდგება 8 წევრისაგან, რომელთა შორის 4 სამღვდელოების წარმომადგენელია და 4 მორწმუნეებისა (თითო-ეპარქიიდან), არჩეულნი სამი წლის ვადით. საბჭოს თავჯდომარეობს კათალიკოსი, ხოლო, როცა იგი არ არის, ერთ-ერთი ეპისკოპოსი, რომელიც ამ შემთხვევისათვის სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების მიერ იქნება წინდაწინვე არჩეული. საბჭოს ჰყავს საქმის მწარმოებელი და მისი თანაშემწე, რომელთაც იწვევს თვითონ საბჭო 3 წლის ვადით – ამ ორგანოს კომპეტენციას ექვემდებარება: ყოველგვარი საქმეები სრულიად საქართველოს ეკლესიის შესახებ – საკუთარივ საეკლესიო, სასულიერო-სამოსწავლო და სამეურნეო, რომელთაც მას სრულიად საქართველოს კრება დააკისრებს.
§12. კათალიკოსი. კათალიკოსი არის მხოლოდ “პირველი თანასწორ ეპისკოპოსთა შორის” (მოციქულთა კანონი – 34) და მარტოოდენ შემდეგს საქმეებში ეკუთვნის მას სხვა ეპისკოპოსთაგან განსხვავებული უფლებანი: ა) იგი თავჯდომარეობს საკათალიკოსო საბჭოსა და სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას, ბ) უფლება აქვს მწყემსთ-მთავრულად მიმოიხილოს ყველა ეპარქიები, გ) მისს სახელს იხსენიებენ წირვა-ლოცვის დროს მასზე დამოკიდებული ეპისკოპოსები; საკათალიკოსო საბჭოსთან ერთად მას ეკუთვნის: აა) მზრუნველობა უეპისკოპოსოდ დარჩენილს ეპარქიებზე, ბბ) მიღება საჩივრისა ეპისკოპოსთა და საეკლესიო დაწესებულებათა შესახებ და გამოძიების დანიშვნა; გგ) უმაღლესი ხელმძღვანელობა და ზედა-მხედველობა ყველა საეკლესიო საქმეებისა მასზე დამოკიდებულს ეპარქიებში; დდ) მიცემა დათხოვნითი სიგელებისა იმ ეპისკოპოსთათვის, რომელნიც ეპარქიიდან დროებით სხვაგან სადმე მიდიან; ეე) დასასრულ, იგი ხელმძღვანელობს საეპისკოპოსო კანდიდატების არჩევნებს საეპარქიო კრებაზე; ხოლო სხვა ეპისკოპოსებთან ერთად ხელდასხმას არჩეულ კანდიდატს. მაგრამ დაწყება ისეთის საქმისა, რომელიც მთელს საქართველოს ეკლესიას შეეხება, კათალიკოსს შეუძლია მხოლოდ ყველა დანარჩენ ეპისკოპოსებისა და სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების თანხმობით, - და როგორც სხვა ეპისკოპოსები, იგიც ამავე კრების სამართალს ემორჩილება.
§ 13. კათალიკოსის არჩევა და კურთხევა. კათალიკოსს ირჩევენ ყველა ქართველი ეპისკოპოსები, წარმომადგენელნი სრულიად საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებისა – რიცხვით 30 (რომელთაგანაც 15 ქართლის ეპარქიისაა, რადგან კათალიკოსი ამ ეპარქიისათვის მთავარ ეპისკოპოსადაც ითვლება, ხოლო ხუთ-ხუთი დანარჩენი სამი ეპარქიიდან) და მორწმუნეთა დელეგატები რიცხვით 60 (ცამეტ-ცამეტი ოთხივე ეპარქიიდან და 8 ქალ. თბილისიდან). როცა კათალიკოსის არჩევა გათავდება, კრება წარუდგენს დასამტკიცებლად ხელმწიფეს და, დამტკიცებისა და კურთხევის შემდეგ, აცნობებს ყველა ავტოკეფალურს ეკლესიებს.
2. საეპარქიო კრება, საეპარქიო საბჭო და ეპისკოპოსი.
§ 14. საეპარქიო კრება. საეპარქიო კრება შესგდება 90-ის წევრისაგან, რომელთYშორის 30 სამღვდელოების წარმომადგენელია და 60 მორწმუნეებისა. კრებას თავჯდომარეობს ადგილობრივი ეპისკოპოსი, ხოლო როცა იგი არაა, თავჯდომარეს კრება თვითონვე ირჩევს სამღვდელო პირთა შორის. კრებავე ირჩევს საქმის-მწარმოებელსაც. კრება კანონიერია, თუ ყველა წევრების 2/3 გამოცხადდება, ხოლო განმეორებით მოწვევის შემდეგ კრება კანონიერად ჩაითვლება, უკეთუ მას დაესწრება არა უმცირეს ყველა წევრების 1/3-ისა. საეპარქიო კრება არის: ჩვეულებრივი – წელიწადში ერთჯერ და არა-ჩვეულებრივი – საჭიროებისდაგვარათ. – საეპარქიო კრების კომპეტენციას ეკუთვნის: ა) მღვდელმთავრისა, საკათალიკოსო და საეპარქიო საბჭოების წევრთა არჩევა და აგრეთვე არჩევა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებისათვის დელეგატებისა; ბ) ყოველგვარი საეკლესიო საქმეების განხილვა და გადაწყვეტა ეპარქიაში.
§ 15. საეპარქიო საბჭო. საეპარქიო საბჭოს თავჯდომარეობს ეპისკოპოსი, ხოლო როცა იგი არ არის, მაშინ საბჭოს წევრები თვის შორის ირჩევენ თავჯდომარეს. ეპისკოპოსს გარდა საეპარქიო საბჭოში შედის 6 წევრი, რომელთაგან 2 ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენელია (ერთი მღვდლებისა და ერთი მედავითნეების) და 4 მორწმუნეთა წარმომადგენელი. საბჭოს წევრები ირჩევიან 3 წლის ვადით. საქმის-მწარმოებელს საბჭოსათვის ნიშნავს საეპარქიო კრება. საბჭოს სხდომა კანონიერია, უკეთუ მასზე გამოცხადდება არა უმცირეს 4 წევრისა. – საბჭოს კომპეტენციას ეკუთვნის: ა) უმაღლესი ზრუნვა სარწმუნოებისა და ზნეობის დაცვა-განმტკიცებაზე ეპარქიაში; ბ) უმაღლესი თვალყურის დევნება სამონასტრო და საეკლესიო ქონებათა მართვა-გამგეობისა ეპარქიაში; ეს ქონება საეპარქიო საბჭოს უცნობელად არ უნდა იხმარებოდეს; გ) განხილვა იმ საქმეებისა, რომელთაც მას საოლქო კრება ან საოლქო საბჭო წარუდგენს; დ) უუმაღლესი სასულიერო სამართალი ეპარქიაში, უკეთუ ამ სამართალს მიმართავს ვინმე; ე) უუმაღლესი მეთველყურეობა ყველა საეკლესიო დაწესებულებათა და საეკლესიო თანამდებობის პირთა მოქმედებისა ეპარქიაში; ვ) მის ნებადაურთველად არვის შეუძლია ტაძრის ან მონასტრის შენება დაიწყოს; ზ) საბჭოს შეუძლია მღვდელს მღვდელ-მოქმედება აღუკრძალოს; ჱ) შეუძლია შეამციროს ან გააძლიეროს დადებული ეპითიმია; უკანვე მიიღოს ეკლესიიდან განკვეთილი წევრები; თ) თუ იგი ამტკიცებს საეკლესიო მიზნით დაარსებულ საზოგადოებათა ანუ ძმობათა წესდებას; ი) შეუძლია მიიღოს და გაანაწილოს საეკლესიო საჭიროებათათვის კეთილმორწმუნე ქრისტიანეთაგან შეწირული ფული და უძრავ-მოძრავი ქონება; ია) დასასრულ, მას აქვს უფლება აღსნას ქორწინების დროს ზოგიერთნი დაბრკოლებანი, რომელნიც ნათესაურ კავშირიდან გამომდინარეობენ; აგრეთვე – ზოგიერთი აღთქმანიც, გარდა ბერობის აღთქმისა.
§ 16. ეპისკოპოსი. მისი უფლება და მოვალეობანი. ეპისკოპოსს ეკუთვნის: ა) სრული უფლება მთელს ეპარქიაში სწავლა-მოძღვრებისა; ბ) უფლება ყოველგვარის მღვდელ-მოქმედების შესრულებისა; გ) უზენაესი ზრუნვა, რათა მის ეპარქიაში ყველა მორწმუნენი საღს საეკლესიო სწავლას იცავდნენ; დ) სარწმუნოებრივს საქმეებში მასზე დამოკიდებული არიან ეპარქიის ყველა წევრები და ე) მისს სახელს აღავლენს წირვა-ლოცვის დროს მთელი ეპარქიის სამღვდელოება. – ეპისკოპოსი ვალდებულია: ა) ყველაფერში პატივსა სცემდეს ყველა საეკლესიო დაწესებულებებს ეპარქიაში, რომელნიც კანონიერათ არიან დაარსებულნი, და იმ საქმეებში, რომლებიც აღნიშნულს დაწესებულებებს ექვემდებარება, მათი წესდების თანახმად იქცეოდეს; ბ) დაემორჩილოს საეკლესიო კანონებს და კანონიერათ გამოცემულს დადგენილებათ როგორც საეკლესიო მთავრობისას, ისე სამოქალაქოსას, რამოდენათაც ამ უკანასკნელის დადგენილებანი საეკლესიო მიზანს არ ეწინააღმდეგება; როცა ამა თუ იმ საეკლესიო კანონის ან დადგენილების შესახებ აზრის ორჭოფობა დაიბადება, განსამარტებლად უმაღლეს საეკლესიო მთავრობას უნდა მიმართოს; გ) განუწყვეტლივ თავის ეპარქიაში იმყოფებოდეს, ხოლო საკუთარ საჭიროებისათვის ეპარქიიდან წასვლა შეუძლია მხოლოდ სათანადო მთავრობის (საკათალიკოსო საბჭოს) თანხმობით; დ) თავისს სამღვდელოებასა და სამწყსოს ხშირ-ხშირათ უგზავნოს მოძღვრებითი ეპისტოლეები, რითაც ასწავლოს მათ ქრისტიანობრივი ჭეშმაირტებანი და მათთან ცხოველი კავშირი იქონიოს; ე) მიმოიხილოს ხოლმე თავისი ეპარქია, რათა მის მდგოამრეობას პირადათ გაეცნოს; ვ) ყველაფერში დაემორჩილოს სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების დადგენილებას; ზ) საეპარქიო საბჭოსთან ერთათ მოახსენებდეს ხოლმე აღნიშნულს კრებას ყველა ღირს-შესანიშნავ შემთხვევათა შესახებ მის ეპარქიაში, აცნობებდეს მას თვისის ეპარქიის მიმოხილვის შედეგებსა და თანაც აღნიშნავდეს იმ ზომებს, რომელნიც საეკლესიო საქმეთა უკეთ მოსაწყობადაა საჭირო; ჱ) როცა სათანადო მთავრობა მოიწვევს, სრულ. საქ. საეკლ. კრებაზე გამოცხადდეს; თ) უმაღლესი საეკლესიო მთავრობის უცოდინრათ არა მოიმოქმედოს რა ისეთი, რაც მის უფლებას აღემატება; ი) წირვა-ლოცვის დროს კათალიკოსის სახელს იხსენიებდეს; ია) სხვის ეპარქიაში თავის ნებით არა დაიწყოს-რა; იბ) დასასრულ, პატივისცემით ეპყრობოდეს სხვა მღვდელ-მთავრებსა და საეპარქიო საბჭოების ანუ საეპარქიო კრებების გადაწყვეტილებას.
§ 17. ეპისკოპოსის არჩევა და ხელდასხმა. ეპისკოპოსს ირჩევს, კათალიკოსის ან მისი რწმუნებულის ხელმძღვანელობით, კრება ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლებისა რიცხვით 30 (20 სამღვდელო ხარისხის მქონეთა და 10 მედავითნეებისა) და მორწმუნეთა დელეგატებისა რიცხვით 60 (რომელთა შორის 5 საკათედრო ქალაქიდან); ხოლო ხელდასხმას კათალიკოსი და ორი ეპისკოპოსი ან მარტო ორი ეპისკოპოსი. ეპისკოპოსის არჩევის დროს კრებას თავჯდომარეობს ან თვით კათალიკოსი ან საკათალიკოსო საბჭოს მიერ არჩეული პირი.
შენიშვნა: აღნიშნული კრებისათვის დეპუტატების არჩევის დროს სამღვდელო ხარისხთა მქონე ბერები, არქიმანდრიტები, იგუმენები, მღვდელ-მონაზვნები და ბერ-დიაკვნები სამღვდელოებასთან ერთად ჰყრიან კენჭს, დანარჩენი ბერები კი – ერისკაცებთან ერთად. მეორე აზრი: არც ერთ ბერს, თუნდაც იგი სამღვდელო ხარისხითაც იყოს შემოსილი, უფლება არა აქვს საეპარქიო არჩევნებში ან საეკლესიო მართვა-გამგეობაში მიიღოს მონაწილეობა, რადგან მას, თავისი აღთქმის თანახმად, ერთხელვე უარი აქვს ნათქვამი საკუთარს ნება-სურვილზედ და, სანამ იგი ბერად დარჩება, ამ აღთქმასაც ძალა არ დაეკარგება.
3. საოლქო საძმო კრება და საოლქო საძმო საბჭო.
§ 18. საოლქო კრება და საოქლო საბჭო. ორივე მარტო საკრებული დაწესებულებაა. საძმო საოლქო კრებაში თანასწორის ხმით მონაწილეობას იღებენ ოლქის ყველა კრებულთა წევრები (მღვდლები, დიაკვნები და მედავითნეები). თავჯდომარესა და საქმის მწარმოებელს კრება თვითონ ირჩევს. კრების კომპეტენციას ეკუთვნის: ა) საოლქო საბჭოს წევრებისა და თავჯდომარის არჩევა სამ-სამი წლით; ბ) საძმო საბჭოს ყოველგვარი მოქმედების ანგარიშთა განხილვა; გ) საძმო საბჭოს წევრების ან კრებულთა წევრების უთანადო მოქმედების წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვა და განსამართლება; დ) ყოველგვარი საძმო საქმეები.
§ 19. საძმო საოლქო საბჭო. შესდგება თავჯდომარისა და 4-ის წევრისაგან (რომელთა შორის 2 მღვდლების წარმომადგენელია მთავრებითურთ და 2 მედავითნეებისა); თავჯდომარედ უსათუოდ მღვდელი უნდა იქნას.
შენიშვნა: საბჭოს აქვს საკუთარი ბეჭედი.
საბჭოს კომპეტენციას ეკუთვნის: ა) სამღვდელო, სამთავრო და სამედავითნო კანდიდატის გამოცდა (მარტო ღვთისმსახურებისა და მღვდელ-მოქმედების ცოდნაში) და სათანადო მოწმობის მიცემა; ბ) ხელმძღვანელობა სამრევლო კრებათა, როცა ეს უკანასკნელნი კრებულის წევრებს ირჩევენ; გ) სამრევლო კრებულთა წევრებს შორის მომხდარ უთანხმოების განხილვა და გადაწყვეტა; დ) ზრუნვა სარწმუნოებისა და ზნეობის დაცვა-გაძლიერებაზე ოლქში; ე) გამგეობა საოლქო საძმო წიგნთსაცავ-სამკითხველოსი და მასზე ზრუნვა; ვ) გამგეობა საძმო კასისა; ზ) მოწვევა საძმო საოლქო კრებისა (2-ჯერ მაინც წელიწადში, ხოლო, თუ საჭიროება მოითხოვს, უფრო ხშირადაც); კრება უნდა მოწვეულ-იქნას იმ შემთხვევაშიაც, უკეთუ ამას მოითხოვს არა უმცირეს 5-ს საკრებულო პირისა; ჱ) დასასრულ, ზრუნვა ოლქის სამღვდელოების გაჭირვებულ წევრთა, ქვრივთა და ობლებზე.
4. მრევლი, სამრევლო კრება, სამრევლო საბჭო და კრებული.
§ 20. მრევლი. სამრევლოს გახსნა არ შეიძლება, თუ მორწმუნეთა რიცხვი იმდენათ მცირეა, რომ საკუთარი ტაძრისა და კრებულის შენახვა არ შეუძლია. სამრევლოს უსათუოდ უნდა ჰქონდეს საკუთარი ტაძარი; ხოლო თუ ამავე სამრევლოში სხვა ტაძრებიცაა, იგინი ზედ-მიწერილ ტაძრებად ითვლებიან.
შენიშვნა: მრევლი, როგორც ერთის მიზნით და განსაზღვრული წყობილებით შეერთებული საზოგადოება, იურიდიულს პირს წარმოადგენს.
§ 21. სამრევლო კრება. სამრევლო კრებას შეადგენს ყველა სრულწლოვანი მორწმუნე კაცი და ქალი (არა უმცირეს 21-ს წლისა).
შენიშვნა: ქალს, როგორც მამაკაცს, უფლება აქვს როგორც სხვა აირჩიოს ყოველგვარ საეკლესიო თანამდებობაზე, ისე თვითონაც არჩეულ-იქნას დელეგატად და საბჭოს წევრად.
კრება თვითონ ირჩევს თავჯდომარეს და, თუ საჭიროა, საქმის-მწარმოებელსაც. კრება კანონიერია, უკეთუ მასზე მრევლის (სრულწლოვანები იგულისხმებიან) 2/3 მაინც გამოცხადდება; ხოლო, თუ კრება პირველ მოწვევაზე ვერ შესდგა, მეორეთ იგი კანონიერია, უკეთუ მას დაესწრება არა უმცირეს მრევლის 1/3-სა. არჩევნების დროს საჭიროა კრებაზე მრევლის 2/3 გამოცხადდეს და არჩეულადაც მხოლოდ ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც ერგება არა უმცირეს ყველა კენჭების 3/4-ისა (თუ საჭიროება მოითხოვს, განმეორებითი კენჭის ყრაც შესაძლებელია; კენჭი ეყრება ორს უკანასკნელ კანდიდატს, რომელთაც ყველა კანდიდატებზე მეტი კენჭი ერგო პირველი კენჭის ყრის დროს). ჩვეულებრივს საქმეებს კი კრება სწყვეტს ხმის უბრალო უმეტესობით. ამავე წეს-რიგს ემორჩილება ყველა სხვა საეკლესიო კრებებიც (საოლქო, საეპარქიო და სრულიად საქართველოსი). სამრევლო კრების კომპეტენციას ეკუთვნის: ა) კრებულის და საბჭოს წევრთა არჩევა; ბ) ეკლესიის და კრებულის შესანახ ხარჯის მორწმუნეთა შორის შეძლებისდაგვარად გაწერა; გ) სარწმუნოებრივ და ზნეობრივ დანაშაულთათვის მრევლის წევრთა (=მორწმუნეთა) გასამართლება; დ) გასამართლება და სამართალში მიცემა სამრევლო საბჭოს წევრებისა სამსახურის აღსრულების დროს დაუდევრობისა, უფლებების აღმატებისა და ბოროტ-მოქმედებისათვის; ე) აღძვრა საქმისა საოლქო ანუ საეპარქიო საბჭოებისა გინდ კრებათა წინაშე კრებულის წევრთა შესახებ მათი უთანადო მოქმედებისა და ცუდი ყოფაქცევისათვის.
§ 22. სამრევლო საბჭო. სამრევლო საბჭო შესდგება 5-ს წევრისაგან, რომელთაც სამრევლო კრება ირჩევს ერთის წლის ვადით; თავჯდომარეს ირჩევენ თვის შორის თვითონ საბჭოს წევრები.
შენიშვნა: საბჭოს წევრებად მრევლს შეუძლია კრებულის წევრნიც აირჩიოს; ყოველს შემთხვევაში, კრებულის წევრთ სამრევლო საბჭოში სათათბირო ხმა მაინც უსათუოდ ეკუთვნისთ; კერძოთ მღვდელი ამ საბჭოს ხელმძღვანელად ითვლება. - საბჭოს აქვს საკუთარი ბეჭედი.
სამრევლო საბჭოს კომპეტენციას ეკუთვნის: ა) საეკლესიო უძრავ-მოძრავ ქონების მართვა-გამგეობა სამრევლოში; ბ) ყოველგვარი სტატისტიკური ცნობების შეკრება, რასაც კი სამრევლოს მართვა-გამგეობისათვის აქვს რაიმე მნიშვნელობა; გ) აკრეფა საეკლესიო გადასახადისა მრევლში და მისი დანიშნულებისამებრ განკარგულება; დ) ზრუნვა ტაძრისა და ღვთისმსახურების კეთილ-მოწყობაზე; ე) ზრუნვა ქვრივ-ობლებსა და ღარიბებზე საქველ-მოქმედო აზრით; ვ) აღძვრა საქმისა იმ პირთ წინააღმდეგ, რომელნიც ეკლესიასა და მორწმუნეთა სარწმუნოებრივს გრძნობას შელახავენ; ზ) მოწვევა სამრევლო კრებისა.
შენიშვნა: სამრევლო კრება უნდა მოწვეულ იქნას იმ შემთხვევაშიაც, უკეთუ ამას მოითხოვს არა უმცირეს 20 მორწმუნისა.
§ 23. კრებული. კრებულს შეადგენენ: მღვდელი, დიაკონი (უკეთუ იგი არის) და მედავითნე.
ა) მღვდელი. მისი მოვალეობანი. მღვდელი ვალდებულია: აა) მუდამ თავის მრევლში იცხოვროს და, სამრევლო საბჭოს ნებადაურთველათ, უფლება არა აქვს მრევლი დასტოვოს, განსაკუთრებით როცა იქ რაიმე მოარული სენი გაჩნდება ან როდესაც სამრევლოს განსაცდელი რამ მოელის; ბბ) განსაკუთრებულ თვალ-ყურს ადევნებდეს საკუთარს ყოფაქცევას როგორც საზოგადოებაში, ისე თავის სახლში; გგ) აასრულოს საზოგადოებრივი ღვთისმსახურებანი საეკლესიო ტიბიკონით დაწესებულ დროებში; დდ) თავისი მრევლის მოთხოვნისამებრ დაუყონებლივ აასრულოს საჭირო მღვდელ-მოქმედებანი; ეე) თვალყური ადევნოს ტაძრისა და საღვთისმსახურო საგნების სისუფთავესა და კეთილშვენიერებას; ვვ) თვალყური ადევნოს მრევლში საეკლესიო დისციპლინისა და ზნეობის დაცვას; ზზ) როცა სამსახურის დროს ამა თუ იმ საკითხის შესახებ რაიმე ეჭვი დაებადება, მოვალეა ახსნა-განმარტებისათვის საოლქო ან საეპარქიო საბჭოს მიმართოს; ჱჱ) მისს უპირველეს მოვალეობას შეადგენს ეკლესიაში ქადაგება და საზოგადოთ სწავლა-მოძღვრება; თუ ამ მხრივ იგი ზარმაცი ან დაუდევარია, სამსახურიდან დათხოვნილ იქნება; დასასრულ, იგი მოვალეა ღვთისმსახურების დროს თავისი ეპისკოპოსის სახელი მოიხსენიოს. – თავის მრევლში მღვდელს უფლება აქვს, სხვა მღვდლებს რომლისამე მღვდელ-მოქმედების შესრულების ნება არ მისცეს.
ბ) დიაკონი (=მთავარი) და მედავითნე. მთავარი და მედავითნე არიან მხოლოდ მღვდლის თანაშემწენი და უმისოდ არავითარი მღვდელმოქმედების შესრულება არ შეუძლიათ. ერთ მღვდელთან უსათუოდ ერთი მედავითნეც უნდა იყოს; ხოლო, რომელ მრევლშიაც ორი ან მეტი მღვდელია, იმ მრევლს, თუ ჰსურს, მთავარიც შეუძლია იყოლიოს.
გ) კრებულის წევრთა თვისებანი. აა) წლოვანებით სამღვდელო კანდიდატი უნდა იყოს არა უმცირეს ოცის წლისა; მეორე აზრი: არა უმცირეს – 25-ს წლისა. ბბ) გონებრივის მხრით საჭიროა სამღვდელო, სამთავრო და სამედავითნო კანდიდატს საშუალო საზოგადო განათლება ჰქონდეს მიღებული, მაგრამ დროებით, სანამ ასეთი კანდიდატის შოვნა გასაჭირია, შესაძლოა საკრებულო წევრთა კანდიდატად წამოყენებულ იქნას ისეთი პირიც, რომელსაც მიღებული აქვს არა უმცირეს დაბალის საზოგადო განათლებისა (მაგალითად: პროგიმნაზიისა, ოთხ-კლასიანი სასულიერო და სამოქალაქო სასწავლებელთა კურსისა); ამასთანავე როგორც სამღვდელო, ისე სამთავრო და სამედავითნო კანდიდატმა უნდა იცოდეს წირვა-ლოცვისა და მღვდელ-მოქმედების წესები, რაც წინდაწინვე (არჩევამდე) უნდა იყოს შემოწმებული რომლისამე საოლქო საბჭოსაგან; ამგვარათ შემოწმებულ კანდიდატების სიები საჭიროა საეპარქიო საბჭოშიაც ინახებოდეს; გგ) კანდიდატის ზნეობრივ თვისებათა გარკვევა და გამოცნობა თვით ამომრჩეველთა ნდობისა და სინიდისის საქმეა.
დ) კრებულის წევრთა არჩევა. კრებულის წევრებს ირჩევს სამრევლო კრება, რომელსაც ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობას უწევს საოლქო საბჭო ან, მისივე მინდობილობით, ერთ-ერთი მისი წევრი. არჩევის შემდეგ, საოლქო საბჭოს წარმომადგენელი შეადგენს საარჩევნო სიგელს და სამღვდელო და სამთავრო კანდიდატს წარუდგენს ეპისკოპოსს საკურთხად, ხოლო მედავითნეს – დასამტკიცებლად.
შენიშვნა: საკათედრო კრებულის მდგომარეობისა და რაოდენობის გარკვევა უნდა გადაიდვას საკათალიკოსო საბჭოს არჩევამდე.
III. ეკლესიის ქონებრივი უფლებანი და სამღვდელოების რჩენის წესი.
§ 24. ეკლესიის ქონებრივი უფლებანი. როგორც იურიდიულ პირს, მრევლსა და სრულიად საქართველოს ეკლესიას უფლება აქვს სარწმუნოებრივისა და საქველ-მოქმედო მიზნით რაიმე ქონება შეიძინოს (როგორც ყიდვით, ისე ანდერძით და შემოწირვით).
§ 25. სამღვდელოების რჩენის წესი. აუცილებლათ საჭიროა შეიცვალოს არსებული წესი სამღვდელოების რჩენა-შენახვისა. დღევანდელი სამღვდელოება ჯამაგირს იღებს ხაზინიდან, ხოლო საზრდოს და წვრილ-წვრილ შემოსავალს – ხალხისაგან. აქედან წარმოსდგება თვით სამღვდელოების მდგომარეობის ორჭოფობა; იგი არც მთლათ ხალხს ეკუთვნის და არც მთლათ მთავრობას, რაიცა ჰქმნის მრევლისა და სამღვდელოების გამწვავებულს ურთიერთობას. რომ ეს უხერხული მდგომარეობა მოისპოს და სამღვდელოება მარტო მორწმუნეებს ეკუთვნოდეს, საჭიროა სამღვდელოებას ინახავდეს მარტი ის, ვისაც იგი ემსახურება, ე.ი. მრევლი ანუ მორწმუნეები. მაშასადამე, პრინციპიალურათ, საჭიროა მრევლმა პირდაპირ თვითონ უზრუნველჰყოს თავისი კრებული, საქართველოს ეკლესიამ – თავისი სამღვდელოება.
§ 26. მაგრამ, სანამ ის საეკლესიო ქონებანი, რომელნიც ხაზინის ხელში გადავიდა და დღესაც ხაზინის ხელში იმყოფება, ქართველ ხალხს არ დაუბრუნდება და სანამ იმ საეკლესიო ქონებათა ღირებულება, რომელნიც კერძო პირთა ხელშია გადასული, მომავალს საკათალიკოსო საბჭოს არ გადაეცემა საქართველოს ეკლესიის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად; აგრეთვე, სანამ ის ჯამი, რომელიც დღეს ქართველ სამღვდელოებას ხაზინიდან ჯამაგირად ეძლევა, ხალხის სახელმწიფო გადასახადს არ ჩამოაკლდება, მანამდე ქართველი სამღვდელოება მარტო ხალხს ვერ დააწვება სარჩენად; ამიტომ, სანამ რუსეთის ან კერძო კავკასიის წარმომადგენლობითი კრება სამღვდელოების რჩენის საკითხს გადასწყვეტდეს, სახელმწიფო ვალდებულია ქართველ სამღვდელოებას ჯამაგირი აძლიოს; ხოლო მრევლმა იმდენი მისცეს, რამდენიც მის არსებობას უზრუნველ-ჰყოფს.
გამოსაცემად მოამზადა ზაზა ვაშაყმაძემ
საქართველოს საპატრიარქოს
წმ. ანდრია პირველწოდების სახელობის
ქართული უნივერსიტეტი
თბილისი, 2010 წ.