თავი III. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე–12 საეკლესიო კრება, მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად არჩევა–აღსაყდრება

1977 წლის 9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V (დევდარიანი). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის ტრადიციის თანახმად, რომელიც ასახულია 1945 წელს დამტკიცებულ საქართველოს ეკლესიის მართვა–გამგეობის დებულებაში, კათოლიკოს–პატრიარქის მძიმე ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში წმიდა სინოდის ყველა წევრი იკრიბება საპატრიარქო რეზიდენციაში და, კათოლიკოს–პატრიარქის მდივნის თანდასწრებით, ხსნის სპეციალურ სეიფს, რომელშიც ინახება განსვენებული კათოლიკოს–პატრიარქის წერილობითი განკარგულება კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრის (მოვალეობის შემსრულებლის) თაობაზე. 9 ნოემბერს, დილის 10 საათიდან 19 საათამდე, წმიდა სინოდის წევრები - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი, ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი, მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი, ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი - ელოდებოდნენ ბათუმ–შემოქმედელ და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ რომანოზს, მაგრამ იგი არ ჩამოვიდა თბილისში.

სინოდის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით წმიდა სინოდი მუშაობას შეუდგა. როგორც გაირკვა, არ არსებობდა  უწმიდესისა და უნეტარესი დავით V–ის წერილობითი განკარგულება კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ვინაობის შესახებ.  1945 წელს დამტკიცებული ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, ასეთ შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ქიროტონიით უხუცესი მღვდელმთავარი ცხადდება, რომელსაც ამტკიცებს წმიდა სინოდი. თითქმის ყველაფერი გარკვეული იყო. სინოდის სხდომის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, მდივნად - ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი.

დამტკიცდა წმიდა სინოდის მუშაობის დღის წესრიგი: 1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრის არჩევა; 2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის - დავით V–ის დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები. წმიდა სინოდის სხდომაზე თეთრიწყაროელმა მიტროპოლიტმა ზინობმა, მანგლელმა ეპისკოპოსმა გიორგიმ, ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა მხარი დაუჭირეს ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრედ არჩევას. წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა არ დაუჭირა მხარი წამოყენებულ კანდიდატურას და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ  დაასახელა ბათუმ–შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი. ხმათა უმრავლესობით ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრედ.

სინოდმა განაჩინა: 1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი დავით V-ის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი ილია; 2. უწმიდესი და უნეტარესი დავით V დაიკრძალოს სიონის საპატრიარქო ტაძარში 1977 წლის 15 ნოემბერს; 3. წმიდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებანი ოფიციალურად ეცნობოს მსოფლიოს მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, საერო ხელისუფლებას.

წმიდა სინოდის გადაწყვეტილებანი მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ზოგიერთი მაღალიერარქისათვის, რომელთაც სცადეს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებათა გადასინჯვა.  შექმნილი რთული ვითარების სრული სურათი კარგადაა ასახული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის 1977 წლის 12 ნოემბრის საგანგებო სხდომის მიერ მიღებულ განცხადებაში: "საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესია თავის მართვა–გამგეობაში ხელმძღვანელობს დებულებით, რომელიც მიღებული იყო 1945 წლის 28 მარტს და რომლის შეცვლა შედის მხოლოდ საეკლესიო კრების კომპენტენციაში. 1977 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი დავით V. გარდაცვალების წინ იგი მძიმედ ავადმყოფობდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დროს თბილისში იმყოფებოდა ყველა მღვდელმთავარი, გარდა ბათუმ–შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის - რომანოზისა და ალავერდელი ეპისკოპოსის - გრიგოლისა. 8 ნოემბერს, დღის 15 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მდივანმა გრიგოლ მშვიდობაძემ მათ დაუგზავნა დეპეშები, რომლითაც ატყობინებდა პატრიარქის ავადმყოფობას და სთხოვდა, სასწრაფოდ ჩამოსულიყვნენ თბილისში.

9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, კათოლიკოს–პატრიარქი დავით V გარდაიცვალა. 10 საათზე ჩამობრძანდა ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი. როგორც საეკლესიო მართვა–გამგეობის დებულების 21–ე პარაგრაფის მე–2 შენიშვნაშია მითითებული, კათოლიკოს–პატრიარქის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, საეკლესიო მართვა–გამგეობისათვის მის ადგილს იჭერს ის მღვდელმთავარი, რომლის შესახებაც კათოლიკოს–პატრიარქის მდივანთან ინახება მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის წერილობითი განკარგულება, მაგრამ ასეთი განკარგულება არ აღმოჩნდა და საჭირო შეიქმნა, სასწრაფოდ მოწვეულიყო წმიდა სინოდის სხდომა. 9 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში, სინოდი ელოდებოდა ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რომანოზის ჩამობრძანებას, მაგრამ, რადგან იგი არ ჩამობრძანებულა და არც რაიმე ცნობა მოსულა მისგან, საღამოს 19 საათზე, წმიდა სინოდის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შედგა სინოდის ოფიციალური სხდომა, რომელსაც უნდა აერჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრე და გადაეწყვიტა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის - დავით V–ის დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები.

სინოდის სხდომაზე ერთხმად იქნენ არჩეული: სხდომის თავმჯდომარედ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, მდივნად - ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი. როდესაც სინოდის სხდომაზე დაისვა სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის არჩევის საკითხი, კანდიდატად დასახელებული იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, რომელსაც მხოლოდ წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა არ დაუჭირა მხარი და წამოაყენა ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის _ რომანოზის კანდიდატურა. რაც შეეხება დანარჩენ მღვდელმთავრებს, მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი მიტროპოლიტ ილიას. ეპისკოპოს ილარიონს სურდა თავი შეეკავებინა ხმის მიცემისაგან, მაგრამ რადგან ამის უფლება არა ჰქონდა საეკლესიო მართვა–გამგეობის დებულების მე–16 მუხლის თანახმად, ამიტომ ხმა მისცა მიტროპოლიტ ილიას.

9 ნოემბერს ჩატარებული წმიდა სინოდის სხდომა იყო კანონიერი, საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულების მე–15 მუხლის დაცვით, სადაც ნათქვამია: "სინოდის სხდომა კანონიერია, თუ მას დაესწრება თავმჯდომარე და მოწვეულ წევრთა ნახევარი", ხოლო სხდომას ესწრებოდა არა თუ ნახევარი, არამედ ყველა წევრი, გარდა ერთისა (მიტროპოლიტ რომანოზისა). ამიტომ მიტროპოლიტ რომანოზის, მიტროპოლიტ გაიოზისა და ეპისკოპოს ილარიონის განცხადება, რომელშიც ისინი ამტკიცებენ, თითქოსდა თვითნებურად იყო მოწვეული სინოდის სხდომა, რომელზეც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ თავი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოაცხადა, უსაფუძვლოა. წმიდა სინოდის სხდომა კანონიერ საფუძველზე ჩატარდა და მიტროპოლიტ ილიას თავი კი არ გამოუცხადებია მოსაყდრედ, არამედ ასეთი იყო სინოდის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილება.

10 ნოემბერს თბილისში ჩამოსული მიტროპოლიტი რომანოზი საპატრიარქოში გამოცხადდა მოგვიანებით და განაცხადა, რომ იგი, როგორც უხუცესი მღვდელმთავარი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, იერარქიული პატივით ყველა მღვდელმთავარზე მაღლა დგას და ამის საფუძველზე მოითხოვა კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობა. როგორც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მართვა–გამგეობის დებულების 23–ე მუხლის მე–2 შენიშვნაშია აღნიშნული, "მწყემსმთავარნი პატივდებულ იქნებიან ქიროტონიის უხუცესობის მიხედვით". ეს იმას ნიშნავს, რომ ის სასულიერო პირი ითვლება უხუცეს მღვდელმთავრად, რომელიც უფრო ადრე იყო ნაკურთხი ეპისკოპოსის ხარისხში. მიტროპოლიტი ილია ეპისკოპოსად ნაკურთხი იყო 1963 წლის 25 აგვისტოს, ხოლო მიტროპოლიტი რომანოზი - 1965 წლის 21 თებერვალს; მიტროპოლიტის ხარისხი ილიას მიენიჭა 1969 წელს, რომანოზს - 1972 წელს; რაც შეეხება ეპარქიის, ან ასაკის (მიტროპოლიტი რომანოზი 1977 წელს იყო 90 წლის) მიხედვით უხუცესობას, ეს არაა გათვალისწინებული მართვა-გამგეობის დებულებაში.

წმიდა სინოდი სინანულით აღნიშნავს მიტროპოლიტ რომანოზის, მიტროპოლიტ გაიოზის,  ეპისკოპოს  ილარიონის  განცხადების უსაფუძვლობას, თითქოს მიტროპოლიტ ილიას მოსაყდრეობა დაუშვებელია იმიტომ, რომ იგი დაბადებულია საქართველოს საზღვრების იქით, ჩრდილო ოსეთის ავტონომიური ოლქის ქ. ორჯონიკიძეში. ჯერ ერთი, საეკლესიო მართვა–გამგეობის დებულების მიხედვით, ამ ფაქტს არა აქვს არავითარი მნიშვნელობა და, მეორეც, მიტროპოლიტი ილია და მისი მშობლები საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წევრები იყვნენ მუდამ, რადგან ორჯონიკიძეში არსებობდა ქართული ეკლესია, რომელიც ექვემდებარებოდა საქართველოს საპატრიარქოს და თავად მიტროპოლიტი ილია მონათლულია ამ ეკლესიაში არქიმანდრიტ ტარასი კანდელაკის მიერ, რომელიც შემდეგში გახდა წილკნელი ეპისკოპოსი და დაკრძალულია სვეტიცხოვლის გალავანში.

მიტროპოლიტმა რომანოზმა, მიტროპოლიტმა გაიოზმა და ეპისკოპოსმა ილარიომა აგრეთვე განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ აკურთხონ ახალი ეპისკოპოსები, დაუგზავნონ დეპეშები მსოფლიო საეკლესიო ცენტრებს იმის შესახებ, რომ თითქოს ჩატარებული სინოდის სხდომა იყო არაკანონიერი და მოსაყდრეც არჩეული იყო უკანონოდ.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდი თვლის, რომ მათი ასეთი ანტიეკლესიური და კანონთა საწინააღმდეგო მოქმედება დიდ ზიანს აყენებს საეკლესიო ცხოვრების ნორმალურ მიმდინარეობას"[23, 1880, 1, 310, 8-9]

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის შიგნით არსებული დაძაბულობა იგრძნობოდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის დაკრძალვის დღესაც (1977 წლის 15 ნოემბერს) სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც წირავდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. თანამწირველნი იყვნენ სმოლენსკისა და კალინინგრადის  მიტროპოლიტი ალექსი (რუსეთის პატრიარქი ალექსი II), ქსანთიის მიტროპოლიტი ანტონიოსი, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი, ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი, ზარაის ეპისკოპოსი იოსი. წირვას ესწრებოდა ყოველთა სომეხთა პატრიარქ–კათოლიკოსი ვაზგენ I.

წირვის დასრულების შემდეგ განსვენებულ პატრიარქს სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრემ, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ: "დღეს ჩვენ ლოცვითა და ცრემლით ვაცილებთ ჩვენს მამამთავარს, რომლის უკვდავი სული მოევლინა იმ წიაღს, სადაც განისვენებენ ჩვენი დიდნი კათოლიკოს–პატრიარქნი: კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკი და ეფრემი... მიმდინარე წელიწადი მისთვის იყო საიუბილეო – მას შეუსრულდა სამღვდელო ხარისხში აყვანიდან 50 წელი. ამ ხნის განმავლობაში მას განუცდია არაერთი სასიხარულო დღე, ღვთისაგან მონიჭებული, მაგრამ მასთან ერთად მას მრავალჯერ შეუსვამს სიმწრისა და მწუხარების ფიალა. ამ დიდ ადამიანს დღეს ემშვიდობება ქართველი ერი, ჩვენი დაობლებული ეკლესია."[31, 1263, 2266]

უწმიდესი და უნეტარესი დავით V დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში...

1977 წლის 16 ნოემბერს, დღის 12 საათზე, დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), ბათუმ–შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი), წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი (ღონღაძე), ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი (ცერცვაძე), ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე). სხდომას, სინოდის წევრთა მოწვევით, ოქმის შესადგენად ესწრებოდა კათოლიკოს–პატრიარქის მდივანი გრიგოლ მშვიდობაძე.

"დღის წესრიგი: 1. მოსაყდრე მიტროპოლიტ ილიას მოსკოვში გამგზავრების მიზეზი და იქაური თათბირის შინაარსის მოხსენება; 2. წილკნელი მიტროპოლიტის გაიოზის მიერ მთავრობის სახელზე გაგზავნილი ტექსტის განხილვა; 3.. საეკლესიო კრებისა და კათოლიკოს–პატრიარქის ინტრონიზაციის (აღსაყდრების) თარიღის დადგენა; 4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად ასარჩევი კანდიდატის დასახელება.

პირველ საკითხზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტმა ილიამ სინოდს მოახსენა ზაგორსკში რელიგიის მოღვაწეთა თათბირის შესახებ, სადაც დაგმობილ იქნა ნეიტრონული ბომბის მომზადებისა და გავრცელების განზრახვა.

მეორე საკითხზე წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა წაიკითხა მთავრობის სახელზე გაგზავნილი განცხადების სრული ტექსტი.

გადაწყდა, მე-12 საეკლესიო კრება გაიმართოს 1977 წლის 23 დეკემბერს. ახლადარჩეული  სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ინტრონიზაცია (აღსაყდრება) შესრულდეს 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.

მეოთხე საკითხზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად ასარჩევ კანდიდატად მანგლელმა ეპისკოპოსმა გიორგიმ დაასახელა ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. მას მხარი დაუჭირეს ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა, თეთრიწყაროელმა მიტროპოლიტმა ზინობმა. მიტროპოლიტმა რომანოზმა არ დაასახელა კანდიდატი და მოითხოვა, აერჩიათ ახალი მოსაყდრე. მიტროპოლიტი გაიოზი არ სცნობს სინოდის სხდომას კანონიერად. ეპისკოპოსი ილარიონი არ ასახელებს პატრიარქობის კანდიდატს.

მოსაყდრე მიტროპოლიტი ილია თანხმობას აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქობის კანდიდატად მის დასახელებაზე."[23, 1880, 1, 310, 10-11]

მოვლენების უფრო გამძაფრებას გვამცნობს ალავერდელი ეპისკოპოსის გრიგოლის (ცერცვაძე) ჩანაწერები: "1977 წლის 17 ნოემბერს ჩემთან, ეკლესიაში, მოვიდა უცნობი ახოვანი ახალგაზრდა, გამომიძახა, თქვენთან ცალკე საუბარი მსურსო... წამოიწყო საუბარი: სინოდი, რომელიც გუშინ შედგა, მთავრობის მიერ გაუქმებულიაო, მთავრობას არ სურს ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად არჩევაო... მას სურდა ჩემი დაყოლიება, უარი მეთქვა სინოდის სხდომაზე ჩემს მიერ წამოყენებულ კანდიდატზე. მე ვუპასუხე, რაც სინოდზე გადაწყდა, იმას ხაზი არ გადაესმევა- მეთქი... ბოლოს საუბარი იმით დაამთავრა, მოკლე ხანში მოგივათ დეპეშა იმისათვის, რომ სინოდის ხელახალი სხდომა შედგესო. მე ვუპასუხე, რაც ვთქვი იმასვე ვიტყვი–თქო. მაინცდამაინც ნასიამოვნები არ წასულა. "[23, 1880, 1, 310, 10-11]

ქართველი საზოგადოება დაძაბული ადევნებდა თვალყურს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში შექმნილ რთულ ვითარებას და ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას.

ყოველი ახალი დღე ახალი ჭორებითა და მითქმა–მოთქმის გამძაფრებით იწყებოდა. ამ უსიამოვნებათა კულმინაცია იყო 1977 წლის 18 დეკემბერი. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მდივნის, გრიგოლ მშვიდობაძის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ ილიასადმი გაგზავნილი შეტყობინებიდან ირკვევა: "18 დეკემბერს, საღამოს 19 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს შენობაში ძალით შეჭრილა წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო განსხვავებული პოზიციის სამი მღვდელმთავარი. მათ გაუტეხიათ პატრიარქის კაბინეტის კარები, კანცელარიის ოთახში გაუღიათ მდივნის საწერი მაგიდა და სეიფი - პატრიარქის კაბინეტში, დაუხევიათ საქმიანი ქაღალდები, მათ შორის - მოსაყდრის არჩევის ოქმი, გამოუყენებიათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ბეჭედი, უსარგებლიათ ქართული და რუსული საბეჭდი მანქანით. როგორც დარჩენილი შავი ნაწერებიდან ჩანს, მათ დაუგზავნიათ პროვოკაციული დეპეშები მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რუსეთის საპატრიარქოში, სომხეთის ეკლესიაში,  დაუმტვრევიათ პატრიარქის კაბინეტის გასაღები და ჩაუსვამთ ახალი."[27, 298, 2449]  გაგზავნილ დეპეშებში ისინი აღნიშნავდნენ, თითქოს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენებული იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, ხოლო მე–12 საეკლესიო კრების ჩატარების თარიღი - გადატანილი.

საზოგადოების, ინტელიგენციის აქტიური ჩარევის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ ილიას მოწინააღმდეგენი იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ. ყველა ღელავდა, სიმშვიდეს ინარჩუნებდა მიტროპოლიტი ილია, რომელმაც ხელმეორედ დაგზავნა შეტყობინებები მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებთან, საერო ხელისუფლებაში, იმის შესახებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე–12 საეკლესიო კრება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის არჩევნები და ახლადარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება ნამდვილად გაიმართებოდა 1977 წლის 23–25 დეკემბერს.

დაძაბული, უძილო ღამეების შემდეგ, როგორც იქნა, გათენდა 23 დეკემბერი. თბილისში სტუმრად ჩამოვიდნენ: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, უწმიდესი პიმენი, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ვაზგენ I, საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგაციები. .23 დეკემბერს, სიონში, მე-12 საეკლესიო კრების გახსნამდე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ე. შევარდნაძის სახელზე ასეთი შინაარსის დეპეშა გაიგზავნა: "29 ნოემბერს ხელისუფლების წარმომადგენელმა თ. ონოფრიშვილმა ოფიციალურად გამოგვიცხადა - საპატრიარქო ტახტზე მიტროპოლიტ ილია შიოლაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად დამტკიცებულია და, თუ ეკლესიაში სამსახური გვინდა, შევწყვიტოთ მასზე საჩივრების წერა, წმიდა სინოდმა მას უნდა დავუჭიროთ მხარიო. სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვეთ, რომ თქვენგან არავითარ ამგვარ გადაწყვეტილებას ადგილი არ ჰქონია... საკითხი სერიოზულია. გთხოვთ, სასწრაფოდ მიგვიღოთ წმიდა სინოდის განსხვავებულად მოაზროვნე წევრები, რათა პირადად მოგახსენოთ საქმის რეალური ვითარება"[27, 298, 295]

იმავე დღეს დეპეშები გაიგზავნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პავლე გილაშვილისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ზურაბ პატარიძის სახელზე, რომლებშიც საუბარი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი სამართლებრივი ნორმების დარღვევაზე.  იმავე დღის 15 საათზე ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის - რომანოზის სახელით დეპეშა გაიგზავნა  მოსკოვში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან ლეონიდ ბრეჟნევთან: "ძვირფასო ლეონიდ ილიას ძევ! - წერდა მიტროპოლიტი რომანოზი, - საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, დავით V–ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). იგი ჯერ კიდევ 1972 წლიდან ქართველი დისიდენტების მხარდამჭერი და წამქეზებელია. მოვითხოვ, მოიხსნას მისი კანდიდატურა."[27, 298, 295].

საოცრად ულოგიკო იყო მიტროპოლიტ რომანოზის ქმედება. 1977 წლის 16 ნოემბრის წმიდა სინოდის სხდომაზე იგი აცხადებდა, რომ მიტროპოლიტ ილიას პატრიარქობის შემთხვევაში იყო იმის საშიშროება,  საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმებულიყო და რუსეთს დაქვემდებარებოდა. ამიტომ 90 წლის ასაკში იგი მზად იყო, ეტვირთა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელობა; ხოლო 23 დეკემბერს ლ. ბრეჟნევისადმი გაგზავნილ დეპეშაში იგივე პიროვნება მან ქართველი დისიდენტების წამქეზებლად გამოაცხადა.

ასეთი რთული ვითარების ფონზე დაიწყო მუშაობა მე-12 საეკლესიო კრებამ, რომელსაც ესწრებოდა 45 დელეგატი. კრება გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრემ, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ, რომელმაც აღნიშნა: "დღეს ამ უძველეს საპატრიარქო ტაძარში შეიკრიბა მე–12 საეკლესიო კრება. განვლო 45 დღემ, რაც ღვთივ განისვენა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა დავით V–მ, რომელიც წინ უძღოდა ჩვენს ეკლესიას 5 წლის განმავლობაში, დადო დიდი შრომა და ღვაწლი, რათა სათანადო სიმაღლეზე ყოფილიყო ჩვენი ეკლესია. 40 დღე იგლოვა ჩვენმა ხალხმა. დღეს მე–12 საეკლესიო კრებამ უნდა აირჩიოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი. ჩვენს კრებას პატივი დასდო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმიდესმა პიმენმა, როგორც მოძმე ეკლესიის მამამთავარმა, მონაწილეობა მიიღოს ჩვენს ზეიმში. დღეს ჩვენ ვდგევართ იმ უძველეს ეკლესიაში, სადაც იდგნენ და მამამთავრობდნენ დიდნი კათოლიკოს–პატრიარქნი, უწმიდესნი და უნეტარესნი: კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, მელქისედეკი, ეფრემი, დავითი. ჩვენი მღვდელმთავრები, სამღვდელოება, მორწმუნე ერი მუდამ იქნება ერთად, რომ გადაწყვიტოს ის დიდი საკითხები, რომლებიც ჩვენი ეკლესიის წინაშე დგას. ქრისტესმიერი სიყვარულით მოგესალმებით და მე–12 საეკლესიო კრებას გახსნილად ვაცხადებ."[27, 1229, 52]

საეკლესიო კრებას მიესალმა და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა უწმიდესმა პიმენმა.

კრებამ დაამტკიცა 4 კომისიის შემადგენლობა. ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა წმიდა სინოდის გადაწყვეტილება, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად ასარჩევ კანდიდატად დასახელებულიყო ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. კრების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილიამ, კრების მონაწილეებს მიმართა, რომ, სურვილის შემთხვევაში, მათ თავისუფლად შეეძლოთ ჩაეწერათ სხვა კანდიდატის სახელი დარიგებულ ბიულეტენზე.

გაიმართა ფარული კენჭისყრა. ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, არქიმანდრიტმა იოანე ანანიაშვილმა, გამოაცხადა, რომ კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი ილია ერთხმად იყო არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად. კრებაზე შეადგინეს საგანგებო სიგელი, რომელსაც ხელს აწერდნენ კრების მონაწილენი.

"მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას!

წყალობითა ღმრთისათა და მადლითა და განგებითა სულისა წმიდისათა, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დამოუკიდებლობის აღნიშვნიდან მე–12 ადგილობრივმა კრებამ, რომელიც შედგა 1977 წლის 23 დეკემბერს თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძარში, შემადგენლობითა საქართველოს ეკლესიის ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავართა, სამღვდელოთა, სამონაზვნო წესთა და ერისკაცთა, მოძმე მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენელთა, მღვდელმთავართა, სამღვდელოთა დასთა თანდასწრებით აღირჩია თქვენი სიწმიდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად."[32, 2, 1429] საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურს ეწოდა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი  ილია II.

მე–12 საეკლესიო კრების გადაწყვეტილება იმავე დღეს გახდა ცნობილი სრულიად საქართველოსათვის. ყველას სურდა ეხილა ახალგაზრდა, ინტელექტუალი,  გამორჩეული გარეგნობის  მწყემსმთავარი, რომელიც მოახერხებდა ეკლესიის წინაშე არსებულ პრობლემათა მოგვარებას და საქართველოს უძველეს სამოციქულო ეკლესიას დაუბრუნებდა ისტორიულ მისიას.

ახალი პატრიარქის არჩევა  XX საუკუნის 70–იანი წლების "უძრაობის ხანას" დაემთხვა. თვალნათლივ ჩანდა საბჭოთა იმპერიის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ოფიციალური კომუნისტური იდეოლოგიის მესვეურნი კვლავ ამტკიცებდნენ განვითარებული სოციალიზმისა და კომუნიზმის ნათელი მომავლის სიკეთეს. ქრისტიანული  სარწმუნოება კვლავ "წარსულის მავნე გადმონაშთად" ითვლებოდა. ოფიციალურ საინფორმაციო საშუალებებში დიდი ადგილი ეთმობოდა ანტირელიგიურ თემებს.  საქართველოში გამომავალი ოფიციალური გაზეთები - "კომუნისტი", "ზარია ვოსტოკა", "სოფლის ცხოვრება" - მოკლე ინფორმაციით გამოეხმაურნენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე–12  საეკლესიო კრების მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია II-ის არჩევას.  შედარებით ვრცელი მასალა გამოაქვეყნა გაზეთ "სამშობლოში" ჟურნალისტმა ლამარა თელიამ.

25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრისაკენ ზღვა ხალხი დაიძრა. ასეთი ხალხმრავლობა მცხეთაში 1917 წლის 12 (25) მარტს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ  აღარ ყოფილა. ოფიციალური ხელისუფლება, წესრიგის დაცვის საბაბით, შეეცადა სპეციალური საშვების მქონე პირთა გარდა ტაძარში არავინ შეეშვა, მაგრამ ხალხის ტალღამ გაარღვია მილიციელთა კორდონი და ტაძარში შევიდა.

ხალხის ხმაური მიწყნარდა. სვეტიცხოვლის ზარები უწმიდესისა და უნატარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მობრძანებას იუწყებოდა. მასთან ერთად  მობრძანდნენ: თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი, მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი, ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი; სტუმრები: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, უწმიდესი პიმენი, ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქ-კათოლიკოსი ვაზგენ I, ქართული ინტელიგენციის, მეცნიერების, კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები. დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის 141-ე მეთაურის საზეიმო კურთხევა. ქართველი პატრიარქების ჯვარ-პანაღიები, საპატრიარქო გვირგვინი და კუნკულ-ბარტყულა უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს მიართვეს მანგლელმა ეპისკოპოსმა გიორგიმ და ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა.

ახლადარჩეულ პატრიარქს სიტყვით მიმართეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმიდესმა პიმენმა და ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსმა ვაზგენ I-მა. უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაიწყო: "საოცრებამდე უსაზღვროა განგება ღვთისა. არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი. ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენს წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისა. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც  დღეს ღვთის ამ წმიდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. მუხლს ვიყრი ამ პატივისათვის მისი ძლიერების წინაშე და თაყვანს ვცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისას. თავს ვხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის - ქართველი ხალხის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და გონება იმ სარწმუნოებით, რომელი სარწმუნოების დაცვისა და შენარჩუნებისათვის ზღვა სისხლი გაიღო რიცხვით მცირე ჩვენმა ხალხმა.. ჩვენი ეკლესიის მომავალი საქმიანობის მთავარი საკითხი უნდა იყოს ქართველ ხალხში სასოებისა და  უტეხი ნების განმტკიცება. ჩვენს ხალხს მუდამ მოეპოვებოდა ენერგია სასოებისა და წინსვლისათვის და ეს ენერგია ახლაც ჭარბად აქვს მას; გამოვლინდეს და სიკეთეს მოხმარდეს ეს ენერგია, - აი ჩვენი მიზანი... ჩვენს ერში მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცება, როგორც ყოველთვის, ახლაც იქნება ჩვენი ეკლესიის საქმიანობის მთავარი საზრუნავი...  იმისათვის, რომ ღვთიური გზით წარვმართოთ ჩვენი მომავალი საქმიანობა, გვჭირდება შინაგანი მთლიანობა."[27, 2, 1429]

უწმიდესმა და უნეტარესმა  ჯვარი გარდასახა  სვეტიცხოველში შეკრებილ ათასობით ადამიანს და სტუმრებთან ერთად ეკლესიიდან გავიდა. სვეტიცხოველში შეკრებილი ხალხი არ იშლებოდა. ყველა გრძნობდა, რომ ისტორიული მოვლენის მონაწილე გახდა. ათეისტური კომუნისტური ხელისუფლებისაგან დევნილი, შევიწროებული და საზოგადოებისგან ჩამოშორებული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესია თავისი ისტორიული როლის აღდგენისათვის ემზადებოდა. ეს - მომავალში, მაგრამ პირველი დღეებისა და თვეების სირთულეს ყველა აცნობიერებდა.

საზეიმო დღეებმა გადაფარა ორმოცდახუთდღიანი რთული პრობლემები, თუმცა ბევრი საფიქრალიც გაჩნდა: ვის შეეძლო გადაეჭრა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მთავარი ჭაღის ჯაჭვი, რომლის ჩამოვარდნას 25 დეკემბერს ტრაგედია მოჰყვებოდა? რამდენი ხილული და უხილავი მტერი იყო ჩასაფრებული ახალგაზრდა პატრიარქის წინააღმდეგ?

საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ფინანსურადაც ძალიან უჭირდა.

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ვაზგენ I-მა ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს ილია II–ს: თქვენ რომ გიყურებთ, მახსენდება ჩემი პატრიარქობის პირველი წლები... ჩაიარა საზეიმო დღეებმა და მკაცრი რეალობა მძიმე აღმოჩნდა. თვის ბოლოს იმის სახსარიც კი არ გვქონდა, რომ მგალობლებისათვის მცირე ხელფასი მიგვეცა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, გადავლახეთ ყველა პრობლემა... ეს ამბავი შემთხვევით არ გამიხსენებია,  დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყველა პრობლემას თავს გაართმევს და საქართველოს ეკლესიის საქმიანობას მეტ სითამამეს შესძენს.

25 დეკემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სახელით გამართა საზეიმო მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები, სამღვდელოება, მოწვეული სტუმრები. ქართული ინტელიგენციის სახელით უწმიდესსა და უნეტარეს ილია II–ს სიტყვებით მიმართეს პროფესორებმა: ალექსანდრე ალექსიძემ, გაიოზ იმედაშვილმა, პოეტმა იოსებ ნონეშვილმა. "თქვენ თქვენი მორწმუნებრივი სიწმიდით, - აღნიშნა პროფ. გ. იმედაშვილმა, - სათნო ცხოვრებით, ცოდნითა და ეკლესიისადმი უანგარო, თავდადებული მოღვაწეობით დიდი ხნის წინათვე გქონდათ მოპოვებული ხალხის სიყვარული და პატივისცემა. ამიტომ იყო, რომ წილად გხვდათ ეკლესიისა და ხალხის სიყვარული და პატივისცემა... ეკლესიისა და ხალხის ნება–სურვილის სრულ თანხმობაში ერთსულოვნად აგირჩიეს დაობლებული ქართული ეკლესიის მამამთავრად... დღეს ყოველი ფენის, განათლებისა და პროფესიის ქართველობა თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობისადმი ნუგეშით მონდობილი სასოებს, რომ ოდესმე დიდებული ეკლესია კვლავ ჩადგეს ერის სამსახურში. "[27, 2, 1429]

ყველა გამომსვლელის ნატვრა იყო, კვლავ ძლიერი ეხილა საქართველოს სამოციქულო ეკლესია.

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II–მ საზეიმო მიღებაზე მოსულ საზოგადოებას მიმართა მოკლე საპროგრამო სიტყვით, რომელშიც ჩამოაყალიბა ის ამოცანები, რომლებიც უნდა გადაეწყვიტა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას: "ჩვენ ყველა ასეთ საქმეში ღვთის ნებას ვხედავთ,  მის მოწყალებას, მისი მარჯვენის ძლიერებას, სამართალს მისას, მის ნათლით მოსილ სიყვარულს იმათ მიმართ, ვისაც ჩაჰბერა მან სიცოცხლე თავისი წმიდა სულის მიცემით. ღვთაების ამ წარმოუდგენლად მრავალმხრივმა დიდმა სიკეთემ მისგან ბოძებული ძლიერების კვერთხით დამაყენა ჩემი საყვარელი ქართველი ხალხის წინაშე, როგორც მსახური ამ ხალხისა და აღმასრულებელი ყოვლად მაღალი ნებისა ხალხის სულიერი ცხოვრების ამაღლებაში. მე ტვირთის ზიდვა დამაკისრა მისმა გასაოცარმა მოწყალებამ, მოკვდავი გონებისათვის წარმოუდგენელმა ძლიერებამ მომცა ძალა და სასოება, რომ ზეიმით ვზიდო ეს ტვირთი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის... ჩვენი ეკლესიის საქმიანობა არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც რაღაც მხოლოდ მორწმუნე ხალხთან კარჩაკეტილობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გვწამდეს პროგრესული საწყისებით, ამისათვის ჩვენი ეკლესიაც უნდა იდგეს მთელ ხალხთან ერთად, რომელი ხალხიც სიკეთესა და აღმავლობას ემსახურება... უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც დაფლულია უფლის კვართი, იმ ქვეყანაში დაბადებულნი და აღზრდილნი, რომელი ქვეყანაც წილად ხვდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, იმ წინაპართა შთამომავალნი ვართ, რომელთაც ქრისტიანობა უქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა... ასეთი წარსული გვავალებს, რომ მუდამ ვიზრუნოთ ჩვენი ეკლესიის სიწმინდის ამაღლებისათვის.  რა თქმა უნდა, იოლი როდია ღვთისა და ერის წინაშე ვალის მოხდა, მაგრამ განა შეიძლება რაიმე ტვირთის სიმძიმეზე ფიქრი მაშინ, როდესაც ვიცით, ეს ტვირთი ღვთისგან მივიღეთ? ამ ტვირთთან ერთად მოგვცა სასოება განგებამ. ყოველი ტახტი პატრიარქისა უნდა ემსახუროს ღმერთის დიდების საქმეს. ვიდრე ვიცოცხლებ, ჩემს თვალწინ იქნება ის თვალით უხილავი, მაგრამ რეალური ტახტი, რომელზეც დამსვა უფლის ძლიერმა მარჯვენამ. ჩემს გულზედ წერია ის ვალდებულებანი, რომლებიც მისმა მოწყალებამ დამაკისრა და ბედნიერს მხდის იმაზე ფიქრი, რომ ყოვლად მაღალი მოწყალებით და ქრისტეს მოძღვრების მოყვარული ქართველი ხალხის თანადგომით, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც მაღალი ღმერთის მადლმა და ძალამ დამაკისრა."[27, 2, 1429, 9]

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის 141–ე მეთაურის არჩევას გამოეხმაურა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ეკლესიების საინფორმაციო საშუალებანი. ქრისტიანული მსოფლიო კარგად იცნობდა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია II-ს, რომელიც 1963 წლიდან, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მონაწილეობდა მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა სამშვიდობო ფორუმებში. მას პირადი გულითადი ურთიერთობები აკავშირებდა კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, ელადის, სერბეთის და სხვა მართლმადიდებელ  ეკლესიათა მეთაურებთან.

26 დეკემბერს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ პ. გილაშვილმა ოფიციალურად მიიღო უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ვაზგენ I. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ე. შევარდნაძეს ქართველი ხალხის ინტერესებისათვის ბრძოლაში თანამშრომლობა შესთავაზა. "ვიტვირთე რა საჭეთმყპობელობა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა, წმიდა სინოდისა და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ უღრმესი პატივისცემა და კეთილი სურვილები"[31, 1264, 8265] - სწერდა მისი უწმიდესობა ე. შევარდნაძეს.

ჩაიარა საზეიმო დღეებმა. დადგა 1978 წელი. სიონის საპატრიარქო ტაძარი, რომელიც  მხოლოდ დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ივსებოდა ძირითადად ხანდაზმული ადამიანებით, ყოველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, შაბათსა და კვირას ახალგაზრდებით, ინტელიგენციის წარმომადგენლებით იყო სავსე. ეს ხალხი უსიტყვო პროტესტს უცხადებდა კომუნისტურ იდეოლოგიას და სარწმუნოებაში ცდილობდა სულიერი შვების მოპოვებას. უწმიდესი და უნეტარესი მათთვის გასაგები ენით ესაუბრებოდა მრევლს მართლმადიდებელი სარწმუნოების სიდიადეზე. ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც მოვიდოდნენ ტაძარში, აქ რჩებოდნენ და მრევლად იქცეოდნენ... როგორი მშვიდი, ბედნიერი და კმაყოფილი იყო თითოეული მათგანი, უწმიდესისა და უნეტარესის სითბოთი და სიყვარულით აღტაცებული.

ყველა გრძნობდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა იწყებოდა. 1995 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ასე გაიხსენა პატრიარქობის პირველი რთული, მაგრამ საინტერესო  წლები: "დღეს მე მხოლოდ ჩვენი ეკლესიის ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შევეხები, გავიხსენებ, რა ურთიერთობა იყო ეკლესიასა და ინტელიგენციას შორის, რომელიც თითქმის ისეთივე ზეწოლას განიცდიდა და ისევე იდევნებოდა, როგორც სასულიერო პირნი. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ინტელიგენციამ ქართველი კაცის სული გადაარჩინა. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო მჭიდრო კავშირი ეკლესიასა და ინტელიგენციას შორის. სახელმწიფო ცდილობდა, არ მომხდარიყო ეს დაახლოება. ინტელიგენციას ჰქონდა სულიერებისაკენ სწრაფვა, მაგრამ გამოცდილება აკლდა. მახსოვს, საპატრიარქოში ჩვენი გამოჩენილი ისტორიკოსები მოვიწვიეთ საქართველოს ეკლესიის ისტორიის აკადემიური გამოცემის მოსამზადებლად, დავამუშავეთ გეგმა და  გავანაწილეთ თემები, მაგრამ, როდესაც დამუშავებული ნაწილები წარმომიდგინეს, მივხვდი, რომ მათი გამოცემა არ შეიძლებოდა, რადგან ეს არაეკლესიური ადამიანების მიერ დაწერილი ისტორია იყო... მიუხედავად ამისა, სწრაფვა დაახლოებისაკენ არ შეჩერებულა. საპატრიარქოში გრძელდებოდა შეხვედრები მეცნიერებთან. ხშირად საკითხები, რომელთაც ჩვენ ამ შეხვედრებზე განვიხილავდით, იმდენად საინტერესო იყო, რომ უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები მათ შესახებ სტუდენტებს ლექციებზე უყვებოდნენ... ჩვენმა მეცნიერებმა დიდი მისიონერული ღვაწლი გასწიეს და მე მადლობელი ვარ მათი მძიმე მდგომარეობაში გამოჩენილი თანადგომისათვის."[33, II, 111]


წყაროები და ლიტერატურა:

1.    პლატონ იოსელიანი, "ცხოვრება გიორგი XIII-ისა", თბილისი, 1936

2.    ბაგრატ ბატონიშვილი, "ახალი მოთხრობა", თბილისი, 1941

3.    ელდარ ბუბულაშვილი, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II", თბილისი, 2002

4.    ნიკოლოზ დურნოვი, "ბედი საქართველოს ეკლესიისა", მოსკოვი, 1907

5.    სარგის კაკაბაძე, "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წწ." თბილისი, 1997

6.    კალისტრატე ცინცაძე, "ჩემი მოგონებებიდან", თბილისი, 2001

7.    სერგო ვარდოსანიძე, " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე", თბილისი, 2004

8.    ქართული მწერლობა, ტ. IX, თბილისი, 1992

9.    ილია ჭავჭავაძე, თხზ. ხუთ ტომად, ტ. IV, თბილისი, 1987

10.    აკაკი ბაქრაძე, "ილია ჭავჭავაძე",  თბილისი. 1984

11.    იოსებ უთურაშვილი, "დიმიტრი ყიფიანი", თბილისი, 1989

12.    საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი

13.    ა. ბაქრაძე, "ილია და აკაკი", თბილისი, 1992

14.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესიკირიონ II", თბილისი, 1993

15.    სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001

16.    სერგო ვარდოსანიძე, "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები", თბილისი, 2004

17.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი

18.    გაზეთი "საქართველო", 1918, N71

19.    გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი, N1304

20.    "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე", პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003

21.    კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი

22.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი", თბილისი, 2005

23.    საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი

24.    კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი

25.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფონდი

26.    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფონდი

27.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი

28.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II", თბილისი, 2000

29.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი

30.    "პატრიარქი", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2006

31.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ფონდი

32.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, XII სასულიერო კრების მასალები

33.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ორ ტომად, თბილისი, 1997

34.    ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", თბილისი

35.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და     უნეტარესი ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის მასალები

36.    "საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი

37.    ჟურნ. "რელიგია", თბილისი, 2002, N7-8-9.

38.    "ნათელი ქრისტესი, საქართველო", ტ. II, თბილისი, 2006

39.    შოთა ლომსაძე, "სამცხე-ჯავახეთი", თბილისი, 1975

40.    გაზეთი "კვირის პალიტრა", თბილისი, 2003, 4-10 აგვისტო

41.    ჟურნ. "მნათობი", თბილისი, 2006, N1-2-3

42.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.   "სააღდგომო ეპისტოლე", თბილისი, 2006

43.    "წერილები პატრიარქს", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2007

44.    ჟურნ. "ივერიელნი", თბილისი, 2007, N3


სერგო ვარდოსანიძე
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
უწმიდესი და უნეტარესი ილია II", 2008 წ.