16 (29) აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანებას ედესიდან კონსტანტინოპოლში - ანჩისხატობას.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს უკავშირდება. როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ სასწაულებით აჯილდოებდა, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი, უკურნებელმა სენმა შეიპყრო, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. მაშინ ავგაროზმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისაგან დევნილს თავის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა.

იესო ქრისტემ საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი გამოუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისვლას ვერ შეძლებდა, რადგან თავისი დიდი საქმე ჯერ ისევ აღსასრულებელი ჰქონდა. მაშინ ავგაროზმა, რომელსაც იესოზე საუბარი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და აუტანელ ტკივილებს უმსუბუქებდა, კარის მხატვარი გაგზავნა, რათა ქრისტეს სახე დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ მაცხოვრის სახის ტილოზე გადატანა ვერ შესძლო, მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა, სახეზე მიიფარა და მასზე მისი სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა. გახარებული მხატვარი მოციქულ თადეოზთან ერთად მაშინვე ავგაროზისაკენ გამოემართა. ქალაქ იეროპოლისს რომ მიუახლოვდნენ, მგზავრებს დაუღამდათ და ღამე ქალაქის განაპირას მცხოვრებ მექოთნის ოჯახში გაათიეს, ხოლო ხატი იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შორის ჩაასვენეს. შუაღამისას ზეციდან ჩამოეშვა და ხატს დაადგა ცეცხლის სვეტი, რომელმაც ქალაქის გამგებლის ყურადღებაც მიიქცია. მას ხატის შექმნის ისტორია უამბეს, ხოლო როცა იგი კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის ხატი ზემო კეცზეც გადასულიყო. ქალაქის გამგებელმა ის კეცი თავის სასახლეში წაასვენა. მე-6 საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ტაძარში მოხვდა. იქ იგი ნახა წმიდა ანტონ მარტომყოფელმა, ათცამეტ მამათაგან ერთ-ერთმა და რათა ეს დიდი სიწმინდე მწვალებელთა ხელში არ დარჩენილიყო, ფარულად წამოიღო, ხოლო როცა იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ხატიც თან ჩამოასვენა.

რაც შეეხება ხელთუქმნელი ხატის პირველ პირს, იგი მხატვარმა და მოციქულმა თადეოზმა ედესაში ჩაასვენეს. ქალაქის მახლობლად მან უკვე სასწაული მოახდინა, განკურნა კუტი ჭაბუკი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. მეფემ რომ ეს ამბავი შეიტყო, სასწაულმოქმედ ხატს თავისი კარისკაცები შეაგება, რომელთაც იგი დიდი პატივით შეასვენეს მასთან. ავგაროზი, რომელიც უკვე ექვსი წელი იყო საწოლზე მიჯაჭვული, ემთხვია თუ არა ხატს, მყისვე განიკურნა. ამ სასწაულით გაკვირვებულები მეფეცა და მისი ქალაქის მცხოვრებნიც უფალს ჰმადლობდნენ და ადიდებდნენ. ავგაროზი და მისი ცოლ-შვილი, რომელთაც ქრისტე ირწმუნეს, მოციქულმა თადეოზმა წმიდა სამების სახელით მონათლა. მეფემ ტილო, რომელზეც მაცხოვრის სახე იყო აღბეჭდილი, ფიცარზე დააკვრევინა და ქალაქის კარიბჭის თავზე დაასვენებინა, რათა ყველას, ვინც ქალაქში შევიდოდა ან გამოვიდოდა, მისთვის თაყვანი ეცა. ეს ხატი იქ ორასი წლის მანძილზე ესვენა, მაგრამ დადგა დრო, როცა ქრისტიანების ჟლეტა ედესაშიც დაიწყო. ამიტომ ედესის ეპისკოპოსის რჩევით ხატი ქალაქის კედელში დაკრძალეს და წინ დიდი კელაპტარი დაუნთეს. გადმოცემით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად ედესაში მოციქულთა სწორი წმიდა ნინოც მისულა გაიანესთან და რიფსიმესთან ერთად. გავიდა კიდევ ხანი და აი, 539 წელს ედესაზე ხორსო მეფის მეთაურობით სპარსელებმა გაილაშქრეს. ქალაქის ეპისკოპოსს ის ადგილი, სადაც ხატი იყო დაკრძალული, სიზმარში ეჩვენა, კედელი გამოანგრიეს და ხატი გადმოასვენეს. სწორედ ამ დროს სპარსელების ბანაკში დიდი არეულობა მოხდა და ხოსრო მეფე იძულებული გახდა უკან გატრიალებულიყო.

ამის შემდეგ ერთი საუკუნეც არ იყო გასული, რომ ამ მხარეს უკვე არაბები შემოესივნენ. მათი ხელყოფილსაგან რომ დაეცვათ, ბერძნებმა ხელთუქმნელი ხატი ედესიდან კონსტანტინეპოლში დიდი ლიტანიობით გადააბრძანეს და წმინდა სოფიას ტაძარში დაასვენეს.

VIII-IX საუკუნეებში, როცა ბიზანტია ხატმებრძოლეობის მწვალებლობამ მოიცვა და ხატებს განადგურების საფრთხე ემუქრებოდა, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი კლარჯეთში, კერძოდ, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში გადმოასვენეს, რომელიც მდინარე ჭოროხის ხეობაში იდგა. ანჩაში მეფიდან დაწყებული უკანასკნელი მდაბიორით დამთავრებული მთელი ქართველი ერი მიდიოდა დიდებული ხატის თაყვანსაცემად  და მისგან წყალობის მისაღებად. 1194 წელს, როცა თამარ მეფემ თურქები დაამარცხა, ურიცხვი თვალ-მარგალიტი შესწირა ეკლესიებს ხატების შესამკობად. მაშინ ანჩის ეპისკოპოსმა იოანე რკინაელმა მეფეს ხელთუქმნელი ხატის შემკობაც სთხოვა. თამარის ბრძანებით ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა მოჭედა დიდი ხელოვნებით, რასაც  ხატის არშიაზე მიწერილი წარწერაც გვამცნობს: „ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა ღვთიურ გვიგვინოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა, მე იოანე ანჩელმან რკინაელმან ხელვჰყავ საშინელსა ამის ხატის პატივითა მოჭედად. მფარველ-მცველ არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა. მოიჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე შეიწყალე“.

კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ (1453 წ.) ოსმალებმა საქართველოს სამხრეთ პროვინციებსაც შემოუტიეს. ქართველები საკუთარ მიწა-წყალს მამაცურად იცავდნენ, მაგრამ მტერი რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა მათ და ამიტომ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მოიწევდა წინ, ქვეყნის სიღრმეში... ზედიზედ ნადგურდებოდა წინაპართა ჯაფით აშენებული ტაძრები და იქ დაცული სიმდიდრენი. მდგომარეობას ართულებდა ღალატიც ქართველთა მხრიდან, რომლენიც მდგომარეობის შესანარჩუნებლად მაჰმადიანდებოდნენ. თავზევით ძალა აღარ იყო და სამღვდელოება იძულებული გახდა ხატები და ჯვრები, საეკლესიო სამკაულები და წიგნები გამოერიდებინა, რათა ბარბაროსი დამპყრობლების გასაქელად არ ქცეულიყო. მემატიანე ასე გვიხატავს სამხრეთ საქართველოსათვის თავსდატეხილი უბერუდების მრავლისმეტყველ სურათს... „ეპისკოპოსნი და მონასტერნი შემცირდებოდნენ და მოიშლებოდნენ, ვინაიდგან მოუხვნეს ოსმალთა სრულად მამული - შეწირულობანი და არღარავინ იყო მეტრფე მონაზონებისა და წარაქვნდათ მუნიდამ სიწმინდენი ხატთა, ჯვართა და ნაწილთა სამცხეს, ქართლს, იმერეთს, რამეთუ რისხვითა ღვთისათა გამაჰმადიანდებოდნენ, ყოველნი წარჩინებულნი ამა ქვეყნისანი და იწყეს მიერით თათრობა, რამეთუ ჟამთა ამათ მოაკლდებოდა ქრისტიანობასა. იქმნებოდა ოხრება ეკლესია-მონასტერთა და შენება ჯამეთა, ხოლო მორწმუნენი ჰფარვიდნენ და მალვიდნენ ხატთა, ჯვართა და ნაწილთა წმინდათა და წარაქვნდათ იმერეთს, ქართლს და ივლტდიანცა წარჩინებულნი, რომელნი სძულობდნენ მაჰმადიანობასა, რამეთუ აღმოიფხვრებოდნენ წესნი და რიგნი ქრისტიანობისანი ყოველივე და შეემატებოდნენ მაჰმადსა... რამეთუ იქმნა რისხვა ღვთისა ცოდვათა ჩვენთათვის, რამეთუ მოოხრდნენ ეკლესიანი დიდშვენიერნი და იქმნებოდნენ პირუტყვთა სადგურ და რომელთა არა ინებეს მაჰმადიანობა, ივლტოდნენ ქართლს, იმერეთს, ოდიშს, გურიას, კახეთს და წარაქვნდათ ხატნი და ჯვარნი და წმინდანთა ნაწილნი...“

ამ დროს გადმოასვენეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიც ანჩიდან ახალციხეში, საიდანაც იგი ჯერ სოფელ ჭალაში, იოთამ ამილახვრის ოჯახში მოხვდა. იოთამის ვაჟს, ღვთისმოყვარე გივი ამილახვარს, ხატის განახლებისათვის დიდად უზრუნია, რაზეც მეტყველებს წარწერა, რომელიც 1686 წლით თარიღდება: „ჰოი სახიერო და სამნათელო სამებაო და ერთარსებაო, მამაო ძისაგან განუშორებელლო და ძეო, მამაისათანა სწორო და სულო წმიდაო, ორთავე შორის ცხოვრებაო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა წამის ყოფით მაარსებელო და შემოქმედო, ჩვენ მსასოებელმან და სურვილით თქვენდა მონდობილმან ძემან იოთამ ამილახორისამან თვით ამილახორმან გივმან და თანამეცხედრემ ჩვენმან ქართველთა მეფის შაჰნავაზის ასულმან თამარ და ძემან ჩვენმან ანდუყაფარ და დემეტრემ - ოდეს ვიხილეთ ანჩისხატი ჟამთა ვითარებისაგან ქართლში ჩამოსვენებული, მოჰხდა საქმე, რომ ბევრს ხანს ჩვენს სახლში ესვენა და მისის საფარველითა და შემწეობითა მრავალს ძნელს ავადმყოფასა და განსაცდელსა განვერენით და ვითარცა კარები არა ჰქონდა, ვიწადინეთ და კარები მოვაჭედინეთ და გავაკეთეთ, რათა შემწე გვეყოს ორთავე შინა ცხოვრებათა ძითა და ასულით ჩვენით“. 20 წლის შემდეგ ხატი ხელახლა შეუმკიათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დომენტის ბრძანებით, რომელიც ვახტანგ მეექვსის ძმა იყო. წარწერაში ვკითხულობთ: „ჩვენ მეფეთა შარავანდედმა ყოვლისა საქართველოს კათალოკოზ-პატრიარქმან დომენტი კვალად განვაახლეთ და მოვჭედე გული და კუბო და შევმატე თვალი და მარგალიტი“. კათოლიკოს-პატრიარქის დომენტისავე ბრძანებით მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ამილახვართა ოჯახიდან თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსო ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ამ საკათედრო ტაძარს, რომელიც მე-7 საუკუნეში აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, ანჩისხატის ტაძარი ეწოდა.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სადიდებლად, რომელსაც იმის გამო, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე ანჩის ტაძარში ესვენა, ანჩისხატი ეწოდა, ქართველებს მრავალი საგალობელი შეუქმნიათ. ეს საგალობლები გვიდასტურებენ ჩვენი წინაპრების განსაკუთრებულ მოკრძალებას წინაშე ამ სასწაულმოქმედი ხატისა, რომელიც მოსავთა მისთა ანიჭებდა ცოდვათა შენდობას და დიდსა წყალობას. თუ რწმენით და სასოებით შევევედრებით, იგი კვლავაც ღირს გვყოფს, რათა ხილულსა თუ უხილავ მტრებთან ბრძოლაში მფარველად გვექმნეს ქართველებს:

მოვედით დღეს შვილნო აღმოსავალისა ეკლესიისანო, და მწყობრნო ქართველთანო და ვიხარებდეთ და ერთბამად მეფისა თანა მაღლისა! მთავარნო მღვდელთ-მთავართა თანა შემოვჰკრიბეთ და აზნაურნი მღვდელთა თანა ვმწყობრობდეთ და ვაქებდეთ ძესა ღვთისასა, რომელმან მოგვცა ხატი თვისი ხელით უქმნელი, მფარველად სულთა და ხორცთა ჩვენთა.


გაზეთი „მადლი“, № 16 (58), 1992 წ.