სამყაროს შექმნის შესახებ არსებული ერთადერთი ჭეშმარიტების შემცველი წიგნი, ბიბლია, ქრისტიანული საქართველოს სულიერ მოღვაწეთა მუდმივი ზრუნვისა და რუდუნების საგანი იყო. მიუხედავად ამისა, დღევანდელ საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ ბიბლიით თარგმნა ქართულ ენაზე საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლისა და დამკვიდრების ხანას, IV-V სს-ს, ე.ი. ჩვენი მწერლობის განვითარების უძველეს პერიოდს უკავშირდება.
ბიბლია საღმრთო წიგნების კრებულია და იგი ორი ნაწილისაგან - ძველი და ახალი აღთქმისაგან შედგება.
ძველი აღთქმის წიგნები ებრაულ სამყაროში ძვ. წელთაღრიცხვის XII-II საუკუნეებშია შექმნილი. მათში ასასხულია ებრაელი ხალხის ისტორია, ღვთისმსახურება, იმდროინდელი ყოფა-ცხოვრება, მათი მსოფლმხედველობა, რელიგიური მრწამსი, მათი ეთიკური და ესთეტიკური შეხედულებები. ახალი აღთქმის წიგნებში კი, რომლებიც ბერძნულ ენაზე ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა, გადმოცემულია მაცხოვრის განკაცება, მის მიერ აღსრულებული სასწაულები, მისი ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება, მოციქულთა მოღვაწეობა და მათი ეპისტოლეები, ახალი აღთქმის ეკლესიის დაფუძნება, ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომელიც ამავე საუკუნეებში მისი მოციქულების მეშვეობით ვრცელდებოდა.
ძველ აღთქმაში გამოყოფენ კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებს. კანონიკური წიგნი 39-ია, არაკანონიკური - 11. გარდა კანონიკური და არაკანონიკური წიგნებისა, ძველ აღთქმაში გამოყოფენ აგრეთვე კანონიკური წიგნების არაკანონიკურ დანართებს. ახალი აღთქმა თავისთავად კიდევ რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ოთხთავი, საქმე მოციქულთა, კათოლიკე ეპისტოლეები, პავლეს ეპისტოლეები და იოვანეს გამოცხადება (აპოკალიფსისი), სულ 27 წიგნი.
აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაზე მთელი ბიბლიაა თარგმნილი - ძველი აღთქმა თავისი კანონიკური (არაკანონიკური დანართებით) და არაკანონიკური წიგნებით, და ახალი აღთქმა.
ჩვენამდე ძველი აღთქმის წიგნების შემცველმა 30-ზე მეტმა ხელნაწერმა და ფრაგმენტმა მოაღწია. მათზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ბიბლიის ძველი აღთქმის წიგნების ქართულ ენაზე თარგმნის ისტორიაში სამი ძირითადი ეტაპი უნდა გამოიყოს: 1. უძველესი, IV-V საუკუნეებისა: ამ დროს შესრულებული თარგმანები თავმოყრილია ქართული ბიბლიის ყველაზე ძველ კრებულში - ოშკის ბიბლიაში; 2. XII ს-ში ბერძნული სეპტუაგინტის მიხედვით ნათარგმნი და ნასწორები ტექსტები (პირველი რვაწიგნებული და დიდი და მცირე წინასწარმეტყველები ესიადან მოკიდებული დანიელის გარდა) დაცულია გელათის ბიბლიის კრებულებსა და ხელნაწერში; 3. XVIII ს-ის დამდეგს სლავურიდან თარგმნილი 22 წიგნი შესულია ბიბლიის მოსკოვურ გამოცემაში - ბაქარის ბიბლიაში. ყველა დანარჩენ ხელნაწერში (მათ შორის ყველა ფრაგმენტშიც) წარმოდგენილი ტექსტი ბიბლიისა არის არა ახალი, არამედ საუკუნეების მანძილზე ჩასწორებული და გადამუშავებული სწორედ ის უძველესი თარგმანი, რომელსაც IV-V საუკუნეებით ვათარიღებთ და რომელმაც, საბედნიეროდ (ძირითადად ოშკის ბიბლიის წყალობით), ჩვენამდე სრული სახით მოაღწია. შესაბამისად, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ქართული ბიბლიის წარმომავლობის საკითხს სამ ძირითად წყაროს უკავშირებენ: ბერძნულს (ამ აზრს იზიარებენ მ.ბროსე, ალ.ცაგარელი, ალ.ხახანაშვილი, ფ.ალტერი), აღმოსავლურს ანუ სირიულ-ებრაულს (ა.შანიძე, პ.ინგოროყვა, კ.კეკელიძე, ფ.კონიბერი) და სომხურს (დ.ბაქრაძე, ნ.მარი, რ.ბლეიკი, დ.გუსენი, მოლითორი, მესროპ ტერ-მოვსესიანი).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენამდე მოღწეულია ძველი აღთქმის ორი უძველესი კრებული - ოშკისა და მცხეთის ბიბლიები. ოშკის ანუ ათონის ბიბლია ათონის ივერთა მონასტერშია დაცული და გადაწერილია X საუკუნეში, 978 წელს, ათონის ცნობილი მოღვაწის, იოანე თორნიკეს დაკვეთით. ჩვენამდე მოღწეულია ათონის ბიბლიის სამი გადამწერის სახელი - მიქაელი, სტეფანე და გიორგი. ე.წ. მცხეთის ბიბლია კი, რომელსაც სხვაგვარად საბას ბიბლიას უწოდებენ, XVII-XVIII სს-ით თარიღდება და მისი შემდგენელი დიდი სულხან-საბა ორბელიანია.
მიუხედავად იმისა, რომ ოშკის ბიბლიიდან მცხეთის ბიბლიამდე საკმაოდ დიდი პერიოდი, შვიდი საუკუნეა გავლილი, ამ შუალედში ბიბლიის სხვა კრებული არ ჩანს, სამაგიეროდ ჩვენამდე მოაღწია სწორედ ამ შუალედში გადაწერილმა ცამეტმა ხელნაწერმა, რომლებიც ძველი აღთქმის ამა თუ იმ წიგნს შეიცავენ და რომლებმაც მოუმზადეს კიდეც ნიადაგი მცხეთის ბიბლიისა და შემდგომი კრებულების მომზადებას საქართველოში.
ჩვენამდე მოაღწია ამ შუალედში შექმნილმა ე.წ. გელათურმა ბიბლიამ, რომელიც XI ს-ის ბოლო წლებით თარიღდება. ქართველ მეცნიერებში გელათურ ბიბლიასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს. მიუხედავად ამისა, მეცნიერები თანხმდებიან ერთ საკითხში - იგი ენობრივად გელათის სკოლის პროდუქტია. კ.კეკელიძის აზრით, მისი მთარგმნელი შეიძლება იოანე პეტრიწი იყოს, თ.ცქიტიშვილი იოანე პეტრიწს ამ ბიბლიის მხოლოდ რედაქტორად მიიჩნევს, თვლის რა, რომ გელათური ბიბლია არის უძველესი თარგმანის საფუძვლიანი გადამუშავების შედეგად მიღებული ახალი რედაქცია, დ.მელიქიშვილის მოსაზრებით, ენობრივ-სტილისტური მონაცემების მიხედვით, გელათური ბიბლიის რედაქტორ-მთარგმნელი არსენ იყალთოელი ან მისი ჯგუფიდან გამოსული რომელიმე დიდოსტატი უნდა იყოს. ც.ქურციკიძე კი მას ბერძნულიდან შესრულებულ ახალ თარგმანად მიიჩნევს, რომელშიც უძველესი თარგმანი მხოლოდ საკონტროლოდაა გამოყენებული.
გელათურ ბიბლიას, განსხვავებით სხვა კრებულებისაგან, თან ერთვის განმარტებები, ე.წ. კატენები, რის გამოც მას „კატენებიან ბიბლიასაც“ უწოდებენ. ბიბლიას განსაკუთრებულობას სწორედ კატენებში წარმოდგენილ ქრისტოლოგიური კომენტარების ავტორთა სახელების სძენს, რომელთა შორის საქრისტიანო სამყაროს ისეთი დიდი მოღვაწეები არიან, როგორებიცაა: კირილე ალექსანდრიელი, თეოდორიტე კვირელი, ორიგენე, ევსევი კესარიელი, სევეროზ ანტიოქელი, იოანე ოქროპირი, ოლიმპიოდორე, დიოდორე ტარსელი, ირინეოს ლიონელი, ისიდორე პელუსიელი, ბასილი კესარიელი, დიდიმე ალექსანდრიელი.
XVII საუკუნის 60-70-იან წლებიდან საქართველოში ბიბლიის შესწავლის საქმეში ახალი ეტაპი იწყება. სწორედ ამ დროიდან ეყრება საფუძველი ქართული ბიბლიის წიგნების შეკრების, შესწავლის, აღდგენისა და გამოცემის ისტორიას. ამ საქმიანობის წამომწყებად და ინიციატორად სულხან-საბა ორბელიანის მამა - მდივანბედი ორბელ ორბელიშვილი გვევლინება. ვახტანგ VI, სულხან-საბა, არჩილი, ბაქარ და ვახუშტი ბატონიშვილები კი ამ წამოწყებისა და ინიციატივის გამგრძელებლები და დამაგვირგვინებელნი არიან. მდივანბეგ ორბელ ორბელიშვილის დაკვეთით გადაწერილმა ბიბლიის სამმა ხელნაწერმა მოაღწია ჩვენამდე, რომელთა გადამწერები იესე და ნათანაელ ბედისმწერლიშვილები არიან. ერთ-ერთ ხელნაწერთაგანს კი სულხან-საბას რედაქტორული და ფილოლოგიური მუშაობის კვალი ამჩნევია.
როგორც აღვნიშნეთ, მცხეთური ბიბლია რამდენიმე პირის მიერაა გადაწერილი, ერთ-ერთი გადამწერი კი თვითონ სულხან-საბაცაა. იგულისხმება ხელნაწერის მხედრული ხელით ნაწერი ნაწილი ნუსხურად ნაწერ რამდენიმე სხვა ადგილთან ერთად. კრებულში 44 დასახელების ძველი აღთქმის წიგნია შეტანილი.
ორბელიანების კარზე ბიბლიის ხელნაწერების შეკრება-გადაწერასა და რედაქტირებაზე ზრუნვას, როგორც ჩანს, თან მოჰყვა მის დაბეჭდვა-გამოცემაზე ფიქრიც. ბაქარ ბატონიშვილის გადმოცემით, თბილისის სტამბის დაარსება სწორედ ბიბლიის დაბეჭდვის განზრახვასთან ყოფილა დაკავშირებული.
ამ სტამბაში 1709 წელს დაიბეჭდა ფსალმუნისა და ახალი აღთქმის ტექსტები, ხოლო 1710-1711 წლებში - წინასწარმეტყველთა წიგნები. წინასწარმეტყველთა წიგნები ამ გამოცემაში გელათის ბიბლიიდან არის გადაბეჭდილი, ბიბლიის დანარჩენი ნაწილის დაბეჭდვა კი, როგორც ჩანს, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, ვეღარ მოხერხდა.
ნაბეჭდი სახით არსებული ქართული ბიბლიის ყველაზე სრული კრებული ე.წ. მოსკოვური ბიბლიაა. მას ბაქარის ბიბლიასაც უწოდებენ. მოსკოვური ბიბლია ქ. მოსკოვში 1743 წელს დაიბეჭდა. იგი ძველი აღთქმის ყველა წიგნს და მთელ ახალ აღთქმას შეიცავს. ამ ბიბლიის შედეგნისა და გამოცემის ისტორია მეტად საინტერესოდაა მოთხრობილი მისი გამომცემლების ბაქარ ბატონიშვილის წინასიტყვაობასა და ვახუშტი ბატონიშვილის ანდერძში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბაქარის ბიბლიის სულ რამდენიმე ცალმა ჩამოაღწია. ჩვენში დღეისათვის ამ წიგნის მხოლოდ 4-5 ეგზემპლარი არსებობს, ამიტომაც თითოეულ მათგანს ხელნაწერის მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება ახალ აღთქმას, ცნობილია, რომ ახალი აღთქმის კანონი ადრეული ქრისტიანობის პერიოდიდან თანდათანობით ყალიბდებოდა, სანამ საბოლოოს არ დადგინდა ახალი აღთქმის ის კანონი, რომელიც დღეს გვაქვს.
ცალკეული სახარებების შექმნამდე ივარაუდება ე.წ. ლოგიების ანუ აგრაფების არსებობა. ესაა ქრისტეს გამონათქვამები, რომლებსაც იგი წარმოთქვამდა ხალხში ყოფნის დროს და იწერდნენ მოციქულები. აღნიშნული გამონათქვამები ანუ აგრაფები აღმოაჩინეს ცალკეც, ეგვიპტეში 1904 წელს, და თომას აპოკრიფულ სახარებაშიც, რომელიც იმავე ეგვიპტეშია აღმოჩენილი 1946 წელს. ითვლება, რომ სახარებებისათვის პირველწყაროდ სწორედ ეს აგრაფებია გამოყენებული.
უდავოდ საინტერესოა თუ რა ცნობები მოეპოვებათ მეცნიერებს ახალი აღთქმის ცალკეულ სახარებებთან დაკავშირებით. წმ. მათეს სახარების შესახებ ინფორმაცია დაცული ჰქონია ფრიგიის ეპისკოპოს პაპიუსს. ამ ცნობების მიხედვით, მათეს სახარების შექმნა არამეულ ენაზე ივარაუდება - მათეს ჩაუწერია ქრისტეს გამონათქვამები არამეულად, შემდეგ კი არამეული ტექსტი თავად მას ან რომელიმე მის მოწაფეს უთარგმნია ბერძნულად.
წმ. მარკოზის სახარება მათეს სახარებაზე უფრო ძველად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი ოთხთავში მათეს თავის მომდევნოა. მარკოზის შესახებაც პირველი ცნობებიც პაპიუსთან ყოფილა დაცული. მარკოზი, იგივე იოვანე, პეტრე მოციქულის მოწაფე იყო.
წმ. ლუკას სახარების შესახებ ცნობას გვაწვდის ევსევი კესარიელი (III-IV სს.) თავის „საეკლესიო ისტორიაში“. წმ. ლუკა მახარებელი პავლე მოციქულის ბერძენი მოწაფე იყო, პროფესიით ექიმი, ანტიოქიიდან. ლუკას ეკუთვნის საქმე მოციქულთას ავტორობაც.
ამ სამი სახარების ტექსტობრივი და ლიტერატურულ-იდეური სიახლოვე ყოველთვის იგრძნობოდა. როდესაც ისინი ტექსტობრივად ერთმანეთს შეუდარეს და სამივე სახარებიდან ამოიკრიფა თანმხვედრი ადგილები, აღმოჩნდა, რომ მარკოზის სახარებაში ტექსტი თითქმის აღარ დარჩა. ამის საფუძველზე დაასკვნეს, რომ მარკოზის სახარება უნდა დასდებოდა საფუძვლად მათესა და ლუკას სახარებებს. საერთო ადგილები აღმოაჩინეს აგრეთვე მათესა და ლუკას სახარებებშიც. ჯერ კიდევ ადრექრისტიანულმა ეკლესიამ მიაქცია ყურადღება მეოთხე სახარების განსხვავებას წინა სამი სახარებისაგან. კლიმენტი ალექსანდრიელის (II-III სს.) თქმით, მეოთხე ევანგელისტმა, იოანემ, როდესაც დაინახა, რომ წინა სახარებებში მოცემული მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრება და მისი მხსნელი მსახურება მხოლოდ აღწერით ხასიათს ატარებდა, დაწერა მეოთხე სახარება, რომელსაც სულიერ სახარებას უწოდებენ.
ახალი აღთქმაც, თუ არ ჩავთვლით „იოვანეს გამოცხადებას“, IV-V სს-ში უნდა იყოს თარგმნილი. ქართულ ენაზე ძველი ხელნაწერებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ოთხთავის ხელნაწერებია შემონახული. მათ სიმრავლეს ყველა დროში და ძველადაც მათი პრაქტიკული საჭიროება განაპირობებდა. ოღონდ ეს ხელნაწერები X ს-ზე ადრინდელი არ არის, თუ არ ჩავთვლით ადიშის ოთხთავს, რომელიც 897 წელსაა გადაწერილი. V-დან X საუკუნემდე მათ არარსებობასაც იგივე მიზეზი აქვს, რაც ძველი აღთქმის კრებულების არარსებობას ჰქონდა. ხელნაწერთა უმეტესობა თავისი მაღალმხატვრული გაფორმებით უნიკალურია და მსოფლიო ხელოვნების შედევრს წარმოადგენს. ამგვარი გაფორმება ამ ხელნაწერებისა, პირველ რიგში, იმ მოწიწება-მოკრძალების ნიშანი უნდა იყოს, რომელსაც ისტორიულად სახარებათა ტექსტები იწვევდა მართლმორწმუნე ერში.
ჩვენამდე მოღწეულ ამ უნიკალურ ხელნაწერთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია რამდენიმე მათგანი: ადიშის ოთხთავი, რომელიც დღესაც სვანეთში, მესტიის მუზეუმშია დაცული; ოპიზის 913 წლის ხელნაწერი, რომელიც ოპიზიდან ათონზე გადაუტანიათ და ახლაც იქაა დავანებული; ჯრუჭის ოთხთავი, რომელიც 936 წლით თარიღდება; პარხალის მრავალთავის გადამწერის, გაბრიელ პატარაიას მიერ გადაწერილი პარხლის ხელნაწერი; პარხლის ხელნაწერი, 976 წელს შატბერდის კრებულის გადამწერის, იოანე ბერის მიერ გადაწერილი; ქსნის ოთხთავი, რომელაც IX საუკუნითაც ათარიღებენ; ურბნისის ოთხთავი აგრეთვე X ს-ისა და სხვ.
გასაკვირი არ არის, რომ ქართველ მწიგნობართა მიერ გადაწერილი ოთხთავების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია XII საუკუნეში, რომლებიც განსაკუთრებული მხატვრულობითაცაა გამორჩეული. მათგან აღსანიშნავია გელათისა და ჯრუჭის (ჯრუჭი II) ოთხთავები. პირველი ნატიფად შესრულებული სამასამდე მინიატურითაა დამშვენებული, მეორეს კი ოთხასამდე ასეთივე მინიატურა ამშვენებს. გამორჩეულია ჯვარცმისა და ვედრების უნიკალური სცენებით შემკული ალავერდის, წყაროსთავისა და ბერთის ოთხთავები, რომელთაგან წყაროსთავის ხელნაწერის ვერცხლის ყდა ბექა ოპიზარს მოუჭედავს, ხოლო ბერთის ოთხთავი - ბეშქენ ოპიზარს დაუმშვენებია. ამავე ეპოქისაა თამარ მეფისადმი მიძღვნილი ვანის ცნობილი ოთხთავი, რომელიც კონსტანტინეპოლში საგანგებოდ თამარისათვის გადაიწერა და ასევე საგანგებოდ მოიხატა ბერძენი მხატვრის, მიქაელ კორესელის მიერ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აფხაზეთში გადაწერილი ბიჭვინთისა და მოქვის ოთხთავები, რომლებიც უძვირფასესი მინიატურებითაა შემკული - პირველის ბუდე მოჭედილია სოლომონ შერვაშიძისა და მისი შვილის არზაყანის მიერ, მეორე კი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თან ერთვის ხელნაწერის დამკვეთის, მთავარეპისკოპოს დანიელის განსაკუთრებით ლამაზი მინიატურა.
ისტორიის მანძილზე წმიდა წერილის თარგმნის პირობები და პრინციპები არსებითად არ იცვლებოდა. ამის პირობა იყო ღვთის საგანგებო კურთხევა ერის მოსაქცევად, დასამოძღვრად, მომავალი თაობების აღსაზრდელად, უფალთან ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის. ამიტომ მთარგმნელი ეკლესიის წიაღიდან იყო გამორჩეული - როგორც მცოდნე წმიდა წერილისა და ენებისა სარწმუნოებრივი ცხოვრების გამოცდილებით - და, ამასთან ერთად, საეკლესიო იერარქიის კურთხევით მოღვაწეობდა. თუ ბერძნულ ენაზე - ზუსტად გადმოტანა არა მარტო აზრობრივად, არამედ კონსტუქციულად და ლექსიკურადაც. და რადგანაც დედანი მარტივი და გასაგები ენით იყო დაწერილი, ამდენად თარგმანიც სადა და სტილისტურად ერთგვაროვანი უნდა ყოფილიყო. როდესაც ჩვენ წმიდა წერილის სხვადასხვა ენებზე თარგმანებს ერთმანეთს ვადარებთ, ვხედავთ მათ იდენტურობას, რაც თარგმნის კანონიკაზე მეტყველებს.
ჩვენი საუკუნე განდგომის ჟამია. ურწმუნოების და უსჯულოების გამრავლებამ და გავრცელებამ არნახულ მასშტაბს მიაღწია. თანამედროვე ადამიანის მეტყველება დაშორდა იმ ენას, რომელზედაც თარგმნიდნენ ჩვენი წინაპრები. ამიტომ დღეს აქტუალური გახდა ამ ენობრივი ბარიერის დაძლევა, რის გარეშეც ძნელია ახალი თაობებისათვის ღვთის სიტყვის აღქმა, გაგება და უფალთან მიახლოება. ეს პრობლემა რუსეთის ეკლესიამ XIX სუკუნეში გადაწყვიტა ოთხი სასულიერო აკადემიის ძალისხმევით. ჩვენს ეკლესიაში ეს საკითხი XX საუკუნის 70-იანი წლების დამლევს დაისვა. უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით დაწყებული მთარგმნელობითი მუშაობა დასრულდა 1989 წელს საპატრიარქოს მიერ ბიბლიის გამოცემით. პარალელურად, ეკლესიისგან დამოუკიდებლად, იგივე საქმიანობა წამოიწყო სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტმა. დღეს უკვე არსებობს ბიბლიის ორი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე. თუმცა ორივე თარგმანისათვის დამახასიათებელია საუკუნეების მანძილზე არსებული წმიდა წერილის თარგმნის პრინციპების გაუთვალისწინებლობა. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად 1990 წელს თბილისის სასულიერო აკადემიის ბაზაზე საქართველოს საპატრიარქოსთან შეიქმნა წმიდა წერილის მთარგმნელთა ჯგუფი ა.ხარანაულის ხელმძღვანელობით. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ა.არჯევანიძე, მ.გოგილაშვილი, ქ.მათიაშვილი, შ.ნაჭყებია, მ.ოვაშვილი, მ.ჭანტურია, ლ.ჭელიძე. ჯგუფის წევრების ძველი და ახალი ქართულის გარდა ფლობენ ბერძნულს, ებრაულს, არაბულს, სლავურს, რუსულს და თანამედროვე ევროპულ ენებს. მთარგმნელობითი მუშაობა კოლექტიურად მიმდინარეობს, რათა ერთობლივად დაიძლიოს მოსალოდნელი ადამიანური სუბიექტურობა და ტენდენციურობა. ამჟამად თანამედროვე ქართულ ენაზე მათ მიერ ნათარგმნია წმიდა სახარების მათეს და მარკოზის წიგნები და ძველი აღთქმის წიგნებიდან - დაბადება და გამოსვლა.
ბოლო პერიოდში - 1984-2004 წლებში - უწმინდესის და უნეტარესის კურთხევით, ქართველ ერს კიდევ ერთი სულიერი საგანძური შეემატა - ქართული მინიატურებით შემკობილი ხელნაწერი უნიკალური სახარება.
სახარება (ოთხთავი) ხელნაწერის სახით შესრულებულია პერგამენტზე (ხბოს ტყავზე), ნუსხა-ხუცურით (სულ 140 ფურცელი). მისი ზომა 70x90 სმ-ია, ხოლო წონა - 32 კგ. ყდა შესრულებულია მოოქროვილი (ჭედურობის) ტექნიკით. მასზე გამოსახულია ჯვარი, რომელიც იყოფა ექვს ტოლ ნაწილად. თითოეულში სახარების სცენებია გამოსახული: ნათლისღება, ამაღლება, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, ჯვარცმა, ხარება, შობა. სახარების ყდა შემკულია 35 სხვადასხვა ფერის ძვირფასი ქვით, ოთხი მახარებლის გამოსახულებები კი შემოსაზღვრულია პატარა ზომის მარგალიტებით.
სახარების ილუსტრაციებზე სამი წლის მანძილზე მუშაობდნენ მხატვრები: რუსუდან ფეტვიაშვილი, თამარ გურაშვილი, ლიზა ჩქარეული და გურამ ჟვანია და სხვები. სახარება შემკულია რამდენიმე ასეული მინიატურით. დღეს ის წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
გამოყენებული ლიტერატურა:
სალომე ჯაში „ბიბლია საქართველოში“ (გაზეთი „აღსავალი“, № 1, 2004 წ.)
„ახალი აღთქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
წიგნი მათესი“ (საქართველოს საპატრიარქო, 2001 წ.)
ჟურნალი „დედა-ეკლესია“, № 20, 2005 წ.